XX ს. პირველი ნახევარი საყოველთაო ტრაგედიების ხანა აღმოჩნდა, რაც განპირობებული იყო წინარეისტორიული პერიოდის განვითარების თავისებურებებით, როცა დიდი და აგრესიული სახელმწიფოები ცდილობდნენ მსოფლიო ბატონობის უტოპიური იდეის განხორციელებას. ამის შედეგი იყო ორი მსოფლიო ომი, ტოტალიტარული იდეოლოგიების აღმოცენება და სამეცნიერო მიღწევების კაცობრიობის ინტერესების საწინააღმდეგოდ შემობრუნება ბირთვული ტექნოლოგიების თუ ეკოლოგიური საფრთხის სახით.
ამ გადასახედიდან ზოგიერთი მოვლენის ობიექტური შეფასება ადვილია, მიუხედავად ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულებისა, რომელიც ხარკის მოხდა უფრო იყო სისტემის წინაშე, ვიდრე მოვლენის რეალური ასახვა. „ჰიტლერული გერმანიისა და სტალინური რუსეთის მიერ მოწყობილ გენოციდებს პრეცენდენტი არ ჰქონიათ კაცობრიობის ისტორიაში და, გარკვეულწილად, ეს მოვლენები სწორედ თანამედროვე რეალობის არსებობით გახდა შესაძლებელი“ [2: 24].
1940 წლის 31 ივლისს თათბირზე ბერგჰოფში „მესამე რაიხის“ სამხედრო ხელმძღვანელებს ადოლფ ჰიტლერმა დავალება მისცა, დაეწყოთ სამხედრო კამპანიის სტრატეგიული დაგეგმვა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ჰიტლერის აზრით, ომი უნდა დაეწყოთ 1941 წლის გაზაფხულზე.
ჰიტლერის ამ გადაწყვეტილებას საფუძველი მისცა იმ გარემოებამ, რომ 1940 წლის შუა პერიოდისათვის გერმანიამ შეძლო ცხრა ევროპული სახელმწიფოს დაპყრობა და ამით დაეუფლა თითქმის მთელი დასავლეთ ევროპის საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სამხედრო რესურსებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იყო ჰიტლერის სწრაფვა შემდგომი ექსპანსიისაკენ.
მოსკოვში რაიმე ეჭვი რომ არ გასჩენოდათ გერმანიის მხრიდან მეგობრობაზე, ბერლინი ყოველმხრივ ცდილობდა კრემლის შეცდომაში შეყვანას და ამას ახერხებდა კიდეც იქ გაბატონებული მცდარი წარმოდგენების წყალობით.
1940 წლის 27 სექტემბერს ბერლინში სამი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა (გერმანიის – რიბენტროპი, იტალიის – ჩიანო, იაპონიის – კურუსუ) ხელი მოაწერეს პაქტს – სამხრედო-პოლიტიკურ კავშირს. პაქტი ადასტურებდა, რომ, ერთი მხრივ, „იაპონია აღიარებს და პატივს სცემს გერმანიისა და იტალიის ხელმძღვანელობას ევროპაში ახალი წესრიგის დამკვიდრების საკითხში“ (მუხლი 1), ხოლო მეორე მხრივ, „გერმანია და იტალია აღიარებენ და პატივს სცემენ იაპონიის ხელმძღვანელობას დიდ აღმოსავლეთ აზიურ სივრცეში ახალი წესრიგის დამკვიდრების საკითხში“ (მუხლი 2). პაქტის მონაწილეებმა ივალდებულეს მხარი დაეჭირათ ერთმანეთისათვის „ყველანაირი პოლიტიკური, სამეურნეო და სამხედრო საშუალებებით“ იმ შემთხვევაში, თუ „შეთანხმების ერთ-ერთ მონაწილეს თავს დაესხმის რომელიმე სახელმწიფო, რომელიც ამჟამად არ მონაწილეობს ევროპულ ომში და ჩინეთ-იაპონიის კონფლიქტში“ (მუხლი 3) [10: 448].
ეს პაქტი, რომელიც წარმოადგენდა სამი აგრესიული სახელმწიფოს კავშირს, დიდ საფრთხეს უქმნიდა მთელ ევროპას [12: 102]. ამის მიუხედავად, ამ ფაქტს მოსკოვში მშვიდად შეხვდნენ. უფრო მეტიც, ოფიციოზი მას დადებითად გამოეხმაურა – თითქოს, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ კავშირით თავს იცავდნენ ინგლისისა და აშშ-საგან. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც უშუალოდ საბჭოთა კავშირს ეხებოდა. პაქტის მე-5 მუხლში ნათქვამი იყო, რომ ,,მოცემული შეთანხმება არანაირად არ ეხება პოლიტიკურ სტატუსს, რომელიც არსებობს ამ მომენტში შეთანხმების სამ მონაწილესა და საბჭოთა კავშირს შორის” [10: 487]. როგორც ჩანს, სტალინი ამ დროისათვის ჯერ კიდევ ენდობოდა ჰიტლერს და სჯეროდა მისი, ეს უკანასკნელი კი მოხერხებულად იყენებდა სტალინის შეცდომებს, რომლებიც მცდარ მოსაზრებებს ემყარებოდა. სინამდვილეში, სამთა პაქტი იყო აგრესიული სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომლის მიზანიც იყო მსოფლიო ბატონობის მოპოვება [12: 102]. ბუნებრივია, სტალინის პოზიტიური დამოკიდებულება ამ სახელმწიფოთა პოლიტიკისადმი საბჭოთა კავშირსაც ამ აგრესიული სახელმწიფოების რიგში აყენებდა. ისიც გასათვალისიწნებელია, რომ საერთო გეოპოლიტიკური ინტერესები გარდუვალად იზიდავდა ერთმანეთისაკენ ძველ მტრებს _ ჰიტლერს და სტალინს [16: 332].
1940 წლის 13 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა წერილით მიმართა სტალინს, რომელშიც სთავაზობდა შეერთებოდა სამთა პაქტს _ ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის და მილიტარისტული იაპონიის კავშირს [14: 84-90]. რიბენტროპი იხსენებდა გერმანია _ სსრკ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერეს 1939 წლის 23 აგვისტოს მან და მოლოტოვმა [8: 360] და შეახსენებდა სტალინს, რომ ერთი წლის წინ, აბსოლუტურად ახალ საფუძველზე განისაზღვრა ურთიერთობანი ორ ქვეყანას შორის და ამის შედეგად მოხდა ,,გავლენის სფეროების პრაქტიკული გამიჯვნა მეგობრობისა და საზღვრების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე”. აქ იგულისხმებოდა საიდუმლო ოქმი, რომელიც პაქტს ერთვოდა და სტალინს აძლევდა კარტბლანშს ფინეთის, ესტონეთის, ლატვიის, აღმოსავლეთ პოლონეთის და რუმინეთის მიმართ [8: 360]. რიბენტროპი მოუწოდებდა საბჭოთა ხელმძღვანელობას თანმიმდევრულად განეგრძო ეს პოლიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა `პირადი კონტაქტების” აუცილებლობა ,,ავტორიტარული რეჟიმებისათვის ... ისეთებისათვის, როგორიც ჩვენია~ ...
სამი სახელმწიფოს პაქტის დადებას რიბენტროპი იმით ამართლებდა, რომ საჭირო იყო წინააღმდეგობა გაეწიათ ომის გამჩაღებლების საერთაშორისო ხროვისათვის და აშშ-ის იმ წრეებისათვის, რომლებიც ესწრაფვოდნენ გერმანიის და იტალიის წინააღმდეგ ომში ჩაებათ ინგლისი. თავისი წერილის დასასრულს, რიბენტროპი არწმუნებდა სტალინს: ,,ოთხი სახელმწიფოს ისტორიული ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შეათანხმონ თავიანთი ხანგრძლივვადიანი პოლიტიკური მიზნები და გაიყოფენ რა ერთმანეთში ინტერესთა სფეროებს მსოფლიო მასშტაბით, წარმართონ სწორი გზით თავიანთი ხალხების მომავალი” [14: 90]. რიბენტროპმა ისიც გაიხსენა, რომ უკვე გამოთქვამდა მსგავს იდეებს თავისი პირველი ვიზიტისას მოსკოვში და გამოხატავდა სურვილს შეხვედროდა მოლოტოვს ბერლინში. იმავდროულად, მზად იყო კვლავ ჩასულიყო მოსკოვში, რათა ,,თქვენთან ერთად, ჩემო ძვირფასო ბატონო სტალინ, შევაჯამოთ აზრთა გაზიარება და განვიხილოთ იაპონიისა და იტალიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკის საფუძვლები, რომელსაც შეუძლია პრაქტიკული სარგებელი მოგვიტანოს”.
ყოველივე ეს იყო დიპლომატიური ეკვილიბრისტიკის მშვენიერი ნიმუში [3]. ამით უბიძგებდნენ სტალინს მისთვის საძულველი ,,დასავლეთის დემოკრატიების” წინააღმდეგ და ყურადღებას უდუნებდნენ დაპირებებით – გაენაწილებინათ ინტერესთა სფეროები ,,მსოფლიო მასშტაბით”. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი უამისოდაც, უარყოფითად იყო განწყობილი დასავლეთისადმი, რაც აისახა კიდეც თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადებით გერმანიასთან. ამ შეთანხმების თაობაზე საბჭოთა მხარე ხომ ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ,,მხოლოდ ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკამ აიძულა ხელშეკრულება დაედო” [11: 797].
ბუნებრივია, საბჭოთა მხარეს ხელს არ აძლევდა იმ ფაქტის გამომზეურება, რომ აგრესორ სახელმწიფოებთან რაიმე კავშირი გააჩნდა. ამიტომ, ან ყველაფერი გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო, ან გამართლება მოეძებნა თავისი მოქმედებისათვის. ასეთი მიდგომით ცდილობს საბჭოთა ხელმძღვანელობის პოზიციის გამართლებას ზოგიერთი ავტორი. მაგალითად, ლ. ბეზიმენსკი ირწმუნება, რომ რიბენტროპის წერილზს სტალინმა პასუხი არ გასცა [6]. სინამდვილეში, სტალინი დაეთანხმა გერმანიის წინადადებას, რაც კარგად ჩანს საბჭოთა კავშირში გერმანიის ელჩის შულენბურგის 1940 წლის 22 ოქტომბრის დეპეშიდან რიბენტროპისადმი, რომელშიც მოყვანილია სტალინის საპასუხო წერილის ტექსტი [14: 92]. მასში ზუსტად იყო მითითებული ბერლინში მოლოტოვის ჩასვლის თარიღი. შემდგომში, ბერლინში ჩასვლისა და საუბრების დროს, მოლოტოვი ხშირად ეყრდნობოდა სტალინის ამ წერილს. უნდა აღინიშნოს, რომ მოლოტოვის ბერლინში ყოფნისა და საუბრების შესახებ რიბენტროპსა და ჰიტლერთან, რაიმე ჩანაწერები საბჭოთა კავშირში არ გამოქვეყნებულა და, ამდენად, ძნელია მათი ობიექტური ანალიზი, მაგრამ გამოქვეყნდა რამდენიმე დეპეშა, რომლებიც გაუგზავნეს ერთმანეთს სტალინმა და მოლოტოვმა ამ უკანასკნელის ბერლინში ყოფნის დროს [13: #6, გვ. 8]. მათი ანალიზი საშუალებას იძლევა, რამდენადმე მაინც ობიექტურად გადმოვცეთ ამ მოვლენის მნიშვნელობა.
საბჭოურ ისტორიოგრაფიაში, მოლაპარაკებათა მსვლელობა ბერლინში, ჩვეულებრივ გადმოცემულია დადგენილი სქემით. სხვაგვარად ვერც იქნებოდა საბჭოური იდეოლოგიის საყოველთაო წნეხის პირობებში. ბევრ ნაშრომში, მოლოტოვი ერთმნიშვნელოვნად წარმოგვიდგება ჰიტლერის მოწინააღმდეგედ, რომ მან გაშიფრა ჰიტლერის ვერაგული ჩანაფიქრი და თითქოს ამიტომ არ ისურვა განეხილა მასთან მსოფლიოს გაყოფის გეგმები. ასე წარმოგვიდგენს საკუთარ თავს თვითონ მოლოტოვი თავის საუბრებში ფ. ჩუევთან, რომელმაც ჩაიწერა მისი საუბრები 1969 – 1986 წლებში [15: 21, 23, 24-27]. რა თქმა უნდა, ეს ნაშრომი წმინდა სუბიექტურ ხასიათს ატარებს და, ამდენად, სიმართლეც მიჩქმალულია, მაგრამ გასაკვირია ვ. ბერეჟკოვის პოზიცია, რომელიც წერს: როცა ,,ფიურერი ეუბნებოდა მოლოტოვს ინგლისის მოკლე ვადაში დამარცხების და აუცილებლობის შესახებ, შეთანხმებულიყვნენ როგორ მოქცეოდნენ ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობას, ნარკომმა თავი აარიდა ამ საჩოთირო საკითხის განხილვას... მაგრამ სტალინი, მოლოტოვისაგან განსხვავებით, დაგებულ მახეში გაება” [7]. ეს იყო ტყუილი, რაც სუბიექტური განწყობის შედეგი უფრო არის, ვიდრე სიმართლის დადგენის მცდელობა.
საერთოდ კი, მსგავსი შეხედულებების დამკვიდრების ცდები შორს არის მეცნიერული ინტერპრეტაციისაგან. ამას მოწმობს დეპეშა, რომელიც მოლოტოვმა სტალინს გაუგზავნა ჰიტლერთან პირველი საუბრის შემდეგ. მასში კარგად ჩანს, რომ მოლოტოვი სულაც არ არიდებდა თავს აღნიშნული საკითხის განხილვას, რომ მას მხოლოდ ის აწუხებდა, როგორ ჩართულიყო საბჭოთა კავშირი ოთხი სახელწიფოს აქციებში არა ობიექტის, არამედ სუბიექტის სახით [13: #6, გვ. 132].
ბერეჟკოვთან ნახსენებიც არ არის რიბენტროპთან საუბარი, რომელიც შედგა ბერლინში მოლოტოვის ჩასვლის პირველ დღესვე. ამ საუბრის გერმანული ჩანაწერი მნიშვნელოვანია იმით, რომ სკრუპულოზურად არის დაფიქსირებული მოლოტოვის რეაქცია გერმანული მხარის ყველა წინადადებაზე, რომლებიც ჰიტლერის სახელით გააკეთა რიბენტროპმა. მან გააცნო მოლოტოვს ჰიტლერის აზრი იმ აუცილებლობის შესახებ, რომ ზოგადად გამიჯნულიყო რუსეთის, გერმანიის, იტალიის და იაპონიის გავლენის სფეროები, რომ ,,ფიურერი ... მივიდა... დასკვნამდე: იღებს რა მხედველობაში იმ მდგომარეობას, რომელიც უკავია მსოფლიოში ამ ოთხ ერს, ყველაზე უფრო ბრძნული იქნება, თუ ისინი ესწრაფვიან თავიანთი სასიცოცხლო სივრცის გაფართოებას, სამხრეთისაკენ წაიწევენ” [14: 99]. რიბენტროპმა მიუთითა კავშირზე, რომელიც არსებობდა ჩამოყალიბებულ ახალ საერთაშორისო ვითარებასა და 1939 წლის გერმანია-სსრკ შეთანხმებას შორის და კიდევ ერთხელ შეახსენა თანამოსაუბრეს, რომ თუ არ იქნებოდა 1939 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულება მისი საიდუმლო ოქმით, საბჭოთა კავშირი ვერ შეძლებდა ტერიტორიების დაპყრობას აღმოსავლეთ პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და ჩრდილო დასავლეთით, ე. ი. კარელიის ყელზე.
მოლოტოვი დაეთანხმა რიბენტროპის შეფასებას გერმანია-სსრკ ხელშეკრულების როლზე და მის პრაქტიკულ შედეგებზე-ინტერესთა სფეროების გაყოფაზე ორ სახელმწიფოს შორის, თუმცა გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ, მისი აზრით, ,,ამ სფეროების დადგენა გასულ წელს იყო მხოლოდ ნაწილობრივი გადაწყვეტილება, რომელიც ფინეთის საკითხის გამოკლებით... გამოიყურება მოძველებულად და უსარგებლოდ ახლო წარსულის ვითარებისა და მოვლენის ფონზე” [14: 102].
რიბენტროპთან საუბრის შემდეგ, მოლოტოვი უგზავნის სტალინს დეპეშას, რომელშიც კარგად ჩანს, რომ ტერიტორიული დაპყრობები პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ბესარაბიასა და კარელიის ყელზე არ იყო საკმარისი და უნდა მოეთხოვათ ფინეთის დაპყრობაც [13: #6, გვ. 126]. საპასუხო დეპეშაში სტალინი საუბრობდა საიდუმლო ოქმზე, რომელიც ერთვოდა თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას გერმანიასთან და უთითებდა მოლოტოვს, რომ ის მთლიანად არ შესრულდა, რადგან მის თანახმად, ფინეთი საბჭოთა კავშირის ,,ინტერესთა სფეროს” წარმოადგენდა [13: #6, გვ. 126]. ეს დეპეშა, პირველ რიგში, იმით არის საინტერესო, რომ დასტურდება საიდუმლო ოქმის არსებობა, რომელიც ერთვოდა პაქტს თავდაუსხმელობის შესახებ [4].
1940 წლის 13 ნოემბერს მოლოტოვი მორიგი დეპეშით აცნობებდა სტალინს, რომ გერმანიის მხარე ,,ფინეთის შესახებ ჯერჯერობით ჩუმად არის, მაგრამ მე ვაიძულებ მათ ილაპარაკონ ამის შესახებ” [13: #6. გვ. 132]. თუმცა, რიბენტროპი და მოლოტოვი ფინეთის საკითხს ვეღარ შეეხნენ, რდგან რაიხსმინისტრი შეგნებულად უვლიდა გვერდს ფინეთზე საუბარს და ცდილობდა მოლაპარაკებები ზოგადი პრობლემების შესახებ წარემართა.
რიბენტროპი, სტალინის ანტიბრიტანულ განწყობილებებზე დაყრდნობით, ცდილობდა ებიძგებინა მოლოტოვისათვის, რომ საბჭოთა კავშირს ეძებნა შესაფერისი სარგებელი ბრიტანეთის იმპერიაში შექმნილი ახალი ვითარებიდან, უფრო ხელსაყრელი ხომ არ იქნებოდა სსრკ-ისთვის, მიეღო ოკეანისაკენ გასასვლელი სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვის მეშვეობით და, იმავე დროს, ხომ არ შეიძლებოდა სხვა მისწრაფებების რეალიზება აზიის ამ ნაწილში, რომლითაც გერმანია აბსოლუტურად არ იყო დაინტერესებული. რიბენტროპი მოლოტოვს შეჰპირდა, აგრეთვე, სრუტეების შესახებ მონტრეს კონვენციის გადასინჯვას [10: 309-311] და აღნიშნა, რომ ,,მშვენივრად ესმის რუსეთის უკმაყოფილება მონტრეს კონვენციით, რომ შავ ზღვაზე საბჭოთა რუსეთს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული პრივილეგიები, რომლებიც პრინციპში საშუალებას მისცემს საბჭოთა კავშირის სამხედრო და სავაჭრო ფლოტს უფრო თავისუფლად დაუკავშირდეს ხმელთაშუა ზღისპირეთს, ვიდრე აქამდე” [14: 100].
რიბენტროპმა მოლოტოვთან პირველი საუბრის შემდეგ დასახა შემდგომი მოლაპარაკებებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხებოდა სამთა პაქტთან საბჭოთა კავშირის შეერთების საკითხს, სამომავლოდ ოთხი სახელმწიფოს ინტერესების განსაზღვრას, აგრეთვე თურქეთის პრობლემას და საკითხს სრუტეების შესახებ. იმავდროულად, რობენტროპმა აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ არ იყო მზად დაეყენებინა რაიმე კონკრეტული წინადადებანი და მხოლოდ ის მოსაზრებები გამოთქვა, რომლებიც განიხილებოდა მის მიერ ფიურერთან, როცა იწერებოდა წერილი სტალინისადმი [14: 101].
1940 წლის 12 ნოემბერსვე შედგა მოლოტოვის საუბარი ჰიტლერთან რიბენტროპის თანდასწრებით. უკვე საუბრის დასაწყისში, მოლოტოვმა გამოხატა თავისი თანხმობა ჰიტლერის მოსაზრებებთან საბჭოთა კავშირ-გერმანიის შემდგომი თანამშრომლობის სარგებლიანობის შესახებ, იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ უთანხმოებანი და კონფლიქტები. ჰიტლერმა კი აღნიშნა, რომ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომელთაც გააჩნდათ ძალაუფლება, საკმარისი იმისათვის, რათა წაეყვანათ თავიანთი ქვეყნები განსაზღვრული მიმართულებით [14: 103].
ბალკანეთის თაობაზე ჰიტლერმა მოლოტოვს განუცხადა, რომ თუ ადრე გერმანიას არ ჰქონდა რაიმე პოლიტიკური ინტერესები ბალკანეთზე, ,,ამჟამად ის იძულებულია, უფრო აქტიურად წარმართოს იქ თავისი მოღვაწეობა, რათა უზრუნველყოს საკუთარი თავი აუცილებელი ნედლეულით”. რუმინეთში გერმანიის ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობა ჰიტლერმა ახსნა განსაკუთრებული ეკონომიკური მოთხოვნებით, აუცილებლობით, დაეცვათ რუმინული ნავთობის საბადოები. საბერძნეთისადმი ინტერესი კი ჰიტლერმა დაასაბუთა ბრიტანეთის მუქარით და საჭიროებით თავი დაეცვათ საბერძნეთის ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ბაზების შექმნისაგან [14: 106].
სტალინისგან მიღებული ინსტრუქციების თანახმად, მოლოტოვი კვლავ შეეხო ფინეთის საკითხს და აღნიშნა, რომ სტალინი ეთანხმება ფიურერს იმაში, რომ პარტნიორმა მიიღო მნიშვნელოვანი სარგებლობა გერმანია-სსრკ შეთანხმებიდან, მაგრამ ფინეთის საკითხი აქამდე გადაუწყვეტელი რჩება, რომ „გასული წლის რუსეთ-გერმანიის შეთანხმება წარმოადგენს მხოლოდ საერთო პრობლემის ნაწილობრივ გადაწყვეტას. ამჟამად შეიქმნა ახალი პრობლემები, რომლებიც ასევე უნდა გადაწყდეს” [14: 103].
როგორც აქედან ჩანს, მოლოტოვი ცდილობდა განეხილა საკითხი ფინეთის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდა ჰიტლერისა და მოლოტოვის მეორე საუბრის დროს 1940 წლის 13 ნოემბერს.
რაც შეეხება მოლოტოვის პირველ საუბარს ჰიტლერთან 1940 წლის 12 ნოემბერს, იქ მან წამოსწია საკითხი სამთა პაქტის მნიშვნელობის შესახებ. ჰიტლერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამთა პაქტს ,,გააჩნდა მიზანი, მოეწესრიგებინა საქმის ვითარება ევროპაში, ევროპული ქვეყნების ბუნებრივი ინტერესების შესაბამისად და ამის შესასრულებლად გერმანია ახლა მიმართავს საბჭოთა კავშირს, რათა მან შეძლოს გამოთქვას თავისი აზრი მისთვის საინტერესო რაიონების თაობაზე”. თითქოს საბჭოთა კავშირის თანადგომის გარეშე შეთანხმება ყველა შემთხვევაში ვერ იქნებოდა მიღწეული. ,,ეს ეხება არამარტო ევროპას, არამედ აზიასაც, სადაც თვითონ რუსეთი მონაწილეობას მიიღებს დიდი აღმოსავლეთ აზიის სივრცის განსაზღვრის საქმეში და განაცხადებს თავის უფლებებზე”, – განაცხადა ჰიტლერმა. საუბრის ბოლოს მან აღნიშნა, რომ ყველა ამ საკითხის განხილვა მოლოტოვთან ,,გარკვეული აზრით... წარმოადგენს პირველ კონკრეტულ ნაბიჯს ყოვლისმომცველი თანამშრომლობისათვის, როგორც დასავლეთ ევროპის პრობლემების ... ისე აღმოსავლეთის პრობლემების შესახებ, რომლებიც პირველ რიგში ეხება რუსეთს და იაპონიას, რომელთა გადაწყვეტისათვის გერმანია სთავაზობს თავის კეთილ სამსახურს შუამავლის სახით”. „ამერიკის შეერთებულ შტატებს, _ დაასრულა თავისი აზრი ჰიტლერმა, _ არ უნდა ჰქონდეს საქმიანი ინტერესები არც ევროპაში, არც აფრიკაში, არც აზიაში” [14: 109].
როგორც საუბრის ჩანაწერიდან ჩანს, მოლოტოვი ეთანხმება ჰიტლერის ამ მოსაზრებას. მით უმეტეს, რომ ლაპარაკი იყო კონტინენტების შესახებ, რომელთაც სამთა პაქტის სახელმწიფოები განიხილავდნენ, როგორც თავის მომავალ ნადავლს, რომლის გაყოფასაც, საუბრის ჩანაწერის თანახმად, მზად იყო შეერთებოდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა. მოლოტოვმა განაცხადა კიდეც, რომ ,,რუსეთის მონაწილეობა სამთა პაქტში, პრინციპში, მას ეჩვენება აბსოლუტურად მისაღებად იმ პირობით, რომ რუსეთი წარმოადგენს პარტნიორს და არა ობიექტს. ასეთ შემთხვევაში, ის ვერ ხედავს ვერავითარ სირთულეს საერთო ძალისხმევაში საბჭოთა კავშირის მონაწილეობის თაობაზე. მაგრამ დასაწყისიდანვე უფრო ზუსტად უნდა განისაზღვროს პაქტის მიზნები და მნიშვნელობა, განსაკუთრებით დიდი აღმოსავლეთაზიური სივრცის განსაზღვრასთან დაკავშირებით” [14: 109].
1940 წლის 13 ნოემბერს, ჰიტლერთან საუბრის შემდეგ, მოლოტოვი დეპეშას უგზავნის სტალინს, რომელშიც წერდა: ,,... ის, რაც მე გავიგე ამ გამონათქვამებში, მიმაჩნია სწორად და იმსახურებს შემდგომ ერთობლივ განხილვას... ახლა მოვიდა დრო ვილაპარაკოთ უფრო ფართო შეთანხმების შესახებ სსრკ და გერმანიას შორის, მაგრამ გვიხდება წინასწარ რაღაც გავარკვიოთ ისეთი ახალი ფაქტის არსებობასთან დაკავშირებით, როგორიცაა სამთა პაქტი. მაშინ მე გამიადვილდება განვუმარტო ჰიტლერს საკითხები, რომლებიც აინტერესებს სსრკ-ს. შემდეგ მე ვთხოვე განემარტათ ჩემთვის, როგორც მთავრობის წარმომადგენლისათვის, რომელიც არ მონაწილეობდა სამთა პაქტის შესახებ საკითხის მომზადებასა და გადაწყვეტაში, რას გულისხმობდნენ, პაქტის ავტორები ტერმინში ,,ახალი წესრიგი ევროპაში”: რომელი ქვეყნებით და რა პირობებით მიიღებენ მონაწილეობას ამ საქმეში; პაქტის ძირითადი იდეების განხორციელების როგორი ტემპებია დასახული; რას წარმოადგენს ეს ,,აღმოსავლეთაზიური სივრცე” და სად არის მისი საზღვრები; რამდენად ეხებიან სსრკს-პაქტის ავტორთა გეგმები.
ამის შემდეგ, ,,მე დავამატე რომ სსრკ უარს არ ამბობს მონაწილეობა მიიღოს ოთხი სახელმწიფოს ამა თუ იმ ერთობლივ აქციებში, მაგრამ არა სამთა პაქტში, სადაც სსრკ შეყვანილია მხოლოდ ობიექტის სახით” [13: #6, გვ. 131-132].
ამრიგად, თანხმობა მიცემულ იქნა საკმაოდ სერიოზული სახით. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გვეჩვენება ჰალდერის ჩანაწერი, რომელიც მან გააკეთა თავის დღიურში 1940 წლის 16 ნოემბერს: ,,სამთა პაქტის მიმართ ნათელია, რომ რუსეთს სურს შევიდეს მასში არა როგორც დაქვემდებარებული მხარე, არამედ როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორი. გადაისინჯოს სამთა პაქტი!” [9: 245].
იმისათვის, რომ ურთიერთობანი ორ ქვეყანას შორის მყარ საფუძველზე აეგოთ, საჭირო იყო მეორეხარისხოვანი საკითხების გარკვევა, რომლებიც ძაბავდნენ გერმანია-სსრკ ურთიერთობებს. 13 ნოემბერს გაგრძელებული მოლაპარაკებების დროს მოლოტოვმა აღნიშნა, რომ გერმანია-სსრკ პაქტის მიხედვით ფინეთი შედიოდა რუსეთის ინტერესების სფეროში და ამიტომ ,,მას წარმოდგენილი აქვს ფინეთის პრობლემის მოწესრიგება იმავე ჩარჩოებში, როგორც ბესარაბიაში და მეზობელ ქვეყნებში...” [14: 115]. მაგრამ ჰიტლერის პოზიცია ურყევი იყო. მან გაიმეორა, რომ ,,ფინეთთან ომი არ უნდა იყოს”, რაზეც მოლოტოვმა განაცხადა, რომ ,,ასეთ პოზიციას საუბარში შეაქვს ახალი ფაქტორი, რომელიც წინასწარ არ იყო შეთანხმებული გასული წლის შეთანხმებაში” [14: 116].
საუბრის ამ ფრაგმენტიდან კარგად ჩანს, რომ მოლოტოვი მაინც იმედოვნებდა ჰიტლერის თანხმობის მიღებას ახალ აგრესიაზე ფინეთის წინააღმდეგ. უკეთებდა რა დასკვნას ამ საუბრის შედეგებს, რიბენტროპმა განაცხადა, რომ არ არსებობდა რაიმე მიზეზი იმისთვის, რათა ფინური საკითხისაგან წარმოშობილიყო პრობლემა და ,,რუსეთის ყველა სტრატეგიული მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს ფინეთთან მისი მშვიდობიანი შეთანხმებით” [14: 117]. მაშასადამე, გერმანიის მხარე არავითარ დათმობებზე არ წავიდა ფინეთის საკითხში.
რაც შეეხება მოლაპარაკებების შემდგომ მსვლელობას, ჰიტლერი შეეცადა დაეინტერესებინა მოლოტოვი მსოფლიოს გადანაწილების გრანდიოზული გეგმებით ბრიტანეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ, რომელიც მას გადაწყვეტილად მიაჩნდა. მოლოტოვი მაინც შეეცადა წამოეჭრა უფრო კონკრეტული პოლიტიკური საკითხების განხილვის პრობლემა, კერძოდ, რუმინეთისადმი გერმანიის გარანტიების შესახებ, რომელიც, მოლოტოვის აზრით, უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ჰიტლერმა მოლოტოვის ამ მცდელობას უარით უპასუხა.
მოლოტოვი შეეცადა აგრეთვე დაეყენებინა საკითხი საბჭოთა გარანტიების შესახებ ბულგარეთისადმი, დაუკავშირა რა ის სრუტეების პრობლემას, ზუსტად ისეთსავე პირობებზე, როგორიც მისცეს რუმინეთს გერმანიამ და იტალიამ. მაგრამ ჰიტლერმა, ამ შემთხვევაშიც, განუცხადა მოლოტოვს, რომ გერმანიის და იტალიის გარანტიები რუმინეთისადმი იყო ერთადერთი პირობა, რომელმაც უბრძოლველად დაათმობინა რუმინეთს საბჭოთა კავშირისათვის ბესარაბია. გარდა ამისა, რუმინეთის ნავთობის მარაგი წარმოადგენდა გერმანიისა და იტალიისათვის უცილობელ ინტერესს. ამასთანავე, თვითონ რუმინეთის მთავრობამ სთხოვა გერმანიას საკუთარ თავზე აეღო ნავთობის რაიონების დაცვა. რაც მთავარია, თავისი ფაქტიური უარი ჰიტლერმა იმით დაასაბუთა, რომ რუმინეთს ასეთი გარანტიებისათვის ოფიციალურად არ მიუმართავს საბჭოთა კავშირისათვის. ამდენად, კრემლის განზრახვა, მოლოტოვის ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, უშედეგო აღმოჩნდა.
1940 წლის 13 ნოემბერსვე შედგა ბოლო საუბარი მოლოტოვსა და რიბენტროპს შორის. ჰიტლერის მსგავსად, რიბენტროპმაც აქცენტი კონკრეტული საკითხებიდან გადაიტანა უფრო გლობალურ პრობლემაზე – ოთხი სახელმწიფოს ინტერესთა სფეროს გამიჯვნაზე მომავალში -_ ,,თუ სახელმწიფოები წარმატებით მიიყვანენ ოთხი სახელმწიფოს ინტერესებს საერთო მნიშვნელთან... ეს ყველასათვის სასარგებლო იქნება. შემდგომი ეტაპი გახდება მცდელობა გაფორმდეს საკითხების ეს კომპლექსი კონფიდენციალურ დოკუმენტებში ...საბოლოო მიზანი უნდა გახდეს შეთანხმება სამთა პაქტის სახელმწიფოებსა და საბჭოთა კავშირს შორის”, – ასე შეაჯამა რიბენტროპმა ბოლო საუბარი მოლოტოვთან [14: 122].
საბოლოო სიტყვაში მოლოტოვი კვლავ შეეცადა მიეღწია გერმანიის მხარის თანხმობისათვის სრუტეების რაიონში რეალური გარანტიების მისაღებად, რომელიც დაკავშირებული იყო არა მარტო თურქეთთან, არამედ ბულგარეთთანაც, რუმინეთისა და უნგრეთის ბედთან, ,,ღერძის” სახელმწიფოების [5] განზრახვასთან იუგოსლავიისა და საბერძნეთის მიმართ. პოლონეთის თაობაზე მოლოტოვმა შეახსენა, რომ საბჭოთა კავშირისა და გერმანიის მიერ 1939 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ურთიერთკონსულტაციების აუცილებლობას. რაც ფინეთს ეხებოდა, აქ მოლოტოვი იძულებული იყო დაეფიქსირებინა გერმანიის ურყევი პოზიცია.
მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მოლოტოვი გერმანიის მხარის ,,საერთო წინადადებებზე” თანხმობით ესწრაფვოდა გადაეწყვიტა თავის სასარგებლოდ კონკრეტული, მისი აზრით, გადაუდებელი საკითხები და, ამდენად, ამ მოლაპარაკებებს და გერმანიის წინადადებას სერიოზულად ეკიდებოდა. ამის დამადასტურებელია მოლოტოვის საბოლოო სიტყვები იმის შესახებ, რომ ის მთლიანად იწონებს იდეას თანამშრომლობის შესახებ იმ პირობით, რომ მხარეები სრულ ურთიერთგაგებამდე უნდა მივიდნენ. ამასთანავე, აღნიშნა მოლოტოვმა, ეს აზრი უკვე გამოხატა სტალინმა თავის საპასუხო წერილში რიბენტროპისადმი და დაამატა, რომ ინტერესთა სფეროების გამიჯვნა ასევე უნდა გადაწყდეს. ბოლოს კი, რიბენტროპმა გააცნო მოლოტოვს შეთანხმების პროექტი სამთა პაქტთან საბჭოთა კავშირის შეერთების შესახებ.
მოლაპარაკების შედეგებს თუ გავითვალისიწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის მხარეს არ დაუთმია არც ერთ საკითხში, რომლებიც მოლოტოვმა დააყენა, მაშინ, როცა მან, პრინციპულად თანხმობა გამოხატა სამთა პაქტთან შეერთების შესახებ, მაგრამ ამ დროისათვის ვითარება მკვეთრად შეიცვალა. საფრანგეთის განადგურების და თითქმის მთელი დასავლეთ ევროპის ოკუპაციის შემდეგ, ევროპის ჩრდილო-დასავლეთით და ბალკანეთზე გერმანიის სამხედრო ყოფნის გაძლიერების პირობებში, ბერლინს უკვე აღარ ესაჭიროებოდა, როგორც 1939 წელს, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლა ბერლინს შესაძლებლად მიაჩნდა ეკარნახა სტალინისათვის თავისი სურვილები. როგორც ჩანს, ჰიტლერისათვის ეს მოლაპარაკებები იყო მცდელობა, გაეგო სტალინის განზრახვა, დაემშვიდებინა ის ფინეთსა და ბალკანეთზე გერმანიის სამხედრო მზადების გაფართოებასთან დაკავშირებით, რათა დაჩქარებული ტემპით ჩაეტარებინა მზადება საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის.
სტალინი და მოლოტოვი ამ მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. 1940 წლის 25 ნოემბერს მოლოტოვმა მიიწვია გერმანიის ელჩი შულენბურგი და განუცხადა, რომ ,,საბჭოთა მთავრობა მზად არის მიიღოს ოთხი სახელმწიფოს პაქტის პროექტი პოლიტიკური თანამშრომლობის და ეკონომიკური ურთიერთდახმარების შესახებ, რომელიც სქემატურად იყო გამოცემული რიბენტროპის მიერ 1940 წლის 13 ნოემბერს შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
1. გათვალისწინებულია, რომ გერმანიის ჯარები დაუყოვნებლივ დატოვებენ ფინეთს, რომელიც, 1939 წლის შეთანხმების თანახმად, შედის საბჭოთა გავლენის ზონაში. იმავე დროს, საბჭოთა კავშირი იძლევა ფინეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების და ფინეთში გერმანიის ეკონომიკური ინტერესების (ხე-ტყის და ნიკელის ექსპორტი) დაცვის გარანტიას.
2. გათვალისწინებულია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საბჭოთა კავშირის უსაფრთხოება სრუტეების მხრიდან გარანტირებული იქნება პაქტის დადებით ურთიერთდახმარების შესახებ საბჭოთა კავშირსა და ბულგარეთს შორის, რომელიც გეოგრაფიულად მდებარეობს საბჭოთა კავშირის შავი ზღვის საზღვრების უსაფრთხოების ზონის შიგნით, აგრეთვე, სსრკ სახმელეთო და სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის ბაზის მშენებლობით ბოსფორისა და დარდანელის რაიონში ხანგრძლივვადიანი არენდის პირობებზე.
3. გათვალისწინებულია, რომ ზონა ბათუმისა და ბაქოს სამხრეთით, სპარსეთის ყურის საერთო მიმართულებით, აღიარებულია საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ მისწრაფებათა ცენტრად.
4. გათვალისწინებულია, რომ იაპონია უარს იტყვის თავის უფლებებზე ჩრდილოეთ სახალინის ნახშირისა და ნავთობის კონცესიებზე.
ზემოაღნიშნულის თანახმად, ოქმის პროექტი გავლენის სფეროების გამიჯვნის შესახებ, სქემატურად გადმოცემული საგარეო საქმეთა საიმპერიო მინისტრის მიერ, უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ მისწრაფებათა ცენტრმა გადაინაცვლოს ბათუმისა და ბაქოს სამხრეთით, საერთო მიმართულებით სპარსეთის ყურის მხარეს.
ზუსტად ასევე, გერმანიას, იტალიასა და საბჭოთა კავშირს შორის ოქმის ან შეთანხმების პროექტი დამატებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს ბაზა სსრკ სახმელეთო და სამხედრო-საზღვაო ძალების რაღაცა რაოდენობისათვის ბოსფორსა და დარდანელში ხანგრძლივვადიანი არენდის პირობებზე. ივარაუდება, რომ თუ თურქეთი განაცხადებს სურვილს შეუერთდეს ოთხი სახელმწიფოს პაქტს, სამი სახელმწიფო (გერმანია, იტალია და სსრკ) იძლევა თურქეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას.
ოქმში მითითებული უნდა იყოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი უარს იტყვის ოთხი სახელმწიფოს პაქტთან შეერთებაზე, იტალია და სსრკ ერთობლივად შეიმუშავებენ და პრაქტიკულად გამოიყენებენ სამხედრო და დიპლომატიურ სანქციებს. ამის თაობაზე უნდა დაიდოს ცალკე შეთანხმება [14: 132-133].
თუ გერმანიის პროექტი ითვალისწინებდა ერთი ღია შეთანხმების და ორი საიდუმლო ოქმის ხელმოწერას, საბჭოთა მთავრობა სთავაზობდა შეეტანათ ზემოთ მოტანილი შესწორებანი და ხელი მოეწერათ კიდევ სამ საიდუმლო ოქმზე:
1. გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ფინეთის თაობაზე;
2. იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის, იაპონიის უარის თაობაზე ჩრდილოეთ სახალინის ნავთობისა და ქვანახშირის კონცესებზე;
3. გერმანიას, საბჭოთა კავშირსა და იტალიას შორის, იმის აღიარებით, რომ ბულგარეთი მდებარეობს სსრკ შავი ზღვის საზღვრების უსაფრთხოების ზონის შიგნით და რომ სსრკ-ბულგარეთის ხელშეკრულების დადება წარმოადგენს პოლიტიკურ აუცილებლობას.
ამ დამატებით საიდუმლო ოქმებს უნდა დაეფიქსირებინათ სსრკ ახალი მოთხოვნები. გარდა ამისა, საბჭოთა მთავრობა სთავაზობდა ერთობლივად შეემუშავებინათ და პრაქტიკულად გამოეყენებინათ თურქეთის წინააღმდეგ, დიპლომატიურის გარდა, სამხედრო სანქციები იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი უარს იტყოდა შეთანხმებასთან მიერთებაზე.
ჰიტლერმა არ უპასუხა საბჭოთა წინადადებებს. როგორც ჩანს, მათ კიდევ უფრო მეტად დაარწმუნეს ის აუცილებლობაში, რაც შეიძლება სწრაფად დასხმოდა თავს საბჭოთა კავშირს. ჰიტლერი ცდილობდა შეეზღუდა საბჭოთა კავშირი ევროპის კონტინენტზე, სტალინი კი პირიქით, მოითხოვდა ფინეთს, ბულგარეთს და კონტროლს შავი ზღვის სრუტეებისადმი და აგრეთვე არაბეთისა და სპარსეთის ნავთობის რაიონებისადმი. ინდოეთის ოკეანე, რომელსაც სთავაზობდა ჰიტლერი საბჭოთა კავშირს, მისი ინტერესების მთავარი სფეროს სახით, ნახსენებიც არ იყო.
მაშასადამე, საქმე ეხებოდა ოთხი დიდი სახელმწიფოს კავშირის შექმნას. ძნელია ვივარაუდოთ, თუ როგორ განვითარდებოდა ისტორიული მოვლენები შემდგომში, ორი დიქტატორის იმპერიული ამბიციები რომ არ დაპირისპირებოდა ერთმანეთს. მოვლენები თავისთავად განვითარდა, რადგან ჰიტლერმა არ მიიღო სტალინის მიერ შემოთავაზებული პირობები. ძალიან ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სტალინმა თანხმობა განაცხადა შეერთებოდა სამთა პაქტს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებზე და უკვე 17 დეკემბერს სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსმა ჰალდერმა მოახსენა ჰიტლერს საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმის ძირითადი შინაარსი [9: 278-283]. ჰიტლერმა გეგმა მთლიანად მოიწონა და 1940 წლის 18 დეკემბერს ხელი მოაწერა # 21 დირექტივას _ „ბარბაროსას გეგმა” [1], რომელიც თავდაპირველად ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმას 1941 წლის 15 მაისს, მაგრამ ის ცოტა ხნით გადაიდო იუგოსლავიისა და საბერძნეთის დაპყრობასთან დაკავშირებით.
მოახლოვებული იყო ქვეყნისა და ხალხის დიდი ტრაგედია, რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის მმართველი ზედაფენის უხეში პოლიტიკური შეცდომებისა და სტალინის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების კანონზომიერ შედეგს.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. სიუარდი დ. ნაპოლეონი და ჰიტლერი. თარგ. ინგლ, თბ., 2002. [საინტერესოა, რომ სახელწოდება ,,ბარბაროსა” ამ გეგმას თვითონ ჰიტლერმა უწოდა, მისი სათაყვანებელი პიროვნების, მე-12 საუკუნის გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის ფრიდრიხ I ბარბაროსას (1152-1190) პატივსაცემად. ბარბაროსა მისი მეტსახელი იყო, რაც ჟღალწერას ნიშნავს].
2. ფუკუიამა ფ. ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი. თარგ. ინგლ, თბ., 1959.
3. შემთხვევითი არ იყო ის გარემოება, რომ ჰიტლერი რიბენტროპს მეორე ბისმარკს უწოდებდა, მხედველობაში ჰქონდა რა მისი დიპლომატიური გაწაფულობა.
4. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელები დიდხანს, თითქმის სსრკ დაშლის ბოლო მომენტამდე, უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ თავდაუსხმელობის პაქტს ახლდა საიდუმლო ოქმი ტერიტორიების გაყოფის თაობაზე.
5. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი ფაშისტურ სახელმწიფოებს _ გერმანიასა და იტალიას შორის „ბერლინი-რომის ღერძის“ სახელწოდებით. ის გაფორმდა ბერლინში 1936 წლის 25 ოქტომბერს და შეთანხმდნენ გაემიჯნათ ეკონომიკური შეჭრის სფერო ბალკანეთსა და დუნაისპირა სახელმწიფოებში (Дипломатический словарь, т. II, М., 1971, с. 435-436.
6. Безыменский Л. Встречался ли Сталин с Гитлером _ ,,Новое время”, 1990, №48, с. 37.
7. Бережков В. М. просчет Сталина. _ ,,Международная жизнь”, 1989, №8, с. 25.
8. Бриггс Э, Клевин П. Европа нового и новейшего времени (с 1789 года и до наших дней). М., 2006.
9. Гальдер Ф. Военный дневник. Ежедневные записи начальника генерального штаба сухопутных войск 1939-1942 гг. Пер. с нем., т. 2. М., 1969.
10. Дипломатический словарь, т.II. М., 1971.
11. История дипломатии, т.II. М.,1965.
12. История дипломатии, т. III. М., 1975.
13. „Международная жизнь”, 1991.
14. СССР _ Германия. 1931-1941. Документы и материалы о советского-германских отношениях с сентября 1939 по июнь 1941 г. т. 2. Вильнюс, 1989.
15. Сто сорок бесед с Молотовым. Из дневника Ф. Чуева. М., 1991.
Комментариев нет:
Отправить комментарий