пятница, 12 мая 2017 г.

ჟან შარდენის მოგზაურობა და ცნობები საქართველოს შესახებ.

ჟან შარდენი ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური იყო. იგი პროტესტანტულ ოჯახში აღიზარდა და რადგან საფრაგეთში პროტესტანტთა დევნა იყო იძულებული იყო წასულიყო სამშობლოდან და დროის დიდი ნაწილი მოგზაურობაში გაეტარებინა. 1671 წელს ისევ სპარსეთს მიემგზავრება. სპარსეთში ჩასვლამდე ის გადის სმირნას, კონსტანტინოპოლს, ყირიმს, კავკასიას, სამეგრელოსა და ქართლ-კახეთს და ისპაჰანში მხოლოდ 1673 წელს აღწევს.
*  *  *
  1672 წლის 8 სექტემბერს, დილით დავინახეთ მეოტიდის ჭაობის სრუტის ნაპირები. იგი ამაღლებულია და ჩვენ მისგან ოცდაათი მილით ვიყავით დაცილებული. ამ სახელგანთქმულ ჭაობს, მისი სიდიდის გამო, თურქები ზღვას უწოდებდნენ, თანაც „ლურჯ ზღვას“, რადგანაც მასში მცირე რაოდენობითაა შერეული ზღვის წყალი. საღამოს კუოდოსის კონცხის ახლოს ვიყავით, რომელსაც პტოლემაიოსი კოროკონდამეს უწოდებს1. ეს კონცხი ღრმად არის შეჭრილი ზღვაში. ნაპირები ძალიან ამაღლებული აქვს და შორიდან მოჩანს. კაფადან ამ კონცხამდე სრუტით მივდიოდით; იქიდან კი სამეგრელომდე ნაპირს მივყვებოდით.
  კაფადან მეოტიდის ჭაობის სრუტემდე ასოცი მილია. ქვეყანა, რომელიც მათ შორის მდებარეობს, თურქებს ექვემდებარება და დასახლებულია თათრებით; მაგრამ მოსახლეობა ცოტაა – ეს სანაპირო თითქმის უკაცრიელია. მეოტიდის ჭაობის სრუტიდან სამეგრელომდე სანაპირო ხაზი ექვსასი მილია. აქ ტყით დაფარული ლამაზი მთებია, სადაც ჩერქეზები სახლობენ. ამ ხალხს თურქები „ჩერქეზს" ან "კერკეზს" უწოდებენ. ძველი მწერლები მათ „ზიგებს" და აგრეთვე „მთის მცხოვრებლებს“ უწოდებენ, რაც შეესატყვისება „ფენჯ-დაგუის" და, როგორც ზოგიერთი აღმოსავლელი გეოგრაფოსი იხსენიებს ამ ხალხს, ეს ნიშნავს „ხუთ მთას“2; ეს განსაზღვრული რიცხვი ქცეულია ზოგად სახელად. პომპონიუს მელა მათ „სარგასიელებს“ უწოდებს. ისინი პორტას ქვეშევრდომნი არ არიან და არც ხარკს უხდიან მას. კლიმატი აქ საკმაოდ ცუდია – ნესტიანი და ცივი. ხორბალს საერთოდ არ თესავენ. აქ განსაკუთრებული არაფერი მოყავთ. ამიტომაც თურქები ამ უზარმაზარი მხარისათვის ადგილობრივ მოსახლეობას არ ეცილებიან და მის დაპყრობას და დაუფლებას არ თვლიან საჭიროდ. კონსტანტინოპოლისა და კაფადან სამეგრელოში მიმავალი გემები ამ სანაპიროზე რამდენიმე ადგილას უშვებენ ღუზას. თითოეულ ადგილას ერთი ან ორი დღე ჩერდებიან... ჩერქეზებთან იარაღით ხელში ვაჭრობენ. თუ ვინმეს გემზე ასვლა სურს, ისინი მათგან მძევლებს იტოვებენ. ასევე იქცევიან თვითონაც, როცა ვინმე გემიდან ჩასვლას მოინდომებს, რაც იშვიათად ხდება... ერთ მძევალში ისინი სამს იძლევიან. აქ იგივე საქონელი შემოაქვთ, რაც სამეგრელოში, რადგანაც ეს ქვეყანა უფრო მეტად ღარიბია. სანაცვლოდ აქედან გაყავთ ადამიანები სქესისა და ასაკის განურჩევლად, გააქვთ თაფლი, ცვილი, ტყავი, ტურას ბეწვი. ეს ცხოველი მელას გავს. მაგრამ ბევრად დიდია მასზე. გააქვთ აგრეთვე „სერდავალის“ ტყავი, რომელიც კვერნისას გავს, და ჩერქეზების მთებში მობინადრე სხვა ცხოველების ტყავები. აი ყველაფერი ის, რაც ამ ხალხს გააჩნია. გაცვლა-გამოცვლა წარმოებს შემდეგნაირად: გემიდან წამოსული ნავი ახლოს მიდის ნაპირთან. ნავში მსხდომნი კარგად არიან შეიარღებულნი. ისინი ნავთან მიახლოების უფლებას აძლევენ იმდენივე ჩერქეზს, რამდენიც თვითონ არიან. თუ დაინახეს, რომ მეტნი უახლოვდებიან, ნავი მაშინვე კვლავ ზღვაში გაყავთ. როცა ურთიერთს სალაპარაკო მანძილზე დაუახლოვდებიან, ერთმანეთს უჩვენებენ გასაცვლელ საქონელს. შეთანხმდებიან და იწყება გაცვლა-გამოცვლა… ოდესღაც ჩერქეზები ქრისტიანები ყოფილან, დღეს კი მათ არავითარი სარწმუნოება არა აქვთ, თვით პირველყოფილიც კი. მე არაფრად ვთვლი ზოგიერთ ცრუმორწმუნეობრივ ჩვევას, რომლებიც მათ მეზობელი ქრისტიანებისა და მაჰმადიანებისაგან უნდა ჰქონდეთ გადმოღებული. ჩერქეზები ცხოვრობენ ხის ქოხებში და თითქმის შიშვლები დადიან. ყოველი მამაკაცი მახლობელ მიდამოებში მცხოვრები მამაკაცის დაუძინებელი მტერია. ადგილობრივი მცხოვრებლები ერთმანეთს ატყვევებენ და ტყვეებად მიყიდიან ხოლმე თურქებსა და თათრებს. მიწას ქალები ამუშავებენ. ჩერქეზები და მათი მეზობლები იკვებებიან ფეტვისმაგვარი წვრილი მარცვლეულისაგან დამზადებული ფაფით. ამ სანაპიროზე მოვაჭრეები ბევრს მოგვითხრობენ ამ ხალხის მრავალ ბარბაროსულ ჩვევაზე, მაგრამ მათი მონათხრობი ამ ხალხისა და მათი ქვეყნის შესახებ არ შეიძლება სავსებით სარწმუნოდ მივიჩნიოთ, რადგანაც აქ არავინ ყოფილა. ყველაფერი რაც მათი ყოფის შესახებ არის ცნობილი, აქედან გაყვანილი ტყვეებისაგან იციან და მათ მიერ მოწოდებული ცნობები მეტად საეჭვოა. ჩემ მიერ შედგენილ შავი ზღვის რუკაზე, რომელიც ამ ტომის შესავალს ერთვის, სწორედ ამიტომ არ დავიტანე ყველაფერი. ვარჩიე ჩერქეზებით და აფხაზებით დასახლებული ადგილები ცარიელი დამეტოვებინა.
  აფხაზები ჩერქეზებს ესაზღვრებიან. უჭირავთ ასი მილი ფართობი ზღვის ნაპირზე ჩერქეზეთს და სამეგრელოს შორის... ვაჭრობა მათთან ისეთივე სიფრთხილით წარმოებს, როგორც უკვე აღვნიშნე. მათ იგივე საქონელი ჭირდებათ, როგორიც მათ მეზობლებს, და მათსავით სანაცვლოდ ტყვეებს, ბეწვეულს, ირმისა და ვეფხვის ტყავს, სელის ნართს, ბზას, სანთელს და თაფლს იძლევიან. პროკოპი თავის „სპარსული ომების“ ისტორიაში ამ ხალხს აბასგებს უწოდებს.
  10 სექტემბერს ისგაურში3 ჩავედით. სამეგრელოს ეს რეიდი ზაფხულში საკმაოდ მოხერხებულია. აქ დგას კოლხიდაში სავაჭროდ მოსული გემები. როდესაც ჩვენ ჩამოვედით, აქ უკვე შვიდი დიდი გემი იდგა. თავდაპირველად ჩვენმა კაპიტანმა თავისი გემი ოთხ ღუზაზე დააბმევინა, ორზე ცხვირის მხრიდან და ორზე კიჩოდან და დაუშვა ანძები და რეი. ისგაური მივარდნილი, სრულიად დაუსახლებელი კუთხეა. აქ წნელებისაგან გაკეთებულ ფაცხებს დგამენ ვაჭართა ჩამოსვლის დროს და მაშინაც, როცა იშვიათ შემთხვევაში შიში არა აქვთ აფხაზთაგან თავდასხმისა. სხვა დროს კი აქ ერთ სახლსაც ვერ ნახავთ.
  ვიდრე შევუდგებოდე იმ სიძნელეების და ხიფათების შესახებ თხრობას, რაც სამეგრელოში გადავიტანე, მე აღვწერ ამ ქვეყანას და მის მოსაზღვრე ადგილებს, თანაც მოვერიდები ყოველგვარ საეჭვოს, რაშიაც კარგად გათვითცნობიერებული არა ვარ.
სამეგრელო
  კოლხიდა მდებარერობს შავი ზღვის ნაპირზე; აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება პატარა სამეფო, რომელიც საქართველოს ნაწილს შეადგენს და რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმერეთს, თურქები კი „ფაშაჩუკს“ ან „ფაშა კუჩუკს" უწოდებენ, რაც „მცირე მთავარს“ ნიშნავს4. სამხრეთით კოლხიდას შავი ზღვა აკრავს, დასავლეთით აფხაზეთი, აღმოსავლეთით კავკასიის მთები. ეს ქვეყანა სიგრძით გადაჭიმულია ზღვიდან მთებამდე, სიგანით კი აფხაზეთიდან იმერეთის სამეფომდე. მას საზღვრავს კორაქსი და ფაზისი, ძველი ისტორიკოსების მიხედვით ცნობილი მდინარეები, რომლებიც დღეს კოდორისა და რიონის სახელწოდებით არიან ცნობილი. პირველი გამოყოფს მას აფხაზეთისაგან, მეორე კი – იმერეთისაგან. კოლხიდის სიგრძე არ აღემატება 110 მილს, სიგანე კი 60-ს. ეს არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან მაქვს გაგონილი, არამედ თვითონა მაქვს იგი თავიდან ბოლომდე გავლილი. ძველად იგი აფხაზებისაგან ჩრდილოეთის მხრიდან დაცული იყო სამოცი მილის სიგრძის კედლით5, მაგრამ ეს კედელი დიდი ხანია რაც დაინგრა. დღეს მისი მცველი და მფარველი არის ტყე. კავკასიის მცხოვრებლები წარმოადგენენ იმ მეომარ ხალხს, რომელიც ჰუნების სახელწოდებითაა ცნობილი. დღეს ისინი პატარ-პატარა ტომებად არიან დაყოფილნი. მათ შორის, ვინც კოლხიდის მეზობლად ცხოვრობენ, არიან ალანები, რომელთა ქვეყანაც ძველად სომხეთის ჩრდილო საზღვარს წარმოადგენდა. კავკასიის მთებსა და კასპიის ზღვას შორის და სადაც ამორძალების ქვეყანას მიუთითებენ. იგი ცნობილი ერია, რომელიც მეათის პირველი შვიდი საუკუნის განმავლობაში სპარსელების მოკავშირე იყო რომაელების წინააღმდეგ. სხვანი არიან სვანები, ჯიქები, ყარაჩაელები ანუ ყარა-ჩერქეზები... ეს ტომები დროთა განსმავლობაში ბევრად არ შეცვლილან, როგორც ამას ადვილად შეამჩნევს მცოდნე უძველესი ისტორიისა, საიდანაც ჩანს, რომ ალანებს ერქვათ „Alains“, სვანებს „Tzaniens“, ჯიქებს „Zechiens“, ყარაჩაელებს „Caracicioles“. ეს ყარა-ჩერქეზები, როგორც მათ თურქები უწოდებენ, ე.ი. შავი ჩერქეზები წარმოადგენენ ჩერქეზთა ჩრდილო განშტოებას. თურქებმა ამ ხალხს ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ მათი ქვეყანა მუდამ ღრუბლებით და ნისლით არის დაფარული, თორემ ეს ხალხი ულამაზესია მსოფლიოში. ოდესღაც ისინი ქრისტიანები იყვნენ. ეს ჩანს მათი ზოგიერთი რიტუალური ადათ-წესიდან, რომლებსაც ისინი თავიანთ ქვეყანაში ასრულებენ. ამჟამად მათ არავითარი სარწმუნოება არა აქვთ. ისინი სხვა ტომებთან შედარებით უფრო მაღლები არიან. მათი მძვინვარე ხმითა და გარეგნული იერით ადვილად შეიძლება დარწმუნდეთ, რომ ასეთივე ულმობელი გულისა და სულის პატრონები არიან... მათ აქვთ ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული, მაგრამ საერთო თვისებების მქონე, სალაპარაკო კილოები, რომლებიც სლავურს ან ქართულს უკავშირდებიან ქერსონესთან თუ ფაზისთან (ყირიმთან თუ რიონთან) სიახლოვის მიხედვით.
  კოლხთა ძველ სამეფოს ასეთი მცირე ტერიტორია როდი ეჭირა, როგორც დღეს. იგი, ერთი მხრივ, განვრცობილი იყო მეოტიდის ჭაობამდე, მეორე მხრივ კი – იბერიამდე. მისი დედაქალაქი კოლხოსი მდებარეობდა ფაზისის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე; სწორედ იმიტომ უწოდებენ სამეგრელოს კოლხიდას, რომ იგი აღმოსავლეთის მხრიდან ამ მდინარეს აღწევდა. ჩვენი თანამედროვე გეოგრაფოსები ამტკიცებენ, რომ კოლხოსის ადგილზე ქალაქი ფაზისი იყოო, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს აზრი მცდარია
  აღმოსავლეთის ყველა ხალხი კოლხიდას უწოდებს ოდიშს, ხოლო კოლხებს – მეგრელებს. მე ვერ მოვიძიე ამ ორი სიტყვის ეტიმოლოგია და ვერც ამ ხალხის წარმოშობა. მათ დიოდორე სიცილიელი და სხვა ავტორები ეგვიპტიდან წარმოშობილად და სეზოსტრისის კოლონიად თვლიან, რაც ნაკლებად სარწმუნოა. ეს ქვეყანა ძალიან დანაოჭებულია. მთა და ბარი, ბორცვი და ვაკე ქმნიან ბუნების მრავალფეროვნებას. ქვეყანა, რამდენადაც ვშორდებით ზღვის ნაპირს, იმდენად თანდათანობით მაღლდება. იგი თითქმის მთლიანად ხშირი და მაღალი ტყით არის დაფარული, დამუშავებული მიწების გამოკლებით, რასაც მცირე ფართობი უჭირავს. აქ ისეთი ხშირი ტყეებია, რომ გზებზე და საყანეებში საგულდაგულოდ რომ არ თხრიდნენ ხეებს ძირიანად, ეს ქვეყანა მთლიან გაუვალ ტყედ იქცეოდა. რაც შეეხება სიცივესა და სითბოს – ჰავა ზომიერია. ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი აქ ხშირი არ არის. იშვიათია სეტყვაც. მაგრამ ცუდია ის, რომ აქ ჰაერი ძლიერ ნოტიოა. წვიმს თითქმის გადაუღებლად. ზაფხულში ნესტიანი მიწა, გახურებული მწვავე მზით, წამლავს ჰაერს და იწვევს მრავალ დაავადებას – ხშირად შავ ჭირსა. უცხოელები ამ ჰაერს ვერ იტანენ, ისინი უძლურდებიან, საშინლად სუსტდებიან, ყვითელი ფერი ედებათ და ჩაჩანაკდებიან. ადგილობრივი მცხოვრებლები უფრო იტნენ ამ ჰავას, მაგრამ მათ შორის ძალიან მცირეა ისეთები, რომლებიც სამოც წელს აღწევენ.
  ჰაერის ამ ტემპერატურას ვთვლი მეგრელებში გავრცელებული ავადმყოფობის – წყალმანკის – მიზეზად, რომელიც ეპიდემიურ ხასიათს ატარებს. ამ უკანასკნელს ისინი ებრძვიან არა მარტო მუდმივი მოძრაობით, როდესაც ცხენზე ამხედრებულნი დაჰქრიან გზებსა და მინდვრებში და სამ-ოთხ დღეზე მეტს ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, არამედ დიდი რაოდენობით მარილის მიღებით და მუდმივად ცეცხლთან ყოფნითაც; ამავე მიზეზის გამო არის, რომ აქ პარაზიტები დიდი რაოდენობითაა, რომელიც ასევია ცხოველებს. განსაკუთრებით ბევრი მკბენარი ჰყავთ ღორებს, რომლებიც მათ კანში ღრმად არიან ჩამჯდარნი. ბოლოს, სამეგრელოს ჰავას უნდა მივაწეროთ აგრეთვე ისიც, რომ აქ შხამიან ცხოველებს ან სულ არა აქვთ, ან ძალიან მცირე რაოდენობით აქვთ გესლი.
  კოლხიდა მდიდარია წყლებით. მდინარეები გამოდიან მთებიდან და ერთვიან შავ ზღვას. მთავარი მდინარეებია კოდორი, იგივე კორაქსი, რომლის შესახებაც უკვე მქონდა ლაპარაკი; სოკომი6, რომელიც ჩემი ფიქრით არის არიანეს ტერშენი და პტოლემაიოსის თაზირისი; ენგური, რომელსაც ძველი ავტორები ასტოლფს უწოდებდნენ; ხობი, რომელსაც არიანე ქობოსს უწოდებს7; იგი ზღვაში ჩასვლამდე უერთდება მისივე სიდიდის მეორე მდინარეს – ჭანისწყლად წოდებულს8, რომელიც არის მდინარე ქიანე; ტეხური, არიანე მას უწოდებს სიგამს9; ცხენისწყალი ე.ი. ცხენის მდინარე, რომელსაც ეს სახელი დინების დიდი სისწრაფის გამო ჰქვია; ბერძნები ამავე მიზეზის გამო ეძახიან ჰიპუსს10; დაბოლოს აბაშა, რომელსაც სტრაბონი უწოდებს გლაუკუსს, არიანე ქარიეს და პტოლემაიოსი – ქარიტუსს12. ორივე ეს მდინარე უერთდება ფაზისს ოცი მილის სიშორეზე ზღვაში ჩასვლამდე. სამეგრელოს მდინარეების ძველი და ახალი სახელები განგებ მოვიტანე, რადგან ისტორიკოს-გეოგრაფოსები და განსაკუთრებით არიანე და ზოგიერთი უახლესი დროის ავტორიც მათ არასწორად აღნიშნავენ. გარდა ამ მდინარეებისა, არის კიდევ სხვაც, მხოლოდ პატარა მდინარეები. მათ შესახებ არაფერს ვამბობ, რადგან ზღვაში ჩასვლამდე ისინი უერთდებიან ჩემ მიერ დასახელებულ სხვა მდინარეებს. ყველა მათგანს აქვს ფონი და ხალხიც მხოლოდ ამ ფონით გადის მდინარეებზე, ამიტომაც აქ არც ერთი ხიდი არ მინახავს. ნავებს მხოლოდ ზოგიერთ მდინარეზე თუ შეხვდებით, რადგანაც ყველა მათგანს ძალიან სწრაფი დინება აქვს. დინების ძალის დასაძლევად, ფონით გასვლისას, რამდენიმე კაცი იკრიბება და ერთი მეორესთან მჭიდროდ ხელიხელჩაკიდებულნი, გრძელ, საგანგებოდ გამოჭრილ ჯოხებზე დაყრდნობილნი, მიაპობენ დინებას.
  კოლხიდაში ნიადაგი ცუდია. მოჰყავთ ზოგიერთი ჯიშის მარცვლეული და ბოსტნეული. ხეხილი აქ ველურია, უგემური და ხშირად ავადმყოფობის გამომწვევი. კოლხიდაში ხილის თითქმის ყველა ჯიშია, რაც საფრანგეთში. ნესვი აქ დიდი იზრდება, მაგრამ არაფრად არ ვარგა. ყურძენი კარგი მოჰყავთ და იგი ყველგან დიდი რაოდენობითაა. ხის ძირში დარგული ვაზი შემოეხვევა ხეს და ხის კენწეროს აღწევს. მე მინახავს ისეთი მსხვილი, ვაზები, რომელთაც ხელებს ძლივს შემოვაწვდენდი ხოლმე. ვაზებს სხლავენ ოთხ წელიწადში ერთხელ. სამეგრელოს ღვინო საუცხოოა. იგი მაგარი და ბლანტია; მეტად სასიამოვნოა სასმელად და კუჭისათვის მარგებელია. მთელ აზიაში უკეთესს ვერაფერს დალევ. აქაურებმა რომ ღვინის ისეთი დაყენება იცოდნენ, როგორც ჩვენ, სამეგრელოს ღვინო საუკეთესო იქნებოდა მსოფლიოში, მაგრამ ისინი ამ საქმისათვის აუცილებელ წესებს არ იყენებენ. ამოღარავენ დიდ ხეებს, ყრიან მასში ყურძენს და წურავენ. დაწურვის შემდეგ ყურძნის წვენს ასხამენ ქვევრებში, რომლებიც ან სახლში ან სახლის ახლოს მიწაში არის ჩაფლული. თითოეულ ამ ჭურჭელში ორასი ან სამასი პინტი13 ჩადის. გავსილ ქვევრს ახურავენ ხის სარქველს და ზევიდან მიწას აყრიან ისე, როგორც აღმოსავლეთში ხურავენ ხოლმე ხორბლის შესანახ ხაროებს რომლის შესახებ მე უკვე ვილაპარაკე.
  თესვის დროს სამეგრელოში ნიადაგი ისეთი სველია, რომ ხორბლისა და ქერის თესვისას მიწას სრულიად არ ამუშავებენ, რათა იგი მეტისმეტად არ დარბილდეს14. მარცვლეულს აბნევენ მიწის ზედაპირზე; ამ წესით დათესილი იგი მშვენივრად ამოდის, ფესვები კი მიწაში ერთი ფუტის სიღრმეზე აქვს გამდგარი. მეგრელების თქმით, ხორბლისა და ქერის სათესი მიწა დამუშავების დროს ისე დარბილდება, რომ ღეროებს სუსტი ქარიც კი წააქცევს და გამართულად ვერ გაჩერდებიან. სხვა მარცვლეულის თესვისას ისინი მიწას ხის სახნისით ამუშავებენ და მაინც ისეთი ღრმა კვალი გაყავთ, როგორსაც რკინის სახნისი აკეთებს ხოლმე. ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, მიწა სველია და რბილი. მეგრელები... მუშაობის დროს თავის გასამხნევებლად და გასართობად ისე ხმამაღლა მღერიან და გაჰკივიან, რომ ერთიმეორეს აყრუებენ. აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელ აღმოსავლეთში ჩვეულებად აქვთ მუშაობის დროს წასახალისებლად სიმღერა; რომ ეს ჩვევა არის შედეგი როგორც გონების სიზარმაცისა, ისევე სხეულის დაუძლურებისა, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი უფრო გავრცელებულია სამხრეთში; ინდოეთში, მაგალითად, მეზღვაურები სიმღერის გარეშე თოკს არა თუ ვერ სწევენ, არამედ მას ხელსაც კი არ ჩაკიდებენ. აქლემები და ხარები მიჩვეულნი არიან სიარულის დროს სიმღერის თანხლებას და რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ხმამაღალი და უწყვეტელი უნდა იყოს სიმღერა15.
  მეგრელების ჩვეულებრივ საკვებ მარცვლეულს წარმოადგენს ღომი16. მისი მარცვალი ისევე წმინდაა, როგორც ქინძის კაკალი და რამდენადმე წააგავს ფეტვს. მას გაზაფხულზე თესავენ ისეთივე წესით, როგორც ბრინჯს. მიწაში თითით აკეთებენ ნასვრეტს, შიგ ერთ მარცვალს ჩადებენ და მიწას წააყრიან. ამ მარცვლიდან აღმოცენდება ცერის სიმსხო და ადამიანის სიმაღლის ღერო, რომლის ბოლოს არის სამასზე მეტმარცვლიანი თავთავი. ღომის ღერო შაქრის ლერწამს წააგავს. ღომის მარცვალს ოქტომბერში მოიწევენ და მაშინვე ჰკიდებენ მაღალ და მზიან ადგილზე დასობილ მესერზე გასაშრობად. იგი ოცი დღე შრება მესერზე, შემდეგ კი კონებად კრავენ. ცეხვავენ მხოლოდ მოხარშვის წინ, ხარშავენ კონებად მაშინ, როცა ჭამის დრო დადგება; იგი უგემურია და მძიმეა მოსანელებლად; იხარშება ძალიან მალე, ნახევარ საათზე ნაკლებ დროში. როდესაც წყალი, რომელშიც ღომია ჩაყრილი, იწყებს დუღილს, მას ნელა ურევენ პატარა ხის ნიჩბით17 და თუმცა ურევენ ძალიან მსუბუქად, იგი მაინც სქელ ფაფად იქცევა. როცა ყველა მარცვალი დაიშლება და ფაფა კარგად შეიზილება, ცეცხლს ამცირებენ. დაბალ ცეცხლზე წყალი ამოშრება და ფაფა ქვაბში მშრალი რჩება.
  ეს ფაფა ძალიან თეთრია; ზოგჯერ მას თოვლივით თეთრს აკეთებენ; სუფრაზე შემოაქვთ საგანგებოდ გაკეთებული, ხის პატარა ნიჩბებით; თურქები ამ პურს უწოდებენ „პასტას“, მეგრელები კი „ღომს“. მას ადვილად იღებენ თითებით. იგი გამაგრილებელია და კუჭში გამხსნელი, არც ცივი და არც გაცხელებული საჭმელად არ ვარგა. ჩერქეზები, მეგრელები, თურქეთის მოხარკე ქართველები, აფხაზები, კავკასიის მცხოვრებლები, ყველა ისინი ვინც შავი ზღვის სანაპიროზე მეოტიდის ჭაობის სრუტიდან ტრაპიზონამდე ცხოვრობს, მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაფით იკვებება; ეს არის მათი პური, სხვა მათ არა გააჩნიათ რა. ისე არიან შეჩვეულნი ღომს, რომ ხორბლის პურსაც კი ამჯობინებენ. ეს შევამჩნიე ამ მხარის უმეტეს ქვეყნებში; მე ეს არც მიკვირს, რადგანაც, როდესაც მდგომარეობამ მაიძულა ეს ინგლისური პუდინგი – მისი შედარება თავისუფლად შეიძლება ბლუმ-ბუდინგთან-საკვებად გამომეყენებინა, იმდენად მომეწონა, რომ შემდეგში ძალიან გამიჭირდა კვლავ ჩვეულებრივ პურზე გადასვლა. თავს კარგად ვგრძნობდი და წინანდელთან შედარებით მოვიკეთე კიდევაც. სომხეთსა და საქართველოში ბევრი წარჩინებული თურქი და ქართველი მინახავს, მათ შორის თბილისის მთავარი და ახალციხის ფაშაც, რომელთაც შემოჰქონდათ ეს მარცვლეული და სიამოვნებით მიირთმევდნენ. მისი ჭამის დროს აუცილებელია წმინდა ღვინის სმა, რათა ღომის გამაგრილებელი და კუჭში გამხსნელი თვისება შენელდეს. ამას ღომის მჭამელები სიამოვნებით ასრულებენ.
  გარდა ღომისა, სამეგრელოში მოჰყავთ დიდი რაოდენობით ფეტვი, უფრო ნაკლებად ბრინჯი, ხორბალი და ქერი ძალიან მცირე რაოდენობით. ხორბლის პურს მხოლოდ შეძლებულები ჭამენ, როგორც დელიკატესს, მდაბიო ხალხმა მისი გემოც კი არ იცის.
  ჩვეულებრივი ხორცეული ამ ქვეყანაში არის ძროხისა და ღორის ხორცი. ღორის ხორცი, აქ დიდი რაოდენობითაა და ხარისხით საუცხოოა. ვერსად სხვაგან უკეთესს ხორცს ვერ იგემებ. არის აგრეთვე თხის ხორციც, მაგრამ ძალიან მჭლე და უგემურია. შინაური ფრინველი ძალიან კარგია, მაგრამ ძლიერ ცოტაა. ჩემი იქ ყოფნის დროს ფრინველის შოვნა სრულებით არ შეიძლებოდა, რაც ომიანობის შედეგი იყო, რამაც ქვეყანა გააჩანაგა. თევზი მხოლოდ დამარილებული იშოვება, ძირითადად თინუსი და მცირე რაოდენობით სხვა ჯიშისაც და ისიც თურქეთიდან შემოაქვთ წლის განსაზღვრულ დროს. ნანადირევიდან სამეგრელოში ჭამენ გარეულ ღორს, ირემს, შველსა და კურდღელს; ეს ხორცი ძალიან გემრიელია და უკეთესს ვერაფერს შეჭამს კაცი. დიდი რაოდენობით არის კაკაბი, ხოხობი და მწყერი, ზოგიერთი წყლის ფრინველი, გარეული მტრედი, რომელიც, ძალიან გემრიელი და მსუქანია, როგორც მარცვლეულით ნაკვები ვარიები. მე მინახავს როგორ შიგნავენ მათ და აცლიან რვა თუ ათ ჯირკვალს, რამაც მე ძალიან გამაკვირვა. მეგრელები ამ მტრედებს ბადეებით იჭერენ შემოდგომაზე. ბევრის დაჭერა შეიძლება; ზამთარში კი ისინი კავკასიის მთებში მიფრინავენ.
  სამეგრელოს დიდებულნი მხოლოდ ნადირობას ეწევიან. ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და შემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძლება იყოს მტაცებელი ფრინველი: შევარდენი, მიმინო, მარჯანი და სხვა, როგორც ეს სამეგრელოშია, ეს ფრინველები კავკასიის მთებში ბუდობენ. ახლადგამოჩეკილი ბარტყები ქვევით, ტყეებში ვარდებიან; აქ მათ დიდი რაოდენობით იჭერენ და ხუთ-ექვს დღეში იშინაურებენ.
  ნადირობიდან ყველაზე საინტერესოა შევარდენით ნადირობა წეროზე. წყლის ფრინველსა და ხოხობზე ნადირობენ მიმინოთი. ისევე როგორც თურქეთსა და სპარსეთში, მათ უნაგირზე მიბმული აქვთ პატარა დოლი, რათა ხმაურმა დააფრთხოს და წყლიდან ააფრინოს ფრინველი; შემდეგ მასზე მიუშვებენ ხოლმე მიმინოს. როცა წეროს დაიჭერენ, მას თავზე ბუმბულს აცლიან ჯიღების გასაკეთებლად, შემდეგ კი უშვებენ. ადგილობრივი მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ წეროებს ამ ბუმბულის ნაცვლად ისევ ახლები ეზრდებათ, რომლებიც წინანდელივით ლამაზიაო. ნადირს ისევე ერეკებიან ტყიდან, როგრც ფრინველს ააფრენენ ხოლმე წყლიდან დოლის ხმაურით; ეს ხმაური აფრთხობს გარეულ ცხოველებს და ისინი ტყიდან მინდორში გარბიან, სადაც მათ ხოცავენ. მეგრელებს სანადიროდ ძაღლები მრავლად ჰყავთ, მაგრამ ამჯობინებენ ნადირის ცხენჭენებით დაჭერას. ნანადირევის მარჯვენა ბეჭი ბატონისაა, მარცხენა – ქალბატონის, დანარჩენს კი მონადირეები ჭამენ.
  ჩემ მიერ ჩამოთვლილის გარდა, სამეგრელოში სხვა ფრინველებიცაა, რომლებიც თავიანთი გარეგნობით და ფრთასხმულობით ჩვენი მხარისათვის უცნობია. აქ ბევრია არწივი და ვარხვი. ყველა ეს ფრინველი მრავლად არის კავკასიის მთებში, აქვე ბინადრობს აგრეთვე ურიცხვი გარეული ნადირი: ვეფხვი, ჯიქი, ლომი, მგელი, ტურა. ეს უკანასკნელი მელიის მოდგმისაა, ძლიერ ჩამოგავს მას, მაგრამ მასზე დიდია და თანაც ბეწვი უფრო სქელი და უხეში აქვს. ამბობენ, რომ ეს არის ძველ ავტორებთან ცნობილი აფთარი. მართლაც და ეს მტაცებლები საფლავებიდან მკვდრებს თხრიან და სანსლავენ ცხოველებსა და ლეშს. აღმოსავლეთში მიცვალებულს სუდარაში გახვეულს მარხავენ კუბოს გარეშე. ბევრ ადგილას მინახავს იქ საფლავებზე დაყრილი დიდი ქვები მხოლოდ და მხოლოდ ამ მხეცების გამო, რათა მათ არ მიეცეთ საშუალება ამოთხარონ საფლავები და შეჭამონ გვამები; მაგრამ მხოლოდ გვამებს როდი ერჩიან ტურები. ისინი ცოცხლებსაც არ ინდობენ; თავს ესხმიან მათ, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, მაგალითად, ბავშვებს. საოცარია როგორი სიმარდით შეძვრება ხოლმე ეს ცხოველი სახლებსა და კარვებში, საიდანაც, თუ სხვა ვერა იპოვა რა, გამოაქვს ტანისამოსი, განსაკუთრებით წინდები და ფეხსაცმელი. ამ ცხოველის ყვირილი შიშსა გვრის ადამიანს. ეს არის მკვეთრი და შემზარავი ყმუილი, გაბმული როგორც კატის ჩხავილი. რადგანაც ჩვეულებრივად ეს მხეცები ხროვებად დადიან, ამიტომ ყმუიან კიდეც ყოველთვის ერთად, ერთმანეთს ხმას აძლევენ შეთანხმებულად, ამასთან ერთი იღებს მაღალ ტონებს, სხვები დაბალს, რაც მეტისმეტად შემზარავია პირველი გაგონებისას. აზია და აფრიკა შეწუხებულია ამ ცხოველებისაგან, რომელსაც აფრიკაში „dabuI"-ს ეძახიან. ზოგიერთების აზრით, ეს ცხოველი არის ის, რასაც ლათინურად „Crocuta“ ჰქვია, ხოლო ბერძნულად – „cycissa" და რომელსაც წინათ გარეულ ძაღლად მიიჩნევდნენ. სამეგრელო, ისე როგორც აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები, სავსეა ტურებითა და მგლებით. ზოგჯერ ეს ცხოველები გარშემო ეხვევიან ხოლმე სახლებს და საშინლად ყმუიან. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი ჯოგებს და რემას ანადგურებენ. სამეგრელოში მყოფი თეათინელების18 წინამძღვარი მარწმუნებდა, რომ მას ერთი კვირის განმავლობაში სახლის მახლობლად სამი ცხენი და ერთი კვიცი შეუჭამეს მგლებმა.
  სამეგრელოში ბევრია კარგი ჯიშის ცხენი. მათ დიდი რაოდენობით აშენებენ, რადგანაც მათი გამოკვება არაფერი უჯდებათ. ჩამოქვეითებისთანავე, ცხენს ხსნიან უნაგირს და აღვირს და უშვებენ საძოვრად. ცხენებს არ ჭედავენ. ცხენები მხოლოდ და მხოლოდ საძოვრებზე იკვებებიან.
  სამეგრელოში არ არის არც ქალაქები, არც დაბები, მხოლოდ ორი სოფელია ზღვისპირას. სახლები მიმოფანტულია აქა-იქ მთელ მხარეში. ათასიოდე ნაბიჯსაც ვერ გაივლი ისე, რომ ერთიმეორესთან ახლოს მდგარ სამ-ოთხ სახლს არ შეხვდე. აქ არის ცხრა თუ ათი ციხე-დარბაზი, მათ შორის უმთავრესს ჰქვია რუხი, რომელიც სამეგრელოს მთავრის ადგილ-სამყოფელს წარმოადგენს19. ეს ციხე-დარბაზი გარშემორტყმულია ისეთი თხელი და ცუდად ნაშენი ქვის გალავნით, რომ მისი შენგრევა უბრალო იარაღითაც კი შეიძლება. აქ ზარბაზანიც არის, რაც სხვა ციხე-დარბაზებს არა აქვთ. აი, როგორ არიან ისინი მოწყობილი: ხშირ ტყეში გაშლილ ადგილზე, აშენებენ ოცდაათი ან ორმოცი ფუტის სიმაღლის ქვის კოშკს, რომელშიაც შეიძლება ორმოცდაათი ან სამოცი კაცი მოთავსდეს. ეს კოშკი არის ციხე-დარბაზის გამაგრებული ადგილი; აქ ინახება ბატონის და აგრეთვე მასთან თავშეფარებულთა მთელი სიმდიდრე. ამ კოშკის მახლობლად ხუთი თუ ექვსი ხის დაბალი კოშკი დგას, სადაც ინახება სურსათ-სანოვაგე და სადაც ალყის დროს თავს აფარებენ ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, ამ ღია ადგილზე არის კიდევ რამდენიმე ქოხი, ზოგი ხით ნაშენი, ზოგი ტოტებისაგან დაწნული, ზოგიც ბამბუკისა და ლერწმისა. მთელი ეს ტერიტორია გარშემორტყმულია კედლითა და ხშირი ტყით ისე მჭიდროდ, რომ მასთან ახლოს მისვლა შეიძლება მხოლოდ ტყეში საგანგებოდ გაკაფული გზით. შეიტყობენ თუ არა მტრის მოახლოების ამბავს, გზას ხეებით ჩახერგავენ ისე, რომ შეუძლებელი ხდება მისი გადალახვა. კოლხები (მეგრელები) ამ ციხეებში იქამდე რჩებიან, ვიდრე მტრის საშიშროება არსებობს; როგორც კი საშიშროება გაივლის, ისინი უბრუნდებიან თავიანთ სახლებს.
  სამეგრელოში ყველა სახლი ხისაა, რადგან ტყე ყველგან ძალიან ახლოსაა და მშენებლობა იაფი ჯდება. ღარიბების სახლები ერთსართულიანია, დიდებულებისა კი ორსართულიანი. ძირს ყოველთვის ფიცარნაგია გაკეთებული დასაწოლად და დასაჯდომად, მიწის დიდი სინოტივის გამო. დიდებულები ნოხებზე სხდებიან, სხვები კი – ჯორკოზე. სახლები მეტად მოუწყობელია. მათ არა აქვთ არც ბუხრები და არც ფანჯრები. ცეცხლი შუაგულში ანთია; დღის შუქი კარებიდან შემოდის. სახლებს საძირკველი არა აქვთ და ქურდები შიგ ადვილად ძვრებიან. ისინი ხვრელს აკეთებენ ქვედა სართულის პირველი კოჭის ქვეშ, რომელიც სხვებს ამაგრებს და აქედან შედიან სახლში. როგორც კი გაიგონებენ ხმაურს, ასევე იოლად გამოდიან გარეთ. ეს გარემოება აიძულებს გლეხებს, რომ თითოეულ ოჯახს ჰქონდეს ერთი დიდი სათავსო; აქ ინახავენ მთელ ავლა-დიდებას მარცვლეულისა და ზოგჯერ ღვინის გარდა. აქვე ცხოვრობენ ისინი ერთად და საქონელსაც ღამით აქვე ამწყვდევენ. მთავრისა და დიდებულების სახლებს წინ დიდი ეზოები აქვთ, სადაც ოფიციალური მიღება და სადავო საკითხების გარჩევა წარმოებს; ეს ეზოები კი, როგორც მათ უწოდებენ, წარმოადგენენ მესერით ან ღობით შემოფარგლულ ღია ადგილს.
  მეგრელები ძალიან კარგი ჯიშის ხალხია. კაცები კარგი აღნაგობისა არიან, ქალები კი ძალიან ლამაზები. მაღალი წრის ქალებს რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, რაც გხიბლავს. მე შემხვედრია მათ შორის მშვენიერი აღნაგობის ქალები, დიდებული იერით, საუცხოო სახითა და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფიალს ითხოვენ. ნაკლებად ლამაზები და ხანდაზმულები გადაჭარბებით ხმარობენ ფერუმარილს, იღებავენ მთელ სახეს, წარბებს, ლოყებს, შუბლს, ცხვირს და ნიკაპს; ზოგიერთი მარტო წარბების შეღებვით კმაყოფილდება; ირთვებიან რამდენადაც კი შეუძლიათ. მათი ტანსაცმელი სპარსელი ქალების ტანსაცმელს ჩამოგავს. თმის დავარცხნა და დახვევა ევროპელი ქალების მსგავსად იციან. ატარებენ ხილაბანდს, რომელიც მხოლოდ თავის ზევითა და უკანა ნაწილს ფარავს. აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება; არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი, მაგრამ ამავე დროს არიან ამაყნი, ქედმაღალნი, ბოროტნი, დაუნდობელნი, ულმობელნი და უტიფარნი... სიმართლე რომ ითქვას, მეშინია, ვაი თუ არ დაიჯეროს მკითხველმა და ჩემ მიერ ნაამბობი გადაჭარბებულად ჩათვალოს. ვაცხადებ, რომ ეს სრული სიმართლეა და აქ მოტანილი ფაქტები დაასაბუთებენ ჩემს ნათქვამს.
  ბატონებს აქ თავის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ქონებაზე განუზომელი უფლებები აქვთ, როგორც უნდათ ისე ექცევიან მათ. ართმევენ ცოლებს, ბავშვებს; ყიდიან ან სხვაგვარად ბატონობენ მათზე. თითოეული გლეხი აძლევს თავის ბატონს მარცვლეულს, საქონელს, ღვინოს და სხვა სურსათ-სანოვაგეს თავისი შეძლების მიხედვით. ამრიგად, მათი სიმდიდრე დამოკიდებულია გლეხების რაოდენობაზე – ეს არის მისი, საზომი. გარდა ამისა, თითოეული გლეხი ვალდებულია წელიწადში ერთი, ორი ან სამი დღე შეინახოს თავისი ბატონი; ამის გამო ბატონები მთელი წლის მანძილზე გადადიან ადგილიდან ადგილზე, აჩანაგებენ, თავიანთ გლეხებს და ზოგჯერ სხვისასაც, რაც დაუსრულებელ დავას იწვევს, რომელიც ხშირად ნამდვილ ბრძოლაში გადაიზრდება ხოლმე. მთავარიც ასეთსავე ცხოვრებას ეწევა და ამიტომ მისი ადგილსამყოფელის გაგება ხშირად გაძნელებულია. მას თან დაჰყავს მთელი თავისი ოჯახი: ქალები, ბავშვები, მოსამსახურეები, სტუმრები, როგორიც არიან, მაგალითად, ელჩები და სხვა უცხოელი წარჩინებულნი, თუ ისინი მასთან სტუმრად იმყოფებიან. ყველა ესენი შეადგენენ ჩვეულებრივ ამალას; ბარგი მოაქვთ ქვეითად მავალ მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც ნახევრად შიშველნი თავზე და მხრებზე მოდებული ბარგით, სირბილით მისდევენ მათ20. მეგრელები თვლიან, რომ ფეხით მოსიარულე ამალა უფრო სასახელოა, ვიდრე ცხენოსანი მხლებლები. ცხენოსანთა თანხლება მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს, რადგანაც როგორც უკვე აღნიშნული იყო, ცხენები აქ ბევრია; ამ ყოველწლიური ჩამოვლის დროს მთავარი თავის ქვეშევრდომებისაგან კრეფს ხარკს და საჩუქრებს ღებულობს იმათგანაც კი, ვინც არ არის ვალდებული ხარკი უხადოს მას. გზადაგზა გააჩენს სამართალს და არჩევს სადავო საკითხებს. მთავარს გზაშივე წარუდგენენ ხოლმე საჩივარს და მას ან იქვე გამოაქვს გადაწყვეტილება, ან მოდავეებს იწვევს იქ, სადაც ღამის გათევას ვარაუდობს.
  ასეთ შემთხვევაში საჩივრის წარდგენის წესი შემდეგნაირია: მომჩივანი დგება შუა გზაში, მთავრის პირისპირ და როდესაც იგი მას მიუახლოვდება, მოიდრეკს მუხლს და მუდარით მიართმევს ქაღალდს. მთავარი ართმევს ქაღალდს და გადასცემს თავის ვეზირს, რომელიც მას ხმამაღლა კითხულობს. მომჩივანი და მისი თანმხლებნი მაშინვე იწყებენ ხმამაღლა ყვირილს. ისინი ზეცისკენ ხელებაპყრობილნი ოხრავენ, ჯოხებს ურტყამენ მიწას, აყენებენ მტვერს, რათა გული მოულბონ მთავარს – "ჩვენო მეუფევ, ჩვენო ღმერთო, ჩვენო ბატონო" და სხვა საკრალურ სახელებს უწოდებენ მას. მოპასუხე, რომელიც თავისი მომხრეებით არის მოსული, იწყებს ასევე ყვირილს და ორივე მხარე ცდილობს ერთიმეორეს გადააჭარბოს. ორივე მხარე ასახელებს მოწმეებს და შემდეგ მთავარს თავისი საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვს. ყოველივე ეს, როგორც უკვე აღვნიშნე, ხდება გზადაგზა, რადგანაც მთავარი არ ჩერდება, მაგრამ მიდის ძალიან ნელა, რათა ადვილად მისდიონ მას. სხვადასხვა ბატონის გლეხების დავა წყდება მათივე ბატონების მიერ. თვით ბატონებს შორის კი დავას ძალა სწყვეტს: იმარჯვებს ის, ვინც უფრო ძლიერია. აი, როგორ ხდება ეს: იარაღით ხელში ისინი თავს ესხმიან მტრის ჯოგს, მის ქვეშევრდომებს, მის სახლებს და მინდვრებს, ყველაფერს არბევენ, წვავენ, სპობენ და, ბოლოს, როცა აღარაფერია გასანადგურებელი, ჩეხავენ ვაზებს, ხეხილს და სხვა სასარგებლო ხეებს. ამ შუღლის დროს, თუ მოწინააღმდეგენი შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს, სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვიან. დაზარალებული, რომელიც უფრო სუსტია, დახმარებისათვის მთავარს მიმართავს, რომელიც ამის გარეშე ვერც კი შეიტყობდა ამ შუღლის ამბავს. მთავარი გამოიძახებს მოპასუხეს, მოდავეთა საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით შერჩეული რომელიმე საპატიო პიროვნების მეშვეობით, და შეარიგებს მოდავეებს. მაგრამ ამგვარი დაზავება ჩვეულებრივად გრძელდება შურისძიებისათვის პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევამდე.
  სამეგრელოში არ არის არც ერთი აზნაური, შუღლში რომ არ იყოს გარეული, ამიტომ ისინი ყოველთვის შეიარაღებულები არიან და იმდენი კაცი ახლავთ, რამდენის შენახვაც შეუძლიათ. ცხენით მგზავრობის დროს თვითონაც და მათი მხლებლებიც თავიდან ფეხამდე შეიარაღებულნი არიან. არ წვებიან ისე, თუ ხმალი გვერდით არ დაიდეს. დაძინებისას მუცელზე წვებიან და ხმალს ქვეშ ამოიდებენ ხოლმე.
  მეგრელების იარაღია: შუბი, მშვილდ-ისარი, მოუხრელი სწორი ხმალი, კომბალი, ფარი; ცეცხლსასროლ იარაღს ცოტანი თუ ხმარობენ. ისინი კარგი მეომრები და კარგი მხედრები არიან. ძალიან დახელოვნებული არიან შუბის ხმარებაში. მშვილდ-ისრის სროლას ოთხი წლიდან ასწავლიან ბავშვებს, რომლებიც ისე კარგად ეუფლებიან მას, რომ გაფრენილ პატარა ჩიტსაც კი ახვედრებენ ისარს.
  მათი ტანსაცმელი თავისებურია; წვერს ყველა მოკლედ იკრეჭს, გარდა სასულიერო წოდების წარმომადგენლებისა. მრგვალად იპარსავენ თავის კორტოხს, დანარჩენი თმები, აგრეთვე, მრგვალად შემოპარსული და ჩამოზრდილი აქვთ თვალებამდე. თავზე იხურავენ პატარა, თხელი ნაბდის არახჩინს, რომლის კიდეები კბილანებივით არის შეჭრილ-შემოჭრილი. ზამთარში ატარებენ ბეწვის ქუდს. ისინი ისეთი საწყალობელნი და გაჭირვებულები არიან, რომ წვიმის დროს არახჩინს ან ქუდს ჯიბეში იდებენ, რომ არ გაუფუჭდეთ და თავშიშველი დადიან. ტანზე აცვიათ პატარა, მუხლებამდე ჩამოშვებული პერანგი, რომელიც ვიწრო შარვალში აქვთ ჩატანებული. უარესი ჩაცმულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს. ქამარზე ატარებენ რამდენიმე წყრთის სიგრძის თოკს იმ ადამიანებისა და საქონლის დასაბმელად, რომელსაც სტაცებენ მეზობლებს ან ხელთ იგდებენ ომში. დიდებულებს აქვთ ოთხი თითის სიფართის, ვერცხლის ფირფიტებით შემკული ტყავის ქამარი, რომელზედაც ჰკიდიათ დანა, სალესი ქვა, კვესი და სამი ტყავის ქისა – ერთში მარილია, მეორეში პილპილი და მესამეში სადგისი, ნემსი და ძაფი. ღარიბი ხალხი თითქმის შიშველი დადის. ისინი უმაგალითო სიღატაკეს განიცდიან. უმრავლესობა სხეულის დასაფარავად მხოლოდ მდარე ხარისხის ნაბადს ატარებს. ამ ნაბადს, რომელიც ძველებურ ქლამიდას21 მოგვაგონებს უყრიან თავს და ატრიალებენ სურვილისამებრ იმ მხარისაკენ, საიდანაც მოდის წვიმა და ქარი, რადგანაც იგი სხეულის მხოლოდ ერთ ნაწილს ფარავს და მხოლოდ მუხლებს სწვდება. აკეთებენ თხელ, წყალგაუმტარ ნაბდებს, რომელიც უფრო მსუბუქია ჩვეულებრივ ნაბადზე, მაგრამ შემაწუხებელია, განსაკუთრებით როცა დასველდება. თუ კაცს პერანგი და მისი ამხანაგი აქვს, მდიდრად ითვლება. თითქმის ყველა ფეხშიშველა დადის; კოლხების (მეგრელების) ფეხსაცმელი კამეჩის დაუმუშავებელი ტყავისაა. ეს ლანჩა მიმაგრებულია ფეხზე იმავე ტყავის თასმით, რომელიც ზევით იკვრება. ამგვარი სანდლები სრულიად ვერ იცავს ფეხს სისველისაგან; ფეხი ისევე სველდება, თითქოს შიშველი იყოს. სურათი 2 ასახავს მეგრელების ამ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, მაშინ როდესაც მიწას თოვლის სქელი ფენა ფარავს...
  დიდებულები საჭმელს მიირთმევენ ნოხებზე მჯდარნი, აღმოსავლური წესით. სუფრის საფარი ან მოხატული ტილოა ან ტყავი, უმეტეს შემთხვევაში კი სუფრა ცარიელი ფიცარია. მდაბიონი ჯდებიან გრძელ მერხზე და წინ იდგამენ ასეთივე სიმაღლის მეორე სადგამს, რომელიც მაგიდის მაგივრობას სწევს22. მთელი ჯამ-ჭურჭელი ხისაა. დიდებულებს ცოტაოდენა ვერცხლეულობა აქვთ. ამ ქყვეყანაში, ჩვეულების თანახმად, ყველანი, განურჩევლად სქესისა, ერთად ჭამენ – მეფე და მთელი მისი ამალა, მეჯინიბეების ჩათვლით, დედოფალი, სეფე-ქალები, მისი ასულები, მოახლეები და ყველა თანხმლები პირნი, უკანასკნელ ლაქიამდე. თუ არ წვიმს, ჭამენ გარეთ. სხდებიან წრიულად ან რიგებად სუფრის თავში ან ბოლოში თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით. როდესაც ცივა, სუფრის მახლობლად ეზოში დიდ ცეცხლს ანთებენ. სათბობი აქ არაფერი ღირს, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, მთელი მხარე ტყით არის დაფარული. როდესაც დიდ ოჯახებში საჭმელად დასხდებიან, ოთხ კაცს მხრებზე გადებული დიდი ქვაბით შემოაქვს ღომი – მოხარშული მარცვალი, რომლის შესახებ მე უკვე ვილაპარაკე. ჩვეულებისამებრ, ტანსაცმელდაკონკილი მსახური ჩოგნით ჩამოურიგებს ხოლმე თითოეულს თითო ნაჭერ ღომს, რომელიც არა ნაკლებ სამ გირვანქას იწონის. ორ, შედარებით უკეთესი იერის, მსახურს მოაქვს უფრო თეთრი ღომით სავსე ქვაბი. ამ ღომს მხოლოდ საპატიო პირებს მიართმევენ. ჩვეულებრივ დღეებში უბრალო ოჯახი ამის გარდა არაფერს ჭამს; ბატონებს კი აქვთ ცოტა ბოსტნეული ან შემწვარი თევზი და ცოტაოდენი ხორცი. სადღესასწაულო დღეებში, ან მაშინ, როცა ვინმეს უმასპინძლდებიან, ნანადირევი თუ არა აქვთ, კლავენ ღორს, ხარს ან ძროხას. ახლად დაკლულ ცხოველს შიგნავენ და მარილისა და ყოველგვარი საკაზმის გარეშე ხარშავენ იმავე ქვაბში, რომელშიაც ღომს აკეთებენ. როდესაც ხორცი ცოტათი მოიხარშება, გადმოდგამენ ცეცხლიდან, წვენს ღვრიან და ასე, ნახევრად მოხარშულს, უსაწებლოდ მოიტანენ სუფრაზე. ოჯახის უფროსის წინ ყოველთვის ხორცის დიდ ნაჭერს დებენ. მასვე მიართმევენ ხოლმე ბოსტნეულის დიდ ნაწილს, მთელ პურს, ფრინველსა და ნანადირევს. ამას იგი ურიგებს სტუმრებს და იმათ, ვისი პატივისცემაც სურს... ჭამის დროს ორი კაცი ჩამოატარებს ღვინოს. მდაბიო ხალხში ამ მოვალეობას ქალები ან ქალიშვილები ასრულებენ. ღვინის მოთხოვნა ან დალევაზე უარის თქმა, ერთნაირად, უზრდელობად ითვლება; უნდა დაელოდო, ვიდრე მოგაწოდებდნენ, და ჩამოართვა, როცა მოგაწოდებენ. ერთ ჯერზე გაძლევენ ნახევარ სეტიე ღვინოს; ჩვეულებრივი სადილის დროს ღვინოს სამჯერ ჩამოატარებენ. დღესასწაულების ან წვეულებების დროს სტუმრები და საპატიო პირები სვამენ მანამ, ვიდრე არ დათვრებიან.
  მეგრელები და მათი მეზობლები ღვინოს ბევრს სვამენ. ისინი ღვინის სმაში აჭარბებენ გერმანელებს და ყველა ჩრდილოელს; ღვინოში არასდროს წყალს არ ურევენ. კაცი და ქალი სუფთა ღვინოს სვამს. შეზარხოშებულებს ნახევარლიტრიანი თასები ეპატარავებათ და პირდაპირ ლანგარიდან და დოქებიდან სვამენ. მე ვცხოვრობდი ქუთაისის ახლოს, ერთ აზნაურთან, რომელიც ამ მხარეში საუკეთესო მსმელად ითვლებოდა. ჩემი იქ ყოფნის დროს, მან წვეულება მოაწყო და თავისი სამი მეგობარი დაპატიჟა. ოთხივე ისე შეყვა ღვინოს, რომ დილის ათი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე საპალნე-ნახევარი ღვინო დალიეს. ერთი საპალნე იტევს სამას გირვანქას. ამ ხალხს ჩვეულებად აქვს ნადიმის დროს სუფრიდან ადგომა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რამდენჯერაც უნდათ... სტუმრებს და მეგობრებს აიძულებენ სვან ღვინო უკანასკნელ შესაძლებლობამდე და ამავე დროს ერთმანეთს მიმართავენ ზრდილობითა და ქათინაურებით...
  ზემოთ აღვნიშნე, რომ მეგრელი ქალები ქათინაურებისა და ცერემონიების მოყვარულნი არიან-მეთქი. ასეთივენი არიან მამაკაცებიც. უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ პირს ქალიც და კაციც მუხლმოდრეკით ესალმება. როდესაც რაიმე ამბავი საპატიო პიროვნებას მოაქვს ან გამოგზავნილია წარჩინებული ადამიანისაგან, მას მიწაზე ნოხს უგებენ იმ კაცის წინ, ვისთანაც ამბავი მიაქვს. მოსული ნოხზე მუხლს მოიდრეკს და ამ მდგომარეობაში რჩება მთელი დარბაზობის განმავლობაში, როგორც მე ამის შესახებ ვილაპარაკე. იგივე ხდება რაიმე სასიამოვნო ამბის შეტყობინების დროს.
  ჩემ მიერ აღწერილ ამ ჩრდილო ქვეყნებში საყოველთაო წესად არის მიღებული ბატონებისათვის საჩუქრის მირთმევა, თხოვნის ან ამბის გადაცემა მუხლმოდრეკით; ბატონებთან საუბრის დროსაც მხოლოდ ასეთსავე მუხლმოყრილ მდგომარეობაში იმყოფებიან. საბერძნეთის იმპერატორების კარზე ამას თაყვანისცემა ეწოდებოდა; ბიზანტიის იმპერიის დაცემის დროისათვის პატივისცემის ეს წესი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ქრისტიანმა მთავრებმა გადაიღეს. ამან იმპერატორები გაანაწყენა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ თუმცა ეს მთავრები თავიანთი პატარა სახელმწიფოების მმართველები იყვნენ, ისინი მაინც იმპერიის ვასალებად რჩებოდნენ და, ამდენად, მათ არა მარტო უნდა შეეკავებინათ თავი საიმპერატორო აღკაზმულობისაგან, რომლის ტარების უფლებასაც ისინი თავის თავს აძლევდნენ, არამედ არც მუხლმოდრეკით თაყვანისცემა და სხვა მაღალი პატივი არ უნდა მოეთხოვათ ქვეშევრდომთაგან.
  კოლხების (მეგრელების) ენა წარმოსდგება იბერიულიდან ანუ ქართულიდან, რომელიც, როგორც ფიქრობენ, ბერძნულიდან არის წარმოშობილი. სამწერლო ენა ხალხურისაგან განსხვავდება. არავითარი წერილობითი ძეგლი საერთოდ არა აქვთ, თუ არ ჩავთვლით ბიბლიის ტექსტს, რომლისგანაც მხოლოდ ახალი აღთქმაა შემონახული, და ლიტურგიკას: ორივე ძეგლი დაწერილია ასომთავრულით. ამრიგად, ძველი კოლხური ენა მკვდარი ენაა, რომლის აღდგენა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლია23. სამღვდელოებას წირვა-ლოცვისა არაფერი ესმის, მიუხედავად იმისა, რომ მას ასრულებენ ან უნდა აღასრულონ ყოველდღიურად.
  სამეგრელო დღეს ნაკლებად არის დასახლებული: აქ ოცი ათასი მაცხოვრებელი თუ იქნება. სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის წინათ მისი მოსახლეობა ორმოც ათასს შეადგენდა. მოსახლეობის ასეთი შემცირების მიზეზია მეზობლებთან წარმოებული ომები და აგრეთვე თავადაზნაურობის მიერ უკანასკნელ წლებში ორივე სქესის მრავალი ადამიანის გაყიდვა. დიდი ხანია, რაც სამეგრელოდან ყოველწლიურად თორმეტი ათასი კაცი გაჰყავთ გასაყიდად ან გასაცვლელად. ისინი ხელში უვარდებიან მაჰმადიანებს – სპარსელებს და თურქებს, რადგან მათზე მოთხოვნილება მხოლოდ მათ აქვთ. ყოველწლიურად სამი ათასი კაცი მიჰყავთ კონსტანტინოპოლში, სადაც მათ ქსოვილებზე, იარაღსა ან სხვა საქონელზე ცვლიან, რომელიც, როგორც აღვნიშნე, სამეგრელოში შემოაქვთ. ყოველ წელს აქ მოდის თორმეტიოდე იალქნიანი გემი კონსტანტინოპოლიდან და კაფადან და სამოცზე მეტი ფელუკა გონიოდან, ირისიდან24, ტრაპიზონიდან. ისინი სამეგრელოში იტვირთება – ტყვეების გარდა – აბრეშუმით, სელის ძაფით, ტილოთი და სელის თესლით, ხარის ტყავებით, კვერნის და თახვის ბეწვით, ბზით, ცვილითა და თაფლით. სამეგრელოს თაფლი საუცხოოა; აქ ორგვარი თაფლია – ყვითელი და თეთრი: თეთრი უფრო იშვიათია, ვიდრე ყვითელი, მაგრამ ბევრად უკეთესია და უფრო ტკბილია. კვნიტი შაქარი მასზე ტკბილი როდია; მეტად სასიამოვნო საჭმელია და პირში დნება. გარდა შინაური თაფლისა, არის აგრეთვე გარეული თაფლიც, რომელიც ხეების ფუღუროებსა და ნაპრალებში უხვადაა. კაფას გემები მას სათათრეთში ეზიდებიან, სადაც მარცვლეულთან თაფლის შერევით ძალიან მაგარ სასმელს ამზადებენ. თურქები დიდ მოგებას ღებულობენ სამეგრელოდან გატანილი საქონლით – ოთხ ეკიუდ25 ყიდიან იმას, რაშიაც ერთი ეკიუ აქვთ მიცემული. განსაკუთრებით ბევრს იგებენ ტყვეებზე... ერთმა აზნაურმა ერთ დღეს თორმეტი მღვდელი გაჰყიდა. ამ ბოროტების ამბავი იმდენად საოცარია, რომ იგი, როგორც უმაგალითო შემთხვევა, ღირსია აღწერისა. ამ აზნაურს ერთი ქალიშვილი შეჰყვარებია და მისი შერთვა გადაუწყვეტია, თუმცა უკვე ცოლიანი იყო. ქალს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. მეგრული წეს-ჩვეულების მიხედვით ქალს ყიდულობენ. ფასი დამოკიდებულია ქალის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, მის ასაკსა და სილამაზეზე. ამ აზნაურს სატრფოს მშობლებისათვის აღთქმული საჩუქრებისა და საქორწილო სახსრების შოვნის ერთადერთ წყაროდ ადამიანების გაყიდვა ეგულებოდა. მისმა ქვეშევრდომებმა გაიგეს თუ არა მისი განზრახვა, გაექცნენ მას და თან ცოლ-შვილიც წაიყვანეს. იმედგაცრუებულმა აზნაურმა ყოველგვარ საზღვარს გადაცილებული ვერაგობა მოიგონა. მან საზეიმო წირვის შესასრულებლად და ზვარაკის შესაწირავად თორმეტი მღვდელი მოიწვია თავისთან. მღვდლებიც გულუბრყვილოდ მოვიდნენ. მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ განზრახული იყო მათი თურქებისათვის მიყიდვა, რადგანაც მსგავსი რამ სამეგრელოში არასოდეს მომხდარა. აზნაურმა ისინი კარგად მიიღო, წირვა აღასრულებინა, ზვარაკად ხარი დააკვლევინა და მათვე გაუმასპინძლდა. როდესაც მღვდლები მაგრად გამოათრო, თავის ხალხს უბრძანა ისინი შეეპყროთ, ბორკილები დაედოთ და თავპირი გავპარსათ მათთვის. მეორე ღამეს მღვდლები თურქების გემზე წაასხა, საოჯახო ნივთებსა და ბარგი-ბარხანაზე გაცვალა, მაგრამ რადგანაც მონაგარი სატრფოს ყიდვისა და საქორწილო ხარჯებისათვის არ ყოფნიდა, ამ მხეცმა თავისი ცოლიც წაიყვანა და იმავე გემზე გაყიდა26.
  სამეგრელოს მთელ ვაჭრობას გაცვლითი ხასიათი აქვს და წარმოებს ბაზრობაზე, რომელიც მონაცვლეობით სხვადასხვა ადგილზე ტარდება; აქ მარაგდებიან ყოველივე აუცილებლობით, ისევე როგორც სავაჭროებში. საქონელს საქონელში ცვლიან. ხალხში ფულს დადგენილი ღირებულება არა აქვს. ხმარებაშია: პიასტრები, ჰოლანდიური ეკიუ და აბაზი90, რომელიც მოჭრილია საქართველოში სპარსული ყაიდით და მისი ღირებულებაა თვრამეტი სოლი. სამეგრელოს მთავარმა, რომელიც ოცი წლის წინათ გარდაიცვალა, დაიწყო ფულის მოჭრა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა27, შემოზიდული ვერცხლის მცირე რაოდენობის გამო და, აგრეთვე, იმიტომაც, რომ ვერცხლი ადგილობრივად სრულიად არ მოიპოვება; აქ არ წარმოებს აგრეთვე არც ოქროს და არც სხვა ლითონის მოპოვება. არ ვიცი რა ბედი ეწვია იმ ოქრონარევ ხრეშსა და სილას, რომელსაც, ძველი მწერლების სიტყვით, ცხვრის ტყავით აგროვებდნენ და რომლის საფუძველზეც შეიქმნა მითი ოქროს საწმისის შესახებ28. კოლხიდაში (სამეგრელოში) ოქრო არსად არ არის, არც მთებში, არც მდინარეებში და სადაც არ უნდა წახვიდე, ვერსად ვერ ნახავ ვერავითარ საფუძველს ამ ანტიკური ამბის თანამედროვე მდგომარეობასთან შესათანხმებლად.
  მთელ სამეგრელოში მხოლოდ ოთხი ათასი მეომარია, რომლებიც ფაქტიურად თითქმის მხოლოდ მხედრები არიან. ამ კავალერიასთან ერთად მხოლოდ სამასკაციანი ქვეითი ჯარი ჰყავთ. მეომრები არ არიან გაერთიანებულნი სამხედრო შენაერთებსა და რაზმებში. თითოეულ მებატონესა თუ აზნაურს თავისი ხალხი ბრძოლაში გამოჰყავს ყოველგვარი წესების, წყობისა და ოფიცრების გარეშე და ისინი მუდამ თან ახლავენ მათ, როგორც უკან დახევისას, ისე მტერზე თავდასხმის დროს.
  მეგრელებისა და მათი მეზობლების ომები არსებითად თავდასხმას და ძარცვას წარმოადგენს . როცა მტერს უტევენ, ბრძოლას მძაფრი ხასიათი აქვს, რადგან მეგრელებს მამაცობა და შეუპოვრობა არ აკლიათ. თუ მტერი გააქციეს, მას ფეხდაფეხ მისდევენ, იჭრებიან მის ქვეყანაში, წვავენ, ძარცვავენ მას, ატყვევებენ ყოველგვარი ჯურის ხალხს და სწრაფადვე ბრუნდებიან უკან. ტყვეები რაც შეიძლება მეტი მიჰყავთ. თუ მხედარი გადმოაგდეს უნაგირიდან, მაშინვე ჩამოხტებიან ცხენიდან, დამარცხებულს შებოჭავენ იმ თოკით, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნე, ქამარზე ატარებენ, და საკუთარ მხლებელს მიაბარებენ ხოლმე. შეპყრობილის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე დამტყვევებლის ხელთაა, რომელსაც თავისი სურვილის მიხედვით შეუძლია მოექცეს მას; ჩვეულებრივად ტყვედ აქცევს და შემდეგ თურქებს მიჰყიდის. თავდასხმის დროს ისინი რომელიმე მდინარის ფონს იკავებენ და საფარიდან თოფს უშენენ მტერს, რათა ხელი შეუშალონ მდინარის გადალახვაში. თუ მტერმა სძლია მათ, გარბიან და თავს აფარებენ ტყეს, ტოვებენ რა თავიანთ ქვეყანას ღვთის ანაბარა. ამრიგად ამ ხალხის ბრძოლები არ არის ხანგრძლივი; ნახევარ თვეში ყველაფერი მთავრდება. ქვეყნის დარბევის შემდეგ მტერი უკან მიდის.
  სამეგრელოს მთავრის წლიური შემოსავალი ოცი ათას ეკიუს აღწევს. ამ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ბაჟი სამეგრელოში შემოტანილ და გატანილ ყოველგვარ საქონელზე, ადამიანების გაყიდვა და თვითნებურად შეწერილი გადასახადები. მთავარი მთელ შემოსავალს ინახავს სკივრებში, რადგან მას არც ერთი დენიეს დახარჯვა არ უხდება. ქვეშევრდომები მთავარს უსასყიდლოდ ემსახურებიან, სამამულო დომენი კი იმდენ სურსათ-სანოვაგეს იძლევა, რომ მთელ მის კარს ყოფნის და რჩება კიდეც. მთავარი სპარსეთის ხელმწიფეს ხშირად უგზავნის შევარდნებს და ყველა სახის მტაცებელ ფრინველს. სამაგიეროდ ხელმწიფე ოქროქარგულ ფარჩეულობას და აბრეშუმს, ნოხებს, იარაღს, ჭურჭელს და მრავალ სხვა ისეთ ნივთს უგზავნის, რაც სჭირდება ისეთ ღარიბ მთავარს, როგორიც არის სამეგრელოს მთავარი. მსგავსი ურთიერთობა აქვს მას საქართველოს ხანთან. საზეიმო დღესასწაულებზე მის კარზე ორასი აზნაური იყრის თავს. სხვა დღეებში მასთან დაახლოებით ას ოცამდე კაცია. მთავრის ამალა, აზნაურების გარდა, სამასი კაცისაგან შედგება, მთავრის მეუღლისა კი – ორივე სქესის ასი კაცისაგან. დიდ დღესასწაულებზე მას სამოცზე მეტი წარმოსადეგი და კარგად მორთული სეფექალი ახლავს.
  ვფიქრობ, რომ ძველ დროში კოლხებს იგივე სარწმუნოება ჰქონდათ, რაც ბერძნებს. ეკლესიის ისტორიკოსთა ცნობებით კოლხიდის მეფე დედოფალი და დიდებულები იესო ქრისტეს რჯულზე ერთმა მონა ქალმა მოაქციაკონსტანტინე დიდის დროს, რომელმაც ახალმოქცეულთ მღვდლები და სწავლული ღვთისმეტყველები გამოუგზავნა, რათა ისინი მოენათლათ და ქრისტეს მოძღვრება ესწავლებინათ მათთვის. სომხური გადმოცემით, ამ მონა ქალს სახელად ნინო ერქვა. სხვა წყაროების მიხედვით მათ ქრისტიანული მოძღვრება გაიცვნეს ვინმე კირილეს მეოხებით, რომელსაც სლავები თავიანთ ენაზე „კიუზილს" უწოდებენ და რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 860 წ. მეგრელები მიგვითითებენ ზღვის ნაპირას მდ. კორაქსის (კოდორის) ახლოს ერთ ადგილზე, რომელსაც ბიჭვინტა ჰქვია და სადაც ძალიან დიდი სამნავიანი ეკლესია დგას29 ისინი ირწმუნებიან, რომ იქ, სადაც ეკლესია არის აშენებული, წმ. ანდრია ქადაგებდაო. ეკლესია მე შორიდან ვნახე. იგი, რამდენადაც ამის შესახებ ერთი მილის სიშორიდან შეიძლება ვიმსჯელოთ, ძველი ნაგებობა უნდა იყოს30. იქ კათალიკოსი წელიწადში ერთხელ ჩადის ზეთის დასამზადებლად, რასაც ბერძნები მირონს უწოდებენ31. იგი წარმოდგება სისტყვა „მურონისაგან", რაც არაბეთის თეთრ საცხებელს ნიშნავს. აღმოსავლეთის ქრისტიანებმა მათი მცდარი რწმენების გამო წმინდა რიტუალში მირონცხება შეიტანეს, რამაც დიდი მოგება მისცა პატრიარქებს, რომლებიც ძვირად მიჰყიდიდნენ ხოლმე მას თავიანთ სამღვდელოებას. სარწმუნოების შესახებ მე არც ერთ მეგრელთან არ მიმსჯელია, რადგან ვერავის შევხვდი ისეთს, რომელმაც იცოდა თუ რა არის სარწმუნოება, კანონი, ცოდვა, წმინდა საიდუმლოება და ღვთისმსახურება. ამ მხრივ შევნიშნე მხოლოდ ის, რომ ქალები ანთებენ პატარა სანთელს, ამაგრებენ მას თავისი სახლის ან ეკლესიის კარზე, ამავე დროს აკმევენ მცირეოდენ საკმეველს და მზისკენ მიბრუნებულნი ძლიერ მოიხრებიან და მრავალგზის გადაიწერენ პირჯვარს თავით ფეხამდე.
  საეკლესიო ცერემონიალს, წირვას და ნათლობას მღვდლები და ეპისკოპოსები ასრულებენ. მე მინახავს ისინი მღვდელთმსახურების დროს, რომელსაც არავინ ესწრებოდა იმის გამო, რომ ღვთისმოსაობა აკლიათ.
  რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა მათი გლოვის შესახებ. ეს არის სასოწარკვეთილების გლოვა. თუ ქალს ქმარი ან ახლობელი ნათესავი მოუკვდა, შემოიხევს ტანსაცმელს, შიშვლდება წელამდე, იგლეჯს თმებს, ფრჩხილებით იკაწრავს სხეულს და სახეს, იცემს გულმკერდში, კივის, ღრიალებს, კბილებს აკრაჭუნებს, ცოფდება, შმაგდება და ბორგავს უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მისული. მამაკაცებიც ასევე ბარბაროსულად ამჟღავნებენ თავიანთ მწუხარებას, იგლეჯენ ტანსაცმელს, იპარსავენ თმებს და სახეს და მჯიღს იცემენ მკერდში.
  გლოვა გრძელდება ორმოცი დღის განმავლობაში, მაგრამ ასეთი მძვინვარე ხასიათი, როგორც აღვწერე, მხოლოდ პირველ ათ დღეს აქვს; შემდეგ იგი თანდათან კლებულობს. ამ ათი დღის განმავლობაში მიცვალებულის ახლობლები და ყოველგვარი წოდების უამრავი კაცი თუ ქალი მიცვალებულის სატირლად მოდის. ეს ხდება შემდეგნაირად: ხალხი მიცვალებულის ირგვლივ განლაგდება, როგორც უკვე აღვნიშნე, ტანსაცმელშემოგლეჯილი, ორივე ხელს მკერდში იცემს და ყვირის: „ვაი, ვაი“. ყვირილი და მკერდში ცემა ურთიერთშეწყობილია და საშინელ ხმად ისმის. ყოველივე ეს სასოწარკვეთილების საზარელ სურათს წარმოადგენს, რომელსაც უდრტვინველად ვერ შეხედავ. ზოგჯერ მოულოდნელად შეწყდება წივილ-კივილი და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდება, მაგრამ კვლავ უეცრად ატყდება კივილი და ყველაფერი თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. როგორც უკვე აღვნიშნე, უკანასკნელ მეორმოცე დღეს მიცვალებულს დაასაფლავებენ32. მისი მეგობრებისათვის, მეზობლებისა და ყველა იმათთვის, ვინც სატირალში მოვიდა, აწყობენ სუფრას. ქალები კაცებისაგან განცალკევებით ჭამენ. ეპისკოპოსი წირავს და ამით ყოველივე იმის მისაკუთრების უფლებას იძენს, რაც მიცვალებულს პირადად ეკუთვნოდა, როგორიცაა მისი ცხენი, ტანსაცმელი, იარაღი, ვერცხლეული – თუ იგი გააჩნდა – და სხვა ამგვარი ნივთები. სამგლოვიარო ცერემონიალი ანადგურებს მეგრელების ოჯახს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვალდებულად თვლიან თავს დიდი ბრწყინვალებით მოაწყონ იგი. ეპისკოპოსი სულის შესანდობარს წირავს ძალდატანებით იმ სარგებლის გამო, რომელსაც ის ამისათვის ღებულობს. მიცვალებულის სატირლად იმიტომ მოდიან, რომ ორმოცი დღე მის მიერ დატოვებულის ხარჯზე იცხოვრონ. როდესაც ეპისკოპოსი კვდება, სულის მოსახსენებელს მთავარი წირავს და გლოვის მეორმოცე დღეს მასვე მიაქვს ყველაფერი, რაც ეპისკოპოსს გააჩნდა, გარდა უძრავი ქონებისა.
  აი, ყოველივე ის, რაც კოლხიდაში გავიგე ამ ქვეყნის ბუნების, ხალხის ზნე-ჩვეულებას და სარწმუნოების შესახებ. მათი მეზობლებიც ცხოვრობენ და იქცევიან თითქმის ისევე, როგორც მეგრელები იმათ გარდა, ვინც თურქეთთან ან სპარსეთთან არიან ახლოს. ამათი ზნე-ჩვეულებანი უფრო რბილი და სამართლიანია, ვიდრე იმათი, ვინც თათრებთან ანდა სკვითებთან ახლოს ცხოვრობენ, რომელთა წესები უფრო ბარბაროსულია: წარმოდგენა არ აქვთ სარწმუნოების არსზე, მის წესებზე და არ ემორჩილებიან არავითარ კანონს. ვლაპარაკობ აფხაზებზე და იმ ხალხებზე, რომლებიც კავკასიის მთის ძირში ცხოვრობენ და ვამბობ ყველაფერს იმას, რაც გავიგე. ახლა კი აღვნიშნავ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, რაც მე დავინახე და გავიგონე სამეგრელოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების შესახებ. ეს ქვეყნებია გურიელის სამთავრო და იმერეთის სამეფო.
  გურიელის ქვეყანა პატარაა. იგი ესაზღვრება ჩრდილოეთით იმერეთს, აღმოსავლეთით კავკასიის მთის ნაწილს, რომელიც ოსმალების მფლობელობაშია, დასავლეთით – სამეგრელოს და სამხრეთით – შავ ზღვას33. ის გაშლილია ამ ზღვის გასწვრივ მდინარე ფაზისიდან მეორე მდინარემდე, რომელიც თურქების სიმაგრე გონიოდან ერთი მილის სიშორეზე მოედინება დაა ფაზისიდან კი მხოლოდ ორმოცი მილით არის დაშორებული34. ეს მხარე ყველაფერში ჰგავს სამეგრელოს, როგორც თავისი ბუნებით, ისე ხალხის ზნე-ჩვეულებებით. აქ სარწმუნოება, ჩვევები… იგივეა.
  იმერეთის სამეფო ცოტა უფრო დიდია, ვიდრე ის ქვეყნები, რომელთა შესახებაც ეს-ეს არის ვილაპარაკე; ძველად მას ძველი ავტორები იბერიას უწოდებდნენ35. იგი მოქცეულია კავკასიის მთის, კოლხიდის, შავი ზღვის, გურიის სამთავროს და საქართველოს შორის. მისი სიგრძე უდრის ექვსას ოც მილს, განი – სამოცს. კავკასიის მთის ხალხები, რომელთაც იგი ესაზღვრება, არიან ქართველები, სამხრეთით – თურქები, დასავლეთით – ოსები და ყარაჩაელები, რომელთაც თურქები ყარაჩერქეზებს უწოდებენ იმის გამო, რის შესახებაც მე უკვე ვილაპარაკე. ეს ის ყარაჩერქეზები ანუ შავი ჩერქეზები არიან, რომელთაც ევროპელები ჰუნებს ეძახდნენ და რომლებმაც იტალია და გალია დალაშქრეს. ამის შესახებ მოგვითხრობენ ისტორიკოსები და მათ შორის გიორგი კედრენე (XI ს). მათ ენაში შერეულია თურქული.
  ისევე როგორც სამეგრელო, იმერეთიც ტყიანი და მთაგორიანი ქვეყანაა. მაგრამ აქ უფრო ლამაზი ხეობები და წარმტაცი მინდვრებია. უფრო ადვილად იშოვება პური, ხორცი და ბოსტნეული. არის რკინის მადანი. ფული ბრუნვაშია და მას აქვე ჭრიან. ვხვდებით ქალაქებსაც; რაც შეეხება ზნე-ჩვეულებებს, იგივეა, როგორიც სამეგრელოში. მეფეს სამი საუცხოო ციხე-სიმაგრე აქვს; ერთს, რომელიც ხეობის პირას არის აღმართული, ეწოდება სკანდა. ორი დანარჩენი აშენებულია კავკასიის მთებში – ერთს ჰქვია რეჯია (?), მეორეს სკორჯია (?). ორივე მეტად ძნელი მისადგომია, რადგანაც გაშენებულია ისეთ ადგილებზე, რომლებიც ბუნებრივად არის დაცული. ფაზისი მათ წინ ჩაუდის. რამდენიმე ხნის წინ მთავარს სხვა ბევრად მეტი მნიშვნელობის მქონე, ციხე-სიმაგრე ჰქონდა, რომელსაც ეწოდებოდა ქუთაისი – იგივე სახელი, რაც მთელ მის ირგვლივ მდებარე მიდამოებს ერქვა. შესაძლოა ეს ის ადგილია, რომელსაც პტოლემაიოსი „კოტატენის ქვეყანას“ ეძახის. დღეს მას თურქები ფლობენ.
  დიდი ხნის მანძილზე იმერეთის სამეფოს ქვეშევრდომები იყვნენ აფხაზები, მეგრელები და გურულები, მას შემდეგ რაც ოთხივე ერთად განთავისუფლდა ჯერ კონსტანტინოპოლის იმპერატორების, ხოლო შემდეგ ტრაპეზუნდის იმპერატორების მორჩილებისაგან. მათ შესახებ ისტორია ამბობს, რომ მათ პატივი ჰქონდათ ეტარებინათ მდინარე ფაზისის მეფეების ტიტული. გასულ საუკუნეში ეს ხალხები ამბოხების შემდეგ განცალკევდნენ და ერთმანეთს შორის ქიშპობა დაიწყეს. ვინც თურქებთან ახლოს იყო, მათგან დახმარებას ღებულობდა. თურქები ჯერ კი ეხმარებოდნენ, მაგრამ შემდეგ თავის მოხარკეებად გაიხადეს ყველა, ერთიმეორის მიყოლებით. იმერეთის მეფის გადასახადს წარმოადგენდა ოთხმოცი ყმაწვილი – გოგონები და ბიჭები, ათიდან ოც წლამდე; გურიის მთავრისას – ორმოცდაექვსი ასეთივე ყმაწვილი; სამეგრელოს მთავარი იხდიდა ადგილობრივი წარმოების სამოცდაათი ათას არშინ სელის ტილოს. ხარკი აფხაზებსაც ჰქონდათ დაკისრებული, მაგრამ ისინი მცირე ხნის განმავლობაში იხდიდნენ, ახლა კი სრულიად არ იხდიან. იმერეთის მეფე და გურიის მთავარი თვითონ უგზავნიან ხარკს ახალციხის ფაშას. სამეგრელოს მთავართან კი ხარკის წასაღებად მოდიოდა ჩაუში. როდესაც მე ახალციხე გავიარე, ამბობდნენ, რომ თურქებს ამ მხარის დაპყრობა და ფაშის დასმა უნდათო, რადგანაც მათ სხვა საშუალება არ აქვთ ბოლო მოუღონ განუწყვეტელ ომებს, რომელიც მათ ანადგურებს და აჩანაგებსო. ადრე თურქებს ამ ქვეყნის დაპყრობაზე არ უფიქრიათ, რადგან აქ შეუძლებელია მაჰმადიანური რჯულის დაცვა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ღვინის და ღორის ხორცზე უკეთესი არაფერი აქვთ, რაც მაჰმადიანური კანონით აკრძალულია. ამას ისიც ემატება, რომ აქაური ჰავა არ არის ჯანსაღი, არ იშოვება პური და მოსახლეობაც შორიშორს არის გაფანტული. ასე რომ, ციხე-სიმაგრეების აგება მხოლოდ ზოგ ადგილას თუ შეიძლება და ისიც შვიდ-რვა კომლზე გაანგარიშებით. ამ მოსაზრებათა გამო თურქებმა ეს პროვინციები ძველ მდგომარეობაში დატოვეს და დაკმაყოფილდნენ იმით, რომ ისინი ტყვეების წყაროდ აქციეს. აქედან ყოველწლიურად შვიდი-რვა ათასი ტყვე გაჰყავთ. ალბათ, დაახლოებით ასეთივე დაბრკოლებები უშლიან ხელს თურქებს, თათრებისა და სკვითების ვრცელი ველების და კავკასიის მთიანეთის ვეება ქვეყნების თავის იმპერიისათვის შემოერთების საქმეში. ამ ქვეყნებში მცხოვრები ხალხი ქალაქებსა და გამაგრებულ ადგილებში რომ ყოფილიყო თავმოყრილი, თურქები მალე იპოვნიდნენ მათი შეზღუდვისა და თავის უღელქვეშ მოქცევის გზებს, მაგრამ როგორ დაიურვებ ისეთ ხალხს, რომელიც ყოველ თვეში ადგილს იცვლის და მთელი სიცოცხლე თავის ქვეყანაში მომთაბარეობს? რომ არ დამავიწყდეს: ყველა ის ქვეყანა, რომელიც დღეს მხოლოდ თურქებს უხდის ხარკს, დროდადრო ხარკს უხდის აგრეთვე სპარსეთსაც, რადგანაც სპარსეთის მონარქებმა იციან, თუ როგორ იყოლიონ ისინი შიშის ქვეშ – ჯარებს აგზავნიან ხოლმე იქ. აბას დიდი მთელი თავისი მეფობის განმავლობაში, 1627 წლამდე36, ზუსტად და თან გაურჯელადაც იღებდა მათგან ხარკს. ხარკი შედგებოდა აგრეთვე ორივე სქესის ყმაწვილებისაგან, რომელთაც კოლხიდა სპარსეთს აძლევდა უხსოვარი დროიდან. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვისპირეთის ამ მიდამოებში ყველა საუკუნეში იბადებოდა დიდი რაოდენობით კარგი ჯიშის ხალხი.
  სამეგრელოს მთავარი, რომელიც ამჟამად ზეობს37, მერვეა მას შემდეგ, რაც სამეგრელო იმერეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყდა. ამ მთავრებს ყველას ჰქვია „დადიანი“, რაც ნიშნავს „მართლმსაჯულების გამგებელს“; სიტყვა „დად“ სპარსულია და ნიშნავს „მართლმსაჯულებას“; აქედან გამომდინარე, პირველ სპარსელ მეფეებს ერქვათ „ფიშ-დადიან“, ე.ი. „პირველი მსაჯული“. ამით აღნიშნავდნენ, რომ ისინი ამ დიდი ქვეყნის პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ხალხმა ამოირჩია. მართლმსაჯულების შესასრულებლად და თითოეული ადამიანის ქონების დასაცავად. იმერეთის ხელისუფალი ატარებს მეფის ტიტულს. „მეფე“ და „,დადიანი“ ორთავენი თავიანთ თავს თვლიან მეფისა და წინასწარმეტყველ დავითის შთამომავლებად. საქართველოს უწინდელი მეფეებიც ამასვე ამბობდნენ; ასევე საქართველოს ხანიც ტიტულატურაში თავის თავს მეფე სოლომონ დიდის შვილის შთამომავლად იხსენიებს. იმერეთის მეფე გაგზავნილ წერილებში თავისთავს უფრო მედიდური ტიტულებით ამკობს: მეფეთ მეფედ იწოდება.
  როდესაც ჩვენი ხომალდი დადგა ისგაურის რეიდზე, როგორც უკვე ვთქვი, ჩამოვედი ნაპირზე ბერძენ ვაჭართან ერთად, რომელიც თან მახლდა. იმედი მქონდა, რომ ვნახავდი სახლებს, ცოტაოდენ ხორაგს და რაიმე დახმარებას მივიღებდი. ეს იმედი არ იყო მთლად უსაფუძვლო, რადგან ნავსადგურში შვიდი ხომალდი დავინახე, მაგრამ ძლიერ მოვტყუვდი. იქ ვერაფერი ამგვარი ვერა ვპოვე. ისგაურის სანაპირო მთლიანად ტყით არის დაფარული. ნაპირიდან ას ნაბიჯზე არის მოედანი, რომელიც სიგრძით ორას ორმოცდაათი ნაბიჯია, სიგანით კი – ორმოცდაათი. ეს არის სამეგრელოს დიდი ბაზარი. აქ გადის ქუჩა, რომლის ორივე მხარეზე ჩამწკრივებულია ორასამდე, ერთიმეორეზე გადაწნული ხის ტოტებისაგან გაკეთებული პატარა ქოხი. თითოეული ვაჭარი ერთ ქოხს იკავებს, ბინავდება შიგ და იქვე მართავს დუქანს, სადაც ისეთი საქონელი აქვს, რომელიც ორ-სამ დღეში შეიძლება გაიყიდოს. ნაყიდ საქონელს და იმ სავაჭროს, რომლის დაუყოვნებლივ გაყიდვის იმედი არა აქვთ, ინახავენ გემზე, რადგანაც ხმელეთზე მათი შენახვა ნაკლებად საიმედოა. ბაზარზე სხვა არაფერია. არც ერთი გლეხის სახლი ახლო-მახლო მიდამოებში არ არის. ჩემმა თანამგზავრმა ბაზარში მოსულ რამდენიმე კაცს სთხოვა, რომ მეორე დღეს მოეტანათ ღომი – მარცვლეული, რომელსაც პურის მაგივრად იყენებენ, ღვინო და სხვა სურსათი. გლეხები დაგვპირდნენ, მაგრამ არაფერი მოიტანეს. მე ძალიან გამიკვირდა, თანაც შევწუხდი, რომ ვერაფერი ვიშოვეთ, რადგან ჩვენი საგზლის მარაგი ამოიწურა, ხოლო ამ ბაზარზე კი არაფერი იყო, გარდა ბორკილებიანი ტყვეებისა და თორმეტიოდე შიშველ-ტიტველი გლახისა მშვილდ-ისრით ხელში, რომლებიც შიშისმომგვრელნი იყვნენ. ესენი საბაჟოს ზედამხედველებს წარმოადგენდნენ. ჩემს გაოცებას და მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც გავიგე, რომ თურქები და გურიის მთავარი თავიანთი ჯარებით სამეგრელოს დასალაშქრად მოეშურებოდნენ, თითოეულ მათგანს იარაღი აეღო ხელში და იწყებდა ბრძოლას; ისინი ძარცვავდნენ თავიანთი მეზობლების სახლებს და ყველგან, სადაც კი წააწყდებოდნენ, იტაცებდნენ ადამიანებსა და პირუტყვს. დიდი იმედი მქონდა სამეგრელოში მყოფი თეათინელი ბერებისა, როდესაც აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მათ ექნებოდათ სახლი, სადაც შევძლებდი უშიშრად დაბინავებას და ისინი მალე გამამგზავრებდნენ სპარსეთში. ისგაურიდან მათი სახლი ხმელეთით ორმოცი მილის სიშორეზე იყო, ხოლო ზღვით – ორმოცდათხუთმეტის. მისიონის პრეფექტს კაცი გავუგზავნე წერილით, რომლითაც ვაცნობე, რომ ჩამოვედი სამეგრელოში, სპარსეთში მივდივარ მნიშვნელოვანი საქმეების გამო და მაქვს სარეკომენდაციო წერილები მასთან საფრანგეთის ელჩისა, გენუის რეზიდენტისა, საბერძნეთის კაპუცინების38 წინამძღვრისა და კონსტანტინოპოლში თეათინელების წარმომადგენლისა... ვთხოვდი დაუყოვნებლივ გამოეგზავნა ვინმე, რომელიც გასამგზავრებლად სათანადო პირობებს შემიქმნიდა. ვფიქრობდი შიკრიკს ფულით დავიქირავებდი, მაგრამ მან გასამრჯელოდ ტილო მოითხოვა. ჩემი გამყოლი შეუთანხმდა, რომ ცისფერი ტილოს ორ ნაჭერს მისცემდა მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი ორდღენახევარში დაბრუნდებოდა უკან. ეს ორი ნაჭერი ტილო კაფაში ორი ფრანკი ღირდა. გემზე დავბრუნდი ძაალიან დანაღვლიანებული და შეწუხებული, რადგანაც ისეთ ქვეყანაში აღმოვჩნდი, სადაც არავითარი სურსათი არ იყიდებოდა, სადაც ფულს გასავალი არ ჰქონდა და სადაც საცხოვრებლად ბინის შოვნაც კი არ შეიძლებოდა. უამრავი ტყვე ყველა ასაკისა და ორივე სქესისა, ერთნი ბორკილგაყრილნი, მეორენი ერთმანეთზე ორ-ორად გადაჯაჭვულნი, ავაზაკური და კაცისმკვლელის სახის მქონე საბაჟოს ზედამხედველები საშინელ შიშს მგვრიდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც ყოჩაღად ვიყავი და ვცდილობდი რამდენადაც შემეძლო გამეფანტა ჩემი შიში.
  ეს მწუხარება არავისთვის გამიმჟღავნებია, არც ჩემი ამხანაგისათვის და არც ჩემი მოსამსახურეებისათვის. მხოლოდ ვთქვი, რომ თუმცა კი დამპირდნენ სურსათს, მაგრამ საჭიროა მომჭირნეობით ვიკმაროთ ის ცოტა რამ, რაც დარჩენილი გვაქვს-მეთქი.
  ომიანობის ხმამ, რომლის შესახებაც უკვე ვთქვი, ხელი არ შეუშალა ჩვენი გემის ვაჭრებს; მეორე დღეს გათენებამდე გადმობარგდნენ ხმელეთზე, თითოეულმა მათგანმა დაიკავა თითო ქოხი და თავისი საქონელი იქ მიიტანა.
  18-ში შუადღისას ჩემი გამყოლი მოვიდა გემზე და თეათინელების პრეფექტის პასუხი მომიტანა; იგი მოკლე იყო. მითვლიდა, ორ-სამ დღეში ნავით მოვალ თქვენს გემთან და რაც კი შემიძლია ყველაფერს გავაკეთებო.
  19-ში საღამოს ისგაურში თავის შესაფარებლად გამოქცეულმა უამრავმა გლეხმა მოიყარა თავი და ატყდა საშინელი განგაში. თქვეს, რომ აფხაზები, რომლებიც სამეგრელოს მთავარმა მოიწვია თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარედ, არბევენ და, სწვავენ ყველაფერს, იტაცებენ ხალხს და პირუტყვს და რომ ისინი შორს არ არიან ნავსადგურიდანო. ყველამ სასწრაფოდ იწყო, რაც კი შესაძლებელი იყო, ყველაფრის გადატანა გემების ნავებზე. გვიანღა იყო – გემები ერთი მილის სიშორეზე იდგნენ ნაპირიდან, ამიტომ მხოლოდ ორი გზის გაკეთება მოახერხეს. თითოეულმა კაპიტანმა ხმელეთზე ორ-ორი ცალი ზარბაზანი გააგზავნა. ისინი ბაზრის მისასვლელთან დადგეს და მთელი ღამე იარაღთან გაათენეს. არ შემიძლია გამოვთქვა ის დიდი მწუხარება, რომელშიც ჩამაგდო ამ უბედურმა და მოულოდნელმა შემთხვევამ. ვგრძნობდი, რომ დავკარგე წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი უნარი. განსაკუთრებით სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო კაპიტანის განცხადებამ, რომ ჯერ აფხაზებსა და ჩერქეზებთან წავიდოდა სავაჭროდ და შემდეგ დაბრუნდებოდა კაფაში. ეს ნიშნავდა ზღვაზე სამი თვის გატარებას და უკან დაბრუნებას მხოლოდ წლის დამლევისათვის. ამ წინადადებით თვალწინ მესახებოდა მდგომარეობის გაუარესება, დაღუპვის საშიშროება, სურსათის უკმარობა, მისი შოვნის აშკარა შეუძლებლობა. მაგრამ ყოველივე ეს, რასაც გარკვევით ვხედავდი, უნდა განვაცხადო, მაინც არ იყო ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა. მე ის უფრო მაფიქრებდა, რომ ჩემი მეგობრების ქონება, რომელიც, ჩემი აზრით, თითქოს უკვე გადაურჩა შავ ზღვას და თურქეთს, კვლავ საფრთხეში უნდა ჩავარდნილიყო და მომიხდებოდა გადამეტანა საყვედურები და ზიზღი ადამიანებისა, უნდა მომესმინა, თუ როგორ დამდებდნენ ბრალად ამ მოულოდნელ შემთხვევებს და ჩემს გაუფრთხილებლობას მიაწერდნენ ასეთი უბედური მოვლენების ურთიერთდამთხვევას. სასოწარკვეთილება კიდევ უფრო გამიღრმავა ჩემი მსახურების გულგატეხილობამ, წყევლა-კრულვამ, რომელსაც ისინი უგზავნიდნენ ზოგი თავის ბედს, ზოგი ქვეყანას, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, სხვები კი იმ ადამიანებს, რომლებმაც მე შთამაგონეს შავ ზღვაზე მემოგზაურა. ერთი სიტყვით, ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, რომ სიკვდილის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა. მაგრამ ღმერთმა მოწყალება გამოიღო და გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან; მან მხნეობა შთამაგონა. მე გულს ვუმაგრებდი ჩემს ხალხს, მაგრამ მათ მოთმინება დიდხანს არ ყოფნიდათ, რადგან შიმშილი, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა დროდადრო, მათში უხეშ გულფიცხობას იწვევდა.
  20-ში რეიდზე მდგარი ჩვენი და სხვა გემების ხალხი კვლავ გაემზადა სამგზავროდ. ირჩიეს დაეტოვებინათ მატყლი, მარილი, ფაიფური და სხვა მსგავსი საქონელი, ვიდრე ტყვედ ჩავარდნოდნენ აფხაზებს, რომლებიც, როგორც ამბობდნენ, ახლო იყვნენ და მართლაც ისინი ახლოს ყოფილან, რადგანაც საღამოს ათ საათზე მთელი ბაზარი ცეცხლში გახვეული დავინახეთ; მეორე დღეს, დილით, როდესაც ხალხი ამ ადგილისაკენ გაეშურა, მათ ვერაფერი ნახეს ფერფლისა და ნახანძრალის გარდა.
  როგორც კი ჩვენი ვაჭრები ნაპირზე ჩამოვიდნენ, შევეცადე მათგან მეყიდა ორცხობილა, ბრინჯი, ერბო, ხახვი და ხმელი ბოსტნეული; მაგრამ არავის სურდა არაფრის გაყიდვა იმის შიშით, რომ კაფაში დაბრუნების საშუალება აღარ ექნებოდათ. ბოლოს ფულმა იმძლავრა და შევძელი რამდენიმე ვაჭრისთვის გამომეგლიჯა სამოცი გირვანქა ორცხობილა, ცოტაოდენი ბოსტნეული, რვა გირვანქა ერბო და თორმეტი გირვანქა ბრინჯი. ეს მეტისმეტად ცოტა იყო ადამიანისათვის, მაგრამ მომჭირნეობის შედეგად უფრო დიდხანს გვეყო, ვიდრე ვფიქრობდი. გემზე უხვად იყო გამხმარი თევზი და ჩვენ თითქმის სხვას არაფერს ვჭამდით. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, როდესაც მხლებლებს უპუროდ მოვამზადებინე საჭმელი; ამ თავშეკავებას მე ვთვლიდი ბედნიერი დღის თავგადასავლად.
  27-ში დავინახე რა, რომ თეათინელების პრეფექტი არ გამოჩნდა და არ ვიცოდი, თუ რისი იმედი უნდა მქონოდა მისგან, ჩავაგონე ჩემს ხალხს, რომ საჭირო იყო ერთი მათგანი წასულიყო პრეფექტთან, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ჩვენი დაცვა იმ უბედურებისაგან, რომელიც გვემუქრებოდა, მხოლოდ მას შეეძლო ჩვენი გამოყვანა იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელიც ყოველდღიურად ორკეცდებოდა. საჭმელ-სასმელის ნაკლოვანებამ და უიმედო სასოწარკვეთილებამ უფრო დაარწმუნა ისინი, ვიდრე ჩემმა საბუთებმა. ერთმა მათგანმა თეათინელებთან წასვლის სურვილი გამოთქვა. ჩვენს გემთან იყო ანაკლიიდან მოსული ნავი: ის არის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელი, რომელიც ოცი მილით არის დაშორებული წიფურიადან, სადაც ეს წმინდა მამები ცხოვრობენ. ეს ნავი მარილით დატვირთული ჩამოვიდა. ჩემ მიერ გასაგზავნად გამზადებული მსახური ჩაჯდა ნავში, მივეცი ოთხი ოქროს დუკატი, ვერცხლი, წვრილმანი საქონელი და გავატანე ყველა სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც თეათინელების პრეფექტისათვის მქონდა. ასე მოვიქეცი იმიტომ, რომ ამდენ პირონებათა რეკომენდაციები რომელთაგან ერთნი მაღალი წოდების წარმომადგენელნი იყვნენ, მეორენი კი – თეათინელების პრეფექტის მეგობრები, აიძულებდა მას დაგვხმარებოდა იმ უკიდურეს გაჭირვებაში, რომელშიაც ვიმყოფებოდით. მე ვრცლად ავუწერე ჩვენი მდგომარეობა და შევევედრე დაგვხმარებოდა, თუ ექნებოდა ამის შესაძლებლობა. შევუთვალე აგრეთვე, რომ ჩემ მიერ წარმოგზავნილ კაცს ფული აქვს-მეთქი და ვთხოვე გამოეყენებინა იგი თავის სურვილისამებრ. ავუხსენი, რომ მისგან მხოლოდ გარჯას ვითხოვ და რომ აუცილებლად სამაგიეროს მივუზღავ.
  4 ოქტომბერს, დილით, ჩემ მიერ გაგზავნილი მსახური დაბრუნდა და თან თეათანელების პრეფექტი მოიყვანა. მე უკვე ვთქვი, რომ მისი სახელი დონ მარი ჟოზეფ ძამპია და რომ ის მანტუელია. გავეშურე მის შესაგებებლად, მივესალმე და გადავეხვიე. აი, მისი პირველი სიტყვები: „ღმერთმა შეუნდოს, ბატონო, იმათ ვინც თქვენ აქ ჩამოსვლა გირჩიათ, და ამით ამ უბედურებაში ჩაგაგდოთ... უმჯობესი იქნება, თუ პირველი შემთხვევისთანავე დაბრუნდებით კონსტანტინოპოლში“. ის სიხარული, რომელიც პატრმა თავისი ჩამოსვლით მოგვიტანა, ამ სიტყვებმა სავსებით გააქარწყლა. იგი ჩემს ქოხში შევიყვანე და ჩემი ამხანაგის თანდასწრებით ვიმსჯელეთ, თუ რა უნდა გვეღონა. პირველ ყოვლისა, მადლობა გადავუხადეთ იმ გარჯისათვის, რომელიც გასწია ასე შორიდან მობრძანებით. მან გვითხრა, რომ იგი დანიშნულ დროზე აპირებდა მოსვლას, მაგრამ აფხაზების თარეშმა და თავდასხმებმა გზები ისე სახიფათოდ აქციეს, რომ მან წამოსვლა ვერ გაბედა. შემდეგ ვუთხარი, რომ მისმა სიტყვებმა, რომლითაც მან მომმართა, როდესაც პატივი დამდო და გადამეხვია, სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო და შევევედრე ეთქვა ჩემთვის, იმისათვის ხომ არ იყო ჩამოსული, რომ თავის სახლში წავეყვანეთ. მან მიპასუხა, რომ იგი ჩამოვიდა, რათა გვემსახუროს, როგორც კი ძალუძს და რომ წაგვიყვანს თავისთან, თუ ჩვენ ეს გვსურს, მაგრამ ის მოვალედ თვლის თავს, გაგვაცნოს ის ქვეყანა, სადაც ჩვენ წასვლას ვაპირებთ. მან თქვა, რომ იქ არ არის პური და ამჟამად სურსათი სრულებით არ იშოვებაო. ჰაერი მავნეა. მე მივუგე – სარეკომენდაციო წერილი გვაქვს სამეგრელოს მთავართან-მეთქი. სრულიად არ მიფიქრია იმაზე, რაც ამ პატრმა წარმოგვისხა. ის ხიფათი, რაც სამეგრელოში გვემუქრებოდა, მერმისის საქმე იყო და არ ვიცი რატომ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ მათ აცილებას მოვახერხებდი. ჩემი სატანჯველი აწმყოში იყო, მისგან მქონდა გონება აღვსილი და გული მოწამლული. მე ვუთხარი პატრი ძამპს, რომ უბედურება, რომელიც შეიძლება სამეგრელოში შეგვემთხვეს, ყოველთვის მაინც ნაკლები იქნება იმაზე, რომელიც ჩვენ კაფაში დაბრუნების შემთხვევაში მოგველის – იგი უეჭველად დაგვღუპავს-მეთქი. ვაცნობე, რომ ჩვენ არა გვაქვს-მეთქი არც სურსათი და არც საჭმელი, რომ გემი, რომელზედაც ჩვენ ვიმყოფებით, ძველია და რომ იგი ყოველდღიურად ივსება ორივე სქესისა და ყოველნაირი ასაკის ტყვეებით, რის გამოც განძრევის საშუალებაც აღარ არის, რომ დილიდან საღამომდე ამ გემზე მოდიან აუარებელი აფხაზები და მეგრელები..., რომ გემი ორ თვეს მოუნდება კაფამდე მისვლას. ეს დრო კი შავ ზღვაზე ქარიშხალისა და გრიგალის პერიოდს დაემთხვევა, რომელიც ესოდენ მძვინვარე და ხიფათიანია ამ დროს; თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ მაინც ჩავაღწევთ კაფამდე და კონსტანტინოპოლამდეც კი, ეს ოთხ თვეზე მალე მაინც არ მოხდება. ამის შემდეგ კი ყველაფერი მაინც თავიდან უნდა დავიწყოთ, ესე იგი, კვლავ უნდა ვეძებოთ გზა თურქეთისაკენ, მოგვიწევს ისევ დაბრკოლებების გადალახვა, ისევ შეურაცხყოფა, იძულებითი საბაჟო გადასახადები; დაბოლოს, ამ დროის განმავლობაში ჩვენ არა ერთხელ ვიქნებით დაღუპვის პირამდე მისული; ასე რომ, სჯობს გადავიტანოთ ხიფათი სამეგრელოში, სადაც იგი უფრო დიდი არ იქნება და ამასთანავე არც ხანგრძლივი, რადგან სულ ოთხი დღის სავალი გზა გვექნება, ვიდრე სამშვიდობოს მივაღწევდეთ-მეთქი.
  პატრი ძამპიმ არ უარყო არც ერთი ჩემი მოსაზრება. ჩვენი ჩამოსვლა როგორც პირადად პატრი ძამპისათვის, ისე მისი მისიონისათვის მხოლოდ კარგის მომასწავებელი იყო. იგი ახლა მხოლოდ ჩვენს წაყვანაზე ლაპარაკობდა, იმაზე, თუ როგორ გავცლოდით საბოლოოდ გემს. ნავი, რომლითაც იგი ჩემმა მსახურმა მოიყვანა, ნუშასავით გრძელი იყო, მაგრამ უფრო განიერი და ღრმა. ის დაქირავებული იყო ორივე მიმართულებით სამგზავროდ. ჩავსხედით მასში მთელი ჩვენი ბარგით და სურსათით, რომელიც პატრმა ძამპიმ ას ეკიუდ გვაყიდინა გემზე. მე თვითონ ვთხოვე მას ამის შესახებ, რადგან მან უკეთ იცოდა, თუ რა უფრო ფასობდა სამეგრელოში, სადაც, როგორც უკეე ვთქვი, ფულს ისეთი გასავალი არა აქვს, როგორც საქონელს. ჩვენი ბარგი შუა დღემდე გადავტვირთეთ და მაშინვე გავუდექით გზას. ძალიან მიხაროდა, რომ შორს ვიყავი გემიდან, რომლის მყრალი სუნის ატანა უკვე აღარ შემეძლო და არც ყურება იმ საზიზღარი ცხოვრებისა და სამარცხვინო ვაჭრობისა, რომელიც იქ ხდებოდა. იგი კლოაკა და ტყვეების საპყრობილე იყო. ტყვეებს, მათ შორის ყმაწვილებსაც, ყოველ საღამოს ჯაჭვით წყვილ-წყვილად აბამდნენ; დილით ჯაჭვებს ხსნიდნენ. ეს ხმაური მოსვენებას მიკარგავდა და გულს მიწყალებდა. ყოველ დილას ნაპირზე ცეცხლს ვხედავდით. ეს იმის ნიშანი იყო, რომ იქ უკვე მიყვანილი ჰყავდათ ტყვეები ან სხვა საქონელი გასაყიდად. გემიდან გზავნიდნენ ნავს. ვისაც სურდა გემზე მისვლა, სხდებოდნენ ნავში და თან მოჰქონდათ თავიანთი საქონელი, ამოდიოდნენ გემბანზე და იწყებოდა ვაჭრობა. ომი სამეგრელოში მეტად ხელსაყრელი იყო ჩვენი ვაჭრებისათვის, რადგან აფხაზებს მათთან მოჰქონდათ გასაყიდად ნადავლი. ერთხელ ჩვენს გემზე მოვიდა მაღალი წოდების აფხაზი, შვიდი თუ რვა კაციანი ამალით... მას სამი ტყვე მოჰყავდა. ამალას კი მოჰქონდა ნადავლი; მრავალნაირ საქონელს შორის იყო ხატის ვერცხლის ჩარჩო. ჩვენს შეკითხვაზე, თუ სად იყო თვით ხატი, მათ გვიპასუხეს, რომ ხატი ეკლესიაში დატოვეს, ვერ გაბედეს მისი წამოღება, რადგან შეეშინდათ, ხატს არ დაეხოცა ისინი.
  ჩვენ გემზე იმ დროისათვის, როდესაც მე იგი დავტოვე, ორმოცი ტყვე იყო. კაპიტანი, თურქი და ქრისტიანი ვაჭრები მათ ცვლიდნენ იარაღზე, მრავალგვარ წვრილმანებსა და სხვა საქონელზე. ისინი აძლევდნენ ყველაფერს, რასაც კი მოსთხოვდნენ და მაინც ორჯერ მეტ მოგებას ნახულობდნენ. მამაკაცები, ოცდახუთიდან ორმოცი წლის ასაკამდე, ღირდა მხოლოდ თხუთმეტი ეკიუ. ორმოცზე მეტი ხნისა – რვიდან ათამდე. ლამაზი ქალწულები – ცამეტიდან თვრამეტ წლამდე – ოცი ეკიუ. სხვები უფრო იაფად ფასობდნენ. ქალები – თორმეტად, ბავშვები – სამ ან ოთხ ეკიუდ. ერთმა ბერძენმა ვაჭარმა, რომელსაც ბინა ჩემი ოთახის გვერდით ჰქონდა, ქალი ძუძუთა ბავშვით იყიდა თორმეტ ეკიუდ. ქალი იქნებოდა ოცდახუთი წლისა. ჰქონდა ულამაზესი ნაკვთები და ნამდვილი შროშანისფერი პირისახე. არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი გულმკერდი, ასეთი მრგვალი ყელი და საოცრად ნაზი ფერხორცი. ეს ლამაზი ქალი ერთდროულად ვნებასაც და სიბრალულსაც იწვევდა, ნაღვლიანად ვუყურებდი მას და ვფიქრობდი: უბედურო ტურფავ, შენ არ გამოიწვევდი ჩემში არც სიბრალულსა და არც ჟინს, მე რომ სხვა მდგომარეობაში ვიყო და თვითონ არ ვიყო მისული უდიდესი უბედურების პირამდე, თუ შეიძლება რომ მონობაზე მეტი უბედურება არსებობდეს. მე გამაოცა იმ გარემოებამ, რომ ეს ბედკრული ქმნილებანი არ იყვნენ გულმოკლულები და შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ თითქოს ვერც კი გრძნობდნენ თავიანთ ბედუკუღმართობას. როგორც კი იყიდდნენ, მათ მაშინვე გახდიდნენ ძონძებს, რომლებშიც იყვნენ გახვეულები, აცმევდნენ ახალ საცვლებს და ტანსაცმელს და აწყებინებდნენ მუშაობას. კაცებს და ბიჭებს ასრულებინებდნენ გემზე სამუშაოებს, ქალებს და ქალიშვილებს კი საკერავს აძლევდნენ. თითქოს ყველა კმაყოფილი ჩანდა ტანსაცმლითა და საჭმლით, რომელსაც მათ აძლევდნენ, სამუშაო კი დიდი ტანჯვა იყო მათთვის; ხშირად ჯოხით აიძულებდნენ ემუშავათ. რამდენიმე დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი მათ... და ჩემთვის ცხადი გახდა, რაც აქამდე გაუგებარი იყო, კერძოდ ის, რომ ჰარამხანები მათთვის წარმოადგენს მშვიდ და მყუდრო საპყრობილეს. მაშინ მე მივხვდი, რომ ისეთ არსებათათვის, როგორც მეგრელი ქალები არიან, უდიდეს სიამოვნებას უნდა წარმოადგენდეს მთელი დღეების განმავლობაში მუხლებზე თავჩარგული უქმად ჯდომა. ასეთმა ქალებმა, ვფიქრობდი მე, ცუდად არ უნდა იგრძნონ თავი კარგ სახლებში, დიდი ბაღებით, სადაც მათ უხვად ექნებათ ყველაფერი, რაც არსებობისათვის საჭიროა და სადაც არაფერს არ გააკეთებენ. მაგრამ ასე მხოლოდ ლამაზ ქალებს ექცევიან, სხვებს კი, პირიქით, როგორც ვთქვი, ჯოხის შიშით გამუდმებით ამუშავებენ. მე მგონია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის დროს მეგრელი და ჩერქეზი ქალები ბერძენ ქალებს სილამაზით დიდად არ ჩამოუვარდებოდნენ, რადგან მხოლოდ იაზონი ჩამოვიდა ამ მხარეში ქალების წასაყვანად; ახლა კი სხვა ვითარებაა – დღეს აღმოსავლეთის ყველა კუთხიდან ჩამოდიან აქ ქალებისათვის და ფასი, რომელსაც ისინი ამ ქალებში იხდიან, მათ ნამდვილ ოქროს საწმისად აქცევს.
  ქროდა ზურგის ქარი ჩვენი პატარა ნავი იალქნებისა და ნიჩბების საშუალებით მიცურავდა. მგზავრობის დროს მე მოველაპარაკე პატრ ძამპს იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელიც უნდა მიგვეღო, რათა მტერს არ ჩავვარდნოდით ხელში, მეგრელებს არ დავეხოცეთ და არ გაგვძარცვეთ. შემდეგ ლაპარაკი ჩამოვარდა იმ პიროვნებებზე, რომელთა წერილები მას გავუგზავნე. მან მითხრა, რომ საფრანგეთის ელჩის წერილი იყო იმ წერილის ასლი, რომელიც მან ძამპს გასულ წელს მოსწერა, რათა წერილობითი ცნობები ჰქონოდა კოლხების სარწმუნოების შესახებ. მან გადმომცა ეს წერილი წასაკითხად. მე წავიკითხე და გაოცებული დავრჩი ამ სარეკომენდაციო წერილში, რომელიც ძამპისათვის გადასაცემად მოგვქონდა, ჩვენ მოხსენებული კი არ ვიყავით. საგონებელში ჩავვარდი იმის გამო, რომ პატრი ძამპს ეჭვი არ შეეტანა ელჩის ჩვენდამი კეთილგანწყობილებასა და პატივისცემაში, ამიტომ ვცადე დამერწმუნებინა იგი ამაში და იძულებული გავხდი მეჩვენებინა მისთვის წერილი, რომელიც ელჩმა სამეგრელოს მთავრისათვის გადასაცემად გამოგვატანა. აი, მისი ასლი:
  „დიდად სახელგანთქმულო მთავარო,
  ჩემმა მეუფემ, საფრანგეთის იმპერატორმა,39 მიბრძანა, მისი მფარველობით დავიცვა თქვენი ინტერესები ოტომანთა კარზე, ყველა იმ საკითხებში, რომელიც კი შეიძლება წამოიჭრას. მე ძლიერ მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება დაგარწმუნოთ ამაში არა მარტო ამ წერილით, არამედ იმითაც, რასაც ამ წერილის მომტანი ბატონები შარდენი და რეზენი პირადად გადმოგცემენ. დიდად დამავალებთ, თუ ირწმუნებთ მათ ნათქვამს, იმ პატივის გავლენით, რომელიც მე მათ დავდე ამ დავალების მიცემით. იმედი მაქვს, რომ დაეხმარებით და მფარველობას გაუწევთ აღნიშნულ პირებს ყველაფერში, რაც დამოკიდებული იქნება თქვენს ძალაუფლებაზე, იმ დროის განმავლობაში რომელსაც ისინი თქვენს კარზე გაატარებენ და მაშინაც, როდესაც მოისურვებენ თქვენი სამფლობელოს დატოვებას, სპარსეთში გასამგზავრებლად. ვიმედოვნებ, რომ სიამოვნებით გაიღებთ მათდამი ამ წყალობას, ისევე როგორც ჩემდამი ნდობით გააკეთებდით ამასვე ჩემთვის სახელგანთქმულო მთავარო.
  თქვენი დიდად თაყვანიცმცემელი და უმორჩილესი მსახური დე ნუანტელი
  მისი უდიდებულესობის საფრანგეთის უქრისტიანესი იმპერატორის ელჩი ოტომანთა კარზე“.
  შუაღამისას ჩავედით მდინარე ასტოლფის40 შესართავთან. მეგრელები ამ მდინარეს ენგურს ეძახიან; იგი სამეგრელოს ერთი დიდ მდინარეთაგანია. ჩვენ აქ შევჩერდით და ორი მენავე გადავაგზავნეთ ანაკლიაში, რათა ცნობები შეეკრიბათ მტრის შესახებ, თან შეეტყოთ, რას აკეთებდნენ მცხოვრებლები, ხომ არ გაქცეულა. ანაკლია სოფელია, რომელიც ზღვიდან ორი მილით არის დაცილებული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია სამეგრელოში. აქ ასამდე სახლია, რომლებიც იმდენად შორიშორსაა ერთმანეთისაგან, რომ პირველი სახლიდან ბოლო სახლამდე მანძილი ორ მილს შეადგენს. ამ სოფელში ყოველთვის არიან ტყვეების შემსყიდველი თურქები და ნავები, რომლითაც მიყავთ ისინი. ამბობენ, რომ ეს სოფელი გაშენებულია იმ ადგილას, სადაც ოდესღაც დიდი ქალაქი იყო, რომელსაც ჰერაკლეა ერქვა41.
  5-ში, გათენებისას, ეს ორი მენავე დაბრუნდა და მოიტანეს ამბავი, რომ აფხაზები ანაკლიის ახლო მიდამოებს არ დასცემიან, რომ ისინი ანაკლიასთან თხუთმეტ მილზე ახლოს არ მისულან და რომ ყველაფერი წესრიგში არისო. პატრმა ძამპიმ სწრაფად მოუსვა ნიჩბები, რათა მალე მიგვეღწია სოფლამდე და შეუმჩნევლად გადმოგვეტვირთა ბარგი. ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც სასურვილი იყო. ჩვენ დავბინავდით ერთ გლეხთან, რომელიც ყველაზე უკეთ იყო მოწყობილი ამ სოფელში. გვქონდა ბევრი სკივრი, რომელთაგან ყველაზე დიდი წიგნებით იყო სავსე. პატრმა ძამპიმ მირჩია, როგორც კი დავბინავდებოდით, გამეხსნა იგი, ამომელაგებინა ყველაფერი ისე, თითქოს რამეს ვეძებდი, რათა იმ ხალხს, ვისთანაც გავჩერდით, არ ეფიქრა, რომ ამ სკივრებში განძეულობა ინახება და გაევრცელებინა ხმა, რომ ჩვენ ბერ-მონაზვნები ვიყავით და წიგნების მეტი არა გაგვაჩნდა რა. მე შევასრულე ეს რჩევა და თავს კარგადაც ვგრძნობდი. მასპინძლები გაოცებულნი დარჩნენ იმის გამო, რომ ამოდენა სკივრებში წიგნების გარდა არაფერი იყო.
  9-ში ერთი თეათინელი მორჩილი მოვიდა ჩვენ სანახავად. ეს იყო მთელი სამეგრელოს დასტაქარი და მკურნალი. იგი ძლიერ ამაყობდა იმით, რომ თავისი ხელობის წყალობით მიღებული იყო მთავართან და ყველა წარჩინებულთან. არაფრად აგდებდა არც პატრებს და არც პრეფექტს. მისი მოქმედება და სიტყვები გამსჭვალულიყო ზედმეტი ყოყლოჩინობით. მე მას ისე მოვექეცი და მივიღე, როგორც მის პატივმოყვარეობას ეამებოდა. იგი დამპირდა, რომ დახმარებას და მფარველობას გაგვიწევდა და გვაცნობებდა აფხაზების წასვლის ამბავს, როგორც კი ამაში დარწმუნდებოდა. მან ეს დაპირება შეასრულა. 13-ში მოვიდა, რათა ეცნობებინა ჩემთვის ფრიად სასიამოვნო ამბავი. გვითხრა, რომ წინადღით ის მთავართან ყოფილა, სადაც ეს ამბავი მისთვის უთქვამთ. გვიამბო აგრეთვე, რომ აფხაზებს წაუყვანიათ ათას ორასი კაცი, ბევრი პირუტყვი და დიდი ნადავლი წაუღიათ; დაურბევიათ ერთი თეათინელის სახლი, საიდანაც სამი ტყვე წაუყვანიათ. სამეგრელოს მთავარს აფხაზეთის მთავრისათვის ორი წარჩინებული პირი გაუგზავნია და საყვედური და მუქარა შეუთვალა, მისი ვერაგული მოქმედების გამო, რადგანაც სამეგრელოში აფსაზეთის მთავარი მოსულიყო აღთქმითა და ფიცით, რომ სამეგრელოს თურქებისაგან დაიცავდა. სინამდვილეში კი თავისი ლაშქარი გამოიყენა ამ ქვეყნის დასარბევად და ასაოხრებლად და ისე გაბრუნდა, რომ მის სასიკეთოდ არაფერი გაუკეთებია. მაცნობა რა ეს ახალი ამბები, მან პატრი ძამპს უთხრა, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლო წავსულიყავით მასთან სახლში – წიფურიაში; გვითხრა აგრეთვე, რომ მას მთავრისა და კათალიკოსისაგან ნაბრძანები აქვს მე და ჩემს ამხანაგებს მათი სახელით მოგვილოცოს კეთილად ჩამობრძანება და რომ ისინი მოგვცემენ კაცებს და ცხენებს საქართველოში წასასვლელად. გადავწყვიტეთ მეორე დღესვე აბარგება.
  ანაკლიაში ცხოვრების დროს საჭმლის ნაკლებობა არ განმიცდია; ფრინველის, გარეული მტრედების, ღორისა და თხის შოვნა შეიძლებოდა. ჩემი მსახურები ყოველივე ამას იღებდნენ ტილოს, ნემსების, საკმეველის, სავარცხლების და დანების სანაცვლოდ. სურსათი საკმაოდ იაფი იყო. ღვინო უხვად გვქონდა, რადგან რთველის დრო იყო. მხოლოდ პური გვაკლდა. ანაკლიაში ცხოვრობდა ერთი წარჩინებული ქალბატონი, სამეგრელოს მთავრის ვეზირის ქვრივი42, რომელიც ახალი დასახლებული იყო აქ. პატრმა ძამპიმ მიმიყვანა მასთან. მას მცირედი საჩუქარი მივართვი მადლობის ნიშნად და კიდევ ახალი საჩუქრების მისაღებად ეს ქალბატონი ყოველდღიურად მიგზავნიდა ნახევარ გირვანქა პურს სხვა სურსათთან ერთად. მაგალითად, ერთხელ გამომიგზავნა გარეული ღორი, მეორედ – ცვილის ნაჭერი, შემდეგ თაფლი, ხოხობი. მიგზავნიდა რა ამ მოსაკითხებს, ყოველთვის მთხოვდა რაიმე წვრილმანს, დანას, მაკრატელს, ბაბთას, ქაღალდს და, ამრიგად, ორმაგს მახდევინებდა თავის მოსაკითხში. ერთ დღეს ჩემს სანახავად თვითონ მოვიდა და ბევრი მოთაფლული სიტყვა მითხრა, თანაც უფრო მეტი საჩუქარი მთხოვა. ასეთი ვაჭრობა არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვითმენდი, რათა მქონოდა პური, რადგან არ ვიცოდი სხვაგან სად შეიძლებოდა მისი შოვნა.
  პატრმა ძამპიმ კაპუცინად გამომაცხადა. ამბობდა, რომ საქართველოში მყოფი კაპუცინების სანახავად არისო ჩამოსული და თურქეთში რომ არ ეცნოთ და უშფოთველად გაევლო ეს ქვეყანა ამიტომ არისო გადაცმული. ეს თვალთმაქცობა რომ სიმართლეს დამსგავსებოდა, დამარიგა ღარიბულად შევმოსილიყავი და თავი გლახაკად გამესაღებინა. მე საკმაოდ კარგად ვასრულებდი ამ როლს, მაგრამ ჩემი მსახურების საქციელი ხელს მიშლიდა. ჩემ მიერ მიღებულ ზომებს ეწინააღმდეგებოდა ის, რომ ისინი ეტანებოდნენ საჭმელ-სასმელს. სადაც კი კარგ საჭმელს ნახავდნენ, ყველაფერს ყიდულობდნენ და რა ფასიც არ უნდა მოეთხოვათ მათთვის – იხდიდნენ. ერთი სიტყვით, გადაჭარბებით ინაზღაურებდნენ წარსულში საჭმელ-სასმელის დანაკლისს. ეს ხელგაშლილობა ხალხს აფიქრებინებდა, რომ მე არც ისე ღარიბი ვიყავი, როგორადაც თავი მომქონდა.
  14-ში, განთიადამდე ორი საათით ადრე, ანაკლიიდან გავედით, მდინარე ასტოლფის აყოლებით გავიარეთ ორი მილი, რის შემდეგაც მთელი ჩვენი ბარგი გადავტვირთეთ ექვს ურიკაზე. სურსათი, რომელიც პატრი ძამპიმ იყიდა, ორ სხვა ურიკაზე მოვათავსეთ. რვა დატვირთულმა ურიკამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ხალხში. აქ ხალხი ჩვეული არ არის ამდენი ქონების ერთად ნახვას. ორ დღეში, მთელ სამეგრელოში ხმა გავარდა, რომ ჩამოვიდნენ ევროპელები, რომელთაც რვა დატვირთული ურემი ბარგი აქეთო. ამ ამბავს ისე დაწვრილებით ყვებოდნენ, რომ იგი გახდა მიზეზი ჩვენ თავს დატეხილი მრავალი უსიამოვნებისა, მაგრამ ამაზე შემდეგ ვილაპარაკებ. ჩვენ გავიარეთ ხმელეთით ოთხნახევარი მილი და მზის ჩასვლისას წიფურიაში ჩავედით.
  წიფურია ორი პატარა ეკლესიის სახელია, რომელთაგან ერთი მეგრელებისაა, ხოლო მეორე თეათინელებს ეკუთვნის. ეს ეკლესია მისცეს თეათინელებს შემოღობილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ეკლესია იდგა. მიწის ნაკვეთი დიდია. თეათინელებმა აქ გააშენეს ადგილობრივი ტიპის ხის სახლები. ზოგი ორსართულიანი და ზოგიც ერთსართულიანი. თითო ბერს თითო ასეთი ბინა აქვს საცხოვრებლად. ასე რომ, ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ყველაზე პატარა ქოხები სავსეა მათი ტყვეებით. აქვეა მათი მოჯალაბე გლეხების ორი ოჯახი.
  თეათინელები სამეგრელოში 1627 წ. მოვიდნენ43. ისინი მიიღეს როგორც მკურნალნი. მთავარი, რომელიც ამ დროს სამეგრელოს მართავდა, ძლიერი ყოფილა44, მისთვის უთქვამთ, რომ მისი ქვეყნისათვის მეტად სასარგებლო იქნებოდა, თუ ეს ხალხი რომლებსაც ისეთი საჭირო ხელობა აქვთ, როგორიც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაა, დასახლდებოდა აქ. მთავარმა მიიღო თეათინელები, მისცა მათ ბინა, რომელიც მათ ახლაც აქვთ, მიწები, გლეხები მიწის დასამუშავებლად და პური და ღვინო ოჯახების შესანახად. ოცდაერთი წლით ადრე კონსტანტინოპოლელმა იეზუიტებმა45 ორი თავისი თანამოძმე გამოგზავნეს ამ ქვეყანაში, მაგრამ ისინი მალე აქვე გარდაიცვალნენ, რამაც სხვები შეაშინა, ამიტომ აღარავინ მოისურვა აქ ჩამოსვლა. წარსულ წლებში თეათინელებს ჰქონდათ სახლები სათათრეთში, საქართველოში, ჩერქეზეთსა და იმერეთში. ეს სახლები მთლიანად განადგურდა და თეათინელებმა დატოვეს ეს ადგილები, დარწმუნდნენ რა, რომ რომის სარწმუნოება აქ ფეხს ვერ მოიკიდებდა, ხოლო მკურნალობა, რაც თავის პროფესიად გაიხადეს, უმძიმდათ. თეათინელები მარწმუნებდნენ, რომ ისინი ამავე მოსაზრებით დიდი ხნის წინათ კოლხიდასაც დასტოვებდნენ, მაგრამ რჩებიან აქ რომის ეკლესიის პატივისცემისათვის, რომლისთვისაც სასახელოა თავისი ხალხი ჰყავდეს მთელი დედამიწის ზურგზე, განსაკუთრებით კი მათი ორდენისათვის, რომელსაც მხოლოდ ეს მისია გააჩნია მთელ ქვეყანაზე და თუ ამასაც ვერ შეასრულებს, იგი დაკარგავს ყოველგვარ პატივისცემასო.
  წიფურიაში ჩემი ჩასვლის დროს ოთხი თეათინელი იყო. სამი მღვდელი და ერთი მორჩილი. მღვდლები მკურნალობას ეწეოდნენ, მორჩილი კი მკურნალიც იყო და დასტაქარიც. ერობაში მისი პროფესია დასტაქრობა იყო. თეათინელები ამბობდნენ, რომ სულიერი საქმიანობა, რომელსაც ისინი ეწევიან ამ ქვეყანაში, მდგომარეობს ბავშვების მონათვლაში, რომლებიც ან ცუდად, ანდა სრულიად არ არიან მონათლულები. ამის გარდა ირწმუნებიან, რომ მეგრელებთან რელიგიის სფეროში ისინი ვერაფერს აკეთებენ, ვინაიდან მეგრელებს შორს უჭირავთ თავი და არ იზიარებენ მათ რიტუალებს. ევროპელები, მათი აზრით, ქრისტიანები არ არიან, რადგან ისინი არ იცავენ ამდენ მარხვას, არ არიან მათსავით მტკიცენი და არ ეშინიათ ხატების რისხვისა. თეათინელების საკუთარი ტყვეებიც კი არ ღებულობენ მონაწილეობას რელიგიურ ცერემონიებში მათთან ერთად. თეათინელებმა, როგორც მითხრეს, ვერავის შეასწავლეს წირვის დროს მომსახურება. ბევრჯერ მინახავს როგორ ნათლავენ ისინი ბავშვებს; ნათლავენ ყველას, ვისაც კი იპოვნიან სახლებში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილან ან არ ახსოვთ აქვთ თუ არა შესრულებული ეს საიდუმლოება. რამდენიმე დღე დავყავი თეათინელების პრეფექტთან სამეგრელოს სხვადასხვა კუთხეში და ბევრჯერ ვიხილე, თუ როგორ ინათლებიან ბავშვები. როდესაც მასთან მოიყვანდნენ ავადმყოფ ბავშვს გასასინჯად, ის თხოულობდა წყალს, თითქოს ხელების დასაბანად. იბანდა ხელებს და შეუმშრალებელი თითის წვერით ეხებოდა ბავშვის შუბლს, თითქოს ამით მისი ავადმყოფობა სურდა გაეგო.
  ის ნათლავდა ჯანმრთელ ბავშვებს, ხელების დაბანის დროს აპკურებდა წყალს ისე, ვითომც ეთამაშებაო. როდესაც პირველად გავხდი ამის მოწმე, შევამჩნიე, რომ ის კბილებში სცრიდა სიტყვებს და ღიმილით მიმზერდა; შევეკითხე, რას აკეთებ-მეთქი. ეს ბავშვები მოვნათლეო, მიპასუხა; კარგი ვქენით, რომ ამ სახლში მოვედითო. სახელი რა დაარქვი-მეთქი – ვკითხე, მე მათ სახელს არ ვარქმევ, – მიპასუხა მან, – რადგან ხშირად ისიც კი არ ვიცი, ქალს ვნათლავ თუ ვაჟს; სახელი აუცილებელი არ არის, საკმარისია ერთი წვეთი წყალი მიაპკურო და გონებაში შეასრულო ნათლობის წესიო. საერთოდ თეათინელები ძალიან შესაბრალისნი არიან სამეგრელოში; მათ ძარცვავენ, ცუდად ეპყრობიან, არც პატივს სცემენ, არც ანგარიშს უწევენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავადმყოფი ან დაჭრილი საჭიროებს მათ დახმარებას.
  18-ში სამეგრელოს პრინცესა46 მობრძანდა თეათინელებთან. პრეფექტი სასწრაფოდ გაეშურა მასთან შესახვედრად. სამეგრელოს და აგრეთვე მეზობელი ქვეყნების პრინცესას უწოდებენ „დედოფალს“, რაც ქართული სიტყვაა. იგი ცხენზე იჯდა; რვა ქალისა და ათი კაცისაგან შემდგარი ამალა მოჰყვებოდა; რამდენიმე კაცი მის ცხენს აქეთ-იქით ედგა ქვეითად. ყველანი ცუდად ჩაცმულები იყვენენ და ცუდ ცხენებზე ისხდნენ. მან უთხრა პრეფექტს, რომ გაიგო იმ სანოვაგის მიღების ამბავი, რომელიც კონსტანტინოპოლიდან ყოველწლიურად ეგზავნებათ მათ და აგრეთვე ის, რომ მის სახლში გაჩერებული ყოფილან ევროპელები, რომელთაც დიდძალი ბარგი ჩამოუტანიათ, რომ ის მეტად გახარებულია ამ ამბით და სურს მათი ნახვა, რათა მათ მიულოცოს მშვიდობით მობრძანება. მე მაშინვე დამიძახეს, რათა წარვედგინეთ მისთვის. პატრმა ძამპიმ გამაფრთხილა, რომ საჭირო იყო ძღვენის მირთმევა, ასეთიაო ადათი ამ ქვეყანისა: როცა მთავარი და მისი მეუღლე გესტუმრება, მათ საჩუქრები უნდა მიართვაო. პრეფექტს ვუთხარი ეთხოვა დედოფლისათვის, თუ დამაცდიდა, ძღვენს სასახლეში მივართმევდი. მან შეიწყნარა ჩემი თხოვნა და დამთანხმდა ვადის გაგრძელებაზე. დედოფალს მოახსენეს, რომ მე ვლაპარაკობდი სპარსულ და თურქულ ენებზე. მან მოაყვანინა ტყვე, რომელმაც კარგად იცოდა თურქული და უამრავი კითხვა მომცა ჩემსა და ჩემი მოგზაურობის შესახებ. ვუთხარი, რომ ვიყავი კაპუცინი და ლაპარაკშიაც და ქცევაშიაც თავს ვაჩვენებდი ღვთის მსახურად, მაგრამ არა მგონია, რომ მისმა უდიდებულესობამ ეს დაიჯერა, რადგან უმეტესი ნაწილი მისი შეკითხვებისა ეხებოდა სიყვარულს. მან უბრძანა, ჩემთვის ეკითხათ განმიცდია თუ არა სიყვარულის გრძნობა და თუ არ განმიცდია, როგორ გავძელი სიყვარულის გარეშე, ქალის გარეშე. დიდი კმაყოფილებით მესაუბრებოდა იგი და მთელი მისი ამალა ამ თემაზე. რაც შემეხება მე, სასოწარკვეთილებაში ვიყავი ჩავარდნილი და სურვილი მქონდა, რომ დედოფალი და მისი ამალა ჩემგან ძალიან შორს ყოფილიყვნენ. ყოველ წუთს შიში მიპყრობდა, რომ მას სახლის გაძარცვა არ ებრძანებინა, რადგან სამჯერ მთხოვა მეჩვენებინა მისთვის, თუ რა ჩამოვიტანე, ხოლო თეათინელებს კი თხოვა ეჩვენებინათ სანოვაგე, რომელსაც, როგორც მე აღვნიშნე, ყოველწლიურად ღებულობდნენ ისინი კონსტანტინოპოლიდან; იგი წარმოადგენდა სხვადასხვა საქონელს. ისინი ვალდებულნი იყვნენ საქონლის ნაწილი მიეცათ მთავრისა და დედოფლისათვის, ვეზირისათვის და ქვეყნის წარჩინებულ დიდებულთათვის. პატრი ძამპი შეპირდა, რომ ჩვეულებრივ საჩუქრებს მიართმევდა მეორე დღესვე და რომ მეც მივუტანდი საჩუქარს. მადლობა ღმერთს, ამით დაიმედებული, როგორც იქნა წავიდა.
  19-ში დილით მან სადილად მიგვიწვია. მე წავედი პატრი ძამპსა და სხვა თეათინელთა6 ერთად. მისი სახლი ორი მილით იყო დაცილებული ჩვენი სახლიდან. ის მთავართან არ ცხოვრობდა. ვერ იტანდა და ჭირივით სძულდა იგი. ეს ქალი მას ძალად შეართვევინეს. დედოფალი უფრო კარგად იყო მორთული, ვიდრე წინადღით; სახეზე ფერუმარილი წაესვა და ცდილობდა ლამაზად მოგვჩვენებოდა. ტანთ ეცვა ოქრონაქარგი ფარჩის კაბა. ეხურა ძვირფასი თვლებით მორთული თავსამკაული. პირბადე მოხდენილი და უჩვეულო ფორმისა იყო. დედოფალი იჯდა ხალიჩაზე, ორივე მხარეს ცხრა თუ ათი პირისფარეში ედგა. მისი სეფექალები, როგორც თქვეს გახიზნული ყოფილან ციხე-სიმაგრეში ომიანობის გამო. დარბაზი სავსე იყო ნახევრად შიშველი ადამიანებით, რომლებიც შეადგენდნენ მის ამალას. სანამ მასთან შეგვიშვებდნენ, მომთხოვეს დედოფლისათვის მოტანილი ძღვენი. მსახურმა, რომელსაც ეს საჩუქრები მიჰქონდა, ძღვენი ამ ხალხს გადასცა. იგი შედგებოდა გენუის მაკარონისაგან, ბაფთების, ქაღალდის, ნემსების, დანების ქარქაშებისა და საკმაოდ ლამაზი მაკრატლისაგან. ყველაფერი ეს ღირდა ოცდასამი თუ ოცდაოთხი ფრანკი. მაგრამ სამეგრელოში იგი სამოც ფრანკზე მეტი ეღირებოდა. დედოფალი მეტად კმაყოფილი დარჩა. შემიპატიჯა მხოლოდ საჩუქრების დათვალიერების შემდეგ. მის ახლოს სკამი იდგა, რომელიც თურქულად მოლაპარაკე ტყვემ შემომთავაზა დასაჯდომად. პირველ ყოვლისა, მან მითხრა, რომ სურს ჩემი დაქორწინება ერთ მის მეგობარ ქალზე და რომ არ უნდა ჩემი გაშვება თავისი ქვეყნიდან, რისთვისაც სახლებს, მიწებს, ტყვეებს და ყმებს შემპირდა. შემდეგ განაახლა წინა დღით დაწყებული საუბარი, მაგრამ ამ საუბარმა დიდხანს არ გასტანა, რადგან მოახსენეს, რომ სადილი მზად არისო.
  სახლი, რომელშიაც იგი ცხოვრობდა, იდგა ხუთ თუ ექვს სხვა სახლს შუა; თითოეული სახლი ერთიმეორისაგან ასი ნაბიჯით იყო დაცილებული. სახლები არც ღობით და არც გალავნით არ იყო შემოზღუდული. წინ მოჩანდა თვრამეტი დუიმის სიმაღლის, პატარა გუმბათით გადახურული ხის ფანჩატური. ამ ფანჩატურში დააგეს ნოხები და დედოფალი დაჯდა ოთხი ნაბიჯის დაშორებით, მეორე ნოხზე, დასხდნენ მისი მოახლეები. სასახლის ურიცხვი არამზადები, რომელნიც მის ამალას შეადგენდნენ, ბალახზე წრიულად დასხდნენ. დაახლოებით ორმოცდაათი კაცი იქნებოდა თეათინელებისა და ჩემთვის ფანჩატურთან ორი გრძელი მერხი იდგა, ერთი დასაჯდომად, მეორე კი – სუფრის მაგივრად. როდესაც დედოფალი დაბრძანდა, მისმა სუფრაჯმა წინ გრძელი მოხატული ტილოს საფარი გაუშალა. მან ერთ ბოლოში დაალაგა სუფრის მოწყობილობა, რომელიც შეიცავდა ორ დიდ და ორ პატარა ჭიქას, ოთხ ლანგარს და რვა სხვადასხვა სიდიდის ჯამს, ერთ დიდ ბადიას, ერთ ჩამჩას და ერთ ქაფქირს; ყველაფერი ეს ვერცხლისა იყო. ამავე დროს სხვა მსახურებმა სუფრასთან მსხდომთა წინ დადეს ფიცარი, რაც სუფრას ცვლიდა. ერთი ფიცარი დადეს აგრეთვე ქალების წინაც. როდესაც ყველაფერი მოამზადეს, მოიტანეს ორი ქვაბი: ერთი ძალიან დიდი, რომელიც ოთხ კაცს მოჰქონდა და სავსე იყო ჩვეულებრივი ღომით, მეორე უფრო მომცრო ზომისა თეთრი ღომით სავსე, რომელიც ორ კაცს მოჰქონდა. მე უკვე ვთქვი, რომ "ღომი“ არის ფაფა, რომლითაც მეგრელები იკვებებიან ისევე, როგორც ჩვენ პურით. ორმა კაცმა ჯალამბერით შემოიტანა მრგვლად მოხარშული ღორი და ოთხმაც – თითო დიდი დოქი ღვინო. ყველაფერი ეს პირველად მიართვეს დედოფალს, შემდეგ მის მოახლეებს, შემდეგ ჩვენ და ბოლოს ამალას. გარდა ამისა, დედოფალს მიართვეს ხის პინაკი, რომელზედაც ეწყო პური და ცხარე მწვანილი მადის გასაღვიძებლად, და დიდი ვერცხლის ლანგარი, რომელზედაც ორი ფრინველი იყო, ერთი მოხარშული, მეორე კი შემწვარი, ისეთი უსიამოვნო საწებლით, რომ მე იმის ჭამა ვერაფრით ვერ შევძელი. დედოფალმა მომიკითხა პატარა ხორცის ნაჭრით და მწვანილით. შემომთავაზა ვახშმად დავრჩენილიყავი და შემპირდა ხარს დავაკვლევინებო. მაგრამ ეს წმინდა ქათინაური იყო. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გამომიგზავნა ფრინველის ორი ნაჭერი და მკითხა, თუ რატომ არ ჩამოდიან სამეგრელოში ის ევროპელი ხელოსნები, რომლებმაც ასე მშვენიერად იციან ლითონის, აბრეშუმისა და შალეულის დამზადება და რატომ ჩამოდიან მხოლოდ ბერები, რომელთაც ვერაფერში გამოიყენებ და არც სასურველნი არიანო? ამ შეკითხვამ ძალიან გამაკვირვა, რადგან დედოფალი ხმამაღლა ლაპარაკობდა და მისი ტყვეც ხმამაღლა მითარგმნიდა მის შეკითხვას თურქულად; მკითხველმა თვითონ წარმოიდგინოს, თუ როგორ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ამ შეკითხვამ აქ დამსწრე საბრალო თეათინელები. მართალი გითხრათ, ამ შეკითხვამ მეც შემაცბუნა. პასუხი გავეცი მათ და ჩემს მაგივრადაც, რადგან კითხვა მეც მეხებოდა, როგორც კაპუცინს: საუკეთესო ევროპელი ხელოსნები მუშაობენ მხოლოდ მოგებისათვის, რაც საკმაოდ აქვთ და სხვაგან ძებნა არ ესაჭიროებათ; ბერ-მონაზვნებს კი ღვთის სამსახური და სულის ცხონება აინტერესებთ და ეს მაღალი მიზანი აიძულებთ მათ დატოვონ თავისი ქვეყანა და ასე შორს წამოვიდნენ-მეთქი.
  სადილი ორ საათს გაგრძელდა. შუა ლხინის დროს დედოფალმა ფიალით ღვინო გამომიგზავნა და შემომითვალა, რომ ღვინო მისი ნაპირალია, ხოლო ამ თასიდან ჩვეულებრივად იგი სვამს ღვინოს. ასეთი პატივი მან სამჯერ დამდო. ძალიან გაუკვირდა, როდესაც დაინახა, რომ ღვინოში წყალს ვურევდი და თქვა, რომ არასდროს ასეთი რამ არ მინახავსო. თვითონ და მისი ქალები სვამდნენ წმინდა ღვინოს და საკმაოდ ბევრსაც. სადილის დასასრულს მან გამომიგზავნა კაცი და მკითხა, ჩამოვიტანე თუ არა საბაყლო და ფაიფურის საქონელი. ამდაგვარი შეკითხვებით ექვსჯერ თუ შვიდჯერ გამომიგზავნა კაცი. ამით მივხვდი, რომ ეს გაიძვერა ქალი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ სუვერენულ დედოფალს, ყურადღებით მეპყრობოდა გამორჩენის მიზნით. ყველა შეკითხვაზე ვპასუხობდი უარყოფითად. დასასრულს იგი განრისხდა და თქვა, რომ გაგზავნის თავის კაცებს ჩემი ბარგის გასასინჯად. მე ვუპასუხე, რომ ამის გაკეთება შეუძლია, როდესაც მოისურვებს. ასე იმიტომ ვუთხარი, რომ შემეშინდა უარის თქმითა და წინააღმდეგობის გაწევით არ გამეღიზიანებინა მისი სიხარბე და ამავე დროს დამეფარა ის შეძრწუნება, რომელიც მისმა მუქარამ გამოიწვია ჩემში. მაშინ მან განაცხადა, რომ იხუმრა. მე თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ დავიჯერე, მაგრამ როგორც კი სუფრიდან ავიშალენით, ვთხოვე ერთ თეათინელს, რომელიც მე მახლდა, სასწრაფოდ წასულიყო და ჩემი მეგობრისათვის ეცნობებინა დედოფლის მუქარის ამბავი, რათა ყოველ შემთხვევისათვის მზად ყოფილიყო. სადილის შემდეგ მან ისევ წამოიწყო ლაპარაკი ჩემს დაქორწინებაზე და მითხრა, რომ რამდენიმე დღეში მანახებდა იმ ქალს, რომელთანაც ჩემი შეუღლება სურდა. ისევე როგორც წინათ, ახლაც ვუპასუხე, რომ ბერ-მონაზვნები არ ქორწინდებიან-მეთქი. ამ საუბრის შემდეგ გამიშვა. საუბედუროდ, გამომშვიდობებისას დედოფალმა იმ ღარიბულ სამოსელს ქვეშ, რომელიც მე მეცვა, შენიშნა უფრო თეთრი და თხელი საცვლები, ვიდრე სამეგრელოში ატარებენ. ის მომიახლოვდა, მომკიდა მკლავში ხელი, ამიწია სახელო იდაყვამდე და კარგა ხანს ეჭირა ჩემი მკლავი და ამავე დროს დაბალი ხმით ესაუბრებოდა ერთ-ერთ თავის მოახლეთაგანს. ამან უაღრესად შემაწუხა. ამ ქალის მოქმედება არ მსიამოვნებდა და მიუხედავად იმისა, რომ მიღიმოდა, შიში მაინც არ მშორდებოდა. ყველაზე არასასიამოვნო ჩემთვის ის იყო, რომ არაფერი მესმოდა, რასაც ის ლაპარაკობდა, მაგრამ ჟესტებით ვხვდებოდი, რომ ის ჩემზე ლაპარაკობდა და თანაც დიდი გაცხოველებით. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ამ საზოგადოების წინაშე – ქალთან, რომელშიც ერთდროულად ვხედავდი სუვერენის ღირსებას და მეძავის უსირცხვილობას. საშნლად დავიბენი და ბოლოს ერთმა გარემოებამ ღრმა საგონებელში ჩამაგდო. დედოფალი მიუახლოვდა პატრი ძამპს და უთხრა: თქვენ ორივენი მატყუებთ; მე მსურს რომ თქვენ ერთად მოხვიდეთ კვირას დილით და ამ ახალმოსულმა წირვა ჩაატაროსო. პატრს უნდოდა ეპასუხა, მაგრამ დედოფალმა ზურგი შეაქცია და ჩვენ გვითხრეს წავსულიყავით.
  სახლში ძლიერ დაღონებული და დაფიქრებული დავბრუნდი. დედოფალთან საუბარმა მეტისმეტად დამაფიქრა, რადგან მის სიხარბესა და სხვა მიზეზებს შეეძლო ებიძგათ მისთვის ჩემს მიმართ ბოროტების ჩასადენად. პატრმა ძამპიმ გამაფრთხილა, რომ ეს აუცილებლად მოსალოდნელი არისო. მეც მოვემზადე. მეორე ღამეს მიწაში ჩავფალით რაც კი რამ ძვირფასი გაგვაჩნდა. ერთ-ერთი თეათინელი პატრის ოთახში ამოვათხრევინე ხუთი ფუტის სიღრმის ორმო და შიგ ჩავდე სკივრი ძვირფასი თვლებით მოჭედილი ჯიბის და კედლის საათებით და მარჯნით სავსე ყუთი. ეს ყველაფერი ისე კარგად იყო ჩაფლული, რომ სრულებით არ ჩანდა ნათხარი მიწა, შემდეგ ამავე მიზნით წავედი ეკლესიაში. პატრმა ძამპიმ მირჩია ექვსი წლის წინათ დამარხული თეათინელის საფლავის გახსნა და მისი ნეშტისთვის მინდობა პატარა ყუთისა, რომლის დამალვაც მსურდა, მაგრამ ღმერთმა, რომელმაც იცოდა, თუ რა მოელოდა ამ საფლავს, ხელი შემიშალა მიმეღო ეს რჩევა. ვარჩიე ეკლესიის ერთ კუთხეში, კარს უკან, ორმოს ამოთხრა, რომელიც ისეთივე ღრმა იყო, როგორც ოთახში და ჩავდე პატარა ყუთი თორმეტი ათასი ოქროს დუკატით. შემდეგ ჩემი საცხოვრებელი ოთახის სახურავზე დავმალე ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხმალი, ხანჯალი და სხვა ძვირფასეულობა. სახურავი ჩალისა იყო. მე და ჩემმა ამხანაგმა დავიტოვეთ დიდი ფასეულობის, მაგრამ მსუბუქი წონის ნივთები. ნაკლები ღირებულების საგნები შესანახად მივეცით თეათინელებს.
  23-ში სრულად ვიწვნიე ის, რასაც დედოფალი მიმზადებდა, როცა დამემუქრა, თქვენი ბარგის გასაჩხრეკად კაცს გამოვგზავნიო. კვირა დღე იყო. ნაწილი ამ დღისა გავატარე ლოცვასა და წუხილში იმ უბედერებათა წინათგრძნობის გამო, რომელიც გულს ლოდად მაწვა და ხიფათის გამო, რაც მოსვენებას არ მაძლევდა, გამოსავალი კი არსაიდან ჩანდა. თავს უკვე იმდენად გადაწყვეტით ვთვლიდი ტყვედ, რომ ვერც კი ვბედავდი ღმერთისათვის თავისუფლება მეთხოვა. მხოლოდ ეს შევევედრე მამაზეციერს, რომ კარგი ბატონი შემხვედროდა და გადავწყვიტე, თუ არჩევანი იქნებოდა, თურქების ბორკილები მერჩია კოლხიდელი ქალის, განსაკუთრებით კი ამ ახალი მედეას ხელში ჩავარდნას. სადილის დროს პრეფექტს მოახსენეს, ორი აზნაური ჭიშკართან გელოდებათო. ეს აზნაურები თეათინელთა მეზობლები იყვნენ. ისინი ცხენებზე ისხდნენ ჯაჭვის პერანგებში და თავით ფეხამდე შეიარაღებულები იყვნენ. მათ ახლდათ ასევე შეიარაღებული ოცდაათამდე ქვეითი და მხედარი. პრეფექტს არ გაკვირვებია მათი ნახვა ამ მდგომარეობაში და ამდენი მხლებლებით, რადგან ომიანობა იყო. ამ ორმა აზნაურმა პრეფექტს განუცხადეს, რომ ისინი მის კართან შეჩერდნენ, რადგან საუბარი სწადიათ მასთან და ახლად ჩამოსულ ევროპელებთან. ეს თქვეს, თუ არა, მაშინვე ჩამოქვეითდნენ. პრეფექტმა მე და ჩემი ამხანაგი მოგვიხმო. ჩვენ მათ შესაგებებლად გავეშურეთ, არ გვეგონა, რომ ისინი რაიმე ცუდი ზრახვებით იყვნენ მოსულნი, მაგრამ მწარედ შევცდით. როგორც კი მიუხალოვდით, თავიანთ კაცებს ჩვენი შეპყრობა უბრძანეს, ხოლო პრეფექტს და თეათინელებს, რომლებიც მათ შეეგებნენ, გამოუცხადეს, გაგვშორდით, თორემ ვინც ჩვენკენ წამოიწევს, აქვე გავათავებთო. შიშნაჭამი პრეფექტი გაიქცა. სხივებმა კი არ მოისურვეს ჩვენი მიტოვება. მორჩილი თეათინელი გვეხმარებოდა, რაც შეეძლო; მან თავი გასწირა ჩვენთვის. კისერზე დადებულმა გაშიშვლებულმა ხმალმა ვერ აიძულა იგი დავეტოვებინეთ. ჩვენი მსახურები მაშინვე შებოჭეს. ერთმა მათგანმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა და ამოიღო დიდი დანა, რომელსაც ქამარზე ატარებდა, მაგრამ მას შუბი ჰკრეჭს, წააქციეს მიწაზე, შებოჭეს და ხეს მიაბეს.
  შემდეგ ამ მკვლელებმა გამოაცხადეს, რომ სურთ ნახონ ჩვენი ქონება. მე ვუპასუხე ბატონი ბრძანდებით-მეთქი, ჩვენ საწყალი კაპუცინები ვართ და მთელ ჩვენ ქონებას წიგნები, ქაღალდები და ძონძები შეადგენს, ნუ მოგვეპყრობით ასე ულმობელად და მთელ ჩვენ ქონებას გაჩვენებთ-მეთქი. ამის გარდა სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შემეძლო, რადგან შეპყრობილი და შებოჭილი ვიყავი და ეს მკვლელები დაეპატრონენ ჩვენს ბინასა და იქ მყოფ ხალხს. ეს გადაწყვეტილება, ღვთის მადლით, საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. გამანთავისუფლეს და მიბრძანეს ჩვენი ოთახის კარი გამეღო. ეს იყო პირველ სართულზე. აქ მხოლოდ ის გვქონდა, რაც გვინდოდა ენახათ, ყველაზე ძვირფასი განძი კი ჩვენ ტანსაცმელში გვქონდა დამალული, როგორც უკვე აღვნიშნე. ჩემმა ამხანაგმა თავისი განძი ბეწვდადებული დიდი ქურთუკის საყელოში ჩააკერა, რომელიც ტანზე ეცვა. მე კი ჩემი ძვირფასეულობა ორ ქისაში ჩავდე, დავბეჭდე ისინი და შევინახე სკივრში, სადაც წიგნები ეწყო. ვერ გავბედე მათი ტანზე შემოკვრა, რადგან მოკვლის, გაძარცვის ან ტყვედ გაყიდვისა მეშინოდა. თეათინელ მორჩილს და ჩემს ამხანაგს ვუთხარი, რომ ეს ორი აზნაური გვერდზე გაეხმოთ, ლაპარაკით შეექციათ, ცოტა ფული შეეთავაზებინათ და ამით ჩემთვის დრო მოეცათ, რათა ეს ორი ძვირფასი ქისა სკივრიდან ამომეღო და სადმე გადამემალა. ასეც მოიქცნენ. მე შევედი ჩვენს ოთახში და ჩავიკეტე კარი; ჩემმა მოქმედებამ მხლებლები დააეჭვა და შეატყობინეს ამის შესახებ აზნაურებს, რომლებიც თვითონ მოადგნენ კარს. კარი შიგნიდან მაგრად იყო ჩაკეტილი. გავიგონე ჩემი ამხანაგის ხმა, რომელიც ყვიროდა ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან ჭუტრუტანიდან მითვალთვალებდნენ. ამან მაიძულა ჩემი ორი ქისა სასწრაფოდ უკან გადმომეღო სახურავიდან, სადაც ისინი გადავმალე, რადგან შემეშინდა, ვაი თუ უკვე დამინახეს-მეთქი; ჯიბეში ჩავიდე ისინი და როცა ვიგრძენი, რომ ეს მკვლელები კარს აწვებოდნენ, გადავხტი ფანჯრიდან, რომელიც ბაღს გადაჰყურებდა. ვერაფერი ვერ მაიძულებდა გამეკეთებინა ასეთი ნახტომი უფრო ნაკლებ გასაჭირში რომ ვყოფილიყავი, რადგანაც იგი თვითმკვლელობას ნიშნავდა. მაგრამ შიშით შეპყრობილი ადამიანის გონება აღარაფერს ერიდება, გარდა იმ მოვლენისა, რომელმაც თავდაპირველი შიში გამოიწვია. გავიქეცი ბაღის ბოლოში და ბუჩქებში ჩავაგდე ეს ორი ქისა. იმდენად დაბნეულია ვიყავი, რომ კარგად ვერც კი შევათვალიერე ის ადგილი, სადაც ისინი დავაგდე. მაშინვე დავბრუნდი ოთახში. იგი სავსე დამხვდა მძარცველებით. ერთნი ჩემს ამხანაგს ჩასჭიდებოდნენ, მეორენი იარაღით ამტვრევდნენ ჩემ სკივრებს. ცოტა გული მომეცა, რადგან ვიცოდი, რომ იქ ღირსშესანიშნავი აღარაფერი იყო და ვუთხარი, რომ ცოტა ფრთხილად მომქცეოდნენ, რადგან მე სპარსეთის ხელმწიფის წარმოგზავნილი ვიყავი და რომ საქართველოს მთავარი საშინელ შურს იძიებდა იმ ძალადობისათვის, რომელიც მე მომაყენეს. ვაჩვენე კიდეც სპარსეთის ხელმწიფის რაყამი. ერთმა აზნაურთაგანმა აიღო ეს ქაღალდი და მისი დახევა უნდოდა, თანაც თქვა, რომ მას დედამიწის ზურგზე არც არავისი ეშინია და არც არავისა სცემს პატივს. მეორემ შეაჩერა და დაუშალა. ვარაყით დაწერილმა და მოოქრული ბეჭდით დაბეჭდილმა წერილმა მასში რიდი გამოიწვია და ბრძანა ჩემთვის ეთქვათ, რომ ჩემი სკივრები გამეღო და ცუდს არაფერს შემამთხვევდა. მაგრამ თუ გაძალიანდებით, თავს წაგაცლითო – დამემუქრა. დამორჩილების ნაცვლად სიტყვის შებრუნება მოვინდომე, მაგრამ ეს კინაღამ ძვირად დამიჯდა; ერთმა მხლებელთაგანმა იშიშვლა ხმალი და მომიღერა კისერში დასაკრავად, მაგრამ თეათინელმა მორჩილმა მას ხელი დაუჭირა. მაშინვე გავხსენი სკივრები და დაიწყო საშინელი ძარცვა. ყველაფერი, რაც კი ამ ბატონებს მოეწონათ – დაიტაცეს.
  ამ ძარცვა-გლეჯის დროს მე ფანჯარაზე ვიყავი მიყრდნობილი. პირი ვიბრუნე, რათა სიმწარე არ მომმატებოდა, რადგანაც ბაღისკენ რომ ვიხედებოდი, შევნიშნე, ორი ჯარისკაცი ბუჩქებში დაფათურობდა, როგორც მეჩვენა, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ძვირფასეულობით სავსე ორი ქისა დავმალე. გაშმაგებული გავექანე იქითკენ. ერთი თეათინელი პატრი გამომყვა; კაცებმა როგორც კი დაგვინახეს, არ ვიცი რატომ, მაგრამ იქაურობას განშორდნენ. მაშინვე შევუდექი ქისების ძებნას. მაგრამ იმდენად ვიყავი აღელვებული, რომ ვერ შევიცანი ის ადგილი, სადაც ისინი გადავმალე. ქისები ვეღარ ვიპოვე და, ბუნებრივია ვიფიქრე მათ იპოვეს და წაიღეს-მეთქი. ქისები ოცდახუთი ათასი ეკიუს ღირებულებისა იყო და ადვილი წარმოსადგენია რაოდენ დიდ სასოწარკვეთებში ჩავვარდებოდი. იმწამსვე მოვკვდებოდი, რომ ღმერთს არ შევეწყალებინე. უფალი მფარველობდა და მისი წყალობით გაჭირვებაში მხნეობას და გონებას არ ვკარგავდი. ამ დროს გავიგონე, რომ ჩემი ამხანაგი და თეათინელი მორჩილი ხმამაღლა მეძახდნენ. გამოვედი ბაღიდან და გავეშურე ოთახისაკენ, მაგრამ ამ დროს ორმა ჯარისკაცმა ხელი მტაცა, კუთხეში მიმამწყვდიეს და ჯიბეებიდან ამომაცალეს რაც კი მქონდა. შემდეგ უნდოდათ ხელები შეეკრათ ჩემთვის. მე ვყვიროდი, წინააღმდეგობას ვუწევდი და ხელებით ვანიშნებდი, რომ თავიანთ ბატონთან წავეყვანეთ და ამ მკვლელების უფროსისათვის ვათქმევინე, რომ ჩემ წასაყვანად ან მოსაკლავად საჭირო არ არის ხელ-ფეხის შეკვრა და ყველაფერს, რასაც ისინი მოისურვებენ გამიკეთონ, მე უსიტყვოდ ავიტან-მეთთქი. გვიპასუხეს, რომ სურთ წაგვიყვანონ მთავართან, რადგან თქვენ ელჩები ხართო. მივუგე, რომ ხელ-ფეხ შეუკვრელი წამოვალთ, რომ იმედი გვაქვს მისი სამართლიანობისა, ჩვენ წერილები გვაქვს მისთვის გადასაცემად, რომლებსაც ის უსათუოდ პატივით მოეპყრობა. უკვე გვიან იყო, ღამდებოდა. მთვარის სასახლე თხუთმეტი მილის სიშორეზე მდებარეობდა. ჩვენ გაგვანთავისუფლეს, დააკავეს მხოლოდ ის მსახური, რომელმაც წინააღმდეგობა გასწია. ორი კვირის შემდეგ მე იგი ათ პიასტრად გამოვისყიდე.
  როგორც კი გავთავისუფლდი ამ ყაჩაღების კლანჭებიდან, ბაღისკენ გავეშურე. პატრმა, რომელიც ჩემ მიერ დამალული ძვირფასი ქვებით სავსე ქისების ძებნის დროს გამომყვა ბაღში, ყველას უამბო იმ უბედურების ამბავი, რომელიც, როგორც მე ვფიქრობ, თავს დამატყდა. არავის ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ჯარისკაცებმა მითვალთვალეს გამომყვნენ და ის, რაც ბუჩქებში დავმალე, მათ წაიღეს. ერთი ჩვენი სომეხი მსახური, სახელად ალავერდი (მე მას ვასახელებ იმიტომ, რომ ჩემი პირველი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ47, იგი ბევრმა ჩემმა ამხანაგმა ნახა პარიზში, და იმიტომაც, რომ ამ გაჭირვების დღეებში მან ჩემს მიმართ დიდი ერთგულება გამოიჩინა, რისთვისაც ის ქება-დიდების ღირსია), თან წამომყვა და ძლიერ გავვოცდი, როცა აცრემლებული კისერზე ჩამომეკიდა. „ბატონო, – თქვა მან, – ჩვენ გავკოტრდით". საერთო შიშმა და უბედურებამ ჩვენ ყველას ასე დაგვავიწყა თუ ვინ ვიყავით. მე იმდენად დავიბენი, რომ პირველად იგი ვიღაც მეგრელი მეგონა, რომელიც მომვარდა ყელის გამოსაჭრელად. როდესაც ვიცანი, გული ამიჩუყა მისმა გულისხმიერებამ. ვუბრძანე ნუ სტირი-მეთქი. „ბატონო, – მითხრა მან, – თქვენ კარგად ეძიეთ?" „ისე კარგად და იმდენხანს ვეძებე, რომ დარწმუნებული ვარ ჩემს უბედურებაში“ – ვუპასუხე მე. მსახური ჩემი პასუხით არ დაკმაყოფილდა. მან მოინდომა მეჩვენებინა ის ადგილი, სადაც ქისები დავმალე და დაწვრილებით მეამბნა, თუ როგორ დავმალე და შემდეგ რანაირად ვეძებდი. ამ საწყალი ბიჭის საამებლად, რომელმაც არაერთხელ დაგვიმტკიცა თავისი ერთგულება, ავუსრულე ეს თხოვნა. იმდენად ვიყავი წინასწარ დარწმუნებული ძებნის უაზრობაში, რომ არც კი მოვისურვე დავსწრებოდი ამ პროცესს. დაღამდა. მწუხარება იმდენად დამეუფლა და ამაღელვა, რომ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, სად მივდიოდი და რას ვჰგრძნობდი. უცებ ძლიერ შევკრთი, როცა კიდევ ერთხელ ვიგრძენი, თუ როგორ მომეხვია საბრალო ბიჭი კისერზე და ამავე დროს მკერდთან მჩრიდა ქისებს, რომელთაც დაკარგულად ვთვლიდი. ადვილად წარმოსადგენია, თუ როგორი ცვლილება მოხდა ჩემ სულიერ განწყობაში მათი აღმოჩენით. სულიერი სიმშვიდე, რომელიც დამეუფლა, გამოწვეული იყო არა იმ ოცდახუთი ათასი ეკიუს აღმოჩენით, რომელთაც დაკარგულად ვთვლიდი, არამედ ღვთის წყალობით, დახმარებით, სიკეთით და მფარველობით, რომელთაც მე იგი არ მაკლებდა. ამის შეგნებამ ერთ წუთში სრულიად გამომცვალა. დღევანდელი მდგომარეობა აღარ მაშფოთებდა, აღარც მომავალი მაწუხებდა. ცხადად შევიგნე, რომ მხოლოდ უფალს შეეძლო ასეთი მფარველობა გაეწია ჩემთვის, ჩამესახა რწმენა იმისა, რომ არ დავიღუპებოდი და ეს მამხნევებდა შემდეგში ყველა იმ გასაჭირში, რომელიც თავს დამატყდა.
  რადგანაც ეს ორი ძვირფასეულით სავსე ქისა გადავარჩინე, ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რაც ჩემი სკივრებიდან შეეძლოთ წაეღოთ. ჩემს ოთახში შევედი და ამხანაგს ვაცნობე ქისების პოვნის ამბავი. იგი ჩაფიქრებული დამხვდა ამ ქვეყანაში არსებული ზნე-ჩვეულებების გამო. წაღებული აღმოჩნდა ტანსაცმელი, იარაღი, სპილენძის ჭურჭელი, საცვლები და სხვა წვრილმანი. შევთანხმდით, რომ არავისთვის გაგვემხილა ორი დაკარგული ქისის პოვნის ამბავი, რათა ეფიქრათ, რომ დასაკარგი ჩვენ მეტი აღარაფერი გაგვაჩნდა. ამან კარგი ნაყოფი გამოიღო. თეათინელების მსახურებმა იფიქრეს, რომ ჩვენ მთლად გაძარცულები ვიყავით. სინამდვილეში კი რაც დავკარგეთ, ღვთის მადლით, სულ რაღაც ორმოციოდე ფრანკს არ აღემატებოდა.
  24-ში დილით თეათინელების პრეფექტმა და მორჩილმა ძმამ კათალიკოსსა და მთავართან წამიყვანეს სამართლის საძიებლად48. მათ მოისურვეს თითოეულისათვის ძღვენი მიგვერთმია. ტყუილად ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ საჩუქრის მირთმევასა და გაძარცვაზე, გაქურდვასა და წამებაზე ჩივილს შორის არ არსებობს-მეთქი არავითარი კავშირი, მაგრამ წეს-ჩვეულებამ გაიმარჯვა. კათალიკოსს მივართვი ვერცხლის დანები, კოვზები, ჩანგლები თავისი ბუდით და ქუდი, რომელიც თითონ მთხოვა სხვისი პირით. მას და მთავარს ვუჩვენე სპარსეთის ხელმწიფის ბრძანებულება და რაყამი, საფრანგეთის ელჩის წერილი კი მთავრისათვის არ მიჩვენებია, რადგან თეათინელებმა ეს საჭიროდ არ ჩათვალეს. არც ერთმა და არც მეორემ არ დააკმაყოფილეს ჩემი მოთხოვნა. მთავარმა მითხრა, რომ ახლა ომია და რომ იგი არ არის დიდებულთა მბრძანებელი; დაუმატა, რომ სხვა დროს ის ჭეშმარიტად სამართლიანობის დამცველი იქნებოდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ წართმეული ნივთები დამბრუნებოდა. კათალიკოსმაც იგივე მითხრა და შველის მაგივრად მანუგეშა. მთავარმა და კათალიკოსმა, მიუხედავად ამისა, მაინც გამოყვეს თითო აზნაური და გაგზავნეს მძარცველებთან, რათა მათი სახელით მოეთხოვათ რაც წაგვართვეს.
  ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მე ერთი მეტად მნიშვნელოვანი ამბავი გავიგე, რომ დადიანი, ანუ მთავარი, თვითონ ყოფილა მონაწილე წინადღით მომხდარი ამბებისა და ნაქურდალის ერთი მესამედი მასვე რგებია. ამ აღმოჩენამ უფრო ნათლად დამანახა ის გარდაუვალი განსაცდელი, რომელიც ჩვენ გვემუქრებოდა. ჩვენს დასახმარებლად მოწოდებული ორი აზნაური ღამის გასათევად ჩვენთან მოვიდნენ. საჭირო იყო მათთვის ძღვენის მირთმევა. მათ იმ დღეს და მეორე დღესაც ვითომ ძლიერ გამოიდეს თავი ჩვენ საშველად, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. 26-ში საღამოს ისინი დაბრუნდნენ და გამოგვიცხადეს, რომ ვერაფერს გავხდით და აღარ ძალგვიძს ამ საქმეს მივდიოთო, რადგან ცნობა მივიღეთ თურქები შემოჭრილან სამეგრელოში, ყველაფერს წვავენ და არბევენ და ამიტომ ვალდებულნი ვართ სასწრაფოდ ვეახლოთ ჩვენს ბატონებსო.
  იმდენად დამწუხრებული ვიყავი ჩემი მდგომარეობით, რომ ამ ამბისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. თეათინელები სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ: გრძნობდნენ, რომ თურქების თავდასხმა მათ მთლად ბოლოს მოუღებდა. მოვემზადეთ გასახიზნად. შუაღამისას ორჯერ გავიგონეთ ზარბაზანის ხმა. ეს იყო რუხის ციხიდან მტრის მოახლოების მაუწყებელი ნიშანი. ამ ნიშანზე ხალხმა იწყო გახიზვნა ტყეებსა და გამაგრებულ ადგილებში და თან მიჰქონდათ ყველაფერი, რაც კი შეეძლოთ.
  27-ში, გათენებისას, ჩვენც სხვებივით გავიხიზნეთ. მე ხელი არ მიხლია ნივთებისათვის, რომელთაგან ზოგი მიწაში იყო ჩაფლული, ზოგიც სახურავზე და სხვა ადგილებში იყო გადამალული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ პირობებში ისინი უფრო საიმედო ადგილას იქნებოდა, ვიდრე თან რომ წამეღო, თეათინელებს მთელი ბარგისათვის ჰქონდათ ერთი ურემი, რომელშიაც ხარი იყო შებმული, და ჰყავდათ ორი ცხენი. ურემზე დააწყვეს სახლის ავეჯი და დასვეს ორი ბავშვი. ერთ ცხენზე დაჯდა თეათინელი მორჩილი, მეორეზე ჩემი ამხანაგი, რომელიც შეუძლოდ იყო, რაც აყოვნებდა და ართულებდა ჩვენს გახიზვნას. ორი თეათინელი პატრი და მე ფეხით მივდევდით ურემს. ჩვენ გვახლდნენ ტყვეები და მსახურნი. სახლში მცველად მხოლოდ ერთი პატრი დარჩა. გადასაზიდი საშუალებების უქონლობის გამო ბევრი ნივთი სახლში დარჩა. მე დავტოვე წიგნები, დიდი ნაწილი ჩემი ქაღალდებისა და მათემატიკური ხელსაწყოები იმ იმედით, რომ არც თურქები და არც მეგრელები არ მოისურვებდნენ მათთვის თავის შეწუხებას. პატრი, რომელიც მცველად დარჩა სახლში, გაიგებდა თუ არა მტრის მოახლოების ამბავს, გარბოდა მახლობელ ტყეში და სახლში საღამოთი ბრუნდებოდა. მე აღვნიშნე, რომ ომები, რომლებსაც მეგრელები და მათი მეზობლები ეწევიან, არსებითად თავდასხმებს და ძარცვა-გლეჯას წარმოადგენს, რომელიც დიდხანს არ გრძელდება; რამდენიმე დღის შემდეგ მტერი უკან ბრუნდება. ამიტომაც არის, რომ თითოეულ ოჯახში ერთ ან ორ კაცს ტოვებენ, რათა ხელი შეუშალონ მეზობლებს, რომლებიც მიტოვებულ სახლებში საქურდლად შედიან და მიაქვთ მარცვლეული, ღვინო და სხვა, რის გახიზვნაც ვერ მოხერხდა. ზოგჯერ ამ სახლების მცველებს მტერი მოულოდნელად თავს წაადგება, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგან ფხიზლად არიან და შეუძლიათ თავი შეაფარონ დაბურულ ტყეებს, რომლებიც სულ ახლოს არის.
  მძიმე სანახავი იყო, თუ როგორ გარბოდა ეს უბედური ხალხი. დედაკაცებს მიჰყავდათ ბავშვები და მიჰქონდათ ფუთები, მამაკაცებს კი ბარგი. ერთნი საქონელს მიერეკებოდნენ, მეორენი საოჯახო ნივთებით სავსე ურიკას მიაგორებდნენ. გზაზე გვხვდებოდნენ ძალაგამოლეული ცოცხალ-მკვდარი ადამიანები. გვხვდებოდნენ მოხუცები, პატარა ბავშვები, რომლებსაც სიარული არ შეეძლოთ და საშინელი კვნესა-ტირილით ითხოვდნენ შველას. ეს იყო სასოწარკვეთილების, მწუხარებისა და ვარამის მოთქმა, რომელიც მხოლოდ მათ გულს ვერ ალბობდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ არც ჩემზე უმოქმედია ამ ამბავს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე გულქვა ვიყავი, არამედ იმის გამო, რომ თანაგრძნობის თავი არა მქონდა. ჩემმა პირადმა გაჭირვებამ ისე მომქანცა, რომ სხვისი სიბრალულის განცდა აღარ შემეძლო. ჩვენ თავი შევაფარეთ ტყეში მდგარ ერთ ციხე-სიმაგრეს, როგორიც მე აღვწერე. იგი ეკუთვნოდა ერთ ბატონს, რომელსაც სახელად საბახტარი ერქვა49. იგი გამაჰმადიანებული ქართველი იყო, რომელიც შემდეგ კვლავ ქრისტიანობას დაბრუნებია. ის არ ჩანდა ისეთი გაიძვერა და ავაზაკი, როგორც სხვები. ჩვენ მასთან მივედით, ტალახსა და ლაფში ხუთი მილის გავლის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ჩვენი ურემი გზაში სამუდამოდ ჩარჩებოდა; მართლაც და, ორჯერ მაინც მოგვიხდა მისი განტვირთვა და დატვირთვა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ორჯერ კინაღამ გაგვძარცვეს და დაგვხოცეს. ასე რომ, მუდმივ განსაცდელში ვიყავით. როდესაც მივაღწიეთ ამ ციხეს, მასპინძელმა კარგად მიგვიღო. თეათინელმა პატრებმა უთხრეს, რომ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელმაც პატივისცემის დაფასება იცისო. მან მოგვათავსა ისეთ უხეირო და პატარა ქოხში, რომ იქ ცხოვრება ღია ცის ქვეშ ყოფნას უდრიდა, რადგან ყოველი მხრიდან გვაწვიმდა. მაგრამ ესეც დიდი მოწყალება იყო, რადგან არ გავერიეთ იმ ურიცხვ გაჭირვებულებში, რომლებიც ერთიმეორეზე იყვნენ მიყრილნი. როდესაც ჩვენ მივედით, ციხე ხალხით იყო გავსებული. აქ რვაასი სული იმყოფებოდა, თითქმის ყველა ქალი და ბავშვი.
  სანამ განვაგრძობდე თხრობას ჩემს შემდგომ ფათერაკებზე, მოგითხრობთ ოსმალების შემოსევის მიზეზზე და აგრეთვე იმაზე, რაც გავიგე სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის ხალხების ბოლო ომების შესახებ, რომლებშიაც მათი სასტიკი მეზობლები თურქები და სპარსელები ერეოდნენ. აქ ისეთი ამბებია აღწერილი, რომლებიც ისტორიაში შეტანის ღირსია. ყველაზე პატარა და ნაკლებად მნიშვნელოვანი სახელმწიფოები დაუსრულებლად ახდენდნენ ტრაგიკული ხასიათის გადატრიალებებს. როდესაც ისტორიის ამ ნაწილს წაიკითხავდენ, ვფიქრობ, არ გამამტყუნებენ აქაური მცხოვრები ხალხის გადაჭარბებით ცუდად შეფასებაში. მათი ზნე-ჩვეულების უბრალო და პირუთვნელი აღწერა გამამართლებს მკითხველების თვალში.
დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში
  სამეგრელოს ყველაზე ცნობილი მთავარი, მას შემდეგ რაც იგი აუჯანყდა იმერეთის მეფეს, იყო დღევანდელი მთავრის ბიძა, ლევან დადიანი. იგი იყო მამაცი, დიდსულოვანი, ჭკვიანი, საკმაოდ სამართლიანი და ყველა თავის საქმიანობაში ბედი წყალობდა. მან ომი გამოუცხადა თავის მეზობლებს და გაიმარჯვა. ეს მთავარი ნამდვილად საუცხოო ადაჭმიანი იქნებოდა, რომ იგი კარგ ქვეყანაში დაბადებულიყო, მაგრამ მის ქუეყანაში არსებული მრავალცოლიანობისა და ახლობელი ნათესავების ცოლად შერთვის წესმა მიიყვანა იგი ყოველგვარ ზომას გადასულ ქმედობამდე, რამაც მისი დიდება დასცა.
  ლევანი პატარაობიდანვე ობლად იზრდებოდა. მისმა მამამ სიკვდილის წინ მას მეურვედ დაუნიშნა თავისი ძმა. მას ერქვა გიორგი. ის იყო სალიპარტიანოს50 სუვერენული მთავარი, ქვეყნისა, რომელიც მდებარეობს შორს – კავკასიის მთებში. იგი ერთგულად ზრუნავდა თავის მეურვეობაში მყოფ ძმისწულზე. შესანიშნავად აღზარდა და ბრძნულად მართავდა სამეგრელოს, სანამ ლევანი მცირეწლოვანი იყო.
  ოცდაოთხი წლის ასაკში ლევანმა შეირთო აფხაზეთის მთავრის ასული, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. ეს იყო მეტად ლამაზი და ჭკვიანი დედოფალი, მაგრამ მას ბრალად დასდეს ქმრის ღალატი. შეიძლება ეს შურისძიებით იყო გამოწვეული, მისი ქმრის აშკარა ყოველდღიური ღალატის პასუხად. იმ ქალებს შორის, რომლებიც მას მოსწონდა, იყო მისი ბიძის – გიორგის ცოლიც, ბიძისა, რომელიც მას მეურვეობდა და რომლისგანაც ის მეტად დავალებული იყო. მას ერქვა დარეჯანი და წარმოშობით დიდგვარიანი ჭილაძის ოჯახიდან51 იყო. დარეჯანი არაჩვეულებრივად ლამაზი და ასევე უზომოდ ბოროტი და პატივმოყვარე იყო. ის არ დაკმაყოფილდა ცოლქმრული ერთგულების დარღვევით და ორი წლის განმავლობაში სისხლაღრევითი კავშირით ქმრის ძმისწულ მთავართან; მან ამ ხნის განმავლობაში შთააგონა მთავარს, რომ მოეტაცნა და შეერთო იგი და განქორწინებოდა თავის ცოლს. ლევანმა ეს მოთხოვნა შეასრულა. ეს მრუში დედაკაცი მოიტაცა ქმრის ოჯახიდან და შეირთო ცოლად. რვა დღის შემდეგ აფხაზეთის მთავარს უამალოდ და სირცხვილნაჭამი გაუგზავნა თავისი ასული, რომელსაც ყურები, ცხვირი და ხელები ჰქონდა დაჭრილი. ასეთი უკიდურესი სისასტიკის გასამართლებლად მან ცოლს ბრალად დასდო ღალატი ვეზირთან, რომელსაც პაპუნა ერქვა და რომ ყველა დაერწმუნებინა ამაში, ცოლის დასახიჩრებასთან ერთად ვეზირი ზარბაზანში ჩაატენინა52; მიუხედავად ამისა, ყველა ირწმუნებოდა, რომ დედოფალსა და ვეზირს შორის არავითარ ბოროტებას არ ჰქონია ადგილი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭილაძის სიავისა და ეჭვიანობის შედეგი იყოო, რასაც ლევანმა მსხვერპლად შესწირა თავისი ცოლი და ვეზირი.
  ამ ბოროტი ქალის სიყვარულმა კიდევ ბევრი იმსხვერპლა, მაგრამ მისი პატივმოყვარეობა უკიდურესობამდე მიდიოდა. ლევანმა თვითონ მოწამლა თავის პირველ ცოლთან შეძენილი ორი ვაჟი. ეს არაადამიანური საქმე მან ჩაიდინა ჭილაძის შთაგონებით, რომელსაც უნდოდა, რომ ტახტის მემკვიდრენი ყოფილიყვნენ მისი შვილები, რომლებიც მას ლევანისაგან ეყოლებოდა.
  მთავარ გიორგის თავისი ცოლი, მიუხედავად მისი ღალატისა და ბოროტებისა, მაინც უყვარდა. მისმა მოტაცებამ იგი საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ორმოცი დღე, აქაური წესის თანახმად, ძაძებს ატარებდა ისევე, როგორც მიცვალებულზე ატარებენ ხოლმე. ამის შემდეგ იარაღი აიღო ხელში და თავს დაესხა თავისი ძმისწულის მიწა-წყალს. ლევანი ძალიან მამაცი იყო და კარგი ლაშქარიც ჰყავდა. მან გიორგი აიძულა გახიზნულიყო მთებში, სადაც იგი მალე სევდისა და მწუხარებისაგან გარდაიცვალა.
  შურისძიება სწყუროდა აფხაზეთის მთავარსაც იმ შეურაცხყოფისა და შერცხვენისათვის, რომელიც მას მიაყენეს მისი ასულის ასეთ დღეში ჩაგდებით. მაგრამ არც ეს შურისძიება დამთავრებულა წარმატებით. მან შეკრიბა თავისი ძალები და სამეგრელოს მთავართან ომი დაიწყო53. ომი მის სასარგებლოდ არ მიმდინარეობდა, მაგრამ მან არ ისურვა არც სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, არც დროებითი ზავი და ომი მხოლლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა გაიგო ამ ბარბაროსი სიძის სიკვდილი.
  ლევანის წინააღმდეგ აღსდგა მესამე უფრო სასტიკი მტერი, მაგრამ ასევე წარუმატებლად; ეს იყო მისი ღვიძლი ძმა იოსები. იგი გამოესარჩლა თავისი ბიძის – გიორგი და აფხაზეთის მთავრის სამართლიან გულისწყრომას და განიმსჭვალა შურისძიებით, გადაწყვიტა დამნაშავე მოეკვლევინებინა. ამ მიზნის განსახორციელებლად ამოირჩია ერთი მცველი, წარმოშობით აფხაზი. მთავრის მერიქიფეც შეთქმულებას უჭერდა მხარს. შეთქმულება შემდეგნაირად უნდა წარმართულიყო: იოსები სადილად სასახლეში უნდა მისულიყო; აფხაზი მცველი მთავრის უკან ფეხზე უნდა მდგარიყო შუბით ხელში. როდესაც მთავარი პირთან მიიტანდა ღვინით სავსე დიდ თასს, რომელსაც ჩვეულებრივად მეგრელები ლხინის დასასრულს სვამენ ხოლმე, მერიქიფეს ნიშანი უნდა მიეცა აფხაზისათვის, რომელიც ამ დროს შუბს ჩასცემდა მას. შეთქმულების განხორციელებას აღარაფერი უკლდა, როცა ის ჩაიფუშა, რადგან ღვთის სამართალმა განსაჯა, რომ ლევანის ბოროტმოქმედებანი თვითონ ქცეულიყვნენ მის მკვლელად და ჯალათად, რომლებმაც დიდხანს ვერ მოუღეს მას ბოლო. მან შეამჩნია, რომ მერიქიფე ნიშანს იძლეოდა და, თითქოს ვიღაცამ შთააგონაo, დავარდა ძირს ისე, რომ ლახვარი მას არ შეხებია; აფხაზი გაიქცა, მერიქიფე შეიპყრეს, აწამეს და აკუწეს მას შემდეგ, როცა ათქმევინეს ყველაფერი, რაც შეთქმულების შესახებ იცოდა. იოსებს თვალები დასთხარეს და იგი მალე გარდაიცვალა. მას დარჩა ვაჟი, რომელიც დღეს სამეგრელოს მთავარია.
  ლევანს სამი შვილი ჰყავდა სისხლაღრეული ქორწინებიდან, ორი ვაჟი და ერთი ქალი, რომელთა ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა მათი მამის ბუნების საწინააღმდეგო კავშირმა. სამივენი დამბლადაცემულები იყვნენ. მათ განსაკურნავად ყოველგვარ საშუალებას მიმართავდნენ: იწვევდნენ ადგილობრივ მკურნალებს, თეათინელებს; მთავარმა კონსტანტინოპოლიდან ცნობილი ბერძენი მკურნალი მოიწვია, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. უმცროსი ვაჟი და ქალიშვილი გარდაიცვალნენ დაახლოებით ოცი წლის ასაკში; უფროსმა ვაჟმა, რომელსაც ალექსანდრე ერქვა, უფრო მეტ ხანს იცოცხლა54, ცოლიც შეირთო და შვილიც ეყოლა. მისი ცოლი გურიის მთავრის ასული იყო. დაქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მას შეეძინა ვაჟი და მალე გარდაიცვალა ჯერ კიდევ მამის, ლევანის, სიცოცხლეში.
  ლევანი გარდაიცვალა 1657 წელს55. მისი სიკვდილის შემდეგ ჭილაძემ ტახტის მემკვიდრედ თავისი ვაჟი გამოაცხადა, რომელიც პირველი ქმრიდან ჰყავდა, თუმცა ხალხი ამ ვაჟის მამად ლევანს თვლიდა. ამ ახალგაზრდა მთავარს, რომელსაც ვამეყი ერქვა56, დიდხანს არ სჭერია ტახტი. საქართველოს იმ ნაწილის მეფისნაცვალმა, რომელიც სპარსეთის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა57, ლევანის კანონიერ მემკვიდრეს ჩამოართვა მთავრის ღირსება მას შემდეგ, რაც დაიპყრო სამეგრელო და იმერეთი. რადგან ეს დაპყრობა არის ბუნებრივი და აუცილებელი შედეგი იმდროინდელი მოვლენებისა, მე საჭიროდ ვთვლი შევჩერდე მასზე.
  იმერეთის განსვენებულ მეფეს, ალექსანდრეს, რომელიც 1658 წ. გარდაიცვალა58 ორი ცოლი ჰყავდა; პირველი იყო გურიის მთავრის ასული თამარი, რომელთანაც მას ერთი ქალი და ერთი ვაჟი ჰყავდა. ამ ცოლს ალექსანდრე გაეყარა, რადგანაც იგი ხშირად ღალატობდა. ვაჟი, ბაგრატ-მირზა დღეს იმერეთის მეფეა59, ასული – სამეგრელოს დედოფალი60. ეს ის დედოფალი გახლავთ, რომლის შესახებ მე საკმაოდ ვილაპარაკე და რომელსაც ჩემი გაქურდვა და ჩემთვის ცოლის შერთვა უნდოდა. ალექსანდრეს მეორე ცოლი, დარეჯანი, ახალგაზრდა დედოფალი, ასულია დიდებული და სახელოვანი თეიმურაზ ხანისა, საქართველოს უკანასკნელი სუვერენული მეფისა61. ალექსანდრეს დარეჯანთან შვილი არ ჰყოლია. ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ ალექსანდრე გარდაიცვალა. როგორც სასწაულზე, ისე ლაპარაკობდნენ დარეჯანის სილამაზესა და მიმზიდველობაზე. თავისი გერის ბაგრატის, ტახტზე ასვლისთანავე დარეჯანმა მისი ცოლობა მოინდომა და სცადა მისი დაყოლიება. ბაგრატი მხოლოდ თხუთმეტი წლისა იყო; ამიტომ დარეჯანის მომხიბლავ სილამაზეს ჯერ კიდევ არ შეეძლო განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინა მის გულზე, ხოლო მისი ქვეყნის ადათებს იგი ჯერ კიდევ არ გაეფუჭებინათ. ამ წინადადებამ საშინლად იმოქმედა მასზე და ზიზღით უპასუხა. დარეჯანი, დარწმუნდა რა, რომ ტახტს ვერ დაიკავებდა, მან ბაგრატს შერთო თავისი ნათესავი თორმეტი წლის ნესტან-დარეჯანი, თეიმურაზ ხანის ძმის, დათუნას, ასული62. როგორც უკვე ვთქვი, ბაგრატმა თხუთმეტი წლის ასაკში შეირთო ცოლი. ამ გზით დარეჯანი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის ხელში ჩაგდებას და მეფე-დედოფლის მუდმივი მეურვეობის უფლების მოპოვებას ფიქრობდა. ბაგრატი, მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, მიუხვდა თუ რა ზრახვები ამოძრავებდა დედინაცვალს და ერთ დღეს მის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. დარეჯანმა შესძლო დაემალა თავისი ზრახვები, ბაგრატი დააწყნარა და დაარწმუნა, რომ მას ძალაუფლება არ აინტერესებდა. მთავარი კეთილი და უბრალო ადამიანი იყო. მან ადვილად დაუჯერა დარეჯანს, კვლავ ნდობით განიმსჭვალა მისდამი და ვერ მიხვდა, რომ დარეჯანი ხიფათს უმზადებდა. დარეჯანმა თავი მოიავადმყოფა და მეფეს თხოვა მის სანახავად მობრძანებულიყო. ბაგრატი დაუეჭვებლად მივიდა მასთან. შევიდა თუ არა ოთახში, იქ ჩასაფრებულმა კაცებმა ბაგრატი დაიჭირეს და შებოჭეს. დარეჯანმა ბრძანა სწრაფად წაეყვანათ იგი ქუთაისის ციხეში, რომელიც ქვეყნის მთავარ ადგილს წარმოადგენდა და რომლის უფროსი მისი კაცი იყო. თვითონაც მაშინვე ციხე-სიმაგრისაკენ გაემართა, დაიბარა ყველა მისთვის სანდო დიდებულები და ხუთი დღის განმავლობაში ეთათბირებოდა მათ, თუ როგორ მოქცეოდა მეფეს. ერთნი ურჩევდნენ მის მოკვლას, მეორენი – თვალების დათხრას. მიიღეს უკანასკნელი რჩევა და ბაგრატი დააბრმავეს. ეს მოხდა ბედუკუღმართი მთავრის დაქორწინებიდან რვა თვის შემდეგ. ამბობდნენ, რომ საბრალომ ვერც კი მოასწრო ნამდვილი ქმარი გამხდარიყოო.
  დარეჯანის მომხრე დიდებულებს შორის იყო ერთი, სახელად ვახტანგი, რომელიც მას თავდავიწყებით უყვარდა63. დარეჯანი მითხოვდა მას და მეფედ აკურთხა იგი იქვე, ციხეში. მისთვის ასეთი უპირატესობის მინიჭებამ შეურაცხყო და გაანაწყენა დიდებულები, ისინი ჩამოსცილდნენ დარეჯანს, მიემხრნენ მის მოწინააღმდეგე პარტიას, იარაღი აიღეს ხელში და მოუწოდეს დახმარებისათვის გურიის და სამეგრელოს მთავრებს, დაპირდნენ რა სახელმწიფოს მიცემას მას, ვინც პირველი მოვიდოდა მათ დასახმარებლად. ყველაზე წინ მოვიდა ვამეყ დადიანი თავისი ქვეყნის მთელი ძალებით. მალე მის ხელში აღმოჩნდა ყველაფერი, რასაც დარეჯანი ფლობდა, გარდა ქუთაისის ციხისა. მასაც ალყა შემოარტყა, მაგრამ არტილერიის უქონლობის გამო ალყაშემორტყმულებთან ვერაფერი გააწყო და უშედეგოდ მოძრაობდა აქეთ-იქით. მათ დამორჩილებას დიდი ხანი დასჭირდებოდა, რომ ერთ დიდებულს, სახელად ოტია ჩხეიძეს64 ცბიერება არ ეხმარა. მან გონებაგამჭრიახობით გააკეთა ის, რის გაკეთებაც ძალით ვერ მოხერხდა. იგი შევიდა ციხეში, დარეჯანს თავი მოაჩვენა, თითქოს სამეგრელოს მთავრის მიერ დაჩაგრული და გაძევებულია და მოკლებულია თავშესაფარს, მუხლმოდრეკით სთხოვა შეწყნარება და მფარველობა ამ მთავრის შურისძიებისაგან. დარეჯანი მახეში გაება. მან ირწმუნა ყოველივე ის, რასაც ოტია ეუბნებოდა, ხედავდა რა, თუ როგორ მხურვალე გულწრფელობას ამჟღავნებდა იგი მისი ინტერესებისადმი მან ოტია გაგზავნა იმხანად თბილისის ეპისკოპოსის და საქართველოს კათალიკოსის სახელით ჩამოსულ თავის მრჩევლებთან, რომელნიც სინამდვილეში გამოგზავნილი იყვნენ ამ ქვეყნის მეფისნაცვლის მიერ, რომელსაც ეშინოდა, რომ იმათ, ვისაც დარეჯანი ენდო, არ ეღალატათ მისთვის. შემოპარულმა კაცმა გააბრიყვა ეს განათლებული ხალხი: მან მათი თანდასწრებით მოახსენა დარეჯანს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს – დახმარებისათვის მიმართოს თურქეთს რათა სამეგრელოს მთავარი გააძევოს, წაართვას რაც კი წაიღო და მშვიდობით იმეფოს; ამისათვის აუცილებელია მისი მეუღლის, ვახტანგის, კონსტანტინოპოლში გაგზავნა დახმარების სათხოვნელად და გვირგვინის დასამტკიცებლად; იმერეთის სამეფო ხომ პორტას მოხარკეა და თურქეთის სულთანს უფლებაც აქვს და საჭირო ძალებიც გააჩნია აქ მშვიდობის დასამყარებლად და მეფის დასანიშნად. დარეჯანი მოიხიბლა ამ რჩევით, და როდესაც ოტიამ შესთავაზა მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება – ვახტანგის ხლება კონსტანტინოპოლში, იგი მუხლებში ჩაუვარდა მას და სიტყვებით ვერ გამოეთქვა ის მადლიერების გრძნობა, რომლითაც გული ჰქონდა სავსე. ვახტანგმა მხოლოდ ორი კაცი გაიყოლა თან, რათა უფრო სწრაფად და შეუმჩნევლად ევლო. მისმა ცბიერმა მეგზურმა ოტია ჩხეიძემ იგი ციხიდან დაღამებისას გამოიყვანა და მიხვეულ-მოხვეული გზებით ერთ საათში მეალყეების ბანაკში ამოაყოფინა თავი. სამეგრელოს მთავარმა ბრძანა მაშინვე თვალები დაეთხარათ მისთვის და იმავე ღამეს აცნობა დარეჯანს, რომ მისი ქმარი დატყვევებული და თვალებდათხრილია. ამ ამბავმა ისეთი ლახვარი ჩასცა დარეჯანს, რომ მხნეობა და სიმტკიცე დაკარგა და მალე ციხეც დათმო, რომელიც მტრებმა გაძარცვეს. ამბობენ, რომ სამეგრელოს მთავარმა აქედან დიდი სიმდიდრე გაიტანაო, მათ შორის, თორმეტი ურემი ვერცხლის ჭურჭელი და სხვა საოჯახო ნივთები. იმასაც ამბობენ, იმერეთის მეფეებს იმდენი ვერცხლის ნივთები ჰქონიათ შეგროვილი, რომ მათ სასახლეში თითქმის ყველაფერი მასიური ვერცხლისა ყოფილა, თვით კიბეებიც თავისი საფეხურებით ეს ადვილად დასაჯერებელია ისეთი ქყვეყნის მიმართ, რომელიც ვაჭრობის მხრივაც განვითარებული ქვეყანა იყო და ემეზობლებოდა ძველ დროში უმდიდრეს ქვეყნებს, სადაც ფულის მიმოქცევა იმ დროს არ იყო; დღესაც იგი ნაკლებად არის ხმარებაში. სამეგრელოს მთავარმა თან წამოიყვანა იმერეთის მეფეც და დედოფალიც – ბოროტი დარეჯანი და მისი უბედური ქმარი – ვახტანგი, ხოლო ორივე პრელატი სირცხვილნაჭამი გაუშვა საქართველოს მეფისნაცვალთან, რომელმაც ისინი მრჩევლებად გამოუგზავნა დარეჯანს.
  საქართველოში მეფისნაცვალი იყო შაჰნავაზ-ხანი65. იგი ამ ქვეყნის უკანასკნელი სუვერენული მფეების შთამომავალი იყო. მან მაჰმადიანობა მიიღო, რათა მეფისნაცვალი გამხდარიყო, როგორც სპარსეთის ქვეშევრდომი. ჰყავდა მხოლოდ ორი კანონიერი ცოლი66 – ორივე ქრისტიანი, ერთ-ერთი მათგანი – მარიამი67 სამეგრელოს მთავრის, ლევანის და იყო; ეს ის ლევანია, რომლითაც მე ამ ისტორიის თხრობა დავიწყე. მარიამმა როგორც კი გაიგო, რომ ბოროტმა ჭილაძემ თავიდან მოიცილა ტახტის კანონიერი მემკვიდრე და ტახტზე აიყვანა თავისი შვილი, რომელიც მას ლევანთან დაქორწინებამდე ჰყავდა, თავის ქმარს სთხოვა დაეცვა მისი ძმისწულის უფლებები და დაებრუნებინა მისთვის ტახტი, რომლის კანონიერი და ნამდვილი მემკვიდრე იგი იყო. საქართველოს მეფისნაცვალს თავდაპირველად არ სურდა ამ საქმეში ძალის გამოყენება. სამეგრელო თურქეთის სულთნის მოხარკე იყო, ამიტომ მას არ შეეძლო ომის დაწყება სპარსეთის ნებართვის გარეშე და არ იცოდა რა გზით მიეღო იგი. მაგრამ მალე მოხერხებული შემთხვევა მიეცა; როგორც კი სამეგრელოს მთავარი იმერეთის სამეფოში შევიდა, რაც ახლახან აღვნიშნე, დარეჯანმა, რომელიც საქართველოს მეფისნაცვლის ნათესავი და მასთან აღზრდილი იყო, მისმა მეუღლემ ვახტანგმა და მისმა მომხრე დიდებულებმა მეფისნაცვალს შესთავაზეს ტახტზე დაესვა მისი უფროსი ვაჟი – არჩილი68, იმ პირობით, თუ იგი მეგრელებს განდევნიდა. ეს წინადადება მეფისნაცვალმა აცნობა სპარსეთის ხელმწიფეს და შეჰპირდა, რომ იგი ამ სამეფოს და სამეგრელოსაც მის სახელმწიფოს შეუერთებდა, თუ იგი მათი დაპყრობის ნებას დართავდა. მისმა უდიდებულესობამ თანხმობა შემოუთვალა. შაჰნავაზ-ხანმა მაშინვე შეკრიბა ჯარი და გაემართა იმერეთისაკენ. იმერეთში შესვლისთანავე შეიტყო, რომ ერთმა ქართველმა დიდებულმა ისარგებლა რა მისი არყოფნით, აჯანყება მოაწყო და ქვეყნის დასარბევად ემზადებოდა. იგი უკანვე გამობრუნდა, თავისი ჯარი მის წინააღმდეგ დაძრა. გამოიწვია ბრძოლაში, მოკლა და შემდეგ კვლავ იმერეთში დაბრუნდა69.
  ამ სამეფოს დიდებულებმა, რომლებმაც იგი მოიწვიეს, ოთხი ათასი კაცი შეკრიბეს. ეს დიდძალი ჯარია ისეთი პატარა სახელმწიფოსათვის, როგორიც ის არის. ეს ჯარი ყოველდღიურად მატულობდა. ერთნი ომში მიდიოდნენ იმიტომ, რომ ძალაუფლების დაკარგვისა ეშინოდათ, მეორენი – სიმამაცის გამოჩენის სურვილით აღტყინებულნი. არც სამეგრელოში და არც იმერეთში ამ ჯარისათვის თითქმის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მთავარმა ვამეყმა თავი შეაფარა სვანებს, რომლებიც კავალერიისათვის მიუვალ კავკასიის მთებში ცხოვრობენ. ასე რომ, ქართველ მეფეს ქვეყნის ძარცვის მეტი არა გაუკეთებია რა; დიდი ნადავლი წაიღო როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნიდან. ამბობენ, რომ მან აქ შეაგროვაო დიდი ნაწილი იმ ოქროვერცხლის ჭურჭლისა, რომლითაც სავსეა მისი სახლი. სამეგრელოს მთავრად მან გამოაცხადა ლევანის შვილიშვილი, თავისი ცოლის ძმისწული, რომელიც ამ სამთავროს კანონიერი მემკვიდრე იყო70, და იგი ერთ-ერთ თავის ძმისწულზე დანიშნა, რომელიც მასთან უნდა გაეგზავნა71. შემდეგ მან იმერეთის მეფის გვირგვინი დაადგა თავის უფროს ვაჟიშვილს – არჩილს; არ იცოდა მხოლოდ რა გზით მოეშორებინა თავიდან ვამეყი, რომელიც მისი შიშით მთებში გაიხიზნა. მას არ უნდოდა ეს ლტოლვილი მთებში დაეტოვებინა, რადგანაც მისი წასვლის შემდაეგ ვამეყს შეეძლო ჩამოსულიყო მთებიდან და ახლად დასმული მთავრებისათვის უსიამოვნება მიეყენებინა. იგი ამ მდგომარეობიდან გამოიყვანა ერთმა იმერელმა დიდებულმა, რომელსაც სახელად ხოსია ერქვა72. მან სვანებს მისწერა, რომ საქართველოს მეფისნაცვალს ვამეყის თავიდან მოცილება სურს, რომ იგი მათ დიდ გასამრჯელოს მისცემს, თუ მას მოკლავენ. ხოლო თუ ამ წინადადების შესრულებაზე უარს იტყვიან, იგი ომს გამოუცხადებს მათ. სვანებმა შეასრულეს ეს მოთხოვნა; მოკლეს ვამეყი და მისი თავი საქართველოს მთავარს გამოუგზავნეს. ამის შემდეგ შაჰნავაზ-ხანი უკან დაბრუნდა და თან წამოიყვანა იმერეთის ორივე თვალებდათხრილი მეფე: ბაგრატი და ვახტანგი, რათა მისი წასვლის შემდეგ არც მათ და არც მათ მეგობრებს არ მოეხდინათ აჯანყება ამ ორი მეფის სასარგებლოდ, მათი ცოლები – დედოფლები – კი ქუთაისში დატოვა. ასეთი არაადამიანური საქციელი, ცოლქმრების გაყრა, მან ჩაიდინა თავის შვილის, იმერეთის მეფის სასარგებლოდ. ამ ახალგაზრდა მეფეს თავდავიწყებით უყვარდა ბაგრატის ცოლი; გადაწყვიტა წაერთმია იგი ქმრისათვის და ცოლად დაესვა73.
  იმერეთის დიდებულებმა საქართველოს მეფისნაცვლის წასვლის შემდეგ ახალი მბრძანებლის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ერთნი უკმაყოფილონი იყვნენ მეფის მათდამი ცუდი დამოკიდებულებით, მეორენი კი ვერ იტანდნენ ხოსიას განდიდებას, რომელიც მას მამამისმა პირველ ვეზირად დაუნიშნა, მისი მათ მიმართ მედიდური და ულმობელი დამოკიდებულების გამო. მათ ახალციხის ფაშას მისწერეს (ეს ქვეყანა თურქების ქვეშევრდომია და ესაზღვრება იმერეთს), რომ გაოცებულნი არიან იმ გულგრილობით რომლითაც იგი საქართველოს მეფისნაცვლის მოქმედებას ეკიდება, რომელმაც დაიპყრო და გაანადგურა თურქების მოხარკე სამეფო და სამთავრო, ტყვედ წაიყვანა მათი კანონიერი სუვერენები და მათ ადგილზე თავის სისხლხორცი დასვა. თხოვეს მას ეცნობებინა, ხომ არ მიატოვა სულთანმა ისინი სპარსეთის საამებლად, თუ ეს მათი ძლიერების შიშით გამოწვეული უმოქმედობაა, რომელმაც ხელები შეუკრა მას ისეთ საქმიანობაში, რომელიც თურქეთის სულთნის ინტერესებს და ღირსებას შელახავს. ფაშამ უპასუხა, რომ მან უკვე აცნობა სულთანს საქართველოს მეფისნაცვლის თავდასხმის ამბავი, ყოველ წუთს ელოდება განკარგულებას მისგან და როგორც კი მიიღებს, შემოუთვლის მათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. მალე ფაშამ აცნობა დიდებულებს, რომ სულთნის ბრძანება უკვე მოვიდა და როგორც კი ყარსისა და არზრუმის (ეს სომხეთის პროვინციებია) ფაშები თავიანით ჯარებს, თანახმად სულთნის ბრძანებისა, შეუერთებენ მის ჯარს, იგი მაშინვე წამოვა ქართველთა უღლისაგან მათ გასანთავისუფლებლად. მანამდე კი უნდა შეაგროვონ რაც შეიძლება ბევრი ხალხი და მზად იყვნენ მათ შესაერთებლად; ამასთანავე უნდა მოკლან ხოსია, რათა მისმა ჯარმა, მისმა სიფრთხილემ და გავლენამ ხელი არ შეუშალოს ამ წამოწყებას; ამავე დროს, მისი მოკვლით იმერეთის ახალი მეფე მრჩევლის გარეშე დარჩებაო.
  შეთქმულების სულისჩამდგმელები იყვნენ მეფის კარის მთავარი ვეზირი და ეპისკოპოსი გენათელი. შეთქმულებაში ჩააბეს ხოსიას ერთი აზნაურიც. დაპირდნენ რომ ცოლად შერთავდნენ დიდი ვეზირის ასულს და რომ ფაშას მიაცემინებდნენ მისთვის მისი ბატონის ხოსიას მიწებს იმ შემთხვევაში, თუ მოკლავდა ხოსიას. მოღალატე დათანხმდა ამაზე და ღამით, როდესაც წამალს აძლევდა თავის ბატონს, მოკლა იგი.
  ასეთმა გაბედულმა მოქმედებამ გახსნა შეთქმულება, იმერეთის ყველა დიდებულმა ხელში აიღო იარაღი, დაჩქარდა ახალციხის ფაშის ლაშქრად წამოსვლა, დაიბნა და უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდა მეფე. მან მაშინვე აცნობა თავის მამას, საქართველოს მეფისნაცვალს, ეს მდგომარეობა. ამ უკანასკნელმა სასწრაფოდ გაუგზავნა მას ინსტრუქციები, მრჩევლები და შეჰპირდა, რომ მალე ჩამოვიდოდა ჯარით მის დასახმარებლად. მაგრამ ახალციხის ფაშამ მას ჩამოსწრების დრო არ მისცა, ის ისე სწრაფად შევიდა იმერეთში, რომ ახალგაზრდა მთავარმა ძლივს დააღწია თავი მის მდევრებს და თავს გაქცევით უშველა. არჩილი მამასთან მივიდა, სადაც მისი ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეატყობინეს, რომ ახალციხის ფაშამ გარნიზონი ჩააყენა იმერეთის დედაქალქში – ქუთაისის ციხეში – და გახდა ქვეყნის სრული მფლობელიო. ამან აიძულა საქართველოს მეფისნაცვალი უკან დაბრუნებულიყო, რადგან სპარსეთის ხელმწიფის ბრძანების გარეშე მას არავითარი მოქმედების დაწყება არ შეეძლო თურქების წინააღმდეგ.
  ბრძანებაში, რომელიც ფაშამ სულთნისაგან მიიღო, აღნიშნული იყო: რადგან, იმერეთის ხალხი და მეგრელები თავისუფლებას ერთიმეორის ჟლეტისათვის იყენებენ, ამიტომ ფაშას მათთვის უნდა ჩამოერთმია ყველა გამაგრებული ადგილი, რომელსაც კი შესძლებდა. ფაშა ამ ბრძანებას მეტად საიდუმლოდ ინახავდა. შევიდა რა მოხერხებულად ქუთაისის ციხეში, დაეუფლა მას და იქ გარნიზონი ჩააყენა. შემდეგ მან ამ მხარის ყველა აზნაურს უბრძანა გამოცხადებულიყო მასთან და შესთავაზა ერთგულების ფიცი დაედო მის მიერ დაყენებული ახალი მეფის წინაშე. ეს იყო გურიის მთავრის ვაჟიშვილი, წმ. ბასილის ორდენის ბერი. მან გაიძრო ბერის ტანსაცმელი და მეფის გვირგვინი დაიდგა74.
  სანამ ფაშა იმერეთის პატარა სახელმწიფოს ამგვარად განაგებდა, მასთან სამეგრელოს მთავარი მოვიდა და მორჩილება შესთავაზა; უთხრა, რომ სრულ მორჩილებას უცხადებს დიდ სულთანს, რომ ის იყო და სურს კვლავაც იყოს პორტას მოხარკე, რომ საქართველოს მეფემ მისი გამთავრებით მას მხოლოდ დაუბრუნა მამაპაპეული მემკვიდრეობა, რომელიც კანონით ეკუთვნოდა. ასეთი მორჩილებით და მის მიერ მორთმეული დიდძალი საჩუქრით კმაყოფილმა ფაშამ დაამტკიცა იგი მთავრად და შემდეგ დაბრუნდა ახალციხეში. მან თან წაიყვანა ბოროტი დარეჯანი და იმერეთის დედოფალი, რომლის წაყვანაც უბედურმა არჩილმა ვერ შეძლო.
  ეს მოხდა 1659 წელს75. თურქეთის ფაშა ახალი წასული იყო იმერეთიდან, რომ ვერაგმა და ფუქსავატმა იმერეთის დიდებულებმა უარი თქვეს ახალი მეფისადმი მორჩილებაზე. საქართველოს მეფისნაცვალს კაცები გაუგზავნეს მასზე საჩივრით და სთხოვეს დაებრუნებინა მათთვის ბრმა ბაგრატი. ქართველმა მთავარმა იფიქრა, რომ ეს თხოვნა მათი ვერაგული ხრიკებია და მათ გულწრფელობაში დასარწმუნებლად უპასუხა, რომ თუ იმერეთის დიდებულები მართლაც უკმაყოფილონი არიან ახალი მეფით და სურთ მისი გაგდება, მას თვალები დასთხარონ და თუ ამას გააკეთებენ, ის გაუგზავნის მათ ბაგრატს. პირობა მიღებულ იქნა და ზუსტად შესრულდა ორსავე მხრიდან. იმერეთის დიდებულებმა თვალები დასთხარეს თავიანთ მეფეს და იგი მის ძმას, გურიის მთავარს, გაუგზავნეს. საქართველოს მეფემ მათთან გამოგზავნა ბაგრატი, წინასწარ დანიშნა რა იგი ერთ-ერთ თავის ძმისწულზე, იმის დაზე, რომელიც მან სამეგრელოს მთავარს მიათხოვა76.
  სამეგრელოს ეს მთავარი ახალგაზრდა იყო, ბაგრატი კი უსინათლო. ორივეგან დიდგვარიანი მოხელეები განაგებდნენ სახელმწიფოს. იმერეთის და სამეგრელოს ეს მოხელეები მუდმივად ერთმანეთში კინკლაობდნენ. ამ ჩხუბში ჩაიყოლიეს თავიანთი მბრძანებლები და აიძულეს ისინი დაეწყოთ ომი. სამეგრელოს მთავარი დამარცხდა და ტყვედ წაიყვანეს ცოლიანად, რომელიც საქართველოს მეფისნაცვალმა სულ ორი თვის წინ გამოუგზავნა მას. ხმები დადიოდა, რომ მან ამ ახალგაზრდა დედოფალთან შეუღლებაც კი ვერ მოასწროო. ქალი მეტად ლამაზი და ტანკენარი იყო; მე ბევრი ლამაზი ქალი ვნახე ამ ქვეყანაში, მაგრამ მისი მსგავსი სილამაზისა არავინ მინახავს. მას, რა თქმა უნდა, ბრალი მიუძღოდა იმ გრძნობების აღძვრაში, რომელსაც იგი მნახველში იწვევდა; მისი ვნებიანი, ნაზი, მიბნედილი თვალები თითქოს მოითხოვდნენ კიდეც ტრფიალს და იმედსაც გაძლევდნენ. ერთი სიტყვით, მისი გარეგნობა და ლაპარაკი ყველას იზიდავდა. ეპისკოპოსმა გენათელმა, რომელიც, როგორც მოვიხსენიე, იმერეთში მეტად ღირსშესანიშნავი პიროვნებაა, იგი პირველი ნახვისთანავე უსაზღვროდ შეიყვარა. იგი მდიდარია. მან ძვირფასი საჩუქრები მიართვა მას და ისე მოიგო მისი გული, რომ დღესაც ისინი ერთად არიან და ისე აშკარად, თითქოს ის მისი ცოლი იყო. ეშმაკობა, რომელსაც ამ ეპისკოპოსმა მიმართა, რათა ეს მზეთუნახავი ტყვე გაეჩერებინა იმერეთში, მეტად იშვიათი და გონებამახვილურია. მან ეს დედოფალი, მის სილამაზეზე ოსტატური თხრობით შეაყვარა საბრალო უსინათლო მეფეს ბაგრატს, და როდესაც ბაგრატს სიყვარულის ცეცხლი მოედო, შესთავაზა მისი შერთვა: „თქვენო უდიდებულესობავ! – უთხრა მან, – თქვენ დაკარგეთ მეუღლე, ახალციხის ფაშამ წაიყვანა იგი და ღმერთმა იცის რა მოუვიდა მას; თქვენი დანიშნული, საქართველოს მეფისნაცვლის ძმისწული, ჯერ კიდევ ბავშვია; როდის შეირთავთ თქვენ მას სინამდვილეში? დაე, თქვენმა უდიდებულესობამ შეირთოს სამეგრელოს დედოფალი, ის ხომ და არის იმ ქალისა, რომელიც თქვენ, თქვენი თანხმობით დაგინიშნეს, და მკვიდრი ბიძაშვილი იმისა, რომელიც თურქებმა მოგტაცეს. გარდა ამისა, იგი ულამაზესია. ჭკუით და სილამაზით მის მსგავს ქალს თქვენ ვერასოდეს შეირთავთ". მეფემ გულუბრყვილოდ მიიღო მისი რჩევა; არ დაეჭვებულა, რომ იგი თავის მრჩევლის საქმეს უფრო აკეთებდა, ვიდრე თავისას. დედოფალმაც გულღიად მისცა თავისი ხელი.
  ყველამ იცოდა, რომ სამეგრელოს მთავარს ცოლი გაგიჟებით უყვარდა და ის არასოდეს დათანხმდებოდა იმერეთის მეფისათვის დაეთმო იგი. ეძებდნენ მისი წართმევის მიზეზს, რომელსაც მოჩვენებითად სამართლიანი სახე ექნებოდა და აი, როგორ მოიქცნენ: იმერეთის მეფეს თავისთან ჰყავდა და, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქვრივი იყო. მას სამეგრელოს დედოფლობა, ეხლანდელი დედოფლის მაგივრობა, შესთავაზეს. მხოლოდ მას უნდა მოეხერხებინა, რომ მთავარი შეესწროთ მასთან სარეცელზე. მეფის დისთვის, ახალგაზრდა, ეშმაკი და საკმაოდ ლამაზი აღნაგობის ქალისთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენგდა შეეცდინა გულუბრყვილო ახალგაზრდა დატყვევებული მთავარი. ისინი შეისწრეს სარეცელზე და მაშინვე აიძულეს დაქორწინებულიყვნენ. იმავე დროს, იმერეთის მეფემ სამეგრელოს დედოფალი შეირთო. ამრიგად მოწყობილმა ქორწინებამ გაანთავისუფლა სამეგრელოს მთავარი; მას დაუბრუნეს თავისი სამთავრო, მაგრამ წინასწარ ფიცი დაადებინეს ხატზე, რომ ის თავის ახალ ცოლს არ გაეყრებოდა და სხვასაც არ შეირთავდა მის სიცოცხლეში.
  დაბრუნდა თუ არა სამეგრელოს მთავარი თავის ქვეყანაში, შურისძიების გრძნობამ მოიცვა იგი და დახმარებისათვის სპარსელებსა და თურქებს მოუხმო ერთდროულად. ელჩები გაუგზავნა საქართველოს მეფისნაცვალს და ახალციხის ფაშას საჩივრით, იმერეთის მეფის თავდასხმებისა და ცოლის წაგვრის გამო. ფაშა ისედაც ძლიერ განაწყენებული იყო იმერლების მუხანათობით, მათი ამბოხებით და იმ მეფის მიმართ მათი უღირსი მოქმედებით, რომელიც ფაშამ მათ მისცა. გურიის მთავარი, ამ უბედური მეფის ძმა, დაჟინებით მოითხოვდა შურისძიებას77. ულმობელი დარეჯანი მთელი სიძლიერით აგულიანებდა ფაშას ისეთი სისასტიკით მოქცეოდა იმერლებს, როგორიც ამ ბოროტმოქმედებმა დაიმსახურეს. როგორც ვთქვით, დარეჯანი არნახული სილამაზისა იყო და მისი მშვენიერება ხელშემწყობ პირობად იქცა მისი მოსაზრებისათვის. ფაშამ პირობა მისცა, რომ დაუბრუნებდა იმერეთის ტაშტს მას და მის ქმარს, რომელიც, როგორც ითქვა, საქართველოში ტყვედ იყო, თუ დარეჯანი შესძლებდა ტყვეობიდან მის გამოხსნას. ვახტანგი გორის ეპისკოპოსის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. დარეჯანმა მოახერხა მისი მოტაცება და ახალციხეში მოყვანა. როგორც კი ვახტანგი ახალციხეში ჩავიდა, ფაშამ ისინი თავისთან ერთად წაიყვანა იმერეთში, სადაც დიდი საცოდაობა და საშინელი უბედურება დაატრიალა. მეფე-დედოფალი გაიქცნენ და თავი შეაფარეს რაჭის ციხე-სიმაგრეს78, რომელიც ჯარისათვის მიუდგომელ მთებშია. ფაშამ ტახტზე დასვა დარეჯანი და მისი ქმარი და მათდამი ერთგულების ფიცი დაადებინა დიდებულებსა და მთელ ხალხს. წამოიყვანა მძევლები და დაბრუნდა ურიცხვი ტყვეებით, მაგრამ მცირე ნადავლით, რადგან ხუთი წლის გნმავლობაში მესამედ იყო ეს ქვეყანა გაძარცული, აოხრებული და გაპარტახებული მეზობელი ხალხისა და სპარსელების მიერ.
  ავგულ დარეჯანს თავის გადამეტებული მიმდობლობის გამო დაღუპვა ეწერა: მის ქვეშევრდომთაგან ერთმა დიდებულმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი მალემრწამობა, როგორც აღვნიშნე, იგი ისეთ განსაცდელში ჩააგდო, რომელშიაც მხოლოდ მისი მდგომარეობის ქალს თუ შეეძლო ყოფილიყო. მეორემ, იმავე გზით, მას დედამიწის ზურგზე ყველაზე მძიმე ტრაგიკული აღსასრული მოუმზადა. ეს ვერაგი კაცი იყო ის, რომელმაც ხოსია, ამ ქვეყნის პირველი ვეზირი, მუხანათურად მოკლა; მასაც ხოსია ერქვა. მის მიერ ჩადენილმა მკვლელობამ იგი ძლევამოსილი გახადა. იგი ფაშასთან მისასალმებლად არ წასულა, რადგან დარეჯანის მოწინააღმდეგე ჯგუფს ეკუთვნოდა და ეშინოდა არ მოეკლათ. თურქების გამგზავრების შემდეგ მან დედოფალს მისწერა და აცნობა, რომ ბაგრატმა და მასზე გავლენის მქონე პირებმა მის მიმართ იმდენი ბოროტება ჩაიდინეს, რომ თავის სიცოცხლის გნმავლობაში ის მათ მტრად დარჩება. თუ დედოფალი იკისრებს დაუბრუნოს მას ფაშას წყალობა, თუ დაუბრუნებენ მიწებს, რომელიც დედოფალმა ჩამოართვა და მისცემენ აგრეთვე ბაგრატის კარის დიდი ვეზირის მიწებსაც, იგი გადასცემს მას მთავარს ცოლითურთ. დარეჯანი მას ყველა სურვილის შესრულებას შეჰპირდა. მოღალატე გამოცხადდა მასთან. დედოფალს უნდოდა ცხადად გამოეხატა შერიგების, მეგობრობის და ნდობის ის ნიშნები, რომლებიც შემოღებულია ამ ქვეყანაში ქალსა და კაცს შორის; მან იშვილა იგი და ძუძუ აწოვა. ეს ადათი, მიშვილება ადამიანებისა, რომლებიც შემდეგ ქორწინებით ვეღარ შეერთდებიან, არსებობს არა მარტო სამეგრელოში საქართველოსა და იმერეთში, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებშიაც. ამ მოღალატემ, რომელსაც მტკიცე საწინდარი ჰქონდა დარეჯანის ნდობისა, მისწერა ბაგრატს ჩამოსულიყო თავის მომხრეებით და ხელში მისცემდა ცოცხალ თუ მკვდარ დარეჯანს თავისი ქმრით. იმ დღეს, როდესაც ბაგრატი უნდა ჩამოსულიყო, ვერაგმა ხოსიამ თავი მოიავადმყოფა და ჩაწვა ლოგინში. აცნობა ეს დარეჯანს და თხოვა მოსულიყო მის სანახავად, რათა მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ამბავი შეეტყობინებინა, რომელიც ახლახან გაეგო და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პირადად მის უდიდებულესობას უნდა მოხსენებოდა. დარეჯანი მხოლოდ სეფე-ქალების თანხლებით მოვიდა მასთან. როდესაც იგი ამ მოღალატის სარეცელს მიუახლოვდა, მრავალრიცხოვანი ჩასაფრებული ხალხი თავს დაესხა მას. სეფე-ქალები თავდაპირველად გარს შემოერტყნენ, მაგრამ ყველანი სწრაფად ჩამოაშორეს, გარდა ერთისა, რომელმაც მკლავები შემოაჭდო დედოფალს, მიიყვანა კუთხეში და არაფრით არ უნდოდა მისი მიტოვება. მკვლელებმა ორივენი ხანჯლებით აკუწეს. ხოსია მაშინვე ადგა და თავისი ამალით წავიდა დარეჯანის ქმართან. იგი უსინათლო იყო და წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. იგი შეიპყრეს. ხოსიამ ბრძანა ხელ-ფეხი შეეკრათ მისთვის და ისე დაახვედრა ბაგრატს. როდესაც ბაგრატი ჩამოვიდა, დაუყოვნებლივ მოითხოვა მოეყვანათ დატყვევებული და როგორც კი შეიგრძნო მისი მოახლოება, უთხრა: „მოღალატევ, შენ თვალები დამთხარე, მე კი გულს ამoგგლეჯ“ – თქვა თუ არა ეს, ბრძანა ახლოს მიეყვანათ ამ უბედურთან და ხელის კანკალით რამდენიმეჯერ ხანჯალი ჩასცა. მხლებლებმა ბოლო მოუღეს მას და მისი გული პეშვში ჩაუდეს ამ სისხლმოწყურებულ ბრმას, რომელსაც იგი ერთ საათზე მეტ ხანს ეჭირა, სრესდა და გლეჯდა გაცოფებული. ეს ბარბაროსული ტრაგედიები 1667 წულს მოხდა79. ამ დროიდან მოყოლებული 1672 წლამდე იმავე სახელმწიფოში ასამდე სხვა არაადამიანურობით და სიბილწით სავსე ამბავი მოხდა. მე მათზე არაფერს ვამბობ, რადგან ეს საშინელი ამბებია. ვიტყვი მხოლოდ, რომ ვერაგი ხოსიაც80 მუხანათურად მოკლეს, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ მისი მკვლელებიც დაიხოცნენ ჩხარის ბრძოლაში. ეს არის დიდი სოფელი იმერეთის ციხე სკანდასთან ახლოს, სადაც იმერეთის ჯარი მეგრელებს შეებრძოლა81. ამ ხალხის უახლეს ისტორიაში, რომელთაც ღმერთი სამართლიანად სჯის, ნათლად ჩანს განგების ძალა. მკვლელებს თითქმის ყოველთვის უთუოდ კლავენ და ეს ხდება ისეთ პირობებში, რომელშიაც ჩანს, რომ თვით უფალი ერევა მათ საქმეებში და ერთს მეორის დამსჯელად იყენებს.
  1672 წულს ახალციხის ფაშამ რაკი დაინახა, რომ ამ ორ პატარა სუვერენულ ქვეყნებს, სამეგრელოს და იმერეთს შორის ომები არ თავდება არც მათ შესარიგებლად წარმოებული მისი ცდებით, არც გაფრთხილებით და არც ბრძანებით, გადაწყვიტა მოესპო ისინი და მათი ქვეყნები სხვისთვის მიეცა. სამეგრელოს ტახტის ნამდვილი და კანონიერი მემკვიდრე მას ხელში ჰყავდა; როდესაც ვამეყ დადიანი გახდა ამ ქვეყნის მთავარი, ლევანის შვილის ალექსანდრეს ცოლს შეეშინდა, რომ ვამეყის დედას, პატივმოყვარე, ჭილაძეს, არ მოეკლა ალექსანდრეს შვილი; ამიტომ გაიქცა და შვილიც თან წაიყვანა. ეს დედოფალი და იყო გურიის მთავრისა, რომელსაც შეეშინდა თავისი პატარა დისწულისათვის თავშესაფარის მიცემის გამო მძვინვარე ჭილაძეს მისთვის ომი არ გამოეცხადებინა და ურჩია თავის დას წაეყვანა შვილი ახალციხის ფაშასთან. იგი ასეც მოიქცა და ეს პატარა ბავშვი ფაშას კარზე, ქალაქ ახალციხეში აღიზარდა. ის არ აიძულეს გამოეცვალა სარწმუნოება და დაკმაყოფილდნენ მისი იმდაგვარი აღზრდით, რომლის გამოც მას ღრმად ჩაენერგა თურქების ზნე-ჩვეულებანი. ახალციხის ფაშამ ამ ახალგაზრდა მთავრის სამეგრელოს ტახტზე დასმა გადაწყვიტა, რადგანაც, როგორც აღვნიშნე, კანონით იგი მას ეკუთვნოდა, ამავე დროს იგი კარგად მოახერხებდა მართვა-გამგეობის წარმართვას და სამთავროს გაწმენდდა იმ ბილწთ ჩვევებისაგან, რომელიც მას დაუფლებოდა. აი, თურქების სამეგრელოში მოსვლის მიზეზი. ფაშას ლაშქარს გურიის მთავარმა თავისი ჯარიც შეუერთა. ის აღტაცებული იყო იმით, რომ მის დისწულს სამეგრელოს ტახტს აძლევდნენ. საქმის ასეთი ვითარება კარგ იმედებს აძლევდა მას. ფაშა ჯერ იმერეთში ჩავიდა, დაიპყრო იგი და წამოიყვანა მეფე ბაგრატი. მაგრამ მის ცოლს, დედოფალს, ხელი არ ახლეს. ეპისკოპოსმა გენათელმა თხუთმეტი ათასი ეკიუ მისცა ფაშას, რათა თავისუფლება მოეპოებინა, დედოფალთან ერთად წასულიყო იქ, სადაც თვითონ მოისურვებდა და თავისი მიწები ხელუხლებლად შეენარჩუნებინა. როდესაც ფაშა ქუთაისში იმყოფებოდა, მან კაცი გაგზავნა და აცნობა დადიანს (მე უკვე ვთქვი, რომ ეს არის ტიტული, რომელიც სამეგრელოს მთავრებს აქვთ მინიჭებული) მოსულიყო მასთან და მორჩილება ეღიარებინა, მაგრამ დადიანმა იცოდა რა, რომ სამეგრელოში მთავრის გამოცვლა უნდოდათ, უარი განაცხადა დამორჩილებაზე და ჩაიკეტა რუხის ციხეში. მისი ვეზირი კაცია კი ლეჩხუმში გაიქცა82 (ეს არის სვანებით დასახლებული სამთავრო კავკასიის მთებში)83 და იქიდან სთხოვა აფხაზებს მოსულიყვნენ დადიანის დასახმარებლად. ისინი მოვიდნენ სამეგრელოში, მაგრამ ნაცვლად დახმარებისა, გზადაგზა ძარცვა-გლეჯა დაიწყეს და შემდეგ უკან დაბრუნდნენ, როგორც მე უკვე ვთქვი. ფაშა ერთი თვის განმავლობაში ამაოდ ელოდა, რომ დადიანი გამოცხადდებოდა მასთან, აღუთქვამდა მას მორჩილებას და მიიღებდა მისგან განკარგულებებს. მაშინ ფაშამ სამეგრელოში თავისი ჯარი გაგზავნა. სწორედ ამ ჯარის მოახლოების ხმამ მაიძულა გავხიზნულიყავი.
  27-ში გათენებამდე თეათინელების პრეფექტმა დაგვტოვა და თავის სახლს მიაშურა, რათა ცოტა ჭურჭელი და დარჩენილი სურსათი წამოეღო. იმავე საბაბით მეც მსურდა გავყოლოდი მას, მაგრამ იგი რიჟრაჟამდე ორი საათით ადრე წავიდა. შესულა თუ არა სახლში, დაუნახავს, რომ იგი სავსე იყო ფაშისა და გურიის მთავრის გზირებით, რომლებსაც იგი ჯოხებით და კომბლით უცემიათ. გზირებს უნდოდათ, პრეფექტს ეკლესია გაეღო, რადგან უფიქრიათ, რომ მას იქ ექნებოდა დამალული სახლის ავლა-დიდება. პრეფექტს ადრევე, შეჯგუფული ხალხის დანახვისთანავე, გა საღების ჯაგებში გადაგდება მოუხერხებია. მიუხედავად წამებისა ის მაინც არ გამტყდარა და ამბობდა თურმე, რომ გასაღები მე არა მაქვსო. ბოლოს თურქებს, რომლებიც მისი პიროვნებისადმი ერთგვარ პატივისცემას გრძნობდნენ, წაუღიათ მხოლოდ მისი ტანსაცმლის ერთი ნაწილი და მცირე ღირებულების მსუბუქი ნივთები, რაც სახლში უნახავთ. ხელი არ უხლიათ არც ჩემი წიგნებისათვის და არც ქაღალდებისათვის.
  29-ში ერთი მეგრელი აზნაური მოსულა ღამით ოცდაათიოდე კაცის თანხლებით და იქაურობა აუოხრებია. მას მთელი ჩემი ოთახი გადაუქექია, რადგან უფიქრია, რომ იქ ბევრი რამ იქნება გადამალულიო. წაუღია ყველაფერი, რაც კი დამრჩა: ჭურჭელი, სკივრები, ავეჯი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც თურქებმა და მე დავტოვეთ, როგორც მძიმე და იაფფასიანი ნივთები. როგორც ვთქვი, იგი ღამით მისულა და რადგან ამ ავაზაკს ჭრაქი არ ჰქონია, ჩემს ქაღალდებს და წიგნებს სწვავდა თურმე, რომლებსაც წინასწარ აგლეჯდა მოვარაყებულ და ღერბით მორთულ ყდებს. პარიზიდან წამოსვლისას ჩემი საუკეთესო წიგნები საგუდლაგულოდ ჩავასმევინე ყდებში. ამ წიგნებიდან ერთიც აღარ დამრჩა.
  30-ში დილით გავიგე ამ გაძარცვის ამბავი, რომელმაც ენით უთქმელი მწუხარება მომაყენა. საღამოს ციხეში, სადაც მე ვიმყოფებოდი, მოვიდა თურქი ჩაუში და თქვა, რომ ის ფაშასაგან იყო გამოგზავნილი. საბახტარი (მე უკვე ვთქვი, რომ ეს არის სახელი იმ აზნაურისა, რომელსაც ეს ციხე ეკუთვნოდა) გავიდა გარეთ ამბის შესატყობად. ჩაუშ3ა აცნობა, რომ ფაშის ლეიტენანტი, რომელიც რუხის ციხესთან დგას, გაკვირვებულია, თუ რატომ აქამდე არ მოვიდა იგი მასთან პატივისცემისა და მორჩილების გამოსაცხადებლად, რადგან სამეგრელო თურქეთის სულთანს ეკუთვნისო. ფაშამ ბრძანა, რომ კარგად მოვეპყროთ იმათ, ვინც თურქებს ემხრობა, ხოლო იმათ, ვინც მორჩილებაზე უარს იტყვის, მოვექცეთ როგორც მტერსო. თუ მას სურს შეინარჩუნონს თავისი თავი, ქონება, სასახლე და ყველაფერი ის, რაც შიგ არის, რაც შეიძლება ჩქარა უნდა გამოცხადდეს ფაშასთან და მისგან განკარგულება მიიღოს. საბახტარმა უპასუხა, რომ იგი ფაშას თავის მბრძანებლად თვლის და რომ გულით იგი თურქია და არა მეგრელი. რომ მას ფაშასთან გამოცხადება უნდოდა მაშინვე, როდესაც მისი ჩამობრძანება გაიგო. ახლა კი როცა შეიტყო, რომ მისი ლეიტენანტი რუხთან დგას, ის ხვალ დილითვე გამოცხადდება მასთან ბრძანების მისაღებად.
  31-ს საბახტარი ოცდაათი შეიარაღებული კაცით წავიდა ფაშას ლეიტენანტთან და თან საჩუქრად ოთხი ტყვე წაიყვანა; ერთი ვერცხლის ბადია, ბლომად აბრეშუმი, სანთელი და ხილეულობა წაიღო. ბანაკში საღამოს მივიდა. მას აქ ბევრი მეგრელი დიდებული დახვდა, რომლებიც საბახტარივით მორჩილების გამოსაცხადებლად მოსულიყვნენ იმის შიშით, რომ მტერს ალყა არ შემოერტყა და არ გაეძარცვა მათი ციხეები და არ გაეჩანაგებინა ნათესები. ფაშის ლეიტენანტმა უთხრა საბახტარს, რომ მის უფროსს სულთნისაგან სამეგრელოს ყველა გამაგრებული ადგილის განადგურების ბრძანება აქვს მიღებული, მაგრამ დიდგვარიანებს, რომლებიც მორჩილებას აღიარებენ, შევუნარჩუნებო მათ; რომ სულთანი ართმევს ტახტს ლევანს, რომელიც რუხის ციხეშია და სამეგრელოს მთავრად აყენებს ახალციხეში აღზრდილ ახალგაზრდა მთავარს, რომ საჭიროა საბახტარმა ერთგულება შეჰფიცოს ფაშას, მძევლად მისცეს თავისი ერთ-ერთი შვილი და ძღვენი მიართვას მას. საბახტარი დათანხმდა ფაშასთვის ძღვნად ორივე სქესის ათი ახალგაზრდა ტყვე, სამასი ეკიუს ვერცხლი ან აბრეშუმი მიერთმია.
  1 ოქტომბერს საბახტარი დაბრუნდა და თან მოიყოლა თურქი მცველი თავისი ციხის და მამულების დასაცავად. მთელი ღამე ფეხზე იყო, აგროვებდა ძღვენს, რომელიც ფაშისათვის უნდა მიერთმია. ყველას, მასთან შეხიზნულებს გამოუცხადა, რომ თურქებმა მცველი მომცეს ოცდახუთი ტყვის და რვაასი ეკიუს საფასურადო. ეს ხარკი მან შეკრიბა ყველასაგან, ვინც იქ იყო თავშეფარებული. ყველა ოჯახიდან, სადაც ოთხი ბავშვი ჰყავდათ, ერთი მას მიჰყავდა. ეს იყო მეტად გულსაკლავი სანახაობა, როგორ გლეჯდნენ დედას მკლავებიდან საბრალო ბავშვებს, კრავდნენ მათ ორორად და მიჰყავდათ თურქებთან. მე შემაწერეს ოცი ეკიუ.
  შეგროვებულიდან საბახტარმა ფაშის ლეიტენანტს მხოლოდ ის მიართვა, რაც დათქმული ჰქონდა, დანარჩენი თვითონ მიითვისა. მისმა ცოლებმა, შვილებმა და ყველამ, ვინც ციხეში იყო: საშინელი წივილ-კივილი ატეხეს, როდესაც დაინახეს, რომ ის წავიდა და თან თავისი უმცროსი ვაჟიშვილი წაიყვანა. თურქებისათვის მძევლად მიცემული ბავშვები იგივე ტყვეების ბედს იზიარებენ. ისინი ვერასოდეს ვერ თავისუფლდებიან; ჩვეულებრივად მათ აგზავნიან კონსტანტინოპოლში ლამაზი ყმაწვილების რიცხვის გასამრავლებლად, რომლებსაც სერალში ზრდიან. ფაშას ლეიტენანტმა საბახტარისაგან საჩუქრები და მძევლები მიიღო და თვით საბახტარიც თავისთან დაიტოვა. ლეიტენანტმა სამჯერ მისცა წინადადება დადიანს დამორჩილებოდა და სამივეჯერ უარი მიიღო. დადიანის ციხე-სიმაგრე კარგად იყო დაცული სვანების მიერ, რომლებიც მისმა ვეზირმა გამოუგზავნა და რომლებიც დადიანზე უფრო თვლიდნენ თავს ციხის ბატონ-პატრონად. ვეზირი ყოველდღე უთვლიდა დადიანს მედგრად ყოფილიყო და რომ თვითონაც მზად იყო მტრის დასალაშქრად. ბოლოს, რუხის წინ ოთხი დღის დგომის შემდეგ, თურქებმა ორი ათასზე მეტი ტყვე წაიყვანეს და დიდი ნადავლით წავიდნენ, რადგან არტილერიის უქონლობის გამო ციხეზე იერიში ვერ მიიტანეს. თურქებმა წამოიყვანეს აგრეთვე სამეგრელოს დიდებულები, რომლებიც დანებდნენ მათ და ერთგულების ფიცი მისცეს ახალ მთავარს. ერთგულების შემფიცველთა რიცხვში კათალიკოსიც იყო. ფაშამ აცნობა მას, რომ იგი ახალი მთავრის ვეზირად ინიშნება, რომლის სახელით ის აფხაზეთის მთავართან გაგზავნა მთავრისათვის მისი ასულის ხელის სათხოვნელად.
  ფიქრობდნენ, რომ თურქების მოსვლა სამეგრელოში აღადგენდა წესრიგს, დაამყარებდა მშვიდობას და მეგრელებს იარაღს დააყრევინებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. ისინი მოვიდნენ, ქვეყანა დაარბიეს და ბევრად უარეს მდგომარეობაში ჩააგდეს, ვიდრე წინათ იყო, რადგან ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, რომელთაგან ერთმა ერთგულება შეჰფიცა და მძევლები მისცა ახალ მთავარს, მეორე ნაწილი კი ძველი მთავრის ერთგული დარჩა. ასეთმა განხეთქილებამ თითოეულს კვლავ ააღებინა იარაღი ხელში. ვხედავდი რა ასეთ არეულ მდგომარეობას, რომელსაც მოწესრიგების პირი არ უჩანდა, გადავწყვიტე რადაც უნდა დამჯდომოდა, წავსულიყავი საქართველოში. ამ დღეების განმავლობაში იმდენი ვიხეტიალე სამეგრელოში და იმდენ ხიფათს გადავურჩი, რომ დარწმუნებული ვიყავი დიდხანს ვერ დავმშვიდდებოდი. ლევანი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდა იმათ ციხეებს, მიწებს და მთელ ქონებას, ვინც თურქებს დაემორჩილებოდა. საბახტარიც კვლავ თურქებთან იყო. მისი ვაჟები, რომლებიც ბრძანებლობდნენ ციხეში, საშინელი მკვლელები და ვერაგები აღმოჩნდნენ. მე დღითიდღე ვუძლურდებოდი ჯავრისა და შიმშილისაგან. ერთი მუჭა მარცვლისა და ერთი გირვანქა ხორცის ყიდვა დიდად მიჭირდა. ამ უკუღმართი დროების მთელ სიდუხჭირეს მე კი ვიტანდი, მაგრამ ჩემი სასოწარკვეთილებამდე მისული მსახურების მდგომარეობა მტანჯავდა. ვგრძნობდი, რომ ცოტაც კიდევ და მოვკვდებოდი. ყოველივე ამან მაიძულა რისკი გამეწია და სამეგრელო დამეტოვებინა მანამდე, სანამ კიდევ მქონდა საკმაო ძალა. დავიწყე გამყოლის ძებნა. პირობას ვდებდი, ფიცით ვევედრებოდი, გასამრჯელოს ვაძლევდი, მაგრამ არაფერმა გაჭრა – არავინ ისურვა ჩემი გაყოლა. ამბობდნენ, რომ იმერეთს, სამეგრელოსა და საქართველოს შორის მდებარე ქვეყნის ყველა გზა, სადაც აუცილებელი იყო გავლა, ჯარებს უჭირავსო; ამაზე ფიქრიც კი სიგიჟე იქნებოდაო; წინასწარ ვიცით ტყვედ ჩავვარდებითო. აი, პასუხი, რომელსაც მე მაძლევდნენ. ვთავაზობდი მოგვევლო ან კავკასიის მთიდან, ან ზღვისპირეთით, მაგრამ ჩემი გაყოლა მაინც არავინ ისურვა.
  ვერ დაიჯერებთ, როგორ ეშინიათ მეგრელებს სიკვდილისა ან ხიფათისა. რაც უნდა მცირედი განსაცდელი იყოს, არ არსებობს ჯილდო, რომელიც მათ აიძულებს სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ. ბოლოს გადავწყვიტე წავსულიყავი ზღვით თურქეთზე გავლით, ე. ი. სამოცდაათი მილის შემოვლით. ჩამოვედი ანაკლიაში, რომელიც სოფელია და პატარა ნავსადგურიც და რომლის შესახებაც მე უკვე ვილაპარაკე. აქ ვიშოვე თურქების ნუშა ნავი და დავფრახტე გონიოში წასასვლელად. მისი დაბევების შემდეგ დავბრუნდი თეათინელების სახლში და საბახტარის ციხეში სამგზავროდ მოსამზადებლად.
  10 ნოემბერს, დილაადრიანად გავედი ამ ციხიდან, მოველაპარაკე ჩემს ამხანაგს იმის თაობაზე, თუ რა საშუალებით გავიყვანდი მას სამეგრელოდან, უკეთუ ღვთის წყალობით, ბედნიერად ჩავიდოდი ადგილზე. თან წავიღე ასი ათასი ლივრის ძვირფასი ქვები, რვაასი პისტოლი ოქროთი და მცირე ბარგი, რაც კი დამრჩენოდა. ძვირფასი ქვები ჩატანებული მქონდა ერთ ბალიშსა და უნაგირში, რომელიც მათ შესანახად საგანგებოდ იყო გაკეთებული. თან წავიყვანე ერთი მსახური, ის, რომელიც ტყვეობიდან მყავდა გამოსყიდული. იგი ჩუმი გაიძვერა იყო, თანაც მოღალატე გამოდგა, რომლის ბოროტ ხასიათს მე არ ვიცნობდი. არ მირჩევდნენ მის წაყვანას, რადგან შიშობდნენ, რომ ჩემს მიმართ რაიმე ბოროტებას ჩაიდენდა, რასაც მისი გარეგნული იერიც ამტკიცებდა. უნდა ვაღიარო, რომ მის წაყვანაზე მეც გული მეთანაღრებოდა, მაგრამ ბედმა ასე განსაჯა და ბედისწერას ვერ გავექეცი. მიზეზი, რომელმაც მაიძულა წამეყვანა ის და არა სხვა, მდგომარეობდა იმაში, რომ ის ძალიან ცუდ განწყობაზე იყო, და მეშინოდა, რომ სასოწარკვეთილებისა და ლოთობის გამო, რომლისკენაც მიდრეკილებას იჩენდა, არ გაეცა ჩვენი ნამდვილი ვინაობა სამეგრელოში. პატრი ძამპი, თეათინელების პრეფექტი, როგორც ყოველთვის, თან მახლდა. თეათინელმა მორჩილმაც მოისურვა გამომყოლოდა ანაკლიამდე. პრეფექტი და მე მივდიოდით ფეხით, რადგან ერთი ცხენის მეტი ვერ ვიშოვეთ, თუმც ბევრ ფულს ვიძლეოდით ცხენების დასაქირავებლად. ცხენს ავკიდე ჩვენი ბარგი და ზედ ჩემი მსახური დავსვი. თეათინელი მორჩილიც ცხენზე იჯდა. ორი დღე კოკისპირულად წვიმდა. თეათინელი მორჩილი კინაღამ დაიხრჩო ციხიდან ერთი მილის დაცილებით, წყლით და შლამით სავსე დიდ ორმოში, სადაც მისი ცხენი ჩავარდა და საიდანაც იგი დიდი ვაივაგლახით ცოცხალ-მკვდარი ამოვიყვანეთ. აღარ ვილაპარაკებ იმ ტანჯვაზე, რომლის გადატანაც მომიხდა ამ დღეს და მის მომდევნო დღეებში, იძულებული ვიყავი ფეხით მევლო წვიმაში, მუხლებამდე წყალსა და ტალახში, გამეკაფა ტყეებში გზა. ვიტყვი მხოლოდ, რომ ამაზე მეტი გაჭირვების გადატანა აღარ შეიძლება. მართლაც ქანცგაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ მხნეობას მაინც არ ვკარგავდი და გადაწყვეტილი მქონდა ყველაფერი გამეკეთებინა, ყოველივე ამეტანა, რათა გადამერჩინა ის ქონება, რომელიც მე მქონდა მონდობილი. საღამოს მთლად გალუმპულები, ჩავედით ანაკლიაში. ანაკლია შვიდი მილით არის დაცილებული საბახტარის ციხეს.
  12-ში ვფიქრობდით ჩავმსხდარიყავით ნავში, მაგრამ ამას ხელი შეუშალა ერთმა გარემოებამ; მითხრეს, რომ ჩერქეზების და აფხაზების ნავები სამეგრელოს ნაპირებზე მიმოდიანო. ეს ასეც იყო. მათ გაიტაცეს ადგილობრივი ნავები და მათ შორის ისიც, რომელიც მე დავიქირავე. ეს დაგვიანება მგვრიდა ენით გამოუთქმელ სევდას, რომელიც გამოწვეული იყო არა ხიფათის და უბედურების შიშით, რომელშიაც მუდამ ვიმყოფებოდი, არამედ უფრო იმით, რომ გამოსავალს ვერ ვხედავდი.
  19-ში პატრი ძამპს აცნობეს, რომ წინა ღამით ეკლესიის კარი გაეტეხათ, გაეძარცვათ ეკლესია, აეხადათ საფლავი, რომელიც შიგ ეკლესიაში იყო და წაეღოთ ყველაფერი, რაც მცველად დატოვებულ თეათინელ პატრს საფლავში შეენახა, მთლად გადაეთხარათ ეკლესია და კედლების გარდა მთელი აღარაფერი დაეტოვებინათ. ძნელი არაა იმის წარმოდგენა, რა საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო ამ ამბავმა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ეკლესიაში მიწაში ჩაფლული მქონდა შვიდი ათას პისტოლზე მეტი. მაშინვე კაცი ვაფრინე ჩემს ამხანაგთან. იგი საბახტარის ციხეში ვერ უნახავთ. მასაც მაშინვე გაუგია ეს საშინელი ამბავი და წასულა თეათინელების სახლში, ამ ამბის უფრო დაწვრილებით გასაგებად და იმის დასადგენად, თუ როგორ მოვქცეულიყავით ჩვენ. მან მომწერა, რომ ღვთის მადლით, ჩვენი ფულისათვის ხელი არ უხლიათ, იგი იმავე ადგილას უნახავს, სადაც ჩავმარხეთ. ამ ამბავმა სასწაულებისამებრ აღმიდგინა მხნეობა, მე იგი შევაფასე, როგორც ახალი ნიშანი ღვთის წყალობისა და მფარველობისა. წავედი თურქების გასამხნევებლად, რომლებმაც ნუშა ნავი მომაქირავეს, რათა დაუყოვნებლივ გავდგომოდი გზას.
  27-ში გავედი ანაკლიიდან. ჩემი ნავი დიდი იყო. მასში ოცამდე კაცი მოთავსდა – ნახევარი ტყვეები, დანარჩენი თურქები; მე დავთანხმდი ამდენი ხალხის წაყვანაზე. რათა მეკობრეებისაგან, რომლებიც ზღვის ნაპირზე მრავლად იყვნენ, თავის დაცვა შემძლებოდა. ზღვაში, ერთი საათის ცურვის შემდეგ გავედით ენგურს, რომელზეც ჩვენ დავეშვით, ძალიან სწრაფი დინება აქვს. მასში ბევრი მეჩეჩია, ამიტომ, როდესაც დიდი ტვირთით მიცურავ, სიფრთხილეა საჭირო, რათა სილიან მეჩეჩზე არ გაირიყო. ნავის პატრონის თხოვნით მთელი დღე ზღვისპირზე გავატარე. იგი ელოდა კიდევ ორ ტყვეს, რომლებიც საღამოს უნდა მოეყვანათ.
  ანაკლიაში ყოფნის დროს მიმიწვიეს ორ ნათლობაზე. მე წავედი, რადგან მინდოდა თვითონ მენახა როგორი წესით ასრულებენ მას მეგრელები. დავრწმუნდი, რომ პატრი ძამპი საკმაო სიზუსტით გადმოგვცემს მას თავის რელაციაში. აი, როგორი იყო ნათლობა ჩემს მეზობელთან: დილის ათი საათისათვის გააგზავნეს კაცი მღვდლის მოსაყვანად. მოსვლისთანავე მღვდელი შევიდა ქოხში, სადაც ღვინო ინახებოდა, ჩამოჯდა მერხზე და ჩვეულებრივ ჩაცმულმა დაიწყო კითხვა ნახევრად დაფლეთილი ახალი აღთქმის მსგავსი სქელი წიგნისა. როდესაც მან კითხვა დაიწყო, ბავშვი ჯერ კიდევ არ იყო მასთან მიყვანილი. კითხვის დაწყებიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ მოუყვანეს იგი მამამ და ნათლიამ. ეს იყო პატარა ბიჭი, ხუთი წლისა. ნათლიამ მოიტანა პატარა სანთელი და სამი მარცვალი საკმეველი. აანთო სანთელი და მიაკრა ქოხის კარს, რომელიც ბავშვის მონათვლამდე დაილია, მეორე კი აღარ აუნთიათ. საკმეველის სამი მარცვალი დააგდეს მცირეოდენ ნაკვერჩხალზე და მიმოფანტეს ოთახში. მღვდელი კი ამ დროის განმავლობაში კითხულობდა ნაკლები გულმოდგინებით, დაბალი ხმით, სიტყვებს წარმოთქვამდა ჩქარა და გაურკვევლად, რადგანაც პასუხს აძლევდა ყველას თუ კი ვინმე რამეს კითხავდა. მამა და ნათლია მთელი ამ ხნის განმავლობაში აქეთ-იქით დადიოდნენ, ბავშვი კი ჭამდა. ხანგრძლივი კითხვის შემდეგ მოამზადეს თბილი წყლით სავსე ვარცლი. მღვდელმა ჩაასხა შიგ პატარა კოვზით ნიგვზის ზეთი და უთხრა ნათლიას ბავშვისათვის ტანთ გაეხადა. ბავშვს გახადეს, სრულიად შიშველი ჩაუშვეს ვარცლში და დააყენეს ფეხზე. ნათლიამ დაუბანა მთელი ტანი და როცა კარგად განბანეს, მღვდელმა ქამარზე მიბმული ტყავის ქისიდან ამოიღო ერთი ციცქნა მირონი. მე უკვე აღვნიშნე, რომ ასე ეძახიან საცხებ ზეთს. მირონი ნათლიას მისცა და მან ყველგან წაუსვა ბავშვს: თავის კორტონზე, ყურებზე, შუბლზე, ცხვირზე, ლოყებზე, ნიკაპზე, მხრებზე იდაყვებზე,ზურგზე, მუცელზე, მუხლებზე და ფეხებზე. მღვდელი კი სულ კითხულობდა და გაჩერდა მხოლოდ მაშინ, როცა ნათლიამ ბავშვს ჩააცვა. როგორც კი ბავშვს ჩააცვეს, მამამ მოიტანა პური, ღვინო და ერთი ნაჭერი მოხარშული ღორის ხორცი, რომელიც პირველად ბავშვს მისცეს საჭმელად, შემდეგ ნათლიას, მღვდელს, სტუმრებს და ყველა შინაურს. შემდეგ ყველანი შემოუსხდნენ სუფარას, საიდანაც ფხიზელი არავინ ამდგარა.
  ანაკლიაში მე წირვასაც დავესწარი, რომელიც ისეთივე უპატივცემულოდ და დაუდევრად სრულდება, როგორც ეს აღნიშნული იყო სამეგრელოს რელიგიის შესახებ ტრაქტატში. ერთხელ მოწმე გავხდი წირვის სასეირო შეწყვეტისა; თეათინელთან ერთად მივდიოდით ჩვენ თავშესაფარ კოშკში; გავიარეთ ეკლესიასთან, სადაც წირვა მმდინარეობდა. მღვდელმა, რომელიც წირვას ასრულებდა, გაიგონა, რომ ჩვენ კარიბჭესთან მდგომ კაცს გზა ვკითხეთ. „მომითმინეთო,“ – დაგვიძახა მან საკურთხევლიდან, - „მე ახლავე გიჩვენებთ გზასო“. ერთი წუთის შემდეგ ის გამოჩნდა კარებში ლოცვით ტუჩებაცმაცუნებული. გამოგვკითხა საიდან მოვდიოდით და სად მივდივართ, გვიჩვენა გზა და შემდეგ დაბრუნდა საკურთხეველში.
  28-ში დილით ძალიან ადრე გავედით ზღვაში. წყნარი და მზიანი ამინდი იყო. დავინახეთ, ერთი მხრივ, ტრაპეზუნდის, ხოლო მეორე მხრივ, აფხაზეთის მაღალი ნაპირები; მათი დანახვა საკმაოდ ადვილად შეიძლება, რადგანაც აფხაზეთის ნაპირებს ქვევით ტრაპეზუნდისაკენ შავი ზღვის მიერ შექმნილ ნახევარ წრეში ანაკლია საკმაოდ წინაა წამოწეული.
  შავი ზღვა სიგრძეში, აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაახლოებით ორასი მილია, რაც ჰეროდოტეს მიერ განსაზღვრული სივრცის ნახევარსაც არ შეადგენს: აი, როგორ ანგარიშობს იგი ზღვის სიგრძეს: „ევქსინის პონტოს შესართავიდან ფაზისამდე, – ამბობს იგი, – რომელიც ამ ზღვაზე მეტი სიგრძისაა, სანაოსნოდ არის ცხრა დღის და რვა ღამის სავალი, ესე იგი თერთმეტი ათას ასი სტადიონი“, რაც შეადგენს ოთხას სამოცდაორ მილს თხუთმეტ ასტრონომიულ გრადუსს ზევით. არ ვიცი როგორ ეპატიოს ამ ავტორს ასეთი შეცდომა გამოანგარიშებაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ზომები აღებულია საშუალოდ ისე, როგორც ეს, გადმოცემის მიხედვით, ჩვევად ჰქონიათ ხმელთაშუა ზღვაზე მიმომავალ ძველ მეზღვაურებს. გზის დაბნევისა და კატასტროფის შიშით ისინი ვერ ბედავდნენ ნაპირებს იმდენად დაშორებოდნენ, რომ მიწა მხედველობიდან დაეკარგათ. ამ წესით გაანგარიშებული ევქსინის პონტოს სიგრძე, მდინარე დუნაიდან ფაზისამდე, რომელიც მის ორთავ ბოლოს აღნიშნავს, ორმაგ მანძილს ან ორმაგ ნაოსნობას უდრის. არაბი გეოგრაფოსებიც ამ ზღვის სიგრძის გამოანგარიშებისას ძლიერ ცდებიან – მას ათას ორასი მილით საზღვრავენ. ამ ზღვას ყველაზე დიდი განი აქვს ბოსფორისა და ბორისთენის ჩრდილოეთითა და სამხრეთით, რაც დაახლოებით სამ გრადუსს შეადგენს. ეს არის ზღვის დასავლეთი კიდე. მისი მოპირდაპირე მხარე არ არის ასეთი ფართო. ამ ზღვის წყალი ნაკლებად გამჭვირვალე, უფრო ბაცი მწვანე და ნაკლებად მლაშე მომეჩვენა, ვიდრე ოკეანის წყალი. ჩემი აზრით ეს იმიტომაა, რომ მას ბევრი დიდი მდინარე ერთვის და მისი წყლები ჩაკეტილია მასში, როგორც აუზში. ასე რომ, უმჯობესი იქნებოდა, მისთვის ტბა ეწოდებინათ, ვიდრე ზღვა, მსგავსად კასპიის ზღვისა, რომელთანაც მას ბევრი საერთო აქვს, და მათ შორის ესეც. გარდა ამისა, ისინი ერთმანეთს გვანან იმითაც, რომ არც ერთს არა აქვს კუნძული და ორივე მეტად მშფოთვარეა. შავი ზღვის წყლების ფერში სრულიადაც არ უნდა ვეძიოთ მიზეზი მისი სახელისა, რადგან მისი წყლები უფრო ღია ფერისაა, ვიდრე სხვებისა. მას იმიტომ დაარქვეს შავი, რომ აქ ცურვა მეტად სახიფათოა სხვა ზღვებთან შედარებით, ხშირი და უფრო შმაგი ღელვა იცის. ასეთივე აზრით არაბები იმ სრუტეს, რომლითაც წითელ ზღვაში შედიხარ, უწოდებენ ბაბელ-მანდებს, რაც ნიშნავს „დაღუპვის კარს“, „უბედურების კარს“, რადგანაც აქ ხშირად იღუპება გემები. შავ ზღვას წინათ იაფეტის შვილიშვილის სახელი აშკენაზი ერქვა, მაგრამ ბერძნებმა შეუცვალეს სახელი და უწოდეს ევქსინი, ანუ ევქსინის პონტო. ეს სახელი ნიშნავს „ჯიუტს, მას, რომელიც არავის უთმენს“, ხშირი და მძაფრი ქარიშხლების გამო, რომელიც ამ ზღვაზე იცის, როგორც მე უკვე ვთქვი. იმავე მიზეზით თურქები მას ყარადენგის, ე.ი. „გიჟ ზღვას“ უწოდებენ. „ყარა“ თურქულად პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „შავს“, აგრეთვე „სახიფათოს“, „ულმობელს“, „საშინელს“. ამ ენაში ეს სიტყვა ხშირი ტყეების, სწრაფი მდინარების, ციცაბო და მაღალი მთების ეპითეტად იხმარება. ბევრია ისეთი მდინარე, რომელსაც ყარა-სუ – შავი წყალი – ჰქვია. ამით იმის თქმა უნდათ, რომ ეს მდინარეები გამოდიან ნაპირებიდან და დიდი უბედურება მოაქვთო. იმის მიზეზი, რომ ამ ზღვაზე უფრო ძლიერი და საშიში ქარიშხალი იცის, ვიდრე სხვაზე, პირველ ყოვლისა, უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ მის წყლებს მეტად ვიწრო კალაპოტი აქვს და გასასვლელი არ გააჩნია. რაც შეეხება ბოსფორის სრუტეს, ის იმდენად ვიწროა, რომ მხედველობაში მისაღები არც არის. როდესაც ზღვაზე ღელვაა, ტალღები, ვერ ნახულობენ რა გამოსავალს, ადიან მაღლა, ტრიალებენ და გემს ყოველი მხრიდან დიდი ძალით და სისწრაფით ეხეთქებიან. მეორეც ის, რომ ამ ზღვაში მხოლოდ და მხოლოდ რეიდებია, რომელთა უმრავლესობაც სრულიად არ არის დაცული, ისე რომ რეიდზე გაჩერება უფრო სახიფათოა, ვიდრე შუა ზღვაში. ნათქვამს უნდა დაემატოს ისიც, რომ ამ ზღვის თურქული სახელწოდება – ყარადენგის იგივეა, რაც ბერძნული მაუროტალასა; ამ ზღვას ისინი უწოდებენ აგრეთვე აყ-დენგისს, თეთრ ზღვას, პროპონტიდას, ბერძნები კი ასპროტალასას, ხოლო არაბები – ევქსინის ზღვას, ბაჰარბონტს, პონტოს ზღვას. მთელ შავ ზღვას ფლობს დიდი მთავარი84. მხოლოდ მისი ნებართვით შეიძლება აქ ნაოსნობა. ეს უკანასკნელი გიცავს მეკობრეებისაგან, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო სახიფათოა ზღვაზე.
  მთელი დღე პირქარი ქროდა და თვრამეტი მილის მეტი ვერ გავიარეთ. საღამოს შევედით მდინარე კემხელში. იგი უფრო ღრმა და თითქმის ისევე განიერია, როგორც ენგური, მაგრამ ნაკლებად სწრაფია85.
  29-ში გათენებამდე ორი საათით ადრე, მთვარის შუქზე გავემგზავრეთ. შუადღისას მივაღწიეთ მდინარე ფაზისს, ავყევით მას და გავიარეთ ერთი მილი იმ სახლებამდე, სადაც ნავის პატრონმა ცოტაოდენი საქონლით ნაპირზე გადმოსვლა მოინდომა.
  მდინარე ფაზისი, რომელსაც აგრეთვე ფიზონს, ეძახიან ერთ-ერთი მდინარეა მიწიერი სამოთხის ოთხ მდინარეთაგან. მისი სათავე კავკასიის მთებშია. თურქები მას „ფაშს“ ეძახიან, ადგილობრივი მცხოვრებლები კი რიონს, როგორც მე უკვე აღვნიშნე. ამ ორ სახელს პროკოპი შეცდომაში შეყავს, ის ფიქრობს, რომ ეს ორი სხვადასხვა მდინარეა. მე იგი ვნახე ქუთაისში. აქ იგი ვიწრო კალაპოტში მეტად სწრაფად მიედინება და ზოგ ადგილას ისეთი მეჩხერია, რომ ფონით გადიან. ქუთაისიდან ოთხმოცდაათი მილის დაცილებით, იმ ადგილას, სადაც ის ზღვას ერთვის, მისი სი განე ერთნახევარ მილს აღწევს, სიღრმე კი სამოც საჟენზე მეტია. მის წყალს ამ ზომამდე ზრდის მრავალი შენაკადი. ფაზისი მიედინება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. მისი წყალი დასალევად ძლიერ კარგია, თუმცა მღვრიე, სქელი და ტყვიის ფერია. არიანე ამბობს, რომ ეს ფერი მას მიწის შერევის შედეგად აქვსო. ის, ისე როგორც სხვა გეოგრაფოსები, იმასაც ამბობს, რომ ყველა გემი მდ. ფაზისის წყლით მარაგდება, რადგან მისი წყალი ნაკურთხია და ყველაზე უკეთეს წყლად ითვლება ქვეყნიერებაზეო. ამ მდინარის შესართავთან მრავალი პატარა, მეტად ლამაზი ტყით დაფარული კუნძულია, რაც ხელს უშლის დიდი გემების ნაოსნობას, რომლებიც იძულებული არიან შესართავიდან სამი ან ოთხი მილის დაცილებით გაჩერდნენ. ამ კუნძულებიდან ყველაზე დიდ კუნძულზე დასავლეთის მხრიდან ციხის ნანგრევები მოჩანს, რომელიც თურქებმა ააშენეს. ეს იყო სულთანი მურადი, რომლის ბრძანებითაც ააგეს იგი 1578 წ. უფრო სწორად, იგი ააგო მისი ჯარის მთავარსარდალმა მუსტაფამ86 თურქებსა და სპარსელებს შორის დიდი ომების დროს. თურქთა ამ იმპერატორმა განიზრახა შავი ზღვის ჩრდოლოეთი და დასავლეთი მხარეების დაპყრობა, მაგრამ მისი განზრახვა ვერ განხორციელდა. მან უბრძანა გალერებს87 ფაზისს აღმა აყოლოდნენ, მაგრამ იმერეთის მეფე იმ ადგილზე, სადაც მდინარე მეტად ვიწროა, ჩაუსაფრდა და დიდი ზიანი მიაყენა მურადის გალერებს, ერთი ჩაიძირა, სხვებმა კი გაქცევით უშველეს თავს. ფაზისის ციხე-სიმაგრე 1640 წელს იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს შეერთებულმა ჯარებმა აიღეს და მიწასთან გაასწორეს. ოცდახუთი ზარბაზანი, რომელიც იქ იყო, იმერეთის მეფის განკარგულებით გადაიტანეს ქუთაისის ციხეში და დღესაც იქ დგას. მაგრამ ისინი კვლავ თურქებს ჩაუვარდათ ხელში, როდესაც მათ ეს ციხე აიღეს. მე შემოვუარე ფაზისის კუნძულს, რათა აღმომეჩინა რეას ტაძრის ნანგრევები, რომლის შესახებაც არიანე ამბობს, რომ მის დროს იგი არსებობდა88, მაგრამ მისი ვერავითარი კვალი ვერ ვნახე. ისტორიკოსები კი ირწმუნებიან, რომ ეს ტაძარი მთელი იყო რომის იმპერიის დაცემის დროს და რომ იმპერატორ ზენონის89 მეფობის ხანაში აქ იესო ქრისტეს სახელობის ტაძარი იყოო. ვეძებდი აგრეთვე დიდი ქალაქის, სებასტის კვალს90, რომელიც გეოგრაფოსების მითითებით მდებარეობდა ფაზისის შესართავთან, მაგრამ ამ ქალაქის ნაშთები ისევე დაკარგულია, როგორც კოლხოსისა, რადგან მე იქ ვერაფერი აღმოვაჩინე91. ყველაფერი დანარჩენი, რაც შავი ზღვის ამ ადგილებში ვნახე, სავსებით ეთანხმება იმას, რასაც ძველი მწერლები წერდნენ შავი ზღვის ამ მხარის შესახებ. მაგალითად, აქ ძალიან ბევრია ხოხობი და იგი უფრო მსუქანი, ლამაზი და გემრიელია, ვიდრე სადმე სხვაგან, როგორც ეს მე შევამჩნიე. ზოგი მწერალი, და მათ შორის მარციალეც92, ამბობს, რომ არგონავტებმა ეს ფრინველები საბერძნეთში წამოიყვანეს, სადაც მას მანამდე არ იცნობდნენო. ეს სახელიც „faisan“ იმათ შეარქვეს, რადგან ისინი ფაზისის ნაპირებიდან წამოიყვანესო. მდინარე ფაზისი სამეგრელოს ჰყოფს გურიის სამთავროსაგან და იმერეთის პატარა სამეფოსაგან. ანაკლია ამ მდინარის შესართავიდან დაცილებულია ოცდათექმსმეტი მილით. მისი ნაპირები ყველგან დაბალია, ქვიშიანია, დაფარულია ისეთი ხშირი ტყეებით, რომ შიგ ექვსი ნაბიჯის მანძილზე ვეღარაფერს გაარჩევ.
  საღამოს ზურგის ქარით ზღვაში გავედით. შუაღამისას გავიარეთ ქობულეთის ნავსადგურის წინ94, რომელიც გურიის მთავარს ეკუთვნის.
გონიო
  30-ში ნაშუაღამევს ჩავაღწიეთ გონიოში. მდინარე ფაზისიდან აქამდე ორმოცი მილია. მთელი ეს ნაპირი მაღალი და კლდოვანია, ზოგან ტყით დაფარული, ზოგან შიშველი. იგი ეკუთვნის გურიის მთავარს, რომლის ქვეყანა გადაჭიმულია მდინარემდე, რომელიც გონიოღან ნახევარი მილით არის დაცილებული95.
  გონიო, რომელსაც ქალკონდილი გორეას უწოდებს, არის დიდი კვადრატული ციხე-სიმაგრე, რომელიც აგებულია არაჩვეულებრივი სიდიდის მაგარი გაუთლელი ქვებით. იგი დგას ზღვის ნაპირზე, ქვიშიან ნიადაგზე. მას არც თხრილები აქვს და არც სამაგრები. მხოლოდ ოთხი კედელია, ორი კარით – ერთი აღმოსავლეთით, რომელიც ზღვას გაჰყურებს და მეორე – ჩრდილოეთით. აქ მხოლოდ ორი ზარბაზანი ვნახე. ამ ციხეს იანიჩარების მცირერიცხოვანი რაზმი იცავს. ციხის შიგნით ოცდაათიოდე ხის, პატარა, დაბალი, მოუწყობელი ფიცრის სახლი დგას. გარეთ მასთან ახლოს სოფელია, ამდენივე სახლით. თითქმის ყველა აქაური მეზღვაურია; თუ დავუჯერებთ ადგილობრივ მცხოვრებლებს, სწორედ ამიტომ ეწოდა ამ მხარეს სახელი „ლაზი“, თურქული სიტყვა „ლაზ“-იდან, რაც ზუსტი მნიშვნელობით „ზღვის კაცს“ ნიშნავს, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით – „უხეშ, სასტიკ და ველურ ადამიანს“. მე კი ვფიქრობ, რომ სახელი „ლაზი“, რომელსაც ეს ხალხი ატარებს, წარმოშობილია არა თურქულიდან, არამედ უბრალოდ ეს მათი უძველესი სახელია. ძველად მათ ეძახდნენ ლაზებს და მათ ქვეყანას ლაზიკას, როგორც უწოდებენ მას ბერძენი ისტორიკოსები და, კერძოდ, პროკოპი წიგნში სპარსეთთან ომის შესახებ; აქ ისინი ხშირად იხსენიება, თანაც ისე კარგადაა აღწერილი მათი ქვეყანა, რომ იგი ზუსტად ემთხვევა იმ ადგილებს, სადაც გონიო მდებარეობს და ამაში დაეჭვებაც არ შეიძლება. აგათია96 ამ ქვეყანას იხსენიებს როგორც მეტად მნიშვნელოვანს, ძლიერს იმით, რომ აქ ბევრია მამაკაცი და უხვია სიმდიდრე, აქვს მოხერხებული მდებარეობა, რაც ხელს უწყობს მას ყოველი მხრიდან საჭირო მარაგის მიღებაში. ის ამბობს, აგრეთვე, რომ რომაელების ლაზებთან ხშირმა მიმოსვლამ დადებითი გავლენა იქონია მათ ზნე-ჩვეულებებზე, სამართლიანობაზეო. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ისინი თურქებმა დაიპყრეს. დღეს ლაზების უმეტესობა გამაჰმადიანებულია და თუმცა საქართველოსა და სომხეთიდან იქ ხშირად ჩადიან ქრისტიანები, ისინი იქ არ ჩერდებიან ისევე, როგორც ლაზების უახლოესი მეზობლები ტრაპეზუნდელები.
  გონიოში არის საბაჟო, რომელიც ცნობილია თავისი სიმკაცრით, მაგრამ ის არ აღმოჩნდა ისეთი მკაცრი, როგორც მე მიხასიათებდნენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს მისგან საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვთ, ევროპელებისათვის კი ის ნამდვილი ყაჩაღების ბუნაგია. არავითარ ყურადღებას არ აქცევენ არც პიროვნებას, არც თურქეთის სულთნის რაყამს, არც მხარდაჭერას, რომელიც შეიძლება გქონდეს პორტაში. რაიმე დახმარების მიღებაზე ხომ ტყუილად გექნება იმედი. იმპერიის განაპირად მდებარე ამ საბაჟოს გამგებლები ძლიერ შორს თვლიან თავს სულთნისაგან და, დარწმუნებული არიან, რომ მისი ხელი მათ ვერ მისწვდება. მიადგა თუ არა ჩვენი ნავი ხმელეთს, სიხარულისაგან აღტაცებულმა ჩემმა მსახურმა ნაპირს მიაშურა. იგი ხან ზეცისაკენ აღაპყრობდა თვალებს, ხან მიწას კოცნიდა, წყევლა-კრულვას უთვლიდა სამეგრელოს და ათას ლოცვა-კურთხევას თურქთა ქვეყანას. ერთი წუთის შემდეგ ის უკვე ციხეში იყო, მე ნაპირზე დამტოვა მაშინ, როდესაც ყველაზე უფრო მესაჭიროებოდა მისი სამსახური. საფუძველი მომეცა მეფიქრა, რომ იგი საბაჟოში წავიდა, რათა იქ თავისი მოსაზრება გამოეთქვა ჩემი ვინაობის შესახებ, რადგან, როდესაც საბაჟოს ზედამხედველი და ციხისთავის ლეიტენანტი ნავიდან გადმოტვირთული ბარგის დასათვალიერებლად და საბაჟო გადასახადის ასაღებად მოვიდნენ, მაშინვე მითხრეს რომ მე ევროპელი ვარ, სამეგრელოში მრავალი ხიფათი გადამხდა და ახალციხეში ვაპირებ წასვლას. ამან ძალიან გამაკვირვა და მივხვდი, რომ გამცეს. მიუხედავად ამისა, არ დავიბენი და ღვთის წყალობით არ დავკარგე მხნეობა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემმა მსახურმა ზუსტად არც კი იცოდა ჩემი ვინაობა. მე ის კონსტანტინოპოლიდან წამოვიყვანე. იგი ხედავდა, რომ ხშირად ვხვდებოდი ელჩებს და ევროპელ მინისტრებს, რომ პატივისცემით მეპყრობოდნენ და რომ დანარჩენ დროს კითხვასა და წერაში ვატარებდი. ალბათ დარწმუნებული იყო, რომ ცნობისმოყვარე მოგზაური ვიყავი. ჩემი მსახური დავარიგე თურქებისათვის ეთქვა, რომ ვაჭარი ვარ და სამეგრელოში ჩავედი ევროპისათვის მტაცებელი ფრინველის შესასყიდად; ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სრულიად გამძარცვეს და მივდივარ ახალციხის ფაშასთან სამართლის საძებნელად. მტკიცედ დავდექი ამ სიცრუეზე, რადგან სხვა უკეთესი თვალთმაქცობა ვერაფერი მოვიფიქრე და არც მინდოდა, რათა ჩემი მსახური დამერწმუნებინა, რომ მე არა ვარ მიმხვდარი მის ღალატს და არც ეჭვი მეპარება მის ერთგულებაში. მებაჟემ ბევრი კითხვა დამისვა,რაზედაც საკმაოდ კარგად გავეცი პასუხი. მან ბრძანა დაეთვალიერებინათ ჩემი ბარგი; იქ ვერაფერი ნახეს. იქვე იყო უნაგირი, რომელსაც ქვეშ გაკეთებული ჰქონდა ღრმული ძვირფასეულის შესანახად. ის სავსე იყო და ამიტომაც – მძიმე. ეს სიმძიმე საეჭვოდ ხდიდა მას, მით უფრო, რომ თურქული უნაგირი ძალიან მსუბუქია. ზედამხედველებმა ხელში აიღეს იგი, გასინჯეს, მაგრამ რადგან ხელში ყველგან მხოლოდდ ძუა და ბალანი მოხვდათ, დაანებეს თავი.
  რვაასი პისტოლიდან, რომელიც მე მომანდეს, ნახევარი ტანზე მქონდა; მეორე ნახევარი კი ბოქლომით დაკეტილ ჩანთაში იდო სხვა მცირე ღირებულების მქონე უმნიშვნელო წვრილმანებთან ერთად. კარგად ვიცოდი, რომ თურქები მათ წაიღებდნენ, თუ კი თვალს მოჰკრავდნენ. სამეგრელოდან წასვლისას გადავწყვიტე ეს ჩანთა შესანახად მეზღვაურებისათვის მიმეცა, როდესაც ქობულეთის ნაპირს მივადგებოდით. ეს არის აქ ახლოს მდებარე ნავსადგური, რომლის შესახებაც მე ვილაპარაკე. მეზღვაურების ბარგს არ ათვალიერებენ და მათ ნავებსაც იშვიათად ჩხრეკენ. მაგრამ ზურგის ქარმა შეუჩერებლად გაგვატარა ეს ადგილი, რამაც ხელი შემიშალა სისრულეში მომეყვანა ჩემი გადაწყვეტილება. ნავში კი ამის გაკეთება მგზავრების წინაშე წინდაუხედაობა იქნებოდა.
  მებაჟეებმა უკვე იცოდნენ, რაც მქონდა: ჩავიდნენ ნავში და ნახეს ეს ჩანთა. იკითხეს თუ ვის ეკუთვნოდა იგი. ვთქვი, რომ ის ჩემია და შიგ ბაჟის დასადები არაფერია-მეთქი. მებაჟემ მისი გახსნა მიბრძანა. ვუპასუხე, რომ სიამოვნებით გავაკეთებ ამას სახლში და არა ზღვის ნაპირზე, ამდენი ხალხის წინაშე. მებაჟემ თავისთან წამიყვანა. ციხისთავის ლეიტენანტიც ჩვენ გამოგვყვა. ის იღებს ბაჟის ერთ პროცენტს, ხოლო მებაჟე – ხუთს. ჩემგან წაიღეს ოცდაორი პისტოლი ოქროთი და ყველაფერი ის, რაც მოეწონათ იმ წვრილმანი ნივთებიდან, რომელიც ჩანთაში მქონდა. სხვათა შორის, წაიღეს ჩემი ერთადერთი იარაღი, წყვილი დამბაჩა. მართალია მასში ფული მომცეს, მაგრამ მხოლოდ ნახევარი ფასი. მებაჟემ შემომთავაზა მასთან გაჩერება. მე ვუპასუხე, რომ ის ალბათ დამცინის, როდესაც ასეთ წინადადებას მაძლევს მას შემდე, რაც უსამართლოდ აიღო ბაჟი ჩემი ფულიდან, რადგან არც ვერცხლზე და არც ოქროზე ბაჟი არ არის დაწესებული. მან მიპასუხა, რომ მე ვცდები, რომ ის უსამართლოდ არ მომქცევია და რომ გონიოში უგამონაკლისოდ ყველაფერზე ახდევინებენ ბაჟს, ხოლო რაც შეეხება მის წინადადებას ჩემი მასთან დაბინავების შესახებ, ეს მხოლოდ თავაზიანობაა მისი მხრიდან. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ თუ მას უნდა სიკეთე მიყოს, რისთვისაც მთელი სიცოცხლე მისი მადლიერი ვიქნები, დამეხმაროს ჩავიდე ახალციხის ფაშასთან; მთელი გონიო გაიგებს, რომ მე ერთი ჩანთა ოქრო მინახეს, ეჭვი არ მეპარება, რომ დარჩენილი ოქროსათვის მომკლავენ მთებში, სადაც მე უნდა გავიარო, რომ ვარ მარტოკა, უცხოელი, უიარაღო, რომ უკანასკნელი იარაღი მან თვითონ წამართვა და რომ კეთილი ინებოს და ცოტაოდენი დახმარება გამიწიოს. მან მიპასუხა, რომ ტყუილად აუტანივარ შიშს, რადგან, მადლობა ღმერთს მე ვიმყოფები მართლმორწმუნეებთან (ასე უწოდებენ თავიანთ თავს თურქები), სადაც არ უნდა მეშინოდეს გაქურდვის ან მოკვლისა, რომ ის თავდებია ჩემი სიცოცხლისა და ჩემი ქონების და შემიძლია სრულიად უშიშრად და აშკარად წავიღო ჩემი ოქროთი სავსე ჩანთა; რაც შეეხება ახალციხის გზას, ის ძალიან ცუდია, პირველი ორი დღე ფეხით სავალია, რადგან ცხენები ვერ გაივლიან ამ მთების ვიწრო და დაკიდულ ბილიკებზეო; რომ ხვალ დილით ის მომცემს კაცებს ბარგის გადასაზიდად პირველ გაჩერებამდე. იქიდან ახალ გამცილებლებს მომცემდნენ შემდეგ გაჩერებამდე და ასე მივიდოდი ახალციხემდე. მითხრა რა ყოველივე ეს, მან კიდევ მესამედ და დაბეჯითებით შემომთავაზა ღამე მასთან გამეთია. როგორც შემდეგ გავიგე, ეს წინადადება მის მიერ სრულიად უანგაროდ და ჩემს საკეთილდღეოდ იყო შემოთავაზებული, მაგრამ ღმერთმა არ მოისურვა მაშინვე გამეგო ეს. ვერ განვჭვრიტე, თუ რას მიმზადებდა განგება. შემეშინდა, ვაითუ მებაჟე იმიტომ მირჩევს მასთან ღამის გათევას, რათა უკეთ დაათვალიეროს ჩემი ნივთები და ჩემი უნაგირი და, რომ მას შეიძლება ჩემი ტანსაცმლის გაჩხრეკის სურვილიც მოუვიდეს-მეთქი. ტანისამოსში, როგორც აღვნიშნე, მქონდა მოზრდილი ჩანთა და სამ ადგილას მარგალიტები.
  თითქმის ბნელოდა, როდესაც მებაჟესაგან წამოვედი. იგი გონიოს ოლქის მმართველიც იყო. ჩემმა მსახურმა ჩემი ნივთები წაიღო იქ, სადაც ჩემთან ერთად ჩამოსული ხალხი დაბინავდა. ეს იყო ერთი საძაგელი ქოხი, ყოველ მხრიდან ფარღალალა, ფრიად ბინძური და მყრალი. აქ, თუ შეიძლება ითქვას, თანაგრძნობის გამომხატველი ბევრი ქათინაური მითხრეს; მართალი რომ ვთქვა, ვფიქრობ, ჩემი მსახურის გარდა, რომელსაც ჩემთვის ჩამორთმეული ოცდაორი პისტოლიდან მასაც უნდა ჰქონოდა მიღებული წილი, ყველა იქ მყოფი შეწუხებული ჩანდა. სათითაოდ მსაყვედურობდნენ რომ ჩანთა მათ არ დავუტოვე შესანახავად. მე თავი მოვაჩვენე დამწუხრებულად და დაჩაგრულად, მაგრამ გულის სიღრმეში კმაყოფილი ვიყავი, რომ ამ ფასით დავაღწიე თავი ამ მდგომარეობას. ერთადერთი სურვილი, რომელიც მქონდა, ეს იყო მზის დანახვა, რათა ამ ყაჩაღების ბუნაგიდან თავი დამეღწია ნამცხვარს შევექცეოდი, როდესაც ერთი იანიჩარი მოვიდა და აცნობა ჩემს მსახურს ციხისთავის ლეიტენანტი გკითხულობსო. ციხისთავი იქ არ იყო და მისი ლეიტენანტი ასრულებდა მის მოვალეობას. ჩემი მსახური წავიდა. ერთი საათის შემდეგ ლეიტენანტმა იგივე იანიჩარი ჩემს წასაყვანად გამოგზავნა. მე რომ მივედი, ლეიტენანტი ჩემს მსახურთან ერთად სუფრასთან იჯდა და ორივენი შეზარხოშებულნი იყენენ. მან ჯერ ძალით მასვა და მაჭამა, შემდეგ გამომიცხადა, რომ ქრისტიანული სარწმუნოების ყველა სასულიერო პირი, რომელიც გონიოს გაივლის, ვალდებულია მის უფროსს გადაუხადოს ორასი დუკატი; რამდენადაც მე ამ წოდების წარმომადგენელი ვიყავი, ამიტომ მეც უნდა გადამეხადა ეს თანხა.
  მივუგე, რომ იგი ცდება, რომ მე ვაჭარი ვარ და საბაჟოს თანხაც უკვე გადახდილი მაქვს, თუმცა არაკანონიერად კი, და რომ მებაჟემ გამათავისუფლა; ჩემი ვინაობა კი მან არ შეიძლება იცოდეს ზუსტად; დაბოლოს, თუ ვალდებული ვარ რაიმე გადავუხადო ციხისთავს, ამას ხვალ გავაკეთებ, ღამით კი დრო არ არის ასეთი ლაპარაკისათვის-მეთქი. ამის შემდეგ დავაპირე წამოდგომა და წასვლა. ორმა იანიჩარმა დამაკავა, ლეიტენანტმა ისევ დამსვა, ძალდატანებით მასვა, დამაყოვნა ორი საათი, თავხედურად მელაპარაკებოდა ათასგვარ რამეებზე, სხვათა შორის დამიწყო იმის მტკიცება, რომ ქრისტიანების ქონება კანონით თურქებს ეკუთვნისო, რომ მალტიელებმა ჩემი ორი ძმა წაიყვანესო, რომ ჩემ მდგომარეობაში მყოფი კაცისათვის ოცი პისტოლი საკმარისიაო. საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი; საქმე მქონდა მთვრალებთან. ჩემი მსახური, ნაცვლად იმისა, რომ დამხმარებოდა, ჩემს მსაჯულთან ერთად სუფრას მოსჯდომოდა და ფაქტიურად ბრძანებლობდა ჩემზე, თითქოს ის იყო ჩემი უფროსი და არა მე მისი. ცხადად ვხედავდი მის სიმუხთლეს, მაგრამ უარესის შიშით ხმის ამოღებას ვერა ვბედავდი. განზე გავიხმე და ვუთხარი, ხელიდან არ გაეშვა შემთხვევა განემტკიცებინა ჩემში ჯერ კიდევ დარჩენილი რწმენა მისი ერთგულებისა, რომლითაც იგი მემსახურებოდა, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ამ საქმის მოგვარება და რომ სრულ უფლებას ვაძლევ შესთავაზოს ლეიტენანტს ოც დუკატამდე. ჩემი მიზანი იყო ამ მოჩვენებითი ნდობით, რომელსაც ჩემთვის მხოლოდ სიკეთის მოტანა შეეძლო, ამელაგმა ამ მოღალატის ვერაგობა და ხელი შემეშალა, რათა მისი ბოროტება უკიდურესობამდე არ მისულიყო. შემდეგ მივმართე ლეიტენანტს, ვთხოვდი, თვალის ასახვევად ვემუქრებოდი, ვუმტკიცებდი, რომ გონიოში აღარავინ ჩამოვა, როცა გაიგებენ, როგორი ძალადობით და უსამართლოდ ექცევიან გამვლელებს-მეთქი. ლეიტენანტმა სიცილით მიპასუხა, რომ გონიო მისი საკუთრება არ არის, რომ ის აქ მხოლოდ ერთ წელიწადს დარჩება, ამიტომ მას არ აწუხებს მისი წასვლის შემდეგ თუ აქ არავინ ჩამოვა, ანდა თუ ციხე დაინგრევა; ის სარგებლობს შემთხვევით და მომავალი არ აწუხებს. ბოლოს მდგომარეობა ისე გამწვავდა, რომ ლეიტენანტმა რაკი ვერ მაიძულა მიმეცა მისთვის რასაც იგი ითხოვდა, კაცი გააგზავნა ჩემი ბარგის მოსატანად. ჩემმა ვერაგმა მსახურმა მხარი დაუჭირა მას. ლეიტენანტმა მითხრა, ოქრო ამომეღო ჩანთიდან. გადავწყვიტე გავძალიანებოდი და ვუპასუხე, რომ ნებით არც ერთ სუს არ მივცემ, მიუხედავად იმ უკიდურესი ზომებისა, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს, რადგან მე მისი მოვალე არა ვარ, და ვინაიდან წინააღმდეგობას ვერ გავუწევ მის ძალმომრეობას, ამიტომ წაიღოს რაც სურს, მაგრამ გავაფრთხილე, რომ ვიცი საშუალებები, რომლებიც მას აიძულებენ ყველაფერი დამიბრუნოს. მაშინ ამ ავაზაკმა ბრძანა ხუნდები და რკინის საყელო მოეტანათ. სიმართლე რომ ვთქვა, ამან ცოტა შეარყია ჩემი სიმტკიცე, რადგან საქმე მქონდა ჯარისკაცებთან, რომლებსაც ოქროს დანახვა და დალეული ღვინო ყველაფერს აკისრებინებდა. ერთი მათგანი მომიახლოვდა და მითხა: – რაც უფრო დანაყავ ნიორს, მით უფრო აყროლდებაო. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ საქმე რაც უფრო გაგრძელდება, მით უფრო გაძნელდებაო. იმავე დროს ჩემმა მსახურმა მირჩია გადამეხადა ასი დუკატი. საქმე რომ დამემთავრებინა, მივეცი ეს ფული და კიდეც ოთხი დუკატი ჩავუთვალე იანიჩარებს, რომლებიც სერჟანტს ემსახურებოდნენ. ფასეულობამ, რომელიც თანაც და ბინაშიც მქონდა, ადგილმა, სადაც ვიმყოფებოდი და ათასმა სხვა გარემოებამ მაიძულა დავმორჩილებულიყავი. სხვა მდგომარეობაში მუქარა ვერ გამტეხდა. არ შევუშინდებოდი ბორკილებს და ამ მდგომარეობას ნაკლებად დაზარალებული დავაღწევდი თავს. როდესაც ლეიტენანტს ასი დუკატი ჩავუთვალე, მან ძალდატანებით სახარებაზე ფიცის დადება მომთხოვა, რომ ამ ფულს მას ჩემის ნებითვე ვაძლევ და ამის შესახებ არავის ვეტყვი. ახლა ამაზე დაიწყო ისეთი გაცხარებული დავა, როგორც პირველზე. მე ფიცის დადების სურვილი არ მქონდა, რადგან მართლაც ვაპირებდი ჩივილს და მასთან სიმტკიცის გამოჩენით მონდოდა ჩემი მდგომარეობა მომავალში უზრუნველმეყო. ეს ავაზაკი კი გაჯიუტდა და არ იღებდა ას დუკატს, თუ ამ პირობას არ მივცემდი. მეტი გზა არ მქონდა, მისი თანდასწრებით ისეთი ფიცი მივეცი, როგორიც მას სურდა, ამავე დროს მოითხოვდა შევხვეწნოდი, რათა ეს ფული მიეღო.
  მეორე დღეს დილით ადრე, ეს იყო I დეკემბერს, საბაჟოს ზედამხედველები მოვიდნენ ჩემ თავშესაფარში და თვალყურს მადევნებდნენ გამგზავრებამდე. მათ ნაბრძანები ჰქონდათ ჩემი უნაგირისა და პირადად ჩემი გაჩხრეკა: დაუძახეს ჩემს მსახურს და, რამდენადაც შეეძლოთ, ზრდილობიანად გამოუცხადეს ეს ამბავი. ხელმეორედ გასინჯეს უნაგირი და სანამ იგი იმათ ხელში ეჭირათ, შიშით ვთრთოდი, გული გასკდომაზე მქონდა. ხელით ვერაფერი მოსინჯეს, მაგრამ მაინც უნდობლად უყურებდნენ, რადგან მისი სიმძიმე საეჭვო იყო. დავინახე თუ არა, რომ დიდხანს ატრიალებდნენ ხელში, ვუთხარი, ეს უნაგირი საგანგებოდ გავაკეთებინე იმ ანგარიშით, რომ საჭიროების შემთხვევაში კურტნად გამომეყენებინა და ამიტომ გამოვიდა ასეთი, მძიმე-მეთქი. ამ ხრიკმა გასჭრა, მაგრამ შემდეგ შევამჩნიე, რომ მათ ჩემი ტანზე გაჩხრეკვის სურვილი ჰქონდათ, რადგანაც ჯერ ერთმა და მერე მეორემ განზე გამიხმო და მითხრა, თუ ისეთი რაიმე მქონდა, რაც მებაჟეს მხედველობიდან გამორჩა, მათთვის საჩუქარი მიმეცა და ისინი აღარ გამჩხრეკდნენ. „მეგობრებო, – ვუთხარი მათ, – ნუ მიმართავთ ხრიკებს, თუ გინდათ ჩემი გაჩხრეკა, გააკეთეთ ეს უფრო გაბედულად“. ვთქვი რა ეს, გავიხსენი ქურთუკი, გადავიწიე კალთები და ვუჩვენე ჯიბეები. ამ სიყოჩაღემ გადამარჩინა. მებაჟეებმა იფიქრეს, რომ შიშისათვის საფუძვლის მქონე ასე თამამი არ იქნებოდაო და აღარ გამჩხრიკეს. მათთან ერთად წავედი მებაჟესთან და ტირილითა და მწუხარებით მოვახსენე, რომ არ ვისარგებლე რა მისი მასპინძლობით, წამართვეს ჩემი ოქროს ნაწილი. – „მე ხომ გთხოვდი ჩემთან გაგეთია ღამე, ეჭვი არ მეპარებოდა რომ ასეც მოგივიდოდაო“ – მითხრა მან. შემდეგ დაჟინებით მომთხოვა მეთქვა მისთვის, თუ რა წამართვეს და ვინ ჩაიდინა ეს. მარწმუნებდა, რომ სამართლიანად მოიქცევა და აიძულებს ამის ჩამდენს დამიბრუნოს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ მოკვლას დამექადნენ, თუ ვიტყვი-მეთქი. ეს სიმართლე იყო. გარდა ამისა, ისეთი დიდი სურვილი მქონდა გონიოს გავცლოდი, რომ დავის დაწყება აღარ შემეძლო. შევევედრე მებაჟეს თავისი ნათქვამი აესრულებინა; მანაც შეასრულა, მომცა ორი კაცი, რომლებსაც საღამომდე უნდა ეზიდა ჩემი ბარგი, და ერთი თურქი, რომელიც ახალციხემდე მიმიყვანდა. ამ ორ კაცს უბრძანა ჩემგან ბარათი მიეტანათ მისთვის, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მე მშვიდობით ჩავედი პირველ გაჩერებამდე. თურქს მისცა ბრძანების ფორმის რაყამი, რომელიც მთელ გზაზე გვემსახურებოდა. აი, მისი თარგმანი: „გზის მცველებო, მამასახლისებო, მსაჯულნო, ქეთხუდებო, მიაცილეთ გაჩერებიდან გაჩერებამდე, ჰასან ფაშის97 ბედნიერ კარამდე ივანე, მისი ზარაფი. მიეცით მას ფულში ცხენები და კაცები, რამდენიც მოითხოვოს. მისი პიროვნების და მისი ბარგის დაცვა ევალება იმ ადგილების მცხოვრებლებს, სადაც ის გაივლის. ეს უკანასკნელნი პასუხს აგებენ მის სიცოცხლეზე“. მებაჟემ მისცა რა ხელში ეს საბუთი ჩემს თანმხლებ თურქს, მითხრა, რომ ბრძანებაში იგი მე მიწოდებს ფაშის ზარაფს, ამიტომ საჭიროა მე და ჩემმა მსახურმა თავზე თეთრი ყაუხი დავიხუროთ, რათა მეტი პატივისცემა გამოიწვიოთო. მეც ასე მოვიქეცი და დილით რვა საათზე გავუდექი გზას აღფრთოვანებული იმით, რომ ვტოვებდი ამ ავბედით და საშიშ ადგილს და მივდიოდი თავისუფალ ქვეყანაში, სადაც არაფრის შიში აღარ მექნებოდა. როგორც იქნა თავისუფლად ამოვისუნთქე, თანდათან დამიბრუნდა სულიერი სიმშვიდე. ხუთი თვის განმავლობაში საშინელი მღელვარება და უბედურებები გადავიტანე: შეურაცხყოფა, კატასტროფა, ტყვეობის, ცოლის შერთვის, ქონების, თავისუფლების და სიცოცხლის დაკარგვის მუქარა. ეს საშინელი ფიქრები რიგრიგობით აწვალებდნენ ჩემს გონებას, მთელი ამ ხნის განმავლობაში ათასმა რეალურმა უბედურებამ ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენა, რომლის წარმოდგენაც ძნელია. გამგზავრების დღეს გამოუთქმელ სიხარულს ვგრძნობდი, ჩემი გული მშვიდად ცემდა. კავკასიის მთებზე ისე მსუბუქად ავდიოდი, რომ ჩემი მებარგულები გაოცებული იყვნენ. როგორ მსუბუქად გრძნობ თავს, როდესაც გულზე არაფერი გაწევს! ამას ვამბობ უბრალოდ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს საშინელი ტვირთი მომეხსნა ზურგიდან და კი არ მივდიოდი, არამედ მივფრინავდი. გავიარე ოთხი მილი სულ კლდეებში. შემდეგ ნავით გადავედი მდინარეზე, რომლის შესახებაც მე უკვე ვილაპარაკე და რომელიც გურიას თურქეთის ტერიტორიებისაგან გამოყოფს.
გონიოდან ახალციხემდე
  3-ში ხუთი მილი ფეხით გავიარე, ჩემი ბარგი მოჰქონდა სამ კაცს. ხშირად ისე ახლოს მივდიოდით საშინელ უფსკრულებთან, რომ შიში მიტანდა. გავლილი გზიდან სწორი ორი მილი თუ იქნებოდა, დანარჩენი სულ აღმა ავდიოდით.
  4-ში დავრჩი თურქებით და ქრისტიანებით დასახლებულ ერთ სოფელში, სადაც წინა დღით ჩავედით. წვიმდა, თოვდა და ქროდა ქარი. ჩვენ გზის გაგრძელება ვერ გავბედეთ.
  5-ში და 6-ში გავიარე თერთმეტი მილი. თუმცა ცხენები გვყავდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ცხენით ჩვენ სამი მილიც არ გაგვივლია. ყოველ წუთში ჩამოვდიოდით ცხენიდან საშინელი გზების გამო, სადაც ცხენი ძლივს იმაგრებდა ფეხს.
  7-სა და 8-ში გავიარე თექვსმეტი მილი. აქედან ოთხი აღმართ-დაღმართს წარმოადგენდა, შემდეგ რვა ვაკეზე გადიოდა, მაგრამ სულ დაკლაკნილი იყო. ავედით კავკასიის მთაზე. დანარჩენი ოთხი მილი სულ დაღმართი იყო. შუა დაღმართიდან მთის მწვერვალებზე ეცლესიისა და ციხის ნანგრევები მოჩანდა. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ციხეები და ეკლესიები აქ ბევრი იყო, მაგრამ თურქებმა დაანგრიესო. მთის ძირში იწყება შესანიშნავი ხეობა, რომლის განი სამი მილია. ეს ხეობა ძალიან ნაყოფიერი, უხვ-მოსავლიანი და მჭიდროდ დასახლებულია. შუაში ჩაუდის მდინარე მტკვარი.
  ცნობილია, რომ აზია ერთი ბოლოდან მეორემდე დაყოფილია ქედით, რომლის ყველაზე მაღალ ნაწილებს ჰქვია: ტავრი, იმაუსი და კავკასიონი. პირველის ნაწილი ყველაზე უფრო შეჭრილია აზიაში; მთელ ამ მთაგრეხილს ზოგადად ეძახიან ტავრის ქედს. ვამბობ ზოგადად, რადგან თითოეულ ნაწილს აქვს თავისი საკუთარი სახელი, რომელსაც მის ახლოს დასახლებული ამა თუ იმ ერის მოსახლეობა უწოდებს მას. მისი ბოლო ნაწილი ევროპასთან ყველაზე უფრო ახლოსაა, გადაჭიმულია შავ და კასპიის ზღვებსა, მოსკოვის სახელმწიფოსა და თურქეთს შორის. ბევრი ავტორი ამ სამ ნაწილს ერთმანეთში ურევს. სხვათა შორის, პლინიუსსა98 და კვინტ კურციუსს99 კავკასიის მთები ინდოეთში ეგულებათ. სტრაბონი ამ მთის შესახებ თავის „გეოგრაფიის“ მეთვრამეტე წიგნში ამბობს, რომ თუმცა ყველა ავტორი ამ საკითხში შეთანხმებულნი არიანო, მაინც არ შეიძლება მათ დავუჯეროთ, რადგან ამას ისინი სწერენ პირფერობით, რათა მეტად განადიდონ ალექსანდრე, რომლისთვიც უფრო სასახელო იქნებოდა თავისი ძლევამოსილება ინდოეთის მთებს იქით გაევრცელებინა, ვიდრე იარაღით ხელში მხოლოდ ევქსინის პონტოს მახლობელი მთები გარდაევლოო100.
  შეიძლება გვეფიქრა, რომ ეს უბრალო გეოგრაფიული შეცდომაა, რომელიც კვინტ-კურციუსს განზრახ არ ჩაუდენია. მაგალითად, იგი თვლიდა, რომ განგი სამხრეთიდან მოედინება101, ან იაქსარტე ტანაისად მიაჩნდა102. დავუჯერებდი, რომ მეექვსე წიგნში იგი კავკასიის მთას ჰირკანიასა და მდინარე ფაზისს შორის არ ათავსებდეს103.
  ვუბრუნდები კავკასიის მთის აღწერას. იმ მთებს შორის, რომელიც კი მინახავს, ეს მთა ყველაზეა მაღალი და ყველაზე ძნელი გადასალახავია. ეს ჩანს ჩემი ზემოთ ნაამბობიდან. აქ მრავლად არის ციცაბო კლდეები და საშინელი უფსკრულები. ბევრი შრომა დასჭირებია აქ ზოგიერთ ადგილას ბილიკების გაყვანას. როდესაც მე აქ გავიარე, იგი მთლიანად თოვლით იყო დაფარული, რომლის სისქე თითქმის ყველგან ათ ფუტს აღემატებოდა. ბევრ ადგილას ჩემს გამყოლთ გზის ნიჩბებით გაწმენდა დასჭირდათ. ფეხზე ეცვათ სანდლებისმაგვარი სპეციალურად თოვლში სასიარულო ფეხსაცმელები, რომლებიც მე მხოლოდ ამ ქყვეყანაში ვნახე. მისი ძირი თავისი ფორმითა და სიგრძით თხილამურსა ჰგავს, თუმცა ისე განიერი არაა. ბადეც უფრო მეჩხერია, ხოლო ხე, რომელსაც ბადე უკეთდება, მრგვალია. ეს ფეხსაცმელი თოვლში არ ეფლობა, მხოლოდ ერთი თითის სიღრმეზე ჩადის. ამ ფეხსაცმლით თოვლზე სწრაფად მოძრაობენ. ტოვებენ მქრქალ და გაურკვეველ კვალს, რადგან ამ ფეხსაცმელს არც თავი აქვს და არც ბოლო. კავკასიის მთის მწვერვალი მუდმივი თოვლითაა დაფარული და რვა მილის მანძილზე, რომელიც უნდა გაიარო მისი გადაკვეთის დროს, დაუსახლებელია.
  7–სა და 8-ში ღამე თოვლში გავატარე. მოვაჭრევინე ორი ნაძვის ხე, დავწექი მასზე და დიდი კოცონი დავანთებინე. როდესაც მივაღწიე მწვერვალს, ჩემი გამყოლები დიდხანს და გულმოდგინედ ევედრებოდნენ თავიანთ ხატებს, რათა მათ მოწყალება მოეღოთ და ქარი არ ამოვარდნილიყო. მართლაც, ქარი რომ ცოტა გაძლიერებულიყო, ჩვენ უეჭველად თოვლში დავიმარხებოდით, რადგან თოვლი აქ ისეთი ფხვიერი და მსუბუქია, როგორც მტვერი. იგი ქარს დააქვს და ჰაერში ატრიალებს. მადლობა ღმერთს, ქარი თითქმის არ იყო. ზოგ ადგილას ცხენები ისე ღრმად ეფლობოდნენ თოვლში, რომ ვფიქრობდი, ვეღარ ამოვლენ-მეთქი. ამ საშინელი მთის გადალახვისას, ოცდათექვსმეტი მილის მანძილზე, მე თითქმის სულ ფეხით მივდიოდი და ცხენით რვა მილიც არ მექნება გავლილი. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, მეჩვენებოდა თითქოს ღრუბლებში მივდიდი და ოც ნაბიჯზე ვერაფერს ვარჩევდი. თანაც შორს ხედვას ხელს უშლიდა ხეები, რომლებიც მთის მწვერვალს ფარავს. აქ მხოლოდ ნაძვებია, სხვა ხეები არ მინახავს. ამან გული დამწყვიტა, რადგან, წარმოვიდგინე რა, რომ ვიმყოფებოდი მსოფლიოში არსებულ უმაღლეს მთაზე, ან ყოველ შემთხვევაში აზიის უმაღლეს მთაზე, მინდოდა შემემოწმებინა ბუნებისმეტყველთა მოსაზრება, რომ ყველაზე მაღალი მთების უმაღლეს მწვერვალებზე ხეთა ფოთლები ყოველთვის ერთსა და იმავე მდგომარეობაშია, რადგან ქარი და ღრუბლები, რომელიც მათ ცვენას იწვევენ, ყოველთვის დაბლა არიან და ვერ აღწევენ მათ სიმაღლეს, მაგრამ ეს ვერსად შევამჩნიე. ვერც ის შევნიშნე, რომ ჰაერი იქ ჯანმრთელობისათვის მავნე იყოს, როგორც ამას ამტკიცებენ იგივე ავტორები. მართალია, ის ძალიან სუსხიანი და მშრალია, მაგრამ, ვგონებ, აქ ისევე შეიძლება ცხოვრება, როგორც რბილჰავიან ადგილებში. თუ ამ ადგილებში ადამიანი არ ცხოვრობს, ამისი ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ აქედან მეტად ძნელია სავაჭრო და სხვა ურთიერთობის დაჭერა მსოფლიოს სხვა კუთხესთან. ამ საშინელი მთიდან ჩამოსვლისას ვხედავდი, თუ როგორ მოძრაობდნენ ღრუბლები თვალუწვდევნელ მანძილზე ქვევით, ჩემს ფეხებთან. ჩემი თავი ჰაერში მეგონებოდა, რომ არ მქონოდა დედამიწაზე დგომის შეგრძნება104.
  კავკასიის მთა მთელ სიმაღლეზე მოსავლიანია; აქ უხვად არის თაფლი, ხორბალი, ღომი; ამ მარცვლეულის შესახებ მე ვილაპარაკე სამეგრელოს აღწერის დროს. არის აგრეთვე ღვინო, ხილი, ღორი და მსხვილფეხა საქონელი. წყლები ყველგან შესანიშნავია. აქ ბევრი სოფელია გაშენებული. ვაზი ხეებს ეხვევა და ისე მაღლა ადის, რომ ხშირად მტევნებს ვერა ჰკრეფენ. როცა აქ გავიარე, სოფლებში რთველი იყო; შესანიშნავი მეჩვენა ყურძენი, ახალი და ძველი ღვინო. ღვინო აქ ისეთი იაფი ღირს, რომ ზოგ ადგილას სამას გირვანქას ერთ ეკიუდ ყიდიან. რადგანაც მთელ მოწეულ ღვინოს ვერ ასაღებენ, გლეხები ხშირად ყურძენს არ კრეფენ და ვაზზე ტოვებენ. გლეხები ცხოვრობენ ხის ქოხებში, თითოეულ ოჯახს ოთხი ან ხუთი ასეთი ქოხი აქვს. ყველაზე დიდი ქოხის შუაში აჩაღებენ დიდ ცეცხლს და ირგვლივ შემოუსხდებიან. ქალები ფქვავენ მარცვალს იმ რაოდენობით, რაც საჭიროა პურის გამოსაცხობად. ცომი ცხვება მრგვალი ქვის კეცში, რომლის დიამეტრი დაახლოებით ერთი ფუტია, სიღრმე კი ორი-სამი თითი. კეცს ძალიან აცხელებენ, დებენ მასში ცომს და ზედ წააყრიან ცხელ ნაცარს და ნაღვერდალს. ზოგ ადგილას პურს პირდაპირ ღადარში აცხობენ; ამისათვის კერაში გამოასუფთავებენ ერთ კუთხეს, ჩადებენ იქ ცომს, დაფარვენ ჯერ ცხელი ნაცრით და ნაკვერჩხლით. ასე გამომცხვარი პურის ქერქი თუმცა ძალიან თეთრი არ არის, მაგრამ პური მეტად გემრიელია. ღვინოს ისევე ინახავენ, როგორც სამეგრელოში. მე ჩვეულებრივად ღამეს ვათევდი იმ გლეხთან, რომლისგანაც ცხენს ან მებარგულეებს ვქირაობდი. ჩემი გამყოლი თურქი დიდი გულმოდგინებით მემსახურებოდა, რამდენადა შესაძლებელი იყო იმ ადგილებში. ჩვენ უხვად გვაძლევდნენ ქათმებს, კვერცხებს, ბოსტნეულს. ღვინო, პური და ხილი ბლომად გვქონდა, რადგან თითოეულ მოსახლეს თავის წილად დიდი დოქით ღვინო, ერთი კალათა ხილი და ერთი კალათა პური მოჰქონდა. ჩემგან ფულს არ იღებდნენ და ჩემი მეგზურიც არ მაძლევდა ნებას მადლობა რაიმე საჩუქრით გადამეხადა.
  საჭმელს ხარბად შევექცეოდი, მაგრამ მხოლოდ ორი-სამი საათით ვნაყრდებოდი. ესეც საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რამდენად გამოვიფიტე სამეგრელოში, საადც სამი თვის განმავლობაში არ მქონდა პური, ვშიმშილობდი და ვძრწოდი უფრო დიდ უბედურებათა მოლოდინში. ღვთის წყალობით მივაღწიე ისეთ ქვეყანას, სადაც სიმშვიდე და უხვად საჭმელი მქონდა. დავტოვე ქვეყანა, სადაც ფულზედაც კი არ მაძლევდნენ საჭმელს და ჩამოვედი ისეთ კუთხეში, სადაც უსასყიდლოდ მასაზრდოებდნენ. უნდა მიხვიდე იმ უკიდურეს მდგომარეობამდე, რაც მე გამოვიარე, რომ ღირსეულად დააფასო სიამოვნების ის გრძნობა, რომელსაც განიცდი ასეთი ბედნიერი ცვლილების დროს. ამ მთების მცხოვრებლები უმეტესად ქართული წეს-ჩვეულების ქრისტიანები არიან. სახის კანის ფერი კარგი აქვთ: მათ შორის ბევრი ძალიან ლამაზი სახის ქალი ვნახე. ისინი ბევრად უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე მეგრელები და კავკასიის მთის სხვა ხალხი, რომლებიც ოტომანთა ხელქვეით არ იმყოფებიან.
ახალციხე
  9-ში გავიარე ხუთი მილი ხეობაში, რომლის შესახებ უკვე ვილაპარაკე. ნიადაგი აქ დასამუშავებლად გამოსადეგია. ბორცვებზე, რომლებიც მას გარს ეკვრის, დიდი რაოდენობით მოჩანს პირუტყვი. საღამოს ახალციხეში ჩავედი.
  ახალციხე არის კავკასიის მთებში აშენებული ციხე-სიმაგრე. მდებარეობს ქვაბურში, რომელიც გარშემორტყმულია დაახლოებით ოცი ბორცვით, საიდანაც ძალიან ადვილია ყოველი მხრიდან მისთვის ცეცხლის დაშენა. მას ორმაგი კედელი და კოშკები აქვს. ორთავეს ძველებური ქონგურები აქვთ. ციხეში არტილერია ცოტაა. მის მახლობლად ბორცვებზე და მაღლობებზე გაშენებულია დიდი დაბა ოთხასიოდე სახლით. სახლები ყველა ახალი აშენებულია. დაბაში, გარდა სომხების ორი ეკლესიისა, ძველი არაფერია. ახალციხეში ცხოვრობენ თურქები, ქართველები, სომხები, ბერძნები და ებრაელები. ქრისტიანებს აქვთ ეკლესია, ებრაელებს – სინაგოგა.
  აქვეა აგრეთვე პატარა ახალი ქარვასლა, რომელიც ხისგან არის აშენებული ისევე, როგორც საერთოდ ყველა სახლი ახალციხეში. მდინარე მტკვარი, რომლის სათავე ამ დაბიდან თორმეტიოდე მილის დაშორებით კავკასიის მთებშია, ახლოს ჩამოუდის მას. სტრაბონი ამბობს, რომ მისი სათავე სომხეთშიაო; პტოლემაიოსის აზრით, იგი კოლხიდაშია, ხოლო პლინიუსის მიხედვით იგი გამოდის კოლხიდის ზემოთ მდებარე სათათრეთის მთებიდან, რომელთაც იგი უწოდებს კორაქსისს, მდინარე კორაქსის სახელს, რომელიც ამ მთებიდან გამოდის და ჩადის, როგორც ვთქვი, შავ ზღვაში. ეს ერთი შეხედვით, ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები შესაძლოა მართალიც იყოს, ან ყოველ შემთხვევაში ერთმანეთს უდგებოდეს, რადგანაც სომხეთი გარს არტყია კოლხიდას, ხოლო კოლხიდა, როგორც უკვე აღვნიშნე, ოდესღაც დიდი სახელმწიფო იყო.
  ახალციხის ფაშა ცხოვრობს ციხეში. მთავარი ოფიცრები და ჯარი უახლოეს სოფლებშია დაბანაკებული. სპარსეთის ისტორიაში ნათქვამია, რომ ეს ციხე ქართველებს აუშენებიათო და იგი თურქებმა ქართველებს უკანასკნელი საუკუნის დამლევს წაართვესო. თურქებს მისთვის ახალი შენობები მიუმატებიათ, ისევე როგორც მეორე ციხისათვის, რომელიც სამი დღის სავალზე მდებარეობს იქიდან105 და იწოდება ტემამად.
  13-ში ნაშუადღევის ორ საათზე გავედი ახალციხიდან. გავემართეთ აღმოსავლეთისაკენ. სამი მილის იქით ახალციხის ველს მთები ისე უახლოვდება, რომ განით იგი ნახევარი მილიღა თუ იქნება. ამ ადგილას, მტკვრის მარჯვენა მხარეს, კლდეზე დგას ძლიერი ციხე-სიმაგრე. კლდეს ქვევით ორმაგი გალავანი აქვს შემორტყმული და ირგვლივ პატარა ქალაქია, ისეთივე, როგორიც ახალციხე, რომელსაც ციხესა და მოპირდაპირე მთას შორის ფართობი უჭირავს. ამ ქალაქს აწყური ჰქვია. აქ არის სანჯაყი106, ჯარი, მცველები და საბაჟო. ძალიან შემეშინდა აქ არ გავეჩერებინეთ და არ გავესინჯეთ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ისე გამატარეს, რომ სრულიად არა უთქვამთ რა. ჩემი ახალი გამყოლი საქართველოს ქალაქ გორიდან იყო. მცველების მეთაურმა ჰკითხა, აქაური ხარო? მან მიუგო – დიახო. სხვა აღარაფერი უკითხავთ და ყველანი გაგვიშვეს.
  საქართველოს ხანი და ახალციხის ფაშა კეთილ ურთიერთდამოკიდებულებაში არიან, რის გამოც თურქები კარგად ექცევიან ქართველებს. აწყურიდან ორი მილის მანძილზე მთა არის გადასასვლელი, რომელიც აქ სპარსეთს ჰყოფს თურქებისაგან. ჩვენ გადავედით ამ მთაზე და გავყევით მას გასწვრივ. აქ ბევრი სოფელია გაშენებული, ქვევით მტკვარი მიედინება. ბევრ ადგილას მოჩანს ციხეების, კოშკების და ეკლესიების ნანგრევები. ეს არის კვალი საქართველოს დიდებისა და მასზე თურქეთ-სპარსეთის მოძალებისა. გავიარეთ ათი მილი და ღამე დავდექით ერთ პატარა სოფელში.
  14-ში ჩვენ მხოლოდ ოთხი მილი გავიარეთ. ამ მთებში ერთობ ცუდი გზებია; ისეთი ადგილები გვხვდებოდა, რომლებსაც დიდის ვაივაგლახით ვძლევდით; ხშირად გვხვდებოდა ციხეების ნანგრევები. გავჩერდით სურამის ველზე, ციხესთან ახლოს დიდ სოფელში, რომელსაც აგრეთვე სურამი ჰქვია. სურამის ველი ძალიან ლამაზი ადგილია, დაფარულია დაბალი ტყეებით, სოფლებით, ბორცვებით, აგარაკებითა და ქართველ დიდებულთა პატარა ციხეებით. მთელი მხარე დამუშავებულია; ერთი სიტყვით, იგი უმშვენიერესი კუთხეა.
  15-ში გავიარეთ ათი მილი, ცხრა ამ ველზე, ერთიც დაბალი მთის გადასვლისას, რომელიც ამ ვაკეს გორიდან გამოჰყოფს. ყველგან ლამაზ სოფლებს, კარგად დამუშავებულ ნოყიერ მიწებს ვხვდებოდი. მთაზე ასვლამდე ხელმარჯვნით, მოჩანს დიდი ქალაქი, თითქმის მთლიანაად დანგრეული, სადაც ხუთიოდე სახლი თუ იქნება; ძველად კი, ამბობენ, თორმეტი ათასი იყოო. აქ ცხოვრობს ეპისკოპოსი, არის ერთი დიდი ეკლესია აშენებული იმ დროს, როდესაც ქართველები თავისუფალნი იყვნენ107.
გორი
  როდესაც მთიდან გორში ჩამოვდიოდი, ღამემ მოგვისწრო, ვიდრე გორამდე მოვაღწევდით. მე პირდაპირ წავედი იტალიელი კაპუცინების ბინაში, რომლებიც პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის108 მისიონერები იყვნენ. მათთან სარეკომენდაციო წერილები მქონდა. სამი წლის წინათ იმათ ქუთაისში თავშესაფარი დააარსეს. აქედან ისინი სამეგრელოში გადასვლას და იქ დამკვიდრებას ფიქრობდნენ, მაგრამ ამ ქვეყანაში დაუცხრომელი ომებისა და განუწყვეტილი ავაზაკობის გამო, რომლის აღმოფხვრაზეც მეფე სრულებით არ ზრუნავდა ან, უკეთ რომ ვთქვათ, რომლის აღმოფხვრაც მან ვერ მოახერხა, კაპუცინები იძულებულნი გახადა საქართველოში გადმოსულიყვნენ. ამგვარად, მათთან შეხვედრა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რამდენადაც მათ შეეძლოთ საჭირო რჩევის მოცემა და დახმარების გაწევა. პირველ ყოვლისა, გავაცანი ჩემი თავი. ვუთხარი, რომ სპარსეთის ხელმწიფემ თავისი საქმეების მოსაგვარებლად გამაგზავნა საფრანგეთში, რომ მაქვს მისი ბრძანებები და აგრეთვე, განკარგულება მისი სახელმწიფოს ყველა მმართველისადმი, რომლითაც მისი უდიდებულესობა უბრძანებს მომეპყრან პატივისცემით და ყველაფერში დახმარება გამიწიონ. შემდეგ ვუამბე, რომ ამოვირჩიე რა შავი ზღვით მგზავრობა და შემდეგ სამეგრელოს გავლით სპარსეთში დაბრუნება, იქ მომისწრო ომმა და ათასი უბედურება დამატყდა თავს. რადგან საშუალება არ მქონდა ხელმწიფისათვის წამოღებული ნივთები უშიშრად წამომეღო, ისინი სამეგრელოში დავტოვე ამხანაგის მეთვალყურეობის ქვეშ; თვითონ საქართველოში წამოვედი დახმარების სათხოვრად. დასასრულს წრფელი გულით ვთხოვე მოეცათ ჩემთვის საუკეთესო რჩევა და კეთილმოწყალების და მოყვასისადმი სიყვარულის გრძნობიდან გამომდინარე, მიეღოთ მონაწილეობა ჩემს საქმეებში. ამ კეთილმა პატრებმა, გულაჩვილებულებმა ჩემი უბედურებებით და იმ განსაცდელით, რომელიც მოელოდა როგორც ჩემს ამხანაგს ისე იქ დატოვებულ ქონებას, დამამშვიდეს და მითხრეს, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც აქვთ, როგორც კი მიიღებენ მათი პრეფექტის განკარგულებას, ურომლისოდაც ისინი ვერ იმოქმედებენ. ამჟამად პრეფექტი თბილისში, საქართველოს დედაქალაქში და მეფის ადგილსამყოფელში არისო. თბილისამდე ორი დღის სავალია, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა პირადად წასულიყავით იქ და გენახათ პრეფექტიო. მათ იმდენი დამაჯერებელი საბუთი მოიყვანეს, რომ მაშინვე გადავწყვიტე წასვლა და ცხენები სასწრაფოდ დაიჭირეს. უფროსმა უბრძანა ერთ მორჩილ ძმას, ანჟ დე ვიტერბს, მომზადებულიყო და გამყოლოდა.
  ეს მორჩილი ძმა მეტად კეთილი და პატიოსანი, დახელოვნებული მკურნალი და დასტაქარი იყო. საბედნიეროდ, იმის წყალობით, რომ საქართველოსა და იმერეთში სხვადასხვა განუკურნებელი ავადმყოფობა და ჭრილობა მოარჩინა, დიდი პატივისცემა და დამსახურება ჰქონდა მოპოვებული. კარგად იცოდა აქაური ენა და მთელი მხარე თავიდან ბოლომდე დავლილი ჰქონდა. იყო გამბედავი, ამტანი, ლმობიერი და კეთილგონიერი. არ შეიძლება უკეთესი თანამგზავრი მყოლოდა. დიდი თავაზიანობით დათანხმდა ჩემს გაყოლას, მეც გამოვუტყდი, რომ მისი თანამგზავრობა დიდი დახმარება და ნუგეში იქნებოდა ჩემთვის სამეგრელოში დაბრუნებისას. მან მირჩია პრეფექტისაგან ნებართვა ამეღო და იგი სიამოვნებით გამომყვებოდა109.
  16 დეკემბერს გორიდან გავემგზავრე ამ კეთილი ძმის თანხლებით. გავიარეთ შვიდი ლიე, უმთავრესად მდინარე მტკვრის გასწვრივ. გზა მეტად თვალწარმტაცი იყო იმ ნაყოფიერ დაბლობთა წყალობით, რომლებზედაც მრავალი სოფელი მდებარეობს. აქვეა თითქმის მთლიანად ნანგრევებად ქცეული ქალაქი კალი-კალა. გზა ზედ ამ ქალაქზე გადის და იგი გორიდან ოთხ ლიეზეა დაშორებული110.
  17-ში გავიარე ექვს ლიეზე ცოტა მეტი. გზა იყო სწორი და ალაგ-ალაგ ქვიანი. შუა გზაზე ახლოს ჩავუარეთ მტკვრის ნაპირზე მდგარ საქართველოს საპატრიარქო ეკლესიას. ერთი ნაწილი ეკლესიისა დანგრეულია, მეორე ნაწილი კი შორიდან მთელი და მეტად ლამაზი ჩანს. ამბობენ, რომ აქ ეკლის გვირგვინის ნაწილი, კვართისა და წინასწარმეტყველ ელიას კაბის ნაჭრები ინახებაო. პირადად მე არ მინახავს ეს რელიქვიები მაგრამ კაპუცინები მარწმუნებდნენ, რომ საკუთარი თვალით ვნახეთო111.
  თბილისში საღამო ხანს ჩავედი. უფრო ადრე ჩასვლა ვერ მოვახერხე, რადგანაც მთელი დღის განმავლობაში ბარდნიდა და თოვლმა შემიშალა ხელი. ჩემმა თანმხლებმა მორჩილმა კაპუცინების ბინაში მიმიყვანა. პრეფექტს ჩემი მოსვლის მიზეზი მაშინვე ვუამბე, რადგანაც არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლებოდა. ჩემი ვინაობა სარეკომენდაციო წერილების საშუალებით შეიტყვეს. აუცილებელი იყო როგორმე ჩამეგონებინა მათთვის, თუ რარიგ საფრთხეში იყო ყოველივე ის, რაც სამეგრელოში მქონდა დატოვებული და რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ ნივთების დახსნა, რისთვისაც ყოველი ღონედ უნდა მეხმარა. პრეფექტს მოვახსენე, რომ ამისათვის, ჩემი აზრით, ორგვარი საშუალება არსებობს და ორთავეს თავისი კარგი და ცუდი მხარეები აქვს-მეთქი. პირველი მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს მთავრის წინაშე წარვმდგარიყავი, გადამეცა მისი მბრძანებელი ხელმწიფის განკარგულებები და შემწეობა მეთხოვა მისთვის, რათა წამომეღო სამეგრელოში დატოვებული, მისი აღმატებულებისათვის განკუთვნილი ნივთები. მეორე გეგმის თანახმად, ჩენი ვინაობისა და ჩამოსვლის მიზნის გაუმჟღავნებლად, საიდუმლოდ უნდა დავბრუნებულიყავი სამეგრელოში. პრეფექტს არ ვაგრძნობინე , რომ ეს მეორე გზა უფრო მერჩივნა, რადგანაც ვშიშობდი, ვაი თუ, მისი აზრი წინასწარ გამოვთქვა-მეთქი. მან მთხოვა: ვიდრე ჩემს აზრს მოგახსენებ, ცოტახანს მადროვეო, თანაც მირჩია ყოველივე, რაც მას ვუამბე, მისიონის ბერებისათვის მეცნობებინა, რადგანაც ბევრი მათგანი სამეგრელოსა და იმერეთში ყოფილან და ჩემი საქმის თაობაზე სასარგებლო რჩევის მოცემა შეეძლოთ. მან პირობა მომცა, რომ წმინდად შეანახვინებდა მათ ჩემს საიდუმლოებას. შევასრულე პრეფექტის თხოვნა, ბერებსაც ვუამბე ყოველივე, რაც პრეფექტს მოვახსენე და შევევედრე ერჩიათ რაიმე და შეძლებისდაგვარად დამხმარებოდნენ იმ გასაჭირში, რომელშიაც ვიმყოფებოდი.
  18-ში, ნაშუადღევს, პრეფექტმა თავის ოთახში შემიყვანა ბერებთან ერთად. შემატყობინა თავისი მოსაზრება ჩემი საქმის თაობაზე. ბერებმაც თავიანთი აზრი გამოთქვეს. თითქმის ყველანი იმ შეხედულებისა იყვნენ, რომ საჭირო იყო მეცადა საიდუმლო გზა, მემოქმედა ჩემი ვინაობის გაუმჟღავნებლად. ერთი სიტყვით, სამეგრელოში ფარულად ჩავსულიყავი,ისიც მითხრეს, თუ საქართვლელოს მთავარს ჩემს ამბავს შეატყობინებდნენ, იგი საჭირო დახმარებას უეჭველად გამიწევდა – გაგზავნიდა კაცებს და, ალბათ,ნწამოიღებდა ყველაფერს, რაც კი სამეგრელოში დავტოვე, რადგანაც მისი დიდი შიში და რიდი აქვთ სამეგრელოშიც და იმერეთშიც, მაგრამ ეს დიდ მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა და ვაი თუ სულ დაიღუპოო; დაბრუნებისას შეუძლიათ რაიმე ხიფათი შეგამთხვიონ, მოგკლან და სულ ერთიანად წაიღონ ყველაფერი, რაც კი გაბადიაო. ის ადგილები კი, სადაც მე უნდა გამევლო, ხომ თავზეხელაღებული ყაჩაღებითა და მკვლელებით არის სავსე... ამის გამო ყველაფრისა უნდა ეშინოდესო კაცს. ამას წინათ საქართველოზე გავლისას, გაუძარცვავთ ერთი პატრიარქი და ამაში მთავარს დებდნენ ბრალს, ვითომ მან საიდუმლოდ გასცაო ბრძანება მისი გაძარცვისა, რათა ხელში ჩაეგდო ის სიმდიდრე, რომელიც პატრიარქს თან ჰქონდა. ამასთანავე გასათვალისწინებული იყო ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავარი უყოყმანოდ როდი ასრულებდა სპარსეთის ხელმწიფის ბრძანებებს. დაბოლოს, დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი კიდეც, რომ მთავარი, კეთილი და ალალი გულით დაგვეხმარებოდა, მხედველობაში უნდა მიგვეღო ისიც, რომ ამის საფასურად იგი ძვირფასი საჩუქრების მიღებას მოიწადინებდა, ხოლო მისი და მისი ოჯახის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო, რადგანაც ისინი, მიუხედავად მათი წოდებისა, მეტად უძღებნი იყვნენ.
  დიდად მესიამოვნა, რომ კაპუცინებიც ჩემი აზრისა იყვნენ და თითქმის ყველაფერი ისევე განსაჯეს, როგორც მე. გადავწყვიტეთ ფარულად წავსულიყავი ძმა ანჟის თანხლებით. ისინი კი გაავრცელებდნენ ხმას, ვითომ მე თეათინელი ვარ, რომ ომის შედეგად დიდ გასაჭირში ჩავარდნილმა კოლხიდის თეათინელებმა შემწეობის სათხოვნელად გამომგზავნეს კაპუცინებთან და რომ კაპუცინები ერთ-ერთ თავიანთ თანამოძმეთაგანს გზავნიან მათ წამოსაყვანად. როგორც კი შევჩერდით ამ გადაწყეტილებაზე, გასამგზავრებლად სამზადისს შევუდექი, უნაგირსა და ბალიშში დამალული ძვირფასეულობა ამოვიღე, ჩემ მიერ ჩამოტანილ სხვა ნივთებთან ერთად ყუთში ჩავკეტე და პრეფექტს მივაბარე შესანახად. გვეგონა ცხენებს ვერ ვიშოვიდით ქირით, რადგანაც სამეგრელოში არავის უნდოდა წამოსვლა. ბოლოს, როგორც იქნა, ფულის წყალობით, ორი გამყოლი ვიშოვეთ, რომელთაც აღვუთქვით, რომ ავუნაზღაურებდით ცხენებისა და ბარგი-ბარხანის საფასურს, თუ რაიმე ხიფათი შეგვემთხვეოდა.
  20-ში გავემგზავრე ძმა ანჟისა და ერთი ქართველის, კაპუცინების ნაცნობის, თანხლებით. იგი წარმოშობით ქუთაისელი იყო, მრავალჯერ ყოფილა კოლხიდაში და მის მიდამოებში. პრეფექტმა იგი გამაყოლა, როგორც სანდო პიროვნება, ხუთნი ვიყავით და მხოლოდ ოთხი ცხენი გვყავდა. ძმა ანჟი, და მე ორ ცხენზე ვისხედით, ორ დანარჩენს კი სურსათი მოჰქონდა. გზად ყველგან ვამბობდით, რომ სამეგრელოს თეათინელებთან მივდივართ. ჩემი მსახური ჯერ კიდევ თბილისიდან გამგზავრებამდე დავითხოვე. ამ გაიძვერამ ათას ხიფათს გადამკიდა და არაერთხელ ცდილა ჩემს დაღუპვას. მე ვთქვი, თუ რა გამიკეთა მან გონიოში. კაპუცინებმა მირჩიეს ჩემს დაბრუნებამდე ჩამეგდო საპყრობილეში და სამართალში მიმეცა, მაგრამ ღვთისაგან მიღებულმა წყალობამ გადამაწყვეტინა ყველაფერი მეპატიებინა მისთვის. ვიფიქრე ზეცის რისხვას გამოვიწვევ, თუ იმ დროს, როცა იგი წყალობას არ მაკლებს, მე ამ უკუღმართის დასასჯელად შევჩერდები-მეთქი. მთლიანად გადავუხადე სამსახურის ქირა და დავითხოვე. თანაც გადავუშალე მთელი მისი მოღალატური საქმეები, რაც კი ვიცოდი და მოვუწოდე გამოსწორებულიყო. მის მიმართ გამოჩენილ ჩემ სიკეთეს სრულებითაც არ უმოქმედია მასზე. იგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა იმის გამო, რომ დავითხოვე და ისე გამძვინვარდა, შემეშინდა, ვაითუ კიდევ ჩაიდინოს-მეთქი რაიმე ახალი ბოროტება. ბორკილების დადებაც კი ვიფიქრე. საკმარისი იყო ჩემი ერთი სიტყვა და კაპუცინები თვალის დახამხამებაში გააკეთებდნენ ყველაფერს, რადგანაც საკმაო გავლენა ჰქონდათ თბილისში. მაგრამ არაფერი ამის მსგავსი მე არ ჩამიდენია. ალბათ, განგებამ შემიშალა ხელი, რადგანაც იგი ყველაფერში არსებობს. მე ერთთავად უფლის ჩემდამი მოვლენილი წყალობის შთაბეჭდილებათა ქვეშ ვიმყოფებოდი, უფრო მეტს მოველოდი, მეტს ვითხოვდი მისგან და ამიტომაც არ შემეძლო ცუდი რამ ჩამედინა. უფალსაც ეამა ჩემი ასეთი საქციელი. ქვემოთ დავინახავთ, თუ როგორ მაგრძნობინა მან ეს, როცა ამ მოღალატემ მეტად სახიფათო მახე დამიგო.
  21-ში გორში დავბრუნდი.
  22-ში კვლავ გავუდექით გზას და ღამით გორიდან ექვს ლიეზე მდებარე იმ პატარა სოფელში ჩავედით, რომელიც ახალციხის გზაზეა და რომლის გავლაც გორში ჩასვლისას მომიხდა.
  23-ში ალიონზე აქედან გავედით. მარცხნივ ჩამოვიტოვეთ ახალციხისაკენ მიმავალი გზა. შუადღისას ჩავედით ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ალი112 ეწოდება. იგი მთებშია გაშენებული, გორიდან ცხრა ლიეს დაშორებით. ამ ქალაქიდან ორი ლიე ვიწრო ხეობით ვიარეთ, რომელიც ხის კარიბჭით ბოლოვდება. ეს არის საქართველოსა და იმერეთის სამეფოს საზღვარი. კიდევ ერთი ლიე გავიარეთ და პატარა სოფელში შევჩერდით.
  24-ში თოვლით დაფარულ მთებში, შვიდი ლიე გავიარეთ. ძლიერ თოვდა. კავკასიონის ქედის ეს მთები დიდტანიანი ხეების ტყით იყო დაფარული. გვეგონა გზა აგვებნეოდა, რადგანაც თოვლს სულ დაეფარა ყოველგვარი ნაკვალევი, რაც ხელს გვიშლიდა გზის გაკვლევაში, შევჩერდით სოფელ კოლბეურში. ამ სოფელში ორასამდე სახლია. სახლები ერთ მწკრივად არის განლაგებული და ისე დაშორებულია ერთმანერთისაგან, რომ ერთი სახლიდან მეორემდე ერთ ლიეზე მეტი იქნება113.
  25-ში სამ ლიეზე მეტი ვერ გავიარეთ. უამინდობამ, თოვლმა, სიცივემ, ბურუსმა ხელი შეგვიშალა უფრო წინ წავსულიყავით ამ მაღალ მთებში. შევჩერდით პატარა, ოცდაათკომლიან სოფელში.
  26-ში ნისლი გაიფანტა, თოვლი შეწყდა და სიცივეც მწვავე აღარ იყო. გავიარეთ ექვსი ლიე, მივდიოდით სულ ტყით შემოსილ მთებში. გზა საკმაოდ სწორი იყო. აღმართ-დაღმართი არ იყო მძიმე სავალი. შევჩერდით დიდი მდინარის პირას მდებარე ერთ პატარა სოფელში.
  27-ში ეს მდინარე ნავით გადავცურეთ და სამი ლიე გავიარეთ ისეთ ადგილებში, რომლებიც წინა დღეებში ჩვენ მიერ განვლილ მხარეს წააგავდა. შემდეგ მთიდან მშვენიერ თვალუწვდენელ ველზე დავეშვით და სოფელ საზანოში დავბინავდით114. ამ ველის სიგანე თითქმის ყველგან ერთ ლიეს შეადგენს. იგი მეტად ნაყოფიერი და ლამაზია, უხვად ირწყვება მდინარეებით, გადაჭიმულია სამეგრელომდე. ეს არის იმერეთის ულამაზესი კუთხე. მთები, რომლებიც ამ ველს ერტყმის, ტყითა და სოფლებითაა დაფენილი, რადგანაც ამ მთების მიწების უმეტესი ნაწილი დასამუშავებლად ვარგისია. აქ მრავლად არის გაშენებული ვენახი. გაზაფხულის მსგავსი თბილი ჰავა დაგვხვდა და თოვლიც ნაკლები იყო.
  საზანო ახლოსაა იმერეთის მეფის მოხუცი მამიდის სასახლესთან, რომელიც ავად იყო, როცა ჩვენ იქ გავიარეთ. მან შეიტყო თუ არა სოფელში კაპუცინი ჩამოვიდაო, მაშინვე თავისთან იხმო იგი სამკურნალოდ. ყველა მისიონერს ამ მხარეში მკურნალად თვლიან, რადგანაც ისინი სამედიცინო დახმარებას უწევენ ხალხს. ძმა წავიდა ამ მანდილოსანთან იმ იმედით, რომ ჩვენთვის რაიმე დახმარებას გამორჩენოდა. ორმა საათმა გაიარა მისი წასვლის შემდეგ, როდესაც ერთი გორული კაპუცინი გამოცხადდა ცხენით ჩვენთან მეგზურის თანხლებით, რამაც მე ძლიერ გამაოცა. იგი მოვიდა იმის შესატყობინებლად, რომ მსახური, რომელიც მე გავაძევე, თურმე თბილისიდან გორში ჩასულა, ჩემი საქმის შესახებ თუკი რაიმე იცოდა, ყველაფერი უთქვამს. თანაც დამმუქრებია – დავღუპავო, შემდეგ კი უკვალოდ გამქრალა. ამ ამბავს დიდად არც გავუკვირვებივარ, რადგანაც მსგავს რასმეს მოველოდი. კაპუცინს ჩემთან დარჩენა ვთხოვე. ათასი მადლობა შევწირე და რაც შემეძლო ქება შევასხი მისონს ჩემდამი გაწეული დიდი სამსახურისა და უსაზღვრო ერთგულებისათვის. მართლაც და ჩემს მიმართ დიდ ყურადღებას ისინი ამაზე ძლიერი საბუთით ვერ გამოხატავდნენ.
  28-ში ხუთი ლიე გავიარეთ ზემოხსენებულ ველზე. იგი მთლიანად სოფლებითა და ტყეებითაა დაფენილი. ნიადაგი ისეთი რბილია, რომ ცხენები იფლობოდნენ და ძლივძლივობით მიიწევდნენ წინ. ორი ლიეს გავლის შემდეგ, მარჯვნივ დაგვრჩა სკანდის ციხე. ადგილობრივი მოსახლეობა მას სკანდას უწოდებს115 და ამბობენ, იგი ალექსანდრე დიდმა116 ააშენაო. ცნობილია, რომ აღმოსავლეთის ხალხები ამ დამპყრობელს „სკანდერს“ უწოდებს. ისინი ირწმუნებიან, რომ მას თითქოს თექვსმეტი ციხე-სიმაგრე აუშენებია და ყველასათვის თავისი სახელი დაურქმევიაო. შესაძლოა ეს ციხე-სიმაგრე სწორედ ერთ-ერთი იმ თექვსმეტთაგანია, რომლის შესახებაც კვინტ-კურციუსი VII წიგნში ლაპარაკობს. ამის შესაძლებლობა მისმა მდებარეობამ მაფიქრებინა. იგი მთის ძირშია აგებული და არაფრით არ იქცევს ყურადღებას. აქვს მხოლოდ ორი ოთხწახნაგა კოშკი უგალავნოდ, გარშემო რამდენიმე საცხოვრებელი სათავსო და სრულებითაც არ ტოვებს ასეთი დიდი სიძველის შთაბეჭდილებას. პროკოპი, რომელიც იხსენიებს ამ ციხე-სიმაგრეს, მას ლიანდს უწოდებს117. იგი ცნობილია რომაელებსა და სპარსელებს შორის განუწყვეტელი ომების ისტორიაში როგორც ციხე, რომელიც ასჯერ მაინც გადასულა ხელიდან ხელში, არაერთხელ დანგრეულა და კვლავ აშენებულა რომის დაარსების VII საუკუნიდან მაჰმადიანობის წარმოშობამდე.
  სკანდიდან ერთი ლიეს დაშორებით გავიარეთ ჩხარი. ეს არის სოფელი, რომელშიაც ოცდაათი კომლია. იგი იმერეთში ქალაქად ითვლება, თუმცა არც გალავანი აქვს და არც არაფრით განსხვავდება სხვა სოფლებისაგან118. ამ სოფლიდან ერთი ლიეს დაშორებით შევჩერდით.
  29-სა და 30-ში აქ დავრჩით, რადგანაც ჩვენმა გამყოლებმა აღარ მოისურვეს გზის გაგრძელება. მათ მხნეობას უკარგავდა ცნობები ომის შესახებ, რომელზედაც ყოველი გამვლელ-გამომვლელი ლაპარაკობდა, ამბობდნენ, დასახოცად ან დასატყვევებლად მოგყევართო და ამით დიდად გვაბრკოლებდნენ. დიდის მოთმინებით ვეპყრობოდი მათ და ორთავე კაპუცინსაც მოვუწოდებდი ასევე, მოქცეულიყვნენ. ჩემს თანამგზავრებს ვარწმუნებდი, რომ თბილისიდან გამომგზავრებისას მშვენივრად ვიცოდი, თუ რა დიდი გამბედაობა და უკიდურესი მოთმინება იყო საჭირო ჩემი მიზნის მისაღწევად და იმ დიდი დაბრკოლებების გადასალახავად, რომელიც აუცილებლად უნდა წინ დაგვხვედროდა; რომ საჭირო იყო გამყოლებს ფრთხილად მოვქცეოდით და დაპირებებითა და კარგი მოპყრობით დაგვეყოლებინა ისინი გზის გაგრძელებაზე; ხოლო რაკი ერთხელ მოვახერხებდით მათ სამეგრელოში ჩაყვანას და უკან დასახევი გზა აღარ ექნებოდათ, იძულებული იქნებოდნენ საკუთარი თავის გადასარჩენად ჩვენი სურვილისამებრ ემოქმედათ. ვუხმეთ გამყოლებს და იმ ქართველს, რომელიც პატრმა პრეფექტმა გამოგვაყოლა. ჩავაგონეთ მათ, რომ საშიში არაფერია, და რომ ჩვენთვის ყველაფერი კარგად არის ცნობილი; ჩვენც ხომ მათსავით გვინდოდა სიცოცხლისა და ქონების შენარჩუნება; რომ მათს ცხენებსა და მათზე პასუხს ჩვენ ვაგებთ. ერთმა, რომელიც სხვა დანარჩენი სამის მაგივრად ლაპარაკობდა, წერილობითი საბუთი მომთხოვა იმის შესახებ, რომ მე ვალდებულებას ვიღებ ამ მოგზაურობის დროს მათი ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში გამოვიხსნა ისინი, ხოლო თუ დაიხოცებიან, მათ ცოლებს ოთხმოცი ეკიუ გადავუხადო. მე სიამოვნებით დავაკმაყოფილე მათი მოთხოვნა და დიდი დაპირებებიც აღვუთქვი. ყოველივე ამან ისინი გზის გასაგრძელებლად განაწყო.
ქუთაისი
  31-ში გავუდექით გზას. ძლიერ ცუდი დარი იდგა და გზაც მძიმე იყო. გავედით სამ საკმაოდ განიერ და სწრაფ მდინარეში და საღამო ხანს ქუთაისში ჩავედით. დავბინავდით ეპისკოპოს გენათელის სახლში. თუმცა თვით ეპისკოპოსი შინ არ დაგვხვდა, მაგრამ მაინც კარგად მიგვიღეს. მსახურები იცნობდნენ ძმა ანჟს და იცოდნენ, რომ სახლის პატრონი მას განსაკუთრებულ პატივს სცემდა.
  ქუთაისი მდინარე ფაზისის ნაპირზე, მთის ძირას გაშენებული ქალაქია. მეექვსე საუკუნის ბერძენი ისტორიკოსები მას „ქოთეზს“ უწოდებენ და მნიშვნელოვან ქალაქად თვლიან. ამჟამად იქ მხოლოდ ორასი სახლია. ირგვლივ დიდებულთა სახლები და მეფის სასახლეა, რომლებიც ახლოს დგანან ერთმანეთთან. ამ ქალაქს არც ციხე-სიმაგრე აქვს და არც გალავანი. იგი ყოველი მხრიდან ღიაა, გარდა იმ მხარისა, რომელთაც მდინარე და მთა აკრავს. ქალაქის პირდაპირ, მდინარის გაღმა, უფრო მაღალ მთაზე, ვიდრე თვით ეს ქალაქია გაშენებული, დგას ქუთაისის ციხე-სიმაგრე, რომლის შესახებაც მე იმერეთში უკანასკნელ ხანს მომხდარი არეულობის აღწერისას ვილაპარაკე. ამ ციხეში მე არ შევსულვარ. მოპირდაპირე მხრიდან იგი მთლიანად ჩანს; მას აქვს კოშკები, ერთი დონჟონი და ორმაგი კედელი, რომელიც მაღალია და მტკიცე უნდა იყოს.
  ქუთაისში მისვლისთანავე ახალი ამბები გავიკითხე. ყველა გვარწმუნებდა და მართლაც ასე იყო, რომ სამეგრელოს ახალ მთავარსა და გურიის მთავარს უკან დაუხევიათ, რადგანაც დაუნახავთ, რომ თურქებს აღარ სურდათ ომის გაგრძელება. მათთან ფიცით შეკრულ აზნაურთა უმეტესობას მიუტოვებია ისინი. დადიანის ვეზირი თურმე მთებიდან ჯარის ჩამოსაყვანად ემზადებოდა. ამ ვეზირს, როგორც კი გაუგია თურქებისა და ამ ორი მთავრის უკან დახევის ამბავი, დადიანისათვის რვაასი კაცი გამოუგზავნია და მიუწერია გამოსულიყო თავისი ციხე-სიმაგრიდან და შეეგროვებინა იმდენი ხალხი, რამდენსაც კი მოახერხებდ. მას შენდობა გამოუცხადებია ყველა იმათთვის, ვინც მას კვლავ შეუერთდებოდა, ბოლოს ქუთაისში მოსულა, სადაც მას იმერეთის მეფე შეერთებია თავისი ქვეყნის დიდებულებით და ყველანი, ერთად მთავარ გურიელის ქვეყნის დასალაშქრად დაძრულან. ეს ლაშქრობა ყვეელასათვის დიდად სასურველი იყო, რადგანაც სწორედ გურიის მთავარი იყო მიზეზი თურქების შემოსევისა და იმ რბევისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ომის დროს. ჯარებს სულ რაღაც სამი დღის წინათ გადაელახათ ფაზისი, ისე რომ ჩემი საქმისათვის საკმაოდ ხელსაყრელი პირობები იყო შექმნილი, რადგანაც აღარ იყო იმის საშიშროება, რომ ჯარებს გადავყროდით.
  1673 წლის 1 იანვარი ქუთაისში გავატარე, რათა რელიგიური წესებისათვის პატივი მეცა. მე და ჩემი ორი მოწყალე კაპუცინი სადილად ვისხედით. სუფრასთან ჩვენთან ერთად იყვნენ ჩემი გამყოლებიცა და მეგზურიც, თანახმად აქაური ჩვეულებისა, რომლის მიხედვითაც ბატონები და მსახურნი ერთად ჭამენ. უეცრaდ ოთახში შემოვარდა ჩემი მუხთალი მსახური, ის, რომელზედაც მე ვილაპარაკე. მას თან ახლდნენ ერთი ახალციხელი სომეხი და ერთიც ქუთაისელი მღვდელი, რომელიც ჩემი ბინის საჩვენებლად გამოჰყოლოდა. მისი მოსვლა დიდად არ გამკვირვებია, რადგანაც მისი გამოჩენის შიში ერთი წუთითაც არ მშორდებოდა. არ შევიმჩნიე ის შიში, რომელმაც სულ ერთიანად ამიტანა. მას თავზე თეთრი ჩალმა ეხურა; ვიფიქრე, ხომ არ გამუსულმანდა-მეთქი. ეს გაიძვერა, გაშმაგებული და გააფთრებული შემოვარდა და არც კი დალოდებია სკამის შეთავაზებას ისე მოკალათდა ჩემი ხალხის გვერდით. ამ უტიფრობამ სასტიკად აღმაშფოთა. ვკითხე, საიდან მოდიხარ-მეთქი ასე გახელებული. მიპასუხა – ახალციხიდან მოვდივარო, ორ დღეში გავიარე ეს გზაო. – განა გზები ასე ადვილად სავალი იყო, განა მთები თოვლით არ არის დაფარული რომ ორ დღეში შესძელ ამ მანძილის გავლა? – ვკითხე მე. მან მიპასუხა: გზა საშინელი იყო, მთებიც ისევე დათოვლილი როგორც ის მთები, რომლებზედაც გადავიარეთ, გონიოდან როცა მოვდიოდითო. თქვენ თვითონ ნახავთ, რადგან ახალციხეში უნდა წამოხვიდეო, ფაშასგან მაქვს ნაბრძანები იქ წაგიყვანოთო. – რადგან ახალციხეში არაფერი საქმე არა მაქვს და არც სურვილი მაქვს იქ წასვლისა, ამას მხოლოდ მაშინ შეძლებ მაიძულო, თუ მეტი ძალა აღმოგაჩნდება, ვიდრე მე მაქვს იმისათვის, რათა შენს ზრახვებს წინ აღვუდგე ყმაწვილო, – განვაგრძე მე, – ცუდ დარიგებებს აჰყოლიხარ. თავს ნუ იწუხებ ჩემთვის ზიანის მოყენებით, მერწმუნე, ღმერთი არ დაუშვებს შენი ბოროტი ზრახვები განახორციელოს ჩემს მიმართ. თბილისში სრულად გადავიხადე, რაც გეკუთვნოდა. თუ უკმაყოფილო იყავი, იქვე უნდა გეთქვა რაც გსურდა-მეთქი. ასე იმიტომ ველაპარაკე, რომ ვცდილობდი ეს მოღალატე როგორმე თავიდან მომეცილებინა. მან მიპასუხა – თბილისი უსამართლობის ქვეყანაა, ხოლო ახალციხეში სამართალს ვიპოვიო. მე ვუთხარი – ასეთი უმნიშვნელო დავის მოსაგვარებლად რა საჭიროა ასე შორს წასვლა, როცა შეიძლება ქუთაისშიც მოიძებნოს ხალხი, რომლებიც შესძლებენ ამ საკითხის განსჯას-მეთქი. რამდენადაც შემეძლო ტკბილად ვლაპარაკობდი, მაგრამ ამ გაიძვერაზე არაფერმა არ იმოქმედა. იგი გაბრაზებული მიუბრუნდა თავის ამხანაგს და უბრძანა თურქები შემოიყვანეო. ეს უკანასკნელი სწრაფად გავიდა, მაგრამ ეს ხრიკი თურმე ჩემს შესაშინებლად იყო მოგონილი, რადგანაც, როგორც შემდეგ შევიტყვე, არავითარი თურქები არ ელოდებოდნენ დაძახებას. მე კი მართლაც თავზარი დამეცა, ვიფიქრე დავიღუპე-მეთქი. ქუთაისელ მღვდელს ვერაფერი გაეგო რა ხდებოდა, რადგან თურქულად ვლაპარაკობდით, მას კი თურქულისა არა ესმოდა რა. მან ძმა ანჟს ჰკითხა – რაშია საქმეო. ძმამ მიახლოებით იცოდა საქმის ვითარება და უამბო. შემდეგ ვთხოვე ძმას მღვდლისათვის ეთქვა, რომ მე, ამ გაიძვერას შევთავაზე რჩეული ხალხისათვის მიგვენდო ჩემს მიმართ მისი სარჩელის განსჯა და მისი ბოროტი განზრახვის შესახებ – ძალათ წავეყვანე ახალციხეში.
  მღვდელმა და ხმაურზე მოსულმა რამდენიმე ქართველმი ჩემი წინადადება სამართლიანად ჩათვალეს და დაუწყეს ამ უბედურს დარწმუნება დათამხმებულიყო; მაგრამ რამდენადაც მეტად არწმუნებდნენ, იმდენად უფრო დიდგულდებოდა და იმუქრებოდა. ამან საბოლოოდ გამომიყვანა მოთმინებიდან და შევძახე: მოღალატევ, შენ მხოლოდ ბოროტი ზრახვები გამოქმედებს, მაგრამ გარწმუნებ, ღვთის მადლით, ვერ წამიყვან ახალციხეში. ვთქვი თუ არა ეს, ხმალი ვიშიშვლე და ვეცი მოღალატეს. ხელი მტაცეს, ხოლო დაბნეული და შიშისაგან ათრთოლებული მოღალატე, რომლისთვისაც იყო განკუთვნილი ეს მოღერებული ხმალი, გაიქცა. ყოველივე ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ხიფათი არ ამცდებოდა და გადავწყვიტე იქაურობას გავცლოდი. გენათელის მსხურმა შემაჩერა, – დამარწმუნა, რომ მისი პატრონის სახლში საშიშროება არ მომელოდა და რომ თურქები ჩემს შესაპყრობად აქ მოსვლას ვერ გაბედავდნენ. ჩემს ორ კაპუცინთან მოვითათბირე, თუ რა გზას დავდგომოდით. გადავწყვიტე ძმა ანჟი მეორე დღესვე წასულიყო სამეგრელოში, ხოლო პატრი იუსტინ ლივორნელი (ეს ის კაპუცინია, რომელიც, როგორც ზევით ვთქვი, ჩვენთან მოვიდა) და მე აქ დავრჩენილიყავით. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ ცხენები ვერ ვიშოვეთ ვერც სასყიდლად და ვერც ქირით. ისიც ვიცოდით, რომ ვერც სამეგრელოში ვიშოვიდით ცხენებს. სწორედ ამან მაიძულა დავრჩენილიყავი და ცარიელი ცხენები გამეგზავნა, რათა ჩემს ამხანაგს გამოეყენებინა ისინი.
  2-ში ძმა ანჟი გაემგზავრა ყველა იმ ცხენებითა და ხალხით, რომლებიც თბილისიდან წამოვიყვანეთ. მე კი პატრ იუსტინთან ერთად ჩხარში დავბრუნდი, რომელიც ქუთაისს რვა ლიეთი შორავს. აქ უნდა დავლოდებოდი ძმა ანჟს. ეს ადგილი იმიტომ ვირჩიე, რომ იგი გენათელის საზაფხულო სასახლის პირდაპირ მდებარეობს, სადაც თვით გენათელი იმყოფებოდა დედოფალთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლო თავშესაფარი გვეპოვნა მათთან.
  5-ში ეპისკოპოსმა და დედოფალმა კაცი გამოგვიგზავნა და თავისთან მიგვიწვიეს. ჩვენც ვეახელით და იმ დღეს მათთან ერთად ვისადილეთ. შემდეგშიაც ხშირად დავდიოდით და ვსადილობდით მათთან. ეს დიდ პატივისცემად არ ითვლება, რადგანაც ისინი თავიანთი უმდაბლესი ყმებისა და მსახურთა მიმართაც ასევე იქცევიან. როგორც უკვე ვთქვი, დედოფალი ძალიან ლამაზია, მაგრამ მისი საქციელი ყველაფერს აბათილებს. იგი უტიფრობამდე თავდაუჭერელია; იქცევა და ლაპარაკობს უსირცხვილოდ, ყოველ შემთხვევაში, თავშეუკავებლად, ყოველ სიტყვაში, რაც არ უნდა თქვას, უწმაწურობა გამოსჭვივის... ეპისკოპოსმა გენათელმა ლამის თვალებით შეჭამოს იგი. მრუშული სიყვარული არასოდეს არ ყოფილა ასე გამჟღავნებული და ასეთი თავშეუკავებელი. საკმარისია ერთხელ შეხედოთ ამ მიჯნურებს, რომ, მიხვიდეთ, თუ რა ურთიერთობაშიც არიან ისინი ერთმანეთთან. სუფრის წესები იმერეთის დედოფალთან ისეთივეა, როგორც სამეგრელოს დედოფალთან; მხოლოდ მაგიდა აქ უფრო მდიდრულადაა გაწყობილი ვერცხლის ჭურჭლით და მსახურებსაც ნაკლებად ბეჩავი შესახედაობა აქვთ.
  8-ში გენათელთან მოვიდა იმერეთის მეფის მიერ თბილისში გაგზავნილი ერთი აზნაური, რომელმაც დედოფალს მოახსენა თუ რა წარმატებით შეასრულა მეფის დავალება. ეს აზნაური გაეგზავნათ რვა ათასი ეკიუს სასესხებლად, რისთვისაც გირაოდ სამეფო გვირგვინი გაეტანებინათ. ეს არის ძვრფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს გვირგვინი, რომლის ღირებულება, ალბათ, ოთხი ათასი პისტოლი იქნება, მაგრამ ფულის სესხება ამ გირაოთი არავინ მოისურვა. საქართველოს მთავარმა შეიტყო თუ არა, რომ იმერეთის მეფე და დედოფალი გასაჭირში არიანო, მათ საჩუქრები გამოუგზავნა: მეფეს – სამი ცხენი, იარაღი და ათასი ეკიუ ფულად; დედოფალს – ოქრონაქსოვი და მოვერცხლილი ფარჩა, ატლასი, თავთა და ხუთასი ეკიუ! საქართველოს მთავარი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ამით სურდა განემტკიცებინა მათი უდიდებულესობის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი მისი ვაჟიშვილთაგანი ეშვილებინათ.
  12-ში ვინახულე მეფე. იგი ლაშქრიდან დაბრუნებულიყო, რადგანაც შეუძლოდ გამხდარიყო. დიდი პატივითა და ალერსით მოგვეპყრო, გვერდით მოგვისვა და მეგობრული საუბარი გაგვიბა. საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ პატრმა იუსტინმა და მისმა თანამოძმეებმა ქუთაისი დატოვეს. პატრს მოუმიზეზებია დაუსრულებელი ომები, რომლებმაც მათ დიდი ზიანი მიაყენეს. დიდი სევდა მაწევსო გულზე – თქვა მეფემ, მაგრამ რა ვქნა, ერთი საბრალო ბრმა ვარ ყველაფერს მაკეთებინებენ რაც კი სურთ. ვერა ვბედავ ჩემი გულისწუხილი ვინმეს გავუმჟღავნო, რადგანაც ქვეყანაზე ვერავის ვენდობი; მიუხედავად ამისა, იძულებული ვარ ყველას ავყვე, ვერ ვბედავ ვინმეს ვაწყენინო იმის შიშით, რომ წუთისოფელს არ გამომასალმონო ვინმეს ხელით. საბრალო მეფე ახალგაზდაა და საკმაოდ კარგი აღნაგობა აქვს. სახის ზედა ნაწილი მუდამ თავსაფრითა აქვს შეხვეული, რომლითაც თვალების ფოსოებიდან გამონაჟონი სითხე შეიწოვება და რომელიც ამ სისაძაგლეს მნახველის თვალთაგან ფარავს. იგი დიდად გონებამახვილია; უყვარს ხუმრობა და ოხუნჯობა. პატრ იუსტინს უთხრა, ჩემს ქვეყანაში უნდა დაქორწინდეო. პატრმა უპასუხა – ამის უფლება არა მაქვს, რადგანაც ისეთივე აღთქმა, მაქვს დადებული, როგორიც იმერეთის ეპისკოპოსებსა და ბერებსო, რითაც ქორწინება იკრძალებაო. ჩვენს ეპისკოპოსებსა და ბერებსო, სიცილით შეაწყვეტინა მთავარმა, თითოეულს ცხრა-ცხრა ცოლი ჰყავს, რომ არ ჩავთვალოთ მეზობლის ცოლებიო.
  16-ში გათენებისას, ჯერ კიდევ საწოლში ვიყავი, როცა ჩემმა ამხანაგმა გამაღვიძა, რამაც დიდად გამახარა. მან მიამბო, რომ ძმა ანჟი, ჩემ მიერ გაგზავნილი ხალხითა და ცხენებით 9-ში ჩასულა წიფურიაში. ჩემი ამხანაგი მეტისმეტ დარიდსა და სასოწარკვეთილებაში ყოფილა ჩავარდნილი, რადგანაც ჩემს შესახებ დღიდან ჩემი გამგზავრებისა არაფერი სცოდნია და ვერავითარი საფასურით ეერ მოუხერხებია ვერც გამყოლების და ვერც ცხენების შოვნა საქართველოში წამოსასვლელად. დიდად გახარებია, როცა გაუგია, რომ მშვიდობით ჩავედი თბილისში და რომ ქუთაისთან ახლოს ველოდები მას. მაშინვე მომზადებულა წამოსასვლელად; ტყეში ამოუთხრია და სახლის სახურავიდან ჩამოუღია ნაწილი იმ განძისა, რომელიც იქ გადავმალეთ; თერთმეტ საათაამდე, დალოდებია, რათა ცხენებს დაესვენათ, შემდეგ კი წამოსულა. ერთი ჩვენი მსახურთაგანი, რომელიც ყველაზე სანდო იყო, იქ დაუტოვებია, რათა მას ყური ეგდო განძის იმ ნაწილისათვის, რომლის წამოღებაც ვერ გაუბედია იმის შიშით, რომ მთელი ქონება ერთიანად არ ჩაეგდო საფრთხეში. როცა ყოველივე ეს მიამბო ჩემმა ამხანაგმა, დასძინა: ნუ შეგაშინებთ ის, რაც კიდევ უნდა მოგახსენოთ, რადგანაც ღვთის მადლით, ყველაფერი კეთილად დასრულდაო; შაბათს, 14-ში, საღამოს რვა საათისათვის მშვიდობით ჩამოვედით ქუთაისში. ძმა ანჟმა გენათელის სახლში მიმიყვანა. მე მხოლოდ გუშინ შევიტყე როგორ დიგმუქრებიათ ახალი წლის პირველ დღეს თქვენ მიერ დათხოვნილი მსახური. ეს ამბავი რომ მცოდნოდა, ქუთაისში არც შევჩერდებოდი. არც ძმა ანჟს და არც ჩვენს ხალხს არ უფიქრიათ ამაზე და კვირა დილას მთხოვეს შუადღემდე გავჩერებულიყავი და საშუალება მიმეცა მათთვის დაღლილობისაგან სული მოეთქვათ. მეც დავთანხმდი და ვუთხარი სადილის თადარიგი დაეჭირათ. სუფრასთან ვისხედით, როცა ის არამზადა მსახური ოცი შეიარაღებული იანიჩრის თანხლებით ოთახში შემოგვივარდა. სად არის ჩემი ბატონი – გააფთრებულმა იღრიალა – მას ჩემი მოკვლა სწადდა, მაგრამ იარაღი ამაცდინა; მე კი ნამდვილად არ ავაცდენო – ამბობდა იგი და თან დაგეძებდათ. იქ რომ ვერ გიპოვათ, მეორე ოთახში შევარდა, ეგონა რომ იქ იქნებოდით დამალული. მეც თან შევყევი, ფეხებში ჩავუვარდი თვალცრემლიანი და ამ სიტყვებით მივმართე: ჩემო მეგობარო, რა დაგიშავე, რად გინდა ჩემი დაღუპვა? თუ ჩემი ამხანაგი ცუდად მოგექცა ან არ დაგაკმაყოფილა, ამაში მე არავითარი ბრალი არ მიმიძღვის; მითხარი რაც გინდა და ახლავე მოგცემ, ოღონდ ეს შენი თანმხლები თურქები აქედან გაიყვანე-მეთქი. კარგიო, – მიპასუხა ამ გაიძვერამ – წავიყვან მათ და ახლავე დავბრუნდები თქვენთანო.
  თქვა თუ არა ეს, დარბაზში შემობრუნდა, იანიჩარებს ძმა ანჟზე მიუთითა და უბრძანა: შეიპყარით ეს კაცი და ციხის უფროსთან წავიდეთო. საბრალო ძმა სასწრაფოდ შეიპყრეს და წაიყვანეს. იანიჩარები თვალებს აქეთიქით აცეცებდნენ, რათა რაიმე აეწაპნათ. ისინი მივარდნენ ნაბდებს, რომლებიც ფარაჯის მაგივრობას გვიწევდა. მათ მხოლოდ და მხოლოდ ეს ნაბდები წაიღეს. ჩემს იარაღს არ გაკარებიან და, რაც მართლაც ღვთის მოწყალების უდავო ნიშანი იყო, ხელიც კი არ უხლიათ ჩემ მიერ ჩამოტანილი ტომრებისათვის, რომლებშიც სავსე იწყო ორმოცდაათი ათასი ეკიუს ღირებულების ოქროთი და ძვირფასი ქვებით. როგორც კი დავინახე რომ იანიჩრები სახლიდან გავიდნენ, ერთი მსახური ძმა ანჟს დავადევნე, ხოლო გამყოლებს დაჟინებით ვთხოვე სასწრაფოდ გავცლოდით იქაურობას. წუთში შევკაზმეთ ცხენები, ბარგი ავიკიდეთ და მოვკურცხლეთ, ღმერთმა მიშველა, მისი წყალობითა და სიკეთით მოვაღწიე სამშვიდობოს მთელი იმ ბარგით, რაც კი წამოვიღე სამეგრელოდან. ხოლო ის, რაც იანიჩრებმა წამართვეს, ორიოდ პისტოლი თუ ეღირება.
  აქ არ მოვყვები იმ მადლიერებისა და სიხარულის გრძნობების აღწერას, რაც მე ამ ამბის მოსმენამ მომანიჭა, ამისი გადმოცემა შეუძლებელია და მკითხველისათვის არც იქნება საინტერესო პატრი იუსტინი მაშინვე გენათელთან გაემართა, რათა თავისი გულისწყრომა გადაეცა დედოფლისა და ეპისკოპოსისათვის მათ სახლში თურქების მოქმედების გამო, და თან იმის სათხოვნელად, რომ რაიმე ეღონათ ძმა ანჟის გამოსახსნელად. პატრი შუადღით დაბრუნდა და დაგვარწმუნა, ამ საქმის მოსაგვარებლად ციხის უფროსთან ორი აზნაური გაგზავნესო. იმდენად მეშინოდა თურქებისა, თუმცა ამჯერად სრულიად უსაფუძვლოდ, რომ მინდოდა სასწრაფოდ გავდგომოდით გზას. ნაშუადღევს ჩემმა ამხანაგმა ცხენები დაიქირავა სამეგრელოში დასაბრუნებლად, რათა იქიდან დარჩენილი ნივთები წამოეღო, მე კი მის მიერ ჩამოტანილი ბარგით თბილისში გასამგზავრებლად გავემზადე.
  17-ში მე და ჩემი ამხანაგი ჩვენ-ჩვენ გზას დავადექით; იგი ხუთი კაცითა და ოთხი ცხენით სამეგრელოში წავიდა, მე კი თბილისისაკენ გავემართე პატრი იუსტინეს, სამი კაცისა და სამი ცხენის თანხლებით. ვბრუნდებოდი იმავე გზით, რა გზითაც მოვედი.
  22-ში ღამით გორში ჩავედი. აქ ორი დღე დავყავი, რათა ოქრო გადამეცვალა და დავხმარებოდი პატრი იუსტინეს მომზადებულიყო ქუთაისში დასაბრუნებლად, ჯერ ერთი იმისათვის, რომ ფული გადაეცა ჩემი ამხანაგისათვის და თან წამოყოლოდა თბილისში; ამასთანავე იმისათვის, რომ თუ ძმა ანჟი კვლავ დაჭერილი იქნებოდა, ეღონა რამე მის გამოსახსნელად.
  25-ში დილით პატრი იუსტინე ქუთაისში გაემგზავრა ამ მიზნით, მე კი მაშინვე თბილისისაკენ გავეშურე. ღვთის წყალობით, 26-ში ნაშუადღევს თბილისში ჩამოვედი ერთ კაპუცინთან ერთად, რომელიც გორის მისიონის წინამძღვარმა გამომაყოლა, რადგანაც ჩემი მარტო გამოშვება არ ინდომა.
  6 თებერვალს, საღამო ხანს, თბილისში ჩამოვიდა ჩემი ამხანაგი, კოლხეთში დატოვებული მსახურების, პატრი თეათინელის და ძმა ანჟის თანხლებით. როგორც კი გადავეხვიე მათ, ძმა ანჟმა განზე გამიხმო და თავისი თავგადასავალი მიამბო: თქვენ უკვე იცით, მითხრა მან, თუ როგორ შემიპყრო თქვენმა გაიძვერა მსახურმა იანიჩრების ხელით. ეს იანიჩრები მისთვის ქუთაისის ციხისთავს მიუცია. თქვენს მსახურს ციხისთავისათვის უთქვამს, რომ თქვენ მისი სამასი ეკიუ გმართებთ, რომ თქვენ ელჩი ხართ და სამეგრელოში მიდიხართ, რათა წამოიღოთ იქ დატოვებული აურაცხელი სიმდიდრე და რომ თქვენით მას შეუძლია ხელში ჩაიგდოს ისეთი ნადავლი, რომელიც მას სამუდამოდ გაამდიდრებს. ეს ორგული იანიჩრებს, რომლებსაც ციხეში მივყავდი, ეუბნებოდა მაგრად შევებოჭე და რაც შეიძლება ცუდად მომქცეოდნენ. ისინი კი, პირიქით, პატივით ეკიდებოდნენ ჩემს სამოსელს. მათ შორის იყო ერთი იტალიელი რენეგატი, რომელიც განსაკუთრებული გულისყურით მეპყრობოდა. რამდენადაც შემეძლო ნელა მივდიოდი, თან ვცდილობდი რითიმე შემექცია ეს არამზადები, რათა თქვენი ამხანაგისათვის გასაქცევი დრო მიმეცა, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ იგი სწორედ ასე მოიქცეოდა. როდესაც ციხისთავთან მიმიყვანეს, მან ამ არამზადას, რომელმაც მე შემიპყრო, ჰკითხა – ეს არის შენი ბატონიო? მან უპასუხა არაო; ჩემი ბატონი ვერ ვიპოვე, მაგრამ ამ კაცმა ნამდვილად იცის მისი ადგილსამყოფელიო. ციხისთავმა თქვენი ამბები გამომკითხა. ვუპასუხე, რომ არაფერი ვიცი თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ, ჩვენი განშორებისას თბილისში აპირებდა-თქო წასვლას. შემდეგ ციხისთავმა ათასი კითხვა დამისვა თქვენი ვინაობის გამოსარკვევად და განმიცხადა სამასი ეკიუ უნდა გადაიხადოო, რომელიც ვითომ თქვენ გემართათ. მე ვუპასუხე, რომ თქვენ ერთი საწყალი ბერი ხართ, რომელმაც თავს იდო დიდი ტვირთი, შეეტყობინებინა ჩვენთვის თუ რა სავალალო მდგომარეობაში არიან სამეგრელოში ჩვენი ბერები და რომ ამ ამბის გაგებისთანავე მე მათ სანახავად გავეშურე-მეთქი. დაბოლოს მოვახსენე, რომ თქვენს შესახებ სხვა არა ვიცი რა, რომ ფული სრულებით არა მაქვს და რომ ქუთაისში მეფიდან დაწყებულმა მის უკანასკნელ ქვეშევრდომამდე ყველამ იცის, რომ გლახაკობის აღთქმა მაქვს მიცემული-მეთქი.
  ციხისთავმა ბრძანა გავეჩხრიკეთ. მინახვს თქვენი მოცემული ქამარი, რომელშიაც კიდევ შვიდიოდე პისტოლი იყო დარჩენილი. ამის მეტი მე არა მქონდა რა. ღვთის სასწაულებრივი მოქმედების წყალობით თქვენს ამხანაგს არავითარი ძვირფასეულობა არ მოუცია ჩემთვის შესანახად, როგორც თქვენ წერდით. როცა ციხისთავმა ასე ცოტა ფუილი ნახა, თქვენს მსახურს უთხრა: სად არის ის სიმდიდრე, რომლითაც გონება ამირიე? ეს საწყალი კაცი იმისათვის ხომ არ მომიყვანე, რომ მასხრად ამიგდო? შენ არამზადა ხარ, ჯოხით ამოგხდი სულსო. ბატონო – უპასუხა აკანკალებულმა მსახურმა, – ის სიმდიდრე ჩემი პატრონის ამხანაგის ხელშია, რომელიც გენათელთან არისო. – ძაღლო, – შეუტია ციხისთავმა, – რატომ ის არ მომიყვანეო?– თქვა თუ არა ეს ციხისთავმა, იგი უკან გააბრუნა იმ იანიჩრებთან ერთად, რომლებმაც მე მომიყვანეს ციხეში და მკაცრად უბრძანა მოეყვანათ თქვენი ამხანაგი. შიშმა ამიტანა, ვაითუ იპოვნონ-მეთქი, მაგრამ ჩემი შიმი უსაზღვრო სიხარულით შემეცვალა, როცა იანიჩრები დაბრუნდნენ და ციხისთავს მოახსენეს – ის კაცი იქიდან გაქცეულაო. მაშინ ციხისთავმა თქვენს მსახურს შეუტია. ეს ავაზაკი შიშსა და სიბრაზეს აეტანა. მიხვდა, რომ ღმერთმა შერისხა იგი და არ მისცა საშუალება ხელში ჩაეგდო თქვენი მეგობარი და ყოველივე ის, რაც მას თან ჰქონდა. ამის შემდეგ ციხისთავს ვუამბე, თუ რა ბოროტი მზაკვრობა ჩაიდინა ამ მოღალატემ თქვენს მიმართ და რაოდენ ლიბერალობასა და სიკეთეს იჩენდით თქვენ, როცა მას ჯამაგირს უხდიდით. საღამო ჟამს ციხისთავმა ვახშმად მიმიწვია. როცა შეიტყო, რომ ექიმი ვარ, მაშინვე უგუნებოდ შეიქნა. მასაც და ციხე-სიმაგრის ზოგიერთ მცველს რაღაც წამლები მივეცი. დარაჯად იტალიელი რენეგატი დამიყენეს. თქვენი მსახური ეუბნებოდა, ბორკილები დაადეთო, რადგანაც ეშინოდა არ გავქცეულიყავი. ეს არამზადა ათასნაირ სისაძაგლეს იგონებდა, რათა ცუდად მომქცეოდნენ.
  მეორე დღეს დედოფალმა და გენათელმა ციხისთავთან ორი აზნაური გამოგზავნეს და ჩემი განთავისუფლება ითხოვეს, რადგანაც მე ვიყავი მათი და აგრეთვე მეფის ექიმი. შუადღეზე ამ ქვეყნის ერთი დიდებულისგან კიდევ ორი კაცი მოვიდა. მას მეუღლე გახდომოდა ავად. როცა მისთვის უთქვამთ თითქოს ვალების გამო ვიყავი ციხე-სიმაგრეში დაკავებული, მან თავისი კაცები გამოგზავნა და ჩემი განთავისუფლება თხოვა ციხისთავს, თან ჩემი ვალების გადახდა იკისრა. თუმცა სავსებით ნათელი იყო, რომ მე არავისი არაფერი მემართა, მაინც საჭირო გახდა ციხისთავისათვის ოცდახუთი ეკიუს გადახდა. ამის შემდეგ გამანთავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მსახური ერთ ამბავში იყო – ციხისთავს ურჩევდა არავითარ შემთხვევაში არ გავეშვი, რადგანაც, მისი ფიქრით, თქვენ ჩვენს გამოსახსნელად ათას ეკიუს გადაიხდიდით, იქ კი არ დამტოვებდით. წამიყვანეს იმ დიდებულის სახლში, რომლის წყალობითაც გამანთავისუფლეს. იქიდან ჩხარში გავაგზავნე კაცი თქვენი ამბის გასაგებად, შევიტყვე, რომ თქვენ თბილისში დაბრუნებულხართ, თქვენი ამხანაგი კი სამეგრელოში, რამდენიმე დღის შემდეგ ჩხარში პატრი იუსტინე ჩამოვიდა. იქ შეიტყო ჩემი ადგილსამყოფელი და ჩემთან მოვიდა. ის ოცდახუთი ეკიუ, რომლითაც ციხიდან გამათავისუფლეს, თქვენი ფულიდან გადავიხადეთ და შემდეგ ჩხარში გავემგზავრეთ. ორი დღის შემდეგ თქვენი ამხანაგი ჩამოვიდა და თან ჩამოიტანა ყველაფერი, რაც სამეგრელოში გქონიათ დატოვებული. გვიამბო თუ რა გზა აირჩია, რომ ქუთაისს ასცდენოდა. როცა ნავით გადაუცურავს ფაზისი, რომელიც ამ ქალაქიდან ექვსი ლიეს დაშორებითაა, მენავეებს უთქვამთ, რომ თქვენს ბოროტ მსახურს, რომელიც ამდენ მახეს გვიგებდა, მათთვის ორი ეკიუ მიუცია, რათა მისი გზაკვალი შეეტყობინებინათ. ამ ავაზაკს თურმე ოთხი იანიჩარი ჰყავდა მცველად, რომელთაც ციხისთავისაგან ჰქონდა ნაბრძანები თვალყური ედევნებინათ მისთვის, რათა იგი არ გაქცეულიყო; ციხისთავს სურდა მისთვის დანაპირები შეესრულებინა. ხომ ხედავთ, დაუმატა მან, ყველაფერი ბედნიერად დაბოლოვდა და ღმერთმა ხელი არ მოუმართა ამ გაიძვერას ბოროტი ზრახვების აღსრულებაში. ეჭვს გარეშეა ღვთის სამართალი არ დაუშვებს, რომ იგი თურქ ციხისთავს დაუსჯელად გაუსხლტეს ხელიდან.
  გვიან იყო, მაგრამ არც ჩემს მეგობარს და არც მე არ შეგვეძლო ვახშმად წასვლა, ვიდრე გული არ ვიჯერეთ ჩვენი საქმეების კეთილად დამთავრებისა და ყველა იმ უბედურებათა შესახებ ლაპარაკით, რომელთაგან ჩემ მიერ ნაამბობი ფაქტიურად მხოლოდ მცირედ ნაწილს წარმოადგენს. მხურვალე ლოცვით ვაუწყეთ უფალს ის, რასაც მისი უსაზღვრო სიკეთისათვის, მისი ყოვლისშემძლე დახმარებისათვის და ჩემი ამხანაგის სასწაულებრივი განთავისუფლებისათვის ვგრძნობდით მის მიმართ. მძიმე განსაცდელში მყოფთ, ჩვენ ვერც წარმოგვედგინა მსგავსი რამ. მართლაც, ვის შეეძლო ყველაფრის გადარჩენის იმედი ჰქონოდა, როცა ყოველი მხრიდან იმის საშიშროება იყო, რომ ყველაფერს დავკარგავდით? მომდევნო დღეებში დავიანგარიშეთ ამ საბედისწერო მოგზაურობის დროს ჩვენი დანაკარგი. აღმოჩნდა, რომ დანაკარგი არ აღემატებოდა ერთ პროცენტს ყოველივე იმისას, რაც შევინარჩუნეთ და დამსხვრევისა და გაფუჭების გარეშე ჩამოვიტანეთ თბილისში.
ქართლის აღწერა
  საქართველო (ვგულისხმობ მთელ ქვეყანას, რომელიც ასე იწოდება და სპარსეთს ექვემდებარება) დღეს აღმოსავლეთით ჩერქეზეთსა და მოსკოვის სახელმწიფოს ესაზღვრება, დასავლეთით – მცირე სომხეთს, სამხრეთით – დიდ სომხეთს, ჩრდილოეთით კი შავ ზღვასა და კოლხეთის იმ ნაწილს, რომელსაც იმერეთი ეწოდება. ჩემი აზრით, მთელი ეს ქუეყანა უნდა იყოს სწორედ ის, რასაც ძველი ხალხი იბერიას უწოდებდა. საქართველო უწინ გადაჭიმული იყო თავრიზიდან და ერზერუმიდან ტანაისამდე და მას ალბანია ერქვა. როგორც ვხედავთ, დღეს ის დამცრობილია. იგი წარმოადგენს ტყიან და მთაგორიან ქვეყანას, სადაც ვიწრო, მაგრამ გრძელი, მშვენიერი დაბლობებიც მრავლად არის. საქართველოს შუა ნაწილი უფრო სწორი და ბრტყელია, ვიდრე დანარჩენი ნაწილი. ქუეყნის შუაში მიედინება მდინარე მტკვარი, რომელსაც გეოგრაფოსთა უმეტესობა კირს და აგრეთვე კორუსს უწოდებს. მისი სათავე კავკასიონის მთებშია, ახალციხიდან დღენახევრის სავალზე. ერთვის კასპიის ზღვას. სპარსეთის სხვა მდინარეებთან შედარებით, ამ მდინარეს ის უპირატესობა აქვს, რომ ქვეყნის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე სანაოსნოდ გამოიყენება. ასეთი ვრცელი იმპერიისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც სხვა მდინარეზე, მსგავს რასმე ვერა ვხვდებით. სპარსეთის ცნობილი მეფე კიროსი სწორედ ამ მდინარე მტკვარში ჩააგდეს ყმაწვილობაში, მაგრამ იგი არ ჩაძირულა. ძველ ისტორიკოსთა ცნობების მიხედვით აქედან წარმოსდგა, მისი სახელწოდება კიროსი. ამ საკითხზე ისტორიკოსთა აზრი უფრო იმიტომაც არის სარწმუნო, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელთა შესახებაც ახლახან ვლაპარაკობდი, მდინარე მტკვარს საერთოდ უწოდებენ შაჰ-ბაჰმან-სუს, ე.ი. „ხელმწიფე ბაჰმანის მდინარეს". სახელი „ბაჰმანი" ერთი იმ სახელთაგანია, რომლითაც სპარსული მატიანეები მეფე კიროსს იხსენიებენ.
  სპარსეთის... თანამედროვე აღწერებში საქართველო ცალკე არის მითითებული „გურჯისტანის“ სახელწოდებით, რომელიც დაყოფილია ოთს ნაწილად: იმერეთი, რომლის შესახებაც ჩვენ ასე ვრცლად ვილაპარაკეთ; გურიელის ქვეყანა, რომელშიაც შედის ახალციხის მმართველობის ქვეშ მოქცეული მხარე; კახეთის სამეფო, რომელიც ღრმად არის შეჭრილი კავკასიონის მთებში და რომელიც საკუთრივ ძველ იბერიას წარმოადგენს და საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი – ქართლი, რომელსაც ძველი გეოგრაფოსები აზიის ალბანიას უწოდებენ119. კახეთის სამეფო და ქართლი სპარსეთის იმპერიაში შედიან. ეს არის სწორედ ის, რასაც სპარსელები გურჯისტანს ეტყვიან. გეორგიანები თავიანთ თავს მხოლოდ ერთ სახელს – ქართველს უწოდებენ. ეს სახელი ახალი არ არის. მას ვხვდებით, თუმცა ოდნავ დამახინჯებული სახით, მრავალი ძველი ავტორის თხზულებებში, უმთავრესად წმინდა ეპიფანესთან, რომელიც, ამ ხალხზე ლაპარაკის დროს, მათ ქარდიელებს უწოდებს. ამბობენ, სახელწოდება გიორგიელები თითქოს ბერძნებს მიეცეთ მათთვის τεοργές სიტყვისაგან, რაც მათ ენაზე „მიწათმოქმედს“ ნიშნავს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს სახელწოდება წმინდა გიორგის სახელიდან არისო წარმომდგარი, რომელიც ბერძნული რიტუალის მიმდევარ ქრისტიანთათვის უმნიშვნელოვანეს წმინდანს წარმოადგენს; მაგრამ ეს ეტიმოლოგიური შეცდომაა, რადგანაც სახელწოდებას „გეორგიანები“ ვხვდებით ბევრად უფრო ადრეული ხანის ავტორებთან, ვიდრე თვით წმინდა გიორგია, როგორიც არიან, მაგალითდ პლინიუსი და პომპონიუს მელა.
  როგორც ვნახეთ, საქართველოში ქალაქები ცოტაა. უწინ კახეთის სამეფოში რამდენიმე ქალაქი ყოფილა. ახლა ყველა ისინი ნანგრევებად არის ქცეული, გამონაკლისია მხლოდ ერთი ქალაქი, რომელსაც აგრეთვე კახეთი ჰქვია120. თბილისში ყოფნისას მითხრეს, რომ ეს ქალაქები, თურმე, დიდი და ჩინებულად ნაშენი ყოფილა. ამას გვაფიქრებინებს არა მარტყო ის, რაც ჯერ კიდევ მთლიანად არ არის დანგრეული, არამედ ნანგრევებიც კი. კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხები: ალანები, სვანები, ჰუნები და სხვანი განთქმულნი არიან თავიანთი ძალითა და გამბედაობით; სხვათა მოწმობით ამორძალებიც ასევე გულადნი არიან და სწორედ მათ ააოხრეს კახეთის ეს პატარა სამეფო. ამორძალები კახეთის სამეფოს მეზობლად, ზემოთ, ჩრდილოეთით ცხოვრობენ. ამ საერთო აზრს იზიარებენ როგორც ძველი, ასევე თანამედროვე გეოგრაფოსები. პტოლემაიოსი მათ ქვეყანას აზიის სარმატიის ფარგლებში ათავსებს, რომელიც დღეს სათათრეთად იწოდება და მდებარეობს ვოლგის დასავლეთით, ამ მდინარესა და ჰიპიკის მთებს შორის, ეს არის სწორედ კახეთის სამეფოს ჩრდილოეთი მხარე. კვინტ-კურციუსი იმავე აზრით ამბობს, რომ თალესტრის სამეფო მდიდნარე ფაზისის მახლობლად იყოო. ამასვე ფიქრობს სტრაბონიც, როცა პომპეუსისა და კანიდიუსის ლაშქრობებზე ლაპარაკობს. საქართველოში არავინ მინახავს ამორძალების ქვეყანაში ნამყოფი, მაგრამ მათი ამბები ბევრისგან მსმენია. შალის უხეში ქსოვილისაგან დამზადებული, უცნაური ფორმის ქალის ტანსაცმელიც კი მაჩვენეს მთავართან, რომელიც თურმე, როგორც ამბობენ, ერთი ამორძალი ქალისა ყოფილა. იგი უკანასკნელი ბრძოლების დროს კახეთის ახლოს მოუკლავთ. თბილისის კაპუცინებმა მითხრეს, რომ გაზაფხულზე ორი მისიონერი აპირებსო მათ ქვეყანაში გამგზავრებას, რადგანაც კონგრეგაციისაგან მიუღიათ ბრძანება. ასე რომ, მალე შესაძლებლობა გვექნება ამ მამაცი მებრძოლი ქალების შესახებ ცნობები მივიღოთ. ერთხელ ამის თაობაზე საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი მქონდა საქართველოს მთავრის ვაჟიშვილთან. სხვათა შორის, მან მითხრა, რომ კახეთის ზემოთ, ჩრდილოეთისაკენ ხუთი დღის სავალზე ცხოვრობს სრულიად უცნობი ხალხი, რომლებიც განუწყვეტლივ იბრძვიან თათრების წინააღმდეგო. მათ მეტსახელად კალმახებს ეძახიან. ეს ის ხალხია, რომელთაც ჩვენ ყალმუხებს ვუწოდებთ. ისიც მითხრეს, რომ კავკასიონის მთებში მცხოვრები ხალხები მუდმივად ებრძვიან ერთმანეთს, მათ შორის მშვიდობის დამყარება ან ზავის დადება შეუძლებელია, რადგანაც ისინი ველურნი არიან, არა აქვთ არც რელიგია, არც პოლიცია ჰყავთ და არც კანონები გააჩნიათო. კახეთთან ახლოს მცხოვრები ხალხები ხშირად ესხმიან მას თავს. ეს გარემოება მეფისნაცვალს, ე.ი. საქართველოს მთავრის უფროს ვაჟიშვილს121, აიძულებს მუდამ მზად იყოს ამ ბარბაროსების მოსაგერიებლად.
  ამ ახალგაზრდა მთავარს ვუამბე, თუ რას წერდნენ ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები ამორძალების შესახებ. ამ საკითხზე კარგა ხანს ვისაუბრეთ, შემდეგ მან აზრი გამოთქვა, რომ ეს ხალხი, ალბათ, მოხეტიალე სკვითები არიან ისევე, როგორც თურქმენები და არაბებიო, რომლებიც აშინელების მსგავსად ქვეყნის გამგებლობას ქალებს აბარებენ, და რომ ამ დედოფლებს თავიანთი სქესის წარმომადგენლები ემსახურებიან, რომლებიც ყველგან თან დაყვებიანო. ადვილი გასაგებია, რომ ისინი შეიარაღებულნი დადიან და რომ მათ ისევე კარგად უნდა იცოდნენ ცხენოსნობა, როგორც მამაკაცებმა, რადგანაც აღმოსავლეთში ქალებმა მამაკაცებივით კარგად იციან ცხენზე ჯდომა, ზოგიერთმა კი მათზე უკეთესად. დედოფლებს გვერდზე ხანჯალი ჰკიდიათ. რაც შეეხება მწერლის დამახინჯებას და სხვა ამგვარ ჩვეულებას, რასაც ამორძალ ქალებს მიაწერენ, ჩვენ ისინი ისეთივე ზღაპრებად მიგვაჩნია, როგორითაც ერთი ლათინი პოეტის გავლენით ერთმა მატყუარა ბერძენმა აავსო თავისი ისტორიები.
  ქართლის პროვინციაში მხოლოდ ოთხი ქალაქია: გორი, სურამი, ალი და თბილისი. თბილისის აღწერას ჩვენ ქვემოთ მოვიტანთ.
  გორი პატარა ქალაქია, გაშენებული ორ მთას შორის გაშლილ ვაკეზე, მდინარე მტკვრის ნაპირზე, ბორცვის ძირში, რომელზედაც ციხე-სიმაგრე დგას და რომელსაც სპარსელები იცავენ. იგი ააშენა სპარსეთის ჯარის მხედართმთავარმა როსტომ-ხანმა გურჯისტანის უკანასკნელი ბრძოლების დროს, ორმოცი წლის წინათ. ერთმა ავგუსტინელმა მისიონერმა, რომელიც იმხანად გორში იმყოფებოდა, მისი გეგმა აიღო. ციხე-სიმაგრე კარგად არ არის დაცული. მის მთავარ ძალას მისი ადგილმდებარეობა წარმოადგენს. გარნიზონი შედგება ასი კაცისაგან. მის ძირში გაშენებული ქალაქი პატარაა. სახლები, ისევე როგორც დახურული ბაზრები, ალიზისაგან არის ნაშენი. მცხოვრებლები ვაჭრობას მისდევენ და საკმაოდ შეძლებულნიც არიან. აქ ბლომად და იაფად შეიძლება იშოვო ყველაფერი, რაც არსებობისთვის არის აუცილებელი. სახელწოდება გორი წარმოდგება სიტყვისაგან, რომელიც „ღორს“ ნიშნავს, რადგანაც ღორები აქ დიდი რაოდენობითაა და თანაც საუკეთესო ჯიშისა.
  სურამი, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ და მხოლოდ დაბას წარმოადგენს. იგი უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხე-სიმაგრეა. მისი გარნიზონიც ასი კაცისაგან შედგება. სურამის ახლოს არის ადგილი, რომელიც სამცხედ იწოდება. ეს არის ქართული სახელი და ნიშნავს „სამ ციხეს". ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, თითქოს ნოე, კიდობნიდან გადმოსვლის შემდეგ, ამ მხარეში დასახლებულა და მის ვაჟებს თითოეულს აქ თითო ციხე აუშენებიათო. ალის შესახებ აქ არაფერს ვამბობ, რადგანაც მასზე სხვაგან მქონდა საუბარი.
  საქართველოში ჰავა ჯანსაღი და მშრალია. ზამთარში აქ ძალიან ცივა, ზაფხულში კი ძალიან ცხელა. კარგი ამინდები მხოლოდ მაისის თვეში დგება, მაგრამ ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. მიწები აქ მორწყვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუსავლიანია. მორწყული მიწები კი უხვად იძლევა სხვადასხვა სახის მარცვლეულის, მწვანილისა და ხილის მოსავალს. საქართველო ნაყოფიერი ქვეყანაა. ცხოვრება აქ კარგად და იაფად შეიძლება. მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ არის ისეთი გემრიელი პური, როგორც აქ. ხილი საუცხოოა და მრავალნაირი. ევროპის არც ერთ ადგილას არ მოდის უფრო გემრიელი მსხალი და ვაშლი. აზიაში არსად მოიძებნება აქაურზე უკეთესი ბროწეული. საქონელი აქ დიდი რაოდენობითაა და ძალიან კარგი ჯიშისა, იქნება ეს მსხვილფეხა თუ წვრილფეხა. ნადირი შესანიშნავი და მრავალნაირია. ბევრია ფრინველიც. დიდი რაოდენობითაა აგრეთვე გარეული ღორიც, რომლის ხორცი ისეთივე გემრიელია, როგორც კოლხეთში. უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ღორის ხორცით იკვებება. მთელი სოფლები ღორებითაა სავსე. უნდა ითქვას, რომ ამ ხორცზე უკეთესს ვერაფერს იგემებ. ადგილობრივი მკვიდრნი ირწმუნებიან, რომ რამდენიც არ უნდა ჭამოს კაცმა ღორის ხორცი, არასოდეს არ აწყენსო. ვფიქრობ, რომ მართლაც ასე უნდა იყოს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ჩემი ულუფა ღორის ხორცისაგან შედგებოდა, მას არასოდეს უწყენია ჩემთვის. საქართველოსთან ახლო მდებარე კასპიის ზღვა და მასზე გამდინარე მტკვარი იმდენი თევზითა და მტკნარი წყლით ამარაგებს ქვეყანას, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, წლის არც ერთ დროს არ შეიძლება აქაურზე უკეთესად ჭამოს და სვას ადამიანმა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ არ არსებობს ქვეყანა სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ, როგორც აქ. ისევე როგორც კოლხეთში, აქაც ვაზები ხეებზეა გაშენებული. მეფეთა სასმელად თბილისიდან ღვინო დიდი რაოდენობით გააქვთ სომხეთში, მიდიასა და ისფაჰანში. ერთი ცხენის საპალნე, რომელიც წონით სამას ფუტს უდრის, მხოლოდ და მხოლოდ რვა ფრანკი ღირს; მე ვლაპარაკობ საუკეთესო ღვინოზე, რადგანაც ჩვეულებრივ, საშუალო ღვინოს ამისი ნახევარი ფასი აქვს. ყველა დანარჩენი სურსათი ამის შესაბამისად ფასობს. თუმცა საქართველო დიდი რაოდენობით აწარმოებს აბრეშუმს, მაგრამ რასაც მოგზაურთა უმეტესობა წერს ამის შესახებ, აქ იმის ნახევარიც კი არ მზადდება. ადგილობრივმა მოსახლეობამ მისი კარგად გამოყვანა არ იცის. მათ აბრეშუმი ოსმალეთში, ერზერუმსა და ახლომახლო ადგილებში გააქვთ, სადაც ისინი ფართო ვაჭრობას აწარმოებენ.
  ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში, საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ. ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია; არიან მაღალნი, კოხტა და მოქნილი ტანისა და საოცრად წელწვრილნი. ფერუმარილი, რომელსაც ერთნაირად ხმარობენ ლამაზებიც და ულამაზონიც, მათ არ უხდებათ. იგი სამკაულის შემცვლელია და მას ისეთსავე მორთულობად იყენებენ, როგორც ჩვენში თვალმარგალიტსა და ლამაზ ტანსაცმელს...
  ქართველები თავაზიანნი და კაცთმოყვარენი, ამასთანავე დარბაისელნი და თავდაჭერილნი არიან. მათი ადათ-წესები გარშემო მცხოვრები ხალხების უმეტესობის ზნე-ჩვეულებათა ნარევს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შედეგი მათი სავაჭრო ურთიერთობისა სხვა ხალხებთან და იმ თავისუფლებისა, რომელიც საქართველოში ყველას აქვს მინიჭებული: აქ უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო მასზე და დაიცვა იგი. აქ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, ოსმალებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, მოსკოვიტებსა და ევროპელებს. სომხები აქ ისე მრავლად არიან, რომ ქართველებსაც კი სჭარბობენ. ამასთანავე ისინი ყველაზე მდიდრები არიან, მაგრამ პატარა ადგილები და დაბალი თანამდებობები უკავიათ. ქართველები უფრო უფლებამოსილნი, ამაყნი, თავმომწონენი და დიდების მოყვარულნი არიან...
  ქართველების ტანსაცმელი თითქმის პოლონელებისას ჩამოგავს. ატარებენ პოლონურის მსგავს ჩაჩებს. ქურთუკი გულმკერდთან შეხსნილია, იკვრება ღილებითა და საღილე ყაითნებით. ფეხსაცმელები ისეთივეა, როგორც სპარსელებისა. ქალების ტანსაცმელი სპარსულისაგან არაფრით არ განსხვავდება. დიდებულების სახლები და საზოგადოებრივი შენობები სპარსული ნაგებობების მსგავსად არის ნაშენი. მშენებლობა იაფი ჯდება, რადგანაც ხის მასალა, ქვა, თაბაშირი და კირი დიდი რაოდენობით აქვთ. სპარსელებს ბაძავენ აგრეთვე ჯდომაში, წოლასა და სმა-ჭამაში.
  დიდებულები თავიანთი ყმების მიმართ ტირანულზე უმკაცრეს ძალმომრეობას იჩენენ. აქ უფრო უარესი მდგომარეობაა ამ მხრივ, ვიდრე კოლხეთში. თავიანთ ყმა-გლეხებს მთელი თვეების განმავლობაში საკუთარი სურვილისამებრ ამუშავებენ ისე, რომ არ აძლევენ საფასურს და არც საზრდოს, უფლება აქვთ თავიანთი ვასალების ქონებაზე, თავისუფლებასა და სიცოცხლეზე; ართმევენ შვილებს და ყიდიან ან მონებად აქცევენ, მაგრამ ოც წელზე მეტი ხნისას, განსაკუთრებით ქალებს, იშვიათად თუ გაყიდიან. სარწმუნოება ქართველებს დაახლოებით ისეთივე აქვთ, როგორც მეგრელებს. ერთმაც და მეორემაც სარწმუნოება ერთდროულად, კერძოდ მეოთხე საუკუნეში მიიღეს ერთი იბერიელი ქალისაგან, რომელიც კონსტანტინოპოლში მოქცეულა ქრისტიანობის რჯულზე. ახლა როგორც ერთს, ისე მეორეს დაკარგული აქვთ ქრისტიანობის მთელი არსი. ასე რომ, ის რაც მეგრელების შესახებ ვთქვი – მათ სახელს გარდა ქრისტიანობისაგან აღარაფერი აქვთ-მეთქი შემორჩენილი. რომ არ იცავენ და არც კი იცნობენ იესო ქრისტეს თითქმის არც ერთ ცნებას-მეთქი, – არანაკლებ სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა საქართველოს ხალხის შესახებაც. მიუხედავად ამისა, ქართველები უფრო მტკიცედ ინახავენ მარხვას და წარმოთქვამენ უფრო გრძელ ლოცვებს. ჩემი თბილისში ყოფნის დროს მისიონერებმა რომში მათი მისიის შესახებ რელაცია გაგზავნეს, რომელიც მე მაჩვენეს. მასში ერთი მეტად სასაცილო ამბავი იყო მოთხრობილი, რომელსაც აქ მოვიტან, რადგანაც იგი ჩემს თემას ეხება და აქ უადგილო არ იქნება. ცხოვრობდა გორში ერთი ცუდი ყოფაქცევის ქალი, რომელიც ავად გამხდარა. უფიქრია ჩემი აღსასრული მოვიდაო, გაუგზავნია კაცი მღვდლის მოსაყვანად და, აღსარებაში უღიარებია რა თავისი გარყვნილება, აღთქმა დაუდვია, რომ თავისი ქმრის გარდა სხვა კაცს არ გაიკარებდა. მღვდელს უთქვამს: ქალბატონო, მე თქვენ იმდენად კარგად გიცნობთ, რომ თქვენს ნათქვამს ვერ დაგიჯერებო. ცხადია, თქვენთვის შეუძლებელი იქნება სამიჯნურო კავშირების გაწყვეტა, მაგრამ ამასა გთხოვთ, კავშირი დაიჭიროთ მხოლოდ ორ-სამთან, თანაც ჩემის ნებართვით და ჩემ მიერ ნაკარნახევი პირობებითო. მისი წინადადებით შეურაცხყოფილი ქალს მღვდელი გაუძევებია და სასწრაფოდ მოუყვანინებია კაპუცინი, უამბნია ყოველივე, რაც მოხდა და შემდეგ აღსარება უთქვამს მისთვის. იმავე რელაციაში ნათქვამია, რომ აღსარებაზე მოსულ ცოდვილებს, რომელთა ცოდვასაც სხვისი ქონების მოტაცება წარმოადგენს, მღვდლები უბრძანებენ ნაქურდალი დაუბრუნონ არა მის მფლობელს, არამედ გადასცენ მათ, ასე რომ, გატაცებული ქონება მის პატრონს არასოდეს არ უბრუნდება.
  საქართველოში რამდენიმე ეპისკოპოსია, ერთი არქიეპისკოპოსი და ერთიც პატრიარქი, რომელსაც კათალიკოსს უწოდებენ. მთავარი, თუმცა სარწმუნოებით მაჰმადიანია, საეკლესიო საქმეებსაც განაგებს და ჩვეულებრივად ამ თანამდებობებზე თავის ნათესავებს ნიშნავს ხოლმე. პატრიარქი მისი ძმაა122. დიდებულებიც ასეთსავე უფლებებს ჩემულობენ თავიანთ მამულებში; ისინი არა მარტო განაგებენ საეკლესიო თანამდებობებს და იძლევიან ბენეფიციებს, არამედ ეკლესიის მსახურთ ისევე განუსჯელად აგდებენ საპყრობილეში და სჯიან, როგორც სხვებს. მათ იყენებენ ყოველგვარ მძიმე სამუშაოზე, ართმევენ შვილებს; არ კმაყოფილდებიან იმით, რომ ხელიდან აგლეჯენ იმას, რაც ადამიანისათვის სიცოცხლეზე უძვირფასესია, ვგულისხმობ მათ შვილებს, და ამ გაუბედურებულ ხალხს არანაკლებ ძვირფას განძს – თავისუფლებას – ართმევენ და როგორც უკვე აღვნიშნე, მათ მაჰმადიანებზე ჰყიდიან.
  საქართველოს ეკლესიები რამდენადმე უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე სამეგრელოსი. ქალაქში ეკლესიები საკმაოდ სუფთაა, სოფლებში კი ძლიერ მოუვლელი. ქართველებს მათ ახლო-მახლო, ჩრდილოეთით და დასავლეთით მცხოვრები ქრისტიანი ხალხების მსგავსად, ერთი საკმაოდ უცნაური ჩვეულება აქვთ: ეკლესიებს მთის წვერზე, შორეულ და თითქმის მიუდგომელ ადგილებში აშენებენ. ასეთი ეკლესია შორიდან მოჩანს და მას სამი-ოთხი ლიეს მანძილიდან სცემენ თაყვანს; იქ კი თითქმის არასოდეს არ ადიან; დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიების უმეტესობას ათ წელიწადში ერთხელ თუ გააღებენ ხოლმე. ააშენებენ ეკლესიებს და შემდეგ ბედისა და განგების ანაბარა მიატოვებენ. ვერაფრით ვერ შევძელი დამედგინა ასეთი უაზრობის მიზეზი. ვისაც კი არ ვეკითხებოდი, მუდამ ერთნაირ უცნაურ პასუხს ვიღებდი: ასეთი ჩვეულება გვაქვსო. ქართველები თვლიან, რომ როგორი ცოდვაც არ უნდა ჩაიდინონ, პატარა ეკლესიის აშენებით შეწყნარებას მიიღებენ. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეკლესიებს მიუდგომელ ადგილებში აშენებდნენ იმიტომ, რათა თავიდან აიცილონ მისი მორთვა და მოვლა. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ წმინდა გიორგი ამ ქრისტიანებისათვის უმთავრესი წმინდანია. მას „მარ გერგის“ უწოდებენ და თვლიან, რომ იგი დაბადებულია კაბადოკიაში, სირიელი პატრიარქის ვაჟიშვილია და დიოკლეტიანეს დროს იქნა წამებულიო123. ამ წმინდანს თვით მაჰმადიანებიც არანაკლებ სცემენ პატივს. მათში გავრცელებულია ლეგენდა, რომელშიაც დაახლოებით ასეთი რამ არის მოთხრობილი: წმინდა გიორგის მიერ მოხდენილ სხვადასხვა სასწაულთა შორის, მან მკვდრეთით აღადგინა ხარი ერთი საწყალი მოხუცი ქალისა, რომელთანაც იგი დაბინავდა; ეს ამბავი, თუ იგავი, ამ წმინდანის შესახებ მეგრელების ნაამბობს წააგავს, რომლის მიხედვითაც წმინდა გიორგის ღამით გადაჰყავს ხარი ას ლიეზე მეტი მანძილით დაშორებული ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს იგავი მე მოვიხსენიე მეგრელების რელიგიის შესახებ ტრაქტატში.
  სპარსელების მიერ საქართველოს დაპყრობა იმდენი რელაციებისა და ისტორიების საშუალებითაა აღწერილი, რომ მე თავს შევიკავებდი ამის შესახებ ლაპარაკისაგან, რომ ავტორები ერთი აზრისანი და კარგად ინფორმირებულნი ყოფილიყვნენ იმაზე, რასაც წერენ. აი, მოკლედ ის, რაც სპარსეთის ისტორიებში ვიპოვე.
ქართლ-კახეთის ისტორია
  დიდმა ისმაილმა,124 რომელსაც ჩვენმა ისტორიკოსებმა სეფი შეარქვეს მას შემდეგ, რაც კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე ქვეყნები – მიდია და არმენიის ნაწილი დაიპყრო და ამ ადგილებიდან ოსმალები განდევნა, ომი გამოუცხადა ქართველებს, თუმცა თავისი მეფობის დასაწყისში სწორედ მათგან ჰქონდა მიღებული მნიშვნელოვანი დახმარება. ეს ომი მისი გამარჯვებით დამთავრდა და ქართველები აიძულა ხარკი ეხადათ და მძევლები მიეცათ მისთვის. კახეთისა და ქართლის სამეფოების გარდა, საქართველოში ვასალების მსგავსი მრავალი მცირე მეფე არსებობდა, რომელთაც. „ერისთავებს" უწოდებდნენ და რომლებიც მუდმივად ერთმანეთთან ომობდნენ. ეს გახლდათ მიზეზი, ყოველ შემთხვევაში საბაბი მაინც, რამაც ქართველების დაცემა გამოიწვია. ისინი ხარკს უხდიდნენ ისმაილს მთელი მისი მეფობის განმავლობაში და მის მემკვიდრეს თამაზს, რომელიც დიდსულოვანი და ომებში სვებედნიერი მმართველი იყო125. მის სიცოცხლეში საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც ქართლს უწოდებენ და რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს აღმოსავლეთი მხარეა და სპარსეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება, მეფობდა ლუარსაბი. ამ მეფეს ორი ვაჟიშვილი დარჩა და მათ გაუნაწილა თავისი სამეფო126. უფროსს სიმონი ერქვა, მეორეს დავითი. ამ განაწილებით ორთავენი უკმაყოფილონი დარჩნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ ომში დახმარებისათვის ორთავემ თამაზს მიმართა. ამ უკანასკნელს უმცროსის თხოვნა პირველად მიუვიდა. თამაზმა შეუთვალა მას, რომ მამამისის მთელ სამფლობელოებს მისცემდა, თუ მაჰმადიანობის მიღებაზე დათანხმდებოდა. დავითმა მიიღო ეს წინადადება. გადავიდა მაჰმადიანურ სარწმუნოებაზე და სპარსეთის სარდლობას წარუდგა, რომელნიც ოცდაათიათასიანი ცხენოსანი ჯარით იყვნენ მოსულნი ამ ქვეყანაში. დავითი თამაზთან გაგზავნეს, რომელიც ამ დროს ყაზვინს იდგა. თამაზმა მოაქცია თუ არა თავისი გავლენის ქვეშ ქართველი მთავარი, ახლა სიმონს მისწერა იგივე, რაც მის ძმას, კერძოდ, წინაპართა მამული თუ გინდა, ჩვენი სარწმუნოება მიიღე და ჩემთან გამოცხადდიო. სპარსეთის ჯარებისაგან შევიწროვებული სიმონი დანებდა, მაგრამ თავისი სარწმუნოებისაგან განდგომა არ ისურვა. ამგვარად თამაზმა, გახდა რა საქართველოსა და მისი მთავრების პატონ-პატრონი, უფროსი ძმა დაატყვევა და კასპიის ზღვასთან ახლოს მდებარე განჯის საპყრობილეში გაგზავნა, ხოლო მეორე ძმა საქართველოს მმართველად დასვა, შეუცვალა რა სახელი დავითი დაუდ-ხანად, რაც მაჰმადიანობის საწინდარი იყო127. შემდეგ თამაზმა ქართველ დიდებულებს ერთგულებაზე ფიცი დაადებინა და მათი და დავითის შვილები მძევლებად წაიყვანა.
  თამაზის სიკვდილის შემდეგ ქართველებმა, ისევე როგორც სპარსეთის სხვა მრავალმa პროვინციამ, სპარსელების უღელი გადაიგდეს: ისმაილ II მეფობის ხანაში, რომელმაც მხოლოდ ორ წელიწადს გასტანა128, და მაჰმადის (მეტსახელად ხუდა ბენდე ე.ი. „ღვთის მონა")129 მეფობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში ქართველები დამოუკიდებელნი იყვნენ, შემდეგ კი მაჰმადმა ჯარი გაგზავნა საქართველოში, რათა იგი კვლავ დაემორჩილებინა. მისი მოახლოებისთანავე დაუთხანი გაიქცა. მისმა ძმამ სიმონმა, როგორც მე უკვე ვთქვი, კასპიის ზღვის ახლოს დატყვევებულმა, ეს გარემოება გამოიყენა თავისი ქონების დასაპატრონებლად, მიიღო მაჰმადიანობა და სიმონ-ხანის სახელით თბილისის ხანად დაინიშნა130.
  კახეთის მეფე, სახელად ალექსანდრე, მაჰმადი ხუდა ბენდეს მეფობის დროს გარდაიცვალა. მას სამი ვაჟი და ორი ქალი დარჩა. უფროსს დავითი ერქვა. ეს მთავარი თავისი გამბედაობითა და უიღბლობით საქვეყნოდ არის ცნობილი თეიმურაზ-ხანის სახელით, რომელიც მას სპარსელებმა შეარქვეს131, როცა მისი მამა გარდაიცვალა, როგორც უკვე ითქვა, იგი შაჰ-თამაზს ჰყავდა წაყვანილი მძევლად სპარსეთის კარზე. რადგანაც იგი დაახლოებით აბას-დიდის ასაკისა იყო, მასთან ერთად იზრდებოდა დიდი პატივითა და მზრუნველობით. მან სპარსელების ზნე-ჩვეულება შეისისხლხორცა, რომელიც ქართველების ზნე-ჩვეულებაზე, უდავოდ, უკეთესია. მამის გარდაცვალებისთანავე დედამისმა, მშვენიერმა და ჭკვიანმა დედოფალმა, ქართველების მიერ ქეთევანად, ხოლო სპარსეთის ისტორიაში მარიანად წოდებულმა, ხუდა ბენდეს მისწერა132: „ხელმწიფეო, ჩემი ქმარი გარდაიცვალა, გემუდარებით ჩემი ვაჟი თეიმურაზი გამომიგზავნოთ, რათა მამის მაგიერ იმეფოს. სანაცვლოდ გიგზავნით მის ძმას". თეიმურაზს ჩამოართვეს ერთგულების ფიცი და გამოგზავნეს.
  ქართლის მეფე სიმონი, რომლის შესახებაც ჩვენ ვილაპარაკეთ, აბას დიდის მეფობის დასაწყისში გარდაიცვალა და გვირგვინი თავის უფროს ვაჟიშვილს, მცირეწლოვან ლუარსაბს დაუტოვა133, რომელსაც მეურვედ დაუნიშნეს მისი ვეზირი, დიდად ჭკვიანი, მაგრამ მდაბიო წარმოშობისა, ქართველთაგან მეჰრუდ, ხოლო სპარსელთაგან მორადად წოდებული134. იგი იყო აგრეთვე თბილისის მოურავი და სამეფოში აბსოლუტური ძალაუფლებით სარგებლობდა. მეჰრუს ჰყავდა მეტად ლამაზი ასული, რომელიც ლუარსაბს გაგიჟებით შეუყვარდა, ქალიც სიყვარულითვე პასუხობდა. რა საშუალებას არ მიმართა მამამ, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა მიჯნურთა შეხვედრები აღეკვეთა. ერთხელ, როცა ერთად ჩაკეტილებს შეუსწრო, მთავარს უთხრა: „თქვენო აღმატებულებავ, პატივს ნუ ახდით ნურც ჩემს ქალს და ნურც ჩემს ოჯახს. თუ თქვენ უდიდებულესობას იგი მოსწონს, ცოლად შეირთეთ; ხოლო თუ ცოლად შერთვა არა გსურთ, ნუ დარჩებით მასთან მარტო“. ლუარსაბმა მისცა ფიცი, სხვა ქალს არასოდეს ვისურვებო; ფიცით გულდაჯერებულმა მეჰრუმ ნება დართო თავის ქალს მთავართან ისე ყოფილიყო, როგორც საკუთარ ქმართან. მაგრამ ეს ქორწინება არ შემდგარა, ვინაიდან დედოფალი და ქვეყნის სეფექალები წინ აღუდგნენ ამ გადაწყვეტილებას და გამოაცხადეს – დაბალი წარმოშობის პიროვნების ქვეშევრდომები არ გავხდებითო. ლუარსაბი, როგორც ჩანს, ამ წინააღმდეგობით მეტად კმაყოფილი დარჩა და მეჰრუს განუცხადა, რომ მისი ქალის შერთვა არ შეეძლო135. მე უკვე აღვნიშნე, რომ ქართველები მეტისმეტად შურისმაძიებლები არიან; მეფეს ურჩიეს მეჰრუს მორიდებოდა და მოეკვლევინებინა იგი, რათა ხელი შეეშალა მისგან შურისძიებისათვის. მეფე დათანხმდა. გადაწყვიტეს პირველსავე ნადიმზე, რომელსაც მისი უდიდებულესობა გამართავდა, დაეთროთ იგი და შემდეგ მოეკლათ. სწორედ იმ მომენტში, როცა შეთქმულება უნდა განხორციელებულიყო, მეჰრუს შეატყობინეს ამის შესახებ. იგი კარგა შეზარხოშებული იყო. მეფის მსახური, რომელიც მას ერთგულებდა სასმისის მიწოდების დროს, თითქოსდა პატივისცემის ნიშნად, მისკენ დაიხარა და უთხრა: ბატონო, თქვენ მოკვლას გიპირებენო. მეჰრუ არ შემკრთალა. იგი წამოდგა, სასმისი სხვას გადასცა და გარეთ გავიდა. ამ ქვეყნებში ეს როდის ითვლება სათაკილოდ, რადგანაც ლხინი ნახევარი დღე გრძელდება ხოლმე. მეჰრუ პირდაპირ თავის საჯინიბოსაკენ გაიქცა, აიღო პირველადვე ხელში მოხვედრილი ქუდი, მეჯინიბის ლაბადა და, თავისი ხალხისაგან შეუმჩნევლად, საჯინიბოს საუკეთესო ცხენს ლაგამი ამოსდო, მოახტა და მოჰკურცხლა. მეჰრუმ ისე მოხერხებულად განახორციელა თავისი გაქცევა, რომ ეს ვერავინ შეამჩნია და წარმატებაც უზრუნველყოფილ იქნa. იგი აბას-დიდთან მივიდა, რომელიც საქართველოსა და კასპიის ზღვის მეზობლად მდებარე შირვანსა და შემახაზე გამარჯვების შემდეგ ისფაჰანში ბრუნდებოდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას. მეჰრუმ უამბო როგორ ემსახურებოდა იგი ლუარსაბს და მის მამას, აწ განსვენებულ მეფეს, და ყოველივე ამის სანაცვლოდ როგორი ჯილდო მიიღო მისგან: განიზრახა მისი მოკვლა მას შემდეგ, რაც ნამუსი ახადა მის ერთადერთ ქალიშვილს და ფიცი გასტეხა. მეჰრუმ ხელმწიფეს შეჰვედრა, რადგანაც მისი სპარსული უდიდებულესობა საქართველოს ნამდვილი მპყრობელი იყო, გამოეჩინა სამართლიანობა და დაებრუნებინა მისთვის მისი ქონება.
  ლუარსაბზე შურისსაძიებლად მეჰრუმ უფრო საიმედო საშუალება გამონახა. იგი შეეცადა აბასისათვის ჩაენერგა ამ მთავრის დის, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ასულის, სიყვარული, რომლის მშვენებაც სპარსეთის ყველა პოეტის მიერ იყო შექებული. დღესაც მღერიან სპარსეთში სიმღერებს, რომლებმაც მის სიტურფეს უფრო მეტად გაუთქვეს სახელი, ვიდრე რომელიმე მისი თა ნამედროვისას. ამ სიმღერებში ასახულია მშვენიერი რომანი ამ ქალისა და აბასისა. მისი ნათლობის სახელი დარეჯანი იყო, სპარსული გადმოცემების მიხედვით კი მას ფარი ჰქვია136. მეჰრუ ყოველ ხელსაყრელ დროს აბასს მის შესახებ ელაპარაკებოდა და მთელ თავის მოხერხებულობას არ იშურებდა, რომ სიყვარულის ცეცხლი გაეღვივებინა მისთვის. აბასმა ლუარსაბს ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე ელჩი გაუგზავნა მისი დის ხელის სათხოვნელად. პირველი ლამაზი სიტყვებით გამოისტუმრეს, ხოლო მეორეს მოახსენეს, რომ დედოფალი კახეთის ქვრივ მეფე თეიმურაზზე არისო დანიშნული. ამ უარისაგან უფრო მეტად გაწბილებულმა აბასმა მესამე ელჩი გაუგზავნა ლუარსაბს, რომელსაც დაავალა ყოველგვარი დაპირებებითა და მუქარით ეთხოვა ლუარსაბისათვის მისი და, ამავე დროს თეიმურაზს მისწერა არ შეერთო ცოლად ლუარსაბის და, და მასთან გამოცხადებულიყო. ასეთი მედიდური და დაჟინებითი მოთხოვნით განაწყენებულმა ლუარსაბმა პასუხის ნაცვლად დიდად შეურაცხყო ელჩი, რათა ამ საქმეზე მასთან აღარავინ გამოეგზავნათ. ეს მოხდა დაახლოებით 1610 წელს. აბასს არ შეეძლო საქართველოს მიმართ თავისი გეგმების განხორციელება. იგი ომს აწარმოებდა თურქების წინააღმდეგ. მან გულში ჩაიხშო წყენა და თურქეთის წინააღმდეგ ქრისტიანი მთავრების ასამხედრებლად ევროპაში გაგზავნილ ერთ კარმელიტ მისიონერს დაავალა საქართველოზე გაევლო და განსაკუთრებით ჩაეგონებინა თეიმურაზისათვის, რომ არ შეკავშირებოდა თურქებს და არ ემოქმედა მათ მხარეზე სპარსელების წინააღმდეგ.
  მეტისმეტად ადვილად მიმნდობმა თუ მეტისმეტად მშიშარა თეიმურაზმა გააკეთა ის, რასაც მისგან ითხოვდნენ და რაც მალე სანანებელი გაუხდა, რადგანაც 1613 წელს აბასი ისფაჰანიდან იმ განზრახვით გაემგზავრა, რომ ომი დაეწყო საქართველოს წინააღმდეგ. სხვა დიდებულ თვისებებთან ერთად მეტისმეტად ვერაგი ბუნებითა და მტკიცე ხასიათით დაჯილდოებული ხელმწიფე ამ ომს უყურებდა როგორც სამიჯნურო ინტრიგას. ამტკიცებდა, რომ ლუარსაბის და უყვარდა და სურდა იგი; რომ თავისი გულითადი მეგობრის საშუალებით წერილებს უგზავნიდა მას. იმასაც ამბობდა, თითქოს დარეჯანს პირობა ჰქონდა მისთვის მიცემული, ლუარსაბი კი მოღალატე და უსამართლოაო. სინამდვილეში კი მისი სამზადისი სხვა რამისათვის იყო გამიზნული და არა ქალის მოცილესთან შესაბრძოლებლად; ყველანი კარგად ხედავდნენ, რომ ამ მთავარს უნდოდა ქართველები თავის ქვეშევრდომებად გაეხადა. მრავალი ქართველი ჰყავდა თავის ჯარში. მრავალ წარჩინებულს აძლევდა ჯამაგირს საქართველოში და მეჰრუც ყოველდღე კრებდა ხალხს მისი სამსახურისათვის. თეიმურაზის ორი ვაჟი, ლუარსაბის ერთი ძმა და ერთი და ჰყავდა მძევლად დაბოლოს, იმასაც კი მიაღწია, რომ საქართველოს სამეფო სახლის რამდენიმე მთავარს მაჰმადიანობა მიაღებინა, რათა სამეფისნაცვლოები გაემრავლებინა და დიდი შემოსავალი მიეღო. აბასი დარწმუნებული იყო, რომ ქართველებს ბოლოს მოუღებდა თუ მათ შორის შუღლს ჩამოაგდებდა, რაც ადვილი საქმე იყო, განსაკუთრებით ასეთ... ხალხში. თეიმურაზს მისწერა ლუარსაბი უმადური, მეამბოხე, უგუნური და მეფობის უღირსიაო; რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მისთვის გვირგვინი ჩამოერთმია და თუ თეიმურაზი მას შეიპყრობდა ან მოკლავდა, მის სამეფოს თეიმურაზს გადასცემდა. ლუარსაბსაც იგივე მისწერა თეიმურაზის მიმართ. ამავე დროს კი თავისი ჯარის მთავარსარდალს ლოლა-ბეგს უბრძანა ოცდაათათასიანი ცხენოსანი ლაშქრით საქართველოს შესეოდა და ცეცხლითა და მახვილით მოესრა იქაურობა137.
  ლუარსაბსა და თეიმურაზს ურჩიეს შეკავშირებულიყვნენ. ისინი შეხვდნენ და გადასცეს ერთიმეორეს აბასის წერილები. როცა დარწმუნდნენ, რომ ორთავეს ნამდვილი დაღუპვა მოელოდათ, ფიცი დასდეს ერთად დაღუპულიყვნენ ან დაეხსნათ თავი. მათი კავშირი რომ უფრო მჭიდრო და მტკიცე ყოფილიყო, ლუარსაბმა თავისი და, მშვენიერი დარეჯანი, მართლაც მიათხოვა თეიმურაზს, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქვრივი იყო. შეიტყო თუ არა ეს ამბავი, აბასი განრისხდა – საკუთარი ხელით უნდოდა ყელი გამოეჭრა თეიმურაზის ორი ვაჟისათვის და საქართველოდან წამოყვანილი სხვა მძევლებისათვის. იფიცებოდა, რომ ყველას გამოასალმებდა სიცოცხლეს. ბოლოს კი იმით დაკმაყოფილდა, რომ თავისი ლაშქრობა დააჩქარა, რათა მისი შეურაცხმყოფელი მეფეები ჩქარა დაესაჯა.
  თეიმურაზმა, იგრძნო თუ არა სპარსეთის ჯარის მოახლოება, გადაწყვიტა თავის დასაცავად მომზადებულიყო. მაგრამ შეიტყო, რომ მისი სამეფოს დიდებულთა ერთი ნაწილი დანებებას ირჩევდა. მან თავისი დედა გაუგზავნა აბასს. მას შემდეგ, რაც დედოფალს უბედურება დაატყდა თავს და დაქვრივდა, იგი მონაზვნად იყო აღკვეცილი. მეგრელების რელიგიაზე საუბრის დროს, რომელც ისეთივეა როგორც ქართველებისა, მე აღვნიშნე, რომ ამ ქვეყანაში შემონაზვნებისათვის მხოლოდ მონაზვნის ტანსაცმლის ტარებაა საკმარისი, ასე რომ არც აღთქმის დადება და არც საკუთარი შეჩვეული ბინის დატოვებაა საჭირო. მარიამი ანუ ქეთევანი (მას ეს ორი სახელი ერქვა) ამ ტანსაცმელში იმიტომ გამოეწყო, რომ მის ღვთისმოსაობას მეტი ასკეტურობა და გამბედაობის იერი მისცემოდა. დედოფალი ამალითა და საუცხოო ძღვენით გაემგზავრა აბასთან და ისეთი სისწრაფით იარა, რომ აბასს ჯერ კიდევ ისფაჰანში ჩაუსწრო. ფეხქვეშ ჩაუვარდა მას და თავისი შვილისათვის პატიება შესთხოვა. აბასს ყოველგვარი მორჩილება აღუთქვა, რადგანაც ფიქრობდა ამით ხელმწიფეს დააშოშმინებდა.
  დედოფალი ხანდაზმული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ საკმაოდ ლამაზი უნდა ყოფილიყო. პირველ დანახვისთანავე აბასს შეუყვარდა დედოფალი ან, შესაძლებელია, თავი მოაჩვენა მიჯნურად დედოფალს მაჰმადიანობის მიღება და ცოლობა შესთავაზა. ქართველი ქალისათვის დამახასიათებელი საოცრად ურყევი სიმტკიცითა და გამბედაობით დედოფალმა უარი განუცხადა ხელმწიფეს, უფრო თავის ღვთისმოსაობისა და უბიწოების გამო, ვიდრე იმის გამო, რომ სპარსეთის დედოფლების კარჩაკეტილი ცხოვრება ეზიზღებოდა. უარით გაწბილებულმა აბასმა, ან კიდევ, შესაძლოა, ეს მხოლოდ საბაბი იყო (რადგანაც ფიქრობენ, რომ ქეთევანის შერთვა მას თითქოს მხოლოდ და მხოლოდ თეიმურაზზე შურისძიებისათვის უნდოდა), დედოფალი დაატყვევა და ერთ დაშორებულ სახლში გაგზავნა, ხოლო მისი ორი შვილიშვილი, როგორც უკვე ვთქვი, თეიმურაზისაგან მძევლად გამოგზავნილები, დაასაჭურისა და მაჰმადიანობა მიაღებინა. ამის შემდეგ იგი საქართველოსკენ გაეშურა. ქეთევანმა მრავალი წელი დაჰყო საპყრობილეში, შემდეგ იგი შირაზში გადაიყვანეს, სადაც 1624 წელს აწამეს, აბასის მიერ საქართველოს დაპყრობის დიდი ხნის შემდეგ. ამ ქალაქის მმართველს, იმამ-ყული-ხანს 138 აბასმა მისწერა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ქეთევანი გაემაჰმადიანებინა და თუ დაპირებები, მუქარა და თვით გვემაც კი არ გასჭრიდა, უკიდურესი წამებისათვის მიემართა. იმამ-ყული-ხანმა დედოფალს ბრძანება უჩვენა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს გასჭრიდა, მაგრამ უშედეგოდ. ამ ნამდვილად გმირულ და წმინდა სულზე თვით წამებამაც კი არ იმოქმედა. მან იგემა ჯოხი, ბორკილები, ცეცხლი და სული დალია გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე, რომელზედაც აწამეს მას შემდეგ, რაც რვა წლის განმავლობაში იესო ქრისტესათვის იტანდა წამებას, მით უფრო მტანჯველს იმით, რომ ყოველდღე ცვლიდნენ და აახლებდნენ მას. მისი გვამი შარაზე დააგდეს. შირაზში იმ დროს მყოფმა ავგუსტინელებმა ღამით მოიტაცეს გვამი, ბალზამირება გაუკეთეს, ჩადეს კუბოში და თეიმურაზს მალულად გაუგზავნეს ერთ-ერთი მათი თანამოძმის საშუალებით139.
  დავუბრუნდეთ საქართველოს წინააღმდეგ ომის მსვლელობას. აბასი თავისი ჯარით შეიჭრა საქართველოში. მეჰრუ წინ მიუძღოდა ჯარს, რომელიც ქართველებით იზრდებოდა, მათი რიცხვი დღითიდღე მატულობდა; ერთს იმედი და დაპირებები იზიდავდა, მეორეს კი შიში და შურისძიების სურვილი უბიძგებდა; ლუარსაბმა წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა, იმედი ჰქონდა, რომ სპარსელებს ტყეში მოიმწყვდევდა და იქ გაანადგურებდა. თვით აბასმაც კი იფიქრა მიღალატეს და დავიღუპეო; რადგან მისი ლაშქარი შეიჭრა თუ არა ქვეყანაში დაახლოებით ოცდახუთი ლიეთი, ლუარსაბმა თავისი ჯარი ორ ნაწილად გაჰყო და გასასვლელები დიდრონი მორებით ჩახერგა, ასე რომ სპარსეთის ჯარს არც წინ წასვლა შეეძლო და არც უკან დახევა. აბასი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ხოლო მეჰრუს შეეშინდა, ვაითუ სიცოცხლეს გამომასალმონ, როგორც მოღალატეო, და ამიტომაც აბასს მოახსენა: თქვენო უდიდებულესობავ, გეფიცებით სამ დღეში გაგიყვანთ აქედანო. მეჰრუმ თავისი სიტყვა შეასრულა მან ქვეითი ჯარი ტყიდან გასასვლელი მოკლე გზაზე დააყენა, ხოლო თვითონ ქართველებით გარშემორტყმული ბანაკი მიატოვა და მხოლოდ ცხენოსანი ჯარი გაიყოლა თან. აბასმა ისურვა თვითონ გაძღოლოდა ცხენოსან ჯარს და ტყიდან გამოსვლის შემდეგ შეიჭრა კახეთის სამთავროში და ისე გააჩანაგა, რომ თუთის ხეებიც კი ააჩეხინა, რათა ქვეყანა, რომელიც ამით უდიდეს მოგებას იღებდა, უსახსრობისაგან განადგურებულიყო140. როცა ლუარსაბმა ეს ამბავი შეიტყო, იფიქრა ჩემი აღსასრულის ჟამი დადგაო და სამეგრელოში გაიქცა. აბასმა კარგად იცოდა, ვიდრე საქართველოს მეფეები თავისუფლები იქნებოდნენ, მისი გამარჯვება უზრუნველყოფილი არ იქნებოდა. ამიტომაც მან ლუარსაბს ასე მისწერა: „რატომ გაიქეცით? მე მხოლოდ უმადური, მუხანათი, მეამბოხე თეიმურაზის წინააღმდეგ ვიბრძვი. მოდით, დამემორჩილეთ. საქართველოს სამეფოს მფლობელობას დაგიმტკიცებთ; ხოლო თუ არ მოხვალთ, საქართველოს სამეფოს მთლიანად გავაჩანაგებ და უდაბნოდ ვაქცევ“.
  ლუარსაბი, სიფრთხილისა და თავისი ხალხის სიყვარულის გამო, აბასს დანებდა. ხელმწიფემ იგი მეგობრულად და დიდი პატივით მიიღო, რაც შეიძლება დიდი ზეიმითა და ბრწყინვალებით კვლავ დახვა ტახტზე. ყოველივე ეს ქართველების უკეთ მოტყუებისა და ქვეყნის უბრძოლველად დაპატრონებისათვის იყო გაკეთებული. აბასმა ძვირფასი საჩუქრები უძღვნა ლუარსაბს, მათ შორის ძვირფასი თვლებით მორთული ჯიღა141 და დაავალა მუდამ ეტარებინა იგი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მასთან გამოცხადდებოდა. „ეს არის სამეფო ნიშანი, – უთხრა მან, – მე მსურს მუდამ გედგათ იგი თავზე, რათა ყველამ იცოდეს, რომ თქვენ მეფე ხართ“. თბილისიდან გამგზავრების დღეს აბასმა ლუარსაბს უთხრა: „აქედან ექვს ლიეზე შევჩერდები; ხოლო ჩემს ჯარს წინ გავუშვებ. ხომ არ ინებებდით გამოყოლასო?“ ასე დაუგო აბასმა ლუარსაბს მახე, რათა საცოდავი ქართველი მეფე მშვიდად გაეყვანა თავისი დედაქალაქიდან. ლუარსაბი თან გაჰყვა ისე, რომ ვერ მიუხვდა ბოროტ განზრახვას. აბასმა ლუარსაბისათვის ჯიღის მოპარვა უბრძანა მის მცველთაგან ერთ ცნობილ გაიძვერას, რომელიც მეტად დახელოვნებული იყო ამგვარ საქმეებში. ბრძანება შესრულებულ იქნა; როცა ლუარსაბი ხელმწიფესთან გამოცხადდა, მისმა უდიდებულესობამ ჰკითხა: „ლუარსაბ, სად არის თქვენი ჯიღა? განა არ დაგავალეთ მუდამ თან გეტარებინათ ეს სამეფო ნიშანი?" – „თქვენო უდიდებულესობავ, – უპასუხა ლუარსაბმა, - ჯიღა მომპარეს, სასოწარკვეთილებაში ვარ ჩავარდნილი, გუშინდელი დღიდან ყველას ვაძებნინებ, მაგრამ ვერ იქნა და ვერ ვიპოვეთო". „როგორ, - გაბრაზებით წამოიძახა ხელმწიფემ, – ჩემს ბანაკში საქართველოს მეფე გაქურდეს? მომგვარეთ მთავარი მოსამართლე, გუშაგი და სასამართლოს უფროსი მრჩეველი“. ეს მეორე ოინი იყო, რომლის საშუალებითაც საცოდავი ლუარსაბი უბრძოლველად უნდა შეეპყრათ. მართლაც, ლუარსაბი შეიპყრეს, აბასმა მისი მოკვლა ვერ გაბედა, რადგანაც ეშინოდა ამ ამბავს საქართველოში ამბოხება არ გამოეწვია. მან ლუარსაბი მაზანდარანში (ეს არის ჰირკანია) გაგზავნა იმ იმედით, რომ ამ მხარის ცუდი ჰავა მომაკვდინებლად იმოქმედებსო მასზე; მაგრამ როცა დაინახა, რომ ლუარსაბი იტანდა ამ ჰავას და სიკვდილს არ აპირებდა, იგი შირაზში გადააყვანინა და ბოლოს, აქ გამოასალმა სიცოცხლეს. ამ შემთხვევის შესახებ საჭიროა ცალკე იქვას.
  ლუარსაბის მომხრე ქართველი დიდებულები დიდი ხნის განმავლობაში დაჟინებით სთხოვდნენ მოსკოვის დიდ მთავარს აბასთან ლუარსაბისათვის ეშუამდგომლა. მოსკოვის დიდმა მთავარმა სწორედ ამ მიზნით გამოგზავნა დიდი ელჩობა. გასაოცარი ჭკუისა და მოქმედების უნარის მქონე სპარსეთის ხელმწიფემ უბრძანა შირაზის მმართველს, რომელიც კასპიის ზღვაზე მდებარეობს და რომელიც უნდა გაევლო სპარსეთში მიმავალ მოსკოვის ელჩს, გამოერკვია მხოლოდ ლუარსაბის საქმეების მოსაგვარებლად მოდიოდა ეს ელჩი თუ არა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მართლაც დიდ ინტერესს იჩენდა ამ საქმისადმი, ხომ არ იყო მათთან რაიმე უთანხმოების ჩამოვარდნის საშიშროება. აბასს მოახსენეს, ელჩი მხოლოდ ამისათვის მოდისო. იგი დიდად წარჩინებული პიროვნებაა და რომ მისი ინსტრუქციები მეტად საჩქაროაო. რადგანაც აბასს არავითარი სურვილი არ ჰქონდა ქართველი მთავრისათვის თავისუფლება მიეცა და არც უარი ეთქვა მოსკოვის დიდი მთავრისათვის, მან შირაზის მმართველს მისწერა დატყვევებული ლუარსაბი თავიდან მოეშორებინა ისე, რომ მის სიკვდილს უბრალო შემთხვევითობის ხასიათი მისცემოდა. აბასის ბრძანება შესრულებულ იქნა და მოსკოვის ელჩის ჩამოსვლის ორი დღით ადრე აცნობეს აბასს ამის შესახებ. ხელმწიფემ ბრძანა საჯაროდ შეეტყობინებინათ მისთვის ეს ამბავი და საშინლად გაოცებული და გაბრაზებული სახე მიიღო. “ოჰ! ღმერთო ჩემო, – თქვა მან, – რა საწყენია; კი მაგრამ როგორ მოკვდა?“ „თქვენო უდიდებულესობავ, – უპასუხა შიკრიკმა, – იგი სათევზაოდ წავიდა და როცა ბადე გადაისროლა, ტბორში ჩავარდა და დაიხრჩო“142. „ჩემი სურვილია, – ბრძანა ხელმწიფემ, – ყველა მცველი დახოცონ, რადგანაც მის მიმართ სათანადო მზრუნველობა არ გამოიჩინეთ". მოსკოვის ელჩმა აუდენცია მიიღო; ნადიმის შემდეგ, როცა კარგად ასვეს ღვინო, ხელმწიფემ ბრძანა მოახლოვებოდა მის უდიდებულესობას და უთხრა: „მაშ ასე, ბატონო ელჩო, რა სურს ჩემს ძმას, რუსეთის მეფეს? ელჩმა მოახსენა მისი დავალება. მაგრამ როგორც კი წარმოსთქვა მან ლუარსაბის სახელი, ხელმწიფემ უთხრა: „მე ვფიქრობ, თქვენ იცით რა უბედურება შეემთხვა ამ საცოდავ მთავარს. უსაზღვროდ ვწუხვარ. ღმერთს რომ მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, სულითა და გულით შევასრულებდი თქვენი, მბრძანებლის სურვილს".
  ლუარსაბის ადგილზე საქართველოს მმართველად მისი ძმა დასვეს, რომელსაც წინასწარ მაჰმადიანობა მიაღებინეს. იგი ერთდროულად ატარებდა ქართულ და სპარსულ ტიტულს – ერქვა ბაგრატ-მირზა, ე.ი. „სამეფო მთავარი“143. აბასმა დატოვა აგრეთვე საქართველოში ჯარი, თეიმურაზისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. ეს მთავარი თავდაპირველად ომს აწარმოებდა იმ მცირეოდენი დახმარებების წყალობით, რომელსაც იგი იღებდა თურქებისაგან და შავი ზღვის მხრიდან მეზობელი ქრისტიანი მთავრებისაგან, რომელთა მამულებშიც იგი გადაიხვეწა თავისი საქმეების მოსაგვარებლად. მაგრამ როცა თეიმურაზმა დაინახა, რომ ამით ვერას გახდებოდა, კონსტანტინოპოლს წავიდა, თურქებს დახმარება სთხოვა, და მიიღო კიდეც. საქართველოში მოვიდა თურქების დიდი ჯარი, რომელმაც მრავალჯერ სძლია სპარსეთის ჯარებს და თეიმურაზს თავისი კახეთის სამეფო დაუბრუნა. მაგრამ თეიმურაზი დიდხანს არ ყოფილა აქ; წავიდნენ თუ არა თურქები, აბასი საქართველოში დაბრუნდა და სახე უცვალა მას; ააშენა ციხე-სიმაგრეები და შიგ წმინდა სპარსელები ჩააყენა. საქართველოდან კი ოთხმოც ათას ოჯახზე მეტი აყარა და უმრავლესობა ჩაასახლა კასპიის ზღვაზე მდებარე ქვეყანაში – მაზანდარაში, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, იყო ჰირკანია; დანარჩენები – არმენიაში, მიდიასა და სპარსეთის (ფარსის) პროვინციაში, ხოლო მათ ადგილას სპარსელები და სომხები დაასახლა144. ასეთ სიმკაცრესთან ერთად, მან ლმობიერებაც გამოიჩინა, რადგანაც უნდოდა ნიადაგი მოესინჯა – ამით უკეთ ხომ ვერ იყოლიებდა ამ ხალხს მორჩილებაში; მან ფიცით განმტკიცებული შეთანხმება დადო ქართველებთან, რომელიც მას და მის მემკვიდრეებს უნდა შეესრულებინათ: „მათ ქვეყანას სრულებით არ უნდა დაკისრებოდა გადასახადი; არ უნდა შეცვლილიყო სარწმუნოება; ეკლესიები არ უნდა დანგრეულიყო და მეჩეთები არ უნდა აშენებულიყო; მათი მეფისნაცვალი მუდამ ქართველი იქნებოდა მათივე სამეფო გვარიდან, მაგრამ სარწმუნოებით მაჰმადიანი; მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილი, რომელსაც სურვილი ექნებოდა სარწმუნოება შეეცვალა, მმართველისა და მთავარ-მოსამართლის თანამდებობას მიიღებდა ისფაჰანში იმ დრომდე, ვიდრე მამისაგან მემკვიდრეობა არ გადაეცემოდა".
  1628 წელს აბასი გარდაიცვალა; თეიმურაზმა შეიტყო თუ არა მისი სიკვდილის ამბავი, საქართველოში დაბრუნდა, ქართველები აამხედრა, მეფისნაცვალი მოკლეს და ამოჟლიტეს ყველა სპარსელი, რომელსაც კი შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. მან სძლია რამდენიმე გამაგრებული ქალაქი, გარდა თბილისისა, მაგრამ მათი შენარჩუნება ვერ შეძლო. აბასის მემკვიდრემ, მისმა შვილიშვილმა სეფიმ145, 1631 წელს თეიმურაზის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა როსტომ-ხანის146 მეთაურობით. იგი ქართველი იყო, იმ მეფისნაცვლის სიმონ-ხანის ვაჟი, რომელიც ქართველებმა მოკლეს. აბასის სიკვდილის შემდეგ იგი მთავარი მოსამართლე იყო. ისფაჰანში და ხოსრო-მირზად იწოდებოდა.. ხელმწიფე სეფი მას მამაც მებრძოლად თვლიდა და ფიქრობდა, რომ იგი მეტად გაჯავრებული უნდა ყოფილიყო ქართველებზე, ამიტომაც დანიშნა იგი თავისი ჯარის მხედართმთავრად და საქართველოს მეფისნაცვლად მისი მამის ადგილზე. როსტომ-ხანმა ქართველები მრავალ ბრძოლაში დაამარცხა, კვლავ დაეპატრონა მთელ ქართლსა და კახეთის სამეფოს ერთ ნაწილს და გამოედევნა თეიმურაზს, რომელიც იძულებული შეიქმნა კავკასიის მთის გამაგრებულ ადგილებს შეფარებოდა. ეს მთავარი ერთდროულად მამაციცაა და უბედურიც. რამდენიმე წლის განმავლობაში მედგრად იდგა ამ მთებში; იგი ლტოლვილს უფრო ჰგავდა, რომელიც თავის სიცოცხლეს იცავს, ვიდრე მეფეს, რომელიც გვირგვინის დასაცავად იბრძვის; როცა ვერავითარი დახმარება ვერ მიიღო ვერც თურქებისა და ვერც ქრისტიანებისაგან, თეიმურაზი მოსკოვის სახელმწიფოში გაეგმგზავრა დახმარების სათხოვნელად; მაგრამ როცა აქაც ვერაფერს გახდა, იმერეთში წავიდა თავის დასთან147 იმერეთის დედოფალთან, რათა აქ დაესრულებინა თავისი სიცოცხლე. მას იმედი გაუწყდა, რომ ოდესმე დადგებოდა ის დღე, როცა იგი თავის წინაპართა სამფლობელოში დაბრუნებას შეძლებდა. შაჰნავაზ-ხანმა აქ შეიპყრო თეიმურაზი, როცა იმერეთის ამ პატარა სამეფოს დაეპატრონა და იქ თავისი ვაჟი დასვა მეფედ. როგორც მე უკვე ვთქვი, თეიმურაზს დიდი სურვილი ჰქონდა თავის ქვეყანაში დამარხულიყო; სწორედ ამის გამო უარი თქვა თურქეთში წასვლაზე, რაც ადვილად შეეძლო განეხორციელებინა. გარდა ამისა, იგი ფიქრობდა, რომ თავისი ხანდაზმულობის გამო თურქები მას უფრო ცუდად მოექცეოდნენ, ვიდრე სპარსელები.
  შაჰნავაზ-ხანმა იგი თბილისში ჩამოიყვანა და ხელმწიფეს მისწერა ცნობილი თეიმურაზ-ხანი ჩემს ხელშიაო. ხელმწიფემ შემოუთვალა კარზე მომგვარეო. თეიმურაზი ღრმა მოხუცი იყო. დაღლილობამ და სევდა-კაეშანმა იგი დააავადმყოფა. ხელმწიფემ იგი ჩინებულად დაასახლა ერთ-ერთ თავის სასახლეში და თავის მკურნალებს უბრძანა დიდი მზრუნველობით მოევლოთ მისთვის. 1659 წელს თეიმურაზი გარდაიცვალა148. მისი ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელი ზარით მიაბარეს მიწას.
  როდესაც როსტომ-ხანმა კვლავ დაიმორჩილა საქართველო, მან გორის ციხე ააგო, როგორც უკვე ვთქვი. ყველგან მშვიდობა და წესრიგი დაამყარა და მმართველობდა დიდი ლმობიერებითა და სამართლიანობის დაცვით. მან ცოლად შეირთო სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის და, მიუხედავად იმისა, რომ იგი ქრისტიანი იყო და განათხოვარი მისი ქმარი გურიის მთავარი იყო. ლევანმა, განრისხებულმა იმით, რომ გურიის მთავარს მის წინააღმდეგ პირი ჰქონდა შეკრული, მას სამთავრო წაართვა, დააბრმავა და წამოიყვანა მისი ცოლი, რომელიც როსტომ-ხანს მიათხოვა ისე, რომ სამეგრელოსა და საქართველოს სამღვდელოებამ ვერ შეძლო ხელი შეეშალა ამ შემზარავი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კავშირისათვის. ამ დედოფალს მარიამი ერქვა. ჩვენ მის შესახებ ვილაპარაკეთ იმერეთის უკანასკნელ გადატრიალებებზე საუბრის დროს. დღეს იგი შაჰნავაზ-ხანის, საქართველოს მმართველის ცოლია.
  1640 წელს გარდაიცვალა როსტომ-ხანი149. მისი ცხედარი ყუმს გადაასვენეს და მიწას მიაბარეს. შაჰნავაზ-ხანი თეიმურაზის ნათესავი, იმ დროისათვის ისფაჰანის მმართველი და მთავარი მოსამართლე იყო. როსტომ-ხანს შვილი არ ჰყავდა, მან იგი იშვილა, გაგზავნა კარზე და ხელმწიფეს შესთხოვა როგორც მისი ვაჟი, ისე მიეღო და დაემტკიცებინა მისი შვილად აყვანა. მისმა აღმატებულებამ არჩევანი მოიწონა. წინადაცვეთის ცერემონიალი ჩაუტარა ამ ახალგაზრდა უფლისწულს და ქალაქის მმართველობა მისცა. დღეს საქართველოს მეფისნაცვალი სწორედ ეს შაჰნავაზ-ხანია. იგი ოთხმოც წელზე მეტისაა, მაგრამ ჯერ კიდევ ჭარმაგად არის.
  როგორც კი გარდაიცვალა როსტომ-ხანი, მისმა მეუღლემ, დედოფალმა მარიამმა, შეიტყო, რომ მის უდიდებულესობას უბრძანებია დედოფალი მისთვის მიეგვარათ, რადგანაც სპარსეთის ხელმწიფეს ბევრი რამ სმენია მისი წარმტაცი სილამაზის შესახებ. დედოფალს ურჩიეს ან სამეგრელოში გაქცეულიყო, ან სხვაგან გადამალულიყო. მან საწინააღმდეგო გზა აირჩია, რადგანაც კარგად იცოდა, რომ სპარსეთის სახელმწიფოში არ იყო ისეთი ადგილი, სადაც ხელმწიფეს არ შეეძლო მისი პოვნა; სამი დღით თბილისის ციხეში ჩაიკეტა, რათა ხელში არ ჩავარდნოდა იმას, ვისაც იგი სურდა; ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ ციხისთავის ცოლები ნახულობდნენ. შემდეგ კი ციხისთავი მოიწვია თავისთან და უთხრა, რომ ნდობოდა მის ცოლებს, რომლებიც მას ნახულობდნენ და ხელმწიფისათვის მიეწერა, რომ დედოფალი არც თუ ისეთი მომხიბლავი სილამაზისაა, ხანდაზმულია და ამავე დროს ცოტა მახინჯიც და რომ დედოფალი მის უდიდებულესობას ემუდარება ნება მისცეს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები თავის ქვეყანაში დაჰყოს. ამავე დროს დედოფალმა ხელმწიფეს ძღვენი გაუგზავნა, უამრავი ოქრო-ვერცხლი და ოთხი უტურფესი ყმაწვილი ქალი. ძღვენის გაგზავნის შემდეგ დედოფალს აღარავის ნახვა აღარ სურდა, მან მოკრძალებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი, დიდ მოწყალებას აძლევდა ღარიბებს, რათა ღვთის წინაშე ელოცათ მისთვის. სამი თვის შემდეგ კი შაჰნავაზ-ხანმა მისი შერთვის ბრძანება მიიღო. მთავარი დიდი სიხარულით შეხვდა ამ ბრძანებას, რადგანაც მარიამი მეტად მდიდარი იყო და შეირთო იგი, თუმცა მას სხვა ცოლიც ჰყავდა150. მარიამს მუდამ დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მისი სიმდიდრის გამო. დედოფლის პირველი ქმარი, გურიის მთავარი, ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ძალზე მოხუცია და მოტეხილი. იგი საქართველოში ცხოვრობს. დედოფალმა მას ერთ-ერთი სეფექალი მისცა, რათა ნუგეში ეცა მისი დაკარგვის გამო და საარსებო სახსრებიც გაუჩინა, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, მეტად მცირე, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ კიდევ იჩენდა სინაზეს; რამდენიმე წლის წინათ, იმერეთის საზღვარზე ყოფნის დროს, დედოფალმა იგი თავისთან მოიწვია და რვა დღე დაიტოვა. ამის გამო შაჰნავაზ-ხანმა იეჭვიანა, დედოფალმა კი სასაცილოდ აიგდო მისი ეჭვიანობა და უთხრა, რომ მან დიდი პატივი დასდო ამ ბრმა, ღატაკ, საბრალო, მასავით უსუსურ, საწყალ მოხუცს თავისი ეჭვიანობით.
  ქართველ დიდებულთა უმრავლესობა გარეგნულად მაჰმადიანობას აღიარებს. ზოგი ამ სარწმუნოებაზე გადადის იმიტომ, რომ თანამდებობა ჰქონდეს კარზე და სახელმწიფოს ჯამაგირი მიიღოს; სხვები კი იმისათვის, რომ გახდნენ ღირსნი ხელმწიფისათვის საკუთარ ასულთა მითხოვებისა, ან კიდევ მხოლოდ იმისათვის, რომ ხელმწიფის ცოლებთან მოახლეებად მაინც შესძლონ მათი დაყენება. ამ ლაჩარ წარჩინებულთა შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც თვითონ მიჰყავთ თავიანთი ულამაზესი ქალიშვილები ხელმწიფისათვის, ჯილდოდ კი იღებენ ჯამაგირს ან თანამდებობას. მაჰმადიანურ სარწმუნოებას ყოველთვის წინასწარ ღებულობენ. ჯამაგირი ეძლევათ მათი წოდების შესაბამისად. მაგრამ ჩვეულებრივად იგი ორი ათას ეკიუს არ აღემატება. თბილისში ჩემი ყოფნის დროს ერთი მეტად სამწუხარო ამბავი მოხდა ამ ნიადაგზე. ერთმა ქართველმა დიდებულმა ხელმწიფეს აცნობა, ულამაზესი დისწული მყავსო. მისმა უდიდებულესობამ მაშინვე ბრძანა მისთვის მიეყვანათ ეს ქალი ამ ბოროტმა კაცმა თავის თავზე აიღო ამ ბრძანების შეტყობინება და მისი შესრულება. თავის ქვრივ დასთან მივიდა და უთხრა: სპარსეთის ხელმწიფეს შენი ასული სურს და საჭიროა იგი დაიყოლიოო. როცა დედამ ამ ძალმომრეობის შესახებ თავის საცოდავ ქალიშვილს აცნობა, იგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მას მეზობლად მცხოვრები ერთი ახალგაზრდა დიდებული უყვარდა. ამ ახალგაზდასაც ძლიერ უყვარდა ქალიშვილი. დედამ კარგად იცოდა ეს ამბავი. მათ გადაწყვიტეს თავიანთი უბედურება ყმაწვილი კაცისათვის ეცნობებინათ. მას მსახური გაუგზავნეს ამბავის შესატყობინებლად. ყმაწვილმა შუაღამეს მიირბინა მათთან და ნახა კარჩაკეტილი დედა და შვილი, რომლებიც დიდი მწუხარებით დასტიროდნენ თავიანთ უკუღმართ ბედს. ყმაწვილი ფეხებში ჩაუვარდა მათ და უთხრა: არაფრისა ისე არ მეშინია, როგორც ჩემი სატრფოს დაკარგვისაო. სპარსეთის ხელმწიფის ყოველგვარი გულისწყრომა არაფრად მიმაჩნია ამ სიმწარესთან შედარებითო; დაბოლოს, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა ჩვენი ახლავე შეუღლებაო; ხვალ კი გაიძვერა ნათესავს შევატყობინოთ, რომ ქალიშვილი, რომელსაც ხელმწიფე მოითხოვს, უკვე გათხოვილიაო.
  ყმაწვილის რჩევა მიიღეს. როცა დედა ოთახიდან გავიდა, შეყვარებულმა ყმაწვილმა ცრემლები მოწმინდა თავის სატრფოს და ისინი მაშინვე შეუღლდნენ. ბიძა მიუხვდა მათ ოინს და ხელმწიფეს აცნობეს ეს ამბავი. მისი უდიდებულესობა განრისხდა და სასტიკი ბრძანება გასცა: დედა, ქალიშვილი და ქმარი კარზე მოეყვანათ. მაგრამ ისინი გადაიმალნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში იმალებოდნენ ხან აქ, ხან იქ. ბოლოს, როცა დაინახეს, რომ ვეღარ შეძლებდნენ მდევრის ხელიდან გასხლტომას, ახალციხეს შეაფარეს თავი და ფაშამ თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა ისინი.
  ამისთანა შემთხვევებისა ეშინიათ საქართველოში და ისინი, ვისაც ლამაზი ქალიშვილები ჰყავთ, იძულებულნი არიან რაც შეიძლება ადრე, თვით ბავშვობაშიც კი გაათხოვონ ისინი. მეტადრე ღარიბი ხალხი ათხოვებს თავიანთ ქალიშვილებს ძალიან ადრე, ზოგჯერ აკვანშიც კი. ამას იმიტომ ჩადიან, რომ მებატონეებმა, რომელთა ქვეშევრდომებიც ისინი არიან, არ მოსტაცონ ქალიშვილები გასაყიდად, ან კიდევ ხასებად არ დაისვან. ცხადია, რომ გათხოვილი ქალების მიმართ, ბავშვებიც რომ იყვნენ დიდ თავდაჭერილობას იჩენენ და ადვილად ვეღარ ბედავენ თავიანთ ოჯახებს მოაშორონ ისინი.
  როგორც უკვე ნათქვამი იყო, კახეთის სამეფო ახლა სპარსეთის ხელმწიფეს ემორჩილება. შაჰნავაზ-ხანმა საბოლოოდ დაასრულა მისი დამორჩილება. მეფისნაცვალი რომ გამხდარიყო, მისმა ვაჟმა არჩილმა მაჰმადიანობა მიიღო. ჩვენ ვილაპარაკეთ მის შესახებ და იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც მას იმერეთის მეფის ცოლის ნესტან-დარეჯანის მიმართ ჰქონდა, როცა ამ პატარა სამეფოში უკანასკნელ ხანს მომხდარ არეულობათა შესახებ გვქონდა საუბარი. ნესტან-დარეჯანი ახალციხეში იყო დატყვევებული. ფაშები მას დიდი პატივით ეპყრობოდნენ მას შემდეგ, რაც არჩილმა თვალთაგან დაკარგა ნესტან-დარეჯანი, იგი მუდამ ფიქრობდა მასზე. მამამისმა იმდენი იმოქმედა ფაშაზე საჩუქრებით თუ ხრიკებით, რომ 1660 წელს ამ ქალის განთავისუფლება შეძლო. ნესტან-დარეჯანი დიდი ამბით ჩამოიყვანეს თბილისში. არჩილმა მაშინვე ჯვარი დაიწერა მასზე და ამ ქორწინებით მან უფლება მიიღო კახეთის სამეფოზე, რომლის მეფისნაცვალიც იგი ფაქტიურად იყო, რადგანაც ნესტან-დარეჯანი იყო თეიმურაზ-ხანის ქალიშვილი და ერეკლეს და; ეს არის ერთადერთი ვაჟიშვილი, რომელიც ამ ბედკრულ მთავარს დარჩა და რომელსაც შეეძლო მისი მემკვიდრე გამხდარიყო151. მისი დანარჩენი შვილები თვალებდათხრილები იყვნენ.
  ერეკლე თავის დედასთან ერთად მოსკოვს გადაიხვეწა. ამბობენ დიდ მთავარს მათი წოდების შესაფერი ამალითა ჰყავს ისინი გარეშმორტყმულიო. არჩილთან, კახეთის მეფისნაცვალთან ერთი საინტერესო ამბავია დაკავშირებული. სიყმაწვილეში იგი დანიშნული ყოფილა საქართველოს ერთ მეტად წარჩინებული ოჯახის ქალზე152. ქალიშვილს დიდი იმედი ჰქონია, რომ მისი ცოლი გახდებოდა, რადგანაც ამ ქვეყანაში გაუგონარი ამბავია საქორწინო ხელშეკრულების დარღვევა. როცა ქალმა შეიტყო, რომ არჩილი ნესტან-დარეჯანს ირთავსო ცოლად, მან კაცი გაუგზავნა არჩილს და პასუხი მოსთხოვა იმ დანაშაულის გამო, რომლითაც იგი ჩრდილს აყენებდა მის პატიოსნებას. საქართველოში ასე გამოხატავენ იმ შეურაცხყოფას, როდესაც დანიშნულ ქალს მიატოვებენ და სხვაზე დაქორწინდებიან. ამ ქალმა მოინდომა დამნაშავისათვის პასუხი მართლმსაჯულების საშუალებით მოეთხოვა; მაგრამ რადგანაც მისი მოწინააღმდეგის დიდი ავტორიტეტისა და თანამდებობის გამო ამ გზით ვერაფერს გახდა, იგი ოთხას კაცს გაუძღვა და თავისი ორგული საქმრო საბრძოლველად გამოიწვია. არჩილმა უარი განაცხადა და შემოუთვალა: არავითარი სურვილი არა მაქვს ქალის წინააღმდეგ ვიბრძოლოო; ისე კი ჯობს დიდ ხმაურს ნუ ატეხ, თორემ საჯაროდ განვაცხადებ, რომ სიზი (კარის ერთი ახალგაზრდა დიდებული) შენთან სატრფიალო კავშირით კვეხულობდაო. ქალი მეტისმეტად განრისხდა და თავისი გულისწყრომა ახლა სიზის წინააღმდეგ მიმართა, რადგანაც მის აბუჩად აგდებას ცილისწამებაც დაემატა; სიზი ორთაბრძოლაში გამოიწვია, მაგრამ ვერ დაიყოლია; მაშინ ჩაუსაფრდა მას, გააქცია, დაედევნა და ოც კაცზე მეტი მოუკლა. ამ ქალს ძმა ჰყავდა, რომელმაც სიზის ჩხუბი აუტეხა. მთავარმა და მთელმა კარმა ძალღონე არ დაიშურეს, რათა ისინი შეერიგებინათ, მაგრამ რადგანაც ვერაფერს გახდნენ, ნება დართეს იარაღის საშუალებით გადაეწყვიტათ თავიანთი დავა. ასეთი ჩვეულებაა საქართველოში: როცა მართლმსაჯულება ვერ ახერხებს დიდებულთა შორის დავის ვერც გადაწყვეტას და ვერც შეთანხმებას, მათ ერთმანეთთან შებრძოლების ნება ეძლევათ. მოწინააღმდეგენი აღსარებას იტყვიან, ეზიარებიან და ამგვარად სასიკვდილოდ შეებმიან ერთმანეთს. ამას უწოდებენ „ღვთის სამსჯავროზე გასვლას“. ქართველები ირწმუნებიან, რომ ეს გზა – დამნაშავის დასჯის ღვთისადმი მინდობა – ძალიან კარგი და მიუდგომელია, მაშინ როცა ადამიანურ მართლმსაჯულებას არ ძალუძს გაარკვიოს დამნაშავეა თუ არა ბრალდებული, ან ტყუილად დებს თუ არა მას ბრალმდებელი ბრალს. სიზი და მისი მოწინააღმდეგე დანიშნულ ადგილას გამოცხადდნენ, მაგრამ მოჰკიდეს თუ არა ხელი იარაღს, მეომრებისაგან შემდგარმა რაზმმა ისინი გააშორა. სირცხვილისა და ჯავრისაგან ქალი მალე გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა მთავრის გავლენამ აიძულა არჩილსა და სიზის შერიგებოდა.
თბილისი
  ვიდრე იმის თხრობაზე გადავიდოდე, თუ რა შემემთხვა თბილისში, საჭიროა ავწერო იგი.
  თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. თუმცა ძილიან დიდი არ არის. იგი გაშენებულია მთის ძირში, რომელსაც აღმოსავლეთის მხრიდან მდინარე მტკვარი ჩამოუდის. ამ მდინარეს, რომელიც კირს ან კირის შენაკადს153 წარმოადგენს, სათავე საქართველოს მთებში აქვს და ქალაქ შემახას ახლოს მდებარე პეინარდად წოდებულ ადგილას უერთდება არაქსს, აქედან კი ისინი ერთად ერთვიან ზღვას. მდინარის ნაპირზე გაშენებული სახლების უმრავლესობა ციცაბო კლდეზე დგას. ქალაქი, გარდა მდინარის მხარისა, საუცხოო და მაგარი კედლითაა შემოზღუდული, კედელი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ არის გადაჭიმული, რომელზედაც სამხრეთის მხრიდან მთის ფერდობზე დიდი ციხე დგას154. მასში მეციხოვნეებიცა და მცხოვრებლებიც მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სპარსელები არიან. არსებული საასპარეზო მოედანი ერთდროულად საკრებულოც არის და ბაზარიც. ეს ციხე თავშესაფარს წარმოადგენს. იგი უსაფრთხო ადგილია დამნაშავეთათვისაც და იმათთვისაც ვისაც ვალი აქვს გადაუხდელი. საქართველოს მთავარი, როდესაც ხელმწიფის წერილებისა და საჩუქრების მისაღებად, ჩვეულებისამებრ, ქალაქის კარიბჭის გარეთ გადის ხოლმე, მან ციხის შუაგულში უნდა გაიაროს, რადგანაც სპარსეთიდან თბილისში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ამ ციხის გავლით შეიძლება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთავარს აქ გავლის დროს მუდამ იმის შიში აქვს, არ შემიპყრონო, ვაი თუ ციხისთავს საიდუმლო ბრძანება აქვს მიღებული ჩემი შეპყრობისაო. სპარსელებმა მეტად გონივრულად დაამკვიდრეს ეს წესი: საქართველოს მეფისნაცვალი და მათ სახელმწიფოში შემავალი პროვინციების სხვა მმართველები ხელმწიფის გზავნილებათა მისაღებად ქალაქგარეთ უნდა გავიდნენ, რადგანაც ეს არის უადვილესი საშუალება მათი შეპყრობისა, ყოველგვარი გართულებისა და საფრთხის გარეშე.
  თბილისის ციხე თურქებმა ააშენეს 1576 წელს, მას შემდეგ, რაც ისინი ქალაქისა და მთელი მისი გარეუბნების ბატონ-პატრონი გახდნენ, უმაღლესი მთავარსარდლის ცნობილი მუსტაფა-ფაშას წინამძღოლობით, რომელსაც სიმონ-ხანი, ამ ქვეყნის იმდროინდელი მეფე, ვერ გაუმკლავდა. მუსტაფამ სულეიმანს ურჩია საქართველოში რამდენიმე ციხე-სიმაგრე აეგო, რომლის გარეშე იგი ვერ შეძლებდა ქვეყანა მორჩილებაში ჰყოლოდა; სულეიმანი ასეც მოიქცა და, მართლაც, საქართველოს ციხე:სიმაგრეთა უმრავლესობა თურქების მიერაა აშენებული. მუსტაფამ ასზე მეტი ზარბაზანი დადგა ამ ციხის კედლებზე და ციხისთავად დააყენა ერთი ფაშა, რომელსაც მაჰმადი ერქვა.
  მაგრამ დავუბრუნდეთ ქალაქ თბილისის აღწერას; აქ არის რამდენიმე ეკლესია. მათი რიცხვი თორმეტამდე აღწევს. ეს უდავოდ ბევრია ისეთი ქვეყნისათვის, სადაც ღვთისმოშიშობა ესოდენ დაკნინებულია. ექვსი მათგანი ქართველებისაა – ისინი სარგებლობენ ამ ეკლესიებით, დანარჩენები სომხებს ეკუთვნის. ტაძარი, რომელსაც სიონი ეწოდება, მდინარის ნაპირზეა გაშენებული და ნაგებია მშვენიერი თლილი ქვით. იგი უძველესი ნაგებობაა და ჰგავს აღმოსავლეთის ყველა ძველ ეკლესიას, რომელიც ოთხი ნავისაგან შედგება; შუაში ოთხ დიდ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათია აღმართული, მას ზემოთ კი სამრეკლოა. მთავარი საკურთხეველი აღმოსავლეთისაკენ დამხრობილი ნაწილის შუაშია მოთავსებული. ეკლესია შიგნით ბერძნული სტილის უხეირო მხატვრობითაა მორთული. მხატვრობა დიდი ხანი არ არის რაც შეუსრულებიათ ისეთ ხელგაუწაფავ მხატვრებს, რომ ძნელი გასარკვევია რის წარმოსახვა სურდათ მათ155. საეპისკოპოსო სახლი ეკლესიას ეკვრის. აქ ცხოვრობს თბილელი. ასე უწოდებენ თბილისის ეპისკოპოსებს. ამ კათედრალის შემდეგ, საქართველოს მთავარი ეკლესიებია: თეთრაშენი, ე.ი. „თეთრი შენობა“, რომელიც მარიამ დედოფალს აუგია, და ანჩისხატი, ე.ი. ავგარის ხატი. ქართველები ავგარს ანჩს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, მან იესო ქრისტესაგან მიიღო, დიდი ხნის განმავლობაში აქ ინახებოდა156. ამ ეკლესიას უწოდებენ აგრეთვე კათალიკოსის ეკლესიას, რადგანაც ამ პრელატის სასახლე მას ეკვრის და იგი არასოდეს არ დადის სხვაგან წირვა-ლოცვის შესასრულებლად. ეკლესია მდინარის ნაპირზე ეპარქიის პარალელურად მდებარეობს. ქართველებს ჰქონდათ აგრეთვე ერთი მშვენიერი ეკლესია ქალაქის ბოლოს, სამხრეთის მხარეს. ამ რამდენიმე წლის წინათ მთავარმა მიისაკუთრა ეს ეკლესია და თოფის წამლის საწყობად აქცია. მართალი რომ თქვას კაცმა, იგი საეკლესიო მსახურებისათვის აღარც კი ვარგოდა, რადგანაც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ იგი მეხს დაუზიანებია. მთავარმა იგი შეაკეთებინა და საწყობს ახლაც ეკლესიის ძველი სახელი მეტეხი ეწოდება, რაც წარმოდგება სიტყვისაგან „ტეხა". ამ ეკლესიას ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ იგი საქართველოს ერთ მეფეს აუშენებია იმ ცოდვის მოსანანიებლად, რომელიც მან თავის მეზობელ მთავართან ზავის უმიზეზოდ დარღვევით ჩაიდინა157.
  სომხების მთავარი ეკლესიებია: ფაშა-ვანქი, ე.ი. „ფაშას მონასტერი". თბილისის სომეხი ეპისკოპოსი ამ მონასტერში ცხოვრობს. ამ ეკლესიას ასე იმიტომ უწოდებენ, რომ, სომეხთა თქმით, იგი აუშენებია ერთ ფაშას, რომელიც თურქეთიდან გამოქცეულა და ამ ქალაქში მიუღია ქრისტიანობა. შემდეგ მოდის სურფ-ნიშანი, ე.ი. ზუსტად რომ ვთქვათ, „წითელი ნიშანი”, რაც გადატანითი მნიშვნელობით „წმინდა ჯვარს" ნიშნავს. შემდეგ ფეთხაინი ანუ ბეთლემი; ნორაშენი ანუ „ახლად ნაშენი“ და მოგნაი. მოგნაი ერევანთან ახლოს მდებარე სომხების ერთი სოფლის სახელწოდეbაა, სადაც როგორც ირწმუნებიან, დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა წმინდა გიორგის თავის ქალა. მაგრამ შემდეგ თავის ქალის ნაწილი აქედან მოგნაის ეკლესიაში გადმოუტანიათ. ამ უკანასკნელისათვის სწორედ ამიტომ უწოდებიათ იმ ადგილის სახელი, საიდანაც იგი წამოიღეს158.
  თბილისში არც ერთი მეჩეთი არ არის159 მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი მაჰმადიანურ სახელმწიფოს ეკუთვნის და მას მთელი მისი მიმდებარე ტერიტორიებითურთ მაჰმადიანი მთავარი განაგებს. სპარსელები არაფერს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ აქ მეჩეთი აეშენებინათ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერასოდეს ვერ მიუყვანიათ. ხალხი მაშინვე აღსდგებოდა ხოლმე, იარაღით ხელში ანგრევდა ნაგებობას და სასტიკად უსწორდებოდა მშენებლებს. საქართველოს მთავრები გულის სიღრმეში მეტად კმაყოფილნი იყვნენ ხალხის ამბოხებებით თუმცა გარეგნულად საწინააღმდეგოს გამოხატავდნენ. ისინი ქრისტიანულ სარწმუნოებას მხოლოდ ფორმალურად განუდგნენ იმისათვის, რომ მეფისნაცვლობა მიეღოთ და მოქმედებდნენ თავიანთი სურვილის წინააღმდეგ, როცა მაჰმადიანობის გავრცელებას ხელს უწყობდნენ. როგორც უკვე ითქვა, ქართველები ქედუხრელნი, თამამნი და გულადნი არიან. ინარჩუნებენ გარკვეულ თავისუფლებას. ცხოვრობენ თურქებთან ახლოს. ყოველივე ეს სპარსელებს ხელს უშლის უკიდურესი ზომები მიიღონ და თბილის ქალაქსა და მთელ საქართველოს სრულ ნებას აძლევენ შეინარჩუნონ თავიანთი რელიგიის ყველა გარეგნული ნიშანი. ყველა ეკლესიის სამრეკლოს ზემოთ გაკეთებული აქვს ჯვრები და მრავალრიცხოვანი ზარები, რომლებსაც რეკავენ. სხვა ხორცეულთან ერთად საჯაროდ და დაუფარავად ყოველდღე იყიდება ღორის ხორციც, ხოლო ღვინოს ყოველ გზაჯვარედინზე შეხვდებით. სპარსელები, ალბათ, დიდი უკმაყოფილოდ უყურებენ ყოველივე ამას, მაგრამ ვერაფერს გამხდარან.
  ამ რამდენიმე წლის წინათ, სპარსელებს ციხეში აუშენებიათ ერთი პატარა მეჩეთი იმ კედელთან, რომელიც ციხეს თბილისის დიდი მოედნისაგან გამოჰყოფს. ეს მეჩეთი ამ ადგილას იმიტომ აუშენებიათ, რომ ხალხი შეჩვეოდა მეჩეთებისა და მოლების ყურებას, რომლებიც შენობის ზემოდან მოუწოდებდნენ ხალხს სალოცავად. ქართველებმა ვერ მოახერხეს ამ მეჩეთის მშენებლობისათვის ხელი შეეშალათ, რადგანაც ვერ გაბედეს იარაღით ხელში ციხეში შეჭრა, რომელიც კარგად იყო გამაგრებული; მაგრამ ავიდა თუ არა ზემოთ მოლა სარწმუნოებრივი აღსარების შესასრულებლად და მათი ჩვეულების მიხედვით ხალხის მოსახმობად, ხალხი მოედანზე მოგროვდა, ქვები დაუშინეს მეჩეთს და მოლა იძულებული შეიქნა სასწრაფოდ ძირს ჩამოსულიყო. ამ ჯანყის შემდეგ მოლა აღარ აუშვიათ ზევით.
  თბილისში რამდენიმე ლამაზი საკრებულო შენობაა, ბაზრები ე.ი. სავაჭრო ადგილები, არის დიდი, ქვით ნაშენი და კარგად მოვლილი. ასეთივეა ქარვასლებიც – უცხოელების საცხოვრებელი ადგილები. ქალაქში აბანოები ცოტაა, რადგანაც ყველა ციხეში არსებულ ცხელი წყლის აბანოებში დადის. ამ აბანოების წყალი მინერალურია, გოგირდოვანი და ძალიან ცხელი. იმ ხალხის რიცხვი, რომელიც ამ აბანოებს სხადასხვა ავადმყოფობის სამკურნალოდ იყენებს, არ აღემატება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც სხეულის სისუფთავისათვის დადის. დუქნები კიდევ უფრო უკეთესად არის ნაგები და კარგად მოვლილი. ისინი განლაგებულია დიდი მოედნის ახლოს, გორაკზე.
  მთავრის სასახლე, უდავოდ, თბილისის ერთ-ერთი მშვენებაა160. მას აქვს დიდი დარბაზები, რომლებიც მდინარესა და სასახლის უზარმაზარ ბაღებს გადასცქერიან. აქვეა ყაუშხანები, რომლებშიაც მრავალი სხვადასხვანაირი ფრინველია, მწევარ-მეძებრების დიდი სადგომი და ისეთი მშვენიერი საბაზიერო, უკეთესს რომ ვერაფერს ნახავს ადამიანის თვალი. ამ სასახლის წინ კვადრატული მოედანია, სადაც ათასამდე ცხენი დაეტევა. მას გარს არტყია დუქნები და ბოლოვდება გრძელი ბაზრით, რომელიც სასახლის კარიბჭის პირდაპირაა. ბაზრის ზემოდან საუცხოო სანახავია მოედანი და სასახლის ფასადი. კახეთის მეფისნაცვალს ქალაქის ბოლოს აქვს სასახლე, რომელიც აგრეთვე ღირს იმად, რომ კაცმა ნახოს და დაათვალიეროს.
  თბილისის გარეუბნებს მრავალი სალაღობო სახლი და საუცხოო ბაღი ამშვენებს. ყველაზე უფრო დიდია მთავრის ბაღი. ხეხილი აქ ნაკლებად არის, მაგრამ სამაგიეროდ უმშვენიერესი, ჩრდილისა და სიგრილის მფენი ხეები აურაცხელია.
  როგორც უკვე ითქვა, თბილისში მისიონერ კაპუცინებს თავიანთი საცხოვრებელი აქვთ. ამ ორდენს საქართველოში უკვე ჰყავს მისიონერთა პრეფექტი, რომლის რეზიდენცია თბილისშია. იმედი აქვთ, რომ მომავალში მისიონერი ახლომახლო მდებარე ქვეყნებშიაც ეყოლებათ. ცამეტი წელია, რაც ისინი რომიდან გამოუგზავნიათ; მკურნალთა სახელის წყალობით, როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ და როგორადაც მათ მიიჩნევენ, ყველგან კარგად მიუღიათ, სადაც კი მოუსურვებიათ დაბინავება, რადგანაც მედიცინას და განსაკუთრებით ქიმიას მთელს აღმოსავლეთში ნაკლებად იცნობენ და დიდად აფასებენ. თავდაპირველად ისინი დამკვიდრებულან თბილისში, შემდეგ კი გორში. შაჰნავაზ-ხანს ორსავე ქალაქში თითო სახლი უბოძებია მათთვის, თანაც ნება მიუცია თავიანთი სარწმუნოება თავისუფლად ექადაგათ. მათ მთავრისათვის პაპისა და პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის წერილები მიუთრმევიათ და მათი სახელით მშვენიერი საჩუქრები უძღვნიათ მისთვის, დედოფლისა, კათალიკოსისა და კარის დიდეbულთათვის. ასეთი საჩუქრების მირთმევას მისიონერები ახლაც აგრძელებენ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. მისიონერთა შორის ის, ვინც უფრო დახელოვნებულია მკურნალობაში, მთავარს თან ახლავს და მისი მფარველობის ქვეშ არის. ეს მათთვის ერთადერთ დასაყრდენს წარმოადგენს ქართველი და სომეხი სამღვდელოების წინააღმდეგ, რომლებიც დროდადრო ცდილობენ ამ მისიონერთა განდევნას, რადგანაც ხედავენ მათ მეტისმეტად გულმოდგინებას ხალხის თავიანთ სარწმუნოებაზე გადასაყვანად. მაგრამ რადგანაც საქართველოში არც მკურნალებია და არც დასტაქრები, ისინი მეტად საჭირონი არიან სამედიცინო და ქირურგიული პრაქტიკისათვის და ზოგიერთი მათგანი, ვინც უფრო დახელოვნებულია ამ დარგში, დიდი წარმატებით მოღვაწეობს. მათ პაპისაგან მკურნალობაში გასამრჯელოს მიღების ნებართვა აქვთ, რასაც ისინი იყენებენ. ასე რომ, მკურნალობა მათი საარსებო საშუალებაა. ჩვეულერივად მათ გასამრჯელოს უხდიან ღვინით, ფქვილით, პირუტყვითა და ახალგაზრდა ტყვეებით. ზოგჯერ ცხენებსაც აძლევენ. ისინი ჰყიდიან ყველაფერს, რაც მათთვის სარჩოდ საჭირო არ არის ან რაც გამოუსადეგარია. ამ დიდი დახმარების გარეშე, რომელსაც მკურნალობისაგან იღებენ, მათ გაუჭირდებოდათ კონგრეგაციის მიერ გაცემული წლიური ხელფასით თავის რჩენა, რადგანაც თითოეული მისიონერისათვის განკუთვნილია მხოლოდ თვრამეტი რომაული ეკიუ, ე.ი. სამოცდათორმეტი ლივრი ფრანგულ ფულზე. იმ ნებართვის გარდა, რომლის შესახებაც ვილაპარაკეთ, ეს მისიონერები სხვა მრავალი პრივილეგიითაც სარგებლობენ როგორც საერო, ისე სასულიერო ცხოვრებაში; ასე მაგალითად, მათ ნება აქვთ სწირონ მსახურის გარეშე ყველგან და ყოველგვარ ტანისამოსში, მიუტევონ ყოველგვარი ცოდვა, ჩაიცვან სხვადასხვანაირი ტანისამოსი, იყოლიონ ცხენები, მსახურები, ტყვეები, ივაჭრონ, ფული ისესხონ და გაასესხონ სარგებლით; ერთი სიტყვით, მათ ისეთი განუსაზღვრელი უფლებები აქვთ, რომ შეუძლიათ და კიდევაც აკეთებენ ყველაფერ იმას, რაც ყველაზე პრივილეგირებულ სასულიერო პირთათვის არის ნებადართული. მიუხედავად იმისა, რომ მისიონერები ოსტატურად მოქმედებენ და შეღავათებითაც სარგებლობენ, მათ მაინც ვერ მოახერხეს ქართველთა შორის თვალსაჩინო წარმატების მიღწევა, რადგანაც ქართველები ისეთი ჯიუტნი არიან, რომ მათებურად შესრულებული მარხვა ჰგონიათ მთავარი ქრისტიანულ სარწმუნოებაში, კაპუცინებს კი ქრისტიანებად არა თვლიან, რადგანაც გაუგიათ, რომ ევროპაში ისინი მათსავით არ ინახავენ მარხვებს. ამგვარი საოცარი კერპობა მისიონერებს აიძულებს ქართული წესის მიხედვით იმარხულო6 და არ ჭამონ ისეთი ცხოველების ხორცი, როგორიცაა, მაგალითად, კურდღელი, კუ და სხვა, რომლებიც ქართველებს ძლიერ ეზიზღებათ. ისინი მარხულობენ ოთხშაბათობითა და პარასკეობით, მისდევენ ძველ კალენდარს და, შეიძლება ითქვას, რომ გარეგნულად ქართველ ქრისტიანებს გვანან. თავდაპირველად მათ ეკლესიაში თბილისში ბევრი ხალხი დადიოდა, მათ იზიდავდა წირვის ორიგინალობა და გუნდი, რომელიც შედგებოდა ოთხ ან ხუთი ხმისაგან, ბარბითისა და შპინეტის აკომპანიმენტისაგან; ახლა კი აქ აღარავინ დადის, გარდა ხუთი თუ ექვსი გლახაკისა, რომელთაც ეს მისიონერები რაღაც გასამრჯელოს აძლევდნენ ხოლმე, კაპუცინებმა სკოლაც კი დააარსეს, მაგრამ აქ ღარიბთა ოჯახიდან შვიდი თუ რვა პატარა ბიჭი დადის, რომლებიც მოდიან არა იმდენად სასწავლებლად, რამდენადაც გამოსაკვებად, როგორც ამას თვითონ ეს კეთილი პატრები აღიარებენ. ხშირად უთქვამთ, რომ არავითარი საფასურით არ დათანხმდებოდნენ შეესრულებინათ თავიანთი მისია, რომ არ იცავდნენ „რომაული ეკლესიის ღირსებას, რომელიც ვერ იქნება კათოლიკური ეკლესია, თუ თავისი წარმომადგენლები არ ეყოლება მსოფლიოს ყველა დასახლებულ კუთხეშიო". საერთოდ ამ მისიონერებს მთელ საქართველოში მხოლოდ ორი სახლიღა აქვთ, რომლის შესახებაც მე უკვე ვილაპარაკე. იმერეთისა და გურიის ბრძოლებმა და ამ ქვეყნების სიღატაკემ აიძულა ისინი დაეტოვებინათ მრავალი დასახლება, რომლებიც იქ ჰქონდათ. როცა თბილისიდან მივემგზავრებოდი, ისინი ივნისის თვეში კახეთსა და კავკასიის ქედის სხვადასხვა ადგილებში აპირებდნენ გამგზავრებას. მათი მისიონი მაშინ თორმეტი კაცისაგან შედგებოდა, აქედან ცხრა მღვდელი იყო და სამი მორჩილი.
  ქალაქი თბილისი მჭიდროდ არის დასახლებული. მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხო ელი, როგორც აქ; ისინი დიდ ვაჭრობას ეწევიან; კარი პროვინციის დედაქალაქს რომ შეეფერება, ისეთი მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალეა; აქ მუდამ არის მრავალი დიდგვაროვანი დიდებული. რაც შეეხება ამ ქალაქის სახელწოდებას, მე ვერ შევძელი მისი წარმომავლობის დადგენა. როგორც ამბობენ, მისთვის ეს სახელი სპარსელებს შეურქმევიათ. ხოლო ქართველები დარწმუნებით შეიძლება ითქვას, მას თბილისს კი არა, „კალას" ე.ი. „ქალაქს" ანუ „ციხეს" უწოდებენ. ასე ეძახიან ისინი ყოველგვარი სახის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტს, რომელიც კედლით არის შემოზღუდული. რადგან მრთელ ქვეყანაში სხვა გალავნიანი ქალაქი არ არის, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მათ არ მოისურვეს ამ ქალაქისათვის სხვა სახელი მიეცათ, თუ არა კალა. ზოგი გეოგრაფოსი მას „ტებილე-კალას" უწოდებს, ე. ი. „თბილ ქალაქს“, აქაური ცხელწყლიანი აბანოების გამო, ან კიდევ იმის გამო, რომ ჰაერი აქ არც ისეთი ცივი და მკაცრია, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენ ნაწილში. ვერც ის შევიტყვე, თუ როდის იქნა ქალაქი დაარსებული. ზოგი მწერალი ამტკიცებს, რომ იგი არის ძველ ავტორთა არტაქსატი, მაგრამ ეს ნაკლებად სარწმუნოა. არა მჯერა რომ იგი მხოლოდ ათასი წლისაა161. სპარსეთის ისტორიიიდან ვიგებთ, რომ, დაახლოებით ახ. წ. 85 წელს ერთი თათარი სარდალი, ბუღა დიდი, ჰირკანიისა და მიდიის აზერბაიჯანის, გავლით შეიჭრა საქართველოში, დაიპყრო იგი და ყველაფერი ცეცხლს მისცა; როცა თბილისმა უარი განუცხადა კარი გაეღო, მან ანთებული ფიჭვის გირჩები დაუშინა ქალაქს, რითაც მასალის ადვილად ანთებადობის გამო გადაწვა ქალაქი და ორმოცდაათი ათასი კაცი გაჟლიტა162. სამას ორმოცდაათი წლის შემდეგ უზბეკების სათათრეთის სხვა მთავარმა, კარეკლემის (ხვარაზმის) მეფის, მაჰმადის ვაჟიშვილმა თბილისი დაიპყრო და სასტიკად გაანადგურა163. ამ უკნასკნელი საუკუნეების განმავლობაში იგი ორჯერ მოექცა თურქების უღელქვეშ პირველად სპარსეთის მეფის ისმაილ II-ის ხანაში164, ხოლო მეორედ – შემდეგი მეფის სულეიმანის მეფობის დროს. სპარსეთის ტაბულების მიხედვით, თბილისის განედი 83 გრადუსზეა, ხოლო გრძედი 43,5-ზე. მას მეტსახელად „დარელ მულუქი“ შეარქვეს, ე.ი. „მეფეთა ქალაქი“, რადგანაც იგი სამეფოს დედაქალაქია.
  10-ში კაპუცინთა პრეფექტმა ჩემი ჩამოსვლის ამბავი მეფისნაცვალს შეატყობინა. მე თვითონ ვთხოვე ასე მოქცეულიყო იმიტომ, რომ, ვინაიდან ხალხი მახლდა, ბარგიც მქონდა და კაპუცინებთან უნდა გავჩერებულიყავი, ჩემი ჩამოსვლა არ შეიძლებოდა არ გაეგო ამ მთავარს, რომელმაც ყველაფერი იცოდა, რაც კი ხდებოდა თბილისში, თვით უმნიშვნელო რამეც კი; მით უმეტეს, არ შეიძლებოდა არ შეეტყო იმ ფათერაკების შესახებ, რაც მე სამეგრელოში გადამხდა და რომლის შესახებაც ბევრი ლაპარაკობდა. გარდა ამისა, ჩემთვის სასიამოვნო იყო მისი ნახვა და მისთვის სპარსეთის ხელმწიფის ფირმანების წარდგენა, რომლებიც ყველა პროვინციის მმართველისადმი იყო მიმართული და რომლებითაც ხელმწიფე ბრძანებდა კარგად მიგულეთ დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავარი ნახავდა თუ არა ამ ბრძანებებს, ძალიან კარგად მიმიღებდა და ჩემი მოგზაურობის გასაგრძელებლად საჭირო მხლებლებსაც მომცემდა. როცა შაჰნავაზ-ხანს ჩემი ვინაობა გაუგია და შეუტყვია, რომ აწ განსვენებული ხელმწიფისაგან ვიყავი ევროპაში გაგზავნილი თავის საქმეზე, პრეფექტისათვის უბრძანებია, გადმოეცათ ჩემთვის, რომ მე მისთვის ძვირფასი სტუმარი ვარ, იგი მოხარულია ჩემი ჩამოსვლისა, და რომ დიდად ვასიამოვნებ, თუ რაც შეიძლება მალე ვესტუმრები. მე არც შემეძლო და არც ვაპირებდი მაშინვე ვხლებოდი მთავარს; მინდოდა დამეცადა, ვიდრე სავსებით არ გავემზადებოდი გასამგზავრებლად, რათა იძულებული არ ვყოფილიყავი ყოველდღე მევლო მის კარზე. მთავრის ექიმს, პატრ რაფაელ პარმელს ვთხოვე მისთვის გადაეცა, რომ დიდი სიხარულით მივიღე ჩემს მიმართ მის მიერ გამოხატული პატივისცემა და როგორც კი გავემზადებოდი, აუცილებლად ვეახლებოდი, რათა ჩემი პატივისცემა გამომეცხადებინა მისთვის, მაგრამ რადგანაც ძალიან ბევრი რამ მაკლდა, ერთი ათი დღე კიდევ ვერ შევძლებდი გარეთ გამოსვლას. არ ვიცი პატრმა რაფაელმა სწორად არ გადასცა მთავარს ჩემი დანაბარები, თუ მთავარმა არ გაუგონა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, 12-ში დილით მან ერთი აზნაური გამომიგზავნა, რომლის საშუალებითაც შემატყობინა, რომ ვინაიდან სადღესასწაულო კვირეული იწყებოდა, რომლის დროსაც ყოველდღე ნადიმი იმართებოდა, სურდა ეწვეოდი მას. ამ ამბავმა განმაცვიფრა და გამაჯავრა კიდევაც; პრეფექტს და პატრ რაფაელს ვთხოვე მთავრისათვის გაეგებინებინათ, რომ ჯერ კიდევ არ შემეძლო გარეთ გამოსვლა და თან დაერწმუნებინათ იგი, რომ ველოდი მომავალ კვირას, რათა მესარგებლა იმ პატივით, რომლის გამოხატვაც მას ჩემს მიმართ სურდა. კაპუცინებმა აღმითქვეს ამ საქმეს მოვაგვარებთო, მაგრამ არაფერიც არ გაუკეთებიათ. წავიდნენ თუ არა სასახლეში, სწრაფადვე მობრუნდნენ და მითხრეს, მთავარი დიდი მოუთმენლობით ელის ევროპის ამბების გაგებასო. სინამდვილეში თურმე თვით კაპუცინებს ჰქონიათ ჩემი წარდგენის დიდი სურვილი; უნდოდათ ჩემი სახით წარედგინათ თავიანთი ერის წარმომადგენელი, სპარსეთის ხელმწიფესთან დაახლოებული პიროვნება, რათა მათ მეტი პატივისცემით მოპყრობოდნენ. მე და ჩემს ამხანაგს გვითხრეს უძვირფასესი ტანსაცმელი ჩაგვეცვა და მათი პატივისცემით მთავრისათვის მიგვერთმია უფრო მეტი ძღვენი, ვიდრე ეს ჩვენ გვქონდა გათვალისინებული. რამდენადაც შემეძლო შევუსრულე მათ ეს თხოვნა და აგრეთვე ყველა სხვა სურვილიც, რათა ამით მადლობა გადამეხადა იმ დიდმნიშვნელოვანი სამსახურისათვის, რაც მათ გამიწიეს.
  დაახლოებით შუადღე იქნებოდა, როცა სასახლეში წავედით პრეფექტიც და პატრი რაფაელიც თან გვახლდნენ. ჩვენ სადილად გველოდნენ, მთავარი ბრძანდებოდა დარბაზში, რომლის სიგრძე ას ათ ფუტს, ხოლო სიგანე ორმოც ფუტს შეადგენს. იგი გაშენებულია მდინარის პირას და მთლიანად ღიაა ამ მხრიდან. მოზაიკით მორთული ჭერი ეყრდნობა მოოქრულ და მოხატულ სვეტებს, რომელთა სიმაღლე ოცდახუთმეტიდან ორმოცამდე ფუტს შეადგენს; მთელი დარბაზი საუცხოო ხალიჩებითაა დაფარული165. მთავარი და დიდებულები სამ პატარა ბუხარს შემოსხდომოდნენ, რომლებიც მრავალ ჩირაღდანთან ერთად ისე ათბობდა დარბაზს, რომ სიცივე არ იგრძნობოდა. შაჰნავაზ-ხანი მოითხოვს მასთან პირველად მიახლოებისას ისეთივე წესით მიესალმონ, როგორც სპარსეთის ხელმწიფეს: მისგან ორი თუ სამი ნაბიჯის დაშორებით მუხლს იდრეკენ და ზედიზედ სამჯერ თავსა ხრიან მიწამდე. ევროპელებს ყოველთვის უჭირდათ ამგვარად მისალმებოდნენ აღმოსავლეთის მთავრებს, რადგან უფრო მდაბალი თავყვანისცემა წარმოუდგენელია, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის წინაშე შეიძლება მოიდრიკო ამგვარად მუხლი. ზოგჯერ ევროპელებს ასეთი მისალმებისაგან ათავისუფლებენ, რადგანაც ამბობენ, რომ ისინი უცხოელები არიან და არ იციან ამ ქვეყნის ეტიკეტიო. მთავარს მივესალმე სამჯერ თავის დაკვრით, მუხლი კი არ მომიდრეკია. შემდეგ ორმა აზნაურმა ჩემს ადგილამდე მიმაცილა. არ მინდოდ კაპუცინებზე მაღლა დავმჯდარიყავი, მაგრამ აზნაურებმა და მსახურთუხუცესმა, რომელიც შუა დარბაზში ტრიალებდა, დაჟინებით მოთხოვეს ასე მოვქცეულიყავი. ჩემი სურვილი იყო კაპუცინებისათვის მეცა პატივი, რათა სხვებიც ასევე მოქცეოდნენ მათ. პრეფექტს დიდად ესიამოვნა ჩემი ქცევა და მოისურვა მის კომპანიონზე მაღლა დავმჯდარიყავი. ვიდრე თავყვანისცემის ცერემონიალს ვასრულებდი, ერთმა აზნაურმა, რომელმაც დარბაზის კარებში ხელიდან გამომართვა სპარსეთის ხელმწიფის ფირმანები და მთავრისათვის მორთმეული ძღვენი, ისინი დიდ ვერცხლის ხონჩაზე დააწყო და მთავარს ფერხთით დაუდო. მთავარმა აიღო ფირმანი, გახსნა, წამოდგა სავარძლიდან, მიიტანა იგი ტუჩებთან და შუბლთან, შემდეგ კი თავის დიდ ვეზირს გადასცა, რათა შინაარსი მოესმინა. შემდეგ დიდი ცნობისმოყვარეობითა და სიამოვნებით შეათვალიერა საჩუქარი, რომელიც სხვადასხვა ნივთისაგან შედგებოდა. აქ იყო: მთვარის დიდი საათი, ოქრო-ვერცხლით მოჭედილი და მოჩუქურთმებული კოლოფით, მთის ბროლის სარკე, ვერცხლის ჩარჩოში ჩასმული. მომინანქრებული ოქროს ყუთი, რომელშიაც თრიაქის აბები ინახება; სპარსელების უმეტესობა ამ ამბებს დღეში რამდენიმეჯერ იღებს. ქირურგიული იარაღების ბუდე, მთლიანად მორთული და საუცხოო ხელოვნებით გაკეთებული. დანები, რომელთა გრეხილი ტარები დიდი ოსტატობით იყო შესრულებული.
  დიდმა ვეზირმა წაიკითხა ფირმანი და მთავარს დაბალი ხმით მოახსენა მისი შინაარსი. შემდეგში შევიტყვე, რომ მთავარსა და მის ვაჟიშვილებს უთქვამთ თურმე, არასოდეს გვინახავსო ფირმანი უფრო ნათელი და საპატიო და ამას მხედველობაში მივიღებთო.
  დიდებულები ტკბებოდნენ მისი ოქროთი მოვარაყებული ასოებით და სამკაულებით, რომლებითაც მორთულია მისი ფართო არშიები166. მთავარმა მისი ასლი გადააღებინა, აი მისი სიტყვასიტყვითი თარგმანი:
  ის (I) ვინც არს, იგია ღმერთი, ქება და დიდება მას – მეუფება ღვთისაა. ღმერთი ყველაზე უზენაესია [III. სახელითა [IV] ღვთისათა, მოწყალისა და შემწყნარებლისა წინასწარმეტყველური [III]. ო. მუჰამედ! ო, ალი; განსჯა ეკუთვნის ღმერთს. დახმარება მოდის ღმერთისაგან.
  უმაღლესი ბრძანებულება მბრძანებელთა მბრძანებელნო [V], ლომგულნო დასთანის [VI] გარეგნობისანო მთავარნო თაჰამთანის ტანისანო, წარმომავალნო არდევონის [VII] ჟამთაგან, მმართველნო ფერიბურსის სიდიადისანო, სამეფოთა მპყრობელნო, გამგებელნო მძლეველნო [VIII] მერკურიდან მომდინარე [IX] დაბრკოლებათა, ხაყანის [X] საუფლოს ნავთსაყუდელთა მებაჟენო; საგზაო გამოსაღებთა ამკრებნო და ზედამდგომნი დიდთა გზათა და გასასვლელთა სამთავროთა, უწყოდეთ, რომ ამ დროიდან ჩვენ ვბრძანებთ საგანგებო ბრძანებით, რათა აღა რეზენმა და შარდენმა, ფრანგმა ნე- გოციანტებმა, დიდვაჭართა [XI], შეასრულონ თავის თავზე აღებული მოვალეობა, და აღასრულონ ბრძანებები, რომლებიც მათ მიეცათ. აუცილებელია, რომ ამ ვრცელ სამეფოთა რომელ ნაწილშიც არ უნდა მოხვდნენ ისინი, და ჩვენი უკიდეგანო საუფლოს რა ადგილსაც არ გაივლიან იქით თუ აქეთ მიმოვალნი, არ მოსთხოვონ მათ არც ვედრებითა [XII] და არც ძალდატანებით არავითარი ბაჟი და გზის გადასახადი, რამდენიც არ უნდა იყოს იგი და როგორი უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ მისი მოთხოვნისა; ნუ შეუქმნით რაიმე დაბრკოლებას მათ განზრახვას, ნურაფრით შეაწუხებთ, ყველგან დიდი ღირსებითა და პატივით მოეპყარით, გაუწიეთ მათ საჭირო დახმარება, ყოველთვის როცა კი ამას მოითხოვენ, და როგორც კი ეს ფირმანი მოირთვება, განათლდება, გაკეთილშობილდება და გაცხოველდება [XIII] ბეჭდით, თავისი ღირსებითა [XIV] და სათნოებით მზის დარით, განმასახიერებლით ქვეყნიერების მეუფის ბრძანებისა [XV], რომელიც ყოვლის მომცველად ვრცელდება ყველაფერზე და სამყაროსათვის კანონია, როდესაც მასზე დაისმება სხივმომფენი, წმინდა დიდებული ზეაღმატებული, სწორუპოვარი ბეჭედი, მთლიანად ირწმუნეთ და სრულად დაემორჩილეთ მას, რასაც იგი შეიცავს, როგორც ბრძანებას ზემოდან, რომელიც ყველაფერზე უზენაესია და რომელიცს მუდმივად ემსახურება იმ პირთ, რომელთაც იგი ებოძა. დაიწერა [XVI] საპატიო თვესა შავალს, 1077 წ. წმინდა გაქცევიდან [XVII]; მშვიდობა და ბედნიერება სუფევს. განუწყვეტლივ წმ. გაქცევის მიმდევართა შორის. აშრაფ [XVIII], გაკეთილშობილებული, თაბარესთაანის პროვინციაში, სადაც უფალს სურს კეთილდღეობა და სიუხვე მუდამ იყოს.
  ფირმანი წარმოადგენდა გრძელ ფურცელს, რომლის სიგრძე ორნახევარი ფუტი, ხოლო სიგანე ცამეტი-თოთხმეტი დუიმი იყო. იგი დაწერილი იყო ოქროს, ცისფერი წითელი და შავი ასოებით; ის, რაც ოქროს ასოებით იყო მოცემული, მე დიდი ასოებით აღვნიშნე, ხოლო ორიგინალში ფერადი ასოებით მოცემული ფრჩხილებში მოვათავსე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამეფო აქტში, სადაც ღმერთის სახელია ჩართული, როგორც ეს ასეთ ფირმანებშია, ეს სახელი ოქროს ასოებითაა დაწერილი; თუ მას ერთვის აგრეთვე რომელიმე წინასწარმეტყველის ან წმინდანთა სახელები, შემდეგ კი ხელმწიფის სახელი, წმინდანთა სახელებს ცისფერი ასოებით წერენ, ხელმწიფისასა კი წითლით, ხოლო თუ არც ღმერთის და არც რომელიმე წმინდანის სახელი არ არის ჩართული, ან თუ ხელმწიფის სახელი ღმერთის შემდეგ არის და არა მის წინ, მაშინ სწორედ ხელმწიფის სახელი იწერება ოქროს ასოებით. ოქროს ასოებით ისევე ლამაზად და წვრილად წერენ, როგორც მელნით; ამისათვის ოქროს ფირფიტებს ძალიან დიდხანს ფხვნიან მარმარილოზე, შემდეგ ფუნჯით აგროვებენ ოქროს, რომელშიაც როგორც მელანში, ისე აწებენ კალამს. ასევე იქცევიან წითელი და სხვა ფერების მომზადების დროს; ყოველივე ამის გამო ნაწერი ფუნჯით შესრულებულს უფრო წააგავს, ვიდრე კალმისას.
  I. ორიგინალში არის „hიu alla sub hou“167. ეს არის ყურანიდან აღებული არაბული გამოთქმა. ამ ენაში ღმერთის ძირი- თადი სახელია „hou“ და არა „alla“, რაც ნიშნავს „უზენაესს“. ეს „hou“ არის ებრაელების „jehova“ და ნიშნავს „მას“ ან „იმას168. იგი აღნიშნავს აგრეთვე „არის“, ე.ი“ „ის ვინც არის“, რაც გულისხმობს თავისთავად წარმოდგენილ არსებას და არსებულს თავისთავში. ამ სახელს ყურანში მრავალ ადგილას ვხვდებით და ცრუ წინასწარმეტყველი169, რომელმაც ეს წიგნი შეთხზა, თითქოს მიუთითებს გამოსვლათა წიგნის III თავზე: „ის ვინც არს, მე გამომგზავნა“. მაჰმადიანები ამ სიტყვას „hou“-ს ათავსებენ წერილის, განაჩენის, ბრძანების, თხზულების და თითქმის ყველა თავიანთი საქმიანი ქაღალდის თავში. ზოგჯერ უმატებენ „aIIa taà AIIa“-ს, ე.ი. „ის ვინც არს, ეს არის ზენაარი ღმერთი“, – და ქვემოთ დიდ ცარიელ ადგილს ტოვებენ. მათი თქმით, ასე კეთდება იმის მისანიშნებლად, რომ ღმერთის არსი, ე.ი. მისი ბუნების სრულყოფა და მისი თვისებები აუწერელია, და რომ არც ერთ ადამიანს არ ძალუძს მათი გადმოცემა. მის ქვემოთ მოთავსებული გამოთქმა, რომელიც მე ამგვარად გადმოვთარგმნე – „მეუფება ღვთისაა“, აღებულია „წიგნი მეორე სჯულისადან“ (თავი 1, მუხლი 17). „განსჯა ეკუთვნის ღმერთს“.
  II. ეს სიტყვები შეესაბამება ფირმანის ბოლოს თქმულ შემდეგ ფრაზას: „როგორც – ბრძანება ზემოდან, რომელიც ყველაფერზე უზენაესია“, რითაც იმის თქმა უნდათ, რომ ღმერთი კიდევ უფრო მაღლა დგას. სპარსელებს ჩვეულებად აქვთ აქტებში ღმერთის სახელი ფურცლის ბოლოში არასოდეს არ მოათავსონ, არამედ დაწერონ იგი გვერდით, ზემოთ; ხოლო იქ, სადაც ის უნდა იქნეს მოხსენებული, თავისუფალ ადგილს ტოვებენ. სიფრთხილის გამო ისინი დიდად იძნელებენ საქმეს და ფიქრობენ, რომ ვინც ამაში სცოდავს, სცოდავს აგრეთვე ღვთისადმი საკადრისი თაყვანისცე- მის გამოხატვაშიც. ასეთსავე თაყვანისცემას იჩენენ ისინი ხელმწიფისა და მთავარი ვეზირების სახელების მიმართაც; იურიდიულ საქმიან ქაღალდებში, თხოვნებსა და სახალხო აქტებში მათ ეს სახელები ტექსტში არასოდეს არ მოჰყავთ, ათავსებენ ქაღალდის ზემოთ, მარჯვენა მხარეს.
  III. სიტყვა „წინასწარმეტყველური“, რომელიც, ახლახან აღნიშნული მიზეზის გამო, ზემოთ არის მოთავსებული, შეესატყვისება ფირმანის ბოლოში ნათქვამ სიტყვებს – „წმინდა გაქცევა“, რომლებითაც აღნიშნავენ იმას, რომ დროის გამოთვლა, რომელიც მუჰამედის მექიდან მედინაში გაქცევით იწყება, არის სარწმუნოების დაარსების ხანა და რომ მისი სათავე და საწყისი არის ის დრო, როცა ამ პიროვნებამ, ცნობილმა უპირატესად „წინასწარმეტყველის“ სახელით, დაიწყო თავისი მისია170.
  IV. მაჰმადიანების სარწმუნოებასა და ადათ-წესებზე ოდნავი წარმოდგენაც თუ აქვს ადამიანს, ადვილად შეიცნობს ამ მოწოდე- ბას, რადგანაც სწორედ ამით იწყება მათი ყოველგვარი მოქმედება და ლოცვა. აღმოსავლური ენების ცნობილ პროფესორთა თქმით, იგი ასე უნდა ითარგმნოს: „მოწყალე უფლის სახელით“. მართლაც არაბული სიტყვა „rahmen“, – რომელიც აღნიშნავს „მოწყალეს“, არის განუყოფელი თვისება, რომელსაც ღვთის მოწყალების გამოსახატავად იყენებენ. ყველა მაჰმადიანი ფიქრობს, რომ ეს მიმართვა დიდ იდუმალებას ფარავს და უსაზღვრო მადლის შემცველია. მუდამ პირზე აკერიათ ეს მიმართვა. წარმოთქვამენ მას როცა დგებიან, ჯდებიან, იღებენ ხელში წიგნს, იარაღს თუ კალამს. ერთი სიტყვით, დარწმუნებული არიან, რომ მიზანს ისე ვერ მიაღწევენ, თუ ამ მიმართვით არ დაიწყებენ საქმეს. ირწმუნებიან, რომ სოლომონი და ადამი სწორედ ასე იქცეოდნენ, ვიდრე რამე საქმეს შეუდგებოდნენო. ყურანის ყოველი თავის დასაწყისში ეს მიმართვაა მოთავსებული. ცხადია, რომ ეს არის კიდევ ერთი მიბაძვა ებრაელებისა და ქრისტიანების ლოცვების დასაწყისისა; პირველნი ლოცვას ყოველთვის ამ სიტყვებით იწყებენ: „დაე, იყოს შველა ჩვენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა“; ხოლო მეორენი ამ სიტყვებით: „სახელითა მამისათა, ძისათა და წმიდისა სულისათა“. ქვემოთ ჩვენ ვილაპარაკებთ იმ ბეჭდის შესახებ, რომლითაც ფირმანს ამტკიცებენ და იმის შესახებ, თუ რა არის მასზე ამოტვიფრული. ქვემოთ მოთავსებულ გამოსახულებას ეწოდება „nichan“ ე.ი. „ნიშანი“ და აგრეთვე „გრიფი“. ყველა მაჰმადიანი ხელმწიფე მსგავს ნიშნებს უსვამს თავის ფირმანებს და უწოდებს მათ საერთო სახელს „თუღრა“. ეს ტერმინი ებრაულიდან მოდის და იგივე მნიშვნელობა აქვს171. ეს არის გამოსახულება, რომელიც შეიცავს დიდი ასოებით დაწერილ მონარქი მმართველის სახელსა და ტიტულებს; ამგვარად, ეს ჩვენი ვენზელებისა, რომლებიც ჩვეულებრივად სახელის მხოლოდ და მხოლოდ პირველ ასოებს შეიცავს, და გრიფებისაგან სავსებით განსხვავდება. „თუღრა ეწოდება აგრეთვე ამგვარი გრიფის გადამწერსაც და იმასაც, ვინც ამ გრიფის კარგად შედგენა იცის, რაც ყველას როდი ეხერხება. აქ მოცემული გრიფის ასოები მწკრივებად არის დაყოფილი, ხოლო ორიგინალში გამოხატულება გაკეთებულია ასოების კუდებით, რომელთაც მწერალი ისე ზუსტად და გამართულად ხაზავს, რომ ისინი სახაზავითა და ფარგლით შესრულებული გეგონებაო. გრიფი მთლიანად ფერადი ასოებისაგან შედგება, გარდა სიტყვებისა „სამყაროს მეუფე“ და იმის გარდა, რომლებიც ვთარგმნე ასე: „უმაღლესი ბრძანებულება“, რომლებიც ოქროს ასოებითაა დაწერილი. გამოთქმა, ჩემ მიერ თარგმნილი სიტყვებით „სამყაროს მეუფე“, არის „Sakeb Kerant“ და სიტყვასიტყვით ნიშნავს: „სასიკეთო შენაერთთა მეუფეს“ იმავე (Nychân). Togra (Thoghrâ). აზრით, რა აზრითაც ჩვენ ვამბობთ „ბედის მბრძანებელი“, რადგანაც „Keranat" აღნიშნავს ,,მრავალი პლანეტის შეერთებას ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშნით“172. მთავარ შენაერთად მიიჩნევენ იუპი- ტერისა და სატურნის შეკავშირებას მესამედ ასპექტში, რომელიც ორას ორმოც წელიწადში ერთხელ ხდება. უფრო იშვიათია ამ ორი ვარსკვლავის შეერთება ვერძის ნიშნით, რადგანაც ამას ადგილი აქვს მხოლოდ ცხრაას ორმოცდაათ წელიწადში ერთხელ. უფრო დიდი შეერთებაა ყველა პლანეტის შერწყმა ამ ნიშნით, რომლისთვისაც ათასი საუკუნეებია საჭირო. მათი სიტყვით, ასეთი შეერთება მხოლოდ ორჯერ მომხდარა, ერთხელ წარღვნის დროს, ხოლო მეორედ დიდი სათათრეთის მბრძანებლის, ცნობილი ჩინგიზ-ხანის აზიაში შემოსევის დროს. ეს შეერთება ყოველთვის დიდი უბედურე- ბების მომასწავებელია. სიტყვები „zelsziouzoumis“ ძველი თურქული წარმოშობისაა, მაგრამ ახლაც ხმარობენ მცირე სათათ- რეთში. იგი ზუსტად ნიშნავს „ჩემი სიტყვები“ ან „მე ვამბობ“. თავდაპირველად თემურ-ლენგმა გამოიყენა ეს სიტყვები თავის ფირმანებში, ხოლო შემდგომში მას სპარსეთის ხელმწიფეებმაც მიბაძეს. გრიფის შუაში მოთავსებული თორმეტი სახელი, სპარსელების რწმენით, არის თორმეტი იმამის თუ უმაღლესი ქურუმის სახელი, რომლებიც მაჰმადის ნამდვილი და კანონიერი მემკვიდრეები იყვნენ.
  V. სპარსეთში განასხვავებენ დიდ და პატარა მეფისნაცვლებს. მიდია173 და საქართველო, მაგალითად, დიდ სამეფისნაცვლოს წარმოადგენენ, ხოლო კარამანია და გედროზია – პატარებს. დიდი სამეფისნაცვლოს გამგებელს უწოდებენ ბეგლარბეგს174, რაც ნიშნავს „მთავართა-მთავარს“, ხოლო პატარისას უწოდებენ ხანს. დიდ მეფისნაცვლებს უწოდებენ აგრეთვე ერქან-ედოულეთს175, ე.ი. „იმპერიის ხელისუფალს“, ებრაული სიტყვიდან „არქი", რაც ნიშნავს „მთავარს", საიდანაც ბერძნებმა, როგორც ჩანს, აიღეს ტიტული არქონტი176, რომელსაც მათ რესპუბლიკებში უბოძებდნენ ხოლმე დიდ მოხელეებს და საიდანაც წარმოდგება ჩვენი სიტყვა „არქი“, როგორიცაა „არქიმანდრიტი“, „არქიდიაკონი“.
  VI. დასთანი, თაჰამთანი და ფერიბურსი არის ძველი სპარსელი გმირების, ან, უფრო სწორად, ძველი გოლიათების სახელები, რომლებიც იგავებსა და რომანებში ცოცხლობენ. ესენი არიან სპარსელების ალკიდე და თეზევსი და ისევე, როგორც ბერძნე- ბის ალკიდე რამდენიმე სახელით იყო ცნობილი, სპარსელებისასაც მრავალი სახელი აქვს. მისი ყველაზე გავრცელებული სახელია როსთემი, რომელიც ყველას მუდამ პირზე აკერია177.
  VII. არდევონი ძველი გიგანტისა თუ გმირის სახელია, რომელმაც, სპარსელების თქმით, დაიპყრო მთელი აზია და თავისი იმპერიის ცენტრად სპარსეთი ირჩია. მის საქმეთა შესახებ მათ მატიანეებს არავითარი ცნობა არ შემოუნახავთ, ხოლო რომანებში მოთ- ხრობილი ამბები მთლიანად ზღაპრულია178.
  VIII. დედანშია „რომელიც ხსნის ყოველგვარ კვანძს“.
  IX. მსოფლიოში არსად ისე სულელური ცრურწმენით არ ეკიდებიან ვარსკვლავთმისნობას, როგორც სპარსეთში. სხვაგან ვრცლად ვილაპარაკებთ ამის შესახებ, აქ კი დავკმაყოფილდებით იმის თქმით, რომ სპარსელები მწერლებს, წიგნებსა და საქმიან ქაღალდებს მერკურის სამფარველოდ მიიჩნევენ, რომელსაც უწოდებენ „ათარედს“ და ფიქრობენ, რომ ამ პლანეტაზე დაბადებულნი ნათელი გონების, შორსმჭვრეტელნი, განათლებულნი და მოხერხებულნი გამოდიანო.
  X. ხაყანი179 არის ძველი ჩინეთის ხელმწიფის სახელი. მთელს აღმოსავლეთში არავის ხსოვნა არ შენახულა ისე წმინდად, როგორც მისი. გადმოცემის მიხედვით, ის უმთავრესად ცნობილი ყოფილა მშვიდობიანი საქმეებით – პირუთვნელი მართლმსაჯულებით, ვიდრე იარაღის ძლევამოსილებით. აღმოსავლეთის ხელისუფალნი მის სახელს ირქმევენ ისევე, როგორც რომაელი იმპერატორები მოითხოვდნენ, რომ მათთვის კეისარი ეწოდებინათ. სპარსულში მას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ფრანგულში ავგუსტეს, რადგანაც, როცა სპარსელებს სურთ რაიმე დიდი და მეფური გამოხატონ, ისინი ამბობენ – „ხაყანური". აი ნამდვილი არსი გამოსახულებისა; ვფიქრობ, ძნელი არ იქნება მისი გაგება, ისევე როგორც ამ ფირმანის ენისა, თუმცა იგი ჰიპერბოლებითა და მეტაფორებით არის ზედმეტად გადატვირთული.
  XI. ტერმინი, რომელიც მე გადავთარგმნე როგორც „დიდვაჭარნი“, ზუსტად აღნიშნავს „ჩინებულს, რჩეულს, საუკეთესოს“ ან „საუცხოოს". ჩვეულებრივად სპარსელები ამ ეპითეტს ყოველგვარი წოდების ადამიანის მიმართ იყენებენ, იქნება ეს დიდი სენიორი, უცხოელი მინისტრი, ვაჭარი თუ თვით ხელოსანიც კი.
  XII. სპარსულში ნათქვამია – „არც მომაბეზრებელი გულკეთილობით, არც ქედმაღლური თხოვნით“.
  XIII. სიტყვა, რომელიც მე გადავთარგმნე როგორც „გაცხოველდება“, ზუსტად ნიშნავს „მორწყულს"180.
  XIV. სიტყვები – „ღირსებითა და სათნოებით“ ფირმანში არ არის: მე ისინი სიტყვების – „უკეთილშობილესი ბეჭედი, მზისებრი" – ნაცვლად ჩავსვი.
  XV. ეს სიტყვები უნდა მიუყენოთ გამოთქმას – „უზენაესი ბრძანებულება", რომელიც გრიფის ქვემოთ არის მოთავსებული. აქ ასეა – „ბრძანებულება ქვეყნიერების მეუფისა". თემურ ლენგმა პირველმა უწოდა თავის თავს ეს ქედმაღლური და ამპარტავნული სიტყვები, რომელიც მაჰმადიან ხელმწიფეთა აზრით უდიდესი ტი- ტულია, რაც კი შეიძლება უმაღლეს ხელისუფალს მიენიჭოს; ეს ის არის, რასაც სპარსელები უწოდებენ „Saheb Cიran"-ს ანუ „Sahed Queironi“-ს, რაც „გამარჯვებათა მომპოვებელს“181 ნიშნავს და რომელიც შეიქმნა ებრაელების ყველაზე რჩეული ღმერთის სახელის „Dominus Sabaoth"-ის მიბაძვით182. ინდოეთის დიდი ხელისუფალნი და ხელმწიფე ისევე ატარებენ ამ ტიტულს, როგორც სპარსეთის ხელმწიფე; თითოეული იმ აზრისაა, რომ ეს ტიტული მას შეჰფერის და თვლის მას თავის ყველაზე უმნიშვნელოვანეს ტიტულად. იგი შეიძლება გაგებულ იქნას აგრეთვე როგორც „საუკუნის მბრძანებელი". მაგრამ ზემორე თარგმანი უფრო ნათელი და გასაგებია და სავსებით ააშკარავებს იმ სულელურ ამპარტავნობას, რომელსაც იგი შეიცავს.
  ამბობენ, რომ ის ვრცელი და ქედმაღალი ტიტულატურა, რომელსაც სპარსელები იყენებენ, თათრებისაგან მომდინარეობს და ახალი შემოღებულიაო. მაჰმადიანობამდე მათ არ იყენებდნენ და თვით ხელმწიფეებიც კი თავიანთ აქტებსა და წერილებს რომაელე- ბის მსგავსად ასე იწყებდნენ: „ესა და ეს, ამას და ამას".
  XVI. სხვაგან უფრო ვრცლად ვილაპარაკებთ იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავენ სპარსელები დროს, აქ კი თარიღის გასარკვევად იმის თქმაც საკმარისია, რომ შავალარის მეორე თვე და რომ არაბებმა ყველა თვე ეპითეტებით შეამკეს; ასე მაგალითად, პირველ თვეს უწოდეს „წმინდა“, მეწვოდეს - „საქები, მვისრეს - კურთხეული ხოლო შავალს183 - „საპატიო". „წმინდა გაქცევაში“ იგულისხმება მაჰმადის გამოსვლა ქალაქ მექიდან, ანუ, როგორც მაჰმადიანები ამბობენ, კერპთაყვანისმცემლობიდან; სიტყვა „ჰიჯრა" ნათარგმნი როგორც „გაქცევა", მოდის ზმნიდან, რომელიც აღნიშნავს „გაქცევას, წასვლას". ამგვარად, მაჰმადიანების ჰიჯრა იგივეა, რაც „ებრაელების გამოსვლა"; ეჭვს გარეშეა, რომ ომარს სწორედ ეს გამოსვლა ჰქონდა მხედველობაში, როცა მაჰმადიანურ ხანას საწყისი დაუდო იმ დროიდან, როცა მაჰმადი არაბეთის ქალაქ მექიდან გამოვიდა, სადაც ყველაზე მეტი კერპი და კერპთაყვანისმცემელი იყო.
  VII. ორიგინალში არის „hamhager", ე.ი. „ერთად მორბენალი“184.
  VIII. ახლახან ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ არაბები თვეებს ეპითეტებით ამკობენ, სპარსელები კი ასეთ ეპითეტებს თავიანთი იმპერიის მთავარ ქალაქებსაც აძლევენ. ისფაჰანსა და ყაზვინს მათ „ხელმწიფეთა საჯდომი“ შეარქვეს185; ქაშანს ეწოდა „ერთგულთა სამყოფელი"; ყანდაჰარს – „საიმედო თავშესაფარი"; აშრაფს – „გაკეთილშობილებული", რადგანაც აბას დიდმა აქ დიდი და მდიდრული სასახლე გააშენა და, ჩვეულებრივ, აქ იყო ხოლმე მისი რეზიდენცია, როცა მაზანდარანის პროვინციაში იმყოფებოდა. ეს პროვინცია აქტებში, საფინანსო უწყებაში, სახელმწიფო დივანში თაბარისტაანად არის წოდებული, ხოლო ჩვეულებ- რივი ლაპარაკის დროს „მანზანდეროონს“ უწოდებენ186. „Taber estaan" ნიშნავს „ადგილს", ანუ „ცულების ადგილს". სპარსელებმა ამ პროვინციას ასე იმის აღსანიშნავად უწოდეს, რომ იგი ტყეებით იყო დაფარული; ხოლო იქ, სადაც ბევრია ტყე, ბევრი ცულიც არის საჭირო მათ მოსაჭრელად. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ სპარსელები არასოდეს არაფერს იტყვიან თავიანთ იმპერიაზე ისე, რომ იგი რაიმე ბრწყინვალე ეპითეტით არ შეამკონ. ასე, მაგალითად: „კურთხეული სახელმწიფო, ბედნიერი სახელმწიფო, უკიდეგანო სივრცის სახელმწიფო", როგორც ეს ამ ფირმანშიც გვხვდება.
  XIX. ბეჭდის ანაბეჭდი, რომელიც თარგმანში მოთავსებულია თარიღის ქვემოთ, დედანში ფირმანის უკანა მხარეზე, ასევე ქვემოთ არის დასმული. იგი პირველი ვეზირის, სახელად მუჰამედ მეჰდის, ბეჭედია. სპარსელები, ჩვეულებრივ, არასოდეს არ აღნიშნავენ ბეჭდებზე თავიანთ წოდებას, არც რაიმე ტიტულს, რომლითაც შესაძლებელი იქნება მათი გამოცნობა. ამას აკეთებენ მხოლოდ საფინანსო უწყების მოხელეები თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის აღსრულების დროს, სხვა შემთხვევებში კი – არა, რადგანაც, უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ყველას სხვადასხვა ბეჭდები და სიქები აქვთ. აქ აღბეჭდილია მხოლოდ მათი და მათი მამების სახელი, რომელიცმათთვის, ებრაელების მსგავსად, ზედსახელს წარმოადგენს; აღბეჭდილია აგრეთვე მათი გვარი, თუ მათ აქვთ პატივი მუჰამედიდან წარმომავლობისა, მისი ასულის ფატიმას მხრიდან. მაჰმადიანები მხოლოდ და მხოლოდ ასეთი წარმომავლობის პირს თვლიან ნამდვილ დიდებულად. სპარსეთის ხელმწიფის ფირმანს მისი მსახურთუხუცესის სარეკომენდაციო წერილიც დავურთე; მინდოდა მეფისნაცვალს ისიც ენახა, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, იგი უფრო მეტ ზემოქმედებას მოახდენდა მასზე, ვიდრე თვით ფირმანი; მართლაც ასე მოხდა და შემდეგში შევიტყვე, რომ სწორედ ამ წერილს უნდა ვუმადლოდე იმ სამსახურსა და პატივს, რაც თბილისში გამიწიეს; აი, ამ წერილის თარგმანი:
  „ხელმწიფის ნაცვალთა დივანის მოსამსახურეებმა, სამეფოების მოიჯარადრეებმა და დიდი გზების ზედამხედველებმა, უწყოდნენ, რომ ბატონებმა შარდენმა და რეზენმა, ფრანგმა ვაჭრებმა, ვაჭრებთა შორის რჩეულებმა მოიტანეს რა უზენაეს და დადებულ კარზე იშვიათი, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ნივთები, რომლებიც ღირსეულ არს ქონების დროებითი დამრიგებლის მონათა ხაზინისა, მათ დაევალათ მოტანა სხვა საგნებისა და ებრძანათ საგანგებო ბრძანებით თავიანთ ქვეყნებში დაემზადებინათ მრავალი ნივთი ამ მონათათვის. ამის გამო მათ პატივი დასდეს წმინდა ბეჭდიანი ფირმანით და სწორედ ამ საქმისათვის მოგზაურობენ ისინი. აუცილებელია, რომ ყოველგან, სადაც კა ისინი გაივლიან, დიდი პატივით მოექცნენ და რაც შეიძლება რიგიანი დახმარება გაუწიონ ყველაფერში. აგრეთვე აუცილებელია სიფრთხილე, რათა ისინი მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. არ გამოამჟღავნონ აგრეთვე, როგორადაც არ უნდა იყოს, რომ მათგან ელიან ან სურთ საზღაური, რადგანაც თუ Mahomet Mehdy. Fathmé (Fathiméh). ქვეყნიერების ხელმწიფის ყურამდე მივიდა ამბავი, რომ მათ რაღაც პრეტენზიები აქვთ ვინმეს მიმართ, ეს ცნობა ცუდ ნაყოფს გამოიღებს. დაიწერა საპატიო თვესა შავალს. 1076 წელს წმინდა გაქცევიდან187. პატივი და დიდება მას".
  აშიაზე მინაწერი:
  „ამ წერილის მიზანია ეცნობოს იმათ, ვისაც იგი ეგზავნება, რომ ამის წარმომადგენლებს უნდა მოეპყრან ფირმანის შინაარსის შესაბამისად, რომელსაც ყველა მოწიწებით უნდა ექცეოდეს". ბეჭედში ჩაწერილია – „მაყსუდი, ყალების ვაჟი, სანეტარო ქმნილებები"188.
  I. სპარსულში ნათქვამია: „აქვთ პატივი იმათ, რასაც აუწყებენ". სპარსეთის დიდებულები ასე მიმართავენ დაბალი რანგის მოხელეებს, განსაკუთრებით, როცა ეს მოხელეები მათ მორჩილებაში არიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ზღვარი, რასაც ძალაუფლება და თანამდებობა დებს მათ შორის, ურთიერთობამ არ წაშალოს და მუდამ იყოს დაცული.
  II. ტერმინი, რომელიც ჩემ მიერ თარგმნილია, როგორც „ფრანგი", ორიგინალში არის „ფერენგი“ – ეს არის საერთო სახელი, რომელსაც სპარსელები და აღმოსავლეთის სხვა ხალხები უწოდებენ ქრისტიანულ სახელმწიფოებში დაბადებულ ევროპელ ქრისტიანებს, გარდა მოსკოვიტებისა, რომელთაც უწოდებენ „ორუსს". სახელი „ფერენგი" მომდინარეობს ან გალიის პრინცის „ფრანკუსისაგან, ან კიდევ „ფრანგი" ხალხისაგან, რადგან ეს არის ევროპის პირველი ქრისტიანი ერი, რომელმაც სავაჭრო კავშირი დაამყარა მაჰმადიანებთან, როგორც ეს მე უკვე აღნიშნული მქონდა. ცხადია, სახელი. „ფერენგი" ანუ „ფრანკი", რომელსაც ევროპის ქრისტიანებს მიაწერენ, ხმარებაში წმინდა ომის დროს შემოვიდა189 და აღნიშნავდა არა ეროვნულ წარმომავლობას, არამედ რაიმე ლიგას. ზოგი ავტორი „ფრანგს" ხსნის არაბული ეტიმოლოგიით, თითქოს იგი „Ferchenc"190 სიტყვისაგან მომდინარეობდეს და ნიშნავდეს „დიდ სულს".
  III. სიტყვა, რომელიც ასე ვთარგმნე – „ხაზინა" ორიგინალში არის „Sercar". იგი ზუსტად აღნიშნავს „სამუშაოთა უფროსს" და აგრეთვე „მაღაზიას"191. სპარსეთის ხელმწიფესა და დიდებულებს აქვთ ყოველგვარი სახის მანუფაქტურები, რომელთაც ეწოდებათ „ქარხანე", ე.ი. „სამუშაო სახლი“192, ანუ, უფრო ზუსტად) „ლაბორატორია". ეს იგივეა, რაც ფლორენციის დიდი ჰერცოგის გალერეა ან ლუვრის გალერეები. აქ თავმოყრილია მრავალრიცხოვანი ხელოვანი ოსტატები, რომელთაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დიდი ხელფასი და სარჩო ეძლევათ. მათ სამუშაო მასალებით ამარაგებენ; აძლევენ საჩუქრებს ან უდიდებენ გასამრჯელოს მათ მიერ შესრულებული ყოველი ღირსშესანიშნავი საგნისათვის.
  IV. გამოთქმას – „ღირსეულ არს ხელმწიფის მონათა ხაზინისა" ისინი ხმარობენ უბრალოდ ამპარტავნობით, ვითომც იმის სათქმელად, რომ მისი უდიდებულესობის ხაზინა იმდენი იშვიათი ძვირფასეულობითაა სავსე, რომ არაფრის მოტანა არ შეიძლება ისეთის, რომელიც ღირსი იქნება იქ მოთავსებისა. სპარსული კაზმულსიტყვაობა ასეთ გამოთქმებს ხშირად იყენებს სხვადასხვა პირთა მიმართაც; როდესაც ლაპარაკია ელჩზე, რომელიც ხელმწიფესთან თაყვანისსაცემად მოვიდა, ისინი ამბობენ – „მან დაუკოცნა ფეხები ხელმწიფის მონებსო ან როცა უნდათ აღნიშნონ, რომ რომელიმე დიდებულმა დიდი საქმე გააკეთაო, ამბობენ – „ამ დიდებულის მონებმა დიდი საქმე მოიმოქმედესო“; ლაპარაკის ეს მანერა კარგად გამოხატავს აღმოსავლეთის ხალხების ამპარტავნობას. ვფიქრობ, ამგვარი გამოთქმები ამოღებული უნდა იყოს ყურანიდან, რომელსაც მაჰმადიანები ჭეშმარიტი მჭერმეტყველების წყაროს“ უწოდებენ. მასში ხშირად ვხვდებით მსგავს გამოთქმებს, მაგალითად, ღმერთის საქმეთა შესახებ ლაპარაკისას ნათქვამია – „ანგელოზთა საქმეები, ანგელოზებმა შექმნეს ცა და დედამიწა“. მაჰმადიანთა თქმით, ეს უფრო კარგად გამოხატავს ღმერთის ძლევამოსილებას, რადგანაც თუ ანგელოზებს იმდენი ძალა აქვთ, რომ სამყარო შექმნან, მაშ რაოდენი შეძლება უნდა ჰქონდეს თვით იმას, ვისიც მხოლოდ მსახურნი არიან ისინიო? საერთოდ მთელი აღმოსავლეთის ხალხები ნამდვილი მონები არიან; მათ ხელმწიფეებს უფლება აქვთ მათ სიცოცხლეზე, მათ ქონებაზე, მათ ცოლებსა და შვილებზე. მაგრამ ასეთი მდგომარეობა სრულებითაც არ იწვევს მათში შიშის გრძნობას, პირიქით, ისინი ამაყობენ ამით. თვით დიდი ხელმწიფეებიც კი დიდ პატივად თვლიან იწოდებოდნენ „მონებად". შაჰ-ყული ანუ ყულუმ-შაჰი, რაც „ხელმწიფის მონას" ნიშნავს, სპარსეთში საპატიო ტიტულიცაა, ისევე როგორც მარკიზი საფრანგეთში.
  V. „VaIineanet", რომელიც მე ვთარგმნე „დროებითი193. ქონების დამრიგებელი არის შედგენილი სიტყვა. „VaIi" ნიშნავს დამოუკიდებელ, შეუზღუდავ, სუვერენულ მოხელეს, რომელსაც თავის სამფლობელოში ისეთივე ძალაუფლება აქვს, როგორც იმპერიის გამგებელს. სპარსელები თავიანთ ხელმწიფეს ხშირად უწოდებენ „Vali Iron"-ს, რათა ამით ხაზი გაუსვან, რომ იგი სპარსეთში, რომელსაც ისინი Iron"-ს უწოდებენ, არის ნამდვილი მემკვიდრე და მოხელე ალისა, რომელიც უფალმა მაჰმადის სიკვდილის შემდეგ მთელ მსოფლიოზე საბატონოდ დალოცა194. „Neamet" მოდის Iram"-დან, რაც აღნიშნავს „საჩუქარს, წყალობას, დროებით მადლს, ქონების სიუხვეს". ამგვარად, სახელში „ValiNeamet", რომელსაც ყველაზე უფრო ხშირად უწოდებენ სპარსელები ხელმწიფეს, როცა მის აღმატებულებაზე ლაპარაკობენ, ისინი გულისხმობენ, რომ „იგი არის უფლის ამქვეყნიური მოხელე, რომელმაც, თავიის მხრივ, ადამიანებს უნდა დაურიგოს ყოველგვარი წყალობა, და იყოს გზა, რომლის საშუალებითაც ზეცა თავის მადლს დედამიწას გადასცემს". VI. სპარსულში არის,„Moubarec-Nichan". უკვე ითქვა, რომ გრიფს, რომელშიაც მაჰმადის თორმეტ მიმდევართა სახელებია ჩამოთვლილი, „ნიშანი" ჰქვია, ხოლო „Moubarec“ ზუსტად „კურთხეულს“ ნიშნავს.
  როცა მეფისნაცვალს მივესალმე, არაფერი მითქვამს, ისიც მდუმარედ შემხვდა და არც კი განძრეულა. ერთი წუთის შემდეგ, როცა სუფრა გააწყვეს, მან ოქროს თეფშით გამომიგზავნა იმ დიდი პურის ნახევარი, რომელიც მის წინ იყო და სუფრაჯის პირით შემო- მითვალა, რომელმაც პური მომაწოდა, რომ „მე ვარ სასურველი სტუმარი”, ცოტა ხნის შემდეგ მეფისნაცვალმა კაცი გამომიგზავნა რათა ეკითხა ჩემთვის, თუ როგორ მიმდინარეობდა თურქებსა და პოლონელებს შორის ომი. როცა მეორე თავი საჭმელი შემოიტანეს, მან ბრძანა დაგვესხა ღვინო იმ თასიდან, რომლიდანაც თვითონ სვამდა.
  ღვინო დიდ მომინანქრებულ ოქროს სურაში ესხა, ლალითა და ფირუზით მორთული თასიც ოქროსი იყო. აზნაურმა, რომელიც ღვინოს გვისხამდა, მთავრის სახელით მოგვმართა: „იმხიარულეთ და მიირთვითო". როცა მესამე თავი საჭმელი შემოიტანეს, მთავარმა უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინა – გამოგვიგზავნა მისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცეულის ნაწილი, კერძოდ, ხოხობი, ორი კაკაბი, ფურირემის მეოთხედი და შემოგვითვალა, „თუმცა ღვინო ნადირის ხორცს ძლიერ უხდება, მე მაინც ვბრძანებ ძალა არ დაგატანონ სმაში". ყველა ამგვარ პატივს უხმოდ ვიღებდი და მდაბლად ვუკრავდი თავს; კაპუცინებიც ასევე იქცეოდნენ. ასეთი ჩვეულება აქვთ სპარსელებს – ამგვარ პატივისცემას სხვანაირად არ პასუხობენ.
  არაფერს ვიტყვი ამ ნადიმის არც თადარიგზე და არც ბარაქიანობაზე. ვიტყვი მხოლოდ, რომ ბევრი ღვინო სვეს; იყო უსაზღვრო სიუხვე სურსათისა. მოჰქონდათ სახსნიხლოც და სამარხვოც; ეს უკანასკნელი იქ დამსწრე პატრიარქისა და ეპისკოპოსის პატივსაცემად იყო, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავშეკავებულ ცხოვრებას ეწევიან. სუფრიდან სამი საათის შემდეგ ავიშალეთ. ზოგი სტუმარი უკვე წასული იყო, თუმცა შემწვარი ხორცეული ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ალაგებული სუფრიდან. წამოსვლისას მთავარს მოკრძალებით დავუკარით თავი. მან კიდევ ერთხელ შემომითვალა, „სასიამოვნო სტუმარი ხარო" და ბრძანა შინ გავეცილებინეთ. 14-ში მთავარმა ორი დიდი სურა ღვინო, ორი ხოხობი და ოთხი კაკაბი გამომიგზავნა. აზნაურმა, რომელმაც ეს ძღვენი მოგვართვა, გვითხრა, რომ მთავრისაგან ნაბრძანები ჰქონდა შეეტყო, ხომ არ მჭირდებოდა რაიმე და კაპუცინები ზრუნავდნენ თუ არა ჩემს გართობაზე. მანვე გადმომცა: თუ მთავრის მიერ გამოგზავნილი ღვინო მომეწონებოდა, შემეძლო ყოველდღე გამეგზავნა კაცი მისი მარნიდან ღვინის წამოსაღებად. მე ვთხოვე ამ აზნაურს დაერწმუნებინა მთავარი, რომ ჩემი მასპინძლები არაფერს მაკლებდნენ და რომ ჩვენ ერთად შევსვამთ-მეთქი მთავრის სადღეგრძელოს მის მიერ გამოგზავნილი ღვინით. ამ ღვინოზე უკეთესს ვერაფერს დალევდა კაცი. საღამოს დიდი სუფრა გავშალეთ; ვახშამზე მოვიპატიჟეთ პოლონელი დასტაქარი და ორი სირიელი, რომლებიც მთავრის სამსახურში იყვნენ.
  16-ში მთავარმა მიმიპატიჟა სასახლეში გამართულ დისწულის ქორწილზე. ხუთ საათზე პრეფექტისა და პატრი რაფაელის თანხლებით სასახლისაკენ გავეშურე. როცა მივედით, საქორწინო ცერემონიალი თითქმის დამთავრებული იყო. იგი იმ დიდ დარბაზში ტარდებოდა, სადაც წინა კვირას ვისადილეთ დიდი სურვილი მქონდა მენახა ჯვრისწერის ცერემონიალი, მაგრამ დარბაზი მანდილოსნებით იყო სავსე და იქ, გარდა მთავრისა, მისი ახლო ნათესავებისა, კათალიკოსისა და ეპისკოპოსებისა, არც ერთ უცხო მამაკაცს არ უშვებდნენ.
  მას აქეთ, რაც ქართველები სპარსეთს დაემორჩილნენ, აქაურ ქალებს მამაკაცებთან ყოფნა ეკრძალებათ, მაგრამ ეს აკრძალვა მხოლოდ ქალაქებში მოქმედებს, რადგანაც სოფლებში და იმ ადგილებ- ში, სადაც სრულებით არ არიან მაჰმადიანები, ქალები ჩადრის გარეშე დადიან, სრულიად თავისუფლად ხვდებიან და ელაპარაკებიან მამაკაცებს.
  მაგრამ რადგანაც საქართველოში მაჰმადიანური ჩვეულებები რელიგიასთან ერთად სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს, ქალების თავისუფლებაც აქ თანდათანობით იკვეცება და ეს მშვენიერი სქესის წარმომადგენლები იძულებულნი არიან მისდიონ წესს და განცალკევებით მოიყარონ თავი. საქორწილო ნადიმი სასახლის ტერასაზე გაიმართა, რომელიც ორი ფუტის სიმაღლისა და ექვსი ფუტის სიგანის ფიცარნაგით იყო გარშემორტყმული. ფიცარნაგი გადახურული იყო დიდი ფანჩატურით, რომელიც ოცდაორი ფუტის სიმაღლისა და დაახლოებით ხუთი გოჯის დიამეტრის მქონე ხუთ დიდ სვეტს ეყრდნობოდა. ფანჩატურს ისე მარჯვედ და ოსტატურად ჰქონდა აკრული ოქროსა და ვერცხლისფერი ფარჩა, ხავერდი და სახიანი ტილო, რომ ჩირაღდნების შუქზე ყვავილოვან და მავრიტანულ სამკაულს წააგავდა. ამ დარბაზისმაგვარი ნაგებობის შუაში წყლის დიდი აუზი იყო, მაგრამ სრულებით არ ციოდა, რად- განაც უამრავი ხალხი და აგიზგიზებული დიდი კოცონები ისე ძლიერ ათბობდა იქაურობას, რომ ჩემი წამოსვლის ჟამს სიცხე უკვე შემაწუხებელიც კი გახდა. იატაკზე საუცხოო ხალიჩები ეფინა. მთელი დარბაზი ორმოცი დიდი ჩირაღდნით იყო განათებული. ოთხი მათგანი, რომელიც მთავართან ახლოს იდგა, ოქროსი იყო, დანარჩენი კი – ვერცხლისა. ერთი ცალი ასეთი ჩირაღდანი ჩვეულებრივად ორმოც გირვანქას იწონის. მის საყრდენს თხუთმეტიოდე გოჯის დიამეტრი აქვს. ერთნახევარი ფუტის სიმაღლის სადგამზე საზეთურია დამაგრებული. იგი საქონლის სუფთა ქონითაა სავსე, რომელშიაც ორი პატრუქი დევს. ამგვარი ჩირაღდანი დიდ სინათლეს იძლევა.
  თანდართული სურათი საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იძლევა ამ ნადიმის შესახებ. სტუმრები შემაღლებულ ადგილებზე ისხდნენ. მთავარი სიღრმეში იჯდა უფრო მომაღლო ადგილას, რომელიც გუმბათის ფორმის მქონე ჩარდახით იყო დაფარული. მთავრის ვაჟიშვილი და ძმები ისხდნენ მის მარჯვნივ, ეპისკოპოსები – მარცხნივ, ხოლო ნეფის ადგილი მათ შორის იყო. მთავარმა მე ეპისკოპოსის გვერდით დამსვა კაპუცინებთან ერთად. ნადიმზე ას კაცზე მეტი იქნებოდა. მესაკრავეები ქვემოთ იყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ყველანი მოვთავსდით, შემოვიდა ნეფე, რომელსაც კათალიკოსი მოუძღოდა. როგორც კი თავისი ადგილი დაიკავა, მას მთავრის ნათესავები მიუახლოვდნენ, მიულოცეს და საჩუქრები მიართვეს. სტუმართა უმრავლესობამაც იგივე გააკეთა თავიანთი რანგის მიხედვით. ყოველივე ეს ძალიან წააგავდა საზეიმო პროცესიას მან ნახევარ საათს გასტანა. საჩუქრები ოქროსა და ვერცხლის ფული და ვერცხლის პატარა თასები იყო. მაინტერესებდა გამეგო მირთმეული საჩუქრების ზუსტი ღირებულება. ჩემი აზრით, ბევრი არაფერი იყო, მათი ფასი ორას ეკიუზე მეტი არც კი იქნებოდა. ამასობაში ვახშამიც გააწყვეს შემდეგნაირად: თავდაპირველად ყველა სტუმრის წინ, სეფის სამ მხარეს, გაშალეს სუფრები. ისინი ფიცარნაგის სიფართისა იყო. შემდეგ მოიტანეს სამნაირი პური: ერთი თხელი როგორც ქაღალდი, მეორე თითის სისქე, მესამე მომც- რო ზომისა და ტკბილი. საჭმელი ვერცხლის მოზრდილ ლანგრებზე ეწყო. ევროპაში ასეთ დიდ ლანგრებს არ აკეთებენ. ასეთი ლანგარი ხუფიანად ჩვეულებრივ ორმოცდაათ ან სამოც მარკას იწონის. მსახურთაგან ერთნი შემოიტანდნენ დარბაზში ლანგრებს, დააწყობდნენ გაშლილ სუფრაზე, მეორენი მიიტანდნენ მათ სუფრაჯებთან, ხოლო ესენი კი საჭმელს ღრმა თეფშებზე დააწყობდნენ და შემდეგ სტუმრებთან მიჰქონდათ. პირველად მთავარს მიართმევდნენ, ხოლო შემდეგ სხვებს, მათი რანგის მიხედვით. თავდაპირველად ყველას ერთნაირ ხორცეულს მიართმევდნენ, შემდეგ მეორე სახის ხორცეულს და ა. შ. მთელი ნადიმის განმავლობაში სამი თავი საჭმელი შემოიტანეს. თითოეული დაახლოებით სამოც ასეთ დიდ ლანგარზე იყო გაწყობილი. პირველი თავი იყო მრავალნაირი შილა- ფლავი მოხარშულ ხორცთან ერთად. ფლავს სხვადასხვა გემოსი და ფერისას ამზადებენ. ყვითელი ფერისა შემზადებულია შაქრით, დარიჩინითა და ზაფრანით. წითელში ბროწეულის წვენია გარეული, თეთრი კი ნატურალურია და ყველაზე უკეთესი. ფლავი შესანიშნავი საჭმელია, ძალიან გემრიელი და მარგებელი. მეორე თავი იყო ღვეზელები, ჩაშუშული და მოხრაკული ხორცეული, მოტკბო და მომჟავო საწებლით და სხვა ამგვარი საჭმელები. მესამე თავი წარმოადგენდა მშრალად შემწვარ ხორცს. სამივე თავს სასულიერო პირთათვის მოსდევდა თევზი, კვერცხები და მწვანილი. იყო როგორც სახსნილო, ასევე სამარხვო საჭმელები. კერძები საოცარი წესრიგითა და უხმაუროდ შემოჰქონდათ. ყველა უხმოდ ასრულებდა თავის საქმეს. ერთ მაგიდაზე მსხდომი სამი ევროპელი უფრო მეტს ხმაურობს, ვიდრე ამ ნადიმზე მყოფი ას ორმოცდაათი კაცი. ამ საუცხოო წესრიგის შემდეგ, ყურადღებას ყველაზე მეტად ჭურჭლეულობის სიუხვე იქცევდა. აქ იყო დაახლოებით ას ოცი ფიალა, თასი, ხელადა და ყანწი, სამოცი სურა და თორმეტი აზარფეშა. თითქმის ყველა აზარფეშა ვერცხლისა იყო. სურები ან სადა ოქროსი იყო, ან მომინანქრებული ოქროსი. თასები და ხელადები ზოგი ოქ- როთი იყო დაფერილი, ზოგიც ოქროთივე მოხატული, ზოგსაც ძვირფასი ქვები და ვერცხლის მოჭედილობა ამშვენებდა. ყანწებიც ძვირფასი თასების მსგავსად იყო მოზარნიშებული. ყანწები სხვადასხვა ზომისაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია რვა გოჯის სიმაღ- ლისა და ორი გოჯის სიფართის კუპრივით შავი და სათუთად გაპრი- ალებული ყანწები. ზოგი მათგანი მარტორქისა და გარეული ნადირისაა, ძირითადად კი მათ ხარისა და ვერძის რქებისაგან აკეთებენ. რქების სასმისებად გამოყენება და მათი მორთვა ყოველთვის დიდად გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთის ხალხებში. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ნადიმი, რადგანაც მის დამთავრებას ვეღარ დაველოდე. ვიცი მხოლოდ, რომ ნაშუაღამევს, როცა ჩვენ წამოვედით, ხორცეული სუფრიდან ჯერ კიდევ არ იყო ალაგებული. თავდაპირველად ერთხანს ღვინოს საერთოდ არ სვამდნენ; მხოლოდ მესამე თავი კერძის შემოტანისას მიეძალნენ ღვინოს. სვამდნენ საკმაოდ უცნაურად, ასეთი წესით: მთავართან ახლოს მსხდომ რვა კაცს, ოთხს მარჯვნივ, ოთხსაც მარცხნივ, რვა თანაბარი სიდიდისა და ფორმის ღვინით სავსე სასმისებს მიართმევდნენ. ისინი წამოდგებოდნენ და ვიდრე სასმისებს არ დასცლიდნენ, ფეხზე იდგნენ. პირველად მარჯვნივ მსხდომნი დალევდნენ ერთად, ხოლო მარცხნივ მსხდომნი მათ პასუხობდნენ, შემდეგ რვანივე დაჯდებოდნენ და ეს რვა სასმისი მათ უახლოეს მეზობლებს გადაეცემოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე სადღეგრძელო ყველას არ შემოივლიდა. შემდეგ ყველაფერი იწყებოდა თავიდან; ახალი სადღეგრძელო რვა უფრო მოზრდილი სასმისით ისმებოდა. ამ ქვეყნის ჩვეულების თანახმად, დიდებულების სადღეგრძელოები დიდი სასმისე- ბით ბოლოს უნდა დაილიოს. ეს იმიტომ, რომ სტუმრები უფრო მეტად დაათრონ, რადგანაც მათი ხათრისა და პატივისცემის გამო ისინი იძულებული არიან სვან მანამ, ვიდრე მაგრად არ დათვრებიან. ამგვარად სვამდნენ ამ ნადიმზე ჩემი ყოფნის უკანასკნელი ორი საათის განმავლობაში და, როგორც შემდეგ გავიგე, გათენებამდე ასევე გაგრძელებულა. პირველი სასმისები ჩვეულებრივი ჭიქის ტევადობისა იყო, ხოლო ჩემს იქ ყოფნაში დაცლილთაგან ბოლო სასმისში სამი ნახევარი სეტიე ჩადიოდა, თუმცა იგი მხოლოდ და მხოლოდ საშუალო ზომის სასმისად ითვლება. კაპუცინები და მე სმისაგან გაგვანთავისუფლეს. მართალი რომ ვთქვა, იმდენი ღვინო რომ დამელია, რაც ჩემმა თანამესუფრეებმა დალიეს, იქვე გავთავდებოდი; მაგრამ მთავარმა საკმაო წინდახედულება გამოიჩინა და ბრძანა ჩვეთვის სადღეგრძელოები არ შემოეთავაზებინათ. ჩვენს წინ იდგა ღვინო, წყალი, ოქროს თასი და როცა მოვითხოვდით, მხოლოდ მაშინ შეგვივსებდნენ ხოლმე სასმისებს. სმის დაწყებისთანავე საკრავებიც აჟღერდნენ და სიმღერაც დაიწყო. იქ შემოკრებილთ სიმღერები ძლიერ მოსწონდათ და აღტაცებულიც კი იყვნენ. მე კი ვერაფერს სასიამოვნოს ვერ ვხედავდი ამ მუსიკაში, პირიქით, იგი ყურისმომჭრელი და არაჰარმონიული მეჩვენა. მთავარმა, რომელიც მეტისმეტად გაერთო და გამხიარულდა, პრეფექტს სთხოვა შპინეტი მოატანინეო. მთავრის ამ ახირებამ პრეფექტი და მისი თანამგზავრი საგონებელში ჩააგდო. უხერხულობის მთავარი მიზეზი მე ვიყავი, რადგანაც შეეშინდათ მათთვის არასასიამოვნო წერილი არ მიმეწერა ვინმესთვის იმ ლაჩრული მლიქვნელობის გამო, რომელიც მათ ამ შემთხვევის დროს გამოამჟღავნეს – მისიონის პრეფექტი იმდენად დაეცა, რომ ვიოლინოზე უკრავდა მაჰმადიანი მთავრის წინაშე, ურწმუნოთა და ერეტიკოსთა, სამღვდელოებისა და საერო საზოგადოების წინაშე, რომელთათვისაც იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ისი- ნი ღვინომ ჩააგდო, შეიძლება ლოთების ბრბო გვეწოდებინა. შპინეტი მოიტანეს და დარბაზის შუაში, ფილებით მოგებულ იატაკზე დადეს. პრეფექტი იძულებული შეიქნა დაეკრა; როდესაც მთავარმა უბრძანა, რომ დაკვრასთან ერთად ემღერა კიდევაც, მან დაიწყო „Magnificat" და „Te Deum, le Tantum ergo“-ს სიმღერა. მაგრამ პიმნების ჰანგები მთავარს მაინცდამაინც არ ეამა, ამიტომ პრეფექტმა იტალიურ და ესპანურ ენებზე სასახლის სიმღერები და არიებიც შეასრულა. შპინეტი საშინლად აუწყობელი იყო. მთლიანად გათეთრებული, წლებისა და დაღლილობისაგან მოტეხილი პრეფექტი უგუნებოდა უკრავდა. ყოველივე ამის გამო ადვილი წარმოსადგენია თუ რაოდე6 ცუდი გასართობი იყო მისი კონცერტი. მიუხედავად ამისა, მთავარი ორი საათის განმავლობაში მაინც ერთობოდა ამით. ამ კონცერტის დროს მომიახლოვდა მესტუმრეთუხუცესი, წარმოშობით მაჰმადიანი და მკითხა – თქვენი სარწმუნოება არ კრძალავსო მუსიკალური საკრავების ხმარებას? მე ვუპასუხე – არა-მეთქი. მაჰმადიანური სარწმუნოება კი ამას კრძალავსო – მითხრა. ნახევარი საათი ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ამ ბატონმა დამიდასტურა ის, რაც მე დიდიხანია ვიცოდი, რომ მუსიკალური საკრავები მუჰამედის მიერ აკრძალულია, მაგრამ რადგანაც მთელ სპარსეთში საყოველთაოდაა იგი ხმარებაში, ამიტომ კანონით აკრძალვას არავინ უწევს ანგარიშს. მანვე მითხრა, რომ საკრავები განსაკუთრებით ღვთისმსახურებაში არისო აკრძალული, რადგანაც უფალს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ხმით სურსო ქება-დიდების შესხმა. ამ საუბრის დროს ერთმა ქართველმა ეპისკოპოსმა პატრ რაფაელთან ამავე საკითხზე დაიწყო მსჯელობა. მე დაწვრილებით არ ვიცი რა ითქვა მათ შორის, რადგანაც მათი ენა არ მესმოდა, პატრმა კი არ მოისურვა ყველაფერი ეამბნა ჩემთვის. მან მხოლოდ ის მითხრა, რომ ეს ეპისკოპოსი აღშფოთებული ყოფილა პრეფექტის საქციელით, რომელიც ისეთივე ხერხით ართობდა საზოგადეობას ნადიმზე, როგორითაც ის ეკლესიაში უფლის სადიდებლად იყო მოწოდებული. პატრმა რაფაელმა დაუმატა, რომ იგი მეტისმეტად შეწუხებულია იმ თვითნებობით, რასაც მეფისნაცვალი მათ მიმართ იჩენს – აიძულებს პრეფექტს დაუკრას და იმღეროს ყველგან, სადაც კი მოესურვება; მაგრამ რადგანაც მათი უშიშროება მთლიანად მთავრის წყალობაზეა დამოკიდებული, ისინი ვერ ბედავენ წინააღმდეგობის გაწევას. როგორც უკვე ითქვა, შუაღამეს წამოვედით, მას შემდეგ, რაც დიდის მოწიწებით გამოვეთხოვეთ მთავარს. გამომშვიდობებისას მან მკითხა, როგორ ბრძანდებაო ჩემი ნათესავი, ესპანეთის მეფე, და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო. მან მოისურვა კაპუცინებსა და მეც ამ მდიდრული სასმისით შეგვესვა ეს სადღეგრძელო. არ ვიცი, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენთვის თავი მოეწონებინა, თუ პრეფექტის პატივსაცემად, რომელიც მისი კათოლიკე უბრწყინვალესობის195 ქვეშევრდომი იყო.
  17-ში დიდხანს ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რანაირად უნდა ყოფილიყო მთავარი ესპანეთის მეფის ნათესავი და მივხვდი, რომ ეს მრავალი ავტორის აზრს ეთანხმებოდა. ესპანელები წარმოშობით იბერიელები არიან. კაპუცინებს ვკითხე – როგორ ესმის-მეთქი ეს ნათესაობა მთავარს. მათ მიპასუხეს, რომ კლ.იმენტი VIII თეიმურაზისადმი მიწერილ წერილებში იგი ფილიპე II-ს196 ნათესავად, ხოლო იბერიელები და ესპანელები ძმებად მოიხსენიაო; ამის გამო თეიმურაზი, ხოლო მის შემდეგ მისი მემკვიდრეები დაჟინებით იჩემებენ ამ მოგონილ ნათესაობასო. ამასთან დაკავშირებით მათ ბევრი რამ მიამბეს ქართველთა ქედმაღლობასა და მედიდურობაზე, განსაკუთრებით კი მეფისნაცვალზე და მაჩვენეს ერთი წერილის ასლი, რომელიც ორი წლის წინათ მთავარს პოლონეთის მეფისათვის მიუწერია. ამ წერილის თარგმანი აქვე მომყავს... ამპარტავნული ტიტულებით სავსე ეს წერილი აშკარად გვიჩვენებს, რომ აღამოსავლეთის ხალხები, სხვა ხალხებისაგან განსხვავებით, უზომოდ პატივმოყვარენი არიან.
  „ქება, დიდება და თაყვანისცემა უფალს, რომელიც არს ყოვლისმძლე, შემოქმედი და მომცველი ყოვლისა, არც ნაყოფი და არც ნაშიერი, განწმენდილი ყოვლისა სიბოროტისაგან, შემწყნარებელი, მიმტევებელი ცოცხალთა და მიცვალებულთა, უცილობლად მბრძანებელი უდიდესთა და უმცირესთა და მოწყალე გამგებელი მათი, უმაღლესი და უძლიერესი ხელისუფალი მეფე ქართველთა, ლიხთ-იმერისა, ლიხთამერისა, ლეკთა, მთიულთა, მოხევეთა, ხევსურთა, სვანთა, ოსთა, დვალთა, ჩერქეზთა, თუშთა, თიანეთელთა, ფხოველთა, ჟალეთისა, – ხალხთა, რომლებიც უმაღლესი მთების იქით და აქეთ არიან და ყველა იმ დასახლებულ ადგილთა, რომლებიც აქაა197, სამი დიდი ქვეყნის ხელისუფალი (ქართველთა ტერმინით არის ერისთავი, ერი ნიშნავს ხალხს, თავი – მეთაურს ან მთავარს)198. და ყველა იმ პროვინციების დედაქალაქის, წმინდა ადგილის, მცხეთისა, რომელიც მოწყალე უფალმა სამკვიდროდ მოგვიბოძა, მეფე იბერიისა, მუხრანისა, საბარათიანოსი, თრიალეთისა, ტაშირისა, სომხითისა, შაქისა, შარვანისა და მრავალთა სხვათა სამეფოთა, სრული და მტკიცე მფლობელი და უცილებელი პატრონი მათი; იესიანი, დავითიანი, სოლომონიანი; უფლის წყალობითა და ძლიერებით წარმატებული ყოველგნით, მძლეთა მძლე, უძლეველი, მეფეთა-მეფე, უდიდესი ხელისუფალი შაჰნავაზ-ხანი. თქვენ, იოან კაზიმირ, აღვსილო ყოვლითა წყალობითა და მითვე მიმგებო კაცთადმი, სახელმოხვეჭილო მშვიდობიანობით და გამსჭვალულო სათნოებით, უფლის ძალითა და მოწყალებით აღმატებულო, უავგუსტესო, უნეტარესო, დაბადებულო ბედნიერ ვარსკვლავზე, ნიადაგ სიკეთის მთესველო, ღირსეულად მომხვეჭო ტახტისა და გვირგვინისა, უდიდესო სუზერენო, მძლეთა მძლეო, შებმუსრავთ მტერთა და დამთრგუნავო ურჩთა, ხელისუფალთ დაბადებულო ქრისტიანად და ქრისტიანული რწმენით აღზრდილო, განთქმულო იარაღის ძალით, მემკვიდრე მეფეო პოლონეთისა, გოთიისა, ვანდალიისა, ლიტვისა, რუსეთისა, პრუსიისა, მაზოვიისა, ლივონიისა, სამოტისა, კიევისა, ჩერნიგოვიისა, და მრავალთა სხვათა სამეფოთა და პროვინციათა, უმშვენიერესო სენიორო, რომლის სახელი ყველგანაა ცნობილი მზისა ქვეშე; თქვენ მოგმართავთ პოლონეთის უბადლო დიდო მე- ფეო, სიბრძნესა და ყოველგვარ მეცნიერებაში ღრმად განსწავლულო და განდიდებულო პირუთვნელი ხოტბით, რომლითაც თქვენ გამკობენ მრავალ მშვენიერ ენათა ფლობის გამო, მოგესალმებით მთელი სიყვარულით და სასოებით გისურვებთ სრულ კეთილ- დღეობას, ხანგრძლივ სიმშვიდეს და მრავალ წარმატებას. უსაზღვრო მადლობას ვწირავთ უფალს, ცისა და მიწის შემომქმედს, რომ შევიტყვეთ თქვენი ჯანმრთელად ყოფნის ამბავი იმ წერილების საშუალებით, რომლებიც უდიადესი და უბრწყინვალესი სენიორის, ლესრნოს გრაფის, თქვენი სამეფოს დიდი კანცლერის, დიდი პოლონეთის გენერალ-ლეიტენანტის იოან ლეზუნსკის სახელით მოგვივიდა. ნიადაგ ვთხოვთ ზენაარ უფალს გვამცნოს დროდარო თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფილების ამბავი, რომ თქვენ უჭმუნველად ტკბებით ბედნიერი მშვიდობის ნაყოფით და ნეტარებას განიცდით. თქვენი კეთილი მსახური გურჯიბეგ დანბეკი, თქვენი სამეფოს ოფიცერი, ერთგულებითა და კეთილშობილებით ცნობილი დიდებული199 მოვიდა აქ, ვითარცა მოციქული თქვენი სამეფო უდიდებულესობისა, რათა განეახლებინა მშვიდობა და განემტკიცებინა მეგობრობა და კეთილი ურთიერთობა, რომელიც გაქვთ სვებედნიერ ხელმწიფე სულთან სულეიმანთან, რომლის სიდიადე ცამდეა ატყორცნილი და მთელ დედამიწაზეა დამყარებული200; იგი, უმაღლესი ხელისუფალი უდიდესი, სწორუპოვარი, უძლიერესი, შეჩვეული იმას, რომ ყველაზე საშიში მტრებიც კი აიძულოს თაყვანი სცენ მას, რომლის წყალობით მთელი სამყარო არანაკლებ სიმდიდრეს იღებს, ვიდრე ზღვიდან, და რომელიც ღირსია უფრო მეტი ქება-დიდებისა ვიდრე ეს ადამიანს ძალუძს, მონარქი სპარსეთისა, პართიისა, მიდიისა, ჰირკანიისა, სპარსეთის ყურისა და მისი კუნძულებისა, კარამანიისა, არაქოზიისა, მარგიანისა და სხვათა ურიცხვ სამთავროთა და სამფლობელოთა. თქვენმა ზემოხსენე- ბულმა მოციქულმა ისე გაიარა ჩვენი მიწა, რომ არავითარი დაბრკოლება არ შეხვედრია და არც არავითარი უსიამოვნება არ განუცდია. ახლა იგი, უფლის შეწევნით, თქვენს სამეფო უდიდებულესობასთან ბრუნდება. უმორჩილესად ვთხოვ თქვენს უდიდებულესობას იმ ურთიერთკეთილგანწყობისა და მეგობრობის საწინდრით, რომელიც ჩვენს შორის სუფევს, რომ ეს კეთილი ქვეშევრდომი და ჩემი მსახური, იყონ ისევე სასურველი სტუმარი თქვენი უდიდებულესობისა, როგორც ის იყო მის წინამორბედთან201. თბილისის სამეფო 26 მარტი, 1671 წ. ისეო მაცხოვრის მოვლინებიდან“202.
  20-ში პრეფექტსა და პატრ რაფაელს ვთხოვე მთავრისათვის მადლობა მოეხსენებინათ იმ პატივის გამო, რაც მან დამდო და თან ეთხოვათ დიდი სომხების დედაქალაქ ერევნამდე მისი რომელიმე ხელქვეითი გამოეყოლებინა ჩემთვის. მთავარმა მიიღო მადლობაც და თხოვნაც. მან კაპუცინებს დაავალა გადმოეცათ ჩემთვის, რომ მას ძალიან უყვარს ევროპელები და რომ მისი დიდი სურვილია უფრო ხანგრძლივად დავრჩე თბილისში, რათა უკეთ გავეცნო ამ ქალაქს; მაგრამ რადგანაც ხელმწიფის ბრძანება გაქვთო შესასრულებელი, ვერა ვბედავ თქვენს დაყოვნებას და ამისი სურვილიც არა მაქვსო. შეგიძლიათ განაგრძოთ გზა, როცა კი მოგესურვებათო. ჩემს მიწა-წყალზე არავითარი საფრთხე არ მოგელით და ამის გამო სრულებითაც არა გჭირდებათ ამალა, მაგრამ რაკი აგრე გსურთ, ერთ-ერთ ჩემს მოხელეთაგანს მაინც გამოგაყოლებთო. შემდეგ პატრებმა მიამბეს, რომ მთავარს დიდხანს ულაპარაკია იმის თაობაზე, თუ რაოდენ დიდი სურვილი აქვს მას ნახოს ევროპელები თავის ქვეყანაში დასახლებული. მას პატრებისათვის უთქვამს ჩემთვის გადმოსაცემად, რომ თუ ვინმე ჩამოვა საქართველოში სავაჭროდ, მე მათ ყოველგვარ თავისუფლებასადა პრივილეგიებს მივანიჭებ, რასაც კი მოისურვებენო; ჩემი საბრძანებელი შავ ზღვამდეა გადაჭიმული, და რადგანაც სპარსეთში დიდი პატივით ვსარგებლობ, ხოლო თურქეთშიც მეტად დაფასებული ვარ, ევროპელები, რომლებიც მოისურვებენ ჩემი ქვეყნის გავლით ინდოეთში წასვლას, ამ ქვეყნებზე უკეთეს გზას ვერსად იპოვიანო; დარწმუნებული ვარ, თუ ერთხელ გაივლიან ამ გზით, მომავალში სხვა გზას აღარ აირჩევენო. პატრებს ვუთხარი, დიდი მადლობა გადაეხადათ მთავრისათვის იმ კეთილი განწყობილების გამო, რაც მას ჩვენი ქვეყნის ხალხის მიმართ ჰქონია და ვთხოვე გადაეცათ მისთვის, რომ მის სურვილს აუცილებლად შევატყობინებ ჩვენს ინდოეთის კომპანიას-მეთქი; თუ იგი პატივს დამდებს და ინებებს წერილის დაწერას, მის ბარათს აუცილებლად გადავაგზავნი-მეთქი; დაბოლოს მისგან უსაზღვროდ დავალებული ვიქნები, თუ მისი კარის რომელიმე მოხელეს გამაყოლებს უახლოეს ქვეყნამდე, რის შესახებაც ისფაჰანში ჩასვლისთანავე მოვახსენებ ხელმწიფესა და ვეზირებს-მეთქი.
  24-ში თბილელი (მე აღვნიშნე, რომ ასე უწოდებენ თბილისის ეპისკოპოსს) მობრძანდა ჩემს სანახავად. მას მთავრისაგან ჰქონდა დავალებული ჩემთვის გადმოეცა შემდეგი: მთავარს დიდხანს უფიქრია ჩემს წინადადებაზე ბარათი მიეწერა ფრანგული კომპანიისათვის საქართველოში ვაჭრობის განვითარებისა და ამ ქვეყნის გასასვლელ გზად გამოყენების შესახებ; მთავარი მზად არისო იმისათვის რათა დაარწმუნოს კომპანია, თუ რა დიდი სარგებლობა შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყანაში ვაჭრობას, მაგრამ მაინც თავს იკავებსო, რადგან სპარსეთის ხელმწიფის ვასალია და ეშინია მისმა უდიდებულესობამ დანაშაულად არ ჩაუთვალოს მისი ნებართვის გარეშე საქმიანი წერილის მიწერა უცხოელებისათვისო; მაგრამ თქვენ სრული დარწმუნებით შეგიძლიათ გადასცეთო მათ, რომ თუ კომპანია რწმუნებულების გამოგზავნას მოისურვებს ამ ქვეყნებში, ისინი აქ იაფად იშოვნიან ევროპისათვის გამოსადეგ ბევრ საქონელს და მათაც, რამდენადაც შეიძლება, კარგად მიიღებენო. თბილელს მოვახსენე – გთხოვთ მთავარი დაარწმუნოთ, რომ მის დავალებას პირნათლად შევასრულებ-მეთქი. პრელატმა თხუთმეტიოდე წუთი დაჰყო ჩემს ბინაში. წასვლისას საჩუქრად მარჯნის საუცხოო კრიალოსანი მივართვი. ასეთია აქაური ჩვეულება – წარჩინებულ პირთა ვიზიტი აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს. კაპუცინები მეტად ნსიამოვნები დარჩნენ თბილელის ვიზიტითაც და ჩემ მიერ გაღებული მისი საზღაურითაც, რადგან თბილისის ეპისკოპოსი აქამდე არასოდეს ყოფილიყო მათთან.
  25-ში მთავარმა ღვინო გამომიგზავნა და შემომითვალა, რომ ჩემს გასაყოლად უკვე დაენიშნა ერთი სპარსელი და განკარგულება გაეცა დაემზადებინათ მისთვის ბრძანების ქაღალდი. ასე რომ, მეორე დღესვე შემეძლო გამგზავრება.
26-ში პატრმა რაფაელმა ორი საათი გამატარებინა ერთი ბებერი დედაკაცის სახლში, რომელიც ათასგვარი საიდუმლო საშუალებით აქიმობას ეწეოდა და ზოგი რამ, რომლის შესახებაც ქება გაუგონია, ჩემს უბის წიგნაკში ჩამაწერინა. აი, რამდენიმე მათგანი:
წყალმანკის მოსარჩენად საჭიროა ნახევარი დრახმა ბაკლას ძირების წვენი; წამალი უნდა გამეორდეს ყოველ ორ დღეში, ვიდრე ავადმყოფობა არ განიკურნება.
უნებური შარდის დენის შესაწყვეტად საჭიროა სამი დღის განმავლობაში შემწვარი ყვერულის ჩინჩახვის შიგა ტყავების ჭამა, დღეში ხუთჯერ.
მორიელის ნაკბენის საწინააღმდეგოდ აიღე ცოცხალი ქათამი, გაპუტე კუსუბო და მიიდე ჭრილობაზე. ქათამი ამოსწოვს შხამს და თვითონ კვდება. როგორც კი ქათამს კრუნჩხვები დაეწყება, უნდა აიღო მეორე ქათამი და მოიქცე ისევე, როგორც პირველად და გაიმეორო მანამ, სანამ ქათამი შეწყვეტდეს შხამის ამოწოვას.
სიყვითლის საწინააღმდეგოდ მოხარშე ბრინჯი, ზედ დააწვინე ავადმყოფი და თბილად დაახურე, ან მიაღებინე რძის აბაზანა. ამ უკანასკნელსაც ისეთივე მოქმედება აქვს.
სახსრების გარეგანი ტკივილების დროს, მაგალითად, სამგორ ველისა, უნდა მიიღო ან ნახარში, ან შეიბოლო სამი დრახმა ხარის-ძირა.
შინაგანი რევმატიული ტკივილებისათვის, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, უნდა მიიღო ჟანგმიწის ხსნარი.
ყოველგვარი სახის დაბეჟილობის, მოტეხილობისა და ჭრილო- ბისათვის ასევე აიღე ჟანგმიწის ხსნარი, შეახვიე ავადმყოფი ძრო- ხის ტყავში და გამოუდინე სისხლი. შეახვიე ჭრილობა დაფხვნილი ბალახით, რომელსაც ფრანგულად ჰქვია „bouillon", ხოლო ლათინურად „taxus barbatus”.
კატარის – თავში ან ყელში სისხლის მოწოლის დროს უნდა შეიბოლო ქარვა.
დიზენტერიის საწინააღმდეგოდ მიიღე ტვიას ფოთლებისა და ნაყოფის ნაყენი, ან კიდევ კურდღლის შემწვარი სისხლი, ღვინოზე დაყენებული. ურთხელი! ბუასილის მოსარჩენად დანაყე მრავალძარღვას ფოთლები და დაიყარე.
თირკმელების ტკივილებისათვის, იხმარება ტუხტის ფოთლე- ბისა და თესლის ნახარში.
კენჭების საწინააღმდეგოდ იხმარება აგრეთვე ტუხტის ნახარში!.
თირკმელებში წყლულის საწინააღმდეგოდ იხმარება რძე. პლევრიტის საწინააღმდეგოდ უნდა აიღო ჩვეულებრივი ფქვილისაგან დამზადებული ორი ძალიან თხელი კვერი, დიდხანს ხარშო წყალში შაბით და ბალახით, რომელსაც ფრანგულად ეწოდება „garanse", ხოლო ლათინურად „rubea tinctorum", შემდეგ უნდა დაიდო გვერდზე, ერთი წინა მხარეს, მეორე კი უკანა მხარეს, რამდენადაც შეიძლება ცხელი, ისე, რომ ავადმყოფმა აიტანოს. წამალი უნდა იხმარო ყოველდღე, ვიდრე არ განიკურნები. ხველების საწინააღმდეგოდ უნდა იხმარო „Cynoglossum"-ის ძირები, რომელსაც ფრანგულად ეწოდება „Langue de chien“. ციებ-ცხელების საწინააღმდეგოდ, რომლის შეტევის დროსაც ადამიანს შეამცივნებს, ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებაა სალბუნები შემზადებული ცხვრის დუმით, დარიჩინით, სანელებელი მიხაკითა და ჰილით. პაროქსიზმის დროს იდებენ მათ შუბლზე, კუჭსა და ფეხებზე. როდესაც ციება გაივლის, იღებენ ამ სალბუნებს, შუბლსა და კუჭზე იდებენ სხვა სალბუნებს, რომლებიც დამზადდება ვარდკაჭაჭასა და მრავალძარღვას ფოთლებისა და ბალახისაგან, რომელსაც ეწოდება „Solanum". შემდეგ აიღებენ გოჭს, ორად გაჭრიან და დაიდებენ ფეხებზე. ავადმყოფობის განმავლობაში ავადმყოფს კვებავენ მხოლოდ პურითა და ნუშის რძის ნაღებით, ისე რომ შემწვარ-მოხარშულს არაფერს აძლევენ. პატრი რაფაელი მარწმუნებდა, რომ მას უნახავს ამ ქვეყანაში ციებ-ცხელებისაგან განკურნებულნი, რომლებიც წყლის პირას მიუყვანიათ და აკანკალებულები წყალში ჩაუშვიათ. ეს ძნელი დასაჯერებელია და, მართალი რომ ვთქვა, იგი სავსებით უაზროდ მეჩვენება, რადგანაც საშიშია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ქვეყნის ჰავისა და ბუნების სხვადასხვაობის გამო წამლები ძალიან განსხვავებულ შედეგს იძლევიან. ასე რომ, ერთი თუ, ასე ვთქვათ, მომაკვდინებლად მოქმედებს ერთ ქვეყანაში, სხვაგან არაფერს არ იწვევს" . ენდრო. ძაღლის ენა. ხებალახა.
საღამოს მთავრის დიდი ვეზირის მდივანმა მომიყვანა ერთი მოხელე, რომელიც ერევანში უნდა გამყოლოდა. ჩემი თანდასწრებით გადასცა მას ბრძანების ქაღალდი ამ საქმის თაობაზე, რომლის თარგმანიც მომყავს:
„სახელითა უფლისათა“ კეთილშობილ დიდებულს ემინ-აღას [I] მკაცრი სასაჯელის შიშით ეკისრება ზუსტად შეასრულოს ფირმანის შინაარსი, რომელიც აწ განსვენებულმა ხელმწიფემ – ამქვეყნად ბედინ გამგებელმა [II] და ამჟამად ზეცად ამაღლებულმა, [III], მისცა ევროპელ ფრანგებს – ბატონებს შარდენსა და რეზენს, რომლის ძალითაც ქალაქთა მმართველნი [IV] დიდი გზების ზედამხედველნი, ბაჟების ამკრეფნი და იმპერიის ყველა მოხელე ვალდებულია პატივი სცენ მათ და მოერიდონ მათგან რაიმე გადასახადის მოთხოვნას: ზემოხსენებული ემინ-აღა უნდა შეეცადოს მიაცილოს ისინი კურთხეულ ქალაქ ერევნამდე ისე, რომ გზაში რაიმე ზიანი და უსიამოვნება არ შეემთხვეთ, რათა არაფერმა არ შეუშალოს მათ ხელი მშვიდობით მიაღწიონ სასახლეს – კაცობრიობის მოდგმის საყრდენს [V]. ყველა, ვინც ამ ბრძანებას იხილავს, სიფრთხილე მართებთ, რათა არ დაირღვეს იგი.
დაიწერა წმინდა თვესა ზულ-ყადას [VI] 1083 ჰიჯრით (1673 წ. თებერვალი-მარტი)".
I. „ემინს" იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც „მირს"; ეს ერთი და იგივეა: ისინი აღნიშნავენ „ბატონს, წარჩინებულს, მამაცს, ოჯახის ან ტომის უფროსს“. „წიგნი მეორე სჯულისა". II თავის X მუხლის მიხედვით შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ამ სიტყვის ზოგიერთი, მნიშვნელობა ძალიან ძველია; ებრაულად იგი სიტყვასიტყვით აღნიშნავს ,,შემაძრწუნებელს".
II. სიტყვასიტყვით რომ გადმოგვეთარგმნა, უნდა ყოფილიყო „შეერთების მბრძანებელი". სპარსელები, რომელთაც დაბეჯითე- ბით სწამთ ასტრონომიული წინასწარმეტყველებისა, თვლიან, რომ გამარჯვებები და ბედის ყოველგვარი წყალობანი დამოკიდებულია ორი მფარველი მნათობის შეერთებაზე. აქედან გამომდინარე, როცა მხოლოდ წარმატება და ბედნიერება აქვთ, ამბობენ შეერთების მბრძანებელი ვართო.
III. სპარსულში სიტყვასიტყვით ნათქვამია – „რომლისთვისაც ზეცა არის საცხოვრებელი ადგილი". ალის მიმდევრები სპარსეთის ხელმწიფეებს წმინდანებად თვლიან, როგორც მაჰმადის მემკვიდრეებსა და უფლის მოციქულთ; მათ სარწმუნოების დოგმად აქვთ მიღებული, რომ ეს ხელმწიფეები წინასწარდანიშნულებით გარდაუვალად ზეცად ამაღლდებიან და ეს ისევე ბუნებრივია, როგორც ჩიტების დაბრუნება თავიანთ ბუდეებში.
IV „ომმალ", რომელიც მე გადმოვთარგმნე როგორც „მმართველი", ნიშნავს „მცირე მთავარს“ ან „დაქვემდებარებულ მმართველს". ამ სიტყვით აღინიშნება „ტარუღა", რომელიც ნიშნავს მმართველსა და მოსამართლეს. „მუსთოუფი“ აღნიშნავს მმართველს; „შეიხ ოლ ისლამ“ – სამოქალაქო მსაჯულს. „ვაზირი“ – მთავარი მებაჟეა, ხოლო „ქალანთარი" – ვაჭრების ზედამდგომი203.
V. „ალამფანაჰ" ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი ტიტულია, რომლითაც სპარსელები ამკობენ თავიანთ ხელმწიფეს და რომელიც ნიშნავს ქვეყნის საყრდენსა და საფუძველს"204.
VI . ეს არის წლის II თვე.
დიდი ვეზირის მდივანს ერთი პისტოლი ვაჩუქე იმ შრომის საფასურად, რომელსაც იგი ეწევა ასეთი სახის ბრძანებების დასამზადებლად. ეს საზღაური განსაზღვრული არ არის. იგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბრძანება, როგორ არის გაფორმებული და როგორი ხარისხისაა იგი. პირველ ყოვლისა, ჩემმა გამყოლმა გამომიცხადა – ცხენები არა მყავს და ხუთი პისტოლი მომეცი ერთი ცხენის საყიდლადო. კარგად ვიცოდი, რომ ეს წმინდა წყლის ოინი იყო ფულის წინასწარ დასაცინცლად. მას ეშინოდა უპირო კაცი არ გამოვმდგარიყავი და ერევანში ჩასვლისას მცირედი გასამრჯელო არ მეკმარებინა მისთვის, ან სრულებით არაფერი მიმეცა...
28-ში, დილის თერთმეტ საათზე, თბილისიდან გავემგზავრე. პოლონელმა ქირურგმა, რომლის შესახებაც მე ვილაპარაკე, და ჩემმა ნაცნობმა რამდენიმე ქართველმა გადასასვლელამდე მიმაცილეს. გამყოლი წინ მიდიოდა, რათა ქალაქიდან გამოსულ დატვირთულ ყველა ცხენზე მცირე გადასახადის ამკრეფები გაეფრთხილებინა, არაფერი მოეთხოვათ ჩემი ხალხისაგან. ასეთ გამყოლებს ეძახიან „მეჰმენდარს”, რაც ნიშნავს „სტუმარზე მზრუნველს"205. მათ აძლევენ მსტოვრებს, ელჩებსა და ყველა საპატიო უცხოელს. მათ მოვალეობას შეადგენს, ის პირები, რომელთა გამყოლებიც ისინი არიან, უზრუნველყონ ბინით, სურსათითა და ეკიპაჟით; ერთი სიტყვით, გაათავისუფლონ ისინი მოგზაურობასთან დაკავშირებული საზრუნავისაგან. ისინი, ასე ვთქვათ, მსახურთუხუცესნი ან მომმარაგებელნი არიან იმ პირთა, რომელთაც მიყვებიან, რადგან ყველგან და ყველაფერში იყენებენ მათ: აგზავნიან საყიდლებზე ან ვეზირებთან დავალებით, როცა არ სურთ თავი შეიწუხონ პირადად მისი გადაცემით. გამყოლებს მათი სამსახურისათვის კარგ გასამრჯელოს უხდიან; თვით ასეთი დავალებაც ხომ უკვე ჯილდოს უდრის. ამასთანავე ის სოფლები, რომლებშიც ისინი გაივლიან, ქრთამს აძლევენ მათ, რათა ნაკლები სიმკაცრით აკრიფონ ის, რაც ევალებათ მიართვან მათ მიერ მოყვანილ ხალხს, და დიდი ზარალი არ მოუვიდეთ. ეს გამყოლები კისრულობენ ვაჭრების მფარველობას და ისინიც სიამოვნებით თანხმდებიან მათ სამსახურზე, რადგანაც, გარდა იმისა, რომ ამით თავს იზღვევენ გაძარცვისაგან, ამასთანავე თავისუფლდებიან საგზაო და საბაჟო გადასახადებისაგან, რისთვისაც გამყოლები დამატებით საფასურს იღებენ. ყველაზე დიდი შემოსავალი მათთვის არის საჩუქარი, რომელსაც ისინი უკან დაბრუნებისას იღებენ...
თბილისიდან გამოსვლის დღეს ორი ლიე გავიარე დაბალ მთებში, რომელიც ქალაქის სამხრეთით მდებარეობს. ღამე გავათენე დიდ სოფელში, რომელსაც ეწოდება სოღანლუღი, ე.ი. „ხახვების ადგილი" და რომელიც მდინარე მტკვარზეა გაშენებული. შორიახლოს დავინახე სამეფო სასახლე, რომელსაც სეფი-აბადი ანუ სეფის საცხოვრებელი ეწოდება. ეს სპარსეთის ის ხელმწიფეა, რომელიც 1627 წელს ავიდა ტახტზე206. სასახლე გაშენებულია ბორცვზე, აქვს ფართო ტერასები, არხები და წყალვარდნილები. გაზაფხულზე ეს არის მდელოებითა და სურნელოვანი ყვავილე- ბით დამშვენებული საუცხოო ადგილი, ხოლო წლის მომდევნო დროებში იგი ხილის სიუხვით გამოირჩევა207.
* * *
1674 წლის 28 ოქტომბერს208 ხელმწიფის სასახლეში ყოფნის დროს შემატყობინეს ხელმწიფის კარის პასუხი მოსკოვის საგანგებო ელჩისადმი, რომელიც რამდენიმე ხნის წინათ ჩამოვიდა სპარსეთში და მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს იმის გაგება, თუ რა დავალება ჰქონდა ამ ელჩს. უკეთ რომ გავერკვეთ ამ საკითხში, გავიხსენოთ რაც ზემოთ იყო თქმული საქართველოში მომხდარი გადატრიალებების შესახებ ლაპარაკის დროს. როდესაც საქართველოს უკანასკნელი მეფე თეიმურაზი სპარსეთის ხელმწიფის ჯარებმა შეიპყრეს, მისი რძალი, თეიმურაზის რამდენიმე წლის წინათ გარდაცვლილი უფროსი შვილის ცოლი, მოსკოვის სახელმწიფოში გადაიხვეწა. თან წაიყვანა ერთადერთი ვაჟი, რომელიც ამ მთავრისაგან ჰყავდა და რომელიც ამდენად თეიმურაზის შვილიშვილი და მისი მემკვიდრე იყო209. დიდმა მთავარმა210, როგორც იქვე აღვნიშნავდი, დიდი პატივით მიიღო დედოფალი და მისი ვაჟი – მიუჩინა მათი ჩამომავლობისა და უწინდელი მდგომარეობისათვის შესაფერისი ბინა; ხოლო როდესაც ვაჟმა გარკვეულ ასაკს მიაღწია, თავისი ასული მიათხოვა მას და დაჰპირდა, რომ გამოიყენებდა თავის გავლენას სპარსეთის ხელმწიფესთან, რათა იგი საქართველოს სამეფოში მეფისნაცვლად დაებრუნებინათ. სწორედ ამის გამო მოვიდა ეს საგანგებო ელჩი სპარსეთის ხელმწიფის კარზე. დიდი მთავარი ხელმწიფეს ელჩისპირით უთვლიდა, რომ რაკი მან თავს იდო თეიმურაზის შვილიშვილის, საქართველოს ტახტის კანონიერი მემკვიდრის მფარველობა და რაკი იმ პირობების შესაბამისად, რომლითაც ეს სამეფო დაემორჩილა სპარსეთს, პირველ ყოვლისა, გათვალისწინებული იყო, რომ საქართველოს მეფისნაცვლები მის უკანასკნელი მეფის, თეიმურაზის, საგვარეულოდან უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო ვინაიდან თეიმურაზის შვილიშვილი მტკიცედ არის დაკავშირებული მის პიროვნებასთან, იგი იმედოვნებს, რომ მისი სპარსელი უდიდებულესობა კეთილინებებს მისცეს მას ამ სამეფოს მეფისნაცვლობა, მით უმეტეს, რომ კანონით, როგორც თეიმურაზის შვილიშვილს, ტახტი სწორედ მას ეკუთვნის. რადგანაც მას ეჭვი არ ეპარება, რომ მისი უდიდებულესობა სიამოვნებით მოიქცევა სწორედ ასე. დაიცავს სამართლიანობას და აუცილებლად ჩაერევა ამ საქმეში, საგანგებო ელჩთან ერთად, გზავნის თავის სიძეს – ახალგაზრდა უფლისწულს, რათა მან მის უდიდებულესობას ფეხები დაუკოცნოს და მიიღოს მისგან საქართველოს მეფისნაცვლობა. ასეთი იყო დიდი მთავრის წერილების შინაარსი, რომლებიც საგანგებო ელჩმა წარუდგინა სპარსეთის ხელმწიფეს. ამ ელჩს თან ახლდა ერთი აზნაური ამ ახალგაზრდა უფლისწულისა, რომლის შესახებ იყო ლაპარაკი. აზნაურმა თავის მხრივ წარადგინა თავისი ბატონის წერილი, რომელშიაც უფლისწული ხელმწიფეს ატყობინებდა, რომ იგი მოსულია იმისათვის, რათა ფეხქვეშ ჩაუვარდეს მას და მიიღოს მისგან კეთილი წყალობა; რადგანაც იგი მისი უდიდებულესობის მსახური და ვასალია, მას სჯერა, რომ ხელმწიფე ინებებს პატივით მიიღოს იგი და მოეპყრობა მისი მეფური ღირსების შესაბამისად; ჯერჯერობით კი ხელმწიფის ბრძანების მოლოდინში იგი საზღვართან დგას. წარმოგზავნილებისადმი გაცემულ პასუხში ნათქვამი იყო, რომ ხელმწიფე იწონებს დიდი მთავრის შუამდგომლობას თეიმურაზის შვილიშვილის სასარგებლოდ და მხედველობაში მიიღებს მის თხოვნას. ახალგაზრდა უფლისწულს კი ნება დაერთო ხელმწიფის კარზე მოსვლისა. ამას გარდა თავისი წყალობის ნიშნად და საწინდრად ხელმწიფემ უფლისწულს გაუგზავნა უძვირფასესი ხალათი, რომელიც შედგებოდა ცხრა სრული ჩასაცმელისაგან: ერთი მათგანი ძვირფასი თვლების საკინძებით იყო მორთული, ოთხი – ოქროქარგული, ხოლო დანარჩენები – ოქროთი და ვერცხლით მოქარგული ფარჩისა211. გაუგზავნა აგრეთვე ძვირფასი თვლებით მოჭედილი დაშნა და ხანჯალი, ოცი ცხენი და ოცი ათასი ეკიუ ვერცხლით. ამ უფლისწულის მოსვლამ ქართველები დიდად შეაშფოთა, განსაკუთრებით კი ამ ქვეყნის მეფისნაცვალი, რომელიც მისი ნათესავი და იგივე სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ეს მეფისნაცვალი ცნობილი იყო არა მარტო მრავალრიცხოვანი შვილებით – ქალიშვილებითა და ვაჟებით, რომლებიც კარგად იყვნენ დაბინავებულნი და გამოირჩეოდნენ მამაცობითა და განათლებით212, არამედ დიდი სიმდიდრითა და მრავალრიცხოვანი შესანიშნავი მოხელეებით, რომლებიც მის კარზე იყვნენ თავმოყრილნი. მეფისნაცვლის მეორე ვაჟი შვილთან, რომელიც ისფაჰანის მმართველი და მთავარი მოსამართლეა, მითქმა-მოთქმა დაიწყო – მეფისნაცვალი ნებით არ დათმობს თავის სამეფოს და რომ მეტად სახიფათოა მასთან შეჭიდება, თუ მოწინააღმდეგე ბევრად უფრო ძლიერი არ იქნაო, რადგანაც იგი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს სამეფოს, რომელიც დაპყრობების შედეგად გააფართოვა და გაზარდა ერთი მესამედითო. ფიქრობდნენ, რომ ყოველივე ეს დიდ სიძნელეებს შეუქმნიდა სპარსელებს, მაგრამ დიდი ვეზირის აზრით, მიუხედავად ამ სიძნელეებისა, ეს შემთხვევა იმის იმედსაც იძლეოდა, რომ საქართველო საბოლოოდ დაეპყროთ და სავსებით დაემორჩილებინათ ეს ამაყი და ურჩი ხალხი, რომელიც ესოდენ მტკიცედ იცავდა ჯერ კიდევ შემორჩენილ მცირეოდენ თავისუფლებას და ხშირად თავგანწირულ წინააღმდეგობას უწევდა სპარსეთის ხელმწიფის ბრძანებებს. ამბობდნენ დიდი ვეზირის მიზანს ახალგაზრდა უფლისწულის საქართველოში დამკვიდრება წარმოადგენსო. მან კარგად იცოდა, რომ უფლისწულის აქ გამოჩენას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს დაქუცმაცება, რადგანაც ქვეყნის მრავალი დიდებული დაუძინებელი მტერი იყო მეფისნაცვლისა; ამ არეულობის საფუძვლით, ბოლოსდაბოლოს, მის ადგილზე დაინიშნებოდა წარმოშობით სპარსელი და ამგვარად საქართველო მთლიანად იქნებოდა დამორჩილებულ. რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოდან წერილები მივიღე, რომლებმაც დაადასტურეს ყოველივე ის, რაც თეიმურაზის შვილიშვილის ჩამოსვლის შესახებ ვთქვი. გარდა ამისა, ამ წერილების საშუალებით შევიტყვე, რომ კოლხიდასა და მის მახლობლად მდებარე პატარა სამთავროებში, სადაც მაჰმადიანობა ჯერ კიდევ არ იყო ფეხმოკიდებული, ახალი ბრძოლები დაწყებულა; მოუკლავთ მეფე, რომელიც თურქებმა 1672 წლის ბოლოს უწინდელი მეფის ნაცვლად დასვეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი მეფე კოლხიდის სამეფო გვარს ეკუთვნოდა და თავისი წინამორბედის ნათესავი იყო. ეპისკოპოსს ეს ახალი მეფე დიდ ნადიმზე მიუწვევია თურმე. ვიდრე იგი სიამოვნებით შეექცეოდა გემრიელ საჭმელებს, ისე რომ არავითარი სიბოროტის შიში არ ჰქონია, მოხუცი მეფე ამალითურთ თავს დასხმია მას ამ სახლში, რომლის პატრონიც მათი მომხრე ყოფილა. საბრალო მთავარი მყისვე ნაკუწ-ნაკუწად უქცევიათ213. ასეთივე ბედი სწვევია იმათაც, ვისაც მისი დაცვა განუზრახავს. კავკასიის მთებისა და შავიზღვისპირეთის თურქები, როცა გაუგიათ ამ ამბოხების ამბავი, მეტისმეტად გაცხარებულან, იმის გამო რომ ეს საბრალო კოლხები და მათი მეზობლები თავიანთი საქციელით აიძულებენ მათ მთლიანად მოსპონ ისინი. სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად თურქები დაძრულან საქართველოსაკენ და, როგორც წერილებიდან ჩანდა, წლის დასაწყისამდე უნდა ჩასულიყვნენ იქ.
* * *
1675 წლის 18 მაისს ყაზვინში რამდენიმე წარჩინებული ქრისტიანი ვნახე. მათ შორის საქართველოს უკანასკნელი მეფის თეიმურაზ ხანის შვილიშვილი და ერთი დომინიკანელი, რომელსაც აქ პაპის ელჩს უწოდებენ. თეიმურაზ ხანის შვილიშვილის სახელია ერეკლე, მამამისისა კი დაუთ-ხანი, რომელიც საქართველოს უკანასკნელი გადატრიალებების დროს, დაახლოებით 1650 წ. გარდაიცვალა; მაშინ მან კახეთის სამეფო – იბერიის ანუ საქართველოს ერთი ნაწილი დაკარგა214. ერეკლეს დედა215 მიხვდა, რომ ახალგაზრდა უფლისწულის, ტახტის კანონიერი მემკვიდრის, სიცოცხლე საფრთხეში იყო, ამიტომაც მან თავისი ვაჟი მოსკოვის სახელმწიფოში გახიზნა, სადაც ისინი დიდმა მთავარმა თავისი მფარველობის ქვეშ მიიღო. 1673 წელს, როცა ერეკლე ოცდამესამე წელში გადადგა, დიდმა მთავარმა სპარსეთის კარზე ერთი მოხელე წარგზავნა თხოვნით – ახალგაზრდა უფლისწულისათვის თავისი სამეფო დაებრუნებინათ. მახვილი პოლიტიკური ალღოთი დაჯილდოებულმა დიდმა ვეზირმა გადაწყვიტა ეს შემთხვევა გამოეყენებინა საქართველოში შინაური ომის გაღვივებისათვის, რაც საშუალებას მისცემდა სპარსეთს მთლიანად დაემორჩილებინა ეს ქვეყანა. საქართველო, როგორც ცნობილია, გარშემორტყმულია თურქებით, მოსკოვიტებითა და თათრებით; ხალხი მებრძოლი სულისკვეთებისაა, რელიგია სხვადასხვაგვარია, რადგანაც მოსახლეობის ნაწილი მაჰმადიანია, ნაწილი კი – ქრისტიანი. სწორედ ამან აიძულა სპარსეთის ხელისუფლება ფრთხილად გამოეყენებინათ ეს შემთხვევა. მათ იცოდნენ, რომ ერეკლესათვის მისი მამის სამეფოს დაბრუნება საქართველოს კანონიერ მფლობელს, მეფისნაცვალს შაჰნავაზ-ხანს საკმაოდ დაასუსტებდა. შაჰნავაზ-ხანმა კახეთის სამეფო საბოლოოდ დაუმორჩილა სპარსეთს, მას შემდეგ, რაც სავსებით მოახრევინა ქედი საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც თეიმურაზ ხანის გამგებლობაში შედიოდა, მიუხედავად იმისა, რომ შაჰნავაზ-ხანიც თეიმურაზის საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; თუ ეს ცვლილება ქართველებს შორის ომს გამოიწვევდა, სპარსელები ერთ-ერთ მათგანს მიემხრობოდნენ, ერთს მეორის საშუალებით დააშოშმინებდნენ და, ამგვარად, უფრო შეუზღუდავი ბატონ-პატრონები გახდებოდნენ ამ ქვეყნისა, ვიდრე მანამდე იყვნენ. სწორედ ეს იყო მათი დიდი საწადელი. მათ მოსკოვის კარზე ერთი ცნობილი სომეხი სოვდაგარი წარგზავნეს, რომელიც იქ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის სახელმწიფოს კარზე სპარსეთის ხელმწიფის სახელით. მას უფლისწულ ერეკლესათვის ფირმანები გაატანეს. ფირმანები მისი პიროვნების ღირსებასა და პატივს გამოხატავდნენ. ამასთანავე სპარსეთის ყველა ხელისუფალსა თუ მეფისნაცვალს ნაბრძანები ჰქონდა ისე მოქცეოდნენ და მიეღოთ იგი, როგორც მთავარი. დესპანს გაატანეს აგრეთვე ძვირფასი საჩუქარი – ოქრონაქარგი ფარჩის შვიდი ჩასაცმელი, ერთი დაშნა, ერთი ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხანჯალი და ერთიც ცხენის მასიური ოქროს აკაზმულობა. ასეთ საჩუქრებს სპარსეთში „ხალათს“ უწოდებენ216, რაც არაერთხელ განმიმარტავს. დიდმა მთავარმა საკმაოდ ღარიბული ეკიპაჟით გამოისტუმრა ეს ახალგაზრდა უფლისწული; იგი მის წინაპართა ქვეყანაზე, კახეთის სამეფოზე გამავალ გზას დაადგა, რადგანაც ეს იყო უმოკლესი გზა217. კახეთის მმართველი საქართველოს მეფისნაცვლის შაჰნავაზ-ხანის ვაჟიშვილი შაჰნაზარ-ხანი218 იყო. მამამისი მიხვდა, რაც უნდა მომხდარიყო. მან კარგად იცოდა – ერეკლეს იმიტომ აბრუნებდნენ, რომ იგი მისთვის დაეპირისპირებინათ და ეს ქართველების სრული განადგურებისათვის გამოეყენებინათ. მან ამ ამბებთან დაკავშირებით თავის შვილს საიდუმლოდ რჩევა-დარიგება შეუთვალა. შაჰნაზარ-ხანმა დიდი სიყვარულით მიიღო უფლისწული ერეკლე; მეორე დღესვე ძვირფასი საჩუქრები მიართვა: ცხენები, ავეჯი, სხვადასხვა ნივთი, ძვირფასი თვლები და ვერცხლი, რაც მთლიანად ოცი ათასი ეკიუს ღირებულებისა იყო. დიდებულად უმასპინძლა რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ კი იწყო მისი შეგულიანება: დარჩი ჩემს ქვეყანაში და სპარსეთის ხელმწიფესთან ნუ წახვალო. არაფერს იშურებდა მისი გულის მოსაგებად. საკუთარი დაც კი შესთავაზა ცოლად და აღუთქვა ჩემს სამეფოს გაგიყოფო. მაგრამ ერეკლეს მახეში გაბმა ადვილი როდი იყო. მისი მონადირება რომ ასე იოლი ყოფილიყო, დიდხანს როდი დააყოვნებდნენ მის მოკვლას ან მოწამლვას. მან მადლობებითა და ეშმაკური დაპირებებით თავი დაიძვრინა; მაგრამ რადგანაც ეშინოდა თბილისში ან საქართველოს რომელიმე სხვა მხარეში ხიფათს არ გადაჰყროდა, ჩერქეზების ქვეყნის გავლით ირჩია წასვლა და შემახაში ჩავიდა. აქ მას დიდი ბატონის ძმისწული ელოდებოდა, რომელსაც იგი მისი აღმატებულების ხარჯით სასწრაფოდ უნდა წაეყვანა კარზე და ეზრუნა იმაზე, რომ მას როგორც მეფური ჩამომავლობის მთავარს, ისე მოქცეოდნენ. შემახის მმართველს ნაბრძანები ჰქონდა უფლისწულისათვის გადაეცა თხუთმეტი ათასი ეკიუ ნაღდი ფული. როცა იგი კარზე წარდგა, ხელმწიფემ მას ახალი საჩუქრები მიართვა და დიდი პატივით მიიღო. მის ყოველდღიურ ულუფას შეადგენდა ორმოცი ლანგარი ხორცი, თხუთმეტი ლანგარი ხილი და რძის ნაწარმი, თხუთმეტნაირი ტკბილეული, თითოეული რვა თეფშით. ყოველივე ამის მორთმევა მასიური ოქროს ჭურჭლით ხდებოდა, ისევე როგორც შარბათისა, სალათებისა და სხვა საკაზმებისა; ღებულობდა სასმელსაც სამას ოცდახუთ პინტა საუცხოო ღვინოს, ათ პინტა შირაზის ღვინოს. პირველი შეხვედრისას ხელმწიფემ მას არაფერი უთხრა. მეორედ კი განუცხადა – დარდი ნურაფრის გექნება, იმედი იქონიე, რომ წინაპართა ტახტს დაგიბრუნებო219.
* * *
8 ივნისს ერეკლე უფლისწულმა გამომიგზავნა ერთი რომაელი კაპუცინი, საქართველოს მისიონერი, ამჟამად მასთან ერთთად კარზე მყოფი და მთხოვა მეჩვენებინა ნაწილი იმ ძვირფასი ნივთებისა, რომელიც, როგორც გავიგე, ჩამოგიტანიათო. ხელმწიფის კარის ნებართვის გარეშე ამ უფლისწულს უფლება არ ჰქონდა ვინმე ენახა. ჩემი ნახვის ნება კი დიდმა ბატონმა მაშინვე მისცა, როგორც კი მას ამის შესახებ მოახსენეს.
* * *
18 ივნისს ხელმწიფემ ერეკლეს შეუთვალა თავისი ამალიდან დიდი ნაწილი, ნახევარი მაინც დაეთხოვა; – ამიერიდან, როცა ისეთ ქვეყანაში იმყოფებით, სადაც არავითარი საფრთხე არ მოგელით, რაღა საჭიროა ამდენი ხალხიო. ამალა ორას ორმოცდაათი ქართველისაგან შედგებოდა. მთავრის მესტუმრეთუხუცესმა ისიც მოახსენა, რომ ხელმწიფემ ბრძანაო, როცა თქვენი ამალა ამგვარად შემცირდება, სახარჯოდ ყოველდღიურად ორმოცდაათ ეკიუს მიიღებთ, ნაცვლად იმ სურსათისა, რომელსაც ხელმწიფის სასახლე ყოველდღიურად გიგზავნითო. მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მთავარი შეევედრა ხელმწიფეს – ნება მომეცი ჩემი ხალხი სრულად შევინარჩუნოო, ყველა ისინი ჩემი ოჯახის ხანდაზმული მსახურებია, რომელთაც უსაზღვრო ერთგულება დამიმტკიცეს გაჭირვებაშიო; ისინიც ხომ ისეთივე მონები არიან, როგორიც მის უმაღლესობას ჰყავსო; მეც და ჩემი მსახურებიც ყველგან, სადაც კი არ წავალთ, თქვენი მორჩილი ვიქნებითო. ხელმწიფემ შეიწყნარა უფლისწულის თხოვნა და ნება დართო მთელი ამალა შეენარჩუნებინა.
* * *
27 ოქტომბერს შირაზში ჩავედი უფლის წყალობით გამოჯანმრთელებული, თუმცა ისფაჰანიდან გამომგზავრებისას ავად ვიყავი.
აქ ხელმწიფის კარის წერილები მივიღე. სხვადასხვა ცნობებთან ერთად მატყობინებდნენ რა ამბები დატრიალებულა იქ და საქართველოში ქართველ უფლისწულთან, ერეკლე მირზასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც უკვე ვილაპარაკე ამ ჩემს „დღიურში". მე აღვნიშნავდი, როგორ ცდილობდა საქართველოს მეფისნაცვალი შაჰნავაზ-ხანი და მისი ახლობლები გადაეთქმევინებინათ ერეკლესათვის სპარსეთის კარზე წასვლის განზრახვა იმ საბაბით, რომ მაჰმადიანობას მიგაღებინებენო. ეს მეტად ძლიერი საბუთი იყო, მაგრამ საკმაოდ უცნაურად ჟღერდა მაჰმადიანი მეფისნაცვლის ბაგეთაგან, რომელმაც, წარმოშობით ქრისტიანმა, თვითონ მიიღო მაჰმადიანობა, რათა საქართველოს მეფისნაცვალი გამხდარიყო. ნამდვილი მიზანი მისი მოქმედებისა გახლდათ მშვიდად მოეშორებინა თავიდან უფლისწული, რათა აეცილებინა მისთვის კარგად ცნობილი განზრახვა სპარსეთის კარისა, სპარსელებს სურდათ შაჰნავაზ-ხანისათვის ჩამოერთმიათ ქვეყნის მმართველობა და, კანონიერი მემკვიდრის საბაბით, გადაეცა იგი ამ ახალგაზრდა უფლისწულისათვის. ამას მოჰყვებოდა შინაური ომი, რასაც სპარსეთის ხელმწიფე საქართველოში ჯერ კიდევ არსებული თავისუფლების ნაშთების მოსასპობად გამოიყენებდა და, ამგვარად, საქართველო მისი განუკითხავი უღლის ქვეშ მოექცეოდა. იგი ისეთივე აბსოლუტური გამგებელი იქნებოდა მისი, როგორც სპარსეთის მორჩილი სხვა სახელმწიფოებისა. შაჰნავაზ-ხანი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ამ მიზნისათვის გამოიწვიეს ერეკლე მოსკოვიდან და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, შეენარჩუნებინა თავისთვის და თავისი შვილებისათვის სამეფისნაცვლო. მისი ვაჟი შაჰნაზარ-ხანი, კახეთის სამეფოს – იბერიის ნაწილის, მმართველი, მისივე გავლენის ქვეშ მყოფი, იმ საბაბით, რომ მოეხილა თავისი ქვეყანა, მიეარ-მოეარა და ენადირა, საიდუმლოდ გაემგზავრა ახალციხეში. ახალციხე თურქეთის საზღვარზე მდებარეობს და ვრცელი ქვეყნის დედაქალაქია; მის მმართველს ასლან ფაშა ჰქვია. შაჰნაზარ-ხანმა მას პორტას მფარველობა და სპარსეთის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ სპარსეთი საქართველოში მისი მამის ნაცვლად სხვა მეფისნაცვლის დასმას მოინდომებდა. თურქმა ფაშამ ეს ამბავი პორტას შეატყობინა, პორტა კი დაჰპირდა მოთხოვნისთანავე ათი ათას კაცს გამოვგზავნით საქართველოშიო. შაჰნავაზ-ხანმა შვილის მოგზაურობა გაქცევად გამოაცხადა; ხელმწიფესთან შიკრიკი აფრინა და შეუთვალა ჩემმა ვაჟმა მიღალატა, სად გაიქცა არ ვიცი, მაგრამ თვითონ დავედევნები და თქვენ უდიდებულესობას ყველაფერს მოვახსენებო; დიდად შეწუხებული ვარ, რომ ხელმწიფისა და მამის წინააღმდეგ მეამბოხე შვილები მყავს, მე კი თქვენი უდიდებულესობის ერთგული მონა ვარ და ასეთად დავრჩები მთელი სიცოცხლეო. შაჰნავაზ-ხანმა სასწრაფოდ მოამზადა ხალხი სალაშქროდ და თავისი ამალით შავი ზღვის ნაპირისაკენ გაემართა. მაგრამ სპარსეთის კარი როდი გაბრიყვდა; მან კარგად იცოდა, რომ ეს ბებერი მელა, ასეთი ვრცელი, ერთგულების საბუთის მიუხედავად, იმისათვის აიყარა, რომ თავისი ქონება საიმედოდ შეენახა მეფესთან – მის ახლო ნათესავთან: ასე ეძახიან სუვერენულ ხელისუფალს საქართველოს იმ ნაწილისას, რომელიც შავ ზღვას ეკვრის220. სპარსეთში ისიც შეიტყვეს, რომ შაჰნავაზ-ხანს მოსკოვის სახელმწიფოს დიდი მთავრისათვის დესპანი გაუგზავნია და უცნობებია, რომ უფლისწულ ერეკლეს აღზევება მის წინაპართა ადგილზე მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი სპარსელებს საქართველოს აბსოლუტური და განუკითხავი ბატონ-პატრონობა სურთ და აქ ქრისტიანობის მოსპობა სწადიათო. ამავე დროს, როგორც ეს აღმოსავლური კარისათვის არის დამახასიათებელი, სპარსეთის ხელმწიფის კარმა დაფარა ყოველივე ეს, რადგანაც იცოდა რა სიძნელეები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქართველების ამბოხებას. ხელმწიფემ შაჰნავაზ-ხანს ერთი საპატიო მოხელის პირით შეუთვალა, შენს ერთგულებას ვერწმუნებით და შენით დიდად კმაყოფილი ვართო; იმედი გქონდეთ ჩვენი სამართლიანობისა და კეთილგანწყობილებისა ყველაფერში, რასაც კი მოისურვებთო; ამავე დროს, რადგანაც ჩვენი სახელმწიფოს უდიდეს მეფისნაცვლებს პატივი დავდეთ და ვუბრძანეთ გამოცხადდნენ კარზე, რათა პირადად შევხვდეთ და მოვითათბიროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, გვსურს აგრეთვე შენი ნახვაცო, შენი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მამაცობითა და სიბრძნით სახელგანთქმული მთავარი ხარო. ხელმწიფე უხმობდა შაჰნავაზ-ხანს ჰირკანიაში, სადაც იგი მიემგზავრებოდა. მას სეფი-ყულიხანი და მუჰამედ-ხანიუნდა დაენიშნა სომხეთისა და ბაქტრიის მეფისნაცვლებად; ისინი რამდენიმე თვის წინათ კარზე იმყოფებოდნენ, როგორც მე ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე. უკეთ რომ აეხვიათ თვალები ამ ბებერი მეფისნაცვლისათვის, წერილებს თან დიდი საჩუქრებიც დაურთეს. მაგრამ ამ უკანასკნელს, უფრო ცბიერსა და უნდობელს, ისღა დარჩენოდა, რომ მეტი სიფხიზლე გამოეჩინა. მან ხელმწიფის მოხელე და ძვირფასი საჩუქრები დიდი პატივით მიიღო; ორისამი კვირის განმავლობაში, ვიდრე ეს მოხელე თავისთან ჰყავდა კარზე, სულ თავისი მოგზაურობისა და საჭირო სამზადისის შესახებ ელაპარაკებოდა. გამგზავრებისას კი დაავალა სპარსეთის ვეზირებისათვის გადაეცა, რომ დაუყოვნებლივ უკან გამოგყვებიო. ასეც ეგონათ, რადგანაც ხედავდნენ, როგორ სამზადისში იყო შაჰნავაზ-ხანი; მაგრამ ეს ომისათვის მზადება იყო და არა მოგზაურობისათვის. როდესაც სამზადისს მორჩა, მან ამბოხება მოაწყო საკუთარი შვილებისა და თავადებისა: ასე ეწოდებათ საქართველოს დიდებულებს. შაჰნავაზ-ხანმა სასწრაფოდ გაგზავნა დესპანები სპარსეთის კარზე და ეს ამბავიც შეატყობინა. წერილებში ნათქვამი იყო, რომ მისმა შვილებმა ამ ამბოხებაში ქვეყნის დიდებულები ჩააბეს, ისინი თურქებისაგან იღებენ დახმარებას და ფრიად შეწუხებული ვარ, – წერდა შაჰნავაზი, – რომ ამდენი წლების მანძილზე საქართველო სპარსეთის მორჩილებაში მყავდა და ახლა კი, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მისი მოშლის საშიშროებას ვხედავო; მეამბოხეთა წინააღმდეგ სალაშქროდ მივემგზავრები, მერე კი, სასწრაფოდ ხელმწიფესთან გამოვცხადდებიო. ხელმწიფემ ვეზირების საშუალებით მისწერა – მეტად შეწუხებული ვარ, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდიო; ჯარებს გამოგიგზავნი მეამბოხეთა გონზე მოსაყვანადო. ამის შემდეგ უფრო მეტად იწყეს ერეკლე უფლისწულის მოფერება, ეუბნებოდნენ წინაპართა სამკვიდროს დაბრუნების დრო დაგიდგა, ხელმწიფე საქართველოს ჯარის მთავარსარდლად დაგნიშნავს, ოღონდ შენი მხრიდან საჭიროა მაჰმადიანობა მიიღოო. უფლისწულს ყოველთვის აჩქარებდნენ გადაედგა ეს საბედისწერო ნაბიჯი, ის კი საკმაოდ გაბედულად უწევდა წინააღმდეგობას. ერთხელ, დღესასწაულზე ხელმწიფემ იგი თავისთან მიიწვია; ამ დღეს უფლისწული მარხულობდა. ხელმწიფემ ერთი თეფში კერძი გაუგზავნა, რომელსაც თვითონ მიირთმევდა; კერძი ხორცისა იყო; უფლისწული კერძს არ გაეკარა, თავი მოიავადმყოფა და სუფრიდან ადგა.

შენიშვნები











Комментариев нет:

Отправить комментарий