ოდისევსის ნაამბობით მონუსხული ფეაკელები სულგანაბული ისხდნენ ჩამობნელებულ დარბაზში. ბოლოს, ფეაკელთა მბრძანებელმა, დიდსულოვანმა ალკინოემ დაარღვია დუმილი: - მრავალჭირნახულო ოდისევს! მას შემდეგ, რაც ფეხი შემოდგი ჩემს ბჭემაღალ სახლში, დარდი ნურაფრისა გაქვს: დასრულდა შენი ტანჯვა და უგზო-უკვლოდ ხეტიალი! ახლა კი, აქ შეკრებილ ფეაკელთა უხუცესებს, ჩემს სახლში წითელ ღვინოს რომ შეექცევიან და ღვთაებრივი აედის სიმღერით ტკბებიან, ასეთ რამეს ვეტყვი: თუმცა ოდისევსის სკივრი უკვე სავსეა ფეაკელთაგან მორთმეული ძვირფასი სამოსით, ოქრო-ვერცხლითა და სხვა საბოძვარით, თითოეულმა თითო სამფეხა ზედადგარი და თითო სპილენძის კარდალა კიდევ ვუბოძოთ სტუმარს. გაცემულს ადვილად ავინაზღაურებთ - ერთისათვის კი ძნელია ყოველივე ამის გაღება!
ეს თქვა ალკინოემ და ბასილევსებმა კვერი დაუკრეს. შემდეგ დასაძინებლად გაეშურნენ დიდებულნი. მაგრამ ირიჟრაჟა თუ არა, ხომალდთან შეიკრიბნენ. მანდატურებმა სპილენძის საჭურჭლე მოზიდეს. თავად ალკინოემ დააბინავა ხომალდზე ტვირთი ისე, რომ ფეაკელ მეზღვაურებს ხელი არ შეშლოდათ ნიჩბის მოსმისას. ხომალდი რა დატვირთეს, სასახლეში მიბრუნდნენ და ნადიმისათვის სამზადისს შეუდგნენ. ალკინოემ, - მენავეთა და მოგზაურთათვის გზა რომ დაელოცა, - ნასუქი ხარი დაუკლა შავღრუბლიან ზევსს. ხორცი შეწვეს და პურობად დასხდნენ. ამღერდა ღვთაებრივი აედი დემოდოკეც.
ფეაკელ ბასილევსთა შორის მონადიმე ოდისევსი თვალს არ აშორებდა ცას. ერთი სული ჰქონდა, მალე ჩასულიყო მზე, რომ გზას დასდგომოდა. როგორც დამაშვრალი გუთნისდედა ელის ხოლმე მზის გადახრას და სამხრის მოლოდინში მუხლი ეკეცება, ასე სულმოუთმენლად ელოდა ოდისევსიც დღის მიწურვას. მიდრკა თუ არა მზე, ზღვის მოყვარულ ფეაკელებსა და მათ მბრძანებელს ასე მიმართა ოდისევსმა: - ერისმთავარო ალკინოე და ფეაკელთა დიდებულნო, დაჰკრა ჩემი წასვლის ჟამმა! ღვინო დავუღვაროთ ღმერთებს და გამისტუმრეთ! აჰა, ვეწიე გულისწადილს, ღვთის მადლით, ხომალდი სავსე მაქვს უხვი საბოძვარით. მშვიდობით მენახოს ერთგული მეუღლე და ყველა შინაური! თქვენ კი, ფეაკელნო, გაიხარეთ თქვენს ცოლ-შვილში, სიკეთე მოგცეთ და ჭირი გაშოროთ უკვდავმა ღმერთებმა!
გზიანი სიტყვა მოუწონეს ფეაკელებმა და დასტური უთხრეს ოდისევსს. მაშინ ალკინოეს წმინდა ძალმა თავის მანდატურს, პონტონოეს უბრძანა, ღვინო გაეზავებინა და თასებით მოერთმია დარბაისელთათვის. მამაზევსს ვედრება აღვუვლინოთ და სტუმარი საყვარელ სამშობლოში გავამგზავროთო, ბრძანა ალკინოემ. პონტონოემ ლაგვინებში გააზავა ტკბილი ღვინო და იქ მყოფთ ჩამოურიგა. მეინახეებმა უკვდავი ღმერთების სადიდებლად თასებს პირი წაუქციეს. შემდგომ ამისა წამოდგა ოდისევსი, სახლის დედას, არეთას მიეახლა, ორძირიანი ბარძიმი მიართვა და სამადლობელი უთხრა: - დღეგრძელი იყავ, დედოფალო! ღმერთმა ტკბილი სიბერე მოგცეს! იხარე და იბედნიერე შენი ძვირფასი შვილებითა და ღირსეული მეუღლით! მარადდღე მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
ეს თქვა და სპილენძის ზღურბლს გადააბიჯა ოდისევსმა. ალკინოემ მანდატური აახლა, რომ ხომალდზე მიეცილებინა სტუმარი, ხოლო არეთამ მსახური ქალები გააყოლა: ერთს, ახალთახალი ქიტონი და სუფთად გარეცხილი მოსასხამი მიჰქონდა, მეორეს - მოჩუქურთმებული სკივრი, სხვებს - საგზლად გამოტანებული პურ-ღვინო. ზღვის პირას რა მივიდნენ, ყველაფერი ეს ხომალდზე აზიდეს ნიჩბოსნებმა, ოდისევსს საგებელი დაუგეს და მოსასხამი გაუშალეს ზედ, გახვრეტილ ქვაში გაყრილი ხომალდის ბაგირი მოხსნეს, თავ-თავიანთ რიკულებს მიუსხდნენ და მთელი ძალით მოუსვეს ნიჩბები. ოდისევსი სიტყვის უთქმელად დაწვა: ღრმა და უშფოთველმა, სიკვდილის მსგავსმა ძილმა წაართვა თავი იმწამსვე.
როგორც მათრახგადაწნული ოთხი ულაყი გააქროლებს ხოლმე მიწიდან მეყსეულად მოწყვეტილ ეტლს, თითქოს ჰაერში აიტაცესო, ისე მიაქროლებდნენ მეწამულ ზღვაზე კიჩოაწეულ ხომალდს ფეაკელი მეზღვაურები, ქორის და შევარდნის უსწრაფესად მიქროდა ხომალდი, უკან იტოვებდა აქაფებულ ზღვას და სამშობლოსკენ მიჰყავდა გონებით ღმერთს შემსგავსებული კაცი. კაცი, რომელმაც ბევრი იომა, ზღვის ზურგზე მოხეტიალემ დიდი ჭირი ნახა და მრავალი განსაცდელი გადაიტანა. ახლა ტკბილად და უშფოთველად ეძინა მრავალჭირნახულ მამრს, დავიწყებოდა გარდახდილი სიმძიმილი.
ის იყო, ცაზე განთიადის მაუწყებელი ცისკრის ვარსკვლავი ამობრწყინდა, რომ ითაკის ნაპირებიც გამოჩნდა. ფეაკელთა ხომალდი ზღვის ბერიკაცის - ფორკინის ყურეში შევიდა. ორი კლდოვანი კონცხით მოზღუდული ეს ყურე დაცული იყო ქარებისა და ზღვის ბობოქარი ტალღებისაგან. მყუდრო ყურეში შესულ ხომალდს ბაგირით მიბმაც არ სჭირდებოდა. ყურეს თავზე დაჰყურებდა უზარმაზარი, შტომრავალი ზეთისხილის ხე. იქვე, მშვენიერი, გრილი მღვიმე ჩანდა, ნაიადებად ხმობილი ნიმფების წმინდა სამყოფელი, რომელშიც კრიალა წყაროს თვალი კამკამებდა. მღვიმეში გოლეულით სავსე ქვის ლაგვინები, ჭურები და ქვისავე ბეჭსახეხლები იდგა. მასზე ნიმფები სახილველად უცხო, ძოწისფერ ქსელს ბეჭავდნენ. ორი კარი ჰქონდა ამ მღვიმეს: ჩრდილო კარიდან კაცნი შედიოდნენ, კაცთაგან შეუვალი სამხრეთის კარიდან კი უხილავი ღმერთები. ფორკინის ყურე წინათაც ენახათ ფეაკელებს და ახლაც მკლავღონიერმა ნიჩბოსნებმა ნაპირისაკენ ისე მძლავრად გამოაქანეს ხომალდი, რომ იგი შუაწელამდე ავარდა ნაპირზე. მეზღვაურებმა ქვეშაგებლიანად გადმოიყვანეს მძინარე ოდისევსი და იქვე, ქვიშაზე დააწვინეს. შემდეგ ათინას ჩაგონებით ფეაკელ დიდებულთაგან ნაბოძები საჭურჭლე გადმოზიდეს და გზიდან მოშორებით, ზეთისხილის ძირში მოაქუჩეს, რომ ოდისევსის გამოღვიძებამდე ვინმე გზადგავლილს არ მიეტაცა. საქმეს მორჩნენ და უკანვე გაბრუნდნენ ზღვისმოყვარული ფეაკელები.
მაგრამ მიწისმრყეველს არ ავიწყდებოდა ძველი მუქარა და ოდისევსის შინ მშვიდობით დაბრუნება რა შეიტყო, ასე შესჩივლა ზევსს: - ო, მამაზევსო, ვითღა მცენ პატივი უკვდავმა ღმერთებმა, როცა მოკვდავი ფეაკელებიც კი, რომელთა მოდგმას მე მივეც დასაბამი, არად მაგდებენ? ვიცოდი, ჭირგარდახდილი ოდისევსი მაინც დაუბრუნდებოდა სამშობლოს, რადგან ღვთაებრივი განგებით იმთავითვე აგრე გადაწყვიტე. სწორედ ახლა მოიყვანეს იგი ითაკის მიწაზე ფეაკელებმა და მისთვის ბოძებული აურაცხელი სიმდიდრე გადმოუზიდეს ხომალდიდან. ამდენი დოვლათის პატრონი მაშინაც ვერ იქნებოდა, ტროადან წამოღებული თავისი წილი ნადავლი უკლებლივ რომ მოეტანა სამშობლოში.
მეხთამტეხელმა ბაგენი დაძრა: - უკვდავი ღმერთებისაგან პატივკლებას გულში ნუ გაივლებ, პოსეიდონ! ვინ გაბედავს შეურაცხად მოექცეს ჩვენ შორის უძველეს და უძლიერეს ღმერთს? საკუთარ ძალას მინდობილი მოკვდავები თუ არად მიგიჩნევენ, ვინ დაგიშლის მათ დასჯასა და ჭკუაზე მოყვანას?
პოსეიდონმა მიუგო: - შენი შიში მაქვს, ჩვენო მეუფევ, შენს რისხვას ვერიდები და ამიტომ შენი ნებისაებრ მოვიქცევი: შინ მობრუნებულ ფეაკელთა ხომალდს დავღუპავ, ხოლო მათ ქალაქს უზარმაზარ კლდეს მოვავლებ, რომ ამიერიდან ვეღარ შეძლონ ჩემგან დევნილი ზღვაოსნების შინ გასტუმრება.
ღრუბელთ მეუფე ზევსმა კვერი დაუკრა: - მეთნევა შენი განზრახული, ჩემო ძვირფასო! ფეაკელთა ქალაქს თვალსაწიერზე რა მიუახლოვდება შინ მიმავალი ხომალდი, მეყსეულად გააქვავე მათდა სასწაულად, ხოლო ქალაქი გარემურგვლად კლდით მოუზღუდე!
პოსეიდონმა ფეაკელთა კუნძულს - სქერიას მიაშურა, იქ დაელოდა ითაკიდან წამოსულ მეზღვაურებს. მალე ზღვის მოყვარული ფეაკელების ხომალდიც გამოჩნდა. პოსეიდონი მიეჭრა ხომალდს, ნები დაჰკრა და ქვად ქცეული ზღვის ფსკერს მიაძირკვა. ნაპირიდან ამის დამნახავი ფეაკელები დიდად განცვიფრდნენ: ეს რა ვნახეთ? ვინ გააქვავა ადგილზე ჩვენი ხომალდიო! შიშნეულნი ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, ვერ კი მიმხვდარიყვნენ, რას მოასწავებდა ეს ამბავი. მაშინ შეშფოთებულ ქვეშევრდომთ ეს გაუმხილა ალკინოემ: - ვაი ჩვენდა, ფეაკელნო! ახდა მამაჩემის ნაწინასწარმეტყველევი: ერთხელაც იქნება, გაგვირისხდება მიწისმრყეველი პოსეიდონი, გზადაკარგულ მგზავრებს შინ მშვიდობით რომ ვაბრუნებთო. მოაწევს ჟამი და ზღვათა მეუფე კუნძულისკენ უკუშემოქცეულ ჩვენს კეთილ ნაგებ ხომალდს დაღუპავს, ქალაქს კი უზარმაზარ კლდეს შემოავლებსო. ასე ამბობდა მოხუცებული მამაჩემი და აჰა, მოვესწარით ამ შავ დღეს. ამიერიდან ასე მოვიქცევით: ჩვენს კუნძულზე მოხვედრილ უცხოელს სამშობლოში აღარ გავამგზავრებთ... წავიდეთ, პოსეიდონს თორმეტი გამორჩეული ხარი შევწიროთ მსხვერპლად. ეგების შეგვიწყალოს და ქალაქი კლდით არ მოგვიზღუდოს.
ზარდაცემულმა ფეაკელთა თავკაცებმა და ბასილევსმა ხარები დაუკლეს და საკურთხეველთან ვედრება აღუვლინეს მიწისმრყეველს.
ამასობაში ოდისევსს გამოეღვიძა. ის მიწა, სადაც იშვა და გაიზარდა, ვეღარ იცნო. ათინას ნისლით შეებურა ითაკის სანაპირო. თავად ოდისევსსაც ფერი უცვალა ქალღმერთმა, რომ მეუღლეს, მეგობრებსა და მოქალაქეებს ვერ ეცნოთ, სანამ გულდაგულ არ დაარიგებდა, როგორ ეძია შური თავგასულ სასიძოებზე. ეუცხოვა ითაკის მბრძანებელს მყუდრო ნავსადგური, ციცაბო კლდეები და ნაყოფდასხმული ხეები. გაოგნებული წამოდგა იგი. თვალი მოავლო უცნობ არემარეს, ხელები შემოირტყა თეძოებზე და გულჩაწყვეტილმა ტირილით წამოიძახა: - ვაჰმე! სადა ვარ, ნეტავ? რა ხალხი ცხოვრობს აქ, ველური და უსამართლო თუ სტუმართმოყვარე და ღვთისნიერი? მერჩივნა ფეაკელებთან დავრჩენილიყავ და ვინმე სხვა ბასილევსისათვის მეთხოვნა სამშობლოში გამომგზავრება. აჰა, რა ყოფილან ეს ფეაკელი თავკაცები და მებრჭენი! გონიერნი და გულმართალნი მეგონენ, მაგრამ მომაღორეს და უცხო ქვეყანაში გამომაგდეს! დაე, მახვეწართა მფარველმა, ყოვლისმხილველმა ზევსმა გადაუხადოს მათ სამაგიერო!
ეს თქვა და ეჭვმა შეიპყრო: ბოძებულიდან რამე ხომ არ წაიღესო უკან. საჩქაროდ გადათვალა ხის ძირში მოქუჩებული ოქრო-ვერცხლი, სამოსელი და სპილენძის ჭურჭელი. ნაბოძვარს არაფერი აკლდა. მაშინ სამშობლოს სევდა შემოაწვა გულზე, ზღვის ნაპირზე დაბორიალობდა და ხმამაღალი ტირილით ჰყვედრიდა თავის ბედს. ამ დღეში იყო, რომ პირმშვენიერი ყრმა მწყემსის სახით გამოცხადებული ათინა შემოეყარა გზად. ქალღმერთს ორკეცად მოესხა მოსასხამი, ხელში კომბალი ეჭირა, ხოლო ფეხებზე კარგად გამოქნილი ქალამანი ემოსა. გული მოეცა ოდისევსს, მწყემსს მიესალმა და სიტყვა შეაგება: - გამარჯობა, შვილო! პირველი შენ შემომხვდი ამ უცხო ქვეყანაში და ავი თვალით ნუ შემხედავ ყარიბს, მუხლზე კოცნით გემუდარები, სადმე გადამანახინე ეს საჭურჭლე. ისიც მამცნე, რა ქვეყანაში ვარ, რა ჯურის ხალხი მკვიდრობს აქ, ზღვით გარემოცული კუნძულია თუ უკიდეგანო და ბარაქიანი ხმელეთის კიდე?
თვალსხივოსანი ათინა შემოსწყრა ითაკელს: - ან გონთით გადავარდნილხარ, ბედშავო, ან გადამთიელი ხარ ვინმე, თუ რომ არ გაგიგონია ეს მხარე. აღმოსავლეთიდან ბნელ დასავლეთამდე ყველასათვის ცნობილია იგი. მართალია, ცხენთა საჭენებლად ურგია ფიცხელკლდოვანი ჩვენი კუნძული, მაგრამ უნაყოფო არ გეგონოს. ღვინოც უხვად მოგვდის და პურიც, რადგან წვიმები და დილის ცვარი არ გვაკლია. საძოვრებზე თხა და ძროხა დაგვიდის. ტყით დაბურული და წყარომრავალია ჩვენი მიწა, და თუმცა აქავეთიდან შორს არის, ტროამდეა გავარდნილი ითაკის სახელი.
გულზე მოეშვა მრავალჭირთამთმენ ოდისევსს, გაუხარდა, კვლავ რომ ეღირსა სამშობლოს ხილვას, მაგრამ იჭვნეულმა თავი არ გაამჟღავნა. ფარისმპყრობელის ასულს მან ასეთი სიტყვა შეაგება: - მეც მომწვდენია ითაკის სახელი ზღვათა გადაღმა, ფართოგზიან კრეტაში. იქაური ვარ, ეს საჭურჭლეც იქიდან მომაქვს, თუმცა ამდენივე შვილებს დავუტოვე. კრეტაში ფეხმარდობით განთქმული იდომენევსის ძე ორსილოქე მოვკალი და გადავიხვეწე. ტროაში სისხლის ფასად ნაშოვნი ნადავლის წართმევა მომინდომა, რადგან ილიონის კედლებთან მამამისის ხელქვეითობა არ ვისურვე. მე ხომ თავად ვიყავ მოყმეთა მეთაური. ჩემს მეგობართან ერთად ჩავუსაფრდი გზის პირას და მინდვრიდან მომავალს გულში ვაძგერე სპილენძის შუბი. ბნელი ღამე იყო, ძეხორციელს არ გაუგია არაფერი, მერე ზღვაოსან ფინიკიელებს მივმართე, ძღვენი მივართვი, ქვიშიან პილოსში ან მზიან ელიდაში წამიყვანეთ-მეთქი, ვთხოვე. ასე გადმოვიხვეწე კრეტადან. ჩემი მოტყუება გულში არ ედოთ მეზღვაურებს, მაგრამ ქარიშხალმა გზას აგვაცდინა და ამ მყუდრო ნავსადგურს შემოვაფარეთ ხომალდი. გზაკვალაბნეულნი და ილაჯგაწყვეტილნი ღამით გადმოვსხედით მიწაზე, ჭამის თავიც არა გვქონდა, ეგრევე, უვახშმოდ მივეყარენით დასაძინებლად. ჯერ კიდევ ძილში ვიყავი, რომ მეზღვაურებმა გადმოზიდეს ჩემი ავლადიდება, თვითონ კი კეთილნაგები სიდონისკენ გასწიეს. გულდარდიანი ასე დავრჩი ამ კუნძულზე.
გაეღიმა თვალსხივოსან ათინას, მხარზე ხელი შემოსდო ოდისევსს და ლამაზ, ტანსრულ დიაცად სახეცვლილმა ასეთი სიტყვა უთხრა: - სიფრთხილით, მოხერხებითა და ცბიერებით მუდამ გამოირჩეოდი მოკვდავთაგან - თავად ღმერთიც ვერ გაგაცურებს. ცბასა და სხვათა მოცდუნებაში ბალღობიდანვე ხარ გაწაფული და სამშობლოში მობრუნებულიც ვეღარ ეშვები ცრუსიტყვაობას. მაგრამ მეტს ნურას ვიტყვით ამაზე. ამ საქმეში ტოლს ვერავინ დაგვიდებს: შენ მოკვდავთა შორისა ხარ პირველი ბრძნული თათბირითა და მჭევრი სიტყვით, მე კი ღმერთთა შორის. მითხარი, როგორ ვერ მიცან მე, ზევსის ასული ათინა პალასი, ძნელბედობაში შენი შემწე და მწყალობელი? განა ჩემი შეგონებით არ აგავსეს დოვლათით ფეაკელმა დიდებულებმა? ახლაც შენთან გამოვეშურე, რომ შემოგეშველო - საჭურჭლე გადაგამალვინო და გაგიმხილო, რა განსაცდელი მოგელის მშობლიურ კუნძულზე. იცოდე, საკუთარ სახლში მათხოვრად მისულს რაც უნდა გეწიოს, უსიტყვოდ დაითმინე ყველაფერი და არამც და არამც თავი არ გაამჟღავნო.
- ეჰა, ქალღმერთო, - შესძახა ოდისევსმა, - რაგინდ გულმეცნიერი იყოს, პირისპირ შეყრისას ძნელია გიცნოს მოკვდავმა: მრავალი სახით იცი გამოცხადება! მაშინაც ხომ შენ მწყალობდი, როცა ილიონის კედლებთან ვიბრძოდით აქაველნი. პრიამოსის ციხექალაქი რომ დავამხეთ და სამშობლოში გამომგზავრებულებს ზღვაზე ხომალდები დაგვიფანტა ზევსმა. იმის შემდეგ აღარ გამომცხადებიხარ ნუგეშინისმცემლად. გულგამტყდარმა დიდხანს ვიხეტიალე ზღვის ზურგზე, ვიდრე ღმერთებმა განსაცდელისაგან არ მიხსნეს. ფეაკელთა კუნძულზე მოხვედრისას მომევლინე მხოლოდ, გული გამიკეთე და თავად გამიძეღ ქალაქისაკენ. მამაზევსის სახელით აწ მუხლმოყრილი გევედრები, მამცნო, მართლა ჩემს სანატრელ სამშობლოს მიწაზე მიდგას ფეხი? ვერ დამიჯერებია, რომ ითაკაში ვარ. ასე მგონია, დამცინი და მაცდური სიტყვით ჩემი გაცურება გწადს.
- ჰე, ოდისევს! დღენიადაგ ერთი ფიქრი გიტრიალებს გულში. გამჭრიახი და გონიერი ხარ და გასაჭირში ამიტომაც არ მინდა მიგატოვო. სხვა, შენს დღეში მყოფი, უმალ სახლს მიაშურებდა, რომ დიდი ხნის უნახავი ცოლ-შვილი ენახა, შენ კი თავს იოკებ, არაფერს მეკითხები - თავად გინდა გამოსცადო სვეგამწარებული პენელოპე ერთგულებაში, ახლაც რომ სახლში ზის და შენს მოლოდინში თეთრად ათენებს ღამეებს. ვიცოდი, მაინც რომ მოაღწევდი მამეულ მიწას, თუმცა კი ყველა თანამგზავრდაღუპული. ამიტომ ვამჯობინე მოვრიდებოდი შენზე განრისხებულ ბიძაჩემს - პოსეიდონს, რომლის საყვარელ შვილს თვალი დაუვსე გამოქვაბულში... მაშ, არა გჯერა, რომ ითაკაში ხარ? აბა, შეხედე: ეს - ზღვის ბერიკაცის ფორკინის ყურეა, კლდიდან უზარმაზარი ზეთისხილის ხე რომ გადმოჰყურებს. იქვე ახლოს, ნაიადებად ხმობილი ნიმფების გრილი მღვიმეა. გაიხსენე, ამ ღრმა და ვრცელ გამოქვაბულში ნიმფებისათვის რამდენჯერ შეგიწირავს წმინდა ჰეკატომბა. ახლა ვეღარა ცნობ ტყით დაბურულ ნერიტონის მთას?
ეს რა თქვა ათინამ, ნისლი გაიფანტა და ოდისევსს თვალწინ გადაეშალა მშობლიური მიწა-წყლის ნაცნობი სანახები. გახარებული ოდისევსი დაემხო და ნაყოფიერ დედამიწას აკოცა. მერე ხელები აღაპყრო და ასე შეჰღაღადა ნიმფებს: - ზევსის ასულო ნაიადებო, აღარ მეგონა, თუ კიდევ გიხილავდით. მითაყვანეთ მარადდღე თქვენი მავედრებელი, კვლავაც შემოგწირავთ მსხვერპლს, ზევსის ასულმა ათინამ თუ დამარჩინა და შვილის დავაჟკაცებას მომასწრო.
- ეგ ნუ გედარდება, - მიუგო თვალსხივოსანმა ქალღმერთმა, - მოდი, ჯერ წმინდა მღვიმეში გადავინახოთ შენი საჭურჭლე, მერე კი განვსაჯოთ, რა ვიღონოთ და როგორ მოვიქცეთ.
ბნელ მღვიმეში შევიდა ათინა, რომ განძეულის შესანახად მარჯვე ადგილი დაეგულებინა. მალე ოდისევსმაც მოზიდა ფეაკელთაგან ნაბოძები ოქრო-ვერცხლი, სპილენძი და ძვირფასი სამოსელი. განძეული გადაინახეს და ათინამ ვეება ლოდი ააფარა ქვაბის კარს. მერე წმინდა ზეთისხილის გაფარჩხულ ფესვებზე ჩამოსხდნენ და ბჭობა დაიწყეს, თუ როგორ მოეღოთ ბოლო სასიძოებისათვის.
ფარისმპყრობელის ასულმა ასეთი სიტყვა უთხრა ოდისევსს: - ოდისევს, ზევსის ნაშიერო! ახლა დროა, სასიძოთა შემუსვრაზე იფიქრო. მესამე წელია, რაც შენს სახლში პარპაშობენ და ძღვენითა და ურვადით ლამობენ შენი ღვთისდარი მეუღლის გულის მონადირებას. ის კი დღენიადაგ ტირის, და თუმცა დასაიმედებლად თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე უგზავნის მაცნეებს, გულში სხვა რამე აქვს განზრახული.
- ეჰა, - შესძახა ოდისევსმა, - მეც აგამემნონის ბედი მეწეოდა საკუთარ სახლში, შენ რომ არ დაგემოძღვრე, ჩემო მწყალობელო. ახლა ის მირჩიე, როგორ მივუზღო მათ სამაგიერო? ახლაც ისე გამიმაგრე გული და შემეწიე, როგორც ილიონის თეთრი გალავნის დანგრევისას შემეწეოდი. ოღონდ მხარში მედგე შენ, თვალსხივოსანო, და სამას კაცთანაც არ შევუშინდები ომს.
კვლავ მიმართა ოდისევსს ფარისმპყრობელის ასულმა: - დაუწყებ თუ არა სასიძოებს მუსვრას, იცოდე, არ მიგატოვებ, იმწამსვე მხარში ამოგიდგები: შენი სახლის იავარმყოფელთ ტვინს მივასხმევინებთ კედლებზე და მათი სისხლით მოვრწყავთ სანადიმო დარბაზს. ახლა კი სახე უნდა გიცვალო ისე, რომ ძეხორციელმა ვერ გიცნოს. დამჭკნარ და ძაბუნ ბერიკაცად გაქცევ, ერთ ღერ თმას არ შეგარჩენ თავზე, ბრიალა თვალებს ჩაგიქრობ და ტანზე წვირიან ჯვალოს მოგასხამ, რომ შემხედვარმა ზიზღით მოგარიდოს თვალი. ასე გამოეცხადები სასიძოებს, მეუღლესა და საყვარელ ძეს. მაგრამ მანამდე შენს მეღორეს ესტუმრები, შენი ერთგულია იგი და პენელოპეცა და ტელემაქეც გულით უყვარს. კორაქსის კლდესთან, არეთუსას წყლის პირას ნახავ, იქ, სადაც რკოთი ნასუქალი შენი კოლტი ანკარა წყალს ეწაფება. მასთან დარჩი და ყოველივე წვრილად გამოჰკითხე ბერიკაცს. ამასობაში მე ლამაზი დიაცებით განთქმულ სპარტას მივაშურებ და შენს ძვირფას ტელემაქეს სამშობლოსკენ ვაქნევინებ პირს. მზიურ ლაკედემონში მენელაოსს ეწვია იგი, რომ შენი ასავალ-დასავალი გაეგო.
- ქალღმერთო, რატომ ადრევე არ გაუმხილე ჩემი ამბავი, - აღმოხდა ოდისევსს, - აკი ყველაფერი იმთავითვე უწყოდი? ამდენს რატომ ახეტიალებ ტელემაქეს უნაყოფო ზღვაზე, როცა აქ ჩვენს საბადებელს უცხონი გვიჭამენ?
ასე დაამშვიდა თვალსხივოსანმა ათინამ ოდისევსი: - ნურა გენაღვლება, მრავალნაცადო. მე თვითონ გავგზავნე ტელემაქე უცხო თემად, რომ დარბაისელთა შორის თავი გამოეჩინა. უზრუნველად ზის იგი ატრევსიანთა ოჯახში და გულნებიერად ილხენს. ეს კია, სასიძოებს აყოლილი ითაკელი ჭაბუკები კონცხთან ჩაუსაფრდნენ და სიკვდილს უმზადებენ, მაგრამ ვიცი, არ აღსრულდება ეგე. უმალ მიწა უზამს პირს შენი სახლის იავარმყოფელთ.
ეს უთხრა და კვერთხი შეახო ათინამ. მეყსეულად დამჭკნარ და დალეულ მოხუცად აქცია ოდისევსი. თმა გაუცვინა და ბრიალა თვალები ჩაუქრო. წვირიანი ჯვალოთი და ჭვარტლით გამურული ქიტონით შემოსა, ხოლო ზედ ირმის გაქუცული ტყაპუჭი მოასხა. ხელში ჯოხი მისცა და დაგლეჯილი გუდა გადაჰკიდა მხარზე. შემდგომ ამისა განშორდნენ ურთიერთს. თვალსხივოსანი ქალღმერთი ტელემაქეს მოსანახულებლად მზიურ ლაკედემონს გაეშურა.
XIV. ევმეოსის ქოხი
ოდისევსმა ზურგი აქცია ყურეს და ციცაბო ბილიკით მთას აუყვა. იქ, დაბურულ ტყეში, მისი ერთგული ყმა მეღორე ევმეოსი ცხოვრობდა, რომელიც დღემდე თავდადებულად ემსახურებოდა თავის პატრონს და გულმოდგინედ ზრუნავდა მის საბადებელზე. ევმეოსს გაშლილ ადგილას, შემაღლებულზე ედგა ქოხი. ოდისევსის წასვლის შემდეგ დედოფლისა და მოხუცი ლაერტეს სიტყვას არც დალოდებია, ისე შემორაგვა ეზო: სარებად მუხის ძელები ჩაარჭო, დიდრონი ლოდებით ყორე აამაღლა და ზედ ეკალ-ჯაგი დაყარა. ეზოში ერთმანეთის მიჯრით თორმეტი საღორე ჩადგა, თითოეულში ორმოცდაათ-ორმოცდაათი ნეზვი იყო შერეკილი, რომელთაც ახლახან დაეყარათ გოჭები. ტახები კი ეზოში ეყარნენ. შეთხელებულიყო ტახების კოლტი, სამას სამოციღა დარჩენილიყო, რადგან მეღორე ყოველდღე თითო ნასუქალ ბურვაკს უგზავნიდა სასიძოებს. ევმეოსის მიერ გაწვრთნილი ოთხი მგლისსახიანი ქოფაკი თეოზე იწვა და დარაჯობდა ეზოს.
ახლა ჭიშკართან იჯდა მეღორე და კარგად გამოქნილ ხარის ტყავს საქალამნედ ბანდავდა. სამი მეღორე ბიჭი სხვადასხვა ადგილას მწყემსავდა ღორების კოლტს, მეოთხე კი გულის უწადინოდ გაეგზავნა ევმეოსს ქალაქში, რომ გალაღებული სასიძოებისათვის სანადიმოდ კარგად ნასუქალი ბურვაკი მიეგვარა. სწორედ ამ დროს მოადგა ევმეოსის ქოხს ოდისევსი. უცხო კაცი რა დაინახეს, გაავებული ქოფაკები ყეფით მისცვივდნენ მოსულს. ოდისევსმა იმწამსვე დააგდო ჯოხი და იქვე ჩაიმუხლა. მეტი გზა არც იყო - ბიჯიც რომ წაედგა, უთუოდ დაგლეჯდნენ გააფთრებული ძაღლები. ევმეოსი უმალვე წამოიჭრა, შოლტი მუხლიდან დაუცურდა, მაგრამ ქვას წამოავლო ხელი და ცაცხანით შეუტია ძაღლებს. ძაღლები რა მოუგერია, ასე მიმართა სტუმარს: - სულზე მოგისწარი, ბერიკაცო! კიდევ ცოტაც და, ჩემი მყეფრების წერა გახდებოდი და სირცხვილისაგან სადღა უნდა გამომეყო თავი? განგების ძალით ისედაც არ მაკლია ჭირი. გულდარდიანი მივსტირი ჩემს პატრონს, მის ხვასტაგს გულის უწადინოდ სხვას ვაჭმევ, ამ დროს კი ვინ იცის, უგზო-უკვლოდ მოხეტიალესა და მშიერ-მწყურვალს ლუკმაპური ენატრებოდეს, თუკი ღვთის წყალობით ცოცხალია და ჯერ კიდევ უმზერს ჰელიოსის ნათელს. მოდი, ქოხში შემომყე, ბერიკაცო! პური გავტეხოთ, მერე კი მიამბე, საიდან მოსულხარ და რა გაგჭირვებია. ეს უთხრა და ქოხისკენ წაუძღვა სტუმარს კეთილშობილი მეღორე[66]. შინ შეიწვია, ჟვერი ერთ ადგილას მოუქუჩა, ზედ თხისურის ნატი დაუფინა და დასვა. ეამა ოდისევსს გულღია მასპინძლის ქცევა. მადლიერმა ასეთი სიტყვა უთხრა: - ასმაგად გადაგიხადონ, მასპინძელო, ეს სიკეთე უკვდავმა ღმერთებმა.
ევმეოსმა პასუხად მიუგო: - სტუმარი ღვთისაა. თავად ზევსია მახვეწართა და ყარიბთა შემწე. უკადრისად არავის დავხვედრივარ და სხვებში არც შენ გამოგარჩევ. ბევრი კი არაფერი მაქვს, მაგრამ კეთილი გულით გაგიმასპინძლდები. ახალუხლები გაგვიბატონდნენ და მათი შიში გვაქვს ყმებს. ძველ პატრონს კი ღმერთებმა მოუჭრეს შინ დასაბრუნებელი გზა. დიდად მწყალობდა ჩემი პატრონი. აქ რომ მყავდეს, საბადებელსა და სახლ-კარს მიბოძებდა, დამაბინავებდა და მრავალთსანატრელ ცოლს[67] შემრთავდა, განა დაუკარგავდა ვინმეს ამაგს? მე ჩემდათავად ერთიათად გავუმრავლე მობარებული ხვასტაგი. კიდევ მეტს მიითვლიდა, აქ რომ მოსწრებოდა სიბერეს. მაგრამ ვაი, რომ დაიღუპა ელენეს გამოისობით. ბევრი ვაჟკაცი შეიწირა მაგ ოჯახდასაქცევმა ცხენმრავალ ილიონში! ჩემი მბრძანებელიც იქ დაეცა ატრევსიანთ ღირსების დასაცავად.
სიტყვა რა დაასრულა ევმეოსმა, ქიტონის კალთები აიკეცა, საღორეში შევიდა, ორი გოჭი გამოარჩია, დაკლა და ცეცხლზე გატრუსა. მერე ასო-ასო აქნა და შამფურებზე ააგო. შემწვარი ხორცი ოდისევსს მიართვა, ზედ ფქვილი მოუფრქვია, თაფლა ღვინით კათხა შეუვსო და ტკბილი საუბრით შეიქცია: - მიირთვი, სტუმარო! ეს არის, რაც მაქვს. მსუქან ბურვაკებს სასიძოები მიჭამენ. რა ვქნა, გაუმაძღარნი არიან ეგ უკუღმართები. მაგრამ არ ეთნევათ ნეტარ ღმერთებს გულგოროზნი და თავგაზიდულნი. მართალთა და გონიერთ სწყალობენ ისინი. თავად მეკობრეთაც კი, უცხო ქვეყანას რომ მოარბევენ ხოლმე და ზევსის შეწევნით ხომალდსავსენი ბრუნდებიან შინ - შურისგების შიში არ ასვენებთ.
ესენი კი, თითქოს ციური რამ ხმა მოსწვდენიათო ჩემი პატრონის სიკვდილზე, თავს აბეზრებენ ქმარყოფამოშლილ ჩვენს დედოფალს. მაგრამ არც წესისამებრ ნიშნავენ და არც ეშვებიან: დღედაღამ ღრეობენ მის სახლში და ქონებას უნადგურებენ. ზევსის დღე და ღამე ისე არ წარხდება, რომ საკლავი არ დაკლან და სხვისი ღვინით უღვთოდ არ გაილეშონ, თუმცა კი აუწონელი სიმდიდრის პატრონია ჩემი ბასილევსი: არც ზღვით გარემოცულ ითაკაზე, არც სხვაგან სადმე მასზე მდიდარი კაცი მე არ მეგულება. ოცი ბასილევსის ქონებას აიწონის მისი დოვლათი. ჩამოგითვლი, თუ გინდა, მის საბადებელს: თორმეტი ხარავანი და ცხვრის ფარა დაუდის კუნძულგაღმა ხმელეთზე, ამდენივე თხის არვე და ღორის კოლტი. თავისი ხალხი და მოჯამაგირენი უმწყემსავენ საქონელს. ამას გარდა თვით ითაკაში თხის თერთმეტი არვე ჰყავს ჩაბარებული მის ერთგულ ყმებს. მაგრამ მეტი ღონე არა გვაქვს: მეცა და ისინიც გამორჩეულ ხვასტაგს სასიძოებს ვუგზავნით.
ოდისევსი უხმოდ შეექცეოდა გოჭის ხორცს და ზედ ღვინოს აყოლებდა. მედგარი გული კი შურისძიებით ევსებოდა. ჭამადით სული რა მოითქვა და მომაგრდა, ევმეოსმა ახლა პირამდე შეავსო თავისი ჯამი და სტუმარს მიაწოდა. სტუმარმა ხალისით დაცალა სასმისი, მერე კი ფრთხილად ჩაეკითხა: - ერთი ეს გამაგებინე, მასპინძელო, ვინ გიყიდა ან რა ფასად გიყიდეს? მართლა ასე შეძლებულია შენი პატრონი? წეღანაც ხომ თქვი, აგამემნონის თანამდგომი იყო და ტროელებს შეაკვდაო მისთვის. წვრილად მიამბე ყოველივე. ზევსი და სხვა უხილავნი დამემოწმებიან, რომ ნავალი კაცი ვარ, ბევრი მინახავს და ვინ იცის, იქნებ შენს პატრონსაც გადავყრივარ სადმე?
ასე უპასუხა ოდისევსს მწყემსთა წინამდგომმა: - ბევრი ყარიბი შემოხეტებულა ჩვენს კუნძულზე, ბერიკაცო! რა არ უთქვამთ, რა არ მოუჩმახავთ ლუკმაპურისათვის, მაგრამ გზიანი ჯერ არაფერი დასცდენიათ. ვისაც კი ბედი ითაკაზე გადმოაგდებს, ყველა ჩემს დედოფალთან მიდის და ათასგვარ ჭორს უყვება. უყვარს ჩემს ქალბატონს მათი გამოკითხვა, უხვადაც ასაჩუქრებს და როგორც ქმარდაკარგულ მეუღლეს შეჰფერის, გულმდუღარედ ტირის მათ ნაამბობზე. შენც, ჩემო კარგო, რას არ გამოიგონებ ახალთახალი ქიტონისა და მოსასხამისათვის, მაგრამ მწარე ის არის, რომ ჩემი ბედშავი პატრონის გულ-ღვიძლს ალბათ სადმე ძაღლები და სვავები ჯიჯგნიან. ვინ იცის, იქნებ თევზებმაც შეჭამეს და მის თეთრ ძვლებს ზღვის შლამი აფარია უკვე. თავადაც დაიღუპა და სახლეულსაც ვარამი დაუტოვა, მეტადრე კი მე, სადაც უნდა წავიდე, ასეთ ტკბილსა და მწყალობელ პატრონს ვერსად ვიშოვი, თუნდაც მამაპაპეულ სახლს დავუბრუნდე. იცოდე, დედ-მამა ისე არ მენატრება, როგორც შორს დაღუპული ოდისევსი. ეჰ, ჩემო სტუმარო, მისი სახელის ხსენებაც კი მიმძიმს. სულ თვალწინ მიდგას, ჰე, ჩემო ოდისევს, ჩემო ძვირფასო-მეთქი, პირზე მადგას, თითქოს აქ მეგულებოდეს სადმე ჩემი მზედავსილი პატრონი.
მრავალჭირნახულმა ოდისევსმა ასე მიუგო ევმეოსს: - დიდი ურწმუნო ვინმე ყოფილხარ, ჩემო კეთილო! კაცი ვერაფერს დაგაჯერებს. ახლა ერთს გეტყვი და ფუჭსიტყვაობაში ნუ ჩამომართმევ. ფიცით შემოგფიცავ, თუ გინდა. მალე დაგიბრუნდება ღვთისნიერი შენი პატრონი! ამ კეთილი ამბისათვის ახლა არაფერს მოგთხოვ. მაშინღა მომეცი ახალი სამოსელი, როცა შინ სვებედნიერად მოგივა ოდისევსი. ჰადესის კარიბჭესავით მძულს ცრუმეტყველი კაცი, ლუკმაპურისათვის რომ ენად გაიკრიფება ხოლმე. ზევსის სახელს, ამ სუფრის მადლსა და ოდისევსის კერას გეფიცები, რომ გარდაუვალად ახდება ეს ჩემი სიტყვა: ახალი მთვარე ჯერ არ იქნება დამდგარი, რომ კარზე მოგადგებათ ოდისევსი და შურს იძიებს იმათზე, ვისაც მისი მეუღლე და სანატრელი ძე შეუჭირვებია.
ასე მიუგო სტუმარს მწყემსთა წინამდგომმა: - ვაი, რომ ვერაფერს მიიღებ, ბერიკაცო. აღარ უწერია ოდისევსს შინ დაბრუნება. მშვიდად სვი ღვინო, სხვა ამბით შევიქციოთ თავი. ნაღველს მიმატებს ჩემი პატრონის გახსენება. იმას რა აჯობებს, თუ კვლავ დაგვენახვება ოდისევსი, ჩვენც ხომ ეგ გვინდა ყველას, მეც, პენელოპესაც, მოხუც ლაერტეს და ღვთისდარ ტელემაქეს. მაგრამ მოეშვი ფიცილს, არას გვარგებს ფუჭი იმედი, დარდად ტელემაქეც მეყოფა - ოდისევსის პირმშო და ღმერთების კეთილი მორჩი. მეგონა, მამამისივით სახით ღვთისნასახსა და გონით გონიერს მოვესწრებოდით, მაგრამ ახლა ისიც დაგვეკარგა: რომელიღაც დაიმონმა შეაცდუნა და მამის საძებრად ქვიშიან პილოსს გაამგზავრა, ხოლო გულღვარძლიანი სასიძოები კონცხთან ჩასაფრებიან, რომ ამოძირკვონ არკესიანთა ღვთაებრივი მოდგმა. რას ვიზამთ, ჩვენს ხელთ არ არის მისი ხსნა. კრონიონიმც იყოს მისი შემწე და მფარველი! შენ შენი მითხარ, ბერიკაცო, ვინა ხარ და სადაური ხარ? სად გიდგას სამყოფელი, სად გყვანან მამა-პაპანი? საიდან მოხვდი ითაკაზე? ვისი ხომალდით გადმოლახე ბობოქარი ზღვა? ფეხით ხომ არ მოადგებოდი ამ კუნძულს?
ასე მიუგო ცბიერმა ოდისევსმა მეღორეს: - ნება შენია, წვრილად გიამბობ ყოველივეს, ჩემო კეთილო. ოღონდ სასმელ-საჭმელი ნუ მოგვაკლდება, თავზე ჭერი გვეხუროს, მზამზარეულზე ვისხდეთ და უზრუნველად შევექცეოდეთ ტკბილ ღვინოს. მთელი წელიც რომ ვისხდეთ ასე, ვეჭვ, ყველაფერი მოგითხრო ბოლომდე, რაც უკვდავი ღმერთების განგებით გადამხდომია თავს. ოქრომრავალ კრეტაში მკვიდრობს ჩემი სახელგანთქმული გვარი. მდიდარი და სვიანი კაცის, ჰილაკაანთ კასტორის შვილი ვარ მე. კანონიერი მეუღლისაგან სხვა ვაჟიშვილებიც ჰყავდა მას, მე კი, თუმცა ხარჭისნაშობი ვიყავი, მათ სწორად მივაჩნდი მამაჩემს. თავისი სიმდიდრისა და კეთილშობილი ვაჟების წყალობით ღვთის დარად იყო კასტორი პატივდებული კრეტელთა შორის, მაგრამ ულმობელმა მოირებმა ჰადესს გაისტუმრეს იგი. ჩემმა ძმებმა წილი ყარეს და მამის მონაგარი თანაბრად გაიყვეს, მე კი მცირე არჩივი და მარტოოდენ მამისეული სახლ-კარი მარგუნეს. ჩემს სიქველეს, ვაჟკაცობასა და ომში გულუშიშობას უნდა ვუმადლოდე, რომ უმდიდრესი გვარის ქალი შევირთე. ახლა რაღაა ჩემი სიცოცხლე, ბზესავითა ვარ ბედისაგან ნალეწი! მაშინ კი არესისა და ათინასაგან ხმალშეუვალობა მქონდა მომადლებული. ურჩეულეს მეომრებთან ერთად ჩასაფრებულს სიკვდილის შიში არ მეკარებოდა. პირველი ამოვიჭრებოდი ხოლმე საფარიდან და უწყალოდ ვმუსრავდი ყველას, ვისაც კი დავიხელთებდი. მაგრამ ომში ასეთ შმაგსა და ფიცხელს საოჯახო საქმეზე გული არ მიმდიოდა, შინ ვერ ვჩერდებოდი. გული ნიადაგ ზღვისკენ მიმიწევდა, მიყვარდა კეთილნაგები ხომალდით თარეში, გრძელი, წვერმახი შუბები და პირწვრილი, ფრთამაღალი ქეიბურები... მე ის მიყვარდა, რაც ღმერთებმა დამანათლეს შობითგანვე, სხვებს კი სხვა საქმე და სხვა საზრუნავი აქვთ!
ტროადის ომამდე ბარე ცხრაჯერ ავმხედრებულვარ სწრაფმავალ ხომალდებზე და დამილაშქრავს უცხო თემები. ბედი ჩემკენ იყო მუდამ. ალაფს ნებისაებრ ვარჩევდი და წილისყრითაც ბევრი მხვდებოდა. ასე გამიმრავლდა ქონება და კრეტაში სახელგანთქმული და პატივდებული შევიქენ. მაგრამ, როცა შორითმაცქერალმა ზევსმა გმირთა დამღუპველ ილიონში წასვლა გადაგვიწყვიტა, კრეტელებმა მე და ერისმთავარი იდომენევსი ხომალდებითურთ გაგვგზავნეს ტროას. უარის თქმა არ ეგებოდა, რაკი ამას გვავალებდა ხმა ღვთისა და ერისა. ცხრა წელი ვებრძოდით ტროას ციხე-გალავანს და მხოლოდ მეათე წელს დავაქციეთ აქაველებმა პრიამოსის დედაქალაქი. აქეთობისას ღმერთებმა დაგვიფანტეს თევზმრავალ ზღვაზე ხომალდები. შინ დაბრუნებულს ერთი თვეც არ დამიყვია ცოლ-შვილში, რომ დაუდეგარმა გულმა კვლავ სამეკობროდ გამიწია. ეგვიპტეში გასამგზავრებლად ცხრა ხომალდი აღვკაზმე, თავი მოვუყარე გულად მეომრებს და ექვსი დღე ქეიფს ვეწეოდით. ბლომად ავრეკე ხომალდებზე ხვასტაგი, რომ საღვთო საკლავი და საგზალი არ მოგვკლებოდა. მეშვიდე დღეს ბორეასმა რა დაბერა, გავშალეთ აფრები და კრეტადან დავიძარით. ოთხი დღე უშფოთველად მივცურავდით ზღვაზე, თითქოს მდინარის დინებას მივყვებოდითო დაღმა. მეხუთე დღეს ეგვიპტის მშვენივრადმედინ ცისფერ მდინარეში შევცურეთ, სადაც დავისადგურეთ კიდეც. თანამგზავრებს ვუბრძანე, ნაპირზე აეთრიათ ხომალდები და იქაურობა დაეზვერათ. მაგრამ ნადავლს დახარბებულები შეესივნენ მონაპირე თემებს, მამრნი ამოხოცეს, დედაწული კი ტყვედ წამოასხეს. მათი განწირული ძახილი მისწვდა ქალაქს და ალიონზე ბრინჯაოთი შეჭურვილი მხედრები და ქვეითნი მოგვიცვივდნენ. მეხისმტყორცნელმა ზევსმა გულში შიში ჩაუღვარა და აოტა ჩვენიანები. ძალამიხდილნი ბრინჯაოს მახვილებით შემუსრეს მეგვიპტელებმა, ნაწილი კი მონებად წაასხეს. მეც გარდაუვალი სიკვდილი მეწერა იქ, ეგვიპტის მიწაზე, მაგრამ ზევსის შთაგონებით ასე მოვიქეცი: მბზინვარე, უცხოდნაჭედი მუზარადი და ფარ-შუბი დავყარე, ეგვიპტელთა ბელადის ეტლს მივეახლე, მუხლებში ჩავუვარდი და ფეხებზე კოცნა დავუწყე. შემივრდომა განწირული, ეტლზე ამიყვანა და ქალაქისაკენ გამაქანა, შუბმოღერებული მეგვიპტელი მეომრები მოსაკლავად დამედევნენ, მაგრამ მათმა მთავარმა დამიცვა და დამიფარა, რაკი მახვეწართა შემწე ზევსის რისხვისა ერიდებოდა. შვიდი წელი დავყავი მათთან. ეგვიპტელთაგან უხვად დასაჩუქრებულმა დიდძალი ქონება დავაგროვე. მერვე წელი რა შემოიქცა, ერთმა გაქნილმა და გაიძვერა ფინიკელმა დამიყოლია, თავის ქვეყანაში წავყოლოდი. მარწმუნებდა, დოვლათით სავსე სახლი მაქვსო. ერთი წელი მასთან გავატარე. წლის სწორს ცრუ დაპირებით მომაღორა: ხომალდი მთელი ჩემი მონაგებით დამატვირთვინა და ლიბიაში წამიყვანა. დოვლათის მიხვეჭა და ჩემი გაყიდვა უნდოდა დიდ ფასად. არ ვენდე მის სიტყვას, წაყოლით კი მაინც წავყევი. კეთილმა ბორეასმა დაბერა და გაშლილ ზღვაში გავედით. კრეტას რომ ჩავუარეთ და მარტოდენ ცასა და ზღვას შევრჩით, მაღლითმგრგვინავმა ჩვენი დაღუპვა განიზრახა და ხომალდს შავი ღრუბლები დააწია. უკუნი წყვდიადი ჩამოწვა ზღვაზე, ხომალდი დადგა და მყისვე სასტიკი ჭალიკონი ამოვარდა. ქარბორბალამ ბაგირები დაუწყვიტა ხომალდს, აყირავებულმა ანძამ ტვინი გაასხმევინა მესაჭეს და მყვინთავივით თავდაყირა გადაუშვა წყალში. მეხისმტყორცნელმა ზევსმაც დაიქუხა და მეხი დაგვატეხა თავზე. ცეცხლის გორგალმა ზღვაში გადაყარა ნიჩბოსნები და განწირულნი ყორნებივით აატივტივა ხომალდის გარშემო. ქარიშხალმა ძირში გადაამტვრია ანძა და ფერდები მოურღვია ხომალდს. ამ ძნელყოფის ჟამს ისევ კრონიონმა შთამაგონა ჩავბღაუჭებოდი ხომალდის შიშველ ძირს. ცხრა დღე და ღამე ასე დამაქანებდა ჭალიკონი აბობოქრებული ზღვის ზურგზე. მეათე ღამეს ტალღებმა თესპროტების ქვეყანაში გამრიყეს.
გათოშილი და ქანცგაწყვეტილი თესპროტელთა უფლისწულმა ზღვის ნაპირზე მიპოვა, მომასულიერა და მამისეულ სასახლეში მიმიყვანა. მათმა ბასილევსმა, გმირმა ფეიდონმა დიდის პატივით მიმიღო და ახალი სამოსლით შემმოსა. იქ გავიგე ოდისევსის ამბავი. თავად ბასილევსმა მითხრა, სამშობლოსაკენ მიმავალმა ჩემთან შემოიარაო. მანვე მაჩვენა ოდისევსის მონახვეჭი აურაცხელი საჭურჭლე: ოქროვერცხლი, ბრინჯაო და ძნელად საჭედი რკინა. ეს ქონება მეათე მუხლამდე ეყოფოდა ერთ საგვარეულოს. ოდისევსს თავისი ნადავლი ფეიდონისათვის მიებარებინა, თავად კი დოდონაში წასულიყო, რომ ღვთაებრივი მუხისაგან ზევსის რჩევა მოესმინა, თუ როგორ დაბრუნებულიყო ამდენი ხნის უნახავ ითაკაში - ცხადლივ თუ იდუმალ. ნადიმობისას, ზედაშეს რომ უღვრიდა უკვდავ ღმერთებს, ფეიდონი მეფიცებოდა, გამზადებული მყავსო ოდისევსის გასასტუმრებლად ხომალდი და ნიჩბოსნებიო.
მაგრამ უწინარეს მე გამისტუმრა ოქროყანოვან დულიქიონში. ნიჩბოსნებს უბრძანა, ბასილევს აკასტესათვის მიეგვარათ ჩემი თავი. ამათ კი ბოროტი იზრახეს: გავცილდით თუ არა თესპროტების კუნძულს, შავი დღე დამათიეს: შემიპყრეს, ნაჩუქარი ქიტონი და მოსასხამი წამგლიჯეს და დაკონკილი ჯვალო ჩამაცვეს. თავადაც ხედავ, რაც მაცვია!
საღამო ხანს, შორითსაჩინარი ითაკის კუნძულს რა მივადექით, კიჩოზე თოკებით მიმაბეს, თვითონ კი ნაპირზე გადავიდნენ და ვახშმობას შეუდგნენ. მაგრამ მოწყალე ღმერთებმა გრძნეულად ამხსნეს. სამოსი თავზე შემოვიგდე, საჭის ღერძს მოვეჭიდე, ჩავცოცდი და, როცა წყალი მკერდამდე მომწვდა, უჩუმრად გავცურე. ხომალდიდან მოშორებით ნაპირზე გავედი და ხშირფოთლოვან მუხნარში მივიმალე. დიდხანს მეძებეს გუნებაწამხდარმა ნიჩბოსნებმა, მერე ხელი ჩაიქნიეს, ხომალდზე ავიდნენ და თავიანთ გზას გაუყვნენ. მე კი ღმერთების განგებით შენს სტუმართმოყვარე ჭერქვეშ მოვხვდი, ღვთის ნებით ჯერ არ მიწერია სიკვდილი!
- ვაჰმე, ჩემო ჭირნახულო სტუმარო! გული შემიძრა შენმა თავგადასავალმა. რაღა არ გინახავს, რა არ გადაგხდომია თავს! მაინც ვერ დამარწმუნე: ოდისევსზე შენი მონაყოლი მეეჭვება. თუმცა დროული კაცი ხარ და ტყუილს რატომ იკადრებდი! მე ერთი ვიცი: ღმერთებს მოუძულებიათ ჩემი პატრონი, არც ტროაში დაღუპულა სახელოვნად და არც მეგობრის მკლავზე დაულევია ბრძოლის შემდეგ სული, თორემ სამახსოვრო ბორცვს აღუმართავდნენ პანაქაველნი და მის მემკვიდრესაც სახელი შეემატებოდა. მაგრამ ვაი, რომ ჰარპიებისაგან მოტაცებულს, უსახელო სიკვდილი ხვდა წილად! მე კი ასე, ღორში ვატარებ ჩემს წუთისოფელს, ქალაქად არ დავდივარ, თუ რომ დედოფალმა ჩვენმა პენელოპემ არ დამიბარა რაიმე ამბის შესატყობინებლად. ითაკაში მოსულ შორეულ ახლობელთა გამოკითხვა უყვართ იმათაც, ვინც პატრონის დაკარგვასა წუხს და იმათაც, ვისაც არაფრად ენაღვლება მისი ქონების განუსჯელად გაპარტახება. ხოლო მე ხალისი დავკარგე გამოკითხვისა მას შემდეგ, რაც ერთმა ეტოლიელმა ტყუილითა და ჭორით მომიქონა თავი. კაცი შემოჰკვდომოდა იმ შეჩვენებულს, ბევრი ეხეტიალნა და ბოლოს მე შემომეკედლა. მეც გულღიად მივიღე. ის მეუბნებოდა, იდომენევსთან ვნახეო კრეტაში შენი პატრონი ოდისევსი, ზღვაზე დალეწილი ხომალდის შეკეთებას ელოდაო. მაიმედებდა, ამ ზაფხულს ან შემოდგომას უთუოდ ჩამოვაო თავისი მეგობრებითურთ და დიდძალ ქონებას ჩამოიტანსო ხომალდით. ჩემო ჭირგამოვლილო სტუმარო, თუმცაღა დაიმონმა მოგიყვანა აქ, ამ ზღაპრებით ვერც გამახარებ და ვერც გულს მოიგებ ჩემსას. შენი მონაყოლის გამო კი არ გდებ პატივს, სტუმართმფარველი ზევსის რიდი მაქვს და იმიტომ მებრალები.
ასე მიუგო ევმეოსს დიდგონიერმა ოდისევსმა: - მეტისმეტად იჭვნეული ყოფილხარ, ჩემო კეთილო! ფიცითაც ვერ დაგიმტკიცე ჩემი ნათქვამი. ახლა, მოდი, ასეთი პირობა დავდოთ - ოლიმპოელი ღმერთები იყვნენ ამის მოწმენი: უკეთუ დაგიბრუნდება პატრონი, ქიტონსა და მოსასხამს მაჩუქებ და დულიქიონს გამისტუმრებ. ხოლო უკეთუ არ ახდება ჩემი სიტყვა, ციცაბო კლდიდან გადააგდებინე ჩემი თავი მონაქალებს, რომ ამიერიდან ყარიბთაგან ვერვინ გაბედოს თქვენი მოტყუება.
კეთილშობილმა მეღორემ მიუგო: - რა კაცობა იქნება, ჩემს სახლში კეთილად სტუმრებულს სული რომ ამოვართვა? როგორღა გავტეხო პური ან როგორ დავუღვარო ზედაშე კრონიონს? მოვეშვათ ამ ლაპარაკს, ვახშმობის დრომ მოაწია უკვე. მალე მობრუნდებიან ჩემი მწყემსები და გემრიელ ვახშამს მოვამზადებთ.
ასე მუსაიფობდა სტუმარ-მასპინძელი. ამასობაში მწყემსებმაც მორეკეს ღორის კოლტი, აჭყვირებული პირუტყვი რა დააბინავეს, ევმეოსმა ასე მიმართა მწყემსებს: - საუკეთესო ტახი ამომირჩიეთ, ბიჭებო, რომ შორით მოსულ სტუმარს გავუმასპინძლდეთ და თავადაც შევექცეთ. მადლია ჩვენთვის, დიდი ჯაფა გვადგას თეთრეშვიანი ტახების მოვლაში. სხვები რომ გვიჭამენ ურცხვად, ერთხელ ჩვენც შევირგოთ ჩვენი ნაჭირმაგევი!
ეს თქვა და ბრინჯაოს მახვილი ცულით მორები დააპო. მწყემსებმა ცეცხლთან მიუყვანეს ნასუქალი ხუთწლიანი კერატი. ევმეოსმა საღვთო წესი არ დაივიწყა: ტახს ქეჩოდან ჯაგარი ააჭრა, ცეცხლს მისცა და ოდისევსის დაბრუნება შესთხოვა ღმერთებს. მერე თავში მუხის ნაკოდი დაჰკრა და სული გააცხებინა პირუტყვს. მწყემსებმა დაკლეს ტახი, გატრუსეს და აფეშხვეს. ევმეოსმა ნედლ ხორცს ქონის ნაჭრები შემოუწყო, ზედ ქერის ფქვილი მოაფრქვია და ღმერთებისათვის ცეცხლს დაუდო დასაწველად. დარჩენილი ხორცი ასო-ასო აქნეს და შამფურებზე წამოაგეს. შიშხინა მწვადები სუფრაზე მიიტანა მწყემსთა წინამდგომმა და შვიდ წილობად დაანაწილა: ერთი ნაწილი ნიმფებსა და ჰერმესს შესწირა, დანარჩენი კი მეინახეებს ჩამოურიგა. შემდეგ სუკის უკეთესი ნაჭერი მიართვა ოდისევსს, რითაც დიდად გაახარა პატრონის გული. ნაამებმა ოდისევსმა მადლი მოახსენა მეღორეს: - ისე გაგახარონ, ევმეოს, ღმერთებმა, როგორც მე გამახარე ახლა! ზევსმა გადაგიხადოს ჩემი პატივისცემა!
კეთილშობილმა მეღორემ მიუგო: - მიირთვი, ბედშავო კაცო! შეგერგოს ღვთის ბოძებული ეს ჭამადი! ღმერთები ხან რას გვიწყალობებენ და ხან რას - ყოვლისშემძლენი არიან უკვდავნი!
ევმეოსმა საღვთო დაწვა და ზედაშე დაუღვარა უკვდავ ღმერთებს. შემდეგ საზედაშო ბარძიმი ოდისევსს მიაწოდა. მწყემსმა ბიჭმა, მესავლიოსმა, პური გატეხა და მეინახეთ დაუნაწილა. ეს მესავლიოსი ოდისევსის აქ არყოფნისას დედოფლისა და მოხუცი ლაერტეს უკითხავად ეყიდა ევმეოსს ტაფოსელთაგან.
პურობა დაიწყეს. სმა-ჭამით გული რა იჯერეს, მესავლიოსმა სუფრა აალაგა და ყველანი მოსასვენებლად მოემზადნენ. უმთვარო, ქუფრი ღამე ჩამოდგა. ზევსის ნაღვარი ესხმებოდა დედამიწას და ცივი, უჟმური ჭალიკონი უბერავდა გამუდმებით.
ოდისევსს უნდოდა გამოეცადა მასზე ასერიგად მზრუნველი ევმეოსი, ფიქრობდა, ამ ცივ ღამეში ნეტავ გაიმეტებს ჩემთვის მოსასხამს თუ სხვას მოაცემინებსო. ამიტომ იგავად ასეთი რამ უამბო: - ყური დამიგდეთ, ჩემო კეთილო ევმეოს, და თქვენც, ერთგულო მწყემსებო! ერთ რასმე მოგიყვებით და კვეხნაში ნუ ჩამომართმევთ. ღვინო ჭკუას აკარგვინებს კაცს, თავად დარბაისელსაც აამღერებს და ააროკებს ხოლმე და ისეთ სიტყვას წამოაცდენინებს ზოგჯერ, რისი თქმაც არა ხამს. მეც, რაკი შევთვერი და ლაპარაკის საღერღელი ამეშალა, არ დაგიმალავთ ერთ ამბავს: მაშინ ტროას მისადგომებთან ვიდექით აქაველთა სამი სარდალი - მენელაოსი, ოდისევსი და მე. მათგან წვეული მივედი და ჩვენ-ჩვენი მეომრებითურთ ილიონის კედლებთან ლელიანში ჩავსაფრდით. ავბედითი ღამე ჩამოწვა, მოთოვა. მერე მრისხანე ბორეასმაც დაბერა და სუსხმა ძვალ-რბილში გაგვატანა. ჭირხლი თეთრად შეეყინა ფარებს. თბილ მოსასხამებში გახვეულ მეომრებს ფარები წაეხურათ და ბრძოლის მოლოდინში უდრტვინველად ეძინათ. მე კი, უგუნურმა, ჩემი თბილი მოსასხამი საფარში წამოსვლისას მეგობრებს დავუტოვე - ვერ მოვისაზრე, რომ ფარის, ქიტონისა და სარტყელის ამარა დარჩენილი სუსხიან ღამეში გავიყინებოდი.
ღამის მესამე სახმილავზე, როცა ვარსკვლავები ცაზე გადავიდნენ, ჩემ გვერდით მწოლ ოდისევსს მხარი წავკარ: - ზევსის ნაშიერო, ვერ გავაწევ ამ ღამეს, ყინვა მომაშთობს უმოსასხამოდ. ალბათ რომელიღაც ავმა დაიმონმა შემაცდინა, ქიტონის ამარა რომ წამოვედი. სასტიკ სიკვდილს ვეღარსად წავუვალ!
ეს გავუმხილე ოდისევსს და მანაც, როგორც სჩვეოდა, უმალვე ნახა გამოსავალი. სუო, - მიჩურჩულა, - თანამებრძოლებმა არ გაგვიგონო! მერე იდაყვზე წამოიწია და ხმამაღლა გასძახა აქაველებს: - ცუდი სიზმარი მესიზმრა წეღან, მოყმენო! თითქოს შორს ვყოფილიყოთ ხომალდებისგან. ვინმე უნდა გამეგზავნოს აგამემნონთან, ეგების მაშველი დაგვახმაროს!
მაშინ წამოდგა ანდრემონის ძე, მკვირცხლი თოასი. ძოწისფერი მოსასხამი გადაიძრო და მყისვე გაეშურა ხომალდებისკენ. მე კი გახარებული მის მოსასხამში გავეხვიე და ოქროსტახტოვანი ეოსის გამოჩენამდე მშვიდად მეძინა. ეჰ, წინანდებურად ჭაბუკი და ძალგულოვანი რომ ვიყო, განა ვინმე დამიკავებდა მოსასხამს? ახლა კი ჩამოძონძილსა და დაბეჩავებულ ბერიკაცს ვინ მომაგებს პატივს?
ასე უპასუხა მრავალღონე ოდისევსს კეთილშობილმა მეღორემ: - მომწონს შენი ნაუბარი, სტუმარო. ურიგო არაფერი გიკადრებია. ნუ გეშინია, არა მოგაკლდება რა, არც სამოსი, არც სხვა რამ. ამაღამ ჩემი მოსასხამი გეხუროს, დილით კი ისევ შენსას ჩაიცვამ. თითო ხელი ტანისამოსი გვაქვს მწყემსებს. როცა ოდისევსის სანატრელი ძე, ტელემაქე, დაბრუნდება, თავად გიბოძებს ქიტონს, მოსასხამს და სხვა სამოსელსაც. შენც შენს გზაზე გაგისტუმრებს.
ესა თქვა და წამოდგა ევმეოსი. სტუმარს ცხვრისა და თხის ტყავები დაუგო კერიასთან, დააწვინა და ზედ საზამთროდ გადანახული თავისი ხშირმატყლიანი ტყავფუჩი გადაახურა. იქვე ოდისევსთან მიწვნენ ჭაბუკი მწყემსები. თავად ევმეოსი ქოხიდან გავიდა - გარეთ დარჩენილი ტახების ჯავრი არ ასვენებდა. ეამა ოდისევსს, მის ხვასტაგს ასე თავგამოდებით რომ უვლიდა ერთგული მეღორე.
ევმეოსმა ძლიერ მხრებზე მოსასხამი მოისხა. ზედ ტყავფუჩი მოიგდო, მგელთა და ავაზაკთა მოსაგერიებლად ხელთ შუბი იპყრა და სწრაფად გასწია იქით, სადაც მყუდროში, ქარისგან თავშეფარებულ მის თეთრეშვიან კოლტს ეძინა.
XV. ტელემაქეს დაბრუნება
ამასობაში მზიურ ლაკედემონს ეწვია ათინა, რათა ოდისევსის სახელოვანი შვილისთვის შეეხსენებინა: სამშობლოში დაბრუნების დრო არისო უკვე. მენელაოსის სასახლის წინკარში მწოლი ტელემაქე და პიზისტრატე მალედვე მონახა ქალღმერთმა. გმირი ნესტორის ძეს, პიზისტრატეს, გულნებიერად ეძინა, ხოლო მამაზე ფიქრით გულდამძიმებულ ტელემაქეს მთელი ღამე რული არ მიჰკარებია წამწამებზე. თვალსხივოსანი ქალღმერთი თავთით დაუდგა ჭაბუკს და შეესიტყვა: - ტელემაქე, აღარ გმართებს სახლიდან შორს ყოფნა. ნუ დაივიწყებ: ვერაგი ხალხი შენს საბადებელს მიტაცებას უპირებს. წყალში არ გადაგეყაროს ეს მგზავრობა. საჩქაროდ დაეთხოვე ომშიმყივარ მენელაოსს, ვინძლო სახლში მიუსწრო ძვირუხსენებელ დედაშენს. მამა-ძმანი უკვე ევრიმაქეზე გათხოვებას ურჩევენ, რაკი მისი ურვადი დიდად აღემატება სხვებისას. წადი, სახლს მიმართე, რამე არ გაჰყვეს შენი ქონებიდან. ხომ იცი დიაცთა ზნე: იმას უმრავლებენ ქონებას, ვისაც ცოლად გაჰყვებიან. აღარც მკვდარი ქმარი ენაღვლებათ და აღარც მასთან სიყვარულით გაჩენილი შვილები. შინ რა მიბრუნდები, შენი წილი ქონება უერთგულეს მონაქალს ჩააბარე, ვიდრე ღმერთები ღირსეულ სასძლოს ამოგირჩევენ. ერთსაც გეტყვი და კარგად დაიხსომე: კლდოვანი სამეს სრუტეში სასიძოები ჩაგსაფრებიან, შენი მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ ამაოდ დაშვრებიან. შენი დოვლათის იავარმყოფელთ უმალ მიწა უყოფს პირს! კუნძულებს მაინც მოარიდე ხომალდი. ღამე იმგზავრე - შენი მფარველი ღმერთები კეთილ ზურგქარს დაგადევნებენ. ითაკის პირველსავე ყურეს რა მიადგები, ხომალდი და თანამგზავრები ქალაქს გაისტუმრე, ხოლო შენ ერთგულ მეღორესთან მიდი, ღამე მის ქოხში გაათიე, დილაადრიან კი შინ გაგზავნე, რომ პილოსიდან შენი მშვიდობით დაბრუნება ახაროს დედაშენს.
ეს თქვა და მაღალ ოლიმპოს მიაშურა ქალღმერთმა.
ტელემაქემ ფეხის წაკვრით გააღვიძა ნებივრად მძინარე ნესტორის ძე: - ადე, პიზისტრატე, ეტლი შევკაზმოთ, გზას დავადგეთ! დილამდე შევიცადოთ. მერე ოქროსთმიანი მენელაოსიც გამოვა, საჩუქრებს გვიძღვნის წესისამებრ და ალერსიანი სიტყვით გაგვისტუმრებს. გულუხვ მასპინძელს არასოდეს დაივიწყებს სტუმარი!
გათენდა. ვარდისფრად ირიჟრაჟა ეოსმა. თმამშვენიერი ელენეს სარეცლიდან წამომდგარმა მენელაოსმა მოაკითხა სტუმრებს. მენელაოსი რა შენიშნა, ტელემაქემ სასწრაფოდ გადაიცვა ძვირფასი ქიტონი, მხრებზე მოსასხამი მოიგდო, კარში შეეგება სახლის პატრონს და ვედრებით უთხრა: - აწ სამშობლოში გამისტუმრე, ზევსის ნებიერო, გული შინისკენ მიმიწევს!
ომშიმყივარმა მენელაოსმა დინჯად უპასუხა: - არ დაგაკავებ, ჩემო კარგო, რაკი გული აღარ გიდგება ჩემთან. მასპინძელმა თავი არ უნდა მოაბეზროს სტუმარს. ხომ არ ვარგა, პურძვირი მასპინძელი სახლიდან როცა ერეკება მასთან დარჩენის მოწადინე სტუმარს, წასვლად აჩქარებულის გადამკვდარი პატიჟით დაკავებაც უკადრისია. სტუმრის პატივისცემა და დროზე გასტუმრება ხამს! მაგრამ ნუ აჩქარდები, ჯერ საჩუქრებს ჩაგიწყობ ეტლში, რომ თვალით იხილო, რას გატან, მერე კი პური გავტეხოთ, ორივეს გვეამება: სტუმრისთვის პატივია, ხოლო მასპინძლისთვის სიხარული, მაძღარი რომ დაადგები შორეულ გზას. არგოსსა და ელადაზე თუ გაივლი, თან წამოგყვები; გზადგავლილ ქალაქებში უსაჩუქროდ არავინ გამოგვიშვებს: ვინ სპილენძის კეთილნახელავ ზედადგარს გიძღვნის, ვინ ვერცხლის პირსაბან ტაშტს, ოქროს მშვენიერ ბარძიმს ან კიდევ მუხლმაგარ ჯორებს.
ტელემაქემ თავმდაბლად უპასუხა: - ზევსის ნებიერო, ომშიმყივარო მენელაოს! კიდევ დავრჩებოდი, სახლი უპატრონოდ რომ არ მქონდეს დაგდებული. მეშინია, მამის მძებნელი თავად არ გავხდე საძებარი. სასიძოები დაღუპვასა და ქონების წართმევას მექადიან!
ოქროსთმიანმა ბასილევსმა მეუღლესა და მსახურ ქალებს უბრძანა, სუფრა გაეშალათ. საწოლიდან ახალამდგარ ეტეონევსს, რომელიც სასახლის მახლობლად ცხოვრობდა, ცეცხლის დანთება და მწვადების შეწვა დაავალა, თავად კი მეუღლესთან და საყვარელ შვილთან, მეგაპენთესთან ერთად სალარო პალატს მიაშურა. პალატში დახვავებული საჭურჭლიდან ატრევსის ძემ ორძირიანი ბარძიმი აირჩია, ხოლო შვილს უძვირფასესი ვერცხლის ლაგვინი წამოაღებინა. დედათა შორის უტურფესმა ელენემ თავი ახადა სკივრს, სადაც მისი ნახელავი მრავალფერი სამოსელი ელაგა და ძირიდან ვარსკვლავივით მბრწყინავი, ოქრომკედით მოსირმული კაბა გამოიღო. საჩუქრებით ხელდამშვენებულნი შემდეგ უკანვე შემობრუნდნენ.
- ო, ტელემაქე, - მიმართა სტუმარს მენელაოსმა, - ჰერას ხმამქუხარი მეუღლის ზევსის წყალობით მშვიდობითამც დაჰბრუნებიხარ სამშობლოს! აჰა, მიიღე ჩემგან ეს საბოძვარი, საგანძურში ამაზე ძვირფასი არაფერი მაქვს. იცოდე, ეს ლაგვინი ჰეფესტომ გამოჭედა. წმინდა ვერცხლისაა და პირი ოქროთი აქვს მოფერილი. გმირმა ფაიდიმოსმა, სიდონელთა ბასილევსმა მაჩუქა იგი, როცა ტროადან გზადმომავალი მის სახლში ვიყავ შეხიზნული. აწ შენი იყოს ეს ლაგვინი!
ეს რა თქვა, მისმა ძემ, მეგაპენთემ ვერცხლის მბზინვარე ლაგვინი წინ დაუდგა ტელემაქეს, ხოლო მენელაოსმა ორძირიანი ბარძიმი მისცა. წინ წამოდგა ღაწვმშვენიერი ელენე, სტუმარს უცხოდ ნახელავი კაბა გაუწოდა და ფრთიანი სიტყვა უთხრა: - ამ კაბას ქორწილის სვებედნიერი დღისათვის გიძღვნი, ჩემო ძვირფასო. დაე, ელენეს სახსოვრად ატაროს შენმა მეუღლემ. ქორწილამდე ძვირუხსენებელ დედაშენს შეანახვინე იგი. ახლა კი გზას დაგილოცავ: მშვიდობით მიგიყვანონ ნეტარმა ღმერთებმა სამშობლოში!
ტელემაქემ სიხარულით მიიღო ბოძებული, პიზისტრატემ ეტლში ჩააწყო საჩუქრები - გაოცებული იყო მათი სიძვირფასითა და კეთილქმნულობით. ოქროსთმიანი მენელაოსი დარბაზში შეუძღვა ჭაბუკებს. ყველანი საკარცხულებზე დასხდნენ. მოახლემ ხელის დასაბანად ვერცხლის ტაშტი და წყლით სავსე მოოქრული სურა მოართვა სტუმრებს და წმინდად გარანდული ტაბლა დაუდგა წინ. მოკრძალებულმა მეკუჭნავემ პური შემოიტანა და უხვად მომატებული მრავალფერი ჭამადით გაუწყო სუფრა. ეტეონევსმა ხორცი ჩამოურიგა მეინახეებს. ბასილევსის მემკვიდრე მეგაპენთემ ღვინით შეავსო თასები და პურობაც დაიწყო. სმა-ჭამით გული რა იჯერეს, ტელემაქე და პიზისტრატე კარში გავიდნენ და ეტლში ჩასხდნენ. მათ უკან გაჰყვა ატრევსის სახელოვანი ნაშიერი. მენელაოსს ხელში ღვინით სავსე ოქროს თასი ეჭირა, რომ წამავალთათვის გზა დაელოცა. ბჭემაღალი სახლის პატრონი ეტლს წინ დაუდგა და ასე გამოეთხოვა სტუმრებს: - გზა მშვიდობისა, ჭაბუკებო! პილოსელთა ერისმთავარი, ჩემი ნესტორი მომიკითხეთ. მამასავით რომ ზრუნავდა ჩემზე ილიონის კედლებთან!
მადლიერებით გულსავსე ტელემაქემ მიუგო: - ზევსის ნებიერო, შენი ნებისაებრ მოვიქცევით! როგორც კი მივალთ, მოკითხვას გადავცემთ და ყოველივეს ვუამბობთ ნესტორს. ო, ნეტავ ითაკაში დამხვდებოდეს მამაჩემი, რომ მასაც ვუამბო შენი ტკბილი მასპინძლობისა და უმაგალითო გულუხვობის ამბავი!
ეს თქვა და მეყსეულად გამოჩნდა არწივი, რომელსაც მოტაცებული დიდი, თეთრი ბატი ეპყრა კლანჭებში. მას ჰაუს ძახილით დასდევნებოდნენ ხელშინაური გოგობიჭები. არწივმა მხარმარჯვნივ ჩაუქროლა ეტლს და ცაში აიჭრა. ამის დანახვაზე სიხარულმა მოიცვა იქ მყოფთა გული. პირველად პიზისტრატემ დაძრა სიტყვა: - შენ გამოგიცხადა კრონიონმა ეს ნიში, ზევსის ნებიერო, თუ ჩვენ?
დაფიქრდა ძალგულოვანი მენელაოსი, რომ გაებრჭო და აწონილი სიტყვა ეთქვა ჭაბუკისათვის, მაგრამ დაასწრო დედათა შორის უტურფესმა ელენემ: - მე გეტყვით, რას მოასწავებს ეს ნიში! აი, რა ჩამაგონეს უკვდავმა ღმერთებმა: როგორც ამ შინაურ ბატს დაეცა შორით მოფრენილი მთის არწივი, ისე დააცხრება შორ გზათა დამლახავი ოდისევსი მის სახლში გაშინაურებულ სასიძოებს! ვინ იცის, იქნებ შინ არის უკვე და დასაღუპავად ჰყავს განწირული ისინი?
- უკეთუ ზევსის წყალობით ახდა ეგ შენი სიტყვა, მთელი სიცოცხლე ქალღმერთის დარად გეთაყვანები!
შესძახა ტელემაქემ და ცხენებს მათრახი გადაუჭირა. ეტლი გაქანდა, სწრაფად გასცილდა ქალაქს და მგზავრები ტრიალ მინდორში გავიდნენ. მთელი დღე შეუსვენებლივ ეწეოდნენ ეტლის ხელნას მუხლადი ცხენები.
მზე ჩაესვენა და გზებზე სიღამე ჩამოწვა. მგზავრებმა ფერას მიაღწიეს. იქ, ღმერთი ალფეოსის შვილიშვილს, დიოკლესს ეწვივნენ და ღამე გათიეს. მეორე დღეს, ირიჟრაჟა თუ არა, ეტლი შეკაზმეს და დიოკლეს სახლის კარიბჭიდან გავიდნენ. მათრახგადაწნული ცხენები თავდაუზოგავად მიქროდნენ. პილოსის შემოგარენთან ტელემაქემ ასეთი სიტყვა უთხრა ნესტორის ძეს: - ო, პიზისტრატე, ზევსის ნებიერო, ძველი მეგობრები არიან ჩვენი მამები და ჩვენც, თანატოლნი, ამ მგზავრობამ დაგვაძმობილა! აწ ამასა გთხოვ ძმურად! გული არ მითმენს, პირდაპირ ხომალდთან მიმიყვანე, ნუ შევივლით თქვენთან. სტუმართმოყვარე მამაშენმა ვეჭვ, მალე გამომიშვას!
ჩაფიქრდა ნესტორის კეთილშობილი ძე: როგორ მოეგვარებინა ეს საქმე? ბოლოს ეტლი ზღვისაკენ დაძრა. ნაპირს რა მიადგნენ, საჩუქრები ხომალდზე აუტანა და ასე ურჩია მეგობარს: - იჩქარე, ჩემო ტელემაქე! სანამ მოხუცს ჩვენს ჩამოსვლას შევატყობინებ, თანამგზავრები ნიჩბებს მიუსხი და გზას დაადექი, თორემ ვიცი, თავად მოგაკითხავს მამაჩემი, არ მოგეშვება და უცილოდ პილოსში გამოგაბრუნებს.
ეს უთხრა და ფაფარაყრილი ცხენები ქალაქისკენ გააქროლა. ტელემაქემ ააჩქარა თავისი ხალხი: აბა, სწრაფად, ხომალდი გავაწყოთ და გზას დავადგეთო! თანამგზავრებმა გაამზადეს ხომალდი და რიკულებს მიუსხდნენ. ის-ის იყო ათინასათვის მსხვერპლშეწირვას მორჩნენ ხომალდის კიჩოზე, რომ ტელემაქეს ერთი უცხო კაცი მიეახლა: - მეგობარო, იმ მაღალ ღმერთსა და მისთვის შეწირულ მსხვერპლს გაფიცებ, მითხარ, ვინა ხარ და საით მიდიხარ, სად გიდგას სახლი ან სად არის შენი სამკვიდრებელი?
- არაფერს დაგიმალავ, უცხოელო, პირდაპირ გეტყვი, - უპასუხა ტელემაქემ, - ითაკელი ოდისევსის ძე ვარ! დაკარგული მამის ამბავი მინდოდა გამეგო პილოსსა და ლაკედემონში. ახლა კი შინ ვბრუნდები.
უცხოელმაც გაამჟღავნა თავისი ვინაობა: - თეოკლიმენე მქვია მე, პოლიფიდეს ძე! მელამპიდების მისანთა შთამომავალი ვარ! ცხენმრავალ არგოსში თვისტომი შემომაკვდა და შურისმაძიებელ ძმებს გამოვექეც. უცხო ქვეყნებში ხეტიალი მწარე ხვედრად მერგუნა. ბედისაგან დევნილი ვარ და გევედრები შემიფარო ხომალდზე - მესისხლენი ალბათ მეძებენ უკვე!
ტელემაქემ მიუგო: - გულმშვიდად იყავ, ამ ხომალდზე არავის დავანებებ შენს თავს. ამოდი, რაცა გვაქვს, იმით დაგიხვდებით!
ეს უთხრა, ხომალდზე მოიწვია, ბრინჯაოს წვერმახი შუბი ჩამოართვა და გვერდით მოისვა. ნიჩბოსნებმა ბაგირები ახსნეს, ანძა აღმართეს, თეთრი იალქნები გაშალეს და ზღვაში გავიდნენ. ათინამ მძლავრი ზურგქარი დაადევნა ხომალდს, რომ უსწრაფესად გადაელახათ მლაშე ზღვა.
მზე ჩასულიყო და უნაპირო ზღვა ბნელს მოეცვა. ხომალდმა ფეასა და მზიან ელიდას ჩაუარა, სადაც ეპეელთა ტომი სახლობს. აქედან ტელემაქემ ფრთხილად დაძრა ხომალდი სამესა და დულიქიონის კუნძულებისაკენ. აქ, სრუტეში ჩასაფრებული სასიძოები მის გამოჩენას ელოდნენ.
მას ჟამსა შინა ითაკაში მეღორეები და მათი სტუმარი ვახშმად ისხდნენ. სმა-ჭამით გული რომ იჯერეს, ოდისევსმა განიზრახა ერთხელ კიდევ გამოეცადა ევმეოსი. გაგება უნდოდა, წინანდებურადვე უმასპინძლებდა მეღორე თუ ქალაქს გაისტუმრებდა.
- ჩემო ევმეოს, კმარა, რაც მიპატრონეთ. ხვალ დილით ქალაქში წავალ, გზა მიმასწავლე ან მეგზურად კაცი გამაყოლე ვინმე, სამოწყალოდ კარდაკარ ვივლი, ვინ წყალს დამალევინებს, ვინ პურს მაჭმევს! ღვთაებრივი ოდისევსის სახლსაც მივაკითხავ და პენელოპეს ქმრის ამბავს შევატყობინებ. ეგების იმ ამპარტავან სასიძოებთანაც გავძვრე და მათი სუფრიდან რამე დავინარჩუნო. ხოლო თუ მიმსახურეს, ამას რა აჯობებს! ჰერმესის წყალობით ყველაფერი მემარჯვება, რითაც მდაბიონი წარჩინებულთ ემსახურებიან - შეშის დაჩეხა, ცეცხლის გაჩაღება, მწვადების შეწვა, ღვინის ჩამოსხმა და რა ვიცი, კიდევ რა!
შეწუხდა კეთილშობილი მეღორე: - ვაი ჩემს თავს, ეგ რა მითხარი, ბედკრულო? სასიძოებთან მივალო, რომ ამბობ, თავი ხომ არ მოგძულებია? მათი უსამართლობა და ძალმომრეობა რვალის ცასა სწვდება. შენნაირ მსახურს არც კი იკადრებენ, კოხტად ჩაცმული ლამაზ-ლამაზი ბიჭები ემსახურებიან! წმინდად გარანდული ტაბლა პურღვინით და მრავალფერი შეჭამადითა აქვთ სავსე. აქ დარჩი, კაცო, ისეთი რა გაგვჭირვებია, რომ ერთი კაცი ვერ შევინახოთ? მალე ჩვენი საყვარელი ტელემაქე ჩამოვა, მოსასხამსა და ქიტონს გაჩუქებს და შენი ნებისაებრ გაგისტუმრებს!
ევმეოსს ასე უპასუხა მრავალჭირთამთმენმა ოდისევსმა: - ყოვლისშემძლე ზევსმა გაგახაროს ისე, როგორც შენ გამახარე მაგ სიტყვით! დიდ ჭირს გადამარჩინე, ჩემო ევმეოს: სამათხოვროდ კარდაკარ წანწალზე უარესი რა უნდა იყოს მოკვდავისათვის? ლუკმაპურზე დაგეშილი კაცი რას არ გადაეყრება გზაზე? რაკიღა ტელემაქეს მოსვლამდე ჩემი დარჩენა ინებე, ბარემ ისიც მიამბე, რა დღეშია ოდისევსის დაბერებული დედ-მამა, ჯერ კიდევ ჭვრეტენ წუთისოფლის მზეს თუ ჰადესის ბჭეებთან დაიდეს ბინა?
ევმეოსმა, მწყემსთა წინამდგომმა, ასე უპასუხა: - გულახსნით გეტყვი ყველაფერს, ჩემო სტუმარო, არას დაგიმალავ! ცოცხალია ლაერტე, მაგრამ დღენიადაგ ზევსს ევედრება, დახსნას წუთისოფლის შრომას. დაკარგულ შვილზე და გარდაცვლილ მეუღლეზე დარდმა უდროოდ დააბერა ლაერტე და მოაძაგა ეს მზე-ქვეყანა. შვილზე დარდმა გადაიყოლა ბედშავი ანტიკლეაც. ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი ბედი! სანამ ცოცხალი იყო, ხშირად მოვიკითხავდი ხოლმე - არაფერი სჯობდა მასთან ტკბილ მუსაიფს! მე ხომ მის უმრწემეს ასულთან, კლიმენესთან ერთად ვიზრდებოდი და საკუთარ შვილში არ მარჩევდა. რა მოვიწიფეთ, კლიმენე სამოსში გაათხოვეს და საქმროსაგან დიდძალი ურვადიც მიიღეს, მე კი ახალთახალი ქიტონითა და მოსასხამით შემმოსა ანტიკლეამ, წყვილი ხამლი მაჩუქა და მეტი პატივის ნიშნად მწყემსთა წინამდგომად განმაწესა. აწ წარხდა ყველაფერი! თუმცაღა ღმერთებმა დამიმადლეს ეს ერთგულება: აკი ხედავ, ლუკმაპური არც ჩემთვის მაკლია და არც ჩემი სტუმრისთვის! ახლა სასახლეში ვერ მივსულვართ, რომ აწინდელ სახლის დედას ჩვენი გულისჭირი ვუთხრათ, ბასილევსის ამბავი გამოვკითხოთ და პატრონის სუფრაზე სმა-ჭამით გულგახარებულნი და საჩუქრებით ხელავსებულნი გამოვბრუნდეთ სამწყესურში. მას შემდეგ, რაც ამ სახლში სასიძოები გაშინაურდნენ, გული აღარა აქვს ჩვენს დედოფალს, ტკბილი სიტყვა შეგვაწიოს და ძველებურად გვიპატრონოს!
- შენი ამბავიც მიამბე ბარეღამ, ჩემო კეთილო, - უთხრა ოდისევსმა, - შენც ხომ დიდი ჭირი გაქვს გამოვლილი? აკი ბალღობიდანვე მოშორებიხარ დედის კალთას! მითხარი, როგორ მოხვდი აქ, სამშობლო ქალაქი დაგიქციეს მტრებმა და მონად წაგიყვანეს თუ ძროხაში მარტო დარჩენილი, მეკობრეებმა მოგიტაცეს და ითაკაში გაგყიდეს?
ევმეოსმა მიუგო: - რაკიღა ჩემი ამბის გაგება მოიწადინე, გიამბობ, შენ კი ნება-ნება სვი ღვინო. ახლა ღამეები გრძელია და გამოძინებას კიდევ მოვასწრებთ. ადრე ნუ დავწვებით, ბევრი ძილი აძაბუნებს კაცს. რული თუ მოერია ვისმე, მოისვენოს, რომ უთენია წამოდგეს ფეხზე, წაიხემსოს და სამწყესურს მიაშუროს. ჩვენ კი აქ ვისხდეთ, ღვინოს შევექცეთ და გარდასულ დღეთა მოგონებით ნაღველი მოვიწუროთ, გულს უამებს კაცს გარდახდილ ჭირთა გახსენება! მაშ, ყური მომაპყარ, ჩემო სტუმარო: გეცოდინება, ორტიგიას ზემოთ არის ერთი კუნძული - სიროსი, საიდანაც მზე მოიქცევა ხოლმე. ხალხმრავალი არაა ეს კუნძული, მაგრამ უხვსაძოვრიანი და ცხვარძროხამრავალი ყოვლითვე ნაყოფიერია - ვენახითაც და თესლმარცვლეულითაც. მანდაურებმა არც შიმშილი იციან და არც ხორცის დამადნობელი სნეულებანი. სიბერით რა აივსებიან, ვერცხლისმშვილდოსანი აპოლონი და არტემისი გამოეცხადებათ, რომ მსუბუქი ისრით უგრძნეულად გამოასალმონ წუთისოფელს. ორი ქალაქია ამ კუნძულზე. ყანები, ბაღ-ვენახები და საძოვრებიც ორადა აქვთ გამიჯნული. ორივე ქალაქს მამაჩემი, ქთესიოს ორმენის ძე განაგებდა, ღვთისდარი მამრი.
იმხანად ჩვენს კუნძულს უცხო საქონლით დატვირთული ფინიკიელთა ხომალდი მოადგა. მამაჩემს მაშინ ხელსაქმეში დიდად გაწაფული ერთი ლამაზი ფინიკიელი დიაცი ემსახურებოდა. ეს ქალი ხომალდის მახლობლად რეცხავდა ხოლმე სარეცხს. იმ ხომალდიდან ერთი გაქნილი ვაჭარი შეუჩნდა ამ ქალს, მოხიბლა და შეაცდინა. შენ იცი, მამაკაცთან თანაყოფა თავად სათნო და თავშენახულ ქალსაც დაახვევს თავბრუს. მაცდუნებელმა წვრილად გამოჰკითხა: ვინა ხარ, საიდანა ხარო. დიაცმა ჩვენი მაღალერდოიანი სახლი დაანახვა და უთხრა: მდიდარი არიბანტის ასული ვარ, სპილენძით განთქმული სიდონი არისო ჩემი სამშობლო. ყანიდან მომავალი ტაფოსელმა მეკობრეებმა შემიპყრეს, აქ ჩამომიყვანეს და აგერ, ამ სახლის პატრონს მიმყიდესო დიდ ფასად.
- თუ ასეა, წამოგვყევი სამშობლოში, - ურჩია კურომ, - არ გინდა, იხილო შენი ჭერმაღალი სახლი და საყვარელი დედ-მამა? ცოცხლები არიან ისინი და კვლავ განცხრომით ცხოვრობენ!
- წამოგყვებოდით, - უპასუხა ქალმა, - თუკი შემომფიცავთ, რომ გზაში არაფერს შემამთხვევთ.
მეზღვაურებმა შეჰფიცეს. ფიცის თქმა რა მოამთავრეს, ქალმა ასეთი რამ უთხრა თვისტომთ: - ახლა მისმინეთ! ამიერიდან არც ერთმა თქვენგანმა, სადაც უნდა მნახოთ, - გზაზე თუ წყაროზე, - არამც და არამც ხმა არ გამცეს, რომ არავინ დაგვასმინოს ჩემს პატრონთან. თორემ ეჭვს აიღებს ბერიკაცი. მე ხომ ბორკილებს დამადებს, არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღე. გულში დაიმარხეთ, რაც გითხარით, სიტყვა არ წამოგცდეთ. სავაჭრო საქმეს რა მოითავებთ და გამგზავრებას დააპირებთ, სასწრაფოდ შემატყობინეთ. ოქროულობას, რასაც მოვიხელთებ, თან წამოვიღებ და ჩემი წაყვანის საზღაურად ერთ კარგ საჩუქარსაც მოგართმევთ: პატრონის პატარა ვაჟი მყავს მობარებული, ცოცხალი და გონიერი ბავშვია, ხშირად დამყავს ხოლმე სასეირნოდ და იმას წამოვიყვან. სადაც უნდა გაჰყიდოთ, დიდ საფასურს აიღებთ! - ეს თქვა და წავიდა.
მთელი წელი დაჰყვეს ფინიკიელებმა ჩვენს კუნძულზე. კარგად ივაჭრეს და დიდი სარგებელიც ნახეს. წასვლის ჟამმა რა მოაწია, კაცი გამოგზავნეს სასახლეში. ცბიერმა ფინიკიელმა ძვირფასი ყელსაკიდი წამოიძღვანია. დედაჩემი და მონაქალები თვალდამშეულნი ათვალიერებდნენ და ხელით სინჯავდნენ ოქროს ძეწკვზე ასხმულ ქარვის მბზინვარე მძივებს. სწორედ ამ დროს წამ-უყო ჩვენს მხევალს ფინიკიელმა. ნიშანი რა მისცა, სასახლე დატოვა და თავისიანებს მიაშურა.
ქალმა ხელი ჩამკიდა და სასახლიდან უჩუმრად გამიყვანა. წინკარში რომ გავედით, ტაბლებზე ოქროს თასებს ჰკიდა თვალი. აქ ნადიმობდნენ ხოლმე მამაჩემის სტუმრები, რომლებიც ახლა საბჭოდ იყვნენ წასულნი. ქალმა ხელი დაავლო სამ ოქროს თასს და უბეში ჩაიმალა. მე კი - სულელი, უკანმოუხედავად წავყევი მას.
ამასობაში მზე ჩაესვენა და გზებზე ხშირბინდი ჩამოწვა. მალე მყუდრო ნავსადგურს მივაღწიეთ. იქ ფინიკიელთა სწრაფმავალი ხომალდი გველოდებოდა. საჩქაროდ აგვიყვანეს ხომალზე, ზევსის ზურგქარმაც დაბერა და გზას დავადექით. ექვსი დღეღამე შეუსვენებლივ მივცურავდით. მეშვიდე დღე რა გათენდა, მშვილდოსანმა არტემისმა ისრით განგმირა ის ქალი: საცოდავი თოლიასავით ჩავარდა ხომალდის ძირში. მეზღვაურებმა ამოიტანეს მისი გვამი და თევზებსა და ღალეოდებს გადაუგდეს საჭმელად. გულჯავრიანი და მოწყენილი მარტოდმარტო ვიჯექი ასე, ვიდრე ქარმა და ზღვის მოქცევამ ითაკის ნაპირს არ მიგვაყენა. აქ ლაერტემ მიყიდა. აი, როგორ მოვხვდი ითაკაზე, ჩემო კეთილო!
ევმეოსის თავგადასავალი რა მოისმინა, ოდისევსმა ასეთი სიტყვა უთხრა მასპინძელს: - გულს მომხვდა შენი ნაამბობი, ევმეოს! საწუთროს ბევრი უთრევიხარ, მაგრამ ღმერთებმა ტანჯვის წილ სიკეთეც გარგუნეს: კეთილშობილი და გულუხვი პატრონის ხელში მოხვედრილხარ. შენ რა გიჭირს, შენ ჩემი გასაჭირი თქვი: უგზო-უკვლოდ დავეხეტები ამ ქვეყანაზე უსახლკარო და მიუსაფარი.
ასე, ტკბილ საუბარში შეექცეოდნენ ღვინოს სტუმარ-მასპინძელი, ვიდრე რული არ მოერიათ. ბოლოს დაწვნენ, თუმცა დიდხანს არ უძინიათ - მალე ოქროსტახტოსანმა ეოსმაც გამოანათა.
ამასობაში კი ტელემაქემ ითაკას მიაღწია. აფრები დაუშვეს და ყურეში ნიჩბოსნებმა შეიყვანეს ხომალდი, ქვის ღუზა ჩაუშვეს და ბაგირით დააბეს ნაპირზე. მერე ხმელეთზე გადმოვიდნენ. ჭამადი მოიმზადეს და ლაგვინებში ღვინო გააზავეს. სმაჭამით გული რა იჯერეს, სიტყვა დაძრა ტელემაქემ: - ნიჩბოსანნო, ხომალდი ქალაქს მიიყვანეთ! მე მთაში მივდივარ, ჩემს მწყემსებს უნდა დავხედო. საქმეს რომ მოვრჩები, შეღამებულზე მეც ქალაქში გამოვბრუნდები. ხვალ კი, რაღაი მშვიდობით მოვაღწიეთ სამშობლოს, სანადიმოდ მოგიწვევთ და პურ-მარილით გადაგიხდით მადლობას!
ტელემაქეს ასე მიმართა მისანმა თეოკლიმენემ, რომელიც პილოსიდან დაემგზავრა მათ: - მე სადღა წავიდე, ტელემაქე? ფიცხელკლდოვანი ითაკის რომელიმე დიდებულს მივადგე კარზე თუ შენს სახლში ვესტუმრო დედაშენს?
- სხვა დროს პირდაპირ ჩემსა მიგიწვევდი, - მიუგო ტელემაქემ, - და საკადრისადაც გაგიმასპინძლდებოდა ჩემი სახლეული. ახლა კი უჩემოდ არ გირჩევ ჩვენთან სტუმრობას: დედაჩემს მაინც ვერ ნახავ, ერთთავად ბეჭსახეხელს უზის სანთიობოში და სასიძოებსაც იშვიათად ეჩვენება. მაგრამ გეტყვი, ვისთან მიხვიდე: პოლიბოსის კეთილშობილ ძეს - ევრილოქეს ეწვიე. ითაკელთა შორის ღვთისდარი პატივი აქვს მოხვეჭილი და ღირსებით ყველა სასიძოში გამოირჩევა. დედოფლის შერთვაც მას სწადია ყველაზე მეტად, თუმცაღა ერთადერთმა კრონიონმა უწყის, გაუთენდებათ თუ არა ქორწილის დღე.
ის-ის იყო დაასრულა სიტყვა, რომ ცაში მხარმარჯვნივ აპოლონის ფრთამალი მაცნე - შევარდენი გამოჩნდა, კლანჭებში ქედანი ეჭირა და ბდღვნიდა. ქედნის ბუმბული ტელემაქესა და ხომალდს შუა ჩამოდიოდა. თეოკლიმენემ განზე გაიხმო ოდისევსის ძე, მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა: - ამაოდ არ გამოჩენილა ეს შევარდენი, ტელემაქე, ღვთის ხელი ურევია ამ საქმეში! შევხედე თუ არა, მყისვე მეცნაურა აპოლონის ფრთამალი მაცნე. იცოდე, ითაკელ ბასილევსთა შორის უსაჩინოესია თქვენი გვარი, ამ კუნძულზე მარად იხელმწიფებს იგი!
- ო, თეოკლიმენე, - შესძახა ტელემაქემ, - ნეტამც ახდებოდეს შენი მისნობა! ძმასავით შეგიტკბობდი და ჩემგან დოვლათით ავსებული, უბედნიერეს კაცად შეირაცხებოდი!
ახლა პირეოსს მიუბრუნდა გახარებული ტელემაქე: - ჩემო ერთგულო კლიტიოსის ძევ, შენ ხომ მუდამ მხარში მედექ და უსიტყვოდ მემორჩილებოდი პილოსში მგზავრობისას, კიდევ მოისხი ჩემი მადლი, ეს კაცი შინ მიიწვიე და ჩემს მოსვლამდი საკადრისი პატივი ეცი!
შუბოსნობით განთქმულმა პირეოსმა უპასუხა: - რამდენ ხანსაც უნდა დაყოვნდე, ჩემო ტელემაქე, შენს სტუმარს არაფერი მოაკლდება ჩემს სახლში!
ეს რა თქვა, ხომალდზე ავიდა პირეოსი. თანამგზავრებს უბრძანა, ბაგირი აეხსნათ და სანიჩბო რიკულებს მისხდომოდნენ. შემდგომ ამისა ქალაქისაკენ დაძრა ხომალდი. ტელემაქემ კი ხამლი გამოიცვალა, სპილენძის წვერმახი შუბი ხელთ იპყრა და ევმეოსისაკენ მიმავალ მთის ბილიკს დაადგა.
XVI. მამა-შვილის შეყრა
დილაადრიან ოდისევსმა და კეთილშობილმა მეღორემ ქოხში ცეცხლი დაანთეს და ჭამადი მოამზადეს. ის-ის იყო მწყემსებმა ღორის კოლტი გაირეკეს, რომ ტელემაქეც მოადგა ჭიშკარს. ძაღლები კუდის ქიცინით შემოეხვივნენ მოსულს. ფეხის ხმა რა შემოესმა, ოდისევსმა ასე მიმართა მეღორეს: - გესმის, ევმეოს! ვიღაც შინაური გეწვია, ერთხელაც არ დაუყეფიათ ძაღლებს.
ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ქოხის კარში მისი სანატრელი ძე, ტელემაქე გამოჩნდა. ადგილიდან წამოიჭრა განცვიფრებული ევმეოსი. ლაგვინი, რომელშიც წითელ ღვინოს აზავებდა, ხელიდან გაუვარდა. მეტი სიხარულისგან ელდანაცემი მოხუცი გადაეხვია ტელემაქეს, შუბლი, თვალები და ხელები დაუკოცნა. თითქოს ერთადერთი, სიბერეში შეძენილი, ათი წლის უნახავი შვილი დაუბრუნდაო, ისე გულმხურვალედ ეხვეოდა და კოცნიდა თვალცრემლიანი ევმეოსი პირმშვენიერ ჭაბუკს.
- ჩემო ტკბილო ტელემაქე, ჩემო თვალისჩინო! ჩამომიხველ განა? აღარც კი მეგონა, თუ პილოსიდან მშვიდობით მობრუნებულს გნახავდი. ჩემო შვილო, გამაძღე შენი ყურებით! იშვიათად გვესტუმრები ხოლმე მწყემსებს ჩვენს ღარიბულ ქოხში. ერთთავად ქალაქში ხარ და იმ აბეზარ სასიძოებში ტრიალებ.
ტელემაქემ ასე უპასუხა კეთილშობილ მეღორეს: - შენს სანახავად გამოვეშურე აქეთ, ბიძაჩემო! გამაგებინე, ჩემო ერთგულო, ჯერ კიდევ შინ არის დედაჩემი თუ ახალმა ქმარმა წაიყვანა უკვე? ვაითუ დაცარიელდა ოდისევსის სარეცელი და აბლაბუდამ დაფარა!
- არა, ჩემო კარგო, შინ არის ქმრის ერთგული დედაშენი, დღენიადაგ ტირის და უძილო ღამეებს თეთრად ათენებს.
ეს უთხრა ევმეოსმა და სპილენძისბუნიკიანი შუბი ჩამოართვა. ტელემაქემ ქვის ზღურბლს გადმოაბიჯა და ქოხში შემოვიდა. შემოსულს ფეხზე წამოუდგა ოდისევსი.
- იჯექ, სტუმარო! - მიმართა ტელემაქემ, - ადგილს მე თვითონ მოვნახავ ამ ქოხში. ჩვენი მასპინძელი არაფერს მომაკლებს.
ოდისევსი დაჯდა. მეღორემ ჟვერზე ცხვრის ტყავი დაუფინა და ზედ დასვა ოდისევსის ძვირფასი შვილი. წინ ტაბლა დაუდგა, ხახალით პური და წუხანდელი ვახშმიდან გადარჩენილი მწვადი მიართვა. მერე კათხა თაფლა-ღვინით აუვსო და ოდისევსის გვერდით ჩამოჯდა. სმა-ჭამით გული რა იჯერეს, ტელემაქემ მეღორეს ჰკითხა: - სადაურია ეს შენი სტუმარი, ევმეოს? ვისი ხომალდით მოადგა ჩვენს ნაპირს? ფეხით ხომ ვერ მოვიდოდა ზღვით გარემოცულ ითაკაზე?
მწყემსთა წინამძღოლმა უპასუხა: - ყველაფერს გეტყვი, შვილო: კრეტელი წარჩინებული ვარო, ასე მითხრა. მრავალი ქვეყანა მოუვლია და ბევრი უცხო ტომი უნახავს, დაიმონისგან ასეთი ხვედრი რგებია წილად. ამას წინ თესპროტების ხომალდიდან გამოქცეულა და ჩემს ქოხში აფარებს თავს. ახლა შენ გაბარებ ამ კაცს, შეივრდომე და ეპატრონე - თავადაც ამის მახვეწარია!
გონიერმა ტელემაქემ მიუგო: - გული მომიკალი მაგ სიტყვით, ჩემო ევმეოს! ხელმეწიფება განა სტუმრის მიღება საკუთარ სახლში? იმედი არა მაქვს ჩემი მარჯვენისა, რომ შეურაცხყოფისგან დავიცვა იგი. საბრალო დედაჩემსაც ვერ გადაუწყვეტია საბოლოოდ, სახლს უპატრონოს და ქმრის სარეცელს უერთგულოს, რომ ხალხის ყბაში არ ჩავარდეს, თუ ცოლად გაჰყვეს რომელიმე აქაველს, ვინც ღირსებისა და ურვადის სიუხვით სხვებზე აღმატებული იქნება. შენთანვე დარჩეს ეს კაცი, ევმეოს. მე ჩემდათავად მოსასხამსა და ქიტონს გამოვუგზავნი, ახალი კაბით შევმოსავ, ხამლებს ვაჩუქებ და ორლესულ მახვილს დავკიდებ, მერე კი იმ მხარეს გავისტუმრებ, საითაც მიუწევს გული. მე შევინახავ შენთან სტუმრებულს, რომ მწყემსებს კისერზე არ დაგაწვეთ. არ მინდა სასიძოებს ჩავუგდო ხელში: თავხედნი და ამპარტავანნი არიან. მეშინია, უკადრი სიტყვა არ აკადრონ და მასხრად არ აიგდონ. ჩემით ვერაფერს გავაწყობ მათთან. ხომ იცი, რაც უნდა ძლიერი იყოს, მაინც უძლურია მარტოკაცი მრავალთა წინაშე!
აქ სიტყვა დაძრა მრავალჭირნახულმა ოდისევსმა: - ყურს თუ მათხოვებთ, მეც ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას: გული ამიმღვრია ოდისევსის სახლში დატრიალებულმა უკუღმართობამ. ეს მითხარ, ჭაბუკო, შენი სურვილით დაჰყევ მათ ნებას თუ ღმერთების შთაგონებით მოგიძულა ერმა? ან იქნებ ძმები განგიდგნენ და ჭირში მარტო დაგტოვეს? შენებრ ჯან-ღონით სავსე ჭაბუკი რომ ვიყო, კაცობას ვფიცავ, შავ დღეს გავუთენებდი მათ. იმ სახელგანთქმული ოდისევსის შვილი ან თავად ოდისევსი რომ ვყოფილიყავ შინმობრუნებული, ერთიანად შევმუსრავდი ყველას! გუნდ-გუნდად რომ დამსეოდნენ მარტოხელას და დავეჯაბნე, მაინც სიკვდილს ვარჩევდი ჩემსავე სახლში, ოღონდ არ მეყურებინა, თუ როგორ შეურაცხყოფენ ჩემს სახლეულსა და სტუმრებს, როგორ ჭამენ და აპარტახებენ ჩემს სარჩო-საბადებელს!
ასე უპასუხა სტუმარს გონიერმა ტელემაქემ: - არა, უცხოელო, არც ერს მოვძულებივარ და არც ძმებს მივუტოვებივარ, რაკი ძმები არცა მყოლია არასოდეს. მხოლოდშობილნი ვართ არკესიანთა ნაშიერნი. მხოლოდშობილია პაპაჩემი ლაერტე, მამაჩემიც, ოდისევსი ერთადერთი ძეა მამამისისა და მეც დედისერთა ვარ. ოდისევსმა მარტოდმარტო დამტოვა სახლში და ოჯახის შემაჭირვებელნიც გაგვიმრავლდნენ. ყველა წარჩინებული, ვინც კი გარშემო კუნძულებზე ბატონობს - დულიქიონელნი, სამეელნი, ტყიანი ზაკინთოსის მთავარნი და თვით კლდოვანი ითაკის განმგებელნიც კი დედაჩემის ცოლად წაყვანას ესწრაფვიან და დღენიადაგ აჩანაგებენ მამიჩემის ქონებას. ხოლო დედაჩემს ვერ უარუყვია ეს საძულველი ქორწინება და ვერც სასიძოების უტიფრობა აულაგმავს. ისინი კი ანადგურებენ ჩემს სახლ-კარს და ალბათ მალე მეც ბოლოს მომიღებენ! მარადიული ღმერთების კალთაში ძევს მოკვდავთა ხვედრი!.. შენ, ევმეოს, საჩქაროდ ქალაქს მიაშურე და დედაჩემს, პენელოპეს ახარე ჩემი მშვიდობით დაბრუნება პილოსიდან. მხოლოდ მას ამცნე ეს ამბავი, აქაველთაგან არავინ შეიტყოს. ბევრი მტერი მყავს და ჩემს დაღუპვას განიზრახავენ.
ერთგულმა მეღორემ მიუგო: - ამას რად მეტყვი, ჩემო ტელემაქე, ისედაც ვიცი, სიფხიზლე რომ მმართებს. ახლა ეს მიბრძანე, ლაერტესთან ხომ არ შემევლო და შემეტყობინებინა შენი ჩამოსვლის ამბავი? დარდმა მოიქვეიშა ბედშავი ლაერტე. შვილის ჯავრით გულგასენილი ადრე ვენახში მაინც დადიოდა და თუ გული გაუხალისდებოდა, მონებთან ერთად სამხრობდა კიდეც. ხოლო მას შემდეგ, რაც შენ პილოსს გაემგზავრე, პირში ლუკმა აღარ ჩაუდევს, ვენახში მუშაობაზე გული აიყარა და დღემუდამ ტირის. ამბობენ, ცარიელი ძვალი და ტყავიაო.
- მებრალება ბედშავი ლაერტე, მაგრამ რა გაეწყობა. - თქვა ტელემაქემ. - კაცის ნებაზე რომ იყოს არჩევანი, უმალ მამაჩემის დაბრუნებას ვინატრებდი. გზას ნუ გაიმრუდებ, ევმეოს. ამბავს რა მიუტან პენელოპეს, მაშინვე უკან გამობრუნდი. ლაერტესთან კი დედაჩემმა სასწრაფოდ გაგზავნოს მეკუჭნავე ქალი.
ევმეოსმა ხამლით შეიმოსა ფეხი და ქალაქისკენ გასწია. ამას ელოდა თვალსხივოსანი ათინა: როგორც კი მეღორე ეზოს გასცილდა, ჭიშკართან მოდგა და ტანსრული, ლამაზი ქალის სახით გამოეცხადა ოდისევსს. ტელემაქეს არაფერი დაუნახავს, რადგან ყველას არ ეცხადებიან თვალნათლივ ღმერთები. მხოლოდ ოდისევსმა და ევმეოსის ძაღლებმა დაინახეს ქალღმერთი. დამფრთხალი ძაღლები წკავწკავით გაიძურწნენ ეზოდან. ათინამ წარბის აზიდვით მოიხმო ოდისევსი და ასეთი სიტყვა უთხრა: - ეჰა, მრავალნაცადო, ღვთისნასახო ლაერტეს ძევ! კმარა თავის მალვა! დროა, გაენდო შენს ძეს, ტელემაქეს. ერთობლივ განსაჯეთ მამა-შვილმა, როგორ მოუღოთ ბოლო სასიძოებს. ორივენი ქალაქს გაემართეთ. მეც მალე გავჩნდები თქვენთან და ბრძოლაში შემოგეშველებით.
ეს უთხრა ათინამ და მხარზე ოქროს კვერთხი დაჰკრა: მეყსეულად ჭაბუკური იერით შეიმოსა ოდისევსი, კვლავ შავგვრემანი გახდა და შავი წვერ-ულვაშით დაუმშვენდა პირი, დაღარული სახე გადაეტკიცა. ქალღმერთმა ახალთახალი ქიტონი ჩააცვა და მხრებზე მოსასხამი მოახურა. ათინასაგან ფერშეცვლილი ოდისევსი შებრუნდა ქოხში. ელდანაკრავმა ტელემაქემ თვალი ვერ გაუსწორა ოდისევსს. შეშინებულმა ეს გაიფიქრა, ღმერთი ვინმე ხომ არ მომევლინაო.
- რამ შეგცვალა, უცხოელო? წეღან სხვა იყავ, ახლა კი სხვაგვარი მეჩვენები! ახალი სამოსელი შეგიმოსავს და სახეზეც უცხო ფერი გადევს. ალბათ ცაში მობინადრე რომელიმე ღმერთთაგანი ხარ. მაშ, გულმოწყალე იყავ ჩვენდა მომართ! სანაცვლოდ წმინდა მსხვერპლს შემოგწირავთ და ოქროს საჭურჭლეს მოგიძღვნით. ჰე, ღმერთო, ვინც უნდა იყო, შეგვიბრალე ჩვენ!
მრავალჭირნახულმა ოდისევსმა მიუგო: - ღმერთი რად ვიქნები, რით მიმამსგავსე ცის ბინადართ? მამაშენი ვარ - ოდისევსი, ვის გამოც ჭირის დღე გადგას და გარეშეთა ძალადობას ითმენ.
ასე უთხრა, შვილს მოეხვია და აკოცა. ღვარად წასკდა თვალებიდან ცრემლი, აქამდე ძლივს რომ იკავებდა. მაგრამ ტელემაქეს ვერ დაეჯერებინა, რომ ეს კაცი მამამისი იყო: - ვერა, ვერ დავიჯერებ შენს ოდისევსობას! რომელიღაც ავი დაიმონი მაცდუნებს ალბათ, რათა შემდეგ უფრო მწარედ ამატიროს. როგორ შეიძლებდა მოკვდავი კაცი ნებისაებრ ფერისცვალებას? მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება, ჭაბუკი ბერად აქციოს და ბერიკაცი ჭაბუკად. ეს წუთია, ძონძებში გახვეული მოხუცი იყავ, ახლა კი ცის ბინადარ ღმერთებს დამსგავსებიხარ!
- ო, ტელემაქე, შვილო ჩემო, ნურც დაეჭვდები და ნურც გაიკვირვებ, რომ შენ წინაშე მამაშენი დგას. სხვა ოდისევსი არასოდეს დაგიბრუნდებათ. მე ვარ ის მრავალტანჯული და ჭირთამთმენი კაცი, ოცი წლის ხეტიალის შემდეგ რომ მოადგა სამშობლო ნაპირს. ნუ-მეთქი, ნუ დაგაეჭვებს, რომ წეღანდელი ბერიკაცი აწ ჭაბუკად გამოგეცხადე, ეს ჩემი მწყალობელი ათინას საქმეა. მას ხომ ყოველივე ხელეწიფება: დაკნინებულს წამისყოფით განადიდებს, ხოლო განდიდებულს დააკნინებს.
ეს თქვა და დაჯდა ოდისევსი. გულშეძრული ტელემაქე გადაეხვია მამას. ორთავეს ღაპაღუპით სდიოდათ ცრემლები. ისხდნენ და გულამოსკვნით ტიროდნენ ისე, როგორც ბარტყებწაგვრილი ზღვის არწივი ტირის ხოლმე. მზის მიდრეკამდის იტირებდნენ გულამომჯდარნი, რომ ტელემაქეს არ ეკითხა მამისათვის: - ვისი ხომალდით ჩამოხვედი, მამაჩემო, ითაკას? ფეხით ხომ არ მოადგებოდი ზღვით გარემოცულ კუნძულს?
მრავალჭირთამთმენმა ოდისევსმა ასე უთხრა: - ყველაფერს მოგიყვები, შვილო. ზღვაზე გზადაკარგულთა შემწე, ნიჩბოსნობით სახელგანთქმულმა ფეაკელებმა მომიყვანეს აქ. თან დიდძალი საბოძვარი გამომატანეს და მძინარე გადმომსვეს მშობლიურ მიწაზე. ფორკინის მღვიმეში მაქვს გადამალული ეს საჭურჭლე - ოქროვერცხლი, ბრინჯაო და ძვირფასი სამოსელი. მერე ათინას შეგონებით მთაში ამოვედი, რომ ერთად მოვითათბიროთ, როგორ გავუსწორდეთ სასიძოებს. ახლა სათითაოდ ჩამომითვალე ისინი. მინდა ვიცოდე რა ხალხია და რამდენი არიან. გავბჭოთ და გადავწყვიტოთ, რა აჯობებს, ჩვენ ორნი შევებათ თუ სხვებსაც მოვუხმოთ დასახმარებლად.
ტელემაქემ უპასუხა: - გაგონილი მაქვს, მამაჩემო, ომშიგან შენი სიქველე და სიმამაცე. მაგრამ მაოცებს აწ შენი ეგზომი შეუპოვრობა. ორნი რას გავხდებით სიმრავლით აღმატებულ მტერთან? არც ათნი არიან და არც ოცნი, არამედ მრავლის უმრავლესნი. მარტო დულიქიონიდან ორმოცდათორმეტი რჩეული ჭაბუკია ჩამოსული ექვსი მონითურთ. სამედან - ოცდაოთხი აქაველი ვაჟკაცი, ხოლო ზაკინთოსიდან - ოცი. მათვე უდგას მხარში თორმეტი წარჩინებული ითაკელი. ყველა ამათ კიდევ ოთხი ჩვენებური კაცი ემსახურება: მანდატური მედონტი, ღვთაებრივი აედი ფემიოსი და ორიც დიდოსტატი მზარეული. მარტონი თუ შევებმებით, ვეჭვ, ცოცხალნი გადავურჩეთ ამ შემოტევას. უმჯობესია, მაშველს მოვუხმოთ, თუკი საიმედო ხალხი გეგულება სადმე.
ჭირში მედგარმა ოდისევსმა მიუგო: - გეტყვი და განსაჯე: განა დაგვჭირდება სხვა მშველელი, უკეთუ თავად ზევსი და ათინა ამოგვიდგებიან მხარში?
გონიერმა ტელემაქემ უპასუხა: - ჭეშმარიტს იტყვი, მამაჩემო! თუმცა კი შორეულ ზესკნელში სხედან, მათი ხელმწიფება სწორად ეფინება უკვდავთა და მოკვდავთ!
მაშინ ეს უთხრა მრავალნაცადმა ოდისევსმა ტელემაქეს: - იცოდე, როგორც კი არესის რისხვა დატრიალდება ჩემი სასახლის დარბაზში, ღმერთებიც აღარ დააყოვნებენ და შემოგვეშველებიან. ახლა ყურადიღე, რასაც გეტყვი: უთენია ქალაქში წახვალ და სასიძოებში გაერევი. მოგვიანებით მე და ევმეოსი ჩამოვალთ ქალაქს. მე ისევ მათხოვრის ძონძები მეცმევა. დაიხსომე: რაც უნდა შეურაცხმყონ, ფეხითაც რომ გამათრიონ დარბაზიდან ან შუბის ტარი მირტყან, ნურაფერს შეიმჩნევ, გულისწყრომა დაიოკე და მორიდებული სიტყვით სასიძოებს ხელი ააღებინე უმსგავს საქციელზე. თუმცა წერაატანილნი აღარ შეისმენენ შენს სიტყვას. ერთსაც გეტყვი და გულს დაიმარხე: როგორც კი ათინასგან შთაგონებულ ნიშანს მოგცემ, კედლიდან ჩამოხსენი საომარი საჭურველი და უკლებლივ ქორედში გადამალე. თუ გკითხეს, ეს რად ჰქენიო, მოკრძალებული სიტყვით დააშოშმინე: მას შემდეგ, რაც ოდისევსი სალაშქროდ წავიდა, ჭვარტლით გაიმურა და წახდა-თქო იარაღი. ამას გარდა, ასე შთამაგონა-თქო კრონიონმა: ვაითუ შემთვრალნი ერთურთს წაეკიდოთ, იარაღზე ხელი წაგიცდეთ და ეს ნიშნობის სუფრა სისხლით შესვაროთ, რადგან გახელებული მამრის მარჯვენას მისდა უნებურად იზიდავს-თქო მახვილი. მხოლოდ ჩვენთვის დატოვებ ორ-ორ მახვილს, შუბსა და ფარს. რაც შეეხება სასიძოებს, გონებას დაუბნელებენ მათ შორს მაცქერალი ზევსი და თვალსხივოსანი ათინა.
კიდევ გეტყვი და კარგად დაიხსომე: თუკი ჩემი სისხლი გიდუღს ძარღვებში, არამც და არამც არ გაამხილო ჩემი დაბრუნების ამბავი. არც ლაერტესთან, არც მეღორე ევმეოსთან და თავად პენელოპესთანაც არ დაგცდეს სიტყვა. ჩვენ ორმა უნდა გამოვცადოთ იდუმალ მონები, მწყემსები და ხელშინაურნი, რომ ვიცოდეთ - ვძულვართ თუ ვუყვარვართ, შიში აქვთ ჩვენი თუ არაფრად გვაგდებენ.
სახელოვანმა ტელემაქემ კვლავ შეაგება სიტყვა ოდისევსს: - მალე დაინახავ, მამაჩემო, რომ სულმოკლე არა ვარ და არც გულის სიმტკიცე მაკლია! მაგრამ რას გვარგებს მინდვრებსა და სამწყესურში ხალხის თვალთვალი? დროს ფუჭად დავკარგავთ. ამასობაში უფრო მეტად გაგვიპარტახებენ ქონებას სასიძოები. ხელშინაური ქალების გამოცდა ადვილი საქმეა, ხოლო მწყემსებსა და მეველეებს ზევსის წყალობით მერეც მოვუვლით!
ასე უზიარებდნენ მამა-შვილი ერთმანეთს გულისნადებს.
ამ დროს კი ხომალდი, რომელმაც ტელემაქე პილოსიდან ჩამოიყვანა, ითაკის მყუდრო ნავსადგურს მოადგა. ნიჩბოსნებმა ხომალდი ნაპირზე აათრიეს, აღკაზმულობა ჩამოხსნეს და მენელაოსისაგან გამოტანებული ძვირფასი ძღვენი კლიტიოსისას გაგზავნეს. ოდისევსის სახლში კი მაცნე აფრინეს, რომ პენელოპესთვის ეხარებინათ ტელემაქეს მშვიდობით დაბრუნება: შენმა ძემ ხომალდი ქალაქში გამოისტუმრა, თავად კი მწყემსებთან მთაში წავიდაო.
გზაში ერთმანეთს შეხვდნენ ერთი და იმავე ამბის მახარობელნი - ევმეოსი და ის მაცნე. სასახლეში რა შევიდნენ, ნიჩბოსანთა მაცნე მიეახლა დედოფალს და ყველას გასაგონად მოახსენა: დაგიბრუნდაო, დედოფალო, შენი საყვარელი ძე! ერთგულმა მეღორემ კი ყურში უჩურჩულა პენელოპეს შვილის დანაბარები. შემდეგ დატოვა სასახლის კარ-მიდამო და პირობისამებრ უკანვე, მთაში გაბრუნდა.
არ ეპრიანათ სასიძოებს ეს ამბავი, ეზოდან გავიდნენ და დაღონებულნი კარიბჭესთან დასხდნენ. აქ ასე მიმართა თანამდგომთ ევრიმაქემ, პოლიბოსის ძემ: - დიდად უმარჯვნია ტელემაქეს, მეგობრებო! ვინ იფიქრებდა ამ საქმეს? ხომალდი უნდა გავგზავნოთ სამეს სრუტეში ჩასაფრებულებთან. უკან გამობრუნდნენ, ნუღარ დაშვრებიან ამაო ლოდინით!
სიტყვა არ დაესრულებინა ევრიმაქეს, რომ ამფინომოსმა თვალი მოჰკრა ნავსადგურში შემოსულ ხომალდს. ზღვაოსნებს უკვე ჩამოეხსნათ აფრები, ხოლო ნიჩბები ხელში ეჭირთ. ამფინომოსმა სიცილით შესძახა მეგობრებს: - თავს ნუღა შეიწუხებთ, ეს-ესაა მობრუნდნენ ჩვენები. ალბათ რომელიღაც ღმერთმა ამცნო მათ ეს ამბავი, ან იქნებ შორიახლოს ჩაუარა მათ ტელემაქეს ხომალდმა, დაედევნენ და ვეღარ მიეწივნენ.
ამ სიტყვაზე სასიძოები წამოიშალნენ და ზღვის ნაპირისკენ გაემართნენ თანამზრახველთა შესაგებებლად. ხომალდი ხმელეთზე ამოათრიეს, საჭურველი გადმოზიდეს და აღკაზმულობა ჩამოხსნეს. მერე მოედანზე მოჯარდნენ სათათბიროდ, უცხო არავინ გაიკარეს, არც ბერი, არც ჭაბუკი. ასე დაიწყო სიტყვა ანტინოემ, ევპეითოსის ძემ: - ეს რა დაგვემართა? როგორ დაგვისხლტა ხელიდან ტელემაქე? დღისით მზირები გვეყენა მთის წვერზე, ღამღამობით კი ზღვაში გავდიოდით და ეოსის გამოჩენამდე ველოდით ტელემაქეს ხომალდს.
ალბათ რომელიღაც დაიმონმა უგრძნეულად გაიყვანა სამშვიდობოს! ახლა იმაზე ვიფიქროთ, აქ რა ვიღონოთ, რომ ხელიდან არ წაგვივიდეს. იცოდეთ, სანამ ცოცხალია ტელემაქე, ჩვენს საქმეს გამარჯვება არ უწერია. ყმაწვილი აღარაა, ჭკუაში ჩავარდა და გზიანი სიტყვაც მოუდის. მაშ, ვიჩქაროთ, სანამ საფიხვნოზე აქაველნი არ შეგვიყარა და არ გაგვამხილა, მისი მოკვლა რომ გვინდოდა. ისედაც ავი თვალით გვიყურებენ თვისტომნი. ეს ამბავი თუ გაგვიგეს, კუნძულიდან გაგვაძევებენ და ვაითუ, უცხოთა კარზე მოგვიხდეს ცხოვრება! მოდი, ასე ვქნათ, სადმე მთის ბილიკზე ან მინდვრად დავუხვდეთ ტელემაქეს და მოვკლათ, მისი ქონება თანაბრად გავინაწილოთ. სახლი კი პენელოპეს და იმას მივაკუთვნოთ, ვისაც ქმრად შეირთავს დედოფალი. უკეთუ ჭკუაში არ გიჯდებათ ეს რჩევა, ცოცხალი გინდათ დატოვოთ და მამეული ქონებაც დაუტოვოთ, მაშინ მოვეშვათ მის სახლში ნადიმობას, დავიშალნეთ და ყველამ ცალცალკე გამოუგზავნოს გულისმოსაგები ურვადი პენელოპეს. დაე, იმას გაჰყვეს, ვინც მეტს გაიღებს და ვისაც ბედად უწერია მისი ქმრობა.
ანტინოეს სიტყვაზე ენა ჩაუვარდათ შეკრებილთ. მაშინ წამოდგა ამფინომოსი, არეთიანთ ხელმწიფის შვილი, ნისეს სახელოვანი ძე, რომელიც პურითა და საძოვრებით განთქმული დულიქიონიდან ჩამოსულ სასიძოებს წინამძღვარობდა. ტკბილგონიერი სიტყვით მას ხშირად მოუგია პენელოპეს გული. ამფინომოსმა ასე გაბრჭო: - მე ჩემდათავად ხელი ამიღია ტელემაქეს მოკვლაზე. მკრეხელობაა ბასილევსიანთ ნაშიერის მოკვდინება! ჯერ მაღალ ღმერთებს დავეკითხოთ: უკეთუ ზევსის ნება იქნება, პირველი მე აღვმართავ ხელს და სხვებსაც წავაქეზებ ამ საქმეზე. ხოლო თუ ღმერთები დაგვიშლიან, გირჩევთ, უბრალოდ არ დაღვაროთ სისხლი!
მოუწონეს ამფინომოსს სიტყვა, წამოიშალნენ და ოდისევსის სასახლეს მიაშურეს. დარბაზში შესული გარანდულ საკარცხულებსა და სკამებზე დასხდნენ.
ამ დროს პენელოპეს აზრად მოუვიდა, სანთიობოდან ჩამოსულიყო და სასიძოებისთვის დაეხედნა, რაკი მედონტს უკვე ეცნობებინა მისთვის სასიძოთა ბოროტი განზრახვა. შიმუნვარების თანხლებით გამოჩნდა იგი დარბაზში, მკვიდრად აღმართულ დედაბოძთან შედგა, პირს ოქრორიდე მოიფარა და ასე შეუწყრა ანტინოეს: - გრცხვენოდეს, ანტინოე! ქვებუდანი და მუხთალი ხარ, თუმცა ითაკელებს ჭკუაგონებით გამორჩეული ჰგონიხარ! გონი შეგშლია, თუ ტელემაქეს სიკვდილს იზრახავ. რას ემართლები ჩემს ძეს? ან იქნებ გგონია, უმწეოდ მიატოვებს ზევსი თავის მავედრებელთ? დაგავიწყდა განა, რომ ამ ჭერქვეშ შეაფარა თავი თვისტომთაგან ოტებულმა მამაშენმა? ევპეითოსი მაშინ ტაფოსელ მეკობრეებს შეეკრა, რომლებმაც დიდად დააზარალეს ჩვენი მოკეთე თესპროტელები. მოკვდინებას უპირებდნენ ითაკელნი მამაშენს და თქვენი საბადებლის იავარყოფა ეწადათ, მაგრამ ოდისევსმა დააშოშმინა გაცოფებულნი და უკანვე გააბრუნა, შენ კი იმის სახლს აჩანაგებ, ვინც სიკვდილისაგან იხსნა მამაშენი, მისი მემკვიდრის მოკვლა გინდა და მისი მეუღლის ცოლად დასმა. გონს მოდი, უბედურო, და სხვებიც გონს მოიყვანე!
პირგამეხებულ დედოფალს ცბიერი სიტყვა შეაგება ევრიმაქე პოლიბოსის ძემ: - იკარიოსის სახელოვანო ასულო, პენელოპე! შვილის ჯავრი ნუ გექნება. ვიდრე ცოცხალი ვარ და მზეს ვუყურებ, ძეხორციელი ვერას ავნებს შენს ტელემაქეს! სიტყვას გაძლევ, უმალ ჩემს შუბზე წამოეგება ის კაცი, ვინც მის ხელყოფას გაბედავს. ქალაქთა მმუსვრელი ოდისევსი არ იყო, რომ ბალღს მუხლებზე დამისვამდა ხოლმე და თავის ხელით მაჭმევდა და მასმევდა? ამიტომ გულით მიყვარს ტელემაქე და არც არავის მივცემ სასიკვდილოდ. მაგრამ ვინ გაექცევა ღმერთებისგან დაწერილ სიკვდილს?!
ასე აიმედებდა დედოფალს, გულში კი ავი ჰქონდა განზრახული. კვლავ შუქნათელ სანთიობოს მიაშურა პენელოპემ. იქ დიდხანს ტიროდა ქმარზე, ვიდრე თვალსხივოსანმა ათინამ ტკბილი ძილით არ დაუმძიმა ქუთუთოები.
საღამო ხანისათვის ქოხში დაბრუნდა ერთგული მეღორე. ოდისევსსა და ტელემაქეს ბურვაკი დაეკლათ და ვახშამს ამზადებდნენ. ათინამ კვერთხი დაჰკრა და კვლავ საპყარ მოხუცად აქცია ლაერტეს ძე, რომ ევმეოსს არ ეცნო იგი და იმწამსვე პენელოპესთან არ გაქცეულიყო სახარებლად. პირველი ტელემაქე შეესიტყვა მეღორეს: - რას მეტყვი, ევმეოს, რა ამბავია ქალაქში? რა ჰქნეს სასიძოებმა, ისევ საფარში სხედან და მე მელოდებიან თუ სასახლეში არიან უკვე?
ერთგულმა მეღორემ მიუგო: - არც კი მიფიქრია ამის გაგება, ჩემო კეთილო. ერთი სული მქონდა, დანაბარები მიმეტანა დედაშენთან და სწრაფადვე უკან გამოვბრუნებულიყავ. ოღონდ, ქალაქში რომ მივდიოდი, გზად შენი ხომალდიდან გამოგზავნილ მაცნეს შევეყარე. იმან ამცნო პირველად დედოფალს შენი მოსვლის ამბავი. ერთ რამესაც გეტყვი, ქალაქს რომ გამოვცილდი და ჰერმესის გორაკს შევუყევი, ჩემი თვალით დავინახე, ხალხითა და ფარ-შუბებით სავსე ხომალდი შემოდიოდა ჩვენს ნავსადგურში. ვიფიქრე, ისინი ხომ არ არიან-მეთქი!
ამ სიტყვაზე, ევმეოსის უჩუმრად, ტელემაქემ ღიმილით გადახედა მამას. მალე მწყემსებიც დაბრუნდნენ და ერთობლივ შეუდგნენ ვახშმობას. ყველამ თავისი არჩივი მიიღო. სმა-ჭამით გული რა იჯერეს, იქვე მიწვნენ და ტკბილად მიიძინეს.
XVII. ქალაქისაკენ
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა, ტელემაქემ, ღვთისდარი ოდისევსის ძემ, მშვენიერი ხამლით შეიმოსა ფეხი, მარჯვედ მოიგდო ხელში წვერმახი შუბი და გზას დამდგარმა ასე მიმართა ევმეოსს: - მე ქალაქს მივდივარ, ბიძაჩემო! დედაჩემს უნდა ვეჩვენო, თორემ, ხომ იცი, სანამ არ მნახავს, თვალებს დაივსებს ტირილით. ამ საწყალობელ მოხუცს შენ გაბარებ. ქალაქში ჩაიყვანე, თვითონ დაირჩინოს თავი მათხოვრობით: ლუკმაპურსა და ღვინოს არავინ დაუკავებს. ყველას ვერ გავწვდები, ჩემი გასაჭირიც მეყოფა. განაწყენდება და მისთვისვე იქნება უარესი. პირდაპირი სიტყვა და პირში თქმა მიყვარს.
- მე თავადაც არ მინდა აქ დარჩენა, ჩემო მწყალობელო, - მიუგო ოდისევსმა, - ჩემისთანა ბერიკაცისათვის ქალაქში ყოფნა უპრიანია: მათხოვრობითაც იოლას გავალ. აქ კისერზე გაწევართ, ვერც შინ გადგებით და ვერც გარეთ. შენ წადი, ეს კაცი შენი ბრძანებისამებრ ჩამომიყვანს ქალაქში. ცოტას კიდევ მივეფიცხები ცეცხლს და ჩვენც წამოვალთ, - სამოსი არ მივარგა და დილის სუსხი ძვალ-რბილში მატანს.
შურისგებით გულავსილი ტელემაქე ქალაქს გაემართა. კეთილნაგებ სასახლეს რა მიადგა, სპილენძის ბუნიკიანი შუბი კარის სვეტზე მიაყუდა, ქვის ზღურბლს გადააბიჯა და სახლში შევიდა. პირველად მოხუცმა გადიამ - ევრიკლეამ დაინახა ტელემაქე. ამ დროს იგი ცხვრის ნატს აგებდა მოჩუქურთმებულ საკარცხულზე. გახარებული გამზრდელი ტირილით გადაეხვია თავის გაზრდილს. ოდისევსის ერთგულმა მონაქალებმაც მოირბინეს. აცრემლებული მსახურები თავსა და მხრებს უკოცნიდნენ თავიანთ ახალგაზრდა პატრონს. მალე სანთიობოდან ოქროაფროდიტესა და არტემისის მსგავსი პენელოპეც ჩამოვიდა. თვალცრემლიანმა დედამ გულში ჩაიკრა მონატრებული შვილი. შუბლი და თვალები დაუკოცნა: - ტელემაქე, ჩემო თვალისჩინო, პილოსში თუ მიდიოდი მამაშენის ამბის გასაგებად, რატომ არაფერი მითხარი? იმედი გადამეწურა, შვილო, შენი ნახვისა. წვრილად მომიყევი, რა შეიტყვე, რა ამბავი ჩამოიტანე იქიდან.
ტელემაქემ ტკბილი სიტყვით დააშოშმინა დედა: - გულს ნუღარ შემიშფოთებ შენი ცრემლით, დედაჩემო, ისედაც დიდი ჭირის დღე მაქვს გამოვლილი. ახლა შიმუნვარებთან ერთად სანთიობოში ადი, პირიდან ცრემლი მოიბანე, სამოსი გამოიცვალე და ღმერთებისათვის ჰეკატომბის შესაწირად მოემზადე, ვინძლო ზევსმა შურისგების საქმე მოგვიგვაროს. მე საფიხვნოზე უნდა გავიდე, სტუმარი მყავს მოსახმობი. აქეთობისას დაგვემგზავრა ხომალდზე. პირეოსს ჩავაბარე, რომ ჩემს მოკითხვამდე საკადრისად გამასპინძლებოდა.
პენელოპეს აღარაფერი უთქვამს. სანთიობოს მიაშურა სიტყვის უთქმელად, პირი დაიბანა, სამოსელი გამოიცვალა და ღმერთებს ჰეკატომბის შეწირვა აღუთქვა. მას უკან ტელემაქეც გავიდა დარბაზიდან, შუბი ხელთ იპყრა და საფიხვნოსაკენ გაემართა. მარტო არ იყო: ორი ქოფაკი მისდევდა თან. ათინას ღვთაებრივი მშვენებით შეემოსა იგი და აღტაცებული ხალხი განცვიფრებით უჭვრეტდა მოახლოებულ ჭაბუკს. წარჩინებულმა სასიძოებმა მოყვრულად მოიკითხეს ტელემაქე, თუმცა გულში მისი მტრობა ედოთ. ტელემაქე გაეცალა მათ და მენტორს მიაშურა, რომელიც ანტიფოსა და ჰალითერსეს შუა იჯდა. ესენი ოდისევსის ძველი მეგობრები იყვნენ. გვერდით დაუჯდა მათ ტელემაქე და წვრილად უამბო თავისი მგზავრობის ამბავი. ამასობაში შუბოსნობით განთქმული პირეოსიც გამოჩნდა. მას ტელემაქეს სტუმარი, თეოკლიმენე მოჰყვებოდა. ოდისევსის ძე გულისხმიერად მიეგება სტუმარს. პირველად პირეოსმა დაძრა სიტყვა: - ტელემაქე, საჩქაროდ გაგზავნე მონაქალები ჩემსას და მენელაოსის ბოძებული საჭურჭლე წამოაღებინე!
- რომ არ ვიცი, ჩემო პირეოს, როგორ წაგვივა საქმე? - უპასუხა ტელემაქემ, - თუ სასიძოები მუხანათურად მომკლავენ ჩემსავ სახლში და მამისეულ ქონებას მიიტაცებენ, მირჩევნია, ისევ შენ დაგრჩეს ეგ საჭურჭლე. ხოლო უკეთუ მე ვიძიებ შურს და ქვეგამხედვართ სიკვდილს მივამთხვევ, გამარჯვებით მოხარულმა მომიტანე გამარჯვებულს მენელაოსის ძღვენი.
ეს თქვა და სასახლეში წაიყვანა თავისი სტუმარი. დარბაზში რა შევიდნენ, მოსასხამები საკარცხულებზე გადაჰკიდეს და ნატიფად მოპირკეთებულ აბაზანაში ჩავიდნენ. მონაქალებმა განბანეს სტუმარ-მასპინძელი, სურნელოვანი ნელსაცხებლით დაუზილეს ტანი, ახალ-ახალი ქიტონები ჩააცვეს და მსუბუქი მოსასხამები მოახურეს მხრებზე. შემდეგ დარბაზში გამოვიდნენ და სავარძლებზე დასხდნენ. მოახლემ ხელის დასაბანად ვერცხლის ტაშტი და წყლით სავსე მოოქრული სურა მოართვა სტუმარს და წმინდად გარანდული ტაბლა დაუდგა წინ. მოკრძალებულმა მეკუჭნავემ პატივსადებ სტუმართათვის განკუთვნილი მრავალფერი ჭამადით გაუწყო სუფრა. სმა-ჭამა რა მოათავეს, დედაბოძთან მჯდარმა პენელოპემ, რომელიც ძაფს ართავდა, ასე მიმართა ტელემაქეს.
- მე სანთიობოში ავდივარ, შვილო... სანამ სასიძოები შემოვიდოდნენ, მიამბე ბარემ, რა გაიგე ან რა ამბავი ჩამოიტანე პილოსიდან.
- გულახსნით გეტყვი ყველაფერს, დედაჩემო, - მიუგო ტელემაქემ, - ჯერ ერისმთავარ ნესტორს ვესტუმრე პილოსში. დიდი ხნის უნახავი შვილივით მიმიღო, მაგრამ ოდისევსზე, არც მკვდარზე, არც ცოცხალზე, არაფერი მსმენიაო, მითხრა. მერე ფერსომაღალი ეტლით თავის უმრწემეს ძესთან ერთად მენელაოსთან გამისტუმრა. იქ, ლაკედემონში, პირველად ვიხილე დედათა შორის უტურფესი ელენე, რომლის გულისთვის ბევრი აქაველი და ტროელი ვაჟკაცი დაეცა ბრძოლის ველზე. ომშიმყივარმა მენელაოსმა გულდაგულ გამომკითხა: რაზე გარჯილხართ, რამ მოგიყვანაო ლაკედემონს. ვუთხარი ჩვენი გასაჭირი და დიდად შეიცხადა: ვაი მათ - ჯაბანთ, რომ ეგზომ ლომგული კაცის სარეცლის შებღალვა მოუნდომებიათ. ეს იმასა ჰგავს, ფურირემმა ძუძუმწოვარა ნუკრი ლომის ბუნაგში დააგდოს, თვითონ კი ბალახოვან მდელოებს მიაშუროს საძოვრად. რა დღე დაადგება მათ, როცა ლომი თავის ბუნაგს დაუბრუნდება? ასეთსავე მწარე ხვედრს განუმზადებს სასიძოებს ოდისევსი, მამაზევსს, ათინასა და აპოლონს ვევედრები, ისეთივე ძალმორჭმული დაბრუნდეს თავის სახლს, როგორც მაშინ იყო, როცა ლესბოსში ფილომელიდს შეებრძოლა და აქაველთა სასიხარულოდ მიწაზე დასცა. შავად გაუთენდებათ სასიძოებს ქორწილის დღე! ყველაფერს წვრილად მოგიყვებიო, მითხრა, იმასაც გეტყვი სიმართლით, თუ რა გავიგე ბებერი, გრძნეული ზღვის კაცისაგანო. ზღვის გრძნეულ ბერიკაცს თურმე კალიფსოს კუნძულზე უნახავს ოდისევსი. თმამშვენიერი ქალღმერთი სამშობლოში არ უშვებს მრავალჭირნახულს, მას კი არც ხომალდი შერჩა და არც თანამგზავრები ჰყავს, რომ შინ დაბრუნდესო. ასე მიამბო ოქროსთმიანმა მენელაოსმა.
ტელემაქეს ნაამბობმა გული შეუძრა პენელოპეს. მაშინ აი, რა თქვა მისანმა თეოკლიმენემ: - ოდისევსის ღირსეულო მეუღლევ. ნამდვილი არ სცოდნია შენს ვაჟიშვილს. აწ მე გეტყვი და ენდე ჩემს სიტყვას. მეხისმტყორცნელ ზევსსა და ოდისევსის კერიას გეფიცები, რომ აქ, მშობლიურ ითაკაზეა ამ სახლის პატრონი. სადღაც ახლომახლო ტრიალებს და დაღუპვას უმზადებს თავხედ სასიძოებს. ჯერ კიდევ პილოსში არწივის გამოჩენამ მიმანიშნა ეს ამბავი, როცა ხომალდზე ასვლას ვეპირებოდით. ტელემაქეც დამემოწმება, რომ ჭეშმარიტს ვამბობ.
პენელოპემ მიუგო: - ნეტამც ახდებოდეს, კეთილო სტუმარო, შენი ნათქვამი! ჩემი ღვიძლივით შეგიტკბობდი მაშინ და ჩემგან დოვლათით ავსებული უბედნიერეს კაცად შეირაცხებოდი!
ასე საუბრობდნენ დარბაზში მსხდომნი. გარეთ კი, მოტკეპნილ ეზოში, ჩვეულებისამებრ, ბადროსა და შუბის ტყორცნაში ვარჯიშობდნენ სასიძოები. ახლოვდებოდა სამხრობის ჟამი. მწყემსებს უკვე მოედენათ ნასუქალი პირუტყვი. მაშინ მედონტმა, რომელიც გამორჩეული ჰყავდათ სასიძოებს სხვა მანდატურთაგან და ხშირად სანადიმო სუფრაზეც იახლებდნენ ხოლმე, ასე მიმართა ეზოში შეკრებილთ: - ჭაბუკნო, გული ხომ იჯერეთ ჯომარდობით. ახლა ნადიმისათვის მოვემზადოთ. ნუ დავაგვიანებთ: თავისი დრო ამშვენებს ყველაფერს.
ასეც მოიქცნენ. დარბაზში შევიდნენ, მოსასხამები საკარცხულებზე გადაჰკიდეს. მერე კი თხა-ცხვარი, ნასუქალი ბურვაკები დაკლეს და ხარიც წამოაქციეს... სწორედ ამ დროს ოდისევსი და მეღორე ევმეოსი ქალაქში წასასვლელად ემზადებოდნენ.
- სტუმარო, - უთხრა ევმეოსმა, - ნეტავ თუ მართლა ქალაქს გირჩევნია წასვლა, როგორც ჩემმა პატრონმა გვიბრძანა წეღან? აქ დარჩენილიყავ და საღორეს დასდგომოდი დარაჯად! მე ჩემთავად დაგტოვებდი, მაგრამ მეშინია, არ გამიწყრეს ტელემაქე. შენც იცი: პატრონის გულისწყრომას ვერიდებით მონები. აბა, ჰე, ვიჩქაროთ, არ შეგვიღამდეს, მზე ჩავა და საღამოს სუსხი მოგვისწრებს გზაში.
- კეთილი, - დაეთანხმა ოდისევსი, - ოღონდ წინ გამიძეღ და ერთი ჯოხიც მომე, რომ ციცაბო ბილიკზე ფეხი არ დამიცურდეს.
ოდისევსმა ჯოხი გამოართვა ევმეოსს, მათხოვრის დაგლეჯილი გუდა მხარზე გადაიკიდა და გზას დაადგნენ, მწყემსები და ძაღლები კი სახლის საყარაულოდ დარჩნენ ეზოში.
კლდოვანი გზა რა ჩამოათავეს, ქალაქის მისადგომთან, ალვის ხის ჭალაში შეისვენეს. ჭალაში მაღალი კლდიდან კამკამა, ცივი წყალი მოჩხრიალებდა. ითაკეს, ნერიტოსსა და პოლიქტორს ქვით მოეზღუდათ წყალსატევი და მთელ ქალაქს აქედან მიჰქონდა წყალი. წყაროს თავზე საკურთხეველი მოეწყოთ ნიმფებისათვის, რათა ადგილის დედას შეწირული მსხვერპლი მიეღო მოგზაურთაგან. ამ წყაროსთან წამოეწია ოდისევსსა და ევმეოსს მელანთევს დოლიოსის ძე, რომელიც ორი მწყემსი ბიჭის თანხლებით ნასუქალ თხებს მირეკავდა სასიძოებისთვის. ესენი რა დაინახა მელანთევსმა, ლანძღვა დაუწყო გზად შეყრილებს: - ერთი ამათ დამიხედეთ, ნაძირალა ნაძირალას არ აჰკიდებია? მართალი უთქვამთ: ფერი ფერს, მადლი ღმერთსო. სად მიგყავს, უმაქნისო მეღორევ, ეგ წელიწყვეტია მათხოვარი, ეგ ბედოვლათი სუფრის გლახა? დღენიადაგ მონადიმეთა სახლის კარს ეცვითება ალბათ, მაგრამ ვინ მიაშავებს მაგ მუცელღორს სტუმრის საპატიო საჩუქარს? გამოხრულ ძვალს გადაუგდებენ და კინწისკვრით გააგდებენ კარში. მე მომე ეგ ულხინებელი, იქნებ ახალმოგებული ციკნების მომვლელად გამომადგეს ბაკებში. დოს ყლაპვით ფერდებს მაინც ამოივსებს, თუმცა საქმე მაგის ხელიდან არ გამოვა. კარდაკარ ძუნძული ურჩევნია ალბათ და ნასუფრალით მუცლის ამოყორვა. მითქვამს და აუხდება კიდეც: ღვთაებრივი ოდისევსის სასახლეს თუ მიადგა, თავზე სკამს გადაამტვრევენ, გვერდებს დაულეწავენ და კისრისტეხით გააგდებენ კარში!
ეს წამოროშა და ოდისევსს პანღური ამოჰკრა იმ უგუნურმა, მაგრამ ადგილიდან ფეხი ვერ მოაცვლევინა. შეჭოჭმანდა ოდისევსი: ვერ გადაეწყვიტა, ჯოხის ცემით ამოეხადა მისთვის სული თუ ქვაზე მიენარცხებინა. ბოლოს თავი დაიოკა, ხოლო ევმეოსმა ჯერ გათათხა ენაბილწი მელანთევსი, მერე კი ხელები აღაპყრო და ნიმფებს შეჰღაღადა: - წყაროთა ნაშიერნო, ზევსის ასულნო! უკეთუ ოდისევსს ცხვრები და ციკნები შემოუწირავს თქვენთვის როდისმე, შეისმინეთ ჩემი ვედრება: დაე, ღმერთებმა დააბრუნონ ჩემი პატრონი, რომ შეანანოს ამ უკეთურს თავისი ქედმაღლობა და შური აგოს მას სასიძოთა წინაშე ლიქნისა და პატრონის ფარის განადგურებისათვის.
მელანთევსმა სიტყვა არ შეარჩინა მეღორეს: - ენამც მოგტყდება, ბებერო ძაღლო! ერთხელაც იქნება ხომალდში ჩაგსვამ, ითაკიდან სადმე შორს გაგყიდი და კარგ საფასურსაც ავიღებ. იმედი ნურაფრისა გაქვს. ხომ დაუბნელდა დაბრუნების დღე ოდისევსს, ტელემაქესაც ან ვერცხლის მშვილდოსანი მოუსწრაფებს სიცოცხლეს, ან სასიძოები მოუღებენ ბოლოს მამისეულ სახლში.
ეს თქვა და უკან ჩამოიტოვა გზაზე დინჯად მოარული ოდისევსი და ევმეოსი. მელანთევსი მალე მივიდა სასახლეში და სანადიმო სუფრაზე პირისპირ დაუჯდა ევრიმაქეს, რომელიც სასიძოთა შორის ყველაზე უფრო უყვარდა. მსახურებმა ხორცი და პური მოართვეს შემოსწრებულს. ამასობაში ევმეოსი და ოდისევსიც მოადგნენ კარიბჭეს. დარბაზიდან ფორმინგის ხმა შემოესმათ. ეს, ფემიოსი ემზადებოდა სასიმღეროდ. ოდისევსმა ხელით შეაჩერა მეღორე: - ეს ხომ არ არის, ევმეოს, ოდისევსის დიდებული სახლი? კეთილად გამოირჩევა სხვათაგან. პალატები ერთ რიგზეა გაწყობილი, ეზოს ქონგურებიანი გალავანი აკრავს, ხოლო ბჭეს ორკლიტული კარი უდგას: ავისმნდომი ადვილად ვერ შევა შიგ. ვატყობ, ნადიმს ეპირებიან. შემწვრის სუნი მცემს და ფორმინგის ხმაც მწვდება, ლხინის დასამშვენებლად რომ შეუქმნიათ ღმერთებს.
- სწორს ამბობ, ჩემო სტუმარო, გულმიმხვდური კაცი ყოფილხარო! ახლა, მოდი, განვსაჯოთ, რა ვქნათ და როგორა ვქნათ. თუ გინდა, ჯერ შენ შედი მონადიმე სასიძოებთან, ანდა მე შევალ და ცოტა ხანში შენც შემომყევი. ოღონდ დიდხანს არ დაყოვნდე გარეთ, ვინმემ არ გაგლახოს, რამე არ მოგწიოს.
- ეგ არაფერი, ჩემო კეთილო, - მიუგო მრავალჭირთამთმენმა ოდისევსმა, - ბევრჯერ გავლახულვარ და სხვა ჭირიც ბევრი დამტეხია ზღვასა და ხმელეთზე. მომთმენი კაცი ვარ. რა ვუყო, ამასაც გავუძლებ, მაგრამ ამ ოხერ მუცელს კი ვერაფერს მოუხერხებს კაცი. ამ წყეულისათვის არ არის, რომ ხომალდებით ზღვაში გასულნი, უცხო ნაპირებს მოარბევენ ხოლმე?
ამ საუბარში რომ იყვნენ, იქვე მწოლმა ძაღლმა თავი ასწია და ყურები ცქვიტა. ეს იყო ოდისევსის ძაღლი - არგუსი. თავისი ხელით გამოეკვება და გაეწვრთნა, მაგრამ ილიონს წასულს, ამ ძაღლით ნადირობა ვეღარ მოესწრო. წინათ არგუსი ითაკელ ჭაბუკებს დაჰყავდათ ირმებზე, გარეთხებსა და კურდღლებზე სანადიროდ. ახლა კი უპატრონოდ ეგდო ჭიშკართან დახვავებულ ნაკელზე, რომელიც ოდისევსის ყანების გასაპოხიერებლად გაჰქონდათ დროდადრო. გაძვალტყავებულ და გაქუცულ არგუსს ჯღიბები დასეოდა. ოდისევსის სიახლოვე რა იგრძნო, ყურები ჩამოყარა და კუდი გააქიცინა. ღონედალეულს პატრონამდე მისვლის თავიც აღარა ჰქონდა. ამის შემხედვარე ოდისევსს ცრემლი მოერია. შებრუნდა, ევმეოსის უჩუმრად შეიმშრალა თვალი და ჰკითხა: - სანეხვეზე რატომ გდია ეს ძაღლი, ჩემო კეთილო? ჯიშიანი ჩანს, თუმცა ძნელი სათქმელია, სანადიროდ გამოსადეგი იყო თავის დროზე თუ სილამაზის გამო ინახავდნენ პატრონები იმ ძაღლების მსგავსად, დღენიადაგ სანადიმო სუფრის ქვეშ რომ დასუნსულებენ.
- ეჰ, სადღა ჰყავს ამ ძაღლს პატრონი, - დანანებით უპასუხა ევმეოსმა, – შენ მაშინ გენახა, ოდისევსი ტროაში სანამ წავიდოდა, რა გეში ჰქონდა, რა ფეხმარდი იყო. ამ ჩვენს ტყეებში ნადირი არ გაჰქცევია არასოდეს, ახლა უპატრონოდ ასე გდია მთელი დღე. მონებიც ხომ ეგრე უქმად ყრიან ხოლმე, როცა პატრონის ხელს ვეღარა გრძნობენ? მონობაში მყოფს ნახევარ კაცად აქცევს აკი მაღლითმგრგვინავი ზევსი!
ეგრე თქვა, კარი შევლო და პირდაპირ სანადიმო დარბაზში შევიდა ევმეოსი. ხოლო ოდისევსის ძაღლს, არგუსს, მას შემდეგ, რაც ოცი წლის უნახავი პატრონი იცნო, შავი სიკვდილის მოირა ეწვია.
დარბაზში შესული ევმეოსი პირველად ტელემაქემ დაინახა და თავის დაქნევით ანიშნა: აქ მოდიო. ევმეოსმა მიმოიხედა, იქვე მესტუმრის სკამს წამოავლო ხელი, ტელემაქეს ტაბლასთან მიდგა და პირისპირ დაუჯდა პატრონს. შემოსულს ხახალიდან პური გადაუღო მესტუმრემ, ხორცი მიართვა. მცირე ხნის შემდეგ დარბაზში საპყარ ბერიკაცად სახეცვლილი, მათხოვრის ჯვალოში გამოხვეული ოდისევსიც შემოვიდა, ჯოხს დაყრდნობილი იფნის ზღურბლზე ჩამოჯდა და ზურგით კვიპაროსის წირთხლს მიეყრდნო. მას ჟამსა შინა ხუროს წმინდად გაერანდა იგი და შვეტად ჩაეყენებინა კედელში. ოდისევსის ძემ ხელებში დაუხვავა პური და ხორცი მეღორეს და უთხრა: - ევმეოს, სტუმარს წაუღე ეს და ურჩიე, სამოწყალოდ ჩამოუაროს სასიძოებს. მათხოვრის საქმე არ არის კდემა და რიდი. ევმეოსი მიეახლა ოდისევსს და სიტყვასიტყვით მოახსენა დანაბარები: - ტელემაქემ გამოგიგზავნა ეს ჭამადი, ბერიკაცო, და ასე შემოგითვალა, სამოწყალოდ ჩამოუარო სასიძოებს, მათხოვარს ხეირს არ დააყრისო კდემა და რიდი.
- მეუფეო ზევსო, მადლი და სიკეთე მიაგე ტელემაქეს და აუსრულე გულის წადილი! - თქვა ოდისევსმა, ორივე ხელით ჩამოართვა ბოძებული და ფერხთით გუდაზე დაილაგა, სანამ დარბაზში ხმატკბილი აედი მღეროდა, ოდისევსი შეექცეოდა ჭამადს. მიწყდა თუ არა აედის ხმა და მონადიმენიც ახმაურდნენ, ლაერტეს ძეს ახლოს დაუდგა ათინა და შთააგონა სამოწყალოდ ჩამოეარა სასიძოები, რომ გაეგო, ვინ იყო მათ შორის სამართლიანი და ვინ უსამართლო, თუმცა ქალღმერთს უკვე სასიკვდილოდ ჰყავდა ისინი განწირული.
სუფრას მარჯვნიდან დაჰყვა სამათხოვროდ ხელგაშვერილი ოდისევსი. მისი შემხედვარი ამას იფიქრებდა: მათხოვრად დაბადებულაო ეს კაცი. მეინახეები ჭამადს აძლევდნენ ოდისევსს, თან გაკვირვებულნი ეკითხებოდნენ ერთმანეთს. ნეტა ვინ არის ეს კაცი, საიდან გაჩნდაო აქ. მაშინ თხის მწყემსმა მელანთევსმა ასეთი სიტყვა უთხრა სასიძოებს: - ყური მათხოვეთ, სწორუპოვარი დედოფლის სასიძოებო! ეს კაცი ახლახან ვნახე, მეღორე ევმეოსმა მოიყვანა სასახლეში, არც კი ვიცი, ვინ არის და სადაურია.
ამის გამგონე ანტინოემ დატუქსა მეღორე: - ყველას ავანჩავანი შენ უნდა იყო, ევმეოს? რად მოიყვანე ეს მათხოვარი ქალაქში? სუფრის გლახები აქაც ბევრი გვყავს. არ გენანება განა შენი პატრონის ქონება, კიდევ ერთი მუქთამჭამელი რომ დაგვისვი სუფრაზე?
- შენ, ანტინოე, თუმცა კი დიდებულთაგანი ხარ, ვერა თქვი გზიანი სიტყვა, - უპასუხა ევმეოსმა, - უცხო კაცს ვინ მოიწვევს სახლში, თუ რისამე მაქნისი არ არის? ან წინასწარმეტყველი უნდა იყოს ის, ან სენის მკურნალი, ან ხელმარჯვე ხურო, ანდა ხმატკბილი აედი. აი, ვისი სტურობა ესახელებათ ქვეყნიერთ. უბადრუკ მათხოვარს ვინ შეიპატიჟებს სახლში? შენ მუდამ გულსასტიკი იყავ ოდისევსის მსახურეულთა მიმართ, მეტადრე კი ჩემდამი, მაგრამ ეს დიდად არ მანაღვლებს, სანამ ამ სახლში ცოცხალნი მყვანან დედოფალი პენელოპე და მისი ღვთისდარი ძე, ტელემაქე.
- იყუჩე, ევმეოს, მეტს ნუღარ ეტყვი! - უთხრა ტელემაქემ მეღორეს, - ასე სჩვევია ანტინოეს: თვითონ ხომ ავყიაა, სხვებსაც სალანძღავად აქეზებს.
მერე ანტინოეს მიუბრუნდა ტელემაქე: - ისე ზრუნავ ჩემზე, თითქოს მამა იყო ჩემი. მქისე სიტყვით დარბაზიდან ერეკები სტუმარს, მაგრამ ღმერთი არ იზამს ამას! არ გიშლი, ანტინოე, გაიღე მოწყალება. ნუ მოგერიდება ნურც დედაჩემისა და ნურც ვინმე სახლეულთაგანისა. იქნებ გულში ამას იზრახავ: რაღა სხვას ვუწყალობო, ისევ მე დამრჩეს ჩემი არჩივიო.
- ეგ რა თქვი, ტელემაქე, დაუოკებელო მჭევრმეტყველო! – შესძახა ანტინოემ, - თავისი არჩივიდან ყველამ რომ წილი უზიაროს, სამ თვეს აღარ მოეკარება სასახლეს ეს მათხოვარი.
ეგრე თქვა და მუქარით მოუღერა ოდისევსს სამფეხა სკამი, რომელზეც ნაპატიებ ფეხებს ასვენებდა ნადიმობისას.
სხვებმა პურითა და ხორცით აუვსეს გუდა ოდისევსს. ზღურბლისკენ გაბრუნდა იგი, უნდოდა გულმშვიდად შეჰქცეოდა ნაწყალობევს, მაგრამ ანტინოეს რომ ჩაუარა, შედგა და ხელგაწვდილმა ეს უთხრა: - მეგობარო, შენც მიწყალობე რამე. ბასილევსის მსგავსი - აქაველთა შორის უმჯობესი ჩანხარ, ამიტომ სხვებზე მეტიც უნდა მიწყალობო. სანაცვლოდ, შენს სახელს მთელ ქვეყანას მოვდებ... ერთ დროს მეც შეძლებული და ბედნიერი კაცი ვიყავი. ჩემს კარზე სამათხოვროდ მოსულისთვის ლუკმაპური არასოდეს დამიჭერია. ბევრი მონა მესვა და სხვა საქონელიც ბევრი მქონდა, რის გამოც ბედნიერად შეირაცხება და გულნებიერად ცხოვრობს კაცი. მაგრამ კრონიონმა წამართვა ყოველივე. მაცდუნა მეხისმტყორცნელმა და შორეულ ეგვიპტეში მეკობრეებს გავყევი, რათა იქ, უცხოთა შორის, დავეღუპე. ეგვიპტის მშვენივრადმედინ ცისფერ მდინარეში რომ შევცურეთ, თანამგზავრებს ვუბრძანე ნაპირზე ეთრიათ ხომალდები და იქაურობა დაეზვერათ. მაგრამ ნადავლს დახარბებულები შეესივნენ მონაპირე თემებს, მამრნი ამოხოცეს, დედაწული კი ტყვედ წამოასხეს. მათი განწირული ძახილი მისწვდა ქალაქს და ალიონზე თავს დაგვაცხრნენ ბრინჯაოში ჩამსხდარი მხედრები და ქვეითნი. მეხისმტყორცნელმა ზევსმა გულში შიში ჩაუღვარა ჩვენიანებს და აოტა ისინი. ზარდაცემულნი ბრინჯაოს მახვილებით შემუსრეს ეგვიპტელებმა, ნაწილი კი მონებად წაასხეს. მე კი დმეტორს, იასის ძეს, მიმცეს. ეს კაცი კვიპროსს განაგებდა მორჭმით. იქიდან მოვედი მრავალჭირგამოვლილი.
- ნეტავ რომელმა დაიმონმა გადმოაგდო აქეთ ჩვენდა ჭირად ეს მათხოვარი? - შესძახა ანტინოემ, - იქით მიდექ, ჩემს ტაბლას არ მოეკარო, თორემ იცოდე, ისევ შენს გამამწარებელ ეგვიპტეში ან კვიპროსზე გიკრავ თავს. თავხედი და აბეზარი ვინმე ყოფილხარ, ყველას გულს უწყალებ მათხოვრობით. იმათაც რა ენაღვლებათ, უშურველად გწყალობენ სხვის ქონებას.
ოდისევსი უკუდგა და მკვახე სიტყვა ჰკადრა ანტინოეს: - ეჰა, მშვენიერ ვაჟკაცს დუხჭირი გული გქონია თურმე. შენს სახლში ალბათ კვნიტ მარილს დაამადლიდი სტუმარს, სხვის სახლში რომ პურიც ვერ გაგიმეტებია მათხოვრისათვის, თუმცა ჭამადი უხვად გილაგია წინ.
გულზე ცეცხლი წაეკიდა ანტინოეს, პირქუში მზერა ესროლა ოდისევსს და დაემუქრა: - განანებ მაგ სიტყვას, თავხედო, ცოცხალი ვერ გადამირჩები! - ეს უთხრა და მარჯვენა მხარში გაუქანა საფერხო. კლდესავით დაუხვდა ნასროლს ოდისევსი, არა ვნებია რა, მხოლოდ თავი გააქნია შურისგებით აღვსილმა. მერე ზღურბლზე ჩამოჯდა, საჭმლით გატენილი გუდა ფერხთით დაიდო და ასე მიმართა მონადიმეთ: - მისმინეთ, სახელოვანი დედოფლის სასიძოებო. იმას გეტყვით, რასაც გული მეუბნება: არასოდეს დაიბოღმება ის კაცი, ვინც დარტყმას თავისი თეთრმატყლიანი ცხვრების ან ხარავანის დასანარჩუნებლად იწვნევს. ანტინოემ კი ამ წყეული, კაცთა დამღუპველი კუჭის გამო მესროლა საფერხო. უკეთუ ერინიები და ღმერთები სწყალობენ გლახაკებს და უპოვრებს, ქორწილამდე არ ასცდება სიკვდილი ანტინოეს!
- შენთვის იყავ მანდ ან თვალიდან დამეკარგე, თორემ მაგ უხიაგი სიტყვისათვის ფეხით გაგათრევენ კარში ჭაბუკნი და მიწაზე ხოხვით დაგეღლიტება თავ-პირი, - სიტყვა შემოუბრუნა ანტინოემ.
ანტინოეს სიტყვამ გულზე მოიყვანა სასიძოები. ასე თქვეს: - უშვერი საქმე იკადრე, ანტინოე. ვაი შენ, თუ ეს ბერიკაცი მათხოვრად მოვლენილი ღმერთია. შენც კარგად იცი, ღმერთები უცხოელთ და ყარიბთ მიემსგავსებიან ჟამით-ჟამად და სოფელ-სოფელ მოარულნი გამოსცდიან ხოლმე კაცთ, რომ გულისხმაჰყონ, ვინ გულზვავია და ვინ გულმდაბალი.
არად ჩააგდო ანტინოემ თანამზრახველთა სიტყვა, ხოლო ტელემაქეს გული აუდუღდა სიმწრისაგან, მაგრამ ცრემლი არ გადმოუგდია. შურისგებით აღვსილს ხმაც არ ამოუღია, თავი გააქნია მხოლოდ. დარბაზიდან ხმაური რა შემოესმა, შიმუნვართა შორის მჯდარ პენელოპეს გულიდან აღმოხდა: მშვილდოსან აპოლონის ისარსამც გაუგმირიხარ, ანტინოე!
- თუ ჩვენს ნატვრას ახდომა უწერია, - მიუგო ევრინომემ, - ეოსის ამოსვლას ვერ მოესწრება ვერც ერთი.
- გადია, - უთხრა პენელოპემ, - ყველანი ჭირის დღესავით მძულან, რადგან ბოროტად ქვეგამხედვარნი არიან, მაგრამ ანტინოე სიკვდილივით მძაგს. ვიღაც ყარიბი შემოხიზნულა ჩვენსა, უპოვრობას შეუჭირვებია და მოწყალება უთხოვია. ყველას რაღაც მიუცია ბედშავისათვის, ანტინოეს კი მხარში საფერხო სკამი დაურტყამს მისთვის.
ასე ელაპარაკებოდა სანთიობოში პენელოპე მონაქალებს, დარბაზში კი თავის ჭამადს შეექცეოდა ოდისევსი. მერე ევმეოსი მოიხმო დედოფალმა და უბრძანა: - წადი, ჩემო კეთილო, და ის ყარიბი მომიყვანე, ვინძლო რაიმე მამცნოს ჩემი სვეუბედური მეუღლისა. ნავალი კაცი ჩანს, იქნებ შეჰყრია კიდეც სადმე ოდისევსს.
- ღრიანცელით აიკლებენ იქაურობას, თორემ ბევრ გულის გასახარ ამბავს მოგიყვებოდა ის უცხოელი, - უპასუხა კეთილშობილმა მეღორემ, - ხომალდიდან გადმოსული პირველად მე მომადგა და სამი ღამე ჩემს ქოხში გაათია. გათენებამდე მიამბობდა მის თავს გარდამხდარ ფათერაკებს, მაგრამ ბოლომდე არ გაუსრულებია სათქმელი. როგორც ჭირთაუკუმყრელ ღვთაებრივ აედს უსმენენ ხოლმე მონუსხული მოკვდავნი და კვლავ სმენა სწადიათ, მეც ისე ვუსმენდი მოჯადოებული და ვერ ვძღებოდი მისი ნაამბობით. ასე მითხრა: კრეტაზე, მინოსიანთ სამფლობელოში ბევრჯერ მწვევიაო ოდისევსი. იქიდან გადმოხვეწილა მრავალჭირნახული. მეფიცებოდა: ცოცხალია ოდისევსი, თესპროტელთა ნაყოფიერ ქვეყანაშია და სულ მალე დიდძალი ქონებით ითაკის ნაპირებს მოადგებაო.
- აქ მიხმე ყარიბი, თავად მიამბოს ყოველივე! სასიძოებმა როგორც უნდათ, ისე ატარონ დრო, სანაღვლო რა სჭირთ, მათ დოვლათს ხომ შინაურთა გარდა სხვა არავინა ჭამს? აკი მთელი დღე აქა სხედან და საბადებელს გვინადგურებენ: ცხვარ-ძროხას კლავენ და ჩვენს პურ-ღვინოს შეექცევიან. უწყალოდ გვიოხრებენ ყველაფერს, რადგან ოდისევსისთანა კაცი არ ჰპატრონობს სახლს. ოჰ, ნეტავ მალე დაბრუნდებოდეს, რომ ტელემაქესთან ერთად შური იძიოს მოძალადეებზე.
ის იყო სათქმელი მოასრულა დედოფალმა, რომ ტელემაქეს ცხვირის დაცემინებამ მთელი სასახლე შეაზანზარა. გაეცინა პენელოპეს და ფრთიანი სიტყვით გაეხუმრა ევმეოსს: - საჩქაროდ მომგვარე აქ ის უცხოელი, ხომ ხედავ, ტელემაქეს დაცხიკვებამ დასტური დასცა ჩემს სიტყვებს. უეჭველია, სიკვდილი არ ასცდება სასიძოებს. წადი და ასე უთხარი იმ ყარიბს, უკეთუ გულმართლად მიამბობს ყოველივეს, ახალთახალ ქიტონსა და ძვირფას მოსასხმს ვაჩუქებ.
ევმეოსმა ფიცხლად მიურბენინა ოდისევსს დედოფლის დანაბარები: - ჩვენი დედოფალი გიხმობს სანთიობოში, ჩემო კეთილო, თავისი ქმრის ამბავი უნდა გამოგკითხოს. თუ ყველაფერს პირახსნით ეტყვი, ახალთახალ ქიტონსა და ძვირფას მოსასხამს გიბოძებს, კუჭსაც გემოზე გაიძღობ, არაფერი მოგაკლდება ამ სახლში.
ასე უპასუხა მეღორეს მრავალჭირნახულმა ოდისევსმა: - ყველაფერს წვრილად მოვახსენებ იკარიოსის სახელოვან ასულს. კარგად ვიცნობდი მის მეუღლეს, ბევრი ჭირი გადაგვიტანია ერთად. ოღონდ ეგ არი, ვერაგი სასიძოებისა მეშინია, მათი უსამართლობა ხომ რვალის ცასა სწვდება. აკი შენი თვალით ნახე: იმ კაცმა ტყუილუბრალოდ მესროლა სკამი, მაგრამ არავინ გამომსარჩლებია, არც ტელემაქე და არც სახლეულთაგანი ვინმე. ამიტომ მზის ჩასვლამდე ვერ ვეახლები დედოფალს, ცოტა უნდა დაითმინოს, მერე კი გულმშვიდად მოვუყვები ყველაფერს. ოღონდ ახლოს დამსვას ცეცხლთან, არა მაცვია რა და შემცივდება, განა პირველად შენ არ გთხოვე, მოსასხამი მიწყალობე-მეთქი?
სანთიობოს ზღურბლზე მომდგარ მეღორეს კითხვა მიაგება პენელოპემ: - უცხოელი სადღააა, ევმეოს, რატომ არ მომიყვანე? სასიძოებისა ხომ არ ეშინია ან ვინმესი ხომ არ ერიდება? ყარიბს არად არგებს კდემა და რიდი!
- გონიერი კაცის შესაფერისი სიტყვა დამაბარა შენთან, - უპასუხა ევმეოსმა, - თავგასულ სასიძოებს უფრთხის, მიტომ არ წამომყვა ახლა. ასე შემოგითვალა: მზის ჩასვლამდე დაითმინოსო. შენთვისაც უმჯობესია, დედოფალო, მასთან პირისპირ დარჩენილი გულდაგულ გამოჰკითხავ ყოველივეს.
- გზიანი სიტყვა უთქვამს მაგ ყარიბს, - დასძინა პენელოპემ, – ქვეყნიერთა შორის სასიძოებზე უფრო ქვებუდანი და გლისპი ხალხი არსად მეგულება!
მეღორემ კვლავ დარბაზს მიაშურა, ტელემაქეს მიეახლა და ყურში უჩურჩულა: - ჩემო კარგო, ახლა წავალ და ჩვენს საბადებელს, ღორების კოლტს მივხედავ, შენ კი სახლზე იზრუნე. თავს გაუფრთხილდი, არაფერი მოგწიონ მუხანათებმა. მტერმორეულნი ვართ, ზევსიმც დაღუპავს მათ!
- ზევსი მაღალია! - უპასუხა ტელემაქემ, - ივახშმე და ისე წადი. დილაადრიან კი საკლავი მორეკე, დანარჩენ საქმეს, ღმერთების შეწევნით, მე მივხედავ.
ტელემაქეს სიტყვისაებრ ტაბლას მიუჯდა ევმეოსი. სმა-ჭამით გული რა იჯერა, ღორების კოლტის დასამწყესავად მთას მიაშურა. კეთილშობილმა მეღორემ დატოვა სანადიმო დარბაზი, სადაც სასიძოები როკვითა და სიმღერით იშვებდნენ. ამასობაში მწუხრმაც მოაწია.
XVIII. მათხოვრების მუშტი-კრივი
ამ დროს ოდისევსის სახლს მოადგა ღორმუცელობით განთქმული სოფლის გლახა. დღენიადაგ კარდაკარ დაწანწალებდა სამათხოვროდ, რომ გაუმაძღარი მუცელი როგორმე ამოეყორა. მოდღლეზილი კაცი იყო, მაგრამ არც ჯანი ჰქონდა და არც ვაჟკაცობა მოსდგამდა. მშობელმა დედამ სახელად არნეოსი დაარქვა, ახალუხლებმა კი მეტსახელად იროსი[68] შეარქვეს, რაკი ყველას ეგზავნებოდა ხოლმე რაგინდარა საქმეზე და მუდამღამე გზად იყო გადებული.
ეზოში შემოვიდა თუ არა, გინება დაუწყო და საკუთარი სახლიდან გაგდება დაუპირა ოდისევსს: - აქედან აიბარგე, ბებერო, ვიდრე ფეხით არ გამითრევიხარ. ვერა ხედავ, ეს დარბაისელი ხალხიც ამას რომ მანიშნებს? აბა, გასწი, ხელი არ გამომაღებინო!
ოდისევსმა შეუბღვირა მათხოვარს: - რას მემართლები, შე დამთხვეულო, რა დამიშავებია შენთვის? ნაწყალობევში ხომ არ გეცილები? ეს ზღურბლი ორივეს დაგვიტევს. არ იცი განა, ღმერთების წყალობა რომაა სიმდიდრე. ერთმანეთში რა გვაქვს საკინკლაო, აკი ორივენი უპოვრები ვართ! ხელს ნუ წაიგრძელებ, გულზე ნუ მომიყვან, თორემ ცხვირიდან სისხლს გადენ! ბებერი კი ვარ, მაგრამ ისეთ დღეს დაგაყრი, მეტად აღარ მოგინდეს აქ მოსვლა!
გაანჩხლებულმა იროსმა შეუტია ოდისევსს: - ერთი დამიხედეთ, სამზადში მოტატყანე დედაკაცივით არ გაიკრიფა ენად! ხმა ჩაიკმიდე, თორემ სხვის ყანაში გადასული ღორივით კბილებს დაგაყრევინებ. აბა, ქამარი შემოირტყი და დავარტყათ. ყველამ დაინახოს, რისი შემძლეცა ხარ. მაგრამ ჭაბუკთან შებმას ბებერი რას გაბედავ!
ასე ლანძღავდნენ ერთმანეთს დარბაზის კარიბჭეში, ქვის გასიპულ ზღურბლთან მდგარი გაავებული მათხოვრები. მათი კინკლაობა რა შენიშნა, გულიანად გაეცინა ანტინოეს: - ჭაბუკნო, - მიმართა მან სასიძოებს, - გინახავთ როდისმე ასეთი სანახაობა? თავს გეფიცებით, კარგ სეირს დაგვასწრეს ღმერთებმა! ჩვენი იროსი და ის უცხო ყარიბი წაკიდებულან. მოდი, გავახელოთ და ვაჩხუბოთ.
ამის თქმაზე სიცილ-ხარხარით წამოიშალნენ სასიძოები და ჩამოძენძილ მათხოვრებს გარს შემოეხვივნენ. ანტინოემ ასეთი რამ ურჩია სასიძოებს: - სავახშმოდ გადანახული თხის შიგნეული რომ გვიდევს ცეცხლზე, მოდი, იქიდან უკეთესი არჩივი დავუთმოთ იმას, ვინც მუშტი-კრივში გაიმარჯვებს. დაე, გამარჯვებულმა დღენიადაგ ჩვენთან ერთად იქეიფოს. სხვა მათხოვარს ნუღა მოვუშვებთ სუფრაზე!
ანტინოეს სიტყვა მოუწონეს, მრავალნაცადმა ოდისევსმა კი ასე მიმართა შემოკრებილთ: - დარბაისელნო, როგორ შევება გაუბედურებული ბერიკაცი ჯანიან ჭაბუკს? მაგრამ ეს ოხერი მუცელი არ მაყენებს და სხვა რა გზა მაქვს. მაგრები კი მომხვდება, მაგრამ უნდა გავუძლო. ოღონდ ერთსა გთხოვთ: ფიცით უნდა შემომფიცოთ, რომ იროსს არ გამოესარჩლებით და ჩემზე არ აღმართავთ ძლიერ ხელს.
სასიძოებმა შეჰფიცეს. ფიცი რა მოამთავრეს, ტელემაქეს წმინდა ძალმა ასე მიმართა ოდისევსს: - ყარიბო, უკეთუ გული გერჩის, შეები და აქედან გააძევე ეს კაცი. ნუ გეშინია: მრავლის უმრავლესთან მოუხდება შერკინება იმას, ვინც ხელს გახლებს. აქ მე ვარ მასპინძელი და კეთილშობილი ბასილევსები - ანტინოე და ევრიმაქეც მე დამიჭერენ მხარს.
სიტყვა მოუწონეს ტელემაქეს. ოდისევსმა კი გადაიძრო მოსასხამი, დაკონკილი ჯვალოთი დაიფარა სარცხვინელი. ათინა მიეახლა ითაკელთა მწყემსს და ახოვნება და ძალმოსილება შემატა მის სხეულს. განცვიფრებული უცქეროდნენ სასიძოები ოდისევსის ჩამოსხმულ ბარძაყებს, ძლიერ მხარბეჭსა და დაკუნთულ მკლავებს. ერთმანეთს ეუბნებოდნენ: იროსი გზირად აღარ ივარგებს, სიკვდილს ვერ გადაურჩება, ხედავ, რა ღონე ჰქონია დაფარული ძონძებში ბერიკაცსო?
ოდისევსის შემხედვარე იროსს ძარღვებში შიში ჩაუდგა. მსახურებმა ძალით შემოარტყეს ქამარი და წინ გაიგდეს. დადედლებულ მათხოვარს ხორცი უცახცახებდა ტანზე. ანტინოემ გაკიცხა იროსი: - მიწამ უნდა გიყოს პირი, შე ბაქიავ! თავი ცოცხალი რად გინდა, თუ ამ ძაბუნი ბერიკაცისა გეშინია. ახლა ერთს გეტყვი და იცოდე, შეგისრულებ: თუ გაჯობა ამ ყარიბმა, შავჭვინტიანი ხომალდით ხმელეთზე გულმხეც ეხეტოს გავუგზავნი შენს თავს. ის მოგივლის: ცხვირს, ყურებსა და სარცხვინელს დაგაჭრის და ძაღლებს მიუგდებს საჭმელად.
ამ სიტყვებზე კიდევ უფრო აკანკალდა იროსი. ძარღვდაშინებული მათხოვარი შუა წრეში გამოაგდეს. ორთავემ ხელები აღმართეს. ჭირში მედგარი ოდისევსი ჭოჭმანობდა: ერთი მაგარი დარტყმით გავაცხებინო სული თუ გამოზომილად შემოვკრა მუშტი, რომ მხოლოდ წაიქცესო? ბოლოს ისევ მოზომილი დარტყმა ირჩია, რომ გარს მოჯარულ ხალხს ეჭვი არ აღძვროდა და არ ეცნოთ იგი. იროსმა მარჯვენა მხარში დასცხო მუშტი ოდისევსს, ხოლო მან ყვრიმალში ლეწა მოქნეული მარჯვენა და ყბა მოუნგრია. იროსს სისხლი წასკდა პირიდან. ღრიალით მიწაზე დანარცხებული მათხოვარი ფეხებს უღონოდ ასავსავებდა და სიმწრით აკრაჭუნებდა კბილებს. ხელშემართული სასიძოები გულიანად ხარხარებდნენ. ოდისევსმა ფეხში ჩაავლო ხელი დამარცხებულს, ეზოში გაათრია და გალავანთან მიაგდო. მერე ხელში ჯოხი მიაჩეჩა და ჭკუა დაარიგა: - ახლა აქ იჯექი, რეგვენო, და ძაღლი და ღორი მოიგერიე! დღეის ამას იქით ნუღა იფიქრებ ყარიბთა და მათხოვართა უფროსობას, რომ უარეს ჭირს არ გადაეყარო!
ეს უთხრა, თავისი დაგლეჯილი გუდა კვლავ მხარზე მოიგდო და ზღურბლზე ჩამოჯდა. დარბაზში შებრუნებული სასიძოები სიცილ-ხარხარით ულოცავდნენ ოდისევსს გამარჯვებას: - ზევსმა და უკვდავმა ღმერთებმა აგისრულონ გულისნატვრა, უცხოელო, ამ გათავხედებულ მათხოვარს წანწალის ხალისი რომ დაუკარგე. აწი მოკვდავთა დამღუპველ ეხეტოსთან გავგზავნით - ის მოუვლის მაგ გლახაკს.
ოდისევსს კეთილად ენიშნა ეს სიტყვები. ანტინოემ ქონითა და კუჭმაჭით დატენილი ფაშვი მიაწოდა, ხოლო ამფინომოსმა ხახლიდან ორი პური გადმოუღო, ოქროს თასი ღვინით შეუვსო და მისი სადღეგრძელო დალია: - გაგიმარჯოს, ბიძაჩემო! ჭირგამოვლილი კაცი ჩანხარ, ღმერთმა კეთილად გამყოფოს!
მრავალჭირნახულმა ოდისევსმა მადლი მოახსენა: - ო, ამფინომოს, თავადაც გონიერი, კარგი მამის შვილი ხარ. გამიგონია, მამაშენი, დულიქიონელი ნისე, მდიდარი და კეთილშობილი კაცი ყოფილა. ამბობენ, შენც მას ჩამოჰგავხარო. ამიტომ გეტყვი და გულისყურით მომისმინე: სულდგმულთა შორის კაცზე უმწეო და საწყალობელი არავინ უშობია დედამიწას. ვიდრე ღმერთები სწყალობენ და ფეხზე მაგრად დგას, ავს არაფერს მოელის, ხოლო როცა ღმერთები შემოსწყრებიან, სხვა რა ღონე აქვს, მოთმინებით იტანს თავზე დატეხილ ჭირს. ასეთია ქვეყნიერთა ბუნება. იცოდე, ჟამთა ცვლის კვალობაზე იცვლებიან კაცთა ზნენი და ზრახვანი. ერთ დროს მეც ბედნიერი და ძალმორჭმული ვიყავი, მამისა და ძმების მოიმედეს ბევრი სიავეც ჩამიდენია. უსამართლობა და გოროზობა არას გვარგებს. კაცმა გულმდაბლად უნდა მოიხმაროს უკვდავთაგან ნაბოძები სიკეთე. აქ კი რას ვხედავ? სასიძოები სახლს უპარტახებენ და უკადრისად ექცევიან იმ კაცის მეუღლეს, ვინც ჩემი გუმანით, შორს აღარ უნდა იყოს სამშობლოსა და მახლობელთაგან. ო, ნეტავ ღმერთებმა შენსავ სახლში დაგაბრუნონ, რომ თავის ჭერქვეშ დაბრუნებულ სახლის პატრონს აქ არ შეეფეთო. ვეჭვ, უსისხლოდ ჩაიაროს ამ საქმემ!
ეს თქვა ოდისევსმა, ზედაშე დაუღვარა ღმერთებს, თავადაც შესვა და ამფინომოსს დაუბრუნა ოქროს თასი. დაღვრემილმა და თავჩაქინდრულმა ამფინომოსმა თავის სავარძელს მიაშურა. გული ავს უგრძნობდა, მაგრამ ბედისწერას ვერც ის გადაურჩა: ათინამ ტელემაქეს შუბის წვერზე წამოაგო იგიც.
მას ჟამსა შინა თვალსხივოსანმა ათინამ პენელოპეს შთააგონა, დარბაზში ჩამოსულიყო, რომ უფრო მეტად მოეხიბლა სასიძოები, ხოლო ქმრისა და შვილის თვალში მეტი პატივისცემა და სიყვარული მოეხვეჭა. პენელოპემ ნაძალადევი ღიმილით ჩაულაპარაკა თავის მეკუჭნავეს: - ჩემო ევრინომე, თუმცა თვალის დასანახად მეზარება სასიძოები, დარბაზში ჩასვლა მომენება. მინდა ვურჩიო ტელემაქეს, გულით არ მიენდოს იმ ლირფებს. პირში ეფერებიან ჩემს ძეს, ზურგს უკან კი ძირს უთხრიან.
- ეს კარგად მოიფიქრე, ჩემო შვილო, - უპასუხა ევრინომემ, - ნურაფერს დაუმალავ, სათქმელი უთხარი შენს ძეს. ოღონდ მანამდე ტანი განიბანე, პირზე ნელსაცხებელი წაისვი, ცრემლდაღარული ნუ ეჩვენები ხალხს. აკი აგისრულეს ღმერთებმა გულისწადილი: ვაჟკაც შვილს მოესწარი.
- ნუ მეტყვი მაგას, ჩემო ერთგულო ევრინომე, - მიუგო პენელოპემ, - აღარც ტანის დაბანა მეხალისება და აღარც საცხებლის წასმა. ღმერთებმა დააჭკნეს ჩემი სილამაზე მას შემდეგ, რაც ოდისევსი ღრმამუცლიანი ხომალდით გაემგზავრა ტროას. წადი, ავტონოესა და ჰიპოდამიას დამიძახე, უთხარი დარბაზში მეახლონ, კაცებთან მარტო ჩასვლა მერცხვინება.
ევრინომემ იმწამსვე გადასცა დედოფლის ბრძანება შიმუნვარებს.
ახლა სხვა რამ იზრახა თვალსხივოსანმა ათინამ. მან ტკბილი ძილი მოჰგვარა იკარიოსის სახელოვან ასულს. ერთბაშად მოეშვა პენელოპე, სახსრები მოუდუნდა და იქვე, სელზე მიეძინა. მაშინ ათინამ აქაველ სასიძოთა გასაშმაგებლად მშვენება გაუათკეცა პენელოპეს, ამბროზიული საცხებელი სცხო სახეზე, ის საცხებელი, რომელსაც ქარიტებთან საფერხულოდ გამზადებული ტურფაგვირგვინიანი აფროდიტე იცხებდა ხოლმე. ქალღმერთმა მაღალი და ტანსრული გახადა დედოფალი, განამშვენა და მის ტანს კრიალა სპილოსძვლისფერი მისცა. ასე ჰყო და გაუჩინარდა თვალსხივოსანი ქალღმერთი.
მალე პენელოპესთან ხმაურით შემოცვივდნენ თეთრმკლავიანი შიმუნვარები და გააღვიძეს დედოფალი. თვალები მოიფშვნიტა პენელოპემ და წყნარად თქვა: - რა ტკბილად მეძინა მე სვედავსილს. ნეტავ ასეთივე სიკვდილი მარგუნოს უბიწო არტემისმა, რომ ჩემს საყვარელ მეუღლეზე, აქაველთა შორის ამ უმჯობეს კაცზე, დარდით აღარ ვიტანჯო.
ეს თქვა და განმშვენებული, ზემო სართულიდან მაღალი კიბით დაეშვა მონადიმე სასიძოებთან. პირს ოქრორიდე მოიფარა და ოსტატურად მოჩუქურთმებულ დედაბოძთან შედგა დედათა შორის უტურფესი. ვნებამ გული აღუნთო და მუხლები მოუდუნა სასიძოებს. თითოეული მათგანი ნატრობდა გაეზიარებინა პენელოპეს სარეცელი. პენელოპემ გაკილა შვილი: - რა მოგდის, ტელემაქე, სულ მთლად დაგიკარგავს გულის ნება! ბალღობისას მეტ ჭკუას იჩენდი! მოწიფული ვაჟკაცი ხარ, კაცმა რომ შეგხედოს, სახელოვან მამის შვილად მიგიჩნევს, შენ კი რას სჩადი? რა უბედურება ტრიალებს ჩვენს სახლში, რომ უწყინარ ბერიკაცს უპატიოდ ეპყრობიან? იცოდე, სირცხვილს ჭამ და თვისტომთაგან გაიკიცხები!
- დედაჩემო, ღირსი ვარ შენი გულისწყრომისა, – მიუგო ტელემაქემ, - ბალღი აღარა ვარ და თუმცა ამ ქვეყნის ავ-კარგიც მესმის, ნებისაებრ ვერ ვიქცევი, რადგან მარტო ვარ და შემწე არავინა მყავს. ამათ კი, ამ ავისმზრახველებს, ჭკუიდან გადავყავარ. მაგრამ საწადელი მაინც ვერ აისრულეს: უცხოელმა დაჯაბნა მათი ფალავანი. აჰა, ზევსო, ათინავ და აპოლონო! ნეტამც დღესვე მანახა სასიძოები ისე ნაცემ-ნაგვემნი და წელმოწყვეტილნი, როგორც აგერ, ეს იოგებმორღვეული მათხოვარი გდია გალავანთან, მთვრალივით რომ ჩაუქინდრავს თავი და შინ წასვლის ღონე აღარა აქვს. ევრიმაქემ კი ასეთი რამ უთხრა პენელოპეს: - იკარიოსის სახელოვანო ასულო! იაზოს არგოსში ყველას რომ ეხილე, უფრო მეტი სასიძო მოაშურებდა ამ ეზოს, რადგან აქაველ დიაცთა შორის დიახაც უტურფესი და უგონიერესი ხარ.
- ო, ევრიმაქე, ღმერთებმა წამიღეს სიტურფე და ღირსება მას შემდეგ, რაც არგოსელებს ილიონში წაჰყვა ჩემი ღვთისდარი მეუღლე. ქმარი რომ გვერდში მედგეს, მშვენება და დიდება ასწილად შემემატებოდა. აწ კი გული ნაღველით მეწურება. ვაი, რომ ათასი ჭირი დამატეხა თავზე ავმა დაიმონმა. წასვლისას, მამეულ მიწას რა ტოვებდა, მკლავში ჩამკიდა ხელი ოდისევსმა და ასე მითხრა: დედაკაცო, იცოდე, რვალისსაბარკულიან აქაველთაგან ბევრი ვეღარ დაბრუნდება უკან. განთქმული შუბოსან-მოისარნი არიან ტროელები, საომარ ეტლებზე ამხედრებულნი ფიცხლად იბრძვიან და ბრძოლის ბედსაც ხომ ეგა წყვეტს. არავინ უწყის, რა მიწერია: შინ დაბრუნება თუ ილიონის კედლებთან სიკვდილი. ამიტომ შენ გაბარებ სახლ-კარსა და საბადებელს. უპატრონე ჩემს დედ-მამას, ზრუნვა არ მოაკლო და უჩემობა არ დაატყო. ხოლო როცა ჩვენი შვილი დავაჟკაცდება, იმ კაცს წაჰყევი ცოლად, ვინც შენს გულს ეთნევაო. და აჰა, მისი სიტყვისაებრ ახდა ყოველი. ზევსის განგებით, უკვე ახლოვდება ჩემთვის საძულველი ქორწინების ღამე. მაგრამ გულს უფრო ის მიკლავს, რომ ძველი წესი დაივიწყეს ახლანდელმა სასიძოებმა. ჩემსობას, მდიდარი და კეთილშობილი ქალის სათხოვად ერთმანეთში მოცილე სასიძოებს უხვი საბოძვარი მოჰქონდათ სარძლოსათვის, ხოლო ქალის მოყვრებისთვის თავად მოჰყავდათ სანადიმოდ დასაკლავი ცხვარ-ძროხა. სხვის საქონელს ხელს როგორ ახლებდნენ!
ეამა ოდისევსს, მისი საზრიანი მეუღლე ძღვენის გამოსატყუებლად თვალს რომ უხვევდა სასიძოებს. მაშინ სიტყვა დაძრა ანტინოემ, ევპეითოსის ძემ: - იკარიოსის დიდგონიერო ასულო! აქაველთაგან მოძღვნილ საბოძვარზე უარს ნუ იტყვი: ლამაზი არ არის ნაჩუქარის უკან გაბრუნება. ჩვენ კი მანამდე არ გავბრუნდებით, სანამ აქაველთა შორის უმჯობესს საქმროდ არ აირჩევ.
ანტინოეს სიტყვა მოუწონეს და კვერი დაუკრეს სასიძოებმა. საჩქაროდ აფრინეს სასახლეში მანდატურები საჩუქრების მოსატანად. მანდატურმა ანტინოეს მშვენივრად მოქარგული გრძელი კაბა მოუტანა, რომელსაც თორმეტი ოქროს დუგმა ესხა. ევრიმაქეს ოქროს უნატიფეს ძეწკვზე ასხმული მზისებრ მოელვარე ქარვის მძივები მოუტანა მანდატურმა. ევრიდამანტს ორმა მსახურმა საყურეები მოართვა, თითოეული სამი მოკიაფე თვალით დამშვენებული. ხელმწიფე პოლიქტორის ძეს პისანდრეს კი განსაცვიფრებელი ყელსაკიდი მოუტანა მსახურმა. სხვებსაც ძვირფასძვირფასი სამკაულები მოართვეს მანდატურებმა. დედათა შორის უტურფესმა პენელოპემ სანთიობოს მიაშურა კვლავ. მას უკან მიჰყვებოდა მდიდრული საბოძვარით ხელდამშვენებული ორი შიმუნვარი.
შეღამებამდე როკვასა და სიმღერას განაგრძობდნენ სასიძოები. იშვებდნენ, სანამ დარბაზში მწუხრი არ ჩამოწვა. მაშინ დარბაზში სამი მაშხალა დადგეს. ზედ ხის ხმელი ნაჭრები დაყარეს და დღვილიანი კვარის ნაფოტები შემოუწყვეს. მონაქალებმა რიგრიგობით აანთეს მაშხალები.
- თქვენ გეუბნებით, დაკარგული ბასილევსის მსახურნო, - მიმართა ოდისევსმა დარბაზში მოფუსფუსე დიაცებს, - თუ გწადიათ, თქვენს დედოფალთან წადით და გულიდან დარდი გადაუყარეთ, სანთიობოში ბეჭსახეხელს მიუსხედით ან მატყლი ჩეჩეთ. მაშხალების დარდი ნუ გექნებათ, მონადიმეებს მე გავუნათებ. დილამდეც რომ დარჩნენ, რული არ მომეკიდება. ღამისტეხას მიჩვეული ვარ!
მემაშხალე ქალებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი ატეხეს. დოლიოსის ასულმა, ლოყებღაჟღაჟა მელანთომ კი უშვერი სიტყვა აკადრა ოდისევსს. მელანთო შვილივით ჰყავდა გაზრდილი პენელოპეს, თავს ევლებოდა, ყველაფერს უსრულებდა, მაგრამ უმადური მონაქალი არაფრად აგდებდა სვეგამწარებულ დედოფალს. ეს ურცხვი დიაცი ევრიმაქეს ჰყვარობდა. მელანთომ გალანძღა ოდისევსი: - ჭკუაზე ხომ არ გადაცდი, უცხოელო? რას ჩმახავ, რას მიედ-მოედები? სამჭედლოში ან სალაყბოში უნდა ეგდო, დარბაისელ ხალხთან შენ რა გესაქმება? ღვინო შეგიჯდა ალბათ, რიდი დაგიკარგავს და ენად გაკრეფილხარ. ის ხომ არ გიხარია, მაწანწალა იროსი რომ დაჯაბნე? ჭკვიანად იყავი, შენი მჯობიც გამოჩნდება და იცოდე, ცხვირპირმიმტვრეულს კარში გისვრის!
კუშტი მზერა ესროლა ოდისევსმა გათავხედებულ მონაქალს: - რას მიყეფ, შე ძაღლთაპირო! ენა დაიმოკლე, თორემ ტელემაქეს ვეტყვი და შენს თავს ასო-ასო ავაკუწვინებ!
დარბაზიდან კისრისტეხით გაცვივდნენ მონაქალები. შიშისაგან მუხლები უკანკალებდათ. ფიქრობდნენ: ვაითუ აგვისრულოსო დანაქადები უცხოელმა. ოდისევსი მაშხალებთან დადგა, ვითომ ცეცხლის ყურის საგდებლად, თავის საფიქრალზე კი ფიქრობდა, გულდაგულ წონიდა, რა ექნა შემდგომ.
ხოლო ათინამ, მეტი რისხვით რომ აღევსო ოდისევსი, კიდევ უფრო გაახელა და გაათავხედა სასიძოები. ევრიმაქემ მთლად აიშვა თავი: - ერთ რამეს გეტყვით, სახელოვანი დედოფლის სასიძოებო, ყური დამიგდეთ! ღმერთების ნებით ხომ არ არის ეს კაცი მოსული ოდისევსის სახლში? მაშხალასავით უბრწყინავს მოტვლეპილი თავი და, მგონი, ეს უფრო ანათებს ამ დარბაზს!
ევრიმაქეს ამ სიტყვებზე გულიანად ახარხარდნენ სასიძოები. ახლა ქალაქთა დამაქცევარ ოდისევსს მიუბრუნდა ევრიმაქე: - კარგ გასამრჯელოს მოგცემ, მოჯამაგირედ დამიდექი, უცხოელო! შორს, მინდორში იმუშაკებ, ძელებს ჩამიყრი და ყორეს გამიკეთებ. საჭმელ-სასმელი თავზე საყრელად გექნება. სამოსელს მოგცემ და ხამლებსაც გაჩუქებ. მაგრამ გამოვა შენი ხელიდან საქმე? კარდაკარ ძუნძული გირჩევნია ალბათ და ნასუფრალით მუცლის ამოყორვა!
ასე მიუგო მრავალნაცადმა ოდისევსმა ევრიმაქეს: - ეჰ, ევრიმაქე, გაზაფხულის ნაბუნიობისას, ერთმანეთს რომ შეგვაჯიბრა თიბვაში, უსმელ-უჭმელი, საღამომდე მთისხელა ზვინებს დაგიდგამდი! ქცევა მიწა რომ მოგვახვნევინა ქედფიცხელი, ლომფერა ხარებით, მაშინ ნახავდი, ვინ უფრო ღრმად გაიტანდა ურნატს! კრონიონმა დღესვე რომ ბრძოლად აღგვძრას, - ხელთ ფარ-შუბი მომცა და თავს მუზარადი დამხურა, - მეწინავეთა შორის მნახავდი მკლავშემართულს და მუცელღორობას არ დამწამებდი. მედიდური და უკმეხი ვინმე ხარ! ახალუხლებში თავი დიდად მოგაქვს, მაგრამ ოდისევსი თუ დაბრუნდა, უმალ გაქცევაზე იფიქრებ და ეს ფართო კარიბჭე ვიწროდ მოგეჩვენება!
- არ შეგარჩენ ამ თავხედობას, შე უბადოვ! - შესძახა გააფთრებულმა ევრიმაქემ, – შიში არაფრისა გაქვს და ამ დარბაისელ ხალხსაც არაფრად აგდებ! ღვინო ხომ არ აგივარდა თავში, ან იქნებ იმიტომ გახვედი თავს, რომ მაწანწალა იროსი დაჯაბნე?
ევრიმაქემ იქვე, სკამს დასტაცა ხელი და გამეტებით ესროლა ოდისევსს. ოდისევსმა მოასწრო, დულიქიონელი ამფინომოსის მუხლებთან წაიხარა და სკამი მარჯვენაზე მოხვდა მწდეს. მან სიმწრისაგან შეჰყვირა, ლაგვინს ხელი უშვა და პირქვე დაეცა.
ჩამობნელებულ დარბაზში ერთბაშად აჩოჩქოლდნენ სასიძოები. ერთმანეთს წყრომით ეუბნებოდნენ: - ნეტავ ფეხი მოსტეხოდა ამ უცხოელს და აქ არ მოსულიყო! თავზე წამოგვაჯდა და ლამის ჩაგვიშალოს ნადიმი! მაგის გამო ატყდა ეს აყალმაყალი!
ბოლოს გონიერმა ტელემაქემ მიმართა შეკრებილთ: - რამ გაგახელათ, დარბაისელნო? ღვინო ხომ არ მოგერიათ? ან იქნებ რომელიღაც დაიმონმა დაგიბნელათ გონება, თავს რომ ვერ იოკებთ! გეყოთ ღვინის სმა! სახლიდან არ გითხოვთ, მაგრამ გიჯობთ, შინ წახვიდეთ და მოისვენოთ!
ეს თქვა და მათ კბილით დაიჭამეს ტუჩები. დიდად გაიოცეს ტელემაქეს გაბედული ნათქვამი. მაშინ ამფინომოსმა ასე ურჩია სასიძოებს: - მოყმენო, დაიცხრეთ გულისწყრომა! გზიანი სიტყვა გვითხრა ტელემაქემ. ნურც ამ უცხოელს ვაკადრებთ ნურაფერს და ნურც ხელშინაურებს. მოდი, მწდეს შევავსებინოთ თასები, ღმერთები ვახსენოთ და შინ წავიდეთ დასაძინებლად. ოდისევსის სახლში სტუმრებულ ყარიბს კი ტელემაქემ მიხედოს!
სიტყვა მოუწონეს ამფინომოსს. მისმა მანდატურმა, დულიქიონელმა მულიოსმა, ყველას სათითაოდ ჩამოურიგა ღვინით სავსე თასები. ნეტარ ღმერთებს ზედაშე დაუღვარეს და თავადაც შესვეს. სუფრის წესი რა აღასრულეს, წამოიშალნენ და თავთავიანთ სახლებს მიმართეს.
XIX. ევრიკლეამ იცნო ოდისევსი
დარბაზში დარჩენილი ოდისევსი ათინას თანადგომით სიკვდილს უმზადებდა სასიძოებს. მან ასე დაარიგა ტელემაქე: - აბა, ტელემაქე, საჭურველი ჩამოხსენი და ქორედში აიტანე. თუ გითხრეს, ეს რა გიქნიაო, მოკრძალებული სიტყვით დააშოშმინე: მას შემდეგ, რაც ოდისევსი სალაშქროდ წავიდა, ჭვარტლით იმურება და ფუჭდებათქო იარაღი. ამას გარდა, ასე შთამაგონა-თქო დაიმონმა: ვაითუ, შემთვრალნი ერთმანეთს წაეკიდოთ, იარაღზე ხელი წაგიცდეთ და ეს ნიშნობის სუფრა სისხლით შესვაროთ. გახელებული მამრის მარჯვენას მისდა უნებურად იზიდავს-თქო მახვილი.
ტელემაქემ საჩქაროდ მოიხმო მოხუცი გადია, ევრიკლეა: - დია, დარბაზში არ შემოუშვა ქალები, სანამ მამისეულ საჭურველს არ ავზიდავ ქორედში. ოდისევსის აქ არყოფნაში ჭვარტლმა გამურა ბრინჯაო. მაშინ ბალღი ვიყავ, არაფერი მესმოდა. ახლა კი მინდა გადავინახო, რომ მოუვლელობამ მთლად არ გააოხროს იარაღი.
- ეჰ, ნეტავ იმას მოვესწრებოდე, მამისეულ სახლსა და საბადებელს შენ ჰპატრონობდე!.. - უთხრა ევრიკლეამ და იქვე დასძინა, - გზას ვინ გაგინათებს, ტელემაქე, თუ მსახურ ქალებს არ იახლებ?
- გზას ეს ყარიბი გამინათებს, - მიუგო ტელემაქემ, - ჩემს სახლში თუკი პურსა ჭამს, ხელიც უნდა გაანძრიოს კაცმა, თუნდაც შორი ქვეყნიდან იყოს სტუმრებული!
ეს თქვა ოდისევსის სახელოვანმა ძემ და ევრიკლეას სათქმელს ფრთა მოუტყდა. ერთგულმა გადიამ კარი ჩაუკეტა ხელშინაურ ქალებს. ოდისევსმა და ტელემაქემ რვალის მუზარადები, მრგვალი ფარები და წვერმახი შუბები დარბაზიდან გაზიდეს. ოქროვანი ჩირაღდნით ხელში მათ წინ უძღოდათ თვალსხივოსანი ათინა და უცხოდ მოთინათე შუქით უნათებდა გზას. განცვიფრებულმა ტელემაქემ შესძახა: - ამას რას ვხედავ, მამაჩემო! ჭერხოს კოჭები, ფიჭვის კედლები და სვეტები ისე საკვირველად ბრწყინავენ, თითქოს ალი მოსდებიაო. ალბათ რომელიღაც დაიმონმა დაივანა ჩვენს სახლში!
- დაიდუმე, შვილო! ნუ მეკითხები! ასე სჩვევიათ ოლიმპოელ ღმერთებს. ახლა წადი, დაიძინე. მე აქ დავრჩები, რომ ხელშინაურნი გამოვცადო, ხოლო დედაშენი საუბარში შევიყოლიო, რადგან ვიცი, ენდომება ჩემი გამოკითხვა.
ასე ურჩია ოდისევსმა შვილს. ტელემაქემ ანთებული კვარით გზა გაინათა და თავის საძილო ოთახს მიაშურა. ეოსის გამოჩენამდე ტკბილად ეძინა ტელემაქეს. ოდისევსი კი დარბაზში დარჩა და ათინას თანადგომით სიკვდილს უმზადებდა სასიძოებს.
მალე სანთიობოდან არტემისისა და ოქროაფროდიტეს დარი პენელოპე ჩამოვიდა. კერიასთან, იქ, სადაც ჩვეულებისამებრ იჯდა ხოლმე დედოფალი, სპილოს ძვლითა და ვერცხლით მოჭედილი, ცხვრის ნატით დაფენილი საკარცხული დაუდგეს. ეს საკარცხული ხურო იკმალიოსის ნახელავი იყო.
თეთრმკლავება მოახლეებმა პური შემოიტანეს, ტაბლები დადგეს და ზედ დიდებულთა საფერი ოქროს თასები დააწყვეს. ცეცხლი გაჩხრიკეს და შეშა შეუკეთეს, რომ დარბაზში მყოფთ სითბო და სინათლე არ მოჰკლებოდათ.
დარბაზში რა შენიშნა ოდისევსი, კვლავ უშვერი სიტყვით მიადგა მას ურცხვი მელანთო: - რას დაბორიალებ ამ სახლში, რას უთვალთვალებ ამ მსახურ ქალებს! მუცელი ხომ გაიძღე, ახლა თავიდან მოგვწყდი, გულს ნუ გვიწყალებ, თორემ თავში მოგხვდა ეს მუგუზალი!
კუშტი მზერა ესროლა მელანთოს ოდისევსმა: - რას გადამეკიდე, შე უკუღმართო! მერე რა, რომ ძონძები მაცვია და კარდაკარ დავწანწალებ ლუკმაპურისთვის! რა ვუყო, ასეთ დღეში ჩამაგდო ბედმა! ერთ დროს მეც შეძლებული და ბედნიერი კაცი ვიყავი. ჩემს კარზე სამათხოვროდ მოსულისთვის ლუკმაპური არასოდეს დამიკავებია. ბევრი მონა მესვა და სხვა საქონელიც ბევრი მქონდა, რის გამოც დიდად შეირაცხება ხოლმე და გულნებივრად ცხოვრობს კაცი. მაგრამ კრონიონმა წამართვა ყოველივე. შენც, დედაკაცო, გეშინოდეს ღვთის რისხვისა! ზევსმა არ წაგიღოს ეგ სილამაზე, რითაც მხევალთა შორის გამოირჩევი. ვაი შენს დღეს, თუ შემოგწყრა დედოფალი, ან ოდისევსი თუ დაბრუნდა! ჯერ ხომ არ გადაწურულა იმედი! ხოლო თუ ცოცხალი აღარაა ამ სახლის პატრონი, აპოლონის წყალობით დავაჟკაცებულ[69] ტელემაქეს, იცოდე, მონაქალების უმსგავსი საქმე არ გამოეპარება!
ამის გაგონებაზე წყრომით მიუბრუნდა მელანთოს პენელოპე: - რამდენს ბედავ, შე ძაღლის ლეკვო! არ გამომპარვია შენი უზნეობა და იცოდე, თავხედობისთვის საკადრისი მოგეზღვება! განა არ მითქვამს, ამ ყარიბს მინდა გამოვკითხო-მეთქი დაკარგული მეუღლის ამბავი!
ახლა ევრინომეს უბრძანა პენელოპემ: - სტუმარს სკამი მიართვი, ევრინომე, და ზედ ნატი დაუფინე. მინდა საყვარელი მეუღლის ამბავი გამოვკითხო.
ევრინომემ უმალ მოიტანა კარგად გარანდული სკამი და ზედ ცხვრის ნატი დააფინა. პენელოპემ სკამზე მიიწვია მრავალჭირნახული ოდისევსი და ჰკითხა: - ჯერ ეს მითხარი, ჩემო სტუმარო, ვინ ხარ და სადაური ხარ, სად გიდგას მშობლიური ქალაქი და ვინ არიან შენი მამა-პაპანი?
მრავალნაცადმა ოდისევსმა მიუგო: - დედაკაცო, ვერავინ იტყვის შენს აუგს ამ უკიდეგანო ქვეყანაზე. ცას სწვდება შენი დიდება, თითქოს უკვდავთა შესაგვანი ხელმწიფე იყო, ხელმწიფე, რომელიც სიმართლით განაგებს ძლიერსა და მრავალრიცხოვან ხალხს. ასეთ ხელმწიფეს წიაღიანი დედამიწა უხვად აღმოუცენებს ქერსა და ხორბალს, წვენსავსე ნაყოფებით დახუნძლული ხეები უდგას, საძოვრებზე პოხილი ცხვრის ფარა დაუდის, ხოლო მლაშე ზღვაში თევზი არ ელევა. მის ხელში განცხრომითა და შვებით ცხოვრობს ხალხი... სხვა რამე მკითხე, სამშობლოსა და სახლეულს ნუ მომაგონებ, თორემ კაეშანი შემომაწვება და მრავალტანჯული მწარედ ავტირდები. სხვის სახლში ტირილი კი არ ეგების! გამკიცხავენ შენი მონაქალები: ღვინო დაულევია და გული ასჩუყებია ბერიკაცსო.
პენელოპემ ასე უპასუხა ოდისევსს: - ჰე, უცხოელო, ღმერთებმა წამიღეს ღირსება და სიტურფე მას შემდეგ, რაც ჩემი ღვთისდარი მეუღლე არგოსელებს წაჰყვა ილიონში. ქმარი გვერდში რომ მედგას, მშვენება და დიდება ასწილად შემემატებოდა. აწ კი გული ნაღველით მეწურება. ვაი, რომ ათასი ჭირი დამატეხა თავს ავმა დაიმონმა. ყველანი, ვინც კი გარეშემო კუნძულებს პატრონობენ, - დულიქიონელნი, სამეელნი, ტყიანი ზაკინთოსის გამგებელნი, თვით კლდოვანი ითაკის წარჩინებულნიც კი ჩემს ცოლად წაყვანას ესწრაფვიან და საბადებელს გვიჩანაგებენ. ამიტომ მახვეწართა და სტუმართა თავი აღარა მაქვს, ვეღარც მანდატურებისთვის მიმიხედავს, რომ წესისაებრ ემსახურონ ხალხს. მხოლოდ ოდისევსზე ფიქრით მეწურება გული. სასიძოები ქორწილს მაჩქარებენ, მე კი ასეთი ხრიკი მოვიგონე: კეთილმა დაიმონმა შთამაგონა უგრძესი და უნატიფესი ქსელი მომექსოვა. მაშინ ასე მივმართე სასიძოებს: ჭაბუკნო, თუმცა ამქვეყნად აღარაა ოდისევსი, ქორწილს ჯერხნობით ნუ გავმართავთმეთქი, ვიდრე გმირ ლაერტეს თეთრ სუდარას არ მოვუქსოვ იმ დღისთვის, როცა დამღუპველი მოირები სამუდამო ძილით დააძინებენ. არ მინდა გამკიცხონ აქაველმა დიაცებმა, უსუდაროდ როგორ უწევსო ეს დოვლათიანი კაცი. ასე ვუთხარი და ისინიც დაენდნენ ჩემს სიტყვას. დღისით ვბეჭავდი ამ დაუსრულებელ ქსელს, რათა ღამით მაშხალების შუქზე მათ უჩუმრად დამერღვია.
ასე ვატყუებდი მთელი სამი წელიწადი, ვიდრე ძაღლუმადურმა ჩემმა მხევლებმა არ გამამხილეს და სასიძოები არ დამაყენეს თავზე. მაშინ კი სხვა გზა აღარ მქონდა: უნდა დამესრულებინა ქსოვა. ასე რომ, ჩემდა უნებურად მოვქსოვე ეს სუდარა. ახლა ვერსად გავექცევი ქორწილის დღეს. აკი მშობლებიც მაიძულებენ, შესაფერი საქმრო ავირჩიო! გარდა ამისა, ტელემაქეს აცოფებს მამისეული ქონების გაპარტახება: უკვე დავაჟკაცდა და, ზევსის წყალობით, ხელეწიფება სახლ-კარის პატრონობა. შენ კი, ყარიბო, უნდა მითხრა, ვინ ხარ და საიდანა ხარ, - ძველთაძველი თქმულებისამებრ მუხისა და კლდისაგან ხომ არ იქნები ნაშობი?
ასეთი სიტყვა მიუგო პენელოპეს მრავალნაცადმა ოდისევსმა: - ლაერტეს ძის, ოდისევსის კეთილშობილო მეუღლევ! რაკიღა ჩემი ასავალ-დასავლის გაგება მოინდომე, გეტყვი, თუმცა გარდასულ ჭირთა მოგონება ჭმუნვას უათკეცებს ჩემებრ სამშობლოდან მოშორებულ და დედამიწის ზურგზე უცხო ტომთა შორის უგზოუკვლოდ მოხეტიალე ყარიბს. მაშ, მომისმინე, წვრილად გიამბობ ყოველივეს. გაგეგონება კრეტა, ზღვით გარემოცული, დიდნაყოფიერი, მშვენიერი კუნძული. ოთხმოცდაათი ქალაქი დგას ამ კუნძულზე, ხალხმრავალი. სხვადასხვა ტომი ირევა აქ: ნამდვილკრეტელნი, აქაველნი, კიდონელნი, სამ თემად გაყოფილი დორიელები და პელაზგების უძველესი ტომი. კრეტელთა უმთავრეს ქალაქში, კნოსოსში, ბასილევსად იჯდა სახელგანთქმული მინოსი[70], რომელიც ცხრა წელიწადში ერთხელ პირისპირ ეთათბირებოდა ხოლმე მამაზევსს. ამ მინოსის ძე იყო მამაჩემი, დიდსულოვანი დევკალიონი. ორნი ძმანი ვიყავით: მე და იდომენევსი, რომელიც მშვილდსახიანი ხომალდით ატრიდებს წაჰყვა ილიონში. მე ეთონს მეძახიან, უმრწემესი ვიყავ და ამიტომაც სალაშქროდ არ წამიტანეს. სწორედ იქ, კრეტაზე, ვნახე ოდისევსი. ტროას მიმავალი ქარბორბალამ ააშორა მალეების კონცხს და ელეთის მღვიმესთან, ამნისის ძნელად მისადგომ ყურეს შეაფარა ხომალდი. ქალაქს შემოვიდა თუ არა, უმალ თავისი ძველი მეგობარი იდომენევსი მოიკითხა. მაგრამ იდომენევსი, ჩემი უფროსი ძმა, ათი-თორმეტი დღის წასული იყო ტროას. შინ მოვიპატიჟე ოდისევსი და გულუხვად გავუმასპინძლდი, რაკი სახლი დოვლათით მქონდა სავსე. ამას გარდა, ქვეშევრდომთ მოვატანინე პური, წითელი ღვინო და საკლავი, რომ ზღვისგან განაწამებთ გულნებიერად მოელხინათ. თორმეტი დღე ჩემთან სტუმრობდნენ რვალისსაბარკულიანი აქაველები. მძვინვარე ბორეასი ბობოქრობდა და კაცს არამცთუ ზღვაზე, ხმელეთზეც არ დაედგომებოდა. ალბათ რომელიღაც ავმა დაიმონმა აღძრა ეს ქარაშოტი. მეცამეტედ რა გამოანათა ეოსმა, ქარი ჩადგა და აქაველნიც გზას დაადგნენ...
სიმართლეს შემსგავსებული კიდევ ბევრი ცრუ ამბავი მოიგონა ოდისევსმა. უსმენდა პენელოპე და მდუღარება ეფრქვეოდა თვალთაგან. როგორც მთათა მწვერვალებზე სუსხიანი ჭალიკონისაგან შეფენილ თოვლს გაადნობს ხოლმე მხურვალე ხორშაკი და წამოსული ლანქერი წყალუხვ მდინარეებად დასდინდება ფერდობებს, ისე სდიოდა პენელოპეს ნატიფ ღაწვებზე ცრემლების ღვარი. სიბრალულმა შეძრა ოდისევსი, მაგრამ წარბი არ შეუხრია, გაქვავებულ თვალებში დამალა ცრემლი. ტირილით გული რა მოიოხა, პენელოპე ჩაეძია სტუმარს: - უკეთუ შინ უმასპინძლე ოდისევსსა და მის თანამგზავრებს, ისიც გეცოდინება, რა ემოსა ჩემს ქმარს, როგორ გამოიყურებოდა ან ვინ ახლდა აქაველთაგან?
- დედაკაცო, ძნელია ამის გახსენება! - მიუგო ოდისევსმა, - ბარე ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი სახლიდან გავისტუმრე ლაერტეს ძვირუხსენებელი ძე. მაინც გეტყვი, თუ რამ გამახსენდა. ასე მახსოვს, ორკეცი, ძოწისფერი მოსასხამი ეხურა, ოქროსბალთიანი. ზედ უცხო რამ იყო ამოქარგული: მგელს თათებით ჩაებღუჯა მთრთოლარე ნუკრი, რომელიც მისი ბრჭყალებიდან დასხლტომას ლამობდა. ყველას აცვიფრებდა ეს ნაქარგი, ისე ცოცხლად ჩანდნენ ოქრომკედით გამოყვანილი მხეცები. მოსასხამის ქვეშ ქიტონი ეცვა ოდისევსს, ხახვის ფურცელივით ნაზი და მზესავით მბრწყინავი. დიაცებს თვალი რჩებოდათ ზედ. არ ვიცი, სახლიდან წამოჰყვა ეს სამოსელი თუ გზაში უსახსოვრა ვინმემ, რადგან გაგონილი მაქვს, აქაველთა შორის სწორუპოვარს ბევრი მეგობარი ჰყავდა. თავად მე ბრინჯაოს სატევარი, ორკეცი ძოწისფერი მოსასხამი და გრძელი ქიტონი ვაჩუქე და კეთილად აღკაზმული ხომალდით გავისტუმრე ილიონს. ისიც მახსოვს, რომ ერთი მასზე უხნესი მანდატური ახლდა, მრგვალბექიანი, თმახუჭუჭა და შავგვრემანი. ევრიბატე ერქვა ამ მანდატურს. სხვა თანამგზავრთა შორის გამორჩეულად აფასებდა მას ოდისევსი, რადგან მისი ხვაშიადის გამგები და ერთგული კაცი იყო.
ეცნაურა პენელოპეს ყარიბის ნათქვამი, გული ჩასწყდა და მწარედ ატირდა. ცრემლის ღვრით გული რა მოიოხა, ასე უპასუხა ოდისევსს: - წეღან თუ მხოლოდ მებრალებოდი, უცხოელო, ამიერიდან ძვირფას და სასურველ სტუმრად მეგულები! იცოდე, ის მოსასხამი, შენ რომ გაიხსენე, მე თავად გამოვუტანე სანთიობოდან და ის ოქროს ბალთაც მე დავუმაგრე ზედ. ვაიმე, რომ მაგ მოსასხამის პატრონი ვეღარასოდეს დამიბრუნდება! უბედურ ფეხზე წავიდა ჩემი ქმარი იმ დასაქცევ ილიონში!
- ოდისევსის ძვირუხსენებელო მეუღლევ! - მიუგო ოდისევსმა, - მშვენებას ნუ იჭკნობ და ტირილით ნუ იკლავ თავს. თუმცა, როგორ გაგამტყუნო. რომელი ცოლი არ დაიტირებს თავის დაკარგულ ქმარს, ვისაც სიყვარულით შეერთო და შვილები შესძინა? შენი მეუღლე ხომ უკვდავთა შესაგვანი მამრი იყო! მოეშვი ტირილს, ყური მიგდე, ყოველივეს დაუფარავად გეტყვი: გაგონილი მაქვს, თესპროტელთა ნაყოფიერ ქვეყანას შეხიზნებია ოდისევსი. მალე დაბრუნდება და დიდძალ ნადავლს ჩამოიტანსო. თრინაკიის კუნძულიდან გამომგზავრებულს ღვინისფერ ზღვაში დაღუპვია ხომალდიცა და თანამგზავრებიც. ზევსისგან მიეგოთ იმ ბედკრულთ ეს ხვედრი, რადგან ჰელიოსის წმინდა ძროხები შეუჭამიათ. ხომალდის ხერხემალს მოჭიდებული მხოლოდ ოდისევსი გაურიყავს კრონიონს ღმერთების ნათესავ ფეაკელთა მიწაზე, სადაც მას ღვთისდარი პატივი მიაგეს და აურაცხელი საჩუქარი უძღვნეს. ფეაკელებს თავად უნდოდათ ოდისევსის სამშობლოში ჩამოყვანა და ვინ იცის, იქნებ აქ ყოფილიყო უკვე, რომ უცხო ქვეყანათა მოვლა და დაკარგული ალაფის ანაზღაურება არ განეზრახა. ამქვეყნად მოკვდავთა შორის ყველაზე უკეთ ოდისევსმა იცის, სად და როგორ ნახოს სარგებელი! თავად თესპროტელთა ბასილევსი მეფიცებოდა ნადიმობისას, ზედაშეს როცა უღვრიდა უკვდავ ღმერთებს, გამზადებული მყავსო ოდისევსის გასასტუმრებლად ხომალდი და ნიჩბოსნები. მაგრამ ვერ შევხვდი მის სტუმარს: ბასილევსმა უწინარეს მე გამისტუმრა ოქროყანოვან დულიქიონში. მანვე მაჩვენა ოდისევსის მონახვეჭი საჭურჭლე. ეს ქონება მეათე მუხლამდე ეყოფოდა ერთ საგვარეულოს. თვითონ ოდისევსი დოდონაში წასულიყო, რომ ღვთაებრივი მუხისაგან ზევსის რჩევა მოესმინა: როგორ დაბრუნებულიყო დიდი ხნის უნახავ სამშობლოში - ცხადლივ თუ იდუმალ. ასე რომ, დამიჯერე, ცოცხალია შენი მეუღლე და მალე დაგიბრუნდება. ღმერთთა შორის უზესთაეს ზევსს და ოდისევსის კერას გეფიცები, ისე ახდება ყველაფერი, როგორც გაუწყე! ამ მთვარის დალევამდე გამოჩნდება იგი
- ნეტამც ახდებოდეს შენი ნათქვამი, უცხოელო, - უპასუხა პენელოპემ, – ახლობელივით შეგიტკბობდი ამ სახლში და ჩემგან დოვლათით ავსებული უბედნიერეს კაცად შეირაცხებოდი! მაგრამ გული მიგრძნობს, რომ არც ოდისევსი დაბრუნდება და ვერც შენ გაგამგზავრებენ სამშობლოში. აწ აღარ პატრონობს ამ სახლს ოდისევსის ბადალი კაცი, რომ მასპინძლობის წესისამებრ სტუმრის მიღებაგასტუმრებაც შეძლოს... ჰეი, ქალებო, ფეხი დაბანეთ სტუმარს, ლოგინი გაუშალეთ და სქელი საბანი წაახურეთ. დაე, ოქროსტახტოვანი ეოსის გამოჩენამდე თბილად ეძინოს, ხოლო დილაადრიან განბანეთ და ნელსაცხებლით დაუზილეთ ტანი, რომ სანადიმო დარბაზში ტელემაქეს გვერდით პურობად დაჯდეს. ნურვინ იფიქრებს მის წყენინებას. ჩემი სტუმრის შეურაცხმყოფელს ამ სახლში აღარ დავაყენებ, რაც უნდა გულფიცხობდეს იგი. უცხოელო, როგორ შემრაცხავდი შენ უგონიერესად და უსათნოესად, უკეთუ წვირიანსა და ჩამოძონძილს დაგსვამდი სანადიმო სუფრაზე? მოკლეა, მოკლე ეს წუთისოფელი! გულქვასა და სასტიკს სიცოცხლეშივე სწყევლიან კაცნი, ხოლო მკვდარს აუგად იხსენიებენ. ქველისა და კეთილი კაცის საქმეს კი მთელ ქვეყანას მოჰფენენ ხოლმე ყარიბები და ქვეყნიერნიც მადლით იხსენიებენ მათ.
- ეჰე, ოდისევსის ძვირუხსენებელო მეუღლევ! – მიუგო ოდისევსმა, – მას შემდეგ, რაც კრეტას თოვლიანი მწვერვალები თვალთაგან მიმეფარა, თბილი ლოგინი აღარ მახარებს... ბევრი ღამე გამიტეხია ოქროსტახტოვანი ეოსის მოლოდინში მდაბიორთა სარეცელზე და ახლაც ასე მივწვები სადმე. არც შენს ახალგაზრდა მოახლეებს დავაბანინებ ფეხს. იქნებ ვინმე ჩემებრ ჭირგამოვლილი მოხუცი დედაკაცი გყავდეს, იმან დამბანოს ფეხი.
პენელოპემ სიტყვა მოუწონა ოდისევსს: - კეთილო სტუმარო! ჩემს სახლში წვეულ უცხოელთაგან შენებრ გულისხმიერი და სიტყვამიუმცდარი კაცი ჯერ არ შემხვედრია. ყოველივეს რიგიანად ბრძანებ. ერთი სათნო დედაბერი გვყავს სახლში, ჩემი სვეუბედური მეუღლის ამქმელი და გამზრდელი. თუმცაღა ძალ-ღონე აღარ ერჩის, ის დაგბანს ფეხს. აბა, ჩემო ევრიკლეა, მიმიხედე სტუმარს, შენი პატრონის კბილაა იგი. ვინ იცის, იქნებ ოდისევსსაც მასავით დაუჭკნა ხელ-ფეხი, რადგან დუხჭირი ცხოვრება უდროოდ აბერებს კაცს.
ამის გაგონებაზე ცრემლი წასკდა ევრიკლეას, თვალებზე ხელი აიფარა და გულამოსკვნილმა ამოიოხრა: - ვაი, ჩემო შვილო, აწი ხომ ვერაფერში გამოგადგები! ყველაზე მეტად შენ რად მოგიძულა ზევსმა? განა შენ არ სწირავდი მეხისმტყორცნელს მსუქან ბარკლებსა და უშურველ ჰეკატომბას, რომ სვიანად მიგეღწია სიბერემდის და სახელოვნად აღგეზარდა მხოლოდშობილი ძე? აწ მოჭრილი გაქვს გზა სამშობლოსაკენ! ალბათ სადმე, უცხო ქვეყნად, ვინმე ბასილევსის სახლში შეხიზნულს, შენც ამ ყარიბივით დაგცინიან ურცხვი და უმადური მონაქალები! კარგი ჰქენ, უცხოელო, რომ ამათ არ დაანებე ფეხის დაბანა. მე კი სიხარულით დავემორჩილები ჩემს დედოფალს, მის გულსაც მოვიგებ და შენს მადლსაც მოვისხამ. განათუ მებრალები მარტო? ამ უცხოელთაგან, ვისაც კი ოდესმე თავი შეუფარებია ამ ჭერქვეშ, იერით, ხმითა და ფეხებით მხოლოდ შენ ერთი მაგონებ ოდისევსს.
ცბიერმა ოდისევსმა მიუგო: - მჭრელი თვალი გქონია, დედაბერო! ვისაც კი ერთხელ ვუნახავვართ მე და ოდისევსი, დიდად ჰგვანანო ერთმანეთს, ასე უთქვამთ.
ევრიკლეამ სტუმარს ფეხსაბანი ტაშტი დაუდგა და წყალი გაუნელა. კერიასთან მჯდომი ოდისევსი სკამზე შეტრიალდა, ცეცხლს ზურგი შეაქცია - ეშინოდა, ძველი ნაჭრილობევი არ შეემჩნია გადიას და უდროოდ არ გაცხადებულიყო საქმე...
პარნასის მთებში, ავტოლიკესთან სტუმრობისას თეთრეშვებიანმა ტახმა დაუშავა ოდისევსს ფეხი. პაპამისი ავტოლიკე მთელ იმ მხარეში განთქმული მჩხიბავი და ცრუმაფიცარი იყო. ეს ნიჭი ჰერმესს მოემადლებინა მისთვის, რადგან დიდძალი ცხვარი და თხა ჰყავდა შეწირული მსხვერპლად. ამის გამო მუდამ სწყალობდა მას არგუსის მკვლელი. ერთხელ ფიცხელკლდოვან ითაკაში სტუმრებულ ავტოლიკეს სადილის შემდეგ ვაჟიანობა ახარა ევრიკლეამ და მისი ასულის ახალშობილი ძე ჩაუგორა მუხლებში: აჰა, ავტოლიკე, შენთვის ეგზომ სანატრელი შვილიშვილი! დაე, შენგან შერქმეულ სახელს ატარებდესო!
ავტოლიკემ ასე მიმართა სიძესა და ახალმოლოგინებულ ქალიშვილს: - აი, რას გეტყვით: ამქვეყნად ბევრისგან ვარ შერისხული და აქაც თავმოძულებული მოვედი. ამიტომ თქვენს ვაჟს ოდისევსი ერქვას - მოძულებული[71]. რა დავაჟკაცდება, ჩემთან გამოგზავნეთ დედულეთში. სახლში დიდძალი საგანძური მაქვს. თავის წილს მივცემ და გულმხიარულს გამოვისტუმრებ უკან.
გამოხდა ხანი და ჭაბუკი ოდისევსი პაპამისს ეწვია, რათა აღთქმული წილი შინ წამოეღო. პაპა და დედის ძმანი გულღიად შეეგებნენ სტუმრებულს. დიდედა ამფითეამ გულში ჩაიკრა და ორივე თვალი დაუკოცნა სანატრელ შვილიშვილს. ავტოლიკემ ვაჟებს უბრძანა, სანადიმო სამზადისს შესდგომოდნენ. მათ ხუთი წლის ხარი წამოაქციეს, გაატყავეს, აფეშხვეს და შამფურებზე წამოაგეს. მწვადები მეინახეებს ჩამოურიგეს. მზის ჩასვლამდე ნებიერად ილხენდნენ მონადიმენი. ყველას თანაბარი არჩივი ხვდა წილად, უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. როცა მზე მიდრკა, სიღამე ჩამოწვა, დასაძინებლად წავიდნენ, რომ ღამის მადლი შესწეოდათ.
როცა ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფრად ირიჟრაჟა, დედის ძმანი და დისწული სანადიროდ წავიდნენ, თან ძაღლები გაირეკეს. პარნასის დაბურულ მთაში ქარიან ხეობას აუყვნენ და ხშირი ჯაგნარით დაფარულ ჭალაში გავიდნენ. ამ დროს ოკეანის უფსკრულიდან აღმოხდა მზე და მთის მწვერვალებს შუქი მოაფინა. მეძებრებმა გეში აიღეს და წინ გაცვივდნენ. მონადირენი მიჰყვნენ ძაღლებს. ოდისევსს გრძელჩრდილიანი შუბი ჰქონდა მოღერებული. იქვე, ჯაგნარში ვეებერთელა ტახი იყო შეფარებული. იქ ვერც ქარი ატანდა, ვერც მზის სხივი და ვერც წვიმის ნიაღვარი. მონადირეთა ხმა რა მოესმა, ჯაგარაშლილი ტახი ადგილიდან დაიძრა. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა გაავებული. ოდისევსი პირველი მიეჭრა ტახს და შუბი მოუქნია, მაგრამ ტახმა დაასწრო და ეშვი ბარკალში აძგერა. ოდისევსმა ფიცხლად ჩასცა შუბი მარჯვენა ბეჭში და გულამდე გაუტარა მბზინვარე ბრინჯაო. ერთი დაიღრუტუნა ტახმა და უსულოდ დაეცა ძირს.
დედის ძმანი შემოეხვივნენ ოდისევსს. შეულოცეს და იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა, მერე ჭრილობა შეუხვიეს და საჩქაროდ სახლში წაიყვანეს. იქ მოუარეს ოდისევსს, უწამლეს და განკურნეს. შემდეგ კი მხიარულებმა მხიარული სახლიკაცი დიდი საჩუქრებით გაისტუმრეს ითაკაში. მამამ ლაერტემ და დედაბატონმა წვრილად გამოჰკითხეს ამ ფათერაკის ამბავი შვილს და მანაც წვრილად უამბო, როგორ დაუშავა ფეხი პარნასის მთაზე თეთრეშვიანმა ტახმა.
სწორედ ამ ნაჭრილობევზე მოუხვდა ხელი ევრიკლეას. იმწამსვე იცნო მოხუცმა გადიამ თავისი გაზრდილი, გაოგნებულმა ხელი უშვა ფეხს. ოდისევსს ტაშტის პირზე დაუცურდა ფეხი. სპილენძის ტაშტი წკრიალით აყირავდა და წყალი დაიღვარა. სიხარულმა და ნაღველმა ერთბაშად მოუწურა გული ევრიკლეას, ხმა ჩაუწყდა და თვალები ცრემლით აევსო. ნიკაპზე ხელი მოუსვა ოდისევსს და ხმაათრთოლებულმა ჰკითხა: - შენა ხარ, დია? მანამდე როგორ ვერ გიცანი, სანამ ხელი არ შეგავლე ტანზე?
პენელოპესკენ წაიხარა ევრიკლეა, უნდოდა ეხარებინა, აქა გყავს საყვარელი ქმარიო, მაგრამ პენელოპეს არაფერი შეუმჩნევია, ათინამ სხვაგნით მიუმართა საფიქრალი. ოდისევსმა დედაბერს პირზე დააფარა მარჯვენა, მარცხენით თავისკენ მიიზიდა და უჩურჩულა: - რას მიშვრები, გადია! ოცი წლის უნახავი დაგიბრუნდი და ახლა გინდა დამღუპო? განა შენი ძუძუთი არა ვარ გაზრდილი? ღვთის შთაგონებით რაღაი მიცანი, ახლა გაჩუმდი, არავინ შეიტყოს ჩემი აქ ჩამოსვლა! თორემ იცოდე, თუ ღმერთებმა სასიძოებზე გამამარჯვებინეს, ამ ორგულ მონაქალებს რა ამოვჟუჟავ, შენც არ დაგინდობ, თუმცა კი ჩემი გამზრდელი ხარ!
- ეს რა მითხარი! - შეიცხადა ევრიკლეამ, - არ იცი განა ჩემი პირმტკიცობის ამბავი? ქვასავით დამუნჯებულს კაციშვილი სიტყვას ვერ წამომაცდენინებს. ერთს კი გეტყვი: სასიძოებს რომ გაუსწორდები, მაშინ გამცნობ, მსახურ ქალთაგან ვინ არის შენი ერთგული და ვინ არა!
- ამისთვის ნუ გაირჯები, ჩემო! - უპასუხა ოდისევსმა, - მე თვითონ მოვუვლი ჩვენს მონაქალებს. შენ იყუჩე, სიტყვას ნუ დასძრავ, საქმე კი ღვთის შეწევნით მოგვარდება! ევრიკლეამ ხელახლა გაანელა წყალი. ფეხი რა დაბანა პატრონს და ნელსაცხებლით დაუზილა, ოდისევსმა ნაჭრილობევზე ჯვალო წაიფარა და სკამი კვლავ ცეცხლთან მიდგა.
ცეცხლთან მიფიცხებულს ისევ გამოელაპარაკა პენელოპე: - ყარიბო, მალე ძილის დრო მოვა და ყველას, გულდამძიმებულსაც და უზრუნველსაც, ერთნაირად მოუსვენებს ტკბილი ძილი. მე კი განუზომელი ჭირი მომისართა დაიმონმა. დღისით მაინც ვიქარვებ დარდს: ხან მონაქალებს მივხედავ, ხან კი ხელსაქმით შევიქცევ ხოლმე თავს და გამუდმებული ტირილით გულს ვიოხებ. მაგრამ ღამით, როცა ყველას სძინავს, რული არ მეკიდება სარეცელში მწოლს და განუქარვებელი დარდი მაჯლაჯუნასავით მაწვება გულზე. როგორც ადრეულ გაზაფხულზე რტომრავალ ხეს შეფარებული იადონი, პანდარევსის ხმატკბილი ასული[72], გლოვობს ხოლმე იტილოსს, ზეთოსთან გაჩენილ თავის ერთადერთ შვილს, რომელიც საკუთარი უგუნურების გამო შემოაკვდა, და გარეშემო ღვრის თავის მრავალხმიან, ნაღვლიან საგალობელს, ასე მოსთქვამს ჩემი გულიც და საგულეში ვეღარ ეტევა. არ ვიცი, რა ვქნა, დავრჩე შვილთან ამ ჭერმაღალი სახლის დედად, ვუპატრონო სახლ-კარსა და სახლეულს, ვუერთგულო ქმრის სარეცელს, რომ ხალხის ყბაში არ ჩავვარდე, თუ ცოლად წავყვე იმ წარჩინებულ აქაველს, რომელიც ღირსებითა და ურვადით სხვებს აღემატება. ჩემი ძე ვიდრე გონებაუწვრთნელი ყმაწვილი იყო, შინიდან არ მიშვებდა, გათხოვებას მიშლიდა. ახლა კი, რა დავაჟკაცდა და გონება მოეცა, აღარ მაკავებს, რაკი ხედავს, რომ ჩემ გამო ჩანაგდება მისი სამკვიდრებელი. ახლა ჩემს წუხანდელ სიზმარს მოგიყვები და ამიხსენი, რას მოასწავებს: ჩემი ოცი ბატი გობს შემოხვეოდა და წყალში დამბალ მარცვალს კენკავდა. გულს მიხარებდა მათი ყურება, მაგრამ ანაზდად მთიდან ნისკარტკაუჭა ვეება არწივი მოფრინდა, თავს დააცხრა ბატებს, კისრები დაუწყვიტა, აქეთ-იქით მიყარ-მოყარა და ანაზდადვე გაფრინდა. გულამოსკვნილი ვტიროდი სიზმარში. შემომხვეოდნენ თმამშვენიერი აქაველი ქალები და ამაოდ მანუგეშებდნენ. ამ დროს ისევ მოფრინდა არწივი, სახლის ერდოზე შემოჯდა და კაცებრივი ხმით შემესიტყვა: - სახელგანთქმული იკარიოსის ასულო! ცხადის ხილვაა ეს სიზმარი: ბატები შენი სასიძოებია, მე კი - არწივად გამოცხადებული ოდისევსი, შენი სანატრელი მეუღლე. მალე დავბრუნდები და მწარე სიკვდილს მოვუტან მათ!
ეს მითხრა და გამომეღვიძა კიდეც. მიმოვიხედე: ჩემი ბატები წინანდებურად გობს დახვეოდნენ და მარცვალს კენკავდნენ.
– სხვაგვარად არც აიხსნება შენი სიზმარი, - მიუგო ოდისევსმა. - ისე ახდება, როგორც შენმა მეუღლემ გაუწყა სიზმარში. სასიძოები დაიღუპებიან. ვერც ერთი ვერ ასცდება მწარე სიკვდილს.
ამ სიტყვებზე ასე უპასუხა გონიერმა პენელოპემ: - ეჰ, ყარიბო, ფუჭი რამაა მაინც სიზმარი. განა ყოველთვის აუხდება ნაზმანები კაცს? ორი კარიდან გვევლინებიან სიზმრები: ერთი რქისაა, მეორე სპილოს ძვლისა. სპილოს ძვლის კარით მოვლენილი სიზმარი კაცთა მომაცდუნებელია, ხოლო რქის კარით მოვლენილი - სიმართლის მაუწყებელი. ნახავ და ახდება კიდეც. მაგრამ ვაი, რომ ფუჭია ჩემი სიზმარი, ყარიბო. რქის კარიდან არ მომვლენია იგი! ვერა, ვერ გავიხარებთ მე და ჩემი ძე ტელემაქე! ახლა ერთ რასმე გაგიმხელ, მინდა შენც იცოდე: ხვალ საძულველი დილა გამითენდება, ხვალ უნდა დავტოვო სამუდამოდ ოდისევსის სახლი. მაგრამ მანამდე ასეთ ასპარეზობაში მინდა გამოვცადო სასიძოები: თორმეტ ორპირა, გრძელტარიან ჩუგლუგს ჩაამწკრივებდა ხოლმე ამ ეზოში ოდისევსი. მერე შორს გამდგარი ღონივრად მოზიდავდა მშვილდს და ცულის ნამგალა პირებს შორის გააძვრენდა ხოლმე ისარს. დაე, ყველა სასიძომ სცადოს ხვალ ბედი! ასპარეზობაში გამარჯვებულს ცოლად გავყვები და დავაგდებ ამ კეთილნაგებ, დოვლათით სავსე სახლს, სადაც ჩემი ყმაწვილქალობა გამიტარებია. ეს სახლი ალბათ სიზმარშიაც მომაგონდება!
- ოდისევსის ძვირუხსენებელო მეუღლევ! - მიუგო ოდისევსმა, - ნუ დააყოვნებ ასპარეზობას! იცოდე, ვიდრე ისინი ოდისევსის მშვილდს მოზიდავენ, მისი პატრონი უკვე აქ იქნება!
- შენთან ტკბილ საუბარში რული არ მომეკიდება თვალზე, ჩემო კეთილო სტუმარო! მაგრამ უძილობაც არ ეგების. ამქვეყნად ღმერთებმა ყველაფერს თავისი წესი და რიგი გაუჩინეს. წავალ ახლა და ცრემლით დალტობილ სარეცელს მივაკითხავ, სადაც დღენიადაგ ვტირი და ვმწუხარებ, რაც რომ ჩემი ბედკრული მეუღლე ილიონს გაემგზავრა. შენ კი აქ, დარბაზში სადმე ან ძირს გააშლევინე ქვეშაგები, ანდა საწოლი დაადგმევინე.
ეს უთხრა და შიმუნვარებთან ერთად სანთიობოს მიაშურა პენელოპემ. იქ დიდხანს ტიროდა, სანამ თვალსხივოსანმა ათინამ წამწამები ტკბილი ძილით არ დაუმძიმა.
XX. ბრძოლის წინ
ოდისევსმა წინკარში ხარის გამოუქნელი ტყავი დაიგო. ზედ სასიძოების მიერ დაკლული ცხვრის ტყავფუჩები დააფინა და დაწვა. ევრინომემ თბილი მოსასხამი წაახურა სტუმარს, მაგრამ ძილი არ ეკარებოდა სასიძოებზე გულაღრენილ ოდისევსს. ის იყო დაწვა, რომ დარბაზიდან სიცილ-კისკისით გამოცვივდნენ ღამღამობით მათთან მრუშობას მიჩვეული მონაქალები. სული ყელში მოებჯინა ოდისევსს, არ იცოდა, რა ექნა: ახლავე გაეჟუჟა სუყველა თუ უკანასკნელად დაეცლია მათთვის კუროებთან ხუნტრუცი. როგორც ლეკვების პატრონი ძუ ქოფაკი აუყეფდება ხოლმე ახლო მომდგარ უცხო კაცს, ისე აუყეფდა გული მონათა უმსგავსი საქციელით გაცოფებულ ოდისევსს. გულში დაირტყა მჯიღი ოდისევსმა: - დაოკდი, გულო, უარესი ჭირიც დაგითმენია! განა შენმა სიმედგრემ არ გვიხსნა გამოქვაბულში მოწევნული დაღუპვისაგან, როცა გულმხეცმა ციკლოპმა ერთგული მეგობრები შეგიჭამა?
ასე იზრახა და გული საგულეს ჩაუდგა, მაგრამ ვერ მოისვენა მაინც. შამფურივით ტრიალებდა მთელი ღამე. ფიქრობდა, ერთმა როგორ დავძლიოო მრავალნი. მაშინ ციდან დაეშვა ათინა, დედაკაცის სახით გამოცხადებული, თავთით დაუდგა და შეესიტყვა: - რატომ ვერ ისვენებ, ბედკრულო? განა შენი სათაყვანებელი მეუღლისა და საამაყო შვილის მახლობლად არ წევხარ შენსავე სახლში?
- ჭეშმარიტს ბრძანებ, - ჰკადრა ოდისევსმა, - მაგრამ საგონებელში ვარ: მარტოკაცი როგორ გავუსწორდე მოზღვავებულ მტერს? ისიც მადარდებს: სად გავექცე ითაკელთა რისხვას, როცა ზევსისა და შენი შეწევნით ერთიანად შევმუსრავ სასიძოებს? მირჩიე, როგორ მოვიქცე, ჩემო მწყალობელო!
ფარისმპყრობელის ასულმა გაამხნევა ოდისევსი: - მაგას რად ამბობ, სულმოკლე კაცო! უბრალოდ მოკვდავსაც მიენდობა ხოლმე ჭირში ჩავარდნილი კაცი, მე კი ქალღმერთი ვარ, მარადდღე შენი თანამდევი და თანამდგომი. გულახსნით გეტყვი: მტრის ორმოცდაათმა რაზმეულმა ალყაშიც რომ მოგვიქციოს, ჩემი შემწეობით მაინც გაიმარჯვებ და მათ ხვასტაგსაც წამოლალავ. აბა, მშვიდად იყავ, ღამეს თეთრად ნუ გაითენებ, ხვალ კი ყველაფერი კეთილად მოგიგვარდება.
ეს თქვა და კვლავ ოლიმპოს მიაშურა ქალღმერთმა. გულიდან ლოდი ჩამოეხსნა ოდისევსს, სახსრები მოუდუნდა და ტკბილმა ძილმა დაუმძიმა ქუთუთოები.
ამასობაში გაეღვიძა პენელოპეს. რბილ სარეცელზე ჩამომჯდარმა დიდხანს ღვარა ცრემლი. ტირილით გული რა მოიოხა, დედათა შორის უტურფესმა ასე შეჰღაღადა არტემისს: - ჰოი, არტემის, ზევსის ასულო! ნეტავ ისრით განმიწონო გული და დამხსნა ამ წუთისოფელს, ანდა პანდარევსის ასულების მსგავსად ქარბორბალამ აღმიტაცოს ჰაერში და ოკეანის უფსკრულებში დამნთქას! საბრალო გოგოებს აკი ღმერთებმა დაუხოცეს მშობლები და ობლად შთენილები აფროდიტემ გამოზარდა ყველით, თაფლითა და ტკბილი ღვინით. რა მოიწიფნენ, ჰერამ მოჰმადლა მათ მშვენება და ჭკუა, არტემისმა - ტანსრულობა, ხოლო ათინამ - ხელსაქმის ნიჭი. მაშინ აფროდიტემ მაღალ ოლიმპოს მიაშურა, რათა მეხისმტყორცნელისათვის ეთხოვა მათი ბედნიერად დაქორწინება; მაგრამ შინ მარტო დარჩენილნი ჰარპიებმა გაიტაცეს და შემზარავ ერინიებს მიჰგვარეს მონებად. ნეტავ მეც იგივე ხვედრი მარგუნონ ოლიმპოელმა ღმერთებმა, არადა თმამშვენიერმა არტემისმა განმგმიროს მსუბუქი ისრით, რომ შავეთში მაინც შევეყარო ოდისევსს! შავეთში მიჯობს ყოფნა, სამზეოში მასზე უდარესი კაცის ცოლობას! ო, ქალღმერთო, ან კი როგორ გავუძლო ამდენ ჭირს, უკეთუ დღისით ტირილით გულმოოხებულს, ღამით ტკბილი ძილი ცოტა ხნით მაინც არ უკუმყრის მჭმუნვარებას? მე კი, მე ბედშავს, დაიმონი ავ სიზმრებს მასიზმრებს ყოველღამე. წეღანაც ჩემს გვერდში მწოლი ოდისევსი მესიზმრა. ისეთივე იყო, ილიონს რომ ვაცილებდი სალაშქროდ და გული სიხარულით ამიძგერდა. მეგონა, ცხადში ვხედავ-მეთქი, მაგრამ ვაგლახ, სიზმარი ყოფილა თურმე!
ასე ეაჯებოდა არტემისს თვალცრემლიანი პენელოპე და ამ ვედრებაში შემოათენდა. მტირალი მეუღლის ხმა ძილ-ღვიძილში ჩაესმა ოდისევსს: ეგების მიცნო პენელოპემ, ჩამოვიდა და თავზე მადგასო, გაიფიქრა და თვალები მოიფშვნიტა. მერე ადგა, ტყავფუჩები სკამზე გადააწყო, ხარის ტყავი კარში გაიტანა, ხელები აღაპყრო და გულმხურვალედ შეევედრა ზევსს: - მეხთამტეხელო! უკეთუ ზღვასა და ხმელზე ამდენი ხნის ხეტიალის შემდეგ ჩემი სამშობლოში დაბრუნება ინებე, წყალობა ჰყავ და ბარემ ამ სახლში მღვიძართაგან ვინმეს ჩემთვის სასიკეთო სიტყვაც ათქმევინე, ხოლო გარეთ შენი ღვთაებრივი ნიში განმიცხადე!
შეისმინა ღრუბელთმეუფემ ოდისევსის ვედრება და მეყსეულად გრგვინვით შეძრა ცარგვალი. სიხარულმა შეუტოკა გული მრავალტანჯულ ოდისევსს და იმავ წამს მოხუცი დედაბრის ღაღადიც შემოესმა... ეს დედაკაცი იმ თორმეტ მონაქალთაგანი იყო, პურსა და ქერს რომ ფქვავდნენ ოდისევსის სახლში. ყველას დაეფქვა თავისი წილი და ნებიერად ეძინათ ახლა. მხოლოდ ეს ერთი, ბეჩავი დედაბერი ვერ მორეოდა საქმეს და დილამდე უჯდა ხელსაფქვავს. ცის ჭექა რა შემოესმა, ეს აღმოხდა დამაშვრალს: - ეჰა, ზევსო, კაცთა და ღმერთთა მბრძანებელო, როგორ დაიგრგვინე ამ უღრუბლო ცაზე? ალბათ რომელიმე მოკვდავს განუცხადე შენი ღვთაებრივი ნიში. აბა, ჩემი ვედრებაც შეისმინე, მეუფეო: უკანასკნელად ანადიმე ამ სახლში სასიძოები! მკლავები დამაწყდა მაგათთვის პურის ფქვაში გულშეღონებულს. დაე, უკანასკნელი იყოს მათი დღევანდელი ნადიმი!
კეთილად ენიშნა ოდისევსს დედაკაცის სიტყვები და ზევსის ქუხილიც. ირწმუნა: შურს ვიძიებო სასიძოებზე. ამასობაში მსახური ქალებიც გამოლაგდნენ დარბაზში და კერაში ცეცხლი გააჩაღეს. ღვთისდარი მამრი ტელემაქეც წამოდგა საწოლიდან, ნატიფი ფეხები ხამლით შეიმოსა, მახვილი მხარიღლივ გადაიკიდა, ხელთ შუბი იპყრა და დარბაზს მიაშურა. ზღურბლს რა გადააბიჯა, ეს ჰკითხა ევრიკლეას: - საყვარელო გადია, საკადრისი პატივი ეცით წუხელი სტუმარს? წესისამებრ აჭამეთ და მოასვენეთ თუ უპატრონოდ გდია სადმე? დედაჩემი თუმცაღა გონიერი ქალია, ზოგჯერ უღირსსა და უგვანზე იცის ხოლმე გადაყოლა, ღირსეულს კი უპატიოდ გაისტუმრებს.
- ნუ ინებებ მაგის თქმას, ბრალს ნუ დასდებ უბრალოს! - უპასუხა ევრიკლეამ, – კერასთან იჯდა ღამე შენი სტუმარი, ნებისაებრ ჭამდა და სვამდა. მერე კი, როცა მოსვენება მოინება, დედაშენმა გააშლევინა მისთვის ლოგინი, მაგრამ საცოდავმა, როგორც უპატრონო ყარიბებს სჩვევიათ ხოლმე, რბილ ქვეშაგებელში დაწოლა არ მოინდომა, ხარის ტყავი დაიგო და წინკარში დაწვა. მოსასხამი თავად ევრინომემ წაახურა.
ეამა ეს ამბავი ტელემაქეს, ხელშუბიანი დარბაზიდან გავიდა და რვალისსაბარკულიან აქაველებთან, საფიხვნოსკენ გასწია. მარტო არ იყო, ორი უზარმაზარი ქოფაკი მისდევდა უკან. ხოლო პევსენორიანთ ოპსის ასულმა ევრიკლეამ მონაქალები დაასაქმა: წყალი მოასხურეთ და გამოგავეთ დარბაზი, ძოწისფერი ორხოვები დააფინეთ საკარცხულებზე, ტაბლები ფორიანი ღრუბლით დარეცხეთ, ორძირიანი ბარძიმები და ოქროს თასები დააკრიალეთო.
- ჰეი, თქვენ, - გასძახა ევრიკლეამ მონაქალებს, - წყაროზე წადით და წყალი მოიტანეთ! საცაა მოვლენ სასიძოები. ხომ იცით, დღეს საღვთო დღეა!
ოცი ქალი წყალზე წავიდა, დანარჩენები სახლში დატრიალდნენ. მალე სასიძოების მსახური ბიჭებიც მოვიდნენ და მარჯვედ დააპეს შეშა. ცოტა ხანში ევმეოსიც გამოჩნდა. კოლტში გამორჩეული სამი ნასუქალი ბურვაკი შემორეკა და ეზოში ბალახზე მიუშვა. მერე ოდისევსს მიეახლა და გულიანად მოიკითხა: - რასა იქმ, ჩემო კეთილო? ნეტავ თუ ისევ უდიერად გეპყრობიან აქაველები?
- ღმერთიც მიუზღავთ სამაგიეროს! - უპასუხა ოდისევსმა, – აკლებული აქვთ მთელი სახლი მაგ ურცხვებს. არც სტუმარს დაგიდევენ და აღარც მასპინძელს!
ამ ლაპარაკში იყვნენ, რომ ორი მწყემსის თანხლებით ეზოში მელანთევსმა შემოაბოტა, არვეში გამორჩეული თხები წინკართან დააბა და ლიზღობა დაუწყო იქვე მდგარ ოდისევსს: - კიდევ აქა ხარ, შე ბედოვლათო? მათხოვრობით კიდევ თავს აბეზრებ ამ პატიოსან ხალხს? რაღა ამ სახლს მოადექი, სხვაგანაცა აქვთ სუფრა გაშლილი აქაველებს! თუმცა რას გამორჩები, მათხოვრობის შნოც არ მოუშავებია შენთვის ღმერთებს. იქით დამეკარგე, სანამ ეს მუშტი არ მოგხვედრია!
მუქარის ნიშნად თავი დააქნია ოდისევსმა, მაგრამ შურისგებით აღვსილს ხმა არ გაუცია მელანთევსისათვის... მცირე ხანი რა გამოხდა, ახლა ფილოტიოსი შემოვიდა ეზოში, უშობელი და თხები მოუდენა მონადიმეთ და იქვე, წინკართან დააბა (ფილოტიოსმა პირუტყვი დაქირავებული ხომალდით მოასხა, რითაც ჩვეულებრივ, კუნძულებზე ჩამოჰყავდათ ხოლმე ხვასტაგი). მერე მეღორეს მიეახლა და ჰკითხა: - სადაურია ეს კაცი, ევმეოს, რას ამბობს, რა გვარისა ვარო? ძონძები კი აცვია, მაგრამ იერით კვერთხისმპყრობელ ბასილევსსა ჰგავს: ღმერთები არას დაგიდევენ ბასილევსობას, ერთნაირად ჩააგდებენ ხოლმე ჭირის დღეში ჩინებულსა და უჩინოს!
ეს თქვა, ხელის აწევით მიესალმა ოდისევსს და ფრთიანი სიტყვა უთხრა: - გამარჯობა, ძიაკაცო! ჭირის მნახველი კაცი ჩანხარ, აწი მაინც გაგახარონ ღმერთებმა! ეჰე, ზევსო, რა ვუთხრა შენს სამართალს: აკი შენვე არ დაარჩენ შენგანვე სიცოცხლემომადლებულს! უცხოელო, დაგინახე თუ არა, ჩემი სვედავსილი ბასილევსი მომაგონდა, ოფლმა დამასხა და ცრემლი მომერია, ვიფიქრე: ვინ იცის, იქნებ ისიც ასე ჩამოძონძილი დადის-მეთქი, თუკი ცოცხალია და კიდევ უჭვრეტს მზის ნათელს. მაგრამ თუ მკვდარია და შავეთის ნისლი ბურავს, ვაი, მაშინ ჩემს თავს! ჩემს ყმაწვილკაცობაში კეფალენიის მხარეს განა მან არ განმამწესა მწყემსთა წინამდგომად? ახლა ერთიორად ვუმრავლე ნახირი: ამდენი ფართოშუბლიანი ხარძროხა ახლომახლო ბევრს არ დაუდის, მაგრამ რად მინდა? გულის უწადინოდ მომყავს ნაპატივები საქონელი აქ და ამ უცხო ხალხს ვაჭმევ. არად აგდებენ ისინი ჩემი პატრონის ვაჟს და ღმერთების რისხვისაც არ ეშინიათ. წილისყრა უნდათ მის ქონებაზე, რაკი შინ არ ეგულებათ ძლევამოსილი ოდისევსი. ეჰ, რომ იცოდე, რა ცეცხლი ტრიალებს ჩემს გულში? დავაგდებდი აქაურობას, ძროხას გავირეკავდი და რომელიმე მორჭმულ ბასილევსს დავუდგებოდი მწყემსად, მაგრამ რა ვუყო ტელემაქეს? ეგეც არ იყოს, ჯერ არ გადამწურვია იმედი: ვინ იცის, ეგებ დაბრუნდეს ოდისევსი და სახლიდან დაიფრინოს სასიძოები!
- გულმიუმხვდარი კაცი არ უნდა იყო, მწყემსო, - მიუგო ოდისევსმა, - მეკეთა შენი ნაუბარი და ამიტომ გეტყვი, თუ დამიჯერებ: მეხთამტეხელ ზევსს, სტუმრისთვის დადგმულ ტაბლასა და ოდისევსის კერიას ვფიცავ, მანამდე მოვა ოდისევსი, სანამ აქედან ფეხს გაადგამდე და შენი თვალით დაინახავ, როგორ ამოხოცავს მის სახლში გაშინაურებულ სასიძოებს.
- კრონიონმა აახდინოს შენი სიტყვა, - შესძახა მეძროხემ, - მაშინ ნახავდი ჩემი მკლავის ძალასა და გულოვნებას!
ეს თქვა, მერე ევმეოსიც შეევედრა ოლიმპოელებს ოდისევსის დაბრუნებისათვის... ასე უბრობდნენ სამნი. ამ დროს კი სასიძოები სიკვდილს უმზადებდნენ ტელემაქეს. უეცრად, შეკრებილთა მხარმარცხნივ, მაღლითმობოინე არწივი გამოჩნდა, კლანჭებში მტრედი ეპყრა. ამფინომოსი მიუბრუნდა თანამზრახველთ: - არაფერი გამოგვივა ამ საქმიდან, მოვეშვათ ტელემაქეს! ჯობს დარბაზს მივმართოთ და ნადიმად დავსხდეთ!
სასიძოებმა კვერი დაუკრეს ამფინომოსს და ყველანი ოდისევსის სახლისაკენ დაიძრნენ. დარბაზში შევიდნენ, მოსასხამები საკარცხულებზე გადაჰკიდეს და ნადიმის სამზადისს შეუდგნენ: თხები და ღორები დაკლეს, უშობელიც წამოაქციეს. ხორცი შეწვეს, ლაგვინებში ღვინო გააზავეს და შიგნეული დაინაწილეს. ევმეოსმა სასმურები ჩამოარიგა, ფილოტიოსმა ლამაზად მოწნული ხახალით პური შემოიტანა, მელანთევსმა ღვინო ჩამოასხა და პურობაც დაიწყო.
ტელემაქემ ოდისევსისათვის ქვის ზღურბლთან დაადგმევინა მომცრო ტაბლა და უბრალო ჯორკო, მერე შიგნეული უწილადა, ოქროს თასი ღვინით შეუვსო და ყველას გასაგონად ასეთი სიტყვა უთხრა: - აქ მო, ყარიბო! ნებისაებრ სვი და ჭამე, ნურაფრის გეშინია, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ! ფუნდუკში არავის ეგონოს თავი, ოდისევსის ბჭემაღალი სასახლეა აქ და მისი პატრონი დღეს მე ვარ! თქვენ კი, სასიძოებო, თავი დაიოკეთ, რომ ჩხუბი და აყალმაყალი არ ატყდეს სუფრაზე!
ეს თქვა და მათ კბილით დაიჭამეს ტუჩები. დიდად გაიოცეს ტელემაქეს გაბედული ნათქვამი. მაშინ სიტყვა დაძრა ანტინოემ, ევპეითოსის ძემ: - ტელემაქეს ნებას უნდა დავყვეთ, აქაველნო! ფუჭად არ გვექადის. ალბათ კრონიონმა გაუმაგრა გული. ეს რომ არა, დიდად მეტყველს ხმას ჩავაწყვეტინებდით თავისსავე სახლში!
გაიგო, მაგრამ ყური მოუყრუა ანტინოეს სიტყვას ტელემაქემ...
ქალაქში მანდატურები წმინდა ჰეკატომბას უძღვებოდნენ უკვე. ხშირთმიანი აქაველები აპოლონის ჩრდილოვან ჭალაში შეყრილიყვნენ და მსხვერპლს სწირავდნენ შუქნათელ ღმერთს. აქ კი, დარბაზში, სასიძოებმა წილობებად დაჭრეს საღვთო წვადი. ტელემაქეს ბრძანებისამებრ მსახურებმა ოდისევსსაც მიართვეს მეინახეთა სწორი არჩივი. მაშინ ათინამ, მეტი რისხვით რომ აღევსო ოდისევსისათვის გული, კიდევ უფრო გაახელა და გაათავხედა სასიძოები. იყო მათ შორის ერთი ავყია და გულღვარძლიანი ვინმე, სახელად ქთესიპე. კუნძულ სამეზე მამამისს დიდძალი ქონება ჰქონდა მოხვეჭილი და მამისეული სიმდიდრით მოქადულს გულით ეწადა პენელოპეს ქმრობა. ადგა იგი და ასე მიმართა მეინახეებს: - სიტყვა მათქმევინეთ, ჭაბუკებო! ვხედავ, ეს ყარიბიც ჩვენს სწორ არჩივს შეექცევა სუფრაზე. სხვაგვარი მასპინძლობა არც ეკადრებოდა ამ სახლის პატრონს! მასთან სტუმრებულმა აკი ყველამ უნდა მიიღოს თავისი წილი? ჩემგნით, მეც მინდა ვუბოძო რამე უცხოელს, რომ თავის ნებისაებრ ან მექისე მოიმადლიეროს, ან სხვა ვინმე მსახურთაგანი, ვინც ემსახურება ღვთაებრივი ოდისევსის სახლში.
ეს თქვა, ფეშხუმზე ხარის ბარკალს დასწვდა და გამეტებით ესროლა ოდისევსს. მან ფიცხლად დაღუნა თავი და ბარკალი კედელს მოხვდა. მწარედ ჩაეცინა ოდისევსს. გაგულისებულმა ტელემაქემ კი გარჯულა თავხედი სამეელი: - ბედი შენი, ქთესიპე, რომ ყარიბმა აიცდინა ნასროლი, თორემ აპოლონს გეფიცები, არ აგცდებოდა ჩემი ნასროლი შუბი და მამაშენი ქორწილის ნაცვლად ქელეხს გადაგიხდიდა ითაკაში! ყველამ იცოდეს, თავის ნებაზე არავის ვაპარპაშებ აქ! ბალღი აღარა ვარ, ქვეყნის ავიც მესმის და კარგიც. იმას თუ ვითმენ, რომ საქონელს მიხოცავთ და ჩემს პურ-ღვინოზე სხედხართ, სხვა გზა არა მაქვს და იმიტომ: ერთი ვერ მოგერევით სიმრავლით აღმატებულთ. ჩემი მოკვლა თუ გწადიათ, არას დავეძებ, მომკალით. თავი ცოცხალი რად მინდა, თუ ამ ჭერქვეშ ჩემს სტუმარსა და ხელშინაურთ უპატიოდ მოეპყრობიან.
მონადიმეებმა ხმა გაკმინდეს. კარგა ხანს ასე ისხდნენ გაყუჩებულნი, სანამ აგელაოსმა, დამასტორის ძემ არ დაძრა სიტყვა: - მოყმენო, ნუვინ იკადრებს ტელემაქეს შეპასუხებას. მართალს ამბობს იგი. მოეშვით ამ უცხო ყარიბს და ოდისევსის სახლეულთაგანაც ნურავის შეურაცხყოფთ. მე კი ჩემდათავად, ორიოდ სიტყვას ვეტყვი ტელემაქესა და დედამისს, იქნებ ეპრიანოთ ჩემი რჩევა. სანამ ოდისევსის შინ მობრუნების იმედი კიდევ გქონდათ, არაფერი გვეთქმოდა, მის სახლში რომ გვაკავებდით, თუმცა კი ჯობდა წინანდებურადვე ოდისევსს ეპატრონა ამ სახლისათვის. რისი მაქნისია ახლა ლოდინი. აკი შინ დაბრუნება აღარ უწერია ოდისევსს. მაშ, ადი სანთიობოს, ტელემაქე, და დაიყოლიე დედაშენი, იმას გაჰყვეს ცოლად, ვინც ღირსებითა და ურვადით ყველაზე მეტად ეთნევა. შენ კი უშფოთველად ეპატრონე მამიშენის საბადებელს, ნებისაებრ სვი და ჭამე.
- ზევსსა და მამაჩემის ტკივილებს გეფიცები, აგელაოს, სულერთია, მკვდარია თუ ცოცხალი იგი, მე არათუ ვუშლი, იმ კაცზე გათხოვებას ვურჩევ დედაჩემს, ვინც მას ეთნევა და ყველაზე დიდ ურვადს გადაუხდის. ღმერთმა ნუ ქნას, ძალით გავაძევო დედაჩემი სახლიდან.
ეს თქვა ტელემაქემ და ათინამ გონება დაუბნელა სასიძოებს: დაუოკებელი ხარხარი აუვარდათ, თითქოს სხვისი ყბებით იცინიანო. სისხლიან ხორცს ხარბად გლეჯდნენ კბილებით, თვალებში ცრემლი მოსწოლოდათ: გული უგრძნობდათ საშინელ ხვედრს. მაშინ წამოდგა ღვთისდარი თეოკლიმენე და შესძახა მეინახეთ: - ბედშავნო, ეს რა დაგმართნიათ! ჰადესის შავი ნისლი გეხვევათ პირზე, ხელ-მხარსა და მუხლებზე. აწვე მესმის თქვენი საწყალობელი მოთქმა და ცხარე ცრემლით დამდუღრულ თქვენს სახეს ვხედავ. სისხლით შესვრილა ამ დიდშენი სახლის კედლები და ჭერხო. წინკარსა და კარიბჭეს ფარფატით აწყდებიან შავეთში ჩასახდომად განწირული თქვენი აჩრდილები. მზე ჩაქრა ცარგვალზე და ავბედითმა წყვდიადმა მოიცვა აქაურობა.
მონადიმეებმა სიცილი დააყარეს თეოკლიმენეს, ხოლო ევრიმაქემ ასეთი სიტყვა უთხრა თანამეინახეებს: - ნეტა რას ჩმახავს ეს უცხოელი, გონთით ხომ არ გადავარდნილა? კარში გაიყვანეთ, ჭაბუკნო. დღის სინათლე დაანახეთ ამ დამთხვეულს, ხომ ხედავთ, დარბაზში დღე ეშავეთება!
- მე თვითონ გავალ, ევრიმაქე, - უპსუხა თეოკლიმენემ, - გამყოლები არა მჭირდება. ღვთის მადლით გონზე ვარ, თვალს და ყურს არ მაკლია და მუხლიც მიჭრის. აქ მაინც არ დავრჩები. გული მეუბნება, რომ სიკვდილი უწერია ყველას, ვინც ამ სახლში უკადრისად ეპყრობა სტუმრებს.
ეს თქვა თეოკლიმენემ, დარბაზიდან გავიდა და თავის გულღია მასპინძელს პირეოსს მიაშურა. სასიძოებმა კი, ტელემაქე რომ გაეხელებინათ, ერთმანეთს თვალი უყვეს და მისი სტუმრების თრევას მოჰყვნენ. ერთმა თავხედმა ჭაბუკმა ასეთი რამ უთხრა: - ვაჰ, ტელემაქე, ცუდსტუმრიანო, ეს რა ხალხი დაგიდის სახლში? ვინა გდია ეს მშიერმწყურვალი მათხოვარი, უბადო და უმაქნისი, ტყუილუბრალოდ რომ ამძიმებს დედამიწას? ან ის ვიღაა, წინასწარმეტყველება რომ მოგვინდომა აქ? დამიჯერე: ხომალდზე დასხი ეგ ხალხი და სიცილიაში უკარი თავი, არ იზარალებ, კარგ ფასს აიღებ.
ტელემაქემ ყური მოუყრუა მის ლიზღობას. გულისყური ოდისევსისაკენ ჰქონდა - მამის ნიშანს ელოდებოდა, რომ დაეწყოთ სასიძოთა შემუსვრა. იკარიოსის გონიერი ასული კი ამ დროს დარბაზის უკანა ყურეში მშვენიერ საკარცხულზე იჯდა და ყველაფერს ისმენდა.
ხოლო სასიძოები იშვებდნენ და იხარებდნენ. კიდევ მრავლად დაკლეს პირუტყვი სანადიმო სუფრისთვის. ის არ უწყოდნენ ბედშავებმა თუ რა სისხლიან სერობას უმზადებდნენ მათ უმსგავსო საქმის საზღაურად თვალსხივოსანი ქალღმერთი და ძალგულოვანი მამრი.
XXI. დიდი მშვილდ-ისარი
მაშინ თვალსხივოსანმა ათინამ იკარიოსის სახელოვან ასულს, პენელოპეს შთააგონა ოდისევსის დიდი მშვილდ-ისარი და ჩუგლუგები გამოეტანა, რომ სასიძოებს მათთვის საბედისწერო ასპარეზობა დაეწყოთ. მაღალი კიბით ქორედში ავიდა პენელოპე, ოსტატურად დაკავკაული, სპილენძისტარიანი გასაღები აიღო და შიმუნვარებთან ერთად სასახლის უკანა ყურეში სალარო პალატს მიაშურა, სადაც ოდისევსის საჭურჭლე - ოქრო-ვერცხლი, სპილენძი და ძნელდასაჭედი რკინა ინახებოდა. იქვე იდო ლარმოშვებული მშვილდი და მომაკვდინებელი ისრებით სავსე კაპარჭი.
ეს მშვილდ-ისარი უკვდავთა შესაგვანმა იფიტოსმა, ევრიტეს ძემ აჩუქა ოდისევსს ლაკედემონში ყოფნისას. ადრე მესინაში გაეცნენ ისინი ერთმანეთს, ომშიმედგარი ორსილოქეს სახლში. იქ ვალის ასაღებად იყო ჩასული ოდისევსი: წინეებზე მესინელებმა ღრმამუცლიანი ხომალდებით წაუსხეს სამასი ცხვარი მწყემსებითურთ. მათ დასაბრუნებლად ჯერ კიდევ უწვერული ჭაბუკი შორეულ გზაზე გაგზავნეს მამამ და ითაკის თავკაცებმა. იფიტოსი კი ლაკედემონში თავის დაკარგულ ფაშატებსა და მუხლმაგარ ჯორებს ეძებდა. წერად ექცა ეს ფაშატები იფიტოსს: სახლში ეწვია იგი ზევსის ძალგულოვან ძეს, ჰერაკლეს, რომელმაც ფეხქვეშ გათელა სტუმარმასპინძლობის წესი, არ შეუშინდა ღმერთების სასჯელს, - საკუთარ სახლში მოკლა სტუმარი და მიითვისა მაგარფლოქვიანი ფაშატები. აი, ამ ფაშატებს ეძებდა იფიტოსი, როცა ოდისევსს შეეყარა. სწორედ მაშინ აჩუქა მამამისის, დიდი ევრიტეს დანატოვარი მშვილდ-ისარი. სანაცვლოდ ოდისევსმა ორლესული მახვილი და წვერმახი შუბი აჩუქა იფიტოსს. მაგრამ არ დასცალდათ პურ-მარილით განემტკიცებინათ დაწყებული მეგობრობა: მალე, მათი შეყრის შემდეგ, უკვდავთა შესაგვანი იფიტოსი სიცოცხლეს გამოასალმა სასტიკმა ჰერაკლემ.
შავჭვინტიანი ხომალდით საომრად წასულს თან არ დაჰქონდა ეს მშვილდ-ისარი, მეგობრის სახსოვრად შინ ინახავდა და იშვიათად თუ მოიხმარდა.
პენელოპე სალარო პალატის ზღურბლს მიადგა. ხუროს წმინდად გაერანდა და მჭიდროდ ჩაედგა იგი. წირთხლის შვეტ ბოძებზე კი მძიმე კარი დაეკიდა. რგოლს თასმები შეხსნა პენელოპემ, გასაღები კარს მოარგო და რაზა გადასწია. საძოვარზე გაშვებული ხარივით დაიბუბუნა პალატის კარმა. წალოებში კეთილსურნელოვანი სამოსელი ეწყო. იქვე, როკზე ეკიდა ძვირფას ბუდეში შენახული ოდისევსის მშვილდი. დედოფალმა ჩამოხსნა მშვილდი, მუხლებზე დაიდო და მწარედ ატირდა. ტირილით გული რა იჯერა, ბუდიდან ამოიღო ლარმოშვებული, უზარმაზარი მშვილდი და ისრებით სავსე კაპარჭითურთ სწრაფად გაემართა დარბაზისაკენ. მას უკან გამოჰყვნენ მონაქალები, რომელთაც ჩუგლუგებით მოპირთავებული ზანდუკი მოჰქონდათ. დარბაზში ორი შიმუნვარის თანხლებით შესული პენელოპე დედაბოძთან შედგა, პირს ოქრორიდე მოიბურა და ასე მიმართა სასიძოებს: - ყური მიგდეთ, კეთილშობილნო! ამ უპატრონო სახლში სხედხართ დღეცისმარე და ქეიფობთ ჩემი გულისათვის ერთმანეთის მოცილენი. აჰა, საასპარეზოდ მომიტანია ღვთაებრივი ოდისევსის ეს მშვილდ-ისარი! მითქვამს და სიტყვას არ გადავალ: იმას წავყვები ცოლად, ვინც შეუჭირვებლად მოზიდავს მშვილდს და თორმეტ ჩუგლუგში გააძვრენს ისარს. მაშინღა დავაგდებ ამ დოვლათიან სახლს, სადაც პატარძლად შემოვედი. სიზმარშიაც მომაგონდება ალბათ ეს ჩემთვის ბედნიერი ჭერი!
ეს თქვა და ევმეოსს უბრძანა, სასიძოებისთვის მიერთმია მშვილდ-ისარი და ჩუგლუგები. ცრემლმორეულმა მეღორემ წინ დაულაგა მოასპარეზეთ პატრონისეული იარაღი. ოდისევსის მშვილდ-ისარს თვალი რა ჰკიდა, ატირდა ერთგული მეძროხეც.
- წუთის საზრუნავზე გაქვთ დაბმული გული, მდაბიორნო! - შეუწყრა მათ ანტინოე, - რა გატირებთ, უბადრუკებო! რატომ გინდათ, შავი ფიქრები აუშალოთ თქვენს დედოფალს, ისედაც დამძიმებული აქვს გული დაღუპულ მეუღლეზე დარდით! ან ხმა გაკმიდეთ და თქვენთვის შეექეცით ჭამადს, ანდა კარში გადით და იქ მოიოხეთ ტირილით გული. ეს ძნელსაასპარეზო მშვილდ-ისარი აქ დაგვიტოვეთ! ადვილად ვერვინ მოხრის ამ წმინდად გათლილ მშვილდს. ჩვენ შორის ოდისევსის სწორი კაცი მე არ მეგულება. ბალღობაში ჩემი თვალით მინახავს და კარგადაც მახსოვს!
ასე ამბობდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, ადვილად მოვხრიო მშვილდს. გარნა პირველად მას უნდა მოხვედროდა ოდისევსის ისარი, რადგან მისსავე სახლში ბევრჯერ მოჰქცევია შეურაცხად და თანამოყმენიც წაუქეზებია ამ უგვან საქმეზე. მაშინ ასეთი სიტყვა თქვა ტელემაქეს წმინდა ძალმა: - ვაჰ, ბეჩავო ჩემო თავო! ვხედავ, გონთით გადავუგდივარ კრონიონს: დედაჩემი გათხოვებასა და ამ სახლის დაგდებას აპირებს, მე კი უგუნური ვლაღობ და გულს დარდი არ მეკარება! მაშ, განემზადეთ საასპარეზოდ! აკი ასეთი ქალი მთელ აქავეთში არ მოიძებნება - არც ნათელ პილოსსა და არც არგოსში, არც ოქრომრავალ მიკენში და არც ითაკაში, არც სხვაგან სადმე დედამიწის ზურგზე! თუმცა რას ვაქებ - თქვენც კარგად იცნობთ პენელოპეს! მაშ, ნუღა აყოვნებთ, შეუდექით ასპარეზობას, რომ თვალით ვიხილოთ, ვინ გამოიჩენს თავს. მეც თქვენთან ერთად ვცდი მკლავის ძალას, ვინძლო მოვზიდო მამიჩემის მშვილდი და ღირსეულ მემკვიდრედ დავურჩე ოდისევსს, როცა დედაბატონი წავა ამ სახლიდან!
ეს თქვა, ადგა, მხრებიდან გადაიგდო ძოწისფერი მოსასხამი და მახვილი ჩამოიხსნა. ლარი გააბა და მის სისწვრივ ჩუგლუგების დასარჭობად თხრილი გათხარა. შიგ, ერთ პირზე თორმეტი ჩუგლუგი ჩაამწკრივა და ძირები მოუტკეპნა. გაოცდნენ იქ მყოფნი - ასეთი რამ არასოდეს ენახათ.
მერე ზღურბლთან დადგა ტელემაქე, მშვილდი აიღო და მოსინჯა. სამგზის ეცადა, მოედრიკა მშვილდი, მაგრამ სამგზისვე მოეცარა ხელი. იმედი მაინც არ წარიკვეთა: მეოთხეჯერ სცადა ბედი და იქნებ დაეჭიმა კიდეც ლარი, რომ ოდისევსს თვალით არ ენიშნებინა და მით არ დაეოკებინა მისი სიფიცხე.
- ვაითუ მუდამ ასეთი უილაჯო და ძაბუნი ვიყო! ან იქნებ ჯერ კიდევ ყრმა ვარ და ძალი არ მომდევს მკლავში, რომ მომხდურს საკადრისი მივაგო? აწ თქვენ გამოდით, ძალ-ღონით ჩემზე აღმატებულნო, სცადეთ ბედი და ეს ასპარეზობაც ბოლომდე გაიტანეთ!
ეს თქვა, მშვილდ-ისარი კარს მიაყუდა და თავის საკარცხულზე დაჯდა. სასიძოებს ახლა ანტინოემ, ევპეითოსის ძემ, მოუწოდა: - მოყმენო! მარჯვნიდან დავიწყოთ; იქიდან, სადაც მწდე ღვინოს გვიზავებს. რიგრიგობით გავიდეთ საასპარეზოდ!
სიტყვა მოუწონეს ანტინოეს. პირველად ლეოდე, ენოპის ძე, წამოდგა. სასიძოების მისანი იყო, მუდამ სუფრის ბოლოში, ლაგვინთან იჯდა ხოლმე და უგვან საქციელში ამტყუნებდა ხშირად სასიძოებს. ზღურბლთან მივიდა იგი, ხელთ იპყრა მშვილდი, მოსინჯა, მაგრამ ვერაფრისდიდებით ვერ მოდრიკა. დონდლო მკლავები დააწყდა ოფლში გახვითქულს. ხელი უშვა მშვილდს და ასეთი სიტყვა უთხრა სასიძოებს: - ვერა, მეგობრებო, ვერ მოვდრეკ მე ამ მშვილდს. სხვამ სცადოს ძალა. ეს მშვილდი, მე მგონი, ჩემზე მაგრებსაც მოინელებს, სულს ამოართმევს და ჭკუაზე შეშლის, თუმცა ქადილის ვერასრულებას სიკვდილი გვიჯობს. ფუჭად არ ჩაგვიაროს, მოყმენო, ამდენი ხნის ლოდინმა! ვატყობ, ბევრს ჯერ არ გადაუწყვეტია იმედი პენელოპეს ცოლად წაყვანისა, მაგრამ ერთხელ მაინც თუ მოსინჯა მშვილდი, სასო წარეკვეთება, უმალ სხვა დიაცს დაადგამს თვალს. იმას დანიშნავს და ურვადსაც იმას მოუმზადებს, ხოლო პენელოპე ვის დარჩება, ეს მარტოოდენ ღმერთებმა უწყიან!
თქვა, მშვილდ-ისარი კარს მიაყუდა და თავის საკარცხულზე დაჯდა. არ ეპრიანა ანტინოეს ლეოდეს ნათქვმი, გაგულისებულმა ასე შესძახა მისანს: - ეს რა სიტყვა დასცდა შენს კბილთა ზღუდეს, ლეოდე! რას ჩმახავ! შენ თუ ვერ ივარგე, ტყუილად გგონია, სხვებსაც მოეცაროთ ხელი! ვერ უშობიხარ დედაშენს მკლავღონიერ ვაჟკაცად. შენი საქმე არ ყოფილა ეს მშვილდ-ისარი! დასდევ, ახლა სხვებმა სცადონ ბედი!
მერე მელანთევსს, თხის მწყემსს, მიუბრუნდა ანტინოე: - აბა, ცეცხლი, ცეცხლი გააჩაღე, მელანთევს! სკამი მოდგი და ზედ ტყავი დააფინე. ქონის კოშტიც მოიტანე, რომ გავპოხოთ მშვილდი და ასპარეზობა ბოლომდე მივიყვანოთ!
მელანთევსმა ცეცხლი დაანთო. სკამი მოდგა, ზედ ტყავი დააფინა, ქონის დიდი გურგუშელაც მოიტანა საკუჭნაოდან. ჭაბუკებმა ცხელი ქონით გაპოხეს მშვილდი, მაგრამ მისი მოდრეკა მაინც ვერავინ შეძლო, თუმცა ცდა არ დაუკლიათ. მხოლოდ თავკაცებს, სასიძოთა შორის ძალ-ღონით გამორჩეულ ანტინოესა და ღვთისდარ ევრიმაქეს ჯერ არ ეცადათ ბედი.
ამასობაში დარბაზიდან გავიდნენ მეძროხე ფილოტეოსი და კეთილშობილი მეღორე. მალე ოდისევსიც გაჰყვა მათ. პატრონმა მარტო რა დაიგულა ერთგული ყმები, მიესიყვარულა და ასეთი სიტყვა უთხრა: - არ ვიცი, გითხრათ თუ დავიდუმო. გული კი მეუბნება - უთხარიო. ღმერთმა რომ ოდისევსი მოგიყვანოთ აქ, როგორ დახვდებოდით, მტრულად თუ მოყვრულად? რას იზამდით, ოდისევსს შეეწეოდით თუ სასიძოებს დაუჭერდით მხარს? ზევსს გაფიცებთ, მითხარით, რას გეუბნებათ გული?
- მამავ ზევსო! ნეტამც ახდებოდეს ეს თქვენი ნატვრა, ნეტამც კეთილმა დაიმონმა დაგვიბრუნოს ჩვენი პატრონი! მაშინ ნახავდი, უცხოელო, ჩემი მკლავის ძალას!
ეს თქვა მეძროხემ და ოდისევსის შინ დაბრუნებისათვის ევმეოსმაც აღუვლინა ვედრება მაღალ ღმერთებს. მათი ხვაშიადი რა შეიტყო, ოდისევსმა გაამჟღავნა თავი.
- მე ვარ ოდისევსი, თქვენი მრავალტანჯული პატრონი, ოცი წლის ხეტიალის შემდეგ რომ მოვადექი ითაკას. ახლა კი ვხედავ, ჩემს ყმათა შორის მხოლოდ თქვენ გახარებთ ჩემი დაბრუნება! მაშ, გეტყვით, რა მაქვს განზრახული: უკეთუ ღმერთი შემეწია და სასიძოები შევმუსრე, ორივეს დაგაქორწინებთ, საბადებელს გაგიჩენთ, სასახლის ახლოს დაგასახლებთ და ჩემს ტელემაქეში არ გამოგარჩევთ. ახლა კი, ჩემი სიტყვა რომ ირწმუნოთ, ნიშანს გაჩვენებთ. გახსოვთ, პარნასზე ავტოლიკეს შვილებთან ერთად ნადირობისას ტახმა რომ დამიშავა ფეხი? აი, ის ნაჭრილობევი!
ეს თქვა და ნაჭრილობევი ფეხი უჩვენა. მაშინღა იცნეს მწყემსებმა თავიანთი პატრონი, ატირებულნი მიეჭრნენ ოდისევსს და პირი და მხრები დაუკოცნეს. ამ სიხარულის ტირილში ჩაესვენებოდა მზე, რომ ოდისევსს არ დაეშოშმინებინა ისინი: - ვიკმაროთ ტირილი, ჩემო ძვირფასებო, არავინ შეგვნიშნოს და ენა არ მიუტანოს სასიძოებს. დარბაზში შევბრუნდეთ, დროა. ოღონდ ერთად ნუ შევალთ, ჯერ მე შევბრუნდები, მოგვიანებით კი თქვენც შემომყევით ცალ-ცალკე. ახლა კი ასე დავთქვათ: ვიცი, მშვილდ-ისარს არ დამანებებენ სასიძოები და შენ განიშნებ თუ არა, ჩემო ევმეოს, უმალ მომიტანე მშვილდ-ისარი. მერე მონაქალებს უბრძანე, თავ-თავიანთ ოთახებში ჩაიკეტონ. თუ კვნესა რამ შემოესმათ ან სასიძოთა ყვირილი გაიგონეს, ფეხი არ გამოდგან გარეთ, იქვე ისხდნენ და წყნარად აკეთონ თავიანთი საქმე. შენ, ფილოტიოს, ჭიშკრის დაკეტვას გავალებ, რაზა გაუყარე და თასმებით მაგრა შეკარი.
ასე დაარიგა მწყემსები პატრონმა, მერე კეთილნაგებ დარბაზში შებრუნდა და თავისსავე ადგილას დაჯდა. მალე ევმეოსი და ფილოტიოსი შემოვიდნენ. ამ დროს ევრიმაქე ქონით გაპოხილ მშვილდს ცეცხლზე ატრიალებდა, რომ ადვილად მოედრიკა და საბელი დაეჭიმა ზედ. გულს შეასკდა პოლიბოსის ძე, მაგრამ ვერაფერს გახდა. ერთი ამოიოხრა და ბოღმამორეულმა თქვა: - ეს რა სატკივარი ავუტეხე ჩემს თავს და სხვებსაც! პენელოპესთან ქორწინებას აღარ დავეძებ უკვე - ბევრი აქაველი დიაცი მეგულება ზღვით გარემოცულ ითაკაზე და სხვა თემებში. გულს ის მიმღვრევს, რომ ოდისევსის ბადალი კაცი არ გამოჩნდა ჩვენ შორის, შთამომავალთა ყვედრებისაგან რომ გვიხსნას!
- მაგას რად იტყვი, ევრიმაქე, - ღმერთიმც ნუ მოგვასწრებს იმ დღეს! - უპასუხა ანტინოემ, - დღეს ხომ აპოლონის საღვთო დღეა და, აბა, რომელ მოკვდავს ხელეწიფება მშვილდის მოზიდვა? მოვეშვათ ასპარეზობას. ჯობს, ზედაშე დავუღვაროთ აპოლონს, ჩუგლუგები კი ეგრევე დავტოვოთ, არავინ წაიღებს აქედან. დილაადრიან მელანთევსს მოვარეკინოთ ნასუქალი თხები და მსხვერპლად შევწიროთ მშვილდოსან ღმერთს, მერეღა მივუბრუნდეთ მშვილდ-ისარს!
ეს თქვა ანტინოემ და გულზე მოეშვათ სასიძოებს. მანდატურებმა ხელი გადააბანინეს მეინახეთ, მწდეებმა პირთამდე გაალიცლიცეს ლაგვინები და თასებით ჩამოარიგეს ღვინო. ზედაშე რა დაღვარეს და თავადაც ნებისაებრ სვეს, ოდისევსმა მაცდური სიტყვა შეაპარა სასიძოებს: - ყური მათხოვეთ, სახელოვანი დედოფლის სასიძოებო, მეტადრე შენ, ევრიმაქე და შენც, ღვთისდარო ანტინოე! ჩემი გულის სიტყვა მინდა გაგიცხადოთ: სწორი თქვა ანტინოემ, მშვილდ-ისარს მოვეშვათ და ღმერთების ნებას მივენდოთო. ჭეშმარიტად, ხვალ უძლიერესს გაამარჯვებინებს აპოლონი! ახლა ამასა გთხოვთ, მეც დამანებოთ ეს უცხოდ ნახელავი მშვილდი, რომ მეც გამოვცადო მკლავის ძალა, მინდა ვნახო, კიდევ მომდევს ღონე თუ ზღვის ზურგზე ხეტიალმა გამომშრიტა და დამაძაბუნა?
არ ეპრიანათ ოდისევსის ნათქვამი მონადიმეთ. შეფიქრიანდნენ, ვაითუ უცხოელმა მოდრიკოსო მშვილდი. უკმეხი სიტყვა მიუგდო ანტინოემ: - საბრალობელო, სულ მთლად დაგიკარგავს ჭკუა! იმას არ კმარხარ, კეთილშობილთა სუფრას რომ უზი და მათ საუბარს ყურს უგდებ? რომელ მათხოვარსა და ყარიბს რგებია წილად ესოდენი პატივი? ღვინო მოგკიდებია, ბერიკაცო! იმ მებრუვეთა მსგავსად ხომ არ გაილეშე, სულ მუდამ ღვინოზე რომ მისდით სული? კენტავრ ევრიტონსაც ხომ ეგრე დაუბნელა გონება ღვინომ, როცა ლაპითების ქვეყანაში ესტუმრა პერითოეს[73]! ღვინომ გაახელა კენტავრი და შეურაცხი საქმე ჩაადენინა მასპინძლის სახლში. სუფრაზე მსხდარმა გმირებმა გააკავეს იგი, დარბაზიდან ეზოში გაათრიეს და ყურები და ცხვირი მოაჭრეს. ასე გაწბილდა და დაისაჯა ღვინისაგან გონწართმეული კენტავრი. მას შემდეგ გადაეკიდნენ მტრად ერთმანეთს კენტავრები და ლაპითები. უსაზმნო ღვინის სმა არავის დააყრის ხეირს. არც შენ დაგადგება კარგი დღე, ხელი თუ დააკარე ამ მშვილდს. არავინ გამოგესარჩლება, ეს იცოდე! ღრმამუცლიან ხომალდში ჩაგაგდებთ, კაცთამტანჯველ ექეტესთან გაგგზავნით და ვერა ძალა ვერ გიხსნის მისი ხელიდან. შენთვის იჯექ მანდ, ბერიკაცო, მშვიდად შეექეცი ჭამადს და ჭაბუკებში ნუ გაერევი!
აქ სიტყვა დაძრა იკარიოსის სახელოვანმა ასულმა პენელოპემ: - ვინც უნდა იყოს, ტელემაქეს სტუმრის შეურაცხყოფას ნუ იკადრებ, ანტინოე! ხომ არ გგონია, კიდეც რომ მოდრიკოს ამ ყარიბმა ოდისევსის მშვილდი, თავის სახლში წამიყვანს და ცოლად დამისვამს? ვეჭვ, ასეთი ზრახვა ედოს გულში უცხოელს. ამის გამო ნუ ჩაიმწარებთ ნადიმს!
- იკარიოსის სახელოვანო ასულო, ეგ არც გაგვივლია გულში, - უპასუხა ევრიმაქემ, - სადარდო ისა გვაქვს, რომ აქაველთა ყბაში არ ჩავვარდეთ, ვინმე არაკაცმა არ მოგვაყივნოს, ამდენი სახელოვანი ვაჟკაცი ეცილებოდა ერთმანეთს, მშვილდი კი ვიღაც გადამთიელმა ყარიბმა მოდრიკაო შეუჭირვებლად. ასე იტყვიან და შთამომავალთა თვალში სამუდამოდ მოგვეჭრება თავი!
ასე მიუგო ევრიმაქეს გონიერმა პენელოპემ: - რა სახელი უნდა მოიხვეჭონ იმათ, ვინც კეთილშობილი კაცის სახლს შეურაცხყოფენ და მის საბადებელს ჭამენ? რატომ უნდა იუკადრისოთ ამ უცხოელის გამარჯვება? ეს კაცი ახოვანი და მკლავმაგარი ჩანს, თავადაც ხომ ამბობს, რის შემძლეა! გეტყვით და ჩემს ნათქვამს ავასრულებ კიდეც: უკეთუ აპოლონის შეწევნით მაგან მოდრიკა მშვილდი, ახალთახალი ქიტონითა და მოსასხამით შევმოსავ, ავაზაკთა და ძაღლთა მოსაგერიებლად შუბსა და ორლესულ მახვილს ვაჩუქებ, მსუბუქ ხამლებს ჩავაცმევ, მერე კი იქ გავისტუმრებ, სადაც თავად მოისურვებს.
- დედაჩემო, - სიტყვა მოუჭრა ტელემაქემ, - აქაველთა შორის მხოლოდ მე ერთსა მაქვს ნება, მივცე ან არ მივცე ამ ყარიბს მშვილდი საასპარეზოდ. ღმერთების მადლით არავის ვემორჩილები არც ითაკაზე და არც უხვსაძოვრიანი ელიდის მახლობელ კუნძულებზე. თუ მოვინდომე, სულაც გავატან თან ამ მშვილდ-ისარს. შენ კი, დედაჩემო, უკანვე გაბრუნდი და შენს საქმეს - თითისტარსა და საბეჭავს მიხედე. მონაქალებს უგდე ყური, საქმეს არ მოსცდნენ. რაც შეეხება მშვილდ-ისარს, ეს კაცის საქმეა, მეტადრე კი ჩემი! ყველამ იცოდეს, რომ მე ვარ ამ სახლის ბატონ-პატრონი!
უკანვე გაბრუნდა განცვიფრებული პენელოპე, გულს ჩაებეჭდა შვილის გონივრული სიტყვა. შიმუნვართა თანხლებით სანთიობოს ავიდა, სადაც დიდხანს ტიროდა გულამომჯდარი ძვირფას მეუღლეზე, ვიდრე თვალსხივოსანმა ათინამ ტკბილი ძილით არ დაუმძიმა ქუთუთოები.
ევმეოსმა ხელი დაავლო მშვილდს და ის იყო ოდისევსისთვის უნდა მიეტანა, რომ ერთხმად დაუცაცხანეს სასიძოებმა: - სად მიგაქვს, ბრიყვო მეღორევ, ეგ მშვილდი! იცოდე, უკეთუ აპოლონისა და სხვა ღმერთების შემწეობით გავიმარჯვეთ, შენივე საღორეში დაგგლეჯენ შენივე ძაღლები და კაციშვილი ვერ გიშველის!
შეშინებულმა ევმეოსმა ადგილზევე დადო მშვილდი. მაგრამ ახლა ტელემაქემ შეუძახა მეღორეს: - ჰე, ბიძაჩემო! წაუღე მშვილდი! ყველას მორჩილება არას გარგებს! წაუღე, თორემ შენს სიბერეს არ მოვერიდები, სულ ქვის სროლით გაგაგდებ აქედან! შენ მაინც მოგერევი. ნეტავ იმდენი ძალა მომცეს ღმერთმა, ეს ჩემი შემაჭირვებელნიც უკან მოგაყოლო!
სიცილი აუტყდათ ამ სიტყვებზე სასიძოებს. ისინი უკვე აღარ ბრაზობდნენ ტელემაქეზე. ევმეოსმა მიუტანა ოდისევსს მშვილდ-ისარი, მერე მოხუცი ევრიკლეა მოიხმო და უთხრა: - ტელემაქე ბრძანებს, თავ-თავიანთ ოთახებში ჩაიკეტონ მონაქალები. თუ კვნესა რამ შემოესმათ ან სასიძოთა ყვირილი გაიგონეს, ფეხი არ გამოდგან გარეთ, იქვე ისხდნენ და წყნარად აკეთონ თავიანთი საქმე!
ევრიკლეამ ტელემაქეს ბრძანებისამებრ ოთახებში ჩაკეტა მონაქალები. ამასობაში ფილოტიოსი შეუმჩნევლად გავიდა ეზოში, კარიბჭე ჩარაზა და მაგრად დაგრეხილი სახომალდე ბაგირით შეკრა რგოლები. მერე თავის ადგილზე დაბრუნდა და ოდისევსს მიაჩერდა.
ოდისევსი მშვილდს ატრიალებდა ხელში, სინჯავდა, მატლმა რქა ხომ არ გამოღრღნაო ჩემს აქ არყოფნაში. სასიძოებმა ერთმანეთს გადახედეს: ეს მათხოვარი იარაღის მცოდნე ჩანსო, ან სახლში უდევს ამგვარი მშვილდი, ანდა მინაგვანის გაკეთება მოუნდომებია. ნახეთ, ნახეთ, რა გულდაგულ ათვალიერებსო! სხვებმა დიდგულად გაიცინეს: ღმერთებმა მუდამ ისე გამარჯვებით ატარონ, როგორც ახლა გაიმარჯვებსო!
ასე ოხუნჯობდნენ სასიძოები. ოდისევსმა კი მაღლა შემართა მშვილდი და როგორც აედი, ფორმინგზე დაკვრისა და სიმღერის ოსტატი, ადვილად დაჭიმავს ხოლმე ცხვრის ნაწლევისაგან გამოქნილ სიმს, ისე შეუჭირვებლად დაჭიმა ოდისევსმა საბელი მშვილდზე. მერე თითები ჩამოჰკრა და მერცხალივით საამურ ხმაზე დაიწკრიალა დაჭიმულმა ლარმა. უმალვე ფერი ეცვალათ გულშემკრთალ სასიძოებს. ამ დროს სასწაულად ზევსმაც დაიგრგვინა ცარვალზე. კეთილად ენიშნა ოდისევსს მეხთამტეხელის ნიში. ფიცხლად ამოაძრო კაპარჭიდან ფრთიანი ისარი, ლარს გამოსდო ისრის კილო, ფეხზე აუდგომლად მოზიდა მშვილდი და გატყორცნა ისარი. ხელი არ მოცარვია: თორმეტივე ჩუგლუგში უცდომლად გააძვრინა სპილენძისპირიანი ბოძალი.
- ხედავ, ტელემაქე, არ შეგარცხვინა შენმა სტუმარმა! არც მშვილდის მოდრეკა გამიჭირდა და ნიშანსაც არ ავაცდინე ისარი. ჩანს, ძველებურად მომდევს მკლავში ძალა, არც ისეთი ძაბუნი ვყოფილვარ, ამ ხალხს რომ ვეგონე. ახლა კი, დღისითმზისით, ვახშამი მოვუმზადოთ სასიძოებს, მერე კი ფორმინგს მოვუსმინოთ, ლხინის დამამშვენებელს.
ეს თქვა და წარბით ანიშნა, ჟამი დადგაო. ტელემაქემ მახვილი მხარიღლივ გადაიკიდა, შუბი ხელთ იპყრა და ასე შეჭურვილი მხარში ამოუდგა მამას.
XXII. სასიძოთა შემუსვრა
ოდისევსმა მყისვე გადაიძრო მათხოვრის ჯვალო, მშვილდითა და კაპარჭით ხელში მაღალ ზღურბლზე შეხტა, ისრები ფერხთით დაიყარა და მკრჩხალი ხმით შეუძახა სასიძოებს: - დასრულდა უკვე ეს ძნელი ასპარეზობა! აწ თუ აპოლონი შემეწია, ისეთ რასმე ამოვიღებ ნიშანში, რასაც ჯერ არ მოხვედრია ისარი.
ეს თქვა და სპილენძისპირიანი, მძიმე ბოძალი მძლავრად სტორცნა ანტინოეს. სიკვდილს არ ელოდა ანტინოე. ან ვინ იფიქრებდა მონადიმეთა შორის, რომ მარტოკაცი, რაგინდ გულოვანიც ყოფილიყო, მრავალთან შებმას გაბედავდა და სასტიკ სიკვდილს მოუტანდა მათ. ის-ის იყო, ღვინით სავსე ოქროს თასი იხმია ანტინოემ, რომ ოდისევსმა ხორხში შესჩხვიპა და ყელს უკან გაუტარა ბოძალი. საკარცხულზე შექანდა ევპეითოსის ძე, თასი ხელიდან გაუვარდა და სისხლი წასკდა პირიდან. გადაქცეულმა ფეხით ააყირავა სუფრა. ძირს დაყრილი პურ-ღვინო და ჭამადი ერთმანეთში აილუფხა. დაფეთებულნი წამოცვივდნენ საკარცხულებიდან მონადიმენი და აჩოჩქოლდნენ, კედლებს მოავლეს თვალი, სადაც იარაღი ეგულებოდათ, მაგრამ ვერაფერი ნახეს: ვერც ფარ-შუბი და ვერც თორ-აბჯარი. მაშინ ბრაზმორეულებმა მკვახედ შესძახეს ოდისევსს: - არ შეგარჩენთ, უცხოელო, მშვილდისრით ამ თავხედურ თამაშს. გამოემშვიდობე ასპარეზობას. იცი კი, რომ ითაკაში ურჩეულესი ჭაბუკი შემოგაკვდა? ყვავ-ყორნების კერძად გაგხდით, სიკვდილი არ აგცდება!
ბედკრულებს ჯერ კიდევ ეგონათ, უნებურად შემოაკვდაო ამ ყარიბს ანტინოე. არ უწყოდნენ, რომ მათაც იგივე ელოდათ. მამალი თვალი მოავლო სასიძოებს ოდისევსმა და შეჰყივლა: - ძაღლთაპირნო, რა გეგონათ, აღარ დავბრუნდებოდი ტროადან? შეგარჩენდით ჩემი ქონების ჭამასა და ჩემი დიაცების გაბახებას? ეგეც არ მაკმარეთ, ცოცხალი კაცისთვის გინდოდათ წაგეგვარათ ცოლი. არც ცის ბინადარ ღმერთებს ეპუებით და არც კაცთა შურისგებისა გეშინიათ. ახლა კი მოგწევთ აღსასრულის დღეს!
ეს თქვა ოდისევსმა და სასიძოებს მიწისფერი დაედოთ. აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს, ეგების როგორმე გავექცეთო განსაცდელს. მხოლოდ ევრიმაქემ გაუბედა სიტყვა ოდისევსს: - უკეთუ მართლა ითაკელი ოდისევსი ხარ, სწორედ და სამართლიანადა სჯი. შენს სამყოფლოში, შინა თუ გარეთ, ბევრი სიავე ჩაგვიდენია აქაველებს, მაგრამ ანტინოე იყო მოთავე ამ ავკაცობისა და აკი მოაკვდინე იგი. იცოდე, დედოფლის შერთვა ისერიგად არ ეწადა ანტინოეს, როგორც ითაკის ბასილევსობა. შენი მემკვიდრის მოკვლაც უნდოდა ჩასაფრებულს, მაგრამ არ მოასწრო კრონიონმა ამ დღეს. შური ხომ მიაგე ანტინოეს, დაგვინდე ჩვენ, შენი თვისტომნი და შენს სახლში შესმულსა და შეჭმულს უკლებლივ გიზღავთ ყოველივეს. საურავად ოც-ოც ხარს მოგიყვანთ, ბრინჯაოსა და ოქრო-ვერცხლსაც მოგიწონით. ოღონდ შეგვირიგე და ავკაცობას ნუღა გაგვიხსენებ.
ქორული მზერა ესროლა ევრიმაქეს ოდისევსმა: - არა, ევრიმაქე, მამეული ქონება და სხვა ბევრი საქონელი სრულად რომც მომითვალოთ, ხელს არ ავიღებ სისხლის ღვრაზე, სანამ ყველა თქვენგანს შურს არ მივაგებ უსამართლობისთვის. ერთი გამოსავალიღა გაქვთ, შემებათ, ან თავს უშველოთ, თუმცა არა მგონია, ვინმე გადაურჩეს სიკვდილს.
მუხლები მოუდუნდათ და გული დაეწურათ ამის გამგონეთ. მაშინ ასეთი სიტყვა უთხრა სასიძოებს ევრიმაქემ: - მოყმენო, მარჯვენა არ მოეღლება ამ კაცს, რაკი მშვილდ-კაპარჭი მოიხელთა, არ დაგვეხსნება, ზღურბლზე შემდგარი ისრებს დაგვაყრის და ერთიანად ამოგვჟუჟავს. ჯობს, გულმაგრად დავხვდეთ, მახვილები ვიშიშვლოთ, ეს გრძელი ტაბლები კი ფარად დავუხვედროთ ისრებს. ერთობლივ შევუტიოთ, ვინძლო ზღურბლიდან ამოვაგდოთ, ქალაქში გავიდეთ და ხალხი შევყაროთ. სანანებლად გავუხადოთ ოდისევსს ეს ნასროლი.
ასე თქვა, ორლესული მახვილი იშიშვლა, ხაფი ხმით დაიყვირა და ოდისევსს მიეჭრა. ოდისევსმა მშვილდი მოზიდა და ევრიმაქეს ზედ ძუძუსთავზე დაარჭო ისარი. ისრის წვერმა გულ-ღვიძლში გაატანა. მახვილი ხელიდან გაუვარდა ევრიმაქეს, შეტორტმანდა, სუფრას წამოედო და გადააყირავა. თასები და ჭამადი ძირს დაცვივდა, თვითონ კი შუბლით დაენარცხა მიწას. სულთმობრძავი ფეხებს ასავსავებდა, სანამ სიკვდილის ლიბრი არ წაეფარა თვალებზე.
ახლა ხმალშემართული ამფინომე დაიძრა ოდისევსისაკენ, რომ როგორმე კარიდან უკუექცია, მაგრამ ტელემაქე მიეწია, ბეჭებში ჩასცა შუბი და გულმკერდი გაუნგრია. გულგანგმირული ამფინომე ზათქით დაასკდა იატაკს, ტელემაქემ შუბი ზურგში ჩაატოვა მოკლულს და უკუიქცა, რომ რომელიმე სასიძოს მახვილი არ ეტაკებინა მისთვის. მერე მამასთან მიიჭრა და უთხრა: - მამაჩემო, წავალ და ფარ-შუბსა და მუზარადს მოვიტან. თავადაც შევიჭურვები და მწყემსებსაც შევაიარაღებ.
- სწრაფადვე გამობრუნდი, - მიუგო ოდისევსმა, - საცაა დამელევა ისრები და მარტო მე ვეღარ მოვიგერიებ მტერს.
ტელემაქე სალარო პალატისაკენ გაეშურა, სადაც ოდისევსის საჭურველი ეწყო. აიღო ოთხი ფარი, რვა შუბი, ოთხიც ხშირფაფრიანი მუზარადი და სწრაფადვე გამობრუნდა უკან. ტელემაქემ და მწყემსებმა აბჯარი შეისხეს და გვერდით ამოუდგნენ ოდისევსს. სანამ ისრები ჰქონდა, ერთმანეთზე აწვენდა სასიძოებს ოდისევსი. მაგრამ ისრები უკვე გამოლეოდა. მშვილდი კარზე მიაყუდა ოდისევსმა, ოთხკეცი ფარი მკლავზე ჩამოიცვა, თავზე მუზარადი დაირქვა და შუბებს დაავლო ხელი.
დარბაზის კედელში დატანებული იყო საიდუმლო კარი, რომელიც ვიწრო კარაპანში გადიოდა. მხოლოდ ამ კარით შეიძლებოდა ეზოში გასვლა და ამიტომ მისი დაცვა ოდისევსმა ევმეოსს დაავალა. ამასობაში აგელაოსმა ასეთი რამ ურჩია სასიძოებს: - მოყმენო, მოდი, კარაპანში გავაპაროთ ვინმე, რომ მოქალაქენი შემოგვაშველოს: სანანებლად გავუხადოთ ამ კაცს თვისტომთა დახოცვა!
- კარაპანით ვერავინ გავა, აგელაოს, ეზოში, - უმალ გამოეხმაურა მას თხის მწყემსი მელანთევსი, - გასასვლელი ვიწროა და ერთი კაციც ჩაგვიკეტავს გზას. წავალ, იქნებ საჭურველი მოგაშველოთ სალარო პალატიდან. სხვაგან სად უნდა იყოს იარაღი, იქ არის ოდისევსის საჭურჭლე.
ეს თქვა, დარბაზიდან გავიდა და მალე თორმეტი ფარ-შუბი და ამდენივე ხშირფაფრიანი მუზარადი მოუტანა სასიძოებს.
ხელშუბიანი და მუზარადით შეჭურვილი სასიძოების დანახვაზე მუხლი მოუდუნდა და გული შეუდრკა ოდისევსს: კარგად ვერ არისო საქმე, გაიფიქრა და მყისვე გადასძახა ტელემაქეს: ეს საქმე უთუოდ რომელიმე მონაქალმა ან მელანთევსმა დაგვმართაო.
- მე ვარ, მე, მამაჩემო, დამნაშავე, - მე დამრჩა ღია პალატის კარი, ალბათ ვინმემ თვალი შემასწრო და შეიპარა. ევმეოს, ახლავე წადი, კარი ჩაკეტე და ნახე, ვინ ტრიალებს იქ. გული მეუბნება, რომ მელანთევსმა გვიმტრო.
ამ ლაპარაკში იყვნენ, რომ მელანთევსი ისევ გაქრა დარბაზიდან. არ გამოჰპარვია ეს მეღორეს. მიუბრუნდა და მაშინვე უთხრა ოდისევსს: - ზევსის ნაშიერო, ის წყეული მელანთევსი, ვისზედაც ეჭვი ავიღეთ, ისევ შეიპარა სალარო პალატში. რას მიბრძანებ, მე თავად მოვკლა თუ აქ მოგგვარო, რომ შენი ხელით გაუსწორდე მუხანათობისთვის.
- მე და ტელემაქე აქ დავრჩებით, თქვენ კი შებოჭეთ მელანთევსი, პალატში შეათრიეთ და ხელფეხგაკოჭილი ჭერის კოჭზე ჩამოჰკიდეთ, რომ ტანჯვით გაუმწარდეს სული.
ასე უბრძანა და მწყემსებმაც საჩქაროდ დატოვეს დარბაზი. ისინი პალატის კართან ჩაუსაფრდნენ მელანთევსს. თხის მწყემსს ერთი მუზარადი და ლაერტეს ნაქონი ერთი ძველი, თასმებმოცვეთილი, ობმოკიდებული ფარი მოენახა და უკან ბრუნდებოდა. ის იყო, ზღურბლს გადმოალაჯა, რომ ჩასაფრებული ევმეოსი და ფილოტიოსი ეცნენ და თმით შეათრიეს პალატში, შეპყრობილი ძირს დასცეს, ოდისევსის ბრძანებისამებრ ხელ-ფეხი შეუკრეს და ჭერის კოჭზე ჩამოჰკიდეს: - იწექი მაგ რბილ სარეცელზე, მელანთევს, ვინძლო ეოსის გამოჩენა არ გამოგეპაროს და დროზე მოურეკო სასიძოებს ნასუქალი თხები, - მწარედ დასცინა ევმეოსმა.
პალატიდან გამოვიდნენ, კარი მაგრად ჩაკეტეს და ბრძოლის ჟინზე მოსულნი კვლავ ოდისევსს ამოუდგნენ მხარში. ახლა ზღურბლთან ოთხნი იდგნენ. იარღმომარჯვებული, გულმოცემული სასიძოები გუნდ-გუნდად მოიწევდნენ მათზე.
ამ დროს ზღურბლთან მენტორის სახით გამოცხადებული ათინა მოდგა.
- შემოგვეშველე, მენტორ, გაიხსენე შენთვის თავგადადებული ძველი მეგობარი, - დაუძახა გახარებულმა ოდისევსმა, თუმცა გუმანით მიხვდა, რომ მის წინ ფარისმპყრობელის ასული ათინა იდგა.
სასიძოებმა ერთი ჩოჩქოლი შექნეს, ხოლო აგელაოს დამასტორის ძე ასე დაემუქრა მას: - მენტორ, არ გადაგიბიროს ოდისევსმა, ხელი არ აღმართო ჩვენზე, თორემ მამა-შვილს რა დავხოცავთ, შენც მათ მიგაყოლებთ. შენს ქონებას, რაც კი რამ გაბადია, ოდისევსის საბადებელთან ერთად წავიხვამთ, ხოლო შენს ცოლ-შვილსა და ქალ-რძალს ითაკის მიწაზე არ გავაჭაჭანებთ.
ამ სიტყვაზე კიდევ უფრო განრისხდა ათინა, იგი წყრომით მიუბრუნდა ოდისევსს: - რა მოგდის, ოდისევს, რა უყავ შენი გულოვნება და მკლავის ძალა? შენ არ მუსრავდი განა მკლავმშვენიერი ელენეს გამო ატეხილ ომში ტროელთა სპას? განა შენი ცბიერი რჩევით არ დაამხეს აქაველებმა პრიამოსის დიდებული ციხე-ქალაქი? აქ რაღა დაგემართა, საკუთარ სახლში, რომ ვერ მორევიხარ ამ ახალუხლებს? აქ მო, გვერდში ამომიდექ, ნახე, შენი მადლიერი მენტორ ალკმენეს ძე რა დღეს დააყრის შენს შემჭირვებელთ!
მენტორის პირით ასე გაამხნევა ათინამ ოდისევსი, მაგრამ ერთბაშად როდი მისცა მტერზე ძლევა. მისი სიქველისა და მამაცობის გამოცდა მოინება. თვითონ მერცხლად ქცეული სახლის გამჭვარტლულ ერდოზე შემოჯდა. თავის მხრივ, აგელაოსმა, ევრინომემ, ამფიმედონმა, დემოპტოლემემ, პოლიქტორიონთ პისანდრემ და პოლიბოსმაც, ჯერ კიდევ ცოცხალ სასიძოთა შორის გამორჩეულმა ვაჟკაცებმა, გაამხნევეს თანამებრძოლნი: - ნუ შეშინდებით, მოყმენო, - შესძახა აგელაოსმა, - ამ კაცს მალე დაუდუნდება მარჯვენა. ხედავთ, როგორ მიიმალა ფუჭადმოქადული, მკვეხარა მენტორი? დიდხანს ვეღარ დაგვიდგებიან ამ ზღურბლზე. ოღონდ, ყველანი ერთად ნუ ვესვრით შუბებს. ჯერ ექვსთა ვტყორცნოთ ჰოროლნი, ეგების, ზევსის წყალობით, ბოლოც მოვუღოთ ოდისევსს და დიდება მოვიხვეჭოთ. სხვების გამო ნუ ნაღვლობთ, მაგათ მერეც გავუსწორდებით!
ეს თქვა და სასიძოებმა ერთობლივ სტყორცნეს შუბები ოდისევსს, მაგრამ ათინამ ხელი მოუცარა მათ: ერთის შუბი კარის წირთხლს დაერჭო, მეორისა - თვითონ კარს, მესამის შუბმა კედელზე მოიღო ჟღარუნი. ასე ასცდათ სასიძოთა მიერ ნატყორცნი შუბები და მაშინ გულმოცემულმა ოდისევსმა ასე შესძახა თანამდგომთ: - ძვირფასნო, ახლა კი ჩვენ ვაძგეროთ ჰოროლები ჩვენი სიკვდილის მოწადინეთ. ადრეც ხომ სიავის მეტი არაფერი გვინახავს მათგან!
ეს თქვა და მეწინავეებმა ერთობლივ სტყორცნეს შუბები გარემოჯარულთ. ოდისევსმა დემოპტოლემე განგმირა, ტელემაქემ - ევრიდემოსი, მწყემსებმა კი ელატოსი და პისანდრე დააწვინეს. პირქვედამხობილნი კბილით ჭამდნენ მიწას. დანარჩენები დარბაზის კუთხეში უკუიქცნენ; ოდისევსი და მისიანები კი წინ გაიჭრნენ და ფიცხლად დააძრეს დახოცილებს შუბები. ამფიმედონმა მაჯა გაუკაწრა ტელემაქეს, ხოლო ქთესიპეს გრძელმა ჰოროლმა ფარით უფარებელი მხარი გაუსერა ევმეოსს და ჟღარუნით დაეცა ძირს. კვლავ ერთად შეკრბენ ოდისევსიანნი და ერთობლივ სტყორცნეს სასიძოებს წვერმახი შუბები. ქალაქთა დამაქცევარმა ოდისევსმა ევრიდამანტი განგმირა, ტელემაქემ - ამფიმედონტი, ევმეოსმა პოლიბოსი დააწვინა, ხოლო ფილოტიოსმა ქთესიპეს შეუნგრია გულის ფიცარი და ძირს დაცემულს ეს მიაძახა: - ესეც შენ, ავადმოლიზღარო! ღმერთებსაც რომ არ ეპუებოდი, აწი მოიშლი უშვერ ლაპარაკს. იცოდე, ეს იმ ბარკლისათვის გიზღე, მათხოვრად სტუმრებულ ოდისევსს რომ ესროლე გუშინ!
ხელჩართულ ბრძოლაში ოდისევსმა დამასტორის ძეს აძგერა გრძელი შუბი, ტელემაქემ კი ლეოკრიტე ევენორის ძეს ჩასცა მუცელში ჰოროლი. ლეოკრიტე შუბლით დაასკდა მიწას. ამ დროს თვალსხივოსანმა ათინამ თავზარდამცემი ფარი გამოაჩინა ერდოდან. შიშით და ძრწოლით მოცული სასიძოები გაზაფხულის ნაბუნიობისას ბუზანკალისაგან გამწარებული ძროხებივით აწრიალდნენ დარბაზში. როგორც უმწეო ჩიტებს დაიფრენენ ხოლმე ქორნი და ბასრი კლანჭებით ჰაერშივე დაბდღვნიან აღტაცებით მზირალ მიწის მუშაკთა თვალწინ, ისე დაერივნენ ოდისევსიანნი დაფეთებულ სასიძოებს და ერთიანად მუსრი გაავლეს. საზარელმა სულთქმა-ვაებამ აავსო მთელი დარბაზი. თავგაჩეხილთა სისხლით მოირწყო სასახლის იატაკი.
აცახცახებული ლეოდე მუხლებში ჩაუვარდა ოდისევსს და შეევედრა: - გემუდარები, შემიწყალო, ოდისევს! არც სიტყვითა და არცა საქმით არაფერი დამიშავებია შენთვის, ჰკითხე, ვისაც გინდა, თავად ვაკავებდი სასიძოებს ავი საქმისაგან. მაგრამ არ დამიჯერეს და აჰა, მიეზღოთ კიდეც სამაგიერო. მადლიან საქმეს ავად ნუ გადამიხდი, მე მხოლოდ მისნად ვიჯექი მათ შორის. ქორებულ შეხედა ლეოდეს ოდისევსმა: - მისნად თუ ეჯექ ჩემი სახლის შემაჭირვებელთ, ჩემს არდაბრუნებასაც სთხოვდი ალბათ ღმერთებს. გინდოდა ცოლად წაგეყვანა ჩემი მეუღლე და შვილები დაგეჩინა მასთან? ვერა, ვერც შენ გადაურჩები სიკვდილსა და სასტიკ მოირას!
სიტყვის თქმა არ აცალა ოდისევსმა, აგელაოსის ხელიდან გავარდნილი მახვილი აიღო, ფიცხლად მოუქნია და თავი გააგდებინა.
ამ ხოცვა-ჟლეტაში მომღერალი ფემიოსი, სასიძოებს რომ ულხენდა ხოლმე, კარაპანში გასასვლელ კართან იდგა, ფორმინგი მკერდზე მიეკრა და ყოყმანობდა. არ იცოდა, რა ექნა: კარში გასულიყო, ეზოში ზევსის საკურთხეველთან მიმჯდარიყო, იქ, სადაც ლაერტესა და ოდისევსს მრავალგზის შეეწირათ მსხვერპლი, თუ ოდისევსს ჩავარდნოდა ფეხებში და შეწყალება ეთხოვა. ბოლოს ასე ქნა: ტკბილხმოვანი ფორმინგი ძირს დადო ლაგვინსა და ვერცხლით მოჭედილ საკარცხულს შორის, მუხლებზე მოეხვია ოდისევსს და შეჰღაღდა: - მუხლმოყრილი გევედრები, ოდისევს, შემიბრალო! კაცთა და ღმერთთა დამატკბობელი აედის მოკვლას უკვდავი ღმერთები არ გაპატიებენ. სხვისი არა გადამიმღერებია რა, მარტოდენ ჩემითა და ღმერთების შთაგონებით შემითხზავს სიმღერები. ნუ მომკლავ და ღვთისდარ ქება-დიდებას შეგასხამ. ტელემაქე გეტყვის, ძალით როგორ მოვყავდი და გულის უწადინოდ როგორ მამღერებდნენ სუფრაზე. მრავალთან რას გავხდებოდი მარტოკაცი, თავადაც იცი, ძალა აღმართსა ხნავს!..
ფემიოსის ხმა რა გაიგონა, მსწრაფლ მიიჭრა მამასთან ტელემაქე და სიტყვა შეაწია ღვთაებრივ აედს: - მამაჩემო, არ მოკლა ფემიოსი, უბრალოა! მანდატური მედონტიც უნდა დაინდო, შენს აქ არყოფნაში ზრუნვას არ მაკლებდა და ჩვენი სახლის ერთგული იყო მუდამ. ხომ არ მოგიკლავს? ან ფილოტიოსსა და ევმეოსს ხომ არ შემოჰკვდომიათ?
მედონტს ახალგატყავებული ხარის ტყავი წაეხურა თავზე, საკარცხულის ქვეშ შემძვრალიყო და იქ იმალებოდა. ტელემაქეს გამოსარჩლებას რა მოჰკრა ყური, საკარცხულიდან გამოძვრა, ტყავი გადაიძრო და თავის მხსნელს მუხლებზე მოეხვია: - აქა ვარ, ჩემო მხსნელო. სიტყვა შემაწიე, რომ სასიძოებზე გამძვინვარებულმა ოდისევსმა ცხელ გულზე მეც არ მიმაყოლოს თქვენი სახლის იავარმყოფელთ, თავიანთი უგუნურების გამო შენც რომ არაფრად გაგდებდნენ!
გაეღიმა ოდისევსს: - ტელემაქეს უმადლოდე, სიკვდილს რომ გადაურჩი! დაიხსომე და სხვებსაც უთხარი, რომ პატრონის ერთგულ მონას სამსახური არასოდეს დაეკარგება. ახლა კარში გადით შენ და ფემიოსი, გაერიდეთ ამ ხოცვა-ჟლეტას, სანამ საქმეს არ მოვრჩები!
ორივენი საჩქაროდ გავიდნენ ეზოში. საკურთხეველთან მიიყუჟნენ. შეშინებულნი აქეთ-იქით იხედებოდნენ, ვერ დაეჯერებინათ, რომ სამშვიდობოს იყვნენ გასულნი. ხოლო ოდისევსმა მოათვალიერა დარბაზი: ცოცხალი ხომ არ გადამირჩაო ვინმე. წვრილთვალა სათხევლით რიყეზე ამოყრილი თევზებივით ეყარნენ ერთმანეთზე სისხლში მოთხვრილი სასიძოები. ახლა ტელემაქეს მიუბრუნდა ოდისევსი: ერთი ევრიკლეას დამიძახე, სიტყვა მაქვს სათქმელიო. ტელემაქე დარბაზიდან გავიდა და გასძახა ევრიკლეას: - აქ მო, დია, მამაჩემი გეძახის, სიტყვა აქვს სათქმელი!
ევრიკლეა უსიტყვოდ გაჰყვა ტელემაქეს. დარბაზში, დახოცილ სასიძოთა შორის ლომივით იდგა ოდისევსი, შემაზრზენი სანახავი იყო, მკერდი და ხელ-მხარი სისხლით ჰქონდა შესვრილი, თითქოს ეს-ესაა ლომმა დაგლიჯაო ხარი. სისხლის გუბეში დაყრილი სასიძოები რა დაინახა, ღმერთების სამადლობლად შეჰკივლა ევრიკლეამ, მაგრამ ოდისევსმა მოაწყნარა: - ხმამაღლა ნუ იტყვი სიხარულს, დახოცილთა ზედა არ ეგების ზეიმი! ღმერთების განგებამ და მათმავე ბოროტებამ დაღუპა ისინი, რაკი არად აგდებდნენ კაცთაგან არავის, არც ავსა და არც კარგს. ახლა ის მამცნე, მონაქალთაგან ვინ შეურაცხყო ჩემი სახლი.
- ყველაფერს გეტყვი, შვილო, - მიუგო ევრიკლეამ, - არაფერს დაგიმალავ. სახლში ორმოცდაათი მონაქალი გვყავს. ჩვენ თვითონ ვასწავლეთ მატყლის ჩეჩვა და სხვა სადიაცო საქმე. თორმეტმა მათგანმა მრუშობა იწყო. აღვირახსნილები არად მაგდებდნენ. არამცთუ მე, თავად პენელოპესაც კი ეურჩებოდნენ. ტელემაქე აგერ ახლა დაგვივაჟკაცდა და დედამისს ჯერ არ გადაუბარებია მისთვის სახლის გამგებლობა. ახლა კი წავალ, ჩემო პატრონო, დედოფალს გავაღვიძებ და შენს ამბავს ვახარებ.
- პენელოპეს მოეშვი, - უბრძანა ოდისევსმა, - ჯერ ის ურცხვი დიაცები მომიყვანე აქ.
ერთგული გადია უსიტყვოდ გავიდა მონაქალების დასაძახებლად. ოდისევსმა კი ტელემაქე და მწყემსები მოიხმო და უბრძანა: - დიაცებს დახოცილები გარეთ გაატანინეთ და ტაბლები ხშირფორიანი ღრუბლით დაარეცხვინეთ. დარბაზს რომ მიალაგებენ, ეზოში გაიყვანეთ, გოდოლსა და გალავანს შუა, კუთხეში მიიმწყვდიეთ და სულის ამოხდომამდე ჩხვლიტეთ მახვილებით, რომ დაავიწყდეთ სასიძოებთან მრუშობა და აფროდიტეს სახელი.
ასე ბრძანა და დარბაზში ერთის ვაი-ვიშითა და ცრემლის ღვრით მოჯარდნენ მონაქალები. ჯერ დახოცილთა გვამები გაიტანეს დარბაზიდან და ეზოში ერთიმეორის მიჯრით დაასვენეს... მერე სველი, მრავალფორიანი ღრუბლით მორეცხეს სისხლით შეთხვრილი ტაბლები და საკარცხულები. ტელემაქემ, ევმეოსმა და ფილოტიოსმა რკინის აქანდაზებით მოფხიკეს კეთილნაგები დარბაზის იატაკი. ნაგავი მონაქალებს გაატანინეს გარეთ. დარბაზი რა მიალაგეს, გალავანსა და გოდოლს შუა მოიმწყვდიეს დიაცნი, რომ გასაქცევი არსით ჰქონოდათ. აქ ტელემაქემ პირქუშად თქვა: - კაცურ სიკვდილს არ ვაღირსებ ამათ, რადგან მეცა და დედაჩემსაც თავს ლაფი დაგვასხეს სასიძოებთან მრუშობით.
ხომალდის ბაგირი გოდოლსა და ბოძს შორის დაჭიმა ტელემაქემ ისე, რომ მათ ფეხის წვერი ვერ მიეწვდინათ მიწამდე. როგორც დასაბუდრებლად მოფრენილი ფრთამალი ჩიტები ერთობლივ გაებმებიან ხოლმე მახეში, ისე გააყოფინეს თავი ერთმწკრივად ჩამობმულ ყულფებში უღირს მონაქალებს, რომ სამარცხვინო სიკვდილით დაესაჯათ. განწირულნი უმწეოდ აფართხალებდნენ ფეხებს, ვიდრე სული არ აღმოხდათ.
ახლა თხის მწყემსი მელანთევსი გამოათრიეს ეზოში. ბასრი მახვილით დააჭრეს ცხვირი და ყურები, სარცხვინელი მოაგლიჯეს და ძაღლებს გადაუგდეს საჭმელად. შურისგებით გაავებულებმა მერე ხელ-ფეხიც მოჰკვეთეს. საქმეს რა მორჩნენ, სისხლი მოიბანეს და დარბაზში შებრუნდნენ.
ოდისევსმა კი ერთგული გადია ევრიკლეა იხმო: - დია, წა, გოგირდი და ცეცხლი მომიტანე, უნდა დავახრჩოლო, რომ სიმყრალე განქარდეს დარბაზში. მერე პენელოპეს დამიძახე თავის შიმუნვარებითურთ, მონაქალებსაც უბრძანე მეახლონ!
- კეთილად ბრძანე, ჩემო შვილო, - უპასუხა ევრიკლეამ, - ოღონდ ჯერ ქიტონს და მოსასხამს მოგართმევ. ხომ ხედავ, მათხოვრის ჯვალო ვერ გიფარავს განიერ ბეჭებს. საკუთარ ჭერქვეშა ხარ, არ გეკადრება ეგ ძონძები.
ჯერ ცეცხლი მომიტანეო, გაუმეორა ოდისევსმა. ევრიკლეა უმალვე დაემორჩილა. ოდისევსმა ახრჩოლებული გოგირდით გაწმინდა ეზო და დარბაზი.
ერთგულმა მეკუჭნავემ სასწრაფოდ ახარა ოდისევსის სახლეულს: აქ არის და დარბაზში გიბარებთო თქვენი ბასილევსი. გახარებული დიაცები მაშხალებით ხელში შემოცვივდნენ დარბაზში, გარს შემოეხვივნენ თავიანთ დიდი ხნის უნახავ პატრონს და მხურვალედ დაუკოცნეს თავი, მკერდი და ხელები. ტკბილი ცრემლები მოუზღვავდა გულში ოდისევსს, რადგან თითოეული მათგანი სახით იცნო ითაკის მბრძანებელმა.
XXIII. ოდისევსი და პენელოპე
ქორედში ავიდა ევრიკლეა, რომ ძვირფასი მეუღლის ჩამოსვლა ეხარებინა დედოფლისათვის. მკვირცხლად აირბინა დედაბერმა კიბე, თავთით დაუდგა მძინარე პენელოპეს და შესძახა: - გაიღვიძე, შვილო ჩემო! საკუთარი თვალით იხილე, რასაც ამდენ ხანს ელოდი. ჩამოგივიდა დიდი ხნის უნახავი ქმარი, შენი ოდისევსი! შემუსრა თავისი სახლის ამაოხრებელნი და ტელემაქეს შემჭირვებელნი!
- დია, ბედშავო! გონთით გადაუგდიხარ ღმერთებს! - უპასუხა პენელოპემ, - აკი ხელეწიფებათ უკვდავთ, გონი აღხადონ გონიერთ, ხოლო უგუნურნი სიბრძნეს აზიარონ! რატომ დამცინი ისედაც სვეგამწარებულს? რატომ დამიფრთხე ტკბილი ძილი?! მას შემდეგ, რაც იმ დაწყევლილ ილიონს გაემგზავრა ოდისევსი, ასე უშფოთველად არ მძინებია. ნუღა მაწუხებ! შენს ადგილზე მონათაგან სხვას რისხვით გავისტუმრებდი უკან. შენ კი სიბერეს შენსას უმადლოდე, რომ არას გეუბნები!
- არა, ჩემო საყვარელო, ჭეშმარიტი გაუწყე! როგორც წეღან გითხარ, ჩამოვიდა ოდისევსი და ახლა ქვემოთ, დარბაზში გელოდება. ეს ის ყარიბია, აბუჩად რომ იგდებდნენ სასიძოები. ტელემაქეს თავიდანვე სცოდნია ეს ამბავი, მაგრამ მამამისის ბრძნული რჩევით გულში დაუმარხავს საიდუმლო, რომ ხელი არ მოსცარვოდათ შურის მიგებისას.
ასე უთხრა ევრიკლეამ. წამსვე საწოლიდან წამოიჭრა პენელოპე და გულში ჩაეკრა მოხუც გადიას. სიხარულით ატირებულმა ესღა შესძახა დედაბერს: - ჩქარა, ჩქარა მამცნე ყოველივე! თუ ის ყარიბი მართლა ოდისევსია, მითხარი ბარემ, როგორ შემუსრა ერთმა მრავალნი? ისინი ხომ დღემუდამ ჯგროდ ეყარნენ ჩვენს დარბაზში?
- არც მე და არც სხვა მონაქალებს არაფერი დაგვინახავს, - უპასუხა ევრიკლეამ, - მაგრამ ოთახებში გამოკეტილებს მომაკვდავთა კვნესა და სასიძოთა ვაი-ვიში გვესმოდა. ყოველი რა მიწყნარდა, შენმა ძემ, ტელემაქემ, ოდისევსთან მიხმო. დარბაზში შესულმა ეს დავინახე: დახოცილ სასიძოთა შორის ლომივით იდგა სისხლით შესვრილი ჩვენი ბასილევსი. ნეტამც მაშინ შეგეხედა მისთვის! ახლა გვამები ეზოშია გატანილი. ოდისევსმა ახრჩოლებული გოგირდით გაწმინდა დარბაზი, მე კი შენს დასაძახებლად გამომგზავნა. გამომყევ, შვილო! ერთმანეთის ნახვით გული გაიხარეთ! წარხდა დღე ჭირისა და სიავისა! ცოცხალი დაგიბრუნდა სანატრელი ქმარი, ცოლიცა და შვილიც ცოცხალი დაუხვდით, ხოლო ქვეგამხედვარ სასიძოებს სამაგიერო მიეზღოთ!
კეთილგონიერმა პენელოპემ ასე მიუგო ევრიკლეას: - ჩემო გადია, გულისთქმას ნუ ავყვებით. თავადაც იცი, როგორ გაუხარდება ყველას ოდისევსის დაბრუნება, ნამეტნავად კი მე და ჩვენს მხოლოდშობილ ძეს. მაგრამ, რა ვქნა, არ მეჯერება შენი სიტყვა. ეგების ვინმე უკვდავთაგანმა შემუსრა სასიძოები, მათი სიავითა და გულზვაობით განრისხებულმა? ისინი ხომ უკადრისად ექცეოდნენ ყველას, კეთილსა და უკეთურს, ამიტომაც მიეგოთ შური... ოდისევსის დაბრუნების იმედი კი გადაწურული მაქვს. ითაკიდან შორს, მოირებმა დაღუპეს იგი!
- ეს რა სიტყვა დასცდა შენს კბილთა ზღუდეს! - შეიცხადა ევრიკლეამ, - აკი გეუბნები, დარბაზში დგას და შენ გელოდება-მეთქი კერიასთან! მუდამ ურწმუნო იყავ და არც ახლა გჯერა ჩემი ნათქვამი. კარგი, მაშ, ამასაც გეტყვი: ხომ გახსოვს, ნადირობისას ტახმა ეშვით რომ დაუშავა წვივი? ფეხს როცა ვბანდი, მენიშნა ის ნაჭრილობევი, მინდოდა შენთვის გამეცხადებინა ეს ამბავი. თავს გეფიცები, მართალს ვამბობ. თუ გატყუებდე, წამებით ამომხადე სული!
- გულისხმიერი ქალი ხარ, ჩემო გადია, მაგრამ ღმერთების განგებას რას შესწვდები! კარგი, კარგი, - დაჰყვა პენელოპე, - ჩავიდეთ ტელემაქესთან, რომ ჩემი თვალით ვიხილო დახოცილნი და შურისმგებელი.
ასე თქვა და ქორედიდან დაბლა დაეშვა დედოფალი. გული ძალუმად უძგერდა, არ იცოდა, რა ექნა, შორიდან შეხმიანებოდა ძვირფას მეუღლეს თუ გადაჰხვეოდა და პირი და მხრები დაეკოცნა მისთვის. ამ ფიქრში ქვის დირეს გადააბიჯა და კერიასთან, ოდისევსის პირისპირ ცეცხლს მიუჯდა. მაღალ სვეტთან ჩამომჯდარ ოდისევსს თვალები დაეხარა და ელოდა, რას ეტყოდა ოცი წლის უნახავი მეუღლე. მდუმარედ იჯდა გაოგნებული პენელოპე, დაკვირვებით უცქეროდა, თითქოს ცნობდაო ჯვალოთი მოსილ ოდისევსს.
ტელემაქემ ყვედრებით მიმართა დედამისს: - გულქვა ქალი ხარ, დედაჩემო! ცალკე დამჯდარხარ და არაფერს ეკითხები მამას. არც ერთი ქალი არ შეხვდებოდა ასე გულცივად ოცი წლის უნახავ თავის მრავალტანჯულ მეუღლეს!
- ჯერაც გონს ვერ მოვსულვარ, შვილო! - მიუგო პენელოპემ, - ენადაბმულს ძალი არა მაქვს, რამე ვკითხო და მისი შეხედვაც კი მიმძიმს. თუ ეს კაცი მართლაც შინ დაბრუნებული ოდისევსია, ჩვენ თავად გამოვემცნაურებით ერთურთს. აკი მარტო ჩვენ ორმა ვუწყით სხვებისაგან დაფარული ჩვენი საიდუმლო!
ჩაეღიმა ამის გამგონე ოდისევსს, ტელემაქეს მიუბრუნდა და ფრთიანი სიტყვა უთხრა: - დედაშენს დაეხსენ, ტელემაქე! თავად უკეთ იცის, როგორ გამომცადოს. მაშინ კი უეჭველად მიცნობს. რა გასამტყუნია, რომ ოდისევსად ვერ ვუცნივარ ძონძებში გახვეული ყარიბი? ჩვენს საქმეს მივხედოთ ახლა, გავბრჭოთ, რა აჯობებს, როგორ მოვიქცეთ. მოკლულს ერთი შურისმაძიებელიც რომ დარჩეს გვარში, მკვლელს მამაპაპეული მიწიდან გადახვეწა მართებს. ჩვენ კი ითაკის წარჩინებული და სახელოვანი მოყმენი დავხოცეთ. ამაზე იფიქრე ახლა. აი, რას გირჩევ!
- გამჭრიახი და გონებით სწორუპოვარი ხარ კაცთა შორის. ასე გვსმენია, არასოდეს გაცუდებულაო ოდისევსის თათბირი, ამიტომაც თავად შენ იფიქრე ამაზე, - სიტყვა შეუბრუნა ტელემაქემ, - ჩვენ კი უსიტყვოდ ამოგიდგებით მხარში და ჩვენი ძალისაებრ შეგეწევით.
მაშინ ოდისევსმა ასეთი რჩევა მისცა შინაურთ: - უმჯობესად ეს მიმიჩნევია: უწინარეს ტანი განვიბანოთ და ახალთახალი ქიტონები ჩავიცვათ; მონაქალები საზეიმოდ გამოეწყონ; ღვთაებრივმა მომღერალმა საროკველი ჰანგი დაუკრას წკრიალა ფორმინგზე, რომ მეზობლებსა და გამვლელ-გამომვლელს ეგონოს, ქორწილს იხდიანო ოდისევსის სახლში. სანამ სასიძოთა ამბავი მისწვდებათ, მანამდე სოფლად, ჩვენს ბაღვენახებში უნდა გავასწროთ, რომ იქ გულდინჯად ავწონ-დავწონოთ ყოველივე, ვინძლო ზევსი შეგვეწიოს ამ საქმეში!
აგრეც მოიქცნენ: ტანი განიბანეს და ახალთახალი ქიტონები ჩაიცვეს. მონაქალებიც მოიკაზმნენ, ღვთაებრივმა აედმა ხმატკბილი ფორმინგი მომართა და ცეკვა-თამაშიც გაჩაღდა. მროკველ ქალ-ვაჟთა ფეხების დგრიალი აყრუებდა დარბაზს. ასე ამბობდა ოდისევსის ბჭემაღალ სახლთან ჩავლილი მავანი: - ალბათ ქორწილს იხდის ჩვენი დედოფალი. სასიძოთაგან თუ მისთხოვდა ვისმე, არ დაელოდა ქმრის დაბრუნებას, უპატრონოდ ტოვებს სახლსა და საბადებელს!
ასე ამბობდნენ, გარნა არ უწყოდნენ, რა ამბავი დატრიალდა ამ დარბაზში. ამასობაში ევრიკლეამ დაბანა ოდისევსი, სურნელოვანი ნელსაცხებლით დაუზილა ტანი, ქიტონი ჩააცვა და ძვირფასი მოსასხამი მოასხა მხრებზე. ათინამ ღვთაებრივი მშვენებით განუმშვენა პირისახე, ახოვანება და ფერხორცი შეჰმატა. ხშირი, ოქროსფერი კულულებით შეუმკო თავი და, როგორც ჰეფესტოსებრ დახელოვნებული ოქრომჭედელი მოავარაყებს ხოლმე ოქროთი ვერცხლს, ისე განამშვენა ათინამ თხემიდან ტერფამდე მრავალტანჯული გმირი.
აბაზანიდან ღვთივგანმშვენებული გამოვიდა ოდისევსი. კვლავ პენელოპეს პირისპირ, იმავე ადგილზე დაჯდა და ასე შეესიტყვა თავის მეუღლეს: - დედაკაცო, ულმო გული ჩაუდგამთ შენთვის ოლიმპოელებს! გულშეუვალი სხვა ქალიც კი უფრო ლმობიერად შეხვდებოდა ოცი წლის უნახავ მრავალტანჯულ მეუღლეს. მაშ, შენ გამიშალე, ჩემო გადია, საწოლი. მარტო დავწვები. რკინის გული ჰქონია ამ დიაცს!
- არც გულქვა ვარ და არც არაფერს გაყვედრი, კაცო! - მიუგო პენელოპემ, - ოღონდ არ მჯერა, ის ოდისევსი იყო, შეკაზმული ხომალდით რომ გავისტუმრე ითაკიდან. წადი, ევრიკლეა, ოდისევსის ნახელავ საწოლზე გაუშალე ქვეშაგები, სანთიობოდან კარში რომ არის გატანილი!
ამ სიტყვით უნდოდა გამოეცადა პენელოპეს ოდისევსი. გამწყრალმა ოდისევსმა ფიცხლად შესძახა ცბიერ მეუღლეს: - ეს რა თქვი, დედაკაცო! გული მომიკლა შენმა ნათქვამმა! ვის უნდა გაედგა გარეთ ჩემი საწოლი? ღმერთს თუ ხელეწიფებოდა მისი ადგილიდან დაძვრა. ხორციელთაგან, რა ვაჟკაციც უნდა ყოფილიყო, ძვრას ვერავინ უზამდა ჩვენს საწოლს! ჩვენ გარდა აკი არავინ უწყოდა მისი საიდუმლო! მე თავად გავაკეთე იგი ზეთისხილის რტომრავალი და ტანაშვეტილი, მაგარი ხისაგან. ჩვენს ეზოში იზრდებოდა ის ხე. გარშემო წმინდად გათლილი ლოდებით სანთიობო შემოვუშენე, გადავხურე და კარიც ჩავუდგი. მერე ხეს ტოტები მოვკაფე და ცულით შუაზე გადავჭერი. ძირკვი გავრანდე, ამოვგულე და ზედ ხარის ძოწისფერი ტყავები გადავჭიმე, ხოლო გვერდები ოქრო-ვერცხლითა და სპილენძით მოვუპირკეთე. აჰა, ნიშანი საიდუმლოსი, რომელიც ჩვენ გარდა არავინ უწყოდა! აწ აღარ ვიცი, რა ვიფიქრო: ისევ იქა დგას ჩვენი საწოლი თუ ფუძიანად მოჭრა ვინმემ და სხვაგან გაიტანა?
ოდისევსის პირით გამხელილი საიდუმლო რა ესმა, მუხლი მოუდუნდა პენელოპეს, ცრემლების ფრქვევით მიეჭრა საყვარელ მეუღლეს და ყელზე შემოეჭდო. სიხარულით ატირებული პირისახეს უკოცნიდა ქმარს და თან გულამოსკვნით ეუბნებოდა: - ნუ, ნუ გამიწყრები, ჩემო ოდისევს! მამრთა შორის უგონიერესი იყავი მუდამ. ღმერთებს შეშურდათ ჩვენი ტკბილი ცოლქმრობა და ჭირისდღე დაგვატეხეს თავზე, რომ ერთმანეთის სიყვარულში უზრუნველ სიბერემდე ვერ მიგვეღწია! ნუ გამიწყრები და ნუ გამკიცხავ, პირველ ნახვისთანავე რომ არ გაგიხსენი წარბი. სულ იმის შიშში ვიყავ, ვინმე მოკვდავთაგანმა ტკბილი სიტყვით არ მომაცდუნოს-მეთქი! ვინ მიხვდება, ვის რა უდევს გულში? განა გაჰყვებოდა უცხო კაცს ზევსის ასული არგოსელი ელენე და გაიზიარებდა მის სარეცელს, რომ სცოდნოდა, რა სისხლის ფასად დაუჯდებოდათ აქაველ გმირებს მისი სამშობლოში დაბრუნება? ქალღმერთმა მოაცდუნა იგი და ჩაადენინა ეს უმსგავსი საქციელი. გვიანღა მიხვდა იგი, თუ რა უბედურება დაგვატეხა ამით აქაველებს. ახლა, რაკი ჩვენი საწოლის საიდუმლო ახსენე, იჭვის ნატამალიც გამიქრა გულში! ეგ საიდუმლო ხომ ჩვენ გარდა მხოლოდ ერთმა მესაწოლე ქალმა, აქტორისმა იცოდა, რომელიც მამაჩემმა გამომატანა გამოთხოვებისას. ის მუდამ ფხიზლად დარაჯობდა ხოლმე ჩვენი სანთიობოს კარს.
პენელოპეს ნათქვამმა აატირა ოდისევსი. ტიროდა იგი და გულში იკრავდა თავის ჭკვიანსა და ღვთივმშვენიერ მეუღლეს.
როგორც მძვინვარე პოსეიდონის რისხვით ხომალდდალეწილი მეზღვაურები თავს დააღწევენ ბობოქარ ზღვას და სამშვიდობოს გასულნი შეჰხარიან ხმელეთს, ასე სასოებით შესცქეროდა თავის მეუღლეს პენელოპე და აღარ უნდოდა ყელიდან ჩამოხსნოდა. ამ ყოფაში მოუსწრებდა ცოლ-ქმარს ვარდისფერთითება ეოსი, რომ თვალსხივოსან ათინას სხვაგვარად არ განესაჯა: მან გაახანგრძლივა ღამე - ოქროსტახტოსან ეოსს უბრძანა, ოკეანის უფსკრულებში დაყოვნებულიყო და ჯერხნობით ეტლში არ შეება ფრთამალი რაშები - ლამპოსი და ფაეთონი, რომელთაც ცარგვალზე ამოჰყავდათ ხოლმე შუქთამფენელი რიჟრაჟი.
მაშინ ეს უთხრა ჭირთამთმენმა ოდისევსმა თავის მეუღლეს: - ჩემო ძვირფასო! განსაცდელი ჯერ კიდევ წინა გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრი მძიმე დღე მელის. ასე მიწინასწარმეტყველა ტირეზიას აჩრდილმა, როცა ჰადესში ჩამხდარმა ჩემი და თანამეგზურთა ამბავი გამოვკითხე. ახლა კი დროა, სარეცელს მივაშუროთ, დავწვეთ და ტკბილი ძილით მოვისვენოთ.
- შენს კეთილნაგებ სახლში, - მიუგო პენელოპემ, - ყოველთვის მზად არის შენთვის სარეცელი. მადლი ღმერთს, კეთილად დაუბრუნდი მამაპაპეულ მიწას! ახლა ისიც მითხარ ბარემ, კიდევ რა განსაცდელი გელის, ღმერთების შთაგონებით კიდევ რა უნდა მოიმოქმედო? მერეც გავიგებ ყველაფერს, მაგრამ მირჩევნია, ახლავ ვიცოდე.
ასე უპასუხა მრავალტანჯულმა ოდისევსმა: - ჩემო ძვირფასო! რად გინდა ყველაფერი მათქმევინო? გეტყვი, მაგრამ, იცოდე, გასახარი არაფერია. თავად მეც არ მახარებს ეს ამბავი! ასე დამმოძღვრა ტირეზიას აჩრდილმა: მხარზე უნდა გავიდო კარგად გამოთლილი ნიჩაბი და უცხო-უცხო თემად მოარულმა ის ხალხი მოვძებნო, რომელთაც არც მარილით შემზადებული ჭამადი უწყიან და არც ნიჩბებით ფრთაშესხმული, ფერდებგამოზნექილი ხომალდებით ზღვაოსნობა. ისიც გამიმხილა, როგორ გამოვიცნო ეს ხალხი და როდის დაედება სამანი ჩემს ხეტიალს: როდესაც გზად მიმავალს მგზავრი ვინმე შემომეყრება და მკითხავს, ეს რა ბარი გაგიდევსო, უცხოელო, ძალოვან მხარზეო, მაშინ იქვე ჩავარჭობ ნიჩაბს და ზღვათა მეუფე პოსეიდონს ვერძს, ხარსა და ეშვებიან ტახს შევწირავ მსხვერპლად. შემდგომ ამისა, შინ მოვბრუნდები და ცარგვალის მკვიდრ ყველა ღმერთს რიგისამებრ წმინდა ჰეკატომბას მოვუმზადებ. ბოლოს მითხრა, ზღვაზე სიკვდილი არ გიწერიაო, მზეგრძელი ტკბილად დაბერდები საკუთარ სახლში და სიკვდილის შემდეგ ბედნიერ და მადლიერ შთამომავლობას დატოვებო. ასეც იქნება. შეუმცდარი და გარდაუვალია ტირეზიას წინასწარმეტყველება!
ამ სიტყვებზე სიხარულით შესძახა პენელოპემ: - რაკი ტკბილი სიბერე გადაგიწყვიტეს ღმერთებმა, ჰგავს, ჭირსა და განსაცდელსაც მოგარიდებენ!
ამ საუბარში იყვნენ, რომ ევრიკლეამ და ევრინომემ მაშხალების შუქზე რბილი საგებელი გაუშალეს ცოლ-ქმარს.
მოხუცი გადია დასაძინებლად წავიდა, ხოლო ევრინომე მაშხალით ხელში სანთიობოსკენ გაუძღვა ოდისევსსა და პენელოპეს. ძველთა წესისამებრ სიხარულით გულსავსენი დაწვნენ ისინი თავიანთ საქორწინო სარეცელზე.
მაშინ ტელემაქემ, მწყემსებმა და მონაქალებმა შეწყვიტეს ფერხული და ჩაბნელებულ სასახლეში მყუდროებამ დაისადგურა.
მხურვალე ალერსით გული რა იჯერეს, ტკბილი საუბარი გააბეს ოდისევსმა და პენელოპემ. წვრილად მოუყვა დიაცთა შორის უტურფესი დედოფალი თავისი ძნელბედობის ამბავს, თუ როგორ ეყარნენ ხროდ მათ დარბაზში უტიფარი სასიძოები, როგორ ხოცავდნენ ნასუქალ ძროხებსა და ცხვრებს, როგორ ხაპავდნენ ძველი, გადანახული ღვინით სავსე ქოცოებს. ოდისევსი კი უამბობდა, თუ რა ჭირი დაატეხა მტერს და თავადაც რა განსაცდელი გადაიტანა. სულგანაბული უსმენდა პენელოპე მრავალჭირნახულ მეუღლეს და მანამდე არ მიჰკარებია ძილი, სანამ ბოლომდე არ მოუთხრო ოდისევსმა თავისი თავგადასავალი.
თვალსხივოსანმა ათინამ რა გულისხმაყო, ძილითა და ცოლთან ალერსით გული მოისრულაო ოდისევსმა, ოქროსტახტოსან ეოსს უბრძანა, ოკეანის სიღრმეებიდან აღმომხდარიყო და ნათელი მოეფინა მოკვდავთათვის. სანეტარო სარეცლიდან მყისვე წამოდგა ოდისევსი და ასეთი სიტყვა უთხრა მეუღლეს.
- ბევრი ჭირი დატრიალებულა ჩვენს თავზე, სანატრელო! შენ ჩემს უკუღმართ ბედს დასტიროდი, ხოლო მე, შენს მონატრულს, სამშობლოდან გარე-გარე მატარებდნენ უკვდავი ღმერთები. ახლა, რაკი ვეღირსეთ სანეტარო სარეცელს, შენ სახლ-კარს მიხედე ჩვენსას, მე კი სასიძოების მიერ დახოცილ ხვასტაგს ავინაზღაურებ. ნაწილს ძალით წავართმევ, ნაწილს ნებით მომირეკავენ, ვიდრე ბოსლებსა და საღორეებში კვლავ არ მოვამრავლებ ხვასტაგს. ახლა კი სოფლად მივდივარ, ჩემზე ჯავრით გულგასენილ მამაჩემთან. აბა, შენ იცი, ხელმარჯვე და გამჭრიახი ხარ, გულს დაიმარხე ჩემი სიტყვა: მზე რა ამოვა, მთელ ქალაქს მოედება სასიძოთა დახოცვის ამბავი. ქორედში ადი და შიმუნვარებთან ერთად შინ ჩაიკეტე. მშვიდად იჯექი, არვის ეჩვენო და ხმაც არავის გასცე.
ეს რა თქვა, შეიჭურვა ოდისევსი. მერე ტელემაქე და მწყემსებიც გააღვიძა და უბრძანა საჩქაროდ შეჭურვილიყვნენ. მათაც სასწრაფოდ აისხეს იარაღი, კარიბჭე განახვნეს და ოდისევსს მიჰყვნენ. მზეს უკვე ნათელი მოეფინა ქვეყნიერთათვის. მაგრამ ათინამ ნისლით შებურა ისინი და უგრძნეულად გაიყვანა ქალაქიდან.
XXIV. ზავი
ხოლო ამ დროს, კილენიელი ჰერმესი[74] ძილ-ღვიძილის კვერთხით ჰადესისკენ მიერეკებოდა სასიძოთა სულებს (ამ ოქროს კვერთხით ნებისაებრ აძინებდა და აღვიძებდა იგი მოკვდავთ). როგორც ბნელ მღვიმეში მიყუჟული მღამიობების გუნდს მოსწყდება ხოლმე ერთი მათგანი და შემზარავი წრიპინით სხვებიც თან გაჰყვებიან, ისე მისდევდნენ შავეთის სულისშემხუთველ გზებზე დახოცილთა აჩრდილები ჰერმესს. ოკეანის ქუფრი ტალღები გადალახეს, თეთრი კლდე, ჰელიოსის კარიბჭე[75], სიზმართა საუფლო უკან მოიტოვეს და ასფოდელოს ველზე გავიდნენ, იქ, სადაც მზეგადასულთა სულები დაბორიალობენ. იქ იხილეს სულები აქილევსისა და პატროკლესი, ანტილოქესა და აიანტისა, იმ აიანტის, პელევსის ძის შემდეგ დანაელთა შორის ყველას რომ აღემატებოდა ვაჟკაცობით. აქილევსის გარშემო შემოკრებილთ მალე აგამემნონის მწუხარე სული და ეგისთეს სახლში მასთან ერთად დაღუპულ გმირთა აჩრდილები მიეახლნენ.
პირველად აქილევსი შეეხმიანა აგამემნონს: - ეჰა, ატრევსის ძეო, არც შენ აგცდენია მწარე სიკვდილი, რომელსაც მოკვდავთაგან ვერავინ გაექცევა! ჩვენ კი გვეგონა, მეხთამტყორცნელ ზევსს ყველასაგან გამორჩეული ჰყავდი. განა შენ არ გმორჩილებდა ურიცხვი სპა ილიონის კედლებთან, სადაც აქაველებს მრავალი ჭირი გარდაგვხდა? ჯობდა, ისევ ტროაში დაცემულიყავ ესოდენ ძალმორჭმული, ბორცვს მაინც აღგიმართავდნენ პანაქაველნი და შენი სახელი შენსავ შთამომავალთ განადიდებდა. მაგრამ ვაი, რომ უსახელო სიკვდილი გერგო!
- ეეჰ, პელევსის ძეო, ღვთისდარო აქილევს, - გაეხმაურა აგამემნონის აჩრდილი, - ბედნიერი ხარ, ილიონის კედლებთან რომ დაეცი! შენი ცხედრის დასანარჩუნებლად აქაველთაგან უმამაცესნი მთელი დღე ვერკინებოდით ტროელ გმირებს, ვიდრე ზევსის ავდარმა არ გაგვაშველა. შენ კი ვეებერთელა ტანით მტვერში გართხმულს დაგვიწყებოდა ბრძოლა და ომი. ბოლოს გამოგიხსენით და ხომალდებისკენ წაგიღეთ, თბილი წყლით განგბანეთ, სურნელოვანი ზეთით გაგიპოხეთ ღვთივმშვენიერი ტანი და სარეცელზე დაგასვენეთ. ჩვენ კი თმები დავიჭერით და მდუღარე ცრემლი დაგადინეთ. ხოლო დედაშენი, შენი დაღუპვის ამბავი რა სცნა, ნერეიდების თანხლებით ზღვიდან ამოვიდა. შემზარავმა კივილმა შეძრა ზღვა და ნაპირი და თავზარი დასცა აქაველებს. მეომრებმა ხომალდისაკენ გაქცევა დააპირეს, მაგრამ კეთილმრჩეველმა ნესტორმა გააჩერა: - დადექით, აქაველნო, საით გარბიხართ! ნერეიდებთან ერთად თავისი სახელოვანი შვილის დასატირებლად ზღვიდან მოსული აქილევსის დედა კივის, ნუ გეშინიათ!
ნესტორის სიტყვებით გულგამაგრებული აქაველნი დადგნენ, ხოლო შენზე მგლოვარი ზღვის ასულნი შემოგეხვივნენ და უხრწნელი სუდარით შეგიმოსეს ტანი. მერე ცხრავე მუზამ რიგრიგობით დაგიტირა. აქაველთაგან ვერავინ შეიმაგრა ცრემლი, აქილევს, ისე გულმდუღრად მოთქვამდნენ მუზები. ჩვიდმეტი დღე და ღამე ერთად დაგტიროდით უკვდავნი და მოკვდავნი. მეთვრამეტე დღეს შესაწირავი თაფლითა და ზეთით ცეცხლს დავუდეთ შენი ცხედარი და ბევრი რქადაგრეხილი ძროხა და ნასუქალი ცხვარი დაგიკალით. აბჯარასხმული ქვეითნი და ეტლოსანნი დგრიალით გარს უვლიდნენ შენს მოგიზგიზე კოცონს. ეოსის გამოჩენისთანავე, ჰეფესტოს ალმა რა გშთანთქა, თეთრი ძვლები ავკრიფეთ[76], ზეთითა და ზედაშით გავპოხეთ და დედაშენისთვის დიონისესგან ნაბოძებ, ჰეფესტოს ნახელავ ლაგვინში ჩავალაგეთ. პატროკლეს ძვლებთან ერთად აწყვია შენი ძვლებიც, აქილევს, ხოლო პატროკლეს შემდეგ შენთვის უსაყვარლესი ანტილოქეს ძვლები ცალკე ასვენია. მერე არგოსელმა მეომრებმა სამახსოვრო ბორცვი აღგიმართეთ ჰელესპონტოს მაღალ კონცხზე, რომ შორიდანვე საჩინარი ყოფილიყო არა მარტო ამჟამინდელ კაცთათვის, არამედ მომავალში შობილთათვისაც. დედაშენმა კი ღმერთებს უცხოდ სახილველი ჯილდოები გამოსთხოვა და აქაველთაგან უმჯობესთა შორის დააწყო. ბევრი ვაჟკაცის ტირილში ვყოფილვარ, მინახავს ქამარშემორტყმული ჭაბუკები როგორ მომზადებულან საასპარეზოდ მკვდარი ბასილევსისთვის სახელის დასადებად, მაგრამ ვერცხლისფეხება თეტისის[77] მოტანილი ჯილდოებისთანა არაფერი მიხილავს. ეჰ, შენ რომ ყოველთვის ეთნეოდი ღმერთებს! ახლაც, თუმც სამზეოს აღარა ხარ, შენი სახელი არ წარხოცილა ქვეყანაზე. მე კი რა მერგუნა ომგარდახდილს? შინმობრუნებულს მწარე ხვედრი დამახვედრა ზევსმა: ჩემსავე სახლში ეგისთესა და ორგული ცოლის ხელით მოვიკალ.
სწორედ ამ დროს არგუსის მკვლელმა მათკენ წამოლალა ოდისევსის მიერ დახოცილი სასიძოების აჩრდილები. თვალი რა ჰკიდეს, განცვიფრებული გმირები მათ შესახვედრად გაემართნენ. აგამემნონმა მყისვე იცნო მელანთევსის ძე ამფიმედონი, რომელსაც წინათ ითაკაში სტუმრებოდა.
- ო, ამფიმედონ, - შესძახა აგამემნონის სულმა, - რამ ჩამოგყარათ შავეთში ესოდენ წარჩინებული თანამოასაკენი? ერთ ქალაქში კაცი ვერ შეყრიდა ამდენ რჩეულ ჭაბუკს. პოსეიდონმა ხომ არ დაგილეწათ ხომალდები ქარიშხლიან ზღვაზე? სამეკობროდ წასულნი მდევრებმა ხომ არ დაგხოცეს, როცა მათ ხვასტაგს მოელალებოდით? ან იქნებ ქალაქს დაეცით ქალების მოსატაცებლად და დამხვდურებმა გაგწყვიტეს? ყოველივე წვრილად მითხარი, ჩვენ ხომ ერთად გაგვიტეხია პური. არ გახსოვს განა, ჩემს ძმასთან, ღვთაებრივ მენელაოსთან ერთად რომ გესტუმრე სახლში? ოდისევსის დაყოლიება გვინდოდა, რომ თავისი ხომალდებითურთ წამოგვყოლოდა ილიონის დასალაშქრავად. ერთი თვე დავყავით თქვენსა და ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმეთ ოდისევსი.
ამფიმედონის სულმა უპასუხა: - ატრევსიანთა სიქადულო, ერისმთავარო აგამემნონ, რა დამავიწყებს თქვენს სტუმრობას? წვრილად მოგიყვები ჩვენი საშინელი დაღუპვის ამბავს... რომ აღარ ბრუნდებოდა ტროას წასული ოდისევსი, ითაკელმა წარჩინებულებმა დედოფლის ცოლად შერთვა განვიზრახეთ. პენელოპეს არც უარუყვია მისთვის საძულველი ქორწინება და არც დასტური მოუცია. გულში ჩვენი დაღუპვის მოწადინემ, ვერაგული ეშმაკობა მოიგონა ასეთი: დარბაზში ბეჭსახეხელი ააგრიალა, უგრძესი ქსელის ბეჭვა დაიწყო და ასე დაგვაიმედა: ჭაბუკნო, თუმცა ამქვეყნად აღარაა ოდისევსი, ქორწილს ჯერხნობით ნუ გავმართავთ, ვიდრე გმირ ლაერტეს თეთრ სუდარას არ მოვუქსოვ იმ დღისთვის, როცა დამღუპველი მოირები სამუდამო ძილით დააძინებენ. არ მინდა გამკიცხონ აქაველმა დიაცებმა, უსუდაროდ როგორ უწევსო ეს დოვლათიანი კაცი. ასე გვითხრა და ჩვენც დავენდეთ მის სიტყვას. დღისით, ჩვენ თვალწინ ბეჭავდა ამ დაუსრულებელ ქსელს, რათა ღამით მაშხალების შუქზე იდუმალ დაერღვია. ასე თვალთმაქცობდა მთელი სამი წელიწადი, მოცდუნებული ვყავდით, სანამ ერთმა მხევალმა არ გაამხილა და თავზე არ წავადექით. მაშინ კი სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა დაესრულებინა ქსოვა. მაგრამ როგორც კი ქსოვა დაასრულა და გვიჩვენა მზისა და მთვარისებრ მბრწყინავი სუდარა, რომელიღაც ავმა დაიმონმა ითაკას დააბრუნა ოდისევსი. იქ, თავის მეღორესთან შეხვდა მამამისს პილოსიდან ახალდაბრუნებული ტელემაქე. იქვე მოითათბირეს და ჩვენი დახოცვა დაასკვნეს. მერე ქალაქისკენ გამოემართნენ ცალ-ცალკე. ჯერ ტელემაქე მოვიდა სასახლეში, ხოლო შემდეგ მათხოვრის ჯვალოში გახვეული, ძაბუნ ბერიკაცს შემსგავსებული ოდისევსი გამოგვეცხადა. ისე იყო ფერშეცვლილი, რომ ჩვენზე ხნიერმა ხალხმაც ვეღარ იცნო იგი. მოხუცს უპატიურად მოვეპყარით: საკუთარ სახლში ვლანძღეთ და ვათრიეთ. ნაცემსა და გალანძღულს ხელიც არ შეუბრუნებია ჩვენთვის, ყველაფერს გულში იხვევდა, ვიდრე ზევსმა არ აღძრა საქმედ. მაშინ დარბაზის კედლებიდან ჩამოხსნეს ბრინჯაოს საჭურველი და სალარო პალატში გადაინახეს. მერე ასეთი ვერაგობა მოიგონა ოდისევსმა: მეუღლეს ურჩია, სასიძოებისთვის თავისი დიდი მშვილდ-ისარი და ჩუგლუგები გამოეტანა, რომ ჩვენთვის დამღუპველი ასპარეზობა მოეწყო. მაგრამ ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გამართა მშვილდი, ძალა არ გვეყო. ხოლო როცა ოდისევსმა მოინდომა მშვილდის აღება, ერთობლივ ავყვირდით, არ გვინდოდა ჩვენთვის გაეტოლებინა თავი მათხოვარს. მაშინ ტელემაქემ დაიჩემა, მიეცითო მშვილდი! მრავალნაცადმა ოდისევსმა ადვილად მოჭიმა ლარი და ისარი უცდომლად გააძვრინა ჩუგლუგებში. მერე ზღურბლზე შეხტა, ქორულად მზირალმა ჯერ ანტინოეს გაუყარა ყელში ისარი, მერე კი ჩვენ დაგვაყარა ფრთამალი ქეიბურები. მაშინ კი მივხვდით, რომელიღაც ღმერთი ედგა მხარში. არც ერთს არ აგვაცდინა ისარი, ყველანი ერთობლივ ამოგვჟუჟა და ჩვენი სისხლით მორწყა დარბაზის კედლები და იატაკი. ასე დავიღუპეთ, აგამემნონ. ჩვენი გვამები ახლაც უჭირისუფლოდ ყრია სასახლის ეზოში. ახლობელთაგან ჯერ არავის გაუგია ეს ამბავი, თორემ სისხლს მაინც მოგვბანდნენ, სარეცელზე დაგვასვენებდნენ და მწარედ დაგვიტირებდნენ. მკვდართა პატივი ხომ ეგ არი!
- ბედნიერი ხარ, ოდისევს, - შესძახა აგამემნონმა, - რომ ასეთი ზნესრული ქალი შეირთე. ხედავ, როგორ უერთგულა გონიერმა პენელოპემ პირველშეყრილ ქმარს! არა, არასოდეს წარიხოცება მისი დიდება! ხმატკბილი აედები მუდამ ქებით მოიხსენიებენ მის სათნოებას. არა ჰგავს იგი პანდარევსის უზნეო ასულს, რომელმაც მზაკვრობით მოაკვლევინა პირველშეყრილი თავისი ქმარი და სამუდამოდ ლაფში მოსვარა არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ქალთა მთელი ჯილაგი. ისინიც კი, ვისაც უმწიკვლოდ უცხოვრია ამქვეყნად!
ამასობაში ოდისევსმა, მწყემსებმა და ტელემაქემ დატოვეს ქალაქი და მალე ლაერტეს ბაღ-ვენახებს მიადგნენ. ეს მიწა დიდი ხნის წინათ ეყიდა ლაერტეს, კარგად დაემუშავებინა და გაეშენებინა. სახლიც იქ ედგა. იქვე ქოხებში ცხოვრობდნენ მისი მონები, სიყვარულით რომ ემსახურებოდნენ თავიანთ პატრონს. იქვე ცხოვრობდა ერთი სიცილიელი დედაბერი, რომელიც ზრუნვას არ აკლებდა მოხუცს ამ მიყრუებულ სოფლად.
ლაერტეს სახლს რა მიადგნენ, ოდისევსმა ასე უბრძანა ტელემაქესა და მწყემსებს: - თქვენ შინ შედით, ერთი კარგი ბურვაკი ამოარჩიეთ, დაკალით და ჭამადი მოამზადეთ. მე კი მამაჩემს მოვნახავ. მინდა გამოვცადო, დიდი ხნის უნახავ შვილს იცნობს თუ არა!
ეს ბრძანა, იარაღი შეიხსნა, სახლში შეატანინა ერთგულ ყმებს და ნაყოფდასხმული ბაღისკენ გაემართა. გზაზე არავინ შეხვედრია, არც დოლიოსი, არც მისი შვილები და არც მონათაგანი ვინმე. ყველანი დოლიოსს წაეყვანა სადღაც ბაღის შესაღობი ძეძვის მოსატანად. ხეივანში მარტო მამა დახვდა, დახრილიყო და სანერგე ორმოს თხრიდა. წვირიანი და დაბებკილი ქიტონი ემოსა ბერიკაცს, ხარის ტყავის პაჭიჭები ეცა, ხელებზე კი თათმანები ეკეთა, რომ ეკალზე არ დაჰკაწროდა. თავზე თხის ბეწვის ჩაჩი ეხურა. დანაღვლიანებული ჩანდა მოხუცი. მსხლის ხეს მიეყრდნო ოდისევსი და ცრემლები წაედინა თვალთაგან, ჯავრითა და სიბერით გატეხილი მამა რა იხილა. ხეს მიყრდნობილი ასე იდგა, ვერ გადაეწყვიტა, მისულიყო და გულში ჩაეკრა ძვირფასი მამა, ახლავ წვრილად მოეყოლა თავისი სვეუკუღმართი მოგზაურობისა და სამშობლოში დაბრუნების ამბავი, თუ ჯერ აგდებული სიტყვით გაეკენწლა და მით გამოეცადა მოხუცი.
ამ განზრახვით მიუახლოვდა მუშაობაში გართულ ბერიკაცს და ცბიერად შეესიტყვა: - კარგი მუშაკი ყოფილხარ, მოხუცო, არაფრისთვის დაგიკლია ხელი. რაღა არ გაგიხარებია შენს ბაღში, ლეღვი და მსხალი, ზეთისხილი და ვაზი, მაგრამ ერთს გეტყვი და ნუ გეწყინება: თავს რატომ არ მიხედავ? ბერიკაცი ხარ და არ გეკადრება წვირიანი და დაკონკილი ჯვალო. ზარმაცი არ გეთქმის, რომ პატრონს ხელი აეღო შენზე. სხვაფრივ მონობისა არაფერი გეტყობა: სახითა და ანაგებით იმ სიბერით სავსე ბასილევსს მაგონებ, რომლისთვისაც საამური აბაზანა, უხვი სუფრა და რბილი სარეცელია უპრიანი. ახლა გულახსნით მითხარ, ვისი მონა ხარ, ვინ არის ამ ბაღის პატრონი? ისიც გამაგებინე, მართლა ითაკაში ვარ, როგორც ერთმა გზად შეყრილმა კაცმა მითხრა წეღან? უხიაგი ვინმე იყო, ყური არ მათხოვა, როცა ჩემი აქაური მეგობრის ამბავი გამოვკითხე: გამაგებინე-მეთქი, ცოცხალია თუ მკვდარი ის კაცი! ახლა ყურს თუ დამიგდებ, გეტყვი: ერთხელ ჩემს ძვირფას სამშობლოში უცხო სტუმარი მეწვია, მოკვდავთა შორის მის უკეთესი კაცი არცა მსტუმრებია ოდესმე. თავი მოჰქონდა, ითაკელი ვარო, მამაჩემი არკესიანთ ლაერტე არისო. სახლი დოვლათით მქონდა სავსე და ხელგაშლით დავუხვდი. სტუმარ-მასპინძლის წესზე საკადრისი საჩუქრებიც მივართვი: შვიდი ტალანტი ბაჯაღლო ოქრო, ყვავილებით მოსევადებული ვერცხლის ლაგვინი, თორმეტი ერთკეცი მოსასხამი და საფენი, ამდენივე ძვირფასი კაბა და ქიტონი. გარდა ამისა, ხელსაქმეში გაწაფული ოთხი ლამაზი დიაცი ავარჩევინე და თან გავაყოლე.
ატირდა ამის გამგონე ლაერტე.
- კი, ითაკაში ხარ, უცხოელო, მაგრამ ახლა უსამართლო და კადნიერი ხალხი განაგებს ამ კუნძულს. ვაი, რომ ამაოდ გიძღვნია შენი სტუმრისთვის ის საჩუქრები! ცოცხალი რომ დაგხვედროდა, სიკეთეს სიკეთითვე გადაგიხდიდა, დაგასაჩუქრებდა და წესისამებრ შესაფერი პატივით გაგისტუმრებდა სამშობლოში. ახლა ეს მითხარი, ნუ დამიმალავ. რა ხანია მას შემდეგ, რაც ის უცხოელი გეწვია, ის შავ დღეზე გაჩენილი ჩემი შვილი? არ ვიცი, სად დაიღუპა, ზღვაში თევზების კერძი გახდა თუ ხმელზე ნადირისა და ფრინველისა. სუდარაში გახვეული ვერ დავიტირეთ დედ-მამამ და ვერც მისმა დიდმზითვიანმა ცოლმა დაუხუჭა თვალები სარეცელზე. ისიც მითხარი ბარემ, სადაური ხარ, სად გიდგას მამეული სახლი, ითაკაში მოსულმა სად დატოვე ხომალდი და თანამგზავრები? ან იქნებ სხვისმა ხომალდმა მოგიყვანა, შენ გადმოგსვეს და თავად გააგრძელეს გზა?
- პირახსნით გეტყვი ყველაფერს, - უპასუხა ოდისევსმა, - ალიბანტიდანა ვარ, იქა მაქვს სამკვიდრებელი. პოლიპემონიანთ აფეიდანტის ძე ვარ, ეპერიტოსს მეტყვიან სახელად. სიკანიიდან დაიმონმა გადმომაგდო აქეთ. ხომალდი ქალაქიდან მოშორებით მიყენია ნაპირზე. ხუთი წელი მიიყარა უკვე, რაც მრავალტანჯული ოდისევსი გამოვისტუმრე სამშობლოში. გზაზე დამდგარს კეთილ ნიშნად მხარმარჯვნივ აუფრინდნენ ფრთოსნები. მოხარულმან გავაცილე მოხარული. იმედი გვქონდა, კვლავ არაერთგზის შევიყრებოდით და უხვი საჩუქრებით გავუხარებდით გულს ერთმანეთს!
მწუხარების შავნისლმა მოიცვა ლაერტე. ვაიო, - დაიძახა, ორივე ხელით მოხვეტა მიწა და ჭაღარა თავზე დაიყარა. გული დაეწურა და სიმწრით დაებერა ნესტოები ოდისევსს. ვეღარ გაუძლო ამდენს, მამას მივარდა და გულში ჩაიხუტა: - მე ვარ ის შენი შვილი, ოცი წლის დაკარგული ოდისევსი, ძლივს რომ მეღირსა სამშობლოს ნახვა. ნუ სტირი, მამავ, მოიხოცე ცრემლი. მოკლედ გეტყვი, დრო აღარ ითმენს. პენელოპეს სასიძოებს შური მივაგე სიავისთვის, გუშინ ერთობლივ ამოვჟუჟე სახლის დარბაზში!
- თუ მართლა შინ მობრუნებული ჩემი ძე ხარ, - შეჰყვირა ლაერტემ, - ნიშანი რამ მაჩვენე, რომ დაგიჯერო!
- ჯერ ამ წვივს დახედე, პარნასის მთებში რომ დამიშავა ტახმა, - ნაჭრილობევი აჩვენა ოდისევსმა, - გახსოვს პაპაჩემთან, ავტოლიკესთან რომ გამგზავნეთ შენ და დედამ დაპირებული საჩუქრების წამოსაღებად? შენგან ნაჩუქარ ხეებსაც ჩამოგითვლი თუ გინდა. უკან დაგდევდი ბალღი და გეხვეწებოდი, მაჩუქე-მეთქი. შენ კი თითოეულის სახელს მეუბნებოდი და მიქებდი მათ ნაყოფს. ოცდაათი მსხალი, ათი ვაშლის ხე, ორმოცი ლეღვი მაჩუქე და დამპირდი, ორმოცდაათ ძირ ვაზსაც გაჩუქებო, როცა მზის თვალი ჩაუდგება მტევნებს და სთვლის ჟამი მოაწევსო.
მუხლი მოუდუნდა და გული შეუქანდა მოხუცს, რადგან ენიშნა ოდისევსის თქმული. შვილისკენ გაიწოდა ხელები ლაერტემ და ოდისევსმა გულში ჩაიკრა სიხარულით გულშეღონებული მამა. სული რა მოიბრუნა და ცნობას მოეგო, ასე შეჰღაღადა ლაერტემ: - ეჰა, მამაზევსო! კიდევ ყოფილან მაღალ ოლიმპოზე ღმერთები, რაკი სამაგიერო მიეზღოთ თავგასულ სასიძოებს! მაგრამ მეშინია, ითაკელებმა არ დაგვასწრონ და კეფალენიის ქალაქებში მაცნენი არ დაგზავნონ!
- ეგ ნუ გენაღვლება, მამაჩემო! ჯერ სახლში დავბრუნდეთ, ტელემაქე და მწყემსები მყავს გაგზავნილი იქ ჭამადის მოსამზადებლად.
ეს თქვა და სახლისაკენ გაემართა მამა-შვილი. ტელემაქესა და მწყემსებს თადარიგი დაეჭირათ: ხორცი დაეჭრათ და ახლა ღვინოს აზავებდნენ. სიცილიელმა მონაქალმა დაბანა ლაერტე, სურნელოვანი ზეთით დაზილა და ახალი მოსასხამი მოასხა. მაშინ ქალღმერთი ათინა მიეახლა ლაერტეს და ძალი და ახოვანება შემატა მოხუცს. ღვთივდამშვენებული გამოვიდა აბაზანიდან ლაერტე. განცვიფრებულმა ოდისევსმა ფრთიანი სიტყვა შეაგება მამას: - ჰგავს, რომელიღაც უკვდავთაგანმა შეგმატა ღონე, მამაჩემო, და დაგიბრუნა წინანდელი ძალმოსილება!
- ეჰ, - შესძახა ლაერტემ, - კვლავაც ის ძალი რომ მომდევდეს, როცა კეფალენიელებს გავუძეხი და ზღვისპირა ნერიკოსი ბრძოლით ავიღე, ზევსის, აპოლონისა და ათინას მადლს გეფიცები, შავ დღეს დავაყრიდი სასიძოებს შენი გულის გასახარად!
ამასობაში ტელემაქესა და მწყემსებს სუფრა გაეწყოთ. მერე ყველანი რიგისამებრ მიუსხდნენ ტაბლას. ის-ის იყო, პურის გატეხას აპირებდნენ, რომ სიცილიელმა დედაკაცმა ველებიდან დაბრუნებული, დამაშვრალი დოლიოსი და მისი შვილები შემოიპატიჟა. დოლიოსის ძეთა გამზრდელი იყო ეს ქალი და თავად სიბერეში გადამდგარ დოლიოსსაც პატრონობდა. ოდისევსი რა შეიცნეს, გაოგნებულნი შედგნენ ზღურბლთან. ალერსიანად მოიხმო ისინი ითაკელთა ბასილევსმა: - ნამეტანს ნუ გაიკვირვებ, დოლიოს! შემოდი და ჩვენთან ერთად გატეხე პური. რა ხანია, სუფრაზე ვსხედვართ და თქენ გელოდებით.
ხელგაწვდილი გაემართა დოლიოსი პატრონისკენ, მარჯვენაზე აკოცა და გახარებულმა ასე უთხრა: - როგორც იქნა, მოგვიხვედი, ჩვენო პატრონო! დიდი ხნის ნანატრი დღე გაგვითენეს ღმერთებმა! იცოცხლე და იდღეგრძელე, ნუმც დავიწყებიხარ ღმერთებს! ოღონდ ეს მითხარი, პენელოპემ თუ იცის შენი დაბრუნების ამბავი? ბარემ მახარობელს გავგზავნიდი ქალაქში!
- ნუ წუხხარ, - უპასუხა ოდისევსმა, - იცის პენელოპემ.
დოლიოსი წმინდად გარანდულ საკარცხულზე დაჯდა, ხოლო მისმა შვილებმა გამარჯვება უთხრეს და ხელი ხელზე ჰკიდეს ოდისევსს, შემდეგ მამის გვერდით უმცროს-უფროსობით მიუსხდნენ სუფრას და პურობაც დაიწყო.
ამასობაში ხმა გავარდა ქალაქში, სასიძოები დაუხოცავთო. ვაი-ვიშით მოაწყდნენ ოდისევსის სასახლეს მოქალაქენი. ჭირისუფლებმა თავიანთი მკვდრები გაიტანეს სასახლის ეზოდან და დამარხეს. ითაკაზე სტუმრებულთა ცხედრები კი ზღვაოსნებს ხომალდებით გაატანეს სამშობლოში. გულდამძიმებულებმა მერე თავი მოიყარეს საფიხვნოში. ყველა რა შეკრბა, წამოდგა ანტინოეს მამა, შვილის სიკვდილით გულმოკლული ევპეითოსი, და ასეთი სიტყვა ბრძანა. მდუღარე ცრემლები ულტობდა სახეს ბერიკაცს: - ეს რა შავი დღე გაგვითენა აქაველებს ამ კაცმა! ჯერ იყო, ტროას წაასხა და ხომალდებიანად დაგვიღუპა ითაკის ურჩეულესი ჭაბუკები, ახლა კი იქიდან დაბრუნებულმა კეფალენიელთაგან უკეთესნი ამოწყვიტა. სანამ პილოსში გაგვასწრებდეს ან მზიურ ელიდაში ეპეიოსთან შეაფარებდეს თავს, შემოვეწყოთ მის სახლს და შური ვიძიოთ, რომ შთამომავალთა თვალში სამუდამოდ არ გაგვიტყდეს სახელი. თუ ჩვენ ძეთა და ძმათა მკვლელებს არ გავუსწორდებით, თავი ცოცხალი რაღად გვინდა! ჯობს დახოცილთა აჩრდილებს გავერიოთ შავეთში! მაშ, დავეცეთ, სანამ გაგვქცევია!
გული შეუძრა ბერიკაცის სიტყვამ აქაველებს. ამ დროს საფიხვნოში გამოჩნდნენ მედონტი და ღვთაებრივი მომღერალი ფემიოსი. ხალხის შუაგულში ჩადგნენ და ყველამ ხმა გაკმიდა. გონიერმა მედონტმა ასეთი სიტყვა უთხრა შეკრებილთ: - ყური მათხოვეთ, ითაკელნო! გეტყვით და დამიჯერეთ: ღმერთების ხელი ურევია ამ საქმეში! მე თვითონ დავინახე, როგორ ედგა მხარში ოდისევსს მენტორის სახით გამოცხადებული ღმერთი, ხან რომ ოდისევსს ამხნევებდა, ხან კი დარბაზში მიდამო რიალებდა და სასიძოებს გონებას უძრწუნებდა...
ამის გამგონე აქაველებს სიკვდილის ფერი დაედოთ. მაშინ წარდგა ბერი ჰალითერსე, მასტორის ძე. ერთადერთი ის იყო წარსულისა და მომავლის მხედი. ასე მიმართა სიტყვამართალმა ჰალითერსემ საფიხვნოში თავშეყრილთ.
- მომისმინეთ, ითაკელნო! ხომ გახსოვთ, როგორ გაფრთხილებდით მე და მენტორი, მოგეთოკათ თავგასული შვილები, ჩვენი ბასილევსის ქონებას რომ ჭამდნენ და შეურაცხყოფდნენ მის ღვთისდარ მეუღლეს. იმედოვნებდნენ, აღარ დაბრუნდებაო ოდისევსი. აწ თქვენს თავს მოჰკითხეთ მოწეული ჭირი! ახლა მაინც დამიჯერეთ: მოვეშვათ ოდისევსის სახლს, რომ უარესი ჭირი არ მოგვესართოს!
საფიხვნოში შეკრებილთაგან ნაწილი დაჰყვა ჰალითერსეს სიტყვას და ხმაურით დაიშალა. დანარჩენებმა კი ევპეითოსის წაქეზებით სახლებს მიაშურეს საჭურვლის მოსატანად და მბზინვარე იარაღში ჩამსხდარნი კვლავ შეიყარნენ მოედანზე. მოკლული შვილის გამო მძვინვარე შურისგებით აღვსილი ევპეითოსი წინამძღვრობდა მათ. არკი იცოდა უგუნურმა, რომ შინ დაბრუნება აღარ ეწერა.
მას ჟამსა შინა ასე ჰკითხა ათინამ კრონიონს: - ცათამპყრობელო ჩვენო მამავ, აწ რა გაქვს განზრახული? კიდევ ერთმანეთის ბრძოლად აღძრავ ითაკელებს თუ ზავს ჩამოაგდებ მათ შორის?
ღრუბელთმეუფემ მიუგო: - რატომ მეკითხები მაგას, ჩემო ასულო? განა თავად არ გადაწყვიტე, რომ შინ მობრუნებულ ოდისევსს შური ეძია სასიძოებზე? ჰქმენ, როგორც გენებოს! მე კი გაგიმხელ ჩემს განზრახვას: რაკიღა ოდისევსმა შური მიაგო თავის მტრებს, აწ სამუდამო ბასილევსად აღიარონ და ერთგულება შეჰფიცონ ითაკელებმა. ჩვენ კი შურისგების ჟინი გადავუგდოთ გულიდან ჭირისუფლებს, რომ წინანდებურად მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს ითაკაში.
ზევსისგან იმედნეულმა ათინამ მყისვე დატოვა ოლიმპოს მწვერვალი.
ამასობაში ლაერტესას მოთავდა პურობა და ოდისევსმა ბრძანა: - ვინმემ გაიხედოს გარეთ, მოსისხლენი ხომ არ გვიახლოვდებიან!
წამოხტა დოლიოსის ერთ-ერთი ძე, ზღურბლიდანვე მოჰკრა თვალი იარაღში ჩამსხდარ ითაკელებს და სწრაფადვე ამცნო, ახლოს არიან უკვე, იარაღი შევისხათო!
სუფრიდან წამოიშალნენ მეინახენი და ფიცხლად შეიჭურვნენ. ცალკერძ ოდისევსი, ტელემაქე და მწყემსები დადგნენ, ცალკერძ დოლიოსის ექვსი ძე; თავად ჭაღარა ბერიკაცები - ლაერტე და დოლიოსიც შეიარაღდნენ. მბზინვარე თორ-აბჯარში გამოწყობილებმა კარი განახვნეს და ოდისევსის წინამძღოლობით გარეთ გავიდნენ. გასულთ მენტორის სახით გამოცხადებული ათინა ამოუდგათ მხარში. მენტორი რა დაინახა, შვილს შესძახა გახარებულმა ოდისევსმა: - აბა, მკლავი გაიმამაცურე, ტელემაქე. ჩვენი გვარი ოდითგანვე განთქმულია ვაჟკაცობით. ნურც შენ შეარცხვენ წინაპართა სახელს!
- გულმშვიდად იყავ, მამაჩემო, - სიტყვა შეაგება ტელემაქემ, - ფიქრი ნუ გაქვს, სახელს არ გავუტეხ სახელოვან ჩვენს გვარს!
- ეს რა დღეს მოვესწარ, ნეტარო ღმერთებო! - შესძახა გახარებულმა ლაერტემ, - შვილი და შვილიშვილი ჩემ თვალწინ ბრძოლად აგულიანებენ ერთმანეთს!
თვალისხივოსანი ათინა გვერდით დაუდგა ლაერტეს და უთხრა: - ლომგულო არკესიანო, მოყვასთა შორის უსაყვარლესო! ჯერ მამაზევსი და მისი ასული ახსენე და მერე მოიქნიე გრძელჩრდილიანი შენი ჰოროლი!
ეს უთხრა და საშინელი ძალა შთაბერა მოხუცს. ახსენა ლაერტემ ქალღმერთის სახელი და მძლავრად მოუქნია გრძელჩრდილიანი ჰოროლი ევპეითოსს. შუბმა მუზარადში გაატანა და ევპეითოსი იარაღის ჟღარუნით დაასკდა მიწას. მაშინ ოდისევსი და ტელემაქე მშვილდ-ისრითა და მახვილებით მიეტევნენ მეწინავეთ. მუსრს გაავლებდნენ ყველას, რომ ხაფი ხმით არ დაეძახა ფარისმპყრობელის ასულს, ათინას: - გეყოფათ სისხლის ღვრა! თავი დაიოკეთ მესისხლენო, ზავი შეკარით!
ქალღმერთის ხმა რა გაიგონეს, მიწისფერი დაედო ყველას, შეძრწუნებულებს იარაღი გაუვარდათ ხელიდან და მიწას განერთხნენ.
მერე გონი მოიცეს და თავის საშველად ქალაქისკენ იბრუნეს პირი. ხოლო ოდისევსი მთიდან მოფრენილი ხმამყივარი არწივივით დააცხრა მათ. მაგრამ იგრგვინა ამ დროს კრონიონმა და ცეცხლის გორგალი დავარდა ათინას ფეხებთან.
მაშინ ასეთი სიტყვა უთხრა ათინამ ოდისევსს: - ეჰა, ზევსის ნაშიერო, მრავალჭირნახულო ოდისევს! დაიოკე გული, შეწყვიტე ძმათამკვლელი ბრძოლა, რათა შენვე არ დაგატყდეს თავს მეხთამტეხელის რისხვა!
ეს თქვა ქალღმერთმა და ოდისევსი სიტყვის უთქმელად დაჰყვა მის ნებას.
საშინელი ფიცით დააფიცა მაშინ და ზავი შეკრა მათ შორის მენტორის სახით გამოცხადებულმა თვალსხივოსანმა ათინამ.
შენიშვნები
[66] კეთილშობილი მეღორე - დედანში ევმეოსის ეპითეტია დიოს, რაც ნიშნავს „ზევსურს“, „ღვთაებრივს“, აგრეთვე „კეთილშობილს“. ეს ეპითეტები ოდისევსსა და სხვა მთავარ გმირებს მიეწერებათ ჩვეულებრივ. მეორეხარისხოვან პერსონაჟთა შორის ევმეოსია გამონაკლისი. ეს იმიტომ, რომ აწინდელი მეღორე უაზნო წარმოშობის არ არის. როგორც მისი მონათხრობიდან ვგებულობთ, იგი წარჩინებული გვარის კაცია. ევმეოსი იხსენიება აგრეთვე როგორც ორქამოს ანდრონ - „კაცთა წინამძღოლი, ბელადი“. ეს ეპითეტი უფრო ფიგურალურია, ვიდრე რეალური. მთარგმნელებმა ამჯობინეს, დაეწერათ „მწყემსთა წინამდგომი“, რაკი ევმეოსს სინამდვილეში ჰყავს ქვეშევრდომი მწყემსები.
[67] „მრავალთსანატრელი ცოლი“ - დედანში პოლიმნესტე - „მრავალსაქმროიანი“, ე.ი. ვისაც ბევრი მთხოვნელი ჰყავს, ანუ როგორც ხალხში იტყვიან, ბევრი ეძლევაო.
[68] იროსი - მათხოვრის სახელი ირონიულია. იგი ნაწარმოებია ღმერთების მაცნე ქალღმერთის, ოქროსფრთიანი ირისის სახელისგან.
[69] აპოლონის წყალობით დავაჟკაცებული - აპოლონი ჭაბუკურ ძალას გამოხატავს. იგი ანიჭებს ჩვილს ზრდის უნარს. ამიტომაც ატარებს იგი მეტსახელს კუროტროფოს - „ყმაწვილთ მკვებავი“. [70] მინოსი - მას მიაწერენ სამართლის პირველი კანონების გაჩენას კრეტაზე. ძველი თქმულებები სამართლიან და ბრძენ მეფედ სახავენ მინოსს. მოგვიანებით მას დაუკავშირდა ლაბირინთისა და მინოტავრის მითი და სასტიკი და მუხანათი მეფის სახედ იქცა.
[71] „მოძულებული“ - (ოდისსამენოს), „ვისზეც გამწყრალნი არიან“, „ვისაც რისხავენ“. ჰომეროსისეული ეტიმოლოგია ოდისევსის სახელისა სავსებით გამოხატავს გმირის ბედს: ოდისევსზე მართლაც გამწყრალია პოსეიდონი და ამის გამო მრავალ განსაცდელს გაივლის. ამასვე მოწმობს მისი ეპითეტები „მრავალტანჯული“, „მრავალჭირნახული“ და სხვ.
[72] პანდარევსის ასული - მითის მიხედვით, შურით აღვსილმა ამ ასულმა მრავალშვილიანი ნიობეს უფროსი ვაჟის მოკვლა განიზრახა, მაგრამ შეცდომით საკუთარი მხოლოდშობილი შვილი შემოაკვდა. ზევსმა უბედური დედა ბულბულად, ანუ იადონად (აედონ) აქცია და იგიც განუწყვეტლივ დასტირის შვილს. პანდარევსის სხვა უბედურ ასულებს, რომელთა სახელებია მეროპე და კლეოდორე, XX თავში იხსენებს პენელოპე.
[73] პერითოე - მეფე მითური ლაპითებისა, რომელნიც გადმოცემის თანახმად თესალიაში მკვიდრობდნენ. პერითოე თესევსს წაჰყვა ჰადესში პერსეფონეს მოსატაცებლად, მაგრამ თავად მოექცა ჰადესის ტყვეობაში.
[74] კილენიელი ჰერმესი - კილენა ქალაქია არკადიაში, სადაც მითის თანახმად ჰერმესი დაიბადა.
[75] ჰელიოსის კარიბჭე - უკიდურესი დასავლეთით არის წარმოდგენილი, რომლის წიაღ ყოველი დღის ბოლოს გაივლის მზეღმერთი.
[76] „თეთრი ძვლები ავკრიფეთ, ზეთითა და ზედაშით გავპოხეთ“ - ამგვარი ჩვეულება ჩვენშიც არის დადასტურებული: „როდესაც ხევსურეთში მიცვალებულს ასაფლავებდნენ, თუ ძველ საფლავს ამოთხრიდნენ და იქიდან ძვლებს ამოიღებდნენ, იმ ძვლებს ერთად მოაგროვებდნენ, „გაპოხდნენ“ და ისევ საფლავში ჩაყრიდნენ“ (მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, III, თბ., 1940, გვ. 58, მიცვალებულის კულტი ხევსურეთში).
[77] თეტისი - ზღვის ბერიკაცის, ნერევსის ასული, აქილევსის დედა. სწორედ მის ქორწილზე ატყდა დავა იმ საბედისწერო ვაშლის გამო, რომელმაც ტროას ომი გამოიწვია საბოლოოდ. მისი ეპითეტი „ვერცხლისფეხება“ ნაპირზე მიხეთქებული ტალღების გამოხატულებაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий