понедельник, 8 мая 2017 г.

ტაო-კლარჯეთის დაკარგვის ისტორია

  განვითარებულ ფეოდალიზმში შესული საქართველო მზად არ აღმოჩნდა ხორეზმელებთან და მონღოლებთან საომრად და სასტიკი მარცხი განიცადა, რასაც ქვეყნის დასუსტება და დაშლა მოჰყვა. 1247 წლიდან მონღოლთა დამონებულ ქვეყანაში ორმეფობა დაიწყო. 1259 წელს თანამეფე დავით ნარინს მოსწყინდა მონღოლთა მსახურება, აჯანყდა, დასავლეთ საქართველოში გადავიდა და მონღოლთაგან დამოუკიდებელი „ლიხთ-იმერეთის სამეფო“ დააარსა. შემდეგ წელს მისი თანამეფე დავით ულუც აუჯანყდა მონღოლებს, თუმცა მხარდაჭერა მხოლოდ სამცხის ერისთავმა სარგის ჯაყელმა აღმოუჩინა და იძულებული გახდა მონღოლებს დამორჩილებოდა.
1266 წელს დავით ულუმ თავისი სულელური პოლიტიკით ფაქტიურად აიძულა სარგისი აჯანყებოდა და მონღოლთა ყაენისთვის მფარველობა ეთხოვა. ამას შედეგად სამცხის სამთავროს ჩამოყალიბება და დანარჩენ საქართველოსთან გამოყოფა მოჰყვა. XIII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის სამთავროს ფარგლებში შედიოდა: ტაო, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, კარნიფორი, აჭარა, ერუშეთი, თორთუმი, ბასიანი, „კარის ქვეყანა“, (ყარსის რეგიონი) და სპერი. სამთავროს საზღვრები ტაშისკარიდან არზრუმამდე და შავ ზღვამდე ვრცელდებოდა. ძირითადი რეზიდენცია იყო ქ. ახალციხე. პერიოდულად სამცხის მეთაურები ჭანეთსაც კი ადებდნენ ხელს.
1330-1334 წლებში გიორგი ბრწყინვალემ საქართველოს სამეფოს ერთიანობა აღადგინა და სამცხის სამთავროც დაიქვემდებარა, თუმცა ჯაყელები არ ეშვებოდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოზე ოცნებას და პერიოდულად აჯანყებებს აწყობდნენ. მოგვიანებით სამცხის მთავრებმა ჯავახეთი და სხვა მხარეებიც შემოიერთეს და შედეგად მათი სამფლობელო მთელი მესხეთის ტერიტორიაზე გაიშალა.
1462/3 წელს იმერეთის ერისთავმა ბაგრატ გიორგის ძე ბაგრატიონმა დაამარცხა მისი ბიძაშვილი, საქართველოს მეფე გიორგი VIII და იმერეთის სამეფოს შექმნა გამოაცხადა, რომელშიც მთელი დასავლეთ საქართველო მოექცა.
1465 წელს საქართველოს მეფეს ამჯერად სამცხის სამთავროს მეთაური ყვარყვარე II ჯაყელი განუდგა. მეფემ მეომბოხის დასამორჩილებლად გაილაშქრა, თუმცა მისივე დაუდევრობის წყალობით ტყვედ ჩავარდა. მაშინ ბაგრატი ქუთაისიდან თბილისში გადავიდა და საქართველოდ მეფედ ეკურთხა, თუმცა მას არც სამცხე და არც კახეთ-ჰერეთი არ ემორჩილებოდა. ამ ამბით შეშფოთებულმა ყვარყვარემ მეფე გიორგი ტყვეობიდან გაათავისუფლა. საქართველოს ყოფილმა მეფემ იმერეთსა და ქართლში მომხრეები ვეღარ იპოვა, რის გამოც კახეთში გადავიდა და კახეთის მეფედ დაჯდა გიორგი I-ის სახელით. ასე გაიყო საქართველოს სამეფო 4 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
XVI საუკუნეში სიძლიერის მწვერვალზე ასული და სამ კონტინენტზე გადაჭიმული ოსმალეთის იმპერია, რომელსაც ბიზანტიისა და ტრაპიზონის იმპერიები უკვე ჩაეყლაპა საქართველოსაც მოადგა. პირველ რიგში საფრთხე სწორედ სამცხის სამთავროს ანუ „სამცხე საათაბაგოს“ (ჯაყელები საქართველოს ათაბაგის წოდებას ატარებდნენ და ეს სახელწოდებაც აქედან გაჩნდა) ემუქრებოდა. ვითარება სწორად შეაფასა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ და ქართლის მეფე ლუარსაბ I-თან შეთანხმებით ილაშქრა მესხეთში. ბაგრატმა ათაბაგი ყვარყვარე III სოფ. მურჯახეთთან (ახალქალაქის ახლოს) ბრძოლაში დაამარცხა, დაატყვევა და სამცხე-საათაბაგო გააუქმა. სამთავროს დიდი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა, აჭარის ნაწილი და ჭანეთი გურიის მთავარს დაუთმო ხოლო ჯავახეთი ლუარსაბ I-ს. ამ დროს სამცხე-საათაბაგოს ფეოდალმა ოთარ შალიკაშვილმა ტახტის ყვარყვარეს ძე ქაიხოსრო სტამბოლში გააპარა. 1545 წელს სულთან სულეიმანის დიდმა ლაშქარმა, მოღალატე მესხების დახმარებით სოფ. სოხოისტასთან (ბასიანში) დაამარცხა ბაგრატისა და ლუარსაბის გაერთიანებული ლაშქარი და ქაიხოსრო II (1545-1573) ათაბაგი გახდა, მაგრამ მისი ძალაუფლება ფორმალური იყო. მთელი ძალაუფლება ოსმალებმა იგდეს ხელთ და სამცხის სამთავროსთვის კუთხეების ჩამოჭრა იწყეს.
1545 წელსვე ოსმალებმა მიითვისეს ბასიანი, 1547 წელს გურიელს წაართვეს ჭანეთი და ქაიხოსროს შავშეთი. მაშინ 1547 წელსვე ქაიხოსრო II-მ ოსმალებს ზურგი შეაქცია, ირანში ჩავიდა და ლუარსაბ I-ის მიერ დაკავებული ჯავახეთის დაბრუნება ითხოვა. სამაგიეროდ კი ერთგულ ყმობას დაპირდა. ამ საბაბით შაჰმა თამაზმა ჯავახეთში ილაშქრა. ლაშქრობებმა სამცხე-საათაბაგოს დიდი ზიანი მიაყენა (ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გაძარცვეს ვარძიის მდიდარი მონასტერი). საპასუხოდ 1549 საათაბაგოში ოსმალო დამპყრობლები შეიჭრნენ და ორწლიანი ბრძოლებით სამთავროს მხარეთა უდიდესი ნაწილი დაიპყრეს. ჯაყელებს ოდენ უშუალოდ სამცხისა და ჯავახეთის კუთხეები დარჩათ.
1555 ქ. ამასიაში დადებული ზავით საფუძველზე ირანმა და ოსმალეთმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. მისი დასავლეთი ნაწილი - ტაო (პარხალით), თორთუმი, სპერი, ერუშეთი, შავშეთი, კლარჯეთი ლივანით დარჩა ოსმალეთს, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი - სამცხე-ჯავახეთი, არტანი, კოლა - ირანს. ზავის მიუხედავად, ოსმალეთი ვერ ურიგდებოდა საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვას. 1578 დაიწყო ირან-ოსმალეთის მეორე ომი. საქართველოსკენ დაიძრა ოსმალთა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა. ჩილდირთან ბრძოლაში სპარსელები დამარცხდნენ. თურქებმა მესხეთი სრულად დაიპყრეს და მის ტერიტორიაზე ახალციხის საფაშო შექმნეს. გამაჰმადიანებულ მანუჩარ ქაიხოსროს ძეს ფაშობა მისცეს. მოგვიანებით მანუჩარი კვლავ გაქრისტიანდა და აჯანყება დაიწყო, რომელიც მისძმა ძემ მანუჩარ მანუჩარის ძემ გააგრძელა. 1625 წელს უკანასკნელი მისმა ბიძა ბექა ჯაყელმა მოკლა, რომელმაც უმალ სულთნის უზენაესობა აღიარა, ისლამი მიიღო და საფარ ფაშად იქცა. შედეგად სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა. დაიწყო მხარის მოსახლეობის გათურქების პროცესი.
XVIII საუკუნეში ოსმალებმა უკვე ქვემო გურია (ბათომისა და ქობულეთის მხარეები) და საქართველოს მთელი შავიზღვისპირა ზოლიც მიიტაცეს.
XIX ს-ში რუსეთის იმპერია ქართული და საერთოდ კავკასიური პოლიტიკური ერთეულების დაპყრობას შეუდგა და ამ გზაზე დაუძლურებულ ოსმალეთის იმპერიას გადაეყარა, რასაც მათ შორის ომები მოჰყვა.
1806-12 წლების ომში დამარცხების შედეგად ოსმალეთმა აღიარა რუსეთის მიერ დასავლეთის საქართველოს მიერთების ლეგიტიმურობა.
1828-1829 წლების ომის შემდეგ ოსმალეთმა რუსეთს დაუთმო ფოთი, სოხუმი, სამცხე, ჯავახეთი. 1840 წლის რეფორმის შედეგად სამცხე და ჯავახეთი თბილისის გუბერნიის ნაწილი გახდა, ხოლო ფოთი ქუთაისის.
1877-78 წლების ომის შემდეგ რუსეთმა ოსმალეთს წაართვა არტანი, კოლა, ყარსი, აჭარა, ქვემო გურია ბათუმითურთ, ერუშეთი, კლარჯეთი ლივანით, შავშეთი, ტაო; ანუ თურქელი გაგებით ბათუმის, ართვინის, არდაჰანის, ოლთისისა და ყარსის ოლქები. რუსეთმა აღნიშნული ტერიტორია ორ ნაწილად დაჰყო ბათუმის ოლქად და ყარსის გუბერნიათ. თავის მხრივ ისინიც პატარა ოკრუგებად იყოფოდნენ:
ბათუმის ოლქი შედგებოდა ბათუმისა (3703 კმ2. მოიცავდა: ქვემო გურიასა და აჭარას. 64% ქართველი) და ართვინის (3272 კმ2. მოიცავდა: კლარჯეთი, ლივანი, შავშეთ-იმერხევი. მოსახლეობის 75%-ზე მეტი ქართველი, ოღონდ 10% ქრისტიანი) ოკრუგებად.
ყარსის გუბერნია (16,473 კმ²) იყოფოდა - არდაჰანის (ყოფ. არტანი. 5600 კმ². მოიცავდა: არტანს, კოლს, ჩილდირსა და ფოცხოვს. 40%-მდე მუსლიმი ქართველი), ოლთისის (3000 კმ². მოიცავდა ტაოს. 60%-მდე მუსლიმი ქართველი), ყარსის და კაღზევანის ოკრუგებად. ბრესტის 1918 წლის ზავის შედეგად ბათუმისა და ართვინის ოკრუგები ოსმალებმა დაიკავეს, მოგვიანებით კი, ოსმალეთის დამარცხების შემდგომ (მუდროსის 1918 წლის ზავით) მათ ბრიტანელები დაეუფლნენ. რაც შეეხება არდაჰანისა და ოლთისის ოკრუგები პროთურქული ელემენტებისაგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია ე. წ. ყარსის რესპუბლიკამ ჩაიგდო ხელში. საქართველოს მთავრობის დიპლომატიისა და ქართული შეიარაღებული ძალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც პირველ მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა ბათუმისა, ართვინისა და არტაანის ოკრუგები დავიბრუნეთ, ქვეყნის ხელისუფლების კონტროლირებულმა სახელმწიფო ტერიტორიის ფართობმა თითქმის აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია.
ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის შემოდგომაზე, როცა კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტურმა თურქეთის მთავრობებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდეს. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში ვლადიმერ ლენინისა და მუსტაფა ქემალის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: ორივე ევროპულ ინტერვენციას ებრძოდა, ანტანტა მოსკოვსა და ანგორას (დღ. ანკარა) მტრად მიაჩნდათ. ბუნებრივია, საერთო პრობლემებმა საგარეო-პოლიტიკურ ინტერესთა დამთხვევა გამოიწვია - მოსკოვმა ქემალისტებს საბრძოლო იარაღი და ფინანსები მიაშველა. ბოლშევიკებს უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ - საბჭოთა რუსეთი ქემალისტურ მთავრობას ახლო აღმოსავლეთში ბოლშევიკური იდეების გატარების (მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის) საშუალებად განიხილავდა. სულ სხვაგვარი იყო საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია - მკვეთრად გამოხატული დასავლური ვექტორით. რასაკვირველია, როგორც ქემალისტები, ასევე კომუნისტები ქართველ სოციალ-დემოკრატებს ეჭვით უყურებდნენ და თბილისის დიპლომატია აშკარად არ მოსწონდათ.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც თურქ ქემალისტებსა და რუს კომუნისტებს აერთიანებდა: ორივენი ცდილობდნენ ყოფილი იმპერიების რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გაეკონტროლებინათ. უფრო მეტიც, ანგორის მთავრობა მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსა და სომხეთთან დადებული კაბალურ ხელშეკრულებათა დებულებებით და როგორც საქართველოს ისტორიულ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და კაღზევანს თავის ტერიტორიებად მიიჩნევდა. ქემალისტებმა თავიანთი ამბიცია იურიდიულადაც დააფიქსირეს სივასის კონგრესზე და აიძულეს იმ დროისათვის უკვე ინგლისელების ხელში მარიონეტად ქცეული ოსმალეთის პარლამენტი (მეჯლისი) 1920 წლის იანვარში მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც „დედასამშობლოს“ ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. ამასთან, პარლამენტმა „ეროვნულ აღთქმაში“ მოსახლეობის ნების პლებისციტით გამოხატვის პრინციპიც შეიტანა. „აღთქმის“ საფუძველზე პირველი პროტესტი ტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში გამოუცხადა, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი დაგვიბრუნდა, თუმცა იმ დროს ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა საქართველოს დიპლომატიური მისია სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანკარაში ჩავიდა: საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმა „ეროვნული აღთქმა“ შეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცაო, - ატყობინებდა ქართველი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში.
„ეროვნული აღთქმა“ თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასშია დაფიქსირებული თანამედროვე თურქეთის ტერიტორია.
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდებოდა. 1920 წლის დასასრულს გადაწყდა მეგობრობის ხელშეკრულების დადებაც. საინტერესოა, რომ ბაქოს გავლით მოსკოვს მიმავალი ანგორის მთავრობის დელეგაცია იუსუფ ქემალის მეთაურობით ბათუმიდან თბილისში 4 თებერვალს, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქები დიდი პატივით მიიღო, გაიმართა ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროსაც ქემალისტებმა დაადასტურეს ახლო მომავალში საქართველოსთან ხელშეკრულების დადების სურვილი.
საბჭოთა სარკინიგზო ტრანსპორტის ცუდი მუშაობის გამო თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში ჩასვლა დააგვიანა. თურმე ბაქოში მათი ვაგონი შეცდომით რომელიღაც მეორეხარისხოვანი ეშელონისთვის ჩაუბამთ. იუსუფ ქემალი თითქმის ყოველი სადგურიდან ტელეფონით უკავშირდებოდა საგარეო საქმეთა სახკომს გიორგი ჩიჩერინს და დახმარებას სთხოვდა, სპეციალური ორთქლმავალი გვჭირდებაო. როგორც იქნა, 1921 წლის 19 თებერვალს, თურქები მოსკოვში ჩავიდნენ, ხოლო რუსეთ-თურქეთის კონფერენცია 26-ში დაიწყო. ხელშეკრულების პროექტის შემუშავებისას მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიისა და მისი აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.
ამ დროს კი საქართველოში ყოველი მხრიდან შემოსეულმა რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავეს, მთავრობა ევაკუირებულია ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში... მარტის დასაწყისში ანგორიდან მიღებული დირექტივების საფუძველზე იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა. ამით მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეს ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ თურქეთს ეკუთვნის.
როგორც თურქული, რუსული და სომხური წყაროებით ირკვევა, გიორგი ჩიჩერინი წინააღმდეგი ყოფილა, რომ თურქეთს ყარსის ოლქი გადასცემოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში სომეხთა ლობისტად წოდებული ჩიჩერინი მართლაც „კბილებით იცავდა“ სომეხთა ინტერესებს, კატეგორიულად მოითხოვდა თურქებს დაებრუნებინათ ყარსი და ალექსანდროპოლი (დღევანდელი გიუმრი, ყოფილი ლენინაკანი), რომლებიც ქემალისტებმა სომხეთთან 1920 წლის აგვისტოს ბოლოს დაწყებული ომის დროს ჩაიგდეს ხელში. ცნობილი რუსი დიპლომატის ამგვარ მოქმედებას თურქეთის დელეგაცია ძალზე გაუნაწყენებია, მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარიც კი უთქვამთ. საქართველოს პატრონი კი არც ანკარაში და არც მოსკოვში არავინ იყო. ჩვენი მოსკოველი ელჩი გერასიმე მახარაძე ჩეკამ დააპატიმრა, ხოლო ანკარაში საქართველოს ელჩს სიმონ მდივანს მუსტაფა ქემალი სიტყვით დახმარებას ჰპირდებოდა, საქმით კი პირიქით აკეთებდა - ულტიმატუმი წამოგვიყენეს, რომ ჩვენს სამხედრო გარნიზონებს უმოკლეს ვადაში ართვინი და არტაანი დაეტოვებინათ.
საქართველოსათვის ასეთ დრამატულ ჟამს არენაზე გამოჩნდა კავკასიის პრობლემათა მცოდნე, რუსეთის ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი, იგივე კობა.
ვლადიმერ ლენინს სულაც არ სურდა თავისი თურქი კოლეგის, მუსატაფა ქემალის განაწყენება, რადგან კრემლი თურქეთს, როგორც უკვე ვთქვით, აღმოსავლეთში თავის მნიშვნელოვან რევოლუციურ მოკავშირედ მიაჩნევდა. როგორც თურქი მკვლევრები ამტკიცებენ, მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი უთანხმოების გადაჭრაში მთავარი როლი სწორედ იოსებ სტალინს შეუსრულებია. ამასვე ადასტურებენ სომეხი ისტორიკოსებიც.
9 მარტს, გვიან ღამით, ლენინმა თურქებთან საკითხის გარკვევა იოსებ სტალინს დაავალა. 10 მარტს იუსუფ ქემალმა თავისი მოთხოვნები ბათუმ-ართვინისა და ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარებაზე უკან წაიღო, ორიოდე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების პროექტზე საზეიმო ხელმოწერის თარიღად 16 მარტი დაინიშნა.
იბადება კითხვა: მაინც რა მოხდა 9 მარტის ღამეს ისეთი, რამაც თურქების პრეტენზიები დააცხრო? ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ შედეგი გვაფიქრებინებს, რომ კობამ პრიორიტეტი მიანიჭა ბათუმს, როგორც შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანეს ნავსადგურსა და ბაქოს ნავთობსადენის ბოლო მონაკვეთის შენარჩუნებას, სხვა ქართული მიწები კი, სომხურთან ერთად, თურქებს დაუთმო. თუმცაღა, ბათუმის შენარჩუნებაც საეჭვო კომპრომისად გამოიყურება: თურქებს თითქოსდა უთქვამთ, ბათუმი ჩვენია, მისი სიუზერენები ჩვენ ვართ, მაგრამ კარგი, გითმობთ, ოღონდ აჭარას ავტონომიის სტატუსი უნდა მიანიჭოთო.
რასაკვირველია, კობამ კარგად იცოდა, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთი ქართული ცივილიზაციის აკვანი იყო - მას ხომ სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ისიც იცოდა, რომ თურქეთისათვის გადაცემულ ტერიტორიაზე უამრავი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო შემორჩენილი? მაშ, რატომ მოხდა, რომ შატბერდი, ბერთა, ანჩი, პარხალი და იშხანი მუსლიმანებს დარჩათ? ასე იყო თუ ისე, საქართველომ ტერიტორიის თითქმის 1/3 დაკარგა.
1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ერთობ დიპლომატიური მოვლენა ხდება: ხელი უნდა მოეწეროს რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებას. აი, სხდომათა დარბაზში შედის თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალ თენგირშენქი (მეთაური), თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუად ჯებესოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი...
ჩიჩერინი თურქ დიპლომატებს მაგიდასთან იწვევს, რომელზეც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი დევს. დგება მნიშვნელოვანი მომენტი: დოკუმენტს ხელს ჯერ ჩიჩერინი და სრულიად რუსეთის ცკ-ის წარმომადგენელი ჯელალ კორკმასოვი აწერენ, შემდეგ კი იუსუფ ქემალი, რიზა ნური და ალი ფუადი.
მორჩა! ქართველთა დაუკითხავად, თბილისიდან შორს, მოსკოვში ხელმოწერილი „რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებით“ გადაწყდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიისა და საზღვრების ბედი. მოსკოვის ხელშეკრულება დაადასტურა მომავალში ყარსის ხელშეკრულებამ.
მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია მოცემული. ცნებაში „თურქეთი“ იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრა ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის „ეროვნული აღთქმით“. შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ: „თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება; 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად“.
მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ კრემლი მათზე ზეწოლას მოახდენდა. საქმე ის იყო, რომ როგორც ქართველ კომუნისტებს (უკლონისტებს), ისე მათ სომეხ კოლეგებს, ტერიტორიების დაკარგვა გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდათ. შესაბამისად, როცა ცნობილი გახდა, მოლაპარაკება ყარსში გაიმართებაო, მათ რევანშის აღება განიზრახეს. პარტიის ცენტრალური ხაზიდან გადამხრელების განზრახვა ცნობილი გახდა რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსთვის (ორჯონიკიძე, კიროვი, ფიგატნერი, პლეშჩაკოვი და სხვები), რომელმაც მკაცრი დირექტივა მისცა ქართველ და სომეხ ამხანაგებს: ყარსში მოლაპარაკება ჩატარდეს მოსკოვის ხელშეკრულების ჩარჩოების მკაცრი დაცვით; კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებმა მოახდინონ თურქეთთან სოლიდარობის დემონსტრაცია; არ დაუშვან ცალკეული რესპუბლიკების სეპარატისტული გამოსვლები; გამოიჩინონ ერთსულოვნება... ცხადია, ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ძალზე რთული იქნებოდა პრეტენზიების წამოყენება, თუმცა უკლონისტებმა ბედი მაინც სცადეს.
სანამ მოკავშირეები საქართველოს მიწებს იყოფდნენ საქართველოს მთავრობა თავქუდმოგლეჯილი გაიქცა თბილისიდან და ბათუმში გადასახლდა. ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობის თბილისიდან გაყვანა გიორგი მაზნიაშვილს დაევალა. 17 მარტს მან ბათუმამადე ჩააცილა მთავრობა, მაგრამ მას ემიგრაციაში არ გაჰყვა. გენერალმა სამშობლო ვერ მიატოვა, რადგან იმ პერიოდში საქართველოში არსებული მდგომარეობით თურქეთმა ისარგებლა, ქიზიმ-ბეის ჯარის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ბათუმის ოლქი მთლიანად დაიკავეს. ქიზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საბჭოთა საქართველოდ გამოცხადდა, გენერალმა მაზნიაშვილმა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა კვლავ ქვეყნის ინტერესები დააყენა. ის დათანხმდა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების თხოვნას, დახმარებოდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. გენერალ მაზნიაშვილის არმიაში წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ცნობილია სიტყვა, რომელიც მან სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა: “მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ… ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ… ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!”
თურქებთან ბრძოლა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 1921 წლის 20 მარტს კი მაზნიაშვილის ჯარმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს.
ყარსის ხელშეკრულება
1921 წლის 26 სექტემბერი. ყარსის რკინიგზის სადგურზე მაღალჩინოსან თურქ სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებს მოუყრიათ თავი. ერთ-ერთს მკაცრი და ამაყი გამოხედვა აქვს და ბრძანებებს იძლევა. ეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშაა. იქვე დგანან დეპუტატი მუხტარ ბეი და აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი, რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და სხვა ოფიციალური პირები.
თურქები ალექსანდროპოლიდან გამოსულ სპეციალურ მატარებელს ელოდებიან. როგორც იქნა, სამვაგონიანმა ორთქლმავალმა მოაღწია ყარსის სადგურს. სალონ-ვაგონიდან გადმოდიან საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი, სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა; საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე, დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა; სომხეთის სსრ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი, სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი, სულ ბოლოს კი დამხმარე ტექნიკური პერსონალი.
მასპინძელმა თურქებმა სტუმრები მოლაპარაკებისთვის საგანგებოდ მომზადე-ბული ყარსის ვალის (მმართველის) რეზიდენციისკენ წაიყვანეს.
მეორე დღეს მუშაობას იწყებდა საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომად-გენელთა მოლაპარაკება: უნდა შეთანხმებულიყო და ხელმოწერებით განმტკი-ცებულიყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რაც მთავარია, საბოლოოდ წყვეტდა ურთულეს პრობლემას - სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხს. ეს ეხებოდა აჭარას (ბათუმის ოლქის სამხრეთ სექტორს), აგრეთვე ართვინის ოლქს (მთლიანად) და არტაანის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს; სომხეთში - ყარსის ოლქს ყაგიზმანითურთ და არტაანის ოლქის სამხრეთ ნაწილს, აზერბაიჯანში კი ნახჭევანს.
მოლაპარაკება, რომელიც ყარსში იწყებოდა, და დოკუმენტი, რომელზეც მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ, ქართული დიპლომატიის ისტორიაში ყარსის კონფერენციისა და ყარსის ხელშეკრულების სახელით გახდება ცნობილი, მანამდე კი დელეგაციებს წინ ორკვირიანი შეხვედრები, ხანგრძლივი მსჯელობა, მწვავე დისკუსიები და საბოლოოდ, ეროვნულ სირცხვილზე ხელმოწერა ელოდებათ. ეს მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს, ყარსის ვალის რეზიდენციაში.
კონფერენციის დაწყებისთანავე ქართველებმა თურქებს მოსთხოვეს ორად გაყოფილი სარფის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემა, სომხებმა კი ისტორიული ქალაქ ანისის ტერიტორიის (ნანგრევების) დაბრუნება. ქემალისტებმა კატეგორიული უარი განაცხადეს და შემხვედრი წინადადება წამოაყენეს ბათუმის ნავსადგურში „ნეიტრალური ზონის“ (ანუ ფაქტობრივად, თურქეთის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიის) შექმნა მოისურვეს.
სამწუხაროდ, ყარსის ვალის რეზიდენციაში ქართველთა და სომეხთა თურქებთან გამართულმა ცხარე დისკუსიებმა ნაყოფი არ გამოიღო. მშვიდად მხოლოდ აზერბაიჯანის დელეგაცია იყო.
1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთისა და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას (საქართველოს მხრიდან ხელს აწერდნენ: საქართველოს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე ალიოშა სვანიძე), რომელიც ძირითადად მოსკოვური დოკუმენტის იდენტური იყო და მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა: თითქოს ყველაფერი ნათელი იყო: თურქეთმა საქართველოს ბათუმზე თავისი სიუზერენიტეტი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, საშიში არაფერია, მაგრამ გავიხსენოთ „ეროვნული აღთქმა“, რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს.
ყარსის ხელშეკრულებით რუსეთი თურქეთს უთმობდა: ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილს (მაჭახელა, ბორჩხა, მაკრიალი) 936,15 კვ კმ-მდე: 1. ართვინის 3384,82 კმ² და 73000 კაცი; 2. ფოცხოვი 588 კმ² და 19.000 კაცი; 3. არტაანი 5644,74 კმ² და 65.000 კაცი; 4. ოლთისი 3051 კმ² და 36.000 კაცი. სულ 12115 კმ² და 193000 კაცი. აქედან 1921 წლის დასაწყისისთვის საქართველოს მთავრობა თითქმის სრულად აკონტროლებდა არტაანის (5137 კმ²), ართვინისა (3339 კმ²) და ფოცხოვის ოლქებს, ანუ 9969,71 კმ² 158727 კაცით.
ყარსის მოლაპარაკების შემდგომ, როგორც კი ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნდა, ლეგალურმა ოპოზიციამ (მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებმა) მისი დებულებები უარყოფითად შეაფასა. განსაკუთრებით მწვავედ გამოხატეს უკმაყოფილება ხელშეკრულების რატიფიცირების დროს. 1922 წლის 14 აპრილს საგანგებო სესიაზე შალვა ელიავამ ცაკ-ის წევრებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის. ოპოზიციონერმა, სოციალისტ-ფედერალისტმა სიმონ ხუნდაძემ კი ელიავას ხელმოწერილი დოკუმენტი მკაცრად გააკრიტიკა - საქართველოს საზღვრების წამგებიანად გადაწყვეტის გამო. აჭარის წარმომადგენლებმა თოდრიამ და ხიმშიაშვილმაც უარყოფითად შეაფასეს აჭარის სამხრეთი ნაწილის თურქეთისათვის გადაცემა. დისკუსიის გამო რატიფიცირების პროცედურა გაჭიანურდა, საბოლოოდ კი ღამის 12 საათისთვის მაინც დაამტკიცეს, თავი მხოლოდ სამმა კაცმა შეიკავა. ალბათ, მკითხველისთვის ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რა საფრთხის წინაშე იდგნენ ისინი, როცა საბჭოთა საგარეო პოლიტიკასა და ბოლშევიკებს საჯაროდ აკრიტიკებდნენ.
თურქულმა მხარემ კი ცოტა ხნით ადრე, 1922 წლის 16 მარტს, ანკარაში დიდი ეროვნული კრების დადგენილებით (კანონი №207) ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

Комментариев нет:

Отправить комментарий