უძველესი ქართული მატიანეების – „მოქცევაი ქართლისაი“-ს1 და „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“-ს2 ტექსტში დადასტურებული ტერმინი – „ბუნ-თურქები“ უკვე საკმაო ხანია სამეცნიერო წრეების კვლევის საგანს წარმოადგენს. ამ ეთნონიმის ეტიმოლოგიისა და ინტერპრეტაციის საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულია არა ერთი გონებამახვილური თუ არასათანადოდ და-საბუთებული აზრი3, რომელთა მიმოხილვა ჩვენი შეზღუდული მოცულობის სტატიის ფარგლებს სცილდება. აქვე შევნიშნავდი, რომ, ჩემი აზრით, სავსებით გამართლებული სკეპტიკური დამოკიდებულება „ბუნ-თურქთა“ რეალური, ისტორიული არსებობის თაობაზე, გვაქვს მხოლოდ ცალკეული ისტორიკოსების ნაშრომებში4.
ალბათ
ისიც
საჭიროა განვმარტო, რომ არ მიმაჩნია გამართლებულად ბოლო ხანებში გავრცელებული მცდელობები, ქართულ მატიანეებში დაინახონ ის ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა სავსებით შეესაბამება ბევრად უფრო ადრეული ხანების ამიერკავკასიაში ისტორიულად დადასტურებულ რომელიმე მოვლენას თუ რეალურად არსებულ ვითარებას, მაგრამ მისი კვალი, სამწუხაროდ, ამ მატიანეებში არ ჩანს და ვერც იქნებოდა იქ ასახული, ვინაიდან, მათი შეთხზვის ხანასთან შედარებით, ათასი და მეტი წლით უფრო ადრეულ ეპოქებს ეხება.
ზემოაღნიშნული ტენდენციის ზეგავლენით, „ბუნ-თურქებში“ არ გამორიცხავენ ხოლმე „სკვითების“ დანახვის შესაძლებლობას5. ცნობილია, რომ სკვითები ძვ. წ. I ათასწლეულში მართლაც იყვნენ ამიერკავკასიაში შემოჭრილნი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ქართული მატიანეები შეიცავენ ინფორმაციას ცენტრალურ ამიერკავკასიაში მათი განსახლების შესახებ „ბუნ-თურქებზე“ შემონახული ცნობის სახით, არამედ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართული მატიანეების „ბუნ-თურქებში“ არეკლილია ბიბლიური წარმომავლობის ინფორმაცია „გოგისა და მაგოგის ავზნიან ტომებზე“, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნებოდა ისტორიულ ფაქტს ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში მომთაბარე კიმერიელებისა და სკვითების ჩრდილოეთიდან (კავკასიონის გადალახვით) ახლო აღმოსავლეთში შეჭრისა და მათ მიერ იქ გამოწვეული ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის შესახებ (იხ. ქვემოთ)6.
ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ უძველეს ხანებთან დაკავშირებით ქართველი მემატიანეების მიერ გამოყენებული ცნობები ძირითადად ეყრდნობა მათი მოღვაწეობის ხანაში გავრცელებულ ლიტერატურას (როგორც დასავლურს, ასევე აღმოსავლურს), და მეტ-ნაკლებად თანხვედრაშია მათში ასახულ ინფორმაციებთან.
საგანგებო მსჯელობის საკითხს წარმოადგენს ეთნონიმ „ბუნ-თურქის“ წაკითხვის სისწორე. თუმცა, ალბათ, არსებითი მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს იმას, თავდაპირველად „მოქცევაი ქართლისაი“-ს დედანში სიტყვა „ბუნ-თურქის“ პირველი ასო „ბანი“ იყო თუ „ჰაე“, და, შესაბამისად, ეს სიტყვა წაკითხული უნდა ყოფილიყო თუ არა, როგორც „ჰუნ-თურქი“7. იმის დასადგენად, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ნაგულისხმევი ამ ხალხში, ჩემი აზრით, მნიშვნელობა აქვს იმ კონტექსტს, რომელშიც გვხვდება ეს სახელწოდება, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ როგორც „მოქცევაი ქართლისაი“-ს, ასევე „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“-ს ტექსტში, „ბუნ-თურქები“ მოხსენიებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელთან და ქართლში მის ლეგენდარულ ლაშქრობასთან დაკავშირებით.
ვინაიდან, ალექსანდრე მაკედონელს კავკასიაში არასოდეს ულაშქრია და ადრეულ თხზულებათა მთელი ციკლი აქ მისი ლაშქრობის შესახებ ლეგენდებისა და მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება, ბუნებრივი იქნებოდა, თუ ასეთი სახის თხზულებათა შორის (და არა კონკრეტულ ისტორიულ მოვლენებთან პარალელების ძიებით), შევეცდებოდით ქართულ მატიანეებში დაცული ცნობების პირველწყაროს დადგენას და არც „ბუნ-თურქების“ ვინაობისა და წარმომავლობის საკითხს არ განვიხილავდით ალექსანდრე დიდთან დაკავშირებული თხზულებებისგან მოწყვეტით.
ქართულ მატიანეებში წარმოდგენილი ალექსანდრეს მითოლოგიური სახის გათვალისწინებით, საფიქრებელი ხდება, რომ ის პირველწყარო, საიდანაც იყო ნასესხები „ბუნ-თურქების“ თემა ქართულ წყაროებში, უნდა მომდინარეობდეს დიდი მეფის სახელთან დაკავშირებული საგმირო, ლეგენდარული ისტორიებიდან. ასეთი ნაწარმოები კლასიკური და მომდევნო ხანების მწერლობაში არაერთია, სადაც საუბარია ალექსანდრეს ბრძოლაზე ბიბლიურ „გოგისა და მაგოგის“ ველურ ტომებთან.
ამ მხრივ, პირველ ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ახ. წ. III საუკუნის ალექსანდრიის ბერძნულ-ეგვიპტურ წრეში შექმნილი კომპილაცია, ე. წ. ფსევდო-კალისთენეს „ალექსანდრეს რომანი“8. რომანის თავდაპირველი ვერსია ბერძნულენოვანი იყო. მისგან მრავალი ვერსიაა ნათარგმნი სხვადასხვა ენაზე. აღმოსავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული ფალაურენოვანი (შუასპარსული) ტექსტიდან გვიან VI თუ ადრეულ VII საუკუნეში სირიულად ნათარგმნი ვერსია9. მის დამატებად არის მიჩნეული სირიული თხზულება: „ლეგენდა ალექსანდრეს, ფილიპე მაკედონელის ძის შესახებ, როგორ გაემართა იგი სამყაროს ბოლოსკენ და რკინის კარი აღმართა ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ, რათა იქითა მხრიდან ჰუნები არ გამოსულიყვნენ და არ ეძარცვათ ქვეყნები“, იგივე „ქრისტიანული ლეგენდა ალექსანდრეს შესახებ“. ამ თხზულების ყველა ხელნაწერი, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ იგი გამომდინარეობს „ალექსანდრეს რომანის“ სირიული ვერსიიდან, არ არის უშუალოდ მასზე დამოკიდებული და წარმოადგენს სირიულ ენაზე შექმნილ ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც არ იყო ნათარგმნი ბერძნული ენიდან და რომელიც თავის მხრივ საფუძვლად დაედო სირიულ ენაზე 629 წ. შემდეგ შექმნილ სირიულ პოემას10. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მუსლიმთა მიერ შუამდინარეთისა და პალესტინის დაპყრობის წინა ხანით დათარიღებული ეს თხზულება შთაგონებულია ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს ომით ხაზართა წინააღმდეგ და მისი გამარჯვებით სასანიან ხოსრო ფარვეზზე. იგი უნდა შექმნილიყო როგორც პოლიტიკურ-რელიგიური პროპაგანდისტული ნაწარმოები, რომლის ძირითად მიზანს ჰერაკლეს მიერ წარმოებული საეკლესიო პოლიტიკის გამართლება წარმოადგენდა და, შესაბამისად, ხელი უნდა შეეწყო სირიელი ქრისტიანების დაბრუნებისათვის კონსტანტინეპოლის ეკლესიის წიაღში11.
ი. გიპერტის აზრით, სწორედ ეს, სირიული „ალექსანდრეს რომანის“ პროზაული დამატება, განსაკუთრებით ახლოს დგას „უწმინდური ტომების“ შესახებ ქართული მატიანეების ცნობებთან12. მიუხედავად იმისა, რომ „ალექსანდრეს რომანი“ ქართულ ენაზე გვიან შუა საუკუნეებამდე არ თარგმნილა (განსხვავებით სომხურისაგან, რომელიც ახ. წ. V ს. გვიან ხანებშია ბერძნულიდან ნათარგმნი)13, ძველი ქართველი მწერლები „უწმინდურ ტომებთან~ ალექსანდრე დიდის ბრძოლის თემას, როგორც ჩანს, კარგად იცნობდნენ და წარმატებითაც იყენებდნენ ქართლის უძველესი ისტორიის თხრობისას. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ ზემოაღნიშნული თემის პირველწყაროს – ფსევდო-კალისთენეს „ალექსანდრეს რომანის“ ისტორიული ფასეულობა მეტად უმნიშვნელოა; მასში ისტორიული პიროვნება, დიდი დამპყრობელი, ფანტასტურ ზეადმიანად არის წარმოჩენილი14.
საყურადღებოა გ. მამულიას მოსაზრება, რომლის თანახმად, „გოგისა და მაგოგის“ ლეგენდების ციკლის სახელით ცნობილი „უწმინდურ ტომთა“ წინააღმდეგ კავკასიაში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის ლეგენდების შერწყმამ ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“-ს ტექსტში შემონახულ „აფრასიაბის გამოქვაბულის ლეგენდის“ ქართულ ვერსიასთან „მკვიდრ თურქებად ანუ ბუნ-თურქებად“ მიჩნეულ თურანელთა (თურქების) შესახებ, დასაბამი მისცა არაუადრეს VI საუკუნისა კავკასიაში ალექსანდრეს ლაშქრობის იმ „ქართული ვერსიის“ ჩამოყალიბებას, სადაც ასახულია ალექსანდრეს ომები ქართლში მცხოვრებ „ბუნ-თურქთა“ წინააღმდეგ15.
თუმცა, უფრო საფიქრებელია, რომ მოხდა არა „გოგისა და მაგოგის“ ლეგენდების ციკლთან „აფრასიაბის გამოქვაბულის ლეგენდის“ შერწყმა, არამედ, „მოქცევაი ქართლისაი“-ს ტექსტისგან განსხვავებით, ქართველთა ავტოქთონობის ლეონტი მროველისეული კონცეფციიდან გამომდინარე, „ბუნ-თურქთა“ ქართლში ვითომდა მოსვლის დასაბუთება, ფირდოუსის შაჰნამესეული თურანელთა მეფის აფრასიაბის ბარდავში მდებარე თავშესაფარი გამოქვაბულის მცხეთის დასავლეთით მდებარე (და რაც მთავარია, ჯერ კიდევ „მოქცევაი ქართლისაი“-ს მატიანეში მოხსენიებულ) სარკინეს მღვიმეებში „გადმოტანით“16.
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, წმინდა მწიგნობრული გზით ნასესხობაზე უნდა მიგვaნიშნებდეს „მოქცევაი ქართლისაი“-ს ტექსტის ერთი პასაჟიც, სადაც საუბარია ალექსანდრეს მიერ „ბუნ-თურქთა“ აღქმაზე: „დაუკვირდა ალექსანდრე და ცნა, რამეთუ იებოსელთა ნათესავნი იყვნეს~17. აქ გამოყენებული სიტყვა „იებოსელთა“, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ადგილობრივ გარემოში შემონახულ გადმოცემებს, და ეს მაშინ, როდესაც, იგი გვხვდება IX საუკუნის მემატიანის – გიორგი ჰამარტოლის ნაწარმოების არსენ იყალთოელისეულ თარგმანში („ხრონოღრაფი გიორგი მონაზონისა“): „ისრაიტელნი ვითარცა იტყვის იოსიპოს18, დამპყრობელობისათვის იუდა ს ტომისა და მემკვიდრეობისა ქალაქისა იერუსალემისა იგინი უკვე იუდეანად იწოდნეს, ხოლო ქალაქი სიონად იუდეასა, რომელსა ძუელ სადმე იებოსელ სახელ ედებოდა, ვინაითგან იებოსელნი მკვიდრ იყვნეს ადგილსა მას“19.
მწიგნობრული გზით ნასესხობაზე შესაძლოა მიგვანიშნებდეს „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“-ს ტექსტის ის პასაჟიც, სადაც აღინიშნება, რომ ალექსანდრე ქართლში ჩრდილოეთიდან, კავკასიონის ქედის გადმოლახვის შედეგად შემოდის: „ამან ალექსანდრე დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავლით, და შევიდა სამხრით, შემოვიდა ჩრდილოთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად“20. სავარაუდოა, რომ ქართველი ავტორისათვის კარგად იყო ცნობილი ალექსანდრე დიდის ლაშქრის მსვლელობა დასავლეთიდან აღმოსავლეთით, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთითა და იქიდან ჩრდილოეთით, ბაქტრიისაკენ, რაც ლაშქრობის მსვლელობისას ამიერკავკასიაში მისი შემოსვლისათვის ადგილს აღარ ტოვებდა, თუ არა ცენტრალური აზიიდან ჩრდილოეთ კასპიისპირეთის შემოვლითა და კავკასიონის ჩრდილოეთის მხრიდან გადმოლახვით. იმავდროულად ზემომოყვანილ პასაჟში არც ალექსანდრეს ტიტულის, „მსოფლიოს ოთხივე მხარის მეფის“, ზეგავლენაა გამოსარიცხი რომელიც მან ძვ. წ. 331 წლის სექტემბერში გავგამელის ბრძოლაში დარიოს III-ის დამარცხების შემდეგ, ბაბილონში მიიღო და რომელიც იმეორებდა დიდი აქემენიანი მეფეების ტიტულატურას21.
დამორჩილებულ ბაბილონში ეტლზე ამხედრებული ალექსანდრეს ტრიუმფალური შესვლა22, იმეორებდა გამარჯვებული კიროსის 539 წლის ოფიციალურ შებრძანებას იმავე ქალაქში23. ბაბილონი ალექსანდრეს ბრძოლის გარეშე დანებდა და ხალხი ისეთივე დიდი ზარ-ზეიმით ესალმებოდა მას, როგორც თავის დროზე კიროსს ხვდებოდა, გარშემო მიმობნეული ყვავილებითა და დანთებული საკმეველით. ალექსანდრემ კიროსის მსგავსად გამოაცხადა, რომ იგი მხოლოდ მშვიდობის დასამყარებლად იყო მოვლენილი ქალაქში, რომლის გადაქცევაც სურდა თავისი აზიური სამფლობელოების დედაქალაქად და მანვე კიროსის მსგავსადვე მიიღო ძველი ბაბილონური ოფიციალური ტიტულატურა: მეფისა ბაბილონისა და მეუფისა მთელი ქვეყნიერებისა24. ბაბილონში შესულმა ალექსანდრემ გააგრძელა დიდი აქემენიანი მეფეების პოლიტიკა დაპყრობილი ბაბილონის მიმართ, კიროსის მსგავსად დაიახლოვა მთავარი სამლოცველოების ქურუმები და ადგილობრივი ელიტა და მათ ყოველგვარი დახმარება აღუთქვა25, მანვე მსხვერპლი შესწირა ბაბილონის უზენაეს ღვთაებას მარდუკს და ამ ღვთაების შესახებ ხანგრძლივად ესაუბრებოდა ხოლმე ქალდეველებს26. ასეთი პოლიტიკით ალექსანდრემ მნიშვნელოვნად შეასუსტა ადგილობრივთა შორის მისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოსალოდნელი მისწრაფება.
მიუხედავად ყველაფრისა, ალექსანდრე დიდის დაპყრობების ხასიათი ძირითადად მაინც შემოიფარგლებოდა ერთი ქვეყნის, აქემენიანთა იმპერიის დაპყრობით27. სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება საინტერესო აზრი, რომლის თანახმად, მაკედონელებმა, მართალია ხანმოკლე დროით, მაგრამ მაინც გაახანგრძლივეს აქემენიანთა იმპერიის არსებობა, ხოლო თვით ალექსანდრე, ახლოაღმოსავლური იმპერიული გეოპოლიტიკის თვალთახედვიდან გამომდინარე, უკანასკნელ აქემენიან მეფედაც კი არის მიჩნეული, ვინაიდან ამ უზარმაზარმა იმპერიამ მხოლოდ მის სიკვდილთან ერთად შეწყვიტა თავისი ორსაუკუნენახევრიანი არსებობა28. თავადალექსანდრე თავის თავს აქემენიანთა შემცვლელად თვლიდა, ოღონდ არა როგორც სპარსეთის ახალი მეფე, არამედ როგორც აზიისა და ქვეყნიერების (ანუ მთელი სამყაროს) მეფე, მსგავსად აქემენიანი მეფეებისა29.
სავარაუდოა, რომ სწორედ ალექსანდრე დიდის მიჩნევას ქვეყნიერების მეფედ და თვით ღვთაებადაც კი, უნდა განეპირობებინა, უპირველეს ყოვლისა, მისი ჩართვა ბიბლიური ხასიათის სიუჟეტებში და კერძოდ, მისი დაკავშირება „გოგისა და მაგოგის“ ტომების ირგვლივ არსებულ ესქატოლოგიური ხასიათის თემატიკასთან, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა კიდეც უძველეს ქართულ მატიანეებში.
რაც შეეხება, ქართლში კავკასიონის გადმოლახვით, „მსოფლიოს ოთხივე მხარის მეფის~ ჩრდილოეთიდან შემოსვლას, რასაც „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~ გვამცნობს (იხ., ზემოთ), საყურადღებოა, რომ თვით ეს თხზულება, ჩრდილოეთიდან ამიერკავკასიაში შემოსაჭრელ ორ გზაზე ამახვილებს ყურადღებას და შესაძლოა, იმავდროულად, მიგვანიშნებდეს ტექსტის ამ ფრაგმენტის შექმნის მოახლოებულ ხანაზეც, გვიან VII–ადრე VIII სს., ჩრდილოელი მოლაშქრეების ხაზარებად მოხსენიებით: „და ისწავეს ხაზართა ორნივე ესე გზანი, რომელ არს ზღვის-კარები, დარუბანდი და არაგვის-კარები, რომელ არს დარიალა“30. ვინაიდან „ბუნ-თურქები~ მოხსენიებულნი არიან მხოლოდ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია კავკასიაში ალექსანდრეს ლაშქრობაზე, ხოლო ამავე ტექსტში უფრო ადრეულ და გვიანდელ ჩრდილოელ მომთაბარეებზე საუბრისას ძირითადად ხაზართა სახელი იჩენს თავს31, ეს გარემოება დამატებით საბუთს უნდა წარმოადგენდეს „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს სწორედ ამ ნაწილის „მოქცევაი ქართლისაი~-ს ტექსტიდან (ანდა, რომელიღაც ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მესამე წყაროდან ორივე ამ მატიანეში) სესხების სავარაუდებლად32. „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ში ალექსანდრე დიდის წინადროინდელი მოვლენების აღწერისას ხაზარების მოხსენიება, ცხადია მოწმობს, რომ ეს ეთნონიმი, ისევე როგორც ალექსანდრესთან მებრძოლი „ბუნ-თურქებისა~, აქ პირობითი მნიშვნელობით არის ნახმარი იმიერკავკასიაში მოსახლე მომთაბარე ტომების აღსანიშნავად.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგჯერ შედარებით გვიანდელ თხზულებებშიც გვხვდება ხოლმე უფრო ადრეული ვითარების ასახვა. კერძოდ, X ს. სომეხი ავტორი მოვსეს დასხურანცი, ქართული მატიანეებისაგან განსხვავებით, იუწყება ალექსანდრე დიდის მიერ არა „ბუნ-თურქების~, არამედ „ჰუნების~ დალაშქვრის თაობაზე და ამით გარკვეულად გვეხმარება კიდევაც ჩვენი საკვლევი ეთნონიმის პირველი შემადგენელი კომპონენტის – „ბუნ~ ჰუნებად განმარტების ვარაუდის სასარგებლოდ. მისი ცნობით, როდესაც მესროპ მაშტოცმა ქრისტეს რჯულის ქადაგებით დერბენტის გადასასვლელს მიაღწია, მან ჰუნებიც კი მოაქცია, რომლებიც ალექსანდრე დიდის მიერ ყოფილან დატყვევებულნი და კავკასიის მთებში განსახლებულნი33. მოვსეს დასხურანცის მიერ ალექსანდრეს რკინის კარის მოუხსენიებლობის (რაც ქართული მატიანეებისათვისაც არის დამახასიათებელი) ერთადერთი მიზეზი უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ როგორც „ალექსანდრეს რომანის~ სომხურ ვერსიაში, ისე მის უძველეს ბერძნულ პირველ-წყაროში არსად არ არის ნახსენები ალექსანდრეს მიერ „გოგისა და მაგოგის უწმიდური ტომების~ შემაკავებელი წინაღობის, რკინის კარისა თუ გალავნის აგება. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ შედარებით ადრეული ხანის სომეხი ავტორები, რომლებიც არცთუ იშვიათად მოიხსენიებენ ხოლმე თავის ნაწარმოებებში როგორც ალექსანდრე მაკედონელს, ასევე კავკასიონის უღელტეხილებს, მოვსეს დასხურანცისგან განსხვავებით, მათ არასოდეს არ აკავშირებენ ერთმანეთთან, და ბუნებრივია, რომ მათთვის სრულიად უცნობია „უწმიდური ტომების~ წინააღმდეგ ალექსანდრეს მიერ აგებული „რკინის კარის~ მოტივიც34.
ცოდნა ამ ტომების ესქატოლოგიური მნიშვნელობის, მათ წინააღმდეგ წინაღობების აგებისა და დაბრკოლებების შექმნის საჭიროების შესახებ მხოლოდ შედარებით გვიანდელ სომხურ წყაროებში გვხვდება და უნდა მომდინარეობდეს არაბთა შემოსევის ესქატოლოგიური ინტერპრეტაციისადმი მიძღვნილ ფსევდო-მეთოდიუსის აპოკალიფსის სირიული ტექსტიდან, რომლის ციტირებასაც გვიანდელი სომეხი ავტორები ხშირად ახდენენ1. ეს თხზულება VII საუკუნის გვიან ხანაში უნდა იყოს შექმნილი და თავის მხრივ ეყრდნობა სირიულ „ალექსანდრეს ლეგენდას~35. ამ თხზულებაში შთამბეჭდავად არის წარმოჩენილი „გოგისა და მაგოგის~ უწმიდური ტომების კანიბალური ბუნება, სათანადოდ ასახული ქართული მატიანეების „ბუნ-თურქთა~ დახასიათებისას. მაგრამ, როგორც ირკვევა, ალექსანდრეს მიერ აგებული „რკინის კარის~ თემა, რომელიც მხოლოდ „ალექსანდრეს რომანის~ გვიანდელ, შუა საუკუნეების ბიზანტიურ ვერსიებში ჩნდება, თავს იჩენს ჯერ კიდევ ალექსანდრეს შესახებ შეთხზულ სხვა, უფრო ადრეულ ლეგენდებში; შესაბამისად, სწორედ ეს თემაა მნიშვნელოვანი პიროვნულად მისთვის ქრისტიანულ-აპოკალიფსური მნიშნელობის მინიჭების თვალთახედვით. მკვლევართა აზრით, ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს, ზემოხსენებული მცირე ზომის სირიული თხზულება „ქრისტიანული ლეგენდა ალექსანდრეს შესახებ~. როგორც ვხედავთ, პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით, თუ VII ს. ადრეულ ხანებში ალექსანდრესთან მებრძოლ „უწმინდურ ხალხად“ ხაზარები მიიჩნეოდნენ, იმავე საუკუნის დამლევს ასეთებად უკვე არაბები გვევლინებიან.
„მთავარი გოგი და მისი ქვეყანა მაგოგი“ დასახელებულია ჯერ კიდევ ძველი აღთქმის „ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში“: „ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგსა ზედა და ქუეყანასა ზედა მაგოგოთასა მთავარსა როსს, მოსოხს და თობელსა...~36. ბიბლიის ეს ნაწილი სავარაუდოდ ძვ. წ. VI ს. უნდა თარიღდებოდეს, ანუ ახლო აღმოსავლეთში კიმერიელთა და სკვითების ლაშქრობების მომდევნო ხანით, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო გადმოცემები მათი დამანგრეველი, ყველაფრის წამლეკავი შემოსევების შესახებ. იუდეური ესქატოლოგიური ტრადიციის თანახმად, „გოგი და მაგოგი~ ღვთის მოწინააღმდგე მტრული ტომებია, თუმცა იმავდროულად ისინი წარმოადგენენ ღვთის რისხვის სიმბოლურ გამოხატულებასაც. სხვადასხვა ეპოქაში „გოგთან და მაგოგთან~ ხდებოდა ჯერ ებრაელთა მიმართ მტრულად განწყობილი ხალხებისა და ქვეყნების, ხოლო უფრო გვიან რომის იმპერიისა და საზოგადოდ ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირული ოიკუმენისადმი საფრთხის შემცველი ძალების გაიგივება: გარდა ზემოჩამოთვლილი კიმერიელების და სკვითებისა, ასირიელების, ბაბილონელების, მიდიელების, ალანების, ჰუნების, გოთების, ხაზარების, არაბების, თურქების, მონღოლების; უფრო ახლო ხანებში „გოგისა და მაგოგის~ პერსონიფიკაცია ხდებოდა ბონაპარტისტულ საფრანგეთთან, ნაცისტურ გერმანიასთან, კომუნისტებთან, მასონებთან, ალ-ყაიდასთან37. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩამონათვალი არცთუ ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს. მთლიანობაში, ეზეკიელისეული „გოგი” წარმოჩენილია, როგორც მითოლოგიური არსება, რომელშიც განსახიერებულია კაცობრიობის ესქატოლოგიური მტერი და იმ ჩრდილოეთის წყვდიადი, სადაც არის მისი სამკვიდრებელი („დასასრულისაგან ჩრდილოსა“)38 და რომლის შესახებაც მინიშნებები უფრო ადრეული ხანების წინასწარმეტყველებთანაც არის მოცემული39: „პირისაგან ჩრდილოსა აღეგზნნენ ბოროტნი ყოველთა ზედა დამკვიდრებელთა ქუეყანისათა~40.
იოსებ ფლავიუსის ხანიდან, ანუ ახ. წ. I ს., დაწყებული, „გოგი და მაგოგი~ ბერძნულ-რომაულ წერილობით წყაროებში ჩვეულებრივ იდენტიფიცირებულია შავი ზღვის ჩრდილოეთით მცხოვრებ სკვითებთან და მათ მონათესავე ალანებთან და, შესაბამისად, მათი ადგილმდებარეობა განისაზღვრებოდა ხოლმე კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ტანაისისა (მდ. დონის) და მეოტიის ტბის (აზოვის ზღვა) სანაპიროებით41. მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ფლავიუსი იუწყებოდა კავკასიონის მთებში ალექსანდრეს მიერ „ველური ტომების ჩამკეტი რკინის კარიბჭის~ აგებას, ამ კარიბჭეს ჯერ კიდევ არ ენიჭებოდა მომავალში შეძენილი ის აპოკალიფსური მნიშვნელობა, რაც შედარებით უფრო გვიანდელი ხანის ავტორებთან უკვე მკაფიოდ არის გამოკვეთილი. იოსებ ფლავიუსისათვის „ალექსანდრეს კარიბჭეს~ წმინდა სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება აქვს. ასე რომ, ამ მხრივ იგი გამონაკლისია იმ ძველ მწერალთა შორის, ვინც ბიბლიური „გოგისა და მაგოგის~ ლეგენდა დაუკავშირა ისტორიულად არსებულ ტომთა შემაკავებლად ალექსანდრეს მიერ ვითომდა აგებულ მითიურ „რკინის კარიბჭეს~42.
აღსანიშნავია, რომ „რკინის კარის~ ცნება, როგორც წესი, უკავშირდება ტოპონიმს – „კასპიის კარი~, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში კასპიის ზღვის მახლობლად მდებარე სხვადასხვა უღელტეხილთან არის გაიგივებული. შენიშნულია, რომ „კასპიის კარი~ ძველთაგანვე განიხილებოდა ყველა თანადროული უმნიშვნელოვანესი მოვლენების ეპიცენტრად, საიდანაც ხდებოდა ხოლმე ჩრდილოელი ნომადების შესევა სამხრეთით მდებარე მხარეების ცივილიზებული მოსახლეობის გასანადგურებლად და საიდანაც იცვლებოდა სხვადასხვა ეპოქებში მსოფლიოს სახე43. თუ ეს ტერმინი – „კასპიის კარი~, და მასთან ერთად „რკინის კარის~ ცნება თავდაპირველად ჩრდილოეთ ირანში, სიდარის ხეობაში (ფირუზკუხი) მდებარე უღელტეხილს უკავშირდებოდა, სადაც ალექსანდრეს ლაშქარს ნამდვილად გაუვლია, ახ. წ. I ს. იგი უკვე დარიალს („კავკასიის კარს~) აღნიშნავდა, ხოლო უფრო გვიან ეს სახელწოდება დაუმკვიდრდა კასპიის ზღვის დასავლეთ ნაპირზე მდებარე დარუბანდის კარს (დერბენდს)44.
ამავე დროს, გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ დერბენდის კარის გამოყენების შესაძლებლობა ვერ იქნებოდა მაინცადამაინც ეფექტური ახ. წ. V საუკუნემდე, უფრო ადრეულ ხანებში კასპიის ზღვის ბევრად უფრო მაღალი ზღვის დონის გამო (მაგ. ძვ. წ. I ს.)45. ახ. წ. 32-37 წწ. დაკავშირებული მოვლენების აღწერისას, ტაციტუსი 109 წ. დაწერილ ანალებში შენიშნავს, რომ ვიწრობები კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, ალბანეთის საზღვართან, ზღვასა და მთებს შუა, საკომუნიკაციოდ მაინცდამაინც გამოსადეგარი არ იყო, ვინაიდან იგი მხოლოდ ზამთრობით იყო ღია, როდესაც ქარი ნაპირიდან ერეკებოდა ტალღებს და აშიშვლებდა მეჩეჩებს ამ ნაპირის გასწვრივ46. შესაძლოა ეს იყო მიზეზი, რომელმაც ალბათ განაპირობა ზემოაღნიშ-ნული ფაქტი ტერმინ „კასპიის კარის~ გამოყენებისა დარიალის უღელტეხილის მნიშვნელობით. ჯერ კიდევ პლინიუს უფროსი აღნიშნავდა, რომ „კავკასიის კარს~, რომელიც იბერიული ქალა-ქის ჰარმასტისის (არმაზის) პირდაპირ მდებარეობს და სამყაროს ორ ნაწილად განყოფს (იხ. ქვემოთ), მისი თანამედროვენი შეცდომით უწოდებდნენ „კასპიის კარს~, რომელიც, სინამდვილეში, კასპიის ზღვის სამხრეთით, ირანში, მდებარეობდა47. თუმცა, როგორც ჩანს, კავკასიონის ცენტრალური ნაწილის აღმნიშვნელად იმთავითვე გამოიყენებოდა „კასპ~ - ძირის მქონე თუ მასთან მიმსგავსებული სახელწოდება48.
„ცხოვრება ქართველთა მეფეთა~ დერბენდის კარის გამაგრებას მიაწერს ალექსანდრეს წინა ხანის ლეგენდარულ სპარსელ სარდალს – არდამს: „ამან არდამ ერისთავმან აღაშენა ქალაქი ზღვის-კარს, და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმანების „დახშა კარი~49. დერ-ბენდის კარიბჭის (არაბული ბაბ-ალ-აბვაბი ანუ „კართა კარი~) დანიშნულება – ჩაეკეტა კასპიის ზღვის სანაპირო გასასვლელი ჩრდილოელი მომთაბარე დამპყრობლებისათვის – არ უნდა ყოფილიყო რამდენადმე აქტუალური ახ.წ. VI საუკუნემდე, როდესაც იგი გამაგრებული იქნა სპარსეთის შაჰის ხოსრო ანუშირვანის მიერ (531-579 წწ.). როგორც ჩანს, ამ დროისათვის კასპიის ზღვის ერთ დროს მაღალი დონე შედარებით დაეცა და გზა მისცა სანაპირო გასასვლელს, შესაბამისად საჭირო გახდა სანაპირო საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვა.
ახ. წ. V საუკუნიდან მკვიდრად იკიდებს ფეხს თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც „გოგი და მაგოგი~ ზოგადად ისევ სკვითურ ტომებთან, ხოლო უფრო კონკრეტულად – ჰუნებთან არიან გაიგივებულნი. აღსანიშნავია, რომ ახ. წ. IV ს. დამლევს კავკასიონის გადალახვის შედეგად ქედის სამხრეთით ჰუნების შემოსევის თანამედროვე და მომსწრე, წმიდა იერონიმე სტრიდონელი (347-420 წწ.) „გოგსა და მაგოგს~ უკვე ჰუნებთან აიგივებდა. „წინასწარმეტყველება ეზეკიელისას“ კომენტარებში იგი „გოგისა და მაგოგის~ საუფლოს, იოსებ ფლავიუსის მსგავსად, კავკასიონის გადაღმა და მეოტიის ტბასთან ათავსებს, ხოლო თავის 77-ე ეპისტოლეში განმარტავს, რომ ჰუნთა ორდები „გამოსხმულნი~ იყვნენ მეოტიიდან, სადაც ისინი ბინადრობდნენ ყინულოვან ტანაისსა და მასაგეტთა შორის და სადაც ალექსანდრეს მიერ აგებული კარიბჭე აკავებდა სისხლისმღვრელ და შიშისმთესველ კავკასიონის იქითა მხარეს მცხოვრებ, სწრაფ ცხენებზე ამხედრებულ ველურ ტომებს50. ა. რ. ანდერსონის ვარაუდით, „ალექსანდრეს რომანში~ „გოგისა და მაგოგის ლეგენდის~ ჩართვა სწორედ ჰუნების ზემოდასახელებულ შემოსევას უნდა განეპირობებინა51.
შეიძლება ითქვას, რომ გვიანი IV ს. ჰუნების შემოსევების მომდევნო ხანებში, არანაკლებ ორი-სამი საუკუნის მანძილზე „გოგი და მაგოგი~ პერსონიფიცირებული იყო ჰუნებთან და შესაბამისად ყველაზე უფრო „ეკონომიური ვარაუდი~ იქნებოდა ქართული წყაროების „ბუნ-თურქების~ სახელწოდების სწორედ მათთან დაკავშირება52. აღსანიშნავია, რომ სირიული „ალექსანდრეს რომანის“ დამატება – „ქრისტიანული ლეგენდა ალექსანდრეს შესახებ~, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, განსაკუთრებით ახლოს დგას „ველური ტომების“ შესახებ ქართული მატიანეების მონაცემებთან, მოგვითხრობს, რომ კავკასიაში მოსული ალექსანდრეს მიერ დასმულ კითხვაზე აქ მობინადრე ველური, ავი ზნის ხალხის ვინაობის შესახებ, ადგილობრივები პასუხობდნენ, რომ ისინი ჰუნები არიანო, ხოლო მათი მეფეებია გოგი, მაგოგი და ნავალი, ძენი იაფეტისაო53. ამ მხრივ, ისიც საგულისხმოა, რომ ბევრად უფრო გვიან (ხაზარების, არაბების, თურქ-სელჯუკების, ხვარაზმელების შემოსევების შემდეგაც კი) XII საუკუნის სომხურენოვანი თხზულება „შეკითხვა~, სადაც ვრცელი ამონარიდია მოთავსებული ფსევდო-მეთოდიუსის „აპოკალიფსისიდან“, ისევ ჰუნებთან აკავშირებს ალექსანდრეს მოწინააღმდეგე „უწმინდურ ხალხს“54.
დამატებით, არაპირდაპირ მინიშნებას „ბუნ-თურქების“ სახელწოდების ჰუნებისა და თურქების სახელწოდებათა კონტამინაციის შედეგად მიღების სასარგებლოდ, ი. გიპერტის აზრით, წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქართლის ცხოვრების XII საუკუნის სომხურ ვერსიაში55 იქ, სადაც, საუბარია ყივჩაღებთან დავით აღმაშენებლის დამოყვრებაზე, ქართული ორიგინალის მსგავსად, დასახელებული ყივჩაღები56, ქართული ორიგინალისაგან განსხვავებით, განმარტებულნი არიან, „ჰუნებად~57, ხოლო ლეონტი მროველთან, იქ, სადაც საუბარია ალექსანდრე დიდზე, „ბუნ-თურქები~ და ყივჩაღები გვერდი-გვერდ არიან მოხსენიებულნი58. ი. გიპერტი თვლის, რომ ეს ორი ფრაგმენტი ერთმანეთთან უნდა იყოს კავშირში, ვინაიდან, ყივჩაღებთან დამოყვრების შესახებ ფრაგმენტს უშუალოდ წინ უსწრებდა დავით მეფის დახასიათება, როგორც მეორე ალექსანდრესი59.
„ბუნ-თურქების~ სახელწოდების ჰუნებისა თუ „ჰუნ-თურქების~ სახელწოდებებთან გაიგივების შემთხვევაში, „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ქალდევალთაგან გამოსხმულ ჰონებში~ ჰუნების დანახვა უკვე რთული გახდება. არც ის გვგონია, რომ „მოქცევაი ქართლისაი~-ს ტექსტში, განსაკუთრებით მის საწყის ნაწილში, რომელიც „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-საგან განსხვავებით, ნაკლებად ეკლეკტიკური ხასიათისაა და არც სპარსული წარმომავლობის ლეგენდებისა და თხზულებების რამდენადმე საგრძნობ კვალს ატარებს60, ნაგულისხმევი ყოფილიყვნენ „სპარსელთაგან~ გამოქცეული და ქართლში დამკვიდრებული ჰუნები.
ბოლო ხანების ქართულ ისტორიოგრაფიაში ფეხი მოიკიდა აზრმა, რომ ქართული წერილობითი წყაროების „ქალდეველებით~ სპარსელები მოიხსენიებოდნენ ხოლმე. თუმცა, აქ გასარკვევია, თუ როდის, როგორ და რა მიზეზების გამო. კ. კეკელიძის შეხედულებით, ძველ ქართულ ლიტერატურაში შენიშნული ის გარემოება, რომ ირანს ხშირად ეწოდება ქალდეველთა ან ბაბილონელთა ქვეყანა, ხოლო ბაბილონი სპარსეთის ქვეყნად არის მიჩნეული, განპირობებული უნდა ყოფილიყო იმ ბიბლიური ტრადიციით, რომლის მიხედვითაც ბაბილონის ქვეყანას ქალდეველთა ქვეყანაც ეწოდება, ხოლო ორივენი გაიგივებულნი არიან სპარსეთთან, ვინაიდან იგი ქალდეველთა ან ბაბილონელთა ქვეყანასაც შეიცავდა ერთ დროს61.
ცნობილი ფაქტია, რომ აქემენიანთა სპარსული იმპერიის ხანიდან დაწყებული, ბაბილონელების გარდა, „ქალდეველთა~ სახელით მოიხსენიებოდნენ აგრეთვე, საზოგადოდ, სათანადო განათლების მქონე სასულიერო პირები. კერძოდ, კლასიკური ხანის მწერლობაში „ქალდეველთა~ სახელით ცნობილი არიან შუამდინარეთის რელიგიური განათლების მქონე ხალხი, ვარსკვლავმრიცხველები, წინასწარმეტყველნი6. საზოგადოდ, შუამდინარეთში ადგილი ჰქონდა მაზდეანურ/ზოროასტრიულ და ქალდეველთა რელიგიური მრწამსისა და წარმოდგენების შერწყმა-შედუღაბებას; ხდებოდა აღრევა მითრისა შამაშთან, ანაჰიტისა იშთართან და ა. შ.62. ხშირი იყო მოგვების აღრევაც ქალდეველებთან63. სწორედ ასეთი აღრევის შედეგი უნდა იყოს ქართული წყაროს („ცხორება წმიდისა ნინოსი“) ცნობა, რომ „ითრუშანა/ითრუჯანი“ „ქალდეველთა~ ღმერთი იყო: „ეგე არმაზ და ქალდეველთა ღმერთი ითრუშანა ყოვლად-ვე მტერ არიან. ამან მის ზედა ზღუა მოადგინის და მან ამის ზედა ერთი ნუ რაიმე მოაწიის, ვითარცა აქუს ჩუეულება სოფლის მპყრობელთა“64.
გასათვალისწინებელია, ისიც, რომ აქემენიანთა ხანიდან მოყოლებული, სპარსელებსა და ქალდეველ/ბაბილონელებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა დამყარდა. როგორც ზემოთაც აღვნიშნავდით, კიროს დიდს მითვისებული ჰქონდა ბაბილონის მეფეების ტიტულატურა. სპარსელი მეფეების მიერ ბაბილონური სამეფო ტიტულატურის გამოყენება გამომხატველი უნდა ყოფილიყო მათი სურვილისა – დაეკმაყოფილებინათ ბაბილონელთა მოლოდინი და ამის შესაბამისად საკუთარი ძალაუფლებისათვის მეტი ლეგიტიმაცია შეეძინათ65. კიროსი განიხილებოდა ღვთაება მარდუკის მიერ ქვეყნის სამართავად დადგენილ ბაბილონის მეფედ66. ჯერ კიდევ ძვ. წ. 539 წლის 12 ოქტომბერს დანებებულ ბაბილონში 9 ნოემბერს დიდი ზარ-ზეიმით შესულმა კიროსმა დაიმსახურა ბაბილონელების მხარდაჭერა, როგორც ძველი რელიგიური წესების აღმდგენელმა და საკულტო ტრადიციების უწყვეტობის მომხრემ; კერძოდ, მან აღიარა მარდუკი ბაბილონელებისა და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ მათ, უზენაეს ღვთაებად, აღუდგინა მოსახლეობას მანამდე ათი წლის განმავლობაში აკრძალული საახალწლო დღესასწაულები, ხოლო თავისი ძე ბაბილონის მეფედ აკურთხა67.
როგორც ვხედავთ, ქალდეველებისა და სპარსელების გაიგივება თითქმის უკლებლივ რელიგიურ და პოლიტიკურ სფეროებს მოიცავს და არ ეხება მათ ტომობრივსა თუ ეთნიკურ კუთვნილებას; ამ მხრივ განსაკუთრებით დამახასიათებელია თვით კ. კეკელიძის მიერ მითითებული „დანიელის წინასწარმტყველების~ ტექსტისეული: „დარიოს ქსერქსეს ძე, მოდგმით მიდიელი, ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა~68. შესაბამისად ამისა, ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს, რომ ღვთაება „ითრუშანას“ „ქალდეველობაც~ არ უნდა სცდებოდეს რელიგიურ-პოლიტიკურ სფეროს და არ უნდა გვაძლევდეს იმის თქმის საშუალებას, რომ ტერმინ „ქალდეველით~ ძველ ქართულ ლიტერატურაში, როგორც წესი, „სპარსელები“ აღინიშნებოდნენ.
„ქალდეველთა~ ღვთაების სახელწოდება – „ითრუშანა/ითრუჯანი~ უნდა მომდინარეობდეს მაზდეანთა ცეცხლის დასანთები სამლოცველოს, ე. წ. „ათეშგას~, კ. კეკელიძის მიერ გამოყენებული ტერმინით „საცეცხლოს~69, ანუ „დანთებული ცეცხლის ადგილის~ პართული სახელწოდებიდან ატაროშან, რომელმაც სომხურ ენაში თავი შემოინახა „ატრუშან/ატროშან~-ის ფორმით70. შესაბამისად, ამ გარემოების გათვალისწინებით უფრო ადვილად გასაგები ხდება, თუ რატომ არის, რომ არმაზმა „მის ზედა ზღუა მოადგინის~ .კ. კეკელიძე შენიშნავდა, რომ „ითრუჯანი” უნდა მივიჩნიოთ ისეთი სტიქიონის ღვთაებად, რომელიც წყლით შეიძლება მოსპობილ იქნეს71.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეტად რთული სავარაუდო ხდება, რომ „ქალდევალთაგან გამოსხმულ ჰონებში~ ნაგულისხმევი ყოფილიყვნენ თითქოს „სპარსელთაგან” გამოქცეული და ქართლში დამკვიდრებული ჰუნები. შესაბამისად ამისა, ვფიქრობ, ძალაში უნდა დარჩეს ე. თაყაიშვილის კონიექტურა, რომლის თანახმადაც, „მოქცევაი ქართლისაი~-ს დედანში ქალდეველთაგან „გამოსხმულ/გამოყრილი” „ჰურიანნი~ დაქარგმებული უნდა ყოფილიყო როგორც „ჰონი~72. მითუმეტეს, რომ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~ „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ჰონთა~ ნაცვლად, მათ შესატყვის ადგილას „ურიებს~ ასახელებს9. ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ქალდეველი ჰონების~ მიერ დაკავებული მიწების ადგილმდებარეობისა და მათი აქ დამკვიდრების ხასიათისა და პირობების თითქმის სრული თანხვედრა „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს „ურიათა~ მცხეთაში დასახლების ამბავთან1. აშკარაა, რომ ორივე ძეგლში ერთი და იგივე ამბავია აღწერილი, თუმცა „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ბუნ-თურქთა უფალი~ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ში „მამასახლისით~ არის შეცვლილი, რაც, ალბათ, „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-სათვის დამახასიათებელი ქართველთა ავტოქტონობის კონცეფციის ზეგავლენით უნდა აიხსნას73.
ადრე მიმაჩნდა, რომ „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ქალდეველთაგან გამოსხმულ ჰონებში~ ებრაელები არ იგულისხმებოდნენ74, თუმცა, სავარაუდოა, რომ ლეონტი მროველის ეპოქაში ჩვენზე უფრო უკეთ უნდა სცოდნოდათ, თუ ვინ იგულისხმებოდა „ქალდეველთაგან გამოსხმულ ჰონებში~ და ვინ არა. „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს ცნობა ახალბაბილონური ხანის დიდი მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ზეობის წლები დაახლ. ძვ. წ. 605-562 წწ.) მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ „ოტებული~ ებრაელების ქართლში დამკვიდრების შესახებ („მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს~)75 „მოქცევაი ქართლისაი“-ს ტექსტს უნდა იყოს დასესხებული და „ქალდეველთაგან გამოსხმული ჰონების~ განმარტებაა, ოღონდ „მოქცევაი ქართლისაი~-ს ტექსტში ნახსენები და ჩვენთვის უკვე გაუგებარი, უფრო ზუსტად, ჯერ დაქარაგმებული და შემდეგ ქარაგმა დაკარგული „ჰონები~, სავსებით მართებულად „ურიებად~ არიან წაკითხული76. მხედველობაშია მისაღები, რომ „დანიელის წინასწარმეტყველებაში~ ნაბუქოდონოსორის ძე „ქალდეველთა მეფედ~ არის მოხსენიებული77. გასათვალისწინებელია ალბათ ისიც, რომ ქართველი ებრაელები, მათ შესახებ არსებული ტრადიციული წარმოდგენის მიხედვით, ბაბილონური წარმომავლობის მქონედ არიან მიჩნეულნი78. როგორც ცნობილია, ნაბუქოდონოსორმა, ძვ. წ. 586 წელს, მის წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ, იერუსალიმი (რომელიც მან ძვ წ, 597 წ. აიღო) მიწასთან გაასწორა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის რჩეული ნაწილი (მეომრები, ხელოსნები, სწავლულნი) იუდეის სამეფოდან (`სახლი სადავითო~) ბაბილონში გადაასახლა79; მან, ზოგიერთთა აზრით, ეგვიპტეშიც იმიტომ გაილაშქრა, რათა იუდეიდან ლტოლვილი ებრაელები დაეტყვევებინა80.
„მოქცევაი ქართლისაი~-სეულ ქალდეველთაგან „გამოსხმულ~, ანუ არაქალდეველ, მათთვის უცხოტომელ „ჰონებში~, „გამოსხმულ/გამოყრილ~ მებროლ ხალხად მათი დახასიათების გამო, როგორც ჩანს, უნდა იგულისხმებოდნენ ქალდეველებთან დაპირისპირებული და იმავდროულად მათთან ერთად მცხოვრები მოსახლეობა. როგორც ცნობილია, ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანების ბაბილონში მცხოვრები ებრაელები უკვე სანახევროდ გაქალდეველებულები იყვნენ81, ეს გარემოებაც ხელს უნდა უწყობდეს „ქალდეველთაგან გამოსხმულ ჰონებში~ „ურიების~ დანახვის შესაძლებლობას.
ცენტრალურ ამიერკავკასიაში, ქართლში მოსახლეობის გადმონაცვლების დაკავშირება ნაბუქოდონოსორ II-ის სახელთან არ არის მხოლოდ `მეფეთა ცხოვრებისათვის~ ცნობილი, ამ საკითხთან მიმართებაში, ალბათ, გასახსენებელია მოვსეს ხორენაცის ლეგენდარული ცნობაც ნაბუქოდონოსორის მიერ „შორეული დასავლეთის~ ქვეყნებიდან (ლიბია, პირენეს იბერია) ტყვედ წამოყვანილი და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დასახლებული „ივერიელების მოდგმის~ შესახებ. მოვსეს ხორენაცი ახ. წ. II საუკუნის ბერძენი მწერლის აბიდენოსის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს: „ამის შესახებ აბიდენოსი ამბობს: „ძლევამოსილმა ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ჰერაკლეზე უფრო ღონიერი იყო, შეჰყარა ჯარი და მიაღწია ლიბიელთა, აგრეთვე [ი]ვერიელთა ქვეყნებს, შემუსრა და დაიმორჩილა ისინი, მათი ერთი ნაწილი წამოასხა იქიდან და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დაასახლა~ [ი]ვერია ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს~82. ვინაიდან, მოვსეს ხორენაცი შენიშნავს, რომ ივერია (ვერია) ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს, აშკარა ხდება, რომ ივერიაში იგი პირენეს ნახევარკუნძულს გულისხმობდა. მოვსეს ხორენაცის გადმოცემითვე, დარეჰის (იგულისხმება დარიოს III) ნახარარი მიჰრდატი წამოიყვანა ალექსანდრე დიდმა და მთავრად დაუსვა სწორედ ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიელთა და ივერთა ქვეყნებიდან ტყვედ მოყვანილ და, როგორც ითქვა, პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დასახლებულ ივერიელთა მოდგმას, ხოლო მის ნაშიერს, ასევე მიჰრდატს სომეხთა მეფემ არტაშესმა ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს გამგებლობა მიანდო83.
ამასთან შედარებით თითქოს უფრო ლოგიკური ჩანს ქართული ტრადიცია, რომელიც სტრაბონის, დიონისიოს პერიეგეტის, სოკრატე სქოლასტიკოსისა და სხვათა მსგავსად და აბიდენოსის, ევსები კესარიელის, მოვსეს ხორენაცისა და სხვათა მონაცემებისაგან განსხვავებით, პირენეებიდან იბერიელთა ლეგენდარულ გადმოსახლებას ნაბუქოდონოსორის ლაშქრობას არ უკავშირებს და, გარდა ამისა, მართებულად მიიჩნევს, რომ ბაბილონის მეფეს არა „შორეული დასავლეთი~, არამედ იერუსალიმი უნდა დაელაშქრა (იხ. ქვემოთ)84. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ მოვსეს ხორენაცისათვისაც, ამავე დროს, ცნობილია, რომ ნაბუქოდონოსორი ებრაელთა დამტყვევებელიცაა; მისივე ცნობით, თითქოსდა ნაბუქოდონოსორის თანამედროვე სომეხთა მეფემ ჰრაჩიამ ნაბუქოდონოსორს სთხოვა დატყვევებულ ებრაელთა ერთი მეთაურთაგანი, სახელად შამბათი მის ქვეყანაში დაესახლებინა და რომ თითქოს მისგან მომდინარეობს ბაგრატუნთა გვარი85.
ცნობა შავიზღვისპირეთში შორეული დასავლეთიდან იბერების გადმოსახლების თაობაზე შემონახულია ევსები კესარიელის (დაახლ. 263-339 წწ.) თხზულებებში. ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში უთითებენ ხოლმე მის მიერ 314-318 წწ. დაწერილ ნაწარმოებს „სახარებისადმი წინამომზადებას~86, სადაც ნათქვამია: `ვპოვე მე აგრეთვე აბიდენოსის თხზულებაში „ასურელთა შესახებ~ ნაბუქოდონოსორზე შემდეგი: „მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუკოდროსორი ჰერაკლეზე უფრო ძლევამოსილი იყო, ლიბიასა და იბერიაზე გაილაშქრა, დაეუფლა და მათი ნაწილი პონტოს მარჯვნივ დაასახლა~87. რამდენიმე წლით უფრო ადრე, 308-311 წწ. დაწერილ „ქრონიკების~ („უნივერსალური ისტორია~) პირველ წიგნში – „ქრონოგრაფია~ ევსები კესარიელი ასევე გადმოგვცემს, რომ „აბიდენოსი ნაბუქოდონოსორს ჰერაკლეზე ძლევამოსილად მიიჩნევს, როდესაც წერს შემდეგს: მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორი ჰერაკლეზე ძლევამოსილი იყო, მან თავისი ჯარები შორს ლიბიამდე და იბერიამდე მიუშვა. დაიპყრო ეს ქვეყნები და მათი მოსახლეობის ნაწილი ევქსინის ზღვის მარჯვენა ნაპირზე დაასახლა~88.
როგორც ვხედავთ, დამთხვევა მოვსეს ხორენაცისა და ევსები კესარიელის ტექსტებს შორის ძალზე დიდია. შესაბამისად, მკვლევართა შორის უკვე დიდი ხანია სრული თანხმობაა, რომ მოვსეს ხორენაცის მიერ მოტანილი აბიდენოსის ცნობა აღებული უნდა იყოს ევსები კესარიელის „ქრონიკების~ სომხური თარგმანიდან.
ზემოხსენებული მეგასთენე (დაახლ. ძვ. წ. 350-290 წწ.) მცირეაზიელი ბერძენი ისტორიკოსი, გეოგრაფი და დიპლომატი, „ინდოეთის ისტორიის~ ავტორია. მეგასთენეს ცნობა იბერთა შესახებ მეტად პოპულარული იყო არა მხოლოდ ძველბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში, იგი გავრცელებული იყო აღმოსავლეთშიც, კერძოდ სირიულ და, როგორც ვნახეთ, სომხურ ლიტერატურაში. ითვლება, რომ მეგასთენესთან გვხვდება ყველაზე ადრეული ცნობა კავკასიელი იბერების შესახებ89. ეს ცნობა, რა თქმა უნდა, ლეგენდარულია. ამ საკითხთან მიმართებაში გასათვალისწინებელია გ. მელიქიშვილის მოსაზრება, რომ მეგასთენეს ცნობაში ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიისა და იბერიის დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი ტყვე-იბერების პონტოს მარჯვნივ მდებარე მხარეში დასახლების თაობაზე, შესაძლოა ასახული იყოს რეალური ინფორმაცია ნაბუქოდონოსორის მიერ ებრაელთა სამშობლოდან აყრის შესახებ90.
თუ იბერიის ნახევარკუნძული ვერ იქნებოდა ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის ობიექტი და ამ ცნობაში ასახულია ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღება, გასარკვევი ხდება, „იბერიით” იუდეის ჩანაცვლება უკვე მეგასთენეს ტექსტში გვხვდება თუ პირველად უფრო გვიანდელი ხანის ავტორთა თხზულებებში ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, მეგასთენესა და ალექსანდრე მაკედონელის თანამედროვე ბაბილონელი ისტორიკოსი ბეროსი (დაახლ. ძვ. წ. 340-270 წწ.), რომლის სამტომეულის – „ბაბილონიკის~ ფრაგმენტები, მეგასთენეს „ინდიკის~ მსგავსად, სხვადასხვა ძველ ავტორთა თხზულებებშია შემონახული, როგორც ირკვევა, იუწყებოდა ნაბუქოდონოსორის მიერ მხოლოდ იუდეის დაპყრობის, იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და ებრაელთა ტყვედ წაყვანის შესახებ91.
უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ სტრაბონი (დაახლ. ძვ. წ. 64-ახ. წ. 24 წწ.), რომელიც, ერთი მხრივ, სწორედ მეგასთენეზე დაყრდნობით გვამცნობს ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის თაობაზე „ჰერკულესის სვეტებამდე~, იგივე გიბრალტარის სრუტემდე, ანუ პირენეს იბერიაში და დასძენს, რომ ქალდეველებს (ანუ ბაბილონელებს) იგი უფრო ძლევამოსილად მიაჩნდათ, ვიდრე ბერძნებს ჰერკულესი92, ხოლო მეორე მხრივ, ინფორმირებულია დასავლეთის იბერთა გადმოსახლების შესახებ პონტოსა და კოლხეთის გადაღმა მდებარე მხარეში93, ამ ორ მოვლენას, მეგასთენესთვის მიწერილი ტექსტისგან განსხვავებით, ერთმანეთს არ უკავშირებს და შესაბამისად არ თვლის, რომ აღმოსავლელი იბერები პირენეს იბერიიდან ნაბოქოდონოსორის მიერ არიან ტყვედ წამოყვანილი კავკასიაში.
აღსანიშნავია, რომ არც დიონისიოს პერიეგეტი (ახ. წ. II ს. პირველი ნახევარი), რომელიც იზიარებს შეხედულებას კავკასიის იბერთა დასავლეთიდან გადმოსახლების თაობაზე და გვამცნობს, რომ „იბერთა აღმოსავლური ტომი... ოდესღაც პირენედან მოვიდა აღმოსავლეთში~94 და არც ბერძნული წარმომავლობის რომაელი ისტორიკოსი აპიანე ალექსანდრიელი (დაახლ. 95-165 წწ.), რომელიც იცნობს, მაგრამ არ იზიარებს ამ მოსაზრებას და თვლის, რომ „ევროპისა და აზიის იბერები მხოლოდ თანამოსახელე ტომები არიან, რადგან არც ენა აქვთ მსგავსი და არც ზნე-ჩვეულებები~95, არაფერს ამბობენ ნაბუქოდონოსორთან ამ მოვლენის კავშირის შესახებ. ასევე, არც სოკრატე სქოლასტიკოსი მოიხსენიებს ნაბუქოდონოსორს, დაახლ. 340 წ. შემდეგ დასრულებულ „ეკლესიის ისტორიაში~, როდესაც გვამცნობს, რომ კავკასიის იბერები ესპანეთის იბერთაგან არიან გამოსულნიო96.
როგორც ჩანს, დასავლეთის იბერების აღმოსავლეთში გადმოსახლების თაობაზე არსებულმა შეხედულებამ, რომელიც ძირითადად ორი იბერიის სახელწოდებების იდენტურობის საფუძველზე იყო აღმოცენებული, თავის მხრივ განაპირობა ნაბუქოდონოსორის მიერ ვითომდა დალაშქრული „ჰერკულესის სვეტების~ მხარიდან, ანუ პირენეს იბერიიიდან და ლიბიიდან, დატყვევებული მოსახლეობის პონტოს აღმოსავლეთით გადმოსახლების თაობაზე ლეგენდის ჩამოყალიბება.
ვინაიდან მეგასთენეს ზემომოყვანილი ციტატა ნაბუქოდონოსორის მიერ დასავლეთის იბერიიდან და ლიბიიდან წამოყვანილი მოსახლეობის პონტოს მარჯვნივ დასახლების თაობაზე მხოლოდ ევსები კესარიელის თხზულებებში გვხვდება, რომელსაც იგი აუღია აბიდენოსის თხზულებიდან „ასურელთა შესახებ~97, არ არის გამორიცხული, რომ ამ ცნობის ფართოდ გავრცელება აბიდენოსის ხანიდან (ანუ ახ. წ. II საუკუნიდან) ხდებოდეს98. მხედველობაში ვიღებთ იმ გარემოებას, რომ სტრაბონისა და დიონისიოს პერიეგეტს გარდა, არც იოსებ ფლავიუსთან (დაახლ. 37-95 წწ.) – ებრაული წარმომავლობის რომაელ ისტორიკოსთან (რომლის თხზულებაშიც „იუდეის სიძველენი~ ასევე გვხვდება მეგასთენეს ცნობა ნაბუქოდონოსორის შორეულ დასავლეთში ლაშქრობის თაობაზე) არაფერია თქმული ამ უკანასკნელის მიერ დასავლეთის იბერებისა და ლიბიელების პონტოს მარჯვნივ ანუ აღმოსავლეთით გადმოსახლების თაობაზე; ნათქვამია მხოლოდ ის, რომ მეგასთენე „ინდიკის~ IV წიგნში ცდილობს ყველასათვის თვალსაჩინო გახადოს ჰერაკლესთან შედარებით ნაბუქოდონოსორის მეტი გამბედაობა და მიღწევათა სიდიადე, ვინაიდან მან ლიბია და თვით იბერია დაიპყრო99.
საყურადღებოა, რომ თავისი სხვა თხზულების – „აპიონის წინააღმდეგ~ პირველ წიგნში100, იოსებ ფლავიუსი, ბეროსის ცნობის მოხმობისას, თითქოს გარკვეულ ეჭვსაც კი გამოთქვამს მეგასთენეს ცნობის სანდოობის მიმართ; იგი ჯერ გვამცნობს, რომ ბეროსი იუწყებოდა ნაბუქოდონოსორის მიერ მთელი სირიისა და ფინიკიის დაპყრობას, ხოლო მეგასთენეს მიერ ნაბუქოდონოსორისათვის ჰერაკლესთან შედარებით უფრო მეტი ძლევამოსილებისა და სიდიადის საჩვენებლად, ლიბიის დიდი ნაწილისა და აგრეთვე დასავლეთის იბერიის დაპყრობის მიწერისას, შენიშნავს, რომ, როგორც მას (იოსებს) ადრეც აღუნიშნავს, ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს და მისი ტაძარი გადაწვეს. იოსებ ფლავიუსისეულ ტექსტში თავჩენილი ეს თითქოსდა შეუსაბამობა, როდესაც ლიბიისა და იბერიის დაპყრობის შესახებ საუბრისას ავტორი, ყოველგვარი განმარტების გარეშე, უეცრად ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის აღებაზე გადადის, ჩემი აზრით, დამაფიქრებელია და, შესაბამისად, ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ გადმოსახლებული „ტყვე იბერების~ გაიგივებაც „ურიებთან~ სულაც არ უნდა ჩანდეს საფუძველს მოკლებული, ამჯერად უკვე „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს მონაცემებზე დაყრდნობის გარეშეც (უფრო ვრცლად იხ., ქვემოთ).
მაგრამ რას უნდა გამოეწვია ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის შესახებ გადმოცემის ფიქსირება პირენეს ანუ დასავლეთის იბერიისა და ლიბიის მიმართ? როგორც ჩანს, მეგასთენეს ხანისათვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან და საზოგადოდ ელინისტური ხანისათვის დამახასიათებელი სამყაროს უფრო ფართო, გლობალური ხედვიდან გამომდინარე, ებრაელებთან დაკავშირებული ძველი სახელწოდება ებერი გააზრებული იქნა „იბერიად~ ანუ პირენეს იბერიის აღმნიშვნელად და შესაბამისად ამისა, ბაბილონის მეფის მიერ „ებერთა ქვეყნიდან~ დატყვევებული მოსახლეობის წამოყვანის შესახებ გადმოცემა, იუდეის ქვეყნისა და ეგვიპტეს ნაცვლად, უკვე პირენეს იბერიისა და მისი მომიჯნავე აფრიკის ანუ ლიბიის მიმართ დაფიქსირდა. არ არის გამორიცხული, რომ ევროპის უკიდურეს დასავლეთში ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის ამბის შეთხზვით მომხდარიყო ალექსანდრე მაკედონელის მიერ ახლო და შუა აღმოსავლეთის დაპ-ყრობის გამართლებაც და გარკვეული ლეგიტიმაციაც.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ფართოდ გამოყენებული ეთნონიმი „ებრაელი~ მიღებულია ბიბლიის თარგმანთან ერთად ბერძნულში შესული ებრაელთა აღმნიშვნელი ტერმინებისაგან: Εβερ და Εβραιος. ეს სახელი გვხვდება „დაბადების~ ტექსტში: „ძეთა ებერისთასა~ სახით101; იმავე ფორმით – „ებერი~ – წარმოდგენილია „ახალ აღთქმაშიც~, „ლუკას სახარე-ბის~ ტექსტში102. გარდა ამისა, იგი გვხვდება ახ. წ. VII საუკუნის ავტორის, მაქსიმე აღმსარებლის თხზულების „ნეტარისა თალასეს მიმართ~ ექვთიმე მთაწმინდელისეულ ქართულ თარგმანში: „..სახელები ნათესავთა მათ ესე არს... მეექუსე ებერ, რომლისაგან [არიან] ებრაელნი~103. როგორც ვხედავთ, ეთნონიმ „იბერთან~ მიმსგავსებული სახელწოდება „ებერი~(Éver/Ēḇer) ებრაელთა წინაპრისა და ეპონიმის აღმნიშვნელია.
აღსანიშნავია, რომ სახელწოდება „იბერიას~ ზოგიერთი მეცნიერი (პლ. იოსელიანი, ალ. ხახანაშვილი) იმ ებრაული სიტყვიდან წარმომდგარად მიიჩნევდა, რომელიც უნდა აღნიშნავდეს ცნებას – „იქითა მხარე~ (მთის იქითა მხარე – კავკასიის იბერია, ზღვის იქითა – პირენეებისა)104. ებრაული ზოგადი სახელი ებერ – „იქითა მხარე~, კ. წერეთლის მიხედვით, ამოსავალია თვით ტერმინისათვის ibrī – „ებრაელი~, ისევე, როგორც სახელისათვის – ევერი, რომელიც ებრაულში ტერმინ „ებრაელის~ ამოსავალ – „იქითა მხარეს~ აღნიშნავს (მსგავსად ქართული „იმერი~ > „იმერელისა~)105. ხოლო ა. სარჯველაძე ყურადღებას ამახვილებს „ძველ აღთქმაში~ მოყვანილ ქანაანელთა მიერ გამოყენებულ ებრაელთა სახელწოდებაზე – ibrī და შენიშნავს, რომ ძველებრაულში სიტყვა – ēber ეწოდებოდა ადგილს, რომელიც მდებარეობდა მდინარის ან ზღვის გაღმა. მისი აზრით, ძველ ფინიკიელებს შეეძლოთ ეწოდებინათ როგორც ზღვის გადაღმა – ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსათვის, ასევე მცირე კავკასიონის ქედის გადაღმა (ებერ) მდებარე მხარისათვის – „იბერია~106. შესაძლოა, საკუთრივ ებრაელთა დასახელებაც მდინარე ევფრატს თუ იორდანეს გაღმა გადასულს ნიშნავდეს107. არც ის არის ალბათ გამოსარიცხი, რომ ხურიტული ძირი იყოს საძიებელი ებრაელთა აღმნიშვნელ სახელწოდებებში ibrī და uriah8. რაც შეეხება კავკასიის იბერთა სახელწოდებას, ენათმეცნიერთა აზრით, ამოსავალი ფუძე უნდა იყოს ჰპერ/სპერ, ახლომდგომი თუ ანალოგიური ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს მხარის დასახელებისა – „სპერი~108. ამავე საკითხთან დაკავშირებით ალბათ მხედველობაშია მისაღები ჯერ კიდევ ჰეროდოტეს მიერ ნახსენები ეთნონიმი „სასპერიც~109.
სახელწოდებების „ებერისა~ და „იბერიის~ შესაძლო ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით ამასთანავე ყურადღებას იპყრობს ბიზანტიის იმპერატორის – კონსტანტინე VII პორფიროგენეტის თხზულებაში „იმპერიის მმართველობის შესახებ~ (დაწერილია 948-952 წწ. შორის) შემონახული ცნობა, რომ თითქოს X საუკუნის შუა ხანების კავკასიელ იბერებს (ანუ ქართველებს) თავი იერუსალიმიდან წამოსული ხალხის შთამომავლებად მიაჩნდათ და შესაბამისად გამოდის, რომ ამ იბერებს არაფერი სცოდნიათ პირენეს ნახევარკუნძულის იბერიიდან მათი წინაპრების ვითომდა გადმოსახლების თაობაზე. ამ ცნობის თანახმად: „იბერიელები მოგვითხრობენ, რომ მათი ტომი იერუსალიმიდან არის წარმოშობილი და, რომ ისინი წამოვიდნენ იერუსალიმიდან ღვთის ბრძანების მომასწავებელი სიზმრების ჩვენებით და დაესახლნენ სპარსეთის მხარეებთან, ე.ი. ქვეყანაში, სადაც ამჟამად მკვიდრობენ... ვინაიდან იბერიელები, როგორც თვითვე ამბობენ, შთამომავლობით იერუსალიმიდან არიან, ამის გამო მათ აქვთ დიდი სიყვარული მისი და უფლისა იესო ქრისტეს საფლავისა და განსაზღვრულ დროებში უხვად უგზავნიან ფულს წმინდა ქალაქის პატრიარქსა და იქაურ ქრისტიანებს~. დამახასიათებელია აგრეთვე მისი შემდეგი სიტყვებიც იბერიელთა შესახებ, რომ ისინი `უწოდებდნენ თავის-თავს დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ნათესავს და აქედან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნათესავსაც, რადგან ისიც დავითისაგან არის წარმოშობილი~110.
მოყვანილ ამონარიდში, გარდა ქრისტიანული იდეოლოგიის აშკარა ზეგავლენისა, შეინიშნება მცხეთის ებრაულ თემში შემონახული გადმოცემების ანარეკლიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტის ინფორმაციას ეხმიანება „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს ცნობა, რომელიც, მართალია, არა იბერიელთა, არამედ ებრაელთა ქართლში გამოჩენას უკავშირებს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას. აქ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ქართული მატიანის მონაცემების თანახმად, „ურიანი~, ისევე, როგორც კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაში „იბერიელნი~, ნაბუქოდონოსორს კი არ გამოჰყავს იერუსალიმიდან, არამედ ქალაქის მოსახლეობის დატყვევების შემდეგ იქიდანვე (და არა პირენეს იბერიიდან) ლტოლვილნი, თავად მოდიან ქართლში111. ქართული მატიანის ცნობა მიგვანიშნებს, რომ„ღვთის ბრძანების მომასწავებელი სიზმრების ჩვენებით~ იერუსალიმიდან თავისი ნებით წამოსულ კონსტანტინე პორფიროგენეტის „იბერიელებში~ იერუსალიმიდან წამოსული ებრაელების შთამომავლები იგულისხმებიან.
სავარაუდოა, რომ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს ცნობა იერუსალიმიდან „ოტებულ ურიათა~ ნაბუქოდონოსორის მიერ ამ ქალაქის აღების შემდეგ ქართლში დამკვიდრების თაობაზე ქართველი მემატიანის მწიგნობრობაში ფართო განსწავლულობის შედეგად იყოს შეთხზული და რეალურად მომხდარ ამბებს არ უკავშირდებოდეს. რაც შეეხება კონსტანტინე პორფიროგენეტის ზემომოყვანილ ტექსტს, მასში შეინიშნება განზრახვა, წარმოჩენილი ყოფილიყო იბერიელთა წარმომავლობა იერუსალიმიდან, რასაც კიდევ უფრო უნდა გაეზარდა იუდეის მეფის დავითისა და მისი ძის სოლომონის შთამომავლებად მიჩნეულ ბაგრატიონთა ლეგიტიმაცია ქართლში გასაბატონებლად112.
ამრიგად, ძველი ქართული წერილობითი წყაროები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებენ ქართლში ებრაელთა დამკვიდრების ფაქტზე, რაც არქეოლოგიური თუ ეპიგრაფიკული მონაცემებით, ძველთაგანვე მცხეთაში ებრაული თემის არსებობით დასტურდება კიდეც113. უცნაური ის იქნებოდა, თუ ეს გარემოება თავის ასახვას ვერ ჰპოვებდა ქართულ მატიანეებში114.
მაგრამ საკითხავია, თუ რას უნდა გამოეწვია „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ქალდეველთაგან გამოსხმული ჰონების~ სახელწოდებაში – „ჰონი~ – ქარაგმის გაუქმების ე. თაყაიშვილისეული ზემოაღნიშნული ვარაუდი? არ არის გამორიცხული, რომ ეს გამიზნულად მომხდარიყო, ვინაიდან ამავე მატიანის მიხედვით, ებრაელები ქართლში მეთორმეტე და მეცამეტე ქართლის მეფეების ხანაში არიან მოსულნი: „...და მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას – ბრატმან და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს~115. გ. მელიქიშვილის აზრით, „მოქცევაი ქართლისაი~-ს ტექსტის ეს ცნობა მით უფრო ანგარიშგასაწევი ჩანს, რომ მას თანხვდება რომის იმპერატორის ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს (ახ. წ. 69-79 წწ.) მიერ იერუსალიმის აღების თარიღი – ახ. წ. 70 წ.116. თუმცა, ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მცხეთის ებრაულ თემში შემონახული ტრადიციის მიხედვით, ადგილობრივი ებრაული კოლონიის დაარსება მომხდარა ძვ. წ. 169 წ.117.
განხილულ საკითხებთან მიმართებაში ერთი სირთულე მაინც იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ქალდეველთაგან გამოსხმული ჰონების~ ნაცვლად „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ში „ურიებია~ დასახელებული, ამავე დროს, „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ც იცნობს ქალდეველების ქართლში გადმოსახლების ამბავს, ოღონდ „ჰონთა~ მოუხსენიებლად: „...კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველნი, და დაეშენნეს იგინიცა ქართლს...~118. ეს ამბავი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ში, ისევე როგორც „მოქცევაი ქართლისაი~-ს ტექსტის „ქალდეველი ჰონების~ მოსვლა, ალექსანდრე დიდის ხანით, კერძოდ, ქართლში მისი ორი ლეგენდარული ლაშქრობის შუალედური ხანით თარიღდება119, ე. ი. „ურიათა~ ჩამოსახლებასთან შედარებით, რასაც თითქოს ნაბუქოდონოსორის ხანაში უნდა ჰქონოდა ადგილი, მნიშვნელოვნად უფრო გვიანი ხანით120. ამრიგად, „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ქალდეველთაგან გამოსხმული ჰონების~ ნაცვლად, „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ში „ურიების~ გარდა, ქართლში შემოხიზნული კიდევ ერთი ტომი – „ქალდეველები~ დაემატა. აშკარაა, რომ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა”-ს ავტორისათვის მიუღებელი იყო „ურიათა~ „ქალდეველთაგან გამოსხმა~, თორემ სხვა მხრივ, როგორც ზემოთაც ითქვა, დამთხვევა „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ჰონებსა~ და „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს „ურიებს~ შორის თითქმის სრულია; სიტყვებიც კი ერთნაირია გამოყენებული.
გასარკვევია თუ რითი უნდა ყოფილიყო ეს გამოწვეული, რა მიზეზის გამო უნდა დაეტოვებინა „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს ტექსტში ავტორს „ქალდეველთა~ ხსენება, მაშინ როდესაც „მოქცევაი ქართლისაი~-ს „ქალდეველთაგან გამოსხმული ჰონების~ ნაცვლად, მხო-ლოდ „ურიებიღა~ მოიხსენია უქალდეველებოდ, ხოლო ეს უკანასკნელნი ცალკე, დამატებით მოიხსენია როგორც „სხუანი ნათესავნი ქალდეველნი~ , რომლებიც ასევე „დაეშენნეს... ქართლს~. ვფიქრობ, ამის ახსნას იძლევა „ცხოვრება ქართველთა მეფეთა~-ს კონცეფცია უძველესი ხანის ქართლში სხვადასხვა წარმომავლობის მოსახლეობის თავმოყრისა და თანაარსებობის შესახებ: „და იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა~121. მართლაც, გარკვეულ ტერიტორიაზე განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურული თავისებურებების მქონე მოსახლეობის თანაარსებობა აჩქარებს საზოგადოებრივი განვითარების პროცესს და ხელს უწყობს სახელმწიფოებრიობის აღმოცენებას. შესაძლოა ესეც იყო ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი ცენტრალურ ამიერკავკასიაში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით, ქართული სახელმწიფოს აღმოცენებისა.
თუმცა, ამ უცხოტომელთა შორის ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა „ბუნ-თურქთა~ დასახელება; ყოველ შემთხვევაში იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რა სახითაც არიან ისინი წარმოჩენილი ქართულ მატიანეებში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საკმარისი საფუძველი უნდა მოგვეპოვებოდეს ვარაუდისათვის, რომ, „ბუნ-თურქები~ წარმოადგენდნენ არა უძველეს ხანებში თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე განსახლებულ რეალურად არსებულ ხალხს, არამედ ფიქციას, აღმოცენებულს ქართული ჰაგიოგრაფიული და ისტორიული მწერლობის გარიჟრაჟზე, უცხოენოვანი წერილობითი წყაროების არაზუსტი თუ სულაც საკუთარი ინტერესებიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ინტერპრეტაციის შედეგად. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ქართულ მატიანეთა ცნობების არსებითი ავთენტურობა, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ მათი მონაცემებით, ალექსანდრე დიდის მიერ აქემენიანთა იმპერიის დაპყრობა და Pax Achaemenia-ს Pax Macedonica-თი შეცვლა ფაქტიურად დაკავშირებულია აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის დაფუძნებასთან; ამ მოვლენამ, თავის მხრივ, სათავე დაუდო ქართველთა ისტორიულ მახსოვრობას და ერის უწყვეტ ორგანულ სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდე122.
ალექსანდრე მაკედონელის სახელმა იტვირთა რომის იმპერიის რღვევის ხანაში ჩრდილოეთის მომთაბარე ტომებთან ბრძოლის წინამძღოლის ფუნქცია: როგორც კი ცივილიზებული სამყარო ბარბაროსთა შემოსევის პირისპირ აღმოჩნდა, კვლავ გაცოცხლდა ძველი ლეგენდა ალექსანდრე დიდის მიერ ბარბაროსთა წინააღმდეგ მოწყობილი რკინის კარის შესახებ. მართლაც, ახ. წ. IV-VII საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში მომხდარი ხშირი შემოსევების ფონზე ჩრდილოელი მომთაბარე ტომების წინააღმდეგ აღმართული „კასპიის კარის~ მომწყობი ალექსანდრეს შესახებ შეთხზული ლეგენდების მოტივებში სულ უფრო მატულობს და მძაფრდება აპოკალიფსური შეფერილობა. აპოკალიფსისაგან ცივილიზაციის დამცველისა და მონოთეისტური ერთი ღმერთის შთაგონებული ქადაგის, ალექსანდრე დიდის სახე, უფრო გვიან ხანებში მემკვიდრეობით გადაეცა შუასუკუნეების ბიზანტიურ და მუსლიმურ სამყაროს123. სავარაუდოა, რომ სწორედ ადრეშუასაუკუნეების ეპოქაში უაღრესად პოპულარული „ალექსანდრეს რკინის კარის~ შესახებ ლეგენდის კავშირმა კავკასიონთან და კერძოდ დარიალის უღელტეხილთან, განაპირობა ქართული მატიანეების თემად ალექსანდრე დიდის ქართლში ლაშქრობის ლეგენდის შეთხზვა. მართალია, ძველი ქართული მატიანეები ლეგენდას „რკინის კარის~ შესახებ არ იცნობენ, თუმცა ის გარემოება, რომ „ბუნ-თურქები~ ალექსანდრესგან თავდასახსნელად „შეივლტოდეს კავკასიად~124, უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ჩრდილოეთით ივარაუდებოდა მათი თავშესაფარი. „წმ. ნინოს ცხოვრების~ მეტაფრასული ტექსტის („ცხოვრებაი და მოქალაქობაი და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოსი, რომელმან ქადაგა ქრისტე, ღმერთი ჩუენი, ქუეყანასა ჩრდილოსასა და განანათლა ნათესავი ქართველთაი~) ავტორის არსენ ბერის განმარტებითაც, რომლისთვისაც ბუნ-თურქები და ყივჩაღები ერთიდაიგივე ხალხია125, ქართლიდან ლტოლვილი ბუნ-თურქები დასახლებულან ოვსეთს იქით, იმ წყლით მდიდარ ვრცელ მხარეში, სადაც უფრო გვიან ყივჩაღთა ძლიერი მოდგმა ბინადრობდა126. უეჭველია, რომ აქ იგულისხმება სამხრეთ რუსეთის სტეპები, „გოგისა და მაგოგის უწმინდურ ტომთა~ სამკვიდრებელი127.
ამდენად, სავსებით დასაშვებია, რომ ქართული მატიანეების „ბუნ-თურქებში~, რომელთაც ვითომდა წააწყდა ქართლში ალექსანდრე და რომლებიც წარმოადგენდნენ არა რეალურად არსებულ ხალხს, არამედ ფიქციას, კლასიკური ეპოქის ლიტერატურის სუბიექტური ინტერპრეტაციის შედეგად ჩამოყალიბებულს ამ მატიანეების შექმნის ხანისათვის დამახასიათებელი მოვლენების ზეგავლენით, ნაგულისხმევი ყოფილიყო ჩრდილოეთის მომთაბარე, მეჯოგე მოსახლეობა, კავკასიის კარიბჭის გადმოლახვით არაერთხელ, სხვადასხვა დროს აქ შემოღწეული, ანუ იმ ადგილიდან, სადაც, მათი განდევნის შემდეგ, თითქოს „რკინის კარი~ აუგია დიდ მეფეს128. ჩრდილოური წარმომავლობის ტომების ინფილტრაციასა თუ ინვაზიას პერმანენტულად ჰქონდა ადგილი წინაისტორიული თუ ისტორიული ხანის ამიერკავკასიაში და ეს გარემოება თვალსაჩინოდ არის ასახული არქეოლოგიური ხასიათის მასალებში.
ელინისტური ხანიდან დაწყებული, ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული არეალის საზოგადოებების დაინტერესება ამიერკავკასიით განპირობებული უნდა ყოფილიყო ამ უკანასკნელის მდებარეობით ცივილიზებული და ბარბაროსული სამყაროების შეხების ზონაში, ან უფრო ზუსტად, ამ ორი სამყაროს გამყოფ რღვევის ხაზზე. ამიერკავკასიის ასეთი მდებარეობა მის სივრცეში ისტორიული განვითარების ორი დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოდელის შეჯახების მიზეზი ხდებოდა. კავკასიონის მთავარი ქედის ფაქტორი, რომლის სამხრეთითაც იყო ეს რეგიონი განლაგებული, განსაზღვრავდა მის ბედს – ყოფილიყო მაღალგანვითარებული, ცივილიზებული სამხრეთისა და დასავლეთის ბურჯი განვითარების დაბალი ტემპის მქონე ბარბაროსული ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის წინააღმდეგ. მომთაბარეთათვის გზის გადამკეტი კავკასიის კარიბჭის ეფექტური კონტროლის დიდი საჭიროების გამო ზემოაღნიშნული არეალის სახელმწიფოთა ყველა დროის გამგებლებისათვის სასურველი იყო ცენტრალურ ამიერკავკასიაში, იბერიაში, მსგავსი ფუნქციის შესრულებისათვის საკმაო ძალის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა, რომელიც მოახერხებდა ამ ფუნქციის შესრულებას. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სწორედ ამ მიზეზით უნდა აიხსნას გარესამყაროს დიდი ინტერესი დარიალის გამოღმა მდებარე ამიერკავკასიის ცენტრალური ნაწილის, იბერიის მიმართ129.
როგორც ჩანს, სწორედ ეს, პირობითად რომ ვთქვათ, „რკინის კარის~ კონცეფცია, წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოებრიობის კონკრეტული პოლიტიკური ფუნქციის გამოხატულებას – ყოფილიყო მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის დამცველი. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა პლინიუსის ზემომოყვანილი შენიშვნა, რომ იბერიული ქალაქი ჰარმასტისი (იგივე ქართლის ძველი დედაქალაქი – არმაზი) „კავკასიის კარის~ პირდაპირ მდებარეობდა. ეს გარემოება მიუთითებს ჰარმასტისის ფუნქციაზე – გადაეკეტა გზა ჩრდილოეთიდან, კავკასიის კარით (ანუ დარიალით) შემოსული და თერგისა და არაგვის ხეობების გავლით წამოსული მოთარეშეებისათვის (რისი მსურველთა რაოდენობა ქედს გაღმა ურიცხვი იყო). სამყაროს ორ ნაწილად გამყოფი პლინიუსისეული „კავკასიის კარიბჭე~, დარიალი, იგივე „კასპიის კარიბჭე~) კუმანიის ციხესთან (გაიგივებულია ჯვრის უღელტეხილის სამხრეთ კალთაზე მდებარე ქუმლის ციხესთან) ერთად, გზას უკეტავდა კავკასიონის გადაღმა მყოფ ურიცხვ ტომებს3.
კავკასიონის უღელტეხილების კონტროლის საშუალებით იქმნებოდა მეტად ხელსაყრელი შესაძლებლობა წინა აზიაში Pax Romana-ს ჩამოყალიბებისათვის, რაც რომაელთა ერთ-ერთი კარდინალური ამოცანის – ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიას იძლეოდა. იბერიელები, რომელთა ძალაუფლება კავკასიის კარიბჭეზე ვრცელდებოდა, ამ ცნების ყველაზე ფართო გაგებით, დარიალის უღელტეხილიდან დაწყებული მცხეთა-არმაზით დამთავრებული – რეგიონში რომაელთა ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები იყვნენ. რომაელებსა და იბერებს, ერთიდაიმავე Orbis Terarrum-ის შემადგენელ ნაწილებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა საერთო სტრატეგიულ ინტერესებზე იყო დაფუძნებული. სწორედ რომაული ხანებიდან უნდა მომდინარეობდეს ქართული სახელმწიფოს საუკუნოვანი სწრაფვა, გაეერთიანებინა თავის ხელქვეით შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე არსებული კავკასიონის ყველა გადასასვლელი, რაც ამავე დროს გამოხატულია ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფორმულაში „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე~, რომელსაც გვამცნობს XIII ს. თხზულება „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი~130. როგორც ვხედავთ, აღნიშნული ფორმულა განსაკუთრებულად მახვილს სვამს ჩრდილოეთის საზღვრის გაყოლებაზე, რომელიც გადაჭიმული იყო დაახლ. თანამედროვე ტუაფსედან (შავ ზღვაზე) დერბენდამდე (კასპიის ზღვაზე) და რომლის დაცვა და კონტროლი შუა საუკუნეებში არსებული ამ სამეფოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენდა131.
დარიალისა და დარუბანდის კარიბჭეების პერმანენტული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ხშირად განაპირობებდა ერთმანეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოების ერთობლივი მოქმედების საჭიროებას; რომი და პართია, ბიზანტია და სასანიანთა ირანი ერთნაირად იყვნენ დაინტერესებულნი, გზა გადაეკეტათ ჩრდილოელ მომთაბარეთა დამანგრეველი შემოსევებისათვის. ზოგჯერ საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ სასანიანი მმართველები ბიზანტიელ ხელისუფალთაგან ითხოვდნენ ხოლმე და იღებდნენ კიდეც სამხედრო ან ფინანსურ დახმარებას132.
ამრიგად, ვფიქრობ, სრულიად ცხადი უნდა იყოს იბერიაში სახელმწიფოებრიობის წარმოქმნა-ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი განვითარების კავშირი ჩრდილოეთის ნომადი ტომების შემოღწევისაგან კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილების დაცვის საჭიროებასთან. აღნიშნული სახელმწიფოებრივი ფუნქცია იყო ის ერთ-ერთი ძირითადი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში ძვ. წ. I ათასწლეულის დასკვნით საუკუნეებში. შეიძლება ითქვას, რომ ბერძნულ-რომაული, სომ-ხური და ქართული წერილობითი წყაროების მონაცემთა შეჯერება საშუალებას გვაძლევს გან-ვაცხადოთ, რომ ცენტრალურ ამიერკავკასიაში არსებულ ყველაზე ადრეული სახელმწიფოს, იბერიის სამეფოს ძვ. წ I ათასწლეულის გვიან ხანებში აღმოცენება-ჩამოყალიბების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ „ალექსანდრეს რკინის კარის~, ანუ კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დარიალის კარიბჭის, კონტროლის საჭიროება უნდა ყოფილიყო133. ამასთანავე, იბერიის ხელისუფალნი პერმანენტულად და დიდი წარმატებითაც იყენებდნენ თავიანთი ქვეყნის ხელსაყრელ სტრატეგიულ მდებარეობას, რათა გაეწონასწორებინათ გარესამყაროს ყველა მხრიდან მომდინარე ძალთა დაწოლა134. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა გეოპოლიტიკური ხასიათის ფაქტორებმა არა თუ გამოიწვიეს კლასიკური ხანის ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის წარმოქმნა, არამედ განაპირობეს კიდეც მომდევნო ხანებში მისი ისტორიული განვითარება.
ვინაიდან კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური უღელტეხილი (იგივე კავკასიის კარი, დარიალის უღელტეხილი) ხშირად არის მოხსენიებული კლასიკური ხანის მწერლობაში, როგორც ალექსანდრეს რკინის კარიბჭე, სვეტები თუ ბურჯი135, ხოლო საკუთრივ ალექსანდრეს არასოდეს არ ულაშქრია კავკასიისაკენ, ამიტომ სომხურ და ქართულ მატიანეებში ასახული ალექსანდრე დიდის სახელის კავშირი ქართულ სახელმწიფოებრიობასთან უნდა მიანიშნებდეს ამ სახელმწიფოს „არსებობის არსზე“; კერძოდ, მის დანიშნულებაზე – ყოფილიყო აღმოსავლეთ-ხმელთაშუაზღვისპირეთულ-ახლოაღმოსავლური ცივილიზებული სამყაროს თავდაცვის საყრდენი მის ბრძოლაში მომთაბარე, მძლავრ და აგრესიულ გადამთიელებთან (ე. წ. გოგისა და მაგოგის საუფლოსთან), რომელთაც, „კავკასიის კარიბჭის~, ანუ კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა უნდა ჰქონოდათ ბინა136.
ალექსანდრესადმი თაყვანისცემა იმდენად ძლიერი იყო საქართველოში, რომ ყველაზე უფრო სახელგანთქმულ ქართველ მეფეს, დავით IV აღმაშენებელს, ქართული მატიანეებიმეორე ანდა ახალ ალექსანდრეს უწოდებენ. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ იმიერტაოში, თორთომის მახლობლად მდებარე X საუკუნის ხახულის ტაძრის გარე კედელზე ამოკვეთილია ცად ამაღლებული წარმართი მეფის, ალექსანდრე მაკედონელის XIV საუკუნით დათარიღებული გამოსახულება137.
ალექსანდრე დიდისადმი მიწერილი ზემოხსენებული ფუნქცია, ყოფილიყო ცივილიზებული სამყაროს დამცველი ჩრდილოელ მომთაბარეთა შემოსევებისაგან, ემთხვევა ქართული სახელმწიფოს სვებედს, მის ისტორიულ დანიშნულებას. ქართული სახელმწიფოებრიობის მჭიდრო კავშირი კავკასიონის გადასასვლელების გაკონტროლების საჭიროებასთან მკაფიოდ იკვეთება მთელი მისი ისტორიის განმავლობაში და სწორედ საკუთარი ხელიდან ამ კონტროლის უფლებამოსილების ჩრდილოეთის მხარისთვის – რუსეთის იმპერიისათვის გადაცემის შედეგად დაკარგა საქართველომ თავისი ოდინდელი ისტორიული ფუნქცია და გარესამყაროსათვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა ქვეყნის არსებობა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. ამ მხრივ საგულისხმოა ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ფოლკლორისტის, პეტრე უმიკაშვილის მიერ XIX საუკუნეში ჩაწერილი ხალხური ლექსი „ერეკლეს დატირება~, სადაც თავისი ძირითადი ჩრდილოეთის კარიბჭის, „რკინის კარის~ დაცვის ვალდებულება მიჩნეულია ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციად, მისი არსებობის საწინდრად. კავკასიონის გადამკვეთი დარიალის უღელტეხილი ხომ ძველთაგანვე ცნობილი იყო „რკინის კარის~ სახელით:
„ვერ გაგიგიათ ქართველნო,
შაგეხსნათ რკინის კარია,
მეფე აღარ გყავსთ ერეკლე,
ბაგრატიონთა გვარია,
აღარ გაქვსთ ბაირახები,
აღარ სჭექს ზარბაზანია,
ერთმანერთს ნუ უღალატებთ,
მტერმა არ გთხაროსთ თვალია“138.
ბიბლიოგრაფია
1. ა. აბდალაძე, მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ა. აბდალაძემ (თბილისი, 1984).
2. ილ. აბულაძე, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი III: მეტაფრასული რედაქციები XI-XIII სს. რედაქტორი: ილია აბულაძე (თბილისი, 1971).
3. გ. ალასანია, ქართული წერილობითი წყაროების ბუნ-თურქები (საკითხის ისტორიოგრაფია), ქართული წყაროთმცოდნეობა , IX (თბილისი, 2000), გვ. 19-29.
4. მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან , I (თბილისი, 1966).
5. გ. არახამია, ქართლის ცხოვრების პირველი მატიანის წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული შესწავლის საკითხები . სადოქტორო დისერტაცია, 1994 წ.
6. ახალი აღთქუმა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. დაიბეჭდა ბრძანებითა და ლოცვა-კურ-თხევითა უწმიდესისა და უნეტარესისა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეფრემ II-სათა, საკათალიკოსო საბჭოს გამოცემა (თბილისი, 1963).
7. გიგინეიშვილი, ელ. გიუნაშვილი, მოქცევაი ქართლისაი, შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა (თბილისი, 1979).
8. ვ. გოილაძე, ჰუნ-თურქები კავკასიაში (თბილისი, 2008).
9. ქ. დიღმელაშვილი, V საუკუნის სახლი მცხეთიდან, იბერია-კოლხეთი, საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი, #11 (თბილისი, 2015), გვ. 62-68;
10. ე. დოჩანაშვილი, მცხეთური ხელნაწერი (ეკლესიასტე, სიბრძნე სოლომონისა, წინასწარმეტყველთა წიგნები – ესაია, იერემია, ბარუქი, ეზეკიელი). გამოსაცემად მოამზადა ე. დოჩანაშვილმა (თბილისი: „მეცნიერება“, 1985).
11. ელ. დოჩანაშვილი, მცხეთური ხელნაწერი (მოსეს ხუთწიგნეული, ისო ნავე, მსაჯულთა, რუთი). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ელ. დოჩანაშვილმა (თბილისი: „მეცნიერება“, 1981).
12. ვ. ვაშაკიძე, ტერმინები „იბერია“ და „იბერები“ ანტიკურ წყაროებში, საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, რედ.: გ. პაიჭაძე (თბილისი, 1993).
13. ე. თაყაიშვილი, სამი ისტორიული ხრონიკა (ტფილისი, 1890).
14. პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე `მოქცევაჲ ქართლისაჲ~ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. XI-B, 1941.
15. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის დასახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან (თბილისი, 1954).
16. კ. კეკელიძე, ითრუჯანი (ცდა მისი ეტიმოლოგიის გარკვევისა), ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. I (თბილისი, 1956), გვ. 266-270.
17. კ. კეკელიძე. ხალხთა კლასიფიკაციისა და გეოგრაფიული განრიგების საკითხები ძველს ქართულ მწერლობაში (ლიბერ გენერატიონის-ის ქართული ვერსია), კ. კეკელიძე,
ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, I (თბილისი, 1956), გვ. 168-182.
18. კ. კეკელიძე, ძველი მწერლობა, ქართული ლიტერატურის ისტორია6 ტომად, გ. ლეონიძე (მთ. რედ.); ტ. 1, ალ. ბარამიძე (რედ.) (თბილისი, 1960).
19. კ. კეკელიძე, მეოთხე საუკუნის საზღვარგარეთელი ქართველი მოაზროვნე და მოღვაწე, კ. კეკელიძე,ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. VI (თბილისი, 1960), გვ. 5-17.
20. მ. ლორთქიფანიძე, ლეგენდა ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ,კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები (თბილისი, 1966), გვ. 144-149.
21. გ. მამულია,კლასობრივი საზოგადებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში (თბილისი, 1979).
22. გ. მელიქიშვილი, ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის საკითხი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე,1962, № 2, გვ. 221-236.
23. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის (თბილისი, 1965).
24. მ. სანაძე, საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი „ქართლის ცხოვრებისა~ და „მოქცევაი ქართლისაის~ მიხედვით,ქართული წყაროთმცოდნეობა , IX (თბილისი, 2000), გვ. 30-47.
25. ა. სარჯველაძე, კავკასიის იბერიის სახელწოდების შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია , 1989, №3, გვ. 118-123.
26. ტ. ფუტკარაძე, ქართველები , ისტორიული საცხოვრისი, დედაენა, დიალექტები. ნაწილი I: ქრისტიანობამდელი ეპოქა (ქუთაისი, 2005).
27. გ. ქავთარაძე, ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის (თბილისი, 1985).
28. გ. ქავთარაძე, „არიან-ქართლის” საკითხისათვის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები , IX, 2009, გვ. 29-55;
29. გ. ქავთარაძე, საქართველო, კავკასიონი და გეოპოლიტიკა – წარსული და თანამედროვეობა, მარი ბროსე – 210 . სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. რედ.: ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა (თბილისი, 2012), გვ. 41-59.
30. ს. ყაუხჩიშვილი, ხრონოღრაფი გიორგი მონაზონისაჲ (ტფილისი, 1920).
31. ს. ყაუხჩიშვილი, ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), გვ. 3-71.
32. ს. ყაუხჩიშვილი, ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), გვ. 72-138.
33. ს. ყაუხჩიშვილი, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტომი I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), გვ. 318-364.
34. ს. ყაუხჩიშვილი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, ტომი II, ტექ-სტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1959), გვ. 1-114.
35. გ. ყორანაშვილი, „მოქცევაი ქართლისაი~-სა და „მეფეთა ცხოვრების~ ერთი ადგილის გაგებისათვის, გ. ყორანაშვილი საქართველოს ისტორიის საკითხები , ნაწილი I (თბილისი, 1994), გვ. 204-216.
36. ნ. ცეცხლაძე, შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია (ბათუმი, 2000);
37. კ. წერეთელი, `ებრაელის~ აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინები ქართულში, აღმოსავლეთ-მცოდნეობა, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ტ. 206, 1979, გვ. 9-26. 38. ბ. ხარანაული, ქართული პოეზია, ტ. 17. შეადგინა ბ. ხარანაულმა (თბილისი, 1985). 39. ლ. ჯანაშია, „ცხოვრება ქართველთა მეფეთას~-ს წყაროებისათვის, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები (თბილისი, 1966), გვ. 131-143.
Комментариев нет:
Отправить комментарий