вторник, 5 марта 2019 г.

ტოპონიმ „ქართლის“ არსისა და წარმომავლობის საკითხისათვის (გ. ქავთარაძე)

ტერმინებისქართლისადაქართველისმნიშვნელობისა და წარმომავლობის საკითხი იმთავითვე ქართველ მეცნიერთა კვლევის ობიექტს წარმოადგენდა. გამოითქვა არაერთი გონებამახვილური და თითქოს საკმაოდ კარგად დასაბუთებელი ვარაუდი, რომლებიც ერთმანეთისაგან ძირითადად საკვლევი საბაზისო მასალის თავისებურებით განსხვავდებოდნენ. თუ ზოგიერთი მკვლევარი უპირატესად ქართველურ მასალას იყენებს, სხვები კავკასიური, ახლოაღმოსავლური თუ სულაც ევრაზიული მონაცემებით ხელმძღვანელობენ.
ძველ ქართველ სწავლულთა და მწიგნობართა დიდი ნაწილი ენდონიმქართველსბერძნულ-რომაულ წერილობით წყაროებში გამოყენებულიექსონიმისიბერისშესატყვისად მიიჩნევდნენ და ამ უკანასკნელს, იმისდა მიუხედავად თუ რა კონტექსტში იყო იგი გამოყენებული, როგორც წესი, „ქართველადთარგმნიდნენ ხოლმე. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ ილ. აბულაძის ძველი ქართული ენის ლექსიკონისგანმარტების მიხედვით, ტერმინიქართველი”, გარდა კავკასიელი იბერიელისა, აღნიშნავს იბერიის ნახევარკუნძულის (ესპანეთის) იბერიელსაც1. თუ ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ტერმინებიქართლიდაქართველიშეესატყვისება ბერძნულ-რომაულ ტერმინებსიბერიადაიბერიელი”, ბერძნულ-რომაულ ლიტერატურაში ტერმინებიქართლიდაქართველიუცნობია და მხოლოდ ერთი მინიშნება მოგვეპოვება, რომ ფონეტიკური მსგავსების გამო ეთნო-ტოპონიმქართლ”- უკავშირებდნენ კართაგენელების სახელწოდებას. მხედველობაში მაქვს უსა პიტიახშის პარიზული საბეჭდავის წარწერაში ასახული ტერმინი – ΙΒΗΡΩΝ ΚΑΡΧΗΔΩΝ („კართაგენელ იბერთა”), რომელიც გარდა ლიბიელთა და დასავლეთის იბერიელთა კავკასიაში გადმოსახლების ლეგენდარულ ცნობასთან მისი სავარაუდო კავშირისა, შესაძლებლობას გვაძლევს მასში კონკრეტული გეოგრაფიული და, ამავე დროს, გარკვეული ხანებიდან პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ცნება დავინახოთმთა ქართლის (ანუ არმაზციხის) იბერიის სახით2. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არცთუ იშვიათად ბერძნულ-რომაულ სამყაროსათვის უფრო ჩვეულ სახელებთან მიმსგავსებისა თუ თარგმნის შედეგად იქმნებოდა ხოლმე სხვადასხვა მხარეების ადგილობრივი სახელების ბერძნულ-რომაული ვარიანტები.
ტერმინი „ქართლი” პირველად გვხვდება იაკობ ხუცესის ახ. წ. V საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში „შუშანიკის მარტვილობა” („წამებაწმიდისა შუშანიკისი დედოფლისა”) და სამივე შემთხვევაში _ როგორც ქორონიმი: „ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქვეყანასა მას ჰერეთისასა”3, „...და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა”4, „აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი”5; ხოლო ყველაზე ადრეული განმარტება ტოპო-ეთნონიმ „ქართლის” წარმომავლობისა, რომლისგანაც, თავის მხრივ, წარმოდგება ეთნონიმი „ქართველი”, მოცემულია „მეფეთა ცხოვრებაში”: „და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთვის არაგვი მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თვისისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა... მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე”1. ამრიგად, „მეფეთა ცხოვრების” მონაცემების მიხედვით, „ქართლოსი” ქართველთა ეთნარქ-ეპონიმია.
ტოპონიმი „ქართლი” გვხვდება ჯუანშერთანაც, როდესაც ვახტანგ მეფემ სპარსელებთან მოსალოდნელი ბრძოლის წინ თავისი ლაშქარი, მემატიანის ცნობით, დააბანაკა „დიღმით ვიდრე ქართლის კართამდე”2. ვინაიდან შემდგომ ჯუანშერი იხსენიებს მოგვთის ხიდსაც, ცხადია „ქართლის კარნი” მცხეთის სიახლოვეს, არმაზთან არის საძებარი3.
არქეოლოგიური შესწავლის შედეგად დადასტურებულია, რომ სწორედ აქ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სადაც მთა ქართლი, იგივე არმაზ/არმაზციხეა4 ლოკალიზებული, ისახება იბერიის ძველი დედაქალაქის დედაციხის რთული საფორტიფიკაციო ნაგებობების მთელი სისტემა; აქვე უნდა ყოფილიყო სამეფო რეზიდენცია და ოდნავ მოშორებით – საპიტიახშოც5.
განათხარი მასალის მონაცემების საფუძველზე არმაზციხე/ქართლის უძველესი განაშენიანება – არმაზციხე I – აქემენიანთა ხანით არის დათარიღებული. აქ მიკვლეულია პერსეპოლისში არსებულის მსგავსი, apadāna-ს ტიპის დიდი სვეტებიანი დარბაზი, ტეხილი ზღუდეები, ოთხკუთხა კოშკები და კონტრფორსები, ქვათლილების (კვადრების) საგანგებო სამაგრებით (ხით, რკინით, ე.წ. უწყვეტი „მერცხლის ბოლოებით” შეერთება) და სხვ. აქემენიანთათვის დამახასიათელი არქიტექტურული თავისებურებები. თუმცა ძეგლის მკვლევარი ა. აფაქიძე შენიშნავს, რომ ადგილის შერჩევა – მიდამოზე გაბატონებული მდებარეობა, ციხისათვის საგანგებო საძირკვლის უქონლობა, მშრალად, უდუღაბოდ ნაწყობ ქვათლილებზე ამოყვანილი დიდი ზომის ალიზის კედლის წყობისა და შელესვის თავისებურებები, გამოყენებული საზომი ერთეულის – ე.წ. ქართული წყრთის სიგრძის ფაქტობრივი იგივეობა ურარტულ და წინააზიურ წყრთასთან არმაზმცხეთას დამატებით ურარტული ციხე-სიმაგრეების სამშენებლო ტრადიციებთანაც აახლოებს6.
ტეხილი ზღუდეები, ანუ გალავნის ზიგზაგისებური ტეხილი ხაზი, უფრო პოსტაქემენიდური ხანის კუთვნილებაა და ძირითადად ელინისტური ხანის ციხესიმაგრეებისათვის არის დამახასიათებელი7. როგორც ჩანს, ურარტული ციხესიმაგრეების აქემენიდურ და განსაკუთრებით ელინისტურ ხანაში გამოყენება ფართოდ გავრცელებული მოვლენაა უფრო სამხრეთით მდებარე მხარეებში, მათ შორის სომხეთსა და ირანში. არინბერდის (ერებუნი) ურარტული ციხესიმაგრე მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას დაექვემდებარა აქემენიდურ ხანაში და შემდეგაც ინტენსიურად იყო გამოყენებული ელინისტურ ხანაში8.
„მეფეთა ცხოვრების” ქვემოთ მოყვანილი ამონარიდის შინაარსის ზეგავლენის შედეგად, სადაც ნათქვამია: „ხოლო ამან აზონ მოარღვივნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ, და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი, და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხვირისასა; და ერთი თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლით, მცხეთა მტკუარსა ზედა”9, ა. აფაქიძე ფიქრობდა, რომ „ქართლი” ამ შემთხვევაში დიდ ტერიტორიაზე გაშლილი ძველი დედაქალაქის სახელი უნდა ყოფილიყო, რომლის ნაწილებსაც შეადგენდნენ: „პირველ მცხეთა”, „ძუელი მცხეთა”, „ძუელი ქალაქი”, „არმაზი”, „არმაზის ციხე”, „არმაზით კერძი ქალაქი” და „მუხნარით კერძი ქალაქი”1. თუმცა თუ დავაკვირდებით თვით „ქართლის ცხოვრების” ტექსტებს, შევამჩნევთ, რომ სიტყვა „ქართლი” აქ ზოგჯერ „ქალაქის” მნიშვნელობითაც არის გამოყენებული. მაგ., „...და იპყრა იგი ზურგად, ქალაქი ხუნანი”, ვარიანტი: „...ქართლი ხუნანი”2; „...მეფე იქმნეს შვილნი მათნი: არმაზს – ფარსმან და შიდა ქალაქსა – კაოს”, ვარიანტი: „...შიდა ქართლსა – კაოს”3; „...მოაოხრეს ტფილისი და არმაზი ქართლი”, ვარიანტი: „...არმაზი ქალაქი”4. ჩვენთვის აქ საინტერესოა არა ის, თუ ამ სიტყვათაგან რომელია ამა თუ იმ ნუსხაში მართებულად ჩასწორებული, არამედ თვით ფაქტი ტერმინების – „ქართლი” და „ქალაქი” ურთიერთმონაცვლეობისა. ს. კაკაბაძეც შენიშნავდა, რომ თუ მეგრულად თბილისს „ქართი” ეწოდებოდა, ქართლურ კილოზე მას მარტივად, აქემენიდურ ხანაში სპარსულიდან ქართულსა და სომხურში შემოსული სახელი „ქალაქი” ერქვა და ორივე ეს სახელი ერთმანეთის სინონიმი იყო; უფრო ადრეულ ხანებში კი ქალაქის აღმნიშვნელ სახელად, მისი აზრით, სწორედ თბილისისათვის მეგრულში ხმარებული სახელი „ქართი” უნდა ყოფილიყო გამოყენებული5. მისივე დაკვირვებით, სახელი „ქართლი”, როგორც ფონეტიკურად, ასევე სემანტიკურად, უეჭველად უახლოვდება მეგრულსა და დასავლეთქართულ დიალექტებში დადასტურებულ სიტყვებს – „ოქართე”, „ქართას”, მნიშვნელობით: „შემოზღუდული, მოღობილი ადგილი საქონლის სამწყვდევად ანუ ბაკი”6. ს. კაკაბაძე, მის მიერ საერთოქართველურად მიჩნეულ „ქართს” უკავშირებდა ირანულ „კერტს” (ამავე ფორმით სპარსულიდან სომხურში ნასესხებსა და ცნობილს საშუალო საუკუნეების ქართულში), სლავურ და რუსულ სიტყვებს „გრად”, „გოროდ” და ა.შ.7
ა. აფაქიძის აზრითაც, შედარებით გვიანდელი და უცხოური წარმომავლობის ტერმინ „ქალაქზე” უწინარესი ადგილობრივი, გალავნით შემოზღუდული უძველესი დასახლების აღსანიშნავად ქართული ციხის აღმნიშვნელი ტერმინი „ქართი/ქართლი” უნდა ყოფილიყო8.
ტოპონიმი „ქართლი” მართლაც ქალაქის, ციხესიმაგრის, გალავნით შემოვლებული გამაგრებული ადგილის – აკროპოლისის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო. კასიუს დიო არმაზს/ქართლს სულაც „აკროპოლისს” (Ἀκρόπολις) ანუ დედა-ციხეს უწოდებს9 და ამით თითქოს ამართლებს ტერმინ „ქართლის” ციხე-სიმაგრის სახელწოდებიდან წარმომავლობას. ანტიკურ ხანაში არმაზი/მცხეთა ამიერკავკასიის ცენტრალური საფორტიფიკაციო კვანძი იყო, ქვეყნის ოთხივე მხარის გზაჯვარედინის ჩამკეტი10. ს. კაკაბაძე შენიშნავდა, რომ ვინაიდან კასიუს დიო შემდეგდროინდელ არმაზს „აკროპოლისს” ანუ ზედაქალაქს უწოდებს, ანუ იმ მთას, რომელსაც ერქვა „ქართლი”, „აკროპოლისი” უნდა ყოფილიყო ადგილობრივი სახელწოდების ბერძნული თარგმანი და სახელწოდება „ქართლი” უნდა წარმოადგენდეს ისეთი ძირის სიტყვას, რომელიც თავისი მნიშვნელობით ამართლებდა კასიუს დიოს მიერ მოცემულ ზედა-ქალაქის სახელწოდებას11.
გ. მელიქიშვილი, ისევე როგორც ს. კაკაბაძე, ტერმინ „ქართლს” აახლოებს ანალოგიური მნიშვნელობისა („ზღუდე, გალავანი, ღობე, შემოღობილი ადგილი, მესერი, ბაკი, გომი, წვრილფეხა საქონლის გომური”) და ასევე ინდოევროპული წარმომავლობის მასალასთან, ოღონდ ამჯერად მსგავსი ჟღერადობისა და მნიშვნელობის მქონე ლიტვურ (gar~das, gardin~ys), გერმანულ (garda) და ალბანურ (garϑ) სიტყვებთან1.
სხვა მკვლევართაგან განსხვავებით, გ. მელიქიშვილი ტერმინ „ქართლის” წარმომავლობის საკითხს მეტად ფართო სივრცობრივ და ქრონოლოგიურ ჩარჩოებში განიხილავს და სწორედ ამ მეტად ვრცელ ჩარჩოებში მოქცევით განპირობებული არცთუ მთლად მკაფიოდ გამოკვეთილი სურათის შეთავაზებით შემდგომი კვლევა-ძიების მასტიმულირებელ თვალსაზრისს აყენებს. ვინაიდან ანალოგიური ძირიდან ნაწარმოები და მსგავსი შინაარსის მქონე სიტყვები ფართოდ არის გავრცელებული ინდოევროპულ ენებში, გ. მელიქიშვილი ფიქრობდა, რომ ეს სიტყვა, მთელ რიგ სხვა ქართულ-ინდოევროპულ ლექსიკურ პარალელებთან ერთად, ქართველურ ენებში დადასტურებული იმ უცნობი წარმომავლობის ინდოევროპული ლექსიკის ფენის კუთვნილებას უნდა იყოს, რომელიც ქართველურ ენებში ცნობილი გზებით (ირანულიდან, ბერძნულიდან, სომხურიდან და სხვ.) არ უნდა მოხვედრილიყო2. გ. მელიქიშვილის აზრით, სესხება უფრო ადრეულ ეპოქაშია სავარაუდებელი, ვიდრე ეს ზემომოხსენიებული სათანადო კონტაქტების მეშვეობით უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი და, შესაბამისად, გამორიცხული ჩანს სესხება იმ ინდოევროპული ენებიდან, რომლებთანაც ქართულს უკანასკნელი 2000-2500 წლის მანძილზე ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, იგი ვერც იმ უფრო ადრეულ ინდოევროპულ ენებში (თრაკიულ-ფრიგიულში, ხეთურ-ლუვიურში და სხვ.) ხედავს სესხების წყაროს, რომლებთანაც შესაძლოა ჰქონოდათ კონტაქტი ქართველურ ენებს და შენიშნავს, რომ ვინაიდან ბევრი ამ სიტყვათაგანი სხვადასხვა ქართველურ ენებში კანონზომიერი ბგერათშესატყვისობის დაცვით არის წარმოდგენილი, ისინი ქართველურ ენათა დიფერენციამდელ ხანას განეკუთვნებოდნენ, რის გამოც აუცილებელი ხდება ზემოაღნიშნული მასალის წარმომავლობის ძიება კიდევ უფრო ადრეულ ხანებში3. გ. მელიქიშვილის თვალთახედვით, რადგან ეს უცნობი წარმომავლობის ინდოევროპული ფენა ქართველურ ენებში არიული, სომხური, თრაკიულ-ფრიგიული თუ ხეთურ-ლუვიური წარმომავლობის მქონედ ვერ ჩაითვლება, ჩნდება ვარაუდი მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი მოსახლეობის ინდოევროპული კუთვნილების შესახებ, რომელიც შემდეგ ენობრივად ასიმილირებული იყო ქართველურ ტომთა მიერ და რომელთათვისაც აღნიშნულმა ინდოევროპულმა მოსახლეობამ სუბსტრატის როლი შეასრულა: მძლავრი გავლენა მოახდინა გამარჯვებულთა ენის სტრუქტურასა და ლექსიკაზე4.
თუმცა ლინგვისტთა აზრით, ლექსიკური და სტრუქტურულ-ტიპოლოგიური თავისებურებების მხრივ ინდოევროპულ და ქართველურ ენებს შორის არსებული საოცარი იზომორფიზმი, შესაძლოა, აიხსნას არა მხოლოდ ახლო კონტაქტებით პროტო-ინდოევროპულსა და პროტო-ქართველურს შორის, არამედ, საფიქრებელია, რომ ისინი „პროტო-ქართველურ-პროტო-ინდოევროპული წინა-პროტო ენობრივი ერთობის” შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდნენ და ამდენად ეს მსგავსება უფრო უნდა მეტყველებდეს მათ საერთო წარმომავლობაზე5. სპეციალისტთა აზრით, ბევრად უფრო ადვილია ამ ორ ოჯახს შორის ძალზე შორეული გენეტიკური კავშირების მტკიცება, ვიდრე რამენაირი ისტორიული სახის ურთიერთობებისა პროტო-ინდოევროპული ენის არსებობის პერიოდის განმავლობაში6. თუ ენათმეცნიერთა ამ მოსაზრებებს გავიზიარებთ, გაგვიჭირდება სიტყვა „ქართლის” ეტიმოლოგიის ასეთ ფართო სივრცობრივ და ქრონოლოგიურ ჩარჩოებში განხილვა და მისი მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი მოსახლეობის ინდოევროპული თუ პროტო-ინდოევროპული კუთვნილებით ახსნა.
ტერმინ „ქართლის” რაობის გარკვევის არაერთ სხვა მცდელობასაც ჰქონია ადგილი, რომელთაც ამჯერად აღარ შევეხებით. ვითვალისწინებთ მხოლოდ, რომ არცთუ იშვიათად, ერთი შეხედვით მეტად მახვილგონიერად შენიშნულმა სრულმა ან ნაწილობრივმა დამთხვევამ ზოგჯერ შესაძლოა სავსებით განსხვავებულ სივრცობრივ თუ ქრონოლოგიურ განზომილებებში გადაგვიყვანოს და კვლევის საგანს დაგვაშოროს. საზოგადოდ, ლინგვისტური თუ მატერიალური კულტურის ცალკეული ნიმუშების იდენტურობა თუ სიახლოვე ბევრის არაფრის მთქმელია იმ კონტექსტის გარეშე, სადაც ესა თუ ის ფენომენი იჩენს თავს. ამ მხრივ ტერმინ „ქართლთან” მიმართებით, ჩემი აზრით, საკმაოდ მკაფიოდ იკვეთება სივრცობრივი, ქრონოლოგიური, კულტურული და ლინგვისტური კონტექსტი, რომელსაც, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ტერმინ „ქართლი/ქართის” არსის წარმომავლობის, გავრცელებისა და კუთვნილების საკითხთა გარკვევისას.
მხედველობაში მაქვს ფაქტობრივად თანადროულად და ძირითადად ერთმანეთის მომიჯნავე ტერიტორიებზე გავრცელებული, შინაარსობრივად და ფონეტიკურად ერთმანეთთან თვალსაჩინოდ დაკავშირებული ტოპონიმების ვრცელი ჩამონათვალი, რომლის რაობის დადგენას XIX საუკუნის მეორე ნახევრის გერმანელმა ორიენტალისტებმა ავტორიტეტული გერმანული ჟურნალის („Zeitschrift der deutschen morgenländischen Gesellschaft“) ფურცლებზე ხანგრძლივი და პროდუქტიული დისკუსია მიუძღვნეს. ამ დისკუსიის შედეგები დღესაც ინარჩუნებენ სამეცნიერო მნიშვნელობას და თანაც – მიესადაგებიან ჩვენი განხილვის საგანს. დიდი ალბათობით, ს. კაკაბაძისა და გ. მელიქიშვილის ვარაუდები ტერმინ „ქართლი/ქართის” წარმომავლობის თაობაზე ამ დისკუსიის მონაცემებიდან უნდა იღებდნენ სათავეს.
ვინაიდან ყველა ხალხისა და ეპოქის გეოგრაფიულ ნომენკლატურაში შეინიშნება მკაფიოდ გამოკვეთილი ტენდენცია – უცხოური ენებიდან ნასესხები იდიომებით მოხდეს ისეთი ცნებების ჩანაცვლება, როგორიცაა „ქალაქი”, „ციხესიმაგრე” და სხვ., გარკვეული კულტურული შინაარსის მატარებელი სიტყვების მიმართ გამორჩეული მიდრეკილების გამო ასეთი ცნებები საკმაოდ შორს ვრცელდებიან თავიანთი პირველადი გავრცელების კერიდან და გადაიქცევიან ხოლმე დიდი სივრცეების მომცველ, მოხეტიალე, „მოდურ” ტერმინებად. ამის ნიმუშად მიიჩნევა დროსა და სივრცეში უკიდურესად გაწელილი ბერძნული πόλις-ი, რომელმაც ათასობით წლების შემდეგაც იჩინა თავი როგორც ბრაზილიაში (Petropolis), ასევე რუსეთში (Ставрополь, Симферополь და სხვ.). ცნობილია სხვა შემთხვევებიც, მაგ., ელინისტური ხანის სირიელების მიერ კოშკის აღმნიშვნელი ბერძნული – πύργος-იდან ნაწარმოები არაბული برج და ბიზანტიური ხანის თურქულში შესული – ბურგჰაზ-ი, რომლებიც ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელ მრავალ არაბულ და თურქულ ტოპონიმს დაედო საფუძვლად (შდრ. სამხრეთდასავლურქართული ტოპონიმები – „ბორჩხა“, „ბორჯომი“). რომაული ხანის ლათინური castrum-ი (სამხედრო ბანაკი), არაბული ფორმით – قصر – ასამდე ტოპონიმის მაწარმოებლად გადაიქცა1.
ძველ სამყაროში ასეთივე დიდი სივრცეების მომცველი, მოხეტიალე, „მოდური” ტერმინი უნდა ყოფილიყო ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი კარტა და მისგან, როგორც შემადგენელი ნაწილისაგან, ნაწარმოები ტოპონიმები. საკმარისია ითქვას, რომ ამ ტერმინმა ეგვიპტეშიც კი შეაღწია qartħă-ს სახით, ხოლო ფინიკიელთა მეშვეობით ჩრდილოეთ აფრიკასა და იბერიის ნახევარკუნძულზე გავრცელდა2.
ცნობილი გერმანელი ორიენტალისტისა და დიპლომატის _ ოტო ბლაუს (1828-1879 წწ.) განცხადებით, უკვე ორი ათასი წელია ცდილობენ ტერმინ -karta/kerta-ს მნიშვნელობის დადგენას. მსგავსძირიანი ტერმინების არსებობის შესახებ უძველესი ბერძნული წერილობითი ცნობა განეკუთვნება ანაქსიმენესს3, რომელსაც ევსტათი თესალონიკელი მიაწერს სტეფანე ბიზანტიელის ეთნოგეოგრაფიული ლექსიკონის – „ეთნიკის” მეშვეობით შემონახულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პერსეპოლისის სპარსული სახელწოდება – Πασσαργάδαι, ანუ ბერძნულად: Περσῶν στρατόπεδον4, სპარსულ ენაზე ნიშნავდა „სპარსულ ბანაკს”1. თუმცა Πασαργάδαι, აქემენიანთა პირველი დედაქალაქი, კიროს II დიდის მიერ თავისი ლაშქრის დასაბანაკებლად დაახლ. ძვ. წ. 559- 530 წწ. დაარსებული, მასთან შედარებით უფრო გვიანდელი პერსეპოლისისაგან 87 კმ-ით არის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაშორებული. ამ სახელწოდების „ფარსის ბაღებად” (Πασαργάδαι, სპარსულად پاسارگاد – Pāsārgād) გააზრება უფრო გვიანდელ ხანას უნდა ეკუთვნოდეს. ბენზელერის ბერძნულ-გერმანული ლექსიკონის მონაცემებით, სიტყვა Πᾰσαργάδαι-თ სპარსელთა უძველესი ტომი აღინიშნებოდა, საიდანაც შეირჩეოდა ხოლმე მოლაშქრეთა წინამძღოლები, სარდლები2. ანაქსიმენესიდან მომდინარე ცნობის მართებულობასა თუ მცდარობას ჩვენი კვლევის საგნისათვის არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს; მნიშვნელობა აქვს და გასათვალისწინებელია ძვ. წ. IV საუკუნიდან მომდინარე ინფორმაცია სიტყვა γάδαι თუ γάρδα-ს ბერძნულ στρατόπεδον-თან გაიგივების თაობაზე.
ტოპონიმ „ფასარგადის” საწყისს ფორმად ო. ბლაუ Παρσα-γάρδα-ს (Pârsakarta) ვარაუდობდა3. ამასთან დაკავშირებით იგი ითვალისწინებდა აგრეთვე აპიანეს „მითრიდატეს ომებსა” და სტეფანე ბიზანტიელთან შემორჩენილ ასინიუს კვადრატუსის „პართიკის” ფრაგმენტებში დაცულ იმ ცნობებს, საიდანაც ირკვევა, რომ ტიგრან II-ის დედაქალაქის სახელწოდება – Τιγρανόκερτα – სპარსულად ნიშნავდა ტიგრანის ქალაქს – Τιγρανόπολις4. თოთიუსის ლათინური ლექსიკონის განმარტებითაც, სიტყვა certa აღმოსავლურ ენაზე ქალაქს ნიშნავს5. ასევე, მენანდრე პროტიქტორის შუამდინარეთში მდებარე Μονόκαρτον-ს, რომელსაც სტეფანე ბიზანტიელთან შეესაბამება Μαννάκαρτα, ხოლო „რავენის კოსმოგრაფიაში” – Manacarta, ურანიუსი (სავარაუდოდ, ახ. წ. I საუკუნის ავტორი სირიული აპამეიდან, რომლის ნაწერთა ფრაგმენტები სტეფანე ბიზანტიელის „ეთნიკის” მეშვეობით შემოინახა) Μάννεως χώρα-ს სახით თარგმნის, რაც „მანეელთა ალაგს, მიწას, მხარეს” ნიშნავს6.
--karta და --kerta ტოპონიმების შინაარსობრივი თანხვედრა ეჭვს არ იწვევს და მათი ნაწილობრივი ფონეტიკური სხვაობა დიალექტური გარემოს ზემოქმედებას არ უნდა ცილდებოდეს. ტერმინ --karta-დან ანდა მისი განშტოებებიდან ნაწარმოებ ტოპონიმებად მიჩნეულია7:
I. ბაბილონეთსა და დასავლეთ სუზიანაში: 1. Vologesicerta; 2. Βατράχαρτα; 3. Destagerd; 4. Hormuzǵird; 5. Aristaǵird; 6. Wasagerd; 7. Susanǵird.
II. ასურეთსა და შუამდინარეთში: 1. Μονόκαρτον; 2. Μαννάκαρτα; 3. Minicerta; 4. Χατράχαρτα; 5. Ζαριγάρδια.
III. არმენიაში: 1. Zikarta; 2. Τιγρανόκερτα; 3. Άρκαϑιόκερτα; 4. Άρταγίγαρτα; 5. Ήλεγέρδα; 6. Δαδόκερτα; 7. Καπνισκέρτι; 8. Σανόχαρτα; 9. Μάκαρτα/Μανάκαρτα; 10. Μαρτίκερτα/Μερτίκερτα; 11. Μαντζικίερτ; 12. Manavazgerd; 13. Melazgerd; 14. Hatamagerd; 15. Haïgerd; 16. Henaragerd; 17. Tzolagerd; 18. Tzungerd; 19. Vagarshagerd; 20. Shemiramagerd; 21. Nephrkert; 22. Vanakert; 23. Gilgerd; 24. Meshingerd; 25. Tawasgerd; 26. Alaschgerd.
IV. მიდიაში: 1. Γιλίγερδα; 2. Μαζίκερτον; 3. Maragerd; 4. Paguragerd; 5. Phaurǵird; 6. Ashnadǵird; 7. Dastaǵird; 8. Buzanaǵird; 9. Burûgird; 10. Walashgird.
V. ჰირკანიაში: 1. Κάρτα; 2. Ζαδράκαρτα; 3. Phuzgird.
VI. პართიასა და ხორეზმში: 1. Πασακαρτία; 2. Bashgird; 3. Bulanǵird; 4. Bugagerd.
VII. ტრანსსოქსიანასა და ხორასანში: 1. Χαράχαρτα; 2. Chatracharta
ზემოჩამოთვლილთა შორის შეიმჩნევა შედარებით გვიანდელი ხანის სახელწოდებებიც. კერძოდ, სომხურ-სპარსული ენებში დადასტურებელ ქალაქის აღმნიშვნელ ტერმინებში შედარებით უფრო გვიანდელ ფორმებად მიიჩნევენ gird-ზე და jird-ზე დაბოლოებულებს. სპეციალისტთა აზრით, ეს ფორმები თავდაპირველად არსებული karta-საგან არიან წარმომდგარი8. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილის დასახელების – Valâšgird/Balâšgird-ის უძველესი ფორმაა Vologeso-certa (როგორც ამას პლინიუსი იუწყება), სიტყვა gird-ს ჰ. ჰიუბშმანიც საზოგადოდ kert/karta-დან წარმოქმნილად მიიჩნევს1.
განხილული ტოპონიმების სივრცობრივ განფენასთან დაკავშირებით, ო. ბლაუს აზრით, ადგილი აქვს ერთ, აშკარად თვალშისაცემ, გარემოებას, კერძოდ, იმას, რომ ასეთი სახელების ქსელი მხოლოდ სემიტურთან მოსაზღვრე ირანული ენობრივი არეალის დასავლეთ და ჩრდილოეთ კიდეებზე, თურანული არეალის შიგნით იჩენს თავს, მაშინ როდესაც აღმოსავლეთის მიმართულებით მათი კვალი არ შეინიშნება, ხოლო სამხრეთისაკენ – სპორადულია. მისივე აზრით, ის არეალი, სადაც ტოპონიმები -kerta, -kerd განსაკუთრებით ხშირია, ვერც ტერიტორიული თვალსაზრისით და ვერც ეთნოგრაფიულ-ლინგვისტური თავისებურებებით, ერთიანი სახელწოდების ქვეშ ვერ ერთიანდება, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს არეალი (ტრანსსოქსიანიდან კასპიის ზღვამდე და შემდეგ არმენიის გავლით ევფრატამდე) თურანელი ტომების მომთაბარეობის ზონას წარმოადგენდა, რომელთაც პართელთა ძლევამოსილებაში უმთავარესი წვლილი ჰქონდათ შეტანილი; შესაბამისად, ამ არეალის ტოპონიმების ინტერპრეტაციისას თურანული წარმომავლობის სიტყვების არ გათვალისწინება, მისი აზრით, არ იქნებოდა გამართლებული2.
ო. ბლაუს საპირისპიროდ, თ. ნიოლდეკე შენიშნავდა, რომ, როგორც ეს უკვე თავად ო. ბლაუმ ცხადყო, მსგავსი სახელწოდებები ყველაზე უფრო ხშირი არმენიასა და ხორასანშია, თუმცა, ამავე დროს არმენიის სამხრეთიდან მომიჯნავე მხარეებში, ერაყში, ფაქტობრივად ირანის მთელ გაყოლებაზე და ტრანსსოქსიანაშიც ვრცელდება; ასევე, გავრცელებულია ირანის იმ მხარეებში, რომლებიც საკმაოდ დაშორებული იყვნენ თურანელთა ზეგავლენისაგან, მაგ., ფარსში, ქერმანში, მიდიელთა ცალკეულ ოლქებში. ამიტომ, მისი აზრით, ასეთი სახელწოდებების ფორმირება ირანული ენის გავრცელების არეალში უნდა მომხდარიყო3. ქრონოლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, თ. ნიოლდეკე შენიშნავს, რომ ტრანსსოქსიანაში გერდ-ელემენტის შემცველი სახელები ვერც პართელებისა და ვერც სასანიანთა ბატონობის ხანისად ვერ ჩაითვლება და აქემენიანთა ხანის კუთვნილებას უნდა წარმოადგენდეს4. ჰ. ჰიუბშმანის აზრითაც, ირანული სახელწოდებები დარიოსის დროს ირანის მთელ ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული5.
ო. ბლაუს მოსაზრების მიმართ -karta და -kerta ტოპონიმების პართული ანდა თურანული წარმომავლობის თაობაზე კიდევ უფრო მკაცრია ა. დ. მორდტმანი, რომელიც შენიშნავს, რომ ვინაიდან, თავად ო. ბლაუ აცხადებს, რომ იგი არ არის გარკვეული პართელების ეთნოგრაფიულ ადგილმდებარეობაში, შეგვიძლია მასთან დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით თავიავარიდოთ6.
ამავე დროს არ შეიძლება არ ითქვას, რომ ბევრად უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ის მასალა, რომელიც ო. ბლაუს განსახილველი ტოპონიმების არამეული წარმომავლობის საჩვენებლად აქვს მოხმობილი. ო. ბლაუ აღიარებს, რომ როდესაც ახლო აღმოსავლეთში -καρτα შემადგენელი ნაწილის შემცველ სახელების წყაროს ვიძიებთ, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ სიტყვა კარტა, როგორც „ქალაქის” აღმნიშვნელი აპელატივი, იმდენად ხშირი იყო, რომ ნებისმიერი ადგილობრივი ბერძენი, სომეხი თუ ებრაელი მის ამ მნიშვნელობას სპონტანურად ხვდებოდა; შესაბამისად, ამ ტერმინის წარმოქმნელი ერთადერთი სავარაუდო ენობრივი გარემო მხოლოდ ჩრდილოსემიტური და განსაკუთრებით – არამეული შეიძლება ყოფილიყო. მისი აზრით, მეტად მაცდურია ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც ტერმინი -καρτα თავიდანვე ქალაქის აღმნიშვნელი იყო და არამეულ-ძველებრაული სიტყვიდან – קרתא (krta) არის ნასესხები, ვინაიდან აქემენიანთა, არშაკიდებისა და სასანიანთა ეპოქაში არამეული ენის ზეგავლენა მკაფიოდ საგრძნობია იმ მხარეებში, სადაც ასეთი სახელწოდებები იჩენს თავს. ეს ზეგავლენა ასევე აისახება საზოგადოდ ადგილობრივ ხალხურ მეტყველებაში, თუმცა, ყველაზე უფრო მეტად გეოგრაფიულ ნომენკლატურაშია შესამჩნევი. ო. ბლაუს აზრით, განსაკუთრებით ის სწავლულები, რომელთაც არ გააჩნიათ ვიწრო ფილოლოგიური ცნობიერება და საგანს ფართო კულტურულ-ისტორიული თვალთახედვიდან განიხილავენ, ადვილად გაიზიარებენ შეხედულებას ამ ტერმინის კავშირის შესახებ „ქალაქის” აღმნიშვნელ არამეული წარმომავლობის სიტყვასთან, უფრო უკეთესი ალტერნატიული თვალსაზრისის უქონლობის გამო1.
ბ. დორნის ვარაუდითაც, რომელიც ასევე XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებშია გამოთქმული, ჰირკანიული ადგილის დასახელების – Zadrakarta-ს შემადგენელი ნაწილი -καρτα შესაძლოა ქალაქის აღმნიშვნელ არამეულ-ფეჰლევურ קרתה-ს (krth) წარმოადგენდეს2.
მოსაზრება, რომ ტერმინი κερτα/καρτα ქალაქის აღმნიშვნელი ებრაულ-არამეული სიტყვიდან – קרתה, קרתא – არის ნასესხები, არ აღმოჩნდა ყველასთვის მისაღები: თ. ნიოლდეკეს აზრით, თუ დავუშვებდით სემიტური ენებიდან მსგავსი სიტყვების სესხების შესაძლებლობას, მაშინ ისინი სომხურ-სემიტურ ანდა სემიტურ-ირანულ სასაზღვრო ზონებში საკმაოდ გავრცელებული უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მისივე განცხადებით, ამ ტერიტორიაზე სიტყვა – קרתא-დან ნაწარმოები არც საკუთრივ სემიტური ტოპონიმები იჩენენ თავს3.
ტერმინ κερτα/καρτα-ს წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისას, ალბათ, სათანადოდ არის გასათვალისწინებელი ის კარგად ცნობილი ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. IX საუკუნეში חדשת קרת (Qart-Hadašt) (იგივე კართაგენი), ანუ „ახალქალაქი”, არამეულის ახლომონათესავე პუნიკურ/ფინიკიურ ენაზე დაერქვა ჩრდილოეთ აფრიკაში ახალდაარსებულ სავაჭრო კოლონიას.
როგორც უკვე ვიცით, „ქალაქის” აღმნიშვნელ არამეულ სიტყვას – קרתא წარმოადგენდა, ხოლო არამეული ენა ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო ენა იყო აქემენიანთა ზეგავლენის ქვეშ მყოფ არმაზციხის ადრეულ ბინადართათვის და შემდეგაც, ახ. წ. VII საუკუნემდე, ახლო აღმოსავლეთში იგი lingua franca-ს წარმოადგენდა4; ამდენად, სავსებით დასაშვებია, სწორედ სიტყვა –קרתא დასდებოდა საფუძვლად ტერმინ ქართ-ლ-ს5. არამეულ ტერმინს კიდევ იმის გამო უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ სავარაუდოა მცხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრის, არაგვისპირთან მდებარე „ბელტის ციხის” სახელიც (ამჟამად ცნობილი ბებრის/ბერის ციხედ), რომელიც მცხეთა-არმაზციხის საერთო საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილს წარმოადგენდა და კეტავდა ჩრდილოეთის შესასვლელს, წარმომდგარი იყოს ასევე „ციხესიმაგრის” აღმნიშვნელი არამეული სიტყვიდან – „ბირტა”6. ამასთან დაკავშირებით, იქნებ გასათვალისწინებელი იყოს, „ქართლის ცხოვრების” ცნობის, მტკვარგამოღმა (არმაზციხის, იგივე „მთა ქართლის”) და მტკვარგაღმა (მცხეთის) მხარეთა მეფეების, ქართამისა და ბარტომის სახელთა შესაძლო კავშირიც ციხესიმაგრეების აღმნიშვნელ არამეულ სიტყვებთან – – karta და birta და, შესაბამისად, ამ სიტყვებით მოხსენიებულ მათ რეზიდენციებთან თუ უმთავრეს საფორტიფიკაციო ნაგებობებთან – არმაზციხესთან („მთა ქართლი”) და მცხეთა-ბებრის („ბელტის” თუ  „ბერდის“) ციხესთან7.
არამეული ტერმინი – קרתא ,თავის მხრივ, დაკავშირებული უნდა იყოს ციხექალაქის აღმნიშვნელ ხურიტულ ტერმინთან „არდ-ი/არტე-ნი”. ამ ხურიტული ტერმინიდან ჩანს ნაწარმოები ქალაქ მუსასირის ურარტული სახელწოდება „არდინი”; ანალოგიური სახელწოდებების ქალაქები ცნობილია აგრეთვე ეტიუნის ქვეყნიდან და რუსახინილის მახლობლად.1 ერთი შეხედვით, თითქოს ქართულენოვან სამყაროში ადრეული ხანებიდანვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული ციხექალაქის აღმნიშვნელ ამ ხურიტულ ტერმინს, რომელმაც რეგიონში აქემენიანთა დომინირების ხანაში ანალოგიური მნიშვნელობისა და ჟღერადობის მქონე და, შესაძლოა, მისგანვე ნაწარმოები არამეული სიტყვის – קרתא-ს ზეგავლენით შეიძინა ანლაუტში ველარული ფონემა. ასეთი ვარაუდის შესაძლებლობაზე ალბათ უნდა მიგვანიშნებდეს ქართულ სინამდვილეში დადასტურებული არაერთი ციხესიმაგრის აღმნიშვნელი და „ართ/არტ/არდ”-ძირიანი ტოპონიმი.
საინტერესოა, რომ კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელოს” მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იბერიული დასახლება ყოფილა – Ἀρτάνισσα2, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი პლინიუსის Harmastis-თან (იგივე Μεστλῆτα-Hარმოზიცა-სთან ანუ არმაზ-მცხეთასთან) აიგივებდა (რ. ქ. პორთერი)3, ზოგი – ქ. არტაანთან (პ. იოსელიანი, ს. კაკაბაძე), ზოგიც – არტანუჯთან (ვ. ტომაშეკი, ნ. ლომოური)4. თუმცა, როგორც ვიცით, პლინიუსის Harmastis/Harmastus-ი5 (იგივე კასიუს დიოს Ἀκρόπολις-ს), კლაუდიოს პტოლემაიოს არა Ἀρτάνισσα-ს, არამედ Ἀρμάκτικα-ს ფორმით აქვს მოხსენიებული6, რაც სტრაბონის Ἀρμοζική-ს7 (ანუ „არმაზციხეს”) შეესაბამება.
მართალია, ნ. ლომოური შენიშნავს, რომ პტოლემაიოსის კოორდინატთა სისტემა მისთვის ისეთი შორეული ქვეყნის აღწერისას, როგორიც კავკასიაა, სრულიად გამოუყენებელია8, მაგრამ, საფიქრებელია, რომ მათ, ზოგ შემთხვევაში, გარკვეული შედარებითი მნიშვნელობა მაინც უნდა ჰქონოდათ; კერძოდ, ერთი მხრივ, კოლხეთისათვის და მეორე მხრივ – კავკასიის ალბანიისათვის გამოყენებული კოორდინატები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, ხოლო მათგან კი – განსხვავებულია იბერიისათვის გამოყენებული კოორდინატები.
თუ ჩვენ კლავდიოს პტოლემაიოსის კოორდინატების შედარებით მნიშვნელობას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ Ἀρτάνισσα-ს მდებარეობა მცხეთისგან (პტოლემაიოსისეული Μεστλῆτα) ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით9. საინტერესოა, რომ ამ რეგიონში დადასტურებულია „არდ”-ძირიანი სახელები: ცენტრალური ამიერკავკასიის ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის მთავარი ქედის მიმდებარე მხარეებში, მაგ. არდოტი (ციხესოფელი პირიქით ხევსურეთში, მდ. ანდაქის მარცხენა ნაპირზე), იქნებ არხოტიც (←არდხოტი), ართხმო (კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, სტეფანწმინდიდან 15 კმ), არდვისი (სოფ. ერედვთან), არდისი (მდ. მეჯუდის სათავესთან), ართანი/ართანა (თელავიდან 26 კმ-ის დაშორებით, კავკასიონის მთის კალთების სამხრეთით), არტანი (თიანეთიდან 13 კმ მანძილზე, ივრის მარჯვენა ნაპირზე).
მდ. თერგის უკიდურესი ზემო წელის მხარეს, ძველი სომხური წყაროების, კერძოდ, ანანია შირაკაცის ე. წ. VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის ანუ „აშხარჰაცუიცის” თანახმად, „არდოზი” ეწოდებოდა და მიჩნეულია, რომ ეს ტოპონიმი ნაწარმოები უნდა იყოს ოსური oerduz-იდან, მნიშვნელობით: ტყიანი მდელო, ახო10. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ხურიტულ-ურარტული წარმომავლობის „არდ”-ძირიანი სახელების სიმრავლეს ამიერკავკასიაში, ალბათ, არ უნდა მოიპოვებოდეს საფუძველი მათგან ტოპონიმ „არდოზის” დაშორებისათვის. როგორც ჩანს, სწორედ ამ სახელწოდებას _ „არდოზი” აიგივებდა მოვსეს ხორენაცი ვასპურაკანში მდებარე ადგილის სახელწოდებასთან _ „არტაზი”1, როდესაც შენიშნავდა, რომ „არტაზს” ეს სახელი თითქოსდა იმის გამო ეწოდა, რომ ამ ადგილას სომეხთა მეფეს არტაშესს დაუსახლებია ამავე სახელწოდების მქონე მხარიდან წამოსხმული ტყვე ალანები2.
როგორც ზემოთაც აღვნიშნავდით, ქართულ ენობრივ სამყაროში გვხვდება ციხესიმაგრის აღმნიშვნელი მრავალი art/ard-ფუძიანი ტოპონიმი. ზემოჩამოთვლილებთან ერთად, სავარაუდოდ ასეთი ტოპონიმები უნდა იყოს: „არადეთი”, „არდასა”, „არდაშენი” „არდისუბანი/არდასუბანი”, „არდოლა”, „ართვინი/ართვანი/ართავანისი”, „არტაან/არდაჰანი”, „არტანუჯი/არტანუჭი”, „კარდანეხი”3, „ღართისკარი”4 და სხვ. (მათ შორის ანლაუტში განსხვავებული ფონემებითაც)5. სავარაუდოა, რომ მხედველობაში უნდა იყოს მისაღები აგრეთვე ურარტული A ბგერის იგივეობაa Ua-სთან6 და, შესაბამისად, იმავე არდ-ფუძის ძიება ტოპონიმებში: „ვარციხე<ვარდციხე”7, „ვარძია” (<*ვარდ-ძია), „ვარდის სოფელი” და სხვ. გასათვალისწინებელია, სომხურ ენაში არსებული „არდ/ართ” და „ვარდ/ვარდან”-ფუძიანი ტოპონიმებიც.
იქნებ აქვე უნდა გავიხსენოთ არდამ ერისთავის სახელიც: „ამან [ფრიდონ] წარმოგზავნა ერისთავი თვისი სპითა დიდითა, რომელსა სახელი ერქუა არდამ, შვილი ნებროთის ნათესავთა... ამან არდამ მოჰკიდა კირი-ზღუდე ციხესა არმაზისასა და აქათ მტკურამდის, და წამოზღუდა ცხვიირი არმაზისი ვიდრე მტკურამდე”8.
კასიუს დიოს ინფორმაციით, „აკროპოლისი” აგებული იყო იმ მიზნით, რომ დაეცვა უვიწროესი ადგილი, სადაც ერთ მხარეს მტკვარი (Cyrus) მოედინება, ხოლო მეორე მხარეს კავკასიონია აღმართული9. მცხეთა-არმაზის უნიკალური თავდაცვითი შესაძლებლობების აღნიშვნას ვერც ბევრად უფრო გვიანდელი ხანის თვითმხილველები უვლიდნენ გვერდს10. ვინაიდან მტკვრისა და არაგვის ხერთვისში მდებარე არმაზციხე/ქართლი არამარტო მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს, არამედ კავკასიონის ძირითადი უღელტეხილის – დარიალისაკენ მიმავალ გზასაც აკონტროლებდა (საიდანაც ხდებოდა ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების მრავალრიცხოვანი ტალღების შემოსევები და საიდანაც უნდა შეეღწიათ ახლო აღმოსავლეთში კიმერიელებსა და სკვითებს)11. სწორედ ამის გამო, სავარაუდოა, რომ ჯერ კიდევ აქემენიანთა ხანამდე ყოფილიყო მხედველობაში მიღებული ქართლის (შემდეგდროინდელი არმაზციხის) უაღრესად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა; რიგ სხვა ნიშნებთან ერთად ამაზევე უნდა მიგვანიშნებდეს ურარტულ სამშენებლო ტრადიციებთან ზემოთ შენიშნული სიახლოვე. 
ამ, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ძირითად და უძველეს კერასთან მიმართებით, ყურადღებას იპყრობს პლინიუსის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ იბერიული ქალაქი ჰარმასტუსი კავკასიის იმ კარის პირდაპირ მდებარეობდა, რომელიც „სამყაროს ორ ნაწილად განყოფდა”12. ეს გარემოება მიუთითებს, იმდროინდელი იბერიის უმნიშვნელოვანესი ქალაქის ფუნქციაზე, გადაეკეტა გზა ჩრდილოეთიდან, „კავკასიის კარიდან” (ანუ დარიალიდან) შემსული და თერგისა და არაგვის ხეობების გავლით წამოსული მოთარეშეებისათვის; ამის მსურველთა რიცხვი კი ქედს გადაღმა ურიცხვი იყო და არის. ბერძნულ-რომაული, სომხური და ქართული წერილობითი წყაროების მონაცემთა შეჯერება1 საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ არა მხოლოდ ჰარმასტუს/არმაზციხე/ქართლის, არამედ საერთოდ იბერიის სამეფოს (ცენტრალური ამიერკავკასიის ყველაზე ადრეული სახელმწიფოს) აღმოცენება-ჩამოყალიბების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დარიალის კარიბჭის კონტროლის საჭიროება უნდა ყოფილიყო; მომთაბარეთათვის გზის გადამკეტი კავკასიის კარიბჭის ეფექტური კონტროლის აუცილებლობის გამო ცივილიზებული სამყაროს ყველა დროის მესვეურთათვის სასურველი იყო შუაგულ ამიერკავკასიაში, იბერიაში, მსგავსი ფუნქციის შესასრულებლად სათანადო ძლევამოსილების მქონე სახელმწიფო ხელისუფლების არსებობა2.

ბიბლიოგრაფია
1. ა. აბდალაძე, მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ (თბილისი, 1984);
2. ილ. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები) (თბილისი, 1973);
3. ი. ანთელავა, საქართველოს საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი (თბილისი, 2002);
4. ა. აფაქიძე, არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი IV, ნაკვ. I (თბილისი, 1958);
5. ა. აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში (თბილისი, 1963);
6. კ. გრიგოლია, ახალი ქართლის ცხოვრება (თბილისი, 1954);
7. იაკობ ხუცესი, წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი, ისტორიული ცნობები, კომენტარები, განმარტებები და ლექსიკონი დაურთო ნ. ღამბაშიძემ. სერია – ქართლი ლიტერატურა კომენტარებით 1 (თბილისი, 2012);
8. ს. კაკაბაძე, ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები, საისტორიო მოამბე, წიგნი I. (ტფილისი, 1924);
9. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ (ახლად მოპოვებულ სასისხლო სიგელებთან დაკავშირებით), საისტორიო მოამბე, წიგ. II (ტფილისი, 1924);
10. ს. კაკაბაძე, ქალ. არმაზი – ქალ. მცხეთა, საისტორიო კრებული, წ. III (ტფილისი, 1928);
11. ს. კაკაბაძე, თბილისი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, მნათობი, № 10 (თბილისი, 1958);
12. ნ. ლომოური, კლავდიოს პტოლემაიოსი, „გეოგრაფიული სახელმძღვანელო”, ცნობები საქართველოს შესახებ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 34, 1955;
13. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის (თბილისი, 1965);
14. გ. მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში. ქართლის სამეფოს წარმოქმნა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი I (თბილისი, 1970);
15. დ. მუსხელიშვილი, ქართველთა თვითსახელწოდების ისტორიისათვის, საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, (თბილისი, 1993);
16. ი. სიხარულიძე, ნიგალი (ლივანა). საისტორიო გეოგრაფიის საკითხები (ბათუმი, 1985);
17. ალ. ღლონტი, ქიზიყის ტოპონიმია (ტოპონიმიკური ძიებანი, IV) (თბილისი, 1982);
18. გ. ქავთარაძე, ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის (თბილისი, 1985);
19. გ. ქავთარაძე, კავკასია და „კართაგენელები”, იბერია-კოლხეთი, საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული მკვლევარი, # 4 (თბილისი, 2008);
20. გ. ქავთარაძე, არიან-ქართლის საკითხისათვის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IX (თბილისი, 2009);
21. გ. ქავთარაძე, მცხეთის უძველესი ადგილმდებარეობისა და სახელწოდების საკითხისათვის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, ტ. X-XI (თბილისი, 2010/2011);
22. გ. ქავთარაძე, საქართველო, კავკასიონი და გეოპოლიტიკა: წარსული და თანამედროვეობა, მარი ბროსე - 210 (თბილისი, 2012);
23. ს. ყაუხჩიშვილი, ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955);
24. ს. ყაუხჩიშვილი, ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955);
25. Н. В. Арутюнян, Корпус Урартских Клинообразных Надписей (Ереван, 2001);
26. В. А. Кузнецов, Очерки истории алан (Владикавказ, 1992);
27. Г. А. Меликишвили, Наири-Урарту (Тбилиси, 1954);
28. Л. М. Меликсет-Беков, Армазни, Историко-археологический очерк, Материалы по истории Грузии и Кавказа, Вып. II (Тбилиси, 1938);
29. Benselers Griechisch-Deutsches Wörterbuch. Bearbeitet von A. Kaegi (Leipzig, 1981);
30. G. Bernhardy, Dionysius Periēgētes Graece et Latine cum vetustis commentariis et interpretationibus ex recensione et cum annotatione Godofredi Bernhardy (Lipsiae/Leipzig, 1828);
31. O. Blau, Ueber -karta, -kerta in Ortsnamen, Zeitschrift der deutschen morgenländischen Gesellschaft, Bd 31 (Leipsig, 1877);
32. C. Brockelmann, Syrische Grammatik mit Paradigmen: Literatur, Chrestomathie und Glossar, Neunte Auflage (Leipzig, 1962);
33. E. Cary, Dio’s Roman History, with an English translation by E. Cary on the basis of the version of H. B. Foster, vol. III. The Loeb Classical Library (London & Cambridge, Massachusetts, 1969);
34. J. Conder, Persia and China (London, 1830);
35. Th. V. Gamkrelidze & V. V. Ivanov, The Problem of the Original Homeland of the Speakers of Indo-Eropean Languages, Journal of Indo-European Studies, vol. 13, 1985;
36. I. M. D'iakonov, On the Original Home of the Speakers of Indo-European, Journal of Indo-European Studies, vol. 13, 1985;
37. I. M. D'iakonov (Diakonoff), Language Contacts in the Caucasus and the Near East, When Worlds Collide: the Indo-Europeans and the Pre-Indo-Europeans. Linguistica Extranea Studia 19. T. L. Markey & J. A. C. Greppin (Eds) (Ann Arbor, 1990);
38. B. Dorn, Caspia (St. Petersburg, 1875);
39. J. C. Greenfield, Aramaic in the Achaemenian Empire, The Cambridge History of Iran, Volume 2. The Median and Achaemenian periods. I. Gershevitch (Ed.) (Cambridge, 1985);
40. R. H. Hewsen, The Geography of Ananias of Širak (Ašxarhac´oyc´, The Long and the Short Recensions, Introduction, Translation and Commentary by Robert H. Hewsen, Beihefte zum Tübinger Atlas des Vorderen Orients. Reihe B, Geisteswissenschaften; Nr. 77 (Wiesbaden, 1992);
41. H. Hübschmann, Iranisch-armenische Namen auf karta, kert, gird, Zeitschrift der deutschen morgenländischen Gesellschaft, Bd 30, 1876;
42. H. L. Jones, The Geography of Strabo, with an English translation by Horace Leonard Jones, vol. V. The Loeb Classical Library (Cambridge, Massachusetts & London, 1961);
43. G. L. Kavtaradze, Georgian Chronicles and the raison d'ètre of the Iberian Kingdom (Caucasica II), Orbis Terrarum, Journal of Historical Geography of the Ancient World, 6, 2000 (Stuttgart, 2001);
44. St. Kroll, Ancient Armenian sites in Armenia and north-western Iran: Hellenistic period, Archaeology of Armenia in Regional Context, Proceedings of the International Conference dedicated to the 50th Anniversary of the Institute of Archaeology and Ethnography Held on September 15-17, 2009 in Yerevan. P. Avetisyan & A. Bobokhyan (Eds) (Yerevan, 2012);
45. D. M. Lang, Armazi (or ARMAZ-TSIKHE), an important royal city of Georgia, Encyclopaedia Iranica, 1st edition. E. Yarshater (Ed.), Volume II: Anamaka-Atar al-Wozara' (New York, 1999);
46. J. P. Mallory, In Search of the Indo-Europeans: Language, Archaeology and Myth (London, 1989);
47. J. Marquart, Ērānšahr nach der Geographie des Ps. Moses Xorenac´i (Berlin, 1901);
48. K. F. T. Mayhoff (Ed.), Pliny the Elder, Naturalis Historia. English translation by Bostock J., Riley H.T. (Lipsiae, 1906);
49. A. Meineke, Stephani Byzantii Ethnicorum quae supersunt, ex recensione Augusti Meinekii (Berolini/Berlin, 1849);
50. A. D. Mordtmann, Ueber die Endung kart, kert, gird in Städtenamen, Zeitschrift der deutschen morgenländischen Gesellschaft, Bd 32, 1878; 
51. K. F. A. Nobbe (Ed.), Ptolemy, Claudii Ptolemaei Geographia, Volume 2 (Lipsiae, 1845);
52. Th. Nöldeke, Ueber iranische Ortsnamen auf kert und andere Endungen, Zeitschrift der deutschen morgenländischen Gesellschaft, Bd 33, 1879;
53. R. K. Porter, Travels in Georgia, Persia, Armenia, Ancient Babylonia (1817-1820), vol. I (London, 1821);
54. Procopius Caesariensis, De Aedificis, ix.: penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Procopius/Buildings/home.html
55. E. L. Stevenson, The Geography by Claudius Ptolemy. Translated and Edited by Edward Luther Stevenson (New York, 1932);
56. Totius Latinitatis Lexicon. Egidio Forcellini, Jacobus Bailey. Consilio et cura Jabobi Facciolati. (Londini/London, 1828);
57. H. von Wissmann, Uranios, Paulys Realencyclopädie der Classischen Altertumswissenschaft, Supplementband XI (Stuttgart, 1968).

1 комментарий:

  1. საქართველო მოდის ქართველისაგან, სადაც „ქა“ „ქრისტედ" ითქმის (იხ. სულხანს სიტყვის კონის ტომი II), „რთველი“ კი, შემოდგომის მოსავალს, ანუ „ქართველი“ ნიშნავს ქრისტეს ღმრთიური ცოდნის მიმღებს. „ქ-ართ-ვ-ელი“, „Ⴕ“ (ქანი) - ქრისტე, ქართულ დამწერლობაში რიგით 24-ე ზის.
    „ართი“ - წინარე ქართული, კოლხური (მეგრული) ენით ერთს ნიშნავს, „ვ“ვინაობის აღმნიშვნელია, ხოლო „ელი“ სვანური ენით ნიშნავს ღმერთს, ანუ ქართველი ნიშნავს ღმერთი ერთია, და ამასთანავე ქართული სიტყვის სულიწმიდა ინფორმაციით ნიშნავს ქართულ სიტყვაში - მის შინა არსში დაფარულ საუნჯეს, ამ საუნჯეს „ლაზარეს“ ვუწოდებთ. „ლაზარე“ - წინარე ქართული (სვანური) ენით საუნჯეს ნიშნავს.



    „იბერია“ - ლაზურად „ი“ ღმრთის კარიბჭეს, ხოლო „ბერი“ ნიშნავს შვილს, აქედან წარმოდგა იბერის განმარტება, როგორც ღმრთის შვილის.
    ქართულ ჰემატრიაში „ი“ ნიშნავს ღმერთს, რადგან კოდით უდრის ათს, ხოლო „ბერი“ ნიშნავს წმინდა მოღვაწე, განმანათლებელ მამას. ასევე იბ-ერი ნიშნავს 12 დამწერლობის შემქნელ წმინდა მამებს. აი რატომ ჰქვია ჩვენს სამშობლოს იბერია.
    იბერია ერქვა დასავლეთის იბერიად წოდებულ ესპანეთის ნახევაკუნძულ იბერიონს, სადაც ბასქები (ბა-სქი, ბაბას სქი, სქი=შვილს ზანური ენით, ანუ მამაზეციერის შვილები, იგივე ღმრთის შვილები) ცხოვრობდნენ. იბერიონს უწოდებდნენ პიქტებით (პროტო ქართული ტომის სახელწოდება) დასახლებულ ირლანდიის კუნძულს.

    ОтветитьУдалить