вторник, 19 марта 2019 г.

„სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაწილება“ (ე. აბაშიშვილი)

უძველესი წერილობითი წყაროების მიხედვით, ისტორიული მესხეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ძვ.. II ათასწლეულის მიწურულს მუშქბეს იგივე მესხებს საკუთარი სამეფო ჰქონიათ. ძვ. . VI სის I ნახევარში მუშკთა სამეფოს ურარტუელებმა და ამიერკავკასიაში შემოჭრილმა კიმერიელებმა მოუღეს ბოლო. ამის შემდეგ მესხთა ტომობრივმა გაერთიანებებმა სამხრეთიდან უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და ძვ, . VI -ში უკვე ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე მოსახლეობენ.
ძვ.. III საუკუნეში ფარნავაზმა თავის ძალაუფლებას დამორჩილებული ერთიანი საქართველო რვა საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ დაჰყო. ეს ტერიტორიული და ადმინისტრაციული დაყოფა მესხეთსაც შეეხო. იგი სამ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად _ საერისთავოდ დაიყო: წუნდის, ოძრახესა და კლარჯეთის საერისთავოდ. წუნდის საერისთავო გადაჭიმული იყო ფარავნიდან ვიდრე მტკვრის სათავემდე და მის ფარგლებში მოექცა ჯავახეთი, კოლა და არტაანი. ოძრახეს საერისთავოს ტერიტორია ტაშისკარიდან იწყებოდა და არსიანის მთამდე ვრცელდებოდა. ოძრახეს საერისთავოში შედიოდა სამცხე და აჭარა. რაც შეეხება კლარჯეთის საერისთავოს, იგი არსიანის მთიდან სამხრეთ-დასავლეთით ვრცელდებოდა და შავ ზღვამდე აღწევდა.
დროთა განმავლობაში ამ საერისთავოთა საზღვრები ხშირად იცვლებოდა. მაგალითად, ჯავახეთის დიდი საერისთავოს არსებობის დროს, მისი საზღვრები თანამედროვე ჯავახეთთან ერთად კოლას ოლქსა და ჩრდილისი ტბის შემოგარენს მოიცავდა. ვახტანგ გორგასლის პერიოდში წუნდისა და ოძრახეს ერისთავთა ძალაუფლება საკმაოდ შეზღუდულად გამოიყურებოდა, რადგანაც მათი  ადმინისტრაციული ცენტრები ერთდროულად სამეფო რეზიდენციასაც წარმოადგენდნენ.
არაბების შემოსევის შედეგად განადგურდა ციხე-ქალაქები არტანუჯი, ოძრახე და წუნდა. მათი განდევნის შემდეგ ქვეყანა განახლების გზას დაადგა. IX საუკუნის დასაწყისში ტაო-კლარჯეთში „ქართველთა სამეფო“ ჩამოყალიბდა. დავით კურაპალატის დროს (Xს-ს II ნახევარი), მის საზღვრებში იყო _ სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, კოლა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, აჭარა, ბასიანი, სპერი.
ადრეფეოდალური ეპოქის მიწურულიდან ოძრხეს ნაცვლად თანდათან წინაურდება ახალციხე, რომელსაც ვახუშტის მიხედვით ლომსიანა უნდა რქმეოდა. „მატიანე ქართლისაის“ ერთი ცნობის მიხედვით, IXს. ტაო-კლარჯეთის მფლობელს გუარამ მამფალს ახალციხეში დიდი ციტადელი, ახალი ციხესიმაგრე აუგია, რომლის შემდეგ ეს ქალაქი სამცხისა და ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.
საქართველოს ძლიერების ხანაში სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთი ფორპოსტი იყო. მონღოლთა ბატონობის დროს „ინჯუ ი ხასსად“ შეწყალებული ფეოდალის სამფლობელოში „დივნის“ მოხელენი, ხარკის ამკრეფნი ვერ შედიოდნენ. აქედან გამომდინარე ასეთ ხასს მამულებს დიდი შეღავათები ეძლეოდათ და მაღალი ეკონომიკური მდგომარეობაიყო. ხასი ფეოდალი, რომელიც ეკონომიკურად რომელიმე მონღოლი ყაენის თუ უფლისწულის საკუთრებას შეადგენდა, ბუნებრივია პოლიტიკურადაც ფართო დამოუკიდებლობით სარგებლობდა. მეფე სიუზერენს ჩამოჩორებული ერთერთი ასეთი მოხელე-ფეოდალი იყო სარგის ჯაყელი მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის მთავარი და სპასალარი.
1266 წლიდან მისი სამთავრო ხასინჯუდ იქცა და თვითონ უშუალოდ დექვემდებარა ყაენის მმართველობას. სამთავროს საზღვრებში ერთიანდებოდა საქართველო ტაშისკარიდან კარნუ-ქალაქამდე (კარინამდე): სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, კოლა, არტაანი, ჯავახეთის ნაწილი.
გიორგი ბრწყინველემ შემოიერთა სამცხე-საათაბაგო. XV ს-ის II ნახევარში სამცხის სამთავრო სრულად დამოუკიდებელია. ამიერიდან ჯაყელების ამ სამფლობელოს „სამცხე-საათაბაგო“, ხოლო ჯაყელებს ათაბაგები ეწოდებათ, ზოგჯერ „მეფეებიც“ კი.
1578 წელს თურქებმა მთელი მესხეთი დაიპყრეს და დაპყრობილ ტერიტორიაზე ახალციხის საფაშო შექმნეს, 1595 წელს დაპყრობილი მხარე აღწერეს და გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი შეადგინეს. 1625 წელს სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა.
„გურჯისტანის ვილაიეთის“ ადმინისტრაციული დანაწილება შემდეგნაირი იყო: ვილაიეთი დანაწილდა ძირითად სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად _ ლივებად (სანჯაყი), ლივები _  ნაჰიებად (რაიონი) და ყადილუქებად, ნაჰიები კი _ კარიებად (სოფელი) და დასახლებულ პუნქტებად. სულ „დავთრის“ მიხედვით სამცხე-საათაბაგო 1160 სოფელს მოიცავდა [მ.სვანიძე, სამცხესაათაბაგოს ადმინისტრაციული დაყოფა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით“, თსუ შრომები, ტ.121, თბ., 1967; გვ.295].
„გურჯისტანის ვილაიეთის“ სათავეში იდგა ბეგლარ-ბეგი (მირ-მირანი) და პროვინციის მთავარგამგებლობა მის ხელთ იმყოფებოდა. ბეგლარბეგს სულთანი ნიშნავდა და იგი უშუალოდ მას ემორჩილებოდა. ბეგლარბეგი განაგებდა სამოქალაქო, სამხედრო და, ნაწილობრივ, სამართლის საქმეებს. ვილაიეთის შემადგენლობაში შემავალი სანჯაყ-ბეგები ვილაიეთის ბეგლარბეგს ემორჩილებოდნენ. ჩილდირის ბეგლარბეგის რეზიდენცია ახალციხეში მდებარეობდა. (საჭიროა ვიცოდეთ, რომ „გურჯისტანის ვილაიეთი“ და „ჩილდირის ვილაიეთი (ეიალეთი)“ ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეულია. მაგრამ, რადგანაც მისი ადმინისტრაციული ცენტრი ახალციხე იყო, მას ახალციხის საფაშოსაც უწოდებდნენ). სანჯაყ-ბეგი მართავდა სანჯაყის სამოქალაქო და სამხედრო საქმეებს [ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694-1723წწ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ც.აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მ. სვანიძემ, თბ., 1979. გვ. 79.; მ.სვანიძე, სამცხე-საათაბაგოს ადმინისტრაციული დაყოფა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით“, თსუ შრომები, ტ.121, თბ., 1967; გვ. 295].
ვილაიეთის საქმეების განსახილველად ბეგლარბეგის თავმჯდომარეობით დივანი იკრიბებოდა. რელიგიისა და სამართლის საქმეებს ვილაიეთის ცენტრში მჯდომი ყადი განაგებდა. იგი მართმსაჯულებას შარიათის მიხედვით აწარმოებდა. საპოლიციო სამსახური სუბაშებს ევალებოდათ [მ.სვანიძე, სამცხე-საათაბაგოს ადმინისტრაციული დაყოფა და სოცილალურ-ეკონომიური მდგომარეობა „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით“, თსუ შრომები, ტ.121, თბ., 1967;; 295].
როგორც უკვე ითქვა, სანჯაყები ნაჰიებად და ყადილუქებად იყოფოდა. სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენდნენ _ იქ ნაჰიე იყო, ხოლო სადაც მუსლიმები სჭარბობდნენ _ ყადილუქი. ნაჰიე თავის საგამგებლოში რამდენიმე სოფელს აერთიანებდა [ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694-1723წწ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ც.აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მ. სვანიძემ, თბ., 1979.; 79].
„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ჩილდირის (ახალციხის) საფაშო შემდეგ ლივებად და ნაჰიებად იყოფოდა: 
I. ახალციხის ლივა: 1. მზვარეს, 2. ჩრდილის, 3. უდის, 4. ქვაბლიანის, 5. აწყურის, 6. ალთუნკალას, 7. ოცხეს, 8. ასპინძის, 9. ჭაჭარაქის ნაჰიეები.
II. ხერთვისის ლივა: 1. ხერთვისის, 2. ტყე-ჯავახეთის, 3. ბუზმარეთის ნაჰიეები.
III. ახალქალაქის ლივა: 1. აკშეჰირის, 2. თმოგვის, 3. ნიალისყურის ნაჰიეები.
IV. ჩრდილის ლივა: 1.ჯანბაზის, 2. ქანარბელის, 3. მგელციხის ნაჰიეები.
V. ფოცხოვის ლივა: 1. მზვარეს, 2. ჩრდილის ნაჰიეები.
VI. პეტრეს ლივა: 1. პეტრეს, 2. ქაშვეთის ნაჰიეები.
VII. დიდი არტაანის ლივა: 1. მზვარეს, 2. ჩრდილის, 3. ტყე ნაჰიეები.
VIII. ფანაკის ლივა: 1. ფანაკის, 2. ქამხისის, 3. ფანასკერტის ნაჰიეები
(იხ. _ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, III ნაწ.).
1694-1732 წლებში შედგენილი ჯაბა-დავთრის მიხედვით ჩილდირის (გურჯისტანის) ეიალეთი შემდეგ ლივებად და ნაჰიეებად იყოფოდა:
I. ახალციხის ლივა: 1. ახალციხის, 2. აწყურის, 3. უდეს, 4. მზვარეს, 5. ჩრდილის, 6. ქვაბლიანის ნაჰიეები.
II. ახალქალაქის ლივა: 1. აკშეჰირის, 2. ნიალისყურის, 3. თმოგვის, 4. ზვარეს ნაჰიეები.
III. ჩრდილის ლივა: 1. ჯანბაზის, 2. მგელციხის, 3. ქანარბელის ნაჰიეები.
IV. ფოცხოვის ლივა: 1. ფოცხოვის, 2. მზვარეს, 3. ჩრდილის ნაჰიეები.
V. ხერთვისის ლივა: 1. ხერთვისის, 2. ბუზმარეთის, 3. ტყე-ჯავახეთის, 4. ჩრდილის ნაჰიეები.
VI. არტანუჯის ლივა: 1. არტანუჯის, 2. იშხანის, 3. ტაოსკარის, 4. ხუმსის ნაჰიეები.
VII. ოლთისის ლივა: 1. ბარდუსის, 2. ანძავის, 3. ჩრდილის, 4. მისრასორის ნაჰიეები.
VIII. დიდი არტაანის ლივა: 1. მზვარეს, 2. ჩრდილის, 3. ტყეს ნაჰიეები.
IX. პატარა არტაანის ლივა: 1. ხორჯევანი, 2. მზვარე, 3. ჩრდილის ნაჰიები. X. ფანაკის ლივა: 1. ფანაკის, 2. ფანასკერტის, 3. ქამხისის ნაჰიეები.
XI. მამირვანის ლივა: 1. მამირვანის, 2. ახას ნაჰიეები.
XII. ჭაჭარაქის ლივა.
XIII. ასპინძის ლივა.
XIV. ალთუნკალას (ოქროსციხეს) ლივა.
XV. ოცხეს ლივა.
XVI. ზემო აჭარის ლივა.
XVII. ქვემო აჭარის ლივა.
XVIII. ლივანის ლივა.
XIX. შავშეთის ლივა.
XX. ნისფი ლივანას ლივა.
XXI. ფერთექრექის ლივა. 
XVIII ს-ის პირველი ნახევრის ოსმალური წყაროების ცნობებით (აინი ალი, კოჩიბეი გორიჯელი, ალი ჩაუში, ევლია ჩელები) ჩილდირის ეიალეთი 13 სანჯაყისაგან შედგებოდა: 1) ოლთისი, 2) ხერთვისი, 3) არტანუჯი, 4) დიდი არტაანი, 5) ჭაჭარაქი, 6) ფოცხოვი, 7) მაჭახელი, 8) აჭარა, 9) ფანაკი, 10) ფერთექრექი, 11) ლივანა, 12) ნისფი ლივანა, 13) შავშეთი.
როგორც ვხედავთ, ჩილდირის ეიალეთის სანჯაყთა რაოდენობა თანდათან გაიზარდა, ეს კი გამოწვეული იყო არა ჩილდირის ეიალეთის ტერიტორიული ზრდით, არამედ არსებული სანჯაყების დანაწილებით. ამ მხრივ ყველაზე მეტი ცვლილებები ახალციხის ლივამ განიცადა. ასე, მაგალითად _ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, ახალციხის ლივაში შემავალი ჭაჭარაქი, ასპინძა, ალთუნკალა და ოცხე ნაჰიეებია, „ჯაბა დავთრის" მონაცემებით ისინი ცალ-ცალკე ლივებადაა გამოყოფილი. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ XVIII საუკუნის I ნახევრის თურქულ წყაროებში არაა ახალქალაქისა და ჩრდილის ლივები, მაშინ, როდესაც „გურჯისტანის დავთარსა“ და „ჯაბა დავთრის" მიხედვით, ისინი დამოუკიდებელ ლივებად იხსენიებიან. XVII ს-ის I ნახევრის მონაცემებით, აჭარა ერთი სანჯაყი იყო, „ჯაბას“ მიხედვით კი ორ ლივად იყოფა. „ჯაბა დავთარში“ არაა დამოწმებული პეტრეს ლივა. ეს იმით აიხსნება, რომ 1639 წლის ზავით ეს მხარე (ამჟამინდელი ბორჯომის ხეობა) ოსმალეთს ჩამოსცილდა და კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. [ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694-1723წწ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ც.აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მ. სვანიძემ, თბ., 1979.; 81].
გამაჰმადიანებული ქართველი ბეგებისათვის ბოძებული იურთლუკისა და ოჯაკლიკის სანჯაყები კერძო მფლობელობაში იყო ბოძებული, არ იყო აღწერილი და დავთარში გატარებული. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ოთხი სანჯაყი _ ფერთექრექი, ლივანა, ნისფი ლივანა და შავშეთი არ არის შეტანილი ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში", მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახალციხის საფაშოს შემადგენლობაში იმყოფებოდნენ [ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694-1723წწ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ც.აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მ. სვანიძემ, თბ., 1979.; 85].
რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წწ. ომის წინ ახალციხის საფაშო 24 სანჯაყად იყოფოდა: 1. ახალციხე, 2. აწყური, 3. ოცხე ანუ აბასთუმანი, 4. ქვაბლიანი, 5. ზემო აჭარა, 6. ქვემო აჭარა, 7. ლივანა, 8. ქისკიმი, 9. ნარიმანი, 10. ოლთისი, 11. ფანაკი, 12. კოლა, 13. ჩრდილი, 14. ახალქალაქი, 15. ხერთვისი, 16. ასპინძა, 17. ჭაჭარაქი, 18. ფოცხოვი, 19. მაჭახელი, 20. ტაოს-კარი, 21. იმერხევი, 22. შავშეთი, 23. არტანუჯი, 24. არტაანი [ზ. ცინცაძე, ჭოროხის აუზის ტერიტორიულადმინისტრაციული დაყოფა XIX საუკუნესა სა XX საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, IX, თბ., 1980. გვ. 291-292].
1828-1829 წწ. ოსმალეთის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად რუსეთმა სამცხე-საათაბაგოს (ახალციხის საფაშოს) ჩრდილოაღმოსავლეთი ნაწილი შემოიერთა, რომელიც ძირითადად მტკვრის ზემო წელის და მის შემდინარე წყლების აუზს მოიცავდა [ზ. ცინცაძე, ჭოროხის აუზის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა XIX საუკუნესა სა XX საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, IX, თბ., 1980; 292].
რუსეთის იმპერიის ქართულ მიწებს შემოუერთდა შვიდი სანჯაყი მთლიანად: 1. ახალციხის, 2. ქვაბლიანის, 3. აბასთუმნის (ოცხე), 4. ასპინძის, 5. აწყურის, 6. ხერთვისის, 7. ჭაჭარაქის, ხოლო სამი სანჯაყი – ჩრდილის, ფოცხოვის და ახალქალაქის, ნაწილობრივ. ფოცხოვის სანჯაყის დიდი ნაწილი _ დასავლეთი ფოცხოვი (მზვარეს ნაჰიე) და მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთი ფოცხოვისა (ჩრდილის ნაჰიე) დარჩა ოსმალეთს, რუსეთს მხოლოდ ჩრდილის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე ერგო შემდეგი სოფლებით: ჭარალი, ყუდრა, წყალთბილა, ჯაყი და ჯაყისმანი, ასევე ორ ნაწილად გაიყო ჩრდილის (ჩილდირი) სანჯაყიც. ამ სანჯაყის ძირითადი ნაწილი _ მგელციხისა და მზვარეს რაიონები (ნაჰიები), დარჩა თურქეთის ფარგლებში, ჩრდილის სანჯაყის ჩრდილოაღმოსავლეთი მხარე კი, ქანერბილის რაიონი (ნაჰიე), დაუბრუნდა საქართველოს შემდეგი სოფლებითურთ: ხოზაპინი, კარწახი, სულდა, მრაკვალი, ხავეთი, ერინჯა, ოლოღა, დადეში, დლივი. ახალქალაქის სანჯაყის უდიდესი ნაწილი აკშეჰირის რაიონი, თმოგვის რაიონი და ნიალისყურის რაიონის (ნაჰიეს) მნიშვნელოვანი ნაწილი. ოსმალეთს მხოლოდ ნიალისყურის რაიონის (ნაჰიეს) უმნიშვნელო ნაწილი დარჩა, რომელშიც შედიოდა სოფლები: ზაქი, კოტასი, ანფური, პეტრისი, ჩოლეთი, მგელციხე, ჩამარდო, თათალეთი. შემოერთებულ ტერიტორიას ახალციხის პროვინცია ეწოდა [ზ. ცინცაძე, ჭოროხის აუზის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, IX, თბ., 1980; 294].
ახალციხის აღებისთანავე გენერალ-ფელდმარშალმა პასკევიჩმა 1828 წლის 16 აგვისტოს მიმართა რა მცხოვრებლებს, რომ ამიერიდან რუსეთის არმია დაიცავდა მათ კეთილდღეობას, ადათსა და პირად საკუთრებას, შექმნა ახალციხის საფაშოს დაპყრობილი მხარისათვის ახალი საოლქო დროებითი მმართველობა, რომლის უფროსად დაინიშნა გენერალი თავადი ვასილ ბებუთოვი [შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი (XVIIIს-ის შუა წლებიდან XIXს-ის შუა წლებამდე), თბ., 1975. გვ. 202].
ახალციხის დროებითი მმართველობა შედგებოდა შემდეგი განყოფილებებისაგან: აღმასრულებელი, საერთო-საფინანსო და სამოსამართლო (ცალ-ცალკე სამოქალაქო და სისხლის სამართლის  დარგებში). ადგილებზე აღმასრულებელ ორგანოებს წარმოადგენდნენ სანჯაყბეგები და საკომენდანტოები თავიანთი აპარატით. რაც შეეხება ქალაქ ახალციხეს, იქ შეიქმნა საქალაქო პოლიცია საერთო დადგენილების საფუძველზე, რომელთანაც ასევე ჩამოყალიბდა გადმოსახლებულთა კომიტეტი, საფაშოს უფროსის ხელმძღვანელობით.
ახალციხის მხრიდან წინასწარი ზოგადი მონაცემების გაცნობის შემდეგ, საქართველოს მთავარმმართებელმა ბარონმა როზენმა გადაწყვიტა მოეხდინა ცვლილებები ახალციხის საფაშოს მმართველობის სტრუქტურაში და 1833 წელს ახალციხის დროებით მმართველობას დაავალა 1834 წლის ოქტომბრამდე წარმოედგინა საფაშოს მმართველობის გადახალისების პროექტი. ამ დროისათვის როზენს უკვე ხელთ ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის ფალავანდოვის მიერ ახალციხის მხარეში შეკრებილი მასალები, რის საფუძველზეც დროებით მმართველობას ავალებდა, რომ პროექტის შედგენისას გათვალისწინებული ყოფილიყო სანჯაყებად დანაწევრებული მხარის გამსხვილება ორ ოლქად და ორ ქალაქად. ესენი იქნებოდნენ ახალციხის და ახალქალაქის ოლქები. ახალციხის ოლქში შევიდოდა: ფოცხოვის, აწყურის, ქვაბლიანის, ჭაჭარაქის, აბასთუმნის, ასპინძის და ახალციხის სანჯაყები. ხოლო ახალქალაქის ოლქში _ ახალქალაქის, ხერთვისის და ჩილდირის სანჯაყები. ამგვარი დაყოფით ახალციხის და ახალქალაქის ოლქები თავიანთი სივრცითა და მოსახლეობით თითქმის ტოლი იქნებოდა.
1834 წლის 30 სექტემბერს დროებითი მმართველობის უფროსმა ორანსკიმ როზენს წარუდგინა საფაშოს გარდაქმნის პროექტის ორი ვარიანტი. საფაშოს უფროსი ურჩევდა მთავარმმართებელს, რომ ორი ოლქის ნაცვლად შექმნილიყო ორი მაზრა: ახალციხისა და ახალქალაქისა, და ჩარიცხულიყო იგი ჩვეულებრივი წესით საქართველოს გუბერნიაში. ბარონ განის მიერ ჩატარებული რევიზიით წამოყენებულ იქნა წინადადება, რომლის ძალითაც სანჯაყბეგები უნდა შეეცვალათ კომენდანტებით და ყოფილი სანჯაყბეგებისათვის დაენიშნათ პენსიები; მაგრამ 1840 წლის 10 აპრილის დადგენილების საფუძველზე, ადმინისტრაციული ცვლილებების შედეგად საერთოდ გაუქმდა ახალციხის საფაშოს დროებითი მმართველობა და მის ნაცვლად შეიქმნა ახალციხის ერთი მაზრა, რომელიც საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა. ახლად შექმნილი მაზრა დაყვეს სამ უბნად: ახალქალაქის, ხერთვისის და აბასთუმნის უბნებად [შ. ლომსაძე, სამცხეჯავახეთი (XVIIIს-ის შუა წლებიდან XIXს-ის შუა წლებამდე), თბ., 1975; 209].
1846 წლის ახალი ადმინისტრაციული გადანაწილების დროს, როდესაც ამიერკავკასიაში შეიქმნა 4 გუბერნია, ერზერუმიდან ჩამოსახლებული კოლონისტებისა და ზოგიერთი დიდვაჭარმარკიტანტების გავლენით, მთავრობამ ახალციხის მაზრას ჩამოაცილა ახალქალაქის უბანი და ეს ერთი ადმინისტრაციული ერთეული ორად  გაყო. ორად გაყოფილი პროვინციის ერთი დიდი ნაწილი, ახალციხის მაზრის სახელით, შევიდა ქუთაისის გუბერნიაში, ხოლო მეორე ნაწილი _ ახალქალაქის უბანი _ თბილისის გუბერნიაში, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელი ახალქალაქის მაზრა, არამედ, როგორც ალექსანდროპოლის მაზრის ერთი უბანი. ასე ხელოვნურად და დაუსაბუთებლად მოიწადინეს ვითომც ეთნიკურად სომხური მაზრის შექმნა საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე. აღსანიშნავი ის იყო, რომ ასეთი შეერთების საბაბს არ იძლეოდა არც ამ ორი რაიონის ეკონომიკური კავშირი, არც მათი მეურნეობის ხასიათი და დანიშნულება.
მთავრობა მალე მიხვდა, რომ ამ უგუნური ნაბიჯით მთელი მხარის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სამეურნეო ურთიერთობას დიდი ზიანი მიაყენა და მალე, ახალი ადმინისტრაციული გადანაწილების დროს, ეს შეცდომა გამოასწორა. 1849 წელს ალექსანდროპოლის მაზრა შეუერთეს ახლად შექმნილ ერევნის გუბერნიას, ახალქალაქის უბანი კი დაუბრუნდა ახალციხის მაზრას [Шахатунян А, Административный передель Закавказского краяб Тфл., 1918, ст. 89].
 ამრიგად, შემოერთებული მესხეთი მოიცავდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს და არტაანის და ოლთისის ოკრუგებს. მთლიანად ტერიტორია უდრიდა 14,006 კვადრატულ კილომეტრს [Кавказский календарь, ст. 88;].
1867წ. 31 დეკემბერს გამოქვეყნდა მეფისნაცვლის ბრძანება კავკასიის მთავარ სამმართველოს, საგუბერნიო და სამაზრო სამმართველოებისადმი. იგი აცნობებდა მორჩილ მოხელეებს, რომ იმპერატორმა დაამტკიცა მხარის მართვა-გამგეობის რეორგანიზაციის კანონდებულება და იმავე იმპერატორის სურვილია ახალი კანონი მოქმედებაში შევიდეს 1868 წლის 1 იანვრიდან [სცსსა, ფ.13, ანაწ.10, საქ.737, ფურც.1-4;].
 1868 წლის 10 თებერვალს ძალაში შევიდა მეფისნაცვლის ინსტრუქცია საგუბერნიო და სამაზრო სამმართველოების შინაგანი მოწყობისა და პოლიციის ორგანიზაციის შესახებ. გარკვეული ცვლილებები ხდებოდა მაზრების ადმინისტრაციულ დაყოფაში. 1867 წელს მეფისნაცვალი იმპერატორს სწერდა, რომ ახალი სასამართლო წესდების შემოღებისა და პოლიციის სასამართლო ფუნქციებისაგან განთავისუფლების შემდეგ, აგრეთვე იმის გამო, რომ ჩამოყალიბდა სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები, საუბნო სამმართველოების უწყებაში მყოფი საქმეები ძალიან შემცირდა და ამდენად მაზრების საპოლიციო უბნებად დაყოფა ზედმეტი ხდება. საკმარისია ვიქონიოთ საპოლიციო ხელისუფლების ორი ინსტანცია _ საგუბერნიო და სამაზრო. მაგრამ ასეთი შეკვეცა-გამარტივება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაზრების ტერიტორიები არ იქნება ძალიან ვრცელი [სცსსა, ფ.13, ანაწ.10, საქ.737, ფურც.1-4;]. მეფისნაცვლის ეს წინადადება დაკმაყოფილდა და ამის შედეგად შეიქმნა ახალქალაქის მაზრა და თბილისის გუბერნიაში შევიდა. დაწესდა მაზრის  უფროსის თანაშემწის თანამდებობა. ამ პოსტზე დანიშნული პირი სხვადასხვა დავალებით იგზავნებოდა ადგილებზე, ასრულებდა მოძრავი საპოლიციო ორგანოს ხელმძღვანელის როლს. მაზრების საპოლიციო უბნებად დაყოფა გაუქმდა.
ამიერკავკასიაში მაზრის უფროსებს იგივე უფლება-მოვალეობა ეკისრებოდა, რაც ცენტრალურ რუსეთში, მაგრამ იმის გამო, რომ ამ მხარეში ერობები ჯერ არ იყო შემოღებული, აქაურ მაზრის უფროსებს დაეკისრათ საერობო საქმის წარმოება და სათანადო ანგარიშების შედგენა მოსახლეობის მიერ ფულადი საერობო გამოსაღების შეტანისა და ნატურალური ვალდებულების მოხდის თაობაზე. მაზრის უფროსები საქმეთა აღსრულების დროს იყენებდნენ პოლიციის მოხელეებს და სასოფლო მმართველობის თანამდებობის პირებს.
მაგრამ 1867 წლის ადმინისტრაციული რეფორმის გატარების პრაქტიკამ ცხადყო, რომ საპოლიციო უბნებისა და მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება, ადგილობრივი ხელისუფლების მაზრის უფროსთა ხელში კონცენტრირება არ იყო სწორი. გუბერნატორების აზრით, სამაზრო ქალაქში მთელი საპოლიციო ძალების თავმოყრა, საუბნო მსაჯულების შეცვლა მაზრის უფროსთა თანაშემწეებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში უზრუნველყოფდა საპოლიციო ზედამხედველობის სათანადო დონეს, თუ მაზრის ტერიტორია და მოსახლეობა არ იქნებოდა დიდი და სოფლის სამმართველოები ქმედით დახმარებას გაუწევდნენ საპოლიციო ხელისუფლებას.
ამ საკითხის განხილვისას წამოყენებულ იქნა წინადადება მაზრების საპოლიციო უბნებად დაყოფის აღდგენის შესახებ, მაგრამ ეს წინადადება ვერ გავიდა. ახალი მმართველობითი ცვლილება მოხდა საქართველოში 1881 წლის 22 ნოემბერს ალექსანდრე III-ის ბრძანებით, რომლის ძალითაც ამიერკავკასიამ დაკარგა ადმინისტრაციული თვითმმართველობა. გაუქმდა ავტონომიური ხელისუფლების მეფისნაცვლის ინსტიტუტი. ამ ბრძანების შედეგად მეფის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მთავარმმართებელი გახდა, რომელიც თავისი უფლებამოსილებით დიდად ჩამორჩებოდა მეფისნაცვალს [შ. ვანიშვილი, ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში 1864-1917წ., თბ., 1989. გვ. 54].
მინისტრთა კომიტეტის 1882 წლის 29 იანვრის დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა კავკასიის მართვა-გამგეობის ახალი კანონდებულების შედგენა. კავკასიის მართვა-გამგეობის რეორგანიზაციის პროექტი და წინადადებები გადაეცა სახელმწიფო საბჭოს.
კავკასიის მართვა-გამგეობის რეორგანიზაცია ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი კანონი მიღებულ იქნა 1883 წელს, მეორე დასრულებულ-დაზუსტებული კანონდებულება კი იმპერატორმა დაამტკიცა 1885 წლის იანვარს. 1886 წელს კი იგი პეტერბურგში გამოქვეყნდა [შ. ვანიშვილი, ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში 1864-1917წ., თბ., 1989. გვ. 69].
კანონის მიხედვით კავკასიის ცენტრალურ მმართველობას წარმოადგენდნენ: კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმმართებელი და მისი თანაშემწე; მთავარმმართებლის საბჭო; სხვადასხვა უწყების ცალკეულ ნაწილთა სამმართველოები. ადგილობრივი ადმინისტრაციული დაწესებულებები იყო: 1) საგუბერნიო და საოლქო, 2) სამაზრო და საოკრუგო, 3) საქალაქო და სასოფლო. ცალკე მოქმედებდნენ სასამართლო დაწესებულებები.
1888 წლის 10 მაისს გამოქვეყნდა კანონი, „ამიერკავკასიის გუბერნიებში სამაზრო პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ”, რომლის თანახმად ამიერკავკასიის 5 გუბერნია დაიყო 37 მაზრად და 125 საპოლიციო უბნად. ამ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გრაფი ტოლსტოი ამართლებდა იმ მოტივით, რომ მოსახლეობის მრავალტომობრივობა ყოველი მათგანის თავისებური ადათ-ჩვეულებანი და მოქალაქეობრივი განუვითარებლობა მოითხოვდა საპოლიციო ძალების მუდმივ ყოფნას მაზრის სხვადასხვა პუნქტში, რაც მეტი იქნებოდა პოლიციის საყრდენი წერტილები, მით უკეთ იქნებოდა დაცული საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი. ასეთი იყო მინისტრის აზრი [სცსსა, ფ.13, ანაწ.10, საქ.737, ფურც.1-4].
ამრიგად, გუბერნიები დაყოფილ იქნა მაზრებად. მაზრის უფროსს ჰყავდა თანაშემწე, მდივანი, საქმის მწარმოებელი, თარჯიმანი, მაზრები იყოფოდა საპოლიციო უბნებად, რომლებსაც ბოქაულები განაგებდნენ. საპოლიციო უბანში შედიოდა რამდენიმე სასოფლო საზოგადოება, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე სოფელს და დასახლებულ პუნქტს აერთიანებდნენ. სოფლის საზოგადოების მმართველობის უმაღლეს განმკარგულებელ ორგანოს სოფლის ყრილობა წარმოადგენდა. მის ფუნქციებში შედიოდა სასოფლო მმართველობის თანამდებობის პირთა არჩევა, სოფლიდან მავნე და დამნაშავე პირების განსახლების თაობაზე დადგენილების მიღება, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ზემდგომი ინსტანციების წინაშე შუამდგომლობის აღძვრა, სახაზინო და საერობო გადასახადების კომლთა შორის განაწილება და სხვ. [შ. ვანიშვილი, ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში 1864-1917წ., თბ., 1989. გვ. 80].
სოფლის საზოგადოების მმართველობის აღმასრულებელი ხელისუფალი იყო მამასახლისი, რომელსაც გლეხთა ყრილობა ირჩევდა. მის ფუნქციებში შედიოდა: გზების, ხიდების, წყალსადენების შენარჩუნებისათვის მეთვალყურეობა; კამერალურ აღწერათა ჩატარების ხელმძღვანელობა და კონტროლი; სახელმწიფო, საერობო და საადგილმამულო გადასახადთა დროულად აკრეფის უზრუნველყოფა. მასვე, გარკვეული ფორმალობის დაცვით, გლეხებისათვის უნდა მიეცა  სასოფლო საზოგადოებიდან გაშვების მოწმობები და საშოვარზე წასვლის სანებართვო ბილეთები.
საგლეხო რეფორმის შემდეგ საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა კაპიტალიზმი. მისი განვითარების პარალელურად ძლიერდებოდა ბურჟუაზია, მაგრამ ეს უკანასკნელი მოკლებული იყო პოლიტიკურ უფლებებს, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, მეფის მთავრობა იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და 1870 წლის საქალაქო დებულებით ბურჟუაზიისათვის მისი მოქმედების მთავარ ასპარეზზე _ ქალაქებში, მიენიჭებინა შეზღუდული თვითმმართველობის უფლება.
1870 წლის დებულება ბურჟუაზიული ხასიათისა იყო. იგი მხედველობაში არ იღებდა მოსახლეობის წოდებრივ დაყოფას და საარჩევნო თანრიგებს საფუძვლად უდებდა არა მოქალაქეთა სოციალურ წარმოშობას, არამედ ეკონომიკურ მდგომარეობას. ამის შესაბამისად ქალაქში ყალიბდებოდა სამი თანრიგი, სამი საარჩევნო კრება. პირველში შედიოდნენ მსხვილი მესაკუთრენი, მეორეში _ საშუალო შეძლების მოქალაქენი, მესამეში _ ის წვრილი მესაკუთრენი, რომლებიც იხდიდნენ გარკვეულ გადასახადს [ი. გვენეტაძე, ახალციხის საქალაქო მმართველობა 1876-1917წწ., „მაცნე“, ისტორიის სერია, #4, თბ., 1979. გვ. 91].
ქალაქის საზოგადოებრივი თვითმმართველობა არ ითვლებოდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოდ. მართალია, იგი დებულებით განსაზღვრულ ჩარჩოებში დამოუკიდებლად მოქმედებდა, მაგრამ იმავე დებულების სხვა მუხლები მნიშვნელოვნად ზღუდავდნენ თვითმმართველობებს და ადმინისტრაციის კონტროლს ამყარებდნენ მის საქმიანობაზე. მიუხედავად ამისა, თვითმპყრობელობის პირობებში ქალაქებისათვის თვითმმართველობის მინიჭება მაინც პროგრესულ მოვლენას წარმოადგენდა, რადგან რამდენადმე ილაგმებოდა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის თვითნებობა და იქმნებოდა პროგრესული ძალების მოქმედების ასპარეზი.
საქალაქო დებულების გატარება საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა დროს მოხდა. 1875 წლის თებერვლიდან აღნიშნული დებულების გატარებისათვის მზადება ახალციხეშიც დაიწყეს (მანამდე ქალაქს პოლიცია განაგებდა). 1876 წელს მოეწყო ამომრჩეველთა პირველი კენჭისყრა. არჩევნებში მოსახლეობის მცირე ნაწილი მონაწილეობდა. ქალაქის 14.000 მცხოვრებიდან ხმის უფლებით სარგებლობდა მხოლოდ 258 კაცი, ანუ მთელი მოსახლეობის 1,8% [ი. გვენეტაძე, ახალციხის საქალაქო მმართველობა 1876-1917წწ., „მაცნე,“ ისტორიის სერია, #4, თბ., 1979. გვ. 91].
1876 წლის ივნისში ახალციხეში საბოლოოდ ჩამოყალიბდა თვითმმართველობის ორგანოები. არჩეულ იქნა სათათბირო, ქალაქის თავი და გამგეობა [ი. გვენეტაძე, ახალციხის საქალაქო მმართველობა 1876-1917წწ., „მაცნე“, ისტორიის სერია, #4, თბ., 1979. გვ. 91]. 
ნაროდოვოლცების მიერ ალექსანდრე II-ის მოკვლის შემდეგ, რეაქცია შეტევაზე გადავიდა. ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე III-მ და მისი ბიუროკრატიული აპარატის დიდმოხელეებმა 60-იანი წლების რეფორმები შეცდომად გამოაცხადეს და კონტრრეფორმის გატარება დაიწყეს [შ. ვანიშვილი, ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში 1864-1917წ., თბ., 1989. გვ. 99].
ახალი ადმინისტრაციული დანაწილების მცდელობა იყო სომხების მხრიდან 1913 წელს. მათ ახალქალაქის მაზრა სომხეთის მიწა-წყლად გამოაცხადეს და ამ მაზრის თბილისის გუბერნიის საზღვრებიდან გამოყოფა მოითხოვეს. მათი მიზანი იყო ახალქალაქის მაზრა დანარჩენ სომხურ მაზრებთან შეეერთებინათ და ამ გზით ერთი მთლიანი სომხური საერობო თვითმმართველი ოლქი შეექმნათ. ეს აზრი წამოყენებულ იქნა სომხების მიერ 1913 წელს, როდესაც კავკასიაში მეფის მოადგილედ სომეხთა მწყალობელი გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი იყო. მათი წადილი რომ უფრო სამართლიანად და ობიექტური მოსაზრებით ნაკარნახევად სჩვენებოდა ადამიანს, სომხებმა საბუთად ისიც კი წამოაყენეს, ვითომც ჯავახეთი ანუ ახალქალაქის მაზრა ეკონომიკურად ტფილისის კი არა, გუმბრის (ალექსანდროპოლი) გუბერნიასთან იყო დაკავშირებული [Шахатунян А, Административный передель Закавказского края Тфл., 1918, ст. 70-72]. ვორონცოვის სურვილის თანახმად, იმავე წელს გაიცა ბრძანება, რომ თბილისის გუბერნიის ახალქალაქის სამაზრო კომისია შემდგარიყო და გამოერკვია, შეიძლებოდა თუ არა, და რამდენად ხელსაყრელი იქნებოდა, რომ ახალქალაქის მაზრა თბილისის გუბერნიას ჩამოსცილებოდა და გუმბრისას (ალექსანდროპოლის) მიმატებოდა, რომ მასთან ერთად ცალკე, განსაკუთრებით სომხებით დასახლებული გუბერნია შემდგარიყო. კომისიაში თავმჯდომარითურთ სულ 14 კაცი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან 8 კაცი რუსი იყო (თავმჯდომარე მაზრის უფროსი პოდპოლკ. კალინინი, მომრიგებელი მიცკევიჩი, ფოსტატელეგრაფის კანტორის უფროსი დელიბაში, სამაზრო ბეითალი ტოროპოვი, საუბნო ბოქაულები ჩაპლიგინი და ლაზარევი, დუხობორების წარმომადგენლები ალ. უგლოვი და ვას. გრემიაკინი), 4 ქართველი (გადასახადთა ინსპექტორი თ-დი მაყაშვილი და მემამულეთა წარმომადგენლები ქართველი _ მაჰმადიანები მამედ-ალი-ბეგი და მუსტაფაბეგი ფალავანდიშვილები, ბარალეთის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენელი მურჯიკნელი) და 2 სომეხი (ქალაქის მამასახლისი მენატუნიანცი და ბოგდანოვკის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენელი კაროიანცი). ბჭობის შემდგომ სამაზრო კომისიამ ერთხმად უარყო ჯავახეთის ანუ ახალქალაქის მაზრის ტფილისის გუბერნიისაგან ჩამოშორება და გუმბრთან (ალექსანდროპოლი) შეერთება. თავისი აზრის დასასაბუთებლად კომისია, სხვათა შორის, პირველად სწორედ ამ კუთხის ეკონომიკურსა და მიმოსვლის საკითხს შეეხო და დაადგინა: „შემცდარი აზრია, ვითომც ახალქალაქის მაზრა ქ. ალექსანდროპოლთან ყოფილიყოს დაკავშირებული, მთელი ვაჭრობა და ყველა საჭირბოროტო ინტერესი მცხოვრებლებს განსაკუთრებით ტფილისთან აერთებს, სადაც ისინი თავის საქონელს, სანოვაგესა და ადგილობრივ ნაწარმს ასაღებენ და საითგანაც მოაქვთ საქონელი და ყველაფერი სახმარი მთელი მაზრისათვის. ამასთანავე საქონლის გადატან-გადმოტანა მთელი წლის განმავლობაში, ზაფხულშიაც და ზამთარშიც, წარმოებს ახალციხებორჯომ-ბაკურიანის შარაგზით, აგრეთვე როდიონოვკა-წალკამანგლისზე მოკლე, პირდაპირი საურმე გზით, რომელიც ზამთარშიაც კი არ იკვრება ხოლმე. ალექსანდროპოლთან კი ზამთარში, ნამქერების გამო, ხოლო გაზაფხულზე წყალდიდობისა და ტალახების გამო, მთელი თვეობით ყოველგვარი კავშირი, საფოსტოც კი სრულებით შეწყვეტილია ხოლმე. ზაფხულში კი, როდესაც ალექსანდროპოლის გზა გახსნილია, მთელი სავაჭრო საქონელი ჯავახეთიდან მაინც ახალციხეზე, ბაკურიანში მიდის და მხოლოდ ამ მაზრის ბოგდანოვკის უბნის სამხრეთ ნაწილს, ზოგიერთი საქონელი, მეტადრე ბრინჯი, ზაფხულობით ალექსანდროპოლიდან მოდის ხოლმე“.
ახალქალაქის სამაზრო კომისიის აღნიშნული ერთმხრივი დადგენილება 1914 წლის 24 იანვარს ტფილისის განსაკუთრებულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა [ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები, თბ., 1996. გვ. 36-37].
1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შედეგად პეტროგრადში დროებითი მთავრობა შეიქმნა. მარტის დასაწყისისათვის დროებითმა მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს წევრებისაგან შექმნა წარმომადგენლობა ამიერკავკასიის ხალხთა სახელმძღვანელოდ და უწოდა მას „ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი“(ოზაკომი).
1917 წლის ოქტომბერში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და გაიმარჯვა ბოლშევიკების პარტიამ; დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და გარეკილ იქნა დროებითი მთავრობა. ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა, რომელიც ბოლომდე დროებითი მთავრობის ერთგული რჩებოდა, უარი თქვა საბჭოთა ხელისუფლების ცნობაზე და საპასუხოდ 1917 წლის 15 ნოემბერს ს. გეგეჭკორის მეთაურობით ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა _ ამიერკავკასიის კომისარიატი. საყურადღებოა, რომ ეს ახალი მთავრობა თავის თავს მაინც რუსეთის იმპერიის ნაწილად თვლიდა [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 251-253.; ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, ტფ. 1925. გვ. 24].
მალე კომისარიატმა ახალციხეში მდგარი 116-ე პოლკი ეროვნული და რელიგიური მონაცემების მიხედვით დაშალა. ამასთან, ახლად შექმნილი საჯარისო ნაწილები ადგილზე დაანაწილა. რუს ჯარისკაცთა უმრავლესობა სახლებში გაბრუნდა. დარჩენილი ნაწილი რუსეთიდან თეთრგვარდიელი გენერლების განკარგულებას ელოდა.
ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში განლაგდნენ როგორც ქართული, ისე სომხური და მუსლიმანური ნაწილები. მანამდე მაზრაში მდგარი ოსთა და ინგუშთა საპოლიციო რაზმები შესაბამისად დაემორჩილნენ ქართულ პოლკს და აბასთუმანში მდგარ მუსლიმანთა პოლკს. ახალციხეში განლაგდა ქართული პოლკი და სომხური ათასეული და არტაანში _ რამდენიმე ქართული ასეული [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 254].
მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჯერ კიდევ 1917 წლის ნოემბერში კომისარიატმა ახალციხის მხარისათვის დააწესა ე.წ. საგენერალგუბერნატორო, რაც იმას ნიშნავდა, რომ აქ საგანგებო წესები იქნებოდა შემოღებული. გენერალ-გუბერნატორის განკარგულებაში შედიოდა მხარის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საქმეები.
პირველ გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა 166-ე პოლკის რწმუნებულად ნამსახური, სამხედრო აკადემიადამთავრებული ახალგაზრდა ოფიცერი შ. მაღლაკელიძე. საგენერალგუბერნატოროს მოჰყვა ადგილზე სამაზრო კომიტეტების, ანუ როგორც ეძახდნენ კომისარიატების შექმნა. ახალციხის სამაზრო კომისარიატში, გენერალ-გუბერნატორთან ერთად, მთავარ წევრებად შევიდნენ: მაზრის უფროსი როტმისტრი გუდიევი, სკოლების ინსპექტორი მიტროფანოვი და სხვანი.
რაც შეეხება აღმასრულებელ კომიტეტს იქ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ადგილობრივი მასწავლებელი, აწყურელი ბეგი ომარ ფაიკი (ყიფიანი), ხოლო მის მოადგილედ, მისივე დისშვილი აჰმედ-ბეგ ფეფინოვი (ფეფინაშვილი), ორივე რენეგატი და თურქოფილი.
აღსანიშნავია, რომ კომისარიატის შექმნისთანავე მესხეთში წინააღმდეგობებმა იჩინეს თავი, ათეული წლებით პან-ისლამური და პანთურქული პროპაგანდით მოწამლულმა მესხეთის ზედა ფენამ (ბეგაღალარებმა), ამ დროს თვითშემეცნების და ამის საფუძველზე თვითგამორკვევის მაგივრად, თურქი ემისრების კარნახით, სამაჰმადიანო საქართველოს მომავლისათვის ბრძოლა დაუკავშირეს რელიგიურ პანისლამურ და პან-თურქულ პრინციპებს, არ სცნეს ახლად შექმნილი მთავრობა კომისარიატის სახით და განუდგნენ მას.
საქართველოს სამხრეთ რაიონებში უკვე 1917 წლის შემოდგომაზე შესამჩნევი გახდა მუსლიმანთა ბანდების გააქტიურება, რაც პირდაპირი შედეგი იყო ომამდელი და ომისდროინდელი ჯაშუშური საქმიანობისა, რასაც აქ თურქი ემისრები ეწეოდნენ, ისლამის დაცვის, სარწმუნოების დაცვისა და ყველა მაჰმადიანის გაერთიანების ლოზუნგით. ამ დროს მოქმედება დაიწყეს „ჩეთებმა“.
მოკლედ, სამხრეთ საქართველოში ატეხილი ე. წ. „ჩეთების“ მოძრაობის რაობაზე და მიზნებზე: „ჩეთე“ თურქული სიტყვაა და ეწოდება  პარტიზანების ისეთ მცირე რაზმს, რომელსაც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს პარტიზანული ომი. XV-XIX საუკუნეებში ჩეთების პარტიზანული მოძრაობა ფართოდ იყო გავრცელებული ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მაშინ იგი მიმართული იყო დამპყრობთა წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნისა და რელიგიის (ქრისტიანობის) დასაცავად. XIX ს-ის 20-იან წლებში სერბთა ნაციონალურგანმათავისუფლებელი ბრძოლის ყველა მონაწილეს ,,ჩეთნიკი” ერქვა და „ჩეთის„ წევრად ითვლებოდა, რაც ყველა სერბისათვის საამაყო იყო.
XX ს-ის 10-იან წლებში ამ წმინდა წყლის ანტითურქულ და ანტიმუსლიმურ მოძრაობას ოსმალებმა თავდაპირველი შინაარსი შეუცვალეს. იგი პანისლამისტური იდეების სამსახურში ჩააყენეს და სარბიელად თურქეთის განაპირა მხარეები, მათ შორის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მიუჩინეს, სადაც ამ დროისათვის ძალით გამაჰმადიანებული და უკვე ღრმა ფანატიზმში გადასული მესხეთის „იერლი“ ცხოვრობდა („იერ“ _ თურქული სიტყვაა და ადგილს ნიშნავს, იერლი _ ადგილობრივს). ახლა ვითომ მათ თავიანთი ჩათებით უნდა ეხსნათ ისლამი ქრისტიანი მოძალადეებისაგან [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 250-251].
„ჩეთების“ მოძრაობის გააქტიურება, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო თურქთა მხრიდან ერზინჯანის დროებითი ზავის დარღვევასთან მომგებიანი „ფაქტიური მდგომარეობის“ შექმნისათვის. სამცხეჯავახეთში ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ახალციხეში მდგარი რუსთა სათადარიგო 166-ე პოლკი მოიშალა. ხოლო მის ადგილზე შექმნილი ეროვნული სამხედრო ნაწილები ჯერ საკმაოდ სუსტნი იყვნენ. ამ ვითარებით ისარგებლეს რენეგატმა ბეგებმა და თურქი ემისრების კარნახით, ადგილზე შექმნილი „ჩეთები“ დაძრეს; 1917 წლის ნოემბერში, ახალციხეში მდგარ სამხედრო ნაწილებიანად, მათ ქალაქი ალყაში მოაქციეს [სჯიმხფ, ე.#4641, ფურც.14].
ბანდების ე. წ. „ჩეთების„ საერთო ხელმძღვანელობას ეწეოდა რენეგატი ომარ ფაიკი (ყიფიანი). აჯანყებულებმა ალყაშემორტყმული ახალციხისა და იქ მდგომი სამხედრო შენაერთებისაგან დანებება და იარაღის ჩაბარება მოითხოვეს. ალყაში მოქცეული ახალციხისათვის გარედან ქრისტიანთა სოფლებს რაიმე დახმარება რომ არ გაეწიათ, შეთქმულებმა ყველგან თავიანთი პიკეტები დააყენეს და მისასვლელი გზები ჩაკეტეს. რაც შეეხება ქრისტიან ქართველთა ყველაზე დიდ სოფელ უდეს, შეთქმულებმა ისიც ალყაში მოაქციეს და იარაღის ჩაბარება მოითხოვეს [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 256].
ამ ამბებთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის იმდროინდელი სამხედრო და სამოქალაქო საქმეების რწმუნებულთან, გენერალგუბერნატორ მაღლაკელიძესთან, სამი ქართველი მაჰმადიანი ბეგის თანხლებით გამოცხადდა ურავლის უბნის ბოქაული ზია-ბეგ აბაშიძე  და წარუდგინა სრულიად მოულოდნელი, შვიდპუნქტიანი მოთხოვნა: 1. ახალციხე გამოცხადდეს სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის მთავარ ქალაქად; 2. სახელი „ახალციხე„ შეიცვალოს თურქიზებული ფორმით და ეწოდოს „აჰისკა“. 3. ქალაქში დარჩენილი თავისუფალი ყაზარმები გადაეცეს მაჰმადიანურ მოსახლეობას. 4. ოფიცერთა საკრებულოს შენობა მიეცეს მაჰმადიანთა პოლკს; 5. გარნიზონის უფროსად ქართველი ოფიცრის ნაცვლად დაინიშნოს მაჰმადიანი ყაჯარი, რომელიც კომისარიატმა განაწესა მე-8 პოლკის უფროსად და რომელსაც გენერალ-გუბერნატორი მესხეთში შესვლის უფლებას არ აძლევდა. 6. გენერალ-გუბერნატორი თავისი შტაბით ქალაქიდან გადავიდეს რაბათში და იქ ციხის ტერიტორიაზე განლაგდეს; 7. ამ წინადადების მიუღებლობის შემთხვევაში მაჰმადიანთა შეიარაღებული რაზმები იძულებულნი იქნებიან შეიჭრნენ ქალაქში [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 257].
შეიარაღებული „ჩეთებით“ გარშემორტყმული ახალციხე ყოველ წუთს ელოდა შეტევის დაწყებას. „ქართული შტაბის“ ერთ-ერთ თათბირზე გადაწყდა თავდასხმის და შეტევის დაწყება, რასაც უნდა მოეხდინა ახალციხის გარშემო თავმოყრილი „ჩეთების“ უვნებელყოფა. მართლაც, 1917 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, ქართული პოლკის მეომრები, რომელთაც მხარს უმაგრებდა აგრეთვე სომხური ათასეული, შეტევაზე ერთდროულად გადავიდნენ სამი მიმართულებით. მიცემული ბრძანებით, მათი მთავარი მიზანი იყო მაჰმადიანთა შეკრებილი რაზმების გაფანტვა და დაცლა ისე, რომ მოსახლეობას არაფერი დაშავებოდა. შეტევა დაიწყო აწყურის მიმართულებით განლაგებულ ომარ ფაიკის და აჰმედ ფეფენოვის წინააღმდეგ. აქვე იყო მოწინააღმდეგის მთავარი შტაბიც. „ჩეთები“ დაამარცხა და განდევნა ქართველ ოფიცერთა რაზმმა კაპიტან აბაშიძის მეთაურობით. „ჩეთები“ ასევე დამარცხებულ იქნენ ახალციხის სხვა მისადგომებთანაც. ქართული შტაბის გონივრული და დროული მოქმედების წყალობით, რასაც მაინცადამაინც დიდი მსხვერპლიც არ მოჰყოლია, „ჩეთებმა“ ახალციხის აღება ვერ შეძლეს [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 260].
1917 წ. ნოემბერში ჩეთების დამარცხებით საქმე არ დამთავრებულა. მაჰმადიანთა ბეგებმა სამხრეთ საქართველოს მომავლის საკითხი განსახილველად აბასთუმანში დანიშნულ მაჰმადიანთა სპეციალურ ყრილობაზე გაიტანეს, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები: სამცხიდან, ჯავახეთიდან, არტაანიდან, აჭარიდან, შავშეთიდან და ყარსიდან. ყრილობა ნახევრად კონსპირაციული იყო. მისი საორგანიზაციო კომიტეტის წინასწარი განცხადებით იქ უნდა განხილულიყო მხოლოდ კულტურულ-სარწმუნოებრივი საკითხები. მაგრამ, როცა ყრილობა გაიხსნა დღის წესრიგი არსებითად შეცვლილი აღმოჩნდა: დელეგატები რელიგიურ-კულტურული საკითხების ნაცვლად სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს როგორც სოციალურ-პოლიტიკური, ისე ტერიტორიული საკითხების გარჩევას შეუდგნენ და ყველასათვის მოულოდნელი ერთობ შესაზარი დადგენილება მიიღეს: ახალციხეახალქალაქის მაზრები, ფოცხოვი, აჭარა, არტაანი, შავშეთი მთელი თავისი ტერიტორიითა და ხალხით, ვითარცა სუნას მიმდევარი და ერთმორწმუნე, უნდა გაერთიანებულიყო ერთი ავტონომიური მმართველობის ქვეშ ყარსის მხარესთან. უნდა გამოყოფოდა ამიერკავკასიის კომისარიატს და გასულიყო თბილისის გუბერნიიდან [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997,გვ. 261].
სხვათა შორის, აბასთუმნის ყრილობას, როგორც მეთვალყურეწარმომადგენელი, ესწრებოდა მხარის გენერალ-გუბერნატორი მაღლაკელიძეც, რომელმაც თავის გამოსვლაში ყრილობის გადაწყვეტილება სრულიად აშკარად დაგმო და პროტესტი გამოუცხადა მას. აღელვებულმა ბრბომ მაღლაკელიძე ტრიბუნიდან ჩამოაგდო, ხოლო საღამოს, როცა ის სამ თანმხლებ პირთან ერთად ახალციხისკენ გაემართა ყაჩაღურად გზაში დაუხვდნენ, სროლა აუტეხეს და ერთი მხლებელი მოუკლეს. გენერალ-გუბერნატორმა თავს გაქცევით უშველა. ნიშანი მიცემული იყო, მესხეთის ფანატიკოსი ბეგ-აღალარები მთავრობასთან აშკარა კონფლიქტში ებმებოდნენ. მომავალ ბრძოლაში ბეგებს თავიანთი „ჩეთების“ იმედი ჰქონდათ. მესხეთში მძიმე სამოქალაქო ომი იწყებოდა, რომელიც რელიგიურ-შოვინისტურ მიმართულებას იღებდა.
აბასთუმნის ყრილობა და „ჩეთების“ ამოძრავება ერთიმეორეს დაემთხვა. როგორც ჩანს, შეთქმულთა მიერ შედგენილი პროგრამით ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ეტყობა ამ მიზნით იქნა შეტყუებული ყრილობაზე ახალციხე-ახალქალაქის გუბერნატორი, რამაც ადგილზე დარჩენილ აღმასკომის ავანტიურისტ წევრებს თვითნებური სხდომების ჩატარების საშუალება მისცა, რომელზეც ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დადგენილებები გამოიტანეს. მაგ., ახალციხის აღმასკომის უნებართვოდ მოწვეულ სხდომაზე აჰმედ-ბეგ ფეფინოვის დაჟინებული მოთხოვნით განიხილეს საკითხი ქ. ახალციხის სახელის გადარქმევის შესახებ და გამოიტანეს დადგენილება, რომ ამიერიდან ახალციხეს წოდებოდა „აჰისკა“. აჰმედ-ბეგ ფეფინოვი სხდომის მონაწილეებს არწმუნებდა, რომ „აჰისკა“ იყო მისი თავდაპირველი სახელი და შემდეგ ქართველებმა გადააკეთეს ახალციხედო. იმავე დღეებში მაზრაში სახელი შეუცვალეს ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს. მაგ., სოფელ აბს უწოდეს „სულთანიე“, ხოლო სოფელ ხაკს _ „მეჩეთიე“.
მხარეში საერთო არეულობით ისარგებლეს ახალქალაქის სამაზრო კომიტეტში მოკალათებულმა დაშნაკებმაც. მათ იმავე პერიოდში უნებართვოდ მოიწვიეს აღმასკომის სხდომა და ბევრად უფრო თავხედური დადგენილება გამოიტანეს იმის შესახებ, რომ უპირატესად სომხებით დასახლებული ახალქალაქის მაზრა გამოსულიყო თბილისის გუბერნიიდან და შესულიყო ერევნის გუბერნიაში. ყველაფერი ეს ხდებოდა ქართული შტაბისა და მხარეში შემოღებულ საგენერალგუბერნატოროს გვერდის ავლით, რომლის გარეშეც მათ ასეთი სხდომების ჩატარების უფლება არ ჰქონდათ. როდესაც გენერალ-გუბერნატორი მაღლაკელიძე აბასთუმნის ყრილობიდან მობრუნდა და სამაზრო აღმასკომების დანაშაულებრივ საქმიანობას გაეცნო, მიხვდა, რომ ძალის გამოყენების გარეშე იმ ეტაპზე არც ერთი ფრთის დაშოშმინება და დამშვიდება არ შეიძლებოდა.
1918 წლის 28 მარტს, ჩეთები შეესივნენ ჯავახეთ-ერუშეთის საზღვარზე მდგარ ორ ქართულ სოფელს: ზედა თმოგვსა და აგარას. აიკლეს ის და მოსახლეობა დაარბიეს. 5 აპრილს 800-მა შეიარაღებულმა მაჰმადიანმა იერიში მიიტანა ზეკარის გადასასვლელზე და ჩაკეტა იმერეთიდან სამცხეში მიმავალი ერთადერთი გზა. ცოტა უფრო ადრე აწყურელმა მაჰმადიანებმა ჩაკეტეს ახალციხიდან ბორჯომისკენ მიმავალი გზა. ახალქალაქის მაზრაში მცხოვრებმა თარაქამებმა ბაკურიანსა და თრიალეთზე მიმავალი გზები გადაჭრეს. ამასთან, მოშალეს ყოველგვარი სატელეფონო კავშირი თბილისთან. „39 დღე გარშემორტყმული ვიყავით მტრით. 43 დღე ფოსტა არ მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში ვუძლებდით ყოველგვარ გასაჭირს. ვუძლებდით იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან გვეღირსება განთავისუფლება ჩვენდა სასარგებლოდ“. _ წერდა ზაქარია დიდიმამიშვილი 1918 წლის 4 ივნისს [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 397]. სამწუხაროდ, იმ დღეს ქართველთა იმედები დაიმსხვრა. ბათუმში ხელმოწერილი ხელშეკრულებით თურქეთის ხელში გადადიოდა 10.000 კვ. კმ. ტერიტორია 350.000 მცხოვრებით. საქართველო კარგავდა არა მარტო 1878 წელს დაბრუნებულ თავის ისტორიულ მიწა-წყალს, არამედ 1829 წელს შემოერთებულ სამცხე-ჯავახეთსაც.
6 ივნისს გუბერნატორის გამოცემული ბრძანებით უქმდებოდა კომენდანტის საათი ქ. ახალციხეში. 7 ივნისს თურქ ცხენოსანთა საპოლიციო ასეული შევიდა ახალციხეში და ქუჩებში მარშით გაიარა. 8 ივნისს ახალციხე დატოვა სომხურმა ბატალიონმა. აწყურისაკენ მიმავალ ნაწილებს ბევრი მოქალაქეც გაყვა. შეთანხმების მიხედვით 11 ივნისს ახალციხე უნდა დაეტოვებინა ქართულ პოლკსაც და იქიდან აბასთუმანში გადასულიყო. მაგრამ როგორც გაირკვა, აბასთუმანსა და აწყურს იქ გამაგრებული ადგილობრივი ბეგები არ თმობდნენ. ამ მდგომარეობით სარგებლობდა გენ. მაყაშვილი და ახალციხიდან არ გამოდიოდა. მაგრამ მხარეში თურქული წეს-ჩვეულებები მაინც მყარდებოდა. დამპყრობლებმა საქმე სამაზრო მმართველობის შეცვლითა და ახალი სამოხელეო აპარატის შექმნით დაიწყეს. მმართველობის სათავეში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებით აღჭურვილი, აქ განლაგებული ჯარების (დივიზიის) სარდალი ხალით-ფაშა დააყენეს.
ხალით-ფაშას ხელისუფლება ყოფილი გიმნაზიის შენობაში მოთავსდა. ფაშას ჰყავდა თავისი მუთასერიფი, კაიმაკამი, მუდირი, ბაშ მუდირი,  მუხთარი, ბაშ მუხთარი. ყველა სოფელს ჰყავდა თავისი მუხთარი ან იუზბაში. ისინი ბაშ მუხთარს ემორჩილებოდნენ. ბაშ მუხთარი განაგებდა რამდენიმე სოფელს და უდრიდა რუსულ „სტარშინას“. უფროსი მუხთარი (ბაშ მუხთარი) ემორჩილებოდა მუდირს, მუდირი _ კაიმაკამს, ეს უკანასკნელი _ მუთასერიფს და ა.შ. თურქული სამოხელეო აპარატი ბევრად უფრო გაზრდილი იყო, ვიდრე რუსული. სამოხელეო აპარატის შექმნამდე და ხალით-ფაშას მოსვლამდე აქ კომენდანტად დანიშნული იყო შტაბს-კაპიტანი ბაკი-ფაშა [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ.287].
11 ივნისს ბაკი-ფაშას ბრძანებით გაუქმდა ახალციხის ყოფილი მილიცია და მის მაგივრად დაარსებულ იქნა თურქული პოლიცია, რომლის განკარგულებაში იყო ერთი ცხენოსანი და ერთი ფეხოსანი ასეული. საპოლიციო რაზმები ძირითადად ადგილობრივი მაჰმადიანებით იყო დაკომპლექტებული [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 287].
15 ივნისს ახალციხეში შევიდა დივიზიის უფროსი, მხარის სამხედრო და სამოქალაქო მმართველი ხალით-ფაშა. მისი ქალაქში შესვლა აღინიშნა ზარ-ზეიმით. იმავე დღეს დაიწყო ახალციხის დაცლა. ახალმა ადმინისტრაციამ სამცხე-ჯავახეთის ოფიციალურ ენად თურქული გამოაცხადა. ამის შესაბამისად ქუჩებსა და წარმოება-დაწესებულების ყველა წარწერა გამოიცვალა. თურქულ ენაზე გადავიდა საქმის წარმოებაც, რის გამოც ადგილობრივ ქრისტიანულ მოსახლეობას გაუჭირდა სამსახური [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 289].
1918 წლის (14) 27 ივლისიდან ახალციხე საოლქო ქალაქად გადაკეთდა. ახალციხეში ბათუმიდან ჩავიდა ოლქის მუთასერიფი (ვიცეგუბერნატორი) [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ.431].
თურქთა პარპაში სამხრეთ საქართველოში დიდხანს ვერ გაგრძელდა. 1918 წლის 30 ოქტომბერს ინგლისის კრეისერ „აგამემონზე“, მუდროსის ნავსადგურში (ეგეოსის ზღვა) ხელი მოაწერეს ზავს, რომლის ძალით ოსმალეთი ინგლისის მოწყალებას მიენდო. მუდროსის დროებითი ზავის ძალით თურქეთს უკან უნდა დაეხია 1914 წლის საზღვრებში. ამასთან, ინგლისის ჯარის მოსვლამდე, მათი ჯარის ერთი მესამედი უნდა დარჩენილიყო ოკუპირებულ ოლქებში [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 293].
დაუბრუნდებოდა თუ არა სამცხე-ჯავახეთი თავის ისტორიულ პატრონს _ საქართველოს, რა პოლიტიკურ გზას აირჩევდნენ აქ ინგლისელები, კანონიერად სცნობდნენ თუ არა ბათუმის ხელშეკრულებას, რომელიც სცილდებოდა არა მარტო 1914 წლამდე არსებულ საზღვარს, არამედ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით დადგენილ საზღვარსაც, როგორ ურთიერთობას დაამყარებდნენ ისინი საქართველოსთან და მის  მეზობლებთან (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) და სხვა. აი საკითხები, რომლებიც მაშინ აღელვებდა ყველას.
ამასთან დაკავშირებით, მოძრაობა დაიწყეს მესხეთის მოღალატე ბეგებმაც. ათასნაირად მიდგნენ-მოდგნენ და ერთიანი აზრის შესამუშავებლად 1918 წლის 3 ნოემბერს, ვიდრე ძალაუფლება ჯერ კიდევ თურქების ხელთ იყო, ახალციხის ციხეში გამართეს კრება, რომელსაც თურქეთის მხრიდან დაესწრნენ ხალით-ბეი, ბაკი-ბეი და ჯემალ ხიმშიაშვილი. კრებაზე ბეგებს ხალით-ფაშისათვის უთქვამთ: თქვენი წასვლის შემდეგ მხარე ჩვენ დაგვიტოვეთ და ინგლისელებთან ჩვენ თვითონ გავაწყობთ საქმესო. ხალით-ფაშა მაშინ უარზე დამდგარა. რადგან ეს მაზრები ჩვენ ქართველებმა ჩაგვაბარეს, ისევ ქართველებს უნდა ჩავაბაროთო. კამათი გამწვავებულა პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზეც. ბეგების ყველაზე რეაქციული ნაწილი მოითხოვდა ძველი მესხეთის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფო ერთეულის შექმნას და მის საქართველოდან ჩამოცილებას. მეორე, შედარებით ლოიალური ნაწილი თვლიდა, რომ აუცილებელი არ იყო მესხეთის გამოყოფა საქართველოდან თუ იგი მასში შევიდოდა ავტონომიური უფლებით. ბეგთა შორის თითო-ოროლა (მაგ., ბახში-ბეგ მაჩაბელი) ისეთიც აღმოჩნდა, რომელიც შესაძლებლად თვლიდა სრულიად საქართველოსთან შეერთებას ყოველგვარი გამოყოფისა და ავტონომიის გარეშე. სულსწრაფმა ბეგებმა ვეღარ მოითმინეს, 5 ნოემბერს ახალი მთავრობა შეადგინეს და პორტფელები ერთმანეთში გაინაწალეს. მინისტრპრეზიდენტის თანამდებობა ერგო მესხეთის ბეგთა შეთქმულების უპირველეს მონაწილეს ომარ ფაიკს (ყიფიანს), სამხედრო მინისტრის პორტფელი მიიღო სერვერ-ბეგ ჯაყელმა, ქობლიანელმა. მიწათმოქმედების მინისტრი გახდა ზია-ბეგ ავალიშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, ორივე ერთად მიიტაცა ავანტიურისტმა ლეკმა მურხან მუსაკიევმა. არ არსებული სახელმწიფოს კაბინეტის შესახებ მეორე დღეს უკვე მთელმა მესხეთმა იცოდა. დაწყებულ მოძრაობაში ქალაქის თვითმმართველობამ და პირადად ახალციხის თავმა ზორიანმა, რომელსაც საკმაოდ გამახვილებული ჰქონდა პოლიტიკური სიტუაციის გრძნობა, ავანტიურისტ ბეგებთან თანამშრომლობის ახალი შესაფერისი პოზიცია გამოიმუშავა: 8 ნოემბერს მოწვეულ სხდომაზე ზორიანმა და მისმა ჯგუფმა ბეგებს განუცხადეს, რომ დაწყებულ ბრძოლაში დადგებოდნენ მათ გვერდით და ყველაფერს გააკეთებდნენ, იმისათვის, რომ მესხეთი მენშევიკურ მთავრობას აღარ შეერთებოდა [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 294].
სამცხე-ჯავახეთის მმართველობისათვის, საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, 1918 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა და 1919 წლის 28 მაისამდე იარსება თბილისის გუბერნიის ახალციხე-ახალქალაქის დროებითმა საგენერალ-გუბერნატორომ, რომლის მთავარსარდალს  სამხედრო ხელისუფლებასთან ერთად სამოქალაქო ხელისუფლებაც ემორჩილებოდა. მის მმართველობაში შედიოდა თითო წარმომადგენელი ქალაქების თვითმმართველობებიდან და ორ-ორი გლეხთა საბჭოდან, ქალაქების მცხოვრებთაგან და გახიზნულთა კომიტეტიდან. ახალციხეახალქალაქის მაზრების დროებითი გენერალ-გუბერნატორი იყო ჯერ გენერალი მაყაშვილი, შემდეგ გენერალი კვინიტაძე. ამ უკანასკნელმა 1919 წლის 28 მაისს ძალაუფლება გადასცა სამოქალაქო-სამაზრო მმართველობებს [სცსსა, ფ.1946, ანაწ.1, საქ.17, ფურც.384.; სცსსა, ფ.1946, ანაწ.1, საქ.22, ფურც.15,18,25,30].
მალე ცნობილი გახდა, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში საქართველოს რესპუბლიკის ჯარი უნდა შესულიყო ახალციხეში. ზოგი აქა-იქ მიიმალა, ხოლო ზოგმა თავის გადარჩენისათვის დაიწყო სირბილი. 1 დეკემბერს აწყურში ჩასული მურხან მუსაკიევი გენერალ მაყაშვილს ბეგებისათვის ფეოდალური პრივილეგიების შენარჩუნებას, პატიებას და უშიშროების გარანტიას სთხოვდა. 2 დეკემბერს მან ეს მოთხოვნები წარუდგინა უკვე ნირწამხდარ ხმოსანთა კრებასაც. 1918 წლის 3 დეკემბერს, დილით ადრე, სერვერ-ბეგ ქობლიანელი და ბაღშიბეგ მაჩაბელი ახალციხიდან აჭარისაკენ გაიპარნენ [სჯიმხფ, ე.#111, ფურც.76].
4 დეკემბერს, დღის პირველ საათზე, ახალციხეში შევიდა ქართული ჯარი გენერალ გელოვანის მეთაურობით, სამხედრო მუსიკის თანხლებით. ასე სამარცხვინოდ დამთავრდა ავანტიურისტი მესხი ბეგების პირველი შეთქმულება, რომელსაც სათავეში ედგა რენეგატი, ნაქართველარი, ომარ ფაიკი ნემან-ზადე (ყიფიანი) [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 295].
ინგლისელთა შემოსვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა უკან დაიხია და მესხეთი საქართველოს ჯარმა დაიკავა, თურქეთ-საქართველოს საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. რევოლუციის შიშით ენვერ-ფაშას პოლიტიკის მიმდევარი სამხედრო პირები ვეღარ დაბრუნდნენ სახლებში და დარჩნენ ამიერკავკასიის მუსულმანებთან, როგორც თურქი ემისრები. ასეთი ემისრების რიცხვი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო არტაანის, ქვაბლიანის და ფოცხოვის რაიონებში, რომელთაც მხარს უჭერდნენ ადგილობრივი ბეგები და აღალარები. კავკასიაში დარჩენილ ამ სამხედრო ჯგუფებს დახმარებას უწევდნენ თურქეთის სამხედრო წრეები სტამბოლიდან, რომელნიც ინგლისის კარნახით მოქმედებდნენ.
1919 წლის დასაწყისში „ამიერკავკასიის ოსმალეთის“ შექმნის ლოზუნგით ამ ჯგუფებმა მოქმედება დაიწყეს. ეს ახალი ე. წ. „სახელმწიფო“, როგორც იდეა თავის განსახიერებას ეძებდა დაახლოებით ძველი სამცხე-საათაბაგოს საზღვრებში. მას სახელად უნდა რქმეოდა „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობა“, რომლის ცენტრი იქნებოდა ქალაქ ყარსში. მისი ტერიტორია უნდა შემდგარიყო: ყარსის, არტაანის,  ბათუმის ოლქებისა და ახალციხე-ახალქალაქის მაზრებისაგან, ე.ი. იმ ტერიტორიისაგან, რომელიც მუდროსის შეთანხმების ძალით უნდა დაეცალათ თურქებს და გადაეცათ გამარჯვებული ინგლისისათვის. [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997, გვ. 297].
ამ ახალი „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობის“ თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა ახალციხე-ახალქალაქის მაზრების დროებითი კომისარი, თურქების ემისარი, სერვერ-ბეგ ათაბაგი ჯაყელი, ქობლიანელი. მას, როგორც ჩანს, აზრად ჰქონდა მთავრობის ეროვნულ საფუძველზე მოწყობა. ადმინისტრაცია ჩააბარა ტერ-არუთინოვს, ვინმე ტომაშევიჩი _ დედით ქართველი, დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად და მთავრობის თავმჯდომარის ამხანაგად (ის ქართველებს მფარველობდა). ფინანსების მოწესრიგება მიენდო მარქარიანს; რუკინი დაინიშნა ხარჯთამკრეფად; კორტალოვი _ სურსათის მინისტრად; მურთაზ-ბეგ ფალავანდიშვილი _ იუსტიციის მინისტრად. მთავრობის აპარატს კომისარიატი უწოდეს [სჯიმხფ, ე.#3428, ფურც.8.;].
1919 წლის 12 თებერვალს ახალციხეში სერვერ-ბეგის ჯარი შევიდა. ამის შესახებ გაზ. „ერთობა“ იუწყებოდა: „12 თებერვალს სერვერ-ბეგი ქობლიანსკის მეთაურობით ფოცხოვის ჯარები შევიდნენ ახალციხეში. აღლუმს ხელმძღვანელობდა აწყურის ყოფილი უფროსი ლათიბ-ბეი. ჯარების შემოსვლის დროს დატუსაღებულ იქნენ ყველა მოხელენი და ადგილობრივი მილიციის წევრები, რომელთაც ვერ მოესწროთ ქალაქიდან წასვლა„ [გაზ. „ერთობა“, #63, 1919წ.].
„სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობამ“ გამოაცხადა მობილიზაცია და ჯარის ორგანიზება მიანდო პოლკოვნიკ მირონოვს. თუმცა ჯარის შეკრება ვერ მოხერხდა, რადგან ხალხი მხარს არ უჭერდა მათ. კომისარიატის მართვა-გამგეობამ 27 დღეს გასტანა. გენერალმა კვინიტაძემ ერთი დაკვრით დაამხო „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობა“ [სჯიმხფ, ე.#3428, ფურც.8.;]. გენერლებმა კვინიტაძემ და ართმელაძემ დაიკავეს ახალციხე, ფოცხოვი, ახალქალაქი და არტაანი [Квинитадзе Г. Мои воспоминания в годы независимости Грузии 1918-1921, პარის, 1985. ст. 103-104]. არტაანის აღებით მესხეთში წელიწადნახევრიანი სამოქალაქო ომი დამთავრდა.
ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ერთი მხრით, მოსკოვის ბოლშევიკური და, მეორე მხრით, ანკარის ქემალისტური მთავრობების საიდუმლო გარიგების საფუძველზე საქართველოს ერთსა და იმავე დროს შემოესივნენ ბოლშევიკებიცა და ქემალისტებიც. ქემალისტებმა მაშინ ისტორიული საქართველოს სამხრეთი ოლქები, მათ შორის არტაანი დაიპყრეს, ხოლო ბოლშევიკებმა _ მთელი საქართველო. ამ ვერაგული შეთანხმების გამჟღავნება ცოტა გვიან 1921 წ. 16 მარტს მოსკოვის კონფერენციაზე მოხდა, რაც შემდეგ იმავე მოსკოვიდან მიღებული დიქტატის საფუძველზე, ამიერკავკასიის ფედერაციულმა მთავრობამ ყარსის კონფერენციაზე დაადასტურა 1921 წლის 13 ოქტომბერს [შ. ლომსაძე, მესხები, ახალციხური ქრონიკები, II, თბ., 1997,; 305]. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული დაყოფის ძველი ფორმა შეინარჩუნა. ისტორიული სამხრეთი საქართველოდან საქართველოს საზღვრებში მხოლოდ სამცხე-ჯავახეთი ანუ ახალციხის და ახალქალაქის მაზრები დარჩა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 1878 წლიდან შემოერთებული მესხეთი მოიცავდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს, არტაანის და ოლთისის ოკრუგებს.
ახალციხის მაზრის ტერიტორია მთლიანად უდრიდა 2658,4 კვ. კილომეტრს. მასში შედიოდა 3 საპოლიციო უბანი: აწყურის, ქვაბლიანის და ურაველის, რომელთა ფართობი შესაბამისად იყო: 848,7; 980 და 829,7 კვ. კილომეტრი.
აწყურის საპოლიციო უბანი, თავის მხრივ, იყოფოდა: აწყურის იდუმალას და კლდის სასოფლო საზოგადოებად. აწყურის ს/ს-ში შედიოდა სოფლები: აგარა, აწყური, დვირი, დგვარი, ზიკილია, ქვაბისხევი, კოპაძე, მოქცევი, საკვირიკე, საყუნეთი, ტაძრისი, თისელი, ტყემლანა, წინუბანი, წრიოხი (სულ 15 სოფელი). იდუმლის სასოფლო საზოგადოებაში გაერთიანებული იყო 19 სოფელი: ასპინძა, ბლორძა, იდუმალა, ინდუსა, ყამზა, კოლთახევი (კვალთახევი), ლაშიხევი, მინაძე (დავთარში არაა), ორფოლა, ოთა, ზემო ოშორა, ქვემო ოშორა, ფერისციხე, რუსთავი, ტამალა, ტობა, წყალთბილა, ჭალა, ჭეჭერექი (ჭაჭარაქი). კლდის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა 19 სოფელი: ანი, ბოგა, გიორგიწმინდა, ძირი (ძირა), ზეუბანი, კლდე, ყურათუბანი, მიქელწმინდა, მუგარეთი, ფერსა, სვირი, ტატანისი, წირა, წნისი, ჭვინტა, ჩოხტა, შურდო, ელიაწმინდა. აწყურის საპოლიციო უბნის ადგილსამყოფელი სოფ. აწყური იყო [Кавказский календарь, 1917. ст. 91;].
აწყურის საპოლიციო უბანს აღმოსავლეთით თბილისის გუბერნიის გორის მაზრის ბორჯომის საპოლიციო უბანი ესაზღვრებოდა; სამხრეთ-აღმოსავლეთით _ ახალქალაქის მაზრის ბარალეთის საპოლიციო უბანი; სამხრეთით _ ახალციხის მაზრის ურაველის საპოლიციო უბანი; დასავლეთით _ ახალციხის მაზრის უდის საპოლიციო უბანი; ჩრდილოეთით _ ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრის ბაღდადის საპოლიციო უბანი და ამავე გუბერნიის შორაპნის მაზრის ბელაგორის საპოლიციო უბანი, მათგან აწყურის საპოლიციო უბანი მესხეთის ქედით გამოიყოფოდა.
ქვაბლიანის საპოლიციო უბანი ადიგენის, ვარხანის და უდის სასოფლო საზოგადოებებად იყოფოდა. საპოლიციო უბნის უფროსის რეზიდენცია სოფელ უდეში იყო.
ადიგენის სასოფლო საზოგადოება 27 სოფელს მოიცავდა. ესენი იყო: ადიგენი, აფიეთი, არძნე, ბოლაჯური, ღაღვი, გოდერძი, გომარო,  ღორთუბანი, გუგუნაური (ეს სოფელი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ მოხსენებული არ არის), დერცელი, ზანავი, ზარზმა, ზედუბანი, კეხოვანი, მლაშე, მოხე, ნამნიაური („დავთარში“ აღრიცხული არაა), ოსიეთი (ოსიძე), ფლატე, საირმე, დიდი სმადა, პატარა სმადა, უტყუსუბანი („დავთარში“ სოფ. ძინძეს ერთ-ერთ უბნადაა მოხსენებული და შემდგომ, დროთა განმავლობაში, დამოუკიდებელ სოფლად ქცეულა), წრე, ციხისუბანი (,,დავთარში" არაა აღნიშნული), ჭეჭლა და ჩორჩანი. ვარხანის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა 20 სოფელი: აბასთუმანი, ბენარა („დავთარში“ აღნიშნულია ბელნარათი), ვარხანი („დავთარში“ მოხსენებული არაა), ქიქინეთი, ნაქურდევი, ფარეხა (პარეხი „დავთრის“ მიხედვით, უდის ნაჰიეში მოხსენებული ზემო ფარეხაა), ფხერო, საბუზარა („დავთრით“ საბუდარა), უნწა, ხარჯამი, ხევაშენი, წახანი, წახნისწყარო, წყუტაჯვარი, ჭიხელი, ჩურჩუტო, შოყა („დავთრის“ მიხედვი _ ალთუნყალას რაბათი), შოლავერი, ზემო ენთელი და ქვემო ენთელი. უდის სასოფლო საზოგადოება შედგებოდა 17 სოფლისაგან: ამხერი („დავთრის“ მოხედვით ავხერი), არალი, გორგული, ღორძე, ზაზალო, იჯარეთი, ყართუბანი, კახარეთი, ლელოვანი, მარელი („დავთრის“ შედგენისას ორი, ზემო და ქვემო მარელი არსებობდა), ორჯოშანი („დავთარში“ ქვემო და ზემო ორჯოშანია მოხსენებული), სამყრე, უდე, ხონა, ხურო, წარბასთუბანი, წყისე [Кавказский календарь, 1917].
ქვაბლიანის საპოლიციო უბანს აღმოსავლეთით ახალციხის მაზრის აწყურის და ურაველის საპოლიციო უბნები ესაზღვრებოდა, სამხრეთით _ ყარსის ოლქის არტაანის ოკრუგის ფოცხოვის საპოლიციო უბანი; დასავლეთით _ ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოკრუგის ზემო აჭარის საპოლიციო უბანი; ჩრდილოეთით კი _ ქუთაისის მაზრის ბაღდადის და ოზურგეთის მაზრის ჩოხატაურის საპოლიციო უბნები. ურაველის საპოლიციო უბნის ცენტრი ქალაქ ახალციხეში იყო.
საპოლიციო უბანი ვალეს, ლეპისის და ურაველის სასოფლო საზოგადოებებად იყოფოდა. ვალეს სასოფლო საზოგადოებაში გაერთიანებული იყო 14 სოფელი: აბი, არჯანა, არყისციხე, ვალე, ჯაყისმანი (ძველად ჯაყისუბანი), ნიოხრები (ნაოხრები „დავთარში“ ქვემო და ზემო ნიოხრებია), ორალი, დიდი პამაჯი, პატარა პამაჯი, საძელი, სხვილისი (სუფლისი ს. ჯიქიას აზრით, არმენიზებული ფორმაა), ხაკი, წინუბანი, ჭარალი („დავთარში“ დიდი და პატარა). ლეპისის სასოფლო საზოგადოება 28 სოფლისაგან შედგებოდა: დიდი აგარა, აწყვიტა, ალანძია, არტახი, ახჩია, ბეზირხანა („დავთარში“ არაა მოხსენებული), ბნელა, ბუზმარეთი („დავთარში“ სამი სოფელია: ზემო, ქვემო და შუა), ვანი, ვარნეთი, გავეთი („დავთარში“ არაა აღნიშნული), გიორგიწმინდა, დადეში, დანეთი, ზედა თმოგვი, ქარზამეთი, კურბალა-ოღლი (ეს სოფელი 1930 წელს გამოცემულ საქ. სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში აღარ მოიხსენება), ლეპისი, ნიალა, („დავთარში“ _ ქვემო და ზემო), ოსკორია, ფანაქეთი, როკეთი, თმოგვი, თოლერთა, ტოლოში, ჩოლდა („დავთრით“ _ ჩოლეთი), შალოშეთი („დავთარში“ _ სალოშეთი).
ურაველის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 29 სოფელს: პატარა აგარა, ანდრიაწმინდა, არჯული, ახლაშენი, დიდი ვარნეთი, გიორგიწმინდა, ღობიეთი („დავთარში“ არაა დამოწმებული), ღრელი, ღრმა, ენგიკოი (თურქიზებული ფორმა ახალსოფლისა, ს. ჯიქიას აზრით ენგიკოი ანუ ქართულად ახალსოფელი ძველ ქართულ წყაროებში მოხსენებული ახტილა, ახდილაა), ზრზველი, კანტიეთი, კისათიბი, მუსხი, ოდუნდა, ონღორა, ორცეფი, ოხერა, სახუდაბელი, ტრიბონი, თხალათუბანი (არაა აღნიშნული არც „დავთარში“, არც საქ. სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში), ურაველი, ხავეთი, ხრიანი („დავთრის“ დროს უკაცრიელია, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში აღდგენილა), წყორძა, ჭობარეთი, ენთელი, ერკოტა.
ურაველის საპოლიციო უბანს აღმოსავლეთით ახალქალაქის მაზრის ბარალეთისა და ბოგდანოვკას საპოლიციო უბნები ესაზღვრებოდა; სამხრეთით _ ყარსის ოლქის არტაანის ოკრუგის ჩილდირის საპოლიციო უბანი; დასავლეთით _ ყარსის ოლქის არტაანის ოკრუგის ფოცხოვის საპოლიციო უბნის ნაწილი და ახალციხის მაზრის ქვაბლიანის საპოლიციო უბანი; ჩრდილოეთით _ ახალციხის მაზრის აწყურის საპოლიციო უბანი.
სულ ახალციხის მაზრაში იყო 188 სოფელი. 1917 წლის მონაცემებით. მთლიანობაში ახალციხის მაზრას აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა თბილისის გუბერნიის გორის და ახალქალაქის მაზრები; სამხრეთით _ ყარსის ოლქის არტაანის ოკრუგი; დასავლეთით _ ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოკრუგი; ჩრდილოეთით _ ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრა.
როგორც ჩამოთვლილი სოფლების სახელებიდან ჩანს, ახალციხის მაზრის ტოპონიმია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ შედგენის შემდეგ არ შეცვლილა. სოფლების ქართული სახელები სიცოცხლის უნარიანები აღმოჩნდნენ.
ახალქალაქის მაზრა ახალციხის მაზრაზე დიდი იყო. მისი ფართობი 2743 კვ. კილომეტრს უდრიდა. ახალქალაქის მაზრა ორი საპოლიციო უბნისაგან შედგებოდა. ბარალეთის საპოლიციო უბნის ფართობი 1020 კვ. კილომეტრი იყო, ბოგდანოვკისა კი _ 1723 კვ. კმ.
ბარალეთის საპოლიციო უბანი არაგვას, ბარალეთის, ვარევანის, დილისკას, კულიკამის და ხერთვისის სასოფლო საზოგადოებებისაგან შედგებოდა. 
არაგვას სასოფლო საზოგადოებაში იყო 10 სოფელი: არაგვა, ბალხო („დავთარში“ არაა აღნიშნული), ბუღაშენი („დავთარში“ არაა), გომი, ზაქი ( ზაკი; ზეგანი), კოთელია, დიდი სამსარი, პატარა სამსარი, ტრკნა („დავთრით“ და ქართულით _ დირკნალი), ხანდო.
ბარალეთის სასოფლო საზოგადოებაში გაერთიანებული იყო 11 სოფელი: აგანა, ალათუბანი, ბალანთა („დავთრის“ შედგენის დროს გაუკაცრიელებულია), ბარალეთი, ბეჟანო („დავთრით“ და ქართული შესატყვისი ბოჟანო), იხტილა (ქართული ფორმაა _ ღრტილა; „დავთარშიც“ ღრტილაა აღნიშნული. იხტილა თურქიზებული და არმენიზირებული ფორმაა), კაჩიო („დავთრით“ და ქართულად კაჭიო), მერენია, სირქვა („დავთრით“ და ქართულად სირგვი), ხუმრისი (ს. ჯიქია „დავთარში“ აღნიშნავს, რომ ხუმრისი ამჟამად გაუკაცრიელებულიაო), ჭიხარულა („დავთარში“ არის ჭარელი, რაც სწორი არაა.).
ვარევანის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 10 სოფელს: აზავრეთი, ალასტანი („დავთარში“ _ ორი სოფელია ქვემო და ზემო ალასტანი), ბურნაშეთი, ვარგავი, („დავთრის“ დროს გაუკაცრიელებულია), ვარევანი, გოდოლარი („დავთარში“ არაა), გოკია („კავკაზსკი კალენდარ“-ში მოცემულია კოკია, რაც არმენიზებული ფორმა უნდა იყოს), ლომატურცხი, მოდეგა („დავთარში„ მოდეგანი; „დავთრის“ დროს მოსახლეობა არ არის), ტურცხი.
დილისკას სასოფლო საზოგადოებაში შემავალი სოფლები იყო: აფნია, ბავრა, გოგაშენი, გუმურდუ (არმენიზებული ფორმაა; ქართულად _ კუმურდო), დილისკა („დავთრით“ და ქართულად _ დილიცკა), პრტენა, დიდი ხოსპია (პატარა ხოსპიას საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაერქვა მარტუანი), ჩანდურა (ქართული გეოგრაფიული სახელის _ ჩამძვრალას არმენიზებული ფორმაა). სულ 9 სოფელი.
კულიკამის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა 10 სოფელი: აბული, ბუზავეტი, კარტიკამი, კორხი, კულიკამი, მაჯადია (ქართული მაჭატიას არმენიზებული და თურქიზებული ფორმაა. „დავთარში“ დიდი და პატარა მაჭატიაა მოხსენიებული), ოლავერდი, ორჯა, („დავთარში“ ორჯუა), თოთხამი, ხულგუმო.
ხერთვისის სასოფლო საზოგადოებას 15 სოფელი ეკუთვნოდა: ალჯუა, ანაკეთი, ვარტაკანი („დავთარში“ არაა), გელსუნდა, კვარშა, ქილდა, მარგასტანი („დავთარში“ არაა), მირაშხანი, ნაქალაქევი, სარო, თოკი, ხერთვისი, ხიზაბავრა, ჩუნჩხელი (ჩუნჩხა _ თანამედროვე ქართულით), შადრევანი.
ბარალეთის საპოლიციო უბანს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის თრიალეთის საპოლიციო უბანი და ახალქალაქის მაზრის ბოგდანოვკის საპოლიციო უბანი; ეს უკანასკნელი სამხრეთიდანაც ესაზღვრებოდა; დასავლეთით _ ახალციხის მაზრის ურაველის საპოლიციო უბანი; ჩრდილოეთით _ ახალ- ციხის მაზრის აწყურის და გორის მაზრის ბორჯომის საპოლიციო უბნები. ბარალეთის საპოლიციო უბნის უფროსის რეზიდენცია სოფ. ბარალეთში იყო.
ბოგდანოვკის საპოლიციო უბანში გაერთიანებული იყო შემდეგი სასოფლო საზოგადოებები: ვაჩიანის, განძის, გორელოეს, კარწახის, კონდურის, სათხის, სპასკოეს და ეშტიას.
ვაჩიანის სასოფლო საზოგადოებას 5 სოფელი ეკუთვნოდა: ვაჩიანი, კულალისი (ეს შეიძლება „დავთარში“ აღნიშნული კულულეთია), მურჯახეთი („დავთრის“ დროს სამი მურჯახეთი იყო: დიდი, შუა და პატარა), ოკამი, სულდა.
განძის სასოფლო საზოგადოებაში სულ 3 სოფელი შედიოდა: განძა („დავთრის“ მიხედვით განძანი), ფოკა, საღამო.
გორელოეს სასოფლო საზოგადოება კი მხოლოდ სოფელ გორელოეს წარმოადგენდა.
კარწახის სასოფლო საზოგადოებაში 9 სოფელი იყო გაერთიანებული: აზმანა, ღართა, დავნია („დავთარში“ ნახსენები არაა), დანკალი, კარწახი („დავთრის“ დროს ორია _ დიდი და პატარა კარწახი), ქარცები, მრაკვალი, ხავეთი, ერინჯა.
კონდურის სასოფლო საზოგადოებას 7 სოფელი შეადგენდა: ჯიგრაშენი, დლივი, დიდი კონდურა, პატარა კონდურა („დავთარში“ კონდურა აღნიშნული არაა), კურიდადეში („დავთარში“ _ დადეში; ს. ჯიქია წერს: „დადეში ხუთვერსიან და სხვა რუსულ რუკებზე სოფ. კონდურებსა და სულდას შუა კურიდადეშადაა აღნიშნული, ადგილზეც გამიგონია „კურიდადეში“. როდის დაერთო ამ დადეშ სახელწოდებას ეს კური ელემენტი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შესაძლებელია, ეს არაბული „სოფელი“ სიტყვის რაღაცნაირი რეფლექსი იყოს), მამწვარა, პატარა ხანჯალი („დავთარში“ დიდი და პატარა ხანჩალი აღრიცხული არ არის; შესაძლებელია მოსახლეობა აქ შემდეგში გაჩნდა და სოფლებმა სახელი ტბა ხანჩალისაგან \ხანჯალი\ მიიღეს).
სათხის სასოფლო საზოგადოების სოფლებია: დიდი არაქალი, პატარა არაქალი („დავთრის“ დროს ეს სოფლები უკვე დაცარიელებულია; შემდეგ, XIX ს-ის 30-იან წლებში ამ ნასოფლარებში არზრუმიდან გადმოსახლებული სომხები დასახლდნენ), ოროჯუა (ორჯალარ _ თურქიზებული ფორმაა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ახალქალაქის ლივას აკშეჰირის ნაჰიეში ქვემო და ზემო ორჯა სოფლები იყო, რომელთაც შემდეგ ორჯალარი ეწოდათ, ლარ-მრავლობითის მაწარმოებელი სუფიქსის დართვით), პატკანა („დავთარში“ _ პატკანანი), სათხა („დავთარში~ აღნუსხული არაა), დიდი ხანჯალი, ხოჯაბეკი (ს. ჯიქია „დავთარში“ ხოჯაბეკს და ბოგდანოვკას ერთსა და იმავე სოფელს უწოდებს. 1906 და 1917 წლის „კავკასიის კალენდრის“ მონაცემებით კი ესენი სხვადასხვა სოფლებია. მით უმეტეს, რომ ხოჯაბეკის  მოსახლეობას 749 სომეხი შეადგენს და ბოგდანოვკისას კი _ 389 რუსი და 9 სომეხი). სულ 7 სოფელი.
სპასკოეს სასოფლო საზოგადოება 8 სოფელს მოიცავდა: ბოგდანოვკა, ვლადიმიროვკა, ეფრემოვკა, ორლოვკა, როდიონოვკა, სპასკოე, ტამბოვკა, ტროიცკოე. ეს ე.წ. დუხობორიე იყო. ამ სოფლებში ცხოვრობდნენ ძირითადად 1841_45 წლებში გადმოსახლებული დუხობორები.
ეშტიას სასოფლო საზოგადოებაში 6 სოფელი შედიოდა: ყაურმა, თახჩა („დავთარში“ აღნიშნული არაა), თორია (1847 წელს უკაცრიელია; 1887 წელს კი უკვე 45-კომლიანია; „დავთრისას“ _ 12 კომლიანია), უჯმანა, ხორენია (ძველად მას ჯვარინა ერქვა. „დავთარში“ მოცემულია არასწორად და იკითხება ხორენიად, რაც XIX ს-ის 30-იან წლებში გადმოსახლებული სომხებისათვის უფრო მისაღები ფორმა იყო), ეშტიო.
ბოგდანოვკის საპოლიციო უბანს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის ალექსანდერგილფის (თრიალეთის) საპოლიციო უბანი; სამხრეთით _ ერევნის გუბერნიის ალექსანდროპოლის მაზრა და ყარსის ოლქის ყარსის ოკრუგის აღბაბის საპოლიციო უბანი; დასავლეთით _ ყარსის ოლქის არტაანის ოკრუგის ჩილდირის (ჩრდილი) საპოლიციო უბანი და ახალციხის მაზრის ურაველის საპოლიციო უბანი; ჩრდილოეთით _ ახალქალაქის მაზრის ბარალეთის საპოლიციო უბანი. სულ ახალქალაქის მაზრაში 111 სოფელი იყო.
როგორც ახალციხის მაზრაში, ისე აქაც ტოპონიმია ძირითადად ქართულია. თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ ისტორიულპოლიტიკურ ძვრებს, რომლებიც სამცხე-საათაბაგომ განიცადა განსაკუთრებით ოსმალთა შემოსევის დროიდან, რასაც შემდგომ სომეხთა დიდი გადმოსახლება მოჰყვა XIX ს-ის 30-იანი წლებიდან, გასაგები გახდება თუ როგორი სირთულეებით მოაღწია ჩვენამდე ქართული სოფლების ქართულმა სახელებმა. აღსანიშნავია, რომ სამცხესაათაბაგოში ოსმალთა გაბატონების შემდეგ ბევრი ქართული გეოგრაფიული სახელი ითარგმნა თურქულად, ხოლო უმრავლესობა ამ სახელებისა გათურქებულ იქნა ფონეტიკურად, ამას დაემატა შემდგომ ამ სახელების არმენიზება. მაგრამ მიუხედავად ამისა, უმრავლესობა სახელებისა მაინც ქართული დარჩა.
აღნიშნული პერიოდის ადმინისტრაციულ დანაწილებას თუ შევუდარებთ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ პერიოდს, დავინახავთ, რომ რუსეთის მმართველობის პერიოდში მოხდა წვრილი ადმინისტრაციული ერთეულების გამსხვილება. ეს ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ მუჰაჯირობის შედეგად სამხრეთ საქართველოში მოსახლეობა შემცირებული იყო და ოსმალური ნებისმიერი ტერიტორიული ერთეული რუსეთის ყველაზე უფრო მცირე მაზრასაც კი ვერ შეედრებოდა მოსახლეობის რაოდენობითა და სიდიდით. 
სამხრეთ საქართველოში ანუ სამცხე-საათაბაგოში ვახუშტის მიხედვით შემდეგი მცირე და დიდი ქალაქები იყო: აწყური _ „ქალაქი და ციხე დიდშენი“, ახალციხე, გოკია _ „მცირე ქალაქი“, „ბარალეთი მცირე ქალაქი“, ახალქალაქი, „მცირე ქალაქი კოლა“, „ოლთისი ქალაქი კარგი და კეთილი ჰაეროვანი“ და სხვ. [ქართლის ცხოვრება, IV, ს. ყაუხჩიშვილის რედ., თბ., 1973]. აღნიშნული პერიოდისათვის ყველაზე უმნიშვნელოვანესი ქალაქი ახალციხე იყო. 1828 წელს ახალციხის ალყასთან გადაღებული გეგმის მიხედვით შ. მესხია კარგად ადგენს ახალციხის იერ-სახეს.
გეგმის მიხედვით ქ. ახალციხე გაშენებულია მდ. ფოცხოვის მარჯვენა, წყლისკენ დაქანებულ გორაკებზე. ახალციხე გეგმის შემდგენელს სამ ნაწილად აქვს დაყოფილი: 1. ციტადელი, 2. ციხე და 3. ქალაქი. ციტადელი მდ. ფოცხოვის ერთი ტოტის მარჯვენა, ყველაზე მაღალ ნაპირზეა გაშენებული. მას საკუთარი კედლები აქვს. ციტადელის ქვემოთ, ასევე შედარებით მაღალ გორაკზეა მოთავსებული ციხე. ციხის ტერიტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ციტადელისა და თავისი კედლით, რომელიც მდინარის ნაპირამდე ჩადის, ციტადელს ერთ საერთო, კედლებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაში აქცევს. ასე რომ, ციხე თავისი კედლებითაა წარმოდგენილი. ამას გარდა, ციტადელსა და ციხეს კიდევ მესამე კედელი, კოშკებით გამაგრებული, იცავს. ეს მესამე კედელი გასდევს მთის კალთებს და უვლის ირგვლივ ციხის ნაგებობებს. ეს ფაქტიურად მესამე კედელია, რომლითაც ციხე-სიმაგრე დაცული იყო ქალაქის მხრიდან. ახალციხის მშენებლებს ეს მესამე კედელიც საკმარისად არ მიუჩნევიათ, ქალაქი და ციხე-სიმაგრე კიდევ მეოთხე კედლითაც გაუმაგრებიათ.
ციტადელს და ციხეს მდინარისაკენ გასასვლელი არ აქვს. აქედან იგი სავსებით მიუვალი ჩანს. სამაგიეროდ, ციხე-სიმაგრე ჩრდილოეთით ერთადერთი კარით უერთდება ქალაქს. ეს კარი გაკეთებულია ქალაქის თითქმის შუა ადგილზე.
ახალციხის ქალაქი გადაშლილია ფერდობის შედარებით ვაკე და დაქანებულ კალთებზე, ციხე-სიმაგრის წინ, მის მარჯვნივ და მარცხნივ, ნახევარწრის მსგავსად, ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქი, ციხისაგან დამოუკიდებლად, ერთადერთი ხიდით მდ. ფოცხოვზე დაკავშირებულია მის მარცხენა ნაპირთან და აქედან შემომავალ გზებთან. მდ. ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე, ახალციხის პირდაპირ, მოსახლეობა არ ჩანს [შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, III, თბ., 1986. გვ. 311-312]. გეგმით მარჯვენა ნაპირი სინამდვილეში, მდინარესთან მიმართებით, მარცხენაა და მარცხენა _ მარჯვენა.
ასე, რომ მდ. ფოცხოვის მარჯვენა ნაპირი, რომელიც 1828 წლისათვის დაუსახლებელი იყო, 1829 წელს არზრუმიდან გადმოსახლებულმა სომხებმა დაიკავეს. 1889 წლისათვის კი, როგორც ახალციხის საქალაქო სკოლის მასწავლებელი ვ. ივანოვი აღწერს, ახალციხე უკვე ორ ნაწილად იყოფა. ძველი – ძველი ახალციხე, რომელიც რუსების დაპყრობამდე იყო და ახალი – გვიან დასახლებული ანუ მდ. ფოცხოვის მარჯვენა ნაპირი. ახალციხე იყოფოდა შემდეგ უბნებად: რაბათი _ ებრაელთა უბანი (კვარტალი), ორი მუშათა უბანი, ბახჩა-სარაი, ზემო და ქვემო მარდა, ვერი-ბლანი და ახალი ნაწილი. „მთლიანად ქალაქში 3250 შენობა-ნაგებობა იყო, მათგან 2515 საცხოვრებელი. სახლები ძირითადად ქვით იყო ნაშენი. ძველი შენობების (რაც უმრავლესობა იყო) განსაკუთრებული ნიშანი იყო ქუჩის მხარეს ფანჯრების არ არსებობა. ფანჯრები ძირითადად ეზოს მხარეს იყო. უმეტესობა სახლებისა ერთსართულიანი და ბანიანი იყო“ [СМОМПК, VII, Тфл., 1889. ст. 164-165].
განსხვავება ქალაქის ძველსა და ახალ ნაწილს შორის დიდი იყო. ძველ ნაწილში მოსახლეობა ყოველგვარი გეგმის გარეშე სახლდებოდა, რაც იწვევდა დიდ უწესრიგობას. ქუჩები უსუფთაო და მოუვლელი იყო. განსაკუთრებით აუტანელი მდგომარეობა იქმნებოდა წვიმების დროს, როცა ქუჩებში საშინელი ტალახი ჩნდებოდა. ქალაქის ძველ ნაწილში ღარიბი ხალხი ცხოვრობდა, რომელთა რიცხვს ძირითადად ქართველი მართლმადიდებლები და კათოლიკეები, ებრაელები და მცირედ, სომეხი გრიგორიანელები შეადგენდნენ [СМОМПК, VII, Тфл., 1889. ст.164. Загурский Л. Краткий очерк о поездке в Ахалихский уезд в 1872 году, ИКОИРГО, т.II, Тфл., 1894. ცт. 54].
ქალაქის ახალ ნაწილში ერზერუმიდან გადმოსახლებული სომხები ცხოვრობდნენ. მათ ხელში იყო ახალციხის ვაჭრობა და საკმაოდ შეძლებულებიც იყვნენ. ეს კი თავისთავად ახალი ნაწილის იერზეც მეტყველებდა. ქუჩები სწორი და მოვლილი იყო, შენობები ლამაზი, გარემო ამწვანებული, რაც მთლიანობაში ქალაქის ამ ნაწილს პატარა, მაგრამ ლამაზი ქალაქის სახეს აძლევდა. აქ მოსახლე სომხებმა ახალციხისათვის სახელის გადარქმევა და მისთვის ნორ-ერზერუმის დარქმევა მოინდომეს, რაც ჩვენდა საბედნიეროდ ვერ განახორციელეს [СМОМПК, VII, Тфл., 1889. ст.166].
მთლიანად ქალაქში 20 ქუჩა იყო. მათ შორის ძირითადი იყო მილიონის ქუჩა. ახალციხეში 12 ეკლესია იყო: 2 მართლმადიდებლური, 4 სომხურ-გრიგორიანული, 2 რომის კათოლიკური და 4 სომხურკათოლიკური. ასევე 2 სინაგოგა [СМОМПК, VII, Тфл., 1889. ст.167].
მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები იყო ასევე: ახალქალაქი, აწყური, ხერთვისი. რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ ამ  ქალაქების მოსახლეობა ძალიან შემცირდა, ეკონომიკურად დაქვეითდა და ძველი მნიშვნელობა დაკარგა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთი 6463,7 კვ,კმ შეადგენს და ექვს ადმინისტრაციულ რაიონადაა დაყოფილი. ეს რაიონებია: ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის (ადრინდელი ბოგდანოვკა).