რუსეთის აქტიური პოლიტიკა კასპიისპირეთში
XVI საუკუნის
მეორე ნახევრიდან იწყება და უკავშირდება
1556 წელს ივანე მრისხანის მიერ ასტრახანის სახანოს დაპყრობას, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რუსეთის, კავკასიის, მცირე თუ შუა აზიისა და მახლობელი აღმოსავლეთის
ისტორიაში.
უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული
პუნქტის _ ასტრახანის _ შეერთებით მოსკოვის სამთავრომ გასასვლელი მოიპოვა კასპიის ზღვაზე, რამაც მას ამ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ჩარევის შესაძლებლობა მისცა.
სამხრეთით ტერიტორიული
გაფართოვებისთვის ხელსაყრელი ვითარება რუსეთს
1578-1590 წლების ოსმალეთ-სპარსეთის ომის დროს დაუდგა. ამ დროს კავკასიელ მფლობელებთან
დიპლომატიური მოლაპარაკებებით რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ კი, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე _
მდინარე თერგის კასპიის ზღვასთან შესართავთან რუსული ციხე-ქალაქ ტერკი ააშენა (1589 წელს) [7, 143; 12, 14, 20, 38, 57]. ამ ღონისძიებით
მან კონტროლის ქვეშ მოაქცია ჩრდილო კავკასიაზე გამავალი სავაჭროსატრანზიტო გზა და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის სახანოები, რითაც მათზე ოსმალეთის პოლიტიკური გავლენა შეასუსტა.
რუსეთს შორსმიმავალი
გეგმებიც ჰქონდა, რაც დარუბანდის გასასვლელს უკავშირდებოდა.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა სპარსეთის შაჰმა ხუდაბენდემ
1586 წელს, ოსმალების წინააღმდეგ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რუსეთს დარუბანდის, შემახასა და ბაქოს დათმობა აღუთქვა
[12, 42; 11, 49, 51]. რუსეთის ქვეშევრდომებმა სპარსელებთან ერთად დარუბანდთან მართლაც იბრძოლეს, თუმცა წარუმატებლად.
1590 წელს, სპარსეთსა და ოსმალეთს შორის ქ. სტამბოლში დადებული ზავის მიხედვით, მთელი კავკასია და მათ შორის დარუბანდიც ოსმალების ხელში გადავიდა, რის შემდეგაც რუსმა ელჩებმა აქტიური მოქმედება დაიწყეს აბას I-ისგან ხუდაბენდეს დანაპირებზე _ დარუბანდის რუსეთისთვის
გადაცემაზე _ წერილობითი თანხმობის მისაღებად, თუმცა უშედეგოდ. ახალი შაჰი მათ პასუხობდა, რომ ის რუსეთს დარუბანდთან
ერთად ბაქოსა და გილიანსაც დაუთმობდა, თუკი რუსული ჯარი დარუბანდს ოსმალებისგან გაანთავისუფლებდა [11, 51; 12, 564].
XVI საუკუნის
80-იან წლებში დაიწყო რუსეთისა და კახეთის სამეფოს ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობები.
კახეთის
პოლიტიკურ წრეებში ფიქრობდნენ, რომ სწორედ რუსეთი იყო ის ძალა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოსთვის
დილემად ქცეული დაღესტნის საკითხის მოგვარება შეეძლო. ქართული მხარისთვის და საერთოდ, მართლმადიდებლური სამყაროსთვის,
გაიზარდა
მოსკოვის სამთავროს რელიგიური დატვირთვაც, რომელიც ოსმალების ბატონობისგან თავისუფალი ერთადერთი ქრისტიანული
ქვეყანა
იყო ამ პერიოდში. კახეთის მეფისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა
ჯარის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღება და ზარბაზნის ხელოსნების კახეთში გამოგზავნა, რასაც გამუდმებით ითხოვდა მოსკოვის მეფისგან [12, 240].
სპარსეთის ტახტზე ასული უძლიერესი მმართველის შაჰ-აბას I-ის (1587-1626) დროს ქვეყანამ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა, რუსეთი კი ამ რეგიონში პასიურ როლს დასჯერდა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა შესაფერისი დროისთვის გადადო.
XVIII საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლეთ კავკასიის საკითხმა რუსეთის პოლიტიკურ გეგმებში კვლავ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი, რაც სპარსეთის დასუსტების გამო მისი ტერიტორიების შესაძლო დაშლა-გადანაწილებას უკავშირდებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისიდან სპარსეთის მდგომარეობის უკიდურესობამდე გართულება ერთის მხრივ, ავღანელთა აჯანყებებით, მეორეს მხრივ, სპარსეთის ჩრდილოეთ პროვინციებზე დაღესტნელთა ბოლომოუღებელი თავდასხმებით იყო გამოწვეული. ავღანელების ბრძოლა სპარსეთის წინააღმდეგ XVIII საუკუნის 20-იან წლებში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. თუ აქამდე ავღანელები სეფიანთა ბატონობისაგან საკუთარი ქვეყნის განთავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ახლა ისინი სპარსეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ისახავდნენ მიზნად. ავღანელებმა 1722 წლის 8 მარტს ისპაჰანიდან 25 კილომეტრის მოშორებით სოფელ გიულნაბადთან გაანადგურეს სპარსელთა არმია და ალყა შემოარტყეს ისპაჰანს [3, 64-65].
XVIII საუკუნის დასაწყისში ურთულეს მდგომარეობაში მყოფი სპარსეთი აჯანყებულ ავღანელებს ქართველთა ხელით ებრძოდა. ამ კარგად გათვლილი და ვერაგი გეგმით შაჰის კარი რამდენიმე საქმეს ერთდროულად აგვარებდა: ასუსტებდა როგორც ავღანელთა, ისე ქართველთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ფაქტიურად უზრუნველყოფდა ქართლ-კახეთის სპარსეთისადმი მორჩილებას. ქვეყანა, რომლის მეფე, წარჩინებულთა უმეტესობა და საუკეთესო მეომრები სპარსეთის შაჰის მძევლები იყვნენ და სამშობლოსგან მოშორებით, ავღანელებთან დაუსრულებელ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი, რა თქმა უნდა, სეპარატიზმზე არც იფიქრებდა და სპარსეთის მეფის ნების უსიტყვო შემსრულებელი ხდებოდა. ავღანეთში ქართველების ყოფნა უარყოფითად აისახებოდა საქართველოს სამხედრო პოტენციალზეც, რადგანაც ავღანელებს უპირისპირდებოდნენ ყველაზე ბრძოლისუნარიანი და გამორჩეული ქართველი მეომრები, ავღანელებთან ბრძოლას შეეწირნენ ქართლის მეფეები: გიორგი XI (1703-1709), ქაიხოსრო (1709-1711) და უსახელო ქართველ მეომართა მთელი თაობები.
ამავე პერიოდში ამიერკავკასიისა და სპარსეთის ჩრდილოეთი პროვინციების მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში დაღესტნელთა მარბიელი რაზმები იყვნენ „ჩამსხდრები“ და სისტემატიურად არბევდნენ მოსახლეობას. დაღესტნელთა მიერ არჩეული ბრძოლის ტაქტიკის გამო, მათთან ბრძოლა დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა. „ლეკიანობა“ უმძიმესი ტრაგედია იყო სპარსეთისთვის, რომელიც „არყევდა მის ძლიერებას და სცემდა შაჰის ავტორიტეტს“ [3, 62]. ლეკთა საკითხის მოგვარებაში ქართველთა და სპარსელთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა.
ავღანელთა მსგავსად დაღესტნის საკითხის მოგვარებასაც სპარსეთის სახელმწიფო ქართველთა მეშვეობით ცდილობდა. პირველისგან განსხვავებით, სადაც ქართველ-ავღანთა დაპირისპირების ინსპირატორი სპარსეთი იყო (რადგანაც ქართველებსა და ავღანელებს არაფერი ჰქონდათ გასაყოფი), მეორე შემთხვევას უშუალო კავშირი ჰქონდა ქართულ სახელმწიფოსთან, რომლის ძირძველი კუთხე _ ჭარ-ბელაქანი _ ავარ-წახურელებს ჰქონდათ მიტაცებული და დაღესტნელთა თავდასხმების პლაცდარმად იყო ქცეული. აღმოსავლეთ საქართველოს მესვეურები არაერთხელ შეეცადნენ დაკარგულის დაბრუნებას [10, 263], თუმცა, კახეთში ჩამოსახლებული დაღესტნელების მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ქართველების ყველა ცდა მარცხით დამთავრდა, რადგანაც ავარელ-წახურელთა მიერ დაკავებულ ტერიტორიას მთელი დაღესტანი იცავდა და საჭიროების შემთხვევაში ჭარ-ბელაქნელთა რიგები განუზომლად იზრდებოდა. დაღესტნელები, რომლებიც თავიანთ სამშობლოში სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ ერთმანეთთან გადაკიდებულნი, ჭარ-ბელაქნის საკითხში ერთიანდებოდნენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდნენ ქართველების დაუდევრობით ხელში ჩაგდებულ მონაპოვარს _ ამიერკავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მდიდარ პროვინციებზე თავდასხმის საუკეთესო პლაცდარმს, ერთგვარ შუალედურ რგოლს, თავშესაფარს, სადაც სამშობლოდან საძარცვავად მომავალნი თუ უკან, საკუთარ მიწა-წყალზე ნაძარცვით დატვირთულნი, რთული და მომქანცველი გზის თუ ბრძოლის შემდეგ ისვენებდნენ და ძალას იკრებდნენ. ეს ტერიტორია მათთვის ბარში გამოზამთრების შესაძლებლობაც იყო, რაც ზამთრის პერიოდში თავდასხმებსაც ნიშნავდა. ეს კი ამძიმებდა ამიერკავკასიის მოსახლეობის მდგომარეობას.
1716 წელს ქართლის მეფედ (გურჯისტანის ვალად) დამტკიცებული ვახტანგ VI, შაჰმა ტრადიციისამებრ ჯერ ავღანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა, შემდგომ კი, 1719 წელს, ავღანეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მინელების შემდეგ, სავარაუდოდ, დაღესტნელთა საკითხის მოსაგვარებლად, ქართლში დააბრუნა. ვახტანგ VI კახეთის მეფე დავით იმამ-ყული ხანთან (1703-1722)
კავშირში შეეცადა დაღესტნელთა თავდასხმების აღკვეთას. 1720 წელს ვახტანგმა ჭარ-ბელაქნის დასამორჩილებლად კახეთში გაგზავნა საბარათიანოს ლაშქარი ერასტი ყაფლანიშვილის (ორბელიანის) მეთაურობით, თუმცა კახეთის მეფემ ვერ გაბედა ჭარ-ბელაქანზე თავდასხმა. როგორც ჩანს, იგი ხელსაყრელ მომენტს ელოდა ლეკებზე იერიშისთვის, თუმცა არ იყო რა დარწმუნებული ქართველთა გამარჯვებაში, სიფრთხილე გამოიჩინა და ჭარბელაქნის საკითხის მოგვარება მომავლისთვის გადადო. სამი თვის ლოდინის შემდეგ ქართლის ჯარმა კახეთი უბრძოლველად დატოვა [8, 410]. ქართველი პოლიტიკოსებისთვის აშკარა იყო, რომ ყოველი დამარცხება დაღესტნელთა გამარჯვებას და გაძლიერებას ნიშნავდა, რაც ჭარ-ბელაქნის დაბრუნებას სულ უფრო აძნელებდა.
1720 წლის ზამთარში ლეკების წინააღმდეგ უკვე სპარსეთის შაჰმა გაგზავნა შირვანის ბეგლარბეგი. კახთა მეფე საქმეში არც ამჯერად გაერია. ცხადია, ის გამარჯვებაში დარწმუნებული არ იყო და შიშობდა, დამარცხება შაჰს მისთვის არ დაებრალებინა. ჭარელები სპარსელებს თავს დაესხნენ და მთელი ჯარი ამოწყვიტეს. მოკლეს ბეგლარბეგიც [3, 63; 8, 410]. ეს მიანიშნებს იმას, რომ ქართლ-კახეთის პოლიტიკური წრეები რეალურად აფასებდნენ არსებულ ვითარებას _ მათთვის ჭარ-ბელაქანი საკმაოდ სახიფათო მეზობელი იყო და მისი დამარცხება ადვილ საქმეს არ წარმოადგენდა.
1721 წელს ვახტანგ VI სპარსეთის შაჰის მიერ ოფიციალურად იქნა დანიშნული სამხრეთ აზერბეიჯანის სპასალარად. შაჰმა ვახტანგს ჭარზე ლაშქრობა დაავალა. ვახტანგი დიდი ლაშქრით გაემართა განჯის სახანოსკენ, სადაც ადგილობრივი სუნიტი მოსახლეობის ხელშეწყობით ლეკთა მრავალრიცხოვანი რაზმები იყო განლაგებული. „ქართველებმა შეუტიეს მტერს ზეგამში, შამქორში, ბარდაში, ჭარში და თითქმის ყველგან სასტიკად დაამარცხეს ისინი. შეშინებულმა ლეკებმა აზერბეიჯანული პროვინციებიდან უკან დაიხიეს და ჭარ-ბელაქანში განლაგდნენ. მათ ვახტანგსა და სპარსეთის შაჰს მორჩილება აღუთქვეს. ქართველ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა არა მარტო გაერეკა მოთარეშე რაზმები, არამედ აღეკვეთა თარეშის შესაძლებლობა და ჭარ-ბელაქანი (თავდამსხმელთა მთავარი პლაცდარმი) დაეპყრო. ვახტანგს ამ საქმეში მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ სომეხი მეომრები [8, 411-412]. დაღესტნელთა თარეშის აღკვეთას სპარსეთისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა შაჰის კარზე ეშინოდათ ქართლ-კახეთის გაძლიერების, რაც, მათი აზრით, ქართველთა მიერ აღმოსავლეთ კახეთის ხელახალ შეერთებას მოჰყვებოდა [2, 329]. როგორც ჩანს, ამით აიხსნებოდა, რომ შაჰმა ვახტანგს დაღესტნელთა წინააღმდეგ ლაშქრობა მოაშლევინა და თბილისში დაბრუნება სწორედ იმ მომენტში უბრძანა, როდესაც ქართველთა გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა [8, 412; 3, 64]. შაჰის ასეთ პოლიტიკას მძიმე შედეგები მოჰყვა თვით სპარსეთისთვის. დაღესტნელთა თავდასხმები გაძლიერდა და პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. 1721 წლის 7 აგვისტოს დაღესტნელებმა ქალაქი შემახია აიღეს, ააოხრეს იგი და ოსმალეთის მორჩილება გამოაცხადეს. ეს შემთხვევითი სულაც არ იყო. ოსმალეთში სპარსეთთან ომისთვის ემზადებოდნენ, რამაც რუსეთის ჩაბმა აღნიშნულ კონფლიქტში, დააჩქარა.
პეტრე I-ის რეფორმების შემდეგ გაძლიერებულმა რუსეთმა 1721 წელს შვიდწლიანი ომი დაამთავრა და ნიშტადის ზავი დადო. პეტრე I-ის ბრძანებით, ქვეყანაში სამხრეთის ლაშქრობისთვის მზადება დაიწყო. რუსეთის პოლიტიკური წრეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სპარსეთის გავლენის სფეროში შემავალი კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპირო, რომლის დაპყრობაც რუსეთის უახლოეს პოლიტიკურ გეგმებში შედიოდა. 1721-1722 წლების ზამთარში ვოლგისპირეთის ქალაქებში კასპიისპირეთის ფლოტის მშენებლობა მიმდინარეობდა. პეტრე I ლაშქრობის დაწყებას 1723 წლის ზაფხულში ფიქრობდა, თუმცა სპარსეთში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო (1722 წლის მარტში ავღანელებმა ისპაჰანს ალყა შემოარტყეს, ოსმალები კი სპარსეთში შესაჭრელად ემზადებოდნენ), პროცესები დაჩქარდა და ჯარების ასტრახანში შეკრება 1722 წლის 18 ივლისისთვის დაითქვა. სამხრეთის ლაშქრობის საბაბად ქალაქ შემახაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების (ვაჭრების) დაცვა და დაღესტნელი მფლობელების: დაუდ-ბეგისა და სურხაი-ხანის დასჯა იქნა გამოცხადებული, რომლებმაც 1721 წელს შემახაში მყოფი რუსი ვაჭრები გაძარცვეს და დახოცეს [6, 22].
ლაშქრობის მზადების პროცესში რუსეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მოკავშირეების საკითხს, რომელთა შორის ქართლის მეფე ვახტანგ VI-ეც მოიაზრებოდა. ვახტანგსა და პეტრე I-ს შორის ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობის ორგანიზებას ითვალისწინებდა.
1721 წლის ნოემბერში ვახტანგი უკვე რუსეთის სამეფო კარს ლაშქრობის მზადყოფნის შესახებ აცნობებდა. ვახტანგ VI იმედოვნებდა, რომ რუსეთის დახმარებით საქართველოს სპარსელთა ბატონობისაგან გაანთავისუფლებდა, დაღესტნის საკითხს მოაგვარებდა და ოსმალეთის მიერ მიტაცებულ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებს დაიბრუნებდა.
რუსეთთან სამხედრო კავშირის დამყარების საკითხი ქართლის სამეფო დარბაზის სხდომაზე იქნა განხილული. დიდებულთა ნაწილი ამ კავშირის წინააღმდეგი იყო, რადგანაც ამას შესაძლოა სპარსეთისა და ოსმალეთის გაღიზიანება მოჰყოლოდა, რაც საქართველოს სახიფათოდ შემოუბრუნდებოდა [14, 137]. ვახტანგ VI ამ მოსაზრებას არ იზიარებდა. ის ფიქრობდა, რომ შექმნილ ურთულეს ვითარებაში ამიერკავკასიაში რუსეთის ლაშქრობისას პეტრე I-თან მოკავშირეობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო [4, 382].
რუსეთთან მოლაპარაკების პერიოდში ვახტანგს ოსმალეთიდან აცნობეს, რომ ოსმალეთის სულთანი მას სპარსეთზე ლაშქრობაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი მთელ საქართველოში გამეფებას ჰპირდებოდა. ქართლის მეფემ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და ყველაფერი პეტრე I-ს შეატყობინა [1, 82].
1722 წლის მარტში, მაშინ როდესაც ავღანელებმა ალყა შემოარტყეს ისპაჰანს [3, 64-65], სპარსეთის გვარდიის მთავარსარდლობა შაჰმა ბაქარ ვახტანგის ძეს დაავალა. ბაქარი რუსეთთან კავშირის წინააღმდეგი იყო. მან მაისში ჯარი შეყარა და სპარსეთის მისაშველებლად გაემართა. აღნიშნული ლაშქრობა ვახტანგის ბრძანებით შეჩერდა [3, 65].
ამის შემდეგ შაჰმა ვახტანგს ლეკთაგან შეწუხებული განჯელების დახმარება დაავალა. ვახტანგ VI განჯისკენ დაიძრა. ვახტანგის ლაშქრის შამქორს მისვლისთანავე ლეკებმა დატოვეს განჯა. 1722 წლის მაისში ვახტანგი განჯიდან თბილისში დაბრუნდა. ზემოთ მოყვანილი ფაქტები (ვახტანგის მიერ ოსმალეთისთვის მოკავშირეობაზე უარის თქმა, ისპაჰანის მისაშველებლად ქართველთა ლაშქრობის ჩაშლა და განჯაში მყოფი ლეკების წინააღმდეგ გალაშქრება) მიუთითებს ვახტანგის სახელმწიფოებრივ კურსზე. მრავალი ისტორიკოსი მომდევნო პერიოდში საქართველოში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის მიზეზად ვახტანგ VI-ის მიერ სპარსეთისა და ოსმალეთისთვის ზურგის შექცევას მიიჩნევს. შეცდომად უთვლიდნენ ქართველ მეფეს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თანამედროვენიც. ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებთ და ვახტანგ VI-ის საქციელს შემდეგ ახსნას ვუძებნით: ვახტანგისთვის ოსმალებისა და სპარსელებისგან შეთავაზებული მეფობა კი არ იყო მთავარი, არამედ უმძიმესი მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა. ბუნებრივია, ისმის კითხვა: ოსმალეთის ბატონობის პირობებში შეძლებდა კი ქართლის მეფე ვახტანგ VI ქვეყნის უმთავრესი პრობლემის _ დაღესტნის საკითხის მოგვარებას? ცხადია, რომ ოსმალეთი, რომელიც მოკავშირეობისთვის ვახტანგს გამეფებას ჰპირდებოდა, ამ პერიოდში დაღესტნის საკითხის მოგვარებას, პოლიტიკური ნების შემთხვევაშიც, ვერ შეძლებდა. მითუმეტეს, რომ ის მუსლიმური სარწმუნოების ერთიდაიგივე მიმდინარეობისადმი (სუნიზმი) კუთვნილების გამო, იყო დაღესტნელების მხარდამჭერი და წამქეზებელი. თუ ოსმალები გაიმარჯვებდნენ, კავკასიაში დამყარდებოდა პორტას შეუზღუდავი ბატონობა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ქართლ-კახეთის მიმართ ოსმალეთის კეთილგანწყობა გაგრძელდებოდა ქართველების სრულ მორჩილებამდე, ლეკები უფრო გაძლიერდებოდნენ, რაც მოვლენების შემდგომმა განვითარებამაც დაადასტურა _ 1727 წელს ოსმალეთმა ჭარ-ბელაქანს დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სტატუსი მიანიჭა. ასეთ ვითარებაში ქართლის მეფე ვახტანგ VI ალბათ, ბევრს ვერაფერს შეცვლიდა. ეს კარგად იცოდა ვახტანგმა და სულთნის ამ წინადადებას არ დათანხმდა.
ქართლის მეფე არც ისპაჰანში ავღანელებისგან ალყაშემორტყმულ შაჰს დაეხმარა და გასაკვირიც არაფერია. სპარსეთის გამარჯვების შემთხვევაში, აშკარაა, რომ ქართველებს ისევ ავღანეთში ბრძოლა ელოდათ; წარსულის გამოცდილებამ გამოაჩინა, რომ სპარსეთს დაღესტნის საკითხის მოგვარება რომც შეძლებოდა, ამისი სურვილი არ ჰქონდა, რადგანაც ქართველების გაძლიერების ეშინოდა. მისთვის გაცილებით სასურველი იყო გამუდმებით ერთმანეთთან მოქიშპე ქართველები და დაღესტნელები.
რაც შეეხება 1722 წლის მაისში განჯაში „ჩამსხდარი“ ლეკების წინააღმდეგ გალაშქრებას, ეს ქართლ-კახეთის სამეფოს ინტერესებშიც შედიოდა და ვახტანგმაც, შაჰის ეს ბრძანება შეასრულა _ სპარსელთა ჯარი, რომელსაც ვახტანგი ხელმძღვანელობდა, მართალია, ვერ გადაწყვეტდა დაღესტნის საკითხს, მაგრამ დაასუსტებდა მაინც მას.
აშკარაა, რომ როგორც კი პოლიტიკურმა ვითარებამ მისცა შესაძლებლობა, ვახტანგ VI-მ მაშინვე დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, რომლის დროსაც მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებდა. მისი მოსაზრებები, რომელიც ქართლ-კახეთის მომავალს უკავშირდება, განსხვავდებოდა ქვეყნის პოლიტიკური ელიტის სახელმწიფოებრივი შეხედულებებისგან. მოცემულ მომენტში მესამე ძალასთან, ამ შემთხვევაში რუსეთთან კავშირი, ვახტანგისთვის ის შესაძლებლობა იყო, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. ვახტანგის დაკვირვებით, საქართველოს უახლოეს მომავალში ოსმალეთისა და სპარსეთისთვის ზურგი იმიტომ კი არ უნდა ექცია, რომ ისინი საქართველოს ისტორიული მტრები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი, სურვილის შემთხვევაშიც, ვერ გადაჭრიდნენ იმ საკითხს, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ტრადიციულად, ქართულ პოლიტიკურ წრეებში გაბატონებული შეხედულებით, დაღესტნის საკითხის მოგვარება მხოლოდ ჩრდილოეთიდან და რუსეთის საშუალებით იყო შესაძლებელი. აღნიშნულ მოსაზრებას, როგორც ჩანს, ვახტანგიც იზიარებდა. შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაც ამ იდეის განხორციელებისთვის შესაფერისი ჩანდა. რუსეთზე ორიენტაცია არ ნიშნავდა მხოლოდ ერთმორწმუნეობის გამო გაკეთებულ არჩევანს (რაც ისტორიკოსთა მიერ წინა პლანზეა წამოწეული ქართული სახელმწიფოს რუსული ორიენტაციის მიზეზების განსაზღვრისას, _ თუმცა რელიგიური ფაქტორი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო), _ არც სიძლიერეს და ოსმალეთთან და სპარსეთთან შედარებით სუფთა წარსულს საქართველოსთან ურთიერთობაში, ეს ნიშნავდა საქართველოსა და რუსეთის ინტერესთა თანხვედრას დაღესტნის საკითხში _ ქართლ-კახეთს დაღესტნის მხრიდან თავდასხმების აღკვეთა სურდა, რუსეთს კი, რომელიც უკვე გაუმეზობლდა დაღესტანს, მისი ტერიტორიის დაპყრობა. რუსეთის დაღესტანთან ომში ჩაბმა საქართველოს ამოსუნთქვის და ამ საუკუნოვანი პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას მისცემდა.
ვახტანგ VI-მ კარგად იცოდა, რომ ის ვერ შეცვლიდა რუსეთის სახელმწიფოებრივ კურსს და კორექტირებას ვერ შეიტანდა მის გეგმებში, პეტრე I მხოლოდ საქართველოს ინტერესებისთვის არ იბრძოლებდა, მაგრამ ცდილობდა ძლიერი ქვეყნის მიერ წარმოებულ პოლიტიკაში მოენახა გადაკვეთის წერტილი, რომელიც მისი სამშობლოსთვის იქნებოდა სასარგებლო. საფუძველშივე არასწორია ისტორიკოსთა მტკიცება ქართველების მიერ რუსების კავკასიაში შემოყვანისა და კახეთის რუსეთთან ურთიერთობის დამყარების შემდგომ დაღესტნელთა თავდასხმების გაძლიერების შესახებ. დაღესტნელთა საკითხის მოუგვარებლობას მოჰყვა რუსეთის მეფისადმი კახეთის მეფის საჩივრები შამხლის მტრული მოქმედებების შესახებ და არა პირიქით. პოლიტიკურ უგუნურებადაა მიჩნეული ქართველების ბრძოლა დაღესტნელების წინააღმდეგ. ამ მოსაზრებების ფონზე, რა შეფასება შეიძლება მიეცეს დაღესტნელთა ბოლომოუღებელ თარეშს საქართველოში XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული. თუ არა ეს თავდასხმები, ქართველი მეფეები ხომ არასდროს იფიქრებდნენ კავკასიელი მეზობლების წინააღმდეგ რაიმე სახის საბრძოლო ოპერაციის ჩატარებაზე. მათ ამისი არც სურვილი ჰქონდათ და ბუნებრივი ზღუდის _ კავკასიონის გამო, არც შესაძლებლობა.
სწორედ ამ მიზეზების გამო გახდა ვახტანგ VI პეტრე I-ის მოკავშირე და დათანხმდა მის შეთავაზებას რუსების ლაშქრობის მომენტში თავისი ჯარით განჯასთან დაბანაკებულიყო და ოსმალებსა და დაღესტნელებისთვის გზა გადაეკეტა [14, 75-76]. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა პეტრე I-ისა და სპარსეთის შაჰის ინტერესები _ ეს უკანასკნელიც სპარსეთის ჩრდილოეთი პროვინციების დაღესტნელთა და ოსმალთა თავდასხმებისგან დაცვის მიზნით ვახტანგის განჯასთან დაბანაკებას ითხოვდა. თუმცა რუსეთის მიზანს ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ უკვე დასახელებულ ამოცანასთან ერთად შეადგენდა ვახტანგის ჯარის რუსეთის ლაშქართან შეერთება, რაც დერბენტის სამხრეთით ნიზაბადთან, როგორც რუსები მას უწოდებენ „ნიზოვოისთან“, უნდა მომხდარიყო. გეგმის მიხედვით, დერბენტის დაკავების შემდეგ რუსეთის ჯარს გზა სამხრეთის მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა და ხელში უნდა ჩაეგდო ბაქო.
რუსეთის არმია ქალაქ დერბენტთან 23 აგვისტოს მივიდა. დერბენტელებმა ქალაქის უომრად ჩაბარების გადაწყვეტილება მიიღეს. ქალაქის ნაიბი იმამ ყული ბეკი პეტრეს გამოეგება, ქალაქის გასაღები და წიგნი „დერბენტ-ნამე“ მიართვა. რუსებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს ქალაქის მცხოვრებლებმა. პეტრე I არც მოელოდა და გაკვირვებულიც იყო დერბენტელების გულწრფელი ზეიმით [13, 53]. რუსეთის ჯარი ქალაქთან დაბანაკდა. იმპერატორი დერბენტის ხანის სახლში დააბინავეს.
ვახტანგ VI განჯასთან 1722 წლის აგვისტოს მიწურულიდან იდგა. რუსეთის ჯარს დარუბანდიდან წინსვლა აღარ გაუგრძელებია. ლაშქრობის შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად კასპიის ზღვაზე ამოვარდნილი ქარიშხალი დასახელდა, რის შედეგადაც გემების ნაწილი დაზიანდა და საკვები გაფუჭდა. პეტრე I-მა არმიას უკან დაბრუნება უბრძანა. დარუბანდში რუსული გარნიზონი ჩადგა. რუსული არმიისთვის უკან მიმავალი გზა გაცილებით რთული და სახიფათო იყო. თაბასარანის, ყაიტაღის, უტემიშისა და ტარკის მოსახლეობა რუსებთან შებრძოლებას აშკარად ვერ ბედავდა, მაგრამ მტრობასაც აღარ მალავდა.
1722 წლის შემოდგომაზე რუსეთის ჯარი ასტრახანში დაბრუნდა. პეტრე I 1723 წლის გაზაფხულზე ახალ ლაშქრობას გეგმავდა კასპიისპირეთში [3, 78].
რუსებმა დაკავებულ ტერიტორიაზე თავისი პოზიციების გასამყარებლად კასპიისპირეთის მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეებში თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს. ჩრდილო კავკასიაში კი, მდინარე სოლაღზე ახალი ციხე-სიმაგრის აშენება დაიწყეს.
1722 წლის 12 ოქტომბერს შაჰმა სულთან ჰუსეინმა ვეღარ შეძლო დედაქალაქის დაცვა და ავღანელებს დანებდა. სპარსეთის ტახტის მემკვიდრე _ შაჰ-თამაზი ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს აფარებდა თავს. მან ვახტანგ VI-ს ჯარი სთხოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა დახმარებისგან თავი შეიკავა [8, 417].
ვახტანგი განჯიდან თბილისში ოდნავ მოგვიანებით დაბრუნდა. იგი პეტრე I-ის ელჩ პოდპორუჩიკ ტოლსტოის 24 ნოემბერს შეხვდა და მზადყოფნა გამოთქვა რუსეთის მიერ მომდევნო წლისთვის დაგეგმილ სამხრეთის ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებაზე. მან რუს ელჩებს აცნობა აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილი უმძიმესი საგარეო პოლიტიკური ვითარების შესახებ და რუსეთის ერთი დანაყოფის საქართველოში შემოყვანა მოითხოვა, რომელსაც სპარსელების ან ოსმალების წინააღმდეგ გამოიყენებდა, რომლებიც 1722-1723 წლებში ქართლში შემოსაჭრელად ემზადებოდნენ. სპარსეთს სათავეში ჩაუდგა ახალი შაჰი _ თაჰმასპი (შაჰ-თამაზი). მას კარგად ახსოვდა სპარსეთის ძნელბედობის დროს ვახტანგის უმოქმედობა, ამიტომ ვახტანგს ქართლი ჩამოართვა და კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს გადასცა [8, 419]. 1723 წლის 4 მაისს თბილისი სპარსელებს დანებდა. დამარცხებული ვახტანგი იძულებული გახდა გორისთვის შეეფარებინა თავი, თუმცა გორიც მალე დატოვა და ცხინვალში გადავიდა [8, 419-420].
პეტრე I-ის უკან დახევის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ ოსმალებიც. არზრუმის ფაშამ ვახტანგს შემოუთვალა, რომ ოსმალეთის სულთნის ძალაუფლება ეცნო. საგანგებოდ მოწვეულ დარბაზის სხდომაზე ქართლის წარჩინებულებმა ოსმალეთის წინადადებაზე დათანხმებას დაუჭირეს მხარი. ვახტანგი მოლაპარაკების გააჭიანურებას ცდილობდა [8, 420], თუმცა ოსმალები დროის დაკარგვას არ აპირებდნენ. ისინი თბილისს 1723 წლის ივნისში მოადგნენ. კახთა მეფე კონსტანტინემ უბრძოლველად დათმო ქალაქი, რის შემდეგაც ოსმალები მთელ ქვეყანაში გაბატონდნენ.
1723 წელს რუსებმა კვლავ ილაშქრეს კასპიისპირეთში და 23 ივლისს ბაქო დაიკავეს, რის შემდეგაც კასპიისპირეთის დასავლეთი ნაწილი რუსების ხელში აღმოჩნდა [3, 84].
1723 წლის 12 სექტემბერს დადებულ იქნა რუსეთ-სპარსეთის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთმა კონტროლი დაამყარა: დარუბანდზე, ბაქოზე, გილიანზე, მაზანდერანზე, ასტრაბადზე, თუმცა რუსებს ასტრაბადი და მაზანდარანი არ დაუკავებიათ [3, 84]. ოსმალები მეტად შეაშფოთა რუსების კასპიისპირეთში გაბატონებამ. მათ აღმოსავლეთ საქართველოს ახალი ძალით შეუტიეს. სულთანი პეტრე I-ს კატეგორიულად სთხოვდა, რომ კასპიისპირეთის ციხე-სიმაგრეებიდან თავისი ჯარები გაეყვანა. რუსეთი მიხვდა ვითარების მთელ სერიოზულობას და იმაშიც დარწმუნდა, რომ აღნიშნულ პერიოდში რუსეთს არ შესწევდა უნარი კავკასიაში სამხედრო ძალით თავისი პოზიციები შეენარჩუნებინა და ოსმალეთს მოლაპარაკებაზე დათანხმდა.
1724 წლის 12 ივლისს კონსტანტინეპოლში რუსეთ-ოსმალეთის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, ოსმალეთი ცნობდა რუსეთთან კასპიისპირეთის შეერთებას და ხელს იღებდა მთელი სპარსეთის დაპყრობაზე. თურქეთმა მიიღო: აღმოსავლეთ საქართველო, აღმოსავლეთ სომხეთი და ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. საზავო ხელშეკრულების შემდეგ რუსეთის სამეფო კარმა ვახტანგ VI-ისა და მისი მხლებლების შესახებაც იმსჯელა. მათ კასპიისპირა პროვინციებში მისცეს დასახლების უფლება.
ზავის დადების შემდეგ ოსმალებმა უფრო თამამად დაიწყეს თავისი ძალაუფლების დამყარება ქართლში. ვახტანგ VI მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყნისა და სამეფო ტახტის შენარჩუნების იმედით მან თურქებს 12 ჯორზე აკიდებული განძეულობა მიართვა [1, 505]. თურქებთანვე გაგზავნა ვაჟი _ ბაქარი და ძმა იესე. თუმცა თურქებმა ეს არ იკმარეს. მათ ვახტანგის არ სჯეროდათ და მისი ავტორიტეტის ეშინოდათ, ამიტომ იგი თურქეთში დაიბარეს. ვახტანგმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა. სულთნის ბრძანებით, ქართლის სამეფო ტახტი ვახტანგის ძმამ _ იესემ დაიკავა. იესე ოსმალთა მხარეს გადავიდა და ვახტანგსა და ზოგადად, ოსმალთა მოწინააღმდეგე ძალებს დაუპირისპირდა. იგი მალევე, 1727 წელს გარდაიცვალა. ცხინვალში მყოფი სამეფო ოჯახი გამუდმებული ინტრიგებისა და თადასხმის ობიექტი იყო, რის გამოც ვახტანგმა რუსეთში წასვლა გადაწყვიტა. ქართლის მეფის ოჯახი 1200 კაციანი ამალით საქართველოდან 1724 წლის 15 ივლისს გაემგზავრა. რუსებმა ქართველები დროებით რუსულ ციხე-სიმაგრე სვიატოი კრესტში დააბინავეს.
პეტერბურგში მეფის მიღებაზე თანხმობა მხოლოდ 1725 წლის დასაწყისში განაცხადეს. ვახტანგ VI ასტრახანიდან მოსკოვში 1725 წლის 2 თებერვალს გაემგზავრა. მას თან 84 კაციანი ამალა ახლდა. დანარჩენი ქართველები, მათ შორის დედოფალი რუსუდანი და ბატონიშვილი ვახუშტი, ასტრახანში დარჩნენ. ვახტანგმა გზაში შეიტყო პეტრე I-ის გარდაცვალების ამბავი [3, 88-90]. რუსეთის სამეფო კარმა ვახტანგ VI-ს განუცხადა, რომ მათ ქართველების დასახლება სვიატოი კრესტის ციხე-სიმაგრეში სურდათ. ქართველებს ასევე შესთავაზეს დერბენტსა და ბაქოში დასახლებაც. რუსეთის დედოფალმა ეკატერინე I-მა მათ სამშობლოში დაბრუნება რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიაში პოზიციების განმტკიცების შემდეგ აღუთქვა [14, 187, 188].
პეტრე I-ის სამხრეთის ლაშქრობის შემდეგ რუსეთ-სპარსეთის ურთიერთობა უკიდურესობამდე იყო დაძაბული. დიპლომატიური მოლაპარაკებები წარუმატებლად მიმდინარეობდა. რუსეთის უმაღლესი საიდუმლო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1726 წლის თებერვალში ვახტანგ VI სპარსეთთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა. გამგზავრების წინ ეკატერინე I-მა ვახტანგი ქართლის მეფედ ცნო. ხოლო იმ შემთხვევაში კი თუ იგი ირანთან ურთიერთობას მოაგვარებდა, დაჰპირდა, რომ ქართლის სამეფოს დაუბრუნებდა და მატერიალურ დახმარებასაც გაუწევდა [14, 95].
ვახტანგ VI აგვისტოს ბოლოს დარუბანდში ჩავიდა. ეკატერინე I-ის ბრძანებით, დარუბანდის ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიაში მას ანდრია პირველწოდებულის ორდენი გადასცეს [1, 509]. 10 სექტემბერს ქართლის მეფე უკვე რეშთში იყო. ვახტანგმა შეძლო რუსეთ-სპარსეთს შორის წარუმატებლად მიმდინარე მოლაპარაკება რუსეთისთვის სასიკეთოდ შემოებრუნებინა. შაჰ-თამაზმა ვახტანგის მიმართ კეთილგანწყობა გამოავლინა. 1726 წლის 9 ოქტომბერს ვახტანგს შაჰის სპასალარი მუჰამედ რეზა შეხვდა. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ირანის მხარე 1722 წლის ლაშქრობის შემდეგ რუსეთისგან წართმეული მთელი რიგი დასახლებული პუნქტების: გილიანის, მაზანდარანისა და ასტრაბადის დაბრუნებას ითხოვდა. მუჰამედ რეზამ საკუთრივ ვახტანგს შაჰის დანაბარები გადასცა, რომლის მიხედვითაც ოსმალთა განდევნის შემდეგ მას ისევ ქართლის ტახტს უბოძებდა. ამ დანაპირებმა, როგორც ჩანს, სამშობლოში დაბრუნების იმედი ჩაუსახა ვახტანგს. ვახტანგის მიერ სასიკეთოდ შემობრუნებული მოლაპარაკება 1727 წლის გაზაფხულზე გენერალ ლევაშოვის მიზეზით ჩაიშალა, რომელსაც ვახტანგის ავტორიტეტი არ სიამოვნებდა [3, 96-97]. რუსეთ-სპარსეთის 1726-1727 წლებში მიმდინარე მოლაპარაკებიდან ვახტანგ VI რუსეთის იმპერატორ ეკატერინე I-ის გარდაცვალების შემდეგ გაიწვიეს (1727 წლის 17 მაისს).
1730 წელს რუსეთის ტახტზე პეტრე I-ის ძმიშვილი ანა დაჯდა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთის მხარე კავკასიის საკითხებისადმი სერიოზულ დაინტერესებას არ იჩენდა. ქართული მხარე ცდილობდა, იმპერატრიცა დაერწმუნებინა, რომ კავკასიის ხალხთა მხარდაჭერა რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უშედეგოდ. ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც XVIII საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს დაატყდა თავს, აღმოსავლეთ კახეთის დაკარგვა იყო. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს იმ პერიოდში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას.
ალაზნისგაღმა დაღესტნელთა ჩამოსახლება XVI საუკუნიდან დაიწყო და XVII საუკუნეში უმართავი ხასიათი მიიღო. აღნიშნული რაიონები კახეთის სამეფოს ოფიციალურად პირველად შაჰ-აბას I-მა ჩამოაშორა, წახურელ ალი-ბეგს უწყალობა, შაჰის ქვეშევრდომად გამოაცხადა და იგი სულთნის პატივში აიყვანა, რის შემდეგაც კაკენისელის (ძველი ჰერეთის) აღმოსავლეთი ნაწილი კახეთს ჩამოსცილდა და შემდეგი დროის ელისუს სასულთნოს ჩაეყარა საფუძველი. ამ ფაქტით კახეთის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა.
საზღვარმა ყანი-ყობიდან (რომელიც ადრე შაქის სახანოსა და კახეთის საზღვარი იყო) მდინარე ყაფუ-ჩაიზე გადმოინაცვლა [10, 265-266]. ამ ტერიტორიაზე მთელი XVII საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა წახურიდან და დაღესტნის სხვა რაიონებიდან (ძირითადად, ავარიიდან) მოსახლეობის გადმოსახლება. შაჰ-აბასის გადაწყვეტილებას ქართველები არ ურიგდებოდნენ და მუდმივად იბრძოდნენ დაკარგულის დასაბრუნებლად, თუმცა უშედეგოდ. გამარჯვების შემთხვევაშიც კი ჭარ-ბელაქნელი ლეკები უკან იბრუნებდნენ აღნიშნულ ტერიტორიას. ჭარ-ბელაქნის საკითხი ქართლ-კახეთისთვის მოუგვარებელ პრობლემად განსაკუთრებით 1723 წლიდან, აღმოსავლეთ საქართველოში ოსმალთა შემოსვლის შემდეგ, გახდა. დაღესტნელებსა და ოსმალებს შორის კავშირი ჯერ კიდევ XVI საუკუნიდან დამყარდა. ოსმალეთის სულთანი მათ მუდმივად მოუწოდებდა ქრისტიანებისა და შიიტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, 1727 წელს კი საგანგებო ფირმანით დაუმტკიცა ჭარელ ლეკებს მათ მიერ მინატაცები ტერიტორია. ასე ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ კახეთში (საინგილოში) ჭარ-ბელაქნელი აღალარების სახელმწიფო, რომელმაც მალე ელისუს სასულთნოც შეიერთა [10, 273].
რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებულ ზავს სპარსეთი არ ცნობდა. შაჰ-თამაზის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე შაჰ-ნადირი ავიდა. XVIII ს-ის 30-იანი წლებიდან ნადირ შაჰის თაოსნობით სპარსეთმა დაწინაურება დაიწყო. მისი მმართველობის დროს სპარსეთოსმალეთის წინააღმდეგობა კვლავ უკიდურესობამდე დაიძაბა. 1734 წელს შაჰ-ნადირმა ოსმალები დაამარცხა და შემახა აიღო. ოსმალეთთან ბრძოლის პირობებში ირანის მხარემ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მიიჩნია სასარგებლოდ. რუსეთი იძულებული გახდა გაძლიერებული სპარსეთისთვის ანგარიში გაეწია. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 1735 წელს რუსეთ-სპარსეთს შორის განჯაში ტრაქტატი დაიდო, რომლის მიხედვითაც რუსეთმა სპარსეთს ბაქო, გილიანი, ასტრაბადი, მაზანდარანი და დერბენტი დაუთმო. მოლაპარაკების მიხედვით, ოსმალთა ბატონობისგან განთავისუფლების შემდეგ სპარსეთს ქართლის სამეფო ვახტანგ VI-სათვის უნდა გადაეცა. ნადირ-შაჰი ვახტანგსა და ბაქარს თავისთან იწვევდა მოსალაპარაკებლად, მაგრამ მამ-შვილმა სპარსეთის მოთხოვნა არ შეასრულეს.
1736-1737 წლისთვის ვახტანგისთვის ნათელი გახდა, რომ ქართლში მისი დაბრუნება შეუძლებელი იყო კახელი ბაგრატიონების გაძლიერების გამო. ვახტანგს რუსეთის ქვეშევრდომობის მიღება სთხოვეს და მოსკოვში ცხოვრება შესთავაზეს. ეს კი საქართველოში დაბრუნებაზე უარის თქმასა და რუსეთში სამუდამო დამკვიდრებას ნიშნავდა. მან არ მიიღო შეთავაზება და დასახლდა ასტრახანში, სადაც 1737 წლის 26 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.
ისტორიკოს მამია დუმბაძის შეფასებით, „საქართველოს კართან ძლიერ სახელმწიფოთა ჭიდილის კრიტიკულ მომენტში პატარა ქვეყნის მდგომარეობა მეტად რთული იყო... [8, 423]. ყველაფრის გათვალისწინება მაშინ ვახტანგს მართლაც არ შეეძლო... იმ დროს, როცა დაღესტნელები საბოლოოდ მკვიდრდებოდნენ მდინარე ალაზნის გაღმა ნაპირზე, განჯაში დიდძალი ლაშქრით მყოფი ვახტანგი კახეთთან თანხმობის გზით შესაძლებელია მართლაც მოახერხებდა ოსმალთთათვის გზის ჩაკეტვას ქართლის მისადგომებთან... ერთი სიტყვით, მეფემ მის ხელში და მისივე კართან მყოფი ძალები სათანადოდ ვერ შეაფასა“ [8, 421-422].
მამია დუმბაძე შეცდომად მიიჩნევს ვახტანგ VI-ის რუსეთში წასვლასაც. იგი შემდეგ ბრალდებებს უყენებს მას: „ვახტანგ მეფეს რუსეთში თან გაჰყვა 1200 კაცი, რომელთა შორის საქართველოს განათლებული საზოგადოების ბრწყინვალე წარმომადგენლები იყვნენ. ამ გარემოებამაც დიდად დააბრკოლა ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ. ბრძოლის ველს გაეცალა კაცი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში და რომლის ქართლში ყოფნაც ესოდენ აუცილებელი იყო მაშინ ქვეყნის ძალთა მობილიზაციისათვის... ვახტანგისა და მისი ამალის გადახვეწა რუსეთში იწვევდა აქტიური ბრძოლის თავის არიდებისა და ძნელბედობასთან პასიური შერიგების ტენდენციებს. ამ საქმეში მეფეს მიმბაძველებიც მალე გამოუჩნდნენ და ბრძოლის სიძნელეებს გაურბოდნენ [8, 424]. მამია დუმბაძის შეფასებებს ვახტანგ VI-ის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მომდევნო პერიოდის ისტორიკოსები ერთხმად იზიარებენ.
ვახტანგ VI-ის მოღვაწეობის შეფასებისას ჩვენ გავიმეორებთ მამია დუმბაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას: „ყველაფრის გათვალისწინება მაშინ ვახტანგს არ შეეძლო“. ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფებოდა _ აღმოსავლეთ კავკასიაში სამი უდიდესი სახელმწიფოს ინტერესები გადაეჯაჭვა ერთმანეთს, რომელთაგან თვითოეული ცდილობდა თავისი პოზიციები გაეუმჯობესებინა. ამ შემთხვევაში შედარებით პატარა ქვეყნები მათი თამაშის წესებს ემორჩილებიან. რაც შეეხება, ვახტანგის დადანაშაულებას 1722 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში 30 თუ 40-ათასიანი ლაშქრით განჯასთან უმოქმედოდ დგომაში [15, 48], მაშინ როდესაც მას შეეძლო თითქოს თავს დასხმოდა ჭარ-ბელაქანს და ეს საკითხი საბოლოოდ გადაეჭრა, აღნიშნული მოსაზრება მეტად გულუბრყვილოდ გამოიყურება (ამ მოსაზრებას მრავალი ისტორიკოსი იმეორებს) და ვერ დავეთანხებით. იგივე ბრალდებას უყენებეს ვახტანგს რუსეთის საიმპერატორო კარიც [14, 186, 187], რაც ქართველი მეფის მიმართ გაკეთებული ცილისწამებაა. 30 თუ 40-ათასიანი ლაშქარი სპარსული კოალიციური ლაშქარი იყო და არა ქართული. იგი სპარსეთის შაჰის ბრძანებას ასრულებდა და განჯასთან, შაჰის ბრძანებით, კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად იყო მობილიზებული. ამ ჯარის მთავარსარდლობა არ ნიშნავდა, რომ ვახტანგს შეეძლო მისი მოქმედება საკუთარი ნება-სურვილის, ამ შემთხვევაში ჭარ-ბელაქნის დასაპყრობად, ანუ ქართველთა ინტერესების, შესაბამისად წარემართა. მრავალრიცხოვან ლაშქარს სხვა სარდლებიც ჰყავდა, რომელთაც პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ შაჰის კართან, თუ არ ჩავთვლით ვახტანგ VI-ზე მიმაგრებულ შაჰის ოფიციალურ მეთვალყურეებს. ლაშქარი ვახტანგს ბრმად არ ემორჩილებოდა და შაჰის ბრძანების გადახვევის, მით უმეტეს ქართველების მიერ ჭარ-ბელაქნის მიმართულებით წაყვანის შემთხვევაში, არა მარტო ქართლის მეფეს, არამედ აქ მყოფ ქართულ რაზმებსაც მეტად სავალალო ბედი ელოდათ. ჭარ-ბელაქანზე თავდასასხმელად ერთობ არახელსაყრელი იყო პოლიტიკური ვითარებაც. პეტრე I სამხრეთის ლაშქრობის ოფიციალურ საბაბად დაღესტნელი მფლობელების დასჯა ჰქონდა გამოცხადებული. მასთან საბრძოლველად დაღესტნელები მობილიზებულები და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ, ასეთ ვითარებაში ჭარ-ბელაქანზე თავდასხმა არაგონივრული ნაბიჯი იქნებოდა და საქართველოს კარგს არაფერს მოუტანდა. კვლავ აღვნიშნავ, რომ ჭარ-ბელაქანში ლაშქრობა საკმაოდ რთული საქმე იყო და მთელ დაღესტანთან ომს ნიშნავდა. ეს უკანასკნელი კი ამ პერიოდში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. თვალსაჩინოებისთვის სპარსეთის მაგალითიც იკმარებს. 1738 წელს, განჯის ამბებიდან 16 წლის შემდეგ, შაჰ-ნადირმა დაღესტანში ლაშქრობა დაიწყო, თუმცა დაღესტნელებმა დაამარცხეს სპარსელები [449-450].
სპარსეთი ამ დროს საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო. რაც შეეხება ვახტანგის რუსეთში გადახვეწას, იგი ამ პერიოდში აღარ იყო მეფე. საქართველოში მისი ყოფნა სამოქალაქო ომის მაპროვოცირებელი იყო და ვფიქრობთ, მისი რუსეთში წასვლაც ამ ფაქტს უკავშირდებოდა. ქართველი მეფე ფიქრობდა, რომ შექმნილ სიტუაციაში დიპლომატიური საქმიანობით უფრო მეტს გაუკეთებდა თავის ქვეყანას, ვიდრე შინაომებში ჩაბმით. მრავალრიცხოვანი ამალა, კი რომელიც მას თან გაჰყვა, მართლაც დიდი დანაკლისი იყო ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, კრებულში: ქართლის ცხოვრება, IV, თბილისი, 1975.
2. ს. ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, ტფილისი, 1913.
3. ლ. მენაბდე, ვახტანგ VI, თბილისი, 2011.
4. დავით გურამიშვილი, დავითიანი, კრებულში: ქართული მწერლობა, 7, თბილისი, 1989.
5. გ. პაიჭაძე, კონსტანტინე კახთა მეფის ელჩები რუსეთში (1724- 1725 წლებში), თბილისი, 1964.
6. ესაია ჯალალიანცი, ქართველი მეფის ვახტანგის მოსვლა განჯას, „მოგზაური“, 1902, #1.
7. მ. ტყავაშვილი, რუსეთის ლაშქრობები დაღესტანში (1591, 1594 წწ.), კრებულში: საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, IX, თბილისი, 2006.
8. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბილისი, 1973.
9. ნ. ბერძენიშვილი, XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან, მსკი, ნაკვ. I, თბილისი, 1944.
10. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი III, თბილისი, 1966.
11. მ. ტყავაშვილი, დარუბანდის გასასვლელი რუსეთის პოლიტიკური ინტერესების სფეროში (XVI ს-ის ბოლო), კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 1 (12), თბილისი, 2013.
12. Белокуров С. А., Сношения России с Кавказом, Москва, 1889.
13. Брикнер А. Г., Иллюстрированная история Петра Великого, СПб, 1902-1903.
14. Переписка грузинских царей с российскими государями, СПб, 1861.
15. დ. ჭუმბურიძე, ვახტანგ VI და პეტრე I, ისტორიული პორტრეტები, თბილისი, 2012.
Комментариев нет:
Отправить комментарий