მსოფლიოს ერთ-ერთი
უდიდესი დამპყრობლის
თემურ-ლენგის
ცხოვრება და
მოღვაწეობა ყოველთვის
იყო მეცნიერთა
დიდი ინტერესის
საგანი. თემურლენგის თანამედროვე და
მომდევნო ხანის
მემატიანეთა ცნობებზე
დაყრდნობით, ქართულ ისტორიოგრაფიაში
დაწვრილებით არის
გაშუქებული მისი საქართველოში რვაგზის
შემოსევა.1
ერთსულოვანია ყველა
მკვლევრის შეფასება,
რომ საერთოდ
თემურ-ლენგის ლაშქრობებისათვის დამახასიათებელი
სისასტიკე საქართველოში
კიდევ უფრო
განსაკუთრებული იყო
რელიგიური ფაქტორის
გამო.
მიუხედავად ამისა,
ქართულ ისტორიოგრაფიაში
დამკვიდრებული თვალსაზრისით,
საქართველოს ასეთი
უმოწყალო აოხრება
თემურ-ლენგისაგან, ბაგრატ V-ისა
(1360-1393 წწ.) და,
განსაკუთრებით, გიორგი
VII-ის (1393-1407 წწ.) გაუფრთხილებელი,
შეიძლება ითქვას,
უგუნური მოქმედებების
შედეგი იყო.
სომეხი და
ქართველი მემატიანეების
(თომა მეწოფელი,2 ბერი ეგნატაშვილი,3 ახალი ქართლის
ცხოვრება, II ტექსტი;4 ვახუშტი ბაგრატიონი5) ცნობით, ყარაბახში
ტყვედ მყოფმა
ბაგრატ V-მ
მოჩვენებით მიიღო
ისლამი და
შემდეგ, შურისძიების
მიზნით, „მოიხელოვნა განზრახვა
ესევითარი“, „გააბრიყვა“ და
დაარწმუნა თემურ-ლენგი
თავის გულწრფელობაში
და დაითანხმა გაეყოლებინა მისთვის
ჯარი სრულიად
საქართველოს გასამაჰმადიანებლად.
1400 წ.
(VI ლაშქრობა) საქართველოს
საზღვრებთან მომდგარმა
თემურლენგმა მოციქული
გაუგზავნა გიორგი
VII-ს, მოსთხოვა
მორჩილება და
ალინჯის ციხიდან
წამოყვანილი თაჰერ
ჯალაირიანის გადაცემა.
საქართველოს მეფემ
ღირსებით სავსე
გაბედული პასუხი
გაუგზავნა დამპყრობელს: „დაღაცათუ სარკინოზ
ხარ და
ბარბაროს სჯულითა,
და არა
უწყი წინასწარმეტყუელთა მიერ თქმული,
თუ ვითარ
იტყვის:
„უფალი
ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა
მოსცის მადლი“, ესე
უწყოდე, რამეთუ
მე მეფობისა შენისა არა
უმცირეს ვარ,
არცა უადრეს.
არა უწყია,
რამეთუ ძირთაგან დავით წინასწარმეტყუელისათა
აღმოცენებულ ვართ,
და მის
გამო ღმრთისა მიერ ცხებით
განეგების მეფობა
ჩუენ ბაგრატოანთა
და ტომნი
ვართ დავით მეფისა და
წინასწარმეტყუელისა? რომლისათვის ბრძანა
ღმერთმან, ვითარმედ: „ერთგზის ვეფუცე
წმიდასა ჩემსა
დავითს, და
მე არა
ვეცრუო მას, ნაყოფისაგან მუცლისა
შენისა დავსუა
საყდართა შენთაო“ (ფსალმ.
131, 11). და
ესე დავით
იგი არს,
რომელმან ერთითა
შურდულითა მოკლა
გოლიათი და შემუსრა ქედმაღლობა
მისი. ამისთÂსცა
განგებითა მრავალმოწყალისა
ღმრთისათა მეფედ
დამკÂდრებულ
ვართ სრულიად
საქართველოსა ზედა,
და ესრეთ განთავისუფლებულ ვართ,
და სხუა
მეფე არა
უფლებულ არს
ჩუენ ზედა, გარნა მეუფე
იგი ზეცათა
უფალი ჩუენი
იესო ქრისტე.
ხოლო მეფობა
შენი აქაცა
მსწრაფლ წარმავალ
არს და
უმკვიდრო,
და მუნ
საუკუნოდ გეგულების ცეცხლი უშრეტი,
რომელი განმზადებულ
არს ეშმაკთათვის და
შენებრ მსახურთა ყოველთათვისვე. და
მზაკუარებითა მაგით
და ხელოვნებითა ბელზებულთათა დაგიპყრიეს სრულიად
აღმოსავლეთი და
გყავს სიმრავლე
ბანაკთა და
სპანი ურიცხუნი.
და ესე
სამგზის მოსრულ
ხარ და
იავარ გიყოფიეს
სამკვიდრებელი ესე სამეფო
ჩემი, და
წილხდომილი ესე
სამწყსო წმიდისა
დედოფლისა ჩუენისა
ღმრთისმშობელისა, და
ესე არათუ
ძალისა შენისა
მოქმედება არს,
არამედ ცოდვათა
ჩუენთა განმრავლებისათვის სამართლად
გუწუართნა ჩუენ
ღმერთმან... მოვედ
თუმცა არა
ხარ სეფექალ
და დიაც,
და თუ
შენ არ
მოხვალ, მე მოვალ
ძალითა ღმრთისათა
რჩეულითა სპითა
ჩემითა... დაღაცათუ სიმრავლითა ძალისა
შენისათა მრავალი
ბოროტი გიყოფიეს
ჩუენდა მომართ, არამედ უვნებლად
არცა ჩუენ
მიერ წარსულ
ხარ“.6
ასევე უარი
შეუთვალა თაჰერ
ჯალაირიანის გადაცემაზე:
„არ
არის ჩვენი ნათესავთ წესიო,
რომ შემოხვეწილი
კაცი ვინმე
მივსცეთო“.7
ივ. ჯავახიშვილის
შეფასებით: „საქართველოში საქმეთა
მაშინდელ მიმდინარეობის დაკვირვებით განხილვის
შემდგომ, შესაძლებელია
ითქვას, რომ საქართველოს ის
მრავალგზისი აოხრება,
რომელიც ქვეყანას
თავს დაატყდა, მარტო თემურ-ლენგის
ბრალი არ
იყო. დამოუკიდებლობის
შესანარჩუნებლად ბრძოლა
სრულებით კანონიერიცა
და ბუნებრივიც
იყო საქართველოსთვის,
მაგრამ გიორგი
მეფეს გათვალისწინებული
არ ჰქონდა,
რა პირობებში
იყო აქტიური პოლიტიკის წარმოება
შესაძლებელი და
რა პირობებში
უკვე ასეთი
მოქმედება მიზანშეწონილ
ნაბიჯად არ
შეიძლება მიჩნეული
ყოფილიყო... თემურ-ლენგის
საქართველოსადმი პირველი
შემოსევის დროს
შედარებით „ლმობიერი“ მოქმედება ცხადყოფს,
რომ საქართველოს
მთავრობას რომ
ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულება აესრულებინა,
ის საქართველოს
თავისი შემოსევებით აღარ შეაწუხებდა.
ამავე დროს
გამომწვევი აქტიური
წარმოებით გიორგი მეფემ ეს
მრისხანე მტარვალი
გააღიზიანა და
თავისი ქვეყანა
დაუნდობელი ბრძოლის
ასპარეზად აქცევინა.
...თემურ-ლენგის
სიკვდილმა კი
– ცხადყო, რომ ფრთხილი
პოლიტიკის საშუალებით
საქართველოს შეეძლო
ის საშინელი უბედურებაც თავიდან
აეცილებინა, რომელიც
მას თემურ-ლენგის
მრავალგზისი შემოსევების
დროს თავს
დაატყდა, და
პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენაც გაცილებით
უფრო ადვილად
და სწრაფად
მოხერხდებოდა.
ამრიგად, ისევე,
როგორც ბაგრატ
V, გიორგი მეფეც
გულადი მებრძოლი იყო, მაგრამ
პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა
და მიზანშეწონილი
საგარეო პოლიტიკის
ხელმძღვანელობის უნარი
გიორგი მეფეს
აკლდა“.8
დაახლოებით ასეთივე
თვალსაზრისია გატარებული
2008 წელს გამოქვეყნებული საქართველოს ისტორიის
საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოში: თემურ-ლენგის
მიერ ყველა
მოწინააღმდეგის დამარცხების
შემდეგ, გიორგი VII-საგან
„აქტიური
საგარეო პოლიტიკის
წარმოება შესაძლოა
შეცდომაც კი იყო... ავადმყოფურად
პატივმოყვარე თემურ-ლენგისათვის
გამოწვევა იყო. 1399 წლისა
და მომდევნო
ლაშქრობანი განსაკუთრებული
სისასტიკით გამოირჩეოდა და, თითქოს,
შურისძიებით იყო
ნაკარნახევი“.9
მართალია, საქართველოს
ისტორიის ნარკვევების
III ტომში ეს
მძიმე ბრალდება
საქართველოს მეფეებისადმი
პირდაპირ წაყენებული
არ არის,
მაგრამ არც
მისი უარყოფა
ან ახსნის
მცდელობაა მოცემული.10
ბუნებრივია, ისმის
კითხვა, რამ
განაპირობა ბაგრატ
V-სა და
გიორგი VII-ის ასეთი გამომწვევი
მოქმედება და
ამაყი პასუხი
თემურ-ლენგის
შემოთავაზებულ მორიგებაზე.
ნუთუ ემოციებმა,
შურისძიების გრძნობამ
და პატივმოყვარეობამ ისე დააბრმავა
ქართველი მეფეები,
რომ მათ
ვერც მტრისა
და საკუთარი ძალების შეფასება
შესძლეს, ვერც
ქვეყნისათვის მოსალოდნელი
საშიშროება დაინახეს
და უაზრო
გაბედულებით, ყოვლად
გაუმართლებელი ჟინიანობით, მომაკვდინებელი საფრთხის
წინაშე დააყენეს
ქვეყანაც და
საკუთარი თავიც. ვფიქრობ, ასეთი
ვარაუდის დაშვება
მხოლოდ იმ
შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩავთვლით,
რომ ბაგრატ
V-სა და
გიორგი VII-ს
მცდარი წარმოდგენა
ჰქონდათ თემურ-ლენგის
ლაშქრის მრავალრიცხოვნებასა
და სიძლიერეზე,
არ იცნობდნენ მის ხასიათსა
და ბრძოლის
მეთოდებს. მაგრამ
წყაროთა მონაცემების ანალიზი სწორედაც
რომ საწინააღმდეგოს
გვიმტკიცებს. მომხდურის
შესახებ რომ
რეალური ინფორმაცია
ჰქონდა (ამისათვის
არსებობდა საქართველოში მენაპირეთა ინსტიტუტი),
ამიტომაც აარიდა
ბაგრატ V-მ
გაშლილ ველზე
ბრძოლას თავი
და თბილისში
შეიკეტა – იქნებ
მტკიცე ზღუდეშემოვლებულ
და კარგად
გამაგრებულ ქალაქში
მოეხერხებინა თავის
დაცვა. მას
შემდეგ, რაც ბაგრატ V-მ
თავის თავზე
გამოსცადა თემურ-ლენგის
ძალა (ტყვეობაში
ყოფნისასაც დარწმუნდებოდა
ამაში), ვფიქრობ,
გამორიცხულია „შურისძიების“ მიზნით მას
თვითონ შეეთავაზებინა
თემურ-ლენგისათვის
მთელი საქართველოს გამაჰმადიანება და
მოეთხოვა ჯარი.
როგორც სამართლიანად
არის შენიშნული
და დასაბუთებული
ივ. ჯავახიშვილის
მიერ, „არაფერი ამის
მსგავსი არც
შეიძლება მომხდარიყო
და არც
მომხდარა. თემურ-ლენგი
ისეთი ცბიერი
და ეჭვიანი
კაცი იყო,
რომ მისი
ასე სულელურად
მოტყუება არავის შეეძლო. სრულებით
დაუჯერებელია, მით
უმეტეს, რომ
ბაგრატ V-ისათვის, ამ გუშინდელი
მოწინააღმდეგისათვის, თავისი
მრავალრიცხოვანი ლაშქარი მიეცა და
სარდლობაც მისთვისვე
ჩაებარებინა. ამას
გარდა, თემურ-ლენგს თავის ბანაკში,
როგორც მისი
სამხედრო მოქმედებებიდანაც
ცხადად ჩანს, საქართველოს გზების
კარგი მცოდნენი
საკმაოდ ჰყოლია
და თავის
ლაშქარს რომელსამე
მათგანს, რა
თქმა უნდა,
მაინც გააყოლებდა.
ასეთ პირობებში,
ცხადია, ბაგრატ V-ეს
მონღოლთა მბრძანებლის
ლაშქრის მისი
ნებით ვიწროებსა და გაუვალ
ადგილებში შემწყვდევის
არც უფლებას
და არც
საშუალებას არავინ მისცემდა“.11 ამასთანავე,
რა თქმა
უნდა, არავითარი
გარანტია, რომ
მტრის 12-ათასიან
მხედრობას უვნებელი
გადაურჩებოდა, არ
არსებობდა.
ამრიგად, გიორგი
VII-ის ჩასაფრება
„ხუნანის12
პირისპირ, აღმოსავლით კიდესა ბერდუჯისასა“,13 სადაც
საქართველოს მეფეებმა
„მოსრეს
და ამოსწყვიტეს თათარნი“,14 აუცილებლობით
იყო გამოწვეული
და არა
შურისძიების სურვილითა
თუ პოლიტიკური
ვითარების შეუფასებლობით.
ბაგრატ V-ს
არჩევანის საშუალება
არ ჰქონდა.
მას ან
ცეცხლითა და
მახვილით უნდა
გადაერჯულებინა საქართველო,
ან საკუთარი
და თავისი
ოჯახის (დედოფალი
ანა და უფლისწული დავითი
ტყვეობაში იმყოფებოდნენ
მასთან ერთად)
სიცოცხლის რისკის
ფასად შეეჩერებინა
მტერი. ბუნებრივია,
რომ საქართველოს
მეფემ ეს უკანასკნელი გზა
აირჩია.
ასევე ზუსტად
იყო ინფორმირებული
გიორგი VII, რომ
1400 წ. თემურლენგმა თავისი უზარმაზარი
იმპერიის მთელი
სამხედრო პოტენციალი
მიმართა საქართველოს
წინააღმდეგ. ამას
ადასტურებს გრიგოლ
ბანდაისძის მიერ ლარგვისის XIV
ს-ის
პარაკლიტონზე შესრულებული
მინაწერი და
ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე
„ძეგლი
ერისთავთა“-ში
დაცული ამის
იდენტური ცნობა;
1. პარაკლიტონის მინაწერი:
„მოქცევასა
იდ. ქკს:
პე (=1400 წ.), მაისს ზ.,
მოვიდა თემურ-ბეგ
სულტანი სამარყანელი
და გამოიტანნა
ყაანნი სინიჩარისაი,
ჩინეთისაი, ქომანეთისაი,
ხვარაზმისაი, ქამანისაი,
ნაჰროეთისაი, სიყალბისაი, ჩაღანისაი,
ალაბისაი, სინდეთისაი,
ხატავეთისაი, ერაყისაი, თურქისტანისაი და
სიმრავლისა მათისა
არა იყო
რიცხვი“;15
2. ძეგლი ერისთავთა: „მოვიდა თემურ
სამანგლელი ყოვლითა
სპითა ჩაღანელ-ქაშანელსიყალბელ-ნაჰრომელ-ინდუსტანელითა და ყოვ
ლითა სპარსეთისა
და აღმოსავლეთის ლაშქრითა~.16
ეს ორივე
მინაწერი მოვლენათა
თანამედროვეს „ძეგლი
ერისთავთა“-ს
ერთ-ერთ
ავტორს, გრიგოლ
ბანდაისძეს ეკუთვნის.17
ამავე დროს
გიორგი VII-მ
ძალიან კარგად
იცოდა ისიც,
რომ მარტო
იყო დარჩენილი
თემურ-ლენგის
პირისპირ (დარბეული
და დამორჩილებული
ჩრდ. კავკასიის მოსახლეობა,
დანებებული „ოქროს ურდო“, თემურ-ლენგის
მხარეს გადასული
გიორგი VII-ის
ერთადერთი მოკავშირე
შაქისელი სიიდი
ალის შვილი
სიიდი აჰმედი)
და ისიც,
თუ როგორ
უსწორდებოდა თემურ-ლენგი
ურჩებს (1388
წ. აჯანყების
გამო ხორეზმის
მოსპობილი სახელმწიფოებრიობა, მიწასთან გასწორებული
მისი დედაქალაქი
ურგენჩი, გაჟლეტილი,
აყრილი და სამარყანდში გადასახლებული
მოსახლეობა).
ყოველივე ზემოთქმულიდან
გამომდინარე ისმის
კითხვა, რამ
განაპირობა
ბაგრატ V-ისა
და გიორგი
VII-ის ასეთი
უკომპრომისო დამოკიდებულება და შეურიგებელი
ბრძოლა თემურ-ლენგის
წინააღმდეგ, რა
იყო დამპყრობლის მოთხოვნაში ისეთი,
რაც კატეგორიულად
მიუღებელი უნდა
ყოფილიყო საქართველოს
სამეფო კარისათვის. ჩემი აზრით,
ეს იყო
მთელი ქვეყნის
(და არა
მარტო მეფის
ან სამეფო ოჯახის) გამუსლიმების
მოთხოვნა.
მთელი ჩვენი
ისტორია, შეიძლება
ითქვას, გარეშე
მტრებთან ბრძოლის ისტორიაა. ბრძოლა
ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობისა და
დამოუკიდებლობისათვის
წითელ ზოლად
გასდევს ჩვენს
მრავალსაუკუნოვან წარსულს.
საქართველო ხშირად
მდგარა ფიზიკური
განადგურებისა თუ
მორალური გადაგვარების
საფრთხის წინაშე,
მაგრამ მაღალი
ეროვნული თვითშეგნება და მართლმადიდებლური
ქრისტიანობა იყო
ყოველთვის ის
ძალა, რომელიც განსაცდელის ჟამს
გვიფარავდა. შემთხვევითი
არაა, რომ
ქართულ ენაში ეროვნებასა და
რელიგიას ერთი
სახელი აქვს
– რჯული. მართლმადიდებლური ქრისტიანობა, როგორც
დროშა, წინ
მიგვიძღოდა, გვაერთიანებდა
და გვიცავდა უცხოტომელთა მომძლავრებისაგან.
ეს მომხდურსაც
კარგად ესმოდა. ამიტომაც იყო,
რომ ყველა
დამპყრობელი, პირველ
რიგში, შეურიგებელ
ბრძოლას უცხადებდა
ჩვენს ეროვნულ
მრწამსს. საქართველოს
რიგით ირანულ პროვინციად გადაქცევა,
სწორედ ქრისტიანობის
აღმოფხვრის გზით
ესახებოდათ
სასანიან შაჰებსა
თუ ყიზილბაშ
ყაენებს. ოსმალეთის
ისლამური იმპერიისათვის თუ მინიმალურად
მაინც დასაშვები
იყო კათოლიკური
სალოცავებისა
და სომხური
ტიპიკონის ფუნქციონირება
სამცხე-ჯავახეთში,
კატეგორიულად
მიუღებელი იყო
მართლმადიდებლური ეკლესიების
არსებობა. მართლმადიდებლური მეფის რუსეთიც
კი, საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით
(1811-1814 წწ.), ეკლესია-მონასტერთა
რაოდენობის მკვეთრი
შემცირებითა
და ქართულ
ენაზე ღვთისმსახურების
აკრძალვით, ცდილობდა
იმპერიული ასიმილატორული
ექსპანსიის განხორციელებას. ეს კარგად
ჰქონდა გააზრებული
თემურ-ლენგსაც.
პოლიტიკა და
რელიგია მის
დამპყრობლურ გეგმებში
მჭიდროდ იყო
გადაჯაჭვული. ქრისტიანობის მოსპობა იყო
ის აუცილებელი
პირობა, რაც
ქართული მიწისმფლობელობის წესის მაჰმადიანურით
შეცვლას, მისი
ბატონობის უზრუნველყოფას
და, საბოლოო ჯამში,
შედეგად „ქართველობის“ განადგურებას
მოიტანდა.18
თემურ-ლენგი
რომ მარტო
გიორგი VII-ის
გამუსლიმებით არ
დაკმაყოფილდებოდა
და მის
მიზანს მთელი
საქართველოს (და
კავკასიის) გამაჰმადიანება შეადგენდა, ამას
სპარსელი ისტორიკოსებიც
ადასტურებენ. თემურ-ლენგის ლაშქრობების მოწმე
და თვითმხილველი
მოინ ად-დინ
ნათან ზის
ცნობით, „საქართველოს მეფეს
(გიორგი VII) დანებებისა
და მორჩილების
სრული მისწრაფება ჰქონდა, მაგრამ
გამუსულმანების შიშით
შეუპოვარ წინააღმდეგობას ეწეოდა და
ამ სიჯიუტეს,
ათეულ ათასობით
ქართველის სიცოცხლე
შეეწირა“; ხოლო აბდ
არ-რაზაყ
სამარყანდი საქართველოში
ლაშქრობების მიზეზებს აქ ისლამის
გავრცელების საჭიროებით
ხსნის.19 ვახუშტი
ბაგრატიონიც
აღნიშნავს, რომ
თემურ-ლენგი
„გარნა
კუალად არა
დას ცხრა
გულის-წყრომად, ვინაითგან ენება
მოოხრება
და მაჰმადიანობა
საქართველოსი“.20
თემურ-ლენგი
რომ საერთოდ
ქრისტიანობის აღმოფხვრასა
და ისლამის გავრცელებას თავის
ერთ-ერთ
უმთავრეს ამოცანად
მიიჩნევდა, ეს
ჩრდილოეთ კავკასიის
მაგალითზეც ნათლად
გამოჩნდა, სადაც
1395 წელს (თოხთამიშის
დამარცხების შემდეგ)
ქრისტიანული სალოცავები
დაანგრია, მოსახლეობას
ძალით მიაღებინა
ისლამი და
ჩამოაცილა საქართველოს.
„დაიმორჩილა
დაღისტანი უმეტეს
პირველისა. იტყვიან რომელ
პირველ ჟამითგან
იქმნა მუნ
მაჰ მადიანობა დასხმულითა მისგან
ხელითა, რამეთუ პირველ
იყვნენ შერეულნი
ქრისტიანენი, ვითარცა სხუანი
კავკასიელნი... წარავლინა
სპანი ოვსეთად.
განვლეს სპათა
მათ დარუბანდი,
ლეკეთი და
მივიდნენ ოვსეთს,
მოსწყვიდნეს,
ტყუე-ყვნეს...
ესე ჰყო თემურ რამეთუ
უწყოდა, მეფე
ძალს იცემს
მუნიდამ. ხო
ლო კუალად
იტყვიან,
მიერთგან იწოდა
ჩერქეზი და
იქმნა მაჰმადიანობა
მათ შორის“.21
მრწამსის საკითხი
რომ წინა
პლანზე იყო
წამოწეული თემურ-ლენგისა
და გიორგი
VII-ს დაპირისპირებაში,
ამას საქართველოს
მეფის „პასუხიც“ (1400 წ.) და შამქორის
ზავის (1401 წ.)
პირობებიც მიგვანიშნებს.
ბიბლიურ მცნებებსა
და ქრისტიანულ
მორალზე დაფუძნებით
შედგენილ „პასუხში“ სწორედ
ქრისტიანობისა
და ბაგრატიონთა
გვარის უპირატესობაა
ხაზგასმული ისლამსა
და თემურლენგის წარმომავლობასთან შედარებით.
შამქორის ზავის
ხუთი პუნქტიდანაც ორი რელიგიის
სფეროს განეკუთვნება:
1. ქართველებს თავიანთ
ქვეყანაში არ უნდა შეევიწროებინათ
მუსლიმები; 2. ქართველებს
ეკრძალებოდათ ქრისტიანული რელიგიის ადათ-წესების
აშკარად შესრულება
მუსლიმურ ქვეყნებში.
სპარსელი ისტორიკოსების
(ნეზამ ად-დინ
შამი, შარაფ
ად-დინ
ალი იეზიდი) ცნობით, თემურ-ლენგის
„მძვინვარების
ალი კიდევ
უფრო აბრიალდა ურწმუნო გიორგის
უგუნური გულადობის
გამო“
და თავის
ლაშქარს უბრძანა „საღვთო ომად
მკლავი აღემართათ
ბოროტსა და
ცთომილ ხალხზე“.22
წყაროების მონაცემთა
ანალიზი და
მოვლენათა ქრონოლოგია,
ვფიქრობ, იმის მაუწყებელია,
რომ გიორგი
VII-ის „პასუხამდე“ ჰქონდა
თემურ-ლენგს გამოცხადებული საქართველოსთვის
„საღვთო
ომი“.
1399 წლამდე, სხვადა
სხვა მიზეზების
გამო (ხორეზმის
აჯანყება, ოქროს
ურდოსთან ბრძოლა,
ინდოეთში ლაშქრობა),
მან „სათანადოდ“ ვერ
მოიცალა საქართველოსთვის.
ამ წელს კი (გიორგი
VII-ის „პასუხამდე“), მისი
V ლაშქრობა სწორედაც
რომ „საღვთო ომის“
ხასიათს ატარებდა.
უნდა აღგვილიყო
პირისაგან მიწისა
კახეთ-ჰერეთი. მოსახლეობის გაჟლეტა,
ეკლესია-მონასტრების
და საცხოვრებელი
სახლების დანგრევა,
სამეურნეო კულტურების
განადგურება – ასეთი
იყო თემურ-ლენგის ბრძანება. ქართული
ჯარის შეუპოვარმა
წინააღმდეგობამ ამირახორ
ხიმშია აბაზასძის
მეთაურობით და
დიდთოვლობამ აიძულა
დამპყრობელი ერთი თვის თავზე
შეეწყვიტა საომარი
მოქმედებები და
გასცლოდა კახეთ-ჰერეთს. ამ ლაშქრობის
დროს უნდა
იყოს დანგრეული
კახეთის უპირველესი
სალოცავი, ალავერდის წმ.
გიორგის კათედრალური
ტაძარი. ტაძრის
დასავლეთ კარიბჭის საფეხურის ორ
ქვაზე ამოკვეთილი
8 სტრიქონიანი მხედრული
წარწერა ალექსანდრე
I კახთა მეფის
(1476-1511 წწ.) მიერ
ჩატარებულ აღდგენით
სამუშაოებს გვამცნობს: „...კაცთა
მიერ თაყვანისცემა
თნავს ამა
ტაძარსა წმიდის
სავანე ახოვანის მოწამის წმიდის
გიორგის... მოყუარეთა
მეფეთაგან აღშენებული
იყო და ვითარე[ბისაგან
დაქცეულნი] შენებულებანი
გუმბადისანი ვიდრე
სამხრემდ[ე აღაშე]ნა
წარჩინებულმან და
სანატრელმან მეფემა[ნ
ალექსანდრე]“23 (კუთხურ კავებში მოცემული
ტექსტი ჩემ
მიერ არის
აღდგენილი).
თემურ-ლენგის
შეურიგებელი დამოკიდებულება
ქრისტიანობისადმი, ქრისტიანული
სალოცავების მასობრივ
განადგურებაში და
ღვთის მსახურთა
საზარელ, ბარბაროსულ ჟლეტაშიც
აისახა: „ხოლო არა
თუ ყოველთა
კაცთა სრვა
კმა ეყოთ, არამედ წმიდანი
ეკლესიანიცა და
მას შინა
მყოფნი სამღვდელონი
კრებულნი ცეცხლითა დამწვარ იქმნნეს
მათ მიერ“.24 ამ
მხრივ, ისევე
როგორც საბრძოლო
მოქმედებებით, განსაკუთრებით მასშტაბური
იყო VI ლაშქრობა
(1400 წ.). გოგჩის
ტბასთან, ლორეს, თბილისის,
გორის, ძამის,
სავანეთის და
სხვ. ციხეებთან
გამართულ ბრძოლებში, თემურ-ლენგმა
მხოლოდ უდიდესი
ძალისხმევისა და
მსხვერპლის ფასად მიაღწია გამარჯვებას,
თუმცა მეფე
გიორგის, რომელიც
„დაჭრილი
ვეფხვივით იბრძოდა
ტყეებსა და
ვიწროებში“,
ვერც შეპყრობა
და ვერც
დამორჩილება ვერ შესძლო. გაბოროტებული
დამპყრობელი გზადაგზა
სპობდა ყველაფერს.
ყველა ქართველი
ისტორიკოსი ხაზგასმით
და რამდენიმეგზის
აღნიშნავს თემურ-ლენგის
მიერ ეკლესია-მონასტრების
„საფუძვლითურთ“ დანგრევას, რასაც, სხვათა
შორის, სპარსელი
ისტორიკოსებიც ადასტურებენ. მაგალითად, ნეზამ
ად-დინ
შამი სპეციალურად
უთითებს, რომ
თემურ-ლენგის ჯარებმა „ურჯულოთა შენობები
დაწვეს, ყანები
და ეკლესია
მონასტრები დაანგრიესო“.25 ქართულ
ისტორიულ საბუთებსა
და ეპიგრაფიკულ
ძეგლებშიც მრავალი
ასეთი ფაქტია
დაფიქსირებული.
ნაბუქოდონოსორ II-ის
მიერ იერუსალიმში
დატრიალებულ უბედურებას გადაამეტა თემურ-ლენგის
ბოროტებამ სვეტიცხოველთან
მიმართებაში: „მაშინ მივიდეს
უსჯულონი იგი
წმიდასა კათოლიკე
ეკლესიასა მცხეთას, უფროსღა და
უმეტეს სავსენი
შურითა მისითა...
რამეთუ ესრედ
სახედ ყოველივე ჰყო მძლავრმან
უწყალომან ლანგ-თემურ
საქართველოსა შინა,
ვითარცა მეფემან
ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ
მოაწია იერუსალიმსა
ზედა, ამან უფროსღა გარდამატა
მას. რამეთუ
მან არა
იკადრა დარღუევა
ტაძრისა მის სოლომონისა, თვინიერ წარღებისა
მრავალფასსა მის
პატიოსანთა ჭურჭელთა ტაძრისათა, არამედ
ამან ლანგ-თემურ
ესეოდენი ბოროტი
ქმნა, რომელ წარიღო სრულიად პატიოსანი სამკაული
და შემკობილნი
ჭურჭელნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი,
და იგი
არა ჯერ
უჩნდა კმაყოფად,
არამედ თვითცა შეჰკადრა და ბილწითა
ხელითა
წარმდებად ხელ-ჰყო
დარღუევად და
მოოხრებად სუეტისა ცხოველისა
შინაგან, და
გარეთ ზღუდენი
და პალატნი
და ყოველნივე შენობანი სრულიად
იავარ ჰყვეს
სპათა ლანგ-თემურისათა“.26
მას შემდეგ,
რაც „შემუსრეს და
დაარღვიეს
წმიდა კათოლიკე
ეკლესია მცხეთისა“, დამპყრობლებმა „მიიწივნეს მუნით
ქუაბთა-ხევს,27 და
შეიპყრეს მუნ
მყოფნი კაცნი,
მამანი და
დედანი, მღვდელნი
და დიაკონნი
და მონაზონნი,
და შეამწყუდეს ტაძარსა წმიდისა
ქუაბთა-ხევისა ღთისმშობელისასა,
და შეუგზნეს
ცეცხლი შიგან ეკლესიისა და
დაწვეს, რომელიც
იყოფოდეს ეკლესიასა
მას შინა“.28
ასეთ მძიმე
ვითარებაშიც კი
გიორგი VII ცდილობდა
ყურადღება არ
მოეკლო საქართველოს
ეკლესიისათვის. 1399-1401 წწ-ში
მის მიერ
გაცემული სიგელებით, მცხეთის სვეტიცხოვლის
საკათედრო ტაძარს
განუახლდა და
დაუმტკიცდა ძველად
შეწირული და
მკვიდრი მამულები.29
თემურ-ლენგის
საქართველოდან წასვლისთანავე,
ქვეყნის საშინაო
საქმეების მოგვარების
პარალელურად, გიორგი
VII-მ „უბრძანა მოოხრებულთა შენებად ეკლესიათა“.30
გიორგის შემდეგ
გამეფებულმა კონსტანტინე
I-მაც (1407-1411 წწ.)
„იწყო... აღშენებად ეკლესიათა“.31
განსაკუთრებით ფართე
აღმშენებლობა გაიშალა
ალექსანდრე I დიდის (1412-1442 წწ.)
დროს, როგორც
ცნობილია, მან
„უსჯულო
თემურის“
მიერ „საფუძველითგან
დაქცეული“
ციხეებისა და
ეკლესია-მონასტრების
აღსადგენად სპეციალური
გადასახადი დააწესა.32
ქართულ ნარატიულ
წყაროებსა33 და
ისტორიულ დოკუმენტებში34
დაცული ცნობები
გვაუწყებენ ალექსანდრე
I-ის მიერ
ბებიამისის, ცნობილი
პოლიტიკური მოღვაწის
ქუცნა ამირეჯიბის
მეუღლის, რუსას
(+1413 წ.) დაწყებული სვეტიცხოვლის რესტავრაციის
დასრულებას.
თემურ-ლენგის
ურდოების მიერ
„ძირითურთ
აღმოფხვრილი“
და „ვიდრე საფუძვლითურთ დაარღვეული“35 რუისის
ღვთაების ტაძრის
ხელახლა აშენებას გვამცნობს ტაძრის
დას. შესასვლელის
თავზე ამოკვეთილი
ორ სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „† ზე
ადიდენ ღმერთმან
მეფეთა-მეფობა
დიდისა ალექსანდრესი,
რომლისა მიერ
კვალად აღეშენა
საყდარი ესე.
ადიდენ ღმერთმან
და სული
მათი კურთხეულ
ყოს“.36
იგივე ბედი
ეწია ულუმბის
ღვთისმშობელს: „მას ჟამსა
ოდეს უღმრთოსა დემურს სრულიად
აღეოხრა
და უმკÂდრო
ექმნა საქართველო,
და წარუტყუნნეს ყოველნი მონასტერნი
და უმეტესად
ყოველთასა უდაბნო
ესე თქუენი, რომელ
საძირკველიცა არა
დაშთომილ-იყო“ – აღნიშნულია
ქუცნა ამირეჯიბის შეწირულების წიგნში
ულუმბის ღვთისმშობლისადმი.37
„მეფეთგან
დიდად შეწყალებულმან
ამირეჯიბმან ქუცნამან“ იმავე
ადგილას ახალი
ტაძარი აღმართა
(„ახლად
საძირკულის საფუძვლის
შთაგდებისა“) და აღაპები
დააწესა თავისთვის
და თავისი
ოჯახის წევრებისთვის,
მათ შორის ალექსანდრე I-სთვის
(შვილიშვილი), კონსტანტინე
I-სთვის (სიძე)
და გიორგი VII-სთვის
(სიძის ძმა).38
ქუცნა ამირეჯიბის
აგებულია ნაბახტევის
ეკლესიაც. ტაძრის
მოხატულობაში ქუცნა
ამირეჯიბი წარმოდგენილი
იყო ეკლესიის
მოდელით ხელში (რაც
მის ქტიტორობას
მიუთითებს), თავისი
ოჯახით – მეუღლე
რუსა, ალექსანდრე
I დიდი და
დედოფალი (ამჟამად
ფრესკები დაცულია
საქართველოს ხელოვნების
მუზეუმში).39 ადვილი
შესაძლებელია, რომ
ულუმბის მსგავსად, ნაბახტევის ეკლესიაც
თემურ-ლენგის
მიერ დანგრეული
საყდრის ადგილზე აეშენებინა ქუცნა
ამირეჯიბს.40
რკონის სამონასტრო
კომპლექსის ნათლისმცემლის
ეკლესიის დასავლეთ და აღმოსავლეთ
ფასადებზე თემურ-ლენგის
დარბევის მაუწყებელი
ორი ასომთავრული
წარწერაა ამოკვეთილი:
1) „†აქა
მოვიდა ლანგდემურ
და დააქცივნა
ეკლესიანი და
რკონიცა დააქცია. ქორონიკონი იყო
პე (=1400 წ.)
2) „აქა ამოსწყვიდა რკონი,
თვესა მერვესა“.
ორივე წარწერა,
თემურ-ლენგის
VI ლაშქრობის ერთ
ეპიზოდს, რკონის მონასტრისა და
მიმდებარე ეკლესიების
დაქცევას გადმოგვცემს. „ამოსწყვიდა რკონი“ რკონის
მონასტრის მღვდელმსახურთა
გაჟლეტას უნდა
გულისხმობდეს (ისევე
როგორც ქვათახევში).
თემურ-ლენგის ეს ლაშქრობა
ხანგრძლივობითაც იყო
გამორჩეული, მთელი
გაზაფხულისა და
ზაფხულის განმავლობაში
გრძელდებოდა. თეძმის
ხეობის დარბევა
ამ ლაშქრობის
ერთ-ერთი
ბოლო ეტაპია
და, როგორც
ჩანს, აგვისტოში
(„თვესა მერვესა“) ჰქონდა
ადგილი.41
1400 წლის
საომარი კამპანიის
დროს თემურ-ლენგმა
ქსნის საერისთავოსაც შეუსია „მარბეველი ლაშქარი“, აქაც
„შემუსრა
ყოველნი ციხენი
და დააქცივნა ყოველნი საყდარნი,
მონასტერნი და
ეკლესიანი“.
ლარგვისის მონასტერს, როგორც უმთავრესი
სალოცავისა და
ერისთავების საძვალის
„დაქცევას“ კი მემატიანე
სპეციალურად აღნიშნავს:
„მაშინ
დააქცივეს ეკლესიაი
ესე აღშენებული
ერისთავისა იოვანესაგან“.42
მომხდურის მიზანი
გიორგი VII-ის
ერთგული ქვეშევრდომის,
ვირშელ ქსნის ერისთავის დასჯა
იყო, რომელიც
საქართველოში გამართულ
ბრძოლებშიც და 1398 წელს
ალინჯის ციხის
აღებისასაც მხარში
ედგა მეფეს.
ლარგვისის პარაკლიტონის მინაწერის თანახმად,
„მეფობასა
შინა მეფედ
მეფისა გიორგი
ბაგრატის ძისასა,
და ერისთავობასა
შინა ერისთავთ-ერისთავისა
ქვენიფნეველისა ვირშელისა,
ოდეს იგი
დიდთა ომთაგან
გამარჯვებული ალინჯით
მოვიდეს“.43
თემურ-ლენგის
მარბიელი ჯარის
მოგერიებისა და
მოღალატეთა დასჯის შემდეგ, იმავე
წელს, დანგრეული
ტაძრის სიახლოვეს
ვირშელ ერისთავმა „იწყო შენებად
ეკლესიისა, სახელსა
ზედა მოწამისასა
(იგულისხმება წმ. გიორგი), საზღვარსა
ლარგვისისა, ადგილსა
შუენიერსა ყოვლით
კერძო“.44
როგორც ვხედავთ, თემურ-ლენგის ლაშქრობების შედეგად მიყენებული უდიდესი ეკონომიკური ზარალის მიუხედავად, საქართველოს მეფეები და ქართველი ფეოდალები თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად ეკლესია-მონასტრების აღდგენას მიიჩნევდნენ.
ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცხადყოფენ, რომ თემურ-ლენგისთვის საქართველოში პოლიტიკური გაბატონების საფუძველი აქ ქრისტიანობის ამოძირკვა იყო – ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი საქართველოს სამეფო კარისთვის და მასთან ერთად მთელი ქართველი ერისთვისაც. რელიგიური შეუწყნარებლობა დამპყრობლის მხრიდან იყო ის მთავარი საკითხი, რაც ქართველ მეფეებს დიპლომატიური მოქმედების საშუალებას უსპობდა და აიძულებდა მთელ ერს, მაქსიმუმი ძალისხმევა გაეღო ეროვნული სახის შენარჩუნებისათვის. ამიტომაც არის გადაუჭარბებელი შეფასება, რომ „ეს იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება ამ ჭეშმარიტად დიდი სამამულო ომის დროს მოპოვებული უზარმაზარი მატერიალური ზარალისა და აურაცხელი მსხვერპლის ფასად“.45
შენიშვნები
1. თემურ-ლენგის საქართველოში ლაშქრობების მიმდინარეობა და ისტორიოგრაფია იხ. კარლო ტაბატაძე, „ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, რედ. ზ. ანჩაბაძე, ვ. გუჩუა, III (თბილისი, 1979), 670-719.
2. თომა მეწოფელი, ლანგ-თემურის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ლ. მელიქსეთ-ბეგმა (თბილისი, 1937), 20.
3. ბერი ეგნატაშვილი, „ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი“, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II (თბილისი, 1959), 329.
4. „ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი“, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II (თბილისი, 1959), 455.
5. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV (თბილისი, 1973), 266.
6. „ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი“, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II (თბილისი, 1959), 460-461.
7. ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოცემა, საისტორიო მოამბე, II (თბილისი, 1925), 302.
8. ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III (თბილისი, 1966), 422-423.
9. გივი ჯამბურია, „თემურ-ლენგის შემოსევები“, საქართველოს ისტორია, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რედ. ნ. ასათიანი, გ. ჯამბურია, II (თბილისი, 2008), 96-97.
10. ტაბატაძე, „ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ“, 670-719.
11. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 291-292. ივ. ჯავახიშვილის ერთ-ერთი არგუმენტია ისიც, რომ თემურ-ლენგს საპასუხო ლაშქრობა არ მოუწყვია ბაგრატ V-ის წინააღმდეგ. მართალია, ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება არ არის გაზიარებული (როგორც ცნობილია, სწორედ ბაგრატ V-ის მოქმედების საპასუხოდ, 1387 წელს, მოეწყო თემურ-ლენგის მეორე ლაშქრობა), მაგრამ ეს სრულებითაც არ აკნინებს მის მიერ მოყვანილი არგუმენტების საბუთიანობას.
12. ხუნანი – ისტორიული ციხე-ქალაქი ქვემო ქართლში.
13. ბერდუჯი – მტკვრის მარჯვენა შენაკადი. დღეს მდ. ძეგამ-ჩაი (აზერბაიჯანი) იყო საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარი ალბანეთ-ირანთან.
14. ბერი ეგნატაშვილი, „ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი“, 330.
15. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 298-299.
16. შოთა მესხია, „ძეგლი ერისთავთა“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკ. 30, რედ. ვ. გაბაშვილი (თბილისი, 1954), 358.
17. „ძეგლი ერისთავთას“ ავტორის ვინაობაზე ქართულ ისტორიოგრაფიაში ორი მოსაზრება არსებობს: ზოგი მას ავგაროზ ბანდაისძედ მიიჩნევს, ზოგი კი – ავგაროზის შვილ გრიგოლ ბანდაისძედ. ვფიქრობ, გრიგოლ ბანდაისძე „ძეგლი ერისთავთა“-ს დასკვნითი ნაწილის ავტორი და მთლიანად თხზულების გადამწერ-რედაქტორი უნდა იყოს (ავგაროზ ბანდაისძე 1298 წლისათვის გარდაცვლილია). ძეგლში იმდენად თანმიმდევრულად და დეტალურად არის აღწერილი XIV-ს-ის მოვლენები, რომ შეუძლებელია გრიგოლ ბანდაისძეს არ ესარგებლა წინამორბედთა ჩანაწერებით, რაც სწორედ მამამისის, ავგაროზის ხელიდან უნდა ყოფილიყო გამოსული. იხ. გიორგი ოთხმეზური, „ძეგლი ერისთავთა“-ს ზოგი ადგილის გაგებისათვის“, სამეცნიერო პარადიგმები, კრებული ეძღვნება პროფ. ნათელა ვაჩნაძეს, რედ. გიორგი ჭეიშვილი (თბილისი, 2009), 555-562.
18. ტაბატაძე, „ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ“, 681.
19. იქვე, 681-682.
20. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 273.
21. იქვე, 268, 272.
22. ტაბატაძე, „ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ“, 693-694.
23. თეიმურაზ ბარნაველი, კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები (თბილისი, 1961),
24. „ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი“, 451.
25. ტაბატაძე, „ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ~, 697.
26. „ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი“, 452.
27. დღეს ქვათახევი, მდ. კავთურის სათავეში, კასპის რაიონი.
28. ბერი ეგნატაშვილი, „ახალი ქართლის ცხოვრება“, 328-329.
29. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, გამოსაცემად მოამზადეს დარეჯან კლდიაშვილმა, მზია სურგულაძემ, ელენე ცაგარეიშვილმა, გურამ ჯანდიერმა, I (თბილისი, 1991), 243.
30. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 275.
31. იქვე, 177.
32. „მალის ამოკვეთის სიგელი ალექსანდრე მეფისა, 1440 წ.“, ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. II (თბილისი, 1965), 126.
33. „ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი“, 474.
34. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I, 215.
35. ბერი ეგნატაშვილი, „ახალი ქართლის ცხოვრება“, 329; `ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი“, 453.
36. გიორგი ჩუბინაშვილი, „რუისის ტაძრის ისტორიისათვის“, ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, V-VI (1940), 462.
37. გიორგი ოთხმეზური, ქართული ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან – ამირეჯიბი (თბილისი, 2009), 48.
38. ქუცნა ამირეჯიბის მიერ აღმართული ტაძარი შემდგომში ისევ დაინგრა. დღეს მის ადგილზე დგას 1871 წ. აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის კედლებშიც ჩატანებულია ძველი ეკლესიის ფრაგმენტები, მათ შორის 1015-1016 წწ-ის წარწერიანი ქვა – გიორგი I-ის (1014-1027 წწ.) მოსახსენებელი. იქვე, 12.
39. ინგა ლორთქიფანიძე, ნაბახტევის მხატვრობა (თბილისი, 1973).
40. როგორც ჩანს, სწორედ ძველი სალოცავის ადგილზე ახლის აგება, ან ძველი ეკლესიის საფუძვლიანი გადაკეთება, საქართველოში დამკვიდრებული წესი თუ ტრადიცია იყო. ამას მოწმობს სვეტიცხოვლის, ულუმბის, ატენის სიონის, რკონის და სხვა ეკლესიათა არქიტექტურული და ისტორიული მონაცემები. აგრეთვე არეშის სტელისა და ერედვის ეკლესიის წარწერები, რომლებშიც კუმურდოსა და ალავერდის ტაძრების მოხსენიება არსებულ საყდართა აღმართვის დროს რამდენიმე ათეული წლით უსწრებს. იხ. ქართული წარწერების კორპუსი, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნოდარ შოშიაშვილმა, ტ. I (თბილისი, 1980), 39, 76, 145.
41. გიორგი ოთხმეზური, „რკონის წარწერები“, არტანუჯი, VI (1997), 9-19.
42. მესხია, „ძეგლი ერისთავთა“, 359-360.
43. ოთხმეზური, „ძეგლი ერისთავთა“ს „ზოგიერთი ადგილის გაგებისათვის“, 557-558.
44. იქვე, 560. როგორც ცნობილია, ვერც ვირშელ III-ის მიერ აგებულმა ტაძარმა მოაღწია ჩვენამდე. მის ადგილზე დავით ერისთავის (1753-1774) მიერ გუმბათიანი ეკლესია იქნა აგებული, რასაც გვამცნობს 1762 წ. მოჭედილი ხატის წარწერა. იხ. Е. Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, V (Тфл., 1915), 95-96.
45. ტაბატაძე, „ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ“, 711.
ბიბლიოგრაფია
ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბილისი, 1959
ახალი ქართლის ცხოვრება. მესამე ტექსტი. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბილისი, 1959
ბარნაველი თეიმურაზ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. თბილისი, 1961
ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბილისი, 1959
ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბილისი, 1973
თომა მეწოფელი. ლანგ-თემურის ისტორია. სომხური ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ლ. მელიქსეთბეგმა. თბილისი, 1937
ლორთქიფანიძე ინგა. ნაბახტევის მხატვრობა. თბილისი, 1973 მალის ამოკვეთის სიგელი
ალექსანდრე მეფისა, 1440 წ. ქართული სამართლის ძეგლები. ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ. ტ. II. თბილისი, 1965
მესხია შოთა. ძეგლი ერისთავთა. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. ნაკ. 30. რედ. ვ. გაბაშვილი. თბილისი, 1954
ოთხმეზური გიორგი. ქართული ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან – ამირეჯიბი. თბილისი, 2009
ოთხმეზური გიორგი. რკონის წარწერები. არტანუჯი, VI, 1997
ოთხმეზური გიორგი. „ძეგლი ერისთავთა“-ს ზოგი ადგილის გაგებისათვის. სამეცნიერო პარადიგმები. კრებული ეძღვნება პროფ. ნათელა ვაჩნაძეს. რედ. გიორგი ჭეიშვილი. თბილისი, 2009
პირთა ანოტირებული ლექსიკონი. XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით. გამოსაცემად მოამზადეს: დარეჯან კლდიაშვილმა, მზია სურგულაძემ, ელენე ცაგარეიშვილმა, გურამ ჯანდიერმა. ტ. I. თბილისი, 1991
ტაბატაძე კარლო. ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. III. რედ. ზ. ანჩაბაძე, ვ. გუჩუა. თბილისი, 1979
ფარსადან გორგიჯანიძე. საქართველოს ისტორია. ს. კაკაბაძის გამოც. საისტორიო მოამბე. II. თბილისი, 1925
ქართული წარწერების კორპუსი. შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნოდარ შოშიაშვილმა. ტ. I. თბილისი, 1980
ჩუბინაშვილი გიორგი. რუისის ტაძრის ისტორიისათვის. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, V-VI, 1940
ჯავახიშვილი ივანე. ქართველი ერის ისტორია. III. თბილისი, 1966
ჯავახიშვილი ივანე. თხზულებანი 12 ტომად. ტ. VIII, რედ. მ. ლორთქიფანიძე. თბილისი, 1977
ჯამბურია გივი. თემურ-ლენგის შემოსევები. საქართველოს ისტორია. საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო. რედ. ნ. ასათიანი. გ. ჯამბურია. II. თბილისი, 2008
Такаишвили Е. Археологические экскурсии, разыскания и заметки. V. Тфл. 1915.
Комментариев нет:
Отправить комментарий