вторник, 9 января 2018 г.

მუსტაფა ნაიმას (1655-1716) ცნობები საქართველოს შესახებ. გ. სააკაძის მოღვაწეობა და აღსასრული ოსმალეთში.

მუსტაფა ნაიმა XVII საუკუნის ოსმალური ისტორიოგრაფიის საუკეთესო წარმომადგენელი იყო. იგი დაიბადა ქალაქ ალეპოში, იანიჩარის ოჯახში. ყმაწვილობისას შევიდა სტამბულის სასახლის დაცვაში და აქ მიიღო მდივნის განათლება. შემდემ ადიოდა იმპერიის ფინანსური მართვის საფეხურებზე, თუმცა სასახლის ინტრიგების გამო 1715 წელს გაგზავნილ იქნა პროვინციულ ადმინისტრაციაში.
სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნისას ნაიმამ თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერნმა და და დაკვირვებულმა მწერალმა, რისთვისაც იგი 1699 წელს დაინიშნა ოსმალეთის ოფიციალურ ისტორიოგრაფად.. ვაკა- ნევისად. მის მთავარ შრომას წარმოადგენს რავზათ ულ-ჰუსეინ ფი ჰულასათ- აჰბარ-ულ ჰაფიკაინ („აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო ამბები ჰუსეინის ბაღებზე“), რომელზე მუშაობა დაასრულა 1704 წელს და მიძღვნილია ვეზირ ამკაზად ჰუსეინ ფაშასთვის. მასში აღწერილია 1591-1660 წლების მოვლენები.
   თავის ისტორიას მან საფუძვლად დაუდო ჰუსეინ ვეჯიბის, ქათიბ ჩელების, იბრაჰიმ ფეჩევისა და სხვათა თხზულებანი. ნაიმას „ისტორია“ ოსმალეთის ისტორიის მკვლევართათვის ერთ-ერთ საუკეთესო წყაროდ არის მიჩნეული, მას ახასიათებს სადა, დახვეწილი სტილი, ცოცხალი სახეები და ოსტატობა მსჯელობის დროს, რაც მის ისედაც საყურადღებო თხზულებას დიდ ღირსებას ჰმატებს და მტკიცე ადგილს უთმობს მას თურქულ ისტორიოგრაფიულ ძეგლთა შორის.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო ამბები ჰუსეინის ბაღებზე
1008 წლის (24.VII.1599-12.VII.1600) ამბები
ვანის ბეგლარ-ბეგის ჯაფარ ფაშას მიერ ქართველთა მმართველის სიმონის დატყვევება
საქართველოს მმართველნი საჩვენებლად ფირმანის მორჩილნი არიან, ფარულად კი აჯანყებაზე უჭირავთ თვალი. მათ შორის დაუნდობელი სიმონი უსაზღვრო ვერაგობით ანაზდეულად დაესხა თავს გორის ციხეს და საფუძვლიანად დაანგრია იგი. თავრიზისა და ვანის ბეგლარ-ბეგმა გულადმა ვეზირმა ჯაფარ ფაშამ ღვთის შემწეობით [სიმონი] დაატყვევა. გარდა ამისა, საქართველოს ბეგთაგან ალექსანდრე ხანს (იგულისხმება სიმონ მეფის ძმა) თავი მოჰკვეთა, მისი შვილები დაიჭირა და ზემოხსენებულ სიმონთან ერთად იმავე წლის რები ულ-ევველის თვეში (21.IX.-20.X.1599) ხონთქრის სასახლეში წარგზავნა. [სიმონი] იედი კულეს (შვიდ კოშკა) ციხეში ჩასვეს, შემდეგში მან ისლამი მიიღო. გარდაიცვალა სულთან აჰმედის - ღმერთმა აცხონოს - დროს. იედი კულეში პატიმრობისას ხსენებული სიმონის მიერ თქმული რუბა'ი:
გამანადგურა ბედმა, რომელსაც ვემდური,
ამისათვის დამცირება განვიცადე ხალხის თვალში,
თუმცა საქმე წამივიდა ძლიერ ცუდად (მძიმედ),
მადლობა გამჩენს, [რომ ახლა მდგომარეობა] შემიმსუბუქდა.
ჰექიმ ჩელების პასუხი:
ერთი გორის ციხის აღებისათვის შენ,
ახლა, უყურე, მეციხოვნე გახდი იედი კულეში.
1009 წლის (13.VII.1600-1.VII.1601) ამბები.
გასულ წელს აღწერილი ამბავი საქართველოს მმართველის - დატყვევებული სიმონის სტამბოლს ჩამოყვანისა და მისი იედიკულეში მოთავსების შესახებ ფეზლექეში ამა წლის ამბად არის მოტანილი.
1012 წლის (11.VI.1603-29.V.1604) ამბები.
ღაზი გირეი ხანის თათართა ლაშქრით მოსვლა
ყირიმის ფაშა ღაზი გირეი ხანი, რომელიც ბოლო დროს ლაშქრობებში აღარ მონაწილეობდა, იმის შიშით, რომ მისთვის ფაშობა არ ჩამოერთმიათ და მისი ძმებისათვის: სელამეთ გირეის, მეჰმედ გირეის ან შაჰინ გირეისათვის არ მიეცათ, თავისი ლაშქრით ბელგრადთან შეუერთდა დასავლეთის ლაშქრობაში დიდვეზირ ჰასან ფაშას.
უმეფობის დასაწყისი სპარსეთის საზღვარზე
ამ წელს შაჰ აბასმა დაიწყო შემოტევა ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ზოგიერთ ადგილზე. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოსმალთა მიერ დაპყრობილ ადგილებში მმართველებად დაინიშნენ მდაბიო ჯარისკაცები, რომელთაც ვერ შეიშნეს ეს და ერთმანეთზე თავდასხმები დაიწყეს. ასე მაგალითად მათ ძველთაგანვე დამორჩილებული ქურთების გამგებელი ღაზი ბეგიც შეავიწროვეს, რის გამოც ღაზი ბეგი აუჯანყდა ოსმალებს და შაჰს სთხოვა დახმარება.
1034 წლის (14.X.1624-2.X.1625) ამბები
ყიზილბაშთა ლაშქრის დამარცხება საქართველოში (მარაბდას ბრძოლა)
ძველი დროიდან საქართველოს მთავრები ოსმალთა დინასტიას ემორჩილებოდნენ. ამდენად, ისინი დაცული იყვნენ ყიზილბაშთა შემოსევებისაგან. ზოგიერთი მათგანი გაიძვერა შაჰის ვერაგობასა და ცბიერებას ყურადღებას არ აქცევდა და ყიზილბაშთა მიმართ მორჩილებითა და მოჩვენებითი მეგობრობით საიხლოვესა და კავშირს ამყარებდა. ამასობაში ბევრი კეთილნაშენი ადგილი აოხრდა. ყიზილბაშები მათ საქონელს იტაცებდნენ, ოჯახებს ატყვევებდნენ და, საერთოდ, დიდ ზიანს აყენებდნენ. შაჰის მტრობა და ავკაცობა თანდათან ძლიერდებოდა. ძაგემის მეფე თეიმურაზ ხანმა მათი საზიზღარი ზრახვები ვერ აიტანა, საქართველოში ასაოხრებლად მოსულ ხანებს რამდენჯერმე წინააღმდეგობა გაუწია და დაამარცხა. ამჯერად ქართლის მფლობელი მოურავ ხანი, გურიელი, დადიანი, აჩიკ-ბაში (იმერეთის მეფე) და არაგვის ერისთავი გაერთიანდნენ და საქართველოს სხვა ერისთავებთან შეთანხმებით საქართველოს დასაპყრობად მოსულ ყარჩიხა ხანისა და სრულიად ყიზილბაშთა ლაშქართან საბრძოლველად გამოვიდნენ. ზემოხსენებული მოურავი შაჰის ლაშქარში იყო, როგორც მისდამი დაქვემდებარებული პირი. ოცდაათ ათასამდე ყიზილბაში და სახელოვანი ხანები ყარჩიხა ხანს შეუერთდნენ, მათთან ერთად საქართველოს ასაოხრებლად მოურავ ხანიც გამოგზავნეს. ეს უკანასკნელი თეიმურაზ ხანს საიდუმლოდ დაუკავშირდა და შეუთანხმდა: როდესაც ყიზილბაშთა ლაშქარი მიაღწევს საქართველოში შემავალ ვიწრო ხეობას, მზად იყავით და განსაზღვრულ დროს თავს დავესხათო, თვითონ კი თავისი ხელქვეითებით უკან ჩამორჩა. ყიზილბაშთა ლაშქარი ამ ხეობაში შემოვიდა და უდარდელად დაბანაკდა. ყველა განცხრომას მიეცა: ზოგს ეძინა და ისვენებდა, ზოგი კიდევ პურს ჭამდა.
სწორედ ამ დროს მთებში გამოჩნდა ქართველთა ლაშქარი. მოურავი ყარჩიხა ხანს მივარდა და უთხრა: რას გაჩერებულხარ ხანო, ჯარიც გაფრთხილდეს, ამხედრდეს და მზად იყოსო. შემდეგ ხანი ცხენზე შესვა და მიმართა: აბა, ნახე როგორია ქართველების გაწყვეტა, შე წყეულო ყიზილბაშო, თავისი შუბი ყარჩიხა ხანს იღლიის ქვეშ აძგერა ისე, რომ შუბი მეორე მხარეს გამოვიდა. ჰე, შე გიაურო, არამი იყოს შენზე შაჰის პური! - წამოიძახა ყარჩიხა ხანმა და ცხენიდან ჩამოვარდა. ყარჩიხა ხანის შვილმა ეს რომ დაინახა - ჰეი, ეს რა ქენი შე შაჰის მტეროო - შესძახა და მოურავს შეუტია. მოურავმა ხმალი მოიქნია და მასაც თავი და ცალი მკლავი გააგდებინა. ყიზილბაშთა ლაშქარი აირია. სხვა ხანები ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა და სანამ ასე გაოგნებული იყვნენ, ქართველთა ბეგებიც მოცვივდნენ და იმდენი დახოცეს, რომ ოცდაათი ათასი ყიზილბაშიდან სამი ათასმა ყიზილბაშმა ძლივს უშველა თავს. ისინი მისცვივდნენ ცხენებს და შაჰის ლაშქარს მიაშურეს.
ქართველი ვაჟკაცები, გამარჯვებით გამხნევებულნი, უკან დაედევნენ მტერს, ყარაბახის საზღვრამდე სდიეს და კიდევ ბევრი ყიზილბაშის თავი გააგორეს მიწაზე. ბრძოლა განთიადიდან საღამომდე შეუსვენებლივ გრძელდებოდა. რამდენიმე ათასი ყიზილბაში ხმლით აკუწეს. თვითონ ყარჩიხა ხანს, მის შვილს, ამირგუნე ხანს, მაჰმუდ ხანს, კაზღან ხანის შვილს, შირვანის ხანს - იუსუფს, სულეიმან ხანს და ათ სულთანს თავი მოაჭრეს, მოჭრილი თავები შეახვიეს, დროშებთან, ბუკებსა და დოლებთან ექვსი-შვიდი ათასი თავი და ოცამდე მოენე ტყვე სარდალს გაუგზავნეს.
მოურავის შვილი საქართველოს ზოგიერთ წარჩინებულთან ერთად რამაზანის 21- (1625 წლის 27 ივნისი) დღეს სულთნის სამხედრო ბანაკში მოვიდადახოცილთა თავები ჯოხებზე წამოაცვესბუკებით, დოლებით და მტრის უკუღმა შებრუნებული დროშებით სარდლის კარვის წინ გაიარეს და შემდეგ ამასიის ბეგის მეჰმედის თანხლებით მოკლულთა თავები სტამბოლს გაგზავნეს.
ჯარის გაგზავნა საქართველოსაკენ
მოურავის წერილსა და არზაში ნათქვამი იყო: უკეთუ ისლამის ლაშქარი ამ მხარისაკენ გაემართება, ხელსაყრელი შემთხვევაა, მთლიანად განჯის, ყარაბაღისა და შირვანის მოსახლეობა ჩვენ დაგვიჭერს მხარს და დაგვემორჩილება, არდებილის მხარესაც დავიკავებთ. ეს ადგილები მდიდარია პროვიანტითა და საჭურვლით. ამ მხრივ სიძნელეები არ შეიქმნება. ყიზილბაშთა ქვეყანას დიდ ზიანს მივაყენებთ. ბევრი კარგი საქმე გაკეთდება. გარდა ამისა, მისმა კაცებმა სიტყვიერადაც მოახსენეს სასულთნოს და დაბეჯითებით სთხოვეს ირანს გალაშქრება, მაგრამ რადგანაც ჰაფიზ ფაშას დავალებული ჰქონდა ბაღდადზე გალაშქრება, ამიტომ აქეთკენ გალაშქრებაზე უარი თქვა.
მარჯვენა და მარცხენა ბოლუქებიდან ორი ათასამდე ყულის შვილები ჩაწერეს და შეადგინეს ჯარი მათ აღაებთან ერთად. სერასქერად დანიშნეს ბათუმის ბეგლარ-ბეგი ომერ ფაშა. ზემოხსენებულ სარდალთან გაიგზავნენ, აგრეთვე, რამდენიმე იანიჩარი და ყულის შვილები. გარდა ანისა, მომიჯნავე საზღვარზე მობინადრე ბეგებს წერილპბით ებრძანათ, რომ საქართველოს მთავრებთან კავშირი დაემყარებინათ და, როდესაც სარდალი იქ მოვიდოდა, ყიზილბაშთა ქვეყანა გაენადგურებინათ და აეოხრებინათ.
კაითაკის მფლობელის ისმი ხანის სახელზეც გაგზავნეს წერილი, რომელშიც ეწერა: ჯართან ერთად მზად იყავით, რათა იქიდან თავს დაესხათ ყიზილბაშთა ქვეყანასო. მაგრამ ამ წელს იმ რაიონში რაიმე მნიშვნელოვანი, კარგი საქმე არ გაკეთებულა. ფეჩევი ამბობს, რომ მოურავის კაცები ჰაფიზ ფაშასთან მოვიდნენ და ითხოვეს დადებითი პასუხი. ჩვენმა ბედნიერმა ფადიშაჰმა ბაღდადის აღება დაგვავალა, ხოლო საქართველოსა და შირვანის ქვეყანაში ლაშქრობა არ გვაქვს ნაბრძანებიო. მე ძალიან დაბეჯითებით ველაპარაკე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მე არ მგონია, რომ ამ საქმემ სასურველი შედეგი გამოიღოსო. არ არის მიზანშეწონილი, რომ გაურკვეველ საქმეზე დრო დავკარგოთ, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი საქმე უკან მოვიტოვოთ. განა ჩვენი ძველი სულთნები და ვეზირები წინასწარ იყვნენ დარწმუნებული ომის მოგებაში, წარმატებაში? მხედართმთავრისთვის საჭიროა გამარჯვებისადმი მისწრაფება და ალაჰისადმი მინდობა. განა თქვენ დანამდვილებით იცით, რომ ბაღდადში გამგზავრებით, მისი აღებით მიზანს მიაღწევთ-მეთქი - ვუთხარი. მან თქვა: მაღალმა ალაჰმა ინებოს, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, შეიძლება ეჭვი არც ვიქონიოთო. შემდეგ, როდესაც მე იანიჩართა აღა ხუსრევ აღასთან მივედი და ეს ვუთხარი, მან მიპასუხა: რადგანაც ჩვენ ხელქვეითები ვართ, ჩვენი საქმეა მორჩილება. ჩვენ ამჯერად ნაბრძანები გვაქვს ავასრულოთ სარდლის ბრძანებაო.
მაგრამ კაცმა რომ თქვას, ხუსრევ აღას არ უნდოდა ჰაფიზის გამარჯვება, ამიტომ მან არ მოინდომა აქეთკენ გამომგზავრება. შაჰ აბასის შაჰობის შემდეგ მისგან ჰაფიზ ფაშას ბევრი უსიამოვნება შეხვდა. საქართველოს მიმართულებით ეს ლაშქრობა რომ ჩატარებულიყო, მოსალოდნელი იყო დიდი გამარჯვება. მაგრამ ქათიბ ჩელები თავის ფეზლექეში ამბობს, რომ ჰაფიზ ფაშამ ფეჩევის არ დაუჯერა და იმ მხარეში ლაშქრობის ცდა უშედეგოდ დამთავრდა. განა შაჰი ვილაიეთის აოხრებით ბაღდადს დათმობდა? რაკი ბაღდადის აღება დავალებული ჰქონდა, ამ დროს სხვა ქვეყანაში წასვლა და წარუმატებლობა უფრო საბედისწერო არ იქნებოდა? ძველ დროს სულთან სულეიმანიც ჩავიდა ნახიჩევანში და ამის შედეგები ისტორიაში ცნობილია. თუმცა ჰაფიზ ფაშას ბაღდადში გამგზავრებით არაფერი გაკეთებულა, მაგრამ ჯარმა გამოცდილება შეიძინა. ისიც გაირკვა, რომ ბაღდადის აღება არც ისე ადვილი საქმეა.
საქართველოსა და ყიზილბაშთა ამბები
მემატიანე ამ შემთხვევას ასე აგვიწერს: სულთან აჰმედ ხანის დროს საქართველოს მეფეთა შთამომავალი, სილამაზით განთქმული, საყვარელი და იშვიათი სიმამაცის კაცი, თავისი კეთილშობილებით ცნობილი თეიმურაზი იმ ქვეყანაში თავისი გარეგნობითა და წარმოსადეგობით დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გამხდარიყო. როდესაც შაჰ აბასმა გაიგო მისი ესოდენი სიმშვენიერე, მიაღწია იმას, რომ გადმოებირებინა იგი და თავის სამსახურში ჩაეყენებინა. როცა თეიმურაზი სრულწლოვანი გახდა, ხანის წოდებით საქართველოს სატახტო ქალაქ ზაგემში გაგზავნეს. შემდეგ თეიმურაზმა ირანის შაჰს წინააღმდეგობა გაუწია და ვანის ბეგლარ-ბეგ თურქჩე ბილმეზ ჰუსეინ ფაშას დახმარება სთხოვა. ჯერ კიდევ დამხმარე ძალების მოსვლამდე საქართველოს ჯარი სასწრაფოდ დაიძრა, ყიზილბაშებს შეეჯახა, ბევრი დახოცა და დიდი ზარალი მიაყენა.
შაჰ აბასმა საქართველოს ერთ-ერთი ბეგი - მოურავ ბეგი - გაიერთგულა და მისი საშუალებით თეიმურაზ ხანზე შურის საძიებლად საქართველოსკენ ლაშქარი დაძრა. თეიმურაზი იმერეთში გაიქცა. ირანის შაჰმა საქართველო ააოხრა, ადგილები, სოფლები და განსაკუთრებით, ქართველთა სამეფო ქალაქი ძაგემი დაარბია და გადაწვა. როდესაც ირანელთა ლაშქარი დაბრუნდა, შაჰ აბასმა თავისი ხელქვეითთაგანი, ვინმე ფეიქარ სულთანი, საქართველოში ხანად დანიშნა და ქვეყნის აღდგენა და სამართლიანობის დამყარება დაავალა. რადგანაც ძაგემი აოხრებული იყო, ფეიქარ სულთანმა მდ. კანიკის ნაპირას ქალაქი ქალხიზი აღადგინა გაამაგრა და იქ გაჩერდა.
ფეიქარ ხანი დიდ სამართლიანობას იჩენდა და ასე გამოაცხადა: შაჰის სურვილია, რომ ყველამ თავისი სახლი გაიკეთოს, ყანა დაამუშაოს და თავის საქმეს შეუდგესო. ვისაც თესლი არა აქვს, ხაზინიდან მიეცეს სესხად და სამი წლით ყველა სახელმწიფო გადასახადიდან გათავისუფლდესო. ამ პირობამ მიიზიდა მთასა და ველში გაბნეული ქართველი გლეხობა და დაიწყო მოშენება. ქვეყანა გაშენდა. ყიზილბაშთა შიშით დამალული და გაქცეული ქართველები გამოჩნდნენ და ზარალის გამოსწორება დაიწყეს. ყველა ფეიქარ სულთანს დაემორჩილა, მაგრამ ფეიქარ სულთანი ქართველების სიმრავლემ საგონებელში ჩააგდო. მან შაჰს აცნობა: ქართველები ისევ მომრავლდნენ და ლაშქრობის შემთხვევაში ათი ათასი ხმლიანი ქართველი შეიძლება მოგროვდესო. ამაზე თქვენი ბრძანება როგორი იქნებაო? შაჰმაც ზემოხსენებული კორუჯი-ბაში, ყარჩიხა-ხანი და რამდენიმე ათასი ყიზილბაში მოურავ ბეგის თანხლებით საქართველოში გააგზავნა ვითომდა ჯარების შესამოწმებლად. სხვების დასანახად ყარჩიხა ხანს უბრძანა, რომ მოურავთან თათბირის გარეშე არც ერთი საქმე არ დაეწყო, და გააფრთხილა, რომ ელოდოს მისგან საიდუმლო წერილსა და ბრძანებას და იმოქმედოს იმის შესაბამისად. ყარჩიხა ხანი და მოურავ ბეგი საქართველოში ჩამოვიდნენ და გამოსცეს ბრძანება, რომ ფეიქარ სულთნის მორჩილებით შაჰთან კეთილად განწყობილი მოქალაქეები ამა და ამ ადგილას გამოცხადდნენ, რათა ჩატარდეს შემოწმება და გაიცეს საბოძვარიო.
თორმეტი ათასი ქართველი შეგროვდა და დანიშნული ადგილისაკენ გაემართა. საიდუმლო ბარათში შაჰი წერდა: შენ რომ კორუჯი-ბაში ხარ, გმართებს დათვალიერების მიზნით შეგროვილი ქართველები მთლიანად ამოხოცო. მოურავიც არ გაუშვა ცოცხალი, რაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა მოკლა. წერილი შიკრიკს გაატანა და თან გააფრთხილა, რომ წერილი მოურავისთვის არ ეჩვენებინა და ყარჩიხა ხანისათვის მიეცა. მაგრამ მოხდა გაუგებრობა - შიკრიკმა იმ საიდუმლო შეთანხმებაზე არაფერი იცოდა და შაჰის ბრძანება უკუღმა გაიგო - წერილი მისცა მოურავ ბეგს და არა კორუჯი-ბაშის. როდესაც მოურავმა ეს წერილი წაიკითხა და ვითარებას გაეცნო, დასათვალიერებლად მომზადებულ თორმეტ ათას ქართველს ყველაფერი შეატყობინა. ქართველებს ასეთი რამე ვერ წარმოედგინათ და არც დაიჯერეს. მოურავი, როცა დაინახა, რომ ქართველებს ვერ დააჯერებდა, გაყუჩდა, ვნახოთ რა მოხდებაო. მან ჯარი შემოიკრიბა და ყარჩიხა ხანის ზურგს უკან ფრთხილად და ფხიზლად იყო. შემთხვევით ფეიქარ სულთანმაც ქართველები შეკრიბა დასათვალიერებლად. ისინი მთის ხეობიდან ველზე გამოვიდნენ. ყიზილბაშები მზად იყვნენ. ხეობიდან გამოსული ქართველები ხმლით აკუწეს. ამგვარად დახოცეს ოთხასამდე ქართველი. რამდენიმე ჩამორჩენილი უკან გამოიქცა. ეს ამბავი რომ მოიტანეს, ქართველები მოურავის სიმართლეში დარწმუნდნენ, შეწუხდნენ, თურმე ფეიქარ სულთანი და ყარჩიხა ხანი შეთქმულან. მაშინ მოურავი საიდუმლოდ ქართველ მეომრებს შეუთანხმდა, რომ დილით ყიზილბაშებს თავს დაესხმოდნენ და ამოხოცავდნენ.
ქართველი მეომრები მოემზადნენ და დილაადრიან მოურავთან შეგროვდნენ. მოურავიც ამხედრდა, აიღო შუბი და მივარდა ყარჩიხა ხანის კარავს. ხანო, რას გაჩერებულხარ, თეიმურაზი მოვიდა, თავს დაგვესხაო. ყარჩიხა ხანი კარავიდან გამოვიდა და, როგორც კი ცხენზე შეჯდა, მოურავმა მას გვერდში შუბი აძგერა და მოკლა. როგორც ეს ზემოთ ვთქვით, წყეულმა ყარჩიხა ხანმა აქ იზღო სამაგიერო იმისა, რაც მან არდებილის ლაშქრობაში მაჰმადის ჯამაათს უყო.
ამრიგად, ამდენი ხანი და ათასობით ყიზილბაში ამოხოცეს. ამის შემდეგ მოურავმა დამოუკიდებლობისა და საქართველოს შაჰობის პრეტენზია გამოაცხადა. მან ფული მოაჭრევინა თავის სახელზე ასეთი წარწერით: მონა სიწმინდისა მეფისა მოურავ შაჰი [საოცარია, რომ ისლამის აღიარებამდე მან რაფაზილიკთა სექტის სარწმუნოება მიიღო].
როდესაც ირანის შაჰმა ეს ამბავი გაიგო, კორუჯი-ბაშად დანიშნა ისჰაკ ხანი, ამირგუნე ხანთან ერთად რამდენიმე ათასი ურჯულო სისხლისმსმელი აახლა და მოურავის წინააღმდეგ გამოაგზავნა. მოურავმაც შაჰის ამ ურდოს წინააღმდეგობა გაუწია და ბრძოლაში ამირგუნე შუბით დაჭრა მკლავში. ამირგუნე ცხენიდან რომ გადმოვარდა, თავის მოსაკვეთად ოთხი ქართველი აზნაური ეკვეთა. ამირგუნეს მირახორი ახალგაზრდა მეომარი იმ ოთხ აზნაურს შეებრძოლა, ერთი მოკლა და სამი დაჭრა. ამირგუნე ხანს ხელი გაუყარა, ცხენზე შესვა და იხსნა. მაგრამ თავის ქვეყანაში რომ ჩავიდა, ამირგუნე ხანი იმ ჭრილობიდან მაინც ვერ განიკურნა და მოკვდა. ამ ბრძოლაშიც ყიზილბაშის ჯარმა დიდი ზარალი განიცადა და მთავარსარდალთან ერთად მხოლოდ ცოტამ თუ უშველა თავს. ამის შემდეგ მოურავი ბარდას ქვეყანას შეესია და ააოხრა, ქალაქი განჯა ცეცხლს მისცა და საქართველოსკენ იბრუნა პირი.
ყიზილბაშის შიშით თეიმურაზი თურმე გაქცეულიყო და ყარსის მიდამოებში დაძრწოდა. ახლა მან მიიღო ცნობა მოურავის მეოხებით ქართველების გამარჯვების შესახებ. მან იცოდა, რომ მოურავი მეფეთა ჩამომავალი არ იყო, ამდენად მეფობა მისთვის არ იყო შესაფერისი. თეიმურაზმა შეკრიბა ხელქვეითები, თავისი სატახტო ქალაქი ძაგემი აღადგინა და სამეფო ტახტზე დაჯდა. ეს რომ ქართველებმა გაიგეს, პატივი სცეს და მას მიემხრნენ, როგორც მეფის მემკვიდრეს. მასთან მივიდნენ ჯგუფ-ჯგუფად. შორსმჭვრეტელმა მოურავმა ყიზილბაშთა ნადავლიდან რამდენიმე ცხენი და ძვირფასი ნივთები თეიმურაზს გაუგზავნა და ძღვნად მიართვა, წერილით მორჩილება გამოუცხადა. ამავე დროს მან ისიც გაითვალისწინა, რომ თეიმურაზი არ აპატიებდა და მოჩვენებით თეიმურაზ ხანს დაუტკბა. ცოტა ხნის შემდეგ თავისი წარჩინებულებითა და ხელქვეით აზნაურთა ჯგუფით რუმის ქვეყანაში გაიქცა და ოსმალთა სახელმწიფოს შეაფარა თავი. მან განიზრახა სარდალ ჰაფიზ აჰმედ ფაშას იმ ქვეყანაში [საქართველოში] წაყვანა.
1035 წლის (3.X.1625-21.IX.1626) ამბები
მუჰარემის თვეში (3.X.-1.XI.1625) ქართველები ყიზილბაშთა მოჭრილი თავებით მოვიდნენ და უზენაესის კარზე დაყარეს.
გურჯი მეჰმედ ფაშას სიკვდილით დასჯა დედაქალაქში
გურჯი მეჰმედ ფაშა ბედნიერების დედაქალაქს კაიმამაკამობისას დიდხანს სრული დამოუკიდებლობით, სიძლიერითა და დიდებით მართავდა. მან დიდი მზრუნველობა გამოიჩინა ფულის განახლების საქმეში. ზილ-კაადეს თვეში (25.VII-24.VIII.1626) რეჯებ ფაშას მოძალადეებმა იგი წააქეზეს. მათ სიფაჰიებისა და იანიჩართა რაზმები შეკრიბეს და, რადგან კაიმამაკამ გურჯი მეჰმედ ფაშამ ბაღდადის ლაშქრობას დახმარება არ გაუწიაო, მისი მოკვლა მოითხოვეს. ამის შესაბამისი ფირმანი გამოვიდა. უმწეო მეჰმედ ფაშა სასახლეში ჩამოხრჩობით იმქვეყნად გაიგზავნა.
ზემოხსენებული გურჯი მეჰმედ ფაშა იყო საჭურისი, გონიერი, მტკიცე ნების, ღირსეული ვეზირი. იგი დაკრძალეს კეთილნაშენ წმინდა აიუბში მის მიერ აშენებულ აკლდამაში. განსვენებულის ნაცვლად კაიმამაკამი გახდა კაფუდან რეჯებ ფაშა. ბედნიერების კარის აღა კოჯა ალ-ჰაჯ მუსტაფა აღა სირაჯობიდან გათავისუფლდა და სასახლის სამზარეულოს გამგე გახდა. შემდეგ, რადგანაც იმ დროს ჩაუშ-ბაში ჰასან აღა მირახორი გახდა, რეჯებ ფაშა მის ადგილზე კაფუდანად დანიშვნით გაბედნიერდა. სულთან აჰმედ ხანის ქალიშვილი, ბედნიერების ვარსკვლავი აიშე სულთანი, ზემოხსენებულ კაფუდან ჰასან ფაშაზე დააქორწინეს.
1039 წლის (21.VIII.1629-9.VIII.1630) ამბები
მოურავ ბეგის თავგადასავალი კონიის მოსახლეობასთან
მემატიანე მოგვითხრობს, რომ უკვე იყო ლაპარაკი საქართველოს სანჯაყის1 ემირის მოურავ ბეგის ყარჩიხა ხანთან2 შებრძოლებისა და იმ გმირობის შესახებ, რომელიც მან რამდენიმე ათასი ყიზილბაშის გაჟლეტაში გამოიჩინა. არზრუმში გალაშქრების წელს მოურავმა სარდალს მორჩილება გამოუცხადა და არზრუმის დაპყრობასაც დაესწრო3. როცა მოურავი სტამბოლს ჩამოვიდა4, მას ოსმანთა დინასტიის წინაშე დიდ დამსახურებად ჩაუთვალეს ყიზილბაშთა განადგურება, მაჰმადიანობა მიიღო, სახელად მეჰმედი დაირქვა და სათანადო პატივის მიღების შემდეგ, მას ყარამანიის ვილაიეთი5 ებოძა. მოურავი ჭეშმარიტად გულადი, გონიერი, ტანით სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი და დევის ღონისა იყო, მაგრამ მართვა-გამგეობის საკითხებში უმეცარი და, ბუნებრივია, მიდრეკილებას იჩენდა მჩაგვრელობისა და ძალმომრეობისადმი6. ამ დროს ერთმა გონებამახვილმა ლექსი გამოუთქვა, რომელშიც პირველი პირით გადმოცემულია მოურავის ერთ-ერთი ინტიმური საუბარი. მელექსემ ამ ლექსით გამოამჟღავნა იმათი შური და შეურაცხყოფა, ვინც გულგრილი არ იყო მოურავისათვის ვილაიეთის ბოძებით.
ლექსი
ვსვამ ღვინოს, ვჭამ ფლავს,
ამის გამო მე ჩემის გარეგნობით ხარს დავემსგავსე
მე არც ცეცხთაყვანისმცემელი ვარ, არც მუსლიმი, არც იუდეველი
მირ-მირანი (=ბეგლარბეგს) ვარ ყარამანისა - მოურავი.
მან (მოურავმა) ერთი თავისი ხელქვეითი, ვინმე უსამართლო ხუცესი, მუთესელიმად7 დააყენა და აზნაურთა ერთი ჯგუფით კონიაში გააგზავნა. მისი ხელქვეითები, უპირატესად სპარსულ ყაიდაზე, ფერად მანდილს იხვევდნენ თავზე. ოსმალურ ზნე-ჩვეულებათა უცოდინარი ქართველების ეს ბრბო დაერია ხალხს და იწყო ქონების დატაცება და დიდკაცთა შეჭირვება. ზოგჯერ ქალიშვილს თმას გადაპარსავდნენ, უწვერ-ულვაშო ვაჟივით შესვამდნენ ცხენზე და ასე დაატარებდნენმდგომარეობა  აუტანელი შეიქმნა. ქალაქ კონიის შეუპოვართა და დაუცხრომელთა სათავეში იყო ვინმე იბრაჰიმ ჩელები, რომელსაც აკკაშ ემირ-ოღლუს ეძახდნენ. იგი, ცნობილი თავისი ბრაზიანობით და კადნიერებით, კეთილ სეიიდთაგანი8 იყო და ნაკიბის9 მოადგილის თანამდებობა ეჭირა. და როცა მოურავის დანიშნული მუთესელიმი კონიის ველზე იყო დაბანაკებული, მან (იბრაჰიმ ჩელებიმ) შეკრიბა მუსლიმანთა ბრბო, მოიკრიფა ძალ-ღონე და თავს დაესხა ქართველთა ბანაკს. ამ სეიიდმა იბრაჰიმმა მუთესელიმს წაავლო ხელი კისერში, გარეთ გამოაგდო, შემდეგ წაიყვანა და კონიის ციხეში დაამწყვდია. სხვა ქართველებმა, როცა ეს ამბავი გაიგეს, დაიფანტნენ. შემდეგ, როცა ქართველებს ეს ზიანი მიაყენეს, სეიიდ იბრაჰიმის რჩევით, კონიის მცხოვრებლები შეიკრიბნენ და იჩივლეს მოურავ ბეგის ხელქვეით ქართველთა და მუთასელიმის მიერ ჩადენილი უსამართლობის, სიმკაცრის, ქალაქში მომხდარი გაუპატიურებისა და ძალმომრეობის შესახებ. ვილაიეთის ყადისაგან10 მიიღეს ნებართვა და სეიიდების, ულემათა11 და სხვა შეჭირვებული წარმომადგენლებისაგან შემდგარ მომჩივანთა მთელი ჯგუფი თხოვნა-საჩივრით პირდაპირ დიდვეზირ ხუსრევ ფაშასთან გაემგზავრა. მათ დიდ-ვეზირს12 პეტიცია გადასცეს და კვნესითა და ოხვრით შესჩივლეს. ამრიგად სარდალმა დიდ-ვეზირმა გაიგო პეტიციაში აღწერილ მიმძლავრებასთან დაკავშირებული ამბები და ქართველთაგან ჩადენილ უმსგავსოებათა და უწესოებათა შესახებ ყველაფერი, რაც მომჩივნების მიერ იყო გადმოცემული. მართლაც, ბევრი უსამართლობა და სიავე, რომელზედაც ხმები დადიოდა, დადასტურდა. მოურავს შეეშინდა და გაიქცა. მის დასადევნებლად იმ მხარეში გაიგზავნა ანატოლიის ბეგლარ-ბეგი, რომელიც ხსენებული13 თვის რვაში გაემგზავრა ერეგლიში14. მოურავთანვე გასაგზავნად დაინიშნა ნიგდეს15 სანჯაყ-ბეგიც. საფარის პირველში (1629 . 20 სექტემბერი) ჰალაბს მივიდნენ და გოქმეიდანში16 დაბანაკდნენ.
შენიშვნები
1. სანჯაყი=ქართულ სადროშოს. ვილაიეთი 3-5 სანჯაყად იყოფოდა.
2. შაჰ აბასის მიერ საქართველოში გაგზავნილი ლაშქრის სარდალი.
3. აყანჯებულ აბაზა ფაშას წინააღმდეგ არზრუმში გალაშქრება ორჯერ მოხდა. ერთი დიდ-ვეზირ ხალილ ფაშას სარდლობით (იგი მეორედ დიდ ვეზირად 1626 წ. დეკემბერში დაინიშნა). ეს გალაშქრება უშედეგოდ დამთავრდა და 1627 წლის 25 ნოემბერს ხალილ ფაშა უკან დაბრუნდა. მეორე გალაშქრება არზრუმს ხუსრევ ფაშას სარდლობით მოხდა (იგი დიდ ვეზირად 1628 წ. ივნისში დაინიშნა) და მეორეჯერ არზრუმს ალყა 1628 წლის 5 ნოემბერს შემოარტყეს, რომლის შედეგად აბაზა ფაშა დანებდა. მოურავს ორსავე ამ ლაშქრობაში თვალსაჩინო მონაწილეობა მიუღია. მოურავი ოსმალეთში გადასულა არზრუმში პირველი გალაშქრების წელს, ე.ი. დაახლ. 1627 წლის ზაფხულში, ხალილ ფაშას დიდ-ვეზირადა და სარდლად ყოფნის დროს, როგორც ეს აქ მოყვანილ მეორე ცნობაშია აღნიშნული.
4. მოურავის სტამულს ჩასვლა არზრუმში მეორე გალაშქრების შემდეგ, ე.ი. 1628 წლის ოქტომბერ-ნოემბერში უნდა ვივარაუდოთ.
5. დღეისათვის ყარამანისა და კონიის ილები ცალკე პროვინციებად იყოფიან და მდებარეობენ ცენტრალურ თურქეთში. ადრე კი ისინი გაერთიანებულნი იყვნენ და ქმნიდნენ უდიდეს ვილაიეთს, რომლის სამცხრეთ საზღვარი ხმელთა შუა ზღვ ას აღწევდა. სახელად მას ხან ყარამანს (Karaman), ხანაც კონიას უწოდებდნენ. ყარამანის ილი კონიის სამხრეთით, კონიისა და მერსინის ილებს შორის მდებარეობს.
6. დიდი მოურავი თურქულ საისტორიო მწერლობაში სხვადასხვა ტიტულით მოიხსენიება: მელიქ-მოურავი, მოურავ-ხანი, ემირი, მოურავ-ბეგი. მ. სურეიიას მიერ შედგენილ ოსმალეთის დიდ მოღვაწეთა ბიოგრაფიულ კრებულში მოურავი ფაშად იხსენიება. მოკლე ცნობა ამ წიგნიდან : „მეჰმედ ფაშა. მოურავი ქართველია. სპარსელებთან ომებში გმირობა გამოიჩინა. არზრუმის ლაშქრობაში სარდალთა (ე.ი. ოსმალთა ლაშქრის) მოვიდა, მორჩილება გამოუცხადა და შეუერთდა მას. სტამბოლს გაიგზავნა, სადაც იქ მოიქცა და მეჰმედი დაერქვა. მიენიჭა კაფუჯი-ბაშის წოდება (საპატიო ტიტული, რომელსაც სახელმწიფო მოღვაწეებს ანიჭებდნენ) და გაემგზავრა სამეფო ჯარში. იქიდან კი გახდა კონიის ბეგლარ-ბეგი. გარდაიცვალა შვილთან ერთად. საშუალო ტანისა, თეთრწვეროსანი, მეტად გულოვანი კაცი.
7. მუთესელიმი იყო ვილაიეთის მმართველის - ვალის მოადგილე და პოლიტიკურ საკიტხებთან ერთად მაგ. ხელმზღვანელობდა გადასახადის განაწილებასა და შეგროვებას ვილაიეთში.
8. სეიიდი იყო „წინასწარმეტყველის ჩამომავალი“, მოსახლეობის ყველაზე მოწინავე და საპატიო პირი.
9. ნაკიბი - ტომის სათავეში მყოფი, წინამძღვარი, სეიიდების მეთაური, საერთოდ უხუცესი დერვიში, რომელიც შეიხს შეცვლის ხოლმე ლოცვის დროს.
10. ყადი - სასულიერო მოსამართლე.
11. ულემა - მუსლიმი რჯულის მცოდნე, მუსლიმანური კანონების მცოდნე.
12. მეორე ნაირად აზან-ვეზირი.
13. აქ როგორც ჩანს ჰიჯრის 1039 წლის მუჰარემის რვა იგულისხმება, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 1629 წლის 28 აგვისტოს უდრის.
14. ერეგლი ქალაქი კონიის ილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ყარამანისა და ნიღდეს ილებს შორის. XV ს-მდე ყარამანიანთა სამთავროში სედიოდა, შემდეგ კი ერთად შეუერთდნენ კონიას.
15. ნიღდე ძველად კონიაში შედიოდა სანჯაყად და სანჯაყის ცენტრი იყო. დღეს ნიღდე ცალკე ილია კონიის აღმოსავლეთით.
16. გოქმეიდანი მდებარეობდა ალეპოს სანახებში.
ხუსრევ ფაშას1 მიერ მოურავის მუხანათურად მოკვლა
ქათიბ ჩელები2 ამბობს, რომ ზემოხსენებულმა მოურავმა წინათ ყარჩიხა ხანი დაარბია და უამრავი ყიზილბაშთა ლაშქარი გაწყვიტა. დაეყრდნო რა მის მიერ ოსმალთა სახელმწიფოსათვის გაწეულ ამ დიდ სამსახურს, იგი მოვიდა სარდალ ხალილ ფაშასთან და თავისი სჯულიდან მოიქცა. მაგრამ საქართველოს მმართველობის საქმეებში გაჩვეული მოურავი მაჰმადიანურ სახელმწიფო ვითარებაში კომპეტენტური არ აღმოჩნდა და მის სამმართველოში წესრიგის დამყარების საქმეში მზრუნველობა ვერ გამოიჩინა. ყარამანში3 მას მიეტმასნა ზოგნი ბოროტმოქმედი პირნი, რომლებიც მძლავრობასა და უწესრიგობას სჩადიოდნენ, სახელი კი მისი იყო. ამის გამო მომჩივნები დიდ-ვეზირს ეახლნენ. მეგობრებმა მოურავს უთხრეს, რომ ხუსრევ ფაშა მოსისხარი ვეზირია, შეიძლება შენ გაგიმეტოს კიდევაცო. მოურავი საგონებელში ჩააგდეს და წააქეზეს რომელიმე მიმართულებით გაქცეულიყო. ვინაიდან მოურავი ამ ქვეყნის სულისკვეთებას არ იცნობდა, ასე მსჯელობდა: საქართველოში ლტოლვილი სასურველ ადგილს რომ მოაღწევს, მას მფარველობას გაუწევენ, გამოექომაგებიან და მოსალოდნელ ხიფათს გადაარჩენენ, ასევე ამ ქვეყანაშიც შესაძლებელი იქნება თავის შველაო. რადგან არ იცნობდა არც გზა-კვალს, არც ადგილებსა და ხეობებს, ის მალათიისაკენ4 გაემართა. ზორ ფაშა5, რომელსაც დაევალა მოურავის დაჭერა, უკან დაედევნა და მიეწია. მან ჯერ ცბიერებით კაცი გაუგზავნა და აცნობა თავისი აზრი, რომ გაქცევით თავის შველა უაზრო იყო და ვერც წინააღმდეგობის გაწევა იქნებოდა შესაძლებელი. უმწეო მოურავმა გაიგო, რომ წინააღმდეგობის გაწევა უსარგებლო იყო და უნებლიეთ დამორჩილდა. თვითონ მოურავს, მის შვილსა და ხელქვეითებს ბორკილები დაადეს და საფარის მე-14 დღეს (1629 წ. 3 ოქტომბერი) ჰალაბს (ალეპო) მიიყვანეს. ამ დროს დიდ-ვეზირმა თავისი კარვის ფარდა გახსნა და სკამზე დაჯდა. მოურავი სპეტაკწვერიანი და საშუალო ტანისა იყო. ხელშებორკილი და ყვითელხალათჩაცმული ცხენზე დაესვათ. დიდ-ვეზირმა ბრძანება გასცა თავი მოეკვეთათ მოურავის შვილისა და მასთან მყოფი 40-50 მისი ხელქვეითისათვის. ჯერ მოურავის, მერე მისი შვილისა და შემდეგ დანარჩენი მისი ხელქვეითების თავები მიწაზე გააგორეს. ხუსრევ ფაშა სისხლისმოყვარული და მუხანათი კაცი იყო. მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის დაღვრა ეწადა, მან ხონთქრისათვის შეუტყობინებლად, ვითომდა მოურავი საქართველოში წავაო, მოკლა ასეთი გმირი მოხუცი, რომელსაც ესოდენ დიდი დამსახურება ჰქონდა, რომელმაც თავისი მცდარი სჯული უარჰყო და მაჰმადიანობა მიიღო. ასეთი ღონისძიებით ხუსრევ ფაშამ სპარსეთის შაჰს შური აძიებინა მოურავზე.
ამრიგად ისტორიაში ყველასათვის გასაგებად აღინიშნა, რომ ამიერიდან მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან ვინმემ ოსმალთა სახელმწიფოს მიმხრობა არ იკისროს. სპარსეთის შაჰს რომ რამდენიმე ათასი იუქი6 ახჩა გაეღო და ქვეყნები დაემკვიდრებინა, ოსმალთა სულთნები ასეთ საქმეზე არ დათანხმდებოდნენ, მას გონივრულ საქმედ არ ჩათვლიდნენ. ამ უმეცარმა ვეზირმა კი მხოლოდ იმისათვის, რომ სისხლი დაეღვარა, ასეთი საზიზღარი ვერაგობა ჩაიდინა. კიდევაც რომ დადასტურებულიყო, რომ მოურავი ხალხს უსამართლოდ ექცეოდა, ძალდატანებით მოქმედებდა და ჩაგრავდა მათ, მას საზოგადოებრივი უფლებები უნდა ჩამორთმეოდა და გაესამართლებინათ; შემდეგ კი გაფრთხილება მიეცათ, რომ ამიერიდან ძალადობა აღარ ჩაედინა. უფრო შესაფერი და მიზანშეწონილი იყო ასეთი ღონისძიებით დაკმაყოფილებულიყო. ასეთი ღირსეული და სახელოვანი კაცის სიკვდილით დასჯა უდიდესი მუხანათობაა. მაგრამ ნათქვამია, კაცის მკვლელი კაცის ხელითვე მოკვდებაო, თვითონაც მისი ბედის გახდა და მსგავსი სასჯელი მიეზღო.
შენიშვნები
1. ხუსრევ ფაშამ დიდ-ვეზირად დანიშვნიდან 3 თვეში 1628 წ. სექტემბერში არზრუმში აჯანყება ჩაახშო, შემდეგ სპარსეთზე გაილაშქრა, არაერთი წარმატება მოიპოვა, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად ბაღდადი ვერ აიღო და უკან დაბრუნდა. ბაღდადზე მეორე ლაშქრობა დროულად ვერ მოაწყო, ჯარში არეულობა დაიწყო, დაბრალდა ხონთქრის ურჩობა, რის გამოც ხოთქარმა მისი მოკვლის ფირმანი გამოოსცა და ეს საქმე დიარბექირის ვალის მურთაზა ფაშას დაავალა. ხუსრევის მოკვეთილი თავი სტამბოლს 1632 წლის მარტში ჩაიტანეს. ოსმალო ისტორიკოსები ერთხმად ახასიათებენ ხუსრევს, როგორც უწყალოსა და სისხლით გაუმაძღარ ხელისუფალს.
2. ქათიბ ჩელები (1609-1657) - ცნობილი ოსმალო ისტორიკოსი და მეცნიერი იყო. ნამდვილი სახელი მუსტაფა ბენ აბდულაჰი იყო, ევროპაში კი ჰაჯი ხალიფას, ჰაჯი კალფას უწოდებენ სამსახურეობრივი თანამდებობებიდან გამომდინარე.. მისი მრავალრიცხოვანი სამეცნიერო და საისტორიო შრომებიდან ჩვენთვის აღსანიშნავია ფეზლექედ წოდებული ოსმალტა ისტორია 1592-1654 წლებისა, რომელშიც მრავლად არის საქარტველოს შესახებ ცნობები. ნაიმა უხვად სარგებლობს ამ მასალებით.
3. როგორც აქედან ჩანს, მოურავი ქ. ყარამანში იჯდა და არა კონიაში.
4. მალათია მალათიის ილის ცენტრია. მდებარეობს აღმ. თურქეთში.
5. ზორ-ფაშას ანატოლიის ემირ-ულ-უმერას წოდება ჰქონდა.
6. იუქი საერთოდ ტვირთს, საპალნეს ნიშნავ. ძველ ოსმალეთში კი რიცხვს 100000 აღნიშნავდა, კერძოდ თანხას, 100000 პიასტრისგან შემდგარს.
1042 წლის (19.VII.1632-7.VII.1633) ამბები
ყიზილბაშთა მიერ საქართველოს დაპყრობა
ამ წელს სპარსეთის შაჰმა საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. თეიმურაზმა ჯარს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, განზე გადგა და წავიდა. ყიზილბაშთა ლაშქარი მთელ საქართველოს მოედო. ხალხი დაიმორჩილეს, შემდეგ დაბრუნდნენ და თავრიზში გაჩერდნენ. როდესაც მათ [ქართველებმა] მოახსენეს ბედნიერების კარს, რომ ყიზილბაშები ვანში წასასვლელად ემზადებიან, მოსაზღვრე ბეგებს უზენაესი ბრძანებები დაეგზავნა. მურთაზა ფაშა მარდინის ახლოს სულთნის ზეგანზე გადავიდა და თავისი ვილაიეთის ჯარი შეკრიბა, მის გარშემო მყოფი სხვა ჯარები მოიხმო და ვანის მხარეს (თურქეთის უკიდურეს აღმ. ილი, ირანის მოსაზღვრე) გასამგზავრებლად მოემზადა.
1043 წლის (8.VII.1633-26.VI.1634) ამბები
საქართველოს ვითარება
წინათ არზრუმის ბეგლარ-ბეგს, ყარსის ციხესა და სხვა ციხეებს თოფის წამალი და პროვიანტი მიეცათ. ბრძანებები დაიგზავნა, რომ ილიჩეს ციხიდან 500 ჯარისკაცი გამოეყოთ და გაეგზავნათ. ზილ-ჰიჯეს მეხუთე დღეს (1634 წლის 2 ივნისი) ხალილ ფაშასაგან შემდეგი შინაარსის წერილი მოვიდა: დადიანი და გურიელი შეკავშირდნენ და ყიზილბაშებს დაუბრუნდნენ. დადიანმა თავისი ქალიშვილი მისცა შაჰის მიერ ზაგემისა და ქართლის ხანად დანიშნულ ხოსრო მირზას.
ზემოხსენებული ქალის აჩიკ-ბაშის ქვეყანაზე გატარების დროს აჩიკ-ბაშმა და თეიმურაზმა მოისურვეს გზის ჩაკეტვა. იქითა მხრიდან ზემოხსენებულმა ხოსრო ბეგმა 30000-ზე მეტი ყიზილბაშით და აქეთა მხრიდან დადიანი და გურიელი დიდი ჯარით აციკ-ბაშს თავს დაესხნენ. მათ სორის დიდი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ უფლის განგებით, დადიანმა გაიმარჯვა და აჩიკ-ბაშს შეესია.
თეიმურაზი და აჩიკ-ბაშის შვილი ძნელად მისასვლელ ქვიან ადგილას გამაგრდნენ. აჩიკ ბაშის მეფე ხელიდან წაუვიდათ. ყიზილბაში, დადიანი და გურიელი გაერთიანდნენ. 30000-მდე ურჯულო მთელ საქართველოს მოედო. რადგანაც ცხადი გახდა, რომ შავი ზღვის სანაპიროებზე მდებარე გონიოსა და ტრაპიზონის საზღვრების მხარეს დადიანისა და გურიელის მეშვეობით შეიძლებოდა ზარალი მიყენებოდათ, ჩილდირის ბეგლარ-ბეგმა სესრ-ფაშამ აცნობა ოსმალეთის ხელისუფლებას, რომ საჭიროა ხმელეთით ლაშქარი და სახელმწიფო ფლოტი მოვიდეს იმ მხარის დასაცავად და დადიანისა და გურიელის ქვეყნების გასანადგურებლადო. მოსაზღვრე ბეგებს ბრძანებები დაეგზავნათ, არზრუმის საზღვრის დასაცავად კვლავ ადანას ბეგლარ-ბეგი, მთელი ყარამანიის სანჯაყების, სარუხანისა და კასტამონიის სანჯაყების მეთაურები დაინიშნონ.



Комментариев нет:

Отправить комментарий