საქართველოს დამფუძნებელი კრების ისტორიული მნიშვნელობა
(ა. ბენდიანიშვილი)
(ა. ბენდიანიშვილი)
1905 წელს ჩატარდა რუსეთის იმპერიის საერობო და მუნიციპალურ მოღვაწეთა შეკრება-თათბირი, რომლის დადგენილებაში განაპირა ქვეყნების წარმომადგენელთა მოთხოვნით ჩაიწერა: 1) რუსეთის იმპერიაში დემოკრატიული მართვა-გამგეობის სისტემა რომ დამკვიდრდება, განაპირა ერებს უნდა მიეცეთ ადგილობრივ ავტონომიათა შექმნის უფლება; 2) ავტონომიური ერთეულის საკანონმდებლო კრება ჩამოყალიბდება საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების მეშვეობით; 3) ყოველი ავტონომიური ოლქის შინაგანი წყობილების ხასიათს განსაზღვრავს ადგილობრივი საკანონმდებლო კრება (პარლამენტი).
რევოლუციური მოვლენების ზეგავლენით ნიკოლოზ II იძულებული გახდა 1905 წლის 17 ოქტომბერს გამოეცა მანიფესტი, რომლითაც იგი ხალხს ჰპირდებოდა მათ მიერ არჩეული საკანონმდებლო უფლებით აღჭურვილი პარლამენტის დუმის (სათათბიროს) მოწვევას, დემოკრატიული რეფორმების გატარებას, სიტყვის, პრესის, კრებების ჩატარების და სხვა თავისუფლებების მიცემას.
ეროვნული მოძრაობის ქართველი ლიდერები სიხარულით შეხვდნენ როგორც ზემოთ დამოწმებულ დადგენილებას, ისე ნიკოლოზ მეორის მანიფესტს, მაგრამ ისიც აღნიშნეს, რომ მხოლოდ დაპირებები არ კმარა. ეროვნული და პიროვნული თავისუფლების დამკვიდრებისათვის საჭიროა ახალი ორგანო – „სახელი მისი – დამფუძნებელი კრება“, რომელიც მოწვეული უნდა იქნესო ახალი რუსეთის კონსტიტუციის შესამუშავებლად.
ნიკოლოზ II მანიფესტის შესაბამისად რუსეთის სახელმწიფო სათათბირო შეიქმნა, 1906-1916 წლებში მის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი დეპუტატები. სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წარმომადგენელმა ვარლამ გელოვანმა პარლამენტის მსგავს ამ დაწესებულებაშიც წარადგინა საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნა, მაგრამ ამაოდ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის რეალური საფუძველი შეიქმნა 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ. 1917 წლის 25 მარტს ქართველმა მღვდელმთავრებმა გამოაცხადეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, საერო მოღვაწეებმა კი ამის შემდეგ ძალიან მალე რუსეთის დროებით დემოკრატიულ მთავრობას მოსთხოვეს საქართველოსთვის ავტონომიური სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება. პასუხი ასეთი იყო: ამ საკითხის გადაწყვეტა რუსეთის დამფუძნებელი კრების პრეროგატივაში შედისო.
1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკურ გადატრიალებას სამოქალაქო ომის ესკალაცია და რუსეთის იმპერიის რღვევა მოჰყვა, რამაც ობიექტურად ხელი შეუწყო ეროვნულ-გამათავისუფებელი მოძრაობის წარმატებას. 1917 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა საქართველოს ეროვნული ყრილობა. 21 ნოემბერს ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო 64 წევრის შემადგენლობით. ამ ორგანომ თავიდანვე დაიწყო პარლამენტის ფუნქციების შესრულება.
ბოლშევიკურ გადატრიალებამდე ერთი თვით ადრე ჩატარდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები. მისი პირველი (და უკანასკნელი) სხდომა გაიმართა 1918 წლის 5 იანვარს. ანტიბოლშევიკურმა უმრავლესობამ უარი თქვა საბჭოური მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დეკრეტებისა და კანონების დამტკიცებაზე. ლენინის ბრძანებით ურჩი დამფუძნებელი კრება დაარბიეს, გარეკეს, რამაც მსოფლიო დემოკრატიის პროტესტი გამოიწვია.
ამ მომენტში სამხრეთ კავკასიის პოლიტიკოსთა წინაშე დაისვა ადგილობრივი საკანონმდებლო დაწესებულების შექმნის საკითხი. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა წამოაყენეს „რუსეთის დამფუძნებელი კრების ფერფლზე საქართველოს დამფუძნებელი კრების“ აღმოცენების წინადადება, მაგრამ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს. მოახერხეს ამიერკავკასიის სეიმის (პარლამენტის) მოწვევა და მის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობის ჩამოყალიბება. მაგრამ დამოუკიდებელი ამიერკავკასიის ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა შინაგანი წინააღმდეგობები, მარცხი განიცადა თურქეთთან ომში. ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაქვეყნა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. აღსრულდა ქართველი ერის ასწლოვანი ოცნება.
დამოუკიდებლობის აქტში ვკითხულობთ: 1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა; 2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა დემოკრატიული რესპუბლიკა; 3) დამფუძნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო და დროებითი მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული საბჭოს წინაშე.
სტატიის შესავალი ნაწილი, მოვლენების ისტორიულ ასპექტში და საერთაშორისო ჭრილში განხილვა, ჩვენი აზრით, ცხადყოფს, რომ შორეულმა და ახლო წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს მართვა-გამგეობის სისტემაში დიდხანს წამყვანი ადგილი ეკავა მეფეს, წოდებრივ-წარმომადგენლობითი სათათბირო დამხმარე როლს ასრულებდა. სწორად ჰქონდათ გააზრებული აგრეთვე პარლამენტის მნიშვნელობა. მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ განსაკუთრებით რთული სიტუაციების დროს და ერთი თვისებრიობიდან მეორეზე გადასვლის პერიოდში პარლამენტიც კი არ კმაროდა; საჭირო იყო კიდევ უფრო ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი დამფუძნებელი კრება, რომელიც კონსტიტუციას შეადგენდა, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს უფლება-კომპეტენციას დაადგენდა, მათი ურთიერთმიმართების ფორმებს განსაზღვრავდა.
სტატიის ძირითად ნაწილში დამოწმებული დოკუმენტები და სხვაგვარი მასალა იმის ილუსტრაციაა, რომ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ბრწყინვალედ შეასრულა თავი ფუნქციები, მტკიცე სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა საქართველოს პირველ რესპუბლიკას. თავისი საკანონმდებლო და სხვაგვარი მუშაობის ისტორიული და სამომავლო მნიშვნელობა კარგად ჰქონდათ გააზრებული თვით ამ ორგანოს წევრებს. ამის გაგება, იმედია, არც თანამედროვე პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივ მოღვაწეებს გაუჭირდებათ. 1919-1921 წლებში დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას შემოქმედებითად გამოიყენებენ საქართველოს მესამე რესპუბლიკის მართვა-გამგეობის სრულყოფისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისათვის.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა) 26 მაისის შემდეგ კიდევ უფრო გააფართოვა საკანონმდებლო საქმიანობა. მყისვე ჩამოყალიბდა მის წინაშე პასუხისმგებელი დროებითი მთავრობა. მაგრამ ხელისუფლების სამართლებრივი, ლეგიტიმური საფუძვლები, ეროვნული საბჭოს წევრთა რიცხვი და შემადგენლობა პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით განისაზღვრა და არა საყოველთაო თავისუფალი არჩევნების გზით.
1918 წლის 26 მაისის დეკლარაცია, როგორც უკვე აღინიშნა, ითვალისწინებდა უახლოეს მომავალში დამფუძნებელი კრების მოწვევას. მაგრამ გართულებული სიტუაციების გამო მოსამზადებელი მუშაობა და არჩევნების ჩატარება შეფერხდა. თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია (გარდა სოციალ-დემოკრატიულისა) აცხადებდა, რომ დამფუძნებელი კრების მოწვევა, გარდა მისი დიდი სამომავლო მნიშვნელობისა, საჭიროდ მიაჩნდათ თუნდაც იმიტომ, რომ ეროვნული საბჭო (დროებითი პარლამენტი), მართალია, ჩამოყალიბდა პარიტეტული პრინციპის საფუძველზე და მასში ყველა პარტიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, აგრეთვე ავტონომიურ ერთეულებს ჰყავდათ მეტნაკლები რაოდენობის წარმომადგენლები, მაგრამ ეს საკანონმდებლო დაწესებულება არ იყო შექმნილი საყოველთაო, ფარული და თანასწორი არჩევნების გზით. ოპოზიციური პარტიების აზრით, პარლამენტის არსებული შემადგენლობა ვერ გამოხატავდა მთელი ერის სულისკვეთებას. ისინი ვარაუდობდნენ, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნებში უფრო რეალურად აისახებოდა ხალხის ნება და ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ლეგიტიმაციის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნებოდა.
1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ერპვნულმა კრებამ დაამტკიცა „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“, რომელიც 119 მუხლს შეიცავდა. იგი ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას. დებულების თანახმად, საარჩევნო კომისიებში შედიონენ იმ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელნიც წარადგენდნენ დეპუტატობის კანდიდატთა სიებს. საარჩევნო კოდექსი იმ დროს დასავლეთში დამკვიდრებული პრინციპების საფუძველზე იყო დამყარებული და ავტორთა აზრით, არ იძლეოდა არჩევნების გაყალბების საშუალებას.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქვეყნის ყველა სრულწლოვან (20 წლის) მოქალაქეს ეძნეოდა - აქტიური და პასიური ხმის უფლებით, სქესის განურჩევლად. დამფუძნებელი კრების წევრად უნდა აერჩიათ 130 დეპუტატი.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკანდიდატო სიის წარსადგენად აუცილებელი იყო საარჩევნო ხმის მქონე 50 მოქალაქის ხელმოწერით დადასტურებული კანდიდატების სიის და თითოეული კანდიდატის წერილობითი თანხმობის წარდგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის.
დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატარებლად შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური, საქალაქო, სამაზრო, სოფლის საზოგადოებისა და სოფლის წვრილი საარჩევნო კომისიები. სოხუმისა და ზაქათალის ოლქებში არჩევნების ჩატარება დაევალა სოხუმისა და ზაქათალის საოლქო საარჩევნო კომისიებს. დაკომპლექტდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის 21 წევრიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია საკუთარი შემადგენლობიდან და თითო წევრი დაემატა თითოეული დარეგისტრირებული საკანდიდატო სიიდან, ამ პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებად. დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარედ სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ლომთათიძე დაინიშნა, მოადგილედ სოციალისტ-რევოლუციონერი ივანე გობეჩია, ხაზინადრად - ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა, მდივნად - სოციალ-დემოკრატი - ანა სოლოღაშვილი.
კომისიებმა დაამშავეს საარჩევნო სიები. მოამზადეს საარჩევნო უბნები და შესაბამისი ინვენტარი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არცევნების თარიღად 14, 15 და 16 თებერვალი დაადგინა.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქვეყნის ყველა სრულწლოვან (20 წლის) მოქალაქეს ეძნეოდა - აქტიური და პასიური ხმის უფლებით, სქესის განურჩევლად. დამფუძნებელი კრების წევრად უნდა აერჩიათ 130 დეპუტატი.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკანდიდატო სიის წარსადგენად აუცილებელი იყო საარჩევნო ხმის მქონე 50 მოქალაქის ხელმოწერით დადასტურებული კანდიდატების სიის და თითოეული კანდიდატის წერილობითი თანხმობის წარდგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის.
დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატარებლად შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური, საქალაქო, სამაზრო, სოფლის საზოგადოებისა და სოფლის წვრილი საარჩევნო კომისიები. სოხუმისა და ზაქათალის ოლქებში არჩევნების ჩატარება დაევალა სოხუმისა და ზაქათალის საოლქო საარჩევნო კომისიებს. დაკომპლექტდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის 21 წევრიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია საკუთარი შემადგენლობიდან და თითო წევრი დაემატა თითოეული დარეგისტრირებული საკანდიდატო სიიდან, ამ პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებად. დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარედ სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ლომთათიძე დაინიშნა, მოადგილედ სოციალისტ-რევოლუციონერი ივანე გობეჩია, ხაზინადრად - ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა, მდივნად - სოციალ-დემოკრატი - ანა სოლოღაშვილი.
კომისიებმა დაამშავეს საარჩევნო სიები. მოამზადეს საარჩევნო უბნები და შესაბამისი ინვენტარი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არცევნების თარიღად 14, 15 და 16 თებერვალი დაადგინა.
წინასაარჩევნო ბრძოლაში ჩაება 15 პოლიტიკური პარტია. 1919 წლის ორ თვეში რამდენიმე ახალი პარტია და ორგანიზაცია იმ მიზნით ჩამოყალიბდა, რომ მონაწილეობა მიეღო არჩევნებში და თავისი წარმომადგენლები გაეყვანა დამფუძნებელ კრებაში. ზოგიერთ მოღვაწეს პარტიების სიმრავლე დადებით მოვლენად, საზოგადოების პოლიტიკური მოწიფულობის ნიშნად მიაჩნდა. უმრავლესობა ასეთ შეხედულებას არ ეთანხმებოდა. მათი აზრით, ამ სიმრავლეში უფრო ხშირად უარყოფითი მომენტები იჩენდა თავს. „პარტიათა სიმრავლე, _ წერდა თ. ღლონტი, _ ნიშნავს ლიდერთა ხელოვნურად გამრავლებას. „ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოა რამდენიმე ძირმაგარი პარტია, დიდი საკითხებისათვის მზრუნავი და ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია კარლიკური ჯგუფების მოსპობა, ან მათი ასიმილაცია რომელიმე პარტიის მიერ“ (1). თ. ღლონტს მიზანშეწონილად მიაჩნდა ისეთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი პარტიების გაერთიანებაც კი, როგორიც იყვნენ, მაგალითად, სოციალისტ-ფედერალისტთა და სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიები. ფედერალისტების ეროვნულ პროგრამას შეავსებდა სოციალისტ-რევოლუციონერების სოციალური პროგრამა. ასეთი გაერთიანება, მისი აზრით, საჭირო იყო ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისა და ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლებისათვის(2).
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ქართველი ბოლშევიკები მიიწვია. მაგრამ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს დამფუძნებელ კრებას, მრავალპარტიული დემოკრატიისაგან კვლავ გამოთიშულნი დარჩნენ. მთელი იმედი დაამყარეს საბჭოურ-კომუნისტური რუსეთის ინტერვენციაზე, მიზნად დაისახეს საქართველოს საბჭოთა ფედერაციულ რუსეთში შეყვანა.
დაგეგმილი არჩევნების წინადღეებში მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ განაცხადა: საქართველო უკვე მიადგა იმ მიჯნას, „საიდანაც იწყება ქვეყნისა და ხალხის ნორმალური განვითარება. დღეს უკვე გვაქვს გარკვეული სოციალ-პოლიტიკური წყობა, მხოლოდ საჭიროა მივცეთ მას იურიდიული და კონსტიტუციური ფორმა, რასაც შეასრულებს უახლოეს ხანს ამოქმედებული დამფუძნებელი კრება“. მან აღნიშნა, რომ შედარებით რთული ვითარებაა განაპირა რეგიონებში (ბათუმისა და სოხუმის ოლქები, ახალციხე-ახალქალაქის მაზრები). „ქართველ მუსლიმანებს, აფხაზებს, სომხებს ჩვენ ვეუბნებით, რომ აუცილებელია ცენტრისა და პერიფერიების მტკიცე კავშირი, ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იქაური მოსახლეობის ზნე-ჩვეულებას, ტრადიციებს და ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა მისცეს აფხაზებსა და სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია“... ამაზე კი კომპეტენტური სიტყვა დამფუძნებელმა კრებამ უნდა თქვასო“ (3).
დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალს გაიმართა. სხვადასხვა მიზეზების გამო მასში მონაწილეობა ვერ მიიღო რამდენიმე რეგიონისა და რაიონის მოსახლეობამ. სულ არცევნებზე ხმა მისცა 506131 ამომრჩეველმა. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიამ გაიყვანა 109 დეპუტატი (ხმების 81 % მიიღო), ეროვნულ-დემოკრატებმა – 8 (6,1%), სოციალისტ-ფედერალისტებმა – 8 (6,7%), სოციალისტ-რევოლუციონერებმა – 5 დეპუტატი (4,2%). 1919 წელს აგვისტოში ჩატარდა დამატებითი არჩევნები, რომლის შედეგად სომეხ დაშნაკთა პარტიამ საქართველოს დამფუძნებელ კრებაში გაიყვანა სამი დეპუტატი. ქართველმა ნაციონალისტებმა – ერთი (გრ. ვეშაპიძე).
დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და მისი შემადგენლობის ლეგიტიმურობა სერიოზული ეჭვის ქვეშ არავის დაუყენებია. მცირე შენიშვნა გააკეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ და თანაც იმიტომ, რომ შეცდომები არ უნდა ყოფილიყო დავიწყებული მაშინ, როცა დამფუძნებელი კრება საარჩევნო კანონის შედგენას შეუდგებოდა მომავალი პარლამენტისათვის (4). ხელისუფლების უმრავლესობის (სოციალ-დემოკრატთა) მისამართით საყვედური გამოთქვა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციამაც, მაგრამ არ უარუყვია მოვლენის უდიდესი მნიშვნელობა; მკითხველს აუწყა, რომ შეიქმნა ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო, დაიწყო ახალი ხანა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. „დიდი იმედით აღსავსენი მივესალმებით ამ ახალ ხანას და ვდღესასწაულობთ იმ წმინდა საიდუმლოს და იმ დღეს, როცა ქართველი ხალხი უზენაესი უფლებით შეიმოსა და პოლიტიკური მოქმედების (მმართველობის) სუბიექტად გადაიქცა“ (5).
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 1 მარტს ჩატარდა. გახსნა იგი უხუცესმა დეპუტატმა სილიბისტრო ჯიბლაძემ. აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სიძნელეები ჯერ კიდევ ბევრია. მაგრამ მრავალჭირგამოვლილი ქართველი ერი არ დაიღუპება, დამფუძნებელი კრების მეშვეობით ეროვნული სახელმწიფოს სრულყოფას შეძლებსო(6).
დამფუძნებელი კრების პირველი სესიის მეორე სხდომაზე (14 მარტი) დაისვა ახალი მთავრობის შედგენის საკითხი. უპირველეს ყოვლისა, კამათის საგანი გახდა რესპუბლიკის სტატუსი: „საპრეზიტენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა“. საპრეზიდენტო მოდელის მომხრეებმა მარცხი განიცადეს. დამფუძნებელი კრების უმრავლესობამ უარყო განსაკუთრებული, ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეზიდენტის, სახელმწიფო მეთაურის არჩევის საჭიროება, მაგრამ მიზანშეწონილად მიიჩნია პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების საგრძნობლად გაფართოება საგარეო პოლიტიკის სფეროში, საზღვრების მიღმა სამყაროს წინაშე მისი სახელმწიფოს მეთაურის რანგით წარდგენა (7). ამ პრობლემას დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა; აუცილებელია 1919-1920 წლებში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება შემოქმედებითად გამოიყენონ თანამედროვე პოლიტიკოსებმა.
დამფუძნებელ კრებაში ცხარე დებატები გაიმართა მუდმივი კომისიების შედგენა-დამტკიცების დროს. სოციალ-დემოკრატებმა ყველა მნიშვნელოვან კომისიებში ადგილების სამი მეოთხედი მოითხოვეს, რასაც სხვა სექციები პროტესტით შეხვდნენ. გიორგი გვაზავამ (ედპ) განაცხადა: დამფუძნებელი კრების კომისიებში უნდა მომზადდეს ძირითადი კანონპროექტები, მიმდინარეობს ის უმთავრესი მუშაობა, რასაც ჰქვია შეთანხმება, პოლიტიკური პარტიების კომპრომისი. ამიტომ მიზანშეწონილია კომისიებში, შესაძლებლობის მიხედვით, ყველა პარტია იყოს წარმოდგენილი. პროპორციულ-წარმომადგენლობით პრინციპს ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ არც მცირერიცხოვანი ფრაქციების კონსტიტუციური უფლებები უნდა დავარღვიოთო. საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკონსტიტუციო კომისიებში შეიყვანეს 9 სოციალ-დემოკრატი, 2 ფედერალისტი, 2 ეროვნულ-დემოკრატი, 1 დაშნაკი. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში შევიდა სოციალ-დემოკრატი – 9, სოციალისტ-ფედერალისტი – 2, ეროვნულ-დემოკრატი – 1, სოციალისტ-რევოლუციონერი – 1; საგარეო საქმეთა კომისიაში აღმოჩნდა 5 სოციალ-დემოკრატი და ოპოზიციური პარტიების სამი წარმომადგენელი (გ. გვაზავა, ს. მდივანი, ივ. გობეჩია) (8).
ყველაზე რთული საქმე დაეკისრა საკონსტიტუციო კომისიას. იგი ერთი წელი მუშაობდა კონსტიტუციის პროექტის შედგენაზე. თითქმის ამდენ ხანსვე გაგრძელდა მისი განხილვა-შევსება-ჩასწორება დამფუძნებელი კრების სხდომებზე. 1920 წლის ბოლოს ეს პროცესიც დასრულდა. თითქოს აღარაფერი უშლიდა ხელს პროექტის დამტკიცებას, მაგრამ დამაგვირგვინებელი აქტი არ ჩანდა. გაზეთ „საქართველოს“ რედაქციამ მოწინავე წერილში ის აზრი გაატარა, რომ სოციალ-დემოკრატიული უმრავლესობა განგებ აჭიანურებდა კონსტიტუციის მზა პროექტის რესპუბლიკის ძირითად კანონად გადაქცევას. უმრავლესობის სურვილი, ალბათ, არისო, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს სახელმწიფოს თითქმის უკონტროლო მმართველად. ამას კი ბოლოს მოუღებდა კონსტიტუცია, რომელიც მისი ხელ-ფეხის შემკვრელი გახდებოდა“. რედაქცია მკითხველს აუწყებდა, რომ კონსტიტუციის პროექტი მზადაა. „იგი აღიარებს დემოკრატიულ რესპუბლიკას საქართველოს სახელმწიფოებრიობის მუდმივ ფორმად და წერტილი აქ უნდა დაისვას. რამდენადაც ჩვენი შემდგომი სახელმწიფოებრივი ცხოვრება და ხელისუფლების პრაქტიკა სწორედ ამ დემოკრატიული ფორმის განმტკიცებას მოიტანს და მას ააცდენს პროლეტარულ-ბოლშევიკური რეჟიმისაკენ გაქანებას, იმდენად უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სოციალ-პოლიტიკური პროგრესი“ (9).
გაზეთ „საქართველოს“ რედაქციას, როგორც ვხედავთ, ძალიან კარგად ესმოდა კონსტიტუციის ისტორიული და სამომავლო მნიშვნელობა, მაგრამ ამის გაგების უნარს არც სოციალ-დემოკრატია იყო მოკლებული; ამიტომ საბჭოურ-კომუნისტური აგრესიის დაწყების შემდეგ მისი განხილვა-დამტკიცების პროცედურა დააჩქარა. დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა, საქართველოს რესპუბლიკის ძირითად კანონად აქცია, მაგრამ საბჭოურ-კომუნისტური რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ ქართული ეროვნული კონსტიტუციის მოქმედება დიდი ხნით შეწყდა და განახლდა XX ს-ის 90-იან წლებში, რამაც რამდენადმე გააადვილა მესამე რესპუბლიკის გონიერ ხელისუფალთა შემოქმედებითი მოღვაწეობა.
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ანალიზს, მის სამართლებრივ და ისტორიულ ასპექტებში გააზრებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ საქართველოს დამფუძნებელი კრება, მისი თითქმის ყველა ფრაქცია მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. დამფუძნებელი კრების მიერ 1919-1920 წლებში შედგენილი კონსტიტუცია არა მარტო იდგა იმდროინდელი მსოფლიოს, კერძოდ, დასავლური სამყაროს სამართლებრივი პრინციპებისა და იურიდიული მეცნიერების დონეზე, არამედ რამდენადმე წინმსწრებიც იყო. იგი იძლეოდა უშუალო („უმეშვეო“) დემოკრატიისა და პარლამენტური დემოკრატიის თავისებურად შერწყმის პირველ მაგალითს.
ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ როგორ ჰქონდა „გააზრებული“ სსრ კავშირის კომპარტიას უშუალო დემოკრატია და როგორი იყო მის შესაბამისად დაკომპლექტებული საკავშირო და რესპუბლიკური უზენაესი საბჭოები; კომუნისტური პარტიის ლიდერებისათვის თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები უშინაარსო ცნება იყო. ისინი თითქოს მხარს უჭერდნენ უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლობითი პრონციპის შესაბამისად დაკომპლექტებას, მაგრამ ნორმალურ მოვლენად მიაჩნდათ მუშათა კლასის, გლეხობის და ინტელიგენციის წარმომადგენლების წინასწარი შერჩევა, ფაქტიურად დეპუტატად დანიშვნა და შემდეგ მოჩვენებითი, ფიქტიური არჩევნების ჩატარება. უმაღლეს საბჭოებს ძირითადად ავსებდნენ არაკომპეტენტური ადამიანებით, რომელთაც სხდომათა დარბაზში წყნარად ჯდომა შეეძლოთ და ჩანერგილი ჰქონდათ საჭირო მომენტში ტაშის დაკვრის, კომპარტიის დადგენილება-გადაწყვეტილებათა „მხურვალე აპლოდისმენტებით“ მოწონების უნარ-ჩვევები.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკოსებმა, საზოგადოებრივი აზრის გამომხატველმა ინტელიგენტებმა იმთავითვე დაგმეს კომუნისტი დიქტატორების გამოგონილი „უმეშვეო დემოკრატია“. 1921 წლის კონსტიტუციაში ჩაიწერა: „ხელმწიფობა ეკუთვნის მთელ ერს, პარლამენტი ახორციელებს ერის ხელმწიფობას“. საჭიროების შემთხვევაში „ნიშნავს რეფერენდუმს“ – საყოველთაო-სახალხო გამოკითხვას. მაგრამ დამფუძნებელი კრების დეპუტატებმა კარგად იცოდნენ, რომ „უმეშვეო დემოკრატია“ – მთელი ხალხის მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში სისტემატური და პერმანენტული ვერ იქნებოდა, პრაქტიკულად ვერ შესრულდებოდა. ამიტომ აუცილებელი იყო ერს გრძელვადიანი საკანონმდებლო ფუნქცია გადაეცა თავის მიერ არჩეული პარლამენტისათვის, რომელიც იმოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, მის საფუძველზე განსაზღვრავდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თავისუფალი სასამართლოს უფლება-კომპეტენციას. ამდენად, 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით უზენაესი სუვერენი არის ერი, მთელი ხალხი. მისი ნების გამომხატველია პარლამენტი, პარლამენტის მეშვეობით _ მთავრობა და მართლსაჯულების ორგანოები.
საქართველოს მესამე რესპუბლიკის მშენებლები თავდაპირველად ეყრდნობოდნენ პირველ რესპუბლიკაში დაგროვილ ცოდნა-გამოცდილებას. იყენებდნენ დამფუძნებელი კრების მასალებს. 1921 წლის კონსტიტუცია სამართლებრივ საფუძვლად დაუდეს 1995 წლის კონსტიტუციას. მაგრამ ბევრი რამ აუთვისებელი, გაუცნობიერებელი დარჩათ და ამიტომ თანამედროვე დემოკრატია ვერ ავიდა 1919-90 წლის დონემდე.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ და მის წინაშე ანგარიშვალდებულმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ორიოდე წელში მოასწრო ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა შექმნა. დაამკვიდრა ხელისუფლების სამი შტოს დამოუკიდებელი და კონსტრუქციული თანამშრომლობა. მოახერხა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-კომპეტენციის ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად გამიჯვნა-განაწილება. დღევანდელ საქართველოში კი ეს პრობლემები გადაუწყვეტელია. მოიკოჭლებს საარჩევნო კანონი. პარლამენტის უფლებამოსილება შეკვეცილია, პრეზიდენტის კი _ მაქსიმალურად გაფართოებული. პოზიციამაც და ოპოზიციამაც უნდა შეიგნოს, რომ სრულყოფას საჭიროებს არჩევნების კოდექსი და პარლამენტის სტატუსის განმსაზღვრელი კანონი. ამის გარეშე ვერ შეიქმნებოდა კომპეტენტური დეპუტატებით დაკომპლექტებული ისეთი პარლამენტი, რომელიც თავს დააღწევს პრეზიდენტის დიქტატს, გადაიქცევა ხელისუფლების სამწევრიანი სისტემის დამოუკიდებელ და წამყვან ნაწილად. ფართო უფლებმოსილებით აღჭურვილი პარლამენტი უზრუნველყოფს დამოუკიდებლი სასამართლოს შექმნას. ბოლო უნდა მოეღოს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ყოველგვარ მცდელობას. წინა პლანზე უნდა დადგეს ერი, „უბრალო ხალხი“, რომელიც თავისი უმრავლესობით სახელმწიფოს ძლიერების და უკეთესი მერმისის საფუძველია.
ჩვენმა პოლიტიკოსებმა შემოქმედებითად უნდა გამოიყენონ არა მარტო 1921 წლის კონსტიტუცია, არამედ დამფუძნებელი კრების მიერ შემუშავებული კონკრეტული კანონებიც. კარგად უნდა შეისწავლონ, მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი, მის საფუძველზე შექმნილ-ამოქმედებული თვითმმართველობის სტრუქტურა, მისი განმკარგულებელი და აღმასრულებელი ორგანოების პრაქტიკული საქმიანობა. ეს დაეხმარება მუნიციპალურ მოღვაწეებს თავიდან მოიცილონ პრეზიდენტის მიერ დანიშნული ავტორიტარი მოხელეები-გუბერნატორები და რაიონის გამგებლები. შექმნან ყველა პირობა ადგილობრივი დემოკრატიის გასააქტიურებლად, თვითმმართველობის პრინციპის დასაცავად. გადაუდებელი საქმეა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-კომპეტენციის ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად გამიჯვნა-განაწილება, მათი კონსტრუქციული თანამშრომლობის დამკვიდრება.
ამგვარად, საქართველოს დამფუძნებელი კრების ორწლიანი შემოქმედებითი საკანონმდებლო საქმიანობა თითქმის უნიკალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა ქართველი ერის ნების გამომხატველმა ამ სახელისუფლო ორგანომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნებასა და მისი მართვა-გამგეობის ჩამოყალიბებაში. დამფუძნებელი კრების მუშაობის პროცესში დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება, ამ დროს შემუშავებული საქართველოს პირველი კონსტიტუცია უდიდესი მნიშვნელობის სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობაა. ქართველმა ხალხმა, მისმა პოლიტიკურმა ელიტამ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით გააცოცხლა საბჭოურ-კომუნისტური რეჟიმისაგან ჩახშობილი დემოკრატიული პრინციპები, ააღორძინა სუვერენული ქართული სახელმწიფო, შეუდგა მმართველობის სისტემის ახალი ეპოქის შესაბამისად სრულყოფას, რაც უნდა გაგრძელდეს. ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ საქართველო გადაიქცევა მაღალგანვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნად, სოციალურ-პოლიტიკური სამართლიანობის მცირე ოაზისად და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ცივილურ ერთა და სახელმწიფოთა რიგებში.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. გაზეთი „სახალხო საქმე“, 1919, 23 იანვარი.
2. იქვე.
3. საქართველოს სცსა, ფონდი 1825, ანაწერი 1, საქმე 6, ფურც. 76-77.
4. საქართველოს სცსა, ფონდი 1233, ანაწერი 1, საქმე 3, ფურც. 6-9.
5. „საქართველო“, 1919, 12 მარტი.
6. იქვე.
7. „სახალხო საქმე“, 1919, 19 მარტი.
8. დამფუძნებელი კრების 6 მაისის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, იხ. საქართველოს სცსა, ფ. 1833, ანაწერი 1, საქმე 215, ფურც. 2-5.
9. „საქართველო“, 1920, 20 მარტი.
დამფუძნებელი კრება და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი (ო. ჯანელიძე)
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებლი კრების ჩამოყალიბებას წინ საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მუშაობა უსწრებდა. ეროვნული საბჭოს სახელთან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ხოლო პარლამენტთან _ ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფოს კანონშემოქმედების საწყისი ეტაპია დაკავშირებული. ერთმაც და მეორემაც ქვეყნის შემდგომი ბედის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ არც საბჭო და არც პარლამენტი არ ყოფილა შექმნილი სახალხო არჩევნების გზით.
1917 წლის ნოემბერში დაარსებული საქართველოს ეროვნული საბჭო პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმების საფუძველზე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ იგი დამატებითი წევრებით, მათ შორის სამაჰმადიანო საქართველოს, ზაქათალის, ასევე ეროვნულ უმცირესობათა წარგზავნილებით შეივსო და საქართველოს პარლამენტად გარდაიქმნა. მართალია, ხსენებული ორგანო აერთიანებდა ქვეყნის ყველა გავლენიან პოლიტიკურ ძალას, _ ე. ი. ასახავდა საქართველოს ძირითად პოლიტიკურ სპექტრს, იყო პოლიეთნიკური შემადგენლობის და, ამასთან, მმართველობის სადავეებშიც მოცილე არავინ ჰყოლია, უნდა ითქვას, რომ დემოკრატიული თვალსაზრისით მას ლეგიტიმაცია აკლდა.
ცნობილია, რომ სუვერენული საქართველოს მესვეურნი ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას მხოლოდ დემოკრატიულ ნიადაგზე გაიაზრებდნენ. დემოკრატიულ პრინციპებს, მათ შორის სახელმწიფოს მოწყობა-განვითარების სფეროში ეთანხმებოდა და მხარს უჭერდა იმჟამინდელი ქართული პოლიტიკური ელიტის აბსოლუტური უმრავლესობა. რაკი სახელმწიფოს დემოკრატიულობის განმსაზღვრელი ერთი უმთავრესი პირობა ხელისუფლების არჩევითობაა, დღის წესრიგში იმთავითვე დადგა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფორმირება საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. ანუ, საერთო-სახალხო ნებით უნდა შექმნილიყო ისეთი წარმომადგენლობითი საკრებულო, რომელსაც შეეძლებოდა სრულად გამოეხატა ქვეყნის არა მხოლოდ სატიტულო ერის _ ქართველობის, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის პოლიტიკური მისწრაფება და სასიცოცხლო ინტერესები. ამგვარ ინსტიტუტად მიჩნეულ იქნა დამფუძნებელი კრება.
დამფუძნებელი კრების იდეა რომანოვთა იმპერიაში პირველად 1905-1907 წლების სახალხო რევოლუციის წლებში წარმოიშვა. ეს საკითხი უფრო მეტად პოპულარული გახდა და პრაქტიკულადაც მომწიფდა თვითმპყრობელობის დამხობის პერიოდში. 1917 წლის შემოდგომაზე ჩატარდა არჩევნებიც, მაგრამ ძალაუფლებას დაუფლებულმა ბოლშევიკებმა რუსეთში არ დაუშვეს დამფუძნებელი კრების მუშაობა და იგი შეკრებისთანავე გარეკეს. U რაც შეეხება საკუთრივ ჩვენს ქვეყანას, აქ ჯერ კიდევ 1917 წლის ნოემბერში გამართულ პირველ ეროვნულ ყრილობაზე ოფიციალურად გამჟღავნდა, რომ განზრახული იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევა. რეზოლუციაში პოლიტიკური მომენტის შესახებ ყრილობამ მიუთითა: ,,საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევის ზრუნვა ევალება საქართველოს ეროვნულ საბჭოს” (1, 24 XI). კრების ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა ასევე 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის მეშვიდე მუხლში აღინიშნა: ,,დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო.” ამრიგად, ეროვნული საბჭოცა და საქართველოს პარლამენტიც მიჩნეული იყო დროებით სტრუქტურებად, რომელთაც უახლოეს მომავალში ადგილი უნდა დაეთმოთ სრულუფლებიანი დამფუძნებელი კრებისათვის.
დამფუძნებელ კრებას ახლად აღდგენილი ქართული სახელმწიფოს იერ-სახის განსაზღვრა, სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების სამართლებრივ საფუძველზე დამკვიდრება, ქვეყნის უმთავრესი კანონის _ კონსტიტუციის შემუშავება და დამტკიცება ევალებოდა. კრება განახლებული საქართველოს პოლიტიკური მესაძირკვლე უნდა გამხდარიყო. დამფუძნებელი კრების მეშვეობით მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლეოდა გამოეთქვა აზრი, გამართლებული იყო თუ არა პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება, დაემტკიცებინა ან საერთოდ უარეყო საქართველოს დამოუკიდებლობა. ,,ჩვენ მივდივართ ხალხთან და გვინდა მან სთქვას, სწორი იყო ჩვენი ნაბიჯი თუ შემცდარი, ... მან დააფუძნოს ის, რაც ჩვენ გამოვაცხადეთ, ესე იგი მისცეს საფუძველი და სიმტკიცე, დასცეს დასტური იმ აქტს დამოუკიდებლობისა, რომელიც 26 მაისს ... იქნა გამოქვეყნებული”, _ წერდა გაზეთი „ერთობა” (2, 22. I).
ასეთ რეალობაში სამზადისი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისთანავე დაიწყო.
დამფუძნებელი კრების დებულების შემუშავებას თითქმის ნახევარი წელი დასჭირდა. ყოველ მუხლს გულდასმით და საფუძვლიანად განიხილავდნენ. ცხარე პაექრობა იყო კრების წევრთა რაოდენობის განსაზღვრის, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების, ამომრჩეველთა ასაკის დადგენის, ჯარისკაცების, პოლიციისა თუ ადმინისტრაციის მოხელეთათვის ხმის უფლების მიცემა-არმიცემის შესახებ და სხვ. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართებოდა. დამფუძნებელ კრებაში აირჩევდნენ 130 დეპუტატს, ხოლო საარჩევნო ხმის უფლებით ისარგებლებდნენ რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქენი, რომელთაც არჩევნების დღისათვის შეუსრულდათ 20 წელი.
1918 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამფუძნებელი კრების დებულება და დაამტკიცა კრების ხარჯთაღრიცხვა. მთავრობას დაევალა დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატარებლად გამოეყო 4 მილიონი მანეთი (3, 15. I). დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წლის 14-16 თებერვლისათვის დაინიშნა.
შეიქმნა ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალ-დემოკრატ ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით. თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე) იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი თედო ღლონტი, ხაზინადარი _ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა. კომისიაში სულ 21 კაცი შედიოდა. იმ დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ კიდევ კოალიციური იყო, მაგრამ ხელისუფლებაში მაინც ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა _ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია დომინირებდა. შესაბამისად, მენშევიკებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანარჩენებზე მეტი _ 7 წევრი ჰყავდათ წარგზავნილი. სხვა საპარლამენტო პარტიები _ სოციალისტ-ფედრალისტები, ეროვნულ-დემოკრატები და სოციალისტ-რევოლუციონერები _ ორ-ორი კაცით, ხოლო არჩევნებში მონაწილე უფრო მცირერიცხოვანი პოლიტიკური სუბიექტები კომისიაში თითო-თითო წევრით იყვნენ წარმოდგენილნი.
ჩამოყალიბდა საგუბერნიო, სამაზრო, სასოფლო (საუბნო) კომისიები. განისაზღვრა ელექტორატის რიცხვი _ 876 910 ამომრჩეველი, რომელიც მიახლოებითი გამოთვლით, საქართველოს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 45 %-ს შეადგენდა (ხსენებულ რაოდენობაში გათვალისწინებული არ ყოფილა ზოგიერთი იმ კუთხის მონაცემი, რომლებშიც კენჭისყრა ამ თუ იმ გარემოების გამო ვერ იმართებოდა). დაზუსტდა ამომრჩეველთა სიები. მოეწყო საარჩევნო უბნები: თბილისში – 50, ქუთაისში 12 და ა. შ. #1 საარჩევნო უბანი განთავსებული იყო თბილისისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.
საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არჩევნების წინა პერიოდში ოთხი ძირითადი პარტია გამოირჩეოდა: სოციალ-დემოკრატიული, ეროვნულ-დემოკრატთა, სოციალისტ-ფედერალისტთა და სოციალისტ-რევოლუციონერთა. მათგან უფრო მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული ქართული სოციალ-დემოკრატია იყო. ამ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციებით მოფენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხე. ქართული სოციალ-დემოკრატია თავის რიგებში 80 ათასამდე წევრს მოითვლიდა და ჰყავდა თვალსაჩინო ლიდერები ნოე ჟორდანიას, კარლო ჩხეიძის, სილიბისტრო ჯიბლაძის, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ევგენი გეგეჭკორის და სხვათა სახით.
ფედერალისტთა პარტია უმთავრესად ინტელიგენტურ ფენებს აერთიანებდა. ეროვნულ-დემოკრატების სოციალური ბაზა კი შედარებით ფართო იყო. იგი, ინტელიგენციის თვალსაჩინო მოღვაწეთა გარდა, ქართველი საქმიანი წრეების, თავადაზნაურობის, ვაჭართა თუ გლეხობის წარმომადგენლებსაც მოიცავდა. ეს პარტიები ხალხმრავალი არ ყოფილან, მაგრამ გააჩნდათ დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, დასაყრდენი ჰქონდათ სამხედროთა შორის, სტუდენტ-ახალგაზრდობაში და სხვ. ეროვნულ-დემოკრატთა ხელმძღვანელ ბირთვს შეადგენდნენ: ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, სპირიდონ კედია, გერონტი ქიქოძე, გიორგი გვაზავა; სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიას ხელმძღვანელობდნენ სამსონ ფირცხალავა, გიორგი ლასხიშვილი, იოსებ ბარათაშვილი. რაც შეეხება ქართველ ესერებს, ისინი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენამდე რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში შედიოდნენ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციად მხოლოდ 1918 წლის 26 მაისის შემდეგ ჩამოყალიბდნენ. ესერთა პარტიას სათავეში ედგნენ ლეო შენგელაია, იოსებ გობეჩია და გრიგოლ ნათაძე.
დამფუძნებელი კრების მანდატების მოპოვების მიზნით უშუალოდ არჩევნების წინ შეიქმნა რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაუშვა 15 პარტია, კავშირი და ჯგუფი. არც ერთი მათგანი საარჩევნო ბლოკად არ გაერთიანებულა. თითოეულმა კანდიდატთა საკუთარი სია წარადგინა და ძალა დამოუკიდებლად მოსინჯა. საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტები რეგისტრაციაში შემდეგი თანმიმდევრობით გატარდენ: #1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია; #2. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; #3. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია; #4. დაშნაკცუთიუნი; #5. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია; #6. მუსულმანთა ეროვნული საბჭო; #7. საქართველოს რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია; #8. საქართველოს ეროვნული პარტია; #9. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტ მაშვრალთა პარტია; #10. შოთა რუსთაველის ჯგუფი; #11. დამოუკიდებელი (უპარტიო) კავშირი; #12. ბორჩალოს მაზრაში მცხოვრებ მუსულმანთა ჯგუფი; #13. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ); #14. ესთეტიური ლიგა პატრიოტებისა და #15. საქართველოს ელინთა დემოკრატიული ჯგუფი (4, საქმ. 68-90). კანდიდატთა სიაში ყველაზე მეტი _ 130 წევრი ჰყავდა დასახელებული სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ყველაზე ცოტა, მხოლოდ ერთი კაცით იყო წარმოდგენილი შოთა რუსთაველის ჯგუფი-პარტია. დეპუტატობის მსურველთა საერთო რაოდენობა 550-ს აღემატებოდა.
საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სპექტრის შემადგენლობა მეტად საყურადღებოა ეთნიკური თვალსაზრისით. აქ ქართული პოლიტიკური პარტიების გარდა წარმოდგენილი არიან საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების _ აზერბაიჯანელ მაჰმადიანთა ორი (მუსულმანთა ეროვნული საბჭო, ბორჩალოს მაზრაში მცხოვრებ მუსულმანთა ჯგუფი), სომეხთა (დაშნაკცუთიუნი), ბერძენთა (საქართველოს ელინთა დემოკრატიული ჯგუფი) და ნაწილობრივ რუსთა (რსდმპ) ინტერესების გამომხატველი ორგანიზაციებიც. ეს მკაფიო დასტურია იმისა, რომ ახლად შექმნილ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეროვნულ საკითხს ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპებით უდგებოდნენ, სატიტულო ერის გვერდით ფართო უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი ,,ნატეხი ერებიც” (ასე მოიხსენიებდნენ ეთნიკურ უმცირესობებს 1918-1921 წლების საქართველოში).
მართალია, საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი XIX საუკუნეში რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების მიერ, მაგრამ დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები ანგარიშს უწევდნენ ფაქტობრივ რეალობას და ეროვნულ უმცირესობებს ქართულ სახელმწიფოში სამოქალაქო ინტეგრაციის სრულ შესაძლებლობებს უქმნიდნენ. ამ მხრივ ნიშანდობლივია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. მისი 7 მუხლიდან 3 (მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე) ეროვნულ უმცირესობებს შეეხებოდა: ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა~; ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს~; ,,დამფუძნებლი კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით~.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ეროვნულ უმცირესობათა მიმართ იმთავითვე ტოლერანტული კურსი აირჩია. ეროვნულ უმცირესობებს ქვეყანაში ქართველებთან ჰარმონიული თანაცხოვრების, თავისუფალი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესაძლებლობა მიეცათ.
ეროვნულ უმცირესობათა უფლებები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღიარებულიც იყო და დაცულიც. ნოე ჟორდანიას სიტყვით, საქართველოში არ იყო ,,ელინი და ბარბაროსი, ყველას ელინებად ვრაცხდით” (5, 104). ასეთივე იყო ძირითადი პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებაც საქართველოში ბინადარი არაქართველებისადმი, რაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ნათლად წარმოჩნდა დამფუძნებელი კრების არჩევნებისას. ,,სოციალ-დემოკრატები წინააღმდეგნი არიან ერთი ერის მიერ მეორე ერის დაჩაგვრისა და შევიწროების. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში ყველა ერი უნდა თანასწორი იყოს და თითოეულ მათგანს სრული საშუალება მიეცეს ეროვნულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა~, აღნიშნავდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია თავის წინასაარჩევნო პლატფორმაში (2, 22. I).
„იმ არაქართველი ერის შვილებს, რომელნიც გაფანტულნი არიან ჩვენში, შეადგენენ უმცირესობას და არა აქვთ მთლიანი მოსახლეობა, ჩვენ მივცემთ კულტურულ ავტონომიას კულტურული საქმეების გასაძღოლად, მათ ხელში გადავა ნაწილი სახელმწიფოს შემოსავლისა, მათი ენა შემოღებულ იქნება ადგილობრივ დაწესებულებაში“, აცხადებდნენ სოციალისტ-ფედერალისტები და დასძენდნენ: „კიდევ მეტის უფლებით უნდა იქნეს აღჭურვილნი აფხაზეთისა და სამაჰმადიანო საქართველოს თვითმმართველობის ორგანოები, რომელნიც სრულიად ავტონომიურად უნდა განაგებდნენ თავიანთ შინაურ საქმეებს. უნდა იცოდნენ ჩვენმა ძმებმა მუსულმანმა ქართველობამ და ჩვენმა მონათესავე აფხაზებმა, რომ მათ თავისუფლებას და კეთილდღეობას ისე არავინ დაიცავს, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ (6, 26. I).
„სოციალიზმის სამეფოში ყველა ერი უნდა შევიდეს ეროვნული ინდივიდუალობის მრავალფეროვნებითა და თავისებურებით. ... ესერთა პარტიისთვის არ არსებობს ,,ელინი და იუდეველი“. სომეხი, თათარი თუ ბერძენი მუშისა და გლეხის ინტერესები მისთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც ქართველი გლეხისა და პროლეტარიატის ინტერესები“, ვკითხულობთ სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მიმართვაში ამომრჩევლებისადმი (7, 12. II).
დამფუძნებელი კრების არჩევნები იმდენად დემოკრატიული იყო, რომ მასში მონაწილეობის უფლება არ შეუზღუდავთ ბოლშევიკებისთვისაც, რომლებიც არ ცნობდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და გამალებით მის დამხობას ესწრაფოდნენ. ბოლშევიკებს ოპოზიცია არ ეთქმოდათ, ისინი ქვეყნის დანარჩენი პოლიტიკური ძალებისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის აშკარა, დაუფარავი მტრობითა და მისი ხელისუფლების სიძულვილით გამოირჩეოდნენ.
საქართველოს ბოლშევიკებს დამფუძნებელი კრების არჩევის მომენტისათვის თავიანთი დამოუკიდებელი პარტია არ გააჩნდათ, მაგრამ ჰქონდათ რამდენიმე საოლქო და საქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ რუსეთის კომუნისტურ პარტიაში (ბოლშევიკებისა). ორგანიზაციულ მხარეს ბოლშევიკებისათვის არ შეუშლია ხელი, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. მათ ამაზე უარი პრინციპული მოსაზრებით განაცხადეს, გადაჭრით დაუპირისპირდნენ დამფუძნებელ კრებას და კრემლის მითითებათა შესაბამისად ბოიკოტის ტაქტიკას მიმართეს.
რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა, რომელშიც წამყვან როლს ქართველი ბოლშევიკები ასრულებდნენ, 1919 წლის თებერვალში არჩევნების ჩასაშლელად ფართო მასების მიზიდვის მიზნით შემდეგი მოწოდება გაავრცელა: ,,მენშევიკები და ყველა რჯულის ნაციონალისტები აპირებენ კვლავ მოატყუონ ხალხი, იწვევენ რა დამფუძნებელ კრებას საყოველთაო არჩევნების გზით...
ჩვენი პარტია, მუშების, ღარიბი გლეხობის, ჯარისკაცებისა და ყველა პატიოსან მშრომელთა პარტია გამოდის წინააღმდეგ ასეთი კრებისა და იმგვარი არჩევნებისა, რომლის შემწეობით მენშევიკებს, ყველა კაციჭამია ნაციონალისტებსა და გაქსუებულთა პარტიას განზრახული აქვთ კვლავ მოატყუონ ხალხი. ისინი აპირებენ სამუდამოდ მოსწყვიტონ ჩვენი ქვეყანა რევოლუციურ რუსეთის მუშებს, გლეხებსა და წითელარმიელებს, სურთ გადააქციონ იგი გაზულუქებულ ქართველთა მამულად. ამიტომაც ჩვენი პარტია არ იღებს არავითარ მონაწილეობას ამგვარ არჩევნებში. უცხადებს ბოიკოტს ნაციონალურ დამფუძნებელ კრებას და მოუწოდებს ყველას არ მიიღონ მონაწილეობა მენშევიკებისა და სხვა ნაციონალისტების მატყუარა საქმეებში... გაუმარჯოს ბოიკოტს!” (8, 379-380).
ბოლშევიკების ბოიკოტის ტაქტიკამ შედეგი ვერ გამოიღო. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები აქტიურად შეუდგნენ საარჩევნო სამზადისს. იანვრის მეორე ნახევარში თავთავიანთ პარტიულ პერიოდიკაში სოციალ-დემოკრატებმა, ეროვნულ-დემოკრატიულმა, სოციალისტ-რევოლუციონერთა და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიებმა გამოაქვეყნეს წინასაარჩევნო პლატფორმები.
ამ დოკუმენტებში აისახა მათი საპროგრამო დებულებები, სოციალურ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრიორიტეტები, დაპირებები მოსახლეობისადმი და სხვ. თითოეული პარტია ცდილობდა ხაზი გაესვა საკუთარი დამსახურებისათვის, შთამბეჭდავად წარმოეჩინა მიღწეული შედეგები, გულუხვი ყოფილიყო დაპირებებში და მიემხრო ამომრჩეველი. მაგალითად, სოციალ-დემოკრატები აცხადებდნენ: ჩვენი მოღვაწეობის შედეგია, რომ ,,პატარა საქართველო დღეს ოაზისივით დგას, როგორც სანიმუშო გამონაკლისი რუსეთის უდაბნოში. მხოლოდ ერთადერთი საქართველოს დემოკრატია სარგებლობს ბრძოლით მოპოვებული უპირატესობით~. პლატფორმა განმარტავდა, რომ სოციალ-დემოკრატიამ მუშათა პარტიისათვის უჩვეული _ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმე რევოლუციის მონაპოვართა შესანარჩუნებლად და ხალხის ინტერესების დასაცავად აიღო. პარტია მრავალ სიკეთეს აღუთქვამდა ელექტორატს და შეახსენებდა, რომ სოციალ-დემოკრატების გზა მიემართებოდა ,,სრული დემოკრატიზმიდან სოციალიზმისაკენ” (2, 22. I).
სოციალიზმს ,,შრომის სამეფოდ, მშრომელთა ბატონობად” წარმოაჩენდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, რომელიც ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ საქართველოში მოაწყობდა ,,ნამდვილ დემოკრატიულ ხალხურ რესპუბლიკას” და შექმნიდა პირობებს ბურჟუაზიული სახელმწიფოდან სოციალისტურ, შრომის სამეფოდ გარდასაქმნელად. ამასთან, ფედერალისტები მძლავრი საქალაქო და საერობო თვითმმართველობის საფუძველზე საქართველოს ,,თვითმმართველი ერთეულების კავშირად, ფედერაციად” სახეცვლილების დაპირებითაც გამოდიოდნენ (6, 26. I).
„თავისუფალ მიწაზე თავისუფალი მიწის მუშა~, ,,სოციალისტური ძალაუფლებიდან _ სოციალიზმისაკენ“, ასეთი იყო ქართველ ესერთა მთავარი გზავნილი ხალხის, უმთავრესად გლეხობისადმი, რომელთა წიაღშიც ეგულებოდა ამ პარტიას მხარდამჭერთა უმრავლესობა (7, 12. II).
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თუ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა გაშალეს სააგიტაციო მუშაობა, ეწყობოდა საჯარო ლექციები, შეკრებები, გაზეთების მეშვეობით ცალკეული პარტიები მოსახლეობას განუმარტავდნენ დამფუძნებელი კრების რაობას, მის მნიშნელობასა თუ საჭიროებას. მაგალითად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა გორში წაიკითხა საჯარო მოხსენება თემაზე ,,საქართველოს თანამედროვე მდგომარეობა და დამფუძნებელი კრება” (6, 8. II), პარლამენტის წევრები რაფიელ ივანიცკი (ინგილო) და იოსებ მაჭავარიანი მოხსენებებით გამოვიდნენ თელავის საზოგადოების წინაშე (9, 26. I) და სხვ.
„დამფუძნებელი კრება _ ეს რევოლუციის გვირგვინია; მის შენაძენთა განმტკიცებაა, მის წყალობათა და მადლთა ქვეყნიურ რეალობად ქცევაა, ხალხის ბატონობის დღესასწაულია~; „დამფუძნებელი კრება რესპუბლიკის დედაბოძია, მისი დანგრევა თვით ამ რესპუბლიკის ძირის გამოთხრაა“, „დამფუძნებელი კრება დიდი, საისტორიო, საკაცობრიო მოვლენაა, _ იგი ხალხის გამარჯვების მომასწავებელია“, _ წერდა გაზეთი „ერთობა” (2, 15. I; 12. II) და მკითხველს არჩევნების აუცილებლობაში არწმუნებდა.
„ჩვენს თაობას ბედნიერი წილი ჰხვდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობით. ჩვენ მონაწილენი ვართ ისტორიის იშვიათი მოვლენისა! დიდ მოვალეობას და პასუხისგებას აკისრებს ბედი ქართველ ხალხს! ... დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფოებრიობას მტკიცე საფუძველი ეყრება და მასზე კედლების აღმართვა ქართველი ერის არქიტექტონიკურ ნიჭზეა დამოკიდებული“; „მოქალაქენო! არჩევნების დღეს უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი! თქვენ თვითონ უნდა გამოჭედოთ იგი! საქართველოს ერთი დიდი მტერთაგანი იქნება არჩევნებისადმი გულცივობა! ... არჩევნების დღეებში არც ერთი არ დარჩეთ შინ! ყველამ მიაშურეთ საარჩევნო ყუთებს! არც ერთმა არ დაჰკარგოთ ხმა!“ _ მოუწოდებდა ქართული პრესა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიკა მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს როგორც პოლიტიკური პარტიების რეიტინგს, ისე ხალხის დამოკიდებულებას არჩევნებისადმი და სხვ. ამ პერიოდის ჟურნალ-გაზეთების ანალიზი ცხადყოფს, რომ არჩევნებში ფავორიტ ძალად სოციალ-დემოკრატიული პარტია მიიჩნეოდა. თავის მხრივ, სოციალ-დემოკრატებს მთავარ პოლიტიკურ კონკურენტად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ესახებოდათ და ამიტომაც წინასაარჩევნო ბრძოლა ძირითადად მათთან დაპირისპირების ნიშნით წარიმართა. თუმცა გაზეთი ,,ერთობა” არც დანარჩენ პარტიებსა და მათ კანდიდატებს ტოვებდა უყურადღებოდ, შეახსენებდა მკითხველს: ,,ვინ არ იცნობს ვეშაპელის კაციჭამიობას (გრიგოლ ვეშაპელი იყო საქართველოს ეროვნული პარტიის ლიდერი, _ ო. ჯ.), გვაზავა-კედიას ნაციონალისტურ-ბურჟუაზიულ სულისკვეთებას. ვინ არ იცნობს ჩვენს მეოცნებე სოციალისტ-ფედერალისტების და ესერების უნიადაგობა-უიმედობას. ... მათი არსებობის ორი მთავარი ღერძი იყო ნაციონალიზმი და სოციალიზაცია. პირველი ნაციონალისტებმა მიისაკუთრეს, მეორე ხალხმა და ცხოვრებამ უარჰყო, მოჰკლა და ახლა ეს ჯგუფები დაფარფატებენ ცის სივრცეში, როგორც დედა პლანეტაზე მოწყვეტილი მეტეორი და არავინ უწყის, სად დაეცემიან~; ან კიდევ: ,,ვინ ატარებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სახელს? ვინ დგას ნამდვილად ამ პარტიის დროშის ქვეშ? ეს არის ხალხი, რომელმაც რსდმპ-დან შეითვისა მხოლოდ მისი ნაკლი. ... ჯგუფის წევრები დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა დასჩხავიან საქართველოს, თქვენ ვერ იარსებებთ, თქვენ პირველი მოფრენილი ქორი წაგიღებთ, თქვენ თათრები შეგჭამენ და სხვ. ... მათ იციან ძველი სოციალისტური ლექსიკონი, რომლითაც უხვად ისარგებლებენ, მაგრამ მათ სიტყვებს უკან იფარება მტრული საქმე და ბოროტი ზრახვები. მტრული საქმე საქართველოს დემოკრატიის წინააღმდეგ და ბოროტი ზრახვები ერთა სოლიდარობის წინააღმდეგ” (2, 26. I).
წინასაარჩევნო დაპირისპირების სიმწვავეს კარგად ასახავს პარტიათა სააგიტაციო მასალის შინაარსი. სოციალ-დემოკრატებმა პოლიტიკური მოწინააღმდეგის კომპრომეტაციის მიზნით გამოსცეს პლაკატი, რომელზეც შარჟით გამოხატული იყო ქართველი თავადი და მოუწოდებდნენ გაეშავებინათ ,,გლეხობის ექსპლოატატორი, მემამულეთა ინტერესების დამცველი” ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატები. საპასუხოდ ეროვნულ-დემოკრატებმა გაავრცელეს პლაკატი წარწერით: ,,მაწანწალა ვიყავი, კომისარი გავხდი” (კომისრებად, როგორც წესი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ). პლაკატების ,,ომი” ,,ეს იყო პატარა მასშტაბი ამერიკული სისტემის გადმონერგვისა ჩვენშიო”, _ შენიშნავდა ერთი იმდროინდელი პუბლიცისტი.
პოლიტიკური პარტიების მძაფრი პაექრობის ნიმუშად გამოდგება მათი წინასაარჩევნო ლოზუნგები, რომლებიც ასევე უხვად შემორჩა პრესის ფურცლებს. სოციალ-დემოკრატები მოუწოდებდნენ: ,,მოქალაქენო! ქართველი ნაციონალ-დემოკრატები რეაქციას ემსახურებიან და მემამულეთა ინტერესებს იცავენ. ხმა მიეცით მემამულეთა პარტიის წინააღმდეგ!” ეროვნულ-დემოკრატთა ლოზუნგი პასუხობდა: ,,მოქალაქენო! სოციალ-დემოკრატები მოითხოვენ ხალხის პროლეტარიზაციას (გაღატაკებას); ეროვნულ-დემოკრატები იცავენ ხალხში დოვლათის და სიმდიდრის დაგროვებას!” ან კიდევ, სოციალ-დემოკრატები გაიძახოდნენ: ,,ნაციონალისტები მუდამ ომის გაჩაღებას ელტვიან. მათ ხალხის სისხლი არ ენანებათ. სოციალ-დემოკრატია მშვიდობიანობის მოტრფიალეა. სოციალ-დემოკრატიამ შესძლო სომხეთთან ომის დროზე დაბოლოება!” ეროვნულ-დემოკრატები პასუხს სცემდნენ: ,,ეროვნულ-დემოკრატია სასტიკად ებრძვის სომეხი პლუტოკრატიის ბატონობას საქართველოში და ქალაქის თვითმმართველობაში. მიეცით ხმა მეორე ნომრის სიას” და სხვ.
სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგიც ერთობ კატეგორიულად მოუწოდებდა: ,,მოქალაქენო! საქართველოს დამოუკიდებლობას და ქართველი მშრომელი ხალხის ინტერესებს ღირსეულად დაიცავენ მხოლოდ სოციალისტ-ფედერალისტთა კანდიდატები. ხმა მიეცით #5-ს. არც ერთი ხმა სხვა პარტიებს!” (6, 10. II).
სხვებს არც საქართველოს ესერები ჩამორჩებოდნენ. აი, მათი მოწოდების ნიმუშებიც: ,,სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია არის ერთადერთი პარტია ჩვენში, რომელიც მშრომელ ხალხს ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდა. მიეცით ხმა სიას # 3!; ,,ყველამ, ვინც თავის შრომითა სცხოვრობს, ხმა უნდა მისცეს #3-ს!” (7, 24. I).
ინტერესმოკლებული არ იქნება, ასევე, გავეცნოთ ორიოდე საარჩევნო ექსპრომტსაც, რომლებიც მაშინდელმა გაზეთებმა შემოინახა: 1. სოციალ-დემოკრატიული პარტია: ,,აი, აქვე ამ ადგილას, გამათავოს ზეცით მეხმა, თუ ეროვნულ-დემოკრატებს მივაშავო კვირას მე ხმა!” (6, 2. II). 2. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია: ,,მართალია, მეგობარო, შენც მოგბეზრდა, შენც დაღალდი, მაგრამ მაინც ერთხელ კიდევ დაიჭირე ეს ქაღალდი, ინახულე შენს უბანში საარჩევნო დიდი ყუთი და ჩაუშვი ჩვენი სია: მხოლოდ ხუთი, მხოლოდ ხუთი!” (6, 15 II).
აქვე დავიმოწმებთ ესერთა პარტიის ერთ-ერთ მიმართვასაც თავისი ელექტორატისადმი: ,,თქვენ ხელში, ამხანაგო გლეხებო, დიდი ბასრი იარაღია. ეს იარაღია კენჭები. თუ გაუთეთრეთ კენჭი თქვენს პარტიას, გლეხობის პარტიას, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიას #3, თქვენს ბედს ... ძაღლი არ დაჰყეფს, რადგან სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია მუდამ თქვენზე იზრუნებს და თქვენს კეთილდღეობას განამტკიცებს. აბა, გლეხებო, 14 თებერვალს სწყდება თქვენი ბედი და არ დაიღუპოთ, თქვენი ხელით არ გამოიჭრათ კისერი _ ხმა არ მისცეთ სხვა პარტიას, ის თქვენს ინტერესებს არ დაიცავს!” (7, 8. II).
საქართველოს დამფუძნებელი კრების კენჭისყრა წარმატებით ჩატარდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო არჩევნების ორგანიზება მთელს საქართველოში ვერ მოხერხდა. მაგალითად, არჩევნები არ შემდგარა აფხაზეთში (სოხუმის ოლქში, როგორც იმხანად იწოდებოდა ეს მხარე, მიმდინარეობდა მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები); ბორჩალოს მაზრაში, ახალციხესა და ახალქალაქში ხმის მიცემას ხელი შეუშალა სომხეთთან საომარი მოქმედების შედეგებმა, ხოლო ზემო სვანეთში, თიანეთისა და დუშეთის მაზრების ნაწილში კენჭისყრა დიდთოვლობის გამო არ გამართულა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დამატებითი არჩევნები ამ რეგიონებში (აფხაზეთის გარდა) მოგვიანებით, 1919 წლის აგვისტოში მოეწყო.
დამფუძნებელი კრების არჩევნები აფხაზეთის ავტონომიურ რეგიონში თავისთავად საგულისხმო საკითხია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ ფონს, თემა კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება.
საბჭოთა ხელისუფლების წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის კვლევას, როგორც წესი, ტაბუ ედო, ამიტომ ხსენებული პრობლემაც დიდი ხნის განმავლობაში ბურუსით მოცული და გამოურკვეველი იყო. პოსტსაბჭოთა პერიოდის აფხაზური ისტორიოგრაფია ესწრაფვის 1918-1921 წლების აფხაზეთი საქართველოსაგან ჩამოშორებულ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად წარმოაჩინოს და, ფაქტების იგნორირებით, სასურველ რეალობად გაასაღოს.
თანამედროვე აფხაზი ავტორის ს. ლაკობას სიტყვით, საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებს ხალხმა აფხაზეთში ბოიკოტი გამოუცხადა (10, 335). ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს აფხაზეთში ხალხმა კი არ აქცია ზურგი, არამედ არჩევნების ჩაშლისაკენ ადგილობრივმა ბოლშევიკურმა ორგანიზაციამ _ სოხუმის საოლქო კომიტეტმა მოუწოდა. პროკლამაციაში, რომელიც იმ ხანად სოხუმელმა ბოლშევიკებმა გაავრცელეს, აღნიშნული იყო: ,,არც ერთი ხმა არ უნდა მისცეთ თქვენ, აფხაზეთის მშრომელებო, დამფუძნებელი კრების არჩევნებში. ... ძირს დამფუძნებელი კრება! სრული ბოიკოტი არჩევნებს! გაუმარჯოს რუსეთის კომუნისტურ პარტიას ბოლშევიკებისა!~ (8, 669).
1919 წლის დამდეგისათვის ბოლშევიკთა გავლენა აფხაზეთში სრულიად უმნიშვნელო იყო. მათ მცდელობას, რეგიონში ბოიკოტის გზით ჩაეშალათ არჩევნები, შედეგი ისევე არ მოჰყვებოდა, როგორც არ მოჰყოლია დანარჩენ საქართველოში. ადგილობრივი მცხოვრებლების, მათ შორის არაქართველთა მნიშვნელოვან ნაწილში (განსაკუთრებით სომხურ მოსახლეობაში) საქართველოს დამფუძნებელი კრებისადმი დადებითი განწყობა და მის არჩევნებში მონაწილეობისათვის აქტიური სამზადისიც შეინიშნებოდა (11, 274).
აფხაზეთში მოქმედებდა საქართველოში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის რეგიონული ორგანიზაცია, რომლებმაც თავიანთი ზემდგომი პარტიული ორგანოების მითითებათა შესაბამისად, აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოები, მაგრამ არჩევნები რამდენჯერმე გადაიდო.
ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი (დ. ჩიტაია, ჯ. გამახარია, ზ. პაპასქირი) მიიჩნევს, რომ საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები აფხაზეთშიც გაიმართა (11, 272, 274, 277; 12, 299: 13, 35). საამისო საბუთად მათ ის მოჰყავთ, რომ დამფუძნებელი კრების დეპუტატად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აფხაზეთის რამდენიმე წარმომადგენელიც იყო არჩეული. სინამდვილეში, აფხაზეთში დამფუძნებელი კრების არჩევნები არ შემდგარა. საქმე შემდეგში იყო:
1919 წლის თებერვალში ამ კუთხეში უნდა ჩატარებულიყო ერობებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნები. დამფუძნებელი კრების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელს აფხაზეთში ისიდორე რამიშვილს რეკომენდაცია მისცა, მოეწყოთ საოლქო საარჩევნო კომისია დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვისაც და ხმების მისაცემად გამოეყენებინათ ადგილობრივი სახალხო საბჭოს საარჩევნო სიები (14, საქ. 76, ფურც. 1). მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებამ მთავარი აქცენტი რეგიონში ადგილობრივი მმართველობითი სტრუქტურის _ აფხაზეთის სახალხო საბჭოს ფორმირებაზე გადაიტანა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები მომავლისათვის გადაიტანა. მთავრობის ოფიციოზი, გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა” 1919 წლის 30 იანვარს იუწყებოდა: ,,სოხუმის ოლქში მომავალ 14-16 თებერვალს არჩევნები დამფუძნებელი კრებისა არ მოხდება, რადგანაც ამ ჟამად სწარმოებს ერობისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნები. ამ ოლქისათვის მარტის დამლევს ან აპრილის პირველ რიცხვებში დანიშნული იქნება დამატებითი არჩევნები” (15, 30 I). გაზაფხულისთვის სავარაუდო არჩევნების თარიღმა ზაფხულისათვის გადაიწია.
დამფუძნებელი კრების არჩევნები სოხუმის ოლქში დანიშნულია 10, 11, 12 აგვისტოს, წერდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ა. ლომთათიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს არზაყან ემხვარსა და გაგრის ქალაქის თავს (14, საქმ. 76, ფურც. 4-5). ივლისში შეიქმნა ,,მცირე საარჩევნო კომისიაც” რეგიონში დამატებითი არჩევნების ორგანიზებისათვის. კომისიის წევრებად ცალკეულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა დანიშნეს: ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ა. თორაძე, ფედერალისტებმა _ ს. ხუნდაძე, ესერებმა _ ნ. ნუცუბიძე და სხვ. (14, საქმ. 76, ფურც. 7-9).
მალე ალექსანდრე ლომთათიძემ სოხუმიდან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო: ,,არჩევნების დაწყებას თვლიან ნაადრევად. არჩევნების საკითხს განიხილავენ აფხაზეთის საბჭოში. დაწვრილებით ჰკითხეთ ი. რამიშვილს” (14, საქმ. 76, ფურც. 10). დამფუძნებელი კრების არჩევნები ამ კუთხეში, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გადაიდო.
სამანდატო კომისიის მოხსენებაში, რომელიც დამფუძნებლმა კრებამ 1919 წლის 29 სექტემბერს მოისმინა, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ მოახერხა დამატებითი არჩევნების დანიშვნა ყველგან, სადაც იგი პირველი არჩევნების დროს არ ჩატარებულა. ,,ზოგ ადგილში ეს პირდაპირ შეუძლებელი იყო. ასეთი იყო მაგალითად აფხაზეთი” (16, 1919 წ., 29 IX, 2). ის ფაქტი, რომ აფხაზეთში საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები არ შედგა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სპირიდონ კედიამ ასე განმარტა: ,,აფხაზეთის საბჭო თავის თავს სუვერენულ ორგანოდ სთვლის. იგი აბრკოლებს და წინ ეღობება ჩვენს გავლენას და სახელმწიფოებრივ მოქმედებას აფხაზეთში. ... ჩვენმა წარმომადგენელმა ბ-ნმა ისიდორე რამიშვილმა, არ ვიცი რატომ, საჭიროდ დაინახა შეჰკითხოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს აფხაზეთში დამატებითი არჩევნების მოწყობის შესახებ. ამ შეკითხვამ საბჭოს საბაბი და საბუთი მისცა თავისათვის დაეტოვებია გარდამწყვეტი უფლება არჩევნების გამართვის ნებართვისა; მან პრინციპული დამოკიდებულება დაიჭირა ამ წინადადებისადმი და მხოლოდ იმ პირობით და მაშინ თანხმდება აფხაზეთში დამატებითი არჩევნების გამართვაზე, თუ ჩვენ მივიღებთ იმ კონსტიტუციას, რომელსაც აფხაზთა საბჭო იმუშავებს, თუ არა და _ არა! ასეთია ... სახალხო საბჭოს პირობა” (16, 1919 წ., 2. VIII, 22).
ს. კედიას განცხადება რომ სინამდვილეს შეესაბამებოდა, ცხადყოფს 1919 წლის 25 ნოემბერს გამართული აფხაზეთის სახალხო საბჭოს სხდომა, რომელიც მართლაც განიხილავდა საქართველოს დამფუძნებლი კრების დამატებითი არჩევნების საკითხს, მაგრამ საბჭოს ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობის გამო, სხდომა ჩაიშალა (11, 316-317).
ქართული პერიოდული პრესის მოწმობით, რევოლუციის პირველი დღეების შემდეგ არც ერთ არჩევნებს ასეთი ინტერესი არ გამოუწვევია, როგორიც დამფუძნებელი კრების არჩევნებმა გამოიწვია (2, 18. II).
მართლაც, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღო დამფუძნებელი კრების არჩევნებში და გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება (საარჩევნო ურნებთან მივიდა ელექტორატის დაახლოებით 58 პროცენტი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლეგიტიმურად ჩაითვალა 505 477 ხმა; პირველ დამატებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 30 ათასამდე ამომრჩეველმა).
როგორც სავარაუდო იყო, არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. მათ ხმების 84 %-მდე დააგროვეს და 109 მანდატი მიიღეს. დანარჩენი 21 ადგილი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გაინაწილა. ეროვნულ-დემოკრტებმა და ფედერალისტებმა დამფუძნებელ კრებაში 8-8 დეპუტატი გაიყვანეს, 5 ადგილი სოციალისტ-რევოლუციონერებს ერგოთ.
დამატებით არჩევნებს დამფუძნებელი კრების პარტიულ შემადგენლობაში სერიოზული კორექტივები არ შეუტანია. ქვეყნის პოლიტიკურ საჭეს სოციალ- დემოკრატები დაეუფლნენ.
დამფუძნებელი კრების არჩევნებს ოფიციალური საერთაშორისო მეთვალყურეები და დამკვირვებლები არ დასწრებიან. ოპოზიციურმა პარტიებმა, მართალია, ხმის მიცემისას სხვადასხვა დარღვევა გამოამჟღავნეს, აღნიშნეს ხარვეზები, რამაც გარკვეული ჩრდილი მიაყენა არჩევნებს, მაგრამ მათივე სამართლიანი შეფასებით, ყველაფერი რომ იდეალურად წარმართულიყო, საბოლოო შედეგი დიდად მაინც არ შეიცვლებოდა.
ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. როგორ შეიძლება აიხსნას მათი ესოდენ მნიშვნელოვანი მიღწევა? გაზეთი ,,გრუზია” შენიშნავდა: ,,დამფუძნებელი კრების არჩევნებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმების დიდი უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიას არგუნა. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მცხოვრებთა დიდი ნაწილი სოციალიზმის პრინციპებს აღიარებდეს. ეს არის პირდაპირი და ბუნებრივი შედეგი იმ აუტანელი მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენ ას წელზე მეტი ვიმყოფებით. უსამართლობას, უფულობას და გაჭირვებას მიჩვეული მშრომელი ხალხი მისდევს იმ პარტიებს, რომელნიც ადვილად აძლევენ დაპირებებს” (2, 22 II).
სოციალური დემაგოგიის გარდა, რასაც ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების რუსულენოვანი გაზეთი მიუთითებდა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმატება დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვა ფაქტორებმაც განაპირობა. ამ პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა არა იმიტომ, რომ მისი პროგრამა და საარჩევნო პლატფორმა სხვაზე უკეთესი იყო (დამფუძნებელი კრების არჩევნებისას პროგრამათა ჭიდილი არ გამართულა), ანდა მარქსისტული იდეოლოგია სჯობდა ეროვნულ მიზანდასახულობებს. საქმე ის იყო, რომ სოციალ-დემოკრატებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდათ (მონაწილეობდნენ და გაიმარჯვეს რუსეთის ოთხივე სახელმწიფო სათათბიროსა და რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში), როგორც ძირითადი სახელისუფლებო პარტია, იგი ფლობდა სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებზე მეტ ფინანსებს, ჰქონდა აგიტაცია-პროპაგანდის გაცილებით ფართო საშუალება, მის სასარგებლოდ მოქმედებდა არჩევნების პროპორციული სისტემა და სხვ.
ეროვნული საკრებულოს დეპუტატები გახდნენ ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო მოღვაწეები: ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა ნუცუბიძე, შალვა ალექსი-მესხიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ნათაძე და სხვ. დამფუძნებლი კრების დეპუტატთა შორის, ქართველთა გარდა, იყვნენ აფხაზები, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა _ ოსების, სომხების, აზერბაიჯანლების, რუსების, ებრაელების, ბერძენთა და აისორთა წარმომადგენლები (ყველანი სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგან).
საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატის მანდატებს ფლობდნენ:
სომხები
1. აუშტროვი რუბენ _ სოც.დემოკრატი
2. ვარდოიანცი მიკიჩ _ სოც.დემოკრატი
3. ავეტისიანი ტიგრან _ დაშნაკციუთუნი
4. დავითხანიანი დავით _ დაშნაკციუთუნი
5. ზორიანი ზორი _ დაშნაკციუთუნი.
რუსები
1. ზახაროვი დიმიტრი
2. კოვალიოვი მიხეილ
3. ლოსკუტოვი ანდრია.
ოსები
1. გაგლოევი გიორგი
2. პანიევი კონსტანტინე
3. ფარნიევი ალექსანდრე.
ებრაელები
1. გერშტეინი ერიკ
2. დავარაშვილი მოსე
3. ელიგულაშვილი იოსებ
აზერბაიჯანელი
1. მამედოვი ჰუსეინ
ბერძენი
1. პაშალიდი ივანე
აისორი (იეზიდი)
1. ბიული პავლე (17).
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრთაგან მხოლოდ ოთხი იყო ქალი: ელისაბედ ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა, მინადორა ტოროშელიძე და ქრისტინე შარაშიძე (ყველა სოციალ-დემოკრატი).
დამფუძნებელი კრება მოწოდებული იყო გამოეხატა ერის უზენაესი ნება, ინტერესები და მისწრაფებანი. ,,საქართველოს ცნობიერების გვირგვინი~, ასე უწოდებდა დამფუძნებელ კრებას შალვა ნუცუბიძე, თავად ერთი გამორჩეული წევრი ამ წარმომადგენლობითი ორგანოსი.
საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 90 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, თბილისში, ყოფილი კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში (დღევანდელი მოსწავლეთა სასახლე) გაიხსნა. კრების გახსნა ფირზე აღბეჭდა რეჟისორმა გერმანე გოგიტიძემ. იმდროინდელმა პრესამაც შემოგვინახა ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი დოკუმენტური მასალა. ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტის სიტყვით: ,,სასახლესთან ტევა აღარაა. ქუჩის ორივე მხარე სავსეა ხალხით. ნემსი ვერ ჩავარდებაო რომ იტყვიან, სწორედ ისეა. ტრამვაის მოძრაობა შეჩერებულია. ... სასახლის თეთრი დარბაზის შუაში სხედან სოციალ-დემოკრატები, მარცხნივ სოციალისტ-ფედერალისტები და ესერები, მარჯვნივ ეროვნულ-დემოკრატები. სავსეა პრესის წარმომადგენელთა ლოჟა. აქვე არიან უცხო სახელმწიფოთა _ ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის, შვეიცარიის, ესპანეთის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, პოლონეთის, სპარსეთის, ჩეხოსლოვაკიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლიტვის, უკრაინის და სხვ. წარმომადგენლები. 12 საათსა და 5 წუთზე სხდომას ხსნის უხუცესი დეპუტატი სილიბისტრო ჯიბლაძე, მდივნობს ყველაზე ახალგაზრდა გოგიტა ფაღავა“.
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (პირველ მოადგილედ) _ ალექსანდრე ლომთათიძე (ორივე სოციალ-დემოკრატი). თავმჯდომარის ამხანაგებად (მოადგილეებად) აირჩიეს ექვთიმე თაყაიშვილი (ეროვნულ-დემოკრატი) და სიმონ მდივანი (სოციალისტ-ფედერალისტი); მდივნობა დაეკისრათ გრიგოლ (გიგო) ნათაძესა (სოციალისტ-რევოლუციონერი) და ქრისტინე შარაშიძეს (სოციალ-დემოკრატი).
სხდომის დასასრულს წაიკითხეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც პირველებმა ხელი მოაწერეს მთავრობის წევრებმა, შემდეგ სხდომის დამსწრე დამფუძნებელი კრების 99 დეპუტატმა.
დამფუძნებელი კრების პირველი დღე თავისი მნიშვნელობით გამორჩეული თარიღია საქართველოს სახელმწიფოებრივ ისტორიაში. ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა ეროვნული სახალხო-წარმომადგენლობითი საკრებულო, როგორც ქვეყნის სრულიად ლეგიტიმური უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. დასაბამი მიეცა ფართო კანონშემოქმედებით პროცესს, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებითა და მიღებით დაგვირგვინდა. საქართველოს დამფუძნებელი კრების მოღვაწეობის შესახებ სრულ წარმოდგენას იძლევა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, რომელიც 1990 წელს ცალკე წიგნად გამოიცა (18).
დამფუძნებელი კრების არჩევნებში, როგორც ითქვა, დამაჯერებლად გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატებმა და სადეპუტატო მანდატების აბსოლუტურ უმრავლესობას დაეუფლნენ. კოალიციური პრინციპით შექმნილი მთავრობა შეიცვალა და იგი მთლიანად არჩევნებში გამარჯვებულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დააკომპლექტა. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ნოე ჟორდანია დაამტკიცეს. Mკაბინეტის წევრები გახდნენ: ნოე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ხომერიკი, კონსტანტინე კანდელაკი.
სოციალ-დემოკრატიული პარტია საქართველოს ერთპიროვნულ მმართველ პოლიტიკურ ძალად იქცა. დანარჩენმა სახელისუფლო პარტიებმა ამჯერად ოპოზიციაში გადაინაცვლეს. ისინი არ გაურბოდნენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, მაგრამ კრიტიკულად უდგებოდნენ მთავრობისა თუ მისი პარტიის ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას, გამოთქვამდნენ შენიშვნებს, სთავაზობდნენ ალტერნატიულ წინადადებებსა და სხვ.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავისი ორწლიანი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ცხოვრებაში. მდიდარი და ნაყოფიერი საქმიანობით მან შექმნა საყურადღებო გამოცდილება, რომელიც დღემდე ინარჩუნებს არა მხოლოდ შემეცნებით ღირებულებას, არამედ პრაქტიკულ დანიშნულებასაც.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. გაზ. „საქართველო“, 1917 წ.
2. გაზ. „ერთობა“, 1919 წ.
3. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წ.
4. საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი (სცსსა), ფ. 1834, ანაწ. 2.
5. ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., 1990.
6. გაზ. „სახალხო საქმე“, 1919 წ.
7. გაზ. „შრომა“, 1919 წ.
8. Борьба за победу советской власти в Грузии. Документы и материалы, Тб., 1958.
9. გაზ. „საქართველო“, 1919 წ.
10. О. Г. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии, Сухуми, 2006.
11. დ. ჩიტაია, აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში. აფხაზეთის სახალხო საბჭო, თბ., 2006.
12. ნარკვევები საქართველოს ისტორიდან. აფხაზეთი, თბ., 2008.
13. ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, II, თბ., 2007.
14. სცსსა, ფ. 1834, ანაწ. 1.
15. გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა~, 1919 წ.
16. საქართველოს დამფუძნებლი კრება, სტენოგრაფიული ანგარიში.
18. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული. 1918-1921, თბ., 1990.
დამფუძნებელი კრება და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავება (მ. მაცაბერიძე)
საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევის მთავარი მიზანი, იმ დროს გაბატონებული შეხედულების თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საფუძვლების განსაზღვრა, ანუ ქვეყნის კონსტიტუციის შემუშავება იყო. ბუნებრივია, კონსტიტუციის ხასიათი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო იმ პოლიტიკური ძალის იდეოლოგიასა და ფასეულობით პრიორიტეტებზე, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებდა დამფუძნებელ კრებაში.
საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა 1919 წ. 14-16 თებერვალს. მასში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა იმდროინდელი საქართველოს წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ _ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. დამფუძნებელი კრების 130 ადგილიდან მათ 109 მოიპოვეს. ზაფხულში ჩატარებულმა დამატებითმა არჩევნებმა საქართველოს იმ რაიონებში, სადაც ვერ მოხერხდა არჩევნების ჩატარება 1919 წლის თებერვალში, რამდენამდე შეამცირა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობა დამფუძნებელ კრებაში _ 103 დეპუტატამდე, მაგრამ ამას, ბუნებრივია, არ შეუცვლია ძალთა თანაფარდობა. საქართველოს კონსტიტუციის შემუშავება და მიღება, ფაქტობრივად, ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდა.
დრო, როდესაც იქმნებოდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია, კრიზისული იყო თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებაში. პირველი მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და ქაოსის პირობებში, მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალები ეჭვქვეშ აყენებდნენ ტრადიციული დემოკრატიული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფასეულობებისა და ინსტიტუტების მნიშვნელობას. ასეთი განწყობა ჭარბობდა ხალხის ნაწილშიც. უმძიმეს პირობებში, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ გააკეთა ისტორიული არჩევანი _ აეშენებინა დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. მიუხედავად დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდისა, ქართველმა ხალხმა შეძლო გამოევლინა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის უდიდესი ენერგია.
ორი უმთავრესი პრინციპი _ ერისა და პიროვნების თავისუფლება საფუძვლად დაედო საქართველოს პირველ კონსტიტუციას. ეს დოკუმენტი პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის "კონსტიტუციურ ტალღაში" შედის (გერმანია 1919, ავსტრია 1920, ფინეთი 1921 და ა.შ.) და თავისი ინდივიდუალურობით, ისევე როგორც თანმიმდევრული დემოკრატიზმით საპატიო ადგილი უკავია მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.
დამფუძნებელმა კრებამ თავის მესამე სხდომაზე, 1919 წ. 18 მარტს, სხვა კომისიებთან ერთად, აირჩია საკონსტიტუციო კომისიაც 15 წევრის შემადგენლობით. მასში შევიდნენ დამფუძნებელ კრებაში არსებული პარტიული ფრაქციების წარმომადგენლები. სოციალ-დემოკრატებს კომისიაში 10 წევრი ჰყავდათ. 2-2 წევრით იყო წარმოდგენილი ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიები, 1 სოციალისტ-რევოლუციონერი იყო. კომისიის შექმნას რაიმე კამათი არ გამოუწვევია. ფრაქციებს წინასწარ ჰყავდათ განსაზღვრული თავიანთი კანდიდატები. საკონსტიტუციო კომისიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან შევიდნენ: რ. არსენიძე, ს. ჯაფარიძე, პ. საყვარელიძე, ლ. ნათაძე, ვ. ჯაფარიძე, კ. ანდრონიკაშვილი, რ. ჩიხლაძე, მ. რუსია, გ. ფაღავა და პ. წულაია; ეროვნულ-დემოკრატებიდან _ ს. კედია და გ. გვაზავა; სოციალისტ-ფედერალისტებიდან _ ი. ბარათაშვილი და გ. ლასხიშვილი; სოციალისტ-რევოლუციონერებიდან _ გობეჩია. საკონსტიტუციო კომისიაში შემდგომ ახალი ფრაქციების წარმომადგენლებიც შეიყვანეს. კერძოდ, გრიგოლ ვეშაპელი ეროვნული პარტიიდან და ტ. ავეტისიანი დაშნაკებისგან (4: 408).
დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის განკარგულებაში გადავიდა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის მასალები. მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მით უფრო ადვილი იყო, რომ კვლავ დომინირებდა იგივე პარტია და პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრი (ს. ჯაფარიძე, პ. საყვარელიძე, რ. არსენიძე) აირჩიეს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაშიც.
კომისიის მიერ კონსტიტუციის პროექტის შემუშავება გაჭიანურდა, რამაც ოპოზიციური პარტიების შეშფოთება გამოიწვია. 1919 წლის ოქტომბერში დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ საკითხი აღძრა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წინაშე, რომ საკონსტიტუციო კომისიისთვის მოეთხოვათ ერთი თვის ვადაში კონსტიტუციის პროექტის წარმოდგენა. ფრაქცია აღნიშნავდა, რომ კონსტიტუციის შემუშავება დამფუძნებელი კრების უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენდა და მიუხედავად გასული 7 თვისა, ამ მხრივ საქმე წინ არ წასულა. კონსტიტუციის შემუშავების დაჩქარება კი აუცილებელი იყო როგორც საშინაო, ისე საგარეო პირობებით. ქვეყნის შიგნით "ამისთანა ისტორიული აქტი მშვიდობიან კალაპოტში ჩააყენებს ჩვენს შინაურ ცხოვრებას, გააღვიძებს ხალხში უფლებრივ შეგნებას და დაამყარებს წესიერებას" (8: 3).
ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის აზრით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ექნებოდა კონსტიტუციის მიღებას საერთაშორისო თვალსაზრისით. ახლადშექმნილი სახელმწიფოების, _ მათ შორის საქართველოს ცნობა-არცნობის საკითხი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების ხელში იყო. ისინი ებრძოდნენ ბოლშევიზმს, "როგორც უკიდურეს სოციალისტურ მოძრაობას". ამიტომ დასავლეთის ქვეყნების თანაგრძნობას მოიპოვებდნენ ის ახალი სახელმწიფოები, რომელთა "ეროვნული სულისკვეთება და ნებისყოფა" მიმართული იქნებოდა არა "ანარქიისა და სამოქალაქო ომისაკენ, არამედ უფლებრივი სახელმწიფოს შექმნისა და წესიერების დამყარებისაკენ" (8: 3).
საკონსტიტუციო კომისიის იმდროინდელმა თავმჯდომარემ რ. არსენიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა და "კონსტიტუციის მთავარი ნაწილი უკვე მზად იყო". მან დამფუძნებელ კრებას აღუთქვა, რომ კონსტიტუციის პროექტს განსახილველად წარადგენდნენ 1920 წლის იანვარში (5: 67). გარდა ამისა, საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვიტა საზოგადოების სამსჯავროზე გამოეტანა კონსტიტუციის პროექტის უკვე შემუშავებული თავები (3: 31). ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" 1919 წლის 285-ე და 296-ე ნომრებში დაიბეჭდა: 1 აღმასრულებელი ხელისუფლება, 2. მოქალაქეთა უფლებანი, 3. სოციალური უფლებანი, 4. სწავლა-განათლება, 5. სქესთა ურთიერთობა, 6. რესპუბლიკის სამხედრო ძალები, 7. სასამართლო, 8. სახელმწიფო და ეკლესია, 9. ადგილობრივი მმართველობანი და 10. სახელმწიფო მოხელენი.
1920 წლის იანვარში დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ საკონსტიტუციო კომისიას გადაჭრით მოსთხოვა მუშაობის დაჩქარება (3: 62). შეშფოთება გამოთქვა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმაც. 1920 წლის 7 თებერვალს საკონსტიტუციო კომისიას გაეგზავნა სპეციალური მიმართვა, რომელშიც პრეზიდიუმი კომისიას შეახსენებდა ძველ დაპირებას 1920 წლის იანვარში კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დამთავრების თაობაზე და აღნიშნავდა: "იანვარმაც განვლო, მაგრამ კონსტიტუციის დამფუძნებელი კრებისათვის წარდგენისა არავითარი ნიშანი არა სჩანს, არც ის იცის პრეზიდიუმმა, _ სახელდობრ როდისათვის უნდა მოველოდეთ მის შემოტანას" (5: 67).
კომისიის მუშაობას მართლაც სერიოზული ხარვეზები ახასიათებდა. მუშაობის ტემპი აშკარად არადამაკმაყოფილებელი იყო. ასე მაგალითად, 1919 წლის 24 დეკემბერს დაიწყეს "სოციალურ უფლებათა" დებულების განხილვა, მივიდნენ მე-7 მუხლამდე და შემდეგი სხდომისათვის გადადეს. მაგრამ ამ საკითხს მხოლოდ 1920 წ. 4 თებერვალს დაუბრუნდნენ. საკონსტიტუციო კომისიის 1920 წ. 24 იანვრის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წამოაყენა წინადადება, რომ კომისიის მიერ უკვე შემუშავებული ყველა მასალისათვის თავი მოეყარათ და დაებეჭდათ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც დაურიგებდნენ კომისიის წევრებსა და ფრაქციებს. გარდა ამისა, გამოერკვიათ, თუ "რა და რა საგანი დარჩა კიდევ განუხილველი" (4: 64). ეს წინადადება კომისიამ ერთხმად მიიღო.
განხორციელდა ორგანიზებული ცვლილებებიც. რადგან საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე რ. არსენიძე იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, 24 იანვრის სხდომაზე დაისვა საკითხი მის ნაცვლად კომისიაში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან ერთი წევრის მიწვევის შესახებ, რის შემდეგაც უნდა აერჩიათ კომისიის ახალი თავმჯდომარე (4: 65). 1920 წლის 30 იანვარს რ. არსენიძის ნაცვლად საკონსტიტუციო კომისიის წევრად ჩაირიცხა კ. ჯაფარიძე (4: 411). თუმცა, უნდა ითქვას, რომ რ. არსენიძე შემდგომშიც აქტიურად აგრძელებდა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას.
საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 4 თებერვლის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს პ. საყვარელიძე, ხოლო თავმჯდომარის ამხანაგად _ ს. ჯაფარიძე (4: 66). მომხდარი ცვლილება მართლაც დაეტყო კომისიის მუშაობას. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მოწესრიგდა საკონსტიტუციო კომისიის ოქმები. ისინი კარგად გამართული, გადაბეჭდილი და ხშირად, თავმჯდომარის მიერ არის რედაქტირებული.
კონსტიტუციის პროექტის შემუშავების დაგვიანებით გამოწვეული უკმაყოფილების გასანელებლად საკონსტიტუციო კომისიამ კვლავ გადაწყვიტა გამოექვეყნებინა პროექტის უკვე შემუშავებული თავები. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" 1920 წლის 17 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა "საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის" დებულებანი: 1. სახელმწიფო ფინანსები; 2. სახელმწიფო ტერიტორია; 3. საზოგადო დებულებანი; 4. პარლამენტი და 5. მოქალაქეობა.
აღსანიშნავია, რომ ამავე გაზეთში 1920 წლის იანვრის ბოლოდან აპრილის დამდეგამდე იბეჭდებოდა პ. საყვარელიძის წერილების სერია საქართველოს კონსტიტუციაზე. ეს იყო პროექტის უკვე გამოქვეყნებული თავების ძირითადი დებულებების კომენტარი და მიზნად ისახავდა საზოგადოების ყურადღების გაზრდას საკონსტიტუციო საკითხებისადმი. 1920 წლის გაზაფხულზე საკონსტიტუციო კომისიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ სპეციალური თავის შემუშავებას და ამას საკმაო დრო მოანდომა.
საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 14 თებერვლის სხდომაზე იმსჯელეს კონსტიტუციის დალაგების სისტემაზე. პ. საყვარელიძის სიტყვით, კონსტიტუცია უნდა დაეყოთ თავებად და შემდეგ მუხლებად. "ასეთი სისტემა საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს, რომ ბუნდოვანობა თავიდან ავიცილოთ" (3: 160).
საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 6 მარტის სხდომაზე აირჩიეს ე. წ. "მცირე კომისია", რომელშიც შევიდნენ ა. ჩხენკელი, პ. საყვარელიძე და გ. გვაზავა. მიიწვიეს აგრეთვე იუსტიციის მინისტრი, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე რ. არსენიძე. მცირე კომისიის მოვალეობა იყო "კონსტიტუციის გადასინჯვა, კომენტარების განხილვა და მისი სისტემაში მოყვანა". მცირე კომისიას განხილული მასალები თანდათანობით უნდა გადაეცა დიდი კომისიისათვის, ამ უკანასკნელის მიერ საბოლოო დასკვნის გამოსატანად (4: 139). "გადასინჯვა" გულისხმობდა კონსტიტუციის პროექტის უკვე შემუშავებული ნაწილების ხელახლა განხილვას ცალკეულ შესწორებათა შეტანის მიზნით. გადაწყდა, რომ ეს მოხდებოდა ცალკე თავების მიხედვით და განსახილველი თავები წინასწარ უნდა ეცნობებინათ ავტორებისათვის.
საკონსტიტუციო კომისიის 6 მარტის სხდომაზე "მცირე კომისიასთან" ერთად შეიქმნა სარედაქციო კომისია, რომელსაც დაევალა "კონსტიტუციის რედაქციული გასწორება". საკონსტიტუციო კომისიიდან მის შემადგენლობაში აირჩიეს ა. ჩხენკელი, პ. საყვარელიძე და გ. გვაზავა. ასევე მიიწვიეს ცნობილი მოღვაწეები: კ. ნინიძე, ივ. ჯავახიშვილი, ივ. გომართელი, გრ. ყიფშიძე, ექ. თაყაიშვილი, ვ. ყიფიანი და ივ. კარიჭაშვილი.
საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 21 აპრილის სხდომაზე, როდესაც კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, დაისვა მისი გამოცემის საკითხი. ადრე კომისიას გადაწყვეტილი ჰქონდა კონსტიტუციის პროექტის გამოცემა კომენტარებთან ერთად. ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო მზად ყველა თავის კომენტარი. ამავე დროს, კომისია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კომენტარების გამოცემას. პ. საყვარელიძის სიტყვით, "ეს დიდი მნიშვნელობის მასალა იქნება ისტორიისათვის და მერე საზოგადოებასაც დღეს გაუადვილებს კონსტიტუციის გაცნობასა და შესწავლას" (4: 210).
კომისიის ყველა წევრი იმ აზრის იყო, რომ კომენტარები უსათუოდ უნდა გამოექვეყნებინათ. ამიტომ ძალაში დატოვეს ადრინდელი დადგენილება კომენტარების გამოცემის შესახებ. მაგრამ ამავე დროს გადაწყვიტეს, რომ კომენტარების მოუმზადებლობის გამო კონსტიტუცია დაებეჭდათ "პროექტის სახით უკომენტაროდ" (4, ფურც. 210).
1920 წლის 22 მაისის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოოდ დაადგინა, რომ "კონსტიტუციის პროექტი დაიბეჭდოს უკომენტაროდ ფართო საზოგადოების გასაცნობად" (4: 249) და ამისათვის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის ნებართვა ითხოვა. საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 2 ივნისის სხდომაზე წაიკითხეს სარედაქციო კომისიის მიერ შესწორებული კონსტიტუციის პროექტის ტექსტი. საჭიროდ მიიჩნიეს ზოგიერთი მცირე შესწორების შეტანა. ამავე დროს დაადგინეს, რომ ტექსტში ახალი დამატებები აღარ შეეტანათ და "კონსტიტუცია დღესვე მიცემულ იქნეს დასაბეჭდად". აუცილებელი შესწორებების შეტანა დაევალა მცირე კომისიას, რომელსაც შესწორებები უნდა შეეტანა უკვე სტამბურად აწყობილ ტექსტში კორექტურის სახით (4: 265).
რამდენიმე დღის შემდეგ, 1920 წლის 8 ივნისს საკონსტიტუციო კომისიამ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს გაუგზავნა სტამბიდან გამოტანილი კონსტიტუციის პროექტის ანაბეჭდი. კომისია აღნიშნავდა, რომ შედგენილია აგრეთვე "განმარტებითი წერილი" _ დაახლოებით 300 გვერდის მოცულობისა. რადგანაც მისი დაბეჭდვა დიდ დროს მოითხოვდა, სჭირდებოდა რედაქტირება და ზოგან კი "საშინაარსო შესწორებანი" და, ამასთან, "კონსტიტუციის პროექტის წარმოდგენა ისედაც დაგვიანდა", ამიტომ დაიბეჭდა მხოლოდ პროექტი, "განმარტება" კი დატოვებული იქნა "როგორც მასალა, რომელიც შეიძლება შემდეგში იქნეს გამოცემული და რომლითაც სარგებლობა ამა თუ იმ საკითხის გასარკვევად ახლაც შეიძლება" (4: 136). უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო კომისიის მასალებში აღნიშნული "განმარტებითი წერილი" მთლიანი სახით არაა შემონახული, თუმცა, როგორც ჩანს, მის ნაწილებს წარმოადგენს იქ დაცული კონსტიტუციის ცალკეული თავების კომენტარები.
1920 წლის 9 ივნისს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა იმსჯელა საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტის შესახებ და დაადგინა, რომ "კონსტიტუციის პროექტი დაბეჭდისთანავე დაეგზავნოს დამფუძნებელი კრების ფრაქციათ, თვითეულ წევრს, მთავრობას და უწყებათ" (7: 22). რაც შეეხება დამფუძნებელი კრებისათვის კონსტიტუციის პროექტის განსახილველად გადაცემის საკითხს, იგი ცალკე უნდა გადაეწყვიტათ.
1920 წლის ივნისში გამოქვეყნებული საქართველოს კონსტიტუციის პროექტი შედგება 17 თავისა და 166 მუხლისაგან. საკონსტიტუციო კომისია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პროექტის სტრუქტურას. როგორც პ. საყვარელიძე აღნიშნავდა, საკონსტიტუციო კომისიას სურდა, რომ "საქართველოს კონსტიტუციაში სათაურებს შეესაბამებოდეს მათი შინაარსი, რომ ის ნათლად და მარტივად იყოს შედგენილი და ამავე დროს ადვილი შესასწავლიც იქნეს" (10: 1920, 8 თებერვალი) კონსტიტუციის პროექტის სტრუქტურა უცვლელად მიიღო შემდგომში დამფუძნებელმა კრებამ.
კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მე-2 ყრილობის მიერ საკონსტიტუციო საკითხების განხილვის შემდეგ ამ პარტიის ხელმძღვანელ მუშაკთა ნაწილს აზრად მოუვიდა, რომ დამფუძნებელი კრება დაუყოვნებლივ შესდგომოდა კონსტიტუციის პროექტის განხილვას. საქართველოს ს.-დ. მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე 1920 წლის 8 ივლისს, ნ. რამიშვილის თავმჯდომარეობით (ესწრებოდნენ ალ. ლომთათიძე, ი. სალაყაია, ვ. წულაძე, ი. ბადრიძე, ს. ჯიბლაძე) დაადგინეს, რომ დამფუძნებელი კრება "აუცილებლად შეუდგეს... ეხლავე კონსტიტუციისა და ბიუჯეტის განხილვას" (2: 92).
საკითხს კვლავ დაუბრუნდნენ 1920 წ. 11 ივლისს ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე (ესწრებოდნენ: ნ. რამიშვილი, ა. დგებუაძე, ვ. წულაძე, ი. სალაყაია, ე. გეგეჭკორი, ს. დევდარიანი, ბ. მიკირტუმოვი, ნ. ხომერიკი, ს. ჯიბლაძე, ნ. ჟორდანია, ა. ჩხენკელი). ე. გეგეჭკორი მოითხოვდა კონსტიტუციის პროექტის განხილვის დაუყოვნებლივ დაწყებას დამფუძნებელ კრებაში, რადგანაც კონსტიტუციის მიღება საჭირო იყო „საგარეო საქმისათვის“ _ ხელს შეუწყობდა რესპუბლიკის იურიდიულ ცნობას (1: 52). ამის წინააღმდეგ გამოვიდა ნ. ჟორდანია და აღნიშნა, რომ შეუძლებელია კონსტიტუციის პროექტის განხილვის დაუყოვნებლივ დაწყება რიგი მიზეზების გამო: ა) სხვა პარტიები მზად არ იყვნენ კონსტიტუციის განხილვის დაწყებისათვის და ამიტომ „წინააღმდეგნი არიან, რომ ეხლა შევუდგეთ განხილვას“; ბ) საეჭვო იყო ქვორუმის შედგენა, რადგანაც შეიძლებოდა სხვა პარტიების დეპუტატები „ეხლავე ყველანი დასასვენებლად წავიდნენ“ და მაშინ ქვორუმის შესადგენად სხდომას მინისტრებიც უნდა დასწრებოდნენ; გ) გარდა ამისა, „ყოვლად შეუძლებელი“ იყო, რომ მარტო სოციალ-დემოკრატიის წარმომადგენლებს განეხილათ და მიეღოთ კონსტიტუცია სხვა პარტიების მონაწილეობის გარეშე, „ამაზე ატყდებოდა დიდი დავა და უკმაყოფილება პარტიებში“; დ) ამავე დროს, კონსტიტუციის განხილვის წინ აუცილებელი იყო პრესაში კამპანიის დაწყება, ამ საკითხზე „ბევრი უნდა იწერებოდეს“. ამ მიზეზების გამო, ნ. ჟორდანიას განცხადებით, „მთავრობამ გადასდო კონსტიტუციის განხილვა" (1: 52).
კამათში სხვებმაც მიიღეს მონაწილეობა და უმრავლესობა კონსტიტუციის განხილვის გადადების წინააღმდეგი აღმოჩნდა. ამიტომ დაადგინეს: „არ გადაიდვას. შეუდგნენ ეხლავე განხილვას. იქნეს გენერალური დებატები, შემდეგ ჩვენი ფრაქციიდან განაცხადებენ, რომ შესწორებები გვაქვს და კომისიას მიეცემა წინადადება რომ იმუშაონ“ (1: 53). თუმცა, საბოლოოდ, დამფუძნებელი კრების მიერ კონსტიტუციის პროექტის განხილვის დაუყოვნებლივ დაწყების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
დამფუძნებელი კრების რეგლამენტით განსაზღვრული არ იყო კონსტიტუციის პროექტის განხილვის განსაკუთრებული წესი. ამის გამო, როდესაც დღის წესრიგში დადგა პროექტის განხილვა, თავისთავად წამოიჭრა საკითხი _ განეხილათ იმავე წესით, როგორც ჩვეულებრივი კანონი, თუ შეემუშავებინათ ცალკე რეგლამენტი. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ კონსტიტუციის პროექტი ჩვეულებრივი სამი წაკითხვის ნაცვლად ხუთი წაკითხვით უნდა განეხილათ: პირველი წაკითხვა _ კონსტიტუციის ძირითადი კანონების ზოგადი განხილვა; მეორე წაკითხვა _ კონსტიტუციის პროექტის ცალკეული თავების ძირითად დებულებათა ზოგადი განხილვა; მესამე წაკითხვა _ ცალკეული თავების მუხლობრივი განხილვა; მეოთხე წაკითხვა _ ცალკეულ თავებს შორის წინააღმდეგობათა დასაძლევად შემოტანილი შესწორებებისა და ცვლილებების განხილვა; მეხუთე წაკითხვა _ მთლიანი ტექსტის საბოლოო რედაქცია. მეორე და მესამე კითხვას შორის აუცილებელი იყო 10-დღიანი შუალედი, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა ცალკეული თავების განსახილველად.
1920 წლის 24 ნოემბერს დამფუძნებელი კრების მეორე სესიის 59-ე საგანგებო სხდომაზე დაიწყო კონსტიტუციის პროექტის განხილვა. მოხსენებით გამოვიდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე პ. საყვარელიძე, რასაც მოჰყვა პარტიების წარმომადგენელთა ვრცელი მოხსენებები. დამფუძნებელი კრების 8 დეკემბრის სხდომის შემდეგ კონსტიტუციის პროექტის შესახებ თავიანთი პოზიცია უკვე ოფიციალურად ჰქონდათ ჩამოყალიბებული საქართველოს წამყვან პოლიტიკურ ძალებს.
კონსტიტუციის განხილვისადმი მიძღვნილმა პირველივე სხდომებმა აჩვენა, რომ განხილვას დიდი დრო დასჭირდებოდა და კვირაში ერთი სხდომა აშკარად არ იყო საკმარისი. ამიტომ, კონსტიტუციის პროექტის განხილვის დაჩქარების მიზნით, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და ფრაქციების წარმომადგენლების შეერთებულმა სხდომამ 1920 წ. 7 დეკემბერს ერთხმად დაადგინა, რომ კონსტიტუციის განხილვას, ოთხშაბათის გარდა, დათმობოდა კიდევ ერთი დღე საკუთრად; ასეთ დღედ დასახელდა კვირა, 12-15 საათებს შორის. დამფუძნებელი კრების მუშაობაში სამშაბათი რჩებოდა ჩვეულებრივი საკანონმდებლო საკითხებისათვის, პარასკევი დაეთმობოდა სასწრაფო საკითხებს და, თუ დრო დარჩებოდა, ეს დროც კონსტიტუციის განხილვას უნდა მოხმარებოდა (7: 84). კონსტიტუციის განხილვის წესის აღნიშნული დამატება დაადასტურა დამფუძნებელი კრების 7 დეკემბრის სხდომამ (6: 225).
საკონსტიტუციო კომისიის მოხსენება ფაქტობრივად გამოხატავდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოზიციას, მაგრამ რიგი პრინციპული მნიშვნელობის საკითხებზე პარტიაში საერთო თვალსაზრისი არ არსებობდა. ეს კარგად გამოჩნდა ნ. ჟორდანიას გამოსვლის შემდეგ. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოებრივი მოწყობის ძირითად საკითხებზე და სასტიკად გააკრიტიკა კონსტიტუციის პროექტის შესაბამისი ნაწილი. პირველ რიგში მას შეუძლებლად მიაჩნდა უშუალო დემოკრატიის ინსტიტუტების _ რეფერენდუმისა და საკანონმდებლო ინიციატივის შეთავსება პარლამენტარიზმთან. საპარლამენტო სისტემის დროს მთავრობა დგება და იშლება საპარლამენტო უმრავლესობის სურვილის მიხედვით. სისტემა გულისხმობს სამთავრობო კრიზისებს, რაც შეიძლება მოჰყვეს პარლამენტთან უთანხმოებას კერძო პრაქტიკული ხასიათის საკითხებთან დაკავშირებითაც. თუ პარლამენტს მოსწონს მთავრობის საერთო პოლიტიკური ხაზი, ცალკეულ საკითხებზე უთანხმოების შემთხვევაში მთავრობა უნდა ემორჩილებოდეს პარლამენტის დადგენილებას და ასრულებდეს მას.
პროექტის მეორე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, ნ. ჟორდანიას აზრით, პრეზიდენტის ფუნქციის უარყოფა იყო. მისი განცხადებით, აღნიშნული სისტემა „პარლამენტარიზმის ღვიძლი შვილია... პარლამენტარიზმიდან უეჭველად გამომდინარეობს პრეზიდენტის არსებობა“. კერძოდ, მთავრობის კრიზისის დროს პრეზიდენტი აგრძელებს საქმიანობას და საჭირო გადაწყვეტილებებს ღებულობს. ნ. ჟორდანიას მიაჩნდა, რომ უნდა განხორციელებულიყო „პარლამენტარიზმის და დემოკრატიზმის სისტემების“ ისეთი შეერთება, რომელიც დაძლევდა პროექტის თანდაყოლილ ნაკლს. მას საჭიროდ მიაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის გარკვეული ვადით არჩევა, რომელსაც დაეკისრებოდა „ფუნქცია პრეზიდენტისა, სახელმწიფო წარმომადგენლობა“. კონსტიტუციის პროექტის ზოგადი განხილვის დროს კამათი ძირითადად გაიშალა ნ. ჟორდანიას მიერ წამოჭრილ საკითხებზე. მით უმეტეს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელმა გ. გვაზავამ თავის გამოსვლებში სწორედ აღნიშნულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და გადაჭრით მოითხოვა პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება.
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე ილ. ნუცუბიძემ დამფუძნებელ კრებას წარუდგინა ესერთა მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტი და ამით დაადგნენ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის სრული უარყოფის გზას. როგორც ჩანს, ესერები იმედოვნებდნენ, რომ დამფუძნებელი კრება თანაბრად განიხილავდა ორივე პროექტს და მათ შესაძლებლობა მიეცემოდათ, დანარჩენი პარტიებისგან მკვეთრად გამიჯვნით, ხალხის თვალში აემაღლებინათ ავტორიტეტი, საკუთარი პროექტი "ხალხის ინტერესების ჭეშმარიტ გამომხატველად" წარმოედგინათ.
ესერების მიერ კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტის წამოყენება არა მარტო სოციალ-დემოკრატებმა, არამედ სხვა პარტიებმაც დაგმეს (11: 1921, 13 თებერვალი. გადაწყდა, რომ ესერების კონსტიტუციის პროექტს დამფუძნებელი კრება არ განიხილავდა. ესერების ფრაქციას შეეძლო კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს სათანადო შესწორებების შეტანა.
კონსტიტუციის პროექტის განხილვის წესის შესაბამისად, ფრაქციები თავიანთ შესწორებებს, თავების მიხედვით, განსაზღვრულ ვადაში წარუდგენდნენ ხოლმე დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს. შემდეგ შესწორებები ეგზავნებოდა საკონსტიტუციო კომისიას დასკვნისათვის. საკონსტიტუციო კომისია თავის სხდომაზე განიხილავდა ფრაქციათა წინადადებებს და ზოგიერთ მათგანს მისაღებად მიიჩნევდა (ძირითადად სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის მიერ შეტანილს). ფრაქციათა წინადადებანი, საკონსტიტუციო კომისიის დასკვნით, შესაბამისი თავის მუხლობრივი განხილვის წინ ეგზავნებოდა ყველა ფრაქციას, დამფუძნებელი კრების სხდომაზე განიხილებოდა ყოველი მუხლის შესწორებანი და საბოლოოდ განისაზღვრებოდა, თუ რა იქნებოდა მათგან მიღებული. დამფუძნებელმა კრებამ, თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ძირითადად მიიღო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი შესწორებანი.
პროექტის განხილვის დროს ცხარე კამათი გამოიწვია, თუ ვის უნდა მიეღო კონსტიტუცია. გამოიკვეთა ორი თვალსაზრისი: 1. კონსტიტუცია უნდა მიიღოს დამფუძნებელმა კრებამ, 2. საჭიროა რეფერენდუმის მოწყობა _ კონსტიტუციის გატანა ხალხის სამსჯავროზე. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები ჰქონდა. რეფერენდუმის მომხრენი ასაბუთებდნენ, რომ ეს იქნებოდა უაღრესად დემოკრატიული და ლოგიკური ნაბიჯი _ თუ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება "ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის მიერ დადასტურების შემდეგ" (კონსტიტუციის 147-ე მუხლი), მაშინ თავად კონსტიტუციის მისაღებადაც აუცილებელი უნდა ყოფილიყო ხალხის დასტური.
ს. დადიანი, მხარს უჭერდა რა რეფერენდუმის ჩატარებას, აღნიშნავდა, რომ თუკი ხალხს კონსტიტუციით აქვს მასში ცვლილებების შეტანის უფლება, "ულოღიკობა იქნებოდა თავიდანვე არ დავეკითხოთ ამ ხალხს _ სურს თუ არა ეს კონსტიტუცია". რადგანაც ხალხია "ერთადერთი მატარებელი სუვერენობისა", ამიტომ "დამფუძნებელ კრებას არ შეუძლია რაიმე უწყალობოს, მიანიჭოს ხალხს. ვინაიდან დამფუძნებელი კრებაც თავის უფლებებს იღებს ხალხიდან" (11, 1920, 21 ოქტომბერი). კონსტიტუციის პროექტის რეფერენდუმზე გატანას განსაკუთრებით გადაჭრით მოითხოვდნენ ესერები, იმ იმედით, რომ ხალხი უარყოფდა და გზა გაეხსნებოდა მათი პარტიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციას.
თუმცა, საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობას მაინც რეფერენდუმის მოწინააღმდეგენი შეადგენდნენ. მათი აზრით, დამფუძნებელი კრება არჩეული იყო სწორედ კონსტიტუციის მისაღებად. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოზიციაზე. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ (1921 წ. 19-20 იანვარი) საჭიროდ მიიჩნია კონსტიტუციის მიღების დაჩქარება და ამიტომ, საბოლოოდ უარყო რეფერენდუმის ჩატარების იდეაც (9: 1921, 23 იანვარი). მაგრამ დამფუძნებელ კრებას კონსტიტუციის მიღება მოუხდა ისეთ პირობებში, რომელსაც, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა.
როდესაც 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი დაიწყო, საქართველოს დამფუძნებელი კრება ამთავრებდა კონსტიტუციის პროექტზე მუშაობას. დასრულებული იყო პროექტის ზოგადი და თავობრივი განხილვა, მიმდინარეობდა კონსტიტუციის პროექტის განხილვა ცალკეული მუხლების მიხედვით.
ომის დაწყება, თბილისთან მიმდინარე ბრძოლები, ბუნებრივია, აისახა დამფუძნებელი კრების მუშაობაზე. უფრო დაჩქარდა კონსტიტუციის პროექტის განხილვა. გამომსვლელები ცდილობდნენ მოკლედ და ზუსტად ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პოზიცია. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის საგანგებო სხდომაზე ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რითაც შეასრულა თავისი ძირითადი ამოცანა.
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია შეიქმნა იმ სახით, როგორც ეს წარმოედგინა იმდროინდელ წამყვან პოლიტიკურ ძალას _ სოციალ-დემოკრატიას. სხვანაირად ეს შეუძლებელიც იყო. ამავე დროს, სოციალ-დემოკრატების უმრავლესობას კარგად ესმოდა, რომ მათი პარტიული მიზანი _ სოციალიზმის მშენებლობის დაწყება საქართველოში ნაადრევი იყო და, მიუხედავად ასეთი ცალკეული მოთხოვნებისა, მკაფიოდ გაიმიჯნა ერთმანეთისგან პარტიული დოქტრინა და კონსტიტუცია. შესაბამისად, ისინი ცდილობდნენ შეექმნათ არა სოციალისტური, არამედ თანმიმდევრულად დემოკრატიული კონსტიტუცია.
მთლიანობაში თუ გადავხედავთ საქართველოს პოლიტიკურ ძალთა დამოკიდებულებას კონსტიტუციისადმი, დავინახავთ, რომ მას, ძირითადად სამი პოზიციიდან აკრიტიკებდნენ: მემარჯვენეები, როგორც სოციალისტურს; მემარცხენე რადიკალები, როგორც არასაკმარისად სოციალისტურს, ანდა პირდაპირ ბურჟუაზიულს; ეროვნულ უმცირესობათა ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც თავისი ეთნოსისათვის უფრო მეტ უფლებებს მოითხოვდა. საკონსტიტუციო საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოზიციასთან ყველაზე ახლოს ფედერალისტები იდგნენ, რომლებიც, მიუხედავად მარქსიზმისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა, იზიარებდნენ სოციალისტურ იდეოლოგიას და, მთლიანობაში, ღებულობდნენ კონსტიტუციას, რომლის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პარტიის წარმომადგენლებიც. საერთოდ, სოციალისტური იდეოლოგია დომინირებდა იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში. ამ მიმართულებას მიეკუთვნებოდნენ ქართველი ესერებიც, რომლებიც ბოლშევიკებისაგან განსხვავებით დადგნენ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ნიადაგზე, მაგრამ სოციალიზმის პრაქტიკულად განხორციელების დაწყების მოთხოვნით გარკვეულწილად იხრებოდნენ საბჭოთა რუსეთის მიერ ნაჩვენები გზისაკენ.
სოციალისტები იყვნენ დაშნაკებიც, რომელთა შენიშვნები შეეხებოდა მხოლოდ სხვა ეროვნულ უმცირესობებთან შედარებით სომხების პრივილეგირებული მდგომარეობის უზრუნველყოფას საქართველოში და არა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ზოგად საკითხებს.
საქართველოს სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციის იგნორირებაში მდგომარეობდა ქართველი ბოლშევიკების პოზიცია. რაც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, მისთვის, როგორც უკვე ითქვა, მიუღებელი იყო კონსტიტუციის "სოციალისტური ტენდენციები".
მთლიანობაში თუ განვიხილავთ, 1921 წლის კონსტიტუცია შეიძლება გამხდარიყო თანხმობის საფუძველი იმდროინდელი ქართული საზოგადოებისათვის, ანუ შეესრულებინა კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება. მართალია, ზოგის აზრით, ის სოციალისტური ტენდენციების შემცველი, ანდა პირიქით, ნაკლებად სოციალისტური იყო, მაგრამ ძირითადში, კონსტიტუცია, რომელიც თანმიმდევრულად ამკვიდრებდა დემოკრატიულ წყობილებას, მისაღები იყო საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალისათვის.
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია დარჩა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ. მან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის ქართული პოლიტიკური აზრისა და, მასთან ერთად, ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე. 1921 წლის კონსტიტუცია დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობილების შექმნის უნიკალურ გამოცდილებას წარმოადგენს. მასში აისახა იმდროინდელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკა, აგრეთვე ეპოქის მისწრაფებები და შეხედულებები.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. სცსსა, ფ. 1825, აღწ. 1, საქ. 129.
2. სცსსა, ფ. 1825, აღწ. 1, საქ. 130.
3. სცსსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 180.
4. სცსსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 181.
5. სცსსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 191.
6. სცსსა: ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 736.
7. სცსსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 863.
8. სცსსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 46.
9. გაზ. "ერთობა".
10. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".
11. გაზ. "სახალხო საქმე".
1. ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე;
2. ჯიბლაძე სილიბისტრო ბესარიონის ძე;
3. ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე;
4. წერეთელი ირაკლი გიორგის ძე;
5. რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე;
6. გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე;
7. ხომერიკი ნოე გიორგის ძე;
8. რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე;
9. ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე;
10. არსენიძე რაჟდენ მათეს ძე;
11. ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე;
12. გიორგაძე გრიგოლ კიმოთეს ძე;
13. მახარაძე გერასიმე თომას ძე;
14. ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე;
15. ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე;
16. შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე;
17. ჯუღელი ვალიკო ანთიმოსის ძე;
18. ნინიძე კირილე იესეს ძე;
19. ვარდოიანცი მკრტიჩ კარაპეტის ძე;
20. ახმეტელაშვილი ვლადიმერ გიორგის ძე;
21. ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის ძე;
22. კოვალიოვი მიხეილ ანდრიას ძე;
23. ონიაშვილი დავით ეფრემის ძე;
24. ხოჭოლავა მუხრან მაქსიმეს ძე;
25. დგებუაძე ალექსანდრე ივანეს ძე;
26. ფარნიევი ალექსანდრე ივანეს ძე;
27. თევზაია ვიქტორ ვასილის ძე;
28. გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე;
29. აბაშიძე ჰაიდარ ალიბეგის ძე;
30. ბერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე;
31. ერაძე გიორგი პავლეს ძე;
32. ლოსკუტოვი ანდრეი ვასილის ძე;
33. სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე;
34. გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე;
35. ჯაფარიძე სერგი დავითის ძე;
36. ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა ელეონორა მიხეილის ასული;
37. სალუქვაძე ანანია მაქსიმეს ძე;
38. თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე;
39. ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე;
40. მამედოვი გუსეინ გული-მამედ ოღლი;
41. რუსია მელიტონ ივანეს ძე;
42. ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე;
43. შერვაშიძე ყადირ თანბეგის ძე;
44. ფაშალიდისი იოანის გიორგის ძე;
45. ჩიხლაძე რაფიელ ალექსის ძე;
46. საყვარელიძე პავლე დავითის ძე;
47. ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე;
48. ნათაძე ლევან იასონის ძე;
49. გაგლოევი გიორგი ალექსის ძე;
50. ურატაძე გრიგოლ ილარიონის ძე;
51. დავარაშვილი მოსე რახამის ძე;
52. ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე;
53. ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე;
54. ძველაია ბარნაბა პავლეს ძე;
55. გურული ზაქარია დავითის ძე;
56. ჩიქავა ალექსანდრე ხიტუს ძე;
57. ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე;
58. შარაშიძე დავით გრიგოლის ძე;
59. მგელაძე ვლასა დარისპანის ძე;
60. გონაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე;
61. ტოროშელიძე მინადორა ეფრემის ასული;
62. სურგულაძე სიმონ ელიზბარის ძე;
63. გურჯუა ვასილ გიორგის ძე;
64. ნოდია ვასილ გიორგის ძე;
65. აუშტროვი რუბენ გიორგის ძე;
66. მიქელაძე ოსმან შავყი ეფენდი;
67. ქუმსიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე;
68. საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის ძე;
69. ფანიევი კონსატანტინე აბგერის ძე;
70. კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე;
71. ბადრიძე ილია გიორგის ძე;
72. შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული;
73. სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე;
74. კოპალეიშვილი ილია ივენის ძე;
75. ჭავჭანიძე ივანე თედორეს ძე;
76. ჭიაბრიშვილი ანდრია იაკობის ძე;
77. ცინცაძე გიორგი იოსების ძე;
78. ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე;
79. ბოლქვაძე ელისაბედ იოსების ასული;
80. ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე;
81. თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე;
82. ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე;
83. ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე;
84. კიკვაძე თედორე გაბრიელის ძე;
85. კაციაშვილი ნიკოლოზ აღდგომელის ძე;
86. ტატიშვილი ივანე ალექსის ძე;
87. კვარაცხელია იოსებ ანტონის ძე;
88. წულაძე ვასილ ქაიხოსროს ძე;
89. იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე;
90. ემუხვარი არზაყან კონსტანტინეს ძე;
91. გომართელი ივანე გედევანის ძე;
92. ბიული პავლე იაკობის ძე;
93. ელიგულაშვილი იოსებ აარონის ძე;
94. კიღურაძე ლავროსი პავლეს ძე;
95. გვარამაძე თავაზ-ყადირ-მამაც-გული ოღლი;
96. რუხაძე ლევან პორფილეს ძე;
97. ახმეტელაშვილი სვიმონ გიორგის ძე;
98. შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე;
99. ზახაროვი დიმიტრი ვასილის ძე;
100. წულაია პავლე ლუკას ძე;
101. ბერიშვილი პავლე აბრამის ძე;
102. ბაკურაძე ვასილ ზურაბის ძე;
103. კალაძე ერმალოზ თეთორეს ძე;
104. ჭელიძე თეიმურაზ სტეფანეს ძე;
105. მურვანიძე გიორგი ექვთიმეს ძე;
106. ფაღავა გიორგი აქვსენტის ძე;
107. მაჭავარიანი იოსებ ივანეს ძე;
108. ჟღენტი ლეონტი ალმასხანის ძე;
109. ლორია ფილიპე გლახუნის ძე.
110. სოლოღაშვილი ანა (ოლღა)
1919 წელს პარტიის საკანდიდატო სიიდან ჩაირიცხნენ: სოლომონ ვადაჭკორია, ერმალოზ სირბილაძე და იოსებ ირემაშვილი.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
1. ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე;
2. კედია სპირიდონ მალხაზის ძე;
3. ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე (დატოვა ფრაქცია 1919 წ. 27 მაისს);
4. გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე;
5. თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე;
6. მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე;
7. ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე;
8. სურგულაძე პეტრე როსტომის ძე.
სოც. რევოლცუიონერები
1. შენგელია ლეო ანდრიას ძე;
2. ნუცუბიძე ილია დავითის ძე;
3. გობეჩია ივანე პავლეს ძე;
4. გობეჩია იოსებ პავლეს ძე;
5. ნათაძე გრიგოლ იასონის ძე.
სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
1. ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე;
2. რცხილაძე გრიგოლ სიმონის ძე;
3. ნუცუბიძე ვარლამ (შალვა) ისაკის ძე;
4. ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე;
5. ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე;
6. ბარათაშვილი იესე ალექსანდრეს ძე;
7. გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე;
8. მდივანი სიმონ გურგენის ძე.
საქართველოს დამფუძნებელი კრების მაკონტროლებული ფუნქციის ზოგიერთი ასპექტის შესახებ (ა. დაუშვილი)
საკანონმდებლო ორგანოს, მათ შორის დამფუძნებელ კრებებსაც, კანონშემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად, ევალებათ კანონის ფუნქციონირებაზე დაკვირვება, ცხოვრებასთან მისი შესაბამისობის ხარისხის შემოწმება, მკვდრადშობილი კანონების ჩანაცვლება, კანონის გარკვეული ფუნქციის გაძლიერება, კორექტირება და ა. შ. ეს დემოკრატიული ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია და რამდენად ნაყოფიერად მოღვაწეობენ დეპუტატები, საპარლამენტო კომისიები ამ მიმართულებით _ ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტულ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის დონეც.
როგორც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტური მასალა ადასტურებს, საქართველოს დამფუძნებელ კრების მაკონტროლებელი ფუნქცია – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. მას მეტად მკაცრად იცავდნენ, ზოგჯერ ზედმეტად მკაცრადაც, ქმნიდნენ სპეციალურ კომისიებს, ამ კომისიების რეკომენდაციებს იზიარებდნენ. საქართველოს დამფუძნებელი კრების კანონებზე და, საერთოდ, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედების მახასიათებლების სპეციალური შესწავლა ჯერ კიდევ მომავლის საქმეა, დღეს ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას და შევეცდებით მათი ანალიზით დავასაბუთოთ, თუ რამდენად განსხვავდებოდა თითქმის ერთი საუკუნის წინ საქართველოს საკანონმდებლო კრება დღევანდელი საქართველოს პარლამენტისაგან და რა მაღალი პასუხისმგებლობის ხარისხი ჰქონდათ მაშინდელ დეპუტატებს.
პირველი ფაქტი ეს არის ფოთის პორტის მოღვაწეობა და საკანონმდებლო ორგანოს როლი მისი ნორმალური ფუნქციონირების საკითხების გადაწყვეტის საქმეში. ფოთის პორტი მაშინაც და დღესაც საქართველოს, ამიერკავკასიის დასავლეთთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი არტერია იყო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის არც ერთ ეტაპზე არ დამდგარა მისი გაყიდვის ან იჯარით გაცემის საკითხი. თუმცა, არსებობდა ფოთის პორტში ჰოლანდიური კაპიტალის გამოყენებით ევროპასთან საზღვაო სამიმოსვლო ტრანსპორტის ფუნქციონირების იდეა (ამ მოსაზრებას ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ა. ხოშტარია ლობირებდა), მაგრამ საქმე ჩაიშალა, რადგან საქართველოს სახელმწიფოს მესვეურებმა ჰოლანდიის მხარის პრეტენზიებში დაინახეს საქართველოს სუვერენიტეტის (ეკონომიკური სუვერენიტეტის) შებღალვის შესაძლებლობა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის აკონტროლებდა ფოთის პორტის მუშაობას (1: 43).
ფოთის პორტს წინა რეჟიმის დროს მუდამ რუსი ხელმძღვანელი ჰყავდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისთანავე ის შეიცვალა ქართველით. ამ მძიმე ვითარებაში ნავსადგურის უფროსად დაინიშნა პირველი ქართველი, ინჟინერი ჯავახიშვილი. მაგრამ შექმნილ რთულ ვითარებაში პორტის ხელმძღვანელობამ ვერ გამოიჩინა საჭირო ალღო, კომერციული გაქანება. ქალაქის თვითმმართველობაში ხშირად აკრიტიკებდნენ ინჟინერ ჯავახიშვილს, რომელმაც თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას. ის მალე გაათავისუფლეს კიდეც. მის მაგივრად დაინიშნა ინჟინერი დვალიშვილი.
ახალი ხელმძღვანელობის ნავსადგურში მისვლის დროს სავაჭრო პორტში მდგომარეობა სავალალო იყო. დისციპლინა მთლიანად მოიშალა. ოფიცრების ერთი ნაწილი უხეშად აღვევდა წესდებით გათვალისწინებულ ნორმებს. ნავსადგურის ხელმძღვანელობის წაყრუებით სარგებლობდნენ წვრილი კომერსანტები და პორტის საწყობების კედლებზე საკუთარ დუქნებსა და ფარდულებს აშენებდნენ.
ცენტრალური ხელისუფლების სისუსტით, უდისციპლინობით და ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა პორტის უფროსმა გიორგი დვალიშვილმა და პორტში დანაშაულებრივი საქმიანობა გააჩაღა. მან ფოთის პორტში ისეთი აუტანელი პირობები შექმნა, რომ თბილისის სხვადასხვა ინსტანციაში დენა დაიწყო ანონიმურმა წერილებმა და დეპეშებმა. მომჩივნები ნავსადგურის უფროსს უღირს, დანაშაულებრივ საქმიანობაში დებდნენ ბრალს.
ზოგიერთი ბრალდება შემზარავი იყო. ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრმა გ. ჟურულმა (პორტი ამ უწყებას ექვემდებარებოდა) გამოყო სპეციალური ავტორიტეტული კომისია სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკის ს. ჭანტურიშვილის ხელმძღვანელობით (2: 38).
ერთი კვირის განმავლობაში (1919 წლის 23-30 იანვარი) კომისიამ დეტალურად შეისწავლა საქმის ვითარება და გამოავლინა ისეთი აღმაშფოთებელი ფაქტები, რომ პორტის უფროსი დაუყოვნებლივ პატიმრობაში აიყვანეს.
გაირკვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის რამდენიმე თვის განმავლობაში პორტის უფროსი ეწეოდა საფინანსო სახსრების განიავებას, აღრიცხვაზე ჰყავდა `მკვდარი სულები~, გემებისა და კატარღების იჯარას კანონმდებლობის სრული იგნორირებით ახდენდა, ხშირად საჯარო გარიგებები ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, საქმის წარმოება კანონით დადგენილი წესების გვერდის ავლით ხდებოდა.
ამავე დროს გ. დვალიშვილი თანამშრომელთა მიმართ ავლენდა დესპოტიზმს, ხშირად არასასურველ პირებს უსაფუძვლოდ აპატიმრებდა, ითხოვდა სამსახურიდან, იყო ტიპიური გამომძალველი, ნავსადგურში `ნათლიმამობისა~ და `ძმაბიჭობის~ ატმოსფერო ჰქონდა დამკვიდრებული.
კომისიამ გამოავლინა, რომ ნავსადგურის უფროსმა გემი `ძმები ფეოფანები~ და კატარღა `თამარი~ რესპუბლიკის ბიუჯეტის საზიანოდ უაღრესად დაბალ ფასში (150 ათასი მანეთად) გააქირავა. გ. დვალიშვილი უკანონოდ ყიდდა ნავსადგურის კუთნილ ნახშირს და სხვ. ნავსადგურის საბუღალტრო და საკანცელარიო საქმეები და ჩანაწერები ისე იყო აღრეული, რომ ტყუილსა და მართალს ვერავინ გაარჩევდა. აღმოჩნდა უამრავი ფიქტიური ხელშეკრულება. განსაკუთრებით სერიოზული დარღვევები იყო გადასახადების აკრეფის საქმეში. მას კრეფდნენ ოფიციალური სააღრიცხვო წიგნის გვერდის ავლით. დადგინდა, რომ ენკენისთვეში პროგნოზით გათვალისწინებული 175 456 მანეთის ნაცვლად წიგნში გაფორმებული იყო 44795 მანეთი. დადასტურდა გ. დვალიშვილის საყოფაცხოვრებო გახრწნის ფაქტებიც (2: 38).
ბუნებრივია, რომ ხელმძღვანელის დანაშაულებრივი საქმიანობა უარყოფითად მოქმედებდა თანამშრომლებზე _ ნავსადგურის რიგით მუშაკებს შორის გავრცელებული იყო უწესრიგობა და თვითნებობა _ ისინი საბაჟოს გვერდის ავლით ეწეოდნენ კონტრაბანდას, შემოჰქონდათ ასანთი, ფქვილი და სხვა დეფიციტური საქონელი.
უკვე მერამდენედ, სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა ფოთის პორტში შექმნილი მდგომარეობა და დაასკვნა, რომ `საფინანსო საქმეების რევიზია შეუძლებელია სააღრიცხვო-საანგარიშო სამსახურის უაღრესად ქაოტური და მოუწესრიგებელი მდგომარეობის გამო~ (3: 2). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ რევიზიის შემდეგ პორტის საფინანსო სამსახურის ორი პასუხისმგებელი პირი დააპატიმრეს, გასაგები გახდება, რომ პორტის ეკონომიკური ცხოვრება რადიკალურ გარდაქმნას საჭიროებდა. ამ ცვლილებების განმახორციელებელი აგილობრივი კადრები კი არ ჩანდნენ.
1920 წლის თებერვალში დამფუძნებელი კრების სპეციალურმა კომისიამ კ. გაგლოევის ხელმძღვანელობით შეისწავლა ფოთის პორტში არსებული მდგომარეობა, დაათვალიერეს ნავსადგური, ესაუბრნენ მუშებს, დოკერებს. იმჟამად ნავსადგურში 700 კაცი იყო `დასაქმებული~ (4: 76).
რეგულარულ რეისს აწარმოებდა მხოლოდ გემი `ტავრიდა~, ისიც ფოთსა და გაგრას შორის. ნავსადგურში იდგა რამდენიმე წყალქვეშა ნავი, წყლით სავსე, ჟანგიანი და უპატრონო. კომისიამ ყურადღება მიაქცია ნავსადგურის მახლობლად აღმართულ მარგანეცის გორაკებსაც.
კომისიის წევრებმა გააკეთეს კვალიფიცირებული დასკვნა პორტში შემჩნეულ დარღვევებთან დაკავშირებით. ამ დასკვნის მიხედვით ფოთის პორტის მტვირთავები არ იყვნენ თავიანთ საქმეში დახელოვნებულნი, ხშირად აცდენდნენ სამუშაოს, რის გამოც გვიანდებოდა ტვირთების გადაზიდვა, ცდებოდა ვაგონები, გემები. თითქმის არ არსებობდა შრომის მექანიზაცია, მუშებს ტვირთის გადატანა ზურგით უხდებოდათ. კომისიის შეკითხვაზე მუშები ვერ პასუხობდნენ, თუ რამდენ მანეთს გამოიმუშავებდნენ დღიურად ან თვეში. საშუალო ხელფასი არ აღემატეოდა 100 მანეთს დღეში და ამის გამო მუშები სანახევროდ მშიერნი იყვნენ. ისინი ცხოვრობდნენ ნოტიო სარდაფებში და ხშირად ავადმყოფობდნენ. გავრცელებული იყო ციება. მუშები ითხოვდნენ ტანსაცმელსა და სურსათს.
კომისიამ დამფუძნებელ კრებას წარუდგინა რეკომენდაციები, რაც ითვალისწინებდა პორტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებას. გათვალისწინებული იყო კვალიფიციური სპეციალისტების მიწვევა გემებზე სამუშაოდ, ნავსადგურში მდგომი წყალქვეშა ნავების ან შეკეთება, ან მათი დაშლა და სხვა საქმეში გამოყენება. აუცილებლად ჩაითვალა ფოთის აკვატორიის გაწმენდა ქვიშისაგან, რეკომენდაციები ითვალისწინებდნენ მუშათა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, შრომის ნორმატივების მოწესრიგებას, სათანადო ანაზღაურებას. გარკვეული ყურადღება ეთმობოდა ფოთის პორტის მექანიზაცია-ავტომატიზაციის საქმეს და ა. შ. დასკვნა საკმაოდ ტევადი და შინაარსიანია. ის ჩინებული წყაროა იმ პერიოდის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესასწავლად.
საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატების კორპუსი უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა ქვეყნისა და ერის წინაშე. ისინი აქტიურად ერეოდნენ კანონშემოქმედებით და კანონზე ზედამხედველობის პროცესში, ერეოდნენ საბიუჯეტო ხარჯების რაციონალურად გამოყენების პროცესშიც, ამისათვის ისინი სწორედ კანონით მინიჭებულ მაკონტროლებელ ფუნქციას იყენებდნენ. ისინი არ ერიდებოდნენ სამხედრო ბიუჯეტის ეკონომიურად ხარჯვის საკითხის დაყენებას, სთავაზობდნენ კონკრეტულ, რაციონალურ წინადადებებს. მაგალითისთვის მოვიყვანთ დამფუძნებელი კრების წევრის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენლის ანდრო ჭიაბრიშვილის საქმიანობას. 1919 წლის 18 მარტს დამფუძნებელი კრების I სესიის მესამე სხდომაზე ის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის შემადგენლობაში შეიყვანეს. მივაკვლიეთ ინფორმაციას, რომ 1921 წ. მას დაევალა გაეკეთებინა მოხსენება სამხედრო მინისტრის დეკრეტის პროექტის: `სახალხო გვარდიის დამატებით ყოველდღიური ხარჯების დასაფარავად 160 243 956 მანეთით გადიდების შესახებ~, რაც დამფუძნებელმა კრებამ განხილვის შემდეგ უცვლელად მიიღო (5: 618).
ა. ჭიაბრიშვილი განსაკუთრებით ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში, ტროცკის არქივში აღმოჩნდა 1923 წელს, პოლიტპატიმრობიდან გაგზავნილი ა. ჭიაბრიშვილის სამი წერილი, რომელიც ასევე ჩინებული წყაროა იმჟამინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესასწავლად (6: 67)
კიდევ უფრო მკაცრი და კრიტიკულნი იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრები მოქალაქეთა უფლებების დაცვის, დემოკრატიული ფასეულობების იგნორირების შემთხვევების დროს. ისინი უდიდეს ყურადღებას უთმობდნენ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას, იბრძოდნენ ბიუროკრატიული აპარატის მხრიდან მინიჭებული უფლებების გადაჭარბების, ძალოვანი სტრუქტურების უხეშობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს კანონების დარღვევების წინააღმდეგ. დოკუმენტებმა შემოგვინახეს დამფუძნებელი კრების წევრების კრიტიკული მოღვაწეობის არა ერთი ფაქტი და ჩატარებული სამუშაოს მეტად საინტერესო მოხსენებითი ბარათები, რომლებიც, ასევე, ჩინებული წყაროა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს დემოკრატიული ფასეულობების დაცვისათვის ქართველი კანონშემოქმედთა მრავალპროფილიანი მუშაობისა. ჩვენ აქ განვიხილავთ დამფუძნებელი კრების რიგი დეპუტატის მოღვაწეობას ამ მიმართულებით, რაც ცხადად აჩვენებს, რომ იმჟამად ქართული დემოკრატიის ფლანგმანის _ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები მეტად მაღალ დონეზე იდგნენ სწორედ კანონის აღსრულებაზე კონტროლის, ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვის საქმეში.
1920 წელს დამფუძნებელ კრებაში შედიოდა ძალიან ბევრი საჩივარი ქვემო ქართლიდან, განსაკუთრებით ბორჩალოდან. წერილების ავტორები იყვნენ ქართველები, გერმანელები, თათრები. დამფუძნებელი კრების წევრი პ. ი. ბრული 1920 წლის ნოემბერში გაემგზავრა ბორჩალოში ადგილზე ვითარების გასაცნობად. მან 16 ნოემბერს დამფუძნებელ კრებას წარუდგინა თავისი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ბორჩალოს მაზრაში შექმნილ ვითარებას უწოდა `უმაღლეს დონეზე შემაშფოთებელი და მძიმე~. დეპუტატი წერს: `ყველგან შეიმჩნევა დარღვევები, რასაც ბევრი უსინდისო ჩადის. საკუთარი მოვალეობისადმი უამრავი ჩინოვნიკის დამოკიდებულება გულგრილია~ (7: 512). დეპუტატი იმასაც მიანიშნებს, რომ `კომისრების, გვარდიელების, ოფიცრების, მილიციონერების, ზოგიერთი ერობის მუშაკის და ჩინოვნიკის საქმიანობა აღწერას არ ექვემდებარება... პატარა მეფეებივით იქცევიან, ეს პირდაპირი დაცინვაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისა. დემოკრატიზმის ნიშნები ძლივს შეიმჩნევა. სამაგიეროდ უხვად არის ნაციონალიზმი კი არა, შოვინიზმიც კი~(7: 513)
დეპუტატი ცდილობს ადგილობრივ მილიციელებში გავრცელებული კორუფცია მათი მძიმე მატერიალური მდგომარეობით ახსნას _ მარტო ცხენის შენახვა თვეში 1300 მანეთი ჯდება, ის კი 4800 მანეთს იღებსო _ აღნიშნავდა იგი. გერმანელ კოლონისტებს ხშირად ეუბნებიან _ `მოკეტე, ახლა ჩვენა ვართ ბატონ-პატრონები, წაეთრიე თქვენს ვილჰელმთან და იმას ელაპარაკე~ _ აფიქსირებდა ბრული (7: 513).
რამდენად სწორია დეპუტატის ეს შეფასება?
უნდა აღინიშნოს, რომ საარქივო დოკუმენტებში ჩვენ გადავაწყდით ქართველი მილიციელის ნ. ჯორჯაძის წერილს, რომელშიც მითითებულია, რომ `ბორჩალოში დისლოცირებული მილიციონერები თავიანთი საზიზღარი ქმედებებით სახელს უტეხენ პატიოსან მშრომელებს. მაზრის მილიციის უფროსი პ. ლოლაძე დამნაშავის სკამზე უნდა იჯდეს~ (8: 631). წერილის ავტორს მოაქვს მაკომპრომეტირებული ინფორმაცია: დააკავა ოთხი თათარი კარტის თამაშის მიზეზით და თითოს 5000 მანეთი წაგლიჯა, მოსახლეობიდან ამოღებული იარაღები არ გაატარა სპეციალურ წიგნში, ექვსი რევოლვერი მიითვისა, მოსახლეობას ყველს, ცხვარს უკანონოდ ართმევდა და ა.შ.
შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ არაქართველი დეპუტატი ზედმეტად მკაცრია და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების რიგ საკითხს გადაჭარბებულად კრიტიკულად აღიქვამს. მაგრამ ჩვენ გვაქვს დამფუძნებელი კრების სხვა წევრის _ პეტრე გელეიშვილის კიდევ უფრო კრიტიკული ანგარიში მის მიერ აჭარაში ჩატარებული გამოკვლევების შესახებ, რაც სწორედ იმავე პერიოდში განხორციელდა. დამფუძნებელი კრების წევრი აღნიშნავს: `ამ ოლქში, რა თქმა უნდა, თვით ბათუმის გამოკლებით, არც ერთი ახალი მომხრე და მოყვარე ჩვენი ქვეყნისა არ შეგვიძენია და რაცა გვყავდა, სულ ერთიანად მოგვიმდურებია და მტერთა და მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაგვირეკია“ (12: 11).
დეპუტატი აგრძელებს: „ჩვენ აქ ვშვრებით ყოველ იმას, რაც ამ ხალხის ჩვენდამი უკმაყოფილებას აღრმავებს და ზრდის და თუ საქმე ასე გაგრძელდა, თუ აქ ტაქტიკა ჩვენი ძირფესვიანად არ შეიცვალა, ჩვენ მალე, სულ მალე, აქ დიდი გართულება მოგველის~.
მკაცრია ცნობილი სამხედრო ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ წულუკიძის დახასიათება. `ამ კაცმა, როგორც მოკრივემ და დებოშირმა, თავი ისახელა აბასთუმნის აგარაკზე, რისთვისაც იმას გამოუძახეს ართვინიდან და ციხეში ჩასვეს და ამავე დროს იგი იყო და დღესაც არის ართვინის ოლქის უფროსათ.... ჩემი იქ ყოფნის დროს დაბრუნდა ოლქში ბატონი წულუკიძე, ციხიდან ახალგანთავისუფლებული. მე იმ დღეს ბოღჩაში ვიყავი და იქ მთელი იქაური მცხოვრებლების შეგნებული ნაწილი სოცილით მეუბნეოდა: იქ კაცი არ გამოგადგათ, ციხეში ჩასვით და ასეთი კაცი ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილის უფროსათ, ხალხის ბედის გამგეთ და ბატონ-პატრონათ გამოგვიგზავნეთო.... ჩინოვნიკი, რომელიც არ ერიდება ხალხის ცემა-ტყეპას აბასთუმანში, სადაც თვითონ მთავრობის თავმჯდომარე ბრძანდებოდა, სადაც იმავე დროს ცხოვრობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და ათიოდე წევრი დამფუძნებელი კრებისა, რა თქმა უნდა, არავითარ პატივს არ სცემს ადამიანის პიროვნებას ართვინის ოლქში, სადაც არც მთავრობის თავმჯდომარეა, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და სადაც ხალხი საქართველოსა და მის მთავრობაზე შეხედულებას ადგენს ასეთი უღირსი ადმინისტრატორით~... (12: 14)
დღეს ქართველ ისტორიკოსთა შორის არსებობს მოარული აზრი, რომ პ. გელეიშვილის მოხსენება ზედმეტად სუბიექტურია და არ ასახავს ჭეშმარიტ ვითარებას. მაგრამ ბოლო წლების გამოკვლევები, განსაკუთრებით ბათუმელი ისტორიკოსების შრომები, აშკარად მიუთითებენ, რომ 1920-1921 წლებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მაჰმადიან რეგიონებში სერიოზული პრობლემები მომწიფდა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა მდგომარეობას, იქმნებოდა ფეთქებადსაშიში ვითარება. ჩვენ მასალას დავემოწმებით ო. გოგოლიშვილს. აი, რას წერს ის: აჭარაში `სედაი მილეთის~ აგენტურამ გააძლიერა თავისი პროპაგანდა. აშკარად ლაპარაკობდნენ, რომ `ქართული ხელისუფლება მატყუარაა, რადგან ის ხალხს დაპირდა ავტონომიას და არაფერი არ გაუკეთებია~. შეკრებებზე პროთურქული ორიენტაციის ადამიანები აცხადებდნენ, რომ `მათთვის მიუღებელია გურჯების ხელისუფლება, რადგან ის არამაჰმადიანურია~. იმასაც ამბობდნენ, რომ სჯერათ, `ოსმალეთი კვლავ შემოიერთებს ჩვენს მხარეს. ის გურჯებივით ხალხს კი არ მოატყუებს, არამედ შეუსრულებს იმას, რასაც დაპირდა, მხედველობაში მაქვს ჩვენი მხარისათვის ნამდვილი ავტონომიის მინიჭება~, `ოსმალეთის ჯარები მალე ბათუმში შემოვა და ჩვენი კუთხე კვლავ ჩვენს თანამოძმეებს შეუერთდება~ და ა. შ. (10: 192).
ასეთი თურქოფილურ განწყობილებებს ცენტრიდან გამოგზავნილი უკეთური ჩინოვნიკები და საძალისო სტრუქტურების წარმომადგენლებიც აძლიერებდნენ. ცნობილია, რომ პოლკოვნიკმა წულუკიძემ, ართვინის გამგებელმა, თავისი უხეშობით, რიგითი ადამიანების შეურაცხყოფით ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია, რომლის დროს მოკვდა რამდენიმე კაცი, დაიჭრა კიდევ უფრო მეტი.
ძალიან ბევრს სცოდავდნენ ქართველი მილიციონერები. მათმა ძალადობამ, კორუფციამ და სხვა უმსგავსოებამ ქობულეთის სოფელ კოხში ნამდვილი ანტიქართული აჯანყება გამოიწვია, რომლის ჩაქრობა სახლების გადაწვით და რეპრესიებით მოახერხეს.
ამრიგად, აშკარაა, რომ დამფუძნებელი კრების წევრის პ. გელეიშვილის მოხსენებითი ბარათი საქმის ღრმა შესწავლას ეფუძნება და მისი კრიტიკული პათოსი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვით არის ნაკარნახევი.
შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს დამფუძნებელი კრება თავისი არსებობის მანძილზე სკრუპულოზურად ასრულებდა კანონის მოქმედებაზე ზედამხედველობის ფუნქციას, მისი დეპუტატები, პასუხისმგებლობის მაღალი შეგნებით, ობიექტურად ახდენდნენ შექმნილი ვითარების ფიქსაციას, მკაცრად აკრიტიკებდნენ ადგილობრივ ჩინოვნიკებს, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით მკაცრი იყვნენ საქართველოს მოქალაქეებისათვის მინიჭებული დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლების დარღვევების შემთხვევაში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატების კრიტიკული ანგარიშები ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი ქართველი ისტორიკოსების მიერ. ეს კი დაგვეხმარება იმ წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური, ეროვნებათაშორისო ურთიერთობების პროცესების ჭეშმარიტი ვითარების დადგენაში. მიგვაჩნია, რომ დამფუძნებელი კრების კრიტიკული მოღვაწეობის ეს პათოსი, რაც აშკარად შეიმჩნევა რამდენიმე მაგალითის საფუძველზეც კი, ჩინებული სახელმძღვანელოა საქართველოს დღევანდელი პარლამენტის დეპუტატების გარკვეული ნაწილისათვის, რომლებიც ჰედონიზმის ბურანში ჩაძირულები ყველაფერში მხარს უჭერენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, თვალს ხუჭავენ დარღვევებზე და ამით უდიდეს ზიანს აყენებენ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიის განვითარებისა და განმტკიცების საქმეს.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. კ. ჩარკვიანი, ქართველი მენშევიკების ანტიხალხური ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, თბ., 1962.
2. სცსა, ფ. 1891, ს. 202.
3. სცსა, ფ. 1880, ს. 159; ფურც. 2.
4. სცსა, ფ. 1880, ს. 94.
5. სცსა, ფ. 1883, ს. 133.6.
6. კ. წენგუაშვილი, ქართველი პოლიტპატიმრის წერილები ლ. ტროცკის. „ანალები“, 2004, #2.
7. სცსა, ფ. 1833, ს.1 53.
8. სცსა, ფ. 1833, ს. 133.
9. პ. გელეიშვილი, პოლიტიკური სიტუაცია აჭარაში (1920 წელი); პეტრე გელეიშვილის მოხსენებითი ბარათი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს 1920 წლის 8 ოქტომბერს, თბ., 1998.
10. ო. გოგოლიშვილი. სოციალური და ეროვნული მოძრაობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მეოცე საუკუნის პირველ მესამედში, თბ., 2001, სადოქტორო დისერტაციის ხელნაწერილი, თბ., 2001.
დამფუძნებელი კრების წევრები
სოციალ-დემოკრატიული პარტია1. ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე;
2. ჯიბლაძე სილიბისტრო ბესარიონის ძე;
3. ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე;
4. წერეთელი ირაკლი გიორგის ძე;
5. რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე;
6. გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე;
7. ხომერიკი ნოე გიორგის ძე;
8. რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე;
9. ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე;
10. არსენიძე რაჟდენ მათეს ძე;
11. ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე;
12. გიორგაძე გრიგოლ კიმოთეს ძე;
13. მახარაძე გერასიმე თომას ძე;
14. ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე;
15. ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე;
16. შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე;
17. ჯუღელი ვალიკო ანთიმოსის ძე;
18. ნინიძე კირილე იესეს ძე;
19. ვარდოიანცი მკრტიჩ კარაპეტის ძე;
20. ახმეტელაშვილი ვლადიმერ გიორგის ძე;
21. ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის ძე;
22. კოვალიოვი მიხეილ ანდრიას ძე;
23. ონიაშვილი დავით ეფრემის ძე;
24. ხოჭოლავა მუხრან მაქსიმეს ძე;
25. დგებუაძე ალექსანდრე ივანეს ძე;
26. ფარნიევი ალექსანდრე ივანეს ძე;
27. თევზაია ვიქტორ ვასილის ძე;
28. გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე;
29. აბაშიძე ჰაიდარ ალიბეგის ძე;
30. ბერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე;
31. ერაძე გიორგი პავლეს ძე;
32. ლოსკუტოვი ანდრეი ვასილის ძე;
33. სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე;
34. გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე;
35. ჯაფარიძე სერგი დავითის ძე;
36. ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა ელეონორა მიხეილის ასული;
37. სალუქვაძე ანანია მაქსიმეს ძე;
38. თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე;
39. ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე;
40. მამედოვი გუსეინ გული-მამედ ოღლი;
41. რუსია მელიტონ ივანეს ძე;
42. ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე;
43. შერვაშიძე ყადირ თანბეგის ძე;
44. ფაშალიდისი იოანის გიორგის ძე;
45. ჩიხლაძე რაფიელ ალექსის ძე;
46. საყვარელიძე პავლე დავითის ძე;
47. ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე;
48. ნათაძე ლევან იასონის ძე;
49. გაგლოევი გიორგი ალექსის ძე;
50. ურატაძე გრიგოლ ილარიონის ძე;
51. დავარაშვილი მოსე რახამის ძე;
52. ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე;
53. ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე;
54. ძველაია ბარნაბა პავლეს ძე;
55. გურული ზაქარია დავითის ძე;
56. ჩიქავა ალექსანდრე ხიტუს ძე;
57. ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე;
58. შარაშიძე დავით გრიგოლის ძე;
59. მგელაძე ვლასა დარისპანის ძე;
60. გონაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე;
61. ტოროშელიძე მინადორა ეფრემის ასული;
62. სურგულაძე სიმონ ელიზბარის ძე;
63. გურჯუა ვასილ გიორგის ძე;
64. ნოდია ვასილ გიორგის ძე;
65. აუშტროვი რუბენ გიორგის ძე;
66. მიქელაძე ოსმან შავყი ეფენდი;
67. ქუმსიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე;
68. საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის ძე;
69. ფანიევი კონსატანტინე აბგერის ძე;
70. კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე;
71. ბადრიძე ილია გიორგის ძე;
72. შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული;
73. სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე;
74. კოპალეიშვილი ილია ივენის ძე;
75. ჭავჭანიძე ივანე თედორეს ძე;
76. ჭიაბრიშვილი ანდრია იაკობის ძე;
77. ცინცაძე გიორგი იოსების ძე;
78. ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე;
79. ბოლქვაძე ელისაბედ იოსების ასული;
80. ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე;
81. თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე;
82. ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე;
83. ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე;
84. კიკვაძე თედორე გაბრიელის ძე;
85. კაციაშვილი ნიკოლოზ აღდგომელის ძე;
86. ტატიშვილი ივანე ალექსის ძე;
87. კვარაცხელია იოსებ ანტონის ძე;
88. წულაძე ვასილ ქაიხოსროს ძე;
89. იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე;
90. ემუხვარი არზაყან კონსტანტინეს ძე;
91. გომართელი ივანე გედევანის ძე;
92. ბიული პავლე იაკობის ძე;
93. ელიგულაშვილი იოსებ აარონის ძე;
94. კიღურაძე ლავროსი პავლეს ძე;
95. გვარამაძე თავაზ-ყადირ-მამაც-გული ოღლი;
96. რუხაძე ლევან პორფილეს ძე;
97. ახმეტელაშვილი სვიმონ გიორგის ძე;
98. შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე;
99. ზახაროვი დიმიტრი ვასილის ძე;
100. წულაია პავლე ლუკას ძე;
101. ბერიშვილი პავლე აბრამის ძე;
102. ბაკურაძე ვასილ ზურაბის ძე;
103. კალაძე ერმალოზ თეთორეს ძე;
104. ჭელიძე თეიმურაზ სტეფანეს ძე;
105. მურვანიძე გიორგი ექვთიმეს ძე;
106. ფაღავა გიორგი აქვსენტის ძე;
107. მაჭავარიანი იოსებ ივანეს ძე;
108. ჟღენტი ლეონტი ალმასხანის ძე;
109. ლორია ფილიპე გლახუნის ძე.
110. სოლოღაშვილი ანა (ოლღა)
1919 წელს პარტიის საკანდიდატო სიიდან ჩაირიცხნენ: სოლომონ ვადაჭკორია, ერმალოზ სირბილაძე და იოსებ ირემაშვილი.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
1. ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე;
2. კედია სპირიდონ მალხაზის ძე;
3. ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე (დატოვა ფრაქცია 1919 წ. 27 მაისს);
4. გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე;
5. თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე;
6. მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე;
7. ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე;
8. სურგულაძე პეტრე როსტომის ძე.
სოც. რევოლცუიონერები
1. შენგელია ლეო ანდრიას ძე;
2. ნუცუბიძე ილია დავითის ძე;
3. გობეჩია ივანე პავლეს ძე;
4. გობეჩია იოსებ პავლეს ძე;
5. ნათაძე გრიგოლ იასონის ძე.
სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
1. ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე;
2. რცხილაძე გრიგოლ სიმონის ძე;
3. ნუცუბიძე ვარლამ (შალვა) ისაკის ძე;
4. ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე;
5. ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე;
6. ბარათაშვილი იესე ალექსანდრეს ძე;
7. გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე;
8. მდივანი სიმონ გურგენის ძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий