понедельник, 11 марта 2019 г.

ქართლის ერისმთავრების დინასტიის წარმოშობა და ქართველი ბაგრატიონების ხელისუფლებაში მოსვლა

1. ჯუანშერის ცნობების მიხედვით
...მოკვდა ბაკურ (ვახტანგ გორგასლის შთამომავალი), და დარჩა შვილნი მისნი წვრილნი, რომელნიც ვერ იპყრობდენ მეფობასა. შვილნი ბაკურისნი დარჩნენ მთიულეთს კახეთისასა; და ნათესავნი მირდატისნი, ვახტანგის ძისანი, რომელნიც მთავრობდენ კლარჯეთს და ჯავახეთს, ისინი დარჩნენ კლდეთა შინა კლარჯეთისათა.
ესეთ რა უცალო იქმნენ სპარსნი, მაშინ შეითქვნენ ყოველნი ერისთავნი ქართლისანი, ზემონი და ქვემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა, და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნენ ერისთავნი იგი თვის-თვისსა საერისთაოსა შეუცვლელად. მაშინ კეისარმა აასრულა თხოვნა მათი, და მოსცა მეფედ დისწული მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისაგან, რომელსაც ერქვა გუარამ, რომელიც მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს. ამას გუარამს მოსცა კეისარმან კურაპალატობა, და წარმოგზავნა მცხეთას.
და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, ისინი დარჩნენ კახეთს, დაიპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორიდან, და დასხდენ უჯარმას და იყვნენ მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.
მოკვდა გუარამ კურაპალატი და დაჯდა ძე მისი სტეფანოზ. [სტეფანოზმამეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, მაგრამ ერისთავთა-მთავრად გახადეს. შემდგომად ამისსა რამდენიმე წელიწადსა ჰერაკლე. მოვიდა ქართლსამან სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან, და განამაგრა ციხე-ქალაქნი, და დადგა ტფილისსა შინა. მოვიდა ჰერაკლე მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ იყო ქველი მხედარი და შემმართებელი; დღეთა ყოველთა გამოვიდოდა კართა ქალაქისათა, და ებრძოდა ბერძენთა. მაშინ უკვე მას ბრძოლასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ და მოკლეს. და დაიპყრა კეისარმა ტფილისი.
მაშინ კეისარმა მოუწოდა ძესა ბაკურისსანათესავსა ქართველთა მეფისა დაჩისასა, ვახტანგის ძისასა, რომელიც ერისთავობდა კახეთს, რომელსაც ერქვა ადარნასე, და მისცა მას ტფილისი და მთავრობა ქართლისა. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩნენ კლდეთა შინა კლარჯეთისათა.
მოკვდა ადარნასე, და დადგა მის წილ ძე მისი სტეფანოზ. ხოლო სტეფანოსს ესხნენ ორნი ძენი არჩილ და მიჰრ. შემდგომად მცირედთა ჟამთა შევიდა არჩილიცა ეგრადვერამეთუ მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსაც ერქვა მურვან ყრუ, ძე მოჰამადისი, რომელიც წარმოევლინა ეშიმს (ხალიფა ჰიშამი 724-743), ამირმუმლსა, ძესა აბდალ-მელიქისსა, ნათესავისაგან ამათისა.
იქ შინა იყვნენ მაშინ მეფენი ქართლისანი მირ და არჩილ; ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დამარხულ ეგრსა შინა...
ჯუანშერის ცნობით მურვან ყრუსთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა მირი. ხოლო არაბთა წასვლის შემდეგ მთელს საქართველოს დაეუფლა არჩილი, რომელმაც დაანაწილა იგი. ამ დროს მივიდნენ სომეხი ბაგრატიონები მასთან და არჩილი უნმაწილებს მათ სამფლობელოებს:
„გადმოვიდა არჩილ ეგრისიდან, და დაჯდა ნაციხარსა ხიდრისასა. მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელიც იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყველისა, სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მძახლებულ იყო ბაგრატონიანთადვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა ჩასულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და იქ დარჩენილ იყო. ითხოვა არჩილისგან და უთხრა: „უკეთუ ინებო და მყო მე როგორცა მკვიდრი შენი, მომეც ქვეყანა“. და მისცა შულავერი და არტანი.
ხოლო ძმისწულნი ადარნასე ბრმისანი, რომელთა მამის ძმასა თვალნი დაწვეს, წამოვიდეს ტარონიდან შაკიხად, სამნი ძმანი, და დაემკვიდრნენ იქ, ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა, რანიდან მოყოლებული, უმკვიდრო ქმნილ იყო. ხოლო ჰერეთი და კახეთი ჭალაკთა და ტყეთაგან უკეთუ დარჩენილ იყო, და დაემკვიდრნენ სამნივე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდე“.
სომხური წყაროებით ვიცით სომხეთის მთავარი აშოტ III ბაგრატუნი (732-745, 746-748) გრიგორ ბაგრატუნმა დაამხო და თვალები დასთხარა. ცოტა ხანში გრიგორი გარდაიცვალა და სომხეთის მთავრად მისი ძმა მუშელი (748-753) გახდა, რომელმაც განაგრძო აშოტის შვილთა და ნათესავთა დევნა. ისტორიკოსები ფიქრობენ რომ ჯუანშერის ნახსენები ადარნასე ბრმა რეალურად აშოტ ბრმა არის, თუმცა არსებულ წყაროებში მას ძმა საერთოდ არ ჰყავს. აშოტ ბრმას ბიძაშვილი საჰაკ III 755-761 წლებში ფლობს სომხეთის ავრობას, ხოლო 761-772 წლებში უკვე აშოტ ბრმას ძე სმბატ VII. ასე რომ სომხეთში ბაგრატიონთა დევნა მამიკონიანების მიერ გაგრძელდა მხოლოდ 5 წელს, რომლის შემდეგ მათ კვლავ დაიბრუნეს პირველობა.

ამას ემატება გამოგონილი ერისთავები არჩილის ეპოქისა და ქვეყნის დაყოფის და სხვა ლეგენდარული ცნობები (აღნიშნულზე სპეციალურ სტატიებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ აღნიშნული ეპოქის თხრობისას), რაც ჯუანშერის ცნობებს კიდევ უფრო ნაკლებსანდოდ ხდის.



2. სხვა წყაროებით

ა. სუმბატ დავითის ძე

ოთხნი ძმანი მათნი მოვიდნენ ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე არის ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი. ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წავიდა კახეთს და დაემძახლა იგი ნერსეს. და სხვანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წავიდნენ კამბეჩოანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩოანი, და დასხდენ იგინი იქ ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამაჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა. და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი. და აშენებდენ ეკლესიასა ჯვარისასა მცხეთას.

ამისზე წარვლო ჰერაკლე მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა დამართებით ციხესა კალისასა... მთავრობდა ქართლს იგივე სტეფანოზ დიდი.  შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი.

სტეფანოზისა შემდგომად ერისთაობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი. და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი, ანთიპატოს-პატრიკოსი, რომელმაც გარდაბანელნი მოაქცია. და მერე ნერსე და ძენი მისნი, ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე. და ძენი მისნი გურგენ ერისთავი, აშოტ კურაპალატი.

დიდი ხნის მანძილზე ისტორიკოსებს ეგონათ, რომ სუმბატ დავითის ძეს წყაროდ მოქცევაი ქართლისა ჰქონდა გამოყენებული და რადგან იქ ერისმთავრებზე ინფორმაცია მოკლედაა, თვითონ შეავსო ხელოვნურად, რადგან ბაგრატიონი იყო და ამით ბაგრატიონთა დაკვეთა შეასრულა. დღეს უკვე საეჭვო აღარ არის რომ სუმბატს წყაროდ მოქცევაი ქართლისაი არ ჰქონია, არამედ მათ საერთო წყაროდან ჰქონდათ ნასარგებლები, რომელიც მოქცევაი ქართლისაიში უხეშად იქნა შეკვეცილი, რადგან წყაროს მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის საკითხები იყო. სხვათა შორის რ. კიკნაძემ სუმბატის ბაგრატიონობაც დიდი კითხვის ქვეშ დააყენა. ქვემოთ მოცემული ანდერძ-მინაწერებით და სხვა მასალებით აშკარა ხდება ქართლის ერისმთავრების ერთი დინასტიის არსებობა და მისი ბაგრატიონობა, რაც ადასტურებს სუმბატის ცნობების სანდოობას.

. მატიანე ქართლისაი

შემდგომად ამისსა, რაჟამს აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, დარჩნენ შვილნი მისი იოვანე და ჯუანშერ. წავიდა იოვანე ეგრისად და წაიყვანა თანა დედა და ორნი დანი თვისნი. ხოლო ჯუანშერ და ორნი დანი მისნი დარჩნენ ქვეყანასა ქართლისასა და კახეთისასა. ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი ნათესავი ბაგრატონიანთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი, და აბრალა დედამან მისმან მოყვანება მისი ცოლად: არ იცოდა, რომ არიან იგინი ნათესავნი დავით წინასწარმეტყველისანი, რომელიც ხორციელად მამად ღმრთისად იწოდა. და როცა იხილა ძის ცოლი თვისი, შეუყვარდა, აკურთხა და დალოცა.
სიცოცხლესავე ჯუანშერისსა დაიკავა ადარნასე ბაგრატონიანმა კლარჯეთი, შავშეთი, აჭარი, ნიგალის, ასისფორი, არტანი და ქვემო ტაო, და ციხეთაგანი რომელნიც ჰქონდათ შვილის-შვილთა ვახტანგ მეფისათა. და წავიდა ადარნასე კლარჯეთად და იქ მოკვდა.
გ. „მატიანე ქართლისა“-ში სწავლულ კაცთა კომისიის ჩანართი
მატიანე ქართლისაისი აშოტ კურაპალატის მამიდ - ადარნასეს წინაპრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა, ამიტომ ეს საქმე ჩვენამდე არმოღწეული წყაროს საფუძველზე ვახტანგ მ,ეფის სწავლულ კაცთა კომისიას გამოუსწორებია, რომელმაც ტექსტში არადრანსეს გარდაცვალების შემდეგ შემდეგი ჩანართი გააკეთა:
„რამეთუ მამა მისი (ადარნასესი) ნერსე, ძე ვარაზ-ბაკურ ანთიპატრიკისა და ამის ვარაზ-ბაკურის მამა, სახელით გუარამ კურაპალატი, ძე პირველისა სტეფანოზისი და ძმა დემეტრესი, ესენი გარდაცვალებულ იყვნეს; და ძმანი ამის ადარნასესნი, სახელით ფილიპე და სტეფანოზ, იგინი-ცა მომკვდარ იყვნენ“.
დ. აბასთუმანის კვარცხლბეკის წარწერა ქართველთა ერისთავ-მამფალ არშუშა პატრიკიოსისა
შეწევნითა ქრისტესითა, ? ივსტინიანე მეფისა ზე, მე ........ ვიქმენ ღმრთისაგან განდიდებული ნათესავთა ყოველთა ჩემთა: ბრძანებითა ღმრთივ-დალოცოვილისა მამფლისა არშუშა პატრიკიოსისა და ნებითა ღმრთისათა ქართველთა ერისთავისა,   ქრისეპოლის ციხისათა ბოძებითა, მოწოდებულ ვიყავ და  აღვმართე პატიოსანი ჯვარი, წმიდისა ღმრთის-მშობელისა სახელსა, სალოცველად ჩემდა და ძმათა ჩემთა მეოხებისათვის ყოველსა ჭირსა  ამას საწუთროსა და საუკუნესა. და ვინ აღმოიკითხოს ლოცვასა მომიხსენებდეთ“.
ივსტინიანე მეფეში იგულისხმება ბიზანტიის ავგუსტი იუსტინიანე II, რომელიც მეფობდა 685-695 და 705-711 წლებში. ტექსტში ჩანს რომ ქართლის ერისთავ არშუშას ბიზანტიის მეფეს მისთვის უბოძებია პატრიკიოსობა და ქრისოპოლის (ქართ. ოქროს ციხე) ციხე. აგრეთვე ჩანს რომ ამ არშუშას ჰყავს ძმები.
. გოილაძემ გამოთქვა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ტექსტში სადაც ქრისეპოლის ციხის ბოძებაა მოხსენიებული, წინ გამორჩენილი უნდა იყოს ვარაზ-ბაკურის სახელი, რადგან ბერძნული წყაროებით (თეოფანე ჟამთააღმწერელი, ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი) ჩვენთვის ცნობილია, რომ იბერიელი ვარაზ ბაკური თავის ძმასთან ერთად დაეხმარა დამხობილ იმპერატორ იუსტინიანეს ტახტის დაბრუნებაში, რის შემდეგაც დაინიშნა იმპერატორის პირადი დაცვის უფროსად და ოფსიკიონის სტრატეგოსად. ოფსიკიონი ერქვა იმპერატორის გვარდიასაც  და მარმარილოს ზღვის სამხრეთით მდებარე კუნძულებსაც, რომლებიც გასამხედროებულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა და  ოფსიკიონის თემის სტრატეგოსს ემორჩილებოდა. ვარაზ ბაკურმა, ღმრთისგან განდიდებულმა, როგორც მას ბიზანტიური წყაროები  უწოდებენ, 705 წელსვე იუსტინიანესგან მიიღო ოფსიკიონის თემში ზღვისპირას მდებარე ქრიზოპოლის ციხე. 711 წლის  დეკემბერში იუსტინიანე II და მისი  მომხრეები, მათ შორის ვარაზ ბაკურიც, სიკვდილით დასაჯეს.
. სინას მთის ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები
1. ერთი ანდერძ-მინაწერი გვამცნობს, რომ ადარნასე I იყო ბაგრატიონი, ძე სტეფანოზ I ერისმთავრისა. მას ჰყავდა და ლატავრი, რომელიც იყოდედა ბაგრატუნიანისა და და კურაპალატისა“. ანუ ბაგრატიონზე ყოფილა გათხოვილი და ადარნასეს კურაპალატობა ჰქონია. ადარნასეს ჯვრის მონასტრის წარწერით თავიდან ვიპატოსობა ჰქონია, ხოლო მოსე კაღაკანტუელის ცნობით მას ბიზანტიის იმპერატორისგან სამმაგი ტიტული ჰქონდა მინიჭებული.
2.  „ადარნერსე ნერსეს ძე გარდაიცვალა დასაბამითგანთა წელთა ხჳზ (6407) და ფილიპე გარდაიცვალა ბ (მეორესა) წელსა. და აბოი იწამა ტფილისს შინა დასაბამითგანთა წელთა ხჳჱ (6408), ერისთაობასა სტეფანოზისსა, ძისა გურგენისსა და მოსეს ამირობასა და მეოხ არს წინაშე ქრისტესა ყოველთა ქრისტანეთათვის“.
აშკარაა აქ თარიღი აღებულია კლიმენტი ალექსანდრიელის დასაბამითგანით ანუ 5624 წლით. ასეთ შემთხვევაში 6407 წელი უდრის 783 წელს, ხოლო 6408 = 784 წელს.
აქ მოხსენიებული პირები სუმბატის ერისმთავართა სიაში მოხსენიებული ბოლო პირებია. ეს ადარნასე უნდა იყოს რეალურად აშოტ კურაპალატის მამა. როგორც ჩანს ჯუანშერის ცნობა თიტქოს ადარნასემ ჯერ კიდევ არჩილის სიცოცხლეში მიიღო შულავერი და არტანი ასევე გამოგონილია, ისევე, როგორც მისი სომხეთიდან ჩამოსვლის ამბავი. მის შემდეგ რაც ქართლის საერისმთავროს ტახტზე სტეფანოზი დასვეს და ნერსე ამ ამბავს შეეგუა, ამ პერიოდში მისი შვილი ადარნასე იკავებს სამხრეთ საქართველოს მხარეებს: კლარჯეთი, შავშეთი, აჭარი, ნიგალის, ასისფორი, არტანი და ქვემო (ამიერ) ტაო და აყალიბებს სამთავროს, რომლის ცენტრი უკვე მისი შვილის აშოტის დროს ხდება არტანუჯი.
ვ. იოანე საბანისძე
აბოს წამებაში მოთხრობილია, რომ ქართლის ერისმთავარი ნერსე ?-772 და 775-781 წლებში არის ნერსე  „ოდეს ერისმთავარი იგი ქართლისა, სახელით ნერსე, ძე ადარნესე კურაპალატისა და ერის-მთავრისა. ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსესისა ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისათა სტეფანოს, ძე გურგენ ერისთავისა, დისწული ნერსესი, ნაცვალად დედისა ძმისა თვისისა ნერსესა, ერისმთავრად ქვეყანასა ამას ქართლისასა“. ეს სტეფანოზი ერისმთავრად ჩანს 786 წლამდე.
ზ. „მოქცევაი ქართლისაი“
ბაკურის ზევე დაესრულა მეფობა. და ნელად-რე შეიკრიბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერე - კურაპალატადცა. მისა შემდგომად ერისთვობდა სტეფანოზ, ძე მისი, ძმა დემეტრესი, და იქმოდა ეკლესიასა ჯვარისასა. მაშინ ჩამოვლო ჰერაკლე მეფემან ბერძენთამან. და უხმო ციხის-თავმან კალათ ტფილისისათ მეფესა ჰერაკლეს ვაც-ბოტობით. და ერისთავობდა იგივე დიდი სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო ბართლომე მეორედ. და შემდგომად ერისთავობდა ადარნესე. და მისა შემდგომად ერისთავობდა სტეფანოზ, ძე მისი. მისა შემდგომად ერისთავობდა გუარამ კურაპალატი ~, და გუარამ ყრმა ~, და მერე არშუშა კურაპალატი ~, და ვარაზ-ბაკურ აპაპატრიკიოზი, რომელმაც გარდაბნელნი მოაქცია ~, და მერე ნერსე ~,და ძენი მისნი: ფილიპე ია~, სტეფანოზ იბ~, ადარნესე იგ~, გუარამ იდ~,და ბაკურეანი ძე ბალდადისი იე~; და ძენი ადარნესესნი: სტეფანოზ ივ~,და აშოტ კურაპალატი იზ~, და გუარამ იჱ~. დიდნი ერისთავნი ესენ იყვნენ.
თ. ჯვრის მონასტრის წარწერები
სარტყელის ზემოთ, სარკმლების შესაბამისად, მოთავსებულია 3 რელიეფური გამოსახულება იმ პირებისა, რომელთა თაოსნობით და ხარჯითაც აშენდა ეკლესია: შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარია, .. მთავარი მშენებელი; მარცხნივ  მისი ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზითურთ, მარჯვნივ  სტეფანოზის მემკვიდრე ადარნასე (მის ზემოთაც ფრთაგაშლილი ანგელოზია, რომელსაც მარჯვენა ხელი წინა აქვს გაწვდილი); ადარნასეს წინაა მუხლმოდრეკილი ბავშვი მისი ძე ქობულ-სტეფანოზი. სამივე რელიეფზე ასოთმთავრული წარწერებია, რომლებშიც მშენებელთა სახელები და ტიტულებია მოხსენიებული.
ჯუარო მაცხოვრისაო სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე
წმინდაო მიქაელ მთავარანგელოზო, დემეტრე ვიპატოსსა მეოხ ხეყავ
წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსე ვიპატოსსა მეოხ ეყავ
წმიდაო სტეფანე, ქობულ-სტეფანოსი შეიწყალე. ქობულ სტეფანოსი ადრნერსეს ძე.
ამდენად ეჭვი აღარ უნდა იყოს, რომ ადარნასე I სტეფანოზ I-ის ძეა და თავის შვილს სახელს ბაბუას შესაბამისად არქმევს.
ი. ატენის სიონის წარწერები
ესე მე დავწერე იოანემან. ვარდან კაისარ (ბიზანტიის იმპერატორი ვარდან ფილიპე 711-712) მისცა გვირგვინი და სტეფანოზ ნერსესა ძე დარი ღმრთისა, შერაცხეს და ვარაზ -------------- სტეფანოზ მამფალსა და წარმართცა ცნეს დამყარება მისი. ვინ წაიკითხოს ლოცვასა მომიხსენიოს. ამენ“.
ზეობასა კა (=21) ღმრთივგვირგვინოსანისა [ლეონისა] კეთილადმსახურებასა ზედა მეფისა ჩვენისასა (ლეონ III ისავრიელი 717-741), ხელმწიფობასა სარკინოზთასა რკა (121=739) აღესრულა კურთხეული მამფალ სტეფანოზ, ღმრთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავ-ერისთავთა უფალი, თვესა ოკდომბერსა იდ (=14), დღესა ოთხშაბათსა ჟამსა ღამისასა (=1), ამას ზედა წელსა დღისა მთავრობისა მოხდილი კთ (=29)“
გამოდის რომ სტეფანოზი მთავრობდა 711-739 წლებში. წარწერაში მეფის სახელი წაშლილია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სტეფანოზი ბიზანტიის ვასალია და თან არაბული თარიღი ემთხვევა ლეონის 21-ე წელს, აშკარაა, რომ აქ ბიზანტიის იმპერატორზეა საუბარი.
ყველაფრის გათვალისწინებით ქართლის ერისმთავართა გენეალოგია ასე უნდა გამოიყურებოდეს:

Комментариев нет:

Отправить комментарий