1870 წელს საფრანგეთის განადგურების და გერმანიის იმპერიის აღმოცენების შემდეგ, კანცლერ ბისმარკის დიპლომატიური ძალისხმევა მიმართული იყო საფრანგეთის იზოლაციისკენ, მისი აღორძინების და შესაძლო მოკავშირეების მონახვის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ბისმარკი მონარქიული სოლიდარობის საფუძველზე სამი იმპერიის დაკავშირებას ცდილობდა. ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა და 1873 წ. 21 ოქტომბერს აღმოცენდა „სამი იმპერატორის კავშირი“ გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის და რუსეთის მონარქების მონაწილეობით (4: 42). მართალია, ეს იყო არა სახელმწიფოთა კავშირი, არამედ მონარქების დინასტიური შეთანხმება, რომელიც ბისმარკის ძალისხმევით დაიდო და ის მომდევნო წლების მანძილზე გერმანიის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის საფუძვლად გადაიქცა.
1878 წლის ბერლინის კონგრესის შემდეგ, რომელზეც კონგრესის თავჯდომარე ბისმარკი „პატიოსანი მაკლერის“ როლს ასრულებდა, გერმანიის ურთიერთობები რუსეთთან დაიძაბა, რომელიც ადანაშაულებდა ბისმარკს, რომ რუსეთმა დაკარგა თურქეთთან მოპოვებული დიდი გამარჯვების შედეგები. ურთიერთობას ართულებდა ორთა კავშირის გაფორმებაც 1879 წელს ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიას შორის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული (3: 157). მაგრამ დიდი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი ბისმარკი სულაც არ ფიქრობდა, მტრული ურთიერთობების შენარჩუნებას რუსეთთან და ავსტრია-უნგრეთის იმედად დარჩენას (14:594). როგორც თავის მოგონებებში წერდა ბისმარკი, – „არაგონივრული და უპატიოსნო იქნებოდა, პირად გაღიზიანების გამო ის ხიდი დაგვენგრია, რომელიც რუსეთთან დაახლოებაში გვიწყობს ხელს“ (2: 228). თუმცა, ბისმარკი იქვე აღნიშნავდა, რომ „ჩვენ შეგვიძლია და პატიოსნად უნდა დავიცვათ კავშირი ავსტრია-უნგრეთის მონარქიასთნ; ეს პასუხობს ჩვენს ინტერესებს, გერმანიის ისტორიულ ტრადიციებს და ჩვენი ხალხის საზოგადოებრივ აზრს“ (2: 228).
გერმანიასთან დაახლოებაზე ფიქრობდა რუსეთიც, რაც ხელს შეუწყობდა ცარიზმის საშინაო მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც რევოლუციური ძალების მძლავრ ზეწოლას განიცდიდა. ეს დაახლოება ხელს შეუწყობდა აგრეთვე რუსეთის დასავლეთის საზღვრების უსაფრთხოებას და ზურგის გამაგრებას ახლო აღმოსავლეთში და შუა აზიაში ინგლისთან ბრძოლის შემთხვევაში; ხელს შუწყობდა არმიაში წამოწყებული გარდაქმნების დამთავრებას. ბუნებრივია, რუსეთის ასეთი პოლიტიკა ნაკარნახევი იყო იმ გარემოებით, რომ ბერლინის კონგრესის შემდეგ რუსეთი არასახარბიელო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა (10: 588).
მძიმე საგარეო-პოლიტიკური კრიზისი სულის მოთქმის აუცილებლობას მოითხოვდა და რუსეთის მთავრობა გერმანიასთან დაახლოების გზას მონარქიული სოლიდარობის პოლიტიკის განახლებაში ხედავდა (10: 589). ასეთი მოსაზრებები განსაზღვრავდნენ რუსეთის საგარეო პოლიტიკას ბერლინის კონგრესის შემდეგ – ალექსანდრე II-ის მეფობის ბოლოს და ალექსანდრე III-ის მეფობის დასაწყისში.
თვითონ ბისმარკსაც მიაჩნდა, რომ თუ განაახლებდნენ „სამი იმპერატორის კავშირს“, ეს იქნებოდა დაზღვევის ერთ-ერთი კარგი საშუალება კონტინენტზე სხვადასხვა გარიგებათა საქმეებში (9: 142). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმპერატორი ვილჰელმ I-იც „სამი იმპერატორის კავშირის“ განახლების მომხრე იყო (16: 80).
ალექსანდრე II და მისი გარემოცვა კარგად ხედავდა, რომ ბისმარკიც ცდილობდა რუსეთთან დაახლოებას, ამიტომ რუსეთის ელჩს ბერლინში საბუროვს დაავალეს ხელი შეეწყო დაახლოების პროცესისთვის. ბისმარკი კარგად შეხვდა საბუროვს, მაგრამ მოლაპარაკების დაწყებისას პირობა წაუყენა, რომ შესაძლო შეთანხმება ყოფილიყო სამმხრივი, ე.ი. გერმანიისა და რუსეთის გარდა მასში მონაწილეობა უნდა მიეღო ავსტრია-უნგრეთსაც. რუსეთის მხარე ამას არ ელოდა და მოლაპარაკებანი საბუროვსა და ბისმარკს შორის, რომელსაც შემდგომ შეუერთდა ავსტრია-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბარონი ჰაიმერლე, საკმაოდ გაჭიანურდა და წელიწადნახევარს გაგრძელდა. ამის მიზეზს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ რუსეთს არ სურდა ვენის ჩართვა მოლაპარაკებაში. ნიშანდობლივია, რომ ვენაც გაურბოდა რუსეთთან შე თანხმებას და „სამი იმპერატორის კავშირის“ აღდგენას. ვენაში იმედი ჰქონდათ, რომ გაგრძელდებოდა მჭიდრო თანამშრომლობა ინგლისთან რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ იმედები გაუქრათ, რადგან 1880 წ. აპრილში ბიკონსფილდის კონსერვატორული კაბინეტი შეცვალა ლიბერალების მთავრობამ გლადსტონის მეთაურობით. 1880 წ. აგვისტოს ბოლოს შედგა ბისმარკის შეხვედრა ჰაიმერლესთან და განუცხადა მას, რომ აუცილებელი იყო შეთანხმება ვენასა და პეტერბურგს შორის აღმოსავლეთის საკითხებში, წინააღმდეგ შემ- თხვევაში გერმანია მუდმივად იქნებოდა რთულ მდგომარეობაში ორ მოკავშირეს შორის. ვენაში მიხვდნენ, რომ ინგლისის ახალმა მთავრობამ შეცვალა თავისი ტაქტიკა რუსეთის მიმართ, ეს კი ნიშნავდა, რომ ვენას აღარ უნდა ჰქონოდა ლონდონის მხარდაჭერის იმედი რუსეთის წინააღმდეგ. ობიექტურად ვენის ინტერესები მოითხოვდა რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, რადგან რუსეთის გავლენა ბალკანეთზე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ავსტრია-უნგრეთისა. რაიმე მოულოდნელობას რომ არ ჰქონოდა ადგილი, ბისმარკი შეეცადა ზეწოლა მოეხდინა ჰაიმერლეზე, რომ მას არ მოეთხოვა ძალიან ბევრი რუსეთთან შეთანხმებისას. ამან ნაწილობრივ გამოიღო შედეგი. ბისმარკმა შექმნილი სიტუაცია გამოიყენა, რათა დაერწმუნებუნა პეტერბურგი, განეახლებინათ სამი იმპერატორის კავშირი (15: 87). ვენა რომ დაემშვიდებინა ბისმარკმა განუცხადა ჰაიმერლეს, რომ უკეთესი იყო რუსეთთან ხელშეკრულება ჰქონოდათ, ვიდრე უარი ეთქვათ მასზე (12:№251).
გავლენის სფეროების გაყოფა იყო ბისმარკის ბალკანური პოლიტიკის პრინციპი, ამიტომ სურდა გაეგო რუსეთის აზრი ამის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ. ორი მეტოქე – ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი ცდილობდა, მიეღო გერმანიის მხარდაჭერა. 1879 წელს ორთა კავშირის გაფორმებით ვენას შეეძლო ეფიქრა, რომ გერმანია საბოლოოდ დადგა ავსტრია-უნგრეთის მხარეზე. მართალია, კავშირი იყო თავდაცვითი, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა იმაში, რომ მხარდაჭერა, რომელიც მიიღო ვენამ მის მისწრაფებებში აღმოსავლეთის მიმართ, კვლავაც გაგრძელებულიყო. მაგრამ, ვენა შეაშფოთა გარკვეულმა სიმპტომებმა რუსეთ-გერმანიის დაახლოებაში. დაინახეს რა ბისმარკის მზადყოფნა დაედო რუსეთთან შეთანხმება, პეტერბურგში ჩათვალეს, რომ გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ და სიტუაცია მიიჩნიეს გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის კავშირის დასუსტების ნიშნად. თუმცა, ბისმარკი სიურპრიზს უმზადებდა ორივე მხარეს. იგი მხარდაჭერის გარანტიას აძლევდა ვენას, მაგრამ სულაც არ აპირებდა მხარდაჭერა აღმოეჩინა ვენის ნებისმიერი ნაბიჯისთვის აღმოსავლეთში. ამის მიუხედავად, ბისმარკი მაინც უპირატესობას ანიჭებდა ვენასთან კავშირს, ვიდრე რუსეთთან მეგობრობას.
1880 წ. იანვარში ჰაიმერლე გაეცნო სამი იმპერატორის კავშირის შეთანხმების წინასწარ ტექსტს და რიგი შენიშვნები გააკეთა, ისინი ეხებოდა საკითხს, რათა შეეზღუდათ სახელმწიფოების რიცხვი, რომელთა მიმართაც ავსტრია ვალდებული იქნებოდა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი, ომის შემთხვევაში რუსეთსა და მათ შორის. ამასთანავე, ჰაიმერლე ბისმარკს პირდაპირ უსვამდა კითხვას, ხომ არ მოხდებოდა რაიმე ცვლილება სამოკავშირეო ურთიერთობებში, რომელიც ჩამოყალიბდა 1879 წელს. ბისმარკმა ამაზე უპასუხა, რომ 1879 წლის შეთანხმება ძალაში რჩებოდა ნებისმიერ სიტუაციაში. ეს მთლად ზუსტი პასუხი არ იყო, რადგან რუსეთთან კავშირი აძლიერებდა ბერლინის პოზიციას ავსტრიასთან მიმართებაში. ხანგრძლივი მოლაპარაკებანი სამ მხარეს შორის იმით დასრულდა, რომ 1881 წ. 18 ივნისს ბერლინში, ბისმარკმა, საბუროვმა და ვენის ელჩმა სეგენიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიას, რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის, რომლითაც აღადგინეს სამი იმპერატორის კავშირი (11: 589).
1873 წლის შეთანხმების მსგავსად, ისტორიაში ეს შეთანხმება შევიდა „სამი იმპერატორის კავშირის“ სახელწოდებით. სინამდვილეში, იგი არ წარმოადგენდა სამხედრო კავშირს და იყო შეთანხმება ნეიტრალიტეტის შესახებ. ხელშეკრულების პირველ მუხლში ნათქვამი იყო, რომ მისი მონაწილე მხარეები ვალდებულებას იღებდნენ დაეცვათ კეთილსასურველი ნეიტრალიტეტი იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდებოდა ომის მდგომარეობაში მეორე დიდ სახელმწიფოსთან. ნეიტრალიტეტის გარანტია ვრცელდებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ თურქეთთან ომს დაიწყებდა ერთ-ერთი სახელმწიფო ამ სამიდან (10: 589). ამ შემთხვევაში, ერთი პირობაც იყო წამოყენებული, კერძოდ, შეთანხმების სამივე მონაწილე წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო ომის შედეგებზე. იმ დროის საერთაშორისო ვითარების მიხედვით ეს ხელშეკრულება მოასწავებდა, რომ ავსტრია-უნგრეთი და გერმანია ვალდებულებას იღებდნენ, დაეცვათ ნეიტრალიტეტი რუსეთ-თურქეთის ახალი ომის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ მათი ინტერესები წინასწარ იქნებოდა უზრუნველყოფილი.
მეორე მუხლის თანახმად, რუსეთი და გერმანია აცხადებდნენ „თავისი მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ პატივი ეცათ ავსტრია-უნგრეთის ინტერესებისთვის, გამომდინარე მისი ახალი მდგომარეობიდან, რომელიც უზრუნველყო ბერლინის ტრაქტატმა“ (აქ იგულისხმებოდა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოკუპაცია ავსტრია-უნგრეთის მიერ.). შემდეგ ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების მონაწილე სამივე მხარე „იძლევა დაპირებას, რომ ცვლილებანი ევროპული თურქეთის ტერიტორიულ სტატუს კვო-ში შეიძლება მოხდეს მხოლოდ მათი ურთიერთშეთანხმებით“. ასეთ ვალდებულებას რომ იღებდნენ, ამით თავს იზღვევდნენ მოულოდნელობისა და ვერაგობისგან ერთმანეთის მიმართ (5: 159).
მესამე მუხლის თანახმად, სამივე მხარე ცნობდა სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დახურვის ევროპულ და ურთიერთსავალდებულო ხასიათის პრინციპს, დაფუძნებულს საერთაშორისო სამართალზე. ეს მუხლი ნიშნავდა გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის თანხმობას სრუტეების რეჟიმის რუსულ გაგებაზე. ამით ისინი უარყოფდნენ სრუტეების დახურვის პრინციპის ინგლისურ ინტერპრეტაციას, რომელიც ჩამოაყალიბა ბერლინის კონგრესზე მარკიზმა სოლსბერიმ. ამით, გერმანია და ავსტრია- უნგრეთი უარყოფდნენ ინგლისის უფლებას – შეეყვანა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი სრუტეებსა და შავ ზღვაში თურქეთთან შეთანხმებით (5: 159-160).
უთანხმოებებმა ინგლისთან ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში უბიძგეს, რუსეთს ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რომლითაც იხურებოდა შავი ზღვის სრუტეები სამხედრო გემებისთვის. მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღდგენილი თავისი შავი ზღვის ფლოტი (7: 129-135; 3: 158).
აღდგენილი „სამი იმპერატორის კავშირი“ მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და მხოლოდ 1918 წელს გახდა ცნობილი (8: 60). შეთანხმებას დაემატა აგრეთვე ოქმი, რომელიც აკონკრეტებდა შეთანხმების მეორე მუხლს. ოქმის თანახმად, ავსტრია-უნგრეთი ინარჩუნებდა მის მიერ ოკუპირებული თურქეთის პროვინციების – ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ანექსიის „უფლებას“ იმ მომენტში, როცა ის ამას შესაფერისად მიიჩნევდა (6: 238).
შეთანხმების მონაწილე სამივე სახელმწიფომ ივალდებულა „საჭიროების შემთხვევაში“ უარი ეთქვათ თურქეთისთვის, დაეკავებინა თავისი ჯარებით აღმოსავლეთ რუმელია და ბალკანეთის ქედი. ეს პასუხობდა რუსეთის ინტერესებს, რომ არ დაეშვათ თურქეთის ჯარები ბულგარეთში. სამივე სახელმწიფო თანხმობას აცხადებდა, არ გაეწიათ წინააღმდეგობა ბულგარეთისთვის აღმოსავლეთ რუმელია შეეერთებინა იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი წამოიჭრებოდა გარკვეულ ვითარებაში. მეორე მხრივ, შეთანხმების მონაწილენი ვალდებულებას იღებდნენ, აღეკვეთათ ბულგარეთის ნებისმიერი აგრესიული მოქმედება მეზობელი პროვინციების, კერძოდ, მაკედონიის მიმართ (5: 160-161).
„სამი იმპერატორის კავშირის“ აღდგენა შეესაბამებოდა ბისმარკის განზრახვას – უზრუნველეყო ბერლინისთვის მთავარი არბიტრის როლი ვენასა და პეტერბურგს შორის. იმავე დროს, ის იძლეოდა რუსეთის ნეიტრალიტეტის გარანტიას საფრანგეთ-გერმანიის ომის შემთხვევაში და ხელს უშლიდა საფრანგეთ-რუსეთის კავშირის შესაძლებლობას. რუსეთმა მიაღწია გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ნეიტრალიტეტს ინგლისსა და თურქეთთან მისი ომის შემთხვევაში. ეს შეთანხმება მიზნად ისახავდა მონარქიული პრინციპის განმტკიცებას, მათი სახელმწიფოების საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობის ხელშეუხებლობას და ხელის შეწყობას ევროპული მშვიდობისათვის.
გაზეთი „დროება“ ეხმაურებოდა მისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას და თავის ფურცლებზე წერდა: „თუ გერმანიას ჰგონია, რომ მისი თავგამოდება, რომელშიც იხატება მხოლოდ ერთი მუქარა საფრანგეთის პოლიტიკისადმი, თუ ჰგონია, რომ ამგვარი მისი ქცევა საფრანგეთზე დიდ ზედ-მოქმედებას იქონიებს, შემცდარია. ამით მხოლოდ ის გამოდის, რომ საფრანგეთი უფრო მკვეთრად ეკიდება თავის შინაგან საქმეების გაუმჯობესებას. ეხლა საფრანგეთს არაფრის არ ეშინია, ეხლა რომ სამხედრო ძალა ჰყავს, არასოდეს იმდენი არ ჰყოლია. სამხედრო საქმის მცოდნე კაცების აზრით, ექვსი თვის განმავლობაში საფრანგეთს შეუძლია მოემზადოს საომრად. მაგრამ საფრანგეთს მშვიდობიანობა უნდა და ძნელად გარდაახვევინებენ მას ამ გზიდან. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მის საკუთარ ღირსებას შეეხებიან, ის ეცდება, რომ შეიკავოს თავი და მშვიდობიანობა არ დაარღვიოს“ (1: №32).
„სამი იმპერატორის კავშირის“ განახლება წარმოადგენდა გერმანიის საგარეო პოლიტიკის უდავო წარმატებას (13: 351). გამოიყენა რა რუსეთის მდგომარეობა ბისმარკმა, შეძლო, მართალია დროებით, მისი ჩამოცილება საფრანგეთისგან, რაც კიდევ უფრო ანმტკიცებდა გერმანიის ისედაც ძლიერ მდგომარეობას ევროპის კონტინენტზე.
დამოწმებანი:
1. „დროება“, 1881.
2. Бисмарк О., Мысли и воспоминания, т. II. М.,1941.
3. Бриггс Э., Клэвин П. Европа нового и новейшего времени. Пер. с англ., М., 2006.
4. Зайончковский А.М., Подготовка России к мировой войне в международном отношении. Л., 1926.
5. История дипломатии, т. II. М., 1963.
6. Международная политика новейшего времени в договорах, нотах и декларациях, ч. I. М., 1925.
7. Русско-германские отношения 1873-1914 гг. Документы из секретного архива б. Министерства Иностранных дел. М., 1922.
8. Фей С., Происхождение мировой войны, т. I. Пер. С англ., М., 1934.
9. Dawson W., The German Empire 1867-1914, vol. 2. Hamden, Connecticut, 1966.
10. Deutsche Geschichte, Bd. 2. Berlin, 1967.
11. Die Auswärtige Politik des Deutschen Reiches. 1871- 1914. Bd. 1-4. Berlin, 1928. - Bd. II.
12. Die Grosse Politik der Europäischen Kabinette. Sammlung der Diplomatischen Akten des Auswärtigen Amtes. Bd. 1-40. Berlin, 1922-1927. – Bd. III.
13. Engelberg E., Bismarck. Das Reich in der Mitte Europas. Berlin, 1990.
14. Gall L., Bismarck. Der Weise Revolutionär. Frankfurt a/M., 1980.
15. Kennedy P., The realities behind diplomacy: background influences on british External Policy. 1865-1980. London, 1981.
16. Mommsen W., Bismarck. Ein politisches Lebensbild.München, 1959.
Комментариев нет:
Отправить комментарий