пятница, 19 мая 2017 г.

„ძველი“ ანუ „ისტორიულ“ აფხაზთა (XVII საუკუნემდე) ეთნიკური ქართველობის მამტკიცებელ არგუმენტთა ჭეშმარიტებამცდარობის შესახებ (გ. როგავა)

აფხაზთა ეთნიკური ვინაობის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჯერ-ჯერობით, ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი ვერ არის. მკვლევართა ერთი ნაწილი, დაწყებული პ. ინგოროყვათი და დამთავრებული ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსით, ერთმანეთისაგან ანსხვავებენ „ძველ“ და „ახალ“ აფხაზებს და თვლიან, რომ „ძველი“ ანუ „ისტორიული აფხაზები“ (XVII საუკუნემდე) ეთნიკურად ქართველები იყვნენ, ხოლო XVII საუკუნიდან ხდება მათი ასიმილაცია ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული აფსუების მიერ და მათში გათქვეფა, „ახალი აფხაზების„ ჩამოყალიბება. პირველი არგუმენტი, რომლითაც პ. ინგოროყვა და მისი კონცეფციის წარმომადგენლები ამტკიცებენ „ძველ„ ანუ „ისტორიულ“ აფხაზთა ქართველობას, არის შემდეგი: „ძველი აფხაზები“ (XVII საუკუნემდე) იგივე ქართველები არიან და ისინი ერთ-ერთ ქართულ დიალექტზე მეტყველებდნენ... აფხაზების წინაპრები მესხი ტომები იყვნენ, მაგრამ რომელ დიალექტზე ლაპარაკობდა აფხაზეთის მესხთა ეს ტომი, საკუთრივ ქართულზე, თუ ადგილობრივ მეგრულ დიალექტზე, გაურკვეველი რჩება“, ან კიდევ: „აფხაზები და აფხაზეთში მოსახლე სხვა ტომები (აბსილები, მისიმიანები, სანიხები) _ ეს ისეთივე წმინდა ქართველი ტომები იყვნენ, ქართული წარმოშობისა, ქართულ დიალექტზე მოლაპარაკე, როგორც დასავლეთ საქართველოს დანარჩენი ტომები: ქართები, მეგრელები და სვანები“.1

გ. გასვიანის მტკიცებით „აფხაზში“ ეთნიკურად ქართველი უნდა ვიგულისხმოთ და არა აფსუა. „ძველი აფხაზები ანუ ქართული ტომი, თუ ქართველი ტომების შენაჯვარი“. ან კიდევ: „აფხაზთა სამეფო“ მთელი თავისი შემადგენლობით იმთავითვე ქართული და ქართველური იყო _ ეთნიკურად (ხაზგასმა ჩვენია _ გ.რ.), სულიერად, ტერიტორიულად, ენობრივად. მისივე მტკიცებით ძველი აფხაზები მეტყველებდნენ შუა საუკუნეების მეგრულ ან სვანურ დიალექტზე.1
ისმის კითხვა, თუ აფხაზები მესხები იყვნენ წარმოშობით, მაშინ რატომ უნდა ყოფილიყო მათი სამეტყველო ენა მეგრულის ან სვანურის დიალექტი? ეს ერთი და მეორეც _ არავინ არაფერი იცის აღნიშნული დიალექტების შესახებ, თუ რას წარმოადგენდნენ ისინი. აი, ასეთი დაუდგენელი დებულება მიჩნეულია აფხაზთა ქართველობის მამტკიცებელ ერთ-ერთ არგუმენტად, რაც სინამდვილეში ვარაუდს, ჰიპოთეზას წარმოადგენს და არა დასაბუთებულ, ჭეშმარიტ არგუმენტს.
ნამდვილად რა ვიცით ჩვენ აფხაზთა სამეტყველო ენის შესახებ? რასაკვირველია, რაიმე დოკუმენტური მასალა, უტყუარი წყარო მასზე დღემდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჯერ კიდევ ექვთიმე ათონელი სვანებზე აფხაზებზე, მეგრელებზე... XI ს. წერდა: „ამათ ყოველთა ნათესავთა არა თუ ყოველთა თვისი ენა აქუს, არამედ მრავალნი ერთითა ენითა ზრახვენ“.2 ე.ი. თითოეულ ამ ტომს საკუთარი ენა ჰქონდა და ამავე დროს ისინი საერთო (უნდა ვიგულისხმოთ _ ქართული) ენასაც ფლობდნენ. ექვთიმე ათონელის ეს ცნობა ჩვენი აზრით უტყუარია, რადგან მას კარგად უნდა ცოდნოდა თავისი თანამედროვე აფხაზების ვინაობა. XVIII ს. დიდი ქართველი ისტორიკოსის _ ვახუშტი ბაგრატიონის მტკიცებით, „აფხაზებს აქუსთ თვისი საკუთარი ენა“.3
არქანჯელო ლამბერტის ცნობით, რომელიც სამეგრელოში ცხოვრობდა 1633-1649 წლებში, კოდორს გაღმა მცხოვრებ აფხაზებს ჰქონდათ „თავიანთი განსხვავებული ენა“, ან კიდევ: „როგორც კი გადახვალ კოდორს ანუ კორაქსს, მის მეორე მხარეზე ლაპარაკობენ აფხაზურად“.1 იმავეს ამტკიცებენ ლამბერტის თანამედროვე მისიონერები _ ძამპი და ჟან-დე-ლუკა. ლუკა (1629წ.) აღნიშნავს, რომ „აფხაზებს აქვთ თავიანთი საკუთარი ენა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება მათი მეზობელი ხალხების ენისაგან“.2 ამავე აზრისაა XVIIს. ნიდერლანდელი სახელმწიფო მოღვაწე ნ. ვიტსენიც.3
ზემოთქმულიდან ცხადია, რომ „ძველ“ აფხაზებს ჰქონდათ თავიანთი საკუთარი სამეტყველო ენა _ მეზობელი ტომების, ხალხების სამეტყველო ენებისაგან განსხვავებული. რომელი იყო ეს ენა? რა ვუწოდოთ მას? რასაკვირველია _ აფხაზური ენა, ე.ი. XVII ს. დამდეგს, როცა ჯერ კიდევ ჩრდილოეთიდან აფხაზეთში აფსუები არ არიან ჩამოსულნი, „ძველი“ აფხაზები ლაპარაკობენ აფხაზურ ენაზე. როდის უნდა წარმოშობილიყო ეს ენა? რასაკვირველია, არა XVII ს. დამდეგს, არამედ აფხაზების წარმოშობასთან ერთად, ე.ი. ის იყო აფხაზთა უძველესი მშობლიური ენა.
ისმის კითხვა, ხომ არ შეიცვალა XVII საუკუნეში აფსუების „ჩამოწოლასთან“ დაკავშირებით აფხაზური ენა სხვა რომელიმე ენით? ჩვენი აზრით, ეს გამორიცხულია. ჯერ ერთი. ხალხის ერთი ენის შეცვლას მეორე ენით საუკუნეეები სჭირდება და ეს არ მოხდებოდა აფხაზეთის პირობებშიც ერთბაშად, ან რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში. მეორე, ჩამოსულები იყვნენ დამხვდურ მოსახლეობასთან შედარებით უმცირესობა. უმცირესობა კი ვერ მოახდენდა უმრავლესობის ასიმილირებას, მით უფრო, რომ ისინი არ ყოფილან დამპყრობლები (ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ აფხაზები ჩრდილოეთიდან ჩამოსულებს „სტუმრებს“ ანუ „ასას“-ს ეძახდნენ), ან კიდევ კულტურის მხრივ დამხვდურ მოსახლეობასთან შედარებით მაღალ დონეზე მყოფნი. და კიდევ, XVII-XVIII საუკუნეებში სამეგრელოში მოღვაწე მისიონერები და ვახუშტი ბატონიშვილი საერთოდ არ ახსენებენ აფსუებს, ისინი ხმარობენ მხოლოდ ტერმინ „აფხაზებს“. ჩვენი აზრით იმიტომ, რომ ჩამოსულები დამხვდურთა თანატომელები იყვნენ, რომლებსაც ენა საერთო ჰქონდათ, როგორც ამას აკად. ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს1. და ბოლოს, აფსუებს რომ აფხაზთა ასიმილირება მოეხდინათ, ეს აღუნიშნავი არ დარჩებოდა ვახუშტის, რომელიც არც თუ დიდად იყო დაშორებული აფსუათა ჩამოწოლის პერიოდს.
ამრიგად, ჩვენი აზრით, აფხაზებს ჰქონდათ და აქვთ თავიანთი საკუთარი, მშობლიური აფხაზური ენა, რომელსაც იმდენი ხნის ისტორია აქვს, რამდენიც აფხაზ ხალხს. ამიტომაც, სწორი არ უნდა იყოს იმის მტკიცება, რომ აფხაზები მეტყველებდნენ შუა საუკუნეების მეგრულის დიალექტზე და ამდენად წარმოადგენდნენ ქართველურ ტომს. არც იმის მტკიცებაა სწორი, რომ აფხაზური ენა საერთოდ არ არსებობს დედამიწაზე და არსებობს მხოლოდ აფსუური, რომელიც ჩერქეზულ-ადიღეურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.2 აფხაზური ენის სპეციალისტების მტკიცებით (ქ. ლომთათიძე,3 თ. გვანცელაძე4 და სხვ.) აფხაზური და აბაზინური (აფსუური) ერთი ენის დიალექტებია, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთიმეორეს.
მეორე არგუმენტი აფხაზების ქართველობის დასამტკიცებლად პ. ინგოროყვას კონცეფციის წარმომადგენლების მიხედვით ისაა, რომ აფხაზეთში არ არსებობს არც ერთი მატერიალური კულტურის ძეგლი, რომელზედაც იყოს რაიმე წარწერა აფხაზურ ენაზე, ყველა წარწერა ქართულია. აქედან მათი დასკვნა: გარდა ქართველებისა, იქ სხვა ხალხი XVII საუკუნემდე არ არსებობდა.1 აფხაზურ წარწერებიანი მატერიალური ძეგლები, ჩვენი აზრით, იმიტომ არ არსებობენ, რომ, ჯერ ერთი, აფხაზებს იმ დროს საკუთარი დამწერლობა არ ჰქონდათ. მეორე. ისინი კულტურულად ქართველები იყვნენ, ე.ი. მათთვის კულტურის ენა ქართული იყო და აფხაზური დამწერლობის შექმნის საჭიროება არც კი არსებობდა.
შემდეგი არგუმენტი, რომლითაც პ. ინგოროყვას მიმდევრები ცდილობენ „ძველ აფხაზთა“ ქართველობის დამტკიცებას, არის აფხაზეთის ტიპონომიკისა და ჰიდრონიმის მონაცემები. აქ უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ პ. ინგოროყვამ და მისმა თანამოაზრეებმა ცხადად დაასაბუთეს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ტოპონიმთა და ჰიდრონიმთა უდიდესი უმრავლესობა ქართული ან ქართველური წარმოშობისაა და XVII საუკუნემდე აფხაზეთში არ არსებობდა ადგილთა თუ მდინარეთა აფსუური სახელწოდებები, რაც, ვითომდა, იმაზე მეტყველებს, რომ იქ მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ.
რა შეიძლება ითქვას ამ არგუმენტის შესახებ? ნამდვილად სწორია მტკიცება, რომ აფხაზეთში გეოგრაფიული პუნქტებისა და მდინარეების უმრავლესობის სახელწოდებები ქართულია, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს არ შეიძლება იყოს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ უარვყოთ იქ აფხაზების ყოფნა. ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ისინი (აფსილები და აბაზგები) I-II საუკუნიდან მაინც ცხოვრობენ დღევანდელ ოჩამჩირისა და გუდაუთის რაიონებში. მიუხედავად ამისა, ზღვისპირა ქალაქებსა და დაბებს ქართული წარმოშობის სახელები ჰქონდათ: ძველი ლაზიკა, გაგრა, ბიჭვინთა, გუდაუთა, ლიხნი, ცხუმი, ტყუბუნი, ოჩამჩირე. ეს იმით აიხსნება, რომ თავდაპირველი მოსახლეობა აქ იყო ქართული (მეგრული და სვანური).1 უმრავლესობის მიერ დარქმეულ ტოპონიმებს ჩამოსული უმცირესობა – მთიელი აფხაზები ანუ აფსუები _ სახელს ვერ შეუცვლიდნენ, მით უფრო ამ სახელებით იცნობდნენ ამ ადგილებს სხვა ხალხებიც, კერძოდ ბერძნები და რომაელები. აფხაზებს ძირითადად, როგორც მთიან ადგილებიდან ჩამოსულებს, მთის კალთების სოფლებში უნდა ეცხოვრათ. ბუნებრივია, რომ აფხაზები მათ საკუთარ სახელებს დაარქმევდნენ, მაგრამ ეს სახელწოდებანი ისტორიამ, სამწუხაროდ, ვერ შემოგვინახა. დაუდგენელია, თუ როდის წარმოიშვა აფხაზური სოფლების დღევანდელი სახელწოდებები. თუ ვიტყვით, რომ ისინი წარმოიშვნენ XVII-XVIII საუკუნეებში, ამის დასაბუთება ძალიან გაჭირდება, ხოლო დაუსაბუთებელი განცხადება ჭეშმარიტებას ვერ მოგვცემს.
აფხაზები (აფსილები და აბაზგები) საქართველოში მოსულ ხალხად მიგვაჩნია შემდეგი გარემოებების გამო:
1. ისინი I-II საუკუნეებამდე დასავლეთ საქართველოში მოსახლე ტომთა შორის არ მოიხსენებიან;
2. აფხაზები ზღვისპირა ტერიტორიაზე არ ცხოვრობდნენ, ვერ იტანდნენ ნოტიო ჰაერსა და ნესტიან ადგილებს;
3. აფხაზებს უძველესი დროიდან აფხაზეთში რომ ეცხოვრათ, მათ ბერძნების სახელწოდება „აბერზენ“ ქართველებისაგან არ უნდა აეღოთ;
4. აფხაზებს უკანასკნელ დრომდე არ ჰქონდათ (ამჟამადაც იშვიათად) ქალაქებსა და დაბებში თავიანთი სასაფლაოები;
5. აფხაზების სიმპათიები და ორიენტაცია მთიელი კავკასიელების მიმართ, მათი ისტორიული მახსოვრობის _ საკუთარი მთიელობის _ გამოვლენა უნდა იყოს;
6. აფხაზთა მთიდან ჩამოსულობის იდეა, წითელი ზოლივით გასდევს მათ ფოლკლორს.
რაც შეეხება ჰიდრონიმებს, აქ საკითხი უფრო რთულადაა. მდინარეთა სახელწოდებები: ფსოუ, ძიმთა, აბასკოი-ბზიფ-ბზიჩ, ხიფსთა, აფსთა, გუმისთა ძნელი სათქმელია როდის დაერქვათ ამ მდინარეებს. ეს სახელწოდებები რომ არაქართულია, საეჭვო არ უნდა იყოს, გარდა ბზიფისა, რომელსაც მის გვერდით მცხოვრები საძები „ბზიჩს“ უწოდებდნენ, რაც უბიხურ ენაზე ნიშნავს ცივ მდინარეს, ხოლო ქართველები მის სახელს ბზას უკავშირებენ.
როგორც ვხედავთ, აფხაზეთში არსებული ტოპონიმები და ჰიდრონიმები ჯერ კიდევ არ იძლევიან ერთმნიშვნელოვან საფუძველს იმისათვის, რომ გავაკეთოთ კატეგორიული დასკვნა: XVII საუკუნემდე აფხაზეთში არ არსებობდა არც ერთი აფხაზური (აფსუური) ტოპონომი და ჰიდრონიმი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ XVI საუკუნის (1525) დოკუმენტში აღნიშნულია ბიჭვინთაში არსებული სამი ტოპონიმი, რომელიც უთუოდ აფხაზური წარმოშობის ჩანს: აითარნე, არუხა, რაბიწა. მათი ქართული წარმოშობის მამტკიცებელი დებულებები, არადამაჯერებელია. ეს ტოპონიმები, ალბათ, უფრო ადრეც, XV საუკუნისთვის მაინც არსებობდა. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადრინდელი პერიოდის წყაროები აფხაზეთში არსებული ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების შესახებ საკმაოდ მწირია.
აფხაზური ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების ახსნა მსგავსი ფონეტიკური ჟღერადობის სიტყვებით, ჩვენ მართებულად არ მიგვაჩნია. მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს: მდ. აფსთას სახელს ხსნიან ქართული სიტყვით „აფუსტა“, რომელიც სვანური ტოპონომია, მაშინ, როდესაც იგი აფხაზური წარმოშობისაა და ნიშნავს ღმერთ „აფის“ მდინარეს. „ბზიფს“ ხსნიან „ბზით“ მაშინ, როცა ის შეიძლება აიხსნას აგრეთვე „ბზიჩი“-თ, „ოჩამჩირეს“ _ ტყიანი ჭაობით, აფხაზურად _ ბზის ტყით და ა.შ. ამიტომაც ყველა ტოპონიმისა და ჰიდრონიმის ქართულად ახსნა არადამაჯერებელია და ზერელობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
აფსუების არააფხაზობის დასამტკიცებლად იყენებენ ისეთ „არგუმენტებს“, როგორიცაა: აფსუებს, ამ ზღვისპირა მცხოვრებ ხალხს, თურმე, არა აქვს ზღვის სახელი და მას „ამორეს“ ან „აზღვას“ უწოდებენ. ეს დებულება ერთ-ერთმა აფხაზეთელმა ისტორიკოსმა ჩაწერა თავის წიგნში, ალბათ, აფხაზებზე ძალზე განაწყენებულმა, მაგრამ ამ არასწორ დებულებას, სრულიად შეუმოწმებლად იმეორებენ სხვა ავტორებიც, რომლებიც აფხაზებზე წიგნებსა და სტატიებს წერენ. აფხაზებს აქვთ ზღვის აღმნიშვნელი საკუთარი ცნებები _ „ამშინ“ და „აგა“ და ჰყავთ ზღვის და წყლის ღმერთი _ აგანიჰვა.
ასევე ზოგიერთი ცნობილი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ აფხაზებს (აფსუებს) არა აქვთ თევზეულობის სახელწოდება და ყველა თევზს ერთ სახელს _ „აკალმახს“ უწოდებენ.1 ეს აზრი სრული გაუგებრობაა, ნებით თუ უნებურად დაშვებული. ვინც ასეთ რამეს ამტკიცებს, ის უბრალოდ არ იცნობს სათანადო ლიტერატურას, რომელშიც დაფიქსირებულია თევზის 29 ჯიშის აფხაზური სახელწოდება2. იგივე ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ვაზის ქვეყანაში მცხოვრებთ, არა აქვთ მათი სხვადასხვა ჯიშის სახელები.3 არც ეს მტკიცებაა სწორი. სპეციალურ ლიტერატურაში (ნ. მაჭავარიანი) დაფიქსირებულია ვაზის 50-ზე მეტი ჯიშის აფხაზური სახელწოდება.4 რასაკვირველია, მათში არის ნასესხები ტერმინებიც, მაგრამ რომელ ხალხის ენაში არ არის ნასესხები სიტყვები, თანაც ასობით და ათასობით? განა ამის საფუძველზე შეიძლება მეცნიერმა ამტკიცოს, რომ თანამედროვე აფხაზები (აფსუები) ჩამორჩენილი და საკუთარი კულტურის არმქონე ხალხია, ეს ხომ ერის აშკარა დამცირება და შეურაცხყოფაა?
აფხაზთა ქართველობის მამტკიცებელი ზოგიერთი ისტორიკოსი ძალიან გულმოდგინედ ცდილობს სათანადო არგუმენტად გამოიყენოს ტერმინი „აფხაზი„. რადარანაირი ახსნა არ მოუძებნეს მას: ერთნი ამტკიცებენ, რომ იგი მეგრული წარმოშობისაა და ნიშნავს ამაღლებულ ადგილს: აფხა=ბეჭს; აფხაზეთი _ ზურგით მაღალს. ასევე _ აფხა+ჟი = აფხა+ზევით, ე.ი. ბეჭმაღალს.5 სხვების მტკიცებით _ „აფხვაზარი“ სვანურად ნიშნავს ბაყაყთა ყიყინს და საფიქრებელია აფხაზთა სახელწოდება ამას უკავშირდებოდესო.1 ზოგი კი ამტკიცებს, რომ „აფხაზებად იწოდებოდნენ დასავლეთ საქართველოს ქართველები, რომლებიც აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენდნენ. მხარის სახელწოდებიდან გამომდინარე მათ მექანიკურად მიიღეს სახელი „აფხაზები“, რაც ყველა შეცდომისა და გაუგებრობის საფუძველი გახდა“.2 ეს მტკიცება ნამდვილ არგუმენტად რომ არ გამოდგება იქიდანაც ჩანს, რომ ხალხის სახელწოდება და მისი საცხოვრისი ადგილის მიმართება უკუღმა არის გაგებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადგილებს ხშირად ჰქვია მათზე მაცხოვრებელი ხალხის სახელი, მაგალითად: სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი, კახეთი, დვალეთი და ა.შ. და არა პირიქით. თვითონ ტერმინი „აფხაზეთი“ საიდან მომდინარეობს ამ ისტორიკოსს ახსნილი არა აქვს, არც იმათ, ვინც ამ მოსაზრებას უკრიტიკოდ იღებენ. სხვები (ნ. მარი, პ. ინგოროყვა და მათი თანამოაზრენი) ტერმინ „აფხაზს“ უკავშირებენ „მესხს“ და იქიდან გამოყავთ „მასხ“, „ბასხ“, „აბასხ“. ნ. მარის მტკიცებით, აფხაზები მესხეთიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩასახლებულ მესხებს ეწოდათ“.3 მაგრამ მან ასეთი თავდაპირველი მტკიცება შემდეგში უარყო და ივანე ჯავახიშვილიც კი გააკრიტიკა აფხაზების ქართველად მიჩნევის გამო. ჩვენი აზრით, თუნდაც სწორიც რომ იყოს მესხი > მასხ > ბასხ > აბასხ-იდან „აფხაზის“ წარმოშობა, ერთი რამ უეჭველია, „აბასხისათვის“ „ა“ _ აფხაზური პრეფიქსია, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ, როცა „ბასხისაგან“ „აბასხი“ მივიღეთ აფხაზები უკვე სახლობდნენ აფხაზეთში. სწორედ, მხოლოდ მათ შეეძლოთ აღნიშნული სიტყვის ასეთი სახით წარმოება. ჩვენი აზრით, ტერმინი „აფხაზის“ სწორი ახსნა მოცემული აქვს აკად. ს. ჯანაშიას, რომელსაც მიაჩნია, რომ „აფხაზი“ (მეგრულად _ „აფხაზა“) შეიძლება წარმოშობილიყო ტერმინი „აბაძახასაგან“, რომელიც, თავის მხრივ ნიშნავს „ქვემო აბაზინელს“ ანუ ბარში მცხოვრებ აბაზინელს.1 აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ XIX საუკუნემდე „აფხაზური ტომების კრებითი სახელი „აბაზა„ ყველა აფხაზის საერთო სახელად იხმარებოდა“. მაგრამ ამ დებულებების გათვალისწინება ჩვენს ოპონენტებს არ უნდათ, რადგან არ აწყობთ.
ერთ-ერთი არგუმენტი იმის მტკიცებისათვის, რომ „ძველი“ აფხაზები ქართველები იყვნენ პ. ინგოროყვას მომხრეების აზრით ისიც არის, რომ „ბიჭვინთის იადგარსა“ და სხვა დოკუმენტებში, რომლებიც ბიჭვინთის საკათალიკოსოს ეხება, „აფსუური გვარ-ჩამომავლობის მოღვაწეთა და რიგითი ადამიანთა ხსენებაც კი არსად არის, როდესაც ყველა მათგანში ქართველები უწყვეტად მოიხსენებიან“.2 ეს გამოწვეულია იმით, რომ იმ დროისათვის აფხაზეთის კათალიკოსის იურისდიქცია კოდორს იქითა ტერიტორიაზე არ ვრცელდებოდა, ამიტომაც იქაური მოსახლეობა ამ დოკუმენტში ვერ დაფიქსირდებოდა, რადგან საქმე საეკლესიო გადასახადებს ეხებოდა, ვის რამდენი მართებდა და რა უნდა გადაეხადა. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ კოდორს იქით აფხაზები არ ესახლნენ. მაშინ სწორედ კოდორს იქით იწყებოდა „აფხაზთა ქვეყანა“, რომელიც იმდროინდელ რუკაზეც არის დაფიქსირებული.3 ასე, რომ „ბიჭვინთის იადგარი“ სრულებითაც არ ადასტურებს აფხაზთა ქართველობას. „ძველი“ აფხაზები ქართველები რომ არ იყვნენ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თუ მეგრელთა შორის ქრისტიანობა I საუკუნიდან ვრცელდება, აფხაზებმა ის VI ს. შუახანებში მიიღეს ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს მხრივ ძალდატანებით. მაგრამ ქრისტიანობას, აკად. ნ. ბერძენიშვილის მტკიცებით, აფხაზებში არასდროს არ ჰქონდა ფესვები ღრმად გადგმული, რამდენადაც მათ არ იცოდნენ ღვთისმსახურების ენები (ბერძნული და ქართული), ხოლო აფხაზურ ენაზე ქრისტიანული ლიტერატურა არ არსებობდა.4
„ძველი“ აფხაზების ქართველობის მამტკიცებელ ერთ-ერთ არგუმენტად პ. ინგოროყვას თანამოაზრენი იმასაც აღნიშნავენ, რომ ერთ ციდა ტერიტორიაზე, მდ. კოდორიდან მდ. ბზიფამდე, ორი ერი ერთმანეთის გვერდით ვერ იცხოვრებდა და ე.წ. ორიაბორიგენობის თეორია ანტიმეცნიერული და ანტიქართულია და მის ავტორობას მიაწერენ აკად. მ. ლორთქიფანიძეს, პროფ. ნ. ლომოურს, აკად. ე. ხოშტარია-ბროსეს, ხოლო მათ მიმდევრობას _ პროფ. ზ. პაპასქირსა და გ. როგავას და სხვ.1 თეორია შეხედულებათა გარკვეული, მეცნიერულად დასაბუთებული ცოდნის სისტემაა. ასეთი სისტემა ორიაბორიგენობის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში საერთოდ უცნობია. მაგრამ არსებობს ორი პრინციპული მნიშვნელობის დებულება, რომელიც ეხება ქართველებისა და არაქართველი ტომების საქართველოში ერთდროულად და მხარდამხარ ცხოვრებას, რომელიც მიეკუთვნება აკად. ნ. ბერძენიშვილს. იგი წერს: „ქართველი ტომების ავტოქტონობის აღიარებით, უნდა დავუშვათ არაქართველთა ავტოქტონობაც, ბრძოლა ამ ტომთა შორის და ქართველი ტომების გამარჯვება (ასიმილაცია, განდევნა). „უცხო მოდგმის ტომების გვერდით ქართველური ტომებიც ცხოვრობდნენ“.2
და ბოლოს კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც ხშირად იყენებენ პ. ინგოროყვას მიმდევრები: ისინი ამბობენ, რომ აკადემიკოსები ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია და ნ. ბერძენიშვილი „ძველ“ აფხაზებს ქართველებად მიიჩნევენ და მოაქვთ მათი შრომებიდან ციტატები დამახინჯებული ფორმით, რათა თავიანთი მოსაზრებები გაამართლონ.
კატეგორიულად შეიძლება იმის მტკიცება, რომ არც ერთი მათგანი „ძველ აფხაზებს“ ქართველებად არ მიიჩნევდა. მართალია, რომ ივ. ჯავახიშვილმა თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის ადრინდელ პერიოდში გამოთქვა მოსაზრება (1913წ.), რომ „კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ჰკუთვნებია: ლაზ-მეგრელებს, აფშილ-აფხაზებს და სვანებს“,1 მაგრამ უფრო გვიან, 1928 წელს, მან ეს დებულება ენათმეცნიერებაზე დაყრდნობით შეცვალა და თავისი თვალსაზრისი ასე ჩამოაყალიბა: „აფხაზებს მე ქართველთა მონათესავედ ვთვლი, მაგრამ ქართველებს არ ვუწოდებ. რაც შეეხება მეგრელებსა და სვანებს, და დავუმატებ ჭანებსაც, მათ მართლა ქართველ ტომებად ვთვლი და ვუწოდებ“.2
ივ. ჯავახიშვილი ჯერ კიდევ თავისი „ქართველი ერის ისტორიის“ პირველ გამოცემაში 1908წ. წერდა: „მთავარი ქართველი ტომები არიან: ქართები, მეგრელ-ჭანები და სვანები“.3 იგივეს იმეორებს ს. ჯანაშია ქართველ ტომთა შესახებ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელიც გამოიცა 1943წ.4 ორივე აკადემიკოსის მტკიცებით აფხაზებს ჰქონდათ თავისი საკუთარი, აფხაზური ენა.
რაც შეეხება აკად. ნ. ბერძენიშვილს, ის არა ერთგან მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზებმა (იგულისხმება მასა), არ იცოდნენ ქართული ენა, რომ ისინი ინარჩუნებდნენ საკუთარ ენას, რომ აფხაზური ენა ვერ გახდა სახელმწიფოებრივი ენა, რომ დამხვდურ აფხაზებსა და მთიელ აფხაზებს ენა საერთო ჰქონდათ.5 ენა კი ეთნოსის უპირველესი ნიშანია. ნ. ბერძენიშვილის აზრით, აფხაზები ეთნიკურად, გენეტიკურად არ არიან ქართველები, ისინი „ქართველებია“ მხოლოდ კულტურულ-ისტორიულად.6 ასეთებად ისინი მეტნაკლებად დარჩნენ XVII საუკუნემდე, მთიელი აფხაზების ანუ აფსუების ჩამოსვლამდე, რომლის შემდეგაც იწყება მათი თანდათანობითი გაუცხოება ქართველებისაგან, „ახალი აფხაზების“ ჩამოყალიბება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საკუთრივ აფხაზების, აფსუებისა და ქართველთა ეთნოსუბსტრატის საფუძველზე კონსოლიდირებულ ერთიანობას _ ერს.
დღეს იმისი მტკიცება, რომ აფხაზების ერად აღიარება დიდი მკრეხელობაა, არამეცნიერული და ანტიქართულია, ჩვენი აზრით, თავის მხრივ არის დიდი შეცდომა და მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, რაც აშკარად ვნებს ქართველი და აფხაზი ხალხის ისტორიულ თანაცხოვრებასა და მეგობრობას. ქართველებმა და აფხაზებმა უნდა დასძლიონ ურთიერთმტრობა და დაპირისპირება და როგორც სავსებით თანასწორუფლებიანმა ერებმა, ერთად უნდა შექმნან დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარე ერთიანი სახელმწიფო.
შენიშვნები
1. პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე – მწერალი X საუკუნისა. თბ., 1954. გვ. 116, 117, 129.
2. გ. გასვიანი. აფხაზეთი, ძველი და ახალი აფხაზები. თბ., 1998. გვ. 49, 80-81, 120, 122. იხ. აგრეთვე: ჯ.ლომაშვილი _ ტერმინ „აფხაზის“ ეტიმოლოგიისათვის. თბ., 2004, გვ. 62.
3. კ. კეკელიძე. ხალხთა კლასიფიკაციისა და გეოგრაფიული განრიგების საკითხები ძველს ქართულ მწერლობაში. _ ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. I. თბ., 1952, გვ. 179.
4. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბ., 1973, გვ. 786.
5. არქანჯელო ლამბერტი. სამეგრელოს აღწერა, თარგმანი იტალიურიდან ა. ჭყონიასი, მეორე გამოცემა, ლ. ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციით და შენიშვნებით, თბ., 1938, გვ. 119.
6. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, წ. III, თბ., 1987. გვ. 169.
7. Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии. Тб., 1997, გვ. 276.
8. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ., 1990, გვ. 616.
9. გ. გასვიანი. აფხაზეთი, ძველი და ახალი აფხაზები, გვ. 47; ჯ. ლომაშვილი. ტერმინ „აფხაზის“.., გვ. 60.
10. ქ. ლომთათიძე. აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. თბ., 1976, გვ. 7.
11. თ. გვანცელაძე. კვლავ ეთნონიმ „აფხაზისა„ და მასთან დაკავშირებულ ფუძეთა შესახებ, წიგნში _ საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. თბ., 1993, გვ. 571-577.
12. გ. გასვიანი. აფხაზეთი, ძველი და ახალი აფხაზები, გვ. 111.
13. ს. ჯანაშია. თუბალ-თაბალ, ტიბარენი და იბერი. _ შრომები, ტ. III. თბ., 1959, გვ. 11, 15.
14. გ. გასვიანი. აფხაზეთი საქართველოს ორგანული ნაწილია, გვ. 39.
15. О. Дзидзария (Дзария). Морская лексика у абхазов. Сухуми, 1989, გვ. 20.
16. გ. გასვიანი. აფხაზეთი საქართველოს ორგანული ნაწილია, გვ. 39.
17. ნ. მაჭავარიანი. მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში. თბ., 2006, გვ. 297.
18. ა. შონია. კოლხები _ ქართველების წინაპრები. თბ., 2007, გვ. 151.
19. გ. გასვიანი. აფხაზეთი საქართველოს ორგანული ნაწილია, გვ. 3.
20. თ. მიბჩუანი. აფხაზეთი სამეგრელოა. _ გაზ.: „საქართველოს რესპუბლიკა“, 12.V.1994.
21. Н. Марр. История термина «Абхаз». – ИИАН, 117, 1912, с. 697.
22. ს. ჯანაშია. სვანურ-ადიღეური (ჩერქეზული) ენობრივი შეხვედრები. _ შრომები, ტ. 3, თბ., 1959, გვ. 102.
23. გ. გასვიანი. აფხაზეთი, ძველი და ახალი აფხაზები, გვ. 111.
24. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, ტ. II. თბ., 1986, რუკა.
25. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, გვ. 593.
26. გ. გასვიანი. „მცნებაი სასჯულოი„ _ ქრისტიანული სარწმუნოების მდგომარეობისა და აფხაზეთის მცნებაზე. _ გაზ.: „დიოსკურია“, #30, მარტი, 2006.
27. ნ. ბერძენიშვილი. მცირე შენიშვნა დიდი საკითხის გამო. _ საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. III. თბ., 1966, გვ. 298, 364.
28. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. I, მეორე გამოცემა, ტფ., 1913, გვ. 55.
29. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. I, მესამე გამოცემა. თბ., 1928, გვ. 104.
30. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. I, ტფ., 1908, გვ. 63.
31. ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ს. ჯანაშია. საქართველოს ისტორია. უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე. თბ., 1943, გვ. 5-6.
32. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, გვ. 595, 597, 616.
33.ნ. ბერძენიშვილი. მცირეშენიშვნა.., გვ. 279-280.

Комментариев нет:

Отправить комментарий