понедельник, 5 ноября 2018 г.

ხობისწყლისა და ჭანისწყლის ხეობების ისტორიული გეოგრაფია ვახუშტი ბაგრატიონის ნააზრევში (ი. კეკელია)

XVIII საუკუნის გამოჩენილი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის - ვახუშტი ბაგრატიონის ნააზრევი მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს ქართული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში. შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის საქმეში ფასდაუდებელია მისი ძირითადი, პირად დაკვირვებებსა და საისტორიო წყაროების შესწავლაზე დაფუძნებული ნაშრომი - „აღწერა სამეფოსა საქართველოსადა მისივე კარტოგრაფიული მემკვიდრეობა.
ვახუშტი თანმიმდევრულად განიხილავს ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ (XV. II ნახევარი) წარმოქმნილ სამეფო-სამთავროებს, იძლევა გეოგრაფიულ დახასიათებასა და ისტორიული წარსულის აღწერას.
სახელოვანი მეცნიერის ნაშრომში მოცემულია საქართველოს სხვადასხვა მხარის აღწერა ადგილთა ბუნებრივი თანმიმდევრობისა (ხეობები, ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები...) და სამხედრო-პოლიტიკური დანაწილების (საერისთავოები, სასპასპეტოები, სადროშოები...) შესაბამისად. ნაშრომის ერთ-ერთი თავიააღწერა ეგრისის ქვეყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა“, რაც, თავის მხრივ, იყოფა რამდენიმე ქვეთავად. საქართველოს ამ ნაწილის (განსაკუთრებით აფხაზეთის, ოდიშის, გურიის, სვანეთის) ვახუშტისეული აღწერილობა ნაკლებად ზუსტი და სქემატურია, რასაც განაპირობებდა ის გარემოება, რომ იმ დროის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამო ვახუშტის არ შეეძლო საქართველოს ყველა კუთხეში კვლევითი საქმიანობის თანაბრად წარმართვა. ამასთანავე, გასათვალისწინებულია ის გარემოება, რომ ნაკლებად შესწავლილი მხარეების აღწერა ვახუშტის, სავარაუდოდ, ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით უნდა ეწარმოებინა.
ფრიად მნიშვნელოვანია ვახუშტის მიერ 1735 და 1745 წლებში შედგენილი გეოგრაფიული ატლასები, საქართველოსა და მის მეზობლად მდებარე და საქართველოს ცალკეული ნაწილების გამომსახველი რუკებით. მეცნიერს ამ რუკებზე გამოუსახავს ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები, დასახლებული პუნქტები, რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი (მდინარეები, ტბები, ჭაობები, ვოკლუზები, მინერალური წყაროები) და ოროგრაფიული ერთეულები (ქედები, ბორცვები, ვაკეები, ხეობები, მწვერვალები...).
ამჟამად განვიხილავთ ხობისწყლისა და ჭანისწყლის ხეობების ისტორიულ გეოგრაფიას, ვახუშტის ნაშრომისა და მის მიერ შედგენილ რუკათა, ასევე სხვა წერილობითი წყაროების მონაცემების გათვალისწინებით.
უნაგირას მთასა და ჭანისწყალს შორის მდებარე ტერიტორიას ვახუშტი ასე აღწერს: „ხოლო ისულეთს, ტეხურის შესადინარს ქვეით, სადაცა ერთვის რიონი ზღვას, აქა არს ფოთი. და ამ ფოთის ჩდილოთ კერძ შესდის ზღვას ხორგისწყალი. მოიგო სახელი დაბის ხორგისაგან, ზღვის კიდესა ზედა შენისა, სადაცა არს სასახლე აფხაზთა კათალიკოზისა. გამოსდის მასვე წინხსენებულს კავკასს და მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. ამავ წყალზედ, მთის ძირში, უნაგირას ჩდილოთ, არს ციხე ჭაქვითი და სასახლე დადიანისა. ხოლო ამ წყლის ჩდილოთ, მთის ძირს, ველსა ზედა არს ხეთას ციხე და სასახლე დადიანისა“.
ვახუშტის მიერ შედგენილ რუკაზე დაბის პირობითი ნიშნით ფოთი აღნიშნულია რიონ-ტეხურის შესართავის დასავლეთით, ოდიშ-გურიის საზღვარზე, მდ. რიონის ნაპირას. ამიტომ ვახუშტი სწორია, როცა წერს: ფოთი მდებარეობს სწორედ იქ, „სადაც ერთვის რიონი ზღვას“.
მდ. ხობისწყალი სათავეს იღებს სოფ. მუხურში (ჩხოროწყუს .), . . 2326 -ზე, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე და წარმოადგენს ჩხოროწყუსა და ხობის რაიონების მთავარ საწყლოსნო არტერიას. მდინარის სიგრძე 150 კმ-ია, აუზის ფართობი - 1340 კმ. მთავარი შენაკადებია ოჩხომური, ჭანისწყალი და ზანაძგა. ჰიდრონიმის ადგილობრივ, არაოფიციალურ ვარიანტებად გავრცელებულია ხობწყარი და ხოპწყარი, რასაც ადასტურებს ჩხოროწყუსა და ხობის რაიონების ტოპონიმიური მასალაც. მაგალითად, მთა-საძოვარს ეგრისის ქედზე ხობწყარიშდუდი//ხოპწყარიშდუდი ეწოდება, რაც ხობისწყლის სათავეს წარმოადგენს; ჭალა-სახნავს ხობისწყლისა და ლანჯონიშ ღალის შესართავთან ხობწყარიშ ჭალე ჰქვია (კირცხი, ოჩხომური); სოფ. ახუთში, ლეგერსამეში მდებარეობს ღრმა ხევი, სადაც გაედინება ციის მარჯვენა შენაკადი სქვერია()ღალუ. ამ ხევს ხობუ//ხობი ეწოდება. ხობის მონასტრის ეზო ხობმინდორიად//ხობმინდორიაშ კირდედ იწოდება. აქვეა წყარო ხობმინდორიაშ წყურგილეს//მონასტერიშ წყურგილეს სახელწოდებით. ტბორს ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ახალსოფლის თემის საშონიოს უბანში ხოპწყარიშ გილნახოფასხობისწყლის განარღვევსეძახიან. . ცხადაიას განმარტებით, ამ ადგილას მდინარეს კალაპოტი გაურღვევია და ტბორი დაუტოვებია (ცხადაია, III, 2007:30); ხობისწყლისპირა ბექს სოფ. ზუბში ხოპწყარიშ გაბარი ჰქვია (იქვე:65). გუბეს ნოჯიხევის საზღვართან, ხობისწყლის ნაპირზე, სოფ. მეორე გურიფულში, ნახოპწყარი ეწოდება (იქვე:94); პირველ გურიფულში, მუნჩიის შენაკადის - წყაბუს მარცხენა ნაპირას აღმართული ბორცვი ხობიშდიხაგუძუბას სახელითაა ცნობილი (იქვე:98); სოფ. ზენში, მეორე გურიფულის საზღვართან მდებარე ტბორს ჯვეშ ნახოპწყარს//პალოტს ეძახიან (იქვე:130); ხობანი//ხობანეღალ//ხობანეწყარი ღელე დახეობაა ხუდონში; აქვე მორევს ხობანიშ ტომბა ჰქვია და . .
წერილობით წყაროებში მოიხსენიება მდინარე და პუნქტი ხობის//ხოფის სახელწოდებით. . ლამბერტის მსჯელობით, ადგილს სახელიხოფიმდინარისგან მიუღია. „ტეხურს ანუ სიგამეს მოსდევს ხობი, - წერს მისიონერი, - რომელსაც მკვიდრნი დღესაც მსგავს სახელს უწოდებენ - ხოფი. ეს მდინარე მეტად მდიდარია ნაირნაირი თევზით და ნავით სავალია იმ ადგილამდე, რომელსაც ჰქვია ხოფი. ამ ადგილის გამო თვით მდინარეს ეწოდება ხოფი. აქ არის ეკლესია, რომელიც წინად საეპისკოპოსო იყო“ (ლამბერტი, 1991:162). მისივე რუკაზე აღნიშნულია მდინარე ხოფი (Copis).
XVIII . გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის - იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ნაშრომშიც ოდიშის მდინარეებს შორის დასახელებულია ხობისწყალი, ხოლო ოდიშის სოფლებს შორისხობი, არა კხოფა“. იქვე აღნიშნულია, რომ სენაკი და ხობი ორივე პატრიარქისაა (იგულისხმება აფხაზეთის კათალიკოსი), ხოლო ამ უკანასკნელში არის დიდი ეკლესია (გიულდენშტედტი, 1962:321, 325).
ფოთის ჩრდილოეთით, შავ ზღვასთან უსახელო მდინარის შეერთების მარჯვენა მხარეს, რუკაზე მეცნიერი აღნიშნავს პუნქტს ხორგის სახელწოდებით. ეს მდინარე, ვახუშტის თქმით, ხორგისწყალია, რასაც სახელი მიუღიაზღვის კიდესა ზედამდებარე დაბის - ხორგის სახელწოდების მიხედვით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ხორგა თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით მდებარეობს ხობის რაიონში, ხობისწყლის ორივე ნაპირას. აკონკრეტებენ: გამოღმა და გაღმა პირველი ხორგა, გამოღმა და გაღმა შუა ხორგა. ხორგის თემის ცენტრს გამოღმა პირველი ხორგა წარმოადგენს და მდ. ხობისწყლის მარჯვენა მხარეს, . . 11 -ზე მდებარეობს; ხობს 8 კმ-ით არის დაშორებული. გამოღმა შუა ხორგა ხობისწყლის ორივე ნაპირზე, პირველ ხორგასა და ქარიატას შუა მდებარეობს. თემის ცენტრია და კიდევ ორ სოფელს - გაღმა შუა ხორგასა და ყორათს აერთიანებს. გამოღმა შუა ხორგა ეწოდება სოფელს გამოღმა . ხორგასა და გამოღმა ქარიატას შუა, ხობიდან ყულევისკენ მიმავალ გზაზე, ხობისწყლის მარჯვენა მხარეს; ხობს 11 კმ-ითაა დაშორებული და . . 9 -ზე მდებარეობს. გაღმა შუა ხორგა სოფელია ოდიშის დაბლობზე და ხობისწყლის მარცხენა ნაპირზეა. ხობს დაშორებულია 12 კმ-ით, ჭალადიდის რკინიგზის სადგურს - 5 კმ-ით და . . 10 მზეა. გაღმა პირველ ხორგად იწოდება სოფელი ხობისწყლის მარცხენა მხარეს, რაც ახალსოფლის თემში შედის, . . 10 -ზეა და ხობს 7 კმ-ით არის დაშორებული.
ირკვევა, რომ ყულევსა და ხობს შორის მდებარე ვრცელი ტერიტორია ხობისწყლის ორივე ნაპირას ხორგად იწოდებოდა (ცხადაია, II, 2007:139).
სოფელი ხორგა მოიხსენიება გვიანი შუა საუკუნეების არაერთ წერილობით დოკუმენტში. XVII ს. იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი 1654 წელს შედგენილ რუკაზე აღნიშნავს პუნქტს ხორგას (Corgas) სახელწოდებით. ხორგა გამოსახულია იმავე წლის ე. წ. „ლათინურენოვან რუკაზეც“. როგორც ჩანს, სოფლის დაკონკრეტება გაღმა და გამოღმა ხორგად ახალი მოვლენა არაა. XVIII ს. დასაწყისით დათარიღებულ საეკლესიო გადასახადების გადამხდელთა სიაში მოიხსენიება გაღმა ხორგას მცხოვრები თაბუნია ხოჭოლავა, ბესია გიგიბერია, ინალუხუ ლეფონავა, ბაბაკოჩი, ხახუ, გურიკავა, ბეჯია და შოშიტა ბერაიები, ქომოკორდა არცანდია და მისი ძმისწული, „ჯაიანისსეული კაცი“ გონჯი ავშილავა (კაკაბაძე, I, 1921:116; ხობის მონასტერი, 2000:48). ლევან III დადიანის მიერ 1675 წელს შედგენილი შეწირულების წიგნიდან ირკვევა,რომ ოდიშის მთავარს ბიჭვინთის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს სოფ. ხორგა; ამასთანავე, „ხორგას სამი ნავი ვაჭარი თუ მოვიდეს, ერთი ბაზარგანი ვაჭარი სახობოს კაცისას დადგებოდეს...“ (კაკაბაძე, I, 1921: 76, 77). ჩვენ მიერ ზემოთ მოხმობილ, საეკლესიო გადასახადების გადამხდელთა სიაში დასახელებულია „ხორგას თავს დასტურაია ჭუჭუ და გაბრიელ“ (იქვე: 116). გიორგი თავდგირიძის მეუღლის - ხვარამზე ბატონიშვილის მიერ 1715-1730 წწ. დათარიღებული „შეწირულების წიგნი“ გვამცნობს ბიჭვინთის ღვთისმშობლისთვის შეწირულთა ვინაობას. ესენი გახლავთ ხორგას მცხოვრები ბარდღალეი და დოხვადი ბერიების ოჯახი (კაკაბაძე, I, 1921:119).
გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის გუჯარში აღნიშნულია, რომ „ხორგას საკუტალიოს“ მცხოვრები გოჯი აფშილავა ცოლ-შვილითა და მამულით მერაბ ჯაიანს ბიჭვინთისთვის შეუწირავს (იქვე:144).
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა ხორგაში აფხაზთა კათალიკოსის სასახლის არსებობის შესახებ XVII-XVIII სს. სხვა, არაერთი ისტორიული დოკუმენტითაც დასტურდება, რაზეც ყურადღებას ამახვილებს მკვლევარი თამაზ ბერაძე (სიგკ, IV, 1971:58). 1696-1701 წლებით თარიღდება მამია დადიან-გურიელის შეწირულობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ „ორგას ნაპარკაო სასახლე ცხრა კვამლის კაცით კათალიკოზს დავითს ნემსაძეს წულუკიძისაგან ეყიდა და... ჩვიდმეტად კვამლს კაცად გაეხედა...“ იქვე დასახელებულია ბიჭვინთის ღვთისმშობლისათვის შეწირულნი: ხვასკალია და ბაბადიშაი ხაზავები, ჯუბილეი და თოხულარა მოჯალაბენი, ჭუჭუ, თომიხილი და კოჩილეი დასტურაიები, მორდებული გიგიბერია, ხვიჩია ხოჭოლავა, ინაუხუ ლეფანავა (ლეფონავა), ...ალა, ბაძღალა, ბატკა, დიაკონი ბერაიები, „ერთი ბერი. კაცი მარტოხელი ქაშაგია, ქოჩუა მერცხულავა (მირცხულავა) და მამახუტა წულაია (კაკაბაძე, I, 1921:87).
აფხაზეთის კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის 1706 წლის სიგელში დასახელებულია „ხორგას ნაპარკევის სასახლე“ და ზემოთ მოხმობილი დოკუმენტიდან ცნობილი პიროვნებანი: „აზნაურისშვილი მორდებ გეგებერიაი ორის მოსახლე გლეხითა“, ჭუჭუ და მამაში დასტურაიები, „ძმებითა და სახლკარითა“; სოგიჯუმა ხოჭოლავა, სარჯელია და ბაბადიში ხაზავები. ბეჟან წულუკიძისგან ნაყიდი გლეხები გრიგოლ ნემსაძეს თურმე „შეუწირავად დარჩომოდა“. ბერაიების ოთხი კომლი გიორგი მიქელაძეს ასევე ბიჭვინტისთვის შეუწირავს. დოკუმენტიდან ირკვევა სხვა შეწირულ პირთა ვინაობაც. ესენია მღვდელი გიორგი ჭითავა და ხუცესი არცანდია (კაკაბაძე, I, 1921:90, 91).
ხორგის სასახლე „ნაპარკავისა“ და „ნაპარკეოს“ ფორმით დასახელებულია აგრეთვე XVIII ს. კიდევ ორ დოკუმენტში (კაკაბაძე, I, 1921:101, 103). გიულდენშტედტის ცნობით „ხორგა, არა კორგა“ სოფელია ოდიშში (1962:325).
ამრიგად, XVII-XVIII საუკუნეების უცხოურ და ქართულ წერილობით წყაროებში არაერთგზის მოხსენიებული სოფელი ხორგა, რაც ხობისწყლის ორივე ნაპირზე მდებარეობს, წარმოადგენდა აფხაზეთის კათალიკოსის ერთ-ერთ რეზიდენციას. ხორგის სახელით ცნობილი იყო ვრცელი ტერიტორია ყულევსა და ხობს შორის. ამიტომ ვახუშტის ცნობა დაბა ხორგის „ზღვის კიდესა ზედა“ მდებარეობის შესახებ, ვფიქრობთ, რომ სწორი უნდა იყოს, ოღონდ ერთი გარემოების გათვალისწინებით, სახელოვანი მეცნიერის მსჯელობა, რომ მდ. ხორგისწყალმა აღნიშნული სახელი „მოიგო“ დაბა ხორგისაგან, არასწორია, ვინაიდან ხორგის მახლობლად მდინარე ამ სახელწოდებით არ მოედინება და შეცდომით დასახელებული ხორგისწყალი სწორედ მდ. ხობისწყალი უნდა იყოს (ბერაძე, სიგკ, IV, 1971:58).
ვახუშტის რუკებისა და ნაშრომის მიხედვით „ციხე ჭაქვითი და სასახლე დადიანისა“ მდებარეობს ხორგისწყლის (ალბათ ხობისწყლის) აღმოსავლეთით, მაგრამ ეს შეცდომაა, და როგორც თ. ბერაძე აღნიშნავს, ეს პუნქტი მდებარეობს ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ბერაძე, სიგკ, IV, 1971:58).
სახელოვან მეცნიერს თვით სახელწოდებაც განსხვავებული ფორმით აქვს მოცემული. უფრო ადრინდელ, ლევან II დადიანის 1640 წლის წმ. ნიკოლოზის ხატის წარწერაში დასახელებულია „ჭაქვინჯის“, ხოლო მარტვილის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში - „ჭაქვიჯის“ ფორმით. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ საქართველოს ისტორიულ რუკაზე აღნიშნულია „ჭაქვიჯი“; ნ. დადიანიც რამდენჯერმე ასახელებს ტოპონიმ „ჭაქვიჯს“. მოგვაქვს საილუსტრაციო მასალა „ქართველთ ცხოვრებიდან“: „ხოლო ოდიშს იყო ციხე ჭაქვითისა, გამაგრებული მხეიძის პეტრე ბეჟანის ძისაგან...“; „დროსა ამას განურისხდა დადიანი ლეონ შარვაშიძეს ბეჟანს და შეიპყრა და პატიმარ ჰყო ციხესა შინა ჭაქვიჯისასა...“; „შემდგომად წარსვლისა დედისა თვისისა მთავარმან ჩვენმან ლეონ დადიანმან მოიყვანა მეუღლედ ზურაბ წერეთლის ასული მართა და ჰქმნა დიდი და სახელოვანი ქორწილი ჭაქვიჯს“ (დადიანი, 1962:236). გიულდენშტედტი ოდიშში მიუთითებს ჭაქვინჯის ციხეს (1962: 188, 199, 325).
გადავხედოთ XIX საუკუნის საარქივო მასალებსაც. სამეგრელოს ეპარქიის 1838 და 1846 წლების სტატისტიკურ აღწერილობაში დასახელებულია ჭაქვინჯის წმ. გიორგის ეკლესია. 1864 წლის საარქივო დოკუმენტში (ფონდი 489, აღწ. 6, საქმე №1724) მოიხსენიება ჭაქვინჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დიანოზ შელია და მედავითნე („პრიჩეტნიკი“) გიორგი შელია; ასევე წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი რომანოზ შენგელია და მედავითნე ათანასე ანთელავა (ჭითანავა, 2010:60, 61, 71). 1873 წლის სტატისტიკური აღწერილობის მასალებში ჭანისწყლის ხეობის გასწვრივ მდებარე სოფლებს შორის გვხვდება ჭაქელინჯი (იგივე ჭაქვინჯი), ხის სამი ეკლესიითა და ციხის ნაშთით. 1886 წლის კომლობრივი აღწერის მონაცემებით ზუგდიდის მაზრის ზუგდიდის საპოლიციო უბანში არსებობს ჭაქვინჯის სასოფლო თემი, სადაც კომლთა რაოდენობაა 556. მ. შ. კაცი - 1467, ქალი - 1380; სულ 2847.
ახლანდელ ზუგდიდის რაიონში, ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს, ზუგდიდიდან 16 კმ დაშორებით, ზ. დ. 130 მ სიმაღლეზე, ნარაზენისა და ჯიხასკარის საკრებულოებს შორის, მდებარეობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ჭაქვინჯის სახელწოდებით. ციხე აგებულია ჯიხაშკარის ტერიტორიაზე, რაც გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოეყო ჭაქვინჯის სასოფლო საბჭოს. ადმ.-ტერიტ. ცნობარის მიხედვით აღნიშნული სოფლის ოფიციალური სახელწოდებაა ჯიხასკარი, ხოლო თვით ციხე-სიმაგრე, რაც სოფლის ცენტრის დასავლეთით, მაღალ გორაზე დგას, „ჯიხას“ სახელითაა ცნობილი. აქვე წყაროს ჯიხანწყუს ეძახიან (ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადის - ჯაბახ(ი)ლეს სათავე), სახნავს - ჯიხა (შ)ფერდს, ხოლო ჩაის ფართობს - „ჯიხაშ ჩაის“ ეძახიან (ცხადაია, II, 2007:404, 405).
ვახუშტი თავის ნაშრომში სამჯერ ასახელებს პუნქტს ჭაქვითის ფორმით. ერთგან წერს: მეფე ვახტანგმა „მოსრნა ურჩნი ოდიშისანი, მოადგა ჭაქვითის ციხესა, აღიღო და გამოიყვანნა ცოლ-შვილნი ვამეყ დადიანისანი და საგანძურნი ყოველნი და მივიდა ზუგდიდს“ (დადიანი, 1962:162). ეს ამბები უკავშირდება 1662 წელს.
პ. ცხადაიას მსჯელობით ახლანდ. ჭაქვინჯის უწინდელი სახელი ქუატახტი იყო, ხოლო ჭაქვინჯი უფრო ჯიხაშკარს ერქვა (ცხადაია, II, 2007:352).
ჭაქვინჯის ციხის გრანდიოზულობით აღფრთოვანებული აკაკი ჭანტურია წერდა, რომ რუხის ციხისგან განსხვავებით, რისი ნახვაც შიშსა გგვრის, ჭაქვინჯის ციხე პირიქით - გხიბლავს... ეს ციხე ყოველმხრივ კეკლუცია (კალანდია, 2006:398).
პროფ. შ. მესხია ვარაუდობდა, რომ ჭაქვინჯში უნდა ყოფილიყო ეგრისის მმართველის - ქუჯის ციხე-სიმაგრე. ქუჯის ჯიხას ანუ ჯიხა-ქუჯის „ჭაქვინჯად“ გადაქცევა სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მკვლევრები საბოლოო და გადამწყვეტი დასკვნის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ, ვინაიდან ასეთი დასკვნა ციხის ნაშთების საფუძვლიან არქეოლოგიურ შესწავლაზე უნდა ყოფილიყო დამყარებული (პაჭკორია, 1975:33).
სოფლის სახელწოდება არაერთგზის გვხვდება მეგრულ ზეპირსიტყვიერებაში. მოვიხმობთ საილუსტრაციო მასალას. ლექსში „ოდიშიშ შარას“, ვკითხულობთ:
მისით შარა მერჩამუნი ზუგიდიშე ბჟაიოლც, ჯვეშ სოფელი ჭაქვინჯი რე ხვალე ჟირი სათიშ ოლც.
ვისაც მგზავრობა მოგიხდა ზუგდიდის აღმოსავლეთით, ძველი სოფელი ჭაქვინჯია მხოლოდ ორი საათის სავალზე.
ან
გინმიჯინე კანდიორო, სქვამას მოუნაფილი, ჯვეში ჭაქვინჯური ჯიხა თელ ოდიშის ცქვაფილი.
გადაჰყურებს თავმომწონედ, ლამაზად გამოყვანილი, ძველი ჭაქვინჯური ჯიხა, მთელ ოდიშში ნაქები. (სამუშია, 1971:18,19).
პოემაში „ჟირი ჭკადუ - უტუ დო ბულათია“, ორგან მოცემულია ფორმა ჭაქვინჯი:
ზოჯუ: მოკო, ქობძირენი ჩქინი ჭაქვინჯური ჯიხა, თექიანი მოსვანჯინი მიჩქუ, ვა რე გვალო ხიხა
ბრძანა: მინდა ვნახო ჩვენი ჭაქვინჯური ჯიხა, იქ მოსვენება ვიცი, არ არის მთლად უმნიშვნელო
და
ქუათხოზი, ქმვოჭიშე ჭაქვინჯიში ჯიხაწკალა, მეუნდ თუმაშ მასქა კოჩი, ფთქვი: „მუს გოურც ყაზაყალა!
გავეკიდე, დავეწიე, ჭაქვინჯის ჯიხასთან, თმის სისქე ხალხი მიჰყვებოდა, ვთქვი: რას გაჭრის ვაჟკაცობა!
(იქვე:65, 74).
სხვა ლექსში ვკითხულობთ:
მაყალეფი, ირო ფშუდანი თი დროში ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი.
მეგობრებო, მუდამ გვახსოვდეს. იმ დროის ჭაქვინჯი-ჯიხაშკარი
(სამუშია, 1979:155).
ტოპონიმ „ჭაქვინჯის“ ეტიმოლოგია გარკვეული არაა. ა. ქობალიას „მეგრულ ლექსიკონში“ მოცემულია შემდეგი მნიშვნელობები: „ჭაქვინჯი ჭის ფსკერი; ზოგან განმარტავენ როგორც ჭანთა ნაფუძარს, ჭანთა ქვედა ციხეს“ (ქობალია, 2010:707). მარტვილის რაიონის სოფ. გურძემში ჩავიწერეთ ტოპონიმი „ჭანურქვინჯი“. ჭანური სამეგრელოში ეწოდება კონუსის ფორმის თავწაჭრილ ქვაბს, რასაც ვიწრო თავი და ფართო ძირი აქვს, მაგრამ, ამასთანავე, ჭანირი, ჭანური მსხლის ჯიშიცაა. თუკი დავუშვებთ, რომ „ჭაქვინჯის“ უწინდელი ფორმა „ჭანურქვინჯი“ ან „ჭანირქვინჯი“ იყო, მაშინ შესაძლებელია სოფლის სახელწოდება მეტაფორულ ოროგრაფიულ ნომენად მივიჩნიოთ, კონუსის ფორმის თავწაჭრილ ქვაბთან გეოგრაფიული ობიექტის მიმსგავსებით. ხომ არ ნიშნავს ჭაქვინჯი „ჩავარდნილ-ჩადაბლებულ ადგილს“?
ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სიტყვა ქვინჯი ფიგურირებს სამეგრელოში ჩაწერილ რამდენიმე ტოპონიმში. მაგალითად, ქვაბ(ი)ქვინჯი - ფერდობი სახნავით აბაშის მარჯვენა ნაპირზე, თათუღაის შესართავთან (ნაესუუ); ქვაბიშქვინჯი - ჭეჭყობიანი ვაკე რუხის თემში, ბექობთან; ქვაბიქვინჯი - ტაფობი აბაშის მარჯვენა ნაპირზე (ბობოთი)... ქვაბი იგივეა, რაც მღვიმე, გამოქვაბული; ქვაბქვინჯი „მღვიმის (გამოქვაბულის) ძირი“ მეტაფორულად აღნიშნავს ჩავარდნილ-ჩადაბლებულ ადგილს (კეკელია, 2008:62). საყურადღებოა ტოპონიმ „ქვიჯეს“ დადასტურებაც. ასე ეწოდება ხევსა და ღელეს სოფ. ქვაითში, რაც მარჯვნიდან შეერთვის ნოღას, საკირესთან. ქვიჯეც მეტაფორული ოროგრაფიული ნომენია და როდინივით (მეგრ. ქვიჯა, ქვიჯე) ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს. ქვინჯა, ქვინჯე, ქვინჯი გადატ. იგივეა, რაც ძირი, ფსკერი (კეკელია, 2008:63).
ჭაქვინჯის ციხე-სიმაგრე მატერიალური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ოდიშის საერისთავოში ჭაქვინჯის ციხე გამორჩეული იყო თავისი სიდიდითა და ძლიერებით. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სწორედ ეს პუნქტი წარმოადგენდა ოდიშის საერისთავოს ცენტრს (ბერაძე, სიგკ, III, 1967:141). ციხის არქეოლოგიურ შესწავლას გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აწარმოებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიცია პროფ. პარმენ ზაქარაიას ხელმძღვანელობით. აღმოჩენილი ნივთიერი საბუთებით აქ დასტურდება მშენებლობის სამი ფენა: III-IV სს., დაახლ. VIII-IX სს. და XVI-XVIII სს. მშენებელს ციხის ასაშენებლად მოხერხებული ადგილი შეურჩევია. ესაა საკმაოდ მაღალი მთა ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს, საიდანაც თვალწინ იშლება კოლხეთის დაბლობი და ზღვისპირეთი.
მთის მაღალ წვერზე აგებული და გრძელი ელიფსის ფორმის მქონე ციტადელთან მისასვლელი გზა ადრე დასავლეთიდან ყოფილა, ამჟამად კი აღმოსავლეთიდან უვლის. კედლები ირეგულარული გეგმისაა. რელიეფის თავისებურების შესაფერისად განლაგებული კოშკები მრავალჯერ დანგრეულა და აღუდგენიათ. ციხის ადგილას მისადგომი ჩრდილოეთი მხარე სამი კოშკითაა გამაგრებული. ეგრისის სამეფოს ძლიერების პერიოდის კოშკების თლილი კვადრებით აგებული ქვედა ნაწილი ყრუა, რაზეც მოგვიანებით სხვადასხვა დროს სამი სართული დაუშენებიათ. ერთი კოშკი მოგვიანებით დაუდგამთ აღმოსავლეთითაც.
ციხის პირველი ფენა - IV-V სს. ოთხკუთხა გალავნის ნაშთები არქეოლოგებმა გამოავლინეს სწორედ ჩრდილოეთით მდგარი კოშკებიდან განაპირას. მოგვიანებით ციტადელის შიგნით ორსართულიანი პალატი და სასახლეც აუგიათ. ციხის დიდი მასშტაბით გადაკეთება XIII-XIV საუკუნეთა მიჯნას უკავშირდება. ესაა მტრის მიერ მიყენებული დიდი ნგრევის შემდეგდროინდელი აღდგენითი სამუშაოები, რაც გამოიხატა აღმოსავლეთი კოშკისა და ჩრდილოეთის სამი კოშკიდან შუაში მდგარი კოშკის ხელახალ აშენებაში. იმავე ხაზზე მდგარი განაპირა კოშკებისთვის დაუშენებიათ ახალი სართულები სვანური სალოდეებით. იმავე ეპოქით თარიღდება ფართის გათვალისწინებით გარნიზონისთვის განკუთვნილი დარბაზული ეკლესია. მას დასავლეთით სათავსი აქვს, ამ უკანასკნელის ქვეშ გამართული აკლდამა კი ეკლესიის ამგებისა და მისი ოჯახის წევრთათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. სამხრეთი და დასავლეთი კედლების თაღედის სისტემითა და დეტალებით ეკლესია XIII-XIV სს-თა მიჯნით უნდა დათარიღდეს.
XV-XVI სს.-თა მიჯნაზე ციხის მასშტაბი ბევრად გაუზრდიათ და ციტადელის ჩრდილოეთით ახალი ციხე აუგიათ. ციტადელის კედლებს საბრძოლო ბილიკები მიუყვებოდა, რისი ნაშთებიც დღესაც შეიმჩნევა. ციტადელი ქვედა ციხის რამდენიმესართულიან კოშკს გვირაბით უკავშირდებოდა. ქვედა ციხის გალავნის კედლები პირწმინდადაა დანგრეული.
ვახუშტის ცნობა, რომ ჭაქვინჯის ციხე „დიდნაშენი“ იყო, სავსებით დასტურდება არქეოლოგიური გათხრებით. აქ გამოვლენილი პალატის ნაშთები, რაც თავის დროზე ორსართულიან კაპიტალურ შენობას წარმოადგენდა, მიუთითებს იმაზე, რომ გვიან შუა საუკუნეებში ჭაქვინჯი ციხე-დარბაზად ქცეულა (ზაქარაია, ლომოური..., 1984:54-56).
ჭაქვინჯის ციხესთან გამოივლიდა გზა, რაც სამეგრელოს ტოპონიმიაში „შქა სამარგალოშ შარას“ სახელითაა ცნობილი.
დადიანების ამ ადგილას მკვიდრობაზე მიუთითებს ტოპონიმური მასალაც. მაგალითად, ერას ხეობისმარჯვენა ნაპირას, დობერას სერზე, ისტორიული ციხის მახლობლად მდებარე ბორცვს ნადოხორ?ს//დადიაშ ნადოხორუს ეძახიან, სადაც, გადმოცემით, მდგარა დადიანის სასახლე. ასევე ციხისმახლობლად, მაღლობზე მდებარე მინდორს ნაბუხარუ ეწოდება. სწორედ აქ, დადიანის სასახლეშიდაბადებულა დავით ლევანის ძე დადიანი. მოგვიანებით სასახლე დაურღვევიათ და ბუხრის ნაშთიდარჩენილა. ასევე ერაწყარის, ჭანისწყლისა და წკვიბღალის შესართავთან, რახვინად წოდებულ ჭალაშიმდებარე ბორცვს ადგილობრივი მოსახლეობა ნამარან?ს//დადიაშ ნამარან?ს უწოდებს (ჯიხაშკარი). ასევე სოფლის ჩრდილოეთით, ალერტკარის საზღვართან მდებარე ტყეს „სადადიო ტყა“ (სადადიანო, დადიანებისთვის განკუთვნილი) ერქვა... სამწუხაროდ, ამ ტოპონიმების დათარიღება ჯერჯერობითვერ შევძელით.
ვახუშტის აღწერის მიხედვით ხეთა მდებარეობდა ხორგისწყლის (ხობისწყლის) ჩრდილოეთით, მთისძირში, ველზე. ხეთა თანამედროვე ადმ.-ტერიტ. დაყოფით თემია ხობის რაიონში, ოდიშის დაბლობსა და ურთის მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე, ზ. დ. 50 მ-ზე და ქ. ხობს 8 კმ-ით არის დაშორებული. რუსეთის იმპერიის მიერ XIX ს. 80-იან წლებში განხორციელებული კომლობრივი აღწერის მონაცემებით სოფელი ხეთა და ხეთის თემი ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის რედუტკალეს უბანში შედიოდა (იხ. 1893). სოფელი მოიხსენიება „საცაიშლო გამოსავალი მოსაკრებლობის დავთარში“, რაც მალაქია კათალიკოსის მიერ 1616-1621 წლებშია შედგენილი.
ამჟამად ხეთის თემი აერთიანებს ხუთ სოფელს:. ლარჩვას (თემის ცენტრი), ნოჩხონს, ოხვამეკარს, წინაგოლასა და ხეთას. გადმოცემით, ხეთა თემში შემავალი ხუთივე სოფლის გამაერთიანებელი სახელია. ინფორმანტთა ერთი ნაწილი კი თვლის, რომ ხეთაში იგულისხმება თემში შემავალი პატარა სოფელი საქირიო (უწინდელი პირველი საქირიო, ქუაკვინორი), რაც ურთის მთისკალთაზე, ხამისქურის საქირიოს საზღვარზე მდებარეობს (ცხადაია, III, 2007:266-267). აქვე ხამისკურის მარცხენა შენაკადის - (ფ)შხერულის მარცხენა ნაპირზე, ხეთის რკინიგზის ხაზსა და სოფელ ოხვამეკარს შორის მდებარე უბანს ხეთარზენი ეწოდება (რზენი „ვაკე“).
სოფელში შემორჩენილია ციხესიმაგრის ნაშთი, რაც დგას ხამისკურის მარჯვენა მხარეს. იქაურები მიიჩნევენ, რომ ჯიხა რუსეთ-თურქეთის ომის დროსაა აგებული. სინამდვილეში, როგორც ვახუშტის ნაშრომიდან ჩანს, უფრო ადრინდელია.
აქვეა წყარო „ჯიხაშ წყარის“ სახელწოდებით. ხეთა დამოწმებულია კახათელი სახალხო მთქმელის - ჯურუ შედანიას ლექსში, სადაც გადმოცემულია სოფლის ტრადიციული ყოფა:
ხეთა ირკოც ქოგიჩქუნა, დიშქა ექი ძვირი ვარე, სიმინდიში ბოღაზი რე, მუთუნი გასაჭირი ვარე.
ხეთა ყველამ იცით, შეშა იქ ძვირი არაა, სიმინდის ბარაქაა, არაფერი გასაჭირი არაა
(სამუშია, 1979:102).
თ. ბერაძის მსჯელობით, ხორგისწყლისა და მდ. ხობის იგივეობის შემთხვევაში ხეთის ციხე-სიმაგრისა და მის ირგვლივ არსებული გეოგრაფიული გარემოს ვახუშტისეული აღწერა სწორია: იგი მართლაც ურთის მთის სამხრეთ-ასავლეთი კალთისძირში, ველზე მდებარეობს.
სოფელს XVIII ს. უკანასკნელი ათწლეულის პოლიტიკური მოვლენების აღწერისას მოიხსენიებს მემატიანე ნიკო დადიანი: „გარნა გრიგოლი (ძე კაცია დადიანისა, ოდიშის მთავარი - ი. კ.) არ განეშორა ოდიშსა და იმყოფებოდა ხან ხორგას, ხან ხეთას, ხან ჭაქვიჯს, ხან ნოღას“ (დადიანი, 1962:190). იმავე საუკუნის მეცნიერი და მოგზაური იოჰან ანტონ გიულდენშტედტი აღნიშნავს, რომ ხეთა დიდი სოფელია ოდიშში (1962:325).
სოფელი გვხვდება XIX ს-ის საარქივო და სხვა სახის დოკუმენტებშიც. სამეგრელოს ეპარქიის 1838 წლის აღწერის მასალებში დასახელებულია სოფ. ხეთი, სადაც ყოფილა წმ. გიორგის, წმ. თეოდორე ტირონისა და მთავარანგელოზის ეკლესიები (ჭითანავა, 2010:60).
1864 წლის საარქივო დოკუმენტი (ფ. №489, აღწ. 6, საქმე №631) გვამცნობს, რომ ხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდლები ყოფილან გიორგი კიმხაძე და გიორგი კუკავა. იქვე დასახელებულია ხეთის ლარჩვას(?) მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდლები - ვასილ ვართაგავა და იოანე კაშიბაძე (ჭითანავა, 2010:62).
1873 წლის სტატისტიკური აძღწერილობის მასალების ჩვენებით სოფ. ხეთაში ამ დროისთვის 5 ეკლესია და 1 სკოლა ყოფილა (იქვე:79).
ხეთის აღწერის შემდეგ ვახუშტი აღნიშნავს, რომ მის ჩრდილოეთით „დის ჭანის-წყალი, წოდებული ჭელენჯიხის გამო. გამოსდის მასვე კავკასსა და დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, და მიერთვის ზღვას ხოფს. ამ მდინარის ჩრდილოთ კერძოდ, ზღვის კიდეზედ არს ხოფი. აქ არს ეკლესია გუნბათიანი, კეთილშენი და შემკული. აქ ეკლესიის შინა მსვენარებს პერანგი ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა, სასწაულთმოქმედი. ამ წყალზედ, ჩრდილოს კიდესა ზედა და ხოფს ზეით, არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუნბათიანი, კეთილშენი, და შემკული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ წყლის სამხრეთის კერძოსი უნაგირამდე და რიონა-ზღვამდე. ამავ მდინარის ჩდილოთ კერძოდ დიდს ველსა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პალატებიანი, ზღუდე-გოდლიანი“.
ჭანისწყალი სამეგრელოს ერთ-ერთი დიდი მდინარეა. მისი სიგრძე 63 კმ-ია, აუზის ფართობი - 315 კმ. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზ. დ. 1960 მ სიმაღლეზე. ჭანისწყალზე გადის. ჩხოროწყუს რ-ის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებს შორის, სოფ. კირცხთან და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონებს შორის, სოფელ სარაქონთან (ცხადაია, IV, 2008:424, 432).
ამდენად, ვახუშტის ცნობა, რომ ჭანისწყალი „მიერთვის ზღვას ხოფს“, არასწორია, ვინაიდან იგი ხობისწყლის მარჯვენა შენაკადს წარმოადგენს. რუკებზე შეცდომითაა გამოსახული ჭანისწყლის დინების მიმართულებაც.
მდინარის სახელწოდების ადგილობრივი არაოფიციალური ვარიანტია წენწყარი//ჭენწყარი, რაც დასტურდება ტოპონიმური და ფოლკლორული მასალებით. ასე, მაგალითად, ჭანისწყლის ჭალაში ჩამავალ გზა-დაღმართს სოფ. სარაქონში წენწყარიშ ალაულარი „წენწყარის ჩასასვლელი“ ეწოდება; წენწყარიშ ჩქონი//წენწყარიშ ჭალე ჭალა-კუნძული და სახნავია იმავე სოფელში, ჭანისწყალთან ჩეღალის შესართავს ზემოთ, მდინარის მარცხენა ნაპირზე (ცხადაია, IV, 2008:424).
ვახუშტი მიიჩნევს, რომ ჭანისწყალს სახელი მიუღია დასახლებული პუნქტისაგან. ესაა წალენჯიხა, რასაც სახელოვანი მეცნიერი „ჭელენჯიხის“ ფორმით მოიხსენიებს. ჭანისწყალს მოიხსენიებს არქანჯელო ლამბერტიც. იტალიელი მისიონერის თქმით, მდინარეს, რაც ხოფის შემდეგ მიედინება, ადგილობრივნი ჭანისწყალს უწოდებენ, ხოლო რუკებზე იწერება cianeo. ეს მდინარე ხოფის შენაკადია... ჩემის აზრით, მდინარეს ეს სახელი იმიტომ ეწოდება, რომ მასთან მოდის სავაჭროდ პატარა ნავებით მეზობელი ხალხი, რომელსაც ჭანი ჰქვიაო (ლამბერტი, 1991:164).
ენგურის სანაპიროზე მცხოვრებნი, - წერდა ფოლკლორისტი კ. სამუშია, - მდ. ჭანისწყალს მოიხსენიებენ წენდიხასა და წენწყარის ფორმით, ხოლო ჭანისწყლის პირას მცხოვრებნი - ჭენწყარისა და წენდიხას (ზოგან ჭანდიხა) ფორმით (სამუშია, 1990:142).
შამადავლა დადიანის წიგნში საკათალიკოზო სარგოს შესახებ, რაც 1470-1474 წწ. თარიღდება (გადაუწერიათ XVII ს-ში), მოიხსენიება ხოფი: „წყლის პირსა ჭალადიდს რიონს ზედან ნახევარი ბაჟი ხოფისა ღვთისმშობელისა არის და ნახევარი კათოლიკოზს...“ (კაკაბაძე, I, 1921:1) და იქვე: „ჭუირიას და ცუს შუა ტყე და წყალი ყოვლად წმიდისა არის და ნურავინ დააკლებთ და ვინ დააკლოს, რ[ისხ]ავსმცა მამა ძე და სული წმიდა და ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი ხოფისა...“ (იქვე:2).
ნიკოლოზ ხოფელის (წულუკიძის) 1569 წლის „შეწირულების წიგნში“ გვხვდება ხობი: „უფროსად კურთხეულსა დედოფალსა ხობისა ღვთის მშობელსა...“; „...შემოგწირეთ მცირე და კნინი შესაწირავი ესე შენ თეთროსანსა ხობისა ღუთისმშობელსა...“; „...რომელიც ზემოს წყევლაა და შეჩვენება სწერია, ისიც მოიწევს მას ზედან და ხობისა ღუთისმშობელიც, ამინ“ (კაკაბაძე, I, 1921:20, 21). მაგრამ იმავე დოკუმენტში გვხვდება „ხოფისა ღუთისმშობელი“, ხოლო თვით ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რომელიც ხოფელად მოიხსენიება, წერს: „ოდეს სხვა ხოფელი იჯდა და მონასტერი იყო, ესე მოგუცეს ჩვენ წულუკიძეს ხოფელს ნიკოლოზს, ესე აოხრებული მონასტერი და მამული“ (იქვე:20). მასვე „ერთი მოსახლე კაცი“ სქვამიკოჩა ფაცია თათრისაგან უყიდია, მოუნათლავს და ხოფს დაუსახლებია (იქვე).
ლევან III დადიანის 1675 წლის შეწირულობის წიგნში აღნიშნულია, რომ ოდიშის მთავარს კათალიკოს დავით ნემსაძისთვის შეუწირავს „ხოფი ორი მოსახლითა“ (კაკაბაძე, I, 1921:76). აქვე გვხვდება „სახობო“ და „ხოფისა ღუთისმშობელი“ (იქვე, გვ. 77). 1700 წლის ახლო ხანებში დაწერილ შეწირულობის წიგნში მოიხსენიება ხოფის ღვთისმშობელი და მთავარეპისკოპოსი ხოფელი ეფთიმი ფაღავა (იქვე: 84). 1706 წლით დათარიღებულ სიგელში გვხვდება „ხობს სამი მოსახლე კ-ცი სადადიანო გაჯინედი საარიაი, მერკვირიაი გ-ი, ბაბოლქუაძე ბიბია და მისი შვილები“... (იქვე:91). იმავე დოკუმენტის მიხედვით, „კიდევ ერთი მოსახლე კცი ჯღერიას ნაყმევი პაპაი ხუცობავაი და მისი ძმაი შარვაშიძისგნ სადეო კ-ცი იყო ჩნი და იმაშიდ წამოვიყვანეთ და ხობს დავასახლეთ“ (იქვე:92).
1712 წლის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ გრიგოლ ლორთქიფანიძეს „ენგურიდაღმი“ ტყვეობიდან დახსნილი ყმა-გლეხები ხიბულასა და ხობს დაუსახლებია და სამ-სამი ლოღარიკი სანთლით დაუბეგრავს (იქვე:105). XVIII ს. დასაწყისში შედგენილ ხობის გლეხთა სანთლის ბეგრის ნუსხაში მოიხსენიება „ხობის შესავალი და შეწირული სანთელი“ და „ხობს ბაბაკოჩი ბიგვავა“ (იქვე:115, 116). გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის გუჯარში გვხვდება ბიჭვინტის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის შეწირული „სახოფოთ ბიას კოჩიგაძე სიჭინავა“, „თვითონ ხოფს საცხომარიოს გ-ი პაინჭკურია და მისი ძმისწული მახარობელა“, „სახოფო მათის წყლით, ტყით ადგილით და ყოვლისფერით“ და „ხოფისა ღუთისმშობელი“ (იქვე: 143-144).
1696-1742 წლებით თარიღდება დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია: „ხობს ხუტუ კოდუა და გელი მათის ცოლშვილითა... იქ კიდევ ხობსა მამაგული ბაბადიში და ბიძა მისი... ქ კიდევ [გეგი]ბერია ჭუჭუ, ახალიკოჩი...“ (კაკაბაძე, I, 1921:156).
ხობი უწინ ერქვა სოფლის ნაწილს ხობისწყლის მარცხენა ნაპირას და მონასტრის შემოგარენს. დღეს ამტერიტორიას მაჟია ხობი//მეორე ხობი ჰქვია და ნოჯიხევში ერთიანდება. 1930 წლის ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარის თანახმად ნოჯიხევის სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფ. ბია-ხობი 379 კომლით, მაგრამ ამასთანავე არსებობდა ხობის სასოფლო საბჭო (ცენტრით სოფ. ხობში), სადაც 460 კომლიმოსახლეობდა (ცხადაია, III, 200:10-11). 1961 წელს მას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ხობის ცნობილი მონასტერი ტერიტორიულად მდ. ხობისწყლის მარცხენა ნაპირას, ოდიშის დაბლობზე მდებარეობს, ზ. დ. 25 მზეა და ხობს 2,5 კმ-ით არის დაშორებული (ცხადაია, III, 2007:16).
მონასტრის მშენებლობის დაწყებაზე მკვლევართა შორის აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა. ზოგნი თვლიან, რომ მისი აშენების თარიღია VII ს. პირველი ნახევარი. ე. თაყაიშვილის ცნობით, ხობის მონასტრის აშენების დრო უცნობია, მაგრამ შენობის გეგმისა და სტილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მონასტერი არა უგვიანეს X-XI სს-ში უნდა იყოს აგებული. XIV საუკუნეში ტაძარი მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ. სამხრეთი შტო ამოვსებულია. სამხრეთ კედელზე დაუხატავთ შერგილ დადიანი, მისი მეუღლე - ნათელი და შვილი ცოტნე, რომლებიც XIII ს-ში მოღვაწეობდნენ (ხობის ტაძარი, 2006:12). გვხვდება მოგვიანო ხანის (XIV-XVII სს.) ფრესკული მხატვრობაც (იქვე:13-15).
ვახუშტის ცნობით ხობში „არს ეკლესია გუნბათიანი, კეთილშენი და შემკული“. მკვლევარი თ. ბერაძე აღნიშნავს, რომ „ხობის მონასტერი გუმბათიანი ეკლესია კი არაა, როგორც ამას ვახუშტი გვამცნობს, არამედ სამნავიანი ბაზილიკაა“ (ბერაძე, სიგკ, IV, 1971:58). საქმე ისაა, რომ ხობი გვხვდება ქრისტეფორე კასტელის ნახატების ალბომში, სადაც ერთ ეკლესიას აქვს შემდეგი წარწერა: „ხობის განთქმული ეკლესიის სურათი“. კასტელის სურათის მიხედვით ხობის საეპისკოპოსო ეკლესია გუმბათიანი ყოფილა...
ხობი მოიხსენიება რუსეთის ელჩების - ელჩინისა და ზახარევის მოგზაურობის აღწერილობაში. 1640 წლის 3 მაისს ელჩები ბანძა-ჭყონდიდიდან გამომგზავრებულან და ხობის მონასტერში გაჩერებულან.
წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, რომ ხობის მონასტერი საეპისკოპოსოს ცენტრი ყოფილა (ხობის მონასტერი, 2006:32-36). თუმცა აღნიშნულის შესახებ ვახუშტი არაფერს ამბობს. სამაგიეროდ ხობში ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის პერანგის არსებობის შესახებ ვახუშტის ცნობა სინამდვილეს შეესაბამება, რაც დასტურდება სხვა ისტორიული ცნობებითაც. კვართი XVII ს-ში უნახავს ანტიოქიის პატრიარქ მაკარის. საქართველოში მისი მოხვედრის შესახებ ორი ვერსიაა ცნობილი. პირველი ვერსიის მიხედვით ის ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან VIII ს-ში უნდა ჩამოეტანათ; მეორე ვერსიის თანახმად კვართი საქართველოში კონსტანტინოპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ უნდა მოხვედრილიყო (ბერაია, 2006: 25-29).
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 1470-1474 წლებიდან ვიდრე 1553-1554 წლებამდე ხობი ბიჭვინთის პარალელურად აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენციას წარმოადგენდა. დროის ამ მონაკვეთში ლითხიმერეთის მწყემსთმთავრები „ხობის კათალიკოსის“ საეკლესიო ტიტულით სწორედ ხობში მოსაყდრეობდნენ. ამით აიხსნება 1160 წლის გარეჯული ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერი, რაც მკვლევარმა თ. ჯოჯუამ ასე ამოიკითხა: „ს(უ)ლსა ხობისა! ქათალ{ი}კოზ{ი}სა ბართლომეს{ა} შ(ეუნდვნე)ს ღ(მერთმა)ნ“ (კალანდია, წიგნში - ხობის მონასტერი, 2006:35).
ა. ლამბერტი აღნიშნავს, რომ ხოფის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში „აჩვენებენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ“. თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში, XVII ს. მისიონერი ჯუზეპე მარია ძამპი გვამცნობს, რომ მეგრელებს ბევრი რელიქვია აქვთ, „რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ ქრისტიანობა ყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებთან, რომლებიც ბევრ რელიკვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. შემდეგ ეს რელიკვიები მათ მიიღეს აგრეთვე ამავე ქალაქის სასულიერო პირთაგან... და ბოლოს რელიკვიები მიიღეს იმ წმიდა მამათაგან, რომელნიც თურქებისაგან კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისაგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში. ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც მათი თქმით, ღმრთისმშობელს ეკუთვნოდა. ჩვენს პატრებს იგი უნახავთ. ტილო, რომლისგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი ოთხისა, აქვს ერთი მტკაველი მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება აქვე, ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ლუსკუმში“..
ღვთისმშობლის კვართის შესახებ ცნობები დაცულია რუსი ელჩების - ალექსი იევლევისა და ნიკოფორე ტოლოჩანოვის საანგარიშო აღწერილობაში (1650-1652 წწ.): „მე, ალექსიმ, ღმრთისმშობლის იმ კვართის შესახებ, ზაქარია მიტროპოლიტს ვკითხე - მას უნახავს თუ არა ის და ნამდვილად ღმრთისმშობლის კვართია თუ არა ის. მიტროპოლიტმა მითხრა - ის მრავალჯერ აქვს ნახული და წიგნების მცველის მიერ მოტანილია იმ დროს, როცა წმიდა ხატების დევნა იყოო (საბერძნეთში). ნამდვილად ღმრთისმშობლის კვართიაო ის და სნეულის განკურნებაც მისგან ყოფილაო“. ქრისტეფორე კასტელის ცნობითაც ხობის განთქმულ ეკლესიაში შემონახულია ჩვენი უფლისა და ღვთის დედის, ქალწულ მარიამის კვართი... ამ მხარეში ის დიდად პატივცემულია და ხოფის მონასტერში (სარკინოზების მიერ) კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ ბერძნებმა მოიტანეს (ხობის მონასტერი, 2006:51-55).
აქვე ინახებოდა სხვა წმიდა ნაწილები და რელიქვიები (წმ. მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელი, იოანე ნათლისმცემლის ძვლისა და ძელიცხოვლის ნაწილები, წმ. გიორგის ბარძაყის ძვალი. აღნიშნული სიწმიდეები ამჟამად ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ვახუშტი ბაგრატიონის შრომისა და მის მიერ შედგენილი რუკების მონაცემთა გათვალისწინების გარეშე გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს წარსულის შესწავლა, რასაკვირველია, სრულყოფილი არ იქნება. დავესესხებით პროფესორ ლევან მარუაშვილს: „ვახუშტი ბაგრატიონის გიგანტური შრომა, რაც გამოიხატა მშობლიური ქვეყნის დეტალურ, თავისი ეპოქისათვის ზუსტ აღწერაში და გამოსახვაში, შთამომავალთა აღტაცებას იწვევს. მხოლოდ სამშობლოს სიყვარულმა შეაძლებინა ჩრდილოეთში გადახვეწილ ბატონიშვილს ესოდენ ხანგრძლივი და ბეჯითი შრომა. შთამომავლობა ქედს იხრის ამ ფენომენის წინაშე, რომელმაც ასე სოლიდურად შეავსო ქართული მწერლობის თავისუფალი თარო“ (მარუაშვილი, „ისგს“, №4, 1989, გვ: 33).
ლიტერატურა:
1. ბერაია ლ., ხობის ტაძარში დაცული წმიდა ნაწილები და რელიქვიები, კრ. „ხობის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი“, თბ., 2006.
2. ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, კრ. „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, III, თბ., 1967.
3. ბერაძე თ., ვახუშტი ბაგრატიონი და ოდიშის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, კრ. „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, IV, თბ., 1971.
4. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, თბ., 1962.
5. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, თბ., 1962.
6. ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს გეოგრაფია, თბ., 1997.
7. ზაქარაია პ., ლომოური ნ., ლექვინაძე ვ., გვინჩიძე გ., ციხეგოჯი-ნოქალაქევი, თბ., 1984.
8. კაკაბაძე ს., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, I, ტფ., 1921.
9. კალანდია გ., ხობის საეპისკოპოსოს ისტორია, კრ. „ხობის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი“, თბ., 2006.
10. კალანდია გ., გაძარცული საგანძური, თბ., 2006.
11. კეკელია ი., მარტვილის რჩეული გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2008.
12. ლამბერტი ა., სამეგრელოს აღწერა, თბ., 1991.
13. მარუაშვილი ლ., გეოგრაფიის მესაძირკვლე საქართველოში, ჟურნ. „ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში“, №4 (95), თბ., 1989.
14. პაჭკორია მ., ვიცნობდეთ კულტურის ძეგლებს, თბ.,1975.
15. სამუშია კ., ქართული ხალხური პოეზიის მასალები. მეგრული ნიმუშებ, თბ., 1971.
16. სამუშია კ., ქართული ხალხური პოეზიის საკითხები. მეგრული ნიმუშები,თბ., 1979.
17. ქობალია ა., მეგრული ლექსიკონი, თბ., 2010.
18. ცხადაია პ., სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, III (ზუგდიდის რაიონი), თბ., 2007; II (ხობის რაიონი, ქ. ფოთი), თბ., 2007; IV (ჩხოროწყუს რაიონი), თბ., 2008.
19. ჭითანავა დ., ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში (უძველესი დროიდან დღემდე), თბ., 2010.

Комментариев нет:

Отправить комментарий