ნაციონალურ-განმათავისუფლებელი თუ ნაციონალისტურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა?
1919 წლის 15 მაისს გენერალი მუსტაფა ქემალი თავის 20 კაციან ჯგუფთან ერთად ძველი სატვირთო გემით „ბანდირმა“ კონსტანტინოპოლის პორტს ტოვებს და, ახალი დანიშნულების შესაბამისად, ცენტრალურ ანატოლიაში მიემგზავრება მე-3 არმიის სამხედრო ინსპექტორის რანგში. მუსტაფა ქემალთან ერთად ანატოლიაში გაემგზავრნენ მე-3 საარმიო კორპუსის სარდლად დანიშნული ოფიცერი, პოლკოვნიკი რეფეტ ბელე — მუსტაფა ქემალის თანამებრძოლი დარდანელსა და სირიაში, პოლკოვნიკი ქიაზიმ ბეი დირიქი — მისი შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი იბრაჰიმ თალი — სამხედრო ექიმი, პოდპოლკოვნიკი არიფ ბეი, დაზვერვის მაიორი მუსტაფა ჰუსრევი, არტილერიის მაიორი ქემალ ბეი, კაპიტანი ისმალი ჰაკი ბეი და სხვა — სულ 20 ოფიცერი. იმავე დღეს, 1919 წლის 15 მაისს, ბერძნებმა მცირე აზიაში გადმოსხეს დესანტი და ორი არმიის ძალებით მოახდინეს სმირნას (იზმირი), მოგვიანებით კი — ადრიანოპოლისისა და ბურსას ოკუპაცია.
1919 წლის 19 მაისს მუსტაფა ქემალი და მისი 20 კაციანი ჯგუფი სამსუნში ჩადიან. სწორედ ეს დღე, 1919 წლის 19 მაისი ითვლება თურქულ ისტორიოგრაფიაში თურქული წინააღმდეგობისა და ნაციონალური მოძრაობის დაწყების დღედ. ერთი საინტერესო ფაქტი: შემდგომში, როცა მუსტაფა ქემალს ეკითხებოდნენ, თუ რომელ დღეს დაიბადა (დღემდე არაა დადგენილი მისი დაბადების თარიღი), იგი ხუმრობით პასუხობდა: „19 მაისს“ [1, 150].
სამსუნში ჩასვლისთანავე მუსტაფა ქემალმა და მისმა ჯგუფმა მეტად საინტერესო პოლიტიკური თამაში წამოიწყეს, რომლის წარმოების საშუალებასაც მათ ოფიციალურად მინიჭებული სტატუსი აძლევდა. სამხედრო ინსპექტორის რანგში მუსტაფა ქემალი ძალიან ფართო უფლებამოსილებებით აღიჭურვა. მის მოვალეობაში შედიოდა რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა, არეულობის მიზეზების გამოძიება, იარაღისა და საბრძოლო მასალების შეგროვება, თავმოყრა და დასაწყობება, ანატოლიაში მოთარეშე ბანდების განიარაღება და შემდგომში ყოველგვარი სამხედრო დაჯგუფებების შექმნისა და შეიარაღების პრევენცია. მისი უფლებამოსილებები ანატოლიის 5 ვილაიეთზე ვრცელდებოდა და რწმუნების აღსასრულებლად მას 2 საარმიო კორპუსი გადაეცა. ნაწილობრივ მის კონტროლქვეშ იმყოფებოდა ანატოლიის დანარჩენი 5 ვილაიეთიც, რომელთაც კიდევ 2 დაემატა. ყოველივე ეს კი მუსტაფა ქემალისა და მისი თანამოაზრეების მიერ მოპოვებული დიდი გამარჯვება იყო, რაშიც მას თავისდაუნებურად თვით ბრიტანელებმა შეუწყვეს ხელი. მაგრამ მას, როგორც მე-3 არმიის მთავარ სამხედრო ინსპექტორს და სულთნისაგან წარგზავნილ პირს, არც კი უფიქრია მასზე გაწერილი უშუალო სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება. იგი და მისი ერთგული თანამოაზრეები ანტანტის საოკუპაციო რეჟიმისა და მისგან მართული სულთნის პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგეებად, მათთან დაპირისპირებულ „პროტესტანტებად“ მოგვევლინნენ.
მუსტაფა ქემალი წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებას იწყებს ანატოლიაში. და ისმის კითხვა — „წინააღმდეგობის მოძრაობა“ ვის და რის წინააღმდეგ? გავუსწრებთ მოვლენებს წინ და აღვნიშნავთ, რომ წინააღმდეგობის ეს მოძრაობა მუსტაფა ქემალის მიერ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო ანტანტის საოკუპაციო ჯარების, ოსმალეთის იმპერიის, სულთნისა და მისი მთავრობის — „ბრწყინვალე პორტას“ წინააღმდეგ. და კიდევ — ყველა იმ ძალისა და დაჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებოდნენ დაპირისპირებულნი წინააღმდეგობის მოძრაობასთან.
დასახული მიზნის მიღწევას მუსტაფა ქემალი გეგმიურად, ფრთხილად და მეთოდურად შეუდგა. მის უპირველეს ამოცანას ანატოლიის ტერიტორიაზე მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის (რომლებსაც იგი და მისი თანამებრძოლები თურქ ხალხად თვლიდნენ) ეროვნული სულისკვეთების ამაღლება და მხარდაჭერა, მათი ბრძოლისათვის ორგანიზება და წინამძღოლობა წარმოადგენდა.
ბრიტანელი მკვლევრის, ენდრიუ მანგოს მიხედვით „წინააღმდეგობის ამ მოძრაობის ხერხემალს, რა თქმა უნდა, არმია წარმოადგენდა, მაგრამ მას აგრეთვე ესაჭიროებოდა მაღალი რანგის სამოქალაქო ჩინოვნიკებისა და ხელმძღვანელობის მხარდაჭერაც. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე უბრალი ხალხის ფაქტორი. და მუსტაფა ქემალისათვის მთავარ სირთულეს სწორედ ამ სამი კომპონენტის კონსოლიდაცია წარმოადგენდა“ [2, 221]. ვეთანხმებით ავტორის მოსაზრებას, მაგრამ ჩვენის მხრივ დავამატებდით აგრეთვე, რომ უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა ანატოლიაში მცხოვრები არათურქი ხალხებისა და სხვადასხვა რელიგიური ლიდერების მხარდაჭერასაც. მაგრამ ახლა მუსტაფა ქემალისა და „ანატოლიელი პროტესტანტების“ წინაშე მდგარი ამოცანა კიდევ უფრო დამძიმებული ჩანდა, ვიდრე ეს კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს იყო. საუბარი 1919 წლის 15 მაისს სმირნაში ბერძნული დესანტის გადმოსხმის ფაქტს ეხება, რაც თურქულ-ოსმალური საზოგადოების მიერ ანატოლიის სრული და ფაქტობრივი ოკუპაციის პრელუდიად იქნა აღქმული. ბერძნული საჯარისო კონტიგენტის სმირნაში გადასხმის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოკავშირეთა ლიდერების (დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის — დევიდ ლოიდ ჯორჯის, აშშ-ს პრეზიდენტის — ვუდრო ვილსონისა და საფრანგეთის პრემიერის, ჟორჟ კლემანსოს) მიერ პარიზში, 6 მაისს.
სმირნას ბერძნულ ოკუპაციას თან სდევდა ჯარისკაცთა მიერ ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დარბევები, მასობრივი დევნა და სისხლიანი ანგარიშსწორებები. იგივე სურათი შეიქმნა კილიკიაშიც, სადაც ფრანგთა უცხოური ლეგიონის სომხურმა ქვედანაყოფებმა და ადგილობრივმა სომხურმა რაზმებმა მუსლიმ მოსახლეობასთან სისხლიანი ანგარიშსწორებები დაიწყეს. როგორც უინსტონ ჩერჩილი აღნიშნავდა, „ოსმალეთის საქმეებში საბერძნეთის ჩარევამ — იმ საბერძნეთისა, რომელიც თურქთა ცნობიერებაში მხოლოდ და მხოლოდ ამბოხებულ და არაერთხელ დამარცხებულ პროვინციას წარმოადგენდა, თურქეთი მდგომარეობიდან გამოიყვანა და იგი დაქვემდებარებიდან გავიდა“[3]. და იქვე: „სამშვიდობო კონფერენციის საერთო დამოკიდებულება თურქეთის მიმართ ერთობ პირქუში იყო, მაგრამ ამჯერად სიმართლე თურქეთის მხარეს აღმოჩნდა. სამართლიანობა, რომელსაც არასდროს არა აქვს ადგილი გამარჯვებულთა რჩევებსა და გადაწყვეტილებებში, მოპირდაპირე ბანაკში გადაბარგდა. მარცხი, ამბობდნენ თურქები, იძულებულნი ვართ მივიღოთ, მისი შედეგები კი გადავიტანოთ. მაგრამ ბერძნული არმიის მცირე აზიაში გამოჩენა სწორედ იმ მომენტში, როცა თურქეთს ანიარაღებდნენ, თურქი ერის სიკვდილსა და მის ჩაგრულ და დამონებულ რასად გადაქცევას ნიშნავდა“. აქ ისმის კითხვა — მართლაც ასეთ საიმედო თავშესაფარს და „ზურგის რაიონს“ წარმოადგენდა ანატოლია იმპერიისათვის, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ქემალისტთა წინააღმდეგობის ორგანიზება? რატომ აირჩიეს ქიაზიმ ყარაბექირმა და მუსტაფა ქემალმა დამოუკიდებლობის ბრძოლის ცენტრად მაინცდამაინც ცენტრალური ანატოლია და ანგორა? ამ დროისათვის ანგორა ხომ მიყრუებულ და ბინძურ პატარა დაბას წარმოადგენდა? ცენტრალურ ანატოლიაში ხომ არც ერთი მისდამი ერთგული და რეალური საბრძოლო ძალის მქონე თურქული გარნიზონი არ იდგა? რატომ არ იქნა გაკეთებული გათვლები აღმოსავლეთ ანატოლიაზე — დიარბექირზე ან თუნდაც არზრუმზე? აქ ხომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე მძლავრი და ბრძოლისუნარიანი შენაერთი, გენერალ ქიაზიმ ყარაბექირის მე-15 საარმიო კორპუსის შტაბი და მისი შენაერთები იდგნენ? აქ ხომ უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდნენ თავს ნაციონალისტები წინააღმდეგობის ბრძოლის ორგანიზების საქმეში? რატომ არ იქნა ამისათვის არჩეული თუნდაც შავიზღვისპირეთი, ჩრდილოეთი ანატოლიის რეგიონი — სივასი ან გირესუნი? კომუნიკაციისათვის ეს ხომ საუკეთესო ადგილი იყო?
ამ არატრივიალურ კითხვებს პასუხიც კომპლექსური აქვს. ქემალისტური მოძრაობის ერთ-ერთი საინტერესო და ნაკლებად გახმაურებული საკითხი ისაა, რომ „ანატოლიელი პროტესტანტების“ მოღვაწეობაში შენიღბულად იდგა ნაციონალისტური საკითხი, ხაზს ვუსვამთ — ნაციონალისტური და არა ნაციონალური საკითხი. საუბარი იმპერიაში, და ამ შემთხვევაში, ანატოლიის ტერიტორიებზე მცხოვრებ „ეროვნულ უმცირესობებს“ ეხებათ. თუ გავაანალიზებთ იმდროინდელ სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებს, იმ დასკვნას გამოვიტანთ, რომ რეალობაში ქემალისტური მოძრაობის იდეოლოგია ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში არსებითად არ განსხვავდებოდა იტიჰადისტების მიდგომებთან, სხვათა შორის ისევე, როგორც ბოლშევიკებისა — ცარიზმის „ნაციონალურ პოლიტიკასთან“ მიმართებაში. ბოლშევიკთა „ნაციონალური პოლიტიკა~, თავისი არსით, ბევრ საკითხში აჭარბებდა კიდეც თავისი „ველიკორუსულ-დერჟავული“ სულისკვეთებით. ორივე ეს იდეოლოგია, როგორც ბოლშევიზმი, ასევე ქემალიზმი, რევოლუციური მოძრაობის გარიჟრაჟზე ხალხთა ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლოზუნგებით იყო შენიღბული. საუბარი გვაქვს იმ დიდ პოლიტიკურ აფიორაზე, რომელსაც ბოლშევიკთათვის ლენინური „ერთა თვითგამორკვევის დემოკრატიული პრინციპი“ ერქვა სახელად, ქემალისტებისათვის კი — „თურქი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის“. ნსაინტერესოა ის მომენტიც, რომ თუ ლენინის უახლოესი თანამებრძოლები ძირითადში არარუსები, კერძოდ ქართველები (ი. სტალინი, გ. ორჯონიკიძე, შ. ელიავა, ნ. ბუაჩიძე, ფ. მახარაძე, პ. მდივანი, ა. გეგეჭკორი, მ. ორახელაშვილი, ა. ენუქიძე და სხვა), ებრაელები (ლ. ტროცკი, გ. ბუხარინი, გრ. ზინოვიევი, ლ. კამენევი, გრ. სოკოლნიკოვი, კ. რადეკი, ა. იოფე და სხვა) და სომხები (ს. შაუმიანი, ლ. კარახანი, ა. მიქოიანი, გ. ათარბეგოვი, ი. ლაზიანი და სხვა) იყვნენ, მუსტაფა ქემალის უახლოეს თანამებრძოლებსაც ეთნიკური კავკასიელები და სხვა არათურქები წარმოადგენდნენ.
როგორც ბოლშევიკური, ასევე ქემალისტური მოძრაობის ავანგარდში კავკასიელები სჭარბობდნენ. ქემალისტური მოძრაობის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტის კავკასიელი წარმომადგენლები იყვნენ — ჩერქეზულ-ადიღეური წარმოშობის ალი ფუატ ჯებესოი, ჰასან იზეთ ფაშა, ჰუსეინ რაუფ ორბეი, ფევზი ჩაქმაქი, ქიაზიმ ბეი დირიქი, ეთჰემ ჩერქეზი, ნაზიმ ბეი, ოსური წარმოშობის ბექირ სამი კუნდუხი, აგრეთვე ქურთი იზმეთ იუნონუ და სხვა. შექმნილი გამოწვევების ფონზე სულთანთან დაპირისპირებული „ანატოლიელი პროტესტანტების“ წინაშე დასახულ პირველხარისხოვან ამოცანას თურქული ეთნოსის კონსოლიდაცია და გაძლიერება, დეოკუპაციისათვის ბრძოლის მომზადება და ამავდროულად, ქვეყანაში დაწყებული ნაციონალური სეპარატისტული მოძრაობების ლიკვიდაცია წარმოადგენდა. ფაქტობრივად ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის მსვლელობისას იტიჰადისტთა მიერ დაარსებული „სპეციალური ორგანიზაცია“ ტეშკილატ-ი მაჰსუსა-ს ფუნქციების გააქტიურება და რეალიზაცია.
იგივე ამოცანები იდგა უკვე მუდროსის ზავის შემდეგ ტეშკილატ-ი მაჰსუსა-ს ბაზაზე შექმნილ „უფლებათა დაცვის საზოგადოებების“ — მუდაფაა-ი ჰუკუკ დერნეკლერი-ს წინაშეც. ამ გეგმის შემუშავების აუცილებლობას ბოლო ორი-სამი ათეული წლის განმავლობაში იმპერიაში არსებული პოლიტიკური ვითარება, იმპერიის ხალხების ეთნიკური და კონფესიური სურათის სიჭრელე განაპირობებდა. ჩვენს ამ მოსაზრებებს თურქი ავტორებიც ადასტურებენ. ბასკინ ორანი, ცნობილი თურქი მეცნიერი, ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი თურქულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, წერს: „ჩვენთან აქსიომადაა მიღებული ის დებულება, რომ „დამოუკიდებლობის“ ან სხვანაირად „განმათავისუფლებელი“ ომი იმპერიალიზმის, უცხო ქვეყნების წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რომლებიც თურქეთის დანაწილებას ესწრაფვოდნენ. არადა საკითხისადმი და ხელთ არსებული წყაროებისადმი კრიტიკული მიდგომა ეჭვს არ ტოვებს იმაში, რომ ეს ომი არა ოკუპანტების, არამედ ეროვნულ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმდინარეობდა“ [4, 146]. შემდეგ კი აგრძელებს: „როგორც ცნობილია, თურქეთის განმათავისუფლებელი ომის მამოძრავებელი ძალა „უფლებათა დაცვის საზოგადოება“ იყო. ამ ორგანიზაციის საქმიანობისადმი თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ „ეს ორგანიზაციები იმ რაიონებში იქმნებოდნენ, სადაც სომხებისა და ბერძნების მხრიდან რეალური საფრთხე მომდინარეობდა“ [5, 74]. როგორც ვხედავთ, საკმაოდ მკვეთრი და ერთი შეხედვით თითქოს არაორდინარული დასკვნაა.
იგივე მოტივები ამოძრავებდათ თურქი ნაციონალისტების „წინააღმდეგობის“ სხვა ჯგუფებსაც. თურქი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, 70-იანი წლების თურქეთის პარლამენტის წევრი, საბაჰატინ სელეკი თავის მონოგრაფიაში „ანატოლიური რევოლუცია“ წერს: „წინააღმდეგობის პირველი ხუთი ჯგუფი 1918 წლის ბოლოს შეიქმნა, მუდროსის ზავის დადებიდან სულ მცირე ხანში. სამი ამ ორგანიზაციის საქმიანობიდან მიმართული იყო სომხების, ხოლო ორი — ბერძნების წინააღმდეგ. ტრაპიზონში შექმნილი ამ ორგანიზაციის პირველ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციის მიზანს „ნაციონალურ უმცირესობათა წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა წარმოადგენდა“ [6, 100]. ზემოთ ნათქვამი პირდაპირ ეხება გენერალ ქიაზიმ ყარაბექირ ფაშასაც. მე-15 საარმიო კორპუსის სარდლად დანიშნულმა ყარაბექირმა, არზრუმში ჩასვლისთანავე მოიპოვა „აღმოსავლეთ ვილაიეთების ნაციონალურ უფლებათა დაცვის საზოგადოების“ მხარდაჭერა. ეს ორგანიზაციაც, ისევე როგორც სხვა ნაციონალური ორგანიზაციები, კონსტანტინოპოლში იქნა დაარსებული იტიჰადისტთა მიერ 1918 წლის დეკემბერში. მის ამოცანას აღმოსავლეთ ანატოლიაში მცხოვრები თურქების დაცვა წარმოადგენდა სომეხთა სეპარატისტული გამოსვლებისაგან, რომლებიც თავიანთი ეფემერული სახელმწიფოს — „დიადი არმენიის“ შექმნისათვის იბრძოდნენ.
მეორე მოტივი „უფლებათა დაცვის საზოგადოების“ შექმნისათვის, შეიძლება განვიხილოთ არზრუმის მაგალითზე. ცნობილი თურქი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი დოგან ავჩიოღლი წერს: „ამ ორგანიზაციის წევრები გახდნენ იტიჰადისტთა პარტიის ცეკას წევრი ჰილმი, რომელსაც დიდი ქონება ჰქონდა დაგროვებული ეროვნულ უმცირესობათა ძარცვა-გლეჯით, ასევე იტიჰადისტთა პარტიის წევრი ებილჰინდილ ჯაფარი და „სპეციალური ორგანიზაცია“ ტეშკილატ-ი მაჰსუსა-ს წევრი პოლკოვნიკი დელი ჰალიდი, იგივე „გიჟი ჰალიდი“ (შემდგომში გენერალი, ტრაპიზონში დისლოცირებული მე-3 დივიზიის მეთაური, ფაშა — ა. ჩ.), რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა სომხებისა და ქართველების წინააღმდეგ განხორციელებულ დარბევებში“ [7, 118]. იმ რეალობას, რომ ქემალისტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში წონადი ადგილი ეროვნულ უმცირესობათა წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას ეკავა, თვით მუსტაფა ქემალის 1919 წლის 8 ივლისის გამოსვლაც ადასტურებს: „ჩემი ოფიციალური სამხედრო სტატუსი ხელს მიშლის მივიღო ჩემი ხალხის ბრძოლაში მონაწილეობა, რომელიც მიმართულია ჩემი სამშობლოს ერთიანობის დაცვისათვის და არ დავუშვა რომ იგი სომეხთა და ბერძენთა მსხვერპლი გახდეს“ [8, 27]. მოკლედ რომ ვთქვათ, მუსტაფა ქემალმა თავისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ერთის მხრივ ანატოლიელი წარჩინებულების მხარდაჭერით დაიწყო, რომლებიც სომხებისა და ბერძნების შურისძიებას გაურბოდნენ, მეორეს მხრივ კი — „ახალგაზრდა თურქთა“ დახმარებით, რომლებიც ასევე ჩართულნი იყვნენ ბერძნებისა და სომხების მასიურ ჟლეტაში“ [8, 123].
საკითხის არსში გასარკვევად უფრო დაწვრილებით უნდა განვიხილოთ ანატოლიაში იმ დროისათვის არსებული სოციოლოგიური ბალანსი, XX საუკუნის პირველი ათწლეულისათვის იქ არსებული ნაციონალური და კონფესიური სურათი. მართალია, იმპერიის სტრატეგიულ რეგიონად ანატოლიის გამოცხადება ოსმალთა მიერ ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის წინ მოხდა, მაგრამ აქ პრობლემები იყო, ნამდვილად იყო. ოსმალთა სტრატეგიული ინტერესების ვექტორის შეცვლას ანატოლიისაკენ დიდი სირთულეები ეღობებოდა წინ — პოლიტიკური და კრიმინალური მდგომარეობა, ანატოლიის მოსახლეობის ეთნიკური, კულტურული და კონფესიური სიჭრელე. ოსმალთა იმპერიის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში ანატოლიის მოსახლეობა არასდროს ყოფილა ეთნიკურად და კონფესიურად ჰომოგენური. მისი ტერიტორიების დიდი ნაწილი არათურქი ხალხებით იყო დასახლებული — სამხრეთი და სამხრეთაღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი, ანუ ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ანატოლიის ზღვის ზოლი — პონტო, როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ, ძირითადში — მართლმადიდებელი ბერძნებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი ანატოლია და მთიანი დიარბექირი — სუნიტი და ალავიტი ქურთებით. მნიშვნელოვანი იყო ბერძნული მოსახლეობის წილი დასავლეთ ანატოლიაშიც. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში რეგიონის ავტოქტონი ქართველი მოსახლეობა — გამაჰმადიანებული აჭარლები და ლაზები ცხოვრობდნენ; უფრო აღმოსავლეთით, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში კი — გამაჰმადიანებული და კათოლიკე მესხები. აქვე ცხოვრობდა რუსი სექტანტების, ე. წ. „მოლოკნებისა“ და „დუხობორების“ გარკვეული რაოდენობაც. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან კი, რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიაში წარმოებული დაპყრობითი ომების შემდეგ, ანატოლიაში რუსულ ცარიზმს გამოქცეული „მუჰაჯირები“ დაემატნენ — დასავლეთ კავკასიიდან ემიგრირებული ადიღეურ-ჩერქეზული, ხოლო აღმოსავლეთ კავკასიიდან — დაღესტნურ-ჩეჩნური ტომები. აღმოსავლეთ ანატოლიაში საგრძნობი იყო გრეგორიანელი სომხური მოსახლეობის წილი, აქვე ცხოვრობდნენ წარმართი ქურთული ტომებიც — იეზიდები. მნიშვნელოვანი იყო სომხური მოსახლეობის წილი სამხრეთ ანატოლიაშიც, კილიკიაში. გარდა ამისა, გარკვეული რაოდენობის ებრაული მოსახლეობა ცხოვრობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში. როგორც ვხედავთ, XX საუკუნის დასაწყისისათვის ანატოლიის ტერიტორიები მოსახლეობის დიდი ეთნიკური და კონფესიური სიჭრელით გამოირჩეოდა. მეტ-ნაკლებად ჰომოგენური სურათი მხოლოდ ცენტრალურ ანატოლიაში იყო, რომელიც ეთნიკური თურქებით იყო დასახლებული. იმპერიის არსებობის ხანაში ამ ხალხების თანაცხოვრება მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და მათ შორის არსებული დაპირისპირებები ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონფლიქტების საზღვრებს არ ცილდებოდა. მაგრამ ახლა, როცა I მსოფლიო ომში დამარცხებულ იმპერიას ფაქტობრივი დაქუცმაცების საფრთხე დაემუქრა, ანატოლიის პროვინციებში სეპარატისტული მოძრაობები გამძაფრდა. ყოფილი იმპერიის ტერიტორიებზე ახალი სახელმწიფოების შექმნის პროცესი დაიწყო — აქ მაცხოვრებელ ხალხებს ეროვნული დამოუკიდებლობისა და საკუთარი ეთნიკური სახელმწიფოს შექმნის იმედები მიეცათ. ჩვენი ეს მოსაზრება ანატოლიის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითქმის ყველა არათურქ ხალხებს — სომხებს, ქურთებს, ბერძნებს, ჩერქეზებს ეხებათ. საკითხის არსში სრულყოფილად გასარკვევად, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით და გარკვეული სიცხადე შევიტანოთ მასში.
ოსმალთა იმპერიაში ჩერქეზი მოსახლეობისა და ჩერქეზული დიასპორების გაჩენა ცარიზმის მიერ XIX საუკუნის მეორე ნახევარში კავკასიის დაპყრობისათვის წარმოებულ მრავალწლიან ომს უკავშირდება, რომელიც ფორმალურად 1864 წლისათვის დასრულდა. კავკასიელი ხალხების ამ დიდ ტრაგედიას მათი ოსმალეთში მასიური გადასახლების პროცესი მოჰყვა, რომელიც ისტორიაში მუჰაჯირობის სახელით შევიდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ „წითელი სულთნის“, აბდულ-ჰამიდ II-ის მმართველობის პერიოდი ჩერქეზი მოახალშენეებისათვის ერთობ წარმატებული აღმოჩნდა.
მიუხედავად აბდულ-ჰამიდის ზოგადად დესპოტური მმართველობის ფორმისა და ისტორიის მიერ ამ პერსონის არაერთმნიშვნელოვანი შეფასებისა, სწორედ აბდულ-ჰამიდის მმართველობის ხანას უკავშირდება ოსმალეთში გადახვეწილ ჩერქეზ მუჰაჯირთა თემების გაფურჩქვნის პერიოდიც. არა მხოლოდ ჩერქეზები, არამედ ოსმალთა იმპერიაში გადასახლებული კავკასიელი ყველა ხალხი წარმატებით ადაპტირდა ახალ გარემოში. როგორც წესი, ისინი ფლობდნენ საუკეთესო მიწებს ბალკანეთზე, ანატოლიასა და სირიაში. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფია, გამომდინარე მისი იდეოლოგიური მიზანდასახულობიდან, მუჰაჯირებს ჩაგრულ და დამონებულ ხალხებად წარმოაჩენდა ოსმალთა იმპერიაში, რეალობა განსხვავებული იყო, სრულიად განსხვავებული. ფაქტი ისაა, რომ იმ მძიმე გაჭირვებამ და განსაცდელმა, რაც კავკასიელ ხალხებს მოუტანა ცარიზმმა, სულიერად და მორალურად მაინც ვერ გატეხეს ეს ამაყი ხალხი. აღსანიშნავია, რომ ის მიწები, რომლებზეც ახლა ცხოვრობენ მუჰაჯირთა შთამომავლები, გადასასახლებულთა პირველმა და მეორე თაობებმა მოიპოვეს. ფორმალურად ეს მიწები ოსმალთა მთავრობის მიერ იყო გამოყოფილი, მაგრამ რეალობაში ეს მიწები ძალით იქნა მოპოვებული ადგილობრიც ხალხებთან ბრძოლაში. ესენი იყვნენ: ბოლგარები, სერბები, სომხები, ქურთები, დრუზები, ბედუინები და თავად თურქები. 1878 წლის ბერლინის ტრაქტატის თანახმად, ოსმალეთის მთავრობა ვალდებულებას იღებდა, ბალკანეთის ჩერქეზები იმპერიის აზიურ ნაწილში გადაესახლებინა, მაგრამ, ამავე დროს, არ დაესახლებინა ისინი რუსეთის ამიერკავკასიის ტერიტორიების ახლოს. თავის მხრივ საბერძნეთმაც მიმართა ოსმალეთის მთავრობას, რომ მის საზღვრებთან არ დაესახლებინათ ჩერქეზები [9, 152]. ევროპულ პრესაში კი რუსეთის საელჩოების ჩარევით ანტიჩერქეზული კამპანია აგორდა, სადაც სხვა თემებთან მცირე საყოფაცხოვრებო შეტაკებები საერთაშორისო კონფლიქტების ზომამადე იბერებოდა [9, 143]. იმ დიდმა საბრძოლო და საომარმა გამოცდილებამ, რაც ჩერქეზებს — ადიღეველებს, ნატუხაელებს, შაფსუღებს, აბაძეხებს, უბიხებს, თემირგოელებს, აგრეთვე ყარაჩაელებსა და ყუბანელ ყაბარდოელებს ჰქონდათ მიღებული რუსულ თვითმპყრობელობასთან ბრძოლებში კავკასიის ომის დროს, ძალიან გააიოლა ახალ პირობებთან მათი ადაპტაციის პროცესი. ოსმალთა იმპერიაში გადასახლებიდან სულ მცირე ხანში მათ მატერიალური კეთილდღეობა მოიპოვეს. სიტუაცია ნათელი იყო, ჩერქეზებს არაფერი არ ჰქონდათ დასაკარგავი — მათ ან უნდა გაემარჯვათ, ან უნდა გადაშენებულიყვნენ. თავზეხელაღებული ძარცვა-გლეჯა, სამხედრო სამსახურისადმი მიდრეკილება და თვითგადარჩენის კარგად განვითარებული ინსტინქტი — აი ის სამი მთავარი ელემენტი, რამაც ხელი შეუწყო მათ ახალ ადგილებში დამკვიდრებას [10].
ზემოთქმული, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულმა ჩერქეზულმა ოჯახმა თუ თემმა შეძლო უცხო მიწაზე მოეძებნა თავისი „ადგილი მზის ქვეშ“, მაგრამ ჩერქეზთა განსახლების ძირითადი ტენდენციები ამ ხალხისათვის მართლაც კეთილისმყოფელი იყო. ერთი რამ უდავოა — მიუხედავად ისტორიული სამშობლოდან მათი განდევნისა, ჩერქეზ ხალხს 1864 წლის შემდეგ არსებობა არ შეუწყვეტია. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მუჰაჯირობამ გააძლიერა ჩერქეზული ელიტის პოზიციები ოსმალთა იმპერიაში, სადაც მათ განსაკუთრებულ წარმატებას იმპერიის ადმინისტრაციულ და სამხედრო აპარატში სამსახურით მიაღწიეს. არაბული ვილაიეთების ოსმალური ისთებლიშმენთი და სამხედრო-პოლიციური აპარატი თითქმის მთლიანად ჩერქეზებით იყო წარმოდგენილი და ეს ტენდენციები იმდენად აშკარა იყო, რომ არაბთა მიერ ეს უკანასკნელნი, როგორც წესი, ცენტრალური ხელისუფლებისა და კონსტანტინოპოლის წარმომადგენლებად აღიქმებოდნენ [11, 119]. ასე, რომ რუსულ და საბჭოთა ისტორიოგარფიაში გავრცელებული მითი ჩერქეზთა დამონებული მდგომარეობის შესახებ თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მორიგი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მონაგონია, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.
რაც შეეხება ქართველებს. ეროვნული თვითშეგნებისა და თვითიდენტიფიკაციის თვალსაზრისით რეგიონის ქართულ მაჰმადიანურ მოსახლეობაში არაერთგვაროვან სურათს ვაწყდებით. მიუხედავად იმისა, რომ მრავალსაუკუნოვანი ოსმალური ოკუპაციის შემდეგ, 1878 წლიდან აჭარა და ისტორიული ტაო-კლარჯეთის ნაწილი ისევ დედა-სამშობლოს დაუბრუნდა, გამაჰმადიანებული მოსახლეობის ერთ ნაწილში ისევ შეიმჩნეოდა პროოსმალური ტენდენციები. ლაზებში ასეთი ტენდენციები კიდევ უფრო მკვეთრად იყო გამოხატული. ქართველი ლაზების დიდი ნაწილი ისევ იმპერიის ერთგულ მსახურად რჩებოდა და ახლადდაწყებული ქემალისტური მოძრაობის სამსახურშიც ლაზები განსაკუთრებულად თავდადებულები აღმოჩნდნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პირად დაცვაში მუსტაფა ქემალს ლაზები ჰყავდა დაყენებული... და მას შემთხვევით არ ჰყავდა ისინი შერჩეული. როგორც ცნობილი რუსი თურქოლოგი, ათათურქის ბიოგრაფი, ალექსანდრ უშაკოვი აღნიშნავს — „ეს დაუნდობელი და მეომარი ხალხი ამავე დროს წარმოუდგენელი ერთგულებით გამოირჩეოდა. ისინი მზად იყვნენ დაეცვათ თავისი პატრონი და მისი გულისათვის სისხლის უკანასკნელი წვეთიც კი დაეღვარათ“[8, 178].
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და მესხეთ-ჯავახეთში მცხოვრებ ქართველ მუსლიმთა გარკვეული ნაწილიც, განსაკუთრებით დიდგვაროვნები და მდიდარი მიწათმფლობელები, პროთურქულ და ისლამისტურ ორიენტაციაზე იდგნენ. აქ წინა პლანზე უკვე მათი სოციალური კეთლდღეობის საკითხების წამოწევა ხდება, რადგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკური კურსი მკვეთრად მარქსისტული და სოციალისტური იყო. გამაჰმადიანებული ქართველი ბეგების მიერ კი ეს ახალი და უცნობი იდეოლოგია დიდ საფრთხედ იქნა აღქმული. შექმნილმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო ისლამური და პროოსმალური ტენდენციების გაძლიერებას. სწორედ ამ გარემოებების ფონზე არსდება ოსმალთა იმპერიის ტერიტორიებზე 1918 წლის ბოლოდან ისლამური საბჭოები, რაც საერთო ჯამში, 1919 წლის დასაწყისიდან ყარსის ოლქში „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკის“, ან სხვანაირად, „ყარსის რესპუბლიკის“ შექმნით დასრულდა [12]. იგივე უნდა ითქვას დიარბექირი-ნახიჭევანის ტერიტორიაზე იტიჰადისტთა მეცადინეობით აღმოცენებულ მეორე, მსგავსი ტიპის სახელმწიფოს, ე. წ. „არაქსის რესპუბლიკის“ შესახებაც. რეალობაში კი, როგორც ერთი, ასევე მეორე ფსევდოსახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ე. წ. „არაქსისა“ და „სამხრეთდასავლეთ კავკასიის“ რესპუბლიკები, იტიჰადისტთა ისლამისტური და თურანული იდეოლოგიის პროდუქტს, ოსმალთა იმპერიის მარიონეტულ წანაზარდებს წარმოადგენდნენ. ამ თვალსაზრისით მეტად ნიშანდობლივია გავეცნოთ ამ ფსევდოსახელმწიფოს, ე. წ. „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკის“ „პარლამენტის“ მოწოდებას კავკასიის მუსულმანებისადმი: „ყოვლად მფარველის დახმარებით ჩვენ დავაფუძნეთ და გავხსენით ყარსში პარლამენტი, შემდგარი კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის მუსულმანებისაგან, რომლებიც 1919 (1335) წლის 18 იანვარს შეიკრიბნენ ყარსში. დავადგინეთ, რომ მომავალში პარლამენტში მიიღებიან არამუსულმანებიც და ერთხმად გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ ქვემოთ მოყვანილი განცხადება. ყარსის დროებითი მთავრობა და პარლამენტი მუსულმანების აზრის, სურვილისა და ბედის გაერთიანებისათვის სამხრეთ-დასავლეთის მუსულმანთა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგზე: ამ ოლქების თავისუფლება და კეთილდღეობა მდგომარეობს მხოლოდ ერთიანობაში. წვრილი და ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც მიმოფანტულნი არიან, უეჭველად წარმოადგენენ თავისი მეზობლების დამპყრობლური ზრახვებისა და დასჯის საგანს და საბოლოოდ მათ მოელით დაქუცმაცება, ჩაყლაპვა, დახრჩობა და სიკვდილი. ყარსის ინგლისელმა სამხედრო გუბერნატორმა განაცხადა, რომ ის ძალებს არ დაიშურებს ჩვენს დროებით მთავრობასთან მუშაობისათვის და შესაბამის დახმარებას გაუწევს მას. მოცემულ მომენტში სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მუსულმანთათვის, რომლებიც შეადგენენ 1 350 000 სულს, ერთადერთი გზა კეთილდღეობისა და პროგრესისაკენ შემდეგია: გაერთიანდნენ ერთიანი რწმენითა და ერთიანი სინდისით. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი არსებობა და სიწმინდეები; მხოლოდ ასეა შესაძლებელი, დავიცვათ ჩვენი შვილები ამ ეპოქის ძალმომრეობისაგან და უზრუნველვყოთ ისინი ცოდნისა და კეთილდღეობის სხივებით... ჩვენი ერთიანობა — ჩვენი ძალაა, რომელსაც ვერაფერი შეარყევს. უფალი ღმერთია ჩვენი მფარველი. გაუმარჯოს სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის მთავრობას! გაუმარჯოს მუსულმანთა ერთიანობას! გაუმარჯოს პარლამენტს!“ [13, 28-29].
არანაკლებ საინტერესოა „ბათუმის ვილაიეთის მაცხოვრებლებისადმი“ გაგზავნილი მოწოდებაც: „1919 წლის (1335) 18 იანვარს ჩვენი ვილაიეთის საუბნო წარმომადგენლები შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის მომავალი ბედის გადასაწყვეტად და საბოლოდ დავადგინეთ შემდეგი: არსაიდან და არავისგან დახმარების მომლოდინენი, ჩვენ ვკრებთ მთელ მუსულმანურ მოსახლეობას, ქალაქისას და სოფლისას, მთელი სამხრეთ-დასავლეთ კავკასიისას და ვამტკიცებთ, რომ ძალა შეგვწევს თვითმმართველობისა, ჩვენ ვაქვეყნებთ, რომ მივაღწევთ ავტონომიას. ამ საფუძველზე ვიწვევთ ბათუმის ვილაიეთის მოსახლეობას, რომ შეუერთდნენ ჩვენ ძმებს ყარსიდან, არდაგანიდან და სხვა მუსულმანური ოლქებიდან, რათა ერთ გზას მივმართოთ ხელიხელჩაკიდებულებმა ჩვენი დეპუტატების არჩევისათვის, რომლებიც უნდა გავამგზავროთ ყარსში, სადაც გავხსენით პარლამენტი, რათა სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის ყველა მუსულმანს შეეძლოს საქვეყნოდ აცნობოს თავისი დამოუკიდებლობის შესახებ. ვაცნობებთ პატივცემულ მოსახლეობას, რომ ჩვენ, სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის მუსულმანებმა ყარსში მუსულმანთა ეროვნული საბჭო დავაარსეთ, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ინტერესების გასატარებლად. ჩვენი თავები ნაციონალური საბჭოს დაქვემდებარების ქვეშ დავაყენეთ და არც ეხლა და არც მომავალში არ ვაღიარებთ სხვა რომელიმე ხელისუფლებას. და ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის კეთდება, როგორც ეს ზემოთ იქნა წარმოდგენილი. ზოგიერთ საკითხში აუცილებლად უნდა დავამყაროთ ურთიერთობები ინგლისელთა სარდლობასთან.
მოყვანილია წარმომადგენელთა ხელმოწერები: არტანუჯის — თევფიკ ეფენდი ზადე; შავშეთის — ალი აღა ემინ აღა ოგლი; ქვემო აჭარის — ხუსული აღა აბდალ აზა ზადე; ზემო აჭარის — ალი რიზა ეფენდი და რაშიდ აღა არიფ ემინ ოღლი; გონიოს — ალი ეფენდი აბდი ეფენდი ზადე; ართვინის — აქიბ ბეი ათა ბეი ზადე; ბათუმის — ჰუსეინ ბეი ბიდენ ზადე;
დამატება: ჩვენ, ბათუმის უბნის არჩეულმა დეპუტატებმა ყარსის წარმომადგენელ სურუბამ ათა ბეისთან ერთად 20 იანვარს მივმართეთ ინგლისელ კომენდანტს და გავმართეთ მოლაპარაკებები ჩვენი საქმეების შესახებ. მისგან კეთილგანწყობილი პასუხი მივიღეთ. გენერალმა თქვა: „მე მუსულმანთა ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებ“. ალი ეფენდი აბდი ალი ზადე; ალი რიზა ეფენდი [14, 30];
მეტად მრავლისმეტყველი დოკუმენტებია... ვერაფერს ვერ ვიტყვით...
რაც შეეხება I მსოფლიო ომისშემდგომ ოსმალთა იმპერიაში არსებულ ზოგად პოლიტიკურ სურათსა და ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებულ ტერიტორიულ და სახელმწიფოებრივპოლიტიკური მოწყობის პროექტებს: განაჩენი უკვე გამოტანილი იყო — ოსმალთა იმპერია უნდა დაშლილიყო, ხოლო მისი ტერიტორიების დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოებსა და ხალხებზე უნდა გადანაწილებულიყო.
ოსმალთა იმპერიის არაბული ნაწილის პოლიტიკური მომავლის ბედი 1918 წლის ბოლოსათვის ანტანტის მიერ უკვე გადაწყვეტილი იყო — ისტორიულ არაბულ მიწებზე ახალი არაბული სახელმწიფოები უნდა შექმნილიყო. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ანატოლიაში კი მდგომარეობა გაცილებით ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო. აქ მაცხოვრებელი ხალხების სოციალური მდგომარეობა, პოლიტიკური ორიენტაციების სიმრავლე, ისტორიული მემკვიდრეობითობის, ტერიტორიული განსახლებისა და კონფესიური აღმსარებლობის სიჭრელე გადაულახავ სიძნელეებს ქმნიდა. ამ სიტუაციაში ანატოლიის თვითოეულმა ეთნოსმა ეროვნული სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლის საკუთარი გზა აირჩია. სომხები თავიანთი ეფემერული სახელმწიფოს — „დიადი არმენიის“ შექმნას ანტანტის, და პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით აპირებდნენ; ბერძნები კი, „პონტოს სახელმწიფოსი“ — ასევე ანტანტისა და პირველ რიგში თვით საბერძნეთის, მისი არმიის მხარდაჭერით ფიქრობდნენ. 1919 წლის დასაწყისისათვის პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიერ იხილებოდა საკითხი შექმნილიყო სომხეთის ფედერაციული რესპუბლიკა მასში შემავალი ბერძნული ავტონომიით. საბოლოოდ, სომხეთის პრემიერ მინისტრის — ხატისიანისა და ტრაპიზონის მიტროპოლიტის — ქრიზანფის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, გადაწყდა შექმნილიყო პონტოურ-სომხური კონფედერაცია.
ქურთებსა და ჩერქეზებს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდათ. მაგრამ ჩერქეზებისაგან განსხვავებით, რომლებიც პოლიტიკური თვალსაზრისით არ იყვნენ ბოლომდე ჩამოყალიბებულნი, მომავალი ქურთისტანის შექმნის საკითხი, ისევე როგორც „დიადი არმენიისა“ — პარიზის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციის მიერ განიხილებოდა. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სომხური ნაციონალისტური პრესა წერდა: „ისტორიის განაჩენი ულმობელია: თურქეთს არ შეუძლია იარსებოს როგორც შემდგარმა, დამოუკიდებელმა ორგანომ. იგი უნდა მოკვდეს და დაიშალოს, ხოლო მის ნარჩენებზე ახალი სახელმწიფოები უნდა გაჩნდნენ, რომლებიც დაიწყებენ დამოუკიდებელ, თავისუფალ და ცივილიზებულ ცხოვრებას. თურქეთი ნაწილებად უნდა დაიყოს — ამას ითხოვს ულმობელი ისტორია და ლოგიკა“ [15, 212].
ადიღეველები, უბიხები, აბაზები და აფხაზები, რომლებიც მათთვის უცხო ეთნოკულტურულ სივრცეში მოხვდნენ და რომლებმაც, ამავე დროს, დაკარგეს მათთვის მშობლიური განსახლების ლანდშაფტური და კულტურული არეალი, საკმაოდ ლაბილურნი აღმოჩნდნენ სხვადასხვა პოლიტიკური თუ იდეოლოგიური დინებების მიმართ. XX საუკუნის დასაწყისისათვის ჩერქეზული თემი, რომელშიც აგრეთვე აფხაზები იყვნენ ჩართულნი, ორ პარტიად გაიყო: პირველი მათგანი არსებული რეჟიმის, სულთან-ხალიფასა და იმპერიის უერთგულეს მომხრეებს წარმოადგენდნენ. მეორე მიმდინარეობის წარმომადგენლებმა კი მხარი იტიჰადისტებსა და შემდგომ ქემალისტებს დაუჭირეს. ამ ფრთას, პირობითად, დემოკრატიული ან რესპუბლიკური მიმდინარეობა შეგვიძლია ვუწოდოთ.
ისტორიის შემდგომმა მსვლელობამ აჩვენა, რომ იმ ჩერქეზებმა, რომლებმაც იტიჰადისტური და მოგვიანებით ქემალისტური პოზიციები დაიკავეს, საბედისწერო, თავისი ერისათვის მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვეს. მუსტაფა ქემალმა და გამარჯვებულმა ქემალისტებმა ძალიან მალე დაივიწყეს თავისი „რევოლუციური დემოკრატიის“ იდეები და პანთურქისტული დროშა ააფრიალეს. გამარჯვების მოპოვებისა და თურქული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე მათ ეროვნულ უმცირესობათა წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გააჩაღეს. სადამსჯელო და დისკრიმინაციული პოლიტიკა კი პირველ რიგში ჩერქეზებისა და ქურთების — იმ არათურქი ხალხების წინააღმდეგ გაიშალა, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერდნენ მხარს და ყველაზე თავდადებულად იბძოდნენ ახალი თურქული სახელწიფოს შექმნისათვის. ათათურქის კონცეფცია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის იდეოლოგიური არსენალის საფუძველს წარმოადგენდა, თურქთა ნაციონალური უნიტარული სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა. თავდაპირველად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ეტაპზე, ნაციონალურ საკითხებში ქემალისტების მიერ გარკვეული დაპირებები ეძლეოდათ ქურთებსაც, რომ მათ მხარი დაეჭირათ ქემალისტური მოძაობისათვის [16].
აბდულა ოჯალანი: „ანატოლიაში დაწყებული ნაციონალური მოძრაობა არ წარმოადგენდა მხოლოდ თურქი ხალხის მიერ წარმოებულ წინააღმდეგობის მოძრაობას. მასში გარკვეული როლი ქურთ ხალხსაც მიუძღვის. კერძოდ, სამხრეთში, საფრანგეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ქურთმა ხალხმა ითამაშა... აქედან გამომდინარე, თავდაპირველად ქურთი ხალხი იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ თურქმა ნაციონალისტებმა დასაწყისიდანვე შეძლეს ამ პოტენციალის თავის სასარგებლოდ გამოყენება. ანატოლიური წინააღმდეგობის მოძრაობაში ქურთი ხალხის მონაწილეობა თურქი ნაციონალისტებისათვის მეტად სარგებლიანი აღმოჩნდა“ [17, 157].
რაც შეეხება ჩერქეზთა პოლიტიკური ორიენტაციის საკითხს: იმ მძიმე დროში მხოლოდ ჩერქეზთა მცირე რაოდენობამ შეძლო იმ სოციალური დემაგოგიის წინააღმდეგ გამოსვლა, როდესაც I მსოფლიო ომის შემდგომ კრიზისზე მთელი პასუხისმგებლობა სულთანსა და ძველ მმართველობით ელიტას დაეკისრა. როგორც ე. ვეიტი აღნიშნავს — „იტიჰადისტთა მმართველობით უკმაყოფილებამ თავის პიკს მუდროსის ზავის დადების შემდეგ მიაღწია, როდესაც ოსმალთა სასახლის კარს დაახლოებულ ზოგიერთ ჩერქეზულ წრეებში ანტანტის მფარველობაში მყოფი ჩერქეზთა გარკვეული ავტონომიური სახელმწიფოს შექმნის იდეა იბადება“ [10]. ხოლო სან-დიეგოსა და ტორონტოს უნივერსიტეტების პროფესორი რაიენ ჯინჯერასი თავის ნაშრომში — „The shons of Two Fa therlands: თურქეთი და ჩრდილოეთ კავკასიის დიასპორა, 1914-1923“, წერს: „მუდროსის ზავის დადებიდან ერთ თვეში ისტანბულის ჩერქეზმა მაცხოვრებლებმა გარკვეული კონტაქტები დაამყარეს ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკასთან. 1919 წელს ჩრილოეთ კავკასიის რესპუბლიკის დელეგაცია პრემიერ მინისტრ აბდულმეჯიდ ჩერმოევისა და რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიდარ ბამატის ხელმძღვანელობით, ხვდება ისტანბულელ ჩერქეზებს მათი მხრიდან ჩერქეზთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში“ [18, 279].
1920 წლის ზაფხულში, ბერძნების მიერ სმირნას დაკავების შემდეგ, ჩერქეზთა ეროვნული ყრილობა იმართება, რომელზეც დასავლეთ ანატოლიაში ბერძნების მფარველობის ქვეშ ჩერქეზული რესპუბლიკის შექმნის შესახებ იღებენ გადაწყვეტილებას. დემოკრატიულად განწყობილ ანატოლიელ ჩერქეზებს შორის ეს იდეა თანაგრძნობას ვერ პოულობს. ბედის ირონია იყო ის მდგომარეობა, რომ ანატოლიელმა ჩერქეზებმა, ისევე როგორც თურქმა გლეხებმა, მხარი თურქთა ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირეს. ფაქტია, რომ ანატოლიელ ჩერქეზთა დიდი ნაწილისათვის ჩერქეზული სახელმწიფოს შექმნის იდეა ერთობ ეფემერული და მიუღებელი აღმოჩნდა. ამ პოლიტიკური ინერტულობის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ოსმალთა იმპერიაში მცხოვრები ჩერქეზი და, ზოგადად, კავკასიელი მუჰაჯირებისა და მათი შთამომავლებისათვის ეროვნული სახელმწიფოს ცნება საკუთარ მამულთან, სამშობლოსთან, ე. ი. თავის ისტორიულ საცხოვრისთან — კავკასიასთან ასოცირდებოდა. გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური რეალობაც, რომელიც I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა ოსმალთა იმპერიის სამეზობლოში და, კერძოდ, რუსეთში. ამ პერიოდისათვის ჩერქეზები დიდ იმედებს ამყარებდნენ თავად რუსეთში განვითარებულ სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებზეც, იქ მიმდინარე სამოქალაქო ომსა და მის შედეგებზე. მოხერხებული პროპაგანდისტული მუშაობისა და დეკლარირებული ლოზუნგების ფონზე, ბოლშევიკებსა და მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოებს ჩაგრულთა და ეროვნულ უმცირესობათა დამცველების სახელი ჰქონდათ მოპოვებული. ოსმალეთში მცხოვრები მუჰაჯირი ჩერქეზები იმედოვნებდნენ რომ რუსეთში პოლიტიკური წყობის შეცვლა მიმდინარეობდა. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ მათი შანსები იზრდებოდა — ისინიც მალე დაუბრუნდებოდნენ თავის ისტორიულ სამშობლოს. მაგრამ აქაც მწარედ ცდებოდნენ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები — ძალიან მალე გაცხადდა, რომ ლენინისეული ე. წ. „ერთა თვითგამორკვევის დემოკრატიული პრინციპი“ ბოლშევიკთა მიერ შემოგდებული მორიგი იდეოლოგიური სატყუარა და დიდი პოლიტიკური ფარსი იყო. ფაქტია, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბოლშევიკებმა ძალიან მალე დაასრულეს მოლევადიანი დემოკრატიული პრელუდია და ყოფილი ცარისტული იმპერიის მთელ ტერიტორიაზე პროლეტარული ნეოკოლონიალიზმის სისხლიანი დროშა ააფრიალეს.
მეორე საკითხი, რომელზეც ჩერქეზები ამყარებდნენ თავისი ეროვნული გადარჩენისა და ისტორიულ სამშობლოსთან გაერთიანების იმედებს, ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ ე. წ. „მთიელ ხალხთა რესპუბლიკის“ შექმნას უკავშირდება. ქემალისტური მოძრაობის ისეთი ლიდერები, როგორებიც ჰუსეინ რაუფ ორბეი და ბექირ სამი კუნდუხი იყვნენ, ძალას არ იშურებდნენ იმისათვის, რომ ახალ თურქულ მოძრაობასა და დიდი ეროვნული კრების მთავრობას მთიელთა რესპუბლიკა ეცნო. ისინი იმასაც იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ ახალი თურქული სახელმწიფოსა და მთიელთა რესპუბლიკის გარკვეული ტიპის კონფედერაციის შექმნას. მოსკოვში წარგზავნილი ქემალისტთა პირველი დელეგაციის ხელმძღვანელი და ანგორის მთავრობის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ბექირ სამი კუნდუხი, მოსკოვიდან ანკარისაკენ მომავალ უკანა გზაზე ჩრდილოეთ კავკასიაში შეჩერდა და დიდი სააგიტაციო მუშაობა გააჩაღა ადგილობრივ მოსახლეობაში იმ თემაზე, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებთან ერთად გარკვეული „კავკასიური ზუდე“ შექმნილიყო რუსეთის, თუნდაც უკვე ბოლშევიკურის წინააღმდეგ. ასეა თუ ისეა, ფაქტია რომ, ჩერქეზ მუჰაჯირთა შთამომავლები პირველ რიგში ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ და ანატოლიაში ჩერქეზული სახელმწიფოს შექმნა მათ არა იმდენად ქიმერულ, რამდენადაც არაეთიკურ და უღირს იდეად მიაჩნდათ.
გარდა ზემოთქმულისა, არსებობდა ჩერქეზული დიასპორის კიდევ ერთი, და აღვნიშნავდით — ალბათ ყველაზე უფრო ძლიერი, ისლამისტური და პრომონარქისტული ფრთა. ამ ფრთის წარმომადგენლები ძველი ყაიდის ოსმალური სახელმწიფოს, იმპერიისა და სულთან-ხალიფას ინსტიტუტის უერთგულეს დამცველებს წარმოადგენდნენ. მათი საქმიანობის ძირითად სფეროს სამხედრო და სასულიერო საქმიანობა წარმოადგენდა, სულთან-ხალიფას დაცვა კი თავის პირდაპირ და ყველაზე მთავარ დანიშნულებად მიაჩნდათ. როგორც ვხედავთ, იმპერიაში მცხოვრები სხვა ეროვნული უმცირესობებისაგან განსხვავებით, ჩერქეზებს მკვეთრად გამოხატული ეროვნული ერთიანობის იდეოლოგია არ გააჩნდათ და ისინი მეტად დაქსაქსულები იყვნენ. დაქსაქსული სისტემის მართვა და მისით მანიპულირება კი ერთობ მარტივ ამოცანას წარმოადგენს, რაც ადვილად მოახერხეს კიდეც დაინტერესებულმა ძალებმა. დაწყებული 1919 ზაფხულიდან, ქემალისტური მოძრაობის ჩასახვის მომენტიდან, ჩერქეზთა ეროვნული ცნობიერების ამ გაორებით თუ გასამებით კარგად ისარგებლეს ახალი თურქული მოძრაობის ლიდერებმა. მუსტაფა ქემალმა და ქემალისტებმა შეძლეს და ერთმანეთს დაუპირისპირეს ორი იდეოლოგიური მიმდინარეობის ჩერქეზული ჯგუფი — ერთის მხრივ ისლამისტურ-მონარქისტული, ხოლო მეორეს მხრივ ქემალისტურ-რესპუბლიკური. აქვე მოვიყვანთ ჩერქეზთა ერთ-ერთი ლიდერის, ანჩოკთა მოდგმის აბაძეხის, აჰმედ ანზავურის 1919 წლის ოქტომბრით დათარიღებულ წერილს, სადაც კარგად ჩანს იმ პოლიტიკური განხეთქილების ელემენტები, რომელიც არსებობდა სხვადასხვა რელიგიური თუ პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარ ჩერქეზ წარმომადგენლებში: „ჩვენს საყვარელ შვილს, ყარა ჰასანს... როდესაც ერთად ვმონაწილეობდით სივაშ თეფეს ალყის მოწყობაში, კარგად შევნიშნეთ, რომ ბევრი ჩერქეზი არაფრად არ აგდებდა პარასკევის ლოცვების შესრულებას. აი, სადამდე მივიდნენ სულეიმანის შთამომავლები... მითხარი ერთი, ვინ არიან ეს წყეული ახალგზრდა თურქები, რომლებმად ჩვენ ქააბა წაგვართვეს?... რომლებმაც აიძულეს მუსლიმები დაღუპულიყვნენ დარდანელის ნაპირებთან, კავკასიის მთებში, არაბეთისა და იემენის უდაბნოებში, რუმინეთის მინდვრებში და რომლებმაც ყვითელი ბილეთები მისცეს ათასობით მუსულმან ქალსა და ქალიშვილს კონსტანტინოპოლში? ვინ არიან ისინი, გეკითხები მე შენ, თუ არა საძულველი ფრანკმასონები? ჩერქეზთა შორისაც არიან იტიჰადისტები, მოერიდე მათ და ნუ დაიჯერებ მათ მაცდურ დაპირებებს, რომლებსაც ისინი მოგცემენ...“ [19, 260-261].
საერთო ჯამში, ოსმალთა იმპერიის ჩერქეზულ საზოგადოებაში არსებულმა იდეოლოგიურმა განხეთქილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ჩერქეზთა ეროვნული სახელმწიფოს შექმნის ყოველგვარი იმედები. გავუსწრებთ მოვლენებს წინ და აღვნიშნავთ, რომ 1920 წელი ჩერქეზული ელიტის არსებობის უკანასკნელი წელი აღმოჩნდა კონსტანტინოპოლსა და ანატოლიაში. მისი ფორმირება და არსებობა მთლიანადაა დაკავშირებული ოსმალთა იმპერიის ისტორიასთან. ჩერქეზთა ოსმალური ელიტის ჩასახვა კი ცარისტული რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებული სისხლიან ომებსა და საბოლოოდ, 1864 წლისათვის, მის დაპყრობას უკავშირდება, როდესაც კავკასიელი ხალხების დიდი ნაწილი ოსმალეთის იმპერიაში გადაიხვეწა.
ჩერქეზული ელიტის კვდომა 1920 წლიდან, ქემალისტური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად დაიწყო, რაც საბოლოოდ 1923 წლისათვის სახალიფოს გაუქმებითა და თურქეთის ქემალისტური რესპუბლიკის შექმნით დასრულდა. ამავე წელს შემუშავდა დასავლეთ ანატოლიიდან აღმოსავლეთ ანატოლიის მთიან და ხრიოკ, ქურთებითა და სომხებით დასახლებულ ადგილებში ჩერქეზთა დეპორტაციის გეგმაც. საბოლოოდ, ისტორიის განაჩენი ულმობელი აღმოჩნდა. მიუხედავად ჩერქეზული ელიტის მრავალწლიანი დომინირებისა, 1923 წლისათვის ყველაფერს წერტილი დაესვა. სამშობლოსა და თავის ისტორიულ ფესვებს მოწყვეტილმა ხალხმა არა მხოლოდ საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს შექმნის იდეა, არამედ ის პრივილეგირებული მდგომარეობაც დაკარგა, რაც უმძიმესი ბრძოლების, თავგანწირვისა და დიდი ძალისხმევის ფასად იყო მოპოვებული. დღეისათვის თურქულ სახელმწიფოში მცხოვრები მუჰაჯირთა შთამომავლები მხოლოდ კულტურული თვითმყოფადობის გადარჩენაზე ოცნებობენ.
დავუბრუნდეთ ისევ ანატოლიას, „ანატოლიელ პროტესტანტებსა“ და 1919 წლისათვის აქ არსებულ რთულ ნაციონალურ და პოლიტიკურ სურათს. მუდროსის ზავის პირობების გათვალისწინებითა და პარიზის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციის მიმდინარეობის ფონზე ანატოლიაში მცხოვრები სხვადასხვა არათურქი ხალხები დაპირისპირებულნი აღმოჩნდნენ იმპერიასა და თურქულ ეთნოსთან. ცნობილი გერმანელი მკვლევარი და ისტორიკოსი გერჰარდ ვეიგანი აღნიშნავდა: „ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სხვა ხალხების ბრძოლა თვითგამორკვევისათვის თავად თურქი ხალხის არსებობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ანატოლიის არათურქი ხალხები — აღმოსავლეთით სომხები და ქურთები, ხოლო დასავლეთით ბერძნები, ნებისმიერ მომენტში იყვნენ იმისათვის მზად, რომ ამ ამაყი ხალხის უკანასკნელი სიმაგრე აეფეთქებინათ“ [20, 130-131]. ბუნებრივია, რომ მუსტაფა ქემალისა და მისი თანამოაზრეების მიერ ფართომასშტაბიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზება ანატოლიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ მისი მოსახლეობა ეთნიკურად, რელიგიურად და რაც მთავარია, იდეოლოგიურად ჰომოგენური იქნებოდა. თურქ ნაციონალისტთა მიერ იმპერიაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე იმპერიასთან და თურქ ხალხთან დაპირისპირებულ ძალად მოიაზრებოდა. თავის მემუარულ ნაშრომში „ამბასსადორ მორგენტჰაუ“ს შტორყ“, ჰენრი მორგენტაუ, აშშ-ს ელჩი ოსმალთა იმპერიაში წერდა: „აკი ხშირად ამბობდნენ თავის დროზე თალაათ და ენვერ ფაშები: „იმპერიის მოსახლე სხვადასხვა ნაციონალური უმცირესობები ყოველთვის თურქეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ... მათი მტრული დამოკიდებულების გამო ჩვენ მუდმივად განვიცდიდით ტერიტორიულ დანაკარგებს... დავკარგეთ საბერძნეთი, სერბია, რუმინეთი, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ეგვიპტე და ლიბია. ამის შედეგად იმპერიის საზღვრების შემცირებამ საშიშ ზღვარს მიაღწია. თუ გვსურს დარჩენილ ტერიტორიებზე ჩვენი არსებობის შენარჩუნება, მაშინ ამ უცხო ელემენტებისაგან უნდა განვთავისუფლდეთ“ [21, 32-33]. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მთავარი ფაქტორი, რამაც მუსტაფა ქემალსა და მის თანამოაზრეებს ცენტრალური ანატოლია აარჩევინათ შემდგომი ბრძოლის გასაგრძელებლად და არა ანატოლიის სხვა ნაწილი, ის იყო, რომ მხოლოდ ეს ტერიტორიები იყო დასახლებული ძირითადში ეთნიკური თურქებით — თავის დროზე შუა აზიის ტრამალებიდან მოსული ოღუზთა თურქული ტომების შთამომავლებით.
ახლა კი პასუხი ზემოთ დასმულ კითხვაზე — მუსტაფა ქემალისა და მისი თანამოაზრეების გათვლებით სწორედ აქ, ცენტრალურ ანატოლიაში მცხოვრები თურქი ხალხი, აქ დისლოცირებული თურქეთის რეგულარული ჯარის ნაწილები და ე. წ. „ნაციონალური ძალები“ უნდა გამხდარიყვნენ ქემალისტთა წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი წარმმართველი ძალა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქნა შერჩეული ცენტრალური ანატოლია ქემალისტთა მიერ ახალი თურქული მოძრაობის დაწყების ასპარეზად. მეტად საინტერესოა ის საკითხიც, თუ რას წარმოადგენდნენ ამ მომენტისათვის ანატოლიაში მოქმედი ე. წ. „ნაციონალური ძალები“, აქ არსებული თურქული საჯარისო შენაერთები და ნაწილები. როგორი იყო მათი დისლოკაციები, შეიარაღება და პირადი შემადგენლობის საბრძოლო სულისკვეთება.
1919 წლისათვის თურქეთის არმიის აღმოსავლეთის ფრონტის შენაერთებისა და სამხედრო ნაწილების დისლოკაციაზე ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის თვით მუსტაფა ქემალი: „1918 წლის ბოლოდან მე მე-3 არმიის მთავარი ინსპექტორი ვიყავი და უშუალოდ მევალებოდა ორი საარმიო კორპუსის ინსპექტირება. ერთ-ერთი მათგანი იყო მე-3 საარმიო კორპუსი, დისლოკაციით სივასში... ამ კორპუსის მე-3 (კავკასიის) დივიზია ამასიაში იყო განლაგებული, ხოლო მე-5 დივიზია — სამსუნში. მეორე საარმიო კორპუსი — დისლოკაციით არზრუმში, მე-15 კორპუსი იყო... მისი მე-19 დივიზია აქვე იყო დისლოცირებული, ხოლო მე-3 დივიზია — ტრაპიზონში. კორპუსის მე-12 დივიზია ჰასანყალაში იყო, ხოლო მე-13 — ბაიაზეთში. მე-15 საარმიო კორპუსს ქიაზიმ ყარაბექირ ფაშა სარდლობდა და კორპუსის პირადი შემადგენლობა 17.860 კაცს შეადგენდა“ [22, 32]. მე-15 კორპუსის შესახებ განსხვავებულ ციფრებს გვაძლევს სხვა წყარო, ბრიტანელი მკვლევარი ენდრიუ მანგო, რომელიც თავის მხრივ თურქი ავტორის — ჯელალ ერიკანის მონაცემებს ეყრდნობა. კერძოდ — „ყარაბექირ ფაშას სარდლობის ქვეშ მყოფი მე-15 კორპუსის პირადი შემადგენლობა 12000 კაცს და 40 ქვემეხს შეადგენდა“ [2, 288]. იმჟამად არსებული ჯარების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურით თურქული საარმიო კორპუსის შემადგენლობაში სამი ქვეითი დივიზია იყო გათვალისწინებული. გამონაკლისს მხოლოდ მე-15 საარმიო კორპუსი შეადგენდა ოთხი დივიზიის შემადგენლობით. ეს ფაქტი კარგად მიგვითითებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კავკასიის სტრატეგიულ მიმართულებას. ეს მიმართულება კიდევ ერთი, მე-3 საარმიო კორპუსის მე-5 დივიზიით იყო გამაგრებული. საერთო ჯამში, კავკასიის მიმართულებაზე სულ ხუთი, მე-15 კორპუსის ოთხი, და მე-3 კორპუსის ერთი დივიზია იყო დისლოცირებული.
1919 წლისათვის კი მთლიანად თურქეთის შეიარაღებული ძალების ნომერი. კერძოდ: — „ქემალ ფაშამ, რომლის დაქვემდებარებაშიცაა 40000 ჯარისკაცი, 47 მძიმე საარტილერიო დანადგარი და მრავალი ტყვიამფრქვევი, უარი განაცხადა დამორჩილებოდა კონსტანტინოპოლის ოფიციალურ მთავრობას“ [23]. მაგრამ ყველა ეს მონაცემი ქაღალდზე იყო, ოფიციალურ ანგარიშებსა და საშტაბო დოკუმენტებში არსებულ ჩანაწერებში. რეალური სურათი კი მძიმე იყო, გაცილებით მძიმე. უკვე შემდეგ, 1922 წელს, საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიან ელჩთან, სემიონ არალოვთან საუბარში მუსტაფა ქემალი მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარების პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ გულწრფელად ამბობდა: „თქვენ კარგად იცით, თუ რა რაოდენობის ჯარი მყავდა თავდაპირველად — 5 ათასი...“ [24, 118-119]. რაც შეეხება პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმსა და მათი კომპეტენციის საკითხს: თურქ ნაციონალისტთა არმია ოფიცერთა მაღალპროფესიონალური კადრებით იყო დაკომპლექტებული. ყველა მათგანი შესაბამის ნაწილებსა თუ შენაერთებს ხელმძღვანელობდა I მსოფლიო ომის დროს და საკმაო წარმატებითაც. სუსტი წერტილი, რაც არმიას გააჩნდა, პირველ რიგში იარაღისა და საბრძოლო მასალების სიმცირე იყო. ეს განსაკუთრებით ავტომატურ იარაღსა და საბრძოლო ვაზნებს შეეხებოდა, აგრეთვე — არტილერიასა და საარტილერიო ჭურვებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ რეგულარული ჯარის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი დემორალიზებული და ბრძოლისუუნარო, ხოლო მათი საბრძოლო სულისკვეთების დონე დაბალი იყო. მნიშვნელოვანი იყო დეზერტირობის მაჩვენებელიც. საერთო ჯამში, 1919 წლისათვის თურქეთის შეიარაღებული ძალები თითქმის არც ერთი პარამეტრით არ წარმოადგენდა ანგარიშგასაწევ ძალას და მას სიმბოლური დატვირთვა უფრო ჰქონდა, ვიდრე რეალური საბრძოლო პოტენციალი. მით უმეტეს, მძიმე მდგომარეობა იყო ცენტრალურ და დასავლეთ ანატოლიაში. საერთო სიტუაციას და აქ მიმდინარე პროცესებს სხვა ძალები აკონტროლებდნენ. საუბარი ე. წ. „ნაციონალურ ძალებს“ და „პარტიზანულ რაზმებს“, რეალობაში კი — შეიარაღებულ ბანდებსა და მათ მოქმედებებს ეხება. რეგიონში არსებული სოციალური და კრიმინოგენული მდგომარეობა უმძიმესი იყო — ცენტრალური ანატოლია სხვადასხვა ბანდებისა და კრიმინალური დაჯგუფებების სათარეშო ადგილად იყო ქცეული.
რას წარმოადგენდა ეს ე. წ. „ნაციონალური ძალები“ თუ „პარტიზანული რაზმები“? როგორი იყო მათი საბრძოლო აქტივობა და რა მიზნებს ისახავდნენ ისინი? აქ მოქმედი ბანდებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და და დაუნდობელი თოფალ ოსმანის — „კოჭლი“ ოსმანის ბანდა იყო, რომლის სახელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „ულმობელთან“ ასოცირდებოდა. წარსულში იგი პროფესიონალი სამხედრო იყო, მოხალისეთა ე. წ. „ჩეთეს“ ესკადრონს მეთაურობდა. იგი ბალკანურ ომებსა და I მსოფლიო ომში იბრძოდა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკის ჩინსაც მიაღწია. ამჟამად კი მისი რაზმი დემობილიზებული და დეზერტირი ჯარისკაცების, სხვადასხვა ჯურის ბანდიტებისა და კრიმინალებისაგან შედგებოდა. მისი რაზმი ყველას ატერორებდა, პირველ რიგში კი — ბერძნებსა და სომხებს, აგრეთვე იმ თურქებსაც, ვინც მის წინააღმდეგ წავიდოდა. თავად ოსმანი კი თავის თავს და საკუთარ ბანდას „ნაციონალურ ძალებად“ მოიხსენიებდა [25, 133]. ზოგიერთი წყაროს მონაცემებით თოფალ ოსმანი ლაზი იყო. სემიონ არალოვი: „სამსუნის, სინოპის და ამასიის სანჯაყებში მრავალი ბანდა დათარეშობდა. თავისი მხეცობებით განსაკუთრებული გაითქვა სახელი ლაზების თავკაცმა ოსმან-აღამ. მან ცეცხლითა და მახვილით გაიარა მთელი ეს რაიონი. ადგილობრივი თურქები ძრწოლით ლაპარაკობდნენ მისი დაუნდობლობის შესახებ“ [24, 54]. თოფალ ოსმანის ბანდის გარდა არსებობდნენ სხვებიც — უფრო ძლიერნი, უფრო დაუნდობელნი, თითქოს უფრო მოტივირებულნიც, რომლებიც ძირითადად ოკუპირებული მიწებიდან გამოქცეული ადგილობრივი გლეხებისაგან შედგებოდნენ. ამ რაზმების შევსების ძირითად წყაროსაც დემობილიზებული თუ გადეზერტირებული ჯარისკაცები შეადგენდნენ, რომელთა რიცხვიც ძალიან დიდი იყო. ზოგადად, ოსმალეთის არმიაში არსებული დეზერტირობის მაღალი მაჩვენებლის შესახებ ჯარების იმდროინდელი მთავარი სამხედრო ინსპექტორი, გერმანელი გენერალი ოტო ლიმან ფონ სანდერსი 1918 წლის შემოდგომისათვის წერდა: „თურქები დაიღალნენ ომისაგან და აღარ სურთ მისი გაგრძელება. ეს ფაქტი თურქი ჯარისკაცების მასიური დეზერტირობიდანაც ჩანს. დეზერტირებს თან მიაქვთ არა მარტო შაშხანები და ყუმბარები... არამედ ტყვიამფრქვევებიც“ [26, 41]. გლეხები შეიარაღებულ ბანდებს სხვადასხვა მიზნებით ქმნიდნენ: ბერძნების მიმართ ზიზღი, სომხებისაგან მომავალი საფრთხეების აღკვეთა, სულთნისა და ხალიფას დაცვა, იმ „ქონების“ უსაფრთხოება, რომელიც მათ ომის დროს ჰქონდათ „მოპოვებული“, აგრეთვე მიწათმფლობელებზე ზეწოლის განხორციელება, ძარცვა-გლეჯვა, მოროდიორობა და ა. შ. ასეთი ბანდების საველე მეთაურები იყვნენ, მაგალითად, სრულიად ახალგაზრდა ალი იორუქი, აგრეთვე მამაცი და დაუნდობელი მეჰმედ-მჭედელი — ისიც ყოფილი დეზერტირი. მაგრამ ამ ბანდებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი ეროვნებით ჩერქეზი, დიფშოუთა მოდგმის შაფსუღის — „ეთჰემის ბანდა იყო, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას. თავად ეთჰემ ჩერქეზიც ყოფილი ოფიცერი იყო, დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე, მაგრამ ახლა დემობილიზაციით ანატოლიაში დაბრუნებული, აღარავის აღარ ემორჩილებოდა, ხოლო მისი ე. წ. „მფრინავი საკავალერიო რაზმი“ უამრავ პრობლემას უქმნიდა გარემოს. ეს ძალები უაღრესად არადისციპლინირებულნი და არაპროგნოზირებადები იყვნენ, არ სცნობდნენ კანონს, არ აღიარებდნენ სუბორდინაციის ნორმებს და თავი ქვეყნის ბატონ-პატრონებად მიაჩნდათ. მათ შეეძლოთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაეპატიმრებინათ და დაეხვრიტათ, მაგალითად, უბრალო სამოქალაქო პირი ან ჩინოვნიკი, რომელიც მათ არ დაემორჩილებოდა.
სწორედ ეს ყაჩაღური ბანდები შეადგენდნენ რეალურად დასავლეთ და ცენტრალურ ანატოლიაში მოქმედ ე. წ. „ნაციონალურ ძალებს“, ვისზე გათვლითაც აპირებდა მუსტაფა ქემალი თავისი ბრძოლის ორგანიზებას. ამისათვის კი საჭირო იყო ამ ე. წ. „ნაციონალური ძალებისა“ და მუსტაფა ქემალის ერთგული მცირერიცხოვანი საარმიო კორპუსების პირადი შემადგენლობის საერთო ძალისხმევა, მათი საბრძოლო საშუალებებისა და პოტენციალის კონსოლიდაცია. გასაგებია, თუ რამდენად რთული ამოცანის გადაჭრაზე მოუწევდა მას მუშაობა. დაახლოებით იგივე პრობლემებს აწყდებოდა მუსტაფა ქემალი აღმოსავლეთშიც, მაგრამ აქ ქემალის ერთგული რეგულარული ჯარის ნაწილები იყვნენ დისლოცირებულნი. საუბარი პირველ რიგში მე-15 საარმიო კორპუსსა და მის სარდალს, გენერალ ქიაზიმ ყარაბექირ ფაშას შეეხებათ. აქაური ბანდების მოქმედებებიც გარკვეულ კონტროლს ექვემდებარებოდა. დასავლეთში კი არავითარი საერთო ხელმძღვანელობა, არავითარი კოორდინაცია არ არსებობდა.
ეთჰემ ჩარქეზის „მფრინავი საკავალერიო რაზმი“ თითქმის მთლიანად ჩერქეზებისაგან შედგებოდა და იგი არა მხოლოდ ბერძნული ოკუპაციის, არამედ სხვა ბანდების წინააღმდეგაც გამოდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეთჰემ ჩერქეზი იყო ის პიროვნება, რომელმაც პირველად ასწია ანატოლიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დროშა, მაგრამ მის ბრძოლას ორგანიზებულობა და დისციპლინა აკლდა. როგორც ჰაროლდ არმსტრონგი აღნიშნავს: „მაშინ როცა მუსტაფა ქემალი სულთნისა და ხალიფას წინააღმდეგ შეთქმულებებს ხლართავდა, რომ ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო და დაეკმაყოფილებინა თავისი დიქტატორული მისწრაფებები, მეორე ადამიანი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ თურქეთი გადაერჩინა... ეს ადამიანი ეთჰემ ჩერქეზი იყო“ [27, 223].
დაწყებული 1919 წლის 15 მაისიდან, მას შემდეგ რაც ბერძნები გადმოსხდნენ იზმირში, დასავლეთ ანატოლიის რეგიონი საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩართული. ბერძნული კონტინგენტი კი თანდათან იზრდებოდა და მისმა რაოდენობამ ივლისის დასაწყისისათვის 35 ათასს მიაღწია, ხოლო ზაფხულის ბოლოს — უკვე 75 ათასს, რაც ერთნახევარჯერ მეტი იყო, ვიდრე მთლიანად თურქეთის რეგულარული ჯარი და აქ მოქმედი ყველა ბანდა ერთად აღებული. ბერძნული შენაერთების მიერ ანატოლიის სიღრმეში შესვლას კონსტანტინოპოლის სამთავრობო და პოლიტიკური წრეების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. უმეტესობა კითხვებს არ სვამდა, ზოგიერთი მათგანი შეეგუა კიდეც შექმნილ მდგომარეობას — მაგალითად იმპერიის იუსტიციის მინისტრი. ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტთან მის ინტერვიუს ასეთი სახე ჰქონდა: „ჟურნალისტი: ბერძენთა მიერ დაწყებული შეტევის გამო ჩვენი მთავრობა განაცხადებს პროტესტს? მინისტრი: ჩვენმა მთავრობამ ოფიციალურად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი მუსტაფა ქემალს. იგი სამშობლოსა და ხალიფას მოღალატეა... რატომ უნდა გავაპროტესტოთ ბერძენთა ეს შეტევა, რომელიც ჩვენს დასასხმარებლად არის დაწყებული? ჟურნალისტი: შეხვდება თუ არა ამ შეტევას ჯეროვანი წინააღმდეგობა? მინისტრი: არა, მუსტაფა ქემალის არმიაში არ არის სათანადო დისციპლინა და ორგანიზაცია. იგი რეციდივისტებისა და ყაჩაღებისაგან შედგება.
ჟურნალისტი: რამდენად დიდხანს გაგრძელდება ბერძენთა შეტევითი მოქმედებები?
მინისტრი: მე ჯარისკაცი არა ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბერძნული არმია სწრაფად და ეფექტურად იმოქმედებს და რამდენიმე კვირაში ანგორის კედლებთან აღმოჩნდება“ [28]. პატრიოტულად განწყობილი თურქები ცდილობდნენ მტრის შეჩერებას, მაგრამ მათი სუსტი და დაქსაქსული ძალები არ იყვნენ ისე ორგანიზებულები, როგორც აღმოსავლეთ ანატოლიაში. დასავლეთში დისლოცირებული რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობა კი სულ 3 ათას კაცს ითვლიდა, რომელიც იზმირის ყოფილ კორპუსში იყო განაწილებული. თავისთავად ცხადია, ისინი ბერძნების წინსვლას წინ ვერ აღუდგებოდნენ. რეგიონში მოქმედი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა — ეთჰემ ჩერქეზი, რომელიც საკუთარ თავს „განთავისუფლების არმიას“ უწოდებდა, დამოუკიდებლად მოქმედებდა. „განთავისუფლების არმია“ ცალკეული ჩერქეზული რაზმების, რამდენიმე რეგულარული ქვედანაყოფისა და სხვადასხვა მუსლიმ ფანატიკოსთა ჯგუფისაგან შედგებოდა, რომელთაც არც რეგულარული ბრძოლების გამოცდილება გააჩნდათ, არც შესაბამისი შეიარაღება და არც სამხედრო ფორმა. მათ მიერ ჩატარებული საბრძოლო მოქმედებების ძირითად ფორმას კი სწრაფი და მოულოდნელი რეიდები წარმოადგენდა და ბრძოლებსაც პარტიზანული ტაქტიკის შესაბამისად ატარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათი მოქმედებები საკმაოდ წარმატებული იყო, ისინი გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევას მაინც ვერ ახერხებდნენ.
როგორც ალექსანდრ ჟევახოვი აღნიშნავს, ქემალი აღარ იყო ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც აფრიკის უდაბნოებში იბრძოდა და მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნოდა. მან დიდი ხანია უკვე დატოვა პიროვნული ავანტიურების სამყარო. მას მყარად სჯერა: შეუძლებელია სამშობლოს გათავისუფლება და სახელმწიფოს შექმნა პარტიზანული რაზმების მეშვეობით. ეთჰემ ჩერქეზს ორი ძმა ჰყავდა — რაშიდი და ტევფიკი. სამივე ძმა იტიჰადისტთა „სპეციალური ორგანიზაცია“ ტეშკილატ-ი მაჰსუსა-ს წევრებს წარმოადგენდნენ. ტევფიკი ამავე დროს პარლამენტის დეპუტატიც იყო, ასე რომ, ეთჰემ ჩერქეზის ეს დაჯგუფება საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენდა. თავისუფლებისმოყვარე, ამაყ და მამაც ჩერქეზ ძმებს დამოუკიდებლობისათვის მიმავალ გზაზე საკუთარი, მაგრამ ძალზე ბუნდოვანი შეხედულებები ჰქონდათ ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ბრძოლის წარმოების თავისი გზები და საშუალებებიც ჰქონდათ არჩეული. ამ გზაზე ისინი შეურიგებელნი იყვნენ და არ აპირებდნენ ვინმესთვის დაეთმოთ რამე.
ყველაზე დიდი დილემა, რის წინაშეც აღმოჩნდნენ მუსტაფა ქემალი და მისი თანამოაზრეები, რეგულარული ძალების გაძლიერება და არმიისათვის რეალური კადრების შეკრება იყო, რომლებიც შეძლებდნენ ბერძნებს აღდგომოდნენ წინ. ანატოლიაში მოქმედი უკონტროლო ბანდების გარდაქმნა რეგულარულ ჯარებად კი ძალიან რთული ამოცანას წარმოადგენდა. თავის გამოსვლებში მუსტაფა ქემალი მუდმივად ამ აზრს ატარებდა: `მხოლოდ ენერგია და ერის ნება გადაარჩებს ქვეყანას! მე გპირდებით, რომ არ დავტოვებ ანატოლიას მანამ, სანამ ქვეყანას არ გავანთავისუფლებთ! მაგრამ თუ გინდათ, რომ ჩვენს მიწაზე ბერძნული სახელმწიფო შეიქმნას, მაშინ გააგრძელეთ სახლებში ჯდომა. და ნახავთ, რომ ძალიან მალე გამოგყრიან თქვენი სახლებიდან ისევე, როგორც ჩვენი თანამემამულეები გამოყარეს დასავლეთ ანატოლიიდან!“ [8, 157].
ანატოლიაში დისლოცირებული რეგულარული შენაერთების სარდლობებმა მუსტაფა ქემალისა და ნაციონალისტების მხარე დაიკავეს. საუბარი მე-3, მე-15 და მე-20 კორპუსებს ეხებათ, რომლებსაც შესაბამისად პოლკოვნიკი რეფეტ ბელე, გენერალი ქიაზიმ ყარაბექირი და პოლკოვნიკი ფუატ ალი ჯებესოი სარდლობდნენ და მათი შტაბები შესაბამისად სივასში, არზრუმსა და ანკარაში მდებარეობდნენ. ნაციონალისტებს მხარი დაუჭირეს ანატოლიაში მოქმედმა გარკვეულმა არარეგულარულმა ძალებმა და მოსახლეობამ. ეს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ანატოლიის მოსახლეობას ეხება, სადაც I მსოფლიო ომის მსვლელობისას სომეხ დაშნაკთა საბრძოლო რაზმებმა 200-ზე მეტი მუსლიმანური სოფელი გადაწვეს და გაანადგურეს. ზოგიერთი ავტორის მონაცემებით მუსტაფა ქემალის შეიარაღებულ მხარდამჭერად 30000 კაცამდე მხოლოდ ლაზური მოსახლეობა გამოვიდა. ანატოლიაში „ნაციონალური ძალების“ მიერ დაწყებულ განმათავისუფლებელ ბრძოლებს კი ერთი საერთო ლაიტმოტივი დაედო საფუძვლად: „ბერძნული ოკუპაციის აღკვეთა და ინგლისელთა ტყვეობაში მყოფი საყვარელი სულთნის განთავისუფლება!“
თავის მოწინააღმდეგეებთან და დაუმორჩილებელ ბანდებთან მიმართებაში მუსტაფა ქემალმა მეტად მოქნილ ტაქტიკას მიმართა. მოქმედებების ეს ტაქტიკა სულაც არ იყო ღია ურთიერთობებისა და ღირსეული მოქმედებების ერთობლიობა. მუსტაფა ქემალისათვის მთავარი იყო ამ ბანდების ორგანიზებულ სისტემაში მოყვანა, მათი რეგულარული ჯარის სტრუქტურაში ჩართვა და თავის დაქვემდებარებაში გადაყვანა, თუნდაც ნებისმიერ ფასად. შემდეგ კი გამოჩნდებოდა... შემდეგ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა და მტყუან-მართალიც გაირკვეოდა. დიდი ძალისხმევის ფასად, თავადაც წარმოშობით ჩერქეზმა, უფრო ზუსტად აფსუა მუჰაჯირთა შთამომავალმა, ჰუსეინ რაუფ ორბეიმ (წარმომავლობითი გვარით აშხარუა), რომელიც ეთჰემ ჩერქეზის მეთაურს წარმოადგენდა I მსოფლიო ომის სპარსეთის კამპანიაში 1915 წელს, შეძლო ეთჰემ ჩერქეზის დარწმუნება იმაში, რომ იგი და მისი რაზმი ნაციონალისტების დაქვემდებარებაში გადასულიყვნენ, საკუთარი ძალა და ენერგია კი, ნაციონალური ინტერესების დაცვისაკენ მიემართა.
ამგვარად, ეთჰემ ჩერქეზის საბრძოლო რაზმი მუსტაფა ქემალის ნომინალურ დაქვემდებარებაში აღმოჩნდა ჩართული. ამავე მოტივებით მოხერხდა სხვა საველე მეთაურებისა და ბანდების ნაწილობრივი შემოერთებაც. ლაზი ოსმან თოფალი მუსტაფა ქემალმა საკუთარი დაცვის უფროსად აიყვანა, ხოლო მის რაზმში გაერთიანებული ლაზები პირად გვარდიად დაიყენა. ალი იორუქის, მეჰმედ მჭედელისა და განსაკუთრებით, ეთჰემ ჩერქეზის სახით ნაციონალისტებმა მამაცი მებრძოლები შეიძინეს, მაგრამ რა ფასად! ეს ძალები მეტად არაპროგნოზირებადი, მოქმედებებში არათანმიმდევრულები და რთულად სამართავები იყვნენ... მაგრამ ჯერ-ჯერობით ნაციონალურ მოძრაობას მუსტაფა ქემალის სახით და თავის მხრივ, წინააღმდეგობის მოძრაობას ეთჰემ ჩერქეზისა თუ სხვა ბანდების საველე მეთაურების სახით, ერთმანეთი სჭირდებოდათ... მაგრამ ეს თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდება, მალე მათი გზები გაიყრება — მუსტაფა ქემალი მოძლიერდება და იგი ახალი თურქული მოძრაობის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერად იქცევა. აი, მაშინ კი, ყველას თავ-თავისი მიეგება და პასუხიც მოეთხოვება, ყველაფერი დალაგდება...
მიუხედავად ეთჰემ ჩერქეზის დიდი წარმატებისა, მან მაინც ვერ შეძლო მტკიცედ შეენარჩუნებინა მოპოვებული პოზიციები. ბერძენთა წინააღმდეგ ეთჰემ ჩერქეზის პირველივე წარუმატებლობა მოხერხებულად იქნა გამოყენებული მუსტაფა ქემალის მიერ. ქემალისტთა ძალებმა, რომელსაც ეროვნებით ქურთი გენერალი იზმეთ იუნონუ სარდლობდა, ზურგში დაარტყეს ეთჰემ ჩერქეზის არმიას და გაანადგურეს იგი. ეთჰემ ჩერქეზმა, მისმა ძმა ტევფიკმა და მათმა მხარდამჭერებმა კი საბერძნეთს შეაფარეს თავი. იქიდან ეთჰემ ჩერქეზი ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი იორდანიაში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1948 წელს [29, 264-265]. 1920 წელს ჩერქეზთა მიერ ხელიდან გაშვებულმა შანსმა, შეექმნათ თავისი ეროვნული სახელმწიფო დასავლეთ ანატოლიაში, არ მისცა საშუალება ჩერქეზებს, შეენარჩუნებინათ თავისი პრივილეგირებული მდგომარეობა. ეთჰემი, ეროვნებით ჩერქეზი, უკანასკნელი პერსონა გახდა, რომელსაც დომინანტური მდგომარეობა ეკავა ოსმალთა იმპერიის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში. ქემალისტებმა და თურქმა ნაციონალისტებმა კი გაიმარჯვეს. მუსტაფა ქემალის მიერ 1923 წელს შექმნილი თურქული რესპუბლიკა, საბოლოოდ, უნიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. მიხეილ სვანიძე, ოსმალეთის ისტორია (1600-1923), ნაწილი II, თბილისი, 2002.
2. Andrew Mango, Atatürk, John Murray (Publishers), 338 Euston Road, London, 2004.
3. Черчиль В., Мировой кризис 1918-1925, Глава XVII. Живая Турция, Churchill W.S. The World Crisis 1918-1925, London: Thorton Butterworth, 1923-27. 5 vols. http://militera. lib.ru/memo/0/ one/english/churchill2.rar.
4. Baskin Oran, Atatürk Milliyetçiliği, Resmi ideoloji Dişi Bir Inceleme, s.146, Ankara 1988. http://armenianhouse.Org/akcam/genocide /book2.html.
5. Sabahattin Selek, Anadolu Ihtilali, Istanbul 1987; l. Cilt, s.100.
6. Doğan Avcioğlu, Türklerin Tarihi, l. Cilt, s.1183. http://armenianhouse.org/akcam/ genocide /book2. html.
7. Yakin Tarih Ansiklopedisi, Cilt 12, s.27, Yeni Asya Dergisi Yayini, Istanbul 1990.http://armenianhouse.org/akcam/genocide/ book2. html.
8. Александр Ушаков, Феномен Ататюрка, Турецкий правитель, творец и диктатор, Москва, 2002.
9. У. Н. Бэрзэдж, Изгнания черкесов: Причины и последствия, Майкоп, 1996.
10. Адыги в политической истории Турции 1878-1922 гг. http://adygi.ru/1211-adygi-v-politicheskoj-istorii-turcii-1878-1922-gg.html.
11. Анзор Кушхабиев, Черкесская диаспора в арабских странах (XIX—XX вв.), Нальчик, 1997.
12. H. Pehlivanli, „The Post Armistice situation on South-West Caucasia“ in „Kars and Eastern Anatolia in the Recent History of Turkey“, Ankara, 1994.
13. saqarTvelos erovnuli arqivi, saistorio centraluri arqivi, fondi 1976, anaweri 1, saqme 2.
14. saqarTvelos erovnuli arqivi, saistorio centraluri arqivi, fondi 1976, anaweri 1, saqme 2.
15. Джон Киракосян, Западная Армения в годы Первой мировой войны, Ереван, „Мшак“, 1914, 20 сентября, №208.
16. Максим Лебский, Трагедия турецкого социализма. http://socialistic.ru/publications/articles/ tragediya-tureckogo-socializma/.
17. Оджалан А., „Курдистанская действительность с XIX века по настоящее время и движение РПК“, Москва, 1998.
18. Ryan Gingeras, The Sons of Two Fatherlands: Turkey and the North Caucasian Diaspora, 1914-1923, European Journal of Turkish Studies [Online], Complete List, 2011, Online since 30 November 2011; Butbay, Kafkasya Hatiraları 19-23; Sefer Berzeg, Kuzey Kafkasya Cumhuriyeti, 1917-1922:II Cilt, Bağımsızlık Mücadelesi (Istanbul, Birleşik Kafkaysa Derneği, 2004). http://ejts.revues. org/4424#ftn53.
19. Мустафа Кемаль, Путь новой Турции, 1919-1927, т. III, Интервенция союзников, Греко-Турецкая война и консолидация национального фронта 1920-1921, Москва, 1934.
20. Gerhard Wiegand (Hrsg.): Halbmond im letzten Viertel, s.130-131, München 1970. http://armenianhouse.Org/akcam/genocide/book2.html.
21. Henry Morgenthau, Ambassador Morgenthau’s Story, s. 51’den aktaran Heath W. Lowry, Büyükelçi Morgenthau’nun Öyküsünün Perde Arkasi, s. 32-33, Istanbul 1991.
22. Kamuran Gurun, The War of Independence, Ankara, 1982.
23. May break from Turkey, The New York Times, July 19, 1919.
24. С. И. Аралов, Воспоминания советского дипломата 1922-1923, Москва, 1960.
25. „Topal Osman olarak da bilinen ve Rumlara yapılan zulümlerin (özellikle de Karadeniz’i terk ederken) çoğundan sorumlu tutulan Osman Ağa üzerine Yunanca’da geniş bir yazın vardır“, Onur Yıldırım, Diplomasi ve Göç, İstanbul Bilgi Üniversitesi Yayınları, 2006.
26. Е. Саркисян, Из истории турецкой интервенции в Закавказье в 1918 г. Известия академии наук Армянской ССР, Общественные науки №7, 1958, Liman von Sanders, Fűnf Jahre in Tűrkei, Berlin, 1919.
27. H. C. Armstrong, The Grey Wolf, Capricorn Books, New York, 1961.
28. Александр Жевахов, Кемаль Ататюрк, Перевод осуществлен по изданию: Alexander Jevakhoff. Kemal Atatürk. Paris, Tallandier, 1999. http://www.ereading.bz/chapter.php/ 1013613/ 63/Zhevahov_-_ Kemal_Atatyurk.html.
29. Хавжоко Шаукат Муфти, Герои и императоры в черкесской истории (Бейрут, 1972), Нальчик, 1994.
გენერალი მუსტაფა ქემალი და „ანატოლიელი პროტესტანტები“ _ წინააღმდეგობის მოძრაობის დასაწყისი
გენერალ მუსტაფა ქემალისა და მისი თანამოაზრეების მიერ ანატოლიაში დაწყებული „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსობრივი დატვირთვითა და მოქმედებების ინტენსივობით, ორ ფაზად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ფაზა მოიცავს 1919 წლის მაისიდან 1920 წლის აპრილამდე პერიოდს და მას შეიძლება ეროვნული წინააღმდეგობის ფაზა ვუწოდოთ. ამ ფაზაში უკვე მყარდება გარკვეული კონტაქტები ერთის მხრივ, ნაციონალისტებსა და ექსიტიჰადისტებს, და მეორეს მხრივ, ნაციონალისტებსა და ბოლშევიკებს შორის. მეორე ფაზად კი შეგვიძლია განვიხილოთ 1920 წლის მაისი _ 1923 წლის ივლისის პერიოდი, როგორც თურქეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ომის ფაზა, რომელიც ნაციონალისტთა მიერ ბოლშევიკებთან რეალური კავშირების დამყარებით დაიწყო 1920 წლის მაისში, და მალე ბოლშევიკურ-ქემალისტური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნით დასრულდა. ეს ფაზა თავისი არსით თურქებისათვის წარმოადგენდა „დამოუკიდებლობის ომს“, რომელიც ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა 1923 წლის 24 ივლისს.
ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნისა და თურქოლოგის, უილიამ მეთიუ ჰეილის მიხედვით, ნაციონალისტური მოძრაობის პირველ ფაზაში უნდა მომხდარიყო სამხედრო და პოლიტიკური სტრუქტურების შექმნა, მაგრამ იმ გათვლით, რომ ანტანტის ქვეყნებთან არ შევიდოდნენ ღია საომარ კონფრონტაციაში და „წინააღმდეგობის მოძრაობისადმი“ ლოიალურად განწყობილ სულთნის მთავრობის წევრებთანაც ითანამშრომლებდნენ. მოქმედებების ეს ტაქტიკა ფაქტობრივად გულისხმობდა იმპერიის მთავრობაზე გავლენის მოპოვებას და არა მის გადაგდებას [1, 47].
წინააღმდეგობის პირველი ფაზის საწყის ეტაპზე საჭირო იყო ანატოლიის მუსლიმი მოსახლეობის კონსოლიდაცია და მათი გაერთიანება გარკვეული იდეის გარშემო. 1918 წლის ბოლოსა და 1919 წლის დასაწყისში რეგიონში განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები კი, კერძოდ, ანტანტის ქვეყნების მიერ კონსტანტინოპოლის დაკავება და სმირნაში (იზმირი) დაწყებული ბერძნული ოკუპაცია, თურქი მოსახლეობის წინააღმდეგ დაწყებული სისხლიანი ანგრიშსწორებები სწორედ ასეთი იდეის წინ წამოწევის კარგ საშუალებას იძლეოდა. ბერძნების მიერ სმირნას ტეროტორიების მოთხოვნა, ისევე როგორც ოსმალთა იმპერიის სხვა ტერიტორიებისა თრაკიასა და მცირე აზიაში, პირველად საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, მეტად ნიჭიერმა და კოლორიტულმა პიროვნებამ, და ამავე დროს კარგმა ორატორმა, ელეფთერიოს ვენიზელოსმა გაააჟღერა. იგი კრეტელი იყო, ათენის უნივერსიტეტში ეუფლებოდა სამართლის მეცნიერებას და აქ დაჯერებულ ნაციონალისტად, ანტიოსმალური ბრძოლის უკომპრომისო ლიდერად ჩამოყალიბდა. 1896 წლისათვის იგი ოსმალთა წინააღმდეგ კრეტელთა აჯანყების მეთაურად მოგვევლინა, 1911 წლისათვის კი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ბალკანური ომების პერიოდში, 1912 წლისათვის იგი ალიანსში შევიდა ბულგარეთთან და სერბიასთან და თურქებს ოსმალთა იმპერიის ევროპული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაატოვებინა. თუმცა, ამით მისი ამბიციები არ ამოწურულა. ვენიზელოსის ინტერესები შორს გასცდა თავისი მშობლიური საბერძნეთის საზღვრებს. ფაქტია, რომ მის მიზანს ანატოლიაში ახალი ბერძნული იმპერიის შექმნა თუ არა, ძველი ელინისტური ფორმაციის მკვდრეთით აღდგომა მაინც წარმოადგენდა. ვენიზელოსის ამ იდეების მხურვალე მხარდამჭერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი წარმოადგენდა. როგორც ებრაელი მეცნიერი, დიპლომატიის ისტორიის ცნობილი მკვლევარი, ნეგევის ბენ-ჰურიონის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, და შემდგომ ემერიტუსი, ისაია ფრიდმანი აღნიშნავს: ლოიდ-ჯორჯის სლოგანი იყო _ „ელადა არის იქ, სადაც ელინები ცხოვრობენ“ [2, 26-27]. ელინები კი მთელს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ანატოლიაში იყვნენ მიმოფანტულნი. თავადაც ყოველივე ოსმალურისა და თურქულის მოძულე, დევიდ ლოიდ-ჯორჯი აღფრთოვანებული იყო საბერძნეთის პრემიერის ამ ექსპანსიონისტური იდეებით, რადგან იგი დაჯერებული თურქოფობი იყო. როგორც მისი ერთ-ერთი ბიოგრაფი აღნიშნავს, ლოიდ-ჯორჯს ბავშვობიდანვე ეზიზღებოდა თურქები და ყოველივე თურქული. ძალიან მალე კი, იგი დაჯერებულ თურქოფობად ჩამოყალიბდა. იგი დარწმუნებული იყო იმაში, რომ თურქები ევროპის ავაზაკები იყვნენ _ სისხლისმსმელთა ბანდა, რომელიც იზოლირებული უნდა ყოფილიყო ცივილიზებული საზოგადოებისაგან _ ბანდა, რომელიც უნდა განადგურებულიყო [3, 564]. თურქებს იგი „მოძალადეებად და ყველანაირი უბედურების წყაროდ“ მოიხსენიებდა. მისთვის კონსტანტინოპოლი არა მარტო აღმოსავლური ბოროტების აკვანი იყო, არამედ ბუდე, საიდანაც ყველანაირი კორუფციისა და ინტრიგების შხამი ვრცელდებოდა ევროპაში. ბრიტანელი პრემიერი უფრო შორსაც წავიდა, და აცხადებდა, რომ „კონსტანტინოპოლი თურქთა ქალაქი არ იყო, ხოლო მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასევე არ იყო თურქი“. უფრო მეტიც _ მისი ღრმა რწმენით სულთანი „გადამთიელი მონარქი იყო, რომელიც გადამთიელ ხალხს მართავდა“ [2, 26-27]. ამ იდეებს იზიარებდა აღმოსავლეთში მოღვაწე ცნობილი ინგლისელი დიპლომატი მარკ საიქსიც, რომლის ზეგავლენა პრემიერ-მინისტრზე ომის მსვლელობისას და მის შემდგომ პერიოდში ძალიან დიდი იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ორი პოლიტიკური მოღვაწის იდეოლოგიურმა თანხვედრებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა იმდროინდელი დიდი ბრიტანეთის ახლო აღმოსავლური საგარეო პოლიტიკის ძირითადი არსი.
ლოიდ-ჯორჯმა ვენიზელოსს „საბერძნეთის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე უწოდა პერიკლეს შემდეგ“ და უმალ აიტაცა დიდი საბერძნეთის შექმნის იდეა. თავად ეს იდეა კი, დაუყოვნებლივ იქცა მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად. ელინისტური ცივილიზაციისადმი სენტიმენტებისა და შორსმიმავალი სტრატეგიული გათვლების გამო, მან საბერძნეთი უმალ თავის ერთგულ მოკავშირეთა რიგებში ჩართო, რომელიც ბრიტანეთთან მეგობრობისა და საერთო ინტერესების ურღვევი ძაფებით იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლოიდ-ჯორჯმა ანატოლიის ბერძნული ოკუპაციის იდეაზე ვილსონიც დაითანხმა, რაც ამერიკის პრეზიდენტის ფატალურ შეცდომას წარმოადგენდა, თავისი შორსმიმავალი შედეგებიდან გამომდინარე. ბრიტანელთა და ამერიკელთა თანხმობა კი ვენიზელოსისათვის ღვთისაგან ნაბოძები საჩუქარი იყო, რომელიც მან დიდი ენთუზიაზმით აიტაცა.
სმირნას ბერძნულ ოკუპაციას, მალე თურქული საზოგადოების შესაბამისი რეაქცია მოჰყვა შედეგად. 1919 წლის 3 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ სომერსეტ კელტორფის, მოადგილე, კონტრადმირალი რიჩარდ ვები იტყობინებოდა: „თურქები აცხადებენ, რომ მათი ზიზღის გრძნობა ბერძნების მიმართ ისე უცბად იზრდება, რომ ისინი ვერასოდეს შეეგუებიან მათ კონტროლს. მალე თურქები შეურიგებელ ბრძოლას დაიწყებენ ბერძნების წინააღმდეგ, რაც ქვეყანას მეორე მაკედონიად გადააქცევს“ [4, 759]. დიახ, თურქი ნაციონალისტებისათვის ბერძენ ოკუპანტთა წინააღმდეგ ბრძოლა და თურქი ხალხის უფლებების დაცვა უნდა ქცეულიყო იმ იდეად, რომელიც თურქი ხალხის კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს.
წინააღმდეგობის მოძრაობის მეორე ამოცანას წარმოადგენდა ხალხისათვის ამ იდეის მიწოდება და მათი გაერთიანება. აქ კი მუსტაფა ქემალმა კარგად მოიფიქრა, რომ ნაციონალური იდეების გამავრცელებელი რგოლის ფუნქციონირებისათვის, ოსმალთა იმპერიის ფაქტიური მმართველის, გენერალ ენვერ ფაშასა და იტიჰადისტთა პარტიის გამოცდილება გაეზიარებინა. საუბარი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე ბრიტანული სადაზვერვო სამსახურის ოსმალური ვარიანტით შექმნილ „სპეციალურ ორგანიზაცია“ ტეშკილატ-ი მაჰსუსა-სა და 1918 წლის ბოლოსათვის ანატოლიის ვილაიეთებში დაფუძნებულ თურქი მოსახლეობის „უფლებათა დაცვის საზოგადოებებს“ _ მიუდაფაა-ი ჰუკუკ ჩემიყეტლერი ეხება. მუსტაფა ქემალის აზრით, სწორედ ეს „საზოგადოებები“ იტვირთავდნენ ქემალისტებსა და ხალხს შორის შემაერთებელი რგოლის ფუნქციას და კრისტალიზაციის ის იდეოლოგიური ცენტრები გახდებოდნენ, რომლის გარშემოც მოხდებოდა მოსახლეობის კონსოლიდაცია. სხვათა შორის, აქ გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება ქემალისტურ „უფლებათა დაცვის საზოგადოებებსა“ და ლენინურ „მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებს“ შორის. მიუხედავად იმისა, რომ არც „მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები“ არ იყო შექმნილი ლენინის, და არც „უფლებათა დაცვის საზოგადოებები“ _ მუსტაფა ქემალის მიერ, ორივე მათგანი, ლენინიც და ქემალიც, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ასეთი ტიპის ორგანიზაციები უნდა გამხდარიყვნენ რუსულ და ოსმალურ პოსტიმპერიულ სინამდვილეში ხალხსა და „რევოლუციური მოძრაობის“ ლიდერებს შორის შემაერთებელ რგოლად და ბრძოლის მაორგანიზებელ ძალად. ამ საკითხთან მიმართებაში მოქმედებების ტაქტიკა ორივეს ფაქტიურად ერთნაირი ჰქონდათ.
დასმული პრობლემა სულაც არ წარმოადგენდა ადვილად გადასაჭრელ ამოცანას, რადგან ანატოლიის ძირითადი მოსახლეობა, გლეხები და უბრალო ხალხი, რომლებიც დაღლილნი და გაწამებულნი იყვნენ ომის უბედურებებით, ნაციონალური დაპირისპირებებითა და განუკითხავი ძარცვა-გლეჯვებით, ყოველთვის ენთუზიაზმით როდი ეკიდებოდნენ ნაციონალისტთა პატრიოტულ მოწოდებებს.
ანატოლიელი გლეხების მობილიზაცია ხალხისა და სამშობლოს დასაცავად, საკმაოდ რთულად გადასაჭრელი ამოცანა აღმოჩნდა: ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ერი“, „სამშობლო“, „თავისუფლება“ _ ეს კონსტანტინოპოლელი ინტელექტუალებისათვის გასაგები ცნებები იყო, რომლებიც გლეხთა ყოველდღიური პრობლემებისაგან ძალიან შორს იდგნენ. ანატოლიელი გლეხისათვის კი, გარესამყაროს გაგება ასეთი იყო _ სადღაც სტამბოლში არსებული მითიური სულთანი, რა თქმა უნდა, ალაჰი და წინასწარმეტყველი მუჰამედი, მათ გვერდით მცხოვრები ბერძნები, სომხები, ქურთები, აგრეთვე ჟანდარმები და მიწათმფლობელები. ესაა და ეს. სხვა, უფრო მაღალი მატერიები და იდეები კი, უმრავლესობათვის უცნობი და გაუგებარი იყო [5].
მოსახლეობის კონსოლიდაციისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის გარდა, სტრატეგიული თვალსაზრისით, ნაციონალისტებისათვის საჭირო იყო ჯარებზე, შეიარაღებულ ბანდებსა და ხალხზე მართვაკონტროლი-კომუნიკაციის ელემენტების სისტემური ერთიანობა. ამ კუთხით, მიუხადავად ოსმალური სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ტერიტორიების ბრიტანული ოკუაციისა, მუსტაფა ქემალს სრული კარტ-ბლანში ჰქონდა მიცემული. იგი ანატოლიაში დისლოცირებული მე-3 არმიის მთავარ სამხედრო ინსპექტორს წარმოადგენდა და სრული დაშვება ჰქონდა როგორც ტელეგრაფით შეუზღუდავ სარგებლობაზე, ასევე შიფრების შექმნასა და საკუთარი შეხედულებებისამებრ მათ ნებისმიერ ადრესატთან დაგზავნაზე. ყოველივე ამის განხორციელება კი საიდუმლო ან სრულიად საიდუმლო გრიფით იყო შესაძლებელი. დიახ ტელეგრაფი იყო კომუნიკაციის ის ყოვლისშემძლე საშუალება, რომელიც მეტად ეფექტურ იარაღად იქცა ანატოლიელი ლიდერებისათვის წინააღმდეგობის მოძრაობის თვითოეულ ეტაპზე.
მუსტაფა ქემალისა და მისი ჯგუფის აქტივობა სამსუნში და შემდეგ პატარა ქალაქ ჰავზაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბრიტანულთა სადაზვერვო სამსახურებისათვის. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისში დაცული დოკუმენტების მიხედვით, მცირე აზიაში დამოუკიდებელი და შესაძლოა ღრმად ფანატიკური ანტიევროპული მთავრობის შექმნა კონსტანტინოპოლის ძალაუფლებისა და სულთნის სუვერენიტეტის გაუქმებას გამოიწვევდა [6, 604], რაც სრულიადაც არ შედიოდა ბრიტანელთა სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებში.
სამსუნში გადასხმული ბრიტანული ქვედანაყოფის მეთურის, კაპიტან ჰარსტისა და სადაზვერვო სამსახურების მოხსენებების საფუძველზე, უკვე 1919 წლის 8 ივნისს, ბრიტანელთა უმაღლესმა კომისარმა, ადმირალმა კელტორფმა, შემდეგი ხასიათის გაფრთხილება გაუგზავნა ლონდონს: „სამსუნის რეგიონიდან საგანგაშო ამბები მოგვდის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი პირი მტრულადაა განწყობილი, ცდილობენ საზოგადოებრივი წესრიგის მოშლას და უწესრიგობების პროვოცირებას. ითვლება, რომ მნიშვნელოვან როლს ამ მოძრაობაში ქემალ ფაშა ასრულებს“. ადმირალი კელტორფი და გენერალი ჯორჯ მილნი, ამიერკავკასიასა და შავიზღვისპირეთში ბრიტანული საოკუპაციო ჯარების სარდალი, არც დალოდებიან ლონდონიდან პასუხს და „ბრწყინვალე პორტას~ მუსტაფა ქემალის უკან, კონსტანტინოპოლში გამოწვევა მოსთხოვეს. ოსმალთა სამხედრო მინისტრმაც არ დააყოვნა და შესაბამისი შინაარსის სასწრაფო ტელეგრამა გააგზავნა ანატოლიაში. საპასუხო ტელეგრამაში მუსტაფა ქემალი ატყობინებდა მინისტრს რომ „პატივი აქვს მოახსენოს მისი განკარგულების ვერ შესრულების შესახებ, ნახშირისა და ბენზინის უქონლობის გამო...“ და აქვე დაამატა: „გთხოვთ შემატყობინოთ კონსტანტინოპოლში ჩემი გამოწვევის მოტივი“. ამრიგად, მუსტაფა ქემალმა არ შეასრულა სამხედრო მინისტრის განკარგულება, მაგრამ ამავე დროს, ისე წარმოადგინა სიტუაცია, თითქოს არც ეწინააღმდეგებოდა მას. განკარგულების არშესრულების მიზეზად კი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი _ საწვავის უქონლობა იყო დასახელებული“[5].
მუსტაფა ქემალის ანატოლიაში ჩასვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში, სამსუნის ბრიტანული წარმომადგენლობის მიერ ლონდონში შემდეგი შინაარსის უკვე მეორე შიფროგრამა იქნა გაგზავნილი: „მე-3 არმიის ინსპექტორად დანიშნული მუსტაფა ქემალ ფაშა ანატოლიაში ბერძნების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებითაა დაკავებული! მოძრაობა იღებს სულ უფრო და უფრო ფართო ხასიათს და თუ არ იქნება მიღებული გადამჭრელი ზომები, მაშინ მისი შეჩერება უკიდურესად გაძნელდება“. საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მუსტაფა ქემალი 13 ივნისს მალულად ტოვებს ჰავზას და ამასიაში გადადის. აქ ისმის კითხვა _ რატომ ამასიაში? პასუხი მარტივია _ იმიტომ რომ, მუსტაფა ქემალი აქ უფრო დაცულად გრძნობდა თავს. აქ, ამასიაში იყო დისლოცირებული მისი ერთგული მე-3 საარმიო კორპუსის მე-5 დივიზია. კორპუსის სარდალს კი, მისი გუნდის წევრი და თანამოაზრე, ვიცე-პოლკოვნიკი რეფეტ ბელე წარმოადგენდა [7, 315]. ძალიან მალე კი ბრიტანელთათვის „ანატოლიის პროტესტანტულ მოძრაობაში“ ბოლშევიკური ფაქტორის გაჩენაც გახდა ცნობილი. ადმირალმა სერ ჯონ დე რობეკმა (შირ ჟოჰნ დე ღობეცკ), რომელმაც ადმირალი კელტორფი შეცვალა დიდი ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის ფლოტის სარდლისა და უმაღლესი სამხედრო კომისრის პოსტზე 1919 წლის ივლისში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლორდ ჯორჯ კერზონს აცნობა, რომ ნაციონალისტებმა და იტიჰადისტურმა ელემენტებმა გაიაზრეს ომის შედეგად განცდილი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები. აგრეთვე ის, თუ რამდენადაა შესაძლებელი ანტანტის ქვეყნების მოწყალების იმედად ყოფნა. არ იქნება გასაკვირი, თუ ისინი შეეცდებიან მიიღონ შევსება მუსლიმური ქვეყნებიდან, ისეთები როგორიცაა, სპარსეთი, ეგვიპტე, ინდოეთი და არაბული სამყარო.
უფრო მეტიც _ ბოლშევიკებიც და თურქი ნაციონალისტებიც მოელიან ურთიერთსარგებელს ანტიბრიტანული და პანისლამური განწყობების გაღვივებით ცენტრალურ სახელმწიფოთა (იგულისხმება ოთხთა კავშირის ქვეყნები) მაჰმადიან მოსახლეობაში [6, 974].
ამასიაში ჩასვლისთანავე მუსტაფა ქემალმა სიტყვით მიმართა ხალხს: „ამასიის მაცხოვრებელებო, სულთანი და მისი მთავრობა მოკავშირეთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ქვეყანა უფსკრულის პირას იმყოფება. უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, რომ ამ ტრაგიკულ მდგომარეობას დავაღწიოთ თავი. ამასიის მაცხოვრებლებო, უნდა დავამსხვრიოთ ბორკილები, უნდა ჩამოვირეცხოთ სირცხვილი და ჩვენი სამშობლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცვათ!“ რომელი თურქი წავიდოდა ამ მოწოდების წინააღმდეგ? ვინ იტყოდა უარს სულთნისა და მთავრობის განთავისუფლებაზე, ოკუპანტებთან ბრძოლასა და სამშობლოს დაცვაზე? ამასია ხომ სამსუნიდან სივასამდე მიმავალ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა? ამასია ხომ ოსმალთა პირველი სულთნების რეზიდენცია, მათი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი იყო? [5] მუსტაფა ქემალის ამასიაში ჩამოსვლიდან ორ დღეში, 19 ივნისს, მას ძველი მეგობრები ჰუსეინ რაუფ ორბეი და გენერალი ალი ფუატ ჯებესოიც შეუერთდნენ. მეორე დღეს კი ამასიაში რეფეტ ბელეც ჩამოვიდა. და აქ, ამასიაში ხდება მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა. ნაციონალისტთა „ახალი ტრიუმვირატის“ _ მუსტაფა ქემალის, ჰუსეინ რაუფ ორბეისა და ალი ფუატ ჯებესოის მიერ 1919 წლის 22 ივნისს შემუშავებულ იქნა ე. წ. „ამასიის პროტოკოლის“ ტექსტი, რომელსაც რეფეტ ბელემაც მოაწერა ხელი, მოგვიანებით კი _ გენერალმა ქიაზიმ ყარაბექირმა, აღმოსავლეთ ანატოლიაში დისლოცირებული მე-15 საარმიო კორპუსის სარდალმა.
ეს დოკუმენტი _ „ამასიის პროტოკოლი“, თავისი არსით ძალიან რევოლუციური იყო. იგი ორ ფუნდამენტალურ იდეას შეიცავდა. პირველი იდეა უფრო ბანალურად ჟღერდა _ ერს სურდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მთლიანობის დაცვა. მეორე იდეა კი ნამდვილად ძალიან რადიკალური და გაბედული იყო: რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას არ ძალუძს ერის სურვილების აღსრულება, ამიტომაც საჭიროა ანატოლიაში შეიქმნას ნაციონალური მთავრობა, რომელიც ყოველგვარი ზემოქმედებებისა და კონტროლისაგან იქნებოდა თავისუფალი. ამ ამოცანის გადასაწყვეტად „ახალი თურქული ტრიუმვირატი“ ითხოვდა სივასში კონგრესის მოწვევას, სადაც ნაციონალური წინააღმდეგობის ყველა ძალა გაერთიანდებოდა [5]. მუსტაფა ქემალის, რაუფ ორბეისა და ალი ფუატ ჯებესოის, ამ „ახალი თურქული ტრიუმვირატის“ პროექტი ნათელი იყო: სამშობლოს გადარჩენისათვის საჭირო იყო ანატოლიაში ახალი ნაციონალური მთავრობის შექმნა და ძველი მთავრობის იგნორირება, რადგან იგი ოკუპანტებთან თანამშრომლობდა. და იყო თუ არა ეს მოწოდებები რევოლუციური?... არა, ნამდვილად არ იყო! _ ალბათ უფრო პატრიოტული.
ამ ეტაპზე საინტერესოა იმ მომენტის ხაზგასმაც, რომ სულთანს ნაციონალისტები არ აკრიტიკებდნენ, არამედ მხოლოდ მსხვერპლად წარმოაჩენდნენ. ამასიის პროტოკოლში არ იყო ისეთი მკვეთრი მოწოდებები და განცხადებები სულთნის მიმართ, როგორც ეს თავის დროზე „ახალგაზრდა თურქთა“ 1908 წლის რევოლუციის დროს იყო. მაშინ „წითელი სულთანი“, აბდულ-ჰამიდ II, იტიჰადისტების „ერთიანობისა და პროგრესის“ პარტიის მიერ კონსტიტუციის მტრად გამოცხადდა და იგი დაპატიმრებულიც კი იქნა. მაგრამ ახლა, ამ შემთხვევაში, საქმე ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს სამშობლოს მტერი არა სულთანი, არამედ სულთნის მთავრობა _ „ბრწყინვალე პორტაა“, რომელიც ანტანტასთან თანამშრომლობს და დევნის ექსიტიჰადისტებს. სულთანთან გაგზავნილ ტელეგრამაში მუსტაფა ქემალი წერდა: „ეროვნული მოძრაობა წმინდა სამშობლოსა და ერის დანაწევრების საფრთხის გამო წარმოიქმნა, რათა ის მსხვერპლად არ შეეწიროს ბერძნებისა და სომხების ჩანაფიქრს“ [8].
ამასიის პროტოკოლი წარმოადგენდა პირველ წერილობით დოკუმენტს, რომელიც ნაციონალისტთა მიერ შეიქმნა თურქეთის დამოუკიდებლობის ომის პერიოდში და იგი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც თურქეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის პირველი მაინიცირებელი დოკუმენტური აქტი. როგორც მოხერხებული და მოქნილი ტაქტიკოსი, რომელიც სულთანსა და ხალიფას დაუპირისპირდა, ამ დოკუმენტში მუსტაფა ქემალი შემდეგ აზრს ატარებდა: _ ჩვენ ვებრძვით არა სულთანსა და ხალიფას, არამედ პირველ რიგში ანტანტის ოკუპაციას და სულთნის გარემოცვას, რომლებიც ანტანტასთან შემრიგებლურ პოლიტიკას ატარებენ. სულთანი კი, ფაქტიურად თავისი გარემოცვის ტყვეობაში იმყოფება და მათ მითითებებს ასრულებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისათვის, რომ აქ, ანატოლიაში მოვახდინოთ ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, გავძლიერდეთ სწორედ ჩვენი საყვარელი სულთნის დასახსნელად და ერთობლივად გავატაროთ ანტიანტანტური პოლიტიკა. უნდა დავეხმაროთ ჩვენს საყვარელ სულთანს, რათა მან შეძლოს თავისი მოვალეობების შესაბამისად შესრულება.
აი, დაახლოებით ასეთი იყო მუსტაფა ქემალის იდეოლოგიური ტაქტიკის ელემენტები, რომელიც მან ნაციონალური ბრძოლის საწყის ეტაპზე წამოაყენა. და ეს თეზისები განკუთვნილი იყო არა მხოლოდ ანატოლიის მოსახლეობის ფართო მასებისათვის თვალის ასახვევად, არამედ პირველ რიგში, თავად მისი უახლოესი თანამოაზრეების, ქიაზიმ ყარაბექირის, ჰუსეინ რაუფ ორბეის, იზმეთ იუნონუს, რეფეტ ბელეს, ალი ფუატ ჯებესოის დასარწმუნებლად. თავისთავად ცხადია, რომ ოსმალური არმიის სამხედრო ელიტის ეს წარმომადგენლები, თუნდაც მუსტაფა ქემალის მეგობრები, ბრძოლის ამ ეტაპზე, თავისთავად და უმტკივნეულოდ ვერ მიიღებდნენ ანტისულთანურ რადიკალურ იდეებს.
რეალობაში კი, მუსტაფა ქემალის დამოკიდებულება სულთანთან მიმართებაში, ცხადია გაცილებით მძიმე და შეურიგებელი იყო. მუსტაფა ქემალი: „რა თქმა უნდა, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ მართვის მონარქიული პრინციპი მომავალში მიუღებელი იქნება ჩვენთვის. და მიუხედავად ამისა, ვიღებთ რა მხედველობაში ჩვენი ხალხის მხრიდან „სულთანისადმი თანდაყოლილ სიყვარულს“, ჩვენ საშიშროების წინაშე დავდგებით კონტრრევოლუციური გამოსვლებით და მის წინააღმდეგ ღია ომის გამოცხადების შემთხვევაში. ამიტომ, ახლა მხოლოდ მის მიერ ეროვნული ინტერესების ღალატის ფაქტების შეგროვებითა ვართ დაკავებული... ომი, დიდი დანახარჯები, გადასახადების მუდმივი ზრდა, ისედაც არ გვპირდება ლაღ ცხოვრებას. ამიტომაც ახლა ვერ გავწევთ რისკს და ვერ შევიტანთ განხეთქილებას მორწმუნეებს შორის, რომელთაც სჯერათ თავიანთი ხალიფასი!“ [9, 187]
მუსტაფა ქემალის მოწოდებები არ შეიძლება სხვანაირად შეფასდეს, თუ არა ცინიზმის უმაღლესი გამოვლინება. იგი, იდეურად დაჯერებული რესპუბლიკელი და ათეისტი, სულთნისა და ხალიფას დაუძინებელი მტერი, ამ ეტაპზე ისლამისა და მონარქიის ერთგულად, მისი ინტერესების დამცველად წარმოაჩენდა საკუთარ თავს. და ასეთი იყო იმ დიდი პოლიტიკური თამაშის წესები, რომელშიც ჩაერთო მუსტაფა ქემალი, რომლის კარიც მას უკვე ბოლომდე ჰქონდა შეღებული. ამ სამყაროში ისეთი ცნებებისათვის, როგორიცაა გულწრფელობა, ერთგულება, მორალი, ზნეობა _ ადგილი ნამდვილად აღარ მოიძებნებოდა. ამ სამყაროში, ჩვეულებრივ მოკვდავთა სამყაროსაგან განსხვავებით, სხვა კანონები, სხვა ღირებულებები ზეობდნენ. აქ მთავარი მიზანშეწონილობის პრინციპი იყო და არა ზნეობრივი ფასეულობებით აპელირება. მთავარი დასახული მიზანი იყო, ამ მიზნის ერთგულება და იდეის ურყეობა, მისკენ მიმავალი გზებისა და საშუალებების რაობა კი _ მეორეხარისხოვანი. მაგრამ ყოველივე ეს ნაციონალური მოძრაობის საწყის ეტაპზე იყო, მანამ, სანამ თავად მისი გუნდის წევრები არ დარწმუნდებოდნენ საბოლოოდ მუსტაფა ქემალის მიერ არჩეული გზის სისწორეში და არ გაბედავდნენ უკვე ღიად დადგომოდნენ მას გვერდით ანტიოსმალური, ანტისულთანური და ანტიხალიფური მოქმედებების განხორციელების გზაზე. ფაქტიურად ეს იყო შეთქმულება, დიდი შეთქმულება სულთნის, ხალიფასა და იმპერიის წინააღმდეგ. ქემალისტთა მთავრობაში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, სემიონ არალოვის მემუარიდან: „ოფიცრები მიყვებოდნენ, რომ თავდაპირველად ისინი ძალიან დიდი აღელვებით განიცდიდნენ სულთან-ხალიფას ღალატს, რადგან მყარი ტრადიციების გამო არ შეეძლოთ თურქეთის არსებობის წარმოდგენა სულთნისა და ქვეყნის რელიგიური მეთაურის _ ხალიფას გარეშე. ისინი კი მხოლოდ იმას უფრთხოდნენ, რომ არ გამოეწვიათ ინგლისისა და სხვა დიდი სახელმწიფოების უკმაყოფილება. ამავე დროს მრავალი ოფიცერი აღფრთოვანებული იყო ბოლშევიკებით, რომლებმაც გაბედულად აღმართეს იარაღი მეფისა და იმპერიალისტების წინააღმდეგ“ [10, 105].
დიახ, მუსტაფა ქემალი დიდი პოლიტიკოსი იყო და საკუთარი თავისა და ქვეყნის გადასარჩენად არა ზნეობრივი კატეგორიებით, არამედ პირველ რიგში, პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპებიდან და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აზროვნებდა. აქვე, ამასიაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება არზრუმსა და სივასში მოწვეულიყო კონგრესები, თითოეული პროვინციიდან სამ-სამი დელეგატით და შექმნილიყო კონსტანტინოპოლის ალტერნატიული ნაციონალური მთავრობა. ამ მოწოდების მიხედვით, უნდა გაერთიანებულიყო წინააღმდეგობის მოძრაობის ყველა მიმდინარეობა.
ამასიის ეს ოქმი ცირკულარის სახით 22 ივნისს ტელეგრაფით იქნა დაგზავნილი არზრუმში, ედირნეში, კონიაში, სივასში, ტრაპიზონში, კონსტანტინოპოლში, აგრეთვე ყველა საარმიო კორპუსისა და დივიზიის შტაბებში. ოქმი პერსონალურად დაეგზავნათ ზოგიერთ ცნობილ პოლიტიკოსსაც: ჰასან იზეთ ფაშას, ყარა ვაზიფს, ჰალიდე ედიპს. ქემალისტთა მთელი ეს საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
არზრუმისა და სივასის კონგრესებს საბოლოოდ უნდა განესაზღვრათ ქემალისტთა ნაციონალური მოძრაობის შიდა სტრატეგია _ ეროვნულ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულება და თურქეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ტაქტიკა. „მუსტაფა ქემალის საბოლოო გადაწყვეტილება მკაცრად ერთგვაროვანი იყო...
ანატოლიაში დაგზავნილი ცირკულარის მიხედვით ცალსახად იყო დაფიქსირებული მისი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით: „თურქეთი მთლიანად დამოუკიდებელი უნდა იყოს და თურქული მოსახლეობის ინტერესები არ უნდა შეეწიროს ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს“ [11, 209].
26 ივნისს მუსტაფა ქემალი ტოვებს ამასიას და სივასში ჩადის, შემდეგ კი _ ერზინჯანში. 7 ივლისს ადმირალ კელტორფის დამატებითი მოთხოვნის შემდეგ, ბრწყინვალე პორტა უკვე ბრძანებითი ფორმით ითხოვს მე-2 და მე-3 არმიების სამხედრო ინსპექტორების, გენერალ ჯემალ მერსინლისა და გენერალ მუსტაფა ქემალის, აგრეთვე მე-3 საარმიო კორპუსის სარდლის, ვიცე-პოლკოვნიკ რეფეტ ბელეს დაუყოვნებლივ ჩასვლას კონსტანტინოპოლში... და აქ დგება ის მომენტი, როდესაც მუსტაფა ქემალი იძულებული ხდება მძიმე არჩევანი გააკეთოს _ რადგან იგი უკვე სულთანთან აშკარად დაპირისპირებული ძალაა, ცხადია სულთანი მას მალე დაითხოვს სამსახურიდან, ჩამოართმევს გენერლის წოდებას და მისი დაპატიმრების ბრძანებასაც მალე გასცემს. რადგან იგი მალე აღარ იქნება სამხედრო პირი და გენერალი, საჭიროა რეალური სამოქალაქო თანამდებობისა და ძალაუფლების მოპოვება. მუსტაფა ქემალმა ძალიან კარგად იცოდა თუ რა მაგიურად მოქმედებდა ხალხზე ოსმალო გენერლის ფორმა და მოოქროვილი სამხრეები. უბრალო სამოქალაქო ჩინოვნიკად კი მას, უკვე ყოფილ გენერალს, ნაკლები გავლენა და წონა ექნებოდა, გარემო მის პერსონას რეალურ ძალად და ავტორიტეტად ვეღარ აღიქვამდა...
და არჩევანი გაკეთებულ იქნა. 1919 წლის 7 ივლისს მუსტაფა ქემალმა ოსმალთა მე-3 არმიის სამხედრო ინსპექტორის რანგში ბოლო ბრძანება გამოსცა. ეს იყო ცირკულარი, რომელიც მოუწოდებდა ყველა მისდამი დაქვემდებარებულ მეთაურს, არავითარ შემთხვევაში არ მომხდარიყო მათი სამხედრო და „ნაციონალური“ ორგანიზაციების დაშლა, მეთაურებს არ გაეცათ ასეთი ბრძანებები... ასევე არ დაეყარათ იარაღი და აღჭურვილობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამხედრო პასუხი გაეცათ „მტრის“ ნებისმიერი შემდგომი წინსვლისათვის [7, 235].
მეორე დღეს, 1919 წლის 8 ივლისს კი, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო _ დამოკლეს მახვილი დაეშვა. ერზინჯანსა და შემდეგ არზრუმში ჩასულ მუსტაფა ქემალს მოახსენეს, რომ სულთნის ბრძანებით მუსტაფა ქემალი დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან, ჩამორთმეული აქვს გენერლის ჩინი და იგი კანონგარეშედაა გამოცხადებული, მე-3 არმიის ინსპექტორის თანამდებობაზე კი, გენერალი ქიაზიმ ყარაბექირ ფაშაა დანიშნული.
კონსტანტინიპოლის მთავრობამ, ალბათ ბედის ირონიით, მუსტაფა ქემალის დაპატიმრება იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრს უბრძანა, ხოლო ბრძანების აღსრულება მინისტრის გადაწყვეტილებით, სწორედ გენერალ ქიაზიმ ყარაბექირ ფაშას დაევალა. ამ ვითარებაში იყო კიდევ ერთი საკითხი, ერთი პრობლემა, თითქოს „პატარა“, მაგრამ მუსტაფა ქემალისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს პრობლემა რეალური ძალაუფლების დელეგირებასა და გავლენას უკავშირდებოდა... საკითხი მუსტაფა ქემალის ხასიათის ისეთ შტრიხს ეხება, რასაც ეჭვი ჰქვია. ავადმყოფური ეჭვი საკუთარი თანამებრძოლებისა და მათი თავდადების, მათი ერთგულების თაობაზე. სურათი კი, ასეთი იყო. მოცემულ მომენტში მუსტაფა ქემალი უკვე ყოველგვარ თანამდებობასა და ძალაუფლებას იყო მოკლებული, იგი აქტიურ სამხედრო სამსახურში აღარ იმყოფებოდა, განსხვავებით მისი თანამოაზრეებისაგან. მას ეჭვი ღრღნიდა, ეჭვის ის გრძნობა, რაც მოსვენებას უკარგავდა. ეჭვის პირველი ობიექტი აღმოსავლეთ ანატოლიის ფაქტიური მმართველი, გენერალი ქიაზიმ ყარაბექირი იყო. იგი, გენერალი ქიაზიმ ყრაბექირ ფაშა, „კავკასიის გმირი“, თურქეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე მძლავრ შენაერთს, ანატოლიაში დისლოცირებულ მე-15 საარმიო კორპუსს სარდლობდა და ალბათ სულაც არ იქნებოდა წინააღმდეგი სათავეში ჩადგომოდა ახლადაგორებულ ეროვნულ მოძრაობასაც. პატივმოყვარეობაში ყარაბექირს არც ალი ფუატ ჯებესოი ჩამორჩებოდა, რომელიც უკვე ცდილობდა ანატოლიაში მოქმედი დანაწევრებული საბრძოლო რაზმებისა და ბანდების გაერთიანებას. და როგორ მოიქცეოდნენ ახლა ისინი აღმოსავლეთ ანატოლიაში, სადაც ფაქტობრივად მთელ ძალაუფლებას ფლობდნენ? რამდენად აღიარებდნენ ისინი მუსტაფა ქემალის თაოსნობასა და მის ხელმძღვანელობას ახლა, როცა მუსტაფა ქემალი უკვე რეალურ თანამდებობას მოკლებული და პატივაყრილი იყო? ყოველივე ეს ძალიან აფიქრებდა „ჰალიპოლისის გმირს“, მაგრამ უკვე ექსგენერალს. ორივე მათგანი, ქიაზიმ ყარაბექირიც და ალი ფუატ ჯებესოიც მრავალი ღირსებით იყვნენ დაჯილდოებულნი, მაგრამ მათ პრობლემასთან დაკავშირებული სტრატეგიული ხედვა არ გააჩნდათ. მათი ხედვის ჰორიზონტი შეზღუდული იყო და მოქმედებებშიც არ იყვნენ გაბედულები, ისინი ნაკლებად იყვნენ იმისათვის მზად, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერი შეეწირათ და თავი არ დაეზოგათ ამისათვის. ყარაბექირისა და ალი ფუატის მიზანს საკუთარი ქვეყნის ანტანტისაგან დეოკუპაცია და მისი გათავისუფლება წარმოადგენდა, მაგრამ ამის იქით ვეღარ იხედებოდნენ. ის დიდი სტრატეგია კი, რაც მუსტაფა ქემალს ჰქონდა ჩაფიქრებული, მათთვის უცხო და გაუგებარი იყო... ჯერ-ჯერობით მაინც. მუსტაფა ქემალი კი, ძალიან შორს იხედებოდა. უკვე ამ დროისათვის წარმოედგინა მას თავისი თავი ერისა და სამშობლოს გადამრჩენლის როლში. იგი უნდა ყოფილიყო მომავალი ახალი თურქული სახელმწიფოს შემქმნელი და ერის მამა. მუსტაფა ქემალს ისიც კარგად ესმოდა, რომ ნაციონალური ბრძოლის საწყის ეტაპზე პირველხარისხოვან ამოცანას არა სამხედრო ძალა, არამედ ერისათვის დამახასიათებელი სხვა ღირებულებები წარმოადგენდა. ჯერ კიდევ 1918 წლის ნოემბერში მუსტაფა ქემალმა ერთ-ერთ თავის პირველ ინტერვიუში განაცხადა: „ერი ძლიერი უნდა იყოს სულით, ცოდნით, მეცნიერებითა და მორალით. სამხედრო ძლიერება კი ბოლოს მოდის... დღეისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ იარაღი გეპყრას ხელთ, რომ შენი ადგილი დაიმკვიდრო მსოფლიოს რუკაზე“ [7, 219]. როგორ ეხმიანება ეს აზრი დიდი პრუსიელი სამხედრო სტრატეგოსისა და გერმანიის II რაიხის ერთ-ერთი შემქმნელის, ფელდმარშალ ჰელმუტ ფონ მოლტკეს იმ წინადადებას, რომელიც მან საფრანგეთ-პრუსიის 1870-1871 წლების ომის დარულებისთანავე წარმოთქვა პრუსიელთა დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ: „უპირატესობა უნდა ვეძებოთ არა იარაღში, არამედ ხელში, რომელსაც იგი უპყრია“ [12, 116].
პრუსიულ-ოსმალური და შემდეგ გერმანულ-ოსმალური სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობის რეალიებიდან გამომდინარე, დარწმუნებულნი ვართ, რომ მუსტაფა ქემალი კარგად იცნობდა ფონ მოლტკეს ნაშრომებს, მის სამხედრო და სახელმწიფოებრივი აზროვნების ფილოსოფიას. მათი მოძღვრებების მიხედვით ერის მიერ დიდი გამარჯვების მოპოვების საქმეში ადამიანის ფაქტორია უმთავრესი და არა მხოლოდ სამხედრო ძლიერება, რასაც ცალსახად ვეთანხმებით. იგივე აზრი განავითარა ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთმა დიდმა მოაზროვნემ და სტრატეგოსმა, მაო ძე დუნმა, როცა გენერალისიმუს ჩან კაი შისა და ჩინელი ნაციონალისტების წინააღმდეგ წარმოებულ ხანგრძლივ ომში საბოლოო გამარჯვების მოპოვების შემდეგ განაცხადა: „იარაღი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ომში, მაგრამ არა გადამწყვეტს. ხალხია მთავარი და არა საგნები. ძალა განისაზღვრება არა მხოლოდ სამხედრო და ეკონომიკური ძლიერებით, არამედ ადამიანის სულიერი და მორალური მდგრადობით. სამხედრო და ეკონომიკურ სიძლიერეს კი ადამიანები ქმნიან“ [13, 264]. სამივე მათგანი, ფელდმარშალი ჰელმუტ ფონ მოლტკეც,
გენერალი და შემდგომში მარშალი მუსტაფა ქემალიც და მაო ძე დუნიც, რევოლუციური აზროვნების მოღვაწეები, დიდი სტრატეგოსები და თავიანთი ეროვნული სახელმწიფოების შემქმნელები იყვნენ. დღეისათვის კი, გერმანიაც, თურქეთიც და ჩინეთიც, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე დომინანტ მოთამაშეებად გვევლინებიან და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ გლობალურ პოლიტიკურ კლიმატს...
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ 1919 წელს, ცენტრალურ ანატოლიას, მუსტაფა ქემალსა და თურქ ნაციონალისტთა წინააღმდეგობის მოძრაობის საწყის ფაზას.
დასახული დიდი ამოცანის შესასრულებლად მუსტაფა ქემალს ძალაუფლება სჭირდებოდა, რეალური ძალაუფლება, რომელიც დაეხმარებოდა ემართა არა მარტო სამხედროები, არამედ ანატოლიის სამოქალაქო მოსახლეობაზეც გაევრცელებინა თავისი გავლენა და ავტორიტეტი. მაგრამ, ჯერ-ჯერობით მოვლენები მუსტაფა ქემალის სასიკეთოდ არ ვითარდებოდა. მან დაკარგა სამხედრო პირის, გენერლის სტატუსი და მასთან ერთად დაკარგა ის მაგიური ძალაც, რასაც მას სამხედრო მუნდირის ტარება და გენერლის მოოქროვილი სამხრეების კაშკაში ანიჭებდა. სამხედრო სტატუსის დაკარგვასთან ერთად, მუსტაფა ქემალმა გარკვეული „დაცვის სიგელიც“ დაკარგა.
ამიერიდან ანატოლიაში სრულ ბატონ-პატონს, როგორც ფორმალურად, ასევე ფაქტობრივად, უკვე გენერალი ყარაბექირ ფაშა წარმოადგენდა. ახლა ყველაფერი იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიკავებდა ყარაბექირი. ისევ აღიარებდა თუ არა იგი უკვე გაკოტრებული მუსტაფა ქემალის ლიდერობას, თუ თავად იგი ჩაუდგებოდა ნაციონალურ ბრძოლას სათავეში.
თუმცა, ყარაბექირისათვის მესამე არჩევანიც რჩებოდა, ალბათ ყველაზე მარტივი და ყველაზე სარგებლიანი _ დარჩენილიყო სულთნის ერთგულ გენერლად, მისი ბრძანების შესაბამისად დაეპატიმრებინა მუსტაფა ქემალი და ამით კიდევ უფრო წაწეულიყო წინ სამხედრო კარიერის აღმავალ კიბეზე. ასეთი არჩევანი ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა _ მუსტაფა ქემალისათვის ყველაფერი დასრულდებოდა.
იმავე დღეს, 8 ივლისს, მუსტაფა ქემალს მე-15 საარმიო კორპუსის სარდლის, ქიაზიმ ყარაბექირის მოსვლის შესახებ მოახსენეს. ალბათ სწორედ ეს მომენტი უნდა შეფასდეს ნაციონალური მოძრაობის რეალობაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტად.
პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით მუსტაფა ქემალისა და მისი დიადი იდეებისათვის შეიძლება ყველაფერი აქ დასრულებულიყო და ყველაფერსაც წერტილი დასმოდა. რა თქმა უნდა, დედამიწა ისევ გააგრძელებდა ბრუნვას, თურქეთისა და კაცობრიობის ისტორია ამით არ დასრულდებოდა, იგი ცხადია გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორია და სულ სხვა რეალობა იქნებოდა, სხვა მოქმედი პირებით, სხვა მოვლენებითა და სხვა შედეგებით...
მეტად ხატოვნად აღწერს ამ კრიტიკულ მომენტს ცნობილი რუსი ისტორიკოსი და ბიოგრაფი, ალექსანდრ უშაკოვი:
_ „აი, ყველაფერი დასრულდა, _ ჩაიჩურჩულა ქემალმა და რაუფ ორბეის გადახედა. მას ამ შიშის საფუძველი ჰქონდა. ყარაბექირს არა მხოლოდ მისი დაპატიმრების, არამედ დელეგატთა გარეკვის ბრძანებაც ჰქონდა მიღებული. მაგრამ ყარაბექირს არც უფიქრია დამორჩილებოდა მოკავშირეთა საბელს გამობმული კონსანტინოპოლელი ჩინოვნიკების ნებას და პირდაპირ კარის ზღურბლიდან გაუწოდა ხელი ქემალს.
_ მე მოვედი ჩემო ფაშა, _ საზეიმო ხმით წარმოთქვა ყარაბექირმა, _ რათა თქვენს წინაშე ჩემი და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ოფიცრების სახელით გამოვხატო თქვენდამი დიდი პატივისცემა. თქვენ რჩებით ჩვენს მეთაურად, როგორც ეს აქამდე იყო! თქვენს განკარგულებაშია მანქანა, კავალერიის ესკადრონი და ჩვენ ყველა!“ [9, 164].
იდეამ გაიმარჯვა, იდეის სიდიადემ ძველი თანამებრძოლების ერთიანობა შეინარჩუნა. ამ ეტაპზე „ანატოლიელი პროტესტანტები“ ერთსულოვნები და მიზანმიმართულები, იდეურად შეკრულები და საბრძოლველად შემართულები აღმოჩნდნენ. მათ საკუთარი ბრძოლის გზა უკვე არჩეული ჰქონდათ. მუსტაფა ქემალისა და ნაციონალისტთა ლიდერების დაუმორჩილებლობის პოლიტიკას კი იმპერიის სამხედრო მინისტრის შემდგომი კარიერა შეეწირა. იგი სულთნის მიერ გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.
შემდგომი მოვლენები კი ასე განვითარდა. ამასიის პროტოკოლზე დაყრდნობით, მუსტაფა ქემალის ინიციატივით არზრუმსა (1919 წლის ივლისი-აგვისტო) და სივასში (1919 წლის სექტემბერი) მოწვეულ იქნა კონგრესები, სადაც დეკლარირებულ იქნა ნაციონალური მოძრაობის ძირითადი თეზისები. არზრუმის კონგრესში მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის ექვსი ვილაიეთის დელეგატები _ ვანი, ბითლისი, ხარფუთი, არზრუმი, დიარბექირი და ტრაპიზონი _ სულ 35 დელეგატი. კონგრესმა ერთხმად მიიღო ის დადგენილება, რომ დაეცვათ აღმოსავლეთი ანატოლია. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული მათი ერთგულება სულთნისა და ხალიფასადმი. აქ მუსტაფა ქემალმა მიზანს მიაღწია, _ იგი კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. არზრუმის კონგრესის მუშაობის ბოლო დღეებში, 1919 წლის 30 ივლისს, მე-15 საარმიო კორპუსის სარდლობა კონსტანტინოპოლიდან კიდევ ერთ სამთავრობო ტელეგრამას იღებს ახლადდანიშნული სამხედრო მინისტრის, ნაზიმ ბეის ხელმოწერით: „ბრწყინვალე პორტამ, მუსტაფა ქემალ ფაშას და რეფეტ ბეის წინააღმდეგობრივი მოღვაწეობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნან ისინი დაპატიმრებულნი და გამოგზავნილნი კონსტანტინოპოლში. გადაეცით ყველა საჭირო განკარგულება ადგილობრივ ხელისუფალთ და ვთხოვთ საარმიო კორპუსს აღმოგვიჩინოს სრული თანადგომა, რის შესახებაც ინფორმირებულ იქნას მთავრობა“ [10, 69]. კონსტანტინოპოლის ამ მოთხოვნასაც, ბუნებრივია, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
სივასის კონგრესის მუშაობაში უკვე მთელი თურქეთიდან მოწვეული დელეგატები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის _ დასავლეთ ანატოლიიდან, კონსტანტინოპოლიდან და თრაკიიდან. წარმომადგენლობითი სპექტრიც ერთობ მრავალფეროვანი იყო _ მიწათმფლობელები, სამხედროები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სახელმწიფო ჩინოვნიკები, ანატოლიის გლეხობა, კომერსანტები. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ აგრეთვე აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენლები [8]. დაარსებულ იქნა ნაციონალური ორგანიზაცია _ „ანატოლიისა და რუმელიის1 უფლებათა დაცვის საზოგადოება“.
კონგრესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება სულთნის მიმართ და მას სპეციალური მიმართვაც გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც სულთანს დაუყოვნებლივ უნდა მოეწვია ეროვნული მეჯლისი და დაეთხოვა დამად ფერიდ ფაშას მთავრობა. სპეციალური მიმართვები დაეგზავნათ აგრეთვე დიდი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სადაც „პროტესტანტი“ ლიდერები ცდილობდნენ დაესაბუთებინათ ანატოლიაში დაწყებული მოძრაობის კანონიერება.
არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი კომიტეტი 13 კაცის შემადგენლობითა და მუსტაფა ქემალის თავმჯდომარეობით. კომიტეტში ქემალის ერთგული თანამებრძოლებიც შევიდნენ _ მუსტაფა რაუფ ორბეი, რეფეტ ბელე, ბექირ სამი კუნდუხი და სხვა.
11 სექტემბერს, სივასის კონგრესის მუშაობის ბოლო დღეს, დეკლარირებულ იქნა ნაციონალური მოძრაობის ძირითადი პრინციპებიც:
_ ზავით განსაზღვრულ საზღვრებში ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთიანობა;
_ ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში სამართლიანი დამოკიდებულება, მაგრამ არა განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათთვის;
_ ბერძენთა და სომეხთა ტერიტორიულ პრეტენზიებზე შესაბამისი პასუხის გაცემა;
_ უანგარო უცხოური დახმარებების მიღება და დაუყოვნებლივი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება [7, 249].
ნაციონალური მოძრაობის პრინციპების განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ცნობილი თურქი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, სენტოს უკანასკნელი გენერალური მდივანი, ქამურან გურუნი:
_ ოსმალთა ქვეყანა, რომელიც ძირითადად დასახლებულია მუსულმანებით და რომლის საზღვრებსაც წარმოადგენს ანტანტის ქვეყნებისა და ოსმალთა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება, წარმოადგენს ერთიანს, მთლიანს და განუყოფელს;
_ სახალიფო და სასულთნო, რომელიც პასუხისმგებელია ოსმალური სახელმწიფოს ერთიანობასა და ხალხის დამოუკიდებლობაზე, საჭიროებს ძლიერი ეროვნული არმიის არსებობას. სახალიფო და სასულთნო უნდა ხელმძღვანელობდეს ხალხის ნებით;
_ ვიღებთ სახელმძღვანელოდ იმ დებულებას, რომ ნებისმიერი აგრესია და თავდასხმა სამშობლოს ნებისმიერ ნაწილზე, ისევე როგორც ბერძნებისა და სომხების ნებისმიერი გამოსვლები, რაც ჩვენი სამშობლოს საზღვრებში დამოუკიდებელი წარმონაქმნების შექმნას ითვალისწინებს, აიდინის, მანისინის, ბალიკესირის ფრონტებზე, მიიღებენ შესაბამის პასუხს;
_ მთელი მუსულმანური მოსახლეობის თანასწორობის დებულებიდან გამომდინარე, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ ჩვენთან ერთად, არც ერთ თემს არ მიენიჭება არავითარი პოლიტიკური პრივილეგიები, რომელიც ჩვენი საზოგდოებისათვის იქნება მიუღებელი [14, 155].
მიუხედავად მიღწეული შეთანხმებების, მოჩვენებითი ერთსულოვნებისა და საერთო ლოზუნგებისა, დეპუტატთა შორის მაინც არ იყო საერთო საკითხებზე ერთიანი ხედვა. ხშირად არა საღი აზრი, არამედ ხმათა უმრავლესობა წყვეტდა ამა თუ იმ საკითხს! მუსტაფა ქემალი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა _ დიახ, ეს უკვე აღარ იყო არმია და ბრძანებებით აქ ვერაფერს ვერ მიაღწევდი. ამასთან ერთად, დეპუტატებს ძალიან უყვარდათ ხანგრძლივი გამოსვლები, მოხსენებები და ნაკლებად უსმენდნენ სხვებს. თავის მისწრაფებებში, იმისათვის რომ საფუძვლები ჩაეყარა ახალი ძალაუფლებისათვის და საკუთარი ნიჭის შესაბამისი ადგილი დაეკავებინა, მუსტაფა ქემალი არაფერზე არ იხევდა უკან. მხოლოდ ამ მოქმედებების წყალობით შეძლო მან „წარმომადგენობითი კომიტეტის“ შექმნა და მასში მის მიერვე დასახელებული დეპუტატების შეყვანა. ამ კომიტეტის ხელმძღვანელადაც იგი გავიდა. მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირდა და მან შეძლო სახელმწიფოებრივი ხელისუფლების ისეთი ფუნქციების ხელში ჩაგდება, როგორიც იყო „ნაციონალური ძალების“ ხელმძღვანელობა, გადასახადების აკრეფა და ჩინოვნიკების დანიშვნა [9, 177]. კონგრესმა ის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომ გაეწყვიტათ ყოველგვარი ურთიერთობები დიდ ვეზირთან, დამად ფერიდ ფაშასა და კონსტანტინოპოლის მთავრობასთან, გადაყენებულიყო ფერიდ ფაშა თანამდებობიდან და მოწვეულიყო ახალი პარლამენტი. ეს მოთხოვნები კონგრესის მიერ სულთნის კარზე იქნა გაგზავნილი. მუსტაფა ქემალის წინადადებით კონგრესმა ის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომ „ნაციონალური ძალების“ სარდლად მუსტაფა ქემალის ძველი მეგობარი და თანამებრძოლი, გენერალი ალი ფუატ ჯებესოი დანიშნულიყო. სწორედ ალი ფუატს დაეკისრა დაფანტული და უკონტროლო არარეგულარული ძალების ერთიანი მეთაურობის ქვეშ მოქცევა.
„ანატოლიელ პროტესტანტთა“ ეს მოქმედებები ბრიტანული დაზვერვის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. აგვისტოს თვეში ადმირალი კელტორფი ანატოლიის ნაციონალურ მოძრაობას უკვე „შოვინისტურ მოძრაობად“ იხსენიებდა [15, 712]. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით კი, აშშ-ს სამშვიდობო მისია იტყობინებოდა, რომ სივასის კონგრესზე გამოიკვეთა ძლიერი ანტიბრიტანული პოზიციები, რომლის რეალიზაციაც „ქართველების, თათრების, უკმაყოფილო სპარსელებისა და არაბული ტომების“ მჭიდრო კოოპერაციით იქნებოდა შესაძლებელი [16]. ამავე დროს, ადმირალი ბრისტოლი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ნაციონალისტთა მიერ სივასში მოწვეული კონგრესი ქვეყანაში მოსალოდნელი სერიოზული ცვლილებების წინაპირობად გადაიქცეოდა „მანამ, სანამ ევროპული ინტრიგებით გაძლიერებული დღევანდელი სომხური და ბერძნული პროპაგანდა არ დასრულდება და უახლოეს მომავალში სამშვიდობო კონფერენციის მიერ არ მიიღებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებები“ [17]. 1919 წლის 7 ოქტომბრის ნომერში „ნიუიორკ თაიმსი“ იტყობინებოდა, რომ დამად ფერიდ ფაშას კაბინეტის დათხოვნა კონიის ოკუპაციის გამო მოხდა, ხოლო ახლადდანიშნული სამხედრო მინისტრი, გენერალი ჯემალ მერსინლი მუსტაფა ქემალის პოლიტიკურ თანამოაზრეს წარმოადგენდა [18]. რამდენიმე დღეში `წარმომადგენლობითი კომიტეტის“ სახელით, ანატოლიის პროვინციებში დისლოცირებული საარმიო კურპუსებისა და დივიზიების შტაბებს, „უფლებათა დაცვის საზოგადოებების“ ცენტრალურ კომიტეტებსა და ქალაქების თვითმმართველობებს ტელეგრაფით შემდეგი შინაარსის ცირკულარი დაეგზავნათ:
„1919 წლის 13 ოქტომბერი. ყველა ვილაიეთსა და ავტონომიურ სანჯაყს; უფლებათა დაცვის საზოგადოებების ცენტრალური კომიტეტების თავმჯდომარეებს; ქალაქის თვითმმართველობების თავმჯდომარეებს; XIII, XY და XX საარმიო კორპუსებს; ნეჯდეს მე-11 დივიზიის მეთაურს; იზმითის 1-ლი დივიზიის მეთაურს; ჰალიდ ბეის, მე-3 დივიზიის მეთაურს;
...წარმომადგენლობითი კომიტეტის დადგენილების შესაბამისად, კონსტანტინოპოლთან ყველა სახის მიმოწერა უნდა შეწყდეს იმ მომენტამდე, სანამ სპეციალური ცირკულარით არ შეგატყობინებთ, რომ მთავრობასა და ხალხს შორის მიღწეულია შეთანხმება ერის წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად. ანატოლიისა და რუმელიის უფლებათა დაცვის წარმომადგენლობითი საბჭოს სახელით, მუსტაფა ქემალი“ [19, 187].
ფაქტიურად ეს უკვე ამბოხის დასაწყისი იყო. კონსტანტინოპოლის მთავრობის საკომუნიკაციო ვაკუუმში მოქცევისა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი გამოცხადებული დაუმორჩილებლობის პროცესის წერილობითი დასტური.
1919 წლის 27 დეკემბრიდან მუსტაფა ქემალი და მისი შტაბი ცენტრალურ ანატოლიაში, ანგორაში (ანკარა) ფუძნდება, რომელიც სულთნის კაბინეტისა და ბრიტანელთა საოკუპაციო ჯარების კონტროლის ზონიდან იყო გასული. სწორედ აქედან _ „ეროვნული მოძრაობის ქააბადან“, _ როგორც უწოდებდნენ ანგორას თურქი ნაციონალისტები, აგრძელებს მუსტაფა ქემალი სულთნის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური ინტრიგების ხლართვას და მომავალი ბრძოლების დაგეგმვას. ეს მოვლენები კი, მართალია ჯერ კიდევ ემბრიონული, მაგრამ უკვე სულთანთან დაპირისპირებული და მისი კაბინეტის _ „ბრწყინვალე პორტას“ ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების პროცესის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს.
შენიშვნა
1. რუმელია _ ბალკანეთის ისტორიული დასახელება. ეტიმოლოგია მომდინარეობს ბიზანტიის არაბული დასახელებიდან _ რუმი (რომი), ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერია. თავდაპირველად რუმელიად იწოდებოდა ოსმალთა იმპერიის ევროპული სამფლობელოები, რომელშიც ჩართული იყო ძველი თრაკია და მაკედონიის ნაწილი. სულთნის წარმომადგენელი და ოსმალური ჯარების სარდალი რუმელიაში ატარებდა ბეგლარბეგის ტიტულს, რეზიდენციით ედინრეში, შემდეგ სოფიაში. 1836 წელს რუმელიის ბეგლარბეგის რეზიდენცია გადატანილ იქნა მონასტირში (დღევანდელი ბითოლა). ოსმალთა იმპერიის ევროპული პროვინციის ოფიციალური დასახელება „რუმელია“ ქრება 1864 წელს, სასულთნოში განხორციელებული ადმინისტრაციული რეფორმების შემდეგ.
დამოწმებული ლიტერატურა და წყაროები
1. William Hale, Turkish foreign policy, Frank Cass publishers, Crown house, 47 Chase Side, Southgate London N14 5BP, England 1774-2000, 2000.
2. Isaiah Friedman, British Miscalculations. The Rise of Muslim Nationalism, 1918-1925. Transaction Publishers. New Brunswick (USA) and London (UK). Printed in the United States of America. 2012. https://books. google. ge/books?id=N_g_ZI46xncC&pg=PA267&lpg= PA267&dq=Bolsheviks+and+Kemalists&source=bl&ots=zp5A94tlr_ &sig=5WdF1aVay1uXZinFA6A2tsIHBJ8&hl=ka&sa=X&ved=0CDY Q6AEwB2oVChMI25-H7KO0yAIVAZcUCh0EeAzq#v= onepage&q= Bolsheviks%20and%20Kemalists&f=false.
3. Peter Rowland, Lloyd George, London, 1974. https://books. google. ge/books? id=NgZI46xnc C& pg=PA267&lpg=PA267&dq=Bolsheviks +and+Kemalists&source=bl&ots=zp5A94tlr_&sig=WdF1aVay1uXZin 203
FA6A2tsIHBJ8&hl=ka&sa=X&ved=0CDYQ6AEwB2oVChMI25 H7KO0yAIVAZcUCh0EeAzq#v=onepage&q=Bolsheviks%20and%20 Kemalists&f=false.
4. DBFPP, I, IV, No. 509. Report on „Feeling of the Turks“, encl. In Webb to Curzon, Constantinople. September 10, 1919.
5. Александр Жевахов, Кемаль Ататюрк. Перевод осуществлен по изданию: Alexandre Jevakhoff, Kemal Atatürk. Paris, Tallandier, 1999. http://www. e-reading. bz/chapter. php/ 1013613/63/ Zhevahov_- _Kemal_Atatyurk. html.
6. E. L. Woodward and R. Butler (Eds), Documents on British Foreign Policy, 1919-1939, Series I, Vol. IV, (London: Oxford University Press, 1952.
7. Andrew Mango, Atatürk, John Murray (Publishers), 338 Euston Road. London, 2004, pg. 228. Erikan, Celal. Komutan Atatürk. (Atatürk. as a Commander), T. Is Bankasi, Ankara, 1972.
8. Джон Киракосян, Младотурки перед судом истории, Ереван, Издательство „Айастан“, 1986.
9. Александр Ушаков, Феномен Ататюрка, Турецкий правитель, творец и диктатор, Москва, Центрполиграф, 2002.
10. С. И. Аралов, Воспоминания советского дипломата, 1922-1923, Издательство нститута международных отношений, Москва, 1960.
11. Roderic H. Davison, Turkish Diplomacy from Mudros to Lausanne. Essays in Ottoman and Turkish History, 1774-1923. USA, Austin: University of Texas Press, 1990.
12. The dynamics of military revolution 1300-2050, by MacGregor Knox and Williamson Murray, Cambridge University Press, 2007.
13. Roots of Today’s Operational Environment, US Army CGSC, 2008.
14. Кямуран Гюрюн, Армянское досье, Перевод Искандера Ахундова, Баку, 1993.
15. E. L. Woodward and R. Butler (Eds), Documents on British Foreign Policy,
1919-1939, Series I, Vol. IV, London: Oxford University Press, 1952.
16. U. S. Department of State, Records Relating to the Internal Affairs of Turkey, September 12, 1919. The National Archives, Microfilm. „Military Affairs and the Army“ 867, 20-867. 21.
17. Mark Lambert Bristol, „War Diary“, 14 May 1919, Unpublished Papers, The Library of Congress, http://atam. gov. tr/ataturks-movementat- its-start-the-views-of-outsiders-1919-1921/.
18. The New York Times, October 7, 1919. http://atam. gov. tr/ataturksmovement- at-its-start-the-views-of-outsiders-1919-1921.
19. Мустафа Кемаль, Путь новой Турции, 1919-1927, II, Подготовка Ангорской базы, 1919-1920, Государственное социально-экомно- мическое издательство, 1932.
ქემალისტები და იდუმალი „მწვანე არმია“
გენერალ მუსტაფა ქემალისა და მისი თანამოაზრეების მიერ 1919 წლის სექტემბერში სივასში ჩატარებულ კონგრესზე დეკლარირებულ იქნა ანტანტის საოკუპაციო ძალების მიმართ დაუმორჩილებლობისა და ანატოლიაში გახიზნული ნაციონალური მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპები, რაც „ეროვნული პაქტის“ ფორმით იქნა მიღებული. ანტანტის ქვეყნებისა და პირველ რიგში დიდი ბრიტანეთისათვის, ქემალისტთა მიერ „ეროვნული პაქტის“ მიღება, ცხადია, არასასურველ ქმედებას წარმოადგენდა. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ „ეროვნული პაქტის“ პრინციპები 1920 წლის 28 იანვარს კონსტანტინოპოლის პარლამენტის წევრთა დიდმა ნაწილმაც გაიზიარა. ბრიტანელებისათვის ისიც არ დარჩენილა შეუმჩნეველი, რომ ანატოლიის მოძრაობის წევრთა შორის ბოლშევიზმისადმი სიმპათიების გავრცელებაც იგრძნობოდა. ბოლშევიზმი კი იმ იდეოლოგიას წარმოადგენდა, რასაც ყველაზე მეტად უფრთხოდნენ ბრიტანელები. მათ ჩათვალეს, რომ კონსტანტინოპოლის პარლამენტი და „ბრწყინვალე პორტა“ მორჩილების სფეროდან გადიოდნენ და გადამჭრელი ზომებიც გაატარეს. ანატოლიისა და კავკასიის საოკუპაციო ჯარების სარდლის, გენერალ ჯორჯ მილნის ბრძანებით, 1920 წლის 16 მარტს მოკავშირეები კონსტანტინოპოლის სტრატეგიული ობიექტებს იკავებენ — „დრედნოუტების ქვემეხთა გრიალით მოკავშირეთა ჯარებმა მოახდინეს კონსტანტინოპოლის ოკუპაცია“ — იტყობინებოდა გაზეთ „ნიუ იორკ თაიმს“-ის 19 მარტის ნომერი [1]. გენერალ-ლეიტენანტ სერ ჰენრი ვილსონის მეთაურობით ბრიტანელთა მიერ თურქული გარნიზონი განიარაღებულ იქნა, პარლამენტი გარეკილი, მთავრობის წევრები, ქემალისტთა მიმართ სიმპათიით განწყობილი პარლამენტის დეპუტატთა და საზოგადო მოღვაწეთა ნაწილი, აგრეთვე კომუნისტი აქტივისტები — დაპატიმრებულნი და კუნძულ მალტაზე გადასახლებულნი [2, 97].
დაპატიმრებულ იქნა თვით სულთნის მემკვიდრე, მისი ბიძაშვილი, პრინცი აბდულ მეჯიდ II, ხოლო სულთანი ფაქტობრივ შინაპატიმრობაში იქნა აყვანილი.დააპატიმრეს და მალტაზე გადაასახლეს აგრეთვე მუსტაფა ქემალის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, პარლამენტის წევრი და ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ჰუსეინ რაუფ ორბეი, აგრეთვე პოლკოვნიკი ყარა ვაზიფი, ანტიბრიტანული საიდუმლო ორგანიზაცია „ყარაქოლის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ოსმალთა პარლამენტის დაშლას, სამხედრო-პოლიტიკური ელიტის დაპატიმრებასა და მათ მალტაზე გადასახლებას უინსტონ ჩერჩილი იმით ამართლებდა, რომ ასეთი ზომების გატარება „მოსალოდნელ აჯანყებას“ ააცილებდა თავიდან კონსტანტინოპოლს. იგი წერდა: „1920 წლის 12 იანვარს კონსტანტინოპოლში თურქეთის დეპუტატთა ახალი პალატა შეიკრიბა. მოკავშირეები ლოიალურად იყვნენ განწყობილნი წარმომადგენლობითი მმართველობის მიმართ და ამიტომ ნება დართეს თურქებს არჩევნები ჩაეტარებინათ. საუბედუროდ, არჩევნების შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც საჭირო იყო. ახალ პალატაში ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა ნაციონალურმა ძალებმა, ან მარტივად რომ ვთქვათ, ქემალისტებმა მოიპოვეს. იმდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რომ 21 იანვარს უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მოკავშირეებმა მოითხოვეს თურქეთის სამხედრო მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის გადადგომა. 28 იანვარს ახალმა პალატამ დაამტკიცა „ეროვნული პაქტი“. კონსტანტინოპოლი აჯანყების დაწყების წინაშე დადგა, რომელსაც ხოცვა-ჟლეტა შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ამიტომ მოკავშირეები იძულებულნი გახდნენ გარკვეული ზომები მიეღოთ. 16 მარტს კონსტანტინოპოლი ბრიტანულმა, ფრანგულმა და იტალიურმა ჯარებმა დაიკავეს. ჩვენ კი ფერიდს მინისტრთა კაბინეტის სასწრაფო გადაყენება მოვთხოვეთ“ [3].
ბრიტანელთა მიერ კონსტანტინოპოლის ოკუპაციის, პარლამენტის გარეკვისა და მისი წევრების დაპატიმრების შემდეგ, საიდუმლო ორგანიზაცია „ყარაქოლი“ ძალიან დასუსტდა. ოსმალთა იმპერიის მმართველმა იტიჰადისტთა პარტიის გადარჩენილმა ლიდერებმა შემდგომი მოქმედებების ტაქტიკა შეცვალეს. ბევრმა მათგანმა მალულად დატოვა კონსტანტინოპოლი, ანატოლიაში გადავიდა და ნაციონალისტებს შეუერთდა. ამავე დროს დაიწყო ანატოლიაში წინააღმდეგობის სხვადასხვა იატაკქვეშა ორგანიზაციების ჩამოყალიბებაც. ერთ-ერთ ასეთ საიდუმლო ორგანიზაციას „მწვანე არმია“ წარმოადგენდა.
პირდაპირ უნდა განვაცხადოთ, რომ ამ ორგანიზაციის შექმნის დეტალები და მიზნები დღესაც გარკვეული ბურუსითაა მოცული. თემაზე საუბრისას კი ერთმანეთის გამომრიცხავ მოსაზრებებსა და დასკვნებთანა გვაქვს საქმე. ამ საკითხთან დაკავშირებით თვით თურქულ ისტორიოგრაფიაშიც არ არსებობს ნათელი და ცალსახა, ერთიანი აზრი. დღესაც არაა ბოლომდე ცნობილი ამ ორგანიზაციის დამფუძნებლების ნამდვილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. თურქი ავტორის, პროფესორ მეთე თუნჩაის მონაცემებით, „მწვანე არმია“ კონსტანტინოპოლელი კონსერვატორების წინააღმდეგ შეიქმნა, რომლებიც ბრალს სდებდნენ ნაციონალურ მოძრაობას ბოლშევიზაციასა და რჯულის ღალატში. ამ ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთი გენერალი, ჯარისკაცი და ანატოლიელი მოსახლეობა „მწვანე არმიას“ შეუერთდა, რითაც თითქოს იმის დემონსტრირებას ახდენდნენ, რომ ბოლშევიზმი პატივს სცემდა ისლამს და ამიტომ ბოლშევიკებთან ურთიერთობების დამყარება უსაფრთხო და აუცილებელი იყო [4, 84-85].
დიდი ეროვნული კრების ერთ-ერთი დეპუტატის, ნაზიმ ბეის მიხედვით კი, „მწვანე არმია“ ჩამოყალიბებულ იქნა დიდი ეროვნული კრების 14 დეპუტატის მიერ და მის მიზანს დასავლელი იმპერიალისტების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. იგი აქვე ამტკიცებს, რომ მუსტაფა ქემალისათვის ამ ორგანიზაციის შესახებ არაფერი არ იყო ცნობილი. მეთე თუნჩაი აღნიშნავს, რომ „მწვანე არმიის“ ხელმძღვანელი თავად ნაზიმ ბეი იყო, ტრაპიზონის დეპუტატი. თუმცა დოქტორ ემელ აკალის მიხედვით „მწვანე არმიას“ სათავეში ეროვნული კრების დეპუტატი და მუსტაფა ქემალის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, ჰაკი ბეჰიჩი ედგა. ეროვნებით თურქი მეცნიერი, ნიაზ ბერკესი, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის ისლამური კვლევების ცენტრის პროფესორი, წერს, რომ „საბჭოთა და მათი მიმდევარი დასავლელი ავტორების მიხედვით, „მწვანე არმია“ წარმოადგენდა ანატოლიაში ფართოდ გავრცელებულ გლეხთა რევოლუციურ მოძრაობას. რეალობა კი სხვანაირი იყო. სინამდვილეში „მწვანე არმია“ ორგანიზებული იყო არა როგორც გლეხთა რევოლუციური მოძრაობა, არამედ როგორც ნახევრად ფეოდალების რეაქცია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ამ გამოსვლებს არაფერი საერთო არ ჰქონდათ რევოლუციურ მოძრაობასთან [5, 44]. აქ საუბარი „მწვანე არმიის“ მიერ სულთნის პოზიციების დაცვაზე, შარიათის კანონების უზენაესობასა და ქემალისტთა ანტიხალიფური პოლიტიკის მიუღებლობაზეა.
თურქი წარმოშობის ბრიტანელი მეცნიერი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, სტეფორდშაირის კილის უნივერსიტეტის პოლიტიკის, ფილოსოფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის უფროსი, ბიულენთ გოკაი თავის ნაშრომში Soviet Eastern Policy and Turkey, 1920-1991. Soviet Foreign Policy, Turkey and Communism“ აღნიშნავს, რომ 1920 წლის გაზაფხულზე „მწვანე არმია“ ანატოლიაში ნაციონალური მოძრაობის მემარცხენე ფრთის აქტივისტების მიერ იქნა ჩამოყალიბებული. მის მიზანს შეადგენდა 1919 წელს დაწყებული ბოლშევიკურ-ქემალისტური ურთიერთობების გაძლიერება და აზიის დაცვა ევროპული იმპერიალიზმის ექსპანსიისაგან. წესდების მიხედვით „მწვანე არმია“ ანტიკაპიტალისტური, ანტიიმპერიალისტური და ანტიმილიტარისტული ორგანიზაცია იყო და მის მიზანს ისლამურ სამყაროში რუსული რევოლუციის მოდიფიცირებით სოციალიზმის დამკვიდრება წარმოადგენდა [6, 20]. დოქტორი ჯორჯ ჰარისი კი „მწვანე არმიის“ შექმნას ანატოლიელ ისლამისტებს მიაწერს. იგი აღნიშნავს, რომ 1920 წლის გაზაფხულზე „მწვანე არმიის“ შექმნა „ისლამის ძლიერების ერთ-ერთი გამოვლინება“ იყო [7, 45]. როგორც ვხედავთ, „მწვანე არმიის“ შესახებ ერთობ განსხვავებული და ერთმანეთის გამომრიცხავი ცნობები არსებობს.
და მაინც რა ორგანიზაციას წარმოადგენდა ეს ყბადაღებული მწვანე არმია? როგორი იყო მისი მიზნები და ამოცანები? საიდან გაჩნდა ეს ტერმინი და როგორია ამ ტერმინის ეტიმოლოგია, გენეზისი და შემდგომი ინტერპრეტაციები? აქ მცირე ისტორიული ექსკურსის ჩატარებაა საჭირო. ამისათვის კი ერთი წლით უკან უნდა დავიხიოთ და რუსეთის სამოქალაქო ომის ზოგიერთი მომენტი უნდა განვიხილოთ.
„მწვანე არმიის“ ცნება სამხრეთ რუსეთში გაჩნდა რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში. იგი კრებითი სახელია არარეგულარული, ძირითადში გლეხთა და კაზაკთა შეიარაღებული ფორმირებებისა, რომლებიც განურჩევლად იდეოლოგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა ებრძოდნენ ყველას — ბოლშევიკებს, თეთრგვარდიელებს, ინტერვენტებს. უფრო ფართო გაგებით, „მწვანე არმიას“ უწოდებდნენ ნებისმიერ „მესამე ძალას“ სამოქალაქო ომში. მათ ძირითადში ჰქონდათ სოციალისტ-რევოლუციური (ესერული), ანარქისტული, ასევე, განსაკუთრებით ამ მოძრაობის ადრეულ პერიოდში, ბოლშევიზმთან ახლოს მდგარი ამოცანები. პირველები დამფუძნებელი კრების მოწვევის მომხრენი იყვნენ, მეორენი ყოველგვარი ხელისუფლების არსებობას ეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო მესამენი — თავისუფალი საბჭოებისათვის გამოდიოდნენ. არსებობდა აგრეთვე ისეთი გაგება, როგორიცაა „წითელ-მწვანეები“, რომლებიც უფრო წითლებისაკენ იყვნენ განწყობილნი, და „თეთრ-მწვანეები“ [8].
„მწვანე არმიის“ ამ განსაზღვრებას ნიკოლაი ვორონოვიჩი1 იძლევა, ციმბირელ ესერთა ლიდერი, მეფის არმიის ყოფილი როტმისტრი. სწორედ ნიკოლაი ვორონოვიჩი ჩაუდგა სათავეში სოჭის ოლქისა და შავიზღვისპირეთის „მწვანე არმიას“ 1919 წლიდან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გენერალ დენიკინის სამხრეთული ექსპანსიის აღკვეთაში. 1919 წლის დასაწყისში გენერალ ანტონ დენიკინის ე. წ. „მოხალისეთა არმიამ“ სოჭის ოლქისა და სოხუმის ოლქის ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაცია მოახდინა. დენიკინის საოკუპაციო რეჟიმს ადგილობრივი ქართველი და არაქართველი მოსახლეობის ცხოვრების პირობების მნიშვნელოვანი გაუარესება მოჰყვა. ძალადობა, განუკითხაობა და ძარცვა-გლეჯა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამას არ შეიძლება მოსახლეობის პროტესტი და საპასუხო ქმედებები არ მოჰყოლოდა შედეგად. საერთო ჯამში, გლეხებმა და კაზაკობის უმრავლესობამ არ მიიღო მონარქიის აღდგენის იდეა, აკრძალა რა როგორც მისი, ასევე ბოლშევიზმის პროპაგანდა [9].
1. ნიკოლაი ვლადიმირის ძე ვორონოვიჩი (1887-1967) — რუსი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტიის წევრი, მეფის არმიის როტმისტრი. რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. რუსეთის სამოქალაქო ომში შავიზღვისპირეთში მოქმედი „მწვანეთა“ მოძრაობის ლიდერი და სამხედრო მეთაური. 1909 წლიდან ცხენოსან გრენადერთა პოლკის კორნეტი. 1913 წლიდან პოლკის კვარტერმეისტერი და სამწყობრო ნაწილის უფროსი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლიდან, ლუჟსკის ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. 1918 წლიდან საქართველოშია და ცხოვრობს სოჭსა და გაგრაში. 1918 წლის ბოლოდან გენერალ დენიკინის მიერ სო- ჭის ოლქის ოკუპაციის შემდეგ, ოლქის მოსახლეობის მიერ არჩეულ იქნა სოჭისა და შავიზღვისპირეთის გლეხთა ლაშქრის, ე.წ. „მწვანეების“ უფროსად. 1920 წლის გაზაფხულიდან ვორონოვიჩი და მისი „მწვანეები“ აწარმოებდნენ წარმატებულ სამხედრო მოქმედებებს თეთრგვარდიელთა წინააღმდეგ. შავიზღვისპირეთიდან დენიკინელთა განდევნის შემდეგ, 1920 წლის ბოლოდან ცხოვრობს საქართველოში, შემდეგ კი გადადის ემიგრაციაში.
ასე დაიწყო სისხლიანი ვანდეა შავიზღვისპირეთსა და აფხაზეთში, რომლის პირველი ნაბიჯები „მწვანეების“ — გლეხთა ადგილობრივი პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება იყო. იქმნება სხვადასხვა პარტიზანული რაზმები, სადაც ძირითადში იმ სოფლების მოსახლეობა ერთიანდებოდა, რომლებმაც თავი აარიდეს დენიკინისეულ გაწვევას — პლასტუნკა, ორეხოვო-პოლიანა, ნავაგინკა, მამაიკა, აჟექი და სხვა. პარტიზანთა უმეტესობას ქართველი და რუსი გლეხები შეადგენდნენ [10]. ოკუპანტებთან დაპირისპირებული გლეხები ტყეებში გავიდნენ და იქ დაიწყეს წინააღმდეგობის პარტიზანული რაზმების ორგანიზება. სწორედ ტყეებში გასულ გლეხებს დაერქვათ „მწვანეები“, ხოლო მათ მიერ ორგანიზებულ სამხედრო ძალას — „მწვანე არმია“. აი, ასეთია „მწვანე არმიის“ წარმოშობისა და აქტივობის მოკლე ისტორია...
დავუბრუნდეთ ისევ ანატოლიას და აქაურ „მწვანე არმიას“. ფაქტია, რომ ეს ორი სიტყვა — „მწვანე არმია“ — დაბურული იყო საიდუმლოების ატმოსფეროთი, იმ განსაკუთრებულობით, რაც რუსეთისა და თურქეთისათვის იყო დამახასიათებელი. ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნისა და თურქოლოგის, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის, მუსტაფა ქემალის ბიოგრაფის, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტის დირექტორის, ალექსანდრ ჟევახოვის (წარმოშობით ქართველი — ჯავახიშვილი) მიხედვით რუსულიდან ნასესხები რეალობა — „მწვანე არმია“ და მისი დასახელება ქემალისტთა ერთ-ერთი ლიდერის, გენერალ ქიაზიმ ყარაბექირის მიერ იყო მოფიქრებული. აქაც მითები სჭარბობენ რეალობას. ბრიტანელთა მიერ კონსტანტინოპოლის ოკუპაციიდან რამდენიმე დღეში ყარაბექირი არზრუმიდან შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის მუსტაფა ქემალს: „მე გთავაზობთ, რომ ამ ორგანიზაციას „მწვანე არმია“ დაერქვას. ცნობილია, რომ „მწვანე არმიამ“ რუსეთში სერიოზული ზიანი მიაყენა დენიკინის ზურგს. გარდა ამისა, მწვანე ფერი ჩვენს ხალხზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სიტყვამ „წითელი“, შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ... და მწვანე არმია? მაინც რა არის ეს? არავინ არ იცის, მაგრამ ყველა პატივს სცემს ამ ფერს“ [11]. ეს ამონარიდი ამავე დროს ნათლად აჩვენებს იმ ფაქტს, რომ ზემოთ მოყვანილ ავტორთა მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მუსტაფა ქემალმა არა თუ იცოდა „მწვანე არმიის“ არსებობის შესახებ, არამედ მონაწილეობდა კიდეც მის დაფუძნებაში.
საინტერესოა თავად მუსტაფა ქემალის დამოკიდებულება „მწვანე არმიისადმი“. აქაც კარდინალურად განსხვავებული მიდგომებია. ემელ აკალი აღნიშნავს, რომ გენერალ იზმეთ იუნონუს მიხედვით, მუსტაფა ქემალმა არ იცოდა „მწვანე არმიის“ არსებობის შესახებ და ცხადია, არც მისი წევრი იყო, — და აქვე ამატებს, — თუმცა ეს ცნობა არ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს [12, 314]. ლორდი კინროსი აღნიშნავს, რომ თავის დროზე, აჯანყებების პერიოდში, მუსტაფა ქემალის თანხმობით „მწვანე არმიად“ წოდებული საიდუმლო ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც ეროვნული იდეალების დამცველ კარგად ორგანიზებულ სამხედრო ძალას წარმოადგენდა... დროთა განმავლობაში „მწვანე არმიამ“ ორი საშიში მიმდინარეობა წარმოშვა — ერთის მხრივ, სამხედრო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც რეალურად ბანდფორმირებებს წარმოადგენდნენ, მეორეს მხრივ კი, ნებსით თუ უნებლიეთ, კომუნისტებისა და განსაკუთრებით ეთჰემ ჩერქეზის იარაღად იქცა [13, 174].
და მართლაც, „მწვანე არმიას“ მალე დასავლეთ ანატოლიის „ნაციონალური ძალების“ ქარიზმატული ლიდერი, კავკასიელ მუჰაჯირთა შთამომავალი, ეთჰემ ჩერქეზიც უერთდება. ეს კიდევ უფრო ზრდის ამ ორგანიზაციის ზეგავლენას, როგორც ანატოლიაში, ასევე მის გარეთ. საქმე იმაშია, რომ ეთჰემთან ერთად „მწვანე არმია“ იძენს დიდ და ეფექტურ სამხედრო ძალას ეთჰემის პარტიზანული რაზმების სახით. მოგვიანებით ეთჰემმა შეძლო „მწვანე არმიის“ კიდევ უფრო გაძლიერება და მისი შეიარაღება არტილერიითა და ტყვიამფრქვევებით. ეთჰემ ჩერქეზის შტაბი ქუთაიაში განთავსდა. ინგლისელი მკვლევარი,მუსტაფა ქემალის ბიოგრაფი ენდრიუ მანგო აღნიშნავს, რომ კომუნისტებისადმი სიმპათიას განსაკუთრებით ექსიტიჰადისტები გამოხატავდენენ. მათ მოღვაწეობა რევოლუციურ ნაციონალისტებად დაიწყეს, ახლა კი, ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით პარტიის ინტელექტუალური ნაწილი, რევოლუციურ ინტერნაციონალიზმს ეთამაშებოდა. იგი წერს: „ლენინის დაპირებამ ცარისტული იმპერიის ხალხების ემანსიპაციის შესახებ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის ჩერქეზ მოსახლეობაზე. ჩერქეზი პარტიზანების ლიდერი ეთჰემი, როგორც თვითონ აღნიშნავს თავის მემუარებში, „გულწრფელი ენთუზიაზმით აღსავსე საბჭოთა პარტიზანი იყო იმ დღემდე, სანამ ერების გათავისუფლების უზადო და მიმზიდველი პრინციპები, რომლებიც ლენინმა გამოაცხადა, თავად საბჭოების მიერ არ იქნა დარღვეული“. ეთჰემს წარმოედგინა, რომ თურქ რევოლუციონერ ლიდერებს შორის ყველაზე მეტად მას ენდობოდა მოსკოვი. 1920 წლის მაისში ნახევრად ფარული ორგანიზაცია — „მწვანე არმია“ შეიქმნა ანკარაში. მის პროგრამაში შერწყმული იყო ისლამისტური საბრძოლო განწყობები და სოციალისტური იდეოლოგიის გარკვეული ელემენტები. მან მუსტაფა ქემალის ზოგიერთი თანამებრძოლიც მიიზიდა“ [14, 143].
ამ მომენტისათვის მუსტაფა ქემალი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ეთჰემი თავისი დიდების ზენიტში იყო და ძალიან მალე პროცესებმა უკვე მუსტაფა ქემალისათვის არასასურველი მიმართულებით დაიწყო განვითარება, რადგან „მწვანე არმია“ თანდათან გავიდა კონტროლის სფეროდან და იგი ნაციონალისტებისათვის საშიშ ძალად იქცა. ასეთმა მდგომარეობამ აიძულა მუსტაფა ქემალი, რომ როგორმე შეეზღუდა ამ ორგანიზაციის აქტივობა და ნელ-ნელა საერთოდ გაეუქმებინა იგი. მაგრამ პირველი ცდები უშედეგო აღმოჩნდა, რადგან „მწვანე არმიამ“ მოქმედებების არეალი შეიცვალა და იგი ესკიშეჰირში გადავიდა, სადაც ეთჰემ ჩერქეზი ფაქტობრივად ერთპიროვნულ მმართველს წარმოადგენდა.
„მწვანე არმიის“ პროგრამაში კი უცნაურად იყო შეზავებული ბოლშევიზმისა და ისლამის დებულებები. „მწვანე არმია — ორგანიზაციაა, რომელიც ხალხის კეთილდღეობისთვისაა შექმნილი... იგი შედგება მორჩილი უმრავლესობისაგან, რომელიც დომინანტურ უმცირესობაზე მუშაობს...“ მის საფუძვლებში ჩადებული იყო მუსლიმური კანონის პრინციპები, თავისი აღსარებებით, მარხვებითა და მსხვერპლთშეწირვებით. მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ერთ-ერთი ინტელექტუალი ლიდერი, ჰალიდე ედიპი აღნიშნავდა რა „მწვანე არმიის“ წარმატებებს, წერდა: „სიმპათიური იდეების ამორფული კოლექცია, რომელიც დაუკმაყოფილებელი სურვილებით იყო შობილი“.
თუ შევადარებთ შავიზღვისპირეთის „მწვანე არმიას“ ანატოლიურ „მწვანე არმიასთან“, მეტად საინტერესო დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ. — სოჭის ოკრუგის მწვანე არმია..., — წერდა სერგო ორჯონიკიძე, — უბრალო ხალხია, რომლებსაც არ სურთ მობილიზაცია და არ აღიარებენ დენიკინის ხელისუფლებას [15, 104]. ნამდვილად მართალი იყო ამხანაგი სერგო ამ შემთხვევაში — „მწვანე არმიის“ სახით სოჭისა და სოხუმის ოლქებში აგორებული წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობა შეიარაღებული პროტესტის იმ ფორმას წარმოადგენდა, რომელიც ერთნაირად ებრძოდა როგორც მონარქიზმის აღდგენის იდეას, ასევე ბოლშევიზმის პროპაგანდას. მოკლედ რომ ვთქვათ, შავიზღვისპირეთის „მწვანე მოძრაობა“ თავისი გამომწვევი მიზეზებითა და შინაარსით, მართლაც სახალხო მოძრაობას წარმოადგენდა, რომელიც შეიარაღებული გზით ებრძოდა ძალაუფლების უზურპაციის ნებისმიერ ფორმას. ამ ბრძოლას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნიშან-წყალიც კი არ ჰქონდა.
რუსეთისაგან განსხვავებით, ანატოლიაში მოქმედი ე. წ. „ნაციონალური ძალები“ და „მწვანე არმია“ კი ანტანტასა და ბერძნულ საოკუპაციო ჯარებს ებრძოდა. ამ თვალსაზრისით იგი წმინდად ანტისაოკუპაციო ძალებს წარმოადგენდა და კონცეპტუალურადაც არაფერი საერთო არ ჰქონდა „მწვანე მოძრაობის“ იდეასთან. მაგრამ ამ თეორიებს არც ანატოლიელი ნაციონალისტები აგდებდნენ არაფრად და არც კონსტანტინოპოლელი იტიჰადისტები. უფრო მეტიც, ანატოლიური „მწვანე არმია“ გარკვეული პოლიტიკური საბურველითაც იქნა შენიღბული. და აქ ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ იმძლავრა. თავის მოგონებებში „მწვანე არმიასთან“ დაკავშირებით მუსტაფა ქემალი საკმაოდ ბუნდოვან განსაზღვრებებს იძლევა: „ანკარაში დიდი ეროვნული კრების გახსნის შემდეგ შეიქმნა ორგანიზაცია — „მწვანე არმია“. მე ძალიან კარგად ვიცნობდი მის დამაარსებლებს, ჩემს ახლობელ ხალხს. მაგრამ ამ ორგანიზაციამ შემდგომში გადააჭარბა თავის უფლებამოსილებებს და უფრო ფართო ამოცანები დაისახეს მიზნად“ [16, 176].
აქ ისმის კითხვა — და რა მიზნები ჰქონდა მას? ისევ არ არის ცნობილი. ფაქტია, რომ მუსტაფა ქემალისათვის ეს საიდუმლო საზოგადოება მეტად სახიფათო გახდა და საჭირო გახდა მისი დაშლა. თან რაც შეიძლება ჩქარა.
თუ ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს გავაანალიზებთ, შემდეგი დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ. არსებობს თეორიები იმის შესახებ, რომ ანატოლიური „მწვანე არმია“ იმისათვის იყო შექმნილი, რომ მოსკოვისათვის ეჩვენებინათ, თითქოს რევოლუციური იდეები ანატოლიაშიც პოპულარობით სარგებლობდა და იგი მოსკოვურ მოდელს ეფუძნებოდა. ეს აქტი რუსეთის წინაშე გარკვეული ხარკის მოხდად უნდა შეფასდეს. ფაქტი ისაა, რომ „მწვანე არმია“ საიდუმლო ორგანიზაციად რჩებოდა და დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარე, მუსტაფა ქემალიც მისგან დისტანცირებას აკეთებდა. ესეც მუსტაფა ქემალის ტაქტიკური სვლა იყო, რათა ასეთი ქმედებებით გარკვეულად დაძაბულ მდგომარეობაში ჰყოლოდა ანტანტა. მუსტაფა ქემალი იმის დემონსტრირებასაც ცდილობდა, რომ თითქოს ანატოლიაში საკმაოდ დიდი იყო ბოლშევიზმის ზეგავლენა. ამით იგი ანტანტის მხრიდან ზეწოლის გარკვეულ შემცირებასა და მასთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას იმედოვნებდა. ისე გამოდის, თითქოს „მწვანე არმია“ ანტანტის წინააღმდეგ არსებული გარკვეული „საფრთხობელას“ როლს ასრულებდა ქემალისტებისათვის. ასეთ მდგომარეობას კი ანტანტისათვს უნდა ებიძგა თანამშრომლობაზე წასულიყვნენ ქემალისტებთან. ფაქტი ისაა, რომ ამ ახალი საფრთხის — „მწვანე არმიის“ გაჩენა ქემალისტებისათვის ტაქტიკურად მეტად კარგად მოფიქრებული და გათამაშებული სვლა იყო. მაგრამ მისმა უდიდებულესობა ისტორიამ ისე ინება, რომ შემდგომი მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა. ნელ-ნელა „მწვანე არმიამ“ და მასში ინტეგრირებულმა „ნაციონალურმა ძალებმა“ ოსმალთა იმპერიის ყოფილი სამხედრო მინისტრისა და იტიჰადისტთა პარტიის ლიდერის, ექსოსმალო გენერლის, ენვერ ფაშასადმი ერთგულების დემონსტრირება დაიწყო. ანატოლიაშიც გავრცელდა ხმები, რომ თითქოს სწორედ ეს ორგანიზაცია იქნებოდა იმ შეიარაღებული ძალების ბირთვი, რაზე დაყრდნობითაც აპირებდა ამიერკავკასიაში მყოფი ენვერ ფაშა ანატოლიაში შემოსვლას და თავისი ძველი დიდების დაბრუნებას.
„მწვანე არმიისა“ და კავკასიაში მოქმედი ექსიტიჰადისტების ურთიერთობები ნახევრად ლეგენდარული ხასიათისაა, თუმცა არსებობს ამ მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტებიც. „მწვანე არმიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჰუსეინ რაუფ ორბეის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ჰაკი ბეჰიჩი წერს, რომ მათ მიერ შექმნილია საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა ქვეყნის ბოლშევიზაციისაკენ წაყვანა, რაც მისი და მუსტაფა ქემალის ერთობლივ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. ამ ორგანიზაციის დასახელება „მწვანე არმიაა“ და ისინი კონტაქტში იმყოფებიან თავიანთ მეგობრებთან თურქესტანში, ირანსა და აზერბაიჯანში, რომელთაგან იღებენ რჩევებსა და ინსტრუქციებს გარეთ მყოფი ორგანიზაციების „მწვანე არმიაში“ ასიმილაციის შესახებ [17, 232-233]. ბილკენტის უნივერსიტეტის პროფესორი, ნერსინ ერსოი მაკმიკენი კი პირდაპირ მიუთითებს ენვერ ფაშას პერსონაზე: „ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს იმაში, რომ ჰაკი ბეჰიჩის ეს „მეგობრები“ კავკასიაში მოქმედი იტიჰადისტები იყვნენ, და კერძოდ — ენვერ ფაშა [18, 55].
პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორის, ახლო აღმოსავლეთისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემათა მკვლევარის, პროფესორ შუჰნაზ ილმაზის მიხედვით, ენვერ ფაშას მხარდამჭერებს თავიდანვე საიდუმლო ორგანიზაცია „ყარაქოლი“ და ექსიტიჰადისტები წარმოადგენდნენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ისინი მხოლოდ ამ ძალის იმედად არ იყვნენ. ნათელია, რომ ენვერ ფაშას მხარს უჭერდნენ ანატოლიის გავლენიანი წრეები. ნათლად იკვეთება ის აზრიც, რომ ენვერ ფაშას „მწვანე არმიის“ მხარდაჭერის იმედიც ჰქონდა. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ ენვერ ფაშას „ტრაპიზონის უფლებათა დაცვის საზოგადოება“ ემხრობოდა, მის ღია მხარდამჭერად კი ანკარის დიდი ეროვნული კრების 40 დეპუტატიც გამოდიოდა. პარლამენტართა ეს ჯგუფი საიდუმლო მუშაობას აწარმოებდა მუსტაფა ქემალის დასამხობად [19, 193].
საბოლოოდ, ანატოლიურმა „მწვანე არმიამ“ თავისი მოღვაწეობა კავკასიური „მწვანე არმიისაგან“ განსხვავებით, უშედეგოდ და უსახელოდ დაასრულა. იგი ქემალისტებთან ჭიდილში დამარცხდა. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა სხვა აქტორებისა და სხვა ლიდერების მონაწილეობით.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. Consantinople, The New York Times, March 19, 1920.
2. Bűlent Gökay. The Illicit Adventure of Rawlinson, British Intelligence in the Final Phase of the Ottoman Empire, Cambridge, Churghill College Center, De Robeck Papers, London, 1993.
3. Черчиль В., Мировой кризис 1918-1925, Пер. с англ.; с предисл. И. Минца, Москва, http://militera.lib.ru/memo/0/one/english/ churchill2.rar.
4. Mete Tunçay, Türkye’de Sol Akimlar (1908-1925), vol. I, Istanbul, BDS Yayinlari, 1991.
5. Niyazi Berkes, The development of secularizm in Turkey, The stuggle for national liberation, Hurst & Company, London.
6. Bülent Gökay, Soviet Eastern Policy and Turkey, 1920-1991, Soviet Foreign Policy, Turkey and Communism, New York, 2006.
7. G. S. Harris, The Communists and the Kadro Movement: Shaping Ideology in Atatürk’s Turkey, Istanbul, 2002.
8. Н. В. Воронович, Меж двух огней, Архив русской революции В 22 томах, Москва, Политиздат, 1991-1993.
9. Зайцев Андрей Алексеевич, Региональный политический процесс в условиях гражданской войны 1917-1922 гг. (На материалах Дона и Кубано-Черномарья). Автореферат, Диссертации на соискание ученой степени доктора исторических наук, Московский государственный университет им. М. В. Ломоносова, Москва, 2009. http://oldvak.ed.gov.ru/common/img/uploaded /files/vak/announcements/ istorich/2009/ 009/Zaytsev AA.
10. H. E. Герасимова, Гражданская война, 1918-1920 гг., Сочи: Страницы прошлого и настоящего. Иллюстрированный сборник статей (2003 год). http://sochionline.3dn.ru/blog/sochi–stranicy– proshlogo–i–nastojashhego–illjustrirovannyj–sbornik–statej–2003– god/ 2011-08-31-66
11. Александр Жевахов, Кемаль Ататюрк, Перевод осуществлен по изданию: Alexandre Jevakhoff, Kemal Atatürk, Paris, Tallandier, 1999.
12. Emel Akal. Milli Mücadelenin Baçlangicinda Mustafa Kemal, Ittihat Terakki ve Bolşevizm Istanbul, 2002.
13. ლორდი კინროსი, ათათურქი, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2011.
14. Andrew Mango, Atatürk, John Murray (Publishers), London. 2004.
15. Г. К. Орджоникидзе, Год гражданской войны на Северном Кавказе, Статьи и речи. В двух томах, Государственное издательство политической литературы, Том I, Москва, 1956.
16. Мустафа Кемаль, Путь новой Турции, 1919-1927, Т. I, Первые шаги национально-освободительного движения. Государственное издательство Литиздат, 1929.
17. Mete Tunçay. Türkye’de Sol Akimlar (1908-1925), vol. II (Istanbul: BDS Yayinlari, 1991).
18. Nersin Ersoy McMeekin, Turkey’s relations with the bolsheviks (1919- 1922), The department of international relations, Bilkent University, Ankara, 2007.
19. Şuhnaz Yılmaz, In persuit of elisive glory: Enver Pash’s role in the Pan-Islamic and Basmachi movements, International journal of Turkish studies, Volume 13, №1-2. 2007.
Комментариев нет:
Отправить комментарий