четверг, 7 марта 2019 г.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი (ლაშა ოთხმეზური)

ურალი თავისი შეუზღუდავი ნედლეულით, ციმბირი მდიდარი ტყეებით, უკრაინა უზარმაზარი ხორბლის ყანებით - ყველაფერი ეს რომ გერმანიის ხელთ იყოს, მაშინ, ნაციონალ-სოციალისტების ლიდერობის პირობებში, ჩვენი ქვეყანა სიუხვეში იცურავებდა“. ადოლფ ჰიტლერი, 1936 წლის 12 ნოემბერი
კონვენციური თეორიის მიხედვით, ჰიტლერს ერთი სული ჰქონდა, გაესრისა პოლონეთი, რათა შემდეგ საფრანგეთისთვის მოეღო ბოლო და მხოლოდ ამის შემდეგ დასხმოდა თავს საბჭოთა კავშირს. ამავე კონვენციური თეორიის თანახმად, სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა გაუხსნა ხელები ჰიტლერს საიმისოდ, რომ პოლონეთში შეჭრილიყო, თუმცა მოვლენების წმინდა ქრონოლოგიური ჯაჭვი განსხვავებულ სურათს გვიხატავს: ჰიტლერის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გერმანული კოლონიების შექმნა, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მას სჭირდებოდა საერთო საზღვარი საბჭოთა კავშირთან. ჰიტლერისთვის ყველაზე ბუნებრივი გახლდათ ვარშავასთან ალიანსი. ფიურერი პოლონეთის დაპყრობასა და სტალინთან გარიგებას მხოლოდ მას შემდეგ შეეცადა, რაც მიხვდა, რომ სამხედრო თანამშრომლობაზე ვარშავის დაყოლიება შეუძლებელი იყო. გარიგებას, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელს ატარებს.
დიპლომატიური ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არც ერთ მოვლენას არ გამოუწვევია ისეთი სკანდალი, როგორც ეს 80 წლის წინ ჰიტლერ-სტალინის გარიგებამ მოახერხა.
ვინ იყო ამ გარიგების ინიციატორი? ვის უფრო სწყუროდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმება? ვინ უფრო მეტი სარგებელი ნახა ამ პაქტიდან? სტალინი სერიოზულად ფიქრობდა ლონდონ-პარიზთან ალიანსზე თუ ეს მოლაპარაკებები ბერკეტი იყო ბერლინთან ვაჭრობაში? ვის რა წილი პასუხიმგებლობა აკისრია მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში?
აქტი პირველი. ბერლინი-ვარშავა
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორ რევიზიონისტ სახელმწიფოს (გერმანია და საბჭოთა კავშირი) შორის გაჩხერილი პოლონეთის პოლიტიკა ბაგირზე მოსიარულე ადამიანს ჰგავდა - ვარშავამ კარგად იცოდა, რომ ერთ-ერთი მტაცებელი მეზობლისკენ ოდნავ გადახრა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.
თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის ტერიტორიის დაპყრობა და მისი კოლონიზება ადოლფ ჰიტლერის პირადი პროექტი იყო. ეს პროექტი დაიბადა 1924 წელს და 1933 წლიდან ჰიტლერი თანმიმდევრულად შეუდგა მის განხორციელებას, თუმცა ამ პროგრამის გადაჭრას წინ ედგა ერთი პრობლემა - გერმანიას არ ჰქონდა საერთო საზღვარი საბჭოთა კავშირთან. პოლონეთ-საბჭოთა კავშირის 1000-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი კი საუკეთესო პლაცდარმი იყო საბჭოთა კავშირის დასაპყრობად. ამასთან ერთად, ჰიტლერი თვლიდა, რომ პოლონეთის 700 000-კაციანი არმია (რომელიც ჯერ კიდევ 1920 წელს დაამარცხებს წითელ არმიას) საკმაოდ ძლიერი მოკავშირე იქნებოდა საბჭოთა კავშირთან ომში. და ჰიტლერიც ძალაუფლებაში მოსვლისთანავე შეეცდება პოლონეთის დაყოლიებას, ჩაებასბოლშევიზმის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ომში“.
ვარშავისადმი ბერლინის ექვსწლიანი ფლირტის უკანასკნელი აკორდები ასე გამოიყურებოდა:
1938 წლის 24 ოქტომბერს, ბერხტესგადენის გრანდ ოტელში სადილისას, რიბენტროპი პოლონეთის ელჩ ლიპსკის გააცნობს ორმხრივი ურთიერთობის საკუთარ გეგმას, რომელსაცორ ქვეყანას შორის არსებული ყველა პრობლემა უნდა მოეგვარებინა“. რიბენტროპი ითხოვდა ქალაქ დანციგზე (გდანსკზე) ბერლინის იურისდიქციის აღდგენას და ექსტრატერიტორიულ გზატკეცილსა და რკინიგზას .. დანციგის დერეფანში. ამის სანაცვლოდ ბერლინი მზად იყო, უარი ეთქვა ზემო სილეზიაზე, რომელიც 1919 წელს გადაეცა პოლონეთს. რიბენტროპი ასევე ხაზს გაუსვამს, რომ ბერლინი მოხარული იქნებოდა, თუ ვარშავა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართულ ანტიკომინტერნის პაქტს შეუერთდებოდა. რიბენტროპი იქვე დააყოლებს, რომ ბერლინი ასევე ვარშავას სთავაზობს სამხედრო თანამშრომლობას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. გაფითრებული და ხელებაკანკალებული პოლონელი ელჩი რიბენტროპს შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე ჰიტლერი ვარშავას პირობას აძლევდა, რომ დანციგის სტატუსს არასდროს დააყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.
1939 წლის 5 იანვარს უკვე ჰიტლერი უმასპინძლებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იოზეფ ბეკს ბერხტესგადენში. გაიმეორებს რა მოთხოვნას დანციგსა და დერეფანზე, ჰიტლერი რიბენტროპზე უფრო ნათელი იქნება: “საბჭოთა კავშირის წინაააღმდეგ გერმანიას სჭირდება ძლიერი პოლონეთი და ძლიერი პოლონური არმია“. ჰიტლერთან შეხვედრიდან მეორე დღეს ბეკისდამუშავებასრიბენტროპი გააგრძელებს. თუმცა უშედეგოდ - პოლონელი დიპლომატი პირდაპირ განუცხადებს გერმანელ კოლეგას, რომპირველად იგრძნო თავი ძალზე პესიმისტურად და ვერ ხედავდა ბერლინთან შეთანხმების შესაძლებლობას კანცლერის მიერ დანციგთან დაკავშირებული კითხვების თაობაზე“.
1939 წლის 25 იანვარს უკვე ვარშავაში შეეცდება რიბენტროპი, დაიყოლიოს იოზეფ ბეკი, რომელსაც, ამჯერად, დანციგის სანაცვლოდ, უკრაინის ტერიტორიას დაჰპირდება. პასუხად ისევ პოლონურ nie- მიიღებს.
ჰიტლერი მაინც არ კარგავდა იმედს, რომ ბოლოს და ბოლოს ჩაითრევდა ვარშავას მოსკოვის წინააღმდეგ ომში. 30 იანვარს რაიხსტაგში გამოსვლისას ხოტბას შეასხამს რა გერმანულ-პოლონურ მეგობრობას, პარალელურად გააგრძელებს ვარშავაზე ზეწოლას. 24 თებერვალს უნგრეთი - პოლონეთის ერთადერთი მოკავშირე მეზობელ ქვეყნებს შორის - შეუერთდება ანტიკომინტერნის პაქტს. ხოლო 1939 წლის 19 მარტს ვერმახტის მიერ პრაღის ოკუპაციის შედეგად, ვარშავა მთლიანად გარშემორტყმული აღმოჩნდება მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნებით: ერთი მხრივ, 80-მილიონიანი გერმანიითა და მისი ვასალი ქვეყნებით (სლოვაკეთი და უნგრეთი) და, მეორე მხრივ, 180-მილიონიანი საბჭოთა კავშირით.
ნაცვლად ჩაყოლისა, პოლონეთი ბოლომდე ბრძოლის გაგრძელებას გადაწყვეტს: გააძლიერებს თუ არა საკუთარ არმიას დანციგის გარშემო და გამოაცხადებს რა რეზერვისტების ზოგად მობილიზაციას, 28 მარტს ვარშავა პირდაპირ აღნიშნავს, რომ დანციგის ოკუპაციის შემთხვევაში გერმანიასა და პოლონეთს შორის ომი გარდაუვალი იქნებოდა. ვარშავის დეკლარაციიდან სამი დღის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადებს, რომ ლონდონი პოლონეთის დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა.
ეს აიძულებს ჰიტლერს ბოლო წუთებში კარდინალურად შეცვალოს გეგმები და 1939 წელს საბჭოთა კავშირის ნაცვლად... პოლონეთს დაესხას თავს. ასე, 11 აპრილს იგი ხელს მოაწერს დირექტივასგეგმა თეთრი“ - სამხედრო ოპერაციას პოლონეთის წინააღმდეგ.

პირველი აქტის ალტერნატიული გადახვევა

რა მოხდებოდა, 1914 წლის 28 აგვისტოს ავსტრიის ერცჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის მძღოლს ქუჩა რომ არ არეოდა სარაევოში და შედეგად ამისა სერბ ნაციონალისტ გავრილო პრინციპს ტყვია აეცილებინა? მაინც დაიწყებოდა პირველი მსოფლიო ომი?
ამ კითხვის დასმა ლეგიტიმურია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდესმისი უდიდებულესობა შემთხვევითობისროლი ისტორიაში. თვით კარლ მარქსი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეტერმინისტი ისტორიკოსი, წერდა: „ძალიან მისტიკური იქნებოდა ისტორია, ‘შემთხვევითობასრომ არანაირი როლი არ ეთამაშა მასში. თვითონ ესშემთხვევითობები’ (...) კომპენსირდებიან სხვაშემთხვევითობებით’. და ისტორიული პროცესის აჩქარება ან შენელება დამოკიდებულია იმშემთხვევითობებზე’, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ ადამიანების ხასიათს, რომლებიც მოძრაობის სათავეში დგანან“.
ცოტა არ იყოს ბევრიშემთხვევითობააარა მსგავსი მასშტაბის დეტერმინისტი ისტორიკოსისთვის?! მკითხველი იმასაც შეამჩნევდა, რომ მარქსი პიროვნების როლსაც აღიარებს ისტორიაში... მოკლედ გამოდის, რომ ცვლილებების მიზეზს ყოველთვის აქვს სახელი და გვარი. ასე რომ, ომი კაპიტალიზმს ან ფაშიზმს კი არ სურს (როგორც ამას ხშირად ამტკიცებდნენ მარქსისტი ისტორიკოსები), არამედ ვილჰელმ მეორეს, პუანკარეს, მუსოლინის, ჰიტლერს და ..
შესაბამისად, ჩვენ სრული ისტორიოგრაფიული უფლება გვაქვს, დავსვათ კითხვა - რა შეიძლებოდა მომხდარიყო ბეკ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაში?
ვარშავა რომ ბერლინს დათანხმებოდა სამხედრო ალიანსზე, მაშინ ბეკ-რიბენტროპის პაქტის ლოგიკური დაგვირგვინება იქნებოდა 1939 წლის მაისში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელება.
და როგორი იქნებოდა გერმანულ-პოლონური სამხედრო ოპერაცია 1939 წლის მაისში? წარმატების რა შანსი ჰქონდა მას?
ბეკ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაში გერმანია აპირებდა აღმოსავლეთ პრუსიიდან (სწორედ ამისთვის სჭირდებოდა ჰიტლერს დანციგის დერეფანი) ლენინგრადის მიმართულებით განეხორციელებინა საზღვაო და სახმელეთო იერიში. გერმანიის სამხედრო გეგმები ასევე მიზნად ისახავდნენ რუმინეთისა და უნგრეთის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით დარტყმას (ამიტომ აიძულებს ჰიტლერი ბუდაპეშტსა და ბუქარესტს ანტიკომინტერნის პაქტთან მიერთებას).
და რა უპირატესობები ექნებოდა გერმანიას 1939 წელს?
ბეკ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაში ვერმახტი 1939 წლის მაისში 200-300 კილომეტრით უფრო ახლოს იქნებოდა მოსკოვიდან, ვიდრე ეს 2 წლის შემდეგ იქნება.
ხოლო რაც შეეხება ლენინგრადს, ვერმახტს მის ასაღებად დაახლოებით ხუთჯერ უფრო ნაკლები მტრული ტერიტორიის გადალახვა მოუწევდა, რადგან დამოუკიდებელი ბალტიის ქვეყნები მზად იყვნენ გერმანელებისათვის გზა გაეხსნათ. აქედან გამომდინარე, ლენინგრადი ძალიან მალე აღმოჩნდებოდა ვერმახტის ხელში. ბალტიის ზღვა, რომელიც გერმანელების სრული კონტროლის ქვეშ იქნებოდა, დიდწილად გადაჭრიდა გერმანიის ლოგისტიკის პრობლემებს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ვერმახტის ლოგისტიკის თავი იქნებოდა მოსკოვიდან მხოლოდ 700 კმ დაშორებით და არა 1300 კილომეტრში, როგორც ეს 1941 წელს იქნება.
1939 წელს დიდი ალბათობით საბჭოთა კავშირი ასევე სრულ დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდებოდა: 1941 წლისგან განსხვავებით 1939 წელს იაპონიის კვანტუნის არმიას არაფერი შეაკავებდა ახლო-აღმოსავლეთში, თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს (მკითხველს შევახსენებ, რომ მოსკოვი ტოკიოსთან მხოლოდ 1941 წლის აპრილში მოაწერს ხელს თავდაუსხმელობის პაქტს); ხოლო პოლიტიკურად იზოლაციონისტური და სამხედრო თვალსაზრისით ძალზე სუსტი ამერიკა (1939 წელს ამერიკის ჯარი ორჯერ უფრო მცირერიცხოვანი იყო ვიდრე პოლონეთისა) თითს არ გაანძრევდა - იგი მხოლოდ მოხარული თუ იქნებოდა იაპონიის ჯარი ციმბირის ველებზე ენახა გაფანტული. რაც შეეხება ფრანგებს და ბრიტანელებს - მათი მთავარი საზრუნავი საკუთარი სამხედრო ძალების გადაიარაღება იქნებოდა.
დიდი ტერორის შემდეგ ძალზე დასუსტებული და რიცხობრივად ორჯერ შემცირებული წითელი არმია, რომელსაც 1939-ში T-34 ტანკიც კი არ გააჩნდა, კიდევ უფრო ადვილად გაითელებოდა გერმანულ-პოლონური ბულდოზერის მიერ, ვიდრე ეს 1941-ში მოხდება.
ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ მეორე მსოფლიო ომიდან ჰიტლერი გამარჯვებული გამოვიდოდა? რა თქმა უნდა არა. როგორც პირველი მსოფლიო ომი ადრე თუ გვიან მაინც დაიწყებოდა ავსტრიის ერცჰერცოგის მოუკვლელად (ვინაიდან, ამ ომის ნაპერწკალი ბალკანეთში უკვე გაღვივებული იყო და, ამასთანავე, ევროპის დიდ ქვეყნებს ეს ომი სურდათ), ისე ბეკ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაშიც ჰიტლერი საბოლოოდ წააგებდა მეორე მსოფლიო ომს. და ჰიტლერის მარცხის საფუძველი ისტორიულ დეტერმინიზმში კი არა, ძალზე კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო მიზეზებში უნდა ვეძებოთ.
მოკლედ, როგორც გორ ვიდალმა იხუმრა ერთხელ - „ერთი რამ მაინც ცხადი არის: ლი ჰარვი ოსვალდს პრეზიდენტ კენედის მაგივრად ნიკიტა ხრუშჩოვი რომ მოეკლა, ონასისი ნინა ხრუშჩოვაზე მაინც არ დაქორწინდებოდა“.

აქტი მეორე. მოსკოვი-ლონდონი-პარიზი

1939 წლის 15 მარტს ვერმახტის მიერ პრაღის აღება პაქტებზე ნადირობის სეზონს გახსნის ევროპაში.
15 მარტს დილის 6 საათზე ჩეხოსლავაკიის არმია ერთი გასროლის გარეშე დაყრის იარაღს. დილის 9 საათზე პრაღა უკვე დაკავებული იქნება ვერმახტის მიერ. ბოჰემია და მორავია ნაცისტური იმპერიის პირველი პროვინციები გახდებიან. „თხუთმეტ დღეში ყველას დაავიწყდება ჩვენი დემარში“ - განაცხადებს ჰიტლერი. თუმცა ამჯერად პოლიტიკური ინსტინქტი უმტყუნებს ფიურერს - პრაღის ოკუპაციამიწისძვრასგამოიწვევს ლონდონში.
მე არ მგონია, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ჩემს გულწრფელობაში, როცა ვამბობ, რომ ცოტა რამ არის, რასაც მშვიდობის გამო არ გავწირავ. მაგრამ არსებობს ერთი გამონაკლისი და ეს თავისუფლებაა, რომლითაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვსარგებლობდით და რომელსაც ჩვენ არასდროს არ დავთმობთ“ - განაცხადებს 17 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი. იმავე დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი ჰალიფაქსი დეპეშას აფრენს მოსკოვში ერთადერთი შეკითხვით - დაეხმარება თუ არა მოსკოვი რუმინეთს გერმანიის აგრესიის შემთხვევაში. ჰალიფაქსის ეს დეპეშა გახდება დასაწყისი საბჭოთა კავშირ-დასავლეთის ვალსისა, რომლის მიზანიც იქნება მოსკოვი-ლონდონი-პარიზის ალიანსი. მაგრამ რას ემსახურებოდა ეს უკანასკნელი? ლონდონის მიზანი იყო არა სამხედრო ალიანსი მოსკოვთან, არა პრევენციული ომი გერმანიის წინააღმდეგ, არამედ კოორდინირებული და მტკიცე დიპლომატიური ქმედებები, რომლებიც გააჩერებდა ჰიტლერს. დიდი ბრიტანეთი იმედოვნებდა, რომ ერთიანი მოსკოვი-ლონდონი-პარიზის დიპლომატიური ფრონტი აიძულებდა ჰიტლერს ხელი აეღო საკუთარი აგრესიული გეგმებისაგან პოლონეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ.
მოსკოვთან სამხედრო ალიანსი ლონდონისთვის პრიორიტეტული თუ არ იყო, ეს იმიტომ, რომ მოსკოვში სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ფაიერბრეისი და სხვა ბრიტანელი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ 1937-38 წლების სტალინური ტერორის შემდეგ წითელი არმია ძალზე დასუსტებული გახლდათ. მიუხედავად ამისა, ლონდონის აზრით, კრემლთან თანამშრომლობა მაინც ღირდა. ბრიტანელების გათვლით, ჰიტლერის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემთხვევაში, წითელი არმიის პოლონეთის საზღვარზე ყოფნა, აიძულებდა ვერმახტს აღმოსავლეთით 50-მდე დივიზია დაეტოვებინა, რაც შეუძლებელს ხდიდა ჰიტლერის მიერ პოლონეთის მოკავშირე საფრანგეთის წინააღმდეგ გალაშქრებას.
17 მარტის ჰალიფაქსის დეპეშაზე მოსკოვი ლონდონს შესთავაზებს ხუთი დაინტერესებული სახელმწიფოს - სამი დიდის პლიუს პოლონეთისა და რუმინეთის - კონფერენციის მოწვევას. პასუხის ნაცვლად ლონდონი ახალ წინადადებას წამოაყენებს: ოთხი სახელმწიფოს - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, სსრკ-სა და პოლონეთის - მიერ საერთო დეკლარაციაზე ხელის მოწერას. ამ დეკლარაციის მიხედვით ამ სახელმწიფოებს, საფრთხის შემთხვევაში, ყველა ევროპული ქვეყნისათვის უნდა მიეცათ დამოუკიდებლობის გარანტია. პოლონეთი, რომლისთვისაც პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი როგორც ბერლინის, ისე მოსკოვის თანაბარ დისტანციაზე ყოფნა იყო, უარს იტყვის მსგავს დეკლარაციაზე ხელის მოწერაზე. პოლონეთის პოზიციის გათვალისწინებით, უკეთესი ვარიანტის არარსებობის შედეგად, ლონდონი და პარიზი გადაწყვეტენ ანტიჰიტლერული ფრონტი არა მოსკოვის, არამედ ვარშავის გარშემო შექმნან. 31 მარტს, წელში მოხრილი და დაქანცული ჩემბერლენი თემთა პალატაში გამოაცხადებს, რომ მისი ქვეყანა პოლონეთს დაეხმარება, იმ შემთხვევაში თუ ვარშავის დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება. 13 აპრილს, როცა ჰიტლერის მოკავშირე მუსოლინი ალბანეთის ოკუპირებას მოახდენს, ლონდონი ასევე მისცემს რუმინეთსა და საბერძნეთს დიდი ბრიტანეთის დახმარების გარანტიას.
14 აპრილს ლონდონი მოსკოვს სთხოვს, უზრუნველყოს იმ მეზობლების ცალმხრივი გარანტია, რომლებსაც გერმანია თავს დაესხმებოდა. სტალინი დაუყოვნებლივ განაცხადებს უარს. უკიდურესი უნდობლობა სტალინს აფიქრებინებდა, რომ ლონდონის და პარიზის ერთადერთი მიზანი სტალინის წინააღმდეგ ჰიტლერის დაგეშვა იყო. როგორც სტალინი იტყვის 10 მარტსინგლისურ-ფრანგული და ამერიკული პრესა ხმამაღლა გაჰკივის, რომ გერმანელები დღეს თუ არა ხვალ საბჭოთა უკრაინას მიიერთებენ. (...) ამ ხმაურის ერთადერთი მიზანი (...) გერმანიასთან საბჭოთა კავშირის კონფლიქტის პროვოცირებაა“.
14 აპრილის შეთავაზებას სტალინი ძალზე უცნაური კონტრშეთავაზებით უპასუხებს: ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ყველა ქვეყნისთვის გარანტია, გამაგრებული ნამდვილი სამხედრო ხელშეკრულებით; თუმცა ამ ხელშეკრულებას ერთი დიდიმაგრამჰქონდა - მოსკოვი უსაფრთხოებას იმ მეზობელ ქვეყნებსაც სთავაზობდა, რომელთაც ეს უკანასკნელი არც კი მოუთხოვიათ. სტალინის წინადადება ფინეთსა და ბალტიის ქვეყნებსაც მოიცავდა, მათ კი ჰიტლერზე უფრო სტალინის ეშინოდათ და კრემლის გარანტიებზე ხმის გაგონებაც კი არ უნდოდათ. ამ ხელშეკრულებაზე დათანხმება სტალინისათვის მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზეკარტ ბლანშისმიცემას ნიშნავდა.
8 მაისს ჩემბერლენი სტალინს ცივ უარს განუცხადებს, რათა... 24 მაისს ისევ განაახლოს მოსკოვთან მოლაპარაკებები. მოსკოვთან მოლაპარაკებების განახლებას ლონდონს პარიზი აიძულებს. საფრანგეთი ძალზე შეშფოთებული იყო მოსკოვში სტრატეგიის შესაძლო ცვლილებით. ითანამშრომლებს სტალინი ჰიტლერთან? დაიკარგება პოლონეთი? უფრო კოშმარული სცენარი დასავლეთის დემოკრატიებს არც კი წარმოედგინათ. ამასთან, 1939 წლის 16 მაისს ბრიტანეთის გენშტაბის დასკვნა ცალსახად ამბობდა: მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სუსტია წითელი არმია, მისი მხარდაჭერის გარეშე პოლონეთი და რუმინეთი დაიკარგება.
მაგრამ როგორც კი ივნისის თვეში ბრიტანეთის ელჩისა და მოლოტოვის მოლაპარაკებები განახლდება, ისინი იმ წამსვე გაიყინება. მოლოტოვი დაჟინებით იმეორებდა, რომ გარანტია უნდა მიეცათ საბჭოთა კავშირის მოსაზღვრე ყველა ქვეყნისთვის. ბრიტანელი ელჩი, თავის მხრივ, ხაზგასმით აღინიშნავდა ორ აშკარა ფაქტს: 1. ეს ქვეყნები არ იყვნენ საბჭოთა კავშირის დახმარების მთხოვნელები; 2. სსრკ- არ შეეძლო თავად გადაეწყვიტა, ემუქრებოდა თუ არა ბერლინი, მაგალითად, ლატვიას ან ესტონეთს.
7 ივნისს ბერლინის მიერ ლატვიასთან და ესტონეთთან თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას ბომბის აფეთქების ეფექტი ექნება. შიში მოსკოვს თითქოს შეარბილებს და მოლაპარაკებების განახლებისკენ უბიძგებს. თუმცა მოლოტოვის ახალი მოთხოვნა ისევ გაყინავს მოლაპარაკებებს. კრემლის აზრით, უსაფრთხოების გარანტიებს უნდა ეარსება არა მხოლოდ გერმანიის მიერ ამ ქვეყნებზე თავდასხმის, არამედ ქვეყნის პოლიტიკის "შიდა ცვლილებისშემთხვევაშიც. კრემლის ლოგიკის მიხედვით, ჰელსინკიში, ტალინში, რიგაში, ვარშავაში ან ბუქარესტში მთავრობის ნებისმიერი სახის ცვლილებას, ამ ქვეყნებში ინტერვენციის კარტ ბლანში უნდა მიეცა მოსკოვისვის. "ეს სრულიად მიუღებელია!" - იყო ლონდონის პასუხი.
12 ივლისს ლორდი ჰალიფაქსი, მოლაპარაკებების სრული კრახით დამთავრების შიშით, ყაბულს იქნება მოლოტოვთან საიდუმლო სამხედრო ხელშეკრულების დადებაზე. თუმცა დროის მოგების მიზნით ბრიტანულ-ფრანგულ დელეგაციას გემით გამგზავრებას უბრძანებს (ჰალიფაქსი იმედოვნებდა, რომ ბერლინის შიშით მოსკოვი მოთხოვნებს შეარბილებდა). ლენინგრადამდე ჩასვლას დელეგაცია 5 დღეს მოანდომებს. ლენინგრადში კი მატარებელში გადასხდებიან. მოსკოვში ისინი მხოლოდ 11 აგვისტოს ჩავლენ. ამ დროისათვის კი ბედის ბორბალი უკვე მოტრიალებული იყო და სტალინს ბრიტანულ-ფრანგული წინადადებები აღარ აინტერესებდა.
ატყუებდა სტალინი დასავლეთის დემოკრატიებს? ამ მოლაპარაკებების მიზანი მხოლოდ ბერკეტი იყო ბერლინთან ვაჭრობაში? აპრილსა და მაისში, რა თქმა უნდა, არა, რადგან მაშინ ჰიტლერი არაფერს სთავაზობდა სტალინს. სტალინისთვის ლონდონ-პარიზთან მოლაპარაკებები სავარაუდოდ ივნისში დაკარგავს აზრს. 1939 წლის გაზაფხულზე კი სტალინს ნამდვილად სურდა, ლონდონთან და პარიზთან შეთანხმებაზე მოეწერა ხელი. ოღონდ შეთანხმებაზე, რომელიც სტალინისეული პირობებით იყო შედგენილი, რაც ნიშნავდა კრემლისთვის სრულ თავისუფლებას ფინეთში, პოლონეთში, რუმინეთში და ბალტიის ქვეყნებში. სტალინი ვერ ხვდებოდა, რომ ლონდონისა და პარიზისათვის ეს წითელი ხაზი იყო. ჯუღაშვილის აზრით, კრემლიიდეოლოგიური იმპერატივებისგარეშე მოქმედებდა. სინამდვილეში კი, ისეთი უკიდურესად დოგმატიკოსი პოლიტიკოსისათვის, როგორიც სტალინი გახლდათ, მისი ესრეალიზმიბრმა ცინიზმს უფრო წარმოადგენდა. ცინიზმს, რომელიც არაფრად აგდებდა არა მხოლოდ იმ უფსკრულს, რომელიც ძველ ევროპულ დემოკრატიებსა და მესამე რაიხს შორის არსებობდა, არამედ ნაციზმის აგრესიულ მიზნებსაც.
დოგმატიკოსი სტალინის ბრმა ცინიზმს თავისი ფასი ჰქონდა და საბჭოთა კავშირი ამ ფასს 1941 წელს გადაიხდის.
აქტი მესამე. ბერლინი-მოსკოვი
1939 წლის 23 მაისს ფიურერის კანცელარიაში, საიდუმლო შეხვედრაზე, თხუთმეტიოდე გენერალი იყო შეკრებილი, რათა ჰიტლერის სამხედრო გეგმები განეხილათ: „დანციგი არ წარმოადგენს ჩვენს ნამდვილ მიზანს. ჩვენი მიზანია აღმოსავლეთით სასიცოცხლო სივრცის გაფართოება (სსრკ- ხარჯზე - ..), რაც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ჩვენს საარსებო პრობლემებს“ - განუცხადებს ფიურერი თავის გენერლებს.

მაგრამგარემოებები განაპირობებს მისი რეალიზაციის გადადებას“, ვინაიდანპოლონეთის პრობლემა გამოიწვევს დასავლეთთან კონფლიქტს“. და, მართალია, ჰიტლერი ფიქრობდა, რომ პოლონეთის სასარგებლოდ დასავლეთის ინტერვენცია სავარაუდო იყო, მაგრამ პარიზ-ლონდონისიზოლაცია პოლიტიკური ნიჭის საკითხიგახლდათ. ჰიტლერის აზრით, თუ ინგლისთან მოუწევდა ომი, ეს კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდებოდა. გრძელვადიან ომს კი სჭირდებოდა რესურსები, რათა გერმანია არ აღმოჩენილიყო ეკონომიურ ბლოკადაში - ისე, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა. „რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ურთიერთობები გაუმჯობესდება. გამორიცხული არაა, რომ რუსეთი დაინტერესდეს პოლონეთის განადგურებით,“ - დაასკვნის ფიურერი.
29 მაისს, გენერლებთან ჰიტლერის საუბრიდან სულ რაღაც ექვს დღეში, მესამე რაიხის სახელმწიფო მდივანი ფონ ვაიცზეკერი განუცხადებს ალექსეი მერეკალოვს, სტალინის ელჩს ბერლინში: „გერმანია მზადაა ღია დისკუსიისათვის და მოსკოვისათვის დადგა გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღების დრო“. სწორედ ამ დღიდან, 29 მაისიდან, იწყება ბერლინის ფლირტი მოსკოვთან.
2 ივნისს ფონ ვაიცზეკერი კიდევ უფრო კონკრეტული იქნება - მისი მტკიცებით, გერმანია არ აპირებდა აღმოსავლეთით ექსპანსიას და გერმანიის მიზნები, მოეხდინა საბჭოთა უკრაინის ოკუპაცია, მხოლოდ და მხოლოდ პოლონური ფანტაზიის წყარო იყო. 26 ივნისს, ბერლინის რესტორან „ერნესტში“ სადილობის დროს, გერმანიის ეკონომიკის სფეროს დელეგაციის ხელმძღვანელი კარლ შნურე პირდაპირ განუცხადებს ასტახოვს, თავის საბჭოთა კოლეგას: „რიბენტროპმა დამავალა თქვენთვის გადმომეცა, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ თქვენთან ერთად: პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, უსაფრთხოების გარანტიები“. ამის პასუხად ასტახოვი შნურეს შეახსენებს, რომ „მაინ კამპფის“ მიხედვით, ჰიტლერს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. „ოო, ეს 16 წლის წინ იყო. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს ფიურერი სულ სხვანაირად ფიქრობს. დღეს ჩვენი მთავარი მტერი ინგლისია,“ მიუგებს მას შნურე.
2 აგვისტოს საბჭოთა ელჩ მერეკალოვთან საუბრისას რიბენტროპი კიდევ უფრო პირდაპირი იქნება: „ოცდახუთი წლის წინ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. მაშინ რუსეთის მეფემ მოკავშირედ ინგლისი აირჩია და შედეგად ამისა ტახტი დაკარგა. არ არსებობს მიზეზი, რომელიც თქვენ გაიძულებდათ ჩვენთან ომი აწარმოოთ. ერთადერთი ჩვენი თხოვნაა, რომ არ ჩაერიოთ ჩვენს შიდა საქმეებში. (...) არ არსებობს საკითხი, რომელზეც ჩვენ ვერ შევთანხმდებით. შავი ზღვიდან დაწყებული ბალტიის ზღვამდე არ არსებობს ტერიტორია, რომლის შესახებაც ჩვენ ვერ შევთანხმდებით (ამ ფრაზას რიბენტროპი რამდენჯერმე გაიმეორებს). მე არ ვიცი, თქვენ რა გზა გაქვთ არჩეული, მაგრამ ჩვენ რაც შეგვეხება - ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ ე.წ. დემოკრატიების მიერ ატეხილ აყალ-მაყალს. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს ძალებში. შეუძლებელია, რომ ადოლფ ჰიტლერმა ომი წააგოს. პოლონეთის საქმე უცბად მოგვარდება - მაქსიმუმ 7-10 დღე დასჭირდეს ამ საქმეს“. ამ ძალზე არაორაზროვანი მონოლოგის შემდეგ რიბენტროპი სთხოვს საბჭოთა დიპლომატს, რომ მისი სიტყვები დაუყოვნებლივ გადასცენ კრემლს.
3 აგვისტოს უკვე შულენბურგი, გერმანიის ელჩი მოსკოვში, შეხვდება მოლოტოვს და შესთავაზებს ურთიერთობების გაუმჯობესების სამსაფეხურიან გეგმას, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობით უნდა დაწყებულიყო. მომდევნო დღეს, სტალინთან კონსულტაციის შემდეგ, მოლოტოვი უპასუხებს, რომ აპრიორი მოსკოვს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო.
14 აგვისტოს შნურე გადასცემს ასტახოვს, რომ ფიურერს სურდა რიბენტროპის მოსკოვში გაგზავნა სტალინთან მოსალაპარაკებლად. მომდევნო დღეს უკვე შულენბურგი შეხვდება მოლოტოვს და შესთავაზებს ბალტიის ქვეყნებში „კრემლის ინტერესების გათვალისწინებას“ და თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას. ბერლინის დაპირებები კრეშჩენდოთი გაიზრდება 19 აგვისტომდე, როცა შულენბურგი პაქტის პროექტს გააცნობს მოლოტოვს. 21 აგვისტოს ჰიტლერის ელჩი განუცხადებს მოლოტოვს, რომ რიბენტროპი მზად იყო მოსკოვში ჩასასვლელად.
22 აგვისტოს შუადღის 3 საათისათვის, მოსკოვში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, რიბენტროპი ჰიტლერს შეხვდება. ამ შეხვედრისას ფიურერი აუხსნის რიბენტროპს, რომ მისი მისია იყო არა მოლაპარაკებები, არა ვაჭრობა, არამედ ყველანაირ დათმობაზე წასვლა სტალინთან. რიბენტროპს რაც შეიძლება ჩქარა უნდა ჩაედო ჯიბეში ხელმოწერილი ხელშეკრულება და უკან დაბრუნებულიყო - პოლონეთზე თავდასხმა 26 აგვისტოს დილის 4 საათისთვის იყო დაგეგმილი. რიბენტროპს მხოლოდ 50 საათიღა ჰქონდა დარჩენილი...
22 აგვისტოს, საღამო ხანს, გერმანიის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა. მოსკოვში თვითმფრინავი მხოლოდ მეორე დღის ნაშუადღევს ჩაფრინდება. დელეგაციას აეროპორტში არა მოლოტოვი, არამედ მისი მოადგილე პოტიომკინი შეეგებება. ნაცისტური ჰიმნის აჟღერებისას რიბენტროპი შეამჩნევს, რომ ნაცისტური დროშები უკუღმა იყო დაკიდებული... გერმანელების აზრით, პოტიომკინი უკუღმა დროშების ფონზე მხოლოდ ავისმომასწავებელი თუ იქნებოდა... (ერთი, რაც გერმანელებმა არ იცოდნენ, ის იყო, რომ თვით ეს დროშები ანტინაცისტური საბჭოთა ფილმის დეკორაციების რეკვიზიტს წარმოადგენდა...). თუმცა ავისმომასწავებელი ნიშნები ნახევარ საათში გაქარწყლდება, როცა რიბენტროპს, მოლოტოვთან ერთად, თვით სტალინი მიიღებს.
არასდროს არ ყოფილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ასე ადვილი. არასდროს არ გაუნაწილებია ორ მტაცებელს ნადავლი ასე იოლად... დილის 2 საათისათვის უკვე ხელმოწერილი იყო ორი დოკუმენტი (ათწლიანი თავდაუსხმელობის პაქტი და საიდუმლო პროტოკოლი).
„ჩემი მეორე ბისმარკი!“ - ასეთი გროტესკული სიტყვებით შეეგებება მეორე დღეს ფიურერი გერმანიაში დაბრუნებულ რიბენტროპს.
ზემოთმოყვანილი ქრონოლოგიის ჯაჭვიდან ნათლად ჩანს, რომ ჰიტლერი იყო ბერლინ-მოსკოვის მოლაპარაკებების როგორც ერთადერთი ინიციატორი, ასევე ერთადერთი საჭევარი. მიუხედავად ამისა, პაქტზე ხელის მოწერით უბიძგა თუ არა სტალინმა ჰიტლერს ომისკენ? კი და არა. არა - იმდენად, რამდენადაც ჰიტლერი პაქტის გარეშეც აპირებდა პოლონეთზე თავდასხმას. კი - იმდენად, რამდენადაც ჰიტლერს სჭირდებოდა სტალინის ხელმოწერა საკუთარი გენერლების დასამშვიდებლად, რომ არ გამეორდებოდა პირველი მსოფლიო ომის სცენარი, როცა გერმანიას ორ ფრონტზე მოუწია ბრძოლა.
2 სექტემბერს მწერალი მიხაილ პრიშვინი საკუთარ დღიურში აღწერს, თუ რა სიხარულით შეხვდებიან მოსკოველები გერმანელების პოლონეთში შეჭრას. 15 დღის შემდეგ, როცა პოლონეთში წითელი არმია შეიჭრება, მოსკოველების (მათ შორის ანტიბოლშევიკების) ეს სიხარული მხოლოდ გაორმაგდება... ვარშავის ზიზღი იყო ერთ-ერთი ის, რაც მოსკოვს და ბერლინს ერთმანეთთან აერთიანებდა...
მესამე აქტის ალტერნატული გადახვევა
რა მოხდებოდა, თუ სტალინი ჩათვლიდა, რომ ჰიტლერთან ალიანსი დიდი საფრთხის შემცველი იყო? რა მოხდებოდა, სტალინს რომ ხელი მოეწერა საფრანგეთ-ბრიტანეთთან სამხედრო კავშირზე? რას შეცვლიდა ეს?
პირველი ჰიპოთეზა: ჰიტლერი ორ ფრონტზე ომის შიშით უკან დაიხევდა. და ჩემბერლენი, ისე, როგორც 1938 წლის ნოემბერში, თავს ევროპის მშვიდობის მტრედად გამოაცხადებდა. ოპტიმისტებს შეუძლიათ კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ივარაუდონ, რომ ეს შეარყევდა ჰიტლერის ქარიზმატულ ძალაუფლებას და გააძლიერებდა სამხედრო ოპოზიციას, რაც საბოლოოდ ჰიტლერის ტახტიდან გადმოგდებით დასრულდებოდა. მაგრამ ივარაუდო ასეთი ფინალი, ნიშნავს აღწერო ჩემბერლენის ოცნება. ჩემბერლენის ოცნება კი სხვა არაფერი იყო, თუ არა სიზმარი...
მეორე ჰიპოთეზა:
 ჰიტლერს დროებით შეაჩერებდა საკუთარ დივიზიებს და დიპლომატიური გზით ეცდებოდა, დაემსხვრია მოსკოვ-პარიზ-ლონდონის ძალზე მყიფე ალიანსი, რაც, კაცმა რომ თქვას, შესაძლებელი იყო.
მაგრამ ეს ორი ვერსია სერიოზულად განიხილო, ნიშნავს წარმოდგენა არ გქონდეს ჰიტლერზე, რომელიც ყოველთვის ყველგან ვა-ბანკზე მიდიოდა (მისი საკუთარი სიტყვებია); და თან ამ ვა-ბანკზე წასვლის გადაწყვეტილებას ორ წუთში იღებდა... მაგალითად, ვაგნერის ოპერის მოქმედებებს შორის ანტრაქტში...
სინამდვილეში წითელი არმიის კატასტროფული მდგომარეობა, ფრანკო-ბრიტანელების სამხედრო სისუსტე და ის, რომ არ იყო მზად ჰიტლერთან ომის წარმოების პოლიტიკური ნება - ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: მოაწერდა თუ არ მოაწერდა სტალინი ხელს პაქტზე, ომი 1 სექტემბერს დაიწყებოდა. პოლონეთის არმია ორ კვირაში იქნებოდა განადგურებული, ისე, როგორც ისედაც მოხდა. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სტალინი არ ისარგებლებდა ამ შანსით და არ დაძრავდა წითელ არმიას „ძირძველი რუსული მიწების“ ანექსიის მიზნით?! მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიების ანექსიის სამხედრო გეგმები წითელ გენშტაბში დიდი ხანია არსებობდა. მეორე მხრივ, დასავლეთში საფრანგეთის უმოქმედობა მხოლოდ გააღვიძებდა სტალინის ძველ ფობიებს კაპიტალისტური ფრონტის ერთიანობის შესახებ. რაც სტალინს საბოლოოდ გადააწყვეტინებდა, ყაბულს ყოფილიყო ჰიტლერის ექსპრომტად შემოთავაზებულ მოდუს ვივენდიზე. რა იქნებოდა ეს, თუ არა დე ფაქტო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი?
თუმცა არსებობს კიდევ უფრო რეალური ჰიპოთეზა: პოლონეთის ტერიტორიაზე შეხვედრილ ვერმახტსა და წითელ არმიას შორის შეხლა-შემოხლა დიდი ალბათობით გადაიზრდებოდა სრულფასოვან კონფლიქტში, რომელიც სამხედრო კონფლიქტს იმპროვიზებულ „ბარბაროსად“ გადააქცევდა. იმპროვიზებულ „ბარბაროსას“ დიდი ვარაუდით მოჰყვებოდა უკრაინისა და ბელორუსიის ოკუპაცია (შემოდგომასთან დაკავშირებული მეტეოროლოგიური პრობლემების გამო გერმანელები უფრო ღრმად ვერ შევიდოდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე). ეს ვარიანტი ფრანკო-ბრიტანელებისთვისაც იდეალური იქნებოდა, რადგან აღმოსავლეთ ფრონტზე გაჩხერილი გერმანია ვეღარ გახსნიდა მეორე ფრონტს დასავლეთით. დასავლეთი ევროპა აღარ იქნებოდა ოკუპირებული... რაც შეეხება მოსკოვს - იგი თავიდან აირიდებდა 22 ივნისის მოულოდნელობას.
ასე რომ, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტით ევროპა ყველაზე უფრო კოშმარულ გზას დაადგება...
ეპილოგი. ვინ რა მოიგო?
„რაიხს არ შეეძლო საბჭოთა კავშირზე თავდასხმა პოლონეთის ან რუმინეთის ტერიტორიის გავლის გარეშე, ხოლო 13 აპრილის შემდეგ (დღის, როცა დასავლეთი ამ ორ ქვეყანას გარანტიებს მისცემს) - დასავლეთთან ომის გარეშე. ამგვარად, სტალინმა ხელის გაუნძრევლად და არაპირდაპირი გზით მოიპოვა დასავლეთით ის ფარი, რომელსაც ბოლო ათი წელი უშედეგოდ ეძიებდა. (...) ამის შემდეგ მას შეეძლო, განზე გამდგარს დაკვირვებოდა მოვლენებს და რუსებისათვის ასე საყვარელი ორმაგი თამაში ეთამაშა. კაცმა არ უნდა აცთუნოს წმინდანნი; და კიდევ უფრო ნაკლებად ისინი, ვინც წმინდანნი არ არიან“ - დაწერს რობერტ კულონდრი, პარიზის ელჩი მოსკოვსა (1936-1938 წწ) და ბერლინში (1938-1939 წწ.).
მართალია, კულონდრი? სტალინმა მხოლოდ მოიგო ამ პაქტით?
სტალინამდე, მოდით, ჯერ ჰიტლერის პოზიტივ-ნეგატივი განვიხილოთ.
ჰიტლერის სარგებელი ადვილი დასადგენია: ის დაიწყებს ომს ერთ ფრონტზე. მოსკოვთან ხელმოწერილი ხელშეკრულების წყალობით ფიურერი ბრიტანელებს ხელიდან გამოაცლის უკანასკნელ იარაღს - ეკონომიკურ ბლოკადას. და, რაც მთავარია, იგი აისრულებს დიდი ხნის ოცნებას - მოსკოვთან საერთო საზღვარს, რაც საბჭოთა კავშირზე თავდასხმის აუცილებელი პირობა იყო.
ნეგატივის სია არანაკლებია, ვიდრე პოზიტივის - პაქტის მიხედვით, ჰიტლერი სტალინს გადასცემს ტერიტორიას, რომლის ხელახლა დაპყრობას არაერთ კვირას მოანდომებს. თუმცა ჰიტლერისათვის ეს მთავარი უბედურება არ იყო... უარესი ის იყო, რომ მოსკოვში ჩასვლით რიბენტროპი დამარხავს ყველანაირ შანსს, ტოკიოსთან აეწყო ჭეშმარიტი სამხედრო თანამშრომლობა. ტოკიო ვერასდროს მოინელებს იმ ფაქტს, რომ ბერლინი, მისი მოკავშირე ქვეყანა ანტიკომინტერნის პაქტის ფარგლებში, მაშინ მოაწერს ხელს ნეიტრალიტეტზე მოსკოვთან, როცა იაპონიის არმია მანჯურიაში წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერით დამცირებული პროგერმანული ჰირანუმას კაბინეტი 28 აგვისტოს გადადგება. 31 აგვისტოს მსოფლიო გაიგებს, რომ წითელი არმია იაპონიის მეექვსე არმიის დივიზიებსგაანადგურებს ხალხინ-გოლზე. იაპონიის დამცირებული ელჩი მოლოტოვთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს.ეს დამცირება ბევრ იაპონელ ოფიცერს თვითმკვლელობამდე მიიყვანს. ბერლინთან ხელმოწერილი პაქტის წყალობით მოსკოვი შეძლებს, უფრო მეტი სამხედრო ნაწილი გადაისროლოს ციმბირში და თან გააძლიეროს ჩინეთის, იაპონიის მთავარი მტრის, დახმარება. ამ სიტუაციაში გაძლიერდება იაპონიის საზღვაო ძალების პოზიცია, რომელიც, სახმელეთო ჯარებისგან განსხვავებით, ექსპანსიის ვექტორს სამხრეთით ხედავდა. ორმაგი შოკი - მოლოტოვ-რიბეტროპის პაქტი და ხალხინ-გოლზე წვნეული მარცხი - 180 გრადუსით შემოატრიალებს იაპონიის საგარეო პოლიტიკას. ამ შემოტრიალების შედეგად 1941 წლის 13 აპრილს, ჰიტლერისათვის ყველაზე უფრო ცუდ მომენტში, იაპონია მოსკოვთან ხელს მოაწერს თავდაუსხმელობის პაქტზე.
სტალინთან პაქტზე ხელმოწერით ჰიტლერი ასევე საქმეს გაიფუჭებს მუსოლინისთან - გაღიზიანებული დუჩე ცივ უარს განუცხადებს ჰიტლერს, თავისი ძალებით დახმარებოდა პოლონეთში შეჭრისას...
და რა ხეირს ნახავს ამ პაქტით სტალინი?
1939 წელს სტალინი თავს აარიდებს კონფლიქტს. საიდუმლო ოქმის შედეგად მოსკოვი დასავლეთით გადაწევს საზღვრებს. განსაკუთრებით უსაფრთხო სიტუაციაში აღმოჩნდება კრონშტადტი, ბალტიის ფლოტილია და ლენინგრადი (პაქტამდე ლენინგრადის პოტენციურად მტრული საზღვარი თუ 130 კილომეტრში გადიოდა, 1941 წლის 22 ივნისს ის 740 კმ-ში იქნება).
მაგრამ მოსკოვის მტაცებლური პოლიტიკა, პოლონეთის თუ ბალტიის ქვეყნების აგრესიული და სასტიკი გასაბჭოება საბჭოთა კავშირის მეზობელ ქვეყნებს (ფინეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს) მოსკოვის მოსისხლე მტრად გადააქცევს. საბჭოთა კავშირის შიშით ყველა ეს მეზობელი დაცვას გერმანიის დახმარებით შეეცდება, რაც ორი წლის შემდეგ, „ბარბაროსას“ ოპერაციის ფრონტს 3000 კილომეტრამდე გაზრდის. ნეგატივის სიას ეკუთვნის აგრეთვე ე.წ. სტალინის ხაზის დაკარგვა. ეს ძველი სასაზღვრო ფორტიფიკაციების ზოლი, რომლის სიღრმეც 10-დან 20 კილომეტრამდე იყო, მიზნად ისახავდა მოიერიშის საზღვარზე გაჩერებას რეზერვების მოსვლამდე. ნახევრადაშენებული სტალინის ხაზი მიტოვებულ იქნება. ხოლო 1941 წლის ივნისში ახალი მოლოტოვის ხაზის მშენებლობა მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში იქნება.
დაბოლოს, როგორც ინგლისელები იტყოდნენ, last but not least: საბჭოთა კავშირი ერთ წუთში დაკარგავს იმ პრესტიჟს დასავლეთის მემარცხენე წრეებში, რომლის აკუმულირებასაც ასე ცდილობდა სტალინი ბოლო ათწლეულის განმავლობაში (განსაკუთრებით ესპანეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობის პერიოდიდან მოყოლებული). „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სარედაქციო წერილის სათაური ზუსტად აღწერს ამ ახალ განწყობას: «ჰიტლერიზმი ესაა ყავისფერი კომუნიზმი, ხოლო კომუნიზმი ესაა წითელი ფაშიზმი».
 
 
 
 
 
 
 
 




 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий