пятница, 19 января 2018 г.

ზუგდიდის რაიონის ისტორიული გეოგრაფიიდან (პ. გაბისონია)

სოფელი კოკი ზუგდიდიდან დასავლეთით შავიზღვისპირეთის მიმართულებით 15 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. სოფლის ძირითადი ნაწილი მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს არის გაშენებული, ხოლო მარჯვენა ნაპირზე კოკში შემავალი პატარა სოფელი ხურჩა მდებარეობს.
კოკში ენგურის ძირითადი დინების გარდა, მისგან გამომავალი ტოტები: პატარა ენგური (`ნალიმას ინგირი~, იგივე `ჭიჭე ინგირი~) და გაჭედილი ენგური (`გოჭკადილი ინგირი~, იგივე `ლუღიშ ფონი~) გაედინება. ასეთმა ჰიდროგრაფიულმა ქსელმა გავლენა იქონია სოფლის სახელწოდებაზე. კოკი//კოკია მეგრულში კუნძულს, ნახევარკუნძულს ნიშნავს.
ენგური საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა და დინების ქვედა წელზე რამდენადმე იტოტება, იშლება და კვლავ ერთდება. ამიტომ მდინარის კალაპოტის შიგნით მრავალი პატარა კუნძულია: ხუფენიას კოკი ანუ კუნძული,^ანჩაბაძის კოკი, ჩაქას კოკი, დიდი კოკი, კოკია, ზურაბის კოკი და ა.შ. ამ პატარა კუნძულების გარდა ენგურის ორ ტოტს შორის მოქცეულია 15 კმ-მდე სიგრძის და 5 კმ-მდე სიგანის კუნძული, სადაც საქართველოში ერთადერთი კუნძულ-სოფელი შამგონაა გაშენებული.
კოკში, სოფლის სასაფლაოსთან დგას წმინდა გიორგის სახელობის ახლად აღდგენილი ეკლესია, რომელშიც ჩაშენებულია ძველი ეკლესიის კედლის ნაწილი და ერთი მოჩუქურთმებული ქვა. ადგილობრიები ამ ეკლესიას XI საუკუნის ძეგლად მიიჩნევენ. აქ ინახებოდა წამხარის ეკლესიის ერთ-ერთი ხატი წარწერით:'`ქ... შარვაშიძეს მანუჩარს ...რათამცა ესე ეკლესია წამხარისა დანგრეული აღმეშენებინა ... ვაკურთხებინე საყდარი ესე წელსა ჩყია (1812 წ.)~. ჭამხარი დღეს ენგურის მარჯვენა ნაპირას მდებარე სოფელ თაგილონის (გალის რ-ნი) ერთ-ერთი უბანია. საყდარს `დიდ კოკიშ ოხვამეს~ ანუ დიდი კოკის სალოცავს ეძახიან და მიიჩნევენ, რომ ეს საყდარი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მონაცვლე იყო.
კოკის საკრებულოში შედის პატარა კოკი, სადაც სოფელ ორსანტიის საზღვართან, სახუბუოს უბანში, ე.წ. `გაჭედილი ენგურის~ (ენგურის ერთ-ერთი ტოტი) მარჯვენა მხარეს არის ღვთისმშობლის ნასაყდრალი. ამ უბანს კადარესაც ეძახიან. ეს ნანგრევებად ქვეული მცირე ზომის ეკლესია მოპირკეთებული იყო თეთრი ქვით, ხოლო კედლები ნაშენი იყო რიყის ქვით. Eს ეკლესია 1908 წელს მოქმედი იყო.
ტოპონიმი კადარი სოფელ კოკის გარდა სამეგრელოში სხვაგანაც არსებობს. კერძოდ სოფელ ძველ აბაშაში (აბაშის რ-ნი) გაშლილ ველზე დგას დაახლოებით XIV საუკუნის კადარის საყდარი. ამავე სახელწოდების სოფელია აფხაზეთში, მდინარე კოდორის ხეობაში, სოფელ ლათასთან ახლოს. კოკში არსებული კადარის შესახებ მეტად საინტერესო ცნობები მოეპოვებათ სამეგრელოში XVII საუკუნეში მოღვაწე კათოლიკე იტალიელ მისიონერებს.
1633 წლის 19 ნოემბერს სამეგრელოს იტალიელი მისიონერები არქანჯელო ლამბერტი და ჯუზეპე ჯუდიჩე ეწვივნენ. სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (1611_1657) ისინი სოფელ ილორში მიიღო. გარკვეული ხნით მთავარმა სტუმრები კორცხელში მის მიერვე აგებულ ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად დააბინავა. კათოლიკე ბერებს თავიანთი მისიონერული მოღვაწეობის გასაფართოვებლად მუდმივი რეზიდენცია სჭირდებოდათ. ლამბერტის და ჯუდიჩეს კორცხელის ეკლესია ძალიან მოსწონდათ და ის სურდათ თავიანთ სამყოფლად. არქანჯელო ლამბერტმა ღვთისმშობლის ეკლესიაში მთავრის ნებართვით ფრესკაც კი დახატა, მაგრამ კორცხელის ეკლესიის მათთვის გადაცემა მაშინ ვერ მოხერხდა. მისიონერები მუდმივი სამყოფელის გამოყოფის მიზნით ლევან II-ს ხშირად მიმართავდნენ. ამან შედეგი გამოიღო: ,,სანამ გორში ეს ამბები ხდებოდა, მთავრის დიდი წყალობა მივიღეთ. მან მიწა მოგვცა წიფურიაში და მალე იქვე არსებული ეკლესიაც. მთავარმა მიგვაბარა კადარად წოდებული ადგილის გამგებელს~ _ წერს არქანჯელო ლამბერტი თავის მეორე ნაშრომში `წმინდა კოლხიდა~ _ `მან თავის სახლში მოგვათავსა და მეზობელ გლეხებს დაავალა ჩვენი კვება. კადარი ძალიან ლამაზი ადგილია. იგი ერთ-ერთ საუკეთესოდ მოგვეჩვენა ოდიშში. დაბლობი კარგი მოსავლიანია, კარგი სასმელი წყლებია. აქვე მოედინება მდინარე ენგური, რომელიც ზაფხულის დღეებში ძალზე ცივია და საუკეთესო. ჰაერი თუ ყველგან საღი არ არის, ყოველ შემთხვევაში მოსაწონია. ზამთარი რბილია. აქ ადამიანი მუდმივი გაზაფხულით ტკბება. ზღვიდან საკმარისი მანძილითაა დაშორებული ისე, რომ კაზაკების თავდასხმა საშიში არ არის, რომლებიც ნაპირებს ძარცვავენ. ეს ადგილები ჩვენ ძალზე მოგვწონდა და აი, ერთდღეს მის დასათვალიერებლად წავედით. ვნახეთ იქ ორი ეკლესია იდგა, რომლებსაც გალავანი ჰქონდათ ჰქონდათ შემოვლებული. მათ წინ დიდი, გაშლილტოტებიანი ჭადრები იყო დარგული... ჩვენ მოგვეწონა როგორც ადგილმდებარეობა, ისე ეკლესიები. ჩვენ დონ ჯუზეპესთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეს ადგილები ზედგამოჭრილი იყო ჩვენთვის. მით უფრო, რომ ეკლესიები თავისუფალი იყო. მღვდელი რომელიც მათ უვლიდა, ქართლის მეფის სამსახურში გადავიდა. ამიტომ ადვილი იყო ერთი ეკლესიის ჩვენთვის გამოთხოვა მთავრისათვის~.
ამ ეკლესიების გადაცემა მისიონერებისათვის მაშინ ვერ მოხერხდა, რადგან კათოლიკეებისათვის მართმადიდებლური ეკლესიის გადაცემას კატეგორიულად წინ აღუდგა, ისე რომ მთავარსაც არ მოერიდა, წალენჯიხის ეპისკოპოსი მიტროფანე, ალავერდის საეპისკოპოსოს ყოფილი მღვდელმთავარი. თუმცა ლამბერტიმ და ჯუდიჩემ მთავართან და მის უპირველეს კარისკაცთან, ვეზირ პაატა წულუკიძესთან კარგი ურთიერთობის წყალობით 1635 წლის 14 ივნისს მოახერხეს და საკუთრებაში მიიღეს წიფურიის წმინდა გიორგის ეკლესია. ლამბერტი თავის სამეგრელოს აღწერაშიც ახსენებს თავიანთ რეზიდენციას სამეგრელოს სხვა მონასტრებთან ერთად: `წიფურიას მონასტერი, რომელიც აშენებულია ვაკეზე, ენგურის ნაპირად. ეს მონასტერი ეხლა ჩვენების ხელშია. აქ არის ორი ეკლესია ერთად შეერთებული, რომელთაგან ერთი ღვთისმშობლის სახელობაზეა და მეორე წმინდა გიორგისაზე~. ამას აღნიშნავს თავის რელაციაში ჯუზეპე ჯუდიჩეც: მთავარმა `გვიბოძა ქვით ნაშენი მშვენიერი ორი ეკლესია თავის ტერიტორიით და ყმებით~. წიფურიის შესახებ გვამცნობს 1672 წელს სამეგრელოში მყოფი ფრანგი ნეგოციანტი ჟან შარდენი: `სიპია ორი პატარა ეკლესიის სახელია, ერთი მათგანი მეგრელებისაა და მეორე თეატინელებს ეკუთვნის. თეატინელების ეკლესიას დიდი გალავანი აქვს და ამ გალავანში დგას ორივე ეკლესია. გალავანში რამდენიმე ხის სახლია აშენებული, იმგვარი, როგორსაც აქ აშენებენ: ზოგი ორსართულიანია, ზოგი ერთსართულიანი; თითო ბერს თითო ამისთანა სახლი აქვს სადგომად. ასე, რომ ისინი სავსეა მონებით და ორი კომლი გლეხით, რომლებიც მათი ყმანი არიან~.
კათოლიკე მისიონერების რეზიდენციის _ წიფურიას (იგივე ჭიპურია, სიპია) ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ დღემდე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. საქართველოში კათოლიკობის ისტორიის უპირველეს მკვლევარ მ. თამარაშვილს მისი ადგილმდებარეობის დადგენა არ უცდია. სამეგრელოს ისტორიული გეოგრაფიის კვლევისას თ. ბერაძე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წიფურია, რომელიც ლამბერტის რუკაზე მოცემულია ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ განმუხურშია საგულვებელი. იგი წერს: `წიფურია მეგრულად წიფელს ნიშნავს. შახელი წიფურია სოფლის დამახინჯებული ფორმაა. მეგრულში მცენარის სახელიდან გეოგრაფიული სახელი ონ სუფიქსის დახმარებით იწარმოება. სოფლის სახელი წიფურონი უნდა ყოფილიყო. დღეს ამ სახელწოდების სოფელი არ არსებობს. ენგურის მარჯვენა ნაპირას, ზღვისპირა ზოლში სოფელ განარჯიის მუხურის ერთ უბანს წიფურონი ეწოდება. ამ სოფელში შემონახული იყო ზარები ლათინური წარწერით, რომელსაც იტალიელ მისიონერებს უკავშირებდნენ. ჭიფურონი არის წიფურია, რომელიც განმუხურის უბანია~.
არქანჯელო ლამბერტის ნაშრომზე დართულ სამეგრელოს რუკაზე და ასევე 1654 წლის ე.წ. `ლათინურენოვან რუკაზე~ წიფურია მართლაც ენგურის მარჯვენა ნაპირას არის აღნიშნული.
ამავე რუკებზე ტოპონიმი კადარიც მდინარის მარჯვენა ნაპირას არის აღნიშნული. თ. ბერაძე ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აქ რუკის გამომხაზველი შეცდომას უშვებს, როდესაც კადარს მდინარის მარჯვენა მხარეს ათავსებს, რადგან ამგვარი ტოპონიმი ენგურის მარჯვენა ნაპირზე არსად არ არის შემორჩენილი, ხოლო ენგურის მეორე ნაპირზე მდებარეობს სოფელი კოკი, სადაც შემორჩენილია გვიანფეოდალური ეკლესიის ნანგრევები. ამ ეკლესიას და მის მიდამოებს ეწოდება კადარი. ლამბერტის მიერ სოფლის მდინარის ერთი ნაპირის ნაცვლად მეორეზე დატანა გამორიცხული არ არის და იგივე ეხება სოფელ განმუხურს, რომელიც ენგურის მარჯვენა მხარეს არის აღნიშნული. რაც შეეხება ლათინურ წარწერიან ზარებს, XIX საუკუნის II ნახევარში, მკვლევარ მ. სმირნოვას გრაფმა როზმორდუკმა აცნობა ყორღანების შესახებ და მან არქეოლოგიურ სხდომას მოახსენა მათი მდებარეობა ენგურთან, მდინარის მარჯვენა ნაპირას, ანაკლიის მახლობლად, სოფელ განარჯიის მუხურში, სადაც მ. სმირნოვას აზრით XVIII საუკუნეში არსებობდა თეატინელთა მონასტერი, რომლის ზარი ინახებოდა იქაურ მართმადიდებლურ ეკლესიაში.
წიფურიას ლოკალიზაციას საინტერესო გამოკვლევა მიუძღვნა მ. პაჭკორიამ. მან საგანგებოდ მოიარა ენგურის ორივე სანაპირო განმუხურიდან შამგონა-თაგილონამდე, ნახა არსებული ისტორიული ძეგლების ნაშთები. მისი აზრით წიფურიას ადგილ-სამყოფელის კვალის დაკარგვა ენგურის კალაპოტის ცვალებადობით არის გამოწვეული. მ. პაჭკორიამ ნახა განმუხურში უბანი წიფურონი, სადაც პოულობდნენ ძველი ნამოსახლარების Nნაშთებს, იყო ენგურის მარჯვენა ნაპირის სოფლებში: ოტობაიასა და ნაბაკევში, სადაც საყდრების ნაშთები ენგურს მოეშალა. ასეთივე მდგომარეობა დახვდა კოკი-კახათი-შამგონის ზონაშიც. ის აღნიშნავს, რომ სოფელ თაგილონში წიფურიას ადგილსამყოფელს ენგურის ნაპირას, ერთი მოსახლის საკარმიდამო ტერიტორიაზე მიუთითებენ, სადაც ქვის ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი, რომლის დიდი ნაწილი ენგურმა წაიღო. მ. პაჭკორიამ თავის გამოკვლევაში ვრცლად მიმოიხილა კათოლიკე მისიონერების და ჟან შარდენის ცნობები, განსაკუთრებით იხელმძღვანელა შარდენის მიერ მოცემული პარამეტრებით და წიფურიას ლოკალიზაციას თაგილონის ტერიტორიაზე მიემხრო. თუმცა იქვე აღნიშნა ერთი ფაქტი: სოფელ შამგონის სკოლის მოსწავლემ ა. ბეჭვაიამ ზუგდიდის ადგილობრივ გაზეთს აცნობა, რომ ადგილობრივები წიფიას შამგონის ქვემო ნაწილში მდებარე ადგილს ეძახდნენ. ადგილზე მისულ მკვლევარს ეს სოფლის უხუცესებმაც დაუდასტურეს. მ. პაჭკორიამ ამ ტერიტორიაზე ნახა, რომ ენგურის მეორე, მარცხენა ტოტი ქვის ძველ ნაგებობათა ნაშთებზე გადადიოდა. აქვე შეიმჩნეოდა წყლისგან მორეცხილი გალავნის ზოლის ნაშთები, თიხის ჭურჭლის ნატეხები. მანვე ნახა მოსახლეობის მიერ წაღებული თეთრი ქვებიც (ალბათ მოპირკეთებული). საბოლოოდ მ. პაჭკორია შარდენის და ლამბერტის წიგნებზე დართული რუკების, შარდენის სადისტანციო მონაცემების, ძველი ნაგებობების ნაშთების და ზეპირ გადმოცემათა მიხედვით, წიფურიას მდებარეობა თაგილონსა და შამგონას, ამ ორი მეზობელი სოფლის ტერიტორიაზე ივარაუდა. უფრო ადრე მკვლევარი წიფურიას ლოკალიზაციას თაგილონში ვარაუდობდა და მწერალ ვლ. ალფენიძის მოსაზრებას და თ. ბერაძის ადრინდელ ვარაუდს ემხრობოდა.
წიფურიას მისიონს თაგილონის ტერიტორიაზე მოიაზრებენ მკვლევარები: თ. ყალიჩავა და ვ. ზუხბაია. ვ. ზუხბაია აღნიშნავს, რომ ენგურიდან დაახლოებით 1 კმ-ს დაშორებით, თაგილონის ტერიტორიაზე, ნაბაკევის საზღვართან, ვაკეზე აღმართულ ბორცვზე დღემდე მოღწეულია რიყის ქვით ნაგები გალავანი, რომლის კედლის სისქე 1 მეტრია, დარჩენილი სიმაღლე 1-1,5 მეტრი, ხოლო გალავნის შიგნით ნაგებობათა ნაშთებია. მოსახლეობა ამ ადგილს წიფურიას ეძახის. წიფურიას მზ. მგალობლიშვილი გალის რაიონის სოფელ დიხაზურგასთან აიგივებს, რომელსაც წინათ დიდი წიფური ეწოდებოდა, ხოლო შ. მესხიას ვარაუდით, ეს მისიონი სადღაც ჯგალსა და მარტვილს შორის იყო. პ. ცხადაიას თანახმად, წიფურია თაგილონის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ხანდაზმულების მტკიცებით, წიფურია ენგურის ნაპირზე, დიდ წიფელთან მდებარე ნაეკლესიარს ეწოდებოდა, რომელიც `წიფურიაშ ნაოხვამუ~ ანუ წიფურიას სალოცავის სახელით იყო ცნობილი და რომელიც, ადიდებულმა მდინარემ წაიღო. მეორე მხრივ, წიფურიას სახელით ენგურისპირა ციხეს მოიხსენიებდნენ, რომელიც ვარადიშ ჯიხასა (ვარადის ციხე) და ადამიაშ ან წიფურიაშ ჯიხას (აქ მოსახლე ადამიას თუ წიფურიას ციხე) სახელითაც იყო ცნობილი. ამ სიმაგრეს უნდა გულისხმობდეს თ. ყალიჩავა, რომელსაც ადგილობრივმა მცხოვრებმა აჩვენა თაგილონიდან 1,5 კმ-ს მანძილზე პატარა ამაღლებული ადგილი, რომელსაც `შაბათარის ციხეს~ უწოდებდნენ.
ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი ციტატიდან, რომლის მიხედვითაც ლევან II დადიანმა იტალიელი მისიონერები კადარის გამგებელს მიაბარა, ჩანს, რომ წიფურია სადღაც კადარის, დღევანდელი სოფელ კოკის მახლობლად მდებარეობდა. ამ ლოკალიზაციასთან წინააღმდეგობაში მოდის ის გარემოება, რომ კოკი დღეს ენგურის მარცხენა მხარეს არის გაშენებული (მარჯვენა მხარეს მასში შემავალი სოფელი ხურჩა მდებარეობს), ხოლო ლამბერტისა და `ლათინურენოვან~ რუკებზე კადარი მდინარის მარჯვენა მხარეს არის გამოსახული. თუმცა, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ენგური დიდი მდინარეა და გასულ საუკუნეებში ბევრად უფრო წყალუხვი იყო. Iგი დინების ქვემო წელზე თავის კალაპოტს ხშირად იცვლიდა. მხოლოდ XX საუკუნის 70-80-იან წლებში ენგურის თაღოვანი კაშხლის აშენების შემდეგ მოხერხდა ამ ბობოქარი მდინარის სტაბილიზაცია. ამ კაშხლის აშენებით და ჰიდროგვირაბის მეშვეობით ენგურის ჩამონადენი წყლის ნახევარი დღეს მდინარე ერისწყალში (გალის რ-ნი) მიედინება. XIX საუკუნის შუა ხანაში, სამეგრელოში ომერ ფაშას შემოსევის დროს ენგურის მთავარი დინება დღევანდელი კალაპოტში, თაგილონის, ე.ი. გალის რაიონის მხარეს, კი არ მიედინებოდა, არამედ ბევრად უფრო მარცხნივ სოფელ კახათის მხარეს და კოკის შუაში პატარა ენგურში (`ჭიჭე ინგირი~) მიედინებოდა. სწორედ კოკში ენგურის ეს ტოტი გადმოლახა ოსმალეთის არმიის ძირითადმა ძალამ და იქ მდინარისპირას მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. ამის გამო ამ ადგილს ნალიმა ანუ ნაომარი ადგილი ეწოდა. აქედან მოდის პატარა ენგურის კიდევ ერთი სახელწოდება `ნალიმა ინგირი~.
ასე, რომ ლამბერტის და `ლათინურენოვან~ რუკებზე კადარის ენგურის მარჯვენა მხარეს აღნიშვნა შეიძლება სულაც არ არის შეცდომა. ალბათ იმ პერიოდში ენგურის ძირითადი დინება ბევრად უფრო მარცხნივ მიედინებოდა და ამიტომაც რუკების შემდგენელმა სრულიად მართებულად კადარი მდინარის მარჯვენა მხარეს აღნიშნა.
კადარი, როგორც ჩანს, მარტო ერთი სოფლის _ კოკის ტერიტორიას არ მოიცავდა. 1847 წელს გრაფი გალანტერი თავის მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ პატარა კოკი მოიცავდა ტერიტორიას, რომელშიც სოფლები შამგონა, ორსანტია და განმუხურის ნაწილი შედიოდა. ამ საკმაოდ ვრცელ მიწა-წყალს როგორც ლამბერტი გვამცნობს თავისი გამგებელი ჰყავდა, რომლის სახელს ის არ ასახელებს. მაგრამ 1685 წლისთვის კადარის გამგებელი, როგორც მისიონერთა წერილიდან ირკვევა სვიმონ დათუშარიაა, რომელთანაც სამეგრელოს სამთავროს ტახტის დროებით მიმთვისებელმა სავარეხ (სორეხ) შარვაშიძემ დატყვევებული ერთ-ერთი მისიონერი რასპონი გაგზავნა, ხოლო დანარჩენი ბერები: ტურქო და ტორიჩელი წიფურიაში დარჩნენ.
პ. ცხადაიას განმარტებით კადარი დაფერდებულ ადგილს ეწოდება, რომელსაც მზე პირდაპირ უდგება. კადარი ასევე არაბული სიტყვაც არის და `ღვთის ნების~ მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში არაბულ კადარს სოფელ კადართან საერთო არაფერი აქვს. ლამბერტისა და `ლათინურენოვან~ რუკებზე კადარის ზემოთ, აღნიშნულია წიფურია. ჭიფურიას ოდნავ ჩრდილო-დასავლეთით წამხარია დატანილი. წამხარი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გალის რაიონის სოფელ თაგილონის ერთ-ერთი უბანია და ამ სოფლის ძველი სახელწოდებაა. წამხარი საისტორიო საბუთებში XVI საუკუნიდან იხსენიება: მამია დადიანმა ბიჭვინთის ეკლესიას შესწირა სასახლე წამხარში, ასევე შემდგომ ლევან II დადიანი ეკლესიას ერთ კომლ ყმას სწირავს. რომ დავაკვირდეთ ლამბერტის რუკას და შემდეგ თანამედროვე ფიზიკურგეოგრაფიულ რუკას, შემდეგ სურათს მივიღებთ: ლამბერტისთან კადარი, წიფურია, წამხარი. ხოლო თანამედროვე რუკაზე კოკი//კადარი, თაგილონი//წამხარი. დღეს კოკსა და თაგილონს შორის არის კუნძულ-სოფელი შამგონა, რომელიც შეიძლება იმ დროისთვის სულაც არ იყო კუნძული და ენგურის მარჯვენა მხარეს მდებარეობდა. ლამბერტის რუკაზე აღნიშნული წიფურია თანხვედრაში გვეჩვენება თანამედროვე რუკაზე შამგონის მდებარეობასთან. შეიძლება მ. პაჭკორიას ვარაუდი, რომ წიფურია თაგილონ-შამგონას შორის ტერიტორიაზე იყოს საძიებელი, სწორია. ისინი მეზობელი სოფლები არიან, მხოლოდ ენგური ჰყოფთ. მაგრამ თაგილონის ტერიტორიაზე ამ მისიონის მდებარეობაში ეჭვი გვეპარება. ლამბერტისა და `ლათინურენოვან~ რუკებზე თაგილონის ტერიტორია წამხარის სახელით გარკვევით არის აღნიშნული. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თაგილონში არის ადგილი წიფურია, ეს სახელი მეტად გავრცელებულია და სხვაგან თუ არა ამ არეალში წიფურია, იგივე წიფურონი არის განმუხურში, დარჩელში, ხოლო შამგონაში წიფია.
შამგონა ზუგდიდიდან ოდნავ სამხრეთ-დასავლეთით 12 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. Iს ქვემო (დიკი) და ზემო (ეკი) ნაწილად იყოფა. სოფლის სახელწოდებას ყურძნის ჯიშ `შანგულას~ უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნეში შანგულიას გვარის პიროვნება გვხდება ფიცისა და პირობის წიგნში, რომელიც ლევან II-ს მისცეს ქაიხოსრო შანგულიამ და ზარო ჯღერიამ. ასევე, ჩვენთან საუბარში ისტორიკოსმა აკ. ჩიქობავამ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა შამგონას ეტიმოლოგიაზე და ის ქრისტეფორე კასტელის ალბომში დახატულ პიროვნებას `შამონო გელას~ დაუკავშირა. შამგონის ქვედა უბანში, პატარა ენგურის მარჯვენა მხარეს არის ადგილი წიფია, სადაც მ. პაჭკორიამ ნახა, რომ მდინარე ქვის ნაგებობათა ძველ ნაშთებზე გადადიოდა. ასევე ჩანდა წყლისგან მორეცხილი გალავნის ზოლი, კერამიკის ნამტვრევები და მოსახლეობის მიერ აქედან წაღებული თეთრი ქვები. მას ადგილობრივებმა დაუდასტურეს, რომ ამ ადგილს წიფიას ეძახიან.
შამგონაში XIX საუკუნეში აშენებული წმინდა კონსტანტინეს და ელენეს ხის ეკლესია იდგა, რომელსაც `ჩეE ოხვამეს~ ანუ თეთრ ეკლესიას ეძახდნენ. ადგილობრივთა ზეპირგადმოცემით ადრე, იმ დროს როცა შამგონა ჯერ კიდევ არ იყო კუნძული, ეკლესია _ `ჩე ოხვამე~ სხვა ადგილას მდგარა და ის სათანჯოს მთიდან ჩამოტანილი თეთრი ქვებით იყო მოპირკეთებული. აქედან მიიღო ეკლესიამ თეთრის სახელწოდება. XIX საუკუნეში შამგონაში ახალი ხის ეკლესია ააშენეს, რაც ალბათ ენგურის მიერ ძველი ეკლესიის დაზიანებით იყო გამოწვეული. Lამბერტი `წმინდა კოლხიდაში~ მოგვითხრობს ერთ ამბავს, რომელიც სამეგრელოში ჩამოსულ ერთ გამაჰმადიანებულ მილანელს ეხება. ეს მილანელი აქ გარდაიცვალა და რადგან იტალიელი იყო მისი დაკრძალვა მისიონერებს დაავალეს. თავის მხრივ თეატინელი ბერები უარზე იყვნენ, რადგან გარდაცვლილი მუსლიმი იყო. საბოლოდ მილანელი რენეგატი მისიონთან შორიახლოს დაკრძალეს, თუმცა მალევე მისი საფლავი ადიდებულმა ენგურმა წალეკა, რასაც ლამბერტი ნიშნისმოგებით ღვთის რისხვას მიაწერს.
წიფიას სახელთან დაკავშირებით ძალაუნებურად გახსენდება ჟან შარდენის მიერ მისი მოხსენიება `სიპიად~. ანაკლიიდან შარდენმა მისიონერ ძამპთან და სხვებთან ერთად ენგურის აყოლებით გაიარა 2 ლიე (ფრანგულ გამოცემაში მანძილი მილის ნაცვლად ლიეთი არის აღნიშნული), შემდეგ დატვირთული ურიკებით გაიარეს 4 ლიე და მზის ჩასვლისას 14 ოქტომბერს (1672 წ.) წიფურიაში მივიდნენ. შარდენის აღწერით, წიფურია ორი პატარა ეკლესიის სახელია, რომელთაგან ერთი მეგრელებისაა, ხოლო მეორე თეატინელებს ეკუთვნის. ეს ეკლესია მისცეს თეატინელებს შემოღობილ მიწის ნაკვეთთან ერთად. შარდენის მიხედვით, ანაკლიასა და წიფურიას შორის მანძილი 6 ლიეა, რაც 28 კმ-ს უდრის. ქართულ გამოცემაში ლიე მილით არის შეცვლილი და შარდენის მიერ ანაკლია-წიფურიას შორის მანძილი 20 მილია, რაც დაახლოებით 29კმ-ს უტოლდება. დაახლოებით ეს მანძილია ანაკლია შამგონას შორის. წიფურიაში ყოფნისას შარდენმა რუხის ციხიდან განგაშის მაუწყებელი ზარბაზნის სროლის ხმა გაიგონა.
ფრანგი მოგზაური ამას მკაფიოდ მხოლოდ შამგონაში გაიგონებდა, რადგან ეს სოფელი რუხს ესაზღვრება. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ წიფურიას მისიონი დღევანდელ სოფელ შამგონის ტერიტორიაზე, პატარა ენგურის ნაპირას მდებარეობდა, სადაც შემორჩა ტოპონიმი წიფია. ალბათ ამიტომ არის დატანილი ლამბერტისა და `ლათინურენოვან~ რუკებზე ის ენგურის მარჯვენა მხარეს. შესაძლებელია ისიც, რომ შამგონის მკვიდრთა მეხსიერებაში შემორჩენილი გადმოცემა თეთრი საყდრის ადრე სხვა ადგილას მდებარეობაზე, უკავშირდებოდეს წიფურიას ეკლესიას.
რაც შეეხება მისიონერთა შარდენის ცნობებს წიფურიაში ორი ერთმანეთის გვერდით მდგარი ეკლესიის არსებობას, ლამბერტის ნაშრომიდან `წმინდა კოლხიდიდან~ ირკვევა, რომ დაახლოებით 1638 წლისთვის მისიონში ერთ-ერთ ხის ნაგებობას ცეცხლი წაეკიდა. შემდეგ ხანძარი მართმადიდებლური ეკლესიას გადაედო და მთლიანად დაიწვა. კათოლიკე ბერებისთვის გადაცემული ეკლესია კი გადარჩა. მართალია შემდგომ ლევან II-ის დახმარებით მისიონერებმა დამწვარი ნაგებობების აღდგენა მოახერხეს, თუმცა ნახანძრალი ეკლესიის აშენებაზე საუბარი არ არის. შარდენი კი აღნიშნავდა, რომ წიფურია ორი პატარა ეკლესიის სახელია, რომელთაგან ერთი მეგრელებს ეკუთვნოდა, ხოლო მეორე თეატინელებს, თუმცა კასტელის ნახატში ჩანს, რომ ერთი ეკლესია აშკარად ხისაა. ალბათ დამწვარი ეკლესია შემდეგ ხის მასალით ააშენეს.
სიძველეთა ცნობილი დამცველს და ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებლს აკაკი ჭანტურიას XX ს-ის 20-40-იან წლებში შედგენილ თავის ზუგდიდის მიდამოების სქემატურ რუკაზე ენგურის მარცხენა ტოტის აღმოსავლეთით, შამგონის ტერიტორიაზე დატანილი აქვს წარწერა `წიფიეში წ. გიორგი~ ანუ წიფიის წმინდა გიორგი და ეკლესიის აღმნიშვნელი ნიშანი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კადარის ტერიტორიაზე შედიოდა სოფელი ორსანტია, რომელიც სოფელ კოკს დასავლეთიდან ესაზღვრება. ორსანტიაც ენგურის მარცხენა ნაპირას არის გაშენებული და შედგება ზემო და ქვემო ორსანტიისაგან. ადგილობრივები სოფლის სახელს ვიღაც ხე-ტყის ვაჭარ დე ორსანტს უკავშირებენ, რომელიც XIX საუკუნეში აქ მუხის და წაბლის ხეებს აჭრევინებდა. შეიძლება ორსანტიის სახელწოდება დაკავშირებული იყოს კორსანტელ ანჩაბაძის სახელთან, რომელსაც მამული ჰქონდა XIX საუკუნეში ორსანტიის მეზობელ სოფელ დარჩელში. დარჩელში, ადგილ მერეში, წიფურონთან, შემორჩენილია ტოპონიმი `კორსანტელ ანჩაბაიას დიხა~ ანუ კორსანტელ ანჩაბაძის მიწა. მაგრამ ორსანტიაში ანჩაბაძეები კი არა შარვაშიძეები მკვიდრობდნენ და მათ მამულს დღეს `შარაშიებიშ ნოხორის~ ანუ შარვაშიძეების ნამოსახლარს ეძახიან. შარვაშიძეები ამ ტერიტორიაზე XVIII საუკუნეში დამკვიდრდნენ.
ორსანტიის ძველი სახელწოდება, როგორც აბ. ტუღუში მიიჩნევს, ჭალა უნდა იყოს. ჭალა მოხსენიებულია 1616-1621 წლებში შედგენილ საცაიშლო მოსაკრებლის დავთარში, რომლის მიხედვით `ზურგდიდისაკენ ანარიის ღელეს აქეთ, მდინარის ჩასართავამდის, დარჩელისა და ჩოხათის სოფლისა ჭალას სოფელს სათუმოს გზას დაბლა ხეთისაკენ, ბარცხილას ღელეს აქეთ ცაიშის ეკლესიისა და იქეთ საერთო საცაიშლო კაცისა; და ქორთოძის საყმოსი მთიან ბარიანად ურთის სოფლისა სათუმოს გზას აქეთ ეწერიან-საყანიანათ საცაიშლო სოფლების გადასახადი ამ საერთო გუჯარშიდ სცანით~. აბ. ტუღუშის მიხედვით, ჭალა დღევანდელი ორსანტიის ძველი სახელი უნდა იყოს, რადგან საცაიშლო დავთარში ხაზარიების გვარის ოთხი კომლი სოფელ ჭალას მიმდგომ კაცებს შორის არის ჩაწერილი. ხაზარიები ანუ ხაზალიების სამკვიდრო სოფელი ორსანტიაა. ამიტომ ჭალა ორსანტიის ძველი სახელის _ ჭალეს ქართულ თარგმანად უნდა მივიჩნიოთ. ჭალა თ. ბერაძე სოფელ ინგირის ძველ სახელწოდებად მიაჩნია. Mკვლევრის თანახმად, `ლევან II დადიანმა კაკა და მისი შვილის ხუტუ ჯაიანების მამულები შესწირა ეკლესიას. სოფელ ინგირის ძველი სახელწოდებაა ჯოღეჯიანი. გადმოცემით, ეს სოფელი ერთ დროს ჯოღე ჯაიანის იყო და აქედან მოდის ეს სახელწოდება. ინგირი მდინარე ენგურისპირას მდებარეობს, ხოლო ჭალაც ენგურისპირაც უნდა ყოფილიყო. სოფელი ჭალა, რომელიც ენგურის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა, უნდა იყოს სოფელი ინგირი~. ინგირი ამ სოფელს 1938 წელს დაერქვა. მის წინანდელ სახელწოდებას პ. ცხადაია ასე განმარტავს: `ჯოღეჯიანი//ჯუღეჯიანი _ სოფელ ინგირის ძველი სახელწოდება. სწორი ფორმაა ჯაღეჯიანი. მონადირეს ტყეში გარეული ღორი მოუკლავს და ხეზე ჩამოუკიდია. აქედან ჯა (ხე) ღეჯიანი (ღორიანი). ეს სახელი ერქვა ტყეს სადადიოში რკინიგზის სადგურის სიახლოვეს~. თ. ბერაძის მოსაზრების ერთ ნაწილთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ სოფელი ჭალა, სადაც კაკა და ხუტუ ჯაიანების მამული იყო, ინგირს არ უნდა უკავშირდებოდეს. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს წალენჯიხის რაიონის სოფელი ჭალე, რომელიც ენგურის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. შესაძლებელია გვეფიქრა, რომ საცაიშლო მოსაკრებლის დავთარში ნახსენები ჭალა ინგირის ძველი სახელწოდება ყოფილიყო. ამ დავთარში აღნიშნულია სათემო გზა, რომლის ქვემოთ სოფელ ხეთისაკენ (ხობის რაიონი) ტერიტორია საცაიშლოა. ინგირში კი გადის ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ცხადია შუა საუკუნეებშიც მოქმედი იქნებოდა, რადგან ეს გზა პირდაპი რია და ანაკლიის გარდა ზუგდიდთან ერგეტას, დარჩელს, ახალკახათს, კახათს და ინგირს აკავშირებს. ამ მთავარი გზიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ენგურისკენ არის კოკი და ორსანტია. დავთარში მოხსენიებული სათემო გზა აშკარად ეს გზა უნდა იყოს. Oრსანტიაზე ეს გზა არ გადის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შუა საუკუნეებში ენგური ბევრად უფრო მარჯვნივ მოედინებოდა, მაშინ ორსანტია საერთოდ ენგურის მარჯვენა მხარეს იქნებოდა მოქცეული. ამრიგად საცაიშლო დავთარში მოხსენიებული ჭალას დღევანდელ სოფელი ინგირთან გაიგივება შესაძლებელია. თვით საბუთშიც ცაიშის საეპისკოპოსოს მამულები მკვეთრად არის მოხაზული: ზუგდიდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით სამიოდე კილომეტრის დაშორებით არის ანარია, დღევანდელი ონარია. მერე დარჩელი, ჩოხათი (ახალკახათი), ჭალა (ინგირი?), შემდგომ ტერიტორია მოქცეული სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისაკენ ხეთამდე, ეკუთვნოდა ცაიშელს. რაც შეეხება ინგირის ძველ სახელწოდება ჯუღეჯიანს, ის მართლაც ერქვა ველს, სადაც დღეს ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაა გაშენებული და ეკუთვნის ზუგდიდს.
ძნელი სათქმელია თუ როდის დაერქვა ეს სახელი სოფელს. საინტერესოა, რომ ინგირში არის შემორჩენილი ტოპონიმები: ჩხოუშიაშ ჭალე ანუ მდ. ჩხოუშიას ჭალა, სახნავ-სათესი ჭალე//ჭალა, ღელე ჭელეთი. მაგრამ ზუგდიდის გარეუბან ენწერში, რომელიც სოფელ ინგირს ესაზღვრება და წინათ მის შემადგენლობაში შედიოდა, 1990-იან წლებში აქ მდებარე ნავთობაზის ტერიტორიაზე აღმოჩნდა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. აქ გამოვლინდა ორი ასომთავრული წარწერა: `წ(მიდა)ო გ(იორგ)ი ეწე(რისაო)...~; `წ(მიდა)ო გ(იორგ)ი შ(ეიწყალ)ე გ(იორგ)ი ბ(ი)რთ(უე)ლისი~. ასე, რომ შესაძლებელია ინგირს შუა საუკუნეებში ეწერი ერქვა, რასაც ადასტურებს აკ. ჭანტურის ზუგდიდის მიდამოების რუკაზე აღნიშნული ჯუღეჯიანის ენწერი.
ზუგდიდ-ანაკლიის გზაზე მდებარეობს სოფელი ახალკახათი. მას ესაზღვრება დარჩელი, კოკი, კახათი. ახალკახათი რაიონული ცენტრიდან 16 კმ-ით არის დაშორებული. სოფელს დღევანდელი სახელწოდება 1937 წელს დაერქვა. მანამდე ერქვა მანჩას კახათი, ანუ მანუჩარის კახათი, მანუჩარ შარვაშიძის სახელის მიხედვით. ახალკახათი სხვადასხვა დროს Eსედიოდა კოკისა და კახათის შემდგენლობაში. მისი ძირითადი ნაწილის მფლობელი მანუჩარ შარვაშიძე იყო. მანუჩარს სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის ასული ქეთევანი ჰყავდა ცოლად. Aმ სოფელს `ნაჭვ კახათს~ ანუ `დამწვარ კახათსაც~ ეძახიან. აბ. ტუღუშის მოსაზრებით ახალკახათის ძველი სახელწოდება ჩოხათი იყო. ჩოხათში საცაიშლო მოსაკრებელი დავთრის მიხედვით ცაიშის ეკლესიას 4 კომლი ყმა ჰყავდა. ტოპონიმი ჩოხათი დღესაც არის შემორჩენილი, ოღონდ ახალკახათის მეზობელ სოფელ დარჩელში, სადაც გარკვეულ ტერიტორიას ჰქვია. ჩოხათი დარჩელის მეზობლად ივარაუდა თ. ბერაძემ.
დარჩელი ახალკახათსა და ანაკლია-ერგეტას შუაში მდებარეობს. მას ასევე ესაზღვრება განმუხური, ოტობაია (გალის რ-ნი). სოფელი ზუგდიდიდან 20 კმ-ით არის დაშორებული. დარჩელის სახელწოდების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ უფრო სარწმუნოდ მისი მეგრული სიტყვა `დორჩელი~-სგან წარმომავლობა ჩანს. `დორჩელი~ დაფენილს ნიშნავს.
მართლაც, სოფელი დაბლობზეა გაშენებული. დარჩელი პირველად ცაიშის ეკლესიის მოსაკრებლის დავთარში იხსენიება, სადაც ეპისკოპოსს 109 კომლი ყმა, აქედან 10 კომლი აზნაური ჰყავდა. ეს სოფელი ასევე კათოლიკოს მალაქიას მოლაშქრე კაცთა ნუსხაშია (XVII ს.) ნახსენები, სადაც კათოლიკოსს 85 აზნაური და მსახური ჰყავდა. დარჩელი ასევე ნახსენებია XVIII_XIX საუკუნეთა მიჯნის პირობის წიგნში, რომელიც ცაიშის მთავარეპისკოპოს გრიგოლის დარჩელის მკვიდრმა ზურაბ ნორაკიძემ მიართვა. ამ საბუთში დარჩელი დარჩენის ფორმით არის გადმოცემული. ისევე როგორც დღეს, გვიან შუა საუკუნეებში დარჩელი დიდი და მრავალრიცხოვანი სოფელი იყო.
ზუგდიდ-ანაკლიის გზაზე მდებარეობს ასევე სოფელი კახათი. მას ახალკახათი, ინგირი, შამგონა, კოკი, ოქტომბერი ესაზღვრება. კახათი ზუგდიდიდან 8 კმ-ით არის დაშორებული და შედგება ზემო, ქვემო და შუა კახათისაგან. საისტორიო საბუთებში სოფელი 1819 წლის შეწირულობის წიგნში იხსენიება, რომლის თანახმად სამეგრელოს მთავარMლევან V დადიანმა ცაიშის ეკლესიას `საკახათო საყანე მიწა~ და ენგურისპირამდე ტყე გაუყო. კახათში XX საუკუნის 80-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ციხე-სიმაგრის ნანგრევები. ეს საფორთიფიკაციო ნაგებობა კახათსა და კოკს შორის, პატარა ენგურის მარცხენა მხარეს იდგა. სამწუხაროდ ამ ციხის ქვები გულგრილობის გამო ამ საუკუნის II ნახევარში პერიოდულად სხვადასხვა მშენებლობის მასალა გახდა. ამიტომ დღეისთვის ეს ციხე-სიმაგრე აღარ არსებობს. 2010 წელს დ. ჭითანავას ადგილზე ციხის ნაშთებიც კი აღარ დახვდა. თუმცა XX ს-ის 50-იან წლებში ო. ტყეშელაშვილის მიერ ამ ციხე-სიმაგრის ზოგადი აღწერა მოხდა: `ქუთაისის ოლქი, ზუგდიდის რაიონი, სოფ. კახათი. ზუგდიდ-ანაკლიის გზაზე, გზის მარჯვნივ არსენ შედანიას სახლის უკან, ციხე; სამხრეთიდან მდინარე ენგურს გადაჰყურებს: აგებული უნდა იყოს შუა საუკუნეებში. დაახლოებით 2000 მეტრ კვადრატს უდრის დასაცავი ზონის ფართობი. აგებულია ქვითკირით, რიყის ქვა საგანგებოდ არის დამუშავებული. კედლის დიდი ნაწილი ამჟამად დანგრეულია და შემორჩენილი არ არის. სამხრეთ კედელი მდინარე ენგურს წაუღია წყალდიდობის დროს. ციხის მოყვანილობა კედლების ნაშთის და საძირკველის მიხედვით ოვალური ყოფილა, თითქმის წრიული. ჩიხის სიგრძე _ 67 მ-ია, სიგანე _ 52 მ-ს უდრის (საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი. ძეგლების პასპორტები, ზუგდიდის რაიონი, სოფ კახათი). ეს ციხე-სიმაგრე ზოგადად XVII საუკუნით არის დათარიღებული. ადგილობრივები ამ ადგილს ,,ნაჯიხს~ ანუ ნაციხარს ეძახიან და ის საშედანიოს უბანში იდგა~.
კახათს `ზუგიდურ კახათს~ ანუ ზუგდიდის კახათსაც ეძახიან, რადგან როგორც ზემოთმოყვანილი ცაიშის ეკლესიისადმი შეწირულობის წიგნიდანაც ჩანს, ის მთავრების კუთვნილ სოფელს წარმოადგენდა. არსებობდა ასევე `ცაიშური კახათი~, რომელიც უკვე ცაიშის ეკლესიის კუთვნილება იყო. ხალხურ გადმოცემებში სოფლის სახელწოდებას ჭრელი ღორების კოლტს უკავშირებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.
ლევან II დადიანის მთავრობის დროს სამეგრელოს თავი შეაფარა კახეთიდან სპარსელებს გამოხიზნულმა ალავერდელმა ეპისკოპოსმა მიტროფანემ. ლევანმა, რომლის დედა კახელი ბაგრატიონი იყო და მთელი ბავშვობა პაპის, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის კარზე გაატარა, მისთვის კარგად ნაცნობი ალავერდელი მიტროფანე ახლადშექმნილ წალენჯიხის საეპისკოპოსოს მღვდელმთავრად დანიშნა XVII ს-ის 30-იან წლებში. იტალიელ მისიონერ კასტელის ალბომში მოცემულია ამ მიტროფანე ალავერდელ-წალენჯიხელის ძმის, საბახტარ ავალიშვილის სურათი, შემდეგი წარწერით: `საბახტარი; ალავერდელად წოდებული ეპისკოპოსის ძმა. Mისიონერების კეთილისმყოფელი. მის სოფელ თეჩში (ტეჩი) კასტელიმ ხალხი მონათლა~. ლევან II-ს როგორც ჩანს მამულის გარეშე არც მიტროფანე ალავერდელის ძმა დაუტოვებია. ამ საბახტარზე ცნობას 1672 წლისთვის ჟან შარდენი გვაწვდის: წიფურიას მისიონში მყოფმა შარდენმა და მისიონერებმა 26 ოქტომბერს გაიგეს რუხის ციხიდან ზარბაზნების სროლის ხმა, რომელიც ოსმალთა მოახლოების ნიშანი იყო. მომდევნო დღეს, დილით შარდენი და მისიონერები გახიზვნას შეუდგნენ და თავი შეაფარეს ტყეში მდგარ ერთ ციხე-სიმაგრეს, რომელიც `ეკუთვნოდა ერთ ბატონს _ საბახტარს. წინათ გამაჰმადიანებულს, შემდგომ გაქრისტიანებულს, ისევ ქართველს~.
საინტერესოა, რომ მის შთამომავლობას არა ავალიშვილი, არამედ საბახტარიშვილი აქვს გვარად. XIX ს-ში სამეგრელოში მყოფი კ. ბოროზდინი ამ გვარს საბახტარად, საბახტარიშვილად ან მეგრული ფორმით _ საბახტარსკუად იხსენიებს. შარდენი ანაკლიასა და საბახტარის ციხეს შორის დაახლოებით 30 კმ-ს ანგარიშობს. სოფელი თეჩის მდებარეობა, თუ კასტელი სწორედ გადმოგვცემს ამ სოფლის სახელწოდებას, გაურკვეველია და ამგვარი დასახლება ზემოთ მიმოხილულ მიკრო რეგიონში დღეს არ არსებობს. საერთოდ დიდი ციხე-სიმაგრეც ამ ტერიტორიაზე არსად არ არის, გარდა კახათის ზემოთ ნახსენები ნაციხარისა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ საბახტარ ავალიშვილის კახური წარმომავლობის გამო შემდგომში სოფელ თეჩს//ტეჩს კახათი დაერქვა. ამას გვაფიქრებინებს კახათისა და კახეთის სახელთა მსგავსება. თანაც შარდენის მანძილის პარამეტრები ანაკლიასა და საბახტარის ციხეს შორის ანაკლია-კახათს შორის მანძილს მეტნაკლებად ემთხვევა. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბახტარიშვილები სწორედ კახათში სახლობდნენ.
ბიბლიოგრაფია
1. ა. არნანია, ვ. შონია, დარჩელი (თბილისი, 1999).
2. თ. ბერაძე, ოდიშის ისტორიული გეოგრაფიიდან, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი (თბილისი, 1967).
3. თ. ბერაძე, ოდიშის სამთავროს რუკა არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, მაცნე, ისტორიის სერია (თბილისი, 1971).
4. კ. ბოროზდინი, სამეგრელო და სვანეთი 1854-1861 წლებში (თბილისი, 1934).
5. პ. გაბისონია, სამეგრელოს ისტორიიდან და ისტორიული გეოგრაფიიდან, წალენჯიხის რ-ნი (თბილისი, 2009).
6. პ. გაბისონია, წალენჯიხის მონასტრის ისტორიიდან, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, IX (თბილისი, 2008).
7. ვ. ზუხბაია, გ. შარია, თაგილონი (თბილისი, 2004).
8. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის (ტფილისი, 1902).
9. კადარი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 5, თუთია-კოქტეილი (თბილისი, 1980).
10. კასტელი დონ კრისტოფერო, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბ. გიორგაძემ (თბილისი, 1976).
11. არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, ი. ანთელავას გამოცემა (თბილისი, 1991).
12. დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, წერილები საქართველოზე (XVII საუკუნე), იტალიურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბეჟან გიორგაძემ (თბილისი, 1964).
13. მ. პაჭკორია, ვიცნობდეთ კულტურის ძეგლებს (თბილისი, 1985).
14. მ. პაჭკორია, ფურცლები კოლხეთის ისტორიიდან (თბილისი, 1974).
15. მ. პაჭკორია, წიფურიის ლოკალიზაციისთვის, გალის რაიონული გაზეთი `ლენინელი~, X, 4-9 (1973).
16. ა. ტუღუში, ცაიშის საეპისკოპოსო (ზუგდიდი, 2001).
17. ა. ტუღუში, ავთ. თორდია, XI ს-ის ორი ახლად აღმოჩენილი წარწერა ზუგდიდიდან, წელიწდეული, I, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეგრელოს სამხარეო ცენტრი, თსუ ზუგდიდის ფილიალი (ზუგდიდი, 2005).
18. საცაიშლო მოსაკრებლის დავთარი, ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, III (თბილისი, 1970).
19. თ. ყალიჩავა, წიფურიის ლოკალიზაციის საკითხისთვის, საისტორიო კრებული, VII (თბილისი, 1977).
20. ჟან შარდენი, მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა (თბილისი, 1975).
21. ზ. ცინცაძე, სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საზღვრების საკითხისთვის XIX ს-ის II ნახევარში, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, VII (თბილისი, 1989).
22. პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, II, ზუგდიდის რ-ნი (თბილისი, 2007).
23. პ. ცხადაია, სამურზაყანოს ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმია (თბილისი, 2004).
24. წმინდა კოლხიდა, ხელნაწერის ნაწილი თამაზ ბერაძის არქივიდან, არქივის ნაწილი ინახება პ. გაბისონიასთან.
25. აკ. ჭანტურია, მეცნიერის არქივიდან, ისტორიულ-არქეოლოგიური ძიებანი სამეგრელოში, ჩანაწერები გამოსაცემად მოამზადა ავტორის შვილმა არიანე ჭანტურიამ, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, #283 (თბილისი, 1989).
26. დ. ჭითანავა, ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში (თბილისი, 2010).
27. ო. ჭიჭინაძე, საქართველოს ისტორიის მასალა, კვალი, #28 (1897).
28. Месхия Ш., Города и городский строй феодальной Грузии (Тбилиси, 1959).
29. Пятьй археологический сездь в Тифлис (Москва, 1882).

1 комментарий: