1. “ეპისტოლეთა წიგნი” იწყება ცურტავის ეპისკოპოს მოსეს ეპისტოლეთი ვრთანეს ქერდოლისადმი, რომელიც სომხეთის კათალიკოსის ადგილის მცველი იყო. მოსე აცნობებს ვრთანესს, რომ ის სიყრმისას მისულა ცურტავის საეპისკოპოსოში, რომლის მოწაფედაც ითვლებოდა. იქ ისწავლა ქართული და სომხური მწიგნობრობა, შემდეგ პიტიახშის კარის საყდრის მოძღვარი გახდა. შემდეგ მოსე აცნობებს _ ახლაღა მივხვდი, რომ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით “…ქართველთ მხოლოდ მწვანით შეფერილი ფოთლები ჰქონიათ” (გვ.2). ქართველებიო, წერს ის, იმ უნაყოფო და ხშირფოთლიან ლეღვის ხეს ჰგვანან, რომელზედაც უფალმა ნაყოფი ვერ ჰპოვა ფოთლების გარდაო. “ასევე ესენი კაცთა მოსაწონებლად ცდილობდნენ მთელი მსახურება სრულად და სავსებით წარმოედგინათ. ხოლო როცა შევიტყვეთ ქალკედონის კრების ურიული განსაზღვრების განდიდება… ხმა ავიმაღლეთ და მტერი გავხდით კათალიკოსად წოდებულისა, ყველა მთავრისა და იმ ქვეყნისა და ბოლოს ვიდევნე…” (გვ.2). ახლა, რადგანაც სომხეთის საკათალიკოსო ტახტი თავისუფალია, თქვენ გაცნობებთ იმ (ე.ი. ქართველთა) ქვეყნის დაღუპვას. ამჟამად დევნილი, არაგაწის მთის ძირას ერთ-ერთ მონასტერში ვიმყოფები. მე მივწერე ცურტავის ეკლესიის სომხურენოვან სამწყსოს, თქვენც ინებეთ და მისწერეთო.
მოსე ეპისკოპოსის ეპისტოლედან ნათლად ჩანს, რომ ის ცურტავს ქართველთა ქვეყნად მიიჩნევს, ცურტაველებს არ აცალკევებს ქართველებისგან, რომელთაც უნაყოფო ლეღვის ხეს ადარებს. ცურტავის ეკლესიას წარმოადგენს მთლიანობაში ქართულ ეკლესიასთან, რომლის გარეგანი მხარე, მისი აზრით, მშვენიერია, ხოლო შინაგანად უნაყოფოა. გარდა ამისა, ქართველები ყოველგვარ საეკლესიო წესს მთელი სისავსით აღასრულებენ, მაგრამ ესეც კაცთა მოსაჩვენებლად არისო. მოსე სთხოვს ვრთანესს, როგორც აღვნიშნეთ, რომ მან წერილი მისწეროს ცურტავის სომხურენოვან სამწყსოს. ცურტავის სომხურენოვანი სამწყსო ეროვნებით სომხური რომ ყოფილიყო, მაშინ სრულებით არ იქნებოდა საჭირო აღნიშვნა მათი სომხურენოვნებისა, პირდაპირ სთხოვდა, წერილი მისწერე ცურტაველ სომხებსო, მაგრამ წერილს სწერენ არა სომხებს, არამედ სომხურენოვან ქართველებს, ე.ი. სომხური საეკლესიო ენისა და ქართული დედაენის მქონე ქართველებს. თარგმანი “სომხურენოვანი” მთლად ზუსტი არ არის. ძალზე ძნელია მისი ქართულად გადმოღება, აქ იგულისხმება სომხური მწიგნობრობის მქონე და ასევე სომხური მღვდელმსახურების მქონე ადგილობრივი ქართველობა. პირობითად შეიძლება “სომხურენოვანად” ითარგმნოს შესაბამისი სომხური ტერმინი, თუმცა, შეიძლებოდა “სომხური წიგნის მქონედაც” თარგმნილიყო. ეს “სომხური წიგნის მქონე” ან “სომხურენოვანი” ქართველები წმიდა გრიგოლის ტახტის ერთგულ მრევლად მიაჩნიათ. მოულოდნელი არ არის და ასე იყო თითქმის მთელი შუასაუკუნეების მანძილზე, როცა ერთ რომელიმე ხალხს მღვდელმსახურება ჰქონდა არა დედაენაზე, არამედ უცხო ენაზე. ცხადია, მათი წიგნებიც უცხოენოვანი იყო. მაგალითად, გერმანელებს მღვდელმსახურება ჰქონდათ არა მშობლიურ გერმანულ, არამედ უცხო ლათინურ ენაზე, მათი წიგნებიც ლათინურენოვანი იყო. ამიტომაც მათთვის შეიძლებოდა “ლათინურენოვანნი” ეწოდებინათ.
2. ვრთანეს ქერდოლი პასუხად მოსეს აქებს, ამხნევებს და აცნობებს, რომ მან წერილი მისწერა “სომხურენოვან” მრევლს (იგულისხმება ან ცურტავში, ან მთელ საქართველოში).
3. “ეპისტოლეთა წიგნში” მოტანილია მოსე ეპისკოპოსის საყოველთაო ეპისტოლე ცურტავის ეკლესიის “სომხურენოვანი” თემისადმი, რომელშიც ის გმობს ქალკედონიტობას. როდესაც ის “დაემორჩილა” იმათ, რომელთაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა უნდოდათ და “ისმინა მათი მოწოდება”, როცა ეპისკოპოსი გახდა, უეცრად “შეეყარა გმობას” _ “…დავემორჩილეთ და გულმოდგინედ ვისმინეთ მოწოდება, რისთვისაც უეცრად შევეყარეთ გმობას რასმე…” (გვ.7), ანუ ქალკედონიტობას. მეო, _ წერს ის, _ ვერ შევძელი დუმილით დამეფარა სნება _ “…რის გამო აღვიძარით კიდეც, ამის გამო მტრად ვიქეცით ყოველთა. რამდენადაც ვამხილეთ, იმდენად უფრო დაგვემუქრნენ მღვდელმთავარნი და მთავარნი, ვიდრე არ გამაძევეს” (გვ. 8). ძალზე საყურადღებოა, რომ მოსე ცურტავის ერთ კუთხეში ამხელს ქალკედონიტობას და მას მაშინვე მყისიერად დაემუქრნენ სრულიად ქართლის მთავრები და ეპისკოპოსები, მთელი ქვეყანა მტრად გადაეკიდა. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ ცურტავი ქართლის განუყოფელი ნაწილია. “…ხმა ავიმაღლეთ და მტერი გავხდით კათალიკოსად წოდებულისა, ყველა მთავრისა და იმ ქვეყნისა და ბოლოს ვიდევნე” (გვ.2).
მოსე აფრთხილებს თავის “სომხურენოვან” მრევლს, ფრთხილად იყოს. “ქურდულად შემოაცოცეს და შემოიღეს მწვალებლობა…” (გვ. 11). “აწ ესე ყოველი ვიცით რა, საყვარელნო, ვიაროთ სამეუფეო გზით, ნურც მარჯვნივ გადავუხვევთ და ნურც მარცხნივ” (გვ. 12).
4. “ეპისტოლეთა წიგნში” მოტანილია ეპისტოლე, რომელსაც სათაურად აქვს “მიზეზი ორბუნებიანთა მეოთხე კრებისა, მოსე ქართველთა მართლმადიდებელი ეპისკოპოსისა” (გვ. 15). ამ სათაურიდანაც ჩანს, რომ მოსე ცურტაველი ეპისკოპოსი არის მონოფიზიტი, ანუ “მართლმადიდებელი”, რადგან სომხები ასე უწოდებდნენ მონოფიზიტებს. ამასთანავე, რაც აღსანიშნავია, მოსე არის ეროვნებით ქართველთა ეპისკოპოსი. მას უწოდებენ “მოსე ქართველთა მართლმადიდებელ ეპისკოპოსს”. აქედანაც ჩანს, რომ ცურტავის “სომხურენოვანი” თემი ქართველების თემია, ოღონდ ამ ქართველებს სომხური ტიპიკონი აქვთ მიღებული, ისინი საეკლესიო დანიშნულებისთვის სომხურ წიგნებს ხმარობენ, ამიტომაც “სომხურენოვანნი” არიან. თვით სომხური ეკლესია მათ ქართველებად მიიჩნევს და არა სომხებად, ამიტომაც მათი ეპისკოპოსი მოსე “ქართველთა” ეპისკოპოსია. ეს არის უეჭველი ფაქტი, დადასტურებული პირველხარისხოვან წყაროში _ “ეპისტოლეთა წიგნში”, ამიტომაც ამ ფაქტის იგნორირება არ შეიძლება.
5. მოსე ეპისკოპოსმა მიიღო საპასუხო ეპისტოლე “სომხურენოვანთაგან”, ანუ როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, “ძმობისაგან”, ისინი, კერძოდ, შესჩივიან მას,” _ … ხოლო თუ არა, ჩვენთვის სხვა ღონე არ არის: ან უნდა დავრჩეთ ამ ქვეყანაში და ამის სურვილისამებრ მოვიქცეთ, ან დავტოვოთ და განვეცალოთ” (გვ. 31). ე.ი. ან კირიონის სურვილისამებრ უნდა მოვიქცეთ, ან გავეცალოთ ამ მხარეებსო. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს “ძმები” სომხურენოვანი თემის სასულიერო მეთაურები არიან და სწორედ ეს “ძმები”. რამდენიმე კაცი აპირებს საქართველოს დატოვებას და არა მთელი სომხურენოვანი თემი.
6. ვრთანეს ქერდოლმაც მისწერა წერილი სომხურენოვან თემს. ის სწერს “…სავანეთა ხუცესებს, სოფლის მღვდლებს, აზნაურებსა და გლეხებს, მოხუცებსა და ყრმებს. ყველა და ყოველ ერისკაცს მაგ სომხურენოვანი ქვეყნებისას, რომელნიც ხართ ცურტავის ეკლესიის განმგებლობაში” (გვ. 32). აქედან ჩანს, რომ ცურტავის ეკლესიაში უნდა ვიგულისხმოთ არა დაბა ცურტავის ერთი რომელიღაც ეკლესიის მცირერიცხოვანი სამწყსო, არამედ ცურტავის ეკლესია ყოფილა ცენტრი მრავალრიცხოვანი “სომხურენოვანი” თემისა, რომელშიც შედიან “ქვეყნები” (და არა ერთი ქვეყანა), სავანეები, სოფლები, აზნაურები, გლეხები და ა.შ. ეს არის სამხრეთაღმოსავლეთ საქართველოს სომხური ტი პიკონის მქონე ქართული მოსახლეობა, ხოლო როცა მოსე ეპისკოპოსს “ძმობამ” მისწერა, ან კირიონის სურვილებს უნდა დავემორჩილოთ, ან ქვეყანა უნდა დავტოვოთო, აქ იგულისხმება. რომ ქვეყნის დატოვებას აპირებს არა მთელი “სომხურენოვანი” თემი, არამედ სწორედ “ძმობა”, ანუ ამ თემის სასულიერო მეთაურები. მთელ “სომხურენოვან” თემს, ცხადია, ქვეყნის დატოვება არ შეეძლო, მაშინ მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველო მკვიდრი მოსახლეობისგან, ანუ ქართველებისგან დაიცლებოდა.
ვრთანესი წერს, რომ სომეხ-ქართველ-ალბანელ ეპისკოპოსთა გაერთიანებულ კრებას თავის დროზე საშინელი წყევლით აღმოუფხვრია ქალკედონიტობა, ახლა კი კირიონი თავის ეპისკოპოსებთან და მთავრებთან ერთად ქალკედონიტობას იწყნარებს და განადიდებსო. გვესმა თქვენს შესახებაც, რომ თქვენ თავდადებული ხართ მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის (ანუ მონოფიზიტობისათვის), რომელიც თქვენს ქვეყანას დასაბამითვე შეუწყნარებიაო.
7. ვრთანეს ქერდოლს უპასუხებენ “სომხურენოვანნი”. ისინი, სხვათა შორის. სიტყვა “ქართლს” არ ხმარობენ, ხოლო თითქოსდა კავკასიის იმ მხარეში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, სწორი სარწმუნოება წმიდა გრიგოლის მიერ ყოფილა დანერგილი. ჩანს, ეს პასუხი დაწერილია არა მთელი თემის, არამედ მისი სასულიერო ხელმძღვანელების, “ძმების” მიერ. ისინი ნატრობენ, რომ სომხური ეკლესიის მეთაურმა “…მოჰკითხოს ცთუნებულ ჩვენს ქვეყანას…, რადგან მანდედან დახმარებისა და ზურგის გარეშე შეუძლებელია ყოფნა _ ისეთ მძლავრ ამაყს, რომელიც მამამთავრად იწოდება, შევყრილვართ, თუ არა, უნდა დავტოვოთ ეს ქვეყანა და წავიდეთ”. ქვეყნის დატოვებასა და წასვლას აპირებს არა “სომხურენოვანი” თემი, არამედ რამდენიმე კაცი, მსგავსნი მოსე ეპისკოპოსისა, რომელნიც თავიანთ თავს მთელი თემის მეთაურებად აცხადებენ და ასეთი სახის ეპისტოლეებს აგზავნიან (გვ. 34).
8. მოსე ეპისკოპოსი მეორე ეპისტოლეს უგზავნის ვრთანეს ქერდოლს, სადაც ითხოვს, რომ ვრთანესმა შესაბამისი წერილები მისწეროს კირიონს, ქართლის მთავრებს _ ატრნერსესა, ვაჰანსა და ბუზმიჰრს _ “ქალკედონის კრების მხილებით და ერთი დავალების წიგნი _ პეტრეს”. პეტრე _ ქართველი მონოფიზიტი ეპისკოპოსია, ამიტომაც მას ქალკედონის კრების “მხილების” წიგნი არ უნდა მიეწეროს _ არამედ “დავალების წიგნი”. პეტრე ქართველი ეპისკოპოსი ვალდებულია დავალება შეასრულოს. კირიონის შესახებ წერს, რომ “…იგიც მაგ წმიდა საყდრის მოწაფეა” _ ე.ი. სომხური ეკლესიისა. ასევე წერს: “…ალბანეთიდან ქართლის ქვეყნამდე ჩვენ გვხვდა წილად შეგვესრულებინა სახარება ქრისტესი…”, ვითომდა მთელი ამიერკავკასია სომხური ეკლესიის კერძია.
9. ვრთანესი უპასუხებს მოსეს, რომ მან წერილები დაწერა ქართლის კათალიკოსისა და მთავრებისადმი. ზოგიერთი წერილის გაგზავნა თავისი კაცის ხელით ვერ გაბედა ან ვერ შეძლო, ამიტომაც სთხოვს მოსეს, წერილები წაიღოს მისმა კაცმა. თუ უარყოფითი პასუხები მოგვივაო, წერს, მაშინ “…უბრძანე თქვენს ნაცნობ და საყვარელ მთავრებს, მოსწერონ ჩვენი ქვეყნის დიდებულ მთავრებს, რომ ჩვენ თვითონ წავიდეთ ამათი ბრძანებით და ქრისტე ღმერთის შეწევნით ვამხილოთ, რათა გამოსწორდნენ”. თუ არ გამოსწორდებიან, ჩვენ ფეხთა მტვერს მივაყრით, მოვალეობა მოხდილი გვექნებაო. აქედან ჩანს, რომ ვრთანესსა და სომეხ იერარქებს უფლება არა აქვთ ქართლში ჩასვლისა, გულითაც რომ მოიწადინონ, ალბათ, პოლიტიკური სიტუაციის გამო. ის ასეთი ხერხით აპირებს ქართლში ჩასვლას და ქართველთა “მხილებას”: _ მოსეს ნაცნობმა და მეგობარმა ქართველმა მთავრებმა უნდა მისწერონ სომეხ მთავრებს, რომ სომეხ იერარქებს ქართლში ჩასვლის უფლებას აძლევენ. ჩანს, ქართლში ისეთი მთავრებიც არიან, რომელნიც მეგობრობენ მოსესთან, ანუ უთანაგრძნობენ მონოფიზიტებს (გვ. 38).
10. ქართველ მონოფიზიტ ეპისკოპოს პეტრეს სწერს ვრთანეს ქერდოლი, უწოდებს “ღვთივმომადლებულ პატივით გაბრწყინვებულ დიდებულ უფალ პეტრეს” (გვ. 38). — “…თქვენს ქვეყანაში განადიდებენ ამ კრებას, რის გამოც მაგ ქვეყნის ერთი ეპისკოპოსი ლტოლვილი წავიდა… ხოლო თქვენ როგორც მიიღეთ ღმერთის ქომაგობა თქვენს თავზე, ასევე მტკიცედ იდექით მაგ საქმის აღსრულებამდე…” (გვ. 39). აქედან ჩანს, რომ ქართველი ეპისკოპოსი პეტრე მონოფიზიტობის ქომაგია ქართველთა ქვეყანასა და ეკლესიაში. ვრთანესი ავალებს პეტრეს, რათა პეტრემ მისწეროს სომეხ მთავრებს, რომ მათ სომეხ იერარქებს ქართლში ჩასვლის ნება დართონ.
11. კირიონ კათალიკოსს, ქართველ ეპისკოპოსებსა და მთავრებს სწერს ვრთანეს ქერდოლი, _ “…ეხლა შევიტყვეთ, რომ თქვენ ქალკედონის უსჯულო კრებასა და ლეონის ტომარს მართლმადიდებლურად და დიდების ღირსად თვლით” (გვ. 41).
“თქვენმა ღვთისმოყვარებამ არ უნდა მიიღოს მეტი ვისიმე მოძღვრება, თუ არა სამი წმიდა და წრფელი კრებისა… ამაზე მეტი სარწმუნოების საზღვარი ჩვენსა და თქვენს მამებსა და მოძღვრებს არ შეუწყნარებიათ” (გვ. 41) და ა. შ. “უკეთუ რაიმე ეჭვი გაქვთ გულში და მის შესახებ გსურთ გამოიკვლიოთ, მოსწერეთ ჩვენი ქვეყნის დიდებულ მთავრებს, რათა მოვიდეთ მანდ” (გვ. 43).
12. მოსე ეპისკოპოსი მესამე ეპისტოლეს უგზავნის ვრთანეს ქერდოლს. აუწყებს, რომ კირიონთან თქვენი ეპისტოლეს მიტანა ჯერ ვერავინ გაბედა, შემდეგ, როცა მიუტანეს და წაიკითხა, აღივსო რისხვით, ფერი ეცვალა, “წყევლიდა, აგინებდა და ათრევდა სომხეთს და წერილის პასუხი არც თვით დაწერა და არც სხვებს დააწერინაო” (გვ. 43). იმუქრებოდა, ამ წერილს “იერუსალიმის ქალაქის მამამთავართან წავაღებინებ, რომ პასუხი გასცესო”. კირიონს იმიტომ სურდა იერუსალიმში სომეხთა წერილის გაგზავნა, რომ ეკლესია საზოგადოდ იერუსალიმის სჯულიერი დაქვემდებარების ქვეშ მიაჩნდა, თუმცა, მართალია, 554 წლის შემდეგ სომხურმა ეკლესიამ ოფიციალურად გაწყვიტა კავშირი დედა-ბერძნულ ეკლესიასთან.
ჩანს, 506-520-იანი წლების სომხურ-ქართულ-ალბანური გაერთიანებული კრებების შემდეგ სომხეთი ამ კრებების გადაწყვეტილებების შესრულებას დაჟინებით მოითხოვს სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, სამაგიეროდ იმავე კრებების გადაწყვეტილების შესრულებას კირიონი მოითხოვს იერარქიულ-სულიერი დაქვემდებარების თვალსაზრისით, ანუ თუ სომხეთი ითხოვს ამ კრებების სარწმუნოებრივი კურსი დაიცვას, კირიონი მოითხოვს, ამ კრებების მიერ გამოტანილი დადგენილება მსოფლიო ეკლესიასთან კავშირის შესახებ დაიცვას სომხურმა ეკლესიამ.
13. ვრთანესი უპასუხებს მოსეს: შენი წერილიდან შევიტყვე, თუ რატომ არ გამცა კირიონმა პასუხი. ქართველ აზნაურთაგან კი ზოგიერთებმა პასუხი მომწერეს. მაგრამ მათი პასუხი სნეული, მბოდავი ავადმყოფის ლაპარაკს გავს, რომელმაც არ იცის, რას ამბობს. ისინი მწერენ, _ “…ჩვენ ეს სარწმუნოებაცა გვაქვს და ეგეცო, სჯულს აქაც ვეზიარებით და მანდაცო, მოსეს თუ სურს, მოვიდეს, ჩვენს კათალიკოსს დაემორჩილოს, რადგან ჩვენ ასე მოგვწონს, და თავისი ადგილი დაიკავოსო” (გვ. 45).
ქართველი აზნაურების პასუხიდან ნათლად ჩანს, რომ შეიძლება ქართველი მმართველი ზედაფენისთვის სარწმუნოებრივი მიმართულების საკითხი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ისინი სისხლხორცეულად დაინტერესებულნი არიან ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობით. ქართველ აზნაურებს მონოფიზიტობა იმდენად აინტერესებთ, რამდენადაც ის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, კერძოდ, მონოფიზიტობა სომხური ეკლესიის ხელში იქცა იარაღად, რომლის საშუალებითაც ის აპირებს ქართული ეკლესიის, ან მისი რომელიმე ნაწილის დაქვემდებარებას სომხურისადმი. ასეთი პოლიტიკის მკვეთრი მოწინააღმდეგენი არიან ქართველი აზნაურები. ისინი სარწმუნოებრივი, ასე ვთქვათ, განურჩევლობის თუ ზომიერების გამო მზად არიან უკანვე მიიღონ მოსე ცურტავის ეპისკოპოსი, არ შეეხონ მის მონოფიზიტობას და დაუბრუნონ მას საეპისკოპოსო ტახტი, ოღონდ ერთი პირობით _ მონოფიზიტი მოსე განუხრელად უნდა დაექვემდებაროს ქართული ეკლესიის მეთაურს. მის სარწმუნოებრივ შეხედულებას არავინ შეეხება, ქართული ეკლესიის ერთიანობის დარღვევის და დეცენტრალიზაციის უფლებას კი არ მისცემენ.
პასუხიდან შეიძლება გავიგოთ, რომ ცურტავი და მისი სამწყსო ქართლშია და მის სამწყსოს ქართველები შეადგენენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპარსთა მიერ ქვეყნის დაპყრობის დროს, ცურტავსა და მის სამწყსოზე უფლება არ ექნებოდათ ქართველ აზნაურებს, და აგრეთვე ის, რომ ქართლში მართლაც ფეხი აქვს მოკიდებული ჰენოტიკონის მიმდევარ, ანდა მონოთელიტობის მაგვარ სარწმუნოებრივ შეხედულებას, ეს არის ქალკედონიტებისა და მონოფიზიტების შემრიგებლური პოლიტიკა _ “ჩვენ ეს სარწმუნოებაცა გვაქვს და ეგეც, სჯულს აქაც ვეზიარებით და მანდაც”, ე.ი. ჩვენ ქალკედონიტებიც ვართ და მონოფიზიტებიც ერთდროულადო. ერთი წამით შეიძლება ვიფიქროთ, მონოთელიტობის სამშობლო ფაზისის ქვეყანა საქართველოა, ხოლო მისი ლიდერი კირიონია. თუმცა, კირიონი ძირითადად მაინც მებრძოლი ქალკედონიტია, რაც მისი შემდგომი ეპისტოლეებიდან ჩანს, ის მხოლოდ უთმობს მონოფიზიტებს, რადგანაც, ჩანს, ქართლში მრავალი ქართველი მონოფიზიტი ცხოვრობს, განსაკუთრებით სამხრეთ მხარეებში. ქართველი ერისა და ეკლესიის ერთიანობისათვის უმჯობესად მიაჩნიათ დათმობა.
შემდგომ ვრთანესის ეპისტოლე ეძღვნება სარწმუნოებრივ საკითხებს, კერძოდ, ის წერს. “…იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ხელახლა დაამტკიცეს… ქალკედონის კრება, რომელიც აღმოფხვრა კეთილმსახურმა ზენონმა შემაერთებელი წერილით და ამის შემდეგ… ანასტასიმ” (გვ. 46).
ანასტასის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორი გამხდარა იუსტინე. მან ბრძანება გასცა, “…დაემტკიცებინათ მათგან დარღვეული ლეონის ტომარი და ქალკედონის კრება. თუ ვინმე გაბედავდა მეფის ბრძანებას წინააღდგომოდა, მახვილითა და სხვადასხვა ტანჯვით ამოეწყვიტათ, მაშინვე ყველა ეკლესია სისხლით შეიღება…” (გვ. 47).
ვრთანესის, ანუ სომხური ეკლესიის თვალსაზრისით, თითქოსდა ქალკედონის კრება ბიზანტიამ ოფიციალურად მიიღო VI საუკუნეში იუსტინე იმპერატორის დროს (518-527). “მცირე ჟამსა ეპყრა მეფობა იუსტინეს … გამეფდა იუსტინიანე” (გვ. 47). იუსტინიანე (527-565) თავისი მეფობის პირველ წლებში ქალკედონიტი ყოფილა, მერე თითქოსდა მონოფიზიტობა მიუღია, მაგრამ მოუკლავთ. “ეთათბირა მეფე თავის დიდებულებს, რომ აღმოფხვრან ქალკედონის კრების ახალსახიობის განსაზღვრება… მაშინვე ეწია მას მზაკვრული სიკვდილი”. ამიტომაც გავრცელდა ქალკედონიტობაო, _ წერს ის.
იუსტინიანეს დროს ქართლი სპარსეთს აქვს დაპყრობილი. ჩანს, სპარსელები ბერძენ კათალიკოსს ქართლში ჩასვლის ნებას არ აძლევენ. ბიზანტიას ქართულ ეკლესიაზე ხელი აღარ მიუწვდება, ამის გამო იუსტინიანე ნებას აძლევს ქართულ ეკლესიას ქართლშივე აირჩიონ ქართველი კათალიკოსი.
14. ამ ეპისტოლეში გადმოცემულია “კანონები, რომლებიც დაიდო დვინს, როცა განზრახვა იყო …სომეხთა კათალიკოსი განეწესებინათ მოსე კათალიკოსის სიკვდილის შემდეგ და იმჯერად დაბრკოლდა”, რომლიდანაც ჩანს, რომ სომხეთში მრავლად ყოფილან ქალკედონიტები _ “ეხლა ჩვენი ქვეყნიდან ქალკედონის კრების… მაღიარებლებთან და შემწყნარებლებთან ერთად მრავალნი ეზიარნენ, ზოგი ნებაყოფილებით ამაო დიდებისმოყვარეობის და მლიქვნელობის გამო, ხოლო ზოგი უნებურად…” (გვ. 53).
კანონები ეხება იმას, თუ როგორ უნდა მიიღონ თავიანთ წრეში ის სამღვდელო პირი, რომელიც დაგმობს და უარყოფს ქალკედონიტობას.
15. ამ “ეპისტოლეში” გადმოცემულია “ხელწერილი, რომელიც სთხოვა სმბატ ვრკანის მარზპანმა იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც კვლავ შეიკრიბნენ მისი ბრძანებით დვინს, რათა განეწესებინათ სომეხთა კათალიკოსი…” (გვ. 57).
ხელწერილში სომეხი ეპისკოპოსები გმობენ ქალკედონის კრებას და სმბატ მარზპანთან ერთად წყევლიან მას.
16. ამ “ეპისტოლეში” მოყვანილია “ხელწერილი, რომელიც მისცეს აბრაამ სომეხთა კათალიკოსს სომეხთა ქვეყნის კრებაზე მათ, რომლებიც იყვნენ რომაელთა ხელისუფლების ქვეშ მავრიკეს კეისრობის დროს” (გვ. 59).
სომხური ეკლესია ორად იყო გაყოფილი, ერთი მონოფიზიტური ნაწილი სპარსეთის სომხეთში იყო, ხოლო ბიზანტიურ სომხეთში ქალკედონიტური სომხური ეკლესია არსებობდა. ხოსრო II-ის ბიზანტიაზე შეტევის შემდგომ ქალკედონური სომხეთი სპარსეთმა დაიპყრო, ამიტომაც ტახტზე ასულმა აბრაამ კათალიკოსმა (607- 615) მოითხოვა ქალკედონიტი სომეხი იერარქებისგან, დაედოთ ხელწერილი მის წინაშე. ამათ თითქოსდა “ვედრებით მოგვმართეს, რომ შევუერთოთ ისინიც ქრისტეს ჭეშმარიტ სამწყსოს ეკლესიის ძმობას და თქვეს ერთპირად, რომ უცვლელად დავიცავთ… შევიწყნარეთ ისინი…” (გვ. 60).
17. ტახტზე ასვლისთანავე აბრაამ კათალიკოსს ეპისტოლეს უგზავნის მოსე ცურტაველი ეპისკოპოსი. ულოცავს საკათალიკოსო ტახტზე ასვლას და სომხური ეკლესიის გაერთიანებას. მას ახარებს ქალკედონიტური სომხური და მონოფიზიტური სომხური ეკლესიების გაერთიანება _ “…სულიერი და ხორციელი განყოფის კვლავ შეერთება” (გვ. 62). სომხური ეკლესიის შეერთების შემდეგ დროაო, — წერს მოსე, _ “შეეწიოთ ქრისტეს ეკლესიას, რომელიც თანამორწმუნე და მოწაფე იყო თქვენი და ახლა დასნეულებული გაჭირვებაშია” (გვ. 63), _ ქართულ ეკლესიას გულისხმობს.
სომხური ეკლესიის “თანამორწმუნესა და მოწაფეს” მოსე ეპისკოპოსი უწოდებს არა ცურტავის ეკლესიას, არამედ მთელ ქართულ ეკლესიას, რადგანაც იქვე, ქვემოთ წერს: “იყოს თქვენ სასიქადულოდ ქრისტეს მიმართ, თუ მე მომეცემა მადლი, რომ ვიქადაგო ქართლიდან ალბანთა ქვეყნამდის… და ესოდენი ხალხი შეგძინო თქვენ” (გვ. 64). მას და აბრაამ კათალიკოსსაც მიაჩნიათ, რომ სომხური, ქართული და ალბანური ეკლესიები ერთიან _ ერთ ეკლესიას შეადგენენ, ცხადია, სომხების მეთაურობით. ამას საეკლესიო “ერთობას” უწოდებენ, სხვა ეპისტოლეებიდან ეს კარგად ჩანს. მოსე ქართული ეკლესიისადმი “შეწევნის” შემდეგ ღონისძიებებს ჩამოთვლის: _ “ლოცვით… თქვენი გამრჯე მოძღვრებით და მაგ დიდებულ მთავართა შემწეობით” (გვ. 63). ქართული ეკლესიის დამორჩილებას აპირებენ სპარსეთის მოხელე სომეხი მთავრების შემწეობით _ “…ვეცადოთ მოვაქციოთ ის უარმყოფელი და განდგომილი ხალხი სიმართლეზე და მივაწიოთ იმავე ბაკს ერთი მწყემსისა” (გვ. 63). მოსეს მიაჩნია და შეახსენებს აბრაამს, რომ ქართული ეკლესია, თურმე, სომხურ ეკლესიასთან ერთად ერთ “ბაკში” ყოფილა გაერთიანებული და ერთი “მწყემსი” ჰყოლია. ცხადია, აქ იგულისხმება არა ერთი მსოფლიო ქრისტიანული სამწყსო და ერთი მწყემსი _ უფალი იესო ქრისტე, არამედ სომხურქრისტიანული “ბაკი” და სომეხი “მწყემსი”, სომხური ეკლესია და მისი კათალიკოსი.
18. აბრაამ კათალიკოსი მოსეს სწერს პასუხს, რომლიდანაც ჩანს, რომ აბრაამი მარტო სომხეთის ეკლესიით არ კმაყოფილდება. თავისი თავი ქართლსა და ალბანეთზე ღვთის განგების აღმსრულებლად მიაჩნია. ის სთხოვს მოსეს, ილოცოს მისთვის, რათა მისცეს ღმერთმა ძალა, “…რათა სისრულით ვაჩვენოთ მისი განგება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ასევე ქართლისა და ალბანეთის ქვეყნისაც” (გვ. 65). აჩქარებს მოსეს, რომ მივიდეს აბრაამთან _ “სანამ უფალი სმბატი აქაა, ვისწრაფოთ…” (გვ. 66).
სმბატ მარზპანი სპარსეთის დიდმოხელეა, მეფესთან დაახლოებული, საგანგებოდ გამოგზავნილი სომხეთსა და ამიერკავკასიაში საეკლესიო საკითხების გადასაჭრელად, დავალებული აქვს, ყველა ეკლესია სპარსული ორიენტაციისა გახდეს, ანუ მონოფიზიტური. ეს არის ეპოქა სპარსეთის ბიზანტიაზე გამარჯვებისა, ბიზანტიელები განიდევნენ ბიზანტიური სომხეთიდან და აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან, ამის გამო სმბატმა მიაღწია სომხურ-ქალკედონური ეკლესიის განადგურებას და წარმატებით გააერთიანა ეკლესია პროსპარსულ-მონოფიზიტურ ნიადაგზე. ამის შემდეგ კი სომეხ იერარქებს იმედი აქვთ, სპარსეთის ძალით, ანუ სმბატის შემწეობით ასევე მოსპობენ ქალკედონიტობას ქართლსა და ალბანეთში და ისევე აღადგენენ ამიერკავკასიის საეკლესიო ერთობას, რომელიც არსებობდა VI საუკუნის I ნახევარში 70-იან წლებამდე
19. სომეხთა კათალიკოსი აბრაამი პირველ ეპისტოლეს უგზავნის კირიონს _ ქართლის კათალიკოსს, მიმართავს პატივისცემით _ “სიწმიდის მოყვარე უფალს, კირიონ ქართლის კათალიკოსს”. შემდეგ პირდაპირ წერს, “წინათ ჩვენმა მამამთავარმა მოსემ მოგწერა თქვენ ბრალდება თქვენი ზიარების გამო მათთან, რომლებთანაც არა ჯერ იყო, თქვენც წერილით და მცნებით იკისრეთ, რომ არ განშორდებოდით ზიარებას ჩვენი ქვეყნის საერთო სარწმუნოებასთან” (გვ. 66). აღსანიშნავია აბრაამის ტონი, ის დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურს წერს ბრალდებას, ადანაშაულებს, ავალდებულებს, რომ არ უნდა განშორდეს მათ. კირიონსაც თითქოსდა თავი დაუცავს, “წერილითაც და მცნებით” დაუდასტურებია, რომ ერთგული იქნება და არ განშორდება იმ სარწმუნოებას, რომელიც სომხურ ეკლესიას აქვს. ასეთი მდგომარეობა არ არის გასაკვირი სპარსთა ზეგავლენის გამო.
შემდეგ აბრაამი წერს, _ “ახლა კი უბოროტესმა და უმძიმესმა ამბავმა მოაწია. სარწმუნოების ერთობასა და ორთავე ჩვენი ქვეყნის მასპინძლობას ცურტავის ეკლესია ურყევი შუამავლობით იცავდა… ამჟამად ცურტავის ეპისკოპოსი დევნილია” (გვ. 67).
აბრაამს სიკვდილზე უარესად მიაჩნია სომხურენოვანი საეკლესიო მსახურების ნაცვლად მშობლიური ქართულენოვანი მსახურების დანერგვა ქვემო ქართლის ცენტრ ცურტავში. “…სომხური მსახურება წმიდა შუშანიკისგან დადგენილი, მესმის, რომ შეგიცვლიათ, ჩვენ სიკვდილზე უფრო უბოროტესად მივიჩნიეთ ეგ საქმე” (გვ. 67). აქედანაც ჩანს, რომ ცურტავში სომხურენოვანი მსახურება ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ე. ი. IV საუკუნიდან კი არ იყო დანერგილი, არამედ V საუკუნის ბოლოდან, ან VI საუკუნის დასაწყისიდან, წმიდა შუშანიკის საფლავზე ეკლესიის აშენების შემდგომ. ყოველ შემთხვევაში ცურტავის ეკლესიაში სომხურენოვანი მსახურება წმიდა შუშანიკის დადგენილად ითვლებოდა. მაგრამ აბრაამის ეპისტოლე შეეხება არა მხოლოდ ცურტავის ეკლესიას, არამედ მთლიან ქართულ ეკლესიას. ქართულ ეკლესიას ის სომხურ ეკლესიაზე ხელშეკრულებით დაკავშირებულად მიიჩნევს. კირიონს ბრალად სდებს სპარსეთის მეფის კავადის დროს ამ ეკლესიათა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევას. _ “თუმცაღა მეფეთა მეფის კავადის წლებში კვლევა-ძიება იქმნა ჩვენს ქვეყანასა და რომაელთა შორის, რომელთაც ქალკედონის კრება… შეიწყნარეს, ჩვენი და თქვენი ქვეყნების მოძღვარნი და მთავარნი განეშორნენ მათთან ზიარებას, რაც ერთობის წიგნითაც არის დაცული ჩვენ შორის აქამომდე” (გვ. 67).
კავად I-ის დროს (488-531) ქართლისა და სომხეთის ქვეყნების მთავრები და ეკლესიების იერარქები შეკრებილან, მათ დაუდვიათ “ერთობის წიგნი” _ ეს არის აღთქმა ან ხელშეკრულება, წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაცულია აბრაამის დროსაც. ეს ხელშეკრულება დაუდვიათ მაშინ, როცა საბერძნეთის იმპერიას ქალკედონიტობა უღიარებია. აქ არ იგულისხმება 506 წლის დვინის კრების ხელშეკრულება, რადგანაც ამ დროისათვის თვით ამ პოლემიკაში მონაწილე სომეხი იერარქების მტკიცებით, ბიზანტია იყო არა ქალკედონიტური, არამედ მონოფიზიტური, აქებენ ამ დროის იმპერატორ ანასტასის (491-518), რომლის დროსაც ჩატარდა 506 წელს დვინის კრება. არა მარტო ანასტასი, არამედ მისი წინაპარი ზენონიც (474-491) დიდად საქებია სომხური ეკლესიისთვის, რადგანაც ზენონსა და ანასტასის მონოფიზიტებად აცხადებენ.
სომეხი პოლემისტების აზრით, ბიზანტია ქალკედონური გახდა იმპერატორ იუსტინეს დროს (518-527). სწორედ ამ დროს, ე.ი. როცა ბიზანტიამ “ქალკედონის კრება შეიწყნარა”, სპარსეთის მეფე კავად I-ის ეპოქაში შემდგარა სომეხ-ქართველთა ანტიქალკედონური ერთობის კრება 518 წლიდან 531 წლამდე, ე.ი. ანასტას კეისრის შემდგომ კავადის სიცოცხლეშივე _ იუსტინეს დროს.
518-531 წლებში ჩატარებული კრება და არა 506 წლის კრება არის სომხურქართული ეკლესიების სარწმუნოებრივი ერთობის კრება. 506 წლის კრება ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად უნდა მოწვეულიყო.
აბრაამი მოუწოდებს კირიონს, არ ინებოს, რომ “…უცხოობა ჩამოაგდოს ორ ქვეყანას შორის…” (გვ. 67). “ორ ქვეყანას შორის”, ცხადია, ქართლი და სომხეთი იგულისხმება და არა სომხეთი და ცურტავი. ის წერს: “აქედან მცხეთაში მიდიოდნენ და მანდედან წმიდა კათოლიკეს მოდიოდნენ”, ე. ი. სარწმუნოებრივი ერთობა არსებობდა. ეს ერთობა წერილობით დოკუმენტს _ მამათა მიერ დადებულ შეთანხმებას ეფუძნებოდა, სომხურენოვანი მსახურების შეცვლით ერთობა ირღვევა.
აბრაამი კირიონს სწერს, რომ აპირებს ქართლში გაგზავნოს სომეხი ეპისკოპოსები, რათა მათ კირიონს გააცნონ ქალკედონის კრების “ვნება”.
შემდეგ პოლიტიკურ დანაშაულში სდებს ბრალს, _ “…არის რაღაც, რომელიც დაუჯერებლად გვეჩვენა: უცხო სამეფოსთან რომ შექმნა მეფეთა მეფის შინათაგანმა სიყვარულის ერთობა და ბუნებით თანამოზიარეს გაშორდე, მართლაც რომ ძლიერ მძიმეა” (გვ. 68).
ქართლი ამ დროს სპარსთაგან დაპყრობილია, კირიონს ადანაშაულებენ იმაში, რომ სპარსეთის მტერ ბიზანტიასთან “სიყვარულის ერთობა აქვს”, ანუ ქალკედონიზმის გზას ადგას, ხოლო “ბუნებით თანამოზიარე” სპარსული ორიენტაციის სომხურ ეკლესიას სცილდება.
20. კირიონი საპასუხო ეპისტოლეს უგზავნის აბრაამს. პატივისცემით მოკითხვისა და მოსე სომეხთა კათალიკოსთან ურთიერთობის აღწერის შემდეგ ეხება ცურტავის ეკლესიაში სომხურენოვანი მსახურების საკითხს, წერს, _ “და რომ ეწერა… სომხური მსახურება შეცვლილიაო, ჩვენ მსახურება არ შეგვიცვლია, ვინც ეპისკოპოსი გახდა, ქართული მოძღვრებაც იცის და სომხურიც, აგრეთვე, მსახურება ორივე მწიგნობრობით სრულდება…” (გვ. 70). კირიონი წერს, რომ მას მოსე ცურტავის ეპისკოპოსი არ უდევნია სარწმუნოებრივი აღმსარებლობის გამო, _ “მე ის არ მიდევნია, არამედ იყო რაღაც, რაც შევიტყვე მის უღირს საქმეთა შესახებ, მოვუწოდე ჩემთან…”. მაგრამ ამის მაგიერ მოსე სომხეთში გაქცეულა.
შემდეგ კირიონი წერს სარწმუნოების შესახებ. საერთოდ აღსანიშნავია, რომ კირიონი ერიდება აშკარად და დაუფარავად გამოაცხადოს ქართული ეკლესიის ქალკედონიტობის შესახებ, ის უფრო დუმს, ანდა მსოფლიო ავტორიტეტული ეკლესიების სარწმუნოებრივი მიმართულების შესახებ მსჯელობით პოლემიკა გადააქვს საერთაშორისო საეკლესიო მდგომარეობაზე, “ჩვენი და თქვენი მამებიც მეფის მონები იყვნენ და იერუსალიმის სარწმუნოება ჰქონდათ, ჩვენც და თქვენც აგრეთვე, თუმცაღა მეფეთა მეფის მონები ვართ, სარწმუნოება იერუსალიმის გვაქვს და გვექნება…” (გვ. 7.).
იერუსალიმის ავტორიტეტის დამოწმების შემდეგ კირიონი აქებს სპარსეთის მეფეს _ “…ნეტარნი ვართ, რომლებიც მეფეთა მეფის სამსახურს ვეწევით, რადგან რაც ცა და დედამიწა არსებობს, არ ყოფილა არც ერთი უფალი, რომელსაც ყოველი ტომისათვის თავისი კანონები მიენდო, როგორც ამ უფალმა მიანდო… ჩვენ თავისუფალ ქვეყანას უფრო მეტად მიანდო, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანას და ჩემ კეთილ თავს უმეტესად, ვიდრე ყველა ჩემ მოყვასთ” (გვ. 71). კირიონი იძულებულია აქოს სპარსეთის მეფე, რადგანაც სწორედ სპარსეთის მეფის ღალატი, ორგულობა დასწამა აბრაამმა მას I ეპისტოლეში. ხოსრო II-ს მართლაც ამ პერიოდისთვის ქრისტიანული სარწმუნოებრივი აღმსარებლობის თავისუფლება ჰქონია გამოცხადებული 614 წლამდე.
“ეპისტოლეთა წიგნის” გამომცემლის თანახმად, კირიონი ძალზე დიდი დიპლომატია, მართლაც, კირიონი გასაოცარ დიპლომატიურ ნიჭს ავლენს, როცა წერს, _ “მეფეთა-მეფე ისევე უფალია რომაელთა, როგორც არიელთა ქვეყნის და ასე არ არის, როგორც თქვენ მოიწერეთ, რომ სხვადასხვა არიან სამეფონიო” (გვ. 72). ასეთი პასუხი სრულებით აყრევინებს ფარ-ხმალს აბრაამს და ამის შემდეგ იგი ვეღარ ბედავს სპარსეთის მოღალატედ წარმოადგინოს კირიონი. სხვათა შორის, კირიონი მაინცადამაინც არ აჭარბებდა _ ამ პერიოდში ხოსრო მეორეს სრული უფლება ჰქონდა, პრეტენზია განეცხადებინა ბიზანტიის სამეფო ტახტზე. საქმე ის არის, რომ მავრიკე კეისარი და მისი ვაჟები დახოცა აჯანყებულმა ბიზანტიელმა მხედართუფროსმა, რომელსაც ამ ეპისტოლეს დაწერისას ეომებოდა ხოსრო, რომელიც იყო მავრიკე კეისრის სიძე, ქალიშვილის ქმარი.
21. ვრკანის მარზპანი სმბატი ეპისტოლეს სწერს კირიონ კათალიკოსს. სმბატი სპარსეთის მეფის დიდმოხელე იყო, ეროვნებით სომეხი, მონოფიზიტი. ის სპარსთაგან საგანგებოდ იქნა გამოგზავნილი თავის სამშობლოში, სომხეთსა და საერთოდ ამიერკავკასიაში საეკლესიო საკითხების გადასაჭრელად, რათა ეკლესიებს მიეღოთ პროსპარსული ორიენტაცია ანუ მონოფიზიტობა. “…მეფეთა-მეფემ ქველმოქმედებით სამშობლოში დაგვაბრუნა, სარწმუნოებისა და ეკლესიათა უკეთესად წესრიგში მოყვანა გვიბრძანა…, რადგან იყო რაღაც, რაც გახმაურდა”. სმბატი გულისხმობს ორად გაყოფილი სომხური ეკლესიის გაერთიანებას, ანუ სომხეთის ერთ დიდ ნაწილში ქალკედონიტობის აღმოფხვრას. სპარსეთმა მიაღწია ქალკედონური სომხური ეკლესიის გარდაქმნას და შეუერთა ის მონოფიზიტურ ნაწილს. ამ წარმატების შემდეგ, სმბატის გეგმაა, მოსპოს ქალკედონიტობა ქართულ ეკლესიაში და აღადგინოს ამიერკავკასიის საეკლესიო ერთობა სომხეთის მეთაურობით. გაერთიანება სმბატის მთავარი მიზანია, რის შესახებ ის წერს კიდეც: _ “იგივე საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ მოგვეწერა თქვენი სიწმიდისმოყვარეობისათვისაც, მოგვეთხრო ჩვენი თქვენთვის, რომ თქვენ ჩვენთან შეგვეერთებინე, როგორც ჩვენი მამები იყვნენ, რადგან ერთი მოძღვრის მოწაფე და ხვედრი ვართ…” (გვ. 74). აქ სარწმუნოებრივი გაერთიანება არ იგულისხმება, რადგან ამ დროს აბრაამსაც და სმბატსაც თავი ისე უჭირავთ, თითქოსდა კირიონი მონოფიზიტია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეპისტოლეს მიწერის დროს კირიონს ჯერ არ გაუმხელია თავისი ქალკედონიტობა. სმბატი გულისხმობს არა სარწმუნოებრივ, არამედ საეკლესიო გაერთიანებას. სმბატის მიზანია, გააერთიანოს ქართულ-სომხური ეკლესიები ისე, როგორც გააერთიანა ორად გაყოფილი სომხური ეკლესია, უფრო მეტიც, ქართული ეკლესია სომხურს შეუერთოს, _ “თქვენ ჩვენთან შეგვეერთებინე”, ამას იმით ამართლებს, რომ თითქოსდა ორივე ეკლესიას ერთი განმანათლებელი გრიგოლი ჰყავს _ “ერთი მოძღვრის მოწაფე და ხვედრი ვართ”. გარდა ამისა, საეკლესიო ერთობას თურმე ტრადიციაც ჰქონია, თურმე ეს ერთობა ქართველ და სომეხ საეკლესიო მამებს დაუფუძნებიათ და მამები გაერთიანებულნი ყოფილან, _ “როგორც ჩვენი მამები იყვნენ”, ქართული და სომხური ეკლესიების ერთიანობა თითქოსდა წინა დროებში ამ ეკლესიის მამების მიერ ყოფილა დადგენილი, ხოლო კირიონის დროს ერთობა დარღვეული ყოფილა. სმბატი მოუწოდებს აღადგინონ ერთობა, რომელიც “მამების” პირობითა და მცნებით ყოფილა დადგენილი _ იგივე პირობა ჩვენი და თქვენი მამებისა და მათი… მცნებით” (გვ. 73).
ქართველი და სომეხი “მამების” რაღაც “პირობის” დამოწმება სომეხი იერარქებისა და სმბატ მარზპანის მუდმივი მსჯელობის საგანია.
ამის შემდეგ სმბატი იწყებს საყვედურებს _ პირველ რიგში, მისი საყვედური სომხურ მსახურებასა და წესს შეეხება ქართლში დანერგილს, რომელიც კირიონმა მოშალა, წერს, _ “…სომხური მსახურება და წესი იყო თქვენში, ხოლო შეცვლით მტრობას აგდებთ ჩვენ შორის” (გვ. 75). მართლაც, კირიონმა ცურტავში სომხურენოვან მსახურებასთან ერთად ქართულენოვანი მსახურებაც შემოიღო, მაგრამ როცა სმბატი წერს _ “სომხური მსახურება და წესი იყო თქვენში”, აქ თითქოს მთელი ქართლი, ქართული ეკლესია იგულისხმება და არა მარტო ცურტავი. პირველ რიგში სმბატი სწორედ ცურტავის შესახებ წერს, მაგრამ “თქვენში” უფრო დიდ ერთეულს უნდა გულისხმობდეს, რადგანაც ადრესატი კირიონი არა მარტო ცურტავის მამამთავარია, არამედ მთელი ქართლისა. სპარსეთის დიდმოხელე აფრთხილებს კირიონს, უცვლელად დატოვოს ცურტავში (ქართლში) სომხურენოვანი მსახურება და საეკლესიო წესი. ეს გაფრთხილება ბრძანებაცაა.
სმბატს, ისე როგორც ადრე ვრთანეს ქერდოლსა და შემდეგ აბრაამს, სურს, ქართული ეკლესია უფრო დაბლა მდგომ ეკლესიად წარმოადგინოს, სადაც შეიძლება სომეხი ეპისკოპოსების გაგზავნა, რომელნიც ჯერ შეამოწმებენ ქართული ეკლესიის სისწორეს. შემდეგ კი მის მეთაურს სწორ სარწმუნოებას შეასწავლიან. სმბატი წერს, _ “გვსურდა ეპისკოპოსები ქერდოლებითურთ გამოგვეგზავნა, რომ შეეტყოთ მწვალებელთა მოძღვრება და უკეთურება, რათა თქვენთვის შეეგნებინებინათ…” (გვ. 75). ქერდოლი მეცნიერს, რჯულის მასწავლებელს ნიშნავს.
22. კირიონ კათალიკოსი საპასუხო ეპისტოლეს უგზავნის სმბატ ვრკანის მარზპანს. კირიონისადმი სმბატის წინა ეპისტოლე მიმართული იყო აგრეთვე ქართველი ეპისკოპოსებისა და მთავრებისადმი, პასუხსაც კირიონი ქართველი ეპისკოპოსებისა და მთავრების სახელით უგზავნის. კირიონის პასუხი გამოხატავს როგორც ქართველი აზნაურების, ასევე ქართველი ეპისკოპოსების ერთობლივ აზრს. კირიონი ლოცავს სმბატს სომხური ეკლესიის გაერთიანებისთვის და ულოცავს სპარსეთის მეფის ამ დავალების წარმატებით შესრულებას. შემდეგ ატყობინებს, რომ წარჩინება სპარსთა მეფემ მისცა არა მარტო სმბატს, არამედ კირიონსაც. ის წერს, _ “…ისეთ წარჩინებულობას ვეწიე უფალთაგან მათი სიკეთის გამო, რომ ყველა ქრისტიანე აღაპყრობდა ხელებს და ითხოვდა მათ უკვდავებას…” (გე. 77).
შემდეგ სარწმუნოების შესახებ წერს. კირიონი ეთანხმება სმბატს ქართველი და სომეხი მამების ერთობის შესახებ. ეს ერთობა, მისი აზრით, ეფუძნებოდა იერუსალიმის სარწმუნოებას. “…ჩვენსა და თქვენს მამებს საერთო ჰქონდათ მას შემდეგ, რაც წმიდა გრიგოლმა მართლმადიდებლური სარწმუნოება დააწესა, რომელიც იერუსალიმში ისწავლა…” (გვ. 77). აქ კირიონი უმატებს, რომ გრიგოლმა სარწმუნოება ისწავლა იერუსალიმში და იერუსალიმური სარწმუნოება “დაამტკიცა”. სმბატს მისთვის იერუსალიმური სარწმუნოების შესახებ არ მიუწერია. კირიონი აქაც დი პლომატიურად უპასუხებს _ ის იძულებულია სპარსეთის შიშით ფორმალურად აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც “მამებმა (ქართველ და სომეხ მამათა გაერთიანებულმა კრებამ) მიიღეს სპარსეთის ნებით წინა ეპოქაში, მაგრამ დასძენს, რომ “მამების” მიერ მიღებული სარწმუნოება იერუსალიმური იყო. ჩვენცო, ბრძანებს ის, იგივე სარწმუნოება უცვლელად გვაქვსო დაცული, “ხოლო თუ ეგ მოსე სხვანაირად იწყნარებს, როგორც ჩვენ არ შეგვიწყნარებია, და თქვენ გსურთ ირწმუნოთ, ჩვენ მაგას არ დავემორჩილებით, რადგან რაც კი გვისწავლია, არ დავტოვებთ, ვინაიდან ჩვენი ეკლესიები ასე არიან დამტკიცებულნი”.
ცურტავის ეკლესიაში სომხურენოვანი მსახურების შესახებ წერს _ “ეკლესიის მსახურება არა რიგად შეგვიცვლია, ხოლო ეპისკოპოსმა, რომელიც დავადგინეთ, ქართული და სომხური მწიგნობრობა თანაბრად იცის, სამსახურს ორივე მწიგნობრობით ასრულებს” (გვ. 78).
ეპისტოლეს შემდეგი ნაწილიდან ჩანს, რომ სმბატ მარზპანი ქართლში ჩადიოდა ხოლმე და თაყვანს სცემდა მცხეთის ჯვარს, რომლის მადლითაც მისი მშობლების ვედრებით ის გაჩენილა. ის ქართლშივე გაზრდილა და წარმატების გზაზე დამდგარა. მოსე ცურტავის ეპისკოპოსის ჩაგონებით სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ მცხეთის ჯვრის თაყვანისსაცემად აღარ მისულა, რაც სწყინს კირიონს. კირიონი ლოცავს მეფეთა მეფესა და მას.
23. სმბატ მარზპანს ეპისტოლეს უგზავნის მოსე ცურტავის ეპისკოპოსი. ეს არის ძირითადად თავის მართლება და საყვედური სმბატისადმი. წინა ეპისტოლეში კირიონმა სმბატს აცნობა, რომ მას მოსე სარწმუნოების გამო არ უდევნია, არამედ თავისი ცოდვების გამო დაიბარა საკათალიკოსო კარზე, მოსე კი იმის მაგიერ, რომ დამორჩილებოდა, ღამით მალულად სომხეთში გაიქცა, გარდა ამისა, მზაკვარი ენითა და ბოროტმოქმედებით ბევრი მავნე საქმე გააკეთაო, _ აცნობებს კირიონი. საპასუხოდ მოსე სწერს სმბატს, _ გამოძიება იმისა, თუ რისთვის ვიდევნე ქართლიდან, იოლია, ეს თქვენ ადვილად შეგეძლოთ შეგემოწმებინათ, რადგანაც “სომხეთი და ქართლი ერთმანეთის მოსაზღვრენი არიან, აზნაურთაგან მრავალნი და ბევრნი გლეხთაგან აქედან იქ მიდიან და იქიდან აქ, რომელთაგანაც უნდა შეგეტყოთ” (გვ. 80). შემდეგ აცნობებს, რომ ის კირიონის კარზე მივიდა თბილისში, კირიონმა ცხრა დღე ალოდინა და არ მიიღო, შემდეგ მცხეთაში წავიდა, მოსე კი სომხეთში წავიდა დღისით და არა ღამითო.
შემდეგ აცნობებს სომხურენოვანი მსახურების შესახებ, _ “მსახურებაც რომ შეცვალეს, ცხადია, არაეპისკოპოსი ნესტორიანი რომ დასვეს, ქართული მწიგნობრობაც არ იცის რიგიანად, არამცთუ სომხური, ისიც ცხადია” (გვ. 82). აქედან ჩანს, რომ ცურტავის ეპისკოპოსის მიერ ქართული მწიგნობრობის ცოდნა, ბუნებრივია, პირველი რიგის ცოდნაა, ხოლო სომხურის ცოდნა უფრო მაღალ ცოდნად მიაჩნდათ. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის დაბალმა ფენებმა ქართული ენა ბევრად უკეთ იცის, ვიდრე სომხური, რადგანაც ქართული ენა დედაენაა, ხოლო სომხური ენა საეკლესიო სამსახურის ენა.
24. სმბატ მარზპანი პასუხს წერს მოსე ცურტავის ეპისკოპოსს _ სმბატს არ მოსწონებია კირიონ კათალიკოსის პასუხი, _ “…მოგვწერა ცრუდ ასეთი მომაკვდინებელი სიტყვები” (გვ. 83). აცნობებს, რომ აპირებს სასწრაფოდ სპარსეთის მეფესთან გამგზავრებას, სადაც ეცდება, რომ სპარსეთის მეფემ მოსე თავის საეპისკოპოსოში დააბრუნოს, კირიონის ნების წინააღმდეგ. აქედანაც ჩანს, თუ როგორ არის ქართული ეკლესია დამორჩილებული სპარსეთის ნება-სურვილს. სმბატი წერს _ “ეხლა მე ფრიად საჩქაროდ კარზე მიწვევენ, შენ ადრეც გითხარი, რომ მივწერ-მეთქი მეფეთა მეფეს, რათა კეთილად ბრძანოს, რომ წახვიდე შენს ეკლესიაში, დაჯდე და შენი სარწმუნოებით იპყრა შენი ხალხი” (გვ. 83). სპარსეთი მოსეს სარწმუნოებას არ შეეხება, ის სპარსეთის ბრძანებით ქართული ეკლესიის მონოფიზიტი ეპისკოპოსი გახდება.
მოსეს მოწოდება სმბატისადმი ყოფილა, _ აეღო მახვილი და შერკინებოდა ყოველ ქართლს. სმბატი წერს, რომ ამჟამად არ შემიძლია “…ავიღო მახვილი და ყოველ ქართლს შევერკინო” (გვ. 83). სმბატს ამის ძალა არ შესწევს იმჟამად. მაგრამ თუ თავის პოზიციას არ დათმობენ ქართველები, მაშინ მომავალში დაისჯებიანო. ქართველებიო, წერს ის, “…თუ იმავე სიხელეს იქნებიან და ჩვენთან ერთობისაგან განეშორებიან, მაშინ მათი სისხლი უფალმა ღმერთმა მათი თავისაგან მოიძიოს… თუ დაუმორჩილებლობის შესახებ შევიტყობთ და უფალი ღმერთი მარჯვე დროს მოგვცემს, ვინ იცის, იქნებ აქვე მიიღებს საზღაურს ღმრთისაგან, ხორციელ უფალთა ხელით” (გვ. 84). მართლაც, მართალია, სმბატმა და სპარსეთმა ვერ შეძლეს ქართული ეკლესიის დასჯა და ქართველობის “სისხლის” დაღვრა დაუმორჩილებლობის გამო, ანუ სომხურ ეკლესიასთან “ერთობის” დარღვევისათვის 607-609 წლებში, მაგრამ 613-614 წლებში, იერუსალიმის აღების შემდეგ, ხოსრო IIმ მოიწვია ე.წ. “სპარსული კრება”, რომელსაც სმბატ ბაგრატუნი თავმჯდომარეობდა. ამ კრებამ გასცა უმკაცრესი ბრძანება _ სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებ ყველა ქრისტიან ერს ან “სომხური სარწმუნოება” უნდა მიეღო, ანდა დაეტოვებინა იმპერიის საზღვრები და სხვაგან გადასახლებულიყო.
25. სომეხთა კათალიკოსი აბრაამი მეორე ეპისტოლეს უგზავნის კირიონ ქართლის კათალიკოსს. აბრაამი წერს, რომ მისი მიზანია არა წინააღმდეგობის გაღვივება ორ ეკლესიას შორის, არამედ “…მამათა სარწმუნოების ერთობა” (გვ. 85). აბრაამს არ მოსწონებია კირიონის მიერ იერუსალიმის სარწმუნოების დამოწმება, _ “…ნუ ვიქადით მხოლოდ წმიდა ქალაქის იერუსალიმის დიდებული და საპატიო სახელით…” (გვ. 85). მართლაც, კირიონის სრულიად ლოგიკური მსჯელობის თანახმად, მართალი, ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან გადაუხვევია სწორედ სომხურ ეკლესიას, რადგანაც წმიდა გრიგოლმა თავისი სარწმუნოება ისწავლა იერუსალიმში, შემოიტანა და დანერგა სომხეთში, შემდეგ ქართველ და სომეხ “მამათა” ერთობამ სწორედ ეს იერუსალიმური სარწმუნოება აღიარა სწორ სარწმუნოებად. კირიონის დროს კი ქართული ეკლესია კვლავ ერთგულია იერუსალიმისა და იგივე სარწმუნოება აქვს, რაც იმჟამად იერუსალიმშია დანერგილი. სომხური ეკლესია კი, პირიქით, უარყოფს იერუსალიმის სარწმუნოებას. აქედან შეიძლება დასკვნა, რომ წმიდა გრიგოლისგან დანერგილ იერუსალიმურ, “მამათა” მიერ დამტკიცებულ სარწმუნოებას გადაუხვია არა ქართულმა, არამედ სომხურმა ეკლესიამ. აბრაამი გაღიზიანებული სწერს კირიონს იერუსალიმის შესახებ, თითქოსდა იერუსალიმს “…მოსძარცვეს ღვთიური დიდება, გააშიშვლეს, სამოციქულო სარწმუნოება აღმოფხვრეს და მრავალი სხვადასხვა წვალება იქადაგეს” (გვ. 85). აბრაამი უპასუხოდ არ ტოვებს კირიონის მსჯელობის უმთავრეს აზრს, რომ “მამათა” მიერ აღებულ გეზს გადაუხვია არა ქართულმა ეკლესიამ, არამედ სომხურმა: _ “თქვენ ეხლა რომ ქადილით მოგვწერეთ ჩვენ _ ჩვენსა და თქვენ მამებს წმიდა გრიგოლმა იერუსალიმის სარწმუნოება მისცა და ჩვენ იგივე გვაქვსო, აბა, კარგად გამოიძიეთ და ნახეთ, რომ თქვენც და სხვებიც მრავალნი, წმიდა ქალაქის მკვიდრებთან ერთად, შეიცვალეთ მისგან, არა თუ იგივე გაქვთ, ხოლო ჩვენ ეხლაც იერუსალიმის სარწმუნოება გვაქვს” (გვ. 85-86). ამის შემდეგ აბრაამი მსჯელობს ზეციური იერუსალიმის შესახებ, რადგანაც თითქოსდა ამქვეყნიურ იერუსალიმში ქალკედონური სარწმუნოება გავრცელდა.
ქალკედონური სარწმუნოება, ანუ “ცდუნება”, როგორც მას უწოდებს აბრაამი, “…ჩვენ ქვეყანაშიც შემოვიდა ბაბგენ სომეხთა კათალიკოსისა და გაბრიელ ქართველთა კათალიკოსის დროს. ერთობით ეპისკოპოსებმა და აზნაურებმა დაწყევლეს და გასცილდნენ… ეხლაც წერილით არის დაცული ჩვენთან” (გვ. 87). ქალკედონიტობა ქართლსა და სომხეთში შემოსულა გაბრიელ ქართველთა და ბაბგენ სომეხთა კათალიკოსის დროს. გაბრიელის კათალიკოსობის თარიღი უცნობია, ბაბგენი ზოგიერთის აზრით, კათალიკოსობდა 490-516, ანდა 502/3-507/8 წლებში (გვ. 157). ს. კაკაბაძის აზრით, ის კათალიკოსობდა 522-527 წლებში, ხოლო გაბრიელი 522 წელს კათალიკოსია. აზრთა სხვადასხვაობაა იმ “ერთობის” კრების შესახებ, რომელზედაც აბრაამი მიუთითებს. ზოგ მეცნიერთა აზრით, შემდგარა ორი კრება _ 506 წელსა და 513 წლებში (გვ. 157); ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ აბრაამი არ წერს, “ერთობის” კრება, რომელმაც ქალკედონიტობა უარყო, ბაბგენისა და გაბრიელის დროს ჩატარდაო. ის წერს, რომ ქალკედონიტობა ამ კათალიკოსების დროს შემოვიდაო, ხოლო შემდეგ, როცა ეს ცნობილი გახდა, “ეპისკოპოსებმა და აზნაურებმა” ჩაატარეს ქართლ-სომხეთის საეკლესიო ანტიქალკედონური კრება. მართლაც, 506 წლის კრება ანტიქალკედონური კრება არ ყოფილა, არამედ ის უფრო “შემრიგებლური” კრება ყოფილა. “დვინის 506 წლის საერთო კავკასიურ კრებაზე ქართლისა და ალბანეთის ეკლესიებთან ერთად სომხურმა ეკლესიამ მიიღო ზენონის ჰენოტიკონი და გადაჭრით დაგმო ნესტორიანელობა. ამის შემდეგ სომხურმა ეკლესიამ იწყო გადახრა მონოფიზიტობისაკენ, რომლის მემარცხენე ფრთა (ივლიანიტობა) თავის ოფიციალურ სარწმუნოებად გამოაცხადა დვინის II ადგილობრივ კრებაზე (551-554).” დვინის 506 წლის კრებას დაუგმია არა ქალკედონიტობა, არამედ ნესტორიანელობა, ამიტომაც, ს. კაკაბაძის თვალსაზრისი, რომ ანტიქალკედონური “ერთობის” კრება ჩატარდა 522 წელს, სწორი ჩანს, მით უმეტეს, რომ ემყარება თვით “ეპისტოლეთა წიგნის” მონაცემებს. მართლაც, ქართულ-სომხურ-ალბანური გაერთიანებული ანტიქალკედონური კრება 520-იან წლებში უნდა ჩატარებულიყო. ამ დროს ახალი იმპერატორი იუსტინე 518 წლიდან, წინა იმპერატორისგან განსხვავებით, მკვეთრ ანტიმონოფიზიტურ პოლიტიკას ატარებს, რომელსაც სპარსეთმა მაშინვე დაუპირისპირა ანტიქალკედონიტობა.
შემდეგ, თავის ეპისტოლეში აბრაამი იწყებს კირიონის დარიგებასა და სწავლებას, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ის, _ “ნუ დაავადდებით უარმყოფელთა სნეულებით… არ დავისაჯოთ და არ ვიყოთ მამათა წყევლის ქვეშ, რათა არ დავიმკვიდროთ გეენა”. ასე “არიგებს” აბრაამი კირიონს და წერს, _ “ნუ მივიჩნევთ დამრიგებლებს მტრად და ნუ ვიამაყებთ ჩვენდა თავად. ნუ გამოვჩნდებით უგონოდ და უწვრთნელად”. კირიონი ვითომდა “უგონოა”, რომელსაც “წვრთნა” სჭირდება, და სხვა მრავალი დარიგებანი. როცა კირიონმა გაბედა და თავის III ეპისტოლეში სარწმუნოების სიმბოლოები გაუგზავნა აბრაამს, მან ძლიერ იუკადრისა და პასუხიც კი აღარ გაუგზავნა კირიონს. პასუხად მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე გამოსცა, რომელშიც, კერძოდ, წერდა, _ “მათი უღმერთოება მესამე ეპისტოლეთი შევიტყეთ. სიქადულით გაამაყებულებმა არ დატოვეს წვალება, არამედ ჩვენც თავისაკენ მიგვდრიკეს და უფსკრულის სწავლება გაბედეს” (გვ. 121).
სომხური და ქართული ეკლესიები, მართლაც, არათანაბარ, უთანასწორო მდგომარეობაში რომ ყოფილან, ამ ეპისტოლეებიდანაც ჩანს _ სომეხი კათალიკოსი უფლებას აძლევს თავის თავს “გაწვრთნას” ქართლის კათალიკოსი, ამ უკანასკნელისგან “სწავლებას” კი ძალზე უხეშად უკადრისობენ (ცხადია, ეს სპარსთა მიერ ერთი ეკლესიის დროებითი აღზევების გამო ხდებოდა). გარდა ამისა, ქართული ეკლესიის შინაურ საქმეში უხეშად ერევა _ უკარნახებს, თუ რომელი ენით უნდა ხდებოდეს ღვთისმსახურება და როგორი სარწმუნოებრივი მიმართულებისა უნდა იყოს. თუ წინააღმდეგობას წააწყდებიან, მზად არიან აიღონ სპარსული მახვილი და შეუტიონ მთლიან ქართლს. აბრაამი თავის მეორე ეპისტოლეში მოსე ცურტავის ეპისკოპოსის შესახებაც წერს. კერძოდ, მას “ღვთისმოსავს” უწოდებს. შემდეგ, წინადადებას აძლევს კირიონს, ერთმანეთი ნახონ “შენს საზღვარში, გინდა ჩვენსაში”. ქართული ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები კირიონის დროს მტკიცედ არის განსაზღვრული.
26. კირიონი უპასუხებს აბრაამს. პასუხი ცივი, სხარტი, ლაკონური და გასაოცრად ლოგიკურია. კირიონი სწერს, რომ ქართველ და სომეხ იერარქებს შორის “…მშვიდობა და სიყვარული სუფევდა. ერთი წესი და სარწმუნოება ჰქონდათ, მით უფრო ჩემ დროს” (გვ. 88). ძნელი სათქმელია, რა იგულისხმება საერთო “წესის” ქვეშ. ადრე სმბატი კირიონს წერდა, _ “სომხური მსახურება და წესი იყო თქვენში” (გე. 75), შემდეგ აბრაამ კათალიკოსმა მისწერა კირიონს, _ “საერთო ღვთისმსახურება დაგვითესეს ჩვენ ჯერ ნეტარმა წმიდა გრიგოლმა და შემდეგ მაშტოცმა” (გვ. 93). რას გულისხმობდა კირიონი, როცა წერდა “ერთი წესი და სარწმუნოება” ჰქონდათ ჩვენს წინაპრებსო, გულისხმობდა თუ არა ის “საერთო ღვთისმსახურებას”, ანდა “სომხურ მსახურებასა და წესს”? უნდა ითქვას, რომ ისტორიული ფაქტებისადმი თვალის არიდება და მიჩქმალვა იძლევა არა დადებით, არამედ უარყოფით შედეგებს. მომხდარი ფაქტი თუ გამოწვლილვით არ იქნება გამოკვლეული, მრავალ უსიამოვნებას გამოიწვევს. ზემომოყვანილი მიჩქმალული ფაქტები ჯერაც რომ მტკივნეულია, იქიდანაც ჩანს, რომ თვით XX საუკუნის მიწურულს ეროვნებით სომხებად აცხადებენ პეტრიწონის მონასტრის აღმშენებელ ძმებ ბაკურიანებს, ივერონის მონასტრის ბერებსაც არ ასცდათ ეჭვის თვალი, მთელი მესხეთიც ვითომდა ქართული არ ყოფილა, აქ გავრცელებული სომხურენოვნების გამო. ამ სატკივარს იმით მოევლება, რომ ჩვენმა მეცნიერებმაც ისევე, როგორც კირიონმა, პირდაპირ უნდა განაცხადონ “ერთი წესი და სარწმუნოება” იყო სომხეთსა და ქართლში, როგორც სმბატი წერს, _ “სომხური მსახურება და წესი იყო თქვენში”. ეს სრულებით არ არის სათაკილო, დასაფარი და დასამალი, სპარსეთის ნებით ქართულ ეკლესიაში ნაწილობრივ, დროებით, 50-70 წლის მანძილზე ქართულენოვან მსახურებასთან ერთად სომხურენოვანი მსახურებაც იყო დანერგილი: ქვემო ქართლი და მესხეთი სომხეთთან მეზობლობის გამო დიდი ხნის მანძილზე სომხურენოვანი დარჩა (საეკლესიო თვალსაზრისით) _ ორი საუკუნე მაინც, ე.ი. მოსახლეობის დედაენა ქართული ენა იყო, რადგანაც ამ კუთხეთა მოსახლეობა ეროვნებით ქართველი იყო, სარწმუნოების ენა კი სომხური იყო _ “წესი და სარწმუნოება” სომხურ ენაზე აღესრულებოდა. თუ ამ ფაქტს ვაღიარებთ, მაშინ საფუძველი გამოეცლება ნ. მარისა და სხვათა მიერ წამოყენებულ თეორიას სამხრეთ საქართველოში ქალკედონიტი სომხების გაქართველების შესახებ. ამ თეორიამ ლამის არის ქართული ეკლესიის იურისდიქციის ძველი საზღვარი მესხეთში აწყურამდე მიიყვანოს და ქართული საეკლესიო კულტურა _ ოშკი, ბანა, ხახული, სხვა მატერიალური და სულიერი საეკლესიო სიმდიდრენი უცხო ერის კუთვნილებად აქციოს.
დაუფარავად უნდა ვაღიაროთ, რომ მესხეთში ცხოვრობდნენ არა ქალკედონიტი სომხები, რომელნიც ვითომდა შემდეგ გაქართველდნენ, არამედ “სომხურენოვანი” ქართველები, ხოლო ქვემო ქართლში ცხოვრობდნენ ეროვნებით ქართველი მონოფიზიტები, ისინიც “სომხურენოვანნი” საეკლესიო თვალსაზრისით, ანუ ქართული დედაენისა და სომხური საეკლესიო ენის მქონენი. კირიონის ამავე ეპისტოლედან აბრაამისადმი ჩანს, რომ ქართლის მამამთავარი სომხეთის მამამთავრის შენიშვნას “ბრძანებას” უწოდებს, ლაპარაკია მოსე კათალიკოსის შესახებ. კირიონი წერს, _ “მისი ბრძანებისამებრ განვიშორეთ იგი ჩვენგან” (გვ. 88). ცურტავის ეპისკოპოს მოსეს შესახებ წერს, _ სანამ მას ეპისკოპოსად ვაკურთხებდით, უნდა ეთქვა _ მე თქვენგან არ მივიღებ კურთხევას, რადგან მართლმორწმუნე არა ხარო, _ “მაგაზე ადრე, რომლებიც ცურტავს იყვნენ წმიდა შუშანიკიდან მოყოლებული… სომეხთაგან და ზოგნი ქართველთაგან, სომხეთში განსწავლულნი მეცნიერნი და მოძღვარნი იყვნენ”. “ერთობის” დროს, VI საუკუნის პირველ ნახევარსა და შემდგომ, ქართველები, თურმე, სომხეთში იღებდნენ სწავლა-განათლებას. ეს არ არის გასაკვირი, ამ ეპოქაში სპარსთა მიერ ყოველივე ბიზანტიური აკრძალული იყო (ისევე როგორც V საუკუნეში სომხეთში აკრძალული იყო ბერძნული სწავლა-განათლება და წიგნები), ამის გამო ქართველები იძულებულნი იქნებოდნენ სომხეთში მიეღოთ ქრისტიანული განათლება, რადგან სომხეთი იმ დროს ქრისტიანული განათლებისა და კულტურის ერთი მძლავრი კერათაგანი იყო, საკმარისია იმდროინდელი სომხური ფილოსოფიის დასახელება. გუგარქი, ანუ ქვემო ქართლი სომხეთს უშუალოდ ემეზობლებოდა, გუგარქელებმა სომხური ენაც იცოდნენ, ამიტომაც სომხეთში განათლების მისაღებად მათ გამგზავრებას არაფერი დააბრკოლებდა. კირიონი შემდგომ წერს _ “ერთობა იყო ქართველთა და სომეხთა შორის და წმიდა უფლის გრიგოლის მთელ სამწყსოში ერთობა იყო იერუსალიმის სარწმუნოებასთან, რომლითაც რომაელნი ცხოვრობენ” (გვ. 90). კირიონი როცა წერს, “ერთობა იყო ქართველთა და სომეხთა შორისო”, გულისხმობს არა იმას, რომ ქრისტიანობის შემოღების დროიდან IV საუკუნიდან იყო “ერთობა” სომეხთა და ქართველთა შორის, არამედ იმას, რომ სარწმუნოებრივი და “წესებით” ერთობა დამყარდა გაბრიელ და ბაბგენ კათალიკოსების შემდეგ _ “მამათა” კრების გადაწყვეტილებით 506-520-იანი წლებიდან. ეს “ერთიანი”, სარწმუნოებრივად რაღაც “უნიტარულის” მაგვარი, ეკლესია ამ დროისათვის წმიდა გრიგოლის ეკლესიად მიუჩნევიათ, სარწმუნოებრივად ის თავისთავადი და დამოუკიდებელი კი არ ყოფილა, არამედ იერუსალიმზე ყოფილა დამოკიდებული, იერუსალიმის სარწმუნოება ჰქონია. ეს ის მსჯელობაა იერუსალიმის სარწმუნოების შესახებ, რომლის მოსმენაც კი არ სურს აბრაამს.
“რომის მამამთავარი წმიდა პეტრეს საყდარზე ზის, ალექსანდრიელი _ წმიდა მარკოზ მახარებლის, კონსტანტინოპოლელი _ წმიდა იოანე ნათლისმცემლისა117 და იერუსალიმელი _ უფლის ძმის წმიდა იაკობისაზე. რა სარწმუნოებაც მათ ეპყრათ, ჩვენც ის მოგვცეს, ჩვენ და ჩვენი მამები აქამდე ვიცავდით, ეხლა რისთვის დავტოვოთ იგი და თქვენ გერწმუნოთ? სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც, რომელნიც ურიცხვნი არიან, მეფენი და მთავარნი და მთელი მართლმადიდებელი ქვეყნები, ყველა ესენი როგორ უნდა მივატოვოთ და თქვენ შემოგიერთდეთ?” (გვ. 90). _ კირიონის ამ პასუხიდან აშკარად ჩანს, რომ სომხეთი მოითხოვს, ქართლი მას შეუერთდეს სარწმუნოებრივად. ეს კი თავისთავად გამოიწვევდა ქართული ეკლესიის მოწყვეტასა და იზოლაციას მსოფლიო ქრისტიანობისაგან, რადგანაც სომხეთი ფაქტობრივად იზოლირებული აღმოჩნდა მსოფლიოს ქრისტიანობისაგან. კირიონს რომ არ დაეგვირგვინებინა ქართულ ეკლესიაში უკვე ასურელი მამების დროიდან ჩასახული მოძრაობა მსოფლიო ეკლესიასთან მჭიდრო კავშირის არსებობისთვის, ქართული ეკლესია მტკიცე ერთობას შექმნიდა სომხურ ეკლესიასთან და მასაც ალბანური ეკლესიის ბედი მოელოდა. ცნობილია, ალბანურმა ეკლესიამ მჭიდრო კავშირი შეკრა სომხურ ეკლესიასთან, ამის გამო იგი მოწყდა მსოფლიო ეკლესიას, შედეგად ალბანეთში საუკუნეთა მანძილზე დაინერგა სომხურენოვანი ღვთისმსახურება, სომხური კულტურა ალბანელებისთვის სრულიად მისაღები, თითქმის მშობლიური იყო, შედეგად ალბანური ეკლესია სომხური ეკლესიის ნაწილად იქცა, რის გამოც ალბანური ეკლესია გაუქმდა, მისი ადგილი სომხურმა ეკლესიამ დაიჭირა. იგივე მოელოდა ქართულ ეკლესიას, თუ არა კირიონის დიდად დასაფასებელი მოძრაობა, რომელიც ეფუძნებოდა “ასურელი მამების” ღვაწლს. კირიონის პასუხიდან ჩანს, რომ მის დროს, ე.ი. VII საუკუნის დასაწყისში ქართულ ეკლესიას 35 ეპისკოპოსი ჰყავდა. “ქართლში სულ 35 ეპისკოპოსია. ეგ მოსე საიდან აღმოჩნდა მხოლოდ ერთი მეცნიერი და მართლმადიდებელი და სხვა ყველა მწვალებელი?” (გვ. 90). კირიონს სრულიად დამოუკიდებლად უჭირავს თავი, ის არავითარ დაქვემდებარებას არ გრძნობს სომეხი იერარქის მიმართ. კირიონი აქებს სპარსეთის შაჰს. ღმერთმაო, წერს ის, “…მეფეთა-მეფის დიდებისაგან უფრო განმადიდა და წარმატებულ მყო, ვიდრე ჩემი მამები, მით უმეტეს კი, ვიდრე ჩემი ამხანაგები” (გვ. 90). კირიონი სთავაზობს აბრაამს, იცხოვრონ ისევე მშვიდობით, როგორც ქართველი და სომეხი მამები აბრაამამდე, _ “ხოლო თუ სხვაგვარად გნებავთ იფიქროთ, მეტს ნუ გაირჯებით და ამისათვის მეტად ნუღარ მოგვწერთ. შემდეგ მე სომხეთზე გზით გავლა მომიწევს ოდესმე _ ღმერთი თუ მაღირსებს, რომ იერუსალიმს წავიდე წმიდა ადგილთა თაყვანისსაცემად, თორემ სხვა რამ საქმე არა მაქვს” (გვ. 91). კირიონი უარზეა აბრაამთან შეხვედრაზე “…დროის გამო მოუცლელი ვარ, ბრალს ნუ დამდებთ” (გვ. 91).
27. აბრაამ კათალიკოსი III ეპისტოლეს უგზავნის კირიონს. მისი კილო სავსებით შერბილებულია: _ “…განვაახლოთ სულიერი სიყვარული, რომელიც ორივე ხალხს შორის იყო, ის მოძღვრება. რომელიც ერთი წყაროდან მიგვიღია… საერთო ღვთისმსახურება დაგვითესეს ჩვენ და თქვენ ჯერ ნეტარმა წმიდა გრიგოლმა და შემდეგ მაშტოცმა” (გვ. 93). საერთო ღვთისმსახურების შესახებ ხშირად ლაპარაკობენ სომეხი იერარქები და სმბატ მარზპანი. კირიონიც წერს საერთო წესსა და სარწმუნოებაზე. ეს საერთო წესი (ალბათ ტიპიკონი), საერთო სომხურენოვანი ღვთისმსახურება და საერთო სარწმუნოება ქართლის იერარქებს მიუღიათ ქართლის სამეფოს გაუქმების დროს, დაახლოებით VI საუკუნის 20-იან წლებში, სომეხქართველთა საეკლესიო კრებაზე, ცხადია, სპარსთა იძულებით. როცა აბრაამი წერს, საერთო ღვთისმსახურება დაგვითესეს ჯერ წმიდა გრიგოლმა და შემდეგ მაშტოცმაო, აქ იგულისხმება არა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნა, არამედ სომხურენოვანი საერთო ღვთისმსახურებისათვის საჭირო სომხური წმიდა წიგნების გამოყენება ქართულ ეკლესიაში (ცხადია, ქართულ ეკლესიაში ქართულენოვანი ღვთისმსახურება უპირველესი, უმთავრესი იყო, მაგრამ ქართულთან ერთად ზოგჯერ (ანდა ზოგიერთ ადგილას) სომხურენოვანიც დაინერგა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ სრულდებოდა არა სომხურენოვანი წირვა-ლოცვა, არამედ შერეული ქართულ-სომხური წირვა-ლოცვა, ისე, როგორც ამჟამად ჩვენში ზოგიერთ რეგიონში არსებობს შერეული ქართულ-ბერძნული, უფრო კი ქართულ-რუსული წირვა-ლოცვა. ანდა ქართული წირვა-ლოცვის დროს ზოგიერთი ასამაღლებელი ითქმოდა სომხურ ენაზე, ისე როგორც ამჟამად ითქმის ქართული ღვთისმსახურებისას რუსულ ანდა ბერძნულ ენებზე (უფრო სწორად, სლავურად). შეიძლება ზოგიერთი კვერექსი ანდა მცირე ლოცვა, მრწამსი, სამოციქულოს ან სახარების კითხვა წირვისას ზოგჯერ სომხურად აღესრულებოდა. ასეთი პრაქტიკა _ შერეული წირვა-ლოცვა არსებობს და დადასტურებულია მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიაში. ამჟამადაც კი, თვით კათოლიკური წირვის დროს კათოლიკურ ქვეყნებში, ერთ მომენტში ლოცვა “უფალო შეგვიწყალენ” ითქმის ბერძნულ ენაზე _ “კირიე ელეისონ”. ბერძნულ ენაზე და არა რომელიმე სხვა ენაზე ამ სიტყვების თქმა ტრადიციაა, თუმცა ამ წირვას შეიძლება ბერძენი საერთოდ არ ესწრებოდეს. მაშტოცის მიერ შექმნილი სომხური ანბანით დაწერილი სომხური წიგნები საჭირო იქნებოდა ქართულ ეკლესიაში, რადგანაც ქართულ წირვა-ლოცვასთან ერთად სომხურადაც მიდიოდა “საერთო ღვთისმსახურება”. წმიდა გრიგოლიც ამ “საერთო ღვთისმსახურების” გამო მოიხსენიება ქართულ ეკლესიასთან კავშირში, რადგანაც “საერთო სარწმუნოებას” ეფუძნებოდა ეს ქართულსომხურ-ალბანური უნიტარულის მაგვარი ეკლესია, რომლის ზემდგომი სომხური ეკლესია იყო, დაარსებული წმიდა გრიგოლის მიერ.
ჩანს, აბრაამს სურდა ეთქვა, _ “საერთო ღვთისმსახურება გრიგოლისა და მაშტოცისა დაითესა ჩვენში და თქვენშიო”. მართლაც, “საერთო ღვთისმსახურება” აბრაამს წმიდა გრიგოლისა (IV ს-ში) და მაშტოცის (V ს-ში) დანერგილად რომ არ მიაჩნია, იმავე ეპისტოლედან ჩანს, სადაც აბრაამი “საერთო სარწმუნოებისა და ღვთისმსახურების” შემოღების თარიღად მიიჩნევს VI საუკუნის დასაწყისს და არა IV-V საუკუნეებს. “ერთობა” ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის იწყება გაბრიელ კათალიკოსიდან (VI ს-ის დამდეგი) და არა მანამდე. VI საუკუნემდე აბრაამი არ ასახელებს არც ერთ ქართველ იერარქსა თუ მოღვაწეს, არ ასახელებს რაიმე საეკლესიო მოვლენასა თუ მომენტს საეკლესიო ცხოვრებაში, რომელიც დაადასტურებდა ქართული და სომხური ეკლესიების “ერთობას” VI საუკუნემდე. ასეთი ძველი “ერთობის” დამადასტურებელი რაიმე ფაქტი ან წყარო რომ ჰქონოდათ სომეხ იერარქებს და სმბატ მარზპანს, ისინი აუცილებლად მოიხსენიებდნენ, როგორც უპირველესი მნიშვნელობის საბუთს. მაგრამ ისინი მხოლოდ გაბრიელ და ბაბგენ კათალიკოსების ეპოქას დებენ “ერთობის” დასაწყის თარიღად. ასევე სომხურენოვანი ღვთისმსახურების დანერგვის თარიღად ცურტავში მათ მიაჩნიათ არა IV-V საუკუნეები, არამედ წმიდა შუშანიკის შემდგომი ეპოქა, ეს არის VI საუკუნის დასაწყისი. მის საფლავზე აგებულ ეკლესიაში და მერე გუგარქში ამ ახალი საეკლესიო ენის გავრცელებას VI საუკუნის დასაწყისამდე ვერ შეძლებდნენ. ასე რომ, აბრაამისავე თანახმად, საერთო ღვთისმსახურება ქართლსა და სომხეთში გავრცელდა არა გრიგოლისა და მაშტოცის დროს, არამედ VI საუკუნის დასაწყისში, ბაბგენის და გაბრიელის დროს. თუმცა, საერთო ღვთისმსახურება გრიგოლის მიერ შემოქმედებად, ღვაწლად ითვლებოდა, ხოლო მაშტოცის სომხური ანბანით დაწერილი წიგნები ორივე ეკლესიაში გამოიყენებოდა. ქართული სახელმწიფოს გაუქმების დროს სპარსეთი სომხურ ეკლესიას უპირატესობას ანიჭებდა მთელ იმპერიაში. ეს საყოველთაოდ არის ცნობილი, ამიტომაც არ არის გასაკვირი ეკლესიათა შორის ასეთი სახის “ერთობის” დაარსება. აბრაამი ასახელებს “ერთობის” დანერგვის მონაწილე ქართველ იერარქებს, რომელთაც ქალკედონის კრება დაუგმიათ, _ “…შენმა წინაპარმა ნეტარმა გაბრიელ ქართლის კათალიკოსმა დაწყევლა ჩვენ ნეტარ მამებთან ერთად თავისი თანამოსაყდრეებითურთ, რომელთა სახელებია ესენი: თვითონ გაბრიელ ეპისკოპოსი მცხეთისა სახელოვანი, პალგენ ეპისკოპოსი სეფესახლისა, ელიფას ეპისკოპოსი სამურიალი, სამუელ ეპისკოპოსი ტუმასუელი, დავით ეპისკოპოსი ბოლნისისა, იაკობ ეპისკოპოსი ორტავისა, სტეფანის ეპისკოპოსი უსთავისა, საჰაკ ეპისკოპოსი ტფილისისა, ელაგეს ეპისკოპოსი მანგლისისა, ენეს ეპისკოპოსი მარუელი, ევგენეს ეპისკოპოსი, სამთაველი იოსებ, ეპისკოპოსი ადსუელი, იოვან ეპისკოპოსი სარუსთიელი, იოსებ ეპისკოპოსი კუხორდოსი, ეზრას ეპისკოპოსი კისდადისა, ენოვქ ეპისკოპოსი წილკნისა, იოსებ ეპისკოპოსი მიდამილი, ლაზარ ეპისკოპოსი ბოლდბილი, თეოდოროს ეპისკოპოსი ფორთის, ზაქარია ეპისკოპოსი კასდრელი, ფოკას ეპისკოპოსი ტსერმილი, ისააკ ეპისკოპოსი ქუნანაკერტისა, თომა ეპისკოპოსი ტარსისა, ესტგენ ეპისკოპოსი ქორზონისა” (გვ. 97-98).
საინტერესოა, რომ აბრაამი გაბრიელ კათალიკოსთან ერთად ასახელებს სეფესახლის ეპისკოპოს პალგენს. ასეთი ცნობა ეთანხმება ქართულ წყაროებს, რომელთა მიხედვითაც მცხეთაში იჯდა ორი ეპისკოპოსი, ერთი იწოდებოდა კათალიკოს მთავარეპისკოპოსად და ის მეთაურობდა ეკლესიას, ხოლო მეორე, ძველი ეპისკოპოსი სამთავროში იჯდა. ეს ეპისკოპოსი კათალიკოსობის დაწესებამდე მეთაურობდა ქართულ ეკლესიას. კათალიკოსობის დაწესების შემდეგ მისი ტახტი არ გაუქმებულა და მცხეთაში ორი ეპისკოპოსი აღმოჩნდა. სამთავროში, როგორც თვით სიტყვიდანაც ჩანს, მთავართა სასახლე იყო ანუ სეფესახლი. შეიძლება ამიტომაც უწოდებს მას “სეფესახლის ეპისკოპოსს” აბრაამი. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, სამთავროში მჯდომი მცხეთელი მთავარეპისკოპოსის სამწყსოში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ვაკე _ კერძოდ, ხონი. დასავლეთ საქართველოს მთიანეთი, კერძოდ, რაჭა-თაკვერი ნიქოზის საეპისკოპოსოში შედიოდა. ეს, ცხადია, დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოების წარმოშობამდე. თვით გვიან შუა საუკუნეებშიც კი დასავლეთ საქართველოს ერთ ტერიტორიაზე კვლავ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას მცხეთელ-სამთავროელი მთავარეპისკოპოსი. დასავლეთი საქართველო ხოსროიანთა სამეფო მამულად ითვლებოდა, კერძოდ, როცა მეფეებმა მირმა და არჩილმა საქართველოს სამეფო გაიყვეს, მთელი დასავლეთი საქართველო, როგორც “საუხუცესო” ტერიტორია, გაუყოფელი დარჩა მთლიანად მეფე არჩილს. ასევე სამეფო ტერიტორია იყო კახეთიც. ამიტომაც, ჩანს, ამ სამეფო მიწებზე სეფესახლის ეპისკოპოსი თავის უფლებას ახორციელებდა.
28. კირიონი საპასუხო ეპისტოლეს უგზავნის აბრაამს: _ “თქვენ ისე გვწერთ ჩვენ, როგორც ახალნერგსა და ახალმორწმუნეს და ისე არ გვწერთ, როგორც შეჰფერის პატიოსანს და მარად მართლმადიდებელს, რადგან დღეს ღვთის მოწყალებით მთელ ქვეყანაზე უფრო მოწინავე ვართ და მართლმადიდებელი, ვიდრე ცოტა ვინმე…” (გვ. 100). შემდეგ: “…ჩვენი და თქვენი სარწმუნოება ერთი იყო და მთელი სარწმუნოება იერუსალიმიდან გვქონდა და გვაქვს, როგორც ეწერა”. კირიონი არ უარყოფს საერთო სარწმუნოების არსებობას და უმატებს _ როგორც შენს ეპისტოლეში ეწერაო, აბრაამმა კი მისწერა ის, რომ საერთო ღვთისმსახურება იყო ჩვენთან და თქვენთანო. კირიონი ამას არ უარყოფს. აღსანიშნავია, რომ კირიონი ასე მსჯელობს: ქართული ეკლესია მართლმადიდებელი იყო და არის, აბრაამამდე სომხეთის კათალიკოსიც მართლმადიდებელი იყო და სწორი სარწმუნოების მქონე, ახლა კი, აბრაამის დროს, სომხეთის სარწმუნოება შეიცვალა იმით, რომ გადაუხვია იერუსალიმის სარწმუნოებიდან, _ “თქვენზე ადრე, რომ მაგ საყდარზე ნეტარი მოსე იჯდა, ჩემსა და მას შორის დიდი სიყვარული იყო… ვიდრე თქვენამდე მოაღწევდა მაგ საყდრის დაკავების ჟამი, ჩვენი და თქვენი სარწმუნოება ერთი იყო…” (გვ. 101). შემდეგ წერს, _ “ხოლო უკეთუ გსურს გამოიძიო ჩვენი სარწმუნოება და გაიცნო, ვათარგმნინე და მოვატანინე ოთხ კრებათა წიგნები, რომლებითაც რომაელნი ხელმძღვანელობენ წმიდა ანასტასსა და წმიდა სიონშიც იგი იქადაგება. უნდა თუ არა ვისმეს, ჩვენი სარწმუნოება ეს არის” (გვ. 102). სომხური ეკლესია აღიარებდა სამ მსოფლიო კრებას, ხოლო მეოთხეს, ქალკედონისას, წყევლიდა, კირიონი კი ოთხივე კრების წიგნებს უგზავნის _ “…ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება”, _ წერს კირიონი.
29. აბრაამი საყოველთაო მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეს აგზავნის მთელ სომხეთში, რომელშიაც გადმოსცემს სარწმუნოების მონოფიზიტურ მრწამსს და გმობს ქალკედონიტობას. ქალკედონიტობა მთელ ქვეყანაზე გავრცელდაო, წერს ის, _ “…ვიდრემდის თითქმის ამ მოსაზღვრე და ერთი სარწმუნოებით განათლებულ ქვეყნებს არ მიაწია, ქართლს და ალბანეთს ვიტყვი, რომელთაც მყრალი თესლი ზემოთქმულთა დიდებით შეიწყნარეს, თვის შორის დაამტკიცეს” (გვ. 120). ჩემზე ადრე მყოფმა კათალიკოსმა ამის შესახებ მისწერა ალბანეთს, მე ქართლს მივწერეო, კირიონმა ცურტავის ეპისკოპოსი განდევნა მართლმადიდებლური სარწმუნოების გამო, “…წმიდა შუშანიკისგან დადგენილი სომხური მსახურება, ჩვენს საწინააღმდეგოდ რომ ამხედრდა, შეცვალა, ამისათვის მივწერეთ…” შემდეგ “…ჩვენც იგივე ვბრძანეთ ქართველთა შესახებ: სრულიად არ ეზიაროთ მათ არც ლოცვაში, არც ჭამასა და სმაში. არც მეგობრობაში, არც დედამძუძეობაში, არც სალოცავად წასვლით ჯვარში, რომლითაც განთქმულია მცხეთის მიდამოები, არც მანგლისის ჯვარში, ნურც ჩვენს ეკლესიაში მიიღებთ მათ, არამედ მათთან ქორწინებითაც სრულიად განეშორეთ, მხოლოდ იყიდეთ და მიჰყიდეთ ვითარცა ურიებს, იგივე ბრძანება უცვლელად რჩება ალბანელთათვისაც…” (გვ. 122). ასეთია მიახლოებითი შინაარსი “ეპისტოლეთა წიგნისა”.
Комментариев нет:
Отправить комментарий