понедельник, 15 мая 2017 г.

გაცი და გაიმი (ვლას ვაწაძე)

ქართული წარმართული პანთეონის ღვთაებებიდან ყველაზე ბუნდოვანი და გაურკვეველია გაცი და გაიმის (გაი-ს) ეტიმოლოგია და წარმომავლობა. ქართული წერილობითი წყაროები გაცი და გაიმის (გაი-ს) მცხეთაში შემოყვანას და მათ ქართლში დამკვიდრებას აზოს სახელს უკავშირებენ: „ხოლო ესე აზოი წარვიდა არიან ქართლად, მამისა თვისისა და წარმოიყვანა რვა სახლი და ათნი სახლნი მამამძუძეთანი და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანაჰყვანდეს კერპნი ღმრთად გაცი და გა“.1 როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს, გაცი და გა (გაიმი) აზოს მიერ შექმნილი ღვთაებები არ არიან, ისინი ჯერ კიდევ არიან-ქართლის მცხოვრებლებისათვის იყვნენ ცნობილი, აკი „ქართლის ცხოვრების“ მატიანე გაცის და გა-ს (გაიმს) „ძველნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი“-ს უწოდებს2.
წმ. ნინოს ცხოვრებაში ამ კერპების აღწერილობაცაა დაცული: „და კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი: და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვერცხლისა და სახელი მისი გაიმ“.3 გაცი და გა-ს (გაიმს) „მეფეთა ცხოვრება“ პირველად, როგორც შევნიშნეთ, აზოსთან მიმართებაში იხსენებს, ამის შემდეგ მათ უკვე წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველ წერილობით წყაროში ვხვდებით ღვთაება არმაზის გვერდით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს კერპები მეფე ფარნავაზისა და შემდგომი ფარნავაზიანების დროსაც უნდა არსებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ავტორისათვის ისინი უცნობი იქნებოდნენ.
ქართული წარმართული პანთეონის საკითხებზე მომუშავე მეცნიერთა ნაწილი საერთო აზრისაა გაცი და გაიმის (გა-ს) წარმომავლობის შესახებ და მათ ადგილობრივ ქართულ ღვთაებებად მიიჩნევს. ი. ჯავახიშვილი გაცთან და გაიმთან (გა-სთან) დაკავშირებით შენიშნავდა: „ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან თან ორი უძველესი მამაპაპეული სალოცავი და ღვთაებაკერპი მოუტანიათ. ყველა დანარჩენი კერპები მერმინდელი შენაძენი და აღმართული ღვთაებები ყოფილან“.4 ს. ჯანაშიას წერილობით წყაროში ნახსენები ციტატა: „გაცი და გა კერპნი მამათა ჩვენთანი არიან ქართლიდან“, განმარტებული აქვს, როგორც ღმერთები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ ქართველთა წინაპრები არიან ქართლიდან5. გ. მელიქიშვილი იზიარებდა ამ მოსაზრებას და აღნიშნავდა, რომ „მოქცევა ქართლისას“ ცნობა არიან ქართლიდან ქართველების წინაპრების გადმოსახლების შესახებ, გამოყოფს წარმართული პანთეონის ორ ჯგუფს, ერთი მათგანი მიეკუთვნებოდა არიან-ქართლიდან მოსულებს (ღმერთები გაცი და გა) და ადგილობრივ მცხოვრებლებს (არმაზი და ზადენი)6.
მეცნიერთა კიდევ ერთი ნაწილი კი გაცი და გა-ს ახლო აღმოსავლურ სამყაროს უკავშირებდა. ნ. მარს გაცი და გა სემიტურ ღვთაებებად მიაჩნდა, „რომლებიც ჩრდილოეთ სემიტებში იყო გავრცელებული და რომელთა სახელებიც ქართველებში მწიგნობრული გზით გაჩნდა“. ამასთან, მეცნიერი შეეცადა, აეხსნა, როგორ მოხდა ქართულ წყაროებში მათი ქართულ კერპებად წარმოჩენა. „ნინოს ცხოვრება“ მათ კერპთა მამათა ჩვენთას უწოდებს, თუმცა არ მიუთითებს მათ ისტორიას. სხვა ისტორიული თხზულება ავსებს ამ ხარვეზს და ჩვენ ვიგებთ, რომ ეს ღმერთები მცხეთაში ქართლის პირველი მეფის დროს გაჩნდნენ (ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით _ აზოს დროს), რომელმაც ორი ვერცხლის კერპი გაცი და გა შექმნა. „მოქცევა ქართლისას“ ავტორს, _ აღნიშნავს ნ. მარი, _ ცხადია, არადამაჯერებლად მოეჩვენა ასეთი მონაცემები ღმერთების ქართული წარმომავლობისა და მოახდინა მაკედონელი მეფის მიერ დანიშნული მმართველის გაეროვნულება7. ნ. მარი შეეცადა აეხსნა მოცემულ ღვთაებათა ეტიმოლოგია. ღვთაება გა მეცნიერმა სემიტურ სამყაროს დაუკავშირა და პარალელი კერპ ასტარტესთან გაავლო8, რომელიც, მისი აზრით, ჩვენში წიგნიერი გზით უნდა შემოსულიყო, რაზეც მისი მეორე ფორმა გაიმი მიუთითებს. გაცი კი ასურული ღვთაება გატის ფარდ სახედ მიიჩნია, რამდენადაც ის ბერძნულშიც ამ ფორმით ყოფილა შენარჩუნებული9.
მ. წერეთელი, ნ. მარის მსგავსად, გაცი და გაიმის წარმომავლობას მცირე აზიას უკავშირებდა, თუმცა ნ. მარისაგან განსხვავებით ქართული გაცი ყათედ მიიჩნია (ეს უკანასკნელი „სირიელთა ღმერთი იყო მამრობითი სქესისა, იგივე მცირე აზიის ღმერთი ატისი“).10 გაიმი კი, მეცნიერის აზრით, „ხეთელთა ღმერთი იყო, სემიტურ პანთეონში გადასული“.11
ხეთურ-ლუვიურ სამყაროს უკავშირებდა გ. გიორგაძე გაცისა და გა-ს წარმომავლობას. ქართული გაცი-ს პარალელად მან ხეთური ხაცი, ტაროსის მცველი ღვთაება მიიჩნია. ხაცი, ისევე როგორც გაცი, ავტორის მითითებით, ხეთურ ლექსიკასა და ტოპონიმიკაშიც დასტურდება12. მანვე ხეთურ-ხურიტულ სამყაროს დაუკავშირა არმაზის მარცხნივ მდგომი კერპი გა (გაიმი).13 გ. გიორგაძეს ასეთი ვარაუდის საფუძველს ისიც აძლევდა, რომ მან ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენიებული არმაზის აღწერილობას მცირეაზიურ (ხეთურ-ხურიტული) ომისა და ტაროსის (თეშუბის) ღვთაებებთან მოუძებნა (გაუვლო) პარალელი. ხეთურ ტრიადაში ტაროსის მცველ ღვთაებად ხაცი იხსენიება14, მსგავსად არმაზის გევრდით მოხსენიებული გაცისა15.
ჩვენი ვარაუდით, გაცი და გაიმი (გა) ქართველთა წინაპრების მიერ მოტანილი ღვთაებებია, რომლებმაც ადგილობრივ წარმართულ პანთეონში სხვა ღვთაებებთან ერთად მყარად დაიმკვიდრეს ადგილი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვემხრობით გ. მელიქიშვილის მოსაზრებას, რომელმაც გაცი და გა ადგილობრივ ღვთაებებად მიიჩნია16, ამდენად, ვერ დავეთანხმებით ნ. მარსა და მ. წერეთელს, რომლებიც სახელ გაცის გამოყვანას ასტარტედან და ყათედან ცდილობდნენ. ეტიმოლოგიურად ეს, ცოტა არ იყოს, საკამათოდ გვეჩვენება. სინამდვილესთან უფრო ახლოსაა გ. გიორგაძის ვერსია სახელ გაცის გამოყვანისა ხეთურ-ხურიტული ხაციდან, თუმცა ძნელი წარმოსადგენია (თუ ამ შემთხვევაში გ. გიორგაძის მოსაზრებას არმაზ-ტაროსის კერპების აღწერილობის სტრუქტურის იგივეობის შესახებ გავიზიარებთ) ხეთურ ტრიადაში მთავარი ღვთაებისადმი დაქვემდებარებული ღვთაება ხაციგაცი ქართველებში უფრო ადრე გაჩენილიყო, ვიდრე არმაზი. არა გვგონია, ამ შემთხვევაში ქართულ წერილობით წყაროებში რაიმე შეცდომასთან გვქონდეს საქმე, რადგანაც მათთვის თანაბრად ცნობილია როგორც გაცი და გა, ისევე არმაზიც. ლეონტი მროველი „მეფეთა ცხოვრებაში“ სახელ არმაზს სპარსულ სამყაროს უკავშირებს17, მაშინ როდესაც წმინდა ნინოს ცხოვრებაში გაცი და გაიმი (გა) „ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთან“-ად იწოდებიან. ამასთანავე, შევნიშნავთ იმასაც, რომ ფარნავაზი ქართლის სამეფოს სათავეში აზოს დამარცხების შემდეგ მოდის, ამ უკანასკნელს კი ლეონტი მროველი „მუქ ფერებში“ წარმოგვიდგენს18.
ფარნავაზი ქართლის სამეფოს სათავეში აზოს დამარცხების შემდეგ რიგ რეფორმებს ატარებს, რომელთა შორის არმაზის კერპის თაყვანისცემის შემოღებაცაა, ანუ „რელიგიური რეფორმა“. ლეონტი მროველთან არაფერია ნათქვამი იმაზე, შეეხო თუ არა ფარნავაზის „რელიგიური რეფორმა“ აზოს მიერ შემოტანილ კერპებს, მხოლოდ „წმინდა ნინოს ცხოვრებიდან„ ვიგებთ, რომ გაცი და გაც (გაიმის) კერპები მოთავსებული იყვნენ მთავარი ღვთაება არმაზის გვერდით და ერთგვარ ტრიადას ქმნიდნენ19.
ამასთანავე, ქართული წერილობითი წყარო რამდენჯერმე ხაზს უსვამს გაცი და გა-ს წარმოშობას და მათ შექმნას ქართველთა წინაპრებს უკავშირებს. მაშასადამე, აზოს დამარცხებით და ქართლის სამეფოს სათავეში ფარნავაზის მოსვლით გაცი და გა-ს არსებობა არ შეუწყვეტიათ, შესაძლოა იმიტომ, რომ ქართველთა უძველესი ღვთაებები იყვნენ და მათი სპარსული ღვთაებებით ჩანაცვლება კი არ მოხდა, არამედ ადგილობრივი ქართული ღვთაებების შერწყმა მოხდა სპარსულთან20. თუმცა, მარტო ეს ფაქტები არ კმარა იმისათვის, რომ გაცი და გა ადგილობრივი, ქართული წარმოშობის ღვთაებებად მივიჩნიოთ, მით უმეტეს, რომ გვიანდელ ხალხურ გადმოცემებში, ტრადიციებში ასეთი სახელის მატარებელი ღვთაებები არ დასტურდება, არც იმის ფაქტები გაგვაჩნია, მათთვის რაიმე სალოცავი დაედგათ. საქართველოში არ დასტურდება ტოპონიმიკური ადგილები, რომლებიც გაცი და გაიმის (გა-ს) სახელთან შეიძლება დაგვეკავშირებინა, განსხვავებით არმაზისა, ზედაზენის. თუმცა, ვთვლით, რომ გაცი და გაიმის (გა-ს) ეტიმოლოგიის გამორკვევა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ქართული წერილობითი წყარო „ძუელნი ღმერთნი მამათა ჩვენთანს“ უწოდებს, ქართულ ლექსიკაშია საძებარი. ძნელია, რაიმე შესატყვისი მოვუძებნოთ გა-ს (გაიმს), რადგანაც ის „ქართლის ცხოვრების~ სხვადასხვა ვარიანტში განსხვავებულად იხსენიება _ გაიმა21, გიმ22, გაიმ23, გაიამ, გა. ამასთანავე24,
სულხან საბა ორბელიანის განმარტებით, „გა _ ართრონი არს სიტყვანი, რომლისა მიერ ითქმის გაღმრთობა, გამეფება, გაუფლება, გაცხოელება, გაქალაქება, გაკეთება, გაცემა, გაბოროტება და ესევითარნი“.25 თითქოს უფრო ადვილია მეორე კერპის, გაცის ეტიმოლოგიის გამორკვევა, ის შესაძლოა გაცისკრებას უკავშირდებოდეს. სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის განმარტებით, „გაცისკრება არს უწინარეს განთიადისა“.26 აქ თითქოს გაცის ფუნქციებიც გაირკვა და ის ცისკართანაა კავშირში. რამდენად მართებულია მსგავსი ვარაუდი, პასუხი ამ კითხვაზე ქართულ წერილობით წყაროებშია საძებარი. ლეონტი მროველი ამ კერპების ქართლში დამკვიდრებას აზოს უკავშირებს და მათ ოქროსა და ვერცხლის კერპებად მოიხსენიებს27. „წმინდა ნინოს ცხოვრებიდან“ კი მათ სქესსაც ვიგებთ, ისინი მამაკაცი ღვთაებები ყოფილან28.
საერთაშორისო სიმბოლიზმის მიხედვით, ლითონის სიმბოლიკაში ვერცხლი მთვარესთანაა კავშირში29, „ოქრო კი ადრეულ სტადიაში მზესთან ასოცირდებოდა... მისი ასოციაციის გამო მზესთან ოქრო ითვლებოდა მამაკაცური საწყისის სიმბოლოდ“.30 ჩვენს შემთხვევაში „წმინდა ნინოს ცხოვრება“ გაცი-ს ოქროს მამაკაც კერპად წარმოგვიდგენს, რაც სრულიად შეესაბამება სიმბოლიკის მიხედვით მის მზესთან და მამაკაცურ საწყისთან დაკავშირებას, თუმცა აქვე იმასაც შევნიშნავთ, რომ თუ შატბერდის კრებულში, ქართლის ცხოვრების ძველ სომხურ თარგმანში, ანასეულ ნუსხაში გაცი ოქროს კერპად წარმოგვიდგება, მარიამისეულ ნუსხაში ოქროს კერპად გაიმია მოხსენიებული31. ვახუშტი ბატონიშვილი კი ამ ფაქტს ნაკლებმნიშვნელოვან როლს ანიჭებდა, რადგანაც ერთგან ის ხაზგასმით მიუთითებდა: „აზონ... ქმნა კერპნი დიდნი _ გაცი ოქროსა და გაიმ ვერცხლისა“32, მეორეგან კი, როდესაც არმაზის კერპს და მის თანამდევ ღვთაებებს აღწერს, ამბობს: „არმაზის იმიერ და ამიერ იყო გაიმ და გაციმ ოქროსი და ვერცხლისა“.33 ამ შემთხვევაში გაუგებარია გაიმია ოქროს კერპი თუ გაცი. პასუხი, ჩვენი აზრით, მამაკაცური საწყისის ოქროს კერპ გაცის სიმბოლიკაში (რომელიც მზესთან ასოცირდება) და ეტიმოლოგიაშია საძებარი, რომელიც ჩვენ გაცისკრებასთან დავაკავშირეთ.
წმინდა ნინოს ცხოვრება ძვირფას ცნობებს გვაწვდის გაცი და გაიმის ღვთაებრივი ფუნქციების შესახებ. „მოქცევა ქართლისას“ სხვადასხვა რედაქცია მათ „ყოველთა დაფარულისა გამომძიებელნს“ უწოდებს34. „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანიდან კი ვიგებთ, რომ „ჩვენი მამების ძველი ღმერთები, გაიმი და გაციმი... მზის აღმომაბრწყინვებლები და წვიმათა მომცემლები და ქვეყნის ნაყოფთა აღმომაცენლები”35 ყოფილან. ერთი შეხედვით, გაცის უნდა შეესაბამებოდეს „ქართლის ცხოვრების“ ამ რედაქციაში დაცული „მზის აღმომაბრწყინველი“, მაგრამ „მოქცევა ქართლისას“ სხვა ნუსხებში გაცისა და გაიმის ღვთაებრივი ფუნქცია მხოლოდ „ყოვლისა დაფარულის გამოძიება“ ყოფილა, ამასთანავე, „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანი, ღვთაებათა აღწერის დროს, არ იხსენებს არც არმაზს და არც ზადენს36.
ქართულ წერილობით წყაროებში გაცის ფუნქციების გასარკვევად არასაკმაო ცნობებია. მარტო მის გაცისკრებასთან და, სიმბოლიზმის მიხედვით, ოქროს კერპის მზესთან დაკავშირება, არადამაჯერებელია და მის ღვთაებრივ ფუნქციებს გაურკვეველს ტოვებს, მით უმეტეს, თუ შევნიშნავთ იმასაც, რომ „წმინდა ნინოს ცხოვრება“ „ყოვლისა დაფარულისა გამომძიებლებად“ იხსენიებს, რაც არავითარ კავშირში არ უნდა იყოს გაცისკრებასთან და მზესთან. ამ საკითხის უკეთ გასარკვევად საჭიროა გაცი და გაიმ(გა-ს)-თან დაკავშირებული პარალელური მასალების მოძიება სომხურ წარმართულ პანთეონში, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული წარმართული პანთეონის ღვთაებების: არმაზის, აინინას პარალელებს სომხურ არამაზდში და ანაიტიში, ნანეში ვხედავთ. თავიდანვე შევნიშნავთ, რომ სომხური წარმართული პანთეონისათვის და სომხური წერილობითი წყაროებისათვის გაცი და გაიმის (გა-ს) სახელის მატარებელი ღვთაებები არ გვხვდება. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც გაცი და გაიმი (გა) „ძუელნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი“, ანუ ქართველთა წინაპრების ღვთაებები ყოფილან.
სანამ ქართული გაცი და გაიმის პარალელების ძიებას შევუდგებოდეთ სომხურ წარმართულ პანთეონში, გვსურს რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ღვთაება არმაზის საკითხს, რომლის გვერდითაც, „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მიხედვით, მოთავსებული იყვნენ გაცი და გაიმი (გა). მეცნიერთა ერთი ნაწილი ცდილობდა არმაზი აჰურამაზდასთან, ტაროსთან, ანდა მთვარის ღვთაება არმასისთვის დაეკავშირებინა, ჩვენ არ შევუდგებით თითოეული ამ მეცნიერის მოსაზრების განხილვას, ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა ს. მაკალათიას და კ. კეკელიძის მოსაზრებების გაცნობა, რომლებიც პირველნი შეეცადნენ „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ დაცული არმაზის კერპისთვის არა მარტო მისი ეტიმოლოგიის, არამედ აღწერილობის სტრუქტურის მიხედვით მოეძებნათ პარალელი, ასეთად კი მიხრ-იაშტებში ირანული ღვთაება მითრას აღწერილობა მიიჩნიეს37.
„წმინდა ნინოს ცხოვრების“ ავტორი შემდეგნაირად აღწერს ღვთაება არმაზს და მის თანამდევ ორ ღვთაებას: „იდგა კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მას ეცუა ჯაჭვი ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თვალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ხელთა მისთა აქუნდა ხრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა იქცეოდა ხელთა შინ _ უკეთუ ვინმე შეეხებიან, თავი თვისი სიკუდილად განწირა. და კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვერცხლისა, და სახელი მისი გაიმ“.38 გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ზოროასტრიზმი იყო გავრცელებული, არ აკეთებდნენ, არ დგამდნენ აჰურამაზდას კერპს39, მისაღებია კ. კეკელიძის მოსაზრება, რომ „გულუბრყვილო მემატიანემ ტყვილა მონათლა არმაზის სახელით ის კერპი, რომელიც ნამდვილად წარმოადგენდა მითრას ბარელიეფის გამოსახულებას“.40 მიხრ-იაშტების მიხედვით: „მითრას ხელში უჭირავს გურზი, რომელსაც ასი კოპი აქვს, ასი მჭრელი წახნაგით, რომელიც მეომართა გასანადგურებლადაა მიმართული. ეს გურზი ჩამოსხმულია ოქროს ლითონისგან, მყარი ოქროსგან. ეს ყველაზე ძლიერი და გამარჯვების მომტანი იარაღია“.41
„წმინდა ნინოს ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ არმაზს “ხელთა მისთა აქუნდა ხრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და იქცეოდა ხელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებიან, თავი თვისი სიკუდილად განწირის და იტყვიან: „...ნუ უკუე პოოს ვინმე ბიწი და მცეს მე მახვილი იგი, რომლისგან ეშინის ყოველსა“.42 სულხან საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ განმარტებით, ბიწი _ „კნინი რამე შერყვნილებაა“,43 ანუ მცირედი სიყალბეა, მითრა კი, მიხრიაშტების მიხედვით, არის ღვთაება, რომელიც სიცრუეს, სიყალბეს არავის ჰპატიობს: „თავს ჰკვეთს მითრა ხალხს, რომლებმაც ის მოატყუა, ყოველ მხარეს ცვივა თავები ადამიანებისა, რომლებმაც მითრა მოატყუეს“.44
ამასთანავე, „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ აღწერილ ღვთაება არმაზს, მითრას მსგავსად, ორი თანამდევი ღვთაება ახლავს. ქართველ მემატიანესთან ვკითხულობთ: „და კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვერცხლისა და სახელი მისი გაიმ“, მიხრიაშტებიდან კი ვიცით, რომ მითრას ასეთი თანამდევი ორი ღვთაება სროშა და რაშნუ ჰყავდა:
„მის ხელმარჯვნივი მოდის, კეთილი და სამართლიანი სროშა, ხელმარცხნივ მაღალი, ძლიერი რაშნუ“.45
მიხრ-იაშტების მიხედვით, სროშა და რაშნუ მითრას ეხმარებიან მტრის ძლევაში46. მითრას ხშირად გამოსახავდნენ სხვა ორი თანამდევი ღვთაების კაუტო და კაუტოპატის გარემოცვაში, რომელთაც ხელში ჩირაღდნები ეჭირათ და დილის და საღამოს ვარსკვლავებს განასახიერებდნენ47. თუ კ. კეკელიძის მიერ შემოთავაზებულ მოსაზრებას არმაზ-მითრას კერპების აღწერილობის სტრუქტურის იგივეობის შესახებ გავიზიარებთ, გაცი და გაიმის (გა-ს) პარალელი შესაძლოა სროშაში და რაშნუში, ანდა კაუტო და კაუტოპატში დავინახოთ, თუმცა ასეთი სახელის მატარებელი ღვთაებები ქართული წარმართული პანთეონისათვის, წერილობითი წყაროებისათვის, ხალხური ფოლკლორისათვის უცნობია.
მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სროშა და რაშნუს ღვთაებრივი ფუნქციების შედარება გაცი და გაიმის (გა-ს) ღვთაებრივ ფუნქციებთან, რომელთაც ქართული წერილობითი წყარო „ყოვლისა დაფარულისა გამომძიებლებს უწოდებს“, რაც შეიძლება გავიაზროთ როგორც მართლმსაჯულები ან მოსამართლეები, რაც სროშა და რაშნუს მოვალეობებშიც შედის48. მეორე მხრივ, პარალელის გავლება შეიძლება კაუტო და კაუტოპატთანაც, რომლებიც ამომავალ მზეს და მთვარეს განასახიერებდნენ, ჩვენს შემთხვევაში კი ოქროს გაცის და ვერცხლის გაიმის სიმბოლიკური განმარტებაც იგივეა, ამასთანავე, გაციდან გამოსულად მიგვაჩნია სიტყვა გაცისკრებაც49.
თუ ჩვენი მოსაზრება გაცი და გაიმის (გა-ს) კავშირისა კაუტო-კაუტოპატთან, ან სროშა-რაშნუსთან სწორია, რატომ ვაწყდებით ასეთ წინააღმდეგობას მოცემული ღვთაებების ეტიმოლოგიის დადგენისას? ჩვენი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი სომხურ წარმართულ პანთეონშია საძებარი, რომელმაც თავის დროზე სპარსული ზოროასტრული პანთეონის გავლენა განიცადა50, თუმცა, მსგავსად ქართული წარმართული პანთეონისა, მასშიც არ ვხვდებით სროშას, რაშნუს, კაუტო, კაუტოპატის სახელების მატარებელ ღვთაებებს. თუმცა ღვთაება მიხრის (იგივე მითრას) გვერდით სომხური წერილობითი წყაროები ორ თანამდევ ღვთაებას არეგ აკნსა და ლუს ინს იხსენებენ51. პირველის სახელი ითარგმნება, როგორც მზის თვალი, ის ხილული მზე იყო და ზენდავესტა „ორმუზდის თვალსაც“ უწოდებდა, რომელიც უდაბნოებს ანაყოფიერებს, არასოდეს სძინავს, ქვეყნების მფარველია. არეგ აკნი ასევე „მამაკაცური სქესის ცეცხლის“ სიმბოლოცაა52. ლუს ინი კი მთვარეა, რომელიც „ქალური სქესის ცეცხლის“, რომელსაც მოვსეს ხორენაცი „ცეცხლ დას“-აც უწოდებს53. ჩვენი ვარაუდით, ამ ღვთაებებს უნდა შეესაბამებოდეს მითრას თანმდევი კაუტო და კაუტოპატი, რომლებიც ამომავალი დილის და საღამოს ცისკარს განასახიერებდნენ.
როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთა ღვთაებრივი ფუნქციები და მნიშვნელობა ქართული და სომხური წარმართული პანთეონისათვის ცნობილი იყო. სომხურ წარმართულ პანთეონში მათი სახელების სომხურ ვარიანტს ვხვდებით _ არეგ აკნი _ არეგის თვალი, ხილვადი მზე, ლუს ინი _ მთვარე. ქართულ ვარიანტში კი არეგ აკნს ოქროს კერპი გაცი უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც გაცისკრებასთან უნდა იყოს კავშირში და პარალელს ნახულობს ერთი მხრივ კაუტოსთან, მეორე მხრივ კი არეგ აკნთან (ეს უკანასკნელი კი სპარსული კაუტოს სომხური ვარიანტია). ირკვევა მეორე კერპის გას (გაიმის) ღვთაებრივი დატვირთვა _ ის მთვარის ღვთაებაა, მსგავსად კაუტოპატისა და ლუს ინისა, თუმცაღა ამ შემთხვევაში ერთადერთ დამამტკიცებელ საბუთად მისი ვერცხლის კერპად და ოქროს კერპ გაცის გვერდით მოხსენიება შეიძლება მივიჩნიოთ.
აზონამდე ქართლში არ არსებობდა ერთიანი სახელმწიფო, იყვნენ ტომები, რომლებიც პირველობისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ, მათ სათავეში კი მამასახლისები უნდა მდგარიყვნენ. „აზონის გამოსვლა იყო პირველი ცდა გაერთიანების დიდ გზაზე გასასვლელად. ყველა ტომი ცდილობდა დამოუკიდებლობისა და საკუთარი ტრადიციებით ცხოვრების გაგრძელებას... აზონმა შექმნა ქართველი ტომების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პრეცედენტი“.54 ქართლის ტერიტორიაზე მოსახლე ცალკეულ ტომებს საკუთარი ღმერთები უნდა ჰყოლოდათ, ისევე როგორც აზოს მიერ შემოტანილი კერპები გაცი და გაიმი (გა) იყვნენ ღმერთები შორეულ წინაპართა არიან ქართლიდან. ტომთა შორის ბრძოლების გამარჯვებულ „ბელადს“ აზოს მოჰყავს თავისი კერპები გაცი და გაიმი (გა), რომელთა თაყვანისცემასაც აწესებს. რა ბედი ეწიათ ამ კერპებს ქართლის სამეფოს სათავეში ფარნავაზის მოსვლისა და მისი რელიგიური რეფორმის შემდეგ, ლეონტი მროველი „მეფეთა ცხოვრებაში“ ამის შესახებ ცნობებს არ გვაწვდის. შემდგომი ცნობები გაცი და გაიმის შესახებ „წმინდა ნინოს ცხოვრებაშია“ დაცული, საიდანაც ვიგებთ, რომ ისინი უმაღლესი ღვთაება არმაზის გვერდით იყვნენ მოთავსებულნი. თუმცა, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, არმაზი ამ შემთხვევაში არ შეიძლება იქნას გააზრებული აჰურამაზდად. ვერ დავეთანხმებით მ. გველესიანის მოსაზრებას, რომ „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ არმაზის კერპის აღწერილობაში აჰურამაზდას აღწერილობაა დაცული55.
გამომდინარე იქიდან, რომ აჰურამაზდას მსგავსი სახის კერპი, როგორც ეს ქართულ წერილობით წყაროებშია აღწერილი, არ გაგვაჩნია56. ჩვენთვის მისაღებია კ. კეკელიძის მოსაზრება: ნინოს ცხოვრების აღმწერს სინამდვილეში მხედველობაში ჰქონდა არა აჰურამაზდა, არამედ ღვთაება მითრას აღწერილობა, ხოლო არმაზ-აჰურამაზდას მეომარი ღვთაების აღწერა კი გულუბრყვილო მემატიანის შეცდომა, ანდა ფანტაზიის ნაყოფია. ეს რომ სიმართლეს შეესაბამება, ამის დასტურია მიხრ-იაშტებში მითრას აღწერილობა, ჩვენამდე შემორჩენილი მისი რელიეფური გამოსახულებები თუ კერპები.
მითრას ხშირად გამოსახავდნენ სროშა და რაშნუს, ან კაუტო და კაუტოპატთან ერთად. სროშა და რაშნუ მითრას მტრის დაძლევაში ეხმარებოდნენ (ანუ მეომარი ღვთაების ფუნქციაც ჰქონდათ მინიჭებული), კაუტო და კაუტოპატი დილის და საღამოს ცისკარს განასახიერებდნენ, მსგავსად არმაზის თანმდევი გაცი და გაიმისა (გა-სი), რომელთაც ქართული წერილობითი წყაროები ოქროს და ვერცხლის კერპებად მოიხსენიებენ. სიმბოლიკის მიხედვით ოქრო მზის, ვერცხლი კი მთვარის სიმბოლოა, ამასთანავე, კერპ გაცი-ს სახელიდან უნდა მოდიოდეს სიტყვა გაცისკრებაც. მათი მოხსენიება მეომარ ღვთაებებად და „ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებლებად“ უნდა მიანიშნებდეს მათ კავშირზე სროშა და რაშნუსთან57. გაცი და გაიმი (გა) ზოროასტრული ღვთაების შემოსვლისა და ქართლში დამკვიდრების შემდეგ, კაუტოკაუტოპატის, სროშა რაშნუს ქართული შესატყვისი ღვთაებები უნდა გამხდარიყვნენ.
ქართლში ზოროასტრული პანთეონის შემოსვლამდე, არმაზის ამაღლებამდე „ძუელნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი, გაცი და გაიმ” ბატონობდნენ ქართულ ოლიმპოზე. არმაზის დაბადებამ გაცი და გაიმ დაამცრო, მაგრამ თავის გვერდით მაინც დაუთმო ადგილი და გარკვეული ფუნქციებიც შეუნარჩუნა58. ქრისტიანობამ ქართლში დამკვიდრების შემდეგ წარმართულ კულტებს ბრძოლა გამოუცხადა, კერპები და წარმართული სალოცავები მოსპო, მათ რიცხვში გაცი და გაიმისაც, რომელთა სახელებს შემდგომი პერიოდის ქართული წერილობითი წყაროები, საერო თუ სასულიერო ლიტერატურა, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება არ იხსენიებს.
შენიშვნები
1. შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა. თბ., 1979, გვ. 320. იქვე ცოტა ქვემოთ ვიგებთ: „და ესე იყო პირველი მეფეი მცხეთასა შინა აზოი, ძე არიან ქართველთა მეფისა“. ლეონტი მროველთან აზოს მცხეთაში შემოსვლამდე საუბარია ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართველებისათვის მზის, მთვარისა და ხუთი ვარსკვლავის თაყვანისცემის დაწესების შესახებ, რომელიც ქართველებმა უარყვეს.
2. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბ., 1955, გვ. 106. შატბერდის კრებულში, წმ. ნინოსთან დაკავშირებულ თხზულებაში ვკითხულობთ: „რომელნი იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან ქართლით“. _ შატბერდის კრებული X საუკუნისა. თბ., 1979, გვ. 335.
3. ქართლის ცხოვრება.., ტ. I, გვ. 89-90. თუმცა აქვე იმასაც დავძენთ, რომ „ქართლის ცხოვრების“ სხვადასხვა რედაქციებში, როდესაც აზოს მიერ გაცი და გა (გაიმის) კერპთა თაყვანისცემის შემოღების შესახებაა საუბარი, ორივე კერპი ვერცხლისად იწოდება. მარიამ დედოფლისეულ „ქართლის ცხოვრების“ ნუსხაში ვკითხულობთ: „და შექმნა ორნი კერპნი ვერცხლისანი“ (მარიამ დედოფლისეული ქართლის ცხოვრება. ე. თაყაიშვილის რედაქციით. ტფ., 1906, გვ. 16). იგივეს ვკითხულობთ ანა დედოფლისეულ „ქართლის ცხოვრების“ რედაქციაშიც. (ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული. დასაბეჭდად მოამზადა ფილოლოგიის განყოფილებამ ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით. თბ., 1942, გვ. 14. იხილეთ ასევე: ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი. გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილ. აბულაძემ. თბ., 1963, გვ. 28). აქვე იმასაც შევნიშნავთ, რომ მარიამ დედოფლისეულ და ანა დედოფლისეულ „ქართლის ცხოვრებაში“ აზოსთან დაკავშირებულ თხზულებებში კერპთა სახელები არაა დაფიქსირებული.
4. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ. I. თბ., 1928, გვ. 99.
5. ს. ჯანაშია. უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველსაცხოვრისის შესახებ. _ შრომები, II. თბ., 1952, გვ. 46.
6. Г. А. Меликишвили. К истории древной Грузии. Тб., 1959, გვ. 39. იქვე შენიშვნაში მეცნიერი აკონკრეტებს, რომ სინამდვილეში არმაზი და ზადენი იყვნენ ღმერთები მოსული მოსახლეობისა (ხალხისა), გაცი და გა, კი უფრო სარწმუნოა ადგილობრივებისა და რომ გაცი და გა უნდა ვაღიაროთ ადგილობრივ ღვთაებებად (და არა არმაზი და ზადენი). მესხი მოსულების პანთეონის შერწყმაზე ადგილობრივი მოსახლეობის პანთეონთან უნდა მიუთითებდეს ის გარემოება, რომ გაცი და გასთვისაც იქნა განკუთვნილი ადგილი ოფიციალურ პანთეონში... „მოქცევა ქართლისა“ არმაზის კერპის აღწერის დროს აღნიშნავს, რომ მის მარჯვნივ იდგა ქანდაკება ოქროსი და სახელი მისი გაცი, მის ხელმარცხნივ იდგა კერპი ვერცხლისა და სახელი მისი გა. მსგავსი შერწყმა პანთეონში შესაძლოა ასახავს მესხური ელემენტის შერწყმას ადგილობრივ მოსახლეობასთან. იხ.: Г. А. Меликишвили. К истории древной Грузии.., გვ. 317; Очерки истории Грузии, т. I. Тб., 1989, გვ. 290.
7. Н. Я. Марр. Богы языческой Грузии. Тб., 1901, გვ. 2-3.
8. Н. Я. Марр. Богы языческой Грузии.., გვ. 17, 21.
9. Н. Я. Марр. Богы языческой Грузии.., გვ. 2, მისი ეს მოსაზრება შემდგომში ივ. ჯავახიშვილმაც გაიზიარა. იხილეთ: ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. I. _ თხზულებანი თორმეტ ტომად, თბ. 1979, ტ. I, გვ. 140-141.
10. მ. წერეთელი. ხეთების ქვეყანა, მისი ხალხები, ენები, ისტორია
და კულტურა. კონსტანტინოპოლი, 1924, გვ. 98.
11. მ. წერეთელი. ხეთების ქვეყანა.., გვ. 99-100.
12. გ. გიორგაძე. ხეთური ტრიადები. _ მნათობი, #7, 1985, გვ. 147-157.
იხ. ასევე: გ. გიორგაძე. ათასი ღვთაების ქვეყანა. თბ., 1988, გვ. 150.
13. გ. გიორგაძე. ათასი ღვთაების ქვეყანა.., გვ. 150.
14. გ. გიორგაძე. ათასი ღვთაების ქვეყანა.., გვ. 145.
15. გ. გიორგაძე თავის ამ მოსაზრებას იმით ასაბუთებდა, რომ ექვთიმე მთაწმინდელის „მცირე სჯულის კანონში“ ქართველთა წარმართ ღვთაებათა შორის მხოლოდ ბოჩი, გაცი, ბადაგონ და არმაზ არიან მოხსენიებული. ჩვენი მხრიდან შევნიშნავდით, რომ მარიამ დედოფლისეულ „ქართლის ცხოვრებაში“, საწინააღმდეგოდ ექვთიმე მთაწმინდელის ცნობისა, არმაზის გვერდით მხოლოდ „კერპი ოქროსა... გაიმაა“ ნახსენები: „და კუალად იყო: მარჯუენით: მისსა: სხუა კერპი ოქროსა: სახითა: კაცისათა: მდგომარე და სახელი მისი გაიმაა რომლენი იგი ღ’თად უჩნდა ერსა“. იხ.: მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვრება“, გვ. 71.
16. Г. А. Меликишвили. К истории древной Грузии.., გვ. 317.
17. ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 25.
18. „იყო კაცი ძნელი და მესისხლე... და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: „ყოველმან ქართველმანმან რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი... და ესე აზონ მათ ჰრომთა ზედა იყო მესისხლე“. იხ.: ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 20.
19. რომელსაც გრ. გიორგაძემ „არმაზული ტრიადა“ უწოდა. გრ. გიორგაძე.
ათასი ღვთაების ქვეყანა.., გვ. 149.
20. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიზიარებთ გრ. ქანთარიას მოსაზრებას: „აზონის კერპები ქრისტიანობის გავრცელების ხანაში იწოდებოდნენ: „ძუელენი ღმერთნი მამათა ჩუენთანი“ ლეონტი მროველის მიერ მათი ამ სიტყვებით მოხსენიება ნათელს ხდის, რომ აზონის ღვთაებანი ძალით დანერგილ კერპებს არ წარმოადგენდნენ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რელიგიურ რეფორმატორ ფარნავაზს გაცისა და გაიმის კანონიკურობის საკითხი არ დაუსვამს. ისინი დატოვა, ოღონდ მათზე მაღლა დააყენა არმაზის კერპი. ცხადია, ქართულ გარემოში ფართოდ გავრცელებული წარმოდგენები, რომელთა წარმომავლობაც, დასაშვებია, მომდინარეობდა არიან ქართლიდან და ცნობილი იყო ქართველთა დიდი ნაწილისათვის, აზონმა აიყვანა უმაღლეს რანგამდე. იხ.: გრ. ქავთარია. აზონი. თბ., 2000, გვ. 45-46.
21. მარიამ დედოფლისეული ქართლის ცხოვრება, გვ. 71.
22. ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული.., გვ. 55.
23. ქართლის ცხოვრება. ძველი სომხური თარგმანი.., გვ. 103. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა _ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV. თბ., 1973, გვ. 16, 78. ქართლის ცხოვრება. ანა დედოფლისეული, გვ. 65.
24. შატბერდის კრებული X საუკუნისა, გვ. 320, 337, 340.
25. სულხან საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული. ავტოგრაფიული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებითი ლექსიკის სახით საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ. თბ., 1991, გვ. 126.
26. სულხან საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული.., გვ. 152.
27. თუმცა „ქართლის ცხოვრების“ სხვადასხვა რედაქციის „მეფეთა ცხოვრების“ ნაწილში ორივე კერპი ვერცხლისად იწოდება (იხ.: ქართლის ცხოვრება. ძველი სომხური თარგმანი.., გვ. 28; ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული.., გვ. 14, მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრება, გვ. 16). ამასთანავე, „ქართლის ცხოვრების“ ანა და მარიამ დედოფლისეულ რედაქციებში, როდესაც აზოს მიერ ამ კერპების ქართლში დამკვიდრებაზეა საუბარი, გაცი და გაიმის სახელები არ იხსენიება _ „და შექმნა კერპნი ვერცხლისანი განწმენდად“(ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული.., გვ. 14; მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრება, გვ. 16). შატბერდის კრებულში კი, როდესაც აზოსთან დაკავშირებით ამ კერპებზეა საუბარი, მხოლოდ მათი სახელები იხსენება: „და თანაჰყვანდეს კერპნი ღმრთად გაცი და გა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა.., გვ. 320). წმინდა ნინოსთან დაკავშირებულ თხზულებებში, კერპის სახელებთან ერთად, ვიგებთ იმასაც, თუ რომელი ძვირფასი ლითონებისგან იყვნენ შექმნილნი: „და კუალად იყო მარჯუენით მისსა (ანუ არმაზისა) კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი: და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვერცხლისა და სახელი მისი გაიმ, რომელნი იგი ღმრთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა“ (ქართლის ცხოვრება.., ტ. I, გვ. 89-90).
28. აქედან გამომდინარე, მცდარი უნდა იყოს გა-ს დაკავშირება ქალღვთაება ასტარტესთან.
29. Джек Тресиддер. Словарь Символов. М., 2002, გვ. 331-332. ვერცხლი არის მთვარის, ქალის, ციური ნიშანი, ღვთაება არტემიდას _ მთვარის ღვთაების ატრიბუტი, ასევე მეფეთა ლითონი. ასოციაციის გამო მთვარის შუქთან, მას ადარებენ იმედის სინათლესთან და სიბრძნესთან.
30. Джек Тресиддер. Словарь Символов.., გვ. 122-123.
31. „და კუალად იყო: მისსა: სხუაი კერპი ოქროსა: სახითა: კაცისათა: მდგომარე და სახელი მისი გაიმაა“ (მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრება, გვ. 71).
32. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 55.
33. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 78.
34. ანა დედოფლისეულ „ქართლის ცხოვრებაში“ კი ვკითხულობთ: „ყოვლისა წარუვალისა გამომძიებელნი, ძუელნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი გაცი და გაიმ“ (ქართლის ცხოვრება. ანა დედოფლისეული.., გვ. 65).
35. ქართლის ცხოვრება, ძველი სომხური თარგმანი.., გვ. 103.
36. საყურადღებოა ისიც, რომ „ქართლის ცხოვრების“ ძველ სომხურ თარგმანში გაცი და გაიმისადმი ყველა ის ფრაზაა ნახმარი, რომელიც სხვა რედაქციებში არმაზთან და ზადენთან მიმართებაშია გამოყენებული. ერთადერთი ეპითეტი, რომელსაც „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანი გაცი და გაიმთან მიმართებაში არ ხმარობს „სოფლის მპყრობელია“, რაც თავისთავად იმას უნდა გულისხმობდეს, რომ გაცი და გაიმი უმაღლეს ღვთაებებად არმაზის კულტის შემოღების შემდეგ არ მოიაზრებოდნენ.
37. ს. მაკალათია. ღვთაება მითრას კულტი საქართველოში. თბ., 1927, გვ. 189. კ. კეკელიძე შენიშნავდა: „ქართველები იცნობდნენ მითრაიზმს, პირველი _ იმიტომ, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ მცირე აზიის ქვეყნებთან, II _ აჰურამაზდა-არმაზის რელიგია, განსაკუთრებით სასანიდების პერიოდში სახელმწიფო რელიგია იყო, III – მითრაიზმის წესები-ჩვეულებები დღესაც შემორჩა... ჯერ კიდევ ნ. მარმა აღნიშნა და მერე გერმანელმა მეცნიერმა ო. ფ. ვეზენდოკმა გაიმეორა, რომ ზადენი, რომელსაც ქართულ მატიანეში ყველგან არმაზის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს და მის გვერდით ვხედავთ, უნდა იყოს ავესტის ყაზატა ან სპარსული ყაზადან, რაც კეთილ გენიას ნიშნავს, პირველყოვლისა მითრას. მეორე, მაზდეანობამ კერპთაყვანისმცემლობა არ იცოდა საზოგადოდ, კერძოდ არსად არ აკეთებდნენ და არ დგამდნენ აჰურამაზდას ან არმაზის კერპს. მიუხედავად ამისა, მემატიანის გადმოცემით, ქრისტიანობის შემოღებისას, ჩვენში, მცხეთაში, თითქოს იდგა არმაზის კერპი, მხედრის ატრიბუტით, რომელიც ჩვენში წინაპრების სამლოცველოს შეადგენდა და რომელიც თითქოს სეტყვათა და მეხთატეხით შეიმუსრა... ამ გარემოებას ნ. მარი და ი. ჯავახიშვილი ხსნიან მაზდეანობის ქართულ ნიადაგზე გადაგვარებითა და შეცვლით, მაგრამ უფრო ახლოს ვიქნებით სიმართლესთან, თუ ვიფიქრებთ, რომ გულუბრყვილო მემატიანემ ტყუილად მონათლა არმაზის სახელით ის კერპი, რომელიც ნამდვილად წარმოადგენდა მითრას გამოხატულებას. მითრა ყველა დღემდე აღმოჩენილ ბარელიეფზე წარმოდგენილია, როგორც მხედარი: მას ასხია სამხარი, თავზე ახურავს ჩაფხუტისებური ქუდი და ხელში უჭირავს ალესილი ხანჯალი, რომლითაც ის ხარს კლავს“. იხ.: კ. კეკელიძე. ქრისტიანობა და მითრაიზმი. _ ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. II. თბ., 1945, გვ. 350-351.
38. ქართლის ცხოვრება.., ტ. 1, გვ. 89-90.
39. ჩვენ ვერ მივიჩნევთ ბეჰისტუნის კლდეზე, ნიმრუდ დაღის ყორღანებში აღმოჩენილ სარკოფაგებზე წარმოდგენილ აჰურამაზდას რელიეფურ თუ ბარელიეფურ გამოსახულებებს კერპებად.
40. კ. კეკელიძე. ქრისტიანობა და მითრაიზმი.., გვ. 351.
41. Михр-яшт. Глава 10 из книги „Яшт“. – Литература древного Востока. Тексты. Авторы-составители Ю. М. Алиханова, В. Г. Никитин, Л. Е. Померанцева. М., 1984, გვ. 38 (რუსულიდან თარგმანი ჩვენია _ ვ.ვ.).
42. ქართლის ცხოვრება.., ტ. 1, გვ. 89.
43. სულხან საბა ორბელიანი. სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი. ს. იორდანიშვილის რედაქციით და წინასიტყვაობით. თბ., 1949, გვ. 67.
44. Михр-яшт. Глава 10, გვ. 36 (რუსულიდან თარგმანი ჩვენია _ ვ.ვ.).
45. Михр-яшт. Глава 10, გვ. 38 (რუსულიდან თარგმანი ჩვენია _ ვ.ვ.).
46. Михр-яшт. Глава 10, გვ. 37. `სროშა~ ირანულ მითოლოგიაში რელიგიური დამჯერებლობისა და წესრიგის სულია... ის მოწოდებულია, რათა უკუაგდოს მორწმუნეებში ცოდვა და დაიცვას ისინი ბოროტი ძალებისაგან... ამისათვის სროშა შეიარაღებულია კვერთხით, შუბით, საომარი ნაჯახით... მოგვიანო პერიოდში გავრცელდა მითი სროშაზე და რაშნუზე, როგორც მითრას თანამდევ ღვთაებებზე, რომლებიც მითრასთან ერთად გამოდიან მოსამართლეებად გარდაცვლილთა სულებზე ჩინვანტის ხიდზე (იხ.: Мифы народов мира. Т. II. Главный редактор С. А. Токарев. М., 1988, გვ. 467). „რაშნუ“ სამართლიანობის სულია. მითრასთან და სროშასთან ერთად ერთ-ერთი მოსამართლე გარდაცვლილთა სულებზე, რომელიც ავლენს კეთილ და ბოროტ ქმნილებებს. ამისათვის მას სასწორი უჭირავს, რაშნუ მითრას მუდმივი თანამდევია (იხ.: Мифы народов мира, т II, გვ. 373).
47. Мифы народов мира, т II, გვ. 156. კაუტო და კაუტოპატი იყვნენ ამომავალი და ჩამავალი მზის განმასახიერებლები, როგორც იმედი და მწუხარება. კაუტოს ყოველთვის ხელთ ეპყრა მაღლა აწეული ჩირაღდანი, კაუტოპატის პირიქით, ძირს დაშვებული. მათ ეცვათ სპარსული ტანისამოსი და ეხურათ ფრიგიული ქუდები.
48. Литература древного востска.., გვ. 317.
49. ერთი შეხედვით, თითქოს შესაძლებელია გაცი ან გა (გაიმის) ეტიმოლოგიის გამოყვანა კაუტო და კაუტოპატიდან, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია და არადამაჯერებლად გვეჩვენება, ამასთანავე, გა-ს ეტიმოლოგია გაურკვეველია, ის სიტყვის წინსართი უნდა იყოს, ვერც გაცი-ს სახელს გამოვიყვანთ მოცემული ღვთაების სახელიდან.
50. სომხურ წარმართულ პანთეონში ვხვდებით რამდენიმე ღვთაებას, რომელთა ეტიმოლოგია თუ ღვთაებრივი ფუნქციები იძლევა ვარაუდის საფუძველს, დავუკავშიროთ ზოროასტრული პანთეონის ღვთაებებს, მაგალითისათვის, არამაზდი, ვაჰაგანი, ანაიტიდი _ ზოროასტრულ აჰურამაზდას, ვერეთრაგნას, ანაჰიტს.
51. მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ა. აბდალაძემ. თბ., 1984, წ. II, თ. 8, გვ. 31. მოვსეს ხორენაცი წერს, რომ ამ ღვთაებების გამოსახულებები არმავირში ვალარშაკის მიერ იქნა დადგმული.
52. Исследования и статьи Н. О. Эмина по армянской мифологии, археологии, истории и истории литературы (за 1858-1884 гг.). С приложением переводов из армянских историков. М. 1896, გვ. 27.
53. მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია, წ. II, თ. 8.
54. გ. ქავთარია. ფარნავაზი. თბ., 1999, გვ. 50-51.
55. მ. გველესიანი. არმაზის კერპის კულტურულ-ისტორიული ასპექტები. არმაზის კულტის დეფინიციისათვის. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2003.
56. ბეჰისტუნის კლდეზე, ნიმრუდ დაღის ყორღანების სამარხ სამლოცველოთა კომპლექსში წარმოდგენილი აჰურამაზდას რელიეფური გამოსახულებები არ შეიძლება იქნას მოხმობილი „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ აღწერილი არმაზის კერპის პარალელად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოცემულია მეომარი მამაკაცის ფიგურის აღწერა, აჰურამაზდა კი მსგავსად არმაზის ფიგურისა არსად გვხვდება.
57. რომლებიც მითრასთან ერთად ჩინვანტის ხიდზე გარდაცვლილ სულებზე მოსამართლეებად გამოდიან. ამასთანავე, სროშა და რაშნუს ღვთაებრივ ფუნქციებში მითრასთვის მტრის ძლევაში დახმარებაც შედის.
58. გ. ქავთარია. ფარნავაზი.., გვ. 108.

Комментариев нет:

Отправить комментарий