суббота, 6 мая 2017 г.

პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობები საქართველოს შესახებ

ლაზიკას სამეფო, აბაზგები, აფსილები
როდესაც ავგუსტი ანასტასი (491518) გარდაიცვალა და ავგუსტად იუსტინე (518527) გახდა, სპარსეთის შაჰი მოუსვენრობამ მოიცვა. მას სურდა მემკვიდრეობა უზრუნველყოფილი ჰქონოდა ეშინოდა რა არეულობის, რადგან 4 ძე ჰყავდა. უდროსი კაოსი მაზდაკიდების მომხრე იყო და ამიტომ კავადს მისი გამეფება არ სურდა. მეორე ძე ზამასპი არმიასა და ხალხში ძალიან სახელგანთმული იყო, როგორც ძლიერი მეომარი, მაგრამ ძველი სპარსული წესი მას, როგორც დასახიჩრებულს ტახტზე ასვლას უკრძალავდა. მესამე ძე ხოსრო ზოროასტრიზმის მიმდევარი იყო და მის მსახურთა ფენის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. ასეთ ვითარებაში კავადმა ბიზანტიასთან შერიგება არჩია და სთხოვა იუსტინეს იშვილოს მისი ძე ხოსრო უკანასკნელის მომავალი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით. იუსტინემ, ქვესტორ პროკლეს რჩევით ამაზე უარი უთხრა და შეუთვალა, რომ გამოაგზავნის თავის წარმომადგენლებს სპარსელებთან ზავის შესაკრავად და ხოსროს საკითხის მოსაგვარებლად. მოლაპარაკება სპარსელებსა და რომაელებს შორის მალე დაიწყო ერთ ადგილას, ორივე ქვეყნის საზღვარზე, და მასში მონაწილეობა მიიღეს: რომაელების მხრით – იპატიმ, პატრიკიმ და რუფინემ (ზაქარია რიტორის ცნობით კი იპატიმ და მოხუცმა სარდალმა ფარესმან კოლხმა); სპარსელების მხრიდან – სეოსმა და მევოდიმ.
ბევრი სხვადასხვანაირი სიტყვები უთხრეს ერთმანეთს მათ შორის არსებულ უთანხმოებათა შესახებ, და სეოსმა (შიოშ, ფაჰლ. სიავუშ) თქვა, რომ კოლხიდა, რომელსაც ახლა ლაზიკე ეწოდება, ძველითგანვე რომ სპარსელთა ქვეშევრდომი იყო, რომაელებს ძალით უჭირავთ (ე.ი. სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობდა მოხდა 522 წლის წათეს განდგომა სპარსელთაგან. იხ. ქვემოთ), უსამართლოდ. რომაელები აღშფოთებით ისმენდნენ ამას, სპარსელები რომ ლაზიკესაც ეცილებოდნენ.
შემდეგში მევოდიმ დააბეზღა სეოსი კავადთან, თითქოს მას განზრახ, ისე რომ დესპოტისაგან ეს დავალება არ ჰქონია, ლაპარაკი დაეწყო ლაზიკეზე, რომ გაეჭიანურებინა ზავის საქმე, თითქოს ის წინასწარ ყოფილიყოს შეთანხმებული იპატისთან. ასე რომ მოლაპარაკება უსიამოვნებით გათავდა და ორივე მხარე თავის სახელმწიფოში დაბრუნდა.
რადგან ვერც ხოსროს მფარველის საკითხი მოაგვარა და ლაზიკეც დაკარგა განრისხებულმა კავადმა გადაწყვიტა ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაეწყო, მაგრამ ამ დროს იბერთა მეფე გურგენი აჯანყდა, რაც გამოწვეული იყო კავადის ბრძანებით – რომ მის ყველა სამფლობელოში მტკიცედ დაეცვათ მაზდეანობის წესები და მიცვალებულები მიწაში არ დაემარხათ. გურგენ მეფემ დახმარებისთვის იუსტინე ავგუსტს მიმართა. მან სარდალი პეტრე გამოგზავნა ფულით, რათა იბერთა დასახმარებლად ჰუნები დაექირავებინა, თუმცა პეტრემ ეს ვერ მოახერხა. მაშინ გურგენმა თავისი ძალები სპარსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად არასაკმარისად ჩათვალა და ოჯახით ბიზანტიონში წავიდა.
იბერებთან ერთად ბიზანტიონში მოვიდა პეტრეც, ავგუსტის მიერ გამოწვეული. სხვათა შორის, რადგან ლაზებს არ სურდათ თავისი ქვეყნის თავდაცვა, მეფემ გადაწყვიტა გაეგზავნა ჯარი და სარდალი ირინეოსი. იბერიის საზღვრებიდან რომ შედიხარ, იქვეა ლაზების მიწაწყალზე ორი სიმაგრე, რომელთა დაცვა ძველითგანვე ადგილობრივი მცხოვრებლების საზრუნავს შეადგენდა, თუმცა მათ ბევრი ნაკლებობის გადატანა უხდებოდათ. რადგან იქ (საუბარია არგვეთის სასაზღვრო მთიან მხარეზე, სადაც იყო შორაპანი და სკანდა) არ მოდის არც ხორბალი, არც ღვინო, არც სხვა რამ სიკეთე. სხვა ადგილიდან რისამე შემოზიდვა, ვიწრობების წყალობით შეიძლება მხოლოდ ისე, თუ კაცები თვითონ მოიტანენ. მაინც, რადგან იქ რამდენადმე ფეტვი მოდიოდა, ლაზები ახერხებდნენ, ჩვეულებისამებრ, თავის გამოკვებას. ავგუსტმა გამოიყვანა იქიდან ეს მცველები და რომაელ ჯარისკაცებს უბრძანა სიმაგრეების სადარაჯოზე დამდგარიყვნენ. თავდაპირეველად მათ ლაზები აწოდებდნენ ძლივსძლივობით საჭირო სურსათს, მაგრამ შემდეგ მათ უარი განაცხადეს ამ სამსახურზე და რომაელებმა ეს სიმაგრეები დატოვეს; ისინი ხელთ იგდეს სპარსელებმა სრულიად გაურჯელად. აი, ეს მოხდა ლაზების ქვეყანაში.
530 წელს კავადმა მეორე ჯარი გაგზავნა რომაელთა ქვეშევრდომ არმენიაში. ეს ჯარი შედგებოდა პერსარმენიელთაგან და აგრეთვე სუანთაგან, რომელნიც ალანთა მეზობლად ცხოვრობენ. მათთან იყვნენ ჰუნებიც, საბირებად წოდებულნი, 30000 კაცი, მეტად მამაცი ხალხი. ყველას მეთაურად დანიშნეს სპარსი მერმერო. როდესაც ისინი აღმოჩნდნენ თეოდოსიპოლიდან 3 დღის სავალზე, დაბანაკდნენ პერსარმენიის ოლქში და ემზადებოდნენ შესაჭრელად. არ დროისთვის არმენიის სტრატეგოსი იყო დოროთეოსი, ჭკვიანი და გამოცდილი მებრძოლი. სიტას კი ჰქონდა სტრატეგოსის თანამდებობა და დაყენებულ იქნა არმენიის ჯარების მეთაურად. ორივე მათგანმა გაიგეს რა მტრის პერსარმენიაში დაბანაკების შესახებ, გაგზავნეს საკუთარი პირადი მცველები მტრის დასაზვერად. ისინი შეიპარნენ მტრის ბანაკში, დაათვალიერეს და უკან გამობრუნდნენ. გზაში ერთი მზვერავი (სახელით დაგარისი) ჰუნებმა შეიპყრეს, თუმცა მეორემ მიაღწია სარდლებთან და უამბო ყველაფერი, რის შემდეგაც რომაელები მოულოდნელად დაეცნენ ბანაკს. დაბნეული ბარბაროსები თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ. რომაელებმა ბევრი დახოცეს, გაძარცვეს ბანაკი და უმალ უკანვე მობრუნდნენ.
ცოტა ხნის შემდეგ მერმერომ შეკრიბა მთელი არმია, შეიჭრა რომაელთა საზღვრებში და დაეწია მტერს ქ. სატალასთან. აქ, ქალაქიდან 56 სტადიონზე, ადგილზე სახელით ოქტავა, დადგა ბანაკად დასასვენებლად. სიტამ წაიყვანა 1000 მეომარი და დაიმალა ბორცვების უკან, რომლებიც ირგვლივ ეკრა ვაკეზე განლაგებულ ქალაქს. დოროთეოსს მან უბრძანა დანარჩენი ლაშქრით დარჩენილიყო ქალაქის კედლებში, რადგან ღია ადგილზე ვერ შეძლებდა მტრის 30000 კაციან ლაშქართან გამკლავებას, რადგან მისი ჯარი მტრის ნახევარიც არ იყო. შემდეგ დღეს ბარბაროსებმა გადაწყვიტეს ქალაქის გარშემორტყმა, თუმცა ამ დროს გამოჩნდა სიტას დამალული არმია. არ იცოდნენ რა მისი რიცხოვნობის შესახებ, შეშინებულმა სპარსელებმა იფიქრეს რომ მტერი ორი არმიით აპირებდა მათ ალყაში მოქცევას და შეშინებულებმა იწყეს უწესრიგოდ უკანდახევა. ბიზანტიელები ორად გაყოფილნი დაედევნენ უკან და უმოწყალოდ ჩეხდნენ. სპარსელები დიდი დანაკარგებით დაბრუნდნენ ბანაკში, იქედან კი შინისკენ მოქუსლეს.
მაშინ რომაელებმა დაიჭირეს სპარსელთა ადგილები პერსარმენიელთა ქვეყანაში: სიმაგრე ბოლონი და ე.წ. ფარანგიონი, სადაც სპარსელები ოქროს თხრიან და მეფესთან მიაქვთ.
ცოტა ხნის წინათ მოხდა, რომ მათ დაიმორჩილეს ჭანების ტომი, რომელნიც, თვითთავადნი, ძველითგანვე დამკვიდრებულან რომაელთა მიწაწყალზე. მათ საზღვრებს, რომ გადახვალ, ხევი არის, ღრმა და მეტად დაქანებული, რომელიც კავკასიის მთებამდეა გაჭიმული. აქ ადგილები ძალიან მჭიდროდ არის დასახლებული და ვენახი და სხვა ხეხილიც საკმაოდ ხარობს; დაახლოებით სამი დღის სავალი გზის მანძილამდე ეს ხევი რომაელების ხელშია, იმის შემდეგ კი პერსარმენიელთა საზღვრები იწყება, სადაც ოქროს მადანი არის, რომელსაც განაგებს, კავადის გადაწყვეტილებით, ერთი ადგილობრივთაგანი, სახელად სიმეონი. როდესაც ამ სიმეონმა დაინახა, რომ ორივე მხარე ბრძოლაში იყო გართული, გადაწყვიტა მოესპო კავადისათვის შემოსავალი, ამიტომ, თავისი თავი და ფარანგიონი რომ რომაელებს ჩააბარა, არც ერთისათვის არ სურდა ოქროს მადნის მიცემა, რომაელები არაფერს ერჩოდნენ, მათ თავისთვის ისიც დამაკმაყოფილებლად მიაჩნდათ, რომ მტრისთვის დაკარგული იყო მადნის შემოსავალი; ხოლო სპარსელები უძლურნი იყვნენ – რომაელების სურვილის წინააღმდეგ ძალა დაეტანებინათ აქაური მცხოვრებლებისათვის, რადგან ამას ძნელსავალი ადგილებიც აფერხებდა.
იმავე ხანებში ნარსესი და არატიოსი, რომლებიც პერსარმენილეთა ქვეყანაში ველიზარის და სიტას განკარგულებაში მოვიდნენ ამ ომის დასაწყისში, დედასთან ერთად თავისი ნებით რომაელებთან მივიდნენ და ისინი მიიღო მეფის მეჭურჭლემ ნარსესმა (ისიც ხომ ტომით პერსარმენიელი იყო) და დიდძალი ფულით დაასაჩუქრა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო ისააკიმ, მათმა უმცროსმა ძმამ, ფარულად მოელაპარაკა რომაელებს და მათ გადასცა ბოლონის ციხე, რომელიც თეოდოსიუპოლის (დღევ. არზრუმი) საზღვრების ახლოს იყო. რამეთუ სადღაც ახლოს გაგზავნა დასამალავად ჯარისკაცები, რომლებიც ღამით ციხეში შეუშვა, ჩემად გაუღო რა მათ ჭიშკარი: ამგვარად თვითონაც ბიზანტიონში მოვიდა.
„საუკუნო ზავი“
531 წელს სასაზღვრო ქალაქ დარასთან ბრძოლაში სპარსელებმა მორიგი მარცხი განიცადეს, რის შემდეგაც ორივე მხარე ზავის ხასიათზე დადგა. 531 წლის ბოლოს ბიზანტიელი ელჩები – ჰერმოგენე, რუფინე, ალექსანდრე და თომა ტიგროსის ნაპირებთან საზავო მოლაპარაკება წამოიწყეს ხოსროსთან.
ხოსრო თანახმა იყო 110 კენდინარად (1 კენდინარი ას ლიტრას იწონიდა) უვადო ზავი დაედო მათთან იმ პირობით, რომ მესოპოტამიის ჯარის სარდალი დარაში კი აღარ დარჩებოდა, არამედ კონსტანტინეში იქნებოდა მუდამ, როგორც ის ძველადვე იყო ჩვეული; მაგრამ ისიც უთხრა, რომ ლაზიკის სიმაგრეებს არ დაუბრუნებდა, თუმცა თვითონ კანონიერად თვლიდა რომაელებისგან უკან მიეღო ფარანგიონი და ბოლონის სიმაგრე. მისთვის ამ ოქროს მიცემას ის მოითხოვდა, რათა არც ქალაქ დარას დანგრევა დასჭირვებოდათ რომაელებს, არც კასპიის კარების (დარიალი, დარუბანდი) დაცვაში მონაწილეობის მიღება სპარსელებთან ერთად. ელჩები სხვა ყველაფერში დაეთანხმნენ, ხოლო სიმაგრეების ჩაბარება შეუძლებლად ცნეს, თუ წინასწარ არ გაიგებდნენ ავგუსტუსის აზრს ამის შესახებ. კიდევაც გადაწყვიტეს რუფინე გაეგზავნათ ამის გამო ბიზანტიონში, სხვები კი დარჩენილიყვნენ, ვიდრე ის დაბრუნდებოდა. და 70 დღის ვადა მისცეს რუფინეს მგზავრობისათვის. როცა რუფინე ბიზანტიონში მივიდა და მეფეს მოახსენა, თუ რა პირობებს აყენებდა ხოსრო ზავის სანაცვლოდ, მეფე დათანხმდა ზავი დადებულიყო ამ პირობებით.
მაგრამ ამ დროს სპარსელთა ქვეყანაში ცრუ ხმები მოვიდა თითქოს იუსტინიანე მეფემ რუფინე მოაკვლევინაო. ამით დანაღვლიანებული ხოსრო მთელი თავისი ჯარით რომაელების წინააღმდეგ გაემართა. მაგრამ ქალაქ ნისიბინის მახლობლად შეხვდა უკანმობრუნებული რუფინე, ამიტომ ისინი ქალაქში დარჩნენ და როდესაც ზავის დადებას აპირებდნენ, ელჩებმა იქ ფულიც მოიტანეს. მაგრამ იუსტინიანე უკვე ნანობდა, რომ დაუთმო ლაზიკის სიმაგრეები და ელჩებს სწერდა პირდაპირ ამის უარმყოფელ წერილებს, არასგზით არ მისცეთ ისინი სპარსელებსო. ამიტომ ხოსროს აღარ სურდა ხელშეკრულების დადება... და ელჩები ფულითურთ დარაში მივიდნენ და სპარსელთა ჯარიც უკან დაბრუნდა.
ცოტა ხნის შემდეგ რუფინე და ერმოგენე კვლავ იქნენ გაგზავნილი ხოსროსთან; ახლა კი შეთანხმდნენ ერთმანეთთან საზავო პირობებში, სახელდობრ, რომ ორივე მხარე დააბრუნებდა იმ ადგილებს, რომლებიც ამ ომში მათ ერთმანეთს წაართვეს, და ჯარის არცერთი სარდალი აღარ იქნებოდა დარაში; გაქცეულ იბერებს ნება მიეცემოდათ მოქცეულიყვნენ ისე როგორც უნდოდათ: ან დარჩენილიყვნენ იქვე, ბიზანტიონში, ან დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამშობლოში. ბევრი იყო, რომელიც დარჩა, ბევრი კიდევ დაბრუნდა სამშობლო ქვეყანაში. ამგვარად დადვეს ე.წ. უვადო ზავი, მეექვსე წელს იუსტინიანეს ზეობისა (532 წელი). რომაელებმა მისცეს სპარსელებს ფარანგიონი და ბოლონის სიმაგრე და თან ფულიც (რათა სპარსეთს ჩრდილო კავკასიიდან ჰუნები არ გადმოეშვა), ხოლო სპარსელებმა ლაზიკის სიმაგრეები (შორაპანი და სკანდა).
ლაზებმა უმალ ისარგებლეს ამ ციხეებიდან სპარსელთა წასვლით და მათი კედლები მიწასთან გაასწორეს, რათა სპარსელებს ისინი მათ წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ სადგომად.
ლაზები თავდაპირველად კოლხიდის ქვეყანაში მოსახლეობდნენ და რომაელთა ქვეშევრდომნი იყვნენ, მაგრამ არც ხარკს იხდიდნენ, არც სხვა რამეში ემორჩილებოდნენ მათ გარდა იმისა, რომ როდესაც მეფე მოუკვდებოდათ, რომაელთა ავგუსტი უგზავნიდა სამეფო ტახტის მემკვიდრეს ძალაუფლების სიმბოლოს. ის ზედმიწევნით იცავდა თავის ქვეშევრდომებთან ერთად ამ ქვეყნის საზღვრებს, რათა მტრულად განწყობილი ჰუნები მათი მოსაზღვრე კავკასიის მთიდან ლაზიკეზე გამოვლით რომაელთა მიწაწყალში არ შემოჭრილიყვნენ. ისინი მტკიცედ იცავდნენ იმათ, ისე, რომ არც ფულს ღებულობდნენ რომაელებისგან, არც ჯარს, დარ არც ლაშქრობდნენ რომაელებთან ერთად, – რა სახითა არ უნდა ყოფილიყო ეს – და მუდამ აწარმოებდნენ პონტოში მცხოვრებ რომაელებთან საზღვაო ვაჭრობას. თვით მათ არც მარილი ჰქონდათ, არც ხორბალი, არც სხვა რამე სიკეთე; ისინი მხოლოდ აწვდიდნენ ტყავ-საფარებს, ტყავებს და მონებს და თავისთვის საჭირო საგნებს იძენდნენ. როდესაც მოხდა გურგენ იბერთა მეფის წყალობით შემთხვეული ამბავი, ლაზებთან დაიწყეს ჩადგომა რომაელთა ჯარისკაცებმა, რომლებითაც ეს ბარბაროსები შეწუხებული იყვნენ, და პირვე ყოვლისა შეწუხებული იყვნენ პეტრე სტრატეგოსით, რომელიც ადვილად ექცეოდა მათ უდიერად. ეს პეტრე შთამომავლობით იყო არზანენიდან, რომელიც მდინარე ნიმფის იქით არის და ძველთაგანვე სპარსელთა ქვეშევრდომია; ის ჯერ კიდევ ბავშვობაში ტყვედ იქნა წამოყვანილი ავგუსტ იუსტინეს მიერ, როდესაც იუსტინე ამიდის აღების შემდეგ კელერის ჯარითურთ შეიჭრა სპარსელთა მიწაწყალზე. რადგან ბატონი მას დიდი კაცთმოყვარეობით ეპყრობოდა, მან დაიწყო გრამატისტულ სკოლაში სიარული და თავდაპირველად ის გახდა იუსტინეს მწერალი. ხოლო როდესაც ანასტასის გარდაცვალების შემდეგ იუსტინემ რომაელთა სამეფო მიიღო, პეტრე სტრატეგოსად დაინიშნა; ის ვერცხლისმოყვარეობაში ჩავარდა – როგორც არც ერთი სხვა – და მეტად უდიერად ეპყრობოდა ყველას.
ხოლო შემდეგ იუსტინიანემ სხვა მთავრები გაგზავნა ლაზიკეში. მათ შორის იოანეც, რომელსაც ციბეს უწოდებენ, კაცი არაწარჩინებულთა და არასახელოვანთა შთამომავალი, რომელმაც სტრატეგოსობამდე მიაღწია სხვა არაფრით, გარდა იმისა რომ ყველაზე საზიზღარი იყო და ყველაზე უფრო მოხერხებული ფულის საშოვნელად უსამართლო საშუალებათა გამოგონებაში. ის იყო, რომ რომაელთა და ლაზთა ყველა საქმეები გაამრუდა და არივდარია. მანვე დააჯერა ავგუსტი იუსტინიანე ლაზების ქვეყანაში ზღვისპირა ქალაქი აეშენებინა, სახელად პეტრა. იქ იჯდა ის, ვითარცა აკროპოლისში, და ძარცვავდა ლაზთა ქონებას. ვაჭრებს ხომ უკვე ნება აღარ ჰქონდათ კოლხიდაში შეეტანათ მარილი და სხვა საქონელი, რაც ლაზებისთვის აუცილებლად საჭიროა, არც აქედან შეეძლოთ რაიმე ეყიდინებინათ, არამედ მან შემოიღო ე.წ. მონოპოლია და თვით გადაიქცა მეწვრილმანედ (ვაჭრად) და მთელი ამ საგნებით ვაჭრობის ზემდგომელად: ყველაფერს ჰყიდულობდა და აწვდიდა კოლხებს არა ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ იყო, არამედ ისე, როგორც ეს მის მიერ ნებადართული იყო. გარდა ამისა ბარბაროსები იმითაც იყვნენ უკმაყოფილონი, რომ მათ რომაელთა ჯარი ჩაუყენეს, რასაც წინათ ადგილი არ ჰქონია.
რადგან ამის ატანა აღარ შეეძლოთ, განიზრახეს სპარსელებს და ხოსროს მიმხრობოდნენ; მაშინვე რომაელების ჩუმად ელჩების გაგზავნეს მათთან ამის მოსაგვარებლად. მათ დააბარეს, რათა ხოსრო, მის შემდეგ რაც მიიღებდნენ მისგან იმის პირობას, რომ არ მისცემდა ლაზებს – მათი ნების წინააღმდეგ რომაელების ხელში, მოსულიყო მათს ქვეყანაში სპარსელთა ჯარითურთ.
როგორც კი ელჩები მივიდნენ სპარსელთა ქვეყანაში და ფარულად წარუდგნენ ხოსროს, მიმართეს შემდეგი სიტყვით: „თუ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეგხვედრია ისეთები, რომელნიც რაღაცნაირად თავისიანთაგან გადამდგარან და სრულიად უცხო ხალხს მიჰკედლებიან – რასაც ადგილი არ ჰქონდა. და კეთილად შეტრიალებულ ბედს ისინი კვლავ თავისიანებისთვის დაუბრუნებია უფრო მეტად დაკმაყოფილებულნი, – ირწმუნო დიდებულო მეფე, რომ ასეთები ლაზებიც არიან. კოლხები ხომ ძველთაგანვე სპარსეთის მოკავშირენი იყვნენ და ბევრი სიკეთე უყვეს მათ და თვითონაც განიცადეს მათგან: ამის წერილობითი საბუთები მრავალი გვაქვს ჩვენ და შენს სამეფო საგანძურებში ახლაც არის დაცული, ხოლო შემდეგ ხანებში ჩვენს წინაპრებს მოუხდათ რომაელებთან კავშირის შეკვრა – მოხდა კი ეს ან თქვენი უზრუნველობით იმათზე ან სხვა მიზეზის გამო (ჩვენ ამის შესახებ დანამდვილებით არაფერი ვიცით). ახლა – კი ჩვენ და ლაზიკის მეფე გაძლევთ სპარსელებს უფლებას გამოგვიყენოთ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც თქვენ გსურთ. ხოლო გთხოვთ თქვენ განსაჯოთ ჩვენს შესახებ შემდეგნაირად: თუ ჩვენ რომაელებისგან არავითარი უბედურება არ განგვიცდია, არამედ უვიცობით შეპყრობილნი გადმოვდვართ თქვენკენ, უმალვე უკუაგდეთ ჩვენი თხოვნა თქვენ, რომელნიც იფიქრებთ, რომ კოლხები არც თქვენი ერთგული იქნებიან ოდესმე – ვინაიდან დარღვეული მეგობრობის მაგალითი ამის შემდეგ სხვებთან დადგენილი მეგობრობის საზომად შეიქმნება. ხოლო თუ ჩვენ რომაელების მეგობრები ვიყავით სიტყვით, საქმით კი – ერთგული მონები, და ჩვენი მიმძლავრებლებისაგან უწმინდური საქმეები განვიცადეთ, მიგვიღეთ ჩვენ, წინანდელი მოკავშირეები: გაიჩინეთ მონებად ისინი, ვინც თქვენ მეგობრებად გყავდათ; შეიზიზღეთ მწარე მიმძლავრება, თქვენ მეზობლად რომ აღმართულია ჩვენზე, და თქვენ იქმთ სამართლიანობის ღირსეულ საქმეს, რომელზე ზრუნვაც მუდამ მამაპაპეული წესი იყო სპარსელებში. უსამართლოდ არ მომქცევი ხომ არ ჩაითვლება სამართლიან ადამიანად, თუ ის სხვების მიერ ჩაგრულებს არ დაიცავს ხოლმე, როდესაც ეს მის ხელთ არის. საჭიროა ითქვას ზოგიერთ რამ, რაც ჩადინეს ჩვენ წინააღმდეგ წყეულმა რომაელებმა. ჩვენს მეფეს ხომ მეფობის გარეგნული ნიშნები დაუტოვეს, ხოლო ძალაუფლება საქმეებში თვითონ მიითვისეს: მეფეც მოსამსახურის ბედში იმყოფება და განმკარგულებელი სტრატეგოსის ეშინია. უამრავი ჯარიც ჩაგვიყენეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ დაიცვან ეს ჩვენი ქვეყანა შემწუხებელთაგან (მოსაზღვრეებიდან სხვა ხომ არავინ გვაწუხებდა ჩვენ, გარდა რომაელებისა), არამედ რათა დავემწყვდიეთ ჩვენ როგორც დილეგში და ჩვენს ქონებას დაპატრონებოდნენ. იმ აზრით, რომ უფრო სწრაფად მოეხდინათ ჩვენი ქონების მითვისება, აი მეფევ, რანაირ დასკვნამდე მივიდნენ: რაც-კი საჭირო იყო საგნებიდან მათთვის ზედმეტი აღმოჩნდება, მის ყიდვას აიძულებენ ლაზებს, მათი ნების წინააღმდეგ; ხოლო, რაც მათთვის საჭირო საგნებიდან ლაზიკეს შეუძლია მისცეს, ისინი ფიქრობენ, რასაკვირველია, მათ შესყიდვას ჩვენგან მხოლოდ სიტყვით, რადგან ფასი თითოეულ შემთხვევაში წესდება მმართველთა აზრისდა მიხედვით. ამნაირად, საჭირო საგნებიდან ერთად ისინი გვართმევენ მთელ ოქროსაც, და უწოდებენ ამას ვაჭრობის კეთილშობილ სახელს, საქმით კი ისინი გვმძლავრობენ, რაც შეიძლება უფრო მეტად. ჩვენ გვიყენია მთავარი მეწვრილმანე, რომელიც ჩვენ სიღარიბეს, ძალაუფლების წყალობით, მოგების საშუალებად ხდის. აი, ასეთია მიზეზი ჩვენი განდგომისა და მისი გამართლება მასშივეა.
იმ სარგებლობის შესახებ, რომელიც გექნებათ თქვენ ლაზთაგან, თუ მათ თხოვნას შეიწყნარებთ, ახლავე მოგახსენებთ. სპარსელთა ძალას თქვენ შეჰმატებთ უძველეს სამეფოს და მისი საშუალებით თქვენი ჰეგემონიის ღირსება გაიზრდება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზით რომაელთა ზღვას დაუკავშირდებით: აქ თუ ხომალდებს ააგებთ, მეფევ, არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს, რომ ბიზანტიონის პალატს (ე.ი. კონსტანტინეპოლის საიმპერატორო სასახლეს) მიაღწიო. გზაზე არავითარი წინააღმდეგობა არ შეგხვდება. უნდა დავუმატოთ ისიც, რომ თქვენზე იქნება დამოკიდებული, რომ მოსაზღვრე ბარბაროსებმა ყოველ წელიწადს არბიონ რომაელთა მიწაწყალი. თქვენ ალბათ იცით, რომ ლაზთა ქვეყანა დღემდე კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა. მაშ, როდესაც სამართლიანობა გიკარნახებს, სარგებლობა თვალსაჩინოა. ვფიქრობთ, მოკლებული იქნება ყოველგვარ გონიერებას, თუ ეს სიტყვები არ იქნება მიღებული“. აი ეს თქვეს ელჩებმა.
ამ სიტყვებით ნასიამოვნებმა ხოსრომ აღუთქვა ლაზებს დახმარება და შეეკითხა ელჩებს, შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ ის დიდი ჯარით მივიდეს კოლხიდის ქვეყანაში. ბევრს უთქვამს – განაცხადა მან – და წინათაც მსმენია, რომ ეს ქვეყანა საკმაოდ ძნელგასავლელია მსუბუქად ჩაცმული კაცისთვისაც კი, რადგან ის ზომაზე მეტად დაქანებულია და ხშირად უზარმაზარი ტყეების შემცველი დიდ მანძილზე. ხოლო ისინი დაჟინებით უმტკიცებდნენ, რომ სპარსელთა მთელი ჯარისთვის ის გზა ადვილი გასავლელი შეიქმნებოდა, როდესაც ისინი ხეებს მოჭრიდნენ და მათ დაქანებულ ადგილთა ძნელგასავლებში ჩაყრიდნენ. აღუთქვეს, რომ გზისა და ამ საქმის წინამძღოლებად თვით ლაზები ეყოლებოდათ სპარსელებს. ამ საწინდრით წაქეზებულმა ხოსრომ შეკრიბა დიდძალი ჯარი და მოემზადა ლაშქრობისათვის, მაგრამ არ გაუმხილა თავისი განზრახვა სპარსელებს გარდა იმ პირებისა, რომელთაც მხოლოდ ჩვეულებრივ გაანდობდა ხოლმე საიდუმლოებას: ელჩებსაც განუცხადა, რათა არავისთვის გაემჟღავნებინათ ეს საქმე; თქმით-კი ის მიემგზავრებოდა იბერიაში, ვითომც იქაური საქმეების მოსაწესრიგებლად: მიზეზად ასახელებდა, ვითომც იქ სადღაც ჰუნების ტომი დაესხნენ სპარსელთა ძალებსო.
ხოსრო ბიზანტიის წინააღმდეგ მარტო ლაზებს არ წაუქეზებიათ, რადგან ბიზანტიელი მოხელეები ასევე ექცეოდნენ არმენიელებს, ჭანებსა და სხვა დაქვემდებარებულ ხალხებსაც.
იმ სიმეონმა, რომელმაც რომაელებს, ფარანგიონი ჩააბარა, იუსტინიანე ავგუსტი დაიყოლია, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ომი იყო გაჩაღებული, ეჩუქებინა მისთვის არმენიელ მფლობელთა ზოგიერთი სოფელი. ამ სოფლებს რომ დაეუფლა, ის მოკლულ იქნა მათი წინანდელი მფლობელთა მზაკვრობით და მკვლელები გაიქცნენ სპარსეთში. ესენი იყვნენ ორი ძმა, პეროზის შვლნი. ეს რომ ავგუსტმა გაიგო, ის სოფლები ამაზასპეს გადასცა, სიმეონის ძმისწულს, და არმენიელთა არქონტად დააყენა იგი. ეს ამაზასპე, შემდეგ ხანებში, იუსტინიანესთან დააბეზღა მისმა ერთმა ახლობელმა აკაკიმ: არმენიელებს ცუდად ეპყრობა და სპარსელებს უნდა გადასცეს თეოდოსიუპოლი და ზოგიერთი სხვა სიმაგრეებიცო. ეს მოახსენა აკაკიმ და მეფის ნებისამებრ ვერაგულად მოაკვლევინა ამაზასპე და არმენია თვითონ იგდო ხელთ: ავგუსტმაც მისცა საგამგეოდ. აკაკი ბუნებით ბოროტი კაცი იყო და ახლა მიეცა საშუალება გამოემჟღავნებინა თავისი ხასიათი; ქვეშევრდომთა მიმართ ის მართლაც რომ ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა: სრულიად უსამართლოდ ართმევდა მათ ქონებას და დაადვა მათ ისეთი სახარკო გამოსაღები, როგორიც არასდროს არ ყოფილა, დაახლ. 4 კენდინარი, არმენიელებმაც (ვინაიდან მათ უკვე აღარ შეეძლოთ მოეთმინათ იგი) შეთქმულება მოაწყვეს, მოკლეს აკაკი და გაიქცნენ ფარანგიონში.
ამის გამო იუსტინიანემ მათ წინააღმდეგ სიტა გაგზავნა ბიზანტიონიდან. პირველ ხანებში ის შეუდგა ომს მოშვებულად; ცდილობდა დაემშვიდებინა ხალხი და დაებრუნებინა ისინი მათ ძველ სამკვიდრებელში და ამიტომ პირდებოდა მათ მეფის დაყოლიებას იმაზე, რომ მას მოეხსნა მათთვის ახალი სახარკო გამოსაღები. ხოლო ვინაიდან მეფე, აკაკის ძის ადოლის დაბეზღების, ძალიან უტევდა მას და საყვედურობდა სინელისთვის, სიტამ დაიწყო მზადება შეტევისათვის. ჯერ სცადა ბევრნაირი სიკეთის დაპირებით გადმოებირებინა ზოგიერთი არმენიელი, რათა უფრო ადვილად დაეძლია დანარჩენები. მართლაც ე.წ. ასპეტიანთა გვარი, ძლიერი და მრავალრიცხოვანი, დაუკავშირდა მას და წერილობით მოთხოვეს უვნებლობა და ქონების შენარჩუნება, თუ მთელი სანათესაოთი მიატოვებდნენ ბრძოლის ველს და რომაელებთან მივიდოდნენ. სიტამს მისცა წერილობითი პირობა. ამის შემდეგ წარმატებაში დარწმუნებული სიტა მთელი ძალებით დაიძრა სოფელ ინოქალაკონისკენ სადაც არმენიელები დაბანაკებულიყვნენ. მაგრამ მისი წერილის წამღები მოციქულები სხვა გზით წასულიყვნენ და ასპეტიანები ვერსად ენახათ. ასპეტიანთა ზოგიერთ რაზმს სიტა შეეჩეხა და რადგან მათ არ იცოდნენ შეთანხმების შესახებ ბრძოლა გაუმართეს. შესაბამისად განრისხებულმა სიტამ ერთ მღვიმეში მოიხელთა მათი ბავშვები და ცოლები და გაჟლიტა ისინი.
საბოლოოდ სიტამ გამარჯვება ვერ მოახერხა და დაიღუპა კიდეც, რომლის ადგილზე მეფემ ბუზე დანიშნა. ისიც ვერაგულად ეპყრობოდა არმენიელებს. ერთის მხრივ გადმობირებას ცდილობდა, მეორეს მხრივ კი მოაკვლევინა ამბოხებულთა ერთ-ერთი მეთაური იოანე არშაკიდი.
ამის შემდეგ არმენიელებმა, რომლებმაც დაკარგეს ერთის მხრივ რომაელებთან მორიგების და მეორეს მხრივ გამარჯვების იმედი, სპარსელებთან დაკავშირება გადაწყვიტეს. სპარსელთა მეფესთან მათ გაგზავნეს ელჩობა ბასაკეს მეთაურობით. მათ ხოსროს განუცხადეს: „მრავალი ჩვენთაგან არშაკიდები არიან, იმ არშაკის შთამომავლები, რომლებიც არც პართელთა სამეფო ხელისუფლებისათვის იყო უცხო, როდესაც სპარსეთი პართელებს ექვემდებარებოდა, და რომელიც ბრწყინვალე მეფე იყო და თავისი დროის არც ერთ მეფეს არ ჩამოუვარდებოდა. ახლა კი ვდგავართ თქვენ წინაშე ყველანი მონებად და ლტოლვილებად ქცეულნი, მაგრამ არა ჩვენი ნებით, არამედ უაღრესად იძულებულნი, ერთი შეხედვით, რომაელთა მმართველობით, ნამდვილად კი, მეფევ, შენი წყალობით, თუ, მართლაც, ის, ვინც უსამართლოდ მოქცევის მსურველთ ზურგს უმაგრებს, თვით არის ნამდვილად ამ უსამართლო საქმეებში დამნაშავე. გიამბობთ ცოტა შორიდან, რათა შესძლოთ ყველა მომხდარ ამბავს კვალდაკვალ მისდიოთ. არშაკმა (იგულისხმება არშაკ III, რომელიც 384–390 წლებში მეფობდა დას. არმენიაში, ვიდრე მას ბიზანტია პროინციად არ აქცევდა) ხომ, ჩვენი წინაპრების უკანასკნელმა მეფემ, თავისი საგამგებლო რომაელთა თვითმპყრობელს თეოდოსის (იგულისხმება ავგუსტი თეოდოსი I) გადასცა თავისი ნებით იმ პირობით, რომ მომავალში მუდამ ყველა ის, ვინც არშაკის გვარის იქნებოდა თავისუფლად იცხოვრებდა საზოგადოდ და კერძოდ, არასდროს ხარკს არ გაიღებდა, და ამ შეთანხმებას ჩვენ ვიცავდით მანამდე, სანამ თქვენ იმ ცნობილ ზავს (532 წ.) არ შეჰკრავდით, რომელსაც – ვფიქრობთ – შეიძლება ადამიანმა სრულიად შეუცდომლად საყოველთაო უბედურება უწოდოს. ამ ზავის შეკვრის დროიდან მოკიდებული იუსტინიანე ხომ მეგობრებსაც და მტრებსაც აბუჩად იგდებდა. შლიდა და რევდა ქვეყნის საქმეებს ის, ვინც სიტყვით შენი კეთილმსურველია, მეფევ, ნადვილად კი ბოროტმზრახველი. ამას შენ თვითონაც გაიგებ სულ მალე, როგორც კი ის შეძლებს დასავლეთის ხალხთა სრულიად დამორჩილებას. რა არ ჩაიდინა მან ისეთი, რაც წინათ აკრძალული იყო? ან რამდენი კარგი მოწყობილი საქმე არ დაანგრია მან? განა იმან არ დაგვადვა ჩვენ სახარკო გამოსაღები, რასაც წინათ ადგილი არ ჰქონია, და ჩვენი მოსაზღვრე, წინათ თვითთავადი ჭანები არ დაიმორჩილა, ხოლო საცოდავ ლაზთა მეფეს რომაელი სარდალი არ ჩაუყენა? ეს საქმე არც მოვლენათა ბუნებას შეეფერება, არც სიტყვით აიხსნება ადვილად. განა მან ბოსფორიტებს, ჰუნთა ქვეშევრდომებს, სტრატეგოსები არ გაუგზავნა და არ მიითვისა ეს ქალაქი, რომელთანაც მას არაფერი ხელი არ ჰქონდა, ხოლო ეთიოპიელთა სამეფოებთან სამხედრო კავშირი არ შეკრა? გარდა ამისა ის ხელს ადებს ჰომერიტთა ქვეყანას და მეწამულ ზღვასაც და ფინიკონსაც უერთებს რომაელთა სამფლობელოს. აღარას ვამბობ ლიბიელთა და იტალიელთა უბედურებაზე. ამ კაცს მთელი დედამიწაც ვეღარ იტევს: მისთვის ისიც ცოტაა, რომ ერთად ფლოს მთელი მსოფლიო. რაღას აყოვნებ მეფეო? გერიდება ამ უაღრესად მავნებელი ზავისა? ალბათ იმიტომ, რომ შენ უკანასკნელ ლუკმად გახდე? თუ შენ გსურს გაიგო, თუ როგორია იუსტინიანე იმათ მიმართ, ვინც მას უთმობს, შენთვის უახლოესი მაგალითი იქნება მოცემული თვით ჩვენგან და საბრალო ლაზებისგან. ხოლო თუ გსურს გაიგო, თუ როგორ ეპყრობა ხოლმე, ის ჩვეულებრივ იმათაც, ვინც მას არ იცნობს და ვინც მას არაფერში უსამართლოს არ მოქცევია, მოუსმინე ვანდალებს, გუთებს და მავრუსიებს. მაგრამ უმთავრესი ჯერ კიდევ არ თქმულა. განა იმან ზომები არ მიღო იმისათვის, ზავის დროს მოტყუებით მიემხრო ალამუნდარი, შენი მონა, მეფევ, და ჩამოეშორებინა ის შენი სამეფოსათვის? განა იმან ამას წინათ არ სცადა შენი საქმეების საწინააღმდეგოდ დაკავშრებოდა ჰუნებს, რომლებთანაც მას მანამდე საქმე არ ჰქონია? მართლაც რომ არ ახსოვს ჟამთა ვითარებას ამაზე უფრო უმსგავსო საქმე. როგორც კი, ვფიქრობს მე, მან შეატყო, რომ დასავლელთა დაპყრობა თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, უკვე ხელი მიჰყო აღმოსავლელთა, ე.ი. თქვენს დევნას, ვინაიდან მხოლოდ სპარსელთა სახელმწიფო დარჩა მას დასაპყრობი. ამრიგად, მისგან ზავი უკვე დარღვეულია შენთვის და უვადოო ზავს მან დაუდვა ვადა. ზავს ხომ ის არ არღვევს, ვინც პირველი აისხამს იარაღს, არამედ ის, ვინც ზავის დროს იქნება შემჩნეული მეზობლების წინააღმდეგ ბოროტმზრახველობაში; ვინაიდან დანაშაული ჩადენილად ეთვლება მის განმზრახველს, თუმდაც მან მისი შესრულება ვერ შეძლოს. ხოლო თუ რით გათავდება ომი, ეს ყველასთვის ცხადია. ჩვეულებრივ ხომ მუდამ იმარჯვებს მოწინააღმდეგე არა ომისათვის საბაბის მიმცემი, არამედ ის, ვინც საბაბის მიმცემს იგერიებს. კიდევ მეტიც: ეს ბრძოლა არ იქნება ჩვენთვის თანაბარი მხარეთა ძალებით; ჯარის მეტი წილი ხომ რომაელებს მსოფლიოს შორეულ კიდეებში ჰყავთ, და ორი სტრატეგოსიდან, რომელნიც მათ საუკეთესონი ჰყავდათ, ერთი – სიტა ჩვენ ახლახან მოვკალით, ხოლო მეორეს – ველიზარის ვეღარ იხილავს ამიერიდან იუსტინიანე. მან უგულებელყო ეს უკანასკნელი, დარჩა დასავლეთში და თვითონ იგდო ხელთ იტალიელთა სახელმწიფო. ასე რომ, თუ შენ მტრის წინააღმდეგ გაილაშქრებ, არავითარი წინააღმდეგობა არ შეგხვდება, ჩვენი სახით კი გეყოლება ისეთები, რომელნიც გაუძღვებიან შენს ჯარს კეთილი განწყობილებით, როგორც შეგვფერის, და ადგილების კარგი ცოდნით აღჭურვილნი.
„დიდი ომიანობის“ დასაწყისი
542 წელს ხოსრომ იბერია გაიარა და ლაზიკის საზღვრებში შევიდა. მას წინ ლაზი ელჩები მიუძღოდნენ. სპარსელებს წინააღმდეგობას არავინ უწევდა. დაიწყეს ხეების მოჭრა, რომლებიც იქ დაქანებულ ადგილებში, მეტად ხშირი, შტომრავალი და მაღალი იყო და ჯარისთვის ქვეყანას სრულიად გაუვალს ხდიდა, ჰყრიდნენ მათ ძნელსავალ ადგილებში და სრულიად ადვილგასავლელად ხდიდნენ გზას. როდესაც მიაღწიეს შუა კოლხეთს, მოვიდა გუბაზი (II დაახლ. 541–554), ლაზთა მეფე, ეთაყვანა ხოსროს, ვითარცა ბატონს, და თავისი თავი სამეფო ძალაუფლებითურთ და მთელი ლაზიკე გადასცა მას.
პეტრა ზღვისპირა ქალაქია კოლხეთში, ე.წ. ევქსინის პონტოსთან; ის უმნიშვნელო იყო წინათ, ხოლო იუსტინიანე ავგუსტმა გარემოზღუდისა და სხვა მინაშენების საშუალებით გაამაგრა და ყოველმხრივ გაამშვენიერა კიდეც. როდესაც ხოსრომ გაიგო, რომ იქ რომაელთა ჯარი იყო იოანეთურთ, მან გაგზავნა მათ წინააღმდეგ ჯარი და სარდალი ანაბედი იმ მიზნით, რომ მან პირველივე იერიშითვე აეღო ქალაქი. როგორც კი გაიგო იოანემ თავდასხმის შესახებ, ბრძანა, რომ არავინ ზღუდის იქით არ გასულიყო და არც ვინმე კედლებს ნიკბებიდან მტერს დანახვებოდა; მან მთელი ჯარი შეაიარაღა, ქალაქის კარების მახლობლად დააყენა და უბრძანა სიჩუმე დაეცვათ ისე, რომ კრინტი არავის დაეძრა. და, აი, როდესაც სპარსელები ზღუდეს მიუახლოვდნენ, და მოწინააღმდეგეთაგან ვერავინ დაინახეს, ვერც ყური მოჰკრეს სადმე, იფიქრეს, რომაელებს ქალაქი დაუტოვებიათ და იგი დაცარიელებულიაო. ამიტომ ისინი კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ ზღუდესთან, რომ მაშინვე კიბეები მიედგათ, რადგან კედლების დამცველი არავინ იყო. სანამ იერიშს დაიწყებდნენ ყველაფერი ხოსროს მოახსენეს და იმანაც გაუგზავნა მეტი წილი ჯარისა და უბრძანა ყოველი მხრიდან ცდილიყვნენ ზღუდის აღებას; ერთ მთავართაგანს იმასაც უბრძანებდა, რომ კარებისათვის კრიოს მანქანა გამოეყენებინა, ხოლო ის თვითონ იჯდა ბორცვზე, რომელიც ქალაქის მახლობლად აღმართულიყო, და უყურებდა, თუ რა ხდებოდა. ამ დროს რომაელებმა კარები მოულოდნელად გააღეს, დაესხნენ თავს მოწინააღმდეგეს და გაჟლიტეს ბევრი მათგანი.
განსაკუთრებით დაზარალდნენ ისინი, რომლებიც მანქანასთან იდგნენ; დანარჩენებმა სარდალთან ერთად გაქცევით უშველეს თავს. განრისხებულმა ხოსრომ ანიაბედი სარზე წამოაგო, არასამხედრო და მეწვრილმანე იოანეს თავი როგორ მოატყუებინეო. ზოგი ამბობს სარზე წამოაცვეს არა ანიაბედი, არამედ ის მთავარი რომელიც მანქანასთან მომუშავეებს რომ ზედამხედველობდაო. შემდეგ ხოსრომ თვით შემოარტყა პეტრას ალყა. მან ქალაქის მეორე ზღუდეს ირგვლივ შემოუარა და დარწმუნდა, რომ ის არც თუ ისე გამძლე იყო და გადაწყვიტა შეეტია მასზე. ხოსრომ ბრძანა ისრები დაეშინათ კედლის ნიკბებისათვის. რომაელებიც მტრის მოგერიებისას ხმარობდნენ მანქანებსა და ყოველგვარ სასროლ იარაღებს. პირველ ხანებში სპარსელები ბევრად მეტ ვნებას განიცდიდნენ, რადგან რომაელები ზემოდან ესროდნენ. საღამოსკენ იოანეს მოულოდნელად ისარი მოხვდა კისერში და მოკვდა. ამან რომაელთა მოდუნება გამოიწვია, თუმცა რადგან ბინდდებოდა სპარსელებიც დაბრუნდნენ ბანაკში.
მეორე დღეს სპარსელებმა გადაწყვიტეს ზღუდის დასანგრევად მის ქვემოთ გვირაბი გაეთხარათ. ქალაქი პეტრა მიუვალია ჯერ ერთი ზღვით, მერე ციცაბო კლდეებით, რომელიც იქ ყოველმხრივ არის აღმართული: აქედან არის რომ მას ეს სახელწოდება ხვდა წილად (პეტრა ბერძნულად „ქვას“ ნიშნავს). მხოლოდ ერთი შესავალი აქვს მას დაბლობში, ისიც არც თუ ისე ფართო: ვინაიდან მის ორივე მხარეს დიდი კლდეებია დაკიდებული. რადგან იმათ, რომელთაც ქალაქი პირველად ააშენეს, წინასწარ განჭვრიტეს, რათა ზღუდის ის ნაწილი არ ყოფილიყო ადვილი იერიშებისათვის, და გრძელი კედლები გააკეთეს აქ დიდ მანძილზე მისავალის თითოეული კლდის გასწვრივ და ამ კედლების ორივე მხარეს ორი კოშკი ააგეს, ჩვეულებრივი წესით კი არა, არამედ სხვანაირად. შენობის შუაში იმათ არსად დატოვეს ცარიელი ადგილი, არამედ მთელი ეს კოშკები, მიწიდან დაწყებული უმაღლეს წვერამდე, უდიდესი, ერთმანეთთან გადახლართული ქვებისგან ააშენეს, რათა რაც შეიძლება ნაკლებ მოსახერხებელი ყოფილიყო მათი შერყევა კრიოთი ან სხვა მანქანით. აი ასეთი იყო პეტრას ზღუდის მდგომარეობა. სპარსელებმა რომ მიწაში მალულად გვირაბი გაიყვანეს, ერთ-ერთი კოშკის ქვეშ აღმოჩნდნენ; იქიდან გამოალაგეს მრავალი ქვა და მათ ადგილას შეშები ჩააწყვეს, რომელთაც ცოტა ხნის შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. ალი რომ თანდათან ზევით იწევდა, ქვების ძალა შეარყია, მთელი კოშკიც შეანძრია და უეცრად ძირს დაანარცხა. რომაელებმა, რომლებიც შიგნით იყვნენ, ადრევე მიხვდნენ რაც ხდებოდა, გაიქცნენ და ქალაქის ზღუდის შიგნით აღმოჩნდნენ. მაშინ სპარსელებმა დაანგრიეს გარე კედელი და ქალაქს მიადგნენ. შეშინებულმა რომაელებმა მოლაპარაკება გამართეს და პირობა მიიღეს ხოსროსგან სიცოცხლისა და ქონების შენარჩუნების სანაცვლოდ ჩაებარებინათ ქალაქი. ხოსრომ მხოლოდ იოანეს ქონება აიღო, ქალაქი დაიკავა და რომაელები თავიანთი ქონებით საპატიო ტყვეებად აიყვანა.
ამ დროს იქ მოვიდნენ ზოგიერთები სპარსეთიდან და აუწყეს, ველიზარიმ ქალაქ ნისიბინის მახლობლად ნაბედზე გაიმარჯვა და წინ მიიწევსო; ხოლო სისავრანონის სიმაგრეს ალყა შემოარტყა და აიღო ბლესქამინი და 800 სპარსელი ცხენოსანი ტყვედ ჩაიგდო, რომაელთა მთელი ჯარი კი გაგზავნა სარკინოზთა (არაბთა) მეფის, არეთას მეთაურობით, რათა მან გადალახოს მდინარე ტიგროსი და მოაოხროს მთელი იქაური ადგილები, რომლებიც წინათ განადგურებული არ ყოფილაო. ამავე დროს იყო, რომ ჰუნთა ჯარი გაგზავნა ხოსრომ არმენიელთა, რომაელების ქვეშევრდომთა წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ ჰუნებს ისინი შეეყოვნებინათ და იქაურ (ე.ი. არმენიაში მყოფ) რომაელებს არაფერი გაეგოთ, რაც ლაზიკეში ხდებოდა. აი ეს ბარბაროსები – იუწყებოდნენ სხვები – ხელში ჩავარდნიათ ვალერიანეს და რომაელებს, რომლებიც მათ შეხვედრიან, სასტიკად დამარცხებულან ბრძოლაში, სადაც მეტი წილი ჰუნებისა დაღუპულა.
ეს რომ გაიგეს სპარსელებმა, რომელნიც ისეც შეშფოთებული იყვნენ ლაზიკეში მათ თავზე მოვლენილი უბედურებით, მათ შეეშინდათ, რომ ამ გაჭირვებაში მყოფთ არ წაწყდომოდათ მტრის რომელიმე რაზმი ამ დაქანებულსა და კლდიან ადგილებში და ყველანი არ ამომწყდარიყვნენ ასე უშნოდ და რადგან ეფიქრებოდათ შვილებისა, ცოლებისა და სამშობლოსი, ისინი, ვინც კი მიდიელთა ჯარში წარჩინებული იყო, აგინებდნენ ხოსროს და უსაყვედურებდნენ მას, რომ დაარღვია ფიცი და ხალხთა საზოგადო კანონები და იმ დროს როდესაც საზავო ხელშეკრულება იყო დადებული, შეიჭრა რომაელთა მიწა-წყალში; უსამართლოდ მოეპყრა ძველსა და ყველაზე უფრო ღირსეულ სახელმწიფოს, რომლის დაძლევა ომში მას არ შეეძლო.
ხოსრომ დატოვა მცველი ჯარი პეტრაში და დანარჩენი ჯარითა და რომაელ ტყვეებთან ერთად სპარსეთში გაბრუნდა. მალე იუსტინიანემ ველიზარი ბიზანტიონში გაიწვია და იქვე დარჩა გამოსაზამთრებლად.
3 წლიანი უშედეგო ომების (ისინი სირია-არმენიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა) მეტოქენი ზავის ხასიათზე დადგნენ. იუსტინიანემ ხოსროსთან გაგზავნა მოსალაპარაკებლად კონსტანტინე და სერგი, რომელთაც მოითხოვეს ლაზიკის სოფლების დაბრუნება და მტკიცე ზავის დადება. ხოსრომ უთხრა – დროებითი ზავი დავდოთ, ხოლო მტკიცე ზავისთვის აუცილებელია მომცეთ ფული და ექიმი სახელით ტრიბუნე გარკვეული დროით (ადრე ხოსრო ძმიმე სენისგან განუკურნია). იუსტინიანე დათანხმდა და ტრიბუნესთან ერთად 20 კენდინარი გაუგზავნა. ასე დაიდო 545 წელს სპარსეთ-ბიზანტიას შორის ზავი 5 წლის ვადით.
ეგრისელთა მიერ რომაელთა მხარეს გადასვლა
ხოსრომ გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი ვითარებით, ლაზიკა საბოლოოდ დაეპყრო და მისი მოსახლეობა სპარსეთში გადაესახლებინა. ეს სპარსეთს დიდ სარგებლობას მოუტანდა; იბერიაც ხომ მომავალში უშიშრად ეპყრებოდა, რადგან იბერებს აღარ ეყოლებოდათ ის ხალხი, ვისთანაც ისინი, განდგომის შემთხვევაში თავს გადაირჩენდნენ. იმის შემდეგ რაც ამ ბარბაროსთა დიდებულნი გურგენ მეფესთან ერთად განდგომას იზრახავდნენ, იმ დროიდან არც სპარსელები აძლევდნენ ნებას მათ მეფე ჰყოლოდათ, არც იბერები ემორჩილებოდნენ სპარსელებს თავისი ნებით, ასე რომ დიდი ეჭვითა და უნდობლობით ეპყრობოდნენ ერთმანეთს. ცხადი იყო, რომ იბერებს ძალიან უჭირდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და ახლო მომავალში განზრახული ჰქონდათ აჯანყება, თუკი შეძლებდნენ ოდესმე შესაფერისი დრო ეხელთათ. აგრეთვე ლაზიკის მეზობლად მოსახლე ჰუნებისგანაც სპარსელთა სახელმწიფო სამუდამოდ დაურბეველი იქნებოდა, ხოლო გაცილებით უფრო ადვილად მიუსევდა იმათ რომაელთა სახელმწიფოს, როცა კი ეს მისთვის სასურველი იქნებოდა: კავკასიაში მოსახლე ბარბაროსთათვის ლაზიკე არის მხოლოდ საწინააღმდეგო ტიხრი, ყველაზე უფრო-კი, მას იმედი ჰქონდა, ლაზიკის მხრით გაძლიერება სპარსელებისათვის იმით იქნებოდა სასარგებლო, რომ იქიდან შეტევით ისინი ადვილად შეძლებდნენ თავს დასხმოდნენ, ხმელეთითაც და ზღვითაც, ე.წ. ევქსინის პონტოზე მდებარე სოფლებს, დაემორჩილებინათ კაპადოკიელები, მათი მოსაზღვრე გალატიელები და ბითინიელები, და მოულოდნელად დაეპყროთ ბიზანტიელები, ისე რომ მათ არავინ წინააღმდეგობას არ გაუწევდა. ამიტომ უნდოდა ხოსროს ლაზიკის შემოერთება, ხოლო ლაზებისადმი ნდობა მას ძალიან ნაკლებად ჰქონდა, ვინაიდან, როდესაც რომაელები ლაზიკიდან წავიდნენ, ლაზთა უმეტესობა სპარსელების ხელისუფლების ქვეშ საგრძნობლად შეწუხდა: სპარსელები სხვებთან შედარებით უფრო ერთფეროვანი ცხოვრების მოყვარულნი არიან და ცხოვრებაში ზომაზე მეტად მკაცრნი, და მათი კანონებიც მიუწვდომელა ყველასათვის და მათი დადგენილებანი სრულებით მიუღებელი. ლაზების მიმართ მაინც განსაკუთრებით ძლიერ იჩენს თავს განსხვავება მსოფლმხედველობისა და ცხოვრებისა, რადგან ლაზები ქრისტეანენი არიან, ყველაზე უფრო მეტად, სპარსელებში-კი სარწმუნოებრივი შეხედულებები სრულიად ამათი საწინააღმდეგოა. ამას გარდა ლაზიკეში არსად არის მარილი, არც ხორბლეული მოდის, არც ღვინო, არც სხვა რამ სიკეთე. ყველაფერი შემოაქვთ მათთან ნავებით რომაელთა სანაპიროებიდან, და ამაში ისინი ფულს კი არ აძლევენ მიმწოდებლებს, არამედ ტყავებს, მონებს და თუ სხვა რამ სიჭარბით აღმოაჩნდებათ. ცხადია, ეს რომ დაჰკარგეს, გამწარებულნი იყვნენ. რადგან ხოსრომ ეს იცოდა, იმის ცდაში იყო, რომ, ვიდრე ისინი მის წინააღმდეგ აჯანყდებოდნენ, წინასწარ უზრუნველეყო თავისი მდგომარეობა. და მას, ამის გამზრახველს, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ თავიდან მოეცილებინა ლაზთა მეფე გუბაზი და ლაზები იქიდან სრულიად გადაესახლებინა და ამრიგად იმ ქვეყანაში ჩაესახლებინა სპარსელები და ზოგიერთი სხვა ტომებიც.
ზავის დადებიდან მესამე წელს (547/548) ხოსრომ ჯერ გაგზავნა ლაზიკეში აუარებელი ხე-ტყე, რომელიც ხომალდების გასაკეთებლად იყო გამოსადეგი, და არავის გაუმხილა, თუ რისთვის გაგზავნა ისინი, მაგრამ საფიქრებელი იყო, რომ ისინი გაგზავნა პეტრას კედელზე მანქანების დასადგმელად. ხოლო შემდეგ გამოარჩია 300 მამაცი სპარსელი, მათ სათავეში ჩაუყენა გავლენიანი დიდებული ფაბრიზი (მის ძმას ისდიგუსნა/იეზდი გუშნასპს დარას აღება დაავალა) და უბრძანა წასულიყო ლაზიკაში და რაც შეიძლება მალულად მოეკლა გუბაზი; დანარჩენზე კი მე თვითონ ვიზრუნებო. ფაბრიზმა ლაზიკაში იპოვა ერთი ადგილობრივი დიდებული ფარსანსი, რომელსაც გუბაზისათვის შეურაცხყოფა მიუყენებია და მასთან ამის გამო დიდ შუღლში ჩავარდნილა და სრულიად ვეღარ ბედავდა მეფეს დანახვებოდა. ფაბრიზმა აუხსნა ვითარება და ერთად გადაწყვიტეს, რომ ფაბრიზი პეტრაში წავიდოდა და იქ დაიბარებდა გუბაზს, ვითომც იმიტომ, რომ ეცნობებინა მისთვის, თუ რა განზრახვები ჰქონდა ხოსროს ლაზების საკეთილდღეოდ. მაგრამ ფარსანსიმ ჩუმად აცნობა ეს ამბავი გუბაზს. ამიტომ გუბაზი არ მივიდა ფაბრიზთან და განდგომა განზრახა. ფაბრიზმა უბრძანა დანარჩენ სპარსელებს პეტრას დაცვისთვის ეზრუნათ ყოველი ძალღონით და რაც შეიძლება მტკიცედ მომზადებულიყვნენ გარემოცვისათვის, თვითონ კი 300 სპარსელითურთ დაბრუნდა შინ.
გუბაზმა სასწრაფოდ იუსტინიანეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აცნობებდა მდგომარეობას და თხოვდა ეპატიებინა ლაზებისათვის ის, რაც მათ წინათ ჩაიდინეს, და ყოველი ღონით ხელი შეეწყო მათთვის, რომ განთავისუფლებულიყვნენ სპარსთა ძალაუფლებისაგან.
როდესაც იუსტინიანემ ეს მოისმინა, ძალიან ესიამოვნა და გაგზავნა ლაზების დასახმარებლად დაგისთეს სარდლობით 7000 რომაელი და 1000 ჭანი. ისინი ლაზიკეში გუბაზს შეუერთდნენ და ერთობლივი ძალებით ციხეს გარს შემოერტყნენ, რომელსაც 1500 სპარსელი იცავდა. სპარსელები კარგად მომზადებულნი იყვნენ და სურსათიც ბლომად ჰქონდათ, რის გამოც ალყა გაჭიანურდა. ამასთან ხოსრომ ახალი ჯარი (ცხენოსნები და ქვეითები) გამოგზავნა მათ დასახმარებლად მერმეროეს მეთაურობით“.
აქ პროკოპი წყვეტს დროებით ამბავს და ეგრისის გეოგრაფიულ აღწერაზე გადადის: „მდინარე ბოასი (ყვირილა) გამოდის სადღაც ჭანეთის საზღვრების მახლობლად არმენიელთა ადგილებში, რომლებიც ფარანგიონის გარშემო ცხოვრობენ (ბოასი ანტიკურ ხანაში ერქვა ჭოროხს და ის მართლა ასე მოემართებოდა. ეს ამბავი აბნევს პროკოპის და ჯერ იწყებს ჭოროხის აღწერას, თუმცა შემდეგ უკვე სწორად აგრძელებს ყვირილასა და მის გამგრძელებელი რიონის აღწერას). თავში ის კარგა მანძილზე მარჯვნივ მიმდინარეობს. თხელია და არავითარ სიძნელეს არ წამოადგენს არავისთვის ფონში გასასვლელად ვიდრე იმ ადგილამდე, სადაც მარჯვნივ იბერთა საზღვრები არის, ხოლო მის პირისპირ კავკასიის მთა თავდება. აქ (კავკასიის მთებში) ბევრი სხვადასხვა ტომი ცხოვრობს. მათ შორის ალანები და აბაზგები, რომლებიც ქრისტიანები არიან და ძველითგანვე რომაელთა მეგობრები; აგრეთვე ზიქნიც და მათ შემდეგ ჰუნებიც, რომელთაც საბირები ეწოდება. მის შემდეგ რაც ეს მდინარე მიაღწევს იმ ადგილს, სადაც კავკასიის იბერიის საზღვრებია, აქ, რადგან მას ბევრი წყალიც ემატება, ის იზრდება ძალიან და, ნაცვლად ბოასისა ამიერიდან ფასისად (ეს უკვე რიონია ვარცხიდიდან შავ ზღვამდე) წოდებული, განაგრძობს მდინარეობას, ნაოსნობისათვის გამოსადეგი ვიდრე ევქსინად წოდებულ ზღვამდე, სადაც მისი შესართავია, და მის ორივე მხრით ლაზიკე არის. მაგრამ მარჯვნივ მთელი ის ქვეყანაა დიდ მანძილზე ვიდრე იბერიის საზღვრებამდე დასახლებულია ადგილობრივი მცხოვრებლებით. ლაზთა სოფლები ხომ აქ მდებარეობს მდინარის აქეთა ნაპირას და ქალაქებიც მათ ძველითგანვე აქ აუშენებიათ; მათ შორის არის არქეოპოლისი, ძალიან გამაგრებული, სებასტოპოლიც არის აქ და პიტიუნტის სიმაგრეც, ხოლო სკანდა და სარაპანი – იბერიის საზღვრებისაკენ. ყველაზე შესანიშნავი ქალაქები კი მაინც არის აქ როდოპოლისი და მოხირისი. მდინარის მარცხნივ, ისეთ მანძილზე, რომელსაც ერთ დღეში გაივლის მსუბუქად დატვირთული კაცი, ლაზიკის საზღვრებია, ხოლო ეს მხარე მოსახლეობას მოკლებული ჩანს. ამ მხარის მეზობლად რომაელები ცხოვრობენ, რომაელთაც პონტოელები ეწოდებათ. ლაზიკის მიწაწყალზე, იმ ადგილას, სადაც ადამიანებს არასდროს არ უცხოვრიათ, იუსტინიანემ ჩემს დროს ქალაქი პეტრა გააშენა (არადა პროკოპი სხვაგან სხვანაირად ახასიათებდა). აქ იოანე, ე.წ. ციბე, მონოპოლიონის დამწესებელი – ლაზთა განდგომის მიზეზი შეიქმნა. ქალაქ პეტრადან პირდაპირ რომ მიდიხარ სამხრეთისაკენ გვხვდება რომაელთა საზღვრები, აქ-კი ადგილები მჭიდროდ არის დასახლებული: რიზედ წოდებული, ათინა და ზოგი სხვა ვიდრე ტრაპეზუნტამდე.
როდესაც (542 წ.) ლაზები წინ მიუძღვებოდნენ ხოსროს, მათ გადავლეს მდინარე ბოასი (ყვირილა) და ისე მივიდნენ პეტრაში, რომ ფასისი მარჯვნივ ჰქოდათ, თითქოს იმიტომ, რომ მათ წინასწარ განჭვრიტეს, რათა მდინარე ფასისი გასავლელად არც დრო იყო და არც შრომა დასჭირდებოდათ მეტი, ხოლო ნამდვილად იმიტომ, რომ არ სურდათ სპარსელებისთვის ეჩვენებინათ თავიანთი საბინადროები, თუმცა ლაზიკე ყველგან, მდინარე ფასისის როგორც აქეთა ისე იქეთა მხარეზე, გაუვალია. ქვეყნის ორსავე მხარეს უზარმაზარი კლდეებია, რომლებიც იქ დიდ მანძილზე ვიწრობებს ქმნიან, ასეთ გზებს რომაელები „კლისურებს“ უწოდებენ – ელინური გამოთქმით. მაგრამ რადგან მაშინ ლაზიკე დაუცველი აღმოჩნდა, სპარსელები მათ წინამძღოლ ლაზებთან ერთად სწრაფად გაჩდნენ პეტრაში“.
ახლა პროკოპი აგრძელებს გუბაზისა და დაგისთეს ამბავს: „გუბაზმა რომ გაიგო სპარსელთა შემოტევის შესახებ, შეუთვალა დაგისთენეს გამოეგზავნა რამდენიმე კაცი, რომლებიც, რაც შეიძლება უფრო მტკიცედ, დაიცავდნენ იმ ვიწრობს, რომელიც მდინარე ფასისის იქით იყო, ხოლო ალყა არავითარ შემთხვევაში არ მოეხსნა, სანამ ისინი პეტრას და იქ მყოფ სპარსელებს არ დაიპყრობდნენ. თვითონ-კი კოლხების მთელი ჯარით ლაზიკის საზღვრებისკენ წავიდა, რათა მთელი ძალღონით დაეცვა იქ მყოფი ვიწრობი. კარგა ხნის წინათ მან კავშირში ჩაითრია ალანები და საბირები, რომლებმაც აღუთქვეს სამ კენდინარად არა თუ აუოხრებლად დაეცვათ ლაზებისათვის მათი მიწა-წყალი, არამედ იბერიაც ისე გაეუკაცრიელებინათ, რომ სპარსელებს აღარ შეძლებოდათ იქ მისვლა. გუბაზი დაჰპირდა, რომ მეფე მათ მისცემდა ამ ფულს, თვითონ-კი აცნობა იუსტინიანე მეფეს ამ პირობების შესახებ და სთხოვდა გამოეგზავნა ბარბაროსებისათვის ეს ფული და მეტად განადგურებულ ლაზთათვის მიეცა რაიმე ნუგეში. ის ამბობდა, რომ ხაზინას თვითონ მისი მართებს ათი წლის სარგო, რადგან თუმცა იგი პალატის სილენტიარიებში ჩანიშნეს, მაგრამ მას არაფერი მიუღია იქედან, მას შემდეგ რაც ხოსრო კოლხიდაში მოვიდა. იუსტინიანე ფიქრობდა დაეკმაყოფილებინა ეს თხოვნა, მაგრამ რაღაც მისი მოუცლელობის გამო არ გაუგზავნა ფული თავის დროზე.
დაგისთემ-კი ვერ გამოიყენა არსებული პირობები, როგორც საჭირო იყო (ის ახალგაზრდა იყო და არ ჰქონდა უნარები სპარსელებთან ომისთვის გაეძლო). თუმცა ცხადია, საჭირო იყო მეტი წილი ჯარისა ვიწრობში გაეგზავნა და თვითონაც მიეღო მონაწილეობა ამ საქმეში, მაგრამ მან მხოლოდ 100 კაცამდე გაგზავნა, თითქოს მეორეხარისხოვან საქმესთან ჰქონოდა საქმე: ხოლო თვითონ მთელი ჯარით პეტრას შემოარტყა ალყა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მტერი მცირერიცხოვანი იყო. თავში ხომ ისინი იყვნენ არანაკლებ 1500-ისა, ხოლო ბევრნი დაიხოცნენ, როდესაც მასზე იერიშები მიჰქონდათ რომაელებსა და ლაზებს, რომლებიც დიდხანს გარს ერტყნენ ქალაქს, და დიდი სიყოჩაღე გამოიჩინეს, ყველა იმათზე მეტი, ვისაც ჩვენ ვიცნობთ, და მოხდა ისე, რომ მათი რიცხვი ძალზე მეტად შემცირდა. სასოწარკვეთილებაში და გაჭირვებაში ჩავარდნილი სპარსელები გაუნძრევლად იდგნენ, რომაელებმა-კი კედელთან თხრილი გააკეთეს მცირეოდენ მანძილზე და ამ თხრილიდან ზღუდე მაშინვე ძირს დაეცა. მაგრამ იმ ადგილის შიგნით ერთი სახლი ყოფილა, რომაელიც ზღუდისგან სრულიად არ იყო დაშორებული: ეს სახლი მოხვდა მთელი იმ ჩამონგრეული ნაწილის ადგილას და წარმატებით ასრულებდა ზღუდის მოვალეობას. მიუხედავად ამისა დაგისთე იმედიანად იყო, რადგან ფიქრობდა თუ ასეთ თხრილებს სხვაგანაც გავთხრი იქაც ჩამოინგრევა კედელიო და გახარებულმა მისწერა იუსტინიანეს რომ ქალაქი მალე დაეცემა და მზად მაქვს საგამარჯვებო საჩუქრებიო; ამასთანავე მიუთითებდა თუ რით უნდა დაესაჩუქრებინა ის და მისი ძმა. სპარსელები-კი ძლიერად მოწოლილ რომაელებსა და ჭანებს ყოველი მოლოდინის გარეშე უწევდნენ წინააღმდეგობას, თუმცა ძალიან ცოტანიღა იყვნენ გადარჩენილნი. რადგან გარემომცველ რომაელებს არაფერი გამოუდიოდათ, ისინი კვლავ შეუდგნენ თხრას. ამ მუშაობაში იქამდე მივიდნენ, რომ ზღუდის საფუძველი მეტწილად უკვე ჰაერში ეკიდა და მალე ჩამოინგრეოდა. დაგისთეს რომ საძირკველისთვის ცეცხლი მიეცა ქალაქიც უმალ აღებული იქნებოდა, მაგრამ ის მეფისგან წყალობას მოელოდა, სულ აყოვნებდა და უსაქმურად ატარებდა დროს.
ამასობაში მერმეროემ სპარსთა ლაშქრით განვლო იბერიის საზღვრები, წინ გასწია ისე რომ მდინარე ფასისი მარჯვნივ ჰქონდა: იმან არ მოინდომა ლაზიკის სოფლებზე გაეარა სადმე, რათა იქმ მას რაიმე დაბრკოლება არ შეხვედროდა. ის ეშურებოდა გადაერჩინა ქალაქი პეტრა და იქ მყოფი სპარსელები, თუმცა კედლის ერთი ნაწილი უკვე ჩამონგრეულიყო უცებ. ორმოცდაათიოდე მოხალისე რომაელთა ჯარიდან ქალაქში შევიდა და გაიძახოდა: იუსტინიანე ავგუსტი გამარჯვებულიაო; მათ წინამძღოლობდა ერთი ახალგაზრდა, წარმოშობით არმენიელი იოანე თომას ძე, რომელსაც მეტსახელად გუზის (აგათიას ცნობით „ბუზე“) ეძახდნენ. ეს ის თომაა, რომელმაც მისდამი მეფის მიერ გაცემული ბრძანებით, ააგო მრავალი სიმაგრე, ლაზიკის გარშემო რომ არის, და ის სარდლობდა იქ მყოფ ჯარს: ავგუსტი მას გონიერ კაცად თვლიდა. იოანე სპარსელებთან ხელჩართული ბრძოლის დროს დაიჭრა და მაშინვე უკან ბანაკში გამობრუნდა ჯარითურთ, რადგან რომაელთაგან არავინ მივიდა დასახმარებლად; ერთმა სპარსელმა, სახელად მირანმა, რომელიც პეტრაში მცველ რაზმს მეთაურობდა და რომელსაც ქალაქის დაცემის შიში ჰქონდა, უბრძანა ყველა სპარსელს ძალიან ფრთხილად ყოფილიყვნენ დაცვის დროს, თვითონ კი წავიდა დაგისთესთან და პირფერი და ცბიერი სიტყვებით აღუთქვამდა, რომ სულ მალე დაუბრკოლებლად ჩააბარებდა ქალაქს.
ასეთი მოტყუებით მან შესძლო, ის, რომ რომაელთა ჯარს მაშინვე აღარ უცდია ქალაქში შესვლა. როდესაც მერმეროე 100 რომაელის მიერ გამაგრებულ ვიწრობს მიადგა ენერგიულად შეუტია. რომაელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ მათ ახლები ცვლიდნენ. ათასამდე სპარსელი მოკლეს, შემდეგ კი მოიქანცნენ და იქაური მთების მწვერვალებისკენ გაქცევით უშველეს თავს. როდესაც ეს ამბავი დაგისთემ გაიგო, ლაშქრის რომაული ნაწილით პეტრა მიატოვა ისე რომ დარჩენილ ჭანთათვის არაფერი უბრძანებია და ჩრდილოეთით, ფაზისისაკენ (რიონისაკენ) დაიძრა. ამის დანახვაზე პეტრაში გამოკეტილი სპარსელები გარეთ გამოიჭრნენ და ბიზანტიელთა მიტოვებული ბანაკის ძარცვა დაიწყეს, თუმცა ამ დროს საიდანღაც ჭანები გამოჩნდნენ და სპარსელთა უმრავლესობა ამოხოცეს, ბანაკის მთელი ნადავლი ხელთ იგდეს და რიზე-ათინა-ტრაპეზუნტის გზით შინ დაბრუნდნენ.
დაგისთეს გაქცევიდან 9 დღის შემდეგ მერმორე პეტრას მიადგა, რომელშიც 350 დასახიჩრებული და მხოლოდ 150 ომისთვის გამოსადეგი სპარსელიღა შემორჩენილიყო. დახოცილთა გვამები, თუმცა მათი მყრალი სუნი ახრჩობდათ, გალავანს გარეთ არ გადაეყარათ, რადგან ეს მტერს სიმხნევეს შეჰმატებდა. მერმეროეს ეს ამბავი სასაცილოდ არ ეყო და ამბობდა რომაელთა სახელმწიფო ცრემლებისა და ტირილის ღირსია, რადგან 150 კაცის ამარა დარჩენილი გაუმაგრებელი ციხე ვერ დაუპყრიათო.
სპარსელთა სარდალმა დარღვეული ციხის კედლები ქვიშით სავსე ტომრებით ამოკეტა (რადგან არც კირი ჰქონდა და არც სხვა რამე ცემენტის შესაქმნელად), ციხეში ახალი 3000 მებრძოლი შეაყენა, რამდენიმე დღის სამყოფი სურსათი დაუტოვა და დაავალა კედლების აღდგენა. შემდეგ კი დარჩენილი ჯარით უკან სხვა გზით გაბრუნდა, რათა საკვების შეგროვება შეძლებოდა. მან შეიტყო რომ მახლობელ მთებზე მოსახლეობა იყო და იმათკენ გაემართა დაიძრა გასაძარცვავად. ამ გზაზე ლაზი დიდებული ფუბელი ჩაუსაფრდა სპარსელებს, მას მოჰყავდა დაგისთე 2000 რომაელითურთ, რომელთაც დახოცეს მოულოდნელად რამდენიმე ცხენის მწყემსი, და ცხენებიც რომ დაიტაცეს, ცოტა ხნის შემდეგ უკან მობრუნდნენ. ამრიგად, მერმეროე წავიდა იქიდან სპარსთა ჯარითურთ.
გუბაზმა რომ გაიგო, რაც რომაელებს გადახდათ პეტრაში და ვიწრობშიაც, არც შეშინდა, არც მის მიერ დაჭერილი ვიწრობის დაცვას გაანება თავი, რადგან ფიქრობდა, რომ იქ იყო მათთვის თავიდათავი იმედი, იმან კარგად იცოდა, რომ, თუ სპარსელები დაძლევდნენ რომაელებს ფასისის იქით და ვიწრობის გადასვლას და პეტრაში მისვლას შეძლებდნენ, ვერავითარ ზიანს ლაზთა მიწა-წყალს ამით ვერ მიაყენებდნენ, რადგან ისინი ვერას გზით ვერ გადალახავდნენ ფასისს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ ნავები არ ჰქონდათ. ამ მდინარეს ხომ სიღრმე აქვს სხვებზე არანაკლები, სიგანითაც დიდ მანძილზეა გადაჭიმული: სისწრაფეც მას ისეთი აქვს, რომ ზღვაში ჩასული ის კარგა მანძილზე ცალკე მიმდინარეობს, ისე, რომ მას არ უერთდება, ამიტომ იქ მენაოსნეთათვის მოსახერხებელია შუა ზღვაში მიიღონ სასმელი წყალი. და მდინარის აქეთ ყველგან სიმაგრეებიც გაუკეთებიათ ლაზებს, რათა ნავებით მომავალი მტრისათვის ხმელეთზე გადმოსვლა არ ყოფილიყო შესაძლებელი. იუსტინიანემ საბირთა ტომს გაუგზავნა დაპირებული ფული, ხოლო გუბაზი და ლაზები კიდევ ფულით დაასაჩუქრა. დიდი ხნით ადრე კი გაგზავნა მან ლაზიკეში მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელიც იქ ჯერ კიდევ არ მისულიყო. მათ სათავეში იდგა რეკითანგე თრაკიელი, კაცი გონიერი და სამხედრო საქმეების მცოდნე.
მერმეროე აპირებდა სურსათი გაეგზავნა პეტრას მცველთათვის, მაგრამ რაც გზად იპოვა თავისი ჯარისთვის ძლივს ჰყოფნიდა. ასეთ პირობებში კი ამოდენა ჯარით ლაზიკეში დარჩენა უაზრობა იყო. ამიტომ ფავრიზისა და კიდევ 3 სარდლის მეთაურობით 5000 სპარსელი დატოვა, მთელი სურსათი მათ გადასცა და დანარჩენი ჯარით პერსარმენიაში წავიდა, რათა დვინის სოფლებში გაეშალა ბანაკი და მოემარაგებინა სურსათი.
როდესაც ეს ხუთიათასეული ლაზიკის საზღვრების მახლობლად მივიდა, მდინარე ფაზისის გასწვრივ დაბანაკდა და იქიდან ჯგუფ-ჯგუფად უვლიდნენ იქაურ სოფლებს და არბევდნენ. ეს რომ გუბაზმა გაიგო, სთხოვა დაგისთეს საჩქაროდ მიშველებოდა იქ, ვინაიდან მათთვის შესაძლებელი გახდებოდა მტრისათვის დიდი ვნება მიეყენებინათ. ისიც ასე მოიქცა და რომაელთა მთელი ჯარით წინ გაემართა, ისე რომ მდინარე ფასისი მარცხნივ ჰქონდა, ვიდრე იმ ადგილს მიაღწევდა, სადაც, მდინარის მეორე ნაპირას ლაზები იყვნენ დაბანაკებულნი. ამ ადგილას ფასისის ფონს გადასვლა შეიძლებოდა, რაც რომაელებმა და სპარსელებმა არ იცოდნენ. ლაზებმა ამით ისარგებლეს, უეცრად გავიდნენ და რომაელთა ჯარს შეუერთდნენ. სპარსელებმა ბანაკის დასაცავად დატოვეს 1000 ყველაზე გამოცდილი მებრძოლი და სიტუაციის დასაზვერად ორი კაცი გაგზავნეს. ისინი მტერმა იგდო ხელთ და მათაც ყველაფერი რომაელებს უამბეს. ამის წყალობით რომაელები და ლაზები მოულოდნელად დაეცნენ სპარსელთა ათასეულს. ბევრი დაიღუპა, დანარჩენი კი ტყვედ ჩავარდა. მათგან დაგისთემ და გუბაზმა გაიგო სპარსელთა რაოდენობა და მდგომარეობა, რის შემდეგაც ლაზთა და რომაელთა 14000 კაციანი ლაშქარი ღამით მძინარე სპარსელებს თავს დაესხა. ზოგიერთები ძილში იპოვეს, ზოგიერთებს კი ის იყო გამოეღვიძათ და ტიტვლები ისხდნენ ლოგინებზე. ამიტომაც არც ერთ მათგანს აღარ მოუხდა შებრძოლებაზე ფიქრიც: მეტი წილი მოკლულ იქნა, ხოლო ზოგიერთები, რომელთა შორის ერთი სარდალიც აღმოჩნდა, მტერმა დაატყვევა, მცირეოდენი კი სიბნელეში გაიქცა და გადარჩა. რომაელებმა და ლაზებმა აიღეს ბანაკი და ყველა დროშა, დაიტაცეს ბევრი იარაღი და დიდძალი ფული და აუარებელი ცხენი და ვირი. ისინი დიდ მანძილზე დაედევნენ მტერს და მიაღწიეს იბერიის სიღრმეში. იქაც შეხვდნენ სხვა სპარსელებს და ბევრი მოკლეს. ამრიგად, სპარსელები გავიდნენ ლაზიკიდან, ხოლო რომაელებმა და ლაზებმა სხვა სურსათიც და აუარებელი ფქვილიც იპოვეს და ყველაფერი დაწვეს, რაც კი ბარბაროსებს იბერიიდან წამოეღოთ, რათა პეტრაში შემოეტანათ. მათ მრავალი ლაზი დატოვეს ვიწრობში, რომ სპარსელებს აღარ შესძლებოდათ პეტრაში სურსათის შეტანა, და დანარჩენი ნადავლითა და ტყვეებით უკან დაბრუნდნენ. რომაელებს გაუთავდათ მეოთხე წელი სპარსელებთან დროებითი ზავისა, ოცდამესამე წელი (549 წელი) იუსტინიანე მეფის თვითმპყრობელობისა.
ამ დროს სპარსეთ-ბიზანტიამ ახალი ზავი დადეს. პეტრას ციხე ჯერ-ჯერობით სპარსელებს დარჩათ. შემდეგ (550) წელს სპარსთა ჯარის დიდი სიმრავლე შეიჭრა კოლხეთის ქვეყანაში. მათ სათავეში ედგა ერთი სპარსელი, სახელად ხორიანე, ომებში ძალიან გამოცდილი: მას მოკავშირეებად მისდევდა მრავალი ბარბაროსი ალანთა ტომიდან. როდესაც ეს ჯარი ლაზიკის იმ ადგილში მივიდა, რომელსაც მოხირისი ეწოდება, დასაბანაკებლად დადგა მოსახერხებელ ადგილას. იქ ჩამოდის მდინარე იპპისი (ცხენისწყალი), არც დიდი და არც ნავთსავალი, რომლის გადასვლა შეუძლიათ ცხენოსანთ და ფეხდაფეხ მავალთაც: ამის მარჯვენა ნაპირას გაიკეთეს თხრილ-სიმაგრე, მაგრამ ნაპირას კი არა, არამედ კარგა მოშორებით იქიდან.
მკითხველისათვის ნათლად წარმოსადგენი იყოს ლაზიკის მხარენი და ისიც, თუ რა ტომები მკვიდრობენ მის გარშემო, აღვწეროთ თუ როგორ არიან ხალხები დასახლებული ე.წ. ევქსინის პონტოზე. ზოგიერთი ავტორი ამბობს, რომ ტრაპეზუნტელთა მოსაზღვრენი არიან სანები, რომელთაც ახლა ჭანები ეწოდებათ, ან კოლხები, სხვანაირად ლაზებს რომ ეძახდნენ, რომელნიც ახლა იმავე სახელს ატარებენ. ჭანები ზღვის ნაპირს ძალიან არიან დაშორებულნი და არმენიელები ცხოვრობენ შუახმელეთზე და შუაში აღმართულია მრავალი, მეტად მიუვალი და სრულიად ციცაბო, უზარმაზარი ქვეყანა, სრულიად უკაცური, გადაუვალი თხრილები, ტყიანი მწვერვალები და უგზო-უკლო ნაპრალები; ყველა ამით ჭანები გამოირჩევიან, როგორც არაზღვისპირა მცხოვრებლები, კოლხები კი შეუძლებელია არ იყვნენ იგივე ლაზები, ვინაიდან ფასისის მდინარეზე მოსახლეობენ. ხოლო სახელი „კოლხები“, როგორც სხვა მრავალი ტომებისა, ამჟამად „ლაზთა“ სახელად შეიცვალა.
ევქსინის პონტო იწყება ბიზანტიონიდან და ქალკედონიიდან, ხოლო თავდება კოლხების ქვეყანასთან. ევქსინის პონტოში რომ შედიხარ, მარჯვნივ ცხოვრობენ ბითინიელები და მათი მეზეობლები – ონორიატები და პაფლაგონელები, რომლებსაც უჭირავთ ზღვისპირა ქალაქები – ჰერაკლია, ამასტრისი და სხვა ადგილებიც; ამის შემდეგ ცხოვრობენ ე.წ. პონტოელები ვიდრე ქალაქ ტრაპეზუნტამდე და მის საზღვრებამდე. აქ სხვა ზღვისპირა ქალაქებს შორის არის სინოპი და ამისე, ხოლო ამისის მახლობლად არის ე.წ. თემისკურე და მდინარე თერმოდონტი, სადაც, როგორც ამბობენ, ამაზონთა ბანაკი იყო, მაგრამ ამაზონებს მე ცოტა ქვევით შევეხები. ტრაპეზუნტიელთა საზღვრები ვრცელდება დაბა სურმენემდე და ე.წ. რიზემდე, რომელიც ლაზიკეში ზღვით მიმავალისათვის ორი დღის სავალი გზით არის დაშორებული ტრაპეზუნტს. თაფლი ტრაპეზუნტის გარშემო მდებარე ყველა ადგილას მწარეა, და, ამრიგად, მხოლოდ აქ საწინააღმდეგო წარმოდგენა არსებობს თაფლის შესახებ. ამ ადგილების მარჯვნივ აღმართულია ჭანეთის მთები, რომელთა გადაღმა რომაელთა ქვეშევრდომი არმენიელები ცხოვრობენ. ამ ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე, სახელად ბოასი (აქ ჭოროხი), რომელიც მის შემდეგ, რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ე.წ. ევქსინის პონტოს, მაგრამ უკვე აღარ ეწოდება ბოასი. ვინაიდან, როდესაც ის ზღვის მახლობლად მიდის, ივლის ამ სახელს და იქიდან სხვა სახელწოდებას მიირქმევს: სახელს ის თავის მიმდევართაგან იძენს. მას სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსისს უწოდებენ იმის გამო, რომ მისი დამორჩილება, ზღვასთან შეერთების ადგილას შეუძლებელი ხდება, ვინაიდან ისეთი სისწრაფითა და სიმწვავით უერთდება და ისეთი დიდი ხმაურით მიიწევს წინ, რომ ზღვის კარგა მოშორებით მომდინარეც შეუძლებელს ქმნის ზღვაში შეცურვას: ასე რომ ევქსინის პონტოს ამ ადგილას მცურავნი ვერც შიგ ლაზიკეში ახერხებენ შენავებას, ვერც იქიდან გამოსვლას და ვერც ახლოს გაცურვას, ვინაიდან არსად არ შეუძლიათ დაიმორჩილონ წყლის მდინარება, არამედ შორს უნდა ავიდნენ ზღვაში, სადმე შუა პონტოში მივიდნენ და ასე აიცდინონ მდინარის შესართავი.
რიზეს მოსდევს მიწაწყალი ერთი ხალხისა, რომელიც რომაელებსა და ლაზებს შორის მოსახლეობს (იგულისხმება ჭანები). იქ მდებარეობს ერთი სოფელი, სახელად ათინა, ეს ჰქვია მას არა იმიტომ რომ ერთი ქალი ყოფილა, სახელად ათინურ წინა ხანებში ამ ქვეყნის ბატონი, რომლის საფლავს იქ ახლაც აჩვენებენ. ათინის შემდეგ მდებარეობს არქაბე და აფსარუსი, რომელიც სამი დღის სავალი გზით არის რიზეს მოშორებული. ის ძველად აფსურტად იწოდებოდა; აფსურტეს საფლავი ქალაქის აღმოსავლეთით არის. ეს ქალაქი ძველად მრავალრიცხოვანი ყოფილა. მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით და მას მრავალი სხვა რამეც ჰქონდა, რაც ჩვეულებრივ ქალაქის სიდიდის მაჩვენებელია. ამჟამად აქედან სხვა არაფერია დარჩენილი, გარდა გარდა შენობათა საძირკვლებისა.
ამბობენ რომ რომაელთა თვითმპყრობელ ტრაიანეს დროს იქ (ე.ი. ტრაპეზუნტსა და აფსაროსს შორის მხარეში) ვიდრე ლაზების და საგინების (ე.ი. სანიგების) ქვეყნამდე დაფუძნებულ იქნა რომაული ჯარები. ამჟამად კი იქაური მცხოვრებლები (ჭანები) არც რომაელთა და არც ლაზთა მეფის ქვეშევრდომები არ არიან, გარდა იმისა, რომ რადგან ისინი ქრისტიანები არიან, ლაზთა ეპისკოპოზები უწესებენ მათ მღვდელმსახურებს. ისინი ისწრაფვიან ორივესთან მშვიდობიან და მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ და ყოველთვის თანხმდებიან ხოლმე მიაცილონ ერთი მხრიდან მეორესთან მიმავალი მოციქულები. ასე იქცევიან ისინი ჩვენს დრომდე: ისინი თავიანთი მსუბუქი ხომალდებით მიაცილებენ ხოლმე ერთი მეფის გზირებს, რომელნიც მეორე მეფესთან მიდიან. დღემდე ისინი არავითარ გადასახადს არ იხდიან. ამ ადგილების მარჯვნივ აღმართულია მეტად ციცაბო მთები და გადაჭიმულია უმეტესად უდაბური ადგილები. ამის გადაღმა ცხოვრობენ ე.წ. პერსარმენიელები და არმენიელები, რომლებიც რომაელთა ქვეშევრდომები არიან და რომაელთა მიწაწყალი იბერიის საზღვრებამდე ვრცელდება.
ქალაქ აფასარუნტიდან ქალაქ პეტრამდე და ლაზთა საზღვრებამდე სადაც ევსქსინის პონტო თავდება ერთი დღის სავალი გზა არის. პონტო რომ თავდება აქ, ქმნის ნახევარმთვარის მსგავს ნაპირს. ამ ნახევარმთვარის გადასავალი უდრის 550 სტადიონს, ხოლო მის უკან მდებარე მთელი ქვეყანა არის ლაზური და ასეც წოდება. ამათ შემდეგ შიდა ხმელეთში მოდის სკვიმნია (ჩხუმნი, ლეჩხუმი) და სვანია, ეს ტომები ლაზთა ქვეშევრდომები არიან. იქაურ მცხოვრებლებს მთავრებად ჰყავთ თვისტომთაგანნი, ხოლო როდესაც მთავარი მოკვდება, მათ ჩვეულებრივ მეორე მთავარი ენიშნება ლაზთა მეფის მიერ. ამ ქვეყნის გვერდით, სახელდობრ იბერიის გასწვრივ ცხოვრობენ ძველთაგანვე იბერთა ქვეშევრდომი მესხები, რომელთაც მთებში აქვთ საბინადრო ადგილები. მესხეთის მთები არც მწირია და არც ნაყოფიერებას მოკლებული, არამედ სავსეა ყოველივე სიკეთით, რადგან მესხებიც მარჯვე მიწისმუშები არიან და იქ ვენახებიც არის. ამ ქვეყანაში მთები მეტად მაღალია, უზარმაზარი და საშინლად მიუვალი, რომლებიც გავრცელებული არიან ვიდრე კავკასიის მთებამდე. ამათ უკან აღმოსავლეთით არის იბერია, რომელიც პერსარმენიელებამდე აღწევს. ამ მთებიდან, რომლებიც აქ არის, ჩამოდის მდინარე ფასისი, რომლის სათავე კავკასიის მთებშია და პონტოს ერთვის ნახევარმთვარა ნაპირის შუაში. ზოგიერთები ამბობენ, რომ აქ ფასისი ორად ჰყოფს ხმელეთს. ჩამომდნარე წყლის მარცხნივ არის აზია, ხოლო მარჯვნივ ევროპად იწოდება. ევროპის ნაწილშია ლაზთა ყველა საბინადრო ადგილები, ხოლო მეორე ნაწილში არც რაიმე ქალაქი აქვთ ლაზებს, არც სიმაგრე და არც დაბა, მოხსენიების ღირსი, გარდა იმისა, რომ რომაელებმა იქ პეტრა ააშენეს წინათ.
ნახევარმთვარის იმ ერთ დასაწყისში, რომელიც აზიისა არის, მდებარეობს ქალაქი პეტრა, ხოლო მის პირისპირ, მეორე ნაპირას, ევროპის ნაწილში აფსილების ქვეყანაა. აფსილები კი ლაზთა ქვეშევრდომნი არიან და ისინი ძველთაგანვე ქრისტიანენი იყვნენ, როგორც სხვა დანარჩენი ტომებიც, რომლებიც მე ამ წიგნში მოვიხსენიე.
ამ ქვეყნის გადაღმა კავკასიონის მთაა. ეს მთა, კავკასი, ისეთ სიმაღლეს აღწევს, რომ მის თხემებს არასდროს არ ეხება არც წვიმა, არც თოვლი. ეს თხემები ყველა ღრუბლებზე უფრო მაღლაა აღმართული. შუა ნაწილი მუდამ თოვლით არის დაფარული. და მისი მთისძირები ფრიად მაღალია და არც ერთი იოტით არ არის უფრო დაბალი, ვიდრე ყველა სხვა მთის კლდეები. კავკასიონის მთის ძირებიდან ზოგიერთი ჩრდილოეთითა და დასავლეთით არის მოქცეული და აღწევს ილირიელთა და თრაკთა ქვეყნებს, სხვები კიდევ აღმოსავლეთითა და სამხრეთით აღწევს იმ გასასვლელებს, რომელთაც იქ მოსახლე ჰუნთა ტომები სპარსელთა და რომაელთა მიწა-წყალში გაჰყავთ. ამ გასავლებიდან ერთს ჩური ეწოდება (დარუბანდი), ხოლო მეორეს ძველითგანვე კასპიის კარს ეძახიან (დარიალი). ის ქვეყანა, რომელიც კავკასიის მთიდან დაწყებული კასპიის კარამდეა გადაჭიმული ალანებს უჭირავთ, თვითთავად ტომს, რომელნიც სპარსელებს უკავშირდებიან ხშირად და რომაელებისა და სხვა მტრების წინააღმდეგ ილაშქრებენ.
აქ ცხოვრობენ ჰუნები, ე.წ. საბირები და ზოგიერთი სხვა ჰუნური ტომებიც. აქედან დაიძრნენ, როგორც ამბობენ, ამაზონები და თემისკურისა და მდინარე თერმოდონტის გარშემო დაბანაკდნენ, სადაც ამჟამად ქალაქი ამისოსი არის. დღესდღეობით კავკასიონის მთის გარშემო მდებარე ადგილებში არსად არავითარი ხსოვნა ან სახელი ამაზონთა არაა დაცული.
აფსილებისა და ნახევარმთვარა ნაპირის შემდეგ მეორე ნაწილში ზღვის პირას აბაზგები მოსახლეობენ, რომელთა საბინადრო ადგილები კავკასიონის მთებამდე ვრცელდება. აბაზგები ძველითგანვე ლაზების ქვეშევრდომნი იყვნენ, ხოლო მუდამ ჰყავდათ ორი თვისტომი მთავარი. ამათგან ერთი დაწესებული იყო დასავლეთის ნაწილში, ხოლო მეორე აღმოსავლეთისაში. ეს ბარბაროსები ჩვენს დრომდისაც თაყვანს სცემდნენ ჭალებსა და ტყეებს. ხეები ბარბაროზს რაღაც გულუბრყვილობის გამო ღმერთებად წარმოუდგენია. თავიანთი მთავრებისგან საშინელი ჩაგვრა აქვთ მათ გამოცდილი იმათი ვერცხლის-მოყვარეობის წყალობით. მათი ორივე მეფე, როგორც კი დაინახავენ ამ ტომში კარგი გარეგნობისა და ლამაზი ტანის ბავშვებს დაუყონებლივ დააშორებენ მშობლებს, ევნუხებად გადააქცევდნენ და გზავნიდნენ რომაელთა ქვეყანაში, რათა იქ მიეყიდათ მსურველთათვის დიდძალ ფულზე. მათ მამებს კი მაშინვე კლავდნენ, რათა ზოგიერთი მათგანი არ ცდილიყო ოდესმე ეზღო მეფისათვის მათი შვილების მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო. ხოლო ზოგიერთი ქვეშევრდომთაგანი კიდევ მათთვის საეჭვო არ ყოფილიყო, და ამრიგად შვილების სილამაზე მათთვის დაღუპვის მომასწავებელი იყო, ვინაიდან ისინი იღუპებოდნენ საცოდავნი, შვილების საბედისწერო სილამაზით გაუბედურებულნი. აქედან არის, რომ მეტი წილი ევნუხებისა რომაელთა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მეფის სასახლეში, ტომით აბაზგები არიან. შემდეგ, იუსტინიანეს მეფობისას აბაზგების მგომარეობა შეიცვალა, უმჯობესი გახდა. იმათ მიიღეს საქრისტიანო რწმენა და იუსტინიანე მეფემ მათ პალატის (სასახლის) ერთი ევნუხთაგანი გაუგზავნა, ტომით აბაზგი, სახელად ევფრატა. მან სასტიკად აუკრძალა მეფეებს, რომ ამიერიდან აღარავინ დაესაჭურისებინათ, ბუნებაზე ძალა არ ეხმარათ დანით. ამას აბაზგები სიხარულით შეხვდნენ. რომაელთა მეფის ბრძანებით გამხნევებულნი, ისინი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ჩადენას: თითოეულ მათგანს ხომ ეშინოდა, ოდესმე არ გამხდარიყო ლამაზი ბავშვის მამა. მაშინ იუსტინიანემ აბაზგთა ქვეყანაში ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა და მათ მღვდელმსახურნი დაუყენა (548 წლისთვის მომხარი ფაქტია) და მიაღწია იმას, რომ მათ შეითვისეს საქრისტიანო წესები. მალე ორივე მეფე მოსპეს აბაზგებმა და გადაწყვიტეს თავისუფლად ეცხოვრად.
აბაზგების საზღვრების შემდეგ კავკასიონის მთის გასწვრივ ცხოვრობენ ბრუქები, აბაზგებსა და ალანებს შუა. ხოლო ევქსინის პონტოს ნაპირას ზიქები (ჯიქები) არიან დამკვიდრებული. ზიქებს ძველად რომაელთა თვითმპყრობელი უყენებდა მეფეს, ამჟამად კი ეს ბარბაროსები არაფერში აღარ ემორჩილებიან რომაელებს. ამათ შემდეგ ცხოვრობენ საგინები (ე.ი. სანიგები); ამათი მიწაწყლის ზღვისპირა ნაწილი ძველითგანვე ეპყრათ რომაელებს. რომაელებმა აქ ზღვისპირას ორი სიმაგრე ააშენეს: სებასტოპოლისი და პიტიუნტი, რომლებიც ერთმანეთს ორი დღის სავალი გზით არის დაშორებული, და იმთავითვე ჩააყენეს იქ მცველი რაზმი. პირველ ხანებში რომაელ ჯარისკაცთა რაზმებს ეჭირათ მთელი ადგილები ტრაპეზუნტის საზღვრებიდან დაწყებული ვიდრე საგინების (სანიგების) ქვეყნამდე, როგორც ეს ჩემ მიერ უკვე ითქვა: ამჟამად კი მათ დარჩათ მხოლოდ ეს ორი სიმაგრე, სადაც ჩვენ დრომდე ჰქონდათ სადარაჯოები, როდესაც ხოსრომ, სპარსთა მეფემ, ლაზები რომ წამოუძღვნენ მას პეტრასაკენ (542 წ.), გადაწყვიტა იქ სპარსთა ჯარის გაგზავნა ამ სიმაგრეების ასაღებად და იქ, სადარაჯოებში ჩასადგომად. როდესაც რომაელთა მხედრებმა ეს წინდაწინ გაიგეს, დაასწრეს და გადასწვეს სახლები, ძირამდე დაანგრიეს კედლები, დაუყონებლივ ჩასხდნენ ხომალდებში, გასწიეს პირისპირ მდებარე ხმელეთისაკენ და მივიდნენ ქალაქ ტრაპეზუნტში და ამრიგად, თუმცა ზარალი მიაყენეს რომაელთა ძალაუფლებას სიმაგრეების მოსპობით, მაგრამ მით დიდი სარგებლობაც მოუხვეჭეს იმ მხრივ, რომ მტრებმა ვერ დაიპყრეს ეს ქვეყანა: სპარსელები ხომ იქიდან უშედეგოდ გაბრუნდნენ პეტრაში. საგინების შემდეგ დამკვიდრებულია ჰუნთა მრავალი ტომი.
ხორიანემ და სპარსთა ჯარმა მდინარე იპპისის (ცხენისწყლის) მახლობლად დაიბანაკეს. როდესაც ეს გაიგეს გუბაზმა და დაგისთემ, ერთად გადაწყვიტეს წაეყვანათ მტრების წინააღმდეგ ჯარები. მდინარე იპპისის მეორე მხარეს რომ მიაღწიეს, იქ დაიბანაკეს და ითათბირეს თუ რა უფრო ხელსაყრელი იქნებოდა: ამდგარიყვნენ და მტრის შემოტევა მოეგერიებინათ თუ შეტევაზე გადასულიყვნენ. ლაზებმა დაუყონებლივ მოითხოვეს შებმა. ისინი აცხადებდნენ, რომ რომაელები ბრძოლაში წასვლით არც სამშობლოსათვის იგდებდნენ თავს საფრთხეში, არც ნათესავებისთვის, მათ კი საფრთხე მოელით შვილებისთვის, ცოლებისთვის და სამშობლო ქვეყნისთვის. ასე რომ თავიანთი ცოლებისა უნდა შერცხვეთ, თუ მოწინააღმდეგეებისაგან დამარცხებულნი იქნებიან. ამიტომ ისინი აუცილებლად თვლიდნენ მოეპოვებინათ ვაჟკაცობა და პირველები რომაელების გარეშე სძგერებოდნენ მტერს. გუბაზი გაახარა მისი მებრძოლების ასეთმა საქციელმა, მოიხმო ისინი რომაელთაგან ცოტა მოშორებით და ასე მიმართა: „მე არ ვიცი ვაჟკაცებო, საჭიროა თუ არა კიდევ რჩევა-დარიგებით მომართვა თქვენდამი თქვენ აღსაფრთოვანებლად. ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ არავითარი მოწოდება აღარ ესაჭიროება იმათ, ვინც გარემოებათა საჭიროებითაა უკვე აღფრთოვანებული, რასაც ჩვენთან ამჟამად აქვს ადგილი. საფრთხე არსებობს ხომ ცოლებისათვის, შვილებისათვის, სამშობლო ქვეყნისთვის და ერთი სიტყვით ყველაფერისთვის, რის გამოც სპარსელებმა ჩვენზე იერიში მოიტანეს. არავინ არ დაუთმობს იმას, ვინც რამეს ართმევს მას ძალით მისი ქონებიდან, ვინაიდან ბუნება აიძულებს მას იბრძოლოს თავისი საკუთრებისთვის. თქვენ კარგად იცით, რომ წინ აღარაფერი უდგება სპარსელების ანგარებას, როდესაც მათ ეს შეუძლიათ; თუ ისინი ამ ომში გაიმარჯვებენ, არც თუ მხოლოდ დაგვიმორჩილებენ ან ხარკს დაგვადებენ ან სხვა რამესაც დაისაკუთრებენ – ნუ დავივიწყებთ იმასაც, რაც ამასწინათ ხოსრომ ჩაიდინა ჩვენს მიმართ – მაგრამ დაე სიტყვის ფარგლებში დაგვირჩება სპარსთა საქმეები, დაე ნუ აღიგვება სახელი ლაზთა. ძნელი არ არის ვაჟკაცებო სპარსთა წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის, რომლებზე ხშირად გაგვიმარჯვნია ხელჩართულ ბრძოლაში. მიჩვეულისათვის არ არსებობს არავითარი სიძნელე, ვინაიდან საქმის სიდუხჭირე წინდაწინვე ქრება მეცადინეობისა და გამოცდილების წყალობით. ასე რომ შესაფერისი იქნება გძულდეთ მტრები, როგორც ბრძოლაში დამარცხებულნი და არა თქვენსავით აღფრთოვანებულნი. ერთხელ დამორჩილებული სიამაყე, ჩვეულებრივ ვეღარ აღორძინდება. მაშ, იქონიეთ ეს მხედველობაში და შეებრძოლეთ მოწინააღმდეგეს აღვსილნი კეთილი იმედებით“.
ეს რომ თქვა გუბაზმა, გამოიყვანა ლაზთა ჯარი და ისინი შემდეგნაირად დაეწყვნენ. პირველ რიგში ლაზთა ცხენოსნები დადგნენ მტრის პირისპირ, უკან, კარგა მოშორებით მათ მოსდევდა რომაელთა კავალერია, რომელსაც სარდლობდნენ ტომით გეპედი ფილეგაგე (ნიჭიერი კაცი) და იოანე თომას ძე არმენიელი მეტსახელად გუზი (სამხედრო საქმის კარგი მცოდნე). ბოლოს მიყვებოდნენ გუბაზი და დაგისთე თავთავისი ქვეითებით. ხორიანემ მცირე რაზმი დატოვა ბანაკში და დაიძრა მოწინააღდეგის შესახვედრად, ისე რომ წინ გაუშვა კარგად შეიარაღებული ათასეული მტრის დასაზვერად. ლაზთა ცხენოსნებმა იჩქარეს და მტრის ათასეულს მარტო შეებნენ, თუმცა დამარცხდნენ, უკუიქცნენ და რომაულ კავალერიას შეუერთდნენ, რის შემდეგაც ბრძოლა დიდხანს უშედეგოდ მიმდინარეობდა და წარმატებას ვერცერთი აღწევდა. ასეთ დროს ინიციატივა ხელში აიღო არტაბან არმენიელმა. არტაბანმა ადრე არმენიის სარდალ ვალერიანეს გამოსთხოვა 50 რომაელი, რომლითაც წავიდა პერსარმენიის ერთი სიმაგრის დასაკავებლად, რომელსაც 120 კაცი იცავდა. არტაბანმა დაარწმუნა ისინი, რომ მათ მხარეზე გადავიდა და როდესაც სიმაგრეში შეუშვეს დახოცა ეს 120 სპარსელი, გაძარცვა სიმაგრის მდიდარი ქონება და ვალერიანესთან დაბრუნდა, რის შემდეგაც რომაელთა დიდი ნდობა დაიმსახურა. ამჟამად არტაბანი ორ მხლებელთან ერთად შეიჭრა ბრძოლის შუაგულში და მოკლა სპარსელთა მეთაური. მაშინ სპარსელთა მეორე მეთაურმა იგი თავში დაჭრა, თუმცა არტაბანის მხლებელმა ტომით გუთმა ისიც მოკლა და მეთაურების გარეშე დარჩენილი სპარსთა ათასეულმა უკან დაიხია სარდლის მოლოდინში. მართლაც ხორიანე სპარსელთა და ალანთა ჯარებით მალევე მოვიდა. აქვე მოვიდნენ გუბაზი და დაგისთე და დაიწყო სასტიკი ხელჩართული ბრძოლა მთლიან ჯარებს შორის. ამ დროს ფილეგაგემ და იოანემ ჩათვალეს, რომ ცხენოსნურ ომში მეტოქე უგებდა და აიძულეს რომაელი და ლაზი ცხენოსნები დაქვეითებულიყვნენ, ღრმა ფალანგები დაეწყოთ და ჰოროლებით შეეტიათ მტრისთვის. ჰოროლთა წვერებით და ფარების ხმაურით შეშინებული ცხენები ყალყზე დგებოდნენ და არ აძლევდნენ პატრონებს ფალანგაზე ენერგიული იერიში მიეტანათ. ამის შემდეგ ჯარებმა ერთმანეთისთვის ისრების დაშენა დაიწყეს. ორივე მხრიდან ბევრი ეცემოდა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ხორიანე კისარში ისარის ჭრილობით არ დაიღუპა, რის შემდეგაც სპარსელები აირივნენ და ბანაკისკენ მოკურცხლეს. რომაელებმა და ლაზებმა ბევრი მათგანი გაჟლიტეს, ბოლოს ბანაკიც აიღეს. დარჩენილმა სპარსელებმა გაქცევით უშველეს თავს. ამ ამბავზე ლაზიკაში მდგარმა სპარსელთა სხვა ჯარმა დიდძალი სურსათ-სანოვაგით მოამარაგა პეტრას მცველი ჯარი და მანაც დატოვა ლაზიკე.
ამასობაში გუბაზი ელჩები ჩავიდნენ ბიზანტიონში და იუსტინიანესთან დაგისთეს უჩივლეს, სპარსელების მოსყიდულიაო, და ამის დასადასტურებლად მოუყვნენ თუ როგორ გააკეთა ყველაფერი რომაელმა სარდალმა იმისთვის რომ პეტრა არ დაცემულიყო. იუსტინიანემ დაგისთე გაიწვია და სატუსაღოში ჩააგდო. არმენიის სტრატეგოსად კი დანიშნა ახლახანს იტალიიდან დაბრუნებული (თრაკიელი გუთი) ბესა და ლაზიკეში გაგზავნა: მას დაავალა იქ მყოფი რომაელი ჯარის სარდლობა. ლაზიკეშივე გაგზავნა აგრეთვე სხვა გამორჩეული ბიზანტიელი სარდლებიც: ბუზეს ძმა ვენილე, ოდონაქე, ბაბა თრაკელი და ულიგაგე, ტომით ერული.
ლაზიკეში ამჯერად შეიჭრა სპარსეთის ახალი სარდალი ნაბედე, რომელიც განლაგდა ლაზებისგან განდგომილ აბაზგთა ქვეყანაში და ხელთ იგდო მათგან მძევლებად 60 ბავშვი წარჩინებულთა გვარებიდან. მაშინ ნაბედმა აფსილეთში იპოვა და ხელთ იგდო თეოდორა, თანამეცხედრე ლაზთა მეფე ოფსიტესი (იგი არ უნდა აგვერიოს აბაზგთა მთავარ ოფსიტეში), გუბაზის ბიძისა და სპარსეთში წაიყვანა. ეს ქალი ტომით რომაელი იყო, რადგან ძველითგანვე ლაზთა მეფეები ბიზანტიონში გზავნიდნენ ელჩებს და მეფის თანხმობით უნათესავდებოდნენ დარბაზისეულთ და მოჰყავდათ იქედან ქალები ცოლებად. ასე რომ ცხადია გუბაზი შთამომავლობით რომაელი ქალისაგან იყო.
აბაზგების აჯანყება
როდესაც აბაზგებმა მეფეები მოსპეს, რომაელთა ჯარისკაცები, კეისრის მიერ წარგზავნილები, მათ ქვეყანაში იდგნენ, ცდილობდნენ ეს ქვეყანა რომაელთა ძალაუფლებსათვის დაემორჩილებინათ და ახალ-ახალ წესებს უმყარებდნენ. ამ ძალადობის გამო აბაზგები აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდნენ. იმის შიშით, რომ ამიერიდან რომაელთა მონები არ გამხდარიყნენ, მათ კვლავ დაიყენეს თავისთვის მთავრები, აღმოსავლეთ ნაწილში ოფსიტე, ხოლო დასავლეთში – სკეპარნა. ისინი რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ, ის რაც წინათ ეგონათ საზარელი იყო, გაცვალეს მომავალზე, მაგრამ ცხადია უფრო საზარელზე, ამის გამო რომაელთა შიშით სპარსელებს მიეკედლნენ ფარულად. როდესაც იუსტინიანემ ეს გაიგო, უბრძანა ბესას დიდძალი ჯარი გაეგზავნა მათ წინააღმდეგ. ხოლო ამან რომაელთა ჯარიდან გამოარჩია მრავალი, სარდლებად დაუდგინა მათ ულიაგე და იოანე თომას ძე, და მაშინვე ნავებით გაგზავნა აბაზგების წინააღმდეგ. აბაზგთა ერთი წინამძღოლთაგანი, სახელად სკეპარნა სპარსეთში იმყოფებოდა: ცოტა ხნის წინ ის ხოსროსთან დაებარებინათ და იქ წასულიყო. ხოლო მეორემ რომ შეიტყო რომაელთა შემოტევის შესახებ, შეკრიბა ყველა აბაზგები და გადაწყვიტა შეხვედროდა მტერს.
აფსილიის საზღვრების შემდეგ აბაზგიის შესავალში ასეთი ადგილია: მაღალი მთაა გადაჭიმული, რომელიც კავკასიის მთებიდან იწყება და თანდათან ეშვება როგორც კიბე და ევქსინის პონტოსთან მთავრდება. ამ მთის ძირშია აბაზგებს ძველადვე აუშენებიათ უმტკიცესი სიმაგრე ღირსშესანიშნავი სიდიდისა. აქ შეხიზნულები მუდამ იგერიებენ შემოტევას მტრისა, რომელსაც არსად არ შეუძლია ამ ძნელი ადგილის გადალახვა. ერთი შესავალი გზა მიდიოდა ამ ციხეშიც და აბაზგების დანარჩენ მიწა-წყალზეც და იგი წყვილ-წყვილად მიმავალთათვის ძნელად გასავლელი იყო. არავითარი შესაძლებლობა აქ არ არის იქ გასვლისა, თუ არა საცალოდ და ისიც ფეხით. ამ გაზს ზედ ადგას ნაპრალი მეტად საზარი, რომელიც ციხიდან ზღვამდეა გადაჭიმული. თვით ადგილიც ამ ნაპრალის შესაფერ სახელწოდებასაც ატარებს: იქაურები ელინურად მას „ტრაქეას“ უწოდებენ (მოგვიანო ხანის ანაკოფიის ან გაგრის ციხე). რომაელთა ჯარი აბაზგებისა და აფსილელთა საზღვრებს შუა ჩავიდა, ხოლო იოანემ და ულიგაგემ გადმოსხეს ჯარები ხმელეთზე და ფეხით გასწიეს, მეზღვაურები-კი მთელი თავისი ხომალდებით ნაპირ-ნაპირ მისდევდნენ ჯარს. როდესაც ისინი ტრაქეას მიუახლოვდნენ, დაინახეს შეიარაღებული აბაზგები, რომელნიც ამ გზის ზემოთ მთელი ნაპრალის გასწვრივ იდგნენ დარაზმულნი და დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ, რადგან ვერ გარკვეულიყვნენ შექმნილ მდგომარეობაში, ვიდრე იოანემ დიდი ფიქრის შემდეგ არ გამოძებნა ერთი საშუალება ამ უბედურების წინააღმდეგ. ულიგაგე ნახევარი ჯარითურთ იქ დატოვა და თვითონ წაიყვანა დანარჩენები ხომალდებზე. მათ გასცურეს, მოუარეს, გაიარეს მთელი ადგილი ტრაქეისა და მოექცნენ მტრის ზურგში. მაშინ აღმართეს დროშები და გასწიეს მტრის წინააღმდეგ. აბაზგებმა რომ დაინახეს მტერი ორივე მხრიდან აწვებოდა, ვეღარ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა, ვერც სიმწყობრე შეინარჩუნეს და არეულად დაიხიეს უკან დიდ მანძილზე; მეტოქის პანიკური გაქცევით ისარგებლეს რომაელებმა, დაედევნენ და ბევრი დახოცეს ანდა ტყვედ იგდეს. რომაელები სირბილით მიყვნენ გაქცეულთ და მიადგნენ ციხეს, რომლის კარი ღიად დახვდათ, რადაგან მცველებმა თავისიანთა შემოშვებისას დაკეტვა ვეღარ მოასწრეს. ასე აღმოჩნდნენ რომაელები ციხის კედლებს შიგნით, თუმცა ყველაზე დიდი გაჭირვება მათ ახლა ელოდათ. ციხეში სახლები ხშირ-ხშირი იყო და ერთიმეორეს დიდი მანძილით კი არ იყო დაშორებული, არამედ კედლის მსგავსად ყოველმხრივ შემოზღუდული, აბაზგები ზედ ავიდნენ და მთელი ძალღონით იცავდნენ თავს და დაუშინეს მტერს ზევიდან, როგორც გაჭირვებისა და შიშის გამო, ისე ბავშვისა და ცოლების შებრალებისა და აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდნის გამო; ბოლოს რომაელებს აზრად მოუვიდათ ამ სახლებისათვის ცეცხლი წაეკიდათ. მართლაც ყოველმხრივ ცეცხლი მოსდეს სახლებს და სრული გამარჯვებულნიც გამოვიდნენ ამ ბრძოლაში. აბაზგთა მთავარმა ოფსიტემ რამდენიმე კაცთან ერთად მოახერხა გაქცევა და გაემართა მეზობელ ჰუნებში და კავკასიის მთებში. ხოლო დანარჩენები ფერფლად იქცნენ გადამწვარ სახლებთან ერთად, ან მტრის ხელში ჩავარდნენ. რომაელებმა დაატყვევეს მთავართა ცოლები მთელი მათი შთამომავლობითურთ, ციხის გალავანი კი მიწასთან გაასწორეს და მთელი მიწა-წყალი უდაბნოდ აქციეს. ასე დაბოლოვდა აბაზგების განდგომა“.
ამიერიდან აბაზგიაში მეფობა საბოლოოდ გაუქმდა და ბიზანტიას უშუალოდ დაექვემდებარა. შესაბამისად მას ბიზანტიის დანიშნული არქონტები მართავდნენ ანოსის დინასტიიდან, რომელთაც ავგუსტები პატრიკოსებისა და მაგისტროსების ტიტულებს უძღვნიან. ამ პერიოდიდან ეგრისსა და აბაზგიის შორის საზღვარი იწყება კელასურის სათავეებიდან კედლის გასწვრივ, მაგრამ შემდეგ უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და მიყვება გუმისთას შესართავამდე. რაც შეეხება გუმისთა-კელასურს შორის მდებარე ზღვისპირა ზოლი ბიზანტიის კონტროლირებად სებასტოპოლისის დაქვემდებარებაშია.
აფსილების აჯანყება
„აფსილთა ტომები ძველითგანვე ლაზთა ქვეშევრდომები არიან. ამ ქვეყანაში არის ერთი ციხე, მეტად მტკიცე, ადგილობრივები მას წიბილეს უწოდებენ. ლაზთა შორის ერთმა წარჩინებულთაგანმა, სახელად ტერდეტმა, რომელსაც ე.წ. მაგისტროსის ძალაუფლება ეპყრა ამ ხალხში და რომელიც ლაზთა მეფე გუბაზთან წაჩხუბებული იყო და მასთან უკმაყოფილება ჰქონდა, ფარულად აღუთქვა სპარსელებს, რომ ამ ციხე გადასცემდა; ის კიდეც წამოუძღვა სპარსთა ჯარს და აფსილიაში გაემართა ამ საქმის შესასრულებლად. როდესაც ისინი ციხეს მიუახლოვდნენ, თვითონ მისი მხლებელი ლაზებითურთ დაწინაურდა და გალავნის შიგნით შევიდა, რადგან ამ ციხის მცველ რაზმს არ შეეძლო არ ნდობოდა ლაზთა მთავარს. და როდესაც სპარსთა ჯარი ციხესთან მივიდა, ტერდეტმა ის შეუშვა. ამიტომ სპარსელებს ეგონათ, რომ მათ არა მხოლოდ ლაზიკე, არამედ აფსილიაც თავის ხელში იგდეს. არც რომაელებს და არც ლაზებს არ შეეძლოთ დახმარება გაეწიათ აფსილებისათვის, ვინაიდან ისინი პეტრასთან ძალიან შევიწროებული იყვნენ სპარსთა ჯარის მიერ. იმ მცველი რაზმის უფროსს ცოლი ჰყავდა ტომით აფსილი, გარეგნობით მეტად მშვენიერი. სპარსთა სარდალი მყისვე სიყვარულით აიგზნა ამ ქალისადმი და ჯერ იწყო ცდა ნებით დაეთანხმებინა იგი, ხოლო შემდეგ, როდესაც ამ ქალთან ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა დაუყონებლივ ძალა ეხმარა მასზე. ამით მეტად აღშფოთებულმა ქალის ქმარმა ის და მასთან ერთად ციხეში შემოსულები ყველანი მოკლა ღამით და ციხე თვითონ იგდო ხელთ. აფსილები ამიტომ კოლხებს გადაუდგნენ და ამბობდნენ, რომ კოლხებმა არ ისურვეს დახმარება აღმოეჩინათ მათთვის, როდესაც ისინი სპარსელების მხრით განსაცდელში იყვნენ ჩაყენებული. მაგრამ გუბაზმა გაგზავნა მათ წინააღმდეგ ათასი რომაელი და იოანე თომას ძე, რომელიც ახლახან მოვიხსენიე: იმან თავი მოუქონა მათ და უბრძოლველად შეძლო დამორჩილება და ისინი კვლავ ლაზთა ქვეშევრდომები გახდნენ“.
როგორც თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა ამ პერიოდში აფსილეთში მდგარმა სპარსელებმა ადგილობრივების დახმარებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაჩქარევად ააგეს 160 კმ-იანი სასაზღვრო კედელი, რომელიც კელასურის სათავეებიდან იწყებოდა, მის მარცხენა სანაპიროს მიუყვებოდა, მდინარის შუა წელიდან შემდეგ უხვევდა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ და ფანავის ქედის (კოდორის ქედის ნაწილი) ძირის სამხრეთი მხრიდან გრძელდებოდა მდინარე ღალიძგის ხეობაში. კედელი ერთმანეთთან კოშკებით დაკავშირებული ცალკეული სასიმაგრო ნაგებობებია (კოშკების სისტემა, ზოგჯერ ცალ-ცალკე კოშკები და კედლები). ზღუდით გამაგრებულია მხოლოდ ვიწრო გადმოსასვლელები საკუთრივ აფხაზეთიდან, დალიდან და წებელდიდან. აღნიშნული ნაჩქარევად აგებული კედლით სპარსეთი იმედოვნებდა ბიზანტიისა და მათი მოკავშირე მთიელი აბაზგებისაგან თავის დაცვას.
* * *
ჯერ კიდევ 550 წელს იუსტინიანემ პეტრე პატრიკიოსი გაგზავნა ხოსროსთან საზავო მოლაპარაკებისათვის და კონსტანტინეპოლში ხოსროს ელჩად იეზდიგუსნა (იეზდი გუშნასპი) ჩამოვიდა თავისი ამალითურთ და იუსტინიანესთან მოლაპარაკება გამართა.
ამასობაში ბესას მთელი ჯარით პეტრასთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული. რომაელებმა გამოთხარეს კედელთან, იქ, სადაც დაგისთემაც წინათ თხრილი გააკეთა და გალავნის ის ნაწილი დაანგრია. როდესაც სპარსელებმა გადაწყვიტეს კედლის ამ დანგრეული ნაწილის კვლავ აგება, იმათ წინანდებურად კი არ ააგეს, არამედ შემდეგნაირად: დაცარიელებული ადგილი აავსეს ქვიშით, მის ზემოთ დაალაგეს მსხვილი ბოძები, რომლებიც ზედმიწევნით გააშალაშინეს და სრულიად სწორად დადგენილი შეკრეს დიდ სიფართეზე და, ამრიგად რომ გამოიყენეს ეს ბოძები ბალავერად ნაცვლად გალავნის საძირკვლისა, მათ ზემოთ ოსტატურად ააგეს შენობა. რომაელებმა ეს არ იცოდნენ და ეგონათ, რომ საძირკვლის ქვემოთ გაჰყავდათ თხრილი, და მთელი ადგილი რომ დააცარიელეს იმ ბოძების ქვევით, შეძლეს ძალიან შეერყიათ თითქმის მთელი ზღუდე, მისი ნაწილი კი ერთბაშად ძირს დაეცა, მაგრამ ისე, რომ დაცემული ნაწილი მეორე მხარეს მიაწვა, არც ქვათა წყობა შეირყა მის გამო, არამედ ის დაცარიელებულ ადგილში დაეცა მთლიანად და შეურევნელად ერთგვარად პირდაპირი დაშვებით, თითქოს მანქანის საშუალებითო, და დაჭირა თავისივე საკუთარი ადგილი, მართალია არა ისეთ სიმაღლეზე, როგორც წინათ, არამედ უფრო ნაკლებზე. მოხდა ისე, რომ როდესაც მთელი ადგილი ბოძების ქვეშ დაცარიელდა, ეს ბოძები მთელი მათზე აგებული შენობითურთ იქვე დაეშვა. ხოლო რომაელებისთვის კედელი შეუვალი შეიქმნა, ვინაიდან სპარსელთა დიდმა ბრბომ, – მერმეროესთან ერთად იქ ხომ დიდძალი სპარსელობა მისულიყო, – წინანდელ ნაგებობას ბევრი მიაშენა და ძალიან მაღალი ზღუდე ააგო. რომაელებმა რომ დაინახეს ზღუდის შენძრეული ნაწილი კვლავ გაიმართა, ვერაფერი გააწყვეს და სასოწარკვეთილებას მიეცნენ, რადგან მათ არც გამოთხრა შეეძლოთ უკვე, ვინაიდან გვირაბი ეგრე ჩამოენგრიათ, და არც კედლის მანქანის გამოყენება, ვინაიდან ისინი დაქანებულ ფერდობზე მანქანის გამართვა შეიძლებელი იყო.
იუსტინიანემ საბირებს გაუგზავნა ერთი კაცის ხელით ფული, რათა დაექირავებინა. ამ კაცმა ვერ შეძლო თავისუფლად მისვლა კავკასიის მთებში, ვინაიდან გზაზე მტრები იყვნენ გაბატონებულნი და მოვიდა ბესასთან, რომელიც პეტრასთან იდგა. უკანასკნელმა მიუგზავნა საბირებს კაცი და სთხოვა მასთან მისულიყვნენ და მიეღოთ ფული; ბარბაროსებმაც გამოარჩიეს თავიანთ მთავრებს შორის სამი და რამდენიმე მხლებლითურთ პირდაპირ ლაზიკეში გამოგზავნეს. ესენი, რომ მოვიდნენ ზღუდის ბრძოლაში ჩაებნენ. როდესაც ამათ დაინახეს რომაელთა გაჭირვებული მდგომარეობა, შექმნეს ახალი ტიპის საბრძოლო მანქანა. ამ მანქანაში ისინი ბოძებს კი არ სდებდნენ, სწორად ან მრუდედ, არამედ ერთმანეთთან გადაბმულ მსხვილ ჯოხებს და ბოძების ნაცვლად ყველგან ამათ მოაწყობდნენ, მთელ მანქანასაც ტყავით დაფარავდნენ და ამნაირად მალავდნენ ზღუდის მანქანას: მხოლოდ ერთ ბოძს ჩამოჰკიდებდნენ მანქანის შუაში ფომფლე ჯაჭვებით და ბოძის ბოლო, გაწვეტიანებული და რკინით მოჭედილი, ხშირ-ხშირად უშენდა ზღუდეს, ვითარცა ისრის წვერი. იმდენად მსუბუქი გამოჰყავდათ მათი მანქანა, რომ უკვე კი აღარ იყო საჭირო იქაურ კაცებს ეთრიათ და ეზიდათ ის, არამედ 40 კაცი, რომალეთაც უნდა აეწიათ ბოძი და ესროლა ზღუდის წინააღმდეგ, მანქანის შიგნით რომ იმყოფებოდნენ და ტყავით იყვნენ დაფარულნი, სრულიად შეუწუხებლად წაიღებდნენ ზღუდის მანქანას მხრებზე. ამ სამმა ბარბაროსმა გააკეთა ასეთი მანქანები, ბოძები რკინითურთ იმ ზღუდის მანქანებს გამოაცალეს, რომლებიც რომაელებს ჰქონდათ უკვე დამზადებული და კედელთან მოთრევა კი არ შეეძლოთ: თითოეული ასეთი მანქანა ჩაიბარა სულ ცოტა ორმოცმა რომაელმა ჯარისკაცმა, საგანგებოდ არჩეულმა, რომლებმაც ის ზღუდესთან ახლოს მიიტანეს. თითოეული მანქანის ორივე მხარეს იდგნენ სხვა მეომრები, რომელთაც აბჯარი ჰქონდათ ასხმული, თავი ჩაფხუტით დაფარული და ეჭირათ შუბები, რომელთა ბოლოები ანკესისებურ რკინებს ეყრდნობა; ეს კი იმის გულისთვის ჰქონდათ დამზადებული რომ, როდესაც მანქანის სროლა კედელზე ქვათა წყობას შეარყევდა, ამ შუბების საშუალებით შესძლებოდათ მათ შერყეული ქვების განთავისუფლება და ამოძრობა. ასე მოჰკიდეს ხელი საქმეს რომაელებმა და კედელიც ხშირი დარტყმისგან ინძრეოდა; მანქანათა ორსავე მხარეს მდგომნი კი ანკესისებური შუბებით აძრობდნენ ქვებს შენობის წყობიდან და სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ ქალაქი მალევე აღებული იქნებოდა. სპარსელებმა საპასუხოდ ზღუდის ზემოთ დაადგეს კოშკი, აავსეს საუკეთესო მებრძოლებით, რომლებიც შეჭურვილი იყვნენ რკინის ლურსმნებით და აბჯრით თავზე და დანარჩენ სხეულზეც. მათ აავსეს ქოთნები გოგირდით, ასფალტით და ნავთით, მოუკიდეს მათ ცეცხლი და ესროდნენ ზღუდის მანქანებს, რომლებიც თითქმის ყველა გადაიწვა. მანქანებთან მდგომნი განუწყვეტლად იგერიებდნენ ნასროლს შუბების საშუალებით, ასუფთავებდნენ და უმალ მიწაზე გადმოყრიდნენ ყველაფერს რაც მანქანაში ცვიოდა. თუმცა მათ დიდხანს ვერ გაუძლეს ამ საქმეს, რადგან ცეცხლი რასაც მოედებოდა, მაშინვე წაეკიდებოდა ხოლმე.
მაშინ 70 წელს გადაცილებული ბესა თვით აღიჭურვა და გაუძღვა ჯარს, ზღუდის დაცემულ ნაწილს მრავალი კიბე მიადგეს, რომელზეც პირველი თავად სარდალი აძვრა და ამით ყველა აღაფრთოვანა. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა, რომელშიც 2300 სპარსელი და 6000-მდე რომაელი მონაწილეობდა. ამათგან ორივე მხრიდან თითქმის ყველა დაიჭრა, მხოლოდ მცირეოდენი დარჩა სხეულით უვნებელი. მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა და დიდი მსხვერპლისა რომაელები კიბეებზე იერიშს არ ეშვებოდნენ. ბესაც კი ჩამოაგდეს, მაგრამ შუბოსნებმა გადაეფარნენ ფარებით, ბრძოლის ველიდან გაიყვანეს და როდესაც მოსულიერდა ისევ კიბეზე გაუძღვა ჯარს. მაშინ სპარსელებმა ვერაგობას მიმართეს, ბესას დრო თხოვეს რათა ბარგი შეეგროვებინათ და ქალაქი ჩაებარებინათ, ამასობაში კი კედლები გაამაგრეს. გაბრაზებულმა ბესამ უფრო სასტიკი იერიში წამოიწყო, რის შემდეგაც ზღუდე სხვა ადგილასაც ჩამოინგრა, სადაც წინათ რომაელებმა საძირკველი გამოთხარეს. მაშინ აქ მოწინააღდეგეთა დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი. რომაელები, რომლებიც მტერს ბევრად სჭარბობდნენ, ორად გაყოფილი უტევდნენ სპარსელებს, თუმცა უკანასკნელნი დიდი გაჭირვებით ახერხებდნენ მათ შეკავებას. იოანე გუზემ დაანება თავი იქაურ შეხლა-შემოხლას, რამდენიმე არმენიელითურთ გაემართა იმ ციცაბო ადგილისკენ, სადაც ყველას აზრით ქალაქი დაუძლეველი უნდა ყოფილიყო, და აქ მყოფი მოდარაჯენი დაამარცხა. ციხის ნიკბიანაზე რომ ავიდა, შუბით მოკლა იქ მცველი სპარსელთაგანი, რომელიც ყველაზე უფრო მამაცი მეომარი ჩანდა. აი, ამგვარად გახდა შესაძლებელი რომაელების შესვლა ციხეში.
იმ სპარსელებმა, რომლებიც ხის კოშკში იდგნენ, აუარებელი ცეცხლისმტე ქოთანი აანთეს, რათა მოჭარბებული სროლით მათ შეძლებოდათ მანქანებისა და მათი მმართველების გადაწვა, მცველები კი მოკლებული ყოფილიყვნენ საშუალებას ყველა ნასროლი მოეგერიებინათ შუბების საშუალებით. მაგრამ უცებ მოწინააღმდეგე მხრიდან სამხრეთის საშინელი ქარი დიდი ხმაურით ეკვეთა მათ და კოშკის ერთი ფიცარი გადაწვა. სპარსელები პანიკამ მოიცვა და დაბნეულებმა ვერაფერი მოიმოქმედეს, რის შემდეგაც ალი მთელს კოშკს მოედო და იქ მყოფი სპარსელები გადაწვა. ასე დაიწვნენ ისინი ყველანი და ზოგნი ზღუდის შიგნით და ზოგნი მის გარეთ, სადაც მანქანები და მათი მმართველი რომაელები იდგნენ; დანარჩენი რომაელებიც, რომლებიც ზღუდის ჩამონგრეულ ნაწილთან იბრძოდნენ და რომლებსაც ილაჯწართმეული მოწინააღმდეგეები დანებდნენ, ზღუდის შიგნით შევიდნენ და პეტრაც საბოლოოდ იქნა აღებული. 500-მდე სპარსელი აკროპოლისზე ასულიყო და იქ იყვნენ მშვიდად გამაგრებულნი, დანარჩენი კი ვინც გადარჩა 730-მდე კაცი რომაელებმა დაატყვევეს. ამათგან მხოლოდ 18 იყო საღი, დანარჩენები კი დაჭრილები აღმოჩნდნენ. რომაელთაგანაც ბევრი დაღუპნენ, მათ შორს გმირი იოანე თომას ძე გუზი.
მეორე დღეს რომაელებმა აკროპოლისს ალყა შემოარტყეს და დანებების სანაცვლოდ უვნებლობის პირობა მისცეს. სპარსელებმა იუარეს, რადგან აპირებდნენ გმირულად დაღუპულიყვნენ. ბესამ კვლავ გაგზავნა რომაელი ჯარისკაცი ალყაშემოტყმულთა დანებების მისაღწევად, მაგრამ იმათ ყურები დაიცვეს და არ მოუსმინეს. მაშინ რომაელებმა აკროპოლისი ცეცხლში გახვიეს იქნებს ასე მაინც დანებდნენო, თუმცა სპარსელები ვაჟკაცურად ჩაინთქნენ ცეცხლში. რომაელებს აკროპოლისში ლამის 5 წლის მარაგი პური და ხორცი დახვდათ სხვა სურსათთან ერთად. მიაგნეს აგრეთვე საიდუმლო არხების სისტემას, რომლითაც წყლით მარაგდებოდნენ. ის კი ასე შეიქმნა. როდესაც ხოსრომ პეტრა აიღო, ხვდებოდა, რომ მტერი გარემოცვის დროს პირველ რიგში წყალსადენს გადაჭრიდა, ამიტომ ქალაქში შემომავალი წყალი 3 ნაწილად გაჰყო, ღრმა თხრილი ამოიღო და ჩააშენა 3 მილი: ერთი ქვემოთ, თხრილის ძირში, რომელიც ნეხვითა და ქვებით დაფარა შუა თხრილამდე; შემდეგ დაადვა მეორე მილი და დაფარა და ბოლოს ზემოდან ყველას დასანახად გაიყვანა მესამე მილი. ასე რომ რომაელებმა თავიდან პირველი მილი დაკეტეს. დიდი ხნის ალყის შემდეგ ტყვედჩავარდნილი სპარსელებისგან შეიტყვეს მეორე მილის შესახებ და კვლავ შეცდომით ჩათვალეს რომ ქალაქი უწყლოდ დატოვეს. მესამე მილი მხოლოდ პეტრას აღების შემდეგ იპოვეს.
ტყვეები ბესამ უმალ იუსტინიანეს გაუგზავნა, პეტრას ზღუდე მიწასთან გაასწორა, რომ მტერს კვლავ არ დაეჭირა. იუსტინიანემ ძალიან შეუგო მამაცობა და გონიერი ნაბიჯი – პეტრას კედლის დანგრევა.
ამასობაში მერმეროე, რომელიც დიდხანს უფრთხოდა პეტრას საშველად წამოსვლას, გაზაფხულისთანავე მაინც დაიძრა, თუმცა ყველაფერი გაიგო და გზა შეიცვალა, დაიჭირა იბერიიდან კოლხიდაში გადასასვლელი ადგილები, სადაც ფასისის გადასვლა შეიძლებოდა ფეხით, გადალახა ეს მდინარე, გადალახა აგრეთვე მეორე მდინარე რეონი (რიონი – სათავიდან ვარციხემდე) არასანაოსნო ადგილზე და ფასისის მაარჯვენა მხარეს აღმოჩნდა. წაიყვანა ჯარის ერთი ნაწილი ერთი ქალაქის არქეოპოლისის წინააღმდეგ, რომელიც არის მთავარი და უდიდესი ლაზების ქვეყანაში.
ზოგიერთების გამოკლებით ყველანი ცხენოსნები იყვნენ და მათ 8 სპილო მიჰყვებოდა თან: მათ ზურგზე იდგნენ ხოლმე სპარსელები და იქიდან, როგორც კოშკიდან, უშენდნენ მტერს თავში. ასე რომ მართლაც გაუკვირდებოდა კაცს ომების დროს გამოაშკარავებული ამტანობა და მოხერხებულობა სპარსელებისა, რომლებსაც იბერიიდან კოლხიდაში მიმავალი გზა, რომელიც ყველგან დაქანებული ნაპრალებითა და დაბუჩქებული ძნელსავალი ადგილებით იყო დასერილი და ისე დაფარული უღრანი ტყეებით, რომ მსუბუქად დატვირთულ კაცსაც კი გაუჭირდებოდა წინათ იქ გასვლა, ისე გაესწორებინათ, რომ არა თუ მთელმა მათმა ცხენოსანმა ჯარმა გაიარა იქ დაუბრკოლებლად, არამედ სპილოებიც გაატარეს რამდენიც სურდათ და ისე ლაშქრეს იქ. მათთან მოვიდნენ სავირებიც 12000. მაგრამ მერმეროეს შეეშინდა, ვაი თუ ამ ბარბაროსებმა ასე მრავალრიცხოვანი რომ არიან რომელიმე ჩემი ბრძანება არ მიიღონ და საზარელი რამ ჩაიდინონ სპარსელთა ჯარშიო, და მხოლოდ 4000 კაცი დაიტოვა და დანარჩენი დიდძალი ფულით დასაჩუქრების შემდეგ გაისტუმრა სამშობლოში. რომაელებს აქ 12000 კაცი ჰყავდა, რომელთაგან 3000 არქეოპოლისს იცავდა გამოცდილი სარდლების ოდონაქესა და ბაბას სარდლობით; ხოლო დანარჩენები მდინარე ფაზისის შესართავთა (იგულისხმება ყვირილა–რიონის შესართავი) აქეთ დაბანაკებულიყვნენ იმ ანგარიშით, რომ, თუ სადმე მტრის ჯარი იერიშს მოიტანდა, ისინი იქდან წარმომართულიყვნენ საშველად მთელი თავისი ჯარით. ამათ მეთაურობდნენ ვენილე და ულიგაგე; მათთან იყო შეერთებული პერსარმენიელი ვარაზი, რომელიც ახლახანს მოსულიყო იტალიიდან და მას თან ახლდა 800 ჭანი. რაც შეეხება ბესას, როგორც კი მან პეტრა აიღო, მეტი აღარ ისურვა ბრძოლა და პონტოელებსა და არმენიელებში გაემართა და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აეღო აქაური მიწა-წყლიდან: ამ გაუმაძღრობით რომაელთა საქმეები კვლავ გააფუჭა. ის რომ მაშინვე, როდესაც გაიმარჯვა ლაზებისა და იბერიის საზღვრებზე მისულიყო და დაეცვა იქაური ძნელსავალი ადგილები, სპარსელთა ჯარი ლაზიკეში ვეღარ შემოვიდოდა. ამის ნაცვლად კი სტრატეგოსმა დაუდევრობა გამოიჩინა ამ საქმისადმი და თითქმის საკუთარი ხელით ჩააბარა მტერს ლაზიკე და ნაკლებად იფიქრა მეფის რისხვაზე. იუსტინიანე ავგუსტი, ჩვეულებრივ თავის სარდლებს ბევრ შეცდომებს აპატიებს ხოლმე და ამიტომაც არის, რომ ისინი ხშირად როგორც კერძო ისე სახელმწიფო საქმეში უკანონობას სჩადიან.
ლაზთა ორი ციხეა იბერიის საზღვართან, სკანდა და სარაპანისი: ისინი მდებარეობენ მკაცრსა და ძნელსავალ ადგილებში და ძნელად თუ მიუდგება იმათ კაცი. ამ ციხეებს ლაზები ძველად გაჭირვებით იცავდნენ, რათა იქ საზრდო სრულიად არაფერი მოდის და ადამიანებს ზურგით უხდებოდათ იქ სურსათის მიტანა. იუსტინიანემ ამ ომის დასაწყისში გააძევა ლაზები იქიდან და რომაელ ჯარისკაცთა რაზმი ჩააყენა, მაგრამ ესენი ცოტა ხნის შემდეგ იძულებული იყვნენ სურსათის ნაკლებობის გამო ციხეები დაეტოვებინათ, რადგან ვერ აიტანეს ფეტვით საზრდოობა დიდი ხნის განმავლობაში: კოლხები ხომ ამით იკვებებოდნენ, რომაელებისთვის კი ეს უჩვეულო იყო; ლაზებმა კი შორი გზიდან ყველა ამ სურსათის მოტანას უკვე ვეღარ გაუძლეს. შემდეგ სპარსელებმა დაიკავეს და უვადო ზავის დროს ბოლონისა და ფარანგიონში გაცვალეს. ლაზებმა თავის მხრით, ეს ციხეები მიწასთან გაასწორეს, რათა სპარსელებს ისინი მათ წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ საყრდენ სიმაგრეებად. ერთი მათგანი, რომაელსაც სკანდას უწოდებენ, სპარსელებმა კვლავ აღადგინეს და იქ ჩადგნენ, და მერმეროემაც წინ წამოიყვანა ჯარი.
დაბლობში ერთი ქალაქი იყო, სახელად როდოპოლისი, რომელიც ყველაზე უწინარეს ხვდებოდა გზაზე იბერიიდან კოლხიდაში შემოსულთ; ადვილმისადგომი იყო და იერიშის მიტანაც ადვილი იყო. ამიტომ ლაზებმა ის ამას წინათ მიწასთან გაასწორეს, რადგან ეშინოდათ სპარსელთა შემოსევისა. სპარსელებმა ეს რომ გაიგეს, მაშინვე არქეოპოლისისაკენ გაემართნენ. მერმეროემ რომ შეიტყო, მოწინააღმდეგენი მდინარე ფასისის შესართავთან დაბანაკებულანო, გაემართა მათ წინააღმდეგ. ის უმჯობესად თვლიდა ჯერ ესენი გაენადგურებინა და ისე შემოერტყა ალყა არქეოპოლისისათვის, რათა ისინი ზურგში არ მოქცეულიყვნენ და სპარსელთა ჯარისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. არქეოპოლისის ზღუდეს რომ მიუახლოვდა, გამაღიაზიანებელი დაცინვით მიესალმა იქ მყოფ რომაელებს და რაღაც ყმაწვილური თავხედობით გადაჰკრა, მალე მოგიბრუნდებით თქვენო; მინდა ჯერ დანარჩენ რომაელებს მიესალმო, რომელნიც მდინარე ფასისის მახლობლად დაბანაკებულანო, უთხრა მათ. მათაც უპასუხეს, წადი სადაც გინდაო, მაგრამ დაბეჯითებით უმტკიცებდნენ: თუკი იქაურ რომაელებს შეეყრები, ვერასოდეს ჩვენთან ვეღარ დაბრუნდებიო. როდესაც რომაელთა ჯარის მთავრებმა ეს გაიგეს ძალიან შეეშინდათ და, რადგან მათი აზრით ისინი იმდენად ჩამორჩებოდნენ მტერს, რომ შემომტევთა ძალას ვერ გაუმკლავდებოდნენ, ჩასხდნენ გამზადებულ ნავებში და ყველანი მდინარე ფასისის მეორე მხარეს გადავიდნენ; იმ სურსათიდან, რომელიც თან ჰქონდათ, ნავებში ჩაალაგეს, იმდენი, რამდენის გადატანას შეძლებდნენ, ხოლო დანარჩენი მდინარეში გადაყარეს, რათა მტერს იმით არ მოელხინა. ცოტა ხნის შემდეგ მერმეროეც მივიდა იქ მთელი თავისი ჯარით და სრულიად დაცარიელებული რომ დაინახა მტრის ბანაკი, ეწყინა და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. მან გადაწვა რომაელთა სადგომები და ბრაზისგან გულგასივებული მაშინვე გაბრუნდა და არქეოპოლისის წინააღმდეგ წაიყვანა ჯარი.
არქეოპოლისი მდებარეობს ერთ მეტად გრძელ სერზე და მას ჩამოუდის მდინარე, რომელიც ქალაქის ზემოთ აღმართული მთებიდან ჩამოდის. ერთი კარი აქვს ქვემოთ, სერის ძირისაკენ რომ გადის; ის, მართალია მიუწვდომელი არაა, მაგრამ მისკენ რომ ადიხარ დაბლობის მხრით, ის ადგილი სწორი არ არის. მეორე კარი კი ციცაბო ადგილას გადის და ის ძალიან ძნელი მისასვლელია: ამ კარის წინ ადგილი ბუჩქნარია კარგა დიდ მანძილზე. რადგან იქაურ მცხოვრებლებს სხვა წყალი არსაიდან აქვთ, ქალაქის ამშენებლებს ორი კედელი აუგიათ იქ სერიდან მდინარემდე, რათა მათ თავისუფლად შესძლებოდათ მდინარის წყლის ამოტანა.
რადგან მერმეროე მოწადინებული იყო და ცდილობდა მთელი თავისი ძალით ჰკვეთოდა აქ ზღუდეს შემდეგნაირად მოიქცა. პირველ ყოვლისა საბირებს უბრძანა გაეკეთებინათ კრიოს მანქანები მრავლად, და ისეთები, რომელთა ტარებასაც შეძლებდნენ ჯარისკაცები მხრებზე, რადგან ჩვეულებრივი მანქანების მოტანას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებდა ის არქეოპოლისის ზღუდესთან, რომელიც მთის ძირში მდებარეობდა: მას კი სმენოდა, რაც რომაელთა მოკავშირე საბირებს მოემოქმედათ პეტრას ზღუდესთან ცოტა ხნის წინათ, მისდია გამომგონებელთა კვალს და სურდა ეს გამოცდილება გამოეყენებინა. მათაც ბრძანება შეასრულეს, უმალვე ააგეს უამრავი კრიო იმნაირადვე, როგორც – ზემოთქმულისა არ იყოს – ამის წინ აუგეს საბირებმა რომაელებს. შემდეგ ის გზავნის ე.წ. დოლომიტებს ქალაქის დაქანებული ადგილებისკენ და ავალებს მათ მთელი თავიანთი ძალით შეავიწროვონ იქ მყოფი მოწინააღმდეგეები. ეს დოლომიტები ბარბაროსები არიან და სპარსეთის შიდა ადგილებში ცხოვრობენ (ფარსსა და მესოპოტამიას შორის), მაგრამ არასდროს ყოფილან სპარსთა მეფის ქვეშევრდომნი. ისინი ციცაბო და სრულიად მიუვალ მთებში დაფუძნებულან და ძველითგანვე ვიდრე დღევანდელ დღემდე თვითთავადობა შეუნარჩუნებიათ: ხოლო როგორც დაქირავებული ჯარისკაცები, ისინი მუდამ ლაშქრობდნენ სპარსელებთან ერთად მათი მტრების წინააღმდეგ. ისინი ყველა ქვეითად იბრძვიან, თითოეული მათგანი ატარებს მახვილსა და ფარს და ხელში სამი ხელშუბი უჭირავს. ისინი მარდად ხტიან როგორც კლდეებსა და მთის მწვერვალებზე, ისე ტრიალ მინდორზე. ამიტომაც მერმეროემაც აქ უბრძანა მათ იერიშის მიტანა, თვითონ კი მთელი დანარჩენით წარუძღვა კრიოს მანქანებსა და სპილოებს და ქვემო კარისკენ გაემართა. სპარსელებმა საბირებთან ერთად ხშირ-ხშირად დაუშინეს კედელს და ისრებით მტვერი აადინეს იქაურობას, ისე რომ ცოტაღა აკლდათ კინაღამ აიძულეს იქ მყოფი რომაელები დაეტოვებინათ კოშკები, ხოლო დოლომიტებმა კლდეებიდან შუბაკები (მოკლე შუბი) დაუშინეს ზღუდის შიგნით და კიდევ უფრო მეტი ზარალი მიაყენეს პირდაპირ მყოფ მტერს. რომაელთა საქმეები ყველგან გაფუჭდა და საფრთხეში ჩავარდა: ისინი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ.
მაშინ ოდონაქემ და ბაბამ სივაჟკაცე გამოიჩინეს, რამდენიმე ჯარისკაცი დაიბარეს და დაავალეს მათ კბილანებიდან მოეგერიებინათ მოიერიშენი, ხოლო დანარჩენი ჯარისკაცები შეკრიბეს და მიმართეს მათ მოკლე მოწოდებით, რის შემდეგაც გააღეს კარები და სირბილით გაიყვანეს გარეთ ჯარის უდიდესი ნაწილი, მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცი დატოვეთ შიგნით.
წინა დღის ერთი ლაზი წარჩინებული, რომელიც არქეოპოლისში ცხოვრობდა მოღალატურად შეუთანხმდა მერმეროეს რომ ის თავის სამშობლოს გასცემდა. მერმეროემ დაავალა მას შემდეგი: როდესაც ისინი იერიშს მიიტანდნენ კედელზე, ჩუმად წაეკიდა ცეცხლი სადგომებისთვის, სადაც პური და სხვა სურსათი იყო მოთავსებული. ეს დავალება მისცა მას, რადგან ფიქრობდა, რომ ორში ერთი მოხდებოდა: რომაელები ან ამ ცეცხლს მოუვლიდნენ და ამაში გართულნი შესაძლებლობას მისცემდნენ სპარსელებს ასულიყვნენ ზღუდეზე, ან მოისურვებდნენ სპარსელების მოგერიებას და ამ სადგომებს უყურადღებოდ დატოვებდნენ. ასეთნაირად რომ პური და დანარჩენი სურსათიც დაიწვებოდა, სპარსელები მოკლე ხანში ადვილად შეძლებდნენ ალყის შემორტყმით არქეოპოლისის აღებას. ისიც შეპირდა, რომ ამ დავალებას სისრულეში მოიყვანდა: როდესაც დაინახა, რომ შეტევა გაჩაღდა, ჩუმად წაუკიდა ცეცხლი იმ შენობებს. რომაელებმა რომ დაინახეს უცებ ავარდნილი ალი, ციხეში დატოვებულმა რამდენიმე ჯარისკაცმა იქ მიაშურა და დიდი წვალებით ჩააქრო ცეცხლი, რომელსაც ნაწილობრივ გაენადგურებინა სურსათი. ამ დროს, გარეთ გაჭრილი რომაელები მოულოდნელად დაეცნენ თავს სპარსელებს, რომლებმაც დაბნეულობისგან ვერაფერი გააკეთეს. ისინი შორი-შორს იდგნენ ერთმანეთისგან უმწყობროდ. ზოგიერთებს კრიოს მანქანები ეჭირათ მხრებზე და უიარაღოდ იყვნენ; დანარჩენებს კიდევ დაჭიმული მშვილდები ეჭირათ ხელში და ზედ წამომდგარ მტერს ვერავითარი ხერხით ვერ მოიგერიებდნენ. ასე ცელავდნენ რომაელები და ჟლეტდნენ სპარსელლთა მოწინავეებს მარჯვნივ და მარცხნივ. ამ დროს ერთი დაჭრილი სპილო განრისხდა, მასზე მჯდომნი გადმოაგდო, სხვები კი დაქსაქსა. ყველაფერი აღნიშნულის გამო ბარბაროსებმა იწყეს არეულად უკან დახევა, რომაელები კი მედგრად დაედევნენ და კლავდნენ ვისაც მოიხელთებდნენ.
როდესაც სპარსელთა უკანმდგომებმა დაინახეს წინა წყებების არევ-დარევა ვერ მიხვდნენ რა მოხდა და უწესრიგოდ იწყეს უკან დახევა. მაღლობზე მდგარმა დოლომიტებმა ყველაფერი დაინახეს და შეშინებულებმა სამარცხვინოდ იწყეს გაქცევა. ბარბაროსთაგან 4000 დაიღუპა აქ, მათ შორის 3 სარდალი იყო; რომაელებმა ხელთ იგდეს სპარსელთა 4 დროშა, რომლებიც მაშინვე გაგზავნეს ბიზანტიონში. გარდა ამისა სპარსელებმა დაკარგეს 20000-მდე ცხენი, ოღონდ არა ბრძოლისგან, არამედ შორი მგზავრობით გადაღლილობისგან, შიმშილითა და დაავადებებისგან.
დამარცხებულმა მერმეროემ მთელი ჯარით მოხირისისკენ (ანუ შიდა ეგრისისკენ) დაიხია, რომელიც ერთი დღის სავალ გზაზეა არქეოპოლისიდან დაშორებული და შეიცავს მრავალ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს. კოლხიდის მიწა-წყალზეც ის საუკეთესო მხარეს წარმოადგენს: ღვინოს კარგი იცის და სხვა ნაყოფიც იქ კარგად ხარობენ, თუმცა ლაზიკის სხვა ადგილებზე არ შეიძლება იგივე ითქვას. ამ მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე, რომელიც შემდეგ ხანებში მათ მეტწილად მიწასთან გაუსწორებიათ, რადგან ის მეტად დაბალ ვაკეზე მდებარეობდა და მათი აზრით ადვილი მისასვლელი იყო. მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინური ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან: ბერძნული ენის უცოდინარობით მოსდით, რომ ამ სახელწოდების ნამდვილი სახე შერყვნეს. ასე აქვს ეს მოთხრობილი არიანეს. სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კი – კვიტატიდსო. მერმეროემ განიზრახა ეს ციხე აღედგინა, მაგრამ, ვინაიდან ამისათვის არაფერი ჰქონდა მომზადებული და ამასთანავე (551 წლის) ზამთარიც დადგა, სასწრაფოდ შეაკეთა ხის მასალით ციხის ის ადგილები, რომლებიც დანგრეული იყო, და იქ დაისადგურა. ქუთათისის მახლობლად კი არის ერთი მეტად მაგარი ციხე, სახელად უქიმერიონი (იგი ქუთაისიდან სკვიმნია-სვანეთისაკენ ერთი ძირითად გზას ჰკეტავდა); აქ ჰყავდათ ლაზებს კარგი მცველი რაზმი. ამ ციხის დაცვაში მონაწილეობას ღებულობდა რამდენიმე რომაელი ჯარისკაციც – აი, აქ დაბანაკდა მერმეროე მთელი თავისი ჯარით, კოლხიდის საუკეთესო ნაწილი მას ეპყრა და მოწინააღმდეგეებს დაბრკოლებას უქმნიდა, რომ უქიმერიონის ციხეში სურსათი მიეწოდებინათ, ან სვანიასა და ე.წ. სკვიმნიაში ევლოთ, თუმცა ეს ქვეყანა მათი ქვეშევრდომი იყო. ვინაიდან მოწინააღმდეგე რომ მოხირისში იჯდა, ლაზებსა და რომაელებს ამ ქვეყნისაკენ გზა მოჭრილი აღმოაჩნდათ.
550 წელს დაწყებული სპარსეთ-ბიზანტიის საზავო მოლაპარაკება 552 წლის დასაწყისში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. შეთანხმების მიხედვით უნდა დადებულიყო 5 წლიანი ზავი, რომლის მიხედვით იუსტინიანემ სპარსეთს გაუგზავნიდა 20 კენდინარ ოქროს (წელიწადში 4 კენდინარის გადახდით), ხოლო წინა 5 წლიანი ზავის ვადის გასვლის შემდეგ გასული 18 თვის კიდევ 6 კენდინარ ოქროს. ამას გარდა ბიზანტიელები გაათავისუფლებდნენ არმენიაში ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ხოსროს მეგობარ სარდალს – ბერსაბუსს. სამაგიეროდ სპარსეთის ელჩი ისდიგუსნა დაპირდა იუსტინიანეს, რომ დაითანხმებდა ხოსროს გაეყვანა ჯარი ლაზიკიდან.
ამ დროს ერთი ლაზი წარჩინებული, სახელად თეოფობი მერმეროეს დაუკავშირდა და შეჰპირდა უქიმერიონის ციხეს ხელში ჩაგიგდებო. სამაგიეროდ მერმეროე პირდებოდა ხოსრო მეფის საუკეთესო მეგობარი გახდებიო და ძალიან დაწინაურდები სიმდიდრითა და ძალაუფლებითო. ამით გათამამებული თეოფობი ენერგიულად შეუდგა ჩანაფიქრის განხორციელებას. მაშინ ხომ რომაელებსა და ლაზებს შორის არავითარი მიმოსვლა არ იყო: სპარსელები ყველგან სრულიად თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ ამ ადგილებში, და ამიტომ რომაელთა და ლაზთაგან ერთნი მდინარე ფასისის სანაპიროებზე დამალულიყვნენ, ხოლო სხვებს არქეოპოლისი ან სხვა რომელიმე იქაური სიმაგრე დაეჭირათ და იქ შეეფარებინათ თავი; თვით გუბაზიც, ლაზთა მეფე, მშვიდად ჩამომჯდარიყო მთის ქვერებზე. ამით აიხსნება რომ თეოფობიმ სრულიად ადვილას შესძლო მერმეროესათვის მიცემული დაპირება შეესრულებინა. ციხეში რომ იყო, უთხრა ლაზებსა და რომაელებს, რომლებიც იქაურ მცველ რაზმებს შეადგენდნენ, რომ რომაელთა მთელი ჯარი დაიღუპა, ხოლო გუბაზ მეფესა და მასთან მყოფ ყველა ლაზებს საქმეები ცუდად წაუვიდათ, მთელი კოლხიდა კი სპარსელების ხელშია და არც რამე იმედია, რომ რომაელები ან გუბაზი ამ ქვეყანაში ძალაუფლებას დაიბრუნებდნენ ოდესმე. ეს წინათ მოახერხა მერმეროემ მარტო: თან მოიყვანა 70000-ზე მეტი მებრძოლი სპარსელი და უამრავი ბარბაროსი საბირები; ახლა კი ხოსრო მეფე მოსულა აქ მოულოდნელად ურიცხვი ჯარით და მათთან შეერთებულა და ამიერიდან ამ ჯარს თვით კოლხების მთელი ქვეყანა არ ეყოფაო. ასეთი ტყუილები უთხრა თეოფობიმ და დიდ შიშსა და გასაჭირში ჩააგდო იქაური მცველები. ისინიც მას ემუდარებოდნენ და ავედრებდნენ საკუთარ ღმერთს, რომ რამდენადაც ძალა შესწევდა მოეგვარებინა მათი აწინდელი მდგომარეობა. ისიც შეჰპირდა, რომ ხოსროსაგან მოიტანდა მათი ხელშეუხებლობის პირობას, თუკი ისინი სპარსელებს დაანებებდნენ ამ ციხეს. იმ კაცებმა რომ ეს მოიწონეს, მაშინვე გამობრუნდა იქიდან, ეახლა მერმეროეს და ყველაფერი უამბო. მერმეროემ გამოარჩია სპარსელთაგან უწარჩინებულესი კაცები და გააყოლა მას უქიმერიონში, რომ იქაური მცველებისათვის გადაეცათ რწმუნება მათი ქონებისა და სიცოცხლის ხელშეუხებდლობის შესახებ და ამ ციხეს კი დაპატრონებოდნენ. ასე ჩაიგდეს ხელში სპარსელებმა უქიმერიონიც ციხე და მტკიცედ დაეპატრონენ ლაზიკეს. მათ ხელში აღმოჩნდა აგრეთვე სკვიმნია და სვანიაც, და ამრიგად მოხირისიდან იბერიამდე მთელი მიწა-წყალი გამოეცალათ ხელიდან რომაელებსა და ლაზთა მეფეს. მტრის მოგერიება არ შეეძლოთ არც რომაელებსა და არც ლაზებს, რადგან ისინი ვერ ბედავდნენ ვერც მთებიდან ან სიმაგრეებიდან ჩამოსვლას და ვერც რამენაირად მტერთან შებმას.
რადგან უკვე ზამთრის ჟამი იყო დამდგარი, მერმეროემ ხის კედელი ააგო კოტაისში და ჩააყენა აქ სპარსელ მეომართაგან შედგენილი მცველი რაზმი, არანაკლებ 3000 კაცისა; უქიმერიონშიც დატოვა საკმაო ხალხი. თვითონ კი ააშენა ლაზთა მეორე ციხე, რომელსაც სარაპანისს ეძახიან და რომელიც ზედ ლაზიკის საზღვრებთან მდებარეობს, და იქ დარჩა. შემდეგ რომ გაიგო, რომაელებსა და ლაზებს თავი მოუყრიათ და მდინარე ფასისის შესართავთან დაბანაკებულანო, მთელი თავისი ჯარით მათ წინააღმდეგ გაემართა. ეს რომ გუბაზმა და რომაელთა ჯარის სარდლებმა გაიგეს, მტრის იერიშის მოგერიება კი არ სცადეს, არამედ გაიფანტნენ და თავს უშველეს, ვისაც როგორ შეეძლო. გუბაზი მთის წვერზე ავიდა და იქ დაიზამთრა თავისი ბავშვებით, ცოლითა და მახლობლებით და, შექმნილი მდგომარეობით გაჭირვებაში ჩავარდნილი ებრძოდა ზამთრის სუსხს, – მომავალს კი კი რწმენით უცქერდა ბიზანტიონის იმედით; ამით ინუგეშებდა აწინდელ უბედურებას – როგორც ეს ადამიანს სჩვევია, – და უკეთესის მოლოდინში იყო. დანარჩენმა ლაზებმა გუბაზ მეფის პატივისცემით ზამთარი აგრეთვე მწვერვალებზე გაატარეს; მტრებისაგან კი იქ შეწუხება არაფერი განუცდიათ, რადგან თავდასხმელთათვის ეს მთები – საზოგადოდ და კერძოდ ზამთარშიაც – მოუხერხებელი და სრულიად მიუვალია. ხოლო შიმშილმა, სიცივემ და სხვა უბედურებამ კი სიკვდილის პირამდე მიიყვანა ისინი. მერმეროემ კი მრავალი სახლი ააგო, შეძლებისდა გვარად, მოხირისის მიდამოებში მდებარე სოფლებში და ყოველგნით ამ ადგილებიდან სურსათი იპოვა; მერე მთების მწვერვალებზე დაგზავნა ზოგიერთი მტრის ბანაკიდან გამოქცეულთაგანი და ხელშეუხებლობის დაპირებით მრავალის გადაბირება შეძლო: ისინი ხომ სურსათის ნაკლებობას განიცდიდნენ და მერმეორეც ხშირად აწვდიდა მათ და ზრუნავდა მათზე, როგორც თავისიანებზე; და ყველაფერს ისე მართავდა სრული უზრუნველობით, თითქოს ამ კუთხის ბატონ-პატრონი ყოფილიყოს. გუბაზს კი მისწერა შემდეგი: „ორი რამ აწესრიგებს ადამიანის ცხოვრებას – ძალა და გონიერება. ერთნი, რომელნიც ძლიერებით სჯობნიან მეზობლებს, თვითონაც ცხოვრობენ ნებისამებრ და მათზე უფრო სუსტებსაც ამოქმედებენ ისე, როგორც სურთ; ხოლო მეორენი, რომელნიც თავიანთი სისუსტის გამო მათზე უფრო ძლიერთ ემონებიან და უძლურებას გონიერებით სწამლობენ, მლიქვნელობით ელოლიავებიან მბრძანებელთ და მშვენივრად ახერხებენ ცხოვრებას თავიანთ მამულში და მლიქვნელობის წყალობით იგემებენ ხოლმე ყველაფერს იმას, რასაც უძლურების გამო მოკლებული არიან. ზოგიერთ ერებთან ასე და სხვებთან რაღაც სხვანაირად კი არ უხდებათ მათ მოქცევა; არამედ ყველა ადამიანს, შეიძლება ითქვას, ყველგან დედამიწის ზურგზე, ეს ბუნებით აქვს თანდაყოლილი ისევე, როგორც ზოგი რამ სხვაც. და აი, ძვირფასო გუბაზ, თუ ფიქრობ, რომ სპარსელებს აჯობებ ომში ნუღარ აყოვნებ და ნურც რამე დაგიდგება წინ. ლაზიკის რომელსამე ნაწილში გვიპოვი ჩვენ, თუ გინდა შენს შემოტევასაც დავუხვდებით და ამ კუთხისათვის საბრძოლველად განვეწყობით რაც ძალა შეგვწევს. ამგვარად შემთხვევა მოგეცემა შეგვებრძოლო და შენი სივაჟკაცე დაამტკიცო ჩვენს წინაშე. თუკი თვითონ გრძნობ, რომ უძლური ხარ სპარსელთა ძალას წინაღუდგე, მაშინ, ჩემი კარგო, აირჩიე მეორე გზა, შეიცან თავი შენი და ეთაყვანე შენ ბრძანებელს ხოსროს, ვითარცა მეფეს, გამარჯვებულსა და ბატონს. შეევედრე გაპატიოს შეცოდებანი, რათა ამიერიდან მაინც შესძლო აირიდო შეცოდებანი, რომლებიც მძიმე ტვირთად გაწვებიან. მეც, ჩემი მხრით, გარწმუნებ, რომ ხოსრო მეფე შეგიწყალებს, ხელს არ გახლებს და მძევლებად მოგგვრის სპარსეთის წარჩინებულ მთავართა შვილებს; შენც ყოველმხრივ იქნები უზრუნველი და შენი სამეფოც სამუდამოდ გექნება დაცული. ხოლო თუ შენ არც ერთი ეს გზა არ მოგწონს, წადი რომელსამე სხვა ქვეყანაში და ამით საშუალება მიეცი შენი უგუნურობით გაწამებულ ლაზებს, ერთხელაც არის, ამოისუნთქონ და განთავისუფლდნენ მოწოლილ სიძნელეთაგან, მაგრამ გულში არ გაივლო მათთვის უსაზღვრო უბედურების მინიჭება და მაცთუნებელ იმედს არ მიეცე: ვგულისხმობ რომაელების მოშველიებას. ისინი ხომ ვერასდროს შეძლებენ დაგეხმარონ თქვენ, ისე როგორც დღემდე ვერ შეძლეს ეს“.
გუბაზმა სპარსელთა სარდალს პასუხი არ გასცა. ის დარჩა მაღლობებზე და მოუთმენლად ელოდა დახმარებას რომაელთა მხრიდან.
ზამთარი რომ გავიდა (552 წლის გაზაფხულზე) ისდიგუსნა ჩავიდა ხოსროსთან. თან ფული ჩაიტანა და გააცნო პირობები ზავის შესახებ. ხოსრომ ფული ჩაიბარა და დაუყონებლივ დაამტკიცა დროებითი ზავი. ხოლო ლაზიკის დაცლა არავითარ შემთხვევაში არ მოინდომა. ამ ფულით კი დიდძალი საბირები მიიმხრო და რამდენიმე სპარსელთან ერთად მაშინვე მერმეროესთან გაგზავნა; მასვე შეუთვალა მთელი ძალღონით შეეწყო ხელი საქმისთვის; გარდა ამისა, სპილოებიც ბევრი გაუგზავნა მას. მერმეროეც სპარსელთა და საბირთა მთელი ჯარით დაიძრა მოხირისიდან და ლაზთა სიმაგრეების წინააღმდეგ გაემართა, თან სპილოებიც მიჰყავდა. რომაელები მას არსად შეხვედრიან. იმათ, მარტინეს მეთაურობით მდინარე ფასისის შესართავის მახლობლად (ე.ი. ქ. ფასისთან) რაც შეიძლებოდა მტკიცე პირობები შეექმნათ თავისთვის ადგილობრივი მდებარეობის წყალობით და იქ იდგნენ მშვიდად. მათთან იყო გუბაზიც. მერმეროემ მათ ყურადღება არ მიაქცია და ჯარი წაასხა ერთი ციხის წინააღმდეგ, სადაც გაიგო რომ გუბაზი იმალებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან იქაური დარაჯები ძალიან მტკიცედ იცავდნენ მას და ადგილის ბუნებრივი მდებარეობაც შველოდა მათ ამაში. აქედან უკან დახევის შემდეგ სპარსელები აბაზგების წინააღმდეგ გაემართნენ და გზაზე აფშილთა მთავარ ციხე წებილს მიადგნენ, რომელსაც რომაელები იცავდნენ, რომლებიც ჩამჯდარი იყვნენ ძალიან ვიწრო და ციცაბოკლდეებიან გასავალში და სპარსელებისათვის გზა შეეკრათ. ამიტომ მერმეროემ, რადგან საშუალება არ ჰქონდა დაეძლია მიპირდაპირე, უკან წაიყვანა ჯარი და მაშინვე გაემართა არქეოპოლისის წინააღმდეგ იმ განზრახვით, რომ ალყა შემოერტყა მისთვის. ზღუდე რომ მოსინჯა და ვერაფერს გახდა, კვლავ გამობრუნდა. რომაელები კი გაბრუნებულ მტერს დაედევნენ და ერთ ძნელსავალ ადგილას მრავალი ამოჟლიტეს: მათ შორის საბირთა მთავარიც იქნა მოკლული და გვამის გარშემო ცხარე ბრძოლა გაიმართა. ბოლოს სპარსელებმა, შებინდებისას, სძლიეს მოწინააღმდეგეებს და გააქციეს, თვითონ კი ქოთაისისა და მოხირისისკენ დაიხიეს.
ლაზიკის მიწა-წყალზე იუსტინიანემ ააგო ერთი ციხე, სახელად ლოსორიონი, და ამ ქვეყანაში ვიწრობებიც გაამაგრა, რომაელთაც, ჩვეულებრივ კლისურებს ეძახიან, რათა მოწინააღმდეგენი ლაზიკეს შესავალშივე ჩაეკეტათ. გარდა ამისა, ქრისტიანეთა ეკლესიაც განაახლა ლაზიკეში, – ძველიც იყო და ნაგებობაც დაზიანებულიყო. გადაღმა ხმელეთზე, ლაზიკიდან მეოტიდის მიმართულებით რომ მიდიხარ, ორი ციხე, სებასტოპოლი და პიტიუნტი, დაანგრიეს რომაელებმა, როდესაც გაიგეს, რომ ხოსროს იქ ჯარის გაგზავნა განეზრახა ამ ციხეების ასაღებად. ახლა კი იუსტინიანემ მთელი ეს სებასტოპოლი განაახლა, ზღუდისა და სხვა სასიმაგრო შენობათა წყალობით უძლეველი გახადა ის და გაამშვენიერა ის გზებითა და სხვა ნაგობობებით, რის გამოც ის სილამაზითა და სიდიდის წყალობით ყველაზე ღირშესანიშნავ ქალაქად იქცა.
პროკოპი ჭანების შესახებ
530 წლის ქვემოთ მოთხრობილი ამბებისაც პროკოპი გვამცნობს : ცოტა ხნის წინათ მოხდა, რომ მათ დაიმორჩილეს ჭანების (პროკოფი ხმარობს ფორმას „ტზანები) ტომი, რომელნიც, თვითთავადნი, ძველითგანვე დამკვიდრებულან რომაელთა მიწაწყალზე. თუ რანაირად მოხდა ეს, ეხლავე იქნება ნათქვამი.
არმენიის ადგილებიდან პერსარმენიაში რომ მიდიხარ, მარჯვნივ არის ტავრი, მიმავალი იბერიაში და იქ მოსახლე ხალხებამდე, ხოლო მარცხნივ მეტად დაქანებული, დიდ მანძილზე გადაჭიმული გზა არის, და აღმართულია მეტად ციცაბო და მუდამ ნისლითა და თოვლით დაფარული მთები, საიდანაც ხმაურიანად გამოდის მდინარე ფასისი და მიდის კოლხეთის ქვეყნისაკენ. აქ მოსახლეობს ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად წოდებულნი; ირგვლივ მოსახლე რომაელების მძარცველნი; ისინი უაღრესად მკაცრ ცხოვრებას ეწეოდნენ და მუდამ ქურდობით ირჩენდნენ თავს. მიწა ხომ არაფერს აძლევდა სარჩოდ; ამიტომაც იყო, რომ რომაელთა მეფე ყოველწლიურად მათ ოქროს განსაზღვრულ რაოდენობას უგზავნიდა, რათა მათ აღარასოდეს არ გაეძარცვად ის ადგილები. ისინიც იძლეოდნენ ამაზე მათში მიღებულ მამაპაპეულ ფიცს, მაგრამ შემდეგ ფიცს ივიწყებდნენ და თავს ეხმოდნენ, მეტწილად მოულოდნელად, დააწიოკებდნენ არა მარტო არმენიელებს, არამედ რომაელებსაც, რომელნიც ვიდრე ზღვამდე მათი მეზობლები იყვნენ: ცოტა ხნის შემდეგ, თავდასხმას რომ მოათავებდნენ, ისინი მაშინვე შინ ბრუნდებოდნენ და ვინიცობაა ისინი რომაელთა ჯარს შეემთხვეოდნენ, ბრძოლაში მარცხდებოდნენ. ხოლო მათი ადგილების სიმტკიცის გამო, მთლიანად მათი დამორჩილება არ ხერხდებოდა. სიტამ, მაინც, ბრძოლაში დაამარცხა ისინი ჯერ კიდევ ომამდე, და იმით, რომ მომხიბლველად ელაპარაკებოდა და ეპყრობოდა მათ, მან სრულიად შეძლო მათი გადმობირება: მკაცრი ცხოვრება უფრო კულტურულზე შეცვალეს და ეწერებოდნენ რომაულ რაზმებში და ამიერიდან რომაელთა ჯართან ერთად მტრების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. სარწმუნოებაც უფრო სანდომიერზე გამოიცვალეს, ყველანი ქრისტიანები გახდნენ. ასეთი იყო საქმის ვითარება ჭანებში.
ზოგიერთი ავტორი ამბობს, რომ ტრაპეზუნტელთა მოსაზღვრენი არიან სანები, რომელთაც ახლა ჭანები ეწოდებათ. ჭანები ზღვის ნაპირს ძალიან არიან დაშორებულნი და არმენიელები ცხოვრობენ შუახმელეთზე და შუაში აღმართულია მრავალი, მეტად მიუვალი და სრულიად ციცაბო, უზარმაზარი ქვეყანა, სრულიად უკაცური, გადაუვალი თხრილები, ტყიანი მწვერვალები და უგზო-უკლო ნაპრალები; ყველა ამით ჭანები გამოირჩევიან, როგორც არაზღვისპირა მცხოვრებლები.
ტრაპეზუნტიელთა საზღვრები ვრცელდება დაბა სურმენემდე და ე.წ. რიზემდე, რომელიც ლაზიკეში ზღვით მიმავალისათვის ორი დღის სავალი გზით არის დაშორებული ტრაპეზუნტს. თაფლი ტრაპეზუნტის გარშემო მდებარე ყველა ადგილას მწარეა, და, ამრიგად, მხოლოდ აქ საწინააღმდეგო წარმოდგენა არსებობს თაფლის შესახებ. ამ ადგილების მარჯვნივ აღმართულია ჭანეთის მთები, რომელთა გადაღმა რომაელთა ქვეშევრდომი არმენიელები ცხოვრობენ. ამ ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე, სახელად ბოასი (ჭოროხი), რომელიც მის შემდეგ, რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ე.წ. ევქსინის პონტოს, მაგრამ უკვე აღარ ეწოდება ბოასი. ვინაიდან, როდესაც ის ზღვის მახლობლად მიდის, ივლის ამ სახელს და იქიდან სხვა სახელწოდებას მიირქმევს: სახელს ის თავის მიმდევართაგან იძენს. მას სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსისს უწოდებენ იმის გამო, რომ მისი დამორჩილება, ზღვასთან შეერთების ადგილას შეუძლებელი ხდება, ვინაიდან ისეთი სისწრაფითა და სიმწვავით უერთდება და ისიეთი დიდი ხმაურით მიიწევს წინ, რომ ზღვის კარგა მოშორებით მომდინარეც შეუძლებელს ქმნის ზღვაში შეცურვას: ასე რომ ევქსინის პონტოს ამ ადგილას მცურავნი ვერც სიგ ლაზიკეში ახერხებენ შენავებას, ვერ იქიდან გამოსვლას და ვერც ახლოს გაცურვას, ვინაიდან არსად არ შეუძლიათ დაიმორჩილონ წყლის მდინარება, არამედ შორს უნდა ავიდნენ ზღვაში, სადმე შუა პონტოში მივიდნენ და ასე აიცდინონ მდინარის შესართავი.
რიზეს მოსდევს მიწაწყალი ერთი ხალხისა, რომელიც რომაელებსა და ლაზებს შორის მოსახლეობს (იგულისხმება ჭანები). იქ მდებარეობს ერთი სოფელი, სახელად ათინა. ათინის შემდეგ მდებარეობს არქაბე და აფსარუსი, რომელიც სამი დღის სავალი გზით არის რიზეს მოშორებული. ეს ქალაქი (აფასაროსი) ძველად მრავალრიცხოვანი ყოფილა. მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით და მას მრავალი სხვა რამეც ჰქონდა, რაც ჩვეულებრივ ქალაქის სიდიდის მაჩვენებელია. ამჟამად აქედან სხვა არაფერია დარჩენილი, გარდა გარდა შენობათა საძირკვლებისა.
ამბობენ რომ რომაელთა თვითმპყრობელ ტრაიანეს დროს იქ (ე.ი. ტრაპეზუნტსა და აფსაროსს შორის მხარეში) ვიდრე ლაზების და საგინების (სანიგების) ქვეყნამდე დაფუძნებულ იქნა რომაული ჯარები. ამჟამად კი იქაური მცხოვრებლები არც რომაელთა და არც ლაზთა მეფის ქვეშევრდომები არ არიან, გარდა იმისა, რომ რადგან ისინი ქრისტიანები არიან, ლაზთა ეპისკოპოზები უწესებენ მათ მღვდელმსახურებს. ისინი ისწრაფვიან ორივესთან მშვიდობიან და მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ და ყოველთვის თანხმდებიან ხოლმე მიაცილონ ერთი მხრიდან მეორესთან მიმავალი მოციქულები. ასე იქცევიან ისინი ჩვენს დრომდე: ისინი თავიანთი მსუბუქი ხომალდებით მიაცილებენ ხოლმე ერთი მეფის გზირებს, რომელნიც მეორე მეფესთან მიდიან. დღემდე ისინი არავითარ გადასახადს არ იხდიან. ამ ადგილების მარჯვნივ აღმართულია მეტად ციცაბო მთები და გადაჭიმულია უმეტესად უდაბური ადგილები. ამის გადაღმა ცხოვრობენ ე.წ. პერსარმენიელები და არმენიელები, რომლებიც რომაელთა ქვეშევრდომები არიან და რომაელთა მიწაწყალი იბერიის საზღვრებამდე ვრცელდება.
ჭანები ძველითგანვე თვითთავადნი იყვნენ და არვის ემორჩილებოდნენ და ველურ ცხოვრებას ეწეოდნენ; ღმერთებად ჭალებს, ფრინველებსა და სხვა რაღაც ცხოველებს ისახავდნენ და თაყვანს სცემდნენ, ყოველთვის ცათმბჯენსა და უზარმაზარ მთებში ცხოვრობდნენ, მიწას კი არასდროს არ ამუშავებდნენ. არამედ მუდამ ყაჩაღობითა და ქურდობით გაჰქონდათ თავი. თვითონ ხომ არ ზრუნავდნენ იმაზე, რომ მიწა დაამუშავონ, და მიწაც მათ იქ, სადაც დაქანებული მთები არაა ჩამოშვებული, ხნარცვიანი აქვთ. ბორცვები კი არაა, მიწაზე აღმართული, არც მიწისებური, არც ნაყოფის მოცემა შეუძლია მას, კიდევაც რომ იზრუნონ ამაზე მცხოვრებლებმა, არამედ უმეტესწილ ხრიოკი და სრულიად მწირი და ყოველგვარ ნაყოფიერებას მოკლებული ადგილებია ეს. აქ არც მიწის მოხვნაა რამენაირად შესაძლებელი, არც ნათესის მომკა და არც თიბვა; ხეებზედაც კი, რომლებიც ჭანეთში ჭარბადაა, ყვავილი არ გამოდის და ისინი სრულიად უნაყოფონი არიან, ვინაიდან იმთავითვე არც წელიწადის დროები ენაცვალებიან ერთმანეთს: ამჟამადაც მიწას წელიწადის დროის შესაფერისი ტენიანობა და სიცივე არ ხვდება, არც მზის სითბო ესალმუნება, მთელი ქვეყანა დაუბოლოვებული ზამთრის ხვედრი გამხდარა და მუდმივი თოვლით მოფენილა. ამის გამო ჭანები ძველად თვითთავადად ცხოვრობდნენ. იუსტინიანეს მეფობის დროს კი ისინი დამარცხდნენ რომაელებთან ბრძოლაში – რომაელებს სიტა სარდლობდა, – დაჰყარეს იარაღი და ყველანი პირდაპირ მიეკედლნენ მას: ნაცვლად სახიფათო თავისუფლებისა იოლი მონობა აირჩიეს. თავისი სარწმუნოებაც გადაცვალეს მაშინვე სათნო სარწმუნოებაზე და ყველანი ქრისტიანენი გახდნენ, თავისი მკაცრი ცხოვრებაც უფრო ფაქიზად აქციეს, თავი გაანებეს ყოველგვარ ყაჩაღობას და რომაელებთან ერთად ლაშქრობდნენ ხოლმე მუდამ თავიანთი მტრის წინააღმდეგ. მაგრამ რადგან იუსტინიანეს ეშინოდა, რომ ჭანებს არ გადაეხვიათ ოდესმე ამ წესიერი ცხოვრების გზისათვის და კვლავ არ დაბრუნდებოდნენ თავიანთ ველურ ცხოვრებას. მან მოისაზრა შემდეგი.
ძნელსავალია ჭანეთი ფრიად, ცხენოსანი სრულიად ვერ გაივლის იქ, ვინაიდან ყოველგნით მორკალულია უმეტესწილ კლდიანი და ტყიანი ადგილებით. ამის გამო ჭანებს არ ეხერხებათ ურთიერთობა იქონიონ მეზობლებთან იქონიონ მეზობლებთან მეზობლებთან და კარჩაკეტილად გაველურებულნი ცხოვრობდნენ მსგავსად მხეცებისა. ამიტომ იუსტინიანემ გააჩეხინა მთლიანად ხეები, რომლებიც გზაზე ეღობებოდა ადამიანს, შეაკეთა იქაური ძნელსავალი ადგილები და ისინი ადგილსავალ და საცხენო გზებად აქცია, და ამრიგად შესაძლებელი გახადა ჭანების დაახლოება დანარჩენებთან და ურთიერთობის დაჭერა მეზობელ მცხოვრებლებთან. შემდეგ კი აუშენა მათ ე.წ. სქამალინიხონში (სხამალინიხონ) ეკლესია და ბრძანება გასცა ეკურთხათ იგი, მიეყოთ ხელი მღვდელმსახურებისათვის, ედიდებინათ ღმერთი ლოცვებით და სხვა ყოველგვარი საღმრთო ვალი გადაეხედათ და, ერთი სიტყვით, ეცხოვრათ როგორც გონიერ ადამიანებს. გარდა ამისა მთელ ამ ქვეყანაზე ციხე-სიმაგრეები ააგო და მუდმივ მცველებად ჩააყენა იქ ძლიერი რომაული გარნიზონები და, ამრიგად, შესაძლებელი გახადა ჭანებისათვის დანარჩენ მცხოვრებლებთან დაუბრკოლებელი კავშირი ჰქონოდათ. თუ სად ააშენა მან ჭანეთის ციხე-სიმაგრეები ოდესღაც, ახლავე ვიტყვი.
აქ ქვეყანა სამ ჯვარედინ გზად არის გასერილი. აქედან იწყებენ ხომ გაყრას რომაელთა, პერსარმენიელთა და თვით ჭანთა საზღვრები. აქ იუსტინიანემ ძალიან ძლიერი ციხე ააგო, რომელიც წინათ არ ყოფილა, სახელად ჰორონონი, და ამით საფუძველი ჩაუყარა ზავის საქმეს. პირველად ხომ აქედან გახდა შესაძლებელი ჭანეთში შესვლა, ამიტომ აქვე ჩააყენა ჯარის სარდალი, რომელსაც „დუკს“ (ნიშნავს ბელადს, მეთაურს) ეძახიან. ჭანები მრავალ ტომებად განიყოფებიან. ერთ სოფელში, რომელიც ჰორონონისაგან ორი დღის სავალი გზით არის დაშორებული და სადაც საზღვრებია ე.წ. ოკენიტის ჭანებისა, რაღაც სიმაგრე იყო, ძველადვე მცხოვრებთა მიერ აშენებული, რომელიც უკვე კარგა ხანია ნანგრევებად ქცეულა მოუვლელობის გამო; მისი სახელია ხართონი (ქართონი). იუსტინიანემ ის განაახლა, ჩაასახლა იქ ხალხი კარგა ბლომად და დაავალა ამ ადგილის დაცვა და მოვლა. იქიდან რომ მიდიხარ აღმოსავლეთის მიმართულებით, ერთი კლდიანი ნაპრალია, გადაჭიმული ჩრდილოეთისაკენ; აქ იუსტინიანემ ციხე ააგო, სახელად ბარხონი. გადაღმა მთის ძირში ბოსლებია, სადაც ე.წ. ოკენიტის ჭანების საქონელია მოთავსებული, რომელსაც ჭანები ინახავენ იქ არა მიწის ხვნის დროს გამოსაყენებლად, ვინაიდან ჭანები სრულიად უქნარნი არიან და მათთვის მიწათმოქმედების სამუშაოები უცხოა, როგორც უკვე ვთქვია, და მათ არც ხვნა იციან და არც მიწათმოქმედების სხვა საქმიანობა; საქონელს ისინი ინახავენ იმისთვის, რომ წველონ ხოლმე და მისი ხორცით გამოიკვებონ თავი. შემდეგ მთის ძირისა, სადაც დავაკებულ ადგილას სოფელი კენა არის, დასავლეთის მიმართულებით რომ იარო, არის ერთი ციხე – სახელი მისი სისილისსონი, რომელიც ძველადვე აუშენებიათ, ხოლო ძველადვე აუშენებიათ, ხოლო ძველადვე აუშენებიათ, ხოლო დროთა ვითარებაში გაუკაცრიელებულა; იუსტინიანე მეფემ ის განაახლა და, როგორც სხვა დანარჩენ ციხეებშიაც, აქაც რომაელ ჯარისკაცთაგან შემდგარი საკმაორიცხოვანი მცველი რაზმი ჩააყენა. აქედან რომ მიდიხარ მარცხნივ ჩრდილოეთის მიმართულებით, არის ერთი ადგილი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ლონგინეს თხრილს ეძახიან, რადგან წინა ხანებში რომაელთა სტრატეგოსი ლონგინე, ტომით ისავრიელი, ერთხელ ჭანების წინააღმდეგ რომ ულაშქრია, აქ დაბანაკებულა. ამ ჩვენმა მეფემ ააშენა ციხე, სახელად ბურგუსნოესი, რომელიც სისილისსონის ციხისგან დაშორებულია ერთი დღს სავალით. ეს სიმაგრე, ისევე, როგორც სისილოსსონის ციხე, ამავე მეფის მიერ არის მტკიცედ აშენებული. აქედან ე.წ. კოქსილინის (ქოქსილინის) ჭანთა საზღვრები იწყება. ამჟამად აქ აგებულია ორი ციხე: ერთი – ე.წ. სქამალინიხონი და მეორე – ის, რომელსაც ტზანზაკონს (ჭანჭახა) უწოდებენ. აქ იუსტინიანემ ჯარის მეორე მთავარიც ჩააყენა“.
პროკოპი იბერების შესახებ
„იბერები ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველამეზობელ ხალხზე უკეთ იცავენისინი ძველი დროიდანვე სპარსეთის ქვეშევრდომნი იყვნენ და სპარსეთის შაჰმა კავადმაგადაწყვიტა ძალით მოექცია თავისი სარწმუნოების წესებზე და 523 წელს მათ მეფეს გურგენს შეუთვალა სხვა რამეშიაც ისემოქცეულიყოროგორც სპარსელებში იყო მიღებული და მაზდეანობის სარწმუნოების მიხედვით მიცვალებულები მიწაში კი არდაემარხათარამედ ფრინველებისა და ცხოველებისათვის გადაეგდოთასეთმა სიმკაცრემ და სისასტიკემ იბერიაში აჯანყება გამოიწვია. მეფე გურგენმა კეისარ იუსტინე I-ს ელჩები გაუგზავნა და შეუთვალა: მოგემხრობით და თქვენკენ გადმოვალთთუკი პირობას მოგვცემთრომ თქვენ ჩვენიბერებს არასოდეს სპარსელებს აღარ გადაგვცემთო“. გახარებულმა ავგუსტმა დიდი სიამოვნებით მისცა მას ეს დაპირება და ბოსფორში გაგზავნა დიდძალი ფულით პრობე, გარდაცვლლი ავგუსტის ანასტასის ძმსწული, პატრიკიოსი, რათა ჰუნების ჯარი ფულის საშუალებით დაეყოლიებინა და იბერთა დასახმარებლად გაეგზავნა. ბოსფორი (შავი) ზღვისპირა ქალაქია, ე.წ. ევქსნის პონტოში რომ შედიხარ – მარცხნივ, ხოლო ქ. ქერსონს, რომელიც არის რომაელთა მიწაწყლის უკანასკნელი ადგილი, ოცი დღის სავალ გზაზეა დაშორებული. მათ შუა მდებარე ადგილი ჰუნებს უჭირავთ. ბოსფორიტები კი ძველად თვითავადად ცხოვრობდნენ, ხოლო დიდი ხანი არ არის, რაც იუსტინე მეფეს მიეკედლნენ. რადგან პრობე იქედან უშედეგოდ დასრულდა, მეფემ პეტრე სტრატეგოსი გაგზავნა ლაზიკეში რამდენიმე ჰუნითურთ, რომ ის დახმარებოდა გურგენს, რამდენადაც შესაძლებელი იყო. ამავე დროს კავადმა იბერთა განდგომის ამბავი შეიტყო თუარა, მაშინვე იბერიაში დიდი ლაშქარი გამოაგზავნა უარიზის პატივის მქონე ვოის სარდლობით. გურგენმა დაინახა რომ მისი ძალები საკმარისი არ იყო სპარსელთა იერიშის მოსაგერიებლად, ხოლო რომაელების მიერ გამოგზავნილი დამხმარე ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ ლაზიკეში გაიქცა იბერთა ყველა დიდებულებითურთ და თან წაიყვანა ცოლი, ძმები და შვილები, რომელთაგან უფროსი იყო პერანი.
ლაზიკის საზღვრებში რომ მივიდნენ, აქ გაჩერდნენ და ძნელგასავლელი ადგილებით დაცულნიიგერიებდნენ მტერს. სპარსელები კი დაედევნენ მათ, მაგრამ მაინცა და მაინც ვერაფერი დააკლეს, რადგან საქმეს აფერხებდა ძნელგასავლელი ადგილები.
ამრიგად ეგრისის გავლით გურგენი კონსტანტინეპოლს გაეშურა. ეტყობა მეფე ფიქრობდა, რომ პირადი თხოვნის ფაქტობრივი უპასუხოდ დატოვების შემდეგ ამ გზით მაინც დავითანხმებ ავგუსტსო. სამწუხაროდ მისი იმედები არ გამართლდა დაგურგენის ოჯახს სამუდამოდ ბიზანტიაში მოუწია დარჩენა.
იმის შემდეგ რაც ამ ბარბაროსთა დიდებულნი გურგენ მეფესთან ერთად განდგომას იზრახავდნენ, იმ დროიდან არც სპარსელები აძლევდნენ ნებას მათ მეფე ჰყოლოდათ, არც იბერები ემორჩილებოდნენ სპარსელებს თავისი ნებით, ასე რომ დიდი ეჭვითა და უნდობლობით ეპყრობოდნენ ერთმანეთს. ცხადი იყო, რომ იბერებს ძალიან უჭირდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და ახლო მომავალში განზრახული ჰქონდათ აჯანყება, თუკი შეძლებდნენ ოდესმე შესაფერისი დრო ეხელთათ.
იბერიელი უფლისწულები ბიზანტიაში
პერან იბერიელი
უფლისწული პერანი გურგენ მეფის უფროსი ძე იყო. იგი მალევე შევიდა ბიზანტიის სამხედრო სამსახურში და უკვე 535 წლიდან იტალიის კამპანიაში ჩართეს და კონსტანტინე და ბესა თრაკიელებთან ერთად წარმატებით სარდლობდა ბიზანტიელთა ჯარებს ოსტგუთთა მეფის თეოდოტის (534–536) წინააღმდეგ. 537 წელს ვივარიოსთან პერანისა და ბესას ჯარები ძალიან შეავიწროვა ოსტგუთთა ახალმა მეფე ვიტიგესმა (536–540), რის შემდეგაც დახმარება სთხოვეს ველისარს. ამის შემდეგ ერთობრივი ძალებით ვიტიგესი დამარცხებულ იქნა. 537 წელსვე პერანიმ მცირე რაზმით იერიში მიიტანა გუთებზე სალარიის კარიდან და მოწინააღმდეგე გააქცია.
539 წელს ველიზარმა პერანი ქალაქ ურბიბენტუმზე ალყის შემოსარტყმელად გაგზავნა. ქართველმა უფლისწულმა მტრის ბანაკიდან გამოქცეულთაგან გაიგო, რომ ურბიბენტუმის დამცველებს სურსათი ელეოდათ და სასწრაფოდ ველისარს შეუთვალა, თქვენც თუ შემოგვიერთდებით სურსათისგან შეწუხებული გუთები მხნეობას საბოლოოდ დაკარგავენ და ადვილად დაგვნენდებიანო. ველისარი დათანხმდა და ქალაქიც მართლაც მისი მისვლისთანავე დანებდა.
540 წელს პერანის დახმარებით ველისარმა ვიტიგესი საბოლოოდ დაამარცხა და დაატყვევა, რის შემდეგაც იტალიის უდიდესი ნაწილი მის ხელთ აღმოჩნდა.
ამასობაში სპარსეთის შაჰმა ხოსრო I-მა საუკუნო ზავი დაივიწყა და ბიზანტიის მესოპოტამიურ სამფლობელოებს შეუტია. მაშინ იუსტინიანემ ველისარი სასწრაფოდ აღმოსავლეთის ფრონტზე გადმოისროლა, რომელსაც თან გაჰყვა პერანიც.
541 წელს ბიზანტიელი მოხელეების საშინელმა ქცევამ ეგრისი ააჯანყა. მისმა მეფე გუბაზმა ქვეყანაში სპარსეთის ჯარები შემოიყვანა და ეგრისის ციხე-ქალაქებში უნებართვოთ ჩამდგარი ბიზანტიელები განდევნა. ასე დაიწყო „დიდი ომიანობა ეგრისში“, რომელმაც 20 წელს გასტანა და დას. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა.
სირია-მესოპოტამიის ფრონტზე ომი სპარსელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ბიზანტიელები დიდ ბრძოლას ერიდებოდნენ და უკან-უკან იხევდნენ.
ჯერ კიდევ ომის გაჩაღებამდე 541 წელს ხოსრომ წინააღმდეგობის გარეშე აიღო აპამეა.
542 წელს დაიკავა აგრეთვე ანტიოქია და მისი მცხოვრებლები იქედან ქტესიფონის ახლოს გადაასახლა სადაც დააარსა ახალიქალაქი „სპარსეთის ანტიოქია“. პირველი სერიოზული ბრძოლა მოხდა 543 წელს ანგლონთან სადაც ველისარისა და პერანის ჯარები დამარცხდნენ და უკან დახევა განაგრძეს.
ამასობაში იუსტინიანეს მიუვიდა ცნობა იტალიაში ოსტგუთთა მეფის ტოტილას წარმატებების შესახებ, რის გამოც ველისარი იტალიაში დააბრუნეს. პერანთან ერთად აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობა იმპერატორმა მის ძმისწულ იუსტეს მიანდო. მათ მოახერხეს სპარსელთა წინსვლის შეჩერება და პერიოდულად მეტოქის ტერიტორიაზე თავდასხმებსაც აწყობდნენ. ერთ ასეთ რეიდზე მოგვითხრობს პროკოპი კესარიელი: 543 წელს იუსტინეს ძმისწული იუსტე და პერანი დაბანაკდნენ ფისონის სიმაგრის მახლობლად, რომელიც მარტიროპოლის (ბიზანტიის დიოცეზი, მოიცავდა სირიას, პალესტინას, კიპროსსა და სინასი) საზღვრების მახლობლად არის. იუსტესა და პერანის რაზმები შეიჭრნენ ტარავნონთან მდებარე სოფლებში და ზოგიერთი მათგანის დარბევის შემდეგ მაშინვე უკან გამობრუნდნენ.
544 სირიის ფრონტზე ხოსრომ დიდი შეტევა წამოიწყო, რომელსაც თავად სარდლობდა. სპარსელებმა ქალაქ ედესას ალყა შემოარტყეს, რომელშიც გამაგრებული იყო ბიზანტიელთა მთავარი ძალები პერანის, მარტინესა და პეტრე სტრატეგოსის მეთაურობით. სპარსელებმა ქალაქის ასაღებად კედლებთან ხელოვნური ბორცვის აგება დაიწყეს. მაშინ პერანმა მათ შესაფერხებლად ჰუნების რაზმი გაგზავნა, თუმცა ამით მხოლოდ მცირე დრო მოიგო, დამხმარე ძალები კი არ ჩანდა. შემდეგ ედესიდან ერთი ექიმი გაგზავნეს ხოსროსთან ზავზე მოსალაპარაკებლად. ხოსრო უარი განაცხადა ზავზე, მანამ სანამ რომაელები მას არ გადასცემდნენ პეტრესა და პერანის, რომლებიც მისი თქმით შაჰის მამაპაპეული მონები იყვნენ და გაბედეს მის წინააღმდეგ მოქმედება. ხოლო თუ რომაელებს ამის შესრულება არ სურთ, აუცილებელია მათ ორში ერთი აირჩიონ: ან მისცენ 500 კენდინარი (1 კენდინარი=100 ლიტრს), ან მიიღონ ქალაქში მისი ზოგიერთი კაცები, რომლებიც გამოჩხრეკენ მთელ ოქროსა და ვერცხლს, რაც იქ აღმოჩნდება და მას მოუტანენ, ხოლო დანარჩენ ქონებას პატრონებს დაუტოვებენ.
ბიზანტიელებმა დანებებაზე უარი თქვენს. მაშინ სპარსელებმა აიღეს წინა კედელი და ქალაქში შევიდნენ, თუმცა პერანი გამოვიდა მრავალი მთელი ძალებით, სასტიკ ბრძოლაში გაიმარჯვა და განდევნა მტერი. სპარსელებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს, რის გამოც ხოსრო იძულებული გახდა ედესელებისგან ზავის სანაცვლოდ მხოლოდ 5 კენდინარი მიეღო და უკან გაბრუნებულიყო. ცოტა ხანში ბიზანტია-სპარსეთმა ახალი 5 წლიანი ზავი გააფორმეს, რომელიც ბიზანტიას 20 კენდინარი ოქრო დაუჯდა. ამის შემდეგ ორ გიგანტს შორის ომი მხოლოდ ეგრისის ფრონტზე მიმდინარეობდა, სადაც ბიზანტიელებს უმნიშვნელო ძალები ჰყავდა გაგზავნილი, რადგან მისთვის უპირველესი ამოცანა დას. ევროპის დაპყრობა იყო.
ედესასთან გამარჯვებამ პერანს დიდი სახელი მოუტანა და გზა გაუხსნა დიდი მწვერვალებისკენ, მაგრამ სწორედ ამ დროს უმუხთლა ბედმა. ცოტა ხნის შემდეგ ქართველი უფლისწული ნადირობისას ცხენიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ფაზა იბერიელი
უფლისწული ფაზა პერანის ძმისწული იყო. მანაც პერანივით ბიზანტიის სამხედრო სამსახური აირჩია. ფაზა იბერიელის შესახებ ისტორიულ წყაროებში სულ ორი ცნობა გვხვდება და ისიც მხოლოდ პროკოპი კესარიელთან.
„542 წელს მრავალი გამარჯვევების შემდეგ ტოტილა ნეაპოლს მიუახლოვდა. მაშინ იუსტინიანე I-მა იტალიის პრეფექტორ-ეპარქოსად დანიშნა მაქსიმიანე, მისცა მას სამხედრო ფლოტი, რომელიც შედგებოდა თრაკიელებისა და არმენიელებისაგან. თრაკიელთა ჯარს მეთაურობდა ჰეროდიანე, ხოლო არმენიელებისას ფაზა. ნეაპოლის მახლობლად ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა მთლად დაქსაქსა რომაელთა ხომალდები, რითაც ისარგებლეს გუთებმა და მეფე ტოტილას (541–552) მეთაურობით ბევრი მათგანი ხელთ იგდეს. ჰეროდიანემ და ფაზამ ნაპირზე გამოსვლა მოასწრეს და ტყვეობას თავი დააღწიეს და გოთებთან ბრძოლა განაგრძეს, რის გამოც ნეაპოლმა 543 წლის გაზაფხულამდე გაძლო და მხოლოდ იმის შემდეგ დანებდა გერმანელებს, როდესაც სურსათ-სანოვაგე და დახმარების იმედი სრულად ამოიწურა.

544 წელს იტალიაში ჩამოსულ ველიზარს ფაზაც შეუერთდა. 547 წელს როდესაც ველიზარი ქ. ტარენტოს წინაღმდეგ გაემართა ცხენოსანთა რაზმს ფაზა იბერიელი სარდლობდა ბარტაბტიონთან ერთად. ამ ბრძოლაში ბიზანტიელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს გუთებზე. გამარჯვებით გათამამებულებმა სიფრთხილე მოადუნეს და სანოვაგის საშოვნელად მახლობელ დასახლებებში დახეტიალებდნენ. ამით ისარგებლა ტოტილამ, ახალი ძალები მიაშველა დამარცხებულ გუთებს, რომლებმაც იერიში მიიტანეს დაქსაქსულ და მიმოფანტულ ბიზანტიელებზე. ფაზა იბერიელი ამ დროს ქალაქის მახლობლად კარავში ისვენებდა და იშვიათი სიმამაცით დაუხვდა მტრებს, ისე რომ ბევრი მათგანი კიდეც აჩეხა, მაგრამ მოწინააღმდეგე ბევრად ჭარბობდა და ბოლოს თავის მცირე რაზმთან ერთად გმირულად დაიღუპა. ძალიან სამწუხარო იყო ეს ამბავი რომაელებისათვის, რადგან მთელი მათი იმედები ამათზე, როგორც საუკეთესო მებრძოლებზე იყო დამყარებული“.
ბაკურ იბერიელი

უფლისწული ბაკური პერანის ძე და გურგენ მეფის შვილიშვილი იყო. მანაც სამხედრო კარიერა არჩია და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ბაკური ისტორიულ წყაროებში ჩნდება 547 წელს, როდესაც ის უკვე სახელმოხვეჭილი სარდალია. 547 წელს ოსტგუთების შეტევებით შევიწროვებული ველისარის მუდმივი თხოვნების საპასუხოდ იუსტინიანემ იტალიაში გაგზავნა ბაკური პერანის ძე და სერგი სოლომონის ძმისწული მცირეოდენი ჯარით. იტალიაში რომ მივიდნენ, მაშინვე შეუერთდნენ ბიზანტიელთა დანარჩენ ჯარებს.
ბაკურის დახმარებით ველისარმა შეძლო იტალიის ფრონტზე სტაბილიზაციის მიღწევა და რამდენიმე მცირე წარმატების შემდეგ რომიც კი დაიბრუნა, მაგრამ წარმატება ვერ განავითარა, რის გამოც, როგორც უკვე გვქონდა აღნიშნული გადააყენეს და მთავარსარდლობა ნარსესს მიანდეს.
551 წელს ნარსესი იტალიაში ჩავიდა და თანაშემწედ მანაც ბაკური აიყვანა. 552 წლის დასაწყისში სამხრეთ იტალიაში ქალაქ კროტონის მცხოვრებელები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ გუთების შემოტევის გამო: გუთებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. იუსტინიანემ როდესაც ეს გაიგო თერმოპილეში მდგარ რაზმებს უბრძანა იტალიაში გაეცურათ. გუთებმა რომ ბერძენთა მომდგარი ფლოტი დაინახეს, ალყა მოხსნეს და უკან დაიხიეს. მალე კროტონესთან ბრძოლაში მათ გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს.
552 წლის ივლისში ტოტილამ შემოიერთა ფრანკები და ნარსესის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის გასამართად დაიძრა. ნარსესმა მის წინააღმდეგ რიცხობრივად მეტი და უკეთ აღჭურვილი არმია გამოიყვანა, რომლის ერთ ფლანგს ბაკური სარდლობდა. სასტიკი ბრძოლა გუთების დამარცხებით დასრულდა. ტოტილა 6000 თანამემამულესთან ერთად დაეცა ბრძოლის ველზე. ამ ბრძოლაში იბერიელმა უფლისწულმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნიჭიერმა და მამაცმა სტრატეგმა.
ამდენმა დამარცხებებმა ოსტგუთების არმიებს მხნეობა დააკარგვინა. ამის გამო ტარანტოში მდგარი გუთების ჯარის სარდალმა რაგნარიმ და აქერონტიის მცველი რაზმის მეთაურმა მორამ თავიანთი ჯარისკაცების მოთხოვნისამებრ მოლაპარაკება გამართეს ბაკურისთან, პერანის ძესთან, რომელიც დრიუნტში მდგომ რომაელებს სარდლობდა. „თუ იუსტინიანესგან ხელშეუხებლობის პირობას მივიღებთ, დავნებდებით ჩვენი ჯარისკაცებითურთ და იმ ციხეებსაც გადვცემთ რომელთაც ჩვენ ვიცავთო“. ეს პირობა მაკურმა იმპერატორს გაუგზავნა და თანხმობაც მიიღო. როდესაც რაგნარიმ ბაკურისგან იმპერატორის დასტურით ხელშეუხებლობის რწმუნება მიიღო, პირობა დადო რომაელთა მხარეს გადმოვალო და ამ თანხმობის ნიშნად 6 გუთი გაუგზავნა მძევლებად. მაგრამ როდესაც გაიგო გუთებს მეფედ ტეია (552 წ. ივლისი-ოქტომბერი) დაუყენებიათ, მას დასახმარებლად ფრანკები მოჰყავს და მთელი ლაშქრით მტრის წინააღმდეგ გამოლაშქრებას აპირებსო, შეცვალა გეგმა და დაპირების შესრულება აღარ მოისურვა. მაშინ გადაწყვიტა მძევლები უკან მიეღო და ხერხი იხმარა. ბაკურის შეუთვალა რამდენიმე რომაელი ჯარისკაცი გამომიგზავნე, რომ იმათი დახმარებით შესაძლებელი გახდეს დრიუნტში მივიდეთ და იქიდან იონიის ზღვის გავლით ბიზანტიონისკენ გავემგზავროო. ბაკური ვერ მიხვდა გუთის ჩანაფიქრს და გაუგზავნა 50 რომაელი მებრძოლი. რაგნარიმ ისინი დაატყვევა და ბაკურის შეუთვალა: თუ გსურს შენი ჯარისკაცები ცოცხლები გადაარჩინო, გუთთა მძევლები უნდა დამიბრუნო უკანო. ამ ამბით განრისხებულმა ბაკურიმ დრიუნტის დასაცავად მცირეოდენი ჯარი დატოვა და დანარჩენი ჯარით გაემართა მტრის წინააღმდეგ. რაგნარიმ მოკლა დატყვევებული 50 რომაელი და მტრის დასახვედრად ტარანტოდან გაიყვანა გუთები. ბრძოლაში გუთები სასტიკად დამარხდნენ (552 წლის სექტემბერი). რაგნარისმა, რომელმაც ბრძოლაში თავისი გერმანული ლაშქრის უმეტესი ნაწილი დაჰკარგა თვითონ მაინც ცოცხლად მოახერხა გაქცევა, ბაკურმა ტარენტუმიც აიღო, აქერონტიც და ორივეში ბიზანტიური ციხიონი შეაყენა.
ამის შემდეგ შეშინებული ტეია სამხრეთისკენ გაიქცა. ნარსესი მას ნეაპოლის უბესთან დაეწია. ტეია 3 დღე ებრძოდა ბიზანტიელებს და ბოლოს გმირულად დაეცა. მეფის გარეშე დარჩენილი ოსტგოთები კი კიდევ ორი წელი განაგრძობდნენ ბრძოლას ვიდრე ნარსესმა საბოლოოდ არ გაანადგურა.


Комментариев нет:

Отправить комментарий