1801 წლის
აგვისტოს მიწურულს
ბრიტანულმა ესკადრამ
აბუკირის ნავსაყუდელი
დატოვა და
საფრანგეთისკენ გაემართა.
მის მიზანს
ეგვიპტეში მყოფი
ფრანგული არმიის
ნაშთების სამშობლოში
დაბრუნება წარმოადგენდა – 1798 წელს
ფრანგული არმია
ეგვიპტეში შეიჭრა
და ქვეყნის
ოკუპაცია მოახდინა.
ოთხწლიანი ბრძოლის
შემდეგ ფრანგები
ბრიტანელებსა და ოსმალებს დაუზავდნენ
და შეთანხმების
ერთ-ერთი
პირობა სწორედ ეგვიპტეში დარჩენილი
ჯარის ნაწილების
დაბრუნება იყო.2 ასე აღმოჩნდნენ ფრანგი ჯარისკაცები
ბრიტანულ გემებზე.
ფრანგებთან ერთად
გაემგზავრნენ სხვადასხვა
ეროვნების ჯარისკაცებიც,
რომლებითაც ნაპოლეონმა
ეგვიპტეში შეავსო
საფრანგეთის შეთხელებული
არმიის რიგები.
მათ გარდა
გაემგზავრნენ აგრეთვე
ის პირებიც,
რომლებიც თანამშრომლობდნენ
ფრანგებთან და
აღარ მოისურვეს
ეგვიპტეში დარჩენა.
მგზავრობა მშვიდად
წარიმართა, თუმცა
ეგვიპტის დატოვებიდან რამდენიმე დღეში
ფრანგები და
ბრიტანელები საინტერესო
ამბის თვითმხილველები
აღმოჩნდნენ. საღამო
ხანს ფრეგატ
„პალასზე“
ქალების ქვითინი
და გლოვა
გაისმა – იაკუბ
ჰანა, ეგვიპტელი
კოპტი და
ფრანგული არმიის
პირველი „ეგვიპტელი“ გენერალი,
რომელმაც კოპტების
ლეგიონს ჩაუყარა
საფუძველი,3 სიკვდილის
პირს იყო.
მის ოთახში
შეკრებილიყვნენ ოჯახის
წევრები და
ახლობლები, რომლებიც
თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთს
წარმოადგენენ. ზოგიერთი
წარმოშობით პალესტინასირია-ლიბანიდან
იყო, სხვები
– სუდანიდან და
სამხრეთ ეგვიპტიდან, რამდენიმე კი
– კავკასიიდან, კერძოდ,
საქართველოდან. მათ
საერთო ცოტა ჰქონდათ, მაგრამ
ყველანი ერთ
მიზეზმა გააერთიანა
– თითოეულმა მათგანმა გადაწყვიტა დაეტოვებინა
სამშობლო მხარე,
გაჰყოლოდა იაკუბ
ჰანას ემიგრაციაში
და საფრანგეთში
ეძია ბედნიერება.4
ერთ-ერთმა
მათგანმა, ნემირ ეფენდიმ, საფრანგეთის ომის მინისტრთან წერილში აღნიშნა,
„ფერმწერისთვის
წარმოუდგენელია უფრო
ტრაგიკული სანახაობა,
ვიდრე ის
ამბავი, რაც
მაშინ ხდებოდა.
მის წინ
გადაიშლებოდა ადამიანთა
განცდების სრული
სპექტრი წარმოიდგინეთ
[იაკუბის ოჯახის] სასოწარკვეთილება, სახე-მშვენიერი
ჩერქეზებისა და
ქართველების მწარე ცრემლები, კოპტებისა
და თურქების
გოდება... თითქოს
ბუნებასაც სურდა ამ სევდიან
მოვლენაში მონაწილეობის
მიღება – მოშორებით
ჭექა-ქუხილი ისმოდა და
ელვა აპობდა
ზეცას“.
იაკუბ ჰანას გარდაცვალება მძიმე ამბავი იყო ეგვიპტელი ლტოლვილებისთვის, რომელთაც უცხო ქვეყანაში მისი დახმარებით და წინამძღოლობით ახალი ცხოვრების დაწყების იმედი ჰქონდათ. საფრანგეთის ომის მინისტრისადმი მიწერილ წერილში, იაკუბ ჰანას მრჩეველი ნემირ ეფენდი აღნიშნავდა, რომ შესაძლებელია ეგვიპტელი ლტოლვილების სამ კატეგორიად დაყოფა. პირველ კატეგორიაში შედიოდნენ „დოვლათიანი ვაჭრები“ და მათი ოჯახები, რომლებიც ითხოვდნენ თავშესაფარს საფრანგეთში მხოლოდ იმისთვის, რომ მშვიდად განეგრძოთ თავისი საქმიანობა. მეორე კატეგორიაში შედიოდნენ პირები, რომელთაც ნემირი აღწერს როგორც ინფორტუნეს ანუ გაღატაკებულებს, რომელთაც არ გააჩნდათ არანაირი სახსრები და სავსებით დამოკიდებულები იყვნენ ფრანგულ ხელისუფლებაზე. მესამე კატეგორიაში ნემირ ეფენდი ასახელებს ეგვიპტელ ჯარისკაცებს, რომელთა შორის იყვნენ მამლუქები.8 საფრანგეთში ჩასულ ასობით ეგვიპტელ ლტოლვილს შორის სწორედ ამ კატეგორიამ მიიპყრო ფრანგული საზოგადოების ყურადღება; სულ მალე ისინი ფრანგული არმიის ელიტურ ქვედანაყოფად იქცნენ.
პარიზულმა საზოგადოებამ მამლუქები პირველად ჯერ კიდევ 1799 წლის შემოდგომაზე იხილა, როდესაც ეგვიპტიდან დაბრუნებულმა ნაპოლეონმა თან რამდენიმე მამლუქი ჩამოყვანა, რითაც საზოგადოება გააოცა და მამლუქებზე ერთგვარ ხიბლნარევ წარმოდგენას დაუდო საფუძველი;9 1801 წლის მიწურულს ნაპოლეონმა გადაწყვიტა ეგვიპტელი ლტოლვილებისაგან ცალკე ქვედანაყოფი შეექმნა, მაგრამ პირველივე შემოწმებამ ცხადყო, რომ საფრანგეთში ჩასულ ეგვიპტელ ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ხანშიშესული და ფრანგული სამხედრო სამსახურისათვის გამოუსადეგარი იყო.10 თვით ნემირ ეფენდი აღნიშნავდა, რომ „საფრანგეთში ორასი ან სამასი ჯარისკაცი თუ ჩამოვა, უმეტესად რიგითი ჯარისკაცი, რომლებიც უფრო შესაფერისი იქნებიან კარგი არაბული კავალერიის შესაქმნელად, ვიდრე ფრანგულ ყაიდაზე გასაწვრთნელად“. ჯარისკაცების კულტურული, ლინგვისტური და ეთნიკური განსხვავების გათვალისწინებით, ნემირ ეფენდი ურჩევდა ფრანგულ ხელისუფლებას, ახლად შექმნილი ქვედანაყოფისთვის ზოგადი (და მეტად მოუხერხებელი) სახელი ეწოდებინა: „ეგვიპტელი მხედრების არაბული ტომი“ ან „მოხეტიალე მხედრები“. ბუნებრივია, ფრანგულმა ხელისუფლებამ უგულებელყო ეს შეთავაზება. ნაპოლეონმა გადაწყვიტა ქვედანაყოფისათვის ეწოდებინა „მამლუქთა ესკადრონი“, რაც საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ სამი წლით ადრე, ნაპოლეონი ლანძღვას არ აკლებდა მამლუქებს და მათ „სიძუნწეზე, უსამართლობაზე და მტარვალობაზე“ საუბრობდა.13 მაშ რა საჭირო იყო ამ „მჩაგვრელი და მოღალატე“ მამლუქების სახელობის ქვედანაყოფი რევოლუციის სამშობლოში? საქმე ისაა, რომ საფრანგეთში მამლუქებმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინეს, ვინაიდან ნაპოლეონმა ისინი თავისი პროპაგანდის ნაწილი გახადა. მამლუქთა ესკადრონის შექმნა საზოგადოების თვალში ეგვიპტეში წარუმატებელი ლაშქრობის გამარჯვებად გარდასახვას და ნაპოლეონის ძლევამოსილ მხედართმთავრად და წინამძღოლად წარმოჩენას ემსახურებოდა.
1801 წლის მიწურულს ნაპოლეონმა ხელი მოაწერა განკარგულებას შექმნილიყო „მამლუქთა ესკადრონი“, რომელსაც სათავეში თავისი ერთგული ადიუტანტი ჟან რაპი ჩაუყენა. მამლუქთა ესკადრონს თავიდანვე განსაკუთრებული პირობები შეუქმნეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ ეგვიპტელი ლტოლვილების უმეტესი ნაწილი მარსელში დაასახლა, მაგრამ მამლუქთა ესკადრონის (და მათი ოჯახის) წევრები დასახლდნენ პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ მელუნში. 1802 წლის იანვარში ნაპოლეონმა მამლუქთა ესკადრონის შემადგენლობა 150 კაცით განსაზღვრა. იმავე წლის აპრილში მან დაამტკიცა ესკადრონის ორგანიზაციული სტრუქტურა, შეიარაღება, სამოსი და ანაზღაურება. ესკადრონი შედგებოდა ორი ასეულისაგან (თითოეულში 5 ოფიცერი და 76 მამლუქი მსახურობდა), რომელთაც ფრანგი და მამლუქი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ. 1802 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დაცემისა და რევოლუციის დაწყების მეცამეტე წლისთავზე, გაზეთი ჟურნალ დეს დებატს აღნიშნავდა, რომ მაყურებლები აღტაცებული დარჩნენ მამლუქთა გამოჩენით, „ამ სანახაობის სიახლით და მამლუქთა უჩვეულო სამოსით“. 1804 წელს, ნაპოლეონის ბრძანებით, მამლუქთა ესკადრონი საიმპერატორო გვარდიის ნაწილად გამოცხადდა და მას მამლუქთა ასეულის (125 კაციანი შემადგენლობით) სტატუსი მიენიჭა. თავდაპირველად, მამლუქთა ესკადრონში მეტწილად სირიელი და ეგვიპტელი არაბები, კოპტები, სომხები და ბერძნები მსახურობდნენ, მაგრამ მოგვიანებით, ესკადრონის შემადგენლობა საფუძვლიანად შეიცვალა, რადგანაც ბევრი მამლუქი პენსიაზე გავიდა ან ბრძოლაში დაიღუპა (განსაკუთრებით ესპანეთსა და რუსეთში ლაშქრობების დროს). ნაპოლეონის ომების მიწურულს, ასეული თითქმის მთლიანად ფრანგებით იყო დაკომპლექტებული.
ნაპოლეონის მამლუქებზე საუბრისას, მყისვე მისი პირადი მცველის რუსტამ რაზას15 სახელი წამოიჭრება, თუმცა, ამ მამლუქის გარდა, ფრანგულ ჯარში კიდევ რამდენიმე ქართველი მამლუქი მსახურობდა, რომლებმაც, რუსტამისგან განსხვავებით, ბრძოლის ველზე მოიხვეჭეს სახელი. ამ მამლუქებს შორის იყო მამლუქი ჰასანი, წარმოშობით სამეგრელოდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ნაპოლეონის თითქმის ყველა კამპანიაში და, იმპერიის დაცემის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პარიზის ჟანდარმერიაში. სამეგრელოდან იყო, ასევე, მამლუქი მუსაჰა გიორგი, ხოლო თბილისში იყო დაბადებული მამლუქები დაუდ გურჯი, გურჯი რუსტამ და გიორგი ჩერქესი.16 ქართველი იყო, ასევე, მამლუქი ანანია (საბუთებში – ჰანნა ნია) რომელმაც თავი გამოიჩინა ესპანეთში 1810-11 წწ.
ეგვიპტელ მამლუქთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო კარიერა ჰქონდა თბილისელ მამლუქს ჟან შაჰინს, რომლის სახელი ათეული წლების განმავლობაში თავზეხელაღებულ სიმამაცესთან იყო გაიგივებული.18 შაჰინის განცხადებით, იგი დაიბადა და მოინათლა თბილისში 1776 წ. 14 ივლისს. სამწუხაროდ, უცნობია შაჰინის თავდაპირველი სახელი და გვარი. ზოგიერთი მკვლევარი აცხადებს, რომ შაჰინი თბილისელი სომეხი იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ მოჰყავს.20 შაჰინის თბილისელობა არ ნიშნავს მის სომხობას, ვინაიდან თავისუფლად შესაძლებელია, რომ თბილისი ზოგადად იყოს დასახელებული და შაჰინი რომელიმე მიმდებარე სოფლიდან ყოფილიყო მოტაცებული. ასევე დაუსაბუთებელია ვარაუდი, რომ „შაჰინი“ მოდის სომხური გვარიდან (შაჰინიანი, შაგინიანი)21, ვინაიდან სიტყვა „შაჰინი“ არაბულია (იხ. შენ. 20). თვით „შაჰინი“ ფრანგულ დოკუმენტებში სხვადასხვა ფორმით: შაჰიმ, შაჰინე, შაინ, შაიმ გვხვდება.23
სამწუხაროდ, უცნობია, თუ როგორ და რა ასაკში მოხვდა შაჰინი ეგვიპტეში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა მამლუქების მსგავსად, ის ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიტაცეს, ოსმალეთში გადაიყვანეს და მონად გაყიდეს. ეგვიპტის ქართველი მამლუქები (მათ შორის, მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი) აქტიურად ყიდულობდნენ ქართული წარმოშობის მონებს და შაჰინიც, ალბათ, ერთი იმათგანი იყო, ვინც რუსტამ რაზას მსგავსად, რომელიმე ქართული წარმოშობის მამლუქი ბეის ამალაში აღმოჩნდა. ამ დროისათვის იგი უკვე გამუსლიმებული იქნებოდა და ახალ სახელსაც ატარებდა.
1798 წლის 1 ივლისს ეგვიპტეში ფრანგები გადასხდნენ, ქალაქი ალექსანდრია დაიკავეს და შემდეგ კაიროსკენ დაიძრნენ. მტრის შემოჭრიდან ოთხი დღის თავზე (5 ივლისი)24 შაჰინმა ზურგი შეაქცია მამლუქებს და ფრანგებს შეუერთდა. ბუნებრივია, ეს მეტად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო და ის გარემოება, რომ შაჰინმა ის ასე სწრაფად, მტრის შემოჭრიდან სულ ოთხ დღეში, მიიღო, მიუთითებს იმაზე, რომ შაჰინი არ იყო კმაყოფილი თავისი მდგომარეობით მამლუქთა შორის, მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავდა და ფრანგთა სამსახურში უკეთესის იმედი ჰქონდა. მისდა საბედნიეროდ, 22 ივლისს ფრანგებმა კაიროს მიდამოებში მამლუქებზე ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს, ეგვიპტის დედაქალაქი დაიკავეს და ქვეყნის მართვა-გამგეობას შეუდგნენ. შაჰინი მალე დაწინაურდა ფრანგთა სამსახურში და 1799 წლის ნოემბერში მან უკვე უნტერ-ოფიცრის (მარეშალ დეს ლოგის) წოდება მიიღო. ეგვიპტიდან ნაპოლეონის გაქცევის შემდეგ, შაჰინმა მონაწილეობა მიიღო ოსმალების, მამლუქებისა და ბრიტანელების წინააღმდეგ ბრძოლაში და 1800 წლის 20 მარტს თავი გამოიჩინა ჰელიოპოლისთან ბრძოლაში, სადაც განსაცვიფრებელი სიმამაცე უჩვენა – თურქებით გარშემორტყმულმა მან განაგრძო ხმლით ბრძოლა და 35 ჭრილობა მიიღო, რომელთაგან ორი ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო 33 ხმლით და შუბით მიაყენეს. ბრძოლის ველზე მიტოვებულ ცოცხალმკვდარ შაჰინს შემთხვევით მიაკვლიეს ფრანგმა ჯარისკაცებმა და უმალ ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ფრანგმა ექიმებმა შეძლეს მისი ჭრილობების მოშუშება,26 თუმცა, შაჰინს ცხოვრების ბოლომდე უჭირდა მარჯვენა ხელის გამოყენება. ბრძოლაში გამოჩენილმა მამაცობამ მას ლეიტენანტის წოდება მოუპოვა (1800 წ. 20 ივნისი).
1801 წლის მიწურულს შაჰინი, სხვა ეგვიპტელ ლტოლვილებთან ერთად, საფრანგეთში ჩავიდა და მალე მამლუქთა ესკადრონში მეორე ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა.28 ამ ახლად დაარსებულ ქვედანაყოფში უკვე შეიმჩნეოდა უთანხმოება სხვადასხვა წარმოშობის მამლუქებს შორის, რაც ასახავდა ეგვიპტეში არსებულ ვითარებას. ესკადრონი თავდაპირველად კოპტებისა და სირიელების29 დაქვემდებარებაში მოექცა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქართველ, სომეხ და ბერძენ მამლუქებს შორის. 1802 წლის ივნისში შაჰინი იყო ერთ-ერთი იმ მამლუქი ოფიცრებიდან, რომლებმაც პირადად მიწერეს გენერალ რაპს და აუწყეს ესკადრონში არსებული ვითარება; ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ „წინამძღოლებს არ ესმოდათ ფრანგული სამხედრო საქმე“. ამ მამლუქებმა უფროსობის გადაყენება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობებიდან გადადგომით იმუქრებოდნენ. მათი მოთხოვნები დააკმაყოფილეს და ახლად რეორგანიზებულ ესკადრონში კავკასიელმა მამლუქებმა მაღალი თანამდებობები დაიკავეს.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში შაჰინი წარმატებით მსახურობდა მამლუქთა ასეულში. 1804 წლის 14 ივნისს იგი დაჯილდოვდა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი, საპატიო ლეგიონის ორდენით (შევალიეს რანგი). მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო მესამე კოალიციასთან ომში და 2 დეკემბერს, აუსტერლიცთან ბრძოლის დროს, წინ წარუძღვა მამლუქთა იერიშს; ბრძოლაში შაჰინმა სიკვდილს გადაარჩინა გენერალი ჟან რაპი, სამჯერ დაიჭრა ხიშტით, მაგრამ ხელთ იგდო რუსული ქვემეხი, რისთვისაც 1806 წლის 14 მარტს მიენიჭა საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცრის რანგი. 1806-1807 წლებში იგი წარმატებით მსახურობდა პრუსიისა და რუსეთის წინააღმდეგ კამპანიებში. 1807 წლის 8 თებერვალს, ეილაუსთან ბრძოლაში, იგი კვლავ ბრძოლის ეპიცენტრშია – მას ჯერ ცხენი მოუკლეს, შემდეგ კი თავად დაჭრეს მკერდში, მაგრამ თავი ისახელა და უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო (1807 წ. 16 თებერვალი).
1808 წელს შაჰინი თავის ესკადრონთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა. 24 მარტს ფრანგებმა ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი დაიკავეს და ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. ამ ცნობის გავრცელებასთან ერთად, ქალაქში მდგომარეობა დაიძაბა. ვითარება კიდევ უფრო გაართულა აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილ მამლუქთა ასეულის მადრიდის ქუჩებში გამოჩენამ, რამაც მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე ესპანელებს წარსულის მოგონებები გაუღვიძა. 1808 წლის 2 მაისს, როდესაც ფრანგებმა ესპანეთის სამეფო ოჯახის მადრიდიდან წაყვანა განიზრახეს, ნაბათის ზარმა მოსახლეობას ამბოხისკენ მოუწოდა. ათასობით ესპანელი ქუჩებში გამოვიდა და მტერს დაერია. ესპანელთა რისხვა განსაკუთრებით იყო მიმართული მამლუქებზე და კალე დე ალკალას ქუჩაში ნამდვილი ხოცვა-ჟლეტვა გაიმართა. მამლუქები ქალაქიდან გაღწევას ცდილობდნენ, მაგრამ ყოველი კარ-ფანჯრიდან თუ კუთხიდან მათ თავს ესპანელები ესხმოდნენ. სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი ესპანელი მხატვრის ფრანცისკო დე გოიას სახელგანთქმულ ტილოზე „1808 წლის 2 მაისი მადრიდში“, რომელიც „მამლუქთა იერიშის“ სახელითაცაა ცნობილი და ასახავს მამლუქთა ერთი ნაწილის გააფთრებულ ბრძოლას ესპანელების წინააღმდეგ. შაჰინი ამ ხოცვა-ჟლეტვის შუაგულში იყო და ხმლით გაიკაფა გზა მეამბოხე ესპანელთა შორის; ერთ მომენტში ესპანელები გენერალ პიერ დომენილს დაედევნენ, მოუკლეს ცხენი და თვით გენერალსაც მოუღებდნენ ბოლოს რომ არა შაჰინი, რომელიც გადაეღობა მათ და ხმლით განგმირა მეამბოხეები; შაჰინი რამდენჯერმე დაიჭრა, მათ შორის სახის არეში და თავში და ბრძოლის დასასრულს, სახეზე სისხლით დაფარული, ძლივს ხედავდა. განრისხებულმა მამლუქებმა სასტიკი შური იძიეს ესპანელებზე და ქალაქის ზოგიერთ ნაწილში, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ათეულობით ადამიანი ამოხოცეს; ყველაზე გახმაურებული ხოცვა-ჟლეტვა მოხდა კალე სან ჟერონიმოსთან,34 სადაც მამლუქებმა თავიანთი თანამებრძოლების დასახიჩრებული გვამები იპოვეს და საპასუხოდ, ახლომდებარე შენობებში მყოფი ყველა ადამიანი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, გაჟლიტეს.
მაისის ამბოხების შემდეგ მამლუქთა ასეული მხოლოდ 86 კაცს ითვლიდა. ქვედანაყოფის შევსების მიზნით ნაპოლეონმა ნება დართო ასეულში ფრანგი ჯარისკაცები ჩაერიცხათ. ამასობაში შაჰინმა განაგრძო სამსახური და მონაწილეობა მიიღო ბრძოლაში მედინა დელ რიო სეკოსთან (14 ივლისი), სადაც ფრანგმა მარშალმა ბესიერმა ესპანელთა ჯარები დაამარცხა. სექტემბერში მამლუქთა ასეულის ახალ მეთაურად დაინიშნა ესკადრონის შეფი ფრანსუა ანტუან კირმანი, რომელმაც თავის ერთ-ერთი თანაშემწედ შაჰინი აირჩია. 1808 წლის მიწურულს ფრანგული არმია პორტუგალიიდან შემოჭრილ სერ ჯონ მურის ბრიტანულ ჯარს დაედევნა. ფრანგების ავანგარდში იყო საიმპერატორო გვარდიის ცხენოსან ეგერთა სამი ესკადრონი და მამლუქთა ასეული, რომლებიც შეუპოვრად მისდევდნენ ბრიტანელებს ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლა კორუნიასკენ. მაგრამ 29 დეკემბერს დაბა ბენავენტესთან ბრიტანულმა შენაერთმა, ლორდ პაჟეს მეთაურობით, წარმატებით განახორციელა მოწინააღმდეგეზე საფარიდან თავდასხმა და დიდი ზიანი მიაყენა მას. ფრანგებმა დაკარგეს 165 კაცი (550-დან), მათ შორის ბევრი მამლუქიც.35 შაჰინი ჩვეული სიმხნით ჩაება ბრძოლაში. მდინარე ესლას ნაპირზე ხელჩართულ ბრძოლაში მას ცხენი მოუკლეს, თუმცა მტრის რიგებიდან გზის გაკაფვა და მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა მაინც მოახერხა.
1809 წლის დასაწყისში მამლუქთა ასეული საფრანგეთში გაიწვიეს. მამლუქები, მათ შორის შაჰინი, დაბა მელუნში დაბრუნდნენ და რამდენიმე კვირა დასვენებასა და ასეულის მწყობრში მოყვანას მოანდომეს. აპრილში ახალი ომი დაიწყო, ამჯერად ავსტრიის წინააღმდეგ და მამლუქები კვლავ წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს ე.წ. მეხუთე კოალიციის ომში და თავი ისახელეს გადამწყვეტ ბრძოლაში ვაგრამთან. ბრძოლის შემდეგ შაჰინი საფრანგეთში დაბრუნდა და 1809 წლის 24 ივლისს ცოლად შეირთო იაკუბ ჰაბიბის თექვსმეტი წლის ქალიშვილი მარი-ანა. თაფლობის თვე ხანმოკლე აღმოჩნდა, ვინაიდან შემოდგომაზე შაჰინის ასეული უკვე პირენეების გადაღმა, ესპანეთში იმყოფებოდა.
ესპანეთში შაჰინმა კიდევ ორი წელი გაატარა. რეგიონში პარტიზანული ომი მძვინვარებდა და ორივე მხარე დიდი სისასტიკით უსწორდებოდა ერთმანეთს. მამლუქებს ხშირად უწევდათ სოფლების პატრულირება და გამუდმებით განიცდიდნენ დანაკარგებს; 1812 წლისათვის ასეულში მხოლოდ 55 კაცი ირიცხებოდა. მრავალწლიანმა სამხედრო სამსახურმა და, რაც მთავარია, უამრავმა ჭრილობამ დიდი გავლენა მოახდინა შაჰინის ჯანმრთელობაზე (განსაკუთრებით თავის ტკივილი აწუხებდა). 1811 წლის მიწურულს იგი იმდენად დასუსტდა, რომ ესპანეთის არმიის მთავარმა ექიმმა დაუყონებლივ ჯარიდან წასვლა და მელუნში დასვენება უბრძანა. სწორედ ამიტომ მან ვერ მიიღო მონაწილეობა რუსეთში ლაშქრობაში, რომელმაც ათობით მამლუქის სიცოცხლე შეიწირა. ამ დროს შაჰინი მელუნში იმყოფებოდა, სადაც მამლუქთა რეზერვების დაკომპლექტებით იყო დაკავებული. 1813 წელს ის გერმანიაში მეექვსე კოალიციასთან ომში მონაწილეობს და 13 აგვისტოს კაპიტნის წოდებას მოიპოვებს. „ეს არის ნიჭიერი და მამაცი ოფიცერი, რომელმაც მტერთან გამართულ ყველა შეტაკებაში გამოიჩინა თავი“, აღნიშნულია შაჰინის კაპიტნად დანიშვნის ბრძანებაში. მან თავი გამოიჩინა ალტენბურთან (29 სექტემბერი) ბრძოლაში. შემდეგ მონაწილეობდა ლეიპციგთან (16-19 ოქტომბერი) და ჰანაუსთან (30 ოქტომბერი) ბრძოლებში. იმავე წლის მიწურულს შერყეული ჯანმრთელობის გამო შაჰინი იძულებული გახდა ჩამოშორებოდა აქტიურ სამხედრო ასპარეზს. ომის დასრულებამდე იგი მსახურობდა საიმპერატორო გვარდიის შტაბის კაპიტან-ინსტრუქტორად და საშტაბო საქმიანობით და უნტერ-ოფიცრების და ახლად დანიშნული ოფიცრების მომზადებით იყო დაკავებული.
1814 წლის გაზაფხულზე, პარიზში მოკავშირეების შესვლისა და ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შემდეგ, შაჰინის 15 წლიანი საბრძოლო კარიერა დასრულდა. ამ დროისათვის ის „მთელ ფრანგულ ჯარში ერთერთი ყველაზე ვაჟკაცი მეომრის სახელს“ ატარებდა, ხოლო მისი სახე და სხეული ორმოცზე მეტი ნაიარევით იყო დასერილი. ნაპოლეონის გადადგომის შემდეგ, შაჰინი დასახლდა დაბა მელუნში, სადაც მეუღლის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.44 ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან 1815 წლის მარტში ნაპოლეონი დაბრუნდა საფრანგეთში და კვლავ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ივნისში შაჰინი დაუბრუნდა სამხედრო ასპარეზს და თავისი ძველი ნაცნობის, გენერალ ლეფევრ-დენუეტის ადიუტანტი გახდა, თუმცა ამ თანამდებობაზე მან მხოლოდ ორი თვე გაატარა.45
ვატერლოოსთან ნაპოლეონის დამარცხება და ბურბონთა დინასტიის დაბრუნება შაჰინისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. 1815 წლის 1 აგვისტოს მან კვლავ დატოვა სამხედრო სამსახური. მამაცი მამლუქი, რომელმაც საფრანგეთს თავისი სიცოცხლის საუკეთესო წლები შეალია, მომჭირნედ ცხოვრობდა მელუნში.46 საბედნიეროდ, 1818 წლის გაზაფხულზე ნაპოლეონის ყოფილი გენერლების ხელშეწყობით მან მოახერხა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება. „საფრანგეთისათვის გაწეული სამსახურისა და საპატიო ლეგიონის დამსახურების გათვალისწინებით, ამ ოფიცერს გააჩნია უცილობელი უფლება მიიღოს ამ ქვეყნის მოქალაქეობა“, ნათქვამი იყო შაჰინის ერთერთ რეკომენდაციაში.47 1818 წლის 11 მარტს მეფე ლუი მეთვრამეტემ ხელი მოაწერა განკარგულებას ჟან შაჰინისათვის საფრანგეთის მოქალაქობის მინიჭებაზე. მოქალაქეობას მოჰყვა კაპიტნის წოდების (ესკადრონის შეფის რანგით) აღდგენა, რის შედეგად შაჰინს დაენიშნა სამხედრო პენსია.49
მომდევნო ოცი წელი შაჰინმა მელუნში გაატარა, სადაც მშვიდად ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.50 ქალაქში მამლუქთა მოზრდილი სათვისტომო არსებობდა, რომლის წევრთა შორის შაჰინის რამდენიმე თანამებრძოლიც იყო.51 ჩანს, შაჰინი კარგად ერკვეოდა აღმოსავლურ იარაღში, ვინაიდან სწორედ მას დაუკავშირდა ცნობილი ფრანგი მკვლევარი ონორე თეოდორ დ’ალბერტი, ლიუნეის ჰერცოგი, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა აღმოსავლურ იარაღს და დამასკური ფოლადის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობდა. 1844 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ლიუნეის ჰერცოგი აღნიშნავს, რომ „საიმპერატორო გვარდიის მამლუქთა ესკადრონის შეფმა შაჰინმა“ მას მიაწოდა მოხსენება ახლო აღმოსავლეთში არსებული დამასკური ფოლადის სახეობების შესახებ.
1830 წელს საფრანგეთის მეფემ შარლ X ბურბონმა ომი გამოუცხადა ალჟირის დეის და ჩრდილო აფრიკაში საექსპედიციო კორპუსი გაგზავნა. საექსპედიციო ძალებში მიიწვიეს მამლუქებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობდნენ არაბულ ენას და ფრანგულ ჯარს ხელს უწყობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში. მიწვეულ მამლუქთა შორის იყო 54 წლის შაჰინიც, რომელმაც 1830 წლის 25 მაისს დატოვა საფრანგეთის ნაპირი და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის მიერ ალჟირის დაპყრობაში. იგი ერთი წლის განმავლობაში მეორე რანგის თარჯიმნის და მრჩევლის სტატუსით მსახურობდა ფრანგულ გენერალურ შტაბში. შაჰინი მონაწილეობდა ქ. ორანში ზუავების კორპუსის ჩამოყალიბებაში, მაგრამ, ავადმყოფობის გამო, მალე დაემშვიდობა სამხედრო ასპარეზს და სახლში დაბრუნდა.
ალჟირის ომის შემდეგ შაჰინმა კიდევ რვა წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 1838 წლის 12 მაისს მელუნში. ის დაასაფლავეს ქალაქის მუნიციპალურ სასაფლაოზე, საიდანაც, მეუღლის მოთხოვნით, 1862 წელს გადაასვენეს ქალაქის ახალ სასაფლაოზე. სამწუხაროდ, სადღეისოდ, მელუნის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ინფორმაცია შაჰინის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ.
შენიშვნები
2. შეთანხმებას 1801 წლის 27 ივნისს მოაწერეს ხელი.
3. იაკუბ ჰანას მეტად საინტერესო პოლიტიკური მიზნები გააჩნდა ეგვიპტესთან მიმართებით. საფრანგეთში წასვლა მას დროებით მოვლენად ესახებოდა. იგი ფრანგების დახმარებით უკან დაბრუნებას და ეგვიპტეში დამოუკიდებელი ხელისუფლების შექმნას აპირებდა, რისთვისაც მან საინტერესო გეგმაც შეიმუშავა.
4. ფრანგული სამხედრო საბუთების მიხედვით, ეგვიპტელ ლტოლვილთა საერთო რიცხვი 2000-ს აღწევდა. მაგალითად, გენერალ ოგუსტენ დანიელ ბელიარდის საბოლოო მოხსენებაში საუბარია 752 კაცზე (438 კოპტი, 221 ბერძენი და 93 მამლუქი), მაგრამ მათ რიცხვში შეტანილი არ არის მათი ოჯახის წევრები.
5. ნემირ ეფენდის წერილი (ეგვიპტური მისიის სახელით) საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს.
8. ნემირ ეფენდი ასევე იხსენიებს სირიელ არაბებს, ბერძნებსა და კოპტ ლეგიონერებს.
9. პარიზის მაღალ საზოგადოებაში მალე გავრცელდა სტილი „ა ლა მამელუკ“: ქალები ახლო აღმოსავლური ყაიდის დოლბანდს და განიერ კაბებს ატარებდნენ და ბავშვებს პატარა მამლუქებივით აცვამდნენ. ხიბლთან ერთად შიშიც იყო. პარიზის პოლიციის მოხსენებების და თანამედროვეების მოგონებები ცხადყოფენ, რომ მამლუქებსა და ქალაქის მოსახლეობას შორის არაერთი შეხლა-შემოხლა მოხდა. მაგალითად, პარიზში ახლად ჩამოსული მამლუქი იბრაჰიმის აღმოსავლურმა ტანისამოსმა და შეიარაღებამ დიდი ინტერესი გამოიწვია პარიზელებში, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მას სტვენა და დაცინვა დაუწყო. საპასუხოდ, მამლუქმა იარაღის გასროლით ადგილზევე მოკლა ორი მამაკაცი და ხმლით ხელში დაედევნა დანარჩენებს. მხოლოდ პოლიციამ შესძლო განრისხებული მამლუქის დაკავება. ამ ამბავმა თვით პირველი კონსული ნაპოლეონ ბონაპარტის ყურამდე მიაღწია და იძულებული გახადა ჩარეულიყო. როდესაც იბრაჰიმს ასეთი ქცევის მიზეზი ჰკითხეს, მან მშვიდად მიუგო, რომ ეგვიპტეში მამლუქები ასე ექცეოდნენ ყველას, ვინც მათ გზაზე გადაეღობებოდა. ალფონს ოლარის მრავალტომეულ ნაშრომში Pარის სოუს ლე ჩონსულატ დაცულია პოლიციის რამდენიმე მოხსენება მამლუქებსა და პარიზელებს შორის შეხლა-შემოხლის თაობაზე. მაგალითისთვის, იხილეთ პარიზის პოლიციის პრეფექტურის 1802 წლის 12 ივლისის და 1803 წლის 26 ოქტომბრის მოხსენებები.
10. მამლუქთა ნაკადი არ შეწყვეტილა 1801 წელს და შემდგომ წლებშიც შეიმჩნევა თითოოროლა მამლუქის ჩამოსვლა საფრანგეთში. როგორც წესი, ისენი ხანდაზმულები იყვნენ. მაგალითად, 1811 წელს ეგვიპტელ ლტოლვილთა შესახებ მომზადებულ მოხსენებაში ჩამოთვლილია სხვადასხვა პირთა ვინაობები, რომელთა შორის აღსანიშნავია 99 წლის (!) მამლუქი დაუდ ქურჯი.
13. ნაპოლეონის მანიფესტი, 1798 წ. ივლისი. ქართული თარგმანი იხ. ბენიამინ სილაგაძე, ქართველი მამლუქები ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, 1798-1807 წლებში (თბილისი, 1984) 12-4.
15. რუსტამთან დაკავშირებით იხ. ნაპოლეონის მამლუქი: რუსტამ რაზას მემუარები, ფრანგულიდან თარგმნეს, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ; აგრეთვე, გოჩა ჯაფარიძე (რეც.) „როგორ იმსხვრევა მითები: ნაპოლეონის მამლუქი. რუსტამ რაზას მემუარები“, 1804 წლის სიაში საყურადღებოა მამლუქთა სახელები, რომლებშიც შედის „გუირგუეს“ ან „გიურგუეს“ (გიურგი/გურჯი?), თუმცა, ეს სახელები თავისთავად არ განაპირობებს ამ მამლუქების ქართველობას: გიურგი/გურჯი ამუტი (N59), გიურგი/გურჯი ელ ბაჩი (N61), გიურგი/გურჯი ფესალი (N65), გიურგი/გურჯი ბარონე (N66), გიურგი/გურჯი კური (N68), დაუდ გიურგი/გურჯი (N72), გიურგი/გურჯი მასერია (N77), გიურგი/გურჯი აბუკარ (N98), გიურგი/გურჯი ჰაბი (N108), და სხვ. 3 თებერვალი 1804 წელი.
18. მაგალითად, 1889 წლის 7 აგვისტოს პარიზულ გაზეთში ლე ტემპს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საფრანგეთის უახლეს სამხედრო ისტორიას მიმოიხილავს, ფრანგი გენერალი თუმასი შაჰინის სახელსაც იხსენიებს და მის ვაჟკაცობას უსვამს ხაზს. 1902 წლის 28 ნოემბერს გაზეთში ლე პტიტ პარისიენ გამოვიდა ჟან ფროლოს სტატია „სამშობლოსათვის“, რომელშიც ავტორი საფრანგეთისათვის მებრძოლ წარსულ გმირებს იხსენიებს და ერთ-ერთ მაგალითად შაჰინსაც ასახელებს.
20. მაგალითად, გ. ბეი-მამიკონიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მამლუქთა ისტორიის შესწავლაში, აცხადებდა რომ შაჰინი სომხური წარმოშობის იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ დაუსახელებია. გ. ბეი-მამიკონიანი, „ქართველი მამლუქები ეგვიპტის სუვერენიტეტის აღდგენისათვის ბრძოლაში“, მნათობი, 9 (1967), 130. მსგავსი შეხედულების იყო სომეხი მკვლევარი ბ. კასპარიან-ბრიკუ, რომელმაც 1988 წელს პარიზში გამოსცა თავისი წიგნი L’ოდისსეე მამელოუკე ა ლ’ომბრე დეს არმეეს ნაპოლეონიენნეს, თუმცა ვერც მან დაასაბუთა შაჰინის სომხური წარმოშობა. თავის ნაშრომში Армяне – сподвижники Наполеона: история и мифы (Ереван, 2009), თანამედროვე სომეხი ისტორიკოსი ვ. პოგოსიანი შაჰინს (Шаген) სომეხ მამლუქთა შორის იხსენიებს, მაგრამ წყაროდ მხოლოდ კასპარიან-ბრიკუს ნაშრომს ასახელებს. ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის ჟან სავანის ვარაუდით, შაჰინი სომეხი იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი მასაც არ მოჰყავს. ამავე დროს, ფრანგი ისტორიკოსი მორის დერიბერი შაჰინს ქართველად თვლიდა. ჟ. შავანტ, ლეს მამელოუკს დე ნაპოლéონ (პარის, 1949), 133; მაურისე დერიბერე, Lეს „ჟეორგიენს დანს ლე კორპს დეს მამლუკს დე ლ’ემპირე,“ ბედი კარტლისა რევუე დე კარტვéლოლოგიე, 37 (1979), 230-1. შაჰინის წარმოშობა განხილულია, აგრეთვე, გ. ჯაფარიძის სტატიაში, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ „შაგინ“, უფრო სწორედ „შაჰინ,“ არაბულად შევარდენს ნიშნავს; ის ამ მამლუქისათვის ეგვიპტეში შერქმეული სახელია და მის სომხურ წარმომავლობას სრულიადაც არ ნიშნავს. ვიდრე მისი სომხობის მტკიცე საბუთი არ გაგვაჩნია, მე მას ქართველად განვიხილავ“. გოჩა ჯაფარიძე, „იყვნენ ქართველები ნაპოლეონის არმიაში?“, ჩვენი მწერლობა, 8 (2011), 4-5.
21. ასეთი მოსაზრებები განსაკუთრებით გავრცელებულია მოყვარულ მკვლევართა შორის. მაგალითად, რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მკვლევარი ს. ჟაგატ-დადიანი, რომელიც შაჰინს სომეხად თვლის, ფრჩხილებში უთითებს მის გვარს – შაგინიანს. გაურკვეველია, რის საფუძველზე მოხდა ასეთი დასკვნის გაკეთება.
23. მაგალითად, შაჰინის პირადი დოსიეს თავფურცელზე მინიშნებაა: „გვარი: შაჰიმი [ჩჰაჰიმ], ასევე იწერება შაჰინი [ჩჰაჰინე].“ საკონსულო გვარდიის ოფიცერთა რეესტრში კი შაჰინის სახელი მოცემულია როგორც ჩჰაიმ. ასევე ფასტეს დე ლა ლეგიონ დ’ონნეურ, რომელშიც შეტანილია საპატიო ლეგიონით დაჯილდოვებული ყველა პირის ბიოგრაფია, შაჰინის სახელი აღნიშნულია როგორც შაიმ.
24. ზოგიერთი ფრანგული სამხედრო საბუთი უფრო გვიანდელ თარიღსაც (15 ივლისი) უჩვენებს.
26. შაჰინის გადარჩენის ამბავი და ჭრილობები აღწერილია სახელგანთქმული ფრანგი ქირურგის დომინიკ ლარეის წერილში, რომელიც შაჰინის პირად დოსიეშია შეტანილი.
28. შაჰინი ესკადრონში 1802 წლის აპრილში ჩირიცხა.
29. მაგალითად, სირიელი იყო იუსეფ ჰამაიუ, რომელიც მამლუქთა ესკადრონს მეთაურობდა. ფრანგული საბუთები აღნიშნავენ, რომ ფრანგების მიერ ეგვიპტის ოკუპაციის დროს, ჰამაიუ ე.წ. „სირიელ იანიჩართა“ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.
34. ის ხშირად შეცდომით იხსენიება სანტა მარია დე ატოჩას მონასტრად.
35. დაიღუპა რამდენიმე კავკასიელი მამლუქიც, მათ შორის 21 წლის ლეიტენანტი აზარია უმცროსი (წარმოშობით სომხეთიდან), რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა; სერჟანტი ჰოვანეს სომეხი, რომელსაც აუსტერლიცის ბრძოლაში თავში მოხვდა ტყვია, ისევ დაიჭრა თავის არეში – ამჯერად ოთხი ჭრილობა მიიღო დაშნით.
43. დახასიათება 1818 წლის 14 თებერვლის მოხსენებიდან.
44. 1815 წლის 1 თებერვალს შაჰინს პენსია გაუნახევრდა და ათასობით სხვა ფრანგი ვეტერანივით, „დემი-სოლდი“ გახდა.
45. იხ. ლეფევრ-დენუეტის წერილი მარშალ ლუი ნიკოლა დავუს, 1815 წ. 9 ივნისი; სახელმწიფო კომისიის განკარგულება, 1815 წლის 6 ივლისი.
46. 1818 წლის მოხსენების მიხედვით, ამ დროს შაჰინის შემოსავალი იყო 3 ფრანკი დღეში. შედარებისათვის, მუშის დღიური ხელფასი შეადგენდა 1.5-2 ფრანკს, რაც შიმშილის ზღვარს წარმოადგენდა. თავის წიგნში კავალიერს დე ნაპოლეონ ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი ფრედერიკ მასონი აღნიშნავს, რომ ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ბევრი მამლუქი ლუკმაპურის გარეშე აღმოჩნდა და სიდუხჭირეში ცხოვრობდა. 1817 წლის 26 ნოემბერს რამდენიმე მამლუქმა ოფიცერმა, შაჰინის თაოსნობით, ხელისუფლებას მიმართა წერილით, სადაც ისეთი სიდუხჭირე აღწერეს, რომ მასონის თქმით, „წაკითხვისას თვალები ცრემლებით აგევსება“.
47.1818 წლის 14 თებერვლის მოხსენება.
49. 1820 წლის აპრილში მეფე ლუის XVIII-ის განკარგულებით შაჰინს დაენიშნა 2,000 ფრანკის ოდენობის პენსია.
50. ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან არ ჩანს ჰყავდა თუ არა შაჰინს შვილები. ქალაქ მელუნის არქივში დაცულია მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1818 წლის აგვისტოსთვის შაჰინს შვილები არ ჰყავდა. 51 მათ შორის იყო აბდალა დასბონი, ბეთლემში დაბადებული მამლუქი, რომელმაც შაჰინის მსგავსად თავი გამოიჩინა ჰელიოპოლისთან ბრძოლაში და შემდეგ წარჩინებით მსახურობდა დიდი არმიის რიგებში. აბდალა დასბონის ხელმოწერა ერთვის შაჰინის გარდაცვალების ცნობას, რომელიც ქალაქ მელუნის არქივშია შემონახული.
Комментариев нет:
Отправить комментарий