пятница, 26 января 2018 г.

„ქართლის ჭირი“ - დავით გურამიშვილის ისტორიული პოემა

დავით გიორგის ძე გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა, მზევინარი კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა.
დავით გურამიშვილმა სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო, ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფელ ლამისყანაში გაიხიზნა. დაახლოებით 1727-1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია.
ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737) სამშობლოში დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში, მეტწილად უკრაინაში.
გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში - მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756-1763) გურამიშვილი ტყვედ შეუპყრიათ და 1759 დეკემბრამდე მჯდარა მაგდერბურგის ციხეში. 1760 წლისათვის მრავალჭირნახულ და სენთაგან დაუძლურებულ პოეტს პორუჩიკის ჩინით თავი დაუნებებია სამხედრო სამსახურისათვის, თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და შესდგომია გაპარტახებული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. გურამიშვილი გარდაიცვალა მირგოროდში. დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.
„ქართლის ჭირი“
„ქართლის ჭირი“ ისტორიული ხასიათის პოემააა. მასში დიდი პოეტური ძალით არის გადმოცემული იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა. „მართლის თქმა“ გურამიშვილის შემოქმედებითი მეთოდია, რადგან „ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“. გურამიშვილი ღრმად ჩასწვდა იმ მიზეზებს, რომლითაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს. გურამიშვილის აზრით, გარეშე მტრების გარდა ამაში ბრალი მიუძღვის ფეოდალურ შინააშლილობას, ძმათა სისხლისმღვრელ ომებს. პოეტი გვიხატავს საქართველოს ძნელბედობის შემზარავ სურათებს.
ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება
1
ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია.
თუმცა ძირთაგან შორს იყვნენ, შტოდ ახლოს მონაგვარია;
ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია,
მეორე ვახტანგ მეხუთე, ქართველთა მეფედ მჯდარია.
2
იყო ის ერთი უფალი გლახაკთ ნუგეშის-მცემელი,
მეფსალმუნე და მეტყველი, ღვთის ქებით ბობღნთა1 მცემელი,
შტო ძირისაებრ თვისისა ნაყოფის გამომცემელი,
მწყემსი ცხოვართა დამხსნელი და მგელთა არ მიმცემელი.
3
მას მორჩილებდენ ქართველნი, ვით წესი იყო მონისა,
უმისოდ ჭირად მიაჩნდათ ცხოვრება სიამოვნისა;
მაგრამ კვლავ შესცდენ მის გზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა,
ჩაცვივდნენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა.
4
გულ-მანკიერად შეიქმნენ, ქმნეს სამსახურზედ კლებანი,
დაცაივიწყეს მათ მისი ურიცხვი მოწყალებანი,
ზოგიერთს ვისმე შეუხდა ეშმაკის მანქანებანი,
დავით მამისა მისისა დამუსრეს ფსალმუნთ ებანი.
5
გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი ხარკისა,
ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი ზაკვისა;
უარყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა,
რაც თესეს, ბოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა.
6
სწავლიდიან რჩეულნი თავიანთ ქვეყნის მეფისა,
წაუკითხიან ბრძანება გამოთარგმნილი კეფისა:
იქმენით ხარკის მიმცემნი, აღმსრულებელნი სეფისა,
მოვიდა დიდი ძვირობა, დრო წახდა სიიეფისა.
7
ღვთისმშობელმან უთხრა: იწამეთ, ვინ ცით გვიწვიმა მანანა.
ქვეყნად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა, მანანა,
პაპად, ბებიად ითნია იოკიმე და მან ანა,
შესანდობელად ყოველთა მით ცოდვა თქვენი მანანა.
8
არ დაიჯერეს, არა ქნეს სარწმუნო დასაჯერები;
დაყრუვდენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქნეს გასაშტერები!
თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები, მათაც კარგი ქნეს ვერები,
დამცირდენ მადლით მოყვრები, ცოდვით განმრავლდენ მტერები.
9
დაჯაბდნენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი,
ნებით შეიქნენ უბრძოლლად თავისა მტერთა მძლეველნი;
ციხე გაუღეს, შეუშვეს დამქცევი, დამამძლეველნი,
მტერი სამკვიდროთ მომშლელნი, ტრფიალთა წამართმეველნი.
10
გაუცვდათ შმაგთა ხელობა, ტრფიალთა მიჯნურობაო,
ვერ სძლივეს მძლეთა მებრძოლთა, ვერა ქნეს გულ მაგრობაო,
შეშინდნენ, ტრფიალთ გაექცნენ, შეჰკადრეს უარობაო,
წუთს მოყვარესა დამოყვრდნენ, მკვიდრსა დაუწყეს მტრობაო.
11
ვერ გაუმაგრდნენ, ოდესაც მტერთა დაუწყეს ბრძოლანი,
ნება ყვეს თვისთა მერჩოლთა, არვინ ინება რჩოლანი!
გვირგვინის ცოლი გაუშვეს, ხაჭასთან შექნეს რბოლანი,
ყმად წაუვიდნენ ისასა, იქმნენ მამადის ქოლანი!
12
შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,
ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა;
ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება - ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.
13
მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა,
რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა.
მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა!
თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა!
საწყაულის მოწყვა ღვთისაგან
14
მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა;
ცა რისხვით შუა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა;
ვენახთ უწვიმის სეტყვანი, მზგავსი ნახეთქი ლოდისა,
მკალია დასცის ყანებსა, ქარი უქროლის ოდისა!
15
მოუგის დიდი შიმშილი, შემუსრის ძალი პურისა;
აღარვინ იყვის ღვინითა აღმავსებელი ჭურისა,
შემცირდის ხართა ნახნავი, მოსწყდის ნაწველი ფურისა,
ყვნის სასწაული, არ იყვის კაცი მიმგდები ყურისა!
16
უეცრად მეხთა დაცემა, იყვის ელვა და ქუხილი;
ნამი არ გასტყვრის2; გოლვამან მოწვის ბალახი, თუ ხილი
ჭმუნვიდენ, არად შესწევდათ ცოდვის უნანლად წუხილი,
ასე ჰხედავდენ ნიშებსა, ვით ნათელს თვალ-დაწუხვილი.
17
გამოუვლინის ნადირნი, მჭამელნი კაცთა ხორცისა
მოთხარის მკვდარნი საფლავით, ცოცხალიც ბევრი ხოცისა:
ხმალ-კაპარჭთ რიდი არ ქონდა, არცა ხელმეხას ტყორცისა,
დედ-მამათ შვილი სალხინო წამზე საჭიროდ მოსცისა!
18
უცხო რამ ქონდა მას მხეცსა ხერხი და მეცნიერება,
საცხოვარს არას აწყენდა, ვერ ვსცნი რა ქონდა ფერობა,
საცა რომ კაცსა შემოხვდა, მედგრად იხმაროს მტერობა,
ანაზდად ეცა, დაფლითა, მოკლა და შექმნა სერობა.
19
არც მით მოიქცნენ! შეჰყარა უცხო, უწყალო სენები;
ხოცა კაცნი და პირუტყვნი, ცხვარნი, ძროხა და ცხენები,
კვლავ შეაყენა, მახვილთა სისხლით აივსო ხევნები,
სრულად აღსრულდა მათზეთა დავითის მონახსენები.
20
ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას-შვიდას-ოც-და ერთსა
ცოდვა მათი უმეტესად ესმა, მოეხსენა ღმერთსა;
აღმოსავლით მტერი აღძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა,
ღმერთმან მტერსა მოუვლინოს, რაც ქართლს უყვეს, ან კახეთსა!
21
ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!
იფქლი ღვარძლად გადაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი
ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წაიქცივის ბევრი,
მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი.
22
თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!
მერე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;
თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვერდრეს ხიშტი!
23
ვით მამალი სხვის მამალსა დამტერდეს და წაეკიდოს,
მას ცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,
რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, -
ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!
24
ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,
ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება,
მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება,
რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება.
25
ტყუილი ვჰთქვა, ჩემი თქმული შეიქმნების რა სავარგი?
მართალი ვჰთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!
კაცს მის მეტი არა აქვს-რა სიკვდილს უკან თან საბარგი,
სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი.
26
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქვო?
კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?
ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?
27
პირს-ფერობა, უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო,
სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო;
ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო,
მაზე სული არ წარსწყმინდო, რა გინდ ხორცით დავიკარგო.
28
მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად,
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
29
ამისთანას მკურნალს ვაქებ, მილესევდეს ფაზარ-ხუთოს,
არ თუ მასა, უწამლობით პირში სული ამამხუთოს,
ამისთანას ბატონს ვაქებ, მან ერთი ყმა განახუთოს,
არ თუ ხუთი აღარც ერთ-ქმნას, ასე საქმე თავს მოურთოს.
30
მართალია, მძრახველს ძრახნა თვით კი ავად მოუხდების,
მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!
წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების;
ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვების.
31
ამად სძრახვენ ვინც ავს ჩადის, კვლავ აღარ ჩაიდინოს;
სხვა გაფრთხილდეს, მისებრ ცრემლი თვალთა არვინ ჩაიდინოს,
კაცმან უნდა თავითგანვე საქმე კარგა მაიხდინოს,
თორემ ბოლოს ვით იქნების, ავზედ ძრახვა დაიცდინოს?
32
ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქს საძრახავსა:
თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა,
ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა,
მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა!
33
ამას ვსწყინობ: ავნი ავსა თვით იქმენ და სხვას კი სძრახვენ;
ბაძით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ,
ვინ დაჰფარავს მათ ნათესსა, თვით უმიწოდ ქვიშას ფარცხვენ,
ქვე საწუთროს ქვიტკირსა ზდგმენ, ზე სამკვიდროს ფიჩხით ფაცხვენ.
34
რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს,
ვერ გაუძლებს რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს,
სხვის არ მკრძალავს რად ემდურის, ვინც თავის თავს არა ჰკრძალავს,
თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს?
35
მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს;
მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!
ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო, აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს,
ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამამთხვრელს, ამამბზარავს!
36
ერთი კაცი უკუღმართად ვნახე ერქვანთ ასხამს ფთებსა;
კვლავ მეორე მისებრ მრუდსა მისთვის კაბდოს აკეთებსა,
მხვნელსა ვკითხე: რად ეგრეთ იქ? თქვა: ძალა ხნავს აღმართებსა,
მფარცხვნელმა თქვა: დაღმა ვფარცხავ, აღმა-ხნულსა ეს მართებსა.
37
ვინც რომ ისე უკუღმართად, მრუდათ ხნას და თესოს, ფარცხოს,
ის მე პურსა ნუღარ მაჭმევს, რაც იმ ფქვილით გამოაცხოს,
ვინც ძმის სისხლი გამოიცხოს, ან თვით ძმასა გამოაცხოს,
მისი სული სატანამა, თუ არ კუპრში, რაში გარცხოს?
38
რად გეშინის მართლის თქმისა, ფუ, შენ ჩემო ულვაშ-ბიღო!
ვინც არ გჯერა, ასე უთხრა: მიბძანდი და ნახე თიღო,
მე წილს ნუღარას დამიდებ, რაც შენ იქიდან წამოიღო.
თუ გავმტყუვნდე ამაზედა, მე შენ შვიდეულად გიზღო.
39
აწ დავიწყო თქმა მართლისა, მომსმენელნო შემოკრებით,
ზოგნი შინა აქ ბძანდებით, ზოგნი გარეთ, შემო კრებით,
მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო თავში ხელის შემოკრებით,
ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა ჩვენდა გარეშემო მტრებით.
40
კახელების აღმა ხნული ქართველებმა დაღმა ფარცხეს,
უწინდელი გათხუნვილი დარჩა კაბდო3, აღარ გარცხეს;
ძმამ ძმას სახრე გადაუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს,
ორნივ ერთად შეხრინკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს!
41
უკუღმართად ხვნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიღო:
მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო!
თარჯ-თომრიან ჯიღოანნი გაგვიხადა, ქმნა უჯიღო!
მხამს გიტყებდე მეფის ბიღით, ვარსამისა სავსე მჯიღო.
რუსთ ხელმწიფისაგან ქართველთ მეფის ვახტანგის თავისთან მიპატიჟება
42
აქ ცხადად ითქმის ყველაი დასაბამ-დასასრულისა,
მეფის ვახტანგის ამბავი, მოწყალის, სიბრძნით სრულისა,
მეზედან ქართლის არაკი, მტერთაგან გაბასრულისა,
მერე თვით ჩემის თავისა, დაკარგულ-დაბაწრულისა.
43
იჯდა ყაენად შაჰ-თამაზ, ძე ძისა შააბაზისა.
მან შექმნა ბილწად დრანჯობა4, ბევრი ღვინო სვა ვაზისა,
აღარ ახსოვნდის სიმთვრალით ხელში მირთმევა არზისა,
მით სამართალი დაფასდის ცხრა ქანქრად5 ცხრა აბაზისა.
44
შეყვარებოდა ორივ მას - ლოთობა, მეძაობანი;
მით დაჰბნეოდა, წართმოდა თავისი ჭკვა და ცნობანი,
მუდამ შინ იჯდის განცხრომით, ვერ გასძლის გარეობანი,
მის გამო ვეღარ შეიძლო მან ქვეყნის პატრონობანი.
45
მისგან წამხდარი საქმენი სხვა მოგახსენო რაღანი?
სამხრეთით აღძრა ოსმალო, აღმოსავლეთით ავღანი:
ჩრდილოეთის მხარეს რუსეთსა გილანით მისცა დავღანი,
დაღისტნით ქართლსა, კახეთსა წაართო ყუმაშ-ყავღანი.
46
მით გასახმილდა წინწკალი, გრიგლად გადაიქცა სიონი,
მისგან შეირყა მეტეხი, მისგან დაიქცა სიონი;
მან ვახტანგ, ძე ლევანისა, შეიპყრა ბაგრატიონი,
უპატიოდ ყვნა შვიდ წლამდის იგ დიდათ საპატიონი.
47
იყო ჩრდილეთის ხელმწიფე, თეთრის რუსეთის მჭირველი,
თვითმპყრობელობის მიმღები, პეტრე ცხებული პირველი,
პირველ-ჟმურ-ხრმალ-რბილ, პირ-ბლაგვთა მწთობელი, გამომპირველი
ადიდოს ღმერთმან სულითა, ბევრი ყავს მლოცველ-მწირველი.
48
ვირემდის იყო ცოცხალი, რუსეთზე გადამწვდარია;
ბრძენ-უხვი, მართალ-მოწყალე, სამართალ-დაუმცდარია;
მტერთა მებრძოლთა ყოველთა მან ყველას ხელი დარია,
მოკვდა და თვისის ანდერძით აწ ისევ საქმობს მკვდარია.
49
პეტრეს აქეთნი მეფენი, რომელნიც ტახტზე ჯდებიან,
პეტრეს ბრძანებას მოწმობენ, მის მცნებაზედა დგებიან,
გინდ, უჩნდეთ წინააღმდეგად, მას წინ არ აღუდგებიან,
არს პეტრეს თქმულნი უკვდავნი, მიდღეში არ მოკვდებიან.
50
პეტრეს ხელმწიფის ბრძანებას სრულყოფად არა ზარობენ,
წინ უძესთ მისი ანდერძი, მით დგანან, მითვე მგზავრობენ,
მითვე ლაშქრობენ, ვაჭრობენ, მოდუქან-მობაზარობენ,
მით ჰკლავენ და ჰკარგვენ, რომელნიც მათ წესზედ აბეზარობენ.
51
არს მოსაწონი მნახველთა გაწყობა რუსის ჯარისა,
ათას-ხუთას კაცთ ერთფერად ტანთა ცმა, სხმა აბჯარისა,
მწყობ-რიგად შესვლა-გამოსვლა, ქცევა ვით ბრუნვა ჯარისა,
დამუსრვა ციხის მოქლოთა, მაგროვნად დანაჯარისა.
52
კურთხეულმცა არს ღვთისგან პეტრეს ხელმწიფის ხსენება!
რა საქმე ვახტანგ მეფისა სცნა, მისი შველა ენება;
ზღვა გავლო, დაჰკრა ავღანთა, სოლაღს დაუწყო შენება,
დაღისტანს მიხვდა ღვთის რისხვა, მრავალგზით განაწყენება.
53
ხმლის სიფოლადეს სპარსთასა ჟამი რამ მიხვდა ლბობისა;
ხმა დაუმდაბლდათ, მოულბათ სიტყვის თქმა ამაყობისა,
რა ნახეს ცეცხლი ნაწვიმი ყუმბარისა თუ ბომბისა,
ვაიმე, კარგთა სათქმელთა ძალი არ შემწევს მბობისა!
54
ხელმწიფემ ვახტანგს მისწერა: მოდი, მიგიჩნევ მამადო,
იესოს ქრისტეს მიენდევ, ნუ მოგატყუებს მამადო;
გიჯობს, მე ზურგი მომყუდო, გულზედა გული მამადო,
მერე შენს მტერზე მიმიძღვე, ვით თივას ცეცხლებ მამადო.
55
მდივანთ ხელმწიფის ბრძანება რა შეასრულეს წერითა,
დაბეჭდეს, შეკრეს, შეხვიეს ზარქაშის მონაჭერითა,
კვლავ ჩაფარ-ელჩთა უწოდეს სასწრაფოთ გულის ძგერითა,
უთხრეს: თუ ჩქარად არ ივლით, ვერ გასძღეთ მზისა ცქერითა!
56
მათ ჰკადრეს „ტოჩას სუდარი“, სიტყვის თქმა მათი სწრაფისა,
ცხენთა შესხდენ და გაქუსლეს, სიტყვა თქვეს რა მუქაფისა6,
მესამეს მწუხრზედ, ნობათთა რა ცემა იწყეს დაფისა,
შევლეს ციხე და ქალაქი, კარები სეიდაბისა.
57
საღამოს ჟამსა ხალვათად მეფე თვით იჯდა მარტოდა;
ქვეყნის არევის მიზეზით გულს სევდა მას მიმატოდა,
მაღლითგან ნახა, სირბილით კიბეზე კაცი ახტოდა,
რასაც ის კაცი იტყოდა, გულითაც მას ინატროდა.
58
ვით სითბოთ ვარდმან ყვავილი, სუნი გამოსცეს იამა,
დაბუხებულმან, ნაზამთრმა მხარი აღისხას ჭიამა,
დიდის სიცხითა მაშვრალსა აამოს სიო-ნიავმა, -
ეგრეთ ხელმწიფის ბრძანება მეფეს რა ესმა, იამა.
59
რა მოეხსენა მეფესა ამბავი საამურია,
ჭმუნვა განაგდო, გადუწმდა, გულს ეკრა რაც ჯანგ-მურია;
მალ-მალ იკითხის ამბავი, ბრძნად მას მიუპყრა ყურია,
კვლავ მოიტანეს ვახშამი, სუფრად გაშალეს პურია.
60
შეიქნა წვევა ჩუმ-ჩუმად ვაზირთა, თანგანმზრახისა,
გაგრძელდა სმა და პურობა, ხმა წინწილისა, ვახისა,
შაეტყობოდათ, განთიად ჩაცმა არ სწადდათ თალხისა,
ეგონათ სწორედ ტრიალი მრუდის საწუთროს ჩალხისა.
რჩევა ქართლის ბატონისა
61
შეიკრიბენ ქართველთ ბატონ-ყმანი, ერთად თავი მაიყარეს,
დასხდენ რიგით, ივეზირეს, წინ წიგნები დაიყარეს,
ვინც ხედევდა ბოლოს საქმეს, იმათ არად განიხარეს,
თქვეს თუ: უფრო წავხდებითო; მაგრამ ზოგთ კი განიკმარეს.
62
გამკმარველთა უპასუხეს: გეტყვით, ძმანო, ვერ გეთნებით,
ვერა ბძანეთ ეგე რჩევა კაის ჭკუით, კაის მცნებით,
ქრისტიანის ხელმწიფისა ხელ-დებულნი შევიქნებით,
ჩვენ მაგაზე რად წავხდებით, თუ არ უფრო გავკეთდებით!
63
მათ მიუთხრეს: თუ უჭკო ვართ, ნახავთ, ბოლოს გამოჩნდების;
არც ჩვენ ვსწუნობთ, კარგი არის, თუ ეგ საქმე მალ მოხდების,
მაგრამ მტერნი შეგვიტყობენ, ყველა ჩვენზე წამოდგების,
ვირემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გადაგვხდების.
64
ვითარ ირემსა მაშვრალსა წყაროსა წყალი სწყუროდა,
ეგრეთ მეფესა რუსეთის ხელმწიფის ნახვა სუროდა;
ამჯობინებდა წასვლასა, თუმცა არ მიეშუროდა,
ვინც არ ემოწმის, მაზედა ერთგულად არ უყუროდა.
65
რა მეფის ნდომა შეიტყვეს, ყმათ რჩევა შექნეს სხვაფრადა,
შეჰკადრეს: რადგან არ იშლით, სჯობს რომ წაბრძანდეთ ჩაფრადა;
გარს მტერი გვადგას ამდენი, ასს მთას ეყოფის მკაფრადა,
ვინ იცის, ჩვენზედ მოვიდნენ, თქვენ მოგვეშველნეთ საფრადა.
66
თუ წაბრძანდებით, წაბრძანდით, ხანსა ნუღარას დაზმითა;
თან ცოტა ყმანი იახელ, ნუ გაეწყობი რაზმითა,
ფარვით იარე გზაზედა, არ მეფეთ მოსაკმაზითა,
მტერთა არ გიგრძნან საწადი აშკარად ანუ აზრითა.
67
მან ბრძანა: ვითარ ვიკადრო მეფემან საქმე ქურდული,
დავფარო ქრისტეს კვართი და ქნარი დავითის, შურდული;
თან არ ვიახლო სპა-ჯარი, ჩაფრულებრ შევქნა ძუნძული,
ვითარ-ღა ვნახო ხელმწიფე, ან უცხო თემთა კუნძული!
68
სჯობს, შევიყარო ლაშქარი, ვქნა მისი ანგარიშები;
ჯერ ჩემთა წინააღმდგომთა დავსცე ზარი და შიშები,
წავიდე, განჯის მომთხრელთა დავდვა მუქაფის ნიშნები,
რა გამოვბრუნდე, კვლავ ვნახო რუსების შუბ-ფარ-შიმშები.
69
ყმათ ჰკადრეს: თუ ეგ ხდებოდეს, თქვენ რჩევას ვინ დაგცილდესა?
კარგია, თუ კაცს საწუთრო გრძლად საქმეს დააცლიდესა,
წაუბორძიკოს არ ფეხი გზასა, რაზომსაც ვლიდესა,
მაგრამ რაღა ვქნათ, თუ ლხინსა სწრაფ ჭირად შეგვიცვლიდესა!
70
მეფემ აღარა ბრძანა რა, ინება თვისი წადილი;
გულში დაესკვნა საქნელად იგი პირველი ქადილი,
გათავდა რჩევა, გადასწყდა! მან მაითხოვა სადილი,
ბოლოს მხედველთა საცრემლედ გაშალეს ხელის მანდილი.
71
ტიროდენ, ამას იტყოდენ: ახლა არს ჩვენი დავსება!
ვერ მოგვიხდების კარგათა ამდენი წყვეტა, ტმასება,
მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავს ება,
სამი ვეშაპი ერთს ლომსა აწ ვითარ მოეთავსება?!
72
მეფეს სძრახავდენ, იტყოდენ ეგევითარსა გმობასა:
სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა!
ყეენის სპასალარია, თავს ირჭვამს მის რაყმობასა!
რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა!
73
ჩვენს ჭკუაში ესე საქმენი არ არის მოსაწონარი:
რა სამთავ ცემა შაექნათ, ჩვენზე მათ შექნან ონარი,
გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არსით ჩნდეს მოსაფონარი,
ვიქნებით შვილთა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი!
74
ბევრნი ბევრს რამე იტყოდენ, მაგრამ ვინ მოუსმინებდა?
მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა, რასაც ინებდა!
შემოიყარა ლაშქარი, თვალს ვერავინ გადაწვდინებდა,
წავიდა, განჯის მიდამოს სისხლის ღვართ მოადინებდა.
მტერთაგან მეფის ვახტანგის ყაენთან შესმენა და ყაენისგან ქართლის წართმევა და კახის ბატონის მიცემა
75
რაგინდ კაცი სნეულობდეს, გვიან მოკლავს ერთი ჭირი,
რა მეორეც ზედ დაერთვის, მით საქმე აქვს გასაჭირი,
წახდენის დროს მამა-შვილთაც არა ჰქონდათ ერთი პირი,
არჩევდიან, არ მოსწონდათ ერთმანერთის ნავეზირნი.
76
ორთავ შუა მტერს ეშმაკსა ჩამოეგდო რაღაც შური,
მისგან წახდა, დაგვიანდა საქმე კარგი, დასაშური;
ვერა ნახეს რუსთ ხელმწიფე, ვერ აჩვენეს სამსახური,
ყაენზედაც ავად დარჩნენ, მათ დაკარგეს ორგნივ პური.
77
ერთმანეთის ნავეზირი მათ მოსწონდათ ამად არა:
მამა რუსეთს იზიდავდა, შვილი ყაენისა კარა,
მათმან სვემა და სოფელმა სხვა რიგად რამ მოაგვარა,
ვერც მამამ და ვერცა შვილმან მოსახმარი ვერ იხმარა.
78
ყაენის კარს მეფე ვახტანგს ბევრნი მტერნი უდგნენ მზირსა:
რასაც ავსა უნახევდენ, აძახებდენ მისთვის გზირსა;
ყაენს ჰკადრეს: გაგიარმებს7 ვახტანგ ახშამს8 და აზირსა,
პირი მისცა საღალატოდ ეთმანდოლეს - თქვენს ვაზირსა.
79
ესმა ყაენს რა ღალატი, იქმნა გულში შენამკრთალი,
გამოძებნა და შეიტყო, ყოველივე სცნა მართალი;
დაიჭირა ეთმანდოლე, განუწესა სამართალი,
უსიკვდილოდ დანასაღა, აღმოსთხარა ორივ თვალი.
80
ხანი გამოჰხდა მცირედი, დღე წავიდა არ მრავალი;
კიდევ ჰკადრეს: მუხანათობს ვახტანგ გურჯისტანის ვალი,
თქვენ გიჭირს და არას გშველის, არის რუსეთს წამავალი,
თქვენცა გმართებს აწ გადახდა, თქვენზედ დადგა რაც მან ვალი.
81
აწ მეორედ მეფე ვახტანგ რა რომ ყაენს შეასმინეს,
თითქმის ასე განირისხეს, ჭკუისაგან შეაცდინეს,
ვახტანგ ქართლში ბრძანდებოდა, სხვაფრივ ხელი ვერ აწვდინეს,
ჩამოართვეს ქართლი, მისცეს ერეკლეს ძეს კონსტანტინეს.
82
კონსტანტინეს თათრის ენით ერქო მამად-ყული-ხანი,
იყო სანახავად ვარგი, მკვეთელობით უჩნდა ფხანი,
ისპაანის ტარუღადა მორჭმით იჯდა კარგა ხანი,
ავის კაცის თავ-სავარცხლად ქონდის კარგი მოსაფხანი.
83
ჯერ კახეთი, მერე ქართლი, ორივ ერთად მას უბოძა;
ყაენს სახლი ექცეოდა, სვეტად, ბურჯად მას უბოძა:
მოსწერა, თუ: ვახტანგ ჩემთვის რკინის ხრმალი დანაძონძა,
შენ გამოხსენ, განარჩიე, რაც რამ მათგან გამოკონძა!
რჩევა კახის ბატონისა
84
გაბრძანდა კახი-ბატონი, განიდგა კარავ-სევანი;
მიიხმო მდივან-ვეზირნი, ბრძანა დიდებულთ წვევანი,
შემოყორუღეს ყაფიჩთა, ირგვლივ მოავლეს დევანი,
დასხდენ და შექნეს საქმისა სამჯობინარის რჩევანი.
85
უბრძანა კახმან-ბატონმა ძმასა, ყმათა და მონათა:
„სიბრძნით მიჰხედეთ უღელთა ჩემთა სასწორის წონათა;
მე ერთი ხმელი კაცი ვარ, ძე არ მყავს, ვარ ბერწოვნათა,
რაც თქვენ გიჯობდესთ, არჩიეთ შვილთათვის მოსაწონათა“.
86
„მე ღმერთს წინაშე უცილოდ სიტყვის მთქმელი ვარ მართლისა;
სწორედ გარჩევა საქმისა წესია მოსამართლისა;
თუმცა მიბოძა ყაენმა, არ მსურს მიღება ქართლისა,
ამად რომ მტერთგან დამდნარნი ვართ, ვით ნაღვენთი სანთლისა“.
87
„მე ვახტანგს მეფეს შევრიგდი, პირობა მივეც ძმობისა,
შევფიცე, ვით-ღა ვიტვირთო ეს საქმე ფიცთა გმობისა?
თუ მე არ დავსთმობ, აწ მისგან უფრო არ დაითმობისა.
ვარჩევ, სჯობს ფიცთა გატეხას გატეხა ამ რაყმობისა!“
88
„ესეც ვიცი. შემიტყვია, ჭკუა მიჭრის, გული მიგნებს;
მეფე ვახტანგ ამ რაყამსა არც ისმენს და არც იწიგნებს,
თუ ქართლსა ვსთხოვ, ამეშლების, ფიცხლავ იდებს ხმალზედ იგ ნებს,
უნდა რომე ამ საქმითა ძაღლს აჭმევდეს ძმა ძმის შიგნებს!“
89
„მე კაცი ვარ ხორციელი, სულ ხომ ცას არ შავბერდები;
ვით ვყოფილვარ მიწა-მტვერი, ისრევ ისე გაჰვმტვერდები.
მე მტრად სხვანიც მეყოფიან, ძმასა რად-ღა დავმტერდები?
იმას ისევ ქართლი ქონდეს, მე ჩემს კახეთს დავსჯერდები!“
90
„მოვისვენებ სანამდის ვერ, სანამ ლეკზე ჯავრს არ ვიყრი;
მე ჩემს ძმაზე სამტეროდა არაოდეს ჯარს არ ვიყრი!
კახეთს კარგა გავამაგრებ, შემოვზღუდავ, კარს შავიყრი…
თქვენ რას ბრძანებთ ამისასა, ეს ასეა ჩემი ფიქრი!“
91
კახთ მიუგეს: „ვინც დაიკრას თვისის ხელით თავში ცული,
თავის ნებით წასაწყმენდლად ამოიძროს პირში სული;
რად გინდა რომ გაიბრუნო ღვთის წყალობა კარს მოსული;
შენ რომ შვილი არა გყავდეს, ჰა ძმა შენი და ძმისწული!“
92
„რაც ღმერთს შენთვის მოუცია, რაღად ჰკარგავ შენის ნებით?
შენ რას გავნებს, რომ გასტეხო ფიცი ხელმწიფის ბრძანებით?
ჩვენ თუ იმის ბრძანებასა წინაღდგომად შავექნებით,
ვით თქვენ ბრძანეთ: „ვართ დამდნარნი“, მაგით უფრო დაცავდნებით“.
93
„სჯობია, რომ აღასრულო ეგ ბრძანება, რაც წინ გიძე,
თეიმურაზ მიუგზავნო, თქვენი ძმაა, მისი სიძე,
მამი-შენის ერეკლესი მასზე დიდი ამაგი ძე, -
თუ გისმინოს, შეიძინე, თუ არა და, გაიღვიძე“.
94
მან უბრძანა: „კახელებო! გამიგონეთ, ვიტყვი სწორად:
ყაენს შიშით თავიდანვე გაუხდივართ ერთი-ორად;
ახლა როდის შეგვაერთებს, საქმე გვიგდო მოსაღორად,
ქართლი მომცა ძმათ საჩხუბრად, ამხანაგთა მოსაშორად“.
95
„ერთსა კაცსა ცოლი, შვილი ყავდეს ტვირთად; ზურგთ ეკიდოს,
არა ქონდეს სახლ-სამყოფი, ფეხი ვერცად მოეკიდოს,
უკანიდან მტერი სცემდეს, წინ მოყვარეს წაეკიდოს, -
იმისთანას უგუნურსა უნდა ცეცხლი წაეკიდოს“.
96
„მართალს ვიტყვი, არ დავიშლი: მძულს ტყუილი, სიტყვა მრუდი,
მე მას მამად მოვიკიდებ, ვეშვილები, თუმცა უნდი;
გარს გვარტყია ვით სარტყელი, სულ სხვა-და-სხვა მტერთა გუნდი,
ჩვენ ერთმანეთს ხმალსა ვსცემდეთ, ეგ რჩევა არს დიაღ ცუდი!“
წიგნის მიწერა კახის ბატონისაგან ქართველთ ბატონთა: მეგობრობის თხოვნა
97
მოსთხოვა გურგენს მდივანსა ქაღალდი, საწერ-კალამი;
დახატა ცეცხლი გალავნად, შუა ერთ გორად წალამი,
ზედ ორის ქვეყნის იგავი, მასზე თავდახრით ალამი,
ერთზედ დასწერა „ფეშქაშ-დურ“, და მეორეზე „სალამი“.
98
მისწერა ვახტანგს: „შენ მამა, ჩვენ ვიყვნეთ შენი შვილები;
თუმცა მიბოძა ყაენმა, მე ქართლსა არ გეცილები,
გარს მტერთგან ცეცხლი გვედების, შუა ჩვენ ვდნებით ცვილები,
სჯობს, რომ ჩვენ ერთნი შევიქნათ, აგებ გვეღირსოს ძილები“.
99
„აწ გვიწყალობეთ პასუხი, თქვენგნით რა გვებრძანებაო,
თქვენი არ ჭვრეტა, შორს ყოფნა გონებით არ გვეთნებაო;
გვწადიან თქვენი გვერთ ხლება, თუმცა დაგვერთვის ნებაო,
მანდ გიახლებით, მოგვმადლეთ მამაშვილური მცნებაო“.
100
რაღას ვაგრძელებ სიტყვასა და ვამბობ ყენებ-ყენებით..,
მისცეს წიგნი და წაიღეს წამღებთა ცხენებჭენებით;
მიართვეს მეფე ვახტანგსა მოციქულთ გამომჩვენებით,
აქ ნახეთ, საქმე კეთილი ვით გაბოროტდეს ენებით!
101
მეფემ რა წიგნი გასინჯა, სცნა ტკბილად მიწერილობა,
ბრძანა დიდებულთ მოყმეთა ერთბამად თავ-მოყრილობა:
აჩვენათ ქვეყნის იგავი, დროშისა თავდახრილობა,
იესე მეფემ რა ნახა, ჯავრით ხვდა წარბთ შეყრილობა.
102
სალამს, ალამს, ცეცხლსა, წამალს, ფეშქაშ-დურს და ქვეყნის იგავს
სთარგმნიდიან ვეზირები, იტყოდენ, თუ: ეს რას მიჰგავს?
მეფემ ბრძანა: რაც ხილია, ეგ სუყველა ჩვენს ბაღში რგავს;
ყველა კარგად შემიტყვია, ვერას ვხედავ მაგაშიგ ავს.
103
ზოგთ მტრობით ნარმა9 დაფარეს, ჭოთი10 აჩინეს ნუქარად,
ათარგმნეს ნაფეშქაშევი თხოვნადვე, არ ნაჩუქარად;
სიმდაბლით დროშის თავდახრა თავის დაქნევად, მუქარად.
შუა წალმად თქვეს ქართველნი, გარს ცეცხლად კახნი მუშქარად.
104
მეფე ბრძანებდა: „მაგაში არა არის-რა ფლიდობა,
ფეშქაშ-დურ ქართლის მოძღვნა არს: სალამ-ალამი მშვიდობა;
გარს გალავანი ცეცხლისა გარეშე მტერთა დიდობა;
წალამნი ჩვენ ვართ ორნივე, გვხამს ერთმანეთის მინდობა“.
105
„ამად გვისახავს ერთ გორად ორისავ ქვეყნის წალამსა,
მას ღვარი ვეღარ შესწვდების, ვერც დაშლის, ვერცა წალამსა,
მშვიდობას თხოვლობს სიმდაბლით, ამად თავს უხრის ალამსა,
ქართლს ისევ ჩვენვე გვანებებს, კახეთით გვაძლევს სალამსა“.
106
„თუ ორად დადგას, იქნების ორივ პატარა გორები;
დაქროლებს ქარი, გადაქცევს, ზღვას შერთავს ნიაღორები,
ტიალთ ვენახთა მოსჭამენ დათვნი, ძაღლნი და ღორები,
წარწყმენდილი არს, ვინც რა თქვას ძმასთან ძმის დასაშორები“.
107
მანვე ბრძანა: „სჯობს ვარჩიოთ, ჩვენ უბრალოდ არა ვბოდოთ:
მართალი ვსცნათ, რაც გვიჯობდეს, გულის ზღაპრით ღმერთს არ ვსცოდოთ,
მოუნახოთ წყლურთ წამალი, ზედ სალბუნი მას შემოვდოთ,
რადგან იმას მოსვლა უთქვამს, ჩვენცა გვმართებს მოუწოდოთ.
108
„აქ მობრძანდეს, ჩვენ გავსინჯოთ, ის მოიქცეს რასაც სახით;
თუმცა გვმოყვროს, მდაბლად ბრძანებს; თუმცა გვმტერობს - ყადავახით;
ხილთა ტკბილთა და მწარეთა შაეტყობის გემოს ნახვით,
თუ ვერა ვჭამ ხილს სიმკვახით, დავარბილებ, დავბეჟ ქვა-ხით“.
109
იგ რაც რჩევა მეფემ ბრძანა, დაემოწმნენ მას ვეზირნი;
ერთმანეთის შესაყრელად დანამტკიცეს, შეკრეს პირნი,
მაგრამ მაზედ წინაღმდგომნი, ვით ერქვანთა ხისა ძირნი,
მათ კეთილთა მოგზაურთა გამოუჩნდათ გზაზედ მზირნი.
ჩხუბის ჩამოგდება ქართველის ბატონისა კახს ბატონთან
110
ვახტანგს კონსტანტილეს წიგნი მოეწონა, რა გასინჯა;
ბრძანა: კარგად გაუსაზღვრავს, თუ კი აღარ გადაბიჯა.
მან მას კაცი გაუგზავნა, - მობრძანდიო - დაპატიჯა.
ეს იესეს მეფის გულსა, ვით ლახვარი, ხვდა, დაღრიჯა.
111
იესემ თქვა გულსა შინა: „ჩემი ძმა არს ჩემი მტერი!
პატიმრობით დამაბერა, დამითეთრა თმა და წვერი;
აგრე როგორ დავბრმავდები, შევიქმნები გიჟი-სტერი,
მე იგ ორნი შევათვისო, მე კი დავრჩე ვით ოხერი“
112
„ჩემზედ იგი რად ვაცინო, ჩემი დღენი მისგან ვსტირი!
სამ წელიწადს ბნელში დამსვა, არ მაჩვენა მზისა პირი;
ერთი იყო, ისრე მიყო, მან იხსენა ჩემზედ ძვირი,
ახლა ორად გამიკეთდეს, რაღად მინდა მე სხვა ჭირი?“
113
იხმო ბერი დოდოველი, ვით მოწაფე მოძღვრად ინდობს;
უბრძანა, თუ: ჩემო ბერო, ეს ჩემი ძმა ეშმაკ-ფლიდობს.
არას კაცსა არ კადრულობს, ამპარტავნობს და გულდიდობს:
მე ძმა ვიყავ, არ დამინდო, კახ-ბატონსა ვით დაინდობს!
114
კახეთშიაც დიდათ წყინობს იმის გაბატონებასა,
აქ თუ მოვა, ფიცხლავ მოკლავს, მოხვეჭს იმის ქონებასა,
რადგან მადლის მოღვაწე ხარ, სთმობ ამ სოფლის ცხროვრებასა,
შენ ის სიკვდილს მოარჩინე, ღმერთი მოგცემს ცხონებასა…
115
რაღას ვაგრძელებ: გაგზავნა მან ეპიფანე ბერია,
მისწერა კახსა ბატონსა: „ჭკუა თუ არ გადაგერია,
რომ მოხვალ, როდის დაგინდობს, მოგკლავს, ეს შენი მტერია
შენს სისხლსა ვინ-ღა მოჰკითხავს, კაცი ხარ ერთი ღერია.
116
თუ მაგას იტყვი, შენ რომ გყავს ძმა, შენი ნახევარია,
ეგ სიძე არის ამისი, ქალი ყავს, მით მოყვარია,
შენ სავარცხელი შემწედ გჩანს, და მაგას ქრისტეს ჯვარია,
ამისთვის ეგეც ამისი საწადლის მომდევარია.
117
თუ ეგ ყაენმა შეგიტყო, წაგართმევს ბატონობასა;
შენს ძმას ხომ არას მიგიცემს, მტერობს ქრისტიანობასა,
თავად თვით ბრძანებთ - „დავმდნარვართ, უფრო დავიწყებთ დნობასა“,
აწ რომ ყაენი დაჰკარგო, ვინ გიზამს მის ოდნობასა!
118
მე დამიჯერე, ნუ მოხვალ, თორემ გაებმი ბადესო;
ნუ მიეცემი ნებითა შენის წახდენის მწადესო;
მე შემიტყვია მართალი, რაც ამათ მოგიმზადესო,
მკვახეს ხილსავით ქვა-ხითა დაბეჟა დაიქადესო.
119
მიმავალსა წინ დაუხვდა კონსტანტილეს იგი ბერი,
გადახდა და თაყვანი სცა, ხელში მისცა მინაწერი,
მან გაშალა, წაიკითხა, დაიქნია თავ-კისერი,
ფიცხლავ უკან გამობრუნდა, განამჟღავნა არაფერი.
120
მისთა ლაშქართა რა ნახეს უკანვე გამობრუნება,
უკვირდათ: „ნეტარ ბატონმა რაზედ იცვალა გუნება;
რად მოინდომა უწინვე, არ იყო მისი თუ ნება?
ჯერ კი თქვა, მერე უკუ-თქვა, რასთვის იკადრა მტყუვნება?“
121
სძრახავდენ კახსა ბატონსა: საქმე ვერ მოყავს გზიანად,
უჯობდა ქართველთ ბატონსა შეყროდა თავაზიანად,
ძმა ძმისა საზიანოსა თუ არ მიიჩნევს ზიანად,
ორივ მტერთაგან დაიწვის სახლ-საბძელ-კალო ბზიანად.
122
მიმავალი მიუთხრობდა ამხანაგი ამხანაგსა:
დღეის იქით ამ საქმითა ნიშანს ვერა ვხედავ კარგსა;
ორს ეძიებს, მაგრამ ერთსაც ვხედავ მისთვის დანაკარგსა,
მის დროს ნახეს, ქართველები ხელს ატანდენ უკან ბარგსა.
123
დაუძარცვეს კახ-ბატონსა ჯორ-აქლემნი კიდებულნი,
დასჭრეს ზანდუკ-მაფრაშები, ამოიღეს შიგ დებულნი;
მიეშველნენ, ვეღარ მისწვდნენ უკან გამოკიდებულნი,
ჟამი შეხვდათ უჟამური, საღამო და ბინდებულნი.
124
კახ-ბატონსა კახთ აყვედრეს: „უღლით ტოლი გამოგეშო;
ვისიც გქონდა შენ იმედი, მისგან დარჩი უნუგეშო,
ტახტის ნაცვლად დორ-სუზანიც ქართველთ აგაცალეს ქვეშო,
თუ ამ საქმეს ვერ გაზრდიდი, გიჯობდა, რომ არც კი გეშო“.
125
მან უბრძანათ: „რას ნიშნს მიგებთ დიდის ვალის გადამხდელსა?
ვინავარდე, საქმე ვჩხრიკე, ვსცან და მოველ სახადელსა,
ახლა ყველას აღვასრულებ, მაგა თქვენსა საწადელსა!
ვიქ თქვენსა და მოგაგონებთ რჩევას ჩემსა აწინდელსა!“
126
„არ მინდოდა, გამარისხეთ, შემამყარეთ გულსა ჯავრნი;
მე მზასა ვარ, თქვენ მომზადდით, შეიყარეთ ახლავ ჯარნი.
მოირტყენით საომარნი საჭურველნი, ტანთ აბჯარნი,
წავიდეთ და დაუმტვრიოთ კარნი მაგრა დანაჯარნი!“
127
„მე მინდოდა ყოფილიყო ჩვენში სიყვარული ძმური,
ჩამომეგდო რიგი-წესი, სამართალი ბატონ-ყმური.
არ ინებეთ, არ მოჰშალეთ ერთმანეთში თქვენი შური,
ცოდვა-ბრალი თქვენს კისერთა, თუ რამ მოჰხდეს უწესური!“
კახის ბატონისაგან ბერების მოციქულად გაგზავნა ქართველთ ბატონთან და ქართლის თხოვნა
128
პირველად ჯერ ეს მისწერა: „მე თქვენი ნახვა მსუროდა,
კიდეც წამოვალ, მოგმართე, სასწრაფოდ მამეშუროდა;
მაგრამ მომესმა, სასმელთა მასმევდი, რაც არ მწყუროდა,
ვეღარ გიახელ, ამაზედ ნუთუ შენ დამემდურო და?
129
ღმართმან იცის, ვაპირებდი საქმეს კარგა მონაგვარსა;
არ მიმინდევ, სახე უცან მახეს, შენგნით მონაგარსა;
განგერიდე, რად მომხვიე გასაძარცველად მონა გარსა?
არას გთხოვდი, თუ დამხსნოდი სიყრმით ჩემით მონაგარსა.
130
ეგე ჩემი საქონელი გამოგზავნე, არ დამხუთო,
მორიელის ნაკბენარსა, სჯობს, მომასწრა ფაზარ-ხუთო,
შენ ოთხ რიგად გული დამწვი, არამც მე კი განვახუთო,
მერე დამგმობ, დასაწვავად წამისვაო გაძრახ უთო.
131
მათ მოეწერა პასუხი ადვილად მოსაშორები:
ვინ დაგიძარცვათ, არ ვიცით, ლარ-კიდებულნი ჯორები;
ეგ ჩვენს კაცს არვის უქნია, გსმენიათ მრუდი ჭორები,
რაც თქვენში მგლებმან დაჭამოს, ჩვენ ვითარ გიზღოთ ღორები?
132
კახ-ბატონს ესმა რა მათგან გულს ლახვრად დასაძგერები,
კვლავ მოციქულად გაგზავნა ჩინით რჩეულნი ბერები;
მისწერა წიგნი მართალი და ფიცი დასაჯერები:
„ჩვენ ერთმანეთსა ნუ ვახდენთ, თორემ წაგვახდენს მტერები“.
133
„ორგულთა სიტყვას ნუ ისმენ, გაფრთხილდი, ნუ მოსტყუვდები,
გასწყერ, დასჭერ და დახივე მტყუანთ ტყუილის გუდები;
თუ არ ღვთით, ვერას დააკლებს მკალიას ტარბის გუნდები,
თუმცა ლომი ხარ, ვეშაპთა ვერ სძლევ, გრძელი აქვთ კუდები“.
134
„გირჩევ, ნუ აქცევ ზღუდებსა, შენს ზურგის მისაყუდებსა,
ერიდე, ნუ შლი, ნუ ფუტკნი სახით არწივთა ბუდებსა;
იყავ, ვით ტრედი, უმანკო, უფრთხილდი შენსა ხუნდებსა,
თორემ კლანჭს გიკვრენ არწივნი, ჭირნახულს გაგიცუდებსა!
135
„ნუ ჰგონებ, კაცი თვით იყოს მდიდარი განაკეთია,
ანუ ღარიბი წამხდარი, ვის ჩოხა ტანთ გასცვეთია;
ერთის ათასად გამხდელი, ბევრის მიმცემი ღმერთია,
ვისაც წაართმევს, ექნების ათასით აღარც ერთია“.
136
„კაცს მართებს დაბლაც დახედვა, რაგინდ მაღლამდის აროსა,
სიამპარტავნით ხარისხსა ძირი არ განებძაროსა,
ბატონის უპატიურ ყმას არ შერჩების აროსა,
არც ღმერთი ბატონს შეარჩენს ყმაზე საუდიაროსა“.
137
„ბატონს აწყინე, გაგიწყრა, აბრალე შენსა წყენასა,
აწ ღმერთიც გიწყენს, იცოდე, არა იქ თუ მოთმენასა,
დამორჩილება უფალთა უთქვამს დავითის ენასა,
შენ თუ შენს უფალს არ უსმენ, ნურც შენს მონას ეჭვ სმენასა“.
138
„ყაენს უმტყუვნე, გაგიწყრა, - აქ ზიხარ შემამწყრალია;
ქართლი წაგართვა, მე მომცა, ჩემი ხომ არა ბრალია,
თუ არ უსმინე, ვიქნები შენებრ ურჩების მთვრალია,
სულ მომყრალდების ქვეყანა, თავად მტერთაგან მყრალია!“
139
„მე თქვენა ქართლსა არ გთხოვდი, თუ ეს არ მქონდეს რიდადო;
თუ არ უსმინე, ყაენი მე გამიწყრების დიდადო;
შენ ხომ, ეგ არის, გიწყრება, არც ჩემზედ იყოს მშვიდადო,
რა ერთსაც ჩვენ მას მიუწყავთ, ის ჩვენ მოგვიწყავს შვიდადო“.
140
„ხელმწიფე ღალატს მოსძებნის, ღმერთი არ დასთმობს გმობასა,
თუ გინდა, წიგნში გაჩვენებ, რაც მითქვამს, მის მოწმობასა:
იუდა ქრისტეს მონებდა, ჩემობდა კაის ყმობასა,
სიხარბით ცეცხლში ჩავარდა, მიხვდა სატანას ძმობასა“.
141
„იუდამ ქრისტე გაყიდა, ვერცხლი აიღო ფასადო;
კვლავ შეინანა, დაფანტა, დანაშაული თავს ადო:
„აწ სისხლი მიგეც მართალი, ახლა წავიდე, თქვა სადო?“
წავიდა, თავი დაირჩო, ეს მოუვიდა ნასადო.
142
იტყვიან, სარწმუნოვებით პეტრეს იუდა სჯობდაო,
თუ თავი მას არ დაერჩო, სხვას ღმერთი შეუნდობდაო,
ამად რომ, - „სისხლი მართალი მივეცო“, მაღლა ხმობდაო,
პეტრეს ჰკითხავდენ ქრისტესა, „ვერ ვიცნობ“, ფიცით გმობდაო.
143
„აწ თქვენის სჯულის ამბავი თქვენ უმჯობესად იცითა,
მსმენია, ქრისტე შესულა ელუსარემში კვიცითა;
იქ პეტრეს უარს უყვია, - ვერ ვიცნობ, - უთქვამს ფიცითა,
მერე კი შეუნანია, აწ მკვიდრობს კლდე სიმტკიცითა“.
144
„ვინც შეინანებს, შეუნდობს უფალი თავის ცოდვასა;
წადი და მასვე ევედრე, დაეხსენ ცუდსა ბორგვასა!
ნებით სჯობს გაცლა მძლავრთაგან ქვა-კრებით გამოლოდვასა.
ვერა გთნევ, თუ ტახტს არ დასცლით, მივხვდებით ჭრა და კოდვასა“.
145
„მე მოგახსენებ მართალსა, ტყუილად არა ვსჩმახაო;
გული მტკივა და შეგკადრებ, ამაზე ნუ დამძრახაო:
გაქვს ნართი ავად დასთული მრუდის ტარებით მძახაო,
თუ ისევ შენ არ დასცერავ, სარგებელს ვერას ნახაო“.
146
„იტყვიან ერთსა ანდაზას: ნემს-მახათს ნუ სცემ მღიჯებსა,
შეგერჭმის, ხელთა დანახევ, წაგიხდენ მკლავთა ჭიღვებსა!
ნუ ეშუღლები ყაენსა, თორემ მოგიშლის ჯიღებსა;
რუსეთისაკე გაგზავნის, იმოკლებ გრძელთა ბიღებსა!“
147
„მირჩევია ჭეშმარიტი: შენი საქმე დანაშურე,
თავსა ცოდვით შებღალულსა წმინდა წყალი შენ ასხურე!
ვის უვარ-ჰყავ სამსახური, წადი, მასვე ემსახურე;
ვინც მოგხადა თარჯ-თომარი, იმისგანვე დაიხურე!“
148
„ნუ მრუდ-მრიცხლობ, სწორედ გქონდეს შენ ეგ შენი ანგარიში,
ავს ნუ იქ და ავისაგან, თქმულა, ნუღა-რა გაქვს შიში;
თავს თავითგან გაუფრთხილდი, არცად უკუ-აგდო ჭირში,
თორემ ბოლოს არას გარგებს სიმწუხარით კვნესა-ვიში“.
კახის ბატონის მოციქულების დაჭერა ქართველის ბატონისაგან
149
მიუხაროდათ დიაკვნებს საქართლოდ გაჩაფრულებსა:
„გვაწირვინებენ ქართველნი, ვიშოვნით მრავალს ფრულებსა;
საქონლით სავსეს მოვასხამთ ჯორ-აქლემთ დაყათრულებსა!“
ეს არ ეგონათ, საკანში ჩაყრიდენ ხელ-შეკრულებსა!
150
ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა,
მეორემ - თევზით გავძღები ზურგიელ-გელაქნურითა,
მესამემ - მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა,
მეოთხემ - კიდეც დაგვთოკენ საბლითა მაზმანურითა!
151
ვით მდინარე ღვარ-შერთული ზვირთს ისვრიდეს, სჩქერდეს დიდად,
მას ქვეითამ ვერ შებედოს, გადოს რამე მასზე ხიდად;
გატყდეს ხიდი, ზედ მავალნი გახდეს ხავსთა მოსაჭიდად,
ეგრეთ ბერებს მიუვიდათ, რაც მოგითხარ, მაგალითად.
152
მეფე დახვდათ ჯავრიანად, შესაზარი შესახედლად,
მისგან ბერებს გაუძნელდათ პირად სიტყვა შესაბედლად;
გამოიღეს წიგნი წინა, მიიმძღვარეს საფარ-კედლად,
მიართვეს და ზოზღნად რასმე სიტყვას მოყვნენ ერთობ დედლად.
153
მეფე წიგნის კითხვას მოყვა, ბერებს აღარ უგდო ყური,
წაიკითხა, რაღაც ნახა სიტყვა ყიფურ-ამაყური;
პირსა ოფლი მოედინა, თავს დაადგა სიცხის ბური.
თივა ცეცხლს ხვდა, ქარმან ჰქროლა, ალმან შექნა აწ გურგური!
154
გახდა ვითა ნაკვერცხალი, მეტის წყენით ექცა ფერი,
ბერებს უთხრა: „რად მოგქონდათ თქვენ ასეთი დანაწერი:
რისთვის იმას არ ურჩიეთ, ზედ თუ გესხათ ულვაშ-წვერი;
თუ არა და წყალს არ სცვივდით, თუმცა გაღონებდათ მწერი!“
155
„რად არა ხართ მონასტერში, არ ილოცავთ, ღმერთს არ ესავთ?
გამოსულხართ და დადიხართ, ენაობთ და ჩხუბსა სთესავთ;
ჩვენთა ხმალთა გამახულთა მაგით უფრო თქვენ აღლესავთ,
ღმერთი როგორ დაიდუმებს, არა გკითხავსთ მაგდენს თქვენს ავთ!“
156
გაწყრა, ბრძანა: „ჰხედავთ ბუში სიტყვებს მკადრებს როგორ მქისებს!
არ ვიცი, თუ რით მაშინებს, რა ხაზინა უძეს ქისებს!
მე, ვით ორბსა, მდევს კირკიტა, დამტრიალებს, დამკისკისებს.
ჩემგან იგი რას წაიღებს, მე მოვიტან თუ არ მისებს!“
157
უბრძანა თავის მოყმეთა: „მე ცეცხლსა ეს მიკიდებსა;
თვით გიჟი ჭკუას მასწავლის, უსჯულო მე სჯულს მიდებსა;
უყურეთ ცალ-გვერდ ჭიანსა, რა სიტყვებს ისვრის დიდებსა!
აწ ხელი ჰკიდეთ ციქვებსა, მაგ მატყუარა ფლიდებსა!“.
158
„დაიჭირეთ და წაასხით, ჩაყარეთ ღრმასა ხაროსა;
თავს დააყენეთ დარაჯა, არავინ გამოთხაროსა,
მომზადენ ჩემი სპასპეტნი, ლაშქარი შეიყაროსა,
წავიდეს, მოსპოს კახეთი, მტრის ჯავრი ამამყაროსა!“
159
აწ გაუმჟღავნდათ რჩევანი, რაც ქართველთ ივეზირესო;
მოხსენდა კახსა ბატონსა, ბერები დაიჭირესო,
მათ თქვენი მიწერილობა დიაღ შორს დაიჭირესო,
ემზადებიან სალაშქროდ, ნაღარა დანაყვირესო.
160
კახ-ბატონსა წინა დღითვე მზასა ყვანდა თვისი ჯარი;
იგ რა ესმა, წამოვიდა, დაიჭირა ავლაბარი;
ნარიყალა მიმბაშს ეპყრა, შაის-ტახტი, ციხის კარი,
რა მივიდა, ფიცხლავ მოსცა, გაიკეთა იქ საფარი.
161
შემოებნენ, დაამარცხეს, მან მიმართა მუხრან-ჭარსა;
უთხრა: ქართველთ გამაწბილეს, არც მე შავჭამ იმათ ჯავრსა:
შეიპირა ჭარელები, სასყიდელი მისცა ჯარსა,
წაუძღვა და ხელმეორედ მიაყენა ჯარი კარსა.
162
ქართლს, კახეთსა გადეხადა მაშინ ღვთისა საფარველნი,
ოდეს გარსა შემოადგნენ თიფლის კახნი და ჭარელნი!
გაუთენდათ სომეხებსა დღე შაბათი საზარელნი,
ზოგი მოკლეს, ზოგი დასჭრეს, ზოგს წაგვარეს საყვარელნი!
163
სალხინოს დღეს მოქალაქე დიაღ ავად შეაქციეს,
წამოუხვნეს საქონელნი, სახლ-დუქნები დააქციეს,
დანამარცხეს ქართველთ ჯარი, ვახტანგ მეფე გააქციეს.
თეთრსა მტკვარსა წითლად ღებდა, რაც მათ სისხლი დააქციეს!
ოსმალოსაგან ქართლის დაჭერა და ქართველის ბატონის რუსეთს წაბძანება
164
კახთ ნაჩინჩხლთ წინწკალთ დაერთო ქართველთა ქარი ალზედა;
რა იგი ორნი შეშუღლდნენ, ვით ქორნი გარიალზედა,
გამოეღვიძა არწივსა ჩხუბსა და მათს ყრიალზედა,
გარიელს კლანჭი მან უკრა, სხდენ ორნივ ცარიალზედა.
165
სჯობდა იდუმალ ენუკათ ქორთ თვისი სანუკარია,
წილად ერთს მხარი ეწიწკნა, მეორეს საწიწკარია:
სრულ არ მიეცათ მტრისათვის თავიანთ საკენკარია,
თუ ამას ავად ვამბობდე, პანღური ამომკარია.
166
ვახტანგს ძიმწარის უმწარე ეტკბილა ვითა შაქარი,
ძილ-გაკრთობილმან საზღაპროდ მძინარე შეძრა ხვანთქარი,
აღასაშენებლად სრა-ვანთა გაგზავნა ორი სარქარი,
წინ მოუმძღვარა ხუროთა იესე-ძმა, ძე-ბაქარი.
167
მოტყუვდენ ხუროთმოძღვარნი, იხმარეს ავნი ხურონი:
ძველთაგან მკვიდრად ნაშენნი, საქართლო-საკახურონი,
მოშალეს, ვეღარ იშენეს სრა-ვანი საკვეხურონი,
ყმა და მამული მტრებს მისცეს, თვით დარჩნენ უმსახურონი.
168
მეტად უზომოდ გაჯავრდენ, ვერ გასძლეს გულის ჯავრნია;
აჩქარდნენ, ვეღარ გასინჯეს მათ საქმე სასინჯარნია,
მტერთ ნებით კარნი გაუღეს მაგროვნად დანაჯარნია,
კახთ იხმეს ლეკნი საშველად, ქართველთ - ოსმალოს ჯარნია!
169
ოდეს სცნა კახმა ბატონმა, ლაშქარი სარასკარისა
საქართველოსა მოადგა, ვით გოლსა ბრბო ფუტკარისა;
წინაღმდეგობა არ ეძლო, ქმნა მათის სანუკვარისა,
წინ მიეგება, მიართვა კლიტენი ციხის კარისა.
170
ოსმალო თიფლის შევიდა, კარები დახვდათ ღია რა,
იესე მეფე მათ შერჩა, მათს მოძღვარს მან აღიარა;
ვახტანგ რუსეთსა წაბძანდა, რაჭაზედ გადაიარა,
სხვას იმის ამბავს კვლავ გეტყვი, ჯერ არა გამიგია რა.
171
კახმა ბატონმა მიმართა ფშავ-ხევსურეთის კიდესა,
კახთა ცოლ-შვილით თვალივსა მძლივ ფეხი მოიკიდესა:
რაც ხანი იყვნენ, სარჩოსა ვერც სთესდეს, ვერცა მკიდესა;
რაც ქონდათ თვისი საუნჯე, სულ პურ-ღვინოზე ყიდესა.
172
შეწუხდენ კახნი-ქართველნი, მიადგათ რა ეს ჭირები,
შეინთქვნენ, შექნეს ფიცებით, ერთმანერთს მისცეს პირები,
არჩივეს: „გორის ციხესა გამოუთხაროთ ძირები“.
კახმა ბატონმა მომართა დაბდაბნი და საყვირები.
173
იესეს მეფეს მოხსენდა, გორს ადგას ქართველთ ჯარები,
მან შეიყარა ოსმალო, იქმნა თიფლისით მარები,
მოხვდენ ერთმანერთს, დაიქცა რაც მაშინ სისხლის ღვარები,
აღაბრუნებდა ბევრს წისქვილს, თუმცა სდებოდა ღარები!
174
ვაიმე, ამის სათქმელად პირი გამიხდა მწკალტევით,
არ იმართოდა ლაშქარი ზედაველაზე დატევით;
მათ ჩვენმან ჯარმან აჯობა პირველ მისვლაზე შატევით,
მაგრამ ბოლოს კი დამარცხდა შინათვე ნაღალატევი.
175
ვაი იმ დღეს! ოსმალონი ბევრს უბრალოს სისხლსა ღვრიდენ.
საცა შეხვდისთ მუშა-კაცი, გლახა მწირსა თავსა სჭრიდენ;
გოდორს თავი აკლიაო, ცხრის ურმისა ზარში ჰყრიდენ,
ტანთ მარხველი არა ყვანდა, მელა-ტურა გამოხვრიდენ!
მეფის ვახტანგისა და ძისა მისისა ბაქარისა დარუბანდს წაბრძანება
176
ექვსის წლით წინათ ჩემს უწინ ქართლიდან წაბრძანებულნი,
რა მიველ მოსკოვს, ვიხილე მეფე და ქართველთ კრებულნი;
რომლისაც ხელმწიფისაგან იქ იყვნენ დაბარებულნი,
იმისთვის ვეღარ მიესწრათ, მით იყვნენ გამწარებულნი.
177
ერთს - დიდს პეტრეს - და ორს სხვასა მოშლოდათ წუთისოფელი:
წართმოდათ მოკლედ სამყოფი, ეშოვნათ გრძლად სამყოფელი;
მით სევდა ვახტანგ მეფესა გონების დასაყოფელი,
სცემოდა გულსა, განეჭრა გრძლად ფილთის შასაყოფელი.
178
ამაზედ იყო მგლოვარე, ცრემლი ამისთვის ზდიოდა:
სამი ხელმწიფე ზედი-ზედ მოკვდენო, - გული სტკიოდა;
თავისას, თავის ქვეყნისას უბედურებას ჩიოდა:
გაგრძელდა საქმე, გაძნელდა, რაღა ვსთქვა, რა ვარჩიო, და?
179
ოდესაც ანნა ხელმწიფე რუსეთზე გადამწდომარე,
ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ-დაუცდომარე,
გვირგვინოსანი ტახტზედა მეფემ იხილა მჯდომარე,
მაშინ შეიქნა საქმისა მოხსენებისა მდომარე.
180
მეფე წადგა ხელმწიფესთან, ცრემლით ღაწვნი დანასველა,
მოახსენა: - თქვენგნით ვარო არც მშიერი, არც შიშველა,
ამასა გთხოვ, შემიწყნარო, ბრძანო ჩემის ქვეყნის შველა!
- შეისმინა ხელმწიფემა, რაც მან სთხოვა, მოსცა ყველა.
181
მან უბრძანა: მე მიჭირავს ზღვის მიდამო გაღმა მხარი,
სოლაღსა და დარუბანდსა, ბაქოსა დგას ჩემი ჯარი;
იქ მიბრძანდი; საჭურჭლისა მუდამ მზა არს ღია კარი,
ლაშქარი და ხაზინანი, ვით გენებოს, მაიხმარი!
182
მივსცემ ყველას ბრძანებასა ჩემთა სპათა, სპის მართავთა,
ამირთა და ამილბართა, ათასის-თავთ, ასის-თავთა:
თქვენს ბრძანებას მორჩილებდენ, კარგთ იქმოდე, გინა ავთა;
თავს საკვდავად არ ზოგვიდენ, საცა მოიქნევდენ ხმალთა!
183
მეფემ მდაბლად ხელმწიფესა თაყვანი-სცა, ჰკადრა პირად:
ღვთაებრ უხვი მოწყალება ჰქენით ჩემზე, არა ძვირად;
ვმადლობ თქვენსა წყალობასა, მე-ღა მინდა სხვა განძი რად?
დღეის იქით ენა ჩემმან ქება თქვენი წართქვას ხშირად.
184
წინ წადგა და ტახტზე მჯდომსა ხელმწიფესა ხელს აკოცა:
ხელმწიფეცა წამოუდგა, გზა მეფესა დაულოცა:
„ღმერთმან ასე გაგიმარჯოს, რომ არ იყოს ბევრი ხოცა“.
- სადღეგრძელო დაულივა, თვით ბრძანა და მასაც მოსცა.
185
წამოვიდა პეტრებურღით, მეფე მოსკოვს ჩამოვიდა,
მოემზადნენ მამა-შვილნი, ქართველნი ყვა ვინცა-ვინ და,
წასვლა წყლითა დაამტკიცეს, ბრძანეს: „ექვსი ნავი გვინდა“...
შექმნეს ნავის შენებანი, მით ერთი თვე გამოვიდა.
186
ნავში ჩავსხდით და წავედით თოკებისა ხელის წევით:
ხან ჩქარა და ხან წყნარადა, ხან ვერც დაძვრით, ხან კი რყევით,
წინ ეტიკი მიგვიძღოდა, ედილისა წყალს დავყევით,
ჩვენი ავად სიარული სამს თვეს უკან შევიტყევით!
187
ვირემდის ზღვათა ბაგემდის ჩვენ ჩავიდოდით ნავითა,
გადატრიალდა საწუთრო მრუდისა საბრუნავითა;
წინ სვიმონ აბრამისშვილი დაგვხვდა ამბითა ავითა,
აავსო გული მეფისა მრავლითა საჭმუნავითა!
188
მოახსენა: „შამახია თამაზ-ხანმა დაიჭირა!“
მეფეს ესმა, თავში ხელი შემოიკრა და იტირა:
ესეთ მოთქვა: „ჩემი ბედი ასრე როგორ გაიწირა,
გზა არცაით წარმემართა, წინ ერთი რამ ამეხირა!
189
ახლა რა ვქნა, სად წავიდე? გზა შემექნა დახლათული,
ქარი ქრის და აფრა-გაშლით ვარ ხომალდით ზღვას შერთული,
ბრძანებანი წინ წასულა ხელმწიფისა ხელ-ჩართული,
ღმერთმან თქვენს მტერს წარუმართოს, ვით მე გზა მაქვს წარმართული.
190
დღეს რაც საზარელი სიტყვა მაისმინა ჩემმა ყურმა,
ეს სულ წყალში ჯდომამ მიყო, სიარულმა ბაყაყურმა!
პირში ლუკმა გამამაძრო თარაქამამ ნადი-ყულმა,
რაღა ვქნა და რა ვივარგო სევდით გულ-ღვიძლ დანაყულმა?
191
- თუ დავბრუნდე უბრძანებლად, მკითხონ, რა მაქვს მე სათქმელი?
თუ წავიდე დარუბანდსა, მე ვიქნები რიღას მქნელი?
ღმერთო ჩემო, ეს რა მიყავ? მომივლინე საქმე ძნელი,
სულ სიცოფედ შემირაცხე, რაც ვისიბრძნე მე საბრძნელი!“
192
კვლავ ბრძანა: „გავალ დარუბანდს, იქივ სჯობს სხაგან დგომასა,
იქ მოუყურო, თუ საქმე რა მოხდეს შამადგომასა;
რაც უწინ საქმე წამხდარა, წუხილით რა ვარგო მასა,
სჯობს მომავლისას უფთხილდე საქმისა არ წახდომასა!“
193
გაბრძანდა მეფე ხომალდით დარუბანდისა კიდესა,
მღვდელნი სამღვდელოდ მოსილნი მოვიდნენ, ხელი ჰკიდესა,
ციხიდან თეთრი ალამი გაშალეს, გადმოჰკიდესა,
რუსთა ზარბაზნის შილინგით გარს ცეცხლი მოუკიდესა.
194
ლაშქარნი თოფთა ისროდენ, ხუცები რეკდენ ზარებსა,
ასე გვეგონა, ხმისაგან ცა იძვრის, მთა ზანზარებსა:
არ ვგვანდით აბუჩს სტუმართა, არცა უბრალოს მგზავრებსა,
ცოტად მით გვეცა ნუგეში იქ მისვლად დანაზარებსა.
თამაზ-ხანისაგან შამახიისა და განჯის აღება და ოსმალოსაგან თიფლისის დაცლა
195
აწ მოგითხრა ნადი-ყული ან ვინ იყო, რისა მქნელი;
იყო ერთი თარაქამა ელთა თავი ხვარასნელი,
იმის გამო შაჰ-თამაზმა მიიყენა საქმე ძნელი,
თვისის ნებით, მისის ხელით გადაიცვა ყელზე წნელი.
196
ასე რომე შაჰ-თამაზმა საქმე ასე მოიგვარა,
ლოთობა და მეძაობა მეტად დიდად შეიყვარა,
მისად წამლად ნადი-ყული, ვით ბრმამ, წინა აღიმძღვარა,
ბეჭედი და სახელმწიფო, ჯარი სულ მას მიაბარა.
197
თვით იმ საქმით ნებიერად ჯდა განცხრომით, ამო შვებით, -
მოიფონა ხმალ-კაპარჭი, მშვილდთ საბელი ქმნა მოშვებით,
მისგან ხნარცვში უკუ-ვარდა, აღარ იქმნა ამოშვებით,
მაშინდელნო სისხლთა ტბანო, აწ როდის-ღა ამოშრებით?!
198
ეს გაუშვათ, იგივე ვთქვათ, რაც გაეწყოს ბოლო თავსა,
კარგი წვითგან დავანელოთ, ცეცხლი მოუბოლოთ ავსა,
ღმერთი კარგსა რად უზემდა მას ბილწს, მეძავს და მლოთავსა?
ავის მქნელსა ავის საქმით ღმერთი საქმეს მოურთავსა.
199
რა ნადი-ყულ შაჰ-თამაზსა საქმის თავი ვერ უნახა,
დაიჭირა, დააპატიმრა, დარაჯას ქვეშ შეინახა;
გათამამდა ნადი-ყული, თოფი მართა, ხმალი ჩალხა,
მოუქნია წინაღმდგომთა, განადინა თავში ჩახა.
200
ნადიყულობა განაგდო, მან დაირქო თამაზ-ხანი:
დაიმონა ყიზილბაშნი, ვითა მგელმან ცხვარნი, თხანი;
გაიმრავლა ბეგლარ-ბეგნი, ყულ-ნოქარნი, უზბაშ-ხანი,
გაიკეთა მეტად კარგი მან თოფხანა, ჯაბახანი.
201
რა თამაზ-ხან შაჰ-თამაზსა ამისთანა საქმე უყო,
იმისთანას ღალატითა ყელზე გადააცვა გულყო;
ორმო-ბნელში ჩაგდებულსა თავი აღარ ამოუყო,
ყოველს ხელმწიფეს აცოდინა, თავი თვისი საცნაურ-ყო.
202
რუსეთს გაგზავნა დესპანი, სიტყვა მისწერა ასეთი:
„ჩვენ თქვენის ტახტზედ დაჯდომით თვისის წყალობით გვცავს ღმერთი,
მოკვდა შაჰ-თამაზ ყეენი, მას შვილი დარჩა არც ერთი,
სახელად ვირქვი თამაზ-ხან, მე დავიჭირე სპარსეთი“.
203
მას, თამაზ-ხანის დესპანსა, სახელად ერქო ხულუფა,
მისცეს მას დიდი პატივი პეტრებუხს, კარგი ულუფა,
იმან სცნა ვახტანგ მეფისა საქმე და განძრახულობა,
ვინც უთხრა, კარგად ვერა ქნა იდუმალთ დამარხულობა.
204
ხულუფას უთხრეს: - ვახტანგ თქვა - „მე წავახდინო სუხავი,
ის არის ჩემის ქვეყნისა დამწველი, ცეცხლით მხუხავი;
შამახიაში ყუმბარა ვყარო მეხისებრ მქუხავი,
თუ ღმერთმან ეგ კი მაღირსა, სხვა რა მაქვს შესაწუხავი!“
205
მეფე რომ გაღმით წაბრძანდა, ხულუფამ გზავნა ჩაფარი;
მისწერა წიგნი თამაზ-ხანს, გაიმაგრეო საფარი,
აწ ვახტანგ მეფემ საომრად აიღო ხმალი და ფარი,
განძრახულობა არს მისი შამახიაზე ფარფარი.
206
თამაზ-ხანს ესმა, ეოცა, იქმნა მკბენელი ნეკისა,
სუხავის ჯარი მან შექმნა, ვით ისომ ამალეკისა,
ჯერ შამახია დალაშქრა, ქვეყანა მოსპო ლეკისა,
კვლავ ხმა ასმინა განჯასა ოსმალოს კართა რეკისა.
207
ერთს დღეს თამაზ-ხან თავის ჯარს მიუძღვა ასე ხერხითა,
ათი-ათასი ათასთა განასრესინა ფეხითა:
განჯის კარები დამუსრა ზალაყინისა ჯეხითა,
თიფლისი ნებით დაცალეს, გავლეს ბეცებით, ხეხითა.
თამაზ-ხანისაგან რუსთ ხელმწიფის ფერთმაშალთან წიგნის მოწერა და თავისის ქვეყნების თხოვნა
208
თამაზ-ხან სოლაღს მისწერა, ვის ქონდა ამილბარობა:
„თუ მეგობარი ბრძანდებით, ჩემზე არ გმართებთ ძალობა;
გადმახდევინეთ სხვა-რიგად, თუ რამ მემართოს ვალობა,
თუ არა, ჩემის ქვეყნისა ხელმწიფემ მიყოს წყალობა.
209
სოლაღს, დარუბანდ არმოანს, თქვენ რა ხელი გაქვთ ბაქოსა?
დასაბქველი მბაქველმან არც აგრე უნდა ბაქოსა;
რადა ხნავთ, ან რად სთესავთ თქვენ ჩემსა სათამბაქოსა,
ან ბაჟს, დავღას, რად იღებთ სადუქნეს, საქულბაქოსა?
210
თუ არ დაუთმობთ ერთმანეთს, ის ჩამოაგდებს მტრობასა;
დასცალოთ, თქვენთვის მიბძანდეთ, ისი სჯობს მანდ მაგრობასა.
მე რომე ვსინჯავ თქვენგნითა მაგ ჩემის ქვეყნის პყრობასა,
მაგდენი ბოლო არა აქვს ჩემსა და თქვენს მოყვრობასა“.
211
მას ამილბარმა მისწერა: „თქვენ ჩემგნით ნუ გეწყინება,
ვინემდის კარზე მივსწერდე, თქვენ ქენით ეს მოთმინება,
რაც მე იქიდან მომესმის, თქვენ ჩემგნით მოგესმინება;
მე სიხარულით დაგიცლი, თუმცა ხელმწიფემ ინება“.
212
მალე მოვიდა კარიდან ხელმწიფის გვამანსარია
„სოლაღის ციხე მოშალეთ, დასცალეთ გაღმა მხარია“.
სანამდის თვითონ ამილბარ ციხეს არ დასცა ბარია,
მანამდის დასაქცეველად ხელი ვერავინ გარია.
213
თამაზ-ხან თამაზხანობა გარდირქო, მან ინაჯიშა,
თამაზ-ხანისებრ სეფური შაჰ-თამაზ ვერ ივარჯიშა;
ნადიყულობის ძალითა სახელად ირქო ნადი-შა,
ჯერ არცადა ჩანს სპარსეთში ნადი-შასთანა ფადიშა!
214
მან, ნადი-შამან ყაენმან, შაჰ-თამაზს ხნარცვი უთხარა:
ხლმით შეაშინა თურქეთი, დაღისტანი და ბუხარა.
რუსთ ხელმწიფესაც მოსწერა: - „გამეცა, ბაქოს ნუ ხარა“.
ინდოეთისა ხელმწიფე დადრკა, მას თავი უხარა!
215
ვახტანგს მეფეს მოუვიდა ამ ნადი-შას ჩაფარ-ელჩი.
ებძანა, თუ: მობძანდიო, შენს ქვეყანას არას ვერჩი;
მე გიჩვენო შენის მტრისა თავი შუა განახეჩი,
დამიჯერე, არ დაკარგო, რაც მე ხელში ჩაგაჩეჩი.
216
არ წავიდა, არ მიენდო, მისი ყმობაც ითაკილა,
სიტყვა მისი მას გულს ეცა, თვალთა ქაცვი, ვით ასკილა;
ვითა სმოდა პირველითგან, მით იხსენა, მითა კილა,
თქვა: „მეც უნდა დამბორკილოს, ვით შაჰ-თამაზ დაბორკილა“.
რუსთაგან გაღმა მხრის დაცლა და მეფის ვახტანგის აშტრახანს გაბძანება
217
რუსთ დარუბანდი დასცალეს, ყიზლარისაკე არესა:
მეფე ვახტანგცა მიბრძანდა აშტრახნის არე-მარესა,
იქ უარესად შაესწრა ამბავსა საწყინარესა,
მაშინ თქვა: წუთო სოფელო, ფუ შენ და შენს მოყვარესა!
218
წყეულო, ცრუო, მაცდურო, ასე რად დამემტერეო?
ცხრა რიგი ჭირი შემყარე, ერთსა არ დამაჯერეო;
გულს მქონდა ხმალი გაჩრილი, აწ შუბიც დამაძგერეო,
არც მამკალ, არც დამარჩინე, მატარე ზერე-ქვერეო.
219
მეფემ უბრძანა თავის შვილს: „შენ, შვილო ჩემო ბაქარო,
ისმინე ჩემი ნათქვამი, ტკბილო, ვით თაფლო, შაქარო:
ვეღარცად წავალ აქიდან, ვიქნები, რადგან აქ ვარო,
ჩვენს დაქცეულსა ოჯახზედ უნდა, რომ შენ ისარქარო.
220
არ ვიცი რაღაც ეტლზედა შევიქენ, დავიბადეო:
მე ბევრს ვეცადე, არ იქნა, აწ ახლა შენა სცადეო,
ვეღარ შევიძელ მოწევა, დავბერდი, მშვილდი დავდეო,
რაც უნდა წახდეს, გაკეთდეს, მე მას აღარას დავდეო.
221
რომელიც კახნი, ქართველნი ქართლიდან გადმოგვყოლია,
ზოგს ქართლშივე ყავთ ცოლ-შვილი, ზოგს აქ შეურთავს ცოლია;
ქართლურად მიეც ნება და რუსულად „დაი ოლია“,
როგორც უჯობდესთ, ისე ქნან, მითამ არც ერთი მყოლია.
222
მთხოვენ და მივსცემ ვერავის, მე ვერ ვიტვირთავ ამასა:
მე წაუხდინე ქვეყანა, შვილიც გაუცე მამასა?
მე ღმერთი მიზამს რას კაის, ორმო უთხარო, ჭა მასა,
სჯობს უჭმელობით სიკვდილი საყვედურითა ჭამასა!
223
მე ყველას დავსცემ დასტურსა, შევიქ თავიანთ ნებასა,
ამას კი ვიტყვი რჩევითა, დაუგდებ ერთსა მცნებასა:
კაცი ხომ ვერსად წაუვა სიკვდილსა, ღვთის ბრძანებასა,
მაგრამ ნურავინ შეიყრის თავისის ნებით სნებასა.
224
შვილმან შეკადრა მამასა: „შენ რა გაქვს აწ საჭმუნავი,
რაზედ შექმნილხარ, არ ვიცი, შენის ცხოვრების მწუნავი?
რა ახლა იცან საწუთრო დასაბამითგან მბრუნავი,
მიბრძანე, მისი შემხები ვინ დარჩა გაუთხუნავი?!
225
კაცი თავს ვერას გაუვა ცრუის საწუთროს მდურვასა,
უნდა, რომ კაცმან გაუძლოს, ჭირს შეყრის ცხრასა თუ რვასა.
სჯობია ისევ მოლხენა წუხილსა, ჭმუნვა-ურვასა,
გირჩევ, დაეხსენ მაგდენსა ცრემლსა და ოფლში ცურვასა.
226
ერთს მოგახსენებ რჩევასა, მასზე ნუ გამიწყრებითა;
ისი სჯობს, მოსკოვს წავიდეთ წყნარად, ნებივრად რებითა;
იქივ ვიცხოვროთ, ვით უწინ ვსცხოვრებდით ჩვენის კრებითა,
ჯავრს დაივიწყებთ, ოდესაც ხელმწიფეს შაეყრებითა.
227
უბრძანა: აღარ ვიქნებით როგორც ვიყავით ჩვენაო;
მისთვის ვიმალვი სირცხვილით, არ მინდა გამოჩენაო,
მრავალის ცრემლის დენითა დავჰკარგე თვალთა ჩენაო,
ასეთი სენი შემყრია, ძნელია გარდარჩენაო.
228
წამაიჩოქეს ქართველთა, თავს წაიშინეს ხელია,
იტირეს ბევრი მეფის წინ და ღვარეს ცრემლი ცხელია;
შეკადრეს: `რასთვის შექნილხარ ვით ველად მრბოლი ხელია,
ბრძანებთ: „ვემალვი სოფელსა - ეგე რა გასამხელია?
229
ჩვენ გაგვიშვია ქვეყანა თვრამეტ-ცხრამეტი წელია;
სამსახურითა თქვენითა გვტკივა ზურგი და წელია,
ნამსახურობის ჩვენისა ეგე რა სასყიდელია?
თქვენ მანდ დაბრძანდით და ჩვენზედ ასე აიღე ხელია!“
230
მეფემ უბრძანა ტირილით: „თქვენ მართალს ამბობთ ყველასა;
გიმსახურიათ თქვენ ბევრი მშიერსა და შიშველასა,
მაგრამ რას მიზამთ, ვეცადე მე ჩემის ქვეყნის შველასა,
არ იქნა, რით-ღა გადვიხდი მე თქვენსა სასყიდელასა?
231
ვითხოვ, შემინდოთ, ჩემზედა თქვენ ჰქენით რაც საქნელია,
ენით დაგლოცავ, მის მეტი სხვა რა მაქვს საქონელია?
ღმერთმან მოგაგოსთ მუქაფა, ჩემგნით გადახდა ძნელია,
სადაც კრულ იყვნეთ მტერთაგან, იქ ღმერთიც თქვენი მხსნელია!
232
ერთი ამბავი მომესმა, მე გასაგონლად მენასა,
დიდათ მერჩივნა სიკვდილი მე ცოცხალს იმის სმენასა;
ამაზე ვსტირი, ცრემლითა ვავსებ ქვევრსა და მენასა,
მე თქვენი სხვათა მიცემა ვერ ვათქმევინე ენასა!
233
რაცა ვსთქვი, ჯავრით ეგე მკლავს, მაჩივლებს, ეგ მატირებსა,
წყეული წუთი-სოფელი, რაც არ მწადს, მას აპირებსა,
არ ვიცი, როგორ გადურჩე მჭვალს გულზე დანაჭირებსა,
თუ არ მდომოდით, გაგცემდით, არ შევიყრიდით ჭირებსა!“
234
რა ეს ისმინეს ქართველთა, კვლავ უფრო შემოსძახესა,
თავს იქით-აქეთ აწყვეტდენ, ახლიდენ ქვასა და ხესა;
ჰკვირობდენ ჩვენი მჭვრეტელნი, მგონია, კიდეც გვძრახესა!
მათ არ იცოდენ, თუ ჩვენა გავებით რაგვარს მახესა.
235
მეფემ გვიბრძანა: „ქართველნო, კაია, ნუღარ სტირითა,
თქვენ გაიგონეთ ყურითა, რაც მე მოგითხრა პირითა:
რაც საიდუმლო გსმენოდეთ, ხმა-მაღლა მას ნუ ჰყვირითა,
ნურც თქვენ სწუხთ, ნურც მე მაწუხებთ, გული მაქვს სავსე ჭირითა.
236
გულს ნუ იჩვილებთ, იყავით გულისა გამაგრებითა,
ჩემს შვილს ბაქართან მიბრძანდით ხელიერთპირად კრებითა;
თქვენ ის წაგიძღვეთ საითაც, უკან მიყევით რებითა,
მის უკითხავად წინა-წინ თქვენ ნურცად წაეჩრებითა!
237
ასე მოგვითხრობს თარგმანსა ამ იგავის ხის მრგველია:
არს მორჩილება საქები, ურჩება საძაგელია,
მწყემსი უფთხილი სამწყსოსი ადვილად დამკარგველია,
სამწყსოს უმწყემსოდ მავალთა შეშჭამს ტურა და მელია“.
238
გამოესალმნენ მეფესა ქართველნი მუხლზედ ხვევითა,
მდაბლა თაყვანის-ცემითა, ხელსა და ფეხზე მთხვევითა;
წინ დაუყენეს ტბორენი ცხელის ცრემლისა ნთხევითა,
იმათი თავის რახუნი ისმოდა ქვა და ხე ვითა.
239
წავიდნენ, ბაქარს შესჩივლეს: „მეფემ რაღაც ქნა იჭვია,
ნამსახურობის სანაცლოდ მოგვაგო ესე ნიჭია;
აწ თქვენა ხედავთ თვალითა, რაც ჯიღა თავთა გვირჭვია,
სულ გამოგვყარა ქართველნი, დარჩა ათი-ღა ბიჭია.
240
აწ მამა-თქვენი თუმცა რომ ღრმად საქმის გამჩხრეკელია,
წერილთა თარგმნით ვით როგორც იონე დამასკელია,
მაგრამ ეს ავად იფიქრა, აქ გაიკეთა კელია,
თვითან აქ დგების მარტოკა, ჩვენი შორს გამრეკელია“.
241
ბაქარ თქვა: „ეგ შემიტყვია მე თქვენგან უფრო ადრეო;
ნუ მომიკვდების შვილები ლევან და ალექსანდრეო,
ბევრი მიუთხარ მამა-ჩემს, ეგ საქმე რად იკადრეო?
არ დამიჯერა, ავად ქნა აქ დგომა მან მეტადრეო.
242
ვერა ვნახე რა მაგისი ღრმად საქმე მინაწდომარე,
რაზედაც მიდგა, არ დარჩა ის საქმე წაუხდომარე!
მე შვილი ვარ და ეგ მამა, არა ვარ წინაღმდგომარე,
მე მოსკოვს წავალ, თქვენც მოხვალთ, ეგ იყოს აქა მჯდომარე!“
243
გვიბრძანა: მალე წავიდეთ, არა სჯობს აქ გრძლად დგომაო,
გზა წაგვიხდების, მოგვასწრობს, ახლოა შამადგომაო;
ცარიცინამდის წყლით წასვლა მიგვაჩანს, ნავში ჯდომაო,
ცარიცინს იქით მოსკომდი ეტლებ-უნებით ხლდომაო.
244
ყოველმან კაცმან საგზაოდ შევქენით მომზადებანი,
თავ-თავის საჯდომს ნავშიგან ნუზლთა და ბარგთა დებანი,
ვსწუხდით მეფისა გაყრისთვის, გვწვევდა სახმილთა დებანი;
ბევრმან დავსწყევლეთ მას დღესა ჩვენ ჩვენი დაბადებანი.
245
ჩვენ წავედით, იგ იქ დადგა, საქმე მოხდა არეული;
ათიოდე კაცი დარჩა, ხაბაზი თუ მზარეული;
სხვა იმან ყმა არ ინდომა, არ მემკვიდრე, არ ეული,
ვითა გოდოლთ მშენებელნი, გავხდით ენა-შარეულნი.
მეფის ვახტანგის ამიერ სოფლიდან მიცვლა და ქართველთ თავადთა და აზნაურთ რუსთ ხელმწიფის სამსახურში განწესება
246
აქ ნახეთ წუთის სოფლისა, ცრუ, მატყუარა, ფლიდისა,
მისგან სიბნელე ნათლისა, ზედან გადაკვრა ბინდისა!
ყმანი ვიყვენით კეთილნი მის ცხებულისა დიდისა,
გვწყალობდის, უხვად გვაძლევდის, სწავლით შვილურებ გვზრდიდისა.
247
მას მოგვაშორა მუხთალმან, გზა დაგვიბნელა სავალი,
სად რა გვეშოვნა მუდრეგად, სარგებლით გვთხოვა სავალი!
რაც მან მოიღო, არ ითქმის ჩვენს თავზე გადასავალი,
თუ გეტყვი, მწარედ გულს დამწვავ, შემხუხავ, შემტუსავ ალი!
248
ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო!
ლხინი, შვება და სიამე სულ ჭირად გადაგვექცაო.
ჩვენ ყმანი დავრჩით, პატრონი წავიდა, შორს გაგვექცაო,
გაფთხილდი, შენც არ დაგვექცე, ღვთის მაცა, მაგრა დექ ცაო!
249
მეფე მოგვიკვდა, ვიქმენით ჩვენ მწარედ ოხერ-ტიალი!
მით დაგვიბნელდა საწუთროს შუქთა ბრწყინვა და ჭყრტიალი;
მოგვწყდა წელ-გული, შევქენით, ვით უმხროდ ჩიტმან, ფრტიალი,
დავიწყეთ, ვითა წიწილთა უკრუხობითა, წკრტიალი.
250
მის დროს რუსთა თქვეს: ქართველნო, ეს თქვენცა გაგეგონება,
თვით ქრისტე ბრძანებს: „ძნელია ორთა უფალთა მონება“
იწამეთ ერთი უფალი, თუმცა გენებოთ ცხოვნება,
ან წადით, ან დადექით, თავს ნუ მიეცით ღონება.
251
ჩვენ ოც წელს იქით სტუმარსა ვერ უზამთ თავაზასაო,
შემოგვეწევის თუ არას, მუდამ ვერ ვაჭმევთ მზასაო,
თუ რომ დასდგებით, ჩვენ თქვენთვის მოვმზადებთ კარგს მაზასაო;
თუ არ დასდგებით, დრო არის მიბრძანდებოდეთ გზასაო.
252
ქართველნი სცდენ და გატეხეს მეფის ვახტანგის მცნებაო:
წინ წაუარეს ბაქარსა, საქმე ქნეს თავის ნებაო,
სწორეთ იმ გზაზედ წავიდნენ, საითაც იყო სნებაო,
არავინ უწყის, იქითგან ცოცხალი ვინ იხსნებაო!
253
იფიცეს კახთა, ქართველთა: „ჩვენში არ იყოს შურია,
ჩვენ სულ დიდთა და პატარათ ცხოვრება გვაქვნდეს ძმურია;
დავსდგეთ, თუ სადმე წავიდეთ, ერთად ვიძებნოთ პურია“,
მეც გავერივე, მეკეთა, რაკი მას მოვკარ ყურია.
254
რა იგი ფიცი გარდასწყდა, გულში არ ქონა შურისა,
ხელმწიფეს არზა მიართვეს: „ჩვენ თქვენი ყმობა გვსურისა;
ლაშქარში წასვლა გვებძანოს, დრო არის სამსახურისა!“
ხელმწიფეს ესმა, იამა, ბრძანა მოგდება ყურისა.
255
თავის ვეზირებს უბრძანა, საყმო გარიგდეს მათიო:
თავადთა ოცდაათი და აზნაურთათვის ათიო;
თუ არ აღსრულდენ, კიდევე ათ-ათი მაზე სართიო,
მიეცით თანასწორადა, არა იყოს რა ხლათიო.
256
შურსა რა ესმა სისწორე, ერთობა მან იწყინაო:
რკინა რბილი და ფოლადი, თქვა, განასწორა ვინაო?
მართებელთანა დაგვჩხუბა, ავრიგად შეგვასმინაო,
ათ-ათი ისევ მოგვიჭრეს, სხვა კი მოგვიგდეს წინაო.
257
შური უვარყო, ვისაც რომ ჭკუა ქონდა ნატამალია,
შეჯდა და გადაეხვეწა, იხმარა ცხენი მალია,
მე მყავდა ცუდი ჯაგლაგი, მით ვერცად დავემალია,
გაჯავრებული მომიხდა, გადმომიჭირა ხმალია.
258
შურმან დაჩაგრა და მოკვდა ყაფლანისშვილი ტეტია,
შურმან ციციშვილს ადამას დაარტყა თავში კეტია;
დაშავებული მეც შურით დავიარები ხეტია;
დამბნელებია გონება, თავზე მეხვევის რეტია.
259
შურმან მე დიდათ დამკოდა, ხმალი შემომკრა მისრისა,
მსხვილს შვილებს ყელი დამიჭრა, წვრილები ფეხით მისრისა;
ცეცხლით დამიწო სახლ-კარი, ვამე, ჯავრი მკლავს მის სრისა!
ვით აღლესილი ლახვარი, მით სევდა გულსა მისრისა.
260
მას მეშურნესა პირველად არა ქონდა-რა ძალები,
გამოაჩინა ბოლოს დროს ფარული დანაკრძალები;
გვიმტყუვნა, ხორცი თვით ჭამა, ჩვენ მოგვიყარა ძვალები,
ხე ვარჯოვანი დაგვახმო, აყოვნა ნაკუნძალები.
261
განაბოროტა კეთილი, შურმან აუბა თვალები,
წინა აღუძღვა ბრმა ბრმათა, არივა გზა და კვალები,
დაბენძღა, დაარიოშა, ოქროს მორივა რვალები,
გადახდევინოს უფალმან, რაც ჩემი ედვას ვალები!
262
ვით თხასა ცხვარი, მივენდევ უპიროს, მოღალატესა,
წამიძღვა, სამჭმო მიჩვენა, თავს წამაყენა ფლატესა,
მითხრა, თუ: „აგერ საფოთლი, კარგია, ვინც იქ გახტესა“.
თვით გახტა, მე შიგ ჩამაგდო, ჰგავს ეშმაკობით ანტესა.
263
შევსცდი და მწყემსსა წაუველ, გაუდექ მრუდათ ძოვნასა,
აწ დავჰკარგულვარ თავთათვის, აღარ მოველი პოვნასა,
უძღებებამან რა მიყო, ხედავთ ამ ჩემსა შოვნასა,
სიმსუქნისათვის დავიკვლი, ძაღლნი შესჭამენ ქონასა.
264
ავად მომიხდა უმხროდა გაფრენა, ქმნა ნავარდისა!
სად ამოსული ხნარცვითა კიდევ მეორედ ვარდისა;
ვაიმე, მამა-დედისა, ძმის დამკარგავი ვარ, დისა,
ვეღარ მნახავი მოყვრისა ტან-ლერწამ, პირად ვარდისა.
265
ჩვენი გითხრა სამსახური, სხვა რა გვექნა ამის მეტი;
ათას-შვიდას-ოც-და-ცხრამეტს ხოთინის კარს ვთხლიშეთ კეტი,
ოროც-და-ორს ფინდრიღავანს ცეცხლით გამოვბუგეთ შვეტი,
ოროც-ჩვიდმეტს ბრუსის კოროლს შეურყიეთ ტახტის სვეტი.
266
ორმოც-თვრამეტს ბრუსმან დაგვკრა, თავსა დაგვახვივა რეტი,
მე ჩემს ძმებსა დამაშორა, ლუწისგან დავრჩი კენტი,
მაღდებურხის ციხეშიგან დამსვა კარებ-დანაკლეტი,
იქიდან ვიხსენ, შინ წამოველ, ქერი ვხან და ყანა, ფეტი.
267
ფეტვი ბევრი მოვიყვანე, მაგრამ ვერა ვშჭამე მჭადი.
მე მომითხრეს: „მანდედამე ახლა ადექ, სხვაგან წადი!“
ძალ-უნებრივ წამიყვანეს, სადაც არა ვიყავ მწადი,
ვამე ტკბილო სიცოცხლეო, რომ შენ ასე გამიმწარდი!
შენიშვნა
1. ბობღნი - დაფდაფი.
2. გასტყვრა - უშნოდ გაძრა.
3. კაბდო - ფარცხი.
4. დრანჯობა - ურცხვი სიძვის მოყვარება.
5. ქანქარი - ტალანტი (ფულის ერთეული).
6. მუქაფი - ზედამხედველი.
7. გაარმება - უსიამოვნება, გააფთრება, გაუგემურება.
8. ახშამ - მწუხრი, შეღამება.
9. ნარმა - ბამბის ან სელის ტილო.
10. წოთი - ბამბის ძაფით ნაქსოვი ქსოვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий