четверг, 4 января 2018 г.

(I) მატიანე სვანეთისა კრებისა. XIII-XIV საუკუნეები.

   ჩვენამდე მოღწეულია საეკლესიო სამართლის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელსაც „მატიანე სუანეთისა კრებისაი“ ეწოდება. მათ პირობითად ზოგიერთი სპეციალისტი ჰყოფს „სვანეთის საეკლესიო კრებათა პირველ მატიანედ“ და „მეორე მატიანედ“. „საეკლესიო კრებები“ ამ ძეგლებს მხოლოდ პირობითად ეწოდება, ფაქტობრივად, მასში წარმოდგენილია იმ პირთა სია, რომელთაც ეკლესიის მიმართ გარკვეული მოვალეობა გააჩნდათ, ანდა ღვაწლმოსილნი იყვნენ ეკლესიის წინაშე. ამ პირების ერთობლიობა (რომელთაგან უმრავლესობა გარდაცვლილი იყო და სხვადასხვა დროს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოღვაწეობდნენ), რომელთა დასახელება-მოხსენიება ანუ „სიცოცხლის წიგნში“ ჩაწერა უდიდეს საქმედ მიიჩნეოდა, წარმოადგენდა კიდეც „საეკლესიო კრებას“. ასე რომ, როგორც აღინიშნა, აქ საეკლესიო კრება პირდაპირი გაგებით არ იგულისხმება. როგორც ჩანს, ესაა ეკლესიის წევრთა მიერ მომზადებული ე.წ. „ცხოვრების წიგნი“ ანუ „სიცოცხლის წიგნი“. „პირველი მატიანეს“ მთავარი ტექსტი XIII-XIV საუკუნეებს ეხება და შეიცავს სვანეთის მღვდელმსახურთა შემადგენლობასა და სვანეთის ეკლესიათა ზოგად აღწერას, ხოლო „სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანე“ სვანეთის ცხოვრების საერთო დაქვეითების მძიმე XVII-XVIII სს-თა ხანას.
    „სვანეთის საეკლესიო კრებათა მატიანე“-დან ირკვევა, რომ სვანეთის ეკლესიათა მღვდელმსახურები თავისი შემადგენლობით ჭრელი და მრავალრიცხოვანი ყოფილა… სვანეთის ეკლესიათა საქმიანობას ქორეპისკოპოსნი, მამასახლისნი და მოძღვარნი წარმართავდნენ… უმრავლესობა ადგილობრივი ყოფილა… X-XV სს-ში სვანეთის საერისთაოში რამდენიმე „საქორეპისკოპოსო“ ყოფილა, მათ შორის, მესტიაში (სეტის მონასტერი), ლაშხეთში, სვანეთის „მთიულეთში“ (ზედ ქალაქს), ასევე სავარაუდოა სვანეთის სხვა ადგილებში. „სვანეთის მთიულეთში“ (XV-XVI სს-თა მიჯნა) საეპისკოპოსოს არსებობაზე „ჯაფარიძეთა სიგელში“ ნათქვამია: „ზედ ქალაქსა კარგი საბატიო გუმბათიანი საყდარი ჯუარცმისა საეპისკოპოსო მისით ომოფორითა შემკობილი, რაც ეფისკოპოზსა და იმისთანათა საყდარს ეკადრების“… სვანეთში საერთო მნიშვნელობის და ეკონომიკურად ძლიერ ეკლესიას მამასახლისთან ერთად მეჭურჭლე, მოლარეთუხუცესი, მედროშე, ჯვრის მტვირთველი და სხვა მოხელეც ჰყოლია… ეტყობა სვანეთის ეკლესიები უმეტესად ცაიშელსა და ცაგერელის მეურვეობასა და სამწყსოში შედიოდნენ… სვანეთის პირველ მატიანეზე და კვირიკობისას ექვთიმე თაყაიშვილმა შეამჩნია, რომ სვანეთის ქორეპისკოპოსები ხუცესნი (და არა ბერები) საქართველოს უძველესი ეპისკოპოსებივით „ცოლოსანნი“ ყოფილან… ექვთიმე თაყაიშვილმა გამოარკვია, სვანეთში დროგამოშვებით (სხვადასხვა საუკუნეში) ყველა სოფელში ტარდებოდა საეკლესიო კრებები, რომელშიც მთელი საერო და სასულიერო საზოგადოების შეძლებული და შეგნებული მასა იღებდა მონაწილეობას, სწირავდნენ ფულებს თუ ხვადაგს, ინანიებდნენ ცოდვებს, აცხადებდნენ სურვილს საეკლესიო მატიანეში შესულიყვნენ „რათა მეორეთ მოსვლის დროს მთავარანგელოზებს ქრისტეს წინაშე თავიანთი გვარები წაეკითხათ, სვანების ღრმა რწმენით, ვაი იმათ ვისაც ცოდვა შეუნანიებელი დარჩებოდა, მათთვის ჯო ჯოხეთი გარდაუვალი იყო“. ამითაა გამოწვეული ის, რომ საეკლესიო კრებათა მატიანეში ძირითადად ჩამოთვლილია სვანეთის მრავალრიცხოვანი გვარები. გ. გასვიანი სრულიად ეთანხმება ამ საკითხებზე ექვთიმე თაყაიშვილის ცნობებს, რომელიც თავმოყრილია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ექვ თიმე თაყაიშვილის ფონდში. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთში დაცული ჩვეულების თანახმად, წელიწადის რომელიმე დღეს, სვანეთის სოფლების ეკლესიებში იკრიბებოდა მრევლი, რომლის დროსაც სასახელოდ მიიჩნეოდა ეკლესიისათვის რაიმეს შეწირვა, მათი სიები ჩანს დგებოდა კიდეც, რასაც უნდა ასახავდეს „სვანეთის კრებების“ სიები.

































































Комментариев нет:

Отправить комментарий