I. ათინას გამოცხადება
გვიამბე, მუზავ[1], იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი, ვინც ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროას წმინდა ციხესიმაგრე დააქცია; ვინც მრავალი ქალაქი მოვლო და შეიცნო მათი ზნენი; ვინც დიდხანს იტანჯა ზღვის ზურგზე და დიდი განსაცდელი გადაიტანა; ვისაც ძალ-ღონე არ დაუშურებია საკუთარი თავისა და თანამგზავრების გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერს გახდა, - უგუნურებმა თვითონვე დაიღუპეს თავი, შეჭამეს რა ჰიპერიონი[2] ჰელიოსის ძროხები, რისთვისაც დაბრუნების დღე დაუბნელა მათ მაღლით მოარულმა ღმერთმა. ჩვენც გვიამბე და მოგვასმინე მათი ამბავი, ჰე, ქალღმერთო, ასულო ზევსისა!
ყველა დანარჩენი, ომსა და ზღვის ღელვას განრიდებულნი, მშობლიურ ჭერქვეშ ნეტარებდნენ უკვე. მარტოოდენ ოდისევსს, სამშობლოსა და მეუღლის მონატრულს, ღრმა მღვიმეში აკავებდა მისი ქმრობის მოწადინე თმამშვენიერი ნიმფა კალიფსო. ხოლო წელთა შემოქცევით რა დადგა ჟამი, რომელიც ღმერთებმა განუჩინეს ითაკაში დასაბრუნებლად, - თუმც საკუთარ სახლში, მახლობელთა შორისაც ვერ გაექცა განსაცდელს, - შეწყალებულ იქნა ყველა ღმერთის მიერ. პოსეიდონიღა[3] მძვინვარებდა ღვთაებრივი ოდისევსის მიმართ, ვიდრე მშობლიურ კუნძულს მიაღწევდა იგი.
მიწისმრყეველი პოსეიდონი იმხანად ეთიოპიელთა შორეულ ქვეყანას იყო წასული (რომელთაგან ზოგი მზის დასავალ მხარეში ცხოვრობს, ზოგი მზის აღმოსავალ მხარეს), რათა მისთვის მსხვერპლად შეწირული ხარებისა და ცხვრების ჰეკატომბა[4] მიეღო. იქ ლხინს ეძლეოდა იგი, ხოლო სხვა ღმერთებს ოლიმპოზე[5], ზევსის დარბაზში მოეყარათ თავი. ასე დაიწყო, მას ჟამსა შინა კაცთა და ღმერთთა მამამ, რა გაიხსენა განთქმული ეგისთე, რომელიც აგამემნონის ძემ, სახელოვანმა ორესტემ[6] მოაკვდინა. გაიხსენა და უკვდავთ ასეთი სიტყვა უთხრა: - ვაგლახ! როგორ გვამტყუნებენ კაცნი, თითქოს ჩვენ ვიყოთ ყოველგვარი ბოროტების სათავე! ნამდვილად ხომ თავიანთი უმეცრების გამო ატყდებათ თავს ხვედრით არმიგებული უბედურება. განა განგების წინააღმდეგ არ წაჰგვარა ეგისთემ ატრევსის ძეს კანონიერი მეუღლე და არ მოკლა შინ დაბრუნებული? აკი წინასწარ უგრძნობდა გული, რომ სამაგიერო მიეზღვებოდა? ხომ გავაფრთხილეთ მალემსრბოლი ჰერმესის პირით, ნუ მოკლავ აგამემნონს, ნუ ითხოვ მის ცოლს, თორემ დავაჟკაცებული ორესტე აიღებს მამის სისხლს, როგორც კი მიტაცებული ხელმწიფების დაბრუნებას განიზრახავსო. ვერ დაიყოლია კეთილი რჩევით ჰერმესმა ეგისთე და, აჰა, აწ ერთბაშად მიეზღო ყველაფრისთვის!
ასე უპასუხა ზევსს თვალსხივოსანმა ათინამ[7]: - მძლეთა მძლევარო ჩვენო მამავ, კრონოსის მემკვიდრევ! ასეც მოხდა: სწრაფადვე მიეგო მას შური. ამასვე მოიმკის ყველა, ვინც ამგვარსავე საქმეს ჩაიდენს. მაგრამ ახლა ჭირნახული ოდისევსის ამბავი მიკლავს გულს. ის უბედური, მეგობრებსა და მახლობლებს მოშორებული, ტყით დაბურულ კუნძულზე იტანჯება. იქ, სადაც ზღვის ჭიპია. იმ კუნძულზე ცხოვრობს ქალღმერთი, ასული ზღვათა სიღრმეების მცოდნე ვერაგი ატლანტისა (რომელსაც მხრებით უჭირავს დედამიწიდან ცამდე აღმართული სვეტები). სწორედ ამ ატლანტის ასულია, თვალთმაქცური სინაზითა და დაპირებებით რომ ხიბლავს მჭმუნვარე ოდისევსს, რათა დაავიწყოს მშობლიური ითაკა. ხოლო მას სანატრელად ისღა დარჩენია, ერთხელ მაინც მოჰკრას თვალი სამშობლო მიწიდან ადენილ კვამლს და მერე თუნდაც მოკვდეს. ოლიმპოელო, ნუთუ გულს არ მოიბრუნებ მასზე? განა შენ არ გწირავდა მსხვერპლს ვრცელ ტროაში არგოსელთა[8] ხომალდებთან? გულისწყრომით რადა ხარ აღვსილი, მეუფეო, ოდისევსის მიმართ.
ღრუბელთ მეუფე ზევსმა ასე მიუგო თვალსხივოსან ათინას: - ეს რა დასცდა შენს კბილთა ზღუდეს, ასულო ჩემო? როგორ დავივიწყებდი მე ოდისევსს, მოკვდავთა შორის უჭკვიანესს, ვისაც უხვად შეუწირავს მსხვერპლი ცათა შორის მობინადრე უკვდავი ღმერთებისთვის! მაგრამ მიწისმრყეველი პოსეიდონი მრისხანებს მასზე. შენც კარგად იცი, თვალი რომ დაუვსო ოდისევსმა ღმერთთა სწორ პოლიფემს, რომელიც ღრმა გამოქვაბულში უშვა პოსეიდონს ნიმფა თოოსამ, უნაყოფო ზღვათა[9] ბატონის, ფორკინის ასულმა. მას აქეთ, თუმცა არ დაუღუპავს მიწისმრყეველს ოდისევსი, უგზო-უკვლოდ ახეტიალებს ზღვის ზურგზე და სამშობლოში არ უშვებს. მოდი, განვსაჯოთ, როგორ დავაბრუნოთ შინ ოდისევსი. ხოლო პოსეიდონმა დაიცხროს გულისწყრომა: უკადრისია, ყველა უკვდავის ნებას აღუდგეს და თავისი გაიტანოს.
ასე მიუგო ზევსს თვალსხივოსანმა ათინამ: - ო, მძლეთა მძლევარო, ჩვენო მამავ, კრონოსის ძეო! უკეთუ ნამდვილად სურთ ნეტარ ღმერთებს, თავის სახლს დაუბრუნდეს მრავალტანჯული ოდისევსი, მაცნედ არგუსის მკვლელი[10] ჰერმესი გავგზავნოთ კუნძულ ოგიგიაზე, რომ სასწრაფოდ ამცნოს ჩვენი მტკიცე ნება თმამშვენიერ ნიმფას. მე კი ითაკისკენ გავსწევ. მის ძეს, ტელემაქეს, გულს ავუნთებ და გავამხნევებ. ვურჩევ, შესაკრებელთან მოუხმოს ხშირთმიან აქაველებს და ოდისევსის ხვასტაგის ხოცვა, მრუდეფეხებიანი და რქადაგრეხილი ძროხების დაკვლა აუკრძალოს მოძალებულ სასიძოებს. სპარტასა და ქვიშიან პილოსში გავგზავნი ტელემაქეს, მამის დაბრუნების კეთილი ამბისა ვინძლო რაიმე შეიტყოს და თავადაც სახელოვანთა შორის სახელი მოიხვეჭოს.
თქვა ეს და ფეხი შეიმოსა ოქროს უცვეთელი ხამლით. იგი ნიავქარივით დააქროლებდა ქალღმერთს ზღვასა და უკიდეგანო დედამიწაზე. ხელთ იპყრა მძიმე შუბი, სპილენძისბუნიკიანი, რომლითაც მამაცთა წყობას თრგუნავდა ხოლმე განრისხებისას მძლევარის ასული. მერე უსწრაფესად დაეშვა ოლიმპოს მწვერვალიდან.
ტაფოსელთა ბელადის, მენტესის სახით გამოეცხადა ითაკას ათინა და ხელშუბიანი ჩადგა ოდისევსის კარიბჭესთან თავმოყრილ ხალხში. ამპარტავანი სასიძოები ეზოში წამოწოლილიყვნენ მათ მიერვე დახოცილი ხარების ტყავებზე და გულს აყოლებდნენ კამათელს, ხოლო დაფაცურებული მსახურნი და მესტუმრენი პირფართო ლაგვინებში[11] ღვინოს აზავებდნენ. სხვები ხშირფორიანი ღრუბლით რეცხავდნენ ტაბლებს და ზედ ხორცის ნაჭრებს ალაგებდნენ.
პირველად ქალღმერთი ღვთისსწორმა ტელემაქემ[12] შენიშნა: გულნაღვლიანი იჯდა იგი სასიძოთა შორის და ფიქრში წასული იგონებდა თავის უებრო მამას, ოცნებობდა, ანაზდეულად გამოჩენილიყო იგი, დაერბია სასიძოები და კვლავ დაჰპატრონებოდა თავის საბადებელს. ამ ოცნებაში იყო, თვალი რომ მოჰკრა ათინას, განშორდა სასიძოებს და კარიბჭისკენ გაემართა. მასპინძლის უკადრისად მიიჩნია სტუმრის კართან დახანება, მიუახლოვდა, მარჯვენა შეახო, სპილენძის წვერმახი შუბი ჩამოართვა და ფრთოსანი სიტყვა შეაგება: - მშვიდობა შენდა, ძვირფასო სტუმარო! გაიზიარე ჩვენი მეგობრული სუფრა, მერე კი გვაუწყე შენი ამბავი[13].
ეს თქვა და წინ გაუძღვა ათინა პალასს[14]. სახლში შესვლისთანავე ტელემაქემ ნატიფად მოპირკეთებულ ნიშში შეიტანა შუბი და დიდსულოვანი ოდისევსის შუბებთან მაღალ სვეტს მიაყუდა. სტუმარი თავხედი სასიძოებისგან მოშორებით საკარცხულზე მიიწვია, რომ მათ ღრიანცელს არ შეეწუხებინა იგი და მშვიდად ეჭამა პური. ზედ იშვიათი ხელოვნებით ნაქსოვი საგებელი დაუგო და საფერხო სკამი მიართვა. თავად მოჩუქურთმებული სავარძელი მოიდგა, რომ დაკარგული მამის ამბავი გულდაგულ გამოეკითხა. მოახლემ ხელის დასაბანად ვერცხლის ტაშტი და წყლით სავსე მოოქრული სურა მოართვა სტუმარს და წმინდად გარანდული ტაბლა დაუდგა წინ. მოკრძალებულმა მეკუჭნავემ პატივსადებ სტუმართათვის განკუთვნილი მრავალფერი ჭამადით გაუწყო სუფრა. მზარეულმა შემწვარი ხორცი შემოიტანა, მწდემ კი ღვინით შეუვსო ოქროს თასები.
ამ დროს დარბაზში მედიდურად შემოვიდნენ სასიძოები და რიგისამებრ შემოუსხდნენ მათთვის ცალკე გაწყობილ სუფრას. მესტუმრეებმა ხელი დააბანინეს, მსახურმა ქალებმა ხახალით პური შემოიტანეს, მკვირცხლმა ფარეშებმა აქაფებული ღვინო ჩამოუსხეს ლაგვინებიდან. სასიძოებმა ხელი მიჰყვეს სმა-ჭამას. სმა-ჭამით გული რა იჯერეს, როკვა და სიმღერა მოინდომეს - ნადიმის დამამშვენებელიაო. მესტუმრემ უმშვენიერესი კითარა[15] მიაწოდა ფემიოსს, რომელსაც აიძულებდნენ ხოლმე მოელხინა სასიძოებისათვის. ფემიოსმა ჩამოჰკრა სიმებს და სასიმღეროდ მოემზადა.
ტელემაქე თვალსხივოსან ათინასკენ გადაიხარა და სხვებს რომ არ გაეგოთ, ხმადაბლა უთხრა: - ძვირფასო სტუმარო! ერთ რასმე გეტყვი, ცუდად ნუ ჩამომართმევ. ამ ხალხს რომ უყურებ, სხვა არაფერი ენაღვლებათ კითარისა და სიმღერის გარდა, რაკი იმ კაცის ქონებას ჭამენ, რომლის თეთრ ძვლებს, ვინ იცის, იქნებ ზღვის მორევი ატრიალებს ახლა, ან ხმელეთზე წვიმა ალპობს, მაგრამ ითაკაში დაბრუნებული რომ ენახათ, თითოეულ მათგანს ლხინი და განცხრომა დაავიწყდებოდა და უმალ ფეხმარდობას ინატრებდა. აწ კი მოირებს[16] დაუღუპავთ იგი, გულში იმედის ნასახიც აღარა გვაქვს და ძეხორციელი ვეღარ იტყვის მის დაბრუნებას. განქარდა დღე მისი დაბრუნებისა! ახლა ეს მითხარი, ნუ მეცრუები: ვინა ხარ, სადაური ხარ, სად არის შენი მშობლიური ქალაქი? ვისი ხომალდით ჩამოხვედი? როგორ მოგიყვანეს მეზღვაურებმა ითაკაში? ხმელეთით ხომ ვერ მოადგებოდი ჩვენს ნაპირს? მართალი მითხარი, პირველად ხარ აქ თუ ადრეც სწვევიხარ მამაჩემს, რადგან პურადი კაცი იყო მამაჩემი და ჩვენს სახლში სტუმარი არასოდეს გამოლეულა.
- წვრილად მოგიყვები ყველაფერს, არ დაგიმალავ, - მიუგო ტელემაქეს თვალსხივოსანმა ათინამ, - მენტესი ვარ მე, ძალგულოვანი ანქიალოსის ძეობით მოქადული, ნაოსან ტაფოსელთა ერისმთავარი. მეგობრებთან ერთად მოვადექი ამ კუნძულს. ჩემივე ხომალდით გადმოვლახე ღვინისფერი ზღვა, მოვიხილე უცხოეროვანი ხალხი და აწ სპილენძისთვის ტემესეს ვეშურები. მოელვარე, ძნელად საჭედი რკინა მიმაქვს სანაცვლოდ. ხომალდი ქალაქისგან მოშორებით, ხმელეთს მივაყენე, ტყიანი ნეიონის ქვემოთ, რეთროსის ყურეში. ჩვენს მამა-პაპათ ერთმანეთში დიდი სტუმარმასპინძლობა ჰქონიათ ერთ დროს. გმირი ლაერტესგან გაგეგონება ეს ამბავი. ამბობენ, გული აღარ მოუწევსო ლაერტეს ქალაქში და შორს, სოფლად მწუხარებას მისცემიაო. ერთი მისებრ მოხუცი დედაბერი უხვედრებს თურმე საჭმელს, როცა ბორცვზე შეფენილი ვენახიდან დაღლილ-დაქანცული ბრუნდება შინ. ახლა კიდევ ერთხელ შემოვიარე აქ. სახლში მეგულებოდა ჩემი ძველი მასპინძელი. როგორცა ჩანს, ღმერთებს დაუბრკოლებიათ გზაში, თორემ მკვდარი არ იქნება ღვთაებრივი ოდისევსი. ალბათ სადმე, უკიდეგანო ზღვაში მივარდნილ კუნძულზე დაატყვევეს ველურებმა და შინ ვერ ბრუნდება.
ახლა კი გიწინასწარმეტყველებ, რა შთამაგონეს უკვდავმა ღმერთებმა, თუმცა გულთმისანი არა ვარ და არც ფრინველთა ფრენის მეცნაური[17] და მკითხავი. შორს აღარ უნდა იყოს ოდისევსი წინაპართა ძვირფასი მიწისგან. მას რკინის ბორკილებიც ვეღარ დააკავებს, - თვითონვე იცის როგორ დაბრუნდეს, ტყუილად როდი ეძახიან მოხერხებულსა და მრავალნაცადს! გულწრფელად მითხარ, ოდისევსის შვილი ხარ მართლა? ძლიერ კი მაგონებ მას მშვენიერი თვალ-წარბით. ხშირად ვხვდებოდით ჩვენ ერთმანეთს, სანამ ტროაში წავიდოდა, იქ, სადაც არგოსელთაგან უკეთესნი გაემგზავრნენ ღრმა ხომალდებით.
ქალღმერთის სიტყვას ასე უპასუხა გონიერმა ტელემაქემ: - კეთილო სტუმარო, დაუფარავად გეტყვი ყველაფერს. დედაჩემისგან ვიცი, რომ მისი ძე ვარ. სხვა რა გითხრა, განა მოკვდავმა შეიძლება იცოდეს, ვინ არის მამამისი? ნეტავ უფრო ბედნიერი კაცის მემკვიდრედ დავბადებულიყავ, კაცისა, რომელიც სვესვიანად მიატანდა ღრმა სიბერემდის! ახლა კი მოკვდავთა შორის ყველაზე უბედურის ძედ ვიწოდები!
– ღირსეულ შთამომავლობას დაგიმკვიდრებენ ღმერთები მომავალში, - მიუგო ათინამ, - რადგან თავადაც ღირსეული უშობიხარ პენელოპეს! ახლა ეს მითხარი, ნუ მეცრუები: რა ამბავია აქ, რის გამოა ეს თავაშვებული ღრეობა? ვატყობ, ურცხვად და უშვერად იქცევიან შენს სახლში ეს მონადიმენი. ამ უხამსობის შემხედვარე აღშფოთდებოდა ყველა და იუკადრისებდა მათთან დაჯდომას!
- ჩემო კეთილო სტუმარო, - უპასუხა გონიერმა ტელემაქემ, - რაკი მკითხე, გეტყვი: ერთ დროს, ოდისევსის აქ ყოფნისას, ეს სახლი უხვი და სახელოვანი იყო. აწ ავი ზრახვით სხვარიგად განსაჯეს ღმერთებმა და უგზო-უკვლოდ გადაკარგეს იგი. მკვდარ მამაჩემზე ეგზომ არ ვინაღვლებდი, რომ ტროადის ომში თანამებრძოლებთან ერთად დაცემულიყო, ან ბრძოლის შემდეგ მეგობრის მკლავზე დაელია სული. მაშინ სამახსოვრო ბორცვს აღმართავდნენ პანაქაველნი, ხოლო მის შვილს მამის დიდება გადაეცემოდა. ჰარპიებმა[18] გაიტაცეს იგი... ისე გაქრა, არავის უხილავს და არავის სმენია მისი ამბავი, ხოლო მე ჭმუნვა და ნაღველი დამიტოვა. არც ეს მაკმარეს ღმერთებმა, სხვა ჭირიც მომისართეს: ყველა წარჩინებული, ითაკის ახლომახლო კუნძულებზე რომ ბატონობენ, - დულიქიონელნი, სამეელნი, ტყიანი ზაკინთოსის განმგებელნი, თვით კლდოვანი ითაკის ჩინებულნიც კი, დედაჩემის ცოლად წაყვანას ლამობენ და აჩანაგებენ მამიჩემის ქონებას. ხოლო დედაჩემს ვერც უარუყვია ეს საძულველი ქორწინება და ვერც სასიძოების უტიფრობა აულაგმავს. ისინი კი ანადგურებენ ჩემს სახლ-კარს და ალბათ მეც მალე მომიღებენ ბოლოს.
ასეთი სიტყვა უთხრა ტელემაქეს თანაგრძნობით შეძრულმა ათინამ: - ვაი, სად არის ახლა ოდისევსი, რომ ლაგამი ამოსდოს აღვირახსნილ სასიძოებს; რომ კარიბჭეში ჩადგეს ფარ-შუბითა და მუზარადით, ისეთივე ძალგულოვანი, როგორიც პირველად ვიხილე, როცა ეფირიდან ახალმობრუნებული ჩემს სახლში პურ-ღვინით ილხენდა! იქ, ეფირში, სწრაფმავალი ხომალდით იყო ჩასული, რათა მერმეროსის ძის, ილოსისათვის ისრისპირების ამოსაწები შხამი ეთხოვა. მარადიული ღმერთების შიშით ილოსმა უარით გამოისტუმრა იგი. მაგრამ მამაჩემმა, რომელსაც დიდად უყვარდა ოდისევსი, არ დაუკავა ეს საწამლავი. ეჰ, ისეთივე გულმხნე რომ გამოჩენილიყო აქ, შავად გაუთენებდა სასიძოებს ქორწილის დღეს. მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ ღმერთებმა უწყიან, შურს იძიებს თუ არა შინ დაბრუნებული! მე, ჩემდათავად, გირჩიო მინდა, როგორ გააძევო მამისეული სახლიდან სასიძოები. მაშ, გულდასმით მომისმინე: ხვალვე მოედანზე შეჰყარე აქაველნი და განუცხადე, ღმერთების სახელს ვაფიცებ სასიძოებს, თავ-თავიანთ სახლებში გაბრუნდნენ-თქო! ხოლო დედაშენმა, უკეთუ თნავს მის გულს ქორწინება, დიდსულოვანი მამის სახლს მიაშუროს და, როგორც საყვარელ ქალიშვილს ეკადრება, ძვირფასი მზითევით გამოისტუმროს სახლიდან მამამისმა. ერთსაც გირჩევ ჭკვიანურს, თუ დამიჯერებ: საუკეთესო ხომალდი აღკაზმე და ოცი ნიჩბოსნითურთ დაკარგული მამის ამბის გასაგებად გაემართე, ვინძლო მოკვდავთაგანმა ვინმემ გამცნოს ან თავად ზევსმა განიშნოს რამე. ჯერ პილოსს მიაშურე და კეთილშობილ ნესტორს გამოჰკითხე ამბავი. მერე ოქროსთმიან მენელაოსს ეწვიე სპარტაში. ის ხომ რვალისთორიან აქაველთაგან უკანასკნელი დაბრუნდა ილიონიდან. თუ გაიგებ, რომ ცოცხალია მამაშენი და შინ გამომგზავრებას აპირებს, ნუ დაიზარებ და ერთი წელიწადი დაელოდე. უკეთუ მის სიკვდილს შეიტყობ, დაუყოვნებლივ მოაშურე მამულს, სამახსოვრო ბორცვი აღუმართე და საკადრისი ქელეხი გადაუხადე, ხოლო დედაშენს გათხოვება ურჩიე. ყოველივე ამას რა აასრულებ, გონება მოიკრიბე და გადაწყვიტე, როგორ შემუსრო სასიძოები, - ძალითა თუ ხერხით. ბალღი აღარა ხარ, ტელემაქე! განა არ გსმენია, რა დიდება მოიხვეჭა ხალხის თვალში კეთილშობილმა ორესტემ, როცა თავისი მამის მკვლელი ეგისთე მოაკვდინა? ძვირფასო ჩემო, დავაჟკაცებულსა და დამშვენებულს გხედავ! მაშ, მამაცურად მოიქეცი, რომ მომავალში შენც დაიმსახურო შთამომავალთა ქება. ახლა კი დროა, ჩემს სწრაფმავალ ხომალდს მივხედო. ალბათ თანამგზავრებს გული გაუწყალდათ ჩემს მოლოდინში. შენც დიდი ჯაფა გელის ჩემი სიტყვის შესასრულებლად.
- ძვირფასო სტუმარო, - უპასუხა ტელემაქემ, - მადლიან სიტყვას მეუბნები და მამაშვილურად მარიგებ. რა დამავიწყებს შენს კეთილ რჩევას! გეჩქარება, მაგრამ დილამდე მაინც მოისვენე ამ ჭერქვეშ. ხვალ კი განბანილსა და გულმხიარულს, სტუმარმასპინძლობის წესისამებრ ძვირფასი საჩუქრებით გაგისტუმრებ ხომალდზე. დაე, მათ გაგახსენონ ჩემი თავი!
- არა, ჩემო, მეტს ნუ დამაყოვნებ. გზას ვადგავარ. ხოლო კეთილი გულით მოძღვნილ საჩუქრებს აქეთობისას წავიძღვანიებ თან და სამაგიერო საჩუქარსაც მოგართმევ. ეს თქვა და ფრინველივით გაუჩინარდა ერდოდან თვალსხივოსანი ათინა. ტელემაქეს კი გული გაუმაგრა და მამის ხსოვნა გაუორკეცა. გონს რა მოეგო, განცვიფრებული ტელემაქე მიხვდა, ღმერთი ესაუბრებოდა მას.
სასიძოებთან მისვლა აღარ დააყოვნა ღვთისსწორმა ტელემაქემ. სუფრაზე უკვე მღეროდა სახელგანთქმული მომღერალი. სულგანაბულნი უსმენდნენ სასიძოები აქაველთა ამბავს, თუ როგორ მოუძღვებოდა ათინა პალასი ტროადან გაჭირვებით დაბრუნებულ მეომრებს. ეს ღვთაებრივი სიმღერა რომ შემოესმა იკარიოსის გონიერ ასულს, პენელოპეს, სანთიობოდან მყისვე დაეშვა მაღალი კიბით და დარბაზში მონადიმე სასიძოებთან შევიდა. თან ორი შიმუნვარი ახლდა. ოსტატურად ნახელავ დედაბოძთან შედგა დედათა შორის უმშვენიერესი, პირს ოქრორიდე მოიფარა და ცრემლმორეული შეესიტყვა ღვთაებრივ მომღერალს: - ჩემო ფემიოს! სხვა ბევრი სიმღერაც იცი მოკვდავთათვის აღტაცების მომგვრელი, კაცთა და ღმერთთა სიქველეს რომ ადიდებს. მოგვასმენინე მათგან რომელიმე! მეინახეთ კი ჩუმად განაგრძონ ღვინის სმა. თავი ანებე ამ ნაღვლიან სიმღერას, ფემიოს, გულს მიკლავს იგი, რადგან იმ კაცს მაგონებს, ვისი სახელიც მთელ არგოსსა და ელადაშია განთქმული.
- დედაჩემო! - სიტყვა მოუჭრა ტელემაქემ, - რატომ უკრძალავ ფემიოსს იმ სიმღერით დაგვატკბოს, ზევსს რომ შთაუგონებია მისთვის? ნუ გაჰკიცხავ, დანაელთა მწარე ხვედრზე რომ მღერის. ყველაზე მეტად ხომ ის სიმღერა იტაცებს კაცის გულს, რომელიც ახალგარდახდილ ამბებს მოგვითხრობს? გამაგრდი და გულისხმაჰყავი: განა მარტო ოდისევსს დაუბნელდა დაბრუნების დღე? ტროაში მამაცი სხვაც ბევრი დაეცა. დაბრუნდი და შენს საქმეს - თითისტარსა და საბეჭავს მიჰხედე, დაასაქმე მხევალნი. რაც შეეხება სიტყვა-პასუხს, ეს კაცის საქმეა, მეტადრე ჩემი: ამიერიდან მე ვარ ამ სახლის ბატონ-პატრონი!
უკანვე გაბრუნდა განცვიფრებული პენელოპე. გულს ჩაებეჭდა შვილის გონივრული სიტყვა. შიმუნვართა თანხლებით სანთიობოში ავიდა და გულამომჯდარი დიდხანს ტიროდა თავის ძვირფას მეუღლეზე, სანამ თვალსხივოსანმა ათინამ ტკბილი ძილით არ დაუმძიმა ქუთუთოები.
ჩამობნელებულ დარბაზში სასიძოები ახორხოცდნენ. გულისთქმით აღძრულნი ნატრობდნენ, გაეზიარებინათ დედოფლის სარეცელი. ასეთი სიტყვით მიმართა მათ გონიერმა ტელემაქემ: - პენელოპეს თავგასულო სასიძოებო! მოდი, წესისამებრ განვაგრძოთ ნადიმი, შევეშვათ ყაყანსა და აურზაურს. განა არ აჯობებს, ამ ღვთაებრივ მომღერალს დავუგდოთ ყური? ხვალ დილით კი საფიხვნოში[19] მოვიყრით თავს. იქ, ხალხში, გეტყვით, რომ დატოვოთ მამიჩემის სახლი. ვისაც ქეიფი სურს, თავისი ხარჯით იქეიფოს ან სხვა მასპინძელი მონახოს ვინმე! რაკიღა მრავალნი ერთი კაცის ქონების ჭამას კადრულობთ, ჭამეთ! მაგრამ გახსოვდეთ, უკვდავ ღმერთებს მოვუხმობ, ვინძლო ზევსმა იძიოს შური და თქვენ მიერვე გაპარტახებულ სახლში სისხლის აუღებლად ამოიხოცოთ!
ასე თქვა და მათ კბილით დაიჭამეს ტუჩები. დიდად გაიოცეს ტელემაქეს გაბედული ნათქვამი. ბოლოს ევპეითოსის ძემ, ანტინოემ, დაძრა სიტყვა: - ჰე, ტელემაქე, ღმერთებმა ხომ არ გასწავლეს ქადილი და უკადრი ლაპარაკი? ვაი ჩვენს თავს, თუ ბასილევსად გაგვიხდი ამ ზღვით გარემოცულ ითაკაზე! აკი გვარითაც მოგდგამს ხელმწიფება.
- ნუ გაგაგულისებს ჩემი ნათქვამი, ანტინოე. უკეთუ ზევსი შემეწევა, დიაღაც არ ვიტყვი ხელმწიფებაზე უარს. ან იქნებ ფიქრობ, ბასილევსობა[20] არ მეკადრებოდეს? ცუდი როდია ხელმწიფება: სიმდიდრით მორჭმულს პატივი და დიდებაც შეგემატება. ზღვით გარემოცულ ითაკაში ჭაბუკ და ხანდაზმულ აქაველებს შორის საბასილევსო კაცი ბევრი მოიძებნება და რაკი ღვთისნასახი ოდისევსი[21] ცოცხალი აღარაა, რომელიმე მათგანი იხელმწიფებს. მე კი ჩვენს სახლ-კარსა და კეთილშობილი მამაჩემის სახლეულს ვუპატრონებ.
მაშინ სიტყვა დასძრა ევრიმაქემ, პოლიბოსის ძემ: - ჰე, ტელემაქე! მხოლოდ ღმერთებმა უწყიან, ვინ გვიხელმწიფებს აქაველთაგან. შენი სახლი კი შენვე გეყუდნის: როგორც გენებოს, ისე უპატრონე! ვიდრე არ გამქრალა ითაკის სახსენებელი, შენს ქონებას ვერავინ მიიტაცებს. მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხო, ჩემო კარგო: მითხარი, ვინ იყო ის კაცი, წეღან რომ გესტუმრა? სადაურია, სადა აქვს მამისეული სახნავ-სათესი? რამ მოიყვანა, თავის გასაჭირმა თუ მამაშენის ამბისა გაუწყა რამე? რაღაც უცნაურად კი გაქრა, ვერც კი გავემცნაურეთ. ეტყობოდა, მდაბიორთაგანი არ უნდა ყოფილიყო.
ასე უპასუხა ევრიმაქეს გონიერმა ტელემაქემ: - ეჰ, ევრიმაქე, დაუბნელდა მამაჩემს დაბრუნების დღე! რაც უნდა მითხრან, არაფერი მჯერა და აღარც დედაჩემთან წვეული მისნების წინასწარმეტყველებას ვენდობი უკვე. ის კაცი მამაჩემის ძველი მეგობარი, ნაოსან ტაფოსელთა ერისმთავარი მენტესი იყო, ძალგულოვანი ანქიალოსის ღირსეული ძე.
ამას ამბობდა ტელემაქე, თორემ გუმანით იცოდა, სტუმრად ქალღმერთი რომ ეწვია.
კიდევ კარგა ხანს იქეიფეს სასიძოებმა, როკვითა და სიმღერით იშვებდნენ, სანამ დარბაზში მწუხრი არ ჩამოწვა. მერე რული მოერიათ და დაიშალნენ. ტელემაქემ მონადიმენი გაისტუმრა და გულფიქრიანი გამობრუნდა საძილო ოთახისკენ, რომლის სარკმელი მშვენიერ კარ-მიდამოს გადაჰყურებდა. მაშხალით ხელში მას ფეხდაფეხ მიჰყვა მოკრძალებული ევრიკლეა, გმირმა ლაერტემ ოდესღაც ოც ძროხად რომ იყიდა.
მაშინ ყმაწვილი ქალი იყო ევრიკლეა და პატრონისგან მეუღლის დარად პატივდებული. მაგრამ ლაერტეს ცოლის რიდით არასოდეს შეუბღალავს მისი სარეცელი. ევრიკლეა მაშხალით უნათებდა გზას ტელემაქეს. ტელემაქე მისი გაზრდილი იყო და ამიტომ ყველაზე მეტად უყვარდა. დედაბერმა მშვენივრად გაწყობილი საძილო ოთახის კარი გაუღო. ჭაბუკი საწოლზე ჩამოჯდა, მსუბუქი ქიტონი[22] გაიძრო და მოხუცებულ გადიას მიაწოდა. დედაბერმა ქიტონი სათუთად დაკეცა, იქვე საწოლთან, ხის როკზე გადაკიდა. მერე კარი მოიხურა და თასმებით განასკვა ვერცხლის რგოლები. ხოლო თხისურის საბანში გახვეული ტელემაქე მთელი ღამე ათინასგან მინიშნებულ გზაზე ფიქრობდა.
II. საფიხვნოზე
ცისკარზე, როდესაც ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა, საწოლიდან ადგა ოდისევსის სანატრელი შვილი, ტანთ ჩაიცვა, მახვილი მხარიღლივ გადაიკიდა, ნატიფი ფეხი ხამლით შეიმოსა და ღვთივმშვენიერი სახით ოთახიდან გამოვიდა. მჭექარე მაცნეებს უბრძანა, ხშირთმიანი აქაველები მოედანზე შეეყარათ. თავმოყრილ ხალხში მალე ხელშუბიანი ტელემაქე გამოჩნდა. მარტო არ იყო! ორი ქოფაკი მოსდევდა უკან. ათინას ღვთაებრივი მშვენებით შეემოსა იგი და აღტაცებული ხალხი განცვიფრებით უჭვრეტდა მოახლოებულ ჭაბუკს. უხუცესებმა გზა დაუთმეს და ტელემაქემ საფიხვნოს თავში მამის ადგილი დაიკავა.
პირველად ეგვიპტიოსმა, სიბერისაგან წელში მოხრილმა და ბევრის მნახველმა გმირმა დაძრა სიტყვა. მისი ძვირფასი შვილი, გულადი შუბოსანი ანტიფოსი ღვთაებრივ ოდისევსს წაჰყვა ცხენებით განთქმულ ილიონს. უკან დაბრუნებისას გულმხეცმა ციკლოპმა პოლიფემმა შეჭამა იგი გამოქვაბულში. ბერიკაცს კიდევ სამი ძე ჰყავდა. ერთი იმათგანი, ევრინომე, სასიძოებს შორის ტრიალებდა, დანარჩენი ორი კი სახლკარსა და მამულს განაგებდა. მაგრამ ბერიკაცს ვერ დაევიწყებინა დაკარგული შვილი, დღენიადაგ ტიროდა და მწუხარებდა. და ახლაც, აცრემლებულმა ასე მიმართა შეკრებილთ: - ყური დაუგდეთ, ითაკელნო, ჩემს სიტყვას! მას შემდეგ, რაც ღვთიური ოდისევსი ღრმამუცლიანი ხომალდებით გაემგზავრა, ერთხელაც არ შევყრილვართ საფიხვნოში. ვინ მოგვიხმო ახლა? ვის დავჭირდით, ბერსა თუ ჭაბუკს? იქნებ დალაშქვრა განუზრახავთ ჩვენი და ეს უნდა შეგვატყობინოს? ან იქნებ სხვა რამ საერთო საქმეა გადასაწყვეტი? ვინც უნდა იყოს იგი, უთუოდ კეთილმოსურნეა ჩვენი. ზევსიმც შეეწევა მას!
ეს თქვა ბერიკაცმა. ოდისევსის ძვირფასი შვილი გაახარა ამ სიტყვამ. დიდხანს აღარ დაუყოვნებია, საკრებულოს შუაში გამოვიდა. კეთილგონიერმა მებრჭემ, მაცნე პევსენორმა კვერთხი მისცა ხელში და ტელემაქემ ეგვიპტიოსს ასეთი სიტყვა ჰკადრა: - ტკბილო მოხუცო! მე ვარ ის კაცი, აქ რომ შეგყარეთ. დიდმა მწუხარებამ მომიყვანა აქ. თავდასხმისა არაფერი მსმენია და არც საერო საქმის გამო გეტყვით რასმე. ამჯერად ჩემს სახლში დატრიალებულ უკუღმართობაზე მინდა გელაპარაკოთ. ორი რამ მიკლავს გულს: ერთი ის, რომ დაიღუპა მამაჩემი, თქვენი ბასილევსი, რომელსაც შვილებივით უყვარდით. სხვა, უფრო დიდი უბედობაც მახლავს: საცაა გაპარტახდება ჩვენი სახლი და განქარდება ქველი ოდისევსის მონაგარი. დედაჩემს უტიფრად შემოადგნენ აბეზარი სასიძოები, აქ შეკრებილ წარჩინებულთა ძვირფასი ძენი. ისინი იკარიოსთან მისვლას ვერ ბედავენ, რომ მან წესისამებრ მზითევით გამოათხოვოს თავისი ასული და იმ კაცზე დააქორწინოს, ვისაც ღირსად მიიჩნევს. თვითონ კი ყოველდღე ჩვენთან აღამებენ, დაუზოგავად ანადგურებენ ხარებს, ცხვარსა და ნასუქალ თხებს. საუკეთესო ღვინოს მიირთმევენ და უზრუნველ ქეიფში ატარებენ დროს. ასე ჩანაგდება ყველაფერი, რადგან სახლ-კარს არ ჰპატრონობს ოდისევსის ბადალი კაცი, რომელიც შეძლებდა მათი თავგასულობის აღკვეთას. ჩვენ კი, უმწეონი, ამას ვერ შევძლებთ, ვერც ახლა და ვერც მომავალში. ძალა რომ მქონდეს, თვითონ დავიცავდი ჩემს სახლს. მოთმინების ფიალა ამევსო უკვე! თქვენი თავისა თუ არა გრცხვენიათ, უცხო ხალხისა მაინც შეგრცხვეთ, ჩვენს ახლომახლო კუნძულებზე რომ სახლობენ! ნუთუ არ გაშინებთ ღმერთების რისხვა? იცოდეთ, ამ უსამართლობის წილ ღმერთები სამაგიეროს მოგიზღავენ! ოლიმპოელ ზევსსა და კაცთა შორის მართლის გამკითხველ თემიდას გაფიცებთ, დამეხსნათ და მწუხარე მარტო დამტოვოთ ჩემსავე სახლში. იქნებ რაიმე დაუშავა მამაჩემმა რვალისსაბარკულიან აქაველებს და ამის გამო ბოროტად მიხდით სამაგიეროს და სასიძოებს მისევთ? მიჯობდა თქვენ შეგეჭამათ ჩემი საფასე და საქონელი, - იქნებ უკანვე დამებრუნებინა ოდესმე. მახვეწარი კარდაკარ ვივლიდი, ვიდრე არ გაზღვევინებდით დაკარგულს. აწ კი უკურნებელი ჭირი შემყრია თქვენგან!
ეს თქვა განრისხებულმა და კვერთხი მიწაზე დაანარცხა, თვალებიდან ცრემლები წასკდა. გარინდებული ხალხი თანაგრძნობით შეჰყურებდა ტელემაქეს. ვერავინ ბედავდა მკაცრი სიტყვით შეპასუხებოდა მას. ბოლოს ანტინოემ დაარღვია სიჩუმე: - ეს რა თქვი ტელემაქე? დაუოკებელი გულისწყრომით რას გვექადი, რატომ გვათრევ და გვაგინებ? რა დაგიშავეთ აქაველმა სასიძოებმა? დედაშენს მოჰკითხე ყველაფერი. სამი წელი მიიყარა უკვე და აჰა, მეოთხე დადგა მას შემდეგ, რაც ცრუ დაპირებით მოგვაღორა. თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე გვიგზავნიდა შუამავლებს, ხოლო გულში სხვა რამ ედო. მერე ამასაც არ დასჯერდა, ვერაგული ეშმაკობა მოიგონა ასეთი: დარბაზში ბეჭსახეხელი ააგრიალა, უგრძესი ქსელის ბეჭვა დაიწყო და ასე დაგვაიმედა: ჭაბუკნო, თუმცა ამქვეყნად აღარაა ოდისევსი, ქორწილს ჯერხნობით ნუ გავმართავთ, ვიდრე გმირ ლაერტეს თეთრ სუდარას არ მოვუქსოვ იმ დღისათვის, როცა დამღუპველი მოირები სამუდამო ძილით დააძინებენ. არ მინდა გამკიცხონ აქაველმა დიაცებმა, უსუდაროდ როგორ უწევსო ეს დოვლათიანი კაცი. ასე გვითხრა და ჩვენც დავენდეთ მის სიტყვას. დღისით, ჩვენ თვალწინ ბეჭავდა ამ დაუსრულებელ ქსელს, რათა ღამით მაშხალების შუქზე ჩვენს უჩუმრად დაერღვია. ასე თვალთმაქცობდა მთელი სამი წელიწადი, მოცდუნებული ვყავდით, სანამ ერთმა მხევალმა არ გაამხილა და თავზე არ წავადექით. მაშინ კი სხვა გზა აღარ ჰქონდა: უნდა დაესრულებინა ქსოვა. ასეთია ჩვენი პასუხი. დაე, შენც იცოდე ეს და ყველა აქაველმა. ახლა კი მამამისთან გაგზავნე და ურჩიე, იმას გაჰყვეს, ვისაც იკარიოსი მოინებებს და თვითონაც მოიწონებს. ხოლო ვიდრემდის ასე გვაწვალებს, არ მოვეშვებით შენი დოვლათის ჭამას. თავი ანებოს თვალთმაქცობას! არა მარტო ხელსაქმეშია იგი სწორუპოვარი, - მახვილი ჭკუა და გამჭრიახობა მოუმადლებია მისთვის ათინას. თმამშვენიერ აქაველ დიაცთა შორის ძველ დროში სახელგანთქმული ტირო, ალკმენე და მიკენეც ვერ შეედრებიან პენელოპეს ცბიერებით. აწ კი ფუჭია მისი განზრახვა, ღმერთებს რომ შთაუგონებიათ მისთვის. იქნებ ამ თვალთმაქცობამ დიდებაც კი მოუტანოს, მაგრამ შენი საბადებელი ხომ მსხვერპლად შეეწირება ამას? ჩვენ არ შევეშვებით ჩვენს საქმეს, არც სხვაგან წავალთ, ვიდრე პენელოპე მისგანვე არჩეულ რომელიმე აქაველს ცოლად არ გაჰყვება.
ასე მიუგო მას კეთილგონიერმა ტელემაქემ: - ანტინოე, სახლიდან ვერ გავაძევებ იმას, ვინც მშობა და გამზარდა. მამაჩემი არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი - უცხო ქვეყნადაა. უკეთუ დედაჩემს იძულებით გავისტუმრებ მამისეულ სახლში, იკარიოსისთვის დედაჩემის კუთვნილი ქონების უკანვე დაბრუნება მომიწევს. ორმაგ ბოროტებას მოვიმკი ამით: ერთი, რომ იკარიოსის გამო ღვთის რისხვა დამატყდება თავზე და მეორეც, დედაჩემი მძვინვარე ერინიებს[23] მომისევს. სხვებიც დამძრახავენ: ამიტომ არ ვიქმ ამ საქმეს. თუკი ღირსების ნატამალი შეგრჩენიათ, დამანებეთ ჩემი სახლი. ვისაც ნადიმობა სურს, დე, თავისი ხარჯით ინადიმოს, ან სხვა მასპინძელი მონახოს ვინმე. რაკიღა მრავალნი ერთი კაცის ქონების ჭამას კადრულობთ, ჭამეთ, მაგრამ გახსოვდეთ, უკვდავ ღმერთებს მოვუხმობ თქვენზე, ვინძლო ზევსმა იძიოს შური და თქვენგან გაჩანაგებულ სახლში სისხლის აუღებლად ამოგხოცოთ.
ეს თქვა და შორს მაცქერალმა ზევსმა ორი არწივი ააფრინა მთის მწვერვალიდან. დაწყვილებულნი ერთხანს ქარის დინებას მიჰყვებოდნენ. ახმაურებული საფიხვნოს თავს რომ გაუსწორდნენ, ფრთების ძლიერი ფრაშფრაშით ირაო შეკრეს. დაღუპვის მომასწავებელი მზერით დასცქეროდნენ შეკრებილთ. ანაზდად, თავ-კისერი დაუკორტნეს ერთმანეთს. შემდეგ აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი და ითაკელთა სახლებს თავზე გადაუქროლეს.
გაკვირვებულებმა თვალი გააყოლეს ფრთოსნებს. ვერ აეხსნათ, რას მოასწავებდა არწივების გამოჩენა.
პირველად სიტყვა მასტორის ძემ დაძრა, მოხუცმა ჰალითერსემ. თანამოასაკეთა შორის მხოლოდ ის გამოირჩეოდა ფრინველთმკითხაობითა და ბედისწერის ნიშანთა გამოცნობით. კეთილად მრჩეველმა ასე მიმართა საფიხვნოში თავშეყრილთ: - მომისმინეთ, ითაკელნო, სასიძოების საგულისხმოდ ვამბობ ამ სიტყვას. დიდი ხიფათი ემუქრება მათ. სამშობლოდან შორს აღარ უნდა იყოს ოდისევსი. სადმე ახლოს ალბათ უკვე სიკვდილს უმზადებს სასიძოებს და არა მარტო მათ, - შორითსაჩინარი ითაკის ბევრ მკვიდრსაც დაადგება შავი დღე. დაუყოვნებლივ რაიმე უნდა ვიღონოთ სასიძოების მოსათოკად, თუმცა აჯობებდა, ჭკუა ეხმარათ და თვითონვე დაშოშმინებულიყვნენ. არ იფიქროთ, უმეცრად ვწინასწარმეტყველებდე, - სასწაულთა ამოხსნაში გაწაფული ვარ. გაიხსენეთ, რა ვუთხარი ოდისევსს, როცა არგოსელებთან ერთად ილიონს მიემგზავრებოდა! მე მაშინვე ვუწინასწარმეტყველე, რომ დიდ განსაცდელს გადაიტანდა, თანამგზავრებს დაკარგავდა გზაში და ოცი წლის შემდეგ ყველასაგან უცნობი დაუბრუნდებოდა სახლს. და აჰა, მოიწია აღსრულების ჟამი!
ჰალითერსეს ასეთი სიტყვა უთხრა ევრიმაქემ, პოლიბოსის ძემ: - ჰეი, ბერიკაცო, გირჩევ სახლში უმკითხაო შენს ბალღებს, რომ ფათერაკს რასმე არ გადააწყდნენ! აქ შენზე უკეთ მე ვიწინასწარმეტყველებ. ფრინველი ბევრი ბოინობს ცის ქვეშ, მაგრამ განა ყველა განგების ნების მანიშნებელია? ოდისევსი შორეულ მხარეს დაიღუპა და სჯობდა შენც მის კვალს მიჰყოლოდი, ნაცვლად იმისა, რომ ფუჭი წინასწარმეტყველებით ჩვენზე აქეზებდე ისედაც გაგულისებულ ტელემაქეს. ხომ არა გგონია, უხვი საჩუქრებით აგივსებს სახლს? გეტყვი და კიდევაც აგიხდება ეს ჩემი სიტყვა: უკეთუ ამ ჭაბუკს სიბერისაგან მოხვეჭილი ცოდნით ჩვენს წინააღმდეგ აამხედრებ, მისთვისვე იქნება უარესი. სულერთია, ვერაფერში წაადგება შენი რჩევა, მაინც ვერაფერს იღონისძიებს. იცოდე კია, ბერიკაცო, არც შენ დაგადგება კარგი დღე! ხოლო მე, ჩემდათავად, ასეთ რამეს ვურჩევ ტელემაქეს: დედა მამისეულ სახლში გაგზავნოს, იქ შინაურებმა საქორწილოდ მოამზადონ და ძვირფასი ასულისათვის შესაფერისი მზითევი გამოატანონ. თუ არა და აქაველთა ძენი არ მოეშვებიან ამ სახლს. ჩვენ არავისი გვეშინია, მით უმეტეს, ტელემაქესი, თუნდაც რომ ბევრს დიდსიტყვაობდეს. არც შენი ფუჭი წინასწარმეტყველება დაგვაშინებს. თავს ნუღარ გვაბეზრებ! იცოდეს ყველამ, საზღაურის მიუგებლად კვლავაც განადგურდება ტელემაქეს ქონება, სანამ პენელოპეს გაცურებული ვეყოლებით, სანამ არ დანიშნავს ქორწინების დღეს. ჩვენ რა ხანია ღირსეულად ვეტოქებით ერთმანეთს და გული არ მიგვდის სხვა სასძლოებზე!
ასე მიუგო მას კეთილგონიერმა ტელემაქემ: - ჰე, ევრიმაქე, კეთილშობილო თანამოყმენო! მეტს არაფერს გეტყვით ამაზე და აღარც შეგეხვეწებით, რაკი ჩემი სათხოვარი უკვე უწყიან ღმერთებმაც და აქაველებმაც. ერთსა გთხოვთ მხოლოდ: მომეცით სწრაფმავალი ხომალდი და თან გამატანეთ ოცი ნიჩბოსანი, დაკარგული მამის ამბის გასაგებად სპარტასა და ქვიშიან პილოსს მინდა გავემართო, იქნებ მოკვდავთაგანმა ვინმემ მამცნოს ან თვითონ ზევსმა მანიშნოს რამე. თუ გავიგე, რომ ცოცხალია მამაჩემი და შინ დაბრუნებას აპირებს, მაშინ ერთ წელიწადს მოთმინებით დაველოდები, თუნდაც გული მომიშხამოს ამ მოლოდინმა. ხოლო უკეთუ მის სიკვდილს შევიტყობ, დაუყოვნებლივ მოვაშურებ მამულს, სამახსოვრო ბორცვს აღვუმართავ მამაჩემს და საკადრის ქელეხს გადავუხდი, დედაჩემს კი დავაქორწინებ.
თქვა ეს და დაჯდა. მაშინ სიტყვის სათქმელად წამოდგა მენტორი, ჭირნახული ოდისევსის ძველი მეგობარი, რომელსაც მან გამგზავრებისას სახლის პატრონობა ანდო: - ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვას, ითაკელნო! ამიერიდან აღარ გეღირსებათ ბასილევსად ლმობიერი და გულმოწყალე კვერთხისმპყრობელი, არამედ გულსასტიკი და უსამართლო, რადგან დაივიწყეთ თქვენთვის მამობრივად მზრუნველი ღვთაებრივი ოდისევსი! არ ვისურვებდი ამპარტავანი სასიძოების ბედს, თავზე ხელაღებულნი რომ აჩანაგებენ ოდისევსის სახლს, რაკი ფიქრობენ, აღარასოდეს დაბრუნდებაო. თქვენ კი გრცხვენოდეთ, სასიძოებზე სიმრავლით აღმატებულნო, დამუნჯებულნი რომ სხედხართ და სიტყვაც ვერ დაგიძრავთ მათ გასამტყუნებლად!
ასე უპასუხა მას ლეოკრიტემ, ევენორის ძემ: ეს რა თქვი, მენტორ! ჭკუას გადამცდარხარ, ჩვენზე თუ ამხედრებ ხალხს! მათი სიმრავლე ჩვენ გულს ვერ შეგვიკრთობს, ჩვენი მორევნა მრავალთაც გაუჭირდებათ. თვითონ ოდისევს ითაკელიც რომ დაბრუნდეს და წარჩინებული სასიძოების სახლიდან განდევნა განიზრახოს, ვეჭვ, ოდისევსის დაბრუნებამ გაახაროს მის ნახვას დანატრებული პენელოპე, რადგან შინმოქცეულს ჩვენგან სიკვდილი არ ასცდებოდა. ვერ გვითხარი, მენტორ, გზიანი სიტყვა! ახლა კი დავიშალოთ, ხალხნო, ჩვენ-ჩვენ საქმეს მივხედოთ! დაე, მენტორმა და ჰალითერსემ სამგზავროდ მოამზადონ ტელემაქე, - ისინი ხომ მამამისის ძველი მეგობრები არიან! თუმცა ტელემაქე კიდევ დიდხანს დაყოვნდება ითაკაში. ამბის გამოკითხვას მოუნდება, გზას კი ვერასოდეს დაადგება, მე მგონი!
ასე თქვა და ხალხიც დაიშალა. სასიძოები ოდისევსის სახლისაკენ გაემართნენ, ხოლო ტელემაქემ ზღვის ნაპირისაკენ გასწია, ხელები ზღვის მლაშე ტალღაში განიბანა და ათინას შეევედრა: - შეისმინე ჩემი ვედრება, ქალღმერთო! გუშინ მეწვიე და მიბრძანე ნისლიან ზღვაზე ხომალდით გავმგზავრებულიყავ, რომ დაკარგული მამის ამბავი გამეგო, მაგრამ აქაველნი ხელს მიშლიან, მეტადრე კი გულბოროტი სასიძოები.
ასე ევედრებოდა ღვთაებას, ვიდრე მის გვერდით მენტორის სახით გამოცხადებული ათინა ფრთიანი სიტყვით არ შეეხმაურა: - ო, ტელემაქე, აწ უკვე არასოდეს შეირაცხები მხდალად და უგუნურად, რაკი მამაშენის ძლიერი სული თან დაგყოლია. მამრსანახავი იყო იგი სიტყვით და საქმით! ფუჭად არ ჩაგივლის მგზავრობა და არც გზა-კვალი აგებნევა. პენელოპეს ოდისევსის მემკვიდრედ რომ არ გაეჩინე, ვეჭვ, ბოლომდე მიგეყვანა საქმე, თუმცა მცირედნი ემსგავსებიან მამათ, უმცირესნი აღემატებიან, ხოლო უმრავლესნი ვერ უსწორდებიან მათ სიქველით... ნებას მიუშვი დამთხვეული სასიძოები, გონებადაბნეულნი და უსამართლონი ვერც კი ხვდებიან, რომ შავი დღე მოელით, რომ დაღუპვის ჟამი დღითი დღე უახლოვდებათ. შენ ნურა გადარდებს, გზა არ დაგიბრკოლდება; მე - მამაშენის ძველი მეგობარი, სწრაფმავალ ხომალდს გაგიმზადებ და თანვე წამოგყვები. ახლა შინ წადი, სასიძოებს ნუ განერიდები, ხომალდისთვის საგზალი მოიმარაგე: ქოცოები ღვინით აავსებინე, ხოლო ტყავის მაგარი ვაშკარანები ფქვილით - კაცთა მაცოცხლებელი საზრდოთი დაატენინე. მე კი ნაოსნებს დავძებნი. ძველი და ახალი ხომალდი ბევრია ზღვით გარემოცულ ითაკაზე. მათგან საუკეთესოს შევარჩევ, საჩქაროდ აღვკაზმავ და უკიდეგანო ზღვაში შევაცურებ.
ასე ბრძანა ათინამ, ზევსის ასულმა. ტელემაქესაც აღარ დაუყოვნებია. რა მოისმინა ქალღმერთის ნაუბარი, ფიცხლად გაემართა სახლისაკენ. ეზოში თავგასული სასიძოები ტრიალებდნენ: ზოგი თიკანს ატყავებდა, ზოგიც ბურვაკებს ტრუსავდა. ეზოში შემოსულ ტელემაქეს ანტინოე შეეგება, ხელი ჩასჭიდა და სიცილით უთხრა: - ო-ო, ტელემაქე, დაუოკებელო მჭევრმეტყველო, ამოიგდე გულიდან ღვარძლი და ბოღმა. ძველებურად დაჯექი ჩვენთან, სვი და ჭამე. რაც შეეხება ხომალდს და რჩეულ ნიჩბოსნებს, აქაველები ყველაფერს მოგიხერხებენ. დაუბრკოლებლივ გაეშურები ღვთაებრივ პილოსში სახელგანთქმული მამის ამბის შესატყობად.
ასე უპასუხა ანტინოეს გონიერმა ტელემაქემ: - არა, ანტინოე! აღარ დავჯდები მე თქვენთან სანადიმოდ, თქვენი ქედმაღლობის ატანა აღარ შემიძლია. განა არ კმარა, რაც გამინიავეთ ქონება? მაშინ ბალღი ვიყავი, ახლა კი დავვაჟკაცდი და ძალგულოვნება შემემატა. გარდა ამისა, სხვების ნაუბარიც მოვისმინე და ბევრი რამ გავიგე. ამიერიდან, სულერთია, - პილოსში წავალ თუ აქ დავრჩები, - სიკვდილის სულებს მოვუხმობ თქვენზე! მე წავალ, თუნდაც სხვის ხომალდს ავემგზავრო. იმედი მაქვს, ამ გზას ამაოდ არ გავივლი. აკი ეცადეთ ჩემთვის ხომალდი არ მოგეცათ!
ასე თქვა და მოლიზღარ ანტინოეს ფიცხლად აუკრა ხელი.
სასიძოები ნადიმისთვის სამზადისს შესდგომოდნენ. ისინი დამცინავი სიტყვით კენწლავდნენ ტელემაქეს. ერთი თავგასული სასიძო ასე ენაკვიმატობდა: - უეჭველია, სიკვდილს გვიმზადებს ტელემაქე. ქვიშიანი პილოსიდან და სპარტიდან ალბათ მშველელები უნდა წამოასხას... ან იქნებ ეფირის ნაყოფიერი მინდვრებიდან შხამიანი ბალახების წამოღება სურს, რათა საწამლავი ლაგვინებში ჩაგვიყაროს და ერთიანად გაგვჟუჟოს.
მეორემ ასე თქვა: - ვინ იცის, იქნება ღრმა ხომალდით გამგზავრებულს გზა-კვალი აერიოს და მახლობელთაგან სადმე შორს ოდისევსივით დაიღუპოს. თუმცა ეს დიდ დავიდარაბაში ჩაგვაგდებს, - ქონება გასაყოფი გვექნება, სახლს კი დედამისსა და მის რჩეულს გადავულოცავთ.
ასე ილესავდნენ ენებს.
ამასობაში ტელემაქემ მამისეულ სალაროს მიაშურა, სადაც ოქრო და ბრინჯაო იყო დახვავებული. სკივრებში მრავლად ეწყო ლარი და სამოსელი, უხვად ინახებოდა კეთილსურნელოვანი ზეთი; კედელთან ჩამწკრივებული ქვევრები სავსე იყო ძველი, სურნელოვანი, ღვთაებრივი ღვინით. ბევრი ჭირის გარდამხდელი ოდისევსისთვის იყო გადანახული ეს ღვინო. სალაროში შესასვლელი კარის ორივე მისაგდებელი მჭიდროდ იხურებოდა. გამჭრიახი მეკუჭნავე ევრიკლეა დღისითა და ღამით სდარაჯობდა მთელ ამ ქონებას. ტელემაქემ სალაროდან გამოიხმო დედაბერი და უთხრა: - ჩემო გადია, ქოცოები იმ ტკბილი ღვინით ამივსე, სვეუბედური კაცისთვის რომ გაქვს გადანახული. ნეტამც დაბრუნდეს სიკვდილსა და ბედისწერას გადარჩენილი ზევსის ნაშიერი ოდისევსი! თორმეტი ქოცო ამივსე და თავი მაგრად მოუკუპრე. ოცი კოდი წმინდად დაფქული ქერით დამიტენე ვაშკარანები. ნურავის გაუმხელ ამ ამბავს, ყველაფერი ეს მოამზადე და ერთად დამახვედრე. საღამოს, როგორც კი დედაჩემი სანთიობოში ავა, მე თვითონ შემოვივლი და წავიღებ: სპარტასა და ქვიშიან პილოსს მივეშურები, ვინძლო ძვირფასი მამის დაბრუნებისა შევიტყო რამე. ამის გამგონე ევრიკლეას ტირილი აუვარდა: - ტელემაქე, შვილო, ჩემო ერთადერთო ნუგეშო, ეს რა ფიქრი ჩაგვარდნია გულში? საით გინდა გასწიო, ცხრა მთას იქით სად იკარგები? ღვთისნასახი ოდისევსივით სამშობლოდან შორს, უცხოეთში გინდა დალიო სული? შენს აქ არყოფნაში გულბოროტი სასიძოები ქონებას საბოლოოდ გაგინიავებენ. შინ დარჩი, საბადებელს მიხედე; უნაყოფო ზღვაზე ფათერაკსა და განსაცდელს გადაეყრები, - რა ძალა გადგას?
საყვარელ გადიას ასე უპასუხა გონიერმა ტელემაქემ: - ნურას ინაღვლებ, ჩემო კეთილო, ღვთის ხელი ურევია ამ საქმეში! შემომფიცე, რომ ათი-თორმეტი დღე არაფერს გაუმხელ დედაჩემს, სანამ არ მოვენატრები და თვითონ არ მოიკითხავს ჩემს ამბავს. არ მინდა მშვენიერი პირისკანი ცრემლებმა დაუღაროს.
ღმერთების საშინელი ფიცით შეჰფიცა ევრიკლეამ და რა გაასრულა ფიცის თქმა, დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს. ქოცოები ღვინით აავსო, ტყავის მაგარი ვაშკარანები ფქვილით დატენა. ტელემაქემ კი სასიძოებს მიაშურა.
მაშინ თვალსხივოსანმა ათინამ ასეთი რამ განიზრახა: ტელემაქეს სახე მიიღო, მთელი ქალაქი შემოირბინა და კაცად კაცს შთააგონებდა, საღამოჟამს სწრაფმავალ ხომალდთან შეკრებილიყვნენ. ხოლო შემდგომ ნოემონს, ფრონიოსის სახელოვან ძეს უბრძანა, მოეცა ხომალდი, რასაც ნოემონი ხალისით დაჰპირდა.
ამასობაში მზე ჩაესვენა და გზებზე ხშირბინდი ჩამოწვა. სწრაფმავალი ხომალდი ზღვაში შეათრიეს და საზღვაო აღკაზმულობით დატვირთეს. ქალღმერთმა გაშლილ ზღვასთან ახლოს, კონცხთან დააყენა ხომალდი, ხოლო ირგვლივ შემოკრებილ თანამგზავრებს მხნეობა შეჰმატა.
შემდეგ ასეთი რამე იზრახა თვალსხივოსანმა ათინამ: სწრაფად გაემართა ღვთაებრივი ოდისევსის სახლში, მონადიმე სასიძოებს თვლემა მოჰგვარა და ხელიდან ღვინის თასები გააგდებინა. სუფრასთან ჯდომა მათ აღარ შეეძლოთ, - წამწამები რულით დამძიმებოდათ. აიშალნენ და დასაძინებლად წავიდ-წამოვიდნენ. ქალღმერთმა დარბაზიდან გამოიხმო ტელემაქე, მენტორის სახით დაუხვდა და მისივე ხმით შეესიტყვა: - თანამგზავრები ნიჩბებს მისხდომიან უკვე და შენ გელიან. მაშ, წავიდეთ, ნუღა დავაყოვნებთ, - ეს თქვა ათინა პალასმა და წინ გაუძღვა ტელემაქეს. მალე ზღვის ნაპირზე გავიდნენ. ხომალდთან ხშირთმიანი აქაველები შეკრებილიყვნენ. მაშინ ტელემაქეს წმინდა ძალმა[24] ასე მოუწოდა მათ: - მახლობელნო, საგზალი ხომალდზე ამოვზიდოთ. სახლში უკვე ყველაფერი მზადაა, თუმცა არც დედაჩემმა და არც მსახურმა ქალებმა, ერთი მეკუჭნავის გარდა, არაფერი იციან.
თქვა რა ეს, ტელემაქე წინ წაუძღვა თანამგზავრებს. ტვირთი, ოდისევსის ძვირფასი შვილის ბრძანებისამებრ, ერდომშვენიერ ხომალდზე დააბინავეს. ტელემაქე ათინას ფეხდაფეხ აჰყვა კიჩოზე. თანამგზავრებმა ხომალდი აუშვეს და ნიჩბებს მიუსხდნენ. ქალღმერთმა ღვინისფერ ზღვაზე მქროლავი ჭალიკონი[25] მიაშველა მათ. ტელემაქემ გაამხნევა ნიჩბოსნები და უბრძანა, სამგზავროდ გაემზადებინათ ხომალდი. ისინი ხალისით დაემორჩილნენ ბრძანებას: ნაძვის ხის ანძა ბუდეში ჩასვეს და ბაგირით დაამაგრეს. იალქანი ხარის მაგარი ტყავისაგან დაგრეხილი ღვედებით დაჭიმეს. ზურგის ქარმა დაჰბერა და მეწამული ტალღები შავი ხომალდის ქვეშ ძალუმად ახმაურდა. მგზავრებმა პირთამდე სავსე ლაგვინებიდან უკვდავ და მარადიულ ღმერთებს სამსხვერპლო ღვინო დაუღვარეს, უწინარეს ყოვლისა კი ზევსის თვალსხივოსან ასულს. მთელი ღამე, განთიადამდე, ასე მიაპობდა ხომალდი ტალღებს.
III. სტუმრობა ნესტორთან
დიდმშვენიერი ზღვის სიღრმეებიდან ცარვალზე[26] ამობრწყინდა მზე-ჰელიოსი და სინათლე მოჰფინა ოლიმპოს უკვდავ ღმერთებსა და ნაყოფიერი დედამიწის მკვიდრთ. სწორედ ამ დროს მიადგნენ მოგზაურები პილოსს, ნელევსის კეთილნაგებ ქალაქს. იქ, ზღვის პირას, პილოსელები შავ ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად შავკულულებიან პოსეიდონს. ცხრარიგად დადგმულ სუფრაზე ხუთას-ხუთასი კაცი იჯდა, თითოეულ რიგს წინ ედო ცხრა დაკლული ხარი, რომელთა გულ-ღვიძლს შემწირველნი თვითონვე ჭამდნენ, ხოლო მსუქან ბარკლებს ღმერთს უწვავდნენ. მგზავრებმა იალქანი შეხსნეს ხომალდს და ნაპირზე შეაყენეს. ხომალდიდან ჯერ ათინა გადმოვიდა. მას ტელემაქე მიჰყვა. თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ასე დაარიგა ჭაბუკი: - ამიერიდან ყმაწვილური თავმოდრეკილობა აღარ გმართებს, ტელემაქე! აკი იმისთვის გადმოვცურეთ უნაყოფო ზღვა, რომ შეგვეტყო, სად წაეფარა მიწა და რა ბედი ეწია მამაშენს. თამამად მიეახლე ცხენთამხედნელ ნესტორს, შეევედრე, ყოველივე წვრილად გიამბოს. ტყუილს არ გეტყვის, კეთილგონიერი კაცია ნესტორი.
- როგორ მივეახლო ნესტორს, - შეცბა ტელემაქე, - როგორ დავუწყო საუბარი? მჭევრმეტყველებაში ჯერეთ უწვრთნელი ვარ, მერიდება! პირველი სიტყვა როგორ ვკადრო უმცროსმან უფროსს?
- ბევრ რამეს შენ თვითონ მიხვდები, ტელემაქე! - უპასუხა თვალსხივოსანმა ათინამ, - ბევრშიც დაიმონი[27] შემოგეშველება. განა ღმერთების ნებითა და თნევით არა ხარ შობილი და აღზრდილი?
ეს უთხრა და სწრაფად გაემართა ათინა, ტელემაქე კვალდაკვალ მიჰყვა. მალე მიადგნენ პილოსელთა შესაკრებ ადგილს. იქ შვილებთან ერთად მერხზე იჯდა მოხუცი ნესტორი. იქვე ტრიალებდნენ მონადიმენი: ზოგი შამფურზე აგებდა ხორცს, ზოგიც მწვადებს წვავდა. უცხო სტუმრები რომ შენიშნეს, წამოიშალნენ, ხელის აწევით მიესალმნენ და სუფრაზე მიიწვიეს. პირველად ნესტორის უმრწემესი ძე, პიზისტრატე მიეგება მოსულთ, ხელი მოჰკიდა და ქვიშიან ნაპირზე დაფენილ რბილ ტყავებზე, მამასა და უფროს ძმას, თრასიმედეს შორის დასხა. შემწვარი გულ-ღვიძლი მიაწოდა ზევსის ასულს, ღვინით აუვსო ოქროს ბარძიმი და ასე მიმართა: - ძვირფასო სტუმარო! რაკი პოსეიდონის სამსხვერპლო ნადიმზე შემოგვესწარით, მადლი შესწირეთ მიწისმრყეველს. ჯერ შენ დაღვარე ზედაშე, წესისამებრ შეევედრე ზღვათა მეუფეს, ხოლო მერე ტკბილი ღვინით სავსე ბარძიმი შენს თანამგზავრს გადაეცი. დაე, მანაც აღასრულოს წესი, რადგან ღმერთების შეწევნის გარეშე ჩვენ, კაცნი, უმწეონი ვართ. შენზე უმცროსია იგი, ჩემი კბილა ჩანს, ამიტომაც ამ ბარძიმს ჯერ შენ გთავაზობ.
ეს თქვა და ზედაშით სავსე ბარძიმი სტუმარს გადასცა. ეამა ათინას ამ ზრდილი ყმაწვილის საქციელი, პირველად მას რომ მიაწოდა ოქროს ბარძიმი. გულმდუღარედ შეევედრა იგი შავკულულებიან ღმერთს: - შეისმინე ჩემი მუდარა, პოსეიდონ! ნუ უკუაგდებ ჩვენს ვედრებას, გულის წადილი აგვისრულე! დღეგრძელი ჰყავ ნესტორი და მისი ვაჟები, წყალობა მიაგე ყველა პილოსელს ამ დიდებული ჰეკატომბისთვის. ხოლო მე და ტელემაქეს შეგვეწიე, რომ კეთილად მოვიგვაროთ საქმე, რისთვისაც შავჭვინტიანი ხომალდით ჩამოვედით აქ.
ასე ილოცა, წესი აღასრულა და ორძირიანი ოქროს ბარძიმი ტელემაქეს გადასცა. ოდისევსის ძვირფასმა ძემაც იგივე გაიმეორა. პილოსელებმა სუკის წილობები[28] ჩამოარიგეს და პურობას შეუდგნენ. სმა-ჭამით გული რა იჯერეს, ასე ბრძანა გერენიელმა მხედარმა[29] ნესტორმა: - ახლა კი დროა, ჩვენი სტუმრების ვინაობა შევიტყოთ. სადაურნი ხართ, საიდან მოჰყავხართ ღვინისფერ გზას? სასიკეთო რამ საქმე გაქვთ თუ იმ მეკობრეთა მსგავსად დაეხეტებით, თვითონაც ხიფათში რომ იგდებენ თავს და სხვებისთვისაც უბედურება მოაქვთ?
გონიერმა ტელემაქემ თამამად მიუგო ბერიკაცს. სითამამე ათინამ შთაუნერგა გულში, რომ დაკარგული მამის ამბავი გულდაგულ გამოეკითხა და სახელოვან კაცთა შორის თავი გამოეჩინა: - ჰე, ნესტორ, აქაველთა სიქადულო! გვეკითხები, ვინ ხართ, საიდანა ხართო. გეტყვი: ნეიონის მთის ძირას შეფენილი ითაკიდან ვართ. იქიდან მოვდივართ. საერო საქმეზე არ გაწუხებთ, კერძო რამ გაგვჭირვებია. მამაჩემის, კეთილშობილი და შეუპოვარი ოდისევსის ამბის შესატყობად ჩამოვედი. გამიგონია, ერთად გიბრძოლიათ ღვთაებრივი ილიონის დასამხობად. სხვა მეომართა ბედისა ბევრი გვსმენია: ვიცით, ვის სად ეწია სასტიკი სიკვდილი, მხოლოდ ოდისევსის ხვედრი დაუმალავს ჩვენთვის კრონიონს. ვერავინ იტყვის ცხადად, სად ნახა აღსასრული მამაჩემმა. უცხო თესლისგან მოიკლა ხმელეთზე თუ ამფიტრიტეს ტალღებში[30] შთაინთქა. გევედრები, არ დამიმალო და უკეთუ მისებრ გზადაკარგულისგან გსმენია ან თვალით გინახავს, მიამბე მამაჩემის მწარე აღსასრულის ამბავი. უბედურ დღეზე გაუჩენია იგი დედამისს! ნუ შემიბრალებ და თნევითაც ნურას მეტყვი. გულახდილად მითხარი ყველაფერი, რაც გინახავს და გაგიგონია. და თუ ოდესმე ქველი ოდისევსი სიტყვით ან საქმით შემოგშველებია ტროაში, სადაც მრავალი ჭირი გარდახდათ აქაველებს, ახლა გაიხსენე და დაუფარავად მაუწყე ყოველი.
ასე მიუგო ტელემაქეს გერენიელმა მხედარმა ნესტორმა: - ძვირფასო ყრმაო, ძველი ტკივილები ამიშალე და ის დღეები მომაგონე, როცა აქილევსის წინამძღოლობით საშოვარზე წასულ აქაველ გმირებს ჯერ ნისლიან ზღვაში, მერე კი პრიამოსის ციხექალაქის კედლებთან დიდი ჭირი დაგვატეხეს ღმერთებმა. იქ დაიხოცნენ აქაველთაგან უკეთესნი. იქ დაეცა ძალგულოვანი აიანტი, მძლეთამძლე აქილევსი და ღმერთების შესაგვანი პატროკლე. იქვე დაეცა ჩემი საყვარელი ძე, სახელოვანი ანტილოქე, ფეხმარდი მოასპარეზე და უებრო მეომარი. ბევრი სხვა ჭირიც დაგვატყდა თავს, მოკვდავთაგანი ვინ მოთვლის ყოველივეს!
ხუთი ან ექვსი წელიც რომ გიყვებოდე აქაველთა თავგადასავალს, სრულად მაინც ვერ შეიტყობდი მათ ამბავს და გულგაწვრილებული უკანვე გაბრუნდებოდი. სრული ცხრა წელიწადი ვცდილობდით ილიონის დამხობას. თავად კრონიონმაც ძლივს მოუღო მას ბოლო. იცოდე, ტროაში ვერავინ შეედრებოდა ოდისევსს მოხერხებითა და მორკინალთა ხელოვნებით. ყველას აღემატებოდა მამაშენი, უკეთუ ჭეშმარიტს ამბობ და მართლა მამაშენია იგი! გაოცება კი მიპყრობს, ისე მაგონებ ლაპარაკით ოდისევსს. ვერც კი ვიფიქრებდი, თუ უწვერული ჭაბუკი ეგზომ გაწაფული იქნებოდი მჭევრმეტყველებაში. მე და ღვთაებრივი ოდისევსი თათბირებზე და უხუცესთა საბჭოში მუდამ ერთმანეთს ვუჭერდით მხარს. ჩვენი რჩევა არგოსელთათვის მუდამ სასიკეთო იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც დავაქციეთ პრიამოსის დიდებული ქალაქი და გამომგზავრებულნი, ღვთის ნებით, ზღვაზე დავიქსაქსენით, ზევსმა არგოსელთა შინ არდაბრუნება განიზრახა. სიმართლე და გონიერება აღარ ახლდათ და მწარე ხვედრი მიითვალეს აკი!
განრისხდა თვალსხივოსანი ქალღმერთი, მძლევარის ასული, და აქაველთა შორის შუღლი ჩამოაგდო. ერისმთავრებმა უდროო დროს, მზის ჩასვლამდე შეჰყარეს სათათბიროდ აქაველნი. ღვინით დამძიმებულნი გამოცხადდნენ ისინი საკრებულოში. ატრიდებმა[31] შეყრის მიზეზი შეატყობინეს. მენელაოსმა უბრძანა აქაველებს, შინ დაბრუნებაზე ეზრუნათ, მაგრამ აგამემნონს ეს არ ეპრიანა და აქაველებს უბრძანა, დაყოვნებულიყვნენ, ვიდრე ათინას წმინდა ჰეკატომბას არ შესწირავდნენ და არ შეირიგებდნენ განრისხებულ ქალღმერთს. რა იცოდა იმ უგუნურმა, რომ ათინას მოლმობიერება გვიანღა იყო, რომ უკვდავნი ასე ადვილად არ იცვლიან ნებას! ასე ექიშპებოდა ერთმანეთს ორი ძმა - ატრევსიანი, ხოლო ორ ბანაკად გაყოფილი, აბჯარასხმული მეომრები გათენებამდე ბობოქრობდნენ. ერთმანეთზე გულამღვრეულებმა გავათენეთ ღამე, არკი ვიცოდით, რომ დაღუპვას გვიმზადებდა ზევსი.
გამთენიისას აქაველთა ერთმა ნაწილმა ნადავლითა და მკერდსავსე ტყვე ქალებით დატვირთული ხომალდები წმინდა ზღვაში შევაცურეთ. დანარჩენი ლაშქარი ერის მწყემსთან[32], აგამემნონთან დარჩა. ჩვენ კი ხომალდებზე ავედით და გავშალეთ იალქნები. კეთილმა დაიმონმა ზღვა დაგვიწყნარა და რა მივადექით ტენედოსს, წმინდა მსხვერპლი შევწირეთ, რომ ღმერთებს შინ მშვიდობით დავებრუნებინეთ. მხოლოდ საშინელ ზევსს არ უნდოდა ჩვენი დაბრუნება. კვლავ შუღლი ჩამოაგდო ჩვენ შორის. ოდისევსის წინამძღოლობით წამოსული აქაველები აგამემნონის გულის მოსაგებად უკანვე გაბრუნდნენ ღრმამუცლიანი ხომალდებით. მე კი გზა განვაგრძე, რადგან ვიცოდი, კეთილს არაფერს გვიქადდა დაიმონი.
ჩემი ხომალდის კვალს ტიდევსის სახელოვანი ძე, დიომედე გამოჰყვა, მერე ოქროსთმიანი მენელაოსი წამოგვეწია ლესბოსთან. იქ მოვითათბირეთ, რა გზა აგვერჩია: ჩრდილოეთიდან მოგვეარა კლდოვანი ქიოსისათვის, ფსირიისაკენ წავსულიყავით და მარცხნივ მოგვეტოვებინა იგი, თუ ქარიანი მიმანტის კონცხისაკენ აგვეღო გეზი და ქიოსისათვის სამხრეთიდან მოგვევლო. ღმერთს ვევედრებოდით, ქუხილით მოენიშნებინა გზა. ბოლოს ღვთაებრივმა ნიშმა გვანიშნა, შუაგული ზღვა გადაგვეჭრა და ევბეოსისაკენ წავსულიყავით. მხოლოდ ეს თუ აგვაცდენდა განსაცდელს. ზურგქარმა ზუზუნით დაგვიბერა და ჩვენი ხომალდები სწრაფად გააქანა თევზმრავალ ზღვაზე. ღამით გერესტოსს მივადექით და რა დავკეცეთ ზღვის უსასრულო გზა, პოსეიდონს ხარის უამრავი ბარკალი მივართვით მსხვერპლად. მეოთხე დღე იწურებოდა, როცა ცხენთამხედნელი დიომედეს ხომალდები არგოსს მიადგა. მე კი პილოსისკენ წამოვედი. ღვთისგან მობერილი ზურგქარი არ ჩამდგარა, ვიდრე მშობლიურ ნაპირს არ მოვაღწიეთ. ასე რომ, საყვარელო შვილო, მამაშენის ამბის უცოდნელი დავბრუნდი, არაფერი ვიცი არც დაღუპულთა და არც გადარჩენილთა. არ დაგიმალავ, საკუთარ სახლში რა ამბავიც მომწვდა, იმასაც გიამბობ.
მშვიდობით დაბრუნებულან შუბოსანი მირმიდონელები, რომელთაც გმირთაგმირი აქილევსის ბრწყინვალე ძე წამოუძღვათ. მშვიდობითვე დაუბრუნდა თავის სახლს ფილოქტეტე, პეანტის სახელოვანი ძე. იდომენევსმაც უკლებლივ მიიყვანა კრეტას ომში გადარჩენილი თვისტომნი. ხოლო აგამემნონს რაც შეემთხვა, თუმცა შორს ცხოვრობთ, შეიტყობდით ალბათ. გეცოდინებათ, როგორ დაბრუნდა და როგორ მოიკლა ეგისთეს მიერ. იმასაც გაიგებდით, რა სასტიკად მიუზღო მკვლელს ორესტემ. რა სჯობს, როცა მოკვდინებულ მამას შურისმგებელი შვილი დარჩება! როგორ გაზრდილხარ და დამშვენებულხარ, ჩემო ძვირფასო! გულმაგრად და მტკიცედ დეგ, რომ შენც ქებით მოგიხსენიონ.
გონიერმა ტელემაქემ ასე უპასუხა ნესტორს: - ჰე, ნესტორ, აქაველთა სიქადულო! დიაღაც საკადრისი მიუზღო ორესტემ მტერს და სახელიც მოიხვეჭა აქაველთა შორის. რა იქნებოდა, ჩემთვისაც მოეცათ ღმერთებს ძალი, რომ შური მეძია ჩემს შეურაცხმყოფელ სასიძოებზე! მაგრამ ეტყობა, ჩემთვისა და მამაჩემისთვის არ გამოუმეტებიათ ღმერთებს ასეთი ხვედრი. მოთმინების მეტი რაღა დამრჩენია!
კვლავ მიუგო გერენიელმა მხედარმა ნესტორმა ტელემაქეს: - ძვირფასო ყრმაო! შენ ის გამახსენე, რაც უკვე ვიცოდი. სასიძოებს შეუვიწროებიათ დედაშენი და თურმე შენც მახეს გიგებენ შენსავე სახლში. ახლა ეს მაუწყე, - რატომ დაჰყევი სასიძოთა ნებას, სახლში რომ შემოგეჭრნენ? ან იქნებ ღმერთების შთაგონებით შეგიძულეს თვისტომებმა? არავინ იცის, თვითონ ოდისევსი მიაგებს მათ სამაგიეროს თუ აქაველები მიუზღავენ საკადრისს. ეჰ, ნეტავ ისევე შეგიყვაროს თვალსხივოსანმა ათინამ, როგორც ოდისევსი უყვარდა ტროაში, სადაც მრავალი ჭირი გარდაგვხდა აქაველებს! მე არ მინახავს, ასე აშკარად შეეყვარებინოს ღმერთს მოკვდავთაგანი! ეგ რომ ახდეს, ქორწილის ხალისი წაუხდებოდათ სასიძოებს.
- ტკბილო მოხუცო! - უპასუხა გონიერმა ტელემაქემ, - ვაი, რომ შენს სიტყვას ასრულება არ უწერია! დიდად მაიმედებ, მაგრამ შიში მიპყრობს, ვაითუ ღმერთების შეწევნითაც არ ამიხდეს ეგ იმედი!
მაშინ ეს უთხრა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათინამ: - ეს რა დასცდა, ტელემაქე, შენს კბილთა ზღუდეს? თუ ღმერთს სწადია კაცის ხსნა, შორი მანძილი რას დააბრკოლებს? სჯობს მრავალჭირნახული დაბრუნდე შინ, ვინემ მალედაბრუნებულმა შენივე სახლის ზღურბლზე სიკვდილი ჰპოვო აგამემნონივით, რომელიც საკუთარი ცოლისა და ეგისთეს ხელით მოიკლა. თუმცაღა მოკვდავთ მათი მოყვარული ღმერთებიც ვერ შველიან ხოლმე, როცა სასტიკი მოირა გარდაუვალ სიკვდილს განუგებს. მოვა სიკვდილი და მთელი სიგრძით გაშოტავს მოკვდავს.
- გულსაკლავია დიდად, - ამოიოხრა გულშეძრულმა ტელემაქემ, - ნუღარას ვიტყვით იმ კაცზე! მას ხომ შავი სიკვდილი არგუნეს წილად ღმერთებმა. აწ მინდა, სხვა ამბავი გამოვკითხო ნესტორს. გულმართალი და ბრძენი კაცია ნესტორი. ამბობენ, მესამე თაობას მწყემსავსო იგი, მის შემხედვარეს უკვდავი მგონია. ჰე, ნესტორ, აქაველთა სიქადულო! სწორი მითხარი, რამ მოკლა აგამემნონი, ეს ხელმწიფე კაცი? ან სად იყო მაშინ მისი ძმა მენელაოსი? ან ისეთი რა მახე დაუგო ვერაგმა ეგისთემ, ამ უძლეველი მამრის დამარცხება რომ შეძლო? იქნებ არგოსში არ იყო მაშინ მენელაოსი და მარტო რა მოიხელთა აგამემნონი, მზაკვრულად მოაკვდინა?
- წვრილად მოგიყვები, ჩემო შვილო, - მიუგო ნესტორმა, - არაფერს დაგიმალავ. წეღან რომ თქვი, სწორედ ეგრე მოხდა ეს ამბავი. ილიონიდან მობრუნებულ ომშიმყივარ მენელაოსს თავისი ძმის სახლში ცოცხლად რომ შეეპყრო ეგისთე, არამცთუ სამახსოვრო ბორცვს აღუმართავდნენ მას არგოსში, არამედ ქალაქიდან შორს, ძაღლთა სათრევად და ფრინველთა საჯიჯგნად დააგდებდნენ და ვერც ერთი აქაველი დიაცი ვერ დაიტირებდა მის გვამს. როცა ჩვენ ილიონის კედლებთან ვიბრძოდით, იგი ტკბილი სიტყვით ინადირებდა ცხენმრავალ არგოსში კლიტემნესტრას გულს. მაგრამ დიდებული მეუღლე აგამემნონისა თავიდანვე არ დაჰყოლია უკეთური ეგისთეს ნებას, რადგან კეთილგონიერი დიაცი იყო იგი. ატრევსის ძემ ტროაში გამგზავრებამდე თვალყურის სადევნებლად ხმატკბილი აედი[33] მიუჩინა ცოლს. საბოლოოდ სასტიკმა მოირებმა დანაშაულად მიდრიკეს კლიტემნესტრას გული და ეგისთემაც მაშინვე უკაცრიელ კუნძულზე გააგზავნინა აედი, რომ სვავების კერძი გამხდარიყო. ამრიგად, კლიტემნესტრა საკუთარი ნებით წაჰყვა ეგისთეს სახლში. მერე ღმერთების წმინდა საკურთხეველზე მან ბევრი მსუქანი ბარკალი დაწვა, შესწირა უამრავი ძღვენი: ძვირფასი ლარი და ოქრო-ვერცხლი და ასე დააგვირგვინა თავისი საშინელი საქმე.
ამ დროს კი ერთგული მეგობრები - მე და მენელაოსი - ტროადან მოვემგზავრებოდით, ათენელთა ნაპირებს რა მივაღწიეთ და სუნიონის წმინდა კონცხი გამოჩნდა, მენელაოსის მესაჭე - მღელვარე ზღვაში ხომალდის მართვის დიდოსტატი ფრონტისი, ონეტორის ძე - სხივოსანი აპოლონის ანაზდეულმა ისარმა განგმირა. აქ დაყოვნდა გზად აჩქარებული მენელაოსი, რათა დაემარხა დაღუპული მეგობარი და უკანასკნელი პატივი მიეგო მისთვის. და როცა კვლავ გამოემართა ღრმამუცლიანი ხომალდებით და მალეას კონცხს მიადგა, შორსმაცქერალმა ზევსმა მისი დაღუპვა განიზრახა. ავადმსტვინავი ქარების სუნთქვა და მთებისოდენა ტალღები დაადევნა, ხომალდების ქარავანი დაარბია და მიფანტ-მოფანტა. ზოგიერთი კუნძულ კრეტაზე გარიყა, იორდანოსის შესართავთან, სადაც კიდონები მკვიდრობენ, გორტინის მახლობლად ნისლიან ზღვაში უზარმაზარი ციცაბო კლდე იყო აღმართული. მძვინვარე არავი აქეთ დენიდა ვეებერთელა ტალღებს, რომელნიც დასავლეთით, ფესტოს ქარაფებზე ინთქრეოდნენ. სწორედ აქ, ქარაფებს შეალეწა ზღვამ ხომალდები, თუმცა ხალხი გადაურჩა სიკვდილს. ხუთი შავჭვინტიანი ხომალდი ქარიშხალმა ეგვიპტისაკენ წალალა. მენელაოსმა აქ დიდძალი განძი და ოქრო-ვერცხლი ჩაიგდო ხელში. მას შემდეგ თავისი ხომალდებით კიდევ დიდხანს იხეტიალა უცხოენოვან ხალხებს შორის. ამასობაში ეგისთემ მუხანათურად მოკლა მისი ძმა და ერიც მას დამორჩილდა.
შვიდ წელიწადს მართავდა იგი ოქრომრავალ მიკენს, მაგრამ მერვე წელს ათენიდან შემოქცეულმა ღვთაებრივმა ორესტემ სიკვდილი მოუტანა მამამისის მკვლელს. შემდგომ ამისა ბრალეული დედის და მხდალი ეგისთეს ქელეხზე მოიპატიჟა არგოსელნი. სწორედ ამ დღეს ურიცხვი საქონელით ავსებული ხომალდებით შინ დაბრუნდა ომშიმყივარი მენელაოსი... შენ კი, ჭაბუკო, დიდხანს ნუ იხეტიალებ გარეგარე, უპატრონოდ ნუ დააგდებ სახლს, თორემ სარჩო-საბადებელს ქედმაღალი სასიძოები შეგიჭამენ და ფუჭად ჩაგივლის ეს მგზავრობა. გულით გირჩევ, მენელაოსს მიაკითხო. ის ხომ ახლახან დაბრუნდა იმ ქვეყნიდან, რომელსაც ძნელად თუ დააღწევს თავს კაცთაგანი, საიდანაც ამ ვრცელსა და საშინელ ზღვას ჩიტიც ვერ გადმოიფრენს ერთ წელიწადში. რა გზითაც გერჩიოს, იმ გზით წადი, - გინდა ზღვით, გინდა ხმელით. ეტლსა და ცხენებს მე მოგცემ და შვილებსაც გაგაყოლებ, რომ სახელგანთქმულ ლაკედემონს მიგიყვანონ ოქროსთმიან მენელაოსთან. მიდი და შეევედრე, დაუფარავად გითხრას ყოველი. არ გეცრუება, კეთილგონიერი კაცია მენელაოსი.
ამასობაში მზე ჩავიდა და მწუხრი მოეფინა მიდამოს. და მაშინ თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათინამ თქვა: - ბრძნულია შენი ნაუბარი, ნესტორ! ახლა კი დროა, ენები ამოვართვათ ხარებს, ღვინო განვაზავოთ, რათა პოსეიდონსა და სხვა უკვდავებს დავუღვაროთ ზედაშე. საღამომ მოაწია უკვე და მოსვენებაზეც უნდა ვიფიქროთ. მზე ჩავიდა, ღმერთების სუფრაზე გვიანობამდის ჯდომა არა ხამს.
გულისყურით მოუსმინეს ზევსის ასულს, მისი სიტყვისაებრ მოიქცნენ: მესტუმრეებმა ხელის დასაბანად წყალი მოიტანეს, ჭაბუკებმა ლაგვინები პირამდე აავსეს აქაფებული ღვინით და თასები ჩამოურიგეს სტუმრებს. ხარის ენები ცეცხლზე დაყარეს და თასებს თავი წაუქციეს. მერე ნებაზე სვეს. სმა რა მოათავეს, ათინამ და ტელემაქემ ფერდგანიერი ხომალდისაკენ გაბრუნება დააპირეს. მოხუცმა ნესტორმა საყვედურით აავსო ისინი: - ზევსმა დამიფაროს! ხომალდებზე როგორ გაგიშვებთ ღამის გასათევად! ასეთი რა გასაჭირი მადგას? ქვეშაგებელი არა მაქვს თუ სასთუმალი, რომ ჩემს სახლში ვერ მოგასვენოთ? ყველაფერი მრავლად მიწყვია. თავი ცოცხალი რაღად მინდა, თუკი ჩემს სახლში სტუმრებულ ოდისევსის ძვირფას შვილს ხომალდის კიჩოზე გავათევინე ღამე!
ასეთი სიტყვით მიუბრუნდა მას თვალსხივოსანი ქალღმერთი ათინა: - სწორს ამბობ, ნესტორ, ძვირფასო მოხუცო! კეთილი რჩევაა, ნებას დაგყვეს და შენს ჭერქვეშ გამოიძინოს ტელემაქემ. მე კი შავჭვინტიან ხომალდზე დავბრუნდები, თანამგზავრებს გავამხნევებ და ჭკუას დავარიგებ. მათ შორის მე ვარ უხუცესი, ყველანი ტელემაქეს თანატოლნი არიან. იქვე გავათევ ღამეს, ღრმამუცლიან ხომალდზე, დილაადრიან დიდსულოვან კავკონებთან მინდა წავიდე, რომელთაც ჩემი დიდი ხნის ვალი მართებთ. ხოლო შენ, რაკი სახლში გეწვია ტელემაქე, ფეხმარდი ცხენები შეუბი ეტლში და შენს ვაჟიშვილთან ერთად სპარტას გაისტუმრე.
ეს თქვა, ზღვის არწივის სახე მიიღო და თვალს მიეფარა ათინა. შეძრწუნდნენ ამ ამბის შემსწრენი. განცვიფრებულმა მოხუცმა ხელი ჩასჭიდა ტელემაქეს და ასე უთხრა: - ძვირფასო ჭაბუკო! ახლა კი ვხედავ, მხდალ და უჯიშო კაცად არ შეირაცხები! უწვერულ ჭაბუკს ღმერთები მიგიძღვიან წინ. ვინ გახლდა აქ ოლიმპოელთაგან, თუ არ ზევსის ასული ტრიტოგენეა, ომში გამარჯვებული ქალღმერთი, რომელმაც ქველი ოდისევსი აქაველთა შორის ბედნიერად გამოარჩია. ო, დედოფალო! მოწყალე იყავ ჩემდამო, შეწევნა და ძალა მოეც ჩემს შვილებს და ღირსეულ მეუღლეს! შეგვეწიე და უღელში შეუბმელ, რქადაოქროვილსა და ფართოშუბლიან მოზვერს შემოგწირავ მსხვერპლად!
ამას ევედრებოდა და ათინა პალასმა შეისმინა მისი ვედრება. მერე კეთილნაგები სახლისკენ წაუძღვა გერენიელი მხედარი ნესტორი თავის ვაჟებსა და სიძეებს. მამფალის დიდმშვენიერ სახლში რა შევიდნენ, რიგისამებრ დასხდნენ სკამებსა და საკარცხულებზე. ნესტორმა, მზეგრძელმა მახვშმა, მეკუჭნავე ქალს უბრძანა თერთმეტი წლის ღვინისათვის მოეხადა თავი. სურნელოვანი ღვინო თვითონვე განაზავა ლაგვინში, ფარისმპყრობელის ასულს - ათინას დაუღვარა და ლოცვა წარმოთქვა. ყველამ ნებისაებრ სვა და რულმორეულნი შინისაკენ წაბარბაცდნენ.
შემდეგ გერენიელმა მხედარმა ნესტორმა ღვთაებრივი ოდისევსის ძე კეთილხმოვან პალატში კარგად გარანდულ საწოლზე მოასვენა. მან იქვე დააწვინა თავისი უმრწემესი ვაჟი, შუბოსანი და მებრძოლთა წინამდგომი პიზისტრატე, ჯერ კიდევ უცოლშვილო ჭაბუკი. თვითონ ნესტორი თავისი დიდებული სახლის შიდა პალატში შევიდა, სადაც თანამეცხედრის ხელით გაშლილი ლოგინი ელოდებოდა.
ცისკარზე, როდესაც ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფრად ირიჟრაჟა, საწოლიდან ადგა გერენიელი მხედარი ნესტორი, გარეთ გამოვიდა და იქვე, სახლის მაღალ კართან ჩამოჯდა გასიპულ, თეთრად მოელვარე ლოდზე. ამ ლოდზე, მას ჟამსა შინა, ღვთაებრივი მებრჭე ნელევსი[34] ჯდებოდა ხოლმე, ვიდრე ბედისწერამ არ უწია და ჰადესს[35] არ ჩახდა. აქაველთა ფარი ნესტორი ამ ლოდზე იჯდა და ხელთ კვერთხი ეპყრა. ხოლო მის გარშემო იკრიბებოდნენ საწოლიდან ახალამდგარი მისი ვაჟები: ექეფრონი, სტრატიოსი, პერსევსი, არეტოსი და თრასიმედე. ბოლოს მამაცი პიზისტრატეც გამოჩნდა ღვთისდარ ტელემაქესთან ერთად. მაშინ ასე დაიწყო გერენიელმა მხედარმა ნესტორმა: - შვილნო ჩემნო, ახლა კი დროა, ათინას გული მოვიგოთ, რაკი ხორცშესხმული გამოგვეცხადა პოსეიდონის ნადიმზე. ერთი თქვენგანი სწრაფად გამეგზავნოს საძოვრებზე, მწყემსებს მოზვერი მოადენინოს. სხვამ დიდსულოვანი ტელემაქეს შავჭვინტიანი ხომალდისკენ იჩქაროს და მისი თანამგზავრები მომიპატიჟოს. იქ მხოლოდ ორი კაცი დატოვოს. მესამემ დაუყოვნებლივ მიხმოს ოქრომჭედელი ლაერკე. მოვიდეს და კურატს რქები ოქროთი დაუფეროს. დანარჩენები აქვე დარჩნენ და მსახურ ქალებს უბრძანონ, ამ დიდმშვენიერ სახლში სუფრა გაშალონ, მერხები ჩაამწკრივონ, სამსხვერპლო შეშა მოზიდონ და ანკარა წყაროს წყალი მოიმარაგონ.
ბრძანა და აღასრულეს: მოზვერი მოდენეს, ტელემაქეს კიჩოლამაზი ხომალდიდან მგზავრები მოიპატიჟეს. ოქრომჭედელიც გამოცხადდა, თან სპილენძის გრდემლი, ხელკვერი და მარწუხი მოიტანა, რითაც ოქროს ამუშავებდა ხოლმე. ბოლოს ათინაც მობრძანდა მსხვერპლის მისაღებად[36]. მოხუცმა მხედარმა ნესტორმა ხელოსანს ოქრო მისცა და მანაც ქალღმერთის თვალის გასახარად კურატს რქები ოქროთი დაუფერა. მოზვერი რქებით წამოიყვანეს ექეფრონმა და სტრატიოსმა. ხოლო არეტოსმა სახლიდან ყვავილებით მოხატული კოკა და ქერით სავსე პინაკი გამოიტანა. ომში მედგარმა თრასიმედემ ხელთ ორლესული ცული იპყრა და მოზვრის დასაკლავად განემზადა. პერსევსს სამსხვერპლო სისხლის შესაგროვებელი ბარძიმი ეჭირა. მახვშმა ნესტორმა ხელი განიბანა და ქერი გადააყარა კურატს. შემდეგ ათინას წინაშე გულმხურვალედ მლოცველმა წესი აღასრულა, - შუბლიდან ერთი ბღუჯა ბეწვი ააჭრა კურატს და ცეცხლში ჩაყარა. მის კვალად ყველამ ილოცა და სათითაოდ გადააყარეს პირუტყვს ქერი. გულითუძრავმა თრასიმედემ ორლესული ცულით ქედის ძარღვები გადაუსერა კურატს და ძირს დასცა. ქალ-რძალმა და ნესტორის მეუღლემ, კლიმენოსის პირმშო ასულმა ევრიდიკამ წესისამებრ შეჰკივლეს[37]. როგორც კი სულთმობრძავი პირუტყვი მიწიდან ასწიეს, მამაცთა წინამდგომმა პიზისტრატემ მახვილით განგმირა იგი. სისხლისგან რა დაიცალა და სამშვინველმა მიატოვა ძვლები, სასწრაფოდ აფეშხვეს, ბარკლებზე წესისამებრ ორ ფენად დააფარეს ქონის ნაჭრები და ზედ უმი ხორცი დააწყვეს. მოხუცმა ცეცხლს დაუდო მსხვერპლად დასაწველი ბარკლები და წითელი ღვინო მოასხურა. როდესაც ბარკლები დანახშირდა და გულ-ღვიძლი იგემეს, დანარჩენი ხორცი წილობებად აქნეს და მწვადები შეწვეს.
ამასობაში ნესტორის უმრწემესმა ასულმა, მშვენიერმა პოლიკასტემ, ტელემაქე აბანავა, სურნელოვანი ნელსაცხებლით დაუზილა ტანი, ქიტონით შემოსა და ლამაზი მოსასხამი მოასხა. აბაზანიდან გამოსულ ჭაბუკს ტანი უკვდავ ღმერთებს მიუგავდა. იგი ერის მწყემსს, ნესტორს მიუჯდა გვერდით. მონადიმეებმა შემწვარი სუკები შამფურებიდან ჩამოთალეს და პურობად დასხდნენ. დაფაცურებული მესტუმრეები ოქროს თასებს ღვინით უვსებდნენ მეინახეთ. სმა-ჭამით გული რა იჯერეს, მოხუცმა ასე უბრძანა შვილებს: - აბა, თქვენ იცით! გრძელფაფრიანი ცხენები შეუბით ეტლში ტელემაქეს, რომ დაუყოვნებლივ გზას დაადგეს!
მამის ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილნენ. ფიცხი ცხენები შეუბეს ეტლში. მეკუჭნავემ პური და ღვინო გაუმზადა საგზლად და ზევსის ნებიერი ბასილევსების საკადრი შეჭამადი გაატანა. ტელემაქე მტკიცედ ნაგებ ეტლზე ავიდა, მას მიჰყვა მამაცთა წინამდგომი პიზისტრატე, სადავეები მოსწია და ცხენებს შოლტი გადაუჭირა. ეტლმა მინდორზე გადაიგრიალა და ნესტორის დიდებული ქალაქი თვალს მიეფარა.
ეტლის ხელნას მთელი დღე შეუსვენებლივ ეწეოდნენ ცხენები. მზე რა ჩაესვენა და ხშირბინდი ჩამოწვა გზებზე, ფერას მიაღწიეს. იქ ღმერთი ალფეოსის შთამომავლის, ორსილოქეანთ დიოკლესის სტუმართმოყვარე სახლში გაათიეს ღამე.
ცისკარზე, როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა, კვლავ შეკაზმეს ეტლი, ეზო გადაიარეს და მაღალი ბჭით გზაზე გავიდნენ. მთელი დღე მიქროდნენ ფიცხი ცხენები. დაპურებულ ყანებს რა მიადგნენ, სვლა შეაჩერეს. მზე უკვე ჩასვენებულიყო და ბინდს მოეცვა არემარე.
IV. მენელაოსი და ელენე
მთაგორიან ლაკედემონს ჩასულებმა ოქროსთმიანი მენელაოსის სახლს მიმართეს, სადაც ქორწილი იყო გამართული და დიდძალ ნათესაობას მოეყარა თავი. მენელაოსი თავის ასულს უძლეველი აქილევსის ძეზე ათხოვებდა, რომელსაც ჯერ კიდევ ტროაში მისცა თანხმობა. ახლა კი ღმერთების წინაშე გვირგვინდებოდა ეს საქმე. მენელაოსმა ცხენების რემა და მრავალი ეტლი განუმზადა პატარძალს სიძისეულ სამფლობელოში, მირმიდონელთა ქალაქში წასატანად. ხოლო ძეს აქვე, სპარტიდან მოჰგვარა საცოლე - ალექტორის ასული. ახალდაქორწინებული მეგაპენთე მენელაოსს ხანდაზმულობაში შესძენოდა მონა ქალისაგან, რაკი ოქროაფროდიტეს დარი, სანატრელი ჰერმიონეს შემდეგ ღმერთებმა შვილი აღარ მისცეს ელენეს. გულუხვი მენელაოსის სახლში მახლობლები და მეზობლები იშვებდნენ და იხარებდნენ. ფორმინგზე უკრავდა და მღეროდა ღვთაებრივი აედი, ხოლო ორი მოცეკვავე საკრავის ხმაზე როკავდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ კარიბჭეში ტელემაქე და ნესტორის სახელოვანი ძე პიზისტრატე. დანახვისთანავე მათ მიეგება ეტეონი, კეთილშობილი მენელაოსის მანდატური. ეტეონი მაშინვე შებრუნდა სახლში და ერისმთავარს მოახსენა: - სტუმრები გვეწვივნენ, მენელაოს, ზევსის ნებიერო, სახით ღვთისნასახი ორი კაცი დგას კარიბჭესთან. რას გვიბრძანებ, ეტლიდან გამოვხსნათ მათი ცხენები თუ სხვაგან გავამგზავროთ, იქ, სადაც გულღიად დახვდებიან?
რისხვით მოუბრუნდა მას ოქროსთმიანი მენელაოსი: - ბრიყვულად არასოდეს მოქცეულხარ, ეტეონ. მაშ, ახლა რა მოგივიდა, რას ლუღლუღებ ბალღივით! დაგავიწყდა, რამდენჯერ შევუფარებივართ უცხო ხალხს? განა ამის წყალობით არ დავბრუნდით სამშობლოში? დაე, ზევსმა გვიხსნას ამიერიდან განსაცდელისა და ფათერაკისაგან! წადი, ცხენები გამოხსენი, ხოლო სტუმრები სახლში მოიპატიჟე! ასე უბრძანა.
ეტეონმა კარს მიაშურა და თან მკვირცხლი მესტუმრეები გაიყოლია. მათ ეტლიდან გამოხსნეს ცხენები, თავლაში ბაგაზე დააბეს და ქერში არეული ასლი დაუყარეს. შემდეგ ეტლი თეთრად შელესილ კედელთან მიაყენეს, ხოლო სტუმრები სახლში შეიწვიეს. წვეულნი განცვიფრებით ათვალიერებდნენ ზევსის ნებიერის ოქროცხებულ დარბაზს: მზისა და მთვარის შარავანდედით იფრქვეოდა ბრწყინვალება მენელაოსის პალატებში. ცქერით რა გაძღნენ, მოპირკეთებულ აბაზანაში ტანის დასაბანად ჩავიდნენ. მონაქალებმა სტუმრები დაბანეს, ნელსაცხებლით დაზილეს, ქიტონებით შემოსეს და თხისურის მოსასხამები მოასხეს. სტუმრები მენელაოსის გვერდით საკარცხულებზე დასხდნენ. მოახლემ ხელის დასაბანად ვერცხლის ტაშტი და მოოქრული სურა მოართვა და წმინდად გარანდული ტაბლა დაუდგა მსხდომარეთ. ხოლო მოკრძალებულმა მეკუჭნავემ გულუხვად მომატებული მრავალფერი ჭამადით გაუწყო სუფრა. მზარეულმა მწვადი შემოიტანა და ოქროს თასები დაუდგა წინ. მარჯვენა ხელი სტუმრებისაკენ გაიწოდა და ასე მიმართა მათ ოქროსთმიანმა მენელაოსმა: - ჭამადს გემო გაუსინჯეთ და ღვინით გული გაიხარეთ, ვინაობას მერე გამოგკითხავთ! გეტყობათ, არ წარხოცილა თქვენი მშობლების ჯიში და ნიშატი. ორივენი ზევსის ნებიერი, კვერთხის მპყრობელი ბასილევსების ნაშიერნი ჩანხართ. ჭეშმარიტად, მდაბიორნი თქვენს მსგავსთ ვერ შობდნენ!
თქვა ეს და თავისი წილიდან სუკის საუკეთესო ნაჭრები მიაწოდა. სტუმრები შეექცნენ. გული რა იჯერეს ჭამა-სმით, ტელემაქემ კბილთა ქვეშ უჩურჩულა ნესტორის ძეს: - ჩემო ძვირფასო პიზისტრატე! ხედავ, ამ ხმიერ სახლში რაოდენი სპილენძი, ოქრო-ვერცხლი, ქარვა და სპილოს ძვალია, - ასეთი დარბაზი ზევსს თუ ექნება ოლიმპოზე! რა აურაცხელი სიმდიდრეა! გაოცება მიპყრობს ყოველივე ამის მჭვრეტელს!
ოქროსთმიანი მენელაოსი მიუხვდა მოუბართ და ფრთიანი სიტყვით მიმართა სტუმრებს: - შვილებო, არ ეგების უკვდავ ზევსს თავი გაუყადროს მოკვდავმა, რამეთუ ღმერთის სახლიცა და საბადებელიც უხრწნელი და მარადიულია. კაცთაგან ზოგი იქნებ აღმემატებოდეს კიდეც დოვლათით, მაგრამ ზღვაზე ხეტიალისას დიდძალი ქონება მოვიხვეჭე და მერვე წელს შინ მობრუნებულმა ხომალდებით მოვზიდე. მინახავს კვიპროსი და ფინიკია, ვსტუმრებივარ მეგვიპტელებს, ეთიოპიელებს და სიდონელებს, ლიბიაშიც მოვხვედრილვარ, სადაც რქადასხმული კრავები იბადებიან და ყოველ წელიწადს ცხვრები სამ-სამ ბატკანს იგებენ. იქ მეპატრონესაც და მწყემსსაც თავზე საყრელად აქვთ მსუყე რძე, ყველი და ხორცი, რადგან საძოვრებზე წლიდან წლამდე ჯიქანი არ უშრებათ ძროხებს. ვიდრე მე შორეულ ქვეყნებში ქონებას ვიხვეჭდი, ცბიერი მეუღლის ხელშეწყობით მუხანათურად მომიკლეს ძმა. ამიტომაც გულს აღარ მიხარებს მონაგები სიმდიდრე. ვინც უნდა იყოთ, გაგეგონებათ ალბათ ეს ამბავი მამებისაგან!
ბევრი ვიწუხე მაშინ იმ დიდნაშენი, მყუდრო, სიმდიდრით სავსე, აწ დაკარგული სახლის გამო. ამასაც ყველაფერს არად ჩავაგდებდი, ოღონდ ცოცხალი დამრჩენოდნენ შორს, ვრცელ ტროაში დაცემული გმირები! აი, ასე ვზივარ ჩემს სახლში და გულნაღვლიანი მათზე ტირილით ვიოხებ გულს. მაგრამ ტირილიც მობეზრდება კაცს! გულს კი ისე არავინ მიკლავს მათი მოგონებისას, როგორც ერთი ვინმე: ძილი მიკრთება და კრიჭაშეკრულს ლუკმა აღარ გადამდის ყელში, როცა ვიგონებ მრავალტანჯულ ოდისევსს. იმთავითვე მძიმე ხვედრი და ტანჯვა დაჰკვებებია ბედშავს და მეც მწუხარება მიწერია გამუდმებული, სანამ სამშობლოში არ დაბრუნდება იგი. ისიც არ ვიცი, - ცოცხალია თუ მკვდარი: ალბათ მის გამო მწუხარებენ ახლაც მოხუცი ლაერტე, ერთგული პენელოპე და ტელემაქე.
მამის ხსენებაზე ტელემაქეს გული დაეწურა, ცრემლები გადმოსცვივდა და თვალებზე მეწამული მოსასხამი აიფარა. მენელაოსს რაღაც ენიშნა, ვერ გადაეწყვიტა - მათთვის დაეცლია თუ თვითონ გამოეკითხა სტუმართათვის ვინაობა. ამ ყოყმანში იყო, რომ ჭერმაღალი და სურნელოვანი პალატიდან ოქროსმშვილდოსანი არტემისის მსგავსი ელენე გამოვიდა. მას კეთილქმნული სკამი მოართვა მხევალმა ადრესტემ, ხოლო ალკიპემ მატყლის რბილი ორხოვა დაუფინა ფეხქვეშ. ფილომ ვერცხლის კალათა შემოუტანა. ეს ეგვიპტური კალათა თებელი პოლიბოსის მეუღლემ ალკანდრემ უბოძა ელენეს, თვითონ პოლიბოსმა, ამ საარაკო სიმდიდრის კაცმა, მენელაოსს ვერცხლის ორი აბაზანა, წყვილი ზედადგარი და ათი ოქროს ტალანტი აჩუქა. ბევრი მშვენიერი ძღვენი მოურთმევია ელენესთვის ალკანდრეს: ოქროს თითისტარი გორგოლებიანი კალათითურთ, რომელიც წმინდა ვერცხლისა იყო, ხოლო პირი ოქროთი ჰქონდა მოვარაყებული. ეს შემოუტანა ფილომ და წინ დაუდგა. კალათში იდო წმინდად დართული ძაფის მორგვი და დიდი თითისტარი, ზედგამობმული იისფერი მატყლით. ელენე სკამზე დაჯდა, საფერხე მოიდგა და მეუღლეს ასე მიმართა: - მენელაოს, ზევსის ნებიერო, თუ იცი, ვინ არიან შენი სტუმრები? ეგების ვცდები, მაგრამ არსად და არასოდეს მინახავს, კაცი ასე რომ ჰგვანებოდეს ოდისევსს: თითქოს ტელემაქე მედგასო თვალწინ. ის ხომ ახალშობილი დატოვა დიდსულოვანმა მამამისმა, როცა აქაველი ვაჟკაცები ტროას გაემგზავრნენ ჩემი უღირსი თავის გამოსახსნელად.
ოქროსთმიანმა მენელაოსმა ასე უპასუხა მეუღლეს: - მეც ასე მეცნაურა, ჩემო ძვირფასო: ტანადობით, თვალ-წარბითა და გამოხედვით გამოსახული ოდისევსია! ვახსენე თუ არა ჩემი გულისთვის სვეგამწარებული ოდისევსი, ცხარე ცრემლები წამოსცვივდა თვალთაგან და მეწამული მოსასხამი აიფარა სახეზე.
საუბარში პიზისტრატეც ჩაერია, ნესტორის ძე: - ერისმთავარო მენელაოს, ზევსის ნებიერო, არც შემცდარხარ. ოდისევსის ვაჟია ეს ჭაბუკი. მაგრამ მოერიდა ამ სახლში პირველად სტუმრებულს დარბაისლურ საუბარში ჩაგრეოდა. მამაჩემმა, გერენიელმა მხედარმა ნესტორმა, მეგზურად გამომაყოლა ტელემაქეს: შენი ნახვა სურდა, ეგების სიტყვით ან საქმით დახმარებოდი. დიდი გასაჭირი ადგას დაკარგული მამისა და უმწეოდ დარჩენილი სახლეულის გამო. ითაკაშიც კაცი არა ჰყავს, რომ მას გამოესარჩლოს.
ამის გაგონებაზე მენელაოსმა შესძახა: - ღმერთო კი მომკალი! ჩემი განუყრელი მეგობრის, ჩემთვის თავდადებული ოდისევსის ვაჟი მსტუმრებია! ვაი, სადა გვყავს ოდისევსი? უფრო ხელგაშლით დავუხვდებოდი, ვიდრე ჩემს თვისტომს, ჩვენი ხომალდები ერთად რომ გამოებრუნებინა არგოსში შორსმაცქერალ ზევსს. ქალაქს ვუბოძებდი და სასახლეს ავუგებდი ოდისევსს. ითაკიდან წამოვასხამდი სახლეულსა და საქონელს და დედაწულიანად დავამკვიდრებდი საგანგებოდ დაცლილ ქალაქში, რომელიც ჩემი მორჩილი ხალხით იქნებოდა დასახლებული. ხშირ-ხშირად შევიყრებოდით ხოლმე მეზობლები, ტკბილად გავატარებდით წუთისოფელს, ვეღარაფერი გაგვყრიდა მანამ, სანამ სიკვდილის შავი ნისლი არ შემოგვბურავდა. ჩვენი ასეთი ყოფა თავად ღმერთებსაც შეშურდებოდათ, რომელთაც დაბრუნების გზა დაუხშეს ამ სვეუბედურს!
მენელაოსის სიტყვამ დაანაღვლიანა ყველა იქ მყოფი. ატირდა ზევსის ასული, არგოსელი ელენე. ატირდა ტელემაქეც და თვითონ მენელაოსს მოერია ცრემლი. ნესტორის ძეს, პიზისტრატესაც აუწყლიანდა თვალი. მას თავისი სახელოვანი ძმა ანტილოქე მოაგონდა, რომელიც სხივოსანი ეოსის ბრწყინვალე ძემ მოკლა. მოაგონდა და ფრთიანი სიტყვით მიმართა ატრევსის ძეს: - ჰე, მენელაოს, უგონიერესი ხარ მოკვდავთა შორის, - ასე იტყოდა ხოლმე შენს გახსენებაზე მამაჩემი, მოხუცი ნესტორი, - გემუდარები, გამიგონო: ტირილით ნუ წავიმწარებთ მხიარულ სერობას, მალე გამოჩნდება ახლადშობილი ეოსი და მაშინ დავიტიროთ ბედისწერითა და სიკვდილით შემუსვრილი ჩვენი მახლობელნი. ცოცხლებს ესღა დაგვრჩენია, ეს არის ჩვენი უკანასკნელი სახსოვარი: შეჭრილი თმის კულული და ღაწვებზე ჩამონადენი ცრემლები. მოკვდა ჩემი ძმაც, - იცნობდი, ალბათ, - არგოსელ მეომართა შორის უკანასკნელი არა ყოფილა ანტილოქე.
პიზისტრატეს დინჯად მიუგო ოქროსთმიანმა მენელაოსმა: - ჩემო ძვირფასო, ისე გონივრულად უბნობ და ირჯები, როგორც დროულ კაცს შეეფერება. მაგრამ არ მიკვირს ბრძენი ნესტორის შვილისგან. ადვილად გამოსაცნობია ნაშიერი იმ კაცისა, ვინც კრონიონმა ბედნიერ დღეს გააჩინა, ბედნიერადვე დააქორწინა. გონიერი, მამაცი შვილები შესძინა და ტკბილად დააბერა. მოვეშვათ ტირილს, ცრემლი შევიმშრალოთ და ვახშამს შევუდგეთ. ხვალ დილით კი საქმეზე მოვესაუბრები ტელემაქეს.
ასე თქვა.
ახოვანი მენელაოსის მსახურმა, მკვირცხლმა ასფალიონმა, მეინახეებს ხელები გადააბანინა. პურობა დაიწყო. მაშინ ასეთი რამე მოიფიქრა ზევსის ასულმა ელენემ: ღვინით სავსე ლაგვინში ჭირთა უკუმყრელი, მწუხარების გამაქარვებელი წამალი გააზავა. ვინც ამრიგად გაზავებულ ღვინოს შესვამდა, მას ერთი კურცხალიც არ გადმოუვარდებოდა თვალიდან, თუნდაც იმ დღეს დედ-მამა მკვდარი ეხილა და მის თვალწინ ძმა ან შვილი მახვილით განეგმირათ. ეს სამკურნალო ბალახები პოლიდამნამ, თოონის მეუღლემ გამოატანა ეგვიპტიდან, სადაც პოხიერ ველებზე მრავლად იპოვება კაცთათვის მავნე და სასარგებლო ბალახები. იქაური მკვიდრნი განთქმულნი არიან მკურნალობით, რაკი თითოეული მათგანი ეგვიპტელი პეონის - ღმერთთა მკურნალის შთამომავალია.
ლაგვინში წამალი რა გააზავა, ელენემ ღვინის ჩამორიგება ბრძანა და მეინახეთ ასე მიმართა: - ო, მენელაოს, ზევსის ნებიერო, და თქვენ, სახელოვან მამრთა შთამომავალნო! ზევსი კაცს ხან სიკეთეს მოუტანს, ხან ავს დაატეხს ხოლმე თავზე, - ყოველი ხელეწიფება კრონიონს! მაშ, დრო გაატარეთ და სუფრაზე ტკბილი მუსაიფით შეიქციეთ თავი, მე კი შესატყვის ამბავს მოგიყვებით, მაგრამ ყველაფერს ვერ გავიხსენებ, ვერ გიამბობთ, თუ რამდენი ბრძოლა გადაიხადა ჭირნახულმა ოდისევსმა, რა წვალება გამოიარა ძლევამოსილმა, ან რით გამოიჩინა თავი.
ტროაში, სადაც დიდი ჭირი გარდახდათ აქაველებს, ოდისევსმა ასეთი ხერხი მოიგონა: საკუთარი ხელით გაილახა თავი, მონის ძონძები გადაიცვა და საპყარივით შემოვიდა მტრის ფართომოედნებიან ქალაქში. გლახაკივით დაყიალობდა ტროაში. ისე იყო შეცვლილი, რომ აქაველთაგან ვერავინ იცნობდა ღვთაებრივ ოდისევსს. მხოლოდ მე მივხვდი, ვინ იყო იგი. გამოკითხვა დავუწყე, მაგრამ მოხერხებულად იძვრენდა თავს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც განვბანე და ნელსაცხებლით დავუზილე ნაგვემი სხეული, ახალი სამოსლით შევმოსე და გაუტეხელი ფიცით შევფიცე, რომ მის საიდუმლოს ტროელები მანამდე ვერ გაიგებდნენ, სანამ იგი აქაველთა ხომალდებსა და კარვებს არ მიაღწევდა, მხოლოდ მაშინ გამომიტყდა და გამანდო აქაველთა ფარული ზრახვები. მაგრამ სანამ არგოსელებს ახალ ამბებს შეატყობინებდა, ქალაქში მრავალი ვაჟკაცი განგმირა რკინის გრძელი მახვილით. ტროელი დედაკაცები მწუხარედ დასტიროდნენ დახოცილთ, მე კი სიხარულით მევსებოდა გული, რადგან მოუთმენლად ვესწრაფოდი შინ დაბრუნებას. ვერ მომენელებინა, ასე რომ დამაბრმავა აფროდიტემ, ოდეს ძვირფასი სამშობლოდან წამომიყვანა და ერთადერთ ქალიშვილსა და ჭკუითა და მშვენიერებით შეუდარებელი ქმრის სარეცელს მომწყვიტა.
ოქროსთმიანმა მენელაოსმა ასე მიმართა თანამეცხედრეს: - ჭეშმარიტს იტყვი, ჩემო მეუღლევ! დედამიწის ზურგზე ხეტიალისას ბევრ გონიერსა და გამჭრიახ ვაჟკაცს შევხვედრივარ, მაგრამ ოდისევსისთანა ჭირთამთმენი კაცი არ მინახავს. აი, სულის რა სიმტკიცე გამოიჩინა ოდისევსმა, როცა არგოსელთაგან ურჩეულესნი ტროელებისათვის საბედისწერო ხის ცხენში ვისხედით. ღვთაებას ტროელთა გამარჯვება შთაეგონებინა თურმე შენთვის და ღვთაებრივი დეიფობეს თანხლებით ამ განზრახვით მოუახლოვდი ხის ცხენს. სამჯერ შემოგვიარე გარშემო ცხენში ჩასაფრებულებს და მათი ცოლების ხმით უხმობდი რჩეულ დანაელებს, ცხენის მუცელში მსხდართ. მე, დიომედეს და ოდისევსს გვესმოდა შენი ზველვა[38]. მე და დიომედემ გარეთ გამოსვლა და გამოხმაურება დავაპირეთ, მაგრამ ოდისევსმა დაგვაკავა. სხვა აქაველები მდუმარედ ისხდნენ. მხოლოდ ანტიკლოსს განეზრახა ხმის გაცემა შენთვის და ის-ის იყო უნდა გაგპასუხებოდა, რომ ფიცხლად წამოხტა ოდისევსი, პირი ძლიერი ხელით დაუმუწა და ამით ყველა აქაველი იხსნა აშკარა დაღუპვისაგან. ასე ყბაშეკრული ჰყავდა ანტიკლოსი, სანამ ათინა პალასის შთაგონებით არ გასცილდი იქაურობას.
- ზევსის ნებიერო, ერის მთავარო მენელაოს, - მიმართა ტელემაქემ მასპინძელს, - ვაი, რომ რკინის გულმაც ვერ იხსნა მამაჩემი სასტიკი ბედისწერისგან. ახლა კი დროა დაგეთხოვოთ, დავწვეთ და ტკბილი ძილით მოვისვენოთ.
ასე თქვა ტელემაქემ და არგოსელმა ელენემ მსახურ ქალებს უბრძანა მათთვის საწოლები დაედგათ წინკარში, ძოწისფერი ფარდაგები გაეშალათ და მატყლის საბნები მოეტანათ. მონაქალები ანთებული მაშხალებით გავიდნენ წინკარში და ლოგინი გაშალეს. მესაწოლე წაუძღვა სტუმრებს. ტელემაქესა და ნესტორის მშვენიერ ვაჟს მალე ჩაეძინათ. შიდა პალატში ეძინა ატრევსის ძეს, მის გვერდით კი მსუბუქ საფარველში გახვეული, დედათა შორის უტურფესი ელენე იწვა.
ცისკარზე, როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა, საწოლიდან ადგა ომშიმყივარი მენელაოსი, ტანთ ჩაიცვა, მახვილი მხარიღლივ გადაიკიდა, ნატიფი ფეხები ხამლით შეიმოსა და ღვთივმშვენიერი სახით გამოვიდა პალატიდან. მენელაოსი ტელემაქეს მიუჯდა გვერდით, ჰკითხა: რა გასაჭირმა მოგიყვანაო აქ, ტურფა ლაკედემონს? კერძომ თუ საერთო საქმემ გადმოგალახვინა ზღვის ვრცელი ზურგი? გულახდილად მიამბეო ყოველივე.
გონიერმა ტელემაქემ მიუგო: - ო, ატრევსის ძევ, ზევსის ნებიერო, ერისმთავარო მენელაოს! მამიჩემის ამბავი მინდა გამოგკითხო, ამისათვის გეახელ, ეგების რამე შემატყობინო! მამეული მიპარტახდება, სიმდიდრე მელევა. მოძალადენი დაეპატრონნენ ჩემს სახლ-კარს, ჯგროდ მიხოცავენ ცხვარსა და თხას და მრუდეფეხებიან, რქადაგრეხილ ძროხებს, ხოლო თავხედი სასიძოები უტიფრად შემოადგნენ დედაჩემს. აწ მუხლზე ხვევნით გემუდარები, გამიმხილო მამაჩემის აღსასრულის ამბავი, შენი თვალით ნანახი თუ უცხოსაგან მოსმენილი. ჭეშმარიტად შავ დღეზე გაუჩენია იგი დედამისს! ნუ დამინდობ, ნურც შემიცოდებ, ყველაფერი წვრილად მიამბე, რაც გინახავს ან გაგიგონია. თუკი ტროელთა ქვეყანაში, იქ, სადაც აქაველთა ბევრი ჭირი იწვნიეს, სიტყვით ან საქმით შეგწევია როდისმე ქველი ოდისევსი, გაფიცებ, გაიხსენო და დაუფარავად მიამბო ყოველივე.
- ვაი მათ, ჯაბანთ, რომ ეგზომ ლომგული კაცის სარეცლის შებღალვა მოუნდომებიათ, - შესძახა მენელაოსმა, - ეს იმასა ჰგავს, ფურირემმა ძუძუმწოვარი ნუკრი ლომის ბუნაგში დააგდოს, თვითონ კი ბალახოვან ფერდობებს მიაშუროს საძოვრად. რა დღე დაადგებათ მათ, როცა ლომი თავის ბუნაგს დაუბრუნდება? ასეთსავე მწარე ხვედრს განუმზადებს სასიძოებს ოდისევსი! მამაზევსს, ათინასა და აპოლონს ვევედრები, ისეთივე ძალმორჭმული დაუბრუნდეს თავის სახლს, როგორიც მაშინ იყო, როცა ლესბოსში ფილომელიდს შეებრძოლა და აქაველთა სასიხარულოდ მიწაზე დასცა იგი. შავად გაუთენდებათ სასიძოებს ქორწილის დღე! წვრილად მოგიყვები, თუ რა გავიგე ბებერი გრძნეული ზღვისკაცისაგან. არაფერს დაგიმალავ!
აქეთ რა განვიზრახე წამოსვლა, ღმერთებმა ეგვიპტეში დამაყოვნეს, რადგან ჰეკატომბა არ მქონდა შეწირული მათთვის. ღმერთებს არ უყვართ, როცა მოკვდავნი ეურჩებიან მათ ნება-სურვილს. არის ერთი კუნძული მღელვარე ზღვაში: ეგვიპტიდან ზურგის ქარმა თუ დაუბერა, მზის ჩასვლამდე მიაღწევს ფერდებგანიერი ხომალდი იქამდე. ამ კუნძულს ფაროსს ეძახიან. სანაოსნოდ გამზადებული ხომალდის ზღვაში შესაცურებლად მშვენიერი ყურე აქვს ამ კუნძულს.
ოცი დღე იქ დავყავი ღმერთების ნებით, რაკი არსად ჩანდა ნაოსანთა შემწე ზურგქარი. ამ მოლოდინში შემოგველია მთელი მარაგი და თანამგზავრებსაც იმედი გადაუწყდათ. მაშინ შეგვეწია ძალმოსილი პროტევსის, ბებერი ზღვისკაცის ასული იდოთეა. შიმშილმა გაგვაწამა. ილაჯგაწყვეტილი თანამგზავრები მთელი დღე დაძრწოდნენ ზღვის სანაპიროზე ანკესებით, რომ როგორმე მოეკლათ შიმშილი. კუნძულზე მარტოდმარტო მოხეტიალეს იდოთეა შემომეყარა და ჩემი ცოდვით გულშეძრულმა ასეთი სიტყვით მომმართა: - ჰე, უცხოელო, შენ ან უმეცარი ხარ, ან საქმეზე ხელჩაქნეული, მწუხარებით რომ ირთობ გულს. უქმად რატომ დაყიალობ ამ კუნძულზე?
ეს მითხრა და მე ვუპასუხე: - ეჰე, ქალღმერთო, ვინც უნდა იყო, დაუფარავად გეტყვი ყველაფერს! ჩემი ნებით არ გავჩერებულვარ ამ კუნძულზე: ცათა შორის მობინადრე უკვდავი ღმერთები თუ განვარისხე! ყოვლისმცოდნე ქალღმერთი ხარ და მაუწყე, რომელმა უკვდავმა ჩამიკეტა გზა თევზმრავალ ზღვაზე?
იდოთეამ მომიგო: - ჰე, უცხოელო, სიმართლეს გეტყვი. ერთი გრძნეული მოხუცი ზღვისკაცი მოადგება ხოლმე ამ კუნძულს, - უკვდავი მეგვიპტელი პროტევსი, ზღვათა უფსკრულების მკვიდრი და ზღვათა მეუღლის, პოსეიდონის მსახური. ამბობენ, ჩემი მშობელი მამა არისო იგი. თუკი ჩაუსაფრდები და როგორმე ხელთ იგდებ, ყოველივეს გაგიმხელს: გასწავლის, როგორ გადალახო თევზმრავალი ზღვა. გამცნობს, ო, ზევსის ნებიერო, თუ მოისურვებ, შენს იქ არყოფნისას ავი ან კეთილი რა გარდახდომია შენსავე სახლეულს, მას აქეთ რაც ფათერაკით სავსე დაუსრულებელ გზას დაადექი!
ასე მითხრა და სწრაფადვე მივუგე: მაშ მირჩიე, როგორ შევიპყრო ის ღვთაებრივი ბერიკაცი, რომ არ მიმიხვდეს განზრახვას და ხელიდან არ დამიძვრეს. მოკვდავისათვის ხომ ძნელია ღმერთის დაძლევა!
და ბრწყინვალე ქალღმერთმა მომიგო: - მზე ცის შუაგულს რა მიაღწევს, ზღვაურისაგან შეძრული ლურჯი ზვირთებიდან ამოყვინთავს გრძნეული ზღვისკაცი და მღვიმეს მიაშურებს. აქაფებული ზღვიდან მას ამოჰყვებიან და დასაძინებლად გვერდს მიუწვებიან მშვენიერი ჰალოსიდნას[39] ნაშიერი ფოკინები[40]. ზღვათა უფსკრულების საშინელი სიმყრალე ამოჰყვება მათ. როგორც კი ირიჟრაჟებს, იქ მიგიყვან და მათ შორის ჩაგაწვენ. ხოლო შენ თანამგზავრთაგან სამი მარჯვე ვაჟკაცი შეარჩიე. ახლა კი ბებერი ზღვისკაცის ხრიკებს გაგიმხელ: ჩამოუვლის იგი თავის ფოკინებს, ყველას სათითაოდ გადათვლის და დაღლილი მწყემსივით მათ შორის მიწვება. როგორც კი მიეძინება, ეცით და შეიპყარით. ღონივრად გაიბრძოლებს, აქეთიქით მიაწყდება, დასხლეტას მოინდომებს. მაგრად გეჭიროთ, არასგზით ხელი არ გაუშვათ. ხმელზე მოარული ყველა არსების სახით მოგევლინებათ - წყლად და მოგიზგიზე ცეცხლად გადაიქცევა, მაგრამ არ შედრკეთ, გაასკეცებული ძალით მოთრგუნეთ! მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილი სახით გამოგეცხადებათ და ხმას გაგცემთ, თავი დაანებეთ ბერიკაცს. შენ კი, მამაცო, გამოჰკითხე, უკვდავთაგან რომელი მაბრკოლებს-თქო შინ მიმავალს, რომ გადავლახო თევზმრავალი ზღვა. ასე მითხრა და აქაფებულ ტალღებში გაუჩინარდა იდოთეა... ქვიშიან ნაპირზე შეყენებული ხომალდისკენ გავსწიე. გული საგულეს არ მედგა. ვივახშმეთ და ღვთაებრივი ღამეც ჩამოწვა.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა, ზღვის ნაპირს გავყევი და გზად მიმავალი უკვდავ ღმერთებს ვევედრებოდი. თან სამი სანდო და მკლავმაგარი თანამგზავრი წავიტანე. ამასობაში დათქმულ ადგილს მივედით, სადაც იდოთეამ ფოკინის ოთხი ახალგამოქნილი ტყავი და საყუჩი ორმო დაგვახვედრა. ქალღმერთმა ორმოებში ჩაგვსხა, ტყავებში გაგვახვია და გვიბრძანა, ასე დავხვედროდით ზღვისკაცს. სულს გვიხუთავდა ფოკინების გულისამრევი და მავნე სიმყრალე, მაგრამ მეტი რა გზა გვქონდა. შეჭირვებულებს ისევ ქალღმერთი შემოგვეშველა: ნესტოებში სურნელოვანი ამბროზია ჩაგვიზილა და საძაგელი ხვითქების შმორი განაქარა.
მთელი დილა მოთმინებით ველოდით ფოკინების გამოჩენას. აჰა, ისინიც გამოვიდნენ ზღვიდან და ნაპირზე დასაძინებლად მიწვნენ. შუადღისას გრძნეული პროტევსიც გამოჩნდა. თავის ზონზროხა ფოკინებს ჩამოუარა და თვლა დაუწყო. ტყავში გახვეულები ჩვენც ხვითქებს მიგვათვალა: ერთი წუთითაც არ დაეჭვებულა, იქვე წამოწვა. ჩათვლიმა თუ არა, ყიჟინით წამოვცვივდით და თავს დავაცხერით. ბერიკაცმა მყისვე გამოაჩინა თავისი გრძნეულება: ჯერ ფაფარაყრილი ლომის სახე მიიღო, მერე ურჩხულად, ავაზად და უზარმაზარ ტახად გადაიქცა. შემდეგ წყლად დაიღვარა, ბოლოს კი ხშირფოთლოვან ხედ ამოიზარდა. მაგრამ ჩვენ მაგრად გვყავდა ჩაჭერილი. გრძნეულებამ ვერ გაჭრა. მოხუცი მოიღალა და კაცური ხმით შეგვესიტყვა: - რომელმა ღმერთმა გასწავლა, ატრევსის ნაშიერო, ჩემი დაძლევის ხერხი? მაუწყე, რა გსურს?
- რაღას მეკითხები, თავად კარგად იცი-მეთქი, რომ ლოდინით გულშეღონებულს, თავი ვერ დამიღწევია ამ კუნძულისათვის. ყოვლის მცოდნე ღმერთი ხარ და მამცნე, რომელმა უკვდავმა ჩამიკეტა გზა?
- სანამ ხომალდზე ახვიდოდე, - მომიგო გრძნეულმა პროტევსმა, - ზევსსა და სხვა ღმერთებს წმინდა მსხვერპლი შესწირე. აგრე ჰქმენ, თუ გინდა მამულისკენ მიქცეულმა სწრაფად გადალახო ღვინისფერი ზღვა. თუკი შენს კეთილნაგებ სახლში დაბრუნება, მახლობელთა და შინაურთა ხილვა გიწერია, ჯერ ეგვიპტეში უნდა გაბრუნდე და ციდან მოდენილ მდინარესთან[41] წმინდა ჰეკატომბა შესწირო ცარგვალის მპყრობელ უკვდავ ღმერთებს. მხოლოდღა მაშინ გაგეხსნება გზა.
გული გამიხეთქა მისმა ნათქვამმა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა: მისი ბრძანებისამებრ ეგვიპტისაკენ ძნელსა და გრძელ გზას უნდა დავდგომოდი. შეძრწუნებულმა მაინც ვკითხე გრძნეულ ბერიკაცს: ბარემ ესეც მითხარი-მეთქი გულმართლად, ილიონის დაქცევის შემდეგ რა ბედი ეწიათ აქაველთა ხომალდებს, მე და ნესტორმა რომ ჩამოვიტოვეთ? ვის რა გარდახდა? - ხომალდზე მოესწრაფათ სიცოცხლე თუ ომგარდახდილებმა მეგობრის მკლავებზე დალიეს სული?
- ო, ატრევსის ნაშიერო, - მიპასუხა მოხუცმა, - იმის გაგებას ნუ ეცდები, რისი ცოდნაც არა ხამს! გულამოსკვნით ატირდები, ყველაფერი რომ გიამბო. აქაველთაგან ბევრი დაიღუპა, ბევრიც გადარჩა. დაბრუნებისას რვალისთორიან აქაველთა მხოლოდ ორ ერისმთავარს დაუბნელდა მზე. ხოლო ტროაში ვინ დაეცა, შენც კარგად იცი, ერთი მამაცი მამრი დღემდე დახეტიალობს უკიდეგანო ზღვის ზურგზე. აიანტი კი გრძელნიჩბებიან ხომალდზე დაიღუპა. პოსეიდონმა გირეების ტინებს შეანარცხა მისი ხომალდი, თუმცა თავად აიანტი ზღვის უფსკრულისგან იხსნა. ათინასგან მოძულებული სიკვდილსაც გადაურჩებოდა, თავხედურად რომ არ დაეკვეხნა, ღმერთების შეუწევნელად გადავრჩიო დახრჩობას. მაგრამ პოსეიდონს მისწვდა მისი ქადილი, განრისხებულმა სამკაპი დაჰკრა მეყსეულად გირეების ტინებს და შუაზე გააპო იგი. კლდის ზეთავი ზღვაში ჩაშვავდა და ზედ მობღაუჭებული გულგოროზი აიანტი თან ჩაიტანა. ზღვის მორევმა ჩაითრია იგი და მლაშე წყლით გაჭყეპილი უფსკრულს დანთქა.
ხოლო შენმა ძმამ, აგამემნონმა სწრაფმავალი ხომალდებით გაასწრო სიკვდილს, ქალღმერთთა დედოფალმა ჰერამ იხსნა იგი. მალეების პიტალო ქარაფებს რა მიადგა, საშინელი ქარბორბალა წამოეწია. სასომიხდილი, თევზმრავალ ზღვაზე მოქანავე თიესტეს შორეულ ქვეყანას გადახვეწა, რომელსაც იმჟამად თიესტეს შთამომავალი ეგისთე განაგებდა. ამასობაში გრიგალიც ჩადგა და აგამემნონმა სვიანად მიაღწია მშობლიურ ნაპირებს. ბედნიერებით გულშეძრულმა შედგა ფეხი წინაპართა მიწაზე და თვალცრემლიანი ემთხვია მას. მაგრამ იგი უმალვე შეამჩნია მზირმა, რომელიც სათვალთვალო კოშკზე ჰყავდა დაყენებული ვერაგ ეგისთეს. ეგისთე ათ ტალანტს დაჰპირებოდა მოთვალთვალეს და იგი მთელი წელიწადი დაუცადებლად გასცქეროდა უნაპირო ზღვას, რომ აგამემნონი უჩუმრად არ გადმოსულიყო ნაპირზე და სასახლეში ანაზდეულად თავს არ წასდგომოდა მათ.
მზირმა უმალვე აცნობა თავის პატრონს ეს ამბავი. ეგისთემაც არ დააყოვნა, მუხანათური ხერხი მოიგონა: ოცი ურჩეულესი ჭაბუკი ჩაასაფრა იმ ადგილას, სადაც სანადიმო სუფრა უნდა გაშლილიყო. თავად კი ეტლზე ამხედრებული პირმოთნედ შეეგება ერისმთავარს. მუხთალ და ვერაგ ეგისთეს გულღიად მიენდო აგამემნონი. მან კი ლხინად გამზადებული ერისმთავარი ბაგასთან დაბმული ხარივით დაკლა. ამ შეტაკებისას ერთობლივ ამოიჟუჟნენ როგორც ატრიდის მხლებელნი, ისე ეგისთეს თანამზრახველებიც.
ასე მიამბო და საცოდავი გული ჩამიწყდა მკერდში, ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა. სიცოცხლე მომძაგდა, მზის ცქერა აღარ მინდოდა. სასოწარკვეთილი დიდხანს ვეგდე მიწაზე. ტირილით გული რომ მოვიოხე, გრძნეულმა ზღვისკაცმა სანუგეშო სიტყვა შემაწია: - გეყო ცრემლის ღვრა, არას გარგებს ეს სიმძიმილი. ახლა ის გიჯობს, სამშობლოში გამგზავრებაზე იფიქრო. იქნებ ცოცხალს მიუსწრო ეგისთეს, არადა, ვინ იცის, იქნებ ორესტესაგან შურმიგებული შენ თვალწინ დამარხონ იგი. - მითხრა და გული საგულეს ჩამიდგა, სულს მომეფონა და გამხნევებულმა კვლავ შევეკითხე: - ამ ორის ამბავი მე უკვე ვიცი, ბარემ იმ მესამის სახელიც გამიმხილე, უკიდეგანო ზღვაში რომ გახირულა და აქამდე ეწვალება. რაგინდ მწარე იყოს ამის მოსმენა, მამცნე, ცოცხალია თუ მკვდარი!
ბერიკაცმა არ დამიმალა: - ლაერტეს ძეა იგი, ითაკის მკვიდრი. ერთ კუნძულზე ნიმფა კალიფსოს მღვიმეში ზის დატყვევებული და ცრემლად იღვრება. გზა მოჭრილი აქვს სანატრელი სამშობლოსაკენ. უხომალდოდ დარჩენილს თანამგზავრებიც აღარ ახლავან, რომ გადმოლახოს თევზმრავალი ზღვის ზურგი. შენ კი გულს ნუ გაიტეხ, ზევსის ნებიერო მენელაოს, ცხენმრავალ არგოსში სიკვდილი არ მოგეწევა. ქვეყნის კიდეს, ელიზიუმის ველებზე[42] დაგავანებენ უკვდავი ღმერთები, რადგან მშვენიერი ელენეს ქმარი და ზევსის სიძე ხარ. იქ არის დამკვიდრებული ოქროსთმიანი რადამანტი. სვებედნიერი ცხოვრება აქვთ მორჭმული იქაურთ. ამ ველებზე არც წვიმა იცის, არც თოვლი და არც ავი ქარები უბერავენ. მხოლოდ საამური სიო ქრის და გულს უამებს მუნ დავანებულ ნეტართ.
სათქმელს მორჩა და ზღვის უფსკრულში ჩაყვინთა გრძნეულმა პროტევსმა. მე და ჩემმა გულადმა თანამგზავრებმა ხომალდებს მივაშურეთ. გული ძალუმად მიძგერდა. ხომალდთან მივედი, ვივახშმეთ და ღვთაებრივი ღამეც ჩამოწვა. გულმოცემულებმა მშვიდად მივიძინეთ ზღვის ნაპირზე.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფრად ირიჟრაჟა, ხომალდები შევაცურეთ ღვთაებრივ ზღვაში, ანძები აღვმართეთ და იალქნები დავჭიმეთ. თანამგზავრები თავთავიანთ რიკულებს მიუსხდნენ და ნიჩბებით ააქაფეს ღვინისფერი ზღვა. გეზი ეგვიპტისაკენ ავიღეთ და იმ მდინარის ნაპირთან, ზევსის საუფლოდან რომ იღებს სათავეს, ჰეკატომბა შევწირეთ ღმერთებს. მსხვერპლის შეწირვის შემდეგ, უკვდავთა გულისწყრომა რა დაცხრა, აგამემნონის სადიდებლად ბორცვი აღვმართეთ. ამ საქმეს რომ მოვრჩი, გავბრუნდი. ღმერთებმა ზურგქარი შემაწიეს. აი, ასე მოვაღწიე ჩემს ტკბილ სამშობლოს.
შენ კი, ჩემო ტელემაქე, ათი-თორმეტი დღე კიდევ შეიცადე ჩემს სახლში. შემდგომ ამისა, კეთილად გაგისტუმრებ, დიდებულ ძღვენსაც გაგატან: გაკრიალებულ სამცხენიან ეტლსა და მშვენივრად ნახელავ ბარძიმს, რათა ჩემს სამახსოვროდ უკვდავ ღმერთებს ზედაშეს უღვრიდე. - ასე დაამთავრა თავისი ამბავი მენელაოსმა.
მაშინ გონიერმა ტელემაქემ მორიდებით სთხოვა: - დიდხანს ნუღარ დამაყოვნებ, ატრევსის ძეო! მთელი წელიწადი დავრჩებოდი ამ ჭერქვეშ და შენი ენამზიანობით გულდამტკბარი ერთხელაც არ მოვინატრებდი სახლსა და შინაურებს, მაგრამ პილოსში მეგობარნი მელოდებიან, ნუ დამაყოვნებ დიდხანს. შენგან მოძღვნილი ყველაფერი ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ ცხენებს ითაკაში თან არ წავიტან. დაე, ისინი შენს ველებს ამშვენებდნენ. შენს საძოვრებზე უხვად ბიბინებს იონჯა და კიპერონი[43], მძიმეთავთავიანი ქერი და ასლი. ზვირთგარემოცულ ითაკაში არა გვაქვს გაშლილი ველები და ბალახოვანი მდელოები. მწირია ჩვენი მიწა, თხები ძლივს პოულობენ საზრდოს და ცხენები როგორ გამოვკვებოთ?
ომშიმყივარ მენელაოსს გაეღიმა ამ სიტყვებზე. მხარზე მოხვია ხელი ტელემაქეს და ალერსით უთხრა: - საყვარელო ჭაბუკო, კეთილშობილი სისხლი გალაპარაკებს ამას. მაშ, ცხენების ნაცვლად სხვა საჩუქარს გიბოძებ. საჭურჭლე სავსე მაქვს განძეულით: ვერცხლის ლაგვინს მოგართმევ ოქროცურვილს, ჰეფესტოს ნახელავია იგი. გმირმა ფეიდიმოსმა მაჩუქა, სიდონელმა ერისმთავარმა, როცა სამშობლოსკენ შემოქცეულმა მის სახლში გავათიე ღამე.
ამ საუბარში იყო სტუმარ-მასპინძელი, რომ ღვთაებრივი ბასილევსის ეზოში მექორწილენიც შემობრძანდნენ. ცხვარი შემორეკეს, ძვირფასი ღვინო ჩამოასხეს, ხოლო მათმა დიაცებმა ლამაზად მოწნული ხახლებით პური შემოიტანეს. ასე იშლებოდა სუფრა მენელაოსის სასახლეში.
ამ დროს კი, ოდისევსის სახლის წინ, კარგად დატკეპნილ მოედანზე სასიძოები ბირთვის ტყორცნასა და შუბის სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მხოლოდ სასიძოთა შორის ღირსებით გამორჩეულნი, ანტინოე და ევრიმაქე განაპირებულიყვნენ. მათ ფრონიოსის ძე ნოემონი მიეახლა და ასეთი სიტყვა უთხრა ანტინოეს: - ხომ არ მეტყვი, ანტინოე, როდის დაბრუნდება ქვიშიანი პილოსიდან ტელემაქე? ჩემი ხომალდით გაემგზავრა, ახლა კი მე თვითონ მჭირდება ხომალდი, რომ უხვსაძოვრებიან ელიდაში ჩემს თორმეტკვიციან ფაშატსა და მუხლმაგარ ჯორებს მივაკითხო. ერთ-ერთი მინდა წამოვიყვანო და გავხედნო.
ანტინოე და ევრიმაქე სახტად დარჩნენ. არ ეგონათ, რომ ტელემაქე პილოსში ნესტორთან აღმოჩნდებოდა, - აქვე ახლომახლო, ცხვარში ან მეღორეებთან ეგულებოდათ. ნოემონის კითხვას კითხვითვე უპასუხა ანტინოემ, ევპეითოსის ძემ.
- მართალი თქვი, ნოემონ, როდის გაემგზავრა ტელემაქე ან ითაკის რჩეულ ჭაბუკთაგან ვინ წაიტანა? თავისი მონები ჰყავს წაყვანილი თუ ხალხი დაიქირავა? როგორ მოასწრო ან როგორ გაახერხა ეს საქმე? ისიც გვითხარი, ძალით წაგართვა შავჭვინტიანი ხომალდი თუ თხოვნით დაგიყოლია და ნებით გაატანე?
- არა, ნებით მივეცი, - მიუგო ნოემონმა, - ძნელია უარით გაისტუმრო ასეთ გასაჭირში ჩავარდნილი კაცი. ურჩეულესი ჭაბუკები გაჰყვნენ თან. როგორც შევატყვე, მენტორი უნდა წინამძღვრობდეს მათ, ან მენტორის სახით გამოცხადებული ვინმე უკვდავთაგანი. მე ის მაკვირვებს, რომ გუშინ დილით აქ მოვკარი თვალი მენტორს, თუმცა ყველამ იცის, რომ ტელემაქესთან ერთად გაემგზავრა პილოსს!
სათქმელი მორჩა და ნოემონი მამისეული სახლისკენ გაეშურა. ამ ამბავმა ელდა დასცა ორივეს: სასიძოებს ასპარეზობა შეაწყვეტინეს და თავისთან მოიხმეს. გულამღვრეულმა ანტინოემ ასე მიმართა შემოკრებილთ, - თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და გული რისხვით ჰქონდა სავსე: - ხედავთ, რა გაბედა ტელემაქემ? ჩვენს დაუკითხავად შეკაზმა ხომალდი, რჩეული ჭაბუკები თან წაიყოლა და პილოსს გაემართა. კეთილს არ დაგვაყრის ეს ამბავი! ზევსიმც მოუღებს ბოლოს, სანამ ბოროტებას რასმე შეგვამთხვევდეს! სასწრაფოდ შემიკაზმეთ ხომალდი, ოცი ნიჩბოსანი მომგვარეთ, რომ უკუშემოქცეულს კლდოვანი სამეს სრუტეში ჩავუსაფრდე. მამის გზა-კვალის მძებნელს, თვითონვე დავაკარგვინებ გზას!
ყველამ მხარი დაუჭირა, წამოიშალნენ და ოდისევსის დარბაზში შევიდნენ.
პენელოპემ მალე შეიტყო სასიძოების ფარული განზრახვა. მანდატურმა მედონმა ყური მოჰკრა მათ საუბარს და საჩქაროდ მიაშურა დედოფალს. პენელოპე კარის ზღურბლთან გამოეგება მაცნეს: - რა დაგაბარეს, მედონ, სასიძოებმა? იქნებ ის გითხრეს, ღვთაებრივი ოდისევსის მსახურნი შინაურ საქმეებს მოეშვან და სანადიმო სუფრა გაგვიშალონო? ნეტამც თავიდან მომწყდებოდნენ, ნეტამც უკანასკნელი იყოს მათი ნადიმობა ჩვენსა. როგორ გვიჩანაგებენ დოვლათს! როგორ გააპარტახეს ტელემაქეს საბადებელი! ნუთუ მამებისაგან მაინც არ გაუგონიათ, როგორი ბასილევსი იყო ითაკელებისთვის ოდისევსი? მას ხომ არავისზე უთქვამს აუგი და არც საქმით დაუშავებია მათთვის რაიმე. ასე მოსდგამთ ღვთაებრივ ბასილევსებს: ქვეშევრდომთაგან ზოგი უყვართ, ზოგს კი მოიძულებენ ხოლმე, მაგრამ კეთილშობილ ოდისევსს არასოდეს გამოურჩევია ვინმე. ასე უხდიან ეგ უმადურები სამაგიეროს?
გაბრძნობილმა მედონმა გაუმხილა სათქმელი: - ო, დედოფალო, რა გვიჭირდა, მარტო ამას რომ სჯერდებოდნენ! უარესი აქვთ განზრახული, - ზევსიმც დაუყენებთ თვალს! უკან მობრუნებულ ტელემაქეს უნდათ ჩაუსაფრდნენ და მახვილით განუგმირონ გული. ის ხომ მამის ამბის შესატყობად ღვთაებრივ პილოსს და მზიურ ლაკედემონს არის წასული.
პენელოპე გაშრა, ხმა ჩაუწყდა. მუხლებმა კანკალი დაუწყო. ღაწვებზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. ოდნავ სული რომ მოითქვა, ხმაათრთოლებულმა ესღა აღმოთქვა: - თავს რატომ იღუპავს? საით გაუწევია იმსიშორეს, ნუთუ ის უნდა, რომ მისი სახსენებელი აღიგავოს ითაკაში?
- ვერ გეტყვი, დედოფალო, თავისი ნებით წავიდა თუ ღმერთებმა შთააგონეს პილოსში წასვლა, - უპასუხა მედონმა, - ისღა ვიცი, რომ ოდისევსის ასავალ-დასავალის გასაგებადაა გამგზავრებული.
ეს თქვა და განშორდა. გულშეღონებულმა პენელოპემ საკარცხულამდე ვეღარ მიაღწია, იქვე სანთიობოს ზღურბლზე ჩაიკეცა და საწყალობლად ატირდა. შიმუნვარები შემოეხვივნენ და მასთან ერთად იწყეს ტირილი.
- საყვარელნო, - მიმართა მათ აქვითინებულმა პენელოპემ, - თანაგაზრდილთა და თანატოლთა შორის ყველაზე მწარე ხვედრი მე მარგუნეს უკვდავმა ღმერთებმა: ჯერ იყო და ლომგული ქმარი დავკარგე, დანაელთა სიქადული, მთელ ელადასა და არგოსში სახელგანთქმული; ახლა კი ბობოქარმა ზღვამ მომტაცა ერთადერთი შვილი! მე უბედურმა არაფერი ვიცოდი მისი გამგზავრებისა. თქვენ კი, უგულოებო, თქვენ ხომ იცოდით ეს? რატომ არ წამომაგდეთ საწოლიდან, როცა ის შავჭვინტიან ხომალდში ჯდებოდა? ცოცხალი თავით არ გავუშვებდი!.. საჩქაროდ მიხმეთ მებაღე დოლიონი, მამაჩემმა მზითევში რომ მაჩუქა! ახლავე ეახლოს ლაერტეს, ეგების რაიმე იღონოს ბერიკაცმა: საფიხვნოში უჩივლოს სასიძოებს, რომელთაც ოდისევსის ჯილაგის ამოგდება განუზრახავთ!
- საყვარელო რძალო, - მიმართა მას იქვე მდგომმა ერთგულმა ევრიკლეამ, - მომკალი თუ გინდა, არ დაგიმალავ: ყველაფერი ვიცოდი, მე უბედურმა! თვითონ მოვუმზადე ტელემაქეს საგზალი პური და სურნელოვანი ღვინო. მაგრამ საშინელი ფიცით დამაფიცა: თორმეტი დღე არაფერი მეთქვა შენთვის, ვიდრე შენ თვითონ არ მოიკითხავდი ან ყურს არ მოჰკრავდი ამ ამბავს. არ უნდოდა, მშვენიერი პირისკანი ცრემლებით დაგღარვოდა. ახლა წადი, ტანი განიბანე, სპეტაკი სამოსლით შეიმოსე და სანთიობოში შიმუნვარებთან ერთად, ათინას, ფარისმპყრობელი ზევსის ასულს, შეევედრე. მხოლოდ ათინას შეუძლია დაიფაროს ტელემაქე დაღუპვისაგან. იმას კი, ისედაც შეჭირვებულ ბერიკაცს, ნუღა შეაჭირვებ. არა მგონია, არკესიანთა ღვთაებრივი მოდგმა გაწირონ ნეტარმა ღმერთებმა. კიდევ აღზევდება ერთი მათგანი ითაკის ბჭემაღალი სახლისა და ნაყოფიერი ველების ხელმწიფედ!
ამ სიტყვებმა გაამხნევა პენელოპე. ცრემლი შეიმშრალა ღაწვებზე. მერე ტანი განიბანა, სპეტაკი სამოსლით შეიმოსა, კალათში ქერის მარცვალი ჩააბნია, შიმუნვარებთან ერთად სანთიობოში ავიდა და ათინას ლოცვა აღუვლინა: - მისმინე, ფარისმპყრობელო ზევსის უძლეველო ასულო! თუკი როდისმე ამ სახლში დიდსულოვან ოდისევსს შენთვის ხარისა ან ცხვრის პოხიერი ბარკლები შემოუწირავს, ახლა გაიხსენე და შემეწიე! საყვარელი ჩემი ძე ქვეგამხედვარი და გულღვარძლიანი სასიძოებისაგან იხსენი!
პენელოპეს მხურვალე ვედრება შეიწყნარა ქალღმერთმა. ამ დროს კი ჩამობნელებულ დარბაზში ერთი ხორხოცი ჰქონდათ ზარხოშში შესულ სასიძოებს. ერთი თავგასული ჭაბუკთაგანი ასე ლიზღობდა: საქმრომრავალი დედოფალი საქორწინოდ ემზადება, ის კი არ იცის, რომ მის შვილს შავი დღე ელისო.
ასე იტყოდნენ, მაგრამ არ უწყოდნენ, თავად რა ელოდათ! მაშინ ანტინოემ ამგვარი სიტყვა უთხრა სასიძოებს: - უმეცარნო, რამ გაგახელათ? ენას კბილი დააჭირეთ, არავინ შეგვიტყოს განზრახვა და არ გაგვამჟღავნოს! ავდგეთ და იდუმალ შევასრულოთ ის, რაც ერთობლივ გადაგვიწყვეტია!
ოცი წარჩინებული ვაჟკაცი გამოარჩია და სწრაფმავალი ხომალდისაკენ გაემართა. ხომალდი ზღვაში შეათრიეს, ანძა აღმართეს, რიკულებზე ღვედებით დაამაგრეს ნიჩბები, ყველაფერი მოამზადეს და აფრები გაშალეს. ერთგულმა მსახურებმა საომარი საჭურველი მოუტანეს, ნაოსნები ხომალდზე ავიდნენ და შეღამების მოლოდინში ვახშმობას შეუდგნენ. სანთიობოში კი უსმელ-უჭმელი პენელოპე კრიჭაშეკრული იწვა. შვილის დარდი არ ასვენებდა. მწარე ფიქრები უღრღნიდა გულს. დაუსხლტებოდა ტელემაქე განსაცდელს თუ ქვებუდანი სასიძოები საბოლოოდ დაღუპავდნენ? როგორც დამარტოხელებულ ძუ ლომს შესაპყრობად ალყად შემოერტყმიან ხოლმე მონადირენი და დამფრთხალს თანდათან უახლოვდებიან, ისე შესეოდნენ პენელოპეს შავი ფიქრები და ძილს უფრთხობდნენ, მაგრამ ბოლოს ქანცმილეულს ძილმა წაართვა თავი.
მაშინ ასეთი რამ იზრახა თვალსხივოსანმა ათინამ: დიდსულოვანი იკარიოსის ასულის, იფთიმას სახება შექმნა. იფთიმა - პენელოპეს დაი – ევმელოსზე იყო გათხოვილი და შორეულ ფერაში ცხოვრობდა. ოდისევსის სახლში გულმჭმუნვარე პენელოპეს სანუგეშებლად მოავლინა მისი აჩრდილი ქალღმერთმა. დის აჩრდილმა კარის ჭუჭრუტანიდან შეაღწია სანთიობოში, თავთით დაუდგა მძინარე დედოფალს და ფრთიანი სიტყვით შეეხმიანა: - შენ გძინავს, პენელოპე, ჩემო მწუხარე დაო, ნეტარი ღმერთები არ განებებენ წუხილსა და ცრემლის ღვრას, რადგან უკვდავთა წინაშე უბრალოა ტელემაქე და შინ მშვიდობით დაგიბრუნდება.
სიზმრის ბჭეთა შორის ტკბილად ჩაძინებულმა სათნო პენელოპემ ასე მიუგო: - აქ როგორ გაჩნდი, სანატრელო დაო? ადრე არასოდეს მსტუმრებიხარ შენი შორეული სახლიდან. გინდა მწუხარება დამიამო და გულის მტანჯველი კაეშანი უკუმყარო? მაგრამ რამ უნდა მანუგეშოს: ლომგული ქმარი დავკარგე - დანაელთა სიქადული, მთელ ელადასა და არგოსში სახელგანთქმული. ახლა კი შვილიც გამშორდა სწრაფმავალი ხომალდით. ის ხომ ჯერ კიდევ ყრმაა, ჭირში გამოუცდელი და სიტყვაპასუხში უწვრთნელი, ამიტომ მისი ბედი უფრო მაწუხებს, ვიდრე ჭირნახული ოდისევსისა. შიშით აღარა ვარ. ვაითუ რამე ფათერაკი შეემთხვეს ზღვაზე ან იმ ხალხთა შორის, სადაც მოხვდება. აქაც ბევრი მტერი და ავის მოსურნე ჰყავს. მამულისკენ შემოქცეულს დაღუპვით ემუქრებიან!
დის აჩრდილმა ძილისშორისში ასე გაამხნევა დედოფალი: - ნუ გეშინია, ისეთი მფარველი ჰყავს ტელემაქეს, გულმაგარი კაციც რომ ინატრებდა. ათინა პალასია მისი შემწე, შენი შემწყალებელი. მანვე გამომგზავნა შენს სანუგეშებლად და ამის საუწყებლად.
- უკეთუ ქალღმერთი ხარ, ჩემი ბედშავი მეუღლის ამბავიც მამცნე ბარემ, - შესთხოვა პენელოპემ, - ჯერ კიდევ ტკბება მზის შუქის ჭვრეტით თუ ჰადესის წყვდიადშია დანთქმული?
- არ ვიცი, მკვდარია თუ ცოცხალი, ვერაფერს გეტყვი. ფუჭსიტყვაობა კი უკადრისი საქმეა!
ეს თქვა და კარის ჭუჭრუტანიდან ქარივით გაქრა იფთიმა.
დილით გულსავსედ გამოიღვიძა იკარიოსის ასულმა, რადგან იზრახა, ღვთაებამ მომივლინაო ეს სიზმარეული ჩვენება.
ამასობაში ტელემაქეს სასიკვდილოდ გამწირველი სასიძოები მიადგნენ დათქმულ ადგილს. იქ, ითაკასა და სამეს შორის ერთი პატარა კლდოვანი კუნძულია ასტერიდად წოდებული. ამ კუნძულის მყუდრო ნავმისადგომში ჩაუსაფრდნენ აქაველები ტელემაქეს.
V. კალიფსოს მღვიმეში
ცისკარზე, როცა სხვიმოელვარე ეოსი ტითონის[44] სარეცლიდან ადგა, რათა უკვდავთა და მოკვდავთათვის სწორად მოეფინა ნათელი, მაღლითმქუხარი ზევსის გარშემო შემოკრბენ ღმერთები. ნიმფა კალიფსოს მღვიმეში დატყვევებული, მრავალჭირნახული ოდისევსი გაიხსენა ათინამ: - ჩვენო მამავ ზევსო და ნეტარო ღმერთებო! ამიერიდან აღარც ერთი კვერთხის მპყრობელი ბასილევსი არ იქნება მოწყალე და სამართლიანი, არამედ გულსასტიკი და უსამართლო. ვინაიდან მოძულებული გყავთ ქვეშევრდომთა მიმართ ლმობიერი ოდისევსი. მწუხარებით გულგასენილს ნიმფა კალიფსო ძალად აკავებს თავის კუნძულზე, ხოლო მას, უხომალდოდ და უამხანაგოდ დარჩენილს, ძალა არ შესწევს გადალახოს უკიდეგანო ზღვა. ახლა კი ითაკისკენ შემოქცეულ მის ძეს უპირებენ მოკვლას. ის ხომ მამამისის ამბის შესატყობად არის გამგზავრებული ღვთაებრივ პილოსსა და მზიურ ლაკედემონს!
ღრუბელთმეუფე ზევსმა დაძრა ბაგენი: - ეს რა სიტყვა დასცდა შენი კბილების ზღუდეს, ჩემო ასულო? განა შენ თავად არ გადაწყვიტე სასიძოებზე ეძია შური სამშობლოში დაბრუნებულ ოდისევსს? ახლა ის გმართებს, მშვიდობით დააბრუნო ითაკაში ტელემაქე, ხოლო მისი მტრები ხელმოცარული დატოვო.
ეს უთხრა ათინას, ჰერმესს კი, თავის ძვირფას ძეს, უბრძანა: - ჰერმეს, წადი და ამცნე თმამშვენიერ ნიმფას ჩვენი ნება-სურვილი: ჭირთამთმენი ოდისევსი გაუშვას თავისი კუნძულიდან! მტკიცედ შეკრული ტივით კაცთა და ღმერთთა შეუწევნელად გავიდეს ზღვაში. მეოცე დღეს ღმერთების ნათესავ ფეაკელთა კუნძულს, სქერიას მიადგეს, სადაც უკვდავი ღმერთის სადარ პატივს მიაგებენ მას: ხომალდს შეუკაზმავენ, ოქროვერცხლითა და ძვირფასი სამოსლით დატვირთულს სამშობლოში გაისტუმრებენ. ტროადან ვერ წაიღებდა ამდენ ალაფს, უვნებლადაც რომ მიეღწია ითაკამდე. ასეთი ბედი უწერია: დავლამრავლად ჩავიდეს ითაკაში და თავისი ბჭემაღალი სასახლისა და მახლობელთა ხილვით გაიხაროს!
არგუსის მკვლელი, მალემსრბოლი ჰერმესი უმალვე დაემორჩილა. ფეხი შეიმოსა ოქროს უცვეთელი ხამლით: იგი ქარზე უმსუბუქესად დააქროლებდა ჰერმესს ზღვასა და უკიდეგანო ხმელეთზე. ძილღვიძილის კვერთხი ეპყრა ხელთ, რომლითაც ნებისაებრ აძინებდა და აღვიძებდა ხოლმე მოკვდავებს. პირეას რა ჩაუქროლა, ეთერიდან ზღვაზე დაეშვა. აქ თევზზე მონადირე თოლიასავით გაჰყვა მლაშე ტალღების ქედს. შორეულ კუნძულს რომ მიაღწია, ლურჯი ზღვიდან ხმელეთზე გამოვიდა და რბოლით მიაშურა მღვიმეებს, სადაც ნიმფა კალიფსო ცხოვრობდა. გამოქვაბულში ცეცხლი ენთო. დანაკვერცხლებული კვიპაროსისა და ღვიის სურნელება იკმეოდა ირგვლივ. ცეცხლთან თმამშვენიერი დიაცი ბეჭსახეხელს უჯდა და ტკბილი ხმით გალობდა. ქვაბის მახლობლად მშვენიერი ტყე შრიალებდა. მურყანი, ჭადარი და ფიჭვი სურნელებით ფშვენდა. მათ რტოებში ბუებს, ძერებსა და მახვილნისკარტა ჭილყვავებს დაებუდრათ. მზის გულზე მძიმე მტევნებით დაყურსული ვენახი იყო გაშენებული. იქვე საამურად მოჩუხჩუხებდა ოთხი თავგრილი წყარო. მათი ვერცხლისფრად მოციმციმე ნაკადულები სხვადასხვა მხარეს მიჩხრიალებდა. მობიბინე მდელოებზე ია ჰყვაოდა. თვითონ უკვდავ ღმერთებსაც გაუხარებდა თვალს ეს წალკოტი. განცვიფრებით შესცქეროდა ნიმფას ტურფა კარმიდამოს ოლიმპოელი მალემსრბოლი. ცქერით რა გაძღა, სწრაფად შევლო გამოქვაბულის ბჭე. დანახვისთანავე იცნო არგუსის მკვლელი ქალღმერთმა, რადგან, რაც უნდა შორიშორ ცხოვრობდნენ, ერთმანეთს უმალვე ცნობენ ღმერთები. ოდისევსს კი ვერსად მოჰკრა თვალი ჰერმესმა: ჩვეულებისამებრ, ზღვის ნაპირზე იჯდა იგი. ზღვის შორეულ სივრცეს გასცქეროდა და ცხარე ცრემლით დასტიროდა თავის გაუხარელ ბედს. შუქმოთინათე საკარცხულზე მიიწვია ჰერმესი კალიფსომ და ალერსით ჰკითხა: - რას ვუმადლოდე შენს სტუმრობას, ოქროსკვერთხოსანო ჰერმეს? იშვიათად მწვევიხარ ადრე. მითხარი, რა გსურს! ყოველივეს აგისრულებ, რისი ასრულებაც ძალმიძს და ჯერ არს! შიგნით შევიდეთ, რომ საკადრისად გაგიმასპინძლდე.
ეს თქვა და ამბროზიით სავსე ტაბლა დაუდგა. თასით წითელი ნექტარი მიართვა სტუმარს. ჭამადი რა იგემა და ღვთაებრივი სასმელით გული დაიამა, ზევსის მალემსრბოლმა ასე მიმართა თმამშვენიერ ნიმფას: - მშვენიერო კალიფსო, მეკითხები, რამ მოგიყვანაო, - სიმართლეს გეტყვი: ზევსმა გამომგზავნა შენთან. თავისი ნებით ვინ გადმოლახავდა ამ უკიდეგანო, უკაცრიელ ზღვას, სადაც მოკვდავთა არც ერთი ქალაქი არ შემოგხვდება გზაზე, რომ მსხვერპლი და ჰეკატომბა შემოგწირონ? მაგრამ რომელი ღმერთი გადუდგება ფარის მპყრობელის ნებასა და ბრძანებას? შენს კუნძულს შეფარებია უბედკრულესი იმ მამაცთა შორის, რომლებიც ცხრა წელიწადს ებრძოდნენ პრიამოსის ციხესიმაგრეს და მეათე წელს ტროას გალავნის დამაქცევარნი სამშობლოსკენ გამოეშურნენ. მაგრამ ჰელიოსი შემოსწყრა იმ ბედკრული კაცის თანამგზავრებს, ავი გრიგალი დაადევნა და დაღუპა. ის კი ბობოქარმა ზღვამ აქ გამორიყა. ზევსმა გიბრძანა, საჩქაროდ გაუშვა, რადგან არ უწერია მახლობელთაგან შორი სიკვდილი, არამედ სამშობლოში დაბრუნება, ბჭემაღალი სახლისა და შინაურთა ხილვა.
ელდანაცემმა კალიფსომ შესძახა: - გულქვა და შურიანი რადა ხართ ოლიმპოელი ღმერთები?! რატომ არ გინდათ, ქალღმერთებმა მეუღლის სარეცელი გავუზიაროთ მოკვდავთაგან ურჩეულესთ? როცა ვარდისფერთითება ეოსმა ორიონი[45] აირჩია, ნებიერნი შურით აღიძარით: ორტიგოაში ოქროსტახტოსანმა არტემისმა განგმირა იგი ფრთამალი ისრით! თმამშვენიერი დემეტრე სამგზის მოხნულ მინდორზე სიყვარულით რომ შეერთო იასიონს, წამსვე შეიტყო ზევსმა და მოკვდავს მეხი დაატეხა თავზე. აწ კი ჩემზე აღმდგარან შურით ღმერთები, მოკვდავი რომ მახლავს გვერდით. განა მე არ გადავარჩინე იგი, როცა ზევსმა დაულეწა ხომალდი შუაგულ ზღვაში, ერთგული თანამგზავრები დაუღუპა, ხოლო თვითონ, ხომალდის ხერხემალს მოჭიდებული, ჩემს ნაპირზე გამორიყა? მოვასულიერე, გულღიად შევხვდი და აღვუთქვი, უკვდავებას მოგანიჭებ-მეთქი. მაგრამ, ვაგლახ, არ ეგების წინ აღვუდგე ფარისმპყრობელის ნებას, არც მისი განრისხება ხამს! დაე, აღსრულდეს მისი ნება! დაე, ოდისევსი გაუდგეს უკაცრიელ გზას! ერთგულ თანამგზავრებსა და შეკაზმულ ხომალდს ვერ გავუჩენ. კეთილი რჩევით კი შევეწევი, რომ მშვიდობით მიაღწიოს მამეულ კუნძულს.
ჰერმესმა, არგუსის მკვლელმა, დასძინა: - ეგრე ჰქმენ! გეშინოდეს ზევსის გულისწყრომისა, განრისხებულმა თავს არ დაგატეხოს რისხვა!
თქვა ეს და თვალს მიეფარა.
ნიმფა კალიფსომ მყისვე მიაშურა ოდისევსს.
თვალცრემლიანი ოდისევსი ზღვის ნაპირზე იჯდა. სამშობლოზე ფიქრში ილეოდა მისი დღე და წუთისოფელი. თმამშვენიერ ნიმფაზე მას უკვე აღარ მისდიოდა გული, თუმცა მღვიმეში იძულებით ატარებდა ღამეს მის გვერდით. დღისით გულმოკლული იჯდა კლდოვან ნაპირზე, ზღვის შორეულ სივრცეს გასცქეროდა და ცხარედ ტიროდა. ქალღმერთი მიუახლოვდა და ნაღვლიანად უთხრა: - გეყო სიმძიმილი, სვეგამწარებულო კაცო! კვლავ ნუღა წაიმწარებ წუთისოფელს. აწ გულმოწყალე გიშვებ ჩემი კუნძულიდან. წადი, ძელები დაამზადე და ტივი შეკარი, მერე ღვლერჭით შემორაგვე, რომ უხიფათოდ გადაცურო აქაფებული ზღვა. საგზლად წყალსა და პურღვინოს გაგატან. შიმშილი არ შეგაწუხებს გზაში! სამოსელსაც გაგიმზადებ. ზურგის ქარს დაგადევნებ, რომ მშვიდობით მიადგე მშობლიურ კუნძულს, თუკი ცაში დავანებული ღმერთები, სიბრძნითა და ხელმწიფებით ჩემზე აღმატებულნი, ამას მოისურვებენ.
ამის გამგონე შედრკა ჭირთამთმენი ოდისევსი.
- რას მიმზადებ, ნეტავ, მაცდურო ქალღმერთო! მეუბნები, ტივით გადაცურეო ბობოქარი ზღვა, რომელსაც ზევსის ქარით მოხარული სწრაფმავალი ხომალდებიც კი ძნელად თუ გადალახავენ. მანამდე არ ავალ ტივზე, სანამ საშინელი ფიცით არ შემომფიცავ, რომ უბედურებას არ დამატეხ თავზე!
კალიფსომ ხელი მოჰხვია მხარზე ოდისევსს და ღიმილით უთხრა: - ჭირში მრავალნაცადი, ფრთხილი და უნდოც ყოვილხარ, ჩემო კარგო! დიდად მეოცა შენი პასუხი. რაკი იჭვნეულობ, შემოგფიცავ, ნეტარ ღმერთებსაც კი აძრწუნებს ამგვარი ფიცი: დე, მოწმე იყოს ცა, დედამიწა და ქვესკნელი, რომ ავს არაფერს შეგამთხვევ! იცოდე, თავს მირჩევნიხარ და ბედის ანაბარა არ მიგატოვებ. გულის მაგიერ ქვა როდი მიდევს, ლმობიერი და გულმოწყალე ვარ!
ფიცი დაასრულა და წინ გაუძღვა ოდისევსს. კაცი და ქალღმერთი ერთად შევიდნენ ღრმა მღვიმეში. ოდისევსმა იმ საკარცხულს მიაშურა, რომელშიც ამ ცოტა ხნის წინათ ზევსის მორბედი ჰერმესი იჯდა. ნიმფამ მოკვდავთა შესარგი მრავალფერი სასმელ- საჭმლით გაწყობილი ტაბლა დაუდგა და თავადაც გვერდით მიუჯდა ღვთაებრივ ოდისევსს... მოახლეებმა ამბროზია და ნექტარი მოართვეს თავიანთ დედოფალს. სმაჭამა რა მოათავეს, ასეთი სიტყვა უთხრა მას ქალღმერთმა: - ზევსის ნაშიერო, მრავალ ჭირთამთმენო მამრო! რაკი აღარ იშლი გამგზავრებას სამშობლოსაკენ, დამილოცნიხარ, მშვიდობით იარე! რომ იცოდე, რა ძნელბედობა შეგაჭირვებს შინისაკენ მიქცეულს, აქ დარჩებოდი და უკვდავებას ეზიარებოდი. მაგრამ გული მამულისაკენ მიგიწევს, იქ, სადაც შენი მარადსანატრელი პენელოპე გელოდება. მაგრამ მითხარი, განა შემედრება თვალ-ტანადობით შენი მეუღლე, მოკვდავი უკვდავს?
- ნუ გამირისხდები, ქალღმერთო, - უპასუხა ოდისევსმა, - არ ვიცი განა, თვალტანადობით რომ ვერ შეგედრება სათნო პენელოპე? მოკვდავია იგი, შენ კი უკვდავს, სიკვდილი არ გეკადრება! მაინც მარადდღე სამშობლოსკენ მიმიწევს გული და რაც უნდა დამატეხონ ღმერთებმა ნისლიან ზღვაზე, ყველაფერს ავიტან. ძნელბედობაში დამთმენი და ჭირსა შიგან გამობრძმედილი ვარ. დაე, ძველ ჭირს ახალიც მოესართოს!
ამასობაში მზე ჩაესვენა და ბინდი დაეცა არემარეს. ისინი გამოქვაბულის მყუდრო სკნელში განმარტოვდნენ და მთელი ღამე სიყვარულით ტკბებოდნენ.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფრად ირიჟრაჟა, საწოლიდან წამოდგა მრავალტანჯული ოდისევსი, ქიტონითა და მოსასხამით შეიმოსა, ხოლო თმამშვენიერი ნიმფა ჰაეროვან, სპეტაკ სამოსელში გამოეწყო, წელზე ოქროს სარტყელი შემოირტყა, თავსაბურველი მოიხვია და ოდისევსის გასასტუმრებლად სამზადისს შეუდგა. ბრინჯაოს ორპირი ცული მოუტანა, ბასრი და მარჯვედ სახმარი, რომელსაც ლამაზად გათლილი ზეთისხილის ტარი ეგო. მჭრელი, წმინდად გამოპირული ხელეჩო მისცა და შორს, უღრანი ტევრისაკენ წაუძღვა, სადაც ცამდე აეწვდინათ წვეროკინები დიდრონ ხეებს - სახომალდედ გამოსადეგ ხმელ მურყანს, ჭადარსა და ფიჭვს. აქ მოიყვანა კალიფსომ ოდისევსი და უკანვე გაბრუნდა.
ოდისევსმა ოციოდე ხე წამოაქცია, გალოპრა და წმინდად გამოკუთხა. მობრუნებულმა კალიფსომ ბურღი მოუტანა. ოდისევსმა ძელები დაბურღა, ერთმანეთს მჭიდროდ მიუსადაგა და ჭანჭიკებით დაამაგრა. იმსიგანე იყო ოდისევსის ტივი, მარჯვე მეხომალდენი რომ უდგამენ ძირად თავიანთ ფერდგანიერ ხომალდებს. ტივზე ბაქანი დააგო. ანძა აღმართა და საჭე დააყენა. ტალღებისაგან თავის დასაცავად ძეწნის ღვლერჭით შემორაგვა ბაქანი. კალიფსოს მოტანილი ტილოსაგან იალქანი აჭიმა და თოკებით გაამაგრა. მერე გამზადებული ტივი ბერკეტებით შეაცურა ზღვაში.
მეხუთე დღეს შუქნათელმა კალიფსომ განბანა ოდისევსი და სურნელოვან სამოსელში გამოაწყო. ტიკები წითელი ღვინით და სასმელი წყლით აუვსო, ხოლო ტყავის ვაშკარანები პურითა და მრავალფერი სანოვაგით დაუტენა. თან კეთილი ზურგქარი გააყოლა. ღვთაებრივი ოდისევსი სიხარულით ავიდა ტივზე, გაშლილი იალქანი ქარისაკენ შეაბრუნა, კეთილნახელავი საჭე მოიმარჯვა და გზას გაუდგა. ღამღამობით ძილი არ ეკარებოდა თვალებზე. გამუდმებით შეჰყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცარგვალს, მბრწყინავ ხომლსა და გვიან ჩამავალ მენახირეს, აგრეთვე გუთანს (ურემსაც რომ უხმობენ), რომელიც მუდამ ორიონთან ტრიალებს და არასოდეს ეშვება ზღვაში. ნიმფა კალიფსომ ურჩია, ხელმარცხნივ მოეტოვებინა ეს თანავარსკვლავედები და მარჯვნივ აეღო გეზი.
მეთვრამეტე დღეს დილის ბურუსში ოდისევსმა ფარივით მომრგვალებული ფეაკელთა მოქუფრული ბორცვები შეამჩნია. სწორედ ამ დროს ეთიოპელთაგან ბრუნდებოდა მიწისმრყეველი პოსეიდონი. მან სოლიმების მთებიდანვე ჰკიდა თვალი ტივზე მჯდომარეს. განრისხებულმა ღმერთმა მძვინვარედ შეარხია თავი და გულში იზრახა: ვაჰ, ჩემო თავო! სანამ ეთიოპიელთა ქვეყანას ვიყავ, ჰგავს, ოდისევსის ხსნა გადაუწყვეტიათ ღმერთებს. უკვე ახლოსაა ფეაკელთა მიწა, სადაც ბედისწერის განგებით დასრულდება კიდეც მისი ხიფათით სავსე მგზავრობა. მაგრამ, თუ ღმერთი მქვია, კიდეც გავაძღობ ზღვის მლაშე წყლით!
და ზღვათა უფალმა რისხვით დაჰკრა სამკაპი ზღვის ფსკერს, შავი ღრუბლებით მოგრაგნა ზეცა ოდისევსის თავზე და ოთხივე კუთხით ავადმსტვინავი ქარები დაასია. დასავლეთიდან სასტიკი ჭალიკონი მოიჭრა, ჩრდილოეთიდან ზესკნელს შობილი ბობოქარი ბორეასი, ხოლო აღმოსავლეთიდან მხურვალე ხორშაკმა დაბერა. მთებისოდენა ტალღები წამოიმართნენ ზღვის უფსკრულიდან და ნაფოტივით აიტაცეს ოდისევსის ტივი. მუხლი მოეკვეთა და გული შეუდრკა მრავალჭირნახულს და საკუთარ გულს ასე შეჰღაღადა: - ვაჰმე, საბრალო ჩემო თავო! ეს რა შავი დღე გამითენდა! მართალი უთქვამს ქალღმერთს, შინ მისვლამდე მრავალი განსაცდელი დაგატყდებაო თავს. აკი ამიხდა ყოველივე! უსაზღვრო ცარგვალი ზევსს ღრუბლებით მოუგრაგნია. ოთხივე კუთხით მობერილ ქარებს აუბობოქრებიათ ზღვა და ვეჭვ, ცოცხალი გადავურჩე ამ გასაჭირს. სამგზის ნეტარნი არიან დანაელნი, ატრევსიანთა გულისათვის ილიონის კედლებთან რომ დაიღუპნენ! ნეტავ მეც მაშინ დავღუპულიყავ, როცა აქილევსის ცხედრის გამოსატაცებლად მომხდური ტროელნი ჰოროლებს მესროდნენ! სახელოვნად დაცემულს პატივით მაინც დამმარხავდნენ აქაველნი. ახლა კი საწყალობელს უსახელო სიკვდილი მელის!
ამის გაფიქრებაღა მოასწრო ოდისევსმა და ვეებერთელა ტალღა ზათქით დაასკდა ტივს, ხელიდან გამოჰგლიჯა საჭე და ტივიდან შორს გატყორცნა. გამძვინვარებულმა ქარებმა შუაზე გადაუმტვრიეს ანძა, ხოლო დაფხრეწილი იალქანი ტალღამ გაიტაცა. თვითონ ოდისევსი მორევმა ჩაითრია. კარგა ხანს იყო წყლის ქვეშ. კალიფსოს ნაჩუქარი სამოსელი ამძიმებდა. მერე, როგორც იქნა, თავი ამოყო ზვირთებიდან და ზღვის მწუთხე წყალი ამოარწყია. ცნობამოგებულმა ტივისაკენ გაცურა სასწრაფოდ, არაქათგამოცლილი აფოფხდა ძელებზე და, როგორც იქნა, თავი დააღწია აშკარა სიკვდილს. ისე ისროდნენ აქეთ-იქით ტალღები ოდისევსის ტივს, როგორც ველებზე შემოდგომის ქარი მიაქროლებს ხოლმე ქარქვეტს. ოთხივე კუთხის ქარები მიერეკებოდნენ მას: ხან მძლავრი არავი გაიგდებდა წინ და ბორეასს გადაუტყორცნიდა, ხან კი ხორშაკი გადაისვრიდა ჭალიკონისკენ.
ამ დღეში მყოფი ოდისევსი ანაზდად კადმოსის ასულმა, კოჭლამაზმა ინომ დაინახა. წინათ იგი ხმაწკრიალა მოკვდავი იყო, ახლა კი ლევკოთეად წოდებულს ზღვის ღმერთებს შორის ყოფნა ჰქონდა პატივად მიგებული. ლევკოთეას შეებრალა ქარაშოტით გაწამებული ოდისევსი, ზღვის უფსკრულიდან ამოვარდა, თოლიას სახით გამოეცხადა და მტკიცედ შეკრულ ტივზე ჩამომჯდარი ასე შეესიტყვა: - უბედურო კაცო! ნეტავ ასე რად მძვინვარებს შენზე მიწისმრყეველი, გაწამებულს სულის მოთქმას რომ აღარ გაცლის? მაგრამ ვიცი, ბევრიც რომ ეცადოს, ვერ დაგღუპავს. გირჩევ და დამიჯერე, უგუნური არ უნდა იყო: ტანსაცმელი გაიძვრე, ტივს მოეშვი, დაე, ქარმა წაიღოს. შენ კი ძლიერი მხარულით გაცურე ფეაკელთა კუნძულისაკენ. იქაა შენი ხსნა. აჰა, ხელთუქმნელი ფარაგი, მკერდზე მიიკარი და ზღვის ღელვის ნუღა შეგეშინდება. მიწას დაადგამ თუ არა ფეხს, მოიხსენი და შორს, ღვინისფერ ზღვაში მოისროლე. ოღონდ თვალს ნუ დაადევნებ, უკანმოუხედავად გასწიე.
ფარაგი მისცა ლევკოთეამ და თოლიასებრ მყისვე ჩაიძირა აქაფებულ ზღვაში.
შეყოყმანდა მრავალჭირნახული ოდისევსი. ვაითუ ახალ განსაცდელს მიმზადებენ უკვდავნიო, გაიფიქრა. რატომ უნდა მივატოვო ტივი, რატომ მირჩევენ ამას? ხმელეთი ხომ ჯერ კიდევ შორსაა? ასე მოვიქცევი: სანამ არ დაშლილა მტკიცედ შეკრული ჩემი ტივი, ზედ დავრჩები. ხოლო თუ ძელებს ზღვის ვეებერთელა ტალღები დამილეწავენ, სხვა რა გზა მექნება, წყალში გადავეშვები და ნაპირისაკენ გავცურავო.
ამ ჭოჭმანში იყო ოდისევსი, რომ მიწისმრყეველმა პოსეიდონმა უზარმაზარი ტალღა საშინელი ძალით დაატეხა თავზე. მძვინვარე ქარბორბალამ აფრიალებული თივის ბულულივით აქეთ-იქით მიმოფანტა ტივის ძელები. ერთი ძელიღა დაითრია ოდისევსმა და ზედ შემოაჯდა. მერე წყალს მისცა კალიფსოს ნაჩუქარი სამოსელი, მკერდზე ხელთუქმნელი ფარაგი შემოიკრა, მკლავები მოიქნია და ზღვაში გადაეშვა. ეს რა დაინახა მიწისმრყეველმა, თავი მრისხანედ შეარხია და ნიშნის მოგებით მიაძახა: - კიდევ დიდხანს გაბურთავებენ ეს ტალღები, შე სვედავსილო, ვიდრე ზევსის ნებიერთა კუნძულს არ მიაღწევ! კმა არს შენდა ეს სატანჯველი!
თქვა და ფაფარაშლილ რაშებს მათრახი გადაუჭირა. ეგაში დაბრუნდა პოსეიდონი, იქ, სადაც დიდმშვენიერი სასახლეები ჰქონდა.
ხოლო ზევსის ასულმა ათინამ სხვარიგად განსაჯა: მძვინვარე ბორეასის გარდა, ყველა ქარს გზა შეუკრა. დაყუდება უბრძანა, რომ ტალღებს ზღვისმოყვარულ ფეაკელებისაკენ წაეღო ოდისევსი და ამრიგად დაღუპვას გადარჩენოდა. ორი დღეღამე აბურთავებდნენ ტალღები მრავალტანჯულს, თვალებში სიკვდილის შიში ედგა. მესამე დღე რა გაუთენა თმამშვენიერმა ეოსმა, ქარი ჩადგა და ზღვაზე მყუდროება ჩამოვარდა. ტალღის ქედზე მოქცეულმა ანაზდეულად თვალი მოჰკრა ხმელეთს. როგორც შვილნი გაიხარებენ ხოლმე ავი დაიმონისგან სნებაშეყრილი მამის გამოჯანსაღებისას, როცა სულთმობრძავს ღმერთები გამოაბრუნებენ, ისე გაიხარა ოდისევსმა ტყიანი კუნძულის დანახვისას. გულმოცემულმა ღონივრად გაჭრა წყალი, რომ მალე დაედგა სანატრელ მიწაზე ფეხი.
ხმის მისაწვდენზე რა მიუახლოვდა კუნძულს, ქარაფებზე შეხეთქებული ტალღების გუგუნი შემოესმა. ზათქით და ღრიალით ასკდებოდნენ კლდოვან კბოდეებს უზარმაზარი, აქაფებული ზვირთები. არსად ჩანდა მყუდრო ნავმისადგომი, თვალსაწიერზე მხოლოდ ფრიალო ტინები და მიუდგომელი კლდეები აშვერილიყვნენ. მუხლები მოეკვეთა და გული შეუღონდა ოდისევსს.
- ვაჰმე! ზღვის უფსკრულებს კი გადავურჩი და ზევსმა ხმელეთი დამანახვა, მაგრამ როგორღა გავიდე ნაპირზე? ირგვლივ პიტალო კლდეებია, ტალღები მძვინვარედ ეხეთქებიან ტინებს და თუ მათ მივნებდი, ლოდებს შემანარცხებენ, ნაპირ-ნაპირ რომ გავცურო მყუდრო მისადგომის მოსაძებნად, ვაითუ ზღვამ უკანვე წამიღოს და ავმა დაიმონმა ამფიტრიტეს გამოკვებილი ხვითქების საჯიჯგნად გამხადოს! ვიცი, ვიცი, როგორ მრისხანებს ჩემზე მიწისმრყეველი!
ასე სჯიდა თავის გულში, რომ უეცრად ვეებერთელა ტალღამ კლდოვანი ნაპირისკენ გააქანა. უთუოდ შეასკდებოდა ქარაფებს მრავალღელვილი, გული რომ არ გაემაგრებინა და მკლავში ღონე არ ჩაეღვარა მისთვის ათინას. მეყსეულად ორივე ხელით ჩაებღაუჭა ქანჩახს და სუნთქვაშეკრული ელოდებოდა ტალღის მიქცევას. ასე გადაურჩა პირველ ტალღას, მაგრამ მეორემ უკანვე გადატყორცნა ზღვაში, როგორც ზღვის ნაპრალიდან გამოთრეულ რვაფეხას აეკვრება ხოლმე მორჩებზე ქვიშა და ღორღი, ისე შერჩა კლდის ქიმს ოდისევსის ძლიერი ხელებიდან გადაღლეტილი კანი. ბედისწერით არმიგებულ სიკვდილს ნახავდა აქ ოდისევსი, რომ თვალსხივოსან ათინას კვლავ სულის სიმტკიცე არ შთაენერგა მისთვის. სწრაფადვე ამოყვინთა. მახვილი თვალი მოავლო ნაპირს, რომ მისადგომად უხიფათო ადგილი დაეგულებინა. მძაფრი მხარულით გაცურა და მალე ნათელმჭვირვალე მდინარის შესართავს მიადგა. აქ აღარც ქარი ქროდა და არც წვეტიანი ლოდებით იყო დახერგილი ნაპირი. ანკარა წყლის დინება რა იგრძნო, მხურვალე ვედრება აღმოხდა ოდისევსს გულიდან: - არ ვიცი შენი სახელი, მაგრამ გეაჯები შენ, ნათელმჭვირვალი მდინარის მეუფევ, შემიწყალე პოსეიდონის გულისწყრომას გადარჩენილი! თავად უკვდავი ღმერთებიც კი შეივრდომებენ ხოლმე გზადაკარგულ მოკვდავთ! და აჰა, შენს გრილ მუხლებსა და დინებას ვეხვევი მრავალტანჯული! შემიბრალე და შემიფარე!
ასე ევედრებოდა ოდისევსი მდინარეს და მანაც შეწყვიტა დინება. ზვირთები დაცხრნენ და სიმშვიდე მოეფინა წყლის ზედაპირს, მდინარის შესართავმა შეიფარა მრავალღელვილი ოდისევსი. ნაპირზე გასულს მუხლი მოეკვეთა და მკლავები მოსწყდა. დალურჯებული ტანი დასივებოდა. ცხვირ-პირიდან წურწურით დასდიოდა ზღვის წყალი. გონებაწართმეული, ცოცხალმკვდარი, უხმოდ დაეცა მდინარის შლამში.
ცნობას რა მოეგო, მუხლი გამართა, ფარაგი მოიხსნა და პირობისამებრ მდინარის ჩქერში მოისროლა. შემდეგ ლელიანში მიწვა და ნაყოფიერ დედამიწას აკოცა. სული რომ მოითქვა, შეწუხებულმა ეს გაიფიქრა: - აწი რა მეშველება ბედკრულს, მდინარის ნაპირას თუ დამიღამდა? დამაშვრალსა და ღონემიხდილს დილის სუსხი და მუხნარიდან მონაბერი ცივი ნიავი გამთოშავს. თუ ბორცვზე ავედი და ტყეში გადავიღამე, გათოშვას კი გადავრჩები, მაგრამ ვაითუ ნადირმა დამგლიჯოს!
ბოლოს გადაწყვიტა იქვე, ტევრში შესულიყო, სადაც ერთმანეთზე ტოტებგადახლართული ერთი მსხმოიარე და ერთიც უნაყოფო ზეთისხილის ხე დაინახა. მათ ხშირ ფოთლოვანში ვერც ქარი გაატანდა და წვიმაც არ ჩამოუვიდოდა. ახლომახლო იმდენი ნეშო ეყარა, რომ რაც უნდა სუსხიანი ზამთარი ყოფილიყო, შიგ ორი-სამი კაციც კი ჩათბუნდებოდა. გახარებულმა ოდისევსმა საწოლი მოიგო და ნეშოში გაეხვია. ისე, როგორც უკაცრიელ ადგილას ღამის მთევარი მწყემსები გაახვევენ ხოლმე ღადარში ცეცხლის დვრიტას. ათინამ წამწამები რულით დაუმძიმა და ტკბილი ძილი მოჰგვარა განაწამებ ოდისევსს, რომ დილით კვლავ გულმხნედ წამომდგარიყო.
VI. თმამშვენიერი ნავზიკაე
ასე ეძინა ქანცმილეულ ოდისევსს. ამ დროს კი თვალსხივოსანმა ათინამ ფეაკელთა ქალაქს მიაშურა. ოდესღაც ფეაკელნი თვალუწვდენელ ჰიპერეაში მკვიდრობდნენ, ქედმაღალი და მოძალადე ციკლოპების მეზობლად. ძლიერებით აღმატებულ ციკლოპებს მიმძლავრებული ჰყავდათ ფეაკელნი და დიდი ზიანიც მოჰქონდათ მათთვის. აი, რატომ აყარა ნავზითოემ, ფეაკელთა წინამძღვარმა, თავისი დამაშვრალი ტომი და შორს, სქერიას დაასახლა. ახალნაგებ ქალაქს გალავანი შემოავლო, ღმერთებს ტაძრები აუგო, მინდვრებზე სამანები დადგა და, ბოლოს, სიკვდილმორეული ჰადესს ჩახდა. ახლა კი ოლიმპოელთაგან დამოძღვრილი მისი ძე, ალკინოე ხელმწიფობდა.
სწორედ მის სასახლეს ეწვია ოდისევსისათვის მეცადი ათინა. ნატიფად ნაგებ საძილე ოთახს მიაშურა, სადაც სახითა და ანაგებით უკვდავთა შესაგვანი ქალწული, დიდსულოვანი ალკინოეს ასული ნავზიკაე იწვა. ჩარაზული კარის ორივე მხარეს ქარიტებისაგან[46] სიტურფემომადლებულ მის შიმუნვარებს ეძინათ. ნიავქარივით დაეშვა ქალწულის სარეცლისაკენ, თავთით დაუდგა და მისი საყვარელი თანატოლის, ზღვაოსანი დინანტის ასულის ხმით ტკბილად უჩურჩულა: - ჩემო ნავზიკაე, რა უზრუნველი უშობიხარ დედას! მშვენიერი სამოსელი უპატრონოდ მიგიყრია, ქორწილის დღე კი შორს აღარაა. განა მარტო შენ უნდა გამოეწყო ლამაზად? შენს მდადეებსაც მართებს ტურფად შემოსვა. მოდი, დილაადრიან ერთად წავიდეთ სარეცხის დასარეცხად. გასათხოვარი ქალი ხარ და, თავადაც წარჩინებულს, ფეაკელთაგან ურჩეულესი ჭაბუკები გეძლევიან. მაშ, ახლავე უთხარ მამაშენს, ჯორები და ფორანი გაგიმზადოს, რომ სარეცხი დავუდოთ ზედ. შენც ფორანს დაუჯექი, რადგან ქალაქიდან შორსაა მდინარე.
ასე ურჩია და ისევ ოლიმპოს მწვერვალს მიაშურა თვალსხივოსანმა. თქმულ არს, იქ ღმერთებს მარადიული სამკვიდრებელი აქვთო. იქ არც ქარი ქრის, არც წვიმაა, არც თოვლი... წმინდა, უღრუბლო და გამჭვირვალე ცარგვალი დაჰნათის მათ თავზე. იქ იშვებენ და განცხრებიან ნეტარი ღმერთები.
ამასობაში ეოსმა ცის მბრწყინავი კარი გახსნა. ნავზიკაეს გაეღვიძა და უცნაური სიზმრის საამბობლად საყვარელ მშობლებთან გაიქცა. დედა შიმუნვარებთან ერთად შუაცეცხლთან იჯდა და თითისტარზე ძოწისფერ ძაფს ართავდა. მამა კარში შემოხვდა: ის-ის იყო, ფეაკელთა თავკაცებთან სათათბიროდ წასვლას ეპირებოდა. ნავზიკაე მამას მიეახლა და სთხოვა: - მამაჩემო, ხომ არ უბრძანებ, ჯორები შემიბან ფერსომაღალ ფორანში, რომ წვირიანი სარეცხი მდინარეზე წავიღო? რჩეულთა შორის საბჭოში მჯდარს დღენიადაგ სუფთა სამოსელი უნდა გეცვას. ასეც არ იყოს, ხუთი სახელოვანი ვაჟიშვილი გყავს: ორი დაცოლშვილებული, ხოლო სამი - ახალმოწიფული ჭაბუკი. ხუთივე სამღერლად და საროკავად საფერხულოში დაიარება და ჯერ არს, დარეცხილი სამოსი ეცვათ. ეს კი ჩემი საზრუნავია!
ასე თქვა, რადგან მოსალოდნელი ქორწინების ამბავი ძვირფას მამასაც ვერ გაუმხილა. ალკინოე მიუხვდა ხვაშიადს და დაყვავებით უთხრა: - ნუ წუხხარ, შვილო! ჯორებსაც შეგიკაზმავენ და ფერსომაღალ ფორანზე ჩარდახსაც მოგიწყობენ მსახურნი.
ალკინოემ ბრძანა და მსახურნიც უმალვე დაემორჩილნენ: ეზოში ფერსომაღალი ფორანი შემოაგორეს, ჯორები შეუბეს. ნავზიკაემ სანთიობოდან გამოიტანა ძვირფასი სამოსელი და ფორანს დაუდო. დედამ კალათები მრავალფერი ჭამადით აუვსო, თხიერით ღვინო და ოქროს კოჭობით ნელსაცხებელი გამოუტანა, რომ ბანაობის შემდეგ ნავზიკაეს და მის შიმუნვარებს ტანი დაეზილათ.
ბასილევსის ასული ფორანზე შეხტა, აღვირი მოზიდა, ჯორებს მათრახი გადაუჭირა და სარეცხით დატვირთული ფორანი გრიალით გაქანდა. კეკლუცი შიმუნვარები ჟივილ-ხივილით მისდევდნენ უკან ნავზიკაეს. ასე მიადგნენ ნათელმჭვირვალი მდინარის ნაპირს. ჯორები ფორანიდან გამოხსნეს და მწვანილოვან მდელოზე საბალახოდ გაუშვეს. სარეცხი გუბეებში ჩაყარეს და ფეხებით ჯეჯგვა დაუწყეს. გალაღებული ქალწულნი კისკისით აქეზებდნენ და რეცხვაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
საქმეს რომ მორჩნენ, გაქათქათებული სარეცხი მზით გახურებულ ლოდებზე დაფინეს. თვითონაც იბანავეს მდინარის კამკამა წყალში და ტანი სურნელოვანი ნელსაცხებლით დაიზილეს. მერე კი მდინარის ნაპირზე დასხდნენ და საუზმეს შეექცნენ. სმა-ჭამა რა მოათავეს, მანდილები მოიძრეს და ბურთით ცეკვა-თამაში გააჩაღეს. საფერხულო სიმღერას თეთრმკლავება ნავზიკაე იწყებდა. როგორც ნიმფებს შორის ყელმოღერებული მშვილდოსანი არტემისი გამოირჩევა თავისი მშვენებით, როდესაც ტეიგეტის ან ერიმანთოსის ციცაბო კალთებიდან ეშვება ხოლმე ტახებზე და ირმებზე სანადიროდ (ხოლო მის შემხედვარე დედას, ლეტოს, გული სიხარულით უძგერს), ასევე გამოირჩეოდა სწორფერთა შორის ჯერეთ უხედნელი ქალწული[47] ნავზიკაე.
შინ მობრუნების დროც დადგა და დარეცხილი სამოსლით დატვირთულ ფორანს კვლავ შეუბეს ჯორები. მაგრამ თვალსხივოსან ათინას სხვა ჰქონდა განზრახული! გაეღვიძებინა ოდისევსი და ნავზიკაესთან შეეხვედრებინა, რომ ქალწულს ფეაკელთა ქალაქში წაეყვანა იგი.
სწორედ ამ დროს ბასილევსის ასულის მიერ გატყორცნილი ბურთი ასცდა შიმუნვარს და მორევში ჩავარდა. ერთობლივ შეჰყვირეს გოგოებმა და ოდისევსსაც გამოეღვიძა. წამოჯდა იგი და გუნებაში გაიფიქრა: სადა ვარ ნეტავ, რა ქვეყანაშიო? გულმხეცი და უსამართლო ხალხი ცხოვრობს აქ თუ სტუმართმოყვარე და ღვთისნიერი? ქალთა ჟრიამული მესმის, - ნიმფები ხომ არ არიან, მთათა მწვერვალების, მწვანილოვანი მდელოებისა და ფშანების მკვიდრნი? წავალ, დავზვერავ, ვინძლო კაცურად მეტყველ ხალხს შევეყარო!
ეს გაიფიქრა და საყუჩიდან გამოძვრა. ძლიერი მარჯვენით ჩამოტეხა ტოტი, სარცხვინელი ჟვერით დაიფარა და დაბლა დაეშვა. ასე გამოდის ხოლმე დამშეული, საკუთარ ძალაზე დანდობილი ლომი ბუნაგიდან, რომ როგორმე მსხვერპლი მოინადიროს. შიმშილისგან გამძვინვარებული არაფერს ეპუება და ფარეხისკენ მიიწევს. ოდისევსსაც სხვა გზა არ ჰქონდა: შიშველი უნდა სჩვენებოდა ქალებს. ერთიანად შლამში ამოთხვრილი, საზარელი სანახავი იყო. შეძრწუნებულმა ქალიშვილებმა მის დანახვაზე ერთი შეჰკივლეს და ზღვის ნაპირზე მიმოიფანტნენ. მხოლოდ ალკინოეს ასული არ გაქცეულა, ათინამ შთაუნერგა გულოვნება. იდგა და უშფოთველად ელოდებოდა. ვერ გადაეწყვიტა ოდისევსს, მუხლებზე მოხვეოდა თმამშვენიერ ქალწულს თუ შორიდან შესიტყვებოდა. მაინც მოშორებით დგომა ირჩია, რომ ქალწული არ შეეკრთო, და გულის მოსაგები სიტყვით მიმართა: - მუხლმოდრეკილი გევედრები, დედოფალო! მარქვი, ვინ ხარ ეგზომ მშვენიერი, მოკვდავი თუ უკვდავთაგანი? უკეთუ ცათა მკვიდრი ქალღმერთი ხარ, თვალტანადობით უფროისად არტემისს გამსგავსებ, ზევსის დიდებულ ასულს. ხოლო თუ მიწიერთაგანი ხარ, სამგზის კურთხეულ არიან შენი დედ-მამა და სამგზის კურთხეულნი ძმანი შენნი! როგორ უხარით ალბათ, როცა ფერხულში მროკველსა და მომღერალს გხედავენ! მაგრამ უმეტეს ნეტარია ის კაცი, ვინც რაყიფებზე საჩუქართა სიუხვით გაიმარჯვებს და ცოლად წაგიყვანს, რადგან ჯერ არ მინახავს ესოდენ სრულქმნილი მოკვდავი. მხოლოდ ერთხელ გზად მიმავალმა, დელოსში აპოლონის საკურთხეველთან ვიხილე ნორჩი და კენარი ალვა და მისი სიტურფით ელდანაკრავი დიდხანს ვუჭვრეტდი. მანამდე არასოდეს მეხილა მიწის გულიდან აღორძინებული ეგზომ მშვენიერი ნერგი. იმ ალვას მაგონებ და მაოცებ, სანატრელო ქალწულო! ვერ კი გამიბედავს მოახლება, რომ მუხლებზე მოგეხვიო და შეგევედრო მრავალტანჯული. მხოლოდღა გუშინ დავაღწიე თავი ამ ნისლიან ზღვას. ოცი დღე და ღამე მდევნიდა ქარიშხალი ოგიგიის კუნძულიდან გამომგზავრებულს. აწ თქვენს მიწაზე გადმომაგდო ავმა დაიმონმა და არ ვიცი, კვლავ რას დამატეხენ თავზე ღმერთები. შემიბრალე, დედოფალო! პირველს შენ შემოგხვდი ამ მიწა-მყარზე. ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის შენ გარდა არავის ვიცნობ. ქალაქისაკენ გზა მიმასწავლე და რამე მომეცი, რომ სიშიშვლე დავიფარო! არ დაგივიწყებენ ღმერთები ამ სიკეთეს და სანაცვლოდ გულის ნატვრას აგისრულებენ: ერთგულ ქმარს შეგრთავენ და ტკბილად დაგაბერებენ მყუდრო ოჯახში მტრების გულმოსაკლავად და მოყვასთა გასახარად.
ასე უპასუხა თეთრმკლავება ნავზიკაემ: - ყარიბო! უგვარო და უბირი ვინმე არ უნდა იყო. მაღალი ზევსი ნებისაებრ განსცდის ჩინებულსა და უჩინოს. როგორც ჩანს, ჭირში გამოუცდიხარ ოლიმპოელს. ცოტა კიდევ დაითმინე, რაკი ბედმა აქეთ გადმოგაგდო, აწ არაფერი გაგიჭირდება. უპოვართა და მსხემთა გამკითხავნი ვართ ჩვენ! ქალაქის გზასაც მიგასწავლი და მუნებურთა სახელსაც გაგიმხელ: ფეაკელნი მკვიდრობენ ამ კუნძულზე, დიდსულოვანი ალკინოეა მათი პატრონი, ხოლო მე ასული გახლავარ მისი.
ეს თქვა და ზღვის ნაპირზე მიმოფანტულ თმამშვენიერ შიმუნვარებს გასძახა: - ეჰე, ქალებო, სად დამეკარგეთ! ეს კაცი მტრად არ მოსულა, ნუ გეშინიათ! ჯერ არ შობილა ისეთი კაცი, ჩვენს მიწაზე რომ მტრად მოგვხდომოდეს, რადგან ვეთნევით უკვდავებს. ქვეყნის კიდეზეა ბობოქარი ზღვით გარემოცული ჩვენი კუნძული და უცხოთესლი იშვიათად თუ მოხვდება ჩვენთან. ეს უცხო, გზადაკარგული მოყმეც შემთხვევით გამოურიყავთ ტალღებს. სტუმარი ღვთისაა და მასზე ზრუნვა გვმართებს. ტანი დაბანეთ მდინარის ყურეში და გულუხვად გაუმასპინძლდით!
მიმალული შიმუნვარები ერთმანეთს გაეხმაურნენ და ნავზიკაესთან თავი მოიყარეს. მერე ოდისევსი წაიყვანეს, მდინარის პირას მყუდროში დასვეს, გვერდით დაუდეს მოსასხამი, ქიტონი და სხვა სამოსელი. ოქროს კოჭობით ნელსაცხებელიც მიართვეს.
- თქვენ მოშორებით გადექით, - უთხრა მათ ოდისევსმა, - მე თვითონ განვიბან ტანს, ზღვის ქაფსა და შლამს ჩამოვირეცხავ და სურნელოვანი ზეთით დავიზელ სხეულს. დიდი ხანია დანატრებული ვარ ნელსაცხებელს. წადით, თმამშვენიერ ქალწულთა თვალწინ როგორ ვიბანაო შიშველმა?
მდინარის ანკარა წყალში მხარბეჭიდან და მკლავებიდან მწვირე ჩამოიბანა ოდისევსმა. თმაზე მიმხმარი ზღვის ქაფი მოიშორა. მერე სურნელოვანი ზეთით დაიზილა ღვთაებრივი ნაკვთები და ნავზიკაესგან ნაბოძები სამოსლით შეიმოსა. ათინამ, ზევსის ასულმა, ახოვანება შეჰმატა და სილამაზე გაუათკეცა. ხშირი, ოქროსფერი კულულებით შეუმკო თავი და, როგორც ჰეფესტოსებრ დახელოვნებული ოქრომჭედელი მოავარაყებს ხოლმე ოქროთი ვერცხლს, ისე განამშვენა თხემით ტერფამდე ათინამ მრავალღელვილი გმირი.
ღვთივდამშვენებული ოდისევსი მათ შორიახლოს ზღვის პირას დაჯდა. განცვიფრებულმა ნავზიკაემ ასე მიმართა თავის შიმუნვარებს: - ყური მიგდეთ, მკვლავმშვენიერნო! ღვთის განგებით მოგვვლენია ფეაკელთა მიწაზე ეს დიდებული მამრი. უსახური მეჩვენა პირველ დანახვისას, ახლა კი ვხედავ, ცარგვალის მკვიდრთა შთამომავალი უნდა იყოს! ნეტავ მისებრი ქმარი შემხვდებოდეს, რომ სამუდამოდ აქ ისურვოს დარჩენა. ახლა თქვენ იცით, როგორ გულუხვად გაუმასპინძლდებით!
შიმუნვარებმა სასმელ-საჭმელი მიართვეს ოდისევსს. დამშეული ხარბად მიეძალა ჭამადს! რა ხანი იყო, პირში ლუკმა არ ჩასვლოდა!
ამასობაში ბასილევსის ასულმა დარეცხილი ტანსაცმელი ფორანს დაუდო, მუხლმაგარი ჯორები შეუბა, თვითონაც ზედ ავიდა და ასე მიმართა ოდისევსს: - უცხოელო, აწ დროა ქალაქს გავემართოთ! მე თავად წაგიძღვები მამაჩემის სახლში. იქ შეხვდები ფეაკელთაგან ურჩეულესთ. ისე მოიქეცი, როგორც მე გეტყვი, უგულისყურო კაცი არ უნდა იყო. ვიდრე ველებსა და ხოდაბუნებს არ გავცდებით, შიმუნვარებთან ერთად სირბილით გამოჰყევი ფორანს, მერე კი ქალაქიც გამოჩნდება. გარს მაღალი გალავანი არტყია. კონცხის ორივე მხარეს ფართო ნავმისადგომია და ხომალდები გადახურულში დგანან. შორიახლოს თლილი ქვით მოგებული მოედანია, სადაც ზღვათა მეუფის, პოსეიდონის დიდებული ტაძარია აღმართული. მანდვე ამზადებენ შავჭვინტიანი ხომალდებისათვის აღჭურვილობას: გრეხენ ბაგირებს, კერავენ აფრებს და ნიჩბებსაც თლიან. არაფრად უღირთ ფეაკელებს მშვილდ-ისარი და საბრძოლო ქეიბურები. აქაფებულ ზღვაზე მოგზაურობა უხარებთ მათ გულს.
ახლა ერთ რამეს გაგიმხელ და ყურადიღე: ავყია ხალხია მდაბიორნი, ზურგს უკან ასე გამჭორავენ: ეს ვინ გამოჰკიდებიაო ნავზიკაეს, სად მონახაო ეს პირმშვენიერი და ახოვანი უცხოელი? ალბათ ქარიშხალმა გადმოხვეწა შორეული ქვეყნიდან, რადგან ახლომახლო მეზობლები არა გვყვანანო. ან იქნებ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ციდან ჩამოხდა ეს უცხოელი, რომ სამუდამოდ ქმრად დაისვასო? გადამთიელს გაჰყვეს, რაკი მის მთხოვნელ კეთილშობილ ფეაკელთაგან თავის სწორად არავინ უცნიაო. ასე გამჭორავენ ავსიტყვა ფეაკელები.
მაგრამ მეც გავკიცხავდი იმ ქალწულს, ვინც დედ-მამის უკითხავად ქორწინებამდე გაუშინაურდება უცხო მამაკაცს. ამიტომ ყურადიღე ჩემი სიტყვა, თუ გინდა, რომ მამაჩემმა მშვიდობით გაგისტუმროს ჩვენი ქვეყნიდან. გზის პირას ათინასეულ ალვის ხის ჭალას მიადგები, სადაც ჭვირვალი წყარო მოჩუხჩუხებს მდელოზე. იქვე, ქალაქიდან ხმის საწიერზე მამაჩემის აგარანი და აყვავებული ბაღებია. ცოტა ხანს იქ მოიცადე, სანამ ჩვენ სასახლეში მივალთ. მერე გამოემართე ქალაქისკენ და იკითხე, სად ცხოვრობს-თქო სახელოვანი ალკინოე. ბავშვიც მიგასწავლის გზას, რადგან ფეაკელთა მიწაზე გმირი ალკინოესნაირი სახლი არავის უდგას. ეზოს რა გაივლი, დარბაზში შედი და დედაჩემს მიეახლე. იგი შუაცეცხლთან ზის და დედაბოძს მიყრდნობილი ძოწისფერ ძაფს ართავს. გვერდს შიმუნვარები უსხედან. იქვე, საკარცხულზე მჯდომი მამაჩემი უკვდავთა საფერ ღვინოს შეექცევა. მამის საკარცხულს გვერდი აუქციე და დედაჩემს ჩაუვარდი მუხლებში. და თუ კარგი თვალით შეგხედა, გჯეროდეს - მალე დაუბრუნდები მამაპაპეულ მიწას და მშობლიურ სახლს!
ეს თქვა, ჯორებს მათრახი გადაუჭირა და დაძრა ფორანი. ფორანს ოსტატურად უძღვებოდა. ისე, რომ უკან მიმყოლი ოდისევსი და შიმუნვარები არ ჩამორჩენოდნენ. ათინას წმინდა ჭალას რა მიუახლოვდნენ, მზეც ჩაესვენა. აქ შეიცადა ოდისევსმა, მუხლი მოიყარა და თვალსხივოსან ქალღმერთს ასე შეევედრა: - ეჰა, ზევსის უძლეველო ასულო! ახლა მაინც შემიწყალე, თუ მაშინ არ მომხედე წყალობით, როცა მძვინვარე პოსეიდონი ზღვის ტალღებში მაბურთავებდა. სიბრალულით აღუძარ გული ჩემდა მიმართ ფეაკელებს, რომ სათნოვეყო და შემიფარონ!
ათინამ შეისმინა ოდისევსის ვედრება, მაგრამ ნათლივ არ გამოსცხადებია, რადგან შიში ჰქონდა ღვთაებრივი ბიძის, პოსეიდონისა. ის ჯერ კიდევ მძვინვარებდა ოდისევსის მიმართ და სამშობლოში დაბრუნებამდე არც შეეშვებოდა მრავალტანჯულს.
VII. ალკინოეს სასახლეში
ასე ევედრებოდა ათინას ჭირთამთმენი ოდისევსი. ამ დროს კი ფორანზე მჯდარ ქალწულს ქალაქისაკენ მიაქროლებდნენ მუხლმაგარი ჯორები. მამისეულ დიდნაშენ სასახლეს რა მიუახლოვდა, ეზოში შეაგრიალა ნავზიკაემ ფორანი. ორი ძმა, ორი ღვთივმშვენიერი ჭაბუკი გამოეგება ბასილევსის ასულს. ჯორები ფორნიდან გამოხსნეს და ტანსაცმელი შინ შეიტანეს. ნავზიკაემ კი სანთიობოს მიაშურა, სადაც მოხუცმა მესაწოლემ, აპერეელმა ქალმა ევრიმედუსამ ცეცხლი დაუნთო და ვახშამი მოუმზადა. ეს ქალი ოდესღაც აპერეადან წამოიყვანეს ფერდებგანიერი ხომალდით და ფეაკელთა პატრონს, ღვთისდარ ალკინოეს მოჰგვარეს. მის ხელში გაიზარდა ფეაკელთა მბრძანებლის მკლავმშვენიერი ასული.
ამასობაში ოდისევსი ქალაქს მოადგა. კეთილმეცადმა ათინამ ნისლით შებურა იგი, რომ ცნობისმოყვარე ფეაკელებს თავი არ მოებეზრებინათ მისთვის. ის-ის იყო, ქალაქში შესვლას აპირებდა, რომ მხარზე კოკაშემოდგმული ქალწულის სახით ათინა შემოხვდა. ოდისევსმა შეაჩერა უცნობი და კითხვით მიმართა: - ვერ მიმასწავლი, შვილო, თქვენი პატრონის, გმირი ალკინოეს სასახლეს? უცხო კაცი ვარ, შორიდან გადმოხვეწილი და არავის ვიცნობ აქაურთაგან.
თვალსხივოსანმა ათინამ მიუგო: - არ დაგზარდები, უცხო მამავ, გაჩვენებ მის სასახლეს. ოღონდ უბრად გამომყევი უკან, ნურავის შეხედავ და ნურც ხმას გასცემ. ავი თვალით უყურებენ უცხოელებს ჩვენებურები, თუმცა თავად პოსეიდონის წყალობით ფიქრის უსწრაფესად დააქროლებენ ხომალდებს უკიდეგანო ზღვაზე და უცხო მხარეებს მოიხილავენ.
ოდისევსი უსიტყვოდ მიჰყვა ათინას და არც ერთ ფეაკელს არ დაუნახავს, როგორ მიაბიჯებდა იგი ქალაქში. განცვიფრებით შეჰყურებდა ოდისევსი ნავსადგურში ჩამწკრივებულ ხომალდებს, ფართო მოედანს და მაღალქონგურებიან გალავანს.
ბასილევსის დიდმშვენიერ სასახლეს რა მიადგნენ, ათინამ ეს უთხრა ოდისევსს: - აი, უცხო მამავ, ის სახლი, შენ რომ მეკითხებოდი. აქ პურობად სხედან ზევსის ნებიერი ბასილევსები. შედი, ნუ გეშინია. ვაჟკაცი გამბედავი სჯობს და ბედიც მისკენაა. ჯერ დიასახლისს მიეახლე[48]. არეთა ჰქვია მას, შთამომავლობით ღვიძლნი არიან ალკინოე და ჩვენი დედოფალი. მათი წინაპარი ნავზითოეა, მიწისმრყეველი პოსეიდონისა და უტურფესი პერიბეას ნაშიერი. პერიბეა კი დიდსულოვანი ევრიმედონტის, ველური გიგანტების წინამძღოლის უმრწემესი ასული იყო. როცა ევრიმედონტმა ამოჟლიტა გიგანტების უწმინდური ჯილაგი და მათთან ერთად თავადაც დაიღუპა, პოსეიდონი გაუმიჯნურდა პერიბეას და ასე იშვა დიდსულოვანი ნავზითოე, ფეაკელთა მპყრობელი. ნავზითოემ შვა რექსენორი და ალკინოე. დიდხანს არ გაუხარია ცოლ-შვილში რექსენორს: აპოლონის ვერცხლის მშვილდ-ისრით განგმირული უძეოდ გადაეგო. მისი მხოლოდშობილი ასული კი, არეთა, ალკინოემ მოიყვანა ცოლად. ალკინოე ხელისგულზე ატარებს ცოლს და უნდა გითხრა, რომ ქმრის სახლში არც ერთ მეუღლეს არ ღირსებია დღემდე ეგზომი პატივი. შვილებიც დიდის რიდით ეპყრობიან დედას და ყველა ფეაკელი თაყვანს სცემს მას, - ქუჩაში გავლილ დედოფალს მხიარული ყიჟინით ეგებებიან. გამჭრიახი და გონიერი დედაკაცია ჩვენი არეთა. საფიხვნოში მებრჭეთა შორის დიდად მიღებული. კეთილი თვალით თუ შეგხედა, იმედი გქონდეს, მალე დაუბრუნდები მამაპაპეულ მიწას და მშობლიურ სახლს.
ესა თქვა და უკან მოიტოვა სანატრელი სქერია თვალსხივოსანმა ათინამ. უდაბური ზღვა გადალახა, მარათონს ჩავიდა და ფართოგზოვან ათენში ერექთეიონის[49] კეთილნაგებ ტაძარს მიაშურა. ხოლო ოდისევსი ალკინოეს სახელგანთქმულ სასახლეს მიადგა. რვალის ზღურბლზე გადასვლა ვერ გაბედა. მღელვარებისაგან გული აუძგერდა, რა დაინახა თითქოს მზისა და მთვარის შარავანდედით გასხივოსნებული დარბაზი. გაოცებით შეჰყურებდა ოდისევსი სპილენძით მოჭედილ კედლებს, ლაჟვარდოვან ლავგარდანს, წმინდა ოქროთი მოვარაყებულ, ვერცხლის წყრთილებში მტკიცედ ჩასმულ კარებსა და მათ ოქროს სახელურებს. სასახლის გუშაგად დარბაზის შესასვლელთან ჰეფესტოს მიერ გამოკვერილი ოქროსა და ვერცხლის ორი უზარმაზარი, უბერებელ-უკვდავი ძაღლი იდგა. კედლების გასწვრივ ჩამწკრივებულ ჩუქურთმებიან საკარცხულებზე იშვიათი ხელოვნებით ნაქსოვი ფარდაგები ეფინა. აქ სხდებოდნენ პურობად ფეაკელთა თავკაცნი, მაღალ კვარცხლბეკებზე შეყენებულ ყრმათა ოქროს ქანდაკებებს ხელში ჩირაღდნები ეპყრათ, რომლითაც მონადიმეთ სუფრას უნათებდნენ ღამით. ორმოცდაათი მონაქალი ესხა ალკინოეს სასახლეში. ზოგი ოქროსფერ ხორბალს ფქვავდა ხელსაფქვავით, სხვანი ბეჭსახეხელს უსხდნენ და ალვის ხეებივით ირხეოდნენ. ზეთიც ვერ გაატანდა მათ ნაბეჭავში. როგორც ფეაკელი ვაჟკაცები იყვნენ სწორუპოვარნი ზღვაოსნობაში, ასევე ფეაკელ დიაცებს ტოლი არ ჰყავდათ ქსოვილის ბეჭვაში. ათინასაგან ჰქონდათ მომადლებული ხელსაქმის ნიჭი და გამჭრიახი გონება. სასახლის ეზოს ოთხ უტევანზე გაშლილი, მაღალი გალავნით შემოზღუდული ხილნარი ეკრა. შიგ ხშირფოთლოვანი და ნაყოფდახუნძლული მსხალი, ვაშლი და ბროწეული იდგა. ზამთარ-ზაფხულ ტკბილი ნაყოფი ესხა რტომრავალ ლეღვებსა და ხილვადსაამურ ზეთისხილის ხეებს. მზვარეში ვენახი იყო გაშენებული. დაყურსულ მტევნებს კრეფდნენ და წურავდნენ, ნაწილი კი მზის გულზე ჩამიჩდებოდა. ვენახს ბოსტნის ამწვანებული კვლები ესაზღვრებოდა. იქვე უხვად გამომდინარე ორი წყარო მოჩუხჩუხებდა: ერთი ხილნარსა და ბოსტანს რწყავდა, მეორე კი სასახლეს ჩაუდიოდა. აქედან იღებდნენ წყალს ფეაკეთის მკვიდრნი. ხვავიანი კალთა დაებერტყათ ღმერთებს ალკინოეს კარ-მიდამოზე. თვალდამშეული შესცქეროდა მრავალჭირნახული ოდისევსი ფეაკელთა პატრონის ღალიან-ბარაქიან მიწას.
თვალი რა გაიძღო, მხნეობა მოიკრიბა და თამამად გადააბიჯა ზღურბლს. დარბაზში მონადიმე ფეაკელი ბასილევსები და მებრჭენი უკვე ზედაშეს უღვრიდნენ ძილღვიძილის მეუფეს ჰერმესს. გაუმჭვირვალი ნისლით შებურვილი ოდისევსი სწრაფად მიეახლა მეფე-დედოფალს, ფეხებში ჩაუვარდა არეთას და მუხლებზე მოეხვია. ნისლის საბურველი გაეცალა ოდისევსს და განცვიფრებულ მეინახეთ თვალწინ წარმოუდგათ ღვთისნასახი ვაჟკაცი. დარბაზში დუმილი ჩამოვარდა და ოდისევსმა ვედრებით მიმართა დედოფალს: - ღვთისდარი რექსენორის ღირსეულო ასულო, არეთა! შენ წინაშე მუხლმოყრილი გვედრით ყველას, შენს მეუღლესა და აქ მყოფ დარბაისელთ. მზეგრძელობა მოგცეთ მაღალმა ზევსმა, პატივი და დიდება ნუმც მოაკლდება თქვენს სახლეულს მარადდღე! შემეწიეთ მრავალტანჯულს და სამშობლოში დამაბრუნეთ თვისტომთ მოშორებული!
ეს თქვა და შუაცეცხლთან ნაცარში ჩაჯდა. დარბაისლებმა მდუმარედ გადახედეს ერთმანეთს. დუმილი მოხუცმა ექენეოსმა დაარღვია. უხუცესი იყო იგი მოდარბაზეთა შორის, გაბრძნობილი და ტკბილმოუბარი. კეთილშობილმა ექენეოსმა ასეთი სიტყვა ჰკადრა ალკინოეს: - არ ეგების, ალკინოე, ნაცარში იჯდეს უცხო სტუმარი. შენს სიტყვას ველოდებით მებრჭენი და თავკაცნი. მაშ, ვერცხლით მოჭედილ საკარცხულზე მოიწვიე უცხოელი და მწდეებს უბრძანე, ღვინო განაზავონ, რათა სამსხვერპლო დავუღვაროთ ღრუბელთმეუფეს. სტუმარი ღვთისაა და ზევსია მფარველი გულმდაბლად მახვეწარი ყარიბებისა.
გულისხმაჰყო უხუცესის სიტყვა ალკინოემ. კერიის ნაცრიდან წამოაყენა ოდისევსი და თავის გვერდით მჯდომ საყვარელ ძეს, ქველ ლაოდამანტს უბრძანა, სტუმრისათვის ადგილი დაეთმო. იმავ წამს მხევალმა ანკარა წყლით სავსე ოქროს სურა და ვერცხლის ტაშტი მიართვა ხელ-პირის დასაბანად, წმინდად გარანდული ტაბლა დაუდგა, ხოლო მეკუჭნავემ პურ-მარილით გაუწყო სუფრა. რა დანაყრდა სტუმარი, ალკინოემ მანდატურს უბრძანა: - ლაგვინი ღვინით აგვივსე, პონტონოე, და თასები ჩამოგვირიგე მეინახეთ, რათა გულმდაბლად მახვეწარი ყარიბების მფარველს, მეხისმტყორცნელ ზევსს ზედაშე დავუღვაროთ.
პონტონოემ თაფლივით ტკბილი ღვინო გააზავებინა და სავსე თასები ჩამოარიგებინა მეინახეთათვის. საღვთო წესი რა აღასრულეს და სმითაც გული იჯერეს, ალკინოემ ასე ურჩია დარბაისელთ: - მისმინეთ ფეაკელთა წინამძღვარნო და მებრჭენო! მინდა, გაგიმხილოთ ჩემი გულისთქმა. ახლა დავიშალოთ, ხვალ კი სხვებიც მოვიწვიოთ უხუცესთაგან, რათა საკადრისად გავუმასპინძლდეთ სტუმარს და ღმერთებსაც ღირსი პატივი მივაგოთ. მერმე სტუმრის გამგზავრებაზე ვიზრუნოთ, რომ კეთილად დაუბრუნდეს შორეულ სამშობლოს და ფათერაკს რასმე არ გადაეყაროს გზაში. შინმისულს კი, დაე, ის გარდახდეს, რაც გაჩენის დღიდან დაუწერიათ მისთვის წერამწერელთ. უკეთუ იგი ცით მოვლენილი უკვდავთაგანია, ღმერთების ხელი უნდა ერიოს ამ საქმეში! აკი ჰეკატომბების შეწირვისას გვეცხადებიან ხოლმე ოლიმპოელნი. ჩვენთან ერთად სხედან და ნადიმობენ. მარტოდ მოარულთაც რომ შეგვეყაროს პირისპირ, არც მაშინ გვიმალავს ღმერთი სახეს, რადგან ისევე ახლოს ვართ მათთან, როგორც ციკლოპები და გიგანტების უტეხი მოდგმა.
ასეთი სიტყვა ჰკადრა ალკინოეს ოდისევსმა: - მაგას ნუ იტყვი, ალკინოე! რით მიმამსგავსე ცათა შორის მობინადრე უკვდავს? სახითაც და ანაგებითაც უბრალო მოკვდავთაგანი ვარ. მეტსაც გეტყვი, კაცს ვერ ნახავ დედამიწის ზურგზე ჩემებრ ბედშავსა და სვეუბედურს. ბევრის მნახველი ბევრსაც გიამბობდით. რა არ დატრიალებულა ჩემს უბედურ თავზე! მაგრამ ჯერ გული არ მომიჯერებია ამ სავსე ტაბლასთან ჯდომით. ცოტას კიდევ შევექცევი, რადგან ცარიელი სტომაქი ყველა სატკივარზე უსასტიკესია. ოღონდ ერთსა გთხოვთ, ხვალვე, რა ინათებს, გამამგზავროთ ბედკრული ყარიბი. ბევრი ჭირი გადამიტანია და კიდევ ბევრს გადავიტან, ოღონდ ერთხელ კიდევ დამანახა სამშობლოს მიწა, შინაურნი და ჩემი სახლის მაღალი ერდო!
ეკეთათ ოდისევსის სიტყვა მეინახეთ და დასტური მისცეს. მერე დაიშალნენ დარბაისელნი და თავ-თავიანთ სახლებს მიაშურეს. დარბაზში ღვთისდარ ალკინოესა და არეთას გვერდით სტუმართაგან მხოლოდ ოდისევსი დარჩა. მსახურებმა სუფრა აალაგეს. ახლა მკლავმშვენიერმა არეთამ დაძრა ბაგენი, რადგან ეცნაურა საკუთარი ხელით მოქსოვილი ქიტონი და სხვა სამოსელი, ოდისევსის ტანზე რომ დაინახა: - უცხოელო, ერთს გკითხავ და გულმართლად მიპასუხე! ვინ ხარ და საიდან მოსულხარ, ვინ შეგმოსა ამ შესამოსლით? აკი ამბობ, ბობოქარმა ზღვამ გამომრიყაო ამ კუნძულზე?
დედოფალ არეთას ასე უპასუხა გამჭრიახმა ოდისევსმა: - ო, ბასილეა! ძნელია გამოწვლილვით გიამბო, რა ჭირი დამატეხეს თავზე ზეციერმა ღმერთებმა. რაკი ჩემი ამბავი იკითხე, მოკლედ მოგიყვები. ცხრა ზღვის იქით არის ერთი კუნძული ოგიგია და ცხოვრობს იქ ატლანტის მაცდური ასული კალიფსო, თმამშვენიერი და სასტიკი ქალღმერთი. მარტოდმარტო ცხოვრობს იგი იმ კუნძულზე. არც მიწიერნი ეკარებიან მას, არც ზეციერნი. მხოლოდ მე გამრიყა განგებამ იმ კუნძულზე მას შემდეგ, რაც ზევსმა დამიმეხა სწრაფმავალი ხომალდი და ნაფოტებად მიქცია. ღვინისფერ ზღვაში დამეღუპა ყველა თანამგზავრი, მე კი, ხომალდის ხერხემალზე მოჭიდებულს, ცხრა დღე და ღამე დამაქანებდა ზღვის დინება. მეათე ღამეს წყვდიადით მოცულ ოგიგიაზე მიმაგდეს ღმერთებმა. ნიმფა კალიფსომ შემივრდომა და მიპატრონა, მერე კი ჩემდამი გარდარეული სიყვარულით აღძრული უკვდავებასა და მარადიულ სიჭაბუკეს მპირდებოდა, მაგრამ მომაცდუნებელი სიტყვებით ვერა და ვერ მოიგო ჩემი გული და ქმრობაზე ვერ დამიყოლია. შვიდი წელი კალიფსოს მღვიმეში გავატარე და მისგან ბოძებულ უცვეთელ სამოსელს ცხარე ცრემლით ვალტობდი. მერვე წელს ზევსის ბრძანებითა თუ საკუთარი ნებით მტკიცე ტივი შემაკვრევინა და სამშობლოსკენ გამომისტუმრა, თან გამომატანა ტკბილი პურ-ღვინო და ხელთუქმნელი სამოსელი. ჩვიდმეტი დღე კეთილი ზურგქარით მივცურავდი ფართოგზოვან ზღვაზე და მეთვრამეტე დღეს თქვენი კუნძულის ნისლიანი მწვერვალებიც გამოჩნდა. გული სიხარულით ამიძგერდა ბედშავს. ვიფიქრე, სამშვიდობოს გავედი-მეთქი! მაგრამ რა ვიცოდი, განსაცდელს რომ მიმზადებდა მიწისმრყეველი. და, აჰა, ოთხივე კუთხით აღძრული სასტიკი ქარები ეკვეთნენ ჩემს ტივს და ნაფოტებად მიქციეს. ზღვაში გადავეშვი და მხარულით გამოვწიე ნაპირისკენ. ქანცმილეულმა ბოლოს მდინარის შესართავთან მიწას დავადგი ფეხი. იქვე მომისწრო ღვთაებრივმა ღამემ და დამაშვრალმა დასაძინებლად მაღნარს შევაფარე თავი. ღმერთებმა მშვიდის ძილით დამაძინეს.
მეორე დღეს, მზე რა მიიდრიკა, ქალწულთა ჟრიამულმა გამომაღვიძა. თვალი მოვკარი შიმუნვართა შორის მოთამაშე შენს ასულს. გზადაკარგულმა და შეჭირვებულმა მას მივმართე ვედრებით. მანაც გულუხვად დამაპურა, წითელი ღვინო მასვა და სამოსლით შემმოსა. ჭკვიანურად მომექცა შენი ასული: ყმაწვილი ქალისაგან დიამც გასაკვირია ეგზომი გონიერება, რადგან უწვრთნელნი არიან ხოლმე ახალუხლები. ეს იყო და ეს. და თუმც მიმძიმდა ამის მოგონება, ყოველივე გულმართლად გიამბე.
შეწუხდა ამის გამგონე ალკინოე.
- საქციელს ვერ მოვუწონებ, უცხოელო, ჩემს ქალიშვილს. შიმუნვარებთან ერთად რატომ მაშინვე არ მოგიყვანა სახლში? როგორ მიგატოვა, მის მეტი შემწე ხომ არავინ გეგულებოდა?
ასე უპასუხა ალკინოეს მრავალნაცადმა ოდისევსმა: - ნუ დაემდურები, ღირსეულო, შენს კეთილშობილ ასულს! მე თვითონ არ წამოვყევი თან და განზრახ ჩამოვრჩი, რომ ერთად მომავალნი არ დაგენახეთ, - ვაითუ განრისხებულიყავ, რადგან იჭვნეულნი ვართ კაცნი და ადვილად მოგვიცავს ხოლმე გულისწყრომა.
- ყარიბო! - სიტყვა მოუჭრა ალკინოემ, - ეგრე ადვილად არ ვფიცხდები და უსამართლოდ მწყრომელი გულიც არ მახლავს. კეთილშობილ ბასილევსებს თავშეკავება გვმართებს. ზევსის, აპოლონის და ათინას სახელსა ვფიცავ, შენისთანა მამრი, ჭკუა-გონებით ჩემი სწორი და მისანდობელი რომ ჩამსიძებოდა, სახლსა და ქონებას მივუბოძებდი, თუკი აქ დარჩენას მოინებებდა. მაგრამ ძალით ვერავის დავაკავებთ ფეაკელნი, - ავი თვალით შეხედავდა ზევსი ამ საქმეს. ხვალ წასვლად გაგამზადებ, იცოდე ეგე! უდრტვინველი ძილით მძინარეს ჩემი კაცები მიგაცილებენ მშობლიურ ნაპირამდე, თუნდაც ევბეაზე შორს იყოს იგი, რომლის იქით, მეზღვაურთა თქმით, აღარავინ მკვიდრობს. იქამდეც მიუღწევიათ ჩემს მეზღვაურებს, როცა ოქროსთმიანი რადამანთი შეახვედრეს დედაგეას შვილს, ტიტიოსს. თვალის უსწრაფესად გადალახეს ზღვები და იმავე დღეს უკან გამობრუნდნენ. თვითონვე დარწმუნდები ფეაკელთა ხომალდების სისწრაფესა და ჩემი ნიჩბოსნების ხელოვნებაში.
ეს უთხრა და გული გაუხარა სვეგამწარებულ ოდისევსს. გახარებულმა ზევსს მადლი შესწირა: - მამაო ზევსო! ნეტამც ახდეს ალკინოეს დაპირებული! ხვავრიელ დედამიწაზე სახელი და დიდება არ მოეშლებოდა მას. ხოლო მე, გზადაკარგულს, ეგების კიდევ მღირსებოდა სანატრელი სამშობლოს ხილვა!
ასე შეექცეოდნენ საუბარს სტუმარ-მასპინძელი. ამასობაში მკლავმშვენიერმა არეთამ მსახურებს ტახტი დაადგმევინა წინკარში, მეწამული ქვეშაგები გააშლევინა, ზედ ზეწარი გადააფარებინა და მატყლის საბანი მოატანინა. მემაშხალე ქალებმა თავაზიანად მიიპატიჟეს ოდისევსი: მოისვენე, უცხოელო, სარეცელი გაშლილიაო!
ძილი მორეოდა დამაშვრალ ოდისევსს და მალე ხმიერ წინკარში მოჩუქურთმებულ ტახტზე მწოლს ჩაეძინა კიდეც. ალკინოემაც შიდა პალატს მიაშურა, სადაც თანამეცხედრის გვერდით გაშლილი სარეცელი ელოდებოდა.
VIII. ასპარეზობანი
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა, საწოლიდან წამოდგა სიწმინდით ძალმოსილი ალკინოე. ადგა ციხეთა შემმუსვრელი ოდისევსიც. ღვთაებრივი ალკინოე ფეაკელთა საფიხვნოსაკენ წარუძღვა ოდისევსს, იქ, სადაც ხომალდების სადგომი იყო. სტუმარი და მასპინძელი წმინდად გასიპულ ქვებზე ჩამოსხდნენ ერთიმეორის გვერდით. ამ დროს ალკინოეს ჭკვიან მაცნედ გარდასახული ათინა პალასი უბან-უბან დადიოდა და ფეაკელთა წარჩინებულთ ასე მოუწოდებდა: - ფეაკელთა ღირსეულო წინამძღვარნო და მებრჭენო! საფიხვნოსაკენ იჩქარეთ, რომ საკუთარი თვალით იხილოთ ალკინოესთან სტუმრებული ზღვათა გადამლახველი, სახითა და ანაგებით ღვთისდარი უცხოელი.
ასე აქეზებდა ფეაკელებს ათინა და თითოეულ მათგანს ცნობის წადილს უღვივებდა. მოედანზე მალედვე მოიყარეს თავი წარჩინებულმა ფეაკელებმა და თავ-თავიანთ მერხებზე ჩამოსხდნენ. განცვიფრებით შეჰყურებდნენ ისინი ლაერტეს სახელოვან ძეს. ღვთაებრივი მშვენებით შეემოსა ათინას ოდისევსის მხარბეჭი და სახის ნაკვთები, ახოვანება შეემატებინა, რომ ფეაკელებს უფრო მეტად მოსწონებოდათ და კეთილი თვალით შეეხედათ მისთვის, რაკი მასპინძლებს სტუმრის გამოცდა ეწადათ ასპარეზობასა და ორთაბრძოლაში. საფიხვნოში შეკრებილ ფეაკელთა ბელადებს ასე მიმართა ალკინოემ, მათმა მბრძანებელმა: - ფეაკელთა ღირსეულო წინამძღვარნო და მებრჭენო! გულისნადები მინდა გაგიმხილოთ: ჩემი სტუმარია ეს კაცი, თუმცა არ ვიცი, ვინ არის ან საიდან მოხვდა ჩვენს კუნძულზე - აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან. სამშობლოში დაბრუნებას მევედრება იგი. უნდა შევეწიოთ გასაჭირში მყოფს, რადგან არავის ახსოვს, ჩემს სახლში სტუმრებულის ვედრებისათვის ყური არ გვეთხოვებინოს. ამიტომ გეტყვით: ახალაგებული ზღვისუნახავი ხომალდი ჩაუშვით ზღვაში, ერგას ორი ნაცადი მეზღვაური შეარჩიეთ, ხოლო შემდეგ სწრაფადვე მობრუნდით უკან, რომ ჩემს სასახლეში პურობისათვის მოვემზადოთ. ჩინებულნო, დღეს ჩემი სტუმრები ხართ, უარს ნუ მეტყვით! ყველა კვერთხისმპყრობელ ბასილევსს ვპატიჟებ ნადიმზე, რომ უცხოელს საკადრისი პატივი მივაგოთ. ჩვენთანვე იქნება მომღერალი დემოდოკე. დაე, ღვთაებრივი ნიჭით ცხებულმა ლხენით აგვივსოს გული.
ალკინოემ სიტყვა მოამთავრა და სასახლისკენ წარუძღვა ფეაკელთა წარჩინებულებს. მანდატურმა ღვთაებრივი მომღერლის მოსახმობად აფრინა კაცი. ერგას ორი რჩეული მეზღვაურიც გაგზავნეს უნაყოფო ზღვის პირას შავფერდიანი ხომალდის წყალში ჩასაშვებად. მათ ნიჩბები მჭიდროდ დაუმაგრეს ხომალდს, ანძა აღმართეს და ზედ იალქანი ჩამოაბეს, რომ ყოველმხრივ აღკაზმული, ღუზაზე მდგარი ხომალდი გასამგზავრებლად მზად ყოფილიყო. შემდეგ ყველამ თავი მოიყარა ფეაკელთა მბრძანებლის სასახლეში. ხანდაზმულ და ახალგაზრდა სტუმრებს აევსოთ უკვე ალკინოეს სასახლის კარიბჭე და გალავანი. წვეულთათვის თორმეტი ცხვარი, რვა ეშვიანი ტახი და ორი მრუდეფეხებიანი ხარი დაეკვლევინებინა ალკინოეს.
უხვად გაწყობილ სუფრას ის-ის იყო უსხდებოდნენ მოპატიჟებულნი, როდესაც დარბაზში სათაყვანებელ მომღერალ დემოდოკეს შემოუძღვა მანდატური. ავი და კეთილი ხვედრი თანაბრად დაანათლა დემოდოკეს მუზამ: თვალისჩინის დავსების სანაცვლოდ სიმღერის ნიჭი მოემადლებინა მისთვის. პონტონოემ დედაბოძთან ვერცხლის სამსჭვალებიან საკარცხულზე დასვა იგი და თავთით ტკბილხმოვანი ფორმინგი ჩამოუკიდა, რომ უსინათლოს ადვილად ჩამოეღო საკრავი. წინ ტაბლა გაუწყო პურ-ღვინით, რათა ნებისაებრ ესვა და ეჭამა.
სმა-ჭამით გული რა იჯერეს მენადიმეებმა, მუზისაგან შთაგონებულმა მომღერალმა სიმღერა წამოიწყო გმირებზე, რომელთა დიდება ცას მისწვდომოდა: გაიხსენა, თუ როგორ წაეკიდნენ ერთმანეთს სამსხვერპლო ნადიმზე ოდისევსი და აქილევსი. აგამემნონს გულში უხაროდა მათი წაკიდება, რადგან სწორედ მაშინ თანაბარ განსაცდელს უმზადებდა ტროელებსა და დანაელებს ყოვლისმძლე ზევსი: პითოს სამისნოში[50] შესულ აგამემნონს ამ შუღლის კეთილად ახდომა უწინასწარმეტყველა აპოლონმა. ამაზე რომ მღეროდა ღვთაებრივი მომღერალი, ოდისევსს ცრემლი მოერია და ძლიერი მკლავით ძოწისფერი მოსასხამი აიფარა სახეზე, - ერცხვინებოდა, თვალცრემლიანი დანახვებოდა ფეაკელებს.
როგორც კი დადუმდა დემოდოკე, მან უჩუმრად მოიწურა ცრემლები, მოსასხამი მოიშორა სახიდან და ორყურიანი თასით ღვინო დაუღვარა ღმერთებს. მაგრამ, როცა ფეაკელი დიდებულების თხოვნით დემოდოკემ კვლავ წამოიწყო სიმღერა, ოდისევსმა ისევ აიფარა მოსასხამი თვალებზე და ატირდა. ასე უმალავდა მრავალტანჯული თანამეინახეებს თავის მდუღარებას, სანამ ალკინოეს მახვილმა მზერამ არ შენიშნა მის თვალზე ცრემლი. მაშინ ამ ამბით გულშეძრულმა ალკინოემ ასეთი სიტყვა უთხრა ზღვისმოყვარულ თვისტომთ: - ფეაკელთა წინამძღვარნო და მებრჭენო! ნადიმით ხომ ვიჯერეთ გული და ლხინის დამამშვენებელი ხმატკბილი სიმღერაც მოვისმინეთ. დავტოვოთ ახლა დარბაზი და ასპარეზობა გავმართოთ, რომ შინ დაბრუნებულმა უცხოელმა უამბოს თავისიანებს, თუ რაოდენ აღვემატებით ყველას კრივში, ჭიდაობაში, სირბილსა და ხტომაში!
ეს თქვა ალკინოემ და ფეაკელთა დიდებულებს დარბაზიდან გაუძღვა. მანდატურმა ტკბილხმოვანი ფორმინგი კვლავ დედაბოძზე დაკიდა, უსინათლო მომღერალი გარეთ გაიყვანა და ყველანი ერთად ასპარეზობის საყურებლად გაემართნენ.
ურიცხვი ხალხი მოაწყდა მოედანს. ძალგულოვანი ჭაბუკები უკვე გამზადებულიყვნენ საასპარეზოდ. მოედანზე გამოვიდნენ აკრონეოსი, ოკიალე და ელატრევსი; ნაუტევსი, არიმნევსი, ანქიალე და ერეტმევსი; პონტევსი, პრორევსი, თოონი, ანაბესინევსი და ამფიალე; მათ მიჰყვნენ კაცთამმუსვრელი არესის შესაგვანი ევრიალე და ფეაკელ ჭაბუკთა შორის ლაოდამანტის შემდეგ ულამაზესი ნავბოლიდე; წამოდგა აგრეთვე სახელოვანი ალკინოეს სამი ძე - თვალტანადობით გამორჩეული ლაოდამანტი, ჰალიოსი და ღვთისდარი კლიტენეოსი. ჭაბუკები ჯერ სირბილში უნდა გასჯიბრებოდნენ ურთიერთს. ისინი ნიშანსვეტთან ჩამწკრივდნენ, შემდეგ ერთბაშად მოსწყდნენ ადგილს და მტვერი ააყენეს გზაზე. ყველას მკვირცხლმა კლიტენეოსმა აჯობა: მან ერთი უტევანით ჩამოიტოვა დანარჩენები. ჭიდაობაში მეტოქეები მკლავმაგარმა ევრიალემ დაჯაბნა, ხტომაში კისკასმა ამფიალემ გაიმარჯვა, ბადროს ტყორცნაში - ელატრევსმა, ხოლო კრივში ტოლი ვერვინ დაუდო ლაოდამანტს, ალკინოეს პირმშვენიერ ძეს.
შეჯიბრებითა და ორთაბრძოლით გული რა იჯერეს, თავშეყრილ ხალხს ასე მიმართა ლაოდამანტმა: - თანამოძმენო! მოდი, ვკითხოთ ჩვენს უცხოელს, ემარჯვება თუ არა ასპარეზობა? მხარბეჭიანი, მკლავღონიერი და წვივმაგარი ჩანს და ხანდაზმულიც არ უნდა იყოს. თუმცა ეტყობა, დიდი ტანჯვა-წვალება გადაუტანია გზაში. ხომ იცით, კაცს ისე არაფერი გამოსწურავს ღონეს, როგორც ზღვის ზურგზე ხეტიალი.
ლაოდამანტს ასეთი სიტყვა შეაგება ევრიალემ: - სწორს ამბობ, ლაოდამანტ! მაშ, მიდი და თავად შენ გამოიწვიე უცხოელი.
ლაოდამანტმაც არ დააყოვნა, მოედანზე გავიდა და ასე მიმართა ოდისევსს: - ძვირფასო სტუმარო, მარჯვე მოასპარეზედ გამოიყურები! არაფერი ისე არ ასახელებს ვაჟკაცს, როგორც ფეხთა სიმარდე და მკლავის ძალა! მაშ, გამოდი, უკუიყარე კაეშანი! დიდი დრო აღარ გრჩება სამშობლოში გამგზავრებამდე - ხომალდი წყალშია უკვე ჩაშვებული და ნიჩბოსნებიც მზად არიან.
- რატომ დამცინი, ლაოდამანტ? - მიუგო გულმიმხვდურმა ოდისევსმა ჭაბუკს, - განა ასპარეზობის თავი მაქვს ახლა? გული ჩამწყვეტია ვარამით და თქვენ შორის მჯდარს სახლეულზე ფიქრი არ მასვენებს. ამასღა გვედრით ერსა და ერისმთავარს - მალე გამისტუმროთ სამშობლოში.
ამის გამგონე ევრიალემ პირში მიახალა ოდისევსს: - ეჰე, უცხოელო, ჩაუქობისა არაფერი გცხია. შენ უფრო იმ გულჯაბან ვაჭარს მაგონებ, ანგარებით შეპყრობილი დღენიადაგ იმაზე რომ ზრუნავს, რა სარგებელი ნახოს, როგორ დატვირთოს ხომალდი საქონლით და გამდიდრებულმა მშვიდობით როგორ მიაღწიოს თავის ქვეყანას. ვერა, ვაჟკაცობას ვერ დაიჩემებ!
წყრომით ახედა ევრიალეს გულამღვრეულმა ოდისევსმა: - უღირსი სიტყვა დაგცდა, ჭაბუკო! კადნიერი ვინმე უნდა იყო! ღმერთები ყველაზე ერთნაირად არ დაიბერტყავენ კალთებს. ერთბაშად როდი აქვს ყველას მომადლებული მჭევრმეტყველება, გონიერება და ახოვანება. კაცთაგან ზოგი თუმცა თვალტანადობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ გონიერებითა და ენამზეობით გამოირჩევა. თანამოქალაქენი შეფრფინვით შესცქერიან მას და ღვთის საკადრის პატივს დებენ. ზოგი კი, სახითა და ანაგებით ღმერთშემოსილი, შენებრ სიტყვამჭლეა და თავქარიანი. აკი შენც ღვთისდარი მშვენებითა ხარ შემკული, მაგრამ სიტყვა არ მოგდევს და გონებაუწვრთნელიცა ხარ. გული ამიმღვრია შენმა თავხედობამ! არ გეგონოს, ასპარეზობის უმეცარი ვიყო, როგორც წეღან მოჩმახე! ჭაბუკობაში, როცა გული მერჩოდა და მუხლიც მომდევდა, ტოლს არავის ვუდებდი. ახლა რაღა ვარ, ომგარდახდილსა და ზღვაზე ნათრევს ჯანი მომეწურა, მაგრამ რაკი მომაყივნე და უკმეხი სიტყვით გამომიწვიე, გაყურებინებ სეირს!
ეს თქვა და მოედანზე გამოვიდა მრავალნაცადი ოდისევსი. მოსასხამი არც კი გადაუგდია, ისე დაავლო ხელი ყველაზე დიდ ბადროს, ძლიერად მოიქნია მკლავი და ტყორცნა. ქვის ბადრომ ზუზუნით გადაუქროლა თავზე შიშისაგან გატრუნულ ფეაკელებს და გადასცილდა მოასპარეზეთა ყველა სანიშნოს.
მოკვდავის სახით გამოცხადებულმა ათინამ მონიშნა ის ადგილი, სადაც ოდისევსის მიერ გატყორცნილი ბადრო დაეცა. შემდეგ მობრუნდა და ახარა ოდისევსს: - ბრმაც კი გაარჩევს შენს ნიშანს, უცხოელო! შენზე შორს არც ერთ ფეაკელს არ უსროლია ბადრო. გამარჯვება შენია, გიხაროდეს!
გულს მოეფონა ოდისევსს, კეთილმოსურნე კაცი რომ დაინახა ამ უცხო კუნძულზე. გულმოცემულმა ქადილით მიმართა ფეაკელებს: - ჰეი, ახალუხლებო, გამოდით და ტყორცნეთ ბადრო! თუ ჩემს სანიშნომდე მიაწევთ, გამოვალ და უფრო შორს გადავისვრი. სათითაოდ გამოდით ყველანი და რაშიც გინდათ, შემეჯიბრეთ - გინდ კრივში, გინდ ჭიდაობაში, გინდაც სირბილში. არაფერში უკან არ დავიხევ, რაკი გამაგულისეთ. მარტოოდენ ლაოდამანტს ვერ გამოვიწვევ, რადგან მისი სტუმარი ვარ. მხოლოდ უგუნური, ხეპრე კაცი თუ გამოიწვევს საასპარეზოდ სტუმართმოყვარე მასპინძელს, თავს შეირცხვენს და საქმესაც გაიფუჭებს ასეთი კაცი. ლაოდამანტს გარდა, არავის შევეპუები: ყველასთან მზადა ვარ ორთაბრძოლისათვის! რა ჯომარდობას მეტყვით, გაწაფული რომ არ ვიყო? მშვილდის ხმარებაც კარგად ვიცი. ისე მოვჭიმავ, მტრის გულის განსაწონად გასროლილ ჩემს ისარს ვერავისმა დაასწროს! ერთადერთი ფილოქტეტე[51] მჯობნიდა, როცა ილიონის მისადგომებთან მშვილდოსნობაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს აქაველნი. რაც შეეხება ძველებს, ჰერაკლესა და ექალიელ ევრიტოსს, მათთთან შეჯიბრებას ვერც გავბედავდი. ისინი ხომ თავად ღმერთებსაც ეტოქებოდნენ ზოგჯერ! განა ამისთვის არ დასაჯა ევრიტოსი აპოლონმა და სახლეულთა შორის მშვიდი სიბერე აღარ აღირსა, რაკი მშვილდფიცხელი ღმერთის ჯობინება მოინდომა? სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემი ნასროლი შუბი ისარს გადაუსწრებს. მხოლოდ სირბილში ვერ შევეჯიბრები ფეაკელებს: მეშინია, მუხლმა არ მიმტყუნოს, - მღელვარე ზღვაზე ხანგრძლივი თრევით მოღალული ვარ.
ხმა გაეკმიდათ საასპარეზოდ თავშეყრილ ფეაკელებს. ოდისევსის საპასუხოდ მხოლოდ ალკინოემ დაძრა სიტყვა: - ღირსეულო კაცო! უკადრისი არაფერი გითქვამს ჩვენთვის! მხოლოდ შენი სიქველე გინდოდა საჩინო გეყო. შეურაცხმყოფელს პასუხი მიაგე და შენი ღირსება დაიცავი. ჭკუათმყოფელი ვეღარავინ გაკადრებს აუგს. ახლა კი ერთ რასმე გეტყვი, კარგად გამიგონე, რომ სახლეულთა შორის ტკბილად მონადიმემ შენს კეთილშობილ თვისტომთ უამბო, რითა ვართ გამორჩეულნი და რა მოგვმადლა მაღალმა ზევსმა ძველთაგანვე ფეაკელებს. კრივსა და ჭიდაობაში პირველობას ვერ დავიქადნით, მაგრამ ზღვაოსნობასა და სირბილში ვერავინ შეგვედრება. გვიყვარს ნადიმობა, სიმღერა და ცეკვა-თამაში. ახალთახალი სამოსელი, ნელთბილი აბაზანები და რბილი სარეცელი. აბა, ფეაკელთა შორის ურჩეულესნო, ვუჩვენოთ უცხოელს ჩვენი ხელოვნება როკვასა და ფერხულში! მოართვით დემოდოკეს ტკბილხმოვანი ფორმინგი, რომელიც ალბათ დარბაზში ჰკიდია სადმე.
მანდატურმა ბრძანებისამებრ ერისმთავრის სასახლეს მიაშურა ფორმინგის მოსატანად. თავშეყრილ ხალხს გამოეყო საასპარეზო საქმის მოთადარიგედ არჩეული ცხრა კაცი, საროკველი მოედანი გაწმინდეს და მოასწორეს. ამასობაში მანდატურმა ფორმინგი მოართვა დემოდოკეს და იგი მოედნის შუაგულში გამოვიდა. მომღერალს გარს შემოეჯარნენ როკვაში დახელოვნებული, ახალშეღერებული ყმაწვილები. მათ მკვირცხლად აათამაშეს ფეხები ერთ ადგილზე და ამ სიმკვირცხლემ გააოგნა მრავლისმნახველი ოდისევსი.
დემოდოკემ ფორმინგს ჩამოჰკრა თითები და საამური ხმით დაამღერა. ომშიმზარავი არესისა და ტურფაგვირგვინიანი აფროდიტეს სიყვარულზე მღეროდა იგი.
...მას ჟამსა შინა იდუმალ შეიყარა ღვთაებრივი წყვილი ჰეფესტოს სასახლეში. დიდძალი საჩუქრით მოინადირა არესმა მშვენიერი ქალღმერთის გული და შემდეგ შებღალა ჰეფესტოს სარეცელი. მაღლითმოარულმა ჰელიოსმა თვალი შეასწრო, როგორ შეეყვნენ გამიჯნურებულნი ურთიერთს და სასწრაფოდ ამცნო მოტყუებულ მეუღლეს. ეს შეურაცხი ამბავი რა მოისმინა, სამჭედლოში შევარდა შურისგებით აღვსილი ჰეფესტო, ქურა გაახურა და გაავებულმა გამოჭედა ობობას ქსელისებრ გამჭვირვალე სამანქანური ბადე[52]. ჭერხოს კოჭიდან ჩამოუშვა თავად ნეტარი ღმერთებისთვისაც უხილავი, წმინდად ნაჭედი ქსელი და მიჯნურთა თვალის ასახვევად თავის უსაყვარლეს, კეთილნაგებ ქალაქისკენ გაემართა ლემნოსს. ამაოდ არ უთვალთვალებდა არესი შორეულ კუნძულზე გამგზავრებულ მჭედელს. გულისთქმით აღძრულმა საჩქაროდ მიაშურა მის სახლს, სადაც ოლიმპოდან ახალჩამოსული ტურფაგვირგვინიანი აფროდიტე ელოდებოდა. ვნებამორეულმა ხელი ჩასჭიდა ქალღმერთს და უჩურჩულა: საყვარელო, ვიდრე ჰეფესტო შინ არ არის, დროს ნუ დავკარგავთ. დავწვეთ და სიყვარულით ვიჯეროთ გული.
დაწვნენ თუ არა, ფოლხვად ჩამოშვებული ბადე აშრიალდა, ერთბაშად შეიკრიბა და შიგ მოიმწყვდია მიჯნურები. ჯაჭვის ქსელში გახვეულნი უმალვე მიხვდნენ, რომ გასაქცევი გზა მოჭრილი ჰქონდათ, რომ ჰეფესტოს ბადეს ვერ დაუძვრებოდნენ.
შუაგზიდან სწრაფადვე მობრუნდა ლემნოსს მიმავალი მჭედელი. გამძვინვარებული ჰეფესტო სასახლის კარში ჩადგა და საზარელი, ხაფი ხმით დაიყვირა. ისე, რომ ოლიმპოს მისწვდენოდა მისი ძახილი: - ზევსო, მამაჩემო, და ნეტარო ღმერთებო! მოდი და ნახეთ ეს სამარცხვინო, უმსგავსი საქმე! გამუდმებით მღალატობს მე, კოჭლს, თავხედ არესზე გამიჯნურებული აფროდიტე, ზევსის ასული. მერე რა, რომ ფეხებღონიერი და წვივლამაზია არესი, ხოლო მე ფეხებმონგრეული ვუშობივარ მამაჩემს? სულაც არ დავბადებულიყავ ნეტავ! მოდი და ნახეთ, როგორ გადაფსკვნიან ერთმანეთს! გული ბოღმით მევსება ამის შემყურეს, მაგრამ ვეჭვ, დიდხანს გაჰყვეს ჩემს სარეცელზე ნებივრობის ხალისი. რაც უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, ბადეში გაბმულებს მალე გაუქრებათ გულისთქმა და წადიერება. ასე ვამყოფებ, ვიდრე მამაჩემი არ დამიბრუნებს ურვადს, ამ ურცხვი ქალისთვის რომ გადავუხადე. ლამაზია აფროდიტე, მაგრამ ავხორცი და სულწასული!
ასე ჩიოდა კოჭლი ჰეფესტო. რიგრიგობით მოადგნენ ოლიმპოელნი ღვთაებრივი მჭედლის სპილენძისზღურბლიან სასახლეს: მოვიდა მიწისმრყეველი პოსეიდონი, მოვიდა დოვლათის მწყალობელი ჰერმესი, მოვიდა მშვილდოსანი აპოლონიც. კდემამოსილი ქალღმერთები კი ოლიმპოზე დარჩნენ. სასახლეში რომ შევიდნენ და ოსტატურად დაგებული მახე იხილეს, გულიანად ახარხარდნენ უზრუნველი ღმერთები. ასე მახვილსიტყვაობდნენ ლაღი ოლიმპოელნი ერთმანეთში: უკეთურ საქმეს მოკლე ფეხი აქვსო, ხედავთ, ფეხმოკლე ჰეფესტო გრძელფეხება არესს წასწვდა, კოჭლმა ფეხმარდი დაიჭირაო. აწ ზღოსო არესმა საზღაური ჰეფესტოს სარეცლის შებღალვისთვის!
ახლა ცბიერად მოღიმარმა აპოლონმა გადაულაპარაკა ჰერმესს: - გამოტყდი, ჰერმეს, დაწვებოდი ოქროვან აფროდიტესთან, თუნდაც არესის მსგავსად გაბმულიყავი ჰეფესტოს ბადეში?
ღიმილითვე უპასუხა არგუსის მკვლელმა: - ჰეფესტოს სამკეც ბადეშიც რომ გავეხვიო და ყველა ღმერთისა და ქალღმერთის სასაცილო გავხდე, მაინც არ ვიტყოდი უარს ოქროვან აფროდიტესთან სარეცელში ნებივრობაზე!
ეს თქვა და ერთხმად ახარხარდნენ ლაღნებიერი ღმერთები. მხოლოდ პოსეიდონს არ გაუხსნია წარბი, გულმოდგინედ სთხოვდა ჰეფესტოს: გაუშვი არესი და თავდებად დაგიდგები, რომ უკლებლივ დაგიბრუნდება ურვადის საზღაური, ღმერთების წინაშე რაც მოითხოვეო წეღან.
- არა, - მიუბრუნდა მიწისმრყეველს ჰეფესტო, - უკადრისს ნუ ითხოვ ჩემგან, პოსეიდონ! არ ეგების უნდო კაცის გამოსარჩლება. ვისღა მოვთხოვო ურვადის საზღაური, გათავისუფლებულმა არესმა პირი რომ მიშალოს?
არ ცხრებოდა არესისთვის თავგამოდებული პოსეიდონი: - უკეთუ გიმტყუნებს არესი და თავს დაიძვრენს საზღაურისგან, მენდე, მე თვითონ გადაგიხდი დაპირებულს.
ამ სიტყვაზე უარი ვეღარ უთხრა მიწისმრყეველს და ჰეფესტომ ახსნა ბადე. შვება რა იგრძნეს, საწოლიდან წამოიჭრნენ არესი და აფროდიტე და სწრაფად გაშორდნენ იქაურობას. არესმა თრაკიას მიმართა, ხოლო მომხიბლავად მოღიმარმა აფროდიტემ კვიპროსს მიაშურა. იქ, წმინდა ჭალაში, საკურთხეველთან ქარიტებმა განბანეს, ტანი ღვთიური ზეთით დაუზილეს და ამოდსახილველი სამოსლით შემოსეს ქალღმერთი.
ამას მღეროდა დიდებამოსილი მომღერალი. სმენად ქცეულიყო სიმღერით გულდამტკბარი ოდისევსი, სულგანაბულნი უსმენდნენ დემოდოკეს თვისტომნი, ზღვათამლახავი, იგავმიუწვდომელი ფეაკელი ნიჩბოსნები.
შემდგომ ამისა ალკინოემ უბრძანა ჰალიოსსა და ლაოდამანტს, სათითაოდ გამოსულიყვნენ საროკველად. მათ ტოლი არ ჰყავდათ ფეაკელთა შორის. ჭაბუკებმა ხელთ იპყრეს ოსტატი პოლიბოსის ნახელავი წითელი ბურთი. ერთი რომ ზეატყორცნიდა, მეორე მიწაზე ფეხდაუკარებლად, ჰაერშივე იჭერდა ბურთს, მერე გარსმოჯარულთა ტაშისცემით გახურებულნი რიგრიგობით მოჰყვნენ როკვას. ირგვლივ გაისმოდა ხალხის ყიჟინა და ჟივილ-ხივილი.
აღტაცებულმა ოდისევსმა სიტყვა ჰკადრა ალკინოეს: - ხელმწიფეო, ქვეყნიერთა შორის უმჯობესო, მართალი გიბრძანებია: როკვაში უპირველესნი ყოფილხართ! ვხედავ ამას და გაოცება მიპყრობს!
დიდად ეამა ერისმთავარს უცხოელის სიტყვა და ასე მოუწოდა ქვეშევრდომთ: - ფეაკელთა წინამძღვარნო და მებრჭენო! გულისხმიერი კაცი ყოფილა ჩვენი სტუმარი. მოდი, მასპინძლის წესისამებრ პატივი ვცეთ და საჩუქრები ვუძღვნათ. თორმეტი ბასილევსი მართავს ჩვენს ქვეყანას, ხოლო მეცამეტე თავად მე გახლავართ. დაე, თითოეულმა ჩვენგანმა თითო ახალთახალი სამოსი და ქიტონი მიართვას და თითო ოქროს ტალანტი უძღვნას უცხოელს. ახლავე მოვუტანოთ ყველაფერი ეს, რომ გამხიარულებული წამობრძანდეს სერობაზე. შენ კი, ევრიალე, რაკი წეღან უკმეხი სიტყვით გაგვინაწყენე სტუმარი, გმართებს, მხოლოდ საჩუქრით კი არა, სიტყვითაც გამოისყიდო მის წინაშე დანაშაული.
ერთხმად მოიწონეს ერისმთავრის რჩევა. ბასილევსებმა საჩქაროდ დაგზავნეს მანდატურნი ძღვენის მოსაღებად. თავის მხრივ, ევრიალემ ასეთი სიტყვა ჰკადრა ალკინოეს: - ერისმთავარო, ქვეყნიერთა შორის უმჯობესო! მზადა ვარ უცხოელის გულის მოსაგებად გავიღო ვერცხლისვადიანი ბრინჯაოს სატევარი, სპილენძით მოპირკეთებული ქარქაშითურთ. ძვირფასია და უცხოდ ნახელავი ეს სატევარი!
ეს თქვა და ვერცხლისვადიანი სატევარი მიართვა ოდისევსს: - ძვირფასო სტუმარო! ქარსაც წაუღია ჩემი წეღანდელი სიტყვები! ღმერთების შეწევნით მალე გენახოს შენი მეუღლე და მამაპაპეული მიწა. გეკმაროს ზღვის ზურგზე უგზო-უკვლოდ ხეტიალი!
- შენ გაიხარე, ევრიალე! - უპასუხა ევრიალეს ენამჭევრმა ოდისევსმა, - წყალობა ნუ მოგიშალონ უკვდავმა ღმერთებმა! არასოდეს დაგნანებოდეს ეს ორლესული სატევარი, ბოდიშის მოხდით რომ მომართვი!
ეს უთხრა და ნაჩუქარი მახვილი მხარიღლივ გადაიკიდა.
მზე ჩასვლად იყო მიდრეკილი, როცა მანდატურებმა ბასილევსების საჩუქრებიც მოიტანეს. საჩუქრები შემდეგ ალკინოეს სასახლეში წაიღეს, სადაც ერისმთავრის შვილებმა დედის წინაშე მოაქუჩეს. ამასობაში ალკინოეც მობრძანდა სტუმრებთან ერთად. ყველანი მაღალ საკარცხულებზე დასხდნენ. ფეაკელთა მბრძანებელი მიუბრუნდა დედოფალ არეთას და უთხრა: - დედაკაცო, მოატანინე საუკეთესო სკივრი, რომ უცხოელის საჩუქრები შიგ ჩავაწყოთ. უბრძანე, საბანაოდ წყალი გაუცხელონ, რათა ტანგახალისებულმა გულნებიერად მოიხილოს კეთილშობილ ფეაკელთა ძღვენი, ხოლო შემდეგ, ინახით მჯდარმა, ღვინის სმითა და სიმღერით გაიხაროს გული. ჩემდათავად, სტუმრისათვის ჩემი უცხოდნაჭედი ოქროს თასი მიბოძებია. მინდა, ვახსოვდე და მარადდღე მიგონებდეს, როცა ამ თასით ზევსსა და სხვა ღმერთებს ზედაშეს დაუღვრის ხოლმე!
არეთამ უბრძანა შიმუნვარებს სამფეხა ზედადგარზე ქვაბი შეედგათ და წყალი გაეცხელებინათ. მათ შეშა მოიტანეს, წყლით სავსე ქვაბი ზედადგარზე შემოდგეს და ცეცხლი შეუნთეს. ამასობაში დედოფალმა სტუმარს სკივრში ჩაულაგა ძვირფასი საჩუქრები: ფეაკელთაგან მოძღვნილი სამოსელი და ოქრო-ვერცხლი, ხოლო თავის მხრივ, მოსასხამი და ნატიფადნაქსოვი ქიტონი. საქმეს რომ მორჩა, ასე გააფრთხილა ოდისევსი: ახლა შენი ხელით დახურე სკივრი და თასმებით მაგრად შეკარი, რომ გზაში არავინ გაგიხსნას, როცა ხომალდზე ღრმა ძილით დაგეძინებაო.
ოდისევსმა სახურავი მოარგო სკივრს, ღვედები შემოუჭირა და ცირცესაგან ნასწავლი საიდუმლო ნასკვით განასკვა. მერე გამზადებულ აბაზანაში შეიყვანა მეკუჭნავემ სტუმარი. ცხელი წყლის დანახვაზე სიამისაგან გული აუჩქროლდა ოდისევსს: მას შემდეგ, რაც თმამშვენიერი კალიფსოს კუნძული დატოვა, ცხელი წყლით ტანი არ დაებანა მრავალტანჯულს. იქ კი, ნიმფასთან, ღმერთების საკადრის ფუფუნებაში იყო. მონაქალებმა დაბანეს და ნელსაცხებლით დაუზილეს ტანი, მხრებზე მოსასხამი მოასხეს და ახალ ქიტონში გამოწყობილმა ოდისევსმა პირდაპირ მონადიმეთა დარბაზს მიაშურა. კარის სვეტთან ღვთივდამშვენებული ნავზიკაე დაუფარავი აღტაცებით შეეგება ოდისევსს: - მობრძანდი, სტუმარო! გაგახსენდები ალბათ სამშობლოში! განა მე არ უნდა მიმადლოდე სიცოცხლეს?
- ო, დიდსულოვანო ალკინოეს ასულო! - უპასუხა ოდისევსმა, - მგრგვინავი ზევსისა და მისი მეუღლის ჰერას წყალობით თუკი ოდესმე მოვესწარი სამშობლოში დაბრუნებას, მარად შენი მლოცველი ვიქნები. შენა ხარ ჩემი მხსნელი და გადამრჩენელი!
ეს თქვა და ალკინოეს გვერდით, მისთვის განკუთვნილ საკარცხულში ჩაჯდა. სუფრაზე ხორცი უკვე დაენაწილებინათ და ღვინო განეზავებინათ. ამ დროს მანდატურმა ფეაკელთა სათაყვანებელი მომღერალი დემოდოკე შემოიყვანა და მენადიმეთა შორის დედაბოძთან დასვა. ოდისევსმა მოიხმო მესტუმრე, თავის არჩივს - თეთრეშვიანი ტახის სუკს - მსუქანი ნაჭერი ჩამოაჭრა და სთხოვა, დემოდოკესთვის მიერთმია იგი: გულნაღვლიანი სტუმრისგან მოკითხვა გადაეცი და მიართვი ეს მწვადიაო! ქვეყნიერთაგან ყველაზე მეტად აედები იმსახურებენ თაყვანისცემას, რადგან თავად მუზამ უბოძა მათ ეს ნიჭი. ყოველთა შორის მომღერალთა მოდგმა ექნებათო ღმერთებს.
მესტუმრემ ხორცის მსუქანი ნაჭერი მიართვა გმირ დემოდოკეს. აედმა მადლი მოახსენა სტუმარს. მეინახენი სმა-ჭამას შეუდგნენ. სმა-ჭამით გული რომ იჯერეს, ოდისევსმა ასე მიმართა დემოდოკეს: - მოკვდავთა შორის უპირველეს კაცად მიმაჩნიხარ, დემოდოკე! არ ვიცი, ვინ მოგმადლა სიმღერის ნიჭი, ზევსის ასულმა მუზამ თუ თავად ვერცხლისმშვილდოსანმა აპოლონმა, მაგრამ კარგად კი მღერი აქაველთა ქველ საქმეებზე. თითქოს მონაწილე ყოფილიყავ ან თვითმხილველისაგან მოგესმინოს მათი ამბავი. მაშ, განაგრძე შენი სიმღერა და გვიამბე, როგორ გააკეთა ათინას შემწეობით ეპეოსმა ხის ჰუნე, როგორ ჩასხა იმ ჰუნეში მრავალნაცადმა ოდისევსმა ილიონის შემმუსვრელი მეომრები და შემდეგ, როგორ შეიყვანა იგი ტროას ციხე-გალავანში. თუკი ყოველივეს გამოწვლილვით მიამბობ, შენი კეთილმხსენებელი ვიქნები მარადჟამს. ასე ვიტყვი, მართლაც ღვთაებრივი ნიჭით ცხებული ყოფილამეთქი ფეაკელთა სახელგანთქმული მომღერალი!
ოდისევსი დადუმდა და ღმერთებისაგან შთაგონებულმა აედმა წამოიწყო სიმღერა... იგი მღეროდა, თუ როგორ წაუკიდეს კარვებს ცეცხლი არგოსელებმა, როგორ ჩასხდნენ ღრმამუცლიან ხომალდებში და ზღვაში შეცურეს. ხის ჰუნეში კი ამ დროს გატვრენილი იჯდა ოდისევსი თანამებრძოლებთან ერთად. სულსწრაფმა ტროელებმა ხის ჰუნე ილიონის ციხე-გალავანში შეათრიეს. ხალხი გარს შემოეჯარა უცხო ნაგებობას და უთავბოლო ყაყანი ატეხა. ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას: ერთნი ამბობდნენ, გავაპოთ ეს ფუტურო ხის ჰუნე, ზოგნი - კლდეზე ავათრიოთ და იქიდან უფსკრულში გადავუძახოთო, სხვანი - ილიონის მოედანზე დავდგათო ღმერთების შესავედრებელ მსხვერპლად. ბოლოს ამ უკანასკნელ აზრზე შეთანხმდნენ. დაღუპვა ეწერათ, თუკი ქალაქი კარიბჭეს გაუღებდა ამ საბედისწერო ხის ჰუნეს, რომელშიც ტროას შემმუსვრელი, არგოსელთაგან ურჩეულესი მეომრები ისხდნენ.
შემდეგ დემოდოკე მოჰყვა იმ ამბავს, თუ როგორ გამოძვრნენ ცხენის მუცლიდან აქაველნი და როგორ დაერივნენ ტროელებს. ომის ღმერთივით გავეშებულმა ოდისევსმა ღვთისდარ მენელაოსთან ერთად დეიფობის სახლს მიაშურა, სასტიკი ბრძოლით შეება მას და ათინას შემწეობით კიდევაც გაიმარჯვა.
ამას მღეროდა ღვთაებრივი დემოდოკე... ოდისევსს დარდი შემოაწვა გულზე, წამწამთაგან ცხარე ცრემლი წაედინა. ისე გულმდუღრად ტიროდა მრავალტანჯული გმირი, როგორც ცოლი იტირებდა თვისტომთა დასაცავად ქალაქის კარიბჭესთან დაცემულ საყვარელ ქმარს.
მხოლოდ გამჭრიახმა ალკინოემ შენიშნა ოდისევსის თვალზე ცრემლი და იმავ წამს ასე მიმართა ზღვისმოყვარულ თვისტომებს: - ისმინეთ ჩემი სიტყვა, ფეაკელთა წინამძღვარნო და მებრჭენო! დროა შეეშვას დემოდოკე ფორმინგზე მღერას. ყველას არ უხარებს გულს წარსულ დროთა მოგონება. მას შემდეგ, რაც ნადიმად დავსხედით და ღვთაებრივი აედი ფორმინგზე სიმღერით შეგვაქცევდა, ჩვენს ძვირფას სტუმარს არ შეუწყვეტია სულთქმა-ტირილი. დიდი რამ საჭმუნავი აქვს, ალბათ, უცხოელს. მოამთავროს დემოდოკემ სიმღერა, უმჯობესია, სტუმარი და მასპინძელი ერთობლივ ვიშვებდეთ და ვიხარებდეთ. საპატიო უცხოელის გასასტუმრებლად მზადაა ყველაფერი - კეთილი გულით მიძღვნილი საჩუქრები სკივრში აწყვია, ხოლო სრულად აღკაზმული ხომალდი ზღვის ნაპირზე ელოდება, რადგან კაცთაგან ყოველი, უკეთუ მოწყალე გული უძგერს მკერდში, ძმად იგულვებს შემწეობის მახვეწარ სტუმარს.
ეს თქვა და ოდისევსს მიუბრუნდა ალკინოე: - ნუ მოგვერიდები, გაგვიხსენი გული, გაგვიმხილე შენი ხვაშიადი - შენთვისვე უმჯობესია! მანამდე კი მშობლებისაგან მონიჭებული შენი სახელი გვამცნე - რას გეძახიან ან როგორ იწოდები თვისტომთა შორის? აკი დედის მუცლიდან შობილს - ავსა თუ კარგს - კაცთა წესისამებრ სახელი ჰქვია? მერე ისიც გვითხარი, საიდანა ხარ, რომელი ქვეყნიდან, რომ ვიცოდეთ ის ადგილი, საითკენაც გეზი უნდა აიღოს ჩვენმა ხომალდმა. ფეაკელებს ხომ სხვათა მსგავსად, ხომალდებზე საჭე და მესაჭე არ გვიყენია! მგზავრის ხვაშიადის მეცნაური, უნაყოფო ზღვის ნისლითა და ბურით შებურული ჩვენი ხომალდები თავად იგნებენ გზას უცხოელთა შორეული ქალაქებისა და ნაყოფიერი ნაპირებისაკენ. დაღუპვის შიში არ ახლავთ მათ, არც ზღვის ბობოქარ ტალღებს ეპუებიან, თუმცაღა კურთხეული მამიჩემის, ნავზითოესგან გამიგონია, გულისწყრომით ავსილა თურმე ჩვენდა მიმართ პოსეიდონი სწორედ იმის გამო, რომ შინ მშვიდობით ვაბრუნებთ ხოლმე გზადაკარგულ მოგზაურთ. ასეთი რამეც უთქვამს ნავზითოეს: ერთხელაც იქნება, უკუმოქცეულ ფეაკელ მეზღვაურებს პირქუში უფსკრული შთანთქავს და ჩვენს ქალაქს ერთ უზარმაზარ კლდეს ააფარებსო. ასე იწინასწარმეტყველა მოხუცებულმა და ვინ იცის, ახდება თუ არა მისი ნათქვამი. დაე, ღმერთების ნებისაებრ გადაწყდეს! ახლა კი წვრილად გვიამბე, უცხოელო, საიდან მოდიხარ, როგორ დაგებნა გზა, რა ქვეყნები მოგივლია ან რა ჯურის ხალხი გინახავს - ავი თუ სამართლიანი, გულმხეცი თუ სტუმართმოყვარე, უღვთო თუ ღვთისნიერი? ისიც გაგვიმხილე, რამ აგატირა ან რაზე მოსთქვამდი წეღან, როცა არგოსელთა და ტროელთა ხვედრზე მღეროდა ჩვენი აედი? ღმერთების განჩინებით აკი იმიტომაც დაიღუპნენ გმირულად, რომ თაობიდან თაობაში სიმღერებად გადასულიყო მათი ამბავი! იქნებ სახლიკაცი ვინმე დაგეღუპა ილიონის ბჭეებთან, ან იქნებ ლომგული სიძე და ქველი სიმამრი, რომლებიც ღვიძლი ნათესავების შემდეგ უახლოესად მიგვაჩნია? ანდა, ეგების ძმასავით გამორჩეული, საყვარელი მეგობარი მოგიკლეს, ჭირში გამოცდილი და შენთვის თავგადადებული?
IX. გულმხეცი პოლიფემე
ასე მიუგო ალკინოეს მრავალტანჯულმა ოდისევსმა: - ო, ხელმწიფეო, კაცთა შორის გამორჩეულო! დემოდოკესთანა ღვთაებრივი ნიჭით ცხებული აედის მოსმენა დიაღაც საამოა. ან იმას რა სჯობს, როცა მთელი საბრძანებელი ილხენს და იშვებს, როცა აედის სიმღერით გულდამტკბარი მონადიმენი რიგისამებრ უსხედან უხვი პურ-მარილით გაწყობილ სუფრას, ხოლო მწდენი თაფლზე უტკბესი ღვინით უვსებენ მათ ოქროცურვილ თასებს. მეთნევა ფრიად ამგვარი ყოფა! მაგრამ რაკიღა ისურვე, გიამბობ ჩემს თავგადასავალს, თუმცა უფრო მწარედ ამატირებს გარდახდილი ჭირის მოგონება. არკი ვიცი რითი დავიწყო, როგორ მოვაბა თავი და ბოლო ჩემს ამბავს. ბევრჯერ მობრუნებულა რისხვით ცის ბორბალი ჩემს უბედურ თავზე. უწინარეს ყოვლისა, ვინაობას გაგიმხელ ჩემსას, რომ იცოდეთ შავ დღეს გადარჩენილი, თქვენს ჭერს შეფარებული კაცის სახელი: ლაერტეს ძე ვარ მე, ოდისევსი, ცბიერებითა და მოხერხებით კაცთა შორის გამორჩეული, მკვიდრი და მფლობელი შორითსაჩინარი ითაკისა, საიდანაც ნერიტონის ტყით დაბურული მწვერვალი ამაყად გადაჰყურებს მახლობელ კუნძულებს - სამეს, დულიქიონსა და ტყიან ზაკინთოსს. ფიცხელკლდოვანია ითაკა, ფიცხი და გულმაგარი ვაჟკაცების სამშობლო. არსად მინახავს და არც მეგულება ჩემს მამულზე უფრო ტკბილი ქვეყანა. ამაოდ ცდილობდა ტურფა კალიფსო ქმრად დავეტოვებინე თავის მღვიმეში. ამაოდვე სურდა ქმრად გავეხადე ცბიერ ცირცეს, აიას მბრძანებელს. მაგრამ უკვდავებმა ვერ მიდრიკეს ჩემი გული, რადგან მამულზე და სახლეულზე ძვირფასი არა არის რა ამქვეყნად კაცისათვის, თუნდაც რომ სვიანად და უზრუნველად ატარებდეს წუთისოფელს მათგან მოშორებული.
ახლა კი გიამბობ, რა ძნელბედობა დამატეხა ზევსმა ჩემს ცრემლდათხეულ გზაზე. ილიონიდან ქარბორბალამ კიკონების მხარეს, ისმაროსში გაგვრიყა. ქალაქი დავაქციეთ და დიდძალი ალაფი თანაბრად გავიყავით, გულნაკლული არავინ დაგვრჩენია. ვერასგზით დავარწმუნე თანამებრძოლნი, სწრაფადვე გავცლოდით იქაურობას. უგუნურებმა უამრავი ცხვარი და რქადაგრეხილი ძროხა დაკლეს და უდარდელად შეექცეოდნენ ღვინოს. ამასობაში უკუქცეულმა კიკონებმა თანამოძმეთ უხმეს, - ახლომახლო მრავლად სახლობდნენ მხედრობაში გაწაფული კიკონები, რომლებიც, თუ გაჭირდებოდა, ქვეითადაც კარგად იბრძოდნენ. მოდგნენ და მოდგნენ კიკონები, ადრეულ გაზაფხულზე ამოხეთქილი ფოთლებივით ურიცხვნი. მაშინ კი მივხვდით ბედკრულნი, რა განსაცდელს გვიმზადებდა ზევსი.
დილიდან შუადღემდე მედგრად ვუმკლავდებოდით გარსმოჯარულ კიკონებს, ხოლო როცა ხარის გამოშვების ჟამმა[53] მოაწია, უკუვიქეცით დამაშვრალნი. თითოეული ხომალდიდან ექვს-ექვსი მძიმედ შეჭურვილი აქაველი დაგვეღუპა. დამწუხრებულები დავადექით გზას და, თუმცა საყვარელი მეგობრები დავკარგეთ, გულში გვიხაროდა, რომ უმეტესნი გადავურჩით სიკვდილს. მანამდე არ დავძარით ხომალდები, სანამ კიკონებთან ბრძოლაში დაღუპულ ყველა ჩვენს ამხანაგს სამ-სამჯერ არ ვუყივლეთ სახელდებით.
ნაპირს რა გავცდით, ღრუბელთბატონმა ზევსმა მძვინვარე ბორეასი დააძგერა ჩვენს ხომალდებს. შავმა ღრუბლებმა მოგრაგნეს ცარგვალი და უკუნეთი ღამე ჩამოეშვა ზღვასა და ხმელზე. ჭვინტდადრეკილი ხომალდები ფიცხლად მიაპობდნენ ტალღებს, მაგრამ ქარიშხალი აფრებს გვიფხრეწდა. შეშინებულებმა იალქნები დავუშვით და ხომალდები ნაპირზე ავათრიეთ.
ორი დღე-ღამე სასოწარკვეთილნი და ილაჯგაწყვეტილნი ვეყარენით ქვიშიან ნაპირზე. მესამე დღეს, როცა თმამშვენიერი ეოსი აღმოხდა, ანძები კვლავ აღვმართეთ და იალქნები გავშალეთ. ზურგქარმა დაბერა და მესაჭეებმა ზღვაში გაიყვანეს ხომალდი. ამჯერად მშვიდობით მივაღწევდით მშობლიურ ნაპირებს, რომ მალეას კონცხთან მიახლოებულთ კვლავ ბორეასი არ წამოგვწეოდა და ზღვის ღელვასა და ქარიშხალს კითერასაგან არ უკუვექციეთ. ცხრა დღე და ღამე ასე მიმოგვარბევდა თევზმრავალ ზღვაზე მძვინვარე ქარბორბალა.
მეათე დღეს ბალახიჭამია ლოტოფაგების ქვეყანას მივადექით. ხმელეთზე გადმოსულებმა სასმელი წყალი მოვიმარაგეთ, სახელდახელოდ წავიხემსეთ და ზედ ღვინოც დავაყოლეთ. შემდეგ სამი გამოცდილი კაცი შევარჩიე და კუნძულის დასაზვერად გავგზავნე, რომ გაეგოთ რითი საზრდოობდნენ ამ ქვეყნის მკვიდრნი. მშვიდობიანი ლოტოფაგები გულღიად შეხვდნენ ჩვენიანებს, ავი არაფერი განუზრახავთ, მხოლოდ ლოტოსი შესთავაზეს საჭმელად. თაფლივით ტკბილი ლოტოსი რა იგემეს, თავი დაავიწყდათ და ამბის გასაგებად წარგზავნილებმა უკან მობრუნებაც აღარ ინდომეს. დაავიწყდათ, ვინ იყვნენ და რა გზას ადგნენ. ერთიღა სურდათ - ლოტოფაგებთან დარჩენილიყვნენ და გული მოეჯერებინათ სურნელოვანი ლოტოსის ჭამით. მაგრამ ძალით მოვათრიე უკან, აბღავლებულნი მაგრად შევკოჭე და ღრმამუცლიან ხომალდში ჩავყარე. დანარჩენებიც სასწრაფოდ ამოვრეკე ხომალდებზე, რომ მათაც არ ეგემნათ ლოტოსი და ცნობადაკარგულებს სამშობლოში დაბრუნებაზე ხელი არ აეღოთ. ნიჩბებს მივუსხედით, ავაქაფეთ ღვინისფერი ზღვა და გულსევდიანნი გავშორდით საბედისწერო ნაპირს.
ხანი რა გამოხდა, მივადექით ქედმაღალი და უსამართლო ციკლოპების ქვეყანას. უკვდავთა წყალობის იმედით ცხოვრობენ უზრუნველი ციკლოპები: არც ხნავენ, არც თესვენ, იმასღა სჯერდებიან, რასაც უშრომელად აღმოაცენებს ზევსის წმინდა ნაღვარით მორწყული მათი ქვეყნის მადლიანი მიწა - ქერსა და ხორბალს, მძიმე მტევნებით დახუნძლულ ვაზებს! ოღონდ ეგაა, საფიხვნო არ იციან და სამართალი არ ახლავს მათ ყოფას. მაღალი მთის მღვიმეებსა და გამოქვაბულებს შეჰკედლებიან ციკლოპები, განუსჯელად ბატონობენ თავიანთ ცოლ-შვილზე და სხვისი არა ენაღლებათ რა. იქვე, შორიახლო ერთი ტყიანი და უკაცრიელი კუნძულია, სადაც გარეთხის არვენი დაუდით ციკლოპებს. მთათა მწვერვალებისა და უღრანების მლახავ მონადირეს ფეხი არასოდეს დაუდგამს ამ კუნძულზე, უხნავ-უთესველია დასაბამიდან ეს მიწა.
ციკლოპებს არა ჰყავთ ხომალდები და არც ხომალდის ხუროები. არასოდეს გასულან ზღვაში და სხვათა მსგავსად არ მოუხილავთ ხალხმრავალი ქალაქები, რომ ესწავლათ უცხოთაგან თავიანთი პოხიერი მიწის დამუშავება. აყვავდებოდა მაშინ მათი კუნძული, მსუყე მიწა უხვ მოსავალს მოიტანდა, მზიანი ფერდობები თვალუწვდენელი ზვრებით მოიფინებოდა.
ერთი მშვენიერი ყურე აკრავს მათ კუნძულს. მყუდრო ნავმისადგომთან დაყენებულ ხომალდს არც ღუზა სჭირდება და არც ნაპირზე მისაბმელი ბაგირები. მიაყენებ ხომალდს და ეგრევე მიატოვებ, სანამ ზურგქარი არ დაუბერავს. მღვიმიდან მოწანწკარე გამჭვირვალე ნაკადული ერთვის ყურეს და შტომრავალი ჭადრები აკრავს გარს. აი, ამ ყურეში შუაღამისას შემოუძღვა ჩვენს ხომალდებს რომელიღაც ღმერთი. არაფერი ჩანდა, ზრქელ ნისლსა და ბურუსს მოეცვა არემარე. ღრუბლით მოგრაგნილი ციდან აღარ გვინათებდა მთვარე და ვიდრე კიჩომშვენიერი ხომალდები ნაპირს არ მიადგნენ, ჩვენ არც კუნძული დაგვინახავს და არც ზღვის მოქცევა შეგვინიშნავს. საჩქაროდ დავკეცეთ აფრები, ხომალდიდან ჩამოვქვეითდით და ნათელი ეოსის მოლოდინში ძილს მივეცით თავი.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფრად ირიჟრაჟა, უცხო სანახავით წარმოგვიდგა თვალწინ: წვივლამაზი ნიმფები ფერდობებზე თხებს მოერეკებოდნენ, რათა ჩვენთვის საზრდელი გაეჩინათ. მშვილდ-ისრები და გრძელბუნიკიანი შუბები მოვიმარჯვეთ და ხოცვა დავუწყეთ ღმერთებისაგან ნაწყალობევ არვეს. თორმეტი ხომალდიდან თითოეულს ცხრა-ცხრა თხა ერგო წილად, მე კი ერთმა ათი თხა დავინარჩუნე. მთელი დღე, მზის მიდრეკამდე, ვჭამდით ხორცს და წითელ ღვინოს შევექცეოდით. კიკონების დაქცეული ქალაქიდან წამოღებული ამ ტკბილი ღვინით სავსე მქონდა ქოცოები. ასე ვისხედით და თან ციკლოპების გამოქვაბულიდან ამდგარ კვამლს ვადევნებდით თვალს. მათი თხების კიკინიც გვესმოდა. ამასობაში მზე ჩაესვენა და სიღამე ჩამოდგა. გულმაძღრებმა მშვიდად მივიძინეთ ზღვის ნაპირზე.
გათენდა თუ არა, თანამგზავრები საბჭოდ შევყარე და სიტყვით მივმართე: - ერთგულო მეგობრებო! თქვენ აქ დამელოდეთ, ვიდრე მე ჩემი ხომალდით კუნძულს დავზვერავდე და აქაურთა ასავალ-დასავალს შევიტყობდე. მინდა გავიგო, რა ხალხი ცხოვრობს აქ - ველური და უსამართლო თუ სტუმართმოყვარე და ღვთისნიერი.
სათქმელს მოვრჩი და ხომალდზე ავედი. ნიჩბოსნებმა სწრაფად ააქაფეს ღვინისფერი ზღვა. სულ მალე ნაპირთან ახლოს დაფნის ხეებით შებურული ვეებერთელა გამოქვაბული დავინახეთ. უზარმაზარი ყორით, ფიჭვითა და მუხით შემორაგულ ეზოში თხებისა და ცხვრის ფარა ბოჟირობდა. აქ ცხოვრობდა და მარტოდმარტო მწყემსავდა თავის ფარას ვეება დევკაცი, თავკერძა და ურჯუკი ვინმე. კაცს არცა ჰგავდა პურისმჭამელს, ტყით დაბურული მწვერვალივით აღმართულიყო ეს მთაკაცი.
თანამგზავრებს ვუბრძანე, ხომალდისთვის ედარაჯნათ, მე კი თორმეტი გამორჩეული კაცით ხმელეთზე გადავედი და ორიოდე ტიკი წითელი ღვინო წავიძღვანე თან. ეს ღვინო აპოლონის ქურუმმა, ევანთევსიანთ მარონმა მიძღვნა. ისმაროსში, ნათელსხივოსანი აპოლონის დაბურულ ჭალაში ცხოვრობდა იგი. იმის გამო, რომ მისი ცოლ-შვილი და თავად იგიც დავინდე ჩვენგან იავარყოფილ ქალაქში, სხვა საჩუქრებიც მომართვა მადლიერმა ქურუმმა: შვიდი ტალანტი ბაჯაღლო ოქრო, წმინდა ვერცხლის მშვენიერი ლაგვინი და თორმეტი ჩაფი ტკბილი, განუზავებელი, ღვთაებრივი ღვინო. სახლეულთაგან ერთგული მეუღლისა და მეკუჭნავის გარდა არავინ უწყოდა ამ სასწაულებრივი ღვინის ამბავი. ოცწილ წყალშიც რომ გაგეზავებინათ ეს ღვინო, სავსე ლაგვინიდან ისეთი საამური სურნელება გადმოიფრქვეოდა, რომ კაცთაგანი ძნელად თუ შეიკავებდა თავს სმისაგან. სწორედ ამ ღვინით სავსე მოზრდილი ტიკი და ერთი ხალთა საგზალი წავიტანე თან. თუმცა გული მიგრძნობდა, რომ ურჯუკსა და უკუღმართ მხეც-კაცს შევეყრებოდი.
გამოქვაბულს მალე მივადექით, მაგრამ მისი პატრონი იქ არ დაგვიხვდა, საძოვარზე გაერეკა თავისი პოხილი ფარა. ქვაბში შესულნი განცვიფრებით ვათვალიერებდით იქაურობას. წნული ძობნები ყველეურის ვეებერთელა თავებს დაეზნიქათ, ტაგნები და სარძეულები პირთამდე მოყრილიყო შრატით. თიკნები და ბატკნები ბაკუნობდნენ ბაკებში. ცალ-ცალკე შეემწყვდია ისინი პატრონს: ცალკერძ უფროსნი, ცალკერძ საშუალონი, ცალკერძ ახალმოგებულნი.
თანამგზავრები მეხვეწებოდნენ, წავიღოთ ყველი, ბატკნები გავირეკოთ და სწრაფმავალი ხომალდებით აქაურობას გავეცალოთო. ყური არ ვათხოვე მეგობართა რჩევას, აჯობებდა კი დამეჯერებინა მათთვის. მაგრამ გულით მეწადა ქვაბის პატრონის ნახვა - ვინძლო უხვად ემასპინძლა და დიდის ჩუქებით გამოვესტუმრებინე. რა ვიცოდი, საშინელი დღე რომ დაადგებოდათ ჩემს ძვირფას მეგობრებს!
ზეთისხილის სურნელოვანი რტოებით ცეცხლი გავაჩაღეთ, უკვდავ ღმერთებს მსხვერპლი შევწირეთ, თავადაც დავნაყრდით და ლოდინი დავუწყეთ მასპინძელს.
როგორც იქნა, მოვიდა ციკლოპი. ერთი იღლია შეშა და ჯოყარი მოიტანა და ქვაბის შესასვლელთან ზათქით დაყარა. გული გადაგვიქანდა ამ ხმაურზე და თავზარდაცემულნი გამოქვაბულის სიღრმეში მივიმალენით. მან შიგნით შემორეკა თავისი პოხილი ფარა, ვერძები და ვაცები გარეთ დატოვა, ხოლო ნერბები და ნეზვები ბაკებში შეყარა მოსაწველად. მერე აიღო ერთი უზარმაზარი ლოდი, ოცდაორი უღელი ხარი რომ ვერ დაძრავდა ადგილიდან, და ქვაბის შესასვლელს ააფარა. მარჯვედ დაწველა თხა და ცხვარი და აბოჟირებული თიკნები ძუძუზე მიუშვა. მერე კვეთი დაუკიდა ბოკონში დაგროვებულ რძეს, სწრაფად ამოიყვანა ყველი, გუნდა-გუნდა ჩააწყო ძობნებში, ხოლო დარჩენილი რძე ვახშმად გადაინახა. ამ საქმესაც მორჩა, ცეცხლი დაანთო და რა შეგვნიშნა, ხაფი ხმით დაგვძახა: - ვინანი ხართ და საიდან მოთრეულხართ? საქმე გაქვთ რამე თუ იმ მეკობრეთა მსგავსად დაეხეტებით, რომლებიც საკუთარ თავსაც საფრთხეში იგდებენ და სხვებისთვისაც ზიანი მოაქვთ?
დაიგრგვინა მთაკაცმა და საცოდავებს შიშისაგან გული გადაგვიბრუნდა. ზარგანხდილმა მხნეობა მოვიკრიფე და პასუხი შევაგებე: - აქაველები ვართ ჩვენ! ტროადან წამოსულთ გზა-კვალი დაგვიბნია მძვინვარე ქარებმა ზვირთმრავალ ზღვაზე. ალბათ ზევსმა ინება ასე, რომ მშობლიურ ნაპირებამდე ვერ მიგვეღწია. ატრევსის ძის, აგამემნონის სახელოვანი მეომრები გახლავართ, იმ აგამემნონისა, რომლის დიდებამ ზეცას უწია, რომელმაც მიწასთან გაასწორა ილიონის ციხეგალავანი და მუსრი გაავლო მის მკვიდრთ. აწ ფერხქვეშ გივარდებით და გემუდარებით, შეგვიფარო გზადაკარგულნი და სტუმარმასპინძლობის წესისამებრ საბოძვარი გვიბოძო! გერიდებოდეს ღმერთებისა, ღმერთთა შესაგვანო, შენი მავედრებელნი ვართ! გახსოვდეს, თავად სტუმართმოყვარე ზევსია მახვეწართა და ყარიბთა ქომაგი!
ამის თქმა იყო და შეუბრალებელი სიტყვით დაგვყივლა ბუმბერაზმა: - ან რეგვენი ხარ, ან გადამთიელი ვინმე! კარგად ვერ გიცვნივარ, თუ ღმერთების სახელით მაშინებ! ჩვენ, ციკლოპები, არას დაგიდევთ ფარისმპყრობელ ზევსსა და სხვა უკვდავებს, რადგან მათზე აღმატებულნი ვართ! მტრადაც რომ გადამეკიდოს სტუმართმოყვარე ზევსი, თუკი მოვისურვე, არ დაგინდობ არც შენ და არც შენს ამხანაგებს. ის გირჩევნია მითხრა, სად გიყენია კეთილნახელავი ხომალდი, შორს თუ ახლომახლო სადმე? ჩაძიებით მეკითხებოდა, გამოტეხა უნდოდა ჩემი, მაგრამ მრავალნაცადი ვიყავ და ვერ მომაღორა. პასუხად თვალთმაქცური სიტყვა შევაგებე: მიწისმრყეველმა პოსეიდონმა შენი კუნძულის კლდოვან ნაპირებს შეალეწა და ნაფოტებად გვიქცია-მეთქი ხომალდი. ჩვენ კი მწარე სიკვდილს გადარჩენილნი კუნძულზე გამოგვრიყა-მეთქი.
პასუხიც არ მაღირსა, ისე დაიძრა ადგილიდან გულმხეცი, ხელი სტაცა ორ ჩვენგანს, ლეკვებივით დაანარცხა მიწაზე და ტვინი დაანთხევინა იმ უბედურთ. მათი სისხლით მოირწყო მთელი გამოქვაბული. დაანაკუწა ციკლოპმა კაცის ხორცი და ვახშამი მოიმზადა. მერე დამშეული ლომივით ეცა საჭმელს. ერთიანად შესანსლა ხორცი და შიგნეული, ძვალიც არ დაუტოვებია. ამ უღვთო საქმით შეძრწუნებულებმა ტირილით შევღაღადეთ ზევსს.
კაცის ხორცით ამოყორილ უშველებელ სტომაქში ციკლოპმა ახალმოწველილი რძე ჩაითქიშინა. იქვე, ცხვრის გვერდით გაიშხლართა და ხვრინვა ამოუშვა. მინდოდა, მივხვდომოდი და შიგ ღვიძლში მეტაკებინა მახვილი იმ ურჯუკისათვის, მაგრამ თავი დავიოკე, გამოქვაბულში გამომწყვდეულებს ხომ სასტიკი სიკვდილი მოგველოდა: მშიერ-მწყურვალნი უნდა დავხოცილიყავით - ვინღა გადააგორებდა იმ უზარმაზარ ლოდს, გამოქვაბულის კარს რომ ეფარა? სასოწარკვეთილებს რული არ მოგვკარებია თვალზე, გულისკანკალით ველოდით ეოსის გამოჩენას.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა, ციკლოპი ადგა, ცეცხლი გააჩაღა, ჯიქანსავსე ფარა მოწველა და აბოჟირებული კრავები ძუძუზე მიუშვა, დილის საქმეს რომ მორჩა, საუზმედ კიდევ ორი თანამგზავრი შეგვიჭამა, ფარა გარეკა და ისე მსუბუქად მოადგა უზარმაზარი ლოდი გამოქვაბულს, თითქოს კოჭობისთვის სარქველი დაეხუროს, მერე სტვენითა და ყიჟინით გადენა პოხილი ფარა საძოვარზე.
გამოკეტილში ვიჯექ და ვფიქრობდი, რა მეღონა, როგორ მეძია შური გულმხეც ციკლოპზე. ნეტავ თუ შემეწეოდა ათინა ამ საქმეში? ბოლოს ასეთი რამ მოვისაზრე: ბაკთან გასახმობად ეგდო ჯერ კიდევ ნედლი ზეთისხილის ვეებერთელა კეტი. ფართო, ოცნიჩბიანი ხომალდის ანძად გამოდგებოდა, იმსიგრძე და იმსისხო იყო. კაცის სიმაღლეზე გადავაჭრევინე ეს კეტი თანამგზავრებს და ვუბრძანე, წმინდად გაეთალათ. მერე წავმახე, ცეცხლზე მოვუწვი თავი და ბაკებთან დახვავებულ დრემლაში[54] დავფალი. ბოლოს წილი ვყარეთ, - ვის უნდა ეძგერებინა ციკლოპისთვის თვალში წვეტიანი კეტი. წილი სწორედ იმ ოთხ კაცს შეხვდა, რომელნიც ყველაზე მეტად მეიმედებოდნენ. მეხუთე კი თავად მე ვიყავი.
საღამოს მოვიდა ციკლოპი და მოდენა ხშირმატყლიანი ფარა. ამჯერად, თითქოს გულმა უგრძნო თუ დაიმონმა შთააგონაო, მთელი ფარა უკლებლივ შემოიყვანა გამოქვაბულში და უზარმაზარი ლოდი კვლავ მოაყუდა შემოსასვლელს. თხა და ცხვარი დაწველა და აბოჟირებული თიკნები ძუძუზე მიუშვა, ამ საქმეს რა მორჩა, კიდევ ორი ამხანაგი შეგვიჭამა. მაშინ დრო ვიხელთე, წითელი ღვინით სავსე კათხა გავუწოდე და ვუთხარი: - კაცის ხორცით ხომ იჯერე გული, ახლა ეს ღვინოც გასინჯე და ნახავ, რა საუცხოო სასმელი გვქონია ხომალდზე. კიდევ მოგართმევ, თუ დამინდობ და აქედან გამიშვებ. ნუ იქნები ეგრე გულსასტიკი, თორემ კაცთაგანი ვეღარავინ გაბედავს შენთან სტუმრობას!
სასმისი დაცალა ციკლოპმა, ღვინო მომიწონა და კიდევ მთხოვა: - აბა, ერთიც ჩამომისხი და შენი სახელიც მითხარი, რომ სამაგიერო საჩუქრით გული გაგიხარო. ნოყიერია ზევსის წმინდა ნაღვარით მორწყული ჩვენი მიწა და ღვინოც უხვად მოგვდის, მაგრამ შენი ღვინო ნექტრისა და ამბროზიის ნაწურსა ჰგავს.
კიდევ მივართვი წითელი ღვინით ავსილი კათხა. ზედიზედ სამჯერ შესვა აპოლონის ქურუმისაგან ნაბოძევი ღვინო და, როცა უგუნურს სასმელი მოეკიდა, მომაცდუნებელი სიტყვა შევაპარე: ჩემს სახელს კითხულობდი წეღან. სახელს გეტყვი, ოღონდ დაპირებული საჩუქარი მომეცი-მეთქი. არვინ[55] მქვია სახელად, დედ-მამა, მეგობარნი და თვისტომნი ასე მეძახიან-მეთქი.
პასუხად ეს მომიგო უწყალო ციკლოპმა, ჯერ ყველა შენს მეგობარს შევჭამ და ბოლოს შენ, ჩემო არვინ. აი, ჩემი საჩუქარიო!
ღვინით გალეშილი ციკლოპი ერთბაშად მოსწყდა და პირქვე გაიშხლართა. მხოლოდღა ძილმა მოთრგუნა გულმხეცი. კისერმოღრეცილი იწვა და ღვინოსთან ერთად კაცის მოუნელებელ ხორცს ანთხევდა. კეტი მაშინვე ღადარში შევდე გასახურებლად და მეგობრები გავამხნევე, რომ შიშს არ დაედედლებინა და გადამწყვეტ წუთში არ ემტყუნათ ჩემთვის. ხე, თუმცა ნედლი იყო, მალე გავარვარდა, კიდევ ცოტაც და, ალი მოედებოდა. მაგრამ ღველფიდან გამოვიღე, რომელიღაც დიდი დაიმონისგან გამხნევებული ამხანაგებიც მხარში ამომიდგნენ და შემართული კეტი ერთობლივ ვატაკეთ თვალში ციკლოპს. ძელს ზემოდან მთელი ძალით დავაწექი და ბურღივით დავატრიალე. ასე ბურღავს ხოლმე სხვათა დახმარებით ხომალდის ხურო გემბანის სქელ ფიცარს. ჩვენც ასე ვუბურღავდით ერთადერთ თვალს, ვიდრე სისხლმა არ იფეთქა გამსკდარი ქუთუთოდან. წარბი და წამწამები ერთიანად მოეწვა და გავარვარებულმა წვეტმა შიშინით გაუხეთქა თვალის გუგა. ციკლოპის თვალში ჩაბურღული კეტის წვერი ისე შიშხინებდა, როგორც ცივ წყალში საწრთობად ჩაშვებული გავარვარებული მახვილი.
საზარლად შეჰღრიალა ციკლოპმა და გამოქვაბულმაც ბანი მისცა. ჩვენ კი მისი ღრიალისგან გაყრუებულნი, გამოქვაბულის ნაპრალებში მივიმალენით. ტკივილისაგან გაცოფებულმა კეტი თვალიდან ამოიძრო, შორს მოისროლა და მძვინვარე ხმით დაუწყო ძახილი ციკლოპებს, რომლებიც ქარიან მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში. ძახილზე საჩქაროდ მოცვივდნენ თანამოძმენი და ამბავი ჰკითხეს: - რა მოგივიდა, პოლიფემე, რა გაღრიალებს? რატომ დაგვიფრთხე ნეტარი ძილი? ცხვარი ხომ არ მოგტაცეს? იქნებ ძალით მოგერია ვინმე ან ცბიერებით მოგაღორეს?
- ძალით ვინ მომერეოდა! არვინ, არვინ მღუპავს ცბიერებით! - შეჰბღაოდა გამწარებული პოლიფემე.
- მაშ, რაკი არვის შეუჭირვებიხარ, რაღა გაყვირებს, უბედურო? ჭკუას გადამცდარხარ და ეგ არის! ჩანს, აგრე უნებებია ზევსს, ვინ წაუვა მის ნებას? ის გირჩევნია, მამაუფალს, პოსეიდონს, შეავედრო თავი!
თქვეს და წავიდნენ. მე კი გულში მეცინებოდა, ასე ადვილად რომ მოვაღორე ბრიყვი პოლიფემე.
თვალდავსებულმა ციკლოპმა ხელის ფათურით მიაგნო გასასვლელს, ქვაბზე მიყუდებული უზარმაზარი ლოდი გადააგორა და იქვე ჩამოჯდა, რომ ფარასთან ერთად ჩვენც არ გავპარვოდით. პოლიფემეს მეც თავისავით ბრიყვი და უგუნური ვეგონე. მაგრამ ხომ უნდა გვეხსნა თავი აშკარა სიკვდილისაგან? ბევრი ფიქრის დრო არცა გვრჩებოდა: განსაცდელი კარს გვადგა. ბოლოს ასეთი რამ მოვიფიქრე: ფარაში გამოვარჩიე დიდი, შავმატყლიანი ვერძები, პოლიფემეს საწოლს ჟვერი გამოვაცალე და სამ-სამი ვერძი ერთმანეთს გადავაბი. სამთაგან შუალას თითო ჩემი ამხანაგი ამოვაკარი მუცელზე, რომ ვერძებს პოლიფემეს იდუმალ გაეყვანათ ისინი გამოქვაბულიდან. ჩემთვის ერთი გრძელბეწვიანი, ზორბა ერკემალი ავირჩიე, ზურგზე მოვაჯექი და მის გრძელ მატყლს ჩაბღაუჭებული ნელ-ნელა ჩამოვცურდი, რომ როგორმე მუცლის ქვეშ მოვქცეოდი. ამნაირად გამზადებულნი ველოდით ეოსის გამოჩენას.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფრად ირიჟრაჟა, საძოვარს მონატრებული ფარა გამოქვაბულის კარს მიაწყდა. ბაკებში მოუწველავი ნეზვები აბღავლდნენ. ტკივილით გულშეღონებული, თვალდავსილი მათი პატრონი კართან იჯდა და თითოეულ ყოჩსა და ვაცს ზურგზე ხელის მოსმით სინჯავდა. რა იცოდა იმ რეგვენმა, რომ მათ მუცელზე აკრული ჩემი ამხანაგები რიგრიგობით ტოვებდნენ გამოქვაბულს! სულ ბოლოს საკუთარი ბეწვითა და ჩემი ფიქრიანი თავით დამძიმებული ერკემალი ბაჯბაჯით მიადგა ქვაბის გასასვლელს. განსაცდელს ვიყავ მოწყურებული, გული გამალებით მიცემდა. ზურგზე ხელი გადაუსვა და ასეთი სიტყვებით მიეფერა პოლიფემე ცხვარს: - ჩემო კეთილო ერკემალო! არასოდეს გჩვეოდა ფარის კუდში ჩანჩალი. წინმავალი იყავ ყოველთვის და შინაც პირველი ბრუნდებოდი საძოვრიდან. ახლა რა დაგემართა, უკანასკნელი რომ ტოვებ გამოქვაბულს? ალბათ შენი თვალდაშრეტილი პატრონი გებრალება... არვინ არის ჩემი თვალის დამვსები და დამღუპველი: ღვინით დამიბნელა გონება და თვალი გამომთხარა. მაგრამ ვფიცავ, არვინ არ გადამირჩება ცოცხალი! ნეტავ ჩემებრ პირმეტყველი და გონიერი იყო! მაშინ ხომ მეტყოდი, სად იმალება ჩემი მოსისხლე, რომ უმალ ქვაბის კედელზე მიმესხმევინებინა მისთვის ტვინი! მწარე სიკვდილს იპოვიდა ამ გამოქვაბულში ის არაკაცი არვინ და მეც გულზე მომეშვებოდა!
ასე მიეფერა ყოჩს და გამოქვაბულიდან გაუშვა. საჩიხეს გავცდით თუ არა, ყოჩს ჩამოვეხსენი, ვერძების მუცელზე ამოკრული ამხანაგებიც გამოვხსენი და ყველამ ერთად ხომალდებისაკენ გავირეკეთ პოხილი ფარა. მშვიდობით მობრუნებულებს სიხარულით შეგვეგებნენ თანამგზავრები. დაღუპულთა ამბავი რა შეიტყვეს, გულმდუღრად ატირდნენ. მაგრამ წარბით ვანიშნე, ხმა გაეკმინდათ და ხშირმატყლიანი ფარა სასწრაფოდ აერეკათ ხომალდებზე. ისინი რიგისამებრ მიუსხდნენ სანიჩბო რიკულებს და ღონივრად ააქაფეს ღვინისფერი ზღვა. ხმის საწიერს არ ვიყავით გაშორებულნი, რომ გულმოცემულმა ქადილით შევძახე ციკლოპს: - ეჰეე, გულმხეცო პოლიფემე! არც ისე ჯაბანი ყოფილა ის კაცი, ამხანაგები რომ შეუჭამე გამოქვაბულში! რა გეგონა, შეგრჩებოდა ეს უგვანი საქმე? აკი გიზღეს კიდეც სამაგიერო ზევსმა და სხვა ღმერთებმა სტუმრების შეჭმისათვის!
ჩემი ძახილი რა მისწვდა, გაავებულმა ციკლოპმა უზარმაზარ კლდეს თავი წაატეხა და ჩემკენ გამოტყორცნა. ვეებერთელა ლოდმა კინაღამ ანძა მოსტეხა ხომალდს, სიგრძივ გადაუარა თავზე და მის წინ დგრიალით ჩაშვავდა წყალში. ლოდისგან აღმართულმა ტალღამ ნაპირისაკენ უკუაქცია ხომალდი. იმწამსვე ხელი ვტაცე ერთ დიდ ძელს და ნაპირს მიმდგარი ხომალდი კვლავ ზღვაში შევაბრუნე. თანამგზავრებს გული გავუმაგრე და აშკარა ხიფათს რომ გადავრჩენოდით, ვუბრძანე, მთელი ძალით დასწოლოდნენ ნიჩბებს.
როცა წინანდელზე ორჯერ უფრო შორს გავედით, გულმა არ მომითმინა და ისევ შევუძახე ციკლოპს. შეშფოთებული თანამგზავრები გარს შემომეხვივნენ და ჩემს დაოკებას ცდილობდნენ: ნუ შმაგობ, უარესად ნუ ახელებ ამ გულმხეცსო! ხომ დაინახე, მისგან გამოტყორცნილმა ლოდმა ნაპირისკენ გაგვრიყა და კინაღამ დაგვღუპა? თუ კიდევ შემოესმა ჩვენი ხმა, ისევ დაგვაწევს კლდის ნაგლეჯს, ხომალდს დაგვილეწავს და ჩვენც ერთიანად გაგვჟუჟავს!
ასე მაფრთხილებდნენ, მაგრამ შეუპოვარი გული არ დამიცხრა, გაშმაგებულმა ერთხელ კიდევ შევძახე ციკლოპს: - პოლიფემე, თუ ვინმე კაცთაგანმა გკითხოს, ვინ დაგივსო თვალიო, უთხარი, ქალაქთა შემმუსვრელმა, ლაერტეს ძემ, ითაკელმა ოდისევსმა გამომთხარა-თქო თვალი!
- ვაჰმე! - შეღრიალა ციკლოპმა, - როგორ ამიხდა ძველთაგანვე ნაწინასწარმეტყველევი! ერთ დროს აქ ცხოვრობდა მისანი ტელემოსი, კაცი ბრგე და ახოვანი. თავისი წუთისოფელი ჩვენ შორის მისნობაში გაატარა. სწორედ იმან მიწინასწარმეტყველა, ვინმე ოდისევსი დაგივსებსო თვალს. მე ბედშავს მეგონა, დიდმშვენიერ, ახოვანსა და ჩემებურ ჯანიან კაცს შევეყრებოდი, მაგრამ, ვაგლახ! უღონო და უსახურმა, ჯუჯა არაკაცმა ღვინით დამიბნელა გონება და მუხანათურად დამივსო თვალისჩინი! დაბრუნდი, ითაკელო, დაბრუნდი! უხვად დაგასაჩუქრებ და სამშობლოში დაბრუნებასაც გიშველი. პოსეიდონს გამოვთხოვ შეწევნას, რომ მშვიდობით დაგაბრუნოს შინ. მე ხომ მისი საყვარელი ძე ვარ და თუ ინება, თვალსაც გამიმრთელებს. მის გარდა არავის შეუძლია ჩემი განკურნება, არც უკვდავს და არც მოკვდავთაგანს ვისმე.
- უმალ მე მოგისპობ სიცოცხლეს და ჰადესს გაგისტუმრებ, ვიდრე რომელიმე ღმერთი, თუნდაც პოსეიდონი, გაგიმრთელებდეს თვალს!
უკანასკნელად ეს მივაძახე ციკლოპს. მან ხელები აღაპყრო ვარსკვლავიანი ცისკენ და ასე შეჰღაღადა პოსეიდონს: - მისმინე, მიწისმრყეველო პოსეიდონ, შავკულულებიანო! უკეთუ ჭეშმარიტად ძე ვარ შენი და გეამაყება ჩემი მამობა, ნუ დააბრუნებ სამშობლოში ქალაქთა შემმუსვრელ ითაკელ ოდისევსს. ხოლო თუკი მაინც უწერია მამაპაპეულ მიწაზე დაბრუნება და კეთილნაგებ სახლში შინაურთა და მეგობართა შორის გახარება, დაე, დაბრუნდეს სხვისი ხომალდით, ყველა მეგობარი დაკარგოს, ხოლო შინ მისული საკუთარ სახლში ხიფათს გადაეყაროს!
ასე ევედრებოდა პოლიფემე პოსეიდონს და მას მისწვდა ციკლოპის ღაღადისი. ვედრება რა მოასრულა, ხელი წამოავლო უზარმაზარ ლოდს, მძლავრად მოიქნია და ჩვენკენ გამოტყორცნა. ლოდმა კინაღამ დაგვიმსხვრია საჭე და იქვე, ხომალდის კიჩოსთან დაინთქა ზღვაში. აზვირთებულმა წყალმა უკან გაგვაქანა. ასე მივაღწიეთ იმ ნაპირს, სადაც კეთილნაგები ხომალდები გვეყენა. ჩვენს თანამგზავრებს ლოდინისაგან გული შეჰღონებოდათ. ხომალდები საჩქაროდ მივაყენეთ ქვიშიან ნაპირს და ხმელეთზე გადმოვედით. მოტაცებული ფარა თანასწორად გავიყავით, რომ გული არავის დასწყვეტოდა, მაგრამ ჩემი მხსნელი ერკემალი ერთგულმა მეგობრებმა წილის გარეშე მე მარგუნეს. ღრუბელთმეუფე ზევსს დავუკალი იგი, მაგრამ შეწირული მსხვერპლი არ მიიღო კრონიონმა, რომელსაც ადრევე ჰქონია გადაწყვეტილი, თანამგზავრებითურთ დაეღუპა ყველა ჩვენი ხომალდი.
მთელი დღე, მზის ჩასვლამდე ვჭამდით ცხვრის ხორცსა და სურნელოვან ღვინოს შევექცეოდით. როცა მზე მიდრკა და სიღამე ჩამოწვა, იქვე ნაპირზე მივიძინეთ უდრტვინველად.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა, თანამგზავრებს ვუბრძანე, აეხსნათ ბაგირები და სანიჩბო რიკულებს მისხდომოდნენ. ნაღვლიანნი გავშორდით ციკლოპთა კუნძულს, მეგობართა დაღუპვით გულმოკლულნი, მაგრამ გახარებულნი იმით, რომ თავად გადავრჩით.
X. გრძნეული ცირცე
ხანი რა გამოხდა, ეოლიის კუნძულს მივადექით. იქ მკვიდრობდა ღმერთების ნებიერი ეოლოს ჰიპოტადე. სპილენძის შეუვალი გალავნით იყო მოზღუდული ზღვის ზურგზე მოტივტივე ეს კუნძული. გალავნის გადაღმა პიტალო კლდე ეშვებოდა. თორმეტი შვილი ჰყავდა ეოლოსს - ექვსი მოწიფული ქალი და ექვსიც ვაჟი, რომლებიც მას ერთმანეთზე დაექორწინებინა. დღისით ძვირფასი მამაბატონისა და სათაყვანებელი დედის სახლში უხვად გაწყობილ სუფრას უსხდნენ ახალგაზრდები. დარბაზში გემრიელი ჭამადის საამური სურნელება ტრიალებდა მთელი დღე. ღამით კი ეოლოსის ძენი თავიანთ სათნო მეუღლეებთან ორხოვით მოგებულ, ლამაზად მოჩუქურთმებულ საწოლებზე ნებივრობდნენ.
ხომალდიდან ჩამოსულებმა სწორედ მათ მშვენიერ სასახლეს მივაშურეთ. მთელი თვე გვიმასპინძლა ეოლიის მბრძანებელმა, გულდაგულ გამოგვკითხა ილიონის დამხობის, არგოსელთა ხომალდებისა და აქაველთა გამომგზავრების ამბავი. წვრილად მოვუყევი ყოველივე, შევევედრე, სამშობლოში გაგვისტუმრე-მეთქი. უარი არ უთქვამს, ყველაფერი მოგვიმზადა: ცხრაწლიანი ხარის ტყავისაგან გამოყვანილ კოლოტში ავად მსტვინავი ქარები დაამწყვდია და თან გამატანა. ეოლოსს ნებისმიერ ხელეწიფებოდა მათი აღძვრა და დაყუდება, რადგან თავად კრონიონს დაედგინა იგი ქართა ხელმწიფედ. კოლოტს მაგრად მოუკუპრა პირი, რომ ფიორისოდენი სიოც არ ამოდენილიყო და ვერცხლისფერი თასმით მიაბა ხომალდზე. მხოლოდ ერთადერთი კეთილად მქროლი ჭალიკონი დაგვადევნა უკან, რათა მშვიდობით მიგვეღწია მშობლიურ ნაპირებამდის.
მაგრამ არ გვეწერა შინ მშვიდობით დაბრუნება - საკუთარმა უგუნურებამ დაგვიბნია გზა-კვალი. ცხრა დღე და ღამე კეთილად მიგვაცილებდა ჭალიკონი და, აჰა, მეათე ღამეს ითაკის ნაპირებიც გამოჩნდა. უკვე ვხედავდით ცეცხლს და მის გარშემო მოდარაჯე მწყემსებს. მაგრამ სწორედ ამ დროს ხომალდის მართვით დამაშვრალს ძილმა წამართვა თავი. მთელი გზა სწრაფად და უცდომელად შინ დაბრუნების მოსურნეს არავისთვის მიმინდვია საჭე. ამასობაში თანამგზავრებმა დრტვინვა იწყეს, ეგონათ, თითქოს დიდძალი ოქრო-ვერცხლი გამოეტანებინოს ჩვენთვის ქართა ხელმწიფეს: - ჰაი დედასა! რა ბედი აქვს ამ კაცს! ყველგან, სადაც უნდა მივიდეს, რა პატივით ხვდებიან და რა უხვად დასაჩუქრებულს გამოისტუმრებენ ხოლმე! ტროადან ხომ დიდძალი ქონება გამოზიდა, ახლა კი ეოლოსმა მეგობრობის ნიშნად უხვი ძღვენი გამოატანა. ჩვენ კი, მისი თანამდგომელნი და ჭირის მოზიარენი, ხელცარიელნი ვბრუნდებით სამშობლოში. მოდი, ვნახოთ, რა განძეული მოაქვს ამ ვეებერთელა კოლოტით!
ასე თქვეს და დამღუპველი გულისთქმით აღძრულებმა თავი მოხსნეს კოლოტს. შხუილით ამოვარდნენ ქარები პირღია კოლოტიდან. გრიგალი დაეძგერა ხომალდს და ცხარედ ატირებულ მგზავრებიანად მშობლიური ნაპირებიდან უკუაქცია. გამოღვიძებულს ამ ფიქრმა გამიელვა: ზღვის მორევში გადავეშვა თუ ხომალდზე სხვებთან ერთად დავრჩე-მეთქი. ცდუნებას ვძლიე და ხომალდზე დავრჩი. მოსასხამში გახვეული გატრუნული მივწექი ღრმამუცლიანი ხომალდის ფსკერზე, ხოლო დანარჩენნი ოხრავდნენ და გაჩენის დღეს იწყევლიდნენ. ქარიშხალმა კვლავ ეოლიის კუნძულზე მიგვრეკა.
ნაპირზე გადავედით თუ არა, სასმელი წყალი მოვიმარაგეთ. სახელდახელოდ წავიხემსეთ და ორი კაცის თანხლებით ეოლოსის დიდებული სასახლისაკენ გავწიე. ქართა მბრძანებელი მთელი სახლეულითურთ ნადიმად იჯდა. კარს მივადექით და ზღურბლზე ჩამოვსხედით; დამხვდურებმა განცვიფრებით გადმოგვხედეს: რამ დაგაბრუნა, ითაკელო? ვინმე ბოროტი დაიმონი ხომ არ მოგდევსო უკან? აკი რიგიანად გაგისტუმრეთ, რომ მშვიდობით დაბრუნებულიყავ სამშობლოში!
ასეთი სიტყვა გვითხრეს, მე კი გულმწუხარემ მივუგე: ძილქუშმა და თანამგზავრების მზაკვრობამ დამღუპა-მეთქი. მიშველე რამე, აწ თქვენს ხელთაა ჩემი ხსნა! მინდოდა ტკბილი სიტყვით მათი გული მომელბო, მაგრამ ულმობლად დუმდნენ მონადიმენი, ხოლო სახლის პატრონმა წყრომით შემომიტია: - თავიდან მომწყდი, უკეთურო! თვალით არ დამენახო ამ კუნძულზე! ან კი როგორ გაბედე ნეტარი ღმერთებისაგან შერისხულმა კვლავ ჩემთან სტუმრობა!
ასე მიყვირა ქართა მბრძანებელმა და სასახლიდან გამომაძევა. სასოწარკვეთილნი დავადექით კვლავ გზას. კეთილი ზურგქარი აღარ გვიბერავდა და საკუთარი სულმოკლეობის საზღაურად ქანცი აწყდებოდათ ნიჩბოსნებს. ექვსი დღე და ღამე ასე მივცურავდით და მხოლოდ მეშვიდე დღეს მივადექით ლამოსის ქალაქს, ტელეპილოსს. აქ, ლესტრიგონების ქვეყანაში, იმზომად გრძელი დღე და მოკლე ღამე იცოდა, რომ საღამოთი დაბრუნებული მწყემსი ქალაქიდან ახალგამოსულ გზად შეყრილ მენახირეს ესალმებოდა ხოლმე. ასე რომ, გამრჯე და ფხიზელ კაცს შეეძლო ორმაგი საფასური აეღო - თეთრმატყლიანი ცხვარიც ეძოვებინა და ნახირიც დაემწყემსა.
თანამგზავრებმა ქარაფების გარემომდგარ, ორ მაღალ კონცხს შორის მოქცეულ უბეში შეაცურეს ხომალდები. ამ ყურეში მარად უშფოთველი მყუდროება სუფევდა და არასოდეს იძვროდა წყალი. ხომალდები ბაგირებით მიაბეს ხმელეთზე გვერდიგვერდ, ჩემი შავჭვინტიანი ხომალდი კი გაშლილ ზღვაში კონცხთან დავაყენე. თავად კონცხის თხემზე ავედი და არემარეს გადავხედე: არც ხოდაბუნები ჩანდა სადმე და არც ბაღვენახები. მხოლოდ მიწიდან ამდგარი კვამლი შევნიშნე. თანამგზავრებიდან სამი კაცი შევარჩიე და კუნძულზე გავგზავნე, რომ გაეგოთ, რა ხალხი ცხოვრობს და რითი საზრდოობენ ამ ქვეყანაში. ისინი გაუდგნენ საურმე გზას, რომლითაც მთებიდან ქალაქში მორებს ეზიდებოდნენ იქაურნი.
გზად ლესტრიგონელთა მბრძანებლის ანტიფატეს ტანბუმბერაზი ასული შემოეყარათ, იქვე არტაკის წყაროზე მიმავალი. ქალაქის მკვიდრთ იქიდან მიჰქონდათ სასმელი წყალი. მგზავრები მიეახლნენ ქალს და ჰკითხეს: ვინ არის თქვენი ხელმწიფე და რა ხალხს პატრონობსო იგი? ქალმა დაუზარებლად მიასწავლა მამამისის ჭერმაღალი სასახლე.
სასახლეში შესულებს ერთი მთასავით დევქალი დახვდათ და ელდა ეცათ. დიაცმა საფიხვნოზე გასძახა ქმარს, მძლავრ ანტიფატეს. იგიც სწრაფად მოიჭრა, ხელი სტაცა ერთ-ერთ თანამგზავრს და უმალვე შეახრამუნა. დანარჩენები თავზარდაცემულნი გაცვივდნენ ხომალდებისაკენ. ანტიფატემ ყურისწამღები ყვირილით ფეხზე დააყენა მთელი ქალაქი. მის ძახილზე სახლებიდან გამოეფინნენ დევური აღნაგობის, კაცის არშესაგვანი ლესტრიგონები. მათ კლდის უზარმაზარი ნაგლეჯები დაუშინეს ყურეში მდგარ ხომალდებს. ატყდა ერთი ორომტრიალი, ლაწალუწი გაჰქონდათ ჩვენს ხომალდებს და განწირულთა შემზარავი კივილი აყრუებდა არემარეს. თევზებივით ერთმანეთზე ააცვეს კაციჭამიებმა უბედური ტყვენი და შესაზარი ლხინისათვის წაიღეს. ვიდრე კლდით შემოზღუდულ ყურეში ეს საცოდაობა ტრიალებდა, მახვილი ვიშიშვლე და ჩემი შავჭვინტიანი ხომალდის ბაგირი გადავჭერი, თანამგზავრებს ვუბრძანე, მთელი ძალით დასწოლოდნენ ნიჩბებს, რათა ჩვენ მაინც გადავრჩენოდით სიკვდილს. ნიჩბოსნებმა ააქაფეს ზღვა და ჩვენი ხომალდი გასცდა ნაპირზე გადმოკიდებულ პირქუშ კლდეებს.
ასე გავედით სამშვიდობოს, დანარჩენი ხომალდები კი თანამგზავრებითურთ დაგვეღუპა. გულმწუხარენი კვლავ გავუდექით გზას. ისღა გვახარებდა, რომ თავად გადავურჩით სიკვდილს.
მერე აიას კუნძულს მივადექით, სადაც თმამშვენიერი, კაცებრ მოუბარი გრძნეული ცირცე ცხოვრობდა. გულსასტიკი აეტის ღვიძლი დაი იყო ეს ქალღმერთი. ორივენი მოკვდავთათვის ნათლის მომფენელი ჰელიოსისა და ოკეანის ასულის, პერსეს შვილები იყვნენ.
რომელიღაც მოწყალე ღმერთის წინამძღვრობით უჩუმრად შევცურეთ მყუდრო ყურეში. იქ, დარდით გულგასენილნი და დამაშვრალნი, ორი დღე და ღამე ვეყარენით ქვიშიან ნაპირზე. მესამე დღე რა გაგვითენა თმამშვენიერმა ეოსმა, მახვილი მხარიღლივ გადავიკიდე და ხელშუბიანი გორაკზე ავედი, ვინძლო კაცის ნიშანწყალი დამენახა ან ხმა გამეგონა. ბექობს რა მივადექი, მიწიდან ამდგარი კვამლი შევნიშნე. ეს კვამლი თურმე მუხნარით გარშემორტყმული ცირცეს სასახლიდან ამოდიოდა.
ჯერ იყო, ვიფიქრე, მივალ და ვნახავ-მეთქი, საიდან ამოდის ეს კვამლი. მაგრამ ვამჯობინე ხომალდზე დავბრუნებულიყავი, დამეპურებინა ამხანაგები და შემდეგ კუნძულის დასაზვერად გამეგზავნა ზოგი მათგანი. ნაპირს რომ ვუახლოვდებოდი, უმწეო და მარტოხელი შევებრალე ალბათ რომელიღაც ღმერთს და გზაზე ქორბუდა ხარირემი წამომიგდო. მზისგან დასიცხული ირემი მდინარეზე ჩამოდიოდა დასარწყულებლად. ფერდში ვაძგერე შუბი და მეორე მხარეს გავუტარე. ერთი შეჰბღავლა ირემმა და უსულოდ ჩაიკეცა მტვერში. მსწრაფლ მივვარდი, ფერდიდან შუბი ამოვაცალე, მერე წნელი დავგრიხე, ფეხები შევუკარი და უზარმაზარი ირემი ზურგზე მოვიკიდე. ცალი მხრით ვერც ვზიდავდი, იმსიგრძე იყო. შუბს დაბჯენილი ასე მივდიოდი სვენებ-სვენებით, ნანადირევი ნაპირზე დავაგდე და სასომიხდილი მეგობრები სათითაოდ გავამხნევე: - ნუ შედრკებით, ძმებო! რა ჭირშიც უნდა ჩავცვივდეთ, ხვედრით განჩინებულ სიკვდილის დღემდე ვერავინ ჩაგვლალავს შავეთში! სანამ სასმელ-საჭმელი არ დაგვლევია, შიმშილით რა მოგვკლავს!
თანამგზავრებმა მოსასხამები მოიშორეს, გლოვის ნიშნად თავზე რომ ეფარათ, წამოიშალნენ, ირემს შემოეხვივნენ და განცვიფრებულნი უმზერდნენ უზარმაზარ ნადირს. ცქერით რა გაძღნენ, ხელები გადაიბანეს და მშვენიერი სადილი მოამზადეს. მზის ჩასვლამდე ვისხედით ასე, ირმის მწვადებს ვჭამდით და მაგარ ღვინოს შევექცეოდით. მზე როცა მიდრკა და სიღამე ჩამოწვა, იქვე ნაპირზე მივწექით და ძილს მივეცით თავი.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფრად ირიჟრაჟა, თანამგზავრები საბჭოდ შევყარე და ასეთი სიტყვით მივმართე: - მისმინეთ, ჭირგარდახდილო ჩემო მეგობრებო! ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ! არ ვიცით, სად ჩადის მოკვდავთათვის ნათლისმომფენელი ჰელიოსი და საიდან ამოდის კვლავ. სასწრაფოდ უნდა ვიღონოთ რამე. თავად მე ვერაფერი მომისაზრებია, თუმცა გორაკზე ასულმა დავინახე, რომ თვალუწვდენელი ზღვით გარემოცულ კუნძულზე ვართ და ხშირი მუხნარიდან ამოდენილ კვამლსაც მოვკარი თვალი.
ეს ვუთხარი და მათ შიში შეეპარათ გულში, რა გაახსენდათ კაციჭამია ლესტრიგონელი ანტიფატე და ციკლოპი პოლიფემე. ატირდნენ და ღვარად დასდინდათ ცრემლები. მაგრამ ცრემლი რას უშველიდა საქმეს? მაშინ მე გადავთვალე და ორ რაზმად გავყავი თანამგზავრები. ერთ რაზმს მე დავუდექი წინამძღოლად, მეორე კი გულად ევრილოქეს ჩავაბარე. მერე წილი ვყარეთ ბრინჯაოს მუზარადით. წილი ევრილოქეს ხვდა და იგი ოცდაორი კაცის თანხლებით დაუყოვნებლივ გაემართა კუნძულის დასაზვერავად. ოცდაორივე მწარედ ატირდა და ჩვენც ცრემლის ღვრით გავაცილეთ წამავალნი.
ტყე გაიარეს და მალე მყუდრო ველობზე წამოჭიმულ, თლილი ქვით ნაგებ ცირცეს სასახლეს მიადგნენ. სასახლის ეზოში ნებივრად წამოწოლილიყვნენ ქალღმერთის ჯადოწამლით გაჩხიბული მგლები და ლომები. კაცს არ ერჩოდა არც ერთი, კუდის ქიცინით ხვდებოდნენ უცხოთ, ისევე როგორც ეგებება ხოლმე ერთგული ძაღლი ნადიმიდან დაბრუნებულ პატრონს, რომელსაც მისთვის ჩვეულებისამებრ სახრავი მოაქვს ხოლმე. ასე ელაქუცებოდნენ ბასრბრჭყალიანი მხეცები ახალმისულთ, გულშემკრთალნი რომ შემდგარიყვნენ თმამშვენიერი ნიმფას კარიბჭესთან.
სასახლის დარბაზიდან ცირცეს ტკბილი სიმღერა შემოესმათ. თმამშვენიერი ქალღმერთი ვეებერთელა ბეჭსახეხელს გარს უვლიდა და ღმერთების უცვეთელი და გაუხუნარი სამოსლისათვის ქსოვილს ქსოვდა.
ჩემთან შეთვისებულმა და გამორჩეულად საყვარელმა მამაცმა პოლიტემ ასე უთათბირა ამხანაგებს: მოყმენო! დარბაზში ვიღაც უტრიალებს ბეჭსახეხელს, თან ტკბილად მღერის და მის სიმღერას ბანს ეუბნებიან დარბაზის თაღები. მოდი, დავუძახოთ. გავიგოთ ვინაა, მოკვდავი თუ უკვდავთაგანი!
დაუძახეს. დაძახილზე ბრწყინვალე კარნი განახვნა ქალღმერთმა და შინ შეიპატიჟა მისულნი. არც დაფიქრებულან, ისე შეჰყვენენ უგუნურნი. მხოლოდ ერთი ევრილოქე დარჩა გარეთ, გულმა თუ უგრძნო, რომ საცდურს გადაეყრებოდა რასმე. მასპინძელმა სავარძლებში დასხა წვეულნი. მერე ყველი, ფქვილი და ოქროსფერი თაფლი პრამნეულ ღვინოში განაზავა, შიგ თავისი ჯადო-წამალი შეურია და სტუმრებს მიართვა, რათა მათ სამშობლო ქვეყნისა და სახლეულთა ხსოვნა წარხოცოდათ. ეს ჯადოსნური ჭამადი რა შეაჭამა, ცირცემ ყველას სათითაოდ დაჰკრა კვერთხი და საღორეში შერეკა. ბედკრულთ ღორის თავები გამოებათ მეყსეულად, ქედზე ჯაგარი დაესხათ და საცოდავი ღრუტუნი მორთეს, რაკი კაცებრივი ცნობა მაინც შერჩენოდათ. პირუტყვებად ქცეულებს ცირცემ რკო და პანტა, ნიადაგ წუმპეში მონებივრე ღორების საჭმელი დაუყარა.
ევრილოქე სასწრაფოდ უკუიქცა შავჭვინტიანი ხომალდისკენ, რათა ჩვენთვის ეუწყებინა სვეუბედური ამხანაგების ამბავი. მაგრამ შეძრწუნებულს ენა ჩავარდნოდა და სიტყვას ვერ ძრავდა, ერთთავად ცახცახებდა. გამოკითხვა რომ დავუწყეთ შეშფოთებულებმა, მხოლოდღა მაშინ ამოიდგა ენა და გვიამბო: - ო, მრავალნაცადო ოდისევს, შენი ბრძანებისამებრ გადავჭერით მუხნარი და ველობზე გავედით, სადაც თლილი ქვით ნაგები ცირცეს სასახლე დგას. სასახლის დარბაზიდან დიაცის უტკბესი ხმა შემოგვესმა. შევეხმაურეთ და მანაც სახლში მიგვიწვია. მარტოოდენ მე დავრჩი გარეთ, რადგან გულმა რაღაც ავი მიგრძნო. დიდხანს ველოდი ჩვენიანებს, მაგრამ მათი ჩამიჩუმი არ ისმოდა, თითქოს მიწამ უყოო პირი!
ეს რომ გავიგონე, ფიცხლად გადავიკიდე მხარიღლივ ვერცხლისვადიანი დიდი სატევარი და მშვილდიც ხელთ ვიპყარ, ხოლო ევრილოქეს ვუბრძანე, იმავე გზით წინ გამძღოლოდა. მუხლებზე მომეხვია და ცხარე ცრემლით ატირდა ევრილოქე: - ნუღარ წამიყვან იქ, ზევსის ნებიერო! გული მეუბნება, რომ ვეღარც შენ დაბრუნდები იქიდან და ვერც შენს ამხანაგებს დაიხსნი. თავს ვუშველოთ, გავიქცეთ ამ კუნძულიდან, ჩვენ მაინც გადავურჩეთ შავ დღეს!
ასე მევედრებოდა ევრილოქე.
- კარგი, კარგი, ევრილოქე, დარჩი ფერდსავსე ხომალდთან, სვი და ჭამე. მე კი წავალ, ჩემი წაუსვლელობა არ იქნება, - ეს ვუთხარი და მუხნარისაკენ გავემართე.
ის იყო წმინდა ველობზე გავედი და ჯადოქარი ცირცეს სასახლეს მოვკარი თვალი, რომ გზად ოქროსკვერთხოსანი ჰერმესი ახალშეღერებული ჭაბუკის სახით შემომეყარა, ხელი ჩამჭიდა და მითხრა: - საით გაგიწევია, ბედკრულო! მარტოდმარტო რას დაყიალობ ამ უცხო მხარეში? ღორებად ქცეული შენი ამხანაგები საღორეში ჰყავს გამომწყვდეული ცირცეს. თუ მათ გამოსახსნელად მიდიხარ, ვეჭვ, უკან დაბრუნებამ მოგიწიოს. შენც მათივე ბედი მოგელის. მინდა ხიფათს აგარიდო და შემოგეშველო. ამიტომ გეტყვი: ეს წამალი გამომართვი და თან წარიტანე, მხოლოდ ეს გიხსნის შავი დღისაგან. ქალღმერთის ავბედით ხრიკებს გაგიმხელ: ჯადო საწამლავით ჭამადს შეგიმზადებს, მაგრამ ვერ გაგჩხიბავს, რაკი ჩემი წამალი თან გექნება. ახლა კარგად მომისმინე: როგორც კი ცირცე შენზე კვერთხს აღმართავს, მყისვე მახვილი იშიშვლე და მოსაკლავად მიეტანე. თუ შეშინდა და სარეცელზე მიგიწვია, არამც და არამც არ უთხრა უარი, მის ნებას დაჰყევი, რადგან ამით გულს მოუგებ და მეგობრებსაც დაიხსნი. მაგრამ მანამდე ნეტარი ღმერთების საშინელი ფიცით დააფიცე, რომ იარაღაყრილს მამრობას არ დაგაკარგვინებს.
ეს მითხრა, მიწიდან რაღაც ბალახი ამოძირკვა არგუსის მკვლელმა და მისი ნიშატიც ამიხსნა. ფესვი შავი ჰქონდა ამ ბალახს, ყვავილი კი - რძისფერი. ამ ბალახს მოლს[56] უწოდებენ ნეტარი ღმერთები, მათ გარდა არავის ძალუძს მიწიდან მისი ფესვებითურთ ამოგლეჯა. ასე დამარიგა ღმერთების მაცნემ, მერე დატოვა ტყიანი კუნძული და მაღალ ოლიმპოს მიაშურა.
გზა განვაგრძე გულაძგერებულმა. ცირცეს კარიბჭეს რა მივადექი, ვუხმე თმამშვენიერ ქალღმერთს. ცირცემ ბრწყინვალე კარნი განახვნა და შინ შემიპატიჟა. გულშემკრთალი შევყევი. მასპინძელმა ვერცხლით მოჭედილ საკარცხულზე დამსვა და წინ საფერხო სკამი მომიდგა. შემდეგ ოქროს თასში სასმელი შემიზავა და ავადმზრახველმა შიგ თავისი ჯადო წამალი ჩაყარა. თასი დავცალე, მაგრამ მისმა წამალმა ვერ გაჭრა. მერე კვერთხი მომიღერა და შემძახა: მიდი, შენც ღორივით გაგორდი შენს ამხანაგებთანო!
მახვილი ვიშიშვლე და ვითომც მოსაკლავად მივეტანე. ცირცემ ერთი შეჰკივლა, მომვარდა და მუხლებზე მომეხვია: ვინ ხარ და საიდან მოსულხარო? ვისი ძე ხარ, სად გიდგას სახლი? გაოცებას ვარ, წამალი რომ შესვი და გაუჩხიბავი დარჩი. პირი თუ დააკარა, მოკვდავთაგან ვერავინ გადაურჩება ჩემს სამსალას, შენ კი დაუთრგუნავი ყოფილხარ. იქნებ ოდისევსი ხარ, მრავალნაცადი. ხშირად უთქვამს ჩემთვის ოქროსკვერთხოსან ჰერმესს: ტროადან სამშობლოსკენ მიმავალი ოდისევსი შავი ხომალდით მოადგებაო შენს კუნძულს... ჩააგე მახვილი. მოდი, გაიზიარე ჩემი სიყვარული და სარეცელი. მივენდოთ ერთმანეთს!
- როგორ მოგენდო, - ვუპასუხე, - როგორ დავწვე შენს სარეცელზე, როცა შენგან ღორებად ქცეული ჩემი ძვირფასი მეგობრები საღორეში ყრიან! ან იქნებ გინდა, იარაღაყრილს მამრობა დამაკარგვინო? არ დავწვები შენ გვერდით, ვიდრე საშინელი ფიცით არ შემომფიცავ, რომ არას მავნებ!
ეს ვუთხარი და, როცა ჩემის ნებისაებრ ქალღმერთმა საშინელი ფიცით შემომფიცა, მაშინვე ავედი მის დიდმშვენიერ სარეცელზე.
ოთხი მოახლე ემსახურებოდა ცირცეს. ეს პირმშვენიერი ასულნი წმინდა ნაკადულების, ჭალებისა და წყაროების ნაშიერნი იყვნენ. ერთმა სავარძლებზე საგებელი დააგო და ზედ მეწამული ორხოვა დააფინა; მეორემ ოქროს ლანგრებით გაწყობილი ვერცხლის ტაბლა ჩადგა მათ შუა; მესამემ თაფლივით ტკბილი ღვინო გააზავა ლაგვინში და შემდეგ ოქროს თასები ღვინით შეავსო; მეოთხემ წყლით სავსე დიდი ქვაბი სამფეხა ზედადგარზე შემოდგა და ცეცხლი შეუკეთა. წყალი რა გაცხელდა, აბაზანაში შემიყვანეს და განელებული წყლით დამბანეს, რომ ჩემი სხეულის ასოთაგან დაღლილობა და სიძაბუნე გამოდევნილიყო. შემდეგ სურნელოვანი ნელსაცხებლით დამიზილეს ტანი, ახალთახალი ქიტონი ჩამაცვეს, მხრებზე ძვირფასი მოსასხამი მომახურეს, დარბაზში შემიძღვნენ, სავარძელზე დამსვეს და საფერხო სკამი ახლოს მომიწიეს. შემდგომ ამისა მოახლემ ოქროს სურა და ვერცხლის ტაშტი შემოიტანა, ხელები დამაბანინა და წმინდად გარანდული სუფრა მომიდგა. ერთგულმა მეკუჭნავემ პატივსადებ სტუმართათვის განკუთვნილი მრავალფერი ჭამადით გამიწყო სუფრა. მიირთვიო, მითხრეს, მაგრამ კრიჭაშეკრულს ჭამადისთვის ხელი არ მიხლია, სხვაგან ქროდა ჩემი გონება. უგუნებობა რა შემატყო ცირცემ, მომეახლა და ეს მითხრა: - პირი რამ შეგიკრა, ოდისევსო, ჭამადს რატომ არ ეკარები? ხომ არ ეჭვობ, რომ გიმუხთლებ? აკი საშინელი ფიცით შემოგფიცე, არას გავნებ-მეთქი!
მე მივუგე: - ძმათა მოყვარული კაცი როგორ ჩაიდებს პირში ლუკმას, ვიდრე ჭირისაგან დახსნილ თავის თანამოძმეებს არ იხილავს? უკეთუ გულით გწადია, სმაჭამით მოვილხინო, გაათავისუფლე და თვალით დამანახვე ჩემი ძვირფასი მეგობრები.
ხელკვერთხიანი ცირცე მაშინვე გავიდა დარბაზიდან, საღორის კარი გამოაღო და დიდრონ ტახებად ქცეული ჩემი ამხანაგები გამორეკა. გრძნეულმა ქალღმერთმა ჩამოუარა მათ და სათითაოდ რაღაც სხვა ჯადო-წამალი სცხო. უმალვე დასცვივდათ მათ ჯაგარი და კვლავ კაცებრივი სახე შეიმოსეს, ოღონდ უფრო ახალგაზრდები, ახოვანნი და ლამაზები ჩანდნენ. მიცნეს თუ არა, ტირილით შემომეხვივნენ თანამოყმენი, სიხარულის ცრემლები ღვარად სდიოდათ და მათ ქვითინს ბანს აძლევდა ხმიერი დარბაზი. გული მოულბა ქალღმერთსაც, მომეახლა და მომმართა: - ღვთისნასახო ოდისევს, ლაერტეს ძეო! ახლა წადი ზღვის ნაპირზე და თქვენი შავჭვინტიანი ხომალდი ხმელეთზე ამოათრიეთ. აღკაზმულობა და ბარგი გამოქვაბულში შეზიდეთ. მერე დაბრუნდი, თან წამოიყვანე იქ დარჩენილი თანამგზავრები.
ცირცეს დავუჯერე, სასწრაფოდ გავსწიე ხომალდისაკენ. როგორც საძოვრიდან ბაკებში დაბრუნებულ ჯიქანსავსე ფურებს შეჰბღავლებენ ხოლმე რძეს დანატრებული ხბორები და კუნტრუშით გაცვივდებიან საჩიხედან, ისე შემომეხვივნენ ატირებული ჩემი თანამგზავრები. თითქოს სამშობლოში, ფიცხელკლდოვან ითაკაში დაბრუნებულიყვნენ. იქ, სადაც შობილან და გაზრდილან. აღფრთოვანებულნი შემომეგებნენ და ცრემლების ფრქვევით შემძახეს: - როგორ გაგვიხარა გული შენმა მშვიდობით მობრუნებამ, ზევსის ნებიერო! თითქოს ჩვენს ითაკაში ვყოფილიყოთ უკვე. ახლა კი გვამცნე, იმ ჩვენი ბედკრული ამხანაგების ამბავი!
ასე მეუბნებოდნენ და მეც მივეხმატკბილე: - დარდი ნუღარაფრისა გაქვთ! ჯერ ხომალდი ამოვათრიოთ ნაპირზე, ბარგი და საჭურველი გამოქვაბულში შევინახოთ, მერე კი წამომყევით, რომ თვალით იხილოთ, როგორ ილხენენ ცირცეს ღვთიურ სასახლეში უხვი ჭამადით გაწყობილ სუფრაზე მსხდარი თქვენი მეგობრები.
უმალვე დაემორჩილნენ ჩემს სიტყვას, მაგრამ იჭვნეული ევრილოქე გაჭირვეულდა: - სად მიდიხართ, უგუნურნო! კიდევ რა უბედურება მოგნატრებიათ, ცირცესკენ რომ მიგიწევთ გული? ეშვიან ტახებად, მგლებად ან ლომებად გადაგვაქცევს ჯადოქარი ქალღმერთი, რათა თავისი ჭერმაღალი სახლი გვადარაჯებინოს. ციკლოპი მაინც გაგახსენდეთ, ოდისევსის დაურიდებელი სითამამის წყალობით შავი დღე რომ აყარა ჩვენს საცოდავ მეგობრებს!
განრისხებულმა მახვილზე გავიკარი ხელი. თავი მინდოდა წამეცალა ევრილოქესათვის, თუმცა კი მოყვრად მერგებოდა, მაგრამ მშვიდი სიტყვით დამიყვავეს თანამგზავრებმა: - ჩვენ შენთანა ვართ, ზევსის ნებიერო! დაე, აქ დარჩეს ევრილოქე და ხომალდს უყარაულოს. ახლა კი გაგვიძეღ ცირცეს წმინდა სასახლისაკენ!
ზღვის ნაპირი დავტოვეთ და მუხნარისაკენ გავსწიეთ. ჩემი მუქარით დაშინებული ევრილოქე აღარ დარჩა ხომალდთან, ისიც ჩვენთან ერთად წამოვიდა.
ამასობაში ცირცესთან დარჩენილები გულდაგულ განებანათ, ნელსაცხებლით დაეზილათ და ახალი ქიტონებითა და მოსასხამებით დაემოსათ. კარიბჭეში ჩვენი შესვლისას, ისინი დარბაზში ისხდნენ და ნადიმობდნენ. მოსულ-დამხვდურნი რა შეიყარნენ, გარდახდილი ჭირი მოაგონდათ და ყველანი ცხარე ცრემლით ატირდნენ. მათ ტირილს ბანს აძლევდა ჭერმაღალი დარბაზის ხმიერი თაღები.
ამ დროს ქალღმერთი მომეახლა და მითხრა: - ღვთისნასახო ოდისევს, ლაერტეს ძეო! ცრემლის ღვრა და ვაება აღარ შეგშვენით, ისედაც ვიცი რაოდენი ჭირ-ვარამი გარდაგხდათ ზღვასა და ხმელეთზე გზადაკარგულებს. შეირგეთ ეს ღვთაებრივი სასმელ-საჭმელი, რათა ისეთივე გულოვანნი და ძალმოსილნი იყვნეთ, კლდეფიცხელი ითაკიდან წამოსვლისას რომ იყავით. გარდასულ ჭირთა მოგონებებს დაუჯაბნიხართ და ამ ჭირმრავალ გზაზე ერთხელაც არ მოგილხენიათ გულსავსედ!
ჭკუაში დაგვიჯდა ქალღმერთის რჩევა. მთელი წელიწადი დღე ცისმარე სუფრას ვუსხედით და მრავალფერ ჭამადსა და სურნელოვან ღვინოს შევექცეოდით. რა მიიყარნენ დღენი და თვენი, წელიწადის სწორს თანამგზავრებმა დამიმარტოხელეს და ასეთი სიტყვით შემომადგნენ: - ბეჩავო ოდისევს! გონს მოდი, დროა მოგაგონდეს შენი სამშობლო. თუკი ითაკის ხილვა და შენს ჭერმაღალ სახლში დაბრუნება გიწერია!
ასე მეუბნებოდნენ და მეც დავყევი მათ ნებას. იმ დღეს მზის ჩასვლამდე ვისხედით და ნაირ-ნაირ ჭამადსა და ტკბილ ღვინოს შევექცეოდით. მზე რა ჩაესვენა და სიღამე ჩამოწვა, ჩემი მეგობრები ჩამობნელებულ დარბაზში მიწვნენ და მიიძინეს. მე კი ცირცეს მივაშურე, მის დიდმშვენიერ სარეცელთან მუხლი მოვიყარე და ასე შევევედრე: - ცირცე, ჩემო მწყალობელო ქალღმერთო! აგვისრულე დანაპირები, გაგვისტუმრე ითაკაში; ყველას იქითკენ მიგვიწევს გული! დამიხელთებენ თუ არა მარტოს, გარს შემომეხვევიან ხოლმე ამხანაგები და ტირილით მევედრებიან შინ დაბრუნებას.
ქალღმერთთა შორის უტურფესმა ასე მომიგო: - ღვთისნასახო ოდისევს, ლაერტეს ძეო! ძალით აღარ დაგაკავებ ჩემს სახლში. ოღონდ სამშობლოში დაბრუნებამდე კიდევ ერთი ძნელსავალი გზა გიძევთ: ჯერ პირქუში ჰადესისა და პერსეფონეს საუფლოს უნდა შთახდეთ. იქ თებელი უსინათლო ქადაგის - ტირეზიას[57] სულს უნდა ამკითხვინოთ, რადგან შავეთში მხოლოდ მას შერჩა წინასწარხედვის ნიჭი. პერსეფონეს წყალობით მხოლოდ მასა აქვს მორჭმული იმგვარივე სიბრძნე, სამზეოში რომ ახლდა. სხვები გონამხდარნი აჩრდილებივით დაფარფატებენ სულეთში.
შემზარა ქალღმერთის ნაუბარმა. ჩავიკეცე მის დიდმშვენიერ სარეცელთან და გულშეღონებული ავტირდი, მომძაგდა ეს მზე-ქვეყანა და სხივნათელი ჰელიოსის ჭვრეტა. ტირილით რა მოვიოხე გული, ესღა ვკადრე ქალღმერთს: - ო, ცირცე! ვინ მიწინამძღვრებს შავეთის გზაზე? შავჭვინტიანი ხომალდით ჯერ ხომ არავინ მისდგომია ჰადესის ბჭეებს!
ქალღმერთთა შორის უტურფესმა ასე მომიგო: - ღვთისდანაბადებო! წინამძღვარი არც დაგჭირდება, ამაზე ნუ ინაღვლებ. შენ მხოლოდ ანძა აღმართე ხომალდზე, თეთრი იალქნები გაშალე და შენთვის იჯექი, მძლავრი ბორეასი თავად დაგაყენებს გზაზე. ოკეანეს რა გადალახავ, ერთ ჩავარდნილ ნაპირზე პერსეფონეს ჭალაკს დაინახავ, სადაც შავფოთლიანი ალვისხეები და უნაყოფო ტირიფები შრიალებენ. იქ დააყენე ხომალდი, თავად კი ჰადესის სულისშემხუთველი სამყოფელისკენ გასწიე. შავეთში შთასულს აქერონისა და ცეცხლმოდებული პირიფლეგეტონის ღრიალი შემოგესმება. აქერონს იქვე კოკიტოსი, ტირილის მდინარე, ერთვის, რომელიც სათავეს სტიგსის წყლებიდან იღებს. ორივე კი მდინარე აქერონს უერთდება, ხოლო მათ შორის კლდეა შემართული. ამ კლდის ძირში ერთი წყრთის სიღრმეზე ორმო ამოთხარე, ორმოსთან მკვდართა სულებს მსხვერპლი შესწირე: ჯერ რძეში გაზავებული თაფლი, მერე ზედაშე, ხოლო შემდეგ წყალი და ყოველივე ამას წმინდა, თეთრი ფქვილი მოაფრქვიე. მზეგადასულთ მსხვერპლს რა შესწირავ, აღუთქვი, რომ ითაკაში დაბრუნებისას საუკეთესო უშობელს დაუკლავ და კოცონზე ძვირფას შესაწირავს დაუწვავ. ხოლო ტირეზიას ცალკე შესწირავ შენს ფარაში გამორჩეულ შავ ცხვარს. მერმე შავმატყლიან დედალ-მამალ ცხვარს ერებოსისაკენ[58] თავები დაუდრიკე და სახელოვან აჩრდილებს შესწირე, თავად კი მდინარისაკენ პირშექცეული დადექ. როცა მკვდართა სულები მოდგებიან, თანამგზავრებს უბრძანე, საკლავი გაატყავონ, ცეცხლს დაუდონ და მრისხანე ჰადესსა და საშინელ პერსეფონეს შეევედრონ. შენ კი, ერისმთავარო, მახვილი მოიმარჯვე და უხორცოთა გუნდი სისხლთან არ მიუშვა, ვიდრე ტირეზიას არ ამკითხვინებ. მისანიც მალე გამოჩნდება, სამშობლოსაკენ გზას მიგასწავლის და გირჩევს, როგორ გადალახო თევზმრავალი ზღვა.
ეს მითხრა და ოქროსტახტოსანი ეოსიც ამობრწყინდა. ქალღმერთმა ქიტონი ჩამაცვა, მოსასხამი მომასხა, თავად კი უსპეტაკესი კაბით შეიმოსა, წელზე ოქრომკედით მოსირმული სარტყელი შემოირტყა და თავზე მსუბუქი თავსაფარი მოიგდო. მე ცირცეს ჭერმაღალი სასახლის პალატები დავიარე, მძინარე მეგობრები წამოვყარე და ვახარე: ადექით, იკმარეთ ძილი! მშვენიერი ქალღმერთი სამშობლოში გვისტუმრებს-მეთქი!
თანამგზავრები უმალვე წამოიშალნენ და სამზადისს შეუდგნენ, მაგრამ აქაც ვერ გადავურჩით ფათერაკს: გვყავდა ერთი ვინმე, ელპენორი, ყველა ჩვენგანზე უმრწემესი, არც ჭკუით გამოირჩეოდა და არც ომში შემართებით. ღვინო დაელია და გახურებულს სასახლის გრილ აივანზე წასძინებოდა. მეგობართა უეცარი ჟივილხივილი რა გაეგონა, დაფეთებული წამოვარდნილიყო, თავგზააბნეულს კიბე აღარ გახსენებოდა და პირდაპირ ბანიდან გადმოელაჯებინა. საცოდავს ხერხემალი გადაემტვრა და სული ჰადესისკენ გაუფრინდა.
გავსწიეთ შავჭვინტიანი ხომალდებისაკენ. გზაში თანამგზავრებს გამოვუტყდი: არ გეგონოთ, ახლავე სამშობლოში მივემგზავრებოდეთ. სხვა გზა დამისახა გრძნეულმა ცირცემ: პირქუში ჰადესისა და საშინელი პერსეფონეს საუფლოს უნდა ჩავხდეთ და თებელი ქადაგის, ტირეზიას სულს უნდა ვამკითხვინოთ-მეთქი.
თანამგზავრებს თავზარი დასცა ჩემმა ნათქვამმა. მტვერში ჩაიკეცნენ, მდუღარედ ატირდნენ და სიმწრისაგან თმები დაიგლიჯეს. მაგრამ რას არგებდათ ეს ტირილი, ეს უსარგებლო ცრემლთა დენა?
ამასობაში ცირცეს ორი სამსხვერპლო ცხვარი მოეყვანა და ხომალდთან დაება. ვერც კი ვცანით, როდის გადაგვისწრო გზაზე. მოკვდავთაგანი ვერავინ იხილავს ღმერთს, უკეთუ თავად არ ინება გამოჩენა.
XI. შავეთის აჩრდილები
ნაპირზე მისვლისას შავჭვინტიანი ხომალდი ზღვაში ჩავათრიეთ, ანძა აღვმართეთ, აფრები გავჭიმეთ და სამსხვერპლო ცხვრები ერდოზე ავიყვანეთ. მერე გულმწუხარენი და თვალცრემლიანნი მივუსხედით ნიჩბებს. თმამშვენიერმა ნიმფამ კეთილ თანამგზავრად ზურგქარი დაგვადევნა. ქარმა და მესაჭემ აღკაზმული ხომალდი სწორ გზას გაუყენეს. მთელი დღე ქარით იყო დაბერილი ჩვენი ხომალდის იალქნები.
როცა მზე ჩავიდა და ირგვლივ სიღამე ჩამოდგა, ხომალდი უკვე მისდგომოდა უფსკრულოვანი ოკეანის საზღვრებს, მარადი ნისლითა და ბურუსით მოცულ კიმერიელთა ქალაქს, მანათობელი მზის სხივები არასოდეს ეფრქვევა ამ მხარეს, არც მაშინ, როცა ვარსკვლავიან ცაზე ამოდის მზე და არც მაშინ, როცა მიწისაკენ ეშვება იგი. გაუთენებელი უკუნი ბურავთ ამ ქალაქის ბედკრულ ბინადართ.
ხომალდიდან ცხვრები გადმოვდენეთ და ოკეანის დინებას თავქვე დავუყევით. მალე მივადექით იმ ადგილს, ცირცემ რომ დაგვითქვა. პერიმედესა და ევრილოქეს ხელში ჩაებღუჯათ საკლავი, მე კი ქალღმერთის რჩევისამებრ, ერთი წყრთის სიღრმეზე ორმო ამოვთხარე. უხორცო აჩრდილებს ჯერ თაფლში გაზავებული რძე დავუღვარე, შემდეგ ტკბილი ზედაშე, ბოლოს კი წყალი და ყველაფერს ამას თეთრი ფქვილი მოვაფრქვიე. მერე აღვუთქვი, რომ ითაკაში დაბრუნებისთანავე საუკეთესო უშობელს დავუკლავდი ზვარაკად და ძვირფას შესაწირავს დავუწვავდი ცეცხლზე, ხოლო ტირეზიას საგანგებოდ შერჩეულ შავ ცხვარს შევწირავდი.
ეს რა აღვუთქვი, ორმოს პირას საკლავი დავკალი, რომ შავი სისხლი ორმოში ჩაღვრილიყო. სისხლის ოხშივარმა მოიზიდა ერებოსის წყვდიადში მოფარფატე დედათა და ქალწულთა, უწვერულო ჭაბუკების, ჭირგარდახდილი მოხუცებისა და სასტიკ ომებში შუბით განგმირულთა სულნი. შემზარავი ვიშით მოაწყდნენ ისინი სისხლიან ორმოს და თავზარი დამცეს. ზარგანხდილი უკუვდექი, მაგრამ გული გავიმაგრე, თანამგზავრებიც გავამხნევე და ვუბრძანე, გაეტყავებინათ მსხვერპლი, ცეცხლზე დაედოთ და პირქუშ ჰადესსა და საშინელ პერსეფონეს შევედრებოდნენ. მახვილშემართული ვიჯექი ორმოსთან და სისხლზე არ ვუშვებდი აჩრდილებს, ვიდრე ტირეზიას არ ვამკითხვინებდი.
ყველაზე ადრე ჩვენი მეგობრის, ელპენორის სული მოგვადგა - მისი ცხედარი დაუტირებლად და დაუმარხავად დავტოვეთ ცირცეს სასახლეში, რადგან სხვა საჭირო საქმეს ვეშურებოდით მაშინ. თვალები ცრემლით ამევსო და სიბრალულით გულშეძრულმა ესღა ვუთხარი: - ო, ელპენორ, როგორ მოხვდი ამ ნისლიან შავეთში, ხომალდზე ამხედრებულს ქვეითმა როგორ გამომასწარი?
ტირილით მომითხრო ელპენორმა თავისი ამბავი: - ზევსის ნაშიერო, მრავალნაცადო ოდისევს! ავმა დაიმონმა მომიღო ბოლო ღვინით გალეშილს. ცირცეს სასახლის თავანზე მწოლს დამავიწყდა, რომ მაღალი კიბით უნდა ჩამოვსულიყავი ძირს. მე უგუნურმა კი პირდაპირ გადმოვაბიჯე. მიწას დავასკდი, ხერხემალი გადამემტვრა და ბედკრული სული ჰადესს გამომიფრინდა. ახლა, გაფიცებ სამშობლოში დატოვებულ შენს მეუღლეს, შენს გამზრდელ მამასა და პირმშოს შენსას, ტელემაქეს, რომლის ანაბარად დაგრჩენია სახლი, არ დაგავიწყდეს ჩემი დამარხვა. აკი ვიცი, რომ ჰადესის სამეფოდან კვლავ აიას კუნძულზე დაბრუნდები. საკადრისად დამიტირე, კოცონს დაუდე დასაწვავად ჩემი ცხედარი და საჭურველი, ზღვისპირას სამარხი ბორცვი აღმიმართე, რომ შთამომავალთა ხსოვნიდან არ აღიხოცოს ჩემი სახელი. ზედ ნიჩაბი დაარჭვე, რომლითაც მე, სვეუბედური, ჩემს ამხანაგებთან ერთად ღვინისფერ ზღვას ვაქაფებდი. შემისრულე, გევედრები, ყოველივე ეს, ჩვენო პატრონო, რათა ჩემ გამო ღმერთების რისხვა არ დაგატყდეს თავს!
ასე მევედრებოდა ელპენორის სული და მეც დავპირდი: ამაზე ნუ ინაღვლებ, ბედშავო, ყველაფერს აგისრულებ-მეთქი!
დიდხანს ვიჯექით ასე: მე სისხლიან ორმოსთან მახვილმოღერებული, ის კი - მოპირდაპირე მხარეზე და ნაღვლიან სიტყვებს ვეუბნებოდით ერთმანეთს.
შემდგომ ამისა დედაჩემის, დიდსულოვანი ავტოლიკეს ასულის, ანტიკლეას სული მომეახლა. ილიონს გამგზავრებულმა ცოცხალი დავტოვე დედაჩემი, ახლა კი, აქ რომ დავინახე, ცრემლები წამსკდა და მწარედ ავტირდი. მაგრამ სისხლიან ორმოსთან მაინც არ მოვუშვი, რაკი ჯერ ტირეზიასთვის უნდა მემკითხვინებინა. ბოლოს, ხელში ოქროს კვერთხით ტირეზიას აჩრდილიც გამოჩნდა. მიცნო და ასეთი სიტყვა მითხრა: - ბედშავო, რატომ დაგიგდია მზისქვეშეთი? რისთვის მოსულხარ მზეგადასულთა უსიხარულო ქვეყანაში? ჩააგე მახვილი და გზა მიტიე, რომ შევსვა სისხლი და უცთომელად გიწინასწარმეტყველო!
მახვილი ჩავაგე და უკუვდექი. სახელგანთქმული მისანი ხარბად დაეწაფა სისხლს და მერე ასე დაიწყო: - ეჰე, შეუპოვარო ოდისევს! სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას მიილტვი! მაგრამ ვეჭვ, გაექცე მიწისმრყეველის რისხვას, შენ ხომ მის საყვარელ ძეს თვალისჩინი წაართვი! მრავალჭირგარდახდილი ითაკას მიაღწევ, უკეთუ საკუთარ გულსა და მეგობართა გულისთქმას დაიურვებ, როცა კეთილქმნილი ხომალდით თრინაკიის კუნძულს მიადგები. იქ ყოვლისმხილველი და ყოვლისმეცნაური ჰელიოსის ნახირი და ცხვრის ფარა დაბალახობს. თუ ხელს არ ახლებთ მათ, დიდი გასაჭირი კი გადაგხდებათ, მაგრამ უვნებლად მიაღწევთ სამშობლოს. ხოლო თუ დახოცავთ, ხომალდიცა და თანამგზავრებიც ერთიანად დაგეღუპება. თუმცა თავად შენ გადარჩები, დიდი ხნის შემდეგ სხვისი ხომალდით დაბრუნდები შინ და იქაც ფათერაკს გადაეყრები, რადგან შენს სახლში თავგასული თანამემამულენი პარპაშებენ და საბადებელს გიჩანაგებენ, შენი ღვთისდარი მეუღლის ცოლობის მოსურნენი ძვირფასი საჩუქრებით ცდილობენ მისი გულის მონადირებას.
მისვლისთანავე გაუსწორდები მოძალადე სასიძოებს: ხერხით იქნება თუ ღონით, ერთიანად შემუსრავ მათ. ხოლო შემდეგ მხარზე გაიდებ კარგად გამოთლილ ნიჩაბს ხომალდისას და იმ ხალხს მოძებნი, რომელთაც არც მარილით შემზადებული ჭამადი იციან და არც ნიჩბებით ფრთაშესხმული, ფერდებგამოზნექილი ხომალდებით მგზავრობა. გეტყვი, როგორ გამოიცნო ეს ხალხი: როდესაც გზად მიმავალს, მგზავრი ვინმე შემოგეყრება და გკითხავს, ეს რა ბარი გაგიდვიაო, უცხოელო, ძალოვან მხარზე, მაშინ იქვე ჩაარჭობ იმ ნიჩაბს და მეუფე პოსეიდონს ვერძს, ხარსა და ეშვებიან ტახს შესწირავ. შემდგომ ამისა შინ დაბრუნდები და ცის ბინადარ ყველა ღმერთს რიგისამებრ წმინდა ჰეკატომბას მოუმზადებ.
ამასაც გეტყვი: ზღვაზე სიკვდილი არ გიწერია. მზეგრძელი ტკბილად დაბერდები საკუთარ სახლში და სიკვდილის შემდეგ ბედნიერ და მადლიერ შთამომავლობას დატოვებ, შეუმცდარი და გარდაუვალია ეს ჩემი წინასწარმეტყველება!
- ღმერთების ნება ყოფილა, ტირეზიავ, ყოველივე ეს, - მივუგე, - შენ სხვა რამ მამცნე, არ დამიმალო: აგერ დედაჩემის მწუხარე სული უმზრახად დამჯდარა სისხლიან ორმოსთან. ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის და ხმა არ გაუცია. მითხარი, წინამძღვარო, როგორ მოვიქცე, რომ იცნოს დედაჩემის სულმა მისი საყვარელი ძე?
- არ დაგიმალავ, ამასაც გეტყვი, - მიპასუხა სახელგანთქმულმა მისანმა,- მხოლოდ ის გიცნობს და გაგეხმაურება, ვისაც სისხლზე მიუშვებ. ხოლო ვისაც დაუშლი ორმოსთან მოსვლას, მსწრაფლ უსიტყვოდ გაგეცლება.
ეს რა მამცნო, ჰადესის ბჭეებს მიეფარა ტირეზიას აჩრდილი. მე კი ლოდინი დავუწყე დედაჩემის სულს. მალე ისიც მომეახლა და, რა შესვა შავი სისხლი, ტირილით შეიცხადა: - სანატრელო შვილო ჩემო! ცოცხალი რამ მოგიყვანა ამ ნისლიან შავეთში! ხორციელი კაცისათვის ძნელია აქ მოსვლა. როგორ გადმოლახე ჰადესის მდინარეები და ეს ბობოქარი ოკეანე? ტროადან გამომგზავრებულს ალბათ დიდხანს მიმოგარბევდა უკიდეგანო ზღვა! ხომ არ მისულხარ ითაკაში, ხომ არ გინახავს შენი სახლი და საყვარელი მეუღლე?
ეს მკითხა და მეც არ დავუყოვნე პასუხი: - საყვარელო დედა! საჭიროებამ მომიყვანა ჰადესის ზღურბლთან - თებელი ტირეზიას სულისათვის უნდა მემკითხვინებინა. ჯერ არ ვყოფილვარ აქავეთში და არც ჩემს მშობლიურ კუნძულზე დამიდგამს ფეხი. მას შემდეგ, რაც ჩვენს ბელადს, აგამემნონს წავყევი ცხენმრავალი ილიონის დასამხობად, დღენიადაგ ჭირსა და ვაი-ვაგლახში ვარ. ახლა კი დაუფარავად მამცნე, რა წერამ მოგიყვანა აქ, ხანგრძლივმა სნებამ მოგიღო ბოლო თუ მშვილდოსანი არტემისის ანაზდეულმა ისარმა[59]? ისიც მითხარი ბარემ, რა დღეში არიან მამაჩემი და ჩემი მხოლოდშობილი ძე? კიდევ ჰპატრონობენ სახლ-კარს თუ ვინმე სხვამ მიიხვეჭა ჩვენი საბადებელი? კვლავ მელიან თუ იმედი გადაეწურათ ჩემი დაბრუნებისა? მართალი მითხარ, რას ფიქრობს ან როგორ იქცევა ჩემი ცოლი, წესისამებრ ოჯახში დარჩა და ერთგულებას მინახავს თუ უკვე გაჰყვა რომელიმე წარჩინებულ აქაველს?
დედაბატონმა იმწამსვე მომიგო პასუხი: - შენს გულმწუხარე პენელოპეს არ მიუტოვებია შენეული სახლი, თვალცრემლიანი შენს ლოდინში ათენებს ღამეებს. არც შენი ქონება მიუტაცნია ვისმე, კვლავ ტელემაქე ფლობს მას უშფოთველად. პატივით მიწვეული იგი ღირსეულთა შორის ზის ნადიმებზე, როგორც ქვეყნის განმგებელსა და მებრჭეს შეეფერება. მოხუცებული მამაშენი სოფლად ცხოვრობს, ქალაქში აღარ დაიარება. თბილი ქვეშაგები და საბანიც კი არ გააჩნია ბედშავს და ზამთრობით მონებთან ერთად კერიის ნაცარში ცეცხლს ეფიცხება, ძონძებში გამოხვეული. გამოზაფხულზე და შემოდგომის ჟამს მისი საგებელი ვაზის ჩამოცვენილი ფურცლებია. ვენახში ნეშოზე წევს იგი გულგასენილი და შენზე დარდი კლავს. უსიხარულო სიბერე ხვდა წილად მამაშენს! მეც შენზე დარდს გადავყევი, შვილო. არც მშვილდოსანი არტემისის ისარს დავუღუპივარ და არც ხორცის დამადნობელ სნეულებას. დაკარგულ შვილზე გამუდმებული ფიქრით გულდამდნარი დარდმა ჩამიყვანა მიწაში.
ასე ჩიოდა დედაჩემი. გულაჩუყებულმა სამჯერ ვცადე მოვხვეოდი, მაგრამ სამჯერვე სიზმარეულ ჩვენებასავით ხელიდან დამისხლტა მისი აჩრდილი. საშინელი ნაღველი შემომაწვა გულზე და ეს ამოვიგმინე: - რატომ მიმირბი, შენს ჩასახუტებლად როცა მოვიწევ, დედა? რა იქნებოდა, თუნდაც ჰადესის სახლში ტირილით მოგვეოხებინა გული? ან იქნებ სასტიკმა პერსეფონემ იმიტომ მომივლინა შენი ჩვენება, რომ უარესი მწუხარება მოესართა ჩემთვის?
ასე მომიგო დედაჩემმა: - ვაი, ჩემო შვილო, კაცთა შორის უბედკრულესო! ზევსის ასულს, პერსეფონეს, არ მოუცდუნებიხარ! ასეთი ხვედრი აქვთ მოკვდავთ: სიკვდილის ჟამს ძვალ-რბილი შემოეძარცვებათ და მხურვალე ალისქარი დაანარცხებთ მათ, ხორცთან გაყრილი სული კი სიზმარივით ჰადესს გაფრინდება. სამზეოს მიაშურე კვლავ, შვილო! გახსოვდეს, რაც გითხარი, რომ შინ დაბრუნებულმა ყოველივე უამბო შენს მეუღლეს.
ეს თქვა და განმშორდა დედაჩემი, მერე პერსეფონესაგან მოვლენილი ქალ-რძალნი მოჯარდნენ. ესენი იყვნენ ძველი დროის წარჩინებულთა თანამეცხედრენი და ასულნი. ორმოს დაეხვივნენ და ერთმანეთს არ აცლიდნენ სისხლის შესმას. და რაკი მსურდა სათითაოდ გამომეკითხა მათი ვინაობა, მახვილი ვიშიშვლე და რიგრიგობით მივუშვი სისხლზე. თითო-თითოდ დაწაფებულნი შავ სისხლს, თავიანთ ამბებს მიყვებოდნენ.
პირველად ტირო დავინახე, კეთილშობილი გვარიშვილი, სალმონევსის ასული და მეუღლე ეოლოსის ძის კრეთევსისა. მდინარის ღმერთი ენიპევსი შეჰყვარებოდა ტიროს და ხშირად ბანაობდა ხოლმე მშვენიერი მდინარის ჭვირვალე წყალში. ერთხელ ენიპევსის სახით პოსეიდონი გამოცხადებია ქალს და მდინარის შესართავთან დაწოლილა. მთებად აღმართული ტალღები რკალად შემორტყმიან ღმერთსა და მოკვდავ დიაცს. პოსეიდონს შეუხსნია მისთვის ქალწულის სარტყელი, ხოლო თავად იგი ნეტარი ძილით მიუძინებია. სასიყვარულო საქმე რა მოუთავებია, ხელი მოუკიდია ტიროსათვის და ასე უთქვამს: სიხარულად მიითვალე, დიაცო, ეს ჩემი ტრფობა! დადგება ჟამი და ორი მშვენიერი ბავშვი გეყოლება: ღმერთთან გაზიარებული სიყვარული არასოდეს ჩაივლის უნაყოფოდ. ბავშვებზე იზრუნე და საკადრისად აღზარდე. ახლა შინ დაბრუნდი და არავის გაუმჟღავნო ეს ამბავი. იცოდე, მიწისმრყეველი პოსეიდონი ვარ! - ასე უთქვამს და აღელვებულ ზღვაში გაუჩინარებულა. ტირო დაორსულდა და ჟამისად შვა პელიასი და ნელევსი, რომელნიც შემდგომ მაღალი ზევსის თანამდგომნი შეიქნენ. პელიასს ცხვარმრავალ იოლკოსში ჰქონდა სამკვიდრებელი, ნელევსი კი ქვიშიან პილოსში ბასილევსობდა. თავის ქმარს კი, კრეთევსს, დიაცთა დედოფალმა ტირომ სამი ძე უშვა: ეზონი, ფერესი და ფიცხელეტლოსანი ამითაონი.
შემდეგ აზოპის ასული ანტიოპე დავინახე. ის ანტიოპე, რომელიც ამაყობდა, ზევსის სარეცელზე მეძინაო და ორი სახელოვანი ძე ვუშვიო მეხისმტყორცნელს - ამფიონი და ძეთოსი. ამათ ჩაუყარეს საძირკველი შვიდკარიბჭიან თებეს. მათვე შემოურტყამთ გალავანი ამ დიდმშვენიერი ქალაქისთვის, რადგან თუმცაღა ძალმოსილნი იყვნენ, უგალავნო ქალაქში არ დაედგომებოდათ მაინც.
შემდეგ ალკმენე დავინახე, ამფიტრიონის თანამეცხედრე, რომელმაც ლომგული ჰერაკლე შვა, ზევსის მკლავზე განცხრომით მწოლმა. მის გვერდით მოურევნელი ჰერაკლეს მეუღლეს, დიდსულოვანი კრეონის ასულს მოვკარი თვალი, ხოლო შემდეგ ოიდიპოსის დედა, მშვენიერი ეპიკასტე გამოჩნდა. საშინელი ცოდვა ედო ამ დედოფალს კისრად: გონებადაბნელებული, მისდა უნებურად, ცოლად გაჰყვა საკუთარ შვილს, რომელსაც ჯერეთუნახავი მამა შემოჰკვდომოდა. ოიდიპოსი სანატრელ თებეში მბრძანებლობდა კადმოსიანთა ტომს. ღმერთებმა რა გაამჟღავნეს ეს უგვანი საქმე, ეპიკასტემ თავი ჩამოიხრჩო და ჰადესს ჩახდა, ხოლო საცოდავ შვილს მშობლის ერინიებისაგან ხვედრად განუზომელი ტანჯვა ერგუნა.
შემდეგ ულამაზესი ქლორისი დავინახე, ამფიონის უმრწემესი ასული, რომლისთვისაც ნელევსმა აურაცხელი ურვადი გადაიხადა, რომ ცოლად შეერთო იგი. ნელევსი ჯერ მინეველთა ორქომენს განაგებდა მორჭმით, მერე კი პილოსს დამკვიდრდა. აქ დაიბადნენ მისი ძენი და ასულნი: ნესტორი, ქრომიოსი, პერიკლიმენოსი და იგავმიუწვდენელი მშვენებით მოსილი, ქალწულთა შორის სასწაულებრივად ლამაზი პერო, რომელსაც უამრავი მთხოვნელი ჰყავდა. ნელევსს დათქმული ჰქონდა იმისთვის მიეთხოვებინა თავისი ქალი, ვინც იფიკლოსის მიერ უსამართლოდ მიტაცებულ რქადაგრეხილ და ფართოშუბლიან ხარებს ფილაკოსიდან მოდენიდა. მაშინ გამოჩნდა ერთი განთქმული მისანი და ამ საქმის მოგვარება იკისრა, მაგრამ ღმერთების განგებით იფიკლოსის გატყიურებულმა მწყემსებმა შეიპყრეს იგი და დაატყვევეს. წარხდნენ დღენი და თვენი და, წელიწადი რა მიიყარა, იფიკლოსმა გაათავისუფლა ტყვე, რადგან მისანმა სწორად უმკითხავა ყოველივე...
შემდეგ ლედა დავინახე, ტინდარეოსის მეუღლე, ორი ძალგულოვანი და მამაცი შვილის დედა. ერთს - ცხენთამხედნელს, კასტორი ერქვა, ხოლო მეორეს, მოკრივეს - პოლიდევკე. ორივენი ცოცხლივ შთანთქა ცხოველმყოფელმა დედამიწამ. მაგრამ მათმა მოყვარულმა ზევსმა სამუდამოდ არ გასწირა შავეთისათვის: ისინი დღეგამოშვებით კვდებიან და კვლავ ცოცხლდებიან.
შემდეგ იფიმედეა დავინახე, ალოევსის მეუღლე. იფიმედეა იკვეხნიდა, პოსეიდონისგან მყავსო ღვთისდარი ოტოსი და სახელოვანი ეფიალტე. ორთავეს ადრე მოესწრაფა სიცოცხლე: ერთიცა და მეორეც ცხოველმყოფელმა დედამიწამ გამოზარდა და სილამაზით მხოლოდ განთქმულ ორიონს თუ ჩამოუვარდებოდნენ. ცხრა წლისანი რომ შეიქნენ, ცხრა წყრთაზე წაუვიდათ მხრები და ცხრა მკლავის გაშლაზე აეყარათ ტანი. ძალ-ღონით მოქადულნი უკვდავ ღმერთებსაც კი არ ეპუებოდნენ: ომით ემუქრებოდნენ ოლიმპოელებს. ასე განიზრახეს: ოლიმპოს მწვერვალზე ოსას მთას შევდგამთ, ხოლო ოსაზე - ტყით დაბურულ პელიონს, რათა ადვილად შევწვდეთო ზესკნელის ბინადართ. სიჭაბუკემდე რომ მოყრილიყვნენ, იქნებ აესრულებინათ კიდევაც წადილი. მაგრამ ზევსისა და თვალმშვენიერი ლეტოს ძემ, აპოლონმა შემუსრა ახალწვერამომდინარი ყმაწვილები.
ფედრა, პროკრისი და მშვენიერი არიადნე შევნიშნე, ბრძენთაბრძენი მინოსის ასული, ოდესღაც თეზევსმა კრეტადან წმინდა ათენში რომ ჩამოიყვანა. მაგრამ ვიდრე თეზევსი მასთან სიყვარულით დატკბებოდა, დიონისესაგან წაქეზებულმა არტემისმა განგმირა იგი დიას კუნძულზე. მაირა, კლიმენე და საძაგელი ერიფილეც ვნახე, რომელმაც ერთგული ქმარი ოქროზე გაცვალა.
ყველას ამბავს ვერ მოგიყვები, დიდსულოვანო ალკინოე! თეთრად დაგვათენდება ეს ღვთაებრივი ღამე, ძლევამოსილი გმირების თანამეცხედრეთა და ასულთა მარტოოდენ სახელები რომ ჩამოგითვალო. ძილის დროა უკვე! ხომალდზე წავალ ჩემს ამხანაგებთან ან თქვენის ნებით აქ მოვისვენებ. თქვენ კი, ღვთის შეწევნით, გამგზავრების საქმე მომიგვარეთ!
გატრუნულები უსმენდნენ ფეაკელნი ოდისევსის ნაამბობს. მონუსხულნი ისხდნენ ისინი ალკინოეს ჩამობნელებულ დარბაზში. პირველმა თეთრმკლავება არეთამ წართქვა სიტყვა: - მითხარით, ფეაკელნო, შეედრება ვინმე ამ კაცს ახოვანებით, სიდარბაისლითა და ჭკუა-გონებით? ჩემი სტუმარია დღეს იგი, მაგრამ ჯერ არს თქვენც მიაგოთ საკადრისი პატივი. აჩქარებით ნუ გავისტუმრებთ ამ ღირსეულ კაცს. გავუკვლადოთ საბოძვარი. ზევსის წყალობით საგანძურები სავსე გაქვთ უნჯით.
მაშინ წამოდგა ფეაკელთა უხუცესი გმირი ექენეოსი და ასე მიმართა თვისტომთ: - გზიანი სიტყვა გვითხრა დედოფალმა არეთამ და ჩვენი წადილიც ხომ ეგ არი! მაგრამ, ვნახოთ, რას გვიბრძანებს ალკინოე. მის ხელთაა სიტყვაც და საქმეც!
აქ სიტყვა დაძრა ალკინოემ, ფეაკელთა მბრძანებელმა: - დასტური მითქვამს, უკეთუ ზღვაოსან ფეაკელთა ხელმწიფე მქვია, ეგრემც იქნება! თუმც გზად მიუწევს გული, მცირე ხანს უნდა დაითმინოს ჩვენმა სტუმარმა. ხვალ დილაადრიან თავს მოვუყრი ფეაკელთაგან მისთვის ნაბოძებ საჩუქრებს, ხოლო მის გამგზავრებაზე ერთობლივ ვიზრუნებთ. მაგრამ სხვებზე მეტად მე მმართებს ზრუნვა, აკი ფეაკელთა შორის პირველი კაცი ვარ!
ოდისევსმა მიუგო: - ერისმთავარო ალკინოე, თვისტომთა შორის უპირველესო! ერთი წელიც რომ დამტოვოთ თქვენთან, რათა შემდეგ ძვირფასი საჩუქრებით გამისტუმროთ, უარს არ გეტყოდით. იმას რა სჯობს, დოვლათით ხელსავსე დაუბრუნდეს კაცი დიდი ხნის უნახავ სამშობლოს. შინ დაბრუნებულს მეტი პატივით შემეგებებიან ითაკელნი!
პასუხად ალკინოემ ასეთი სიტყვა უთხრა ოდისევსს: - ჭირგარდახდილო სტუმარო! იმ ვერაგ და ცრუ კაცებს არ ჰგავხარ, კიდითიკიდე რომ თელავენ დედამიწის ზურგს და ლაქარდიანი ენით ჭორებს ჩმახავენ. ენაწყლიანიცა ხარ და ბრძნადმოუბარიც. ტკბილხმიანი აედივით გვიამბობდი არგოსელთა და აქაველთა ძნელბედობაზე. მაშ, ისიც გვითხარი, შეხვდი თუ არა ილიონის ბჭეებთან დაცემულ შენს სახელმოხვეჭილ თანამოსაგრეთა აჩრდილებს? ძილი ჯერ ადრეა, წინ დიდი ღამე გვიძევს და, თუ არ მოგწყინდება, ჩვენც მოუწყენლად მოვისმენთ გათენებამდე შენს საკვირველ ნაამბობს.
მრავალჭირნახულმა ოდისევსმა ასე მიუგო: - ერისმთავარო ალკინოე, თვისტომთა შორის გამორჩეულო! მართალი ბრძანე: ძილს კიდევ მოვესწრებით. თუკი გულითა გსურთ, მოგიყვებით ჩემი დაღუპული თანამებრძოლების ამბავს. იმ დიდებულ კაცზეც გიამბობთ, რომელიც სამშობლოში კი დაბრუნდა, მაგრამ მზაკვარი დიაცის ხელით მოიკლა თავისსავე სახლში.
მას შემდეგ, რაც უცოდველმა პერსეფონემ გაფანტა დიაცთა მოფარფატე აჩრდილები, აგამემნონის მწუხარე სული მოდგა. მას გარს შემოხვეოდნენ იმათი აჩრდილები, მასთან ერთად რომ დაიღუპნენ ეგისთეს მიერ გამართულ ნადიმზე. როგორც კი იგემა აგამემნონის სულმა შავი სისხლი, მყისვე მიცნო და მწარედ ატირდა. ხელები გამოიწოდა ჩემს მოსახვევად, მაგრამ ძველებურად აღარ ერჩოდა მკლავი. ამის შემხედვარეს ცრემლები წამსკდა და გულშეძრულმა ეს ვუთხარი: - როგორ დაგამხო სიკვდილმა, ატრევსის დიდებულო ძეო, ერის წინამძღვარო აგამემნონ! გრიგალი დაგაწია გზად პოსეიდონმა და ზღვის უფსკრულში დაგინთქა ხომალდები თუ ხმელეთზე გამოგასალმეს წუთისოფელს, როცა მოტაცებულ ხარავანს მოერეკებოდი? ან იქნებ მაშინ დაეცი განგმირული, როცა ქალაქსა და დედაწულთ იცავდი მომხდური მტრისაგან?
- არა, ღვთისნასახო ლაერტეს ძეო! არც მიწისმრყეველი პოსეიდონის გრიგალს დავუნთქივარ ზღვაში და არც მომხდურ მტრებს მოვუკლავარ ხმელეთზე. მუხანათი მეუღლის წაქეზებით მიმიწვია ნადიმზე ეგისთემ და ბაგაზე დაბმული ხარივით დამკლა. ასე საცოდავად გამოვესალმე წუთისოფელს ჩემსავე სახლში. ჩემი მხლებლები კი იმ ღორებივით დაკლეს, რომლებსაც ქორწილის, ოჩხარისა[60] და მდიდარი კაცის სუფრისათვის წამოაქცევენ ხოლმე მესეფენი. შენ ხომ ბევრი სასტიკი ორთაბრძოლისა და სისხლისმღვრელი შერკინების მომსწრე ხარ, მაგრამ შეგზარავდა, რომ გენახა, როგორ ვცურავდი სისხლში სანადიმოდ გაწყობილ სუფრასთან ღვინით სავსე ლაგვინებს შორის. სულთმობრძავს პრიამოსის ასულის, კასანდრას[61] საწყალობელი კივილი შემომესმა: ისიც თავზე დამაკლა კლიტემნესტრამ. მომაკვდავმა ერთი წამოვიწიე, მახვილისთვის მინდოდა წამეტანა ხელი, მაგრამ გამექცა ის ძაღლთაპირი[62] დიაცი, სულამომდინარეს არც პირი დამიმუწა და არც თვალები დამიხუჭა. ეჰ, მრავალნაცადო ოდისევს! არაფერი ყოფილა უმადურ ქალზე საძაგელი! მეგონა შინ დაბრუნებულს სიხარულით შემომხვდებოდნენ ცოლი და მოკეთენი, მაგრამ ვაი, რომ მოყვარული ქმარი სასიკვდილოდ გამიმეტა ურცხვმა დიაცმა და სამუდამოდ ლაფში ამოსვარა არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ქალთა მთელი ჯილაგი. ისინიც კი, ვისაც უმწიკვლოდ უცხოვრია ამქვეყნად.
ასე შემომჩიოდა აგამემნონი და მე აღმომხდა: - ვაგლახ! როგორ დაუწყევლია დიაცთა ხვანჯების გამო მაღლითმგრგვინავ ზევსს ატრევსიანთა მოდგმა! ელენემ ხომ ბევრი სახელოვანი მამრი შეიწირა ილიონის კედლებთან და კლიტემნესტრამაც ავი ხვედრი დაგახვედრა შინ დაბრუნებულს!
ამ სიტყვაზე ფიცხლად მომიგო აგამემნონმა: - გულით ნურც შენ მიენდობი მეუღლეს, ოდისევსს, ყველაფერს ნუ გაუმხელ! ასე აჯობებს, თუმცა ღალატს არც უნდა ელოდე პენელოპესაგან: ბრძენი და ერთგულია იკარიოსის ასული. მახსოვს, ილიონს რომ მოვეშურებოდით, ახალდაქორწინებული იყავი, ძუძუმწოვარა დაგრჩა ვაჟიშვილი, რომელიც ახლა ალბათ ღირსეულად ზის დარბაისელთა შორის. მალე შეიყრებით მამა-შვილი, დაგიდგებათ ეს სანატრელი ჟამი. მე კი, სვედავსილს, ორგულმა ცოლმა არ დამაცალა შვილის ნახვით გახარება. ერთ რამესაც გეტყვი და გულში დაიმარხე: ფარულად მიაყენე შენი ხომალდი მშობლიურ კუნძულს და შინ შესულიც მაშინვე ნუ გააცხადებ ვინაობას. გახსოვდეს, მიუნდობელია ქალთა ჯილაგი! ახლა ეს მამცნე, ნუ დამიმალავ: რამე ხომ არ გსმენია ჩემი შვილისა? ხომ არ იცი, სად არის, ორქომენში თუ ქვიშიან პილოსში, ან იქნებ ლაკედემონში შეეკედლა ბიძამისს, მენელაოსს? რადგან ვიცი, მკვდრებში არ წერია, სამზეოს დაიარება კეთილშობილი ორესტე!
- რას მეკითხები-მეთქი, ატრევსის ნაშიერო, - ვუთხარი, - ორესტესი არაფერი მსმენია. ვერ გეტყვი, ცოცხალია თუ მკვდარი. ფუჭი ლაპარაკი მე არ მჩვევია!
ასე ვსაუბრობდით დიდხანს მე და აგამემნონი და მდუღარე ცრემლი გვილტობდა სახეს.
შემდეგ რიგრიგობით მოდგნენ პელევსის ძე აქილევსი, პატროკლე, ანტილოქე და აიანტი, რომელიც დანაელთა შორის მხოლოდ აქილევსს ჩამოუვარდებოდა ახოვანებით. მიცნო თუ არა ეაკეს ფეხმარდმა შთამომავალმა, ტირილით შემომძახა: - ზევსის ნაშიერო ოდისევს, ნეტა კიდევ რა განუზრახავს შენს შეუპოვარ გულს? რამ გაგაბედვინა შავეთში ჩამოხდომა. იქ, სადაც უხორცოთა აჩრდილები უგრძნობუაზროდ დაბორიალობენ?
ასე მკითხა და მეც ვუპასუხე: - აქაველთა სიქადულო, აქ იმისთვის მოვედი, რომ ტირეზიასგან გამეგო ითაკაში ჩემი დაბრუნების ამბავი. მე ხომ აქამდე ვერ მივსულვარ აქავეთში და ფეხი არ დამიდგამს მშობლიურ მიწაზე. სულ ასე ჭირსა და ვაი-ვაგლახში ვარ. შენზე ბედნიერი კაცი კი, აქილევს, მე არ მეგულება ქვეყნად, არც გარდასულთა და არც მომავალთა შორის! ცოცხალი იყავ და ღვთისდარ პატივს გცემდნენ არგოსელნი. ახლა კი ჰადესს ჩამხდარი მკვდართა სულებზე ბატონობ და ამიტომ ბედს ნუ დაემდურები!
ასე ვანუგეშებდი აქილევსს, მაგრამ მან სიტყვა მომიჭრა: - ამაოდ ცდილობ ჩემს ნუგეშისცემას, ოდისევს! ჰადესის აჩრდილებზე ბატონობას მირჩევნია ვინმე ღატაკ მდაბიორს ვუდგე მოჯამაგირედ! ახლა ის მითხარ, რასა იქმს ჩემი კეთილშობილი ძე, ომში კვლავ მეწინავეთა შორის იბრძვის თუ არა? რამე ხომ არ გაგიგონია პელევსზე, ჩემს მოხუცებულ მამაზე? კვლავაც ეთაყვანებიან მირმიდონელნი თუ უკვე დაავიწყდათ მისი სახელი ელადასა და ფთიაში? რა ხანია სიბერე სჭირს და ღონე აღარ მოსდევს მკლავსა და მუხლებში. სამზეოში უკვე არად ვარგივარ ბერიკაცს. მე ხომ ის აქილევსი აღარა ვარ, არგოსელთა საშველად რომ ვმუსრავდი ტროელ გმირებს. ო, ნეტავ შავეთიდან ცოტა ხნით დამაბრუნა მამისეულ სახლში, რომ პელევსის შემაჭირვებელთ და შეურაცხმყოფელთ საკადრისი მივუზღო!
ასე ბობოქრობდა აქილევსი, ხოლო მე მივუგე: - პელევსისა არაფერი ვიცი, შენს ძვირფას ნეოპტოლემეზე კი ბევრ რამეს გეტყვი: მე თავად წავიყვანე იგი და სკიროსში მშვენიერსაბარკულიან აქაველებს მივგვარე. როცა ილიონის ციხესიმაგრეს შემოვადექით, ერისმთავართა საბჭოზე შეუმცდარ რჩევას იძლეოდა მუდამ. მებრჭეთაგან მხოლოდ ღვთივგაბრძნობილი ნესტორი და მე თუ შევეცილებოდით სიტყვაში. ილიონის მისადგომებთან მეწინავეთა მხარდამხარ ბრძოლა მას არ სჩვეოდა, მარტომბრძოლი წინ მირბოდა ხოლმე. ვინ მოთვლის, რამდენი გმირი გამოასალმა წუთისოფელს! ნეოპტოლემემ მოკლა ევრიპილე, ტილეფიას ძე, და გაწყვიტა მისი თანამდგომი ქეთელები, რომლებისთვისაც ბრძოლაში შეწევნის საზღაურად პრიამოსს თავისი ასულები უნდა მიეთხოვებინა. ღვთაებრივი მემნონის შემდეგ ეგზომ პირმშვენიერი ჭაბუკი მე არ მინახავს. ეპეიოსის ნახელავ ხის ჰუნეში რა ჩავსხედით, რომლის გაღება და დახშვა ჩემს ხელთ იყო, დანაელთა ბელადებს ჭირის ოფლი ასხამდათ და მუხლები უკანკალებდათ. მხოლოდ შენს ძეს არ შეუხრია წარბი - მახვილის ვადა ჩაებღუჯა და ტროელთა შემუსვრის მოქადული ჰუნედან გასვლას მევედრებოდა. წმინდა ილიონი რომ დავამხეთ, დავლამრავლად ავიდა იგი ხომალდზე. ხელჩართულ ბრძოლაში, სადაც განურჩევლად მძვინვარებს არესი, შენს ხმაშეუვალ ძეს თითიც არ გაჰკაწვრია.
ეს რა მოვახსენე, გამშორდა ფეხმარდი აქილევსი, შვილის სივაჟკაცის ამბით გახარებულმა ლაღი ნაბიჯით გადაიარა ასფოდელოს ველი.
დაღვრემილნი იდგნენ ჩემ წინ სხვა აჩრდილებიც და რიგრიგობით მიზიარებდნენ თავიანთ სიმძიმილს. მხოლოდ აიანტი გამდგარიყო განზე. პირმოღუშული შემომცქეროდა, რადგან აქილევის სიკვდილის შემდეგ ხომალდებთან გამართულ ყრილობაზე მე მარგუნეს წილად სწორუპოვარი გმირის ფარ-ხმალი. თავად აქილევსის დედამ მიბოძა შვილის საჭურველი და ტროელებმა და ქალღმერთმა ათინამაც ეგევე დაადგინეს. ნეტავ მისთვის მიეცათ ეს საჭურველი! მაშინ ხომ მიწას არ ამოეფარებოდა ძლევამოსილი აიანტი, რომელიც დანაელთა შორის მხოლოდ პელევსის ძეს უთმობდა პირველობას. ტკბილი სიტყვით მოვეფერე აიანტს და ასე ვკადრე: - სახელოვანო ტელამონის ძევ! ნუთუ შავეთშიც ვერ დაიცხრე გულისწყრომა ამ ავბედითი ფარ-ხმლის გამო, არგოსელთა დასაღუპავად რომ გამოუჭედავთ ღმერთებს? აქაველებმა შენც ისევე დაგიტირეს, როგორც ლომგული აქილევსი. უბრალონი ვართ ჩვენ - ზევსს მოჰკითხონ შენი სიკვდილი დანაელებმა! ახლოს მოდექ, სპათა წინამძღოლო, კეთილშობილი გული დაიცხრე და ქედმაღლობა დაიოკე!
ხმა არ გამცა აიანტმა, პირი იბრუნა და ერებოსის აჩრდილებს შეერია. ცოტას რომ გავყოლოდი, იქნებ მოლბობოდა გული და გამსაუბრებოდა, მაგრამ სხვათა ნახვის წადილმა დამძლია.
მერე მინოსი დავინახე, ზევსის სახელგანთქმული ძე. ოქროს ტახტზე იჯდა, ხელთ ოქროს კვერთხი ეპყრა და გარს მომდგარ მკვდართა სულებს, თავიანთ ავ-კარგს რომ მოახსენებდნენ, ჰადესის ბჭემაღალ სახლში განიკითხავდა.
შემდეგ ბუმბერაზი ორიონი დავინახე - ასფოდელოს ველზე იმ ნადირებს დასდევდა, ერთ დროს უკაცრიელ მთებში რომ დაეხოცა დაუმტვრეველი სპილენძის კომბლით. ტიტიოსიც დავინახე, დედამიწის შვილი. ცხრა უტევანზე გართხმულიყო ბედკრული, ორი ძერა ჭანგებით ჩაბღაუჭებოდა შიგნეულში და ღვიძლს უკორტნიდა. ასე დაესაჯათ იმის გამო, რომ პანოპევსიდან პითოსს მიმავალი მშვენიერი ლეტო, ზევსის საყვარელი, გზად მოეხელთა და გაებახებინა.
ტანჯული ტანტალოსიც ვნახე, მწყურვალი წელამდე წყალში იდგა. როგორც კი თავს დახრიდა წყლის დასალევად, რომელიღაც დაიმონი იმწამსვე დაუშრობდა ხოლმე წყალს და საწყალ მოხუცს შავი მიწაღა რჩებოდა ფეხქვეშ. ბროწეულით, მსხლით, ვაშლით, ლეღვითა და ზეთისხილით დახუნძლული რტოები მის ცხვირწინ იხრებოდა, მაგრამ მოსაწყვეტად გაიწვდენდა თუ არა ხელს, მძლავრი ქარი დაბერავდა მყისვე და ნაყოფით დამძიმებულ რტოებს შავი ღრუბლებისაკენ ატყორცნიდა.
ილაჯგაწყვეტილი სიზიფეც დავინახე - უზარმაზარ ლოდს მიაგორებდა მთის მწვერვალისაკენ. თხემამდე მისვლას ცოტაღა რომ დააკლდებოდა, ლოდი უცნაური ძალით მოსწყდებოდა ხოლმე და გრიალით დაგორდებოდა ფერდობზე. ოფლში გაღვრილი და მტვერში ამოგანგლული სიზიფე თავიდან იწყებდა საქმეს.
ბოლოს გმირთაგმირი ჰერაკლეს აჩრდილიც გამომეცხადა. თავად იგი ღმერთებთან ერთად ნადირობდა და კოჭლამაზი ჰება ახლდა, ზევსისა და ოქროსხამლოსანი ჰერას ასული. აქ კი, მის გარშემო მღამიობებივით დამფრთხალი სულების გულისშემაზრზენი წივილ-კივილი გაისმოდა. უკუნი ღამისაებრ იდგა ჰერაკლეს აჩრდილი, ხელთ მოზიდული მშვილდი ეპყრა და გოროზად იცქირებოდა აქეთ-იქით, თითქოს სროლას ეპირებაო. მკერდზე მხარიღლივ ოქროს ფართო ღვედი ერტყა, რომელზედაც ხილვადსაშიში სანახაობანი - მძვინვარე დათვები, ეშვიანი ტახები, თვალებბრიალა ლომები, სისხლისმღვრელი ბრძოლები და დახოცილთა გვამები იყო ამოტვიფრული. ამ საკვირველი სარტყელის ოსტატი უკეთესს ვერაფერს შექმნიდა, ისეთი სრულქმნილი ხელოვნებით იყო იგი ნაკეთები.
თვალი რა მომკრა, მყისვე მიცნო ჰერაკლემ და ასე მომმართა: - ეჰ, ღვთისნასახო, მრავალტანჯულო ოდისევს! შენც ჩემდაგვარად ბოროტი ხვედრი გრგებია წილად მზისქვეშეთში! თუმცაღა ზევსის ძე ვიყავ, მრავალი ჭირი გარდამხდა მაინც. დიდხანს ვემსახურებოდი უღირსსა და ჯაბან კაცს, რომელიც უძნელეს საქმეებს მავალებდა. ერთხელ ცერბერის მოსატაცებლად გამომისტუმრა აქეთ, ეგონა, აქვე დავრჩებოდი და სამზეოს ვეღარ ავაღწევდი. მაგრამ ჰერმესისა და თვალსხივოსანი ათინას შემწეობით მოვიტაცე და მივგვარე ეს საშინელი ძაღლი.
ეს თქვა ჰერაკლემ და შევლო ჰადესის კარიბჭე.
მე ცოტა ხანს შევყოვნდი, ვინძლო კიდევ გამოჩენილიყო გმირთაგანი ვინმე. გულით მინდოდა მეხილა ღვთისნაბადები თეზევსი და პერითოე, მაგრამ საშინელი კივილით გუნდ-გუნდად მომეჯარნენ უსახო აჩრდილები და შიშმა ამიტანა, პერსეფონემ შემზარავი გორგონას თავი არ მომიგზავნოს-მეთქი. სწრაფად გავეცალე იქაურობას, ხომალდზე ავედი და თანამგზავრებს ვუბრძანე, ბაგირები აეხსნათ. ნიჩბოსნები მიუსხდნენ თავიანთ რიკულებს. მალე გადავლახეთ ჰადესის წყლები და კეთილმა ზურგქარმაც დაგვიბერა.
XII. სცილასა და ქარიბდას შორის
მრუმე ტალღებს გავცდით, ღვინისფერ ზღვაში გავიყვანეთ ხომალდი და ასე მივაღწიეთ აიას კუნძულს, ოქროსტახტოსანი ეოსის სახლსა და საროკველ ადგილს, საიდანაც დღე ცისმარე ამოდის ხოლმე ჰელიოსი. ხომალდი ქვიშიან ნაპირს მივაყენეთ და ხმელეთზე გადმოვედით.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფრად ირიჟრაჟა, თანამგზავრები ცირცეს სასახლეში გავგზავნე ელპენორის ცხედრის მოსასვენებლად. კოცონისთვის შეშა მოვამზადეთ და ცხარე ცრემლით დატირებული მეგობრის გვამი ზღვისპირა გორაკზე ცეცხლს დავუდეთ. როცა გვამი და საჭურველი ერთიანად დაიწვა, სამარხი ბორცვი აღვმართეთ, ზედ სამახსოვრო ლოდი დავდეთ და გვერდით მისი კეთილნახელავი ნიჩაბი ჩავარჭვეთ.
ამასობაში ცირცემ შეიტყო ჩვენი დაბრუნება ჰადესის სამეფოდან, სასწრაფოდ გამოეწყო და ჩვენკენ გამოეშურა. მოახლეებმა უხვად მოიტანეს პური, ხორცეული და ფუცხუნა წითელი ღვინო. ჩვენ შორის მდგარმა ქალღმერთმა ასეთი სიტყვით მოგვმართა: - ეჰა, უშიშარნო მოყმენო! ცოცხლებს გადაგილახავთ ჰადესის წყლები. სხვანი ერთხელ კვდებიან, თქვენ კი ორჯერ მოგიწიათ სიკვდილმა! ახლა ჭამადს შეექეცით და შებინდებამდე სვით ღვინო, გათენებისას კი სამგზავროდ მოემზადეთ. მე თვითონ მიგასწავლით გზას, რომ უმეცრებით ხიფათს რასმე არ გადაეყაროთ.
ასე გვითხრა და ჩვენც, მოხარულნი, დავყევით მის ნებას: მზის ჩასვლამდე ვისხედით და ვნადიმობდით. როცა მზე ჩადგა და სიღამე ჩამოწვა, ხომალდებთან მიწვნენ და ძილს მისცეს თავი ჩემმა თანამგზავრებმა. მე კი ცალკე გამიხმო ცირცემ, გვერდით მომისვა და გულდაგულ გამომკითხა ჰადესის ამბები. მეც წვრილად ვუამბე ყოველივე. ჩემი ნაამბობი რა მოისმინა, ეს მითხრა ქალღმერთმა: - მადლი ზევსს, ყოველივეს კარგად ჩაუვლია! ახლა ყური მიდგე, რასაც გეტყვი და გზაში დაიმონიც გაგახსენებს ჩემს ნათქვამს: შენს გზაზე პირველად სირინოზებს შეხვდები. სირინოზები ტკბილი გალობით აჯადოებენ ყველას, ვინც მათ ნაპირს მიუახლოვდება. მოხიბლულებს ავიწყდებათ სამშობლო მხარე და ცოლ-შვილი. ამწვანებულ მდელოზე სხედან სირინოზები და გონის წამღები გალობით მოუხმობენ გზად ჩამვლელთ, ხოლო იქვე მთად არის დაზვინული დაღუპულთა ტყავმომპალი ჩონჩხები. სწრაფად ჩაუარე ამ ნაპირს, თანამგზავრებს ცვილით ამოულესე ყურები, რომ მათ სმენას არ მისწვდეს სირინოზების ხმა. შენ კი, თუ ინებებ მათი გალობით გულის დატკბობას, ანძაზე მიაბმევინე თავი ამხანაგებს და დაარიგე: რაც უფრო მეტს შეგეხვეწებით, ამხსენით-მეთქი, მით უფრო მაგრად მიმაკარით ანძაზე-თქო.
სირინოზებს რომ გასცდები, ორი გზა დაგხვდება და ერთ-ერთი უნდა აირჩიო. ორივეს ამბავს გეტყვი, მაგრამ ვერ გირჩევ, რომელს უნდა დაადგე... ერთი გზა ორ თვალშეუდგამ კლდეს შუა გადის, სადაც ლურჯთვალა ამფიტრიტეს მთისოდენა ტალღები გამაყრუებლად გუგუნებენ. მოხეტიალე კლდეებს ეძახიან მათ ნეტარი ღმერთები. ჩიტიც ვერ გაძვრება მათ შორის, მამაზევსისათვის ამბროზიის მიმტანი ორი მტრედიდან ერთ-ერთს უეჭველად დაიტანენ ერთმანეთზე შეხლილი ეს უზარმაზარი კლდეები. მოკვდავთა არც ერთ ხომალდს არ გაუღწევია ჯერ ამ სრუტეში. ხომალდის ნამუსრევებსა და მეზღვაურთა გვამებს დღემდე აბრუნებს ზღვის ღურღუმელში ქარცეცხლიანი მორევი. ერთადერთმა - კოლხეთიდან[63] მომავალმა სახელგანთქმულმა არგოს ხომალდმა დააღწია მათ თავი. მასაც არ ასცდებოდა დაღუპვა, იაზონზე მზრუნველი ჰერა რომ არ შეშველებოდა.
მეორე გზაზე შავი ღრუბლით მობურულ ცადაღმართულ ქარაფს დაინახავ. ზამთარზაფხულ მზის შუქი ვერ ატანს ამ ღრუბელში და მოკვდავთაგანი, თუნდაც ოცი ხელფეხი ესხას, ვერც ავა და ვერც ჩამოვა ამ გასიპულ პიტალოზე. კლდის შუაგულ ბნელი გამოქვაბულია ერთი და მას ფსკერი ერებოსის უკუნეთ უფსკრულში უდგას. ამ კლდეს ჩაუარე, მაგრამ ნურვინ ეცდება, ისარი მიუწვდინოს იმ ღრმა გამოქვაბულს. სწორედ მანდ ბუდობს ავადმყეფარი სცილა, რომლის დანახვა თვით ღმერთებსაც კი ზარავს. თორმეტი გაფარჩხული თათი აქვს და ექვსი წაშვერილი კისერი, ზედ მიბმული ექვსი შემზარავი თავით. დაფჩენილ ხახაში სამ წყებად დაკრეჭილი ბასრი, შხამით სავსე კბილები უელავს. წელს ზევით კლდეზე გადმოეკიდება და შემაზრზენი ყეფით ნთქავს ამფიტრიტეს წიაღში გამოკვებილ ხვითქებს, ზღვის ძაღლებსა და ღალეოდებს. ვერც ერთი ზღვაოსანი ვერ დაიკვეხნის, უხიფათოდ ჩამივლიაო ეს ადგილი. სცილა თითო თავით თითო მეზღვაურს იტაცებს სწრაფმავალი ხომალდიდან.
ამ კლდის პირდაპირ მეორე კლდეს დაინახავ. მაღალი არ არის იგი, ისარს თავისუფლად მიუწვდენ მწვერვალამდე. ზედ ბერწი ლეღვის ხე დგას, რტოებგაფოფრილი, რომლის ქვეშ პირაშკმული ქარიბდა დღეში სამჯერ ნთქავს და საშინელი ღრიალით სამჯერვე ამოანთხევს ხოლმე ზღვის შავ წყალს. ზღვის შეხვრეპისას არამც და არამც სიახლოვეს არ გაეკარო ქარიბდას, თორემ თავად პოსეიდონიც ვერ გიხსნის დაღუპვისაგან. ამიტომ გეტყვი: ჯობს, ისევ სცილას ჩაუარო ხომალდით - ერთიანად დაღუპვას ექვსი კაცის გაწირვა გერჩიოს!
ასე მარიგებდა ცირცე და მე შევკადრე: - ახლა ის მამცნე, ქალღმერთო, ქარიბდას თუ გადავურჩი, როგორ მოვიგერიო სცილა, როცა ჩემი მეგობრების მოტაცებას დააპირებს?
- შეუპოვარო კაცო! აღარ გაძღა ეგ შენი გული ბრძოლითა და ფათერაკებით? უკვდავთაც აღარ ეპუები?! მოკვდავი არ გეგონოს, უკვდავია ბოროტეული სცილა, სასტიკი, მძვინვარე და უბრძოლველი! გულს ნუ გაივლებ მასზე მახვილის აღმართვას! მცირე ხანიც რომ შეყოვნდე მასთან შესაბრძოლებლად, კიდევ იმდენსავე ნიჩბოსანს მოგტაცებს, რამდენი თავიც აბია. გიჯობს, სწრაფად მოარიდო ხომალდი და დედამისს, კრატეას, შეევედრო, მოკვდავთა რისხვად დაბადებული თვისი ნაშიერი დააოკოს. სცილას თუ გადაურჩი, თრინაკიის კუნძულს მიადგები, სადაც მზეჰელიოსს შვიდი ნახირი და შვიდი ცხვრის ფარა დაუდის. თითოეულში ორმოცდაათორმოცდაათი ცხვარ-ძროხაა[64]. არც იხოცებიან ისინი და არც ნამატი აქვთ. თმამშვენიერი ნიმფები მწყემსავენ მათ, ფაეთუსა და ლამპეტია, რომლებიც მაღლით მოარულ ჰელიოსს ქალღმერთმა ნეაირამ უშვა. ღვთაებრივმა დედამ დაზარდა ისინი და შორეულ თრინაკიაში გაისტუმრა, რათა იქ ეცხოვრათ და მამისეული ცხვრის ფარა და რქამნათი ძროხები დღედაღამ ემწყემსათ.
თუ ამ წმინდა ხვასტაგს ხელს არ ახლებ, სამშობლოში დაბრუნდები, თუმცა კი მრავალი ჭირი გარდაგხდება თავს. ხოლო თუ დახოცავთ, წინასწარ გაფრთხილებ, ხომალდი და თანამგზავრები დაგეღუპება, შენ კი, სიკვდილს გადარჩენილი, დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ მარტოდმარტო მიადგები ითაკის ნაპირს.
ეს მითხრა და ოქროსტახტოსანმა ეოსმაც ამოანათა. ცირცე თავისი სახლისკენ გაეშურა, ხოლო მე თანამგზავრები გავაღვიძე და ვუბრძანე ბაგირები აეხსნათ. ნიჩბოსნები სასწრაფოდ მიუსხდნენ თავ-თავიანთ რიკულებს და ხალისიანად ააქაფეს ღვინისფერი ზღვა. თმამშვენიერმა ნიმფამ ჩვენს შავჭვინტიან ხომალდს კეთილი ზურგქარი დაადევნა. აფრებდაბერილი ხომალდი მესაჭემ და ქარმა გზაზე დააყენეს. გაშლილ ზღვაში რა შევედით, გულდამძიმებულმა ასე მივმართე თანამგზავრებს: - ჩემო ერთგულო მეგობრებო! არა ხამს მარტო ერთმა კაცმა იცოდეს ცირცესაგან განდობილი წინასწარმეტყველება! ყველას გაგიმხელთ, რათა იცოდეთ, რა მოგველის გზაზე: დაგვღუპავს თუ დაგვარჩენს ბედისწერა. ქალღმერთმა გაგვაფრთხილა, მოვერიდოთ სირინოზების ჯადოსნურ გალობასა და მათ ამწვანებულ მდელოს. მხოლოდ მე ერთს დამრთო ნება მათი გალობის მოსმენისა, მაგრად მიმაბით ანძაზე და კიდეც რომ გიბრძანოთ ან შეგევედროთ, ამხსენით-მეთქი, უფრო ძლიერად მომიჭირეთ თოკები.
ასე ვარიგებდი თანამგზავრებს. ამასობაში კი ჩვენი კეთილნაგები ხომალდი სირინოზების კუნძულს მიუახლოვდა. ქარიც ჩადგა და რომელიღაც ღმერთმა მყუდროება ჩამოაგდო ზღვაზე. აფრები ჩამოვხსენით, დავკეცეთ და ღრმამუცლიანი ხომალდის ძირში გადავინახეთ. ახლა ნიჩბებს მიუსხდნენ ჩვენი ზღვაოსნები და ააქაფეს ზღვა. მჭრელი მახვილით ცვილის დიდი მოგვი ნაწილ-ნაწილ დავჭერი, მცხუნვარე მზეზე გამდნარი გუნდები ღონივრად დავზილე და თანამგზავრებს სათითაოდ ამოვუგლისე ყურები. შემდეგ ანძაზე მივაბმევინე თავი და ასე გავსწიეთ წინ.
კუნძულს ხმის მისაწვდენზე რა მივუახლოვდით, სირინოზებმა თვალი მოგვკრეს და ჯადოსნური ხმით წამოიწყეს: - აქეთ, აქეთ მოაცურე, ოდისევს, აქაველთა სიქადულო! ვის ჩაუვლია ამ კუნძულთან, რომ არ მოესმინოს ჩვენი ტკბილი გალობა. ყველა სმენადამტკბარი და გაბრძნობილი წასულა ჩვენგან! ვიცით, რაც გარდაგხდათ ილიონში არგოსელებსა და ტროელებს, ყოველივე ვიცით, რაც კი მომხდარა დედამიწის ზურგზე!..
ასე მიხმობდნენ სირინოზები. ისევ და ისევ მინდოდა მათი ხმის მოსმენა: წარბით ვანიშნე თანამგზავრებს, ამხსენით-მეთქი, მაგრამ წამოიჭრნენ პერიმედე და ევრილოქე, მრავალკეცად მომახვიეს გრძელი თოკი და უფრო მაგრად მიმბოჭეს ანძაზე. დანარჩენები მთელი ძალით დააწვნენ ნიჩბებს. როცა კუნძული თვალს მიეფარა და სირინოზების ხმაც მიწყდა, თანამგზავრებმა ცვილი გამოიფხიკეს ყურებიდან და მეც ამხსნეს თოკები.
კარგა მანძილზე რომ გავცდით კუნძულს, სქელი ბურუსი დავინახეთ და ტალღების გამაყრუებელი ღრიალი შემოგვესმა. გულშემოყრილ თანამგზავრებს ნიჩბები დასცვივდათ ხელიდან. ხომალდი დადგა. მე მივვარდი ნიჩბოსნებს და სათითაოდ შევძახე ყველას: - გული გაიმაგრეთ, მეგობრებო! ბევრი ჭირი გადაგვიტანია და ამასაც გავუძლებთ! ხომ გახსოვთ, როგორ დავუძვერით ხელიდან ციკლოპს? ახლაც მომენდეთ, სამშვიდობოს გაგიყვანთ და შემდეგ ღიმილით მოიგონებთ ამ განსაცდელს! მაშ, ყური უგდეთ ჩემს ბრძანებას! კვლავ მიუსხედით რიკულებს და რაც ძალი და ღონე გაქვთ, დააწექით ნიჩბებს, ვინძლო ზევსიც შემოგვეწიოს და აგვარიდოს დაღუპვას! შენ კი, მესაჭევ, გვერდი აუქციე ბურსა და ადუღებულ მორევს და იმ პიტალო კლდისკენ ისე წაიყვანე ხომალდი, რომ ტალღებმა ზედ არ მიგვალეწოს!
ასე ვუბრძანე, მაგრამ სცილასთან გარდაუვალ შეხვედრაზე არაფერი მითქვამს, რომ ზარდაცემულ ნიჩბოსნებს ხელი არ აეღოთ საქმეზე და ხომალდის ღრმა მუცელში არ ჩამალულიყვნენ. მე კი შევიჭურვე: ორ გრძელ შუბს დავავლე ხელი და ხომალდის ქიმთან საბრძოლოდ შევიმართე - სულ გადამავიწყდა, ცირცემ რომ დამიშალა სცილასთან შებმა. ასე ველოდი იმ ურჩხულის გამოჩენას, რომელსაც ჩემი ექვსი ამხანაგი უნდა მოეტაცნა.
პირქუშ კლდეს მიშტერებულს თვალი გამიწყალდა. ხომალდი უკვე ვიწრო სრუტეში შედიოდა: აქეთ სცილას კლდე დაგვყურებდა თავზე, იქით პირაშკმული ქარიბდა ერთნაირად ხვრეპდა წყალს, ზღვის ფსკერზე შავ ქვიშას აჩენდა, ხოლო შემდეგ საშინელი ღრიალით უკანვე ანთხევდა ზღვის შავ წყალს. როგორც ცეცხლზე შემოდგმულ უზარმაზარ ქვაბში თუხთუხებს ხოლმე წყალი, ისე დუღდა და მთის მწვერვალს ეტყლაშუნებოდა აქაფებული ზღვა. ეს რა იხილეს, სიკვდილის ფერი დაედოთ ჩემს მეგობრებს. სწორედ ამ დროს დაგვაცხრა სცილა და ხომალდიდან ექვსი გულადი და მკლავღონიერი ამხანაგი მოგვტაცა. ანკესზე წამოგებული თევზებივით ფართხალებდნენ სცილას ხახაში გაჩრილი ჩემი საცოდავი თანამგზავრები, განწირული ხმით უკანასკნელად მეძახდნენ სახელს და შველას მთხოვდნენ. რამდენი არ მიხეტიალნია ზღვის ზურგზე და რა ჭირი არ გადამიტანია, მაგრამ ასეთი შემზარავი არაფერი მინახავს.
როგორც იქნა, გავედით სამშვიდობოს და მალე მივადექით ჰელიოსის კურთხეულ კუნძულს. აქ დაუდიოდა მაღლითმოარულს ფართოშუბლიანი ძროხები და მსუქანი ცხვარი. ჯერ კიდევ ხომალდზე მოგვესმა მათი ბღავილი. მაშინ გამახსენდა თებელი ტირეზიას წინასწარმეტყველება და ქალღმერთთა შორის უტურფესი ცირცეს გაფრთხილება, გვერდი აუქციეთო ცხოველმყოფელი ჰელიოსის კუნძულს. დაღონებულმა ასე ვუთხარი ჩემს ამხანაგებს: - ყური დამიგდეთ, ჭირგამოვლილო ჩემო მეგობრებო! მინდა იცოდეთ ბრმა ტირეზიასა და თმამშვენიერი ცირცეს გაფრთხილება: გვერდი აუქციეთ ცხოველმყოფელი ჰელიოსის კუნძულს, რადგან იქ მოგელითო ყველაზე დიდი განსაცდელი. გავყვეთ ჩვენს გზას, ნუ გადავალთ ამ კუნძულზე!
არ ეპრიანათ ჩემი რჩევა თანამგზავრებს: იმწამსვე წამოიჭრა ევრილოქე და ავი სიტყვით შემომიტია: - ჰოი, ოდისევს, ჯანმოუღალავი და შეუპოვარი ხარ! თავად რკინის გული გიდგას მკერდში, მოსვენება არ იცი და შენს უძილობით გაწამებულ და მშიერ თანამგზავრებსაც არ ასვენებ! არ გინდა, კუნძულზე გადავიდეთ და სული მოვითქვათ. ამ კუნაპეტ ღამეში კვლავ ნისლიან ზღვაზე გვერეკები, რომ სასტიკმა ჭალიკონმა ან მძვინვარე არავმა დაგვილეწოს ხომალდი. განა არ გვიჯობს ღამის წესს დავყვეთ, ვახშამი ვჭამოთ და წითელფერდა ხომალდთან ნებიერად მივიძინოთ? დილით კი კვლავ ზღვაში შევაცუროთ ხომალდი და გზას გავუდგეთ.
ეს თქვა ევრილოქემ და თანამგზავრებმაც მხარი დაუჭირეს. მაშინ კი მიგრძნო გულმა, რომ რომელიღაც დაიმონმა დასაღუპავად გაგვწირა. იმედგადაწურულმა ესღა ვუთხარი ევრილოქეს: - რაკი თქვენსას არ იშლით, შემომფიცეთ მაინც, რომ ხელს არ ახლებთ მზე-ჰელიოსის ძროხებსა და ცხვრებს და ცირცესაგან გამოტნეულ საგზალს დასჯერდებით. საშინელი ფიცით დავაფიცე თანამგზავრები. მერე მყუდრო ყურეში მივაყენე ხომალდი, ნაპირზე გადმოვედით და ვახშამი მოვამზადეთ. როცა დავნაყრდით, სცილასაგან მოტაცებული ჩვენი სვეუბედური ამხანაგები გაგვახსენდა და ცხარე ცრემლით ავტირდით. ასე, თვალცრემლიანებს მიგვეძინა ქვიშიან ნაპირზე. ღამის მესამე სახმილავზე[65], როცა ვარსკვლავები ჩაქრნენ, ღრუბელთმეუფე ზევსმა ქარები აუშვა, შავად აფუებული ღრუბლებით მოგრაგნა ცარგვალი და უკუნი წყვდიადი ჩამოწვა ზღვასა და ხმელზე.
როგორც კი ახლადშობილმა ეოსმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა, ხომალდი ერთ დიდ მღვიმეს შევაფარეთ. ამ მღვიმეში იყრიდნენ თავს ტურფა ნიმფები და აქ ცეკვავდნენ თავიანთ ლამაზ ფერხისაის. აქვე შევკრიბე ჩემი თანამგზავრები და ერთხელ კიდევ გავაფრთხილე: - მოძმენო, ხომალდზე უხვად გვაქვს ცირცესაგან ნაბოძები სასმელ-საჭმელი, ნუ დავხარბდებით ჰელიოსის ცხვარსა და ძროხას, რომ არ მოვიმკათ ყოვლისმხილველი და ყოვლისმეცნაური მზეღმერთის რისხვა!
ასე ვუთხარი და ისინიც შემპირდნენ, არ გადავალთო შენს სიტყვას. მთელი თვე არ გამოუდარებია. განუწყვეტლივ ქროდნენ მძვინვარე არავი და მცხუნვარე ხორშაკი, ზურგქარი კი არა და არ ჩანდა. მანამდე წითელი ღვინო და საჭმელი ეგულებოდათ ხომალდზე, თანამგზავრები მზეღმერთის შიშით არ გაჰკარებიან მის ნახირს, როცა საგზალი გამოელიათ, თევზაობასა და ფრინველზე ნადირობას მიჰყვეს ხელი: ჭამდნენ ყველაფერს, რასაც მოიხელთებდნენ, რომ როგორმე ამოეყორათ მშიერი მუცელი. მე კი კუნძულზე დავდიოდი და ღმერთებს ვევედრებოდი, კეთილი ზურგქარი მოევლინებინათ ჩვენთვის.
ერთხელ კარგა მანძილზე დავშორდი თანამგზავრებს, წყაროსთან ქარისაგან მოფარებული მყუდრო ადგილი ვნახე, ხელი განვიბანე და ოლიმპოელ ღმერთებს ვედრება აღვუვლინე. გულშეჭირვებულს წამწამებზე ძილი ჩამომიღვარეს ღმერთებმა. სწორედ მაშინ იხელთა დრო ევრილოქემ და ასე ურჩია თანამგზავრებს: - ჭირგარდახდილნო ჩემო ძმებო! საზარელია სიკვდილი მოკვდავთათვის, მაგრამ შიმშილით სიკვდილზე უარესი ამქვეყნად არა არის რა. მოდი, გამოვირეკოთ ჰელიოსის ნასუქალი ძროხები, ცის უკვდავ ბინადართ მსხვერპლი შევწიროთ და, თუკი საშველი დაგვადგა და ითაკაში დავბრუნდით, დიდებული ტაძარი ავუგოთ ჰელიოსს და მის წინაშე ძვირფასი შესაწირავი მოვიღოთ. ხოლო თუ რქამნათი ძროხების დაკვლის გამო დასაღუპავად გაგვწირავს და სხვა ღმერთებიც მას მიემხრობიან, დაე, აგრე იყოს! უმჯობესია, ზღვის უფსკრულმა გვშთანთქას, ვიდრე შიმშილით ამოვწყდეთ ამ უკაცრიელ კუნძულზე!
გაჭრა ევრილოქეს სიტყვამ: იქვე, ჩვენს წითელფერდა ხომალდთან მობალახე რქადაგრეხილი და ფართოშუბლიანი ძროხები მოდენეს, მუხის ნედლი რტოები მოამტვრიეს, რაკი ხომალდზე საკუთარი ქერი არ მოეძევებოდათ, გარს შემოეხვივნენ ძროხებს და ღმერთებს ვედრება აღუვლინეს, შემდეგ დაკლეს და გაატყავეს ძროხები, მსუქანი ბარკლები ცეცხლს დაუდეს და ზედ შიგნეული და კვლავ ხორცის ნაჭრები დააწყვეს. ზედაშის ნაცვლად წყალი მიასხურეს მსხვერპლს. როცა ზვარაკი დაიწვა, შიგნეულით პირი გაიხსნილეს, ხოლო დანარჩენი ხორცი შამფურებზე წამოაგეს და შეწვეს.
ამასობაში, ნეტარი ძილისაგან გამოფხიზლებულმა ხომალდს მივაშურე. ზღვის ნაპირს რა მივუახლოვდი, კვამლისა და შემწვარი ხორცის საამური სუნი მეცა. გულშემოყრილმა ერთი ამოვიგმინე და უკვდავ ღმერთებს ასე შევღაღადე: - ზევსო, ჩვენო მამავ და მარადიულო ღმერთებო! რისთვის მომიღვარეთ ეს ავი ძილქუში? ხედავთ, რა ცოდვა ჩაიდინეს ჩემს იქ არყოფნაში გონებას გადამცდარმა ჩემმა მეგობრებმა?
ლამპეტიამ, ქალწულმა მწყემსმა, სასწრაფოდ ამცნო მამაჰელიოსს ძროხების დახოცვის ამბავი. გაცეცხლებულმა ჰელიოსმა ასე შესჩივლა ღმერთებს: - ზევსო, ჩვენო მამავ და უკვდავო ღმერთებო! შური მიაგეთ ოდისევსის თავგასულ თანამგზავრებს, რომელთაც ჩემი რქამნათი ძროხები დაუხოცავთ! მიხაროდა მათი ხილვა მარაგიან ცაზე მოარულს. უკეთუ შურს არ იძიებთ, სამუდამოდ ჩავხდები შავეთში და მხოლოდ მკვდრებს გავუნათებ!
მეხთამტეხელმა ზევსმა ასე მიუგო ჰელიოსს: - ზეცას მოარულო, კვლავ გაუნათე უკვდავ ღმერთებსა და ქვეყნიერთ! სულ მალე მეხს დავატეხ შუაგულ ზღვაში გასულებს და ხომალდს ნაფოტებად ვუქცევ!
ასე ეუწყებინა გზათამლახავ ჰერმესს თმამშვენიერი კალიფსოსათვის, ხოლო ქალღმერთისაგან მე შევიტყვე.
გაავებული მივეჭერი ხომალდთან თავშეყრილ თანამგზავრებს, ვლანძღე და ვათრიე ყველანი, მაგრამ საქმეს რაღას ვუშველიდი: ჰელიოსის ძროხები დახოცილი იყო! სულ მალე ასეთი ნიში მოგვივლინეს ღმერთებმა: სისხლით შესვრილმა ტყავებმა ცოცვა დაიწყეს ჩვენ თვალწინ, ხოლო შამფურებზე წამოგებული სუკები ცოცხლებივით აზმუვლდნენ. არც ამ სასწაულს შეეპუენ უგუნურნი, კიდევ დახოცეს ჰელიოსის ძროხები და ექვსი დღე შეექცეოდნენ მათ ხორცს.
მეშვიდე დღე რა შემოაქცია კრონიონმა, მძვინვარე ქარები დაეყუდნენ და კეთილმა ზურგქარმა დაბერა. ხომალდზე ავედით, აფრები გავშალეთ და გზას გავუდექით. როცა კუნძული თვალს მიეფარა და მარტოოდენ ცისა და ზღვის ამარა დავრჩით, მეხისმტყორცნელმა შავი ღრუბლები დაგვაწია. წყვდიადი ჩამოწვა ზღვაზე, ხომალდი დადგა და სასტიკი ჭალიკონიც ამოვარდა. ქარბორბალამ ბაგირები დაუწყვიტა ხომალდს. აყირავებულმა ანძამ ტვინი გაასხმევინა მესაჭეს და მყვინთავივით თავდაყირა გადაუშვა წყალში. მაღლითმგრგვინავმა ზევსმა დაიქუხა და მეხი დაგვატეხა თავზე. ცეცხლის გორგალმა ზღვაში გადაყარა ნიჩბოსნები და განწირულნი ყორნებივით აატივტივა ხომალდის გარშემო. ქარიშხალმა ძირში გადაამტვრია ანძა და ფერდები მოურღვია ხომალდს. ქარებს მინებებული ასე ვიჯექი შიშველ ძირზე. ბოლოს ჩადგა სასტიკი ჭალიკონი, მაგრამ ახლა მძვინვარე არავი ამოვარდა. მთელი ღამე მიმაქანებდა გრიგალი და მზის ამოსვლისას კვლავ სცილასა და ქარიბდას კლდეებთან მიმაგდო. სწორედ ამ დროს ხვრეპდა პირაშკმული ქარიბდა ზღვის აქაფებულ მორევს და მე ისღა მოვასწარი, რომ მის თავზე გადმოხრილ ლეღვის ტოტს ღამურასავით ჩავებღაუჭე ხელ-ფეხით. ასე ვეკიდე მზის ჩასვლამდე, ვიდრე საზარელმა ურჩხულმა უკანვე გადმონთხეულ წყალს არ გადმოაყოლა ხომალდის ნამუსრევი. გულმოცემულმა მაშინ კი ხელი ვუშვი ლეღვის ტოტს და ხომალდის ძელებს ზედ დავახტი. მკლავები გავშალე და ნიჩბებივით მოვუსვი. კაცთა და ღმერთთა მამამ ჩემი თავი აღარ დაანახვა სცილას, თორემ სასტიკ სიკვდილს ვერასგზით გადავურჩებოდი.
ცხრა დღე და ღამე დამაქანებდა ზღვა. მეათე ღამეს ოგიგიაზე, თმამშვენიერი კალიფსოს კუნძულზე გამრიყეს ტალღებმა. ნიმფამ შემივრდომა და შემიტკბო. სიტყვას აღარ გავაგრძელებ! წუხელ უკვე მოგიყევით ეს ამბავი შენ და შენს ძვირფას მეუღლეს, ნაამბობის კვლავ მოყოლა არა მჩვევია!
შენიშვნები
[1] „გვიამბე, მუზავ...“ - მსგავსადვე იწყება „ილიადაც“: „მიმღერე, ქალღმერთო“. ამ ქალღმერთში (თეა) მუზა იგულისხმება, სიმღერის ღვთაება. ეპიკური პოეზიის შთამაგონებელი, რომელსაც მოგვიანო ხანაში საკუთარ სახელად კალიოპე დაერქვა. მუზები, რიცხვით ცხრანი, ზევსისა და მნემოსინეს („მეხსიერება“) ასულებად ითვლებოდნენ და მითური წარმოდგენით ოლიმპოს მწვერვალზე სახლობდნენ. ცხრა ტრადიციული რიცხვია მუზებისა. ჰესიოდე „თეოგონიაში“ პირველად ჩამოთვლის მათ სახელებს: კლიო, ევტერპა, თალია, მელპომენა, ტერპსიქორა, ერატო, პოლიჰიმნია, ურანია, კალიოპა.[2] ჰიპერიონი - მზის ღვთაების, ჰელიოსის მამა. აქ: ჰელიოსის ეპითეტია და ნიშნავს „მაღლამყოფს“ ანუ „მაღლითმოარულს“, როგორც ქართულ თარგმანშია. ჰელიოსის ძროხების ამბავი მოთხრობილია XII თავში.
[3] პოსეიდონი - ოკეანისა და ზღვათა უფალი, კრონოსისა და ქალღმერთ რეას წული. მისი ატრიბუტია სამკაპი, რომლითაც დედამიწას არყევს და იწვევს ზღვის ღელვას. აქედან მისი განუშორებელი ეპითეტი „მიწისმრყეველი“.
[4] ჰეკატომბა - ასი ხარი, რომელიმე ღვთაებისათვის შეწირული („ჰეკატონ“ - ასი, „ბუს“ - ხარი, ზროხა).
[5] ოლიმპო - მაღალი მთა საბერძნეთში, თესალიისა და მაკედონიის საზღვარზე. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით იგი ღმერთების სამყოფელად ითვლებოდა, როგორც ჩვენში გერგეთის მთა, რომელზეც „მორიგე ღმერთმა ღვთისშვილნი გადმოუშვნა“. ოლიმპოს მბრძანებელი ზევსია, ამიტომაც „ოლიმპოელის“ ეპითეტით იხსენიება. ძველ ქართულ მწერლობაში ეს სიტყვა „ულუმბოს“ სახით გვხვდება.
[6] ეგისთე, აგამემნონი, ორესტე - ფაბულა მითისა, სადაც ეს პიროვნებანი მთავარი პერსონაჟები არიან, ბერძენი ტრაგიკოსების რამდენიმე დრამის შინაარსს შეადგენს (ესქილეს ტრილოგია „ორესტეა“, სოფოკლესა და ევრიპიდეს „ელექტრა“ და სხვ.). „ოდისეაში“ კიდევ რამდენჯერმეა გახსენებული ეს ტრაგიკული ამბავი.
[7] თვალსხივოსანი ათინა - მამაზევსის თავიდან შობილი, მარადქალწული ქალღმერთი ათინა უპირატესად სიბრძნის ღვთაებაა. მისი ძირითადი ეპითეტი (გლავკოპის), რომელიც ქართულ ტექსტში „თვალსხივოსნად“ არის ნათარგმნი, სხვადასხვაგვარად განიმარტება. ზოგთა აზრით, მასში „ბუსთვალება“ უნდა იგულისხმებოდეს, რაკი არქაულ ხანაში ათინას ეპითეტად ბუ ითვლებოდა. მაგრამ მკვლევართა და მთარგმნელთა უმრავლესობა ჰომეროსისეულ ამ ტერმინში „ნათელთვალას“, „ლაჟვარდთვალას“ გულისხმობს. ჩვენი აზრით, ეს ეპითეტი არა იმდენად თვალთა ფერზე უნდა მიუთითებდეს, რამდენადაც ნათლით სავსე, სხივოსან თვალებზე.
[8] არგოსელნი - საბერძნეთის ერთ-ერთი მხარის (პელოპონესში) მკვიდრნი. პოემაში დანაელთა და აქაველთა გვერდით ბერძნების ანუ ელინების საერთო სახელწოდებად იხმარება. სხვა საერთო სახელია „პანაქაველნი“ (სრულიად აქაველნი).
[9] უნაყოფო ზღვა - ჰომეროსის (ანუ ელინთა) თვალში ზღვა აგრეთვე აღიქმება როგორც „ღვინისფერი“ - ოინოპს, „უკიდეგანო“ - ევრის, „დიდმშვენიერი“ - პერიკალლეს, „ნისლიანი“ - ეროიდეა, „თევზმრავალი“ - იხთიოის (სიტყვ. „თევზებიანი“).
[10] არგუსის მკვლელი - არგუსი მითური ურჩხულია, რომელსაც თვალები მთელ ტანზე ჰქონდა დასხმული, რის გამოც ყოვლისმხილველად და მარადფხიზელად იწოდებოდა. იგი მიჩენილი იყო ზევსის მიერ ძროხად ქცეული ქალწულის, იოს, დარაჯად. ჰერმესმა მოკლა არგუსი და იხსნა იო.
[11] ლაგვინი - ბერძნ. კრეტერ. საბასთან ლაგვინი ნიშნავს: „პირფართო სარწყული“. კრეტერში ძველი ბერძნები წესისამებრ აზავებდნენ ღვინოს - ერთ წილ ღვინოზე ორი წილი წყალი მოდიოდა. ჩვეულებრივ ამგვარად განზავებულ ღვინოს სვამდნენ, ხოლო წმინდა ღვინოს (ანუ ზედაშეს) მსხვერპლშეწირვის დროს ხმარობდნენ. მისი სმა მკრეხელობად ითვლებოდა.
[12] ღვთისსწორი ტელემაქე - ჰომეროსის პოემათა მთავარი გმირები ზევსის შთამომავლებად ითვლებიან. მაგალითად, ტელემაქეს პაპის პაპად მოუდის ზევსი (ზევსი - არკესიოსი - ლაერტე - ოდისევსი - ტელემაქე), ამიტომაც მათ ეპითეტებში ღვთიური წარმოშობაა ასახული: თეოეიდეს, ანტითეოს - „ღვთისდარი“, „ღვთისსწორი“, თეიოს - „ღვთიური“, დიოს - „ზევსური“, დიოტრეფეს - „ზევსის გამოკვებილი“ (თარგმანში: „ზევსის ნებიერი“) და სხვ.
[13] „გაიზიარე ჩვენი მეგობრული სუფრა. მერე კი გვაუწყე შენი ამბავი“ - ამგვარი მიმართვა სტუმრისადმი ჩვეულებრივია „ოდისეაში“. აქ ასახულია სტუმარმასპინძლობის არქაული, კეთილშობილური წესი, რომლის მიხედვითაც სტუმრებულ უცხო კაცს შეხვედრისთანავე არ ჰკითხავენ ვინაობას. საქართველოსა და კავკასიის მთიანეთში დღესაც ცოცხალია ეს ჩვეულება და ლიტერატურაშიც არის ასახული (გავიხსენოთ თუნდაც ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“).
[14] ათინა პალასი - ამ ეპითეტით მარადქალწული ქალღმერთი წარმოგვიდგება ვითარცა გამარჯვების ღვთაება. პალასი (პალლას) სახელია ერთ-ერთი გიგანტისა, რომელიც ათინამ მოკლა.
[15] კითარა (კითარის) - ჩანგის ტიპის სიმებიანი საკრავი. ძველბერძნული ლხინის განუშორებელი ატრიბუტი. როგორც პოემიდან ჩანს, მისი თანხლებით იმღერებოდა საგმირო ეპოსი. ამგვარივე დანიშნულებისა იყო ფორმინგიც (ფორმინგს), რომელიც მხოლოდ სიდიდით განსხვავდება კითარისაგან.
[16] მოირები - ძირეული მნიშვნელობით სიტყვა მოირა „წილს“, „ხვედრს“ ნიშნავს. ვითარცა ქალღმერთნი, ზევსისა და თემიდას (სამართლიანობის ღვთაების) ასულნი ბედისწერას განაპიროვნებენ. ქართული მითოლოგიით წერა-მწერელნი.
[17] ფრინველთა ფრენის მეცნაური - როგორც ძველ ბერძნებში, ისე სხვა ძველ ხალხთა შორის გავრცელებული იყო ფრინველთა ბოინის მიხედვით წინასწარმეტყველება ანუ ორნითომანტია.
[18] ჰარპიები - ქალსახიანი მითური ფრინველები. ჰარპიებისგან გატაცებული ფიგურალურად ნიშნავს უგზო-უკვლოდ დაკარგულს.
[19] საფიხვნო - ეს სიტყვა, რომელიც ყველასათვის ცნობილია ვაჟას პოემებიდან („საფიხვნოს თავზე დაჯდების...“), ზუსტად გამოხატავს ბერძნ. „აგორეს“. ეს არის თემის, ანუ საზოგადოების შესაკრებელი მოედანი, სადაც საერთო რამ საქმე წყდებოდა. აქედან „ფიხვნობა“ საფიხვნოზე ლაპარაკს ნიშნავს, ისევე როგორც ბერძნ. „აგორეინ“.
[20] ბასილევსი - სპეციფიკურად ბერძნული ტერმინი, ნიშნავდა მეფეს ან უფრო ბელადს ტომისას, წინამძღოლს.
[21] ღვთისნასახი ოდისევსი - ისევე როგორც მისი სინონიმები „ღვთისშვილი“, „ღვთის ნაბადები“ ხევსურულ საკრალურ პოეზიაში ღვთიური წარმომავლობის პირთა ეპითეტებია (კოპალა, იახსარი...): „სამათასნი ვართ ღვთისნასახნი“, „ტიროდა ლაშარის ჯვარი ღვთის ნაბადების პირითა“ და სხვა მრავალი. ჩვენს თარგმანში იხმარება „ღვთის დანაბადიც“, ბერძნ. დიოგენეს ზუსტი შესატყვისი.
[22] ქიტონი - ძველბერძნული სამოსელი, ზემოთ ჩასაცმელი მოკლესახელოებიანი პერანგი, ქამრით შემორტყმული.
[23] ერინიები - შურისძიების ქალღმერთები. ისინი დედისეული გვარის დამცველები არიან. ამიტომაც ეშინია მათი ტელემაქეს. ერინიები დევნიდნენ დედისმკვლელ ორესტეს, ვიდრე მან აპოლონის ტაძარს (მამრული ინტერესების დამცველს) არ შეაფარა თავი.
[24] „ტელემაქეს წმინდა ძალმა“ - „წმინდა ძალი“ ბერძნ. იდიომატური გამოთქმაა და პიროვნების ღვთიურ წარმოშობაზე მიუთითებს.
[25] ჭალიკონი - ბერძნ. ძეფიროს - „დასავლეთის ქარი“, იხ. საბა.
[26] ცარვალი - ურანოს პოლიხალკოს, „მრავალსპილენძიანი ცა“ - ძვ. ბერძნული მსოფლგაგებით ცა სპილენძისაა. ცარვალი ხშირად გვხვდება ხევსურულ მითოლოგიურ ტექსტებში. ჩვენს თარგმანში ცის აღსანიშნავად იხმარება აგრეთვე თანამჟღერი, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვა ცარგვალი.
[27] დაიმონი - ღმერთი ჰომეროსის ეპოსში ორი სახელწოდებით აღინიშნება - თეოს და დაიმონ. თეოს ღმერთია თავისთავად, ყველა მიწიერ არსებაზე მაღლა მდგომი, ხოლო დაიმონ მაშინ ეწოდება ღმერთს, როდესაც ნაგულისხმევია მისი ზემოქმედება ადამიანზე, კეთილმყოფელი თუ ავის მომასწავებელი. ამ სახელით მაშინ იხსენიება ღმერთი, როდესაც კაცისთვის გამოუცნობია მისი მფარველი თუ დამღუპველი ღვთაების პიროვნული სახე.
[28] წილობები - ბერძნ. მოირა. ეს ბერძნული სიტყვა, ისევე როგორც მისი ქართული შესატყვისი, ორი მნიშვნელობით იხმარება: ხვედრი (ბედი) და საზიარებელი ხორცის ნაჭერი. იხ. ვაჟა: „შენდაც მშვიდობა, გაცოცხლოს თავის ქმრითა და წილობით“ („სტუმარ-მასპინძელი“); „მრიგეები ურიგებდნენ ლავაშებს, ხმიადსა და ქადის ნაჭრებს, ხორცის „წილობებს“.
[29] გერენიელი მხედარი - თქმულების მიხედვით ქალაქი გერენია ყოფილა ნესტორის სამშობლო თუ თავშესაფარი ადგილი, სადაც იგი თითქოს ჰერაკლეს მიერ პილოსის აოხრების შემდეგ გაქცეულიყოს.
[30] ამფიტრიტეს ტალღები - ანუ ზღვის ტალღები. ამფიტრიტე პოსეიდონის მეუღლეა, მასაც პოსეიდონის დარად სამკაპი უპყრია ხელთ. იგი ზღვის პერსონიფიკაციაა, როგორც ღვთაებრივი ჰეფესტო - ცეცხლისა.
[31] ატრიდები - ატრევსის ძენი, ატრევსიანნი ანუ აგამემნონი და მენელაოსი.
[32] ერის მწყემსი - ერისმთავართა ანუ მხედართმთავართა ეპითეტი. უპირატესად იხმარება აგამემნონის მიმართ, რადგან იგი იყო ტროას ომის სულისჩამდგმელი და ყველა სხვა ბასილევსზე აღმატებული.
[33] აედი - „მომღერალი“, რომელიც მუზის შთაგონებით ფორმინგის ან კითარის ხმაზე ეპიკურ თქმულებებს მღერის. „ოდისეაში“ ორი აედია გამოყვანილი - ითაკელი ფემიოსი და ფეაკელი დემოდოკე, ბრმა მგოსანი. ჰომეროსიც ხომ უსინათლო აედი იყო ძველი გადმოცემით.
[34] ნელევსი - ნესტორის მამა, ღვთაებრივი წარმოშობის მამრი, პოსეიდონის ძე. ნელევსს ამ ღმერთის წმინდა ცხოველის, ცხენის ძუძუ უწოვია. ამიტომ პილოსს პოსეიდონი მფარველობს.
[35] ჰადესი - ქვესკნელის მეუფისა და ხშირად თვით ქვესკნელის სამეფოს სახელი. თარგმანში ამ სიტყვას ალაგ-ალაგ ენაცვლება ქართული მითოლოგიის შავეთი და სულეთი. ვაჟა: „შავეთის მებატონესა სამჯერ დავუკარ თავია“; „სულეთს შავიდეს ხმლიანი, ლაღი ლაღისა ცხენითა“.
[36] კურატის შეწირვა ნესტორის კარზე - ანალოგიური საღვთო რიტუალი უკანასკნელ ხანამდე შემორჩა ჩვენს მთაში. ფშავში: „დასტურებმა სასაკლაოს ორმოსთან ყელ-ზარიანი კურატი მიიყვანეს. ხევისბერმა მას შუბლი შეუტრუსა“ (სერგი მაკალათია, ფშავი. 1934. გვ. 202); სვანეთში: დღეობის დღეს შესაწირავ ზვარაკს „რქებზე ანთებულ სანთლებს მიაკრავდნენ, ერთ სანთელს სახლის უფროსი (ანუ მახვში, შენიშვნა ჩვენია) აიღებდა და თავზე, ზურგსა და კუდთან ბალანს შეუტრუსავდა“ (ვერა ბარდაველიძე, სვანურ დღეობათა კალენდარი. 1, ახალწლის ციკლი. 1939. გვ. 9). კურატის შეწირვის რიტუალში რქებზე ანთებული სანთლების დადგმა და რქების ოქროთი დაფარვა ერთი და იმავე მნიშვნელობისაა.
[37] წესისამებრ შეკივლეს - კივილი, ქალ-რძალსა და ნესტორის მეუღლეს რომ აღმოხდებათ, შიშის კივილი არაა. ეს რიტუალური შეკივლებაა. ამგვარადვე იკივლებენ ოდისევსის სახლეული ქალები, როცა სისხლში მცურავ სასიძოებს დაინახავენ დარბაზში (თავი XXII). დიაცთა თვალში ესეც მსხვერპლშეწირვაა.
[38] ზველვა - ხმით გამოჯავრება. „სხვის მსგავსად საუბარი და სხვასავით სლვა და სიცილი და მისთანანი“ (საბა).
[39] ჰალოსიდნა - ბერძნ. „ზღვისგან შობილი“, ზღვათა დედოფლის, ამფიტრიტეს ეპითეტი.
[40] ფოკინი - „ზღვის ძაღლი“ (საბა), სელაპი.
[41] ცით მოდენილი მდინარე - იგულისხმება მდინარე ნილოსი.
[42] ელიზეუმის ველები - ნეტართა კუნძული, რომელიც ბერძენთა წარმოდგენით მდებარეობდა ქვეყნიერების უკიდურეს დასავლეთში, ოკეანის გადაღმა. იქ მსაჯულად მკვიდრობს ოქროსთმიანი რადამანთი, ზევსისა და ევროპას ძე. თავად მენელაოსიც, ელიზიუმის მომავალი მკვიდრი, ოქროსთმიანად არის წოდებული ჰომეროსის პოემებში. [43] კიპერიონი - ჭაობის სურნელოვანი ბალახი.
[44] ტითონი - ცისკრის ქალღმერთის, ეოსის, ქმარი, ფრიგიის ყოფილი მეფე. ეოსი შეევედრა ღმერთებს, გაეუკვდავებინათ მისი მეუღლე და ღმერთებმაც შეუსრულეს თხოვნა.
[45] ორიონი - გოლიათი მონადირე, რომელიც ეოსის სიყვარულისათვის არტემისს მოაკვლევინეს ღმერთებმა, მაგრამ სანაცვლოდ თანავარსკვლავედად აქციეს და ხომლის (პლეადების) მეზობლად დაადგინეს.
[46] ქარიტები - ზევსის ასულნი, სიტურფისა და სიხალისის განსახიერებანი (რომაელნი გრაციებს უწოდებდნენ).
[47] უხედნელი ქალწული - გასათხოვარი ქალის, ქალწულის ეპითეტი, რომელსაც ცოლქმრობის უღელი არ დადგმია ჯერ.
[48] „ჯერ დიასახლისს მიეახლე“ - ფეაკელთა ზღაპრულ ქვეყანაში აშკარად ჭვივის მატრიარქატის გადმონაშთები. დედოფალი არეთა ალკინოეს დარად არის პატივდებული და უფლებამოსილი. ქართული „დიასახლისი“ ზუსტად გამოხატავს ბერძნული დესპოინას მნიშვნელობას.
[49] ერექთეიონის ტაძარი - უძველესი ტაძარი ათენის აკროპოლისში, ქალღმერთ ათინას საღვთო ადგილი. ძვ.წ. 480 წელს სპარსელებმა დაანგრიეს, მაგრამ მის ადგილზე შემდგომ მასზე მშვენი ტაძარი ააგეს ბერძნებმა.
[50] პითოს სამისნო - სხვანაირად: დელფოს სამისნო. მდებარეობდა ფოკიდაში. პარნასის მთის კალთაზე, ბერძნები ამ ადგილს საბერძნეთისა და თვით ქვეყნიერების ცენტრად მიიჩნევდნენ. მითის მიხედვით აპოლონს აქ მოუკლავს ურჩხული პითო და სამისნო დაუარსებია. ამიტომ შერქმევია ამ ადგილს ეს სახელი.
[51] ფილოქტეტე - სახელგანთქმული მოისარი, რომელმაც ტროაში საბრძოლველად შვიდი ხომალდი წაასხა მეომრებითურთ, მაგრამ ლემნოსის კუნძულზე გაჩერებისას გველმა დაგესლა, და ოდისევსის რჩევით, იქვე დატოვეს. წინასწარმეტყველების თანახმად, მისი ისრის გარეშე ტროა ვერ უნდა აეღოთ ბერძნებს. ამიტომაც ილიონის უშედეგო ალყის უკანასკნელ წელს ოდისევსმა ლემნოსიდან წამოიყვანა იგი. განკურნებულმა ფილოქტეტემ მოკლა ომის მიზეზი პარისი და ტროაც აღებულ იქნა.
[52] სამანქანური ბადე - ეს სიტყვა ხევსურულ პოეზიაში გვხვდება. კერძოდ, თორღვას ლექსში. ასე ეწოდება სასწაულებრივ ჯაჭვის პერანგს: „ვეშაპ მყინვარში ნამყოფი გაუხდა მეგობარიო. – თორღვასა ჩასაცმელადა აჩუქა სამანქანიო“ (აკაკი შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული, გვ. 349).
[53] ხარის გამოშვების ჟამი - ასევეა დედანში ბულიტონდე (სიტყვებიდან ბუს - ხარი, ლიო - გაშვება). ჟამი, როცა მზე სამხრეთით გადავა და მინდვრის სამუშაო დამთავრდება. ქართული გამოთქმა, რომელიც ასე ზუსტად შეესატყვისება ბერძნულს, დადასტურებულია ქართლურ დიალექტში (ნიკო ლომოურის პროზაში), ლეჩხუმში ამბობენ „ხარისდაღლა“.
[54] დრემლა - ცხვრის კურკლი (დადასტურებულია ალექსანდრე ყაზბეგის პროზაში).
[55] არვინ - (უტის), ზოგიერთი მკვლევარის აზრით, „უტის“ ოდისევსის სახელის ნაირსახეობა უნდა ყოფილიყო (უტის/ოდის) და თითქოს აქედანვე უნდა მომდინარეობდეს მისი ლათინური სახელწოდება ულიქს-ულის დონისა და სანის შენაცვლების შედეგად.
[56] მოლი (ბერძნ.). ამ მაგიური, გრძნობის დამხსნელი ბალახის სახელწოდება რუსთველისეულ „მოლს“ მოგვაგონებს: „მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა“. შესაძლებელია, მათ შორის ეტიმოლოგიური კავშირიც იყოს (მოლი - ბალახი).
[57] ტირეზია - თებელი უსინათლო მისანი, რომელიც ჯერ კიდევ ტროას ომამდე მისნობდა. შვიდი წლის ასაკში ღმერთებმა თვალისჩინი წაართვეს, რადგან მათი საიდუმლო განგება გამოუცხადა მოკვდავთ. ამის სანაცვლოდ დღეგრძელობა მიენიჭა ტირეზიას და შვიდი თუ ცხრა თაობის განმავლობაში უტყუარად მისნობდა.
[58] ერებოსი - პირველქმნილი წყვდიადი, საიდანაც მითის მიხედვით იშვნენ ეთერი და დღე. ამავე დროს ერებოსი ეწოდება ქვესკნელის იმ ადგილს, საიდანაც მზეგადასულთა სულები ჰადესის სამეფოში შედიან.
[59] მშვილდოსან არტემისის ანაზდეული ისარი - ფიგურალური თქმა მოულოდნელი სიკვდილის გამოსახატავად.
[60] ოჩხარი - საერთო ხარჯით გამართული ნადიმი. სხვანაირად ფსონი.
[61] კასანდრა - პრიამოსის ასული. მისანი ქალწული ტყვედ ჰყავდა ტროადან წამოყვანილი აგამემნონს.
[62] ძაღლთაპირი - (კინოპის). სიტყვ. „ძაღლისსახიანი“, ნიშნავს ურცხვს. ამავე მნიშვნელობისაა მეორე სიტყვა კინტეროს - „ძაღლური“.
[63] კოლხეთი - დედანში ეს სახელწოდება არ არის ნახსენები. იქ ნათქვამია: პარ აიეტიაო - „აიეტისგან (მომცურავი)“. აიეტის ქვეყანა იგივე კოლხეთია, რომელსაც ერქვა აგრეთვე აია ან აიაია. თარგმანში დაშვებულია უმტკივნეულო ანაქრონიზმი. მით უმეტეს, გამორიცხული არ არის, რომ ჰომეროსის ეპოქაშიც სცოდნოდათ ელინებს ჩვენი უძველესი ქვეყნის ადგილობრივი სახელი, როგორც მოგვიანო ხანაში იყო ფართოდ ცნობილი - „კოლხის“.
[64] „შვიდი ნახირი... თითოეულში ორმოცდაათ-ორმოცდაათი ცხვარ-ძროხა“ - ეს რიცხვი არ არის ნებისმიერი. აქ იგულისხმება 50 შვიდდღიანი კვირა, რაც მთვარის წელიწადს შეადგენს. ძროხები და ცხვრები დღე-ღამეს გამოხატავენ.
[65] ღამის მესამე სახმილავი, „ღამის მესამე ნაწილი“. ღამეს სამ ნაწილად ყოფდნენ ძველები, სამ სახმილავად ანუ სადარაჯოდ (ხმილვა - დარაჯობა): „სახმილავი - სამი ჟამი ღამისა ერთი სახმილავი არს მხმილავთა წესითა“ (საბა).
Комментариев нет:
Отправить комментарий