вторник, 5 марта 2019 г.

ვახტანგ III-ის გამეფების თარიღისათვის (ც. ღვაბერიძე)

ვახტანგ III-ის გამეფების თარიღის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ვახუშტი ბატონიშვილი ვახტანგ III-ის გამეფების თარიღად 1301 წელს ასახელებს1.
ჟამთააღმწერლის ისტორიაში თარიღები არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საისტორიო თხზულების თხრობის თანმიმდევრობიდან გამომდინარე, ივ. ჯავახიშვილმა ვახტანგ III-ის გამეფების თარიღად 1302 წელი მიიღო2. . ცაგარელი მისი მეფობის თარიღად სდებს 1301-1307 წწ.3 . სილაგაძის აზრით, ვახტანგ III-ის გამეფება 1299 წელს უნდა მომხდარიყო, რადგან ცნობილია, რომ მისი გამეფებით შეწყდა გიორგი V-ის მეფობის I პერიოდი4.
ჯერ კიდევ ექვსი ათეული წლის წინათ, ნუმიზმატიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, თ. ლომოურმა ვახტანგ III-ის გამეფება ოთხი წლით უკან გადასწია. მკვლევარის აზრით, ვახტანგ III-ის გამეფების თარიღად მიღებული 1302 წელი, ეწინააღმდეგებოდა მისი სახელით მოჭრილ ვერცხლის ფულს, რომელიც ჰ. 698 წლით, ანუ 1298-1299 წლებითაა დათარიღებული5. თ. ლომოურის მტკიცებით, ნუმიზმატიკური მასალის მონაცემებს ქართული საისტორიო წყაროებიც ადასტურებს. ავტორი გულისხმობს ჟამთააღმწერლის ცნობას ვახტანგ III-ის მონაწილეობის შესახებ ყაზან ყაენის (1295-1304) მიერ ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობებში 1299-1303 წწ.6
ჯ. ოდიშელმა გაიზიარა თ. ლომოურის ეს მოსაზრება ვახტანგ III-ის 1298-1299 წწ. გამეფების შესახებ. მისი აზრით, გიორგი V ბრწყინვალის თბილისში გამეფების თარიღი 1299 წ. ზუსტად ვერ ჩაითვლება და ვახტანგ III-ის გამეფების თარიღზე წინ უნდა იქნას გადატანილი. ჯ. ოდიშელი ამ ვარაუდს გამოთქვამს ჟამთააღმწერლის თხზულების გვიანი ჩანამატის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ყაზან ყაენმა გიორგი V-ეს მეფობა, ვახტანგ III-ზე უწინ მისცა7. ი. სიხარულიძის აზრით, ვახტანგ III-ის გამეფება 1297 წლის მიწურულში უნდა მომხდარიყო8.
მკვლევარი ეყრდნობა ჟამთააღმწერლის თხრობას9 და რაშიდ ად-დინის საისტორიო თხზულებას, „ისტორიათა კრებული“.10 დ. ნინიძის აზრით, სავსებით სარწმუნო ჩანს ვახტანგ III-ის გამეფების აღნიშვნა 1297/1298 წწ. მიჯნაზე.11
მიუხედავად აზრთა ასეთი სხვაობისა, დღეისათვის ვახტანგ III-ის გამეფების თარიღი 1302 წელი დამკვიდრებულია სამეცნიერო თუ სასწავლო ლიტერატურაში. ჩვენ ფაქტობრივი ნუმიზმატიკური მასალისა და საისტორიო წყაროების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ვახტანგ III აღმოსავლეთ საქართველოს მეფეა 1297 წელს.
ვახტანგ III-ის გამეფების თარიღის ზუსტად დადგენაში დაგვეხმარება ამ დროის ნუმიზმატიკური მასალის ანალიზი.
ვიდრე უშუალოდ ვახტანგ III-ის სახელით გამოშვებულ ფულს შევეხებოდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია მოკლედ მიმოვიხილოთ ამ პერიოდში საქართველოში არსებული სამონეტო ემისიის საკითხი.
XIII ს-ის პირველ ნახევარში მონღოლებმა მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო შექმნეს. ამ საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს მათ საქართველო დაიპყრეს და ხანგრძლივად გაბატონდნენ აქ. XIII ს-ის I ნახევარში ერთიანი მონღოლთა იმპერია დაიშალა. XIII ს-ის 60-იან წწ-ში კი, ჰულაგუ ხანმა (1256-1265) შექმნა მონღოლთა იმპერიის V ულუსი, ე. წ. ილხანთა სახელმწიფო. იგი მოიცავდა მთელს ირანსა და დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიას, აზერბაიჯანს, ერაყს, არანსა და შირვანს, ქურთისტანს, ჯეზირეს და მცირე აზიის დასვლეთ ნაწილს. ილხანების ვასალებად ითვლებოდნენ: საქართველო, ტრაპიზონის სამეფო, კონიის – რუმის სელჩუკთა სასულთნო, კილიკია და კვიპროსის სამეფო. სამხრეთში ირანის ტერიტორიაზე ახლად ჩამოყალიბებულმა ილხანთა სახელმწიფომ, აზერბაიჯანი (დღევანდელი სამხრეთ აზერბაიჯანი) თავის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია.
საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მონღოლებმა საკუთარ სამონეტო სისტემას, აქ არსებული ფულადი-წონითი სისტემით დადგენილი დირჰემის წონა დაუდეს საფუძვლად, რომელიც XIII ს-ში ოთხი დანგის12 წონის შემცველი ერთეული იყო. ილხანთა სახელმწიფოს წარმოქმნის შემდეგ მონღოლებმა მიიღეს რა იგი, ამავე სისტემით აგრძელებენ სამონეტო ემისიას მათ ქვეშევრდომ სახელმწიფოებში. ე. ი. ერთი დირჰემი, იგივე დრამა იწონიდა 4 დანგს. თბილისის ზარაფხანაში გამოშვებულ ფულზე XIII ს-ის 80-იანი წლებიდან პირვალად ჩნდება ირანის ილხანის სახელი. მონეტის შუბლი შეიცავს უიღურულ ზედწერილს, ზურგზე კი მოთავსებულია ქრისტიანული ლოცვა არაბულად და ჯვრის გამოსახულება. მუსლიმურ სარწმუნოებრივ სიმბოლოს ქართველები უპირისპირებენ ქრისტიანულ ლოცვას, რომელიც მკაფიოდ განირჩევა მონღოლების მიერ გამოშვებულ სინქრონული უცხო სხვა მონეტებისაგან. ამ მონეტებს ქართულ-ჰულაგუიდურ დრამებს უწოდებენ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, იჭრებოდა არაბული ფულადი-წონითი სისტემით. ასეთი სახის გამოდიოდა ქართულ-ჰულაგუიდური დრამები ვახტანგ II-ის მეფობისა (1289-1292) და დავით VIII-ის (1293-1311) მეფობის დასაწყისში.
1296 წელს ილხანთა ირანში განხორციელდა სამონეტო რეფორმა, რომელიც ყაზან ყაენის რეფორმის სახელითაა ცობილი. შემოღებულ იქნა ახალი სამონეტო სისტემა, რომელსაც საფუძვლად დაედო ვარცხლის დირჰემი. დირჰემის წონითი სტანდარტი განისახღვრა ნახევარი მისხლით და უდრიდა სამ დანგს – ე. ი. შემცირდა ერთი დანგით (1/4-ით). ამ ძირითად ერთეულზე დამყარებით ილხანთა სამფლობელოში უშვებდნენ ვერცხლის მონეტების სხვადასხვა ნომინალს: ნახევარ დირჰემს, დირჰემს, ორიან დირჰემს და ექვსიან დირჰემს ანუ დინარს. ყაზან ყაენის მიერ გატარებული ფულადი რეფორმა სავალდებულო იყო ილხანთა ირანში შემავალი ყველა ქვეყნისათვის და, მათ შორის, საქართველოს სამეფოსათვის, რომელიც ილხანთა ვასალად ითვლებოდა.
ყაზან ყაენის ფულადი რეფორმით დაკანონებული დირჰემის წონა დაედო საფუძვლად საქართველოს ზარაფხანებში (თბილისი, ახალციხე, ყარაღაჯი, ანისი) მოჭრილ ვერცხლის მონეტებსაც, რომლის ემისია თბილისის ზარაფხანაში დაიწყო მხოლოდ 1298 წლიდან, ცნობილია, რომ მონეტები ყველაზე კარგად ასახავენ ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ვითარებას. მიუხედავად 1296 წლის ყაზანის ფულის რეფორმისა, ამ წელს ჩნდება სრულიად ახალი ტიპის (სახის) დირჰემები აღმოსავლეთ საქართველოს მეფეების სახელითა და ქართული ლეგენდებით. 1296 წლიდან დავით VIII-ის (1293-1311), ხოლო შემდეგ 1297 წელს ვახტანგ III-ის (1297-1308) სახელით. ეს ფული საქართველოში ყაზან ყაენის სამონეტო რეფორმამდე არსებული ფულადი-წონითი სისტემით მოჭრილი მონეტებია (ე. ი. 4 დანგის წონის).
ვახტანგ III-ის დირჰემებზე მოთავსებულია ქრისტიანული ლოცვა არაბულად: „სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა, ღმერთისა ერთისა“. შემოკლებული ასომთავრული წარწერა მონოგრამა, რომელიც გვაუწყებს მეფის სახელსა და ტიტულს: „ვახტანგ მეფე“, ქრისტიანული ემბლემა – ჯვარი, თარიღი ჰიჯრით 697 წელი (1297/98).
იმისათვის, რომ გაირკვეს საკითხი, საჭიროდ მიგვაჩნია მოკლედ მიმოვიხილოთ ის ისტორიული გარემო, რამაც გამოიწვია ყაზან ყაენის ფულადი რეფორმის შემდეგ (1296 წ.), რეფორმით გათვალისწინებული უნიფიცირებული დირჰემის ნაცვლად, ქართველ მეფეთა სახელით დაქარაგმებული და ადრე არსებული სამონეტო სისტემით მონეტების ემისია თბილისის ზარაფხანაში ჯერ ჰ. 696 წ (1296/97) დავით VIII-ის სახელით, ხილო შემდეგ ჰ. 697 (1297/98) ვახტანგ III-ის სახელით.
XIII ს-ის დამლევს სქართველოში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 1293 წ. ქეიღათუ ხანმა (1291-1295) საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მეფედ დაამტკიცა დავით დემეტრეს ძე. 1295 წ. საილხანოში დაწყებული ანარქია დამთავრდა და ილხანის ტახტი ბრძოლით დაიმკვიდრა ყაზან ყაენმა, რომელიც ეჭვობდა, რომ დავით მეფე მის მოწინააღმდეგეებს თანაუგრძნობდა. ყაზან ყაენსა და დავით VIII-ეს შორის დამოკიდებულება გამწვავდა. ყაზანმა დავითი ურდოში იხმო, მეფე არ ეახლა ყაენს, ფეოდალთა ერთ ნაწილთან ერთად აუჯანყდა მას, მთაში გაიხიზნა, ჟინვანში სიბა შეკრა და მოლაპარაკება დაიწყო მონღოლთა ჩრდილოეთის ულუსის, ოქროს ურდოს ყაენთან. აჯანყებული მეფე ილხანთა ყაენისათვის მრავალმხრივ საშიში გახდა. ყაზან ყაენი, ითვალისწინებდა რა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ირანისათვის, დავით VIII-ის წინაშე გარკვეულ დათმობაზე წავიდა. კომპრომისის მაჩვენებელია ის, რომ მას მისცა უფლება სამონეტო ემისიისა საკუთარი სახელით ჰ. 696 წელს. მიუხედავად ყაზან ყაენის ფულადი რეფორმისა, თბილისის ზარაფხანა დავით VIII-ის სახელით ჰ. 696 წ. აგრძელებს ქართულ-ჰულაგუიდური სისტემით ვერცხლის მონეტების ემისიას ქართული ლეგენდებით. დავით VIII-ის სახელით ფული გამოდის მხოლოდ ჰ. 696 წელს.13
დავით VIII-სა და ყაზან ყაენს შორის ისევ გამწვავდა ურთიერთობა. ყაზანმა ცნობა მიიღო, რომ დავით მეფე ოქროს ურდოსთან კვლავ აბამს კავშირს და ილხანების წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდებს. დავითი „უკუდგა ჟინვანს“.14 ამას შინააშლილობაც მოჰყვა. როგორც ეს დადგენილი აქვს ივ. ჯავახიშვილს, დავით მეფის „უკუდგომამ“ ყაზან ყაენისაგან გამოიწვია ვახტანგის გამეფება.15 მეცნიერის გამოკვლევით, ამ ამბავის თარიღი ჩვენს ისტორიკოსს („ჟამთააღმწერელს“, ც. ღ.) დასახელებული არა აქვს, მაგრამ ნავროზის სიკვდილის, ანუ 1297 წლის 24 მაისის შემდგომ აქვს ნაგულისხმევი. მოთხრობის მიმდინარეობის მიხედვით და სპარსული წყაროებითაც დავით მეფის უკუდგომა მართლაც 7 ნოემბერს, 1297 წელს მომხდარა.16
დავით VIII-ის განდგომა ყაენისაგან დაცულია აგრეთვე ყაზან ყაენის პირველი ვეზირის ფაზულლაჰ რაშიდ-ად-დინის საისტორიო თხზულებაში („ისტორიათა კრებული“). რაშიდ-ად-დინის ცნობით, განდგომა ყაენისაგან 1297 წლის ნოემბრის ახლო ხანებში მოხდა. დავითის განდგომა ბაქოს საზამთრო რეზიდენციისაკენ მიმავალ ილხანს გზაში შეუტყვია. აჯანყების აღმოსაფხვრელად ყაზან ყაენმა მაშინვე აფრინა საქართველოსკენ ხუტლუშა ნოინი, რომელიც უფლისწულ ვახტანგის თანხლებით მალევე დაბრუნდა. როგორც ჩანს, ნოინმა უფლისწულთან გამონახა საერთო ენა და გამეფების დაპირებით ილხანთან მიიყვანა. ყაზანმა მეფობაც უბოძა ვახტანგს და უხვადაც დაასაჩუქრა. დიდი წყალობა მიაგო ხუტლუშასაც და ორივე სწრაფად გამოისტუმრა საქართველოში.17
იგივე ამბავს ჟამთაააღმწერელიც მოგვითხრობს, ყაზან ყაენმა გასამეფებლად წარმოგზავნილ ვახტანგ III საქართველოში „...წარმოატანა ხუტლუბუღა ნოინი სპითა უძლიერესითა და მოვიდა ტფილისს და მუნ შემოიპირნეს ყოველნი თათარნი და ქართველნი, და სამცხის ბატონის ბექას შვილი სარგის სპასალარი, ტაოელნი, თორელნი, თმოგუელნი და სომხითარნი“.18 ბუნებრივია, ამასთან ერთად შეწყდა დავით VIII-ის ვერცხლის ფულის გამოშვება, რომლის ემისიაც ცნობილია მხოლოდ ერთი თარიღით ჰიჯრის 696 წელი.
იმის გათვალისწინებით, რომელიც სპარსულ და ქართულ წყაროებს შემოუნახავთ, ვახტანგის მეფედ კურთხევა იმავე წლის (ე. ი. 1297) მიწურულამდე უნდა მომხდარიყო. ამას ადასტურებს ვახტანგ III-ის ჰ. 697 წ. მოჭრილი ვერცხლის ფული. თბილისის ზარაფხანა ჰ. 697 წ. კვლავ აგრძელებს ქართულ-ჰულაგუიდური სისტემით (4 დანგის წონის) ვერცხლის მონეტების ემისიას, ვახტანგ III-ის სახელით და ქარტული ლეგენდებით. თბილისურ დირჰემებზე ისევ ქრისტიანული ლოცვაა არაბულ ენაზე ამოტვიფრული.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თ. ლომოური ვახტანგ III-ის ვერცხლის მონეტების მოჭრის თარიღად მიიჩნევს ჰ. 698 და ჰ. 699 (1298-1300 წწ.). ცნობილია, რომ ჰ. 698 წ. თბილისის ზარაფხანა იწყებს ყაზან ყაენის ფულადი რეფორმით დადგენილი უნიფიცირებული დირჰემების გამოშვებას. თ. ლომოურის აზრით, ჰ. 699 წ. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ გამოდის ვახტანგ III-ის სახელით ქართულ-ჰულაგუიდური სისტემით მოჭრილი დირჰემები. თბილისის ზარაფხანა კი, ამავე წელს აგრძელებს ყაზან ყაენის უნიფიცირებული დირჰემების ემისიას. გამოდის, რომ ჰ. 698-699 წწ. თბილისის ზარაფხანა ორი განსხვავებული ფულადი-წონითი სისტემით აწარმოებს სამონეტო ემისიას (4 დანგის და 3 დანგის წონის დირჰემებს). ეს კი ყაზან ყაენის ფულადი რეფორმის უხეში დარღვევაა, რაც მკაცრად იკრძალებოდა კანონმდებლობით ილხანთა ირანში შემავალ სახელმწიფოებში.
ვფიქრობთ, რომ ილხანთა ირანში ჩატაებულ ფულადი რეფორმის დარღვევა საქართველოში არ მომხდარა. ამ შეუსაბამობას კი, შემდეგი გარემოებით ვხსნით. ვახტანგ III-ის დირჰემებზე არაბული დამწერლობით შესრულებული თარიღის ჰ. 699 წლის შემადგენელი ერთეულის აღმნიშვნელი რიცხვების ცხრისა და შვიდის გამომხატველი სიტყვების გრაფიკული მოხაზულობა გახმოვანების გარეშე არაბულად ერთნაირია. რადგან მონეტაზე გახმოვანების ნიშნები არ დაისმის, ამოკითხვა შეიძლება მოხდეს ორივენაირად. არაბული დამწერლობით შესრულებული თარიღის ჰ. 699 წლის შემადგენელი ერთეულის აღმნიშვნელი სიტყვა „ცხრას“ არაბულად შემდეგი მოხაზულობა აქვს – „تسع “. მსგავსია აგრეთვე არაბული დამწერლობით შესრულებული სიტყვა „შვიდის“ გრაფიკული მოხაზულობა – „سبع “. ამრიგად, შვიდი და ცხრა რიცხვების გამომხატველი სიტყვების გრაფიკული მოხაზულობა გახმოვანების გარეშე ერთნაირია და მათი ამოკითხვა შეიძლება მოხდეს ორივენაირად 697 და 699 წწ. როდესაც თ. ლომოურმა ვახტანგ III-ის მონეტაზე ჰ. 699 წელი ამოიკითხა, მეცნიერებისათვის არ იყო ცნობილი ახალი თარიღები. თბილისის ხარაფხანაში გამოშვებული ყახან ყაენის უნიფიცირებული დირჰემის უადრეს თარიღად ჰ. 699 წ. იყო მიღებული.19 ამდენად, ვახტანგ III-ის ჰ. 697 წელს წელს გამოშვებული დირჰემის ჰ. 699 წლით ამოკითხვა შეცდომად არ ჩაითვლებოდა. მომდევნო წლებში ახალი აღმოჩენების საშუალებით დაზუსტდა თარიღები. ყაზან ყაენის სახელით თბილისის ზარაფხანაში გამოშვებული უნიფიცირებული დირჰემების უადრესი თარიღია ჰ. 698 წელი. ფაქტობრივ მასალაზე მუშაობის დროს თბილისურ მონეტებზე ჰ. 698 წელზე ადრეული თარიღი არ აღმოჩნდა. მიგვაჩნია, რომ თ. ლომოურის მიერ ვახტანგ III-ის დირჰემების თარიღის ჰ. 699 წლით წაკითხვაში კორექტივი უნდა იქნეს შეტანილი. შეუსაბამოა ის ფაქტი, რომ თბილისის ზარაფხანას ერთდროულად ეწარმოებინა ჰ. 699 წ. ვახტანგ III-ის ქართულ-ჰულაგუიდური სისტემით გამოშვებული 4 დანგის წონის, ხოლო ყაზან ყაენის უნიფიცირებული 3 დანგის წონის დირჰემი. ეს მონეტები განეკუთვნებიან ორი განსხვავებული სამონეტო სისტემით გამოშვებულ ფულს, რაც შეუძლებელს ხდის მათ ერთდროულ ემისიას თბილისის ზარაფხანაში.
ვახტანგ III-ის სახელით ქართულ-ჰულაგუიდური სისტემით მოჭრილი ვერცხლის ფული გამოდიოდა ჰ. 697 წ. (1297/1298). მონეტაზე აღბეჭდილი თარიღის მიხედვით, ვახტანგ III ტახტზე ჩანს 1297 წელს და იგი ამ დროიდან ახორციელებს სამონეტო რეგალიას. ვახტანგ III-ის დრამებით მთავრდება მცირე პერიოდი ეროვნული ფულის ჭედვისა საქართველოში და 1298 წლიდან თბილისის ზარაფხანა იწყებს ახალი სამონეტო სისტემით, მუსლიმური რელიგიური ზედწერილებით უნიფიცირებული დირჰემების გამოშვებას.
ამრიგად, ნუმიზმატიკური მასალის ანალიზი გვაძლევს საშუალებას, რომ მყარად ვივარაუდოთ – ვახტანგ III 1297 წელს უკვე საქართველოს მეფეა.
შენიშვნები
1. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973), გვ. 244.
2. Джалагания И., Из истории монетного дела в Грузии XIII века (Тбилиси, 1958), стр. 255-256.
3. Цагарели А., Памятники грузинской старины на св. Земле и на Синае, IV, вып. I (Тбилиси, 1888), стр. 53.
4. ბ. სილაგაძე, მასალები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, II (თბილისი, 1968), გვ. 92.
5. თ. ლომოური, დავით VIII-ის და ვახტანგ III-ის ფულები, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, XV-B (თბილისი, 1948), გვ. 75.
6. იქვე, გვ. 77.
7. ჯ. ოდიშელი, აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან (XIV-XVI სს), ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები (თბილისი, 2010), გვ. 166.
8. ი. სიხარულიძე, ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XIII-XIV სს. (თბილისი, 1967), გვ. 161.
9. ჟამთააღმწერელი, ქართლის ცხოვრება, ტომი II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1959), გვ. 302.
10. Рашид-ад-дин, Сборник летописей, III (Москва-Ленинград, 1956), стр. 178.
11. დ. ნინიძე, „პროვინციის მეფეები“ XIV-XV სს. საქართველოში (ბაგრატიონთა საგვარეულო ისტორიიდან) (თბილისი, 1995), გვ. 31
12. დანგი – ფულისა და წონის ერთეული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში, შუა საუკუნეებში. ქართულ წონით სისტემაში დანგი უდრიდა დრამის, იგივე დირჰემის მეოთხედს ან მისხლის 1/6 ნაწილს და იწონიდა დაახლოებით 0,71 გრამს.
13. Джалагания И., დასახ. ნაშრომი.
14. ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი ისტორია..., გვ. 302.
15. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი III (თბილისი, 1949), გვ. 248.
16. იქვე, გვ. 248.
17. Рашид-ад-дин, დასახ. ნაშრომი, გვ. 178.
18. ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი ისტორია..., გვ. 308.
19. Пахомов Е., Монеты Грузии (Тбилиси, 1950), стр. 117.
დამოწმებული ლიტერატურა
1. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973).
2. ბ. სილაგაძე, მასალები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, II (თბილისი, 1968).
3. დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა (თბილისი, 1969).
4. დ. ნინიძე, „პროვინციის მეფეები“ XIV-XV სს. საქართველოში (ბაგრატიონთა საგვარეულო ისტორიიდან) (თბილისი, 1995).
5. თ. ლომოური, დავით VIII-ის და ვახტანგ III-ის ფულები, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, XV-B (თბილისი, 1948).
6. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი III (თბილისი, 1949).
7. ი. სიხარულიძე, ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XIII-XIV სს. (თბილისი, 1967).
8. ჟამთააღმწერელი, ქართლის ცხოვრება, ტომი II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი
ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1959).
9. ც. ღვაბერიძე, საქართველოს ურთიერთობა ილხანთა ირანთან და ჯელაირთა სახელმწიფოსთან (თბილისი, 1986).
10. ჯ. ოდიშელი, აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან (XIV-XVI სს), ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები (თბილისი, 2010).
11. Джалагания И., Из истории монетного дела в Грузии XIII века (Тбилиси, 1958).
12. Пахомов Е., Монеты Грузии (Тбилиси, 1950).
13. Рашид-ад-дин, Сборник летописей, III (Москва-Ленинград, 1956).
14. Цагарели А., Памятники грузинской старины на св. Земле и на Синае, IV, вып. I (Тбилиси, 1888).
 
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий