ქართულ ისტორიოგრაფიაში ქართველთა პირველსაცხოვრისის – არიან-ქართლის – საკითხის დარად, რომანტიკული შარავანდედით ალბათ არც ერთი სხვა საკითხი არ არის მოსილი. ცნობა ქართველთა თავდაპირველი სამშობლოს „არიან-ქართლის“ შესახებ უძველეს ქართულ მატიანეს „მოქცევაი ქართლისაის“ შემოუნახავს. ამ ცნობის მიხედვით, ქართლში გამოლაშქრებულმა ალექსანდრე მაკედონელმა მცხეთაში მეფედ მასთან ხლებული არიან-ქართლის მეფის ძე – აზო დაადგინა. „მოქცევაი ქართლისაის“ X ს. შატბერდული ხელნაწერის მიხედვით: „...ესე აზო წარვიდა არ[ი]ან-ქართლად, მამისა თვისისა და წარმოიყვანა რვა სახლი და ათნი სახლნი მამამძუძეთანი,1 და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად – გაცი და გა, და ესე იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზო, ძე არიან-ქართველთა მეფისა...“ [2, 320]2. დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვრის არსენ ბერის (მას არსენ იყალთოელად მიიჩნევენ), „ნინოს ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქციის ავტორის, განმარტებით: „ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან-ქართლით გამოსრულთანი და ენა მათი უწყით, და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის-შვილნი არიან“.3
მიუხედავად მრავალი მკვლევრის მცდელობისა, არიან-ქართლის პრობლემა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი; იგი ვარაუდების სფეროს, მათ შორის საკმაოდ გონებამახვილურს, ვერა და ვერ გასცდა. ქართველი ისტორიკოსებიდან ვინ არ შეხებია ამ საკითხს: დ. ბაქრაძე და ა. ხახანაშვილი, თ. ჟორდანია და მ. ჯანაშვილი, ნ. მარი და ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი და პ. ინგოროყვა, ს. ჯანაშია და ნ. ბერძენიშვილი, კ. თუმანოვი და გ. მელიქიშვილი, გ. მამულია და გ. ქანთარია, ვ. გოილაძე და ნ. ხაზარაძე, მ. სანაძე და შ. გაბესკირია. მკვლევართა უკვე ეს არასრული ჩამონათვალი მოწმობს, რომ „არიან-ქართლის“ საკითხი ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ კარდინალურ პრობლემას წარმოადგენს. არცთუ იშვიათად ერთსა და იმავე მკვლევრებს აქვთ გამოთქმული რამდენიმე, ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულება.
ქართველთა წარმომავლობის საკითხთან მიმართებაში ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცნობას ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. წ. 605–562 წწ.) მიერ აფრიკისა (ლიბიისა) და პირენეს ნახევარკუნძულის (იბერიის) დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი ტყვეების პონტოს გადაღმა მდებარე იბერიაში, ანუ კავკასიაში დასახლების შესახებ, რომელიც, თვით კლასიკური ხანის მწერალთა მითითების თანახმად, მიეწერებოდა მცირეაზიელ ბერძენს, ისტორიკოს, გეოგრაფოსსა და დიპლომატს4, „ინდიკის“ (΄Ίνδική, – „ინდოეთის ისტორიის“) ავტორს მეგასთენეს (დაახლ. ძვ. წ. 350-290 წწ.). ეს ცნობა მეტად პოპულარული იყო არა მხოლოდ ძველბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში, იგი გავრცელებული იყო აღმოსავლეთშიც, კერძოდ სირიულ და სომხურ ლიტერატურაში. ითვლება, რომ მეგასთენესთან გვხვდება ყველაზე ადრეული ცნობა კავკასიელი იბერების შესახებ [3, 67].
გადმოცემა ნაბუქოდონოსორის მიერ აფრიკისა (ლიბია) და პირენეს მთაგრეხილის სამხრეთით მდებარე იბერიის ნახევარკუნძულის (იბერია) დალაშქვრის შესახებ, რა თქმა უნდა ლეგენდარულია. ამ საკითხთან მიმართებაში გასათვალისწინებელია გ. მელიქიშვილის შენიშვნა, რომ მეგასთენეს ცნობაში, ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიისა და იბერიის დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი ტყვე-იბერების პონტოს მარჯვნივ მდებარე მხარეში დასახლების თაობაზე, შესაძლოა ასახული იყოს რეალური ინფორმაცია ნაბუქოდონოსორის მიერ ებრაელთა სამშობლოდან აყრის შესახებ [4,281]. ცნობილია, რომ მან ძვ. წ. 597 და 586 წწ. იუდეის სამეფოდან („სახლი სადავითო“) ბაბილონში გადაასახლა ადგილობრივი მოსახლეობის რჩეული ნაწილი (მეომრები, ხელოსნები, სწავლულნი) და ეგვიპტეშიც გაილაშქრა, ზოგიერთთა აზრით, იუდეიდან ლტოლვილი ებრაელების დასატყვევებლად [5, 38-39]. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ სახელწოდება „იბერიას“ ზოგიერთი მეცნიერი იმ ებრაული სიტყვიდან მიღებულად მიიჩნევს, რომელიც უნდა აღნიშნავდეს ცნებას – „იქითა მხარე“ (მთის იქითა მხარე _ კავკასიის იბერია, ზღვის იქითა – იბერიის (პირენეს) ნახევარკუნძულისა) [იხ. 6, 23-24; 7, 31, შენ. 149]. ებრაული ზოგადი სახელი eber – „იქითა მხარე“, კ. წერეთლის მიხედვით, ამოსავალია თვით ტერმინისათვის ibrī – „ებრაელი“, ისევე, როგორც სახელისათვის „ევერი“, რომელიც ებრაულში ტერმინ „ებრაელის“ ამოსავალ – „იქითა მხარეს“ აღნიშნავს (მსგავსად ქართული „იმერი“ > „იმერელისა“) [8, 22; შდრ. 9, 44-45]5.
დღევანდელ მსოფლიოში ფართოდ ხმარებული ეთნონიმი „ებრაელი“ მიღებულია ბიბლიის თარგმანთან ერთად ბერძნულში შესული ებრაელთა აღმნიშვნელი ტერმინებისაგან: Εβερ (ჰებერ-ი) და Εβραιος (ჰებრაიოს-ი). ეს სახელი გვხვდება, „დაბადების“ ტექსტში [11, თავი 10, §21-25]: `და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა. ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან. და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ. და არფაქსად შვა სალა. და სალა შვა ებერ. და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი...“; იმავე ფორმით – ებერი – არის წარმოდგენილი „ახალ აღთქმაშიც“, „ლუკას სახარების“ ტექსტში [12, თავი 10, §35]. გარდა ამისა, იგი გვხვდება ახ. წ. VII საუკუნის ავტორის, მაქსიმე აღმსარებლის თხზულების, „ნეტარისა თალასეს მიმართ“ ექვთიმე მთაწმინდელის ქართულ თარგმანში, ოღონდ იმ ნაწილში, რომელიც მაქსიმეს დასახელებული თხზულების ბერძნულ დედანში არ არის წარმოდგენილი: „ესხნეს უკუე სემს შვილნი და შვილიშვილნი ვიდრე განყოფამდე ენათა, და მიერითგან განიყვნეს ენანი, ტომნი და მთავრობანი. და სახელები ნათესავთა მათ ესე არს: პირმშო ძე სემისი ელამ, რომლისაგან იქმნესს ელამელნი, რომელ არიან სპარსნი; მეორე – [ა]სური, რომლისაგან იქმნესს ასურასტანელნი, მესამე არფაქსად, რომლისაგან არიან ქალდეველნი, მეოთხე არამ, რომლისაგან [არიან] ასურნი, მეხუთე ლუდ, რომლისაგან ლუდელნი, მეექუსე ებერ, რომლისაგან ებრაელნი“ [13, 171].
როგორც ვხედავთ, ეთნონიმ „იბერთან“ მიმსგავსებული სახელწოდება „ებერი“ (רֶבֵע ,Éver/Ēber) ებრაელთა წინაპრისა და ეპონიმის აღმნიშვნელია.
მეგასთენესადმი მიწერილი ზემოთ მოყვანილი ცნობა შავიზღვისპირეთში იბერების დასავლეთიდან გადმოსახლების თაობაზე შემონახულია ევსები კესარიელის (დაახლ. 263-339 წწ.) თხზულებებში. ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში უთითებენ მის მიერ 314-318 წწ. დაწერილ ნაწარმოებს „სახარებისადმი წინამომზადებას“ [14, 39], სადაც ნათქვამია: „ვპოვე მე აგრეთვე აბიდენოსის თხზულებაში „ასურელთა შესახებ“ ნაბუქოდონოსორზე შემდეგი: მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუკოდროსორი ჰერაკლეზე უფრო ძლევამოსილი იყო, ლიბიასა და იბერიაზე გაილაშქრა, დაეუფლა და მათი ნაწილი პონტოს მარჯვნივ დაასახლა“ [15, IX, 41, 1-3; იხ. 16, 231]. რამდენიმე წლით უფრო ადრე, 308-311 წწ. დაწერილ „ქრონიკების“ (Παντοδαπή Ίστορία, – „უნივერსალური ისტორია“) პირველ წიგნში – „ქრონოგრაფია“ (Χρονογραφία) ევსები კესარიელი ასევე გადმოგვცემს, რომ „აბიდენოსი ნაბუქოდონოსორს ჰერაკლეზე ძლევამოსილად მიიჩნევს, როდესაც წერს შემდეგს: მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორი ჰერაკლეზე ძლევამოსილი იყო, მან თავისი ჯარები შორს ლიბიამდე და იბერიამდე მიუშვა. დაიპყრო ეს ქვეყნები და მათი მოსახლეობის ნაწილი ევქსინის ზღვის მარჯვენა ნაპირზე დაასახლა“ [17, I, 40-41].
მკვლევართა დაკვირვებით, „სახარებისადმი წინამომზადების“ წერისას ევსების საგანგებოდ, ხელმეორედ მიუმართავს აბიდენოსის ტექსტისათვის, ვინაიდან, ამ ჯერზე იქიდან ამოღებული ფრაგმენტი ნაბუქოდონოსორის შესახებ უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი, ვიდრე მის მიერ უფრო ადრე დაწერილ „ქრონოგრაფიაში“, სადაც ასევეა გამოყენებული აბიდენოსის თხზულების ფრაგმენტი, კერძოდ, ნაბუქოდონოსორის წინათგრძნობის შესახებ ბაბილონელთა არასახარბიელო მომავლის თაობაზე, თუმცა უფრო ლაკონიურად გადმოცემული [14, 53]. ამდენად, ძნელია ეჭვის შეტანა ევსები კესარიელის პუნქტუალობასა და კეთილსინდისიერებაში და, შესაბამისად, მის მიერ აბიდენოსთან მოყვანილი მეგასთენეს ტექსტის ფრაგმენტის ციტირების ავთენტიკურობაშიც.
თუ იბერიის ნახევარკუნძული ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის ობიექტი, გასარკვევი ხდება, ამ უკანასკნელის მიერ იუდეის ჩანაცვლება პირველად მეგასთენეს ტექსტში გვხვდება თუ უფრო გვიანდელი ხანის ავტორების თხზულებებში. ყოველ შემთხვევაში, მეგასთენესა და ალექსანდრე მაკედონელის თანამედროვე ბაბილონელი ისტორიკოსი ბეროსი (Βήρωσσος) (დაახლ. ძვ. წ. 340–270 წწ.), რომლის სამტომეულის – „ბაბილონიკის“ (Βαβυλῶνίκά) ფრაგმენტები, მეგასთენეს „ინდიკის“ მსგავსად, სხვადასხვა ძველ ავტორთა თხზულებებშია შემონახული, როგორც ირკვევა, იუწყებოდა ნაბუქოდონოსორის მიერ მხოლოდ იუდეის დაპყრობის, იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და ებრაელთა ტყვედ წაყვანის შესახებ [18, 40].
უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სტრაბონი (დაახლ. ძვ. წ. 64 – ახ. წ. 24 წწ.), რომელიც, ერთი მხრივ, სწორედ მეგასთენეზე დაყრდნობით გვამცნობს ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის თაობაზე „ჰერკულესის სვეტებამდე“6 ანუ პირენეს იბერიაში და დასძენს, რომ ქალდეველებს (ბაბილონელებს) იგი უფრო ძლევამოსილად მიაჩნდათ, ვიდრე ბერძნებს ჰერკულესი [21, XV, 1, 6]7, ხოლო მეორე მხრივ, ინფორმირებულია დასავლეთის იბერთა გადმოსახლების შესახებ პონტოსა და კოლხეთის გადაღმა მდებარე მხარეში [21, I, 3, 21], ამ ორ მოვლენას, მეგასთენესათვის მიწერილი ტექსტისაგან განსხვავებით, ერთმანეთს არ უკავშირებს და შესაბამისად არ თვლის, რომ აღმოსავლელი იბერები პირენეს იბერიიდან ნაბოქოდონოსორის მიერ არიან ტყვედ წამოყვანილი კავკასიაში.
აღსანიშნავია, რომ არც დიონისიოს პერიეგეტი (ახ. წ. II ს.), რომელიც იზიარებს შეხედულებას კავკასიის იბერთა დასავლეთიდან გადმოსახლების თაობაზე და გვამცნობს, რომ „იბერთა აღმოსავლური ტომი... ოდესღაც პირენედან მოვიდა აღმოსავლეთში“ [22, 696-699] და არც აპიანე (დაახლ. 90-170 წწ.), რომელიც იცნობს, მაგრამ არ იზიარებს ამ მოსაზრებას და თვლის, რომ „ევროპისა და აზიის იბერები მხოლოდ თანამოსახელე ტომები არიან, რადგან არც ენა აქვთ მსგავსი და არც ზნე-ჩვეულებები“ [23, 101], არაფერს ამბობენ ნაბუქოდონოსორთან ამ მოვლენის კავშირის შესახებ. ასევე, არც სოკრატე სქოლასტიკოსი (დაბ. ახ. წ. 380 წ.) მოიხსენიებს ნაბუქოდონოსორს თავის დაახლ. 340 წ. შემდეგ დასრულებულ „ეკლესიის ისტორიაში“, როდესაც გვამცნობს, რომ კავკასიის იბერები ესპანეთის იბერთაგან არიან გამოსულნიო [24, I, 25; იხ. 25, 12].
როგორც ჩანს, დასავლეთის იბერების აღმოსავლეთში გადმოსახლების თაობაზე არსებულმა შეხედულებამ, რომელიც ძირითადად ორი იბერიის სახელწოდებების იდენტურობის საფუძველზე იყო აღმოცენებული, თავის მხრივ განაპირობა ნაბუქოდონოსორის მიერ ვითომდა დალაშქრული „ჰერკულესის სვეტების“ მხარიდან, ანუ პირენეს იბერიიიდან და ლიბიიდან, დატყვევებული მოსახლეობის პონტოს აღმოსავლეთით გადმოსახლების თაობაზე ლეგენდის ჩამოყალიბება.
ვინაიდან მეგასთენეს ზემომოყვანილი ციტატა ნაბუქოდონოსორის მიერ დასავლეთის იბერიიდან და ლიბიიდან წამოყვანილი მოსახლეობის პონტოს მარჯვნივ დასახლების თაობაზე მხოლოდ ევსები კესარიელის თხზულებებში გვხვდება, რომელსაც იგი აუღია აბიდენოსის თხზულებიდან „ასურელთა შესახებ“ (Περὶ τῶν Άσσυρίων) [20, 113-114; შდრ. 14, 53], არ არის გამორიცხული, რომ ეს ცნობა აბიდენოსის ხანიდან, ანუ ახ. წ. II საუკუნიდან, იღებდეს სათავეს. მხედველობაში ვიღებთ იმ გარემოებას, რომ სტრაბონსა და დიონისიოს პერიეგეტს გარდა, არც იოსებ ფლავიუსთან (დაახლ. 37-95 წწ.) – ებრაული წარმომავლობის რომაელ ისტორიკოსთან, რომლის თხზულებაშიც „იუდეველთა სიძველენი“ ასევე გვხვდება მეგასთენეს ცნობა ნაბუქოდონოსორის დასავლური ლაშქრობის თაობაზე, არაფერია თქმული ამ უკანასკნელის მიერ დასავლეთის იბერებისა და ლიბიელების პონტოს მარჯვნივ ანუ აღმოსავლეთით გადმოსახლების თაობაზე; ნათქვამია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მეგასთენე „ინდიკის“ IV წიგნში ცდილობს ყველასათვის თვალსაჩინო გახადოს ჰერაკლესთან შედარებით ნაბუქოდონოსორის მეტი გამბედაობა და მიღწევათა სიდიადე, ვინაიდან მან ლიბია და თვით იბერია დაიპყრო [26, X. II. 1]. ახ. წ. VIII საუკუნის მეორე ნახევრისა და IX საუკუნის დასაწყისის ბიზანტიელი მემატიანე გეორგიოს სინკელოსთანაც შემონახულ მეგასთენეს ფრაგმენტში მხოლოდ ჰერაკლესთან მიმართებით არის ნაბუქოდონოსორის მეტ ღირსებებზე და ლიბიის დიდი ნაწილისა და იბერიის დაპყრობაზე საუბარი [20, 112-113].
საყურადღებოა, რომ თავისი თხზულების „აპიონის წინააღმდეგ“ პირველ წიგნში [27, §20] იოსებ ფლავიუსი, ბეროსის ცნობის მოხმობისას, თითქოს გარკვეულ ეჭვსაც კი გამოთქვამს მეგასთენეს ცნობის სანდოობის მიმართ; იგი ჯერ გვამცნობს, რომ ბეროსი იუწყებოდა ნაბუქოდონოსორის მიერ მთელი სირიისა და ფინიკიის დაპყრობას და შენიშნავს ამ ფაქტის თანხვედრას ფილოსტრატე უფროსის (დაახლ. 170-247 წწ.) ინფორმაციასთან ბაბილონელთა მიერ ტიროსის (Τύρος, – ფინიკიაში) ალყის თაობაზე, ხოლო მეგასთენეს მიერ ნაბუქოდონოსორისათვის ჰერაკლესთან შედარებით უფრო მეტი ძლევამოსილებისა და სიდიადის საჩვენებლად, ლიბიის დიდი ნაწილისა და აგრეთვე იბერიის დაპყრობის მიწერისას, შენიშნავს, რომ, როგორც მას (იოსებს) ადრეც აღუნიშნავს, ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს და მისი ტაძარი გადაწვეს. იოსებ ფლავიუსისეულ ტექსტში თავჩენილი ეს თითქოსდა შეუსაბამობა, როდესაც ლიბიისა და იბერიის დაპყრობის შესახებ საუბრისას ავტორი, ყოველგვარი განმარტების გარეშე, უეცრად ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის აღებაზე გადადის, ჩემი აზრით, დამაფიქრებელია.
მართალია, გ. მელიქიშვილი ფიქრობდა, რომ ცნობა ნაბუქოდონოსორის მიერ მოსახლეობის პონტოს გადმოღმა გადმოსახლების შესახებ აბიდენოსს არა უშუალოდ მეგასთენესაგან უნდა ჰქონოდა აღებული, არამედ ალექსანდრე პოლიჰისტორის თხზულებიდან [28, 9], მაგრამ ცნობილია, რომ ალექსანდრე პოლიჰისტორის თხზულებებს წყაროდ არა მარტო აბიდენოსი იყენებდა, არამედ თვით ევსები კესარიელიც, რომელიც განსაკუთრებით ხშირად უთითებს ხოლმე ციტირებების დროს ამ ავტორის ორ ნაშრომს – „იუდეველთა შესახებ“ (Περὶ Ίουδαίων) და `ხალდაიკას~ (Χαλδαικά, – ზოგიერთი მკვლევრის მიერ Άσσυριακα-დ წოდებულს); ეს უკანასკნელი ევსების „ქრონოგრაფიისათვის“ უმთავრესი წყაროა ბაბილონელთა ისტორიის გადმოცემისას [14, 139-140]. ალექსანდრე პოლიჰისტორის თხზულებებში რომ ყოფილიყო რაიმე ცნობა ნაბუქოდონოსორის მიერ პონტოს გადაღმა იბერთა გადმოსახლების შესახებ, მასზე მითითება ევსების არ უნდა გამორჩენოდა, მით უმეტეს, რომ მკვლევართა საერთო და საფუძვლიანი აზრით, იგი ალექსანდრე პოლიჰისტორის „ხალდაიკას“ უშუალოდ, როგორც პირველწყაროს იყენებდა და ამავე დროს მასვე ეყრდნობოდა ბეროსის „ბაბილონიკის“ ციტირების დროსაც [იხ. 14, 140, შენ.7]. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალექსანდრე პოლიჰისტორი აბიდენოსზე ბევრად უფრო ადრეული ხანის – ძვ. წ. I საუკუნის პირველი ნახევრის – მოღვაწე იყო.
სავარაუდოა, რომ ალექსანდრე პოლიჰისტორთან დამატებული იქნებოდა ცნობა არა ნაბუქოდონოსორის მიერ პონტოს გადმოღმა იბერთა გადმოსახლების, არამედ პირენესა და კავკასიის იბერთა ნათესაობის შესახებ (ერთი მხარიდან მეორეში მოსახლეობის მიგრაციის შედეგად); ამ ცნობის აღმოცენებას, როგორც ითქვა, ამ ორ მხარეში – იბერიის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრები მოსახლეობისა და ქვეყნის იდენტური სახელწოდებები (ეთნონიმი: ιβηρ, ქორონიმი: Ιβηρία) უნდა დასდებოდა საფუძვლად. ალექსანდრე პოლიჰისტორი, რომელიც მითრიდატესთან ომების დროს იყო ტყვედ ჩავარდნილი და რომში წაყვანილი, მართალია, მილეტიდან იყო წარმომავლობით, მაგრამ, როგორც მცირეაზიელი და მითრიდატე პონტოელის მიერ წარმოებული ომების მონაწილე, ალბათ, შავიზღვისპირეთსაც იცნობდა და გარკვეული წარმოდგენაც ექნებოდა კავკასიელი იბერების თაობაზე. ალექსანდრე პოლიჰისტორს რომაული მოქალაქეობა სულამ მიანიჭა ძვ. წ. 82 წ.; მომდევნო ათწლეულებში მან მთელი რიგი ისტორიული და გეოგრაფიული შინაარსის თხზულებები დაწერა [14, 139] და სავსებით შესაძლებელია, რომ მომდევნო ხანის მწერალთა ნაწარმოებებში ასახული ცნობა პირენესა და კავკასიის იბერების ურთიერთმიმართების თაობაზე [მაგ., 21, I, 3, 21; 22, 697-699; 23, 101] სწორედ მისგან იღებდეს სათავეს.
რაც შეეხება გადმოცემას ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის შესახებ პირენეს ანუ დასავლეთის იბერიასა და ლიბიაზე, როგორც ჩანს, მეგასთენეს ხანისათვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან და საზოგადოდ ელინისტური ხანისათვის დამახასიათებელი სამყაროს უფრო ფართო, გლობალური ხედვიდან გამომდინარე, ებრაელთა ძველი სახელწოდება ებერ-ი გააზრებული იქნა „იბერიად“ ანუ პირენეს იბერიის აღმნიშვნელად და შესაბამისად ამისა, ბაბილონის მეფის მიერ „ებერთა ქვეყნიდან“ დატყვევებული მოსახლეობის წამოყვანის შესახებ გადმოცემა, იუდეის ქვეყნისა და ეგვიპტეს ნაცვლად, უკვე პირენეს იბერიისა და მისი მომიჯნავე აფრიკის ანუ ლიბიის მიმართ დაფიქსირდა. არ არის გამორიცხული, რომ ევროპის უკიდურეს დასავლეთში ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის ამბის შეთხზვით მომხდარიყო ალექსანდრე მაკედონელის მიერ ახლო და შუა აღმოსავლეთის დაპყრობის გამართლებაც და გარკვეული ლეგიტიმაციაც.
სახელწოდებების „ებერისა“ და „იბერიის“ ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ბიზანტიის იმპერატორის – კონსტანტინე VII პორფიროგენეტის თხზულებაში „იმპერიის მმართველობის შესახებ“ (დაწერილია 948-952 წწ. შორის) შემონახული ცნობა, რომ თითქოს X საუკუნის შუა ხანების კავკასიელ იბერებს (ანუ ქართველებს) თავი იერუსალიმიდან წამოსული ხალხის შთამომავლებად მიაჩნდათ და შესაბამისად გამოდის, რომ ამ იბერებს არაფერი სცოდნიათ პირენეს ნახევარკუნძულის იბერიიდან მათი წინაპრების გადმოსახლების თაობაზე. ამ ცნობის თანახმად: „იბერიელები მოგვითხრობენ, რომ მათი ტომი იერუსალიმიდან არის წარმოშობილი და, რომ ისინი წამოვიდნენ იერუსალიმიდან ღვთის ბრძანების მომასწავებელი სიზმრების ჩვენებით და დაესახლნენ სპარსეთის მხარეებთან, ე.ი. ქვეყანაში, სადაც ამჟამად მკვიდრობენ... ვინაიდან იბერიელები, როგორც თვითვე ამბობენ, შთამომავლობით იერუსალიმიდან არიან, ამის გამო მათ აქვთ დიდი სიყვარული მისი და უფლისა იესო ქრისტეს საფლავისა და განსაზღვრულ დროებში უხვად უგზავნიან ფულს წმინდა ქალაქის პატრიარქსა და იქაურ ქრისტიანებს“. დამახასიათებელია აგრეთვე მისი შემდეგი სიტყვებიც იბერიელთა შესახებ, რომ ისინი „უწოდებდნენ თავის-თავს დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ნათესავს810 და აქედან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნათესავსაც, რადგან ისიც დავითისაგან არის წარმოშობილი“ [29, 205-206 (§45); 30, 81-83]9.
მოყვანილ ამონარიდში, გარდა ქრისტიანული იდეოლოგიის აშკარა ზეგავლენისა, შეინიშნება მცხეთის ებრაულ თემში შემონახული გადმოცემების ანარეკლი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტის ინფორმაციას ეხმიანება „მეფეთა ცხოვრება“, რომელიც, მართალია, არა იბერთა, არამედ ებრაელთა ქართლში გამოჩენას უკავშირებს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას: „ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელი მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქვიან ხერკ ხარკისა მისთვის“ [34, 15-16]. აქ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ქართული მატიანის მონაცემების თანახმად, „ურიანნი“, ისევე, როგორც კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაში „იბერიელნი“, ნაბუქოდონოსორს კი არ გამოჰყავს იერუსალიმიდან, არამედ ქალაქის მოსახლეობის დატყვევების შემდეგ იქიდან (და არა პირენეს იბერიიდან) ლტოლვილნი, თავად მოდიან ქართლში. ქართული მატიანის ცნობა მიგვანიშნებს, რომ „ღვთის ბრძანების მომასწავებელი სიზმრების ჩვენებით“ იერუსალიმიდან თავისი ნებით წამოსულ პორფიროგენეტის „იბერიელებში“ იერუსალიმიდან წამოსული ებრაელების შთამომავლები იგულისხმებიან. ასეთი ხედვა ეხმიანება ქართველ მემატიანეთა და პირველ რიგში „მეფეთა ცხოვრების“ კონცეპციას უძველესი ხანის ქართლში სხვადასხვა წარმომავლობის მოსახლეობის თავმოყრისა და თანაარსებობის შესახებ; გავიხსენოთ „მეფეთა ცხოვრების“ ცნობა: „და იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა“ [34, 16]. ე.ი. აქ ადგილი ჰქონია ე.წ. მელტინგ პოტ-ის ეფექტის არსებობას, რომლის დროსაც განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურული თავისებურებების მქონე მოსახლეობის თანაარსებობა გარკვეულ ტერიტორიაზე აჩქარებს საზოგადოებრივი განვითარების პროცესს და ხელს უწყობს სახელმწიფოებრიობის აღმოცენებას. ამ დროს ხდება მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილების შედუღაბება ახლად აღმოცენებული სახელმწიფოს წიაღში, სადაც მათ, სოციალური სტრატიფიცირების პროცესის დროს, განსხვავებული საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულება ეკისრებათ ხოლმე. ახლად ჩამოყალიბებული საზოგადოება მოსახლეობის ყველა ამ ადრე არსებული ჯგუფის შთამომავლად შეიძლება იყოს მიჩნეული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს პ. ინგოროყვას მოსაზრება, რომ აბიათარის ზემოხსენებული ნაშრომის სათაური უნდა ყოფილიყო: „ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესავობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ ვითარ მოვიქეცით და მივიღეთ სჯული ქრისტეანობისა“ [1, 262, 282-284].
„მეფეთა ცხოვრების“ ზემოთ მოყვანილი ცნობა ქართლში ებრაელთა გამოჩენასთან დაკავშირებით, „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტს უნდა იყოს დასესხებული, ოღონდ ამ უკანასკნელში მოხსენიებული „ჰონნები“ მის ტექსტში „ურიებით“ არის შეცვლილი. „მოქცევაი ქართლისაის“ შატბერდისეული ტექსტის მიხედვით: „...მოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქვეყანა ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს და ეპყრა იგი, რომელ ხარკითა აქუნდა, ჰრქვიან მას ხერკი“ [2, 320]. ყურადღებას იპყრობს „მოქცევაი ქართლისაის“ „ქალდეველი ჰონნების“ მიერ დაკავებული მიწების ადგილმდებარეობისა და მათი აქ დამკვიდრების ხასიათისა და პირობების თითქმის სრული თანხვედრა „მეფეთა ცხოვრების“ „ურიათა“ მცხეთაში დასახლების ამბავთან [34, 15-16]; სიტყვებიც კი ერთნაირია გამოყენებული; აშკარაა, რომ ორივე თხზულებაში ერთი და იგივე ამბავია აღწერილი10.
ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა ე. თაყაიშვილის მოსაზრება, რომ „მოქცევაი ქართლისაის“ დედანში ქალდეველთაგან „გამოსხმული“ „ჰურიანნი“ დაქარაგმებული უნდა ყოფილიყო, როგორც „ჰონნი“ [36, ჩI]. ეს მოსაზრება მისაღებად არის მიჩნეული იმის გამო, რომ „ჰონნები“ ქალდეველებთან, ე.ი. ბაბილონელებთან დაკავშირებით არიან მოხსენიებულნი [37, 137-138]. მართალია, „მოქცევაი ქართლისაის“ „ქალდეველთაგან გამოსხმული ჰონნების“ ნაცვლად „მეფეთა ცხოვრებაში“ „ურიებია“ დასახელებული, მაგრამ „მეფეთა ცხოვრებაც“ იცნობს ქალდეველების ქართლში გადმოსახლების ამბავს, ოღონდ „ჰონნთა“ მოუხსენიებლად: „...გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დააშენნეს იგინიცა ქართლს...“ [34, I, 17]11.
ქართველთა წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა არსენ ბერის ზემომოყვანილი ციტატა: „ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან-ქართლით გამოსრულთანი და ენა მათი უწყით, და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილისშვილნი არიან„; ამ ციტატაში სამჯერ არის ხაზგასმული – ეტყობა არავის არავითარი ეჭვი რომ არ დარჩეს – „არიან-ქართლის„ მოსახლეობის ქართული ხასიათი: 1. ქართველების უშუალო მემკვიდრეობითი კავშირი („შვილნი ვართ“) „არიან-ქართლიდან„ წამოსულ მოსახლეობასთან; 2. ქართული ენის „არიან-ქართლიდან„ შემოტანა („ენა მათი უწყით“); 3. ქართლის მეფეთა მემკვიდრეობითი კავშირი „არიან-ქართლის“ სამეფო კართან („ამათ მეფეთა შვილის-შვილნი არიან“). იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ავტორი ეკამათება კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაში გატარებულ აზრს „იბერიელთა“ და მათ მეფეთა იერუსალიმიდან წარმომავლობის შესახებ და მათ ქართულ კუთვნილებას იცავს.
ტერმინ „არიან-ქართლის“ წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ე. თაყაიშვილის დაკვირვება, რომლის მიხედვით, სახელი „არიანი“ „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკის შემდგენელს ამოუღია აპოკრიფული ხასიათის ნაწარმოებიდან, რომელსაც ქართულ ტექსტში „ქუაბი საგანძური“ ეწოდება და რომელიც IX საუკუნეზე არა უგვიანეს ხანაში შესრულებულ თარგმანს წარმოადგენდა ასურული თხზულების – „განძთა ქვაბის“, სავარაუდოდ VI საუკუნის ერთ-ერთი რედაქციისა. მასში ვკითხულობთ: „ხოლო დღეთა თარაისათა, ჟ (90) წელთა ცხორებისა მისისათა, გამოჩნდა ბრძანება ყოველსა ადგილსა, სოფელსა, რომელსა ჰრქვიან არიანი, რომელი აღაშენა ირაის, ძემან ებერისამან, და იყო კაცი მდიდარი ფრიად, და მოკუდა, და ესუა მას ძე და შექმნა კერპი ოქროსა და აღმართა საფლავსა ზედა მამისსა თვისისასა“. ე. თაყაიშვილი შენიშნავს, რომ ტექსტში ნაჩვენებია მხოლოდ „სოფელი არიანი“ და არა „არიან-ქართლი“, ხოლო სიტყვა „ქართლი“ ქრონიკის შემდგენელს მიუმატებია იმ მიზნით, რომ გაემართლებინა თავისი შეხედულება ქართლის სამეფოს წარმოშობის შესახებ; ამისათვის ეს „სოფელი“ ანუ ქვეყანა გაუხდია მთელ სახელმწიფოდ, რომელსაც ჰყოლია მეფე და მეფის შვილი აზო, ხოლო ამ უკანასკნელის სახელმა (დაკავშირებულმა „მეფეთა ცხოვრების“ აზონთან) მას საბაბი მისცა, რათა ქართველები ამ „არიან-ქართლიდან“ საქართველოში წამოეყვანა [35, 624-626].
მართალია, ე. თაყაიშვილი „ამ ფანტასტიკური ლეგენდის შეთხზვასა“ და ამისათვის სიტყვა „ქართლის„ ქრონიკაში ჩამატებას შემდგენლის „თვითნებობასა“ და „ტენდენციურობას“ მიაწერს [35, 626], მაგრამ, საფიქრებელია, რომ იგი ბოლომდე არ გვიხსნის ამ ვარაუდის ძირითად გამომწვევ მიზეზს: იგი ხომ ვერ ჩათვლიდა, რომ ქრონიკის შემდგენელი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სოფლის სახელს „არიანს“ რატომღაც დაამატებდა სახელწოდებას „ქართლი“. ამ გაურკვევლობის გადალახვის შესაძლებლობას, ჩემი აზრით, თითქოს უნდა იძლეოდეს ის გარემოება, რომ „ქუაბი საგანძურის“ ტექსტის ზემომოყვანილ ციტატაში ე. თაყაიშვილს მხოლოდ ორი სიტყვა აქვს ხაზგასმული (უფრო ზუსტად – მსხვილი შრიფტით აკრეფილი): 1. საკუთრივ სოფლის სახელი „არიანი“; 2. ამ სოფლის აღმშენებლის, ირაის მამის „ებერის“ სახელი („...რომელი აღაშენა ირაის, ძემან ებერისამან“) [35, 625]. რითი უნდა ყოფილიყო გამოწვეული ეს შეუსაბამობა, როდესაც ტექსტში ხაზგასმულია არა ძირითადი მოქმედი პირის – სოფლის აღმშენებლის, არამედ მისი მამის სახელი? მით უფრო, რომ ამავე ციტატის გაგრძელება არა მისი მამის, არამედ ისევ ირაის შესახებ მოგვითხრობს: „და იყო კაცი მდიდარი ფრიად, და მოკუდა, და ესუა მას ძე და შექმნა კერპი ოქროსა და აღმართა საფლავსა ზედა მამისსა თვისისასა“. აღნიშნული შეუსაბამობა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მკვლევარს სახელი „ებერი“ ტერმინ „იბერიის“ შესატყვისად უნდა ჰქონოდა მიჩნეული.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ვარაუდი ე. თაყაიშვილის მიერ „ქუაბი საგანძურის“ ტექსტისეული ირაის მამის – „ებერის“ სახელის ქორონიმ „იბერიასთან“ დაკავშირების შესაძლებლობაზე არ არის მცდარი, გამოდის, რომ ე. თაყაიშვილი იყო პირველი მკვლევარი, რომელიც ტერმინ „არიან-ქართლის“ ეტიმოლოგიზაციისას, მინიშნებით მაინც, შეეცადა ყურადღება მიეპყრო ამ ტერმინის მეორე შემადგენელი ნაწილის, „ქართლის“ უცხოურ წერილობით წყაროებში გამოყენებულ შესატყვისზე – „იბერია“.
აღნიშნულ გარემოებაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ „არიან-ქართლის“ პრობლემა, ჩემი აზრით, ძირითადად მაინც ტერმინოლოგიური ხასიათისაა და იგი სხვადასხვა წყაროებში გამოყენებული ტერმინების აღრევის შედეგად უნდა იყოს აღმოცენებული.
გასათვალისწინებელია, რომ მოვსეს ხორენაცისათვის „არიან-ქართლი“ უცნობია. მისი გადმოცემით, დარეჰის ნახარარი მიჰრდატი წამოიყვანა ალექსანდრე დიდმა და მთავრად დაუსვა ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიელთა და ივერთა ქვეყნებიდან ტყვედ მოყვანილ და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დასახლებულ ივერიელთა მოდგმას12, ხოლო მის ნაშიერს, ასევე მიჰრდატს, სომეხთა მეფემ არტაშესმა ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს გამგებლობა მიანდო [32, II, 8, 11]. ვინაიდან, მოვსეს ხორენაცი შენიშნავს, რომ ივერია („ვერია“) ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს [32, II, 8], აშკარა ხდება, რომ „ვერიაში“ მას პირენეების იბერია აქვს ნაგულისხმევი. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიაში“ ქართველთა პირველსაცხოვრისის სახელი (ქართული წყაროების „არიან-ქართლი“) გამოტოვებული კი არ არის, არამედ მემატიანის მიერ წარმოდგენილია ტერმინ „ვერიის“ სახით, რომელიც ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს; მისთვის „არიან-ქართლი“ „ვერიაა“ ანუ – პირენეს იბერია. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელი ჩანს გ. მელიქიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ „არიან-ქართლის“ „არიანი“ შესაძლოა „პირენეის“ (პირენეს) დამახინჯების შედეგად იყოს მიღებული [28, 16].
როგორც ვხედავთ, გადმოცემა პონტოსთან მცხოვრები იბერების დასავლეთის იბერიიდან გადმოსახლების თაობაზე კლასიკური ხანიდან საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული და სავსებით მოსალოდნელია, მას თავისებური ასახვა ქართულ მატიანეშიც ეპოვნა; არ არის გამორიცხული, რომ ტერმინი „არიან-ქართლი“ „პირენეს-იბერიის“ გადმოქართულებული ფორმა ყოფილიყო. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ძველი ქართული სამწერლობო ტრადიციის მიხედვით, სახელწოდება „იბერიელნი“, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევაში „ქართველებად“ ითარგმნებოდა13.
საგულისხმოა, რომ ილ. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის“ მიხედვით ტერმინი „ქართველი“, გარდა კავკასიელი იბერიელისა, აღნიშნავს ესპანეთის იბერიელსაც [40, 451 (ქართველ-ი)]. ასე, მაგალითად, ექვთიმე მთაწმინდელის (დაახლ. 955-1028 წწ.) მიერ სალამისის ეპისკოპოსის, ეპიფანე კვიპრელის (დაახლ. 311-403 წწ.) თხზულებაში გადმოცემული ადრექრისტიანული ხანის თვალსაჩინო მწერლის, იპოლიტე რომაელის (დაახლ. 170-236 წწ.) „ქრონიკებში“ შემავალ „წარმომავლობის წიგნში“ მოხსენიებული პირენეს ნახევარკუნძულზე მცხოვრები კელტ-იბერების სახელწოდება (Κελτίβηρες) თარგმნილია, როგორც „კელტ-ქართველნი დასავლისანი“ [11, 172, 176]. ასევე ბასილი კესარიელის (დაახლ. 330-379 წწ.) თხზულების „ექუსთა დღეთაისას“ თარგმანში პირენეელიიბერები მოხსენიებულნი არიან „დასავლეთის ქართველებად“: „რომელი-იგი გარე-მოადგს ჭალაკსა მას ბრიტანიასასა და ქართველთა მათ დასავალისათა“ [41, 57, სტრ. 20]. პირენეს იბერთა „ქართველობა“ ისე ძალუმად ყოფილა შეჭრილი ძველ ქართველთა ცნობიერებაში, რომ ექვთიმესა და მამამისს – იოანე მთაწმინდელს (დაახლ. 920-1005 წწ.) გადაუწყვეტიათ ათონიდან ამ „ქართველთა“ ქვეყანაში გადასახლება [11, 177]; ესპანეთში ანუ პირენეს იბერიაში მათ ალბათ ქართველთა პირველსაცხოვრისი „არიან-ქართლი“ ეგულებოდათ. გიორგი მთაწმინდელის (1009-1065 წწ.) მიერ შედგენილი „ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთვიმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისა“ გვამცნობს, რომ „განიზრახა ნეტარმან მამამან ჩუენმან იოანე, რათა აღიღოს ძე თვისი და რავდენნიმე მოწაფენი და ივლტოდის სპანიად... რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი, არამცირედნი ნათესავნი და ერნი, მკვიდრ არიან მუნ“ [იხ. 25, 13]. კ. კეკელიძე შენიშნავს, რომ ქართულ მწიგნობრულ წრეებში ესპანეთი პირდაპირ „საქართველოდ“ იწოდება ხოლმე; კერძოდ, ამბროსი მედიოლანელის თხზულებაში, რომელიც XI საუკუნეში ორჯერ იყო თარგმნილი ქართულად ეფრემ მცირისა და თეოფილე ხუცეს-მონაზონის მიერ, და სადაც საუბარია იმის თაობაზე, რომ თეოდოსი მხედართმთავარს (რომელიც შემდეგ იმპერატორი გახდა) კრიტიკულ მომენტში მოუხმეს თავისი სამშობლო ესპანეთიდან, ეფრემ მცირის მიერ შემდეგნაირად არის თარგმნილი: „მყის მოიყვანა იგი საქართველოთ, რომელსა იგი სპანიადცა უწოდენ...“; ხოლო თეოფილეს მიერ: „მეყსეულად მოუწოდა საქართველო თ, რომელსა სპანია ეწოდების...“ [25, 13].
ქართულ ენას ქართველი მწიგნობრები „სპანთ მოსახელე ენას“ უწოდებდნენ; მაგალითად, იოანე პეტრიწის (XI-XII სს.) შესახებ ამბობდნენ, რომ მან ესა თუ ის თხზულება „ელადელთა ხმისაგან სპანთ მოსახელედ ხმად გარდმოიღოო“ [იხ. 25, 14].
ზემოთქმულიდან გამომდინარე, განა დასაჯერებელი იქნებოდა ძველ ქართველ მწიგნობართათვის ესპანეთისა და საქართველოს მოსახლეობის ერთმანეთთან გაიგივების ასე ძლიერად გათავისებულ თემას თავისი გამოხატულება არ ეპოვნა ქართველთა წარმომავლობის საკითხთან მიმართებაში, მით უფრო, რომ ქართველ მწიგნობართათვის, რა თქმა უნდა, ცნობილი იქნებოდა ძველ სამყაროში ფართოდ გავრცელებული გადმოცემა კავკასიელ იბერთა პირენეს იბერიიდან გადმოსახლების შესახებ, რაც საფუძვლად უნდა დასდებოდა ორივე იბერიის ერთიანობისა თუ მსგავსების თემას და სავარაუდოა, რომ არსენ ბერსაც არიან-ქართლით გამოსრულ ქართველთა წინაპრებში „სპანიიდან გამოსულნი“ ეგულისხმა.
თუკი ჩვენი ვარაუდი არ არის მცდარი და „არიან-ქართლში“ პირენეების იბერიაა ნაგულისხმევი, გამოდის, რომ „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტიდან გამომდინარე ქართული ტრადიცია – სტრაბონის, დიონისიოს პერიეგეტის, სოკრატე სქოლაქტიკოსისა და სხვათა მსგავსად, ხოლო აბიდენოსის, ევსები კესარიელის, მოვსეს ხორენაცისა და სხვათა მონაცემებისაგან განსხვავებით – პირენეებიდან იბერთა გადმოსახლებას ნაბუქოდონოსორის ლაშქრობას არ უკავშირებს, და გარდა ამისა, მართებულად მიიჩნევს, რომ ბაბილონის მეფეს არა „შორეული დასავლეთი“, არამედ იერუსალიმი უნდა დაელაშქრა, ხოლო იქიდან ტყვედ წამოყვანილი „ურიანნი“ (რესპ. ჰონნი) შემდეგ ქართლს, მცხეთას უნდა შეხიზნოდნენ.
ამდენად, სავარაუდოა, რომ ქართული ტრადიცია, განსხვავებით მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიისა“ ევსები კესარიელის ტექსტებიდან არ უნდა იღებდეს სათავეს და შესაძლოა უფრო ადრეულ მონაცემებზე იყოს დაფუძნებული, რომელთა მიხედვით, ნაბუქოდონოსორს ჯერ კიდევ არ მიეწერებოდა პირენეს იბერიიდან იბერთა შავიზღვისპირეთში გადასახლება.
თუ ტერმინების „პირენესა“ და „არიანის“ ერთმანეთთან დაკავშირება მნიშვნელოვან ფონეტიკურ სირთულეებს აწყდება და მათი გაიგივება მხოლოდ პირველი ტერმინის დამახინჯებით თუ შეიძლება აიხსნას, ამავე დროს, თითქოს, მოიპოვება სხვა, ყოველ შემთხვევაში ფონეტიკური თვალსაზრისით უზადო შესაძლებლობა „არიანის“ პირენეს ანუ იბერიის ნახევარკუნძულთან დასაკავშირებლად. მხედველობაში მაქვს ტერმინი Αρειανισµός, „არიანობა“ თუ „არიანელობა“ (იგივე „არიოზელობა“), რომელიც გამოიყენებოდა ქრისტიანულ ეკლესიაში IV-VI საუკუნეებში არსებული მიმდინარეობის აღსანიშნავად14, და რომელიც განსაკუთრებულად მძლავრად იყო გავრცელებული იბერიის (პირენეს) ნახევარკუნძულზე, ანუ ესპანეთში გაბატონებულ ვესტგოთებსა და ვანდალებს შორის.
შესაძლებელია, რომ ბერძნულ-ლათინურ ტერმინებს *Aρειος Iβηρία თუ Hispania Arriana ადრეშუასაუკუნეების ქართულ მწიგნობრულ წრეში მოეცა „არიან-ქართლი“. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულია ტერმინები „არიანული ესპანეთი“ [42, Appendix B; 43, 123;44, 196] თუ „არიანელი ვანდალები“, „არიანელი გოთები“ [45, 201-222; 46, 219] და ა.შ.; ამ ტერმინებში ასახულია არიანული მოძღვრების მიმდევართა გაბატონებული მდგომარეობა ამა თუ იმ მხარეში, განსაკუთრებით კი იბერიის (პირენეს) ნახევარკუნძულზე.
ქართლში არიანობა კარგად ცნობილი და ფართოდ გავრცელებული თეოლოგიური მოძღვრება უნდა ყოფილიყო. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია კ. კეკელიძის მოსაზრება, რომ დაახლ. 350-356 წწ., რომის იმპერატორ კონსტანტი II-ს დროს, იბერიაში (ქართლში) არიანული ფრაქციის ქრისტიანობა ოფიციალურად უნდა ყოფილიყო დანერგილი და მხოლოდ V საუკუნის პირველ მეოთხედში შეძლო იბერიის მეფემ ბაკურ დიდმა მის ადგილზე ორთოდოქსიის გაბატონება [იხ. 47, 481].
ძნელი გადასაწყვეტია, უნდა ყოფილიყო თუ არა ტერმინი „არიან-ქართლი“ დაკავშირებული იბერიის ნახევარკუნძულზე VII საუკუნემდე გაბატონებულ არიანელობასთან, თუ იგი უფრო პირენეს იბერიის დამახინჯებულ და „გაქართველებულ“ ფორმას წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია: იბერიისა თუ პირენეს ნახევარკუნძულის იბერებისა და პონტოსპირელი ანუ კავკასიელი იბერების სიახლოვეზე წარმოდგენა დიდი ხნის მანძილზე და, ამასთანავე, საკმაოდ ინტენსიურად ყოფილა გავრცელებული ქართველ მწიგნობართა შორის და, როგორც ზემოთაც ითქვა, უფრო ის იქნებოდა მოულოდნელი, თუ ეს წარმოდგენა ვერანაირ ასახვას ვერ ჰპოვებდა ქართველ მწიგნობართა თხზულებებში ქართველთა წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით.
როგორც ვხედავთ, ცნება „არიან-ქართლი“ წმინდა მწიგნობრული გზით შექმნილი ფიქციაა, რომელსაც საფუძვლად უდევს მხოლოდ და მხოლოდ ორი (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) იბერიის სახელწოდებათა იდენტურობა. მით უფრო უცნაურია ის გარემოება, რომ თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ფართოდ არის გავრცელებული და საკმაოდ მყარად ფესვგადგმული გ. მელიქიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომლის თანახმადაც, სახელწოდება „არიან-ქართლი“ არიელთა ანუ სპარსელთა ქართლს უნდა აღნიშნავდეს [4, 278]15.
უფრო მეტიც, საქართველოს ძველი ისტორიის ბევრი სპეციალისტი გ. მელიქიშვილის ამ ვარაუდს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იზიარებს და მას უკვე საბოლოოდ დადგენილ ისტორიულ ჭეშმარიტებად მიიჩნევს. გ. მელიქიშვილის მოსაზრების ესოდენ ხანგრძლივი პოპულარობა და ფაქტობრივი უალტერნატივობა სხვა მკვლევართა მიერ გამოთქმულ შეხედულებებთან შედარებით ამ მოსაზრების უფრო მეტი ლოგიკურობითა და არგუმენტირებულობით აიხსნება.
აღსანიშნავია, რომ თვით გ. მელიქიშვილი სულაც არ იყო სავსებით დარწმუნებული ტერმინ „არიან-ქართლის“ სპარსეთის ქართლად მიჩნევის სისწორეში, 1959 წელს გამოცემულ თავის უმნიშვნელოვანეს ნაშრომში, „К истории древней Грузии“, ამ საკითხზე მსჯელობისას, იგი შენიშნავდა: „Впрочем, у нас нет полной уверенности в таком объяснении этого непонятного термина“ [4, 278, შენ. 197].
„არიან-ქართლის“ სავარაუდო ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ტრადიციულად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე ქართლის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთს – ტაო-კლარჯეთსა და სპერს. ითვლება, რომ აქემენიანთა იმპერია, ისტორიული საქართველოს ყველა სხვა რეგიონთან შედარებით, უპირველეს ყოვლისა აქ, მდ. ჭოროხის ზედა წელზე იყო გავრცელებული [4, 117-118, 232-233, 267-268; 49, 83; 50, 790; 51, 112, 162]16.
ეს შეხედულება, მნიშვნელოვანწილად, ტერმინების – „სპერი“, „სასპეირი“ და „ჰესპერიტი“– გაიგივებიდან გამომდინარეობს [იხ. 7, შენ. 478-479; შდრ. 53, 15, პლ. 1]; კერძოდ, აქემენიანთა XVIII სატრაპიაში ალაროდიელებთან და მატიენებთან გაერთიანებულ სასპეირებს (Σάσπειρεϛ) [54, III, 94] უფრო გვიანი ხანების ჰესპერიტებთან აიგივებენ [σπερται – 55, VII, VIII, 25. იხ. 50, 790; 56, 348;57, 146,შენ.75; 58, 23-25; 4, 267], რომელთაც, თავის მხრივ, სპერის მოსახლეობად მიიჩნევენ ხოლმე [იხ. 59, 311].
ტერმინი „ჰესპერიტი“ გვხვდება ქსენოფონტის „ანაბასისის“ დასკვნითი პარაგრაფის საწყის ნაწილში, სადაც ვკითხულობთ, რომ „მმართველები მეფის იმ ქვეყნებისა, რომელნიც გავიარეთ, იყვნენ...“ [55, VII, VIII, 25] ანუ „ანაბასისის“ ამ ნაწილში ჩამოთვლილია მხოლოდ ის ქვეყნები და ტომები, რომლებიც, „ანაბასისის“ ძირითადი ტექსტის მიხედვით, ბერძენთა გზაზე მდებარეობდა და რომლებიც აქემენიანთა იმპერის შემადგენლობაში შედიოდა. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება დაედო საფუძვლად იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც სპერი და იქ მცხოვრები მოსახლეობა (სავარაუდოდ, ქართული წარმომავლობისა) სპარსული სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული.
ზემოთ მოყვანილი ციტატიდან ერთი რამ ცხადი ხდება: ქსენოფონტსა და მის ჯარისკაცებს ჰესპერიტების ტერიტორიაზეც უნდა გაევლოთ. ამავე დროს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, „ანაბასისის“ ძირითად ტექსტში „ჰესპერიტები“ არ არიან დასახელებულნი. რით უნდა ყოფილიყო ეს გამოწვეული? კარგად ცნობილი ფაქტია, რომ თხზულების დასკვნით ნაწილში შავიზღვისპირა ხალიბები აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთის ხალიბებისაგან განსასხვავებლად. „კოიტების“ სახელწოდებით უნდა ყოფილიყვნენ მოხსენიებულნი [55, VII, VIII, 25], მაგრამ გაურკვეველია, თუ რად უნდა მოეხსენებინა თვით ქსენოფონტს თუ „ანაბასისის“ ჰიპოთეტურ ექსტრაპოლატორს (რომელიც კარგად გათვითცნობიერებულ ავტორად არის მიჩნეული) ქსენოფონტის გზაზე მდებარე რომელიღაც ტომი „ჰესპერიტების“ სახელით.
ჰესპერიტების ვინაობის დადგენასა და ადგილსამყოფელის განსაზღვრაზე მსჯელობისას, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „ანაბასისის“ დასკვნით ნაწილში მოხსენიებული ფასიანებისა და ჰესპერიტების მმართველი ტირიბაზი, ამავე თხზულების ძირითადი ტექსტის მიხედვით, დასავლეთ არმენიის სატრაპია [შდრ. 55, VII, VIII, 25 და 55, IV, IV, 4]. ამრიგად, „ანაბასისის“ დასკვნით პარაგრაფში ტირიბაზის უმთავრესი მოვალეობა – დასავლეთ არმენიის მმართველობა – შეცვლილია ფასიანებისა და ჰესპერიტების მმართველის წოდებით, ხოლო ტირიბაზის ქვეშევრდომების – ქსენოფონტისა და მისი თანამოლაშქრეების გზაზე მოსახლე არმენიელების [55, IV, IV-V] ნაცვლად ჰესპერიტები არიან დასახელებულნი. თავისთავად ჩნდება კითხვა: „ანაბასისის“ დასკვნით ნაწილში გამოყენებული ტერმინით „ჰესპერიტები“ ხომ არ არის ნაგულისხმევი დასავლეთ არმენიის მოსახლეობა და არა სპერის ბინადარნი, როგორც ეს ჩვეულებრივ მიაჩნიათ ხოლმე? მსგავსი ვარაუდის საფუძვლიანობას უნდა მოწმობდეს ის გარემოება, რომ ბერძნული სიტყვა έσπέρα გამოიყენება „დასავლეთის“, ხოლო έσπέριοϛ/έσπεροϛ – „დასავლურის“ მნიშვნელობით [59, 311]; საყურადღებოა, რომ სტრაბონი ცნებას „ლიბიელი ჰესპერიტები“ იყენებს დასავლელი ლიბიელების აღსანიშნავად [21, XIV, I, 39]. შესაბამისად ამისა, სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, „ანაბასისის“ დასკვნით ნაწილში გამოყენებული ტერმინი „ჰესპერიტები“ ანუ „დასავლელნი“ – არა სპერისა თუ სასპეირების, არამედ დასავლეთ არმენიის მოსახლეობის აღსანიშნავად ყოფილიყო ნახმარი17, რაც, ალბათ, ნაკარნახევი იქნებოდა სურვილით, განერჩიათ ისინი აღმოსავლეთ არმენიის სატრაპიაში მცხოვრები არმენიელებისაგან, რომელთა ტერიტორიაც კარდუხების ქვეყნიდან გამოსულმა ბერძენმა მოლაშქრეებმა დასავლეთ არმენიის სატრაპიის მიწაზე მოხვედრამდე გაიარეს [შდრ. 55, IV, III, 1, 3, 4, 20; IV, IV, 1-4] და რომელთა სატრაპიც ორონტე იყო და არა ტირიბაზი [55, III, V, 17; IV, III, 3; IV, IV, 4]. თავისთავადაც, შემდეგდროინდელი სპერის ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით უფრო აქემენიანთა მეცამეტე (თუ არა მეცხრამეტე) სატრაპიაში უნდა ყოფილიყო მოთავსებული, ვიდრე სასპეირებით დასახლებულ მეთვრამეტე სატრაპიაში, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო აღმოსავლეთით მდებარეობდა.
ძველბერძნულ ტექსტებში, ზოგიერთ შემთხვევაში, შეინიშნება ერთი და იგივე ეთნონიმების განსხვავებული ფორმების გამოყენება, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს ამ ეთნონიმის მატარებელი მოსახლეობის განსხვავებულ ჯგუფებს შორის არსებული შინაარსობრივი სხვაობის გამოხატვა. როგორც ჩანს, „ანაბასისის“ დასკვნით პარაგრაფში ტერმინი „ჰესპერიტები“ იმდაგვარად არის გამოყენებული დასავლეთელი არმენიელების გამოსარჩევად აღმოსავლეთელი არმენიელებისაგან, როგორც ტერმინი „კოიტები“ შავიზღვისპირა ხალიბების აღმოსავლეთანატოლიელი ხალიბებისაგან განსასხვავებლად [შდრ. 55, III, V, 17; IV, III, 3; IV, IV, 4].
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ „ანაბასისის“ დასკვნითი ნაწილი შინაარსობრივი თვალსაზრისით არ არის დაშორებული ძირითად ტექსტს, უფრო მეტიც, ტომთა განსხვავებული სახელწოდებების („კოიტები“, „ჰესპერიტები“) გამოყენება თავისთავად განპირობებული ჩანს მოთხოვნილებით, თხზულების შემაჯამებელ ნაწილში აღრევის თავიდან ასაცილებლად დაკონკრეტებული ყოფილიყო, თუ რომელი ტომი (ან მისი ნაწილი) იყო ტექსტში ნაგულისხმევი. აღნიშნული გარემოება მიგვანიშნებს, რომ „ანაბასისის“ დასკვნითი ნაწილი, თუნდაც იგი ქსენოფონტის კალამს არ ეკუთვნოდეს, შინაარსობრივად ძირითად ტექსტთან სავსებით თანხვედრილია და აქ, ჩემი აზრით, საეჭვო აღარაფერია18.
ზემომოყვანილი მსჯელობა ტერმინ „ჰესპერიტის“ რაობასთან დაკავშირებით იმისათვის დაგვჭირდა, რომ თვალსაჩინო გაგვეხადა ამ ტერმინის სპერთან (თანამედროვე თურქული ისპირი) დაკავშირების უსაფუძვლობა, რაც, ჩემი აზრით, თავის მხრივ, საფუძველს აცლის მყარად ფეხმოკიდებულ შეხედულებას „მოქცევაი ქართლისაის“ ცნობის „არიან-ქართლის“ არიული ანუ ირანული კუთვნილებისა თუ დაქვემდებარების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინაელინისტური ხანის აღმოსავლეთი საქართველო თავად ატარებს არცთუ უმნიშვნელო აქემენიდური ზეგავლენის კვალს და ძნელი წარმოსადგენია მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე, რთულრელიეფიანი, კლდე-ხევებსა და ტყეებში ჩაკარგული ქართული ტომებით დასახლებული რომელიმე სხვა მხარე მასზე უფრო მეტად ყოფილიყო „ირანიზირებული“ და შესაბამისად ტერმინი „არიან-ქართლიც“ ამ რეგიონის „დანარჩენი“ ქართლისაგან განმასხვავებლად ყოფილიყო ნახმარი.
აქემენიანთა ეპოქის თანადროულ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ირანული ზეგავლენის არსებობის უტყუარ ნიშანს წარმოადგენს აქ გამოვლენილი ზოროასტრიული რელიგიის გავრცელების ამსახველი ნაშთები, უხვად გამოვლენილნი მატერიალურ კულტურაში; განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კავთისხევის ციხიაგორა და ხოვლეგორა (ქ. კასპთან), სადაც შესაძლოა არსებობდა აქემენიდური ხანის საკულტო ადგილები. მრავლისმეტყველია თუნდაც ღვთაება არმაზის სახელწოდებისა და საზოგადოდ არმაზის სანახების ტოპონიმიკის ირანული ხასიათი [იხ., მაგ., 62].
რაც შეეხება ჰეროდოტესთან მოყვანილი „სატრაპიების ანუ დარიოსის მოხარკეთა სიის“ ცნობას [Hdt., III, 93], რომლის მიხედვით, ერთსა და იმავე XIII სატრაპიაში პაქტიიკესა და არმენიის მოსახლეობასთან გაერთიანებული და არმენიის მეზობლად მცხოვრები ტომები ევქსინის პონტომდე ვრცელდებოდნენ, უნდა ითქვას, რომ XIII სატრაპიის შავიზღვისპირეთამდე გავრცელება ნომინალური ხასიათისა უნდა ყოფილიყო; ძალზე საეჭვოა, რომ ძვ. წ. IV ს. დასაწყისისათვის დასავლეთ არმენიის სატრაპიის ტერიტორია მდ. არეზის (არაქსის) ზემო წელის მარცხენა (ჩრდილოეთ) ნაპირს დიდი მანძილით ყოფილიყო დაშორებული. გარდა იმისა, რომ ქსენოფონტის „ანაბასისის“ მონაცემებით, ტაოხები და ხალიბები სპარსეთის მეფეს არ ემორჩილებოდნენ [შდრ. 55, V, V, 17; VII, VIII, 25], სავარაუდოა, რომ მათ, ამავე დროს, ხალიბების მეთაურობით საერთო ტომობრივი გაერთიანება უნდა ჰქონოდათ ჩამოყალიბებული [შდრ. 55, IV, IV, 18; IV, V, 34; V, VI, 5; IV, VII, 1, 15-18; VII, VIII, 25]. ხალიბები და ტაოხები რომ დასავლეთ არმენიის სპარსელ სატრაპს არ ექვემდებარებოდნენ, გარდა ქსენოფონტის „ანაბასისის“ დასკვნითი პარაგრაფის საწყის ნაწილში აქემენიანთა იმპერის შემადგენლობაში შემავალ და ბერძენთა გზაზე მდებარე ქვეყნებსა და ტომებს შორის მათი დაუსახელებლობისა [შდრ. 55, VII, VIII, 25], მოწმობს აგრეთვე ტირიბაზის ჯარში მათი ცალკე – „მოქირავეებად“ მოხსენიებაც, განსხვავებით საკუთრივ ტირიბაზის მეომრებისაგან [55, IV, IV, 18], ვინაიდან, ძნელი წარმოსადგენია, რომ დასავლეთ არმენიის მმართველს – ტირიბაზს თავისივე ქვეშევრდომები დაექირავებინა. ხალიბთა ქვეყანა და არმენია აშკარად არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული დასავლეთ არმენიის ერთ-ერთი სოფლის მამასახლისის (κώµαρχοϛ) მიერ ქსენოფონტისათვის ნათქვამ სიტყვებში, რომ წინ, ბერძენთა გზაზე, მდებარე არმენიის მეზობელი ქვეყანა ხალიბებს ეკუთვნოდათ [55, IV, V, 34].
ბუნებრივია კითხვა, თუ ჰესპერიტებში არა სპერის, არამედ დასავლეთ არმენიის მოსახლეობა იგულისხმება, ასეთ შემთხვევაში ვის უნდა ეცხოვრა ძვ. წ. V საუკუნის მიწურული ხანის სპერში? ამ საკითხის გარკვევაში ისევ „ანაბასისის“ მონაცემები გვეხმარებიან, რომელთა მიხედვით სპერის ადგილმდებარეობა ყველაზე უფრო უახლოვდება იმ ტერიტორიას, რომელიც სკვითინებით იყო დასახლებული. როგორც ვიცით, ქსენოფონტისა და მისი თანამემამულეების გზა, ხალიბების ქვეყნის გავლის შემდეგ – მდ. ჰარპასოსიდან (გაიგივებულია მდ. ჭოროხთან) მაკრონთა ქვეყანამდე (ქ. ტრაპეზუნტის სამხრეთით) – სკვითინების მიწაზე გადიოდა [55, IV, VII]. სკვითინების ქვეყნის ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, უპირველეს ყოვლისა, უნდა იძლეოდეს მათი უმნიშვნელოვანესი ქალაქის – გვიმნიასის მდებარეობა ქ. ტრაპეზუნტის სამხრეთით განლაგებული მთების გადაღმა 5 დღის სავალ მანძილზე [55, IV, VII, 18-27; IV, VIII, 1], რაც, როგორც ფიქრობენ, დაახლოებით თანამედროვე ქ. ბაიბურთის სანახებს ანუ ისტორიულ სპერს უნდა თანხვდებოდეს. სკვითინების ქვეყნის შუაგულში ქ. გვიმნიასის მდებარეობას მოწმობს ის გარემოება, რომ ბერძენთა მსვლელობის გზაზე, როგორც ამ ქალაქამდე, ასევე, მისი გავლის შემდეგაც, სკვითინების ტერიტორია საკმაოდ დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული [იხ. 7, 91 შმდ.].
ამრიგად, როგორც ვხედავთ, არა მარტო ტერმინ „არიან-ქართლში“ გამოყენებულ სიტყვას „არიანს“ აქვს შეხების რაიმე წერტილი სპარსულ სამყაროსთან, არამედ არც ამ ტერმინისათვის მისადაგებულ სპერის ოლქში და არც მთლიანად ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არ იკვეთება სპარსელთა პოლიტიკური ბატონობისა თუ ეთნიკური დომინირების ნაკვალევი, რაც საშუალებას მოგვცემდა გვეფიქრა ამ მხარის სპარსელობისა თუ არიელობის სასარგებლოდ19.
მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველი რჩება, თუ რა კავშირი უნდა ჰქონოდა „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკაში ასახული ცნობის ალექსანდრე მაკედონელს ქართველთა გადმოსახლებასთან მათი ე.წ. პირველსაცხოვრისიდან – „არიან-ქართლიდან“. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ხომ ქართლში მოსულს „თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზო, ძე არიან-ქართლისა მეფისა, და მას მიუბოძა მცხეთა საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის წყალი, და სომხითი და მთა ცროლისა და წარვიდა...“ [2, 320].
კარგად არის ცნობილი, რომ თვით ალექსანდრეს არასოდეს ულაშქრია კავკასიაში; თუმცა, ქართული და სომხური მატიანეების სამართლიანად ლეგენდარულად მიჩნეული ცნობები ალექსანდრე დიდის მონაწილეობის შესახებ კავკასიისა და მისი მიმდებარე მხარეების საქმეებში [იხ. 2, 320; 34, 17-20; 32, II, 8, 11; შდრ. 64, 76-79; 63, 81-82, შენ. 104; 65, 104-109] და ადგილობრივ მმართველთა, სავარაუდოდ, არსებული სურვილი – დაეკავშირებინათ საკუთარი მიზნები მაკედონელთა ინტერესებთან და გამოეყენებინათ მათი ძალაუფლება ამ მიზნების რეალიზაციისათვის, თითქოს ასახულია ახ. წ. II საუკუნის რომაელი მწერლისა და პოლიტიკოსის, ფლავიუს არიანეს თხზულებაში „ალექსანდრეს ლაშქრობა“ [იხ. 66, 191-216].
ფლავიუს არიანეს ინფორმაციით, ძვ. წ. 329/328 წ. ცენტრალურაზიელი „ხორაზმიელების“ მეფე ფარასმანესი 1500 მხედრის თანხლებით ეახლა ალექსანდრეს მდ. ოქსის (თანამედროვე ამუ დარია, ცენტრალურ აზიაში) ნაპირთან და მოახსენა, რომ იგი ცხოვრობდა კოლხებისა და ამაძონელების მეზობლად და მზად იყო დახმარებოდა მას, თუკი ალექსანდრე გადაწყვეტდა იმ ტომების დამორჩილებას, რომლებიც სახლობდნენ პონტოს ევქსინოსამდე (ანუ შავ ზღვამდე) გადაჭიმულ მხარეში. ალექსანდრემ „ხორაზმიელების“ მეფეს მიუგო, რომ იმჟამად მას არ ჰქონდა დრო და საშუალება პონტოსკენ გასალაშქრებლად, მაგრამ აზიის დაპყრობისა და ჰელესპონტოსა და პროპონტიდისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ, იგი მთელი თავისი საზღვაო და სამხედრო ძალების დახმარებით ღრმად შეიჭრებოდა პონტოში და მხოლოდ მაშინ დასჭირდებოდა მას ფარასმანესის დახმარება [67, XV, IV, 14-15].
ისტორიოგრაფიულ ლიტერატურაში არაერთხელ გამოთქმულა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაუჯერებელია „შავი ზღვის პერიპლუსის“ ავტორს, ფლავიუს არიანეს, დაეშვა კოლხთა ბინადრობა ცენტრალურ აზიაში, ხორაზმიელთა მეზობლად, ნაცვლად შავ ზღვასთან მდებარე ტრაპეზუნტის მიდამოებისა. ნავარაუდევია, რომ შეცდომა გაჩნდებოდა ბერძნულ მანუსკრიპტებში, ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ თავდაპირველ ტექსტში კოლხების გვერდით ცენტრალურაზიელი ხორაზმიელები ყოფილიყვნენ მოხსენიებული. ასევე ფიქრობენ, რომ შესაძლოა თვით არიანეს დაეტოვებინა ფარასმანესის განცხადება უკომენტაროდ, ვინაიდან თავი უნდოდა აერიდებინა იმისი განხილვისაგან, თუ რა უნდა ყოფილიყო ნაგულისხმევი მასში და არ სურდა ეჭვის ქვეშ დაეყენებინა, ამ ინფორმაციის სანდოობა, რომელიც, შესაძლოა, მოდიოდა ალექსანდრეს თანამედროვეთაგან – არისტობულოსიდან (ძვ. წ. 375-301 წწ.) ან პტოლემედან (ძვ. წ. 367-283 წწ.), რომლებიც თან ახლდნენ ალექსანდრეს ლაშქრობაში [68, 67, 192]. ა. ბოსვორსი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ამბის თავდაპირველ მთხრობელს, რომელიც მისი რწმენით, აშკარად ამ მოვლენის თანამედროვეა, ეჭვი არ ეპარებოდა ალექსანდრეს მისწრაფებაში – დაემორჩილებინა შავი ზღვის ირგვლივ მდებარე არე-მარე; მისი შეხედულებით, ეს წამოწყება დაკავშირებული უნდა იყოს ძვ. წ. 328 წელს შემუშავებულ გეგმებთან [68, 67, 192].
ერთი რამ, ვფიქრობ, ცხადია: არიანეს ტექსტი ეხება შავიზღვისპირეთს და არა ცენტრალურ აზიას: გარდა იმისა, რომ მასში მოხსენიებული არიან კოლხები, ამაძონელები და ექვსინის პონტო, ამასვე უნდა მოწმობდეს თვით ალექსანდრეს სიტყვები, რომ მხოლოდ ჰელესპონტოსა და პროპონტიდისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ (ე.ი. შორეული ლაშქრობიდან გამობრუნების შემდეგ), გაემართებოდა იგი პონტოსკენ და ამისათვის გამოიყენებდა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ძალებს. ეს უკანასკნელი შენიშვნა – „საზღვაო ძალების გამოყენება“ – შეუძლებელს გახდიდა ცენტრალურ აზიაში მის უკან დაბრუნებას, და შესაბამისად, იქ მყოფი ფარასმანესისათვის დახმარების გაწევას.
საფიქრებელია, რომ ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არა მხოლოდ ქართული მატიანეების ქართველთა „პირველსაცხოვრისია“ საძებარი, რომლის შესახებაც სავარაუდოდ არსებული გადმოცემა შესაძლოა შერწყმოდა „მეგასთენესეულ“ ცნობას პირენეს იბერიიდან ანუ არიანქართლიდან ქართველთა ლეგენდარული გადმოსახლების შესახებ, არამედ კოლხებთან და ამაძონელებთან მებრძოლი ფარასმანესის ქვეყანაც. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ თუ ერთი მხრივ, არიანეს მიერ მოხსენიებული ხორაზმიელთა მეფე ფარასმანესი ალექსანდრეს დახმარებას ელოდებოდა თავისი მეზობლების – კოლხებისა და ამაძონელების – წინააღმდეგ, მეორე მხრივ, ქართული და სომხური მატიანეების ცნობით, ალექსანდრე დიდმა ქართლში მოსვლის შემდეგ ამ ქვეყნის მმართველად თავისი „პროტეჟე“ (აზო/აზონი თუ მიჰრდატ/მითრიდატე) დაადგინა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ვარაუდი, რომ ეს ორი ცნობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული ანუ, ანატოლია-კავკასიის მიჯნაზე განლაგებული რომელიღაც ქვეყნის სახელი ყოფილიყო აღრეული ცენტრალურ აზიაში მდებარე ქვეყნის – ხორეზმის სახელწოდებასთან და ტერმინ „ჰესპერიტების“ მსგავსად ამ შემთხვევაშიც საქმე გვქონდეს ეთნონიმისა თუ ქორონიმის მცდარ გამოყენებასთან.
ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს სტრაბონის ცნობა, რომ სომხებმა თავისი ქვეყანა განადიდეს იბერთაგან გოგარენეს გარდა პარიადრის მთიანეთისა და ხორძენეს ჩამოჭრით [21,XI, XIV, 5]. ეს მოვლენა ალექსანდრეს ეპოქასთან შედარებით უფრო გვიანდელი ხანით – ადრეული ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს მოხდა იბერიული პროვინციის – ხორძენეს მისაკუთრების შედეგად სომხური მიწების გაფართოება მდინარე მტკვრამდე [შდრ. 21, XI, XIV, 5; I, III, 21; 69, XXXIV]. ხორძენე, როგორც ჩანს, ძირითადად მოიცავდა ძველ ქართულ პროვინციებს – კოლასა და არტაანს. ამავე დროს, არსებობს შესაძლებლობა ცნება „ხორძენეს“ გავრცობისა უფრო ვრცელ ტერიტორიაზე, მასში ნაწილობრივ ტაო-კლარჯეთის მოქცევის ხარჯზე. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ კოლა-არტაანისა და ტაო-კლარჯეთის გამყოფი არსიანის ქედი (დღევ. იაზლინჯამ დაღლარი) გიორგი მერჩულის X საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში, „ცხოვრება წმ. გრიგოლ ხანძთელისა“ მოხსენიებულია „ხორასუნთა მთათა“ სახელწოდებით: „რამეთუ ოდესმე ზაფხულისა ჟამსა მთათა მათ ხორასუნთა გარდამოვიდოდა იგი2022და მის თანა ძმანი. და იხილეს ადგილი მარჯვე და პურისა ჭამად დასხდეს“ [70, 280].
ამრიგად, შესაძლებელი ჩანს, რომ ფლავიუს არიანეს „ალექსანდრეს ლაშქრობის“ ტექსტში ხორაზმიელთა მეფის ფარასმანესის სახელს იბერიული მხარის – ხორძენეს მმართველი იყოს ამოფარებული, მით უმეტეს, რომ სახელი „ფარასმანესი“ ხშირად არის დადასტურებული იბერიაში. ასეთ შემთხვევაში, არიანეს ინფორმაცია და „მოქცევაი ქართლისაის“ ცნობა „ფსევდო-არიან-ქართლის“ (ამ ტერმინში პირობითად ვიგულისხმოთ რომელიღაც სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქართული მხარე) მეფისა თუ მმართველის ძის აზოს შესახებ, რომელიც ალექსანდრე დიდის (უფრო კი, სავარაუდოდ, მის მხედართმთავართა) დახმარებით გამეფდა მცხეთაში, არ არის გამორიცხული, რომ ერთი და იმავე მოვლენის გამოძახილი ყოფილიყო.
ქართულ და სომხურ მატიანეებში მოხსენიებული პირველი ქართველი მეფის – აზოს თუ მითრიდატე/მიჰრდატის შესახებ არსებულ ინფორმაციებში ნაგულისხმევი პრობლემის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძვ. წ. გვიან IV – ადრეულ III საუკუნეების ცენტრალურ ამიერკავკასიაში მართლაც ჰქონდა ადგილი გარკვეულ მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს (იბერიის) ისტორიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტთან – სახელმწიფოებრიობის წარმოქმნასთან. ქართულ და სომხურ მატიანეთა მონაცემები აღადგენენ იმ მოვლენებს, რომელთაც საწყისი სტიმული ალექსანდრე დიდის მიერ აქემენიდთა იმპერიის დაპყრობით მიეცათ და რომლებსაც პოსტ-ალექსანდრულ ხანაში აღმოსავლეთქართული (იბერიული) სახელმწიფოს წარმოქმნა-ჩამოყალიბება უნდა გამოეწვია. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მეფეთა ცხოვრება“ აშკარა შეუსაბამობას ავლენს „მოქცევაი ქართლისაის“ ზემოთ მოყვანილ ცნობასთან.
სათანადო ადგილი „მეფეთა ცხოვრებიდან“ გვამცნობს, რომ „დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი... და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით, და მისცა ასი ათასი კაცი ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქვიან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მÃნენი, და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს ერისთავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა“ [34, 18].
როგორც ვხედავთ, „მეფეთა ცხოვრებისათვის“ არიან-ქართლის მეფის ძე აზო მაკედონელი აზონია. გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ არიან მოხსენიებული მაკედონელი აზონისადმი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილები რომაელ ჯარისკაცებად. „მეფეთა ცხოვრების“ ავტორისათვის, ისევე როგორც ადრეული შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურისათვის, ხომ კარგად არის ცნობილი განსხვავება რომაელსა (ჰრომი) და ბერძენს (ელინი) შორის21.
„მოქცევაი ქართლისაის“ აზოს პიროვნების მორგების საჭიროებამ `მეფეთა ცხოვრების“ კონცეფციასთან ქართველთა ავტოქტონობისა და მათი პირველი, ადგილობრივი მეფის ფარნავაზის შესახებ „მეფეთა ცხოვრების“ ავტორი (თუ რედაქტორი) აიძულა, აზო „მაკედონელი“ აზონით, ხოლო აზოს თანამემამულეები არიან-ქართლიდან – აზონის თანმხლები „რომაელი ჯარისკაცებით“ – „ფროტათოსელებით“ შეეცვალა [შდრ. 34, 18]. გ. მელიქიშვილის აზრით, ციკლები აზოსა (=მიჰრდატს, მოვსეს ხორენაცის „სომეხთა ისტორიიდან“) და ფარნავაზის შესახებ, შესაძლოა, ადრე ერთმანეთის დამოუკიდებლად არსებობდნენ, ანდა იქნებ სულაც იბერიის სამეფოს წარმოქმნის შესახებ არსებული ერთი და იმავე ამბის იმ ვარიანტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც „მეფეთა ცხოვრების“ ავტორმა გვიანდელ ლიტერატურულ ვერსიაში გააერთიანა [შდრ. 4, 280 შმდ.]; მაგრამ თუკი ამბავი აზონის მიერ წამოყვანილი ასი ათასი (?! – გ. ქ.) რომაელი ჯარისკაცის შესახებ, რომელთა ნაწილიც შემდგომში ადგილობრივ მოსახლეობაში იყო გათქვეფილი [34, 25], მთლიანად იყო გამოგონილი მემატიანის მიერ და დამატებული „მოქცევაი ქართლისაის“ სიუჟეტზე ქართველთა პირველი მეფის – აზოს შესახებ (როგორც ეს უკვე ადრე იყო ნავარაუდევი) [4, 39], რა მიზეზის გამო იყვნენ ისინი წოდებულნი „მეფეთა ცხოვრებაში“ „ფროტათოსელებად“ [34, 18], რაც ფროტათოს ხალხს უნდა ნიშნავდეს?! დანამდვილებით ხომ არავინ იცის ეს ტერმინი, „ფროტათოსელნი“, რას ნიშნავს, ან სად იყო „ფროტათოს ხალხის“ სამშობლო?
ი. გაგოშიძის შეხედულებით, ტერმინი „ფროტათოსელნი“ შესაძლოა მომდინარეობდეს ბერძნული πρότακτος-იდან, რაც ნიშნავდა დაწინაურებულს, წინა ხაზზე მდგომს, მაგრამ „მეფეთა ცხოვრების“ ავტორმა იგი მნიშვნელობის გაგების გარეშე გამოიყენა [71, 97; შდრ. 72]. უკანასკნელ ხანებში ნავარაუდევი იყო ისიც, რომ ტერმინი „ფროტათოსელნი“, შესაძლოა, მომდინარეობდეს მოწინავე რაზმის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვიდან: πρό-τασις, πρό-τασσω, რომელიც გამოყენებული იყო ალექსანდრე დიდის დროინდელი სამხედრო კორპუსის აღმნიშვნელად [73, 160].
ვფიქრობთ, ტერმინ „ფროტათოსელნის“ ახსნა ბერძნული სიტყვის πρότασις, πρότασσω-ის მეშვეობით, უფრო სარწმუნო გახდებოდა, თუ მხედველობაში მივიღებთ ამავე ბერძნული სიტყვის ატიკურ ფორმას: πρόταττω, უფრო ახლო მდგომს ქართულ ტერმინთან – „ფროტათოს“. როგორც ცნობილია, ატიკური დიალექტი გამოყენებული იყო მაკედონელთა მიერ ჯერ კიდევ ალექსანდრეს მამის – ფილიპე II-ის ხანაში და შემდგომში, ალექსანდრეს არმიის ექსპანსიასთან ერთად, ფართოდ გავრცელდა მთელს ელინისტურ სამყაროში, წარმოადგენდა რა ძირითად სამწერლობო ენას კლასიკური ბერძნული ლიტერატურისათვის. ვინაიდან ეს სიტყვა ატიკურ დიალექტზე ნიშნავს `ადგილს ან სადარაჯოს წინა ხაზზე“, „დგომას ვინმეს წინ მისი დაცვის მიზნით, წინ აფარებას“ [იხ. 74, 1534], იგი თვით კავკასიის ჭიშკრისა ანუ ალექსანდრეს სვეტების უშუალოდ სამხრეთით მდებარე იბერიის სამეფოსა და საზოგადოდ მთელი ამიერკავკასიური არეალის ისტორიულ დანიშნულებას გამოხატავს და, შესაძლოა, სწორედ ამის გამო მომხდარიყო მასთან რომელიღაც სხვა სიტყვის კონტამინაცია.
ტერმინ „ფროტათოსთან“ დაკავშირებით, ჩემი აზრით, არსებობს განსხვავებული ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობაც (იხ. ქვემოთ).
ნიშანდობლივია, რომ ქართულმა მატიანეებმა ვერ შემოინახეს ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში რომაელთა ინტენსიური აქტიურობის შესახებ ცნობები, არადა რომაელთა კავკასიური პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას უხვად გვაწვდიან ბერძნული და რომაული წერილობითი წყაროები.
პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის სიკვდილისა და სომხეთის მეფის, ტიგრან II-ის კაპიტულაციის შემდეგ (ორივე ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა ძვ. წ. 66 წ.) რომაელებმა განსაკუთრებული მცდელობა გამოავლინეს ამიერკავკასიაში თავისი გავლენის გაფართოებისათვის. ისევე როგორც სხვა, აქ მოქმედ მათივე წინამორბედი ძალებისათვის, მათთვისაც ამ რეგიონს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ჩრდილოეთის ბარბაროსი ტომების შემოსევის საწინააღმდეგო თავდაცვით ჯებირს.
ამასთანავე, სავაჭრო გზების მეშვეობით ამიერკავკასია შავი ზღვის არეალს აკავშირებდა ცენტრალურ აზიასთან, ინდოეთსა და ჩინეთთან. პლინიუს უფროსიდან (23-79 წწ.) მომდინარე ინფორმაციით, ჯერ კიდევ პომპეუს დიდის (გნეუს პომპეუს მაგნუსი, ძვ. წ. 106-48 წწ.) პირველი კავკასიული ექსპედიციის (ძვ. წ. 65 წ.) წევრი, მარკუს ვარო (ძვ. წ. 116-27 წწ.) იუწყებოდა, რომ მათი ექსპედიციის ხანაში არსებული ინდოეთის სავაჭრო გზა, მდინარეების – ბაქტრუსისა და ოქსის გაყოლებით ბაქტრიაზე გამავალი, კასპიის ზღვას კვეთდა, ხოლო შემდეგ მდ. მტკვრის აყოლებით მდ. ფასისამდე და ამ უკანასკნელის საშუალებით შავ ზღვამდე აღწევდა [75, VI, 51 შმდ.]. პომპეუსის ექსპედიცია იყენებდა შავი ზღვის სანაპიროდან კასპიის ზღვამდე მიმავალ ძველ სატრანზიტო გზას – გარემოება, რომელიც ამ გზის მიმართ რომაელთა დიდ ინტერესზე მიგვანიშნებს [4, 325; 76, 31].
ახ. წ. I საუკუნის მეორე ნახევარში ამიერკავკასიაში „ველური ჩრდილოეთიდან“ მომთაბარეთა შემოსევის საშიშროება, ეტყობა, საკმაოდ აქტუალური იყო. რომაული სამხედრო ძალების კონცენტრაცია აღმოსავლეთ საზღვარზე და მისი კონტურების გარეთაც, უნდა აიხსნას არა მხოლოდ საკუთარი აღმოსავლური პროვინციების დაცვის საჭიროებით, არამედ მათი ძირითადი პოლიტიკური ამოცანის კონტექსტშიც: უპირატესობა მოეპოვებინათ პოლიტიკური ზეწოლის ინტენსიურობის მხრივ ისეთი უდიდესი საკვანძო მნიშვნელობის არეალზე, როგორიც იყო კავკასია; ქედს გადაღმა, ჩრდილოეთით განთავსებული უზარმაზარი სამხედრო ძალა პერმანენტულ მზადყოფნაში იმყოფებოდა კავკასიონის სამხრეთით მიმდინარე პროცესებში ჩარევისათვის. ამ ძალას ნებისმიერ დროს შეეძლო დაერღვია წინააზიურ-ახლოაღმოსავლურ არეალში არსებული გეოპოლიტიკური ბალანსი. კავკასიონის უღელტეხილების კონტროლის საშუალებით იქმნებოდა მეტად ხელსაყრელი შესაძლებლობა წინა აზიაში pax romana-ს ჩამოყალიბება-შენარჩუნებისათვის.
ამავე დროს, ამიერკავკასიაში რომაელთა ძირითადი ამოცანა, ვფიქრობთ, იყო არა იმდენად კავკასიაში ჩრდილოეთიდან გადმოსული ბარბაროსებისათვის გზის გადაკეტვა, რამდენადაც საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისათვის მათი დაქვემდებარება. უკვე ასეთი საშიშროების არსებობის შესაძლებლობაც კი თავისთავად წარმოადგენდა რომაელთა ხელში მნიშვნელოვან იარაღს, მიმართულს მათი აღმოსავლელი ოპონენტების საწინააღმდეგოდ.
ისეთი ძნელად სამართავი ძალებით მანიპულირება, როგორიც ჩრდილოელი მომთაბარეები იყვნენ, უკიდურეს მძიმე და სახიფათო ამოცანას წარმოადგენდა და რეგიონში რომის სამხედრო ნაწილების ყოფნას მოითხოვდა. რომაელთა გეგმების განსახორციელებლად აუცილებელი ხდებოდა კაპადოკიაში არმიის ერთეულების, ხოლო ამირკავკასიაში გარნიზონების დგომა. მოკავშირე რეგიონალური ძალაუფლების არსებობა რომაელებს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდა მეტოქეებთან დაპირისპირებისას. ამ თვალთახედვით კავკასიის კარიბჭეზე გაბატონებულ იბერთა მიმხრობა უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი უნდა ყოფილიყო. თავისი ზეობის წლების მიწურულს (66-67 წწ.) იმპერატორმა ნერონმა (54-68 წწ.) ახალი კავკასიური ექსპედიციის გრანდიოზული გეგმა წამოიწყო [75, VI, 15, 40]. ფიქრობენ, რომ იმ ხანად იგი დარიალის უღელტეხილის გადალახვით იმიერკავკასიის დალაშქვრას აპირებდა [77, 43 შმდ.], რაც, რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა კავკასიონის მთავარ ქედს აქეთ გადმოსულ და შესაძლოა ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში მოკალათებულ ალანებთან მიმართებაში ეს ლაშქრობა სავსებით მოსალოდნელი იქნებოდა. ტაციტუსის (დაახლ. 56-117 წწ.) ინფორმაციით, ნერონმა მრავალ სამხედრო ნაწილს (გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ილირიიდან) მოუყარა თავი კასპიის გადასასვლელებისაკენ გასაგზავნად, იმ ექსპედიციისათვის, რომელიც ალბანელთა წინააღმდეგ მზადდებოდა [78, 1,6,2]. იმპერიის დასავლეთში მომხდარი აჯანყების გამო ნერონის გეგმა ჩაიშალა, მაგრამ, როგორც ირკვევა, იგი ძირითადად აღსრულებული იქნა ფლავიუსი იმპერატორის – ვესპასიანეს (69-79 წწ.) მიერ. ვესპასიანეს ხანაში კაპადოკიის პროვინციის ორი ლეგიონითა და კონსულის რანგის მმართველით გაძლიერება სწორედ ბარბაროსთა გამუდმებული თავდასხმებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.
რომაული ლეგიონის – XVI Flavia Firma-ს სირიიდან სატალაში (მცირე არმენია) გადანაცვლების თარიღი – ახ. წ. 77 წელი და Legio XII Fulminata-სთან ამ ლეგიონის ერთ საექსპედიციო კორპუსად გაერთიანება, ალანთა შემოსევისა და, იმავდროულად, რომაელთა კონტრშეტევის მაუწყებლად არის მიჩნეული. ეს თარიღი დადასტურებას ჰპოვებს და კიდევ უფრო დიდი სიზუსტითაც კი შეიძლება იყოს განსაზღვრული რომაელთა მიერ იბერებისათვის ჰარმოზიკეს (ანუ არმაზციხის), გამაგრებაში გაწეული დახმარების გათვალისწინებით, რასაც ადგილი ჰქონია ახ. წ. 75 წელს. ალბათ დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმის განსაზღვრას, თუ რა ხასიათისა იყო ეს მოვლენა: წარმოადგენდა იგი გამაფრთხილებელ ზომას მტრის თავდასხმის მოლოდინში, თუ მხოლოდ ამ თავდასხმის შედეგი იყო [79, 48]22.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფაქტი მოწმობს, რომ ახ. წ. 75 წ. რომაელთა საჯარისო ნაწილები და მშენებლები უკვე იბერიაში არიან და შესაბამისად მათი სამხედრო ექსპედიცია ამ თარიღზე უფრო ადრე უნდა იყოს დაწყებული [79, 48]23.
ინფორმაცია იბერიაში რომაელთა აქტიურობის შესახებ მოცემულია ბერძნულენოვან წარწერაში, რომელიც იბერიის უძველესი დედაქალაქის _ არმაზის უშუალოდ სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო ნაპოვნი24.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ვინმე მარკუს ჰირიუს ფრონტო ნერატიუს პანსას წარწერა სეპინუმიდან (თანამედროვე სეპინო, ტერავეკიაში, იტალია)25 შემდეგნაირად გვამცნობს მის თანამდებობას: „leg(atus) pr(o) pr(aetore) [imp(eratoris) Caesaris Vespasiani Aug(usti) exercit]us qui in A[---]“. ვინაიდან ამ წარწერაში გვხვდება გამოთქმა: „exercitus qui in... est“ და არა ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში გამოყენებული ფორმულა: „exercitus qui est in...“, მ. თორელი დაასკვნის, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნულ თანამდებობას კავშირი არა აქვს საზღვარზე მყოფ შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივ სარდალთან. მისი აზრით, ჰირიუს ფრონტოს თანამდებობა, წარწერის მიახლოებული თარიღისა (ახ. წ. 75 წ., ალანთა პართიაში შესევისა და იბერთა მეფისათვის თავდაცვითი გალავნის აგების ხანა) და ამ პიროვნების განსაკუთრებული გამოცდილების გათვალისწინებით აღმოსავლეთის პოლიტიკურ და სამხედრო საქმეებში, ინტერპრეტირებული უნდა იყოს აღმოსავლური ექსპედიციის მთავარსარდლის შესატყვისად, და ამის შესაბამისად, წარწერის ტექსტი დასრულებული უნდა იყოს შემდეგნაირად: „leg(atus) pr(o) pr(aetore) [imp(eratoris) Caesaris Vespasiani Aug(usti) exercit]us qui in A[rmeniam Maiorem an in A[lanos anda in A[lbanos missus est---]„ [83, 172 შმდ.].
ამის საწინააღმდეგოდ მ. ჰაილს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ შესაძლოა აფრიკა ყოფილიყო ჰირიუს ფრონტოს ექსპედიციის მიზანი და, შესაბამისად, ზემოთ მოცემული ლაკუნა შევსებულიყო როგორც: Africae (exercit]us qui in A[fricae) [84, 165-184, იხ. 80, შდრ. აგრეთვე, 85, 844].
მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლეთში, იმპერიის ჩრდილოეთ საზღვართან ვესპასიანეს მმართველობის ხანაში არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ევფრატისპირეთსა და ამიერკავკასიას ერთმნიშვნელოვნად უნდა მიენიჭოს უპირატესობა აფრიკასთან შედარებით. ნერონის სიკვდილის ხანისათვის (ახ. წ. 68 წ.) რომის იმპერიის აღმოსავლეთის სასაზღვრო ზოლი ზეუგმადან (ევფრატზე, სამხრეთ თურქეთში) ტრაპეზუნტამდე (თანამ. ქ. ტრაბზონი, შავ ზღვაზე) ფაქტობრივად დაუცველი იყო. ვესპასიანემ კომაგენისა და მცირე არმენიის ანექსიით, კაპადოკიისათვის ლეგიონების დამატებით და სამოსატაში (მდ. ევფრატის დასავლეთ ნაპირზე, თანამ. ქ. შამშათთან) ახლად დაარსებული ლეგიონისათვის (Legio XVI Flavia Firma) პერმანენტული ბანაკის მოწყობით ვესპასიანემ ძირეულად შეცვალა რეგიონში ძალთა განლაგება [86, 60].
ამ ღონისძიებებს არ შეიძლებოდა პართიის ხელისუფალთა წინააღმდეგობა არ გამოეწვია. ვესპასიანეს ეპოქაში ურთიერთობა რომსა და პართიას შორის გაუარესდა, სულ უფრო აშკარა გახდა სამხედრო კონფრონტაცია რომაელთა და პართელთა შორის [იხ. 79, 40 შმდ.]. ახალი იმპერატორი, ნერონისაგან განსხვავებით, სულაც არ იყო ანთებული სურვილით, ჰქონოდა პართელებთან საერთო თავდაცვითი პროექტები. იგი ამჯობინებდა, რომ მისი გეგმები არა მარტო დამოუკიდებელი ყოფილიყო პართელებისაგან, არამედ გარკვეულწილად განპირობებულიც კი ყოფილიყო საჭიროებით, დაეძლია მათი ტრადიციული, თუმცა არა ყოველთვის ადვილად შესამჩნევი ოპოზიცია აღმოსავლურ საკითხებში.
რომისა და პართიის სამხედრო კონფრონტაციის არსებობაზე მიგვანიშნებს ვესპასიანეს მიერ დაახლ. 75-78 წწ. უხვად გაცემული საიმპერატორო ჯილდოები თუ საპატიო ტიტულები, საგანგებოდ მოჭრილი მონეტები და სამხედრო წარმატებების მიღწევის გამომხატველი სხვა ნიშნები; ამას საფუძვლად, მკვლევართა აზრით, უნდა დასდებოდა სირიის ნაცვლის მარკუს ულფიუს ტრაიანეს (დაახლ. 30-99 წწ., რომის მომავალი იმპერატორის ტრაიანეს მამის) მიერ დაახლ. 75-76 წწ. პართელებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება. იმ გარემოებას, რომ ბრძოლა სწორედ პართელებთან უნდა მომხდარიყო, გარდა იმ ხანად შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურისა, ფაქტობრივად მოწმობს პლინიუს უფროსის ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ უმცროსმა ტრაიანემ (53-117 წწ.), მომავალმა იმპერატორმა, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ მოიპოვა „პართული დაფნა“.
სწორედ ამავე ფუნქციურ და ქრონოლოგიურ ჩარჩოებში უნდა მოთავსდეს ჰირიუს ფრონტოს კარიერის ამსახველი სეპინუმის წარწერის ზემოთ მოყვანილი ცნობაც მის მიერ ახალი თანამდებობის მიღების შესახებ [87, 55-57; 86, 62]. რომაელთა, პართელთა და ალანთა მძაფრი ურთიერთდაპირისპირების პირობებში, მართლაც, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ახლად ჩამოყალიბებული სამხედრო საექსპედიციო კორპუსი აფრიკაში გასაგზავნად ყოფილიყო გამიზნული და არა კავკასიონის მიმდებარე მხარეებისაკენ.
ახ. წ. I საუკუნის მეორე ნახევარში რომაელთა დიდი ძალისხმევა აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც მნიშვნელოვანწილად იყო დაკავშირებული ამიერკავკასიაში მათი სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური ზეგავლენის შენარჩუნებასთან და, კერძოდ, კავკასიონის უღელტეხილების კონტროლთან, თითქოს სრულიად უცნობია ქართული მატიანეებისათვის; მაგრამ თუ გავითვალისწინებდით ქართლის ცხოვრებისეული აზონის თანამებრძოლი ფროტათოსელების შესახებ ცნობას, შესაძლებლობა მოგვეცემოდა ეს ამბავი კავკასიაში რომაელთა აქტიურობის ხანისათვის დაგვეკავშირებინა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, „მეფეთა ცხოვრების“ ტექსტში აზონის მებრძოლნი მოიხსენიებიან არა „მაკედონელებად“ ან „ბერძნებად“, არამედ „რომაელ ჯარისკაცებად“, უფრო ზუსტად: „ასი ათას კაცად ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქვიან ფროტათოს“ და რომელნიც, ამავე დროს, „ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა“ [34, 18]. ერთი შეხედვით ტექსტში აშკარაა წინააღმდეგობაა: რომაული ქვეყნის ფროტათოს მოსახლეობა ფროტათოსელნი, იგივე „ჰრომნი“ [შდრ. 34, 22-23, 25-27], ალექსანდრე მაკედონელის ანუ ბერძნების ბატონობის ხანაში ეკირთებიან (ანუ ავიწროებენ, აწუხებენ, არბევენ) [იხ. 40, 199] რომს. ამავე დროს იმავე ტექსტიდან ვიცით, რომ რომაელები ბერძნების წინააღმდეგ მებრძოლი ძალაა: „და ვერღარა იძიეს შური ბერძენთა მის [ფარნავაზს,– გ. ქ.] ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა“ [34, 25]; თუმცა ეს წინააღმდეგობა ადვილი ასახსნელია, თუ დავუშვებთ, რომ „მეფეთა ცხოვრებაში“ ან იმ ტექსტში, რომლისგანაც არის დასესხებული მოცემულ შემთხვევაში ეს თხზულება, საუბარია არა ალექსანდრე დიდის, არამედ რომის იმპერიის ხანაზე.
როგორც ვიცით, რომაულ ლეგიონებში სხვადასხვა დაქვემდებარებული მხარეებიდან უყრიდნენ თავს ჯარისკაცებს. გავიხსენოთ, თუნდაც ტაციტუსის ზემოხსენებული ცნობა [78, 1,6,2] ნერონის შესახებ, როდესაც მან რომის იმპერიაში შემავალი სხვადასხვა მხარეებიდან – გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ილირიიდან – მრავალ სამხედრო ნაწილს მოუყარა თავი კასპიის გადასასვლელებისაკენ გასაგზავნად. აღსანიშნავია, რომ სწორედ ნერონის ხანაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა კავკასიისაკენ რომაული სამხედრო ნაწილების გაგზავნის საჭიროება ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი შემოსევის აღსაკვეთად. ახ. წ. I ს. 50-60-იან წლებში, კაპადოკიასა და არმენიაში გნეუს დომუციუს კორბულოს (7-67 წწ.) მხედართმთავრობისას, იბერი ცხენოსნები რომაელთათვის მნიშვნელოვან დამხმარე ძალას წარმოადგენდნენ [იხ. 86, 319]. ვესპასიანეს დროს ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეს თან დაერთო პართიის მიერ გამოვლენილი რომაელთათვის არასასურველი მისწრაფება – გაეფართოვებინა კონტროლი სასაზღვრო რეგიონებში. შექმნილ ვითარებაში ვესპასიანეს მიერ იბერთათვის არმაზციხის გალავნის კედლის გამაგრება, როგორც ამას ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, აღმოსავლური ექსპედიციის მთავარსარდლის – ჰირიუს ფრონტოს უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით უნდა ჩატარებულიყო [88, 118-119, შდრ. 124, შენ. 47; 87, 56]. აშკარა ხდება, რომ არა უგვიანეს ახ. წ. 75 წ. რომაელთა სამხედრო ნაწილები და, სავარაუდოდ, ჰირიუს ფრონტოც იბერიაში იმყოფებოდნენ [86, 64].
ვინაიდან „მეფეთა ცხოვრებაში“ გამოყენებული სიტყვა „ფროტათოსელნი“ [34, 18], მიუხედავად უკვე გამოთქმული არა ერთი ვარაუდისა (იხ. ზემოთ), არ შეიძლება ყოფილიყო ბერძნული πρότακτοςიდან მომდინარე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ფ გადმოსცემს ბერძნულ φ-ს, და არა π-ს26, თითქოს უფრო შესაძლებელი უნდა ჩანდეს სიტყვა „ფროტათოსელნი“ (რაც ფროტათო-ს ხალხს უნდა ნიშნავდეს) დავუკავშიროთ ვესპასიანეს ხანის მთავარსარდლის – ჰირიუს ფრონტოს სახელს. ცნობილია, რომ მაშინაც კი, როდესაც სამხედრო ნაწილებს მუდმივი სახელი ჰქონდათ მინიჭებული, ისინი მაინც, სიმარტივისათვის თუ პირფერობისათვის, მათი სარდლის სახელით მოიხსენიებოდნენ [92, 165-172]. შესაძლოა, რომ ეს ტერმინი – „ფროტათოსელნი“ – თავდაპირველად აღნიშნავდა ჰირიუს ფრონტოს ხელქვეით მყოფ სამხედრო ერთეულს და შემდგომში (ჯერ კიდევ „მეფეთა ცხოვრების“ შედგენამდე) გაგებული იყო, როგორც ბერძნული სიტყვა – πρόταττω, მნიშვნელობით „ადგილი ან პოსტი რაიმეს წინ“ (იხ. ზემოთ)27.
გარდა ამისა, „მეფეთა ცხოვრების“ ფროტათოსელთა წინამძღოლის აზონის წოდება – „პატრიკი“ [34, 18], ჩვეულებრივ, თარგმნილი – „პატრიციად“ [89, 25], შესაძლოა, ჰირიუს ფრონტო ნერატიუს პანსას ტიტულის – ადლეცტიო ინტერ პატრიციოს – გამოხატულებას წარმოადგენდეს, რომელიც მან ახ. წ. 73/74 წწ. ანუ უშუალოდ აღმოსავლური ექსპედიციის დაწყებამდე მიიღო [შდრ. 80, 41; 85, 844].
თუ ტერმინი „ფროტათოსელნი“ მართლაც ჰირიუს ფრონტოს სახელს უკავშირდება, შესაძლებლობა მოგვეცემოდა, აქამდე არსებულ ცნობებთან ერთად, ქართული მატიანის მონაცემების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შეგვეძინა სადღეისოდ მკვლევართა უმეტესი ნაწილის მიერ გაზიარებული ვარაუდისათვის ჰირიუს ფრონტო ნერატიუს პანსას კავკასიური აქტიურობის შესახებ და ეს გარემოება მიგვეჩნია მის მიერ მსგავსი თანამდებობის მიღების დასტურად; ამ შემთხვევაში ახალი შუქი მოეფინებოდა „მეფეთა ცხოვრების“ ზოგიერთ დღემდე გაურკვეველ ცნობასაც28.
ჩვენთვის მაინც გაურკვეველი რჩება, თუ რომელი კონკრეტული ამიერკავკასიული რეგიონი უნდა ყოფილიყო მ. ჰირიუს ფრონტოს ექსპედიციის მოქმედების ობიექტი. თუ მხედველობაში მივიღებთ ტაციტუსის ზემომოყვანილ ცნობას იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ ნერონმა მოუყარა თავი მრავალ სამხედრო ნაწილს კასპიის გადასასვლელებისაკენ გასაგზავნად და ალბანელთა დასალაშქრავად [78, 1,6,2], საფიქრებელი ხდება, რომ ეს რეგიონი ალბანეთი უნდა ყოფილიყო. კასიუს დიოს (დაახლ. 183-230 წწ.) მიხედვით, ნერონის მრავალრიცხოვან პატარ-პატარა ოხუნჯობების შორს იყო ერთი ხუმრობა, რომ თითქოს „ალბანელთა მიწაზე იმდენმა სისხლმა იწვიმა, რომ იქაურმა მდინარეებმა მიწა სისხლით დატბორა“ [LXIII, 26, 5, იხ. 94, 185]. ეს ცნობა ეგებ მიგვანიშნებდეს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მომხდარ რაღაც არეულობაზე და ამავე დროს მოწმობდეს ტაციტუსის ინფორმაციის სანდოობას ნერონის მიერ ალბანელთა წინააღმდეგ ექსპედიციის მომზადების შესახებ.
როგორც უკვე ითქვა, ნერონის ხანაში რომის ურთიერთობა პართიასთან გაუმჯობესდა ისე, როგორც არასდროს. ასეთ შემთხვევაში, რომის იმპერიის აღმოსავლეთი რეგიონებისათვის ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო აქტუალური გახდებოდა და, შესაბამისად, ნერონის მიერ დაგეგმილი პრევენტული ზომები პირველ ყოვლისა ჩრდილოეთის მიმართ იქნებოდა სავარაუდოდ მიმართული. რა სახისაც არ უნდა ყოფილიყო იმ წამოწყების ხასიათი, რომელიც ნერონმა ჯერ დაგეგმა, ხოლო შემდეგ მიატოვა, საფიქრებელია, რომ იგი რომის მხრიდან პართიასთან ერთად მოქმედებას უფრო ითვალისწინებდა, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ: ამ ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობის შენარჩუნების საერთო ინტერესები იმჟამად შედუღაბებული იყო კავკასიონის გადაღმა მხრიდან მომდინარე საერთო საფრთხით [95, 143]. კავკასიონის სამხრეთით მდებარე ქვეყნებისაკენ მუდმივად მსწრაფი ალანები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდნენ ამიერკავკასიის სტაბილურობისათვის და რომაული სტრატეგია საკუთარ მონაწილეობას მოითხოვდა ამ მხარის დაცვაში [96, 992]. არ არის გამორიცხული, რომ იმ ხანად ალბანეთი ალანთა ხელქვეით ყოფილიყო მოქცეული; ნერონის თანამედროვე რომაელი პოეტი ლუკანი (39-65 წწ.) „ფარსალიის“ VIII წიგნში ალანებს კასპიის კარიბჭესთან კავშირში მოიხსენიებდა: „...თუ მე ოდესმე დავინახე კასპიის კარიბჭე და მასთან ალანური ტომები, მძვინვარე და მუდამ მებრძოლი...“ [97, VIII, 222-225]29.
იბერიისაგან განსხვავებით, ალბანეთი მხარს აღარ უჭერდა რომაელთა ლაშქრობებს და მათ წინააღმდეგ იყო განწყობილი; არადა რომაელთა მიერ ყველაფერი კეთდებოდა, რათა ამიერკავკასიაში მათი მოწინააღმდეგებისათვის გადაულახავი ჯებირი ჩამოყალიბებულიყო და ყოველნაირად ხელი შეწყობოდა იბერიისა და ალბანეთის რომაულ ორიენტაციას [შდრ. 96, 995]. ტაციტუსის ინფორმაციით, რომელიც იბერთა მეფის ფარასმანესის (ფარსმან I-ის) გამონათქვამს გვამცნობს, ახ. წ. I საუკუნის შუახანებში ომი მიმდინარეობდა იბერიასა და ალბანეთს შორის [99, 12, 45]. ფარსმანმა, რომელმაც თავი დაოსტატებულ დიპლომატად გამოიჩინა, ეტყობა მიაღწია რომაულ-ალბანურ ურთიერთობათა მკვეთრ და საბოლოო გაუარესებას და აიძულა ალბანელები რომაული ორიენტაცია მათი საწინააღმდეგო პოლიტიკით შეეცვალათ.
ამიერკავკასიაში პოზიციების გამყარება რომისათვის განსაკუთრებით აქტუალური უნდა გამხდარიყო ვესპასიანეს ხანაში, როდესაც, როგორც უკვე ითქვა, ადგილი ჰქონდა პართიასთან ურთიერთობის მკვეთრ გაუარესებას30.
ალბანეთის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ნაწილების ყოფნის დამადასტურებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს სხვადასხვა ხანებით დათარიღებული აქ ნაპოვნი ლათინური და ბერძნული წარწერები. კერძოდ, კავკასიონის ქედსა და კასპიის ზღვას შორის მდებარე გობუსტანში, ქ. ბაქოს სამხრეთ-დასავლეთით, ნაპოვნი წარწერა: „Imp(eratore) Domitiano Caesare Aug(usto) Germanic(o) L(ucius) Iulius Maximus (centurio) leg(ionis) XII Ful(minatae)“, რომელიც ამოკვეთილი იყო ბეიუქ დაშის („დიდი ქვა“) კლდეზე, ახ. წ. 84 წ. მომდევნო ხანით უნდა დათარიღდეს, ამაზე იმპერატორის წოდება გერმანიკუს-ი მიანიშნებს [100, 76; 101, 1194, შენ. 57]. ლეგიონი XII ფულმინატა მოხსენიებული იყო აგრეთვე მდ. არეზის მარცხენა ნაპირზე, კარიაგინოსთან (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) აღმოჩენილ და ამჟამად დაკარგულ ქვაზე [101, 1194]. აზერბაიჯანშივე, ბუიუქ დეღნესთან ნაპოვნი ბერძნული ეპიტაფია განეკუთვნებოდა ახ. წ. II საუკუნეს [100, 76]31.
ამიერკავკასიაში გვიანდელ ფლავიუსთა ხანის რომაელთა ყოფნის დამატებითი მოწმობაა აგრეთვე სტატიუსის (45-96 წწ.) მიერ ახ. წ. 95 წ. დაწერილ პოემაში „სილვა“ კასპიის კარიბჭის წარმოდგენა კაპადოკიის არმიის მოქმედების ბუნებრივ არეალად [შილვაე 4, 4, 63-64, იხ. 103; შდრ. 104, 227]. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, ჯერ კიდევ ახ. წ. 75 წლისათვის კავკასიონის ერთ-ერთ გადასასვლელთან მაინც (თუ არა უფრო მეტთან) რომაელი სამხედროები უნდა ყოფილიყვნენ განთავსებულნი [105, 201].
ლათინური და ბერძნული წარწერების გამოვლენის ფაქტი იბერიასა და კასპიის ზღვას შორის მდებარე მხარეში, სავარაუდოდ, დაკავშირებული უნდა ყოფილიყო რომაელთა და იბერთა საერთო სტრატეგიულ ინტერესთან – კონტროლის ქვეშ ჰყოლოდათ ამ არეალში განლაგებული უღელტეხილები. იბერიელთა სამფლობელოების აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელება, რაც ამავე დროს აღმოსავლელი მეტოქეების ხარჯზე მათი პოლიტიკური ძალაუფლების ექსპანსიის გარანტიას იძლეოდა, რა თქმა უნდა, რომის იმპერიის ინტერესებშიც შედიოდა. ამის გამო რომაელთა სამხედრო ძალების მონაწილეობა რომაელი იმპერატორის „კლიენტის“ – იბერიის მეფის ლაშქრობაში რომთან დაპირისპირებული ალბანელების წინააღმდეგ, სავსებით მოსალოდნელი იქნებოდა [შდრ. 4, 351, შმდ.].
ასეთ შემთხვევაში ჰირიუს ფრონტოს საექსპედიციო კორპუსის მოქმედება ალბანელთა და მათი სავარაუდო მოკავშირეების – ალანების წინააღმდეგ მოულოდნელად არ უნდა ჩაითვალოს: ხომ სწორედ ბარბაროსთა გახშირებულ თავდასხმებს უნდა მიეწეროს ვესპასიანეს მიერ კაპადოკიის დამატებითი ლეგიონებითა და კონსულის რანგის მმართველით გაძლიერება, როგორც ამას სვეტონიუსი გვამცნობს [106 სვეტ. ვესპ. 8, 4]. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იქნებ შესაძლებელი იყოს სეპინუმის წარწერაში მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ლაკუნის ახლებური შევსება და ფართოდ მიღებული რეკონსტრუქციის – exercit]us qui in A[rmeniam maiorem – განსხვავებული კონიექტურა – exercit]us qui in A[lbanos32.
როგორც უკვე ითქვა, „მეფეთა ცხოვრებაში“ „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტის არიან-ქართლის მეფის ძე აზო მაკედონელი აზონით არის ჩანაცვლებული, ხოლო აზოს თანმხლები „მამამძუძენნი“ ასი ათასი რომაელი ლეგიონერით („ასი ათას კაცში ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქვიან ფროტათოს...“). ეს უკანასკნელი გარემოება და ზემოთ განხილულ მონაცემთა ერთობლიობა შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მეფეთა ცხოვრებისეული ალექსანდრე დიდის მიერ ქართლში მმართველად დადგენილი აზონის თანამებრძოლი ფროტათოსელების შესახებ ცნობა [34, 18] სინამდვილეში რომაულ ეპოქას უნდა უკავშირდებოდეს და მისი საშუალებით არის ასახული მატიანეში რომის არაერთსაუკუნოვანი და მეტად ქმედითი სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობა ამიერკავკასიასა და, კერძოდ, იბერიის სამეფოში. საფიქრებელია, რომ მცხეთის პირველი მეფის, აზოს უკვე სახენაცვალი ამბავი, სუბლიმირებული „მეფეთა ცხოვრების“ სიუჟეტში ქართლის „მაკედონელი“ დამპყრობლის, აზონის შესახებ გადმოცემასთან33, თავის მხრივ საზრდოობდა რომელიღაც უცნობი წყაროდან, რომელშიც სავარაუდოდ ასახული უნდა ყოფილიყო ფლავიუსთა ხანის (69-96 წწ.) რომაელთა მიერ ცენტრალურ ამიერკავკასიაში ჩატარებული სამხედრო ხასიათის ღონისძიებები.
რომაელებსა და იბერებს შორის არსებული, საერთო სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობა, ეტყობა მოითხოვდა იბერიულ საზოგადოებაში რომაელთა სამხედრო კონტიგენტის ინტეგრაციას: კაპადოკიასა და ამირკავკასიაში განთავსებული რომაელთა სამხედრო ძალები მათივე გეგმების განხორციელების გარანტს წარმოადგენდნენ. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ გარემოებით უნდა ყოფილიყო განპირობებული ქართულ საზოგადოებაში ჰრომთა (იგივე ფროტათოსელთა) გათქვეფის შესახებ „მეფეთა ცხოვრების“ ცნობის აღმოცენება [შდრ. 34, 22-23, 25-27], რომელიც ჩაენაცვლა „მოქცევაი ქართლისაის“ გადმოცემას არიან-ქართლის მეფის ძის აზოს თანმხლები „მამამძუძეების“ თაობაზე. „მეფეთა ცხოვრების“ ცნობით: `ხოლო იგი ჰრომნი ათასნიმხედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს,.. განყვნა ხევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მხნედ იყვნეს, და უწოდა მათ სახელად აზნაურნი“ [34, 25]. როდესაც ფარნავაზის ძეს საურმაგს საფრთხე შეექმნა „ერისთავთა ქართლისათაგან“, „მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი... რქუეს საურმაგს: „დიდი კეთილი დგას ჩუენ ზედა მამისა შენისა. ამისთვის ვართ ჩუენ მტკიცე ერთგულებასა შენსა“ [34, 26]; „ხოლო [საურმაგმა, – გ. ქ.] დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი“ [34, 27].
საზოგადოდ ყურადღებას იპყრობს წინაქრისტიანული ხანის ამიერკავკასიაში გამოვლენილი ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული ძეგლების სიუხვე და მათში ასახული ანთროპონიმიკის ბერძნულ-რომაული ხასიათი. როგორც ჩანს, მართლაც ხდებოდა ხოლმე ზოგიერთი რომაელის ჭეშმარიტი ინტეგრაცია იბერიულ საზოგადოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ახ. წ. II საუკუნის იბერიის სამეფოს ეზოსმოძღვრის პუბლიკიოს აგრიპას პიროვნება [112, 16; 81, 246]. ა. ბოსვორსის შენიშვნით, იგი ვერ იქნებოდა იბერიელი დიდებული, რომელმაც რომაული მოქალაქეობა და შესაბამისად ახალი სახელი მიიღო. მოქალაქეობის მინიჭება კლიენტი-სახელმწიფოს გამორჩეული წევრებისათვის ხდებოდა იმპერატორის მიერ ბოძებით და მსგავს შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, რომ რომაული მოქალაქეობის მიმღებს ეტარებინა იმპერიული ნომენი, რასაც პუბლიკიოს აგრიპას შემთხვევაში ვერ ვხედავთ, თუმცა აგრიპას ძე, იოდმანგანი უკვე სავსებით „გაიბერიელებული“ უნდა ყოფილიყო [104, 231]. აღსანიშნავია, რომ იბერიის სამეფო სახლში დასტურდება რომაული სახელის მატარებელი სხვა პიროვნებაც – ფლავიუს დადესი. იგი ეტყობა ადგილობრივი პირი იყო, რომლის წინაპრებმა რომაული მოქალაქეობა პრივილეგიის სახით მიიღეს ფლავიუსი იმპერატორისაგან [113, 48 შმდ.]. ფლავიუს დადესის სახელი ამოტვიფრულია არმაზციხის ნეკროპოლის ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნ ვერცხლის ლანგარზე: „მე მეფე ფლავიუს დადესმა ვაჩუქე ბერსუმა პიტიახშს“. ბერსუმა პიტიახშის ქვემოთ სხვა ხელით, დაუდევრად და მკრთალად ამოკაწრულია Μακεδόνι – „მაკედონს“ [81, 252].
უკანასკნელ ხანებში არმაზციხეზე ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ეპიგრაფიკულმა მასალამ დამატებით გაგვაცნო ეზოსმოძღვრის ანაგრენესის, აგრეთვე დედოფალ დრაკონტისისა და მსახურთუხუცესის ანიონის სახელები, ხოლო სვეტიცხოვლის ეზოში აღმოჩენილი აკლდამის (სამარხი 14) გათხრის შედეგად აღმოჩნდა გემა დედოფლის ულპიას გამოსახულებითა და ბერძნული წარწერით, აგრეთვე პენალი მეფე უსტამოსისა და ეუგენიოსის სახელით [იხ. 39, 114]. ი. რაინეგსის ცნობით, მცხეთის ჩრდილოეთით, საქართველოში მის ჩასვლამდე (ანუ 1779 წ.), არცთუ მრავალი წლით უფრო ადრე, ერთ-ერთ მაღლობზე მკვიდრად ნაგებ ნახევრადმიტოვებულ ციხე-სიმაგრეში (ალბათ ბებრის ციხეს უნდა გულისხმობდეს – გ. ქ.) ნაპოვნი ყოფილა დაუთარიღებელი ბერძნული წარწერა, რომელზედაც ადგილობრივი, ერუდირებული ქართველების მიერ ამოკითხული ყოფილა სიტყვა აკროფთოპოლისი. ი. რაინეგსი ვარაუდობს, რომ ეს უნდა ყოფილიყო მცხეთის ძველი სახელწოდება [114, 86]. მაგრამ, როგორც ცნობილია კასიუს დიო აკროპოლისს (‘Ακρόπολις) არმაზციხეს უწოდებდა [Dio XXXVII, 1, 4, იხ. 115, 99] და არა მცხეთას. სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო άκρόπτολις-ი – პოეტური ფორმა ნაწარმოები άκρόπολις-იდან [შდრ. 116, 28]34.
ზოგიერთ შემთხვევაში ბერძნულ-რომაული წარწერები, როგორც ეს ზემოთაც ითქვა, რომაელთა სამხედრო ნაწილების ამიერკავკასიაში განლაგების ფაქტის ამსახველია [19, 211-219]. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რომაული სამხედრო ნაწილების ყოფნა არ უნდა ყოფილიყო ხანმოკლე მოვლენა. აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებაში რომაელთა ინტენსიურ და მრავალმხრივ მონაწილეობას საგრძნობი კვალი უნდა დაემჩნია ადგილობრივ სულიერ სამყაროზეც, კერძოდ, რელიგიურ წარმოდგენებსა და კულტებზე. წინაქრისტიანული ხანის ამიერკავკასიაში ცეცხლთაყვანისმცემლობის არადომინანტურობა კერპთაყვანისმცემლობასთან შედარებით და ამ უკანასკნელის თვისობრივი სიახლოვე რომის იმპერიაში გავრცელებულ კულტებთან, რაც, გარკვეულწილად, რომის პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენით იყო განპირობებული, მკვიდრ საფუძველს წარმოადგენდა ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში ქრისტიანობის გამარჯვებისათვის. ქრისტიანობა აქ ძნელად თუ გაიმარჯვებდა, თუ ადგილი არ ექნებოდა რომთან ინტენსიურ, მრავალმხრივ კავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ახ. წ. III საუკუნის მეორე ნახევარი ადრესასანიანთა ხანის სპარსეთის მძლავრობის ხანა იყო, რომსა და სპარსეთს შორის 298 წელს დადებული ნიზიბისის ზავის პირობების თანახმად იბერია ისევ რომის ერთპიროვნული და მძლავრი ზეგავლენის ქვეშ მოექცა; ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად განაპირობა ქვეყნის ქრისტიანული არჩევანი და ამ არჩევანთან დაკავშირებული განუხრელი განვითარება35, მიუხედავად ჯერ სასანიანთა ირანისა და შემდეგ მუსლიმური სამყაროს ძნელად გასაძლები ზეწოლისა [62, 132-134].
დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ „არიან-ქართლის“ ცნება მწიგნობრული გზით შექმნილი ფიქცია უნდა იყოს (ამ მხრივ ანგარიშგასაწევია „მეფეთა ცხოვრების“ ავტორის მიერ მისი უგულვებელყოფა), არც საკუთრივ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს მიწა-წყალი (სპერი თუ მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მხარეები) უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მაინცდამაინც ამ მხარეში წარმოვიდგინოთ „სპარსული“ თუ „არიული“ ქართლის არსებობა სხვა, „არასპარსულ“ თუ „ნაკლებად სპარსულ“ ქართლთან (მაგ., აღმოსავლეთ საქართველოსთან) შედარებით. ამავე დროს, ძველთაგანვე, ადრეელინისტური ხანის ჩათვლით, ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში გამომზეურებულ არქეოლოგიურ მასალაში თითქოს თავს იჩენს მდ. მტკვრის ზემო წელისა და მის გადაღმა მდებარე მხარეებიდან მოსახლეობის გადმონაცვლებაზე მეტყველი ნიშნები (ეს ცალკე, საგანგებოდ განხილვის საკითხია), რაც, შესაძლებელია, გამოვლინდა კიდევაც ლეგენდარულ ცნობაში არიან-ქართლიდან აზოსა („მეფეთა ცხოვრების“ აზონი) და მისი თანმხლები პირების მცხეთაში გადმოსახლების თაობაზე. ამ ცნობაში ძირითადად მაინც არეკლილი უნდა იყოს ადრეელინისტური ხანის იბერიაში დიდი ალბათობით მომხდარი მოვლენები, რომლებმაც ხელი შეუწყეს აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნა-ჩამოყალიბების პროცესს. ამავე დროს, ამბავი არიან-ქართლის მეფის ძის აზოსა და მისი მიმდევრების შესახებ, ერთის მხრივ, დაკავშირებული ჩანს ფლავიუს არიანეს ცნობასთან „ხორაზმიელთა“ მეფის მიერ ალექსანდრე დიდის მხარდაჭერის მოპოვების მცდელობის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, რომის იმპერიის მიერ განხორციელებული „კავკასიური პოლიტიკის“ ამსახველ მასალებთან, რომლებიც ასე უხვადაა შემორჩენილი ძველბერძნულ და რომაულ წერილობით წყაროებში.
შენიშვნები
1. პ. ინგოროყვას კონიექტურით: „...წარმოიყვანა [ათასი] სახლი [მდაბიო უფლისა] და ათნი სახლნი მამამძუძეთანი“. შესწორების დროს პ. ინგოროყვა ეყრდნობა არსენ ბერის „ნინოს ცხოვრების“ ტექსტს: „მაშინ აზონ [წარვიდა] ქართლად არიან მამისა თვისისა, და წამოიყვანა მუნით ათასი სახლი მდაბი[ო] უფლისა, და კუალად ათი სახლი მთავართაგან, და ყოვლით დედა-წულით მათით მოიყვანა და დააშენნა ქართლს, და თანა ჰყვეს კერპნი მათნი ღმერთად და ესე აზონ პირველ[ი] მეფე იყო ქართველთა“ [1, 269-270].
2. წმინდა ნინოსადმი მიწერილი სიტყვებითაც, კერპები გაცი და გა „ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან-ქართლით“ [2,335].
3. იხ. 1, 283. პ. ინგოროყვას ვარაუდით, არსენ ბერს უსარგებლია ახ. წ. IV საუკუნის ქართველი ისტორიკოსის (წარმოშობით ქართველი ებრაელის) აბიათარის დაკარგული ნაშრომით „ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესავობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ ვითარ მოვიქეცით და მივიღეთ სჯული ქრისტეანობისა“; ეს, მისი აზრით, არსენ ბერის თხზულების ტექსტისა და აბიათარის მატიანის ზედწერილის გამონათქვამების ზუსტი დამთხვევიდან ირკვევა [1, 283-284].
4. იგი იყო სელევკოს I ნიკატორის (Σέλευκος Νικάτωρ, დაახლ. ძვ. წ. 356-281 წწ.) ელჩი ინდოეთში.
5. ა. სარჯველაძე ყურადღებას ამახვილებს ძველ აღთქმაში მოყვანილ ქანაანელთა მიერ გამოყენებულ ებრაელთა სახელწოდებაზე და შენიშნავს, რომ ძველებრაულში სიტყვა „ēber“ ეწოდებოდა ადგილს, რომელიც მდებარეობდა მდინარის ან ზღვის გაღმა. მისი აზრით, ძველ ფინიკიელებს შეეძლოთ ეწოდებინათ როგორც ზღვის გადაღმა – ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსათვის, ასევე მცირე კავკასიონის ქედის გადაღმა („ēber“) მდებარე მხარისათვის „იბერია“ [10, 118-123].
6. იგულისხმება ევროპისა (იბერიის ნახევარკუნძულისა) და აფრიკის (ანუ ლიბიის) გამყოფი გიბრალტარის სრუტის ნაპირები. როგორც ჩანს, ტერმინი „ჰერკულესის სვეტები“ შემდგომში ტრანსფორმირდება იბერიად და ლიბიად; ამას ხელს ისიც შეუწყობდა, რომ ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის ობიექტად იბერიის მიჩნევას, როგორც ზემოთ ითქვა, სხვა საფუძველიც მოეპოვებოდა. უფრო გვიან ხდება ამ სვეტების აღრევა უკვე „ალექსანდრეს სვეტებთან“ („ალექსანდრეს სვეტების“ შესახებ, იხ. [19, 191]) და ზოგიერთ მკვლევარს ამის გამო მიაჩნია, რომ ნაბუქოდონოსორს კავკასიის იბერიაში უნდა ელაშქრა [იხ. 20, 109].
7. სწორედ ჰერკულესთან ნაბუქოდონოსორის დასაპირისპირებლად უნდა გაჩენილიყო „ჰერკულესის სვეტების“ თემა ნაბუქოდონოსორის გმირობათა შესახებ გადმოცემაში.
8. კონსტანტინე პორფიროგენეტის მიხედვით, იბერიელები შთამომავლები არიან ჰური ხეთელის მეუღლის ბერსავიასი, მეფე სოლომონის დედის, რომელიც შეირთო მეფემ და წინასწარმეტყველმა დავითმა [29, 45].
9. პ. ინგოროყვას აზრით, კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაში „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტის „არიან-ქართლის“ იერუსალიმით შენაცვლებაში ასახულია ტენდენცია ქართველთა სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაბუთებისა დავით მეფესთან იბერთა დაკავშირების საშუალებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო ბაგრატიონთა გენეალოგიის დავით მეფემდე და წინასწარმეტყველამდე აყვანის აღიარებასთან [30, 81-87; იხ. აგრეთვე, 31, 144-149]. თუმცა უკვე მოვსეს ხორენაცი შენიშნავდა, რომ სომეხთა მეფემ – „ჰრაჩიამ სთხოვა ნაბუქოდონოსორს დატყვევებულ ებრაელთა ერთი მეთაურთაგანი, სახელად შამბათი; მან მოიყვანა, დაასახლა იგი ჩვენს ქვეყანაში [სომხეთში, _ გ. ქ.] და დიდი პატივი მიაგო. მემატიანე სამართლიანად თვლის, რომ მისგან მომდინარეობს ბაგრატუნთა გვარი“ [32, I, 22; იხ. 33, 86-87].
10. ამავე დროს, „მოქცევაი ქართლისაის“ „ბუნ-თურქთა უფალი“ „მეფეთა ცხოვრებაში“ „მამასახლისით“ არის შეცვლილი, რაც ალბათ უნდა აიხსნას `მეფეთა ცხოვრებისათვის“ დამახასიათებელი ქართველთა ავტოქტონობის კონცეფციის ზემოქმედებით [იხ. 9, 46].
11. ეს ამბავი „მეფეთა ცხოვრებაში“, ისევე როგორც „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტის „ქალდეველი ჰონნების“ მოსვლა, ალექსანდრე მაკედონელის ხანით, კერძოდ, ქართლში მისი ორი ლეგენდარული ლაშქრობის შუალედური ხანით თარიღდება [34, I, 17; 2, 320].
12. ცნობილია, რომ მოვსეს ხორენაცი აქ ევსები კესარიელის „ქრონიკების“ სომხური თარგმნის პირველ ფრაგმენტს იმეორებს [იხ. 28, 11]; კერძოდ, ხორენაცთან ვკითხულობთ: „ამის შესახებ აბიდენოსი ამბობს: „ძლევამოსილმა ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ჰერაკლეზე უფრო ღონიერი იყო, შეჰყარა ჯარი და მიაღწია ლიბიელთა, აგრეთვე [ი]ვერიელთა ქვეყნებს, შემუსრა და დაიმორჩილა ისინი, მათი ერთი ნაწილი წამოასხა იქედან და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დაასახლა“. [ი]ვერია ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს“ [იხ. 33, 107]. იმ გარემოებას, რომ მოვსეს ხორენაცთან მეგასთენეს ხსენება აღარ ჩანს, ხსნიან იმით, რომ „ქრონიკების“ სომეხ მთარგმნელს მისი სახელი არა საკუთარ (Μεγασθένης), არამედ ზოგად სახელად (µεγασθενής – „ძლევამოსილი“, „ძლიერი“) და ნაბუქოდონოსორის ეპითეტად მიუჩნევია [იხ. 28, 10]. „ქრონიკების“ სომხური თარგმანის ქართული ვერსია გ. მელიქიშვილის მიხედვით, შემდეგ სახეს ღებულობს: „ძლევამოსილმა, ამბობს იგი (აბიდენოსი, – გ.მ.), ნაბუკოდროსორმა, რომელიც ჰერაკლეზე ძლიერი იყო, მიაღწია, ლაშქრის შეკრების შემდეგ, ლიბიელთა და იბერთა ქვეყნებს და სძლია, დაამხო, დაიმორჩილა ისინი. მათი ერთი ნაწილი მან გადაასახლა პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეზე (და) იქ დაასახლა“ [28, 10].
13. ე. თაყაიშვილი საგანგებოდ შენიშნავდა, რომ თუ ერთი მხრივ, ბერძენ-რომაელი ისტორიკოსები აღმოსავლეთი საქართველოს ტერიტორიაზე მარტო იბერთა სახელმწიფოს იცნობენ, იბერთა მეფეებს იხსენიებენ, მაშინ როდესაც ქართლის სამეფო, სახელი „ქართლი“ და „საქართველო“ მათთვის სრულიად უცნობია, მეორე მხრივ, ძველ ქართველ ისტორიკოსთა არც ერთ ჩვენამდე მოღწეულ თხზულებასა და მატიანეში სიტყვა „იბერია“, „იბერი“ ანუ „იბერნი“ არ მოიხსენიება [38, 97]. ბერძნულში ტერმინ „ქართლის“ კარხედონის სახით დაფიქსირების შესაძლებლობის თაობაზე იხ. 39, 112-121.
14. ტერმინი მომდინარეობს ალექსანდრიელი მღვდლის არიუსის (Aρειος) (250-336 წწ.) სახელიდან, რომელმაც ახ. წ. IV საუკუნეში ჩამოაყალიბა ეს თეოლოგიური მოძღვრება. ცნობილია რომ იმპერატორები კონსტანტი II (337-361 წწ.) და ვალენსი (364-378 წწ.) იყვნენ არიანელები თუ ნახევრად-არიანელები.
15. არიან-ქართლის „სპარსეთის ქართლად“ აღქმისას, როგორც ჩანს, ეყრდნობიან ხოლმე ქორონიმს „არიანას“ – ბერძნული Αρειανή-ს ლათინიზირებულ ფორმას (ძველსპარსული ფორმაა Āryana-, ავესტური – Airiiana-, ხოლო ირანელთა მითიური წინასაცხოვრისისა – Airiianəm vaējō). ტერმინით „არიანა“ აღინიშნებოდა სპარსეთის აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით და ინდოეთის დასავლეთით მდებარე ვრცელი ქვეყანა, რომელიც თავის მხრივ, სხვა ოლქებთან ერთად, მოიცავდა ცენტრალურ აზიაში მდებარე, მსგავსი სახელის მქონე არიის სასატრაპოს, რომელიც ძველბერძნულში ცნობილია Aρ(ε)iα-ს სახელწოდებით; მისი ძველსპარსული ფორმაა Haraiva[ta], ხოლო ავესტური – Haraeuua. ცნობილია, რომ სპარსელები თავიანთ თავსა და თავის ენას აღნიშნავენ ტერმინით არიყა [იხ. 48, 717].
16. ა. სვანიძე არიან [არან]-ქართლს მტკვრისა და არეზის (არაქსის) შუამდინარეთში ათავსებდა; როგორც ჩანს, მას მხედველობაში ჰქონდა ამ მდინარეთა ზემო წელი, ვინაიდან იგი, ამავე დროს, აქედან ვარაუდობს ქართლში სამეფო დინასტიის იმიგრაციას. მისი აზრით, ეს მოვლენა დაკავშირებული უნდა იყოს სომეხი მხედართმთავრების – არტაქსიისა და ზარიადრის მიერ წარმოებულ დაპყრობებთან [52, 148].
17. აღსანიშნავია, რომ მ. პაპეს ბერძნულ საკუთარ სახელთა ცნობილ ლექსიკონში, მიუხედავად იმისა, რომ ჰესპერიტები მართებულად არიან დასახელებულნი დასავლეთ არმენიის [55, IV, IV, 4] მცხოვრებლებად, მათ ნამდვილ სახელად მიჩნეულია ჰეროდოტესეული „სასპეირი“ და განმარტებულია, რომ მათში – „ანაბასისის“ დასკვნითი პარაგრაფის ჰესპერიტებში – უფრო გვიანდელი ხანების ისპირიტისის ანუ ისპირის (იგივე სპერის) მოსახლეობა იგულისხმება [60, 395; შდრ. 61, 75, შენ.3]; ეს შეხედულება, როგორც ვხედავთ, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
18. აღსანიშნავია, რომ კ. ფ. ლემან-ჰაუპტი ქსენოფონტის „ანაბასისის“ ზემოთ მოყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით სრულიად განსხვავებულ დასკვნამდე მიდიოდა და ჰესპერიტებს სასპეირებთან აიგივებდა [იხ. 50, 789-791].
19. აღსანიშნავია, რომ „წმინდა გრიგოლის ცხოვრების“ ბერძნულ ვარიანტში სპერი მოხსენიებულია „სოისპერტისის“ (Σουσπέρτις) სახელით [63, 322, შენ. 76].
20. დიდი ეპიფანე, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე.
21. ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ ინტერესს იწვევს „ქართლის ცხოვრების“ სომხური თარგმანის ტექსტი. საფიქრებელია, რომ სომეხმა მთარგმნელმა, იგრძნო რა ქართული ტექსტის ლოგიკური შეუსაბამობა, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრეს ბერძენ და მაკედონელ მოლაშქრეთა შორის დასახელებული იყო ძნელად წარმოსადგენი რაოდენობის (ასი ათასი) რომაელი ჯარისკაცი, ისინი, როგორც ჩანს, ბერძნებად მიიჩნია; თარგმანში არც ერთი სიტყვა არ გვხვდება რომაელებისადმი მათი კუთვნილების შესახებ, თუმცა იგივე ტექსტი იცნობს ცნებას „რომაელი“.
22. უფრო გვიან გამოქვეყნებულ წერილში, ჰ. ჰალფმანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰირიუს ფრონტოს მიერ აღმოსავლეთის მთავარსარდლობის მიღება უკავშირდებოდა ალანთა შემოსევას, რომელიც კარგად არის დადასტურებული თანადროული წყაროების მეშვეობით და თარიღდება ახ. წ. 75-76 წწ. [80, 42].
23. როგორც ირკვევა, იბერიაში მდგომი რომაული ნაწილები, წარმოდგენილი XII ფულმინატა-ს ან XVI ფლავია-ს ლეგიონერებით, კაპადოკიის ლეგატის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ [82, 75].
24. ტექსტის ქართული თარგმანია: „თვითმპყრობელმა კეისარმა ვესპასიანე სებასტოსმა, დიდმა ქურუმთმთავარმა, შვიდჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, თოთხმეტჯერ თვითმპყრობელად (არჩეულმა), ექვსჯერ ვიპატოსმა, მეშვიდეჯერ გამოცხადებულმა, სამშობლოს მამამ, ცენზორმა და თვითმპყრობელმა ტიტე კეისარმა, სებასტოსის ძემ, ხუთჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ ვიპატოსმა, მეხუთედ გამოცხადებულმა, ცენზორმა და დომიციანე კეისარმა, სებასტოსის ძემ, სამჯერ ვიპატოსმა, მეოთხედ გამოცხადებულმა, იბერთა მეფეს, მითრიდატეს მეფე ფარსმანისა და (ი) ამაზასპუჰის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს, და ხალხს ეს კედლები გაუმაგრეს“ [იხ. 81, 242].
25. „M. Hirri[s ---f.. ---n. F]ron[to Neratius Pansa, cos.,] | curotor a[edium sacraru]m et oper[um locorumq. Publicorum, adlectus ab] | imp. Caesare Ves[pasiano Aug. inter pa]tricios, ab [eodem donatus hastis puris IIII, vexillis IIII, coronis IIII,] murali, vallari, [classica, aurea (?) -----] im [---- | c]ensendo reg(ionis) (decimae), leg. pr. pr[aet. imp. Caes. Vespasiani Aug. exerci]tus qui in A[rmeniam maiorem (?) missus est ------,] | XV vir s. f., leg. pr. pr. imp. [Caes. Vespasiani Aug. pro]vinciae Ca[ppadociae Galatiae Armeniae minoris -----------]“. შდრ. 83, 173, ტაბ. XI.
26. საყურადღებოა, რომ „ქართლის ცხოვრების“ სომხური ადაპტაციის ტექსტში სიტყვა „ფროთატოსელნი“ სომხურად ნათარგმნია, როგორც „პ'როტიტოსიკ“ – „დამცველი რაზმი“. რ. ვ. თომსონის აზრით, ეს სიტყვა არ შეიძლება ყოფილიყო წარმომდგარი ბერძნული πρότακτος-იდან, როგორც ამას სომხური თარგმანის ტექსტის 1884 წლის ვენეციის გამოცემის რედაქტორი ა. ტიროიანი ვარაუდობდა, ვინაიდან სომხური პ' ( ) შეესაბამება ბერძნულ φ-ს, და არა π-ს (როგორც ეს პატრიკ-შია) [89, 25, შენ. 6]. ჰ. აჭარიანი ამ სიტყვას უკავშირებს ბერძნულ φρούρα-ს – მნიშვნელობით: „გვარდია, დამცველი რაზმი“, ანდა სიტყვას, რომელიც მისგან არის ნაწარმოები – φρούρητός და რომელსაც სომხურში უნდა მოეცა „პ'როტიტოსიკ“, მაგრამ ეს გარემოება ვერ გვიხსნის ტექსტის ქართულ ორიგინალში გამოყენებული სიტყვის – „ფროტათოსელნის“ მნიშვნელობას [90; შდრ. 91, 027 და 89, 25 შენ. 6].
27. ნ-თანხმოვნის უქონლობა შეიძლება აიხსნას ტექსტის რედაქტირებისას მისი ამოღებით. აღსანიშნავია, რომ დამატებითი ნბგერის გაჩენა ამა თუ იმ თანხმოვნის წინ ტიპური მოვლენაა ზოგიერთი ქართული დიალექტისათვის [შდრ. 93, 99, შმდ.]. უფრო კი მოსალოდნელი იქნებოდა, რომ იგი ძველთაგანვე და მცდარად აღქმული ყოფილიყო, როგორც ეს ზემოთაც ითქვა, ბერძნული სიტყვიდან – πρόταττω – წარმომდგარად; ასეთ შემთხვევაში „სუფიქსი“ -ადო-სელნი უნდა შედგებოდეს წარმომავლობისა და სადაურობის ბერძნული სუფიქსისაგან – ატეს/ატის და წარმომავლობის მრავლობითი რიცხვის ქართული სუფიქსისაგან – სელნი.
28. ვინ იცის იქნებ ჰირიუს ფრონტოს საგვარეულო სახელი – ნერატიუსი დაედო საფუძვლად ქართლის ცხოვრებისეული აზონის მამის იარედოსის სახელს – „აზონ, ძე იარედოსისი“ [34, 18]. ამაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია, შევნიშნავ მხოლოდ, რომ ქართველური ენები ანლაუტში ზოგჯერ ავლენენ ხოლმე ფონეტიკურ ტრანსფორმაციას ნ→ლ→Á.
29. ჩრდილოელ მომთაბარეთა შემოსევის საშიშროება, ეტყობა, საკმაოდ აქტუალური იყო; თხზულებაში „იუდეველთა ომი“, ნერონის უშუალოდ მომდევნო ხანის მოვლენებთან შეხებისას, იოსებ ფლავიუსი წერს, რომ: „ალან ხალხს – რომლებიც სკვითები არიან და მეოტის ტბასთან [აზოვის ზღვა – გ. ქ.] ცხოვრობენ – აზრად ჰქონდათ მიდიაზე და მის იქით მდებარე მხარეებზე ნადავლის წაღების მიზნით თავდასხმა. ასეთი ჩანფიქრის მქონეებმა ხელშეკრულება დაუდეს ჰირკანიის მეფეს; ვინაიდან იგი იყო გაბატონებული უღელტეხილზე, რომელიც მეფე ალექსანდრემ რკინის კარებით ჩაკეტა. მან [ჰირკანიის მეფეს – გ. ქ.] მისცა მათ [ალანებს – გ. ქ.] უფლება მის ქვეყანაზე გაევლოთ; ისინი დიდი რაოდენობით მივიდნენ და მოულოდნელად დაეცნენ მიდიას, გაძარცვეს ეს ქვეყანა... და ვერვინ ვერ გაბედა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა... გადავიდნენ სომხეთში, რომელიც დაუცველად იყო გადაშლილი მათ წინაშე... ალანებმა მთლად გააცამტვერეს ეს ქვეყანა და წაასხეს დიდი რაოდენობა ადამიანებისა და თან წაიღეს დიდი ნადავლი, ორივე ამ სამეფოში აღებული და უკან თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ“ [შდრ. 98, 7, 7, 4].
30. კასიუს დიოს სიტყვებით: „როდესაც პართელებმა, რომლებიც ჩაბმული იყვნენ ომში თავის ზოგიერთ მეზობელთან, სთხოვეს მას [ვესპასიანეს – გ.ქ.] დახმარება, იგი არ დაეხმარა მათ და განაცხადა, რომ მის ჩვევაში არ არის სხვათა საქმეებში ჩარევა“ [LXV, 15,3, იხ. 94, 291].
31. არ არის გამორიცხული, რომ რომაელი ჯარისკაცების მიერ გამოყენებულ საიდუმლო დამწერლობით შესრულებულ წარწერას წარმოადგენდეს ნინოწმინდის (საგარეჯოს რაიონი) ტაძრის გარეთა კედელში ჩასმულ და ვარდულის ბარელიეფებით შემკულ დიდი ზომის ოთხკუთხა ქვიშაქვაზე ამოტვიფრული უცნაური სახის წარწერა. აღნიშნული ქვიშაქვა ადგილობრივი წარმომავლობის უნდა იყოს და საფიქრებელია, რომ ეკლესიის აგების დროს მეორადად ყოფილიყო გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარწერა შეიცავს ცალკეულ ლათინურის მიმსგავსებულ ასოებს, იგი ნამდვილად არ არის ლათინური [იხ. 102, 177-237].
32. ტაციტუსის ზემომოყვანილი ფრაგმენტის ალბანელების (სადაც საუბარია ნერონის მიერ ალბანეთზე სალაშქროდ მომზადებაზე [78, 1,6,2]) თ. მომზენის მიერ ალანებად შესწორება [107, 62, შენ.1], თუკი დავუშვებთ იმ ხანებში ალბანეთის ალანთა ხელქვეით მოქცევას, ფაქტიური მინიშნება იქნებოდა რეალურად არსებულ მდგომარეობაზე.
33. უკანასკნელ ხანებში რიგი მკვლევრების მიერ ისევ აღორძინდა შეხედულება, აზო/აზონის სახელის კავშირის თაობაზე „არგონავტების მითის“ იაზონთან [შდრ. 108, 38-41; 109, 141; 110, 270-271]. ამ მხრივ საინტერესოა ტაციტუსის ცნობა იბერებისა და ალბანელების იაზონისაგან ჩამომავლობის შესახებ [99, 6, 34; იხ., აგრეთვე, 109, 141; 108, 39], ხომ არ იყო უკვე ტაციტუსისათვის ცნობილი ადგილობრივი ტრადიციის არსებობა აზო/აზონის შესახებ და/ან სულაც ტაციტუსის ცნობაზე დაყრდნობით მომხდარიყო აზოს `გა(ი)აზონება~? თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ უკვე იმ დროს შეიძლებოდა დასდებოდა საფუძვლად `არგონავტების მითის~ იაზონის ხატება გადმოცემას არიან-ქართლის მეფის ძის აზოს შესახებ. ს. რეპი სულაც თვლის, რომ ქართული ფორმა „აზო/აზონი“ შესაძლოა ბერძნული იაზონის ადგილობრივი/შერყვნილი სახესხვაობა იყოს [110, 271]. აზო/აზონის შესახებ იხ. აგრეთვე გ. ქანთარიას წიგნი [111].
34. ნ. ბერძენიშვილის ვარაუდით, კასპის მახლობლად მდებარე მინდვრის სახელწოდება – პალარი, შესაძლოა, ლათინურ-ბერძნული მინდვრის აღმნიშვნელი სახელი „პარალი“ ყოფილიყო. იქვე, ქ. კასპის დასავლეთით, აშურიანის მინდორზე დასტურდება ადგილის სახელწოდება – ასპი, რომელსაც მკვლევარი აკავშირებს სპარსულ „ასპინძასთან“ (საგზაო პუნქტი, სასტუმრო, ფუნდუკი, ქარვასლა) ანდა ლათინურ ჰოსპეს, ჰოსპეს იტის-თან (სტუმრის მიმღები, მასპინძელი) [117, 333, 336-337]. აქ მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად მართებულია აღნიშნული მოსაზრებები, არამედ ადგილობრივ ტოპონიმიკაში ცნობილი მეცნიერის მიერ ლათინური კვალის ძიების მცდელობის ფაქტი.
35. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება როგორც რომის იმპერიაში, ასევე იბერიაში, კიდევ უფრო განამტკიცებდა ადრევე არსებულ კავშირურთიერთობებს. IV ს. ერთი ეპიტაფიის თანახმად მცხეთის მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარია ვინმე ავრელი აქოლისი [118, 577-583].
დამოწმებული ლიტერატურა
1. პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე „მოქცევაი ქართლისაი“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. XI-B, 1941.
2. მოქცევაი ქართლისაი, – წგნ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბილისი, 1979.
3. ვ. ვაშაკიძე, ტერმინები „იბერია“ და „იბერები“ ანტიკურ წყაროებში, წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბილისი, 1993.
4. Меликишвили, Г. А., К истории древней Грузи, Тбилиси, 1959.
5. Wiseman D. J., Nebuchadrezzar and Babylon, London, 1991.
6. Иосселиани, П., Различные наименования грузинов, Тифлис, 1846.
7. Хаханов, А. С., Древнейшие пределы расселения грузин по Малой Азии, Тифлис, 1903.
8. კ. წერეთელი, „ებრაელის“ აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინები ქართულში, აღმოსავლეთმცოდნეობა, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ტ. 206, 1979.
9. გ. ქავთარაძე, ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის, თბილისი, 1985.
10. ა. სარჯველაძე, კავკასიის იბერიის სახელწოდების შესახებ, ჟურნ.: „მაცნე“, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, № 3, 1989.
11. დაბადება (ბიბლია), ნაწილი პირველი და მეორე, დაიბეჭდა საქართველო-იმერეთის უწმიდესის სინოდის კანტორის განკარგულებითა, ტფილისი, 1884.
12. ახალი აღთქუმა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, დაიბეჭდა ბრძანებითა და ლოცვა-კურთხევითა უწმიდესისა და უნეტარესისა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეფრემ II-სათა, საკათალიკოსო საბჭოს გამოცემა, თბილისი, 1963.
13. კ. კეკელიძე, ხალხთა კლასიფიკაციისა და გეოგრაფიული განრიგების საკითხები ძველს ქართულ მწერლობაში, წგნ.: კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, I, თბილისი, 1956.
14. Carriker A., The Library of Eusebius of Caesarea, Texts and Studies of Early Christian Life and Language, vol. LXVII. Leiden, Boston, 2003.
15. Eusebii Pamphili, Evangelicae praeparationis; ix.: www.tertull
16. გ. მელიქიშვილი, ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის საკითხი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, № 2, 1962.
17. Chronographie (Chronik des Eusebius in deutscher Übersetzung); ix.: www.tertullian.org/rpearse/eusebius/eusebius_chron_german.htm
18. Gray R., The Connection Between the Sacred Writings and the Literature of Ancient Jewish and Heathen Authors, Particularly that of the Classical Ages, Illustrated, Principally with a View to Evidence in Confirmation of the Truth of Revealed Religion. Vol. I. 2nd edition. St Paul’s Church-Yard, and Waterloo-Place, Pall-Mall, 1819.
19. Kavtaradze G. L., Georgian Chronicles and the raison d'ètre of the Iberian Kingdom (Caucasica II), in: Orbis Terrarum, Journal of Historical Geography of the Ancient World, 6, 2000, Stuttgart, 2001.
20. Ancient India as described by Megasthene s and Arrian: being a translation of the fragments of the Indika of Megasthene s collected by Dr. Schwanbeck, and of the first part of the Indika of Arrian by J. W. McCrindle, Calcutta, 1877.
21. Strabo’s Geography, transl. by H. Jones. Loeb Classical Library, 1917-1932.
22. Dionysios von Alexandria: Das Lied von der Welt. Griechisch und Deutsch. Herausgegeben von Kai Brodersen. Hildesheim, 1994.
23. Appian's History of Rome (griech./engl.). 4 vols. Loeb Classical Library, London, 1933.
24. Socrates Scholasticus. Historia Ecclesiastica [Socrates and Sozomenus Ecclesiastical Histories]. Editor: Schaff Ph., New York, 1886
25. კ. კეკელიძე, მეოთხე საუკუნის საზღვარგარეთელი ქართველი მოაზროვნე და მოღვაწე, წგნ.: კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, VI, თბილისი, 1960.
26. Flavius Josephus, Jüdische Altertümer, Übersetzt und mit Einleitung und Anmerkungen versehen von Heinrich Clementz. Mit Paragraphenzählung nach Flavii Josephi Opera recognovit Benedictus Niese (Editio minor), Wiesbaden, 2004.
27. Flavius Josephus, Contra Apionem, Buch I. Einleitung, Text, textkritischer Apparat, Übersetzung und Kommentar von Dagmar Labow, Stuttgart, 2005.
28. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბილისი, 1965.
29. Constantine Porphyrogenitus, De Administrando Imperio, English Translation by R. J. H. Jenkins. New Revised Edition. Dumbarton Oaks, Center for Byzantine Studies, Washington D. C., 1967.
30. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან, თბილისი, 1954.
31. მ. ლორთქიფანიძე, ლეგენდა ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ, წგნ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბილისი, 1966.
32. Մովսէս Խորենացի, Moses Khorenats'i, History of the Armenians, trans. R. Thomson, Harvard UP, 1978.
33. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ა. აბდალაძემ, თბილისი, 1984.
34. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.
35. ე. თაყაიშვილი, საიდან და როგორ გაჩნდა „ქართლის მოქცევის“ ქრონიკაში სახელწოდება „არიან ქართლი?“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. IX, № 9-10, 1948.
36. ე. თაყაიშვილი, სამი ისტორიული ხრონიკა, ტფილისი, 1890.
37. ლ. ჯანაშია, „ცხოვრება ქართველთა მეფეთას“-ს წყაროებისათვის, წგნ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბილისი, 1966.
38. ე. თაყაიშვილი, როდის შეიცვალა იბერთა სახელმწიფო ქართველთა სახელმწიფოდ? ჟურნ.: „მნათობი“, №8, 1948.
39. გ. ქავთარაძე, კავკასია და „კართაგენელები“, კრ.: იბერია-კოლხეთი, საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული მკვლევარი, # 4, თბილისი, 2008.
40. ილ. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები), თბილისი, 1973.
41. უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის „ექუსთა დღეთასა“ და გრიგოლ ნოსელის თარგმანებისა „კაცისა აგებულებისათვის“ X-XIII სს-ის ხელნაწერთა მიხედვით, გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ილია აბულაძემ, თბილისი, 1964.
42. Haines C. R., Christianity and Islam nn Spain 756-1031, Charleston, South Carolina, 2007.
43. Cairns E. E., Christianity Through the Centuries: a History of the Christian Church (3rd ed., revised and expanded), Grand Rapids, Michigan, 1996.
44. Goffart W. A., Barbarian Tides: the Migration Age and the later Roman Empire, The Middle Ages Series, Philadelphia, 2006.
45. Spielvogel J., Arianische Vandalen, katholische Römer: die reichspolitische und kulturelle Dimension des christlichen Glaubenskonfliktes im spätantiken Nordafrika, Klio, Band 87, № 1, 2005.
46. Beer M., Kintzinger M., Krauss M., Migration und Integration: Aufnahme und Eingliederung im historischen Wandel, Stuttgart, 1997.
47. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, 1980.
48. R. Schmitt. Old Persian, in: The Cambridge Encyclopedia of the World’s Ancient Languages. Edited by R. D. Woodard, Cambridge, 2004.
49. Адонц Н., Армения в эпоху Юстиниана, Политическое состояние на основе нахарарского строя, С. Петербург, 1908.
50. Lehmann-Haupt C. F., Armenien einst und jetzt, Bd. II, H. 2, Berlin/Leipzig, 1931.
51. გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბილისი, 1979.
52. Сванидзе А., Материалы по истории алародийских племен, Тбилиси, 1937.
53. Salia K., Histoire de la nation Géorgienne (deuxième edition), Paris, 1983.
54. Herodotus, The Histories, transl. by H. Carter, Oxford, 1962.
55. Xenophon, Anabasis, transl. by C.L. Brownson, Loeb Classical Library, 1922, rev. 1989.
56. Lehmann-Haupt C. F., Siegl vom Kentritis bis Trapezunt, Gnomon, Bd IV, H. 6, 1928.
57. თ. მიქელაძე, ქსენოფონტის `ანაბასისი~ (ცნობები ქართველი ტომების შესახებ), თბილისი, 1967.
58. თ. მიქელაძე, ფასიანების სადაურობისა და ადგილსამყოფელის გარკვევის საკითხისათვის, კრ.: „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ნაკვ. 32, თბილისი, 1955.
59. Benselers Griechisch-Deutsches Wörterbuch, Bearbeitet von A. Kaegi, Leipzig, 1981.
60. Pape M., Wörterbuch des Griechischen Eigennamen, dritte Auflage, erste Hälfte, Braunschweig, 1884.
61. Lehmann-Haupt C. F., On the origins of the Georgians, Georgica, a Journal of Georgian and Caucasian Studies, nos. 4-5, 1937.
62. გ. ქავთარაძე, წარმართული იბერიის ღვთაებათა არსისათვის, წგნ.: კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, XIII, ეძღვნება გიორგი მელიქიშვილის ნათელ ხსოვნას, თბილისი, 2009.
63. Toumanoff C., Studies in Christian Caucasian History, Georgetown University (Washington D.C.), 1963.
64. დ. ბაქრაძე, ისტორია საქართველოსი (უძველესის დროდამ მე-X საუკ. დასასრულამდე), ტფილისი, 1889.
65. Новосельцев А. П., К вопросу о македонском владычестве в древней Грузии, წგნ.: ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976.
66. Kavtaradze G. L., Probleme der historischen Geographie Anatoliens und Transkaukasiens im ersten Jahrtausend v. Chr. (Caucasica I), Orbis Terrarum, Internationale Zeitschrift für Historische Geographie der Alten Welt, 2, 1996, Stuttgart, Franz Steiner Verlag, 1996.
67. Arcrian, The Campaigns of Alexander, trans. Aubrey de Sélincourt, Penguin Books, 1976.
68. Bosworth A. B., From Arrian to Alexander. Studies in Historical Interpretation, Oxford, 1988.
69. Plutarchus, Life of Pompey, Translated by A. H. Clough, Edited by Ulysses K. Vestal.
70. გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, წგნ.: ქართული პროზა, I, მეხუთე მეთერთმეტე საუკუნეების მწერლობა, შეადგინა რ. თვარაძემ, თბილისი, 1981.
71. Гагошидзе Ю. M., Самадло (археологические раскопки), Тбилиси, 1979.
72. Bedrosian R., The Georgian Chronicle (Juansher's Concise History of the Georgians), Translated from the At'. T'iroyan's edition (Venice 1884), Sources of the Armenian Tradition (Series), Long Branch, New Jersey.
73. Лордкипанидзе Г., Проблемы войны и мира в античной Грузии (VI-IV вв. дო н.э.), Caucasica, The Journal of Caucasian Studies, vol. 2, 1998.
74. Liddel H. G., Scott R., A Greek-English Lexicon, A New Revised and Augmented throughout by H. St. Jones, vol. II, Oxford, 1950.
75. Gaius Plinius Secundus, Naturalis Historia (Taylor and Francis; Tufts University: Perseus Digital Library).
76. Дреер М., Помпей на Кавказе: Koлхида, Иберия, Албания, `Вестник древней истории~, № 1, 1994.
77. Isaac B., The Limits of Empire. The Roman Army in the East, Oxford, 1990.
78. Publius Cornelius Tacitus, Historiae, Translated by A. J. Church and W. Jackson Brodribb, New York, 1942.
79. Halfmann H., Die Alanen und die römische Ostpolitik unter Vespasian, Epigraphica Anatolica, Zeitschrift für Epigraphik und historische Geographie Anatoliens, Heft 8, 1986.
80. Halfmann H., ‘Nachbehandlung’: M. Hirrius Fronto Neratius Pansa, In: Studien zum antiken Kleinasiens. Friedrich Karl Dörner zum 80. Geburtstag gewidmet (Asia Minor Studien, Bd. 3: Studien zum antiken Kleinasien), Bonn, 1991.
81. თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბილისი, 1976.
82. Bosworth A. B., Vespasian's Reorganization of the North-East Frontier, Antichthon, Journal of the Australian Society for Classical Studies, vol. 10, 1976.
83. Torelli M., The Cursus Honorum of M. Hirrius Fronto Neratius Pansa, The Journal of Roman Studies, vol. LVIII, 1968.
84. Heil M., M. Hirrius Fronto Neratius Pansa, legatus exercitus Africae, Chiron, Mitteilungen der Kommission für Alte Geschichte und Epigraphik des Deutsches Archäologischen Instituts, Bd. 19, 1989.
85. Eck W., Neratius, in: Der neue Pauly. Enzyklopädie der Antike, H. Cancik & H. Schneider (Hrsg.), B. 8. Stuttgart, Weimar, 2000.
86. Henderson B. W., Five Roman Emperors, Vespasian, Titus, Domitian, Nerva, Trajan, A.D. 69-117, Cambidge, 1969.
87. Gebhardt A., Imperiale Politik und provinziale Entwicklung. Untersuchungen zum Verhältnis von Kaiser, Heer und Städten im Syrien der vorseverischen Zeit. Klio, Beiträge zur alten Geschichte, Beihefte Neue Folge, Band 4. Berlin, 2002.
88. Mitchell S., Anatolia: Land, Men, and Gods in Asia Minor, vol. 1: The Celts and the Impact of Roman Rule, Oxford, 1993.
89. Thomson R. W., Rewriting Caucasian History, The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles. The Original Georgian Texts and the Armenian Adaptation. Translated with Introduction and Commentary by R. W. Thomson, Oxford, 1996.
90. სომხური წიგნი
91. ი. აბულაძე, ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ქართული ტექსტი და ძველი სომხური თარგმანი გამოკვლევითა და ლექსიკონით, თბილისი, 1953.
92. M. P. Speidel. Auxiliary Units Named after their Commanders: Four New Cases from Egypt, – Aegyptus, Rivista italiana di egittologia e papirologia, 62 (1-2), 1982.
93. ს. ჟღენტი, ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბილისი, 1953.
94. Cary E., Dio’s Roman History. With an English translation by E. Cary on the basis of the version of H. B. Foster, vol. VIII. The Loeb Classical Library, London & Cambridge, Massachusetts, 1968.
95. Syme R., Flavian Wars and Frontiers, in: The Cambridge History, vol. VI: The Imperial Peace A.D. 70-192. S. A. Cook, F. E. Adcock, M. P. Charlesworth (eds.), Cambridge, 1995.
96. Sherk R. K., Roman Galatia: The Governors from 25 B.C. to A.D. 114, in: Aufstieg und Niedergang der römische Welt. Geschichte und Kultur Roms in Spiegel der neueren Forschung, II, Principat, siebenter Band (2. Halbband), Herausgegeben von H. Temporini, Berlin, New York, 1980.
97. Ridley E., The Pharsalia of Lucan, Translated by Sir Edward Ridley, London, 1896.
98. The Works of Josephus, Complete and Unabridged New Updated Edition Translated by William Whiston, A.M. Peabody, MA, 1987.
99. Publius Cornelius Tacitus, Annales ab excessu divi Augusti. Translated by A. J. Church and W. Jackson Brodribb, New York, 1942.
100. Алиев К. Г., Античная Кавказская Албания, Баку, 1992.
101. Mitford T. B., Cappadocia and Armenia Minor: Historical Setting of the Limes, in: Aufstieg und Niedergang der römischen Welt, II Principat, 7.2 (Siebenter Band, 2. Halbband), H. Temporini (Hrsg.), Berlin, New York, 1980.
102. Kavtaradze G. L., Georgian Chronicles and the raison d'ètre of the Iberian Kingdom (Caucasica II), in: Orbis Terrarum, Journal of Historical Geography of the Ancient World, 6, 2000, Stuttgart, 2001.
103. Hardie A., Statius and the Silvae, Liverpool, 1983.
104. Bosworth A. B., Arrian and the Alani, Harvard Studies in Classical Philology, vol. 81, 1977.
105. Debevoise N. C., A Political History of Parthia, Chicago, 1938.
106. Suetonius Tranquillus, The Twelve Caesars. Translated by Robert Graves, Harmondsworth, 1957.
107. Mommsen T., The Provinces of the Roman Empire, vol. II, London, 1909.
108. მ. სანაძე, „ქართლის ცხოვრება“ და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე), თბილისი, 2001.
109. Braund D., Georgia in Antiquity, A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC-AD 562, Oxford, 1994.
110. Rapp St. H., Jr.: `Studies in Medieval Georgian Historiography~, Early Texts and Eurasian Context. Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, Editum Consilio Universitatis Catholicae Ameriae et Universitatis Catholicae Lovaniensis, Vol. 601, Subsidia Tomus 113, Lovanii, 2003.
111. გ. ქანთარია, აზონი, თბილისი, 2000.
112. გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა, თბილისი, 1942.
113. Braund D., King Flavius Dades, Zeitschrift für Papyrologie und Epigraphie, Bd 96, 1993.
114. Reineggs J., Allgemeine historisch-topographische Beschreibung des Kaukasus, Aus dessen nachgelassenen Papieren gesammelt und herausgegeben von F. E. Schröter, Zweiter Theil, Hindelsheim und St. Petersburg, 1797.
115. Cary E., Dio’s Roman History. With an English translation by E. Cary on the basis of the version of H. B. Foster, vol. III. The Loeb Classical Library, London, William Heinemann & Cambridge, Massachusetts, 1969.
116. Benselers Griechisch-Deutsches Wörterbuch, Bearbeitet von A. Kaegi, Leipzig, 1981.
117. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისათვის, თბილისი, 1990.
118. ს. ყაუხჩიშვილი, მცხეთა-სამთავროს ახლად აღმოჩენილი ბერძნული წარწერა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. IV, № 6, 1943.
Комментариев нет:
Отправить комментарий