1986
წელს
დაიბეჭდა გადამდგარი გენერლის ი. შაიშმელაშვილის წერილი „აზეულა, კოჯრის ციხე, აგარანი“. ნაშრომის მიზანია წერილობითი წყაროებით ცნობილი აგარანის, აგარათა ციხის მდებარეობის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების გარკვევა. ავტორი ასეთი აუცილებლობის წინაშე აღმოჩენილა, როდესაც ძველი თბილისის თავდაცვითი სისტემის შესწავლას მოჰკიდებია. მას აზრად მოსვლია, რომ „ეს სისტემა კლდეკარის, ლორეს, ხუნანის, ხორნაბუჯისა, და ჭერემის სექტორს მოიცავს“. მაგრამ რაკი „ამ სექტორის ცენტრალური უბნის ობიექტებს ეძღვნება ნ. ბერძენიშვილის ცნობილი ნარკვევი „ძველი თბილისის ტოპონიმიკიდან (აგარანი)“, ამიტომ, ი. შაიშმელაშვილს განუზრახავს ამ ნარკვევის თანმიმდევრული დამუშავება. ეს იმიტომ, რომ თავისი მუშაობის მსვლელობაში მას თავიდანვე განსხვავებული შედეგები მიუღია. ავტორი შესავალშივე აცხადებს, რომ კოჯრის ციხისათვის ნ. ბერძენიშვილის მიერ „აგარანის დარქმევის ცდა აშკარად ხელოვნურობის ბეჭედს ატარებს“.
სტატია პარაგრაფებადაა დაყოფილი, რომელთაგან პირველი ეხება ქართულ წყაროებში ტოპონიმ „აგარანის“ გამოჩენას XI საუკუნიდან. ი. შაიშმელაშვილი ყურადღებას ამახვილებს მემატიანის ცნობაზე, რომლის მიხედვით, 1066 წლის ახლო ხანებში, ბაგრატ IV-მ ქვემო ქართლში გაბატონებულ სომეხ ბაგრატუნთა წარმომადგენელს, კვირიკე მფეს წაართვა სატახტო ციხე-ქალაქი სამშვილდე. ავტორის აზრით, ამასთან ერთად, ბაგრატის ხელში გადავიდა სამშვილდიდან 10 კმ-ზე, მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე „საზაფხულო ციხე-დარბაზი, რომელსაც დღეს „ნადარბაზევი“ ეწოდება.
ავტორი თვლის, რომ სამშვილდის მიდამოებში მეოფი ნადარბაზევი სომეხ ბაგრატუნთა მიერაა აგებული, რადგანაც იგი X-XI საუკუნეების ძეგლია, ხოლო ამ დროს სამშვილდეს სწორედ ისინი განაგებდნენ. მისი სიტევით, „მთავარი კი, რა თქმა უნდა ის არის, რომ მას შემდეგ... ქართულ წყაროებში ჩნდება და მკვიდრდება ტოპონიმი აგარანი (ხაზგასმა აქ ი. შაიშმელაშვილისაა - დ. ბ.). ჩვენ გვწამსო - წერს იგი, რომ მდ. ჭივჭავის სათავეების სააგარაკო მიდამოები ამ სახელს - „აგარაკების“ ან პირდაპირ „აგარანის“ (მრავალი აგარის) სახით ატარებდა დიდი ხნით ადრე, სანამ IX საუკუნის დასარულიდან ეს მიდამოები დროებით სომეხი ბაგრატუნების ხელთ აღმოჩნდებოდა... წყაროებში ტოპონიმი „აგარანი“ თან მოჰყვა ბაგრატ IV-ის სამშვილდესთან მოპოვებულ ზემოხსენებულ საზაფხულო „ციხე-დარბაზს“.
ადვილი შესამჩნევია, რომ მოტანილი მსჯელობა საკმარისი საბუთი არ არის აგარანისა და ნადარბაზევის გასაიგივებლად; მიუხედავად ი. შაიშმელაშვილის ასეთი „რწმენისა“, ამ ამბების თანამედროვე მემატიანე დღევანდელ ნადარბაზევს „აგარაკებს“, ან „აგარანს“ არ უწოდებს, თუმცა კი სწორედ ამ ადგილებზე საუბრობს: „შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშვილდის ტბათა მდგომსა, ბაგრატ მეფესა დაეცა სალმობა მუცლისა და ჩადგა მარაბდათა“. როგორც ვხედავთ, აქ მეფის სადგომი სახელწოდებით კი არ იხსენიება, არამედ აღწერილობით, ზოგადადაა მინიშნებული „სამშვილდის ტბანი“-ო. ეს ტბა ახლაც შემორჩენილა ნადარბაზევთან. აგარანი კი მატიანის ავტორს სულ სხვაგან ეგულება, თორემ სწორედ აქ იყო მისი დასახელება საჭირო, რასაც ეს ისტორიკოსი სხვა შემთხვევაში არ აყოვნებს.
სტატიის მთელ სიგრძეზე ავტორი ნადარბაზევს ხან ციხესიმაგრეს უწოდებს, ხან ციხე-დარბაზს, თუმცა უკეთუ მას ნადარბაზევი ადგილზე უნახავს, იქ ციხეს ვერსად შენიშნავდა. ნადარბაზევთან ციხეს არ ადასტურებენ არც ვახუშტი ბაგრატიონი, არც რომელიმე სხვა წერილობითი წყარო და, რაც მთავარია, არც ნადარბაზევის გამთხრელი არქეოლოგები. ნადარბაზევის ციხედ წარმოჩენა კი, ავტორისათვის აუცილებელი შექმნილა იმოტომ, რომ აგარანის პირველსავე ხსენებისას „მატიანე“ მას ციხეს უწოდებს. 1069 წელს განძის ამირა ფადლონის დამარცხების შემდეგ, ბაგრატ IV-მ „აღიხუნა ციხენი რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლწმიდანი, ქავაზანი“. ნ. ბერმენიშვილიც ხაზგასმით აღნიშნავდა იმ ადგილს „მატიანიდან“, სადაც აგარანის ციხისთავია მოხსენიებული: „მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცნა ციხისთავმან აგარანი. და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა. და წარიხუნა აგარანი“. განსვენებული მეცნიერი შენიშნავდა: ,,აქედან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ აგარანი ციხეა და მას ციხისთავი ჰყავს“ (ხაზგასმა ავტორისაა - დ. ბ.).
ი. შაიშმელაშვილს მოაქვს ნ. ბერძენიშვილის აზრი იმის შესახებ, რომ თბილისის ირგვლივ მყოფი აგარები ეკუთვნოდა იმას, ვის ხელშიც თბილისი იყო. „გამოდის რომ განძის ამირამ თბილისის ამირას წაართვა აგარანი რომელიც ნ. ბერძენიშვილმა კოჯრად მიიჩნია). მაგრამ ასე თუ იყო, ეს სათილარაბ (თბილისის ამირა) რატომ არავითარ მონაწილეობას არ იღებდა აგარანის (კოჯრის) ხელიდან ხელში გადასვლის აღნიშნულ აქტებში?“ ეს იმ „უხერხულობად“ მიაჩნია ავტორს, რომელიც თურმე „დაუყონებლივ ქრება... როგორც კი შევეშვებით აგარანისა და კოჯრის ციხის გაიგივების ცდას. აგარანი სამშვილდის მიდამოებში იყო“...
არავითარი უხერხულობა აქ არ არის, მხოლოდ ავტორის გაუგებრობაა, რადგან ნ. ბერძენიშვილის აზრი თბილისისადმი ირგვლივ მყოფი აგარების დაქვემდებარების შესახებ, სრულიად მართებული ზოგადი დებულებაა.
აღებულ შემთხვევაში კი, გარკვეული, კონკრეტული ვითარება შექმნილა: ბაგრატ IV-ს „ჭირვეულად“ დაპყრობილ თბილისში სითილარაბი დაუსვამს ამირად. ისე რომ, განძის ამირას აგარანი სითილარაბისათვის კი არ წაურთმევია, არამედ მეფის მიერ დატოვებული ციხისთავისათვის. ბაგრატმა აგარანი სასწრაფოდ უკან დაიბრუნა. სითილარაბი ამ დროს ბაგრატს ემორჩილებოდა და სამეფოდ დატოვებული აგარანის მიმართ მას პრეტენზიები ვერ ექნებოდა.
ი. შაიშმელაშვილს ძალიან უნდა აგარანი სამშვილდის ნადარბაზევი გამოდგეს. ამისთვის იგი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პუნქტებთან (სამშვილდესა და აგარანთან) მომხდარ მოვლენებსაც აიგივიბს. იგი წერს: „აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ სამშვილდისა და მისი მიდამოების არეში მყოფ საზაფსულო ციხე-დარბაზის ბაგრატ IV-ის ხელში გადმოსვლა მძაფრი და სანგრძლივი შეხლა-შემოხლის შედეგად მომხდარა, როცა მეფე ბაგრატი იძულებული გამხდარა ძელზე გაესვა თავისი დის ქმრის ძმა - სომეხთა მეფე კვირიკე „სამ დღე“. შესაძლოა ეს „სამ დღე“ (ძელზე გასმა) და „სამ თვე“ (რაც ბაგრატ IV-მ ვითომც აგარანის აღებას მოანდომა) ერთიმეორესთან დაკავშირებული სიდიდეებია. ყოველ შემთხვევაში ბაგრატის მოღვაწეობის აღწერაში სხვა რამ ამის მსგავსი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. საერთოდ კი შესაძლოა, მართლაც, სამ თვეს გაგრძელდა სამშვილდისა და მისი მიდამოების გადმოცემის მთელი პროცესი, რაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა მთლიან ბრძოლად ჩათვალა“.
მკითხველს უნდა განემარტოს ამ დახლართული კომბინაციის აზრი. „მატიანე ქართლისა“ ორ სრულიად სხვადასხვა ფაქტზე მოგვითხრობს - 1066 წელს ბაგრატ IV-ის მიერ სამშვილდის აღებაზე და მის მიერვე აგარანის ციხის აღებაზე 1069 წელს ამ უკანასკნელ ამბავს მოგვიანებით დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც იხსენიებს: დავითმაო „მასვე (1118 წ. - დ.ბ.) წელსა, ივლისსა, აღიხუნა აგარანი. მეორესა დღესა ცისკარს. რამეთუ პირველცა ეს ციხე აეღო ბაგრატს, პაპასა მისსა გარნა სამ თუე ბრძოლითა“.
ი. შაიშმელაშვილს ამ ორი სხვადასხვა დროს მომხდარი ბრძოლის, სხვადასხვა ავტორისეული აღწერილობიდან თვალში მოსვლია „სამი“, რადგან ამ ცნობებში საერთო მხოლოდ ისაა, შემდეგ გაუიგივებია „დღე“ და „თუე“. აქედან გამომდინარე სამშვილდის მიდამოებიც აგარანიაო. „ყოველ შემთხვევაში, ბაგრატის მოღვაწეობის აღწერაში სხვა რამ ამის მსგავსი ფაქტი არ არის ფიქსირებული“ - წერს ავტორი. ამ ლოგიკით ჯავახეთის ახალქალაქიც შეიძლებოდა აგარანად მიგვეღო, რადგან 1065 წელს იმავე ალფ-არსლანს, ახალქალაქელნიც „ბრძოდეს სამ დღე“.
სტატიის ავტორი სამშვილდესა და მის მიდამოებს ყოველთვის ერთად განიხილავს და იქვე გულისხმობს ნადარბაზევსაც (მისი აზრით აგარანს). ჩემი მხრით დავუმატებდი, რომ მართლაც „სამშვილდე“ ციხე-ქალაქის გარდა სამშვილდის ქვეყანასაც გულისხმობდა. ეს კარგად ჩანს ქართული წერილობითი წყაროებიდან, სადაც იხსენიება „სამშვილდის ტბანი“ „სამშვილდის ბარი“ „სამშვილდის კარი“ ე.ი. ამ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილები და რაც მთავარია „ყოველი სამშვილდე“, ანუ მისი მთლიანი ქვეყანა. აღნიშნული გარემოებაც ი. შაიშმელაშვილის საწინააღმდეგოს მეტყველებს: უკეთუ აგარანი სამშვილდის მიდამოებში იყო (ნადარბაზევთან) მაშინ რატომღა გამოჰყოფს მას სამშვილდის ქვეყნისაგან დავითის ისტორიკოსი: „...სომხითი და ყოველი სამშვილდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს“. გამოდის, რომ აგარანი არ ყოფილა ყოველ სამშვილდეში. ეს კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს იმ ეპიზოდში, სადაც 1110 წელს სამშვილდის აღებაზეა საუბარი: „ცნეს რა თურქთა აღება სამშვილდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს, და ღამით მეოტ იქმნნეს. და ჩუენ თანა მოითუალნეს იგინი“. ამ ამონაწერის შესახებ ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა: „სომხითის იმ ციხეთა შორის, ქართველების მიერ სამშვილდის აღების გამო თურქებმა რომ დაცალეს, აგარანი არ იგულისსმება: ის დავით მეფემ ომით აიდო 1118 წელს ჩანს აგარანი არ ყოფილა ასე დამოკიდებული სამშვილდეზე, როგორც ის „უმრავლესნი ციხენი სომხითისანი“. აგარანს თავისთავადი, სამშვილდისაგან დამოუკიდებელი მნიშვნელობა ჰქონია და, უნდა ვიფიქროთ, მაგარი ციხე ყოფილა“.
სამშვილდის აღებით თავზარდაცემული თურქები ღამით გარბიან სომხითის უმრავლესი ციხეებიდან და ასეთ პირობებში, განა წარმოსადგენია სამშვილდის მიდამოების ნადარბაზევი (ი. შაიშმელაშვილის მიხედვით - აგარანი) მათ ხელში დარჩენილიყო? ნ. ბერძენიშვილის ზემოთ მოტანილი მსჯელობის საფუძვლიანობას ოდნავადაც ვერ არყევს სტატიის ავტორის ის დასაბუთება, რომელიც მას აგარანისა და კოჯრის ციხის იგივეობის საწინაადმდეგოდ აქ მოაქვს: თურმე დავითის მიერ 1118 წელს აღებული აგარანი კოჯრის ციხე ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ თბილისის შევიწროება დავითს მხოლოდ 1120 წლიდან დაუწყია, მას შემდეგ, რაც ყივჩაყთა მხედრობა ყოველმხრივ მოამზადა. ცხადია, რომ ეს ძალზე საეჭვო საბუთი აქ არ გამოდგება, რადგან ყივჩაყთა მომზადებამდეც დავითს უკვე ჰქონდა მოპოვებული საკმაოდ შთამბეჭდავი გამარჯვებები თურქებზე; კოჯრის ციხის (აგარანის) აღებით კი, სამხრეთიდან უკანასკნელი ზღუდე ერღვეოდა თბილისს, ამდენად კანონზომიერი ჩანს თბილისამდე აგარანის აღება.
ი. შაიშმელაშვილს უგრძვნია ის დიდი შეუსაბამობა, რასაც მის თვალსაზრისთან დაკავშირებით იწვევს სამშვილდისა და აგარანის (მისი აზრით ნადარბაზევი) აღების აგრე განსხვავებული თარიღები. აქაც მისი ახსნა სრულიად უსაფუძვლოა: „რატომ ასე გვიან - სამშვილდის აღებიდან 8 წლის შემდეგ გაათავისუფლა დავითმა სამშვილდის მიდამოების აგარანი?“ კითხულობს ავტორი და იქვე პასუხობს „მხოლოდ იმიტომ, რომ სამშვილდის აღების შემდეგ (1110 წ.) მდ. ჭივჭავის სათავეში განყენებულად, მყუდრო გარემოში დამკვიდრებული ამ საზაფხულო ციხე-დარბაზის გარნიზონი თბილისსა და დმანისს მოწყვეტილი აღმოჩნდა; მისი გარნიზონი ახლა ან ნებით უნდა გაშორებოდა იქაურობას, ან ქართველებს დანებებოდა. დიახ, მისი აღება ისეთ აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა“. ვიმეორებ, ნადარბაზევთან ციხე არსადაა; სად იდგა და როგორ გასძლო 8 წლის განმავლობაში ყველაფერს მოწევეტილმა თურქულმა გარნიზონმა - ამის ახსნა მხოლოდ პატივცემული გენერლის გამოცდილებას შეუძლია.
სტატიის ავტორი შემდეგ განიხილაეს სტეფანოს ორბელიანის ცნობებს დავით აღმაშენებლის მიერ ივანე ორბელისათვის ლორისა და სამშვილდის გადაცემის შესახებ. იგივე ცნობები გააანალიზა თავის დროზე ნ. ბერძენიშვილმაც. ი. შაიშმელაშვილს მოსჩვენებია, რომ ნ. ბერძენიშვილი არა მხოლოდ კოჯრის ციხესა და აგარანს აიგივებდა, არამედ ლორესთან არსებულ სოფ. აგარაკსაც იმავე ციხედ თვლიდა. იგი წერს: „მიუხედავად ყველაფრისა ნ. ბერძენიშვილი ფიქრობს. რომ ლორეს აღების დროისათეის სტეფანოს ორბელიანის მიერ ნახსენები, დღესაც არსებული სოფელი „აგარაკი“, რომელიც ლორესთან ერთად ივანე ორბელს ეწყალობა, არის კოჯრის ციხე, ანუ აგარანი..., ანგარიში არ ეწევა სტეფანოს ორბელიანის მითითებას, რომ აგარაკი სოფელია და არავითარ კავშირში არ არის დარბაზთან... ამ აგარაკსა და აგარა-დარბაზს შორის საერთო მომენტების მონახვა შეუძლებელია“.
ახლა ვნახოთ რას წერდა განსვენებული მეცნიერი; დავითის ისტორიკოსი 1118 წლის ამბებზე მოგვითხრობს: „ამასვე წელსა აღიღო სომხითისა ციხე ლორე და მასვე წელსა ივლისსა, აღიხუნა აგარანი. მეორესა დღესა ცისკარს“. ამონაწერს ნ. ბერძენიშვილის ასეთი კომენტარი ახლავს: „დამოწმებული ადგილიდან თითქოს საფიქრებელია, რომ აგარანი სადღაც ლორის ახლოსაა, მაგრამ შემდგომი ჩაკვირვება ცხადყოფს, რომ ასეთი დასკვნა სავალდებულო არაა. აქ ის კი არ წერია, თითქოს დავით მეფემ აგარანი ლორის აღების მეორესა დღესა ცისკარს აიღო, არამედ ის, რომ მეფემ ივლისში აიხუნა აგარანი შემოდგომის უმალვე, ე.ი. დღეს რომ შემოადგა ციხეს, მეორე დღეს ცისკრისას აიღო იგი. ლორესთან ამ ამბავს მხოლოდ ის კავშირი აქვს, რომ ის ციხე-ქალაქიც (ლორე) მეფემ იმავე წელს {ალბათ ივლისამდე} აიღო“. აზრი ნათელია „ლორის აღების დროისათვის“ ნ. ბერძენიშვილი ლორის აგარაკსა და აგარანს ერთმანეთისაგან განასხვავებს. ასევე იქცევა იგი შემდგომშიაც.
როდესაც აჯანყებული დემნა უფლისწული ორბელებით ლორის ციხეში გამაგრდა, გიორგი მეფემ „მომრბეველმან ტაშირისა და ლორის კართამან დაიბანაკა აგარათა“. ამ ცნობის განხილვისას ნ. ბერძენიშვილი წერდა: „ერთის შეხედვით, შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ აგარანი, სადაც გიორგი მეფემ დაიბანაკა, სადღაც ლორის ახლოა, მაგრამ შემდგომი ჩაკვირვება ასეთი დასკვნის გაკეთებას არ გვაიძულებს... მოტანილი ადგილიდან ჩანს, რომ აგარანი ტაშირში არაა, რომ ეს პუნქტი ტაშირის გარეთაა. შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ აგარანი ამ დროს მეფის დასაყრდენი პუნქტია, მაშინ როცა ლორე (ტაშირით) აჯანყებულთა სიმაგრეა“. იქვე სქოლიოში ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა: „საგეოგრაფიო სახელი აგარიკი აღნიშნულია აგრეთვე ტაშირში, ლორიდან 5 კილომეტრის მანძილზე, მის აღმოსავლეთით. არაა საფიქრებელი, რომ მას კავშირი ჰქონდეს აგარაკის საეპისკოპოსო ეკლესიასთან, ან კიდევ უფო სომხითის აგარანთან“.
დამოწმებული ამონაწერები ცხადყოფენ, რომ სტატიის ავტორს ვერ გაუგია ნ. ბერძენიშვილის სიტყვები, სრულიად საწინააღმდეგო აზრს მიაწერს მას და შემდეგ თავგამოდებით ეკამათება („მიუხედავად ყველაფრისა...“, „ანგარიში არ ეწევა“).
რა თქმა უნდა, ი. შაიშმელაშვილი ამას განგებ არ სჩადის, აქაც გაუგებრობით მოსდის. საქმე ისაა, რომ იგი სარგებლობს სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთას“ ძველი ქართული თარგმანებით, რომელიც 1978 გამოსცა ელ. ცაგარეიშეილმა. სომხური ტექსტიდან სხვადასხვა დროს (XVII და XVIII სს) შესრულებული თარგმანები, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია; სწორედ ამიტომ ისინი მნიშვნელოვნად სხვაობენ როგორც ურთიერთის, ასევე ხშირად დედნის ტექსტისაგანაც. გამომცემლის (ელ. ცაგარეიშვილის) შესავალში აღნიშნულ ამ გარემოებას სტატიის ავტორი ყურადღებას არ აქცევს და იმეორებს ძველი ქართული თარგმანებიდან ერთ-ერთს: ივანე ორბელს „მიეცა მეფისაგან ლორე სოფლითა და აგარაკითა თვისითა და ადგილად დარბაზისა სამშვილდე, რომელი-იგი იყო მამათა მისთა, კუალადცა მიეცა სოფლით თვისითურთ“.
ამის გამო ი. შაიშმელაშეილი დაასკვნის, რომ აქ „იგულისხმება სომეხ მეფეთა ნაქონი საზაფხულო ციხე-დარბაზი აგარანი, რომელიც მდ. ჭივჭავის სათავეში იყო და რომლის ბაზაზეც ივანე ორბელმა დიდებული აგარაკი გაიწყო“. ძველი ქართული თარგმანის მეორე ტექსტი ამ ადგილს ასე გადმოგვცემს: ივანე ორბელს „მიეცა მეფისა მიერ სასახლედ გინა პალატად ლორე გარემოითა თჳსითა, ეგრეთვე სამშვილდე, რომელი იყო მამული მათი, კუალად მიეცა მათ დაბებითურთ“. ქართული თარგმანებიდან არცერთი ზუსტად არ მისდევს სომხურ დედანს, სადაც ნათქვამია რომ ივანეს „მიეცა ლორე თავისი გავარით, და აგარაკი ადგილად დარბაზისა, და სამშვილდე რომელიც იყო მამული მათი, კვლავ მიეცა გავარითურთ“. როგორც ვხედავთ, სინამდვილეში აქ ლორესა და მის გავარზე ცალკეა საუბარი, რომელშიც არ შედის სადარბაზე ადგილად მოცემული აგარაკი, იგი ლორის გავარის მერეა დასახელებული, ასევე ცალკეა სამშვილდე თავისი გავარით.
ძეგლის გამომცემელი - ელ. ცაგარეიშვილი შესავალში წერს: „A-864 ხელნაწერის ქართული თარგმანის სომხურ დედანთან შედარებამ ცხადყო, რომ ბევრ ადგილას მთარგმნელს სრულიად ვერ გაუგია რომელიმე სომხური სიტყვა თუ ფრაზის მნიშვნელობა... ხშირად სრულიად გამოტოვებულია ცალკეული სიტყვა-გამოთქმა, წინადადება, ან რამდენიმე წინადადება ერთად... არის ასეთი შემთხვევებიც, როდესაც... ქართულ თარგმანში ჩართულია ისეთი სიტყვები და წინადადებები, რომელიც სომხურ დედანში არ გვხვდემა“. სომხურ დედანთან უფრო ახლოა მეორე ნუსხის ქართული თარგმანი, მაგრამ აქაც არის უზუსტობანი. გამომცემლის მიერ მოტანილია მაგალითი, როცა „გავარი“ თარგმნილია სიტყვით „სოფელი“. „სოფელი უფრო კონკრეტული ცნებაა, გავარი საკმაოდ დიდი ადმინისტრაციული დანაყოფია, მასში შეიძლება შედიოდეს არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე სოფელი, დაბები, ქალაქები. ასე რომ „გავარის“ თარგმნა „სოფლად“ ერთგვარ უზუსტობას ქმნის. იგივე უნდა ითქვას „გავარის“ „დაბა“-ს მნიშვენელობით თარგმანზეც“.
ქართული თარგმანების და სომხური დედნის ჩემს მიერ ზემოთ შედარებული ადგილი სწორედ ასეთ შემთხვევათაგანია; ძველი ქართული თარგმანები მნიშვნელოვნად განსხვავებულ სიტუაციას აღწერენ. ახლა ნათელია რა ნიადაგზეა დამყარებული ი. შაიშმელაშვილის დასკვნები.
ნ. ბერძენიშვილი აქაც და სხვა შემთხვევებშიც სომხურ დედანს ეყრდნობოდა, იგი სავსებით მართებულად აგარაკს, მიცემულს დარბაზის ადგილად, არც ლორეში და არც სამშვილდეში არ გულისხმობდა; ამიტომაც სტეფანოს ორბელიანის სხვა ადგილების გათვალისწინებით იგი შენიშნავდა: „შეუძლებლად არ გვეჩვენება, რომ ქართული წყაროების აგარანი და სტეფანოს ორბელიანის „აგარაკი-დარბაზი“ ერთიმეორეს ემთხვეოდნენ”-ო.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ სტეფანოს ორბელიანის ზემოხსენებული ნაწევეტის ლ. მელიქსეთ-ბეგისეულ ქართულ თარგმანში არის ნახმარი გამოთქმა „აგარაკი-ნადარბაზევი“, რომელიც მას ლორესთან მეოფი სოფელი ეგონა. შ. მესხიას, ლ. მელიქსეთ-ბეგისეული თარგმანის კომენტირებისას, ი. შაიშმელაშვილზე დიდი ხნით ადრე, შესაძლებლად მიაჩნდა („იქნებ“) „ადგილი სადარბაზე“, ვახუშტისეულ ნადარბაზევთან გაეიგივებინა. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ განსვენებული მეცნიერიც მოტანილ ნაწევეტში სტეფანოს ორბელიანიდან, აგარაკსა და სადარბაზე ადგილს შორის მძიმეს სვამდა, ე.ი. მათ ერთმანეთს არ უკავშირებდა, რაც ასევე არაა სწორი.
შ. მესხიას ეს აზრი იცოდნენ ნადარბაზევის გამთხრელებმა, რომლებმაც გათხრების ანგარიშში აღნიშნეს, რომ ასეთი გაიგივებისათვის საჭირო იყო სხვა ისტორიული წყაროებით მეტი დასაბუთება. ი. შაიშმელაშვილმა ეს ფაქტები არ იცის, ყოველ შემთხვევაში მის სტატიაში არც ლ. მელიქსეთ-ბეგი, არც შ. მესხია, არც ი. ციციშვილ.ი და პ. ზაქარაია არ იხენიებიან.
სტატიის ავტორი შენიშნავს, რომ ორბელთა განადგურების შემდეგ, ზემოხსენებული აგარაკი-დარბაზიც მხოლოდ „ნადარბაზევად“ შეიძლებოდა ქცეულიყო. არც ეს უნდა იყოს სწორი. ასე თუ ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ რაც ჩვენში „ნადარბაზევი“, „ნაპალატევი“, ან „ნაქალაქევი“-ა, ადრე ყველას „დარბაზი“, „პალატი“, და „ქალაქი“ უნდა რქმეოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი „ნადარბაზევი“, „ნაპალატევი“, „ნაქალაქევი“ იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ამ სახელების შერქმევის დროს, მათი ძველი სახელწოდებანი უკვე დაკარგული იყო და მხოლოდღა ნანგრევები იძლეოდნენ ასეთი სახელების საფუძველს. ქვემო ქართლის ტოპონიმიაში „ნადარბაზევის“ გვერდით „დარბაზიც“ გვხვდება ნასოფლარების სახელად. ი. შაიშმელაშვილის მიხედვით, ისინი „ნადარბაზევად“ უნდა ქცეულიყვნენ, მაგრამ ასე არ მომხდარა. ამიტომ სულ არაა აუცილებელი ნადარბაზევის ძველი სახელი დარბაზი ყოფილიყო.
ი. შაიშმელაშვილის ზემოხსენებული ძველი ქართული თარგმანის მიხედვით ჰგონია, რომ სომეხი ისტორიკოსი მოტანილ ნაწყვეტში იხსენიებს ლორესთან დღესაც არსებულ „ერთი ბეწვა სოფელ აგარაკს“, „რომ აგარაკი სოფელია და არავითარ კავშირში არ არის დარბაზთან“. სომხური დედნის შესატყვისი ადგილი კი, პირიქით მოწმობს, რომ აგარაკი სწორედ დარბაზთანაა დაკავშირებული (იგი „დარბაზის ადგილია“). სტატიის ავტორს სტეფანოს ორბელიანის სომხურ ტექსტში რომ ჩაეხედა (იგი თან ერთვის ძველ ქართულ თარგმანებს). ეგების შეენიშნა, რომ იქ სახელწოდება „აგარაკი“ ყოველთვის მთავრული ასოთი იწყება. „დარბაზი“ კი, პატარა ასოთია დაწყებული, რაც ისევ იმაზე მიუთითებს. რომ სტეფანოს ორბელიანი სწორედ აგარაკს თვლიდა საკუთარ ადგილს სახელად, ხოლო დარბაზს ზოგადი მნიშვნელობით ხმარობდა. ისვე, როგორც ძველი ქართული თარგმანი: „სასახლედ გინა პალატად“. ასევეა ეს ადგილები გადმოცემული ნ. ემინის რუსულ თარგმანში.
ი. შაიშმელაშვილს ქართული თარგმანიც არასწორად ესმის: „ლორე სოფლითა და აგარაკითა თვისითა“ სულაც არ ნიშნავს „ლორე სოფელ აგარაკითა“-ს. აქ ლორესთან არსებულ ტოპონიმზე არაა საუბარი. ეს კარგად ჩანს ძველი ქართული თარგმანის მეორე ტექსტში; იგი მოტანილი წინადადების ფარდად იძლევა: „ლორე გარემოითა თჳსითა“. ამ სიტყვებით ცდილობდნენ ქართველი მთარგმნელები გადმოეცათ სომხური დედნის „ლორე თავისი გავარით“.
სტატიის ავტორი წერს: „ზღაპრული სიმტკიცის ციხე-ქალაქ ლორეს ამღები ქართული მხედრობისათვის მიმდებარე ერთი ბეწვა სოფელ აგარაკის აღება არავითარ სიძნელეებთან არ იყო დაკავშირებული. ამიტომაც ქართველ მემატიანეს ლორეს აღებასთან დაკავშირებული ამბების აღწერისას ეს სოფელი აგარაკი არც უხსენებია. სამაგიეროდ მის ნაამბობში აგარანის აღების შესახებ ერთ დღე-ღამიანი ბრძოლა ჩანს: დავით აღმაშენებელმა „აღიხვნა აგარანი მეორესა დღესა ცისკარს“. ანუ ლაპარაკია საკმაოდ მძლავრი ობიექტის „სამშვილდის ნადარბაზევის“ გატეხვაზე, რომელსაც მ. ლორთქიფანიძე ციხე-ქალაქის რიგშიც კი აყენებს, ყოველ შვმთხვევაში. მას შემორტყმული ჰქონია დიდი გალავანი“.
სამშვილდის ნადარბაზევის „საკმაოდ მძლავრ ობიექტად“ წარმოდგენა ი. შაიშმელაშვილს ისევ იმისთვის სჭირდება. რომ როგორმე დაარწმუნოს მკითხველი ამ პუნქტისა და აგარანის ციხის იგივეობაში. საამისოდ იგი ახლა მ. ლორთქიფანიძის ავტორიტეტს იშველიებს, რომელსაც „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ III ტომის 237 გვ. მართლაც უწერია: 1118 წელს დავითმა „აიღო ციხე-ქალაქები ლორე და აგარანი“. მაგრამ ამ წინადადებაში რომ კორექტურული შეცდომაა, ან კალმის ლაფსუსი, ეს სტატიის ავტორსაც უგრძვნია და თავისი დასკვნა ასე შეუმაგრებია: „ყოველ შემთხვევაში მას (ნადარბაზევის სასახლეს - დ. ბ.) შემორტყმული ჰქონია დიდი გალავანი“-ო და უთითებს „ნარკვევების“ იმავე ტომში დაბეჭადილ გ. ლომთათიძის ნაშრომს. განსვენებული მეცნიერი იქ წერდა: „თავისთავად ცხადი და ცნობილია, რომ სასახლეების შორიახლოს ყველგან ცხოვრობდნენ (ჩვეულებრივ სახლებში) მათი მოსამსახურენი „მოჯალაბეები“... მკაფიოდ ჩანს ეს სამშვილდის ნადარბაზევში, სადაც გალავანს გადაღმა ასიოდე მეტრზე არის მეორე ნასოფლარი“.
როგორც ვხედავთ, აქაა გალავნიანი სასახლე, რომელიც ძნელი წარმოსადგენია „საკმაოდ მძლავრ ობიექტად“ და სრულიად არ შეეფერება დავითის ისტორიკოსის აღწერას, სადაც აგარანი ხაზგასმით ციხედაა დასახელებული „პირველ ესე ციხე აეღო ბაგრატს“.
სტატიაში შემდეგ ავტორი ყურადღებას ამახვილებს სტეფანოს ორბელიანის ცნობაზე, სადაც ნათქვამია, რომ 1177 წლის აჯანყების დროს, როდესაც გიორგი მეფე გაძლიერდა, ივანე ორბელმა თავისი მონაგები ქონება სამშვილდის ციხეში შეიტანა, თვითონ კი ლორეს წავიდა. გიორგი მივიდა, ვეღარ იპოვა ისინი აგარაკს, მერე ალყა შემოარტყა ციხეს და 25 დღის შემდეგ აიღო ის.
ამ ამბების გამო ი. შაიშმელაშვილი აღნიშნავს: „სტეფანოს ორბელიანი წერს, რომ გიორგი III-მ სამშვილდის აღებას 25 დღე მოანდომა, ხოლო გიორგი მეფე სამშვილდეს მხოლოდ მაშინ მოადგა, რაც ივანე ორბელის „აგარაკსა მას“ „ვერავინ პოვა“. ნ. ბერძენიშვილის აზრით, მეფე „მოადგა“ არა სამშვილდეს, არამედ ისევ და ისევ კოჯრის ციხეს, ანუ ვითომც აგარანს. რატომ? განა აშკარად არ ჩანს: რაც ივანე ორბელიანმა დამალა „ციხესა სამშვილდისასა“ ზუსტად ის ამოიღო ამ ციხიდან გიორგი მეფემ: ივანე ორბელმა „შეკრიბა ყოველი მონაგები თვისი ციხესა მას სამშვილდისასა“, რომელიც იყო „სავსე ურიცხვთა საუნჯითა“, გიორგი მეფემ „აღიღო იავარი მრავალი საუნჯეთა მათთა და ყოველი მონაგები მათი“.
ეჭვისათვის ადგილი აღარ რჩება, საუბარია ერთსა და იმავე ციხესა და ერთსა და იმავე ქონებაზე! აი ამ ზღაპრული სიმდიდრის გამომზეურებას, აღრიცხვასა და „ათვისება“-დაბინავებას უნდა მონდომებოდა იმოდენა დრო (25 დღე), რაც გიორგი მეფეს ამ ციხის (სამშვილდის) „აღებისათვის დასჭირდა“.
დავიწყოთ იქიდან, რომ სტეფანოს ორბელიანი არსად არ წერს - გიორგი მეფემ სამშვილდის ციხის აღებას მოანდომა 25 დღეო; ეს სტატიის ავტორის მიხვედრაა. სტეფანოს ორბელიანი ასახელებს არა სამშვილდეს, არამედ აგარაკს, სადაც მეფეს შეთქმულნი ეგულებოდნენ და მერე ციხეს - უსახელოდ. ყველაზე უფრო ბუნებრივია აქაც აგარაკისავე ციხე ვიგულისხმოთ და არა სამშვილდისა; ასე რომ არ ყოფილიყო, აგრაკის მოხსენიების შემდეგ, სომეხ ისტორიკოსს არაფერი შეუშლიდა ხელს აქაც მოეტანა სამშვილდის სახელი. სომხური ტექსტის რუსულ თარგმანში ეს ციხე აგარაკის ციხედ აქვს გაგებული ნ. ემინსაც.
სტატიის ავტორისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მიუღია იმ ფაქტს, რომ სამშვილდის ციხეში დახიზნული და მეფის მიერ აგარაკის ციხიდან აღებული განძეულის აღწერისას, სტეფანოს ორბელიანის ორივე ციტატაში მსგავსი სიტყვებია ნახმარი; ესენია: „ყოველი მონაგები“ და „საუნჯე მათ“-ი. მხოლოდ ამ ზოგადი ფრაზების გამეორების გამო ი. შაიშმელაშვილი დაასკვნის, რომ ორივე შემთხვევაში „ზუსტად“ ერთი რაოდენობის განძზეა საუბარი. ამას გამოუწვევია ავტორის შეძახილი: „აქ ეჭვისათვის ადგილი აღარ რჩება საუბარია ერთსა და იმავე ციხესა და ერთსა და იმავე ქონებაზე“-ო, მაგრამ ეს ასე არაა.
ძალზე ნიშანდობლივია. რომ ამ ამბების აღწერისას ქართული წყაროები არსად სამშვილდეს არ იხსენიებენ. არ ასახელებს სამშვილდეს ამ მოვლენათა თანამედროვე და თვითმხილველი დავით ქობაორელიც. იგი საკმაოდ დეტალურად აღწერს აჯანყების მსვლელობას და ქვემო ქართლის პუნქტებიდან ასახელებს აგარაკის ციხეს. კაენს, ლორეს, მაჰკაბერდისა და ძორაგეტის მხარეებს, მაგრამ სამშვილდეს - არა. შესაბამის ადგილას ის წერს, რომ გიორგი მეფემ „ალყა შემოარტყა აგარაკის მტკიცე სიმაგრეს. ალყა ორთვენახევარს გაგრძელდა... ციხის შიგნით მყოფნი ბრძოლაში გამოცდილები იყვნენ, მაგრამ რადგან წყლის გზაც მოჭრილი ჰქონდათ... უნებლიედ ჩამოვიდნენ და დაუთმეს სიმაგრე.
ამის შემდეგ „მეფემ შეკრიბა ჯარი და მოადგა აჯანყებულებს ლორეში“. როგორც ვხედავთ ორივე სომხური წყარო აგარაკის ციხეზე საუბრობს და არა სამშვილდისაზე.
ი. შაიშმელაშვილს რატომღაც არ სჯერა ქართულ წყაროთა ჩვენებებისა აგარანის ციხის სიმტკიცეზე. წინ მას ეჭვი აქვს გამოთქმული („ვითომც...“) დავითის ისტორიკოსის ცნობაზე, სადაც ნათქვამია, რომ აგარანის ციხის ასაღებად ბაგრატ მეფეს 5 თვე დასჭირვებია. ამიტომაც სტატიის ავტორმა ის ფაქტი „სამშვილდისა და მისი მიდამოების გადმოცემის მთელ პროცესად“ დაგვიხატა. ამ შემთხვევაშიც ავტორს არ მოსწონებია 25 დღის დახარჯვა აგარაკის ციხის ალყაზე, ამის გამო ახლა ასეთ სურათს წარმოსახავს „ამ ზღაპრული სიმდიდრის გამომზეურებას, აღრიცხვას და „ათვისება“-დაბინავებას უნდა მონდომებოდა იმოდენა დრო (25 დღე), რაც გიორგი მეფეხ ამ ციხის (სამშვილდის) „აღებისათვის“ დასჭირდა“-ო. ბრჭყალებში ჩასმული სიტყვა „აღება“ მიგვანიშნებს, რომ ი. შაიშმელაშვილი მასში სხვა შინაარს სდებს. პატივცემულ გენერალს უნდა მოეხსენებოდეს, რომ ხმლისა და მშვილდ-ისრის ეპოქაში შუა საუკუნეების ციხეები ხშირად აუღებელი რჩებოდნენ და მათ დამორჩილებას ისევ ხანგრძლივი ალყით, შინაგაცემით, ციხისუფალთა, (ან მათ ახლობელთა) ძელზე გასმით აღწევდნენ. ასე რომ აგარაკის ციხის ალყაზე (და არა სამშვილდეზე) დახარჯული 25 დღე სრულიად ნორმალური ჩანს (დავით ქობირელის სიტყვით, აგარაკის ციხის ალყა ორთვენახევარს გაგრძელებულა).
მას მერე, რაც ივანე ორბელი და დემნა უფლისწული ლორეში გამაგრდნენ, გიორგი მეფემ „მომრბეველმან ტაშირისა და ლორის კართამან დაიბანაკა აგარათა და გაგზავნა ლაშქარნი“ ჰერეთსო, წერს თამარის ისტორიკოსი. ი. შაშიაშვილი წერს: „ნ. ბერძენიშვილი მიუთითებს, რომ ეს „აგარათა“-ც ისევ და ისევ კოჯრის ციხეა, რომელიც გარდა იმისა, რომ ჯარების თავმოყრისათვის ზაფხულშიც და ზამთარშიც უვარგისი იყო, ამ კონვრეტულ შემთხვევაშიც არც ლორეში დატოვებული ჯარების, არც ჰერეთში გასაგზავნი ჯარების მართვის პუნქტად არ ვარგოდა. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ გიორგი მეფე ზამთარში კოჯორში მჯდარიყო ორივე ფრონტს მოწყვეტილი. თბილისში მაინც ჩამოვიდოდა თავის ოჯახში“.
ავტორის მიერ მითითებულ გვერდებზე ნ. ბერძენიშვილს არ უწერია, რომ ლორე-ტაშირის მორბევის მერე გიორგი მეფე კოჯრის ციხეში დაჯდა და მთელი ზამთარი იქ გაატარა ოჯახს მონატრებულმა. ამას მხოლოდ სტატიის ავტორი წარმოიდგენს და ნ. ბერძენიშვილს მიაწერს. განსვენებული მეცნიერი კი ვარაუდობდა, რომ „აგარანი“ ზოგადად ეწოდებოდა თბილისის სამხრეთით და კოჯრის ციხის მიდამოებში არსებულ დაბებს. იქვე უნდა ყოფილიყო „დასო“ და „აგარათა ჭალა“, იგი უფრო ნიშანდობლივ ასახელებდა ტაბახმელას, ხატის-თელეთს („სახატე“), კაბენს, ასურეთისხევს; მთელ ამ ტერიტორიაზე გაბატონებულ კოჯრის ციხეს კი „აგარათა ციხე“ ერქვაო.
ზევით ი. შაშიაშვილი ამტკიცებდა, რომ აგარანი სამშვილდის ნადარბაზევია. ახლა იგი მკითხველს განუმარტავს, რომ ყოფილა სხვა ადგილიც მსგავსი სახელწოდებით, „რომელიც ჩვენს მემატიანეებს მოხსენიებული აქვთ ზოგჯერ პირდაპირ ასე „აგარათა“-დ; „აგარათა შეყრა გააგეს“; გიორგი ლაშას ლაშქარი დადგა „ლომთა გორსა და აგარათა (ე.ი. აგარებს - ი. შ) შუა“, ზოგჯერ „აგარათა (ე.ი. აგარების) ჭალად“ და „აგარათა სომხითისათა“-დ. ეს „აგარათა“ წარმოადგენდა მდ. ალგეთის, ქციასა და მაშავერას ზონაში ნახიდურიდან ნახიდვარამდე განვრცობილ ტერიტორიას“.
მაშასადამე, ავტორის აზრით ერთია „აგარანი“ (ნადარბაზევი), ხოლო მეორეა - „აგარათა“. ე.ი. მარნეულის ვაკე. „აგარათა“ მან წარმოიდგინა ნაგენეტივარ სახელად ყორანთა, მოწამეთა-ს ტიპისა („აგარათა-ში ყველა პირობა იყო“. „ამ აგარათა-დან დებედის ხეობით...“ და სხვ.) წყაროებიდან მოტანილსა და ყველა სხვა ციტატებშიაც რომ ერთი აგარანი იგულისხმება - ეს ნათელია: „აგარათა“ იგივე „აგარანია“, ოღონდ ბრუნვაში ჩასმული. ეს კარგად ჩანს „მატიანე ქართლისა“-ს მონათხრობიდან: „მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცნა ციხისთავმან აგარანი. მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა და წარიხუნა აგარანი“. ასე რომ არ ყოფილიყო. მაშინ „დაიბანაკა აგარათა“-ს მაგიერ იქნებოდა „დაიბანაკა აგარათასა“ „აგარათა შეყრა გააგეს“-ო კი არა. ისტორიკოსი დაწერდა „აგარათასა შეყრა გააგეს“. ასევე კარგად ჩანს ეს მომენტი თამარის ისტორიკოსთან. ტაშირის მორბევის მერე გიორგი მეფემ „დაიბანაკა აგარათა“. აქედან გაგზავნა ლაშქარი ჰერეთს. იქ გამარჯვების შემდგომ კი „მეფე აგარასა მყოფი აღვიდა და მოადგა ლორესა“.
ისტორიკოსის „აგარათა“ რომ „აგარანი“-ს გენეტივია, ჩანს იქიდან, რომ იმავე პუნქტს იგი მეორე შემთხვევაში „აგარა“-ს უწოდებს. საინტერესოა რომ თამარის ისტორიკოსის ამ ბოლო წინადადებას სტატიის ავტორი შეცვლილი სახით გვთავაზობს: „აგარა“-ს მაგიერ წერს „აგარათა“-ს. ეს იმიტომ რომ აგარა და აგარანი მას სამშვილდის ნადარბაზევი ჰგონია, ეს ადგილი კი სრულიად არ შეეფერება მის მიერ ზემოთ მოყვანილ ციტატებს „აგარათა“-ს მოხსენიებით (ლაშქარი დადგა „ლომთა გორსა და აგარათა შუა“ და სხვ.). ი. შაიშმელაშვილის აზრით, მარნეულის ვაკის „ცენტრალური უბანი ვახუშტი ბაგრატიონის ხანის „ბაიდარ“-ად, ადრე კი „წყალთაშუა“-დ იწოდებოდა. აი ეს მარნეულის ვაკის გული წარმოადგენდა აგარებით მოფენილ უაღრესად ნაყოფიერ მიწებს ჭალის მუხისა და ჭალის ტყიანი ლანდშაფტის ელემენტებით, აგარათა ჭალას. თავის დროზე აქ იყო თამარ მეფისა და ლაშა გიორგის საზამთრო სასახლე-სადგური დური“. ეს კიდევ ერთი გაუგებრობაა: თამარის ისტორიკოსი, რომელიც იხსენიებს დურსაც და „აგარათა ჭალასაც“ სრულიად გარკვევით განასხვავებს ამ პუნქტებს; არსაიდან ჩანს მათი იგივეობა, ან სახელების ერთიმეორეთი შენაცვლება დროთა განმავლობაში“.
მარნეულის ვაკე, სადაც პატივცემულმა გენერალმა „აგარათა“ დაიგულა და სამეფო საზამთრო სასახლე ივარაუდა, „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ სტატიების მიხედვითაა შერჩეული; ეს გაკეთებულია იმიტომ, რომ „აგარათა ჭალას“ და დასოს მოეძებნოს ადგილი, რადგან კოჯრისა, თუ მის ძირში მყოფი მიდამოებიდან, ავტორის აზრით, საამისოდ არცერთი არ ვარგა“ „ჭალა იქ მაინც არ არსებობს, - ცნობილია, მხოლოდ ასურეთის ხევი, რომელიც ზაფხულ-შემოდგომობით შრება, ან წყალმცირეა. რაც შეეხება კაბენს ასურეთის ხევის ზემო წელზე სწორედ იმიტომ, რომ იგი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებთან შედარებით ღრმად არის ჩავარდნილი, ზაფხულობით იქ დიდი სიცხე იცის. ვის რად უნდოდა ასეთი ჭალა და დასო, ისიც უგზო-უკვლო ხევ-ხუვებში“-ო.
ჯერ ერთი ჩვენ არ ვიცით როგორი იყო აქაური მცენარეული საფარი XII-XIII საუკუნეებში, ხოლო თუ დღევანდელი ვითარებით ვიმსჯელებთ, მაშინ ვნახოთ რას წარმოადგენს ახლა მარნეულის ვაკე. ენციკლოპედიის ზემოხსენებული სტატიების მიხედვით, რომელსაც ი. შაიშმელაშვილი უთითებს, ეს ვაკე გავრცელებულია მდინარეების ალგეთის, ხრამის, მაშავერის და დებედის ქვემო დინებათა აუზში, ფართობით - 40 კმ. X 20 კმ; „აგებულია... კენჭნარით, კონგლომერატებით, ქვიშნარებით და თიხებით“ (ი. შაიშმელაშვილის მიხედვით, „უაღრესად ნაყოფიერი მიწები“).
მარნეულის ვაკეზე სტეპის ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული... აბს. მაქს. 40 გრადუსი ცელსიუსით... ბუნებრივ მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიან-ავშნიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები, ზოგან - მლაშობი ნახევრად უდაბნოს მცენარეულობა“ (ი. შაიშმელაშვილის მიხედვით „ჭალის მუხისა და ჭალის ტყიანი ლანდშაფტის ელემენტებით“). აქ ნახსენები მუხის ხეები გავრცელებული ყოფილა მხოლოდ ამ ვავის სამხრეთ კიდეზე, „ლოქის ქედის მთისწინეთში“, ე. ი. ძლიერ შორს წყალთშუა-ბაიდრიდან. გამოდის, რომ მარნეულის ვაკე ვერაფრით სჯობს კოჯრის მიდამოებს; პირიქით, ამ უკანასენკლის უპირატესობა სწორედ საზაფხულო და საზამთრო სადგომთა სიახლოვეშია.
მარნეულის ვაკე საკმაოდ დიდი ფიზიკურ-გეოგრაფიული არეა. მისი შუაგული, ძველი წყალთაშუა, სტატიის ავტორმა მიიჩნია „აგარათა ჭალა“-დ „რომელიც, რა თქმა უნდა ციხე-სიმაგრის ელემენტსაც შეიცავდა და ამიტომ ზოგჯერ „აგარათა ციხედაც“ მოიხსენიება. „აგარათა“-ში ყველა პირობა იყო დიდძალი ჯარის თავმოყრისა და ხანგრძლივი არსებობისათვის“.
ბაიდარი, ანუ წყალთაშუა მარნეულის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გაშლილი ველია, ალგეთს, მტკვარსა და ქციას შორის მოქცეული. არავითარი სასახლე, „რომელიც რა თქმა უნდა ციხე-სიმაგრის ელემენტსაც შეიცავდა“, ძველად აქ არ ყოფილა. ასეთი არაფერი იცის არც ვახუშტიმ და არც ძველმა ქართულმა ნარატიულმა წყაროებმა. მაშ სად უნდა ვეძებოთ ამ „აგარათა“-ში „აგარათა ციხე“, სადაც თამარი გარდაიცვალა? ან როგორ შევათანხმოთ „ისტორიათა და აზმანთა“ ცნობასთან, რომ თამარი გარდაიცვალა ჴმელსა დგომასა შინა“. ამ ადგილს ფარსადან გორგიჯანიძე ხომ პირდაპირ ტაბახმელად მოიხსენიებს, იოანე ბატონიშვილი კი - ზემო ტაბახმელად.
საერთოდ, ეს „ციხე აგარანი“ და „აგარათა ციხე“ ძალიან უშლის ხელს ი. შაიშმელაშვილის მტკიცებას. იგი ყოველთვის სუსტ ადგილებში იჩენს თავს. ამიტომ არის, რომ სტატიის ავტორი სამშვილდის ნადარბაზევს ხან „ციხესიმაგრეს უწოდებს“, ხან „ციხე-დარბაზს“. ხან „მძლავრ ობიექტს“. ბოლოს კი „მას შემორტყმული დიდი გალავნით“ კმაყოფილდება. ახლაც იგი წყალთაშუაში ეძებს ამ ციხეს. არ აწყობს მისი უკვალოდ გაქრობა, თანახმაა „ციხე სიმაგრის ელემენტებ“-ზეც, მაგრამ ისიც კი არ ჩანს.
სტატიის ავტორი რამდენიმეჯერ აღნიშნავს, რომ კოჯრის მიდამოებში შეუძლებელი იყო მრავალრიცხოვანი მხედრობის დგომა. იგი ეყრდნობა სტეფანოს ორბელიანის ცნობას, რომლის მიხედვით 1177 წლის შეთქმულების დროს, აგარაკს მოსული ორბელთა მომხრეების რიცხვი იყო 30 000 კაცი და წერს: „ამ „ბუდეში“ 30 ათასი ცხენოსნის დაბანაკება სრულიად წარმოუდგენელია, რადგან აქ არ მოიპოვება ცხენებისა და ადამიანების დიდი მასებისათვის წყალი და საკვები. ცხენს დღეში 50 ლიტრა წყალი უნდა (ზამთარში-40. ზაფხულში 60 ლიტრა). 30 ათას ცხენს დღე-ღამეში მილიონნახეეარი ლიტრა წყალი უნდა დაელია. ხოლო მთელ „თბილისის პირის“ სოფლების ყველა სასმელი წყარო მხოლოდ 55 ათას ლიტრას იძლეოდა დღეღამეში, ანუ ზემოაღნიშნული საჭიროების მხოლოდ 3%-ს. ყოველივე ეს რადიკალურად ეწინაადმდეგება მტკიცებას თითქოს კოჯრის მიდამოები (აგარანი!) „მარჯვე პუნქტია დიდძალი ჯარის შესაყრელად“.
ქვემოთ ერთხელ კიდევ შევჩერდებით ამ ანბანურ ჭეშმარიტებაზე, როცა განვიხილავთ ამავე „აგარან-კოჯრის“ რეგიონში თითქმის ორი ამოდენა ცხენოსნის დაბანაკებისა და ხანგრძლივად (1 კვირით) დგომის გაუმართლებელ მტკიცებას“. თავის მსჯელობას რომ მეტი საბუთიანობა მისცეს, ი. შაიშმელაშვილს რატომღაც ტექსტში არ შეუტანია, მაგრამ სქოლიოში კი აღუნიშნავს: „ავტორმა წარმოადგინა საქართველოს გეოლოგიის სამმართველოს მიერ 1985 წლის 5 მარტს მიცემული დამადასტურებელი ცნობა“.
აჯანყებულ ორბელთა მომხრეების რიცხვი მართლაც 30 000 რომ ყოფილიყო (რაც არაა აუცილებელი ზუსტი იყოს - სტეფანოს ორბელიანი საუკუნის შემდეგ წერს ამ „ცხოვრებას“). წარმოუდგენელია მთელი ჯარი ცხენზე ამხედრებული მოსულიყო. პატივცემულ გენერალს უნდა მოეხსენებოდეს, რომ ფეოდალური ლაშქარი შედგებოდა ქვეითი და ცხენოსანი რაზმებისაგან. დავით ქობარელის მიერ აღწერილ იმავე ბრძოლების დროს, უმეტესად სწორედ ქვეითი ჯარები ჩანან, ამიტომ ი. შაიშმელაშვილის მიერ გამოანგარიშებული სასმელი წყლის რაოდენობა უნდა განახევრდეს მაინც, და მერე თუნდაც სანგრძლივად აქ დგომის პირობებში, წყაროს წყლის დანაკლისს რემების მდინარეზე გარეკვით ვერ შეივსებდნენ?
ნ. ბერძენიშვილი, როცა აგარანს დიდი ჯარის შესაყრელად მარჯვე პუნქტად მიიჩნევდა „აგარან“-ში საკუთრივ ციხის გარდა მეტ-ნაკლებად ფართო არემარეს გულისხმობდა, სადაც ეს აგარები („აგარანი“) იყო და რომელთა სახელიც შეერქვა თვით ციხეს. ნიშანდობლივია, რომ ისტორიკოსს „აგარანი“ მრავლობითი რიცხვით ესმის. ერთი სიტყვით, ნ. ბერძენიშვილის ზემოთქმულ მოსაზრებას არაფერი რადიკალურად არ ეწინააღმდეგება“. ბოლოს და ბოლოს თუ ამ ახირებულ მსჯელობას თანმიმდევრულად მივყვებით, მაშინ რატომ იმის „დამადასტურებელი ცნობა“ არ მოაქვს სტატიის ავტორს, რომ სწორედ ნადარბაზევის დაბალ ტყეებში მოიპოვება მილიონნახევარი ლიტრა წყალი დღე-ღამეში.
აგარან-კოჯრის ციხის იგივეობის საწინააღმდეგოდ, ი. შაიშმელაშვილს კიდევ ერთი საბუთი შემოუნასავს 111 პარაგრაფის ბოლოს: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ კოჯორში ყოფნის შემთხვევაში გიორგი მეფე ვერ „აღვიდოდა“ ლორეში, რადგან „თითონ კოჯორი ლორეზე მაღლა მდებარეობდა (ზღვის დონიდან)“.
ჯერ ერთი, რუკის მიხედვითაც კი, ეს ორი წერტილი დაახლოებით ერთ სიმაღლეზეა; მეორეც, თამარის ისტორიკოსი იმ რუკას ვერ დახედავდა, რომელსაც სტატიის ავტორი იყენებს და არც ზღვის დონიდან სიმაღლეებზე ექნებოდა მას წარმოდგენა. სამაგიეროდ, მან ი. შაიშმელაშვილზე უკეთ იცოდა, რომ ლორეში „აღსასვლელად“ მეფის ლაშქარი უნდა აყოლოდა ძირითად მდინარეებს (დებედა, შულავრისწყალი, მაშავერ-ფინეზაური) და მათი გზებით გადაელახა სომხითის ქედი (ლოქის ქედი), რომლის ყოველი „უღელტეხილი კოჯორზე გაცილებით მაღალია. მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევდა გიორგი მეფე ლორეს. სტატიის ავტორს ეს ვითარება არ გაუთვალისწინებია.
შემდეგ პარაგრაფმი განხილულია 1195 წლის მოვლენები შამქორის ომის წინ. „მარვანშამ და მისმა სიძემ - ამირ-მირანმა შემწეობის სათხოვნელად საქართველოს მოაშურეს. თამარ მეფემ და დავით სოსლანმა დიდი ლაშქარი შეჰყარეს, „რომლისა სიმრავლითა აღივსნეს მტკვრის პირი, ალგეთის პირი, ქციის პირი და ქურდვაჭრის პირი. ესე ოთხნივ მდინარენი ტფილისით ყარაღაჯამდის“. ი. შაიშმელაშვილი წერს: „ამ ლაშქრის რიცხობრივი შემადგენლობა ჩვენ მიღებული გვაქვს 50 ათასად; ანალოგიურ შემთხვევაში დავით აღმაშენებელმა შირვანში 1123 წელს 50 ათასიანი მხედრობით გაილაშქრა“. ანალოგიური აქ მხოლოდ შარვანია. თორემ 72 წლის შემდეგ სულ სხვა იყო პოლიტიკური სიტუაცია. მხედართმთავრების შემადგენლობა და, რაღა თქმა უნდა, ჯარის რაოდენობაც. რატომ არ შეიმლებოდა თამარისა და დავით სოსლანის ლაშქარი მეტი ყოფილიეო (ოსთა და ყივჩაყთა მხედრობასთან ერთად). ან რატომ მაინცდამაინც 50 ათასი - ამის პასუხს ავტორი არ გვიზიარებს.
ი. შაიშმელაშვილი წერს: „საისტორიო წყაროს ზემოხსენებული სავსებით ნათელი ორიენტირების მიუხედავად, ნ. ბერძენიშვილი ცხენოსანთა ამოდენა მასებს კოჯრის (ვითომც აგარანის) მიდამოებში განლაგებულად მიიჩნევს (იგულისხმება თბილისი-ტაბახმელა-კაბენის დედათა მონასტრის ზონა): ..ქალაქიდან მეფის კარვამდე სულ საქარველოს ჯარი იყო განლაგებული“. ხოლო სად იყო მეფის კარავი? ნ. ბერძენიშვილის აზრით „აგარათა ჭალას“, რომელიც კოჯრის ციხის ძირას, კაბენის მონასტრის არეში იყო... ჩვენ ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე ამოდენა ლაშქრის დაბანაკება და ერთი კვირით დგომა შეუძლებელი იყო. ამდენი ცხენის სადღედამისო საჭიროება მარტო სასმელი წყლის მხრივ, აქაური წყაროების შემოწმებით მხოლოდ 2%-ით დაიფარებოდა“.
ნ. ბერძენიშვილი შესანიშნავად ითვალისწინებდა ისტორიკოსის მიერ მოცემულ ორიენტირებს (მტკვრის, ალგეთის, ქციის, დებედის ნაპირებს), ამიტომ არსად არ უწერია, რომ მთელი მხედრობა კოჯორთან იდგა. მას, განსხვავებით სტატიის ავტორისაგან, მდინარეთა ნაპირებზე, უნდა ვიფიქროთ, ცხენოსანთა ძირითადი მასა ეგულებოდა, ხოლო კოჯრის მიდამოებში სამეფო კარი, დიდებულები, მათი ამალა და ჯარის რჩეული ნაწილები იქნებოდა განლაგებული.
ნ. ბერძენიშვილის მიერ წარმოდგენილი სურათი ასეთია: სტუმრების მოლოდინში სამეფო კარი „დადგა დასოთა“ (კაბენის მონასტერთან). დიდმა ლაშქარმა გაავსო ზემოხსენებულ მდინარეთა ნაპირები. შარვანშა სიძით თბილისს მოვიდა კახეთის გზით. ისანში. ქართველები საგანგებოდ მოემზადნენ: „დადგეს... ჭალასა აგარათასა“ (იქვე კაბენის სიახლოვეს) და სამეფო ოჯახი ტახტზე მჯდომი სტუმრებს მოელის. თბილისიდან გამოსულ შარვანშასა და ამირ-მირანს გზადაგზა ეგებებიან წინ ქართული ჯარის ნაწილები, თემობრივ ჩამოთვლილი ისტორიკოსის მიერ, ხოლო „თჳთ კარვისა კარსა ჴელისუფალნი და შინაურნი“. „აქ მოტანილი ტექსტი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საქართველოს ჯარის ეს ნაწილები ერთიმეორისაგან დიდად დაშორებულნი არ უნდა ყოფილიყვნენ“-ო. წერს განსხვავებული მეცნიერი და განაგრdობს: „ჭალა აგარათა თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით არაა. აღსართან და ამირმირმანი აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ჯერ თბილისში და მხოლოდ აქედან გავიდნენ ჭალას მისასვლელად.
არ გვავიწედება, რომ საგანგებო ვითარება იყო, მაგრამ მაინც დაუშვებლად გვეჩვენება, რომ ეს შემოხვეწილი სტუმრები ჯერ განზრახ თბილისში მოეყვანათ და აქედან ისევ აღმოსავლეთის მიმართულებით ჭალას წაეყვანათ... ძნელად საფიქრებელია, რომ მაისის მიწურულს (ეს ამბავი წლის ამ დროს მოხდა) საქართველოს მეფე თავისი ჯარით სომხითის ამ (აღმოსავლეთ - დ. ბ.) ნაწილში დაბანაკებულიყო. როგორც ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს, საქართველოს მეფე და მისი კარი ზაფხულის პირს „ჩვეულებისამებრ“ „ისწრაფდეს“ მთაში სააგარაკო ადგილას გასვლას“.
ი. შაიშმელაშვილი სულ სხვა ვითარებას ხატავს. მას ჰგონია, რომ სამეფო კარზე სადარბაზოდ მიმავალი სტუმრებს უეჭველად უნდა დაევლოთ მთელი ქართველთა ლაშქარი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაყოლებით. მისი სიტყვით, „შამქორისაკენ გასაგზავნი ქართული ლაშქრის განლაგების სქემა... ნატურაში მოიხილეს შარვანელმა მაღალმა სტუმრებმა“... რომლებიც ,,სადღაც ფონიჭალა-სარვანის ველზე დაბანაკებულ ოსთა და ყივჩაყთა მხედრობას შეხვდნენ“.
შემდეგ პატივცემული გენერალი, როგორც სამხედრო სპეციალისტს შეეფერება, დეტალებში წარმოიდგენს მტკვრის გასწვრივ განლაგებული ქართველთა ლაშქრის წყობას, სოღანლუღიდან დებედის შესართავამდე. რაკი იქ ჯარის ავანგარდი და მზვერავთა ჯგუფი უნდა მდგარიყო, სტუმრებს სანახავიც მეტი არარაფერი დარჩენიათ სამეფო კარის გარდა. ამიტომ, ავტორის აზრით, „ქართველთა მეფის თანმხლები წარმომადგენლის რჩევით, ავანგარდის ადგილიდან დასავლეთისაკენ (მარჯვნივ) უნდა გადაეხვიათ. იქ ივარაუდება ქართველ მეფეთა საზამთრო სადგურიც“. ავტორს ავიწყდება. რომ შარვანელი სტუმრები დახმარების სათხოვნელად იყვნენ მოსულნი. მათ მეფის ნახვა ეჩქარებოდათ და არა ქართველთა მრავალათასიანი ლაშქრის „განლაგების სქემის ნატურაში მოხილვა“. ამით არც საქართველოს სამეფო კარი უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, სრულიად იკმარებდა ჯარის რჩეული ნაწილთა მიგებებაც.
თბილისიდან მეფის კარვამდე სტუმრების მისვლა, ისტორიკოსის მიხედვით დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში იგულისხმება; მტკვრის ნაწილს გაყოლილი სტუმრები კი, ლაშქრის თვალიერებით მიმავალნი, დებედამდე დღის ბოლოს თუ ჩააღწევდნენ.
თამარის ისტორიკოსის ჩვენებით, სამეფო კარი ჯერ დასოს იყო, მერე კი ხელმწიფენი „დადგეს ჭალასა აგარათასა“. ი. საიშმელაშვილი წერს: „ეს ადგილგადანაცვლება ნ. ბერძენიშვილის შემოთავაზებული სქემით თუ ვიმსჯელებთ, სადაც „დასო“ და „აგარათა ჭალა“ ლოკალიზებულია კაბენის მონასტრის არეში, ორიოდე ნაბიჯზე გადასვლა იქნებოდა, რასაც ფაქტობრივად არავითარი ცვლილება არ მოჰყვებოდა სტუმართა დიდი ამალის მიღების ორგანიზაციაში“. რატომ უნდა მომხდარიყო ეს ცვლილება, ავტორი ამას არ გვიხსნის, მაგრამ სამშვილდის ნადარბაზევთან დასოს ვარაუდი, უფრო შესაფერისად ეჩვენება, რაკი აგარათა ჭალა, ანუ, დური, მეფეთა საზამთრო დარბაზი წყალთაშუას ეგულება ავტორს. გამოდის, რომ საქართველოს ბრწყინვალე სამეფო კარი, სააგარაკოდ ნადარბაზევს ასული, შემდეგ წყალთაშუას საზამთრო სადგურში გამომგზავრებულა (დაახლ. 40 კმ-ზე) და თვით ხლებია მასთან დახმარების სათხოვნელად შემოხვეწილ სტუმრებს.
აქვე უნდა გამართულიყო მაშინ ის დიდი დარბაზობა და პურობა, რომელსაც თამარის ისტორიკოსი ასე ხატოვნად აგვიწერს, აგრეთვე ბურთაობა და ასპარეზობა. „უბრძანა მეფემან ამირსპასალარსა მისსა ზაქარიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს, ჰერეთის ერისთავსა გრიგოლს და სხვათა მოყმეთა და ჩავიდეს მოედანს და მუნით ჩამოვიდა ამმირ-მირმან მისითა დიდებულითა და მონითა“. აქ ხაზგასმული მოედანზე ჩასვლა გულისხმობს, რომ სამეფო კარი და მისი სტუმრები სადღაც იქვე მაღლობზე დგანან, სადაც მათი კარავია. აღწერილი სურათი წყალთაშუას ტრიალ მინდორში წარმოსადგენია, სამაგიეროდ კარგად ესადაგება კოჯრის მიდამოებს, მის მახლობელ დაბლობს.
ი. შაიშმელაშვილი ცდილობს აგვიხსნას თვით სახელწოდება „დურის“ მნიშვნელობა; იგი მას უკავშირებს სომხურ სიტყვას, რომელიც ნიშნავს „კარს“ და ფიქრობს, რომ ეს ტოპონიმი აქ უნდა გაჩენილიყო IX-X საუკუნეებში, „როდესაც ეს პროვინცია დროებით იყო ქართლს“, ე.ი. სომეხი ბაგრატუნების ბატონობის დროს. იმისთვის, რომ გაამართლოს ასეთი სახელწოდების მისი აზრით, წყალთაშუაში დამკვიდრება, ავტორი იშველიებს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობებს და „დური სომხითის ტერიტორიაზე იყო, რომელიც ადრე ხუნანის საერისთავოს შეადგენდა. შაჰ-აბას I-ს განსაკუთრებით აინტერესებდა მისი ათვისება (მიტაცება), როგორც „შესავალ-გამოსავალი ადვილად ქართლსა შინა“, ე.ი. დიდი ბუნებრივი კარი. თუ კი ასეთ დასკვნამდე ეს შაჰი, ასე ვთქვათ, ერთი ნახვით მივიდა, ბუნებრივია, რომ მსგავსი შეხედულება ნახიდურიდან ნახიდვარამდე გაშლილ ვაკის მიმართ, უფრო ადრე სომხითის დიდი ხნის მობინადრეებს უნდა ჩამოყალიბებოდათ“.
არავითარი საბუთი არ გვაქვს იმის დასადასტურებლად, რომ სამეფო საზამთრო სადგომი მართლაც წყალთაშუაში ყოფილიყო; არც ამ სახელწოდების სომხური სიტყვიდან წარმომავლობაა დადგენილი, რადგან თამარის ისტორიკოსის თხზულების ზოგ ვარიანტში „დურ“-ის მაგიერ არის „დვირი“ ან „დერი“. ნ. ბერმენიშვილის აზრით კი, ეს დვირი უნდა ყოფილიყო საქართველოს ფარგლებში, მტკვრის მარჯვნივ, განძის ქვეყნის საზღვრებისაკენ.
სომეხ ბაბრატუნთა ქვემო ქართლში დროებით ბატონობას, არ ჩანს, რომ დაეტოვებინოს თავისი კვალი იქაურ ტოპონიმიაში (ასეთები იქ შუა საუკუნეების გვიან ხანაში გაჩნდა) კიდევ უფრო გაუგებრობაა დურის ე.ი. კარის „ნახიდურიდან-ნახიდვარამდე“ (ე.ი. წითელ ხიდამდე - დ.ბ.), გაშლილ ვაკეზე, ანუ მარნეულის ვაკეზე. ესაა ტრიალი მინდორი, სადაც არავითარი „კარი“ არ შეიძლება იყოს. ვახუშტის ნათქვამი: „ოდეს მიიღო შაბაზ, ამისის განზრახვით მიიღო, რამეთუ გექმნებისო შესავალ-გამოსავალი ადვილად ქართლსა შინა“, ეს სიტყვები მარნეულის ვაკესა და წყალთაშუაზე კი არა, არამედ დებედისხევზეა ნათქვამი, რომელსაც მართლაც მოჰყვებოდა სამხრეთიდან ქართლში შემოსასვლელი გზა. „საქართველოს ისტორიის ნარკვევებში“, რომელსაც ი. შაიშმელაშვილი ხშირად იყენებს, ამის გამო წერია: „1604 წელს შაჰ-აბას I-მა ქართლის მეფეს წაართვა ლორე და დებედის ხეობა. სადაც ბორჩალუს ყიზილბაშური ტომი ჩაასახლა“.
ასევე გაუგებარია ვის გულისხმობს ავტორი „სომხითის დიდი ხნის ბინადართა“ შორის, რომელთაც შაჰ-აბასზე ადრე ჩამოეალიბებიათ შეხედულება მარნეულის ვაკეზე, როგორც ქართლში შემოსასვლელ გზაზე. თუ ასეთებად ქართველებია ნაგულისხმევი, რატომ დაარქმევდნენ ისინი სომხურ სახელს („დურს“) და არა ქართულ „კარს“ (შდრ. „ტაშისკარი“ – „ღართისკარი“ და სხვ.) ხოლო თუ სახელის დამრქმევებად სომეხი ბაგრატუნები იგულისხმებიან, ისინი სულაც არ იყვნენ ქართლის „დიდი ხნის მკვიდრნი“; გარდა ამისა მარნეულის ვაკეს სომხები „ვრაც-დაშტს“, ე.ი. „ქართველთა ველს“ უწოდებდნენ და ეს სახელი სომხურ წეაროებშია დადასტურებული, ქართულში კი - არა, მაშინ, როდესაც დური იქ არ გვხვდება და ქართულ წეაროებში კი გვაქვს.
დურის სომხურად გააზრების შემდეგ, ი. შაიშმელაშვილი კიდევ უფრო შორს მიდის და სრულიად წარმოუდგენელ ეტიმოლოგებს თხზავს. იგი წერს: „მდ. ქციას უძირო ხრამის დასასრულში (მარნეულის ვაკის დასაწყისში) შექმნილი პირველი კაპიტალური ხიდის თავთან ახლად წარმოქმნილი დასახლებისათვის, საფიქრებელია უფრო მაშინ, როდესაც ეს პროვინცია დროებით მოწყვეტილი იყო ქართლს (IX-Xსს) ნახდური უწოდებიათ. ეს ტერმინი არავითარ კავშირში არაა „ხიდუმყოფელობასთან“. ნახდური შედგენილია ორი ცნებისაგან „ნახ”-ი, რაც უმთავრესს, ძირითადს, პირველს ნიშნავს და „დურ“-ი, რაც კარს ნიშნავს - ე.ი. ნახიდური მთავარი კარია...
საინტერესოა, რომ ვახუშტი ბაგრატიონი მხოლოდ ერთხელ იყენებს ტერმინს „ნახიდვარს“ - გატეხილ ხიდზე საუბრისას. „ნახიდურის“ გამოყენების ხუთივე შემთხვევაში მას მხედველობაში აქვს ზემოხსენებული სოფელი ნახიდური (ქოლაგირისაკენ).
ფრიად ხელსაყრელი ფონეტიკური მსგავსების გამო, ბოლოს და ბოლოს ქართული სმენა შეეჩვია ტოპონიმ „ნახდურ“-ს, ნახიდურად გარდაქმნა იგი და ნახიდვარსაც გვერდში ამოუდგა, როგორც აგრეთვე „ხიდუმყოფელობის“ აღმნიშვნელი ტერმინი. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში „ნახიდური“ სავსებით მართებულად არ არის შეტანილი, როგორც „ნახიდარის“ სინონიმი“.
ვიდრე ნახიდურს სომხურ სიტყვებად დაყოფდა, ავტორს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ეს ტოპონიმი მოტანილი ფორმით უკვე იხსენიება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან, ჟამთააღმწერელთან, ბერი ეგნატაშვილის ტექსტებსა და, რაღა თქმა უნდა ძველ საბუთებში. ეს ისევე ნაწარმოები ქართული სიტყვაა, როგორც „ნაგზაური“, „ნაჭდეური“, „ნაწიბური“ და სხვ. რაც მთავარია, ქართლშივე გვაქვს მსგავსი ტოპონომები „ნადაბური“ და „ნატბეური“. ასე რომ, ვახუშტი ბაგრატიონმა კარგად იცოდა რას წერდა და სრულიად მართალი იყო, რომ „ნახიდური ეწოდების ხიდუმეოფელობისათვის“.
ი. შაიშმელაშვილზე დიდი ხნით ადრე გამოითქვა მსგავსი ვარაუდები ალგეთისა და მანგლისის მიმართ: კ. ჰანი, და ს. ერემიანი „ალ-გეთ”-ში „წითე; მდინარეს“, ან „ალის მდინარეს“ ხედავდნენ (სომხ. „გეტ“ - მდინარეა), ხოლო ლ. მელიქსეთ-ბეგს „მ-ანგლ-ისი“ „მოაგონებდა ტიბობრივი წარმოშობის სახელებს „ანგელ-ტუნ“-სა და „ანგეღ-აკოთს“. ზემოხსენებულ ავტორთა ეს მოსაზრებანი გაუზიარებელი დარჩა, თუმცა ამ საკითხებს ისინი სპეციალურად იკვლევდნენ.
ამიტომაც ნახიდურის სომხურად გააზრებას, ეს რომ ოდნავ მაინც შესაძლებელი ყოფილიყო, სტატიის ავტორი ამ მკვლევრებს ვერ დაასწრებდა. ი. შაიშმელაშვილს ჰგონია, რომ რაკი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ნახიდარის სინონიმად ნახიდური შეტანილი არ არის, ამიტომ ის „არავითარ კავშირში“ ხიდთან არაა და მაშასადამე, სომხურით უნდა აიხსნას... მას დავიწყნია, რომ ზემოხსენებული ლექსიკონი „ახალი სალიტერატურო ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონია“, რომლის „დანიშნულებაა აღნუსხოს და განმარტოს ყველა სიტყვა, რაც კი არის დამკვიდრებული ამჟამად სიტყვაკაზმულ მწერლობაში, სამეცნიერო და პოლიტიკურ ლიტერატურაში, პრესაში“. ცხადია, ძველი ტოპონიმი ნახიდური იქ ვერ მოხვდებოდა.
ნ. ბერძენიშვილთან აგარანის გამო ასეთი გაცხარებული კამათის შემდეგ, სრულიად მოულოდნელია სტატიის V პარაგრაფის ბოლო აბზაცი; აქ ავტორი სამეფო საზამთრო (დური) და საზაფხულო (ნადარბაზევი) ციხე-დარბაზთა გვერდით, ასახელებს „დედოფალთა სასუფეველ ციხე-დარბაზს ტაბახმელაში“, იქვე ფრჩხილებში ჩაუსვამს - „თამარის“. ნ. ბერძენიშვილი კი წერდა: „თამარ მეფე გარდაიცვალა სომხითში, აგარათა ციხეში (ანუ „აგარათა სომხითისასა“), რომელსაც „იმ დროს, ჩანს ტაბაჴმელაც ეწოდებოდა. „ზემო ტაბაჴმელა“ ეს უნდა იოანე ბატონიშვილის გლოსა იყოს. მაინც და მაინც ბატონიშვილს კარგად სცოდნია, თუ აგარათა ციხე სად იეო, ამიტომაც განმარტა მან „ტაბაჴმელა” (ჴელსა დგომასა შინა...) „ზემო ტაბაჴმელად“. როგორც ვხედავთ აქ ერთი და იგივე დასკვნაა მიღებული, მაგრამ სტატიის ავტორს, ტაბახმელაში ალბათ სხვა რაღაც ციხე-დარბაზი ეგულება.
სტატიის VI პარაგრაფში ავტორი ცდილობს განსაზღვროს ლაშა გიორგის ლაშქრის წყობა მონგოლთა შემოსევის დროს 1221 წელს ცნობილია, რომ მონგოლებთან პირველ შეტაკებებს სხვადასხვა ავტორები სხვადასხვაგვარად აგვიწერენ. ქართული და უცხოენოვანი წყაროების შეჯერებით ისტორიკოსები ცდილობენ ერთიანი სურათის წარმოდგენას, რამაც „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ III ტომშიაც ჰპოვა ასახვა. ლაშა გიორგის მემატიანის სიტყვით მონგოლებმა „მომართეს და დადგეს ბარდავის ჭალას. შეიყარა ლაშქარი მისი (ლაშასი - დ. ბ.) და მოირთნა კარნუ-ქალაქისა ლაშქარნი, დადგა ლომთაგორსა და აგარათა შუა და ვიდრე ზედამისვლამდე გაექცნეს და გარდაიხუეწნეს; განვლეს დარუბანდისა გზა“. ჟამთააღმწერლის სიტყვით, ქართველებს 90 ათასი კაცი გამოუყვანიათ, რასაც ი. შაიშმელაშვილი უყოყმანოდ იჯერებს, თუმცა გრიგოლ აკნეცი ქართველთა ლაშქარში 60 ათასს კაცს ასახელებს.
სტატიის ავტორი შემდეგ წერს: „წყაროები ადასტურებენ, რომ მონღოლები ბარდავის მხრიდან მტკვრის მარჯვენა ნაპირის გზებით მოიწევდნენ... ამ მიმართულების გადასაღობად გარდიგარდმო უნდა გახიდულიყო ქართული ლაშქრის პოზიცია, როგორც მდინარის გადამღობი კაშხალი. განა ნორმალური იქნებოდა, რომ ასეთი კაშხალი მდინარის დინების ჩასწვრივ აეგოთ და არა გარდიგადრმო? სამწუხაროდ, სწორედ ისე აქვს წარმოდგენილი ლაშა-გიორგის ლაშქრის პოზიცია ნ. ბერძენიშვილს და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლომთა-გორის მხარდამხარ მოხსენიებული „აგარათა“-ც მას კოჯრის ციხესთან აქვს გაიგივებული. ამიტომ ლრაშა-გიორგის ლაშქარიც ნ. ბერძენიშვილმა კოჯორ-მარნეულს შორის განლაგებულად წარმოიდგინა, თანაც აღმოსავლეთისაკენ პირმოქცეული... დაივიწყა რომ მონღოლები სამხრეთიდან მოდიოდნენ. სწორედ ამით მტკიცდება, რომ არც „აგარანი“ და არც „აგარათა ჭალა“ არ შეიძლება მივიჩნიოთ კოჯორ-ტაბახმელაში არსებულად“.
ავტორს ან მხარი ექცა, ან თვითონ „დაივიწყა“, რომ ბარდავი, სადაც მონგოლები დადგნენ, კოჯორ-მარნეულიდან უფრო აღმოსავლეთითაა, ვიდრე სამხრეთით. რაც მთავარია, ი. შაიშმელაშვილი არ ითვალისწინებს, რომ ჟამთააღმწერლისა და სომხური წყაროების მონაცემებით, ეს ომი მოხდა ძეგამის წყლის დასავლეთით არსებულ ხუნანის ველზე. ასე რომ, აგარან-ლომთაგორს შორის ლაშას ლაშქრის „დადგომა“, რაზედაც მისი ისტორიკოსი მოგვითხრობს, ხანმოკლე უნდა ყოფილიყო, ამასაც მისივე მონათხრობი ადასტურებს: ქართეელებს მონგოლთა ბანაკთან „ვიდრე ზედამისვლადმე“ მტერი გაექცათო. ეს კარგად იცოდა ნ. ბერძენიშვილმა და ამიტომ აგარანსა და ლომთაგორს შუა ლაშქრის დგომას, იგი არსად არ განიხილაეს, როგორც მტრის აქ მომლოდინე, მოსაგერიებელი პოზიციის დაკავებას. ეს მხოლოდ სტატიის ავტორს ჰგონია და ამიტომაც აგებს აქ მტრის „გადასაღობად გარდიგარდმო გახიდული ქართული ლაშქრის პოზიციას, როგორც მდინარის გადამდობ კაშხალს“.
ავტორი, სამხედრო ხელოვნების მიხედვით, აუმჯობესებს ქართეელთა პოზიციას და განაგრმობს: „ლომთა-გორა და აგარათა შუა“ განლაგება არ ნიშნავს ამ ორ პუნქტს შორის ჯარის ჩამწკრივებას. ზოგადად ეს ნიშნავდა პოზიციის დაკავებას მდ. ალგეთსა და ქციას შუა. დიახ „შუა!“ რაც მემატიანესაც კარგად სცოდნია, რომ ნიშნავდა რისამე ნაპირებიდან თანაბარი მანძილით დაშორებულს“. რის ნაპირები იგულისხმება? ლომთა გორით მემატიანე მიგვანიშნებს კლდოვანი ბორცვების გრძელ ჯაჭვზე, რომელიც მდინარე ალგეთის მარჯვენა ნაპირს გასდევდა... ხოლო „აგარა“-თი იგი აღნიშნავს მდ. ქციას ქვემო წელზე... უკვე ხსენებულ „წყალთაშუას“. ბორცვების ამ ჯაჭვსა და „წყალთაშუას“ შუა მდებარე, სამხრეთისაკენ პირმოქცეულ პოზიციაზე დაბანაკებულად მიიჩნევდა (? - დ.ბ.) სამხრეთიდან მონღოლთა შემოსევის მომლოდინე ლაშა გიორგის ლაშქარი. დიახ „ლომთა გორსა და აგარათა შუა“, ე.ი. ქართლის დიდ ბუნებრივ კარში 90 ათასიანი ქართული ლაშქრის ჩაყენება, მიუხედავად მოსალოდნელი შებმის ბედისა, ყოველმხრივ გამართლებული იყო“.
აქ ავტორი იშველიებს სიტყვა „შუა“-ს განმარტებას ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან „რისამე ნაპირებიდან თანაბარი მანძილით დაშორებული“; მას თვალში მოსდის სიტყვა „ნაპირებიდან“ და ეჩვენება, რომ ლექსიკონიც ალგეთისა და ქციის ნაპირებს გულისხმობს...
სტატიის ავტორის მომდევნო, ბუნდოვანი წინადადებიდან ის აზრი უნდა გამოვიტანოთ, რომ ქართველთა ლაშქარი განლაგებულია მდ. ალგეთსა და ქციას შორის, სამხრეთისაკენ პირმიქცეულად, სამხრეთიდან მონგოლთა შემოსევის მომლოდინე. გამოდის, რომ ქართველების ბანაკი ამ მდინარეთა შორის, მათ პარალელურად, მდინარეთა დინების „ჩასწვრივ“ ჩამწკრივებულა, მაშინ როგორღა მივიღებთ მტრის „გადასაღობად გარდიგარდმო გახიდულ ქართული ლაშქრის პოზიციას?“. მონგოლები ხომ ი. შაიშმელაშვილის სიტყვითვე მტკვრის მარჯვენა ნაპირს მოჰყვებიან და, მაშასადამე, ქართველთა განლაგების მარცხენა ფრთას მოადგებიან. აშკარაა, რომ პატივცემულ გენერალს მხარი ექცა: მის მიერ განლაგებული ლაშქარი მონგოლებს სამხრეთიდან მოელის, ისინი კი აღმოსავლეთიდან მოდიან. მაგრამ, როგორც ზევით ავღნიშნე, ავტორის მიერ, მონგოლების წინააღმდეგ გამოყენებულმა ამ ფანდებმა უქმად ჩაიარა, რადგან ბრძოლა სულ სხვაგან - ხუნანის ველზე მოხდა, მდ. ძეგამის დასავლეთით.
ი. შაიშმელაშვილი აქაც, ისევე როგორც ზევით, არაერთხელ, გვახსენებს, რომ წყალთაშუა და მისი მინდორი წარმოადგენდა ქართლის ,,დიდ ბუნებრივ კარს” (ე.ი. სომხურად ,,დურ"-ს). უნდა გავიმეორო, რომ არავითარი კარი წყალთაშუას ველზე არ შეინიშნება. წარმოუდგენელია ქართლის რაიმე კარის აქ ძიება, მით უფრო ერთიანი, ძლიერი საქართველოს სამეფოს პირობებში, როდესაც სამხრეთისა, თუ აღმოსავლეთის საზღვარი (პოლიტიკური, ეთნიკური) აქედან ძლიერ შორს იყო დაცილებული. მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ სტატიის ავტორი არც ამ საკითხებთან დაკავშირებით იცნობს ქართველ ისტორიკოსთა ნაშრომებს და საქართველოს საზღვრები, ყოველთვის ისე შემცირებული წარმოუდგენია, როგორც შაჰ-აბას I-ის დროს.
წერილის ბოლოს, ავტორს სათაურით „სხვა შენიშვნები“, მოაქვს თავისი დაკვირვებები, რომლებითაც ცდილობს შეამაგროს მისეული აქამდე მიღებული დასკვნები. მისი აზრით, „ისტორიათა და აზმათა“ ავტორი თამარის გარდაცვალების ადგილად „ჴმელს“ რომ იშველიებს, „არავითარი საფუძველი არ არსებობს ტაბახმელასთან მისი გაიგივებისთვის“. ეს თურმე იმიტომ, რომ იგივე ისტორიკოსი მანამდე ორჯერ ასახელებს ტაბახმელას და რაღა თამარის გარდაცვალებისას დაავიწყდებოდა მისი სახელიო. როგორც ჩანს ი. შაიშმელაშვილი არ ითვალისწინებს ძველი წყაროების დედნებიდან მათი მრავალჯერადი გადაწერის ფაქტებს, რომლის დროსაც შექმნილ სხვადასხვა ვარიანტებში გადამწერთა შეცდომების გამო ტექსტი ზოგან შეირყვნებოდა, ან შეიცვლებოდა სიტყვის დაწერილობა. კ. კეკელიძის აზრით, „თავდაპირველს დედანში იქნებოდა არა „ჴმელსა დგომასა შინა“, არამედ „ტაბაჴმელას დგომასა შინა". გამოთქმულ მოსაზრებას ადასტურებს ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცსოვრების“ ტექსტი, სადაც არის ასეთი სათაური: „სიკვდილი მეფეთ მეფისა და ჴელმწიფეებში ნაქები თამარის ტაბასმელიქს“. ამას თუ დავუმატებთ ნ. ბერძენიშვილის ზემოთ მოყვანილ მსჯელობას, იოანე ბატონიმვილის მიერ თამარის გარდაცვალების ადგილად ზემო ტაბახმელის დასახელების გამოწ აშკარა გახდება, რომ „ჴმელისა“ და ტაბახმელის გაიგივებისათვის სრული საფუძველი არსებობს.
ამ შენიშვნის ბოლოს სტატიის ავტორი წერს: „ჩანს, რომ ტაბახმელა იყო საკუთრივ თამარის, როგორც ქალისა და დედის, სადგურ-საცხოვრებელი. საგულისხმოა, რომ თამარმა ტაბახმელის სიახლოვეს დააარსა დედათა მონასტერი („კაბენი“) და აქვე დაებადა ლაშა გიორგი. საკვირველია, რომ ი. შაიშმელაშვილი ამ შენიშვნის დასაწყის და ბოლო აბზაცს შორის წინაადმდეგობას ვერ ხედავს. უკეთუ ტაბახმელა „საკუთრივ თამარის სადგურ-საცხოვრებელი იყო, უფრო ბუნებრივი არ იქნება მისი გარდაცვალებაც აქ ვიგულისსმოთ? და მაშინ „ჴმელისა“ და ტაბახმელის იგივეობა ვცნოთ? მაგრამ ეს არ შეიძლება, რადგან ამ გზით საბოლოოდ კოჯრის ციხისა და აგარათა ციხის იგივეობამდე მივალთ, რასაც ავტორი ასე თავგამოდებით უარყოფს.
სტატიის ავტორის არც ის აზრია სწორი, თითქოს ტაბახმელა მხოლოდ თამარის, „როგორც ქალისა და დედის სადგურ-საცხოვრებელი“ ყოფილიყოს. ჯერ კიდევ სტეფანოს ორბელიანსა და ვარდან დიდს ჰქონდათ აღნიშნული, რომ დემნას აჯანყების დროს გიორგი III სახატეს იდგა. ამ ცნობაზე დაყრდნობით ნ. ბერძენიშვილი გამოთქვამდა აზრს, რომ იგივე უნდა ყოფილიყო თამარის ტაბახმელა და ე.ი. სამეფო სადგომი გიორგის დროსვე. შდრ.: ბერი ეგნატაშვილის I ტექსტში: „მთა თელეთისა, რომელი არს კერძოთა ტაბაჴმელეთისათა“.
თამარის ისტორიკოსის ცნობები არ იძლევიან იმის საბუთს, რომ ტაბახმელა საკუთრივ თამარის სადგომო იყო. ამ „ქალსა და დედას“ მეუღლე ჰყავდა, რომელიც ასევე მეფედ იწოდებოდა და არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ცოლისაგან განცალკევებული სადგომი ჰქონოდა. ასე რომ, ტაბახმელა იყო არა „დედოფლის სასუფეველი“, როგორც მას სტატიის ავტორი უწოდებს, არამედ სამეფო სადგომი. თამარის შემდეგაც იგი მეფეთა რეზიდენცია ჩანს ქართული წყაროების მიხედვით.
ი. შაიშმელაშვილი იმოწმებს ბასილი ეზოსმომღვრის სიტყვებს. რომ გარდაცვლილი თამარი „აღმოიყვანეს და მცირედთა დღეთა შინა მცხეთად დადვეს“. შემდეგ განაგრძობს: „გასაგებია, რომ ტაბახმელაში გარდაცვლილი მეფის ნეშტს მცხეთაში ვერ „აღმოიყვანდნენ, რადგან პირველი 450 მ-ით მაღალია მეორეზე. აქედანაც გასაგები ხდება. რომ თამარი გარდაიცვალა არა ტაბახმელას. არამედ მცხეთაზე დაბლა მდებარე პუნქტში - „აგარათა“-ში (აგარათა ჭალაში), რომელიც მეფის საზამთრო სადგურ - „დურ“-თან შეიძლება გავაიგივოთ“.
ეს მსჯელობა, ლორის გამო ზემოთ გამართული კამათის არ იყოს. მაშინ იქნებოდა სწორი, ტაბახმელა-მცხეთის საბაგირო გზას რომ ვარაუდობდეს, მაგრამ ასეთი რაკი მაშინ არ იყო, თამარი ჯერ თბილისს უნდა ჩაყევანათ და შემდეგ მცხეთაში წამოეყვანათ“. ასეთი იყო მაშინ გზის მიმართულება ტაბახმელიდან მცხეთამდე. მაშინდელი ისტორიკოსები „ზემოს“ და „ქვემოს“ ზღვის დონიდან ათვლილი სიმაღლეებით კი არ განსაზღვრავდნენ, არამედ მთავარი მდინარეების დინების მიმართულებით („დაღმა“, „აღმა“); ამ ისტორიკოსებს მწვერვალების სიმაღლეები კი არ აინტერესებდათ, არამედ ამ მწვერვალების ძირში მყოფი ქვეყნები, რომელთაც მთავარი მდინარეების დინების მიხედვით შეარქმევდნენ ხოლმე „ზემო“-ს, „შუა“-ს. „ქვემო“-ს. ამიტომ იყო შესაძლებელი შიდა ქართლს „ზენა სოფელი“ (ადრე), „ზემო ქართლი“ (გვიან) შეერქმეოდა, „ქვენასოფლის“, „ქვემო ქართლის” საპირისპიროდ, ტუმცაღა ბამბაკ-ერევნის ქედის სიმაღლის მწვერვალები ამ „ზენა სოფელში“ შეიძლება არც ყოფილიყო.
სწორედ ამას ადასტურებს იმავე ბასილი ეზოსმოძღვრის ერთი ადგილი, სადაც იგი მონაპირეებს ჩამოთელის: „ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი... და ზემო ჯავახეთი... ზედათ არტანი, სადა მესხნი მონაპირობდეს“. მწვერვალების მიხედვით, აქ ჯავახეთის აბულია ყველაზე მაღალი (3301 მ), მაგრამ ისტორიკოსი ჯავახეთის ზემოთ არტანს ასახელებს იმიტომ, რომ მტკვრის დინების მიხედვით, ის უფრო მაღლაა - აღმა. ან კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი მწვერვალები დასავლეთ კავკასიონზეა. ისტორიულ წყაროებში ლიხთიმერეთს „ქვემო“, ამიერს კი „ზემო“ ქვეყანა ჰქვია.
ი. შაიშმელაშვილს ასეთი სურათი ეხატება: ავადმყოფი თამარ მეფე ნაჭარმაგევიდან თბილისს წამოიყვანეს. „აგარანის (ნადარბაზევი) საზაფხულო ციხე-დარბაზამდე მგზავრობა (60-70 კმ) დამღლელი იქნებოდა, მაგრამ მცირე ხნით თბილისში შესვენების შემდეგ, უეჭველია, მისივე (თამარის) ნებით გზა მაინც გაუგრძელებიათ დასოსაკენ... თამარი აგარანის (ნადარბაზევი) საზაფხულო ციხე-დარბაზში უნდა აეყვანათ. აქ არა მარტო შეუდარებელი მყუდროება, საღი და გრილი ჰაერი, წყალუხვი ნაკადულები, უნიკალური წყალსადენი, საგანგებოდ აწყობილი სასახლის მეურნეობა და მომსახურე პერსონალი იყო. იგი თვითონ იდგა ტყეში, ხოლო შორიახლო, ბედენის მწვერვალის ფერდობზე - ულამაზესი ნაძვნარი იყო შეფენილი. მძლავრი გალავნით დაცულ მის ხალვათ ეზოში, ან უშუალო გარემოში, შეიძლებოდა კარვების გაშლა და დასოს კვალობაზე ცხოვრება. ასე, რომ ფიქრადაც კი არ ექნებოდათ უამინდობა. მემატიანე ამბობს, რომ ავადმყოფობის გაუარესების გამო, თამარი საზაფსულო სადგურიდან (დასოდან) უკან წამოუყვანიათ და აგარათას, ან აგარათა ციხეიში (საზამთრო სადგურ დურში) დაუბინავებიათ, სადაც გარდაიცეაღია კიდეც. მხოლოდ აქედან შეეძლოთ „აღმოეყვანათ“ იგი მცხეთას“.
ავტორის მიერ დახატული ნადარბაზევის იდილიური სურათი, ისტორიკოსს (ამ ადგილის მნახველს) ვერ დაარწმუნებს აღწერილი ფაქტის შესაძლებლობაში; პირიქით: კილომეტრებზე გამოყვანილი „უნიკალური წყალსადენი“ სწორედ იმიტომ დასჭირდათ, რომ ნადარბაზევში „წყალუხვი ნაკადულები“ არ იყო (და აი, სწორედ აქ უნდა სტატიის ავტორს, გამონახოს დღეღამეში მილიონნახევარი ლიტრი წყალი 30 ათასი ცხენოსნისათვის, რომელსაც იგი აქ შეყრის დემნას აჯანყების დროს... იხ. წინ.)
ავტორი თვლის, რომ არ არის სავარაუდო ავადმყოფი თამარ მეფის აყვანა კოჯორ-ტაბახმელაში, რადგან ეს ამბავი ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდაო. თუ მართლა ასე იყო, მაშინ ნადარბაზევის უპირატესობა რაღაში გამოვლინდებოდა, იგი ხომ ავტორისავე სიტყვით, ზღვის დონიდან ტაბახმელის სიმაღლეზეა. პირიქით, მისი ნაკლი ამ შემთხვევაში სრულიად ცხადია, რადგან თბილისს დაშორებულია 70 კმ-ით. კიდევ უფრო წარმოუდგენელია, რომ მეფე-ქალი, რომელსაც ავადმყოფობა გაუძლიერდა, ნადარბაზევიდან წყალთაშუა-დურის „სადგომში“ გადაეყვანათ, თბილისიდან უფრო შორს, ვიდრე ნადარბაზევია... ამიტომაც სიმართლესთან უფრო ახლოა ნ. ბერძენიშვილის აზრი: თამარი თბილისიდან „წარიყვანეს“ დასოს, იქიდან კი „კუალად წარმოიყვანეს აგარათა ციხეს“. „არა გვგონიაო - წერს იგი - შემთხვევითი იყოს ჩვენ მიერ ხაზგასმული ზმნის ასეთ ფორმებში მოყვანა. ისე გამოდის, რომ ავტორის აგარათა ციხე უფრო ახლოა თბილისიდან, ვიდრე დასო“. მოტანილი მსჯელობა სრულიად გამორიცხავს ი. შაიშმელაშეილის მიერ მოხაზული მარშუტის სამკუთხედს: თბილისი-ნადარბაზევი-წყალთაშუა-თბილისი (შემდეგ მცხეთა).
სტატიის ავტორი ბოლო შენიშვნაში წერს, რომ ნ. ბერძენიშვილი აზვიადებს კოჯრის ციხის მნიშვნელობას, სიმტკიცეს, მოხერხებულ მდებარეობას. „ჩვენს საისტორიო წყაროებში ვერ ვპოვე ამ დებულებათა დამადასტურებელი ცნობებიო“. ეს ხდება იმიტომ, რომ იგი წინასწარ აკვიატებული აზრით (აგარანი ნადარბაზევია), თანმიმდევრულად ცდილობს უარყოს ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებანი აგარან-კოჯრის ციხის იგივეობის შესახებ. სამაგიეროდ ქართულ და სომხურ წყაროებში არსებული ცნობები აგარანის ციხეზე ავტორს ისე უადგილოდ მიუკერებია ნადარბაზევისათვის, რომ გადაულახავ წინაადმდეგობათა დასაძლევად, ახლა წყალთაშუაში დაუწყია აგარათა ციხის ძებნა; მართლაც ნადარბაზევი - ეს საზაფხულო რეზიდენცია ვერც სიმტკიცეს, ვერც დიდ მნიშვნელობას ვერ დაიჩემებდა.
ი. შაიშმელაშვილისათვის აუხსნელია ,,აბსოლუტური უყურადღებობა. კოჯრის ციხისადმი (ნ. ბერძენიშვილის აზრით - აგარანი), რაც გამოსჭვივის ჩვენი ყველაზე დიდი მტრების (ბუღა თურქი, მურვან ყრუ, მონღოლები, შაჰ-აბასი) საქციელში. დამაჯერებელი რამ არც ამის შესახებ მოინახება ხსენებულ წყაროებში, ვითომც მის ძირში გადიოდა საქვეყნო საქარავნო გზა, მაგრამ ამ საბუთ-საფუძვლების მონახვითაც არაფერი ითქმება კოჯრის ციხისა და აგარანის იდენტიფიკაციის სასარგებლოდ“-ო.
საინტერესოა, სტატიის ავტორს ეს „ჩვვნი ყველაზე დიდი მტრები“ რა ნიშნით ამოურჩევია, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად უმნიშვნელო ციხე ყოფილა, აგარანი, რომ ზემოხსენებულ მტრებს ყურადღებაც არ მიუქცევიათ. ავტორს, ჩანს არ მოეხსენება, რომ კოჯრის ციხის დღემდე შემორჩენილი უძველესი ფენა შეიძლება IX საუკუნეზე ძველი არ იყოს; ასე, რომ მურვან ყრუს დროს იგი ალბათ არც არსებობდა. მონგოლების დროს ტაბახმელის სამეფო სადგომი იხსენიება, მაგრამ ი. შაიშმელაშვილს იგი აგარათა ციხესთან ვერ დაუკავშირებია. კოჯრის ციხის გვიანდელი ფენები XVI-XVIII საუკუნეებს ეკუთვნის და ის თუ წყაროებში არ მოიხსენიება, ეს შესაძლოა შემთხვევით აიხსნას. რაც შეეხება გზას და გზაყრილს კლდეში, ის მართლაც არსებობს ამ ციხის ძირას, რაშიც ი. შაიშმელაშვილიც დარწმუნდებოდა, კარგად, რომ მოეძია იგი ადგილზე.
ამრიგად, ვრწმუნდებით, რომ განხილული წერილი თავიდან ბოლომდე სამწუხარო გაუგებრობებზეა აგებული, თუმცა კი კილო კატეგორიული აქვს. აქ, როგორც იტყვიან, ამბიციები შორს უსწრებენ ამუნიციას და აი რატომ: ნაკლულია ფაქტობრივი ცოდნა ასეთი სპეციალური კვლევისათვის რომაა საჭირო; უცნობია ძირითადი წყაროთმცოდნეობითი ხერხები, როგორიცაა წყაროს გაგება და შეფასება, წერილობითი ცნობების შემოწმება სხვა ასეთივე, ან არაპირდაპირი ცნობებით, დადგენილი ფაქტის ინტერპრეტაცია. რაც შეეხება ეტიმოლოგიებს - ისინი უადგილოდაა ყურით მოთრეული. ავტორის მსჯელობას დამაჯერებლობას ვერ მატებს, ვერც ხშირად ხმარებული შეძახილი „დიახ!“ ვერც ძახილის ნიშნების წყვილ-წყვილად ხმარება, ვერც მხატვრული წიაღსვლები, რომელთაც ცუდად დაწერილი ისტორიული რომანების გავლენა ატყვია; ესენი უფრო ავტორის არგუმენტაციის სისუსტეს ააშკარავებენ. როგორც ჩანს, ასეთი საკითხების კვლევისას მხოლოდ სამხედრო თეორიისა და სამხედრო ხელოვნების ცოდნა არ კმარა.
გასაგებია, რომ ქართველი კაცისათვის საქართველოს ისტორია უფრო მეტია, ვიდრე ვთქვათ, საბუნებისმეტყველო მეცნიერების რომელიმე დარგი. ამიტომაცაა ამ საკითხებზე ფიქრობენ და წერენ ექიმები, თუ მათემატიკოსები, ინჟინრები, თუ გლეხები. ი. ვეკუაც თურმე საქართველოს ისტორიკოსობას ნატრობდა, რადგან მასში მეტად ხედავდა ეროვნული თვითგანმტკიცების გზას. ასეთ პირობებში საქართველოს ისტორიის ცალკეული საკითხების კვლევით დაინტერესებულთა რიცხვი სულ იმატებს არაისტორიკოსთა შორის. ცხადია, უნებლიე შეცდომებისაგან დაზღვეული არც ისტორივოსები არიან, მაგრამ მოყვარულების მიერ ჩატარებული მეცნიერული კვლევისას, შეცდომების შანსი გაცილებით მეტია. ეს უნდა გაითვალისწინონ ასეთი ნაშრომების ავტორებმაც და მათმა გამომცემლებმაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий