пятница, 30 ноября 2018 г.

თავად აფხაზთა საგვარეულოს ისტორიისათვის (ნ. ჯავახიშვილი)


თავად აფხაზთა საგვარეულო სათავეს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხიდან, აფხაზეთიდან იღებს. ეს გვარი წარმოადგენს აფხაზეთის წარჩინებული საგვარეულოსთავად ანჩაბაძეთა ერთ-ერთ განშტოებას.
მდინარე ენგურს გაღმა-გამოღმა მიდამოებში ხშირად სახლდებოდა აფხაზი და ქართველი თავადაზნაურობა და გლეხობა, რომელთა შორის თავად ანჩაბაძეთა გვარის წარმომადგენლებიც იყვნენ.
ქართულ საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავად აფხაზთა გარდა, ანჩაბაძეთა ერთ-ერთი საგვარეულო განშტოებაა ასევე მაჩაბელთა გვარი, რომელიც ქართლის ერთ-ერთ გავლენიან ფეოდალურ გვარს წარმოადგენდა [4, 407]. ამ გვარის წარმომადგენელთა შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებში მრავალი ცნობაა შემონახული.
ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1756) თავის თხზულებაში აღწერა სამეფოსა საქართველოსა მაჩაბლების საგვარეულოს შესახებ წერს, რომ მაჩაბელი იტყვი ანჩაფიძეობას, აფხაზეთიდამ მოსლვას, გარნა ახალი არს [6, 34]. თავისი ნაშრომის სხვა ადგილას ვახუშტი ბატონიშვილი თავად ანჩაბაძეთა საგვარეულოს აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეთა შემდეგ, — ანჩფაძის ფორმით მოიხსენიებს [6, 36].
ცნობილი ქართველი მეცნიერი, უფლისწული იოანე ბაგრატიონი (1768-1830) თავის თხზულებაში შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა თავად მაჩაბელთა შესახებ აღნიშნავს, რომ აფხაზეთიდან ქართლში გადასახლებული ანჩაფაძეები მეფე გიორგიმ მდინარე ლიახვის ხეობაში დაასახლა და გვარადმაჩაბელი უბოძა [1, 26].
ანჩაბაძეთა საგვარეულოდან მაჩაბელთა წარმომავლობის შესახებ აქ საუბარს აღარ გავაგრძელებთ, რადგან აღნიშნულ საკითხს ჩვენამდე არაერთი ქართველი მკვლევარი შეეხო [22, 206-207].
იოანე ბაგრატიონმა თავის ზემოხსენებულ ნაშრომში ჩამოთვლილ კახეთის 24 სათავადო გვარს შორის თავად აფხაზიშვილთა (ანუ აფხაზთა) საგვარეულო საკმაოდ მოწინავე, მეათე ადგილას დაასახელა. ამ გვარის წარმომავლობის შესახებ ავტორი წერდა: ესენი არიან აფხაზეთიდგან მოსრულნი, ოდეს იწყეს მამადიანობა აფხაზთა. ესენი მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზ მიიღო თავადობისა ხარისხითა აფხაზად წოდებულნი, რომელნიც იწოდებიან აწ აფხაზის შვილებად და უბოძა კარდანეხს სახასო მამულნი და ყმანი და მუნ სცხოვრებენ მუნ ჟამიდგან წელსა 1636-სა და არიან ერთ სახლად[1, 42].
აქვე დავსძენთ, რომ სოფელი კარდენახი (იგივე კარდანეხი) — შუაგულ კახეთში, თანამედროვე გურჯაანის რაიონში მდებარეობს. თავად აფხაზთა წარმომავლობის თაობაზე იგივეს იუწყებოდა ცნობილი ქართველი მკვლევარი, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილიც (1864-1912). 1893 წელს, მოსკოვში გამოცემულ თავის წიგნში იგი წერდა:Кн. Абхазовы из Абхазии прибыли в Кахетию при царе Теймуразе и были приняты князьями с назначением владений в Карданах [30, VI].
საყურადღებოა, რომ არც იოანე ბატონიშვილი და არც ალექსანდრე ხახანაშვილი არაფერს იუწყებიან თავად აფხაზთა თავდაპირველი გვარის შესახებ.
საინტერესოა, რომელი საისტორიო წყაროებიდან ირკვევა, თუ რა იყო თავად აფხაზთა პირვანდელი გვარი?
ლეგენდას, ვითომდაც თავად აფხაზთა საგვარეულოშარვაშიძეთაგან მომდინარეობს, საფუძველი XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ჩაეყარა. ეს ზეპირი გადმოცემა, რომელიც იმხანად კავკასიაში მყოფმა რუსმა მკვლევარმა ევგენი ვეიდენბაუმმა თავად ივანე დიმიტრის ძე აფხაზისაგან (1858-?) ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე ჩაიწერა, ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ვეიდენბაუმის კარტოთეკაში. აღნიშნულ ცნობაში ვკითხულობთ: Абхазы, или с русским окончанием Абхазовы, грузинские князья ведут свое начало от абхазских Шервашидзе. Один из Шервашидзе переселился при грузинском царе Ростоме в 1632 г. из Абхазии в Кахетию, получил там поместье и прозвание Абхази [23].
1892 წლის 12 ივნისს გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა . ცხვილოელის სტატია ლევან ბატონიშვილის სიკვდილი . ვეჯინში, რომელშიც ვკითხულობთ: XVII საუკუნის დამდეგს აფხაზეთი აიკლეს და დაიმორჩილეს ოსმალებმა, რომელთა წყალობით ბატონობა დაიწყეს სამეგრელოს დადიანებმა. ამისათვის ერთი წარმომადგენელი შარვაშიძის საგვარეულოსი გადმოვიდა კახეთში და მეფისაგან მიებოძა ერთ-ერთის ამოწყვეტილის ვაჩნაძის მამული . კარდანეხში. ამის გამო, ამ დროდანვე ჰსუფევდა დაუძინებელი მტრობა აბხაზსა და ვაჩნაძეებ შორის [7, 1].
ხსენებულ გაზეთს რედაქტორობდა დიდი ილია ჭავჭავაძე (1837-1907), რომლის უფროსი დანინო ჭავჭავაძე ცოლად ჰყავდა კარდენახელ თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზს (1828-1907). ასე, რომ თავად ჭავჭავაძეთა ყვარლის შტოსა და თავად აფხაზებს შორის ახლო ნათესაობა სუფევდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, თითქოსდა დამაჯერებელი ჩანდა ვერსია, რომ თავადი აფხაზების გვარი სათავეს შარვაშიძეთა საგვარეულოდან იღებს, მაგრამ ამ მიმართულებით წარმოებულმა კვლევა-ძიებამ სრულიად სხვა რეალობა წარმოაჩინა. კერძოდ, გაირკვა, რომ აღნიშნული გვარის ფუძემდებელია არა შარვაშიძე (აფხ. ჩაჩბა), არამედ წარჩინებული აფხაზი თავადი ანჩაბაძე (აფხ. — აჩბა), რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარში კახეთში გადასახლდა. კახეთში გადასახლებული აფხაზი თავადის შთამომავლობას ახსოვდა, რომ მათი წინაპარი აფხაზეთის მმართველთა საგვარეულოდან იყო. ვინაიდან XII-XIX საუკუნეთა განმავლობაში აფხაზეთს განაგებდნენ შარვაშიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელნი, რომლებიც თავდაპირველად ერისთავები, ხოლო შემდეგ მთავრები იყვნენ [32, 7-25], როგორც ჩანს, აფხაზთა გვარის ზოგმა წარმომადგენელმა და მათ შორის ზემოხსენებულმა ივანე აფხაზმაც ჩათვალა, რომ აფხაზეთიდან კახეთში გადასახლებული მათი წინაპარიც ამ გვარიდან უნდა ყოფილიყო.
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთს შარვაშიძეთა გვარზე ადრე მართავდა ანჩაბაძეთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულო. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც შარვაშიძე იყო არა გვარი, არამედ აფხაზთა მთავართა ტიტული, რომელიც ამ წოდების მფლობელებს გაუგვარდათ.
აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია წერდა: შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მერმინდელი შარვაშიძეები გენეალოგიურად არ იყვნენ დაკავშირებულნი ამ გვარის სახელის უძველეს მატარებლებთან. ფეოდალური ძალმომრეობის ხანაში რა გასაკვირი იქნებოდა, რომ მთავრის უფლება ერთი საგვარეულოდან მეორეში გადასულიყო თვით შარვაშიძის გვარის სახელთან ერთად, რომელსაც ამ შემთხვევაში სამთავრო ტიტულის მნიშვნელობა ჰქონდა. ასეთ მოვლენას მეზობელ სამეგრელოშიც ვხედავთ, სადაც გვარის სახელი დადიანი ოდიშის მფლობელის წოდებად იქცა და სადაც დადიანობას სხვადასხვა გვარი ითვისებდა სხვადასხვა დროს (უკანასკნელი დადიანები ჩიქვანთა საგვარეულოდან არიან)...
ჩაჩბებზე ადრე შარვაშიძეობა ანჩაბაძეთა საგვარეულოს ხელში უნდა ყოფილიყო; ამაზე მიუთითებს აფხაზური თქმულება, რომ წინათ აფხაზეთში ანჩაბაძეთა (აჩბების) საგვარეულო პირველობდა და ისეთი ანდაზებიც, როგორც მაგ.: აჩბა უმჰიაკუა, ჩაჩბა უზჰიომ, . . ჯერ აჩბა სთქვი და შემდეგ ჩაჩბაო [21, 27-28]. თავად აფხაზთა გვარის წარმომავლობა თავად ანჩაბაძეთაგან დასტურდება როგორც საისტორიო წყაროებით, ასევე გენეალოგიური მონაცემებითაც.
მეფე როსტომის (მეფობდა 1632-1658 წლებშიქართლში, ხოლო 1648-1656 წლებშიგაერთიანებულ ქართლ-კახეთში) მიერ 1653 წელს გაცემულ სიგელში ნათქვამია, რომ ის ებოძა ჩუენს ერთგულს და გაზდილს ანჩაბაძეს აფხაზს გიორგის [28]. აქედან მისი ნამდვილი გვარი უკვე დოკუმენტურად ირკვევა. ეს საბუთი ერთი საუკუნის წინათ გამოაქვეყნა აკადემიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა [15, 71-72]. სიგელიდან ნათელი ხდება, რომ მეფემ გიორგი იოანეს ძე ანჩაბაძე-აფხაზს ცოლად შერთო თავად დავით გოშფარიშვილის ობოლი ასული და დაუმტკიცა მისი გარდაცვლილი სიმამრის კუთვნილი მამული [10, 160], რომელიც სოფელ კარდანახში მდებარეობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ საბუთში გოშფარიშვილად მოხსენიებული დავითი იყო ძე თავად გოშფარ (იგივე გოშპარ) ვაჩნაძისა [11, 181].
ასე, რომ თავად გიორგი იოანეს ძე ანჩაბაძეს მეფემ კახეთში მამული უბოძა და გვარად მისივე წარმომავლობიდან გამომდინარე, აფხაზი დაუმკვიდრა.
1895 წლის 28 ნოემბერს, გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა სტატია აფხაზთა გვარის შესახებ, რომლის სათაურია: თავადნი აფხაზნი (თავადნი ანჩაბაძე-აფხაზნი) [8, 2]. ამ სტატიაშიც გარკვევით არის დაფიქსირებული თავად აფხაზთა პირვანდელი გვარი. აღნიშნულ ცნობებზე დაყრდნობით, პროფესორი ოთარ ჭურღულია მიუთითებდა: მაშასადამე, ირკვევა, კახელ აფხაზთა წინაპარი ყოფილა გიორგი-ბეგ აფხაზი. აქ აფხაზი აშკარად მიუთითებს ეროვნულ წარმოშობაზე. ისტორიამ იცის ასეთი მაგალითები. ნიმუშისათვის დავასახელებთ რამდენიმეს: XVIII საუკუნეში რუმინეთში მოღვაწე ქართველი კაცი, ცნობილი სასულიერო პიროვნება იწოდებოდა ანტონ ივერიანუდანთიმოზ ივერიელად. ასევე მეფის მთავრობამ ბევრ ქართველ თავადიშვილსბაგრატიონებსა და დადიანებს მათი ქვეყნის მიხედვით მისცა გვარიცგრუზინსკი, იმერეტინსკი, მინგრელსკი.
ზემოაღნიშნული ბეგ-აფხაზიც მიუთითებს აფხაზეთიდან მოსულ პიროვნებაზე. გიორგი აფხაზს და მის შთამომავლობას კახეთში მაგრად მოუკიდნიათ ფეხი... კახელი აფხაზები წარმოშობით აფხაზეთიდან ყოფილან, გვარად ანჩაბაძეები... . . პირვანდელი გვარია ანჩაბაძე, სახელია გიორგი, ხოლო შემდეგ წარმოშობის აღმნიშვნელი სიტყვააფხაზი ქცეულა გვარად [22, 204-205].
ქართული გენეალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა იური ჩიქოვანმა გენეალოგიური კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ თავად აფხაზთა თავდაპირველი გვარი ნამდვილად ანჩაბაძე იყო. ამასვე ადასტურებენ თვით თავად აფხაზთა თანამედროვე შთამომავლებიც, რომლებიც თავიანთ ოჯახებში შემორჩენილ საგვარეულო გადმოცემას ეყრდნობიან.
აფხაზთა საგვარეულოს წარმომადგენლები ქართულ საისტორიო წყაროებში XVII საუკუნის შუა ხანებიდან უწყვეტად მოიხსენიებიან. კერძოდ, ისინი იხსენიებიან როსტომ მეფის მიერ სხვადასხვა დროს გაცემულ სიგელებში.
საისტორიო წყაროებიდან 1646-1659 წლებში ჩანს ზემოხსენებულ გიორგი ანჩაბაძე-აფხაზის მამაიოანე (იოვანე, ივანე) აფხაზი [25], რომელიც იყო მესტუმრე ქართული სამეფო კარისა (1654-1659 წლებში). იგი სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა მზითვად გააყოლა თავის დას მარიამს, რომელიც ცოლად მოიყვანა მეფე როსტომმა [10, 193-194].
საინტერესოა თვით იოანე ანჩაბაძე-აფხაზის წარმომავლობა. ის წარმოშობით უნდა ყოფილიყო აფხაზეთიდან, სადაც სამეგრელოს მთავრები და მათ შორის ლევან II დადიანიც ხშირად ლაშქრობდა. ამიტომ, შესაძლებელია, რომ იოანე ყოფილიყო ან ტყვე, ანდა ტყვედ წამოყვანილი აფხაზი თავადის — ანჩაბაძის შთამომავალი. ფაქტი ერთია, რომ მარიამ დადიანისათვის მზითვად გატანების პერიოდში იოანე — მთავარ ლევან II-ის ყმას წარმოადგენდა. 1646 წელს როსტომ მეფემ იოანე აფხაზს უწყალობა ამოვარდნილი სეხნია საგინაშვილის მამულები, რომლებიც მდებარეობდა ქვემო ქართლში, საბარათიანოში, კერძოდ: მაწევანში, სთონეთში, ხრამსა და ირდასუბანში, ჯიმშიტა მოლარის მამულის გამოკლებით, ხოლო 1654 წელს — ასევე ამოვარდნილი აღათანგ საგინაშვილის მამული [25].
1658 წლის 13 ივლისს როსტომ მეფემ იოანე აფხაზს ზემოხსენებული მამულების წყალობა განუახლა [10, 194]. იოანე შანშეს ძე აფხაზს ჰყავდა მეუღლე ოქროქალი და შვილები: ქაიხოსრო, გიორგი, ჩერქეზ [10, 193-194] და შანშე აფხაზები. 1654 წლის 11 მარტს „დედოფლის მესტუმრემ“ იოანე აფხაზმა აზნაურ მერაბ ყორღანაშვილს მიჰყიდა ამოვარდნილი აზნაურის აღათანგ საგინაშვილის მიერ გაზრდილი მისი მკვიდრი ყმა, სთონეთის მკვიდრი ფირია, რომელიც თავისი ახალი მებატონის მიერ აშენებულ სოფელ მოქრისში დასახლდა [20, 841].
1657 წელს იოანე აფხაზი იხსენიება მოწმედ შერმაზან ბარათაშვილის მიერ ერასტი ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა [10, 194]. 1658 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქართლის დედოფალმა მარიამმა ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში მიმავალ თავის ძმისწულს ლიპარს თან იოანე აფხაზიც გააყოლა [10, 194].
1659 წლის 28 სექტემბერს ქართლის მეფემ ვახტანგ V-მ (შაჰნავაზმა) იოანე აფხაზს უწყალობა ჩხიკვთას მაჩიტა, სუხიტა და ჯიმშიტა შიოშაშვილები მამულით [10, 194]. იოანეს ერთ-ერთი ძე — გიორგი საისტორიო საბუთებში 1653-1683 წლებში იხსენიება [10, 160]. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის იყო როსტომ მეფის „გაზრდილი“ და ზოგიერთ დოკუმენტში იხსენიება როგორც ანჩაბაძე-აფხაზი [15, 72].
მეფე როსტომის მიერ 1654 წლის 12 აპრილს გაცემულ სიგელში და სპარსეთის შაჰინშაჰ აბას II-ის მიერ 1655 წელს გაცემულ ფირმანში გიორგი იოანეს ძე ანჩაბაძე-აფხაზი იხსენიება როგორც „გიორგი ბეგ-აფხაზი“ [31, 99].
საისტორიო საბუთებში იხსენიებიან გიორგი აფხაზის ვაჟები: იოანე (ივანე), ზურაბ, ავთანდილ, პაატა, დავით (დათუნა) და ოთარ აფხაზები [10, 193-194].
აფხაზთა გვარის წარმომადგენლები ზოგჯერ „აფხაზისშვილებად“ ანდა „აბხაზიშვილებად“ იხსენიებიან. მაგალითად, XVII საუკუნის 70-80-იან წლებში გაცემულ სიგელებში გიორგი აფხაზი ასე იხსენიება.
ხსენებულ პერიოდში გაცემული საბუთიდან ირკვევა, რომ იმხანად, გიორგი აფხაზიშვილი იყო ქვემო ქართლელი თავადების ყაფლანიშვილთა (იგივე ორბელიანთა) აზნაურიშვილი. ის თამაზ ყაფლანიშვილთან ერთად მონაწილეობდა ბარათაშვილ-იოთამიშვილებსა და დოლენჯიშვილებს შორის არსებული სამამულე დავის გარჩევაში [10, 194].
1690 წლის 23 მაისით დათარიღებული საბუთიდან ირკვევა, რომ გიორგი აფხაზის უფროსი ვაჟი, სამეფო კარის მესტუმრე იოანე აფხაზი იყო მოწმე პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო აბაშისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა [10, 193].
1683 წლის 20 იანვარს კახეთის მეფე არჩილ II-მ აფხაზთა საგვარეულოს ერთ-ერთ წარმომადგენელს უბოძა ამოწყვეტილი თავადის ელიზბარ ვაჩნაძის მამულიდან ერთი კომლი კაცი [10, 193]. 1685-1694 წლებით დათარიღებული საბუთიდან ირკვევა, რომ ქართლის მეფე გიორგი XI-მ აფხაზთა საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენლის ნაქონი მამული საყმოდ უწყალობა თავად როშაქ ჩოლაყასშვილს [27].
1689 წლის 15 ნოემბრით დათარიღებული საბუთიდან ნათელი ხდება, რომ აფხაზთა საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენლის მამული (ხოდაბუნი) ესაზღვრებოდა ოთარ ჯიმშიტაშვილის მიერ ქაიხოსრო ავთანდილიშვილისათვის მიყიდულ მიწას [10, 193].
1696 წლის 28 ოქტომბერს გიორგი აფხაზის ერთ-ერთ ვაჟის — ზურაბის ნაქონი მამული ქალბალი-ხანმა უბოძა გურგენ და დემეტრე-ბეგ მილახვრებს [26].
გიორგი აფხაზის უმცროსი ძმა, ყაფლანიშვილთა აზნაურიშვილი შანშე 1696-1700 წლებში გაცემულ საბუთებში ასევე იხსენიება, როგორც — „აფხაზისშვილი“. დოკუმენტის თანახმად, მას ჰყოლია ძე ივანე და ძმისწულები ავთანდილი და პაატა [10, 194]. შანშეს ყმებს — ესტატე და ივანე შიოშაშვილებს ნატაცები საქონლის ვალი ჰქონდათ. ისინი თავიანთი ნებით მიუვიდნენ სულხან ბარათაშვილს, რომელმაც შიოშაშვილები 1696 წლის 26 მაისს შეისყიდა შანშესაგან და თან ხსენებული ვალიც გადაუხადა [24].
1699 წელს შანშე აფხაზიშვილი იყო მოწმე შერმაზან ხურდაყულიშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა, ხოლო 1700 წლის 23 მარტს — ავთანდილ საგინაშვილის მიერ აბადარბაშ ბეჟანისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა [10, 194].
კახეთის მეფის დავით II-ის ანუ იმამ-ყული ხანის (მეფობდა 1709-1722 წლებში) მიერ 1710 წლის 11 მაისს დამტკიცებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ ზურაბ და დურმიშხან ვაჩნაძეები და დათუნა (დავით) გიორგის აფხაზიშვილი ერთმანეთს კარდენახის ბოლოს მდებარე სახნავ მიწას ედავებოდნენ. მეფის ბრძანების შესაბამისად, ქიზიყის მოურავის შვილმა, ეშიკაღასბაშმა პაატა ანდრონიკაშვილმა მოდავე მხარეები ფიცით შეარიგა და აღნიშნული ტერიტორია თავად ვაჩნაძეთა სარგებლობაში დატოვა [16, 230-231].
ზემოხსენებული დათუნა და მისი ძმა ოთარ გიორგის ძე აფხაზები თავადებად იხსენიებიან თეიმურაზ II-ის (მეფობდა 1733-1744 წლებში კახეთში, 1744-1761 წლებში — ქართლში) მიერ 1738 წლის 1 სექტემბერს გაცემულ სიგელში [30, 99].
1743 წლის 3 მარტის განჩინებით, დათუა დესპუაშვილთან დავაში ივანე აფხაზიშვილი გამართლდა და მის მფლობელობაში დარჩა მისი მაწევნელი ყმა იობა როზიაშვილი, თავისი მამულითურთ [16, 354].
1755 წლის 4 ივლისის განჩინებით გადაწყდა, რომ თუ მდივანი ოთარი წლის განმავლობაში ვერ წარადგენდა ივანე აფხაზის ყმობიდან ივანე თანდილაშვილის თავდახსნის საბუთს, ეს უკანასკნელი კვლავ თავად აფხაზის ყმობაში დარჩებოდა [16, 442-443].
კახეთის, შემდეგ კი ქართლ-კახეთის სამეფოში სხვადასხვა დროს გაიცა თავადი აფხაზების უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული ცალკეული საბუთები, რომელთაც ზოგჯერ თვით მეფე, ხოლო ზოგჯერ უფლისწულები ამტკიცებდნენ. მათ შორის იყო არზები (ჩამოთვლილია ქრონოლოგიური თანამიმდევრობით), რომელთაც ერთვის ერეკლე II-ის (1744 წლიდან მეფობდა კახეთში, ხოლო 1762-1798 წლებში — გაერთიანებულ ქართლ-კახეთში) ოქმი: 1769 წლის 4 მაისისა — ოთარ აფხაზიშვილისა ყმის თაობაზე [19, 148-149], 1783 წლის 14 სექტემბრისა — დავით აფხაზიშვილისა მამულის თაობაზე [19, 601-602], 1784 წლის 20 მარტისა — ბერი აფხაზიშვილისა მამულის თაობაზე [19, 615], 1795 წლის 23 დეკემბრისა — ივანე აფხაზიშვილისა ყმის თაობაზე [20, 346-347], არზა 1793 წლის 4 ოქტომბრისა — ნიკოლოზ აფხაზისა ყმის თაობაზე ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ოქმით [20, 243], არზები მეფე გიორგი XII-ის ოქმით: 1799 წლის 27 ივლისისა — იაკოფისა და გელასი სამართლის მიცემაზე [20, 562-563] და 1800 წლის 9 მარტისა — ნიკოლოზ აფხაზისა ყმის თაობაზე [20, 611-612], არზა 1800 წლის 23 მაისისა — ნინია აფხაზიშვილისა ოქმის ბოძების თაობაზე ტახტის მემკვიდრე დავით ბატონიშვილის ოქმით [20, 643], ასევე განჩინებანი: 1785 წლის 4 ივლისისა — იოანე შალიკაშვილისა და ნიკოლოზ აფხაზის სახლის საქმეზე [17 306-307], 1786 წლის 15 სექტემბრისა — ნიკოლოზ აფხაზის ყმის ელიბო გაგელიძის საქმეზე [17, 335], 1787 წლის 31 მაისისა — ნიკოლოზ აფხაზისა და მირზაშვილების ყმის საქმეზე [17, 374-375], 1788 წლის 11 ივლისისა — ზაქარია მოურავისა და დავით აფხაზის ყმების საქმეზე [17, 421-424], 1788 წლის 1 აგვისტოსი — ნიკოლოზ აფხაზის ყმის სამუტაშვილის საქმეზე [17, 424-425] და სხვ.
XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართლ-კახეთის თავადთა შორის აფხაზების საგვარეულო საკმაოდ დაწინაურდა. ის მეფისა და სამშობლოს მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. მეფისადმი წარდგენილი თავად აფხაზთა არზები ტრადიციულად იწყება შემდეგი სიტყვებით: „ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი აფხაზისშვილს ოთარს მოსცეს“ [19, 234], „ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მოსცეს დავით აფხაზიშვილსა“ [19, 601], „ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მოსცეს აფხაზისშვილს ბერსა“ [19, 615] და სხვ.
ყოველივე ზემოთქმულის გამო, თავად აფხაზებს დიდად სწყალობდნენ ბაგრატოვანი ხელმწიფენიც, განსაკუთრებით ერეკლე II და გიორგი XII (მეფობდა 1798-1800 წლებში). ყმა-მამულთან დაკავშირებით თავად აფხაზებთან მეტოქეობა ჰქონდათ მათ მეზობლად მცხოვრებ თავად ვაჩნაძეებს, რომელთა შორისაც იყვნენ ცალკეული საგვარეულო განშტოებები: ბებურიშვილები (ბებურ ვაჩნაძის შთამომავლები), ონანაშვილები (ონანა ვაჩნაძის შთამომავლები) და სხვ.
ვაჩნაძეებისა და აფხაზების საგვარეულოებს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული დავის დამადასტურებელია არაერთი იმდროინდელი დოკუმენტი. მათ შორის არის არზები, რომელთაც ერთვის ერეკლე II-ის ოქმი: 1772 წლის 20 ოქტომბრისა — ასლან ბებურიშვილისა მამულის თაობაზე [19, 222-223], 1773 წლის 20 მაისისა — ოთარ აფხაზიშვილისა მამულის თაობაზე [19, 234-235], 1774 წლის 16 იანვრისა [5, 97] და 1775 წლის 29 მაისისა [19, 290-291] — ლუარსაბ ონანაშვილისა მამულის თაობაზე, 1776 წლის 9 იანვრისა — დავით აფხაზისა მამულის თაობაზე [19, 322-323], 1776 წლის 16 იანვრისა — ლუარსაბ ონანაშვილისა მამულის თაობაზე [19, 325], 1777 წლის 31 იანვრისა — ლუარსაბ ონანაშვილისა და ქაიხოსრო ბებურიშვილისა მამულის გაყოფის თაობაზე [19, 365-366], 1778 წლის 18 ივნისისა — დავით აფხაზიშვილისა მამულის თაობაზე [19, 412], 1791 წლის 17 ოქტომბრისა — დავით აფხაზისა მამულის თაობაზე [20, 129-130], 1796 წლის 8 დეკემბრისა — ლუარსაბ ყორიასაულბაშისა მამულის თაობაზე [20, 399-400], ასევე განჩინებანი: 1777 წლის 14 იანვრისა — ლუარსაბ ონანაშვილისა და დავით აფხაზის მამულის თაობაზე [17, 20-21], 1778 წლის 20 თებერვლისა — ლუარსაბ ონანაშვილისა, ქაიხოსრო ბებურიშვილისა და ზურაბ აფხაზის მამულის საქმეზე [17, 48-50], 1779 წლის 11 მარტისა — ვაჩნაძიანთა და დავით აფხაზის მამულის საქმეზე [17, 75-76], 1783 წლის 31 აგვისტოსი — დიკასტერიისა დავით აფხაზის ყმის სოროზანაშვილების საქმეზე [17, 667-668], 1792 წლის 19 აპრილისა — ვაჩნაძიანთა და დავით აფხაზის მამულის საქმეზე [17, 568], 1797 წლის 9 მარტისა — იოანე აფხაზიშვილისა და ლუარსაბ ყორიასაულბაშის მამულის საქმეზე [17, 20-21], 1799 წლის 20 მაისისა — ლუარსაბ ონანაშვილისა და დავით აფხაზის მამულის საქმეზე [18, 121-122] და სხვ. მამულთან დაკავშირებით ატეხილ დავას, მეფე, ხშირად, თავად აფხაზთა სასარგებლოდ წყვეტდა.
1760 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ განჩინებას დავით მოურავის შვილისა და დავით აფხაზის მამულის (ბაგის) საქმეზე, ახლავს მეფე ერეკლე II-ის შემდეგი დამტკიცება: „ჩვენ, მეფე ირაკლი ამ სამართალს ვამტკიცებთ. ან დავით აფხაზმა თითონ შეჰფიცოს ან თავის კაცი რაზია შეჰფიცოს. ფიცში ასე ჩაიტანოს: „აბელ მოურავს არც ამისთვის მამული ეშოვნოს და არც ფასი მიეცეს“. თუ ასე დაიფიცა ან კაცი შეაფიცა, ის ბაგა აფხაზ დავითს დარჩება. და თუ არ იფიცა, მოურავის შვილისა იქნება. იასაულო, ეს ასე გაარიგე“ [16, 478-479].
1773 წლის 20 მაისით დათარიღებულ არზას, რომელშიც ოთარ აფხაზიშვილი ითხოვდა კუთვნილ ბაგას, ფიცით დამტკიცებულს ზაქარია მოურავის შვილთან დავის დროს, ერთვის ერეკლე II-ის შემდეგი რეზოლუცია: „ჩვენი ბძანება არის! მერმე რადგან დაეფიცნათ, ამ არზის პატრონებს (იგულისხმება ოთარ აფხაზი. ნ. ჯ.), დარჩათ ეს ბაგა, ამათი არის სამართლით“ [19, 235]. სწორედ აფხაზებსა და ვაჩნაძეებს შორის ჩამოვარდნილი ზემოხსენებული შუღლის მსხვერპლი გახდა მეფე ერეკლე II-ის ვაჟი ლევანი (1756-1781).
1781 წლის 7 თებერვალს უფლისწული ლევანი გარდაიცვალა კახეთის სოფელ ვეჯინში, თავად იოანე აბაშიძის სახლში [29, 156]. ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ბატონიშვილის გარდაცვალებაში თავად ასათ შერმაზანის ძე ვაჩნაძის ხელი ერია [7; 14, 149]. მეორე გადმოცემის მიხედვით, ლევანი გაეარშიყა ასათ ვაჩნაძის ახალგაზრდა მეუღლეს, რომელიც ქორწილიდან გააპარეს სოფელ კარდენახს. მას ლევანიც აედევნა. ქალმა უფლისწულს დანით მუცელში ჭრილობა მიაყენა. ბატონიშვილი დაბრუნდა ვეჯინში და იმავე საღამოს გარდაიცვალა.
მესამე გადმოცემის თანახმად, უფლისწული ლევანი დაჭრა ასათ ვაჩნაძემ და მანვე მოაკვლევინა ის მკვლელებს, რომლებმაც ამის შემდეგ შერმაზან აფხაზი მოკლეს [3, 76].
არსებობს ცნობა, რომ მეფესა და თავად აფხაზებს შორის მტრობის ჩამოგდების მიზნით, ასათ ვაჩნაძემ ვეჯინის ციხეში ფარულად მოაწამვლინა უფლისწული ლევანი, რაც შერმაზან აფხაზს დააბრალა [13, 251-255].
ალექსანდრე ორბელიანი წერს: „თავადმა ლუარსაბ ონანაშვილმა ვაჩნაძემ თავადი შერმაზან აფხაზი დააბეზღა მეფე ირაკლისთან, რომ შერმაზან აფხაზმა ბატონიშვილი ლევან მოწამლაო“ [9,14].
ამ ფაქტის გამორკვევის პირველი მცდელობისას, უფლისწულის მკვლელობაში ბრალი დასდეს სრულიად უდანაშაულო თავადს შერმაზან აფხაზს. იმავე წლის 22 ივნისს თავადმა ვაჩნაძემ, შერმაზანი თავისივე ყმებს, ვითომდა შურის საძიებლად მოაკვლევინა. ამის მიუხედავად, თავად აფხაზთა დაჟინებული მოთხოვნით და მასში უშუალოდ მეფის ჩარევის შედეგად, ამ საქმის საგულდაგულო გამოძიებას შეუდგნენ.
ალ. ორბელიანის ცნობით, როდესაც საქმის შემდგომი გამოძიების შედეგად, ერეკლე II დარწმუნდა შერმაზანის უდანაშაულობაში და „ნახა, რომ ის დაბეზღება სულ სიცრუე იყო“, თავად აფხაზებს „თავისი ყმა და მამული ისევ დაუბრუნეს, ის აკლებულიც სულ ერთიან და შემდგომ პატივითაც მოებყრა მეფე“ [9, 14].
1782 წლის 22 ივნისის განჩინების თანახმად, რომელიც დაამტკიცა თვით მეფე-დედოფალმა და კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა, უკვე გარდაცვლილ შერმაზან აფხაზს ბრალდება მოუხსნეს და იგი უდანაშაულოდ სცნეს [17, 181-185]. „განჩინებაში შერმაზან აფხაზიშვილის მკვლელობის საქმეზე“ ვკითხულობთ:
„ქ. აფხაზისშვილის შერმაზანის მკულელნი, თავიანთგან მოკლულს თავის ბატონს შარმაზანს, ამ საშინელს ხმას რომ შესწამებდნენ, რომ სანატრელი ბატონისშვილი ამ ჩუენმა ბატონმა შერმაზანმა მოწამლით მოკლაო და ჩვენც ამ ჩვენის ხელმწიფის შვილის სიკვდილისათვის და ჩვენზედაც დიდი დანაშაული ჰქონდა და ჩვენც ამისთვის ის ჩვენი ბატონი შერმაზან მოვკალითო.
ეს საშინელი შეწამება მათს უმაღლესობას მეფეს მოხსენდა. მათმა უმაღლესობამ ამ აფხაზისშვილის შერმაზანის მკულელნი და ამ ხმის შემწამებელნი მოასხმევინა და მრავალგვარის ფრთხილად გამოძიებით გამოიკითხა. და მერმე ამათი სამართალი და კიდევ ბევრგვარად ამ საქმის გამოჩხრეკა ჩვენ, საქართველოს მსაჯულთშეკრებულებას, გვიბრძანა.
ჩვენ, მოსამართლეობის თანამდებობისაებრ, როგორც ამ საშინელის ხმის სიმძიმეს და სიდიდეს შეეფერებოდა, იმისთანას დიდის სიფრთხილით მრავალფერად გამოვიძიეთ და მრავლის ჭეშმარიტად აღმოჩენლის საბუთებისაგან ვიუწყეთ, რომ ამ თავისის მკულელობისაგან, აფხაზის შვილის შერმაზანისა ამ საშინელი ხმის შეწამება, ყოველის მხრიდან სიცრუე იყო და მკულელობის შეცოდებით ბრალეულის თავიანთ თავის წამლად წარმომდგარი ტყუილი. და რამდენისიც ჭეშმარიტის საბუთებით, მკულელთაგან შეწყალებული ეს ხმა სიცრუედ აღმოჩნდა, აღწერასა და კალამში გრძლად შემოვიდოდა და ამისთვის მრავალთაგან ეს მოკლედ მოვახსენე. პირველად ესე, რომ: სანატრელის ბატონისშვილის სიკუდილს უკან ორმოცს დღემდის ის აფხაზის შვილი შერმაზანიც ცოცხალი იყო და იმისი მკულელებიც აქ იყუნენ. თუ ეს შეწამება ჭეშმარიტი იყო და ერთგულობისათვის შესჭირდათ, რატომ მათს უმაღლესობას მეფეს არ მოახსენეს, რომ ის, ამათი ბატონიც მოკუდებოდა სამართლით და იმისი სახლიც იავარ იქნებოდა და ეს შეწამებულნიც წყალობას მიიღებდნენ, რადგან ამ საშინელს საქმეს მათის უმაღლესობისა და ქვეყნის ერთგულობითა გამოაცხადებდენ.
მეორედ ესე: შერმაზანის მკულელნი რომ შერმაზანისაგან სანატრელის ბატონისშვილის მოწამლით სიკუდილს რასაც ღამეს და რომლისაც სახით ამბობდენ, ამაზედ ჩუენ ბატონისშვილის მახლობელნი შინაყმანი მოვასხით და თითოეულად და ფიცით იმათგან მოხსენებულის აზრების სიმართლე გამოვიკითხეთ და ერთობით დაამტკიცეს, რომ არც იმათგან მოხსენებულს ღამეს სანატრელს ბატონისშვილს ვახშამი ებრძანოს და არც იმათგან მოხსენებული ნიშნები მართალი ყოფილიყოს. და ამითაც მკულელნი და შემწამებელნი შერმაზანისანი ცრუ იყუნენ.
მესამედ ესე: მკულელნი იყუნენ და თავიანთ ბატონის მკულელობით ბრალეულის თავის გასამართლებლად და წამლად ამბობდენ, ამისთვის ყოვლის მხრიდამ შეხედვით ეს და უსაბუთო დიდი შეწამება სამართალმა არ შეიწყნარა.
და თუ ამ შერმაზანის მკულელებისაგან თავიანთ წამლად შეწამებას გარდა, სხვას ჭეშმარიტების მცირეს რისიმე საბუთიდამ, ან წერილით და ან სიტყვით, ცოტა რამ ნიშანიც არის გუეპოვნა, რადგან მეტად მძიმე საქმე იყო, აფხაზიშვილს ფიცით გავაწმენდინებდით. მაგრამ რადგან ყოვლის გამოძიებისაგან აღმოჩენილს ჭეშმარიტებად აღმოჩნდა შერმაზანის მკულელობის სიცრუე და აფხაზიშვილის სიმართლე, ამისთვის ეს ჭეშმარიტად განმართლების განაჩენი მივეცით, რომ: აფხაზიშვილისა ამ საქმეში ყოვლითურთ უბრალოება და სიმართლე შვილითი შვილადმდე საზოგადოდ იღაღადებოდეს. და აფხაზისშვილი, რომ ასათს შესწამებდა: „ეს საშინელი შეწამება ამ ჩემის შვილის მკულელებს მტერობით შენ ასწავლეო, ამ სიტყვებით რომ თქვენ ესე თქვით და აღარა გიშავთ რაო“, ამათმა ლაპარაკმა სამართალში ბევრჯერ გაიარა და ამისი სამართალი სხვის განაჩენით გარდასწყდა“ [17, 181-183].
აფხაზთა გვარი „აფხაზისშვილის“ ფორმით იხსენიება 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში დადებულ ტრაქტატს დართულ ქართველ თავადაზნაურთა სიაში [1, 142]. ზემოხსენებულ სტატიაში — „თავადნი აფხაზნი (თავადნი ანჩაბაძე - აფხაზნი)“ ვკითხულობთ: „თავად აფხაზთა გვარეულობა აღნიშნულია კახეთის თავადთა სიაში, იმ ტრაქტატთან ზედდართულში, რომელიც ხელშეკრულ იქმნა 24 ივლისს 1783 წ. რუსეთის მთავრობასთან მეფე ერეკლე II-ის მიერ.
სამდივანბეგო გარდაწყვეტილებაში, რომელიც მეფე ერეკლე II-ის მიერ დამტკიცებულია 1 აგვისტოს 1788 წ., ნიკოლოზ აფხაზი (გიორგი ანჩაბაძე-აფხაზის ძე, V თაობის შთამომავალი) თავადად იქმნა წოდებული“ [8, 2].
ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის მმართველობის (1798-1800) პერიოდში თავად აფხაზთა გვარი კიდევ უფრო დაწინაურდა. მეფე მათ ყოველთვის მფარველობდა და წყალობას არ აკლებდა. სამეფო კარზე მდივანბეგად მსახურობდა ნიკოლოზ იოანეს ძე აფხაზი (1749-1806), რომელმაც არაერთი ეკლესია მოხატა. 1800 წლის 9 მარტს, ნიკოლოზ აფხაზმა მეფე გიორგი XII-ს წარუდგინა არზა დაფანტული ყმების თაობაზე, რომლებსაც ქართლელი აზნაური ფურცელაძე ეპატრონებოდა. ვინაიდან ფურცელაძე უფლისწულ იულონის მფლობელობაში იმყოფებოდა, მეფემ თავის ნახევარ ძმას მისწერა:
„ქ. უგანათლებულესო ძმაო, ბატონო იულონ! ამ არზით ნიკოლოზ აფხაზი ასე რომ ჩივის, ამას კურთხეულის მამის ჩვენისაგანა ყავს ნაბოძები ეს კაცნი და სამართლიანის გზით თქვენ ნუ წართმევინებთ ამავ კაცს“ [20, 612].
თავად აფხაზთა საგვარეულოს მფარველობდა ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავითიც (1767-1819), რომელიც გვირგვინოსანი მამის გიორგი XII-ის გარდაცვალების (1800 წლის 28 დეკემბერი) შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი იყო.
1800 წლის 23 მაისს, უფლისწულმა დავითმა, ვაჩნაძეებთან სამამულო დავაში გაამართლა ნინია (ივანე) აფხაზი და მის არზას ოქმის ბოძების თაობაზე ასეთი რეზოლუცია დაადო: „ნინია აფხაზიშვილს ამ არზით რომ ასე მოუხსენებია, ნინია ეშიკაღაბაშისაგანაც მოგვხსენდა, ამ მამულთან საქმე არავისა აქვს, დარჩა ნინია აფხაზისშვილს“ [20, 643].
თავად აფხაზთა საგვარეულო ასევე დაწინაურებული იყო საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგაც [31, 99-101].
1826 წლის 7 მარტს, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, თავადის წოდებაში დაამტკიცეს ივანე შერმაზანის ძე აფხაზი და მისი შვილები დავითი, შერმაზანი და დიმიტრი.
1827 წლის 2 ნოემბერს, სახელმწიფო საბჭომ თავადის წოდებაში დაამტკიცა ივანე, გიორგი (შანშე) და ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზები. რუსეთის საიმპერიო სენატის 1841 წლის 13 თებერვლის, 1851 წლის 30 აპრილის, 1860 წლის 8 აგვისტოს და 1868 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებებით, თავადის წოდებაში დაამტკიცეს: ალექსანდრე შერმაზანის ძე აფხაზი და მისი შვილები გრიგოლი და სვიმონი და ალექსანდრე დიმიტრის ძე აფხაზი [8, 2].
აფხაზთა საგვარეულოდან არაერთი სახელოვანი ოფიცერი გამოვიდა. ამ გვარის წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ როგორც სამხედრო, ასევე საერო ასპარეზზედაც [2, 158-166]. მათ შორის იყვნენ: თუშ-ფშავ-ხევსურეთის მოურავი, მაიორი იოანე შერმაზანის ძე (გარდაიცვალა 1847 წ.); შტაბს-კაპიტანი გიორგი (შანშე) ნიკოლოზის ძე (1796-1826); შტაბს-კაპიტანი, ტიტულარული მრჩეველი დავით იოანეს ძე (1796-?); პრაპორშჩიკი შერმაზან (სვიმონ) იოანეს ძე (1798-1830); პოდპორუჩიკი ანტონ (ტარას) ნიკოლოზის ძე (1805-1837); პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე შერმაზანის ძე (1823-?); დიდი ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახლ-კარისა და მამულების მეთვალყურე, მისი დისწული გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე (1854-1876); სახელმწიფო მრჩეველი ივანე დიმიტრის ძე (1863-1921); იტალიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსული გიორგი (გილო) გიორგის ძე (1892-1964), რომელიც შემდეგ რომის ოპერის თეატრის მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა; გერმანიაში 1938 წლიდან არსებული „ქართული სათათბიროს“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგის ძე (1893-1957); საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის ოფიცერი, ადვოკატი კოტეს ძე (1899-1987) და სხვ. თავად აფხაზთა შორის იყო სამი გენერალი, რაც ამ მცირერიცხოვანი გვარისათვის უდავოდ საამაყოა. მათ შორის იყვნენ: ივანე ნიკოლოზის ძე (1785-1831); დავით ილიას ძე (1866-1918) და კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე (1867-1923) აფხაზები. მათაგან განსაკუთრებული ავტორიტეტი მოიპოვა გენერალმა კონსტანტინე (კოტე) აფხაზმა, რომელიც 1913-1917 წლებში თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი (მარშალი) იყო, ხოლო შემდეგ მოღვაწეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში, რომელსაც ჯერ ეროვნული საბჭო, შემდეგ კი პარლამენტი ეწოდებოდა. აქვე დავსძენთ, რომ კ. აფხაზის ცხოვრება და მოღვაწეობა მონოგრაფიულად შეისწავლა პროფ. გელა საითიძემ [12].
ამჟამად საქართველოში თავად აფხაზთა შთამომავლების მხოლოდ სამი ოჯახიღა ცხოვრობს. მათ შორის არის: ნიკოლოზ ირაკლის ძე აფხაზის (დაბ. 1941 წ.), მისი ვაჟის — ირაკლი ნიკოლოზის ძე აფხაზისა (დაბ. 1961 წ.) და მისი ბიძაშვილის — დავით თენგიზის ძე აფხაზის (დაბ. 1974 წ.) ოჯახები.
ამრიგად, ქართველი წარჩინებული თავადების აფხაზების საგვარეულო სათავეს იღებს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხიდან, აფხაზეთიდან. ეს გვარი წარმოადგენს აფხაზეთის წარჩინებული საგვარეულოს — თავად ანჩაბაძეთა ერთ-ერთ განშტოებას, რომელიც XVII საუკუნიდან კახეთში დამკვიდრდა. ამ გვარმა საქართველოს მრავალი თავდადებული მამულიშვილი მისცა.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. ბაგრატიონი იოანე, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (მასალა ისტორიისათვის), თბ., 1997.
2. ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. I, ქართული საზოგადოებრიობა 1833-1844 წლებში; მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა—ე), თბ., 1980.
3. ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. II, ყაზარმობის რაობისათვის; მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ე—ჯ), თბ., 1983.
4. გვრიტიშვილი დავით, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.
5. ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები (1736-1797 წლები), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გამოცემა, შეადგინა მანანა ჭუმბურიძემ, თბ., 2008.
6. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: „ქართლის ცხოვრება“, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973.
7. გაზეთი „ივერია“, 1892, 12 ივნისი, # 121.
8. გაზეთი „ივერია“, 1895, 28 ნოემბერი, # 257.
9. ორბელიანი ალექსანდრე, სიტყვა მამულის ტრაპესზედ, შემდგენელი ნინო ვახანია, გივი ალხაზიშვილსა და როსტომ ჩხეიძის რედაქციით, თბ., 1999.
10. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII საუკუნეების ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. I, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა, თბ., 1991.
11. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII საუკუნეების ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. II, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა და მ. სურგულაძემ, თბ., 1993.
12. საითიძე გელა, სწამდა სამშობლოს აღორძინება (გენერალი კონსტანტინე აფხაზი), თბ., 1997.
13. „საისტორიო მოამბე“, ტ. I, ტფ., 1925.
14. საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII-XIX სს., ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები და განმარტებები დაურთო ავთანდილ იოსელიანმა, თბ., 1980.
15. საქართველოს სიძველენი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამოცემა, ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით, ტ. II, ტფ., 1909.
16. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბ., 1972.
17. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, სასამართლო განჩინებანი (XVIII ს.), ტექსტები გამოსცა და შენიშვნები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბ., 1974.
18. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VI, სასამართლო განჩინებანი (XVIII-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბ., 1977.
19. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VII, საერო სასამართლო არზა-ოქმები, ტექსტები გამოსცა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბ., 1981.
20. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VIII, სასამართლო არზაოქმები და კერძო-სამართლებრივი აქტები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა და შენიშვნები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბ., 1985.
21. შარვაშიძე გიორგი, ლირიკა, ეპოსი, დრამა, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას რედაქციითა და ნარკვევით, სოხუმი, 1946.
22. ჭურღულია ოთარ, ნარკვევები ქართულ-აფხაზური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობიდან, წიგნი II, სოხუმი, 1983.
23. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ე. ვეიდენბაუმის კარტოთეკა.
24. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი შდ —562.
25. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი შდ —748.
26. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი Hდ —142.
27. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი Hდ —2286.
28. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი Qდ —1653.
29. Бутков П., Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год, , ч. II, СПб., 1869.
30. Грузинские дворянские акты и родословные росписи (материалы для истории Грузии). Издание с предисловием и примечаниями А. С. Хаханова, М., 1893.
31. Думин С., Гребельский П., Дворянские роды Российской империи, т. IV, Князья Царства Грузинского, под редакцией С. Думина и Ю. Чиковани, Москва, 1998.
32. Чиковани Ю., Род Абхазских Князей Шервашидзе (Историко-генеалогическое исследование), Тб., 2007.


Комментариев нет:

Отправить комментарий