пятница, 1 марта 2019 г.

სასისხლო სიგელთა დათარიღებისათვის (გ. არახამია)

მართალია, სასისხლო სიგელთა შესწავლას, მათ შორის, დათარიღების საკითხის კვლევას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ამ მიმართულებით ზოგი რამ დაზუსტებას მოითხოვს. ამჯერად საუბარი შეეხება რამდენიმე მათგანის ტექსტის შედგენის დროის განსაზღვრას.
ნიქაბერიძეთა სასისხლო სიგელი. შემონახულია სიგელის პირი, გადაწერილი ეტრატზე მხედრულით, სავარაუდოდ, XVI საუკუნეში. დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქმ 1604). გამოცემულია . კაკაბაძის მიერ (კაკაბაძე 1924: 2-6). გადაწერის დროს დედნის კეფები არეულია. საბუთის გადანაწერში შეტანილია სხვა დოკუმენტის ფრაგმენტი, რომელიც, ალბათ, დედნის არშიაზე ან თავისუფალ ადგილზე იყო დაწერილი.
სიგელის ადრესატები არიან გიორგი, ოღი და სიხარული ნიქაბერიძეები, „გელათისა წინამდეგნი და ყმანი“. საბუთის გამცემის შესახებ ხელნაწერი გვაუწყებს: „დავითისაგან ბაგრატოვანისა, ძისა ვახტანგისგან“ (კაკაბაძე 1924: 3). ს. კაკაბაძის კონიექტურით მოტანილი ფრაზა ასე იკითხება: „დავითისაგან ბაგრატოვანისა, ძისა მისისა ვახტანგისგან“ (კაკაბაძე,1924: 5). საბუთის გაცემის თარიღის შესახებ ხელნაწერში ვკითხულობთ: „დაიწერა სიგელი სასისხლო და ბრძანება ესე...ინდიკოტო მეფობასა ჩუენისათა იოანე ხელითა მწიგნობარი ეფთვიმესითა ასურისთა“ (კაკაბაძე 1924: 3). ს. კაკაბაძის დაკვირვებით, ტექსტის მოტანილი ფრაზა დამახინჯებულია გადამწერის მიერ, რომელსაც თარიღის მაჩვენებელი „იე“ (15) გაუგია საკუთარი სახელის „იოანეს“ დაქარაგმებად. მისი აზრით, საბუთის დედანში აღნიშნული წინადადება ასე იკითხებოდა: „დაიწერა სიგელი სასისხლო და ბრძანება ესე...ინდიკტიონსა მეფობასა ჩუენისათა იე, ხელითა მწიგნობრისა ეფვთიმესითა ასურისათა“ (კაკაბაძე 1924: 4-5).
ს. კაკაბაძე სიგელის გამცემად მიიჩნევს დავით VI ნარინს, რომელიც ერთი ქრონიკალური ცნობით, დედის, რუსუდანის თანამოსაყდრედ ეკურთხა 1236 წელს (ჟორდანია 1897: 124). აქედან გამომდინარე მკვლევარი ასკვნის, რომ მისი მეფობის მეთხუთმეტე წელს („ინდიკტიონს ი–ე“) გაცემული სიგელი 1251 წლით უნდა დათარიღდეს (კაკაბაძე 1924: 6), რასაც იზიარებენ დ. ჟღენტი (ლექსიკონი 1991: 266) და ლ. რატიანი (ლექსიკონი 2004: 308).
ვფიქრობ, სიგელის თარიღი დაზუსტებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ დავით ნარინის თანამოსაყდრედ კურთხევის თარიღის შესახებ წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან. ე.წ. აფხაზთა ქრონიკა, რომელსაც ემყარება ს. კაკაბაძე, ამ ფაქტს 1236 წლით ათარიღებს, რაც ზუსტი არ უნდა იყოს. ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი მატიანის“ მიხედვით, დავით უფლისწული, შემდგომში მეფე დავით VI ნარინი, თანამოსაყდრედ აკურთხეს ქუთაისში ხუთი წლის ასაკში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში ჯალალ-ად-დინი თარეშობდა (ყაუხჩიშვილი 1959: 179). ეს უკანასკნელი საქართველოს გაეცალა 1230 წლის მეორე ნახევარში, მოკლეს 1231 წ. 17 აგვისტოს. აქედან გამომდინარე ი. ჯავახიშვილმა და ნ. ბერძენიშვილმა დავით ნარინის თანამოსაყდრედ კურთხევა 1230 წლით დაათარიღეს (ჯავახიშვილი 1982: 16; ბერძენიშვილი 1966: 21). ამ უკანასკნელ თარიღს იზიარებს ნ. შოშიაშვილი, თუმცა აღნიშნული ფაქტის თარიღად 1232 წელსაც ასახელებს (შოშიაშვილი 1984: 180).
თუ დავით ნარინის თანამოსაყდრედ კურთხევის თარიღად და, შესაბამისად, განსახილველ სიგელში მისი მეფობის ინდიკტიონის ათვლის წერტილად 1230 წელს ან 1232 წელს მივიღებთ, მაშინ საბუთის გაცემის თარიღი 1245 წ. ან 1247 წ. გამოვა, რაც მიუღებელია. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ წლებში დავით VI მონღოლთა ყაენის კარზე იმყოფებოდა და, ცხადია, საქართველოში სიგელს ვერ გასცემდა.
როგორც არ უნდა დათარიღდეს დავით VI-ის თანამოსაყდრედ კურთხევა ან დასავლეთ საქართველოში მისი გამეფება, ავიღებთ მისი მეფობის ინდიკტიონის ათვლის საწყისად თანამოსაყდრედ თუ დამოუკიდებელ მეფედ კურთხევის წელს, ნიქაბაძის სიგელის გაცემის თარიღი სცილდება დავით ნარინის მოღვაწეობის ხანას.
ამაზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება. სიგელში სისხლის ფასი განსაზღვრულია ძველი ცხუმური თეთრით. ზემოთ უკვე ითქვა, რომ ვერცხლის ფულის – თეთრის, იქნება ის კირმანეული თუ ცხუმური, ეპითეტი „ძველი“ ფეხს იკიდებს 1296 წლიდან, როდესაც ყაზან-ყაენის რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა ვერცხლის ფულის ახალი კანონიერი წონა. ასე რომ, ნიქაბაძის სიგლის გაცემის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარია 1296 წ. შესაძლებელია მოინიშნოს ზედა ქრონოლოგიური ზღვარიც. სიგლის ტექსტი შეიცავს გვიანდელი დამტკიცება-განახლების ფრაგმენტს, რომელსაც ხელახლა დამამტკიცებელი მეფის სახელი აკლია, მაგრამ შემოუნახავს ხელახლა დამტკიცების თარიღი: „ინდიკ(ტ)იონსა მეფობასა რაი ას სამოცდასამსა“ (კაკაბაძე 1924: 3). ფრაზაში „რაი ას სამოცდასამი“, როგორც ს. კაკაბაძე შენიშნავს, ქრონიკონის ანბანური მაჩვენებელი („რაი“) განმარტებულია სიტყვიერადაც. ქრონიკონის ანბანური მაჩვენებელი კი თავდაპირველად (იგულისხმება დედანში) რ (100), ჲ (60) და გ (3) ასონიშნების კომბინაცია უნდა ყოფილიყო. მხედრულ ანბანში ასონიშანი (ჲ – იოტა) XVI საუკუნემდე ნუსხური გრაფიკით იწერებოდა (რაც ძალიან ჰგავდა მხედრულ „ა“-ს). გადამწერმა სწორად გაიაზრა ამ ასონიშნის ადგილი ანბანში და, შესაბამისად, მისი რიცხვითი მნიშვნელობა (60), ოღონდ რიცხვის ანბანური კომბინაციის მესამე ასონიშნის გადმოღებაში დაუშვა შეცდომა და „გ“-ს ნაცვლად „ი“„ დაწერა, თუმცა რიცხვითი მნიშვნელობა სიტყვიერად („ას სამოცდასამი„) სწორად გადმოსცა. ასე რომ, ნიქაბაძის სასისხლო სიგელის ხელახალი დამტკიცების თარიღია ქრონიკონი 163 და იძლევა (1312+163) 1475 წელს, რაც, ამავე დროს, მისი შედგენის ზედა ქრონოლოგიური ზღვარიცაა.
ამრიგად, ნიქაბაძის სასისხლო სიგელი გაცემულია 1296-1475 წლებს შორის, რომლის გამცემი დავით მეფეც ამ შუალედშია საძიებელი. აღნიშნულ პერიოდში ამ სახელის მატარებელი ორი მეფეა ცნობილი, ერთი დავით IX, რომელიც ი. ჯავახიშვილის მიერ დადგენილი ქრონოლოგიით 1346-1360 წწ. მეფობდა (ჯავახიშვილი 1982: 83-84) და პროვინციის მეფე დავით ანდრონიკეს ძე, რომელიც პოლიტიკურ არენაზე ჩანს 1354-1382 წლებში. მისი საგამგებლო ტერიტორია შიდა ქართლი, კერძოდ, გორის მიდამოებია (კაკაბაძე 1914: 139; ოდიშელი 2010: 189). დასავლეთ საქართველოზე მისი ხელისუფლების გავრცელების რაიმე ნიშანი წყაროებს არ შემოუნახავს, ამიტომ „გელათის წინამდეგნი და ყმანი“ ნიქაბაძეები აღნიშნული დავითის ვასალები ვერ იქნებოდნენ და, ცხადია, მათ სიგელსაც ვერ მისცემდა.
რჩება სრულიად საქართველოს მეფე დავით IX, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა დასავლეთ საქართველოზეც. მისი მეფობის მეთხუთმეტე ინდიკტიონი, თუ ათვლის წერტილად ერთპიროვნული გამეფების თარიღს (1346 წ.) ავიღებთ, 1360-1361 წლებზე მოდის.
ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აღნიშნულ სიგელში დავით მეფის შვილად დასახელებულია ვახტანგი, რომელიც სხვა წყაროებში არ ჩანს. ცნობილია, რომ დავით IX სამეფო ტახტზე შეცვალა თავისმა ძემ ბაგრატმა. ამიტომ ნიქაბაძის საბუთის აღნიშნული ცნობა შეიძლება დავით IX-ის მეფობის ადრეულ პერიოდს ასახავდეს, როცა მას ბაგრატი ჯერ კიდევ არ ჰყავდა (პირმშო ვახტანგი, ივარაუდება, მამის სიცოცხლეში გარდაიცვალა).
ე.წ. გორგაძეთა სასისხლო სიგელი. შემონახულია მხედრულად დაწერილი პირი, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Aდ 932). გრაგნილის მეორე მხარეს წერია: „ესე სიგელისა ძველისა დედოსსგან (სიც) გარ(დ)მოვწერეთ და გარ(დ)მოვიღეთ“ (ჟორდანია 1897: 194). გამოცემულია თ. ჟორდანიას მიერ (ჟორდანია 1897: 193-195). საბუთის პირი, ხელის მიხედვით თ. ჟორდანიას აზრით, გადაწერილია XV საუკუნეში (ჟორდანია 1897: 193), ს. კაკაბაძის შეხედულებით XVI ს. მეორე ნახევარში (კაკაბაძე 1924: 67). პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით (იგულისხმება ასოების: ო, პ, ნ, უ, ჩ, ც, წ ნუსხურიდან მხედრულისაკენ გარდამავლობა), ჯ. ოდიშელი ხელნაწერს XV ს. მიაკუთვნებს (ოდიშელი 1966: 212).
ეს სიგელი სამეცნიერო ლიტერატურაში გორგაძის სასისხლო სიგლის სახელწოდებითაა ცნობილი, მაგრამ ტექსტში ადრესატის გვარი ყველგან ამოშლილია და ჩაწერილია „გორგაძე“, ოთხი ასეთი შემთხვევიდან ერთში მკრთალად, მაგრამ გარკვევით შემორჩენილია ნაკვალევი გვარსახელისა „ინოსარიძე“, რაც მოწმობს იმას, რომ დანარჩენ სამ ადგილზეც, სადაც ადრესატი იყო დასახელებული, გვარი „ინოსარიძე„ ეწერა. მას დავითი რქმევია, რაზედაც მიუთითებს ის გარემოება, რომ ადრესატის სახელი „დავითი“ ორგან ძირითადი ტექსტის ხელითაა შემონახული (ორგან კიდევ გვართან ერთად სახელიც წაშლილია და დაწერილია „გორგაძე დავით“). საბუთის ადრესატის ვინაობის წაშლა და ახლით ჩანაცვლება გაკეთებულია თითქმის თანამედროვე ხელით, შესაძლოა, როგორც ჯ. ოდიშელი ვარაუდობს, იმ დავით გორგაძის მიერ, რომელმაც ის იმერეთიდან ჩამოიტანა და თ. ჟორდანიას გადააწერინა XIX ს. 90-იან წლებში (ოდიშელი 1966: 212).
ასე რომ, ე.წ. გორგაძეთა სასისხლო სიგელი სინამდვილეში დავით ინოსარიძის სახელზე გაცემული საბუთია.
სიგელის თავში გამცემის შესახებ ნათქვამია: „ქ. სახელითა ღმრთისათა ჩუენ მეფეთ-მეფემან ალექსანდრემან და ძეთა ჩუენთა ვახტანგ დავითიან ბაგრატოვანმან...“ (ჟორდანია 1897: 193). სიგელის ბოლოს გადამწერის მიერ გადმოღებულია ხვეული ხელრთვა: „ალექსანდრე“ (ჟორდანია 1897: 194).
გაცემის თარიღის შესახებ ტექსტში წერია: „დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ინვნდიკონსა მეფობისა შიგან ქრონ(იკონ)სა ოთხმოცსა, თვესა ივნისსა ცამეტსა, ხელითა მწი(გნო)ბრისათა ჩუენისა გრიგოლისითა„ (ჟორდანია 1897: 194). ალექსანდრე მეფის ინდიქტიონის (ტექსტში დამახინჯებულია: „ინვნდიკონი“) რიცხვითი მაჩვენებელი არ გვაქვს, მაგრამ მითითებულია ქრონიკონი 80, რაც 1392 წელს (1312+80) უჩვენებს.
სიგელის გამცემი ალექსანდრე მეფის იდენტიფიკაცია აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თ. ჟორდანია მას აიგივებს ლიხთ-იქითის მეფე ალექსანდრესთან, რომელიც, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, გამეფდა 1387 წელს და გარდაიცვალა 1389 წელს (ყაუხჩიშვილი 1973: 803). თ. ჟორდანია განსახილველი სიგელის თარიღს უფრო სანდოდ მიიჩნევს, ვიდრე ვახუშტი ბაგრატიონის ცნობას აღნიშნული მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ (ჟორდანია 1897: 193). ს. კაკაბაძის აზრით, სიგელის დედანში უნდა წერებულიყო „ქრონიკონსა ას პთ“ (ანუ 1501 წელი), რაც გადამწერს შეცდომით გადმოუღია როგორც „ოთხმოცსა“. ამის საფუძველზე ის სიგელს მიაკუთვნებს იმერთა მეფეს ალექსანდრე II-ს (კაკაბაძე 1924: 68), რასაც არ იზიარებს ჯ. ოდიშელი (ოდიშელი 1966: 212).
განსახილველი სიგელის გაცემის ახლო ხანებში, XIV ს. 90-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში ჩანს პროვინციის მეფე ალექსანდრე (ნინიძე 1995: 103-112). დ. ნინიძე სვამს კითხვას, ხომ არ შეიძლება ამ უკანასკნელის გაიგივება ე. წ. გორგაძის სასისხლო სიგელის გამცემ ალექსანდრე მეფესთან? (ნინიძე 1995: 108).
იმის გათვალისწინებით, რომ ინოსარიძის („გორგაძის“) სასისხლო სიგელის გამცემი მეფის ხელისუფლების გავრცელების არეალი დასავლეთ საქართველოშია, ყველაზე მისაღებად ჩანს თ. ჟორდანიას თვალსაზრისი, რომლის თანახმად, საბუთი გაცემულია დავით ნარინის შთამომავლის, დასავლეთ საქართველოში 1387 წელს გამეფებული ალექსანდრე ბაგრატის ძის მიერ, რომლის გარდაცვალების ვახუშტისეული თარიღი (1389 წელი), განსახილველი სიგელის საფუძველზე, უნდა გადაისინჯოს.
სიგელის ადრესატი დავით ინოსარიძე დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმის ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელია. ინოსარიძეთა/ინასარიძეთა გვარი წერილობით წყაროებში პირველად ლაბეჭინის XIII ს. წარწერაში იხსენიება (თაყაიშვილი 1991: 26).
გუგუნავების სასისხლო სიგელი. შემონახულია საბუთის ორი პირი; ერთი მათგანი, ეტრატზე დაწერილი მხედრულით, ხელის მიხედვით XV-XVI სს-ს ეკუთვნის და დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 1607); მეორე, შესრულებული 1868 წელს ა. ბერჟეს დაკვეთით, ინახება სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთის ხელნაწერთა ინსტიტუტში, მ. ბროსეს არქივში (Н91, ფ. 4ვ –5г).
პირველი ხელნაწერის (ქიმ 1607) მიხედვით ტექსტის დიდი ნაწილი გამოაქვეყნა ს. კაკაბაძემ (კაკაბაძე 1924: 299–300); უფრო ადრე მან გამოაქვეყნა ტექსტი მეორე ხელნაწერის მიხედვით (კაკაბაძე 1913ა: 18-19). რუსული თარგმანი იმავე (პეტერბურგში დაცული) ხელნაწერის მიხედვით გამოსცა საურმაგ კაკაბაძემ (კაკაბაძე 1982: 117-119).
სიგელის ადრესატები არიან მეფის მოლარეთუხუცესის ქველი ჭილაძის ყმა-ვასალები, კაკუ და მისი შვილები: მამალე, გავაშელი, ტაიბუღა და რატი გუგუნავები (კაკაბაძე 1913ა: 18).
სიგელის გამცემი მეფის ვინაობა ხელნაწერებში განსხვავებულად არის წარმოდგენილი. ქუთაისურ ნუსხაში ვკითხულობთ: „ქ. სახელითა ღუთისათა დავით მეფემან და გი(ორ)გი ბაგრატუობათა...“ (იხ. ქიმ 1607). პეტერბურგულ ხელნაწერში შესაბამისი ადგილი ასე იკითხება: „ქ. სახელითა ღმრთისათა დავითიანმან მეფემან გიორგიმ ბაგრატონიანმან...“ (კაკაბაძე 1913ა: 18). როგორც ვხედავთ, ქუთაისურ ნუსხაში სიგელის გამცემად დასახელებულია ორი მეფე − დავითი და გიორგი. დ. ჟღენტი (ლექსიკონი 1991: 268) და მ. სურგულაძე (სურგულაძე 2010: 175) თვლიან, რომ სიგელის გამცემია მეფე დავითი, რომელსაც აიგივებენ დავით X-სთან (1505-1525), მაგრამ ეს მოსაზრება საბუთის ერთი (ქუთაისური) ხელნაწერის დამახინჯებულ ჩვენებას ემყარება; მეფის ტიტულატურის აღმნიშვნელი „დავითიანი“ (მიანიშნებს ბაგრატიონთა ბიბლიური დავით წინასწარმეტყველისაგან წარმოშობას), დამოწმებული პეტერბურგულ ნუსხაში, ქუთაისური ნუსხის გადამწერმა გაიგო როგორც საკუთარი სახელი („დავითი„) და ასეც გადმოიტანა.
საბუთის გამცემი მეფის ვინაობის გასარკვევად სარგის და საურმაგ კაკაბაძეები, სავსებით მართებულად, უპირატესობას პეტერბურგული ნუსხის წაკითხვას ანიჭებენ და ასეთად გიორგი მეფეს თვლიან, რომელსაც გიორგი VII-სთან (1393-1407) აიგივებენ. მათი აზრით, ასეთ იდენტიფიკაციას ადასტურებს სიგელში მოწმეებს შორის დასახელებული გიორგი მეფის სიძე ამირეჯიბი კახაბერ ჩიჯავაძე (კაკაბაძე 1913ა: 19; კაკაბაძე 1924:300; კაკაბაძე 1982: 119), რომელიც სხვა საბუთის მიხედვით, მართლაც იყო გიორგი VII-ის სიძე - მისი დის ულუმპიას მეუღლე (ენუქიძე და სხვები 2013: 7).
სიგელის გამცემი რომ გიორგი VII, ამას მოწმობს მასში დაცული კიდევ ერთი რეალია. საბუთის დამწერია დემეტრე მარკოზიშვილი (კაკაბაძე 1913ა: 19; კაკაბაძე 1924: 300), რომელიც მდივან-მწიგნობარი იყო გიორგი VII-ისა და ალექსანდრე I-ის (1413-1446) კარზე (ენუქიძე და სხვები 2013: 81, 90, 101, 115, 119, 126, 129, 136, 152).
ქველი ჭილაძე იხსენიება ტყვირის ეკლესიის ქტიტორულ წარწერაში (თაყაიშვილი 1913: 2-5; ჭილაძეთა საგვარეულოს შესახებ იხ. სოსელია 1973: 271-284; არახამია 2009: 8-26).
მიქაბაძის სასისხლო სიგელი. შემონახულია საბუთის პირი, გადაწერილი ეტრატზე XV საუკუნეში. ხელნაწერი დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 1605). სიგლის ადრესატები არიან დავით და გიორგი მიქაბაძეები, მეფის მეაბჯართუხუცესის გიორგი ჩხეტიძის ყმა-ვასალები (კაკაბაძე 1924: 6). საბუთის გამცემია გიორგი მეფეთ-მეფე „იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატუანი ნებითა ღვთისათა აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშთა, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, სამხრისა და ჩრდილოეთისა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა – ორსავე სახელმწიფოსა ტახტ-გვირგუინისა ღვთისა მიერ მფლობელ-მპყრობელი“ (კაკაბაძე 1924: 6-7). გაცემის თარიღად დასახელებულია გიორგის მეფობის ინდიკტიონი რიცხვითი მაჩვენებლის გარეშე და ქრონიკონი 545 (კაკაბაძე 1924: 8).
საბუთის დათარიღების საკითხი განიხილა ს. კაკაბაძემ. ქრონიკონი 545, ცხადია, გაუგებრობაა – ის ქრონიკონულ 532 წლიან ციკლს 13 წლით სცილდება. ეს უცნაურობა ქრონიკონის რიცხვითი მაჩვენებლისა, ს. კაკაბაძის აზრით, აიხსნება იმით, რომ საბუთის შემდგენელმა დასრულებული ქრონიკონის სრულ ციკლს (532-ს) მექანიკურად მიუმატა ახალი ქრონიკონის წლები, რომელთა რაოდენობა 13-ს შეადგენდა. ამის გათვალისწინებით მკვლევარმა ქრონიკონის მაჩვენებლად გამოიყვანა 13 და მიიღო 1325 წ. (1312+13) (კაკაბაძე 1924: 8-9). ს. კაკაბაძის ეს თვალსაზრისი გაიზიარეს დ. ნინიძემ (იხ. ნინიძე 1995: 121), კ. კახაძემ (კახაძე 2001:46-48) და ა. ბაქრაძემ (ლექსიკონი 2004: 180). სიგელის გამცემი გიორგი მეფე ს. კაკაბაძემ გააიგივა ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში დასახელებულ გიორგი მეფესთან, რომელიც იმერული გარიგების წიგნის ქრონიკალური ცნობით, გარდაიცვალა 1345 წელს ეს უკანასკნელი, მკვლევრის ვარაუდით, დავით ნარინის ჩამომავალი იყო (კაკაბაძე 1924: 9). ეს ვარაუდი არ გაიზიარეს დ. ნინიძემ და კ. კახაძემ. მათი აზრით, სიგელის გამცემია გიორგი V ბრწყინვალე (ნინიძე 1995: 121; კახაძე 2001: 48).
ვფიქრობთ, საბუთის თარიღისა და გამცემი მეფის იდენტიფიკაციის საკითხის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები უდავო არ არის. ამის საფუძველს იძლევა რამდენიმე გარემოება. უწინარეს ყოვლისა, ხელნაწერში დაცული ქრონიკონის რიცხვითი მაჩვენებლის ს. კაკაბაძისეული ინტერპრეტაცია ხელოვნურად გამოიყურება – ქრონიკონით თარიღის მითითება იმგვარად, როგორც ეს განსახილველი სიგელის ხელნაწერში გვაქვს, არც ერთ ქართულ წერილობით ძეგლში არ დასტურდება.
ცნობა თარიღის შესახებ დამახინჯებულია გადამწერის მიერ და მისი პირვანდელი სახით აღდგენა უიმედო ჩანს. მეორე, სიგელის თავში მეფის ტიტულატურაში ვკითხულობთ: „იესიან-დავითიან-სოლომონიანი“, რითაც ქართველი ბაგრატიონები ბიბლიურ დავითთან თავიანთ ნათესაობას უსვამდნენ ხაზს. ეს ელემენტი ქართველ მეფეთა ტიტულატურაში ფეხს იკიდებს XIV ს. 80-იანი წლებიდან (ენუქიძე და სხვები 2013: 50, 98), რაც გვაფიქრებინებს, რომ განსახილველი საბუთი ეკუთვნის უფრო გვიანდელ ხანას, ვიდრე გიორგი V ბრწყინვალის მეფობაა (1318-1346). აქედან გამომდინარე სიგელი გაცემული უნდა იყოს გიორგი VII (1393-1407) ან გიორგი VIII (1446-1465) მიერ. სხვა გიორგი მეფე, რომლის მოღვაწეობა თავსდება საბუთის შედგენის სავარაუდო ეპოქაში (XV-XVI საუკუნეები) და დასავლეთ საქართველოშიც ფლობდა ხელისუფლებას, ცნობილი არაა. საბუთის დამწერის ვინაობა – სამეფო „კარისა და საწოლის მწიგნობარი დავითი“ – კი გვიბიძგებს იქითკენ, რომ სიელის გამცემად გიორგი VII ვივარაუდოთ, რამდენადაც სწორედ მისი მეფობის ახლო ხანებში, სახელდობრ, 1408 წელს სამეფო კარზე მოღვაწეობდა „საწოლის მწიგნობარი დავითი“, გვარად ცნოდისძე (ენუქიძე და სხვები 2013: 100).
მიქაბაძის გვარის სამკვიდრო რაჭა უნდა ყოფილიყო: XV-XVI სს-ით დათარიღებული ნასყიდობის წიგნის მიხედვით, მიქაბაძე ივანია მოწმედაა დასახელებული დავით სამსონიშვილის მიერ შალვა შერაზადიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (ლექსიკონი 2004: 190).
თოდოძეთა სასისხლო სიგელი. შემონახულია სიგელის ორი პირი. ერთი მათგანი, დაწერილი ეტრატზე მხედრულით, ხელის მიხედვით, გადაწერილია XV საუკუნეში. ინახება ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქმ 591). მეორე პირი, გადაწერილი პირველისგან, ინახება ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში (ხელნაწერთა ფონდი ზდ-73). ეტრატის ხელნაწერი თავის დროზე თოდუებს წარუდგენიათ სამეგრელოს მმართველობის საბჭოში (1857-1867), რასაც გვაუწყებს შემდეგი რუსული მინაწერი: „Сей документ в Совет Управления Мингрелиею крестьянином Тодуевым явлен и в книгу подоринником под №829 записан, в чем подписан присутствующих и приложением казеннкой печати свидетельствуется“ (კაკაბაძე 1924: 47). სიგელი ეტრატის ხელნაწერის მიხედვით გამოაქვეყნა ს. კაკაბაძემ (კაკაბაძე 1924: 45-47).
საბუთის მიმღებად დასახელებულია სარგის ფარიჯანიანის ყმა-მსახურები ვარდან და გიორგი თოდოძეები. ეტრატის ხელნაწერში ის ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ მეფე კონსტანტინეს წინაშე იაჯა სარგის ფარიჯანიანმა მისი ერთგული ყმების ვარდან და გიორგი თოდოძეებისათვის სასისხლო სიგლის ბოძება, სიტყვები: „ფარიჯანიანი სარგის“ გადაკეთებულია ასე: „მარად მთავარანგელოზის ეკლესიის კარს“ (კაკაბაძე 1924: 48). ეტრატის ხელნაწერიდან გადმოღებულ ზუგდიდურ ნუსხაში გადასწორების კვალი, ბუნებრივია, არ ჩანს. გადამკეთებლის მიზანი კარგად ჩანს – მას სურდა წაეშალა ფარიჯანიანის მიმართ თოდოძეების ყმობის მაჩვენებელი სიტყვები. შესწორება, ხელის მიხედვით, XVI საუკუნეში უნდა მომხდარიყო (კაკაბაძე 1924: 46).
საბუთის შედგენის წელი მითითებული არ არის, მაგრამ მოცემულია გაცემის თვე, დღე და რიცხვი (15 დეკემბერი, პარასკევი). საბუთის გამცემია მეფე კონსტანტინე. სიგელის გაცემის სავარაუდო ეპოქაში (XIVXVI სს.) ამ სახელის მქონე ოთხი მეფეა ცნობილი: დასავლეთ საქართველოს მეფეები კონსტანტინე დავით ნარინის ძე (1293-1336), მისი ძმის, მიქაელის შვილიშვილი კონსტანტინე ბაგრატის ძე (1396-1401), ერთიანი საქართველოს მეფეები (რომელთა ხელისუფლება დასავლეთ საქართველოზეც ვრცელდებოდა), კონსტანტინე I (1407-1412) და კონსტანტინე II (1478-1505). მათ შორის, გამორიცხვის წესით, განსახილველი საბუთის გამცემად ვერ მივიჩნევთ კონსტანტინე დავით ნარინის ძეს. ამის საფუძველს იძლევა, როგორც ა. ტუღუში შენიშნავს, მეფეთა ტიტულატურაში მოცემული ფორმულა „იესიან-დავითიან-სოლომონიანი“, რომელიც კონსტანტინე დავით ნარინის ძის მეფობის ხანაში ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული სიგელთდაწერილობის პრაქტიკაში (ტუღუში 2006: 206).
სიგელის გამცემ მეფეთა რიგიდან, ვფიქრობ, გამოსარიცხია კონსტანტინე ბაგრატის ძეც, რომელიც, რამდენადაც ვიცით, ყაენთან ურდოში არ ყოფილა დასახელებულ მეფეთა შორის განსახილველი საბუთის გამცემი მეფის ძიებისას გვაქვს ერთი ამოსავალი რეალია, რასაც თავად სიგელის ტექსტი გვაწვდის. სიგელში მეფე გვაუწყებს: „ღმრთისა სამართალსა ზედა შეუშვით. ლაშქარს ვიყავით. სამი თათარი გამოირჩია ყაინმან, ვითა სამი ქრისტიანე შეაბითო სამართალსა ზედა. მერმე ერთი ესე თოდოა ვარდან შევაბით და ორი სხვა. იპრიანა ღმერთმან და სამივე დაჭრეს და მოკლეს ქართველებმა“ (კაკაბაძე 1924: 46).
ცნობის შინაარსი გარკვეულ კომენტარს მოითხოვს. ნათელია, რომ მეფე კონსტანტინე ქართველ მეომრებთან ერთად იმყოფებოდა „ლაშქარში“, რომელიღაც ყაენთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ყაენი და ქართველი მეფე ერთმანეთს კი არ ებრძვიან, არამედ ქართველი მეფე თავისი ჯარით ყაენთან იმყოფება ანუ ამ უკანასკნელის წინაშე იხდის სამხედრო ვალდებულებას. ამის გათვალისწინება საჭიროა საბუთის გამცემი კონსტანტინე მეფის იდენტიფიკაციისათვის. ყაენს მოუთხოვია სამ-სამი თათრისა და ქრისტიანის „შებმა“ (შებრძოლება) „სამართალსა ზედა“. ცნობილია, რომ „სამართალსა ზედა შებმა“ შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ორდალიების ერთ-ერთი ფორმაა, რასაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმართავდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოზე ვერც მოსარჩელე და ვერც მოპასუხე სხვა მტკიცებულებებით ვერ ახერხებდნენ საკუთარი პოზიციის დამტკიცებას. ასეთ დროს სასამართლო დანიშნავდა ორთაბრძოლას. სიმართლე იმის მხარეს იქნებოდა, ვინც ორთაბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდოდა (ჯავახიშვილი 1984: 354).
ყაენის გადაწყვეტილება „სამართალსა ზედა შებმა“ სამ თათარსა და კონსტანტინე მეფის მხრიდან სამ ქრისტიანს (რესპ. ქართველს) შორის, მართალია, ირიბად, მაგრამ ეჭვმიუტანლად გულისხმობს იმას, რომ ყაენსა და ქართველ მეფეს შორის, ან ყაენის ქვეშევრდომებსა და ქართველი მეფის ამალას შორის წარმოშობილა სადავო საქმე, რომელიც გასარჩევად სასამართლოს გადასცემია. სასამართლოზე ვერც ყაენისა და ვერც ქართველთა მხარემ თავისი პოზიციის დასაცავად საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და სასამართლომ „შებმა“ დაადგინა. ამ შებმაში, როგორც მეფე კონსტანტინე იუწყება, ქართულ მხარეს გაუმარჯვია.
საბუთში მითითებულია გაცემის თვე, რიცხვი და დღე (15 დეკემბერი, პარასკევი), რაც გარკვეულ სამსახურს გვიწევს სიგელის გამცემი მეფის იდენტიფიკაციაში. ა. კალანდაძის უნივერსალური კალენდრის მიხედვით, კონსტანტინე I-ის მეფობის პერიოდში 5 დეკემბერი პარასკევ დღეზე მოდიოდა 1410 წელს., კონსტანტინე II-ს მეფობის ხანაში კი – 1483 წელს და 1488 წელს. არჩევანი გვაქვს კონსტანტინე I–სა (1407-1412) და კონსტანტინე II–ს (1478-1505) შორის, მაგრამ არჩევანს ართულებს ის გარემოება, რომ, ჯერ ერთი, არ ჩანს ყაენის ვინაობა და მეორე ის, რომ ორივე კონსტანტინეს მეფობის ისტორიის, განსაკუთრებით, საგარეო ურთიერთობების შესახებ მეტად მწირი ცნობები გვაქვს.
შემორჩენილი წყაროებიდან ვიცით, რომ კონსტანტინე I ორგზის იმყოფებოდა ურდოში (ლექსიკონი 1991:317). ამაში შეიძლება თემურ-ლენგთან უფლისწულობის დროს მისი ორგზისი (1401 წელს და 1403 წელს) ელჩობა იგულისხმებოდეს (კაციტაძე 1976: 156; ტაბატაძე 1974: 151–152). მაგრამ უფლისწულობის ხანაში მისი ლაშქრით ხლება და სამსახური თემურ-ლენგთან არ დასტურდება (ასეთ სამსახურს არ გულისხმობს მისი მხრიდან მორჩილების გამოცხადება თემურ-ლენგისადმი ძმის, გიორგი VII-ის მეფობის ხანაში, რაზედაც მოგვითხრობენ უცხოელი ავტორები (კაციტაძე 1974: 157-160; ტაბატაძე 1974: 148-151). კონსტანტინე I-ის სამხედრო ვალდებულების შესახებ რომელიმე უცხო ქვეყნის ყაენის წინაშე მისი მოღვაწეობის რომელიმე ეტაპზე არაფერია ცნობილი, თუმცა ა. ტუღუში მიიჩნევს, რომ სიგელი გაცემულია კონსტანტინე I-ის მიერ 1410 წელს (ტუღუში 2006: 207).
ყაენთან ლაშქრით სამსახურის შესახებ ცნობილია კონსტანტინე II-ის მოღვაწეობიდან. როგორც ცნობილია, ბაგრატ VI-მ კონსტანტინე II 1472 წ. ქვეყნიდან გააძევა (ოდიშელი 1968: 27), რომელმაც აყ-ყოინლუს ყაენთან უზუნ ჰასანთან შეაფარა თავი. მას თან გაჰყვა ბარათაშვილი და სხვა მცირე ამალა (ყაუხჩიშვილი 1959: 342). ამ დროს უზუნ ჰასანი ოსმალეთთან საომრად ემზადებოდა და საქართველოს მეფეს ჯარი მოსთხოვა, რაც შესრულდა კიდეც (კიკნაძე 1963: 117). ბრძოლები უზუნ-ჰასანის ჯარსა და ოსმალეთს შორის 1473 წელს გალათიასთან და მდინარე თერჯანასთან გაიმართა. გალათიასთან ბრძოლაში ქართველებიც, მათ შორის, კონსტანტინეც მონაწილეობდა. თერჯანასთან ბრძოლაში უზუნ-ჰასანი დამარცხდა. ბრძოლის ველიდან დაბრუნებული უზუნ-ჰასანი იმავე წლის შემოდგომაზე საქართველოს შემოესია (კიკნაძე 1963: 117-118), ქართლი მოარბია, ბაგრატ მეფეს ხარკი შეაწერა და დიდძალი ნადავლით დაბრუნდა თავრიზში (ასათიანი და სხვები 2012: 128). უზუნ ჰასანთან თავშეფარებული კონსტანტინე II სწორედ ამ დროს დაბრუნდა ქართლში. 1474 წელს 5 აპრილს ის დოლისძეებს აძლევს წყალობის სიგელს (თარიღისთვის იხ. ოდიშელი 2010: 176). ამის შემდეგ მისი რაიმე მონაწილეობა უცხო ქვეყნის ლაშქარში არ ჩანს. ვარდან თოდოძე შეიძლებოდა ამ ლაშქრობაში ხლებოდა კონსტანტინე მეფეს. რაც შეეხება სიგელის გაცემას, ზემოთ დასახელებული ორი სავარაუდო თარიღიდან უპირატესობა 1483 წელს უნდა მიენიჭოს: ამ დროს მისი ხელისუფლება დასავლეთ საქართველოზე ჯერ კიდევ ვრცელდებოდა, 1488 წელს ლიხთიმერეთში ალექსანრე II მეფობდა.
ასათიანების სასისხლო სიგელი. შემონახულია XIX საუკუნეში ქაღალდზე მხედრულად დაწერილი პირი, რომელიც ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Hდ 10144ა). გამოქვეყნებულია ს. კაკაბაძის მიერ (სმ, II, 1924, გვ. 14-15). სიგლის მიმღებია აზნაურები ქველი და არდაშელ ასათიანები. საბუთის გამცემნი არიან მეფეთ-მეფე გორგასალი და დედოფალთ-დედოფალი თამარი (კაკაბაძე 1924: 14). თარიღის შესახებ ვკითხულობთ: „დაიწერა ბრძანება ესე ინდიკტიონსა (ხელნაწერშია: ინდიკორსა) მეფ(ობ)ისა ჩუენისასა სჟდ ქრონიკონსა“ (კაკაბაძე 1924: 15). „სჟდ“, რომელიც ნუსხა-ხუცურითაა დაწერილი, ქრონიკონის მაჩვენებლად თუ ჩავთვლით, მაშინ მივიღებთ 1606 წ. (1312+194), რაც დიდად სცილდება, როგორც ქვემოთ დავინახავთ, სიგელის გამცემი სავარაუდო მეფის მოღვაწეობის ხანას. ამიტომ სწორი უნდა იყოს ს. კაკაბაძის მოსაზრება, რომ ნუსხური `სჟდ~ საბუთის ძველი საარქივო აღრიცხვის მაჩვენებელი უნდა იყოს (კაკაბაძე 1924: 15), რომელიც სიგელის ბოლოს იყო მიწერილი, ხოლო გადამწერმა თარიღის მაჩვენებლად ჩათვალა და ტექსტში შეიტანა. საბუთის გამცემი მეფეთ-მეფე გორგასალი არის იგივე მეფეთ-მეფე ვახტანგ ალექსანდრე I-ის (1413-1442) ძე, რომელიც მამამ თავის სიცოცხლეში დასვა პროვინციის მეფედ დასავლეთ საქართველოში თამარ დედოფალთან ერთად. ვახტანგისა და თამარის (ის დავით ნარინის შვილიშვილის ალექსანდრეს ასული იყო) ერთობლივი, შემდგომ დამოუკიდებელი მეფობა დასავლეთ საქართველოში გაგრძელდა ცენტრალურ (თბილისის) სამეფო ტახტზე მის ასვლამდე – 1442 წლამდე. დასავლეთ საქართველოში 1432 წელს გაცემულ საბუთებში ვახტანგი დიდი წინაპრის, ვახტანგ გორგასლის მიბაძვით თავს გორგასალს უწოდებს.
სიგელში დასახელებული მეფეთ-მეფე თამარი, რომელიც ს. კაკაბაძის (კაკაბაძე 1924: 16) მიერ და პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც (ლექსიკონი 1991: 294) ვახტანგ გორგასლის თანამეცხედრედ არის მიჩნეული, სინამდვილეში ამ უკანასკნელის დედინაცვალია. მოღწეულია აღნიშნული თამარ მეფის მიერ დამოუკიდებლად გაცემული სიგელი, რომელსაც თარიღად უზის 1433 წელი (თაყიშვილი 1909: 371). ს. კაკაბაძე სწორად აიგივებს განსახილველი საბუთის გორგასალს გურალიძისა და კოტრიძის სიგელებში მოხსენიებულ ვახტანგ გორგასალთან, მაგრამ ვახტანგ გორგასლისა და თამარ მეფის გენეალოგიის შესახებ მის მიერ წარმოდგენილი სქემა (კაკაბაძე 1924: 16) საკითხის შემდგომმა კვლევამ არ დაადასტურა (ნინიძე 1995: 150–153; კახაძე 2001: 55–56).
ზუსტად არ ვიცით, თუ რომელი წლიდან იწყება ვახტანგ ალექსანდრე I-ის ძის, ზედწოდებით, გორგასლის მეფობა დასავლეთ საქართველოში, ამიტომ ასათიანის სასისხლო სიგლის გაცემის ქვედა ქრონოლოგიურ ზღვრად პირობითად ვიღებთ 1432 წელს – მისი სახელით ცნობილი საბუთებიდან ყველაზე ადრინდელის თარიღს, ზედა ზღვრად – ცენტრალურ (თბილისის) ტახტზე მის ასვლის თარიღს − 1442 წელს.
კაპანაძეთა სასისხლო სიგელი. შემონახულია საბუთის ეტრატზე გადაწერილი პირი, რომელიც, ხელის მიხედვით, XV ს. ეკუთვნის. დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქმ 607). გამოქვეყნებულია ს. კაკაბაძის მიერ (კაკაბაძე 1924: 10-11).
საბუთს დასაწყისი აკლია. ტექსტი იწყება დიმიტრი მეფის, დადიანის, გურიელისა და მეფის კარისკაცთა მიერ კაპანაძისათვის „გაჩენით“ ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული რაღაც „გარდანახადის“ დამტკიცების შესახებ. ამის შემდეგ განსაზღვრულია სანახშიროს, საზაოსა და შესამყრელოს კონკრეტული ოდენობა, ხოლო სხვადასხვა დანაშაულისათვის საზღაურის ოდენობა სრულ სისხლთან შეფარდებითაა განსაზღვრული (მაგ.,„ნახევარი სისხლი“, „მეექუსედი სისხლი“ ან „როგორც ამისგან /იგულისხმება სრული სისხლი გ. ა./ ხვდებოდეს“), მაგრამ თვით სრული სისხლის ოდენობა საბუთის შემორჩენილ ნაწილში არ ჩანს, თუმცა მისი არსებობა უდავოდ იგულისხმება (სხვანაირად ამა თუ იმ დანაშაულისათვის საზღაურის შეფარდებით განსაზღვრას აზრი არ ჰქონდა). სრული სისხლის ოდენობა საბუთის დაკარგულ ნაწილში ყოფილა განსაზღვრული. ამ თავისებურებით კაპანაძის სიგელი ჰგავს იაკობიძის სასისხლო საბუთს (1433 წ.), რომელიც იწყება იმის შესახებ თხრობით, რომ ოქროპირ იაკობიძის მკვლელობის საქმეზე მეფის სასამართლომ განსაზღვრა მისი სრული სისხლი, რომლის გადახდა დააკისრა დამნაშავეს და ამის შემდეგ განსაზღვრულია საზღაური ზოგიერთი დანაშაულისათვის სრული სისხლის ოდენობასთან შეფარდებით („ნახევარი სისხლისა“, „მესამედი ამა თეთრისა“) (თაყაიშვილი 1909: 372-374; კაკაბაძე 1913ბ: 8).
თარიღის შესახებ შემონახული პირი შემდეგს იუწყება: დაიწერა „ბრძანება და სიგელი ესე ინდიკტიონსა (ხელნაწერშია: ინკოტინისა) მეფობასა შინა ჩვენისასა თუესა სეკდენბერსა (ხელნაწერშია: სეკნედებერა) ოცდაერთსა“ (კაკაბაძე 1924: 11). ინდიკტიონის რიცხვითი მაჩვენებელი არ წერია. საბუთის მიმღებია დავით კაპანაძე, გამცემი მეფეთ-მეფე დიმიტრი (კაკაბაძე 1924: 11).
XV ს. წყაროების მიხედვით, დასავლეთ საქართველოში ცნობილია დიმიტრი ალექსანდრეს ძე. ცაიშის საწინამძღვრე ჯვრის წარწერაში ვკითხულობთ: „სისხლითა შენითა მოგებულსა ნუ უგულებელს მყოფ დღესა მას განკითხვისასა მე დიმიტრი მეფეთა მეფესა, ძე(ს)ა ალე(ქსანდ)რეს(ს)ა, რომელმან წარ(ვუ)ძღვანე ჯუარი ესე დანიელ ჩაისელს...ამინ“ (ჟორდანია 1897: 270). დანიელ ცაიშელი ლაბსყელდაშის (სვანეთი) ტაძრის დაწერილში გვაუწყებს: „მე, ცაიშელი მთავარეპისკოპოსი დანიელი, ლაბსყელდასა მივედი. ვაკურთხე მთავარანგელოზი ლაბსყელდაშისა, დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა ერისთავთ-ერისთავისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა...“ (სილოგავა 1989: 104). დავით კაპანაძის სასისხლო სიგელი გაცემულია „მეფეთმეფის დიმიტრის“ მიერ, რომლის ბრძანების ერთ-ერთი დამამტკიცებელია მეფის „მეავჟანდე დადიანგურიელი“ (კაკაბაძე 1924: 10).
სამივე წყარო უთარიღოა, რაც ართულებს მათში დასახელებული დიმიტრის ადგილის მონიშვნას ქუთაისის მეფეთა რიგში.
ცნობილია დიმიტრი მეფის სახელით აღმოსავლეთ საქართველოში გაცემული რამდენიმე სიგელი, მათ შორის, თარიღიანიც. ესენია: 1) ნასყიდობის წიგნი ზაქარია დარიბეგაშვილისადმი ქალაქში, მეფის ზვრის თავში მდებარე სავენახე მიწის მიყიდვის შესახებ, რომელიც გაცემულია 1445 წელს 26 აგვისტოს (ჟორდანია 1897: 257); 2) შეწირულობის განახლების სიგელი შიომღვიმის მონასტრისადმი, გაცემული 1451 წელს (ჟორდანია 1896: 74); 3) წყალობის წიგნი ბერძენი მიტროპოლიტის ხრისანტესადმი ზაქარია დარიბეგაშვილისეული მიწის ბოძების შესახებ (ლექსიკონი 1991: 27).
როგორც ვხედავთ, აღმოსავლეთ საქართველოში გაცემული თარიღიანი საბუთების მიხედვით, დიმიტრი მეფედ ჩანს 1445-1451 წლებში, მაგრამ ამ საბუთების რეგულაციის თემა და ადრესატები არ შეიძლებოდა მოქცეული ყოფილიყო მისი, როგორც მეფის, იურისდიქციის სფეროში. განვმარტავთ ნათქვამს: ქალაქში (თბილისში) დარიბეგაშვილისათვის მიყიდული, მოგვიანებით კი ბერძენი მიტროპოლიტისთვის ბოძებული მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა მოქცეული ყოფილიყო დიმიტრის სამეფოს ტერიტორიულ საზღვრებში, ვინაიდან თბილისი ამ დროს ერთიანი საქართველოს მეფის ვახტანგ IV-ის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა.
აშკარაა, რომ დიმიტრი აღნიშნული მიწის ნაკვეთს განკარგავს როგორც კერძო მესაკუთრე და ეს კერძო საკუთრება მისი საგანმგებლო ტერიტორიის გარეთაა.
მეფე დემეტრე, ალექსანდრე I-ის ძე, შიო-მღვიმის მონასტერს ყმა-მამულების შეუვალობას უმტკიცებს, რაც მიუთითებს მის მეფობაზე შიდა ქართლში, სადაც იყო განთავსებული, ძირითადად, აღნიშნული მონასტრის მამულები (ლომინაძე 1953: 35-36).
დიმიტრი ალექსანდრეს ძის სამფლობელო ტერიტორიის შესახებ ცნობა დაცულია ჯავახიშვილების საჩივრის წიგნში (XV ს. ბოლო მეოთხედი), სადაც ნათქვამია, რომ „ოდეს ვახტანგ მეფობა დაიჭირა, წყალს იქით მისსა ძმასა პატრონსა დემეტრეს მიანება“ (ბერძენიშვილი 1937: 35). ნ. ბერძენიშვილის გამოკვლევით, საბუთში მოხსენიებული ვახტანგ მეფე ერთიანი საქართველოს მეფე ვახტანგ IV-ა (1442-1446), „წყალს იქით“ მდებარე ტერიტორია კი, რომელიც ახალგამეფებულმა ვახტანგმა ძმას დემეტრეს „მიანება“ ანუ სრულ განკარგულებაში გადასცა, შიდა ქართლის ნაწილია მტკვრის მარჯვენა მხარეს (გვიანდელი წყაროების „გაღმა მხარი“) და მოიცავდა თეძმისა და ატენის ხეობებს (ბერძენიშვილი 1937: 11, 25; გვრიტიშვილი 1955: 121-131; ნინიძე 1995: 134-138).
ზემოთ დასახელებულ წყაროებში დასახელებული დიმიტრი (დემეტრე) მეფის გენეალოგიისა და მოღვაწეობის ქრონოლოგიის საკითხებმა დიდი ხანია მიიქცია მკვლევართა ყურადღება. ს.კაკაბაძის მოსაზრებით, კაპანაძის სასისხლო სიგელის გამცემი მეფეთ-მეფე დიმიტრი უნდა ყოფილიყო საქართველოს მეფის ალექსანდრე 1-ის შვილი, რომელიც ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში 1429 წ. იხსენიება მეფედ (კაკაბაძე 1913გ: 14). ს. კაკაბაძე, ამოდის რა ალექსანდრეს მიერ შვილებს შორის ქვეყნის სამეფოებად დანაწილების შესახებ ერთ დროს ფართოდ ფეხმოკიდებული კონცეფციიდან, თვლის, რომ დასავლეთ საქართველო სამეფოდ მიუღია დიმიტრი უფლისწულს, რომელიც აქ მეფობდა 1429 წლიდან გარდაცვალებამდე (1452 წ.) (კაკაბაძე 1924: 12).
დანიელ ცაიშელის სიგელი ლაბსყელდაშის ტაძრისადმი ე.თაყაიშვილმა, უნებლიე შეცდომით, დავით ნარინის დროს გაცემულად მიიჩნია და, შესაბამისად, ის 1258-1293 წლებით დაათარიღა (თაყაიშვილი 1991: 458). პ. ინგოროყვას აზრით, საბუთში ნახსენები მეფეთ-მეფე დემეტრე ალექსანდრე I დიდის ძეა, რომლის ზეობა, რატომღაც, ვახუშტი ბაგრატიონის მიერ დავით ნარინის შთამომავლის, დიმიტრი ალექსანდრეს ძის ერისთავობის წლებით (1414-1455), საბუთის გაცემა კი 1442-1452 წლებით განსაზღვრა (ინგოროყვა 1940: 28). ი. დოლიძემ სიგელი დემეტრე II თავდადებულის მეფობის წლებით 1271-1289 დაათარიღა (დოლიძე 1965: 171). ვ. სილოგავაც თვლის, რომ საბუთის გამცემია ალექსანდრე I დიდის ძე დიმიტრი და იზიარებს მისი მეფობის ჯ.ოდიშელის მიერ (ოდიშელი 2010: 175). დადგენილ ქრონოლოგიას 1445-1452 წწ. (სილოგავა 1986: 64). დ. ნინიძის აზრით, ზემოთ დასახელებულ დასავლურ-ქართულ და აღმოსავლურ-ქართულ წყაროებში (საბუთებსა და წარწერაში) დასახელებული მეფე დიმიტრი ერთი და იგივე პიროვნებაა და ის ალექსანდრე I-ის ძეა, რომლის ძირითად სამფლობელოს ძმის, ვახტანგ IV-ის მიერ „მინებებული“ „გაღმა მხარი“ წარმოადგენდა და ამავე დროს მას გავლენა ჰქონდა დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე (ნინიძე 1995: 134-138).
ზემოთ აღნიშნულ აღმოსავლურქართულ და დასავლურქართულ წყაროებში დასახელებული დიმიტრი მეფის ერთმანეთთან მიმართება მთლად ნათელი არ არის. მათი გაიგივება, არსებითად, სახელისა და მამის სახელის იგივეობას ემყარება. ამავე საფუძვლით, დასავლურქართულ წყაროებში მოხსენიებული მეფე დიმიტრი შეიძლება გავაიგივოთ დავით ნარინის შთამომავალ დიმიტრი ალექსანდრეს ძესთანაც, რომელიც, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ალექსანდრე I-მა იმერეთის ერისთავად დასვა და ამ სტატუსით გარდაიცვალა 1455 წელს (ყაუხჩიშვილი 1973: 804-805), მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული დროით იმერეთის მეფობა მოეხვეჭა. დიმიტრი ალექსანდრე I-ის ძის სამფლობელო გამოკვეთილად ჩანს „გაღმა მხარი“ შიდა ქართლში, დასავლეთ საქართველოში კი მისი მეფობა ჰიპოთეტურია. ამიტომ ჩვენ ღიად ვტოვებთ სამ დასავლურქართულ წყაროში (დანიელ ცაიშელის დაწერილი, ცაიშის საწინამძღვრე ჯვრის წარწერა და კაპანაძის სასისხლო სიგელი) დასახელებული უდავოდ დასავლეთ საქართველოს მეფის დიმიტრი ალექსანდრეს ძის წარმომავლობის საკითხს. რაც შეეხება იმერეთში დიმიტრი ალექსანდრეს ძის მეფობის ქრონოლოგიას, ის უნდა განისაზღვროს 1442-1443/1444 წლებით. ამას მოწმობს შემდეგი: 1432 წლიდან (თუ უფრო ადრეული წლებიდან არა) 1442 წლამდე (ალექსანდრე I-ის ტახტიდან გადადგომამდე), როგორც ზემოთ ვნახეთ, ქუთაისის მეფეა ვახტანგ გორგასალი (მასთან ერთად გარკვეული დროით მეფობს თამარიც). 1443/1444 წლიდან 1466 წლამდე, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ქუთაისის ტახტზე ზის ბაგრატ II (1466-1478 წლებში ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI). ასე რომ, დიმიტრის მეფობისთვის ადგილი რჩება მხოლოდ აღნიშნულ წლებში.
თოფურიძეთა სასისხლო სიგელი. შემონახულია საბუთის ეტრატზე დაწერილი პირი (მხედრულად), რომელიც დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქმ №1508). ტექსტი გამოცემულია ოთხჯერ: ე. თაყაიშვილის მიერ 1891 წ. (თაყაიშვილი 1891: №213) და 1909 წ. (თაყაიშვილი 1909: 35-38), თ. ჟორდანიას მიერ (ჟორდანია 1897: 233–235) და ს. კაკაბაძის მიერ (კაკაბაძე 1920: 73-75). საბუთის მიმღებნი არიან კაციბერ, შერგილ, გიორგი და იოვანე თოფურიძეები. გამცემია მეფე ალექსანდრე. საბუთის ბოლოს მითითებულია გაცემის თარიღი: „დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჟამსა ალექსანდრეს მეფობისასა ქორონიკონსა: ას: სამოცდარვასა: თვესა მაისსა ა(თ)ჩვიდმეტსა“.
ქრონიკონის რიცხვითი მაჩვენებელი 868, როდესაც მისი სრული ციკლი მხოლოდ 532 წელიწადს მოიცავს, ცხადია, მცდარია. ს. კაკაბაძე ვარაუდობდა, დედანში ქრონიკონის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო როჱ, რომელიც გადამწერმა არასწორად გაიგო. ამ სავარაუდო აღდგენით, საბუთის დედნისეული თარიღი იყო 178 ანუ 1490 წელი.
საბუთის გამცემ მეფე ალექსანდრეს ე. თაყაიშვილი აიგივებს ალექსანდრე I-თან და სიგელსაც მისი ზეობით, 1412-1442 წლებით ათარიღებს (თაყაიშვილი 1909: 35). აღნიშნულ იდენტიფიკაციას იზიარებს თ. ჟორდანიაც, ოღონდ საბუთში მოხსენიებულ „დავით ცხეთელს“ კათალიკოსად მიიჩნევს და აიგივებს სხვა წყაროებით 1426-1430 წლებში ცნობილ დავით კათალიკოსთან, აქედან გამომდინარე, საბუთსაც ამ წლებით ათარიღებს (ჟორდანია 1897: 233). ამავე დროს თ. ჟორდანია წერს: „ამ სიგელს ბევრი ნიშნები აქვს იმისა, რომ იგი ან ყალბია, ან იმერთა მეფეს ალექსანდრე II–ს უნდა ეკუთვნოდეს“. თ. ჟორდანიას აზრით, ამ მეორე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს სიგელშივე მოხსენიებული სვიმონ მაწყვერელისა და საქართველოს კათოლიკოსის დავით III-ის მოღვაწეობის ხანა – XV ს. ბოლო (ჟორდანია 1897: 233).
სიგელში მოხსენიებული ივანე ათაბაგისა და სვიმონ მაწყვერელის მოღვაწეობის ხანის მიხედვით ს. კაკაბაძეც საბუთის გამცემ მეფე ალექსანდრეს იმერთა მეფე ალექსანდრე II-სთან (1484–1510) აიგივებს (კაკაბაძე 1920: 75–76). ამის გათვალისწინებით აღადგენს ის, როგორც ვნახეთ, საბუთის გაცემის სავარაუდო დედნისეულ თარიღს. ივანე ათაბაგისა და სვიმონ მაწყვერელის მოღვაწეობა 1486–1515 წლებში თავსდება (გურგენიძე 2013: 84, 86).
ვფიქრობთ, საბუთის გამცემი მეფის გაიგივება იმერთა მეფე ალექსანდრე II-სთან სავსებით ნათელია. ამასთან დაკავშირებით, სვიმონ მაწყვერელისა და ივანე ათაბაგის მოღვაწეობის ხანის გარდა, ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ საბუთში მოწმეებად დასახელებული შიოშ ფალავანდიშვილი, დავით ციციშვილი, საყან მაჭუტაძე, დიმიტრი ბერიძე, ლომონი მახაძე (თაყაიშვილი 1909; 37) ნამდვილად ალექსანდრე II იმერთა მეფის თანამედროვენი და მისი გარემოცვის წევრები არიან. ამას ადასტურებს ალექსანდრე II-ის სიგელი ფალავანდიშვილებისადმი ბოძებული 1488 წ. 1 ივლისს. სიგელის ერთ-ერთი ადრესატია სიაოშ იგივე შიოშ ფალავანდიშვილი, მოწმეებად დასახელებულნი არიან დავით ციციშვილი, აგრეთვე, მაჭუტაძე, ბერიძე, მახაძე სახელების გარეშე (კაკაბაძე 1924: 25). აშკარაა, რომ თოფურიძის სასისხლო სიგელში წარმოდგენილი ალექსანდრე მეფისა და 1488 წ. სიგელში წარმოდგენილი ალექსანდრე II იმერთა მეფის გარემოცვა იდენტურია, რაც, ბუნებრივია, ამ ორი მეფის იდენტურობის მაჩვენებელიცაა. ასე რომ, თოფურიძეთა სასისხლო სიგელი უნდა დათარიღდეს ალექსანდრე II იმერთა მეფის ზეობის ანუ 1484-1510 წლებით, მაგრამ შესაძლებელია თარიღის დავიწროებაც. ამის შესაძლებლობას გვაძლევს სიგელში დასახელებული გიორგი ერისთავის ვინაობა. გიორგი ერისთავი, ცხადია, რაჭის ერისთავია. რაჭის ერისთავი გიორგი, გვარად აფხაჭელიძე, იხსენიება მაღნარაძის სასისხლო სიგელში (ამაზე ქვემოთ), აგრეთვე, წარწერებში. 1488 წლის სიგელში რაჭის ერისთავია ივანე ჩხეტიძე (კაკაბაძე 1924: 25). აქედან მოკიდებული რაჭის ერისთავები ამ გვარის წარმომადგენლები არიან, სანამ მათ საგვარეულოს სოლომონ II დაამხობდა (სოსელია 1973: 74, 102; მეტრეველი 2013: 94, 104).
აშკარაა, რომ გიორგის ერისთავობა წინ უსწრებდა ივანე ჩხეტიძის ერისთავობას და, შესაბამისად, თოფურიძის სასისხლო სიგელის შედგენა ფალავანდიშვილების სიგელის გაცემას (1488 წელს). აქედან გამომდინარე თოფურიძეთა სიგელი გაცემულია 1484-1488 წლებს შორის.
მაღნარაძის სასისხლო სიგელი. შემონახულია ეტრატზე გადაწერილი პირი, რომელიც დაცულია საქართველოს საისტორიო არქივში (1448–5040). საბუთის შინაარსი რუსულ ენაზე გამოაქვეყნა დიმ. ფურცელაძემ (ფურცელაძე 1881: 36-37). გასული საუკუნის 20-იან წლებში ქუთაისის არქივში ს. კაკაბაძემ მიაკვლია საბუთის პირს, გადაწერილს XIX ს. პირველ ნახევარში და გამოაქვეყნა 1924 წელს (კაკაბაძე 1924: 19–22). სიგელის მიმღებნი არიან საყდრისშვილები, მაღნარაძეები: ივანე, გიორგი, გეგელია და ამ უკანასკნელის შვილები.
საბუთი გაცემულია დავით მეფის მიერ (კაკაბაძე 1924: 20). ეტრატის ხელნაწერს ბოლო ნაწილი აკლია, სადაც თარიღის შესახებ უნდა ყოფილიყო მითითება. ს. კაკაბაძის ხელთ არსებული პირი, როგორც პუბლიკაციიდან ჩანს, თარიღს არ შეიცავდა. დიმ. ფურცელაძის განკარგულებაში არსებული პირი გაცემის თარიღად 1477 წელს უჩვენებდა (ფურცელაძე 1881: 37).
საბუთში მოწმეებად დასახელებულნი არიან: დავით ციციშვილი, ერისთავი აბღაჭელიძე გიორგი, ამილახორი ივანე ჩხეტიძე, მეაბჯრეთუხუცესი დავით ღოღობერიძე, გიორგი ჩიჯავაძე, ქველი ჭილაძე, ციხისთავი თუქლამ ჭილაგიძე, ეჯიბი აფაქიძე, გოშოძე, ჩუხჩარები გავაშელ ამუნასკირი, მოლარეთუხუცესი ქორთოძე, მეღვინეთუხუცესი რომანავიძე, ივანე ჭარხალაძე, როსტან ქოჩაქიძე, მიქელაძე, ფანოველ ნაფიცხვიძე; ეპისკოპოსები – რომანოზ ბიჭვინტელი, აბრამ ჭყონდიდელი, ეფთვიმე ცაიშელი, საბა მოქველი, სვიმეონ გელათის მოძღვართ-მოძღვარი (კაკაბაძე 1924: 21).
დასახელებულ პირთაგან დავით ციციშვილი, ერისთავი გიორგი აბღაჭელიძე და ფანოველ ნაფიცხვიძე ალექსანდრე II იმერთა მეფის მიერ გაცემულ თოფურიძეთა სასისხლო სიგელშიც იხსენიებიან (პირველში გიორგი ერისთავი, ფანუელ ლაფიცხუძე), რაც მაღნარაძის სასისხლო სიგელს ქრონოლოგიურად აახლოებს თოფურიძეთა სასისხლო სიგელთან ანუ XV ს. 80-იან-90-იან წლებთან.
ჩამოთვლილი საერო და საეკლესიო პირები, დასავლეთ საქართველოს – არგვეთის, რაჭის, ლეჩხუმის, სამოქალაქოს, სამეგრელოსა და აფხაზეთის დიდებულები და საეკლესიო იერარქები არიან. გამონაკლისს წარმოადგენს დავით ციციშვილი, მაგრამ ციციშვილების საფეოდალო და შიდა ქართლის დასავლეთი ნაწილი XV ს. და XVI ს. პირველ მეოთხედში ქუთაისის ტახტზე მსხდომ მეფეთა საგამგებლოში შედიოდა. ამიტომ ციციშვილის მოხსენიება აქ სავსებით ბუნებრივია. ასე რომ, ეს ჩამონათვალი წარმოგვიდგენს ქუთაისის სამეფო კარს და ქუთაისის სამეფო ტახტზე მჯდომი მეფის გარემოცვას და საგამგებლოს. აღნიშნული პოსტულატიდან გამომდინარე, მაღნარაძეთა სასისხლო საბუთის გამცემი დავით მეფე ქუთაისის ტახტზე ზის.
ქუთაისის სამეფო ტახტისათვის ბრძოლა XV ს. 80-იან წლებში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თბილისის ტახტის მფლობელ კონსტანტინე II–სა და ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ VI-ის მემკვიდრეს ალექსანდრეს შორის. 1484 წელს ქუთაისის ტახტზე მეფედ დაჯდა ალექსანდრე II, რომელიც 1486 წ. ჩამოაგდო კონსტანტინე II-მ, 1487-1488 წლების მიჯნაზე ალექსანდრე II-მ მეფობა დაიბრუნა, შემდგომ 1491 წელს შუა ხანებში კონსტანტინე II-მ მოკლე ხნით ალექსანდრე II გადააყენა ტახტიდან. საბოლოოდ ალექსანდრე II-მ განიმტკიცა მდგომარეობა ტახტზე და კონსტანტინეც ამ ფაქტს შეურიგდა. სწორედ კონსტანტინე II-ის ქუთაისის ტახტზე გაბატონების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირებს ს. კაკაბაძე ქუთაისის ტახტზე მისი უფროსი შვილის, დავითის გამეფებას და მაღნარაძეებისათვის სიგლის ბოძებას. დავითის ხანმოკლე მეფობას და მაღნარაძეთა სიგლის გაცემას ს. კაკაბაძე 1486-1488 წლებით ათარიღებს (კაკაბაძე 1924: 22, 252). აღნიშნული მოსაზრება არსებული მასალების ფონზე მისაღები ჩანს.
ყიფიანთა სასისხლო სიგელი. შემონახულია საბუთის პირი, დაწერილი ეტრატზე მხედრულად. მეორე გვერდზე გამეორებულია იგივე ტექსტი, რომლის მელანი გამქრქალებულია. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (შდ 731). საბუთის ტექსტი შდ 731-ის მიხედვით გამოაქვეყნა ე. თაყაიშვილმა (თაყაიშვილი 1909: 398-399). ადრესატები არიან საყდრისშვილები თემნა და ბუჭუა ყიფიანები. გამცემია მეფეთ-მეფე ბაგრატი (თაყაიშვილი 1909: 398).
საბუთის გამცემი მეფე ბაგრატი ე. თაყაიშვილის აზრით, არის იმერთა მეფე ბაგრატ II, რომლის ზეობას ის 1462–1478 წლებით განსაზღვრავდა (თაყაიშვილი 1909: 398), რაც გაზიარებულია პირთა ანოტირებულ ლექსიკონში (ლექსიკონი 1991: 233); ს. კაკაბაძის აზრით, ყიფიანების სიგელი, ისევე როგორც აბესალომ გელუანისა, ეკუთვნის იმერეთის უცნობ მეფეს, რომელიც მოღვაწეობდა XV ს. დასაწყისში (კაკაბაძე 1924: 58); კ. კახაძის მოსაზრებით სიგელი გაცემულია ბაგრატ V-ის მიერ იმ პერიოდში, როდესაც ის მამის, დავით IX-ის (1346-1360) სიცოცხლეში განაგებდა დასავლეთ საქართველოს მეფის ტიტულით (კახაძე 2001: 59).
საბუთის დასათარიღებლად ერთადერთი საყრდენი კალიგრაფიაა, რომლის მიხედვით ის XV საუკუნეს მიაკუთვნა ე. თაყაიშვილმა. ამიტომ ის ბაგრატ II იმერთა მეფის ზეობით, ანუ 1443/44-1466 წლებით უნდა დათარიღდეს.
გუგუნბერიძეთა სასისხლო სიგელი. გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივს სოფელ ქვიტირელი (იმერეთი) ს. გოგიბერიძის ოჯახმა გადასცა მათი საგვარეულო სიგელი (სცსსა 1448-5035). ესაა გუგუნბერიძეთა სასისხლო საბუთი, დაწერილი ქაღალდზე მხედრული ანბანით. გამოაქვეყნა ი. ცინცაძემ (ცინცაძე 1927: 16-19).
საბუთის ადრესატები არიან ზარდია, იმარიდო და შიოშ გუგუნბერიძეები. საბუთის გამცემად დასახელებულია მეფე გიორგი, მისი თანამეცხედრე დედოფალი ნესტანდარეჯანი და ძე მათი ალექსანდრე (ცინცაძე 1927: 16–17).
საბუთის თავი მოხატულია წითელი და შავი მელნით, შუაში ჯვარია გამოსახული, რომლის გარშემო მთავრულად წერია: „ჯი, ქი, ძა, მა“. ჯვარის ქვემოთ ორნამენტებით შემკული ოთხკუთხედის ფორმის არშიაა დახატული, რომელშიც წითელი მელნით ჩაწერილია: „სახელით ღ(მრ)თისათა ჩვენ ღ(მრ)თ(ივ)გვირგვინოსანთა მეფთ-მეფემან პატრონმან როსტომ“ (ცინცაძე 1927: 17).
საბუთს ბოლო სტრიქონები აკლია. ზურგზე მითითებულია ხვეული ხელრთვა და იკითხება „როსტომ“ (ცინცაძე 1927: 18).
გუგუნბერიძეებისათვის სასისხლო სიგელის მბოძებელი მეფე თანამეცხედრისა და შვილის სახელის მიხედვით არის მეფე გიორგი VIII (1446-1465) (ჯავახიშვილი 1982: 272,320; ცინცაძე 1927: 17).
სიგელი განახლებულია იმერეთის მეფის, როსტომის მიერ (1593-1604), როდესაც გიორგი VIII-ის მიერ გაცემული საბუთის ტექსტი თავიდან გადაიწერა, თავში გაუკეთდა მინაწერი როსტომ მეფის მოხსენიებით და ბოლოს დაერთო მისი ხელრთვა. საბუთის ტექსტი თხელ ქაღალდზეა დაწერილი, რომელიც მოგვიანებით სქელ ქაღალდზე დაუწებებიათ. საბუთის ზურგზე მოთავსებული როსტომ მეფის ხელრთვა რომ ამ სქელ ქაღალდს არ დაეფარა, ეს უკანასკნელი ხელრთვის პირდაპირ ოთხკუთხედად ამოუჭრიათ. ასე რომ, საბუთი გაცემულია გიორგი VIII-ის მიერ 1446-1465 წლებს შორის. მოგვიანებით, 1593-1604 წლებს შორის სიგელი განაახლა როსტომ იმერთა მეფემ.
დამოწმებანი
არახამია 2009: გ. არახამია, საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხები, თბილისი.
ასათიანი და სხვები 2012: საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე, წიგნი შეადგინეს ნ. ასათიანმა, გ. ოთხმეზურმა, მ. სამსონაძემ, გ. ჯამბურიამ, ტ. III, თბილისი.
ბერძენიშვილი 1966: ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, III, თბილისი.
ბერძენიშვილი 1937: ნ. ბერძენიშვილი, ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში (დოკუმენტები კრიტიკული წერილით), მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის, I, თბილისი.
გვრიტიშვილი 1955: ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან თბილისი.
გურგენიძე 2013: მაწყვერელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი. კრებ. რელიგიის ისტორიის საკითხები, II, თბილისი.
დოლიძე 1965: ქართული სამართლის ძეგლები, II, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი.
თაყაიშვილი 1909: საქართველოს სიძველენი, II, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფილისი.
თაყაიშვილი 1991: ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, კრებ. დაბრუნება, 2, თბილისი.
თაყაიშვილი 1891: გაზ. „ივერია“.
ინგოროყვა 1941: პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვ. II, ტექსტები, თბილისი.
კაკაბაძე 1913ა: ს. კაკაბაძე, გენეალოგია დიდის ალექსანდრე მეფისა, ტფილისი.
კაკაბაძე 1913ბ: ს. კაკაბაძე, უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე თამარი, ტფილისი.
კაკაბაძე 1913გ: ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, III, ტფილისი.
კაკაბაძე 1914: ს. კაკაბაძე, სვანები XV საუკუნეში, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, I ტფილისი.
კაკაბაძე 1920: ს. კაკაბაძე, კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, ტფილისი.
კაკაბაძე 1924: ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, საისტორიო მოამბე, II (ტფილისი,1924).
კაკაბაძე 1982: С. С. Какабадзе. Грузинские документы IX-XV вв, Москва.
კაციტაძე 1976: დ. კაციტაძე, საქართველო XIV-XV სს. მიჯნაზე, თბილისი.
კახაძე 2001: კ. კახაძე, დასავლეთ საქართველოს `უცნობი მეფეები~, კლიო, 11.
კიკნაძე 1963: რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის II ნახევარში, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VII, თბილისი.
ლექსიკონი 1991: პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I, გამოსაცემად მოამზადეს დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა, თბილისი.
ლექსიკონი 2004: პირთა ანოტირებული ლექსიკონი, III, მასალები შეკრიბეს და გამოსაცემად მოამზადეს ა. ბაქრაძემ, ლ. რატიანმა და გიორგი ოთხმეზურმა, ტომი შეადგინეს დ. კლდიაშვილმა და მ. სურგულაძემ, თბილისი.
ლომინაძე 1953: ბ. ლომინაძე, შიომღვიმე, თბილისი.
მეტრეველი 2013: რ. მეტრეველი, რაჭა,. შტრიხები წარსულიდან, თბილისი.
მეტრეველი 2008: ქართლის ცხოვრება, რ. მეტრეველის რედაქციით, თბილისი.
ნინიძე 1995: დ. ნინიძე, „პროვინციის მეფეები“ XIV-XV სს. საქართველოში, თბილისი.
ოდიშელი 2010: ჯ. ოდიშელი, ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები, თბილისი.
ოდიშელი 1966: ჯ. ოდიშელი, ქართული დიპლომატიკის ისტორიიდან., მაცნე, # 4, თბილისი
ოდიშელი 1968: მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერები), ტექსტები გამოსცა და შესავალი წერილი დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბილისი.
ჟორდანია 1897: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და განმარტებული თ. ჟორდანიას მიერ, ტფილისი
ჟორდანია 1896: თ. ჟორდანია, ისტორიული საბუთები შიომღვიმის მონასტრისა და „ძეგლი“ ვაჰხანის ქვაბთა, ტფილისი.
ენუქიძე და სხვები 2013: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, II, XIV-XV სს., შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ ენუქიძემ, ნ. თარხნიშვილმა, ბ. ლომინაძემ, თბილისი.
სილოგავა 1986: სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სამეცნიერო – საცნობარო აპარატურა დაურთო ვ. სილოგავამ, თბილისი.
სოსელია 1973: ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), I, თბილისი.
სურგულაძე 2010: მ. სურგულაძე, ეპიზოდები XVI საუკუნის საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხები, მრავალთავი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 23, თბილისი.
ტაბატაძე 1974: კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, თბილისი.
ტუღუში 2006: ა.ტუღუში, თოდოძეთა სასისხლო სიგელის დათარიღებისათვის, ი. ჯავახიშვილის თსუ ზუგდიდის ფილიალის შრომები, I, თბილისი.
ფურცელაძე 1881: Грузинские дворянские грамоты, составил Д. П. Пурцеладзе.
ყაუხჩიშვილი 1959: ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი.
ყაუხჩიშვილი 1973: ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი.
ცინცაძე 1927: ი. ცინცაძე, გუგუნბერიძეთა სასისხლო სიგელი, საქართველოს არქივი, II, ტფილისი.
ჯავახიშვილი 1982: ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, ტ. III, თბილისი
ჯავახიშვილი 1984: ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, ტ. VII, თბილისი.












Комментариев нет:

Отправить комментарий