понедельник, 12 ноября 2018 г.

ოსმანთა იმპერიის ევროპეიზაციის პროცესი და ქართული საზოგადოებრივი აზრი (ლ. ბენდიანიშვილი)


XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოსმანთა იმპერია საკ­მაოდ მჭიდროდ დაუკავშირდა დასავლეთ ევროპას. ფრა­ნ­­გი, გერმანელი და ინგლისელი კაპიტალისტები თან­დათან მზარდი ოდენობით დებდნენ ინვესტიციებს ოსმა­ლე­თის ეკონომიკაში. მოძლიერდა კომპრადორული (ბერ­ძნუ­ლი, სომხური) ბურჟუაზია. გენეზისის პროცესში მყოფი საკუთრივ თურქული სავაჭრო და სამრეწველო ბურჟუაზია კარგად ამჩნევდა, რომ ფეოდალიზმის ნაშთები, დესპო­ტუ­რი სახელმწიფო მანქანა და პარაზიტული ბიუროკრატიუ­ლი აპარატი აფერხებდა ქვეყნის პროგრესულ განვითა­რე­ბას. Dდაიწყო დასავლური ფორმის დემოკრატიული მოძრა­ო­ბა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სულთნის თვითმპყრობელური ხელისუფლების შეზღუდვა, ოსმალე­თის გადაქცევა კონსტიტუციურ-მონარქიულ სახელმწი­ფოდ.

პროგრესულად მოაზროვნე ოფიცრებმა გაითავისეს პარლამენტარიზმის იდეა. ჩამოაყალიბეს ,,ახალგაზრდა ოს­­მანთა’’ ორგანიზაცია. თავის მხარეს გადაიყვანეს სულ­თნის ვეზირი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე მიდხად-ფა­შა, რომელსაც მიაჩნდა, რომ კონსტიტუციურ-პარლამენ­ტუ­რი წყობა განამტკიცებდა ოსმანთა იმპერიის შინაპო­ლი­ტი­კურ და საერთაშორისო მდგომარეობას. რაკი სულთანი აბ­დულ-აზიზი დათმობაზე არ წავიდა, მიდხად-ფაშამ მოაწ­ყო სახელმწიფო გადატრიალება. 1876 წლის 30 მაისს შეთ­ქმუ­ლებმა აბდულ-აზიზი დაამხეს. სულთნის ტახტზე აიყ­ვანეს მურად V. ფაქტიურად მთელი ხელისუფლება გადა­ვი­და მიდხად-ფაშას ხელში, რომლის ხელმძღვანელობით და ახალგაზრდა ოსმანთა მონაწილეობით შედგა ოსმა­ლე­თის კონსტიტუციის ტექსტი. იმავე წელს მურად V სული­ერი ავადმყოფობის გამო, სულთნის ტახტზე შეცვალა აბ­დულ-ჰამიდ მეორემ. Mმან დაამტკიცა კონსტიტუცია, რომე­ლიც საზეიმოდ გამოცხადდა 1876 წლის 23 დეკემბერს. მაგ­რამ მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლში მოწვეული საერთაშორისო კონფერენცია ფაქტიურად ჩაიშალა, სულ­თან­მა მიდხად-ფაშა დიდვეზირის თანამდებობიდან გადაა­ყენა, ახალგაზრდა ოსმანთა უმრავლესობა დასაჯა. ხოლო 1878 წლის თებერვალში კონსტიტუციაც გააუქმა და მის საფუძველზე არჩეული პირველი პარლამენტიც დაითხოვა1.
სულთანმა აბდულ-ჰამიდ მეორემ კონსტიტუციას თან გააყოლა ოსმალეთის მოქალაქეთა პიროვნული ხელშეუ­ხებ­ლობისა და თანასწორობის პრინციპი; სიტყვის, კრებე­ბისა და რწმენის თავისუფლება. დაამყარა თვითმპყრობ­ლური რეჟიმი ,,ზულუმი’’. მაგრამ პროგრესულმა ძალებმა ქე­დი არ მოიხარეს დესპოტი სულთნის წინაშე. წინააღ­მდეგობის მოძრაობა გრძელდებოდა.
ახალ ოსმალთა პოლიტიკურ მემკვიდრეებად გადაიქ­ცნენ ,,ახალგაზრდა თურქები’’, რომლებმაც თავისი პირვე­ლი ორგანიზაცია დააარსეს 1889 წელს სახელწოდებით ,,ერ­თიანობა და პროგრესი.’’ მათ კვლავ აიტაცეს კონ­სტიტუციონიზმის იდეა, სულთანს წაუყენეს მოთხოვნა კონ­სტიტუციის აღდგენის შესახებ. ხსენებული ორგანი­ზა­ციის წევრები საჯაროდ იმეორებდნენ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ლოზუნგს - ,,თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა.’’ ამ ტრიადას დაუმატეს მეოთხე _ სამართლიანობა. ახალგაზრდა თურქებმა თავიანთ მიზნად გამოაცხადეს ოსმალური სახელმწიფოს ყველა ქვეშევრდომის (რელი­გი­ის და ეროვნების მიუხედავად) მოქალაქეობრივი თავი­სუფ­ლების დამკვიდრება და დაცვა, რითაც უფრო მასობრივი ხასიათი შესძინეს გამათავისუფლებელ მოძრაობას.
XIX-XX სს-ების მიჯნაზე დამოკრატიული მოძრაობა კიდევ უფრო გაფართოვდა, ძირითადი ამოცანა გახდა ფე­ოდალურ-თეოკრატიული ოსმალეთის ბურჟუაზიულ-კონ­სტი­ტუციურ სახელმწიფოდ რეორგანიზაცია. ერთიანობისა და პროგრესის კომიტეტი ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას როგორც ოსმალეთში, ისე მის საზღვრებს მიღმა. იატაკ­ქვეშა ტიპოგრაფია სტამბულში აქვეყნებდა პროკლამაცია-მოწოდებებს, ახალგაზრდა თურქთა ერთ-ერთი ლიდერი ახმედ-რიზა პარიზში სცემდა გაზეთებს _ ,,მეშვრეთი’’ ფრან­გულ ენაზე, ხოლო ,,შურა უმეტ’’თურქულ ენაზე იბ­ეჭ­დებოდა. 1897 წელს ერთიანობისა და პროგრესის კო­მიტეტმა დესპოტიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაცია სტამბულში, სულტნის სასახლის წინ მოაწყო. მას მკაცრი რეაქცია მოჰყვა. სულთნის ბრძანებით იატაკქვეშა ორ­გა­ნიზაცია გაანადგურეს, მისი ხელმძღვანელები დასაჯეს.
  რეპრესიები უარყოფითად აისახა გამათავისუფ­ლე­ბელ მოძრაობაზე. ახალგაზრდა თურქებმა შეასუსტეს კავ­შირი სხვატომელებთან, გამოამჟღავნეს ვიწრო ეროვნულ ჩარჩოებში ჩაკეტვის ტენდენცია. 1902 წელს პარიზში მო­წვეულ ყრილობაზე საბაჰ-ედ-დინი გამოეთიშა ,,ერთიანო­ბი­სა და პროგრესის’’ კომიტეტს და შექმნა ,,დე­ცენ­ტრ­ა­ლი­ზაციისა და კერძო ინიციატივის ლიგა.’’ აქ შევიდნენ ოს­მანთა იმპერიის ფედერაციულად მოწყობისა და უცხოური ინვესტიციების უფრო ფართოდ მოზიდვის მომხრენი. 1905 წელს ერთიანობა არსებითად აღდგა. აბდულ-ქევდეთმა ჟენევაში გამოსცა ბროშურა-პროკლამაცია, რომელშიც იგი სომეხ-თათართა შეტაკებასა და ბაქოს სისხლიან ამბებში (1905 წ.) ადანაშაულებდა რუსეთის იმპერატორსა და ოსმა­ლე­თის სულტანს და ოსმანთა იმპერიის ყველა ეთნოსის დემოკრატიულ ძალებს სოლიდარობისაკენ მოუწოდებდა. თვით ოსმალეთში გამოიკვეთა კიდეც სხვადასხვა ეროვნე­ბის წარმომადგენელთა უფრო მჭიდრო კავშირისა და სულ­თნის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის ორგა­ნიზების ტენდენცია. 1907 წელს პარიზში შეიქმნა რევოლუ­ციურ ორგანიზაციათა ბლოკი, რომელშიც შევიდნენ ..ერ­თობა და პროგრესი”, პრინც საბაჰ-ედდინის ,,ლიგა’’, მაკე­დონური და სომხური ნაციონალური ორგანიზაციები. შემ­თხვევითი სულაც არ იყო, რომ 1908 წლის დამდეგს ანტი­დესპოტური აჯანყება დაიწყო მაკედონიაში და თითქმის ოსმალთა მთელ იმპერიას მოედო.
ინფორმაციამ ამ მოვლენის შესახებ შემოაღწია სა­ქარ­თველოშიც. გაზეთი ,,ამირანი’’ მკითხველს აუწყებდა: ,,ევროპულ ოსმალეთში, მაკედონიაში დიდი რევოლუციური მოძრაობა დაიწყო. იქაურმა ჯარმა აჯანყება მოახდინა და მოითხოვა კონსტიტუციის გამოცხადება’’. რედაქცია საკ­მაო ოპტიმიზმს იჩენდა. ოსმალეთის იმპერიაში დაწყებული დემოკრატიული მოძრაობისგან პროგრესულ ცვლილებებს მოელოდა. დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდა თურ­ქთა პარტია მალე მსოფლიოს გააკვირვებდა თავისი რადი­კალური პოზიციით.2
დასავლეთ ევროპის დიდი სახელმწიფოები კი თურ­ქეთში დაწყებული მოძრაობისაგან დადებითზე გაცილებით მეტ უარყოფით შედეგებს მოელოდნენ. ალბათ ამიტომ ახალ­გაზრდა თურქთა ლიდერმა ახმედ რიზამ პარიზში გა­მოაქვეყნა მანიფესტი, უარყოფდა გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თურქეთში მათ მიერ დაწყებული დე­მოკ­რატიული მოძრაობა თითქოს მიმართული იყო საზ­ღვარ­გარეთის სახელმწიფოებისა და ოსმალეთის იმპერიის სხვატომელთა წინააღმდეგ. მანიფესტის ავტორი აცხადებ­და, რომ ჩვენ თანასწორუფლებიანად მიგვაჩნია ყველა ეროვნება და სარწმუნოება, გვინდა, რომ პარლამენტურმა წყობილებამ სარგებლობა მოუტანოს მუსლიმანებსაც, ქრის­ტიანებსაც და ურიებსაც.3 ქართული პრესის პუბლიც­ცის­ტები ჭეშმარიტებად ღებულობდნენ თურქულ მანი­ფესტს. აღნიშნავდნენ, რომ მანიფესტში დაფიქსირებულმა ლოზუნგებმა დადებითი გავლენა მოახდინა ოსმალეთის მრავალეროვან მოსახლეობაზე, სხვატომელები გამოთქვამ­დნენ სურვილს მხარში ამოდგომოდნენ ახალგაზრდა თურ­ქებს, ებრძოლათ კონსტიტუციისა და პარლამენტისათვის. ამან ახალგაზრდა თურქთა ავტორიტეტი და გავლენა აამაღ­ლა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს მიღმა. მათ მემორანდუმი გადასცეს უცხოეთის ელჩებს, აუწ­ყეს, რომ მათი ძირითადი მიზანია 1876 წლის კონ­სტიტუციის აღდგენა და მიზანშეწონილია ევროპის სა­ხელ­მწიფოებმა ,,ურჩიონ’’ სულთანს დააკმაყოფილოს ახ­ალ­გაზრდა თურქთა ეს სამართლიანი მოთხოვნა.
საქართველოში ისიც გაიგეს, რომ ოსმალეთის სულ­თანმა ძალა გამოიყენა, აჯანყებულთა წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. მაგრამ თურქეთის მონარქის თითქოსდა ,,ერთ­გული’’ პოლკები რევოლუციის მხარეს გადავიდნენ. აჯან­ყებულთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქარი სტამბო­ლი­საკენ დაიძრა. სულთანი შეშინდა, დათმობასა და კომ­პრომოსზე წავიდა. 1908 წლის 23 ივლისს საზეიმოდ გა­მოც­ხადდა აბდულ-ჰამიდ მეორის ბრძანება კონსტი­ტუციის აღდგენის შესახებ. ოსმალთა იმპერია კონსტიტუციურ-მო­ნარქიულ სახელმწიფოთა რიგებში დგებოდა. გაზეთ ,,ამი­რა­ნის’’ რედაქციამ ქართველ მკითველს აუწყა, რომ თურ­ქეთის სულთანი ევროპის კონსტიტუციურ მონარქთა დო­ნემდე დავიდა. Mმისი უფლებამოსილება საგრძნობლად შეზ­ღუდა პარლამენტმა, რომლის დეპუტატები და სენა­ტო­რები ხალხმა აირჩია. გაზეთის კორესპოდენტი იმასაც წერ­და, რომ კონსტიტუციური წყობის დამყარებამ საერთო სა­ხალხო ენთუზიაზმი გამოიწვია. საპატიმროებიდან გა­ათა­ვისუფლეს 40 ათასი კაცი. Gგამოცოცხლდა ლიტერა­ტუ­რა და პრესა. თითქმის გაქრა რელიგიური და ნაცი­ონალური მტრობა. სტამბოლში მუსლიმანები მივიდნენ სო­მეხთა საფლავებთან და თაიგულებით შეამკეს. მაკე­დო­ნი­აში შეწყდა რელიგიურ-ეროვნული ხასიათის შეტაკებები. იმე­დოვნებდნენ, რომ ეროვნული საკითხი მშვიდობიანი მე­თოდებით გადაიჭრებოდა.4
თურქეთის რევოლუციამ გარკვეული სიძნელეები შე­უქმნა ევროპის სახელმწიფოებს, რომლებმაც ოსმანთა იმ­პე­რიის ყოფილი პროვინციები ჩრდილო-აფრიკაში თავის კო­ლონიებად აქციეს. გაზეთმა ,,ამირანმა’’ მკითხველს მია­წოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის კონ­სტი­ტუციის გამოცხადებისთანავე გამათავისუფლებელი მოძრა­ო­ბა ეგვიპტესაც მოედო. აქაც თურქეთის მიბაძვით დაარ­სდა ახალგაზრდა ეგვიპტელთა პარტია, რომელმაც მოით­ხოვა კონსტიტუცია.5
ამ ამბებით შეშფოთებული ინგლისის საგარეო საქმე­თა მინისტრი გრეი აცხადებდა, რომ ჩვენ ეგვიპტეში კონ­სტიტუციის არსებობა დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგრამ თუ დაგვჭირდა ეგვიპტელთა ჯანყის იარაღით ჩაქრობა, უხერ­ხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებითო. შეშფოთებული ჩან­დნენ საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და რუსე­თიც. ამასთან დაკავშირებით ,,ამირანის’’ რედაქციამ გამო­აქ­ვეყნა სტატია ,,დიდი სახელმწიფოები და ოსმალეთი.’’ იქ ნათქვამია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ანატოლიის ნავსადგურებში აპირებს შესვლას, ინგლისი კი კრეისე­რებს გზავნის ბოსფორ-დარდანელის სრუტეში. გერმანიასა და ავსტრიას საჭიროდ მიაჩნიათ ახაგაზრდა თურქთა მოძ­რაობის დათრგუნვა. სხვები კი იმ აზრის არიან, რომ კონ­სტიტუციურ-პარლამენტური წყობილების შექმნა უზრუნ­ველ­ყოფს წესიერების დამყარებას ოსმალეთში. ჩანს, რომ გაზეთის რედაქცია ამ ,,სხვების’’ პოზიციაზე იდგა, დადე­ბით მოვლენად მიაჩნდა ოსმალეთში მომხდარი ცვლი­ლე­ბები.6
ოსმალეთში დაწყებულ გამათავისუფლებელ მოძრაო­ბასთან და ევროპის სახელმწიფოთა პოზიციასთან დაკავ­შირებით ჟურნალ ,,საქართველოს’’ კორესპონდენტი წერდა: ,,ოსმალეთის საზოგადოების ნაწილმა ბოლოს და ბოლოს შეიგნო, რომ ძველი ტრადიციებით ცხოვრება აღარ შეეძ­ლო მათ სამშობლოს. დადგა დრო, რომ შეეცვალათ თა­ვიანთი ცხოვრება ევროპის წესზედ და ხანგრძლივი, ჭკვი­ანი და ენერგიული მუშაობის შემდეგ გამოაცხადეს კონ­სტიტუცია. მაგრამ დახეთ ბედის სიმუხთლეს, თურმე წმინ­და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას მაინც და მაინც არაფ­რად მიაჩნია უმაღლესი მოსაზრებანი ერთა ბედის შესა­ხებ. საზოგადო კულტურის თვალსაზრისით მას სხვა სა­ზომი ჰქონია, საზომი კერძო გამორჩენისა და სხვის ზურ­გზე გასუქებისა….... ავსტრია და რუსეთი ისე უყურებენ ოსმა­ლეთს თითქოს იქ არაფერი ცვლილება არ მომხდა­რიყოს. ძველებურად გემრიელ ლუკმად მიაჩნიათ და რო­დესაც ამ ერსაც ეღირსა ადამიანური ცხოვრების დაწყება, მაშინ შეურჩიეს დრო და დახმარების მაგივრად ინაწი­ლებენ მის მემკვიდრეობას~. იქვე წერილის ავტორი მოვ­ლენებს განიხილავს საქართველოს სამომავლო ინტერესთა პრიზმაში და ხაზგასმით წერს: ,,ოსმალეთის განახლება შესაძლებელ ჰყოფს ჩვენს მომავალს, ოსმალეთის დაღუპვა კი ჩვენც დაგვღუპავს~. ქართველი პუბლიცისტი შორს იხ­ე­დება, სჭვრეტს დამოუკიდებელ საქართველოს და წერს, რომ განახლებული ოსმალეთისათვის, აგრეთვე ირანი­სათვის კავკასიის ნეიტრალობა, მათსა და რუსეთს შორის ბუფერული სახელმწიფოებრივი ერთეულის (ან ერთეულე­ბის) სახით არსებობა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე მიერ­თება. რუსი პოლიტიკოსები კი, სამწუხაროდ, საჭიროდ თვლიან კავკასიის სლავიზაციას. მიაჩნიათ, რომ კავკასიის დაპყრობას მოითხოვდა რუსეთის ინტერესები და დღესაც იგივე ინტერესები უკარნახებთ, რომ კავკასია შეინარ­ჩუ­ნონ როგორც იმპერიის განუყოფელი ნაწილი7.
ქართველმა პუბლიცისტებმა გამოიკვლიეს, რომ ოს­მა­ლე­თის ქართველობა აქტიურ მონაწილეობას იღებდა სა­ხელ­მწიფოს პროგრესულად განახლებისათვის ბრძოლაში. ,,საქართველოს’’ რედაქცია სიამაყით აცნობდა მკითხველს იმ პირთა ვინაობას, რომელნიც დიდ როლს ასრულებდნენ ოსმალეთის მართვა-გამგეობასა და ახალგაზრდა თურქთა პარტიის საქმიანობაში. უსუფ-ბეი (ლორთქიფანიძე) იყო პირ­ველი, რომელმაც თავისი ბატალიონი სალონიკში ,,თა­ვისუფლებას შეაფიცა~. პოლკოვნიკები აჰმედ და მაჰმუდ ბეგები (თავდგირიძეები) ახალგაზრდა თურქთა პარტიის ბურ­ჯებად ითვლებიანო8.
ოსმალეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართველების დიდ როლზე გაზეთ ,,თემის’’ კორესპონდენტი წერდა. აღ­ნიშნავდა, რომ ამ მხრივ ისინი თურქებს თუ არ უსწრებენ, არც ჩამორჩებიან. მაგრამ სინანულით იმას აუწყებდა მკით­ველს, რომ ოსმალეთის სახელწიფო მოღვაწეობაში ჩაბ­მული ქართველები, სარწმუნოებისა და მიღებული აღ­ზრდა-განათლების წყალობით, ქართველი ეროვნებისათვის თითქმის უსარგებლონი არიან. მუსლიმანი ქართველები (გურჯები) ოფიციალურად ოსმალებად არიან მიჩნეულნი და ამიტომ მათ (განსხვავებით ბერძნების, სლავების და სომხებისაგან) პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა არ ჰყავთ. ასეთი ქართველებისათვის ეროვნული საკითხი არ არსებობს, ისინი ოსმალეთის მთავრობას ავტონომიის მოთხოვნით არ აწუხებენო.9
ოსმალეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში თავგამოჩენილ მუსლიმან ქართველთა ანალოგიური პოზიცია ეკავათ რუ­სე­თის სახელმწიფო სამსახურში დაწინაურებულ ქართვე­ლებს და მათ შორის ქართველ სოციალ-დემოკრატებს (მენ­შევიკებს). რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქარ­თველ დეპუტატებს – კ. ჩხეიძეს, ე. გეგეჭკორს, ი. წერე­თელს და სხვ. არ მოუთხოვიათ საქართველოს პოლი­ტიკუ­რი ავტონომია იმ მოტივით, რომ ეროვნული საკითხის ნაადრევად წინ წამოწევა გაამწვავებდა ნაციათა შორის წინააღმდეგობას და შეაფერხებდა საერთო სარუსეთო სო­ცი­ალ-პოლიტიკური შინაარსის გამათავისუფლებელ მოძ­რა­ო­ბას. ისინი არა მარტო მრავალეროვნულ რუსეთში ამარ­თლებდნენ უნიტარული სახელმწიფოებრივი წყობი­ლე­ბის არსებობას, არამედ წინააღმდეგი იყვნენ მრავალეროვ­ნული ოსმანთა იმპერიის ფედერაციულ პრინციპზე გარ­დაქ­მნისაც. ამ სახელმწიფოს მიმართაც იცავდნენ უნიტა­რულ-ცენტრალისტური მართვა-გამგეობის მოდელს.
არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე იდგნენ საქარ­თველოს ეროვნული მიმართულების პარტიები. მათ XX ს-ის დამდეგს კვლავ აახმიანეს ი. ჭავჭავაძის ეროვნული კონ­ცეფცია, დააყენეს მრავალეროვნული რუსეთის იმპერი­ის ფედერაციულ საწყისებზე რეორგანიზაციის პროგრამა, მოითხოვეს საქართველოსათვის ავტონომიური სახელმწი­ფოს სტატუსის მინიჭება. ისინი ამავე თვალსაზრისს ავრ­ცე­ლებდნენ ოსმალეთის იმპერიაზეც. სოციალ-ფედერა­ლის­ტური მიმართულების ,,ამირანის’’ კორესპონდენტი ვასილ წერეთელი, მართალია, თანაგრძნობა-სოლიდარობას უცხა­დებ­და ოსმალეთში გაჩაღებულ გამათავისუფლებელ მოძ­რაო­ბას, მაგრამ იმასაც აღნიშნავდა, რომ თუ ახალ­გაზ­რდა თურქებმა სხვა ერებს პოლიტიკური ავტონომია არ მიანიჭეს, სახელმწიფოში შიგა ნაციონალური წინააღ­მდე­გო­ბები არ აღმოიფხვრებაო. იმავე გაზეთში მოთავსებული სხვა წერილები ნათელყოფს, რომ არაბები, ქურთები, ბერ­ძნები, სომხები და სხვა ერთა წარმომადგენლები პრაქტი­კულ ასპექტში აყენებდნენ ოსმანთა იმპერიის ფედერა­ციულ სახელმწიფოდ გარდაქმნის საკითხს. ქართულ პრე­სა­ში, როგორც სინანულით აღვნიშნეთ, ისიც ითქვა, რომ მუსლიმან ქართველებს ავტონომია არ მოუთხოვიათ. ამი­ტომ გაზეთ ,,თემის’’ რედაქციას საჭიროდ მიაჩნდა ოსმა­ლეთის საქართველოსათვის მეტი ყურადღების მიქცევა, ქარ­თველების გამოსაბრუნებლად, ეროვნული სულის­კვე­თების ასანთებად სათანადო ღონისძიებების გატარება.
მაგრამ ოსმანთა იმპერიის ქართველთა გამობრუნება, მა­თი ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პოზიციაზე დაყენება, სუ­ბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო გაძნელდა. მთავარი ის იყო, რომ თურქმა ხალხმა და მთავრობამ მუსლიმანი გურჯები თავიანთი სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად გაიაზრეს, შეითვისეს, გასაქანი მისცეს სახელ­მწიფო მართვა-გამგეობაში, არ აძლევდნენ მათ ოპო­ზიცი­აში გადასვლის მიზეზსა და საფუძველს. ბალკანეთის ომ­ის დროს გურჯები თურქული სახელმწიფოს პოზიციაზე რჩებოდნენ. Pპირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, რო­ცა თურქეთი და რუსეთის იმპერია სამხედრო ბლოკე­ბის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, ქრისტიანული საქარ­თვე­ლოს ეროვნული მიმართულების პარტიებმაც გარკვეუ­ლი იმედი დაამყარეს თურქეთზე.
ჯერ კიდევ 1913 წელს რუსეთის მთავრობისაგან დევნილმა ქართველმა პატრიოტებმა ჟენევაში ჩამოაყალი­ბეს ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაცია ,,თავისუფალი საქართველო~. მისი ორგანიზატორები იყვნენ ვარლამ ჩერ­ქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი, პეტრე სურგულაძე, ლეო კერესელიძე, გერონტი ქიქოძე და სხვ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ამ ორგანი­ზაცი­ის საფუძველზე შეიქმნა ,,საქართველოს დამოუკიდებლო­ბის ეროვნული კომიტეტი~, რომელიც ჟენევიდან ბერლინ­ში გადავიდა და მჭიდრო კონტაქტები დაამყარა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. პროგერმანული ორი­ენ­ტაციის ამ ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ სა­ქარ­თველოს დამოუკიდებლობის აღდგენა შეუძლებელი იქ­ნე­ბოდა იმ დიდ ომში რუსეთის იმპერიის დამარცხების გა­რეშე და სწორედ ამიტომ დაუკავშირდნენ რუსეთის მთა­ვარ მტერს გერმანიას და მის მოკავშირე თურქეთს. საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის კო­მიტეტმა გერმანიის მთავრობის სრულუფლებიან წარმო­მად­გენლებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელშიც და­ფიქსირდა მუხლი იმის შესახებ, რომ თუ გერმანია ომში გაიმარჯვებდა, დაეხმარებოდა ქართველ ხალხს დამოუკი­დებ­ლობის აღდგენაში., საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვაში.
ამის შემდეგ დამკომის წევრებმა მოლაპარაკება გა­მარ­თეს გერმანიის მოკავშირე თურქეთის მთავრობასთან. მათ გავლენიანი მუსლიმანი ქართველების დახმარებით მი­ზანს მიაღწიეს, თურქეთის მთავრობასთან გააფორმეს ხელ­შეკრულება საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობი­სა და მისი საზღვრების შესახებ. მასში ჩაიწერა: თურ­ქე­თის მთავრობა სცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას მის ისტორიულ-რეალური ტერიტორიის ფარგლებში. შე­საძ­ლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობს რუსეთის ჯა­რისაგან გაწმენდილ ტერიტორიაზე საქართველოს დროე­ბი­თი მთავრობის შექმნას. როგორც კი ეს მთავრობა გა­მოაცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას. თურქეთი მაშინვე სცნობს ამ ახალ სახელმწიფოს და მიიღებს მის სრულუფლებიან წარმომადგენელს (ელჩს) სტამბულში. იქ­ვე აღნიშნული იყო, რომ თურქეთის მთავრობა ხელს შე­უწ­ყობდა ქართველთა შეიარაღებული ძალების ფორმი­რე­ბას, მის შევსებას გერმანია-ავსტრიის მიერ ტყვედ აყვა­ნილი ქართველი ჯარისკაცებითა და ოფიცრებით, აგრეთვე ქრისტიანული და მუსლიმანური საქართველოდან გამოსუ­ლი მოხალისეებით. ხელშეკრულების სათანადო მუხლები უფლებას აძლევდა თურქეთს ომის მსვლელობაში გამო­ეყე­ნებინა საქართველოს რკინიგზები. ქართველი მხარის მოთ­ხოვნით მეცხრე მუხლში ჩაიწერა, რომ ომის დამ­თავ­რების შემდეგ თურქეთის ჯარები გაყვანილი იქნებოდა და­მოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიიდან.10
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა შეძლო თურქეთის ტერიტორიაზე შეექმნა ქართული ლეგიონი, რომელშიც 1914 წლის ოქტომბერ-ნოემბრისათვის დაახლო­ებით ათასი მებრძოლი ირიცხებოდა. თურქეთის ჯართან ერთად ისიც ჩაება რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ სა­ომარ ოპერაციებში. ქართველთა ლეგიონმა საქართველოს საზღვრის ახლოს გაანადგურა რუს კაზაკთა რაზმები და დაიკავა რამდენიმე სოფელი. თურქთა ჯარების შეტევა წარ­მატებით განვითარდა. 1914 წლის მიწურულს მურღულ­თან გამართულ ბრძოლაში რუსთა ჯარი დამარცხდა. პანიკაში ჩავარდნილმა რუსმა გენერლებმა უბრძოლველად და­ტოვეს თავიანთი პოზიციები, რომელიც მათ ჰქონდათ ბორჩხაში, მარადიდში, აჭარისწყალზე.Mმეფისნაცვლის მო­­ად­გილე სამხედრო ნაწილში გენერალი მიშლევსკი ფრონ­ტიდან გაიქცა. მოუწოდა ქართველ ხალხს თავისი ხელით დაენგრია გზები, ხიდები, სახლები, გაეკაფა ბაღ-ვენახები, რა­თა გამარჯვებულ მტერს დახვედროდა მხოლოდ შიშ­ველი მიწა. ორიოდე რენეგატმა ქართველმა მხარი აუბა მიშ­ლევსკის. უფრო მეტმა კი გაბედა მისი დაგმობა. რეზო გაბაშვილმა პატრიოტებს შეახსენა, რომ უკვე გაფორ­მებუ­ლი იყო ხელშეკრულებები გერმანიასა და თურქეთთან, რომ­ლებიც ქართველ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძო­ლაში დახმარებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ჰპირდებოდნენ.
ხელსაყრელი საერთაშორისო პირობები და კონ­კრე­ტუ­ლი სიტუაცია მართლაც შეიქმნა. დამკომი გადამწყვეტი მოქმედების გეგმას აზუსტებდა. მანვე გაავრცელა ინფორ­მაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის ჯარი საქართველოში შემოდიოდა არა სამტროდ, არამედ სამოყვროდ და თანაც ქარ­თულ ლეგიონთან ერთად, რომლის სათავეში ქარ­თვე­ლი ოფიცრები იდგნენ. არც რუსეთის დაზვერვას ეძინა. მან გარკვეული მამხილებელი მასალა აღმოაჩინა, რამაც საფუძველი მისცა დიდმპყრობლური რუსული შოვინიზმის ლიდერებს განგაში აეტეხათ, აღვირახსნილი კამპანია გა­ეჩაღებინათ ქართველი ერის სეპარატისტული მისწრაფე­ბის წინააღმდეგ. გაავრცელეს ვერსია, რომ აჭარლები უკ­ვე შემართული არიან ასაჯანყებლად, ხოლო ქრისტიანი ქარ­თველების ანტირუსული გამოსვლები გერმანელთა დე­სან­­ტის ფოთში გადმოსხმისთანავე დაიწყებაო. მაგრამ პირ­ველი მსოფლიო ომი მალე სხვაგვარად წარიმართა. რუ­სე­თის ჯარებმა რევანში აიღეს, თურქეთის არმიებს ტრა­პიზონამდე დაახევინეს. ვერც გერმანელებმა მოახერ­ხეს საქართველოს შავი ზღვისპირეთში დესანტის გად­მოს­ხმა.
პირველი მსოფლიო ომი ოთხ წელზე მეტხანს გაგ­რძელ­და. რუსეთის იმპერიაში ეკონომიკურ-სოციალური კრი­ზისი გაღრმავდა და შინაპოლიტიკური სიტუაცია მაქ­სიმალურად დაიძაბა. 1917 წლის თებერვალ-მარტის ბურ­ჟუა­ზიულმა რევოლუციამ აბსოლუტური მონარქია აღგავა პირისაგან მიწისა, ხოლო რვა თვის შემდეგ ბოლ­შევი­კურ­მა გადატრიალებამ რუსეთის დემოკრატიულ მთავრობას მო­უღო ბოლო. საბჭოურ-კომუნისტური ხელისუფლების და­მყარებას მყისვე მოჰყვა სამოქალაქო ომის ესკალაცია და რუსეთის იმპერიის მომენტალური დაშლა. 1917 წლის მიწურულს ამიერკავკასია ფაქტიურად გამოეყო რუსეთს, 1918 წლის 26 მაისს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოქვეყნდა.
ამ მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა თურქი და ქართველი ხალხის ურთიერთობის ფორმებზე. საბჭოთა რუ­სეთმა ვერ შეაკავა გერმანიის ჯარების შემოტევა დ ლე­ნინმა ხელი მოაწერა ბრესტის სამარცხვინო ზავს, რომ­ლის ძალითაც რუსეთმა დაკარგა დასავლეთის ვრცელი ტერიტორიები, სამხრეთში კი ბათუმისა და ყარსის ოლ­ქები. საქართველოს და სომხეთის პროტესტს დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მათ დაკარგული ტერიტორიები და­იბ­რუნეს მხოლოდ 1918 წლის მიწურულს, როცა გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს ან­ტან­ტის წინაშე და დატოვეს ყველა ოკუპირებული ტერი­ტორიები. ოსმანთა იმპერია გაქრა. თურქული სახელმწიფო უნდა დასჯერებოდა ანატოლიას და კონტანტინოპოლის მომიჯნავე ბალკანეთის ტერიტორიის ვიწრო ზოლს.
გამარჯვებული ანტანტისა და სევრის ხელშეკ­რულე­ბის წინააღმდეგ თურქი ხალხის მოძრაობას სათავეში ჩა­უდგა Mმუსტაფა ქემალ ფაშა (რომელმაც მოგვიანებით თურ­ქთა მამის _ ,,ათა თურქის’’ ზედწოდება მიიღო). მან ორი­ენტაცია აიღო საბჭოთა რუსეთზე და ლენინს სთხოვა დახ­მარება. ბოლშევიკთა ლიდერს აკვიატებული ჰქონდა ,,სოციალისტური რევოლუციის ცეცხლის’’ აღმოსავლეთში გავრცელების იდეა და საამისო პლაცდარმად თურქეთის ტერიტორია მიიჩნია. იგი არა თუ ეწინააღმდეგებოდა, არა­მედ ხელს უწყობდა დასავლეთიდან გამოდევნილ ოს­მალ­თა აღმოსავლეთის მიმართულებით საქართველოსა და სომ­ხეთის ხარჯზე გაფართოვებას. დამოუკიდებელი საქარ­თვე­ლოს პოლიტიკოსები არწმუნებდნენ Mმუსტაფა ქემალ-ფა­შას და მის თანამებრძოლებს რომ დამოუკიდებელი, ძლი­ერი და თანაც ბუფერული საქართველოს არსებობა სა­სარგებლო იყო თურქეთისათვის. მაგრამ ამაოდ. იმ მომენტში ახალი რუსეთისა და ახალი თურქეთის ინტერე­სები ერთმანეთს დაემთხვა. ქემალისტური ხელისუფლება დაეხმარა საბჭოთა რუსეთს აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ოკუპაციაში, რის საზღაურადაც მიიღო ყარ­სის ოლქი მთლიანად და ბათუმის ოლქის დიდი ნა­წილი.
მართალია, საბჭოთა რუსეთმა გაამწვავა ქართველი და თურქი ხალხების ურთიერთობა, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ მიმდინარეობდა თურ­ქე­თის არა რუსიფიკაცია, არამედ ევროპეიზაცია. ამ ქვეყა­ნაში გატარდა დასავლური ყაიდის რეფორმები. 1923 წელს თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, გაუქმდა ხალიფატი, შარიათისა და ვაკუფების საქმეთა სამინისტრო. სახელმ­წი­ფოს გამოეყო ეკლესიას. შეიქმნა საერო სკოლები, დაარ­სდა უნივერსიტეტები. ქალებს ჩამოხსნეს ჩადრები და მი­ა­ნიჭეს საარჩევნო ხმის უფლება. თურქეთის ევროპეიზაცია კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იგი გახდა ნატოს წევრი, მოგვიანებით კი მოითხოვა ევროკავშირში მიღება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოსა და თურქეთს შორის ნორმალური ურთი­ერ­თობა დამყარდა. თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვი­ლი სავაჭრო პარტნიორია. თურქი საზოგადოების დიდი ნა­წილი, მათ შორის გურჯები მიიჩნევენ, რომ თურქეთ-სა­ქართველოს მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა არა აქვს. იმავე პოზიციაზე დგას ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. Советская Историчечская Энциклопедия, т.14, стр.571-572.
2. გაზეთი ,,ამირანი’’, 1908 წ. 1 და 3 ივლისის ნომრები.
3. А.Ф.Миллер, Краткая История Турции, М., 1948.
4. გაზეთი ,,ამირანი’’, 1908 წ. 24 ივლისი, 1 აგვისტო.
5. ,,ამირანი’’, 1908 წლის 3 აგვისტო.
6. ,,ამირანი’’, 1908 წ, 19 ივლისი.
7. ჟურნალი ,,საქართველო’’, 1908 წ. #2
8. იქვე.
9. გაზეთი ,,თემი’’, 1912 წ. @#51.
10. გ. გოცირიძე, ქართველი საზოგადოებრიობა და პირვე­ლი მსოფლიო ომი, თბ., 1997, გვ. 13 15.

Комментариев нет:

Отправить комментарий