среда, 30 сентября 2020 г.

ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლების ომი და სოხუმის საკითხი (ა. ჩიქობავა)

ირან-ოსმალეთის პირველი ომი (1512-1555წწ.) 1555წ. წლის 29 მაისს ამასიის ზავით დასრულდა. დამპყრობლებმა ამიერკავკასია გაინაწილეს, მათ შორის, საქართველოც. თურქეთს „ერგო“ იმერეთის სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, გურიის სამთავრო და სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი: ტაო, შავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი), ირანს _ ქართლისა და კახეთის სამეფოები და სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილი (მტკვრის აუზი).1 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადანაწილებული ტერიტორიები ჯერ კიდევ დასაპყრობი იყო და ამასიის ხელშეკრულება მხოლოდ იურიდიულ შეთანხმებას წარმოადგენდა.
ოსმალეთთან შედარებით ირანი იმჟამად შედარებით სუსტი სახელმწიფო იყო და 1555წ. ამასიის ზავის პირობათა დაცვას ცდილობდა, ოსმალეთი კი მთელი კავკასიის და კასპიის ზღვის სანაპიროთა დაპყრობისათვის იბრძოდა. 1578 წელს ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ირანში სალაშქროდ გამზადებული ჯარის სარდლად დაინიშნა მუსტაფა ლალა ფაშა, რომელიც სამცხე-საათაბაგოსა და ქართლის დაპყრობის შემდეგ შირვანში უნდა გაჭრილიყო, საიდანაც მას ჩრდილო კავკასიიდან მომავალი ლაშქარი შეუერთდებოდა.2 ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლების ომის დასაწყისში ოსმალეთი აქტიურად იყენებდა შავი ზღვის ნავსადგურებს ტრაპიზონსა და ბათუმს.3 ოსმალეთმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დაუპყრობელი ადგილების დამორჩილება სცადა. ამ მიზნით მან ფოთი და სოხუმი დაიკავა და აქედან შეტევის განვითარებას დაუკავშირა მთელი დასავლეთ საქართველოს დაპყრობა, მაგრამ ეს ცდები იმ დროს მარცხით დასრულდა4. ოსმალთა მიერ სოხუმის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ალბათ ისინი ამ გზით იმედოვნებდნენ სამეგრელო ოდიშზე შეტევის განხორციელებას აფხაზთა მხარდაჭერით, ამიტომაც ოსმალებმა სოხუმში საბეგლარბეგო დააარსეს.
სოხუმის საბეგლარბეგოს დაარსების თარიღად თ. ბერაძე 1578 წელს ასახელებს,5 მ. სვანიძე კი 1579 წელს,6 ის ასევე იმოწმებს ალის „ნუსრეთ-ნამეს“ სოხუმის საბეგლარბეგოს დაარსების შესახებ, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ უფრო ზუსტი და დაწვრილებითი ინფორმაცია მასში არ მოიპოვება.7 ჩვენ ვიზიარებთ თ. ბერაძის თარიღს საბეგლარბეგოს დაარსების შესახებ, რადგან ფ. დიუბუა დე მონპერე8 და პეისონელი9 სოხუმის ციხის აგებას თურქებს მიაწერენ და 1578 წლით ათარიღებენ, ამათგან ორივემ იმოგზაურა სოხუმში. სავარაუდოდ მათ რაღაც ინფორმაცია გააჩნდათ სოხუმში 1578წ. ოსმალების გამოჩენასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე სხვა ცნობები, რომელიც სოხუმში საბეგლარბეგოს დაარსებას 1578 წელზე მიუთითებს. თურქი ისტორიკოსის მ. ქირზიოღლუს ნაშრომში „ოსმანლილარინ კაფკას ელერინი ფეტი“ ვკითხულობთ: „1578 წლის მაისში სტამბოლიდან გასული და გურჯისტანის სანაპიროებთან მოსული ხუთი საბრძოლო ხომალდით გზას გაუდგა ადრე ბათუმის სანჯაყბეგი ჩერქეზი ჰაიდარ ბეგი და ამ დროს პირველად შექმნილი სოხუმის (აბაზას) ეიალეთის ბეგლარბეგობა ებოძა და თავისი მოვალეობის (შესრულებას) შეუდგა“.10 ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ ამ ცნობის სისწორეში. ერთ-ერთ თურქულ ჰუქმში, რომელიც თარიღდება 987 წლის საფარას თვით (15), ე.ი. 1579წ. 13 აპრილით, საუბარია ფოთის და ანაკლიის დანგრეული ციხეების აღდგენის აუცილებლობაზე.11 1578წ. სავარაუდოდ სოხუმში ციხე აგებული და საბეგლარბეგო დაარსებულია, ასე რომ არ ყოფილიყო ჩვენი აზრით ზემოთ ნახსენებ ჰუქმში ჰპოვებდა ასახვას, სულ მცირე ანაკლიასთან და ფოთთან, სოხუმის ციხის აგების აუცილებლობაზე მაინც მიუთითებდნენ.
ჰეიდარ ფაშა სოხუმში სავარაუდოდ თავისი ახლობლებისაგან შემდგარი მრავალრიცხოვან ჯგუფთან ერთად ჩავიდა.12 როგორც ბ. ხორავა ფიქრობს, შემთხვევითი არ უნდა იყოს ბეგლარბეგად წარმოშობით ჩერქეზი ჰაიდარ ფაშას დანიშვნის ფაქტი.13 სავარაუდოდ ოსმალები ცდილობდნენ აფხაზთა მონათესავე ფაშას მეშვეობით მათი გულის მოგებას და ამ გზით ოდიშზე თავდასხმების განხორციელებას, რაც ადრე ჯიქების მეშვეობით ხდებოდა.14
1578წ. სექტემბერში ლალა მუსტაფა ფაშას მიერ სტამბოლში გაგზავნილი ორი თვის მანძილზე წარმოებული ლაშქრობის ამსახველ წერილში ვიგებთ, რომ, როცა ის (ლალა ფაშა _ ა.ჩ.) კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე მივიდა კასპიის სამხრეთ რაიონებში ახალი ოსმალური ეიალეთები შეუქმნია, ესენია: 1. შირვანის (დაპყრობის გზით), 2. თბილისის (ქართლის, დაპყრობის გზით), 3. გურჯისტანის (მორჩილებით) და მეოთხე სოხუმის საბეგლარბეგო, რომელიც მამაცობით ცნობილ ჰაიდარ ფაშას გადასცეს.15
როგორც დავინახეთ, 1578წ. სექტემბრისათვის სოხუმში საბეგლარბეგო დაარსებულია, ზემოთ მოყვანილ ცნობაში მოცემულია ეიალეთების შექმნის პირობა, ზოგი დაპყრობით შეიქმნა ზოგი მორჩილების გზით, სოხუმზე კი არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. სავარაუდოდ ოსმალები აქაც ძალით მოქმედებდნენ. თურქულ არქივებსა და საცავებში არ შემონახულა არცერთი „დევტერი“ XVI ს. აფხაზეთის ან სოხუმის ვილაიეთის აღწერილობისა, ამიტომ თ. ბერაძე ფიქრობს, რომ ოსმალთა ძალაუფლება მხოლოდ სოხუმისა და მის შემოგარენზე ვრცელდებოდა.16
1578წ. დაარსებული სოხუმის საბეგლარბეგო უნდა შესაბამებოდეს ევროპულ რუკებზე აღნიშნულ პუნქტს „ესხისუმუნი“, რაც თურქულად „ძველ სოხუმს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება რუკებზე სავარაუდოდ სოხუმის საბეგლარბეგოს გაუქმების შემდეგ დააქვთ, რადგან ადრეულ რუკებზე სოხუმს „შებასტოპოლი“ ან „სავატოპოლი“-თ აღნიშნავენ. სოხუმის კონცხთან, მდინარე გუმისთას მარჯვენა ნაპირზე ტერიტორიას XXს. 20-იან წლებში იქაურები „ძველ სოხუმს“ უწოდებდნენ, იქ იდგა ციხის ნანგრევები რაც სავარაუდოდ თურქების მიერ აგებული ციხე უნდა იყოს.17
სახელწოდება „სუხუმ“ სწორედ 1578 წლიდან უნდა ჩანაცვლებოდა „ცხუმს“. „სუხუმ“ _ თურქიზებული ფორმაა „ცხუმ“ სიტყვისა, რადგან თურქულში „ცხ„ კომპლექსი არ არსებობს.18 არაბულ და თურქულ წყაროებში „ცხუმ“ ფორმის ნაცვლად გვხდება მისი არაბული „სუხუმუ“ და თურქული „სუხუმ“ ვარიანტები. თურქული ვარიანტისაგან არის მიღებული რუსული სუხუმ (Сухум), საიდანაც გვაქვს ახალი ქართული ფორმა სოხუმი.19
ჩვენი აზრით, ჰაიდარ ფაშას გარდა სოხუმს სხვა ბეგლარ-ბეგიც უნდა ჰყოლოდა, თუმცა მისი სახელი ჩვენთვის უცნობია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს იტალიელი მოგზაურის ბუსარდოს ცნობა, აი რას წერს იგი: „დიდი უფლებებითა და ღირსებით აღჭურვილი სინან ფაშა 1580წ. 25 აპრილს თავისი ლაშქრით კონსტანტინოპოლიდან ანატოლიაში გადავიდა. მან მიაღწია საქართველოს საზღვრებს, ... მან (სინან ფაშამ _ ა.ჩ.) ქართველი იბერიელების დამოუკიდებლობის ასალაგმავად ბათუმსა და სოხუმში თავისი ბეგლარბეგები და დევთერდარები (ხაზგასმა ჩვენია _ ა.ჩ.) დააყენა“.20 როგორც ჩანს, სინან ფაშამ, გადააყენა ჩერქეზი ჰაიდარ ფაშა და სოხუმში „თავისი ბეგლარბეგი“ დანიშნა.
1580წ. სექტემბრის დასაწყისში, აღმოსავლეთის ლაშქრობის ახალი სარდლისადმი, დიდვეზირ სინან ფაშასადმი სტამბოლიდან გაგზავნილ ჰუქმში ვკითხულობთ: „წარსულში ბათუმის სანჯაყბეგი კეთილშობილი ემირ ულ-უმერა ჰაიდარი მუდამ ბედნიერი იყოს გამოსადეგი, მოამაგე და გამოცდილი მოხუცდა. წარსულში მას სოხუმის საბეგლარბეგო ეწყალობა. იგი ხსენებული საბეგლარბეგოდან მოცილებულ იქნა (ხაზგასმა ჩვენია _ ა.ჩ.). ერთი ხანობა ბედნიერების კარში (ე.ი. სტამბოლში _ ა.ჩ.) როცა მსახურობდა. ახლა იმ (თბილისის _ ა.ჩ.) მხარეში თავდასხმის სურვილი არსებობს, ვბრძანებ, რომ, როცა მოაღწევს შესაფერისად მიჩნეულ სამსახურში იქნეს გამოყენებული, საბეგლარბეგო თუ იქნება მას ებოძოს“.21
ზემოთ ნახსენებ ჰუქმში აღნიშნული „მოცილებული“ უნდა ნიშნავდეს ჰაიდარ ფაშას მოხსნის ფაქტს. სოხუმს მოცილებული ჰაიდარ ფაშა კვლავ ბათუმის ბეგლარბეგად ინიშნება, რადგან 1587 წლის ამბებთან დაკავშირებით გორის ციხის დაცვა ტრაპიზონის (ბათუმის) ბეგლარბეგს წარსულში სოხუმის ბეგლარბეგს (ესკი სოჰუმ ბეიიერბეისი) ჩერქეზ ჰაიდარ ფაშას დაევალა.22
სოხუმის საბეგლარბეგო 1580წ. უნდა გაუქმებულიყო. თ. ბერაძის აზრით, სწორედ ამ დროს უნდა დაეტოვებინათ ქალაქი თურქებს და ის აფხაზთა ხელში უნდა გადასულიყო. ამავე პერიოდიდან გამოვიდნენ ისინი დადიანთა გავლენიდან.23 ვფიქრობთ, ამ დასკვნისათვის უფრო მყარი არგუმენტებია საჭირო, რადგან აფხაზეთი ამის შემდგომაც ემორჩილებოდა ოდიშის სამთავროს გარკვეულ დრომდე, მაგრამ ეს ცალკე საკითხია და ამჯერად არ შევეხებით. მ. ქირზიოღლუს აზრით, სოხუმის საბეგლარბეგოს ადმინისტრაცული მმართველობა იმის გამო გაუქმდა, რომ შემოსავალი მცირე იყო, ამიტომ სოხუმი ძველებურად, როგორც ყმის (მონა) ოლქი, საკუთარ მდგომარეობაში იქნა დატოვებული24. ის ასევე აღნიშნავს, რომ სოხუმის საბეგლარბეგო გაუქმდა, რადგანაც ადგილობრივები გადასახადს არ იხდიდნენ, ქურდობითა და ცოლ-შვილის გაყიდვით ირჩენდნენ თავს, რის გამოც სახელმწიფოს (ოსმალეთს _ ა.ჩ.) სიძნელეები შეექმნა. იქაური ქრისტიანები და ადგილობრივი ველური მოსახლეობა ძველებურ ყოფას დაუბრუნდა.25
ადგილობრივ ქრისტიანებში სოხუმის ქართული (მეგრული) მოსახლეობა, ხოლო „ველურებში“ აფხაზ-აფსუები უნდა იგულისხმებოდენ. ძველებურ ყოფაში დაბრუნება კი უნდა გავიგოთ როგორც სოხუმზე დადიანთა გავლენის აღდგენა. 1580 წლისათვის სოხუმში, რომ ქართველები ცხოვრობდნენ მიგვითითებს ზემოთ ნახსენები ბუსარდოს ცნობა. ჯ. გამახარიასა და ბ. გოგიას დაკვირვებით, ბათუმისა და სოხუმის „ქართველი იბერიელების“ ასალაგმავად წამოსულა სინან ფაშა 1580 წელს.26 ასე, რომ 1580 წლისათვის სოხუმში ქართველები ცხოვრობდნენ. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე სოხუმში XVI საუკუნის ბოლოს ძირითად მოსახლეობას ჯერ კიდევ ქართველები (მეგრელები) წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ ეს ქრისტიანები დრანდელ ეპისკოპოს ექვემდებარებოდნენ, რადგან ტერიტორია კოდორსა და ანკოფიას შორის მის საწყმსოს წარმოადგენდა.27 მართალია, ამ პერიოდის (1578-1580) დრანდელი ეპისკოპოსის ვინაობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა ვიცით XVIს. 40-იანი წლების ეპისკოპოსი ფილიპე და ევდემონი _ XVIIს. I მეოთხედის მოღვაწე.28
სოხუმის საბეგლარბეგო, რომელიც 1578-1580 წლებში არსებობდა, 1579 წელს აგებული ფოთის თურქულ ციხესთან ერთად მთელი დასავლეთ საქართველოს დასაპყრობად უნდა გამოეყენებინათ ოსმალებს. მართალია, იმ პერიოდში ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ამან მაინც უარყოფითად იმოქმედა ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობაზე და ამ პერიოდიდან მათმა საერთო საზღვარმა სამხრეთ-დასავლეთით იწყო მოძრაობა. საბოლოოდ ეს პროცესი ოდიშის სამთავროს ტერიტორიის მიტაცებით დასრულდა და ოდიშ-აფხაზეთის პოლიტიკური საზღვარმა მდინარე ენგურზე გადმოინაცვლა.
შენიშვნები
ოსმალეთის ისტორიის საკითხები წიგნიდან: მ. სვანიძე - ოსმალეთის ისტორია (XIV-XVI სს) https://dlab.ug.edu.ge/books/detail/248?fbclid=IwAR2Pj5YWPCtLc4bFVdlXfCgupwhroH9jzuPfgv67z4KGMBu3GHXFQJGCNiI

1. ვ. გუჩუა. ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს-ის I ნახევარში. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV. თბ., 1974, გვ. 113.
2. ვ. გუჩუა. ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის.., გვ. 126.
3. მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს. თბ., 1971, გვ. 123.
4. მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის.., გვ. 38.
5. Т. Н. Берадзе. Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии. Тб., 1989, გვ. 53.
6. მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის.., გვ. 38.
7. მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის.., გვ. 123.
8. Ф. Дюбуа Де Монперэ. Путешествие вокруг Кавказа. У черкесов и абхазов, в Колхиде, в Грузии, в Армении и в Крыму. Том I. Пер. с фр. Н. А. Данкевич-Пущиной. Под ред. А. В. Фадеева. Сухуми, 1937, გვ. 127.
9. А. В. Фадеев. Меч и золото на берегу Абхазии. Сухуми, 1933, გვ. 23.
10. M. Kირზიოგლუ. ოსმანლილარინ კაფკას ელერინი ფეტი (1451-1590). ანკარა, 1976, გვ. 19, აღნიშნულ ნაშრომში ჩვენთვის საინტერესო ადგილები გვითარგმნა ქ-ნმა მარინე ილურიძემ, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ.
11. მ. ილურიძე. მურად მესამის ზეობის დროინდელი ოთხი ოსმალური დოკუმენტი საქართველოს შესახებ. _ ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, ტ. III, 2002, გვ. 224-225.
12. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 19.
13. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIIIსს. თბ., 1996, გვ. 70.
14. ჰეიდარ-ფაშას აფხაზობის შესახებ იხ. რ. აგრბას სტატია: Абхазия и Высокая Порта. ელექტრ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.აბკჰაზიყა.ორგ/სერვერარტიცლეს/ არტიცლე-99ცე0ბ0დცფც7დ5ფ2ებ7ფ84ცაც2377ბ2ფ.ჰტმლ.
15. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 19.
16. Т. Н. Берадзе. Этнополитические процессы на территории совреме-нной Абхазии в XV-XVIII вв. – კრებ.: „Разыскания по истории Абхазии/Грузия“. Тб., 1999, გვ. 207.
17. Т. Н. Берадзе. Мореплование и морская торговля.., გვ. 21.
18. თ. მიბჩუანი. კოლხური ქალაქი სოხუმი 2005 წლისაა. _ გაზ.: „ლიტერატურული საქართველო“, 15-21 სექტემბერი, 2000, გვ. 14.
19. თ. გვანცელაძე. ქართული სუბსტრატული ტოპონიმები აფხაზეთში (სოხუმი, გაგრა, ტყვარჩელი). _ ჟურნ.: „არტანუჯი“, 2000, 10, გვ. 88.
20. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. ტ. I, თბ., 1984, გვ. 113.
21. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 20.
22. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 382.
23. Т. Н. Берадзе. Этнополитические процессы.., გვ. 207.
24. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 382.
25. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 19.
26. Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии, Тб., 1997, გვ. 231-233; 606.
27. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV. თბ., 1973, გვ. 781.
28.ბ. ხორავა. დრანდის საეპისკოპოსო. _ კრებ.: „მართმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები“, ნაწ.I. თბ., 2005, გვ. 98. იხ. აგრეთვე: Б. Хорава. Драндское епископство._ ჟურნ.: „Вопросы гуманитарных наук“, №4, М., 2006.

среда, 16 сентября 2020 г.

არაბული სახელწოდების ქართველი მოხელეები (ე. ძმანაშვილი)

ამიდი
საქართველოში ამიდი ქართულ საისტორიო წყაროებში, დამოწმებულია ქალაქის მოხელეთა რამოდენიმე არაბული სახელწოდება. ერთ-ერთი მოხელე ამიდია. ამიდი – (არაბ. – „ამიდ“ მეთაური, ბელადი). აღმოსავლური ქალაქების მოხელე; ქართულ წყაროებში ხელშესახები ცნობები ამიდის უფლება-მოვალეობის დასადგენად არ მოგვეპოვება. ამიდის თანამდებობა ქართულ წყაროებში XII ს. გვხვდება. დავით აღმაშენებლის ანდერძში შიო მღვიმის მონასტრისადმი (1123/1124). დავით აღმაშენებლის სიგელში შიო მღვიმისადმი ნათქვამია: „ტფილი (ს) საამიდოჲთ, ვითა სხვითაცა ნიშნითა, თვით ხ(ე)ლითა ჩ(ე)მითა დამიწერია ასი დრაჰკანი მღვდელთა და მგ(ა)ლ(ო)ბ(ე)ლთათ(ვი)ს, ნუვინ დააკლებს. მ(ა)ს დღ(ე)სა, რ(ომე)ლსა მომიხსენოს ღ(მერთმა)ნ, გაიყონ მღვდელთა და მგალობელთა“1. დავით აღმაშენებლის ანდერძის იმ ადგილიდან, სადაც საამიდო გადასახადზეა საუბარი, კარგად ჩანს, რომ საბუთის გამცემს სხვა საბუთებშიც ჰქონია საუბარი შიო მღვიმის მონასტრის მღვდელთა და მგალობელთათვის „საამიდოდან“ გარკვეული წილის გადაკვეთის შესახებ. საბუთიდან ჩანს, რომ საამიდო მნიშვნელოვანი გადასახადი ყოფილა, რაკი მისი გარკვეული წილი 100 დრაჰკანითაა განსაზღვრული2. ამიდები, როგორც ისტორიოგრაფიაშია მოხსენიებული, ქართველი მეფის მოხელეებად ითვლებიან და ქალაქის გამგებელს, ე.ი. თბილისის ქართველ ამირას ემორჩილებიან3. საამიდო გადასახადი მოხსენიებულია გიორგი III-ის სიგელშიც, შიო მღვიმისადმი: „ეგრეთვე ქ(ა)ლ(ა)ქს, რ(ომე)ლ უკანის მოუყიდიან და შემოუწირვან, თავისუფალნი და უხარა ჯონი საამიროისა, საამიდოისა, სარაისოისა, სამუსტასიბოისა და ყოვლისა სანუკვრისაგან4“. გიორგი III-ის საბუთში საამიდო და სარაისო გამოსაღების მოხსენიება, ცხადია, მიუთითებს ამ თანამდებობათა არსებობაზე. რაკი საამიდო გადასახადი, ისე, როგორც სხვა არსებობს, მოწმობას, რომ გადასახადები გარკვეულ მოხელეობასთან არიან დაკავშირებული. საამიდო, ამ საბუთში, ისეთივე მნიშვნელობითაა ნახმარი, როგორც საამირო, საგუსტასიბო, სარაისო5. თბილისის „საამიდო“ გადასახადი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსაღები, რაც მიუთითებს საქართველოს ქალაქებში შესაბამისი თანამდებობის არსებობაზე. ქართულ წყაროებში ხელშესახები ცნობები ამ მოხელის უფლება-მოვალეობების შესახებ არ მოგვეპოვება. სახალიფოს ქალაქების ამიდებს ევალებოდა საბუთების შედგენა და ბაღდადის მთავრობასთან მიმოწერის წარმოება. მუსლიმური აღმოსავლეთის ქალაქების ანალოგით, საქართველოს ქალაქებში ამიდს, სავარაუდოდ, ქალაქის მწერლის მოვალეობის შესრულება და, ამასთანავე, ცენტრალური ხელისუფლებისათვის საქმიანი ქაღალდების წარდგენა ევალებოდა6. აღმოსავლური წყაროების მიხედვით ჩანს, რომ ამიდის ფუნქცია მაგ: სამანიდების, ღაზნევიდების და თურქ-სელჯუკების სახელმწიფოებში, უპირატესად სახელმწიფო საბუთების შედგენა და პოლიტიკური ხასიათის მიმოწერის წარმოება იყო. მის დაკავშირებას სახელმწიფო საბუთების შედგენასთან მოწმობს ნიზამ ალ-მულქის „სიასეთ-ნამე“-ში ამიდის მოხსენიება სამდივანმწიგნობროს და სამეურნეო-საფინანსო დაწესებულების მოხელეთა გვერდით7. თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამიდის თანამდებობა აღმოსავლეთის სახელმწიფოებში, კარგად ჩანს იქიდან, რომ მის ტიტულაციას ჩვეულებრივ ერთვოდა „მულქი“ („სამეფო“), „მულქობა“ კი, იმავე „სიასეთ-ნამეს“-ს მიხედვით, შეიძლებოდა დართვოდა მხოლოდ „ვაზირის, თუღრაის, მუსტოუფის, სულთნის არიზის, ბაღდადის ამიდის და ხორასნის ამიდის“ წოდებულებას. За исключением вазира туграи мустауфи, султанского ариза амида Багдада и амиля Хорасана8. გარდა ამისა ჩვენი კვლევების თანახმად, მას ტიტულატურის არა მარტო „მულქის“ წოდება ერთვის, არამედ ნიზამ ალ-მულქის მიხედვით ჩანს, რომ მას ასევე ერთვის ტიტულაცია „უსტა“ (ოსტატი). რაც ამიდების დამრიგებელს ენიჭებოდა. საპატიო წოდება „უსტა“. ამიდის აღმოსავლეთის სახელმწიფოების სამოხელეო სარბიელზე მოღვაწეობის ხასიათისა და დანიშნულების გათვალისწინებით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქართულ ვითარებაშიც ამიდს საბუთების შედგენასთან უნდა ჰქონოდა საქმე, თუმცა საამისო დამადასტურებელი ცნობები ქართულ წყაროებში არ მოიპოვება. მაგრამ ის კი საფიქრებელია, რომ თბილისის საამიროს მმართველობის სისტემაში არსებობდა ისეთი თანამდებობის პირი, რომლის უფლება-მოვალეობას სათანადო საბუთების შედგენა შეადგენდა. მასვე უნდა ეწარმოებინა მიწერ-მოწერა ბაღდადის მთავრობასთან. აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთანაც. იმდროინდელი ვითარების გათვალისწინებით, სავარაუდოა, სამდივანმწიგნობროს არსებობა თბილისის საამიროში, ხოლო არაბული სახელწოდების მოხელეებიდან ერთადერთი მოხელე, რომლის დაკავშირება შეიძლება თბილისის საამიროს სამდივანმწიგნობროსთან, ეს ამიდია. თბილისის საქართველოსთან შემოერთების შემდეგ, ცხადია, მისი სამოხელეო ფუნქცია უნდა შეცვლილიყო და, რაკი ამიდობა სამწერლობო საქმესთანაა დაკავშირებული, შესაძლებელია, რომ მას ქალაქის მწერლის მოვალეობა დაკისრებოდა. მაგრამ, რადგან მომდევნო ხანებში ის აღარ გხვდება თბილისში, იქნებ თბილისის მუსლიმური მოსახლეობისათვის დაგვეკავშირებინა? ყოველ შემთხვევაში, კიდეც, რომ დავუშვათ, ამიდის, როგორც სამოხელეო ინსტიტუტის, შესვლა საქართველოს საქალაქო წყობილებაში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მან დიდხანს ვერ იარსება, რადგან მომდევნო ხანის საბუთებში ის აღარ გხვდება.9 ამიდის ფუნქციებისა და მოვალეობის გათვალისწინებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ის შეესაბამება ქალაქის მმართველობის ერთ-ერთ მთავარ მოხელეს, რომლის ფუნქციაშიც, სავარაუდოდ იქნებოდა ქალაქის მმართველის მიერ გაცემული ბრძანებების ჩაწერა, გაგზავნა და მათ შესრულებაზე კონტროლი. ასე რომ, ამიდი საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ქართულ სამოხელეო სინამდვილეში დამკვიდრდა აღნიშნული სახელო, ამ სახელოს დიდმნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ ამიდი მოხსენიებულია სამეფო სიგელებში.
შურტა
შურტა – (არაბ. šურტა – პოლიცია) არაბ ამირას დაქვემდებარებული საპოლიციო მოხელეა. შურტა არაბულ სამყაროში, ადმინისტრაციული თანამდებობის პირის აღმნიშნელი იყო. ამ პირების სამოხელეო ფუნქციები კი დაკავშირებული იყო, როგორც ხალიფასთან, ასევე სულთნის კართან და ადგილობრივ მმართველობასთან. შურტას მოვალეობებს დროის და ადგილის მიხედვით განსხვავებულად იყენებდნენ: მას გააჩნდა როგორც საპოლიციო უფლება, ასევე სასამართლოს ფუნქციებიც. შურტა არაბული საჰიბ ალ-შურატიდანაა (შურტათა უფროსი) მიღებული. საჰიბ აშ-შურატის გარეგნული ნიშანი შუბი იყო, რომელსაც ის მბრძანებლის წინ ატარებდა10. საჰიბ აშ-შურატის ხელქვეშეთი მოხელენი შურტები იყვნენ. საჰიბ აშ-შურატის უფლება-მოვალეობას სასახლის გვარდიის სურსათ–სანოვაგით მომარაგება და მისი შენახვა შეადგენდა. ამრიგად, საჰიბ აშ-შურატი მჭიდროდაა დაკავშირებული სასახლის გვარდიასთან და ამდენად მისი წონაც, ცხადია, მეტად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ხალიფას თუ სულთნის კარზე, მაგრამ შემდეგ საჰიბ აშ-შურატის უფლება-მოვალეობა იზღუდება და საქალაქო წყობილებაში საპოლიციო ფუნქციებით იფარგლება11. შურტა თავისი წარმოშობით აღმოსავლეთის ქალაქების სამოხელეო აპარატთან არის დაკავშირებული. ეს არაბული თანამდებობა ჩვენში, უეჭველია, თბილისის საამიროს გზით შემოდის. ცხადი უნდა იყოს, რომ თბილისის საამიროს პოლიტიკური ძლიერების ხანაში საჰიბ აშ-შურატის და მისდამი დაქვემდებარებული შურტების უფლება-მოვალეობა მეტად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო როგორც საამიროს ფარგლებში მთლიანად, ისე ქალაქ თბილისში. ამ საკითხთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილს აღნიშნული აქვს, რომ „ქალაქის უმთავრესი ზედამხედველობა და უზრუნველყოფა ებარა ერთს ამირას ხელქვეით მოხელეს, რომელსაც „შურტას“ ეძახდნენ. ეს სიტყვა არაბული „შურტაჰ“-აა და იგი პოლიციის მცველების უფროსად ითლებოდა და ქალაქში წესრიგს იცავდა ხოლმე. ივ. ჯავახიშვილი წერს: „გიორგი III-ის სიგელიდან ჩანს, რომ შურტას ქალაქის ბაზრისა და ბაჟის ზედამხედველობა უნდა ჰბარებოდა12. მართალია, შიომღვიმის მონასტერს ქალაქში აქვს ქულბაქნი და იქვე, იმავე საბუთში, ქალაქის ბაჟზეც არის საუბარი, მაგრამ დამოწმებული საბუთი თვითონ შურტას არც ქულბაქებს და არც ბაჟს არ უკავშრებს. საბუთში საუბარია მხოლოდ მონასტრის საერთო სამფლობელოებზე ქ. თბილისში. „ყოველნი საქონელნი მათნი შეუვალ-გუიქმნიან ყ(ოვ)ლისა შესავლისაგან, თუით, ჩ(უე)ნისა სასეფოისა და ყ(ოვ)ლისა მათისა მოახლისაგან, ვითა ძელითგან შეუვალნი: საე(რისთ)ვოისა, საციხისთვოისა და საშურტაოისა ყ(ოვ)ლისაგან“13. საბუთიდან ჩანს, რომ შურტა საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა გვერდითაა დაყენებული. შურტა პროვინციელ მოხელედ ჩანს, რაკი იგი ისეთ მოხელეებთან ერთად არის დასახელებული, როგორიც იყო ერისთავი, ციხისთავი, ხევისუფალი14. შურტა, მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებში ეწოდებოდა პოლიციის მოხელესაც. ასეთი თანამდებობა, ცხადია იგულისხმება თბილისის საამიროს ქალაქებშიც, მათ შორის, რასაკვირველია, თბილისშიც. შურტა ქართულ სინამდვილეშიც საქალაქო თანამდებობად მიაჩნია შ. მესხიასაც15. საშურტაო გამოსაღებზე საერთოდაა საუბარი საერისთავო და საციხისთავო გამოსაღებთან ერთად. საკუთრივ ქალაქის მოხელეები ცალკე არიან მოხსენებულნი ქალაქის გამოსაღებთან დაკავშირებით, ე.ი. შურტა არ უკავშირდება ქალაქის ბაზარსა და ბაჟს, რაც, რასაკვირველია, არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ შურტა ქალაქის მოხელეა16. ტერმინი არსებობას განაგრძობს ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში თბილისის საამიროს გაუქმების შემდეგაც. XII ს-ის სიგელში დადასტურებულია საშურტაო გადასახადი. მოგვიანო ხანის საბუთებში შურტას თანამდებობა აღარ ფიქსირდება. სავარაუდოდ, მისი ფუნქციები სხვა უწყებამ შეითავსა. შურტას (შულტას) ინტიტუტი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციებით დიდხანს იყო შემორჩენილი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში – ხევსურეთსა და თუშეთში. ყველგან მას დაკისრებული ჰქონდა თემის წევრებისაგან პურის აკრეფა და სახატე დღესასწაულების დამსწრეთა მომარაგება ლუდითა და პურით.17 ჩვენს მიერ განხორციელებულ კვლევის პროცესში დავადგინეთ, რომ ქართულ ისტორიულ წყაროებში, პირველად მოიხსენიება ტერმინი შურტა X და არა XI საუკუნიდან. ეს მოხელე მოხსენიებულია „მატიანე ქართლისაჲ“-ში. ის კახეთის მთავარი (ქორეიპისკოპოსის) კვირიკე II-ის ძმაა. კვირიკე II კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 929–976. მას განუდგნენ გარდაბნელი აზნაურები და მხარი დაუჭირეს გიორგი II აფხაზთა მეფეს, რომელიც იბრძოდა კახეთის შესაერთებლად. კვირიკე II-ს უღალატა მისმა ძმამ შურტამ და აფხაზთა მეფეს გადასცა უჯარმის ციხე. გიორგი II-მ დაიპყრო ბოჭორმის, ლოწობნის და ნახჭევანის ციხეებიც. კვირიკე II-მ თავი დამარცხებულად ცნო. მაგრამ მას დაეხმარნენ ქართლის აზნაურები და მან კახეთი დაიბრუნა: „მოერთო შურტა, ძმა კვირიკე ქორეპისკოპოსისა, გიორგი მეფესა, და მოუტანა თანა ციხე მისი უჯარმო: და ეუფლნეს ზუათაცა ციხეთა კახეთისათა თვინიერ სამთა ციხეთა: ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა18. პიროვნებებს ზოგადად, როგორც წესი, მათი თანამდებობის სახელით მოიხსენიებდნენ ხოლმე. სავარაუდოდ, კვირიკეს ძმას, ეს სახელო (შურტა) ეკავა. და მისი ფუნქციებიდან გამომდინარე მისი გადაბირება, მოწინააღმდეგის მხარეზე, სერიოზული დარტყმა იქნებოდა, კვირიკესთვის. (შურტა ხომ ქვეყნის შიდა წესრიგზე იყო პასუხისმგებელი). ამ წყაროდან ჩანს, რომ კახეთის საქორეპისკოპოსოში ეს თანამდებობა X საუკუნეში ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზოგადად ქართულ სივრცეში, სამოხელეო შურტას სახელი პირველად კახეთის საქორეპისკოპოსოში მკვიდრდება. შურტა ქართულ სინამდვილეში ადგილობრივ მმართველობასთანაა დაკავშირებული, ეს ნათლად ჩანს მეფის სიგელშიც. 1170 წლის მეფე გიორგი III-ის სიგელში შიო-მღვიმისადმი მოხსენიებულია საშურტაო, სადაც ვკითხულობთ, რომ გიორგი III უთავისუფლებს შიომღვიმის მონასტერს საქონებელს ყოველი გადასახადისაგან. „ყოველნი საქონელნი მათნი შეუვალ გვიქმნიან ყ(ოვ)ლისა შესავლისაგან, თუით, ჩ(უე)ნისა სასეფოისა და ყ(ოვ)ლისა მათისა მოახლისაგან, ვითა ძელითგან შეუვალნი: საე(რისთ)ვოისა, საციხისთვოისა და საშურტაოისა ყ(ოვ)ლისაგან. ეგრეთვე ქ(ა)ლ(ა)ქს, რომელ ქულბაგნი აქუან: ხუთნი სპარსობითგანვე და ოთხნი რ(ომე)ლ უკანის მოუყიდიან და შემოუწირვან, თავისუფალნი და უხარაჯონი საამიროისა, საამიდოისა, სარაისოისა, სამუსტასიბოისა და ყოვლისა სანუკვრისაგან19. ე.ი. შურტა არ უკავშირდება ქალაქის ბაზარსა და ბაჟს. ქართულ საბუთებში, როგორც ჩანს, იგი ფისკალურ მოხელეს აღნიშნავდა. ქართლ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში შურტას არსებობა საინტერესო მოვლენაა. ის დადასტურებულია ხევსურეთში, თუშეთსა და გურიაში. ხევსურეთში „შულტას“ სასოფლო ხატის მამულების დამუშავება და სახატო დღეობებზე მლოცველების გამასპინძლება ევალება. თუშეთში „შულტა“ ზამთრის პერიოდის სახატე დღესასწაულების ორგანიზაციას ახდენს, რაც გამოიხატება თემის წევრებისაგან პურის აკრეფაში სახატე დღესასწაულებზე მლოცველების ლუდითა და პურით უზრუნველყოფისათვის. გურიაში „შულტა“ საქორწინო ცერემონილათანაა დაკავშირებული. შულტა განაგებს ქორწილისათვის სამზადისის დროს ძღვენის მიღებას. ქართულ სამოხელეო წყობილებაში დამკვიდრებულმა შურტამ მიიღო გადასახადის ამკრეფი მოხელის და გარკვეულ რელიგიურ სფეროში, სურსათით მომმარაგებლის ფუნქცია. საინტერესო მასალაა დაცული ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში, კერძოდ თუშეთში: „თუშეთის მთავარი საკულტო ცენტრი, ლაშარის ჯვარი, სოფ. ჩიღოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ხელოსანი ლაშარის სახელზე ზვარაკებს სასაკლაოზე შეწირავდა, შულტა მათ იქვე დაკლავდა და დააგორებდა. დაკლულ-დაგორებული ზვარაკები ტაფობს რომ ჩააღწევდნენ, იქ მათი გატყავება ხდებოდა. უწინდელ დროში ეს ტყავები ჯილდოდ ურიგდებოდათ ლაშარობას ცხენების ჯირითში გამარჯვებულებს. ჩიღოდან ლაშარში ორი გზა მიედინებოდა. როცა მგზავრი ჩიღოს გაცილდებოდა, პირველად ლაშარის ჯვარის ყანას შეხვდებოდა, მას გვერდზე გაუვლიდა და ამის შემდეგ გზა ორად იყრებოდა. ადგილობრივ მთხრობელთა თქმით, ეს ჯვარის ყანა ანუ სახნაური 2 ჰა მაინც იქნებოდა; იგი საშულტაო იყო. ამ ყანას შულტა მარტო ჩიღოელი იყო და ახლაც ასეა. „საშულტაუიდ“ სამნათეო ყანებს ხვინევდის მთელი სოფელი. სოფელი წილის ყრით ირჩევდის ორ მნათესად ორ შულტას, ერთ მნათეიდ ერთ შულტა ქაზნიაურთ მამითა იყვის ერთი მნათეიდ ერთ შულტაი კიდენ მგელიშვილ მამითა“. შულტაებს ევალებოდათ ლაშარის დღესასწაულისად ქვაბების შეკიდებაი. დანარჩენ კი მნათების მოვალეობაჲ იყვის...... მნათეები, ხკლევდეს თითო-თითო ხარს. ხორცს სწონიდეს. შულტაებს კი სარიგა მოსდიოდის, ე.ი. წილის ყრით იყვის თუ ვის უნდა დაეკლა საკლავი. სამნათეოდ საშულტაო ყანები ყველაი არ ხნიან, ზოგ აყამირიან, თივა მნათეებად შულტაები თიბიან“20. სოფელი დართლო: დღეობის დროს, გამოიტანდნენ ხატის დროშას და დაამაგრებდნენ პირით აღმოსავლეთისაკენ. დროშის გამოტანამდე ძველი შულტას მიერ ხატის დარბაზში შენახულ არყიან ბოთლს გამოიტანდნენ, სამაგიეროდ, ახალ ბოთლს შეავსებდნენ და ხატის დარბაზში შეინახავდნენ მომავალი დღეობისათვის. შულტა პლატონ იდოიძე მოიყვანდა ჭედილას, ანთებული სანთლით შეუტრუსავდა მატყლს თავზე და დაილოცავდა სასმისით ხელში. თუშეთი, სოფელი ჩიგილაურთა: შუვაკობა აღდგომის მეასე დღეს მოდის. დღეობას ატარებდნენ შულტები, რომლებსაც სოფელი წილისყრით ირჩევდა. მათ ევალებოდათ საკლავის დაკვლა. საკლავი იწონებოდა საწონი ქვებით, რომლებსაც ლიტრებს ეძახოდნენ. საკლავის გარდა, შულტა სოფელში კრეფდა ფორს და ლუდს ხარშავდა, შეშა ღამის შეყრაზე და ლუდის დუღების დროს შულტების იყო21. სოფელი ხახაბუ: ყველა ხატისათვის წელიწადში სამი შულტა ყავდათ, საახალწლოდ კი ნათე. ნათეს ახალწელსვე დასვამდნენ რიგით, შულტები კი ანთიგენობას იცვლებოდა. მას დეკანოზი ეტყოდა, მიუთითებდა, თუ რა უნდა ეკეთებინა22. სოფელი შენაქო: შულტას სოფელში წილისყრით ირჩევდნენ. შულტა ვალდებული იყო დღეობის დღეს საკლავი მიეყვანა, ან ხორცი მიეტანა. სოფელში ერთი გამოწონილი ქვა იყო და ამ ქვის წონის ხორცი უნდა მიეტანა შულტას. „ხელოსანი ჩვენ ბალღობას სანებაში კურდღელაიძე ბაბო იყო. იმის შემდეგ არავინა ყოფილა. მაგის შემდეგ ვინც შულტა იყო, ხელოსანიც ის იქნებოდა“23. ამგვარად არაბულ სამყაროში, შურტას თანამდებობას, რომლის ძირითად ფუნქციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა წარმოადგენდა, უშუალო შეხება ჰქონდა, მოსახლეობის ფართო ფენებთან. შურტები წარმოადგენდნენ ცნობად მოხელეებს, სხვებთან შედარებით. სავარაუდოდ ეს პოპულარული მოხელე შურტა საზოგადოებისთვის აუცილებელი ფუნქციებით გადავიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და დაიმკვიდრა ადგილი. შურტას ფუნქცია საზოგადოებრივ დაცვას უკავშირდებოდა. ეთნოგრაფიულ მასალებში, მაინც საზოგადოებრივ წესრიგის დაცვას ემსახურებოდა ეს მოხელე. მისი ფუნქციები გადმოსულია იმ შურტადან და ეს დასახელებაც სახელმწიფო აპარატიდან არის გადმოსული. ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად ხდება, ასო „რ“–ს ჩანაცვლება ასო „ლ“–თი. ეს თანამდებობა იმდენად პოპულარული იყო ხალხში, რომ მიიღო ტრანსფორმაცია და გადავიდა ამ ფორმით – შულტა. ამ საჯარო თანამდებობას, შურტას, უშუალოდ მოსახლეობის დაბალ ფენებთან ჰქონდათ შეხება. მისი ეს ფუნქცია აუცილებელი იყო თემში, სახატო და სხვა სახალხო დღესასწაულებზე. (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა). ამიტომ აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ გადმოიტანა ამ მოხელის სახელოს სახელწოდება და თავისით მიუსადაგა, ადგილობრივი თავისებურებიდან გამომდინარე, გარკვეულ სფეროში, სხვადასხვა ფუნქციებს. ასე რომ, მათ უშუალო შეხება ჰქონდათ რიგით მოსახლეობასთან და ამით ისინი უფრო პოპულარულები იყვნენ.
შენიშვნები
1. ვ. სილოგავა, ანდერძი დავით აღმაშენებლის შიომღვიმისადმი. თბ. 2010, გვ. 210. 2. მ. ლორთქიფანიძე, ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში, (არაბული სახელწოდების მოხელენი); მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30; თბ., 1954, გვ. 151. 3. მ. გაბაშვილი, საქართველოს ქალაქები XI-XII საუკუნეებში; თბ., 1981, გვ. 86. 4. ხეც. – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.-H Hდ-1351. 5. მ. ლორთქიფანიძე, ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში, (არაბული სახელწოდების მოხელენი); მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30; თბ., 1954, გვ. 151. 6. ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში; (შემდგენლები: თამარ აბულაძე, ცისანა აბულაძე, ხათუნა ბაინდურშვილი, ვლადიმერ კეკელია, დარეჯან კლდიაშვილი, მზია სურგულაძე, ელენე ცაგარეიშვილი). თბ. 2017, გვ. 101. 7. Сиасет-Наме книга о правлении вазира XI столетия низам ал-мулька; Москва-Ленинград, 1949. С. 160. 8. Сиасет-Наме книга о правлении вазира XI столетия низам ал-мулька; Москва-Ленинград, 1949. С.160. 9. მ. ლორთქიფანიძე, ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში, (არაბული სახელწოდების მოხელენი); მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30; თბ., 1954, გვ. 152. 10. Бартольтд, Туркестанъ въ эпоху монгольскаго нашествия; ч II, СПБ, 1900.с.236-237. 11. მ. ლორთქიფანიძე, ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში, (არაბული სახელწოდების მოხელენი); მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30; თბ., 1954, გვ. 146. 12. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორია; თბ. 1907, გვ. 23–24. 13. ქისკ – ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი – შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ.ენუქიძემ, ვ.სილოგავამ, ნ.შოშიაშვილმა; თბ. 1984. გვ. 68. 14. მ. გაბაშვილი, საქართველოს ქალაქები XI-XII საუკუნეებში; თბ., 1981, გვ. 85. 15. შ. მესხია, საისტორიო ძიებანი; ტ.II თბ. 1983.170–173. 16. მ. ლორთქიფანიძე, ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში, (არაბული სახელწოდების მოხელენი), მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30, თბ., 1954, გვ. 147. 17. ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში; (შემდგენლები: თამარ აბულაძე, ცისანა აბულაძე, ხათუნა ბაინდურშვილი, ვლადიმერ კეკელია, დარეჯან კლდიაშვილი, მზია სურგულაძე, ელენე ცაგარეიშვილი). თბ., 2017, გვ. 315. 18. ქართლის ცხოვრება; (მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი). თბ. 2008. გვ. 263. 19. ქისკ – ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი; შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა; თბ., 1984, გვ. 68. 20. ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები; თბ. ტ. II 2, 1985. (მთხრ. გიგო თევდორეს ძე ბექურიძე, 93 წლის, 1949 წ., ჩაიწერა შ. ბაკურიძემ), გვ. 15–22. 21. ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები; თბ. ტ.II2, 1985. (მთხრ. ფროსე ალექსის ასული მოზაიძე, დაბად. 1889 წ., 1949 წ. ჩაიწერა შ. ბაკურაძემ), გვ. 62. 22. ვ. ბარდაველიძე – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები; თბ. ტ. II2, 1985 (მთხრ. თათარიძე ანტონი ღვთისოს ძე, დაბად. 1900 წ., ჩაწერილია 1965 წ). გვ. 64. 23. ვ. ბარდაველიძე – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები; თბ. ტ.II2, 1985. (მთხრ. ფილო იოსების ძე კურდღელაიძე, დაბად. 1881 წ., ჩაწერილია 1966 წ). გვ. 73.
დამოწმებანი:
1. ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, თბ., ტ. II2, 1985. 2. მ. გაბაშვილი, საქართველოს ქალაქები XI-XII საუკუნეებში; თბ. 1981. 3. მ. ლორთქიფანიძე, ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში, (არაბული სახელწოდების მოხელენი); მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30; თბ., 1954. 4. შ. მესხია, საისტორიო ძიებანი; ტ. II თბ. 1983. 5. ვ. სილოგავა, ანდერძი დავით აღმაშენებლის შიომღვიმისადმი, თბ., 2010. 6. ქართლის ცხოვრება (მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი), თბ., 2008. 218 7. ქისკ – ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი; შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა; თბ. 1984. 8. ხეც. – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. - Hდ-1351. 9. ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში; (შემდგენლები: თამარ აბულაძე, ცისანა აბულაძე, ხათუნა ბაინდურშვილი, ვლადიმერ კეკელია, დარეჯან კლდიაშვილი, მზია სურგულაძე, ელენე ცაგარეიშვილი), თბ., 2017. 10. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, თბ., 1907. 11. ივ. ჯავახიშვილი, ქართველის ერის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად, თბ. ტ. VI. 1982. 12. Бартольтд, Туркестанъ въ эпоху монгольскаго нашествия; ч. II, СПБ, 1900. 13. Сиасет-Наме книга о правлении вазира XI столетия низам ал-мулька; Москва-Ленинград, 1949

вторник, 15 сентября 2020 г.

ინგლისის სავაჭრო ურთიერთობა ჰანზასთან XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე (ი. ბელთაძე-ხინიკაძე)

ლონდონის მერსერთა „საბჭოს აქტები“1 გვაძლევს საყურადღებო ცნობებს ინგლისისა და ჰანზის სავაჭრო ურთიერთობათა შესახებ XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე.
ჰანზა ეს იყო ქალაქების კავშირი, რომელშიც შედიოდა არა მარტო გერმანიის, არამედ ნიდერლანდებისა და ბალტიისპირეთის ქალაქები: ლიუბეკი, ჰამბურგი, ბრემენი, ნივმეგენი, დევენტერი, გრონინგენი, დორდრეხტი, ამსტერდამი, უტრეხტი, მიდელბურგი, ნინანტი, ფლირინგენი, რიგა, რეველი, დერპტი, პერნავა, ვისმარი, როსტოკი, შტრალზუნდი, გრეიფსვალდი, ნორზუნდი, კამპიენი და სხვა2.
ჰანზა არ იყო ვაჭართა კაპიტალის გაერთიანება და არ წარმოადგენდა სამეურნეო კორპორაციას3. ჰანზის დედაქალაქი იყო ლიუბეკი, სადაც მოქმედებდა უმაღლესი სასამართლო და ლიუბეკის ვაჭრები ასრულებდნენ წამყვან როლს მის სავაჭრო ოპერაციებში.
ინგლისსა და ჰანზას შორის სავაჭრო ურთიერთობებს საფუძველი ჩაეყარა ედუარდ I-ის მმართველობის ხანაში (1272-1307), როცა ჰანზას მიანიჭეს ინგლისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება. რიჩარდ II-ის დროს (1377-1399) კი რამდენიმე წლის მანძილზე შეწყდა ურთიერთობა ჰანზასთან, ხოლო 1403 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ინგლისსა და ჰანზას შორის ურთიერთობების აღდგენის შესახებ. შეთანხმების მთავარი შედეგი იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ბოლო მოღებოდა უსამართლო მძარცველობას ზღვაზე. თუ ინგლისელი მეკობრეების მიერ იქნებოდა რაიმე დატაცებული პრუსიელებისაგან და ჩაიტანდნენ ინგლისის რომელიმე ნავსადგურში, ხელისუფლება ვალდებული იყო, საქონელი ჩამოერთმია და გადაეცა იგი პატრონისათვის. თუ ისინი ამას არ შეასრულებდნენ, თვითონ უნდა აენაზღაურებინათ ზარალი, ან პირიქით, თუ პრუსიის ქალაქში დაიტაცებდნენ ინგლისურ საქონელს, უნდა დაებრუნებინათ უკან.
ინგლისელები ვაჭრობდნენ ჩრდილოეთ პრუსიაში და ჰანზის ქალაქებში, სადაც ვერ ნახულობდნენ დიდ მოგებას. ამავე დროს მათ არ ჰყავდათ იქ ხელისუფლების წარმომადგენელი. ის მხოლოდ 1391 წელს აირჩიეს, ხოლო 1404 წელს _ ჰენრი IV-ის დროს ინგლისელ ვაჭრებს, რომლებიც ამ ქვეყნებთან ვაჭრობდნენ, მიეცათ უფლება, გაერჩიათ უკმაყოფილება, რომელიც ჩამოვარდებოდა არა მარტო ინგლისელ ვაჭრებს შორის, არამედ ინგლისელებსა და უცხოელებს შორის. შემდეგ, 1407 წელს ასეთი პრივილეგია მიანიჭეს ინგლისელ ვაჭრებს ჰოლანდიაში, ზელანდიაში, ბრაბანტსა და ფლანდრიაში, 1408 წელს კი _ ნორვეგიაში, შვედეთსა და დანიაში4.
XII-XIV საუკუნეების მანძილზე ჩრდილოეთის ვაჭრობაში წამყვანი როლი ეკუთვნოდა ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქებს (ლიუბეკი, ჰამბურგი, ბრემენი), რომელნიც მდებარეობდნენ მდინარეების ელბის, ოდერისა და ვეზერის აუზებში. ეს ქალაქები განლაგებული იყო ჩრდილოეთ სკანდინავიასა და სამხრეთ ევროპას შორის, დასავლეთსა (ფლანდრიისა და ინგლისის ქალაქები) და სლავურ აღმოსავლეთს (ნოვგოროდი, პოლონეთი) შორის, რაც განაპირობებდა მის საშუამავლო ვაჭრობას. XIV-XV საუკუნეებში ჰანზის ვაჭრები ეწეოდნენ ბეწვეულით ვაჭრობას ნოვგოროდიდან ბრიუგემდე და ლონდონამდე. ისინი ვაჭრობდნენ ბეწვეულის სხვადასხვა სახეებით (თახვი, ციყვი, კურდღელი, კვერნა, წავი, წაულა, სიასამური). აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში ყიდულობდნენ დაუმუშავებელ ბეწვეულს, რომლის დამუშავებას ახდენდნენ რეველში, დანციგში, ლიუბეკში, ბრიუგეში, კიოლნში5.
ჰანზის ვაჭრები წერდნენ საჩივარს ინგლისელთა მიმართ, რომელთაც მათი სამი ხომალდი უსამართლოდ დაუპატიმრებიათ და გაუძარცვავთ 1404 წლის ივლისში. ჰანზა მოითხოვდა ზარალის ანაზღაურებას, რაც შეადგენდა 80337 გირვანქას, 122 შილინგსა და 7 პენსს. ამასთან, 250 კაცი ინგლისელებს ბარბაროსული მეთოდებით ზღვაში დაუხრჩვიათ6. აქედან ირკვევა, რომ ინგლისელთა მხრიდან ადგილი ჰქონია უსამართლო მოპყრობას ჰანზის ვაჭართა მიმართ. ჰანზის ვაჭრები ამავე დროს ჩიოდნენ, რომ ინგლისის საბაჟო მოხელეები ორჯერ მეტ გადასახადს ითხოვდა მათგან7.
არანაკლებ საინტერესოა ინგლისელთა საჩივარი ჰანზის ქალაქების _ ვისმარისა და როსტოკის მიმართ, რომლებმაც გაძარცვეს ინგლისური ქალაქების: ნიუკასლის ერთი, ჰალის (ჰულის) ხუთი, იორკის ორი, ლონდონის ორი, კოლჩესტერისა და ნორიჯის, აგრეთვე დანიის გემები. მიმდინარეობდა მოლაპარაკება ჰანზასა და ედუარდ IV-ს შორის, რომელიც დასრულდა უტრეხტის უნიის დადებით 1474წ. ჰანზამ აღმოუჩინა დახმარება ედუარდ IV-ს გრაფ ვარიკის, მარგარიტასა და ლანკასტერების წინააღმდეგ. ამ დახმარებისათვის მეფემ მათ მისცა ფაქტორია ლონდონში, ბოსტონსა და ლინში. გარდა ამისა, გადაუხადა 10 გირვანქა სტერლინგი ჰანზელებს ინგლისელთა მხრიდან უსამართლოდ აკრეფილი ბაჟების ასანაზღაურებლად. ასევე მათ დართო ნება, გაეყიდათ რაინის ღვინო საცალოდ8, მაშინ როდესაც უცხოელ ვაჭრებს უფლება არ ჰქონდათ საცალო ვაჭრობისა. მათ უნდა გაეყიდათ მხოლოდ ბითუმად.
ჰანზის ვაჭრებს ბეწვეული შეჰქონდათ ბალტიისპირეთიდან ფლანდრიასა და ინგლისში, კერძოდ ლონდონში. 1417 წელს დანციგიდან ინგლისში გაუგზავნიათ 90 მარკის ღირებულების ბეწვეული9, ხოლო ინგლისიდან ჰანზას გაჰქონდა შალი, მაუდი, ტყვია, თაფლი. ლონდონის გარდა, XV საუკუნეში ჰანზელები სავაჭროდ ჩადიოდნენ ბიშოპს-ლინში10.
ჰანზა, რამდენადაც გაბატონებული იყო ბალტიის ზღვაზე, ერთმანეთთან აკავშირებდა ნოვგოროდსა და დასავლეთ ევროპას.
ნოვგოროდ-ჰანზის ურთიერთობა სათავეს იღებდა XII-XIII საუკუნეებში. 1346 წლის 22 თებერვლის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ნოვგოროდში გერმანელ ვაჭრებს უფლება ჰქონდათ, ემოგზაურათ ხომალდით მხოლოდ გარკვეულ ქალაქებში: რიგაში, რეველსა და პერნოვოში. ნოვგოროდის გარდა, ჰანზის ვაჭრებს ამ დროისათვის ვხვდებით ფსკოვში, პოლოცკში, დერპტში, ფელინში, კუნძულ გოტლანდზე. გერმანელ ვაჭრებს უფლება არ ჰქონდათ, შეესყიდათ ნოვგოროდში ცალობით ან ბითუმად მაუდი, სხვადასხვა ქსოვილი ან რუსული წარმოების ბეწვეული. მათ შეეძლოთ მხოლოდ პურის და სხვა პროდუქტების შესყიდვა11.
ამდენად, თუ 1346 წლის დოკუმენტით ჰანზის ვაჭრებს ეკრძალებოდათ ნოვგოროდიდან ბეწვეულისა და სხვადასხვა ქსოვილის გატანა, მოგვიანებით, 1415, 1416, 1424 წლებში მათ უფლება მისცეს, ეყიდათ ნოვგოროდში ბეწვეული, ცვილი, ხოლო იქ შეჰქონდათ გასაყიდად მარილი, თაფლი, ღვინო და მაუდი. 1450 წელს ნოვგოროდსა და ჰანზას შორის დაიდო ბოლო სავაჭრო ხელშეკრულება, შემდეგში კი ნოვგოროდში ჰანზელების ფაქტორია დაიხურა და რუსეთი იწყებს ბრძოლას ბალტიის ზღვაზე გასვლისა და დასავლეთ ევროპასთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დასამყარებლად12. რაც შეეხებათ ინგლისელებს, მათ უხდებოდათ ბრძოლა, რათა დაეცვათ თავიანთი პოზიციები ჰანზის კონკურენციისაგან13. ჰანზის პრივილეგიებს ადასტურებს ცნობები, რომლებიც მოცემულია სტატუტებში14.
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებანი ჰანზასთან დაიწყო ედუარდ IV-ის დროს და 1472 წელს მეფის მიერ დამტკიცებულ იქნა უტრეხტის ტრაქტატი, რომელიც ჰანზას ანიჭებდა ფართო პრივილეგიებს, ხოლო ინგლისელებს კი არაფერს ჰპირდებოდა. ედუარდ IV წავიდა დათმობაზე, რაც აიხსნებოდა შემდეგი გარემოებით: როცა 1470 წელს გრაფმა ვარიკმა მიიღო მხარდაჭერა საფრანგეთისაგან დედოფალ მარგარიტასა და ლანკასტერთა სასარგებლოდ, ჰანზის ქალაქებმა საჭიროდ ცნეს, ჩარეულიყვნენ ინგლისის საშინაო საქმეებში. თუ საფრანგეთის გავლენა ლონდონში გაბატონდებოდა, მაშინ მათ პრივილეგიებს ბოლო მოეღებოდა. ამიტომ ისინი დაეხმარნენ ედუარდ IV-ს, რომელიც გადმოვიდა რევნსპერეში და არ შეხვედრია წინააღმდეგობა. ჰანზელებმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიიღეს სამი ფაქტორია ინგლისში: ფოლადის ეზო ლონდონში, ბოსტონსა და ლინში. ამ შეთანხმებით ჰანზის ვაჭრებმა მოიპოვეს უდიდესი წარმატება.
ჯერ კიდევ 1466 წლის 9 აპრილის დოკუმენტში ნახსენებია სთილიარდი _ ჰანზელების ფაქტორია ლონდონში15, რაც უდავოდ ადასტურებს ინგლისის სავაჭრო ურთიერთობას ჰანზასთან. შემდეგ პერიოდში, ჰენრი VII და ჰენრი VIII დროს ჰანზა სუსტდებოდა, ხოლო ელისაბედმა მიაყენა უკანასკნელი დარტყმა მათ პრივილეგიებს16.
მერსერთა „საბჭოს აქტების“ საფუძველზე ირკვევა ინგლისისა და ჰანზის სავაჭრო ურთიერთობა 1472-1523 წლებში. განვიხილოთ ეს თანმიმდევრულად.
ინგლისელები აწარმოებდნენ ვაჭრობას ჩრდილოეთის ბაზარზე _ პრუსიაში და ჰანზის ქალაქებში. საქონლის მშვიდობიანად ჩამოტანისათვის იყენებდნენ სამხედრო დაცვას. ზოგჯერ არღვევდნენ სანავიგაციო აქტს, უცხოური გემებით (ამ შემთხვევაში ჰოლანდიური _ ი. ბ.) საქონლის შემოტანის აკრძალვას ინგლისში.
1472 წლის 15 იანვრის დოკუმენტი ადასტურებს ინგლისელთა ვაჭრობას ჩრდილოეთის ბაზარზე. ვაჭარ-ავანტიურისტთა კრებაზე გამოცხადდა, რომ ინგლისელმა ვაჭრებმა ბოლო ნავიგაციის დროს ჩრდილოეთის ბაზარზე შეისყიდეს საქონელი და სურდათ მისი ჩამოტანის დროს დაექირავებინათ დაცვისათვის ორი გალეონი და ჰოლანდიური გემები, _ ვკითხულობთ დოკუმენტში17.
ინგლისელ ვაჭრებს ჰანზელები არაკეთილსინდისიერად ეპყრობოდნენ. იყო ისეთი შემთხვევები, როცა ისინი აპატიმრებდნენ ინგლისურ გემებს. 1473 წლის 1 მაისს კომპანიის კრებაზე განიხილეს საკითხი ჰანზელების მიერ ინგლისური გემების დაპატიმრების შესახებ. კრებაზე გამოცხადდა, რომ დღეს ღამით ჰანზელებმა დააპატიმრეს ორი გალეონი ზელანდიაში, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა ვაჭრების საქონლით (შესაძლებელია, არაინგლისელი ვაჭრებისაც _ ი. ბ.). კომპანიამ გამოყო გარკვეული პირები, რომლებიც მამასახლისებთან ერთად წავიდოდა ჰანზელების მეთაურთან _ ჟერარ კანიზენთან მოსალაპარაკებლად, რათა მოეწესრიგებინა ეს საქმე.
კომპანიის მიერ წარგზავნილმა პირებმა შეატყობინეს წერილით პასუხი, რომ ისინი იყვნენ ჟერარ კანიზენთან, ესაუბრნენ მას და აიძულეს იგი, რათა გაეგზავნა კაცი ბრიუგეში ტომას პორტინართან წერილით, რომელშიც აცნობებდა და ითხოვდა, რომ დახმარებოდა, რათა უზრუნველეყო ინგლისური საქონლის გამოხსნა აღნიშნული გალეონებიდან. კომპანია წერილობით ატყობინებდა ჰანზელების მეთაურს: „ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მოაწესრიგოთ საქმე იმ პორტინართან, რომელთანაც თქვენ გამონახავთ საერთო ენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გაარკვევთ, რომელი ინგლისური საქონელი არის წაღებული ხომალდებიდან და გვაცნობეთ ამის შესახებ. უნდა უზრუნველყოთ, რომ საქონელი არ გააფუჭონ და არ დააზიანონ18.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჰანზელებმა უხეშად დაარღვიეს სავაჭრო ურთიერთობა ინგლისთან და შეიპყრეს მათი გემები. ამ საკითხზე იმსჯელა კომისიამ. გააგზავნეს ნდობით აღჭურვილი პირები ჰანზელების მეთაურთან, დაარწმუნეს იგი თავიანთ სიმართლეში და მოითხოვეს მისგან, მოლაპარაკებოდა პორტინარს (ვინც დააპატიმრა გემები _ ი. ბ.) და დაეცვა ინგლისელი ვაჭრების უფლებები და მათი საქონელი. იმავე წლის მეორე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიას აცნობეს ხომალდზე არსებული მდგომარეობა. ერთი ხომალდი დაპატიმრებულია ჰანზელების მიერ, მეორე ხომალდი უნდა გასულიყო თემზაზე, მაგრამ ზღვაზე უსიამოვნების გამო (ჰანზელებისაგან თავდასხმის გამო _ ი. ბ.) იძულებული იყო, შეეცვალა თავისი კურსი და ჩასულიყო საუთჰემპტონში, სადაც მშვიდობით ჩავიდა, მაგრამ გემის მეპატრონე უცნაურად მოიქცა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ხომალდი საუთჰემპტონშივე გადმოეტვირთათ. უნდა მოეხდინათ მთელი საქონლის აღწერა, რათა დაედგინათ, დაიკარგა თუ არა რაიმე (საქონელი _ ი. ბ.) ხომალდის მეპატრონის მიზეზით. გარდა ამისა, კომპანიის მიერ გაიგზავნა ხალხი საუთჰემპტონში, რათა ეთხოვათ ჯონ პიკერინგისა და ჯონ კოლეტისათვის (გავლენიანი პირები _ ი. ბ.), ჩასულიყვნენ მეფესთან ნოტინგემში თხოვნით: 1. მეფეს გაეთავისუფლებინა ისინი ბაჟის _ 200 მარკის გადახდისაგან იმ საქონლის გადაზიდვისათვის, რომელიც გაიტანეს უცხოური გემებით; 2. მეფე დახმარებოდა მათ ჰანზელების მიერ შეპყრობილი ხომალდების გამოხსნაში.
იმავე წლის მესამე დოკუმენტში კი მოცემულია მეფის ინსტრუქციები. აი, რას ვკითხულობთ მასში: „უნდა ეცნობოს ჰერცოგს, რომ მეფემ იცის ამის შესახებ, რომ ახლახან ერთი ხომალდი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ფლორენციას, დატვირთულ იქნა ჰერცოგის ტერიტორიაზე ძვირფასი საქონლით, მისი ტიტულის ქვეშ შეიყვანეს და იმყოფება მის სამფლობელოში. ეს გემი იწოდება „ბურგუნდიის“ გალეონად“.
„გარდა ამისა, ამ ხომალდმა დატოვა ჰერცოგის ტერიტორიის წყლები. ჰერცოგმა გააფრთხილა ჰანზელები, რომლებიც მის ქვეყანაში იმყოფებოდნენ, რომ ხელი შეეშალათ გემისათვის ცურვაში და მის სამხედრო გემებს არ მოეწყოთ მასთან ბრძოლა ზღვაში“.
„ჰანზელები, გაფრთხილების მიუხედავად, თავს დაესხნენ გემს და შეიპყრეს იგი. შეექმნა საშიშროება ჩვენს და თქვენს ხალხს, რომელთა საქონელი იმყოფებოდა გემზე, ხოლო საქონელი დაიტვირთა თქვენი პასუხისმგებლობით“.
„ეს ჰანზელები იმდენად სულელები და პირდაპირები არიან, რომ მოქმედებენ თავიანთი სიტყვის საწინააღმდეგოდ და ჰერცოგის სურვილის წინააღმდეგ“.
უნდა ეცნობოს ჰერცოგს, შეთანხმების თანახმად (მეფესთან _ ი. ბ.), რომ ის საქონელი, რომელიც ხელში ჩაიგდეს სამხედრო გემებმა ან ზღვის მეკობრეებმა და გადმოტვირთულ იქნა ორივეს ქვეყანაში, დაუყოვნებლივ უნდა იქნენ დაპატიმრებული და საქონელი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს. თუ ჰანზელები წაიყვანდნენ გალეონს თავის მიწებზე და იქ გადმოტვირთავდნენ, მაშინ ჰერცოგმა აიძულოს ჰანზელები, რათა გადაუხადონ რეპარაცია საქონლის მფლობელებისათვის. ჰერცოგის გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინათ მეფისათვის19.
ასევე საყურადღებოა 1480 წლის დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს ცნობებს ჰანზელების მიერ ინგლისელ ვაჭართა შევიწროებაზე, რის გამოც ინგლისელმა ვაჭრებმა იჩივლეს ედუარდ IV-თან. დოკუმენტის მიხედვით, ორი მამასახლისი მივიდა გრინვიჩში მეფესთან და მოახსენა იმის შესახებ, რომ ჰანზელები ყიდულობდნენ დიდი რაოდენობით აბრეშუმის ქსოვილს ინგლისელი ვაჭრების საზიანოდ (ე. ი. ისინი მათ ართმევდნენ საქონელს და უწევდნენ კონკურენციას _ ი. ბ.). ინგლისში ჰანზელები სარგებლობდნენ მეტი უფლებებითა და თავისუფლებით, ხოლო მათ ქვეყანაში მეფის ვაჭრებს კი არ ჰქონდათ უფლება, გაეკეთებინათ რაიმე (ეყიდათ იმაზე მეტი საქონელი _ ი. ბ.) გარდა იმისა, რაზეც საბაჟო ხელისუფლება მათ ნებას რთავდა. როდესაც მეფემ მოისმინა ვაჭართა საჩივარი, ამის შემდეგ მისმა აღმატებულებამ ითხოვა, რომ ვაჭრებს შეედგინათ თავიანთი წინადადებები. ამისათვის კრებამ აირჩია 4 ნდობით აღჭურვილი პიროვნება: ნიკოლას ოლვინი, ჰიუ ბრაუნი, ნიკოლას მორტონი, ჯონ პიკერინგი, _ რომელთაც დაევალათ ვაჭართა მოთხოვნების შედგენა20.
ამრიგად, ირკვევა, რომ ჰანზელები ავიწროებდნენ ინგლისელებს ზღვის იქეთ ბაზრობაზე, სადაც ისინი ახდენდნენ უფრო მეტი რაოდენობით აბრეშუმის ქსოვილის შესყიდვას, ვიდრე ინგლისელი ვაჭრები. ისინი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ჰანზელი ვაჭრები სარგებლობდნენ ინგლისში მეტი უფლებებით, ხოლო ინგლისელებს კი ზღუდავდნენ. ედუარდ IV-მ მხარი დაუჭირა ინგლისელი ვაჭრების მოთხოვნებს, რადგან მის ინტერესებში შედიოდა ინგლისის ვაჭრობის განვითარება და ამიტომ დაავალა მათ, შეედგინათ მოთხოვნები, რომელიც დაიცავდა ინგლისელ ვაჭართა ინტერესებს და კონკურენციას გაუწევდა ჰანზელ ვაჭრებს.
ამავე დროს, ინგლისელ ვაჭრებს ეკრძალებოდათ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება უცხოელ ვაჭრებთან _ ჰანზელებთან. ამ მხრივ, საინტერესოა 1480 წლის დოკუმენტი: „1480 წლის 16 მაისს ვაჭარ-ავანტიურისტთა კრებაზე გამოცხადდა, რომ ჩვენი მოქმედებით უკმაყოფილო არის კანცლერი, რადგან ჩვენ არ ვაძლევთ ზუსტ ინფორმაციას (გადასახადის გადახდის შესახებ _ ი. ბ.) და გამოაგზავნა ჩვენთან ორი კლერკი თავისი კანცელარიიდან დავალებით, რომ მათ კანცლერისათვის გაეგზავნათ სია და ეთხოვათ პატიება, წინააღმდეგ შემთხვევაში დანიშნავდა კომისიას, რომელიც გამოიტანდა განაჩენს ჩვენს წინააღმდეგ“.
შემდეგ წაიკითხეს იმ დავალიანებულ პირთა სია, რომელიც უნდა წარედგინათ ხაზინაში. ასევე გამოცხადდა, რომ ყოველმა ვაჭარმა, რომელმაც მიიღო პატიება (ვალის, სუბსიდიის გადახდის თაობაზე მეფის მიმართ), უნდა დადოს შემდეგი ფიცი: „შენ ფიცს დებ, რომ თავს შეიკავებ ცუდი საქციელისაგან, როგორც იყო წარსულში და შენ არ აიძულებ არავის ჰანზელებისაგან იყიდოს დიდი რაოდენობით საქონელი აქ (ინგლისში _ ი. ბ.), ვიდრე თქვენ იყიდით მისგან“.21
ამრიგად, იმისათვის, რომ ინგლისის ვაჭრობას ჰქონოდა სწორი ორგანიზება, ვაჭრებს რომ არ ენახათ ზარალი და ჰყოლოდათ მუდმივი მყიდველი, ამისათვის ინგლისელ ვაჭრებს არ უნდა დაერღვიათ ვაჭრობის წესები ჰანზელებთან, თავი უნდა შეეკავებინათ ცუდი საქციელისაგან (მათი საქონლის დაწუნება, დაზიანება _ ი. ბ.), აჯანყების მცდელობისაგან მათ წინააღმდეგ და დაეცვათ ყიდვა-გაყიდვის ნორმები; არ უნდა აეძულებინათ ჰანზელები, რომ ეყიდათ უფრო მეტი რაოდენობით ინგლისელთა საქონელი, ვიდრე ისინი იყიდდნენ მათგან. ყოველივე ამას ლონდონის ვაჭარ-ავანტიურისტთა კომპანია ახორციელებდა ქვეყნის სავაჭრო ინტერესებიდან გამომდინარე.
1484 წელს აკრძალული იყო ვაჭრობა ჰანზასთან ორდონანსის ძალით. ვინც მას დაარღვევდა, გადაიხდიდა ჯარიმას22, ხოლო 1489 წელს ინგლისელი ვაჭრები ჩანან ჩრდილოეთის ბაზარზე პრუსიაში და ჰანზის ქალაქებში.
1489 წლის 25 თებერვლის დოკუმენტში საუბარია იმის შესახებ, რომ ინგლისური გემები დაბრუნდნენ ბოლო ჩრდილოეთის ბაზრიდან23.
იმავე წლის მეორე დოკუმენტი გადმოგვცემს, რომ აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის ბაზარზე დანიშნულ გემებს, ასევე ზელანდიიდან დაბრუნებულ გემებს უნდა ჰქონოდათ კონდუიტი24, რაც ადასტურებს ინგლისელთა ვაჭრობას ჩრდილოეთის ბაზარზე ჰანზასთან.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთის ბაზარზე ლონდონის ვაჭარ-ავანტიურისტთა გამგზავრება დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან ხშირად მტერი დათარეშობდა იმ ადგილებში, ამიტომ ავანტიურისტები აღნიშნულ პრობლემაზე მსჯელობდნენ სპეციალურად მოწვეულ კრებაზე. სწორედ აღნიშნულ საკითხზე მოიწვიეს 1490 წლის დეკემბერში ვაჭარ-ავანტიურისტთა კომპანიის საერთო კრება, სადაც გამოაცხადეს, რომ მათი სამი გემი: „ჟოფრე გობჰემი“, „გრიფიტსი“ და „პასტრიცია“ _ მიემგზავრება ჩრდილოეთ ბაზარზე, მაგრამ საეჭვოა მათი უსაფრთხოება იმის გამო, რომ დათარეშობს მტერი, განსაკუთრებით შლიუზებში (ნიდერლანდებში _ ი. ბ.). ამიტომ უნდა ემსჯელათ, როგორ მოქცეულიყვნენ.
გადაწყდა, რომ კომპანიის რწმუნებულები, რომლებიც დანიშნეს ამ სამ გემზე, მეორე დღეს უნდა მოთათბირებოდა გემის მეპატრონეებს და მეხაზინეებს იმის შესახებ, რომ ეწარმოებინა მოლაპარაკება იმ ხალხთან, ვინც ითხოვდა სადაზღვევო გადასახადის გადახდას ყოველი ფუთის ფრახტზე 10 პენსი ვერცხლის ოდენობით. თუ კომპანია თანახმა იქნებოდა, მაშინ საჭირო იყო, დაედოთ ახალი პირობა: მიეცათ მათთვის მეტი ხალხი გემების დასაცავად და გაედიდებინათ სადაზღვევო გადასახადი 12 პენსის ოდენობით ყოველი ფუთის ფრახტზე25. გამოდის, რომ ვაჭრები მზად იყვნენ გადაეხადათ მეტი ოდენობით სადაზღვევო გადასახადი და აგრეთვე ითხოვდნენ გემების დაცვის გაძლიერებას (მეტი ადამიანის გამოყოფას გემების დასაცავად _ ი. ბ.) ჩრდილოეთის ბაზარზე მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ზოგიერთ შემთხვევაში ინგლისელ ვაჭრებს დავალიანება რჩებოდათ ჩრდილოეთის ბაზარზე წასვლის შემდეგ. სწორედ ამის შესახებ არის საუბარი 1490 წლის 5 მაისის დოკუმენტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა დავალიანებული ვაჭრები, რომელთაც დარჩენიათ ვალი 1487 წელს სინკსონის ბაზარზე და 1489 წელს ჩრდილოეთის ბაზარზე წასვლის შემდეგ.
დავალიანებულ პირთა შორის მოხსენიებული არიან რკინა-კავეულით მოვაჭრენი რიჩარდ უინტერი, თომას ბილსდონი და ფილიპ ბოლი, ასევე ტყავით მოვაჭრე ჯონ ჰასმერი, რომლის ვალი შეადგენდა 13 გირვანქა სტერლინგს26.
გამოდის, რომ ინგლისელი ვაჭრები ზოგჯერ არაკეთილსინდისიერად იხდიდნენ საბაჟო გადასახადს, რის გამოც რჩებოდათ დავალიანება. გარდა ამისა, ისიც ირკვევა, რომ მათ მაუდის გარდა გაჰქონდათ ტყავი და რკინა-კავეულიც.
ჩრდილოეთის ბაზარზე გამგზავრება ვაჭრებს ცოტა თანხა როდი უჯდებოდათ. მაგალითად, 1491 წლის 11 იანვრის დოკუმენტიდან ჩანს, თუ რა დიდი დაბეგვრა მოელოდა იმ ვაჭრების საქონელს, რომელიც ჩამოიტანეს გემებმა ბოლო ნაოსნობის შედეგად ჩრდილოეთის ბაზრობიდან. ეს ნაოსნობა მათ დაუჯდათ დაახლოებით 12-13 ათასი გირვანქა სტერლინგი27.
იმისათვის, რომ ნაოსნობის ხარჯები დაეფარათ, კომპანია ითხოვდა, რათა გაედიდებინათ საბაჟო გადასახადი მათ მიერ ჩამოტანილ საქონელზე, რაზეც უარს ვერ ეტყოდნენ ვაჭრებს. ინგლისისა და ჰანზის სავაჭრო ურთიერთობებს ასახავს 1493 წლის 14, 15 და 17 ოქტომბრის დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ ჰანზელები ავიწროებდნენ ინგლისელ ვაჭრებს, რისი შედეგიც იყო ინგლისელთა პროტესტი და ამბოხება.
1493 წლის 14 ოქტომბრის ვაჭარ-ავანტიურისტთა კრებაზე გამოცხადდა, რომ ჰანზელები ქირაობენ და ტვირთავენ გემებს მაუდით და სხვა ქსოვილებით, ემზადებიან თავიანთ ქვეყნებში გასამგზავრებლად და რომ მათ შორის არიან ისეთი ვაჭრები, რომელთაც მეფემ ახლახან არა მარტო აუკრძალა, არამედ თვითონ მათ დაივალეს, რომ არ გაიტანდნენ არავითარ საქონელს ინგლისიდან რომის იმპერატორისა და ბურგუნდიის ჰერცოგის მიწებზე (საკითხი ეხება ვაჭრობის აკრძალვას ბურგუნდიის ჰერცოგის მიწებზე _ ი. ბ.) და არც იქიდან შემოიტანდნენ საქონელს. მაშინ ჩვენმა (ინგლისელმა _ ი. ბ.) ვაჭრებმა გადაწყვიტეს, რომ მათაც (უცხოელებთან თანაბრად _ ი. ბ.) აქვთ უფლება, დატვირთონ გემებზე თავიანთი საქონელი, მიჰყიდონ ან იყიდონ ჰანზელებისაგან საქონელი და დადონ სავაჭრო შეთანხმება მათთან. გარდა ამისა, კრებაზე გამოცხადდა, რომ სტივენ ბული (ვაჭარი _ ი. ბ.) აპირებდა წასვლას თავისი გემებით ჰანზელებთან ერთად და ითხოვდა ნებას, თუ შეიძლებოდა, მასაც დაეტვირთა გემები28.
დოკუმენტიდან არ ჩანს, რა პასუხი მიიღეს ინგლისელმა ვაჭრებმა და სტივენ ბულიმ ჰანზელებთან ერთად გემების საქონლით დატვირთვისა და ზღვისიქით გამგზავრების შესახებ. ერთი რამ კი ცხადია, რომ ინგლისელი ვაჭრები პროტესტს გამოთქვამდნენ ჰანზელების მიმართ, რომლებსაც ყოველგვარი ნებართვის გარეშე გაჰქონდათ საქონელი გასაყიდად ბურგუნდიის ჰერცოგის მიწებზე (აკრძალულ მიწებზე _ ი. ბ.).
ინგლისელ ვაჭართა უკმაყოფილება ჰანზელი ვაჭრების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ ზოგჯერ ის შეიარაღებულ ამბოხებაშიც კი გადაზრდილა. ამას ადასტურებს 15 ოქტომბრის დოკუმენტი. 1493 წლის 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დილით მოხდა დიდი აჯანყება ჰანზელების წინააღმდეგ. ამ აჯანყებას უფრო მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, ქალაქის მერსა და მაღალ პირებს რომ არ შეეჩერებინათ იგი. გადაწყდა, რომ მერს, ოლდერმენს და შერიფს უნდა ხლებოდა 12 შეიარაღებული კაცი (დაცვა _ ი. ბ.), რათა უზრუნველეყოთ სიტიში მშვიდობა და წესრიგი.
იმავე დღეს, შუადღეზე ილდ ჰოლში მერთან და ოლდერმენთან გამოძახებულ იქნა ყველა კორპორაციის მამასახლისი კონეტაბლებთან ერთად და მოითხოვეს მათგან ქალაქში მშვიდობის დაცვა. სახლშიც კი არ უნდა გაეჩერებინათ არც ერთი კაცი თავისი მსახურისა, რომელზეც მათ უნდა ეგოთ პასუხი და უნდა ეკისრათ მშვიდობის დაცვა. მამასახლისებსა და სხვა პირებს გამოეყოთ დაცვა, რომელიც დარჩებოდა ოლდერმენებთან დანიშნულ დროს მორიგედ29.
როგორც ირკვევა, უცხოელებთან აჯანყების და ქალაქში უწესრიგობის თავიდან აცილებისა და მშვიდობის დაცვის მიზნით გამოიყო დაცვა. მიუხედავად ამისა, ინგლისელთა მხრივ მაინც ჰქონდა ადგილი აჯანყების მოწყობის მცდელობას ჰანზელების წინააღმდეგ, რასაც ადასტურებს 1493 წლის 17 ოქტომბრის დოკუმენტი. აი, რას ვკითხულობთ დოკუმენტში: მამასახლისებმა ჯონ ბრაუნმა, უარდმა და ოლდერმენმა რობერტ ტეიტმა, მერის რჩევით, გუშინ ლორდ-კანცლერებს მოახსენეს იმ პირების ქცევის შესახებ, რომელთაც დააპირეს დიდი აჯანყების მოწყობა ჰანზელების წინააღმდეგ. ქალაქის უსაფრთხოების და აჯანყების თავიდან აშორების მიზნით დანიშნული იქნა ღამის დაცვა. მოისმინა რა ყოველივე ამის შესახებ, მილორდ-კანცლერი დარჩა კმაყოფილი. ამის შემდეგ ჩვენ (ვაჭრებმა – ი. ბ.) მივაწოდეთ მას იდეა იმის შესახებ, რომ წავიღებდით საქონელს გემებით ჰანზელებთან ერთად. ეს მოგვიტანდა დიდ მოგებასა და სარგებლობას, მაგრამ მილორდ-კანცლერმა არ გვირჩია ჰანზელებთან ერთად საქონლის წაღება. გარდა ამისა, ჩვენს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა. ზოგიერთი ამბობდა, რომ არც ერთ ინგლისელს არ ჰქონდა ლიცენზია ვაჭრობაზე, მაშინ, როდესაც ჩვენ ვალდებული ვიყავით, დავმორჩილებოდით მეფის ყველა ბრძანებას, ხოლო უცხოელები მოქმედებდნენ პირიქით და მიიღებენ მოგებას. მათ შეისყიდეს დიდი რაოდენობის მაუდის ქსოვილები და აპირებენ გაიტანონ იგი თავიანთ ქვეყნებში, რაც იქნება მეფის ყველა ბრძანების დარღვევა და ზარალის მომტანი ქვეყნისათვის. გარდა ამისა, ნათქვამი იყო, რომ ჰანზელები უკვე ტვირთავენ მაუდს საფრანგეთში შესატანად, ხოლო ნაწილს _ ბურგუნდიის ჰერცოგის ტერიტორიაზე. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ზომები ამის წინააღმდეგ. გადაწყდა, რომ კომპანიას უნდა გაეტარებინა ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად და მოეხსენებინა შემდეგ შედეგები მერისათვის, ხოლო მერს ეცნობებინა ყოველივე კანცლერისათვის30.
ზემოთ მოყვანილ დოკუმენტში საუბარია ისევ ჰანზელების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის მცდელობის შესახებ, რისთვისაც კომპანიამ გამოყო ღამის დაცვა. დოკუმენტში არის ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ ჰანზელები არღვევდნენ მეფის ბრძანებას და გაჰქონდათ საქონელი საფრანგეთში და ბურგუნდიის ჰერცოგის მიწებზე, რის შესახებაც ჩიოდნენ ინგლისელი ვაჭრები. ისინი მოითხოვდნენ, რომ აკრძალვა უნდა შეხებოდა უცხოელ ვაჭრებსაც. თუ ამას არ განახორციელებდნენ, მაშინ ინგლისელი ვაჭრები ჩავარდებოდნენ ზარალში.
1494 წელს, როცა პოლიტიკური მიზეზების გამო, რომელთა შორის მთავარი იყო მთავრობის მხარდაჭერა ჰენრი VII ტიუდორის წინააღმდეგ იორკთა დინასტიის ფეოდალური ჯგუფისადმი, ვაჭრობა ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის დაირღვა. ნიდერლანდებიდან და გერმანული მიწებიდან ინგლისის ბაზარზე საქონლის ერთადერთ შემომტანად რჩებოდნენ ჰანზელები, რომლებმაც ხელიდან არ გაუშვეს ხელსაყრელი მომენტი გამდიდრებისათვის და ამიტომაც ეწეოდნენ ამ დროს გაცხოველებულ ვაჭრობას ინგლისთან, არ ერიდებოდნენ მეფის ბრძანების დარღვევას, ინგლისელი ვაჭრების ზარალში ჩაგდებასაც კი. ინგლისისათვის თეთრეულის ძირითადი მიმწოდებლები იყვნენ ჰანზელები, რასაც ადასტურებს 1502 წლის 7 დეკემბრის დოკუმენტი. ვაჭარ-ავანტიურისტთა კომპანიამ დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა ომს ინგლისსა და ჰანზას შორის, მაშინ თეთრეულის ქსოვილი (ბატისტი, მაქმანი _ ი. ბ.) დროებით არ შემოვიდოდა სთილიარდში, ხოლო ქსოვილის მზომავს (ეს ვაჭართა ერთადერთი თანამდებობა იყო ლონდონში _ ი. ბ.), რომელსაც ყოველწლიურად უხდიდნენ 16 გირვანქა სტერლინგს, ახლა გადაუხდიდნენ ნაკლებს 4 პენსის ოდენობით31, ვინაიდან არ იქნებოდა თეთრეულით ვაჭრობა.
ზოგიერთ შემთხვევაში ჰანზის ვაჭრები საჩივარს აღძრავდნენ ინგლისელი ვაჭრების მიმართ, ვინაიდან ქსოვილის მზომავი უხეშად არღვევდა ვაჭრობის წესებს და ჰანზელი ვაჭრები ზარალდებოდნენ. აი, რას ვკითხულობთ 1508 წლის 12 აგვისტოს დოკუმენტში: ჰანზელები უჩიოდნენ ჯონ გუსს _ ქსოვილის მზომავს, თან მოიტანეს საჩივარი, რომელიც წაკითხულ იქნა კრებაზე. ამ საჩივრის თანახმად, ჯონ გუსს ჰქონია ყალბი საზომი, რითაც მან ერთხელ გაზომა ქსოვილი და მოიპარა 3 გირვანქა, 13 შილინგი და 8 პენსი (ე. ი. ამ ღირებულების ქსოვილი _ ი. ბ.). ამ საჩივარში მოცემულია მოთხოვნა, გაათავისუფლონ იგი თანამდებობიდან, რომელიც მას ეკავა 7 წლის მანძილზე (ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ზარალს მიაყენებდა ის მყიდველს ამ 7 წლის მანძილზე, თუ ყოველთვის ასეთი ყალბი საზომით ზომავდა _ ი. ბ.). კრებამ დაადგინა, რომ ჯონ გუსი (ქსოვილის მზომავი _ ი. ბ.) გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან და დალოდებოდნენ შემდეგ განკარგულებას32, სანამ არ დანიშნავდნენ ახალ პიროვნებას აღნიშნულ თანამდებობაზე. როგორც ირკვევა, ჰანზასა და ინგლისს შორის ვაჭრობა არ ყოფილა რეგულარული ხასიათის, ზოგჯერ ის წყდებოდა, რაც დაკავშირებული იყო მათ შორის გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებასთან.
1509 წლიდან ჩანს ინგლისსა და ჰანზას შორის სავაჭრო ურთიერთობა, რასაც ადასტურებს 1509 წლის დოკუმენტი, რომელშიც არის ცნობები მათ შორის საქონლის ფასებზე სავაჭრო მოლაპარაკების წარმოების შესახებ.
1509 წლის 17 დეკემბერს შედგა მამასახლისთა დამხმარეების კრება. აქ გამოცხადდა, რომ მამასახლისს სურს გაიგოს კომპანიის აზრი, არის თუ არა საჭირო მოლაპარაკება კომპანიის წევრებთან და კალეს მერთან იმის თაობაზე, თუ რამდენი გადაუხადონ გერმანელ ვაჭრებს (ე. ი. როგორ ფასებში იყიდონ საქონელი მათგან _ ი. ბ.). კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მამასახლისები უნდა მოლაპარაკებოდნენ კალეს მერს _ ბატონ ტეიტომს გერმანელების საქონლის ფასების შესახებ და წარედგინათ თავიანთი მოთხოვნების ყველა პუნქტი წერილობით, შემდეგ უნდა განეხილათ ის ავანტიურისტთა კრებაზე და შეთანხმებულიყვნენ ერთიან მოქმედებაზე33.
დოკუმენტი გვაუწყებს, რომ გერმანელ (ჰანზელ) ვაჭრებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება გასაყიდი საქონლის ფასების შესახებ. როგორც ირკვევა, მოლაპარაკებაში მონაწილეობას იღებდა კალეს მერიც (შესაძლებელია, ის შუამდგომლობდა ჰანზელ ვაჭრებს ინგლისელებთან _ ი. ბ.). საბოლოოდ, კომპანიასთან ერთად ვაჭრები უნდა შეთანხმებულიყვნენ ერთიან ფასზე.
1551 წელს ვაჭარი-ავანტიურისტები მოითხოვდნენ საიდუმლო საბჭოსაგან, რომ რადგან ჰანზელები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ პრივილეგიებს, ამიტომ უნდა ჩამოერთმიათ მათთვის უფლებები. დიდი მსჯელობის შემდეგ მათ ჩამოერთვათ პრივილეგია და ჩააყენეს ისეთივე მდგომარეობაში, როგორც სხვა უცხოელი ვაჭრები34.
XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰანზა კარგავს თავის წინანდელ უფლებებს ინგლისის საგარეო ბაზარზე. ედუარდ VI-მ (1547-1553) ჩამოართვა ჰანზას თავისი პრივილეგიები 1552 წელს. გერმანული ქალაქების ჰანზის კავშირი 1590 წელს ჩიოდა, რომ ინგლისის მიერ ე. წ. „უძლეველი არმადის“ დამარცხების შემდეგ (1588წ.) ინგლისი არა მარტო გერმანიაში, არამედ თითქმის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ამყარებს თავის უფლებებს და ხელში იღებს მთელ ვაჭრობას და მოგებას.
პ. შჩეგოლევის მიხედვით, 1578წ. ლონდონში ჰანზელების „ფოლადის ეზო“ დაიხურა35, ხოლო სხვა მეცნიერები: მ. სობოლევი36 და ა. მორტონი37 ამტკიცებენ, რომ ინგლისელ და ჰანზელ ვაჭრებს შორის ბრძოლა დასრულდა ამ უკანასკნელთა გაძევებით ლონდონიდან. უკანასკნელი დარტყმა მათ მიაყენა დედოფალმა ელისაბედმა 1598 წელს, როდესაც დაიხურა მათი „ფოლადის ეზო“. ამრიგად, მერსერთა „საბჭოს აქტების“ საფუძველზე შეიძლება წარმოვიდგინოთ სავაჭრო ურთიერთობა ჰანზასა და ინგლისს შორის ლონდონის მაგალითზე.
როგორც ირკვევა, 1403 წელს მიმდინარეობდა მოლაპარაკება გერმანიისა და ინგლისის ვაჭრებს შორის. თუ ადგილი ექნებოდა საქონლის მიტაცებას რომელიმეს მხრივ, მაშინ ისინი ვალდებული იყვნენ ან დაებრუნებინათ საქონელი, ან აენაზღაურებინათ ზარალი. ხოლო 1472 წელს მოლაპარაკება ედუარდ IV-სა და ჰანზას შორის დასრულდა უტრეხტის ტრაქტატის დადებით, რომელიც ფართო პრივილეგიებს ანიჭებდა ჰანზელებს. მათ მიიღეს სამი ფაქტორია ინგლისში: ფოლადის ეზო ლონდონში, ბოსტონსა და ლინში. ჰანზის ვაჭრები უხეშად არღვევდნენ სავაჭრო პირობებს ინგლისელებთან, რაც გამოიხატებოდა მათ მიერ ინგლისური გემების დაპატიმრებაში (1473წ.), ვაჭრების შევიწროებაში (1480წ.), გემების უნებართვოდ საქონლით დატვირთვაში (1493წ.), უსამართლო საბაჟო გადასახადების დაწესებაში და ა.შ.
ინგლისელი ვაჭრები ამის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას გერმანელი ვაჭრების მიმართ და, უფრო მეტიც, ადგილი ჰქონდა აჯანყების მოწყობის მცდელობას მათ წინააღმდეგ (1493წ.). ირკვევა ისიც, რომ 1494 წელს დაირღვა ინგლისსა და ბურგუნდიას შორის სავაჭრო ურთიერთობა პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავებასთან ერთად და ნიდერლანდებიდან და გერმანული მიწებიდან საქონლის ერთადერთი შემომტანი ჰანზელები იყვნენ. ჰანზას საერთოდ ინგლისში შემოჰქონდა უმეტესად თეთრი ბატისტი (თეთრეული), ბეწვეული, ხოლო ინგლისიდან გაჰქონდა შალი, მაუდი, ტყვია, თაფლი.
ჰანზის პრივილეგიები შესუსტდა ჰენრი VII (1485-1509) და ჰენრი VIII (1509-1547) ეპოქაში, ხოლო დედოფალმა ელისაბედმა ბოლო მოუღო მათ ვაჭრობას ინგლისში და დახურა მათი ფაქტორიები. ამრიგად, XV საუკუნეში ინგლისელ ვაჭართა მისწრაფება, რათა თვითონ, და არა უცხოელების საშუალებით, ეწარმოებინათ ვაჭრობა საშინაო და საგარეო ბაზარზე, XVI საუკუნეში დასრულდა ჰანზელების გაძევებით საშინაო და საგარეო ბაზრებიდან და ინგლისელ ვაჭართა სრული გამარჯვებით.
შენიშვნები
1. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ (1423-1528). – ჭიტჰ ან ინტროდუცტიონ ბყ L. Lყელლ, ასსისტედ ბყ F. D. ჭატნეყ, ჩამბრიდგე, 1936.
2. შუა საუკუნეების სამართალი. განვითარებული ფეოდალიზმის ხანა XI-XIV საუკუნეებში, ტ. II, ი. დოლიძის გამოცემა, თბ., 1962, გვ. 474.
3. Ф. Я. Полянский. Экономическая история зарубежных стран. Эпоха феодализма, М., 1954, გვ. 331.
4. У. Кенингем. Рост английской промышленности и торговли в ранний период и средние века, М., 1909, გვ. 356.
5. М. П. Лесников. Некоторые вопросы балтийско-нидерландской торговли хлебом в конце XIV – начале XV века. – В кн.: “Средние века”, вып. 7, М., 1955, გვ. 62-72.
6. У. Кенингем. Рост английской.., გვ. 360.
7. У. Кенингем. Рост английской.., გვ. 361.
8. იქვე, გვ. 361.
9. М. П. Лесников. Некоторые вопросы.., გვ. 92.
10. ჩჰ. Gროსს. თჰე Gილდ Mერცჰანტ, ვოლ. II, Oხფორდ, 1890, გვ. 156-157.
11. შუა საუკუნეების სამართალი, ტ. II, გვ. 470-471.
12. Н. А. Казакова. Из истории сношений Новгорода с Ганзей в XV веке. – “Исторические записки”, вып. 28, М., 1949, გვ. 121-126.
13. Э. Бааш. История экономического развития Голландии в XVI-XVIIвв., М., 1962,
გვ. 291.
14. შტატუტეს ოფ ტჰე ღეალმ ფრომ Oრიგინალ ღეცორდს ანდ Aუტჰენტიც Mანუსცრიპტს, ვოლ. II, L., 1816, გვ. 666.
15. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ, გვ. 280.
16. M. Dალე. თჰე Lონდონ შილკწომან ინ ტჰე XV ცენტურყ, Eც. H.ღ. IV, 1933, გვ. 191.
17. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ, გვ. 65.
18. იქვე, გვ. 69.
19. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ, გვ. 69.
20. იქვე, გვ. 137.
21. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ, გვ. 138.
22. იქვე, გვ. 158.
23. იქვე, გვ. 202.
24. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ, გვ. 199.
25. იქვე, გვ. 209.
26. იქვე, გვ. 208-210.
27. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ, გვ. 223.
28. იქვე, გვ. 587.
29. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ, გვ. 590.
30. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ, გვ. 590.
31. იქვე, გვ. 259.
32. თჰე Aცტს ოფ ჩოურტ ოფ ტჰე Mერცერ’ს ჩომპანყ, გვ. 316.
33. იქვე, გვ. 345.
34. У. Кенингем. Рост английской.., გვ. 421.
35. П. П. Щеголев. Очерки из истории Западной Европы XVI-XVIIвв., М., 1938, გვ. 264.
36. М. Н. Соболев. Очерки из истории всемирной торговли в связи с развитием экономической жизни, М., 1902, გვ. 58.
37. А. Л. Мортон. История Англии, М., 1950, გვ. 174.