пятница, 12 мая 2017 г.

რომი მეფეთა ხანაში (ძვ.წ. VIII–VI ს-ში)

რომაელების სამშობლოა ძველი იტალიელი ტომის ლათინების მხარე ლაციუმი. ლათინთა მხარე პირინეის ზღვის ნაპირას და ლაციუმის ბორცვებსა და ბარში მდებარეობდა. მათ ესაზღვრებოდა ზღვა, მდ. ტიბრი და მთიან მხარეებში ბინადარი ტომები საბინები, ექვები, ჰერნიკები და ვოლსკები. 3 უკანასკნელი ტომის მიწა-წყალი მომდევნო დროს გაზრდილი ლაციუმის სახელით იყო ცნობილი.
სავარაუდოდ ლათინები ეთნიკურად სიკულებისა და უმბრო-საბელების ტომობრივი ელემენტების გაერთიანებას წარმოადგენდნენ, რომაელები კი ლათინთა ტომის ცალკეულ ნაწილად ითვლებიან და მათ ენას ლათინური ეწოდება.
მთელს ლაციუმში ჩანს ვულკანის მოქმედების კვალი, მართალია მისი ფერფლი მიწის ნიადაგს აპოხიერებდა, მაგრამ დაბლობი ადვილად ჭაობიანდებოდა და დამუშავებისათვის ძველადვე ხელოვნურ ამოშრობას მოითხოვდა.
მართლაც ლაციუმში ფართოდ აღმოჩნდა ჩატარებული სადრენაჟო მუშაობის უძველესი კვალი. ქვენიადაგური წყლის სარინის მიწისქვეშა არხების გასაოცარი ბადე. ეს გარემოება თავისთავად იმ ფაქტს გულისხმობს, რომ ლაციუმის უძველესი მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, თესავდა ფეტვს, ქერს და ადრე დაუწყია ვენახისა და ხეხილის გაშენება.
ლათინებს ძირითადად განვითარებული ჰქონიათ მესაქონლეობა, ეტრუსკებისა და ბერძენთა ყურადღებას ძველადვე იპყრობდა ლაციუმის არა მარტო გაუვალი ტყეები არამედ ლათინთა მატყლიც.
ლათინები უმეტესად ბორცვებზე სახლდებოდნენ სადაც ჰავა უკეთესი იყო. მათი დასახლების ადგილები ისეთ ქალაქისებრ გამაგრებულ სოფლებს მოგვაგონებს, რომლებიც მტრის თავდასხმათა შემთხვევაშიც თავშესაფარად იქნებოდა გამოსადეგი. თითეული ასეთი ქალაქი იქნებოდა გარემოცული ტერიტორიის ცენტრად.
ლათინების ასეთ ქალაქთა შორის არქეოლოგიური გათხრების მონაცემების თანახმად უძველესი და უდიდესი იყო ალბა ლონგა, რომელიც ლაციუმის ცენტრში ალბანის მაღლობზე მდებარეობდა. ცნობილია აგრეთვე ქალაქები ტუსკულუმი, ლანუვიუმი, ლაურენტუმი, არიცია, ტიბური, პრენესტი.
თქმულების მიხედვით ლათინებს მეფეები განაგებდნენ, რომლებსაც იმავე დროს თაყვანს სცემდნენ როგორც ღმერთებს. პირველი მეფე იყო იანუსი იგივე სინათლის ღმერთი, მეორე სატურნუსი მიწის ღვთაება, პკიპუსი ტყის ღმერთი, მეოთხე თავნუსი თავის მეუღლე ფავნასთან ერთად ოთხფეხა ცხოველების განსახიერება და მეხუთე ლათინუსი ლათინების მამამთავარი და მფარველი.
რა თქმა უნდა ლათინების მეფეთა სახელები მითოლოგიას მიეკუთვნება, მაგრამ მათ შორის ლათინუსს ეპონიმის მნიშვნელობა უნდა მივაწეროთ.
ეტრუსკების მსგავსად ლათინებსაც ქალაქთა თავისებური ფედერაციები შეუქმნიათ. ლაციუმში არსებობდა 30 ქალაქის ფედერაცია, რომელსაც სათავეში ალბა ლონგა ედგა, ვიდრე იგი რომაელებმა არ გაანადგურეს. საერთო საქმეების გადასაწყვეტად ქალაქთა წარმომადგენლები ფერენტინის წყაროს მახლობლად მდებარე ჭალაში იკრიბებოდნენ.
 არქეოლოგიური მონაცემების თანახმად რომის ადგილას უძველესი მოსახლეობა II და I ათასწლეულების მიჯნაზე უნდა წარმოქმნილიყო. თავდაპირველად რომი ლათინთა ერთი პატარა ქალაქთაგანი იყო და გადმოცემით ალბა ლონგას ახალშენი გახლდათ. მომდევნო ხანაში მისმა განსაკუთრებულმა გაძლიერებამ და აღზევებამ წარმოშვა მრავალი ლეგენდა მისი დაარსებისა და შემდგომი განვითარების შესახებ.
სამხ. იტალიასა და სიცილიაში მცხოვრებ ბერძნებს შორის გავრცელებული იყო გადმოცემები, რომლებიც იტალიის წარსულს ბერძენთა ლეგენდარულ გმირებს უკავშირებდა. ერთ-ერთ ასეთ ლეგენდას წარმოადგენდა ტროელი ენეასის იტალიაში გადმოსახლებისა და მის შთამომავალთა მიერ რომის დაარსების შესახებ. ლეგენდა როგორც ჩანს ძვ. წ. VI ს-ში ჩასახულა ხოლო საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე ძვ. წ. I საუკუნისათვის მიუღია.
ლეგენდა ზოგადად ასეთი შინაარსისაა: აქეელთა მიერ ტროას აღებისას ენეასმა შეძლო ალმოდებული ქალაქიდან მოხუცი მამის ანქიზეს და პატარა ვაჟის ასტანიუსის გამოტაცება, შემდეგ მასთან თავი მოიყარეს სხვა გადარჩენილმა ტროელებმა, მათ იწყეს ხომალდების აგება და მიატოვეს მცირე აზია. დიდი ხეტიალის შემდეგ ენეასმა და მისმა თანამგზავრებმა იტალიას მიაღწიეს და ლაციუმში გადასხდნენ, აქაურ მეფეს ლათინუსს მოსულნი ჯერ მტრად მიუღია, მაგრამ შემდეგ მათთან მორიგებულა და სამოსახლო მიუჩენია. ენეასს ცოლად ლათინუსის ქალი შეურთავს.
ენეასის ვაჟს ასკანიუსს ალბანის მთის ძირში დაუარსებია ქალაქი, რომლისთვისაც ალბა ლონგა ანუ გრძელი ალბა უწოდებია, ვინაიდან ის მთის ქედის გასწვრივ იყო განლაგებული.
ასკანიუსის ჩამომავლებს ალბა ლონგას მეფეს პროკუსს 2 ვაჟი ჰყავდა ნუმიტორი და ამულიუსი. უმცროსმა ვაჟმა ნუმიტორს ტახტი წაართვა და თვითონ გამეფდა. მან ნუმიტორის ვაჟი მოაკვლევინა, ხოლო ქალი რეა-სილვია ქალღმერთ ვესტას ქურუმად აქცია. ამ გზით მას უნდოდა რეა-სილვიასათვის შვილების გაჩენის შესაძლებლობა მოესპო, რადგან ვესტას მსახურ ქალებს ვესტალიებს უბიწობა უნდა დაეცვათ, მაგრამ რეა-სილვიას ღმერთ მარსისაგან ეყოლა ტყუპი ვაჟი რომულუსი და რემი. განრისხებულმა ამულიუსმა ტყუპების მდ. ტიბროსში გადაგდება ბრძანა, მაგრამ მდინარემ ისინი ნაპირზე გარიყა, ბავშვების ტირილი ძუ მგელმა გაიგონა და მათ თავისი ძუძუ მოაწოვა, რითაც სიკვდილს გადაარჩინა. შემდეგ ძმები მეფის მწყემსმა ფაუსტულუსმა იპოვა, წაიყვანა შინ და აღსაზრდელად თავის ცოლს ჩააბარა.
როცა ყმაწვილები წამოიზარდნენ ვაჟკაცობით გაითქვეს სახელი და ადგილობრივ მწყემსებს ეხმარებოდნენ ყაჩაღების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბოლოს ისე მოხდა, რომ ძმების ნამდვილი ვინაობა გამომჟღავნდა. რომულუსმა და რემმა მოკლეს ამულიუსი და ნუმიტორი კვლავ ტახტზე დააბრუნეს. თვითონ ძმები მეგობარ ამხანაგთა თანხლებით გაემართნენ იმ ადგილისაკენ სადაც ისინი მდ. ტიბრმა გარიყა და იქ პალატინის ბორცვზე გადაწყვიტეს ქალაქის გაშენება. ძმებს შორის გაჩაღებულა დავა ვისი სახელი უნდა დარქმეოდა ქალაქს, რომულუსმა მოკლა რემი, ქალაქს თავისი სახელი უწოდა და მისი პირველი მეფე გახდა.
თუმცა ეს გადმოცემა აშკარად ზღაპრული ხასიათისაა, მაგრამ მასში მაინც არის ისტორიული სინამდვილის გარკვეული ელემენტები, რაც არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. კერძოდ დღეს დადგენილია, რომ რომის ტერიტორიაზე უძველესი დასახლება სწორედ პალატინის ბორცვზე წარმოიქმნა და ალბა ლონგადან გადმოსახლებულთა მიერ იყო დაფუძნებული.
როგორ უნდა წარმოვიდგინოთ რეალურად რომის წარმოქმნა?
ლაციუმში მდ. ტიბრის მარცხენა ნაპირას მდებარეობდა 7 ბორცვი – კაპიტოლიუმი, ავენტინი, პალატინი, ქვირინალი, ვიმინალი, ესქვილინი და ცელიუმი. ყველაზე მოხერხებული მდებარეობა პალატინის ბორცვს ჰქონდა. მას 3 მხრიდან ციცაბო კლდოვანი კალთები ეკრა და მხოლოდ ჩრდ-აღმოსავლეთით იყო ადვილი მისადგომად, მაგრამ ამ მხარის დაცვა ძნელი არ იყო. სწორედ ამ ბორცვზე დაახლოებით ძვ. წ. X ს-ში გაჩნდა I დასახლება, რომლის ნაშთები არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, კერძოდ რომის ფორუმზე წარმოებული გათხრების დროს იპოვეს აგრეთვე ამ დასახლების სამარხები.
პალატინის უძველესი მოსახლენი მიცვალებულებს წვავდნენ და ფერფლს თავისებურ თიხის ჭურჭლებში მარხავდნენ. ეს სამარხები მრავალი ნიშნით ემსგავსება ალბა ლონგას გათხრების დროს აღმოჩენილ სამარხებს და ეს აძლევს მეცნიერებს საფუძველს დაასკვნან, რომ I დასახლება პალატინზე ალბა ლონგადან იყო გამოსული. ამ დასახლებას გარს შემოვლებული ჰქონდა კვადრატულად განლაგებული კედლები, რომლებიც იცავდნენ მცხოვრებლებს გარეული მხეცებისა და მოუსვენარი მეზობლების თავდასხმებისაგან. შემდგომ ამ სიმაგრეს კვადრატული რომი ეწოდა.
უკანასკნელი წლების გათხრებმა ცხადყო, რომ უკვე ძვ. წ. IX ს ბოლოს დასახლებები გაჩნდა აგრეთვე ესქვილინის, ცელიუმისა და ქვირინალის ბორცვებზე. თავდაპირველად ეს დასახლებები ერთიმეორისაგან განცალკევებული იყო და ჭაობიანი ადგილები ბორცვებს შორის დაუსახლებელი რჩებოდა. ამ დასახლებათა სამაროვნები განსხვავდება პალატინის ბორცვის სამოსახლო სამაროვნისაგან დამარხვის წესით. მიცვალებულს მიწაში მარხავდნენ, ეს აძლევს საფუძველს მკვლევრებს აქ სხვა პალატინის მოსახლეთაგან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი ივარაუდონ, კერძოდ ქვირინალის ბორცვის მოსახლეებს საბინელებად მიიჩნევენ. საინტერესოა, რომ რომაულმა ტრადიციამ შემოგვინახა გადმოცემა რომაელების მიერ საბინელი ქალების მოტაცების შესახებ.
ლეგენდის შინაარსი ასეთია, ალბა ლონგადან მოსულ და პალატინის ბორცვზე დასახლებულთ ქალები არ ახლდნენ. მათ მეგობარ საბინელებს მიმართეს თხოვნით, რათა მათი ქალიშვილებისათვის ნება დაერთოთ რომაელებს გაჰყოლოდნენ ცოლად, მაგრამ უარი მიიღეს. მაშინ რომაელებმა ბრწყინვალე დღესასწაული მოაწყვეს და მასზე საბინელებიც მოიწვიეს. რომულუსის მიერ მიცემულ ნიშანზე ისინი დაერივნენ სტუმრებს და საბინელი ქალიშვილები მოიტაცეს. შეურაცხყოფილმა საბინელებმა დღეობა მიატოვეს და მალე მათსა და რომაელებს შორის ომი დაიწყო, მაგრამ ქალაქიდან გამოვიდნენ თმაგაშლილი საბინელი ქალები, ჩადგნენ  მებრძოლთა შორის და შეევედრნენ სისხლისღვრა შეეწყვიტათ. მართლაც მებრძოლნი დაზავებულან და ორივე წინამძღოლმა რომულუსმა და ტიტე ტაციტუსმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს, ორივე ტომი გაერთიანდა და რომულუსმა და ტიტე ტაციტუსმა ერთად დაიწყეს მეფობა.
როგორც ჩანს ეს ლეგენდა ასახავს ისტორიულ მოვლენას, პალატინის ბორცვის ალბა ლონგადან გამოსულ მოსახლეთა საბინელებთან გაერთიანებას. რომის უძველესი მოსახლეობა ალბა ლონგელი ლათინებისა და საბინელთა შერწყმის შედეგად წარმოქმნილა.
ძველი რომაული ტრადიცია რომის უძველესი მოსახლეობის შემადგენლობაში ეტრუსკებსაც ასახელებს. უკვე ძველად იმ სამ ტრიბას, რომლებადაც რომაელი პატრიციები იყოფოდნენ ლათინების, საბინელებისა და ეტრუსკების სამ ტომობრივ ელემენტად წარმოიდგენენ. ახალი დროის მკვლევართა ნაწილი რომის თემის ამგვარ ეთნიკურ შემადგენლობას იზიარებს.
ცნობილმა მკვლევარმა შულცემ დაამტკიცა, რომ საკუთარი სახელების რომაული სისტემა ეტრუსკულ ელემენტს შეიცავს, რომ თვით ქალაქის სახელი რომა და მისი ლეგენდარული დამაარსებლის სახელი აგრეთვე ზემოხსენებული ტრიბების აღმნიშვნელი ტერმინები ეტრუსკული წარმოშობისაა.
შულცეს კვლევის შედეგები სპეციალისტებმა ფართოდ გაიზიარეს და განავითარეს. მართალია ზოგიერთ მკვლევარს რომის თემის წარმოშობაში ეტრუსკული ელემენტის მონაწილეობა საეჭვოდ მიაჩნია, მაგრამ უძველესი რომის ენას, სარწმუნოებასა და ყოფა-ცხოვრებაში იმდენად ღრმად არის წარმოდგენილი ეტრუსკების კვალი, რომ მხოლოდ ეტრუსკების ლათინებთან მეზობლობის, ან ერთ დროს ლაციუმში მათი პოლიტიკური ბატონობით ამის ახსნა ცალმხრივის გარდა გაუმართლებელი იქნებოდა.
ამიტომ უფრო შესაძლებელია, რომ საბინელებთან ერთად ეტრუსკებიც რომის უძველესი თემის ეთნიკურ ინგრედიენტად ჩავთვალოთ, მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ 3 ეთნიკური ელემენტის შერწყმის პროცესში საბოლოოდ ლათინურმა ელემენტმა მოიპოვა უპირატესობა და ამ ნიადაგზე განსაკუთრებული კულტურა წარმოიქმნა. ეს უპირველესად ლათინურ ენაზე უნდა ითქვას. საბინიზმებმა და ეტრუსკიზმებმა მართალია ერთგვარად გაამდიდრა ლათინური ლექსიკური ფონდი, მაგრამ ლათინურმა ენამ საკუთარი გრამატიკული წყობა გამოიმუშავა და თავისი ძირითადი ლექსიკური ფორმაც შეინარჩუნა.
ძვ. წ. VIII ს-ში როგორც ჩანს იწყება სხვადასხვა ბორცვზე არსებულ დასახლებათა გაერთიანება, ხდება ბორცვთა შორის ჭაობნარის ამოშრობა წყალმშრეტი და სადინარი არხებით, რომელთაგან შემდგომ შეიქმნა ე. წ. დიდი კლოაკა, ქ. რომის საკანალიზაციო სისტემა. ამოაშრეს ის ადგილები სადაც შემდგომ შეიქმნა რომის ფორუმი.
ძვ. წ. VI ს-ში კაპიტოლიუმზე აშენდა ციხე-სიმაგრე, რომელიც ქალაქის მთავარ ციხედ, ციტადელად იქცა. სწორედ VI საუკუნისათვის უნდა ვივარაუდოთ რომის გადაქცევა ნამდვილ ქალაქად.
შვიდი მეფე (რექსი) რომში.
ისტორიკოსები პლუტარქუსი, ლივიუსი და ტაციტუსი გვარწმუნებენენ, რომ თავდაპირველად რომს მეფეები განაგებდნენ. ანტიკური ტრადიციით რომში 7 მეფე არსებობდა და მათი პერიოდი ორ საუკუნენახევარი გრძელდებოდა.
ტრადიციის მიხედვით პირველი მეფე იყო რომის დამაარსებელი რომულუსი (ძვ.წ. 753–717 წლ) რომელმაც პალატინი გაამაგრა და რომის თემის ორგანიზაცია მოახდინა. თითქოს მან დააარსა სენატი 100 მამისაგან, ხალხი 30 კურიად დაანაწილა, დააწესა 3 ტრიბი რამანების, ტიციებისა და ლუცერების. მოსახლეობის გადიდების მიზნით მოაწყო ლტოლვილების თავშესაფარი და წარმატებით ეომებოდა მეზობელ ქალაქებს.
მისი სიკვდილის გამო 2 ვერსია არსებობს, ერთის თანახმად ის ცოცხლად აიყვანეს ცაში, მეორეს მიხედვით იგი მოკლეს მამებმა.
გადმოცემების მიხედვით რომულუსის უცნაური სიკვდილის შემდეგ რომში მეფობის კანდიდატი არ იყო, საბინელი და რომაელი სენატორები ვერ თანხმდებოდნენ თუ ვინ უნდა ყოფილიყო რომის მეფე. ერთმანეთის კანდიდატებს კი არ სცნობდნენ. ეს იმით დასრულდა, რომ ასი სენატორი ათ-ათ კაციან დაჯგუფებად გაიყო, თითო დაჯგუფებამ აირჩია მეფე და 5 დღის ვადით მეფობდა ერთი მეფე, შემდეგ კი მეფე მეორე ჯგუფის წარმომადგენელი ხდებოდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთი წელი.
უბრალო ხალხს ეს არ მოეწონა, ერთი ბატონის მაგივრად მათ ასი ბატონი მიიღეს. ხალხმა განაცხადა რომ აწი მეფის გარდა არავის აღარ დაემორჩილებოდნენ, ამიტომ სენატორებმა გადაწყვიტეს შეკრება რათა აერჩიათ მეფე. საბინელებმა ნუმა პომპილიუსის კანდიდატურა წამოაყენეს. ნუმა ცნობილი იყო არა მარტო მაღალი მორალური თვისებებით, არამედ საღვთო და საერო კანონებში განსწავლულობით. რომაელებმა ნუმას კანდინატურას ვერავინ ვერ დაუპირისპირეს და დათანხმდნენ.
როდესაც ნუმა რომში ჩავიდა, ფორუმზე მოაწყეს კენჭისყრა და ნუმა (ძვ.წ. 716–673) ერთხმად იქნა არჩეული. მაგრამ ახალი მეფე ამით არ დაკმაყოფილდა, იგი ავიდა კაპიტოლიუმზე და ავგურს სთხოვა ემკითხავა ფრინველების გაფრენით. მკითხაობით დადასტურდა ხალხის არჩევანის მართებულობა და ნუმა მეფე გახდა.
გამეფების შემდეგ ნუმამ პირველი რაც ჰქნა, დაითხოვა 300 მცველის რაზმი. მას მიაჩნდა რომ სრულიად შეუძლია ენდოს ხალხს, რომელმაც იგი აირჩია. ამის შემდეგ მან განიზრახა მოელბო რომაელთა რკინის ხასიათი და მიეჩვია ისინი სამართლიანობისთვის, ღვთისმსახურებასა და მოწყალებისთვის. ნუმამ იცოდა, რომ ეს არ იყო ადვილი ამოცანა, რადგან ახალი ერი ომებში აღმოცენდა და მშვიდობა მათთვის უცხო იყო. ამისთვის მან დააწესა მრავალი რელიგიური დღესასწაული და თვითონ ხელმძღვანელობდა მსხვერპლთშეწირვებს და სხვა რიტუალებს.
ნუმამ ააგო ღმერთი იანუსის ტაძარი, რომლის კარიბჭე იღებოდა მხოლოდ ომის დროს და ომის დასრულებისთანახე იხურებოდა. ნუმამ მეზობლბთან მშვიდობა დაამყარა და საზეიმოდ ჩაკეტა ტაძრის კარიბჭე. მისი მმართველობის დროს კარიბჭე არცერთხელ არ გახსნილა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან იშვიათად იხურებოდა.
ნუმამ შექმნა მთვარის კალენდარი, წელიწადი დაყო თორმეტ თვედ, ვინაიდან მთვარის თვეში 30 დღე არაა და წლის შესრულებამდე აკლდებოდა 11 დღე, მან ჩაამატა დამატებითი თვე. წელიწადი 1 მარტს იწყებოდა.
ამის შემდეგ ნუმამ უმაღლესი ქურუმების თანამდებობა შექმნა, მათ პონტიფიკუსები ეწოდებოდათ. მეფეც პონტიფიკუსი იყო. პონტიფიკუსები ემსახურებოდნენ იუპიტერის, მარსის და რომულუსის კულტებს. მან ასევე დააწესა წმინდა ცეცხლის შენახვის კულტი, წმინდა ცეცხლზე ზრუნვა ვესტას ქალწულ ქურუმებს ევალებოდათ.
ვესტას ქალწულები ბევრი პრივილეგით სარგებლობდნენ, თუ გზად მათ შემთხვევით სიკვდილმისჯილი შეხვდებოდათ, მაშინ განაჩენი სისრულეში აღარ მოჰყავდათ. თუ ქალწული რამეს დააშავებდა მას პონტიფიკუსი სჯიდა, ხოლო თუ იგი ქალწულობას დაკარგავდა, მას ცოცხლად მარხავდნენ.
პონტიფიკუსების მოვალეობაში ასევე შედიოდა დაკრძალვის რიტუალების შესრულება, ამის გარდა ისინი ხალხს უნდა დახმარებოდნენ და ესწავლებინათ სხვადასხვა რიტუალების ჩატარება.
ნუმას მიერ მიღებულმა ზომებმა გაამართლა, ხალხი უკვე არა ომებზე, არამედ ღვთისმსახურებაზე ფიქრობდა, მეზობლების აზრიც შეიცვალა რომზე - ადრე თუ რომს მათ დასაღუპად აღმართულ სამხედრო ბანაკად აღიქვამდნენ და არა ქალაქად, ახლა უკვე შეიცვალეს აზრი და სამარცხვინოდ მიაჩნდათ ევნოთ ასეთი ღვთისმოსავი ერისთვის.
მეფემ ვესტას ტაძართან აიგო სასახლე. ნუმას მეორე მიზანი იყო ბოლომდე შეერწყა საბინელები და რომაელები, ამ დროს ქალაქი თითქოს და ორად იყო გაყოფილი. ამ სხვაობის გასაქრობად ნუმამ დაყო ერი მათი საქმიანობის მიხედვით. მან შექმნა ფლეიტისტთა, ოქრომჭედელთა, დურგალთა, მღებავთა, მეწაღეთა და სხვათა ცეხები, ყოველი ცეხისთვის დანიშნა შეკრების დღეები და ყველას დაუწესა პროფესიული დღესასწაულები.
ნუმას ქორწინებასა და შვილებზე ისტორიკოსების აზრები განსხვავდება. ზოგი მიიჩნევს რომ იგი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და ერთადერთი ქალიშვილი პომპილია ჰყავდა, სხვებს მიაჩნიათ რომ მას კიდევ ოთხი ვაჟი ჰყავდა, მესამენი კი უარყოფენ მეორეთა აზრს და ამტკიცებენ რომ პომპილია ნუმას მეორე ქორწინებისგან დაიბადა, როდესაც ეს უკანასკნელი უკვე რომის მეფე იყო. ყოველ შემთხვევაში პომპილია გათხოვილი იყო მარციუსზე და მისი ვაჟი ანკუს მარციუსი რომის მეოთხე მეფე გახდა.
ნუმა პომპილიუსმა 43 წელი იმეფა და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მის დასაფლავებაზე შეიკრიბნენ არა მარტო რომაელები, არამედ მეზობელი ქალაქების მოსახლეობაც. ისეთი გლოვა და მოთქმა იყო, თითქოს არა მოხუც მეფეს კრძალავდნენ, არამედ ახალგაზრდა ახლობელს. იგი არ დაწვეს, როგორც ეს რომში იყო მიღებული, არამედ დაკრძალეს ქვის კუბოში, მეორე კუბოში კი მის მიერ დაწერილი წმინდა წიგნები დაკრძალეს, ასეთი იყო ნუმას სურვილი.
ნუმა პომპილიუსის სიკვდილის შემდეგ სახალხო კრებამ მეფედ აირჩია რომულუსის თანამებრძოლის შვილიშვილი ტულუს ჰოსტილიუსი (673–641). ახალ მეფეს მიაჩნდა, რომ ხანგძლივი მშვიდობის პერიოდი ხელს არ უწყობს რომაელთა საბრძოლო შემართებას, ამიტომ მან გადაწყვიტა ალბა ლონგასთან ომის დაწყება. მიზეზი მარტივი იყო. დრო და დრო ალბა ლონგელი და რომაელი მწყემსები ერთმანეთს პარავდნენ საქონელს. ორივე მეფემ ერთდროულად გააგზანა ერთმანეთთან ელჩები, რათა ზარალის ანაზღაურება მოეთხოვათ, ხოლო უარის შემთხვევაში ომი უნდა დაეწყოთ. ტულუსმა თავის ელჩებს უბრძანა ყურადღება არ გაეფანტათ, პირდაპირ მისულიყვნენ მეფესთან და განეცხადებინათ მისთვის პრეტენზიები, უარის შემთხვევაში კი ომი გამოეცხადებინათ და მაშინვე უკან დაბრუნებულიყვნენ. ელჩები სწორედ ასე მოიქცნენ.
ალბა ლონგელი ელჩები მეფემ კარგად მიიღო, გამართა ნადიმები და იქამდე არ ათქმევინა სათქმელი სანამ მისი ელჩები არ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ მან დაიბარა ალბა ლონგელი ელჩები და ათქმევინა მათი პრეტენზიები. როდესაც ჩამოსულებმა სიტყვა დაასრულეს, ტულუსმა განუცხადა რომ მისი ელჩები პირველები მივიდნენ ალბა ლონგას მეფესთან და მან ომი უკვე გამოაცხადა.
ორივე მხარე საგულდაგულოდ მოემზადა საომრად. ალბა ლონგელთა ჯარი პირველი შემოიჭრა რომის მიწებზე და ქალაქის მახლობლად დაბანაკდა. მათი მეფე ამ ბანაკში გარდაიცვალა და მათ დიქტატორი აირჩიეს. მეფის სიკვდილი ტულუსმა ღმერთთა ნიშნად მიიღო. ერთ ღამეს იგი ჩუმად გავიდა ქალაქიდან ჯართან ერთად, გაცდა ალბა ლონგელთა ბანაკს და მათ ქალაქისკენ დაიძრა. როდესაც დიქტატორმა ეს გაიგო, იძულებული გახდა დადევნებოდა რომაელებს. როდესაც ორი ჯარი შეხვდა ერთმანეთს ალბა ლონგელმა დიქტატორმა შესთავაზა ტულუსს ტყუილად არ დაეღვარა სისხლი, რადგან მათ ერთმანეთის გარდა უფრო ძლიერი მტერი – ეტრუსკები ჰყავდათ, ხოლო გამოეყვანა სამი მეომარი თავისი ჯარიდან რომლებიც მოწინააღმდეგის სამ მეომარს შეერძოლებოდნენ, ვინც გაიმარჯვებდა, მისი ქალაქი იქნებოდა გამარჯვებული და იბატონებდა დამარცხებულ ქალაქში.
რომაელებისაგან ძმები ჰორაციუსები გამოვიდნენ, ალბელებისაგან ძმები კურიაციუსები. ორმა რომაელმა 3 ალბელი დაჭრა, მაგრამ თვითონაც დაიღუპნენ, თუმცა მესამემ სძლია დაჭრილ ალბა ლონგელ მეომრებს და გაიმარჯვა. რის შემდეგაც გამარჯვებით აღფრთოვანებული გამოუძღვა რომაელ მეომრებს და თან დაღუპულ მოწინააღმდეგეთა საჭურველი წამოიღო, მაგრამ მისი და რომელიც ერთ კურიაციუსზე იყო გარიგებული თმაგაშლილი და ღრმად დამწუხრებული მოუწოდებდა მოკლულ საქმროს. ამით აღშფოთებულმა და განრისხებულმა ძმამ და მოკლა, რისთვისაც ის სამართალში მისცეს და მას სიკვდილით დასჯა მოელოდა. მხოლოდ მამამისის ხალხისადმი მიმართვამ გადაარჩინა იგი სასჯელს. ალბიელთა დიქტატორი უსიტყვოდ დაემორჩილა ტულუსს. მაგრამ მშვიდობა ხანგძლივი არ იყო.
დიქტატორი მეტიუსი ხალხის უკმაყოფილებამ აიძულა რომის წინააღმდეგ დაეწყო მოქმედებები. იგი ხვდებოდა რომ საომარი რესურსები არ გააჩნდა, ამიტომ მან ყველანაერად სცადა გადაემტერებინა რომისთვის ფიდეას მოსახლეობა. როდესაც ეს კონფლიქტი ჩაცხრა, ტულუსმა მოუხმო მეტიუსს ჯარით გამოსულიყო ეტრუსკების წინააღმდეგ.
ალბა ლონგელები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. მიუხედავად ამისა რომაელებმა ბრძოლა მოიგეს და მტრის არმია სასტიკად დაამარცხეს. ბრძოლის შემდეგ მეტიუსი ლაშქარითურთ დაბრუნდა რომაელთა ბანაკში და მოულოცა მეფეს გამარჯვება. მეორე დილას ტულუსმა ბრძანა ორივე ჯარი შეკრებილიყო მის მოსასმენად; წინ ალბა ლონეგელები დააყენეს ხოლო მათ გარშემო რომაელები. აქ მან წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც მეტიუსის ღალატი ამხილა და გასცა მისი მოკვლის ბრძანება, ხოლო ალბელებს მოუწოდა რომში გადმოსახლებისკენ, რათა შეექმნათ საერთო სახელმწიფო. ამრიგად ქალაქი დაინგრა და რომს ახალი მოსახლეობა შეემატა. ალბა ლონგელი უხუცესები სენატს მიემატნენ. ტულუსმა სენატის სხდომებისთვის კურია ააშენა. რომი კი გაიზარდა და გაფართოვდა.
ალბა ლონგელი მხედრებისგან 30 რაზმი ჩამოყალიბდა. ამ ძალებზე დაყრდნობით რომაელებმა საბინელებს გამოუცხადეს ომი და დაამარცხეს. შემდგომი დამპყრობლური პოლიტიკის განხორციელებაში მეფეს ხელი ავადმყოფობამ შეუშალა. ბოლოს მის სასახლეს მეხი დაეცა და იგი დაიწვა. მისი მეფობა 32 წელი გრძელდებოდა.
ტულუს ჰოსტილიუსის სიკვდილის შემდეგ სენატორებმა მეფედ ნუმა პომპილიუსის შვილიშვილი ანკუს მარციუსი (641–617) აირჩიეს. მან შეცვალა აგრესიული საგარეო პოლიტიკა დიპლომატიით და სათანადო რიტუალიც კი შემოიღო, რომლის თანახმად ელჩი როდესაც გადაკვეთდა იმ ქვეყნის საზღვრებს, რომელთანაც უთანხმოება იყო, თავზე შალის თავსაფარს იხურავდა და ამბობდა: „ისმინე იუპიტერო, ისმინეთ ამ ქვეყნის (სახელი) საზღვრებო, დაე შემისმინოს უზენაესმა სამართალმა. მე ვარ მთელი რომაელი ერის მაუწყებელი და პატივის დასაცავად მოვედი ელჩად, დაე დაიჯერეთ ჩემი სიტყვები!“. შემდეგ იგი ჩამოთვლიდა ყველა პრეტენზიებს და მოწმედ იუპიტერს მოუხმობდა. იგივეს უმეორებდა იგი პირველ შემხვედრსაც, ქალაქის კარიბჭესთანაც და ქალაქის მთავარ მოედანზე და თუ 30 დღეში მისი პრეტენზიები არ კმაყოფილდებოდა, მაშინ იგი უკვე უცხადებდა ომს, მოწმეებად კი ყველა ღმერთებს უხმობდა. ამის შემდეგ ელჩი ბრუნდებოდა რომში.
რომში კი მეფე იწვევდა სენატს და ეკითხებოდა სენატორებს თუ რითი უნდა ეპასუხებინათ რომის პრეტენზიების დაუკმაყოფილებლობაზე და პასუხი იყო რომ ომი უნდა დაწყებულიყო, ამგვარად სენატი ადასტურებდა ომის გამოცხადებას. ბოლოს კი ადამიანი მიდიოდა მტრის საზღვრებთან და ომის გამოცხადების სიტყვებით ოთხი მოწმის თანხლებით სტყორცნიდა შუბს მტრული სახელმწიფოს საზღვრებში.
მეზობელმა ლათინებმა ახალი მეფის მშვიდობისკენ მისწრაფება სისუსტედ აღიქვეს და შემოესივნენ რომის მიწებს. მაშინ ანკუსი იძულებული გახდა ომი მიეღო. რომაელთა მეფემ აიღო ლათინთა ქალაქი პოლიტორიუმი და მოსახლეობა რომში გადმოასახლა. მოგვიანებით რომაელებმა აიღეს ტელენი და ფიკანუსი. ბოლოს ლათინებს მხოლოდ ერთი გამაგრებული ქალაქი დარჩათ – მედულიუსი, რომლისთვისაც ბრძოლები დიდხანს გაგრძელდა. საბოლოო ბრძოლა ანკუსმა მოიგო და რომში დიდძალი ნადავლით დაბრუნდა. ამ მოვლენების შედეგად რომის გაზდამ მისი ტიბრის მეორე ნაპირზე განფენაც გამოიწვია. მარციუსმა ააშენა ხის ხიდი ტიბრზე და გაამაგრა დასავლეთ ნაპირი.
მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაუარესდა კრიმინალური მდგომარეობაც, ამასთან საბრძოლველად მეფემ საპატიმრო ციხე ააგო. მისი მმათველობის დროს გაიზარდა არა მარტო ქალაქი, არამედ რომის მიწებიც. მეფემ ტიბრის შესართავთან ქ. ოსცია – რომის ნავსადგური ააშენა.
მისი მმართველობის პერიოდში რომში მდიდარი ეტრუსკი ლუციუს პრისკუს ტარქვინიუსი ჩამოვიდა, რომელიც მალე გახდა ანკუსის მეგობარი და მრჩეველი. 24 წლიანი მმართველობის შემდეგ ანკუს მარციუსი გარდაიცვალა სენატმა მეფედ სწორედ ტარქვინიუსი (616–579) აირჩია.
ლუციუს ტარქვინიუსის მამა კორინთოელი ბერძენი დემარატი იყო, რომელიც სამოქალაქო ომის გამო გამოიქცა სამშობლოდან, დასახლდა ეტრუსკულ ქალაქ ტარქვინიუსში და აქაურ ქალზე დაქორწინდა. ამ ქორწინებიდან გაჩნდა ლუკუმონი, რომელმაც დავაჟკაცების შემდეგ პატივის მოსაპოვებლად დიდგვაროვანი ქალი ტანაკვილი შეირთო და რომში გადასახლდა. აქ მან სახელი გამოიცვალა და ლუციუს პრისკუს ტარქვინიუსად იქცა.
ლუციუსმა მალე მიიპყრო რომაელთა ყურადღება და მეფე ანკუს მარციუსთან დაახლოვდა. იგი ქალაქის საბჭოებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და მალე მეფის ნდობა და მეგობრობაც დაიმსახურა. ამგვარად მარციუსის გარდაცვალების შემდეგ იგი მისი ვაჟების მეურვე გახდა. ტარქვინიუსი ყველანაირად ეცადა ახალი მეფის არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო, ხოლო არჩევნების დღისთვის ანკუსის ვაჟები სანადიროდ გაუშვა, რათა კონკურენტი არ ჰყოლოდა. არჩევნებზე იგი ისეთი შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა, რომ სენატმა იგი მეფედ უყოყმანოდ აირჩია.
ტარქვინიუსმა სენატი ახალი სენატორებით შეავსო. პირველი ომი მას ლათინებთან ჰქონდა, რომელშიც გაიმარჯვა, დიდძალი ნადავლი იგდო ხელთ და ქალაქში აქამდე არნახული სიმდიდრის თამაშები მოაწყო. ცირკისთვის მან გამოყო ადგილი, რომელზეც მოგვიანებით დიდი ცირკი აშენდა. დღეს ეს გრანდიოზული ნაგებობა არა არის შემორჩენილი, მაგრამ იმ ადგილზე კარგად ჩანს ცირკის კონტურები. ამ დროიდან რომში შემოვიდა ყოველწლიური თამაშების ჩატარების ტრადიცია.
მალე რომს საბინელებმა შემოუტიეს. პირველ ბრძოლაში ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა, მაგრამ უპირატესობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა. ტარქვინიუსმა განსაზღვრა რომ რომაულ ჯარს აკლდა კარგი მხედრები, ამიტომ არსებულ სამ ცენტურიას მან მხედრები მიამატა.
მეორე ბრძოლა მდინარე ანიენის პირას გაიმართა. ჯარის გაძლიერებასთან ერთად რომაელებმა გამოიყენეს ეშმაკობაც: წინასწარ გაგზავნეს ხალხი, რომლებმაც მდინარის პირას მიმოფანტულ მორებს ცეცხლი წაუკიდეს და ტივებით წყალში გაუშვეს, ქარმა გააღვივა ცეცხლი, ტივები კი ხიდის ბურჯებში გაიჩხირა. ხიდს ცეცხლი წაეკიდა. ამან შეაშინა საბინელები და გაქცევაში ხელი შეუშალა. მდინარეში ჩაძირული საბინებელის აღჭურვილობა დინებამ რომთან გამოიტანა, ამრიგად ქალაქში გამარჯვების შესახებ უფრო ადრე შეიტყვეს ვიდრე ლაშქარი დაბრუნდა. თვითონ ბრძოლაში კი მხედრებმა დიდად გამოიჩინეს თავი.
ამ ომის შედეგად რომაელებმა საბინელებს კოლაცია (რომიდან აღმოსავლეთით 7–8 კმ-ზე) წაართვეს. საბინელებთან ომის შემდეგ, ტარქვინიუსმა ლათინების წინააღმდეგ გაილაშქრა და სერიოზილი წინააღმდეგობის გარეშე სათითაოდ აიღო ლათინების ქალაქები, რითაც დაასრულა მათი დამორჩილება.
ომების დასრულების შემდეგ მან ააშენა ქალაქის გარშემო ქვის გალავანი, დააშრო ფორუმის გარშემო დაბალი ადგილები და ააშენა დრენაჟების სისტემა, რათა ტიბრის ადიდებისას წყალდიდობები თავიდან აეცილებინა. კაპიტოლიუმზე მან იუპიტერის ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
ტარქვინიუსმა დაიახლოვა და აღზარდა როგორც საკუთარი შვილი, მისი მონა-ქალის ვაჟი სერვიუს ტულიუსი (მამამისი სტურიუსი ლათინურ ქალაქ კორნიკულუსიდან იყო. როდესაც ქალაქი ტარქვინიუსმა აიღო სტურიუსი დაიღუპა, ხოლო მისი ფეხმძიმე მეუღლე ტყვედ დარჩა მტერს). მოგიანებით მას თავისი ქალიშვილიც მიათხოვა. ანკუს მარციუსის ვაჟები თვლიდნენ რომ ტარქვინიუსმა მათ მამის ტახტი უკანონოდ წაართვა, ხოლო ის რომ მისი მემკვიდრე მონად დაბადებული შეიძლებოდა გამხდარიყო, მათ აღმაშფოთებლად მიაჩნდათ. ამიტომ მათ განიზრახეს მეფის მოკვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
ამ მიზნისთვის მათ ორი თავზეხელაღებული მწყემსი აირჩიეს. მწყემსებმა სასახლის წინ საშინელი აყალმაყალი ატეხეს და მეფეს მოუხმობდნენ. როდესაც მეფემ ეს გაიგო, ბრძანა შემოეშვათ მწყემსები. მათ მეფის წინაშეც განაგრძეს წივილ კივილი, ლიქტორებმა ისინი დააშოშმინეს და უბრძანეს რიგრიგობით ელაპარაკათ. პირველმა მწყემსმა წინასწარ გამზადებული ისტორიის მოყოლა დაიწყო, სანამ მეფე მას ყურადღებით უსმენდა, მეორე მწყემსმა ნაჯახი ამოიღო და ტარკვინიუსს თავში ჩაარტყა.
მწყემსები იქვე შეიპყრეს, მაგრამ მეფე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. ტანაკვილმა ბრძანა ჩაეკეტათ სასახლე და არავინ შემოეშვათ. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქმარი კვდება, მან მიმართა სერვიუსს ტულუსს, რათა მეფის სიკვდილი არ დარჩენილიყო დაუსჯელი. ტარანკვილმა ყველაფერი იღონა, რათა სიძე გამხდარიყო მეფე და მხოლოდ ამის შემდეგ ამცნო ხალხს ტარქვინიუსის გარდაცვალების შესახებ.
სერვიუსმა (578–535) თავისი ქალიშვილები ტარკვინიუსის ვაჟებზე გაათხოვა, რათა არ გამეორებულიყო იგივე ამბავი რაც ტარკვინიუსსა და ანკუს მარციუსის ვაჟებს შორის მოხდა, მაგრამ ამ ზომებმა მომავალში არ გაამართლა.
როდესაც ეტრუსკებთან ზავის ვადა ამოიწურა, მან განაახლა მათთან ომი და ბრწყინვალე გაიმარჯვება მოიპოვა. ამის შემდეგ იგი სამოქალაქო რეფორმებს შეუდგა, მან ჩამოაყალიბა მოსახლეობის ქონებრივი ცენზით დაყოფა, რომელზეც ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ.
სერვიუსს საკმარისი ძალაუფლება ჰქონდა და მისი მდგომარეობა ტახტზე მყარი იყო, მაგრამ როდესაც გაიგო ახალგაზრდა ტარქვინიუსის საუბარი იმის შესახებ რომ იგი ხალხის თანხმობის გარეშე მართავს, მოაწყო კენჭისყრა, სურთ თუ არა რომაელებს რომ მან კვლავაც იმეფოს. ხალხმა იგი ერთსულოვნად აირჩია მეფედ. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა ტარქვინიუსი სენატორებთან განაგრძობდა სევრიუსის ლანძღვას. ეს ახალგაზრდა ტარქვინიუსი ლუციუს ტარკვინიუსის ვაჟი იყო თუ შვილიშვილი ზუსტად უცნობია. ზოგ რომაელ ავტორს მიაჩნია, რომ იგი შვილი იყო, ზოგიც თვლის რომ შვილიშვილი, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ სერვიუს ტულიუსმა 44 წელი იმეფა, ლუციუსის შვილი ახალგაზრდა ვეღარ იქნებოდა, თუმცა ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ეჭვის მიუხედავად მას სხვა ისტორიკოსების თანახმად შვილს უწოდებს.
ასეა თუ ისე, მას ჰყავდა ძმა არუნტუს ტარკვინიუსი, როგორც უკვე ვთქვით, ორივე ძმა მეფის ქალიშვილებზე იყვნენ დაქორწინებულნი. ლუციუსი ძალიან პატივმოყვარე იყო, ხოლო არუნტუსი ბუნებით დინჯი იყო. მათი მეუღლეები ქმრებს ხასიათებით სულ არ ჰგავდნენ. არუნტუსის მეუღლეს ტულიას არ უყვარდა თავისი ქმარი, ხოლო მაზლით აღფრთოვანებული იყო. მას თავისი დაც სძულდა, ვინაიდან მიაჩდა რომ იგი სათანადოდ ვერ აფასებდა ქმარს.
მან მალე დაარწმუნა მაზლი რომ ისინი ბევრად უკეთესად შეეწყობოდნენ ერთმანეთს ვიდრე ეწყობიან საკუთარ მეუღლეებს და მიაღწევდნენ ძალაუფლებას. შემდეგ მათ საიდულოდ მოკლეს მეუღლეები და დაქორწინდნენ. ტარკვინია ამის შემდეგ ყველანაერად აგულიანებდა ქმარს ახალი მკვლელობისთვის. ლუციუსმა ყველაფერი იღონა სენატში გავლენის მოსაპოვებლად, ხოლო როდესაც ჩათვალა რომ ნიადაგი მომზადებულია, შეიარაღებული ხალხითურთ შეიჭრა ფორუმზე და თავი მეფედ გამოაცხადა, ბრძანა შეეკრიბათ სენატი მეფე ტარკვინიუსის სახელით.
კურიაში სენატორთა თანდასწრებით დაიწყო სერვიუს ტულიუსის ლანძღვა. ამ დროს სერვიუსი თვითონ გამოცხადდა კურიაში. სერვიუსისა და ტარკვინიუსის მომხრეებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. თვითონ ტარკვინიუსი ეცა სერვიუსს, და ვინაიდან იგი ბევრად უმცროსი და ძლიერი იყო, ჩამოაგდო მეფე კიბიდან, შემდეგ კი ქუჩაში თავისი მომხრეები დააწია და მოაკვლევინა მეფე.
როგორც ისტორიკოსი გვამცნობებს, ამის შემდეგ ტულია ეტლით მივიდა კურიასთან და ქმარს უწოდა მეფე, ხოლო სახლში დაბრუნებისას ქუჩაში მამის გვამი დაინახა და ეტლით ზედ გადაუარა. ამ ქუჩას რომაელებმა წყეული ქუჩა უწოდეს.
ამრიგად სერვიუს ტულიუსმა 44 წელი იმეფა, მასთან ერთად დაიღუპა სამართლიანი სამეფო ხელისუფლება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი დიდება სიკვდილის შემდეგ.
მეშვიდე მეფის ტარქვინიუს ამაყის (ძვ.წ. 535–510/509 წლ) დროს აიგო კასტროლიუმის (იუპიტერის) ტაძარი. ის სისასტიკით გამოირჩეოდა, ანგარიშს არ უწევდა სენატს, ხშირად მიმართავდა ადამიანთა სიკვდილით დასჯას (მათ შორის მისივე ძმა, გავლენიანი სენატორი რომელიც ტარკვინიუსს სამეფო ტახტისთვის ეპაექრებოდა.), გაძევებას და ქონების კონსიფიკაციას. ბოლოს მისმა ვაჟმა გააუპატიურა თავისი ნათესავის ტარქვინიუს კოლოატინის მეუღლე ლუკრეცია, რომლის ტრაგიკულმა ამბავმა აავსო ისედაც გამწარებული ხალხის მოთმინების ფიალა, მოხდა აჯანყება, რასაც შემდეგ ტარქვინიუსის გაძევება და რომში სამეფო ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. გადმოცემის მიხედვით ეს ასე მოხდა:
რომაელები ამ დროს რუტულების ქალაქ არდეუმთან ომობდენ. სამხედრო ბანაკში სექსტ ტარკვინიუსი არისტოკრატ ახალგაზრდებთან ერთად ქეიფობდა. მათ შორის ტარკვინიუსის ნათესავი ტარკვინიუს კოლატინუსიც იყო. საუბარი შეეხო ცოლებსაც, კოლატინუსი ყველას არწმუნებდა რომ მისი ცოლი ლუკრეცია ყველაზე ღირსეული ქალი იყო. ყველამ ჩათვალა რომ რომში ჩასვლით და იმის ნახვით თუ როგორ შეეგებებოდნენ ცოლები უეცრად დაბრუნებულ ქმრებს, ყველაზე კარგად ასახავდა მათ მორალურ თვისებებს.
რომში გვიან ღამით ჩავიდნენ და კოლატინუსის სახლს მიადგნენ, მეფის რძლებისგან განსხვავებით ლუკრეცია სახლში იყო და შალს რთავდა. ამრიგად ცოლების „შეჯიბრში“ ლუკრეციამ გაიმარჯვა. სექსტუს ტარკვინიუსს ნათესავის მეუღლე ძალიან მოეწონა. რამდენიმე დღის მერე სექსტუსი მარტო მივიდა ლუკრეციას სახლში. იქ მას კარგად გაუმასპინძლდნენ და სტუმრების ოთახში შესთავაზეს დაძინება. როდესაც სახლში ყველამ დაიძინა, სექსტუსი ლუკრეციას საძინებელში შეიპარა და დაემუქრა, რომ თუ იგი არ დანებდებოდა, იგი მას მაინც გააუპატიურებდა, მოკლავდა და მკვდარ მონას მიუწვენდა. ამ მუქარამ გაჭრა და ლუკრეცია დანებდა. როდესაც სექსტუსი წავიდა, ლუკრეციამ შიკრიკები გაუგზავნა ქმარს და მამას, ამცნო რომ ცუდი ამბავი მოხდა და რომ იცინი ერთგულ მეგობრებთან ერთად მოსულიყვნენ.
კოლატინუსსთან ერთად ლუციუს იუნიუს ბრუტუსიც (მეფის დისშვილი) ჩამოვიდა. ლუკრეციამ უამბო ქმარს და მამას თუ რაც შეემთხვა, დააფიცა ისინი რომ შურს იძიებდნენ და თავი მოიკლა. ბრუტუსმა მკვდარ ლუკრეციასთან დაიფიცა რომ შურს იძიებდა არა მარტო სექსტზე არამედ ლუციუსზეც.
ამ ამაზრზენი ამბის შეტყობამ მოსახლეობა აღაშფოთა, ბრუტუსმა კი შეკრებილ ახალგაზრდობას შეიარაღებისკენ და აჯანყებისკენ მოუწოდა. ფორუმზე მისულთ ხალხი იქ უკვე შეკრებილი დახვდათ. ბრუტუსმა მიმართა მათ და სექსტუსის უღის საქციელთან ერთად დაგმო ლუციუსის სიამაყე და უსამართლობაც. მან მოუწოდა რომაელ ხალხს დაემხოთ მეფის მმართველობა რომში და სამეფო ოჯახი გაეძევებინათ. ლუციუს ტარკვინუსი ამ ამბის შეტყობისთანავე დაიძრა თავისი ჯარითურთ რომისკენ, მაგრამ რომაელებმა კარიბჭე არ გაუღეს. ჯარის იმედი მას აღარ ჰქონდა და ამიტომ ოჯახთან ერთად ეტრუტრიაში გაიქცა.
ასეთია ზოგადად ტრადიცია რომის მეფეებისა, რომლის შესახებაც სპეციალური ლიტერატურა შეიქმნა. მასში უმეტესად ტრადიციის მიმართ სრული სკეპტიციზმი სჭარბობდა. ამ ტრადიციაში ისტორიული ამბების გამოსახვას კი არ ხედავდნენ არამედ ეტიმოლოგიური მითების კრებულს, მაგრამ თანამედროვე ისტორიოგრაფია არ იზიარებს ასეთ სკეპტიციზმს და აღიარებს, რომ მეფეთა პერიოდის შესახებ არსებული ტრადიციული შეხედულებები ბევრ შემთხვევაში ასახავს რეალურ ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც ლეგენდარულ სამოსელშია გახვეული.
ყველაზე სარწმუნოა გადმოცემები ტარქვინიუსების შესახებ, რომლებიც ეტრუსკთა ბატონობას ასახავენ VII–VI ს-ის რომში, გადმოცემა მათი განდევნის შესახებ კი მიგვანიშნებს ეტრუსკთა რომში ბატონობის დაცემას და მათ განდევნას ლაციუმიდან.
როდის უნდა მომხდარიყო რომიდან ტარქვინიუსების განდევნა?
კატონისა და პოლიბიოსის თანახმად 507 წელს, ხოლო ტიტე ლივიუსის მიხედვით 510 წელს. ეს უკანასკნელი თარიღი ათენიდან ტირან ჰიპიასის გაძევების წელთან სინქრონულად უნდა იყოს დაკავშირებული. 
რომის უძველესი საზოგადოებრივი წყობა (პატრიციები, კლიენტები, პლებეები), მმართველობის სისტემა.
რომაელ ხალხს თავდაპირველად პატრიციები შეადგენდნენ. ტერმინი პატრიციები წარმომდგარია სიტყვისაგან „პატრე“ – მამა და აღნიშნავს მამისეულს ე. ი. ადამიანებს, რომელთაც მამა ჰყავთ. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, როგორც ამას ანტიკური წყაროებიც გვიდასტურებს, რომ რომის უძველესი მოსახლეობის ოჯახი წმინდა პატრიარქალური იყო.
ოჯახის მეთაური ოჯახის შემადგენელ პირთა მიმართ თითქმის შეუზღუდავი მბრძანებელი იყო და მათზე მონებად გაყიდვისა და სიკვდილ-სიცოცხლის უფლებაც კი ჰქონდა.
იმ პირებს, რომლებზეც მამის ხელისუფლება ვრცელდებოდა აგნატები ეწოდებოდათ,  ხოლო სისხლის ნათესაობით დაკავშირებულ ადამიანებს კოგნატები.
კოგნატობა ძალაში რჩებოდა იმ შემთხვევებში თუ ოჯახის მამის ხელისუფლება რომელიმე წევრზე აღარ ვრცელდებოდა, მაგ. გათხოვილი ქალიშვილი მშობლებთან კოგნატურ კავშირს ინარჩუნებდა მაგრამ აგნატურად ქმრის ოჯახთან იყო დაკავშირებული.
ტრადიციაში მოცემული ცნობები რომ შევაჯამოთ დავრწმუნდებით, რომ პატრიციების საზოგადოებაში საგრძნობლად იყო შემონახული გვაროვნული წყობის დამახასიათებელი მომენტები.
ამ საზოგადოების ძირითად ერთეულს პატრიარქალური (ექსოგამური) გვარი წარმოადგენდა. გვარის წევრებს მემკვიდრეობის უფლება საერთო  სარწმუნოებრივი დღეობები, საერთო სასაფლაოები და საერთო სახელები აკავშირებდათ.
მეფეების პერიოდში და რესპუბლიკის ადრინდელ ეპოქაში რომაელის სახელი 2 ნაწილისაგან შედგებოდა, პირადისა და გვაროვნულისაგან, შემდეგ მათი მეტსახელი მიემატა.
ანტიკური წყაროების მიხედვით რომაული საზოგადოება იყოფოდა სამ ტრიბად: ტიციებად, რამნებად და ლუცერებად. ტრიბების წარმოქმნის პირობებს მოკლედ უკვე შევეხეთ. თითოეული ტრიბა 10 კურიისაგან შედგებოდა, კურია კიდევ 10 გვარისაგან. ტრადიციაში უფრო მტკიცედაა დამოწმებული კურიები. მათ სარწმუნოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდათ და თითოეულ კურიას მეთაურობდა კურიონი. კურიებში შემავალი ასაკოვანი მამაკაცები იკრიბებოდნენ დღესასწაულების შესასრულებლად, მსხვერპლის შესაწირად და საერთო საკითხების განსახილველად. მათ კრებებს კურიატული კომიციები ეწოდებოდათ.
ყველა ამ 30 კურიის საერთო კრება ჩვეულებრივად პალატინის გორაზე მიმდინარეობდა. საერთო კრებაზე ხმის მიცემა კურიების მიხედვით წარმოებდა და თითოეულ კურიას 1 ხმა ეკუთვნოდა.
კურიატული კომიციები იხილავდნენ ახალ კანონპროექტებს და ირჩევდნენ თანამდებობის პირებს, აწესრიგებდნენ ოჯახის წევრების ურთიერთობას (ანდერძი, შვილად აყვანა და სხვა). საგულისხმებელია, რომ იქვე წარმოებდა მეფის არჩევა და ომის გამოცხადებაც.
როგორც უმაღლეს სასამართლო ინსტანციას მას საბოლოო განაჩენიც გამოჰქონდა იმ საქმეებზე რომელიც რომაელი მოქალაქის სიკვდილით დასჯას გულისხმობდა.
კურიებში ხმის მიმცემი წევრების ერთობლიობა შეადგენდა ქვირიტების რომაელ ხალხს, ქვირინი რომის ღმერთად ითვლებოდა.
ტრადიციის მიხედვით პატრიციების ცალკეულ ოჯახებს სრულ მემკვიდრეობით საკუთრებად მიკუთვნებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთი 2 იუგერის (ჰექტრის 0,25) რაოდენობით. მიწის ასეთ ნაკვეთს ეწოდებოდა ჰერედიუმი (სიტყვისაგან მემკვიდრე). მიწის ასეთი მცირე ნაკვეთით ოჯახი თავს ვერ გამოიკვებავდა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ დროს რომაელების ეკონომიკის მთავარ დარგს მაინც მომთაბარე-მესაქონლეობა შეადგენდა და მათი საქონელი ისეთ საბალახოებზე ძოვდა, რომელიც საერთო სათემო საკუთრებად ითვლებოდა. ასეთი საძოვრებით სარგებლობა პატრიციების დიდი თემის ყველა წევრს შეეძლო.
პატრიციების ძლიერების საფუძველს იმ დროს მართლაც მესაქონლეობა რომ წარმოადგენდა იქიდან ჩანს, რომ ფულის აღმნიშვნელი ცნება „ჰეპეკუნია“ წარმომდგარია სიტყვა პეკუსისაგან, რაც საქონელს ნიშნავს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გარდა ჰერედიუმებისა არსებობდა ე. წ. საზოგადოებრივი მინდორი, რომელიც პატრიციების კოლექტიურ საკუთრებად ითვლებოდა. პატრიციების ოჯახებს შეეძლოთ მიწის ამ საერთო ფონდიდან თავისთვის და კლიენტებისათვის განსაზღვრული პირობით დაეკავებინათ (ოკუპაცია) ისეთი რაოდენობის მიწა, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ, ასეთი ფართობი ფორმალურად არა კერძო საკუთრებად არამედ მფლობელობად ითვლებოდა.
მართალია საერთო ფონდიდან მიწით სარგებლობა დროებითად ითვლებოდა, მაგრამ პატრიციები ყოველნაირად ცდილობდნენ ეს ფორმალური მხარე გადაელახათ და სარგებლობის სრული თავისუფლება და გასხვისებისა და მემკვიდრეობის გადაცემის უფლებები მიეთვისებინათ.
დროებით სასარგებლოდ მიღებულ ნაკვეთებზე პატრიციები გადასახადის სახით მოსავლის ნაწილს 1 მეხუთედიდან ერთ მეათედამდე იხდიდნენ.
პატრიციების გვერდით ადრე წარმოქმნილია მოსახლეობის განსაკუთრებული ჯგუფი კლიენტები. სიტყვა „კლიენტი“ დამოკიდებულ, მორჩილ ადამიანს ნიშნავს. კლიენტელა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ეტრუსკებს შორის.
საზოგადოებრივი ურთიერთობის ეს ფორმა იმაში მდგომარეობდა, რომ გვარის ზოგიერთი წევრი პატრონის ე. ი. დამცველის სახით მფარველობას უწევდა უუფლებო ცალკეულ პირებს, რომლებიც სამაგიეროდ ვალდებულნი იყვნენ თავიანთი პატრონების მიმართ ერთგული და მორჩილი ყოფილიყვნენ.
უმეტესწილად კლიენტს პატრონი აძლევდა მიწას, საქონელს და იცავდა მას სასამართლოში, სამაგიეროდ კლიენტი პატრონის რაზმში მსახურობდა, განსაზღვრულ სამუშაოს ასრულებდა და ზოგჯერ მას საჭირო დახმარებასაც უწევდა. კავშირი პატრონსა და კლიენტს შორის პირადული ხასიათისა იყო და ურთიერთერთგულებას ემყარებოდა, თუ რამდენად მტკიცე ხასიათი ჰქონდა ასეთ ერთგულებას ეს სხვათა შორის იქიდანაც ჩანს, რომ თორმეტი დაფის კანონების 1 მუხლის თანახმად პატრონის მიერ კლიენტისადმი ვნების მიყენება სარწმუნოებრივ დანაშაულად ითვლება „წყეული იყოს ის პატრონი რომელმაც კლიენტი მოატყუა“.
მეფეების პერიოდში და რესპუბლიკის ეპოქაში კლიენტები პატრიციების მნიშვნელოვან სოციალურ დასაყრდენს წარმოადგენენ. პატრიციებისა და კლიენტებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ პლებეები რომლებიც ადრინდელ რომში მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ.
პლებეების წარმოშობის საკითხის გარშემო სხვადასხვა თეორიაა წარმოქმნილი. პროფესორი კოვალიოვის თეორიით პლებეების მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაპირველად კლიენტები იყვნენ, ხოლო პატრიციებსა და პლებეებს შორის არსებულ განცალკევებულობას ძირითადად ეთნიკური სხვაობა განსაზღვრავდა და პლებეებში ძლიერი ეტრუსკული ელემენტი იყო, მაგრამ ისტორიული განვითარების მსვლელობაში პატრიციებსა და პლებეებს შორის სოციალური დაპირისპირებაც წარმოიქმნა.
ამ თეორიათა შორის ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მოსაზრება, რომლის თანახმად პლებეები და პატრიციები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს შეხედულება სხვათა შორის თავის დროზე დაასაბუთა ი. ნეტუშინმა და ასეთი დასკვნა გამოიტანა „პლებეების ყოფა-ცხოვრება ისეთ მკვეთრ განმასხვავებელ თვისებათ ააშკარავებს, რომელნიც გვაიძულებენ პლებეებში პატრიციებისა და კლიენტებისაგან არსებითად განსხვავებული ეთნიკური ელემენტი დავინახოთ“.
ლივიუსის სიტყვით პლებეების შვილები წინააღმდეგ პატრიციებისა ე. ი. თავიანთ მამებს იცნობდნენ. წყაროებში ამასთან ერთად ცხადად არის მითითებული პატრიციებსა და პლებეებს შორის სარწმუნოებრივი განსხვავებაც. მეორეს მხირივ მკვლევრების მთელმა რიგმა პლებეების წარმოშობის საკითხის გარკვევისას ძირითადი როლი დაპყრობებს მიანიჭა. მაგ. ობერთინერი პლებეებს ისეთ ადგილებზე მოსახლეებად თვლიდა, რომელიც კულტურის დაბალ საფეხურზე იდგა, ნადირობას მისდევდა და მღვიმეებში ცხოვრობდა. ეს მოსახლეობა იტალიკებმა დაიპყრეს, ადგილობრივი მცხოვრებლები ლათინები ზიმბერგსაც პლებეებად მიაჩნდა, ხოლო პატრიციები მოსულ უცხო დამპყრობლებად.
მკვლევარ ლუცატოს აზრით პლებსი იმ თემთა თავისუფალ წევრებს წარმოადგენდა, რომლებიც რომის თემმა დაიპყრო და უფრო გვიან შეუერთა რომაელებს, ამიტომ მას პლებსი ისეთ მოსახლეობად არ მიაჩნდა რომელიც რომაელმა თუ ეტრუსკმა დამპყრობლებმა მონებად გადააქციეს, ანდა ისეთ უცხოელებად რომლებიც ტარქვინიუსების დროს გადმოსახლდნენ რათა აქ ვაჭრობასა და ხელოსნობას შესდგომოდნენ.
ამ საკითხის გამო უფრო დამარწმუნებელი და მისაღები მოსაზრება გამოთქვა, თავის დროზე მკვლევარმა კუნომ. მისი აზრით რომი ისეთივე ეტრუსკული ქალაქი იყო როგორიც ვთქვათ ვეი და ფიდენი, რომ პატრიციული გვარები ეტრუსკელი დამპყრობლების შთამომავლობას წარმოადგენდნენ, ხოლო  პლებეები ლათინთა დაპყრობილ მცხოვრებლებს, რომლებიც თანდათან განთავისუფლდნენ მათი ბატონობისაგან.
მართლაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ეტრუსკელი დამპყრობლების შედარებით მცირერიცხოვანმა ნაწილმა დაიპყრო მაღლობებზე ბინადარი მოსახლეობა და ახალ ადგილას მტკიცედ გამაგრდა. ის თანდათანობით პატრიციად გადაიქცა და გარშემო მცხოვრებ მოსახლეობაზე გაბატონდა.
როგორც ჩანს დაპყრობის გზით დაქვემდებარებული მოსახლეობისათვის ეტრუსკებს თავისუფლება დაუტოვებიათ, მაგრამ მათთვის მოქალაქეობრივი უფლებები არ მიუნიჭებიათ და მმართველობის მთელი აპარატი თვითონ შეუნარჩუნებიათ. ამ გზით წარმოქმნილი პლებეები პატრიციული თემის გარეშე დარჩენილან და სათემო მიწით სარგებლობის უფლება არ ჰქონიათ. პლებეები თავდაპირველად კერძო საკუთრების უფლებით მიწის ფრიად მცირე ნაკვეთებს ფლობდნენ და მათ და პატრიციებს მიწით მფლობელობის არსებითად განსხვავებული ფორმები ახასიათებდათ, ამიტომ პატრიციები და პლებეები უმთავრესად მიწისათვის იბრძოდნენ. მართალია პლებეები პირადად თავისუფალი იყვნენ, მაგრამ უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კურიატულ კომიციებში, ყოფილიყვნენ წარმოდგენილი სენატში და ემსახურათ ლეგიონში. ამას გარდა როგორც ტარქვინიუსების დროის პლებეების ჩაგვრის გამო თქმულება გვიდასტურებს, შეიძლებოდა მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე გაწვევაც. ქორწინება პატრიციებსა და პლებეებს შორის უკანონოდ ითვლებოდა.
მმართველობითი სისტემა რომის პატრიციულ სახელმწიფოში წარმოდგენილია კურიატული კომიციებით, სენატით და რექსით.
კურიატულ კომიციებზე უკვე გვქონდა საუბარი და დავინახეთ, რომ მათ საერთო კრებაზე წყდებოდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხები, ხოლო კურიატული კომიციების ყველა დადგენილება უნდა დაემტკიცებინა სენატს, რომელიც მამა-პაპათა ტრადიციების დამცველად იქცეოდა. ტერმინი „სენატი“ ნიშნავს მოხუცს და მის წევრებს მამები ეწოდებოდათ. ტრადიციის მიხედვით სენატი თავდაპირველად 100 წევრისაგან შედგებოდა, მერე კი სამასამდე გაიზარდა. სენატის წევრები მონაწილეობას იღებდნენ მეფის (რექსის) არჩევნებში და მის მრჩევლებად ითვლებოდნენ მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისას. არსებობს ცნობა მეფის სიკვდილის შემთხვევაში ახალი მეფის არჩევამდე სენატის წევრები რიგრიგობით ახორციელებდნენ უმაღლეს ხელისუფლებას რასაც „მეფედშორისობა“ ეწოდება.
სახელმწიფოს სათავეში იდგა მეფე-რექსი, რომელიც მომზენს თითქმის შეუზღუდავ მონარქად ჰყავს წარმოდგენილი. მეფეს ენიჭებოდა უმაღლესი ხელისუფლება და შესაძლოა ისვე ნიშნავდა ახალ სენატორებს.
რომის მეფის ხელისუფლების გარეგან ნიშნებს საერთო ეტრუსკული ინსიგნიები წარმოადგენდა: მეწამული მანტია, ოქროს დიადემა, არწივიანი კვერთხი, სპილოს ძვლის სავარძელი და მეფის წინ 12 ლიქტორი წნელის კონაში ჩადებული ცულებით.
სამეფო პერიოდის მიწურულში გაჩდნენ ისეთი თანამდებობის პირები რომლებსაც მეფე ნიშნავდა, მაგ. როცა მეფე რომიდან დროებით გადიოდა იგი მმართველობას აკისრებდა ქალაქის პრეფექტს.
ასეთია ზოგადად უძველესი რომის მმართველობითი სისტემა.
სერვიუს ტულიუსის კანონმდებლობა
პატრიციებს მითვისებული ჰქონდათ არა მარტო პრივილეგიები და პოლიტიკური უფლებები არამედ მათ ხელში იყო აგრეთვე მიწები, საქონელი და ალბათ მონებიც. პლებსის პოლიტიკურ უთანასწორობას კი მკაცრად გამოხატული პოლიტიკური უთანასწორობაც ემატებოდა.
როგორც პლებეები ისე პატრიციები მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევდნენ, რაც იმ დროს რომაელების არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენდა, მაგრამ სხვაობა ამ ორ სოციალურ ჯგუფს შორის მით უფრო ღრმავდებოდა რაც მეტად იზრდებოდა მეზობელ ტომთა ხშირი თავდასხმებითა და საზოგადოებრივი მოვლენებით გამოწვეული ტვირთი, რაც საშინელი უბედურება იყო მიწის წვრილი მესაკუთრეებისათვის.
იმ შემთხვევაში თუ ისინი კარგავდნენ მოსავალსა და საქონელს ამასთან ერთად აუცილებლად კარგავდნენ დამოუკიდებლობასაც ვინაიდან იძულებული ხდებოდნენ სესხი პატრიციებისათვის ეთხოვათ, სავალო კანონები კი როგორც სხვაგან ისე ძველ რომში ისეთი სასტიკი ხასიათისა იყო, რომ ვალაუვალი მოვალე მთლიანად კრედიტორის ხელქვეითი ხდებოდა. პლებეების რიცხვი კი სულ უფრო მატულობდა, იძულებით თუ ნებაყოფლობით გადმოსახლებულ პირთა ანგარიშზე. ასეთი ადამიანები რომის მუდმივი მცხოვრებლები ხდებოდნენ, მაგრამ პოლიტიკური უფლებებით არ სარგებლობდნენ. ამასთან ერთად პლებეებში ქონებრივი დიფერენციაცია უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ვიდრე პატრიციებში და ადგილი ჰქონდა ფართო მასების ეკონომიკურ დეგრადაციასა და გაღატაკებულთა რიცხვის შეუჩერებელ ზრდას. მეორე მხრივ ის პლებეები რომელთაც მოახერხეს ხელოსნობასა და ვაჭრობაში ჩაბმა მდიდრდებოდნენ და ისეთ წრეს ქმნიდნენ, რომელიც პირველ რიგში ვერ ურიგდებოდნენ თავის უუფლებო მდგომარეობას.
უდავოდ უნდა ვივარაუდოთ იმ დროის რომაულ საზოგადოებაში მონებიც არსებობდნენ, მაგრამ მონობა ჯერ კიდევ პრიმიტიულ პატრიარქალური იყო.
პატრიციებსა და პლებეებს შორის ამტყდარი ბრძოლის პირველ ეტაპს ე. წ. სერვიუს ტულიუსის რეფორმაც წარმოადგენდა.
დიონისე ჰალიკარნასელის (ძვ.წ. I ს.) გადმოცემით სერვიუს ტულიუსმა ყველა რომაელს უბრძანა ვერცხლზე შეეფასებინათ თავისი ქონება და თან ჩვეულებრივი ფიცი მიეღოთ, რომ ცნობები სინამდვილეს შეესაბამება და ქონება სრულიად მაღალი დანიხვრითაა შეფასებული, მიეთითებინათ თავიანთი ასაკი, დაესახელებინათ ცოლები და შვილები და აღენიშნათ ის თუ რომელ უბანზე არიან მიწერილები. ვინც ამას არ შეასრულებდა მას ქონების ჩამორთმევა, გაჯოხვა და მონად გაყიდვა ემუქრებოდა.
სერვიუს ტულიუსს რომის მცხოვრებლები როგორც პატრიციები ისე პლებეები დაუნაწილებია ხუთ თანრიგად ქონებრივი ცენზის მიხედვით. ქონებრივ ცენზს ტრადიციის მონაცემების თანახმად საფუძვლად ედო სპილენძის მონეტა ასი.
პირველ თანრიგს მიეკუთვნებოდნენ ის შეძლებული პირები რომელთა ქონება 100000 ასს (რომაული ფულის ერტეული) აღემატებოდა და მას უნდა გამოეყვანა 80 ცენტურია;
მეორეს 75000-დან 100000 ასსიმდე, უნდა გამოეყვანა 22 ცენტურია;
მესამეს 50000-დან 75000-მდე, უნდა გამოეყვანა 20 ცენტურია;
მეოთხეს 25000-დან 50000-მდე, უნდა გამოეყვანა 22 ცენტურია;
მეხუთე 11000-დან 25000-მდე, უნდა გამოეყვანა 30 ცენტურია;
მეექვსე კლასში ირიცხებოდნენ ცხენოსნები, რომლებსაც ისეთივე ცენზი ჰქონდათ და მათ უნდა გამოეყვანათ მხედრების 18 ცენტურია.
გარდა ამისა, დაარსდა 5 ცენტურია - 2 მუსიკოსების, 2 ხელოსნების და 1 ცენტურია უნდა გამოეყვანა იმ ხალხს, რომელსაც არ ჰქონდა იმდენი ქონება (11000 ასი), რომ V კლასში ჩარიცხულიყო. ამ ცენტურიას ეწოდებოდა პროლეტარების ცენტურია. ამა თუ იმ კლასში გაერთიანება თავდაპირველად საკუთრებაში არსებული მიწის ფართობს უკავშირდებოდა (არა უმცირეს 20, 15, 10, 5 ან 2 იუგერისა), აპიუს კლავდიუსიდან მოყოლებული კი - ქონების ღირებულებას ასებში. განსაკუთრებით გავლენიანი იყო 1 კლასის 18 ცენტურია და 2 კლასის 18 ცენტურია: ისეთ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკითხზე ისინი ერთნაირ ხმებს აძლევდნენ, სხვა ცენტურიათა აზრს არ იზიარებდნენ. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ პროლეტარები და ღარიბები გამოყოფილნი იყვნენ ცალკე მე-6 კლასში, ქმნიდნენ 1 ცენტურიას ხმის მიცემის უფლების გარეშე და სამსახურიც არ ევალებოდათ. ამრიგად, შეიქმნა მდიდარი არისტოკრატია გვაროვნული არისტოკრატიის ნაცვლად და გვაროვნული ტრიბები ტერიტორიულით შეიცვალა.
ამდენად ყოველ ფენას სამხედრო ერთეულის ცენტურიის (ასეულის) გარკვეული რიცხვი უნდა გამოეყვანა და თითოეული მათგანი განსაზღვრული საჭურვლით შეეიარაღებინა.
პირველი ფენის წევრები მძიმედ შეიარაღებულ ფეხოსნებს განასახიერებდნენ და ლეგიონის რიგებში უნდა მდგარიყვნენ.
სხვა ფენებს უფრო შემსუბუქებული შეიარაღება ეკისრებოდათ, V ფენელი კი მწყობრში მსუბუქად შეიარაღებული უნდა გამოსულიყო და ლორდსატყორცნებზე ემუშავა.
მაშასადამე პატრიციებთან ერთად პლებეებსაც დაევალათ სამხედრო სამსახური. ისინი საკუთარ ხარჯზე უნდა შეიარაღებულიყვნენ. გამონაკლისს თითქოს მხედრები წარმოადგენდნენ, მათ ხაზინიდან ეძლეოდათ ცხენის შესაძენი და შესანახი ხარჯები. საგულისხმოა, რომ განსაზღვრულ გამოსაღებს ცხენების შესანახად იხდიდნენ ის შეძლებული ქვრივები და გაუთხოვრები.
ასეთი სამხედრო რეფორმის შედეგად პირველ კლასს მხედრებითურთ 98 ცენტურიის გამოყვანა დაეკისრა (ნაწილი 46–60 წლისებს, ნაწილი 18–45 წლისებს. უფროსებს ქალაქი უნდა დაეცვათ, ხოლო უმცროსებს ქალაქგარეთ ეომათ), მეორეს 22-ს ხელოსნების 2 ცენტურიის ჩათვლით, მესამეს 20-ს, მეოთხეს 22-ს მებუკეთა და მენაღარეთა ჩათვლით, V-ს 30-ს და პროლეტარებს 1 ცენტურიისა.
მაშასადამე რომის მოსახლეობას სულ 193 ცენტურია უნდა გამოეყვანა.
ცენზები სამხედრო მოვალეობის შესრულების გარდა ხმის მიცემის სისტემასაც შეეხო. ადრე ყველას ერთნაირად ჰქონდა კენჭისყრის უფლება, ახლა კი ჯერ ცხენოსანთა ცენტურიონი იყრიდა კენჭს, შემდეგ პირველი კატეგორიის ოთხმოცი ცენტურიონი, თუ მათი აზრები არ ემთხვეოდა, მაშინ კენჭს მეორე კატეგორიის ცენტურიონები იყრიდნენ და ა.შ. ყველაზე ქვედა ფენამდე კენჭისყრა თითქმის ვერასდროს აღწევდა.
სერვიუს ტულიუსის რეფორმას უდავოდ ჰქონდა მნიშვნელობა რომის სამხედრო ძლიერების განვითარებისათვის.
ცნობილია, რომ როგორც მეფეების პერიოდში ისე რესპუბლიკის ეპოქაში ომი გამდიდრების, ტერიტორიებისა და მონების ხელთგდების ერთერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა.
ტულიუსის სამხედრო რეფორმამ განამტკიცა რომის სამხედრო ძლიერება და უზრუნველყო მისი მეთაურობა ლათინების კავშირში, რომელიც უკვე რღვევას განიცდიდა. ამ კავშირის გამაგრების აღსანიშნავად ავენტინის გორაკზე ააგეს დიანას ტაძარი.
ამ მხრივ დიონისე ჰალიკარნასელი ფრიად საყურადღებო ცნობას გვაწვდის, რომ მან თავის თვალით ნახა მეფე სერვიუს ტულიუსის ლათინთა ქალაქებთან დადებული ხელშეკრულების ტექსტი საერთო საშუალებებით ავენტინზე დიანას ტაძრის აგების შესახებ. მაგრამ სერვიუს ტულიუსის რეფორმას არა მარტო სამხედრო არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ამიერიდან პლებეები პოპულუს რომანუსის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ და მოქალაქეთა რიცხვში ეწერებოდნენ, ამან კი გავლენა იქონია რომის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, წარმოიქმნა სახალხო კრების ახალი ფორმა; საერთო კრებაზე შეგროვებისას მოქალაქეები აგრეთვე ცენტურიებად იყოფოდნენ და თითოეულ ფენას იმდენი ხმა ჰქონდა რამდენი ცენტურიაც გამოჰყავდა. ამ კრებებს ცენტურიატული კომიციები ეწოდებოდათ, თითოეულ ცენტურიას თითო ხმა ეკუთვნოდა, ყოველ საკითხს ჯერ ცალკეულ ცენტურიაში იხილავდნენ და მერე ხმის უმრავლესობით წყვეტდნენ. ცენტურიატული კომიციები მარსის ველზე იკრიბებოდნენ. ეს იყო დიდი ვაკე ქალაქის კედელს გარეთ გორაკებსა და ტიბრს შორის მდებარე. აქ იდგა ომის ღმერთის მარსის ძველი საკურთხეველი, რომლის გარშემო მიმდინარეობდა ცენტურიატული კომიციების კრება, რომელშიც შეიარაღებული ხალხი მონაწილეობდა.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ პირველ ფენას 98 ცენტურია გამოჰყავდა და მაშასადამე ხმების ნახევარზე მეტი ეკუთვნოდა დანარჩენ ოთხ ფენას კი მხოლოდ 95 ადვილად წარმოვიდგენთ, რომ გადამწყვეტი როლი მასვე ეკუთვნოდა, მაგრამ ცენტურიატული კომიციების დაწესებას ის ძირითადი აზრი ჰქონდა, რომ ამიერიდან არა წარმოშობას არამედ ქონებრივ მდგომარეობას მიენიჭა მთავარი რომი და ძველმა კურიატულმა კომიციებმა წინანდელი მნიშვნელობა საგრძნობლად დაკარგა.
გარდა  მოსახლეობის ფენებად დაყოფისა ტრადიცია სერვიუს ტულიუსს ძველი ტრიბების ნაცვლად ახალი ტერიტორიული ტრიბების დაარსებასაც მიაწერს. მას დაუარსებია 4 საქალაქო ტრიბა და რამდენიმე სასოფლო. წყაროებში ტრიბების რაოდენობა სხვადასხვაგვარია, მაგ. ტიტე ლივიუსის გადმოცემით მათი რიცხვი იმ დროს 21 იყო, დიონისეს სიტყვით კი 26, ამიტომ ძნელია ამ რიცხვის ზუსტად დადგენა, მაგრამ იმის თქმა კი სარწმუნოდ შეიძლება, რომ ძვ. წ. III საუკუნეში ის 35-ს აღწევდა.
ისტორიკოსი ფლავიუს პიქტორუსის ცნობებით მოსახლეობის აღწერისას 80000 ბრძოლისუნარიანი მამაკაცი გამოვლინდა. მოსახლეობის მატებასთან ერთად გაიზარდა ქალაქის საზღვრებიც.
როგორც ლივიუსის სიტყვიდან ჩანს პატრიციები ფრიად უკმაყოფილო ყოფილან სერვიუს ტულიუსის მიერ გატარებული რეფორმით, სამაგიეროდ პლებეებში მას მოკრძალებით იხსენიებდნენ და ყოველთვიურად მისი პატივსაცემი ცერემონიალი სრულდებოდა.
     პატრიციებს, ბუნებრივია, ეს არ მოეწონათ, შეთქმულება მოაწყვეს მის წინააღმდეგ და მოკლეს. სერვიუს ტულიუსს მიეწერება ფულის რეფორმაც, მან პირველმა მოჭრა ვერცხლის მონეტა. სერვიუს ტულიუსი საზოგადოების კეთილდღეობისათვის ზრუნავდა: იგი ათენელი სოლონივით უპოვრებს მონობიდან, კლიენტებს პატრონების დამოკიდებულებიდან იხსნიდა და ათავისუფლებდა. ამიტომაც სერვიუს ტულიუსს „სახალხო“ მეფედ მიიჩნევდნენ.
რა თქმა უნდა როცა რომაელების ქონებრივ ფენებად დანაწილებაზე ვლაპარაკობთ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შედეგი იყო არა ერთიანი კანონმდებლის შემოქმედებითი ნებისყოფისა არამედ ხანგრძლივი სოციალური პროცესებისა, რომლებიც კანონმდებლობით ტულიუსის მეფობაში გაფორმდა. ასე უნდა გავიგოთ მოსახლეობის ქონებრივ თანრიგებად დანაწილება და ცენტურიატული კომიციებისა და ტერიტორიული ტრიბების დაწესება, ამიტომ თვითონ სერვიუს ტულიუსის ისტორიული არსებობის უარყოფა საფუძვლიანად ვერ ჩაითვლება.
რომის ადრინდელი კულტურა.
მართალია იმ დროის რომაული საზოგადოების კულტურა ჯერ კიდევ პრიმიტიული იყო, მაგრამ უდიდეს მიღწევად უნდა ჩავთვალოთ ის, რომ უკვე მეფეების პერიოდში რომაელებს საკუთარი დამწერლობა შეუქმნიათ. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ანბანური დამწერლობა მათ კუმეს ბერძნებთან ურთიერთობაში გადმოიღეს და შეითვისეს. როგორც სხვა ხალხებს, ისე ამ პერიოდის რომაელებს შეუქმნიათ უძველესი სახალხო პოეზია, რომლის ძეგლები ჩვენამდე არ შემონახულა, მაგრამ უფრო გვიანდელ წყაროებში ნაწილობრივ მაინც არის დაცული. ამ მხრივ პირველ რიგში უძველესი საკულტო ჰიმნები უნდა დავასახელოთ, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ნათესების სასიკეთოდ მიმართულ საკულტო მოწოდებას მიეკუთვნებოდა, საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ რომაელების ღმერთებისადმი ლოცვითი მიმართვები დიდი ექსტაზით არ გამოირჩეოდა, როცა რომაელისათვის ღმერთზე თუ რომელიმე მოვლენაზე მაგიური ზეგავლენის საშუალება გახდა. რომაელების უძველეს სარწმუნოებრივ პოეზიას მიეკუთვნებოდა აგრეთვე საგალობელთა, ავადმყოფობის, ხანძრის, სეტყვისა და სხვა მავნე ბუნებრივი მოვლენების საწინააღმდეგო შელოცვების კრებულები და ე. წ. სატურნული ლექსით დაწერილი წინასწარმეტყველებანი ადამიანთა ბედის შესახებ.
ძველი რომაელი მწერლები იხსენიებენ აგრეთვე იმ სიმღერებს, რომლებსაც ყურძნის კრეფის, რთვისა და ქსოვის დროს ასრულებდნენ, მასთან ერთად მოხსენიებულია იავნანა და მწყემსების სიმღერები.
რომაელების სარწმუნოებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნოდა ოჯახის კულტს, რომლის ცენტრს კერა წარმოადგენდა, მის წინ ოჯახის მამა ასრულებდა ყველა წესს, რაც თან სდევდა მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას, მაგ. კერის წინ ოჯახის მამა ახლადდაბადებულ ბავშვს თავის შვილად აცხადებდა. ოჯახის მფარველებს სახლის ბინადარი კეთილი სულები პენატები ეწოდებოდა.
სახლის გარეთ ოჯახისა და მისი ქონების მფარველებად ლარები ითვლებოდნენ, ამას გარდა ოჯახის ყოველ წევრს მფარველობდა საკუთარი გენია, რომელიც მისი ძალის გამომსახველად იყო მიჩნეული.
ოჯახის მამის გენიას ყველა წევრი თაყვანს სცემდა, ის მთელი ოჯახის გენია იყო. ოჯახის დედასაც ჰყავდა თავისი გენია, რომელსაც ახალგაზრდა მეუღლე ოჯახში შეჰყავდა და მშობიარობას უადვილებდა. ოჯახივე ზრუნავდა მიცვალებულ წინაპრებზე, რომლებიც ძველი რომაელების წარმოდგენით სიცოცხლეს საფლავებშიც განაგრძობდნენ და საკურთხის მიტანას გულისხმობდნენ. ის მიცვალებულები რომელთა მიმართ მათი ჩამომავლობა ზრუნავდა კეთილ ღვთაებებად მანებად იწოდებოდა, ხოლო უყურადღებოდ მიტოვებული მიცვალებული ბოროტ და შურისმაძიებელ სულებად ლემურებად ითვლებოდნენ.
რომაელების ადრინდელ სარწმუნოებას საერთოდ პრიმიტიული პოლითეიზმი ახასიათებდა. მათი წარმოდგენით ყოველ მოვლენას თავისი სული, თავისი ღვთაება ჰყავდა, მაგ. ბავშვების 43 ღმერთი იყო აღიარებული, ბავშვის პირველი ტირილის ღვთაება აკვნის ღმერთი, ბავშვის პირველი ფეხადგმის ღვთაება და ა შ.
რომაელი ქურუმები საერთოდ ისეთი თანამდებობის პირები იყვნენ, რომლებიც განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებდნენ და განსაკუთრებულ ძმობაში ერთიანდებოდნენ. ეს ძმობა უმთავრესად კომუტაციის გზით ივსებოდა.
თავის პირვანდელ სტადიაში რომაული სარწმუნოება ანთროპომორფული არ იყო და ამიტომაც არავითარი ღმერთების განსხეულება არ არსებობდა.
რომაული სარწმუნოების ღვთისმსახურების წესები ფრიად დეტალურად იყო დამუშავებული, ამასთან დაკავშირებით ფართოდ განვითარებულა ქურუმების წოდება და მათი კოლეგიები. უძველესი ქურუმები იყვნენ პონტიფიკები, რომელთაც სარწმუნოებრივი წესების უმაღლესი მეთვალყურეობა ეკისრებოდათ, ჰარუსკიპები, რომლებიც სამსხვერპლო ცხოველების შიგნეულობაზე მისნობდნენ და თითქოს ღვთიურ მოვლენებს განმარტავდნენ. ავგურები, რომლებიც ვითომ ღმერთების ნებისყოფას ფრინველთა გაფრენის მომენტით შეიცნობდნენ. ღმერთქალის ვესტას ქურუმი ქალები ვესტალები, სახელმწიფო და საოჯახო კერების მცველები.
ქურუმთა უძველესი გაერთიანებები იყო სალიები (მხტომები) და არვალის ძმები (მხვნელები).
სალიების კოლეგიას ლათინების უძველესი ღმერთის მარსის ქურუმები წარმოადგენდნენ. ისინი ყოველი წლის მარტსა და ოქტომბერში ქ. რომის რიტუალურ შემოვლას ასრულებდნენ, კვერთხით სამხედრო სამოსში, ხტებოდნენ და საკულტო მოწოდებით სხვადასხვა ღმერთს მიმართავდნენ.
ფრიად შერყვნილი სახით იყო შემონახული მათი ძველი ჰიმნების ტექსტი, რომელიც შემდგომ დროში თვითონ ქურუმებისათვის იყო გაუგებარი.
არვალის ძმათა კოლეგიაში შემავალი ქურუმები დედამიწის ღმერთქალის საპატივცემულო დღესასწაულს ასრულებდნენ. ჩვენამდე მოაღწია მათი ღვთისმსახურების ოქმებმა, ერთ მათგანში მოცემულია რიტუალური საგალობელი, რომელშიც ლათინური ენაა დაცული.
რაც შეეხება რომაულ პანთეონს.
ერთ უძველეს რომაულ ღვთაებად ორპიროვანი იანუსი ითვლება. ის თავდაპირველად კარების ღმერთად იყო მიჩნეული, შემდეგ კი ყოველი საწყისის ღმერთად და იუპიტერის წინამორბედად.
ადრე წარმოქმნილა აგრეთვე კაპიტოლიუმის სამება იუპიტერი, მარსი და ქვირინი. იუპიტერი ითვლებოდა ზეცის უმაღლეს ღვთაებად, მარსი ჯერ მცენარეულობისა და შემდეგ ომის ღვთაებად, ქვირინი კი მის ორეულად.
შემდეგ რომაული პანთეონი თანდათან ფართოვდება. მასში ადგილს იკავებენ იუნონა-ჰერა, მინერვა-ათინა, სატურნი-ქრონოსი, ცერერა-დემეტრა, მერკური-ჰერმესი, აპოლონი და სხვა.
ამასთან ერთად ბერძნული სარწმუნოების ზეგავლენით თანდათან ხდება ბერძნული და რომაული პანთეონების გათანაგვარება და რომაული ღმერთების ანთროპომორფიზაცია.
კაპიტოლიუმზე ტაძრის აგების ერთდროულად თუ ცოტა უფრო გვიან რომში ეტრუსკების ნიმუშის მიხედვით ეწყობა ასპარეზობა, რომელიც თავდაპირველად ეტლებზე ჯირითსა და ათლეტების შეჯიბრში გამოისახებოდა.









Комментариев нет:

Отправить комментарий