понедельник, 12 ноября 2018 г.

მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს ისტორიიდან (გ. ჭეიშვილი)

უცნობი სამეფო – ასე შეიძლება ვუწოდოთ სამხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ შავიზღვისპირეთში არსებულ იმ პოლიტი­კურ ერთეულს, რომელმაც არც თუ უმნიშვნელო როლი ითა­მაშა რომის კავკასიურ პოლიტიკაში ახ. წ. პირველ საუ­კუნეებში. მაკრონ-ჰენიოხთა, იგივე მახელონიის, სამეფოს ისტორიული თავგადასავლის გასააზრებლად, წერილობი­თი და ნივთიერი წყაროების დუმილისა თუ მეტად მწირი ინფორმატიულობის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს ისტორიული გეოგრაფია. წინამდებარე წერი­ლიც ისტორიული გეოგრაფიის საფუძველზე პოლიტიკური ისტორიის ერთი, შედარებით ნაკლებად ცნობილი, ეპიზო­დის რეკონსტრუირების ცდას წარმოადგენს.
მსჯელობას ჩვენთვის საინტერესო საკითხზე კლავ­დი­ოს პტოლემაიოსის ცნობათა ანალიზით დავიწყებთ. თა­ვისი თხზულების ერთ ადგილას ბერძენი გეოგრაფოსი აფსა­როსს, მდ. აფსაროსის შესართავსა და სათავეს, მის შენაკადებს – გლაუკოსსა და ლიკოსს, აგრეთვე ლიკოსის სათავეს კაპადოკიის პონტოში უჩვენებს (V.6.6 – [1]). აფსა­რო­სი, საერთო იდენტიფიკაციით, მდინარე ჭოროხია; მისი შემდინარე გლაუკოსი და ლიკოსი ოლთის-თორთომის-წყალი უნდა იყოს [1. 51; შდრ. 2. 164, იქვე, შენ. 1];[1] ყოველ შემთხვევაში, ოლთისის-წყლის ლიკოსის სახელით მოხ­სე­ნიება უკვე ელინისტური ხანიდან დასტურდება (Aპპ. ღჰოდ., IV.131-134 – [4]); შტრაბო, XI.14.7 – [5]); [6. 7; შდრ. 7. VI. 263; იქვე, შენ., 67].[2] მაშასადამე, წყაროს მიხედვით, II ს-ის II ნა­ხევრისათვის მდ. ჭოროხის თითქმის მთელი აუზი კაპა­დო­კიის პონტოში ყოფილა მოქცეული. თვალსაზრისი აფ­სა­როს-ჭოროხის შესახებ რომ, ფაქტიურად, სწორი უნდა იყოს, ამაში კლავდიოს პტოლემაიოსის სხვა ჩვენებაც გვარ­წმუნებს: `კაპადოკია – ვკითხულობთ `გეოგრაფიულ სა­ხელმძღვანელოში~ – ისაზღვრება ... აღმოსავლეთიდან დი­დი არმენიით ევფრატის გასწვრივ ადგილამდე, სადაც [ევფრატი] ყველაზე ჩრდილოეთით უხვევს აღმოსავლეთი­სა­კენ, ეს ადგილი მდებარეობს 71°-42°30´ ქვეშ. აქედან მოს­ხური მთების ხაზზე წერტილამდე, რომელიც მდება­რეობს 73°-44°45´ ქვეშ~ (V.6.1). დიდი არმენიის აღწერისას ბერძენი ავტორი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ევფრატი და მოსხური მთები სომხურ სახელმწიფოს კაპადოკიის­გან//კაპადოკიის პონტოსაგან მიჯნავდა (V.12.2,5). მოსხური მთების ევფრატის სათავეებთან დაკავშირება მეტად ნიშან­დობლივია; ამგვარი გეოგრაფიული წარმოდგენები რეალო­ბისგან არც თუ შორს უნდა იდგეს, რადგან სხვა ავტორე­ბიც `მოსხური მთების~ სახელით, მეტწილად, იმ წყალგამ­ყოფ ქედებს მოიხსენიებენ, რომლებიც მდ. ჭოროხის აუზს ევფრატ-არაქსის აუზისგან გამოჰყოფს [8. I. 56-60; 9. 44-50; 10. 308-315; შდრ. 7. II. 254; 1. 50].[3] გამოდის, რომ საზღვარი დიდ არმენიასა და კაპადოკიას შორის გასდევდა ჯერ ევ­ფრატს, სათავეებამდე, ხოლო შემდეგ – ევფრატ-თორთო­მის-წყლის წყალგამყოფ ქედს.
კლავდიოს პტოლემაიოსის კონცეფცია ჭოროხის ხეო­ბის თემთა კაპადოკიის პონტოსადმი კუთვნილების შესა­ხებ [შდრ. 12. რუკა ## 56, 57; 1. 62-63] თანმიმდევრული­ცაა[4] და არსებითი სიახლის შემცველიც: მისი წინა­მორ­ბედნიც თუ მომდევნო ხანის ავტორებიც ჭოროხის აუზს ან იბერიის ან დიდი არმენიის საზღვრებში უჩვენებენ [იხ. 14. 46-84].
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ `გე­ოგ­რაფიულ სახელმძღვანელოს~, სხვადასხვა დროის წყა­როების მონაცემთა უკრიტიკოდ და განურჩევლად გამოყე­ნების გამო, ახასიათებს ისტორიულ-გეოგრაფიული უზუს­ტობები და ანაქრონიზმები [იხ. 15. თავები VIII-X). შეცდო­მები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აღწერაშიც შეინიშნება [1. 40, 61; 2. 159, 166-167; 16. 450-451, შენ. 53]; ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ კლავდიოს პტოლემაიოსის წარმოდ­გე­ნე­ბი კაპადოკიის პონტოს საზღვრების შესახებ.
პროვინცია `კაპადოკიის პონტო~ ტრაიანეს აღმოსავ­ლური პოლიტიკის ნაყოფია [1. 55]. ცენტრალური და აღმო­სავლეთი ანატოლიის პროვინციალიზაციის პროცესი იმპე­რიის სტრატეგიულ ამოცანებს ექვემდებარებოდა [17. II. 151-163]. რომი-პართიის დაპირისპირების ფონზე განსაკუთ­რებულ მნიშვნელობას იძენს კაპადოკია და პონტო – ლე­გი­­ონების მომარაგების უმოკლესი საკომუნიკაციო დერე­ფა­ნი და მოწინააღმდეგეზე ჩრდილოეთიდან შეტევის სა­უც­ხოო პლაცდარმი; გარდა ამისა, შავი ზღვიდან ევფრა­ტი­საკენ გამავალი სამხედრო ხაზი კავკასიიდან მომდი­ნა­რე საფრთხის განეიტრალებისა თუ კავკასიის საქმეებში ჩა­რევის ეფექტურ საშუალებად მოიაზრებოდა [17. I. 118-142].
სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქების სტრატეგიული მნიშვნელობა თვალნათლივ გამოიკვეთა ახ.წ. I ს-ის 50-იან წლებში, როდესაც პართია-სომხეთის წინა­აღმდეგ ომში ჩაფლული რომის არმია უმთავრესად `პონ­ტოს ზღვით და ტრაპეზუნტიდან~ მარაგდებოდა (თაც., Aნნ., XIII.39 – [18]). მეორე საუკუნის დასაწყისში, შესაძ­ლოა, ამაზე უწინარესაც, რომაელები ტრაპეზუნტის აღმო­სავ­ლეთით, თანამედროვე არაკლი ბურუნუს ადგილას [3. 323; 19. 283; შდრ. 7. VI. 252; 1. 50] აფუძნებენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეს – ჰისოსს (Aრრ., PPE, $3 – [20]); ამავე პერიოდისათვის რომი განსაკუთრებით აძლიე­რებს აფსაროსის გარნიზონსაც (Aრრ., PPE, $6); [21. 376-377; 25. 228-229]. რომის იმპერიის მზარდი სამხედრო-პოლიტი­კური ინტერესები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთ­ში კიდევ უფრო აშკარა ხდება II ს-ის შუახანებისათვის: არ­სდება ახალი რომაულ-`ბარბაროსული~ დასახლებები – ოფი­უსი, კორდილე, მორთულა, ქსილინე; მნიშვნელოვან ნავსადგურად გადაიქცა რიზე; კვლავ გამოცოცხლდა (?) ათენის ციხე (ჩლაუდ. Pტოლ., V.6.6). პრაქტიკულად, ტრა­პეზუნ­ტიდან აფსაროსამდე არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნე­ლო­ვანი უბანი, სადაც რომაელებს ფეხი არ მოეკიდათ. იმპერია რამდენიმე ამოცანას წყვეტდა: ზრდიდა ზღვის რესურსების ათვისების ეფექტურობას; ახალისებდა და, იმავდროულად, თავის კონტროლს უქვემდებარებდა ჭანთა სა­მეურნეო საქმიანობას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავდა შე­მოსავლების გაზრდას ხაზინაში;[5] აღმოსავლეთის ლეგიო­ნებს ავსებდა ჭანებით (Aრრ., Aლან., $$ 7, 14; 20. 125-126); უზრუნველყოფდა სანაპირო ზოლის გასწვრივ გამავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზის უსაფრთხოებას [23. 104]; აუმ­ჯო­ბე­სებდა კავშირურთიერთობას სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ორ უმთავრეს ციხე-სიმაგრეს – ტრა­პეზუნტსა და აფსაროსს შორის; იცავდა სანაპირო ზოლს ჭანე­ბის შემოტევებისგან.[6] არანაკლები მნიშვნელობა ჰქონ­და იმ გარემოებასაც, რომ ყველა ამ პუნქტიდან, მდინა­რე­თა ხეობების გაყოლებით, მიემართებოდა უმოკლესი გზები დიდი არმენიის ჩრდილოეთ პროვინციებისაკენ: ჰისოსიდან და ოფიუსიდან (დღევ. ოფი), ტრაპეზუნტის გზასთან შედა­რებით, თითქმის ორჯერ მოკლდებოდა მანძილი ბაიბურ­თამდე. აქედან დროულად შეიძლებოდა არმენიიდან შემოჭ­რილი მტრისთვის გზების გადაკეტვა ან კიდევ ზურგიდან შე­მოვლა [3. 324; 19. 286]. რიზედან პირდაპირი გზით მიის­ვლებოდა სპერში, ხოლო იქიდან – კარენიტსა და ქსერ­ქსე­ნეში [3. 55-56] – დიდი არმენიის ევფრატისპირა სასაზ­ღვრო პროვინციებში. ათინას ციხიდან (დღევ. ფაზარი), რო­­მელიც ადრიანეს დროს `უყურადღებოდ მიტოვებული~ ყოფილა (Aრრ., PPE, $4),[7] მაგრამ მომდევნო ხანაში, ჩანს, კვლავ განახლებულა, მორთულადან (დღევ. ფინდიკლი) და ქსილინედან (დღევ. არდაშენი)[8] გზები გადადიოდა რო­გორც სპერში, ასევე ტაოში [3. 56-56, 338]. არქაბეს ხეობა ოლთის-თორთომისწყლის ხეობის შავ ზღვასთან დამაკავ­შირებელ უმოკლეს არტერიას წარმოადგენდა [3. 57]. აფსა­როსის ციხიდან კი ჭოროხის შუა და ქვემო წელის გა­კონ­ტროლება შეიძლებოდა [3. 57].
ზღვისპირა ციხე-სიმაგრეებიდან აღმოსავლეთ ანატო­ლი­ისკენ მიმავალი გზების კეთილმოწყობა და უსაფრთხო­ება რომის უმთავრესი საზრუნავთაგანი იყო. უსაფრთხო­ება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა ადგილობრივი ტომების დამორჩილებას. II ს-ის დასაწყისისათვის ტრა­პეზუნტის მიდამოებში მცხოვრები ტომები იმპერატორის ხე­ლისუფლებას აღიარებდნენ და ხარკსაც კისრულობ­დნენ, მაგრამ `ყაჩაღურ~ ცხოვრებას მაინც არ იშლიდნენ და გადასახადების გადახდასაც თავს არიდებდნენ (Aრრ., PPE, $11).
ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით რომის მოკავშირედ მაკ­რონების//მაქელონების და ჰენიოხების სამეფო გამო­დიოდა.
ამ პოლიტიკურ ერთეულს იხსენიებს კაპადოკიის ლე­გატი ფლავიუს არიანე 131 წლის ინსპექციისას (Aრრ., PPE, $11). სამეფოს, V საუკუნის უსახელო პერიპლუსის მიხედ­ვით, ეკავა ტერიტორია მდინარეებს ოფიუნტსა და არქაბეს შორის (PPE, $1 – [24. II]) და მოიცავდა მერმინდელი ჭანე­თის//ლაზისტანის როგორც შიდა, მთიან მხარეებს, ისე ზღვისპირა ზოლსაც [21. 370; 8. I. 84; შდრ. 25. 220-221]. სა­მეფოს ცენტრი მდებარეობდა ათინას მახლობლად, მდინა­რე პრიტანისზე (Aრრ., PPE, $7). სამეცნიერო ლიტერატურაში ანქიალეს სასახლეს დღევ. არდაშენთან ვარაუდობენ [3. 336], თუმცა რომაული ხანის ნაშთები ფურტუნა-სუს (ძვ. პრიტანისი) ხეობაში ჯერ-ჯერობით მიკვლეული არ არის. სამეფო ცენტრს მეტად ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა:[9] ერთი მხრივ, ზღვასთან სიახლოვე საშუალებას აძლევდა ჰენიოხთა მეფეს მუდმივ კონტაქტში ყოფილიყო რომაე­ლებ­თან და ფხიზლად სჭეროდა თვალი ზღვის სანაპი­რო­ზე, მეორე მხრივ კი, გაეკონტროლებინა `ზუღას (ზღვის) ხევი~ – დღევ. ლაზისტანის ქედის საძოვრებთან და ჭო­როხ-ევფრატის ხეობებთან დამაკავშირებელი უმთავრესი სა­კომუნიკაციო არტერია [22. 558, 613; 3. 56].
ჰენიოხების მოთავეობით ჭანურ ტომთა კონსოლი­და­ცია ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნიდან უნდა და­წყებულიყო [21. 373-377; 26], რაზეც პლინიუსთან და­მოწმებული ტერმინი გენს შანნორუმ Hენიოცჰორუმ (VI.4.12 – [27]) მიანიშნებს. სან-ჰენიოხები, სტრაბონის ერთი ცნობის – მაკრონებს უწინ სანები რქმევიათ (შტრაბო, XII.3.18) – გათ­ვალისწინებით, მაკრონ-ჰენიოხთა კავშირს უნდა გუ­ლის­ხმობდეს. ორმხრივ ინტერესებზე დამყარებული სამ­ხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები რომთან I ს-ის 50-იანი წლებიდან იხლართება.
ტაციტუსი გადმოგვცემს, რომ არმენიაზე გაბა­ტონე­ბი­სათვის წარმოებული პართია-რომის ომების მორიგ რაუნ­დში კორბულონმა შეცვალა ტაქტიკა და გადაწყვიტა, `ყვე­ლა მიმართულებით განევითარებინა საომარი მოქმედება ... ძალები იმგვარად გაანაწილა, რომ ლეგატები და პრე­ფექტები ერთდროულად შეჭრილიყვნენ (დიდი არმენიის – გ.ჭ.) სხვადასხვა მხარეში~; პარალელურად, მოსაზღვრე რე­გიონებიდან შეტევა უნდა განეხორციელებინათ მეფე ან­ტიოქოსს და ფარსმან იბერიელს. `პირველად მაშინ გად­მოიბირეს ჰენიოხები[10] – ხალხი, რომელიც სხვებზე უმალ ერთგულ მოკავშირეობას უწევს რომაელებს. ჰენიოხები არ­მენიის უვალ მხარეებისაკენ გაეშურნენ~ (Aნნ., XIII. 37). და­მოწმებული ფრაგმენტი საყურადღებო მინიშნებებს შეი­ცავს; ირკვევა, ჯერ ერთი, რომ ჰენიოხების მოკავში­რე­ობის საკითხი რომაელებს დღის წესრიგში ტრაპეზუნტის გზის გახსნასთან ერთად დაუდგათ, რაც, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს რომაელთათვის ჭანური ტომების მხარ­და­ჭე­რის მნიშვნელობას ტრაპეზუნტიდან ანატოლიაში მიმა­ვა­ლი კომუნიკაციების ეფექტური გამოყენებისათვის. მეორე მხრივ, სამხედრო რეიდისას ჰენიოხებს მაინცდამაინც ტრა­პეზუნტის გზით არ უნდა ესარგებლათ; უფრო მოსალოდ­ნელია, რომ მათ გამოიყენეს ის გზა-გარდასავალები, რომ­ლებიც მათ მიწა-წყალს ჭოროხის ხეობასთან, იქიდან კი დიდი არმენიის შიდა მხარეებთან აკავშირებდა. ისიც აშ­კა­რაა, რომ დიდ არმენიაში მსხვილმასშტაბიანი საომარი ოპერაციების საწარმოებლად რომისთვის მხოლოდ იბერთა მოკავშირეობა აღარ კმაროდა; საჭირო იყო დამატებითი ძა­ლის გამოყენებაც.
II ს-ის დასაწყისშიც, სომხეთის კამპანიისას, მაკრონ-ჰენიოხთა მეფე ანქიალე ტრაიანეს ერთ-ერთი მოკავშირეა და რომაელთა დახმარებით საკუთარი პოლიტიკური მიზ­ნების რეალიზაციას ცდილობს სამხრეთ კავკასიაში [25. 227-228]. ცნობა ტრაიანესა და ანქიალეს რანდევუს შესა­ხებ დიონ კასიოსმა შემოგვინახა: `(ტრაიანე – გ.ჭ.) მივიდა არსამოსატამდე და [მისი] უბრძოლველად აღების შემდეგ, მივიდა სატალაში და ანქიალე – ჰენიოხებისა და მახე­ლონების მეფე საჩუქრებით დააჯილდოვა~ (LXVIII.19.1 – [28]). სატალა რომაელთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედ­რო ბაზას წარმოადგენდა ევფრატის საზღვრებზე. მოკავ­ში­რეთა შეხვედრა, ალბათ, დიდი არმენიის მოთარეშე­ბას­თან ერთად სატალისკენ მიმავალი კომუნიკაციების (ტრა­პე­ზუნ­ტიდან, ჰისოსიდან) უსაფრთხოებასაც ისახავდა მიზ­ნად.
ჰენიოხები აქტიურად ეხმარებიან მარკუს ავრელიუს­საც II ს-ის 60-იან წლებში არმენია-პართიის წინააღმდეგ წარ­მოებულ ომში (Dიო, LXXI.14.2). მისი მნიშვნელობა რო­მი­სათვის იმ გარემოებითაც მტკიცდება, რომ `გეოგრა­ფი­ულ სახელმძღვანელოში~ დამოწმებული სამხრეთ-აღმოსავ­ლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სადგომები სწორედ იმ სანაპირო ზოლზეა, რომელიც ოფიუნტისა და არქაბეს შე­სართავებს შორის ექცევა.
უკანასკნელად მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო III ს-ის წაყ­როებში მოიხსენიება [21. 387-391].
ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ რომის პროვინ­ციის, კაპადოკიის პონტოს საზღვრები მხოლოდ სანაპირო ზოლით შემოიფარგლებოდა, შიდა რაიონები კი მაკრონ-ჰე­ნიოხთა მეფეს ემორჩილებოდა. კლავდიოს პტოლე­მაიო­სის ზე­მოთმოტანილი ცნობაც მდ. აფსაროსისა და მისი შენა­კა­დების – გლაუკოსისა და ლიკოსის კაპადოკიის პონ­ტოში მდებარეობის შესახებ რეალურ-ისტორიულად გუ­ლის­ხმობს იმას, რომ II ს-ის შუახანებისათვის მდ. ჭო­რო­ხის ზემო და შუა წელის აუზი მაკრონ-ჰენიოხთა სამეფომ შეიერთა [შდრ. 21, რუკა: „Грузия и сопредельные области в первые века н.э.“].
ჭოროხის მხარეში მაკრონ-ჰენიოხები უპირისპირდე­ბოდ­ნენ იბერებს, არმენიელებსა და კოლხებს, რომლებიც სა­უკუნეთა მანძილზე ეცილებოდნენ ერთმანეთს ამ საზ­ღვრისპირა ტერიტორიას. კლავდიოს პტოლემაიოსს თუ ვერ­წმუნებით, II ს-ის შუახანებისათვის ტაოს ნაწილი, სა­ვარაუდოდ, მერმინდელი ამიერ ტაო და ჭოროხის ქვემო წელის თემები კოლხებს (რესპ. ლაზების//ეგრების სამეფოს – იხ. [8. I. 86-91]) სჭერიათ; მათი პოლიტიკური საზღვრები მოსხურ მთებამდე აღწევდა (V.9.3-4, V.10.1, V.12.1-2 – იხ. [14. 78-79]). ჭოროხზე პლაცდარმს, სავარაუდოდ, ინარჩუ­ნებ­და იბერიაც. მისი პოზიციების გასარკვევად გადამ­წყვე­ტია იბერიის სამოსახლოს – არტანისას (ჩლაუდ., Pტოლ., V.10.3) ლოკალიზაცია: იყო ის არტანუჯი თუ `ქალაქი არ­ტა­ნისა~ ანუ არტაანის ქალაქი ჰური [იხ. 1. 59-60]).[11]
ახ.წ. I-II საუკუნეებში ჭოროხის მთელს ხეობაზე ფარ­­ნავაზიანთა ხელისუფლება ვრცელდებოდა; მათვე ეპ­ყრათ შავი ზღვის სანაპირო არქაბედან აფსაროსამდე (ძიდ­რიტების ქვეყანა//ქართ. წყაროების „ბოლო კლარ­ჯე­თისა ზღვისპირი“) [იხ. 29; 14. 69-75]. იბერიის სამეფოს საზღვრებს სცნობდა რომიც (თაც., Aნნ. XIV.26; Dიო, LXX.3), მიუხედავად იმისა, რომ იბერთა სამფლობელოების გაფარ­თოება ხშირად იმპერიის ინტერესების საპირისპიროდაც ხდებოდა [21. 354, 361]. მაგრამ რომაელები არა მხოლოდ გასცემდნენ, არამედ ართმევდნენ კიდეც `ნაწყალობევ~ მი­წა-წყალს. რომაელთა მეცადინეობით ფარნავაზიანები კარ­გა­ვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზღვისპირა ზოლსაც და ჭოროხის მხარესაც. ახალ ტერიტორიებს რომი ამჯე­რად მაკრონ-ჰენიოხთა და ლაზთა სამეფოებს უმტკიცებს.
II ს-ის 60-იანი წლების მიწურულიდან აქტიურდებიან არმენიელებიც. დიონ კასიოსის ერთი ჩვენების მიხედვით სატრაპმა ტირიდატემ `აჯანყება მოახდინა არმენიაში და მოკლა ჰენიოხების მეფე და ... მახვილი აღმართა ვერუსის წი­ნააღმდეგ...~ (LXXI.14.2). კონტექსტიდან, თითქოს, უეჭვე­ლია, რომ აჯანყება სომხეთს არ უნდა გასცლოდა; ისიც არ უნდა იწვევდეს ეჭვს, რომ ტირიდატი განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში აქტიურობს და კაპა­დოკიის ლეგატს მას შემდეგ შეებრძოლება, რაც მაკრონ-ჰენიოხთა მეფეს მოკლავს. ბრძოლის დაწყებისთანავე `მახ­ვილის აღმართვა~ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ შემ­თხვევითი არ უნდა ყოფილიყო და ჰენიოხების მეფეც მხო­ლოდ სამოკავშირეო ვალდებულებებს არ უნდა ემ­სხვერპლა. არმენიის სატრაპის აგრესია ჭანების მიმართ, ვფიქრობთ, ტერიტორიული პრეტენზიებით და კერძოდ, ტაო-სპერის მიტაცების სურვილით იყო გამოწვეული.
II საუკუნის შუახანებისათვის სამხრეთ კავკასიაში ჩა­მოყალიბებული პოლიტიკური გეოგრაფია უკვე მომდევ­ნო საუკუნის დასაწყისში იცვლება. დიონ კასიოსის ცნო­ბით, იმპერატორი მაკრიანუსი (217-218 წწ.) იძულებული ყოფილა, ეცნო არმენიის მიერ კაპადოკიის ნაწილის დაპ­ყრობა (LXXXIX.27.4 – [30). რადგან კაპადოკიის ცნება ყო­ფილ პონტოს სამეფოსა და, კერძოდ, მაკრონ-ჰენიოხთა მი­წა-წყალსაც ფარავდა, ამიტომ უფლება გვაქვს, მიტა­ცე­ბულ ტერიტორიებში ტაო და სპერი ვივარაუდოთ. ლეგენ­და მამიკონიანთა ჭენასტანიდან ანუ ჭანეთიდან სომხეთში მოსვლისა და ტაოში დამკვიდრების შესახებ არაპირდაპირ ეთანხმება მსგავს მოსაზრებას.[12]
დასასრულს, ჭანეთ-მესხეთის ურთიერთობის კიდევ ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ ასპექტს მინდა შევეხო.
ძველთაგანვე გეოგრაფიული გარემო, მწირი რესურ­სები და, როგორც ჩანს, დემოგრაფიული პირობები ჭანებს მეზობელი მხარეების მოთარეშებას კარნახობდა.[13] ჭანური `კოლონიზაციის~ ერთ-ერთ ასპარეზს ჭოროხის აუზი წარ­მოადგენდა.
წერილობითი წყაროების მიხედვით, ჭანების ჭორო­ხის ხეობაში დამკვიდრებისა და იქ საკუთარი პოლი­ტი­კური ერთეულების შექმნის პროცესი უკვე ადრეანტიკური ხანიდან შეინიშნება: ძვ.წ. 401 წელს ქსენოფონტეს ჭორო­ხის ზემო წელზე, სადაც ძვ.წ. VI-V სს. სასპერები ცხოვ­რობდნენ (Hერ., Hისტ. I.104, 110; IV.37, 40 – [36]),[14] სამხრეთ-აღ­მო­სავლეთ შავიზღვისპირეთიდან ჩამოსახლებული სკვი­თი­ნები//შკვითინები დახვდნენ (Aნაბ., IV.7.18-21 – [37]).[15]
სკვითინების//ჰეპტაკომეტების ინფლიტრაცია სკი­დი­სის მთების კალთებიდან ჭოროხის ხეობაში მომდევნო სა­უკუნეებშიც გრძელდებოდა (შტრაბო, XII.3.18). ჭანურმა `კო­ლო­ნიზაციამ~ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და უკვე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ბაიბურდის სანა­ხებ­ში კომპაქტური ჭანური თემები გაჩნდა. პლინიუსი ამ მოახალშენეებს არმენოხალიბებს უწოდებს (NH., VI.4.12),[16] ხოლო პროკოპი კესარიელი – ოკენიტ ჭანებს (Aედ., III.6). უც­ხო ეთნიკური ჯგუფების გამოჩენამ პონტოს ქედის სამ­ხრეთ კალთებზე ცვლილებები გამოიწვია პოლიტიკურ გე­ოგ­რაფიაშიც: თუ რომაელი ენციკლოპედისტისათვის ხა­ლი­ბები არმენიის (რესპ. მცირე არმენია) ტერიტორიაზე მცხოვ­რები ტომია [2. 161; 21. 85, 302], ბიზანტიელი ის­ტორი­კოსისათვის, მეტად ნიშანდობლივად, ბაიბურთი არ­მე­ნიას (ბიზანტიის პროვინცია Aრმენია Iნტერიორ) მიეკუთ­ვნება, მისგან სულ რამდენიმე კილომეტრით დაცილებულ ხარტონი//ღართი [34. 62-63; 3.14] კი – იმპერიის იურის­დიქციის მიღმა მყოფ ოკენიტ ჭანებს. აშკარაა, რომ პლი­ნიუსი არმენიასა და ჭანეთს შორის ბუნებრივ საზღვარს (პონტოს მთები) ავლებს (მისივე თქმით, არმენოხალიბები ცხოვრობდნენ იმ უზარმაზარ მთებს გადაღმა, რომლებიც ტრა­პეზუნდს ერტყა), მაშინ როცა პროკოპი კესარი­ელი­სათ­ვის ამოსავალი შექმნილი ეთნიკური გეოგრაფიაა. ეთ­ნიკური საზღვრის პოლიტიკურად გადაქცევას, ცხადია, გარკვეული დრო დასჭირდებოდა.[17]
ჭანების//ლაზების ტრადიციული ყოფისა და მეურ­ნე­ო­ბის შესახებ არსებული მწირი ინფორმაციის საფუძ­ველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჭოროხისა და ევფ­რატისპირა თემებში მათ იზიდავდა მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსები – ხორბლეული და მსხვილფეხა პი­რუტ­ყვი. თავის მხრივ, ჭანებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურ­თიერთობებით დაინტერესებული იყო ჰინტერლანდის მოსახლეობაც: სასოფლო პროდუქტის, პირუტყვისა და მადნის რეალიზება ჭანების შუამავლობით ან ჭანეთზე გავ­ლით ზღვისპირა დასახლებებში ხდებოდა [22. 558; 3. 56].
ჭანურ ტომთა ინფილტრაციის ინტენსიური ხასია­თი­სა და ეკონომიკურ ურთიერთობათა არსებობის მიუხე­და­ვად, ანტიკურ ხანასა და ადრე შუა საუკუნეებშიც II ს-ის შუახანები ერთადერთი პერიოდია, როცა ჭანეთი (მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო) და ჭოროხის ხეობა (სპერი, ტაო) ერთ სა­ხელმწიფოებრივ ერთეულად გაერთიანდა. პონტოს ქედს გად­მოღმა ჭანური დიასპორის არსებობა ჰენიოხების ექ­სპან­სიის მასტიმულირებელი გარემოება იქნებოდა, თუმცა – არა გადამწყვეტი. ეს გაერთიანება უფრო გარეშე ძალის ინსპირირების შედეგი იყო – როგორც აღვნიშნეთ, რომის იმპერია იმ კონკრეტულ პირობებში დაინტერესებული იყო არმენიისა და კაპადოკიისკენ მიმავალი გზების უსაფ­რთხო­ებითა და თავისი საზღვრებიდან იბერიის განდევნით. ამ ამოცანის გადაჭრა კი ყველაზე უკეთ ჰენიოხების მეფეს ხელეწიფებოდა.
შუა საუკუნეებში, როდესაც ბიზანტიელთა გავლენით ჭანეთში სოციალურ-ეკონომიკურ და იურიდიულ ურთი­ერ­თო­ბათა და პოლიტიკური ბატონობის სულ სხვა ფორმები გავ­რცელდა, დღის წესრიგში კვლავ დადგა ჭოროხის ხე­ობისა და ჭანეთის გაერთიანების საკითხი. ამის შესახებ რუი გონსალეს დე კლავიხოს დღიურიდან ვიგებთ.
ესპანელი ელჩის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ `არა­ქი­ელის ... ქვეყნის მოსახლეობა უკმაყოფილი იყო თავისი ბა­ტონით... წავიდნენ ისინი ისპირის მთავართან და უთ­ხრეს, რომ თავიანთ ბატონად სცნობდნენ იმ პირობით, თუ მათი დამცველი იქნებოდა~. სპერის მთავარი სიამოვნებით დასთანხმდა მათ თხოვნას: `მან თავის მაგიერ გამოგზავნა მუსლიმანი, რომელსაც უნდა ემართა ეს ქვეყანა ერთ ქრის­ტიანთან ერთად~ (კლავიხო, გვ. 37 – [38]).
არაქიელის ქვეყანა, სავარაუდოდ, მდინარეების ფაზა­რისა და ფურტუნა-სუს ხეობებს [3. 337; შდრ. 38. 42] ანუ მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს ცენტრალურ რაიონებს მოიცავ­და. გამოდის, რომ, ისევე როგორც გვიანანტიკურ ხანაში, გვიან შუა საუკუნეებშიც ჭოროხის მხარე (სპერი) და ჭა­ნე­თის ერთი ნაწილი კვლავ გაერთიანებულა. ინიციატივა ახლაც ჭანეთის მოსახლეობას ეკუთვნოდა, თუმცა პრო­ცესი, ამჯერად, სპერის (ჭოროხის ხეობის) ჰეგემონიით წა­რიმართა.
ეკონომიკური უპირატესობაც სპერის მთავრის მხარე­ზე ყოფილა. კლავიხოს დახასიათებით, `ეს მხარე, მიუხე­და­ვად იმისა, რომ მთიანია, საკვებით მდიდარია~ (კლა­ვიხო, გვ. 37), მაშინ როცა არაქიელის ქვეყანაში `პური ცოტაა~ (კლავიხო, გვ. 38). ესპანელ დიპლომატს არც ის გამოპარვია, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურ­სე­ბის სიმწირისა და ვასალური მორჩილების მიუხედავად არაქი­ელის ქვეყანასა და სპერს შორის, პრაქტიკულად, მოუ­წესრიგებელი იყო კომუნიკაციები – რეგულარული ეკ­ო­­ნომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებისათვის სა­ჭი­რო უმთავრესი საშუალება. უგზოობა ქედის ორივე მხარეს იმდენად თვალშისაცემი ყოფილა, რომ კლავიხომ თავის დღიურში საგანგებო ჩანაწერიც კი გააკეთა: `მეორე დღეს ... ისინი (ე.ი. სპერიდან გასული ესპანელები ელჩები – გ.ჭ.) ავიდნენ ძალიან მაღალ მთაზე. აღმართი გრძელდებოდა ოთხ ლიგაზე და იმდენად ოღროჩოღრო იყო, რომ პი­რუტ­ყვი და ადამიანები დიდი გაჭირვებით მიდიოდნენ~. კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ესპანელები პონ­ტოს მთების გადაღმა: `ეს მხარე უაღრესად მთა­გო­რიან­ია. რამდენიმე იმდენად ცუდი გადასასვლელია, რომ ცხოველები ვერც კი დადიან, ხოლო ზოგიერთ ადგილას ერთი კლდიდან მეორეზე ხიდად გადებულია ხის მორი. ამიტომ ადამიანებს უხდებოდათ ყველაფერი თავიანთ ზურ­გით გადაეტანათ~ (კლავიხო, გვ. 38).
ასეთ პირობებში სპერის მთავარი არაქიელის ქვეყა­ნა­ში თავის სიუზერენულ ხელისუფლებას ციხეების საშუ­ა­ლებით განახორციელებდა.
გასულ საუკუნეში საველე დაზვერვების შედეგად ფა­ზარ-ფურტუნა-სუს ხეობებში რამდენიმე მნიშვნელოვან ცი­ხე-სიმაგრეს მიაკვლიეს: ათინადან 7 კმ-ის დაშორებით, სო­­­ფელ ლამღოსთან (დღევ. იუჯეჰისარი) შემორჩენილია საფორტიფიკაციო ნაგებობის ნაშთები, რომელსაც XX ს-ის დასაწყისში ადგილობრივი ლაზური მოსახლეობა ჯი­ხას ეძახდა, დღეს კი ჯიჰარ (კისე) კალესი ქვია [22. 557-558; 3. 339]. ის ერთ-ერთი ადგილობრივი მთავრის რეზი­დენ­ცია უნდა ყოფილიყო: ჯიჰარ-კალესი ბატონობს მდ. ფაზარის (ძვ. ძაგატისი) მისაქციელზე და წარმოადგენს მო­ხერხებულ პუნქტს ფურტუნა-სუზე (ძვ. პრიტანისი) გა­და­სასვლელად [3. 56, 339-340]. პრიტანისზე ორი ციხე იყო აღმართული, რომელიც ზღვიდან სპერისკენ მიმავალ გზებს დარაჯობდა. ერთი მათგანი, დღეს რომ ზილ კალეს უწო­დებენ, მდინარის ქვემო წელზე მდებარეობდა, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე. ის ხეობის შედარებით განიერ, დასასახლებლად და სავარგულებად გამოსადეგარ მონაკვეთზე ბატონობდა. ციხის მებატონის თვალსაწიერში, ფაქტიურად, მთელი ქვემო წელი ექცეოდა და აქ გამავალი გზაც მის კონტროლს ექვემდებარებოდა. მეორე ციხე, ვა­როშ კალე, მდინარის სათავეებთან მდებარეობდა, მთის წვერზე, ზღვის დონიდან 1800 მ-ის სიმაღლეზე. ციხის გარ­შემო განფენილია სათიბები და საზაფხულო საძოვ­რე­ბი; შეინიშნება მნიშვნელოვანი ნასოფლარის ნაკვალევიც. ციხიდან რამდენიმე საათში მიისვლება იმ უღელტეხი­ლე­ბამდე, საიდანაც გზები ჭოროხის ხეობაში გადადის. ამ ზე­და ციხიდან მოჩანს ქვემო ციხეცა და ზღვის სანა­პი­როც. ციხეები ერთმანეთთან ფიქლით მოკირწყლული გზით ყოფილა დაკავშირებული [3. 341-342].
ჭანეთის ხეობებში ციხის სოციალური და ეკონო­მი­კური მნიშვნელობა რომ წარმოვიდგინოთ, ამისთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ტრადიციული საიალაღო მესაქონლე­ობის პირობებში ადგილობრივ მოსახლეობას საქონლის სეზონურ გადასარეკად და საძოვრებზე საბალახედ გასაშ­ვებად ერთმანეთში გარკვეული შეთანხმება ესაჭიროებოდა. ეკონომიკური გეოგრაფია ერთი ხეობის მოსახლეობას ერთ­მანეთთან აკავშირებდა და იმავდროულად აღმოსავ­ლე­თის და დასავლეთის მეზობლებისგან ჰყოფდა [35. 12]. ამ­გვარ ეკონომიკურ ერთობად ჩამოყალიბებული ხევის ხევი­სუფლებად ციხეთა მეპატრონენი გამოდიოდნენ.
ფიქრობენ, რომ სწორედ ვაროშად სახელდებული ცი­ხისუფლის თაოსნობით უნდა მისვლოდნენ არაქიელის ქვე­ყ­ნის ფეოდალები სპერის მთავარს [3. 342]. ფაქტიურად, მათ ზურგი აქციეს ტრაპიზონის იმპერატორს და საქარ­თვე­ლოს მეფის ვასალს ეყმნენ.[18] გადამწყვეტი, აქ, გეოგრა­ფიული ფაქტორი იყო.
ახლაც, ისევე როგორც მრავალი საუკუნის წინ, ჭა­ნეთისა და ჭოროხის ხეობის გაერთიანება დღემოკლე აღ­მოჩ­ნდა.[19] საამისოდ მეტად მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ფიზიკური- და ეკონომ-გეოგრაფიული თავისებურებები ქმნი­­და: ჭოროხის ხეობაცა და ჭანეთიც, სამეურნეო თვა­ლ­საზრისით, `მთას~ წარმოადგენდა, ხოლო ერთმანეთისგან მათ მაღალი ლაზისტანის ქედი ჰყოფდა, რასაც ზედ ჭა­ნე­თი­სათვის დამახასიათებელი უგზოობაც ერთვოდა. გარდა ამი­სა, ეკონომიკურად ჭანეთის მოსახლეობა ზღვისკენ იყო პირშექცეული, მაშინ როცა სპერის მხარე, ისევე როგორც ჭოროხის ხეობა, – მატერიკისკენ. ჭანებს (მაკრონ-ჰენიო­ხებს), პოლიტიკური მოწინავეობის მიუხედავად II ს-ში, არ გააჩნდათ ეკონომიკური საფუძველი, რომ დიდი ხნით და­ეჭირათ ჭოროხის ხეობა. მაგრამ არც სპერის მთავარს ჰქონ­და იმისი შესაძლებლობა, რომ ჭანეთის ერთ მონა­კვეთზე მაინც პერსონალური ხელისუფლება უფრო მყარი, ტერიტორიული ხელისუფლებით შეეცვალა. თუნდაც ნომი­ნა­ლური ხელისუფლების განსახორციელებლად სპერის მთა­ვარს კომუნიკაციების მოწესრიგება, მთავარ გამოსას­ვლე­ლებთან ციხე-სიმაგრეების აგება და მათი საშუა­ლე­ბით გზებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობის გაკონტროლება ესაჭიროებოდა (შდრ. Pროც., Aედ., III.6). ფაქტიური ძალაუფლებისათვის კი ყველაფერ ამას­თან ერთად მას დამოუკიდებელი ხევისუფალნიც უნდა დაემორჩილებინა (როგორც თურქები მოიქცნენ XIX ს-ის დასაწყისში – [39; 35. 12-25]). საამისო რესურსები სპერის მთავარს არ გააჩნდა.
ეს პარალელები იმისთვის დაგვჭირდა, რომ უფრო გასაგები გამხდარიყო, თუ რა მიმართულებით შეიძ­ლებო­და (ან არ შეიძლებოდა) განვითარებულიყო ისტორიულ-გე­ოგრაფიული პროცესები გვიანანტიკურ ხანაში.
ძველი გეოგრაფიის ისტორიის ცნობილი მკვლევარი ჯ. ტომსონი წერდა: პტოლემაიოსიცა და სხვებიც უხეშ შეც­დომებს უშვებდნენ კარგად ცნობილი ქვეყნების აღ­წე­რი­სასაც კი; მაგრამ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მა­თი ცნობები იმ მხარეებზე, რომლებიც მანამდე ან სრუ­ლიად უცნობი იყო ან ნაკლებად ცნობილი რჩებოდა რო­მისთვის [15. 328]. „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ ის­ტო­რიის სახელმძღვანელოების ყურადღების მიღმა დარჩე­ნილ ამბებსაც მოგვითხრობს.
შენიშვნები
[1] მდ. გლაუკოსს ოლთუ-ჩაისთან, წყაროს მიუთითებლად, აიგი­ვებენ ა. ბრაიერი და დ. უინფილდი [3. 58-60].
[2] ბერძნულ-რომაულ მწერლობაში ლიკოსი, ჩვეულებრივ, დღევ. კელ­კიტ-ჩაის ეწოდება.
[3] `აშხარაცუიცის~ ავტორი, რომელიც თავის ტრაქტატს `გეოგრა­ფი­ული სახელმძღვანელოს~ საფუძველზე წერდა, კაპადოკიისა და დიდი არმენიის გამყოფ `მოსხურ მთებად~ დღევ. ლაზის­ტანის ქედს გულისხმობს [11. 100], რაც იმითაა გამოწვეული, რომ სომეხმა ანონიმმა ალექსანდრიელი სწავლულის გეოგრა­ფიული ნომენკლატურა მექანიკურად მიუსადაგა IV ს-ის მიწუ­რულის სომხეთის პოლიტიკურ გეოგრაფიას.
[4] ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ვერ გამოდგება ის ფაქტი, რომ `გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში~ პარიადრეს მთები, ზო­გიერ­თი ავტორის მიხედვით – დღევ. ლაზისტანის ქედი, დიდ არმე­ნიაშია ნაჩვენები (V.12.5). `პარიადრეს მთასთან სირა­კე­ნეს (არაქ­სის ხეობაში – გ.ჭ.) და საკაპენეს (მტკვრის ხეობა­ში – გ.ჭ.)~ (V.12.9) დასახელება მოწმობს, რომ კლავდიოს პტო­ლე­­მა­იოსთან ეს მთები მტკვარ-არაქსის ერთ-ერთი წყალგამყოფი ქედია [იხ. 13].
[5] ცნობილია, რომ უკანასკნელ დრომდე ლაზები ძირითად სავაჭ­რო ოპერაციებს ზღვისპირა პუნქტებში საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით აწარმოებდნენ [22. 617; 3. 18]. მით უფრო, ასე უნ­და ყოფილიყო ძველად, იმ განსხვავებით, რომ ვაჭრობასთან მნი­შ­ვნელოვანწილად მეკობრეობაც იქნებოდა შერწყმული. სა­ნა­პირო დასახლებებს შორის, მოხერხებულ ყურეში ციხე-სი­მაგ­რის აღ­მარ­თვა რომაელებს დიდად გაუადვილებდა ჭანების ეკო­ნომიკურ ექსპლოატაციას. ერთ-ერთ ასეთ პუნქტს წარმოად­გენ­და კორდი­ლე, დღევ. სივრი-დერე ანუ სათევზაო სოფელი – საუ­ცხოო ნავ­საყუდელი მაფავრიდან ათინასაკენ მიმავალი ნა­ვე­ბისათვის [3. 334]. რომაელები რომ ხელიდან არ უშვებდნენ ჭა­ნუ­რი ტომების დახარკვის შესაძლებლობას, ამას არიანეც ადას­ტურებს (PPE, $11).
[6] ნიშანდობლივია პროკოპი კესარიელის ცნობა, რომ ჭანები `უაღ­­რესად მკაცრ ცხოვრებას ეწეოდნენ და ქურდობით ირჩენ­დნენ თავს... თავს ესხმოდნენ და ... აწიოკებდნენ არა მარტო არ­მე­ნი­ელებს, არამედ რომაელებსაც, რომელნიც ვიდრე ზღვამ­დე მათი მეზობლები იყვნენ...~ (BP., I.15 – [24. II])
[7] მოტივი, ჩანს, ნავსადგურის მოუხერხებლობა იყო, რასაც არია­ნეს დეტალური ანგარიშიც მოწმობს (PPE, $4). სავარაუდოდ, ადრი­ანეს დროს რომაელები კვლავ დაინტერესდნენ `უყურად­ღებოდ მიტოვებული~ ათენის ციხის რეაბილიტაციით – არიანე არ­სად ისე დეტალურად არ ჩერდება ნავსადგურის დახა­სიათე­ბაზე, როგორც ათენში –, რაც, შესაძლებელია, დიდი არმენიის პრო­ვინციაში სამეფო ხელისუფლების აღდგენასთან იყო და­კავ­­შირებული.
[8] ამ პუნქტების იდენტიფიკაციისათვის იხ. [3. 336, 338; შდრ. 1. 51].
[9]ისტორიული გეოგრაფიის თვალსაზრისით მეტად მნიშვნე­ლო­ვა­ნია, რომ შუა საუკუნეებშიც, ზღვისპირეთში უცხო ძალის ბა­ტო­ნობის პირობებში, ამ ქვეყნის მბრძანებლები ცენტრებად ის­ეთ ადგილს ირჩევენ, რომელიც სანაპირო ზოლთანაც ახლოს მდე­ბა­რეობდა და ჰინტერლანდისკენ მიმავალ მთავარ გზებსაც აკონ­ტროლებდა [3. 337].  
[10] წყაროშია Iნსოცჰი. ამ ტერმინს, სრულიად სამართლიანად, ჰენი­ო­ხად აღადგენენ [იხ. 21. 367; შდრ. 25. 169-170; 18. 87].
[11] დიდი არმენიის პროვინცია კატარძენე (ჩლაუდ. Pტოლ., XXX) შეესა­ბა­მება არა კლარჯეთს, არამედ ევფრატის ხეობაში მდებარე ხორ­­ძიანენეს [იხ. 6. 8-9; შდრ. 8. I. 60].
[12] ცნობები მამიკონიანთა სომხეთში დამკვიდრების შესახებ და­ცუ­­ლია ფავსტოს ბუზანდთან (V. 37 – [31]), მოვსეს ხორე­ნაცი­ს­თან (II.81 – [32]), ~დასაწყისი ისტორიის~ ანონიმ ავტორთან (თავი II – [33]). ირკვევა, რომ მამიკონიანები ჭანეთიდან გადმო­სუ­ლან III ს-ის შუახანებში. მამაცობისა და სამხედრო ნიჭის წაყ­ლობით ჭანი მამიკონიანები სწრაფად წინაურდებიან სომ­ხე­თის მეფის კარ­ზე და ერთ-ერთ უწარჩინებულეს საგვარეულოდ გადაიქ­ცე­ვიან. უკვე IV საუკუნისათვის ისინი არიან სომხეთის დიდი სპა­რა­პეტები და მხედართმთავრები და მემკვირეობითი მფლო­ბელნი ტაოსი (ფავსტოს ბუზანდი, III.4, IV.2, სხვ.). იმ დრო­ისათვის, რო­ცა მამიკონიანები არშაკიდების სამსახურში დგე­ბიან, ტაო, დიონ კასიო­სის ცნობის გათვალისწინებით, უკვე სო­მხეთის ფარ­გლებ­ში უნდა ყოფილიყო. გვინდა კიდევ ერთი ჰიპოთეტური ვარაუდი გა­მოვთქვათ: ხომ არ წარმომავლობდა ეს საგვარეულო ათინას ხეო­ბიდან, სოფ. მამაკივათიდან? მამი­კო­ნიანთა ჭანური წარმოშო­ბისა და სანახარარო სახლის ის­ტო­რიის შესახებ იხ. [34; 16]. ფიქრობენ, რომ ჭანეთიდან იყვნენ მოსულნი დიმაქსიანთა წინაპ­რებიც [32. 278]; ამ საგვარეულოს ერთი შტო VII ს-დან აღმოსავ­ლეთ ტაოშია დამკვიდრებული [34. 263].
[13] ჭანეთის ფიზიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის ფრიად სა­ყუ­­რადღებო დახასიათება მოეპოვება პროკოპი კესარიელს (BP., I.15, BG., VIII.1, Aედ., III.6). ამ რეგიონის სხვა ეკონომ-გეოგრა­ფიული ასპექტების შესახებ იხ. [22. 615-621; 35. 31-41].
[14] უფრო სწორედ, სპერი სასპერების პირველსაცხოვრისს წარმო­ად­გენდა.
[15] როდესაც სკვითინების ჩამოსახლებაზე ვლაპარაკობთ, ვითვა­ლის­წინებთ შემდეგ გარემოებას: (1) ეს ქვეყანა ამაზე უწინ სპე­რი//სასპერის სახელით მოიხსენიებოდა და ამავე სახელ­წო­დე­ბით შე­მორჩა დღემდე; (2) სკვითინები სახლობდნენ სამხ­რეთ-აღმო­სავლეთ შავიზღვისპირეთში. ეს ჩანს ქსენოფონტის ცნო­ბიდან, რომ სკვითინებს შავიზღვისპირეთში მოსახლე მაკ­რონები ესაზ­ღვრე­ბოდნენ, მდინარის გასწვრივ (Aნაბ., IV.8.1-2). ამას­ვე მოწ­მობს სტრაბონისეული (XII.3.18) “სკიდისის მთა” და სკი­დისის მთის კალთაზე მოსახლე ჰეპტაკომეტები (შკვი­თი­ნე­ბი//სკვითინე­ბი); (3) ძნელი წარმოსადგენია, რომ “დიდი, მდი­დარი და ხალ­ხმრავალი” პოლისი, გვიმნიასი, დაეარსებინათ სკვი­თინებს, რო­მელ­თა ჰეგემონი სპარსულ ოქროს დარეიკებს ბერ­ძენ ჯარის­კაც­თა ბეჭდებს ამჯობინებს (ანაბ., IV.7.27). სკვი­თინების ქვეყნის ადგილმდებარეობის შესახებ იხ. [37. 42-42, 130-132].
[16] არმენოხალიბების ლოკალიზაციის შესახებ იხ. [21. 302; 14. 73-74]. მეტად მეტყველი ტოპონიმით, ხალდოძორი, ე.ი. ხალიბების ხევი, სომხურმა საისტორიო მწერლობამ შემოინახა მოგონება ბაიბურთის მხარეში ხალიბების//ჭანების ცხოვრების შესახებ [34. 63].
[17] ამ პროცესს ინტენსიური ხასიათი უნდა მიეღო მას შემდეგ, რაც არშაკიდული დასავლეთ არმენია რომის პროვინციად გა­და­იქ­ცა. ახალ ადმინისტრაციას, ჩანს, არ შესწევდა უნარი, წინ აღდგო­მო­და მთიელ ტომთა ჩამოსახლებას. საინტერესოა, რომ ამ პერი­ო­დში ჭანების მარბიელი ლაშქრობები კაპადოკიას, კი­ლი­კიასა და სირიასაც კი აღწევდა (მალალა, ჩჰრონ., XIII – [24. III]). დიდი სომ­ხეთის ორ ნაწილად გაყოფამდე სამეფოს დაცვა ჭა­ნებისაგან სპერის მფლობელ ბაგრატიონებს ევალებოდათ [Aგ. $98 – [24. I].
[18] კლავიხო არაორაზროვნად აღნიშნავს, რომ სპერი საქარ­თვე­ლოს საზღვრებშია (გვ. 38).
[19] XV ს-ის 70-იან წლებში ამ ქვეყნის მთავარია ვინმე არამი, რო­მე­ლიც უზუნ-ჰასანს ემორჩილება. ათინას ამასობაში თურქები არინ დაპატრონებულნი [3. 337].
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. ნ. ლომოური, კლავდიოს პტოლემაიოსი, `გეოგრაფიული სა­ხელმძღვანელო~, ცნობები საქართველოს შესახებ.
2. თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერ­ძნული წყაროები, თბ., 1976.
3. A. Bryer and D. Winfield, The Byzantine Monuments and To­pog­raphy of the Pontos, DOS 20, Washington, D.C., 1985.
4. აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა.
5. თ. ყაუხჩიშვილი. სტრაბონის `გეოგრაფია~, თბ., 1957.
6. გ. ჭეიშვილი, ხორზენეს ლოკალიზაციის საკითხისათვის // ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევები, თბ., 1991.
7. ს. ჯანაშია, შრომები, II, თბ., 1952, VI, თბ., 1988.
8. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგ­რა­ფი­ის ძირითადი საკითხები, I, თბ., 1977, II, თბ., 1980.
9. ნ. ხაზარაძე, საქართველოს ძველი ისტორიის ეთნო-პო­ლი­ტიკური პრობლემები, თბ., 1984.
10.  ნ. ხაზარაძე, ძველაღმოსავლური და ქართველო­ლოგი­ური ძიებანი, თბ., 2001.
11.  ს. ერემიანი, სომხეთი `აშხარაცუიცის~ მიხედვით, ერე­ვანი, 1963 (სომხურ ენაზე).
12.  Robert H. Hewsen, Armenia: A Historical Atlas, The University of Chicago Press, Chicago and London, 2001.
13.  გ. ჭეიშვილი, პარიადრეს ადგილმდებარეობისათვის, `მაც­ნე~, ისტორიის ... სერია, 3, 1986.
14.  გ. ჭეიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (მეს­ხე­თის) ისტორიული გეოგრაფიის საკითხები ანტიკურ ხა­ნა­ში, დისერტაცია მეცნიერებათა კანდიდატის სამეც­ნი­ე­რო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1994 (ხელ­ნა­წე­რი).
15.  Дж. Томсон, История древней географии, М., 1953.
16.  C. Toumanoff, Studies in Christian Caucasian History, Geor­ge­town University Press, 1963.
17.  S. Mitchell, Anatolia: Land, Men, and Gods in Asia Minor, v.1, Ox­ford, 2001, vol.2, Oxford, 2003.
18.  ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ.
19.  J. Crow and A. Bryer, Survey in Trabzon and Gümüşhane Vila­yets, Turkey, 1992-1994, DOP, 51, 1997.
20.  თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქარ­თვე­ლოს შესახებ, V, თბ., 1983.
21.  Г.А. Меликишвили, К истории древней Грузии, Тб., 1959.
22.  Н.Я. Марр, Из поездки в Турецкий Лазистан, ИИАН, СПб., 1910.
23.  ნ. ლომოური, ძველი საქართველოს სავაჭრო გზების სა­კითხისათვის, იიშ, IV1, 1958.
24.  გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართვე­ლოს შესახებ, ტ. I, ტექსტები ქართული თარ­გმანი­თ­ურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამ­ყრე­ლიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1965, ტ. II, ს. ყაუხ­ჩიშვილის რედაქციით, თბ., 1965, ტ. III, ს. ყაუხჩიშ­ვი­ლის რედაქციით, თბ., 1936.
25.  Н.Ю. Ломоури, Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981.
26.  მ. ინაძე, ტერმინი „ჭანები“, საქართველოსა და ქართვე­ლე­ბის აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინო­ლო­გია, თბ., 1993.
27.  PPliny, Natural History, with an English Translation by H. Rack­ham, II, London, Cambridge, Massachusetts, LCL, 1947.
28.  დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, ბერ­ძნუ­ლი ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნ. ლომოურმა, თბ., 1966.
29.  დ. მუსხელიშვილი, ბ. არველაძე, ისტორია ობიექ­ტურო­ბას მოითხოვს, `ლიტერატურული საქართველო~, 1988, 13 მაისი.
30. Dio's Roman History, with an English Translation by E. Cary, IX, London, Cambridge, Massachusetts, LCL, 1955.
31.  История Армении Фавстоса Бузанда‚ перевод с древ­неар­мянского‚ и коментарий М.Я. Геворгяна‚ под редакций С. Т. Еремяна‚ вступительная статья Л. С. Хачикяна‚ Ер.‚ 1953
32.  მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხუ­რი­დან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალ. აბდალაძემ, თბ., 1984.
33.  История императора Иракла. Сочинение епископа Себеоса, писателя VII века, перевод с армянского К. Патканьяна, СПб., 1862.
34.  Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, Ереван, 1971.
35.  A. Toumarkine, Les Lazes en Turquie (XIXe-XXe siècles), Cahi­ers du Bosphore, XI, Istanbul, 1995.
36.  ჰეროდოტე, ისტორია, ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტ­ყვა­ობა და საძიებელი დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, ტ. I, თბ., 1975, ტ. II, თბ., 1976.
37.  თ. მიქელაძე, ქსენოფონტის „ანაბასისი“ (ცნობები ქარ­თველი ტომების შესახებ), თბ., 1967.
38.  რუი გონსალეს დე კლავიხოს ცნობები საქართველოს შე­­სახებ, ესპანურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა, თბ., 1992.

39.  A. Bryer, The Last Laz Risings and the Downfall of the Pontic Derebeys, 1812-1840, Peoples and Settlement in Anatolia and the Caucasus, Variororum Reprints, London, 1988. 


Комментариев нет:

Отправить комментарий