ლეონტი მროველის ცნობა კუხეთის ტერიტორიისა და საზღვრების შესახებ კუხეთის ქვეყნის საზღვრების მონახაზს ლეონტი მროველი იძლევა ქართლოსის შვილებს შორის ტერიტორიების გადანაწილების შესახებ თხრობისას, როდესაც მიუთითებს კუხოსის წილი ქვეყნის საზღვრებს. ამ ეპიზოდს „ქართლის ცხოვრების“ საწყისი, პირველი მონაკვეთი მოიცავს, სადაც გადმოცემულია „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“.
პირველ რიგში, გავარკვიოთ, როგორ არის ეს ადგილი გადმოცემული „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგ VI-ის დრომდე შექმნილ ნუსხებში. სამწუხაროდ, ვინაიდან „ქართლის ცხოვრების“ დღემდე მოღწეულ ხელნაწერთაგან უძველესი, ანა დედოფლისეული ნუსხა თავნაკლულია, ამის გამო აღნიშნული ამბები ამ ხელნაწერში არ მოიპოვება1. დასაწყისის ნაკლულობის გამო ამ ეპიზოდს ვერ ვნახულობთ ვერც კლიმიაშვილისეულ ნუსხაში. არჩილ მეფის ნაქონ „ქართლის ცხოვრებიდან“ გიორგი მაჩაბლის გადაწერილ ნუსხაშიც ნაკლული თავი გადამწერმა სხვა ნუსხიდან (სავარაუდოდ ჭალაშვილისეულიდან) შეავსო. თავად ჭალაშვილისეული ნუსხის ასევე ნაკლული თავი ერაჯ ჭალაშვილს ვახტანგისეული ნუსხიდან აქვს გადაწერილი2. ტექსტის სიზუსტის დასადგენად ვერც XII საუკუნის II ნახევარში შესრულებული „ქართლის ცხოვრების“ სომხური თარგმანი გვიწევს სათანადო სამსახურს. ამ მნიშვნელოვანი ქართული მატიანის დღესდღეობით უძველესი სომხურენოვანი ნუსხა კუხოსს ახსენებს ქართლოსის შვილთა ჩამოთვლისას: ქართლოსს „დარჩა ხუთი ძლიერი შვილი: მცხეთოსი, გარდ[ა]ბოსი, კახოსი, კუხოსი და გაჯი[ო]სი. მცხეთოსი იყო მათი უფროსი“3. მაგრამ ვინაიდან სომხური თარგმანი თავის ქართულ დედანთან შედარებით გარკვეულწილად შემოკლებულია, მომდევნო ამბის შესახებ თხრობისას კუხოსს (ისევე როგორც გარდაბოსს) იგი უკვე აღარ მოიხსენიებს.
ამგვარად, XVIII საუკუნემდე შექმნილ „ქართლის ცხოვრების“ ნუსხებიდან ერთადერთი, სადაც ტექსტის დასაწყისი და შესაბამისად ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი შემორჩა, არის მარიამ დედოფლისეული ნუსხა.
მარიამ დედოფლისეულ ნუსხაში კი ვკითხულობთ, რომ ქართლოსის სიკვდილის შემდეგ, როდესაც მის ხუთ ძეს დედამ განუჩინა თავთავიანთი წილი მიწა-წყალი, „კახოსს მისცა ბოსტანქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი, მისცა ეგრითგან ვიდრე თავადმდე მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა. ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთისა მთას შორის არაგვიდგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა“4. ამ მონაკვეთის თაობაზე ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, რომ ამ ნუსხაში „კახეთ-კუხეთის საზღვრები... არეულია“, „აქ საკუთარი სახელებიცა და საგეოგრაფიოც დამახინჯებულია და არაფრის გაგება არ შეიძლება“5. ჩამონათვალში ორი სხვადასხვა მიწა-წყლის მფლობელად ზედიზედ ერთი და იგივე მამამთავრის (კახოსის) დასახელება აშკარა უზუსტობაა. როგორც ეს ვახტანგ მეფის შემდგომდროინდელი ხელნაწერებიდან დასტურდება, პირველ მათგანში უეჭველად კუხოსი მოიაზრება6. ამას გარდა, აღსანიშნავია ასევე, რომ დასახელებული ნუსხის გადამწერი კუხოსს აშკარად „არ სწყალობს“. იგი მას ახსენებს მხოლოდ ქართლოსის გამორჩეულ ძეთა ჩამოთვლისას: „შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები საგარდაბოს7, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს“. კუხოსის კახოსად მოხსენიებას მიწა-წყლის განაწილების უშუალოდ მომდევნო ამბის გადმოცემისასაც ვაწყდებით: „და მან კიხოსი აღაშენა ჩელეთი. კახოსს შეეწია შენებასა მისსა რამეთუ დედა ციხე კახოს ხუედრი იყო და მისცა კახოს შეწევნისათვის და შეეწია შენებასა ჩელეთისასა“8. აქ „კიხოსი“ კახოსის ნაცვლად წერია, მაშინ როცა „კუხოსს“ კვლავ „კახოსი“ ენაცვლება. „კუხოსს“ თავის კუთვნილ ადგილს ორივეგან უტყუარად უბრუნებს „ქართლის ცხოვრების“ მოგვიანო ნუსხები (ისევე როგორც „კიხოსის“ ნაცვლად აქ საჭიროებისამებრ წერია „კახოსი“), როგორიცაა მაგ., რუმიანცევისეული და მაჩაბლისეული: „ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან ქალაქი, რომელ არს რუსთავი“ და ასევე „ამან კახოს აღაშენა ჩელეთი და კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა“9.
ამგვარად, ცხადია, ქართლოსის ცოლმა შვილთაგან სწორედ კუხოსს „მისცა ბოსტან ქალაქი, რომელსა აწ ჰქუიან რუსთავი, მისცა ეგრითგან ვიდრე თავადმდე მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა“. მაგრამ აქ კიდევ ერთი აშკარა უხეში შეცდომა გვხვდება თვალში: შეუძლებელია, კუხოსის სამფლობელო ეგრისამდე ვრცელდებოდეს. ასეთ შემთხვევაში მას მთელი შიდა ქართლიც უნდა მოეცვა, რომელიც იმავე წყაროს ცნობით, ეჭვმიუტანლად კუხოსის უფროსი ძმის _ მცხეთოსის წილია. ამ გაუგებრობას ისევ მოგვიანო ხანის ნუსხები ასწორებენ, როცა სიტყვას „ეგრითგან“ ანაცვლებენ სიტყვით „არაგვითგან“. არც ამ ცვლილებაში შეიძლება ეჭვის შეტანა10: მარიამისეულ ნუსხაში ეს შეცდომა სახელწოდების („არაგვითგან“) აშკარად მცდარი წაკითხვის შედეგად ჩანს მიღებული.
როგორც დადგენილია, „მარიამ დედოფლის ნუსხის“ სახელით ცნობილი ჩვენს ხელთ არსებული ხელნაწერი სინამდვილეში არა უშუალოდ 1633-1646 წლებში მარიამ ქართლის დედოფლის (როსტომ ხანის მეუღლის) ბრძანებით გადაწერილ ნუსხას, არამედ ამ უკანასკნელის XVIII საუკუნის 30-იან წლებში გადაწერილ პირს წარმოადგენს11. ამიტომ ვფიქრობთ, აღნიშნული უზუსტობები (და სავარაუდოდ ზოგიერთი სხვაც) ამ გადამწერის კალმის შეცდომის ნაყოფი უფრო უნდა იყოს. ძნელი წარმოსადგენია, ამ საპასუხისმგებლო დავალების შესასრულებლად ქართლის სამეფო კარს უფრო მეტად დახელოვნებული მწერალი ვერ შეერჩია, ანდა დედოფლის ბრძანების შესრულებისას გადამწერს ტექსტის დასაწყისშივე ერთბაშად ამდენი უხეში შეცდომა დაეშვას.
ლეონტი მროველის აღნიშნული ცნობის შესწორების მცდელობები
ლეონტი მროველის ცნობა კუხოსის სამფლობელოს ტერიტორიისა და საზღვრების შესახებ, როგორც აღვნიშნეთ, ფაქტობრივად, მთავარ ამოსავალ წყაროს წარმოადგენს კუხეთის თავდაპირველი საზღვრების დასადგენად.
მარიამ დედოფლისეულ ნუსხაში საკუთარი სახელების არასწორი წაკითხვის შედეგად გაჩენილი აშკარა შეცდომების (კახოსი/კუხოსი, ეგრი/არაგვი) სამართლიანი შესწორების გარდა, ჯერ კიდევ „ქართლის ცხოვრების“ სხვა ნუსხებში ვხედავთ კუხოსის სამფლობელოს განსაზღვრის საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მცდელობას. მაგ., „ქართლის ცხოვრების“ მარი ბროსესა და ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემებში, რომლებიც ასევე გვიანდელ ნუსხებს ემყარებიან, წერია: „ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი: მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, თავადმდე მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა“12. როგორც ვხედავთ, აქ ჩამატებულია სიტყვა „ჰერეთი“, როგორც ტერიტორიის დამატებითი მსაზღვრელი.
აღნიშნულ შესწორებას ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევართა ნაწილი ეთანხმება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ცნობა კუხეთის საზღვრების დასადგენად ასეთი სახითაც არ ეჩვენებათ დამაკმაყოფილებლად. ზოგიერთი მათგანი შეეცადა თავად გამოეცნო ის „გამორჩენილი“ გეოგრაფიული სახელწოდება, რომელიც, მათი აზრით, დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო თხზულების თავდაპირველ ვარიანტში.
„ქართლის ცხოვრების“ ამ შესწორებული ვარიანტის შესახებ პირველად ივ. ჯავახიშვილმა გამოთქვა აზრი, რომ „აქაც შეცდომებია შერჩენილი, ზოგან კიდევ დედანი სწორად ვერ არის გასწორებული“. მისივე წარმოდგენით, ტექსტში ფრაზას - „და მტკუარს შუა“-ს წინ რომელიღაც სიტყვა უნდა ჰკლებოდა, რასაც „ნათლად ამტკიცებს კავშირი „და“ და თანდებული „შუა“, იმიტომ რომ უიმისოდ არა სჩანს, რისა და „მტკუარსა შუა“-აო“. ავტორმა მიიჩნია, რომ ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა ასეთი გამორჩენილი სიტყვა „ალაზანი“ ყოფილიყო. საბოლოოდ, ჯავახიშვილმა წყაროს ცნობის ასეთი შესწორება შემოგვთავაზა: „კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰრქვიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე თავადმდე მთისა კახეთისასა [ალაზნისა] და მტკუარს შუა“13.
მ. ლორთქიფანიძე ასევე დარწმუნებულია, რომ „ლეონტი მროველის ტექსტის ეს ადგილი ყველა ნუსხაში შერყვნილია“14. იგი პრიციპში დაეთანხმა ივ. ჯავახიშვილს, რომ „და მტკუარს შუა“-ს წინ რომელიღაც სახელი უნდა ჩამატებულიყო. ვინაიდან ლეონტისთან ნახსენებ კახეთის მთას, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „ერწო-თიანეთს განკვეთს იორი“15, მისი აზრით, „ტექსტში „და შუას“ წინ უნდა იყოს არა „ალაზანი“, არამედ „იორი“ ან „მცირე ალაზანი“16.
1955 წელს „ქართლის ცხოვრების“ ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით დადგენილი ტექსტის გამოცემისას, ს. ყაუხჩიშვილმა ეს ადგილი ერთგვარი კონიექტურის სახით მოგვაწოდა: „ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, [...შესარ]თავადმდე მთასა კახეთისასა და მტკუარსა შუა“17. ჩანს, რედაქტორმა მიიჩნია, რომ ტექსტისეული „თავადმდე“ შესაძლებელია ყოფილიყო ნაშთი (მეორე ნაწილის სახით), სიტყვისა „შესართავადმდე“ (ჩანს, რედაქტორი ასევე არ გამორიცხავს მის წინ კიდევ რაიმე სიტყვის გამორჩენასაც).
კუხეთის საზღვრების დამატებით ნიშნულად ტექსტში „იორისა“ და „ალაზნის“ დამატებას არ დაეთანხმა ლ. ჭილაშვილი. მისი თვალთხედვით, ეს შესწორებები ეწინააღმდეგება საზღვრების გადმოცემის ლეონტი მროველისეულ წესს, სადაც შეძლებისდაგვარად მოცემულია ქვეყნების ოთხივე მხარის საზღვრები, მაშინ როცა ჯავახიშვილის „შესწორებული ტექსტი კუხეთის საზღვრებს ორ ხაზზე წარმოგვიდგენს, კერძოდ, არაგვიდან კახეთის მთამდე და ალაზნიდან მტკვრამდე. ჩრდილოეთის და სამხრეთის საზღვრები აქ არაა მოცემული, რასაც ლეონტი მროველი აღუნიშნავს არ დატოვებდა“18. მან ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ტექსტისეულ სიტყვას „მთასა“, რომელიც ივანე ჯავახიშვილთან შესწორებულია როგორც „მთისა“, ვერ დაერთვებოდა მსაზღვრელი _ „კახეთისა“. ლევან ჭილაშვილის დასკვნით, ლეონტი მროველის ტექსტის ეს ნაწილი შემდეგნაირად უნდა გაიყოს: „მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა“ მეორე ნაწილია, ტექსტის პირველი ნაწილი კი არის _ „არაგვითგან ვიდრე თავადმდე“, რომელსაც აკლია სიტყვები „მთისა კახეთისასა“, რაც ნიშნავს: „არაგვიდან კახეთის მთის დასაწყისამდე“. ავტორის განმარტებით, ტექსტში „კახეთის მთის“ განმეორება უნდა განეპირობებინა იმას, რომ ეს მთა (მისი დასაწყისი) კუხეთს აღმოსავლეთიდან საზღვრავდა, ხოლო იმავე მთის სხვა ნაწილი _ ჩრდილოეთიდანაც (აქ იმოწმებს ვახუშტის შესაბამის ცნობას). შემდგომ გადამწერებმა კი „მთისა კახეთისასა“ და „მთასა კახეთისასა“ ერთი და იგივე სიტყვების გამეორებად მიიჩნიეს და მხოლოდ ერთი გადმოწერეს, მაშინ როცა „სინამდვილეში ისინი მხარის სხვადასხვა საზღვრებს გადმოსცემდნენ“. მისი შესწორებული ტექსტი კი მთლიანობაში ასე გამოიყურება: „კუხოსს მისცა ბოსტან ქალაქი, რომელსა აწ ჰქუიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე თავადმდე (მთისა კახეთისასა), მთასა კახეთისასა და მტკუარსა შუა“19.
ედიშერ ხოშტარიაც შენიშნავს, რომ „მოცემული ცნობა ამ სახით... ნაკლულია. ცხადია, აქ რომელიღაც მეოთხე გეოგრაფიული სახელწოდებაა გამორჩენილი, რომლის აღდგენა აუცილებელია, რათა მოხერხდეს კუხეთის საზღვრების მოხაზვა ოთხივე მხრით“, როგორც ამას კახეთის შემთხვევაში აკეთებს ლეონტი მროველიო. „ანასეულ და მარიამისეულ ნუსხებისაგან განსხვავებით, რუმიანცევისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში მოცემულია ცდა ტექსტში ამ მეოთხე სახელწოდების შემოტანისა“20, _ განაგრძობს იგი, _ და თუმცა აქ „ჰერეთის“ შემოტანაში შინაარსობრივ წინააღმდეგობას ვერ ხედავს, მაგრამ ეს ფორმა არც ძველი ტექსტის აღდგენად მიაჩნია, რადგან ასეთ შემთხვევაში გამოუყენებლად რჩება სიტყვა „თავადმდეო“, რომელსაც სწორედ იმ „გამორჩენილ საგეოგრაფიო სახელწოდებასთან დაკავშირებულად“ აღიქვამს21.
ედიშერ ხოშტარიას მიუღებლად მიაჩნია ტექსტში ივანე ჯავახიშვილისა და მარიამ ლორთქიფანიძის შეტანილი შესწორებები. რადგან ტექსტის „ალაზნისა და მტკუარს შუა“ აღდგენის შემთხვევაში „მდ. ალაზნის მთელი მარჯვენა სანაპირო კუხეთის ფარგლებში ექცევა, მაშინ, როდესაც წყაროების თანახმად, აღნიშნული ტერიტორია მდინარის ზემო წელში კახეთს ეკუთვნოდა, ქვევით კი, გულგულადან მოკიდებული... ჰერეთსო“. ასევე გამართლებულად არ მიაჩნია „ალაზნის“ მაგივრად „მცირე ალაზნის“ (იგივე „იორის“) ჩასმა. ასეთ შემთხვევებში „გაურკვეველი რჩება, რა უნდა იგულისხმებოდეს თვით გამოთქმაში „თავადმდე მთასა კახეთისასა“, მითუმეტეს, თუ ამ შესწორების ავტორები იზიარებენ კახეთის მთის ვახუშტისეულ ლოკალიზაციასო22. მისი აზრით, სიტყვას „თავადმდე“ არაფერი აქვს საერთო სიტყვასთან „მთასა კახეთისასა“, ამიტომ ივანე ჯავახიშვილის მიერ „მთასა“-ს „მთისა“-დ შეცვლაც არ ჰგონია მართებული23.
ედიშერ ხოშტარია გვთავაზობს, რომ „ნაკლული ტექსტის აღდგენა უნდა მოხდეს... იმავე წესით, როგორც ეს „ქართლის ცხოვრების“ რუმიანცევისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებშია მოცემული, ე. ი. გამორჩენილი მეოთხე გეოგრაფიული სახელწოდება ტექსტში უნდა შეტანილ იქნას იქ, სადაც ნუსხებში სიტყვა „ჰერეთია“ ჩართული, თუმცა არა ამ სახით, არამედ შემდეგნაირად: „მისცა არაგვითგან ვიდრე თავადმდე ჰერეთისა...“24.
დავით მუსხელიშვილი კუხეთის საზღვრების საკითხით დაინტერესდა ქართლსა და ჰერეთს შორის საზღვრების დადგენის მცდელობისას, როდესაც კუხეთ-ჰერეთის საზღვრების საკითხს ეხებოდა. მეცნიერი განიხილავს ლეონტი მროველის მეთოდს, „რომლის საშუალებითაც იგი ახდენს თავისი ისტორიულ-გეოგრაფიული კონცეფციის კონკრეტიზაციას“. ეს კი შემდეგნაირად გამოიხატება: „საცა ხერხდება, ან უკეთ, საცა საზღვარი ბუნებრივ ზღვარზე გადის (მდინარე, ქედი), ლეონტი მროველი ასახელებს მას“ (მაგ., ქართლოსის წილის საზღვარი). „მაგრამ საცა საზღვრის ხაზი არ მიჰყვება ბუნებრივ ზღვარს, იქ ლეონტი მროველი კმაყოფილდება ერთი პუნქტის დასახელებით, რომელიც ამ ხაზზე მდებარეობს და რომელიც, ამდაგვარად, ერთგვარი ორიენტირის როლს თამაშობს“ (მაგალითად მოჰყავს მოვაკანის წილი). „მეორე მხრივ, ლეონტი მროველისათვის დამახასიათებელია საზღვრების აღნიშვნა საპირისპირო ქვეყნების საზღვრების მიხედვით“ (მაგალითად მოჰყავს გარდაბოსის წილი)25.
დავით მუსხელიშვილი აღნიშნავს, რომ კუხეთის საზღვრების ორიენტირებიდან ლეონტისთან „დასახელებულია მხოლოდ სამი: არაგვი (შეცდომით _ ეგრი), კახეთის მთა და მტკვარი“, მეოთხე ორიენტირი კი აკლიაო26. ლეონტი მროველის მეთოდიკური თავისებურების (მოპირდაპირე მხარეების ორიენტირების წყვილებად დასახელება) გათვალისწინებით, მკვლევარმა „კახეთის მთის, როგორც კუხეთის საზღვრის დაკავშირება არაგვთან“ მართებულად არ მიიჩნია. ამ თვალთხედვას მას უმყარებს მსაზღვრელ-საზღვრულის არსებული შეთანხმება: „არაგვითგან ვიდრე თავადმდე მთასა კახეთისასა“ („მთა“ მიცემითშია), რაც „ქართული სინტაქსისათვის შეუწყნარებელია“ და წესით „თავადმდე მთისა კახეთისასა“ (ნათესაობითში) უნდა ყოფილიყოო. ამიტომ კახეთის მთა მდ. მტკვართან ერთად შეადგენს ჩრდილოეთისა და სამხრეთის საზღვრების წყვილსო. როგორც ჩანს, ძირითადად სწორედ იმის გამო, რომ მტკვრის მოპირდაპირე წყვილი კახეთის მთაა, დავით მუსხელიშვილმა მტკვრის ამდაგვარ „მეწყვილედ“ ივანე ჯავახიშვილის მიერ ალაზნის დასახელების ვერსია არ გაიზიარა27. მკვლევარი არც მარიამ ლორთქიფანიძის ვერსიას (იორს) ეთანხმება, ვინაიდან ლეონტისავე ცნობით, ჰერეთის სამხრეთი საზღვარი მტკვარია (ჰერეთი „ქუეყანა მტკვრისა ჩრდილოთ“) „და არა იორი, როგორც ამ შემთხვევაში გამოვიდოდა“28.
დავით მუსხელიშვილის შეფასებით სიმონ ყაუხჩიშვილის კონიექტურა „ძირითადად სწორია“, თუმცა ბოლომდე არაზუსტი29. ლეონტის ზემოაღნიშნული პრინციპის შესაბამისად, გამორჩენილი მეოთხე კომპონენტი არაგვის წყვილი უნდა ყოფილიყო: „არაგვიდგან ვიდრე თავადმდე“, მაგრამ „რის თავამდე ანუ დასაწყისამდე ან ეგების [შესარ]თავამდე, ჩვენთვის დაუდგენელიაო“ _ წერს დავით მუსხელიშვილი, ასკვნის რომ `შესაძლებელია აქ „თავადმდე“ თავიდან სრულებითაც არა ყოფილა და ლეონტი მროველის თავდაპირველი ტექსტი ასეთი იყო: „ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქუიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა“30.
როგორც ვნახეთ, ლეონტი მროველის თხზულებაში კუხოსის წილის საზღვრების გააზრება თუ მისი ინტერპრეტაციები მართლაც გამოირჩევა ნაირგვარობით. შევეცდებით, შეძლებისდაგვარად დეტალურად განვიხილოთ და გავაანალიზოთ ყოველი მათგანი.
1. კონიექტურა „[შესარ]თავამდე“.
სხვადასხვა მამამთავართა წილხვედრი მიწა-წყლის განსაზღვრად ლეონტი მროველი მართლაც იყენებს სიტყვა „შესართავს„ (ოდნავ განსხვავებული ფორმით _ „შესართავითგან“):
ა) „ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღაუმდე“.
ბ) „ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქვიან გულგულა“31.
აღსანიშნავია, რომ მარიამისეულ ნუსხაში ორივე დასახელებულ შემთხვევაში გვაქვს „მცირისა ალაზნისა თავიდგან“32, რაც უეჭველად გაგებულ უნდა იქნას, როგორც „მცირე ალაზნის სათავიდან“. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჰეროსისა და მოვაკანის ქვეყნების საზღვრების შესახებ რეალური წარმოდგენის შექმნა ვეღარ ხერხდება. ალაზნის სათავეებიდან ტყეტბა-გულგულამდე ხაზი ჰერეთისა და მოვაკანის საზღვარი ვერაფრით იქნება. თუ ჰერეთს ამ ხაზის დასავ-ლეთით წარმოვიდგენთ (მისი სხვა მხარეს წარმოდგენა გამორიცხულია _ აღმოსავლეთით უდავოდ მოვაკანია „ზღუადმდე“, სადაც ასევე უდავოდ კასპიის ზღვა მოიაზრება), მაშინ კახეთისათვის საერთოდ აღარ რჩება ადგილი. ამასთანავე ლეონტისაგან ვიცით, რომ ტყეტბა სწორედ კახეთსა და ჰერეთსშორისი სასაზღვრო პუნქტია და არა ჰერეთ-მოვაკანისა: „ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთას შორის, არაგვითგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა“33.
აი, თუ კი ჰეროსის ქვეყნის სასაზღვრო პუნქტად „მცირისა ალაზნის შესართავს“ წავიკითხავთ, როგორც ამას დანარჩენი ნუსხები გვთავაზობენ, ყველაფერი თავის ადგილას დგება: მტკვრის ჩრდილოეთი სივრცე (მარჯვენა სანაპირო) მცირე ალაზნის (ივრის) შესართავიდან აღმოსავლეთით მოვაკანის ტერიტორიაა, დასავლეთით კი _ ჰეროსისა.
ივ. ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ „ორთავე ალაზანთა შესაკრებელი“ (ალაზნისა და ივრის შესართავი), სადაც აშენებს ქალაქს ჰეროსი, ჰერეთის ფარგლებს გარეთ მოექცევა, თუ მარიამისეული ნუსხის „თავიდგან“ აქ უცვლელი სახით დარჩებოდა34.
მაშასადამე, ჰეროსისა და მოვაკანის საზღვრების განმარტებისას მარიამისეული ნუსხის „თავითგან„ სრულიად უმართებულოა და გვიანდელ ნუსხებში დაფიქსირებული „შესართავითგან“ აშკარად შესაფერისად გამოიყურება. ვფიქრობ, ჰეროსისა და მოვაკანის ქვეყნების საზღვრებთან დაკავშირებით სწორედ ეს სიტყვა უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული ჩვენამდე მოუღწეველ მარიამისეულ ნუსხა-დედანშიც. ჩანს, ამ ნუსხის გადამწერმა, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტექსტში ისედაც არა ერთ აშკარა უხეშ შეცდომას უშვებს, დედნისეული „შესართავითგან“ მისდაუნებურად აღიქვა როგორც „თავითგან“ (ანდა განგებ შეცვალა, მისი აზრით, უფრო სწორი ფორმით, რაც ნაკლებ მოსალოდნელია) და შესაბამისად დაწერა კიდეც. მითუმეტეს, რომ ლეონტი იქვე ტექსტში ასევე იყენებს სიტყვას „თავადმდე“: „ხოლო გაჩიოსს მისცა ორბის ციხე და სკვირეთის მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა“; „ხოლო ჯავახოსს მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა“35.
შესაძლებელია, ჰეროსისა და მოვაკანის წილი ქვეყნების საზღვრების ჩვენებისას „თავითგან“-თან შედარებით „შესართავითგან“-ის აშკარა უპირატესობის გამო გადაწყვიტა ს. ყაუხჩიშვილმა, რომ კუხოსის შემთხვევაშიც იგივე შინაარსობრივი აღდგენა განეხორცილებინა. მაგრამ სულ სხვა საკითხია, რამდენად გამართლებულია ეს ცვლილება ამ უკანასკნელ შემთხვევაში.
საყურადღებოა, რომ გაჩიოსის წილის ჩვენების ადგილას ყველა ნუსხაში გვაქვს „თავადმდე“, ისევე როგორც კუხოსის სამფლობელოს შემთხვევაში, განსხვავებით მოვაკანისა და ჰეროსის შემთხვევებისაგან, სადაც „თავითგან“-ს ცვლის „შესართავითგან“. ვფიქრობ, კონტექსტებზე დაკვირვება ნათელს მოჰფენს ამ გარემოებას.
იქ, სადაც მარიამისეული ნუსხის „თავი“ („თავითგან“) დანარჩენ ნუსხებში დაფიქსირებულია როგორც „შესართავი“ („შესართავითგან“), ლაპარაკია მდინარეზე („მცირე ალაზანისა შესართავითგან“), რითაც ლეონტი ქვეყნების საზღვრის ერთ-ერთ ორიენტირად მდინარის (ორივე შემთხვევაში ივრის) შესართავს გვიჩვენებს. ხოლო სადაც ყველა ნუსხა ერთმნიშვნელოვნად წერს „თავადმდე“, ორ შემთხვევაში ეს უკანასკნელი მიემართება მთას (მთაგრეხილს) („თავადმდე აბოცისა“36, „თავადმდე მთასა კახეთისასა“), ერთ შემთხვევაში კი მდინარეს („თავადმდე მტკუარისა“), რითაც ავტორი მის სათავეზე მიგვითითებს.
მაშასადამე, სიმონ ყაუხჩიშვილის კონიექტურა („შესართავადმდე“) გამართლებას ვერ პოულობს. ამას გარდა, თუ დავუშვებთ ტექსტში ამ ადგილას აღნიშნული სიტყვის არსებობას, თავისთავად გაჩნდება კითხვა: რის შესართავამდე? ს. ყაუხჩიშვილს თავისი აღდგენა მოცემული აქვს „ჰერეთთან“ ერთად. მაგრამ დასმული კითხვის პასუხად „ჰერეთი“ სრულიად გამოუსადეგარია _ „ჰერეთის შესართავამდე“ უაზრობა გამოდის. ხომ არ შეიძლება „შესართავის“ წინ ასევე მოიაზრებოდეს გადაწერისას დაკარგული რაიმე გეოგრაფიული მსაზღვრელიც, მაგ., მდინარის სახელწოდების სახით, როგორც ამას მოითხოვს თვით „შესართავადმდე“ და რასაც უნდა მიანიშნებდეს აღდგენილი სიტყვის წინ გამომცემლის მიერ მოთავსებული სამი წერტილი? არც ეს არის მოსალოდნელი. ვინაიდან თუ აქ „ჰერეთის“ ჩასმას დავეთანხმებით (როგორც ესაა ს. ყაუხჩიშვილის რედაქციაში), მაშინ კუხოსის სამფლობელოს მიმართ მსაზღვრელთა ორი ურთიერთსაპირისპირო წყვილი უკვე ისედაც არსებობს: არაგვი-ჰერეთი და კახეთის მთა-მტკვარი. რაიმე დამატებითი მსაზღვრელისათვის აქ ადგილი აღარ რჩება. მაგრამ მარიამისეულ ნუსხის პირში „ჰერეთი“ არ არის37. იქნებ მის დედანში ეწერა „შესართავისათვის“ აუცილებელი მდინარის სახელი (როგორც მაგ., „მცირისა ალაზნისა შესართავითგან“)? მაგრამ ამის ალბათობაც ძალზე მცირეა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქართლის ცხოვრების არც ერთი ნუსხა აღნიშნული კონიექტურის მსგავსი ინტერპრეტაციის საშუალებას არ გვაძლევს, მითუმეტეს, რომ სხვა ნუსხები, ხშირ შემთხვევაში, მარიამისეული ნუსხის პირის შეცდომების (ყოველ შემთხვევაში ლეონტის აღნიშნული თხზულების) სწორ წაკითხვას იძლევა.
2. ჩამატებები „და მტკუარს შუა“-ს წინ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი მოსაზრება, რომ კუხოსის წილი ქვეყნის სრულად შემოსახაზად, ლეონტის ფრაზას „და მტკუარს შუა“-ს წინ რომელიღაც გეოგრაფიული მსაზღვრელი აკლია და ასეთი შეიძლება ყოფილიყო „ალაზანი“, გამოთქვა ივ. ჯავახიშვილმა. მ. ლორთქიფანიძემ კი „ალაზნის“ ნაცვლად „იორის“, ანუ „მცირე ალაზნის“ ჩამატება მიიჩნია უფრო მიზანშეწონილად.
დავიწყოთ „ალაზნით“. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ამგვარი ჩამატების უარსაყოფად არ გამოდგება არგუმენტი, რომ კუხეთის აღმოსავლეთი საზღვარი კახეთის მთაა და არა ალაზანი38. აქ „კახეთის მთის“ არასწორ ლოკალიზაციასთან გვაქვს საქმე, რაზეც ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. „ალაზნის“ გამოუსადეგრობის დასადასტურებლად არც ის დასაბუთება გამოიყურება დამაჯერებლად, თითქოს აღნიშნული შესწორებით კუხეთის საზღვრები, ლეონტის მროველის პრინციპების დარღვევით, წარმოდგენილია ორ ხაზზე (არაგვიდან კახეთის მთამდე და ალაზნიდან მტკვრამდე) და იმდაგვარად, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი საზღვრები არ არის მოცემული, რასაც მემატიანე აღუნიშნავს არ დატოვებდა39. თუმცა რუკაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მდ. ალაზნის მთელი შუა წელი (მისი მთლიანი სიგრძის დიდი ნაწილი) მთლიანობაში დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიედინება (მცირე დახრით სამხრეთისაკენ) და ამის შემდეგ უხვევს მკვეთრად სამხრეთისაკენ. ეს კი ნიშნავს, რომ ალაზანი თავისუფლად შეიძლებოდა გამომდგარიყო მის მარჯვენა სანაპიროზე განფენილი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრადაც. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას მტკვრის მიმართაც: მართალია, არაგვის შერთვის შემდეგ იგი მთლიანობაში სამხრეთისკენ მიედინება, მაგრამ ხრამის შესართავის შემდეგ დასავლეთისაკენ უხვევს (ასევე სამხრეთისაკენ დახრილობით). ამიტომ მტკვარს ალაზნის სამხრეთით მდებარე ქვეყნისათვის სამხრეთი საზღვრის ფუნქციის გაწევაც არ გაუჭირდებოდა.
მიუხედავად ზემოთქმულისა, „ალაზნის“ ჩამატება მაინც უადგილოდ გამოიყურება. მთავარი მიზეზი კი, რის გამოც ასეთი ჩასწორება გამართლებას ვერ პოულობს, არის შემდეგი გარემოება: ალაზნის კუხეთის საზღვრად დასახვის შემთხვევაში ამ მდინარის მთელი მარჯვენა სანაპირო კუხეთის ფარგლებში ექცევა და ეს იმ დროს, როცა იმავე წყაროს ცნობით, გულგულას ზემოთ იგი კახეთის შემადგენლობაშია, ხოლო ამ პუნქტის ქვემოთ _ ჰერეთისა40.
ხომ არ შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს „და მტკუარ შუა“-ს წინ „იორის“ ან „მცირე ალაზნის“ ჩამატება? ასეთ შემთხვევაში კუხეთი იორსა და მტკუარს შორის მოქცეულ ქვეყნად წარმოგვიდგება. ეს რომ ასე ყოფილიყო, იორზე უნდა გაევლო საზღვრებს, ერთი მხრივ კუხეთსა და კახეთს შორის (მდინარის შუა წელზე), მეორე მხრივ კი კუხეთსა და ჰერეთს შორის (მდინარის ქვემო წელზე) და შესაბამისად, ეს ჰიდროგრაფიული ერთეული კუხეთის ამ მოსაზღვრე ქვეყნების საზღვრადაც უნდა ყოფილიყო დასახელებული. როგორც მაგ., კუხეთის საზღვრად მოცემული „კახეთის მთას“ წყარო კახეთის შემომსაზღვრელ ერთეულადაც ასახელებს. ისევე როგორც მტკვარს მემატიანე ერთი მხრივ ჰერეთისა და მოვაკნის სამხრეთ საზღვრად გვისახავს, მეორე მხრივ კი _ ბარდოსის ქვეყნის ჩრდილოეთ მიჯნად.
„იორის“ ჩამატების მართებულობას სრულიად ეწინააღმდეგება იგივე მონაცემები: ა) ჰერეთი მოიცავს მიწა-წყალს „მტკურისა ჩრდილოთ“, ანუ მის სამხრეთ საზღვრად იორი ვერანაირად ვერ იქნება41; ბ) ამავე დროს ჰერეთი განვრცობილია „მცირისა ალაზნის შესართავითგან“ დასავლეთით (ტყეტბამდე), რაც ნიშნავს, რომ სწორედ ჰეროსის ქვეყნის და არა კუხეთის შემადგენელი ნაწილია იორის ქვემო წელსა და მტკვარს შორის არსებული სივრცე; გ) ერთი მხრივ კახეთის და მეორე მხრივ კუხეთის საზღვრად „კახეთის მთის„ დასახელება მას ამ ორი ქვეყნის გამყოფ მიჯნად წარმოგვიდგენს, რაც თავისთავად გამორიცხავს კახეთ-კუხეთს შორის საზღვრის იორზე დადების შესაძლებლობას.
თუ არც „ალაზნის“ ჩამატება ამართლებს და „იორის“ („მცირე ალაზანის“), მაშ რა გეოგრაფიული მსაზღვრელი შეიძლება ჩაისვას „და მტკუარს შუა“-ს წინ? როგორც მართებულად არის შენიშნული, კახეთის მთა და მტკვარი კუხეთის საპირისპირო საზღვრების მაჩვენებელი გეოგრაფიული ერთეულების ერთი წყვილია42. ამიტომ ვფიქრობ, ტექსტში ამ ადგილას ნებისმიერი ახალი ერთეულის ჩამატება არანაკლებ ხელოვნური იქნება და საკითხის გარკვევაშიც ვერ დაგვეხმარება.
3. ჩამატება „მთისა კახეთისასა“.
პირველ რიგში განვიხილოთ კახეთის მთის ლოკალიზაციის საკითხი.
ვახუშტის აღწერილობის მიხედვით, კახეთის მთა შემადგენელი ნაწილია აწინდელი კახეთის შუაში („საშუალ“) მდებარე მთაგრეხილისა,„რომელი გამოხდების ფშავ-ღლიღვსსა-შორისის კავკასიდამ და გამოვლის მახვილის ხევსა და ფშავს შორის, კუალად ერწო-თიანეთსა და ირტო-საყდრიონს შორის, და ჟალეთის ბოლომდე მდებარებს ჩრდილოდამ სამხრით, მერმე წარმოვალს და მივალს მაღარო-ხორნაბუჯამდე, აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა მდებარებს და უძეს აღმოსავლით შიგნით-კახეთი, სამხრით ქისიყი, დასავლით გარეთ-კახეთი და ერწო-თიანეთი. და ეწოდების მთასა ამას კავკასის კერძოსაკენ მთა კახეთისა, მერმე გომბორი, შუამთა და ცივი“43.
ამ აღწერიდან ცხადია, რომ ვახუშტის „კახეთის მთა“ ეს თანამედროვე კახეთის ქედია44, რომლის ერთგვარ შემდგომ გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ ცივ-გომბორის მთები. ვახუშტის ამგვარი ლოკალიზაციის მიხედვით აქვთ გააზრებული კახეთის მთის ადგილმდებარეობა ივანე ჯავახიშვილსა45 და მარიამ ლორთქიფანიძესაც46.
ცნობილია, რომ „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, „კახეთის მთა“ კახეთისა და კუხეთის გამყოფი საზღვარია. კახეთი კი იმავე წყაროს თანახმად, მდებარეობს „კავკასიასა და კახეთის მთას“ შორის47, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ კახეთის მთა ამ ქვეყნის სამხრეთი საზღვარი უნდა იყოს, ვინაიდან კავკასიონის ქედი კახეთს ჩრდილოეთიდან საზღვრავდა, კახეთის მთა კი მის საპირისპირო მხარეს მოიაზრება (კახეთის მიწა-წყალი ხომ ამ ორ ქედს შორის ყოფილა მოქცეული). შესაბამისად, იგივე მთა (მთაგრეხილი) კუხეთისათვის მხოლოდ ჩრდილოეთ საზღვარს შეიძლება წარმოადგენდეს48. ვახუშტის მიერ ლოკალიზებული, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მომართული კახეთის მთა კი, რომელიც კავკასიონის ერთ-ერთი განტოტებად წარმოჩინდება, თავისთავად კახეთის დასავლეთ და კუხეთისათვის აღმოსავლეთ საზღვრად ისახება49. „მეფეთა ცხოვრებაში“ დასახელებული „ახეთის მთის“ ამგვარი ლოკალიზაცია საზღვრების გარკვევაში არაერთ წინააღმდეგობას ქმნის. ამის შესახებ მიუთითა ედ. ხოშტარიამ: „თუ კი დავუშვებთ, რომ კახეთის მთა კახეთს შემოფარგლავდა დასავლეთიდან, გაუგებარი ხდება ლეონტი მროველის მიერ ამავე მხრით კახეთის საზღვრად არაგვის მითითება. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ისტორიული კახეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი (არაგვსა და ვახუშტისეულ კახეთის მთას შორის) კახეთის საზღვრებს გარეთ რჩება“50. თუმცა უნდა აღინიშნოს, ვახუშტის შესაბამის რუკაზე კახეთისა და კუხეთის საერთო საზღვარი, ჟინვალიდან სამხრეთით, არაგვისა და იორის წყალგამყოფ ქედზე გადის. ეს კი დღევანდელი ქართლის ქედია, რომელიც ამჟამინდელ კახეთის ქედის დასავლეთით მდებარეობს. ცხადია, ვახუშტი „კახეთის მთაში“ ქართლის ქედსაც მოიაზრებს. ამის მიმანიშნებელი უნდა იყოს ბატონიშვილის თქმული, რომ კახეთის მთას „განკვეთს, ერწო-თიანეთს, იორის მდინარე“51. ამის გათვალისწინებით, უძველესი კახეთის გარეთ რჩება არაგვსა და ქართლის ქედს შორის არსებული ტერიტორია. ესაა არაგვის ხეობის მარცხენა სანაპირო თეთრი და შავი არაგვის შესართავამდე.
ნებისმიერ შემთხვევაში, უცილობლად შეიძლება დავასკვნათ, რომ ვახუშტის ლოკალიზებული კახეთის მთა არ შეესაბამება „მეფეთა ცხოვრებაში“ ნახსენებ „კახეთის მთას“52.
„მეფეთა ცხოვრებაში“ ნახსენები „კახეთის მთის“ უტყუარი ლოკალიზაცია გადმოგვცა ედ. ხოშტარიამ, როცა ამ „მთაში“ იალნო-საგურამოს ქედი ამოიცნო. ეს ერთადერთი მთაგრეხილია, რომელსაც შესაფერისი მდებარეობა გააჩნია, ანუ რომელიც შეიძლება ყოფილიყო კუხეთის ჩრდილოეთი და ამავდროულად კახეთის სამხრეთი საზღვარი. მეცნიერი თავის შეხედულებას ამაგრებს ასევე „წმ. ნინოს ცხოვრებაში“ დაცული ერთი ცნობით. წმ. ნინო მოუწოდებს მირიან მეფეს და ხალხს: „განავლინეთ კაცნი მთათა ზედა მაღალთა აღმოსავალად ვიდრე კახეთისა მთადმდე და დასავლეთით ვიდრე მიაწევდეს სამეფო შენი“53. ეს ცნობა მიგვანიშნებს, რომ „კახეთის მთა“ მცხეთაში მყოფთათვის აღმოსავლეთით მდებარეობდა. ასეთი კი მხოლოდ იალნო-საგურამოს ანუ ზედაზნის მთა შეიძლებოდა ყოფილიყო54. ამ მთას კი ვახუშტი „ზედაძნის ანუ კუხეთის მთად“ მოიხსენიებს55. მაშასადამე, ვახუშტიმ სწორად ვერ განსაზღვრა „მეფეთა ცხოვრების“ „კახეთის მთის“ ლოკალიზაცია და იგი შემდეგდროინდელ კახეთის ქედთან გააიგივა. ვახუშტის ეს უნებლიე შეცდომა ერთგან ახსნილია შემდეგი გარემოებით: კახეთის მთად წარმოიდგინებოდა ის მთაგრეხილი, რომლის იქითაც (ქართლიდან დანახულად) მდებარეობდა კახეთი. ადრინდელ ხანაში ეს იყო ზედაზნის ქედი, გვიან-შუასაუკუნეებში, ვახუშტის დროს კი _ ამჟამინდელი კახეთის ქედი56. ამის თაობაზე კი უნდა ითქვას, რომ გვიან შუა საუკუნეებში ქართლისა და კახეთის სამეფოებს შორის საზღვარი ჩვეულებრივ, ამ კახეთის ქედზე მნიშვნელოვნად დასავლეთით, მდინარე არაგვზე გადიოდა. ასე რომ კახეთის ფარგლებში რჩებოდა არათუ კახეთის, არამედ ამ უკანასკნელის კიდევ უფრო დასავლეთით მდებარე დღევანდელი ქართლის ქედიც. კახეთის ქედი (ვახუშტისეული „კახეთის მთა“) იმდროინდელი კახეთის მიჯნას რომ არ წარმოადგენს ვახუშტის ეპოქაში ადასტურებს თავად ბატონიშვილის სიტყვები: ერთი მხრივ, რომ ეს მთა (ცივ-გომბორის ქედითურთ) „ქუეყნისა ამის (კახეთის _ დ. მ.) საშუალ არს“, რაც ნიშნავს, რომ მას კახეთის შუაში, ანუ ფარგლებს შიგნით მოიაზრებს და მეორე მხრივ კი პირდაპირი მითითება, რომ „მდინარე არაგვი განჰყოფს ქართლსა და კახეთსა“57.
მართალია, ლევან ჭილაშვილიც აღნიშნავს, რომ „როგორც ირკვევა, ლეონტი მროველის კახეთის მთა იგივე იალნო-საგურამოს ქედი უნდა იყოს“58 და შემდეგ დასძენს, რომ „ვახუშტი იმავე მთას იცნობს კუხეთის მთის სახელით... საყურადღებოა ისიც, რომ ლეონტი მროველი არ იცნობს კუხეთის მთას. მან აქ კახეთის მთა იცის მხოლოდ“59, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამავე დროს, რატომღაც არათუ აღარ უთითებს, რაღას წარმოადგენს მაშინ ვახუშტისეული „კახეთის მთა“, არამედ ვახუშტის „კუხეთის მთასა“ და ლეონტის „კახეთის მთას“ მაინც ერთმანეთთან აიგივებს (შესაბამისად ტოლობის ნიშანი ესმება ვახუშტისეულ ორ სხვადასხვა მთაგრეხილსაც _ „კახეთის მთასა“ და „კუხეთის მთას“, რაც სრული ნონსენსია). ამიტომ უნდა იყოს, რომ მეცნიერი კუხეთის საზღვრების შემდგომ დაზუსტებასაც კვლავ „კახეთის მთის“ ვახუშტისეული არასწორი ლოკალიზაციის მიხედვით ცდილობს60.
იმ მოსაზრებით, რომ „მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა“ წინადადების მეორე ნაწილის სახით საზღვრების ერთ წყვილს წარმოადგენს და შესაბამისად, არა სჩანს, „არაგვითგან“ რის „თავადმდე“ ვრცელდებოდა კუხეთის მიწა-წყალი, ლევან ჭილაშვილმა მიიჩნია, რომ გამორჩენილი სიტყვა ტექსტში სწორედ „თავადმდე“-ს შემდეგ არის საძიებელი. ტექსტისეული „კახეთის მთის“ განსხვავებული ლოკალიზაციისა და ვახუშტის მონაცემების გათვალისწინებით მეცნიერმა ტექსტის ასეთი აღდგენა შემოგვთავაზა: „ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქუიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე თავადმდე [მთისა კახეთისასა], მთასა კახეთისასა და მტკუარსა შუა“. ავტორის აზრით, ტექსტის შემდგომი დამახინჯება უნდა მოეწვია იმ გარემოებას, რომ „მთისა კახეთისასა“ და „მთასა კახეთისასა“ „გადამწერებს ერთი და იმავე სიტყვის გამეორება ეგონებოდათ და ამიტომ გადმოწერეს ერთი („მთასა კახეთისასა“), მეორე კი ამოიღეს. სინამდვილეში ისინი მხარის სხვადასხვა საზღვრებს გადმოსცემდნენ“61. განმარტება თითქოს ლოგიკურია, თუმცა პასუხგაუცემელი რჩება ერთი საკითხი: როგორ მოხდა, რომ გადამწერებმა მიიჩნიეს რა ტექსტში ერთმანეთის გვერდიგვერდ ორჯერ ნახსენები „კახეთის მთა“ ერთი და იმავე სიტყვის ორჯერ მექანიკურ გამეორებად, რატომ ამოიღეს მისი არა მეორე ხსენება („მთასა კახეთისასა“), რაც უფრო ლოგიკური იქნებოდა ასეთ შემთხვევაში, არამედ პირველივე ხსენება _ „მთისა კახეთისასა“); მით უფრო, რომ ამ მოქმედებით აღნიშნულ წინადადებაში გრამატიკული გაუმართაობაც შემოუტანიათ (როგორც ამას ხაზს უსვამენ ზემოდასახელებული მკვლევარები), რასაც არ ექნებოდა ადგილი მეორე ხსენების („მთასა კახეთისასას“) ამოღების შემთხვევაში.
4. ჩამატება „ჰერეთი“.
„ჰერეთის“, როგორც ქვეყნის დამატებით მსაზღვრელი ერთეულის ჩამატებას, ვხედავთ ჯერ კიდევ XVIII ს-ის ზოგიერთ ნუსხაში (მაგ., მაჩაბლისეული, რუმიანცევისეული ნუსხები). ამ სახით („ჰერეთის“ დართვით) არის ტექსტის ეს ადგილი „ქართლის ცხოვრების“ როგორც ადრინდელ (მ. ბროსეს, ზ. ჭიჭინაძის), ისე გვიანდელ (ს. ყაუხჩიშვილის, რ. მეტრეველის რედ.) გამოცემებში.
ტექსტში „ჰერეთის“ გამოჩენის მართებულობას იზიარებენ და ამ სიტყვის ჩასმით აგებენ თავიანთ აღდგენებს ზოგიერთი სხვა მკვლევარებიც. დ. მუსხელიშვილის აზრით, ტექსტიდან ამოვარდნილი მეოთხე მსაზღვრელი „არაგვის“ მეწყვილე უნდა ყოფილიყო. თუმცა მას გაურკვევლად მიაჩნია არაგვიდან რის თავამდე (ანუ დასაწყისამდე) თუ შესართავამდე ვრცელდებოდა კუხეთის საზღვრები და ამიტომ დაასკვნა, რომ „შესაძლებელია აქ „თავადმდე“ თავიდან სრულებითაც არა ყოფილა და ლეონტი მროველის თავდაპირველი ტექსტი ასეთი იყო: „ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქუიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა“62.
ე. ხოშტარიას აზრით კი სიტყვა „თავადმდე“ უნდა დაუკავშირდეს სწორედ „ჰერეთს“ და არა „მთასა კახეთისასა“-ს. ამდენად მისთვის სრულიად მისაღებია რუმიანცევისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში მოცემული „ჰერეთის“ ჩამატება, ოღონდ გარკვეული სახეცვლილებით: „მისცა არაგვითგან ვიდრე თავადმდე ჰერეთისა მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა“63.
როგორც ვხედავთ, ერთი მხრივ, აღდგენის ამ ორ უკანასკნელ ვარიანტსა და მეორე მხრივ „ქართლის ცხოვრების“ „ჰერეთიან“ ნუსხებს შორის რაიმე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი განსხვავება არ შეინიშნება. დასახელებული ორი მკვლევარის შესწორებაში განსხვავება გამოიხატება მხოლოდ სიტყვა „თავადმდე“-სთან დამოკიდებულებაში _ ე. ხოშტარიამ იგი ჰერეთს მიუსადაგა, მაშინ როცა დ. მუსხელიშვილმა „თავადმდე“ ზედმეტად მიიჩნია და საერთოდ უგულვებელყო.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საზღვრებთან დაკავშირებით „თავადმდე“ მიემართება ან მთას ან მდინარეს (როგორც მდინარის სათავის ან მთაგრეხილის დასაწყისის აღმნიშნვნელი), მაგრამ არცერთ შემთხვევაში _ ქვეყანას. გაურკვეველია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს სიტყვებში _ „თავადმდე ჰერეთისასა“. ჰერეთის დასაწყისი მეტისმეტად არადამაჯერებელია. ვფიქრობ, სიტყვათა შეთანხმების _ „თავადმდე ჰერეთისა“-ს მიზანშეწონილობა ძალზე საეჭვოდ გამოიყურება. ამასთანავე საჭიროებს ახსნას: როგორ და გარემოების გამო აღმოჩნდა ტექსტში ამ ადგილას სიტყვა „თავადმდე“, თუ ეს სიტყვა მანამდე აქ საერთოდ არ არსებობდა.
ლეონტი მროველის ცნობის გაგებისათვის
თუ წარმოვიდგენთ, რომ ლეონტი კუხეთის საზღვრებს ორ საპირისპირო წყვილად წარმოგვიდგენს, ზოგადად „ჰერეთის“, როგორც არაგვის საპირისპირო წყვილის ჩასმა აქ შინაარსობრივად სწორი გამოდის64: თუ არაგვს კუხეთის დასავლეთ საზღვრად მივიღებთ, ჰერეთი მისი მოპირდაპირე, აღმოსავლეთი მხარის საზღვარი გამოვიდოდა. მაგრამ მანამდე ვნახოთ, რამდენად არის დამახასიათებელი ლეონტისათვის ქვეყნის საზღვრების გადმოცემისას საზღვრად სხვა ქვეყნის დასახელება. ასეთი სულ ორიოდე შემთხვევაა და ორივე ჯერზე, სხვათა შორის, სწორედ ჰერეთია ნახსენები: ქართლოსის ქვეყნის აღმოსავლეთი საზღვარი ყოფილა „ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი“, კახოსის მიწა-წყალი კი ვრცელდებოდა „არაგვითგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“. მაგრამ თუ პირველ შემთხვევაში მდინარე ბერდუჯთან ერთად ქართლის აღმოსავლეთ საზღვრად მართლაც ჰერეთია დასახელებული, მეორეში _ ასეთად მითითებულია ტყეტბა, როგორც სასაზღვრო პუნქტი ჰერეთთან და არა თვითონ ჰერეთი. ე.ი. ასეთი სულ ერთადერთი შემთხვევა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეონტისათვის საზღვრად ქვეყნის დასახელება ზოგადად დამახასიათებელი არ არის65. ჩვეულებრივ, ლეონტი არ მიუთითებს ქვეყნის საზღვრად მეორე ქვეყანას და ჩანს, იმ მიზეზით, რომ ასეთ დროს გაურკვეველი დარჩებოდა, მაინც სად გადიოდა საზღვარი ამ ორ ქვეყანას შორის, რის ჩვენებასაც ისახავს მიზნად მემატიანე. ზემოდასახელებულ იმ ერთადერთ შემთხვევასაც ეძებნება ახსნა: ვფიქრობ, ქართლოსის ქვეყნის მიჯნად მეორე ქვეყნის (მდინარესთან ერთად) დასახელებით ქართლის აღმოსავლეთი საზღვარი შედარებით ზოგადი შტრიხებითაა მითითებული, ვინაიდან ამ მონაკვეთის საზღვრის მონახაზს ლეონტი უფრო დეტალურად გადმოგვცემს იქვე, ქართლში შემავალი ქვეყნების: კახეთისა და კუხეთის საზღვრების შესახებ საუბრისას და მასზე მეორეჯერ საგანგებოდ შეჩერებას საჭიროდ აღარ მიიჩნევს. ამ უკანასკნელთა აღმოსავლეთი საზღვრებიც ხომ ამასთანავე ქართლის სახელმწიფოს აღმოსავლეთ საზღვარსაც წარმოადგენდა.
ეხლა ვნახოთ, რამდენად არის ლეონტისათვის დამახასიათებელი ქვეყნის საზღვრების ორ საპირისპირო წყვილად წარმოჩენა. საზღვრები „მეფეთა ცხოვრებაში“ მართლაც ხან ქვეყნის მხარეების (დასავლეთი, აღმოსავლეთი და ა.შ.) მიხედვით არის მოცემული (მაგ., გარდაბოსის წილი)66, ხანაც _ საპირისპირო მსაზღვრელების მიხედვით (მაგ., კახოსის წილი). მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევებში საზღვრები ოთხივე მხრით, ანდა ორი საპირისპირო წყვილის სახით სულაც არ არის მოცემული. ხშირად ერთ-ერთი საზღვარი (ჩვეულებრივ, კავკასიონის ქედი) უბრალოდ იგულისხმება (მაგ., ჰეროსისა და მოვაკანის ქვეყნები) ან ბოლომდე გაურკვეველია (მაგ., ბარდოსის ქვეყანა). ხანაც საზღვრები მხოლოდ ორი მსაზღვრელის საშუალებით არის გადმოცემული. ამის ნიმუშია გაჩიოსის ქვეყნის საზღვრები: „სკვირეთის მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა“67.
მაშასადამე, ლეონტი ქვეყნების საზღვრების ყოველთვის ცალსახად ოთხივე მხრით არ წარმოგვიდგენს68. ეს თავისთავად საეჭვოდ აქცევს ჯერ ივ. ჯავახიშვილის მიერ გამოთქმულ და შემდეგ ჩვენს ისტორიოგრაფიაში დღემდე გაზიარებულ დებულებას, რომ კუხეთის საზღვრების ჩვენებისას მარიამისეული ნუსხის პირში რომელიღაც (ალბათ აღმოსავლეთი) მსაზღვრელი გამორჩენილია69.
ასეთ ვითარებაში არ უნდა გამოირიცხოს აღნიშნულ ნუსხაში კუხეთის საზღვრების მონაცემების იმდაგვარად წაკითხვა, რომ რაიმე ჩამატების გარეშე შეიქმნას შეძლებისდაგვარად სრული შთაბეჭდილება მის ირგვლივ. ვნახოთ, რამდენად იძლევა ამის შესაძლებლობას ტექსტის შესაბამისი მონაკვეთი.
მაშ ასე, კიდევ ერთხელ გადავხედოთ წყაროს (ტექსტი მოგვყავს ორიოდ აშკარა კალმისმიერი შეცდომის გასწორებით: „კახოსს“ _ „კუხოსს“, „ეგრითგან“ _ „არაგვითგან“). აქ წერია: „კუხოსს მისცა ბოსტან ქალაქი, რომელსა აწ ჰქუიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე თავადმდე მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა“. აქ ჩანს სამი მსაზღვრელი: არაგვი, კახეთის მთა და მტკვარი. საკითხით დაინტერესებულ მკვლევართა მთელი ძალისხმევა კი მიმართული იყო მეოთხე მსაზღვრელის დადგენისაკენ. ვინაიდან ისტორიულ-გეოგრაფიული გამოკვლევით დადგინდა, რომ აქ კახეთის მთა ამჟამინდელ ზედაზნის ანუ იალნო-საგურამოს ქედს წარმოადგენს და ეს უკანასკნელი მტკვართან ერთად კუხეთის საზღვრის ორ საპირისპირო, ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებს წარმოადგენს, საძიებელ ობიექტად იქცა არაგვის მოპირდაპირე, აღმოსავლეთი მსაზღვრელი. მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი არაგვი კუხეთის დასავლეთი საზღვარი იყოს, როცა იგივე მდინარე ამავე დროს იმავე მემატიანის მიერ კახეთის დასავლეთ საზღვრადაც არის მითითებული? ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ არაგვის ქვემო წელი ჟინვალიდან მოკიდებული კუხეთის საზღვარია, აქედან ზემოთ კი (თეთრი არაგვი) კახეთის საზღვარს წარმოადგენს70. ეს შეხედულება ვახუშტის მიერ კახეთის მთის თავისებურ, თავის წყაროსაგან განსხვავებულ ლოკალიზაციაზეა დამყარებული და სხვა საფუძველი მას არ გააჩნია71.
ვფიქრობ, მემატიანე აქ კუხეთის საზღვრების არა ორ, არამედ ერთ წყვილს წარმოგვიდგენს: ერთი მხრივ არაგვი-კახეთის მთა და მეორე მხრივ მდინარე მტკვარი. თუ კუხეთის ჩრდილოეთი საზღვარი იალნო-საგურამოს ქედია, როგორც ეს უკვე გარკვეულია, მის ჩრდილოეთით კუხეთის მიწა-წყალი აღარაა სავარაუდებელი (იქით უპირობოდ კახეთის ტერიტორიაა საგულვებელი). მაშასადამე, კუხეთის მიჯნად არაგვის მხოლოდ შესართავი (ან მისი მოკლე მონაკვეთი მტკვართან შესართავის მიდამოებში) რჩება. ეს კი ნიშნავს, რომ ტექსტში საზღვრის აღმნიშვნელად იქ სადაც არაგვია ნახსენები უნდა ვიგულისხმოთ არა როგორც მდინარის ხაზი, არამედ როგორც პუნქტი _ არაგვის შესართავის მიდამოები.
აქ უცილობლად იშვება კითხვა: მაშინ რატომ არ მიუთითებს მემატიანე არაგვის შესართავს („არაგვის შესართავითგან“), როგორც ამას სხვა შემთხვევებში აკეთებს, როცა მდინარეთა შესართავთან ათავსებს საზღვარს (მაგ.: „ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნის შესართავითგან ვიდრე ზღუამდე“)? როგორც ლეონტის საზღვრების ჩვენებებზე დაკვირვება გვიჩვენებს, მემატიანე შესართავს მიუთითებს, როგორც დამოუკიდებელ სასაზღვრო წერტილს. კუხეთის შემთხვევაში კი, საფიქრებელია, არაგვის შესართავს კახეთის მთასთან მთლიანობაში წარმოადგენს, როგორც ერთიან სასაზღვრო ხაზს (და არა ცალკეულ პუნქტს. ამასთან კუხეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი შესაძლებელია მტკვარ-არაგვის შესართავიდან არაგვის დინების აყოლებით კიდევ მცირე მანძილზეც ვრცელდებოდა).
აქვე კიდევ ერთხელ წამოიჭრება საკითხი, როგორ შეიძლება გავიგოთ სიტყვები _ „თავადმდე მთასა კახეთისასა“. მთაგრეხილის თავი თავისუფლად შეიძლება ეწოდოს მის ორივე კიდეს, ვინაიდან მთათა სისტემას, მდინარისაგან განსხვავებით, ერთმანეთისაგან ცალსახად გამორჩეული დასაწყისი ან დასასრული არ გააჩნია. მას შემდეგ, რაც გაირკვა „მეფეთა ცხოვრების“ „კახეთის მთის“ ზედაზნის ქედთან მიმართების საკითხი, მკვლევართა უმრავლესობამ აღნიშნულ სიტყვებში დაინახა ამ ქედის დასავლეთი კიდე. ამიტომაც კუხეთის საზღვრებზე ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად ტექსტში ცვლილებების შეტანა მოუწიათ. მაგრამ ზედაზნის ქედის დასავლეთი ბოლო იმდენად ახლოს მიდის არაგვთან, საზღვრების წარმოსადგენად ტექსტში მათი ცალკე წყვილად დასახვა ყოველგვარ აზრს მოკლებული ხდება. ვფიქრობ, უპრიანი იქნება „თავადმდე მთასა კახეთისასა“-ში დავინახოთ ქედის მეორე, აღმოსავლეთი ბოლო72. აი, მაშინ ცხადად მივიღებთ საზღვრების შესაბამის საპირისპირო წყვილს: არაგვი-კახეთის მთა და მდ. მტკვარი. კუხეთი მდებარეობდა ერთი მხრივ არაგვიდან, კერძოდ არაგვის იმ ადგილიდან, სადაც მას თავს ადგას ზედაზნის მთა (ანუ მასთან ყველაზე ახლოს მიდის ქედის დასავლეთი კიდე), მთელი ქედის სიგრძეზე მის უკიდურეს აღმოსავლეთ კიდემდე გაყოლებულ ხაზსა და მეორე მხრივ, მდ. მტკვარს შორის მდებარე მიწა-წყალზე.
არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ საზღვრების ამ სახით წარმოჩენა მასზე ასე თუ ისე სრული წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისი არაა. მისი საშუალებით ჩვენ ვარკვევთ კუხეთის არა მარტო ჩრდილოეთ (ზედაზნის ქედი) და სამხრეთ (მტკვარი) საზღვრებს, არამედ დასავლეთ საზღვარსაც, რომელსაც მემატიანე სრულად გვიხაზავს მდინარე მტკვრის დასახელებით. თვალნათელია, რომ მტკვარი, მისი დინების მიმართულების ცვალებადობის შესაბამისად, წარმოადგენდა ამ ქვეყნის ერთდროულად დასავლეთ და სამხრეთ საზღვარსაც. რაც შეეხება აღმოსავლეთ მიჯნას, ამის აღმნიშვნელი ცალკე აღებული პუნქტი ან რაიმე გეოგრაფიული ერთეული მითითებული არ არის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ლეონტი ყოველი მხარის საზღვარს ყოველთვის პირდაპირ არ ასახელებს. ხშირად ასეთი საზღვარი მეტ-ნაკლები სიცხადით იკითხება ქვეტექსტში. ამ შემთხვევაში კუხეთის აღმოსავლეთი საზღვარი უნდა დავინახოთ „კახეთის მთის“ აღმოსავლეთ კიდესა და მდ. მტკვრის შემაერთებელ ჩრდილოეთ-სამხრეთ ხაზზე. იმის დასადგენად, უფრო ზუსტად თუ სად გადიოდა ეს პირობითი ხაზი, საჭიროა გავარკვიოთ, რომელი კონკრეტული ადგილი იგულისხმება „თავადმდე მთასა კახეთისასა“-ში, ანუ აღმოსავლეთით სადამდე ვრცელდებოდა ლეონტის „კახეთის მთა“73.
ამრიგად, ტექსტში ყოველგვარი ზედმეტი ჩამატებების გარეშე (რაც ტექსტზე ძალადობის სახეს იძენს ხოლმე) შესაძლებელია გარკვევით ამოვიკითხოთ კუხეთის საზღვრები და გავიგოთ, როგორ და რა საშუალებებით ცდილობს მემატიანე მკითხველის წინაშე მის წარმოდგენას. დამატებითი მეოთხე მსაზღვრელის არსებობა კი თავდაპირველ ტექსტში საგულვებელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, ფუჭია ყოველი ძალისხმევა ასეთი მსაზღვრელის ძიებისა და მისი ჩამატებით ტექსტის აღდგენისა.
შენიშვნები
1. ხელნაწერი იწყება ადერკის ქართველთა მეფედ აღიარების ამბით (სიტყვებით: „შენ გამოსჩნდი უმჯობესი ყოველთა ნათესავთა“). იხ. ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა, დასაბეჭდად მოამზადა ფილოლოგიის განყოფილებამ ს. ყაუხჩიშვილის რედ. (თბილისი, 1942), გვ. II, 25.
2. ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი (თბილისი, 2008), გვ. 9-10.
3. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ქართული ტექსტი და ძველი სომხური თარგმანი გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილია აბულაძემ (თბილისი, 1953), გვ. 12.
4. ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი, გამოცემული ე. თაყაიშვილის რედაქტორობით (ტფილისი, 1906), გვ. 6. შდრ., ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა..., გვ. 5.
5. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II (თბილისი, 1983), გვ. 40. ეს საკითხი მკვლევართა შორის სადავოდ არ ქცეულა. ამის თაობაზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.
6. ამის თაობაზე პირველად ივ. ჯავახიშვილმა აღნიშნა: „პირველ შემთხვევაში ავტორს კუხოსის სამფლობელოზე უნდა ელაპარაკა, მეორეში _ კახოსისაზე“, თხზულებანი, ტ. II, გვ. 40. შდრ.: ნ. ბერძენიშვილი, ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენის გამო, საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. I (თბილისი, 1964), გვ. 333, შენ. 4; მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან (კახეთის სამთავრო VIII-IX სს.), მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 31 (თბილისი, 1954), გვ. 20; დ. მუსხელიშვილი, კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII სს-ში, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III (თბილისი, 1967), გვ. 57.
7. ნუსხაში ამ ადგილას გამორჩენილია სიტყვები: „პირველსა მცხეთოს, მეორესა“. აქედან ბოლო სიტყვის ბოლო ორი ასო (სა) კი შემდეგ სიტყვასთან (გარდაბოს) არის გადამბული. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერში ცალკეული სიტყვები ერთმანეთისაგან ჩვეულებრივ ორწერტილით არის გამოყოფილი.
8. ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი..., გვ. 6.
9. ქართლის ცხოვრება, I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), გვ. 9.
10. „რომ „ეგრითგან“-ის მაგიერ დედანში ეწერებოდა „არაგვითგან“, როგორც ქართლის ცხოვრებაც ასწორებს, ისედაც ცხადია და დასაბუთება არა სჭირია“ (ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 40); „ტექსტში „ეგრის“ „არაგვით“ შეცვლა სავსებით მიზანშეწონილია და არ იწვევს დავას“ (ლ. ჭილაშვილი, ქალაქი რუსთავი (ისტორიულ-არქეოლოგიური ნარკვევი) (თბილისი, 1958), გვ. 6. შდრ.: მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 20 და დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა (ივერია-ალვანეთის ურთიერთობის ისტორიიდან) (თბილისი, 1966), გვ. 18).
11. ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი..., გვ. 8-9.
12. ქართლის ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, [წიგნი პირველი (ტფილისი, 1897)], გვ. 22; ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდე, მ. ბროსეს გამოც., ნაწილი პირველი, ძველი მოთხრობა, 1469 წლამდის ქრისტეს აქეთ (პეტროგრადი, 1923), გვ. 20.
13. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 40.
14. მარიამ ლორთქიფანიძე აქვე ოდნავ წინ წერს, რომ „ლეონტი მროველის თხზულების ამ ადგილის ისეთ წაკითხვას, როგორც მარიამისეულ ნუსხაშია, იძლევა ანასეული ნუსხაც“ (მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 20). მაგრამ მას მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ ეს ადგილი მატიანის დასაწყისთან ერთად ნუსხის თავნაკლულობის გამო ანასეული ნუსხაში საერთოდ არ მოიპოვება და მის შესაბამის გამოცემაში რედაქტორის (ს. ყაუხჩიშვილის) მიერ მთელი ეს საწყისი მონაკვეთი მარიამისეული ნუსხიდან უბრალოდ უცვლელად არის გადმოტანილი გამოცემის სისრულის მიზნით (ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა..., გვ. VIII).
15. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973), გვ. 523.
16. მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 21.
17. ქართლის ცხოვრება, I..., გვ. 9.
18. ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 6-7.
19 იქვე, გვ. 7-9.
20. ე. ხოშტარია, ძველი ქართული საისტორიო წყაროების „კახეთის მთის ლოკალიზაციისათვის“, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები (თბილისი, 1966), გვ. 173. როგორც ჩანს, არც ედიშერ ხოშტარიას მიუქცევია ყურადღება იმ გარემოებისათვის, რომ თავნაკლულ ანა დედოფლისეულ „ქართლის ცხოვრებაში“ ეს მონაკვეთი არ მოიპოვება და გამომცემელს მთელ დასაწყისთან ერთად მარიამ დედოფლისეული ნუსხიდან აქვს გადმოტანილი. ამიტომ აქაც და კიდევ ერთი-ორგან (იქვე, გვ. 173, შენ. 16; გვ. 174) ანასეული ნუსხის დასახელება უადგილოა.
21. იქვე, გვ. 173-174.
22. იქვე, გვ. 174.
23. იქვე, გვ. 174-175.
24. იქვე, გვ. 174.
25. დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 9.
26. იქვე, გვ. 18-19.
27. იქვე, გვ. 19.
28. იქვე, გვ. 20, შენ. 54.
29. დ. მუსხელიშვილი, კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები..., გვ. 57.
30. დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 20; მისივე, კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები..., გვ. 57-58.
31. ქართლის ცხოვრება, I..., გვ. 5.
32. ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი..., გვ. 5.
33. იქვე, გვ. 6.
34. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 40. მეორე მხრივ გაუმართლებელია „მცირე ალაზნის შესართავის“ ჩასმა „არაგვის“ მაგიერ კახეთის საზღვრების ჩვენებაში („არაგვიდან ვიდრე ტყეტბადმდე“) იმ მოსაზრებით, რომ „ჰერეთის საზღვარი მცირე ალაზანი და ტყე-ტბა იყო და არა არაგვი და ტყე-ტბა“ (იქვე, გვ. 41). ამის თაობაზე სწორად შენიშნავს მ. ლორთქიფანიძე, რომ „გამოთქმა „რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“ ტყე-ტბას-გულგულას ეხება“ და არა მდ. არაგვს, რომელიც კახეთის დასავლეთი საზღვარი იყო (მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 22).
35. ქართლის ცხოვრება, I..., გვ. 9.
36. აქ რომ აბოცი ნამდვილად მთის სახელწოდებაა, დაზუსტებულია ვახუშტი ბატონიშვილთან: „გაჩიოს მისცა ორბის ციხე და გარდაბანს სკვირეთს ზეითი აბოცის მთამდე და ფანავრამდე“ (ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 50).
37. ჩვენ არ გვაქვს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ჰერეთი ვახტანგ მეფის სწავლული კაცების რედაქციის შედეგადაა დამატებული. გარდა იმისა, რომ შინაარსობრივად ჰერეთი სავსებით ამართლებს თავის ადგილს (ე. ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 173), ასევე შეგვეძლო დაგვეშვა, რომ ეს სიტყვა მოიპოვებოდა ვახტანგამდელი ქართლის ცხოვრების ნუსხებშიც და აქედან მოხვდა უფრო გვიანდელებში. თუმცა, როგორც შემდეგში ვნახავთ, ამ ადგილის წაკითხვა „ჰერეთის“ გარეშეც შესაძლებელია.
38. შდრ. მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 21.
39. შდრ. ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 7.
40. ე. ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 173.
41. დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 20, შენ. 54.
42. ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 7-8; დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 19
43. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 524-525.
44. ედ. ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 171, დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 16. ივ. ჯავახიშვილიც, როგორც ჩანს, ვახუშტის ამ მონაცემებზე დაყრდობით კახეთის მთას ამ ადგილას უთითებს თავის 1923 წელს გამოცემულ რუკაზეც.
45. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 19
46. მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 20-22.
47. ქართლის ცხოვრება, I..., გვ. 9. ქვეყნების საზღვრების წარმოსაჩენად ლეონტი მროველი მოპირდაპირე ორიენტირების წყვილად დასახელებას არაერთხელ მიმართავს (დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 19).
48. ედ. ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 170-171, დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 18-19.
49. შდრ. კახოსის საზღვარი იყო „დასავლით მთა კახეთისა“, ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 523.
50. ედ. ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 171.
51. ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 523. ამ ფრაზამ შეიყვანა შეცდომაში მ. ლორთქიფანიძე, როცა ივ. ჯავახიშვილის შემოთავაზებულ „ალაზნის“ ნაცვლად კახეთის საზღვრად იორი წარმოიდგინა (იხ. მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 22). ვინაიდან იორი კახეთის მთას არსად არ განკვეთს, დ. მუსხელიშვილი თავის დროზე ვარაუდის სახით აღნიშნავდა, რომ თუ ტექსტი დამახინჯებული არ არის და ყველაფერი სწორად არის გაგებული, „ამ შემთხვევაში ვახუშტის „კახეთის მთა“ უდრის ქედების სისტემას, წარმოდგენილს დღევანდელი კახეთის, ქართლისა და, ეგებ, იალნოს ქედითაც“ (დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 17).
52. დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 18.
53. მოქცევაი ქართლისაი, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I (V-X სს.), ი. აბულაძის რედ. (თბილისი, 1963), გვ. 150.
54 ედ. ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 172. შდრ. დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 19.
55. ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 525, 536.
56. ედ. ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 173.
57. ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 350. არაგვი წარმოადგენს ქართლისა და კახეთის სამეფოებს შორის საზღვარს ვახუშტის შედგენილ რუკებზეც (იხ. ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს ატლასი (XVIII ს.) (თბილისი, 1997).
58. ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 8.
59. იქვე, გვ. 8-9.
60. იხ. იქვე, გვ. 9-10.
61. იქვე, გვ. 7-9.
62. დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 20; მისივე, კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები..., გვ. 57-58.
63. ედ. ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 174.
64. შდრ. იქვე, გვ. 173.
65. ლეონტის მიერ ჰერეთის საზღვრად ჩვენების სწორედ ამ შემთხვევას იშველიებს დ. მუსხელიშვილი თავისი ზემოაღნიშნული ვარაუდის გასამყარებლად (დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 21).
66. ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 6-7.
67. ქართლის ცხოვრება , I..., გვ. 9.
68. შდრ. დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 21, შენ. 55. ამ მიზეზით, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებ კუხეთის საზღვრების ჩვენებაში ივ. ჯავახიშვილის მიერ „ალაზნის“ ჩამატების მართებულობას, ამავე დროს აღნიშნული ვერსიის საწინააღმდეგო არგუმენტად მიუღებლად მიმაჩნია მოსაზრება, რომ ამ შესწორებით კუხეთის საზღვრები მხოლოდ ორ ხაზზეა წარმოდგენილი, ხოლო „ჩრდილოეთის და სამხრეთის საზღვრები აქ არაა მოცემული, რასაც ლეონტი მროველი აღუნიშნავს არ დატოვებდა“ (ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 7).
69. შდრ. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 40, ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ, 7-8, ედ. ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 173, დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 20.
70. შდრ. დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა..., გვ. 20.
71. იხ. დ. მერკვილაძე, კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის საზღვრების შესახებ ლეონტი მროველის ცნობების ვახუშტი ბატონიშვილისეული ინტერპრეტაცია, ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი (თბილისი, 2014).
72. ამგვარადვე წაუკითხავს ეს ცნობა ლ. ჭილაშვილსაც (ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 9, შენ. 1), მაგრამ იმის გამო, რომ ამ მონაცემში საზღვრების მე-2 წყვილი არსებობა აუცილებლად ესახებოდა, ტექსტის ჩასწორების თავისი ვარიანტი შემოიტანა.
73. ამ საკითხს განვიხილავ შემდეგ პუბლიკაციაში კუხეთის ტერიტორიისა და საზღვრების დაზუსტების ფარგლებში.
ბიბლიოგრაფია
1. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა.
2. ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს ატლასი (XVIII ს.) (თბილისი, 1997).
3. ნ. ბერძენიშვილი, ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენის გამო, საქართველოს ისტორიის საკითხები , წ. I (თბილისი, 1964)
4. ლეონტი მროველი, მეფეთა ცხოვრება.
5. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან (კახეთის სამთავრო VIII-IX სს.), მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 31 (თბილისი, 1954).
6. დ. მერკვილაძე, კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის საზღვრების შესახებ ლეონტი მროველის ცნობების ვახუშტი ბატონიშვილისეული ინტერპრეტაცია, ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი (თბილისი, 2014).
7. მოქცევაი ქართლისაი, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I (V-X სს.), ი. აბულაძის რედ. (თბილისი, 1963).
8. დ. მუსხელიშვილი, კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII სს-ში, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III (თბილისი, 1967).
9. დ. მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა (ივერია-ალვანეთის ურთიერთობის ისტორიიდან) (თბილისი, 1966).
10. ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა, დასაბეჭდად მოამზადა ფილოლოგიის განყოფილებამ ს. ყაუხჩიშვილის რედ. (თბილისი, 1942).
11. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდე, მ. ბროსეს გამოც., ნაწილი პირველი, ძველი მოთხრობა, 1469 წლამდის ქრისტეს აქეთ (პეტროგრადი, 1923).
12. ქართლის ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, [წიგნი პირველი (ტფილისი, 1897)].
13. ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი, გამოცემული ე. თაყაიშვილის რედაქტორობით (ტფილისი, 1906).
14. ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი (თბილისი, 2008).
15. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ქართული ტექსტი და ძველი სომხური თარგმანი გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილია აბულაძემ (თბილისი, 1953).
16. ლ. ჭილაშვილი, ქალაქი რუსთავი (ისტორიულ-არქეოლოგიური ნარკვევი) (თბილისი, 1958).
17. ე. ხოშტარია, ძველი ქართული საისტორიო წყაროების „კახეთის მთის“ ლოკალიზაციისათვის, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები (თბილისი, 1966).
Комментариев нет:
Отправить комментарий