четверг, 11 мая 2017 г.

საეკლესიო რეფორმა და რუსეთის პოლიტიკური მიზანი დასავლეთ საქართველოში 1815-1822 წლ. (ბ. ოდიშარია)

ქართველი ერის საერთო ისტორიული ბედისწერის ჯაჭვში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა XIX საუკუნე, როცა ერთმორწმუნეობის ნიღბით შემოსულმა რუსეთმა ბოლო მოუღო ჩვენს ეროვნულ დამოუკიდებლობას და გააუქმა მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ბაგრატიონთა სამეფო, ხოლო უფლისწულები თავიანთი ოჯახებით აიძულა, დაეტოვებინათ საკუთარი სამშობლო, რადგან იმპერიის მესვეურებს კარგად ჰქონდათ შეგნებული, რომ ისინი ყოველთვის იქნებოდნენ სიმბოლო ქართველთა ეროვნული დაუმორჩილებლობისა.
ამასთანავე, ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ქართველი კაცის თვალში მეფე წარმოადგენდა არა მარტო უზენაეს საერო ხელისუფალს, არამედ ამავე დროს ღვთაებრივი ნების აღმსრულებელსაც ერისა და ქვეყნის წინაშე, რამეთუ მონარქია და რელიგია ოდითგანვე განუყოფელი იყო საქართველოში. ეს ერთობა შეამზადა ქრისტიანულმა იდეოლოგიამ, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ქართველთა მესიანისტურ იდეაში1. ამიტომ „ერთმორწმუნე“ დამპყრობლისგან ლოგიკური იყო, როცა მან მოინდომა ჩვენი ერის სულიერი საწყისის მასაზრდოებელი ფესვებიც გადაეჭრა და 1811 წელს გააუქმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია. ამ სასულიერო „რეფორმის“ გარეგან გამოხატულებას სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ცვლილებებთან ერთად წარმოადგენდა ქართული ენის, რომელზეც ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში აღავლენდა წირვა-ლოცვას და ღვთის სადიდებელს, საეკლესიო ცხოვრებიდან გაძევება და მის ნაცვლად რუსულის დანერგვა. სწორედ ამის შესახებ წერდა გულისტკივილით ი. ჯავახიშვილი: „...ამგვარად, საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან 16 წლის შემდეგ ქართველებს მოესპოთ საშუალება საქართველოს დედაქალაქის კათედრალურ ტაძარში ღვთისმსახურება თავის მშობლიურ ენაზე მოესმინათ, იმ ენაზე, რომელზეც 1400 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მხურვალე ლოცვა აღევლინებოდა. არც სპარსელებს, ცეცხლთაყვანისმცემლებსა და მაჰმადიანებს, არც არაბებს, არც წარმართ მონღოლებს, არც თურქებს არ გაუკეთებიათ ქართული ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ის, რაც გაუკეთა რუსულმა მმართველობამ და მათმა ეგზარქოსმა“.2
სწორედ, ზემოაღნიშნულ რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს ემსახურებოდა საეკლესიო რეფორმის გატარება იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში (მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მათგანი ავტონომიურ სამთავროებს წარმოადგენდნენ სწორედ, ზემოაღნიშნულ რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს ემსახურებოდა საეკლესიო რეფორმის გატარება იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში (მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მათგანი ავტონომიურ სამთავროებს წარმოადგენდნენ _ ბ.ო.), რომელმაც ბიძგი მისცა 1819-1820 წლების საყოველთაო ეროვნულ მოძრაობას მთელს დასავლეთ საქართველოში. რუსეთის ხელისუფლება ითვალისწინებდა, რომ ქვეყნის მხოლოდ სამხედრო ოკუპაცია არაა საკმარისი, ხოლო ეკონომიკური დაპყრობის საკითხი ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივა იყო ამ მხარის სამეურნეო ჩამორჩენილობისა და რუსეთთან სუსტი ეკონომიკური კავშირების გამო. აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტას ასევე ხელს უშლიდა ცარიზმის მიერ კავკასიაში წარმოებული პერმანენტული საომარი მოქმედებები. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯერ კიდევ სუსტი იყო ის ბერკეტები, რომლებიც რუს იმპერიალისტებს საშუალებას მისცემდა, გამოეყენებინათ სკოლები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებანი რუსიფიკატორული პოლიტიკის გაფართოებისა და ქართველი ერის სულიერი დაპყრობისთვის. ამიტომაც, იმპერიის მესვეურთა ანგარიშით, მათი ზრახვების განხორციელება მთლიანად უნდა ეკისრა ქართულ ეკლესიასა და სამღვდელოებას, რომელსაც მომრიგებლის ფუნქციის შესრულება ევალებოდა ხალხსა და ახალ რეჟიმს შორის. მაგრამ ამჯერად მათ ლოგიკამ უმტყუნა. ქართული ეკლესიის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სწორედ 1819-1820 წლების საყოველთაო გამოსვლები დასავლეთ საქართველოში. ეს იყო ჩვენი ერის კიდევ ერთი თავგანწირული ძალისხმევა სარწმუნოებისა და მამულის თავისუფლების დასაცავად. წარმოდგენილ სტატიაში ჩვენ შეგნებულად ავუარეთ გვერდი აღნიშნული აჯანყების გაშუქებას, რომელიც საკმაოდაა შესწავლილი ისტორიოგრაფიაში3.
ნაშრომში, რასაკვირველია შესაძლებლობის ფარგლებში, შევეცადეთ ამ პერიოდის სამეგრელოს სამთავროში მიმდინარე პროცესების ფონზე, მოკლედ წარმოგვეჩინა დასავლეთ საქართველოში საეკლესიო რეფორმის გატარების მცდელობის არსი და, აქედან გამომდინარე, რუსეთის იმპერიის პოლიტიკური მიზანი აღნიშნულ მხარეში.
1811 წელს რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით სცადა დაექვემდებარებინა იგი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. სასულიერო სფეროშიც მიმდინარეობდა ბიუროკრატიული იერარქიის დანერგვა. ქართულ ეკლესიას სათავეში ჩაუდგა რუსეთის წმინდა სინოდის განყოფილება _ დიკასტერია, კათალიკოსობის ნაცვლად დააწესეს ეგზარქოსის თანამდებობა, თანდათანობით ირღვეოდა საეკლესიო ფეოდალური ორგანიზაცია, როდესაც სამღვდელოება ყმა-მამულებს საკუთრების წესით ფლობდა და ყმათაგან მიღებული ბეგარა-გადასახადებით ცხოვრობდა. ამიერიდან საეკლესიო მიწები ხაზინის მფლობელობაში გადადიოდა, ხოლო სამღვდელოების წარმომადგენლებს ჯამაგირი ენიშნებოდათ.
მსგავსი ღონისძიებების გატარებას ცდილობდნენ იმპერიის ხელისუფალნი დასავლეთ საქართველოშიც. 1815 წელს რუსეთის სინოდის საქართველოს დიკასტერია გადაკეთდა საქართველო-იმერეთის4 სინოდალურ კანტორად, ხოლო იმპერატორის ჯერ კიდევ 1814 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულების საფუძველზე გათვალისწინებული იყო იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სასულიერო საქმეების მართვისთვის დიკასტერიის დაწესება ქუთაისშიც5. რუსეთის ხელისუფლება ამ ნაბიჯით უხეშად ერეოდა ჯერ კიდევ ავტონომიური სამთავროების საშინაო საქმეებშიც. მიუხედავად იმისა, რომ „სათხოვარ პუნქტებში“, რომლის პირობების საფუძველზეც 1803 წელს სამეგრელოს სამთავრო შევიდა იმპერიის მფარველობაში და სადაც საგანგებოდ არაფერი იყო ნათქვამი ეკლესიის ადგილის შესახებ, რუსეთის ეს ჩარევა შემთხვევითი არ ყოფილა, რამეთუ იგი თავიდანვე ფიქრობდა, ხელიდან გამოეცალა დადიანისთვის საკუთარი დამოუკიდებლობის ეს მძლავრი ბერკეტი და დაემორჩილებინა ის თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის, კერძოდ, ამით შეექმნა სათანადო წინაპირობა სამეგრელოს სამთავროს ავტონომიის გასაუქმებლად. სტატიაში ჩვენ შევეცდებით დავასაბუთოთ, რომ საეკლესიო რეფორმის გატარების ნიღაბს ამოფარებული რუსეთის მთავარ პოლიტიკურ ამოცანას სწორედ ამ მიზნის მიღწევა წარმოადგენდა. სამეგრელოს სამღვდელოება (იმერეთთან და გურიასთან ერთად _ ბ.ო.) უნდა დამორჩილებოდა სასულიერო დიკასტერიას, რომელიც იქმნებოდა ქუთაისში და თავის მხრივ ანგარიშვალდებული უნდა ყოფილიყო თბილისში დაარსებული საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წინაშე. დიკასტერიის გარეშე არ უნდა მიენიჭებინათ სასულიერო წოდებანი, განსაკუთრებით არქიმანდრიტისა და მღვდელმთავრის (არქიელი) ხარისხი, რომლებიც საბოლოოდ მეფეს უნდა დაემტკიცებინა, შემოსავლის განაწილებასა და სასულიერო საქმეების განხილვისთვის ხელმძღვანელობა სინოდალურ კანტორას უნდა გაეწია და ა.შ. მაგრამ ქუთაისში დიკასტერიის დაწესების მცდელობას სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია. ინფანტერიის გენერლის რტიშჩევის 1816 წლის 30 აპრილის მიწერილობაში თავად გოლიცინისადმი აღნიშნულია, რომ მიუხედავად თავისი არსით ეკლესიის მიერ საკუთარი ქონების განკარგვის საკითხში დასახული გარდაქმნების სარგებლიანობისა, რომელიც უფრო მეტ კეთილდღეობას უქადდა მათ მდგომარეობას, პირველმავე ცნობამ ამის შესახებ მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა და უნდობლობა გამოიწვია არა მარტო სამღვდელოებაში, არამედ თავადაზნაურობასა და უბრალო ხალხშიც. განსაკუთრებით კი სამთავროთა თვითმპყრობელი მფლობელების _ გენერალ-მაიორების ლევან დადიანისა და მამია გურიელისა, რომლებიც უკიდურესად შეშფოთებულნი იყვნენ აღნიშნული გარემოებით6 (ამის მიზეზების გარკვევას ჩვენ უფრო ქვემოთ შევეცდებით _ ბ.ო.).
რუსეთის ხელისუფლება აღნიშნული ღონისძიების გატარებისას, ზემოთ დასახელებული ფაქტორის გარდა, ფრთხილობდა საერთაშორისო ვითარების გამწვავების გამოც. როგორც რტიშჩევის მოხსენებაშია ნათქვამი, ყოველივე ეს ხდებოდა იმ დროს, როცა მთელი აღმოსავლეთი მხარის სერასქირი, თურქი სარდალი ფეღლევან-ფაშა წერილობით მოითხოვდა რუსი გენერლისგან, რომ მათ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ იმერეთი, სამეგრელო, გურია და აფხაზეთი, რომლებიც უნდა გადასცემოდა ოტომანთა პორტას. მის ამ მოთხოვნას საფუძველს უმაგრებდა თურქთა ორი არმია, რომლებიც ამ მხარის საზღვრებს უშუალოდ მიუახლოვდნენ. ამიტომ შექმნილ ვითარებაში რტიშჩევი თავს მოვალედ თვლიდა, ყველა ღონე ეხმარა არა მარტო დადიანისა და გურიელის, არამედ იმერეთის სამღვდელოებისა და თავადაზნაურობის დასამშვიდებლადაც, რომელთაც, მისი თქმით, დიდი გავლენა ჰქონდათ მართლმორწმუნე ხალხის გონებაზე. გამომდინარე აქედან, იგი პირობას იძლეოდა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებდა საკითხის მათი ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტისთვის7.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოც რტიშჩევი თავს იკავებდა ქუთაისში დიკასტერიის დაწესების მხარდაჭერისგან, ეკონომიკური ხასიათისა იყო. კერძოდ, იგი წერდა, რომ ამ მხარეში ეკლესიის მწირი შემოსავალი, მოსახლეობის სიღარიბე და მიწის მცირემოსავლიანობა არ იძლეოდა არავითარ შესაძლებლობას მოცემულ ვითარებაში ასეთი დაწესებულების დაარსებისთვის, მითუმეტეს, დიკასტერიის წევრებისა და ეპარქიების მღვდელმთავრების ჯამაგირით უზრუნველყოფისთვის8.
რტიშჩევის მოსაზრებები გაზიარებულ იქნა თბილისშიც სინოდალური კანტორის მიერ, რომლის წერილობით გამოხმაურებაში გენერლის მოხსენებაზე აღნიშნული იყო, რომ მას არ გააჩნდა აუცილებელი სახსრები მოხელეების ჯამაგირისა და საკანცელარიო ხარჯებისთვის. ამიტომ ნაადრევად იქნა მიჩნეული შექმნილ ვითარებაში ქუთაისში დიკასტერიის დაარსება და ამ ეტაპზე ეპარქიის მღვდელმთავრებისთვის უნდა მოეთხოვათ მხოლოდ ცნობები იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში არსებული ეკლესიების შესახებ9.
გენერალ რტიშჩევის საქართველოდან გაწვევის შემდეგ საქართველოს მთავარმართებლად ა. ერმოლოვი დაინიშნა. თავის მიწერილობაში თავად გოლიცინისადმი იგი აღნიშნავდა, რომ, გაეცნო რა რტიშჩევის ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილ მოხსენებას ქუთაისში დიკასტერიის დაარსების შესახებ, მან მკაფიოდ დაინახა მისი წინამორბედის საქმეებიდან, თუ რამდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივი თავადაზნაურობისა და უბრალო ხალხის ცნობიერებაზე და როგორი შიში გამოიწვია
სამეგრელოსა და გურიის მთავრებში პირველმა ცნობამ 1815 წელს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სასულიერო სფეროში. ამასთან, ა. ერმოლოვის დამოკიდებულება ქართული საზოგადოებისადმი გამოირჩეოდა უფრო მეტი ცინიზმით, როცა ის საეკლესიო რეფორმის საკითხს ეხებოდა. კერძოდ, იგი წერდა, რომ, იცოდა რა საკუთარი გამოცდილებიდან ამ მხარის მცხოვრებთა უხეში უმეცრება და როგორ შორს იყვნენ ისინი ჯერ კიდევ ყოველგვარი გაგებისგან განათლებისა და კეთილმოწყობის შესახებ (თითქოს, ამ მხრივ, რუსეთის შიდა გუბერნიების მოსახლეობა იმყოფებოდა უფრო მაღალ დონეზე _ ბ.ო.), თავის პირად შეხვედრებში ეგზარქოსთან ძალისხმევას არ იშურებდა, აეხსნა მისთვის საკუთარი შიში და ყველა მოსალოდნელი საფრთხე საეკლესიო რეფორმასთან დაკავშირებით და არაერთხელ ცდილობდა, დაერწმუნებინა მისი უსამღვდელოესობა, რომ იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში მოქმედებისას, მათი მოსახლეობის სრული გაუნათლებლობის გამო, საჭირო იყო უფრო მეტი შემწყნარებლობა და სიფრთხილე, ვინემ საქართველოში, სადაც ა. ერმოლოვს, როგორც ამ მხარეში რუსეთის პირველ მოხელეს, მიაჩნდა, რომ მისი იქ ყოფნით და ადგილობრივი თავადაზნაურობის საუკეთესო გვარის წარმომადგენელი თავადებისთვის საკუთარი ჩაგონებით, შეეძლო დიდი ზეგავლენის მოხდენა იქაურ მოსახლეობაზე10. ერთი სიტყვით, ა. ერმოლოვიც მხარს უჭერდა რტიშჩევის მოსაზრებას, რომელსაც სასულიერო დიკასტერიის გახსნა ქუთაისში ნაადრევად მიაჩნდა.
ამგვარად, ჩვენს მიერ ზემოთ განხილულმა ფაქტორებმა შეუძლებელი გახადეს მოცემულ ეტაპზე დიკასტერიის დაარსება ქუთაისში, მაგრამ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო მმართველობაში გარკვეული რეორგანიზაცია მაინც ჩატარდა. ქუთაისის სამიტროპოლიტოს დაუბრუნეს ამ მხარეში უპირველესი ეპარქიის როლი და სასულიერო მართვის საქმეში მას დაუქვემდებარეს იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ეპარქიები საეკლესიო ქონებისა და მამულების გამოკლებით. მისთვის უნდა ჩაებარებინათ ანგარიში ეკლესიების კეთილმოწყობაზე და ამ სფეროში სამართალწარმოებაზე11. ამით, ფაქტობრივად, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ეკლესია ორგანიზაციულად დაქვემდებარებულ იქნა საქართველო-იმერეთის ეგზარქოსისადმი.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ რტიშჩევის მთავარმართებლობის პერიოდში სამეგრელოსა და გურიის მთავრებს დეპუტატებიც კი გაუგზავნიათ ამ რუს გენერალთან, რომ მას ეშუამდგომლა საიმპერატორო კართან, რათა საეკლესიო ქონება მათ სამფლობელოებში უცვლელი სახით დაეტოვებინათ. დადიანი და გურიელი ამასაც არ დასჯერდნენ და პირადად გამოცხადნენ რტიშჩევთან ქუთაისში. სამეგრელოს მთავარს აიმედებდნენ, რომ საეკლესიო ქონება მის სამფლობელოში ხელშეუხებელი დარჩებოდა12, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება არ იყო ჩვეული თავისი დაპირებების შესრულებას.
გენერალ რტიშჩევის დაპირებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ 1820 წლის 4 იანვარს სამეგრელოს მღვდელმთავრებმა თბილისის სინოდალური კანტორიდან მიიღეს განკარგულება, რომლის ძალით სამეგრელოს ეკლესიათა მთელი შემოსავალი ამ ორგანოს გამგებლობაში უნდა შესულიყო. ამ ფაქტმა შეაშფოთა სამეგრელოს მიტროპოლიტები, კერძოდ ბესარიონ ჭყონდიდელმა, ცაგარელმა, იოანე დადიანმა და ცაიშელმა გრიგოლმა ლევან დადიანს საპროტესტო წერილი გაუგზავნეს, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ ამგვარი ზომის განხორციელების შემთხვევაში, როცა საეკლესიო მამულები სრულებით მოშლილია არსებული შიმშილობისა და გამანადგურებელი ჭირისგან, ჩვენ უკვე არ გვექნება შესაძლებლობა ეკლესიისთვის შესაფერისი ცხოვრებისა. ისინი მიმართავდნენ მთავარს, რომ მზად იყვნენ ამის გამო მოეხსნათ მათთვის რწმუნებული სასულიერო ხარისხი და გამწესებულიყვნენ ღვთისმსახურებისთვის რომელიმე უდაბნოშიც კი13. თავის მხრივ ლევან დადიანი რტიშჩევისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ იგი ვერ გაანაწყენებდა თავის ორ ბიძას და ცაიშის მხცოვან მიტროპოლიტ გრიგოლს, რომელთა მსგავსად ისიც ვერ შეძლებდა საეკლესიო მამულების გარეშე ცხოვრებას და ითხოვდა ნებართვას, რათა გაეგზავნა ერთგული კაცი სათხოვარი წერილით ხელმწიფე იმპერატორთან14. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ რეალურად თავისი ხელისუფლების გავრცელება დასავლეთ საქართველოში 1819 წლის საეკლესიო რეფორმის გატარების მცდელობით დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა საეპისკოპოსოების და სამრევლო ეკლესიების რაოდენობის შემცირებას, აგრეთვე საეკლესიო ქონების აღრიცხვას და მის სინოდალური კანტორისადმი დაქვემდებარებას. ჩვენ შევეცდებით მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ წარმოვაჩინოთ, თუ რაში მდგომარეობდა სასულიერო რეფორმის არსი.
1818 წლის 28 დეკემბერს იმპერატორმა დაამტკიცა უწმინდესი სინოდის მოხსენება, რომელიც ეხებოდა იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის საეკლესიო მოწყობის საკითხს, კერძოდ, თითოეულ მათგანში უნდა დაეტოვებინათ თითო ეპარქია, ე. ი. თუ მანამდე იყო ცხრა, ამჯერად რეფორმით რჩებოდა მხოლოდ სამი. ამასთან, საეკლესიო შემოსავალი ხაზინის გამგებლობაში გადადიოდა.
წმინდა სინოდის ეს დოკუმენტი მიტროპოლიტ თეოფილაქტესგან 1819 წლის 18 მარტის მიწერილობით გაეგზავნა ა. ერმოლოვს, რათა მისი შინაარსი გაეცნო სამეგრელოსა და გურიის მთავრებისთვის. ამ უკანასკნელმა ამის გაკეთება დაავალა კურნატოვსკის15. აღნიშნული ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო იყო ცნობების შეგროვება იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში არსებული ეკლესიების, თითოეული მათგანის შემოსავლების და მათდამი მიწერილი მამულების რაოდენობის შესახებ. რათა ეს მონაცემები უფრო მეტი სიზუსტით შეეკრიბა, საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ გადაწყვიტა, პირადად გამგზავრებულიყო იმერეთში. 1819 წლის 5 მაისის წერილში ა. ერმოლოვისადმი, რომელმაც მთავარმართებლის თანამდებობაზე შეცვალა რტიშჩევი, აღნიშნულია, რომ დასახული ამოცანის სისრულეში მოყვანისთვის ეგზარქოსი უმორჩილესად თხოვდა მის მაღალაღმატებულებას წერილობით ებრძანებინა იმერეთის მმართველისთვის (იგულისხმება ი. კურნატოვსკი _ ბ.ო.), რომ საჭიროების შემთხვევაში მას ყოველგვარი დახმარება და ხელშეწყობა აღმოეჩინა მისთვის, აგრეთვე ამ უკანასკნელისთვის მიეწოდებინა მსგავსი წერილობითი განკარგულებანი, რომლებიც განკუთვნილი იქნებოდნენ სამეგრელოსა და გურიის მთავრებისთვის. პირველი მათგანისთვის ამ ბრძანებულების გადასაცემად ეგზარქოსი აგზავნიდა წმინდა სინოდის წევრს, ქვათახევის არქიმანდრიტს მამა ათანასეს, რომელსაც ასევე თანაშემწედ უნიშნავდა გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელს, ხოლო გურიის მთავრის კარზე ეს მისია უნდა შეესრულებინა სინოდალური კანტორის პროკურორს ჭილაევს16.
ცნობამ მოსალოდნელი საეკლესიო რეფორმის შესახებ დიდი აღშფოთება გამოიწვია არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ყველა სოციალურ ფენაში. მათი დამშვიდების მიზნით საქართველოს მმართველი, გენერალ-ლეიტენანტი ი. ველიამინოვი იმერეთის მოსახლეობისადმი მიმართვაში17 ნათელ ფერებში წარმოაჩენდა, თუ რა სიკეთისა და სარგებლობის მოტანა შეეძლო მათთვის რეფორმას სასულიერო სფეროში. კერძოდ, იგი წერდა: „მცხოვრებნო იმერეთისანო! სულითადითა მწუხარებითა შევიტყვე მე იმერეთის მმართებლის (ყველა ჩვენს მიერ მოტანილი დოკუმენტის თარგმანში დედნის ტექსტის ენა და სტილი დაცულია _ ბ.ო.) ღენერალ მაიორის კურნატოვსკისგან, რომ რომელთამე მაზრათა შინა მომხდარა აღრეულობა, არა თუ მხოლოდ ხალხში, არამედ კეთილშობილთა შორისცა, რომელნიცა მათი თანაზიარნი შექმნილან. მაგრამ უფრო მაკვირვებენ მე ის მიზეზნი, რომელთაც მოახდინეს ეს განუსვენებლობა.
რუსეთის მმართველობას ჰქონდა წინაშნე კეთილნი განზრახვანი ჭეშმარიტად სასარგებლონი თვითონ იმერეთის ხალხისათვის, რათა უკეთესი რიგი განაწესოს მტკიცენი ეკლესიათა შემოსავალნი და დაიცვას შემოსავალნი იგი ურიგოდ მოხმარებისა და მოტაცებისაგან და რაითამცა სცნას ისინი და მოაქციოს ჰსწორეს საქმეზედ, ესე იგი აღშენებისა და კეთილად დამშვენებისათვის სასულიერო სასწავლებელთასა და განსაწესებლად თვით სასულიეროთა თვისცა შესაფერის საზრდოსა ამ შემთხვევაში სხვა სარგებლობას არას ეძებდა მმართველობა თავის თBს და არცა ეჭირება და ყოველთვისცა საღმრთოდ კანონად თვისთვის დაუდგენია დატევება იმერეთის ეკლესიების მამულებისა და მათის შემოსავლებისა უსაშუალოთა ხელთავე შინა ეკლესიისათა და მხოლოდ ეკლესიისავ სასარგებლოდ... მოვჰსწერე ბრძანება იმერეთის მმართებელსა, რომ დააყენოს აღწერა საეკლესიოს ქონებისა და დაუტეოს წარმართვა მისი უწინდელსავე საფუძველსა ზედა. ამისთვისცა ყოვლად უსამღვდელოესი ექზარხი საქართველოისა ასევე დაუტუვებს იმერეთსა და უკუ მოიქცევა თავის სამწყსოსთან“.18
ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად ი. ველიამინოვი მუქარასაც არ ივიწყებს. რუსეთის ხელისუფლება ხომ ცნობილი იყო ე.წ. „თაფლაკვერისა (пряник) და შოლტის“ პოლიტიკის წარმოებით. გენერალი ხაზს უსვამს იმპერიის ძლევამოსილებას და ყოვლისშემძლეობას. ამასთან, ქართველებს ურჩევს არ დაივიწყონ, „რომ რუსეთმან შეიძლო ოც და ათის მილიონის ფრანცუზისა რამდენსამე თვეში დამშვიდება, რომელნიცა აეყოლიებინა მშფოთვარს ნაპოლეონს წინააღმდეგ თვისის ხელმწიფის კანონიერის ხელმწიფობისა. რუსეთმანვე აღადგინა ხელმწიფობა ფრანციის კანონიერის კოროლისა“.19
ი. ველიამინოვის და ა. ერმოლოვის მსგავსად იმერეთის მმართველი ი. კურნატოვსკიც 1819 წლის 3 ივლისს მიტროპოლიტ თეოფილაქტეს წერდა იმერეთის მოსახლეობის უკმაყოფილებაზე საეკლესიო რეფორმის გატარებისადმი, ხოლო სამეგრელოსა და გურიაში აღნიშნულ საკითხზე გაგზავნილი პირებისგან, თუმცა მას არ ჰქონდა ოფიციალური შეტყობინება, მაგრამ გავრცელებული ხმებით მტკიცდებოდა, რომ დასახელებული სამთავროების ხალხებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ამ გარდაქმნებს სასულიერო სფეროში, იკრიბებოდნენ ერთად და დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ თავიანთ მთავრებს, იმუქრებოდნენ აჯანყებით, თუ საეკლესიო საქმეები წინათ არსებული სახით უცვლელად არ იქნებოდა დატოვებული20.
მოსალოდნელი საეკლესიო რეფორმისადმი მოსახლეობის განწყობის ნათელსაყოფად, მაგალითის სახით, მოვიტანთ სრულიად შორაპნისა და ქუთაისის მაზრის თავადთა, აზნაურთა და გლეხთა მიმართვას, რომელშიც ისინი წერდნენ: „...ვიდრე ნათლისღებითგან და ქრისტეს ჯვარცმითგან ამ დრომდის მტკიცედ დამყარებულსა სარწმუნოებასა ჩვენსა შემოპატიჟებულ გვექმნენ, რომელიც უძვირესი საქმენი ამათთაგან (რუსებისგან _ ბ.ო.) დაწყობილნი ქართლსა შინა გვინახავს ცხადათ: პირველ, ეს რომ მრავალნი წმინდანი ეკლესიანი დაირღვევიან და პატიოსანი ქებულნი ხატი და ჯვარნი მიღებულ გვექმნებიან. ჩვენგან აღზრდილნი საკუთარნი მლოცველნი მღვდლები მიგვეღებიან და ჩვენ მოკლებულ ვიქმნებით პირველ ქრისტეს დიდებისაგან და მეორე ხორციელად სამსახურისაგან... თუმცა აგარიანთა დროთა ხელთა შინა ყოფნაში არ შეგვპატიჟებიან ჩვენსავე მტკიცედ სარწმუნოებასა და არცა მიგვიღებია ხორციელად მწუხარებით, დღეს რა შემცოდები აღმოვჩნდით, რომ ჩვენ ჩვენი ჩვეულებითნი მღვდელთ მთავარნი და ეკლესიანი და მღვდლები ჩამოგვერთვას, მკვდარს საფლავი არ გვეღირსოს და ცოცხალნი ვაკლდებოდეთ ქებასა და ვედრებასა ყოვლის შემძლებლისა მღვთისასა... რაც კანონი და წყობილება ქრისტიანობისა გვქონია, ნუ მოგვეშლება... როგორც ვართ უკანასკნელს სისხლის წვეთამდე ხორციელის მნებით: და სული კაცობრივისა ხელმწიფებითა არ ეთავაზება წასაწყმედად არცა ხელმწიფეთა და არცა მცირეთა: და არის სული მხოლოდ ღვთისა... ამისთვის, ჩვენ თავშეყრილნი თავადნი, აზნაურნი და გლეხნი, ერთბაშად ცრემლით მთხოვნელნი ვართ ნაჩალნიკთან და ღენერალთან, რომ ესე მოგონილი ჩვენდა შესაწუხებლად თეოფილაქტესაგან ბრძანება უკუნიქცეს“.21
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ეგზარქოსს, მიტროპოლიტ თეოფილაქტეს შეესმინა ი. ველიამინოვის, ა. ერმოლოვისა და ი. კურნატოვსკის შეგონებანი, რომ აღნიშნული რეფორმის გატარება გამოიწვევდა მდგომარეობის სერიოზულ გართულებას მთელს დასავლეთ საქართველოში, რაზეც მიუთითებდა მოსახლეობის განწყობაც და იმის მაგივრად, რომ შეეკავებინა თავი ამ ღონისძიების განხორციელებისგან, მოხდა პირიქით. თავის მიწერილობაში ი. კურნატოვისკისადმი ეგზარქოსი აღნიშნავდა, რომ მიიღო რა ამ უკანასკნელის 1819 წლის 3 ივლისის წერილი, საჩქარო წესით უგზავნიდა მას პასუხს, რომ ყველა პირს, რომლებიც მან გააგზავნა იმერეთის ოლქებში, სამეგრელოსა და გურიის სამთავროებში, მისცა ერთი და იგივე დავალება, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ შეედგინათ აღწერა: 1. არქიელთა სახლებისა და მასთან არსებული საკათედრო საყდრების, საერო და სასულიერო შტატების ჩათვლით, 2. მონასტრებისა და მათში მყოფი წინამძღვრების და ბერ-მონაზვნების, 3. სამრევლო ეკლესიების, კომლებისა და თეთრი სამღვდელოების, 4. საეკლესიო გლეხებისა და მათი მამულების, 5. იმ საეკლესიო აზნაურებისა, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ საეპარქიო ხელისუფალთა ამალას, 6. გლეხების ქონებისა და საეკლესიო შემოსავლების აღწერასთან ერთად შეეთავაზებინათ მათთვის ნატურალური გადასახადების ფულადით შეცვლა და მათი გაზრდა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მხედველობაში იქნებოდა მიღებული ამაზე საეკლესიო გლეხების ნებაყოფლობითი თანხმობა. თუმცა წერილის ბოლოს თეოფილაქტე აღნიშნავდა, რომ მის მიერ სამეგრელოსა და გურიაში გაგზავნილი არქიმანდრიტი ათანასე და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის პროკურორი ჭილაევი უკან მობრუნდნენ, რადგან იქაურმა მთავრებმა არ დაუშვეს, რომ მათ ჩაეტარებინათ ეგზარქოსის მიერ დავალებული აღწერა22.
საეკლესიო რეფორმის მიმართ თავის უკმაყოფილებას არ მალავდა სამეგრელოს გლეხობაც, რომელიც მღელვარებას მოეცვა და მზად იყო აჯანყებისთვის. ეს იმიტომ, რომ ცვლილებები, გარდა მათი სულიერი ყოფისა, უნდა შეხებოდა ამ ფენის სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებსაც. რეფორმა კი ისე იქნა შემუშავებული, რომ არც ერთი ზემოთ აღნიშნული მხარე, დაწყებული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო წყობილებისა და დამთავრებული იქ არსებული სოციალურ ურთიერთობათა თავისებურებებით, გათვალისწინებული არ ყოფილა. ნატურალური მეურნეობის ბატონობის პირობებში უნდა მომხდარიყო სასურსათო გადასახადების შეცვლა ფულადით, რაც საგრძნობლად გააუარესებდა გლეხობის მდგომარეობას. ძველთან შედარებით ახალ გადასახადთა მოცულობა ორჯერ იზრდებოდა. იბეგრებოდნენ ის საეკლესიო გლეხებიც, რომლებიც თავიანთი უკიდურესი სიღარიბის გამო წინათ ამ ვალდებულებას არ ასრულებდნენ. ერთი სიტყვით, სამეგრელოში, მისი მთავრიდან დაწყებული და ყველა სოციალური ფენით დამთავრებული, უკმაყოფილობით იყო მოცული და მზადყოფნას გამოთქვამდა აშკარა წინააღმდეგობა გაეწია მოახლოებული საეკლესიო რეფორმის ცხოვრებაში გატარებისთვის.
ამის შესახებ 1819 წლის 16 ივლისს იმერეთის მმართველი ი. კურნატოვსკი განერალ-მაიორ სისოევს წერდა: „...ასევე ამბობენ, რომ სამეგრელოსა და გურიის ხალხის მიწვევა ხდება იმერლების მიერ და ისინიც მზად არიან ყოველმხრივ შეუწყონ მათ ხელი... ამბოხებულები ასევე მზადყოფნას აცხადებენ თავი შესწირონ სარწმუნოებისთვის ბრძოლას და ისინი არაფრით არ თანხმდებიან რეფორმას სასულიერო სფეროში“.23 მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება კარგად ხედავდა იმასაც, თუ ვინ იყო აჯანყების მთავარი შემოქმედი ძალა. ეს კარგად ჩანს გენერალ ი. ველიამინოვის 1819 წლის 2 აგვისტოს მიწერილობიდან გენ.-მაიორ სისოევისადმი, სადაც ნათქვამია: „...არა თუ ობივატელებს, ე. ი. გლეხობას, რომლებიც განეკუთვნებიან სხვადასხვა წოდებას, უნდა მიაქციოთ მთავარი ყურადღება, არამედ უფრო თავადებსა და სამღვდელოებას, რომელნიც არიან სწორედ არსებითად ჭეშმარიტი იარაღი ყველა უწესრიგობისა და დაწყებული ამბოხებისა, რადგანაც ხალხი ყველგან და ყოველთვის არის მხოლოდ ბრმა მსხვერპლი“.24
საინტერესოა აგრეთვე, თუ როგორი იყო თვით სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის დამოკიდებულება საეკლესიო რეფორმისადმი, რომელსაც ის ასეთი შიშითა და შეშფოთებით შეხვდა, რაც არ იყო საფუძველს მოკლებული და რისი მიზეზიც სინამდვილეში არსებობდა. სამეგრელოს სამღვდელოება ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სასულიერო მეთაურები მონაწილეობას იღებდნენ სამთავროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. არც ერთი პოლიტიკური დოკუმენტი არ ფორმდებოდა მათი აქტიური უშუალო ჩარევის გარეშე. უმეტეს შემთხვევაში სამღვდელოების წარმომადგენელი თან ახლდა სამეგრელოს მთავარს ლაშქრობებში. სამთავროში ორჯერ შეიქმნა დროებითი მმართველი საბჭო და მასში ყოველთვის წარმოდგენილი იყვნენ სამეგრელოს მიტროპოლიტები. თავის მხრივ, მთავარიც იცავდა მათ ინტერესებს. იგი ეხმარებოდა სამღვდელოებას თავიანთ სამწყსოში წესრიგის დამყარებაში. ერთი სიტყვით, ეკლესია და მისი წარმომადგენლები მუდამ იყვნენ მთავრის ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ბერკეტი და მმართველობის დასაყრდენი. ეკლესიის კეთილდღეობაზე ზრუნვის ნიღაბს ამოფარებული რუსეთი სასულიერო რეფორმით სწორედ, ამ პოლიტიკური და ამასთანავე ეკონომიკური ძალის ხელიდან გამოცლას უპირებდა დადიანს, რომლის დასუსტებითაც თანდათანობით და გეგმაზომიერად ამზადებდა ნიადაგს მომავალში სამთავროს ავტონომიის გაუქმებისთვის. სამეგრელოს მთავარი, რა თქმა უნდა, ყოველივე ამას ხვდებოდა და სწორედ ეს იყო მისი შიშისა და შეშფოთების საფუძველიც. თუმცა, მივადევნოთ თვალი, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები.
საეკლესიო რეფორმის საკითხს ლევან დადიანი ეხებოდა ჯერ კიდევ 1819 წლის 22 მაისის მიწერილობაში ა. ერმოლოვისადმი, კერძოდ, მის მიერ მიღებული წმინდა სინოდის ბრძანებულების მე-3 და მე-15 პუნქტებს. პირველ მათგანში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ეგზარქოსისა და მიტროპოლიტ თეოფილაქტეს წინადადებით სამეგრელოში არსებული სამი ეპარქიიდან უნდა დარჩენილიყო ერთი, ხოლო მეორე მათგანში აღნიშნული იყო, რომ აღეწერათ საეკლესიო მამულები, დაეანგარიშებინათ შემოსავალი, რომელიც მათგან შემოდიოდა და ამის შესახებ ანგარიში გადაეცათ სინოდალური კანტორის ან ეგზარქოსისთვის. ლევან დადიანი ცდილობდა აეხსნა ა. ერმოლოვისთვის, რომ ამ რეფორმის გატარება ძალზე დაამძიმებდა და შეავიწროვებდა მის მდგომარეობას, მკაფიოდ უხატავდა, თუ რა საფუძველზე გადაეცათ მისი წინაპრებისგან ეპარქიის მღვდელმთავრებს ის მამულები, რომლებიც ახლა იწოდებოდნენ საეკლესიოდ, მაგრამ სინამდვილეში სარგებელი მათგან და გადასახადები ეკუთვნოდა მას ისევე, როგორც სამთავროში არსებული სხვა საკუთარი მამულებიდან, რომ საეკლესიო მიწებზე მოსახლე აზნაურობა და გლეხობაც ემსახურებოდნენ მთავარს, რომლისადმი მათი ვალდებულებანი ყოველთვის იყო ისეთივე, როგორც საკუთარ მფლობელობაში შემავალი დანარჩენი მამულებისა და, მათ მსგავსად, იწოდებოდნენ სახაზინოდ. ლევან დადიანის თქმით, მისი წინაპრები არც ისე მდიდრები იყვნენ, რომ სამი ეპარქიის მღვდელმთავრების შესანახად საკმარისი თანხები გაეღოთ, მაგრამ რადგანაც ქრისტიანული წესით არ შეიძლებოდა მათი გაუქმება, ამდენად მათ ზოგიერთი შემოსავალი საკუთარი მამულებიდან ჯამაგირის სანაცვლოდ გადასცეს მღვდელმთავრებს და ამიტომ იწოდებოდნენ ისინი საეკლესიოდ, თუმცა, წარმოადგენდნენ მთავრის სამფლობელოში შემავალ სახაზინო მიწებს. ამდენად, აღნიშნავს შემდეგ დადიანი, თუ საკუთარი მისი მამულები, რომლებიც ახლა იწოდებიან საეკლესიოდ, მას ჩამოერთმევა და მათგან შემოსავალი გადაეცემა სინოდალურ კანტორას, ან დამოკიდებული იქნება ეგზარქოსის განკარგულებაზე, როგორც ეს გაკეთებულია საქართველოში და არა მის ნებაზე, მაშინ იგი მოკლებული იქნება ყოველდღიურ საზრდოს და ვერ შეძლებს თავის შენახვას. შემდეგ სამეგრელოს მთავარი უფრო კატეგორიულია, როცა წერს, რომ თუ ის მამულები, რომლებიც ამჟამად იწოდებიან საეკლესიოდ და შეადგენენ მთელი სამფლობელოს თითქმის ნახევარზე მეტს და მათგან შემოსავალი უკვე მისი არ იქნება, მაშინ იგი ჭეშმარიტი მსჯელობით აღიარებს, რომ მთელი თავისი სამფლობელო და წოდება მისგან ჩამორთმეულ იქნეს, თუმცა დადიანის თქმით, ეს არ შეესაბამებოდა იმპერატორის მიერ სამეგრელოს მთავრისთვის უმაღლესად დამტკიცებული სიგელის პირობებს. ამასთან, იგი მთლიანად არ უარყოფს მიტროპოლიტ თეოფილაქტეს შეხედულებებს და ეთანხმება მას მხოლოდ იმაში, რომ ეგზარქოსი განაგებდეს სამეგრელოს სამთავროს სასულიერო საქმეებს, ასევე ეპარქიის მღვდელმთავრის გარდაცვალების შემთხვევაში დადიანი არ დანიშნავდა არავის მისი განკარგულების გარეშე. ეს ეხებოდა არქიმანდრიტის დამტკიცებას, ეგზარქოსის წინაშე იქნებოდნენ ანგარიშვალდებული აგრეთვე უსამღვდელოესნი, როცა საქმე შეეხებოდა მნიშვნელოვან საკითხებს სასულიერო სფეროში. რაც ეხებოდა ეკლესიების მშენებლობასა და განათლებას, ლევან დადიანი თანახმა იყო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში შეესრულებინა მისი ბრძანებულებანი, თვითონ შეენახა საკუთარი მწყემსმთავარნი, ხელი შეეწყო ქრისტიანობის გავრცელებისთვის მთიელ ხალხებში, მაგრამ, ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად, კატეგორიულად გამორიცხავდა შემოსავლების ჩამორთმევას მისი კუთვნილი მამულებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იწოდებოდნენ საეკლესიოდ. დადიანის თქმით, ეს გააღარიბებდა მის სამფლობელოს და წარმოადგენდა უმაღლესად ბოძებული სიგელის დარღვევას. იგი თხოვდა ა. ერმოლოვს, რომ არ დაეშვა მოვლენების ასეთი განვითარება25.
რუსეთის ხელისუფლების მიზანი სამეგრელოსადმი მკაფიოდ ჩანს ლევან დადიანის 1819 წლის ივნისში მიტროპოლიტ თეოფილაქტესადმი გაგზავნილ წერილშიც, სადაც იგი პირდაპირ მიუთითებს ეგზარქოსის მიერ შემოთვლილ მუქარაზე სამთავროს ავტონომიის გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. მიწერილობაში მთავარი აღნიშნავს, რომ თეოფილაქტეს მიერ გამოგზავნილი პირები _ არქიმანდრიტი ათანასე და თავადი გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი გამოცხადდნენ მასთან მარტვილის მონასტერში და გადასცეს მას ეგზარქოსის და ასევე გენერალ ა. ერმოლოვის წერილი. ეს უკანასკნელიც მისგან მოითხოვდა სასულიერო რეფორმისთვის ხელშეწყობას26. წარგზავნილებმა სიტყვიერადაც მოახსენეს სამეგრელოს მფლობელს ეგზარქოსისგან მიღებული დავალების შესახებ, რომელიც „მოვისმინე და ვსცან ყოველივე უმორჩილესად“, _ ამბობს დადიანი. მაგრამ მათი საუბრის ბოლოს მისმა ნათესავმა გრიგოლ წერეთელმა, სამეგრელოს დიდებულების თანდასწრებით, განუცხადა დადიანს მიტროპოლიტ თეოფილაქტეს დანაბარები: „...თუ არა აღასრულებო და არა დაემორჩილებიო ამას ჩემ მიერ თქვენდა მოცემულსა მცნებასაო მაშინ შენ იქნებიო შენის მთავრობის დაცემის და სამთავროს მიღების მიზეზი“.27
ლევან დადიანი ვერ მალავს თავის გაოგნებას ასეთი განცხადების გამო და წერს: „...ყოვლად უსამღვდელოესო მწყემსთ მთავარო ესე ხმა არა კაცს ბრძანებისაგან წარმოთქმულად დავნიშნე, არამედ ციურ უსაშინლეს ქუხილად შეესმა გონებასა ჩემსა, და მწუხარებისა ალმურითა განკვირვებულმან ვსთქვი მშობელთა ჩემთა სცოდეს ესე ვითარი რაიმე ანუ მე ვსცოდე“.28 ამასთან, სამეგრელოს მთავარი აშკარად დაბნეული ჩანდა, რამეთუ თეოფილაქტეს პირობების მიღებისა და მათზე თანხმობის შემთხვევაში ის გარიყული აღმოჩნდებოდა საკუთარი სამფლობელოს ხალხისგან, რომელიც არ მალავდა თავის აღშფოთებას და უკმაყოფილებას საეკლესიო რეფორმის მიმართ. ლევან დადიანს აშინებდა მათი მხარდაჭერის დაკარგვა. იგი წერდა: „...ანუ რამე ვქნა არა უწყი, ესრეთუ მორჩილება მივიღო თქუენის მეუფების უმაღლესის ბრძანების მე მხოლოდ დავშთები და რაი ძალმედების ერთსა სიმრავლესა შინა, თქუენის კაცთმოყვარების გონიერება აღწონის და ესე მექმნების მე სამოქმედოდ“.29 მაგრამ თუ მას დაუტოვებდნენ მხოლოდ იმის შესაძლებლობას, როგორც ამის შესახებ ამათი (ალბათ გულისხმობს მასთან წარგზავნილებს _ ბ.ო.) მსჯელობა და წარმოდგენა დადიანამდე აღწევდა, მაშინ მას სხვა გზა არ რჩებოდა გარდა იმისა, „...რათა მოვიდე წინა მეუფებისა თქუენისასა მარტომან და თქუენ მიერ ძალისა მოცემითა შემოვიდე (თავის სამფლობელოში _ ბ.ო.) მოსასვრელად მამათა და მდედრთა და ყრმათა და ასულთა მათთა ესრეთ მიწევნილ არს ამათი გამსჯელობა და წარმოდგინება ჩემდა“.30 ლევან დადიანის ამ სიტყვებში ერთხელ კიდევ კარგად ჩანს მოსახლეობის განწყობა, რომელიც ცოცხალი თავით არ შეურიგდებოდა რუსი მოხელეების მიერ დასახულ ცვლილებებს სასულიერო სფეროში.
ის, რომ სამეგრელოს მთავარს ნაკლებად ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა და არ შეეძლო მათი დაშოშმინება, ამაზე მკაფიოდ მეტყველებს გენერალ-მაიორ სისოევის 1819 წლის 28 ივლისის მიწერილობა ი. ველიამინოვისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ: „...მათ მხარეზე (საუბარია იმერეთის აჯანყებულებზე _ ბ.ო.) არიან აგრეთვე მეგრელები და გურულები, ხოლო თავად დადიანს, რომელიც თუმცა გვიმტკიცებს საკუთარ ერთგულებას რუსეთისადმი, მაგრამ თავისი ახალგაზრდა ასაკის გამო არ შეუძლია ხალხის შეკავება...“31 (თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს არ იყო მხოლოდ ასაკობრივი ფაქტორით განპირობებული _ ბ.ო.). რაც შეეხება ერთგულების საკითხს, ამის შესახებ საინტერესოდ შენიშნავდა ნ. დუბროვინი: „...ძნელი სათქმელი იყო ამ დროს ვინ იყო ჩვენი ერთგული და ვინ არა. ყოველივე დამოკიდებული გახლდათ გარემოებებზე, პირად გამორჩენაზე, თუ მდგომარეობაზე, რომელშიც შეიძლება აღმოჩენილიყვნენ ცალკეული პირები. რელიგიის გარდა, იმერლები არაფრით განსხვავდებოდნენ აზიის სხვა ხალხებისგან და ვინც დღეს ჩვენი მტერი იყო, ხვალ ის შეიძლება ჩვენი მომხრე ყოფილიყო. იმერეთში მომხდარი არეულობანი მოწმობდნენ, რომ აშკარა მოღალატეები, ამბოხების მეთაურები, რომლებიც წარმატების მიღწევისას მზად იყვნენ ამოეჟლიტათ ყველა რუსი, დამარცხების შემთხვევაში პატიებას ითხოვდნენ და ერთგულებას გვეფიცებოდნენ. ასეთია აზიელ ხალხთა ჩვეულება“.32 თავის სამთავროში დადიანის და გურიელის შერყეულ პოზიციებზე იგივეს აღნიშნავდა ზურაბ წერეთელი 1819 წლის 8 ივლისის წერილში გორის ოლქის უფროსის გენერალ-მაიორ ტიტოვისადმი, სადაც ნათქვამია, რომ „...დადიანსაც და გურიელსაც ასევე ჩამოშორდა თავიანთი ხალხი, რომელთაც განზრახული აქვთ შეუერთდნენ იმერელ მეამბოხეებს“.33
საინტერესოა აგრეთვე ლევან დადიანის შეხედულება იმის შესახებ, რომ იმგვარი მორჩილება, როგორიც მან თავის წერილში დაუხატა ეგზარქოსს, გავლენას მოახდენდა მომავალში რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებზე არა მარტო სამეგრელოში, არამედ კავკასიის მეზობელ ხალხებშიც, რაც, თავის მხრივ, მეტყველებდა მათ განწყობაზეც. დადიანის აზრით, მისი დაუმორჩილებლობა უფრო მეტი სარგებლობის მომტანი იქნებოდა რუსეთისთვის. კერძოდ, სამეგრელოს მთავარი წერდა: „...კიდევ განვიმეორებ აზრცა წინა თქმულსა მორჩილებისა ანუ ურჩებისასა ვიტყვი, უკვე მორჩილება ესე ვითარი რომელიცა წინაშე ცხად ვყავ და დაუდევ განსარჩევლად თქუენისა მაღალ მეცნიერებისა არა ესრედ ისარგებლებს, გარწმუნებ მეუფეო ჩემის ყოვლად უმოწყალესის ხელმწიფის აწინდელსა საფიქრებელსა სამსახურსა შინა მხარეთა და მეზობელთა ჩემთა შორის მთისა კავკასიისა კალთებთა შორის და შავსა ზღვასა სანაპიროთა შორის ვიდრე ანაპამდე... ვითარ იგი ურჩება ესე ჩემი შემოიღებს სარგებლობასა და შეძინებასა ვინაიდგან მაგალითად ვარ მათ შორის და მხედვენ მე მათ შორის ჩემის უმოწყალესის ხელმწიფისა უსაზღვროსა გამოუთქმელსა მოწყალებასა შინა მრავალთადმი მაქვს საუბარი ანუ შემომზიდველი ალერსი და მაგალითად საჩვენებელი მათდა შემოსახშველად სკიპტრათა ქვეშე ყოვლად უმაღლესისა ხელმწიფისა ჩვენისა“.34
ამ მსჯელობაში კარგად ჩანს ლევან დადიანის დიპლომატიური და ტაქტიკური სვლაც, რათა დაერწმუნებინა ეგზარქოსი მის მიერ დასახული რეფორმის არამიზანშეწონილობაში. იგი ურჩევს თეოფილაქტეს, რომ მან გასცეს შესაბამისი ბრძანება შექმნილი ვითარების დასაწყნარებლად და „დასატკბობელად საზოგადოებისა ჩემისა...“ ამასთან, დადიანის თქმით, ეს არა მარტო მისი განზრახვა და აზრი იყო, არამედ თავისი ქვეშევრდომებისაც, „...რომელთასცა სწადთ აღტკინებულითა გულითა ჩემის ყოვლად უმოწყალესის ხელმწიფის ჩემგან სამსახურის აღსრულება მათაც ესრედ წინაშე თვალთა შორის ჩემთა წარმოადგინეს და მეც შევიწყნარე“.35 სამეგრელოს მთავარი დარწმუნებულია, რომ საეკლესიო მამულების აღწერა და სინოდალური კანტორის გამგებლობაში გადაცემა არ მოუტანს წარმატებას რუსეთის ხელისუფლებას: „...ვინაიდგან, რათა ამათ შორის (ხალხში _ ბ.ო.) შევიდა აღრიცხვა ესე აღსაშფოთველად და სამწუხაროდ“.36 ლევან დადიანი თხოვნით მიმართავს ეგზარქოსს, რომ გაითვალისწინოს მისი აზრი და დახმარება გაუწიოს მას: „...კაცთ მოყვარებითა სამკვიდრებელსა ჩვენსა ერთმთავრულითა გრამოტითა დამტკიცებული მფლობელ მთავრად სრულიად მენღრელიისა და აფხაზეთისა და სვანეთისა რომლისათვის გთხოვ უმორჩილესად ვითარცა უსაკუთრესა მამასა და უმაღლესსა მწყემს მთავარსა რათა მეოხ მექმნე“.37
მსგავსი შინაარსის წერილი გაუგზავნა სამეგრელოს მთავარმა გენერალ ა. ერმოლოვს 1819 წლის 16 ოქტომბერს, რომელშიც ასევე თხოვდა მას, რომ მისადმი აღმოჩენილი კეთილისმყოფელობა დაეგვირგვინებინა კიდევ იმით, რომ მთავრისადმი მონარქის წყალობის ამგვარი მაგალითი (საუბარია 1806 წელს რუსეთის ხელმწიფის ხელშეწყობით დადიანისთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ _ ბ.ო.) განემტკიცებინა ისეთი სახით, რომ დადიანს მისი უავგუსტოესისა და ყოვლად უკეთილშობილესის პირობის თანახმად შეაძლებინებდა უშიშრად ყოფნას, რამეთუ, როგორც იგი აღნიშნავდა, მან უკვე ერთხელ ნახა მისი უსამღვდელოესობის, საქართველოს ეგზარქოსის თეოფილაქტესა და მის მსგავსთა საქმენი, რომელნიც ჯერ კიდევ არ ყოფილან სრულყოფილი და ნაცვლად იმისა, რომ ადგილზე გამხდარიყვნენ მაგალითი სიმშვიდისა და სიწყნარის, სინამდვილეში საზოგადოებას უმზადებდნენ მძიმე უღელს, ხოლო მას კი ართმევდნენ სამთავროს და ხელისუფლებას38. იგივე აზრია გატარებული ლევან დადიანის 1819 წლის ნოემბრის წერილში თავისი სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტ გიორგისადმი, რომელსაც მთავრის შეტყობინება უნდა გადაეცა ი. ველიამინოვისადმი, ხოლო ამ უკანასკნელმა იგი გაუგზავნა ა. ერმოლოვს. სამეგრელოს მფლობელის თქმით, „...მე როგორც არ ველი ჩემის ყოვლად უმოწყალესის ხელმწიფის ჩემს მემკვიდრეობიდგან გამორიცხვას აგრეთვე სიკვდილი უაღსარჩეველესი არის ჩემთვის რომ მე ჩემის სახელისა და სამთავროსაგან გამომრიცხოს ვინმემ. რა ვსცოდე რომ ასე დამემართოს“.39
როგორც ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, საეკლესიო რეფორმა პირდაპირ ემუქრებოდა საკუთრივ ლევან დადიანის სამფლობელოს ყოფნა-არყოფნის საკითხს და, რა თქმა უნდა, გამორიცხული იყო, რომ მას მხარი დაეჭირა რუსი გენერლებისთვის საყოველთაო სახალხო მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს კარგად ესმოდა ა. ერმოლოვს, რომელსაც არ სურდა დაეკარგა დადიანის მხარდაჭერა ამბოხებულთა დაშოშმინების საქმეში, რადგან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად ჰქონდათ გათვითცნობირებული სამეგრელოს მნიშვნელობა თავიანთი გეგმების განხორციელების თვალსაზრისით. ა. ერმოლოვის 1819 წლის 30 ივლისის წერილში ი. ველიამინოვისადმი ნათქვამია: „...იმ ხალხის ამბოხება, რომელსაც გააჩნია იმდენად მწირი საშუალებები, როგორც იმერლებს, არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ, საჭიროა ჩვენი რიცხობრივად მცირე ჯარის პირობებში შევინარჩუნოთ უმთავრესი პუნქტები და მათ შორის კავშირი, ხოლო თუ ყოველივე ამას მივუმატებთ ცოტაოდენ ძალისხმევას, ყოველთვის შევძლებთ მოკლე დროში ეს მხარე დავუმორჩილოთ ჩვენს ხელისუფლებას. მაგრამ ყველაფერი ეს მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე, თუ ამბოხებაში მონაწილეობას მიიღებენ სამეგრელოს და გურიის მთავრები. კარგი იქნებოდა ამ ორივე მათგანის ერთგულების შესახებ რაიმე დამამტკიცებელი გვქონოდა, მაგრამ მე არ მოველი მათი მხრიდან ჩვენთვის საზიანო ქმედებას (რაშიც ა. ერმოლოვი რამდენადმე ცდებოდა _ ბ.ო.), რადგან გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში ისინი ვერაფერს თავიანთ სასარგებლოს ვერ ჰპოვებენ“.40
ამიტომ, ლევან დადიანის თანადგომის მოპოვების მიზნით ა. ერმოლოვი დაპირებებს არ იშურებდა. ჯერ კიდევ 1819 წლის 17 ივნისს იგი სამეგრელოს მთავარს წერდა: „...სასულიერო სფეროში ახალი მმართველობის ჩამოყალიბების შემთხვევაში ოდნავადაც არ შეიზღუდებოდა უმაღლესი ტრაქტატით თქვენთვის ბოძებული უფლებები და შეღავათები, ხოლო მამულები, რომელთაც დღემდე მოჰქონდათ შემოსავალი ეკლესიისა და სამღვდელოებისთვის, არ შეიძლება გამორიცხულ იქნენ თქვენი გამგებლობიდან“.41 იგივეს წერდა ა. ერმოლოვი 1820 წლის 22 ნოემბრის წერილში ლევან დადიანისადმი. „...საეკლესიო მამულებზე მსჯელობისას მე წინათაც ვწერდი თქვენს ბრწყინვალებას და ეხლაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხელმწიფე იმპერატორი, რომელმაც ყოვლად უმოწყალესად გიბოძათ თქვენ უფლებები, არასოდეს მოითმენს მათ ხელყოფას და არც დაუშვებს ამას... მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თქვენთან ჩემი წინასწარი მოთათბირების გარეშე არაფერი ამგვარი რამ დაწყებული არ იქნება.... შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ თქვენო ბრწყინვალებავ, რომ მთავრობას არა აქვს განზრახვა გაამდიდროს ეკლესია უკანონო მისაკუთრებათა ხარჯზე და განა შეიძლება ასეთი მსხვერპლი სიამოვნებდეს თვით ღმერთსაც?“42
მაგრამ იმპერიის წმინდა სინოდს არ შეეძლო ა. ერმოლოვის დაპირებების გამართლება, რადგანაც საეკლესიო რეფორმა, რომელიც სწორედ ამ ორგანოს განკარგულებით ტარდებოდა, შეუთავსებელი იყო თავადურ-მემამულური მიწათმფლობელობის ხელშეუხებლობის პრინციპთან. ლევან დადიანიც ხვდებოდა ყოველივე ამას და გამომდინარე აქედან, არ სჯეროდა რუსი გენერლის ესოდენ უხვი დაპირებებით აღსავსე სიტყვებისა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ სამეგრელოს მთავარი ატარებდა ორმაგ პოლიტიკას43 და საგარეო ორიენტაციის საკითხში ერთდროულად მერყეობდა თურქეთსა და რუსეთს შორის. ამის შესახებ იმერეთის მმართველი ი. კურნატოვსკი 1820 წლის 17 იანვრის მოხსენებაში ი. ველიამინოვისადმი წერდა: „...ის, რომ მთავრებმა დადიანმა და გურიელმა იმერლებთან ერთად გაუგზავნეს წერილები თურქეთის სულთანს და ალექსანდრე ბატონიშვილს (საუბარია ალექსანდრე ერეკლეს ძეზე _ ბ.ო.), განსაკუთრებით კი პირველ მათგანს, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია“.44 ეს უკანასკნელი საგარეო ფაქტორი ძალზე აშფოთებდა რუს გენერლებს, რაც კარგად ჩანს იმავე მოხსენებიდან, როცა ი. კურნატოვსკი წერს: „...მიუხედავად იმისა, რომ ჩემს განკარგულებაში არსებულ ჯარებში ყველგან მიღებულ იქნა უსაფრთხოების შესაძლო ზომები, იმერლების საყოველთაო ამბოხების და მათთან სამთავროების მფლობელთა, თუნდაც ერთი მათგანის შეერთებისა და მათთვის თურქების დახმარების შემთხვევაში, შეუძლებელია არ ვაღიარო, რომ ჩემი მდგომარეობა იქნება უკიდურესად კრიტიკული“.45
იგივეა აღნიშნული ი. კურნატოვსკის იმავე რიცხვით დათარიღებულ მეორე წერილში ი. ველიამინოვისადმი. მოხსენებაში ნათქვამია: „...ვბედავ, მოვახსენო თქვენს აღმატებულებას, რომ ჩემი და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ჯარის მდგომარეობა მეტად კრიტიკულია. იმ შემთხვევაში, თუ იფეთქებს ამბოხება, მაშინ ჯარის მიერ დაკავებული ზოგიერთი პუნქტების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება“.46 ის, რომ ამ დროს რუსეთის წინააღმდეგ მართლაც არსებობდა მასშტაბური შეთქმულება, მკაფიოდაა ნაჩვენები იმავე ავტორის მიერ, როცა იგი წერს იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელიც მეტად არასახარბიელო იყო ცარიზმისთვის. „...მიუხედავად ყველა ჩემი (ი. კურნატოვსკის _ ბ.ო.) ძალისხმევისა და მცდელობისა, თავიდან ამეცილებინა მათი ბოროტი ზრახვები, რომლებიც შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე მბჟუტავ მათ სულებში დაიბადნენ და ამ მხრივ გამონაკლისს არც სასულიერო უხუცესები წარმოადგენდნენ და რომელმაც თავი იჩინა მიმდინარე საეკლესიო რეფორმის დროს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შეთქმულება რუსეთის ქვეშევრდომობიდან თავის დაღწევის მიზნით სინამდვილეში არსებობს, როგორც ამაში ზოგიერთი რამდენადმე კეთილგანწყობილი თავადი და აზნაური მე მარწმუნებს, მაგრამ ყოველივე ეს ისეა შენიღბული, რომ ისინიც ბოლომდე და პირდაპირ არ იხსნებიან, არამედ ამბობენ, რომ თვითონაც ამას ხვდებიან... შეთქმულება მათი იმდენად დაფარული და საყოველთაოა, რომ არა მყავს ვინმე ერთგული კაციც კი, რომელსაც დავეყრდნობოდი და შევძლებდი მის გაგზავნას დაზვერვის მიზნით ახალციხეში ან სხვა ადგილებში“.47
ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა ი. კურნატოვსკის 1820 წლის 5 თებერვლის მოხსენება ი. ველიამინოვისადმი. იგი წერდა ამ უკანასკნელს, რომ მან უკვე გადასცა მისგან გამოგზავნილი ძვირფასი ბეჭედი და წერილი თავად ქაიხოსრო წერეთელს, რომელიც კმაყოფილი დარჩა ასეთი ყურადღებით და პირად საუბარში რუსი გენერლისთვის, რომელიც კიდევ პირდებოდა მას სხვა ჯილდოს მთავრობისთვის დამატებით გაწეული სამსახურის შემთხვევაში, განუცხადებია: „...ის, რომ იმერლებს დანამდვილებით გადაწყვეტილი აქვთ იარაღის აღმართვა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და რომ მათთან შეთანხმებულია სამეგრელოს მთავარიც, ეჭვს გარეშეა, ხოლო რაც შეეხება გურიელის განწყობას, ეს მისთვის უცნობია“.48
საინტერესოა, ჩვენს მიერ აღნიშნულ მოვლენებში რა ადგილი ეკავა აფხაზეთს. ზემოთ მოტანილ დოკუმენტში ამ თვალსაზრისით არის ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ი. კურნატოვსკი წერს: „...ასევე გუშინ გაემგზავრა აქედან (ქუთაისიდან _ ბ.ო.) აფხაზეთის მფლობელიც, თავადი გიორგი შერვაშიძე, რომელიც აქ ორ დღეს იმყოფებოდა. მან განმიცხადა მე, რომ მისთვის ცნობილია იმერლების და დადიანის განზრახვის შესახებ, ხოლო თავის მხრივ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას საკუთარ ურყევ ერთგულებაში რუსეთის ტახტისადმი და აღმითქვამდა მზადყოფნას, რომ აფხაზებთან ერთად იმოქმედებდა ჩვენს მხარეზე...“ შემდეგ რუსი გენერალი გამოთქვამს თავის ვარაუდს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო შარვაშიძის ასეთი პოზიციის მიზეზი. „...შესაძლებელია სინამდვილეში მას არ ჰქონდა განზრახული ეღალატა ჩვენთვის, რამეთუ საკუთარი განცალკევებულობის გამო, სრულიად ყოველგვარი სიძნელეების განცდის გარეშე, ღებულობს მნიშვნელოვან ჯამაგირს, რომლითაც სარგებლობას სხვა მთავრები მოკლებულნი არიან. მაგრამ, როგორც მის ღალატს, ასევე ერთგულებასაც, რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის ან სარგებლობის მოტანა ჩვენთვის არ შეუძლია საკუთარ სამფლობელოში მისი უკიდურესი უძლურების გამო...“49 (მთავრის ამ სისუსტეს განაპირობებდა ასევე აფხაზეთის მოსახლეობის თანაგრძნობა ამბოხებულებისადმი _ ბ.ო.). საქართველოს ეგზარქოსისთვის მიწოდებულ ცნობებშიც, რომელიც არც დათარიღებულია და არც ხელმოწერილი, ასევე აღნიშნულია, რომ „...იმერეთი და სამეგრელო ამბოხებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან“.50
სწორედ ყოველივე აღნიშნული აიძულებდა ა. ერმოლოვს, მიეცა ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი დაპირებები სამეგრელოს მთავრისთვის, რითაც ის ცდილობდა განხეთქილება შეეტანა აჯანყებულთა ბანაკში. მაგრამ დადიანის გულის მოგებასთან ერთად რუსი გენერალი მუქარასაც არ ივიწყებდა. ეს ხომ რუსული პოლიტიკის ნაცადი ხერხი იყო. 1820 წლის 3 თებერვალს იგი სამეგრელოს მფლობელისთვის დერბენტიდან გამოგზავნილ წერილში ხაზს უსვამდა საკუთარ წარმატებებს დაღესტნელი ხანების სამთავროთა გაუქმების საქმეში და აღნიშნავდა, რომ „...ასეთივე ბედი ეწევა ყოველთვის ორგულობასა და ღალატს“,51 რითაც აფრთხილებდა დადიანსაც. იგივე შინაარსის წერილი გაუგზავნა მან გურიელსაც, აღნიშნული დაპირებებითა და მუქარით ა. ერმოლოვმა შეძლო, ოსტატურად ჩამოეცილებინა ორივე მთავარი აჯანყებულებისგან და ისინი მათვე დაუპირისპირა. ამის შემდეგ დადიანი რუსეთის მხარეზე და ამბოხებულთა წინააღმდეგ დადგა.
მართალია, მთელ დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ა. ერმოლოვი თავის დღიურებში წერდა, რომ „...საქართველოს ეგზარქოსი იმერეთიდან დაბრუნდა, უფრო სწორედ, გამოიქცა ისე, რომ საეკლესიო მამულების აღწერაც კი ვერ მოასწრო, რითაც მან ამ შემთხვევაში გამოავლინა უკიდურესი სიმხდალე“,52 მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება სამეგრელოს ეკლესიის მიმართ თავისი გეგმების განხორციელებაზე ხელის აღებას არ აპირებდა. ეს რომ მხოლოდ შესაფერისი დროის საკითხი იყო, კარგად ჩანდა საქართველოს ეგზარქოსის იონას 1823 წლის 10 მაისის წერილიდან გენერალ ა. ერმოლოვისადმი. მასში იგი ეხება წმინდა სინოდის 1821 წლის 19 დეკემბრის უმაღლესი კონფირმაციის მე-7 პუნქტს, რომელშიც ნათქვამი იყო: „...პირველი შემთხვევისათვის დაშვებულ იქნას სამეგრელოს მთავრის მზადყოფნა, რომ ამ მხარის სამღვდელოება დამოკიდებული გახადოს ეგზარქოსზე და ეს გაკეთდეს საკუთრივ მისი ვარაუდის თანახმად, მაგრამ ამასთანავე ვეცადოთ, დროის შესაბამისად, თანდათანობით მოვამზადოთ აქაც სასულიერო სფეროს საჭირო მოწყობა მისი სარგებლიანობის ჩაგონების გზით“.53
იგივეა ნათქვამი გენერალ ა. ერმოლოვის 1823 წლის 26 მაისის მიწერილობაში თავად გორჩაკოვისადმი54. რუსეთის იმპერიის მესვეურთა მთელი შემდგომი პოლიტიკაც სამეგრელოს სამთავროს სამღვდელოების მიმართ მიზნად ისახავდა სწორედ საეკლესიო ცხოვრების საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოწყობას.
ამრიგად, თუ შევაჯამებთ ყოველივე ზემოაღნიშნულს, მკაფიოდ დავინახავთ, რომ საეკლესიო რეფორმა რუსეთის ხელისუფლების ხელში იყო იარაღი, რომელიც თავიდანვე გახდა პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სამეგრელოს ავტონომიის გაუქმებისათვის ნიადაგის მომზადება და დანარჩენ საქართველოსთან ერთად რუსეთის იმპერიასთან თანდათანობით შერწყმა. მაგრამ ამ გზაზე ყველაზე ვერაგული და საშინელი, რეფორმის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან შედარებით, იყო ის, რომ საფრთხე ემუქრებოდა ქართველთა სულიერების საწყისსა და საფუძველს – მის ენას, რომელიც იდევნებოდა ეკლესიიდან, იმ ნავსაყუდელიდან, სადაც ყველა დროსა და ძნელბედობის ჟამს თავს აფარებდა ქართული ეროვნული სული. სწორედ ამიტომ ცდილობდა რუსეთის იმპერია ამ ნაციონალური კერის მოშლას, მაგრამ ჩვენი ერის თავგანწირულმა ბრძოლამ და ძალისხმევამ რუსი იმპერიალისტები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათ ამ მზაკვრულ გეგმებს განხორციელება არ ეწერა.
შენიშვნები
1. ბ. ოდიშარია. იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყების ისტორიიდან. _ აკად. ი. ვეკუას საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა თეზისები. თბ., 1995, გვ. 85.
2. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. V. თბ., 1953, გვ. 111.
3. იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ნაშრომები: Н. Дубровин. История войны и владычества русских на Кавказе. Т. VI. СПб, 1888; მ. დუმბაძე. სამეგრელოს სამთავრო 1803-1857 წწ. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 1942 (ხელნაწერი ინახება ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში); მ. დუმბაძე. დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში (რუსეთთან შეერთება და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება). თბ., 1957; Ф. Махарадзе. Грузия в XIX столетии (краткий исторический очерк). Тб., 1933; Н. Б. Махарадзе. Восстание в Имеретии 1819-1820 гг. – „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ნაკვ. III. თბ., 1942, გვ. 3-128; გ. ნათაძე. დადიანიანთ არქივი და სამეგრელოს ავტონომიის პრობლემა მე-19 საუკუნის დასაწყისში. _ სამეცნიერო-პოპულარული კრებული „ჩვენი მეცნიერება“, წელიწადი IV. ტფ., 1926, #17-18, გვ. 80-90; ც. ქირია, შ. სარია. მასალები საქართველოს ისტორიისათვის (XIX საუკუნის I ნახევარი). თბ., 1967; თ. ქადარია. სამეგრელოს სამთავრო XIX საუკუნის პირველ ნახევარში. თბ., 2003 და სხვ.
4. საქართველოში რუსი მოხელეები გულისხმობდნენ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს.
5. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი (შემდგომში სცსსა). ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 417; Акты собранные кавказской археографической комиссией (შემდგომში АКАК). Т. V. Под ред. А. П. Берже. Тифлис, 1873, док. №514, გვ. 433-436.
6. სცსსა. ფ. 2, აღწ.1, ს. #906, ფურც. 417.
7. სცსსა. ფ. 2, აღწ.1, ს. #906, ფურც. 418.
8. სცსსა. ფ. 2, აღწ.1, ს. #906, ფურც. 419.
9. სცსსა. ფ. 2, აღწ.1, ს. #906, ფურც. 420.
10. АКАК, т. VI, ч. I. Под ред. Ад. Берже. Тифлис, 1874, док. №520, გვ. 391-392.
11. АКАК, т. V, док. №514, გვ. 435. საქართველოს მეც. აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ. АД, დოკ. #2252, ფურც. 103-104.
12. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 435.
13. АКАК, т. V, док. №593, გვ. 503-504.
14. АКАК, т. V, док. №594, გვ. 504.
15. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 421-422.
16. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 422.
17. ამ პროკლამაციის ეგზემპლიარებთან ერთად ორი წერილი გაეგზავნა კურნატოვსკის სამეგრელოსა და გურიის მთავრებისათვის გადასაცემად. იხ.: სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 7-8.
18. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 9-10.
19. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 10.
20. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 34.
21. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #936, ფურც. 37-38.
22. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 35; АКАК, т. VI, ч. I, док. №758, გვ. 547.
23. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 60.
24. АКАК, т. VI, ч. I, док. №758, გვ. 554.
25. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 427-434; АКАК, т. VI, ч. I, док. №758, გვ. 620-621.
26. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 424.
27. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 534.
28. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 534.
29. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 535.
30. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 535.
31. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 449.
32. Н. Дубровин. История войны.., т. VI, გვ. 416-417.
33. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 588.
34. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 536.
35. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 536.
36. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 537.
37. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 537.
38. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 312.
39. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 323.
40. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 129.
41. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 315.
42. АКАК, т.VI, ч. I, док. №758, გვ. 628.
43. აჯანყებისადმი ლევან დადიანის დამოკიდებულებისა და მასში სამეგრელოს მთავრის მონაწილეობის საკითხი ცალკე კვლევის საგანია და ამჯერად მას ჩვენ შეგნებულად არ ვეხებით.
44. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 348.
45. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 348-349.
46. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 561.
47. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 560-562.
48. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #1008, ფურც. 5; АКАК, т. VI, ч. I, док. №791, გვ. 575.
49. АКАК, т. VI, ч. I, док. №791, გვ. 575.
50. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #1008, ფურც. 9.
51. სცსსა. ფ. 2, აღწ. 1, ს. #906, ფურც. 385.
52. М. П. Погодин. Алексей Петрович Ермолов. Материалы для его биографии собранные М. Погодиным. М., 1864, გვ. 241.
53. АКАК, т. VI, ч. I, док. №578, გვ. 433.
54. АКАК, т. VI, ч. I, док. №905, გვ. 633-634 ბ.ო.)

Комментариев нет:

Отправить комментарий