вторник, 16 мая 2017 г.

ტრაპიზონის კონფერენციის საკითხი ეროვნული საბჭოს სხდომებზე (ნ. ჭანტურია)

1918წ. 3 მარტს, საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასა და მის მოკავშირეებთან – ბულგარეთის, ავსტრია-უნგრეთის და თურქეთის სახელმწიფოებთან სეპარატული ზავი დადო. ამ ზავით ამიერკავკასიის ტერიტორიების დიდი ნაწილი, კერძოდ, არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები თურქეთს გადაეცა.
ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება უმძიმესი იყო საქართველოსათვის, რადგანაც სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი კუთხეების მოწყვეტით ემუქრებოდა.
პირველი კონსულტაციები ჯერ კიდევ 1917წ. დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთ-თურქეთის ფრონტზე ცხადი შეიქნა თურქეთის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შეუძლებლობა. თურქეთი ამიერკავკასიის სიღრმეში მოიწევდა, ხოლო ამიერკავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარები მათი შემოტევის შეჩერებას ვეღარ ახერხებდნენ. დღის წესრიგში დადგა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა. მოხდა ისე, რომ სამშვიდობო ინიციატივით თვით თურქეთი გამოვიდა.
1917წ. 17(30) ნოემბერს კავკასიის ფრონტის ჯარების მთავარსარდალმა გენერალმა პრჟევალსკიმ წერილი მიიღო კავკასიის ფრონტის თურქეთის ჯარების მთავარსარდალ, გენერალ ვეჰიბ ფაშასაგან, რომელიც წინადადებას იძლეოდა, დაეწყოთ მოლაპარაკება დროებითი ზავის დადების მიზნით1.
18 დეკემბერს რუსეთსა და ანტანტას შორის ერზინჯანში დაიდო 14 მუხლისაგან შემდგარი ხელშეკრულება, რომლის მე-4 მუხლი, ბრესტის საზავო კონფერენციის დამთავრებამდე კრძალავდა ჯარების სტრატეგიულ გადაადგილებას. ორივე მხარე კისრულობდა ამ ვალდებულებას და თუ რომელიმე მხარე დაარღვევდა ამ პუნქტს, ეს ქმედება ბრძოლის განახლებად ჩაითვლებოდა. ერზინჯანის ხელშეკრულებით კავკასიის ფრონტის სარდლობას უნდა მიეღო და აესრულებინა ბრესტის ზავის ყველა პირობა2.
1918 წლის 14 იანვარს ამიერკავკასიის ფრონტის სარდალმა ვეჰიბ-ფაშამ გენერალ ოდიშელიძეს მოსწერა წერილი, სადაც სთავაზობდა მოლაპარაკების წარმოებას. ოდიშელიძემ უპასუხა, რომ ასეთი მოლაპარაკება იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ საჭირო ინსტრუქციას მიიღებდა მთავრობისაგან3.
ამიერკავკასიის სეიმმა შექმნისთანავე (1918წ. 10 თებერვალს) მიიღო გადაწყვეტილება, საზავო მოლაპარაკება თურქეთთან დამოუკიდებლად ეწარმოებინა ქალაქ ტრაპიზონში. ქართულ ისტორიოგრაფიაში ტრაპიზონის საზავო კონფერენციის საკითხს მრავალი მკვლევარი შეეხო. მათ შორის უნდა დავასახელოთ: ნ. ზოსიძის4, შ. ჯაფარიძის5, ზ. ავალიშვილის6, ლ. თოიძის7, ა. ბენდიანიშვილის8, შ. ვადაჭკორიას9, მ. სვანიძის, დ. ჭუმბურიძის და სხვათა ნაშრომები.
მაგრამ ზემოთ დასახელებული მკვლევარები მიზნად არ ისახავდნენ სპეციალურად შეესწავლათ ეროვნული საბჭოს მოღვაწეობა ტრაპიზონის კონფერენციაზე განხილული საკითხებისადმი. ამიტომ წინამდებარე სტატიაში მიზნად დავისახეთ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული ამ ხარვეზის შევსება.
ტრაპიზონის კონფერენციის მსვლელობის შესახებ ცნობები ეგზავნებოდა ეროვნულ საბჭოს, რომელიც დიდი ყურადღებით და გულისხმიერებით ღებულობდა შესაბამის გადაწყვეტილებებს.
1918წ. 19 თებერვალს ეროვნული საბჭოს IX სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. პრეზიდიუმში იყვნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი. მდივნობდა ეროვნული საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი. დღის წესრიგის მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საზავო მოლაპარაკებას შეეხებოდა, ეროვნული საბჭოს წინაშე წარსდგა აკაკი ჩხენკელი. მან ეროვნული საბჭოს წევრებს აცნობა, რომ ამიერკავკასიის სეიმმა გარკვეული სამზადისი გასწია მოლაპარაკებისათვის და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები. სახელდობრ: თურქეთის მთავრობას აცნობა, რომ მზად იყო მოლაპარაკების დასაწყებად. მოლაპარაკების ადგილად შეირჩა ტრაპიზონი, ხოლო შეხვედრის თარიღად 17 თებერვალი განისაზღვრა. მოლაპარაკებას საფუძვლად უნდა დადებოდა სეიმის სამშვიდობო კომისიის მიერ შემუშავებული შემდეგი პირობები. ორივე მხარეს უნდა შეენარჩუნებინა ის სახელმწიფო საზღვრები, რომელიც 1914 წლამდე არსებობდა და, ამასთანავე, ოსმალეთის სომხეთს მინიჭებოდა ეროვნული პოლიტიკური თვითმმართველობა ოსმალეთის საზღვრებში10.
ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან მოლაპარაკების მიზნით დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშნა ცნობილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე აკაკი ჩხენკელი. დელეგაციაში შედიოდნენ: გ. ლასხიშვილი, გ. გვაზავა, ჰ. აბაშიძე. ა. სტასოვი, ო. კაჩაზნუნი, ს. მამედოვი, მ. განჯინსკი, მ. მესტიევი. როგორც ეროვნული საბჭოს IX სხდომიდან ირკვევა, დელეგაციის გამგზავრება დროებით შეფერხდა, რადგანაც თბილისში მიიღეს რუსეთის დელეგაციის მდივნის ლ. კარახანის დეპეშა, რომელშიც იყო შეტყობინება იმის შესახებ, რომ უკვე ხელი მოაწერეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავს და ამ აქტით ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქები უნდა დაეთმოთ თურქეთისათვის11.
ზავის პირობებმა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ამიერკავკასიის ხალხებში. მათ არ სცნეს ზავის პირობები. იმავე საღამოს სასწრაფოდ მოიწვიეს ამიერკავკასიის ყველა ფრაქციის წარმომადგენელთა თათბირი, რომლებმაც ერთხმად დაგმეს საბჭოთა რუსეთის მიერ ოსმალეთისათვის აღნიშნული ოლქების გადაცემის ფაქტი და ამის საპასუხოდ გადაწყვიტეს ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო კონფერენციის, აგრეთვე პეტროგრადში მყოფი საბჭოთა მთავრობის და სხვა სახელმწიფოთა მთავრობებისათვის საპროტესტო დეპეშა გაეგზავნათ: „თანახმად სეიმის გადაწყვეტილებისა, – ნათქვამია მასში, – თუ ბრესტ-ლიტოვსკში შეკრული ზავის პირობები ამიერკავკასიის შესახებ მართალია, იგი პირობები სავალდებულო და მისაღები არ არის ამიერკავკასიისათვის, როგორც მის დაუკითხავად და დაუდასტურებლად მიღებული“.12
ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების პირობებმა წინა პლანზე წამოსწია საკითხი ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ეროვნული საბჭოს IX სხდომიდან ირკვევა, თავდაპირველად მსჯელობა ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე გაიმართა. ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვას დაეთმო ეროვნული საბჭოს 19 თებერვლის სხდომა. სოციალ-დემოკრატებს მწვავედ შეუტია იასონ ლორთქიფანიძემ. „როცა ვამბობდით დამოუკიდებლობა გამოვაცხადოთ, თქვენ უარზე იყავით, მაგრამ არავინ იცოდა, რა საბუთებს ემყარებოდით. მაშინ რომ გამოგვეცხადებინა დამოუკიდებლობა, ბრესტ-ლიტოვსკის ზავს, ჩვენთვის არავითარი სავალდებულო მნიშვნელობა არ ექნებოდა. ახლა ისეთი მდგომარეობა შეიქნა, რომ რუსეთი ვერ დაგვეხმარება, ხოლო საკუთარი ძალა ჩვენ არ გვყავს. ასეთ პირობებში კი ოსმალეთთან ომი შეუძლებელია“.13
ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანია იასონ ლორთქიფანიძის გამოსვლას შემდეგი არგუმენტებით დაუპირისპირდა: „რუსეთი ჩვენ ვერ გვიშველის, საკმარისი ძალაც არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ომს არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანია გავამაგროთ ბათუმი, რომლის ზღვით აღება ოსმალეთისთვის შეუძლებელია. ამასთანავე ოსმალეთის ჯარი დაუძლურებულია და იმხელა ძალას ვერ მოიტანს, რომ ხმელეთიდან დაგვამარცხოს. სანამ ოსმალეთსა და ინგლისს შორის ომი გრძელდება, ოსმალეთს დიდი რაოდენობით ჯარის გადმოსხმა ჩვენს ტერიტორიაზე არ შეუძლია. რაც შეეხება ინგლისს, იგი თვითონ არის დაინტერესებული ამიერკავკასიის ბედ-იღბლით. არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. ასეთ ვითარებაში, ჩვენ რომ აჩქარებით გამოგვეცხადებინა დამოუკიდებლობა ორ ცეცხლშუა მოვექცეოდით“14.
ეროვნული საბჭოს 26 მარტის სხდომაზე განსაკუთრებით მწვავე დავა გამოიწვია საკითხმა ბათუმის შესახებ. ხანგრძლივი კამათისა და აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ ეროვნული საბჭოს კრებამ შემდეგი სახის რეზოლუცია მიიღო: „საქართველოს ეროვნული საბჭო საჭიროდ თვლის, მილიტარულ და ფინანსური ძალების მობილიზაციას ბათუმის დასაცავად. საქართველოს ეროვნული საბჭო საჭიროდ თვლის პირდაპირი კონტაქტის დამყარებას ამიერკავკასიის სხვა ერთა საბჭოებთან და ამიერკავკასიის სეიმის მიერ დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებას. ამასთანავე, იმავე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აკაკი ჩხენკელს დაევალა მოლაპარაკება ამიერკავკასიის კომისარიატთან, რათა გამონახულიყო საშუალება სამხედრო საჭიროებისათვის“.
თურქეთი მყისვე შეუდგა ბრესტის ზავით მინიჭებული უფლებების რეალიზაციას. საამისოდ მას ყველა ფორმალური პირობა ჰქონდა. მან მოითხოვა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ევაკუაცია. ამიერკავკასიის კომისარიატი სადავო ტერიტორიას თურქეთს არ უთმობდა, მაგრამ მასთან ომსაც ერიდებოდა, რადგან საამისო ძალები არ გააჩნდა. დარჩა ერთადერთი გზა – საზავო მოლაპარაკება16.
ასეთი არასახარბიელო სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე შეუდგა მუშაობას ტრაპიზონის საზავო კონფერენცია. 22 თებერვალს ამიერკავკასიის დელეგაციამ ტრაპიზონიდან გენერალ კოლოსოვსკისაგან მიიღო ცნობა, რომ ტრაპიზონში ელოდებოდნენ თურქების დელეგაციას. 23 თებერვალს ტრაპიზონში ჩავიდა ამიერკავკასიის დელეგაცია17.
არსებობს გადმოცემა, რომ როდესაც ტრაპიზონში მოსალაპარაკებლად გაგზავნილი ამიერკავკასიის დელეგაცია ნაპირზე გადავიდა დამხმარე კრეისერ „კაროლ კარლოსიდან“, ვიღაც თურქმა თქვა: „თუ ეს მომლაპარაკებელი მხარის მოსახლეობაა, მაშინ ცოტანი არიან, თუ მხოლოდ დელეგაცია ძალიან ბევრიაო“.18
ტრაპიზონის საზავო ონფერენცია გაიხსნა 1918წ. 1 (14) მარტს. სულ გაიმართა 6 პლენარული სხდომა და 2 თათბირი. ოსმალეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რაუფ-ბეი19.
1918წ. 8 აპრილს გაიმართა ეროვნული საბჭოს XI სხდომა, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა. ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულად გამოცხადდა, რადგანაც ამიერკავკასიის საზავო დელეგაციის მოხსენება უნდა მოესმინათ. კონფერენციის მსვლელობის შესახებ დეტალური მოხსენება ა. ჩხენკელმა გააკეთა. მისი საუბრიდან ნათელი გახდა, რომ დელეგაციას მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დელეგაცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, რაც ქმნიდა დიდ უხერხულობას. დელეგატებს შორის არ იყო თანხმობა, ერთსულოვნება, მდგომარეობას ართულებდა ქვეყნის შინაური ვითარება, კერძოდ, ბოლშევიკების გამოსვლები. განსაკუთრებულ სირთულეს ქმნიდა ის გარემოება, რომ სახელმწიფო, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ, საერთაშორისო არენაზე არ იყო აღიარებული. არ იყო გადაჭრილი ეროვნული საკითხი, ამიერკავკასიის ჯარის ნაწილები უკან იხევდნენ, რასაც მოჰყვა ერზინჯანის და არზრუმის დატოვება, სარიყამიშის დაცემა, ასეთ პირობებში უხდებოდა დელეგაციას მუშაობის დაწყება20.
ა. ჩხენკელის აზრით, ამიერკავკასიის დელეგაციაში უთანხმოებას ძირითადად ორი გარემოება იწვევდა. პირველი ის, რომ სომხები ზავის დადების წინააღმდეგი იყვნენ, რადგანაც მასში თავიანთთვის რაიმე სასიკეთოს ვერ ხედავდნენ. აზერბაიჯანლები კი, პირიქით, ოსმალებთან ზავის დადებას აუცილებლად მიიჩნევდნენ, თუნდაც ეს ზავი უკანონო ყოფილიყო.
საზავო მოლაპარაკების მიმდინარეობამ ნათელი გახადა დათმობაზე წასვლის აუცილებლობა. გადაწყდა, შეემუშავებინათ დათმობის არა მარტო მინიმუმი, არამედ მაქსიმუმიც, ამავე დროს დელეგაციას ჰქონდა მცდელობა, მოლაპარაკება ეწარმოებინა გერმანელებთან, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
მოლაპარაკების მსვლელობის დროს ოსმალეთის დელეგაციის მხრიდან დაისვა ორი ძირითადი საკითხი: 1. რას წარმოადგენდა ამიერკავკასია, რუსეთის ნაწილი იყო იგი თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო; 2. იყო ბრესტის ზავი სავალდებულო ამიერკავკასიისათვის თუ არა21.
ა. ჩხენკელის განმარტებით, ტრაპიზონის კონფერენციის პირველი ნაწილი სწორედ ამ ორი საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულს არ ჰქონდა იურიდიული სახე, დელეგაციის პასუხი საკმაოდ მტკიცე იყო: ამიერკავკასია არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და, როგორც ასეთი, არავითარ ანგარიშს არ უწევს ბრესტის ზავს, რომელიც დადო ბოლშევიკების მთავრობამ, ხოლო 1917 წლიდან, ე.ი. მათი აჯანყების დღიდან, ამიერკავკასია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზმია საკუთარი მმართველობით, რომელიც არავის ემორჩილება. როგორც ა. ჩხენკელი აღნიშნავდა, ამიერკავკასიის დელეგაციის ამ განცხადებაზე თურქეთმა პროტესტი გამოთქვა. ისინი არ ცნობდნენ ამიერკავკასიას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რადგანაც მისი დამოუკიდებლობა არც ერთი სახელმწიფოსაგან არ იყო აღიარებული, და მას განიხილავდნენ, როგორც რუსეთის ნაწილს. დავა ამ საკითხების ირგვლივ სამ სხდომაზე გაგრძელდა. კამათის დასრულების შემდეგ ამიერკავკასიის დელეგაციამ კონფერენციას წარუდგინა ამიერკავკასიის სეიმის მიერ მიღებული 4 თეზისი22.
პირველ ორ თეზისში აღნიშნული იყო, რომ ამიერკავკასიის სეიმი სრულუფლებიანად თვლის თავის თავს, ზავი შეკრას ოსმალეთთან და ამასთანავე შეკრას მუდმივი ზავი.
მესამე თეზისი შეეხებოდა საზღვრებს და გულისხმობდა ომის დაწყებამდე არსებულ საზღვრებს.
მეოთხე თეზისი ეხებოდა ანატოლიაში მცხოვრებ ერებს, განსაკუთრებით სომხებს, და ოსმალეთისაგან მოითხოვდა სომხებისათვის ავტონომიას ოსმალეთის სახელმწიფოს ფარგლებში23.
„თეზისებთან დაკავშირებით, – ამბობდა ა. ჩხენკელი, – კატეგორიული გამოდგა თურქეთის პასუხი. მე-4 თეზისის შესახებ, რომელიც სომხეთის ავტონომიას შეეხებოდა, ჩვენ ცალკე ნოტა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც ამ საკითხის დასმას ოსმალეთი შინაურ საქმეებში ჩარევად მიიჩნევდა და დღის წესრიგიდან ხსნიდა. ხოლო, რაც შეეხება მე-3 თეზისს, დაუყოვნებლივ მოითხოვდა ბრესტის ზავის პირობებით მითითებული ტერიტორიების დაცლას“.24
ამავე დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, ოსმალეთის დელეგაციისათვის გადაგვეცა, სეიმის რეზოლუცია ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის შესახებ, სადაც ეს დამოუკიდებლობა პრინციპულად აღიარებული იყო შემდეგი დამატებით – უწყებულ პირობათა მიხედვით („при известных условиях“). ეს რეზოლუციაც არ გამოდგა არგუმენტად, რადგანაც თურქეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას, თუ საზავო ხელშეკრულების აქტში, ცალკე მუხლად იქნებოდა შეტანილი ეს დამოუკიდებლობა. ამით მოლაპარაკების პირველი ნაწილი დასრულდა. კონფერენციის მუშაობა დროებით შეჩერდა25.
ამასობაში, როგორც გაზეთი „სახალხო საქმე“ იტყობინებოდა, ამიერკავკასიის სეიმმა, მოისმინა რა მთავრობის მოხსენება საზავო მოლაპარაკების შესახებ, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „სურს მიაღწიოს საპატიო ზავს, რომელიც მისაღები იქნება ოსმალეთისა და ამიერკავკასიისათვის, საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის თავმჯდომარეს ა. ჩხენკელს მოსავს საგანგებო რწმუნებით“.26 ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარისათვის ამგვარი უფლებების მინიჭებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მართალია, ეს გადაწყვეტილება იურიდიულ უფლებას არ ანიჭებდა მას, მაგრამ კონფერენციის შემდგომი მსვლელობისას ამან დადებითი შედეგები მოიტანა.
„მოლაპარაკების განახლებისთანავე, – აცნობებდა ეროვნული საბჭოს წევრებს აკაკი ჩხენკელი, – ოსმალეთს წარვუდგინეთ დათმობის მინიმუმი, რომელიც ითვალისწინებდა ოსმალებისათვის დაგვეთმო ოლთისის ოლქი, არტაანის სამხრეთი ნაწილი, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ყარსის ოლქისა და ყაგიზმანის ოლქის დასავლეთი ნაწილი. თურქებმა მხოლოდ გზა შეინარჩუნეს ოლთისიდან ყარსამდე“.27 აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს გადაწყვეტილება დელეგაციის წევრებმა მიიღეს სპეციალისტებთან გარკვეული რჩევისა და შეჯერების შედეგად. ოსმალეთის დელეგაციამ ეს წინადადება თავის მთავრობას გადასცა.
6 აპრილს ოსმალეთის მთავრობამ ამიერკავკასიის დელეგაციას წარუდგინა ულტიმატუმი: ეცნოთ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები. ამ მოთხოვნაზე ოსმალეთს პასუხი უნდა მიეღო 48 საათის განმავლობაში28.
იმავე დღეს აკაკი ჩხენკელმა სთხოვა ევგენი გეგეჭკორს, დაესვა საკითხი სეიმის წინაშე, შესაძლებელი იყო თუ არა იარაღით ბათუმის, არდაგანის, ყარსის დაცვა? მაგრამ ოსმალეთმა უკვე გადადგა სათანადო ნაბიჯი და მისი ჯარები შემოიჭრა ამიერკავკასიის საზღვრებში. ამგვარად, ოსმალეთმა მოისურვა ამიერკავაკასიის ფაქტის წინაშე დაყენება“.29
„შეიქნა მეტად კრიტიკული მდგომარეობა, – აღნიშნავდა აკაკი ჩხენკელი. – ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ იმავე დღეს თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპეშა მივიღეთ, რომელიც შეიცავდა ოფიციალურად შემოწმებულ ბრესტის ზავის მე- 4 მუხლს, რომელიც ამიერკავკასიას შეეხებოდა“.30
ბრესტის ზავის აღნიშნული მუხლი მწვავე კომენტარებით გაზეთმა „სახალხო საქმემ“ 1918წ. 15 მარტს თავის ფურცლებზე გამოაქვეყნა: „როგორც ვიცით, – წერდა გაზეთი, – ოსმალეთის სამშვიდობო დელეგაცია მოითხოვს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების შესრულებას და ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქების დაცვას, მაგრამ თვით ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება ასეთი კატეგორიული ხასიათის არ არის. ხელშეკრულების მე-4 მუხლში ვკითხულობთ შემდეგს: „რუსეთი ყოველნაირ ზომებს მიიღებს, რათა უზრუნველყოს განთავისუფლება აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციებისა და კანონიერი აღორძინება ოსმალეთისა. არდაგანიდან, ყარსიდან და ბათუმიდან დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს რუსის ჯარი. რუსეთი არ ჩაერევა ამ ოლქების სახელმწიფოებრივ-საერთაშორისო, უფლებრივ ურთიერთობაში და მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს ახალი წეს-წყობილება დაამყაროს მეზობელ სახელმწიფოთა და სხვათა შორის ოსმალეთთან შეთანხმებით“.31 როგორც ვხედავთ, ზემოთ დასახელებული ოლქებიდან გამოყვანილი უნდა ყოფილიყო რუსეთის ჯარები, მაგრამ არ არის ნათქვამი, რომ ეს ოლქები უნდა გადასულიყო თურქეთის მფლობელობაში. ხელშეკრულებით ამ სამი ოლქის მომავალი ბედი უნდა გადაეწყვიტა ადგილობრივ მოსახლეობას მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით თურქეთთან შეთანხმებისა და მათი დახმარების მეშვეობით. თურქეთმა კი ეს უფლება ერთპიროვნულად მიითვისა და აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციას შეუდგა.
1918წ. 8 აპრილს ეროვნული საბჭოს სხდომაზე „ამ დეპეშამ, – აღნიშნავდა აკაკი ჩხენკელი, – დელეგაციაში დიდი უთანხმოება გამოიწვია. სომხები, რომლებიც თანახმა იყვნენ დათმობის მაქსიმუმზე, მას შემდეგ, რაც გაეცნენ აღნიშნულ მუხლს, წინააღმდეგი გახდნენ, ოსმალეთისათვის დაეთმოთ ის ტერიტორიები, რომელთა მცხოვრებლებს ბრესტის ზავი თვითგამორკვევის უფლებას უტოვებდა. ამათ მიემხრნენ აზერბაიჯანლები. ჩვენ გადავწყვიტეთ დათმობის მაქსიმუმზე შეჩერება, რადგანაც თვითგამორკვევის პრინციპს ქართველები ვერ დავემყარებოდით, ვინაიდან ბათუმში მდგომარეობა მეტად კრიტიკული იყო, მიუხედავად ჩვენი დელეგაციის წევრების მიერ გაწეული მუშაობისა. თავისი საქმიანობით იქ მცხოვრებ ქართველ მაჰმადიანებს შორის დიდი ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურა ჰაიდარ ბეგ აბაშიძემ. ჩვენს ჩასვლამდე ტრაპიზონში ყოფილა მემედ ბეგ-აბაშიძე, რომელსაც ათასობით პროკლამაცია ჩაუტანია ხალხში გასავრცელებლად საქართველოსთან ერთიანობის პროპაგანდის მიზნით. ასე რომ, სრული საბუთი გვაქვს იმისა, რომ მემედ ბეგ აბაშიძე პროპაგანდას ეწეოდა, რათა ქართველ მაჰმადიანებს არ შეეწყვიტათ კავშირი დედა-სამშობლო საქართველოსთან. ამიტომ სრულად უსაფუძვლოა ის ხმები, რომ მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის ეღალატოს“.32
ა. ჩხენკელის განცხადებით, ყველა საშუალებას მიმართეს, რომ ქართველ მაჰმადიანებს საქართველოსთან კავშირი არ შეეწყვიტათ. მაგრამ მათმა საქმიანობამ შედეგი ვერ გამოიღო. და როდესაც გავიგე, აჭარამ ზურგში მახვილი ჩაგვცა, ჩემი ფარ-ხმალი შესუსტდა. როგორ შემეძლო დამეცვა მე თვითგამორკვევის პრინციპი, როდესაც საამისო ნიადაგი ფეხქვეშ გამოგვეცალა. და რაკი ასეთი მწვავე მდგომარეობა გვეღობებოდა წინ, ბათუმის დაცვა შეუძლებელი იყო, რადგანაც ბათუმი მარტო ჩვენ, ქრისტიან ქართველებს, არ გვეკუთვნოდა, არამედ უპირველესად იმათი, აჭარლების, იყო. ამასთანავე თვით ოსმალეთს განსაკუთრებით აინტერესებდა ბათუმი, მხოლოდ არა როგორც ქალაქი, არამედ როგორც სიმაგრე. სწორედ ამიტომ შეუძლებელი იყო ჩვენთვის ნაბიჯის გადადგმა თვითგამორკვევის პრინციპის დაცვისაკენ ბათუმის შესახებ“.33
ასეთი ვითარების ფონზე 25 მარტს (7 აპრილს) ჩვენმა დელეგაციამ გადაწყვიტა ოსმალეთისათვის შეეთავაზებინა დათმობის მაქსიმუმი, რომელიც ა. ჩხენკელმა აცნობა თავის მთავრობას. ა. ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი დათმობის მაქსიმუმის პირობები თბილისში 26 მარტს (8 აპრილს) მიიღეს. იმავე დღესვე ეროვნული საბჭოს XI საგანგებო სხდომა შედგა. კრებას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. მან ეროვნული საბჭოს წევრებს გააცნო დეპეშის შინაარსი. მასში საუბარი იყო ამიერკავკასიის დელეგაციის მიერ შემუშავებულ დათმობის მაქსიმუმზე, რომელიც გულისხმობდა ყარსისა და არდაგანის ოლქების დათმობას, მხოლოდ ყარსის ოლქიდან, იმ ერთი ნაწილის გამოკლებით, რომლის მოსახლეობას სომხები შეადგენდნენ და არდაგანის ოლქის ნაწილის გამოკლებით. რაც შეეხებოდა ბათუმის ოლქს, აქედან ოსმალეთს რჩებოდა მხოლოდ ართვინის უბანი, ბათუმი და ბათუმის მხარე ჩვენ გვრჩებოდა34.
ეროვნული საბჭოს 26 მარტის სხდომაზე იმსჯელეს იმის შესახებ, თუ ოსმალეთის დელეგაცია არ მიიღებდა დათმობის მაქსიმუმს, რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი, მზად იყვნენ თუ არა დაეცვათ ბათუმი, იყო თუ არა ამის რეალური შესაძლებლობა ქვეყანაში35. ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს გ. რცხილაძემ, ე. თაყაიშვილმა, კ. აფხაზმა, ი. ბარათაშვილმა, შ. ამირეჯიბმა, ი. ჩერქეზიშვილმა და სხვებმა36.
სოციალისტ-ფედერალისტები, რომელთა სახელითაც ეროვნული საბჭოს XI სხდომაზე მოხსნებით წარსდგა გრიგოლ რცხილაძე, მოითხოვდნენ დაწვრილებით ცნობებს სამხედრო მდგომარეობის შესახებ. ასეთი ცნობების ეროვნული საბჭოს სხდომებზე გამოტანის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ სოციალ-დემოკრატები. უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური იყო, რადგანაც სამხედრო საიდუმლოება არ შეიძლებოდაგამხდარიყო ღია მსჯელობის საგანი. განსაკუთრებით საყურადღებოა ექვთიმე თაყაიშვილის გამოსვლა: „ჩვენ კისრამდის უფსკრულში ვართ ჩაფლული, ერთმანეთთან კინკლაობას თავი დავანებოთ და ვეცადოთ გამოვარკვიოთ რა გვიშველის და რა გვიხსნის... ამისთანა დიდ კრებაზე ყველაფრის გათვალისწინება და გამჟღავნება შეუძლებელია. საქმის დადებითად გადასაწყვეტად უმჯობესია ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი გავაძლიეროთ დამატებით არჩეული პირებით და მათ მივანდოთ ჩვენი ქვეყნის ბედის გადაწყვეტა“.37
ოსმალეთთან ომის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო კონსტანტინე აფხაზი. მისი აზრით, თუ საქართველო ომს დაიწყებდა, მტერი იმ ტერიტორიებსაც დაიპყრობდა, რომელიც ბრესტის ზავით არ იყო განსაზღვრული. ეს კი საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობას გამოიწვევდა38.
ეროვნული საბჭოს ამავე სხდომაზე ნ. ჟორდანიამ სხდომის წევრებს ბათუმის დაცვასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის სეიმის ფრაქციათა აზრი გააცნო. „რაც შეეხება პარტიების აზრს ბათუმის შესახებ, ისინი წინააღმდეგი არიან ბათუმის დათმობისა. დაშნაკცაკანები, აგრეთვე მუსულმანთა პარტია „მუსავატი“ დღეს ტრაპიზონში გზავნის დელეგაციას, რათა გავლენა მოახდინონ ოსმალებზე და მორიგებით გაათავონ საქმე. ასევე დელეგაციას გზავნიან ჩეჩნები და ინგუშები. ეს დელეგაციები ტფილისიდან დღეს საღამოს 9 საათზე გავლენ (იგულისხმება 26 მარტი). თათრები ამბობენ, თუ ჩვენთვის ბაქოა საჭირო, თქვენთვის ბათუმის შენარჩუნება არის მთავარი. ამრიგად, ყველა პარტია თანახმაა ბათუმის დაცვისა“.39
ტრაპიზონის კონფერენციაზე მიღებული ულტიმატუმის ვადა, როგორც ეროვნული საბჭოს 1918წ. 8 აპრილის სხდომაზე, – აღნიშნავდა ა. ჩხენკელი, – 26 მარტს 7 საათზე იწურებოდა. პასუხი კი თბილისიდან აგვიანებდა. ამავე დროს მივიღეთ ცნობა ბათუმში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ. ოსმალები ბათუმიდან 8 კილომეტრზე იმყოფენოდნენ. აჭარლებმა აჭარისწყალი დაიკავეს, ქართულმა ჯარმა კი პოზიციები მიატოვა და უკან დაიხია. ამის შემდეგ ყველამ ის აზრი გამოთქვა, რომ საჭიროა ბრესტის ზავი მივიღოთ. მე მაინც არ დავეთანხმე, მაგრამ კვლავ მოვიდა ცნობა: ბათუმი ცუდ მდგომარეობაშია. ამას ზედ მოჰყვა ერთი კერძო ცნობა სანდო პირისაგან ბათუმის უიმედო მდგომარეობის შესახებ... დოკუმენტურად კი გამოვარკვიე, რომ ბათუმს, როგორც სიმაგრეს, ოსმალები არ დათმობდნენ. რა დოკუმენტია ეს, ვერ მოგახსენებთ, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ იყო ერთგვარი შეკითხვა ბათუმის ქართველი ერისათვის დათმობის შესახებ და ამაზე შემდეგი პასუხი მივიღეთ. ბათუმს ქართველებს ვერ დავუთმობთ. ქართველებს ჩვენ სხვაგვარად დავაკმაყოფილებთ. მომეცით ნება, ამაზე მეტი აღარა ვთქვა რა. ერთი სიტყვით, გამოირკვა, რომ დიპლომატიური გზით შეუძლებელი იყო ბათუმის შენარჩუნება. იარაღით კი, რამდენიც გნებავთ“.40
ასეთი მძიმე იყო რეალობა. წინ ულტიმატუმი იდო. პასუხი თბილისიდან იგვიანებდა. ა. ჩხენკელმა მიიღო ზომები ულტიმატუმის ვადის გასაგრძელებლად. ვადად კვლავ 48 საათი დაინიშნა. ულტიმატუმის ვადა 28 მარტს 7 საათზე თავდებოდა. პასუხი თბილისიდან არ მიუღიათ. „ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, – აღნიშნავდა ა. ჩხენკელი, – მთავრობისაგან თანხმობის გარეშე გადავწყვიტეთ მიგვეღო ბრესტის ზავის პირობები“.41
ამიერკავკასიის დელეგაციის ეს გადაწყვეტილება ოსმალეთის დელეგაციას 1918წ. 10 აპრილს გადაეცა. პასუხი ოსმალეთის მთავრობისაგან 31 მარტს (13 აპრილს) მიიღო, საიდანაც ირკვეოდა, რომ ოსმალეთის მთავრობა მოლაპარაკების საფუძვლად იღებდა ბრესტის ზავს. აქედან გამომდინარე, საჭიროდ თვლიდა მოლაპარაკებაში ჩაერთო მოკავშირეები, ხოლო ამიერკავკასიის მთავრობისაგან მოითხოვდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას42.
ასეთ რთულ ვითარებაში 1 (14) აპრილს თბილისიდან ამიერკავკასიის დელეგაციამ მიიღო მთავრობის დეპეშა, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო. „დღეს ამიერკავკასიის სეიმმა ერთხმად მიიღო დადგენილება: ვინაიდან სამშვიდობო მოლაპარაკებამ ამიერკავკასიასა და ოსმალეთს შორის საზღვრების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, ამიერკავკასიის დელეგაციას წინადადება ეძლევა დაუყოვნებლივ დაბრუნდეს თბილისში“.43
როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, ბრძანებას საზავო მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ შეიძლებოდა უმძიმესი შედეგები მოჰყოლოდა, რაც მომავალში საზავო მოლაპარაკების გაგრძელებას შეუძლებელს გახდიდა. „ასეთ ვითარებაში, – აღნიშნავდა ა. ჩხენკელი, – ამიერკავკასიის დელეგაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, მთავრობის დასტურის გარეშე გადაგვედგა ნაბიჯები. როგორც მოგახსენებთ, პირველი და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბრესტის ზავის მიღების შესახებ მთავრობისაგან ნებართვის გარეშე გადავდგით, დელეგაციამ ეს ნაკლები დანაშაულიც თავის თავზე აიღო, რათა შემდეგში ზავის შეკვრა შესაძლებელი გამხდარიყო. ამ მოსაზრებით ოსმალეთის დელეგაციას, დეპეშის მხოლოდ მეორე ნაწილი ვაცნობეთ, რაც შეეხებოდა მოტივებს, ამის თქმა საჭიროდ არ მივიჩნიეთ, აღვნიშნე, რომ მოლაპარაკება დროებით არის შეჩერებული და არაა შეწყვეტილი“.44 ამ გადაწყვეტილებით ტრაპიზონის კონფერენციამ 1918წ. 1 (14) აპრილს მუშაობა დაასრულა.
ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკება შეწყდა და დაიწყო ომი ოფიციალურად. იმავე დღეს მთავრობამ ხალხს იარაღისაკენ მოუწოდა. არაოფიციალურად, 1918წ. 9 აპრილიდან დაწყებული ომი 13 აპრილს უკვე ოფიციალური გახდა45.
ამრიგად, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თავის სხდომებზე დიდი ყურადღება დაუთმო ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მსვლელობის განხილვას. ეროვნული საბჭოს წევრებს ღრმად ჰქონდათ გააზრებული ისტორიული ტერიტორიების დაცვის აუცილებლობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განმტკიცების საქმეში. აქედან გამომდინარე, კონფერენციის მსვლელობის პარალელურად ეროვნული საბჭოს სხდომებზე საფუძვლიანად განიხილებოდა ამიერკავკასიის დელეგაციის მიერ გამოგზავნილი ცნობები და იღებოდა შესაბამისი რეზოლუციები. მიუხედავად აღნიშნული ღონისძიებებისა, ტრაპიზონის კონფერენცია უშედეგოდ დამთავრდა. ოსმალეთის დელეგაციას წინასწარ ჰქონდა შემუშავებული და ჩამოყალიბებული თავისი მოთხოვნები, რომელიც თავს მოახვია ამიერკავკასიის დელეგაციას.
შენიშვნები
1. მ. სვანიძე. ტრაპიზონის კონფერენცია (1918 წლის 14 მარტი – 14 აპრილი). – „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული, 5. თბ., 1998, გვ. 19.
2. დ. ჭუმბურიძე. აჭარის საკითხი 1918-1921 წლებში და ქართული საზოგადოებრივი აზრი. თბ., 1999, გვ. 13.
3. დ. ჭუმბურიძე. აჭარის საკითხი.., გვ. 14.
4. ნ. ზოსიძე. პოლიტიკური სიტუაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აჭარაში. 1918-1920. ბათუმი, 1995.
5. შ. ჯაფარიძე. ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. 1918-1921, ბათუმი, 1994.
6. ზ. ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921წწ. საერთაშორისო პოლიტიკაში. თბ., 1990.
7. ლ. თოიძე. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. – „საისტორიო ვერტიკალები“, 1991, #1.
8. ა. ბენდიანიშვილი. საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ.). თბ., 2001.
9. შ. ვადაჭკორია. ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921წწ. თბ., 2001.
10. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი (შემდგომში სცსსა). ფ. 1836, აღწ. 1, ს. 3, ფურც. 80.
11. სცსსა. ფ. 1875, აღწ. 1, ს. 4, ფურც. 54.
12. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 3, ფურც. 80-81.
13. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 3, ფურც. 82.
14. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 3, ფურც. 82.
15. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 3, ფურც. 82.
16. ლ. თოიძე. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა.., გვ. 22.
17. სცსსა. ფ. 1875, აღწ. 1, ს. 4, ფურც. 54.
18. ზ. ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა, გვ. 49.
19. სცსსა. ფ. 1875, აღწ. 1, ს. 4, ფურც. 54.
20. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 77.
21. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 77.
22. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 77.
23. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 77.
24. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 77 (იხ. აგრეთვე: ქართული დიპლომატიის ისტორია. ქრესტომათია. თბ., 2004, გვ 427).
25. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 77.
26. „ამიერკავკასიის სეიმი“. – გაზ. „სახალხო საქმე“, 1918წ. 16 მარტი.
27. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფ. 79.
28. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფ. 79.
29. ვ. ნოზაძე. საქართველოს აღდგენისათვის, ბრძოლა მესხეთის გამო. თბ., 1989, გვ. 24.
30. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 80.
31. „ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება“. – გაზ. „სახალხო საქმე“, 1918წ. 15 მარტი, #195.
32. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფ. 79-83.
33. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფ. 84.
34. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 59.
35. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 59.
36. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 60-68.
37. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 60-61.
38. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 63.
39. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 73.
40. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 80.
41. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 81.
42. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 81.
43. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 82.
44. სცსსა. ფ. 1836, აღწ. 1, ს. 5, ფურც. 82.
45. ვ. ნოზაძე. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა, გვ. 26.

Комментариев нет:

Отправить комментарий