воскресенье, 29 сентября 2019 г.

დაღესტან-ახალციხის საფაშოს ურთიერთობა XIX საუკუნის პირველ მესამედში (რ. გოგოლაური)

1801 წელს აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან მიერთების შედეგად ვითარება ქვეყანაში ძირფესვიანად შეიცვალა. ამიერიდან აღარ არსებობდა დამოუკიდებელი ქართული სამეფო, ხოლო ბაგრატიონების სამეფო დინასტიის წარმომადგენლების რუსეთში გადასახლებით სახელმწიფოში მოისპო ის ოფიციალური წარმომადგენელიც, რომელიც პოლიტიკური ურთიერთობის წარმოებისას, უპირველეს ყოვლისა, თავისი სამშობლოს ინტერესებს გაითვალისწინებდა. ამიერიდან ქართლ-კახეთის ბედს რუსი მოხელეები განაგებდნენ.
მეფის რუსეთის პერსპექტიული გეგმები საგარეო პოლიტიკის დარგში, საკმაოდ შორსმიმავალი იყო და გულისხმობდა კონსტანტინეპოლისა და მცირე აზიის დაპყრობას. ამ მიზნის მისაღწევად კი, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ახლად შემოერთებულ ქვეყანაში პოზიციების შენარჩუნება და მთელ ამიერკავკასიაში გაბატონება, რისთვისაც საჭირო იყო კავკასიელი მთიელების, კერძოდ კი დაღესტნის დამორჩილება. დაღესტნის ტერიტორიების შემოერთების გარეშე რუსეთის იმპერიის დამკვიდრება ამიერკავკასიაში შეუძლებელი იყო, რადგანაც იგი ფაქტობრივად თიშავდა აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთისაგან, რომელთა შორისაც მისვლა-მოსვლა ამ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამხედრო გზით შეიძლებოდა. გარდა ამისა, რუსეთს გაუჭირდებოდა ეწარმოებინა მახლობელ აღმოსავლეთში აქტიური საგარეო პოლიტიკა დაღესტნის ხალხის დაუმორჩილებლად, ვინაიდან მას ზურგში ეყოლებოდა დაუძინებელი მტერი მისი სახით. ამასთანავე, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მტერსა და ამიერკავკასიაზე ბატონობაში მთავარ კონკურენტს – თურქეთს – დაღესტანის ხალხებთან აკავშირებდა მაჰმადიანური რელიგიის ერთიდაიმავე მიმდინარეობისადმი კუთვნილება, რაც აამხედრებდა მთიელებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის თურქეთთან სერიოზული კონფლიქტის შემთხვევაში და გამოიწვევდა ომის ორ ფრონტზე წარმოებას, რისი შესაძლებლობაც იმჟამად რუსეთს არ ჰქონდა1.
ზემოაღნიშნულ სტატიაში ჩვენი მიზანია საარქივო მასალების, ძველი აქტების თუ სპეციალურ ლიტერატურაზე დაყრდნობით წარმოვაჩინოთ დაღესტან-ახალციხის საფაშოს ურთიერთობა XIX საუკუნის პირველ მესამედში.
XIX საუკუნის დასაწყისში დაღესტანი დაქუცმაცებუ-ლი იყო მთელ რიგ ფეოდალურ სამფლობელოებად: ავარიის, ყაზიყულმუხის, მეხტულინის, დერბენდის სახანოებად, ტარკის საშამხლოდ, ყაიტაგის სამაისუმოდ, ტაბასარანის საყადიოდ, ყუმიყელი თავადების – აქსაევსკის, კოსტეკოვსკის. ანდრეევსკის მამულად და დაახლოებით 60-მდე სასოფლო თემად. ამ პოლიტიკური ერთეულებიდან თითოეული დამოუკიდებელი და პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობდა და ამდენად, მათი დამოკიდებულების ხასიათიც, როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთანაც მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

1. АКТЫ, VII, д. 462, стр. 510.
ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლო წლებში დაღესტნის მთელი რიგი ფეოდალური გაერთიანებები ერთმანეთის მიყოლებით 1787-1789 წლებში რუსეთის მფლობელობაში შევიდნენ, ხოლო 1793 წელს რუსეთს სამუდამოდ ერთგულება შეჰფიცეს და ქვეშევრდომობა სთხოვეს ყუმიყელმა თავადებმა და ტარკის შამხალმა, შემდეგ დერბენდის მმართველმა შიხათ-ხანმა და სხვებმა1. 1802 წელს კნორინგმა, ალექსანდრე I-ის მითითებით მოიწვია დაღესტნელი ხანების ყრილობა, რომლებმაც 1802 წლის 26 დეკემბერს დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთის პროტექტორატის ქვეშ შევიდა დაღესტნის ოთხი ფეოდალური სამფლობელო – ტარკის, ყაიტაღის, ტაბასარანისა და დერბენდის. მოლაპარაკების მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ არასოდეს არ დაესხმებოდნენ მოკავშირეების ტერიტორიებს და მათი ქვეშევრდომები არაფრით არ შეურაცხეყოთ2.
1802 წლის 3 ოქტომბერს ალექსანდრე I დათანხმდა რუსეთის მფარველობაში მიეღო ავარიის სახანო, 1803 წლის დასაწყისში კი სულტან ახმედ-ხანმა თავის მრავალ გამოჩე-ნილ ქვეშევრდომთა თანდასწრებით საზეიმოდ დაიფიცა რუსეთის ხელმწიფის ერთგულებაზე. მან პირობა დადო, რომ რუსეთის ქვეშევრდომ მეზობელ ხანებთან და მთის მფლობელებთან ყოფილიყო მეგობრულად, მონაწილეობა არ მიეღო არავითარ შეიარაღებულ შეტაკებებში, დაეცვა ავარიისა და საქართველოს საზღვრები3.

1. Гаджиев В, Русско-Дагестанские отнощения XVIII начало XIX вв., М., 1990.
2. Гаджоев В,. დასახელებული ნაშრომი, გვ. 136.
3. სცსსა ფონდი, 29, საქმე # 17, ფურც. 1-2.
4. АКТЫ,, т. II, стр. 728.

1803 წლის მარტ-აპრილში გენერალ გულიაკოვის სარდლობით რუსეთის ჯარებმა რუსეთის ტერიტორიებს შემოუერთეს ჭარბელაქნის თავისუფალი თემები4, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაღესტნის შემდგომი შემოერთებისათვის.
1810 წლის შემოდგომაზე ჩოხის თავისუფალი საზოგადოება შევიდა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. ამავე წლის ზაფხულში ალექსანდრე I-ის ერთგულებაზე დაიფიცა ყაზი-ყუმუხის სახანომ1.
ყველა ზემოთ აღნიშნული სამფლობელოს წარმომადგენლებმა მფარველ სახელმწიფოს აღუთქვეს მისი კუთვნილი ტერიტორიების ხელშეუხებლობა, მაგრამ ყველა ეს ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდად დარჩა და დაღესტნის მხრიდან რუსეთის კუთვნილ ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოზე, თავდასხმები არ წყდებოდა. მაგალითად, 1802 წლის გეორგიევსკის მოლაპარაკების მონაწილეებმა (შიხ-ალი-ხან დერბენდელმა, ტარკის შამხალმა, ავარიის ხანმა და მისმა მამამ სულთანმა ჯუნგუთაიელმა) უკვე დაივიწყეს თავიანთი ერთგულების ფიცი, შეეკვრნენ შირვანის მუსტაფა ხანს, გაუგზავნეს ელჩი ბაბახანს და შესთავაზეს რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი საომარი მოქმედების დაწყება2.
აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართლიანად აღნიშნავს მამია დუმბაძე, რომ დაღესტნის ხალხების რუსეთის ერთგულებაში შესვლა „შიშით ნაკარნახევი დროებითი მოვლენა იყო. შიშმა მალე გადაიარა და სახანოები ციციანოვის მუქარებს უკვე აღარ ეპუებოდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან, მათ შორის დაღესტნიდანაც თავდასხმები ისე გრძელდებოდა“3.

1. Гаджоев В, დასახელებული ნაშრომი, გვ. 198.
2. АКТЫ, т. II, стр. 784.
3. საქართველოს ისტორიის ნარკვვები, ტ. IV, თბ, 1973, გვ. 841.

საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ XIX საუკუნის პირველ მესამედში შეიმჩნევა დაღესტნელი ფეოდალებისა და ტომთა ბელადების მხრიდან ორიენტაციის მეტისმეტად ხშირი ცვლა: თითქმის მთელი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაღესტნელები სისტემატურად ითხოვდნენ რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ შესვლას, მათი თხოვნის შესრულებისთანავე არღვევდნენ ერთგულების ფიცს, თავს ესხმოდნენ და არბევდნენ იმპერიის კუთვნილ ტერიტორიებს, აწიოკებდნენ მოსახლეობას და ამის შემდეგ იმწუთშივე მფარველობას იხვეწებოდნენ.
ამჯერად, ჩვენთვის საინტერესოა ის ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა დაღესტან-ახალციხის საფაშოს შორის XIX საუკუნის პირველ მესამედში. ჯერ კიდევ 1783 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ტრაქტატი ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების გაუმჯობესებას მოასწავებდა, რაც თურქეთის დიპლომატიის მიერ განცდილი დიდი მარცხი იყო. ამან, რუსეთთან ისედაც გართულებული საგარეო ურთიერთობის პირობებში უფრო გააბოროტა ოსმალეთი.
მ. დუმბაძის შენიშვნით: „ქართლ-კახეთში რუსთა ჯარების გადმოყვანის გამო ოსმალეთის სახელმწიფოს შეშფოთება სავსებით გასაგები იყო. რუსეთის მიერ მრავალგზის დამარცხებულ, ყირიმიდან და ჩრდილო კავკასიიდან გამოდევნილ ოსმალეთს ახლა მისი უშუალო, თუ მინატაცებ-დაპყრობილი მიწების დაკარგვა მოელოდა. ძლიერმა რუსეთმა კავკასიონის მთაგრეხილი უომრად გადმოლახა, უშუალოდ გაუმეზობლდა სულთნის სამფლობელოებს და მას საქართველოდან „მეორე ფრონტი“ გაუხსნა (პირველი და ტრადიციული ფრონტი ბალკანეთის მიმართულებით იყო), რითაც დაემუქრა ანატოლიის ჩრდილოეთ პროვინციებს“1.

1. საქართველოს ისტორიის ნარკვვები, ტ. IV, გვ. 696.

ახალციხის ფაშამ, სულეიმან ჯაყელმა, რომელსაც არ გამოჰპარვია ის გარემოება, რომ ერეკლე II გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად აღიარებული იყო სამცხე-საათაბაგოს პატრონად, ვინაიდან თავის თავს „საათაბაგოს მფლობელად თვლიდა“, ჯავრის ამოყრის მიზნით „აღუწოდა ლეკთა და იყო ოხრება ქართლისა“1. XIX საუკუნის დასაწყისში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.
მართალია, ამ პერიოდში ახალციხის ფაშა სიტყვით საქართველოს მთავრობას მეგობრობას ეფიცებოდა და პირდებოდა, რომ ლეკებს არ შეუშვებდა თავის სამფლობელოში, არ მისცემდა პურს და არ გააყიდინებდა იქ ტყვეებს2, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ლაზარევი 1802 წლის 22 აგვისტოს მოახსენებდა კნორინგს: „ეს ახსნა-განმარტება მთლიანად სიმართლესაა მოკლებული, მას თავისი სამფლობელოდან ლეკები არ გამოუდევნია, არამედ ერთი ნაწილი გაგზავნა იმერეთის მეფესთან, მეორე კი ჰყავს თავისთან და იყენებს მათი საერთო ზრახვების სისრულეში მოსაყვანად... პოდპოლკოვნიკმა სიმონოვიჩმა არაერთგზის გარეკა ლეკები საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართლის მხრიდან, შერიფ-ფაშის სამფლობელოში, საითაც ისინი ყოველთვის მიისწრაფოდნენ და ნახულობდნენ კიდეც თავშესაფარს. ისეც ხდებოდა ხოლმე, რომ თურქები ლეკებს უამხანაგდებოდნენ და ერთად არბევდნენ საქართველოს მიწა-წყალს“3.

1. თ. ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზა-და, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა, თბ., 1983, გვ. 58.
2. АКТЫ,, т. I, д. N 928, стр. 658.
3. იქვე.., д. N 458, стр. 667-668.

1800 წელს კოვალენსკის მიერ საქართველოზე გაკეთებული შენიშვნების მი-ხედვით ჩანს, რომ ახალციხის ფაშას კეთილმეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან გამოიხატებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ მან სხვადასხვა დროს გამოუსყიდველად გაათავისუფლა დაღესტნელთაგან მოტაცებული რამდენიმე ქართველი ტყვე, რომლებიც მათ ძალით წაართვა, ამ დაღესტნელების მოკავშირე თავისი ქვეშევრდომებიდან რამდენიმე კაცი კი სიკვდილით დასაჯა: გამოუსყიდველად დააბრუნა ლეკების მიერ გატაცებული პირუტყვიდან რამდენიმე მსხვილფეხა რქოსანი საქონელი; იმერეთსა და მისი ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ სხვა ადგილებში მყოფი ყველა დაღესტნელი რუსეთის მოთხოვნის შესაბამისად შეაგროვა ერთად. წარადგინა საქართველოს მეფესთან და მკაცრად აუკრძალა მათ საქართველოს საზღვრებში შესვლა1.
ყოველივე ეს მოჩვენებითი ღონისძიებები იყო: ახალციხიდან ლეკთა თავდასხმები საქართველოს სოფლებზე კიდევ უფრო მომრავლდა2. მაგალითად, 1802 წლის 7 აგვისტოს სოფელ ქვიშხეთს თავს დაესხა ახალციხის მხრიდან 500 დაღესტნელი. მათ ტყვედ წაიყვანეს 96 ქალი და კაცი3. თავდასხმის მომწყობი და ორგანიზატორი ისევ ახალციხის ფაშა იყო. 1803 წლის ზაფხულში ახალციხიდან შემოჭრილმა ლეკებმა გაძარცვეს სოფელი ქარელი, ხოლო შემდეგ ტყეში შეიტყუეს და გაჟლიტეს რუსთა ასეული4. ციციანოვის ბრძანებით, რუსთა რაზმი, გენერალ ორბელიანის სარდლობით ახალციხეში შეიჭრა, რის შედეგადაც ახალციხის ფაშა იძულებული გახდა მისთვის 600 დაღესტნელი გადაეცა დასასჯელად. რუსებმა ლეკები განაიარაღეს და მთელ ქართლსა და კახეთში ჩამოატარეს5.
ახალციხის ფაშას ასეთი მუხანათური პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსეთის კავკასიურ მმართველობას. 1808 წლის თებერვალში კავკასიის მთავარმართებელი გუდო-ვიჩი მოახსენებდა იმპერატორს: ახალციხის ფაშა უფლებას აძლევს ლეკებს და თავის ქვეშევრდომებს აწარმოონ ჩვენი ტერიტორიის ძარცვა-რბევაო6. ლეკების მიერ ქართლის სოფლების რბევის შესაწყვეტად გუდოვიჩმა შესთავაზა ახალციხეში მყოფ ყველა დაღესტნელს რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა და აღუთქვა სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება, მაგრამ ფაშა მათ ამის ნებას არ აძლევდა და სხვადასხვა დაპირებებითა და საბაბით აკავებდა მათ7. თუ თურქეთი 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომამდე მალულად იფარებდა ლეკებს, ომის დაწყების შემდეგ უკვე თურქეთის ანატოლიის მთავარსადრალი იუსუფ-ფაშა მაჰმადიანური რელიგიის დაცვის საბაბით აშკარად მოუწოდებდა დაღესტნის, აზერბაიჯანის ჭარ-ბელაქნის მფლობელებს, რომ თურქეთთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში და მოეწყოთ ერთობლივი ლაშქრობა ამიერკავკასიაში მათ დასაყრდენ თბილისზე, რის სანაცვლოდაც ჰპირდებოდა ჯილდოებს8.

1. АКТЫ, т. I, д. N 928, стр. 658.
2. ЦГВИА, ф. 26, оп. I , д. Т 151,ст. 544.
3. АКТЫ, т. I, д. N 928, стр. 658.
4. თ. ბაგრატიონი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 69.
5. Покоренный Кавказ, СПБ, 1869, ст. 303.
6. Цагарели А., Грамоты, ст.207-208.
7. АКТЫ,, т. III, стр. 433.
8. იქვე.

ზემოაღნიშნულ გარემოებას დროზე მიქაცია ყურადღება ამიერკავკასიის რუსულმა ხელისუფლებამ1, მაგრამ დაღესტნელების რამდენიმე რაზმი მაინც გადავიდა ახალციხეში2, საიდანაც მონაწილეობა მიიღეს საომარ მოქმედებებში და თურქთა შემოსევებში3. მაგალითად, 1807 წლის ზაფხულში დაღესტნის პროვინციების ოსოქოლოსა და წუდახარიდან 700 ლეკი მამასახლისების: ქოსა-ჰუსეინის, მუსტაფა-ჰასან-ოღლი-სა და აბდუ-ისმაილ-ოღლის წაქეზებით გადავიდნენ ახალცი-ხეში, სადაც აწარმოებდნენ საქართველოს ტერიტორიებზე თავდასხმებსა და ძარცვას. ისინი 13 ივნისს თავს დაესხნენ ქარელს და გარეკეს დიდი რაოდენობით ცხვარი, ხოლო 18 ივნისს თურქებთან ერთად თავს დაესხნენ სოფელ მოხისს, ცახისს და მოიტაცეს მთელი ცხვარი4. 1808 წელს აულების ოსოქოლოს, ბალაბანის, ბაკეთლალის და ქონდოქის ახალციხეში მყოფი გულხადარები, რომლებიც ახალციხის ფაშას მიერ იყვნენ დაქირავებულები, მეტისმეტად აწუხებდნენ ქართლის სოფლებს გამუდმებული თავდასხმებით5.

1. იქვე.
2. სცსსა ფონდი, 16 აღწ. I, საქმე #1082, ფურც. 5.
3. იქვე., ფურც. 145, 148, 396.
4. АКТЫ, т. III, д. N 690, стр. 369-370.
5. იქვე, д. N 697, стр. 372.
რუსეთ-თურქეთის ომი 1812 წლის მაისში ბუქარესტში ზავის დადებით დამთავრდა. ზავის VI მუხლის საფუძველზე რუსეთმა ამიერკავკასიაში შეინარჩუნა „ნებაყოფლობით შემო-ერთებული ტერიტორიები“. ამ ზავით „რუსეთის სარგებლობაში გადავიდა შავი ზღვის სანაპირო, დაწყებული მდინარე ბზიფიდან ვიდრე მდინარე რიონამდე. ფაქტობრივად კი რუსეთის გამგებლობაში ექცეოდა საქართველოს ზღვის ნაპირი ბზიფიდან ვიდრე მდინარე ჩოლოქამდე და ამ ნაპირზე მდებარე ნავსადგომები: სოხუმი, ყულევი და შეკვეთილი. მაგრამ აღნიშნული ზავის მიხედვით რუსეთი იძულებული გახდა ოსმალეთისთვის დაებრუნებინა ქალაქი ფოთი და ახლაქალაქი1, რომლებიც კვლავ გადაიქცნენ ტყვეებით მოვაჭრე ოსმალო ყაჩაღების სათარეშო ასპარეზად.
ზემოაღნიშნულმა ზავმა ვერ მოსპო ახალციხიდან ლეკების თავდასხმები. ისინი ინტენსიურად გრძელდებოდა მომდევნო პერიოდშიც. თურქეთზე დაღესტნელების დამოკიდებულების გარდა ახალციხის ფაშას მიერ მათი დაქირავებისა და ამის შედეგად თავისი სურვილების მიხედვით გამოყენებისა, ის გარემოებაც იწვევდა, რომ რაც რუსეთმა ყირიმის სახანო დაიპყრო, დაღესტნისათვის ტყვეების გასაყიდად ერთადერთ ბაზრად ოსმალეთი გადაიქცა და ამიტომ მათი ინტერესები მჭიდროდ გადაეჯაჭვა ერთმანეთს2.
აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ცარიზმის ის ვანდალური პოლიტიკა, რასაც ისინი სჩადიოდნენ კავკასიაში. ცარიზმის მხრიდან ახალი ციხე-სიმაგრეებისა და კორდონების მშენებლობას თან ახლდა მთიანი აულების განადგურება და მოსახლეობის იძულებითი გადასახლება საცხოვრებელი ადგილებიდან. ნ. ნ. რაევსკი კავკასიაში რუსეთის შეუზღუდავი პოლიტიკის შესახებ წერდა: «Наши действия на Кавказе напоминают все бедствия первоначального завоевания Америки испанцами»3.
1817 წელს ჩეჩნეთში სახალხო აჯანყება დაიწყო, რომელიც კავკასიაში რუსთა ბატონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. სულთნის ემისრები გაძლიერებულ რელიგიურ პროპაგანდას ეწეოდნენ კავკასიის მთიანეთში და მთის მაჰმადიან მოსახლეობას „გიაურების“ მიმართ საომრად განაწყობდნენ.

1. Договоры Россия с Востоком, сост. Юзефович, СПБ, 1869, ст. 53.
2. დ. მეგრელაძე, დასახელებული დისერტაცია, გვ. 41.
3. А. В. Фадеев, Россия и восточный Кавказ 20-их годов XIX века, Москва, 1958, стр. 309.

ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესებმა თავისებური გამოხმაურება ახალციხის საფაშოს მხრიდანაც ჰპოვეს. ჩვენს მიერ მოპოვებული საარქივო მასალები მოწმობენ, რომ ამ პერიოდში, ახალციხის საფაშოდან ლეკთა თარეშებმა, ქართლის ტერიტორიაზე სისტემატური ხასიათი მიიღო.
1817 წლის იანვარში ახალციხიდან გადმოსული ლეკები ქვემო ქართლში, სოფელ დიდი შულავერის ახლოს თავს დაესხნენ კაზაკთა საგუშაგოს, ტყვედ ჩაიგდეს კაზაკი ზაქარ მიკულინი, ხოლო მასთან მყოფნი კი ამოხოცეს1.
1817 წლის ივნისში საფაშოდან წამოსული ლეკები თავს დაესხნენ სოფელ ბალანთას, გაიტაცეს საქონელი და მწყემსი ბიჭი2. იმავე წლის აგვისტოში ქართლის სოფელ იგოეთიდან ახალციხის ბინადარი ლეკების მიერ მოტაცებულ იქნა 3 კაცი3. აგვისტოშივე, ახალციხიდან გადმოსულმა ლეკებმა ქართლის სოფელ სურამიდან და ვარდუბნიდან მოიტაცეს 5 კაცი4. 1817 წლის ნოემბერში ლეკების მიერ სოფელ მარტყოფიდან წაყვანილ იქნა ორი ვაჟი, რომელნიც ახალქალაქის ციხეში მიიყვანეს5.

1. სცსსა ფონდი, #2, აღწ. I, საქმე # 615, ფურც. 15.
2. იქვე.
3. იქვე, ფურც. 16.
4. იქვე.
5. იქვე.
ლეკების თავდასხმები ქართლზე და აქედან ახალციხისაკენ უმთავრესად ზედაზენის მხრიდან წარმოებდა. თ. ბაგრატიონის აღნიშვნით: „მთა ზედაზენისა იყო კანონიერად კლდედ და კარად დაღესტნისა და აქედან დაეცემოდნენ ლეკნი ღართისკარსა და დაცემით ტყვეთა, - განვლიდნენ ქართლსა და ავიდოდნენ ახალციხეს. დაბრუნებულნი მუნით, აქავე მოდიან და დაბინავდებიან უშიშრად – ესრეთ მდგომარეობასა შინა იყო საქართველო დროთაგან მეფისა ვახტანგისა 1710-გან, ვიდრე 1817 წლამდე1.
ახალციხეში დაღესტნელები ჭარის, ბორჩალოს დის-ტანციის და წალკის გავლითაც გადადიოდნენ2.
მიუხედავად თეიმურაზ ბაგრატიონის ზემოთმოტანილი ცნობისა, რომელიც „ლეკიანობის“ დასასრულად 1817 წელს ასახელებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ლეკთა წვრილ-წვრილ თარეშებს ქართლზე ახალციხის მხრიდან შემდგომშიაც ჰქონდა ადგილი. ამასთან დაკავშირებით 1819 წლის 16 აპრილს ერმოლოვი ახალციხის ფაშას დივან ეფენდ მამედ-სეიდს სწერდა, რომ ახმედ-ალის საშუალებით შევიტყვე, რომ ხაფიზ-ალი ფაშას არზრუმში სერასკირად დანიშვნის გამო, თქვენ სულთანის დავალებით დაგეკისრათ ახალციხის საფაშოს მმართველობა. გავიგე, რომ თქვენ საფაშოდან დაითხივეთ ყველა ლეკი, რომლებიც ყაჩაღურ თავდასხმებს ახდენდნენ საქართველოზე. ახლა ისინი ქართლის ტყეებში იმყოფებიან და თუ ისინი ნადავლით დატვირთულნი ახალციხეში დაბრუნდებიან, მაშინ ჩვენთვის გასაგები იქნება: «что сей разбойники самом Ахалцихском правительством не выгнаны а посланы только были для произведения грабительства в Грузии»3.
ჭარ-ბელაქნის რუსეთის მიერ დაკავებამ და კავკასიონ-ზე გადმოსასვლელი ბილიკების ჩაკეტვამ ლეკთა მოძრაობის მთავარი მაგისტრალი დაღესტანი _ ჭარ-ბელაქანი _ ახალციხის საფაშო თავდაპირველად ჯერ შეასუსტა, ხოლო 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად ახალციხის საფაშოს ერთი ნაწილის (სამცხე-ჯავახეთი) შემოერთებამ ეს გენერალური საკომუნიკაციო ხაზი მთლიანად მოშალა.
1. თ. ბაგრატიონი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 58.
2. სცსსა ფონდი, # 16, აღწ. I, საქმე # 1192, ფურც. 6.
3. АКТЫ,, т. VI, часть II, стр. 415-416.

დამოწმებანი:
1. Акты, КАК, თ. VII, Тиф., 1878.
2. Акты, КАК, თ. II, Тиф., 1868.
3. Акты, КАК, თ. I, Тиф., 1876.
4. Акты, КАК, თ. III, Тиф., 1869.
5. Акты, КАК, თ. VI, Тиф., 1875.
6. სცსსა, ფ. 29, საქმე #17.
7. სცსსა, ფ. 16, აღწ. 1. საქმე #1082.
8. სცსსა, ფ. 2, აღწ. 1. საქმე #615.
9. თ. ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა, თბ., 1983.
10. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973.
11. Гаджиев В., Русско-Дагестанское отнашения XVIII- начало XIX вв. М., 1990.
12. Цагарели А., Грамоты . . . Т. I. Спб., 1891.
13. Федеев А.В. Россия и Кавказ 20-их годов XIX века, М., 1958.
14. Юзефович Т., Договори России с Востоком, Спб., 1869.
15. Покоренный Кавказ, Спб., 1869.

суббота, 28 сентября 2019 г.

ბუღა თურქის მიერ ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა ისლამურ „ათასწლეულის ისტორიაში“

853 წლის აგვისტოს დამდეგი იყო. თბილისის სანახებს მიუახლოვდა აბასიანთა სახალიფოს ლაშქარი ხალიფა მუთავაქილის (847-861) თურქული გვარდიის სარდლის, ბუღა უფროსის, იმავე ბუღა თურქის მეთაურობით. სამიზნე იყო თბილისის ამირა, ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელსაც ქართველები სააკ ისმაელის ძედ უხმობდნენ. 

X საუკუნის არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი ალ-მასუდი წერდა: „და იყო თბილისში კაცი, სახელად ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელიც მასთან მყოფი მუსლიმების დახმარებით ბატონობდა მეზობელ ხალხებზე. ისინი ემორჩილებოდნენ მას და უხდიდნენ სულად გადასახადს - ჯიზიას“.

35 წლით ადრე ისჰაკმა, ხალიფას ნებართვის გარეშე, მიიტაცა თბილისი და გახდა უზურპატორი, არაბულად - მუთაღალიბი. ნიჭიერი და ენერგიული იყო ამირა. კახეთში წანარები ერთგულ მოკავშირეებად ჰყავდა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, დაღესტანში ზურგს უმაგრებდა სარირთა სამეფოს მბრძანებელი, რომლის ქალიშვილიც ცოლად შეირთო. მისი ავტორიტეტი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ვანანდში - ყარსის რაიონში, სოფელ კანჭკაქართან დაამარცხა და უკუაგდო ბიზანტიელთა ლაშქარი.

ისლამურ სამყაროში ისჰაკი პოპულარული გახდა 842 წლიდან, როცა თბილისი გაიარა და იქ შეჩერდა სალამ თარჯუმანი. ხალიფა ვასიკს (842-847) ესიზმრა, რომ სადღაც შორს, ჩრდილოეთში, ალექსანდრე მაკედონელის მიერ აშენებული მძლავრი ზღუდე გაანგრიეს ზღაპრულმა არსებებმა გოგმა და მაგოგმა, რომელთაც შეეძლოთ დიდი უბედურება მოეტანათ ადამიანებისთვის. ეს ზღუდე, როგორც მკვლევრებმა გაარკვიეს, ჩინეთის დიდი კედელი უნდა ყოფილიყო. შეშფოთებულმა ვასიკმა ამ ამბის დასაზუსტებლად ზაფხულში წარგზავნა ექსპედიცია სალამ თარჯუმანის (თარჯიმნის, მთარგმნელის) ხელმძღვანელობით. ის პოლიგლოტი იყო და 30 ენა მაინც იცოდა.

ხალიფამ სალამს რამდენიმე თანამგზავრი გააყოლა და სამგზავროდ საკმაო ფულიც გადასცა. სალამი სამარადან - სახალიფოს იმდროინდელი დედაქალაქიდან - დაადგა გზას და როცა 410 კილომეტრი გაიარა, თბილისში შევიდა. მან ისჰაკს გადასცა ვასიკის სარეკომენდაციო ბარათი, რომელშიც ხალიფა ამირასგან ითხოვდა, დახმარება აღმოეჩინა მისთვის. ისჰაკმა, თავის მხრივ, ასეთივე ბარათებით მოამარაგა სალამი, რომელიც დაღესტნიდან ხაზარეთში გადავიდა. 16 თვის შემდეგ მან მიაღწია ჩინეთის დიდ კედელს და როცა დარწმუნდა, რომ გოგისა და მაგოგის საშიშროება კაცობრიობას არ ემუქრებოდა, მშვიდობიანად დაბრუნდა სამარაში. ამის შესახებ, თავად სალამ თარჯუმანისგან მოგვითხრო ცნობილმა არაბმა გეოგრაფმა იბნ ხორდადბეჰმა. ამ ამბავს შემდეგ სხვა არაბი ავტორებიც იმეორებდნენ.

წარმატებებმა გაათამამეს ისჰაკი. მან არაბთა დიდი პროვინციის, არმინიის მფლობელის (საჰიბ) ტიტული მიიღო (ან მიითვისა). მეზობელ ხალხებზე მბრძანებლობა გაუტკბა, მათგან შემოსული გადასახადების მიტაცებაც დაიწყო და სახალიფო ხაზინაში აღარაფერს გზავნიდა. ეს იყო დანაშაული, რის პატიებაც არ შეიძლებოდა. ამიტომ ხალიფები მის წინააღმდეგ დამსჯელ ექსპედიციებს გზავნიდნენ, მაგრამ შეუპოვარი წინააღმდეგობითა და დიპლომატიით ისჰაკი ახერხებდა ამირას ტახტის შენარჩუნებას. 

ასე გაგრძელდა მანამდე, ვიდრე ხალიფა მუთავაქილმა მის წინააღმდეგ არ გაგზავნა ბუღა თურქი. 80 წელს იყო მიტანებული სახალიფოს მთავარსარდალი. დიდი ცოდნითა და განათლებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ჰქონდა სამხედრო ნიჭი, ომებში თავი გამოეჩინა და სიმამაცით იყო განთქმული. მონაწილეობდა არაერთ სამხედრო ექსპედიციაში, ებრძოდა აჯანყებულ ხურამიტებს აზერბაიჯანში, ხალიფას დაუმორჩილა ჰიჯაზი და განმდგარი წმინდა ქალაქები - მექა და მედინა, ებრძოდა ბიზანტიელებს. ცნობილი არაბი ისტორიკოსი ას-საფადი წერდა, რომბუღა მონაწილეობდა მრავალ შეტაკებასა და ომში, თავადაც ხელმძღვანელობდა ბრძოლებს. მაგრამ ერთხელაც არ აუსხამს აბჯარი და ერთი ჭრილობაც კი არ მიუღია ბრძოლებში”. მანამდე, 852 წელს ბუღამ სისასტიკით ჩაახშო ხალიფას წინააღმდეგ სომხების აჯანყება, მოაოხრა სასუნი, ხუთი, ვანის ტბის სანაპიროები, სომხეთის სხვა მხარეები და თბილისისკენ დაიძრა. მის ლაშქარში, თურქი გვარდიელების გარდა, იყვნენ სამხრეთ ეგვიპტეში მცხოვრები მაღრიბელები, შთამომავლები არაბი ემიგრანტებისა. ბუღას თან ახლდნენ ცნობილი სარდალი ზირაქ ათა-თურქი და სომეხი მთავარი სმბატ ბაგრატუნი. 

ბუღა მიუახლოვდა თბილისს, რომელიც ისჰაკს საგულდაგულოდ გაემაგრებინა, განსაკუთრებით სოღდებილი - მტკვრის მარცხენა ნაპირზე და აღმოსავლეთიდან მიადგა ქალაქს. მან ისჰაკს შეუთვალა, დამნებდი და მეახლეო. - მე ყოველთვის ხალიფას მორჩილი ვიყავი. თუ ფული და ხარკი გინდა, გამოგიგზავნი, მაგრამ პირადად არ მოვალო. ამირამ იცოდა, რას ნიშნავდა ბუღასთან მისვლა. დაპატიმრება და სამარაში გაგზავნა არ ასცდებოდა. იქ კი უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ. ამიტომაც უარზე დადგა და ომისთვის მოემზადა. მან საგანგებოდ გაამაგრა თავისი რეზიდენცია სოღდებილში - დღევანდელი მეტეხის ადგილას, ჯარიც საკმარისად ჰყავდა და იმის იმედიც ჰქონდა, რომ ქართველი მოკავშირეები დაეხმარებოდნენ. ხანგრძლივი ალყა არ აშინებდა, რადგანაც სურსათ-სანოვაგე უხვად მოემარაგებინა. დარწმუნებული იყო, რომ ხიფათს თავიდან აიცილებდა. მაგრამ ამჯერად აღარ გაუმართლა. 

853 წლის 5 აგვისტოს, ბუღას ბრძანებით, მისმა მეომრებმა ნავთობმტყორცნელთა საგანგებო ერთეულიდან (ნაფფატუნ) თიხის ქოთნები ნავთით გაავსეს, ცეცხლი წაუკიდეს და მანჯანიკებით თბილისს დაუშინეს. ფიჭვის ხით ნაგებ სახლებს ცეცხლი სწრაფად მოედო. ამოვარდნილმა ქარმა ხანძარი მთელი ძალით გააჩაღა. ამის შემხედვარე ისჰაკმა ბუღას სარდალთან - თურქ ზირაქთან ბრძოლა შეწყვიტა და ქალაქს მიაშურა. საზარელი სურათი წარმოუდგა. მისი სასახლე და შემოგარენი ცეცხლის ალში გახვეულიყო. ხანძარმა დაზაფრა ქალაქის დამცველები და წინააღმდეგობის უნარი დაუკარგა მათ. შედრკა ამირაც.

ერთი პირობა უნდოდა, სამშვილდეში გახიზნულიყო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ზირაქს შეუთვალა, - მოდი და შემიპყარიო. ზირაქმა არ დაიჯერა და მხოლოდ მაშინ გაეშურა მისკენ, როცა მესამედ ეახლა ამირას მოციქული. ისჰაკი და მისი ვაჟი ამრი გაბაწრული მიჰგვარს ბუღას. ახლა ბუღას გაოცების ჯერი დადგა. თომა არწრუნის ცნობით, მას ისჰაკის აჯანყება ისე არ გაჰკვირვებია, როგორც მისი უაზრო დანებება. მან ბრძანა, სასწრაფოდ დაესაჯათ სიკვდილით დიდთავა, შავგრემანი, ბასმით შეღებილი წვერ-ულვაშიანი, მელოტი და ელამი, ზონზროხა მოხუცი. სასჯელი აღასრულა ბუღას მოადგილე ღამუშმა. ისჰაკის უსულო სხეული ჯვარზე გააკრეს, ხოლო თავი მარგილზე ჩამოაცვეს და შემდეგ ხალიფა მუთავაქილს გაუგზავნეს, მის ქვრივთან და ორ ვაჟთან ერთად. როდესაც ამირას თავი ნადიმისას მიართვეს ხალიფას, წამოდგა ცნობილი პოეტი ალი იბნ ალ-ჯაჰმი და ექსპრომტად წარმოთქვა ვრცელი კასიდა (აქ მოტანილია პირველი ხუთი სტრიქონი):

კეთილი იყოს შენი მოსვლა,

ვითარცა დესპნის,

ის მოიტანე, შურისგების რომ 

მოკლავს წყურვილს,

და განმარტებას რომ არ ითხოვს 

საერთოდ იგი,

თავი ისჰაკის, ისმაილის ძის, 

ძლევა თბილისის და სუღდაბილის... 

ამ კასიდისთვის ხალიფა მუთავაქილმა პოეტს 30 ათასი დირჰემი უბოძა.

* * *

ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის მმართველობა, ისევე როგორც ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება, ცნობილი და პოპულარული თემა იყო არა მხოლოდ არაბულ მწერლობაში. მის შესახებ წერდნენ არაბი გეოგრაფები და ისტორიკოსები, ბიოგრაფები და კოსმოლოგები, პოეტური და სხვა ტიპის ანთოლოგიების ავტორები. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ თემა ისლამურ მხატვრობაშიც გაგრძელდა. მაგრამ ეს მოხდა ისჰაკის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ.

1585 წლებში ინდოეთის დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორმა აქბარმა (1542-1605) ბრძანა, შეედგინათ მთელი ისლამური სამყაროს ისტორია მოციქულ მუჰამადის სიკვდილიდან - ათასი წლის განმავლობაში, რის გამოც მას ეწოდა „ათასწლეულის ისტორია“ (თარიხ--ალფი). ამ თხზულებას, რომლის არასრული ნუსხები დაცულია ინდოეთისა და ევროპის არქივებში, ყველა სხვა ისტორია უნდა შეეცვალა.
იმპერატორი აქბარი გატაცებული იყო მხატვრობით. მის კარზე მუშაობდა ასობით ინდოელი და მუსლიმი მხატვარი, რომლებიც ამზადებდნენ განსაკუთრებული სილამაზისა და ხარისხის ხელნაწერებს. ილუსტრირებულია „ათასწლეულის ისტორიაც“. მის პირველ ტომებში, რომლებიც დაწერა მულა აჰმად ათ-თათავიმ, შევიდა ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება და ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯაც, როგორც გამორჩეული ამბავი ისლამის ისტორიაში, სათანადო ფერადი ილუსტრაციით. ეს მინიატურა, ბრიტანეთის მუზეუმიდან, 2008 წელს მოვიპოვეთ პროფესორ ზაზა სხირტლაძის შუამდგომლობით, იმ დროისთვის მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეების - ელეონორა სიმსისა და ვალენტინა ტალიანის თავაზიანი დახმარებით. მათ გაითვალისწინეს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მინიატურა ყოველგვარი საფასურის გარეშე მოგვაწოდეს. 

მინიატურა სამი ნაწილისგან შედგება. მეორე, შუა ნაწილში, ისჰაკის სიკვდილით დასჯას ასეთი კომენტარი ახლავს (პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის თარგმანში): 

„ბუღამ ალყა შემოარტყა ქალაქ თიფლისს. მისი ლაშქრის მეთაური იყო ზირაქ თარი (სიც. თურქი). იმ ქალაქის ვალი ისჰაკ იბნ ისმაილი ქალაქიდან გამოვიდა და დიდი ბრძოლა გამართა. ბოლოს იგი ბუღას ჩაუვარდა ხელთ, რომელმაც მყისვე მოჰკვეთა მას თავი და ქალაქი გადაწვა“. 
მინიატურაზე ჩანს თბილისის ამირა, ფეხშიშველი, დაჩოქილი და ხელებშეკრული, იმ პოზაში, რომელიც დღემდეა მიღებული სიკვდილმისჯილთათვის ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, კერძოდ, საუდის არაბეთში. ისჰაკის უკან ღამუშია, გაშიშვლებული ხმლით, მზადყოფნაში -თავი მოჰკვეთოს ამირას. 

ასე შევიდა თბილისის ამირას ისჰაკ იბნ ისმაილის ტრაგიკული აღსასრული ისლამურ მხატვრობაში.