пятница, 9 ноября 2018 г.

კავკასიელ პოლიტიკოსთა 1920 წლის მარტის თათბირი და ანტისაბჭოთა კოალიციის შექმნის მცდელობა (ა. ბენდიანიშვილი)

1919 წელს დენიკინის რეჟიმის კონტროლის ქვეშ იყო დონის რეგიონი და თითქმის მთელი ჩრდილოეთ კავკასია. მოხალისეთა არმიის რიგებში იდგნენ დონის, ყუბანის, თერგის და ზოგჯერ ჩეჩენი შეიარაღებული რაზმებიც. გენერალმა დენიკინმა 1919 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ხსენებული შეიარაღებული ძალების დახმარებით წამოიწყო ფართო შეტევა მოსკოვის მიმართულებით. საბჭოთა არმიას გაუჭირდა თეთრი დივიზიებისა და პოლკების შეკავება. 20 სექტემბერს დენიკინის არმიამ დაიკავა კურსკი, 6 ოქტომბერს ვორონეჟი, 13 ოქტომბერს ორიოლი და მიადგა ტულას. მაგრამ საბჭოთა მთავრობამ ფრონტის ამ უბანზე წითელი არმიის მთელი რეზერვი გამოიყვანა, კონტრშეტევა განავითარა, კვლავაც დაეუფლა დასახელებულ ქალაქებს. მალე წითლებმა დაიკავეს დონბასი, შემოიჭრნენ კავკასიაში, გეზი აიღეს ყუბანისა და თერგისაკენ. დენიკინმა საკმარისი დახმარება ვერ მიიღო პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტისაგან. ფრიად შეთხელებულმა მოხალისეთა არმიის დიდმა ნაწილმა, რომელსაც გენერალი ვრანგელი ჩაუდგა სათავეში, ყირიმის ნახევარკუნძულს შეაფარა თავი. დონის, ყუბანისა და თერგის კაზაკთა მეთაურებმა დენიკინელთა კონტროლს კი დააღწიეს თავი, მაგრამ უარი თქვეს საბჭოთა ხელისუფლების აღიარებაზე. მათ გარკვეული იმედი დაამყარეს საქართველოს რესპუბლიკაზე და სცადეს კომპრომისული ანტისაბჭოთა შეთანხმება ჩრდილო კავკასიელ მთიელებთან, რომლებიც ცდილობდნენ სახელმწიფოებრიობის შექმნას.
საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულია კავკასიელ ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა 1920 წლის მარტის თათბირის სტენოგრაფიული ანგარიში. დოკუმენტებში, მართალია, მითითებული არაა მოთათბირეთა ადგილსამყოფელი, მაგრამ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ წითელი არმიისაგან შევიწროვებული კაზაკთა წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიდნენ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართეს მოლაპარაკება საბჭოთა აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ორგანიზაციის საკითხებზე.
თათბირი დაიწყო 1920 წლის 1 მარტს. მცირე შესვენების შემდეგ გაგრძელდა 15 მარტს. მოლაპარაკებაზე საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი . გეგეჭკორი, მისი მოადგილე ქარცივაძე, სამხედრო მინისტრის თანაშემწე გედევანიშვილი, მომარაგების მინიტრის ამხანაგი ჭავჭავაძე, ფინანსთა მინისტრის ამხანაგი . ავალიანი. დონელ კაზაკთა წარმომადგენელი იყო კოვალიოვი, ყუბანელებისზაზულია, თერგელი კაზაკებისბიგაევი.1
სტენოგრამა დეფექტურია, ზოგიერთი წინადადება არ იკითხება. მაგრამ გაირკვა, რომ თათბირის დღის წესრიგში, მეტი თუ არა, სამი საკითხი მაინც იდგა: 1) რა დახმარება შეუძლია საქართველოს კაზაკებისათვის; 2) რა გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს მთიელთა მოძრაობისა და შავიზღვისპირეთის აჯანყებულთა მიზანდასახულების განსაზღვრაზე; 3) დენიკინის რეჟიმის მიერ საქართველოს მიმართ დაწესებული ბლოკადის მოხსნა და საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა.2
1 მარტის სხდომა გახსნა ევგენი გეგეჭკორმა. თათბირის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობისა და განსახილველი საკითხების მნიშვნელობის შესახებ. ამის შემდეგ პირველი (და არა უკანასკნელი) განცხადება გააკეთა კოვალიოვმა. მან აღნიშნა, რომ მოხალისეთა არმიის მეთაურთა პოლიტიკა დამღუპველი იყო როგორც მათ მიერვე შექმნილი რეჟიმის, ისე ყველა ხალხისა და მოძრაობისათვის, რომელთაც შეხების წერტილები ჰქონდათ მასთან. მოხალისენი წარსულის დაბრუნებას ცდილობდნენ, ჩვენ კი მეტნაკლებად დემოკრატიულ პოზიციაზე ვდგევართ.       ჩვენ, კაზაკთა წარმომადგენლები, მართალია, ვცდილობდით შეგვეცვალა ეს პოლიტიკა, მაგრამ ამაოდ. როცა ბოლშევიკები პირველად მოვიდნენ კაზაკთა ქვეყანაში, ჩვენ ვაღიარეთ საბჭოთა ხელისუფლება, მაგრამ პროტესტი გამოვთქვით კომუნიზმის წინააღმდეგ. მალე მოხალისეთა არმია ჩამოყალიბდა და ჩვენი რეგიონები ალექსეევდენიკინის კონტროლქვეშ აღმოჩნდა. მათ მყისვე დაიწყეს ჩარევა კაზაკთა საშინაო საქმეებში, შეზღუდეს ჩვენი თვითმართველობა. მოხალისეთა ხელისუფლებამ კაზაკებსა და საქართველოს შორის აღმართა თითქმის გაუვალი კედელი. მაგრამ ჩვენ ვგრძნობდით და გვესმოდა, რომ მეზობელთა შორის ყველაზე ახლოს ქართველები იდგნენ. ამიტომ გამომგზავრების წინ მოგვცეს ინსტრუქცია, რომ პირველყოვლისა მოლაპარაკება გვეწარმოებინა საქართველოსთან, ხოლო შემდეგ სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
შექმნილი მდგომარეობა მოითხოვსო, განაგრძო კოვალიოვმა, ჩვენი საერთო ფრონტის შექმნას, რადგან არსებითად ვემსახურებით ერთ საქმეს, ვიბრძვით დემოკრატიის განმტკიცებისათვის და საერთო მტერი გვყავს. დონის, ყუბანისა და თერგიის დაწესებულებებმა პარიტეტულ საწყისებზე შექმნეს საერთო ორგანო, ჩამოაყალიბეს Верховный круг, რომელიც ფაქტიურად არის ყველა ამ ტერიტორიების უზენაესი ხელისუფლება. ადრე ჩვენ ვერ გავბედეთ სრული გამოყოფა, მთავარსარდლად ვაღიარეთ გენერალი დენიკინი. ახლა კი დავადგინეთ შევქმნათ დამოუკიდებელი მთავრობა. მისი ფორმირება ჯერ კიდევ არაა დამთავრებული, მაგრამ ამ ახალი ხელისუფლებისაგან დაგვევალა ინფორმაცია მოგაწოდოთ და ინფორმაცია მივიღოთ ურთიერთდახმარების საკითხზე.3
კოვალიოვის წინადადების საპასუხოდ . გეგეჭკორმა თქვა, რომ ურთიერთ ინფორმაციები ადრეც გვქონდა. ჩვენ პოლიტიკაში ცვლილებები არ შეგვიტანია. ვიცით სადაა დაღუპვა და როგორ შეგვიძლია გადარჩენა. თქვენსა და ჩვენს დემოკრატიას შორის ბევრია საერთო. ამიტომ უნდა მოვილაპარაკოთ. მართალია, სამოქალაქო ფრონტი ცვალებადია, იგი არ ექვემდებარება ომის კანონებს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა დემოკრატიული კაზაკობის მიმართ არ შეიცვლება და თუ ჩვენდა სამწუხაროდ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, იძულებული გახდებით საკუთარი ტერიტორიიდან უკან დახევა დაიწყოთ, ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რომ საქართველოს სახით თქვენ გეყოლებათ მეგობარი, თქვენი ინტერესების დამცველი მოკავშირე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამონათქვამს გამოეხმაურა ყუბანის წარმომადგენელი ზაზულია და განაცხადა: ყუბანის ტრაგედია თქვენთვის - თანამიმდევრული დემოკრატიისათვის არც თუ მთლიანად გასაგებია, რადგან საქართველოში არ ყოფილა სამოქალაქო ომი. ჩვენ კი, მართალია, ვიდექით დემოკრატიულ პლატფორმაზე, მაგრამ იძულებული გავხდით ჩვენი შეიარაღებული ძალები დაგვექვემდებარებინა დენიკინისათვის. გვეგონა შინამმართველობაში დამოუკიდებელი ვიქნებოდით, მაგრამ შევცდით. დენიკინის რეჟიმმა უფლება არ მოგვცა ჩვენი ნების შესაბამისად გადაგვეჭრა აგრარული და სხვა საკითხები. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ყოველგვარი აგრესიის, გვსურდა მეგობრული კავშირი უკრაინასთან, საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ჩვენ არც მოსკოვზე ლაშქრობაში გვინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ იძულებით და ფაქტიურად ვმონაწილეობდით ამ ბრძოლებში. ახლა იძულებული ვხდებით უკან დავიხიოთ, არაა გამორიცხული, რომ კვლავ ტერიტორიის გარეშე დავრჩეთ. ამიტომ ნება მომეცით გკითხოთ - გაგვიწევთ თუ არა დახმარებას და თუ ღმერთი გაწყრა და დავმარცხდით, მიიღებთ თუ არა საქართველოს ტერიტოროიაზე უკან დახეულ კაზაკთა რაზმებს. ამ საკითხებზე უნადა მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ.
კაზაკთა წარმომადგენლებმა დასვეს აგრეთვე საკითხი, თუ რა ფორმით და რა საშუალებით შეეძლო საქართველოს მთავრობას დადებითი გავლენა მოეხდინა კაზაკებისა და ჩრდილო კავკასიელი მთიელების უთანხმოება-დაპირისპირებაზე. კოვალიოვის ზოგადი ფრაზა რამდენადმე დააკონკრეტა ბიგაევმა: `ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი ისაა, რომ დავადგინოთ მთიელთა მოძრაობის მიზანდასახულება, გამოვუცხადოთ მათ, რომ თუ კაზაკებთან კავშირს დათანხმდებიან, პოლიტიკურ თანაცხოვრებაში თანასწორუფლებიან პარტნიორებად იქნებიან მიღებულნი. მე პირადად იმედი არა მაქვს, რომ მთიელებთან მოლაპარაკებას დადებითი შედეგი მოჰყვება. მართალია, მახსოვს ადრინდელი მოლაპარაკება, საზეიმო ფიცი, მოლებისა და მღვდლების კოცნაობა, მაგრამ მტრობა ისევ აფეთქდა. ჯაბაევთან პირადი შეხვედრის დროს მე გავიგე, რომ მთიელები დგანან დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის პოზიციაზე, რაც თერგის კაზაკებს და ოსებს დაუშვებლად მიაჩნიათ. მიუხედავად ამისა, შექმნილი სიტუაცია გვიკარნახებს, რომ როგორმე მოვაწესრიგოთ მთიელებთან ურთიერთობა. მზად ვართ ვაწარმოოთ მათთან მოლაპარაკება ნეიტრალურ ნიადაგზე, საქართველოს წარმომადგენელთა შუამავლობით. ზაზულიამ კი განაცხადა, რომ ყუბანში მთიელთა საკითხი არ არსებობს, ჩვენ მათთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. თერგზე სხვა მდგომარეობაა. მეტისმეტი სიახლოვე კაზაკთა და მთიელთა განსახლებისა ადრევე ბადებდა მათში წინააღმდეგობებს, რასაც პეტერბურგი თავის ინტერესებისათვის იყენებდა, ხელოვნურად ამწვავებდა მტრობას კაზაკებსა და მთიელებს შორის. ამიტომ ჩემთვის გასაგებია, რომ თერგის კაზაკებს არ სურთ მთიელებთან პირისპირ შეხვედრა და მოლაპარაკება.4
ამის შემდეგ სიტყვა კვლავ ბიგაევმა აიღო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა ორი კითხვა: 1) როგორია საქართველოს დამოკიდებულება მთიელთა რესპუბლიკის შექმნა-აღიარების საკითხისადმი; 2) როგორია საქართველოს მთავრობის დიპლომატიური ურთიერთობა მთიელთა თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლებთან, რომლებიც თბილისში იმყოფებიან.
კაზაკთა წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით ე. გეგეჭკორმა განაცხადა: ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთიელთა რესპუბლიკაში შედის ჩეჩნებით, ინგუშებით, დაღესტნელებით დაკავებული ტერიტორიები. იქ არსებობს ე.წ. მთის ხალხთა საბჭო, რომლის მიზანია მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის განმტკიცება. ეს საბჭო ატარებს წმინდა ეროვნულ პოლიტიკას, ზრუნავს თავდაცვაზე. მაგრამ არსებობს ვერსია, რომ მთიელთა ამ მოძრაობას თითქოს მხარს უჭერენ ბოლშევიკები და თათრები. საბჭოურ-თურქულ ორიენტაციას მთიელები იმით ხსნიან, რომ ბოლშევიკები მათ ეხმარებიან კაზაკებისა და დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემს შეშფოთებას იწვევს, თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კაზაკთა წინააღმდეგობა მთიელებისადმი და მინდა შევასრულო საშუამავლო მისია. მიმაჩნია, რომ შერიგების ყველა გზა როდია გადაკეტილი, არის შესაძლებლობა ორმხრივი დათმობა-კომპრომისების გზით მიღწეულ იქნეს რაიმე სახის შეთანხმება. მოლაპარაკების ყველაზე კარგ ადგილად მიმაჩნია თბილისი - თავისებური ნეიტრალური ზონა.5
ყუბანელი კაზაკების წარმომადგენელმა ზაზულიამ ისიც აუწყა თათბირის მონაწილეებს, რომ გასარკვევიაო ამას წინათ დენიკინის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებული შავიზღვისპირა გუბერნიის მოსახლეობის დღევანდელი პოზიცია. შავიზღვისპირელთა აჯანყება, ერთი მხრივ ჩვენ გვახარებს, მაგრამ კიდევაც გვაშინებს, რადგან არაა გამორიცხული, რომ ეს მოძრაობა მარცხნივ გადაიხაროსო. ზაზულიასთან ერთად კოვალიოვმაც გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს დახმარებით ამ საშიშროებას თავიდან ავიცილებთო. ამასთან დაკავშირებით ე. გეგეჭკორმაც გამოთქვა თავისი აზრი: შავიზღვისპირელთა აჯანყება მოულოდნელი იყო და სიტუაცია რამდენადმე გართულდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს მოძრაობა თვითდინებაზე მივუშვათ, რადგან არაა გამორიცხული, რომ იგი მოექცეს ბოლშევიკების იდეურ-პოლიტიკურ გავლენაში. აჯანყების მეთაურებს წინადადება მივეცით დაუკავშირდნენ მაკარენკოს დაჯგუფებას, რომელიც ანტიბოლშევიკური, დემოკრატიული მიმართულებისაა. ე. გეგეჭკორმა მოუწოდა თათბირის ჩრდილოელ მონაწილეებს ერთად ვიმოქმედოთო ხსენებული მოძრაობის დემოკრატიული მიმართულებით წარმართვის საქმეში, არ უნდა შეგვაშინოს აჯანყებულების ავტონომიურმა სულისკვეთებამ. მთავარი ისაა, რომ იგი მიმართულია დენიკინელების წინააღმდეგ. ერთად უნდა მივიღოთ ზომები, რომ იგი არ დაუკავშირდეს დენიკინელთა სხვა მტერს - ბოლშევიკურ რუსეთსო.6
მოლაპარაკებას კონკრეტულობა აკლდა და ამიტომაც თათბირის მონაწილეებმა მიიღეს დადგენილება დაემუშავებინათ დეტალები, გაერკვიათ რა ხასიათის, ფორმის და შინაარსის დახმარების გაწევა შეეძლო საქართველოს დონის, ყუბანისა და თერგისათვის. ამაზე ცალკ-ცალკე ვიმსჯელოთ და რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ სათათბიროთ შევიკრიბოთ და ხელშეკრულება გავაფორმოთო.
კავკასიელ პოლიტიკოსთა თათბირი და მოლაპარაკება გაგრძელდა 1920 წლის 15 მარტს. სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემასთან კავშირში განიხილეს სავაჭრო ურთიერთობის საკითხებიც, რადგან მათი გადაწყვეტა - კავკასიის რეგიონებს შორის მტკიცე და ყველასათვის სასარგებლო ეკონომიკური კავშირის დამყარება, თითქმის ყველა მონაწილის აზრით, აუცილებელი წინაპირობა იყო ანტისაბჭოთა კოალიციის გაფორმება-წარმატებისა.
ზაზულიამ ჯერ კიდევ პირველი შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ყუბანელები წინააღმდეგი ვიყავით გენერლების ბოროტი ნებით აღმართული კედლისა და ბლოკადისა. ჩვენი პურის ექსპორტის მიმართულება ყოველთვის იყო სამხრეთი კავკასია. ადგილობრივი მთავრობის წინაშე კარგახანია დავაყენეთ ბლოკადის მოხსნისა და სამხრეთ¬თან ნორმალური ეკონომიკური კავშირის აღდგენის საკითხი. ახლა ამის აუცილებლობა კიდევ უფრო ცხადი ხდებაო. ამ თვალსაზრისს შეუერთდა დონელ კაზაკთა წარმომადგენელი კოვალიოვი. ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხი გულისწყრომით შეხვდა დენიკინის მიერ დაწესებულ ბლოკადას. ამან კიდევ უფრო გააუარესა ჩვენი მოსახლეობის სურსათსანოვაგით მომარაგების პრობლემა. თუ სათანადო ხელშეკრულება გაფორმდა, სურსათის გადმოზიდვისათვის გამოვიყენებთ სატრანსპორტო ნეიტრალური კომპანიის გემებს და სხვა საშუალებებსო. ამის შემდეგ ს. ავალიანმა დასვა კითხვა - ფინანსური თვალსაზრისით რა ფორმით უნდა განხორციელდესო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ყუბანელი ზაზულიას პასუხი ასეთი იყო: ჩვენ ვიცით რა სჭირდება ამჟამად ყველაზე მეტად საქართველოს, შეგვიძლია საკმარისი რაოდენობით მივაწოდოთ მას პური და ცხიმეული, ეკვივალენტის სახით მივიღებთ უცხოეთის სამრეწველო პროდუქციას, რომელიც საქართველოში უფრო ადვილად შემოდისო. უარს, რა თქმა უნდა, არც საქართველოში დამზადებულ საქონელზე ვიტყვით. კოვალიოვმა დაამატა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მოვითხოვთ ქართულ ღვინოსო.
მოლაპარაკების განახლების დღეს ზაზულიამ აღნიშნა, რომ ბლოკადის მოხსნისა და საქართველოსათვის სურსათის გაგზავნის საკითხი გადაწყვეტის ფაზაში შევიდაო. მივიღე ინფორმაცია, რომ 35 ათასი ფუთი პური უკვე მიტანილია ნოვოროსიისკში, სწარმოებს მოლაპარაკება მისი საქართველოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ნორმალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვსო როგორც ყუბანის, ისე საქართველოსათვის.
განახლებულ თათბირზე გაცილებით მეტი დრო დაეთმო სამხედრო-პოლიტიკური საკითხების განხილვას. აღინიშნა, რომ ბოლშევიკების პროპაგანდისტული განცხადება იმის შესახებ, რომ კაზაკები მზად არიან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმონ საბჭოთა მთავრობასთან, სიყალბეა. ზაზულიამ თქვა, რომ ყუბანელთა დელეგაცია, მართალია, შეხვდა ბოლშევიკების წარმომადგენლებს, მაგრამ ამას საბჭოეთისათვის სასურველი შედეგი არ მოჰყვა და ალბათ ამიტომ დელეგაციის ყველა წევრი ჩამოახრჩვეს, რამაც კაზაკებში ანტიბოლშევიკური განწყობილება კიდევ უფრო გააძლიერაო.
თათბირზე ისიც ითქვა, რომ მარცხის გამო პესიმიზმში ჩავარდნილი გენერალი დენიკინი კაზაკთა საქმეებში აღარ ერევა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყუბანის ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავი გამოაცხადა რეგიონის სრულუფლებიან გამგებლად და ყუბანელთა არმიის სარდლად დანიშნა ულაგაი. საერთოდ, კაზაკების განსახლების ფარგლებში მიმდინარეობს სამაზრო ყრილობები, რომლებზეც ხალხი აცხადებს, რომ დონის, ყუბანისა და თერგის დაცვა ჩვენი წმინდა მოვალეობააო.
15 მარტის თათბირზეც გაგრძელდა მსჯელობა შავი ზღვისპირელთა პოზიციის შესახებ. ე. გეგეჭკორმა აღნიშნა, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, ეს მოძრაობა არ ატარებს ერთიან ხასიათს; შეიმჩნევა ორი ტენდენცია - 1) ტუაფსის რაიონში ბოლშევიკური, 2) სოჩის რაიონში - ანტიბოლშევიკური. ჩვენ გვინდა დავუკავშირდეთ ამ მოძრაობის ხელმძღვანელებს, მივაღწიოთ მის შერწყმას კაზაკურ დემოკრატიასთან. საჭიროა თვით კაზაკებმაც დაარწმუნონ შავიზღვისპირელები, რომ მათ აღარავითარი კავშირი აღარ აქვთ დენიკინთან და ეს უზრუნ-ველყოფს ამ ორი ძალის სოლიდარობას. იმავდროულად დაისვა კითხვა - რა დღეშია „დენიკინშჩინის“ მემკვიდრეობა, რა ძალა გააჩნია მას და რა გავლენით სარგებლობს რეგიონში. აღინიშნა, რომ აქ გამოჩნდა აბაციევისა და პუტილოვის მისიები. ბარათოვმა კი თავის წარმომადგენლად დანიშნა პოლკოვნიკი დენი. თათბირის მონაწილეებმა მიიჩნიეს, რომ დენიკინის მემკვიდრეთა პოლიტიკური კურსი იცვლება, მაგრამ ახალი მიმართულების დამკვიდრებას საკმაო დრო სჭირდება. კოვალიოვის აზრით, საერთოდ სამხრეთ რუსეთისა და კაზაკთა ინტერესები მოითხოვს, რომ ახალი ხელისუფლება დაეყრდნოს დემოკრატიულად განწყობილ საზოგადოებრივ წრეებს. ზაზულიამ ისიც თქვა, რომ მომზადებულია ბრძანება დენიკინის გადადგომის შესახებ, მაგრამ მისი შემცვლელის, თუ შემცვლელების შესახებ ბევრი არაფერი ვიცითო.
ამ მეორე თათბირზეც ხელმძღვანელ და წარმმართველ როლს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასრულებდა. ე. გეგეჭკორმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვყავს გაგზავნილი წარმომადგენელი დენიკინის მემკვიდრესთან, დავადგინეთ, რომ შავი ზღვისპირელებს 3-4 ათას კაციანი რაზმები ჰყავთ და კარგი იქნება თუ კაზაკები ამ ძალასთან მჭიდრო, ანტისაბჭოურ კავშირს დაამყარებენ. რაც შეეხება მთიელთა რესპუბლიკას, გაცნობებთ, რომ მოლაპარაკებას ვმართავთ მის წარმომადგენელ ბამატოვთან. თქვენ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა დაამყაროთ მათთან. ე. გეგეჭკორის ამ წინადადებასთან დაკავშირებით ბიგაევმა განაცხადა, რომ მე შევხვდი მთიელთა წარმომადგენელს კანტემიროვს, ვარწმუნებდი მას, რომ ყაბარდოელები და ოსები მთიელთა რესპუბლიკაში არ შევლენ. მთიელთა მისამართით გავაკეთე განცხადება, ვურჩიე მათ ჩამოაყალიბონ ავტონომიური ერთეული და შემოვიდნენ სამხრეთ რუსეთის სახელმწიფოში კაზაკთა გაერთიანების თანაბარი უფლებებით. მაგრამ მეჩვენება, რომ ბამატოვი და მისი თანამებრძოლნი ბოლშევიკებისაკენ იხრებიან. ასეთ სიტუაციაში მთიელთა დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა კიდევ უფრო გააძლიერებს ტომთა შორის მტრობას, ეროვნებათა დაპირისპირებას. მთიელთა გამაერთიანებელ კომიტეტს უნდა ესმოდეს, თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს თავის უსაფუძვლო გამოსვლებით მთიანეთის მცირერიცხოვან ეროვნებებს. მთიელ ხალხთა პოლიტიკური მიზანი უნდა გახდეს დამოკრატიული საწყისების განმტკიცება ავტონომიურობის საფუძველზე, სამხრეთ რუსეთის ერთიანი სახელმწიფოებრივი დროშის ქვეშ. მხოლოდ ამით მოიპოვებენ მთიელები შინაგან მშვიდობას და აღორძინება-განვითარების საშუალებას.
ასეთი აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ კოვალიოვმა, თითქოს გაოცებით, კითხვა დაუსვა საქართველოს საგარეო საქმეათა მინისტრს - როგორ უთავსებთო ერთმანეთს კავკასიელ მთიელებთან მეგობრობას და კაზაკებთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ე. გეგეჭკორის პასუხი: ჩვენი პოლიტიკის ძირითადი მუხლებია კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან. გვსურს ყველასთან მეგობრობა. ის, რაც ახლა ხდება ჩრ. კავკასიაში, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. შექმნილი სიტუაცია არც მთიელებს მოსწონთ: „მთიელთა თავდაცვითი საბჭოს ჩამოყალიბება, მათი ერთიანი ნაციონალური მიმდინარეობა, ბოლშევიზმის გარეშე, საქართველოს მთავრობის დიდი სიმპატიით სარგებლობს. ჩვენი მიზანია, რომ სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე აღმოვფხვრათ მთიელთა და კაზაკთა მტრობა. ბიგაევმა შენიშნა - თუ ბოლშევიზმი საფრთხეს უქმნის საქართველოს, მისი მთიელებთან მეგობრობა კიდევ უფრო გაზრდისო ამ საფრთხეს. ზაზულია არ დაეთანხმა ბიგაევს და განაცხადა, რომ კაზაკებმა უნდა ავიღოთ საშუალო (კომპრომისული) ხაზი, მიზანშეწონილია წავიდეთ იმ გზით, რომელსაც გვირჩევს საქართველოს მთავრობა. დონელ კაზაკთა ლიდერმა კოვალიოვმა კი აღნიშნა, რომ პრესაში იბეჭდება წერილები, რომლებიც მეტყველებს მთიელთა ჩვენდამი მტრულ დამოკიდებულებაზე. ისინი უარს ამბობენ კაზაკებთან შეხვედრა-მოლაპარაკებაზეც კი. ე. გეგეჭკორი თავის აზრზე დარჩა, საკუთარი წინადადება და პოზიცია უფრო დააკონკრეტა: ჩვენს წინაშე სამი ამოცანაა: 1) დავეხმაროთ მთიელებს დამოუკიდებლად მოაწყონ თავისი ცხოვრება; 2) ჩვენთვის მისაღებია მთიელთა მიზანი შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო: 3) მთიელებსა და კაზაკებს შორის დამყარდეს ცნობილი „მოდუს ვივენდი“. ასე, რომ დონმა, ყუბანმა და საქართველომ ზემოქმედება უნდა მოახდინონ მთიელებსა და თერგელ კაზაკებზე, მათ შორის უნდა დამყარდეს კავშირი თანაბარუფლებიანობის საფუძველზე.
ბოლოს ყუბანელ კაზაკთა წარმომადგენელმა ზაზულიამ რატომღაც ე. გეგეჭკორს დაუსვა კითხვა - როგორ შეხვდებოდით საქართველოს ტერიტორიაზე კაზაკთა ჯარის გამოჩენას? პასუხი: ამჟამად ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოს ტერიტორიაზე იარაღით აღჭურვილი კაზაკთა ჯარის შემოსვლას. ამაზე კოვალიოვმა შენიშნა - როგორც ჩანს ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ რაღაც შეიცვალა. იმ დროს გამოგვიცხადეთ, რომ კაზაკთა ჯარს შეხვდებოდით როგორც მეგობარს. ე. გეგეჭკორი: მაგრამ ეს არ იქნება მეგობრული შეხვედრა, თუ კაზაკთა ჯარი საქართველოს ჯარზე მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული იქნება. ამ, არც თუ სასიამოვნო გასაუბრების შემდეგ, ბიგაევმა ე. გეგეჭკორს ჰკითხა - სერიოზულად ფიქრობს თუ არა საქართველო გზა გადაუღობოს საბჭოთა რუსეთის ჯარს? ე. გეგეჭკორი: ჩვენ უკვე დავადგინეთ ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. კოვალიოვმა იმის გაგება მოისურვა, თუ სომხები კაზაკებს სამხედრო ტვირთებს გამოუგზავნიდნენ, შეხვდებოდა თუ არა ამას დაბრკოლება საქართველოს ტერიტორიაზე. ე. გეგეჭკორი: თუ დავადგენთ ბოლშევიკების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას, ასეთი დაბრკოლება არ შეიქმნებაო. მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც თქვა, რომ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ დასავლეთელ მოკავშირეებთან, ველოდებით მათგან სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას. თუ რეალურ დახმარებას ვერ მივაღწევთ, ამ პოლიტიკაში გარკვეულ კორექტივებს შევიტანთ; უნდა გვესმოდეს, რომ მარტო საკუთარი ძალით ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შევძლებთ. ამ აღიარებამ კაზაკთა წარმომადგენლებს თითქოს ცივი წყალი გადაასხა: კოვალიოვმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ე. გეგეჭკორის ბოლო განცხადებამ ჩვენზე დამთგრუნველი გავლენა მოახდინაო.
შეცდომა იყო თუ არა ე. გეგეჭკორის განცხადებაში პესიმისტური ტონის აჟღერება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს ამის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. პოტენციურ მოკავშირეებს მან პირდაპირ უთხრა, რომ თუ დასავლეთელი დემოკრატები რეალურ დახმარებას არ გაგვიწევენ, ბოლშევიკების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება რამდენადმე სხვაგვარი გახდებაო. თუმცა მაინც გამოთქვა იმედი, რომ კავკასიელ პოლიტიკოსთა მოლაპარაკება კვლავაც გაგრძელდებოდა. მხარეებს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტები და ეფექტური ანტისაბჭოთა კავშირი დამ-ყარდებაო.
15 მარტს ე. გეგეჭკორმა, მართალია, განაცხადა, რომ ეს ჩვენი შეხვედრა უკანასკნელი არ არისო, მაგრამ მრავალმხრივი და ფართო მასშტაბიანი თათბირი-მოლაპარაკების გამართვა ვეღარ მოხერხდა. მომდევნო თვენახევრის განმავლობაში საბჭოთა არმიამ თითიქმის მთელი ჩრდილო კავკასიის ოკუპაცია დაამთავრა, დარუბანდის გზით აზერბაიჯანში შემოიჭრა და მისი გასაბჭოება მოახდინა. კრემლის ბრძანებით ახლად დაბადებულმა აზერბაიჯანის მარიონეტულმა საბჭოთა რესპუბლიკამ ომი გამოუცხადა საქართველოს. ამის შემდეგ დასავლეთ ევროპის სამხედრო-პოლიტიკური დახმარება კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. 1920 წ. 5 მაისს კ. ჩხეიძემ პარიზის კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს სამი მხრიდან ემუქრება საფრთხე: ჩრდილო-დასავლეთიდან, სადაც საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს სოჭი; აღმოსავლეთიდან ჩვენს წინააღმდეგ უკვე ამხედრდნენ საბჭოთა რუსეთისა და აზერბაიჯანის ჯარები; სამხრეთ-დასავლეთიდან კი შემოსვლას აპირებენ თურქი ასკერები.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება, როგორც ჩანს, დიდ იმედს არ ამყარებდა დასავლეთის დემოკრატიაზე. ამიტომ მიიღო ზომები თავდაცვის გასაძლიერებლად და იმავდროულად შეანელა საბჭოურ-კომუნისტური რუსეთის კრიტიკა, გარკვეული ნაბიჯები გადადგა კომპრომისისა და მასთან შეთანხმებისათვის. დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. ჟორდანიამ განაცხადა: საბჭოთა რუსეთის მოსაზღვრეობა აშკარა სამხედრო მუქარაში გადაიზარდა. ვაპირებდით დახმარება გაგვეწია დამოუკიდებელი აზერბაიჯანისათვის, მაგრამ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ორიენტაცია აიღო რუსეთსა და თურქეთს შორის ალიანსზე და არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია საბჭოთა აგრესიას. კომუნისტურ-ფაშურმა ორიენტაციამ აზერბაიჯანი ჩამოგვაშორა. მარტო დავრჩით დიდი საშიშროების წინაშე. მაგრამ მარტოობა ყოველთვის როდი ნიშნავს უძლურობას. მთავრობა მზადაა თავდაცვითი ბრძოლისათვის. ჩვენთან არის ჯარი, გვარდია და მთელი დემოკრატია. საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა, დროებით მაინც, იმან განამტკიცა, რომ ომი დაიწყო საბჭოთა რუსეთსა და პოლონეთს შორის. ლენინმა სარისკოდ მიიჩნია დასავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ერთდროული ბრძოლა, საქართველოსთან უკვე დაწყებული ომი შეაჩერა. რუსი კომუნისტების ლიდერი დადებითად გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის წინადადებას და ბრძანა საქართველოსთან საზავო მოლაპარაკების დაწყება.
1920 წ. 7 მაისს კიდეც გაფორმდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა „დე ფაქტო“ და „დე იურე“, მის უდავო ტერიტორიებად მიიჩნია თბილისის და ქუთაისის გუბერნიები, ბათუმის, სოხუმის და ზაქათალის ოლქები. საქართველომ კი იკისრა ვალდებულება არ დაეშვა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედება, მოეხდინა რუსეთის სახელით მოქმედი ჯარის ნაწილების (დენიკინის და მისი ყოფილი სატელიტების არმიის ნაშთები) განიარაღება, მიეღო ზომები, რომ საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინა დიდი ბრიტანეთის ჯარს. საქართველოს მთავრობა, მართალია, არ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი დაიცავდა ხელშეკრულების ყველა მუხლს, ცალმხრივად არ დაარღვევდა ორმხრივ ხელშეკრულებას, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ შეეძლო უარი ეთქვა აგრესიულად განწყობილ მეზობელთან თუნდაც დროებით დაზავებაზე. მით უმეტეს, რომ ყოფილი მეტროპოლია იურიდიულად ცნობდა ყოფილი კოლონიის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანაობას, რაც დიდად ამაღლებდა საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს.
ამგვარად, კავკასიელთა ანტისაბჭოთა კოალიცია ვერ ჩამოყალიბდა. ბოლშევიკურმა რუსეთმა ცალცალკე და თანმიმდევრულად დაიკავა კაზაკთა, ჩრდილო კავკასიელ მთიელთა, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიები. 1921 წლის თებერვალში კი დაარღვია 7 მაისის ხელშეკრულება და მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. თანამედროვე რუსეთიც აგრძელებს „დაჰყავ და იბატონეს“ პოლიტიკას, ხელს უშლის კავკასიელი ხალხების გაერთიანებას, ცდილობს მათ ერთმანეთზე გადაკიდებას. კიდევ მეტი, ხელყოფს საქართველოს მთლიანაობას, მის წინააღმდეგ ამხედრებს აფხაზებს, ოსებს და სხვა ნაციონალურ უმცირესობას. ასეთ პირობებში ქართველ პოლიტიკოსებს მოეთხოვებათ მეტი სიფრთხილე, დიპლომატიური მოქნილობა, საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ორგანიაზაციების უფრო ეფექტურად გამოყენება.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. საქართველოს ცსსა, ფ. 1864, აღ. 1, საქ. 112, ფურც. 1.
2. იქვე, ფურც.3.
3. იქვე, ფურც.1-2.
4. იქვე, ფურც.2-3.
5. იქვე, ფურც. 4-5.
6. იქვე, ფურც. 5.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий