воскресенье, 25 сентября 2016 г.

ოდიშ-აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის რამდენიმე საკითხი ჯაკომო კანტელის 1689წ. იტალიური რუკის მიხედვით (ა. ჩიქობავა)

ჯაკომო კანტელის 1689 წლის იტალიური რუკა „ევროპის თათრეთი“ (Tartaria d’Europa), გამოქვეყნებულია დე როსის მიერ, რომში, თავის გამომცემლობაში, წმინდა პონტიფიკის (ე. ი. რომის პაპის კანცელარია) დაკვეთით. მისი მოკლე მიმოხილვა გამოქვეყნებულია წელიწდეულში დ. ნინიძის მიერ1. აღნიშნული რუკა მოგვაწოდა ბ-ნმა დავით ნინიძემ, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ. რუკაზე საქართველო („GEORGIA“) დაყოფილია ცალკეულ ერთეულებად და სხვადასხვა ფერადაა აღნიშნული, ისინი ერთმანეთისაგან წყვეტილი ხაზებითაა გამოყოფილი. ესენია: „regno di zacheti“ _ კახეთის სამეფო, რომელიც ყავისფრადაა აღნიშნული; „regno di carduel“ _ ქართლის სამეფო, ლურჯად აღნიშნული; მუქი ყავისფრადაა აღნიშნული „regno di Baratralu al turcho“ _ საათაბაგო; ასევე ყავისფრადაა „regno di imereti“ _ იმერეთის სამეფო; მოწითალო ფერითაა „POPLI LIBEREL cavcaso“ _ ანუ კავკასიის თავისუფალი ხალხი, ესენია: „Alani“ _ ალან-ოსები, „Scuani“ _ სვანები, „caracioli“ _ ყარაჩაელები; მწვანედაა აღნიშნული ტერიტორია წარწერით „MENGRELIA“ _ სამეგრელო, რომელიც ორ ნაწილად „Regno di Guriel“ _ გურიელის სამეფო და „Regno di Odisci“ _ ოდიშის სამეფო იყოფა. იასამნისფერადაა „Abasia o Abcassia“ _ აფხაზეთი, ხოლო „Auogasia“ _ ჯიქეთი ვარდისფრადაა აღნიშნული. ამჯერად ჩვენი ინტერესის ობიექტს ოდიშ-აფხაზეთის მონაკვეთი წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტერიტორია წარწერით „MENGRELIA“ ორ ნაწილად იყოფა. ოდიში და გურია წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, ეს ხაზი კი მდინარე რიონზე გადის. ჩვენი აზრით აღნიშნული რუკა ლევან II დადიანის (1611-1657წწ.) მმართველობის ეპოქას უნდა ასახავდეს, რადგანაც იმ პერიოდში გურიის სამთავრო პრაქტიკულად დადიანს ემორჩილებოდა. ჩვენს მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ კანტელის რუკა მსგავსებას იჩენს არქანჯელო ლამბერტისა და ქრისტოფორო კასტელის სამეგრელოს რუკებთან2, რომლებიც სწორედ ლევან II დადიანის ეპოქის რეალობას ასახავენ. „Sebastopoli, et faso“ _ ფოთი, გურიის სამთავროს („Regno di Guriel“) ტერიტორიაზეა დატანილი. საზღვარი ოდიშსა და გურიას შორის მდინარე რიონზე (ფასო, ეტ ფი.) გადის. ფოთი ამავე სახელწოდებითაა ლამბერტის 1654 წლის სამეგრელოს რუკაზე. აი, რას წერს ლამბერტი ამ პუნქტზე თავის „სამეგრელოს აღწერაში“ „ფაზისი ზღვას შეერთვის ორი ტოტით. ამ ტოტებს შორის არის კუნძული, რომელზედაც თურქებმა 1578 წელს ციხე ააგეს“.3 რუკის მიხედვით, რიონის შემდეგი მდინარე, რომელიც შავ ზღვას ერთვის „Cianis fi“ _ ჭანისწყალია. თუმცა ეს მდინარე სინამდვილეში ხობისწყალი უნდა იყოს, შეცდომა კი იმითაა გამოწვეული, რომ ჭანისწყალი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა შენაკადია. რიონსა და მდ. ხობისწყალს შორის მოცემულია „Copis“ _ ხობი. ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზეა „Ruchi“ _ რუხი და „Ciais“ _ ცაიშიi. ამის შემდეგ მოდის მდინარე ენგური _ „Engur fi“, მის მარჯვენა მხარესაა „nagria“ _ ანაკლია. მომდევნო მდინარეა „Heti fi“ _ ერისწყალი, ერთისწყალი; იქვეა პუნქტი „Teheis“, რომელიც ასეთივე ადგილზეა მოცემული ლამბერტის 1654 წლის სამეგრელოს რუკაზე4. მისი იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, რადგან ამდაგვარი ან მსგავსი ტოპონიმი ამ მხარეში არ დასტურდება. „Teheis“ თ. ბერაძეს ცაიშად მიაჩნია. ის აღნიშნავს: „რუკაზე (იგულისხმება ლამბერტის რუკა _ ა.ჩ.) შესაბამის ადგილას არაა მოცემული ცაიში, რომელიც „სამეგრელოს აღწერაში“ მოხსენიებულია როგორც საეპისკოპოსო ცენტრი. სხვა საეპისკოპოსო ცენტრები კი დატანილია. ამიტომ ლამბერტის რუკის თეჰეის უნდა იყოს ცაიში, თუმცა შეცდომითაა სხვა ადგილზე აღნიშნული5. ჩვენ ვერ გავიზიარებთ ამ შეხედულებას, რადგანაც ლამბერტის სამეგრელოს რუკაზე ჩვენ ვკითხულობთ პუნქტს „Ciais Ep.“, ანუ ცაიშის საეპისკოპოსო, რომელიც მოთავსებულია ჭანისწყალსა და ენგურს შორის. ასევე, ჯაკომო კანტელის 1689 წლის რუკაზე მოცემულია ორივე პუნქტი „Ciais“ da „Teheis“. აქვე აღვნიშნავთ, რომ ლამბერტი საეპისკოპოსო ცენტრებს რუკაზე აღნიშნავს წარწერით „Ep“, ხოლო რუკის ავტორი ჯაკომო კანტელი საეპისკოპოსოებს სხვა პუნქტებისაგან რაიმე ნიშნით არ გამოყოფს. რუკის მომდევნო მდინარე, რომელსაც წარწერა არა აქვს, ოქუმისწყალია. ლამბერტის ცნობითაც, „ხეთის იქით არის ოქუმი, რომელიც ჩაუდის ტარშენს“.6 მის სათავეში დელტებს შორის აღნიშნულია „Bedias“ _ ბედია. შემდეგ რუკაზე ერისწყალსა და ოქუმს შორის მოთავსებულია პუნქტები: „Gudava“ _ გუდავა და „Armani“. უკანასკნელი ასევე დატანილია ლამბერტის, კასტელის7 და დელ ვიტას 1670 წლის, სანსონის 1692 წლის ოსმალეთის იმპერიის რუკებზე8. თ. ბერაძის აზრით, „Armani“ სამეგრელოს რუკის ავტორმა რუხისაგან ცალკე პუნქტად მიიჩნია და ეს უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ლევან II დადიანმა ჩხარიდან სომხები (რუხთან) ჩამოასახლა. სინამდვილეში, მისი აზრით, არავითარი პუნქტი „Armani“ არ არსებობდა9. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსა და ლამბერტის რუკაზე „Armani“ ორი მდინარითაა მოშორებული რუხისაგან, თ. ბერაძის მოსაზრება მისაღებად მიგვაჩნია, რადგანაც სომეხთან დაკავშირებული ტოპონიმიკა მხოლოდ რუხთან დასტურდება და სამურზაყანოში არ გვხვდება. მაგალითისათვის, რუხისწყარის მარჯვენა მხარეს ბორცვს „ნასომეხ“, ანუ ნასომხარი ეწოდება10. რუკაზე ოქუმისწყლის შემდეგ მოდის მდინარე ღალიძგა, იგივე ეგრისწყალი. მის მარჯვენა ნაპირზეა „Mergula“ _ მერკულა. ზემოთ ჩრდილოეთით განლაგებულია საფორტიფიკაციო სისტემათა ქსელი, რომელიც ლევან II დადიანის მიერ აგებული კელასურის კედელი უნდა იყოს. ეს კედელი ლამბერტისა და კასტელის სამეგრელოს რუკებზე აღნიშნულია როგორც „აფხაზთა გამოუსვლელობის საწინააღმდეგო 60 მილის კედელი~.11 ამ კედელზე საუბრობს ლამბერტი თავის `სამეგრელოს აღწერაში“.12 ღალიძგას შემდგომი მდინარე მოქვისწყალია, მის სათავეშია „Moqus“ _ მოქვი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოქვი, ბედია, ცაიში, ხობი იმ დროს მოქმედი საეპისკოპოსო ცენტრებია, ხოლო მეხუთე საეპისკოპოსო ჭყონდიდი არ არის დატანილი. მდინარე მოქვისწყლის მარჯვენა ნაპირზე მოცემულია პუნქტები „Sauatopoli“ _ სოხუმი და „Caltacha“, რაც რუკის შემდგენელის შეცდომაა. აქ ადგილი გვაქვს საინტერესო ტენდენციასთან, რომელიც უცხოელ ავტორებს ახასიათებთ. მათთვის ადრე არსებული წყაროებით და ცნობებით ყოველთვის ცნობილი იყო რომ „Sebastopol-Sauatopol“ _ სოხუმი ოდიშ/სამეგრელოს შემადგენლობაში შედიოდა და მიუხედავად იმისა, რომ 1578 წელს სოხუმი თურქების, შემდეგ კი აფხაზთა ხელში გადადის, „Sebastopolis“-ს ისტორიული ტრადიციით სამეგრელოში (Mengrelia) ათავსებენ, რაც იმითაა გამოწვეული, რომ უცხოელ ავტორთათვის, ტრადიციის გავლენით, ოდიშ-სამეგრელო სოხუმამდე (ჩათვლით) ვრცელდებოდა, ზოგ შემთხვევაში კი უფრო ჩრდილო-დასავლეთითაც13. ზოგიერთ შემთხვევაში14, როგორც ეს ჩვენს რუკაზეც ფიქსირდება, „Sauatopoli“ ან „Sebastopolis“- სთან ერთად ვხვდებით სოხუმის თურქულ სახელწოდებას „Eschisumuni“ _ ძველი სოხუმი, თუმცა არის შემთხვევა, როცა მარტო „Sebastopoli“ ან „Eschisumuni“ გვხვდება. პუნქტი „Eschisumuni“ უნდა შეესატყვისებოდეს იმ ციხე-სიმაგრეს, რომელიც თურქებმა ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლების ომის მსვლელობისას ააგეს, იგივე სოხუმის საბეგლარბეგო. ამიტომ ეს თურქული სახელწოდება XVIს. მიწურულიდან ჩნდება რუკებზე. მიუხედავად უცხოელ ავტორთა მიერ რუკებზე „Eschisumuni“-s სწორად დატანისა (აფხაზეთში), ისინი ასევე აღნიშნავენ „Sebastopoli“- საც და ათავსებენ სამეგრელოში, რაც ძველი ვითარებიდან შემორჩენილი ისტორიული ტრადიციის გავლენაა, უცხოელ ავტორთათვის „Sebastopoli“ _ სოხუმი სამეგრელოა. რაც შეეხება „Caltacha“-ს, ის ასევე გვხდება ჯაკოპო გასტალდის 1561 წლის რუკაზე15. რუკის პირველი გამომცემელი თ. გვანცელაძე ამ პუნქტის შესახებ არაფერს ამბობს16, ხოლო ბ. გოგიამ ეს რუკა შეიტანა უცხოურ რუკათა კრებულში -„აბხაზია ისტორიჩესკაია პროვინცია გრუზიი“.. აი, რას წერს იგი: სევერენეე სუხუმი პომეშენა კოლხიტია (Ca-lte, salto), ნა ნაშ ვზგლიად, იავლიაეტსია ლატინსკიმ პერევოდომ ეტნონიმ მესხ. პრიგუნ, ტანცორ“,17 რაც, ჩვენი აზრით, სწორი არაა. იმის გათვალისწინებით, რომ გასტალდისა და კანტელის რუკაზე „Caltacha“ სოხუმის (Sebastopoli, Sauatopoli) ჩრდილოეთით მდებარეობს, ჩვენი ვარაუდით, ეს უნდა იყოს დღევანდელი ჩხალთის დამახინჯებული სახელწოდება. რუკაზე შემდეგ მოდის მდინარე კოდორი, მის მარჯვენა ნაპირზეა „Satamacia“ _ ტამიში. რუკაზე ეს პუნქტი შეცდომითაა დატანილი, ის სინამდვილეში კოდორის მარცხენა მხარეს უნდა იყოს. კანტელის რუკაზე ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი მდინარე კოდორსა და დრანდას (რუკით _ Dandars) შორის გადის. ზემოთ ჩვენს მიერ აღინიშნა, რომ ჯაკომო კანტელის რუკა ლევან II (1611-1657) დადიანის მმართველობის პერიოდის სამეგრელოს რეალობას უნდა ასახავდეს, ამ დროს კი ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი არ შეიძლება მდინარე კოდორზე გადიოდეს. ამასთან, ვიზიარებთ ბ. ხორავას მოსაზრებას, რომ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი მდინარე კოდორზე საერთოდ არ გადიოდა18. შევჩერდეთ ოდიშ-აფხაზეთის საზღვრის მიმოხილვაზე. ჟორჯო ინტერიანოს მიხედვით, საქართველოს საზღვარი ჩერქეზებთან გადიოდა, ანაგასიადან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა და იმავე ინტერიანოს თქმით, კოლხეთის ნაწილს შეადგენდა19. ვახუშტი ოდიშის საზღვარს ანაკოფიისწყალზე ავლებს20. ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი. ვახუშტის, რომელიც მოღვაწეობდა XVIII საუკუნეში, როდესაც საზღვარი ოდიშსა და აფხაზეთს შორის მდინარე ენგურზე გადიოდა, ეტყობა, ჰქონდა სერიოზული მიზეზი, არ გადაეტანა თავისი დროის კონიუნქტურა XV საუკუნეში21. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდგომი პერიოდის ოდიშის სამთავროს საზღვარზე საინტერესო ცნობას გვაწვდის ბერი ეგნატაშვილი: `დადიანს ეპყრა ცხენსწყალს ჩაღმართი, ლეჩხუმს ქუემოთი, სვანეთის მთის გარდმოღმართი, აფხაზეთის ზემოთი და აფხაზეთი ჯიქეთამდის შარვაშიძეს ეპყრა, და ესე შერვაშიძე მორჩილებდა არაყოველსავე ბრძანებასა დადიანისასა. კუალად ეპყრა დადიანს ზღვის შემოღმართი და რიონს გაღმართი~.22 მაშასადამე, როგორც ვხედავთ, დადიანის მმართველობა აფხაზეთზეც ვრცელდება, შარვაშიძე კი მისადმი გარკვეულ ვასალურ დამოკიდებულებაშია. „აფხაზეთის ზემოთში“ კი უნდა იგულისხმებოდეს ტერიტორია ანაკოფიის წყალს (დღევანდელი ფსირცხა) სამხრეთით. XVI ს. მიწურულიდან ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი მოძრაობას იწყებს სამხრეთისაკენ. 1578 წელს, როდესაც თურქებმა სოხუმში საბეგლარბეგო დააარსეს და ციხე ააგეს, საზღვარმა (ეთნიკური) სავარაუდოდ მდინარე ბესლეთზე გადმოინაცვლა, თუმცა დადიანთა ძალაუფლება მანამდე და შემდგომშიც აფხაზეთის უკიდურეს ნაწილშიც კი აღწევდა. ამაზე მიუთითებს მამია III (1512-1533) დადიანის მიერ ბიჭვინთის მონასტრისადმი შეწირული სოფლების ჩამონათვალი (აითარნე, არუხა და რაბიწა). ეს შეწირულობა 1590 წლამდე ოდიშის ყველა მმართველმა (ლევან I დადიანი, გიორგი III დადიანი და მამია IV დადიანი) დაამტკიცა და განაახლა23. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დადიანების მიერ ამ მიწების შეწირვა არ ან ვერ მოხდებოდა, თუ მათ რაიმე უფლება არ გააჩნდათ ამ სოფლებზე. XVII ს. 30-იანი წლების I ნახევარში, ჯოვანი და ლუკას ცნობით, საზღვარი მდინარე აბსილზე გადიოდა24. ისტორიკოსმა ბ. ხორავამ მართებულად მიიჩნია მდინარე აბსი (აბსილი) ბესლეთად25. ამის შემდეგ საზღვარმა მდინარე კელასურზე გადმოინაცვლა26. მიუხედავად ამისა უცხოელი მოგზაურები და მისიონერები, ისტორიული ტრადიციის გავლენით, საზღვარს მდინარე კოდორზე ავლებენ27. თუმცა ლამბერტი შესაბამობაში მოდის თავის ცნობასთან, როდესაც ლევან II დადიანის მიერ კელასურის კედლის აგებაზე საუბრობს28. მის და კასტელის სამეგრელოს რუკებზე ეს კედელი დატანილია წარწერით „აფხაზთა გადმოსვლის საწინააღმდეგო 60 მილის კედელი“.29 ქათიბ ჩელები თავის აღწერილობაში საქართველოსა და კავკასიის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის, ის აღნიშნავს, რომ აფხაზეთის საზღვარი „სოჭიდან მდინარე კოდორს აღწევს. იმ ადგილს სოხუმს უწოდებენ“.30 აქ ქათიბ ჩელები კელასურს უნდა გულისხმობდეს, რადგან სოხუმი არ შეიძლება კოდორთან მდებარეობდეს. აღსანიშნავია, რომ მის ცნობებზე დართულ „ჯიჰან ნუმას“ რუკაზე ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი სწორედ მდინარე კელასურზე გადის31. 1639-1640 წლებში სამეგრელოში იმყოფებოდნენ რუსეთის მეფის მიხეილ რომანოვის ელჩები, ფეოდოტ ელჩინი და პაველ ზახარიევი, ისინი თავიანთ სამეგრელოს აღწერილობაში იხსენიებენ ილორის, მოქვის და დრანდის მონასტრებს32. აგრეთვე მოხსენიებულია სოფელი ფშაფი. როგორც ბ. ხორავა აღნიშნავს, ეს სოფელი მდინარე კოდორიდან ათიოდე კილომეტრზეა, სოხუმიდან კი 5-6 კმ-ის მოშორებით მდებარეობს33. ამ ცნობის მიხედვით, საზღვარი მდინარე კელასურზე უნდა გადიოდეს, რადგან ფშაფს იქით ტერიტორიას რუსი ელჩები ოდიშის შემადგენლობაში არ ათავსებენ. ასევე საინტერესო ინფორმაცია მოეპოვება ანტიოქიის პატრიარქს მაკარიოსს, რომელმაც თავის შვილთან პავლე ალეპოელთან ერთად 1664-1666 წლებში საქართველოში იმოგზაურა. ბედიაში ჩასულ მაკარიოსისათვის ბედიელ ეპისკოპოსს უთქვამს, რომ მის სამწყსოში მრავლად ყოფილა უკანონო ქორწინების ფაქტები და როდესაც ისინი ასეთივე ფაქტების გამოსავლენად მოქვში ჩასულან, იქვე დრანდაში მცხოვრები ქალი, რომელიც შვიდჯერ ყოფილა გათხოვილი და შვიდჯერვე თავის ბიძაშვილებზე, ბედიელი ეპისკოპოსის და მაკარიოსის შიშით აფხაზეთში გაქცეულა34. როგორც ვხედავთ, XVII ს. 60-იან წლებშიც კი ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი არ შეიძლება კოდორზე გადიოდეს, რადგან დრანდა კვლავ სამეგრელოს შემადგენლობაშია. ლევან II (1611-1657) დადიანის დროინდელი ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი რომ წარმოვიდგინოთ, უნდა მივყვეთ კელასურის კედელს. როგორც თ. ბერაძე აღნიშნავს, კედელი სადღაც მდინარე კელასურის მარცხენა ნაპირზე ზღვის შესართავთან იწყებოდა, მიუყვებოდა კელასურის ხეობას, შემდეგ უხვევდა აღმოსავლეთისაკენ, გადაკვეთდა მდინარეებს მაჭარასა და კოდორს (კოდორის ხეობის ზემო ნაწილი აფხაზეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა), აქედან ის მიუყვებოდა ფანავის ქედს, გადაკვეთდა მდინარე მოქვს და ღალიძგამდე აღწევდა35. კედელი უწყვეტი არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად, სადაც კლდე ან რაიმე ბუნებრივი ზღუდე იყო აღმართული, იქ სიმაგრის აგების საჭიროება არ იყო36. ამდენად, განხილული ფაქტების გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ დასკვნას იმის შესახებ, რომ ლევან II დადიანის მმართველობისას ოდიშ-აფხაზეთის საზღვრის მდინარე კოდორზე გადიოდა37, რაც ამ ბოლო დროს ნ. ბერულავამ განავითარა38. ჩვენი აზრით, საზღვარი ჯერ გადიოდა მდინარე ბესლეთზე39, მოგვიანებით კი _ მდინარე კელასურზე. XVIIს. 70-იან წლებში ოდიშ-აფხაზეთის საზღვარმა მდინარე ღალიძგაზე40, XVIIს. 80-იანი წლების მიწურულს კი მდინარე ენგურზე გადმოინაცვლა. მალე ეს ტერიტორია ზეგნაყ შარვაშიძის სამ შვილს შორის განაწილდა41. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამურზაყანოში შარვაშიძეთა გვერდითი შტო მმართველობდა, ისინი უმეტესწილად მაინც სამეგრელო-ოდიშის ხელისუფალთ ემორჩილებოდნენ42. საზღვრის მიმოხილვის შემდეგ გადავიდეთ იმ ტერიტორიის აღწერაზე, რომელიც იასამნისფრადაა აღნიშნული და აწერია „Abasia o Abcassia“ _ აფხაზეთი. აღსანიშნავია, რომ ევროპულ რუკებზე აფხაზეთს, სამეგრელოსაგან და სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულებისაგან განსხვავებით, მხოლოდ სატომო სახელით აღნიშნავენ და არ ხმარობენ სახელწოდება „Regno“ და „Regnum“. აფხაზეთში პირველი პუნქტია „dandars“ _ დრანდა, რაც რუკის ავტორის შეცდომაა და ამაზე ზემოთ გვქონდა საუბარი. იქვეა „Vati“. ამავე ფორმით აღნიშნავენ უცხოელები ბათუმს. პირველი მდინარე, რომელიც აფხაზეთში გვხვდება და წარწერა არა აქვს, კელასური უნდა იყოს. შემდეგ მოცემულია პუნქტები „Origo“ და „Perga“. კელასურის მარჯვენა ნაპირზეა ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები „Eschisumuni“ _ ძველი სოხუმი (თურქულად). შემდეგი მდინარე უნდა იყოს ვახუშტის ანაკოფიისწყალი. მის მარჯვენა ნაპირზეა „Pezoda“ _ ბიჭვინთა, ბოლო მდინარე აფხაზეთში, სავარაუდოდ, ბზიფი, იგივე კაპოეტისწყალია. აქ მდინარესთან საზღვარია გავლებული და იწყება ვარდისფერი ტერიტორია „Auogasia“ _ ჯიქეთი, აქვეა საზღვაო პუნქტი „S. Sofia“, რომელიც სხვა რუკებზე დატანილია ტერიტორიაზე წარწერით „Zichia“.43 იქვეა პუნქტები „Suzako“, „Alba“ და „Zibir“, რაც ჩვენი აზრით ახლოს უნდა იდგეს ეთნიკურ სახელ ზიხ-ზიბ-თან. ჯიქეთში ბოილო მდინარეა წარწერით „Londa fl“. ზემოთ ყვითლად შეფერილ ტერიტორიაზე „Comania“ _ ყივჩაღები, მთებში ვხდებით, ასევე ჯიქების სატომო სახელთან დაკავშირებულ პუნქტს „Zichia“, რაც, ჩვენი აზრით, თუ პუნქტი შეცდომით არაა დატანილი, ჯიქთა თავდაპირველსაცხოვრისს უნდა წარმოადგენდეს. მიუხედავად ჯაკომო კანტელის რუკაზე არსებული უზუსტობებისა, ის ჩვენთვის საინტერესო წყაროს წარმოდგენს თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის ისტორიულ-გეოგრაფიული სურათის წარმოსადგენად. ღუკაზე ნათლად ჩანს აღნიშნული რეგიონის ცალკეული პუნქტების ოდიშის სამთავროს კუთვნილება. ამდენად, უსაფუძვლოა აფხაზ სეპარატისტთა მცდელობა, აფხაზეთის სამთავროს ტერიტორია იმთავითვე (XIII საუკუნიდან) თანამედროვე საზღვრებში წარმოაჩინონ.
შენიშვნები
1. დ. ნინიძე. ორი რუკა გვიანი შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოს შესახებ. _ ქართული დიპლომატია, წელიწდეული, ტ. 11. თბ., 2004, გვ. 487, 490; დ. ნინიძე. XVI საუკუნის ევროპული რუკები დასავლეთ საქართველოს (სამეგრელო-აფხაზეთი) შესახებ (#3). _ ქართული დიპლომატია, წელიწდეული, ტ. 12, თბ., 2005, გვ. 357, 369. 2. ბ. გოგია, აბხაზია – ისტორიჩესკაია პროვინცია გრუზიი. 2005, გვ. 45-49, 50-56. 3. არქანჯელო ლამბერტი. სამეგრელოს აღწერა. იტალიურიდან თარგმნა ალექსანდრე ჭყონიამ. გამოსაცემად მოამზადა წინასიტყვაობა დაურთო ილია ანთელავამ. თბ., 1991, გვ. 159. 4. ბ. გოგია, აბზახია…... გვ. 45. 5. თ. ბერაძე. ოდიშის ისტორიული გეოგრაფიიდან XII-XVII სს. შადისერტაციო ნაშრომი ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1967, გვ. 80. 6. არქანჯელო ლამბერტი. სამეგრელოს აღწერა.., გვ. 163. 7. ბ. გოგია, აბზახია გვ. 45-50. 8. ჯ. გვასალია. თერიტორია გრუზიი ნა კარტახ ტურეცკოი იმპერიი XVII ვეკა მაცნე, ისტორიის. ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, 2, 1987, გვ. 106-107. 9. თ. ბერაძე. ოდიშის ისტორიული გეოგრაფიიდან XII-XVII სს., სადისერტაციო ნაშრომი.., გვ. 80-81. 10. პ. ცხადაია. ათასი მეგრული ტოპონიმი. თბ., 2005, გვ. 48. 11. ბ. გოგია, აბხაზია.. გვ. 45, 50. 12. არქანჯელო ლამბერტი. სამეგრელოს აღწერა.., გვ. 152. 13. თ. გვანცელაძე. ქართული ქრისტიანული ტერმინების აფხაზურ ენაში სესხების დროის საკითხისათვის. _ `არტანუჯი~, 10. თბ., 2000, გვ. 55-58; დ. ნინიძე. ორი რუკა.., გვ. 487-493; დ. ნინიძე. XVII ს ევროპული.., გვ. 357-369; დ. ნინიძე. საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. თბ., 2005, გვ. 95-101. 14. ჯ. გვასალია, ტერიტორია, გვ. 106-107. 15. თ. გვანცელაძე. ქართული.., გვ. 55-58; . . .., გვ. 35-36. 16. თ. გვანცელაძე. ქართული.., გვ. 55-58. 17. ბ. გოგია, აბხაზია... გვ. 36. 18. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII სს. თბ., 1996. 19. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ. იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა. თბ., 1981, გვ. 63. 20. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით მიერ, ტ. IV. თბ., 1973, გვ. 783-786. 21. ზ. პაპასქირი. ვახუშტი ბაგრატიონი შუა საუკუნეების ხანის ქართული ისტორიოგრაფიის გიგანტი. _ საისტორიო ძიებანი, წელიწდეული, I. თბ., 1998, გვ. 249-250; ზ. პაპასქირი. აწინდელი აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. XI-XV საუკუნეები, წგნ.: ზ. პაპასქირი. აფხაზეთი საქართველოა. თბ., 1998, გვ. 159; პაპასქირი, ტერიტორია აბხაზიი. XI-XV ვეკახ. 1999, გვ. 190; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. I. უძველესი დროიდან 1917 წლამდე თბ., 2004, გვ. 84. 22. ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება. _. ტექსტი პირველი. თექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით მიერ, ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. II. თბ., 1959, გვ. 349. 23. ი. ანტელავა, ოჩერკი პო ისტორიი აბხაზიი XVII-XVII ვეკახ, სუხუმი 1951, გვ. 27. 24. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. ტ. III. თბ., 1987, გვ. 157. 25. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 94. 26. აქ საუბარია ეთნიკურ საზღვარზე მეგრელებსა და აფხაზებს შორის. ჩვენი აზრით, სანამ ეთნიკური საზღვარი მდ. ღალიძგაზე, ხოლო პოლიტიკური მდ. ენგურზე გადმოინაცვლებდა, ოდიშის სამთავროს პოლიტიკური საზღვარი ეთნიკური საზღვრის ჩრდილო-დასავლეთით იყო განთავსებული. 27. არქანჯელო ლამბერტი. სამეგრელოს აღწერა.., გვ. 11-12. 28. არქანჯელო ლამბერტი. სამეგრელოს აღწერა.., გვ. 152. 29. ბ. გოგია, აბხაზია.., გვ. 45-49, 50-56. 30. ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თურქულიდან თარგმნა და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ თბ., 1978, გვ. 56. 31. ქათიბ ჩელების ცნობები გვ. 13-25. 32. ს. ბელოკუროვ, პოსოლსტვო დიაკა ფედოტა ელჩინა I სვიაშჩენიკა ზახარევა ვ დადიანსკუიუ ზემლიუ 1639-1640 გოდახ. _ წგნ.: ს. ბელოკუროვ, მატერიალი დლია რუსკოი იმპერიი. მ., 1888, გვ. 351-375. 33. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 93. 34. ჯ. გამახარია, ბ. გოგია. Aბხაზია – ისტორიჩესკაია ობლასტ გრუზიი. თბ 1997, გვ. 259. 35. თ. ბერაძე. ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან. _ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ. III. თბ., 1967, გვ. 273; თ. ბერაძე. XVII ს-ის პირველი ნახევრის ოდიშის რუკა. _ ძეგლის მეგობარი, #21, 1970, გვ. 42; თ. ბერაძე. ვახუშტი ბაგრატიონი და ოდიშის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. _ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული., ტ. IV. თბ., 1971, გვ. 67-73. 36. ა. ტუღუში. აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის საკითხისათვის. არარსებული აფხაზეთის სამთავროს საკითხი. ზუგდიდი, 2001, გვ. 70. 37. გ. ჯამბურია. საქართველო XVII საუკუნის I მესამედში. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. IV. თბ., 1974, გვ, 297. 38. ნ. ბერულავა. ოდიშის სამთავროს ურთიერთობა აფხაზებთან და ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი XVII საუკუნეში (დასავლეთ ევროპული წყაროების მიხედვით). _ ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები V. თბ., 2002, 59-78. 39. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 94. 40. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 112. 41. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 123; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის.., გვ. 116. 42. ა. ტუღუში. აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის საკითხისათვის; თ. ბერაძე. ოდიშის სამთავრო დადიან-ჩიქვანთა დინასტიის მმართველობის ხანაში, სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. _ წგნ.: სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში. თბილისი-ზუგდიდი, 1999, გვ. 224. 43. ბ. გოგია, აბხაზია., გვ. 3, 111; ჯ. გვასალია, ტერიტორია., გვ. 106-107.

Комментариев нет:

Отправить комментарий