четверг, 25 мая 2017 г.

რომის მიერ იტალიის დაპყრობა ძვ.წ. IV–III საუკუნეებში

1. ომები სამნიტებთან, ეტრუსკებთან და მათ მოკავშირეებთან.
ძვ. . 328 წელს პალეოპოლის და ნეაპოლის მცხოვრები ბერძნები იჭრებოდნენ კამპანიაში რომაულ დასახლებებში და არბევდნენ მათ. რომაელებმა სასწრაფოდ გაგზავნეს ბერძნებთან ელჩები და მოითხოვეს თავი დაენებებინათ რომის მიწებისთვის, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა. მაშინ 327 წელს რომის ჯარმა ნეაპოლს ალყა შემოარტყა, ბოლოს ნეაპოლში რომის მომხრეთა პარტიამ გაიმარჯვა და ქალაქი რომს დამორჩილდა, თუმცა შინაგანი ავტონომია შეინარჩუნა. ახლა უკვე რომს მტკიცედ ჰქონდა ფეხი მოკიდებული კამპანიაში, რაც სამნიტებისათვის არასასურველი და ამავე დროს საშიშიც იყო.
რომაელებმა სამნიტებთან ელჩები გაუშვეს, რათა აეხსნათ სამნიტებისთვის, რომ ნეაპოლის დაპყრობა მათ ინტერესებს არ ეწინაააღმდეგებოდა. მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა, რადგან სამნიტებს მიუხედავად წინა ომში დამარცხებისა, ახალი ომი სწყუროდათ. ამგვარად ნეაპოლის რომის მიერ დაკავება გახდა II სამნიტური ომის (326304) საბაბი.
ომის პირველ ეტაპზე რომაელებმა უკვე აიღეს სამი სამნიტური ქალაქი. ბერძნული ქალაქების ალყაც კარგად მიდიოდა. პალეოპოლის ალყის დაწყებამდე ვითომ დასაცავად ქალაქში სამნიტური ჯარი იყო შესული. ისინი ისე ექცეოდნენ ბერძნებს როგორც დამპყრობლები, ამიტომ ბერძნებმა გადაწყვიტეს ჩაბარება. ძალით კი რომაელებს ქალაქის მხოლოდ იმ ნაწილის დაკავება მოუწიათ, რომელშიც სამნიტები იყვნენ გამაგრებულნი. კონსული პუბლიუს ფილონი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
324 წელს სამნიტების წინააღმდეგ ომისთვის დანიშნეს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი, რომლის მხედართა მეთაურად კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს რულიანუსი დაინიშნა. ლაშქრობა გაურკვეველი მკითხაობებით დაიწყო, ამიტომ დიქტატორი იძულებული იყო რომში დაბრუნებულიყო ხელმეორედ სამკითხაოდ. მან უბრძანა კვინტუს ფაბიუსს არ ჩართულიყო ბრძოლაში მისი ბრძანების გარეშე. ფაბიუსმა კი მზვერავთა მეშვეობით შეიტყო, რომ მტრის ბანაკში სრული უწესრიგობა სუფევს. ამიტომ მიუხედავად ბრძანებისა, იგი გაემართა იმბრინიუმისკენ და დაიწყო სამნიტებთან ბრძოლა.
რომაელებმა ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. კვინტუს ფაბიუსმა მოგროვილი მტრის შეიარაღება დაწვა და გამარჯვების შესახებ წერილი დიქტატორს კი არა, სენატს გაუგზავნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა რომ დიქტატორს მისი დიდება წაერთმია ან გაეზიარებინა. განრისხებული დიქტატორი უმალვე გაემართა სამხედრო ბანაკისკენ. ფაბიუსს მოუწია სასწრაფოდ რომში დაბრუნება. ეს ბრძოლა კინარამ სიცოცხლის ფასად დაუჯა მას, მაგრამ მან და მისმა მომხრეებმა შეძლეს სასამართლოს მოგება და იგი გაამართლეს.
სასამართლოს წაგების შემდეგ დიქტატორი დაბრუნდა სამხედრო ბანაკში. აქ მას საბრძოლველად გამზადებული სამნიტები დახვდნენ. დიქტატორი ყველნარად ეცადა ბრძოლა რაც შეიძლება წარმატებულად ჩაეტარებინა, მართლაც მისი სტრატეგია უწუნო იყო, მაგრამ ჯარისკაცები სპეციალურად აჭიანურებდნენ საქმეს. მიუხედავად ამისა, რომაელებმა მაინც გაიმარჯვეს.
დიქტატორი სწორად მიხვდა თუ რა უშლიდა ხელს მის პოპულარობას, ამიტომ მან შემოუარა ყველა დაჭრილ ჯარისკაცს და პირადად მოიკითხა. ასეთმა საქციელმა მართლაც გაზარდა მისი პოპულარობა. ამრიგად შემდეგ ბრძოლაში მათ სამნიტებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ამის შემდეგ რომაელებმა სამნიტების მიწაზე თარეში დაიწყეს. ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ რომაელებისთვის დასაპირისპირებელი ძალა და დიქტატორს ზავი სთხოვეს. სამნიტებს მოუწიათ რომაელი ჯარისკაცებისთვის ერთი წლის ხელფასის გადახდა და ტანსაცმლის მიცემა, შემდეგ კი მათი ელჩები სენატში გაემართნენ ზავის სათხოვნელად.
დიქტატორი ქალაქში ტრიუმფით დაბრუნდა. სამნიტებთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთწლიანი ზავი დაიდო.
ძვ. . 322 წელს რომში შეიტყვეს, რომ სამნიტები აგროვებდნენ ჯარს. დიქტატორმა ავლუს კორნელიუს არვინუსმა შეკრიბა ჯარი და სამნიტებისკენ გაილაშქრა. რომაული ბანაკი სამნიტების ჯართან ძალიან ახლოს აღმოჩნდა და დიქტატორი მიხვდა რომ ბრძოლა უფრო მალე გაიმართებოდა ვიდრე იგი ელოდა. ღამით მან სცადა სამნიტების მოტყუება და ჯარის ბანაკიდან გაყვანა, მაგრამ სიახლოვის გამო მოტყუება არ გამოვიდა. სამნიტელი მხედრედრები ფეხდაფეხ გამოედევნენ რომაელებს, თუმცა ბრძოლის დაწყებას ღამით ვერ ბედავდნენ.
გათენებისას სამნიტებმა დაიწყეს რომაელთა შევიწროვება. დიქტატორს მოუწია ბრძოლის დაწყება. მთელი დღე ძალიან მძიმე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და გაურკვეველი იყო ვის ეკუთვნოდა გამარჯვება, სანამ სამნიტებმა არ გაიგეს რომ რომაელთა სანოვაგე ჯარისგან შორს დაუცველი იყო, სიხარბემ მათში იმარჯვა და ისინი გაემართნენ ნადავლის მოსაპოვებლად.
როდესაც ამის შესახებ დიქტატორს მოახსენეს, მან ჯერ ბრძანა მოთმინება, სანამ სამნიტები დაიტვირთებიან ნადავლით, შემდეგ კი თავის მხედართა მეთაურს, მარკუს ფაბიუს ამბუსტუსს უბრძანა შებრძოლებოდნენ სამნიტ მხედრებს, სანამ ისინი ქურდობით იყვნენ დაკავებულნი.
ფაბიუსის მხედრებმა გაანადგურეს მტრის მხედრები და მობრუნდნენ ბრძოლის ველზე. მათ ზურგიდან შეუტიეს სამნიტებს. როდესაც ეს რომაელმა ქვეითებმა შენიშნეს, იმედმოცემულებმა უფრო მაგრად შეუტიეს სამნიტებს. სამნიტთა ჯარი ორივე მხრიდან ალყაში მოექცა და სრულიად განადგურდა.
ბრძოლამ სამნიტებს იმხელა დარტყმა მიაყენა, რომ ისინი ყველაფრის ფასად მზად იყვნენ რომაელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაედოთ. ამისთვის მათ რომში მთელი ნადავლი გააგზავნეს, მაგრამ რომაელებმა მხოლოდ ის აიღეს რისი პატრონიც მოიძებნა და ყოველგვარ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს. დიქტატორმა კი ტრიუმფი გადაიხადა.
სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, სამნიტები დაბანაკდნენ კავდიუმის ტყესთან. მათ ასევე იზრუნეს იმაზე, რომ რომაელებს ჰგონოდათ ვითონ სამნიტური ჯარი აპულიაში არის დაბანაკებული და ლუცერიუმის ალყით არიან დაკავებულნი. რომაელებმა გადაწყვიტეს აპულიისკენ გალაშქრება უმოკლესი გზით, რომელიც კავდიუმის ხეობაზე გადიოდა. სამნიტები ამისთვის მზად იყვნენ და გადაკეტილი ჰქონდათ ხეობა, თვითონ კი ჩასაფრებულნი იყვნენ. ამრიგად რომაული ლეგიონები ალყაში აღმოჩნდნენ.
რომაელები იძულებულნი გახდნენ დაეკმაყოფილებინათ სამნიტების ნებისმიერი მოთხოვნები ტყვეთა გასათავისუფლებლად. სამნიტებმა შეუიარაღებელი და შიშველი რომაელები უღელქვეშ გაატარეს, რაც იმ დროს მეომრისთვის უდიდესი დამცირება იყო. მათ ასევე მოითხოვეს მათი მიწიდან ყველა რომაელის გაყვანა.
როდესაც ყოფილი კონსული სპურიუს პოსტუმიუს ალბინუსი და სხვა მძევლები გადასცეს სამნიტებს და კანონის თანახმად ისინი უკვე სამნიუმის მოქალაქეები გახდნენ, სპურიუმმა შეურაცხყოფა მიაყენა რომის ელჩს, რითაც რომაელებს ომის გაახლების კანონიერი საბაბი მისცა კავდიუმის ზავის პირობების მიუხედავად. სამნიტები მიხვდნენ რომ ომში გამარჯვების ნაცვლად ახალი ომი მიიღეს და გაათავისუფლეს რომაელი მძევლები.
ამის შემდეგ სამნიტებმა აიღეს და გადაწვეს რომაული დასახლება ფრეგელანუმი. კონსულმა პუბლიუსმა ჯარი სამნიუმისკენ წაიყვანა, ხოლო პაპრიუსმა აპულიაში ლუცერიუმის დასაცავად. სამნიუმში განრისხებულმა რომაელებმა პირველივე ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს სამნიტები და დაიკავეს მათი ბანაკი. შემდეგ პუბლიუსი ლეგიონებით გაემართა პაპრიუსის დასახმარებლად და ერთობლივი გულისხმევით დაამარცხეს სამნიტები და მოხსნეს ლუცერიუმის ალყა.
რომაელებმა უამრავი სამნიტი დაატყვევეს და თავისი მარცხის გამოსასყიდად უღელქვეშ გაატარეს კავდიუმის გუშინდელი გმირები. ამის შემდეგ რომაელებმა აიღეს სატირიკუმი. პაპრიუს კურსორუსი რომში კი დიდებული ტრიუმფით დაბრუნდა. ამ მოვლენების შემდეგ სამნიტებთან ორ წლიანი ზავი დაიდო.
ძვ. წ. 316 დიქტატორად ლუციუს ემილიუსი დანიშნეს. მან დაიწყო სატიკულუმის ალყა, როთაც სამნიტებს ომის გაახლება აიძულა. რომაელებს დაუპირისპირდა სამნიტთა და მათი მოკავშირეთა ჯარი. როდესაც ბრძოლა გაიმართა, ქალაქიდან დამატებითი ჯარი გამოვიდა, ამრიგად რომაელებს უკვე ორივე მხრიდან უტევდნენ. დიქტატორმა უპირველეს ყოვლისა მოახერხა სატიკულუმელების უკან ქალაქში განდევნა, შემდეგ კი რთული ბრძოლის შედეგად სამნიტურ ჯარებთანაც მოიპოვა გამარჯვება. სამნიტებს აღარ ჰქონდათ სატიკულუმის გადარჩენის იმედი და იმავე ღამეს დატოვეს ბანაკი და რომის მოკავშირე ქალაქ პლისტიკუმს შემოარტყეს ალყა.
ძვ. წ. 315 წელს საომარი მოქმედებების წარმოება დიქტატორ კვინტუს ფაბიუსს დაევალა. ამასობაში სამნიტებმა ძალები მოიკრიფეს, პლისტიკუმის ალყას შეეშვნენ და ისევ რომაელებთან საბრძოლველად გამოემართნენ.
პირველი ბრძოლა სპონტანურად გაიმართა. რომაელებს მხედართა მეთაური ხელმძღვანელობდა. ისიც და სამნიტთა მხედართმთავარიც დაიღუპნენ ბრძოლაში, მაგრამ გამარჯვება მაინც რომაელებს ხვდათ წილად. ამ დამარცხების შემდეგ სამნიტებმა ისევ მიატოვეს სატიკულუმი და ისევ პლასტიკუმისკენ გაემართნენ. რამდენიმე დღეში სატიკულუმი რომაელებს ჩაბარდა, ხოლო პლისტიკუმი სამნიტებს.
ამ მოვლენების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა რომაულ დასახლება სორასკენ გადაინაცვლა, სადასც ადგილობრივნმა მოსახლოებამ გაწყვიტა ჩასახლებული რომაელები და სამნიტების მხარეზე გადავიდა. რომაელებიც და სამნიტებიც სორასკენ გაემართნენ. მათი ლეგიონები ერთმანეთს ლავტულუმთან დაუპირისპირდა. მძიმე ბრძოლის შედეგად გაურკვეველი იყო გამარჯვებული. დიქტატორმა ფაბიუსმა ბრძოლა არ განაახლა, სანამ რომიდან დამატებითი ლეგიონები არ მოვიდნენ. მეორე ბრძოლაში რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მტრის ბანაკიც აიღეს.
შემდეგ ძვ. წ. 314 წელს კი რომაელებმა სორა აიღეს გამცემლის წყალობით. სორას აღების შემდეგ რომაელებმა მალევე აიღეს კამპანიაში 3 ქალაქი, რომლებიც სამნიტების მხარეს იყო გადასული.
იმავე წელს სამნიტებმა სცადეს რომაელებისთვის კაპუას წართმევა. სწორედ აქ შეხვდნენ სამნიტები და რომაელები კიდევ ერთხელ ერთმანეთს. რომაელებმა აქაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მათ მოკლეს და დაატყვევეს 30000 სამნიტი.
ძვ. წ. 313 წელს კი დიქტატორმა გაიუს პეტელიუსმა დააგვირგვინა წინამორბედთა ღვაწლი კამპანიის დარჩენილი ქალაქების დამორჩილებით. სამნიტებთან ომი პრაქტიკულად დასრულებული იყო როდესაც რომს ეტრუსკებმა გამოუცხადეს ომი.
აღნიშნული ბრძოლების შემდეგ სამნიტებს აღარ დარჩათ რომაელებისთვის დასაპირისპირებელი ძალა, ამას ეტრუსკული ომიც მიემატა, რომელმაც მიიპყრო რომაელთა ყურადღება, ამიტომ შემდეგი 2 წლის მანძილზე არც ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ამ ომში არ მომხდარა.
ძვ. წ. 311 წელს კი სამნიტებმა ალყა შემოარტყეს კლუვიუმს და შიმშილით აიძულეს იქ გამაგრებული რომაელთა მცირე რაზმი დანებებოდნენ. მიუხედავად დანებებისა სამნიტებმა ისინი სასტიკი წამებით მოკლეს. რომაულმა ჯარმა სწრაფად აიღო კლუვიუმი და შემდეგ ბოვიანი, ერთ-ერთი უმდიდრესი სამნიტური ქალაქი.
ამის შემდეგ სამნიტებს რომის ლეგიონებისთვის დასაპირისპირებელი ჯარი აღარ ჰყავდათ, ამიტომ მათ მიმართეს სიეშმაკეს. გაავრცელეს ჭორი, თითქოსდა ტყეში დიდძალი ნახირია გადამალული. როდესაც რომაელები შევიდნენ ტყეში, მათ იქ ჩასაფრებული სამნიტები დახვდათ. მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა რომაელებმა აქაც მოახერხეს გამარჯვება და 20000-მდე სამნიტი მოკლეს.
ძვ. წ. 310 წელს რომაელებმა სამნიტებს კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრე წაართვეს. სამნიტებმა მოახერხეს კიდევ ერთხელ შეეკრიბათ ჯარი და გამართეს ბრძოლა გაიუს მარციუსის, იმ წლის კონსულის, ლეგიონებთან ბრძოლა. რომაელებმა ძალიან მძიმე ბრძოლის შემდეგ მოიპოვეს გამარჯვება.
ძვ. წ. 308 წელს სამნიტებთან ბრძოლები განახლდა. მათი ჯარი ორად იყო დაყოფილი, ერთი ბრძოლის ველზე მოოქროვილი ფარებით, მუზარადებით და ქარქაშებით გამოვიდნენ, ხოლო მეორე ჯარს ეს ყველაფერი ვერცხლის ჰქონდა. რომაელებს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი მხედართმთავრობდა. რომაელებმა მით უფრო დიდი მონდომებით დაამარცხეს სამნიტები, რომ მათი იარაღი უკვე კარგი ნადავლი იყო. იმავე დღეს რომაელებმა სამნიტთა ბანაკიც აიღეს და გაძარცვეს. დიქტატორი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
ძვ. წ. 306 პროკონსულმა კვინტუს ფაბიუსმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და მათი მოკავშირეები. ფაბიუსის სამნიუმიდან წასვლის შემდეგ კი სამნიტებმა და გერნიკებმა აირეს სორა და კალაციუმი. გერნიკებთან სერიოზული ბრძოლა არც კი ყოფილა ისე დამარცხდნენ. მეორე კონსული კი სამნიუმში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. სამნიტებმა მოასწრეს ყველა ბილიკის დაკავება. საქმე ისე იყო რომ სამნიტები ბრძოლას ვერ გაუძლებდნენ, ხოლო რომაელები გაწიანურებულ ომს. გერნიკების სწრაფმა დანებებამ იხსნა რომაელები, მათ წინააღმდეგ გაგზავნილი ჯარი შეუერთდა მეორე კონსულის ჯარს და ერთად გაანადგურეს სამნიტური ჯარი.
ძვ. წ. 305 რომაელებმა კვლავ დაამარცხეს სამნიტები და წაართვეს მათ ბოვიანი, სორა და სხვა ქალაქები.
ძვ. წ. 304 წელს სამნიტებმა რომაელებს სამშვიდობო ხელშეკრულების აღდგენა სთხოვეს და რომაელები დათანხმდნენ. მართალია სამნიტების ფედერაცია დარჩა, მაგრამ რომაელებმა კოლონიების გასაყვანად მიიღეს ტერიტორიები სამნიუმსა და მის მეზობელ მხარეებში.
* * *
312 წელს რომმა ჩრდილოეთითაც გაიხედა და ეტრუსკებთან ომიც წამოიწყო. ამ ომისთვის დაინიშნა დიქტატორი გაიუს სილპიციუს ლონგუსი, რომელმაც ჯარი შეკრიბა, თუმცა გალაშქრებისგან თავი შეიკავა. ეტრუსკთა ტაქტიკაც ზუსტად იგივე იყო – ომისთვის მოემზადნენ, მაგრამ თავდასხმისგან თავს იკავებდნენ. წელმა ისე ჩაიარა რომ საბრძოლო მოქმედებები არ დაწყებულა.
ძვ. წ. 311 წელს ეტრურიაში დაიწყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები სუტრიუმის ალყით. სუტრიუმი რომაული ქალაქი იყო ეტრურიაში, რომლის დაბრუნებაც ეტრუსკებს სურდათ. ეტრუსკებთან ომი კონსულ კვინტუს ემილიუს ბარბუნტულუსს ერგო. რომაული და ეტრუსკული ჯარები სწორედ სუტრიუმთან შეხვდნენ ერთმანეთს. ეტრუსკები დილიდანვე საბრძოლო მწყობრში ჩადგნენ, ხოლო რომაელებს კონსულმა საუზმე შესთავაზა და მხოლოდ შემდეგ ურჩია შეიარაღება. შუადღისთვის რომაელებიც ჩადგნენ საბრძოლო მწყობრში. ბრძოლა ეტრუსკებმა დაიწყეს. ბრძოლამ გვიანობამდე გასტანა, ორივე მხარეს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდა, მაგრამ რომაელებმა მაინც გაიმარჯვეს.
იმ წელს სურტიუმთან სხვა არაფერი არ მომხდარა, რადგან ეტრუკების წინა დანაყოფები სრულიად განადგურდა, ხოლო რომაელები დიდმა მსხვერპლმა დაასუსტა.
ძვ. წ. 310 წელს სუტრიუმთან ომი ამ წლის კონსულს კვინტუს ფაბიუსს ერგო. მან დამატებითი ჯარი ჩაიყვანა სუტრიუმთან. რომაელებს გზა ეტრუსკთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა მოუჭრა და იქვე ბრძოლაც გაიმართა. რომაელებმა მალე მოიპოვეს გამარჯვება, უკან დახეულ ეტრუსკებს კი გზა რომაელმა მხედრებმა მოუჭრეს, მაშინ ეტრუსკები ბანაკის ნაცვლად ტყეებში გაიქცნენ. ერტუსკთა ბანაკი კი რომაელებმა აიღეს.
შემდეგ კვინტუს ფაბიუსს უნდა გაეარა უღრანი ციმინიუმის ტყე. კავდიუმის მშვიდობა ჯერ არ იყო დავიწყებული, ასე რომ ეს დიდი რისკი იყო. კვინტუსმა დასაზვერად თავისი ძმა მარკუს ფაბიუსი გააგზავნა, რომელმაც მოუტანა ამბავი რომ, კამერინელი უმბრები მათ მხარეზე არიან. კვინტუს ფაბიუსი თავისი ლეგიონებით უმალვე დაიძრა ტყისკენ. როდესაც რომაელები ციმინიუმის ქედზე ავიდნენ, მათ ეტრუსკი პოვსტანცები შეხვდნენ. რომაელებმა ისინი უპრობლემოდ დაამარცხეს და გაძარცვეს.
ამ დროს რომაულ ბანაკში მოვიდნენ სენატისგან შიკრიკები, რათა აეკრძალათ კონსულისთვის ციმინიუმის მთებზე გადასვლა, მაგრამ როდესაც ნახეს რომ უკვე გვიან იყო, კმაყოფილები დაბრუნდნენ ბანაკში.
ციმინიუმის ქედზე გადასვლამ ომი უფრო ფართომაშტაბიანი გახადა. რომაელთა წინააღმდეგ სურტიუმთან გამოვიდნენ ეტრუსკებიც და უმბრებიც. ეტრუსკები მაშინვე საბრძოლო მწყობრით დადგნენ, ხოლო რომაელები არ ჩქარობდნენ ბრძოლის დაწყებას. კონსულმა მათ მოთმინება უბრძანა, ვინაიდან საიდუმლო იარაღი გააჩნია. მეომრებმა ჩათვალეს რომ საქმე მოწინააღმდეგეთა რიგებში მოღალატეს ეხება და დამშვიდნენ. შებინდებისას ეტრუსკები მიუახლოვდნენ რომაულ ბანაკს და შორიახლოს დაბანაკდნენ, რათა განთიადზე თავს დასხმოდნენ და აეღოთ რომაელთა ბანაკი. რომაელებს კი კონსულმა საღამოთი ადრე დაძინება ურჩია, რათა გამთენიისას მათ ბანაკთან მძინარე ეტრუსკებს დასხმოდნენ თავს.
ჩანაფიქრისამებრ, რომაელები მოულოდნელად თავს დაესხნენ მძინარე ეტრუსკებს. ეტრუსკები მათ წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდნენ. იმ დღეს რომაელებმა 60000-მდე ეტრუკის მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს. ისტორიკოსთა ცნობით ეს შეტაკება მოხდა პერუზიასთან. ამ ამბით ელდაცემულმა ეტრუსკელებმა ეტრურიის მთავარი ქალაქებიდან რომში ელჩები გაგზავნეს 30-წლიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. შემდეგ წელს კი ეტრურიის მმართველად რომიდან დიქტატორი დაინიშნა.
მცირე ხანში ეტრუსკებმა თავად დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება და რომაელებზე გაილაშქრეს, თუმცა კვინტუს ფაბიუსმა ისინი ადვილად დაამარცხა. ის პერუზიასაც აიღებდა, იქაურები თვითონ რომ არ ჩაბარებულიყვნენ რომაელებს. ამის შემდეგ კვინტუსი ეტრუსკ ელჩებთან ერთად რომში დაბრუნდა, სადაც ტრიუმფი დიდი ზეიმით გადაიხადა.
შემდეგი ბრძოლა ვადიმონის ტბასთან მოხდა ძვ. წ. 309 წელს. ეტრუსკებიც და რომაელებიც უსასტიკესად იბრძოდნენ. საბოლოოდ რომაელთა გამარჯვება მხედრებმა გადაწყვიტეს, როდესაც ქვეითები უკვე ძალიან დასუსტდნენ, მხედრები შეიჭრნენ მოწინააღმდეგეთა რიგებში და გამარჯვებაც რომაელებს ერგოთ. ეს ბრძოლა ეტრუსკებისთვის გადამწყვეტი გახდა, მათ საუკეთესო მეომრები დაკარგეს.
ძვ. წ. 308 წელს კონსულმა კვინტუს ფაბიუსმა ადვილად დაამარცხა ეტრუსკთა ჯარების ნარჩენები პერუზიუმთან. იგი ქალაქსაც აიღებდა, მაგრამ პერუზიელები თვითონვე ჩაბარდნენ.
შემდეგ წელს ეტრურიაში ომი დეციუსს ხვდა წილად. დეციუსმა დაიმორჩილა ტარკვინიუმი და აიღო რამდენიმე ციხესიმაგრე. ეტრუსკებმა რომაელებს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება სთხოვეს. რომაელებმა თავდაპირველად უარი უთხრეს, თუმცა ერთწლიანი ზავი დაიდო, იმ პირობით რომ ეტრუსკები რომაელ ლეგიონერებს გადაუხდიდნენ მთელი წლის ხელფასს.ეტრურიაში სიმშვიდე უმბრების ღალატმა დააღვია. მათმა მეთაურებმა დეციუსის ლეგიონებთან ბრძოლას რომისკენ წასვლა ამჯობინეს. როდესაც ამის შესახებ დეციუსმა შეიტყო, იგი სწრაფი მარშით გაემართა დედაქალაქისკენ. რომაელებმა კი გადაწყვიტეს ფაბიუსის მოხმობაც უმბრების წინააღმდეგ.
ფაბიუსი კი სწრაფი მარშით უმბრიის ქალაქ მევანიუმისკენ გაემართა. მეორე კონსულის უეცარმა გამოჩენამ ისე დააფრთხო უმბრები, რომ მათ ომზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთი ბრძოლა მაინც მოხდა, რომელშიც რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
შვიდწლიანი ზავის შემდეგ ეტრუსკები ისევ აჯანყდნენ. რომაელები ქალაქ რუზელუმთან დაბანაკდნენ. ეტრუსკებმა გადაწყვბიტეს რომაელთა ეშმაკობით ძლევა. ამიტომ ბანაკთაბნ მდებარე დანგრეულ სოფელში მიიმალნენ მწყემსებად გადაცმული მეომრები, წინ კი ნახირი მიმოფანტეს. როდესაც რომაელები არ წამოეგნენ ამას, გადაცმული მწყემსები გამოვიდნენ და დაიწყეს რომაელთა დაცინვა. ლეგატმა ჰკითხა ერთ-ერთ თავის მეომარს, ვინც კარგად იცოდა ეტრუსკული ენა, თუ რას წარმოადგენდნენ ეს მწყემსები. მეომარმა თქვა რომ მათი მეტყველება არ ჰგავს სოფლურს და გარეგნობაც არ შეესაბამება მწყემსის გარეგნობას. მაშინ ლეგატმა ბრძანა გადაეცათ მწყემსებისთვის, რომ მათი ეშმაკობა რომაელებისთვის ცნობილია.
ამ ცნობის შემდეგ დიქტატორმა მარკუს ვალერიუს მაქსიმუსმა ბრძანა ბრძოლისთვის მომზადება. რომაელებმა ეტრუსკები სასტიკად დაამარცხეს. ეტრუსკებმა რომში ელჩები გაგზავნეს მშვიდობის სათხოვნელად, რაზეც უარი მიიღეს. დაიდო ორწლიანი ზავი.
ძვ. წ. 298 წელს ეტრურიაში ომი წილად კონსულ ტიტუს მანლიუსს ხვდა. ეტრურიაში ჩასვლისთანავე იგი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მის ნაცვლად კონსულად მარკუს ვალერიუს კორვუსი აირჩიეს. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ეტრუსკებს მისი გმირობები ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ და მასთან პირისპირ შეტაკებას თავს არიდებდნენ. ამრიგად კონსული უშედეგოდ თარეშობდა ეტრურიაში, ბრძოლაში ეტრუსკების გამოწვევა მან ვერ შეძლო.
არჩევნების შემდეგ ეტრურიაში ომი ლუციუს კორნელიუს სციპიონმა განაგრძო. ეტრუსკები მას ვოლატერიუმთან შეებრძოლენ. რომაელებმა მძიმე ბრძოლის შედეგად გამარჯვება მოიპოვეს. სციპიონმა გადაწვა ეტრუსკული დასახლებები და დიდძალი ნადავლი ჩაიგდო ხელში.
შემდეგ ძვ. წ. 297 წელს ეტრურიაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღარ ჩატარებულა. რომაელების ყურადღება სამნიტებთან ომზე გადაერთო, ხოლო ეტრუსკებს ომის თავი აღარ ჰქონდათ.
სანამ რომი ეტრუსკებთან ომით იყო გართულ სამნიტებმა, ახალი ომისთვის მზადება დაიწყეს. ძვ. წ. 298 წელს მათ სცადეს ლუკანელებთან სამხედრო კავშირის შექმნა. უარის მიღების შემდეგ კი ლუკანელების მიწებზე შეიჭრნენ. ლუკანელებმა ელჩები გაგზავნეს რომში დახმარების სათხოვნელად.
სენატმა მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდნენ ლუკანელებს და სამნიტებისგან ზარალის ანაზღაურება მოეთხოვათ. სამნიტებმა არა მარტო უარი თქვეს შეთანხმებაზე, არამედ დაიმუქრნენ რომ თუ ელჩები სამნიუმში ჩავლენ, ცოცხლებს მათ უკან აღარ გამოუშვებდნენ. როდესაც ამის შესახებ რომში შეიტყვეს, გადაწყვიტეს სამნიტებისთვის ომის გამოცხადება.
სამნიუმში ომი კონსულ გნეუს ფულვიუსს ერგო. მან ბოვიანუმთან ბრწყინვალედ დაამარცხა სამნიტები, აიღო ბოვიანუმი და აუფიდენა. ამის შემდეგ იგი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
შემდეგ (ძვ. წ. 297) წელს ეტრუსკებს არ ჰქონდათ ომის თავი, ამიტომ რომაელთა ყურადრება მთლიანად სამნიუმზე გადავიდა. სამნიტების დასაბნევად ახალმა კონსულებმა კვინტუს ფაბიუსმა და პუბლიუს დეციუს მუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს.
მძიმე ბრძოლა დაიწყო. რომაელებმა სცადეს სამნიტების მოტყუება და მხედრების სამნიტების ზურგში გაშვება, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ფაბიუსი სხვა ეშმაკობაზე წავიდა, მან ხმამაღლა განაცხადა რომ დეციუსი თავისი ლეგიონებით მათ უახლოვდებათ, ამ ცნობამ შეაგულიანა რომაელები და დააფრთხო სამნიტები. სწორედ ამან მოუტანა რომაელებს ბრძოლაში გამარჯვება.
ფაბიუსმა სამნიუმში ომი წარმატებით განაგრძო, მან 86-ჯერ აიღო მტრის ბანაკი და დაიკავა ქალაქი ციმეტრიუმი. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსი რომში დაბრუნდა არჩევნების ჩასატარებლად.
პუბლიუსმა მოიპოვა გამარჯვება მალევენტთან აპულიელების წიააღმდეგ. შემდეგ იგი სამნიუმში ჩავიდა და ფაბიუსთან ერთად დათარეშობდა 5 თვის მანძილზე.
ყველა ცენტურიამ იგი აირჩია კონსულად, მასთან ერთად აირჩიეს აპიუს კლავდიუსი ასევე პატრიციუსი, თუმცა კანონის თანახმად ერთ-ერთი კონსული პლებეი უნდა ყოფილიყო. მან უარი განაცხადა თანამდებობაზე და ნახევარი წლით დაინიშნა პროკონსულად დეციუსთან ერთად სამნიუმთან ომისთვის.
პროკონსულმა ფაბიუსმა სამნიუმში საქმე იქამდე მიიყვანა რომ სამნიტთა ჯარები ეტრურიაში გაიქცნენ, რათა ეტრუსკები თავისკენ გადმოებირებინათ. ამასობაში კვინტუს ფაბიუსმა რამდენიმე მდიდარი სამნიტური ქალაქი აიღო.
მაშინ სამნიტებმა გადაწყვიტეს რომ დამოუკიდებლად ომის მოგებას ვერ შეძლებდნენ და მთელი ლაშქრობით ეტრურიაში გაემართნენ, რათა გაერთიანებული ძალებით გაეგრძელებინათ ომი. ეტრუსკები და მათი მოკავშირე ტომები დათანხმდნენ რომაელების წინააღმდეგ ომს. მათ უმბრებიც და გალებიც შეუერთდნენ.
რომაელები ამ საშიშროებას უმალვე გამოეხმაურნენ. ეტრურიაში გაემართა კონსული ვოლუმნიუსი I და IV ლეგიონით და 20000 მოკავშირით. ვოლუმნიუსის კონსულ კლავდიუსის ბანაკში ჩასვლის შემდეგ ბრძოლაც გაიმართა. ეტრუსკები ვოლუმნიუსის პირისპირ აღმოჩნდნენ, ხოლო სამნიტები აპიუს კლავდიუსის. რომაელებმა ამ ბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მიუხედავად ამ დამარცხებისა რომის მტრები მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ. ძვ. წ. 295 წელს კონსულებად ისევ კვინტუს ფაბიუსი და პუბლიუს დეციუს მუსი იყვნენ არჩეულნი. მიუხედავად იმისა რომ ორი კონსული უკვე მესამეჯერ იყვნენ კოლეგები და ერთად იყვნენ ცენზორები, მათ შორის პირველად მოხდა განხეთქილება. პატრიციებმა მოითხოვეს რომ ეტრუსკებთან ომი წილის ყრის გარეშე ფაბიუსს რგებოდა, ხოლო პლებეები მოითხოვდნენ წილის ყრას. ფაბიუსმა ბოლოს დაარწმუნა კოლეგა რომ უმჯობესია მან განაგრძოს მის მიერ წარმატებით დაწყებული ეტრუსკული ომი.
როდესაც კი ფაბიუსმა განაცხადა მეომრების შეკრება, ყველა ცდილობდა მის ჯარში ჩაწერილიყო. ფაბიუსმა კი საომრად მარტო 4000 ქვეითი და 600 მხედარი წაიყვანა. იგი გაემართა აქარნის ციხესიმაგრისკენ, სადაც რომაელთა ბანაკი იყო აპიუს კლავდიუსის ჯარებით. ჯარისკაცები ფაბიუსს დიდი სიხარულით შეეგებნენ. ფაბიუსი დაბანაკდა კლუზიუმთან და გაემართა რომში სამხედრო საკითხებზე მოსათათბირებლად. რომში ჩასვლის მიზნებზე სხვადასხვა ვერსიებიც არსებობს, ზოგი ცნობებით აპიუს კლავდიუსი იქ ფაბიუსის წინააღმდეგ ხრიკებს აწყობდა, და იგი სენატმა გამოიძახა. ასეა თუ ისე ფაბიუსი სამხედრო ბანაკსი დეციუს მუსთან ერთად დაბრუნდა.
ამასობაში კლუზიუმთან რომაელთა სამხედრო ბანაკს გალები დაესხნენ თავს და ყველა გაჟლიტეს. გალები სამნიტებთან, ეტრუსკებთან და უმბრებთან შეიკრნენ და ყველანი რომაელთა წინააღმდეგ დაილაშქრნენ. მტრები ერთმანეთს ჩრდ. უმბრიაში სენტინუმთან შეხვდნენ. მარჯვენა ფრთაზე სამნიტები იყვნენ, მათ პირისპირ ფაბიუსი იდგა, ხოლო მარცხნივ გალების პირისპირ დეციუსი იდგა.
თავდაპირველად ბრძოლა თანაბარი იყო. მარჯვნივ ფაბიუსი უფრო თავს იცავდა ვიდრე ესხმოდა, რადგან მან კარგად იცოდა სამნიტების საბრძოლო ტაქტიკა, დღის ბოლოსთვის ისინი დაიღლებიან და მათი ძლევა უფრო ადვილი იქნება. გალები კი, რომლებსაც ძალიან უჭირთ სიცხის ატანა, საშიშნი არიან ბრძოლის დასაწყისში, ბოლოსკენ კი ძალიან სუსტდებიან.
დეციუსი კი პირიქით მოიქცა, მან ჯერ ქვეითები გაუშვა თავდასხმაში, შემდეგ კი მხედრები. მათ წინააღმდეგ გალმა მხედრებმა გამოილაშქრეს და უკან დაახევინეს რომაელებს. დეციუსი ამაოდ ცდილობდა უკან დახეული რომაელების შეჩერებას, ბოლოს კი როდესაც ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, გადაწყვიტა გაემეორებინა თავისი მამის ბედი, მან მოუწოდა პონტიფიკუსს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩასატარებლად. პონტიფიკუსმა ქვესკნელის ღმერთებს უბოძა მტრის ლეგიონები და დეციუს მუსი. რიტუალის ჩატარების შემდეგ პუბლიუს დეციუსმა იქეთ გააჭენა ცხენი, სადაც გალები უფრო მჭიდროდ იდგნენ, და იქვე დაიღუპა. რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და ისევ თავდასხმაზე გადავიდნენ. მტრები კი ამ მსხვერპლშეწირვამ შეაშინა და ბრძოლა რომაელების უპირატესობით გაგრძელდა.
მარჯვენა ფრთაზე ფაბიუსს უწინდებურად გაყავდა დრო, სანამ მტერი დაიღლებოდა. ამ დროიდან ის შეტევას იწყებს, ხოლო მხედრებს სამნიტებისთვის გვერდიდან შეტევა უბრძანა. სამნიტებმა პირველებმა დაიხიეს უკან. რომაელებმა სწრაფად აიღეს სამნიტების ბანაკი, გალებს კი ზურგიდან დაარტყეს და დაამარცხეს. დეციუსის ლაშქრიდან 7000 დაიღუპა, ფაბიუსის ლაშქრიდან კი 1500. ფაბიუსმა დეციუსი დიდი პატივით დაკრძალა.
პრეტორმა გნეუს ფულვიუსმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ეტრუსკები, ხოლო სამნიტები ეტრურიიდან განდევნა. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსმა სასტიკად ჩაახშო პერუზიელთა აჯანყება. მან 4.5 ათასი პერუზიელი გაანადგურა და 1740 ტყვედ აიყვანა.
ძვ. წ. 294 წელს ეტრურიაში ომი კონსულ ლუციუს პოსტუმიუს მეგელუსს მიჰყავდა. ამ წელს ეტრუსკებმა სამშვიდობო ხელშეკრულება მოითხოვეს, რომელიც 40 წლის ვადით დაიდო.
ეტრუსკებთან ომი მცირე შესვენებებით 15 წელი გრძელდებოდა. ამ ომის შედეგად ოდესღაც ძლიერი ეტრურია დაკნინდა და გახდა რომის პროვინცია. ხოლო მდიდარი ეტრუსკული კულტურა რომაულ კულტურაში გაითქვიფა, ენა და დამწერლობა კი გაქრა.
ეტრუსკების დამარცხების შემდეგ კონსულებად ლუციუს პოსტუმიუს მეგელუსი და მარკუს ატილიუს რეგულუსი იყვნენ არჩეულნი. სამნიტებმა სამი ჯარი შეკრიბეს, ერთი ეტრურიაში გასაგზავნად, მეორე კამპანიაში სათარეშოთ და მესამე საზღვრების დასაცავად.
ლეგიონები სამნიუმში მარკუს ატილიუსმა წაიყვანა. მტრები ერთმანეთის სიახლოვეში დაბანაკდნენ. სამნიტებმა განიძრახეს რომაული ბანაკის აღება. სამნიტებმა ამისთვის ნისლიანი ამინდით ისარგებლეს და შეიჭრნენ ბანაკში. რომაელებმა შეძლეს სამნიტების ბანაკიდან გაგდება. სამნიტებმა 300 ჯარისკაცი დაკარგეს, რომელებმა კი დაახლოებით 700.
ამასობაში სამნიუმისკენ დაიძრა მეორე კონსულიც. გზად მან მილონიუმი აიღო. ფეტრირუმში კი რომაელების მოსვლას არ დაელოდნენ. მოსახლეობამ დატოვა ქალაქი.
მარკუს ატილიუსისთვის ომი ასეთი მარტივი არ იყო. მისი ჯარები კიდევ ერთხელ შეებრძოლა სამნიტებს ლუცერიუმთან. დღის ბოლოს რომაელებმა ვერ მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება, თან მათ ძალიან ბევრი მეომარი დაკარგეს. სამნიტების მორალური მდგომარეობაც არ იყო უკეთესი და დილით მათ ბრძოლის გარეშე წასვლა უნდოდათ. დასახევად სამნიტებს რომაული ბანაკის გასწვრივ უნდა გაეარათ. რომაელებს კი ეგონათ რომ სამნიტები მათი ბანაკის აღებას აპირებდნენ. კონსულმა ბრძანა ბრძოლისთვის მომზადება, თან იგი ამხნევებდა მეომრებს.
ბრძოლა საკმაოდ უღიმღამოთ დაიწყო, შემდეგ სამნიტებმა საგრძნობლად შეუტიეს. ბოლოს კი რომაელებმა შეძლეს სამნიტების უკან დახევა, ალყის შემორტყმა და დამარცხება. 7800 სამნიტი ტყვედ ჩაბარდა 4000 კი დაიღუპა. რომაელებმაც დაახლოებით 7800 ადამიანი დაკარგეს. ამის შემდეგ კონსულის ჯარები შეხვდა სამნიტ მეომრებს, რომლებიც რომაულ დასახლებებში თარეშობდნენ. კონსულმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და გაათავისუფლა რომაელი ტყვეები. ტყვეთ ჩავარდნილი სამნიტები კი კონსულმა უღელქვეშ გაატარა.
ძვ. წ. 293 წელს კონსულად ლუციუს პაპირიუს კურსორის ვაჟი იქნა არჩეული კონსულად. ამ წელს სამნიტები ომისთვის საგანგებოთ მოემზადნენ. მათი იარაღი მორთული იყო, ჯარისკაცებს კი ქურუმებმა რიტუალები ჩაატარებინეს ღმერთების დახმარების მისაღებად. ხოლო თუ ვინმე უარს ამბობდა, იგი იუპიტერს ეწრებოდა მსხვერპლად.
ძვ. წ. 292 წელს რომაელთა მხედართმთავარი გახდა კონსული ფაბიუს გურგესი, რომელმაც წარუმატებლად წარმართა ომი. სენატი აპირებდა მის შეცვლას, მაგრამ მისი მამა ჩაერია კვინტუს ფაბიუსი და მოითხოვა მისი შვილთან გაგზავნა ლეგატად. მამის დახმარებით კონსულმა დაამარცხა მტერი და რომში ტრიუმფით დაბრუნდა. სამნიტების მხედართმთავარი გაიუს პონტიუსი გამოატარეს ტრიუმფალურ მსვლელობაზე და თავი მოკვეთეს.
290 წელს კონსულმა მანიუს კურიუს დენტატუსმა საბოლოოდ დაამარცხა სამნიტები, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა ომის დასრულება მოითხოვეს. მათი მიწების დიდი ნაწილი გამარჯვებულის ხელში გადავიდა, ხოლო ქალაქები შევიდა რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში, მცხოვრებლებმა კი მიიღეს არასრული რომაული მოქალაქეობა, ე. ი. მოქალაქეობა ხმის მიცემის უფლების გარეშე. ასეთივე ბედი ეწია სამნიტების მოკავშირე საბინელებსა და პიცენუმს, რომლის ტერიტორიაზე დაარსდა რომაული კოლონია ადრია.
ეს იყო სამნიტებზე უკანასკნელი გამარჯვება, რის შემდეგაც რომაელთა ჰეგემონიას იტალიაში მხოლოდ გალები და ბერძნული ქალაქები არ ემორჩილებოდნენ.
გალებმა რამდენჯერმე კიდევ სცადეს რომზე თავდასხმა, მაგრამ 282 წელს ვადიმონის ტბასთან რომაელების ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ რომთან ზავი დაედოთ.
2. ომი პიროსთან და სამხრეთ იტალიის დაპყრობა.
შუა იტალიის დაპყრობის შემდეგ რომის სახელმწიფო უშუალოდ დაუკავშირდა სამხრეთ იტალიის ბერძნულ ქალაქებს. ოდესღაც ძლიერი და გავლენიანი ადგილობრივი ბერძნული პოლისები შინაგანი და გარეგანი მოვლენების ზეგავლენით V ს-ის II ნახევრიდან უკვე დაუძლურებას განიცდიდნენ. ამ დაუძლურებით ისარგებლეს სამხ. იტალიელმა ტომებმა და მათ წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. სახელგანთქმულმა მებრძოლმა ქალაქმა კუმემ ვეღარ შეძლო შეტევაზე გადმოსული კამპანიელი ტომების გამკლავება და 421 წელს იგი დამხობილი იქნა.
IV ს-ის დამდეგს ლუკანები დაეუფლენ ბერძნულ პოლისებს პოსიდონიას, პინას და ლაუსს. III საუკუნეში დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს დას. სანაპიროზე ველიამ (ელიამ), რეგიუმმა და აღმ. სანაპიროზე ცნობილმა სავაჭრო ქალაქმა ტარენტუმმა. თავის მეზობლების ლუკანებისა და მესაპების შეტევებისაგან ტარენტუმი ბერძენ მოქირავნეთა დახმარებით იცავდა თავს. სამხ. იტალიის ბერძნების ცხოვრებაში III ს-ის 80-იან წლებში შემდეგი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა.
282 წელს ტარენტუმის უბის ნაპირას მდებარე ბერძნულ ქალაქ თურიუმს თავს დაესხნენ ლუკანები, თურიელებმა არ მოისურვეს დახმარებისათვის მიემართათ თავიანთი მეტოქის ტარენტუმისათვის, ამიტომ მათ მოციქულები წარგზავნეს რომში და რომაელებს დახმარება სთხოვეს. რომაელებმა კარგად გაითვალისწინეს რა სასარგებლო იქნებოდა მათთვის თურიუმისათვის დახმარება და გაგზავნეს ჯარი, რომელმაც განდევნა ლუკანები და ქალაქში თავისი რაზმი ჩააყენეს.
ამ გარემოებამ დიდად შეაშფოთა ტარენტუმის მმართველები და მოხდა შემდეგი ინციდენტი, ადრიატიკის ზღვაში მიმავალი რომაელების 10 გემი ტარენტუმის ნავსადგურში შეჩერდა. ტარენტუმელებმა, ეს ფაქტი რომაელებთან დადებული ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნიეს (რომლის თანახმად რომს ტარენტის უბეში ხომალდების შეყვანა ეკრძალეობოდა), თავს დაესხნენ რომაელების ხომალდებს და ნაწილი ჩაძირეს, შემდეგ დაიკავეს თურიუმი და იქიდან რომაელების რაზმი გამოაძევეს.
280 წ. რომაელებმა ტარენტუმში მოციქულები წარგზავნეს და განმარტება მოითხოვეს, მაგრამ მათ მოციქულებს ტარენტუმში მტრულად შეხვდნენ და შეურაცყოფა მიაყენეს, ეს ამბავი შეიქმნა ომის გამოცხადების საბაბი.
ტარენტუმს თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა გააჩნდა და მასვე მიერთნენ ლუკანები და მესაპები, მაგრამ რომაელებთან პირველ შეტაკებებშივე მათთვის ცხადი გახდა მტრის სამხედრო უპირატესობა, ამიტომ ტარენტუმმა დასახმარებლად ეპირის მეფეს პიროსს (306–301; 297–272) მიმართა.
პიროსი თავისი დროის სახელმოხვეჭილი სარდალი იყო, მან სიამოვნებით მიიღო ტარენტუმის წინადადება, რადგან ესახებოდა გრანდიოზული გეგმა შეექმნა დასავლეთში დიდი ბერძნული მონარქია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პიროსი გამოჩენილი სარდალი იყო მას აკლდა ფრთხილი და დაკვირვებული პოლიტიკური მოღვაწის შორსმჭვრეტელობა და სიბრძნე.
280 წელს პიროსი თავისი ჯარით იტალიაში გადავიდა, მისი ჯარი კარგად გაწვრთნილი 22000 ქვეითი მეომრის, 3000 თესალიელი მხედრისა და 20 საბრძოლო სპილოსაგან შედგებოდა. სპილოების ბრძოლაში გამოყენება ბერძნებმა აღმოსავლეთიდან გადმოიღეს, იტალიის სინამდვილეში კი ის სამხედრო ტექნიკის სრულ სიახლედ ითვლებოდა.
პირველი შეტაკება რომაელებსა და პიროსის ჯარს შორის მოხდა ტარენტუმის უბის მახლობლად ქ. ჰერაკლეასთან. პიროსმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც გადამწყვეტი როლი სპილოებმა და თესალიელმა ცხენოსნებმა ითამაშეს. დამარცხების შემდეგ რომაელებმა დაკარგეს ლუკანია და მტრის მხარეზე გადავიდნენ ბრუტიები, ლუკანები, სამნიტები და კაპუასა და ნეაპოლისის გამოკლებით ბერძენთა ქალაქები.
პიროსმა ისარგებლა წარმოქმნილი ხელსაყრელი სიტუაციით და ლაციუმისა და რომისაკენ დაიძრა. გადმოცემის თანახმად იგი რომს 55 კილომეტრზე მიუახლოვდა, მაგრამ ლათინებმა მას მხარი არ დაუჭირეს, არც რომაელები დაიბნენ. კონსულმა ვალერიუს ლემინუსმა მის ზურგს უკან ჰერაკლეასთან დამარცხებული ჯარი წესრიგში მოიყვანა და შეავსო. რომის დასახმარებლად ახალი რაზმები მოეშურებოდნენ ეტრურიიდანაც. თვითონ რომში არჩეულ იქნა დიქტატორი და ქალაქი გაფაციცებით ემზადებოდა თავდაცვისათვის. ასეთ პირობებში პიროსმა ვერ გაბედა რომზე თავდასხმა და თავისი ჯარით საზამთროდ ტარენტუმში დაბრუნდა.
279 წლის გაზაფხულზე პიროსმა აპულიაზე ილაშქრა. ამასობაში რომაელებმა მოასწრეს 70000-ანი ჯარის თავმოყრა, აპულიაში აუსკულუმის (დღევ. ასკოლ-სარტიანო) მახლობლად მოხდა II დიდი ბრძოლა, რომაელები კვლავ დამარცხდნენ, მაგრამ პიროსსაც ისე ძვირად დაუჯდა გამარჯვება (დაკარგა 40000 მებრძოლიდან 3600 მებრძოლი და სარდლობის უმეტესობა), რომ გადმოცემის მიხედვით მილოცვების პასუხად მან მწარედ წარმოთქვა „ერთი კიდევ ასეთი გამარჯვება და მე აღარავინ დამრჩება ეპირში დასაბრუნებლადო“, ამიტომ პიროსმა რომთან დაზავება გადაწყვიტა და რომში მოციქულები წარგზავნა მშვიდობის დამყარების მიზნით, მაგრამ სენატმა ეს წინადადება უარყო. რომაელებმა პირიქით კავშირი შეკრეს კართაგენელებთან, რომელთაც ფრიად აშფოთებდათ პიროსის შორს მიმართული განზრახვა. რომაელთა ნავსადგურ ოსტიაში მივიდა კართაგენელების ძლიერი ფლოტი და რომის ხელმძღვანელობას სამხედრო ხელშეკრულება გადასცა. ასეთ პირობებში პიროსმა სიამოვნებით მიიღო სიცილიის ბერძნების წინადადება, რომ დახმარებოდა მათ კართაგენელების წინააღმდეგ ბრძოლაში, პიროსმა ტარენტუმსა და ლოკრაში დატოვა გარნიზონი, ხოლო 278 წლის შემოდგომაზე თავისი ჯარის მთავარი ნაწილით სიცილიაში გადავიდა.
სიცილიაში მას პირველ მომენტში დიდი აღტაცებით შეხვდნენ. პიროსმა აიძულა კართაგენელები სირაკუზისათვის ალყა მოეხსნათ და 1 წელიწადში სიცილიაში კართაგენელების თითქმის ყველა პუნქტი დაიკავა. ამ წარმატებით გამხნევებული აფრიკაში ექსპედიციის მოწყობაზე ფიქრობდა, რომ კართაგენელებისათვის გადამწყვეტი მარცხი მიეყენებინა, ასეთი ექსპედიციისათვის ძლიერი ფლოტი იყო საჭირო, ხომალდები კი სიცილიის ბერძნებს უნდა აეგოთ. ამან ერთგვარი უკმაყოფილება გამოიწვია მათში, რასაც მოჰყვა მონარქიულ ტენდენციებზე აღზრდილი პიროსის მიერ დემოკრატიული პოლისების წეს-ჩვეულებათა უხეში დარღვევა, ამიტომ უკმაყოფილება მისი მოქმედებისადმი თანდათან იზრდებოდა და ღრმავდებოდა. ზოგიერთმა ქალაქმა მის წინააღმდეგ იარაღი აღმართა, ზოგიერთი კი კართაგენელების მხარეზე გადავიდა. სიცილიაში კვლავ გამოჩნდა კართაგენელების დიდი ჯარი, ასეთი მდგომარეობის შედეგად პიროსმა დაკარგა ყველა თავისი მონაპოვარი და მის ხელთ მხოლოდ სირაკუზი დარჩა. ამავე დროს იტალიიდან მას შემაშფოთებელი ცნობები მოსდიოდა, რომ რომაელები შეტევაზე გადმოვიდნენ, მათ ადვილად მოახერხეს კროტონისა და ლოკრის დაპყრობა რის შემდეგაც წარმატებით იწყეს სამნიტებისა და ლუკანების წინააღმდეგ მოქმედება. ამიტომ იტალიაში დარჩენილი მომხრეები დაბეჯითებით სთხოვდნენ პიროსს დაბრუნებულიყვნენ და დახმარებოდა მათ. მისი მდგომარეობა სიცილიაში იმდენად უიმედო იყო, რომ მან უყოყმანოდ დატოვა სიცილია და იტალიაში წავიდა. გზაზე სრუტეში მას თავს დაესხა კართაგენელების ფლოტი და პიროსის ფლოტის ნახევარი გაანადგურა, ნაპირზე გადმოსვლისას კი მას სიცილიელები შეებრძოლნენ. პიროსმა დაამარცხა სიცილიელები, თუმცა თვითონ დაიჭრა.
ძვ.წ. 275 წელს პიროსი მაინც გადავიდა იტალიაში 20000-ანი ლაშქრით და მზადება დაიწყო რომაელების წინააღმდეგ საბრძოლველად. აქ მან შეავსო ჯარი და წავიდა სამნიუმში, სადაც რომაელები იყვნენ დაბანაკებულნი. სამნიტების საქმე ამ დროისთვის ძალიან ცუდად იყო, რომაელებმა ისინი არაერთხელ დაამარცხეს.
პიროსმა ჯარი ორად გაყო, ერთი ნაწილი ლუკანიაში გაუშვა რათა ისინი მეორე კონსულის კორნელიუს ლენტულუს კაუდინუსის ჯარებს შეხვედროდნენ და არ მიეცათ კონსულ მანიუს კურიუს დენტატუსის ჯართან შეერთების საშუალება. მეორე ნაწილს კი თვითონ გაუძღვა სამნიუმში, სადაც რომაელები ქალაქ ბენევენტუმთან იყვნენ დაბანაკებულნი.
პიროსმა განიძრახა თავს დასხმოდა რომაელებს სანამ მათ დამატებითი ჯარები მოუვიდოდათ, ამიტომ მან შეკრიბა საუკეთესო მეომრები და ყველაზე ავი სპილოები და ღამით სურდა ბანაკზე თავდასხმა. მაგრამ გზა გრძელი იყო და ტყით უნდა გაევლოთ, მეომრები დაიკარგნენ და დროც დაიკარგა.
დილით რომაელებმა თვითონ დაიწყეს შეტევა და პიროსის ჯარისკაცებს უკან დაახევინეს. სხვა ფლანგებზე კი სპილოებმა რომაელები შეავიწროვეს. რომაელებმა სპილოებს შუბები დაუშინეს და უკუაქციეს, ცხოველების უწესრიგო რბენამ არეულობა გამოიწვია პიროსის ჯარებში. ამრიგად ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა გამარჯვებულად ტავს რომაელები თვლიდნენ, რადგან პიროსს შევსება აღარ მოსდიოდა და რესურსები ელეოდა.
ამასობაში შეიცვალა მდგომარეობა ეპირშიც, მას მაკედონიის მხრიდან თავდასხმა ემუქრებოდა, ამიტომ პიროსმა მიატოვა იტალია და ეპირს მიაშურა, 3 წლის შემდეგ პიროსი მოკლეს პელოპონესის არგოსში მაკედონელებთან ბრძოლის დროს სახურავიდან ნასროლი კრამიტით.
272 წელს პიროსის მიერ ტარენტუმში დატოვებულმა გარნიზონმა ქალაქი რომაელებს გადასცა და ტარენტუმელები იძულებულნი იყვნენ ქალაქის კედლები დაენგრიათ და მათთვის ხომალდები დაეთმოთ.
ამავე წელს რომაელებს დამორჩილდნენ სამნიტები, ლუკანები და ბრუტიები. კამპანელების მეამბოხე ლეგიონი თავშეფარებული იყო რეგიუმში, 270 წელს რომაელებმა რეგიუმი აიღეს, ეს ლეგიონიც განაიარაღეს და დასაჯეს.
ძვ. წ. 267 წელს მთელი სამხრეთ ანუ ბერძნული იტალია რომს დაექვემდებარა. 265 წელს რომაელებს დანებდა ეტრუსკული ქალაქი ვილსონი (ვოლსინი) და ამით დამთავრდა იტალიის დაპყრობა.
რომის დაპყრობათა შედეგი იყო მისადმი დაქვემდებარებული ტომებისა და ქალაქების ფედერაციის შექმნა და მონათმფლობელური ურთიერთობის გავრცელება მთელს აპენინის ნკ-ზე, რომი დას. ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო გახდა.
3. რომის ეკონომიკა და სოციალური სტრუქტურა იტალიის დაპყრობის შემდეგ.
რომაელების მეურნეობის საფუძველს ამ პერიოდში მიწათმოქმედება წარმოადგენს. ერთგვარ წინსვლას განიცდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ძველი გუთნის ადგილას ჩნდება რთული გუთანი, უმჯობესდება სხვა სამუშაო იარაღიც. მესაქონლეობა განსაკუთრებით განვითარებული იყო შუა იტალიაში, სხვა ადგილებთან შედარებით კი უფრო მცირე მსხვილფეხა საქონელს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის იყენებდნენ.
თუ წვრილი ნაკვეთების პატრონები საკუთარი ხელით ამუშავებდნენ თავიანთ მიწებს მსხვილ მიწათმფლობელთა ყანებში მუშაობდნენ კლიენტები და იმ დროს ჯერ კიდევ შედარებით მცირერიცხოვანი მონები.
როგორც წინათ ისე იტალიის დაპყრობის პერიოდში რომაელების მეურნეობაში ძირითადი ადგილი მიწათმოქმედებას ეკუთვნოდა და უფრო ფართოდ ვრცელდებოდა იტალიის უმეტეს ნაწილში, ამას რომაელების საკოლონიზაციო პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. ცნობილია, რომ ეს პოლიტიკა, რომელმაც ამ პერიოდში განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო ერთი მხრივ მიზნად უმიწაწყლო მოქალაქეების მიწით დაკმაყოფილებას ისახავდა, ხოლო მეორე მხრივ იმ შორეულ რაიონებში რომელთაც გარედან თავდასხმა ემუქრებოდათ რომის ბატონობის განმტკიცებასა და დაცვას ემსახურებოდა, ანდა სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ამბოხება იყო მოსალოდნელი.
ტრადიცია საკოლონიზაციო პოლიტიკის დასაწყისს ჯერ კიდევ მეფე ანკუს მარციუსს მიაწერს, მაგრამ მისი ნამდვილი ინიციატორები ლატინები იყვნენ, რომელთაც პირველებმა განახორციელეს ეს პოლიტიკა ვოლსკების ტერიტორიაზე.
ლათინთა კოლონიები შედარებით ხალხმრავალი და ბევრი იყო. ლატინთა კოლონიები მათ იმიტომ ეწოდებოდათ, რომ ისინი უმეტესად 338 წლამდე დაარსდა ლატინთა კავშირის მიერ, შემდგომში კი მათ დამაარსებლად რომი გვევლინება.
რომაულ კოლონიებს უმეტესად სამხედრო ხასიათი ჰქონდათ და მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მეტროპოლიასთან. მათ ასახლებდნენ უმეტესად ზღვისპირა და სასაზღვრო რაიონებში. რომაელების ახალშენებს წარმოადგენდა ანციუმი, ტარანცინა, მინტურნე, ციუესა, კასტრუნვოზუმი, ფრეგერე და სხვა.
როგორც წესი მათი მოსახლეობა ხალხმრავალი არ იყო და ჩვეულებრივ ასეთ კოლონისტებს მიწის მცირე ნაკვეთებს აძლევდნენ, რომ მიწის დამუშავებით მეტისმეტ გატაცებას მათთვის ხელი არ შეეშალა სამხედრო მოვალეობათა შესრულებაში.
ასეთი ტიპის კოლონიების განსხვავებულ სახეს წარმოადგენდა ის ახალშენები, რომლებსაც შინაგან მხარეებში დაპყრობილ ტომთა ტერიტორიაზე აარსებდნენ, ისინი უფრო ხალხმრავალი იყვნენ და უფრო მეტად განირჩეოდნენ თავიანთი მიწათმოქმედების ხასიათით. ასეთ ახალშენებს მიეკუთვნებოდა ფრეგელე, ლუცერია, სუესა, კარსიოლი, ნარნია, ვენუზია, არიმინუმი, ბენევენტუმი, ბრუნდიზიუმი, კრემონი და სხვა. ამ ტიპის კოლონისტებს ეძლეოდათ მიწის შედარებით უფრო მსხვილი ნაკვეთები და ასეთმა ახალშენებმა ხელი შეუწყო იტალიაში მიწის წვრილ და საშუალო მესაკუთრეთა მრავალრიცხოვან დასახლებათა ფართო გავრცელებას.
როგორც ამას ქვემოთ უფრო ვრცლად შევეხებით რომი სხვადასხვაგვარად უდგებოდა მისდამი დაქვემდებარებულ იტალიელ ტომებს. რომაელებს ვეის გამოკლებით არც ერთი ქალაქი არ გაუნადგურებიათ და ხარკის გაღება არც ერთისთვის არ დაუკისრებიათ.
თუ იტალიელი თემები უმეტესწილად რომის მოკავშირეებად აღიარეს სამაგიეროდ იტალიის ტერიტორიის მეორე ნაწილი უშუალოდ რომის სახელმწიფომ შეიერთა. ის თემები, რომლებიც რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდნენ პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად მიწა-წყლის ნაწილსაც კარგავდნენ. როგორც წესი დამარცხებულ მტერს ჩამოერთმეოდა ტერიტორიის ერთი მესამედი და სახელმწიფო საკუთრებად გადაირიცხებოდა. ამ მიწების ერთი ნაწილი შედარებით მცირე ნაკვეთებად იყოფოდა და კოლონისტებს გადაეცემოდათ სრულ საკუთრებად გასხვისების შეუზღუდავი უფლებით, უფრო მცირე ნაწილი კულტის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად იყო განკუთვნილი, ხოლო უფრო დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა.
რესპუბლიკის პერიოდში სახელმწიფო უშუალოდ არ განაგებდა მიწებს, არამედ განსაზღვრული საგადასახადო მოვალეობის შესრულების პირობით რომში იჯარით გასცემდა მათ.
რომში სახელმწიფო საკუთრებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა IV და განსაკუთრებით III საუკუნეებში სახელმწიფოსაგან ოდესღაც იჯარით აღებული მიწების უმეტესი ნაწილი გადაიქცა მათი მფლობელების ხელშეუხებელ საკუთრებად. მემკვიდრეობით მესაკუთრეები ხდებიან არა მარტო პატრიციები არამედ პლებეების წარჩინებული წრეებიც.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში ვითარდებოდა ხელოსნობაც, მუდმივ ომს შეუძლებელია არ გამოეწვია სხვადასხვა საჭურვლის დამამზადებელი ხელოსნობის განვითარება, გარდა ამისა გალების შემოსევისას დაზარალებული ქ. რომი უდავოდ საჭიროებდა დიდი სამშენებლო სამუშაოების გაშლას და მართლაც ქალაქი კარგავს სოფლის სახეს და კეთილმოწყობილი ხდება. იწყება საზოგადოებრივ შენობათა უმთავრესად ტაძრების აგება და რომაული ხუროთმოძღვრების წინსვლა, ცენტრალურ მოედნებს ქანდაკებებით ამკობენ, ბაზრის ტერიტორიას ქვის გალავანს ავლებენ, ფართოვდება ქუჩები.
როგორც რომში ასევე მთელ იტალიაში გაჰყავთ ახალი გზები, რასაც ჰქონდა დიდი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა, კერძოდ ამას ხელი შეუწყო აღებ-მიცემობისა და ვაჭრობის განვითარებამ.
რომში ვაჭრობისა და სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარებაზე მიგვითითებს მონეტის მოჭრა. ძველად რომაელები როგორც ვიცით გაცვლა-გამოცვლის საშუალებად ხმარობდნენ სპილენძს, ჯერ აწონილს შემდეგში მოჭრილი მონეტის სახით.
პიროსზე გამარჯვების შემდეგ მათ პირველად იწყეს ვერცხლის მონეტის მოჭრა, ამ მონეტას დენარიუსი უწოდეს. ის შეესაბამებოდა ანტიკურ დრაქმას ან ათ ბრინჯაოს ასს უდრიდა.
ვერცხლის წვრილ მონეტას კი წარმოადგენდა დენარიუსის მეოთხედი ნაწილი სესტერციუსი.
რომში I სამონეტო სახელოსნო კაპიტოლიუმზე მდებარეობდა იუნონა მონეტის ტაძრის გვერდით, აქედან წარმოდგება სიტყვა მონეტა, III ს დასასრულიდან კი რომში ოქროს მონეტის მოჭრაც დაიწყეს. ამავე საუკუნიდან იწყება სავაჭრო და სავახშო კაპიტალის წარმოქმნა და თანდათანობითი გაფართოება.
IV–III ს რომის სოციალური სტრუქტურის გაფართოებისას პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ხშირი ომების გამო მონათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ვეის განადგურების დროს რომაელებმა ათასობით მონა შეიპყრეს, მათი რიცხვი განსაკუთრებით გადიდდა სამნიტური ომების შემდეგ.
357 წ რომში მონების განთავისუფლებაზე განსაკუთრებული გადასახადიც კი დაუწესებიათ, მაგრამ ვიდრე რომაელები ომებს იტალიის ტერიტორიებზე აწარმოებდნენ მონების რიცხვი მაინც იმდენი არ იყო რამდენიც შემდეგ ხანაში, ყოველ შემთხვევაში ამ დროს უკვე ისახება რომაული საზის ორ ძირითად ნაწილად თავისუფლებად და მონებად გაყოფა.
ნივთებად ქცეული მონები რა თქმა უნდა ყოველგვარ ადამიანურ უფლებას მოკლებულნი იყვნენ.
IV–III ს მიწის მსხვილ მესაკუთრეთა და მონათმფლობელთა კლასი რომში ნობილიტეტს შეადგენდა, რომელიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა, ეს იყო უმაღლესი წოდება, რომლის წრიდან უმეტეს ნაწილად ირჩევდნენ მაღალ მაგისტრატებს და ავსებდნენ სენატს. მათ გვერდით არსებობდნენ წვრილი და საშუალო მონათმფლობელები, ვაჭრები, სახელოსნოების პატრონები, შეძლებული გლეხობა, მაგრამ მათზე ნობილების პრივილეგიები არსებითად არ ვრცელდებოდა.
მოსახლეობის ძირითად თავისუფალ მასას კი ძირითადად სოფლისა და ქალაქის პლებსი, რომაელი გლეხები და ქალაქის ხელოსნები წარმოადგენდნენ. პლებსი მრავალრიცხოვნობის მიუხედავად სახელმწიფოს მართვაში წამყვან როლს ფაქტობრივად მოკლებული იყო. თუ პატრიციები და პლებეები III ს-ის დასაწყისისათვის სრულუფლებიან მოქალაქეებს წარმოადგენდნენ, იყვნენ ისეთი არასრულუფლებიანი მოქალაქენიც, რომლებიც ლიბერტინებისა და გააზატებულებისაგან შედგებოდნენ.
ლიბერტინებს არ ჰქონდათ ქორწინების უფლება, ან საერთოდ ყოფილიყვნენ მაგისტრატებად და მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ ტრიბუტულ კომიციებში და ისიც მხოლოდ ქალაქის ოთხ ტრიბაში.
4. რომის სახელმწიფოებრივი წყობილება, იტალია რომის ჰეგემონიის ქვეშ.
რომის რესპუბლიკაში უმაღლესი ხელისუფლება ფორმალურად რომაელ ხალხს, სრულუფლებიან მოქალაქეთა კრებულს ეკუთვნოდა. ეს ხალხი კი თავის ნება-სურვილს ოფიციალურად კომიციებში გამოთქვამდა.
პატრიციების ძველმა კურიატულმა კომიციებმა როგორც ვიცით საზოგადოებრივი განვითარების პროცესში თავისი წინანდელი პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა. არსებითად შეინარჩუნეს რა შვილად აყვანისა და ანდერძის დამტკიცების უფლება მათვე ეკუთვნოდათ ახლადარჩეული მაგისტრატებისათვის უმაღლესი ხელისუფლების ფორმალურ-სიმბოლური წესით გადაცემა.
ცენტურიატულ კომიციებში როგორც ქვემოთ უკვე იყო ნათქვამი მონაწილეობას იღებდნენ ქონებრივი თანრიგისა და ცენტურიების მიხედვით პატრიციები და პლებეები. ამ კომიციებში მოქალაქენი იკრიბებოდნენ განთიადისას მარსის მინდორზე.
ცენტურიატული კომიციების კომპეტენცია თანდათანობით ცვლილებას განიცდიდა, მათ დადგენილებებს სენატის მოწონების შემდეგ კანონის ხასიათი ენიჭებოდათ. შემდეგ პერიოდში სენატის მიერ მათი სავალდებულო მოწონების წესი გაუქმებულ იქნა, მაგრამ ჰორტენზიუსის კანონის ძალით საკანონმდებლო მოღვაწეობა თანდათანობით გადადის ტრიბუტული კომიციების კომპეტენციაში.
ამის შემდეგ ცენტურიატულ კომიციებში მხოლოდ ომისა და ზავის საკითხების განხილვა და უმაღლესი თანამდებობის პირთა არჩევნები ხდებოდა.
ტრიბუტულ კომიციებში თავდაპირველად მხოლოდ პლებეები იღებდნენ მონაწილეობას, ისინი ტრიბების მიხედვით იკრიბებოდნენ თავიანთი მაგისტრატების ასარჩევად. თანდათანობით ამ მხრივაც ისეთი წესი დადგინდა რომლის თანახმად პლებეების კრებათა გვერდით ყველა მოქალაქეს იწვევდნენ ტრიბების მიხედვით.
ტრიბუტული კომიციები იკრიბებოდნენ ხან ფორუმზე, ხან კაპიტოლიუმზე და ზოგჯერ ქალაქგარეთაც. ჰორტენზიუსის კანონით პლებსის დადგენილებებს ტრიბებში კანონის ძალა მიენიჭათ და სენატის მოწონებას არ საჭიროებდნენ.
ტრიბუტულ კომიციებს იწვევდნენ და თავმჯდომარეობდნენ მთავარი მაგისტრატები (კონსული, პრეტორი და სხვა) ასეთ შემთხვევებში მათ კრებებს ტრიბუტული კომიცია ეწოდებოდა, ხოლო როცა მათ იწვევდა და თავმჯდომარეობდა სახალხო ტრიბუნი ან პლებეების ედილი ისინი უკვე პლებსის კონსილიუმის სახელით გახდნენ ცნობილი.
საერთოდ ყველა სახის კომიციაზე განსახილველად წარმოდგენილ საკითხებს აყენებდნენ მხოლოდ მაგისტრატები, თუმცა ადგილი არ ჰქონდა მათ ყოველმხრივ განხილვას, ამიტომ როგორც გამოქვეყნდებოდა ასარჩევი კანდიდატების სიები ან წარმოდგენილი კანონპროექტის შინაარსი თითქმის ერთბაშად იწყებოდა ხმების მიცემა ცენტურიების თუ ტრიბების მიხედვით. სხვა მიმდინარე საკითხს კი მაგისტრატები და სენატი წყვეტდა.
განსაკუთრებული ადგილი რომის რესპუბლიკაში ეკუთვნოდა სენატს. თავდაპირველად სენატორებს კონსული ნიშნავდა, შემდეგ კი ეს საქმე ცენზორებს გადაეცათ.
ცენზორები ნიშნავდნენ სენატორებს ყოფილი მაგისტრატების წრიდან, მათ სიას ავგუმი ეწოდებოდა, რომლებშიც სენატორები რანგის მიხედვით შეჰყავდათ, ჯერ ყოფილი კონსულები, მერე პრეტორები და ა შ. იმ სენატორს, რომელიც სიაში პირველ ადგილას იყო მოხსენიებული პირველი სენატორი ეწოდებოდა.
სენატის სხდომებს იწვევდნენ დიქტატორი, კონსული, პრეტორი, უფრო გვიან კი სახალხო ტრიბუნი. სენატის ფუნქციებში შედიოდა არჩეული მაგისტრატების დამტკიცება, რელიგიისა და კულტის საკითხები, სახელმწიფო ქონება და ფინანსები, საგარეო პოლიტიკა, ომისა და ზავის საკითხები. სენატი ისმენდა სხდომის მომწვევი მაგისტრატის მოხსენებას და იწყებდა მის განხილვას. სენატორები სიაში თავიანთი რიგის მიხედვით გამოთქვამდნენ აზრს და შემდეგ ხდებოდა ხმის მიცემა.
აღმასრულებელი ხელისუფლება მაგისტრატებს ეკუთვნოდათ. მაგისტრატურა იყო ჩვეულებრივი ორდინალური და არაჩვეულებრივი ექსტრაორდინალური.
ჩვეულებრივ მაგისტრატურას წარმოადგენდნენ კონსულები, სახალხო ტრიბუნები, პრეტორები, ცენზორები, ედილები, ქვესტორები. კონსულებს მინიჭებული ჰქონდათ უმაღლესი სამოქალაქო უფლება და ომის დროს ჯარების მეთაურობა, მათ ცენტურიატულ კომიციებში ირჩევდნენ. თუ რომში კონსულის უფლებებს რაღაც განსაზღვრული ნორმები ჰქონდა, ქალაქგარეთ ის ყოველმხრივ შეუზღუდავი უფლებით სარგებლობდა.
367 წლიდან დაწყებული 1 კონსული აუცილებლად პლებეების წრიდან უნდა ყოფილიყო არჩეული, სამაგიეროდ 366 წლიდან ცენტურიატულ კომიციებში მხოლოდ პატრიციების წრიდან ირჩევდნენ პრეტორს, რომლის მთავარ მოვალეობას ქალაქში წესრიგის დაცვა წარმოადგენდა და აქედან განვითარდა მისი ძირითადი კომპეტენცია სისხლის სამართლის და სამოქალაქო იურისდიქცია. მხოლოდ 337 წელს მიაღწიეს პლებეებმა მათი წრიდან პრეტორების არჩევის უფლებას.
443 წლიდან რომაელები ცენტურიატულ კომიციებში პატრიციების წრიდან ორ ცენზორს ირჩევდნენ. მათ მოვალეობას შეადგენდა ცენზის გატარება მოქალაქეთა ტრიბებსა და ცენტურიებში დანაწილება, ხოლო შემდეგ სენატორების სიების შედგენაც. მათვე დაევალათ ზნე-ჩვეულების მეთვალყურეობა და მათი ფუნქციები თანდათან გაფართოვდა.
პლებეებმა ცენზორად არჩევის უფლება 351 წ მოიპოვეს, ხოლო 338 წლის კანონით 1 ცენზორი აუცილებლად მათი წრიდან უნდა ყოფილიყო არჩეული.
პატრიციების წინააღმდეგ ხანგრძლივი ბრძოლის პროცესში პლებეებმა თავიანთი წრიდან ტრიბუნების არჩევის უფლებას მიაღწიეს. სახალხო ტრიბუნი განსაკუთრებული რწმუნებულებით იყო აღჭურვილი და მისი პიროვნება ხელშეუხებლად ითვლებოდა. უწინარეს ყოვლისა მის მოვალეობას წარმოადგენდა მაგისტრატული ძალმომრეობისაგან პლებეების დაცვა, ამიტომ მას უფლება ჰქონდა ერთი მხრივ დიქტატორისა და ცენზორის გამოკლებით ყველა მაგისტრატის მოქმედებაში ჩარეულიყო და მეორე მხრივ მათი განკარგულებისათვის ვეტო დაედო.
სახალხო ტრიბუნის სადგომი ყოველი პლებეის თავშესაფრად იყო მიჩნეული და ამიტომაც მისი კარი მუდამ ღია უნდა ყოფილიყო. მას შეეძლო გაეპროტესტებინა სენატის დადგენილება, მაგრამ თავდაპირველად უფლება არ ჰქონდა სენატის სხდომებს დასწრებოდა და მხოლოდ იმ შენობის კართან შეეძლო მდგარიყო სადაც სენატის სხდომა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ტრიბუნებმა მოიპოვეს არა მარტო სენატში შესვლისა და კამათში მონაწილეობის, არამედ მათი მოწვევის უფლებაც.
ტრიბუნებთან ერთად რომში პლებეების 2 ედილის თანამდებობაც დაწესდა, ისინი ტრიბუნის თანაშემწეებად ითვლებოდნენ და მათ ადგილსამყოფელად ცერერას ტაძარი იყო მიჩნეული. როცა პატრიციების წრიდან 2 კურულური ედილის არჩევა დაიწყეს მათი თანამდებობა მალე პლებეებისათვისაც გახდა მისაწვდომი, რის შედეგადაც წარმოიქმნა პატრიციებისა და პლებეების ედილების ერთიანი კოლეგია. კოლეგიის მთავარ მოვალეობას ქალაქში წესრიგის მეთვალყურეობა, სურსათზე ზრუნვა და საზოგადოებრივ ასპარეზობათა მოწყობა შეადგენდა.
კონსულების თანაშემწეებად ითვლებოდნენ ქვესტორები, რომელთაც ჯერ თვითონ ისინი ნიშნავდნენ, შემდეგ კი ტრიბუტულ კომიციებში ოთხ ქვესტორს ირჩევდნენ. თანამდებობაზე მათი არჩევის უფლება პლებეებსაც მიენიჭათ. ქვესტორები განაგებდნენ სახელმწიფო ხაზინას, აწარმოებდნენ შემოსავალ-გასავლის წიგნებს და თან ახლდნენ კონსულებს ომში.
არაჩვეულებრივ მაგისტრატებს წარმოადგენდნენ დიქტატორები, ცხენოსნების უფროსები, დეცემვირები.
დიქტატორს ფორმალურად კონსულები ნიშნავდნენ, ფაქტობრივად კი სენატი ირჩევდა განსაკუთრებული მდგომარეობის შემთხვევაში (ომის, შინაური მღელვარება და ა. შ.) განსაზღვრული ვადით არაუმეტეს ექვსი თვისა. ამ ხნის განმავლობაში ყველა მაგისტრატი მას ემორჩილებოდა და მის მიმართ ტრიბუნების ვეტოს ძალა არ ჰქონდა. ის აღჭურვილი იყო სრული ხელისუფლებით.
ჩვეულებრივად დიქტატორი თავის თანაშემწედ ცხენოსნების უფროსს ნიშნავდა. თავდაპირველად დიქტატორი მხოლოდ პატრიციების წრიდან ინიშნებოდა, მაგრამ უფრო გვიან პლებეებიდანაც.
რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აგრეთვე ქურუმთა კოლეგიები. რომში კარჩაკეტილ ქურუმთა წოდება არ წარმოქმნილა და ქურუმთა კოლეგიები არსებითად სარწმუნოებრივ მაგისტრატურას წარმოადგენდა.
ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პონტიფიკიების კოლეგიას, რომლის მეთაურს დიდ პონტიფიკს კომიციებში ირჩევდნენ, ხოლო დანარჩენ წევრებს მათ კოლეგიებში, ანდა დიდი პონტიფიკი ნიშნავდა.
ძველი რომის სახელმწიფო წყობილების მიმოხილვისას უნდა გვახსოვდეს, რომ მაგისტრატებად არჩევა და მათ მიერ მოვალეობათა შესრულება უმაღლეს პატივად ითვლებოდა და არა სულ უსასყიდლო იყო არამედ მთელ რიგ შემთხვევებში მათგან დიდ ხარჯებსაც მოითხოვდა. მაგისტრატი ხელშეუხებელი პიროვნება იყო და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში არ შეიძლებოდა მისი გადაყენება ან სამართალში მიცემა.
მაგისტრატების კანდიდატების არჩევა მნიშვნელოვან ხარჯებთან იყო დაკავშირებული ვინაიდან არჩევნებამდე ისინი იძულებული იყვნენ ამომრჩევლისათვის დიდი მასპინძლობა გაეწიათ და უხვად დაესაჩუქრებინათ, აქედან ცხადია თუ საზის რომელ წრეებს ეკუთვნოდნენ რომის მაღალი მაგისტრატები.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ თუ რა ხასიათი მიიღო რომაელების მიერ დაპყრობილი იტალიის საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მმართველობამ.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ რომაელებს თავიანთი მოქალაქეების ახალშენები ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით სხვის მიწებზე გაჰყავდათ, უმთავრესად სტრატეგიული მიზნით. ამ კოლონისტებს სავსებით შენარჩუნებული ჰქონდათ რომაელი მოქალაქის ყველა უფლება და თვითონ რომის უფლებამოსილი მოსახლეობის ნაწილად ითვლებოდნენ. ამიტომ ისინი თვითმმართველობით არ სარგებლობდნენ და მონაწილეობა უნდა მიეღოთ ზოგადრომაულ ხელისუფალთა არჩევაში. პრაქტიკულად ეს გარემოება დიდ მოუხერხებლობას ქმნიდა და ამიტომ ზოგიერთ მათგანს თანდათანობით შინაური თვითმმართველობა მიენიჭა.
სხვანაირი იყო ე. წ. მუნიციპიების მდგომარეობა. მუნიციპიები ლაციუმის ძველი დროიდან რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში მიღებული თემების რომაელების ძველი მოკავშირეების უმრავლესობას წარმოადგენდა. მათ შენარჩუნებული ჰქონდათ შინაგანი თვითმმართველობა და რომაელ მოქალაქეებთან სავსებით გათანაბრებული იყვნენ.
მათ რომში კონსულად არჩევის უფლებაც კი ჰქონდათ და რომის ტრიბების შემადგენლობაში ირიცხებოდნენ.
მუნიციპიებისაგან ერთგვარად განსხვავდებოდნენ ხმას მოკლებული თემები, მართალია ცხოვრებაში მათაც თვითმართველობა ჰქონდათ მინიჭებული, მაგრამ ხშირად მათ კონტროლს უწევდნნენ რომიდან სპეციალურად მივლინებული რწმუნებულები. იმავე დროს მათი თავისუფალი მცხოვრებლები რომაელებთან ერთად სრული უფლებამოსილებით სარგებლობდნენ. მათ შეეძლოთ კანონიერად შეუღლებოდნენ რომაელ მოქალაქეებს, მაგრამ მოკლებულნი იყვნენ პოლიტიკურ უფლებებს, არ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება რომის კომიციებში.
იტალიკების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან კატეგორიას წარმოადგენდნენ მოკავშირეები. არსებითად ეს კატეგორია წარმოიქმნა რომის მიერ ომში დამარცხებულ ამა თუ იმ თემთან საკავშირო ხელშეკრულების დადების შედეგად, რითაც განისაზღვრებოდა მისი პოლიტიკური მდგომარეობა. ასეთი ხელშეკრულება სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ უმეტესად მოკავშირეები სახელმწიფოებრივ თავისთავადობას ინარჩუნებდნენ იმ აუცილებელი პირობით, რომ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე ხელს აიღებდნენ. ხელშეკრულებებში გათვალისწინებული იყო აგრეთვე თითოეული მოკავშირის სამხედრო ვალდებულება. ზოგი მათგანი რომს მხოლოდ მტრის თავდასხმის დროს უნდა დახმარებოდა, ზოგს კიდევ რომის მიერ დაწყებულ ყველა ომში უნდა მიეღო მონაწილეობა.
თითოეულ მოკავშირეს ქვეითი და ცხენოსანი ჯარის გარკვეული რაოდენობა უნდა გამოეყვანა. ზღვისპირა ქალაქებს კი ხომალდებისა. ყველას როგორც ხმელეთის ისე საზღვაო ძალები თავიანთ ხარჯზე უნდა შეენახათ. ყოველი მათგანის მეომართაგან ადგენდნენ განსაკუთრებულ მოკავშირე რაზმებს, რომლებიც მთლიანად ემორჩილებოდნენ რომაელთა სარდლობას.
ცალკე უნდა განვიხილოთ ე წ ლატინთა ახალშენები. ეს კოლონიები რომის მიერ დაარსდა ლატინების მოკავშირე ქალაქებთან ერთად მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე. მოკავშირეების მსგავსად ისინიც სრული შინაგანი თვითმმართველობით სარგებლობდნენ და ომის დროს განსაკუთრებულ მოკავშირე რაზმებში მსახურობდნენ.
მოკავშირეებისაგან ისინი იმით განსხვავდებოდნენ, რომ რომში გადასახლებულს რომაელი მოქალაქის სრული უფლება ენიჭებოდათ.
იტალიის მოსახლეობის უკანასკნელ სავსებით უუფლებო კატეგორიას ის ტომები და თემები წარმოადგენდნენ რომლებიც გამარჯვებულ რომს უსიტყვოდ დანებდნენ, მათ დანებებულნი ეწოდებოდათ. ამ კატეგორიის ხალხი მოკლებული იყო ყოველგვარ ავტონომიას და მათ რომის რწმუნებულები განაგებდნენ. იშვიათ შემთხვევაში როდესაც რომისადმი მტრულად განწყობილი რომელიმე თემი სრულიად განადგურდებოდა მისი მთელი მიწა-წყალი რომის საზოგადოებრივ მინდორს უერთდებოდა, მისი მცხოვრებლები კი მონები ხდებოდნენ.
როგორც ამ მოკლე მიმოხილვიდან ჩანს მართალია რომს იტალიაში მთლიანად სახელმწიფოებრივი ტერიტორია არ შეუქმნია, მაგრამ ტრადიციულად მის ცალკეულ მხარეებთან ისეთი მრავალმხრივი ურთიერთობა დაუმყარებია რომელიც თითქმის შეუძლებელს ხდიდა მისი საწინააღმდეგო ერთიანი ფრონტის წარმოქმნას და ხელს უწყობდა მის ჰეგემონიას.

Комментариев нет:

Отправить комментарий