1828 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელსაც პეტერბურგი მომზადებული შეხვდა. ამდენად იგი რუსეთისათვის უფრო ხელსაყრელ ვითარებაში მიმდინარეობდა, რამაც მისი გამარჯვება განაპირობა. შედეგად რუსეთმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ახლო აღმოსავლეთში და მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საზღვრები კავკასიაში, განიმტკიცა პოზიციები შავ ზღვაზეც. ომი დაიწყო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე
და განევრცო კავკასიაში, ჯერ არზრუმის, შემდგომ კი აჭარის მიმართულებით.
ფრონტის სხვადასხვა უბანზე მიმდინარეობდა
გააფთრებული ბრძოლები. 1828
წლის 24 ივნისს, რუსების მიერ აღებულ იქნა ახალქალაქი,
15 ივლისს ფოთი და განხორციელდა შეტევა ახალციხის საფაშოზე. სელიმ ხიმშიაშვილის
ვაჟმა _ ახმედმა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის მრავალრიცხოვან ჯარს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა თავისი დარჩენილი ძალის ნაწილებით გასცლოდა ახალციხეს და აჭარაში გადასულიყო.
გარკვეული დროის შემდეგ, 1829 წლის თებერვალში, ახმედ ხიმშიაშვილმა ძალები მოიკრიბა და ახალციხეს ისევ შეუტია. პირველი წარმატებული ბრძოლების შემდეგ, ალყა შემოარტყა ქალაქს, თუმცა მისმა მოკავშირემ _ აბდი ბეგმა, რუსთა მაშველი ჯარი ვერ დააკავა და ახმედ ბეგი თავისი მებრძოლებით
იძულებული გახდა კვლავ უკან, აჭარაში გაბრუნებულიყო
[2, 56-47].
რუსთა მხედრობას გადაწყვეტილი ჰქონდა აჭარის დალაშქვრაც, მაგრამ ზამთრისა და რთული რელიეფის გამო, ახმედ ბეგ ხიმშიაშვილის წინააღმდეგ გალაშქრება აღარ მოხერხდა. ამ შეფერხებით ისარგებლა ახმედ ბეგმა და მოლაპარაკება გამართა გენერალ ბებუთოვთან. ამით ის ცდილობდა როგორმე შეეჩერებინა რუსეთის ჯარის წინსვლა აჭარის მიმართულებით. რუსეთის სარდლობა მიზნად ისახავდა უსისხლოდ შესულიყო აჭარაში, ამიტომ მას აწყობდა კიდეც ახმედ ბეგთან მოლაპარაკება.
თავის მხრივ, გარკვეული პირობების სანაცვლოდ (გენერლის ჩინი, ლურჯი ლენტი, აჭარის მმართველობა, ფაშის ტიტული), ახმედ ხიმშიაშვილი თანხმობას აცხადებდა რუსეთის ქვეშევრდომობაზე,
მაგრამ მოლაპარაკებები გაჭიანურდა, რადგანაც ბეგის მიერ წაყენებული მოთხოვნები რუსეთის იმპერატორის
დასტურს მოითხოვდა, რაც გარკვეულ დროსთან იყო დაკავშირებული. დრო კი არ იყო. საკითხი სწრაფ გადაწყვეტას
საჭიროებდა. ამიტომაც ახმედი არჩევანის წინაშე დააყენეს. ან სასწრაფოდ მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება
_ უსისხლოდ შეშვა რუსული ჯარი აჭარაში, ან ერთადერთი ვაჟი გაეგზავნა მათთან მძევლად, წინააღმდეგ შემთხვევაში
საქმე ცუდად წაუვიდოდა. ახმედ ხიმშიაშვილის პასუხმა ბებუთოვს ვეღარ მოუსწრო, რადგანაც იგი მოულოდნელად გადაიყვანეს
სომხეთის ოლქის უფროსად. მის მაგივრად კი ახალციხეში დანიშნეს გენერალი _ ბარონი ოსტენ-საკენი, რომელსაც კავკასიის მთავარმართებელმა პასკევიჩმა კატეგორიულად დაავალა დაემორჩილებინა ახმედ ხიმშიაშვილი.
ამავდროულად, პასკევიჩი აფრთხილებდა ოსტენ-საკენს _ ემოქმედა ფრთხილად, გააზრებულად, უკიდურესობების
გარეშე. ახმედ ხიმშიაშვილი,
ბებუთოვისაგან განსხვავებით არ იცნობდა ოსტენ-საკენს და უნდობლად იყო განმსჭვალული
მის მიმართ. მან უარი განაცხადა რუსთა მთავარსარდლობის პირობის შესრულებაზე იმ მოტივით, რომ ქვემო აჭარაში მოსალოდნელი
მღელვარების გამო, მას და მის ვაჟს არ შეეძლო აჭარიდან გასვლა. სამაგიეროდ, ახმედ ხიმშიაშვილი
თანხმობას აცხადებდა მასთან მძევლად გაეგზავნა ბიძა სულეიმან-აღა. მაგრამ მოხდა ისე, რომ აღარც სულეიმანი ჩამოსულა ახალციხეს _
მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და თავი აარიდა რუს გენერალთან გამოცხადებას. ამაზე განრისხებულმა ოსტენ-საკენმა ასეთი შინაარსის წერილი მისწერა ახმედ ხიმშიაშვილს: „არც თქვენ, არც თქვენი შვილი, არც თქვენი ბიძა სულეიმანი არ გამოცხადდით ჩემთან ქვეშევრდომობის მისაღებად იმ გამარჯვების
შემდეგ, რომელიც დიდი ხელმწიფის ჯარმა მოიპოვა, რუსეთის მთავრობის დამცირება იქნებოდა რბილად ემოქმედა და დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ დაპირებებით. თქვენ წერთ, რომ ქვემო აჭარა აჯანყდა თქვენს წინააღმდეგო,
ამაზე გიპასუხებთ, თუ ოთხი დღის განმავლობაში
თქვენ ან თქვენი შვილი არ გამოცხადდებით ჩემთან, მაშინ მე იძულებული ვიქნები ჯარით შემოვიდე აჭარაში, ან თქვენს დასახმარებლად,
ან თქვენს დასასჯელად, თქვენი მოქმედება გადაწყვეტს, თუ მე რომელი ღონისძიების განხორციელება მომიხდება“ [3, 34].
ოსტენ-საკენი, თავის მხრივ აშკარა ავანტიურაზე
წავიდა: იმის მაგიერ, რომ მას ეწარმოებინა
დიპლომატიური მოლაპარაკება, აშკარა ძალის გამოყენება გადაწყვიტა და შეეცადა იარაღის ძალით მოეგვარებინა ეს საქმე. კავკასიის მთავარმართებლის _ პასკევიჩის გაფრთხილების მიუხედავად, იგი არც გენერალ გესეს დაკავშირებია და დამოუკიდებლად
შეუდგა მოქმედებას… ეტყობა, გენერალი პასკევიჩი გასცნობია ოსტენ-საკენის მიერ ახმედ ხიმშიაშვილისათვის გაგაზავნილი
წერილის შინაარსს და აშკარად არ მოწონებია იგი. ამის გამო იგი ოსტენ-საკენს წერილობით ამცნობდა შემდეგს: „თქვენი წერილი აჭარის ფაშისადმი დაწერილია ისე, თუ ახმედ ბეგს ჩვენდამი რამე განწყობილება ჰქონდა, მან უნდა შეცვალოს იგი, რადგან წერილი დაწერილია მბრძანებლის
ტონით, როგორსაც ქვეშევრდომისაგან თხოულობენ, ხოლო ისინი, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებენ, შეთახმდებიან ან უარყოფენ შეთანხმებას“ [1, 24]. შემდგომ პასკევიჩი თავის წერილში მიუთითებდა ოსტენ-საკენს, რომ მთავარი იყო აჭარაში დაეცვა სიმშვიდე და იარაღი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში
ეხმარა.
პასკევიჩის ამ წერილმა ვეღარ მოუსწრო ოსტენ-საკენს, რადგან 12 აგვისტოს იგი უკვე გზაში გახლდათ და აჭარისკენ მიემართებოდა. იგი მიდიოდა ერთი მიზნით და ერთი გადაწყვეტილებით
_ შეჭრილიყო აჭარაში და მისი მმართველი, ძალის გამოყენებით,
საგანგებოდ დაესაჯა.
რამდენიმე დღის შემდეგ, გენერალი ოსტენ საკენი აჭარაში შევიდა. შევიდა არა საქმის გამრიგე-მომწესრიგებელი, მომლაპარაკებელი პირი, არამედ როგორც დამსჯელი, ამაოხრებელი, რაც ცხადია, მისი მხრდან, ყოვლად გაუმართლებელი
ქმედება იყო. მან ცეცხლითა და მახვილით გადაბუგა ზემო აჭარის რამდენიმე სოფელი. აქ, აჭარაში თავისი სურვილისამებრ
თვით ოსმალეთის ჯარიც კი ვერ შემოდიოდა და ვერ პარპაშებდა. რუსეთის ჯარის ამ მოულოდნელმა შემოჭრამ, აქაური მოსახლეობა ჯერ აღაშფოთა, მერე ბევრ რამეზე დააფიქრა, ბოლოს კი აამხედრა რუსეთის წინააღმდეგ, ხალხმა იარაღი აიხსნა, მთებში გაიხიზნა და წინ აღუდგა ოსტენ-საკენს, რომლის პიროვნებაში
ხალხი სრულიად სამართლიანად მხოლოდ ბოროტმოქმედს ხედავდა.
ოსტენ-საკენი, სიტუაციის ზერელედ განსჯის გადამკიდე, თავისი აღმატებული ძალის გამო, სულ წინ და წინ მიიწევდა კუთხის სიღრმეში და ხალხის აწიოკებას განაგრძობდა. თუ რა ძალებით უტევდა გენერალი ოსტენ-საკენი აჭარას და მის მოსახლეობას,
ამის შესახებ გვამცნობს გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი პოტო: „სამი ქვეითი ბატალიონი
2700 ხიშტით, კაზაკთა პოლკით, სამი სამთო ქვემეხითა და ოთხი მცირე ყალიბის ქვემეხით შევიდნენ აჭარაში, ისინი ელოდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ არავინ შეხვდათ. ცარიელი სოფლები საკენმა გადაბუგა და მიაღწია ხულოს _ ახმედ-ბეგის სასახლეს. საკენმა გაიგო, რომ უკან დასახევი გზები მოჭრილი ჰქონდა, გზა არ იცოდა, ახალციხის გზა შეკრული იყო, ეძებდა დასახევ გზას, ის დიდი ბრძოლითა და დანაკლისით, დიდაჭარის გზით სამშვიდობოს გავიდა“
[4, 88].
გენერალი პოტო შემდგომ ასეთ დასკვნას აკეთებს: „ამის შემდეგ ოსტენ-საკენს უნდა ეზრუნა არა გამარჯვების
მოპოვებაზე, არამედ იმაზე, როგორ გადაერჩინა თავისი რაზმი, რომელსაც მოელოდა გმობა“.
აქ არ შეიძლებოდა შენიშვნის სახით არ განვაცხადოთ შემდეგი: გენერალ-ლეიტენანტი პოტო როგორც აღნიშნავს, გენერალი ოსტენსაკენი, რომლისთვისაც რომელიღაც აჭარელს უსწავლებია გზა, ოზურგეთში გადასულა, რაც ნამდვილად არ შეესაბამება
სიმართლეს და ყველაფერი სულ სხვაგვარად გახლდათ, თუ სად, რა მიმართულებით გაემართა თავისი უჭკუო მოქმედებით თავლაფდასხმული გენერალი ოსტენ-საკენი, ამაზე ცოტა მოგვიანებით აღვნიშნავთ. სანამ ოსტენ-საკენი ხულომდე, ახმედ ხიმშიაშვილის
რეზიდენციამდე მიაღწევდა, მას აჭარელთა დელეგაცია ეწვია, ახმედ ხიმშიაშვილის ხაზინადარ _ მემიშ-აღას მეთაურობით. დელეგაციამ სთხოვა გენერალს, ჩვენი ბეგი (ახმედ ხიმშიაშვილი)
ქვემო აჭარაშია, სანამდე იგი უკან დაბრუნდებოდეს,
შეტევა შეაჩერე, ჩვენ არანაირ წინააღმდეგობას არ გაგიწევთო. ეს იყო ყოველმხრივ გამართლებული და ერთადერთი გამოსავალი იმ სიტუაციიდან და, ცხადია, გამჭრიახი რომ ყოფილიყო რუსი გენერალი, მიიღებდა აჭარელთა ამ სამართლიან თხოვნას, მან არ მიიღო ეს წინადადება. არადა, დელეგაციის წევრები სამართლიანად
მიანიშნებდნენ ოსტენ-საკენს, რომ მისი ქმედება მეტად უცნაური და წინდაუხედავი
გახლდათ, რამეთუ მისი ჯარი აჭარელთა სოფლებს სპობდა მაშინ, როდესაც აჭარის მმართველი (ესე იგი, ახმედ ხიმშიაშვილი) მოლაპარაკებას
აწარმოებდა რუსეთის მხედართმთავართან (იგულისხმება
კავკასიის მთავარმართებელი პასკევიჩი) [5, 77-78].
ამის შემდეგ, რუს გენერალს წერილით მიმართა ახმედ ხიმშიაშვილის მეუღლემ _ დუდი-ხანუმმა, რომელიც დიდი სახელითა და ავტორიტეტით სარგებლობდა
აჭარაში და იგი გამჭრიახ, შორსმჭვრეტელ ადამიანად მიაჩნდათ.
დუდი-ხანუმი ყოველნაირად ცდილობდა, მოლაპარაკების გზით, როგორმე შეეჩერებინა,
გაეჭიანურებინა რუსი გენერლის ავანტიურისტული მოქმედება, რათა ამით დრო და საშუალება მიეცა თავისი ქმრისათვის სათანადოდ მომზადებულიყო მასთან საბრძოლველად. გენერალმა პირველად დუდი-ხანუმთან ისურვა საუბარი, რაზედაც უარი მიიღო. ამ უარმა გენერალი ძალზე გაანაწყენა და მისსა და მის ქვეშევრდომთა მიმართ, კიდევ უფრო მტრულად განეწყო. დუდი-ხანუმმა კი ამცნო გენერალს, რომ მას, მაშინ, როდესაც მისი მეუღლე სახლში არ იმყოფება, არ შეუძლია მიიღოს როგორც სტუმარი, ესაუბროს და საკადრისი პატივი მიაგოს. ამით ყველაფერი ითქვა, დუდი-ხანუმმა დატოვა თავისი სახლკარი და მოსახლეობასთან
ერთად მთებში გაიხიზნა.
ოსტენ-საკენმა, ახმედ ხიმშიაშვილის
რეზიდენციის დაკავების შემდეგ, ულტიმატუმი წაუყენა: თუკი იგი მას არ დაემორჩილებოდა, მის სამფლობელოს
გაანადგურებდა.
მისი მოთხოვნის საპასუხოდ, ახმედ ხიმშიაშვილმა მას წერილობით განუცხადა, რომ მან შეგნებულად და წინასწარგანზრახვით დატოვა ღიად ახალციხის გზა, რადგანაც იგი რუსეთის ქვეშევრდომობაზე ფიქრობდა, მაგრამ, რამდენადაც იგი ჯარით შემოვიდა მის მიწა _ წყალზე და ისე იქცევა, როგორც დამპყრობელი, ის მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და მიწა-წყალი, რომ იგი ამჟამად იმყოფება შუახევში და მას იქ ელოდება.
გენერალი ოსტენ-საკენი მიხვდა, რომ ახმედ ხიმშიაშვილის სახით მას წინ ედგა სერიოზული და ანგარიშგასაწევი
მტერი, რომელსაც შეეძლო სერიოზული ზარალი მიეყენებინა
მისთვის, ამავდროულად, გარდა ახმედ ხიმშიაშვილის რაზმებისა, გენერლის რაზმიც აღშფოთებული იყო მისი ქმედებით და შეშინებულიც,
მტრად გადაკიდებული, შეიარაღებული მოსახლეობის
წინაშე, რომლებიც მზად იყვნენ შური ეძიათ თავიანთი სოფლების გადაწვისათვის. ამდენად, ოსტენ-საკენის მდგომარეობა
ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მას, ასე თუ ისე, საჭირო დიპლომატიური
მანევრებით, კიდევ შეეძლო წამხდარი საქმის რამდენადმე გამოსწორება,
მაგრამ იგი ამას არ შეეცადა და ისევ დაუშვა შეცდომა, იგი შურისძიებით შეპყრობილი დაიძრა შუახევისკენ ახმედ ხიმშიაშვილთან შესახვედრად (ეს მოხდა 18 აგვისტოს),
შვიდიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ, მას წინ მთები დაუხვდა, რომლის გადალახვა ადვილი საქმე არ იყო და სწორედ, ამან აიძულა ხელი აეღო ჩანაფიქრის განხორციელებაზე და იგი უკანვე გაბრუნდა.
Gგენერალმა ოსტენ-საკენმა ხულოში ააფეთქა სამხედრო საწყობები და გადაწვა ახმედ ხიმშიაშვილის სასახლე მთელი სათავსოებით [6, 23-24].
აქაურმა მოსახლეობამ,
როგორც გაიგო გენერლის ახალი მარშრუტის შესახებ, სოფელ დიდაჭარასთან გზა გადაუჭრა. სწორედ. აქ წამოეწია გენერალს ახმედ ხიმშიაშვილიც, ბოლოს და ბოლოს იგი განუწყვეტელი
ბრძოლების ქვეშ გადავიდა აჭარა-ახალციხის ქედზე და ახალციხეში დაბრუნდა. ეს მოხდა
28 აგვისტოს. ცხადია, გენერალ ოსტენ-საკენის წინდაუხედავმა, ავანტიურისტულმა ქმედებამ საქმე იმდენად გააფუჭა, რომ მისი გამოსწორება ძალზე ძნელი იქნებოდა და ასეც მოხდა, რამდენადაც ყოველივე ამან, მეტად სერიოზული გავლენა მოახდინა აჭარის მიმართულებით ომის წარმოებასა და მის შემდგომ მსვლელობაზე. აქ მთავარი ფაქტორი ის გახლდათ, რომ თუ კი ოსტენ-საკენის მისვლამდე, ოსმალთა აღვირახსნილი
ქმედებით თავმობეზრებული მოსახლეობა დიდის მოლოდინით ელოდა რუსთა გამოჩენას, ამის შემდეგ, რუსი მტრად და მიუღებლად მიიჩნია [7, 29].
აქვე საყურადღებოა
ისიც, რომ გენერალ ოსტენ-საკენის წინდაუხედავი მოქმედება არც რუსეთის მსხვილ მოხელეებს მოსწონდათ. მაგალითად, კავკასიის მეფისნაცვალი, გენერალი პასკევიჩი წერდა გენერალს: „თქვენ ყოვლად უსაბამოდ და უმიზეზოდ დაარღვიეთ ჩვენი ბრძანება, გენერალ გესესთან პასუხის მიუღებლად თქვენ არ უნდა შესულიყავით
აჭარაში“ [9, 21].
როგორც ჩანს, გენერალი ოსტენ-საკენი გენერალ გესეს კი დაეკითხა რჩევას, მაგრამ ეტყობა, ეს გაცილებით მოგვიანებით
გააკეთა. ასევე მოგვიანებით
იქნა მიღებული გესეს დირექტივაც, რომლის მიხედვითაც გენერალი გესე გენერალ ოსტენ-საკენს ამცნობდა, რომ მას ახმედ ხიმშიაშვილი
სათანადო მოლაპარაკების საფუძველზე, ბათუმში დაბანაკებული
თურქთა ჯარისგან მოეწყვიტა.
ოსტენ-საკენი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. იგი ჩვეულებრივ ცდილობდა სამხედრო ჯარით, ძალისმიერი წესით მოეგვარებინა საკითხი და სრულიად უგულებელყოფდა
დიპლომატიას. მაგალითად, 23 სექტემბერს მან ბრძოლით დაიკავა ფოცხოვის ხეობა და ძირფესვიანად გადაწვა ახლომდებარე სოფლები, ეს ქმედება კი ვერანაირად წაადგა რუსთა მხედრობას და წვლილი ვერ შეიტანა გამარჯვების საქმეში, რამდენადაც მისი მოქმედება ნაგვიანები აღმოჩნდა. რამეთუ გენერალი გესე რამდენიმე დღით ადრე, სახელდობრ 17 სექტემბერს, დამარცხდა ციხისძირთან
[6, 18].
რუსეთ-ოსმალეთის
1828-1829 წლების ომის დროს, კავკასიის ფრონტზე, რუსთა არმიის მიერ გათავისუფლებულ და აღებულ იქნა ქალაქები: ახალქალაქი, ფოთი, ახალციხე, ყარსი, ბაიაზეთი, არზრუმი. როდესაც რუსეთის ჯარმა არზრუმი აიღო, გენერალმა პასკევიჩმა უბრძანა გენერალ გესეს, რათა მას მხარი აება რუსეთის არმიის საერთო იერიშისათვის
და როგორმე აეღო ბათუმი. ამის ჩანაფიქრი გენერალ გესეს გააჩნდა და იგი შეუდგა მოქმედებას, მაგრამ აქ თავი იჩინა ხელისშემშლელმა
პირობებმა, მაგალითად, გესეს რაზმისა და ქართული პოლიციის მოქმედება და წარმატება დიდად იყო დამოკიდებული
ადგილობრივი მაჰმადიანი მოსახლეობის
მხარდაჭერაზე.
ოსტენ-საკენისა არ იყოს, გესემაც დაუშვა ერთი ტაქტიკური შეცდომა; როდესაც საჭიროება მოითხოვდა თურქთა წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მოქმედებას, გესემ სრულიად გაუმართლებელ-მიუღებელი მოლაპარაკება გამართა ქობულეთელ ბეგებთან, ხოლო ეს უკანასკნელნი, თავიანთი მხრივ, გარკვეულ ვითარებას უცდიდნენ, სახელდობრ კი, ისინი ელოდებოდნენ იმ საკითხის გარკვევას _ სამუდამოდ დარჩებოდა თუ არა რუსეთის ჯარი ქობულეთში, რომელიც მათ ერთგვარ გარანტად მიაჩნდათ და იმედოვნებდნენ დაიცავდა თურქთა შურისძიებისგან. … აქაური ბეგები თავად მოელოდნენ გენერალ გესეს გადამწყვეტ მოქმედებას (ცხადია, მათ ჩაურევლად),
რამდენადაც მათ თურქების სასჯელისა ეშინოდათ. თავის მხრივ, თურქებმა შეამჩნიეს, მსტოვართა მეშვეობით გაიგეს ქობულეთელი ბეგები სიმპათიურად
რომ იყვნენ განწყობილნი რუსებისადმი და ქობულეთში გამოაგზავნეს
რვა ათასი ასკერისაგან შედგენილი ჯარის შენაერთი, რომელსაც ტუსჩიოღლი მეთაურობდა. ამ უკანასკნელმა
იმდენი მოახერხა, რომ დაარწმუნა ქობულეთლები, რომ ოსმალეთს მთელი ევროპა უჭერდა მხარს, დახმარებას ჰპირდებოდა და ამრიგად ომი, რომელიც ახლა რუსთა გამარჯვებით მიმდინარეობდა, მალე სულ სხვა ხასიათს მიიღებდა და საბოლოო ჯამში თურქთა გამარჯვებით
დასრულდებოდა [10].
1829 წლის 4
აგვისტოს, რუსეთის ჯარის ნაწილები ორი მიმართულებით დაიძრა ბათუმისაკენ:
ერთი- სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთისაკენ, მეორე კი _ ოზურგეთიდან
მუხაესტატეს მიმართულებით. გენერალმა გესემ საჭირო მანევრი ჩაატარა, მან გვერდი აუარა მუხაესტატეს
სიმაღლეებზე განლაგებულ თურქებს, მათ წინააღმდეგ გაგზავნა ქართული მილიცია და მტერი პირწმინდად მოსპო.
მუხაესტატესთან რუსების ამ მნიშვნელოვანმა
გამარჯვებამ ქობულეთში დაბანაკებული თურქების ჯარი დააფრთხო და მან ყოველგვარი წინააღმდეგობისა და ბრძოლის გარეშე დაიხია უკან. ზღვის ნაპირ-ნაპირ მოძრაობდა რუსეთის რაზმი, რომელსაც პოლკოვნიკი პატოვსკი ხელმძღვანელობდა,
ხელთ იგდო თურქთა სამხედრო საჭურველი. ქობულეთს თავშეფარებულმა
გურიელის ქვრივმა სოფიომ, ძლივს გაასწრო ზღვით _
თურქეთში გადაიხვეწა [11, 76-80].
პანიკით შეპყრობილმა
თურქებმა ყოველგვარი გააზრებისა და ტექნიკური გადანაცვლების
გარეშე, ციხისძირის პოზიციები მიატოვეს. ამრიგად, ბათუმის მიმართულებით გზა სრულიად გაწმენდილ-თავისუფალი იყო და წარმატება _
გარანტირებული, მაგრამ გენერალმა გესემ, ბათუმის აღების ეს მეტად ხელსაყრელი პირობები, ვეღარ გამოიყენა. იმის მაგიერ, რომ სასწრაფოდ იერიშზე გადასულიყო და სანამ თურქები გონს მოეგებოდნენ, შეჭრილიყო ბათუმში, დაიხია უკან და საზღვართან _
კინტრიშზე გამაგრდა. აქედან უკვე მერამდენედ, ისევ გამართა სრულიად უსარგებლო მოლაპარაკება ქობულეთელ ბეგებთან. რუსი გენერლის ამ შეცდომით, კარგად ისარგებლეს თურქებმა და ციხისძირი სათანადოდ გაამაგრეს
[11, 104-106].
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გესემ
17 სექტემბერს, ციხისძირზე იერიში მიიტანა. ორი დღის განმავლობაში, რუსებმა ცოცხალი ძალის ორი მესამედი დაკარგეს. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ომის მიმდინარეობის პერიოდში, მთელი კავკასიის ფრონტზე, ეს რუსეთის ჯარის ყველაზე დიდი მარცხი იყო. ალბათ გესეს, რომელსაც აღარც უკან დასახევი გზა დარჩენოდა, სრული განადგურება მოელოდა, მაგრამ იგი მეომარ მხარეთა შორის, ქალაქ ადრიანოპოლში, დადებულმა ხელშეკრულებამ
იხსნა. ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, რუსეთის იმპერიამ ამიერკავკასიაში
მიიღო: ანაპა, ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი. ოსმალეთის მხარეს დაუბრუნდა რუსების მიერ მიღებული: ყარსი, არტაანი, ბაიაზეთი. მიღებულ ხალშეკრულებაში, ბათუმზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი,
… არადა, რუსეთის მხარეს ძალზე სურდა ბათუმის ხელში ჩაგდება.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:
1. დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური
მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, თბილისი, 1960.
2. ხ. ახვლედიანი, ნარკვევები აჭარის ისტორიიდან (მე-16-19 ს. ს.), ბათუმი, 1944.
3. ხ. ახვლედიანი, სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში,
ბათუმი, 1956.
4. გ. ტივაძე, ოსმალეთის დერვიშობა და გლეხთა აჯანყებანი
XVI საუკუნეში, თბილისი, 1946.
5. ვ. იაშვილი, აჭარა ოსმალთა ბატონობის პერიოდში, ბათუმი, 1948.
6. შ. მეგრელიძე, აჭარის განთავისუფლება თურქთა ბატონობისაგან, ბათუმი, 1956.
7. შ. მეგრელიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს
ისტორიიდან, თბილისი, 1963.
8. ა. სურგულაძე, სელიმ ხიმშიაშვილი, ბათუმი,
1986.
9. Акты собранные Кавказской Археографической Комиссией
Т. V, Тифлис, 1873.
10. გაზეთი ივერია“, #13, 1877.
11. ა. აბესაძე, აჭარის მთავარი ახმედ ფაშა ხიმშიაშვილი, თბილისი, 1994.
Комментариев нет:
Отправить комментарий