понедельник, 12 ноября 2018 г.

აღმოსავლელქართველი ტომების უძველესი გაერთიანებანი (დ. მუსხელიშვილი. 2008 წ.)

მას შემდეგ რაც ტაოელთა ჰეგემონობით შექმნილი უძ­ველესი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეული, დიაუ­ხის სამეფო (რომლის ძირითად ტერიტორიას არზრუმის ვრცელი ზეგანი და ჭოროხის აუზი შეადგენდა), ურარ­ტუს­თან ხანგრძლივი ომების შედეგად, ძვ. წ. VIII ს-ის შუახ­ნისათვის დაემხო, ამან, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდე­ბოდა, ხალხთა ამოძრავება და გადაადგილება გამოიწ­ვია. ამიერიდან ზემო ევფრატისპირა ტერიტორიაზე ურარ­ტე­ლებს სულ სხვა ტომებთან უხდებათ ურთიერთობა (1: 10; 2: 11).
ადილჯევაზის (ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთი სა­ნა­პირო) წარწერაში ურარტუს მეფე რუსა II (ძვ. წ. 685-645) მო­იხსენიებს ხათეს, მუშქინის და ხალიტუს ქვეყნებს, რომ­ლებიც მას, როგორც ჩანს, ძვ. წ. 676 წ. დაულაშქრავს და იქიდან ტყვეები წამოუყვანია (3: 314, 315). „ხათე“ _ ხე­თე­ბის ქვეყა­ნაა, ძველი იმპერიის ნაშთი სამხრეთ-აღმოსავ­ლეთ მცი­რე აზიაში; „მუშქინი“ _ მუშქების ქვეყანა, ბერ­ძნული წყაროების ფრიგიის სამეფო, მისი აღმოსავლეთი პერიფერია; „ხალიტუ“, რომელიც, ჩანს, მუშქების ქვეყნის ჩრდილოეთითაა მოსათავსებელი, იგივე ხალიბების ანუ ხალდების ქვეყანაა, რომელიც მოიცავდა ჭოროხის ზემო დი­ნებას, არზრუმის ზეგანს და შავი ზღვის სამხრეთ სანა­პი­რომდე აღწევდა (3: 315; 4: 159, შენ. 224, 171). ამგვარად, VII ს-ის დასაწყისისათვის ძველი დიაუხის ტერიტორიაზე ახ­ალ დიდ გაერთიანებას ვხედავთ ხალიბების თაოსნობით, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხათეს ანუ მე­ლი­დის სამეფოს და ფრიგიის ტოლფას ერთეულად მოიხ­სენიება (5:253).
ხალიბთა ანუ ხალდთა (შტრაბო: XII, 3, 19) ტომების ქარ­თველობაში ეჭვის შეტანა ამჟამად უკვე ძნელია. კერ­ძოდ, მათ დასავლელქართველებად თვლიან (5: 71), რომ­ლებიც შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ძვ. წ. XII საუკუ­ნი­სათვის უკვე ივარაუდებიან (6; 4: 119-121). ი. დიაკონოვი, როგორც ჩანს, სწორედ ამ რეგიონიდან შემოჭრილებად თვლის მათ ჭოროხის ხეობაში და ევფრატის სათავეებში (არ­ზრუმის ზეგანზე) დიაუხის დაცემის შემდეგ (4: 159, შენ. 224). ასეა თუ ისე, ხალიბები („ხალიტუ“) სომხებს (ძვე­ლი „სოხმი“) (1: 9) გაუმეზობლდნენ, რაც აისახა კიდეც ჰეკატე მილეტელის (ძვ. წ. VI ს.) „დედამიწის აღწერი­ლო­ბაში“, FR. 195: „ხალიბებს სამხრეთიდან არმენიელები ეს­აზ­ღვრებიან“ (7: 30; 8: 29).
რა ეთნიკური კუთვნილების იყვნენ ხალიბები (ხალ­დები)?
როგორც ვიცით, ანტიკური ხანის (და უფრო ძველი) წყაროები ამ ტომის თუ ტომების ადგილსამყოფელს ორ სხვადასხვა ადგილას ასახელებენ: ზღვის პირას (მაგალი­თად, სკილაქს კარიანდელი, ძვ. წ. IV ს.) და მთაში, ჭო­რო­ხის ხეობაში და მის სამხრეთით. ქსენოფონტი (ძვ. წ. 401 წ.), რომელმაც, როგორც ცნობილია, ელინურ ჯართან ერ­თად სპარსეთიდან დაბრუნებულმა, გაიარა ჭოროხის ხეო­ბასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთზე, ორივე ამ ტომს ასახელებს (ანტიკური ხანის მწერალთა ცნობები ხალიბთა შესახებ დაწვრილებით, იხ. (8: 26-31; 6: 128-131)1. ზღვის­პირა ხალიბები რომ დასავლურ-ქართული კერძოდ, ჭანური, ტომია, ამაზე არა მხოლოდ ეთნიკური გარემო მეტ­ყველებს, რომელშიც ისინი არიან მოხსენიებულნი, არა­მედ ადრეშუასაუკუნეების სომხური წყაროების ჩვენე­ბანიც, რომ „ჭანები იგივე ხალდები არიან“ (9: 16; 10: 27; 11:162). ამის საფუძველზეა, რომ მეცნიერები ხალიბებს, სა­ერთოდ, ჭანურ (დასავლურქართულ) ტომად მიიჩნევენ, მაგ­რამ, ჩემი აზრით, ე. წ. „მთის ხალიბების“ (როგორც მათ  მ. მაქსიმოვა უწოდებს) მიმართ სხვაგვარი ვითარებაა.
უნდა აღინიშნოს, რომ, ჰეკატე მილეტელისა არ იყოს, ქსე­ნოფონტიც აღნიშნავს, რომ ხალიბები სომხების მე­ზობლები არიან. ეს მან გაიგო ჯერ კიდევ არმენიაში ყოფ­ნისას (ანაბ. IV, 5, 34; იხ. 6: 129). აქ, როგორც ჩანს, მაინ­ცდა­მაინც, არზრუმის ზეგანზე მყოფი მოსახლეობა იგულის­ხმება: ხალიბები ტაოხებთან და ფასიანებთან (ბასია­ნის – არაქსის სათავეების მოსახლეობა) ერთად მათი ქვეყ­ნის საზღვარზე ხვდებიან ბერძნებს და ბრძოლას უმარ­თავენ (ანაბ. IV, 6-27; იხ. 12: 79, 80). გამარჯვების შემდეგ ბერ­ძნები გადადიან ტაოში და ბრძოლით იკვლევენ გზას ამ ქვეყანაში. ტაოხები, ჩვენთვის უკვე ცნობილი დიაუხის სამეფოს მოსახლეობის შთამომავლები, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, აღმოსავლურქართული ტომი უნდა ყოფი­ლი­ყო, რომელიც ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე მოსახ­ლე­ობდა (ოლთისის – წყლის აუზში) (3: 424). ტაოდან ბერ­ძნები გადადიან ხალიბებით დასახლებულ ტერიტორიაზე ანუ საკუთრივ ჭოროხის ხეობაში, რომელსაც სომხურ წყაროებში „ხალდო-ძორ“ (13: 63) ანუ ხალდების ხეობა ეწოდება (12: 41), ბრძოლით ჩაივლიან მას და ჭოროხის გა­და­ლახვის შემდეგ შედიან ე. წ. „სკვითინების“ ქვეყანაში, რო­მელიც, ამგვარად, მდინარის მარცხენა ნაპირზე მდე­ბარეობდა. სკვითინები არა მარტო დაბლობში, არამედ პონ­ტოს ქედის მთიანეთშიც მოსახლეობდნენ, კერძოდ, ქე­დის იმ ნაწილში (ჭოროხის შესართავიდან ტრაპეზუნტის ხაზამდე), რომელსაც სტრაბონი „სკიდისის მთებს“ უწო­დებს და სადაც მას „ჰეპტაკომეტების“ („შვიდსოფლელთა“) ტომის სამოსახლო ეგულება (სტრაბო: XII, 3, 18) (14: 635, 636). დიდი ხანია გამოთქმულია მოსაზრება, რომ სტრაბო­ნი­სეული „სკვიდისის“ იქნებ ბერძნულად გადმოცემული „შკვი­დიში“ იყოს, რაც (შკვითი) მეგრულად შვიდსა ნიშ­ნავს“ (15: 45) და ე. ი. „სტრაბონთან დაცული სახელ­წო­დე­ბა „ჰეპტაკომეტაი“ ბერძნული თარგმანია ქსენოფონტთან და­მოწმებული ადგილობრივი სახელწოდების „სკვითინოი“, რაც ნიშნავს შვიდსოფლელს... მის ბერძნულ თარგმანში „ჰეპტაკომეტაი“ ასახული უნდა იყოს შვიდი სათემო ერთე­ულის ერთ სოციალ-პოლიტიკურ ორგანიზაციად შერწყმის ფაქტი“ (18: 131). რამდენადაც ეს ტერმინი („შკვიდიში“) მეგ­რულ-ჭანურია, აქედან გამოაქვთ დასკვნა, რომ სკვითინები დასავლურქართული ტომია (15: 45; 14: 637; 5: 81). ვფიქრობ, ეს არც ისე ცხადია.
სტეფანე ბიზანტიელს, ცნობილი გეოგრაფიული ლექ­სიკონის ავტორს, ამ ტომის სახელი ქსენოფონტისგან ოდ­ნავ განსხვავებული ფორმით მოაქვს _ „სკვითენოი“ (სკვი­თე­ნები) და თან განმარტავს, რომ მას ეს ცნობა სწორედ ქსენოფონტის „ანაბასისიდან“ აუღია (შჩ, I, 265, 266), რაც იმა­ზე უნდა მიუთითებდეს, რომ ასეთი ფორმა ქსენოფონ­ტი­სეულია (14: 637), მით უმეტეს, რომ ასევე გადმოსცემს ამ ეთნონიმს ანტიკური ხანის კიდევ ერთი ავტორი, ელიოს ჰეროდიანე (შჩ, I, 578) (14: 633, 637). ეთნონიმის ფუძიდან (სკვითენ-) აშკარად გამოიყოფა „-ენ“ სუფიქსი, რომელიც ქართულ ენაში მრავლობის, კრებითობის და სადაურობის აღმნიშვნელია (14: 637), დამახასიათებელია, ამჟამად, კერ­ძოდ, აღმოსავლურქართული მთისა და რაჭული დიალექ­ტებისათვის (16: 38)  და  შემორჩენილია აღმოსავლურ­ქარ­თულ ისტორიულ ეთნოტოპონიმიკაში: წობენი, ფხოვენი (>ფხვე­ნისი), გოგარენი (დაცულია სტრაბონთან: XI, 14, 4, 5). საფიქრებელია, ჩვენთვის საინტერესო ტერმინიც _ „სკვი­თენ“-ი ასეთივე წარმოშობისაა და თუმცა მისი ფუძე („შკვი­თი“) აშკარად მეგრულია, მაგრამ, ფაქტობრივად, იგი აღმოსავლურქართული ეთნონიმია და ე. ი. ამ ტომისათვის აღმოსალელქართველთა მიერ შერქმეული სახელია.
ეჭვი არ არის, რომ ქსენოფონტი თავისი ლაშქრი­თურთ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლისას, გზადაგზა აგ­როვებდა ინფორმაციას იმ ტომთა ვინაობის შესახებ, ვისაც იგი უნდა შეხვედროდა თავის მარშრუტზე. ჩვენ ვი­ცით კიდეც (იხ. ზემოთ), რომ ხალიბების მეზობლობის შესახებ სომხეთთან, მას სომეხთაგანვე ჰქონდა მიღებული ცნობა. ვფიქრობ, სკვითინების//სკვითენების შესახებაც ინ­ფორმაცია ქსენოფონტს მათი მეზობელი ხალიბებისაგან უნდა მიეღო და სახელწოდებაც მათგანვე გაეგო: „შკვი­თ­ნი“//„შკვითენი“. ეს კი უნდა მოწმობდეს, რომ ხალიბები აღ­მოსავლურქართული ტომი იყო, ან, თუ ისინი წარმოშო­ბით მეგრულ-ჭანური მოდგმისანი იყვნენ, V ს-ის ბოლო­ს­თვის – უკვე სავსებით გაქართებულნი.
რაც შეეხება საკუთრივ სკვითინებს, მათთან დაკავ­ში­რე­ბით ქსენოფონტს ერთი ფრიად საინტერესო ეპიზოდი აქვს შემონახული: როდესაც ბერძნები სკვითინების მიწა-წყლიდან მაკრონების ქვეყანაში გადასასვლელად დაიძ­რნენ, გაჩერდნენ ერთ მდინარესთან, რომელიც ამ ორი ტო­მის სასაზღვრო მიჯნას წარმოადგენდა. მათ დაინახეს, რომ „მაკრონები ბეწვის ქიტონებში, ხელში ფარებითა და შუბებით, მდინარის ფონის მოპირდაპირე მხარეს საბრძო­ლოდ დარაზმულიყვნენ, ერთიმეორეს ამხნევებდნენ... ამ დროს ქსენოფონტს მიუახლოვდა ერთ-ერთი პელასტთა­გა­ნი (მსუბუქად შეიარაღებული ბერძენი მეომარი – დ. მ.), რომელიც ერთ დროს, როგორც თვითონ თქვა, ათენში მო­ნად იყო ნამყოფი, და უთხრა, რომ ამ ხალხის (მაკრო­ნე­ბის – დ.მ.) ენა მას ესმის. „მე ვფიქრობ, დასძინა მან, რომ ეს ჩემი სამშობლოა და, თუ საწინააღმდეგო არა არის რა, მე მსურს დაველაპარაკო მათ“. ქსენოფონტმა თანხმობა მის­ცა, მეომარმაც მოლაპარაკება დაიწყო მაკრონებთან, რის შედეგადაც ყველაფერი მშვიდობით მოგვარდა (ანაბ. IV, 8; იხ. 12: 85-87).
აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ქსენოფონტის რაზ­მე­ლი პელასტი, ოდესღაც მონად გაყიდული ათენში, წარმო­შო­ბით მაკრონი უნდა ყოფილიყო, ხოლო მაკრონები, უეჭ­ვე­ლად მეგრულ-ჭანური ტომია (5: 79). სტრაბონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მის დროს (ძვ. წ. I ს.) შავი ზღვის სამ­ხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთში მცხოვრებ ჭანებს (სანებს) ძველად მაკრონები ეწოდებოდათ (შტრაბო: XII, 3, 18), ხოლო XII ს-ის სქოლიასტი ევსტაფიუსი კი მხოლოაზროვნად წერს (Fრ. 765), რომ ძველ მაკრონებს მის დროს „სანებს“ უწოდებდნენ ანუ „მდაბიურად – ჭანებს“ (17: 255; 18: 91, შენ. 27). ცხადია, რადგან ქსენოფონტის პელასტმა თავისი მშობლიური ენა მხოლოდ მაშინ შეიცნო, როდესაც საბ­რძო­ლოდ განწყობილი მაკრონების შეძახილები გაიგონა, ეს უნდა მოწმობდეს, რომ სკვითინები, რომელთა მიწა-წყალზეც მან ერთ კვირაზე მეტი იარა, სხვა ენაზე საუბ­რობდნენ. და არა მხოლოდ სკვითინები, არამედ ტაოხებიც და ხალიბებიც, რომელთა ქვეყნები ბერძნებმა სასტიკი ბრძოლით გაიარეს, არ ლაპარაკობდნენ მეგრულ-ჭანურ ენაზე, თორემ თავის სამშვიდობო ინიციატივას იგი, უეჭ­ველია, იქაც გამოიჩენდა. მაშ, რა ენაზე უნდა ესაუბრა ამ დროს ჭოროხის აუზის მოსახლეობას? პასუხი ერთადერთი შეიძლება იყოს – მხოლოდ ქართულ ენაზე!
ამგვარად, ძვ. წ. XII-VIII საუკუნეების დაიაენი-დიაუ­ხის, ტაოელთა აღმოსავლურქართული ტომის ჰეგე­მო­ნობით შექმნილი სამეფოს და ძვ. წ. VII ს-ის ხალიტუს მო­სახლეობა, რომელიც ხურიტთა მცირე მინარევის გარ­და, შესაძლებელია, დასავლურქართულ ტომებსაც აერთია­ნებდა (ასეთები იყვნენ წარმოშობით, უეჭველად, სკვი­თი­ნები და, შესაძლებელია, ხალიბებიც?) ძვ. წ. V ს-ის ბო­ლოსთვის, ძირითადად, მთლიანად ქართულენოვანი უნდა ყოფილიყო.
ამასთან დაკავშირებით არ არის ინტერესს მოკლე­ბული ის ფაქტი, რომ ქ. ყარსის მახლობლად ე. წ. მეხჩის-ციხესთან აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების განძი ძვ. წელ­თაღ­რიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისისა, რო­მელ­შიც დასავლურ – და აღმოსავლურქართული იმ­დრო­ინ­დელი არქეოლოგიური კულტურებისათვის დამახა­სია­თებელი საგნები ერთადაა თავმოყრილი და რომლის სა­ფუძველზე ცნობილი არქეოლოგი ბ. კუფტინი სამხრეთ-და­სავლეთ კავკასიაში აღმოსავლურქართული ტომების ეთ­ნი­კურ და კულტურულ ექსპანსიას ხედავდა (19: 328, 329 და შემდ.). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თურქეთში, იმავე ყარსის არქეოლოგიურ მუზეუმში, გამო­ფე­ნილია კერამიკული მასალა, რომელიც ანალო­გი­ურია აღ­მოსავლეთ საქართველოდან ცნობილი შუა ბრინ­ჯაოს პერიოდის (ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახე­ვარი)   ე. წ. „თრიალეთური კულტურისათვის“ დამახა­სიათე­ბელი მასალისა და აგრეთვე გვიანი ბრინჯაოსა და ად­რე­უ­ლი რკინის ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნა­ხევ­რის და I ათასწლეულის პირველი საუკუნეების) ჭურჭელი, ზედ­მი­წევ­ნით მსგავსი კერამიკისა, რომელიც ცნობილია სამ­თავ­როს სამაროვნიდან და აღმოსავლეთი საქართვე­ლოს სხვა ძეგლებიდან. მასალა, როგორც გვითხრეს, ანი­სის, ყარსის და არტაანის მიდამოებიდანაა2. ყველაფერი ეს, ჩვენი აზ­რით, მხარს უჭერს ბ. კუფტინის ზემოაღ­ნიშ­ნულ მოსაზ­რე­ბას.
სამწუხაროდ, რა ვითარებაა ამ მხრივ ჭოროხის აუზ­ის იმ რეგიონში, სადაც ჩვენთვის საინტერესო პერიოდში უნდა ეცხოვრათ ტაოხებს, ხალიბებსა და სკვითინებს, არ­ქეოლოგიური მასალის (გარდა ართვინის (20: 20) და საზა­ს­კალეს (8: 24) კოლხური ბრინჯაოს იარაღის განძებისა ჭო­როხის სულ ქვემო დინებაზე) სრული უქონლობის გა­მო, არაფერი ვიცით.
თუკი ის მცირეოდენი ტოპონიმიკური მასალა (სამ­წყა­რი, ოპიზა, არტანუჯი, ოშკი), რომელიც დასტურდება ჩვენ­თვის საინტერესო რეგიონში (ჭოროხის შუა და ზემო დი­ნება ანუ ტაო-კლარჯეთ-სპერის ტერიტორია) იმაზე მიუთი­თებს, რომ აქ უძველესი მოსახლეობა ზანურია (მეგრულ-ჭა­ნური) (21: 27), რასაც, სხვათა შორის, გამომდინარე თა­ვისი „იაფეტური თეორიიდან“, ჯერ კიდევ ნ. მარი აღნიშ­ნავ­და (22: 21; 23: предисловие: 010; введение: §2. §19; 28: 38, 41, 42) და რაც მაინცდამაინც, საეჭვო მგონია, ყოველ შემ­თ­ხვევაში ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებისათვის აღმო­სავ­ლელქართველთა მიერ ამ მოსახლეობის ასიმილაცია, ძირითადად, დასრულებული უნდა ყოფილიყო. ამაზე, ზე­მოხ­სენებული რეალიების გარდა, რეგიონის შემდგომი ის­ტორია მარწმუნებს.
ხალიბების (ხალდების) ქართული ტომის ჰეგემონობა სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ტომთა გაერთია­ნება­ში, რომლის საფუძველიც, როგორც ფიქრობენ, რკინის მეტალურგიის განვითარება უნდა ყოფილიყო (18: 109) და დაახლოებით საუკუნენახევრის განმავლობაში გრძელდე­ბოდა, ძვ. წ. VI ს-ის დასაწყისში სასპერთა ჰეგემონობით შეიცვალა (5: 116).
სასპერები, ი. დიაკონოვის აზრით, უეჭველად, „პრო­ტო-ქართველები~ იყვნენ (4: 17, შენ. 19, 192), კერძოდ, აღმო­სავ­ლურქართული ტომები (4: 240, შენ. 133). მათი სა­ხე­ლი დაკავშირებულია ძველქართულ პროვინცია „სპერ­თან“, რომელიც ჭოროხის ზემო დინებაზე მდებარეობდა და რომლის ნაშთია ქ. ისპირი დღევანდელ თურქეთში. მე­ორე მხრივ, როგორც ცნობილია, ამ ტომთა სახელი ორგა­ნუ­ლად არის დაკავშირებული აღმოსავლელქართველთა ზო­გად ეთნონიმთან _ „იბერი“ (სპერი < იბერი), რომლი­თაც ისინი ცოტა უფრო გვიან მოიხსენიებიან ბერძნულ და რომაულ წყაროებში (15: 24; 5: 102, 111, 233).
სასპერებს პირველად ჰეროდოტე (ძვ. წ. V ს.) ასახე­ლებს (I, 104): „კოლხიდიდან მიდიაში დიდი არაა გადასა­ვალი, არამედ მხოლოდ ერთი ტომია ამ [ქვეყნებს] შორის. ეს არის სასპეირების [ტომი], ამათ რომ ჩაუვლი ხარ მიდი­აში“ (24: 65). მეორეგან იგივე ბერძენი ისტორიკოსი აღ­ნიშნავს (IV, 37): „სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამ­ხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს. ამ­ათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მი­დიე­ლები, მიდიელებს ზემოთ სასპეირები, სასპეირებს ზე­მოთ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამ­დე, რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი (რიონი – დ. მ.). ეს ოთხი ტომი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე“ (24: 82). ისტორიულ-გეოგრაფიული სიტუაცია ამ ცნობისა იმგვა­რია, რომ იგი ძვ. წ. VI ს-ის პირველი ნახევრით უნდა დათა­რიღდეს, ხოლო თვით ცნობის გეოგრაფიული კონ­ტექ­სტი ისე შეიძლება გავიგოთ, რომ სასპერების ტერი­ტორია მოიცავს არა მხოლოდ ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთს (გვიანდელ „ზემო ქართლს“), არამედ აღმოსავლეთ საქართველოს და არაქსის შუა და ზემო წელ­საც (25: 56, 57; 5: 232, 233; 3: 415). სასპერთა გავრცე­ლე­ბას მდ. არაქსის შუა დინებამდე ი. დიაკონოვიც ვარაუ­დობს (4: 240; შენ. 133). მაგრამ ჩრდილო-დასავლეთით ეს აღმოსავლურქართული ტომები, ჩანს, შავ ზღვამდე აღწევ­დნენ (26: 238), რისი დასტურიცაა ის, რომ ძველქართულ წყაროებში შავ ზღვას „სპერის ზღუა“ ეწოდება (27: 8, 9, 19, 205).
ზემოხსენებული ვითარების ამსახველი უნდა იყოს ძვ. წ. IV-III საუკუნეთა მიჯნის ბერძენი ეთნოგრაფის და გე­ოგ­რაფის, მეგასთენეს ცნობა, შემონახული ევსები კესარი­ელ­თან (ახ. წ. IV ს.): „ხოლო მეგასთენე ამბობს, რომ ნა­ბუ­ქოდონოსორმა, ჰერკულესზე უძლიერესმა, ლიბიასა და იბერიაში გაილაშქრა, ხოლო დაიმორჩილა და ხელთ იგ­დო რა ისინი, ნაწილი მათგანი პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეზე (ე. ი. პონტოს აღმოსავლეთით) დაასახლა“ (28: 57). ი. ჯავახიშვილი ამ ცნობას შემდეგ კომენტარს უკე­თებს: „ამგვარად ეს ცნობა ქ. წ. III ს-ის დროისა ყოფილა. ეს გარემოება ცხადყოფს, რომ იბერიელნი უკვე ამაზე დი­დი ხნით უწინარეს უნდა ამიერკავკასიაში ვიგულისხმოთ და კერძოდ შავი ზღვის აღმოსავლეთის სანაპიროს მახ­ლობ­ლად. მეგასთენეს ცნობა ამტკიცებს, რომ იბერთა პო­ლიტიკური ჰეგემონია III ს. უწინარეს უნდა დაწყებულიყო“ (28: 57). მეგასთენეს მიხედვით, ამგვარად, სრულიად უცი­ლო­ბელია, რომ გვიანდელი „ზემო ქართლი“ _ მტკვრის ზემო დინებისა და ჭოროხის აუზი _ „იბერებს“ უჭირავთ.
კიდევ მეტი. მეგასთენეს ჩვენების პირდაპირი გაგება იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ „იბერები“ მის დროს, ე. ი. ძვ. წ. IV-III საუკუნეებში არა მხოლოდ ზემოაღნიშნულ ტე­რიტორიას ფლობენ, არამედ უშუალოდ შავ ზღვაზე გა­დიან, უფრო სწორედ, ასეთი ვითარებაა უკვე ძვ. წ. VI ს-ის დასაწყისიდან (ნაბუქოდონოსორის მეფობის დროიდან).
მართლაც, რამდენადაც სასპერ-სპერ-იბერთა ეთნი­კუ­რი იდენტურობა საეჭვო არ არის, ამდენადვე ცხადი უნდა იყ­ოს, რომ, ფაქტობრივად, ჰეროდოტეც და მეგასთენეც ერთსა და იმავე ფაქტს აღნიშნავენ: აღმოსავლურქართულ ტომთა მყოფობას ჭოროხის ხეობაში და მათ პოლიტიკურ ჰეგემონობას ძვ. წ. VI ს-ის დასაწყისიდან დიდ ტერიტორი­ა­ზე შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან მდ. არ­აქსის შუა დინებამდე. სამხრეთ-დასავლეთიდან მათ, ცხა­დია, სომხური ტომებით დასახლებული ტერიტორია ეს­ა­ზღვრებოდა და სწორედ ამ დროიდან უნდა შეეთ­ვისე­ბი­ნათ ამ უკანასკნელთ აღმოსავლელქართველთა აღსანიშნა­ვად ეთნონიმი „(ი)ვირ(ქ)“ (<სპერ<იბერ), რომელიც მთელი ქართველი ხალხის სახელად იქცა (5: 102, 103).
ასე რომ სწორია გ. მელიქიშვილი, როდესაც წერს: «Центр этого крупного объединения (сасперов – Д. М.) вос­точ­ногрузинских племен находился, по-видимому, на юге, в области Спери (район верхнего течения р. Чорохи). Речь идет, несом­ненно, о территории, в значительной своей части, входящей нес­колько раньше в состав Диаухи (и Халиту, добавим мы – Д. М.). Поэтому объединение сасперов нам представляется частично как преемник этого крупного объединения племен Юго-Западной Грузии. Однако, сейчас это уже было намного более обширным объединением – явным предшественником сложившегося вскоре на этой же территории Картлийского (Иберийского) царства» (5:233, 234).
ამგვარად, ექვსზე მეტი საუკუნის განმავლობაში აღ­მო­სავლურქართულმა ტომებმა სამჯერ მოახერხეს სამ­ხრეთ-დასავლეთი საქართველოს ტერიტორიაზე ზედიზედ სამი დიდი და ფრიად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი თუ წინასახელმწიფოებრივი ტომთა პოლიტიკური გაერ­თია­ნებების შექმნა: XII-VIII საუკუნეებში ტაოელთა (დაია­ენი-დიაუხი), VII ს-ში – ხალიბთა (ხალიტუ) და VI ს-ში – სა­სპერ-იბერთა ჰეგემონობით. თვით ეს ფაქტი, სხვათა შო­რის, მოწმობა უნდა იყოს ამ ტომთა ეკონომიკური სიძლი­ერ­ის, რაც კარგად მოწმდება, მაგალითად, დაიაენი-დიაუ­ხის მიმართ ასურული და ურარტული წყაროებით (5: 179, 207), რომლებიც მას ძლიერ და მდიდარ ქვეყნად აგვი­წე­რენ, რომელშიც ფრიად განვითარებულია ბრინჯაოს მეტა­ლურგია, მესაქონლეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა და მეცხენეობა. ხალიტუსთან დაკავშირებით, ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, რომ მისი აღზევება, ძირითადად რკინის წარ­მოების აღმავლობით უნდა ყოფილიყო გაპირობებული. ეჭ­ვი არ არის იგივე ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა სას­პერ-იბერთა პოლიტიკურ სიძლიერესაც, რამდენადაც ბირ­თვი ამ გაერთიანებისა იმავე არეალს მოიცავდა: ჭოროხის ხეობა, რომლის მთიანეთი ლითონის (სპილენძი, რკინა) საბადოებითაა ცნობილი (8: 24, 25); არზრუმის, ბაიბურთის და სხვა პლატოები – შესანიშნავი საძოვრებით და მარ­ცვლე­ული კულტურებისათვის გამოსადეგი მინდვრებით; ხოლო ჭოროხის ხეობისა და მისი შემდინარე ხევების დაბ­ლობი, მიუხედავად მცირემიწიანობისა, შუა საუკუ­ნეებ­შიც განთქმული იყო ინტენსიური სოფლის მეურნეობით, მე­ვენახეობით, მეხილეობით და სხვა (29: 134-141).
თვით ეს მრავალსაუკუნოვანი პროცესი ქართველ ტომ­თა არაერთგზისი პოლიტიკური გაერთიანებისა, ეჭვი არ არის, იმის მაჩვენებელია, რომ მათი სოციალურ-ეკო­ნომიკური განვითარება იმ ზღვრამდე იყო მისული, რომ ამ რეგიონში უნდა ჩამოყალიბებულიყო ქართული ადრეკლა­სობ­რივი სახელმწიფო, მაგრამ ტომთა ეს დიდი კონ­ფე­დე­რა­ციები, როგორც ჩანს, შინაგანი ურთიერთკავშირის სი­სუს­ტისა და, რაც მთავარია, ძველაღმოსავლურ დიდ სა­ხელ­მწიფოებთან (ასურეთი, ურარტუ) თუ შემოსეულ კი­მე­რიელებთან და სკვითებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძო­ლების გამო დაიშალნენ და ვერ გადაიქცნენ იმ ბირთვად, რომლის გარშემოც შესაძლებელი გახდებოდა ქართველ ტომთა კონსოლიდაცია (30: 459). კერძოდ, სასპერ-იბერთა გა­ერთიანება, უნდა ვიფიქროთ, აქემენიდური ერანის ექ­სპან­სიას შეეწირა, რის შედეგადაც, ისინი მატიენებთან და ალაროდიელებთან ერთად სპარსეთის იმპერიის მეთვრა­მე­ტე სათრაპიაში იყვნენ გაერთიანებულნი (24: 75). ეს, რო­გორც ჩანს, ეხება სასპერ-იბერთა ძველ ტომთა კავშირის სამხრეთ პერიფერიას (31: 434).
რაც შეეხება ჩრდილოეთ, კერძოდ, ჩვენთვის ამჟამად საინტერესო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ჭოროხის აუზს, აქ, როგორც ეს კარგად ჩანს ქსენოფონტის ცნობებიდან, რო­მელთაც ზემოთ უკვე შევეხეთ, ცალკეული ქართველი ტომები (ტაოხები, ხალიბები, სკვითინები და სხვ.) დამო­უკი­დებელი ცხოვრებით ცხოვრობენ და ძვ. წ. V ს-ის გა­სულს არ ემორჩილებიან სპარსეთის პოლიტიკურ ძალაუფ­ლებას. ასეთივე ვითარებაა ძვ. წ. IV ს-შიც, რასაც მეგას­თენეს ზემომოტანილი ცნობა უცილობლად მოწმობს, ხო­ლო ამ საუკუნის ბოლოსთვის მთელი ჭოროხის ხეობა ქართლის (იბერიის) ახლადშექმნილი ერთიანი სამეფოს ფარ­გლებში შედის.
ეს რომ ასეა, ჩანს სტრაბონის ცნობიდან (XI, 14, 5): „მოგვითხრობენ არმენიაზე, რომ პირველად ის პატარა ყო­ფილა, გაზრდილა არტაქსიასა და ზარიადრის მეშვეობით, რომლებიც პირველად ანტიოქ დიდის სარდლები იყვნენ, ხოლო მერე, მისი დამარცხების შემდეგ, გამეფდნენ, ერთი სოფენეს, აკისენეს, ოდომანტისსა და ზოგ სხვა [მხარეში] ხოლო მეორე – არტაქსატას მიდამოებში. ამათ გაზარდეს [ქვე­ყანა იმის ხარჯზე], რომ მეზობელ ხალხებს ჩამოაჭრეს ნაწილები; მიდიელთაგან – კასპიანე, ფავნიტი და ბას­ო­რო­პედა; იბერებს – პარიადრეს კალთები, ხორზენე და გოგა­რენე, რომელიც მტკვრის გადაღმა არის. ხალიბებისა და მოსინიკებისაგან [წაიღეს] კარენიტი და ქსერქსენე, რომ­ლე­ბიც მცირე არმენიის მეზობლად არიან“ და სხვა (32: 189). საქმე ეხება ძვ. წ. II ს-ის 80-იანი წლების დასაწყისს.
გოგარენე ანუ სომხური წყაროების „გუგარქი“, ეს არის ქვემო ქართლის ტერიტორია (13: 6-9; 33: 5-15). რაც შეეხება დანარჩენ პროვინციებს, დიდი ხანია, რაც შენიშ­ნუ­ლია, რომ „პარიადრეს კალთები“ ტაოს და სპერის ტე­რი­ტორია უნდა იყოს (13: 395), თუმცა, ჩვენი აზრით, რამ­დე­ნადაც „პარიადრეს მთები“, გვიანდელი ნომენკლა­ტუ­რით, „პონტოს მთაგრეხილია“ (43: 58, შენ. 198), უფრო ზუს­­ტი იქნება თუ ამ ქედის მახლობელ ტერიტორიად (პარწვრეიან) მხოლოდ სპერს ჩავთვლით (საკუთრივ ჭორო­ხის ხეობას, რომელიც სწორედ პონტოს ქედს ჩამოსდევს აღმოსავლეთიდან) (შდ. 55). სტრაბონისეული „ხორზენე“ კი სახელდობრ ტაო უნდა იყოს.
მართლაც, II ს-ის ისტორიკოსი აპიანე (მითრ. XII, 101) მოგვითხრობს, რომ ძვ. წ. 66 წ. მითრიდატე პონტოელი, აკილისენეში პომპეუსის მიერ დამარცხების შემდეგ, სას­წრაფოდ „გაეშურა ევფრატის სათავეებისაკენ, რომ იქიდან კოლხიდაში გადასულიყო. შეუსვენებლივ სირბილით იარა და დაახლოებით მეოთხე დღეს გადალახა ევფრატი... [შემ­დეგ] შეიჭრა ხოტენეში, არმენიაში. იქ მან უკუაგდო ხოტე­ნე­ბი და იბერები, რომლებიც მას ისრებითა და შურდუ­ლე­ბით აბრკოლებდნენ და გადავიდა მდინარე აფსაროსზე“ (35: 194, 195).
კონტექსტიდან აშკარაა, რომ „ხოტენე“, რომელიც სომ­ხეთს ეკუთვნის, არის დაახლოებით ევფრატის სათა­ვესა და ჭოროხს (აფსარს) შორის მდებარე ქვეყანა, მეორე მხრივ, გარკვეულია, რომ აპიანეს ხოტენე იგივე სტრა­ბო­ნის ხორზენეა (36: 389; 25: 91, 92; 37: 123), რომელიც მის დროს (ძვ. წ. I ს-ში), მართლაც, სომხებს ეპყრათ. რამდე­ნა­დაც ევფრატის სათავესა და ჭოროხს შორის ტერიტორია პარ ეხცელლენცე ტაოს ქვეყანაა, ამიტომ ცხადია, სწორედ ამ უკა­ნასკნელს უნდა გულისხმობდეს აპიანესეული ხოტენე და სტრაბონისეული ხორზენე (35: 195, სქოლიო) მტკვრის სათავეებიანად, რაზედაც ერთი მხრივ, აქ დამოწმებული ტოპონიმი _ „ხორზიანის ველი“ _ მეტყველებს (25: 94), ხო­ლო, მეორე მხრივ, შუა საუკუნეებში ცნობილი ხორო­ნი­მი _ „ხორტევანი“//„ხორძევანი“ (38: 54; 39: 54; 40: 77) – ძველქართული პროვინცია კოლაში (41: 138; 42: 80, 101 და სხვა).
სტრაბონის ზემომოტანილი ცნობით, იბერებს გარდა სომხებმა სხვა ქართველ ტომებსაც ჩამოაჭრეს ტერი­ტო­რი­ები, კერძოდ, ხალიბებს კარენიტი, ხოლო მოსინიკებს ქსერ­ქსენე. კარენიტი ან, უფრო სწორად „კარენითი“, რო­გორც ეს ერთ-ერთ გვიანდელ არაბულ წყაროშია (13: 328), იგი­ვე „კარინი“ (სომხ. „კარნუ-ქალაქი“) – დღევანდელი არზრუმია და მისი მიმდებარე ფართო ზეგანი, რომელიც ძვ. წ. VII ს-ში, როგორც უკვე ვიცით, „ხალიტუს“ ანუ იგი­ვე ხა­ლიბების გაერთიანებას ეჭირა (იხ. ზემოთ). ჩანს, ეს ქარ­თული ტომი საუკუნეთა განმავლობაში (ზოგჯერ სხვა­და­სხვა ქართულივე ტომთა ჰეგემონობის ქვეშ) ერთსა და იმა­ვე ტერიტორიაზე რჩებოდა. რაც შეეხება მოსინიკებს, ესე­ნი ქართულ, კერძოდ, დასავლურქართულ ტომად ით­ვლე­ბიან (5: 80), ხოლო მათი კუთვნილი მიწა-წყალი, „ქსე­რ­ქსენე“ ანუ „დერქსენე“ იგივე დღევანდელი დერჯანია ევფ­რატის ზემო დინებაზე, არზრუმის დასავლეთით (13: 52).
ამგვარად, ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში გაძლიერებულმა სომხეთმა მოახერხა არა მხოლოდ, მანამდე სულ ცოტა ათა­სი წლის განმავლობაში ქართველი ტომებით დასახ­ლე­ბუ­ლი, დასავლეთ-ევფრატის ზემო დინების ვრცელი პლა­ტო­ების (დერჯანის, კარინითის) მითვისება, არამედ ჭო­­როხის აუზის სამხრეთის და მტკვრის სათავის ქვეყ­ნე­ბის, იბერიის სახელმწიფოს ძირეული პროვინციების (სპე­რი, ტაო, კოლა), ხოლო მტკვრის შუა დინების სამხრეთით – გოგარენის დაპყრობაც. ეს იყო პირველი ძლიერი ექსპა­ნ­სია სომხებისა ჩრდილოეთისკენ, რომელსაც ხანგრძლივი დრო­ით ქართული მიწების ანექსია მოჰყვა. ეს შემოტევა იმ­დენად ძლიერი იყო, რომ, როგორც იმავე ცნობაშია აღ­ნიშნული, სტრაბონის დროს, ანუ ორასი წლის გასულს, ეს დაპყრობილი ტომები „ყველანი ეხლა ერთ ენაზე (ე. ი. სომ­ხურზე – დ. მ.) ლაპარაკობენ“ (32: 189).
ცხადია, ბერძენი გეოგრაფის ეს ნიშანდობლივი ჩვე­ნე­ბა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მთელი ამ დაპყრობილი ტერიტორიის ადგილობრივი მოსახლეობა მის დროს ერთი­ანად გასომხებული იყო. ეს, რა თქმა უნდა, გამორიც­ხუ­ლია და საამისო მონაცემებს ქვემოთ მოვიტანთ. აქ, უეჭ­ველია, იგულისხმება სახელმწიფო ენა (სომხური) რომე­ლიც საერთო უნდა ყოფილიყო მთელი მოსახლე­ობისათ­ვის, უფრო სწორად, მისი არისტოკრატიული ნაწილი­სათ­ვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტრაბონის ეს ცნობა აშ­კარა დასტურია ძვ. წ. II-I საუკუნეების განმავლობაში სო­მეხთა მიერ ქართველი ტომების ნაწილობრივი არმენი­ზა­ციისა და ასიმილაციის (5: 85, 137). ეს კი გამოწვეული უნ­და ყოფილიყო სომხური ტომების ძლიერი ინფილტრაციით ქართულ მოსახლეობაში, რის შედეგადაც კარინითის (არ­ზრუ­მის) ზეგანზე მცხოვრებ ქართველ ხალიბებს, რომ­ლე­ბიც სტრაბონის მიხედვით ძვ. წ. II ს-ში სომხეთის სახელ­მწიფოს ფარგლებში მოექცნენ, ორნახევარი საუკუნის შემ­დეგ, ჩვ. წ. I ს-ის მეორე ნახევარში რომაელი სწავლული პლი­ნიუსი „არმენო-ხალიბებს“ უწოდებს. ასე მაგალითად, ერთ ადგილას (VI, 11-12) იგი წერს: „ქალაქი ტრაპეზუნტი გარშემორტყმულია უზარმაზარი მთებით, (რომელთა) უკან ცხოვრობს არმენო-ხალიბების ტომი“ (34: 288; 54: 145); მეო­რეგან (VI, 29): „პარიჰედრის მთების იქითა მხარეს კოლ­ხეთის უდაბნოები ძევს, (ხოლო) იმ მხარეს, რომელიც კე­რავნის მთებისკენაა მიქცეული ცხოვრობენ არმენო-ხალი­ბები“ (34: 298; 54: 150). გეოგრაფიული კონტექსტი პლინიუ­სის ამ ცნობებისა ისეთია (პარიჰედრის მთები იგივე სტრა­ბონისეული პარიადრია, ანუ დღევანდელი პონტოს ქედი, ხო­ლო ტრაპეზუნტის მახლობელი მთები ამ ქედის ტრაბ­ზონ-ლაზისტანის მონაკვეთი ანუ სტრაბონისეული სკიდი­სი), რომ ეჭვი არ არის, აქ სწორედ კარინითის ხალიბები იგუ­ლისხმებიან, რომლებიც ჩვ. წ. I ს-ში ჯერ კიდევ ორ­ენო­ვანი ტომია და სწორედ ამიტომ ეწოდებათ „არმენო-ხალიბები“. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ ნიშ­ნავს, რომ ასეთივე ვითარებაა საკუთრივ ჭოროხის ხეო­ბაში: ჩვენ ვიცით, რომ ძვ. წ. I ს-ის პირველ ნახევარში ევ­ფრატის სათავეებიდან ჭოროხის აუზში (ჩემი აზრით, ტაო­ში _ ოლთისის წყლის სათავეებში) გადმოსულ მითრიდა­ტეს სწორედ იბერები ხვდებიან და ბრძოლას უმართავენ. ცხადია, იბერები იგულისხმება, რომ ადგილობრივი მოსახ­ლეო­ბაა. თვით სტრაბონსაც (I, 3, 21) აქვს შემონახული სა­თანადო ჩვენება, როდესაც მოგვითხრობს ანტიკურ ხანა­ში გავრცელებულ გადმოცემაზე, რომელიც უკვე მეგასთე­ნეს­თან დავამოწმეთ, რომ „დასავლეთის იბერთა ნაწილი გადასახლდა პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ად­გი­ლებში“ (32: 81). ამასვე მოწმობს II ს-ში აპიანე, რო­დე­საც ჭოროხის აუზის იბერებზე ამბობს (XII, 101), რომ მათ „ზოგი მიიჩნევს ევროპელი იბერების წინაპრებად, ზოგი [ამ­ათ] მოახალშენეებად, სხვები კი მხოლოდ თანამო­სახე­ლეებად“ (35: 195). აქედან ცხადია, რომ ზემოხსენებული ავ­ტო­რები თავისი დროისათვის იბერებს, მაინცდამაინც, ჭო­როხის ხეობის აუზში გულისხმობენ.
ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ მიუხედავად ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში გაძლიერებული სომხეთის სამეფოს შე­მო­ტევისა, რომლის შედეგად საქართველოს სამხრეთ-და­სავლეთ პერიფერიაზე (ჭოროხის აუზი, კარინითი) მცხოვ­რები ქართველი ტომები სომხეთის პოლიტიკური გავ­ლე­ნის არეალში მოექცნენ და თანდათან განიცდიდნენ ასი­მი­ლაციას (კარინითის არმენო-ხალიბები), საკუთრივ ჭორო­ხის აუზში, მათი განსახლების ძირეულ ქვეყანაში, ისინი ძვ. წ. I და ახ. წ. II საუკუნეებში კვლავაც ძირითადი მო­სახ­­ლეობაა. სომეხთა აქ შემოღწევის რაიმე პირდაპირი ჩვე­ნება პირველწყაროებში არ არსებობს.
პოლიტიკური პროცესის პერიპეტიებიც, ჩვენთვის ამ­ჟა­მად საინტერესო ხანისა, ქართლის (იბერიის) სამეფოსა და სომხეთს შორის, ამასვე ადასტურებს.
ცხადია, ქართლი სომხურ ექსპანსიას მშვიდად ვერ შეხ­ვდებოდა და ეცდებოდა საკუთარი ტერიტორიების დაბ­რუ­ნებას. მართლაც, ერთი ასეთი წარმატებული მცდე­ლო­ბა უკვე ძვ. წ. II ს-შივე განხორციელებულა, რისი მოწ­მო­ბაც სტრაბონთანვეა შემონახული (I, 3, 21), რომლის მი­ხედ­ვით ძვ. წ. II ს-ის შუახნის ბერძენი მწერლის, „აპო­ლო­დო­რეს მტკიცების თანახმად (იბერიელნი) არმენიას ესაზ­ღვრებიან მდ. არაქსით“ (32: 81). ცხადია, ქართველებს ამ დრო­ისათვის სომეხთაგან მიტაცებული მიწები (მაინცდა­მაინც ჭოროხის აუზის მიწა-წყალი) კვლავ დაუბრუნებიათ. მაგ­რამ ძვ. წ. I ს-ის პირველ ნახევარში, სახელდობრ, ამ სა­უკუნის 60-იანი წლებიდან მაინც, როგორც ვიცით (იხ. ზე­მოთ აპიანეს ჩვენება), ჭოროხის აუზს კვლავ სომხეთი ფლობს და ასეთივე ვითარებაა ახ. წ. I ს-ის დასაწ­ყის­ში­აც, სტრაბონის დროს (XI, 2, 18), როდესაც მისი სიტყვით, „მოსხების ქვეყანა... სამ ნაწილს შეიცავს: ერთი მისი ნაწი­ლი აქვთ კოლხებს, მეორე იბერებს და მესამე არმენი­ელებს“ (32: 125). ეჭვი არ არის, სტრაბონისეული „მოს­ხი­კეს“ (მესხეთის) სომხური ნაწილი ჭოროხის ზემო დინების აუზია – ტაო და სპერი (43: 58).
მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ქართლის (იბე­რიის) სამეფოს გაძლიერება და ახ. წ. I-II საუკუნეები მი­სი ძლიერების ხანაა. რომაელი ისტორიკოსების, დიონ კა­სიოსისა (LVIII, 26) და ტაციტუსის (ანალები: VI, 33 და XII, 44) ცნობებით, დაწყებული ახ. წ. 35 წლიდან 50-იან წლე­ბამდე სომხეთს იბერიელი უფლისწულები განაგებენ (44: 75; 45: 169, 170, 213). ამასთან, ტაციტუსი პირდაპირ აღნიშნავს, რომ რომაელთა მხარდაჭერით, იბერიის მეფე ფარ­სმანმა, სომხეთიდან „პართების გაძევების შემდეგ, თვით მანვე მისცა იგი (სომხეთი) მითრიდატეს“ (თავის სა­კუთარ ძმას) (46: 71).
60 წ., მას შემდეგ, რაც რომაელებმა აღადგინეს სომ­ხეთ­ში მეფობა და ტახტზე ტიგრანი დასვეს, ამ უკანას­კნელს, „რომ უფრო ადვილად შეენარჩუნებინა ახლად მი­ღებული სამეფო ტახტი, ნაბრძანები იყო არმენიის გარ­კვე­ული ნაწილები დამორჩილებოდნენ ფარსმანს“ (ტაციტუსი, ანალები: XIV, 26), იბერიის მეფეს (45: 264; 46: 99).
ყველაფერი ზემოთქმული ეჭვს არ იწვევს, რომ ამ დროს ე. ი. მაინცდამაინც ჩვენი წელთაღრიცხვის I ს-ის 30-იან-60-იან წლებში ქართლის სამეფო აღდგენილი იქნა მის თავდაპირველ (ძვ. წ. IV-III სს.) საზღვრებში. ამას ად­ას­ტურებს პლინიუსის მონაცემებიც (I ს-ის 70-იანი წლე­ბი), რომელთა მიხედვით იბერია, რომელიც მოიცავს „ტა­სიის“-ტაშირის და „ტრიარის“ _ თრიალეთის პროვინციებს ანუ სტრაბონისეული `გოგარენის~ ტერიტორიას, ვრცელ­დება „პარიჰედრის მთებამდე“ (პლინ. VI, 29). პლინიუსის პარიჰედრის მთები, ეს არის, როგორც ვიცით, იგივე სტრა­ბო­ნისეული „პარიადრის მთები“, ანუ გვიანდელი „პონტოს მთაგრეხილი“. ეს მოწმობს, რომ მდ. ჭოროხის მთელი აუზი კვლავ ქართლის (იბერიის) ფარგლებშია ანუ, რომ სპერი და ტაო ქართლის პროვინციებია. ეს პროვინციები კი, როგორც ზემოთ უნდა დავრწმუნებულიყავით, „მოს­ხი­კეს“ (სტრაბონი) ანუ მესხეთის ნაწილია. მართლაც, პლი­ნი­უსიც აღნიშნავს (VI, 29): „პარიჰედრის მთების იმ მხა­რეს, რომელიც კერავნის მთებისკენაა მიმართული ცხოვ­რობენ არმენო-ხალიბები და მესხთა მიწებია“ (34: 298; 54: 150) – ცხადია, ცნობის გეოგრაფიული კონტექსტი, რო­გორც იყო უკვე აღნიშნული, გულისხმობს, რომ მესხების ადგილსამყოფელი პარიჰედრის ანუ პონტოს ქედის, ამ შემ­თხვევაში მისი უკიდურესი ჩრდილო მონაკვეთის ანუ „სკი­დისის“, აღმოსავლეთი (თუ ჩრდილო-აღმოსავლეთი) ტერი­ტო­რიაა („კერავნის“ ანუ იგივე კავკასიონის ქედისკენ მიქ­ცე­ული!).
რადგან, ჯერ ერთი, იმავე პლინიუსით ვიცით, რომ იბე­რია პარიჰედრის მთებამდე ვრცელდება, ხოლო პარი­ჰედ­რის ქედს აღმოსავლეთით მდებარეობს „მესხთა მი­წე­ბი“, ამდენად, ცხადია, რომ ეს უკანასკნელი („მესხთა მი­წე­ბი“ _ ჭოროხის აუზი ანუ ტაო-კლარჯეთი და სპერი) იგი­ვე იბერიაა (პლინ. VI, 29). ეს კიდევ ერთხელ მოწმდება კვლავ პლინიუსისავე ცნობით (VI, 12): „ტრაპეზუნტიდან 140000 ნაბიჯზე მდ. აბსარია (ჭოროხი), თანამოსახელე ციხესიმაგრით შესართავთან. ამ ადგილს მთებს უკან მდე­ბარეობს იბერია“ (34: 288; 54: 146). ე. ი. ჭოროხის ქვემო დი­ნებასთან მდებარე მთებს უკან ანუ იმავე პარიჰედრ-სკიდისის ჩრდილოეთის კიდის აღმოსავლეთით ტერიტო­რია (ე. ი. იმავე მდ. ჭოროხის ხეობა) უკვე იბერიაა!
II ს-ის პირველ ნახევარში ქართლის (იბერიის) სამე­ფო კვლავ ძლიერ სახელმწიფოდ გვევლინება. პოლიტი­კუ­რი გეოგრაფია ზოგადად უცვლელია I ს-თან შედარებით. პლუტარქეს მიხედვით (პომპ. XXXIV), მდ. მტკვრის სათა­ვეები იბერიაშია (47: 282) და ამდენადვე, შეიძლება ვივა­რა­უდოთ, რომ სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან კვლავ მტკვრი­სა და არაქსის აუზების წყალგამყოფ ქედზე გადის. იმავე ისტორიკოსის ცნობით, „იბერთა მხარე ვრცელდება მოსხურ მთებამდე და ევქსინის პონტომდე“ (Pომპ. XXXIV). ამგვარად, ცხადი ხდება, რომ პლუტარქეს დროს (II ს-ის დასაწყისი) ქართლის სამეფო გადის შავ ზღვაზე, რასაც II ს-ის 30-იანი წლებისათვის ადასტურებს არიანეც (პერიპლ. §11) – ეს არის სანაპირო ზოლი, რომელიც დაახლოებით მო­იცავს დღევანდელ აჭარას და თურქეთის ლაზისტანის მი­მდებარე ნაწილს (48: 76, 49: 8-10). რაც შეეხება „მოსხურ მთებს“, აქ იგულისხმება, ერთი მხრივ, ჭოროხ-მტკვრისა და, მეორე მხრივ, ევფრატ-არაქსის სათავეების წყალ­გამ­ყო­ფი ქედი, რომელიც გამოჰყოფდა მოსხებს და ე. ი. იბერიას სომხეთისაგან (29: 121, სქოლიო; 50: 429, 430, 484, 485; 43: 59; 51). მართლაც, სტრაბონის მიხედვით (XI, 12, 4) მოსხუ­რი მთები „გარს ერტყმიან მთელ არმენიას იბერებამდე და ალბანებამდე“ (32: 174).
ამგვარად, პლუტარქეს ზემოხსენებული მითითებანი ეჭვს არ ტოვებს იმაზე, რომ II ს-ის პირველ ნახევარში ქარ­თლის სამეფო ტერიტორიულად, მაინცდამაინც, სამ­ხრე­თი და სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით თავის ძველ, ის­ტორიულად ჩამოყალიბებულ საზღვრებში რჩებო­და.
ამაზევე მიუთითებს დიონ კასიოსის ცნობა (LXX, 2), რომ 141-144 წლებში, „როცა ფარასმანე იბერიელი მე­უღ­ლესთან ერთად რომში ჩავიდა [ანტონინე პიუსმა] გაუდიდა მას სამფლობელო“ (44: 83). თუკი გავითვალისწინებთ ქარ­თლის მეფის, ფარსმან II-ის პოლიტიკურ მდგომარეობას და მის ურთიერთობას რომთან, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ II ს-ის შუახანებშიც ქართლის სამეფო იმავე საზ­ღვრებს მოიცავს, რომელთაც ჩვენ I ს-ის მეორე ნა­ხე­ვარ­შიც ვადასტურებთ (5: 353-363).
ამგვარად, ჩვენ მოკლედ განვიხილეთ ქართლის სამე­ფოს პოლიტიკური ვითარება, კერძოდ, მისი ურთიერ­თობა­ნი სომხეთის სამეფოსთან და დარწმუნებით შეიძლება ით­ქვას, რომ ახ. წ. I-II საუკუნეები იბერიის თვალსაჩინო ძლი­ერების ხანაა, როდესაც მისი პოლიტიკური გავლენა მეზობელ სახელმწიფოებზე, სახელდობრ სომხეთის სამე­ფო­ზე, ეჭვს არ იწვევს. ამიტომ ცხადი უნდა იყოს ისიც, რომ ამჟამად ჩვენთვის საინეტერსო რეგიონში, ჭოროხის აუზში, გამორიცხულია სომხური რაიმე პოლიტიკური თუ კულტურული გავლენის არსებობაზე საბუთიერი საუბარი. მით უმეტეს გამორიცხულია სომხების იმიგრაცია ამ ტე­რი­ტორიაზე, რომლის მოსახლეობა ამ პერიოდშიც კვლავ ქართული, ძირითადად – აღმოსავლურქართული რჩებოდა (სტრაბონი, აპიანე).
თუკი ვივარაუდებთ, რომ კლავდიოს პტოლემაიოსის ყველა ცნობა მისივე თანადროულია (რაც, მაინცდამაინც, საეჭვოა), მაშინ უნდა მივიღოთ რომ II ს-ის 50-იან-60-იან წლებში ქართლის (იბერიის) სამეფომ თავისი ტერიტო­რი­ის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დაკარგა: კოტარზენეს (ვა­რიანტი: კორაზენე) ოლქი ანუ სტრაბონისეული ხორ­ზენე ისევ სომხეთს მიეკუთვნება (V, 12, 9) (52: 49). ის რომ კოტარზენე-კორაზენე იგივე ხორზენეა ანუ ტაო და კოლა, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები და არა კლარჯეთი, რო­გორც ჩვეულებრივ ფიქრობენ (მარკვარტი, მანანდიანი, ერემიანი), ამაზე მიუთითებს იმავე პტოლემაიოსის ცნობა (V, 10, 3; VIII, 19, 5), რომ „ქალაქი არტანისსა“ (ვარიანტი: „არ­ტანოისსა“) ანუ, ყოველ ეჭვს გარეშე – არტანუჯი, კლარ­ჯეთის ქვეყნის ცენტრი – იბერიის ერთ-ერთი უმნიშ­ვნე­ლო­ვანესი ქალაქია (52: 46, 50, 59, 60).
ამგვარად, II ს-ის მეორე ნახევარში, ტაო და სპერი კვლავ სომხეთს მიუტაცია, მაგრამ კლარჯეთი ქართლის (იბე­რიის) სამეფოს ფარგლებშია. III ს-თვის არავითარი მო­ნაცემები არ გვაქვს ჩვენთვის საინტერესო პრობლემის შე­სახებ.
რა ვითარებაა მომდევნო პერიოდში ვგებულობთ ე. წ. „სომ­ხური გეოგრაფიის“ ანუ „აშხარაცუიცის“ ცნობების მეშვეობით, რომლებიც ს. ერემიანის მიხედვით IV ს-ის პირ­ველი ნახევრის ვითარებას ასახავენ (53: 21-23). ამ წყა­როს თანახმად მთელი სამხრეთი საქართველო (პროვი­ნ­ციები: სპერი, ტაო, კლარჯეთი, კოლა, ჯავახეთი და სხვა) სომხეთს ეკუთვნის. მაგრამ „ქართლის ცხოვრების“ ჩვე­ნებით IV ს-ის 30-იან წლებში ზემოხსენებული პროვინ­ციები, ტაოს და სპერის გარდა, ქართლის სამეფოშია და სახელმწიფო საზღვარი სამხრეთიდან კვლავ მტკვარ-არაქსის აუზთა წყალგამყოფზე გადის (27: 70), რაც თით­ქოს რომის იმპერატორის, კონსტანტინე I-ის წყალობაა. მართლაც, არ არის გამორიცხული, რომ „აშხარაცუიცის“ მონაცემები ამ შემთხვევაში III ს-ის დასასრულის სიტუა­ციას გადმოსცემდეს, ხოლო „ქართლის ცხოვრების“ ჩვე­ნება კი რომსა და ირანს შორის 298 წ. ქალაქ ნიზიბინში დადებული ზავის შემდგომ ხანას მიეკუთვნებოდეს, როდე­საც ქართლის სამეფო და სომხეთიც გამარჯვებული რო­მის იმპერატორის პროტექტორატის ქვეშ შევიდნენ. ამას თით­ქოს მხარს უჭერს V ს-ის სომეხი ისტორიკოსი, მოვ­სეს ხორენაცი, როდესაც, აგათანგელოსზე მითითებით, მოგ­ვითხრობს (II, 86), რომ IV ს-ის დასაწყისში ქართლის (იბე­რიის) განმანათლებელმა ნინომ სამეფოს დედაქა­ლაქ­ში, მცხეთაში, წმინდა ჯვრის აღმართვის შემდეგ, ქრის­ტი­ა­ნობაზე მოაქცია იბერიის სხვა მხარეებიც, „კლარჯე­თი­დან დაწყებული ვიდრე ალანთა და კასპიის კარებამდე, მასქუთთა საზღვრებამდე“ (11: 172). ამგვარად, IV ს-ის ოც­იან წლებში კლარჯეთი კვლავ იბერიის ფარგლებშია. მარ­თლაც, ქართული წყაროს მიხედვითაც, IV ს-ის მეორე ნა­ხევარში ქართლის მეფე მირდატი კლარჯეთში, თუხარი­სის ციხესიმაგრეში აგებს ეკლესიას, ადგენს იქ მღვდლებს და მრევლად აძლევს მათ კლარჯეთის მოსახლეობას (27: 131). ამის შემდეგაც ეს ძველქართული პროვინცია მუდამ ქართული სახელმწიფოებრიობის ორბიტაშია. რაც შეეხება ტაოსა და სპერს მათი შემდგომი ისტორია სხვაგვარად წა­რიმართა.
IV ს-ის ბოლოს საუკუნოვანი ომი რომისა ერანთან დამ­თავრდა დაზავებით, რომლის შედეგად დაიდო სასაზ­ღვრო ხაზი ამ ორ იმპერიას შორის. ეს ხაზი ქალაქ ნი­ზი­ბინსა (სამხრეთში) და არზრუმს (ჩრდილოეთით) შორის გადიოდა და სომხეთს, ფაქტობრივად, ორ ნაწილად ჰყოფ­და, რომელთაგან დასავლეთი-ბიზანტიის, ხოლო აღმოსავ­ლე­თი – ერანის ქვეშევრდომობაში შევიდა. ამ უკანას­კნელს ბიზანტიურ წყაროებში „პერსარმენია“ ეწოდებოდა და მასში სომხეთის აღმოსავლეთი პროვინციების გარდა, ბასიანი და ტაოც იყო გაერთიანებული. არზრუმი-თეო­დო­სი­ოპოლი და სპერი – ბიზანტიის წილხვდომილ ტერიტო­რიას წარმოადგენდა. ასეთი ვითარება გაგრძელდა VI ს-ის ბოლომდე (13: 4, 22, 23, 230, 307). სწორედ ამ პერიოდში უნ­და განხორციელებულიყო მეორე მძლავრი სომხური იმი­გ­რაცია ჭოროხის აუზში, კერძოდ, სპერსა და ტაოში, რა­საც უნდა გამოეწვია სომხური ტოპონიმიის წარმოქმნაც, და­მოწმებული, მაგალითად, V ს-ის სომეხ ისტორი­კოსებ­თან.
შენიშვნები
1. მე, არსებითად, ვიზიარებ ქსენოფონტის მარშრუტის იმ მიმარ­თუ­­ლე­ბას, რომელიც დადგენილი აქვს თ. მიქელაძეს (12). უკა­ნას­­კნელ ხანს გამოქვეყნდა სპეციალური წერილი (იხ. Claudia Sagona, Did Xenophon take the Aras high rood? Observations on the historical geog­raphy of north-east Anatolia. In: Ancient Near Eastern Studies, Supplement 12, 2004, pp. 299-333. იქვეა საკითხთან დაკავ­ში­რებული ახალი ლი­ტე­რატურა), რომელშიც ეს მარშრუტი სხვა­გვარადაა წარმოდ­გე­ნილი. სამწუხაროდ ავტორი არ იც­ნობს არც თ. მიქელაძის მო­ნოგრაფიას და არც ქართულ და რუ­სულ სპეციალურ ლი­ტე­რატურას (ი. დიაკონოვის ერთი მო­ნოგრაფიის გარდა). ამიტომ, ცხა­­დია, უშვებს არსებით შეც­დო­მებს: „ტაო“ და „ოლთი(სი)“ სხვა­დასხვა რეგიონი ჰგონია; ტაო­ხებს ჭოროხის სულ ზემო დინებაზე ათავსებს, ხოლო სას­პე­რებს – ჭოროხის შუა და ქვე­მო წელზე; ხალიბები და ხალდე­ბი ორი სხვადასხვა და კარ­დუ­ხებ­თან ერთად ურარტული ტო­მები, ხოლო სასპერები ხური­ტუ­ლი ტომი ჰგონია; ქსენოფონტისეულ მდ. ჰარპასოსს მდ. ხარში­ტად თვლის და არა ჭოროხად და სხვა და სხვა. ამიტომ ქსენო­ფონ­ტის ლაშქრობის მარშრუ­ტის მისეული ინტერპრეტაცია, ამჟა­მად ჩვენთვის საინტერესო რეგიონში მაინც, არ შეიძლება იყოს სწორი!
2. ეს მასალა მოვინახულეთ 1996 წლის სამეცნიერო მივლინების დროს თურქეთში აკად. ო. ჯაფარიძესთან და პროფესორებთან: გ. გრიგოლიასთან, ა. კახიძესთან და შ. მამულაძესთან ერთად.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. მუსხელიშვილი ., დაიაენი _ დიაოხის ქვეყნის მო­სახ­­ლეობის ეთნიკური ვინაობისათვის, ანალები, #1, 2005.
2. Muskhelischvili D. Zur ethnischen Herkunft der Bevölkerung des Landes Daiaeni/Diaoxi. Georgica, Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasus, 27, Aachen, 2004.
3.Меликишвили Г. А., Наири-Урарту, Тб., 1954.
4. Дьяконов И. М., Предыстория армянского народа, Ер., 1968.
5. Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.
6. მიქელაძე ., სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძ­ველესი მელითონე ტომების ლოკალიზაციისათვის. `მაც­ნე~, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგა­დო­­ბრივ მეცნიერებათა განყოფილების ორგანო, #3, თბ., 1966.
7. ლომოური ., ბერძენი ლოგოგრაფოსების ცნობები ქარ­თველი ტომების შესახებ, მსკი, ნაკვ. 35, თბ., 1963.
8. Максимова М. И. Античные города юго-восточного При­чер­но­морья, М.-Л., 1956.
9.Армянская география VII века по р. Х. (приписывавшаяся Мой­сею Хоренскому). Текст и перевод. Издал К. П. Патканов, С.-Пб, 1877).
10. Géographie de Moïse de Corène d’après Ptolémeé, Texte arménien traduit en trançais par le P. Arsène Soukry Mékhitariste. Venise, 1881.
11.  მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია. ძველი სომ­ხუ­რი­დან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალ­ექ­სანდრე აბდალაძემ, თბ., 1984.
12.  მიქელაძე ., ქსენოფონტისანაბასისი“ (ცნობები სა­ქარ­თველოს შესახებ), თბ., 1967.
13.  Адонц Н., Армения в эпоху Юстиниана, С.-Пб., 1908.
14.  მიქელაძე ., სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირე­თის მოსახლეობის ისტორიისათვის (სკვითინები). საქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, . XIX, #5, 1957.
15.  ჯავახიშვილი ., ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირ­ველი და მეორე, ტფ., 1913.
16.  ჯანაშია ., თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი. შრო­მები, . III, თბ., 1959.
17.  Евстафии. Комментарии к «Землеописанию» Дионисия, ВДИ, №1, М.-Л., 1948.
18.  მიქელაძე ., სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირე­თის უძველესი მელითონე ტომების ისტორიის ზოგიერთი საკითხი, „მაცნე“, #1, თბ., 1967.
19.  Куфтин Б. А., К вопросу о древнейших корнях грузинской куль­туры на Кавказе по данным археологии. სსმმ, XII-В, თბ., 1944.
20.  ქორიძე ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.
21.  მიქელაძე ., ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ის­ტორიიდან, თბ., 1974.
22.  Марр Н., Аркаун, монгольское название христиан, в связи с вопросом об армянах-халкедонитах, ВВ, т. XII, 1906.
23.  Георгии Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузин­ский текст. Введение, издание, перевод Н. Марра с дневником поездки в Шавшию и Кларджию. С.-Пб., 1911.
24.  ყაუხჩიშვილი ., ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შე­სახებ, თბ., 1960.
25.  ჯანაშია ., უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირ­ველსაცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსავ­ლეთის ისტორიის სინათლეზე. შრომები, . II, თბ., 1952.
26.  ბერძენიშვილი ., საქართველოს ისტორიის საკითხები, (. VIII), თბ., 1990.
27.  ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირი­თა­­დი ხელნაწერის მიხედვით, . ყაუხჩიშვილის მიერ,    . I, თბ., 1955.
28.  ჯავახიშვილი ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, . I, თბ., 1950.
29.  ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, . ლო­მოურის და . ბერძენიშვილის რედაქციით, თბ., 1941.
30.  აბდუშელშვილი ., მუსხელიშვილი ., სურგულაძე ., ქარ­თველები. ქსე, . 10, თბ., 1986.
31.  მელიქიშვილი ., ქართლი (იბერია) ძვ. . VI-IV სა­უკუნეებში. ქართლის სამეფოს წარმოქმნა. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . I, თბ., 1970.
32.  ყაუხჩიშვილი ., სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957.
33.  Мусхелишвили Д. Л., Из исторической географии Восточной Грузии, Тб., 1982.
34.  Гай Плиний Секунд. Естественная история ВДИ, №2, М.-Л., 1949.
35.  აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია. ბერძნული ტექ­სტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და საძიებლები დაურთო . ყაუხჩიშვილმა, თბ., 1959.
36.  Reinach T. Mithridate Eupator roi du Pont. London, 1890.
37.  Лорткипанидзе Г., Некоторые вопросы истории Колхиды I-II вв. до н. э., „მაცნე“, #2, თბ., 1965.
38.  ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწ­ყობი­ლი და ახსნილი . ჟორდანიას მიერ. წიგნი მეორე, ტფ., 1897.
39.  Бакрадзе Д., Археологическое путешествие по Гурии и Адчаре, Тиф., 1897.
40.  თაყაიშვილი ., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შე­ნიშვნები, წიგნი პირველი, ტფ., 1907.
41.  ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შე­სახებ. თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გიული ალასანიამ, თბ., 1978.
42.  ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარი 1694-1732 წწ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მო­­­ამ­­ზადა ცისანა აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მი­ხეილ სვანიძემ, თბ., 1979.
43.  მუსხელიშვილი ., საქართველოს ისტორიული გეო­­რაფიის ძირითადი საკითხები, . I, თბ., 1977.
44.  დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, ბერ­ძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნოდარ ლომოურმა, თბ., 1966.
45.   Корнелий Тацит., Сочинения в двух томах. Том первый, Анналы. Малые произведения, Л., 1969.
46.  ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. ლათი­ნური ტექსტი ქართული თარგმანითურთ, შესავალი ნარ­კვე­ვითა და კომენტარებითურთ გამოსცა ალექსანდრე გამ­ყრელიძემ, თბ., 1973.
47.  Плутарх, Помпей, ВДИ, №4, М.-Л., 1947.
48.  ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავიზღვისპირეთის გარ­შემო. თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმაძისა, თბ., 1961.
49.  ლომოური ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968.
50.  ინგოროყვა ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954.
51.  ხაზარაძე ., ვახუშტი ბატონიშვილი და მოსხური მთე­ბის იდენტიფიკაციის საკითხი. ვახუშტი ბაგრატიონიისტორიკოსი და ეთნოგრაფოსი, თბ., 1997.
52. ლომოური ., კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგ­რაფიუ­ლი სახელმძღვანელო. ცნობები საქართველოს შესახებ. მსკი, ნაკვ. 32, თბ., 1955.
53.  ერემიანი ., სომხეთი აშხარაცუიცის მიხედვით, ერე­ვანი, 1963 (სომხურ ენაზე).
54.  არბოლიშვილი ., პლინიუს უფროსის ბუნების ის­ტორია, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო, თბ., 2006.
55. ჭეიშვილი . პარიადრეს ადგილმდებარეობისათვის. მაც­ნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და  ხე­ლოვნების ისტორიის სერია, 3, თბ., 1986, გვ. 123: ავტო­რი  პარიადრის კალთებად ბასიანის პროვინციას მიიჩ­ნევს.

Комментариев нет:

Отправить комментарий