ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ 1863 წლის მეცხრე ნომერში დაიბეჭდა ნაშრომი „კირაკოს განძაკეცი, მწერალი XIII ს-ისა“, რომელიც ხელმოწერილია ინიციალებით „ბ. ვ.“. ამასთან დაკავშირებით ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევარს ალ. კალანდაძეს აღნიშნული აქვს: როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ „საქართველოს მოამბეში“ გააუქმა „სხვადასხვა ამბავის“ განყოფილება და აკრძალა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე ორიგინალური სტატიების გამოქვეყნება, მაშინ ჟურნალის ყველაზე აქტიურ პუბლიცისტად გვევლინება „ბ. ვ.“, რომელიც მიზანსწრაფულად არჩევს აღნიშნულ თემებზე გადმოსათარგმნ მასალას და მარჯვე შენიშვნებით უფარდებს მათ თერგდალეულთა სამოქმედო პროგრამას. სხვადასხვა წყაროებიდან დამოუკიდებლად მომდინარე ცნობების შეჯერება ცხადყოფს, რომ „ბ. ვ.“ ილია ჭავჭავაძის ფსევდონიმია.
ამავე ინიციალებით „საქართველოს მოამბეში“ გამოქვეყნებულია სხვა თარგმნილი თხზულებებიც, კერძოდ, ბასტიას „მძარცველობის ფიზიოლოგია“ (1863, № 8) და „ორნაირი სწავლა“ (1863, # 11), ჰიუგოს „სიკვდილით დასჯის საქმეზე“ (1863, № 8) და პრუდონის „სიღარიბე, როგორც ეკონომიკური პრინციპი“ (1863, № 10). ესენი ჯერ კიდევ მწერლის სიცოცხლეშივე აღიარებულ იქნა მის საკუთრებად (დ. ბაქრაძე, ზ. ჭიჭინაძე). თუ ამ შემთხვევაში უზუსტობა იყო დაშვებული, ცხადია, ილია ჭავჭავაძე ამ ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებდა. ამდენად, ალ. კალანდაძის განმარტება სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს.
„საქარველოს მოამბეში“ „ბ. ვ.“-თი ხელმოწერილი კირაკოს განძაკეცისთან დაკავშირებული შრომა თარგმანს წარმოადგენს. ამაზე ადრე, კერძოდ, 1860 წელს, ის რუსულ ენაზე გამოიცა ჟურნალ „რუსკოე სლოვოში“. ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე, ეტყობა, იმდენად დაინტერესებულა, რომ უთარგმნია მთლიანად ქართულ ენაზე. ვფიქრობთ, ილიამ არ იცოდა ძველი სომხური, რომელზედაც XIII ს-ის ავტორმა კირაკოს განძაკეციმ შექმნა თავისი „სომხეთის ისტორია“, ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ილია 1858 წელს მოსკოვში გამოქვეყნებული ამ ნაწარმოების სრული სომხური ტექსტით ისარგებლებდა და არა მისი მცირე ნაწილის რუსული თარგმანით.
უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც „რუსკოე სლოვოშია“ წარმოდგენილი, ხელმოუწერელია. ვის მიერ არის შესრულებული შესავალი წერილი და რუსული თარგმანი _ უცნობია. ამის შესახებ არც კირაკოს განძაკეცის „სომხეთის ისტორიის“ კრიტიკულად დადგენილი ტექსტის გამომცემელს კ. მელიქ-ოჰანჯანიანს აქვს რაიმე აღნიშნული, მითითებულია მხოლოდ ამ შრომის არსებობა „რუსკოე სლოვოში“. ჩვენი ვარაუდით, როგორც თარგმანი, ასევე წინასიტყვაობა იმ დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწე ქერობე პატკანიანს უნდა ეკუთვნოდეს, რადგანაც უფრო მოგვიანებით, კერძოდ 1874 წელს, მანვე გამოსცა ამავე ავტორის „სომხეთის ისტორიის“ უფრო ვრცელი მონაკვეთი რუსულ ენაზე5. ვარაუდს აძლიერებს თარგმანის მაღალი დონეც.
რით დააინტერესა განძაკეცის შრომამ ილია ჭავჭავაძე? ალბათ, უწინარეს ყოვლისა იმით, რომ „რუსკოე სლოვოში“ გამოქვეყნებული „სომხეთის ისტორიის“ რამდენიმე თავი უმთავრესად ეძღვნება საქართველოს ამბებს, კერძოდ მონღოლთა პირველ შემოსევებს. ილიას არც შესავალი ნაწილი დაუტოვებია უყურადღებოდ და გადაუწყვეტია ქართველი მკითხველისათვის უფრო დაწვრილებით მოეთხრო როგორც სომეხ ავტორზე, ასევე მის ნაწარმოებზე.
დასაწყისში საუბარია თვითონ განძაკეციზე, რომელიც თავისივე ცნობით, დაბადებული ჩანს 1201/2 წლებში. კირაკოსი იყო თანამედროვე მონღოლთა ბატონობის ხანისა ამიერკავკასიაში და ტყვედაც იყო ნამყოფი მათთან. ამის გამო ვრცლად და დიდი სიზუსტით ასახა მოვლენები, რამაც მისი „ისტორია“ გაამდიდრა სხვადასხვაგვარი მასალით, რაც მნიშვნელოვანია მონღოლთა ბატონობის გასაცნობად როგორც აზიის ქვეყნებში, ასევე რუსეთში.
ამავე ნაწარმოებში ავტორს მოთხრობილი აქვს მონღოლთა წინადროინდელი ამბებიც. ორ ნაწილად გაყოფილ შრომაში პირველი ნაწილი არ არის ორიგინალური. აქ თხრობა იწყება სომეხთა გაქრისტიანებიდან, აქვე წარმოდგენილია ადრინდელ სომეხ ისტორიკოსთა თანამიმდევრულად დალაგებული სახელები, რასაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ცხოვრების ხანის განსაზღვრისათვის და, საერთოდ, ამ ისტორიკოსთა გასაცნობად, რამდენადაც ზოგიერთის თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. შემდეგ მოკლედ აღწერილია უკანასკნელი არშაკიანების მეფობა (ახ.წ. 66-428), ასევე, სომხურ ენაზე „დაბადების“ თარგმნის საკითხები, ცალკეა გამოყოფილი V ს-ის სომეხი ისტორიკოსები, რომლებმაც შექმნეს ე. წ. „ოქროს ხანა“ სომხურ ისტორიოგრაფიაში. აღნიშნულია მაჰმადის რჯულის დაფუძნებისა და სპარსთა დაცემის ამბები, საუბარია სელჩუკების შემოსევაზე და ამასთან დაკავშირებით ახლა უკვე სომეხ ბაგრატუნიანთა სამეფოს დაცემაზე. პირველ ნაწილში თხრობა სრულდება 1185 წლით. ილიას არ გამოუტოვებია ამ ნაწილის წყაროთა საკითხიც, ის, თუ რის საფუძველზე შექმნა კირაკოსმა თავისი წინადროული ხანის ისტორია. მიუხედავად ამ მონაკვეთის კომპილაციური ხასიათისა, ცხადია, ილია ჭავჭავაძემ კარგად შენიშნა აღნიშნულ საკითხთა დიდი მნიშვნელობა საერთოდ ამიერკავკასიის ისტორიის თვალსაზრისით და ქართველი მკითხველის დაინტერესების მიზნით წარმოადგინა ის.
მეორე ნაწილთან დაკავშირებით ხაზგასმულია მონღოლთა ვრცელი დაპყრობანი აზიასა და ევროპაში, მითითებულია იმდროინდელ მკვლევართა ღვაწლზეც მონღოლთა პერიოდის შესწავლის საქმეში (ჰამერი, დოსონი, კატრმერი), მაგრამ ისიც ხაზგასმულია, რომ აღნიშნული მკვლევრები სრულიად არ იცნობენ სომხურ წყაროებს, რომლებიც ვრცელ მასალას შეიცავენ განსაკუთრებით ჩინგის-ხანიდან მოყოლებული ლანგ თემურის დაპყრობამდე.
ამ ზოგად შესავალს მოსდევს კირაკოს განძაკეცის შრომის რამდენიმე თავის ქართული თარგმანი. მასალა ისეა შერჩეული, რომ ყველგან ჩანს სომხეთისა და აღმოსავლეთ საქარველოს მდგომარეობა მონღოლ-თათართა შემოსევების დროს. ილია ჭავჭავაძეს დიდი გულისყურით უთარგმნია ეს თავები და გამოუყენებია სათანადო ტერმინები. ამასთანავე მოცემულია ზოგიერთი განმარტებანი. მაგ., რუსულ თარგმანში მაჰმადიანთა აღსანიშნავად ძველ სომხურში ხმარებული „ტაჭიკი“ დატოვებულია ასევე, ქართულშიც „ტაჯიკად“-აა ის გადმოტანილი და იქვე მოცემულია მისი განმარტება. გეოგრაფიული სახელწოდება „ბულუგანი“ ნავარაუდევია „ბელაქნად“, „ხუნაკი“ _ „ხუნანად“ და სხვ. თარგმანი სიტყვასიტყვით მისდევს რუსულ ტექსტს და ადვილად იკითხება. აქ წარმოვადგენთ მის ერთ მცირე ნაწილს:
„წელსა 669 (1220) მაშინ, როდესაც ტაჯიკზედ (მაჰმადიანებზე) გამარჯვებით თავი გაიზვიადეს ქართველებმა და წაართვეს მათ რამდენიმე ოლქი სომხეთისა, უეცრად აუარებელი ჯარი დაეცა აგვანიასა (ალბანია). დარუბანდის კარებში გამოიარეს და მიიქცნენ საქართველოზედ და სომხეთზედ. რაც კი რა შეხვდათ მათ გზაში, ყველას ხოცდნენ კაცსა, საქონელსა, თითქმის ძაღლებსაც. ისინი არაფერს არ ინდობდნენ ცხენების მეტსა... ისინი სწრაფად მივიდნენ ტფილის ქალაქამდე, ისევ მალე დაბრუნდნენ აგვანიაში, შაკონის (უთუოდ შანქორია) ქალაქის საზღვრებისაკენ.
ყველგან იმათზედ წინ ცრუ ამბავი მიდიოდა, რომ ისინი მაგების და ქრისტიანის რჯულისა არიან და სასწაულსაც მოქმედებენ; რომ ისინი მოვიდნენ ტაჯიკების დასასჯელად, რადგანაც მათგან ქრისტიანები შეწუხებულნი იყვნენ. ამბობდნენ კიდევ, რომ იმათ ურდოში აქვსთო საყდარი და სასწაულმოქმედი ჯვარი... ამისთანა ტყუილი ამბებით აივსო ჩვენი ქვეყანა, ხოლო ხალხი ჩვენი გამაგრებას არ ფიქრობდა. ერთი ღვდელი კიდეც გამოეგება მთელის თავისი ერითა და ხორუგვებითა. ისინი კი მიჰცვივდნენ და სულ ერთიანად ამოჟლიტეს, რაკი ხედავდნენ ამისთანა უზრუნველ ხალხსა...
მაშინ საქართველოს მეფე ლაშამ და მისმა დიდმა სარდალმა ივანემ მოაგროვეს ჯარი და მიესივნენ. რაკი ხუნანის ველში შევიდნენ, მტერიც იქ დახვდათ. შეიქმნა ბრძოლა, ჯერ პირველად თათრები გაიქცნენ, მაგრამ რადგანაც ჩასაფრებული ჯარიცა ჰყოლოდათ, ის ჩასაფრებულნი უკან მოექცნენ ქართველებსა და შემოუტიეს. მაშინ გაქცეული ჯარიც შედგა და შემოეხვივნენ რა ქრისტიანებს, დაჰსცეს მათ იმ დღეს საშინელი თავზარი. მეფეცა და მისი დიდებულნიც გაიქცნენ. მტერმა გაცარცვა მკვდრები და წავიდა თავის ურდოში“.
ამ მცირე ნაწყვეტიდანაც ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძეს საფუძველი ჰქონდა დაინტერესებულიყო კირაკოს განძაკეცის შრომით. რამდენადაც „რუსკოე სლოვოში“ რუსული თარგმანი 1860 წელს გამოქვეყნდა, ილია იმ დროს ოცდასამი წლის ჭაბუკი პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და საფუძვლიანად ეუფლებოდა რუსულ და უცხოურთან ერთად მრავალსაუკუნოვან ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას, რაშიც დიდ სამსახურს უწევდა მას სალომე ბაგრატიონის მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც დავით ჩუბინაშვილმა გადასცა პეტერბურგის ქართველ სტუდენტებს. ასეთ ვითარებაში განძაკეცის შრომის გაცნობას გარკვეული მნიშვნელობა ექნებოდა ილიასათვის, ასე რომ არ ყოფილიყო, ქართულადაც ხომ არ თარგმნიდა. მომდევნო ხანებში, ეტყობა, ილიამ უფრო ვრცლად შეისწავლა საქართველოში მონღოლთა ბატონობის ამბები. ამისი ნაყოფი უნდა იყოს ის შესანიშნავი პოემა, რომელიც 1878 წელს დაიწერა და რომელიც ცნობილია „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ სახელით. ავტორს მასში გამოუყენებია საქართველოში მონღოლთა ბატონობის ამსახველი ფაქტები, თუმცა პოემაში მთელი მისი ყურადღება გადატანილია პატრიოტული მიმართულებით სიუჟეტის გაღრმავებაზე. წყაროთა მონაცემების საფუძველზე ცნობილია, რომ დიმიტრი II გახდა მსხვერპლი არღუნ ყაენის პირველი ამირის ბუღას შეთქმულებისა. ბუღა დიმიტრისთან კეთილ განწყობაში იმყოფებოდა. ამის საბაბად ისიც კმაროდა, რომ მის ვაჟს ცოლად ჰყავდა დიმიტრის ქალიშვილი რუსუდანი. როდესაც ბუღას შეთქმულება გამჟღავნდა და 1289 წლის 17 იანვარს ის განუკითხავად სიკვდილით დასაჯეს, მონღოლური წესის თანახმად სიკვდილითვე უნდა დასჯილიყო მისი ოჯახის ყველა წევრი, ნათესავი და ახლობელ-მეგობარი. და აი, დიმიტრიც ურდოში დაიბარეს. პოემის მიხედვით კი: „ერთხელ ყეინს აეშალა თათარივე კაცი ერთი... მეფე ჩვენი ყეინს თურმე არ გადუდგა სხვასავითა... დამარცხდა ბოლოს ყეინი, გამდგარმა თურმე აჯობა... საცა კი მისი მომხრე იყო, თავები დააყრევინა... ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც“ და სხვ. ამრიგად, პოემაში დიმიტრი დამარცხებული ყაენის მოკავშირეა და არა გამდგარი ამირისა. შესაძლებელია ილია ჭავჭავაძემ აქ გამოიყენა წინამორბედი ფაქტიც, როდესაც მეფე დიმიტრი აჰმად ყაენისა და მისი ძმისწულის არღუნის ბრძოლაში ქართული ლაშქრით აჰმადის მხარეზე გამოდიოდა, ე. ი. მართლაც, დამარცხებული ყაენის მომხრე იყო, როგორც ეს პოემაშია. მაგრამ ამ დროს დიმიტრის დასჯა არ მომხდარა, პირიქით, ბოლოს ის არღუნის მხარეზე დადგა და იმხანად მისგან წყალობაც მიიღო.
ამრიგად, ილიამ თუმცა ისტორიულად დადასტურებული კონფლიქტი აიღო პოემისათვის, მაგრამ, როგორც ეს მხატვრულ ნაწარმოებში ხშირად ხდება, დეტალები თავისი შეხედულებისამებრ შეცვალა და ისე ასახა, როგორც მეტ ზემოქმედებას მოახდენდა მკითხველზე.
ახალგაზრდა მწერლის გატაცება თავისი ქვეყნის წარსულით, მეზობელი ერის ისტორიული წყაროს თარგმნა და მოგვიანებით ამავე თემაზე პატრიოტული ნაწარმოების შექმნა იმის დასტურია, რომ თავიდანვე ქვეყნისა და ხალხის ბედით დაინტერესებული პოეტი გარდასულ დღეთა წიაღში არჩევდა ისეთ სახეებს, რომლებსაც საუკეთესო მაგალითებად წარმოუდგენდა თანამედროვე საზოგადოებას, აღანთებდა მას სამშობლოს სამსახურისათვის და გზას გაუკაფავდა უკეთესი მერმისისათვის ბრძოლაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий