უცხოელ მკვლევარ-მოგზაურთა და დამკვირვებელთა შორის, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი და კავკასიელი ხალხის მრავალმხრივი შესწავლისადმი, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ცნობილ გერმანელ მოგზაურს, გეოგრაფსა და ბუნებისმეტყველს, მიუნხენის აკადემიის წევრს - მორიც ვაგნერს. მისი თხზულება XIX საუკუნის 40-იანი წლების საქართველოს ისტორიის შესასწავლად საინტერესო წყაროს წარმოადგენს. ნაშრომი
1850 წელს გამოქვეყნდა ლაიფციგში, ხოლო გერმანული ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა 2002 წელს განახორციელა გია გელაშვილმა. ნაშრომის სახელწოდებაა „მოგზაურობა კოლხეთსა და კავკასიის იქითა მხარეს მდებარე გერმანულ კოლონიებში“. წიგნის
VIII-IX-X თავებში ვაგნერი აღწერს იმერეთსა და სამეგრელოს, ამ მხარეთა სამეურნეო და სულიერ ცხოვრებას, ეკონომიკურ მდგომარეობას, საცხოვრებლებს, ახასიათებს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენას, რუსულ საბაჟო კანონებს, რედუტ-კალეს, ფოთის ციხეს, ზუგდიდს და დადიანთა რეზიდენციას, ხობისა და მარტვილის მონასტრებს1.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, გერმანული ტექსტი თარგმნა, შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2002.
ავტორი მისი თხზულების მიზანს შემდეგი სახით გადმოგვცემს: ,,ჩემი მიზანია გარკვეული წვლილი შევიტანო ამ ქვეყნების ცოდნაში, ვიწრო ჩარჩოებში დავხატო კოლხეთის თანამედროვეობა, ბუნება და ხალხი და არა ისტორიული სურათი წარმოვადგინო, რომელიც არსებული მდიდარი მასალებით ძალზე ადვილად შეიძლება გადაღებულ იქნას...“1.
ვაგნერმა
1843-46 წლებში იმოგზაურა შავიზღვისპირა ქვეყნებში, კავკასიაში, სომხეთში, ქურთისტანსა და სპარსეთში2. მის ნაშრომში მოცემულია მსჯელობა მეგრელთა ეთნოგრაფიული ჯგუფის შესახებ. კერძოდ, ტფილისზე საუბრისას
მოგზაური შენიშნავს, რომ აქ მეგრელები და სვანებიც ცხოვრობენ. ორივე ხალხი ქართული წარმოშობისაა, მაგრამ სახის გამომეტყველებითა და ხასიათით საოცრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ,,მეგრელები ლამაზი ხალხია, კეთილ- შობილური სახის წყობით; მათი სახის ფერი ისეთი მკრთალია, კანი ისეთი თეთრი, როგორც შუა და ჩრდილოეთ ევროპის
ულამაზეს ხალხებში; მათ აქვთ წყნარი და მშვიდობისმოყვარე ხასიათი“3. სხვაგან აღნიშნავს, რომ მეგრელები და ლაზები ,,ქართველების ნათესავები არიან ენით და მოდგმით (გვარით), მაგრამ ისე განსხვავდებიან მათგან, როგორც იტალიელები და ესპანელები, გერმანელები და სკანდინავიელები“4.
1.
მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ,
2002, გვ.
153.
2.
გელაშვილი გ., შესავალი წიგნისა: მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ,
2002, გვ. 5.
3.
მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ,
2002, გვ.
36.
4.
მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ,
2002, გვ.
43.
იმერეთიდან გამომგზავრებული ვაგნერი 7 სექტემბერს სწვევია მარანს; იქ ბრტყელი ნავი დაუქირავებია და მდ. ფაზისზე (რიონი) დაშვებულა. მოგზაური შენიშნავს, რომ თუკი ქუთაისთან რიონი ჯერ კიდევ სწრაფია და უზარმაზარ ლოდებს მხიარულად ახეთქებს კლდოვან ნაპირებს, მარანს ქვემოთ მისი ბორგვა მშვიდი სიდიადით იცვლება და მდორედ მიედინება. მცირე დაქანების გამო წყლის დინება ძლივს შეიმჩნევა. მდინარის ოდნავ მომაღლო ნაპირები უსიერი ტყეებით და ლიანებითაა დაფარული. ნაპირზე ნიადაგი იმდენად სველია, რომ გადმოსვლა არც ისე იოლია, რადგან ფეხი ლამის მსგავს მცენარეულ საფარში ეფლობა ადამიანს... კალაპოტის მცირე დაქანებისა და იმის გამო, რომ თავთხელი არ გვხვდება, და ლოდები წყალში არსადაა, ფაზისი ორთქლის გემებისათვისაა გამოსაყენებელი ფოთიდან იმერეთის საზღვრამდე. ვაგნერის მონათხრობიდან ირკვევა, რომ მარანს ქვემოთ მცენარეული მიწით გაჟღენთილ წყალს ზედაპირსა და ფსკერზეც უგემური ჭაობის გემო აქვს და თითქმის არ დაილევა. იგი იმოწმებს ფლავიუს არიანეს ცნობას, რომ ფაზისის შესართავთან ჯერ კიდევ იყო არგოსდროინდელი ქვის ღუზა. ავტორი იცნობს ესქილეს თხზულებასაც, სადაც ფაზისი აზიისა და ევროპის სასაზღვრო მდინარედ მოიხსენიება... რიონის სანაპირო ლანდშაფტს მოგზაური შატობრიანის მიერ აღწერილ მისისიპისა და ოჰაიოს უდაბურ ადგილებს ამსგავსებს. სამეგრელო ერთადერთია, სადაც ამერიკული ლანდშაფტი ამოიცნობა... იგი მცენარეული სიძლიერითა და ქალწულებრივი მშვენიერებით არაფრით ჩამოუვარდება მისისიპისა და ამაზონის გაუვალ ტყეებს1. სხვა ადგილას შენიშნავს, რომ ,,გურია, სამეგრელო და იმერეთის დასავლეთი ნაწილი ძველი კოლხეთის ულამაზესი ნაწილებია, ბევრად ლამაზი ტრაპეზუტის ლანდშაფტზე, რომელიც მე მოგვიანებით ვიხილე. ფაზისის მიდამოები ფოთსა და მარანს შორის შეიძლებოდა უბრწყინვალესად ჩაგვეთვალა ძველ სამყაროში“2.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 124-126.
2. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 123.
ვაგნერი ქუთაისის შემოგარენის განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევს ევნუხების რუსული კოლონიის არსებობას მარანში. მისი ცნობით, ისინი არიან რუსეთის მთავრობის მიერ რელიგიური ფანატიზმისთვის ჩვეული სიმკაცრით დასჯილი და დასჯის მიზნით კავკასიაში გადმოსახლებული საჭურისები. აქ, მარანთან და ნარზანთან (ნარაზან – 20 ვერსზე ვლადიკავკაზიდან), მათ შეუქმნიათ სამხედრო კოლონიები. ,,რუსეთში არის სექტა - სტარევერცი, ე. ი. ძველმორწმუნენი, - წერს ვაგნერი, - რომლის მიმდევრები ბიბლიის ერთი ადგილის მცდარად გაგების გამო გარკვეულ ასაკში ისაჭურისებენ თავს. მოსკოვში, პეტერბურგში და რუსეთის ბევრ ქალაქში, თვით რიგაშიც კი ცხოვრობენ ეს იშვიათი ფანატიკოსები, რომლებიც სხეულის სამარცხვინო დამახინჯების საშუალებით იმედოვნებენ ზეცაში დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი... მე საკმაო რაოდენობით ვიხილე ეს ხალხი, რომლებიც ერთი გერმანელი ექიმის მტკიცებით, სხვა ინდივიდებთან შედარებით უფრო მეტად დაავადებულნი ენდემური ავადმყოფობებით, წვანან ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში. მკრთალი მიწისფერი, სიგამხდრე და საზიზღარი ქალური გამომეტყველება უწვერო ქოსა სახეებისა ამ საჭურისებს სხვა რუსი ჯარისკაცებისგან ერთი შეხედვით გამოგარჩევინებს“1.
სამეგრელოსა და გურიას შორის საზღვრად ძირითადად რიონი მიიჩნეოდა, მაგრამ ვაგნერის სამოგზაურო ჩანაწერებიდან ირკვევა და სხვა წერილობითი წყაროებითაც დასტურდება, რომ რიონის მარცხენა ნაპირის ტერიტორიაც სამეგრელოს პროვინციას ეკუთვნოდა. ვაგნერის თქმით, მენავეებმა გზა გაიკვლიეს უღრანში და საღამოჟამს რიონის მარცხენა ნაპირზე რამდენიმე მეგრულ ქოხს მიაგნეს. მოგზაური გულისტკივილით დასძენს: ,,ალბათ მოვა დრო, როცა ფაზისზე გაქრებიან მკვიდრები, ხოლო სლავი მოახალშენეები დაამუშავებენ ამ უდაბურ ადგილებს და მეგრულ რასას და ენას მხოლოდ ისტორია მოიგონებს“2.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 115-116.
2. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 126-127.
XIX საუკუნის დამდეგისათვის სამეგრელოსა და გურიას შორის ცილობის საგანს წარმოადგენდა პალიასტომის ტბა და მდინარეებს - ფიჩორსა და რიონს - შორის მდებარე ტერიტორია. საზღვარი გადიოდა მალთაყვის შესართავიდან მდ. ფიჩორას გასწვრივ, შემდეგ კი საზღვრის ხაზი უხვევდა ცხენისწყლის რიონთან, შესართავისკენ. პალიასტომი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, მაგრამ სამეგრელოს სამთავროსთან ბრძოლაში ტბაც დაკარგა და რიონსა და ფიჩორს შორის მდებარე ტერიტორიაც1. საარქივო საბუთებით და XIX საუკუნის I ნახევარში შედგენილი რუკების მიხედვით სამეგრელო-გურიის საზღვარი ფიჩორაზე გადის2.
სამოგზაურო ჩანაწერებში ნახსენებია შავ ზღვასთან ხობისწყლის შესართავი. მდინარე კვეთს რედუტ-კალეს და ქალაქთან ერთვის პონტოს. იგი საკმაოდ ღრმაა, მაგრამ სამ ფუტზე მეტი წყალშიდის მქონე გემებს მდინარეში შესვლა არ შეუძლიათ, რასაც ხელს უშლის ზღვის შესართავთან დაზვინული ქვიშა. ამ მიზეზით ბარგის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადმოტვირთვისთანავე გემები ყოველთვის ჩქარობენ ღია ზღვაში გაბრუნებას.
1. ცინცაძე ზ., გურიის ადმინისტრაციული ტერიტორია, თბ., 1980, გვ. 57.
2. მსჯელობისათვის იხ. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში (რუსეთთან შეერთება და სოციალურ-ეკონომიური განვითარება), თბ., 1957, გვ. 51-52.
ვაგნერი გვაუწყებს, რომ რიონის შესართავთან მდებარე ფოთის ნავსადგური და სამეგრელოს უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარე ანაკლიაც არ არის უხიფათო ნავსადგური... კოლხურ სანაპიროს შედარებით უხიფათოდ ადგება ძალიან დაბალი წყალშიდის მქონე პატარა თურქული ცალიალქნიანი გემები, რომლებიც სამსუნიდან, სინოპიდან და ტრაპეზუნტიდან მოდიან რედუტ-კალეში და მონებითაც ვაჭრობენ. ეს გემები ახერხებენ მდინარეთა თავთხელ შესართავებში ადვილად შესვლას. მათ მეპატრონეებს შეუძლიათ ვაკე ადგილებში არცთუ დიდი გაჭირვებით ნაპირზე ცალიალქნიანი გემების ამოთრევა1. შავ ზღვასთან ხობისწყლის შესართავს ადგილობრივი მოსახლეობა ამჟამად ბუღაზს უწოდებს, რაც თურქულად ,,ზღვის ყურეს“ ნიშნავს. ზღვისპირას, ენგურის შესართავის მარცხენა მხარეს, მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტი ანაკლია. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ იგი მოხსენიებულია ვაგნერის თხზულებაში, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სანავსადგურო ადგილი და ,,სამეგრელოს უკიდურესი ჩრდილო სასაზღვრო“ პუნქტი2. XVIII ს-ის ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი პუნქტს მოიხსენიებს ანაკრიას ფორმით3. უცხოურ და ქართულ კარტოგრაფიულ მასალებსა და წერილობით წყაროებში დასტურდება ტოპონიმის ორივე ფორმა. ანაკლია თავის რუკაზე დატანილი აქვს კასტელს4; ერთ-ერთ ნახატზე კი შემდეგი წარწერა აქვს გაკეთებული: ,,ჩვენი პატრების ნავი სოფელ ანაკლიაში“ (სურ. №473). პირველი წყარო, სადაც ანაკლიაა დასახელებული, არის ლუი გრანჟიეს 1615 წლით დათარიღებული წერილი, სადაც იგი ამ პუნქტს ჰერაკლიად მოიხსენიებს. პატრ ძამპის მიერ რომის პაპისადმი 1675 წელს გაგზავნილ წერილში დასახელებულია ,,ანაკრია“ და ,,არკამა“5. ანაკლიაზე ცნობები დაცულია ფრანგი მოგზაურის – ჟან შარდენის ნაშრომში6. ლამბერტი კოლხიდის (ოდიშის) მონასტერთა ჩამონათვალში ასახელებს ანაკრიას და აღნიშნავს, რომ მისი ძველი სახელი ჰერაკლეა იყო. მისივე მითითებით აქ უწინ საეპისკოპოსოც ყოფილა, რაც სხვა წყაროებით არ დასტურდება7. გიულდენშტედტის თქმით, ანაკლია ეწოდება ციხეს ენგურის შესართავთან7. ანაკლიას ახსენებს შვეიცარიელი მეცნიერი და მოგზაური ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე. მან XIX ს. 30-იან წლებში იმოგზაურა შავიზღვისპირეთში. გერმანელი მეცნიერ-მოგზაური ედუარდ აიხვალდი ასახელებს ანაკლიის დანგრეულ ციხეს, როგორც დადიანის საკუთრებას. აიხვალდი გადმოგვცემს მის მდებარეობასაც: ,,რედუტ-კალედან ცოტა ჩრდილოეთით, აქედან უფრო შორს, ვიდრე სამხრეთით ფოთია, ინგურზე ძევს ანაკლია“.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 134-135.
2. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 134.
3. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ,,ქართლის ცხოვრება“. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1973, გვ. 779.
4. დონ ქრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, ტექსტი თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბეჟან გიორგაძემ, თბ., 1976, გვ. 187; სურ. №524.
5. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. ტფ., 1902, გვ. 204-205.
6. ჟან შარდენი, მოგზაურობა საქართველოში, თარგმანი ვ. ბარნოვისა. ა. გაწერელიას წინასიტყვაობით, ტფ., 1935, გვ. 255.
7. არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა. თბ., 2011, გვ. 138.
8. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანულიდან თარგმანი და გამოკვლევა გ. გელაშვილისა, ტ. I, თბ., 1962, გვ. 325, შენიშვნა.
ფაზისსა და მდ. ხობს შორის ვაგნერი მიუთითებს ძველ წყალდამაკავშირებელს ცივაკანალის (თსივაკანალ) სახელწოდებით. ამ არხს ფრანგ თანამგზავრებთან ერთად იგი ორჩხომელით სწვევია. არხისპირა მწვანე საოცრების მნახველ ფრანგებს გულითადი აღტაცება გამოუხატავთ1. აქ საუბარია არხზე, რითაც რიონი და ცივა//ცია ერთმანეთს უკავშირდებოდა. მისი გაყვანის იდეა ეკუთვნოდა რუს მოხელე ლიტვინოვს. არხის გაჭრა 1804 წელს დაწყებულა, ხოლო არხით სავაჭრო მიმოსვლა - 1812 წელს2. იონა მეუნარგია იმოწმებს მორენასის მიერ კავკასიის მთავარმართებელ პასკევიჩისადმი გაგზავნილ წერილს, რითაც ირკვევა, რომ 1824-1825 წლებში აღნიშნული არხის მშენებლობა განუახლებია, გაუფართოვებია და დაუმთავრებია ოდიშის მთავარ ლევან V დადიანს3. მისივე ცნობით, რიონ-ცივის არხი გაუფართოვებიათ კავკასიის მეფისნაცვლის - ვორონცოვის დროსაც. არხის განახლებაში ყულევსა და რიონს შორის სამდინარო გზის წესრიგში მოსაყვანად დიდი შრომა გაუწევია სამეგრელოს მთავარ დავით დადიანს (1840-1853 წწ.), რისთვისაც მისთვის ვორონცოვს მადლობა გადაუხდია4. არხის გაყვანამ ხელი შეუწყო რედუტ-კალეში ინტენსიურ სავაჭრო საქმიანობას. 1812 წლიდან ფოთიდან აქ გადმოსახლებას იწყებენ ბერძენი ვაჭრები, რაზეც ყურადღებას ამახვილებს სპასკი-ავტონომი5.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 130.
2. პაჭკორია მ., რედუტ-კალე. თბ., 1968, გვ. 14, და იქვე მითითებული ლიტერატურა.
3. მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939, გვ. 107, 108.
4. მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, 1939, გვ. 109; მ. პაჭკორია, რედუტ-კალე, 1968, გვ. 14.
5. პაჭკორია მ., რედუტ-კალე. 1968, გვ. 14-15; სიხარულიძე ი., კეკელია ი., ყულევი (ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა).
სამეგრელოზე საუბარს ვაგნერი სამოგზაურო ჩანაწერების IX თავშიც აგრძელებს და ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის რედუტ-კალეზე, სადაც იგი ცივა-არხის გავლით ჩასულა. ავტორი მას ,,მეგრულ სანაპირ ქალაქად“ მოიხსენიებს და შენების წესით გერმანულ იარმარკას ადარებს, ,,შემდგარს ორი უსასრულოდ გრძელი, ხის ბარაკის ტიპის სახლების რიგისგან, რომლებიც მიწიდან ერთი ფუტის სიმაღლის ხის ბოძებზეა შემდგარი“1. მოგზაურის შეფასებით ნოვოროსიის ქალაქებიდან რედუტ-კალე მსგავსებას პოულობს დონის კაზაკთა დედაქალაქ ნოვოჩერკასკთან2.
გეოგრაფიული სახელწოდების - რედუტ-კალეს საისტორიო ლიტერატურაში დამკვიდრება უკავშირდება XIX ს-ის დასაწყისიდან ხობისწყლის შესართავთან არსებულ ნავსადგურში რუსეთის ჯარის ნაწილების ჩაყენებას. ეს ნავსადგური მანამდე ყულევის სახელით იყო ცნობილი და მისი ისტორია 1804 წლიდან, ანუ იმ დროიდან, რაც ყულევი და მისი მიდამოები რუსეთის ქვეითმა პოლკმა დაიკავა, სულ სხვა გზით წარიმართა3.
ყულევი სოფელი და თემის ცენტრია ხობის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირზე, ხობისწყლის შესართავთან. ქალაქ ხობს 18 კმ-ით არის დაშორებული. პ. ცხადაიას დაკვირვებით, ,,სოფლის მთელი მოსახლეობა განთავსებულია ერთ ქუჩაზე, რომელიც მდ. ხობისწყლის მარჯვენა ნაპირს გასდევს სოფ. ყორათიდან ისტორიული ციხესიმაგრის ნანგრევებამდე“4. სახელწოდების იშვიათი ვარიანტია კულე. ნ. ასათიანის ვარაუდით, სოფლის სახელწოდება თურქული ყულიდან (,,მონა“) უნდა წარმოდგებოდეს. არგუმენტი: ,,ხობის შესართავიდან ხომ ოსმალებს ქართველი ტყვე-მონები გაყავდათ“. კერძო საუბარში გამოთქმულ ამ აზრს იზიარებს მ. პაჭკორია და დასძენს: ,,ასეთ მოსაზრებას იქნებ ეხმაურება ,,ყულისკარი“, რომელიც ზუგდიდის რაიონში ერთ-ერთი სოფლის სახელწოდება იყო“5.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 133.
2. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 133.
3. პაჭკორია მ., რედუტ-კალე, 1968, გვ. 3.
4. ცხადაია პ., სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, III, ხობის რაიონი, ქ. ფოთი. თბ., 2007, გვ. 220.
5. პაჭკორია მ., რედუტ-კალე, 1968, გვ. 8; სქოლიო.
მონის აღმნიშვნელი სიტყვა ,,ყული“ არც თურქული წარმოშობის სიტყვაა და მას არც ,,ყულევთან“ აქვს რაიმე საერთო. ყულევის ფუძე არაბული ,,კულეს“ სახენაცვალი ფორმაა (ყულე), ხოლო -ევ გეოგრაფიულ სახელთა სუფიქსია. ოსმალობის ჟამს იქ ,,კულედ“ იწოდებოდა თავად ჯაიანის კოშკი. ამ კოშკს XIX ს-ის დამდეგს რუსული სიმაგრეც (რედუტ-კალე) მიემატა. ამ სოფლის ერთ-ერთი გვიანდელი სახელი იყო რედუტ-კალე: ,,რედუტი“ ფრანგული სიტყვაა და ,,მცირე ციხეს“ ნიშნავს, ხოლო ,,კალე“ არაბულად ,,ციხეა“. რედუტად იწოდა რუსთა მიერ 1804 წელს აგებული ციხე (Землянной редут)1. კ. სპასკი-ავტონომოვი სახელწოდება ,,რედუტ-კალეს“ ხობის შესართავთან კაზაკების დამკვიდრებას (1804 წ.) უკავშირებს და წერს, რომ ხობისწყლის ზღვასთან შესართავთან, მდინარის მარცხენა ნაპირზე მათ ააგეს რედუტი, ხოლო იქ, სადაც ხობი და ცივი უერთდება ერთმანეთს, შეიმჩნევა გარედან აგურით მოპირკეთებული ქვის ორი კედელი. ამ ძველი კედლების ნანგრევებზე ნათლად შეიმჩნევა ნაყარი მიწით შემაღლებული ადგილი, რაზეც თავადმა ჯაიანმა ხის კოშკი ყულევი ააშენა. იქ მდგარი დაცვა მეთვალყურეობას უწევდა შავი ზღვის სანაპიროს. ტყით დაფარული კოშკი ზღვიდან შეუმჩნეველი იყო. სპასკი დასძენს, რომ სწორედ კაზაკების მიერ აგებულმა რედუტმა და ჯაიანის ძველმა კოშკმა კულემ, ანუ კალემ მისცა სახელი დღევანდელ რედუტ-კალეს2.
1. სიხარულიძე ი., კეკელია ი., ყულევი (ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა).
2. Спасский-Автономов, 1847, 55, VIII, გვ. 25; პაჭკორია მ., რედუტ- კალე, 1968, გვ. 6-7; მისივე, ყულევის წარსულიდან, წგნ.: ფურცლები კოლხეთის ისტორიიდან, თბ., 1974, გვ. 34
რედუტ-კალეს ისტორიის მკვლევარი მამანტი პაჭკორია იმოწმებს ფოთის ნავსადგურის პროექტების შედგენასა და მშენებლობაზე მომუშავე ინჟინერ შავროვის ცნობას, რომლის თანახმად, ხობის სანაპიროზე დაბინავებულმა ბელევის სამხედრო ნაწილებმა მალე იქ გააშენეს ,,Земляной редут. Редуту этому прибавили слово Кале, что значит „крепость“1. რედუტ-კალეს ციხის მშენებლობა რამდენიმე წელიწადს მიმდინარეობდა, რასაც მოწმობს 1808 წლის 24 იანვრის ცნობა, კერძოდ, მთავარმართებლის მიერ სამხედრო მინისტრ პროზოროვსკისადმი გაგზავნილი მოხსენება, რაშიც აღნიშნულია: ,,რედუტ-კალეში მე ისეთი სამხედრო სიმაგრის აგება ვუბრძანე, რომ ჯარის მცირე რიცხვითაც შეიძლებოდეს მტრის ყველა შემოტევის მოგერიება. ციხე-სიმაგრის მშენებლობა მალე დამთავრდება“-ო2. მდინარის მარცხენა მხარეს შემორჩენილ აღნიშნულ ნაციხარს ადგილობრივი მოსახლეობა ჯიხას ,,ციხის“ სახელით მოიხსენიებს.
1. პაჭკორია მ., რედუტ-კალე, 1968, გვ. 7.
2. პაჭკორია მ., რედუტ-კალე, 1968, გვ. 31.
ვაგნერის ინფორმაციით, რედუტ-კალეს, როგორც სავაჭრო პუნქტის, ზრდა-განვითარებას ხელს უშლიდა კოლხეთის შავიზღვისპირა ზოლში ვრცელი ჭაობების არსებობა. განსაკუთრებით სწრაფად და ხშირად მზარდი მცენარეულით მოფენილი სამეგრელო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი მხარეა. იმის გამო, რომ ამ ბარაკების ქალაქის საფუძველი სველი და ჭაობიანია, მიწაზე ერთი ფუტის სისქის კენჭებია მოყრილი, რათა ყოველ წვიმიან დღეს კაცი ტალახიან ქუჩაში არ ჩაეფლოს. იმის გამო, რომ კოლხეთის სანაპიროს არც ერთი კარგი ნავსადგური არ გააჩნია, ზღვაოსნობა და ვაჭრობა გაძნელებულია. კავკასიაში ყველაზე ცუდი და საშიში რედუტ-კალეს ღუზის ჩასაშვები ადგილია, რადგან აქ არც ყურეა და არც რეიდი. ღია ნაპირისკენ მქროლავი დასავლეთისა და სამხრეთის ქარების გამო ზომიერი ღელვის დროსაც კი ღუზაჩაუშვებელ გემებს ძლიერი ტალღები ეხეთქებიან. გაავდრების დროს ყველა დიდი გემი აუშვებს ღუზას და ცდილობს ღია ზღვაში გასვლას1.
რედუტ-კალეს არაჯანსაღ ჰაერზე ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ედუარდ აიხვალდი, რომლის ცნობით, აქ გაბატონებული უმთავრესი ავადმყოფობის - ციებ-ცხელების შედეგად ზაფხულის ცხელ დღეებში ზოგჯერ დღეში ხუთი-ექვსი კაცი კვდება, რედუტში კი უფრო მეტი. საგუშაგოზე დავარდნილ ჯარისკაცებს გუშაგები ზუმბით უვლიან გარს, ან ლაზარეთში მიჰყავთ, სადაც კვდებიან2.
ვაგნერი საუბრობს მიწიდან ერთი ფუტის სიმაღლეზე აღმართულ, ხის ბოძებზე შემდგარ ხისავე სახლებზე და მშენებლობის ასეთ კონსტრუქციას ნიადაგის ნესტიანობით ხსნის3. საცხოვრებელი ნაგებობის მსგავს ტიპზე მოგვითხრობს აგრეთვე აგრარული ურთიერთობების ცნობილი გერმანელი მკვლევარი და ფოლკლორისტი აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი4. სამეგრელოს ეთნოგრაფიულ ყოფაში მაღალ ბოძებზე შემდგარ ასეთ ნაგებობას (ჯარგვალს, ფაცხას ან პიტაფიცარას) ათაბოგი ეწოდება. იგი შენდებოდა ყანის, ეზოს, ბაღის სადარაჯოდ ან საცხოვრებლად ზღვისპირა ჭაობიან ადგილებში. სამეგრელოში ათაბოგს ეძახიან აგრეთვე ხარაჩოსაც5. ათაბოგის აღწერა მოცემული აქვს მხარეთმცოდნე გივი ელიავას, რომელსაც აღნიშნული ნაგებობის ნიმუში დაუმოწმებია გალისა და ხობის რაიონების ზღვისპირა სოფლებში6.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ. 2002, გვ. 134.
2. ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ (XIX საუკუნის პირველი მესამედი), გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005, გვ. 168.
3. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 133, 134.
4. აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმანი გ. გელაშვილისა, თბ., 2011, გვ. 40.
5. ქობალია ა., მეგრული ლექსიკონი, 2010, გვ. 9.
6. ელიავა გ., ეთნოგრაფიული სამეგრელო (ალბომი), ქუთ., 1989, გვ. 9-10; ტაბულა #3, გვ. 48.
რედუტ-კალე დასავლური გაგებით არასდროს ყოფილა ქალაქი. ვაჭრობისათვის მანამდე თითქმის უცნობი სანაპირო პუნქტის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პუნქტად (ემპორიუმად) გადაქცევას ვაგნერი სამეგრელოში რუსული მმართველობის დაწყების პერიოდს უკავშირებს. მისი მნიშვნელობა დიდი იყო 1831 წლამდე. რედუტ-კალეს დაწინაურებას ხელი შეუწყო ტრანსკავკასიის პროვინციებისათვის 1821 წლის 8 ოქტომბრის კანონის საფუძველზე 10 წლით ვაჭრობის სრული თავისუფლების მიღებამ1. შეღავათების დაწესებამ მოიტანა ის, რომ თორმეტიოდე ღარიბი ხის ქოხით ცნობილ რედუტ-კალეში დასახლება დაიწყეს მშენებლებმა, ვაჭრებმა, მიკიტნებმა და სპეკულანტებმა. ჭაობიან მიწაზე სოკოებივით მომრავლდა მაღაზია-საწყობები. ემპორიუმისკენ მცირე აზიის ნავსადგურებიდან გამოემართნენ თურქი და ბერძენი მენავეები. ოდესელ ექსპედიტორებს დაქირავებული პატარა ნავებით შემოჰქონდათ სავაჭრო საქონელი. შემოტანილი საქონლის ღირებულებამ ათწლიანი ვაჭრობის პირობებში 2 მილიონი ვერცხლის მანეთი შეადგინა. კოლხური პროვინციები პროგრესულ ვაჭრობაში ჩაებნენ. სამეგრელოდან ოდესისკენ გაჰქონდათ ადგილობრივი ნაწარმი - სიმინდი, ფეტვი, გამხმარი ხილი, თამბაქო, ტყავეული, ცვილი, ღვინო, ყველაზე მეტად კი - საუცხოო მეგრული საშენი ხე-ტყე, რაც ამოუწურავ სიმდიდრეს წარმოადგენდა რედუტ-კალესთვის. ამ შემოსავლიანი სატრანზიტო ვაჭრობიდან მიღებულ მოგებას ოდესასა და რედუტ-კალესთან ერთად ინაწილებდა ტფილისი და ერევანი, აგრეთვე ტრანსკავკასიის ყველა, ზღვას მოწყვეტილი შიდა ნაწილი2.
შეღავათიანი ტრანზიტისა და ვაჭრობის პერიოდის (1821-1831 წწ.) ყულევის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ისტორიკოსი მ. პაჭკორია. 1821 წლის 8 ოქტომბრის კანონის საფუძველზე დაწესებული შეღავათიანი სატრანზიტო დათმობებით რუსეთი ამიერკავკასიაში გარკვეულ მიზნებს ისახავდა. საიმპერიო ტარიფით განსაზღვრული ბაჟი (25-50%) ამ კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა 5%-იანი ბაჟის გადახდას, როგორც შემოტანილ, ისე გატანილ და ტრანზიტულ საქონელზე. ასეთი შეღავათის დაწესებით რუსეთის იმპერია ცდილობდა, ევროპული საქონლისთვის გზა გაეხსნა ამიერკავკასიის, შუა აზიისა და ირანისაკენ. შეღავათების დაწესება ხელს შეუწყობდა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ტრაპეზუნდ-არზრუმის გზის გადმონაცვლებასაც3.
1. პაჭკორია მ., რედუტ-კალე, 1968, გვ. 135.
2. პაჭკორია მ., რედუტ-კალე, 1968, გვ. 136-137.
3. პაჭკორია მ., რედუტ-კალე, 1968, გვ. 17-18; მისივე, ყულევის წარსულიდან. წგნ.: ფურცლები კოლხეთის ისტორიიდან, თბ., 1974, გვ. 36-37.
შეღავათიანი ვაჭრობის გაუქმების შემდგომდროინდელი ყულევის სოციალურ-ეკონომიკური სახე კარგად არის ასახული ნოვოროსიისკის მხარის გენერალ-გუბერნატორის (მოგვიანებით მეფისნაცვლის) მ. ს. ვორონცოვის წერილში იმპერატორ ნიკოლოზ I-ისადმი. ვორონცოვი 1836 წელს სწვევია ყულევს. იგი წერდა: ,,ეს საზღვაო პუნქტი ამიერკავკასიაში თავისუფალი ვაჭრობის არსებობის პერიოდში დიდ როლს ასრულებდა კომერციული სამყაროსათვის. აქაური ვაჭრობის საერთო წესისადმი დაქვემდებარებამ, ტრანზიტის შეწყვეტამ და ნავსადგურისა და ციხე-სიმაგრის ფოთში გადატანამ, თითქმის მოსპო წინანდელი სარეწები და აყვავებული სახე ბაზრისა, თუმცა რედუტ-კალეში ჩვენ კიდევ ვიპოვეთ რამდენიმე ქართული დუქანი“1.
1840 წელს რედუტ-კალეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ღია ზღვაზე, ბუნებრივად მოუფარებელ და ჭაობებით დაფარულ ადგილას მდებარე ყულევი წარმოადგენდა შავ ზღვაზე ამიერკავკასიის მთავარ ნავსადგურს და საქართველო-ამიერკავკასიაში ვაჭრობისა და საქონელწარმოების განვითარების შედეგად წარმოქმნილ ქალაქს, საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ2.
რედუტ-კალეს დასახლების სტრუქტურის შესწავლის თვალსაზრისით საყურადღებო ცნობებია დაცული ი. დუკრუასის წერილში. 1849 წელს აქ მნახველს შეეძლო ენახა ხის შენობებისაგან შემდგარი დიდი ბაზარი, ხოლო ბაზრის ბოლოს, ხობისწყლის შესართავთან, კარანტინი და საბაჟო. სავაჭრო ნაგებობანი და საცხოვრებელი სახლები უმთავრესად მდინარის მარცხენა მხარეს იყო განლაგებული3. ხობისწყლის შესართავთან, გაუქმებული რედუტის ადგილას აგებული საკარანტინო შენობა ოთხი განყოფილებისგან შედგებოდა. პირველში მოთავსებული ყოფილა კანცელარია. აქვე იყვნენ დაბინავებულნი მოსამსახურეები; მეორე განყოფილებაში ათავსებდნენ იმ საქონელს, რასაც საკარანტინო წმენდა უნდა გაევლო, მესამე მგზავრთათვის იყო განკუთვნილი, ხოლო მეოთხე შავი ჭირის დაწესებულებას წარმოადგენდა. ზღვისპირას მოწყობილი ყოფილა სანაპირო გზის მაკონტროლებელი საგუშაგო. ქალაქს მატროსთა სახლიც ჰქონია4.
1. პაჭკორია მ., რედუტ-კალე, 1968, გვ. 22.
2. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში (რუსეთთან შეერთება და სოციალურ-ეკონომიური განვითარება), 1957, გვ. 376.
3. ,,Кавказский календарь“, 1849, გვ. 54-57; მ. პაჭკორია, რედუტ- კალე, 1968, გვ. 25.
4. პაჭკორია მ., რედუტ-კალე, 1968, გვ. 33-34.
ყირიმის ომის მიწურულს (1855 წლის დამდეგიდან) ყულევი ომერ-ფაშას მთავარ ბანაკად იქცა. ასე გაგრძელდა 1856 წლის გაზაფხულამდე, როცა ოსმალები გაიქცნენ ყულევიდან. გაქცევის წინ მტერმა გადაწვა ქალაქი. ამით დასრულდა კიდეც მისი ქალაქობის 16-წლიანი ისტორია. ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. მალე ფოთში ნავსადგური გაიხსნა და ყულევის ქალაქობის საჭიროებაც წარიხოცა1.
მოგზაური კვლავ უბრუნდება ხობისა და ფაზისის შესართავების ციებიანი ადგილების ემოციურ აღწერას და შენიშნავს, რომ ,,დიდი რუსული იმპერიის არცერთი ადგილი არაა ისე დამღუპველ-მომაკვდინებელი ჩრდილოელი მოსახლეობისათვის, როგორც სანაპიროს ეს ადგილი“2. ციების გამო ივლის-აგვისტო-სექტემბერში აქ რუსული გარნიზონების მეოთხედი იხოცებოდა. მრავალწლიანი სამსახურის პერიოდში სიკვდილს გადარჩენილ რუს ჯარისკაცებს მოგზაური მოსიარულე მიცვალებულებს ამსგავსებს, რომლებსაც კიდურებში ძალა გამოლევიათ და მოკანკალე ფეხებით ძლივს მიათრევენ მუშკეტებს ზღვის ნაპირზე, ,,რომელიც უნდა დაიცვან კონტრაბანდისტებისგან და მონებით მოვაჭრეთაგან“3.
ვაგნერის თქმით, მცირე სამოქალაქო მოსახლეობა ჭაობის ანაორთქლისადმი ნაკლებ მიდრეკილია. ამასთანავე, ცხოვრობენ უფრო მოხერხებულად, მიირთმევენ უკეთეს საკვებს, რაც განაპირობებს იმას, რომ, გარნიზონისგან განსხვავებით, ისინი ნაკლებ ავადდებიან. მოგზაური რედუტ-კალეს სამხრეთით და მისგან თორმეტი ვერსის დაშორებით, ულამაზეს ტყეში, ზღვის ნაპირთან, მიუთითებს დიდ სასაფლაოს, რომლის გარშემოც ხარობდა ყველა სახის ხეხილი, ასევე კოპიტი, ცაცხვი, წიფელი, ნეკერჩხალი, დაფნა, ტვია, გარეული ვარდი და ვაზი, ხვართქლა, სურო, წითელი ხენდრო და ასეულობით სხვა მხვიარა მცენარე4. რედუტ-კალედან ფოთისკენ მიმავალ გზაზე, რედუტიდან 4 ვერსის დაშორებით რუსების სასაფლაოს არსებობაზე მიუთითებს აგრეთვე ედუარდ აიხვალდი5. მაშინ, როდესაც ვაგნერის თანმხლებნი წვიმიანი და ცივი ამინდის გამო სახლის ბერძენი პატრონის მშრალ და თბილ ბარაკებში ამჯობინებდნენ ყოფნას, თვით ავტორი ერთი ახალგაზრდა, მეგრელი ყმაწვილის მეგზურობით ექსკურსიებს აწყობდა რედუტ-კალეს შემოგარენში. ზღვის სანაპირო ზოლში მისი ყუარადღება მიუქცევია კვერცხის სიდიდის კრისტალური ქვის სხვადასხვა სახეობას - გრანიტს, სიენიტს, გაბროს, კვარცს, მარმარილოს, მკვრივ კირს, პორფირს, რაც კავკასიონის სამხრეთი კალთებიდან ჩამოჰქონდა მდინარეებს6.
ვაგნერს მოუნახულებია აგრეთვე ხობის მონასტერი, ფაზისის შესართავი და დადიანის რეზიდენცია ზუგდიდში. სამეგრელოში არსადაა ისეთი სამოსახლო, - დასძენს ვაგნერი, - რომელსაც ევროპული გაგებით შეიძლება სოფელი ეწოდოს, ვინაიდან ჭალებისა და მდელოების შუაგულში გაფანტულად მდგარი სახლები ,,გაჩეხილ უღრანში მზით განათებული ნათელი კუნძულებივით იმზირებიან ხეთა ზღვაში“7.
1. სიხარულიძე ი., კეკელია ი., ყულევი (ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა), 2014, გვ. 87.
2. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 139.
3. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 139.
4. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 139.
5. ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ, 2005, გვ. 205.
6. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 140.
7. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 141.
ხობს სოფლის სტატუსით მოიხსენიებს, სადაც სახლები სიგრძეში იყვნენ გაფანტულნი. ,,სოფლისგან მცირე მოშორებით მდინარის ნაპირზე, მშვენიერი ტყიანი გორაკის წვერზე დგას ამავე სახელის მონასტერი“1. ვაგნერი შენიშნავს, რომ ხობის მონასტერში ცხოვრობს წმ. ბასილის ორდენის რამდენიმე ქართველი ბერი, რომელთაც არქიმანდრიტი მეთაურობს. უწინ ეს იყო სამეგრელოს ექვს საეპისკოპოსოთაგან ერთი, რომლებიც შემდგომ სააბატოებად შეიცვალა“. სხვა წერილობითი წყაროებიდანაც ირკვევა, რომ ხობის მონასტერი საეპისკოპოსოს ცენტრი ყოფილა2. მოგზაური მოკლედ ეხება ხობის მონასტრის არქიტექტურასაც და წერს, რომ ტრანსკავკასიის თითქმის ყველა მონასტრის მსგავსად მასაც გარს მაღალი გალავანი ავლია. მონასტრის შიდა მოჩუქურთმება და მშენებლობის სახე ნაკლებ მნიშვნელოვანია. სვეტების მარმარილოს კაპიტელები სხვადასხვა სტილისაა და უხეშადაა დამუშავებული. ხობის მონასტერი სამეგრელოს მბრძანებლისთვის წმინდა დენისია. ვამეყ დადიანის შემდეგ ამ გვარის ყველა მმართველის ნეშტი ხობში იმარხება3. ჩანაწერებში საუბარია ფაზისისის შესართავისა და პალიასტომის ტბის ფლორაზეც. ,,დაკიდულ და მოქანავე ფლორას პალიასტომზე ემატება აგრეთვე მოცურავეც. უამრავი ლამაზად გაფოთლილი ვარდი იყო ამოშვერილი წყლის ზედაპირზე“ - წერს ვაგნერი4. მასში ფოთისა და მისი შემოგარენის აღწერასაც ვხვდებით. მეცნიერ-მოგზაური შენიშნავს, რომ თურქების მიერ აგებული ფოთის ციხე ფაზისის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ხოლო მისგან მცირე მოშორებით შემორჩენილია რომაული სასახლის ნანგრევები. განთქმული ემპორიუმი ფაზისი მდებარეობს რიონის, პალიასტომის ტბისა და ტბიდან მდინარის კალაპოტისკენ გაყვანილი ვიწრო არხის მიერ შექმნილ დელტაში... ძველი კართაგენის მსგავსად, სანაპიროს მდებარეობა ფოთშიც შეიცვალა - ყავისფერი რიონის მიერ მოტანილი ნარიყი მიწითა და შლამით ზღვის უკუგდების შედეგად გაიზარდა ნაპირი. კოლხური ემპორიუმისაგან არავითარი ნანგრევი არ შემორჩენილა. რომაული ტაძრის პირდაპირ, გრძელ კუნძულზე, მოგზაურ შარდენს ციბელას ტაძრის ნანგრევები უნახავს... ორნახევარი საუკუნეა, რაც ზედ ზღვის ნაპირზე დგას ფოთის ციხე. უკანდახევის შემდეგ ციხის გალავანს ზღვა აღარ ასველებს. ამიტომ იძულებული გახდნენ, პატარა სიმაგრე (ფორტი) აეგოთ ფაზისის შესართავთან. ვაგნერი იმოწმებს დიუბუას გამოკვლევას ფოთის შესახებ და დასძენს, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ფოთის თურქული ციხეც, რომაულის მსგავსად, დაიმარხება შლამსა და ჭაობში და ბევრი მცდარად ჩათვლის, რომ ციხე ჩაიძირა ძველი ემპორიუმის მსგავსად. ამ უკანასკნელის ნანგრევები ზოგიერთ მკვლევარს პალიასტომის ტბის მლაშე ფსკერზე ეგულებოდა5.
ვაგნერი ყურადღებას ამახვილებს ფოთის არაჯანსაღ ჰაერზე, აქ რუსების მუდმივი გარნიზონისა და პატარა სამხედრო კოლონიის არსებობაზე. რუსული მთავრობის სურვილი იყო აქ მნიშვნელოვანი სიმაგრისა და დიდი სამხედროსავაჭრო ნავსადგურის დაარსება, მაგრამ აქაური ნიადაგის ანაქროლი, მომაკვდინებელი ჰავა წინ ეღობება გეგმების განხორციელებას ფოთში, როგორც ციების ბუდეში. ამასთანავე, ფაზისის ემპორიუმის ხელახალი აღდგენა და ფაზისის კალაპოტში ხომალდებისათვის მოხერხებული და სრულყოფილად დაცული სადგომის მოწყობა უზარმაზარ სამუშაოებს და აურაცხელ ხარჯს მოითხოვდა და, ბუნებრივია, რუსული მთავრობის პროექტები განუხორციელებელი დარჩა6.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 141.
2. კალანდია გ., ხობის საეპისკოპოსოს ისტორია, წგნ.: ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, პროექტისა და გამოცემის ავტორი დ. კვარაცხელია, თბ., 2006, გვ. 32-36.
3. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 142.
4. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 145.
5. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 149.
6. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 149-150.
ფაზისის, როგორც დაწინაურებული ქალაქის შესახებ, ცნობები დაცულია ჰესიოდეს, ეპიმენიდეს, პინდარეს, ჰეკატე მილეტელის, ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, არისტოფანეს, ჰიპოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს, ჰერაკლიდე პონტოელის, აპოლონ როდოსელის, თეოკრიტეს, დიოდორ სიცილიელისა და სხვათა თხზულებებში1. 1578 წელს (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 1579 წელს) ფოთის ოსმალთა მიერ დაპყრობასა და იქ ციხის აგებაზე დაბეჯითებით მიუთითებენ არქანჯელო ლამბერტი, ჟან შარდენი, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე და სხვები. ლამბერტის ცნობით, ქუთაისის მახლობლად ქართველთა ლაშქართან ბრძოლაში დამარცხებული თურქები ფოთში გამაგრებულან და 1578 წელს იქ ციხე აუგიათ. ,,ფაზისი ზღვას შეერთვის ორი ტოტით. ამ ტოტებს შორის არის კუნძული... თურქებმა ზემოხსენებულ კუნძულზე ააშენეს ციხე. ბევრი ხანი არ არის მას აქეთ, რაც ეს ციხე დაანგრია აწინდელმა სამეგრელოს მთავარმა, რომელმაც წამოიღო იქიდან ოცდახუთი ზარბაზანი“, - წერს არქანჯელო ლამბერტი2.
ფოთის ციხე-სიმაგრეების შესახებ არსებული ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების გაანალიზებით მკვლევარი მ. პაჭკორია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აქ ციხე თურქებს XVIII საუკუნის პირველ ნახევარში უნდა აეგოთ. ,,წინააღმდეგ შემთხვევაში XVI საუკუნეში აგებული ციხე ამ დროისათვის (ე. ი. XVIII საუკუნისათვის) ,,ზედ ზღვის პირზე“ არ იქნებოდა რიონის მოქმედებისაგან ხმელეთის თანდათანობით წინ წაწევის გამო“3. კითხვებზე - ,,რად დასჭირდათ თურქებს ფოთში ახალი სიმაგრის აგება, როცა ასეთი მათ აგებული ჰქონდათ XVI საუკუნის დასასრულს? იქნებ ეს ციხე ჟამთა გავლენით ან საომარი ოპერაციების დროს დაზიანდა და გამოუსადეგარი გახდა?“, - მკვლევრის პასუხი ასეთია: XVIII საუკუნის 20-იანი წლებიდან თურქები იწყებენ ზღვიდან დაშორებული ძველი სიმაგრის თანდათანობით აღდგენას. ამასთანავე, სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტის უფრო საფუძვლიანი გამაგრების მიზნით, მდინარის შესარ- თავთან, ზღვის მახლობლად, მათ დაუწყიათ პატარა სიმაგრის საჩქაროდ აგება4.
ხობის მონასტერში მცირე შესვენების შემდეგ ვაგნერს მოუნახულებია დადიანის რეზიდენცია ზუგდიდში, ,,რომელიც მდებარეობს ოდიშის ლამაზ მხარეში“5. მოგზაური გვაუწყებს, რომ ზუგდიდი ,,ესაა ქვეყნის ძველი დედაქალაქი ჩეხნიას ნაპირას მდებარე, რომელიც ჯუნისთან შეერთების შემდეგ ენგურში ჩაედინება. ზუგდიდი ძველთაგანვე იყო სამეგრელოს მფლობელთა მთავარი რეზიდენცია“6. ,,ჩეხნია“ ჩხოუშიას დამახინჯებული ფორმაა, ხოლო ,,ჯუნი“ იგივე მდ. ჯუმია.
1. ბერძნიშვილი მ., ქალაქ ფოთის ლოკალიზაციისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, თბ., 1942, გვ. 20; მ. პაჭკორია, ფოთის წარსულიდან. თბ., 1967, გვ. 10.
2. არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, 2011, გვ. 196.
3. პაჭკორია მ., ყულევის წარსულიდან, წგნ.: ფურცლები კოლხეთის ისტორიიდან, 1974, გვ. 19.
4. პაჭკორია მ., ყულევის წარსულიდან, წგნ.: ფურცლები კოლხეთის ისტორიიდან, 1974, გვ. 19-20.
5. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 140-141.
6. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 142-143.
ვაგნერი იძლევა მარტვილის მონასტრის მდებარეობასაც. იგი იმოწმებს დიუბუა დე მონპერეს, რომელსაც დეტალურად აქვს აღწერილი ამ მონასტრის შენების სტილი და ღირსშესანიშნაობანი. დიუბუას მარტვილში ჩასვლისას ეპისკოპოსი ყოფილა დავით ჭყონდიდელი, თავადური გვარიდან. იგი მოგვიანებით გადაუყენებიათ სამეგრელოს მთავარ დადიანის რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებისა და მისი ძმის – გენერალ დადიანის მოწამვლის ბრალდებით1. მეცნიერი ემოციურ ფერებში აღწერს მონასტრის სიმაღლიდან გადაშლილ მშვენიერ პანორამას: ,,მთელი მცენარეული სამყაროს სიუხვე ჩვენს ფეხთ იდო. ცა ისევ მოიწმინდა და ატმოსფერო, როგორც ჩვეულებრივ სამხრეთული თავსხმის შემდეგ, უფრო სუფთა და გამჭვირვალე გახდა, ვიდრე ცხელი ზაფხულის თვეებში. მთელი სამეგრელო და იმერეთი ჩვენს წინ სურათივით იშლებოდა, რომელსაც ოქროსფრად მოელვარე ქედების ჯაჭვის ჩარჩო ეკვროდა. თვალსაწიერის არეში მოქცეული იყო მთელი დინება მშვენიერი კოლხური მდინარეების - ფაზისის, ხობის, ენგურის და ცხენისწყლის, რომელთა სათავესაც ქმნიან ფასის მთის მყინვარები; ეს კი იალბუზისა და ყაზბეგის შემდეგ კავკასიონის ყველაზე მაღალი მწვერვალია... სამხრეთით და აღმოსავლეთით თვალი იკარგება სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის სწორ და დაბლობ მხარეებში, რომლებსაც ზოგჯერ გორაკები კვეთენ. აჭარისა და ახალციხის ქედების თეთრი მწვერვალები ნათლად ჩანდა სამხრეთით, მაშინ, როცა დასავლეთით ცისფერი ნისლი ენგურისა და ფაზისის შესართავების თავზე მიუთითებდა შავი ზღვის ზედაპირის არსებობაზე. რაც უფრო ლამაზია კოლხური ლანდშაფტის წვრილმანები, რომლებიც მონასტრის მთის გადმოსახედიდან ახლო ბატონობს, მით უფრო გრანდიოზულია სურათი მთების ავანსცენისა ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფონზე“2.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 143.
2. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 143-144.
სამეგრელოს ბუნების მშვენიერებით მოხიბლული მოგზაური ყურადღებას მიაპყრობს ამ კუთხის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და მისი მართვის სისტემას. იგი გმობს სამეგრელოს მფლობელებისა და ბატონების ტირანიას, უხსოვარი დროიდან უდრეკი სიჯიუტით გაბატონებულ ფეოდალურ წყობას, რაც მორალურად ანადგურებს ხალხს. ფეოდალურ ჩაგვრას მიჩვეული მეგრელებისაგან იშვიათად ისმის დრტვინვა. სიმინდით სავსე გოდრებს და ღომის მინდვრებს ეუფლებიან არა ისინი, ვინც ხნავს და თესავს, არამედ - თავად-აზნაურები, დადიანი, საბაჟოს რუსი მცველი, მესაზღვრე ჯარისკაცი და კაზაკი1.
ვაგნერი სამეგრელოში გამოყოფს ოთხ სოციალურ ფენას: დადიანს, ანუ ხელმწიფეს, რომელმაც 1804 წლიდან რუსეთის იმპერატორის სუვერენობა აღიარა; მხარის თავადებს, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან ქონებას და ზოგჯერ აუჯანყდებიან ხოლმე თავის მბრძანებელს, აზნაურს და ყმა-გლეხს. ეს უკანასკნელი თავისი მოსავლის გარკვეულ ნაწილს აძლევს აზნაურს, თავადსა და მთავარს; ამასთანავე, ვაჟს ან ქალიშვილს უშვებს ამალაში მოსამსახურედ. გლეხმა იცის, რომ ეს გადასახადი ტრადიციულად გარკვევით დადგენილია და რომ მას უფლება აქვს, თავის ბატონს დადგენილზე მეტი არ მისცეს. ის არც მეტს აკეთებს, არც - ნაკლებს. ყოველი გლეხი თავის ტრადიციულ დავალებას უყოყმანოდ ასრულებს. თუკი თავადი ან აზნაური თავს ნებას მისცემს და მას იმაზე მეტის გაკეთებას მოსთხოვს, რასაც ოდითგანვე იყო დაჩვეული, გლეხი თავს უკიდურესად შეურაცხყოფილად გრძნობს და გაქცევაზე იწყებს ფიქრს. ის თურქულ მხარეში გარბის და მაჰმადიანდება.
ჩაგვრის ყველაზე საზიზღარ ფორმად მორიც ვაგნერი სამეგრელოს მთავართა ნადირობას მიიჩნევს. თავგადადებულ მონადირედ ქცეული დავით დადიანი თავის სამფლობელოში ყველა მიმართულებით დახეტიალობს და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სახლისა და სასახლის მფლობელია, ნადირობისას მისი მამის - ლევანისა და პაპის - ვამეყის მსგავსად, მაინც აზნაურებთან და გლეხებთან ჩერდება. იგი თავისი მონადირეთა ჯგუფით, მოხეტიალე კალიების გუნდივით შეესევა აზნაურის ან გლეხის სახლ-კარს და მანამ არ ტოვებს იქაურობას, ვიდრე საბრალო სახლის პატრონის უკანასკნელი ქათამი და ბოლო მჭადი არ შეიჭმება2. დადიანის ცხოვრების ხასიათზე თითქმის ანალოგიურ ცნობებს გვაწვდის ედუარდ აიხვალდიც, რომელიც, როგორც ჩანს, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ეყრდნობოდა ვაგნერის მონაცემებს3. ბატონისა და მისი მხლებლების პერიოდული სტუმრობა და მათი გამასპინძლება აჩანაგებდა გლეხთა ოჯახებს. სამეგრელოში ერთი ასეთი სტუმრობის შესახებ მოთხრობილია იოანე ბაგრატიონის ,,კალმასობაშიც“4.
1. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 154-155.
2. მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, 2002, გვ. 155-156.
3. ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ (XIX საუკუნის პირველი მესამედი). გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005, გვ. 193.
4. კაკაბაძე ს., კალმასობა დასავლეთ საქართველოს შესახებ, ,,საისტორიო კრებული“, IV, ტფ., 1929, გვ. 51-52
სამეგრელოს სამთავროში ყმა-გლეხთა ყოველწლიურ ვალდებულებას წარმოადგენდა სხვადასხვა სახისა და გარკვეული რაოდენობის პროდუქტის მირთმევა, აგრეთვე მებატონის სასარგებლოდ საველე მუშაობა (ნადობა), ბატონის ცხენისა და მეჯინიბის შენახვა (ცხენის ჩაბმა), ბატონის ტვირთის გადაზიდვა ზურგით ან ურმით (ტვირთობა), ქვის თლა, დურგლობა, კალატოზობა, ბატონთან ყოფნა (ქეშიკობა), საშინაო სამსახური: მეჯინიბეობა, ხაბაზობა, მეთევზეობა, ღომის ცეხვა, მეწისქვილეობა, მზარეულობა, ძიძაობა, მეციხოვნეობა და ა. შ. დაწესებული იყო სხვა ბეგარა-ვალდებულებებიც. კერძოდ, ,,საური“ (საერობო გადასახადი), ,,საუდიერო“, ,,ოჩამური“ ან ,,ოჭკომური“ (სადილი), ,,საყველიერო“, ,,სახურო“ (მშენებლობასთან დაკავშირებით), ,,ძღვენი“, ,,სამასპინძლო“, ,,საპურე“ ანუ ,,სამახებო“, ,,საქორწილო“, ,,საკურძუალო“ (ბაზიერ-მეძებართა შესანახად), ,,საუნადო“ (მებატონის ყანაში სავალდებულო სამუშაო),, ,,ოდიდპიჩური“ (სადიდმარხვო), ,,სააღდგომო“, ,,საქვრივო“, ,,საჩექმე“, ,,საციხო“ (ციხეების შესანახად), ,,სამოურაო“ და სხვა მრავალი1.
გლეხთა კლასობრივი ბრძოლის ყველაზე გავრცელებულ ფორმას გლეხების აყრა-გაქცევა, დამატებით გადასახადებზე უარის თქმა და თავდახსნისათვის ბრძოლა რომ წარმოადგენდა, დასტურდება სხვა წერილობითი წყაროებითაც. ყმები ლიხთ-იმერეთიდან გარბოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართლ-კახეთთან შედარებით აქ ექსპლუატაცია უფრო მძიმე იყო2.
1. მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ, 2006, გვ. 242-243.
2. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში (რუსეთთან შეერთება და სოციალურ-ეკონომიური განვითარება), თბ., 1957, გვ. 109-110.
ბოლოს ვაგნერის ერთ ცნობას მოვიყვანთ, რომელიც გურიას შეეხება: „დიდებული მხარის – გურიის მაცხოვრებლები მთელ კავკასიელ ხალხებს შორის სილამაზით პირველნი არიან ...თვით ნიმფა კირკე ,,დიდი, ლამაზი და საყვარელი”, როგორიც ჰომეროსმა დახატა, ვიხილე საღამოს... გურული ნიმფა არ იყო მორთული ,,ვერცხლისფერ სამოსში ოქროთი გაბრწყინებული სარტყელით”, არამედ ფერადი ნაჭრებით დაფარული, რომლებიც მშვენიერ ახალგაზრდულ სხეულს ეკვროდნენ და მხოლოდ სანახევროდ ფარავდნენ. სახე დაუფარავი ჰქონდა. უფრო ნატიფი ხაზები და მშვენიერი ტანი ამ ლამაზ ხალხში იშვიათად მინახავს... წინათ მამები ნაკლებად აქცევდნენ ყურადრებას ქალიშვილთა მხრივ სამშობლოს სიყვარულს და მათ ნებით, ან ძალით უგდებდნენ ხელთ თურქ მონათმოვაჭრეებს“.
Комментариев нет:
Отправить комментарий