пятница, 19 мая 2017 г.

რომის რესპუბლიკა ძვ.წ. V–IV საუკუნეებში

რესპუბლიკური სისტემის ჩამოყალიბება
ძვ.. 510/9 წელს რომაელები იუნიუს ბრუტუსის მეთაურობით აჯანყდნენ ტირანი ტარქვინიუსის წინააღმდეგ და განდევნეს. ასე დაემხო მონარქია რომში და დამყარდა რესპუბლიკური (ლათ. Res Publika  „ხალხის საქმე“) წყობილება.
რომაელთა მეფის ტირანიისგან განთავისუფლების შემდეგ ბრუტუსმაც და სენატმაც ჩათვალეს, რომ ერთმმართველობა აღარ უნდა არსებულიყო, და ამიტომ თითო წლის ვადით ორი კონსულის არჩევა დააწესეს. პირველ არჩევნებში ბრუტუსმა რა თქმა უნდა გაიმარჯვა, მასთან ერთად კონსული ტარკვინიუს კოლატინუსიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კოლატინუსის მეფისადმი სიძულვილი ეჭვს არ ჰბადებდა, ხალხს მაინც ეშინოდა რომ იგი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას განიზრახავდა.
ბრუტუსმა სენატის სხდომაზე მიმართა კოლატინუსს და ურჩია, რომ უარი ეთქვა კონსულობაზე და დაეტოვებინა რომი. ამ უკანასკნელს ეს არ სურდა, მაგრამ ყველა ახლობელმა დაჟინებით ურჩია წასულიყო და ქონებაც წაეღო და ბოლოს იგი დათანხმდა. მის ნაცვლად კონსულად აირჩიეს ვალერიუს პუბლიკოლა.
ბრუტუსმა სენატს და რომის მოსახლეობას ფიცი დაადებინა, რომ ისინი არასდროს არ დაუშვებდნენ რომში მეფის მმართველობას. მან შეავსო შეთხელებული სენატი და სენატორთა რაოდენობა 300 კაცს გაუტოლდა. არსებობდა რელიგიური რიტუალები, რომლის ჩატარების უფლებაც მხოლოდ მეფეს ჰქონდა, ამიტომ ბრუტუსმა შექმნა მეფე ქურუმის თანამდებობა, რომელსაც დაევალა ამ რიტუალების და მსხვერპლშეწირვების ჩატარება.
ცოტა ხნის შემდეგ ტარკვინიუსისგან ელჩები ჩამოვიდნენ და მოითხოვეს მეფისთვის ქონების დაბრუნება. სენატმა დაიწყო საკითხის განხილვა, ქონების დაბრუნების შემთხვევაში მეფეს საშუალება მიცემოდა ებძოლა წართმეული ტახტისთვის, მეორე მხრივ, უარის თქმა კი ომს ნიშნავდა. ელჩებს სხვა, საიდუმლო დავალებაც ჰქონდათ. მათ უნდა დაეზვერათ თუ რა განწყობა იყო ხალხში და დაკავშირებოდნენ ტარკვინიუსების მომხრეებს. საკმაოდ ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა, ტარკვინიუსის ვაჟების მეგობრები, მართლაც ნანობდნენ მეფის გაგდებას და უკმაყოფილონი იყვნენ რესპუბლიკური წყობით, რადგან ადრე მეფის შვილებთან მეგობრობა მათ პრივილეგიას აძლევდა ბევრს რამეში, რესპუბლიკაში კი სხვების თანასწორნი გახდნენ. სწორედ ასეთ ხალხს დაუკავშირდნენ ელჩები შეთქმულების მოსაწყობად. ანტირესპუბლიკურ შეთქმულებაში ბრუტუსის ცოლის ძმაც და მისი საკუთარი ვაჟებიც აღმოჩნდნენ.
ერთ-ერთი შეთქმულის სახლში შეიკრიბნენ ყველანი და ელჩებს გადასცეს წერილი ტარკვინიუსისთვის, რომელშიც აღუთქვამდნენ რომის ჭიშკრის შიგნიდან გაღებას. ეს საუბარი შემთხვევით მოისმინა მონამ და გასცა. ელჩები მაშინვე შეიპყრეს და აღმოაჩინეს მამხილებელი წერილები. ყველა შეთქმული მაშინვე შეიპყრეს, მათ შორის ბრუტუსის ვაჟებიც. სასამართლოზე ძმებ ბრუტუსების მსაჯული იყო თვით მამა, რომელმაც შვილებს სამშობლოს ღალატისათვის სიკვდილი მიუსაჯა. იგი მშვიდად უცქერდა ჯერ როგორ გაჯოხეს მისი ბრძანებით ლიქტორებმა და შემდეგ როგორ მოკვეთეს თავები. მონა კი, რომელმაც შეატყობინა ხელისუფლებას შეთქმულების შესახებ დააჯილდოვეს, დაათავისუფლეს და მოქალაქეობა უბოძეს.
ამის შემდეგ კონსულებმა და სენატმა რომაელებს საშუალება მისცეს მეფის ქონებიდან რაც უნდოდათ წაეღოთ, რათა ტარკვინიუსების ერთგული არავინ არ დარჩენილიყო, ხოლო მეფის კუთვნილი მიწები მარსს უბოძეს. იმ ადგილს შემდგომში მარსის ველი ეწოდა.
რაკი შეთქმულების გზით ტარქვინიუს ამაყმა რომში დაბრუნება ვეღარ მოახერხა მან ეტრუსკული ქალაქების ვეისა და ტარქვინიას დახმარებით 509 წელს რომზე გამოილაშქრა. კონსულებმა იუნიუს ბრუტუსმა და პუბლიუს ვალერიუსმაც შეკრიბეს ლაშქარი და მტერს შეეგებნენ. ბრძლაში დაიღუპა ბრუტუსიც და ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსიც. ისინი ბრძოლის დაწყების თანავე ეძგერნენ ერთმანეთს და შუბებით განგმირეს ერთმანეთი. ბრძოლა ძალიან სასტიკი იყო, მაგრამ რომაელებმა მაინც გაიმარჯვეს.
რომში იგი დიდი პატივით დაკრძალეს, რომაელი ქალები კი მას, როგორც ოჯახის მამას, ისე დასტიროდნენ და ძაძებს ატარებდნენ.
მაშინ ტარქვინიუს ამაყმა დახმარებისათვის მეზობელი ეტრუსკული ქალაქების მეთაურებს მიმართა და მოუწოდა თუ არ დამეხმარებით ტახტის დაბრუნებაში თქვენც ასეთივე ბოლო მოგელითო. მის დასახმარებლად და ტახტზე აღსადგენად ამჯერად 508 წელს რომზე დიდი ჯარით გამოილაშქრა კლუზიუმის მეფემ პორსენამ. მან ალყა შემოარტყა რომს, ტიბრზე, რომელიც ქალაქს ეკვროდა გადებული იყო ერთადერთი ხიდი, რომელსაც რომაელების მცირერიცხოვანი რაზმი იცავდა. როცა ამ რაზმმა ხალხმრავალი მტერი იხილა შედრკა და მტერს ზურგი უჩვენა, არ შედრკა მხოლოდ 1 მეომარი ჰორაციუს კოკლესი და ხიდზე დგომას განაგრძობდა. ამით გაწბილებული გაქცეული რომაელი მეომრები შეჩერდნენ და მტრის წინააღმდეგ მობრუნდნენ. კოკლესი ეტრუსკებს ეკვეთა და მათ კი ხიდი დაანგრიეს. კოკლესი წყალში გადავარდა და უვნებლად დაბრუნდა თავისიანებთან. ხიდის განადგურებამ პორსენას ხელი შეუშალა ქალაქი ერთბაშად აეღო და იძულებული გახდა მისთვის ხანგრძლივად შემოერტყა ალყა.
ქალაქი მოიცვა სენმა და შიმშილობამ. აქ ჰორაციუს კოკლესის თქმულებას ემატება თქმულება ახალგაზრდა რომაელ მუციუსზე.
თავისი ქალაქის დუხჭირი მდგომარეობით შეშფოთებული ის შეიპარა მტრის ბანაკში პორსენას მოსაკლავად, მაგრამ შეცდომით მისი მწერალი მოკლა. განიარაღებული მუციუსი პორსენას წარუდგინეს, მის კითხვაზე ვინა ხართ თქვენო მუციუსმა უპასუხა რომაელი სახელად მუციუსი, განზრახული მქონდა ჩემი სამშობლოს მტერი მომეკლა, მართალია შევცდი, მაგრამ სულ ერთია სამას რომაელ ახალგაზრდას ფიცი აქვს მიღებული, რომ პორსენა უეჭველად მოჰკლან.
მუციუსი აიძულეს გაეთქვა შეთქმულები და მათი გეგმა, მაგრამ იგი დუმდა. მაშინ კოცონი დაანთეს, რათა იგი სატანჯველისათვის მიეცათ, მუციუსი კი მივიდა კოცონთან, ჩადო ნაღვერდალში მარჯვენა ხელი და უდრტვინველად იტანდა წამებას. ყველა გაოცებით შესცქეროდა მას. პორსენამ მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება ბრძანა, ამასთან რომაელების გმირობით გაოცებულმა მეფემ ალყა შემოხსნა რომს და უკან გაბრუნდა. მადლიერმა რომაელებმა კი დიდად დააფასეს მუციუსის გმირობა და მას სცევოლა (ცაცია) უწოდეს. მისი სახელი მამაცი გმირის ზოგად სახელად იქცა.
ბოლო რომაელებმა შეძლეს პორსენას დარწმუნება რომ ტარკვინიუსი დამსახურებულად გააგდეს და ბოლოს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. ტარკვინიუსმა ამ ომითაც ვერაფერს მიაღწია. არსებობს ცნობა, რომ პორსენას რომაელებთან მათთვის მძიმე ხელშეკრულება დაუდვია. პლინიუს უფროსის ცნობით რომაელებს სხვათა შორის ვალდებულება მიუღიათ რკინა მხოლოდ სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის შეეძინათ. ამას გარდა ეტრუსკებთან ხანგრძლივმა ბრძოლამ რომი საგრძნობლად დაასუსტა.
ძვ. წ. 506 წელს პორსენასგან რომში ელჩები ჩამოვიდნენ რათა კიდევ ერთხელ ეთხოვათ მეფის დაბრუნება. რომაელებმა მათ პირდაპირი პასუხი არ გასცეს, მხოლოდ ის უთხრეს, რომ უკვე გააგზავნეს სენატორები მოსალაპარაკებლად. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ არ სურდათ ელჩებისთვის პირდაპირი უარის თქმით შეურაცხყოფა მიეყენებინათ პორსენასთვის. სენატორები მართლაც გაგზავნეს. სენატორები ჩავიდნენ პორსენასთან და დელეკატურად აუხსნეს რომ რომაელი ერი ამიერიდან თავისუფალია და მეფეს უკან არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს. ამის მოსმენის შემდეგ პორსენამ უარი უთხრა ტარქვინიუსებს შემდგომ დახმარებაზე.
ამის შემდეგ ტარქვინიუსი ქალაქ ტუსკულუსში გადაიხვეწა თავის სიძესთან ოქტავიანე მამლუსთან და სიკვდილამდე (495 წ.) აგრძელებდა რომთან სხვადასხვა გზით დაპირისპირებას.
ასეთია ზოგადად თქმულებები ტარქვინიუს ამაყის გაძევებასთან დაკავშირებული ამბების შესახებ. ამ თქმულებებში სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ხალხის ამბოხება ტარქვინიუსის წინააღმდეგ და მისი გაძევება, ეტრუსკების ბატონობის დამხობა და რესტავრაციის ცდები.
მას შემდეგ რაც ეტრუსკების ბატონობის ხანაში დაწყებული სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური ზრდის პერიოდი დამთავრდა რომმა კვლავ დაიკავა შედარებით მცირე ტერიტორიით პატარა ცენტრის ადგილი. მისი სამეურნეო ცხოვრება საკმაოდ პრიმიტიული იყო, მოსახლეობის ძირითად საქმიანობას კვლავ მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და წვრილი საოჯახო ხელოსნობა შეადგენდა.
მართალია პლუტარქე ნუმა პომპილიუსის ბიოგრაფიაში მოგვითხრობს, რომ ამ მეფემ დააწესა სხვადასხვა დარგის ხელოსნების კავშირები და ეს ცნობა უდავოდ მოწმობს ხელოსნობის განვითარებას, მაგრამ ის გულისხმობს მეფეების პერიოდს და მაშასადამე ეტრუსკების ბატონობის ეპოქას. იმ ეპოქაში მართლაც არსებობდნენ პროფესიონალი ხელოსნები. ამას გვიდასტურებს არქეოლოგიური მონაცემებიც, რომის ციხის კედლების და კანალიზაციის ნაშთებიც და უძველესი ტაძრების მათ შორის კაპიტოლიუმის ტაძრის ნანგრევები. თუმცა თუ ტრადიციას დავუჯერებთ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ასეთ სამუშაოებს ძირითადად ეტრუსკები და შესაძლოა სამხრეთ იტალიელი ბერძენი ხელოსნები ასრულებდნენ და ადგილობრივი მწყემსი მოსახლეობა მათ დამხმარე ძალას წარმოადგენდა, ხოლო იმის უარყოფა კი არ შეიძლება, რომ ასეთი მშენებლობა და მასში ხელოსან-პროფესიონალების მონაწილეობა ამ მოსახლეობაზეც იქონიებდა თავის გავლენას.
ჯერ კიდევ ეტრუსკების ბატონობის ხანაში ვითარდებოდა მეზღვაურობა და ვაჭრობა. რესპუბლიკის დასაწყისის პერიოდშიც არ შესუსტებულა გაცვლა-გამოცვლა. უძველეს დროს ფორუმზე ყოველ კვირას ეწყობოდა ბაზარი, ხოლო ცნობილ საკურთხევლებთან ყოველწლიურად დიდ სარწმუნოებრივ დღესასწაულებზე იმართებოდა ბაზრობა.
ცნობილია, რომ გაცვლა-გამოცვლის ზრდასთან დაკავშირებული სოფლის მეურნეობისაგან ხელოსნობის გამოყოფა, განვითარება მოხდა და ეს მოვლენა ამ შემთხვევაშიც საგრძნობი ტემპით მიმდინარეობდა.
უფრო გავრცელებული ტრადიციის თანახმად სამეფო ხელისუფლების დამხობის შემდეგ რომის სახელმწიფოს სათავეში გვევლინება ცენტრალურ კომიციებში არჩეული და სენატის მიერ დამტკიცებული 2 უმაღლესი თანამდებობის პირი  მაგისტრატები (ისინი ერთი წლით ირჩეოდნენ). მათ ჯერ პრეტორი (წინამძღოლები, ბერძნულად სტრატეგოსები ანუ მხედართმთავრები) ეწოდებოდათ. მაშასადამე მათ მთავარ მოვალეობას ჯარის უფროსობა წარმოადგენდა. 1 პრეტორი უფროსად ითვლებოდა მეორე კი მის თანაშემწედ. უფრო გვიან ძვ. . IV -შ მაღალი თანამდებობის პირები კონსულებად იწოდებოდნენ, ამ უკანასკნელი ტერმინით გამოსახული უნდა იყოს უმაღლესი მაგისტრატურის კოლეგიალობაც. ცნება კონსული ერთად მოთათბირე კოლეგებს, თანადგომით გამგებლებს გულისხმობს.
ახლადარჩეულ თანამდებობის პირთ მიეკუთვნა უმაღლესი ხელისუფლება იმპერიუმი და მეფეების ძირითადი ფუნქციები ქურუმულ მოვალეობათა გამოკლებით. სარწმუნოებრივი ფუნქციები კი განსაკუთრებული თანამდებობის პირს გადაეცა, რომელსაც  „ღვთისმსახურებითი მეფე“ ეწოდებოდა.
ცნობები რესპუბლიკის ადრინდელი პერიოდის სხვა თანამდებობის პირთა შესახებ შედარებით ბუნდოვანია და საკამათო, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თავიდანვე წარმოქმნილა თანამდებობა ქვესტორებისა, რომლებიც ჯერ პრეტორების თანაშემწედ ითვლებოდა სამართლის დარგში და მერე კი ხაზინადრის ფუნქციები მიუღიათ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მმართველობის სისტემაში არამც თუ შეინარჩუნა სენატმა, არამედ ის რომის რესპუბლიკის ისეთ ცენტრალურ ორგანოდ იქცა, რომელსაც უმაღლესი კონტროლი ეკუთვნოდა და იგი იხილავდა როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან საკითხს.
ძვ. . 339 წლამდე სენატს ეკუთვნოდა აგრეთვე სახალხო კრების დადგენილებათა დამტკიცება, მასვე ექვემდებარებოდა კულტის მიმართ უმაღლესი მეთვალყურეობა. თავდაპირველად სენატორების დანიშვნის უფლება მეფეებს ეკუთვნოდათ, რესპუბლიკის დროს კონსულებს, ხოლო IV -ში უკანასკნელ მეოთხედში ეს უფლება ცენზორებს (ცენზორების არჩევა თავდაპირველად ხდებოდა 5 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, 433 წლიდან კი 18 თვის ვადით.გადაეცათ. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სენატის შემადგენლობაში მხოლოდ პატრიციები შედიოდნენ და ამას გარდა დიდი თანამდებობის პირებს მხოლოდ პატრიციებიდან ირჩევდნენ. ეს გარემოება სრულ უფლებას გვაძლევს, რომის ადრინდელ რესპუბლიკას ისეთი არისტოკრატიული სახელმწიფო ვუწოდოთ, რომელშიც ერთიმეორეს უპირისპირდებოდნენ პატრიციები-სრულუფლებიანი გაბატონებული წოდება და არასრულუფლებიანი შედარებით მრავალრიცხოვანი პლებსი.
ბრძოლა პატრიციებსა და პლებეებს შორის
1. პლებეების I სეცესიო და ტრიბუნატის დაარსება.
სერვიუს ტულიუსის რეფორმის შემდეგ პლებეების ბრძოლა პატრიციებთან უფლებრივი გათანაბრებისთვის უფრო გამწვავებულად მიმდინარეობდა. ამ ბრძოლის ერთ მომენტს წარმოადგენს პლებეების I სეცესიო, პლებეების რომიდან წასვლა.
ისტორიული ტრადიცია ამ ამბავს ასე გადმოგვცემს: პლებეების მდგომარეობა აუტანელი იყო სავალო კაბალის გამო და ისინი დიდად ღელავდნენ, რომ ამ დროს ომი ჰქონდათ ვოლსკებთან და ექვებთან. გამწვავებული მდგომარეობის გამო პატრიციებმა პირობა დადეს, რომ გააუმჯობესებდნენ მოვალეთა მდგომარეობას, მაგრამ ყველა დაპირება მალე დაივიწყეს, ამიტომ პლებეების მეომრებმა უარი განაცხადეს ექვების წინააღმდეგ გალაშქრებაზე და წავიდნენ რომის მახლობლად საღვთო მთაზე. აქ მათ ბანაკი გამართეს და რამდენიმე დღის განმავლობაში იქ იყვნენ. ასეთმა თავისებურმა გაფიცვამ დიდი შეშფოთება გამოიწვია რომში და პატრიციები იძულებულნი გახდნენ მოციქულად წარეგზავნათ ვინმე მელელიუს აგრიპა, რომელიც თითქოს პლებეებში პოპულარულ პირად ითვლებოდა. აგრიპას ვითომც გავლენა მოუხდენია პლებეებზე და მათი ამბოხება ადამიანის სხეულის იმ ცალკეულ ნაწილებთან შეუდარებია რომელთაც კუჭისათვის საჭმლის მიწოდებაზე უარი განუცხადებიათ და ამის შედეგად უკიდურესობამდე გაძვალტყავებულან. ტიტე ლივიუსი გვარწმუნებს, რომ აგრიპას ამ მაგალითმა შეცვალა პლებეების განწყობილება და შერიგდნენ, ყოველ შემთხვევაში პატრიციები დათმობის გზას დადგომიან და დათანხმებულან სახალხო ტრიბუნების სპეციალური მაგისტრატურა დაეწესებინათ. ლივიუსის მიხედვით ეს ძვ.. 494 წელს მოხდა.

სახალხო ტრიბუნები მმართველობის არც ერთ დარგს არ განაგებდნენ და მათ მოვალეობას პატრიციელი მაგისტრატების თვითნებობისაგან პლებეების დაცვა და დახმარება შეადგენდა. მათ შეეძლოთ თუ საჭიროდ დაინახავდნენ შეეჩერებინათ ამ მაგისტრატების განკარგულებათა სისრულეში მოყვანა და ამიტომ სარგებლობდნენ ვეტოს უფლებით (ლათ. veto ნიშნავს „ვკრძალავ“) ტრიბუნები აღჭურვილი იყვნენ პირადი ხელშეუხებლობის პრივილეგიით, მათ მხოლოდ პლებეების წრიდან ირჩევდნენ, ჯერ ორს მერე კი მათი რიცხვი ათამდე გადიდდა.
ტრადიციის თანახმად ტრიბუნების დამხმარედ ირჩევდნენ ორ პლებეელ ედილს (წარმოქმნილია სიტყვისაგან შენობა, ტაძარი) ისინი მიწათმოქმედების ღვთაებათა (ცერერა, ლიბერი) პლებეური ტაძრის ზედამხედველად ითვლებოდნენ, ამ ტაძარში კი პლებეების არქივი ინახებოდა.
492 წ. რომში დიდი შიმშილობა დაწყებულა და მოსახლეობისთვის სიცილიიდან მიღებული პურის დარიგებისას ლეგენდებში ცნობილ მარციუს კორიოლანს პლებეებისათვის პურის მიცემა მათ მიერ ტრიბუნატზე უარის თქმით განუსაზღვრავს. ისტორიულ ტრადიციაში არა ერთი არამედ 3 სეცესიოა მოხსენიებული, მაგრამ ტრადიციის მონაცემები საშუალებას არ გვაძლევს ამ საკითხის სარწმუნოდ გამორკვევისას.
უფრო მისაღებად არის მიჩნეული ტრიბუნატის წარმოქმნა 471 წლით დავათარიღოთ. მეორე მხრივ ისტორიული ტრადიცია გვარწმუნებს, რომ 486 წ. კონსულმა, ცნობილმა სარდალმა სპურიუს კასიუსმა სცადა გაეტარებინა I აგრარული კანონი, რომლის თანახმად ჰელინიკებისა და ჩამორთმეული მიწების ნახევარი და სახელმწიფო მიწების ნაწილი პლებეებს შორის უნდა გაენაწილებინათ, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოსულა მეორე კონსული და რეფორმის გატარება შეუძლებელი გამხდარა. შემდგომში კასიუსს ბრალი დასდეს ტირანიისადმი მისწრაფებაში და სიკვდილით დასაჯეს.
ძვ. წ. 450 წ. სახალხო ტრიბუნს სიცილიუსს გაუტარებია კანონი, რომლის თანახმად მიწები ავენტინზე უღარიბესი პლებეებისათვის დაურიგებიათ, ცოტა უფრო გვიან მიუღიათ სპერიუს ტარპეიუსისა და ავლე ატენიუსის კანონი, რომლითაც შეუზღუდავთ კონსულების უფლება სისხლის სამართლის დანაშაულისათვის დაჯარიმებისა.
2. თორმეტი დაფის კანონები.
ძვ. წ V ს-ის II ნახევრიდან ჩვენამდე მოაღწია სარწმუნო ცნობამ, რომელიც მოქმედი სამართლის ჩაწერას გადმოგვცემს. როგორც საბერძნეთში დემოსი ისე რომში პლებსი სამართლის წარმოების მხრივ დიდ ძალადობას განიცდიდა და ბუნებრივად წარმოიქმნა კანონთა კოდიფიკაციის მოთხოვნა, ეს მით უფრო გასაგებია, რომ წინათ წერილობით აღბეჭდილი კანონმდებლობა არ არსებობდა და ე. წ. სამეფო კანონები, რომელთაც რომის მეფეებს მიაწერდნენ უაღრესად საეჭვოდ იყო მიჩნეული.
451 წელს არჩეულ იქნა სპეციალური კომისია 10 კაცის შემადგენლობით ადგილობრივი სამართლის ჩასაწერად დაცემვირი. კომისიას რომელიც შედგებოდა გამოჩენილი პატრიციებისაგან აპიუს კლავდიუსის მეთაურობით ფრიად ფართო რწმუნება ჰქონდა მინიჭებული და იმ წელს არც კონსულები და არც სახალხო ტრიბუნები არჩეულები არ იყვნენ.
კომისიის თითოეული წევრი თანაბარი უფლებებით იყო აღჭურვილი, ჰქონდათ პროტესტის უფლება სხვა წევრების მოქმედების მიმართ. შეჩერებული იქნა აგრეთვე აპელაციის პროვოკაციის უფლება, რომლის ძალით ყოველ მოქალაქეს შეეძლო მიემართა სახალხო კრებისათვის საჩივრით მაგისტრატის უსამართლო განაჩენზე.
პირველმა კომისიამ დაკისრებული მოვალეობა ბოლომდე ვერ შეასრულა და 450 წლისათვის არჩეულ იქნა ახალი კომისია, რომელიც შედგებოდა 5 პატრიცისა და 5 პლებეისაგან. ტრადიცია ამ ახალ დეცემვირას მიაწერს ძალმომრეობით მოქმედებათა მთელ რიგს, მისი წევრები თვითნებობდნენ, მკვლელობასა და მოქალაქეთა ქონების კონსიფიკაციას მიმართავდნენ. დადგა 449 წელი, მაგრამ ისინი არც კი ფიქრობდნენ ხელი აეღოთ თავიანთ უფლებამოსილებაზე.
ტრადიციის მიხედვით II დეცემვირატის თავაშვებული მოქმედებით აღშფოთებული პლებეები ჯერ ავენტინზე გადავიდნენ, შემდეგ კი ცოლ-შვილით საღვთო მთაზე გაიხიზნენ, ასეთი გამწვავებული მდგომარეობის გამო II დეცემვირატი დაშლილა, კვლავ აღდგა მაგისტრატურის წინანდელი ფორმა და პროვოკაციის უფლება.
449 წ. არჩეული 2 პრეტორის მუციუს ვალერიუსისა და მარკუს ჰორაციუსის მიერ მიღებული ღონისძიებებით მოპირდაპირე წოდებებს შორის მშვიდობიანობა დამყარდა. მათვე დაამთავრეს დეცემვირების მიერ დაწყებული კოდიფიკაცია. დამტკიცებული კანონები სპილენძის თორმეტ დაფაზე ამოკვეთეს და ფორუმზე გამოდგეს.
თორმეტი დაფის კანონებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მათ ვეცნობით გვიანდელი მწერლების ციტატებისა და უმთავრესად ძვ. წ. II საუკუნის რომაელი იურისტის გაიუსის თხზულებების მეშვეობით. ციტატებში შემონახული კანონების ენის არქაიზმი და ის პრიმიტიული საზოგადოებრივი ურთიერთობა რომელიც მასში გამოისახება მათ სიძველეს გვიდასტურებს.
12 დაფის კანონები განისაზღვრება სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, არსებითად ეს კანონები ადათობრივი სამართლის ფიქსაციას წარმოადგენდა, მაგრამ ტიტე ლივიუსის საფუძვლიანი თქმით ისინი რომაული სამართლის ძირითად წყაროს შეადგენდნენ. ეს კანონები განსაკუთრებული სიმკაცრით იცავენ კერძო საკუთრებას, ის ვინც ღამით საქონელს მოაძოვებდა თუ მომკიდა გუთნით დახნულ სხვის ყანას ქვესკნელის ღმერთების მსხვერპლი ხდებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. ასეთივე სასჯელი მოელოდათ ცეცხლწამკიდებლებს და მას ვინც ღამით ქურდობდა, ხოლო დღისით ქურდობა დიდი ჯარიმით გამოისყიდებოდა.
12 დაფის კანონებში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს მიკუთვნებული სასტიკ სავალო უფლებას, რომელიც მეტად აღელვებდა პლებეებს, ამის შემდეგ რაც მოვალე თავის ვალს ცნობდა ან სასამართლო მიუსჯიდა მას ეძლეოდა შეღავათი 30 დღის განმავლობაში ვალის დასაფარავად, ამ ვადის გასვლის შემდეგ მომჩივანს იგი სასამართლოში მიჰყავდა. თუ მოვალე სასამართლოს დადგენილებას ვერ შეასრულებდა, ან არ გამოჩნდებოდა ისეთი პირი რომელიც თავდებად დაუდგებოდა კრედიტორს იგი თავის სახლში მიჰყავდა, სადაც ის ბორკილდადებული სამოც დღეს დაჰყოფდა ამ ხნის განმავლობაში კრედიტორს ის სამჯერ გაჰყავდა მოედანზე პრეტორთან და აცხადებდა მასზე მისჯილ თანხას, ამის შემდეგ მას შეეძლო მოეკლა ურჩი მოვალე, ან ტიბრს იქით გაეყიდა, მაგრამ ამასთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კანონით მევახშეობა ერთგვარად შეზღუდული იყო იმით, რომ მაქსიმალური წლიური პროცენტი 8 ერთი მესამედით ისაზღვრებოდა.
12 დაფის კანონები გვარწმუნებს, რომ რომში V ს-ის I ნახევარში უდავოდ არსებობდა არა მარტო მოძრავი ქონების, არამედ მიწის მტკიცე კერძო საკუთრებაც. შეიძლებოდა საკუთრების განსხვისებაც ე. წ. მანიციპაციის გზით, რაც განსაკუთრებული წესის შესრულებაში გამოიხატებოდა, ამ პროცესს აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ გამსხვისებელი და შემძენი, მოწმეებად კი 6 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელთაგან ერთერთს ხელში სპილენძის სასწორი უნდა ჰქონოდა.
აღიარებული იყო აგრეთვე ქონების მემკვიდრეობით ან ანდერძით გადაცემის სრული უფლება, თუ რომაელი მოქალაქე ისე მოკვდებოდა, რომ ანდერძს არ დატოვებდა მის ქონებას ეპატრონებოდნენ მისი მემკვიდრეები, მაგრამ თუ მემკვიდრეები არ არსებობდნენ მიცვალებულის ქონება მახლობელი აგნატების ხელში გადადიოდა.
აღსანიშნავია, რომ კანონებში მოხსენიებული არ არის მიწის საერთო სახელმწიფოებრივი საკუთრება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ეს კანონმდებლობა არ შეეხებოდა. კანონები ეხებოდა აგრეთვე ოჯახის წევრთა ურთიერთობას. ოჯახის მამა შეუზღუდავი უფლებით იყო აღჭურვილი, მას შეეძლო მონებად გაეყიდა თავისი შვილები, ვაჟის მონად გაყიდვა მას სამჯერ შეეძლო, ხოლო თუ ამის შემდეგაც გაინთავისუფლებდა თავს მონობისაგან მამა უკვე ყოველგვარ უფლებას კარგავდა. ქალიშვილს კი არავითარი უფლება არ ჰქონდა ოჯახში. ძალაში დარჩა აგრეთვე პატრიციებსა და პლებეებს შორის ქორწინების აკრძალვა.
12 დაფის კანონები აუცილებლად გულისხმობდა დამნაშავის სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებას, ისინი ასეთი სიტყვებით იწყებოდა „თუ სასამართლოში უხმობენ უნდა მივიდეს“. ამასთან ერთად სავალდებულოდ იყო მიჩნეული სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება და სიკვდილით ისჯებოდა ის მსაჯული თუ შუამავალი მის ქრთამის აღებაში იქნებოდა მხილებული.
ასეთი იყო ზოგადად 12 დაფის კანონების შინაარსი, რამდენადაც შეგვიძლია მისი გათვალისწინება შემონახული ცნობებით. რა თქმა უნდა ასეთი კოდიფიკაცია პლებეებს ვერ დააკმაყოფილებდა და ამიტომ მათი ბრძოლა უფლებებისათვის კვლავ მწვავედ მიმდინარეობდა.
ისტორიული ტრადიციის თანახმად 449 წელს პრეტორებმა ლუციუს ვალერიუსმა და მარკუს ჰორაციუსმა გაატარეს სამი კანონი:
პირველი საერთო სავალდებულო კანონით ძალა მიენიჭა იმ დადგენილებებს რომლებიც პლებეებს გამოჰქონდათ თავიანთ კრებებზე ტრიბების მიხედვით, ამ დადგენილებებს პლებისციტები ეწოდებოდათ. ასეთმა წესმა აიძულა პატრიციები მიემართათ მიეღოთ მონაწილეობა ტრიბების კრებებში და ამრიგად წარმოიქმნა სახალხო კრების ახალი უფრო დემოკრატიული ფორმა ტრიბუტული კომიციები.
მეორე კანონით აღდგენილ იქნა დეცემვირატის დროს გაუქმებული სახალხო კრების მიერ მოქალაქეთა აპელაციის პროვოკაციის უფლება სიკვდილით დასჯისა თუ გაროზგვის განაჩენის შემთხვევაში.
მესამე კანონი მტკიცედ ადასტურებდა სახალხო ტრიბუნების ხელშეუხებლობას, სასტიკად ისჯებოდა ის პირი ვინც სახალხო ტრიბუნს შეურაცხყოფას მიაყენებდა, შემდეგ ამ ორ კანონს დაემატა სახალხო ტრიბუნის დუილიუსის მიერ გატარებული დადგენილება, რომელიც მკაცრი სასჯელით ემუქრებოდა იმათ ვინც პლებეებს უტრიბუნოდ დატოვებდა და მაგისტრატს აპელაციის უფლების გარეშე აირჩევდა.
445 წლის სახალხო ტრიბუნმა კანულეუსმა გაატარა კანონი, რითაც პატრიციებსა და პლებეებს შორის ქორწინების აკრძალვა გაუქმდა და პლებეებზე გავრცელდა ქორწინების უფლება, მანვე შეიტანა კანონპროექტი პლებეებისათვის უმაღლეს მაგისტრატად პრეტორად არჩევის უფლების მინიჭების შესახებ, ხოლო პატრიციებმა ამას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ბოლოს საქმე ერთგვარი კომპრომისით დამთავრდა.
444 წლიდან იწყეს არჩევა სამხედრო ტრიბუნებისა კონსულარული კოლეგიალური ხელისუფლებით, მათ კოლეგიებს სენატის დადგენილებით შეეძლო პრეტორები შეენაცვლებინა სამხედრო ტრიბუნის თანამდებობა კი პლებეებისათვის მისაწვდომი იყო.
ამ დათმობის ასანაზღაურებლად პატრიციებმა მოახერხეს, რომ 443 წ პრეტორის უფლებამოსილებიდან გამოეყოთ ცენზის გატარების ფუნქციები და გადაეცათ 2 ცენზორი სპეციალურად შექმნილი პატრიციული თანამდებობისათვის. მათი უფლებების თავდაპირველი მოცულობა გარკვეული არ არის, მაგრამ შემდგომ დროში ცენზურა სახელმწიფოს ერთ ფრიად მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენდა. ცენზორები ადგენდნენ მოქალაქეთა სიებს ქონების მიხედვით, განაგებდნენ სახელმწიფო ქონებას, ავსებდნენ სენატს და რიცხავდნენ მისი შემადგენლობიდან ზოგიერთ წევრს, თვალყურს ადევნებდნენ ხალხის ყოფა-ცხოვრებას და სხვა.
VIV ს-თა მიჯნაზე წოდებრივი ბრძოლა რომში შედარებით დაცხრა, დაძაბული სამხედრო ვითარების ზეგავლენით.
3. ლიცინიუსისა და სექსტიუსის კანონები.
რომში კვლავ მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა აგრარულ საკითხს. ვეის განადგურების შემდეგ მის ადგილას დაარსდა 4 სასოფლო ტრიბი, ხოლო 357 წელს ვოლსკების ტერიტორიაზე 2 სასოფლო ტრიბი.
რაც უფრო მეტად დიდდებოდა დაპყრობილი მიწების ფართობი მით უფრო ფართოვდებოდა მიწის საკუთრების კონცენტრაცია. მიწის მსხვილი მესაკუთრეები კი უმეტესად კვლავ პატრიციები იყვნენ.
მიწის საკუთრების კონცენტრაციას აუცილებლად თან სდევდა თავისუფალ მიწათმოქმედთა გაჩანაგება, დავალიანებისა და კაბალური მონობის ზრდა, ყოველივე ეს კი კვლავ აღრმავებდა ბრძოლას პატრიციებსა და პლებეებს შორის.
ტრადიციის თანახმად IV ს-ის I ნახევარში ორმა სახალხო ტრიბუნმა გაიუს ლიცინიუს სტოლონმა და ლიციუს სექსტიუს ლატენანუსმა სახალხო კრებაზე დასამტკიცებლად შეიტანეს 3 კანონპროექტი, რომელთა მიზანი იყო ყველა იმ საკითხის გადაჭრა რის გარშემოც მიმდინარეობდა საზოგადოებრივი ბრძოლა, ეს საკითხები ზოგადად შეიცავდა როგორც აგრარული და სავალო ურთიერთობის ისე პოლიტიკური ხელისუფლების პრობლემებს.
ზემოდხსენებული ტრიბუნები 10 წელი იბრძოდნენ წარდგენილი კანონპროექტების განსახორციელებლად, პატრიციები მათ ყოველმხრივ უშლიდნენ ხელს ამიტომაც ისინი იძულებულნი იყვნენ კომიციების დადგენილებისადმი თავიანთი ვეტო გამოეყენებინათ და რამდენიმე წლის განმავლობაში მაგისტრატები არ აურჩევიათ. ბოლოს ეს წინააღმდეგობა დაძლეული იქნა და 366 წელს წარდგენილმა პროექტებმა კანონის ხასიათი მიიღო.
პირველი კანონით მოვალის მიერ გადახდილი პროცენტები მისი ძირითადი ვალის ანგარიშში ირიცხებოდა, ხოლო დარჩენილი თანხის გასტუმრება 3 წლის განმავლობაში შეიძლებოდა, ეს დავალიანებული ადამიანების მდგომარეობის მნიშვნელოვანი შემსუბუქება იყო, ხოლო აქვე უნდა დავუმატოთ, რომ 326 წელს ე.წ. პეტელიუსისა და პაპირიუსის კანონით მოვალე პასუხს აგებდა უკვე არა სხეულით არამედ ქონებით. დაკაბალებულებიც განთავისუფლდნენ და ვალებისათვის მონებად გაყიდვა სამუდამოდ აიკრძალა, ყოველივე ეს მოგვაგონებს სოლონის სეისათეიას.
მეორე კანონი გარკვეული ნორმით განსაზღვრავდა მიწის სახელმწიფო ფონდის ოკუპაციის უფლებას. არავის არ ჰქონდა უფლება დაეკავებინათ ამ ფონდიდან 500 იუგერზე 125 ჰექტარზე მეტი მიწა და დაეშვათ საძოვრად სათემო საბალახოებზე მსხვილი საქონელი 100 და წვრილი საქონელი 500 სულზე მეტი.
საყურადღებოა, რომ თვით ამ კანონის ერთერთ ავტორს ლიცინიუსს ოკუპაციის ნორმის დარღვევისათვის დიდი ჯარიმა გადაახდევინეს.
მესამე კანონით გაუქმდა სამხედრო ტრიბუნების თანამდებობა, ყოველწლიურად უნდა აერჩიათ 2 პრეტორი თანაბარი კონსულარული (კოლეგიალური) უფლებამოსილებით, ამიტომაც ასეთ პრეტორებს კონსულები ეწოდებოდათ.
1 კონსული პლებეებიდან უნდა ყოფილიყო არჩეული, მართლაც 364 წელს პლებეების წრიდან პირველი კონსული იყო ლიცინიუს სტოლონი (361 წელს მეორედ აირჩიეს). პატრიციები ზოგჯერ არღვევდნენ ამ წესს და ორივე კონსულს თავისი წრიდან ირჩევდნენ, მაგრამ ეს წესი საბოლოოდ მაინც დამტკიცდა და 1 კონსული აუცილებლად პლებეი იყო. სამოსამართლო ფუნქციები ჩამოერთვათ კონსულებს და გადაეცა ყოფილ უმცროს პრეტორს რომლებსაც პატრიციებიდან ირჩევდნენ და რომელმაც თავისი სახელწოდება შეინარჩუნა.
ლიცინიუსისა და სექსტიუსის კანონმდებლობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მხრივ მან დააკმაყოფილა პლებეების შეძლებული წრეები იმით, რომ მათთვისაც მისაწვდომი გახდა სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობა, მეორე მხრივ ვალების ნაწილობრივი კასაციით მდგომარეობა შეუმსუბუქა პლებეების ღარიბ ნაწილს და ამით თავიდან ააცილა დამონება ვალის არაგადამხდელ პლებეებს.
ის პატრიციები, რომელთაც სძულდათ ლიცინიუსი თავისი კანონებისა და მოღვაწეობის გამო, დაუპირისპირდნენ მას და დაადანაშაულეს თავისივე კანონის (აგრარული კანონი, რომლის მიხედვითაც, 500 იუგერზე მეტი მიწის ფლობა აკრძალული იყო. ლიცინიუსის მიწა 1000 იუგერს შეადგენდა) დარღვევაში, რის გამოც ძვ. წ 357 წ-ს მას ფულადი ჯარიმა დააკისრეს.
4. აპიუს კლავდიუსის ცენზურა, ჰორტენზიუსის კანონი, პატრიციებსა და პლებეებს შორის ბრძოლის დასრულება, ნობილიტეტი.
რომის შემდგომი საზოგადოებრივი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 312 წ ცენზორად არჩეულ აპიუს კლავდიუსის მოღვაწეობას.
ჩვენ ვიცით, რომ ცენზორებს თავდაპირველად მხოლოდ პატრიციებიდან ირჩევდნენ წელიწადნახევრის ვადით და ეს წესი 351 წლიდან შეიცვალა, როცა ცენზორად არჩევის უფლება პლებეებსაც მიენიჭათ მათი ფუნქცია შეიცავდა ცენზის გატარებას და მოქალაქეების აღრიცხვას. მათ დანაწილებას ცენტურიებსა და ტრიბებში, სენატორების სიების შედგენას და ზნე-ჩვეულების სიწმინდის მეთვალყურეობას.
აპიუს კლავდიუსი კლავდიუსების პატრიციულ გვარს ეკუთვნოდა, ის დეცემვირატის წევრის აპიუს კლავდიუსის შვილიშვილის შვილი იყო, მაგრამ თავის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში პლებსის სავაჭრო-ხელოსნურ წრეებს ემყარებოდა. მან პირველმა გადასინჯა სენატორების სია და პატრიციელი არისტოკრატების საწინააღმდეგოდ მასში ლიბერტინების (გააზატებულების) ზოგიერთი შვილი შეიყვანა, ამით მან პატრიციების მხრივ მკაცრი ოპოზიცია გამოიწვია. მისმა კოლეგამ თავის თანამდებობაზე უარი განაცხადა, ხოლო მეორე წელს არჩეულმა კონსულებმა არ სცნეს სენატის ახალი შემადგენლობა და ის ძველი სიით მოიწვიეს, მაგრამ კლავდიუსი ურყევად განაგრძობდა ცენზორის მოვალეობის შესრულებას, ვიდრე 308 წელს კონსულად არ იქნა არჩეული.
მან გაატარა კიდევ უფრო რადიკალური ღონისძიება, მოქალაქეებს, რომელთაც მიწის საკუთრება არ გააჩნდათ ნება დართო მიწერილიყვნენ არა მარტო ქალაქის როგორც ამას წინათ ჰქონდა ადგილი, არამედ სოფლის ტრიბებისადმი, ამით ქალაქის სავაჭრო-ხელოსნურ წრეებს საშუალება მიეცათ გავლენა მოეხდინათ კომიციებში ხმის მიცემაზე და უფრო შეთანხმებულად დაეცვათ თავიანთი ინტერესები, მაგრამ კლავდიუსის მიერ შემოღებული წესი მხოლოდ 304 წლამდე მოქმედებდა და ახლადარჩეულმა ცენზორებმა ეს წრეები კვლავ ქალაქის ოთხ ტრიბში გადაიყვანეს.
აპიუს კლავდიუსის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე 2 დიდი ნაგებობა, 312 წ გაიყვანეს მოკირწყლული გზა რომიდან კაპუამდე, შემდგომში ტარენტუმსა და ბრუნდიზიუმამდე გაგრძელებული, ეს გზა აპიუსის გზის სახელით იყო ცნობილი და მას დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.
ბრმად წოდებულის აპიუს კლავდიუსის განკარგულებითვე აიგო პირველი წყალსადენი, რომელიც საბინური მთებიდან გემრიელ სასმელ წყალს აწვდიდა რომს. მასვე მიაწერენ ლათინური ანბანის სრულყოფას, ჰერკულესის კულტის ზოგადრომაულად გარდაქმნას და სამართლისმცოდნეობის ფუძემდებლობას.
ამრიგად IV საუკუნეში პლებეებმა ყველა თანამდებობის დაკავების უფლება მოიპოვეს, სამას წელს კი სახალხო ტრიბუნების ძმების ოღულნიუსების მიერ გატარებული კანონით პლებეები დაშვებულ იქნენ აგრეთვე პონტიფიკებისა და ავგურების კოლეგიაში.
ტრადიციის თანახმად პლებეების ბრძოლის უკანასკნელ ეტაპს 287 წლის ამბავი წარმოადგენს, რომში დაწყებულა ხალხის მღელვარება, შეიარაღებულ ამბოხებულთ ტიბრის მარჯვენა ნაპირას იანკულის გორაკი დაუკავებიათ. ამბოხების ერთი მთავარი მიზეზი ის იყო რომ სენატი დაჟინებით ცდილობდა პლებისცისტებს საერთო სავალდებულო ხასიათი არ მინიჭებოდათ, პლებეების მიერ დიქტატორად არჩეულ ქვინტუს ჰორტენზიუსს გაუტარებია კანონი, რომელიც იმეორებდა ძველ კანონებს პლებისცისტის შესახებ და რომლის თანახმად პლებსის დადგენილებებს ტრიბების მიხედვით პლებისცისტებს კანონის ძალა ენიჭებოდათ და აღარ საჭიროებდნენ სენატის შემდგომ მოწონებას.
287 წლის ამბები პატრიციებსა და პლებეებს შორის მიჩნეულია იმ ბრძოლის დამთავრებად, რომლის შედეგებმა რომის სახელმწიფოს სოციალურ სტრუქტურაში დადებითი ცვლილებები შეიტანა.
ამ ბრძოლის პროცესში პატრიციების ძველი გვარის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოწყდა და მეორე მხრივ პლებეების წარჩინებული წრის რიცხვი გაიზარდა. ხდება პატრიციულ-პლებეური ზედაფენების ერთიან პრივილეგირებულ წოდებად ნობილიტეტად გარდაქმნა.
პლებეების ცნება ძველი სოციალური მნიშვნელობით ადგილს უთმობს ისეთ ახალ გაგებას, რომლის მიხედვით პლებსი საერთო ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ქვედა ფენებად წარმოიდგინება.
საგარეო პოლიტიკა ძვ.. VIV საუკუნეებში
ეტრუსკების ბატონობისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაში რომი საგრძნობლად დასუსტდა და ლაციუმის ქალქების უმეტესმა ნაწილმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.
განახლდა ლათინების 8 ქალაქის  ტუსკულუმის, არიციას, არდეას, ლავუმიუმის, ლაურენტუმის, კორეას, პომეციუმისა და ტიბურიუმის ფედერაცია. მას ტუსკულუმი მეთაურობდა, მაგრამ მისი სარწმუნოებრივი ცენტრი დიანას საკურთხეველი იყო არიციაში, ამიტომ ის არიციის ფედერაციის სახელითაა ცნობილი.
ამ ფედერაციასთან მოუხდა ბრძოლა რომს. ტრადიციის მიხედვით რეგილუსის ტბასთან 494 წელს რომაელებმა ლათინები დაამარცხეს, მაგრამ ორივე მხარე იძულებული იყო 493 წელს ურთიერთშორის სამოკავშირეო ხელშეკრულება დაედოთ.
ტრადიცია მის ინიციატორად კონსულ სპურიუს კასიუსს გვისახელებს. ამ ხელშეკრულების ტექსტიდან რომელიც დიონისე ჰალიკარნასელმა შემოგვინახა ჩანს, რომ რომი თანასწორუფლებიან და არა გაბატონებულ მხარედ იყო მიჩნეული და შესაძლოა ლათინთა ფედერაციაში შევიდა.
486 წელს კავშირს შეუერთდნენ ჰერნიკები, რომლებიც ვოლსკებსა და ექვებს შორის მდ. ტრევორის ხეობაში ბინადრობდნენ, მაგრამ საქმეს ართულებდნენ რომაელებისა და ლათინების საერთო მტრები ექვები და ვოლსკები.
ლათინებსა და რომაელებს შორის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ვოლსკებმა დაიკავეს უკვე ლათინთა ფედერაციაში შემავალი კორა და პომეციუმი. რომაულ წყაროებში დაწვრილებით არის მოთხრობილი ექვებსა და ვოლსკებთან ბრძოლა. ვოლსკების თავდასხმამ რომამდეც კი მიაღწია. ვოლსკებისა და ექვების წინააღმდეგ ბრძოლების პარალელურად მიმდინარეობდა პერიოდულად ხანგრძლივი ომი რომის მთავარ მოწინააღმდეგე ეტრუსკულ ქალაქ ვეისთან, რომელიც რომიდან ჩრდილოეთით 18 კმ- დაშორებით მდებარეობდა და მის მოკავშირე ფიდენესთან. პირველი 2 ომის გარშემო მრავალი ლეგენდა არსებობს, რომელთა ისტორიული საფუძვლის დადგენა ფრიად ძნელი საქმეა.
შედარებით უფრო სარწმუნო მოჩანს მესამე ომის (406396 წლები) მსვლელობა და შედეგები კონსულ მარკუს კამილუსის მეთაურობით. რომაელებმა მოახერხეს ვეის აღება, ქალაქი გაანადგურეს, მცხოვრებლები მონებად აქციეს და რომის ტერიტორიას ვეის მხარე შემოუერთეს.
ამრიგად რომაელები მტკიცედ დამკვიდრდნენ ტიბრის მარჯვენა ნაპირას და თითქმის ორჯერ გაადიდეს თავიანთი ტერიტორია. სწორედ იმ დროს როცა რომი მსხვილი სახელმწიფო გახდა და მის წინააღმდეგ შექმნილი არასასიკეთო ვითარება მის სასარგებლოდ შეიცვალა, მას თავს დაატყდა ისეთი საშინელი ქარიშხალი გალების შემოსევის სახით რომელმაც ის კინაღამ აღგავა დედამიწის პირიდან.
ძვ. . V -ის ბოლოს გალებმა (კელტებმა) გადმოლახეს ალპები და მდ პადუსის ხეობაში დასახლდნენ. IV -ის დამდეგს გალების ერთმა ტომმა ბრენის წინამძღოლობით გადმოლახა აპენინის მთები და ეტრურიას შეესია.
გალების თავდასხმას ძველადვე მიუპყრია მწერლების ფართო ყურადღება. მოკლე ცნობა ამის შესახებ შემოგვინახა ძვ. . II საუკუნის ბერძენმა ისტორიკოსმა პოლიბიოსმა და უფრო ვრცლად კი დიოდორე სიცილიელმა, რომლის თხრობაში მოჩანს პოეტური გადამუშავების კვალი.
ტრადიციის III საფეხური შემონახულია ლივიუსის ისტორიაში. პლუტარქეს მიერ შედგენილი ომის მთავარი გმირის მარკუს ფურიუს კამილის ბიოგრაფიაში და დიონისეს, აპიანესა (ახ. . II ) და დიონ კასიუსის (155235 ) ექსცერტებში.
გალებმა ალყა შემოარტყეს კლუზიუმს და არბევდნენ ქალაქის გარშემო მდებარე მიწებს. კლუზიუმის ხელისუფლებმა დახმარებისათვის რომს მიმართეს. ტრადიციის თანახმად რომაელებმა წარგზავნეს მოციქულები წარჩინებული გვარის ფაბიუსების წევრები და დაავალეს მათ მოეთხოვათ გალებისაგან, რომ ნუ ესხმიან თავს ხალხს, რომელთაც მათთვის არა დაუშავებიათ რა, მაგრამ მოციქულებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
მეორე დღეს კლუზიუმელებსა და გალებს შორის შეტაკება მოხდა. რომაელმა მოციქულებმა დაარღვიეს ომის ადათი და ბრძოლაში მონაწილეობა მიიღეს. ერთმა მოციქულთაგანმა გალების ერთერთი წინამძღოლთაგანიც კი მოკლა. გალებმა ომი შეწყვიტეს და რომაელებს დამნაშავე პირის გაცემა მოსთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს, მაშინ გალებმა რომზე გაილაშქრეს.
ძვ. . 390 წლის ზაფხულში გალებმა რომიდან რამდენიმე კმ- დაშორებით ტიბრის შენაკად ალიასთან გაანადგურეს რომაელების ჯარი, გალები ქალაქში შეიჭრნენ, დაიწყო ქალაქის საერთო რბევა და განადგურება. გაძარცვის შემდეგ გალებმა რომი დაწვეს. ამის შემდეგ ისინი შეეცადნენ კაპიტოლიუმის იერიშით აღებას, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ მას ალყა შემოარტყეს და ამ გზით ცდილობდნენ მის დაკავებას. კაპიტოლიუმის გარემოცვა გაგრძელდა, ეს მძიმე იყო კაპიტოლიუმზე გამაგრებული რომაელი მეომრებისათვის, მაგრამ არც გალების მდგომარეობა იყო სახარბიელო. ამასთან გალებმა ცნობა მიიღეს, რომ მათ ქვეყანას ვენეტები შეესივნენ. ასეთი ვითარების გამო გალები დათანხმდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ, სამაგიეროდ რომაელებისაგან ოქროთი ათას გირვანქას მიიღებდნენ. ლეგენდა გვიამბობს, რომ როცა ოქროს წონიდნენ რომაელებმა შენიშნეს, რომ გალების სასწორი ტყუოდა, მაშინ გალების მეთაურმა ბრენმა სასწორზე თავისი მახვილი დადო და წამოიძახავაი დამარცხებულთ“. ამ დროს გამოჩნდა ვეიში თავმოყრილი გაწვრთნილი რომაული ჯარი დიქტატორ მარკუს კამილუსის მეთაურობით, მოხდა ბრძოლა რომელშიც გალები დამარცხდნენ და გაძევებულ იქნენ რომიდან.
მთელი მოთხრობა გალების შემოსევის შესახებ მდიდრად არის ლეგენდებით შემკული. მათში ნამდვილ ამბად უნდა მივიჩნიოთ ბრძოლა ალიასთან, გალების მიერ კაპიტოლიუმის ხანგრძლივი გარემოცვა და მათი წასვლა მდიდარი გამოსასყიდის მიღების შემდეგ.
გალების შემოსევის კატასტროფულმა ხასიათმა დიდი გავლენა იქონია რომის საერთო მდგომარეობაზე, მისი დასუსტებით გათამამებული მეზობლები ყოველი მხრიდან უტევდნენ მას. რომს ებრძვიან ექვები, ვოლსკები, ეტრუსკები, მათ განუდგნენ ლატინთა მოკავშირეები და ჰერნიკები. ლათინთა ზოგიერთი ქალაქი რომლის ჯარი ნაწილობრივ მოქირავნეთაგან შედგებოდა ვოლსკებს უწევს დახმარებას და თავს ესხმის რომის ტერიტორიას, მაგრამ რომმა შეძლო გამკლავებოდა მოპირდაპირეებს და თავისი მდგომარეობა ისევ განემტკიცებინა.
360 . გალებმა კვლავ სცადეს შემოსევა. ამ ახალმა საფრთხემ ხელი შეუწყო ლათინთა კავშირის განახლებას და განმტკიცებას და გალები უკუაქციეს. 348 წელს გალებმა გაიმეორეს თავიანთი ცდები, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.
334 წელს ისინი იძულებულნი გახდნენ რომაელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაედოთ, რითაც მათსა და რომაელებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა და კეთილმეზობლური დამოკიდებულება უნდა დამყარებულიყო.
348 . რომაელებს სავაჭრო ხელშეკრულება დაუდიათ კართაგენთან. თუ ამ ცნობას სარწმუნოდ მივიჩნევთ უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ დროს რომაელებისა და ლათინების ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაფართოებულა. მდიდარი ტყეები, განსაკუთრებით ცირცეასთან ლათინებს გემთმშენებლობის საუკეთესო მასალას აწვდიდა და ლათინთა სანაპირო ქალაქებს შეეძლოთ გაცხოველებულ მეზღვაურობას შესდგომოდნენ.
კართაგენთან ხელშეკრულების დადებამდე 354 წელს რომაელებს კავშირი შეუკრავთ სამნიტებთან. სავარაუდოა, რომ ეს კავშირი პირველ რიგში გალების წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს კავშირი სხვა მხრივაც უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. საქმე იმაშია, რომ სამნიტების ტომთა გაერთიანება მაშინ უძლიერეს ტომს წარმოადგენდა სამხ. იტალიაში, საკმაოდ დიდ ტერიტორიას ფლობდა და მათი მეომრებიც სიმამაცით გამოირჩეოდნენ. ამ ორ ძლიერ ხალხს შორის დადებული კავშირი საფუძველი გახდა მეზობლების მიმართ მათი გადამწყვეტი უპირატესობისა. ამ დროს რომაელებმა ვოლსკები მთლიანად დაიმორჩილეს.
სამნიტებმა მოინდომეს კამპანიის ტომთა ზღვის სანაპირო ადგილების ხელში ჩაგდება და 343 წელს თავს დაესხნენ დაუცველ სიდიცინებს, რომლებმაც დახმარება კაპუელებს სთხოვეს. ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ სამნიტებთან ომის ძალა, რაც სამნიტებთან ორ წაგებულ ბრძოლაში გამოვლინდა. ამ მიზეზებით კაპუელებმა რომის სენატში ელჩები გაგზავნეს, აღუქვეს რომაელებს სრული მორჩილება დახმარების სანაცვლოდ და თხოვეს მოკავშირეთა რიცხვში მიღება. რომაელებს მოეწონათ ეს წინადადება, ვინაიდან კამპანიის მიწები ძალიან მოსავლიანი იყო და კაპუისა და კამპანიის მცხოვრებნი რომაელთა მოკავშირეთ გამოაცხადეს.
სამნიტები ამ დროს რომის მოკავშირეები იყვნენ, ამიტომ რომაელებს იმედი ჰქონდათ რომ საკითხი დიპლომატიური მოლაპარაკებებით გადაიჭრებოდა. ამ მიზნით მათ სამნიტებთან ელჩები გააგზავნეს და მოითხოვეს კამპანიისთვს თავი დაენებებინათ. მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულდა. სამნიტებმა უარი განაცხადეს ომის შეწყვეტაზე. ასეთი პასუხის მიღების შემდეგ რომაელმა ხალხმა სამნიტებს ომი გამოუცხადა. ასე დაიწყო I სამნიტური ომი (343–341), რომელშიც გამარჯვება რომაელებმა მოიპოვეს. ძვ. წ. 341 წელს სამნიტებმა ელჩები გააგზავნეს რომის სენატში ზავის დასადებად. რომის სენატი დათანხვდა და ომი ამით დასრულდა. სამნიტებმა გადაუხადეს რომაელ ჯარისკაცებს ერთი წლის ხელფასი და სამი თვის სანოვაგე მისცეს.
რომაელების და სამნიტების ომი ახალი დასრულებული იყო, როდესაც ლათინების, სიდიციენელების და კამპანიელების ჯარები შეიჭრნენ სამნიტების მიწებზე. სამნიტებმა რომში გაუშვეს ელჩობა და აღდგენილი მეგობრული ხელშეკრულების თანახმად სთხოვეს დახმარება. კამპანიელებმა რომის მოთხოვნის შედეგად ნებაყოფლობით შეწყვიტეს საომარი მოქმედებები, ხოლო ლათინები რომაელებს ფაქტობრივად აღარ ემორჩილებოდნენ. რომაელები ხედავდნენ რომ შექმნილი სიტუაცია ლათინებთან ღია დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამიტომ რომაელებმა სენატში ლათინთა მეთაურები მოიწვიეს მოსალაპარაკებლად. ლათინთა ქალაქთა ფედერაცამ მოითხოვა სრული თანასწოუფლებანობა რომთან. პირვე რიგში ერთ-ერთი კონსული მათიანი ყოფილიყო არჩეული. ლათინურ ქალაქებს მიემხრნენ კაპუელები, ავრუნკებისა და ვოლსკებს ტომები. რომის კონსულმა ტიტუს მანლიუსმა ლათინთა მოთხოვნები დამამცირებლად მიიჩნია და დაუყონებლივ ომი გამოუცხადა ლათინებს (340 წ.).
რომაული და ლათინური ლეგიონები კაპუასთან დაბანაკდნენ. აქ რომის ორივე კონსულმა ერთიდაიგივე სიზმარი ნახეს, რომ ერთ-ერთი მათგანი მსხვერპლად უნდა შეეწიროს ქვესკნელის ღმერთებს. კონსულებმა მოითათბირეს რომ მსხვერპლად ის შეეწირებოდა რომლის ჯარიც პირველი დაიწყებდა დახევას. ბრძოლა ვეზუვის მთასთან შედგა, პირველმა პუბლიუს დეციუს მუსის ჯარებმა დაიხია. მან მოუწოდა ქურუმს შეესრულებინა ლოცვა, რომლის შემდეგად იგი ღმერთებისთვის მსხვერპლად შეწირული იქნებოდა. ამის შემდეგ იგი გაემართა სადაც ყველაზე გაცხარებული ბრძოლა იყო და თავდაუზოგავად იბრძოლა სადან გმირულად არ დაიღუპა. ამის შემდეგ ბრძოლაში მართლაც მოხდა გარდატეხა და რომაელებმა სძლიეს ლათინებს.
დამარცხებული ლათინები ქალაქ ვესციუმში შეიკრიბნენ. მათ მალევე შეკრიბეს ლათინებისგან და ვოლსკებისგან დაკომპლექტებული ჯარი. ამ ჯარს რომაელები შეებრძოლნენ ტრიფანუმთან, სადაც რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს ლათინებიც და კამპანიელებიც, რის შემდეგაც დაიკავეს მათი მიწები. 338 წელს რომმა დაშალა მათი კავშირი და ქალაქები დაიქვემდებარა, თუმცა ზოგი მათგანი მეტი დამოუკიდებლობით სარგებლობდა და ფორმალურად მოკავშირის სტატუსი ჰქონდა, ზოგი კი რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. უკანასკნელთ რომის მოქალაქეობა მიეცათ, თუმცა ხმის მიცემის, ანუ პოლიტიკურ უფლებებს მოკლებულნი იყვნენ.
რომი აღიარებულ იქნა ლაციუმის მთავარ ქალაქად. ლაციუმს და კაპუას მიწების ნაწილი ჩამოაჭრეს და რომაელ პლებს გაუნაწილეს. რომაელებმა ამ ომის შედეგად საბოლოოდ დაიმორჩილეს ლათინები და კამპანიელები. ამრიგად რომი ცენტრალურ იტალიაში რომი უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა.
გალებთან განცდილმა მარცხმა და შემდეგ გაზრდილმა პოლიტიკურმა ამბიციებმა აიძულა რომაელები განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ სამხედრო საქმისათვის. პირველ რიგში საჭირო იყო თავდაცვითი სისტემის გაუმჯობესება და რომს შემოავლეს მაგარი კედლები, რომელთა ნაშთებმა ჩვენს დრომდე მოაღწია. ამას გარდა ალიასთან დამარცხებამ რომაელი მეომრების შეიარაღებისა და ტაქტიკის სისუსტე გამოამჟღავნა, ამიტომ რომაელებმა დიდი ყურადღება მიაქციეს ჯარის ორგანიზაციას. რომაელების ჯარი სახალხო ლაშქარს წარმოადგენდა, მასში იწვევდნენ მოქალაქეებს, რომელთაც 17 წელი შეუსრულდათ. ყველა რომაელი რასაკვირველია მონების გამოკლებით ვალდებული იყო სამხედრო მოვალეობა შეესრულებინა.
სამხედრო ბეგარის თავიდან აცილება სასტიკად ისჯებოდა. რესპუბლიკის ადრინდელ პერიოდში მეომრებს იწვევდნენ ჯარში სენატისა და კონსულების განკარგულებით მხოლოდ ომის საფრთხის შემთხვევაში, ხოლო როცა საფრთხე გაივლიდა ისინი თავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ. ეს მდგომარეობა შეიცვალა IV საუკუნეში, როცა ომი უკვე თითქმის მუდმივად მძვინვარებდა და ჯარიც მუდმივად მზად ჰყავდათ. ამას გარდა თუ წინათ ყოველ მეომარს თვითონ უნდა ეზრუნა შეიარაღებასა და თავის გამოკვებაზე V -ის ბოლოს გატარდა რეფორმა, რომელსაც მარკუს კამილუსს მიაწერენ და რომლის თანახმად მეომრებს ეძლეოდათ ხელფასი, სახაზინო საჭურველი და სურსათი. მოხდა ცვლილება რომაელების ჯარის დაწყობაშიც. რომაელი ჯარი ლეგიონებად იყოფოდა, ხოლო ლეგიონები ოცდაათ ტაქტიკურ ერთეულად მანიპულებად და მანიპულები ოც ცენტურიად. ლეგიონები ეწყობოდა უკვე მეომართა ასაკისა და გამოცდილების მიხედვით სამ საბრძოლო ხაზად. პირველ ხაზზე იდგნენ ახალგაზრდა მეომრები  ჰასტატები, მეორეზე უფრო გამოცდილი მეომრები  პრინციპები და მესამეზე ვეტერანები  ტრიარები. ჯარის მთავარსარდლად ითვლებოდნენ კონსულები ხოლო მათ თანაშემწეებად ლეგატები და ლეგიონების მეთაურები სამხედრო ტრიბუნები.
სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში უმაღლესი სარდლობა დიქტატორს გადაეცემოდა. დიქტატორებს ირჩევდნენ საგანგებო საომარ მდგომარეობაში 6 თვის ვადით, რომლის დროსაც იგი ერთპიროვნულად მართავდა სახელმწიფოს. რომაელების ჯარში მკაცრი დისციპლინა სუფევდა, წესრიგი და მორჩილება სავალდებულო იყო და მათი დამრღვევი სასტიკად ისჯებოდა. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე რაზმი ბრძოლის ველიდან გაიქცეოდა ტარდებოდა დეციმაცია, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ რაზმს დააწყობდნენ და ყოველ მეათეს სიკვდილით დასჯიდნენ.
ბრძოლის ველზე გამოჩენილი მამაცობისათვის მეომრები სხვადასხვა ჯილდოს იღებდნენ. განსაკუთრებით სანუკვარი იყო დაფნის გვირგვინის მიღება: სარდალს, რომელმაც ომში გამარჯვება მოიპოვა იმპერატორის ტიტულს ანიჭებდნენ და ტრიუმფს აწყობდნენ.
რომაელების ჯარში შემოღებული იყო შორსმსროლელი სატყორცნი აპარატები და საინჟინრო საქმეც მნიშვნელოვნად ვითარდებოდა.
ასეთი იყო ზოგადად რომაელების სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთ პირობად შეიქმნა მათი იშვიათი საომარი წარმატებისა და იტალიის ხალხებზე გამარჯვებისა.




2 комментария:

  1. გთხოვთ, ატვირთეთ მასალები რომის იმპერიის შესახებ. ძალიან კარგი ბლოგია, თქვენი ერთგული მკითხველი ვარ.

    ОтветитьУдалить
  2. რესპუბლიკა მაქვს მგონი სრულად დასრულებული თუ კარგად მახსოვს. შემდგომი მასალებიც მაქვს თუმცა როდის დავდებ არ ვიცი

    ОтветитьУдалить