среда, 31 января 2018 г.

დედისიმედ მუხრანბატონი - „სამცხე-საათაბაგოს პატრონი“ (ე. მამისთვალაშვილი)

XVI ს. მეორე ნახევრის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის, ქრისტიანობის დამცველის, სამცხის ათაბაგების _ ჯაყელების რძლის, ქაიხოსრო II (1535-1573 წწ.) თავდადებული დედის, მეუღლის, მუხრანბატონის ასულის, დედისიმედის ცხოვრებასა და თავგადასავალში, როგორც სარკეში, ისე აისახა უძველესი და უმსხვილესი ფეოდალური ერთეულის სამცხე-საათაბაგოს _ ქართული ქრისტიანული ეკლესიისა და კულტურის კერის _ დაცემისა და დედა საქართველოსაგან მოგლეჯის ტრაგედია.
განსხვავებული ცნობები გვაქვს დედისიმედის მშობლების შესახებ. ბერი ეგნატაშვილის ქართლის ცხოვრების პირველი ტექსტიდან ვიგებთ, რომ ის იყო აშოთან მუხრანბატონის ასული. იქვე ისიცაა ნათქვამი, რომ აშოთანი ქეთევან დედოფლის (წამებულის) მამაც იყო [1, 433]. გამოდის, რომ ქეთევანი და დედისიმედის დები იყვნენ: „ხოლო ამა დავითს1 ჰყავდა ცოლად ასული აშოთან მუხრანის ბატონისა ქეთევან, და დედისიმედისა, რომელი შემდგომად მოწამე იქნა~ [1, 382].
ვახუშტი ბატონიშვილი დედისიმედის მამას არ ასახელებს. ის მხოლოდ ამბობს, რომ „ქაიხოსრო ათაბაგი ესიძა ვახტანგს, მუხრანის ბატონსა, და მოიყვანა დაÁ მისი დედისიმედი და იქორწინა მისთანა“ [2, 714]. ვახტანგ მუხრანბატონი რომ ბაგრატის ვაჟი იყო, საყოველთაოდ ცნობილია. ე. ი. ვახუშტით, დედისიმედი ბაგრატის ასულია.
ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტის მიხედვითაც დედისიმედის მამა ბაგრატ მუხრანბატონია: „ხოლო ათაბაგი ქაიხოსრო დაემოყურა მპყრობელსა მუხრანისასა ბაგრატს, მოიყვანა ცოლად ასული ბაგრატისი დედისიმედი და იქორწინა“ [1, 500].
დედისიმედის დედას ელენე ერქვა [3, 39], მაგრამ არ ჩანს, რომელი ფეოდალური გვარიდან იყო. დედისიმედის მამა ბაგრატი, დღეისათვის უცნობი მიზეზით, ბერად აღიკვეცა ბარნაბეს სახელით. ამ დროისათვის ცოცხალი იყო მისი ოთხი ვაჟი _ ერეკლე, არჩილ, აშოთან და ვახტანგ [1, 355, 433, 494].
„მესხური მატიანის“ 1565-1572 წლების ჩანაწერებში მოცემულია მუხრანბატონთა მოსახსენებლები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ დედისიმედის დედმამიშვილები. მათი სახელები ჩამოთვლილია შემდეგი თანმიმდევრობით: გარდაცვლილები: ძმები _ ჰერაკლე, აშოთი, იონათანისი, გულფარისი, იონათანისი2, და _ თეოდორა. მატიანის ამ მონაკვეთის წერისას ცოცხლები იყვნენ: ძმები _ არჩილი და ვახტანგი [3, 39]. ერთი ცნობით, ვახტანგი გარდაიცვალა 1578 წელს [4,416], მეორეთი კი _ 1580 წელს [4, 419].
ამგვარად, დედისიმედის მშობლები არიან ბაგრატ მუხრანბატონი და ელენე, აშოთი თუ აშოთანი მისი ძმაა, ამ უკანასკნელის ასული ქეთევანი (წამებული) კი _ ძმის შვილი.
ვალეს ეკლესიის კედლის 1561-1563 წლების წარწერაში დედისიმედი ასე გვამცნობს თავის ვინაობას და ოჯახს: „ნებითა ღვთისათა მე, ღუთივ გÂრგÂნოსნის... ქართველთ მეფეთ მეფის კონსტანტინეს შვილისშვილმან, მეფის ბაგრატის ასულმან, ათაბაგ-ამირ-სპასალარის სახლის რძალმან მეორედ აღვაშენე... ესე ეკლესია... ვალისა ღუთისმშობლისა, რათა მცველ-მფარველ გვექნა... მე და თანამეცხედრესა ჩემსა ათაბაგსა ქაიხოსროს და ძენი ჩვენნი _ ყვარყვარე, მზეჭაბუკ, მანუჩარ, თვალშვენიერ ივანე, თამარი დღეგრძელობით დაიცვენ, ამინ. დასა მათსა ელენეს სასუფეველი დაუმკვიდრე~3. დედისიმედის ძმები იყვნენ: ვახტანგ, აშოთან, არჩილ და ერეკლე [1, 433]. 1573 წ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ის მონაზვნად შედგა დებორას სახელით („დედისიმედ ყოფილი დებორა~ [3, 44; 1, 519], მაგრამ შვილის, ჯერ კიდევ ყმაწვილი და გამოუცდელი ყვარყვარეს გაათაბაგებისთანავე დაუბრუნდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სამთავროს ფაქტობრივი მმართველი გახდა: „პატრონობდა დედისიმედი სამცხეს“ [2, 577]. ის თავდაპირველად სამთავროს განაგებდა ვარაზა შალიკაშვილთან ერთად. ვარაზას მამა ოთარი სამცხის უმსხვილესი თავადი, ათაბაგების სახლის ნათესავი და დედისიმედის მეუღლის ათაბაგ ქაიხოსრო II-ის მეურვე და უახლოესი თანამებრძოლი იყო. მართალია, ოფიციალურად ყვარყვარე გაათაბაგდა, „არამედ დედისიმედი, დედა მისი, იყო პირველ და აწცა და ვარაზა ოთარ შალიკაშვილის ძე მოქმედნი ყოვლისავე~ [2, 718].
მოღწეული ცნობებით, რომლებიც დედისიმედის ცხოვრების ეპიზოდებზე მოგვითხრობს, ის არის მზრუნველი დედა (ის მუდამ თავს დასტრიალებს შვილებს), გაბედული მოქმედების ადამიანი, დაუცხრომელი ენერგიის პოლიტიკური მოღვაწე.
ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი ბატონიშვილი არცთუ კარგად ახასიათბდნენ დედისიმედს. პირველად, თუ არ ვცდები, დედისიმედის უარყოფითი დახასითების უსაფუძვლობას ყურადღება მიაქცია გ. ტივაძემ. მაგრამ მიზეზის ახსნა არ უცდია [5, 142-143]. ბერი ეგნატაშვილის და ვახუშტი ბატონიშვილის დედისიმედისადმი დამოკიდებულება მჟღავნდება ამ უკანასკნელის მიერ ოთარ შალიკაშვილის ვაჟის _ ვარაზას მოკვდინებასთან დაკავშირებით.
ამ საბედისწერო ამბის შესახებ ცნობილია შემდეგი: ახალგამეფებულ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს ვაჟი ერეკლე სტამბოლს გაექცა, რაც ვახუშტის მიხედვით მომხდარა 1574 წელს. სპარსეთის შაჰმა თამაზმა ერეკლეს ასეთი მოქმედება კახეთის მეფის განდგომად შეაფასა, მის დასასჯელად წამოვიდა და კახეთის სიახლოვეს ყარაბაღში გაჩერდა. ალექსანდრე მეფის სახლთუხუცესმა ჩოლაყაშვილმა4 მეფეს აღუთქვა რომ კახეთს შაჰის რისხვას ავაცილებო. მან ასეთი რამ მოიფიქრა: რადგან ათაბაგ ქაიხოსროს მცირეწლოვანი ვაჟები დარჩნენ, სამთავროს კი მისი ქვრივი, დედისიმედი განაგებდა, რომელიც „იყო ჭკუით სულელი და უღმრთო~ [1, 516], „ამაყი, გლისპი, მრისხანე და გაუსინჯავი~ [2, 577]. ჩოლაყაშვილმა კაცი წარავლინა და დედისიმედთან წერილი გაატანა, რომელშიც ეწერა: „შალიკაშვილს ვარაზს ნებავს ღალატი შენთÂს და ძისა შენისა მანუჩარისთვის, რამეთუ მაგას ნებავს დაპყრობა საათაბაგოსი, და მოჰყავს ყაენი სპითა ურიცხÂთა საათაბაგოსა ზედა. და აწ, უკეთუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარცა ორგული და მკვლელი ძისა შენისა, და არღარა მოვალს შაჰ-თამაზ და წარვალს სახიდ თÂსად, და უმეტესად მტკიცედ იპყრობ ქუეყანასა მაგას~. დედისიმედმა არ დააყოვნა, შეიპყრო ვარაზა შალიკაშვილი და მოკლა. „ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგუარად ერთგული და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზისა~5.
ოთარ ჩოლოყაშვილის ჩანაფიქრი გამართლდა. შაჰ-თამაზმა როდესაც გაიგო ვარაზას მოკვლის ამბავი, ხელი აიღო კახეთის დარბევაზე „და მოვიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყÂდა სრულიად სამცხე-საათაბაგო და ქმნა მრავალი ბოროტი~ [1, 576].
გადაჭარბებულად მკაცრი მგონია ძველი ქართველი ისტორიკოსების მიერ დედისიმედის იმგვარი დახასიათება ზემოთ რომ გავეცანით. დედისიმედის მიერ ვარაზას მოკვლის გამართლება არ შეიძლება, მაგრამ მისი მოქმედების მოტივი კი გასაგებია. თუ გავითვალისწინებთ მაშინდელი საქართველოს რეალობას, მაშინ გასაგები იქნება რატომ აჰყვა დედისიმედი ოთარ ჩოლოყაშვილის მიერ მოფიქრებულ პროვოკაციას.
დედისიმედმა ძალიან კარგად იცოდა ორი ძლიერი მუსლიმანური სახელმწიფოს _ სპარსეთისა და ოსმალეთის ინტერესი მისი სამთავროსადმი. ვარაზას მოკვლის წინ და შემდეგაც განსაკუთრებით აქტიურობდა შაჰ-თამაზ I6. სამცხე-საათაბაგოს მთლიანად ან მისი ცალკეული ნაწილების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ იმერეთის და ქრთლის მეფეები. ათაბაგის სახლის მტრებთან მორიგებას ცდილობდნენ სამცხის მსხვილი თავად-აზნაურები. ინტრიგის, მოსყიდვის, შანტაჟის და ფარული და დაუფარავი ბრძოლის სხვა მეთოდების გამოყენება მაშინ ჩვეულებრივი იყო. ეპოქისათვის დამახასითებელი იყო და განსკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მეფე-მთავრების ოჯახის წევრების ერთმანეთზე წაკიდებას, მათ შორის განხეთქილების ჩამოგდებას, პირველობისათვის წაქეზებას და სხვ. არ შეიძლებოდა დედისიმედს არ სცოდნოდა და შეძრწუნებულიც იქნებოდა რაც მოხდა ქართლის სამეფოში: შაჰ-თამაზის წაქეზებითა და დახმარებით სიმონ I-ს ძმა დავითი აუჯანყდა და ტახტი წაართვა7; მას ეცოდინებოდა, როგორი დაძაბული ურთიერთობა იყო კახთა მეფე ალექსანდრე II-ესა და მის ვაჟებს შორის იმავე სპარსეთისა და ოსმალეთის `წყალობით~; დედისიმედის მეუღლემ, ათაბაგმა ქაიხოსრო II-მ მცირე როლი არ ითამაშა იმერეთის მთავრების მეფესთან დაპირისპირებასა და სამეფო ხელისუფლების დასუსტებაში.
ვარაზას მოკვლა დაქვრივებული, მრავალშვილიანი დედის მიერ საკუთარი ოჯახისა და სამთავროს ერთიანობისათვის საფრთხის აცილების სურვილით იყო ნაკარნახევი. მისი ღონისძიება კიდევ უფრო გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ საათაბაგოს თავადების მნიშვნელოვანი ნაწილის არა მხოლოდ ათაბაგისადმი ღალატისათვის მზადყოფნას, რითაც ხშირად სარგებლობდა გარეშე მტერი. დედისიმედის რეაქცია მით უფრო გასაგებია, როცა გავიხსენებთ, რომ ვარაზა შაჰის ცოლის ძმა იყო. მაგრამ დედისიმედის ემოციურმა გადაწყვეტილებამ და გამოძიების გარეშე ვარაზას დასჯამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო: მის შვილებს და, საერთოდ, საათაბაგოს მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმა. შალიკაშვილების გვარი, რომელიც ქაიხოსრო II-ის სიცოცხლეში ათაბაგის ოჯახის მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო, ამის შემდეგ მტრის ბანაკში აღმოჩნდა, რამაც, გარკვეული გაგებით, განაპირობა ათაბაგის სახლის დასუსტება და ოსმალებს კი საათაბაგოს დაპყრობა გაუადვილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ შეიძლება ითქვას, რომ დედისიმედი `სწორი პოლიტიკური ალღოს მქონე პიროვნება ყოფილა~ [5, 142].
მოღწეული ცნობები იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ დედისიმედის საშინაო და საგარეო პოლიტიკა შევაფასოთ, როგორც ქვეყანასა და საკუთარ ოჯახში არსებული წინააღმდეგობებით განპირობებული, წარჩინებული, ემოციური ქალბატონის პოლიტიკა.
თავისი უდანაშაულო მოყვრის (ცოლისძმის) მოკვლისათვის შაჰ-თამაზმა სასტიკად იძია შური. დედისიმედმა და მისმა შვილებმა სპარსელთა რისხვას თავი გაარიდეს, სამცხე მიატოვეს და აჭარაში გადავიდნენ. შაჰ-თამაზმა აკლებული სამთავრო ოსმალეთის სულთანს დაუთმო და უკან გაბრუნდა. დედისიმედი და მისი შვილები მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ და `დაიპყრეს კუალად სამცხე~ [2, 718-719]. არ ჩანს, როგორ შესძლო დედისიმედმა ყვარყვარეს ათაბაგად აღდგენა, მაგრამ ფაქტია, რომ მან ეს გააკეთა, ალბათ, ოსმალებთან მორიგებით.
დედისიმედი, როგორც ენერგიული და სამხედრო ნიჭით დაჯილდოებული, ჩანს საათაბაგოს აჯანყებული თავადების (1576-1578 წწ.) წინააღმდეგ ბრძოლაში. ის შვილებთან ერთად ან მათგან დამოუკიდებლად სერიოზულ ვნებას აყენებს აჯანყებულებს. ის პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. 1576 წელს კოკოლა შალიკაშვილმა (ვარაზას ვაჟმა) სცადა ყვარყვარეს და მანუჩარის მიერ ალყაშემორტყმულ, აჯანყებულთა მთავარ დასაყრდენს _ თმოგვს დახმარებოდა. ამ დროს დედისიმედი მის მიერ ახლად აღებულ ყველის ციხეში იმყოფებოდა. „ყუÀლიდამა თმოგუს წავიდა ბატონი დედისიმედი... ბატონი დედისიმედი თმოგუს დადგა. თმოგუს ციხეს რაც დახირა8 უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა და თუალმშუÀნიერთან9 ელჩი გაგზავნა, ციხეების შოვნა შესთუალა და ურუმთ აშლა აცნობა... პატრონი დედისიმედი ახალციხეს შვილებთან მოვიდა~ [3, 46-47].
ოსმალები რომ დედისიმედს საათაბაგოში დიდ გავლენიან, მებრძოლ ადამიანად და სერიოზულ ძალად სცნობდნენ, ჩანს მისი თანამედროვე ოსმალო ისტორიკოსის აბუბექრ ბინ აბდულაჰის `გამარჯვებათა წიგნში~: 1578 წლის აგვისტოს დასაწყისში ოსმალთა სარდალი ლალა მუსტაფა ფაშა `არტაანის ციხიდან აიყარა და ქართველებისაკენ გაეშურა. ხსენებული ციხის სიახლოვეს მდებარე ქართული ვილაიეთები და ოქროს ციხედ წოდებული სიმაგრე ერთმა ხათუნმა (დედისიმედმა) დაიპყრო და დაიმორჩილა~ [6, 31].
 ოსმალებმა იცოდნენ ვინ იყო სერიოზული ძალა საათაბაგოში და, ე. წ. ირან-ოსმალეთის მეორე ომის დაწყების წინ, სცადეს მათი თავიანთ მხარეს გადაყვანა. ისინი ათაბაგ ყვარყვარე IV-ს კი არ დაუკავშირდნენ, რომლის ხელისუფლების სისუსტე ცნობილი იყო, არამედ საათაბაგოს რეალურ მმართველებს _ მის ძმას მანუჩარს და დედისიმედს [7, 167]. აქვე უნდა ითქვას, რომ წერილობითი ცნობების მიხედვით, ვიდრე ყვარყვარე ათაბაგობდა, დედისიმედი ყოველთვის მის მომხრედ ჩანს. ძალა-უფლების მოყვარე დედისიმედისათვის ყვარყვარე, მანუჩართან შედარებით, იოლად სამართავი იყო. მანუჩარი დაუფარავად მიისწრაფოდა საათაბაგოში პირველობისაკენ, მაგრამ იგი დედაზე მაინც ზრუნავდა. ანონიმი ვენეციელის თქმით, როდესაც მუსტაფა ლალა-ფაშასთან დატყვევებული მანუჩარი მიიყვანეს, ის ოსმალო სარდალს „შეეხვეწა: მადლობელი ვიქნები თუ საცხოვრებლად თითო ციხეს დაგვიტოვებ მე და ჩემ მოხუც დედასო~ [8, 24].
ოსმალთა მიერ სამცხის დაპყრობის (1578 წ.) შემდეგ დედისიმედი მესხეთში დარჩა და კვლავ აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დედისიმედი აწყურის ციხეში იმყოფებოდა, როდესაც, ოქტომბრის დამდეგს, შირვანიდან მობრუნებული ოსმალეთის ჯარი და მისი სარდალი ლალა-ფაშა ციხის მახლობლად `გაღმა ლეკზე დადგა~. საინტერსოა, რომ ვიდრე ლალაფაშა სამცხეში შევიდოდა, მანამდე წინ გაუშვა მანუჩარი, რომელიც სარდალს თან ახლდა შირვანაზერბაიჯანის დალაშქვრისას [8, 50-51]. საფიქრებელია, რომ მანუჩარს დავალებული ჰქონდა თავის დედასთან _ დედისიმედთან და ძმასთან _ ყვარყვარე IV-სთან მოლაპარაკება. მართლაც, მეორე დღეს ყვარყვარე ლალა-ფაშას შეეგება, ხოლო ცოტა მოგვიანებით დედისიმედი `გავიდა ციხიდამა და ლალაფაშა ნახა~. სამცხის ქრონიკაში არაფერია ნათქვამი, რა მიზანი ჰქონდა დედისიმედის ოსმალო სარდალთან შეხვედრას. ალბათ, ეს იყო, საათაბაგოს, და პირადად მისი, როგორც სამცხის ფაქტობრივი გამგებლის, ოსმალეთისადმი მორჩილების გამოხატულება.
დედისიმედისა და ლალა-ფაშას შეხვედრა საკმაოდ ვრცლად აღწერა ვენეციელმა თომაზო მინადოიმ. აქვე უნდა ითქვას, რომ მინადოის და დედისიმედის თანამედროვე სხვა ავტორების თხზულებები იმასაც წარმოაჩენენ დედისიმედს როგორი ავტორიტეტითა და სახელით იცნობდნენ XVI ს. მეორე ნახევრის არა მხოლოდ საათაბაგოში, არამედ მთელ საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში. ისევე, როგორც ყვარყვარე II დიდის (1451-1498 წწ.), რომლის სახელითაც (გორგორა, გურგურა _ ყვარყვარე) ევროპელები აღნიშნავდნენ სამცხე-საათაბაგოს [9, 44, შენ. 6.], ასევე ხდებოდა დედისიმედის დროსაც. მინადოი დედისიმედის სახელს მხოლოდ ერთხელ ახსენებს (Vედოვა Gეორგიანა, ნომინატა Dედესმიტ _ ქართველი ქვრივი [ქალი], სახელად დედისიმედი. [10, 34]). სხვაგან ყოველთვის მოიხსენიებს როგორც `ქვრივს~. ის ამავე სახელით აღნიშნავს სამცხე-საათაბაგოსაც _ `ქვრივის სამფლობელო~ [10, 82, 84, 102, 103, 104, 184, 185]. როგორც ჩანს, დონ ხუან დე პერსიაც, მინადოის გავლენით, დედისიმედის სახელს ახსენებს მხოლოდ ერთხელ [11, 66]. სხვაგან ყოველთვის მას ქვრივობით მოიხსენიებს. ისიც საინტერესოა, რომ ეს, წარმოშობით სპარსელი ავტორი _ ულუგ-ბეგ ბაიათი, საქართველოს ექვსი უძლიერესი მთავრის ჩამოთვლას ქვრივით (დედისიმედი) იწყებს [11, 67], მაგრამ რატომღაც მას იგი ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის ქვრივი ჰგონია [11, 66-67].
ოსმალო ისტორიკოსი მუსტაფა სელანიქი მას `დედაბერს~ ეძახის [12, 263]. სავარაუდოა, დედისიმედის თიკუნი _ `დედაბერი~ თავიდანვე ოსმალებმა შეარქვეს. ამას მაფიქრებინებს სამცხის აღწერის მასალებში მოხსენიებული დედაბერი, რომელსაც ვენახები ჩამოართვეს [13, 120].
დავუბრუნდეთ დედისიმედის ლალა-მუსტაფა ფაშას ბანაკში მისვლის ამბავს: „როდესაც დაქანცული, შიმშილით დაუძლურებული, მტრის თავდასხმებით, ზამთრისა და მთებში გაჭირვების დათმენით [ოსმალები] ბოლოს მივიდნენ ქვრივი [დედისიმედის] ციხე-კოშკთან, სახელად ალთუნყალასთან... ქვრივი თავისი უფროსი შვილით ალექსანდრეთი10 ჩამოვიდა ციხე-კოშკიდან, მოინახულა [ლალა]-მუსტაფას ბანაკი, ძღვენი მიართვა და ერთგულებას და მორჩილებას დაჰპირდა. Mუსტაფამ თავაზიანად მიიღო [დედისიმედი] და მოახსენა თუ როგორ კარგად ეპყრობოდა მანუჩარს, რომელიც მას შირვანში ახლდა. აქვე მყოფმა მანუჩარმა [ლალა-ფაშას] ნათქვამი დაადასტურა. ჰფარავდა რა მტრობას ალექსანდრეს [ყვარყვარეს] მიმართ, მუსტაფამ გულში ჩაიკრა და ქვრივს სთხოვა ეს შვილიც მასთან დაეტოვებინა, არწმუნებდა, რომ [მანუჩარი] და ალექსანდრე [ყვარყვარე] კმაყოფილნი დარჩებოდნენ, რადგან მან ორივე უნდა გააგზავნოს [სულთან] მურადთან, თან გააყოლებს მათი მორჩილების განცხადების სიგელს, [მათ სამფლობელოებზე ოსმალთა] ჯარის გავლის ხელის შეწყობისა და, საერთოდ, მათი დამსახურების შესახებ, რათა სულთანმა ღირსეულად მიიღოს ესენი და თავისი წყალობით გაამდიდროსო. ქვრივმა, შინაგანად დანაღვლიანებულმა და შეწუხებულმა, სახეზე სრული კმაყოფილება და თავაზიანი მზადყოფნა გამოხატა, რომ [თანახმაა] დაუთმოს ის რაც იძულებული იყო აუცილებლად დაეთმო, ვინაიდან მეორე შვილი [მანუჩარი] უკვე მუსტაფას ძალაუფლებაში იყო. ქვრივმა დაუტოვა რა მუსტაფას ორი შვილი, თვითონ თავისთან დაბრუნდა. Mუსტაფამ ორი დღე დაისვენა და... ყარსისაკენ გაემგზავრა~ [10, 103-104].
`მესხური მატიანე~ ლალა-მუსტაფას მიერ ყვარყვარესა და მანუჩარის სტამბოლში წაყვანას სრულიად სხვაგვარად გადმოგვცემს და დედისიმედს შეუპოვარ და გამბედავ ქალბატონად წარმოგვიდგენს: აწყურიდან წასულ ლალა-ფაშას `პატრონი ყ˜რყ˜რე (ყვარყვარე _ ე. მ.) გაჰყუა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარც თან წაჰყუა~. როდესაც დედისიმედმა გაიგო, რომ ყვარყვარე აღარ დაბრუნდა, დაედევნა, მაგრამ ვეღარ მიეწია, შემდეგ `აზნაურიშვილები წაუყენა, ვეღარ დააბრუნვა~ [3, 51]. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ `მესხური მატიანის~ დამწერს11 სურს დამალოს ლალა-ფაშასთან გარიგების არასასურველი ფაქტი. დედისიმედის და ათაბაგის სახლის სხვა წევრების სიცოცხლეშივე ქართლის მეფე სიმონ I-მა და სხვებმაც, მათი ოსმალებთან შეთანხმება ღალატად ჩათვალეს. სიმონ მეფეს თუ ათაბაგის ოჯახის წევრებზე ხელი არ მიუწვდებოდა, სამაგიეროდ დედისიმედის ძმაზე, ვახტანგ მუხრანბატონზე მიუწვდა. ვახტანგმა, ელიზბარ ერისთავმა და ბარძიმ ამილახორმა შეძლეს, რომ, ოსმალთა ჯარის სარდალს მათი მამულების აკლებზე ხელი ააღებინეს [3, 54]. არ ჩანს ქართლის დასახელებულმა თავადებმა სანაცვლოდ რა შესთავაზეს ლალა-ფაშას. ასე იყო თუ ისე, სიმონ მეფემ აღნიშნული გარიგების გამო შეიპყრო დედისიმედის ძმა ვახტანგი და კეხვის ციხეში გამოკეტა [3, 51].
1579 წლის ნოემბერში ჯერ მანუჩარი, ხოლო შემდეგ ყვარყვარე იმავე წლის დასარულს ან ახალი წლის მარტში, კონსტანტინოპოლიდან მობრუნდნენ და სულთნის სამსახურში ოფიციალურად ჩადგნენ. მანუჩარმა, სულთნის მიერ ყვარყვარესათვის ჩამორთმეული ათაბაგობის სანაცვლოდ, ფაშობა მიიღო [3, 53].
1582 წელს მანუჩარი აუჯანყდა ოსმალებს და სპარსეთის მხარეს გადავიდა. მანუჩარის მიერ ამგვარი სერიოზული ნაბიჯის გადადგმისას, სავარაუდოა, დედისიმედი მისი თანამზრახველი იყო. ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იძლევა ის, რომ შაჰ-მოხამედ ხუდაბანდემ ოსმალებისაგან გამდგარ მანუჩარს ჩალაბურთი, ხოლო დედისიმედს `ხუთი დიდი სოფელი~ მისცა. თურქული წყაროს მიხედვით კი, დედისიმედს სამი სოფელი მიუღია [3, 54; 1, 528].
1585 წელს ათაბაგის ოჯახის მოწინააღმდეგე თავადების და ოსმალების შეტევის გამო დედისიმედი იძულებული შეიქმნა მიეტოვებინა სამცხე და ბორჯომის ხეობის ახალდაბაში გადასულიყო: „შემოგვიყენეს მოღალატენი და ვეღარც ჩვენ დაუდგენით და ჩავედით ახალდაბას მარტს ნახევარ“ [3, 56] _ მოსთქვამს დედისიმედი. მანამდე, ახალდაბაში ცოლთან ერთად გადავიდა ასევე მტრებისგან შევიწროებული მანუჩარი [3, 55]. 1586 წლის დასაწყისში, როგორც ქრონიკაშია ნათქვამი, მანუჩარი იძულებული გამხდარა, ოსმალთა მოთხოვნით, დედისიმედი, შვილიშვილთან, ყვარყვარე IV-ის ვაჟთან ერთად, ახალციხის ფაშასთან გაეგზავნა [3, 56]. ამით მთავრდება `მესხური მატიანე~ და ამის შემდეგ სამცხის ამ საინტერესო, კოლორიტული მოღვაწის შესახებ რამდენიმე ცნობა გაგვაჩნია.
დედისიმედის სახელი რამდენჯერმე ფიგურირებს 1595 წელს ოსმალო მოხელეების მიერ შედგენილ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში~, რაც კიდევ ერთხელ ნათელს ხდის დედისიმედის ერთგულებას ქრისტიანობისა და გარკვეული პრინციპებისადმი. ასეთებს დამპყრობლები მიწებს ჩამოართმევდნენ ხოლმე და ოსმალო მოხელეებს გადასცემდნენ. სამცხის შერისხულ თავადთა შორის ვხედავთ დედისიმედსაც. დამპყრობლებს მისთვის მამული ჩამოურთმევიათ და ოსმალო მოხელისათვის გადაუციათ [13, 24, 34, 57, 90, 101, 104, 276].
არ ვიცით დედისიმედის გარდაცვალების წელი.
დიდია დედისიმედის დამსახურება ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე. მისი უშუალო მონაწილეობითა და, ხშირად, კარნახითაც, იწერებოდა სამხრეთ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლი „მესხური დავითნის ქრონიკა“, რომელიც XVI ს. მეორე ნახევრის არა მხოლოდ სამცხე-საათაბაგოს, არამედ, საერთოდ, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის მნიშვნელოვანი წყაროა.
შენიშვნები
1. კახეთის მეფე დავით I, იმეფა მცირე ხანს _ 1601 წ.
2. უკანასკნელი იონათანისი, სავარაუდოა, გარდაცვლილი უფროსი ძმის მოსახელე იყო და ისიც უდროოდ გარდაიცვალა.
3. წარწერისა და მისი დათარიღების შესახებ იხ. 3, 140.
4. ჩოლოყაშვილი. ვახუშტით მას ოთარი ერქვა.
5.შაჰის ცოლისძმა ვარაზას შესახებ სხვაგან გვექნება საუბარი
6. დედისიმედის მეუღლე ათაბაგი ქაიხოსრო II ყაზვინში გარდაიცვალა 1573 წლის 29 სექტემბერს.
7. მოგვიანებით, ოსმალების მხარდაჭერით, დედისიმედის ვაჟებს შორისაც განხეთქილება მოხდა, კანონიერ ათაბაგ ყვარყვარე IV-ს ათაბაგობა უმცროსმა ძმამ მანუჩარმა წაართვა.
8. სპარს. სურსათ-სანოვაგე-საჭურველი.
9. დედისიმედის შვილი, რომელიც გაურკვეველი მიზეზით, დიდი ხნის განმავლობაში, ყაზვინში იმყოფებოდა.
10. მინადოი და დონ ხუან დე პერსია ყვარყვარე ათაბაგს რატომღაც ყოველთვის ალექსანდრეს უწოდებენ.
11. დღეისათვის დადგენილია, რომ მისი ერთ-ერთი ავტორი დედისიმედი იყო.
დამოწმებული ლიტერატურა
1. ქართლის ცხოვრება II.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა.
3. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.). ქრ. შარაშიძე.
4. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წ. II. თ. ჟორდანია
5. გ. ტივაძე, სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური ვითარება XVI საუკუნეში.
6. აბუბექრი ბინ აბდულაჰი, „გამარჯვებათა წიგნი“.
7. ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV.
8. თურქეთ სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები.
9. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ. ე. მამისთვალაშვილი
10. Minadoi G. T. , Historia della guerra fra Turchi et Persiani, Venezia, 1588.
11. Relaziones de don Juan de Persia, Valiadolid, 1604.
12. მუსტაფა სელანიქი საქართველოს შესახებ.
13. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წ. II.


Комментариев нет:

Отправить комментарий