четверг, 18 января 2018 г.

ჯაყელთა საგვარეულოს ისტორია XI-XV საუკუნეებში (მ. ბახტაძე)

   საქართველოში საუკუნეების მანძილზე მრავალი ფეოდალური საგვარეულო არსებობდა. თითოეულ მათგანს საკუთარი ადგილი ეკავა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ იყვნენ საგვარეულოები, რომლებსაც ბედმა სხვებისაგან გამორჩეული და განსხვავებული როლი არგუნა. ერთ-ერთი ასეთი საგვარეულო ჯაყელთა ფეოდალური სახლი იყო. ფეოდალურ საგვარეულოთაგან, ჯაყელები პირველები იყვნენ რომლებმაც საკუთარი დამოუკიდებელი სამთავროს შექმნა შეძლეს. ამ საგვარეულოს წევრთაგან კი შესაძლოა მხოლოდ ბექა მანდატურთუხუცესის დასახელებაც კმაროდეს, რათა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მათი როლი და მნიშვნელობა წარმოვიდგინოთ.
   ჯაყელთა საგვარეულოს წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით ნ. შოშიაშვილი წერდა, საგვარეულოს დამფუძნებელი ახალი ჩორჩანელების წარმომადგენელი ბეშქენი (მირიან ბაჰლაუნდის შუათანა ძე) ჩანს. მისმა შთამომავლობამ მეფისაგან ჯაყისწყლის, ფოცხოვისა და ურავლის ხეობები მიიღო. წაყროებში პირველ ჯაყელად თუხარისის ერისთავი ბეშქენი იხსენიება, ხოლო შემდეგ _ ყველის ერისთავი მურვანი (ალბათ ბეშქენის ძე). ბეშქენის ძის მურვანის ვაჟი იყო 1118 წელს ჯავახეთში თურქების მიერ მოკლული ბეშქენ II. 1178 წელს მემნა ჯაყელმა მხარი გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ორბელებს დაუჭირა. თამარის დროს, ბოცო ჯაყელი გიორგი რუსს მიემხრო. მეფემ მათ ჩამოართვა თანამდებობები და ციხისჯვარელებს გადასცა. ისინი გახდნენ ახალი ჯაყელები. ძველი ჯაყელები კი ბოცოსძეებად იწოდნენ. ნ. შოშიაშვილის აზრით, ხურსიძეთა გვარის ფუძემდებელი ჩანს XI საუკუნეში მოღვაწე ხურსი, რომელიც დაიღუპა შირიმნის ბრძოლაში. ახალ ჩორჩანელთა სამფლობელოს ნაწილი გადაეცა ციხისჯვარელებს, ნაწილი ჯაყელებს, ლაკლაკთა და ხურსიძეებს. შესაძლოა იმერეთში მოხსენიებული გიორგი და ხურსი, ხურსიძეთა წარმომადგენლები იყვნენ და მაშასადამე ხურსიძეები მიწას იმერეთშიც ფლობდნენ. ნ. შოშიაშვილი ციხისჯვარელებსაც ახალი ჩორჩანელების განშტოებად თვლიდა. რომლის ფუძემდებელიც სულა კალმახელი იყო, რომელსაც ბაგრატ IV-მ თორში მდებარე ციხისჯვარის ციხე უბოძა. სულას საგვარეულოს მეორე შტომ კალმახის საერისთავო დაიმკვიდრა და კალმახელად იწოდა. გიორგი რუსის აჯანყების დროს გამოჩენილი ერთგულების გამო თამარმა ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელს უბოძა სამცხის ერისთავთერისთავობა და სპასალარობა და უწყალობა ჯაყის ციხე, რომელიც ახალ ჩორჩანელთა მეორე განშტოების წარმომადგენელ ბოცოს ჰქონდა. ამ ყვარყვარეს შვილიშვილი სარგის I სამცხის მთავარი ხდება.
   XI-XII საუკუნეებში სახელი ბეშქენი, ჯაყელთა საგვარეულოშია გავრცელებული და შესაძლოა გაზიარებული იყოს ნ. შოშიაშვილის თვალსაზრისი _ ჯაყელთა საგვარეულოს ფუძემდებლად ბეშქენ ბაჰლაუნდის მიჩნევის შესახებ. ამ შემთხვევაშიც ერთადერთი არგუმენტია სახელი ბეშქენი.
   ჩვენ ვიზიარებთ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებულ მოსაზრებას, რომ სერაპიონ ზარზმელის თხზულება VII საუკუნეში დაიწერა და VI საუკუნის ვითარებას ასახავს. აქედან გამომდინარე, მირიან ბაჰლაუნდის ვაჟები VI-VII საუკუნეების მიჯნის მოღვაწეებად უნდა მივიჩნიოთ. ასეთ შემთხვევაში, ჯაყელთა საგვარეულოს ისტორია VII საუკუნიდან უნდა დავიწყოთ. VII-X საუკუნეების ისტორიის ამსახველი ქართული წყაროები ჩვენ არც თუ ისე ბევრი მოგვეპოვება და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ პერიოდის ჯაყელების შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცით. XI საუკუნიდან კი უკვე ჩნდება ცალკეული მონაცემები ჯაყელთა შესახებ.

„მატიანე ქართლისას“ თანახმად - „... ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთაუფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისასა, გარდა ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა თუხარისისა ერისთავისა. მემატიანეს ეს ცნობა 1045-1047 წლების ამბებს ეხება. XII საუკუნეში ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი ბეშქენ ჯაყელი, დავით აღმაშენებლის თანამედროვე. 1118 წელს დავით აღმაშენებელს `მოართვეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკვლისა“ (დავითის ისტორიკოსი). რა თქმა უნდა სავსებით მისაღებია ნ. შოშიაშვილის მოსაზრება, რომ XII საუკუნეში მოღვაწე ბეშქენი (II), XI საუკუნეში მოღვაწე ბეშქენის (I) შვილიშვილად მივიჩნიოთ. რაც შეეხება კიდევ ერთ ჯაყელს, XI საუკუნის 60-იანი წლების ამბების თხრობისას „მატიანე ქართლისა“ მართლაც მოიხსენიებს ყველის ერისთავს მურვან ჯაყელს _ „გამოგზავნა (ბაგრატ IV-მ) ხილვად ივანე ძე ლიპარიტისი და ნიანია ძე ქუაბულისა და მურვან ჯაყელი ერისთავი ყუელისა“. ბეშქენ I და მურვანი მამა-შვილი კი არ იყვნენ, არამედ ძმები. ჩვენ აზრით, ამაზე მიუთითებს აგარის მონასტრის წარწერაში მათი მოხსენიების კონტექსტი _ „ერისთავთ ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე, ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზისა ამისა“. ვ. სილოგავას აზრით აგარის წარწერაში ნახსენები პირები შეიძლება კორიდეთის სახარების მინაწერ საბუთებში მოხსენიებულ პირებთან გავაიგივოთ, ამ საკითხს ჩვენ ცოტა ქვემოთ დავუბრუნდებით. გარდა ამისა, ჩვენ ძნელად წარმოგვიდგენია ვითარება, როდესაც მამა ერთი საერისთავოს მმართველია და იმავე დროს შვილი მეორის. ჩვენთვის ცნობილ წაყროებში, ასეთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბეშქენის გარდაცვალების შემდეგ მის ძეს აღარ მისცეს თუხარისის ერისთავობა და სამართავად გადასცეს ახალი საერისთავო _ ყველი. თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო, მამის გარდაცვალების შემდეგ საერისავოს გამგებლობა მის ძეს გადაეცემოდა, ხოლო თუ ერისთავობის ჩამორთმევა ხდებოდა, სანაცვლოდ ახალ საერისთავოს აღარ აძლევდნენ.

   XI საუკუნის შუა ხანებში ჩვენთვის ცნობილია ჯაყელთა საგვარეულოს კიდევ ერთი წარმომადგენელი _ ბოცო, რომელიც მარზპანი იყო. დ. კლდიაშვილის აზრით, ბოცო მარზპანი ყველის ერისთავობას ფლობდა. საერთოდ დ. კლდიაშვილი ჯაყელთა საგვარეულოს დაწინაურებას XI საუკუნის 30-იან წლებში ვარაუდობს და საქართველოდან ბიზანტიაში ჩანჩახი ფალელის წასვლას უკავშირებს. მკვლევარის აზრით, ჯაყელები ჩანჩახი ფალელის ადგილს იკავებენ. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. XI საუკუნის შუა ხანებში, ბაგრატ IV-ის დროს, ჯაყელები საკმაოდ დაწინაურებული არიან: თუხარისის ერისთავი ბეშქენი და ყველის ერისთავი მურვანი ერისთავთ-ერისთავის საპატიო ტიტულით მოიხსენიებიან, ბოცო კი მარზპანია (მარზპანობა XII საუკუნეში მონაპირეობამ შეცვალა). ჩვენი აზრით ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჯაყელთა დაწინაურება გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე ამას დ. კლდიაშვილი ვარაუდობს. რაც შეეხება ბოცო ჯაყელს, ის აშკარად ბეშქენისა და მურვანის თანამედროვეა. ალბათ მათი ძმა არ არის (გასათვალისწინებელი, რომ ის აგარის წარწერაში არ მოიხსენიება), მაგრამ უახლოესი ნათესავია. პირობითად შეიძლება ბიძაშვილად ჩავთვალოთ.
   საუკუნეების მანძილზე ჯაყელები სამცხის ერისთავები იყვნენ. როდის მიიღეს მათ ეს თანამდებობა უცნობია. სამცხის ერისთავად შეიძლება მივიჩნიოთ ალის მონასტრის წარწერაში მოხსენიებული ბოცო _ „ადიდენ ღმერთმან ერისთავთ-ერისთავი ბოცოი [...] იოვანე და ბეშქენ“. ექ. თაყაიშვილის აზრით წარწერა XI საუკუნისაა და ბოცო ერისთავთ-ერისთავობასთან ერთად მარზპანიც არის. წარწერის XI საუკუნით დათარიღება, გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. რაც შეეხება ბოცოს მარზპანობას, გელათის სახარების 1053 წლის ერთ-ერთ მინაწერში მართლაც მოიხსენიება მარზმანი ბოცო ჯაყელი _ „... არსენი ეპისკოპოზისასა ბოციოსა მარზპანისა ჯაყელის ძისასა“. სავსებით შესაძლებელია ალის მონასტრის წარწერის ბოცოსა და გელათის სახარების მინაწერის ბოცოს გაიგივება. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ XI საუკუნის 40-60-იან წლებში ჩვენთვის ცნობილია სამი ჯაყელი: ბოცო _ მარზპანი და ალბათ სამცხის ერისთავი, ბეშქენი _ თუხარისის ერისთავი და მურვანი _ ყველის ერისთავი. ზუსტი დადგენა, თუ რა სახის ნათესაური კავშირია ამ სამ ჯაყელს შორის ძნელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ბეშქენი და მურვანი ძმები არიან, ხოლო ბოცო მათი ბიძაშვილი.
   პირველი ცნობა, სადაც პირდაპირ მოიხსენიება სამცხის ერისთავი, „ისტორიანი და აზმანშია“ დაცული. უცნობი მემატიანე, თამარის დროინდელი ერისთავების ჩამოთვლის დროს სამცხის ერისთავსაც ასახელებს: „და სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“. აქ მოხსენიებული ბოცო თავისუფლად შეიძლება ალის მონასტრის წარწერაში მოხსენიებული ბოცოს შთამომავლად მივიჩნიოთ (შვილიშვილად ან შვილიშვილისშვილად) ერისთავობა და სპასალარობა ეს ორი სხვადასხვა „ხელი“ იყო. მემატიანეს სიტყვები ისე უნდა გავიგოთ, რომ ბოცო ჯაყელი ერთდროულად იყო სამცხის ერისთავიც და სპასალარიც. რა თქმა უნდა ორი „ხელის“ ფლობა ახალი რამ არ იყო იმ დროინდელი საქართველოსათვის. მაგრამ გასარკვევია რატომ იწოდება სამცხის მმართველი ერისთავადაც და სპასალარადაც. ი. ანთელავას აზრით _ სპასალარი, დიდი ერისთავის იდენტური ტერმინია. მკვლევარი წერს: „ეს ადმინისტრაციული ერთეული (იგულისხმება საერისთავო). დიდი ერისთავის, სპასალარის საგანმგეოში იგულისხმება“. მართლაც შესაძლებელია, რომ სპასალარს ერისთავები ემორჩილებიან, მაგრამ ვერ გავიზიარებთ იმ აზრს, რომ სპასალარი და დიდი ერისთავი ერთი და იგივეა. მითუმეტეს, რომ როგორც ირკვევა, ჯაყელები იყვნენ არა უბრალოდ სპასალარები, არამედ სამცხის სპასალარები. ჩვენ ქვემოთ მოვიტანთ რამდენიმე ცნობას წყაროებიდან, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ საკითხში გარკვევისას. „ისტორიანი და აზმანში“ არის შემდეგი სახის ცნობა _ „... აქით ბოცო სამცხისა სპასალარი“. ბასილი ეზოსმოძღვარი წერს _ „რომელთა შინა იყო ყუარყუარე სამცხისა სპასალარი ჯაყელი“. ჟამთააღმწერელთან ჯაყელები რამდენჯერმე მოიხსენიებიან სამცხის სპასალარად: „ამანვე ერისთავმან, სამცხის სპასალარმან ყვარყვარე“, „მოუწოდა სარგის ჯაყელსა ციხისჯვარელსა, რომელსა ქონდა პატივი სამცხისა სპასალარობისა“, „განდევნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს“, „... წარუვლინა ძე თვისი პირმშო სამცხის სპასალარი სარგის“. საფარის მონასტრის ფრესკულ წარწერაში, სარგის II იწოდება სამცხის სპასალარად _ „სარგის სამცხისა სპასალარს...“. ასევე მოიხსენიება სარგისი XIII _ საუკუნისის დაწერილშიც _ „მე, ბექამან... შვილთა ჩვენთა სამცხის სპასალარმან სარგის, ყვარყვარე და შალვა“. სამცხის სპასალარი მოიხსენიება „ხელმწიფის კარის გარიგებაშიც“.
   საინტერესო ცნობა არის დაცული ვახუშტი ბატონიშვილთან. ეხება რა თამარის დროინდელი ერისთავების ვინაობის საკითხს, ვახუშტი აღნიშნავს _ „ერისთავნი ესენი ... ბოცო ჯაყელი სამცხისა და სპასალარი იქაურთა სხვათა ერისთავთა“. ამ ცნობიდან აშკარაა, რომ სპასალარს რამდენიმე ერისთავი ემორჩილებოდა. ვახუშტის ამ ცნობას გარკვეულწილად ავსებს და განმარტავს ჟამთააღმწერლის შემდეგი ცნობა _ „მაშინ აღიძრნენ საბერძნეთს მყოფნი თურქმანნი ... წარმოემართნენ საქართველოსა. ვითარ ესმა მყოფთა ტაოსათა, შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა, განკრთენ და წარმოავლინეს კაცი სამცხეს, ყვარყვარე ციხისჯვარელ-ჯაყელსა თანა, რათა შეეწიოს. ხოლო მან მოუწოდა ყოველთა მესხთა ერისთავთა და ტაძრეულთა“ ჟამთააღმწერლის ეს ცნობა ეხება უმეფობის ხანას, 1245-1247 წლებს.
    აშკარაა რომ ჯაყელები სამცხის ერისთავობის გარდა იყვნენ სამცხის სპასალარებიც. მათ როგორც სამცხის სპასალარებს (და არა სამცხის ერისთავებს) ხელი მიუწვდებოდათ „ყოველთა მესხთა ერისთავთა“ განმგებლობაზე. სამცხის ერისთავი ალბათ თავადაც სამცხის სპასალარს ემორჩილებოდა. მართალია ლეონტი მროველის მიხედვით სპასალარები ემორჩილებოდნენ ერისთავებს, მაგრამ ეტყობა XII საუკუნისათვის ვითარება შეიცვალა და ეხლა სპასალარობა უფრო დიდი თანამდებობა იყო ვიდრე ერისთავობა. ეს ნათლად ჩანს ჯაყელების მაგალითზე, რომლებიც სპასალარობით უფრო ხშირად მოიხსენიებიან ვიდრე ერისთავობით.
   ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ადასტურებს ბასილი ეზოსმოძღვრის შემდეგი ცნობა _ „... ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი“. აშკარაა, რომ სამეფო კარზე რამდენიმე სპასალარი იყო და არა ერთი. ამავე დროს სპასალარების მოხსენიება ერისთავებზე წინ, იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ სპასალარობა უფრო დიდი „პატივია“ ვიდრე ერისთავობა. სპასალარობის ასეთი დაწინაურება შეიძლება მართლაც დავით აღმაშენებლის დროს მოხდა, როგორც ნ. ბერძენიშვილი ვარაუდობდა.
   საინტერესოა თუ ვინ უნდა ვიგულისხმოთ „ყოველთა მესხთა ერისთავთა“ ქვეშ? თავის დროზე ა. კიკვიძემ გამოთქვა საინტერესო მოსაზრება: „უეჭველია, სპასალარობა სამცხის მფლობელისა აერთიანებდა მთელი სამცხის, შავშეთ-კლარჯეთის და არტაან-კოლა-კარნიფორის სამხედრო ძალებს“. საინტერესოა, რომ ყვარყვარეს დახმარებისათვის მიმართეს „ტაოსათა, შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა“. ცხადია, რომ მათ ყვარყვარეს მიმართეს როგორც მათ უშუალო სარდალს. ამდენად ა. კიკვიძის აზრი ჭეშმარიტებასთან ახლოს უნდა იყოს. როგორც ცნობილია სამხრეთ საქართველო მეწინავე სადროშო იყო და მისი სარდალი, როგორც ჩანს სამცხის სპასალარად იწოდებოდა. ჯაყელთა სამცხის სპასალარობა სწორედ მათ მიერ მეწინავე სადროშოს სარდლობას ნიშნავს. თუ ამ მოსზრებას გავიზიარებთ, ანუ ვაღიარებთ, რომ ჯაყელებს ხელი მიწვდებოდავ მთელი მესხეთის სამხედრო ძალაზე და აქედან გამოდინარე მესხეთის მოსახლეობაზე (მათ შორის ფეოდალებზეც) _ იქნებ აქ უნდა ვეძებოთ იმის ერთ-ერთი მიზეზიც, რომ შემდგომ საუკუნეებში ჯაყელებმა მთელი მესხეთის დაპატრონება შეძლეს.
   როგორც უკვე აღვნიშნეთ, XI საუკუნემდე ჯაყელთა საგვარეულოს ისტორიის შესახებ ცნობები არ გაგვაჩნია. XI-XII საუკუნეების პერიოდის შესახებ კი უკვე შეგვიძლია ცალკეული მონაცემების მოპოვება და საგვარეულო ისტორიის ფრაგმენტული სახით აღდგენა.
   XI საუკუნის შუა ხანებში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად, ბაგრატ IV-სა და ლიპარიტ IV ბაღვაშს შორის მიმდინარე დაპირისპირება შეგვიძლია მივიჩნიოთ. ფეოდალები ორად გაიყვნენ. ერთნი მეფეს უჭერდნენ მხარს, მეორენი კი _ კლდეკარის ერისთავს. გამორიცხული არ არის, რომ ცალკეული ფეოდელები სხვადასხვა მიზეზების გამო პერიოდულად პოზიციებს იცვლიდნენ და ერთი ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ. „მატიანე ქართლისას“ ცნობიდან გამომდინარე _ „ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისა, თვინიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა“ _ აშკარაა, რომ დაპირისპირების დაწყებისას ბეშქენ ჯაყელი ლიპარიტის მხარეზეა. ამის მერე ეს პიროვნება წყაროებში აღარ მოიხსენიება და ვერაფერს ვიტყვით მისი შემდგომი პოზიციისა და ბედის შესახებ.
   ასევე უცნობია ბოცო და მურვან ჯაყელების პოზიციაც ამ კონფლიქტის დროს. არაპირდაპირი მონაცემების გათვალისწინებით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ისინიც აჯანყებულ ერისთავს ემხრობოდნენ. რა სახის არაპირდაპირი ცნობები გაგვაჩნია? პირველი _ საგვარეულოს ერთი წარმომადგენელი, ბეშქენი, ნამდვილად ლიპარიტის მხარეზე და სავარაუდოა, რომ საგვარეულოს სხვა წევრებიც ანალოგიურ პოზიციაზე იდგნენ. მეორე _ მინაწერი, რომელშიც ბოცი ჯაყელი მარზპანად მოიხსენიება მართალია გაკეთებულია გელათში არსებულ სახარებაზე, მაგრამ XI საუკუნეში ეს სახარება არგვეთში ინახებოდა და მასზე მრავლად არის ბაღვაშთა საგვარეულოს ისტორიასთან დაკავშირებული მინაწერები. თავისთავად ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ იმავე სახარებაზე არსებულ მინაწერში ბოცო ჯაყელის მოხსენიება შესაძლოა გარკვეულ მინიშნებად გამოდგეს. მესამე _ „მატიანე ქართლისაში“ XI საუკინის 60-იანი წლების ამბების თხრობისას მოიხსენიება მურვან ჯაყელი _ „ცნა ტფილისით გაღმართ აფხაზთა მეფემან ქართლისა ვნება, წარმოსვლა ფადლონისი, გამოგზავნა ხილვად ივანე, ძე ლიპარიტისი და ნიანია, ძე ქვაბულისა და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყველისა ... და სდევნა ლაშქარმან ბაგრატისამან ... მოსრეს და ტყვე ყვეს ლაშქარი ფადლონისი“. მეფის მიერ მურვან ჯაყელისა და ივანე ბაღვაშის ერთად გაგზავნა ფადლონის წინააღმდეგ ეგებ იმაზე მიანიშნებდეს, რომ ადრეულ პერიოდში ამ საგვარეულოებს შორის გარკვეული პოლიტიკური კავშირი იყო. ყოველივე ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდა და ცხადია, რომ სრულიად საპირისპრო მოსაზრებებიც შესაძლოა არსებობდეს. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ „მატიანე ქართლისაში“ მოხსენიებული ბეშქენ და მურვან ჯაყელები, უნდა გავაიგივოთ აგარის წარწერაში მოხსენიებულ პირებთან _ „ერისთავთ ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე, ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზისა ამისა“.
   სანამ ვ. სილოგავას მოსაზრებას განვიხილავთ, აღნიშნული პირების კორიდეთის სახარების მინაწერ საბუთებში მოხსენიებულ პირებთან გაიგივების შესახებ, პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით იმ გენეალოგიურ სქემას, რომელიც კორიდეთის საბუთებზე დაყრდნობით შეადგინა ვ. სილოგავამ. ეს სქემა შემდეგი სახით გამოიყურება: 
ჩვენ ვ. სილოგავას იმ მოსაზრებასაც ვიზიარებთ, რომ ბეშქენ I-ად ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი ბეშქენი უნდა მივიჩნიოთ _ „ერისთავთ-ერისთავო ბეშქენ, ღმრთის სწორო, მიწამან შენმან იოვანე დავწერე“. ვ. სილოგავას აზრით, `თუ მას აგარის მონასტრის სატრაპეზოს წარწერის ბეშქენ ერისთავთ-ერისთავთან გავაიგივებთ, რადგან ეს წარწერა ქრონოლოგიურად სხვებზე მეტად ბეშქენ I-თან დგას ახლოს, მაშინ აგარის წარწერაში დასახელებული ერისთავთ-ერისთავი მურვანი, უფროს-უმცროსობის წესით მოხსენიების გათვალისწინებით (წარწერაში ჯერ ბეშქენი და შემდეგ მურვანია დასახელებული), წარმოდგენილი გენეალოგიური ტაბულის მურვან II იქნება“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს. ბეშქენ I XII საუკუნის I ნახევრის მოღვაწე იყო. სხვა წყაროებით ვიცით კიდევ ერთი ბეშქენ ჯაყელი, რომელიც დავით აღმაშენებლის თანამედროვე იყო. ვგულისხმობთ 1118 წელს, ჯავახეთში, თურქებთან შეტაკებისას დაღუპულ ბეშქენ ჯაყელს. ვფიქრობთ, რომ კორიდეთის საბუთების ბეშქენ I სწორედ 1118 წელს დაღუპული ბეშქენ ჯაყელი უნდა იყოს. რომელიც თავის მხრივ, ბაგრატ IV-ის თანამედროვე, თუხარისის ერისთავ ბეშქენ ჯაყელის შვილიშვილად უნდა მივიჩნიოთ.
„ქართლის ცხოვრების“, აგარის წარწერისა და კორიდეთის საბუთების მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენი აზრით შესაძლოა შემდეგი სახის გენეალოგიური სქემის შექმნა:
ჩვენი სქემის ბოცო I-ის შთამომავალია ალბათ, თამარის თანამედროვე ბოცო (II) ჯაყელი. რომლის მამადაც, მემნა (I) ჯაყელი შეიძლება მივიჩნიოთ. ეს უკანასკნელი, სტეფანოს ორბელიანის თანახმად, 1177-1178 წლების ორბელთა აჯანყებაში მონაწილეობდა. მემნას ბედი უცნობია. ჩვენი აზრით არ არის გამორიცხული, რომ მემნამაც, სხვათა მსგავსად, აჯანყების გარკვეულ ეტაპზე მიატოვა დემნა უფლისწული და გიორგი III-ის მხარეზე გადავიდა. ამ გზით ის არა მარტო სიცოცხლეს შეინარჩუნებდა, არამედ სტატუსსა და გავლენასაც. ლორეს ციხეში ჩაკეტილ დემნასა და ივანე ორბელს მოკავშირეები აღარ ყავდათ და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ დროს მათთან ერთად მემნა ჯაყელის ყოფნა ვივარაუდოთ.
ი. სიხარულიძე წერს, „მემნა ჯაყელის თანამედროვე (შესაძლოა ძმაც) იყო XII საუკუნის 80-იან წლებში დადასტურებული ბოცო ჯაყელის მამა, შვილისავე სეხნია, ბოცო. რა ხელი ეპყრა უკანასკნელს არ ვიცით, შვილი კი თამარის მეფობის პირველსავე წლებში „სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს“. მკვლევარი ეყრდნობა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცულ ცნობას _ „მოწყალებისთვისცა კმა გეყავნ დადიანი ვარდან, გუზან რომელი თვალ-მრუდე ოდენ ყვეს, ბოცოს-ძე ბოცო და ამათნი მიმდგომნი დიდებულნი და აზნაურნი, რომელნი ჩანან შეწყალებულნი“. ფრაზაში, „ბოცოს-ძე ბოცო“, ი. სიხარულიძეს მიაჩნია, რომ დაფიქსირებულია მამის სახელი _ ბოცო და მისი შვილის სახელი ბოცო. ჩვენი აზრით, აქ ბოცოსძე არის უკვე გვარის აღმნიშვნელი. თამარ მეფის მემატიანე საუბრობს მეფის ლმობიერებასა და მოწყალებაზე და ასახელებს გიორგი რუსის აჯანყების მონაწილეებს. ამ აჯანყებაში მონაწილეობდა ბოცო ჯაყელი, რომელსაც ამის გამო ჩამოერთვა არა მარტო თანამდებობა, არამედ ჯაყის ციხეც და ის ვეღარ იწოდებოდა ჯაყელად, რადგან ეს საგვარეულო სახელის მფლობელები ციხისჯვარელები გახდნენ, რომელთაც ჯაყის ციხე ებოძათ. ისტორიკოსი თავის ნაშრომს, გიორგი რუსის აჯანყებიდან საკმაო დროის გავლის შემდეგ წერს. დაწერის მომენტში კი ბოცო სწორედაც რომ ბოცოსძეა და არა ჯაყელი. ასე რომ ჩვენი აზრით, ბოცო ჯაყელის მამა იყო არა ვინმე ბოცო, არამედ მემნა. აქვე გვინდა შევეხოთ ერთ საკითხსაც. ი. სიხარულიძე, პ. ინგოროყვას მსგავსად მიიჩნევს, რომ გიორგი რუსის აჯანყებამდე ჯაყელები იწოდებოდნენ ჯაყელ-ბოცოსძეებად. მსგავსი ფორმულირება _ ჯაყელ-ბოცოსძეები არსად არ ფიქსირდება. 1191 წლამდე ჯაყელები იწოდებოდნენ მხოლოდ ჯაყელებად. 1191 წლის მერე, როგორც მართებულად შენიშნავდა ნ. შოშიაშვილი, ჯაყელებს ეწოდათ ბოცოსძეები და მათი ადგილი დაიკავეს ციხისჯვარელებმა, რომლებიც ზოგჯერ ჯაყელციხისჯვარელებადაც მოიხსენიებოდნენ (ამ საკითხს ჩვენ ქვემოთ კიდევ შევეხებით).
მემნას ძის, ბოცო II-ის შესახებ მემატიანე წერს: „სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“. ამ სიტყვებიდან ისე გამომდინარეობს, რომ თითქოს ბოცო ჯაყელი 1184-1185 წლებში დანიშნეს სამცხის სპასალარად და ერისთავად. 1185-1187 წლებში ბოცომ, გუზან ტაოსკარელთან ერთად მონაწილეობა მიიღო სამხრეთ საქართველოში შემოჭრილ თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში _ „მოვიდეს კარნუქალაქელნი, შამელნი და თურქნი გარმიანისანი, ცხენოსანნი და ქვეითნი. და აივსო შავშეთისა და კლარჯეთის ქვეყანა. აქათ შეიყარნეს გუზან აბულასანის ძე ტაოელი და მის ქვეყანისა ლაშქარი და ბოცო და ვინცაღა იახლა, მიესწრნებ მესხნი და მარბიელგაშვებულთა შეებნენ იქვე. ბედმან და სვემან თამარისმან სძლია, გააქცივნეს მუნცა და დახოცნეს. და იქითდან მოიტანეს ურიცხვი კაცი და ცხენი წინასე მეფისა ღმრთივგვირგვინოსნისა და დღითი-დღე აღმატებულისა და წარმართებულისა“. გუზანის მონაწილეობას ამ სამხედრო ოპერაციაში ის განაპირობებდა, რომ იგი კლარჯეთისა და შავშეთის პატრონი იყო. ბოცო ჯაყელი კი, როგორც სამცხის სპასალარი ანუ მთელი სამხრეთ საქართველოს სამხედრო ძალის სარდალი უბრალოდ ვალდებული იყო მის მხარეში შემოჭრილ მტერს შებრძოლებოდა.
სანამ ბოცოზე გავაგრძელებდეთ საუბარს, გვინდა შევეხოთ ჯაყელთა საგვარეულოს კიდევ ერთი წარმომადგენელის, კრავაი ჯაყელის საკითხს. ეს უკანასკნელი, ხვაშაქ ცოქალთან ერთად იმ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, რომელსაც სამეფო კარი ყუთლუ-არსლანთან და მის მომხრეებთან აწარმოებდა. მემატიანე წერს, რომ მოსალაპარაკებლად გაიგზავნენ _ „ხუაშქ ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთ ერისთავისა რატისი და კრავაი ჯაყელი, დედა აწ მყოფთა სამძივართა“. ჩვენი აზრით, ორივე მანდილოსანი მეფის მომხრე იყო.
წყაროს მონაცემებიდან ირკვევა, რომ კრავაი სამძივართა რძალი იყო. სხვა არანაირი ინფორმაცია წყაროებში არ მოიპოვება. თუ რა სახის ნათესაური კავშირი იყო ბოცოსა და კრავაის შორის, ეს საკითხი მხოლოდ ვარაუდის სფეროს განეკუთვნება. ლ. მუსხელიშვილი კრავაის მემნა ჯაყელის ასულად თვლიდა. რაც ჩვენი აზრითაც სრულიად მისაღებია. მაშინ ბოცო და კრავაი და-ძმანი გამოდიან. შესაძლოა თუ არა ამ დაშვებიდან ვივარაუდოთ, რომ ყუთლუარსლანის გამოსვლის დროს სამცხის სპასალარი ბოცოც აუცილებლად მეფის მომხრე იქნებოდა, ძნელი სათქმელია.
საინტერესოა ყუთლუ-არსლანის საკითხიც. ჩვენ იმ მეცნიერთა მოსაზრებას ვიზიარებთ, რომლებიც თამარ მეფის თანამედროვე მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანს ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლად მიიჩნევდნენ. ჩვენ აზრით, სავსებით შესაძლებელია კორიდეთის სახრების მინაწერ საბუთებში მოხსენიებული ყუთლუ-არსლანისა და „კარვის“ დაარსების იდეის ავტორის, მეჭურჭლეთუხოცეს ყუთლუ-არსლანის გაიგივება. ჩვენ აღარ შევჩერდებით ყუთლუ-არსლანის გამოსვლის საკითხზე, რადგან ეს მოვლენა ფართოდ არის ქართულ ისტორიოგრაფიაში განხილული. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძირითადად ვიზიარებთ ი. ანთელავას მოსაზრებებს.
დავუბრუნდეთ ბოცო II-ის საკითხს, რომელიც 1191 წელს თამარ მეფის წინააღმდეგ ამბოხებულ დიდებულებს მიემხრო და გიორგი რუსს დაუჭირა მხარი. „(გიორგი რუსს) პირველად მიერთო გუზანი, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა ... აქით ბოცო, სამცხისა სპასალარი და სისრულისაცა აღმატებითა შეწყალებული სხვითა მესხითა დიდებულ-აზნაურითურთ, თვინიერ ივანე ციხისჯვარელისა, რომელსა ყვარყვარეცა ეწოდების. ესე დამაგრდა თვისითურთ მოკიდებულითურთ, ვითარ გვარ ეყოდაცა მომგონებელსა სულასა ერთგულობისასა, რომელი ბაღვაშსა ზედა უერთგულა ბაგრატს“. საკმაოდ საინტერესო ცნობაა. ირკვევა, რომ ბოცო ჯაყელმა და მესხ დიდებულ-აზნაურთა დიდმა ნაწილმა მხარი გიორგი რუსს დაუჭირა, გარდა ივანეყვარყვარე ციხისჯვარელისა, რომელმაც ისევე უერთგულა მეფეს, როგორც თავი დროზე მისმა წინაპარმა _ სულა კალმახის ერისთავმა ბაგრატ IV-ს. ბაგრატ IVის მეფობის დროს, 1058 წელს, სულას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, მესხმა აზნაურებმა (საინტერესოა მათ შორის ჯაყელები თუ იყვნენ?) ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. სანაცვლოდ ბაგრატმა „უბოძა სულას მამულობით ციხისჯვარი და ოძრხე ბოდო-კლდითა და სხვაცა მრავალი საქონელი და სამღვდელთმოძღვრონი და რაც უნდა“. ასე გახდა სულა ორი საგვარეულოს: ციხისჯვარელთა და კალმახელთა ფუძემდებელი.
აქ აუცილებელია თავად სულას წარმომავლობაზეც შევჩერდეთ. ჩვენი აზრით სულა კალმახის ერისთავი, მირიან ბაჰლაუნდის უფროსი ვაჟის _ სულას შთამომავალი იყო. სულა კალმახის ერისთავის გენეალოგი შეიძლება შემდეგი სახით წარმოვიდგინოთ:
ამრიგად, ჯაყელებიცა და ციხისჯვარელებიც მირიან ბაჰლაუნდის შთამომავლები იყვნენ, ისევე როგორ კალმახელები. ეს უკანასკნელი საგვარეულო XI-XIII საუკუნეებშიც არსებობს. სინას მთის ერთ-ერთი ხელნაწერში მოიხსენიება დავით კალმახელი - „სულსა დავით კალმახელისასა შეუნდოს ღმერთმან“. კალმახელნი მოიხსენიებიან თამარ მეფის დროსაც. 1516 წლისთვის შედგენილ სამცხის „თავადთა ნუსხაში“ ვკითხულობთ _ „კალმახელი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა უზნასძეთა აქვს“. ჩვენი აზრით, ამ ცნობიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ XVI საუკუნის დასაწყისისათვის კალმახელთა საგვარეულო აღარ არსებობს.
ამ მცირე გადახვევის შემდეგ კვლავ აჯანყებაში აქტიურად მონაწილე ბოცოს დავუბრუნდეთ. სამცხის სპასალარი და ერისთავი თავად შეეგება გიორგი რუსს - „იქიდან წამოვიდა რუსი და შეყრილთა მიჰმართეს სამცხეს და მიეგება ბოცო და ვინცა მისი მიმდგომი იყო“. გეგუთში გიორგი რუსის მეფედ კურთხევის შემდეგ, აჯანყებულთა ლაშქარი ორად გაიყო და ერთი ნაწილი სამცხისაკენ დაიძრა. „და ნახევართა დადიანთა წინაძღომითა, გარდაიარეს რკინისჯვარი და ჩავიდეს ციხისჯვარს და დაწვეს ქალაქი ოძრხე. მუნ შეიყარნეს ბოცო და მესხნი, ვინცა იყვნეს მიმდგომნი მათნი“. ოძრხის დაწვა სრულიად გასაგები გახდება თუ გავითვალისწინებთ, რომ ოძრხეს ივანე-ყვარყვარე ფლობდა, რომელმაც ბოლომდე უერთგულა თამარ მეფეს. თამარმა, სამხრეთ საქართველოში მოქმედი აჯანყებულების წინააღმდეგ გალაშქრება: „უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მხარგრძელთა და სხვათა თორელთა“. წყაროებში არ წერია თუ რა ბედი ეწია ბოცო ჯაყელს აჯანყების ჩახშობის შემდეგ.
ნ. შოშიაშვილის აზრით, „თამარის დროს, ბოცო ჯაყელი გიორგი რუსს მიემხრო. მეფემ მას ჩამოართვა თანამდებობები და ციხისჯვარელებს გადასცა. ისინი გახდნენ ახალი ჯაყელები. ძველი ჯაყელები კი ბოცოსძეებად იწოდნენ“. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად შესაძლებელი იყო მოვლენათა ისეთი განვითარება, როგორც ამას ნ. შოშიაშვილი ვარაუდობდა. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამდებობების ჩამორთმევა არ იწვევდა ავტომატურად საგვარეულო სახელის (გვარის) შეცვლას. მხოლოდ თანამდებობების დაკარგვით ჯაყელები ვერ გახდებოდნენ ბოცოსძეები და სათანადოდ, თანამდებობების მიღებით ციხისჯვარელები _ ჯაყელები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ როგორც ეს თავის დროზე ნ. ბერძენიშვილმა დაასკვნა, საგვარეულო სახელი გეოგრაფიული ადგილის დასახელებიდან (ტოპონიმიდან) წარმოიქმნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი ამ საგვარეულოს მამულს წარმოადგენდა. ჯაყის ციხიდან იმიტომ წარმოიქმნა ჯაყელთა საგვარეულო სახელი, რომ ეს ციხე ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა მამული იყო. ასეთ შემთხვევაში დგება მეორე საკითხი, რამდენად შესაძლებელი იყო საგვარეულოსათვის მამულის ჩამორთმევა? წყაროთა სიმცირის გამო ცალსახა პასუხის გაცემა ჭირს. ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც თვით სამეფო კარის წინააღმდეგ გამოსვლის შემთხვევაშიც კი, სამეფო ხელისუფლება მეამბოხეს მამულს არ ართმევდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ბაგრატიონებისა და ბაღვაშების ურთიერთობა.
ბაგრატ III, ბაგრატ IV და თვით დავით აღმაშენებელიც კი არ ართმევდნენ ბაღვაშებს კაცხის მამულს. მაშინ როდესაც, იმავე პერიოდში თავისუფლად ართმევდნენ კლდეკარის საერისთავოს. დავით აღმაშენებლის დროსაც კი, კაცხის მამული სამეფო ხელისუფლება მხოლოდ მას მერე დაიკავა, რაც რატი ლიპარიტის ძე უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა და ბაღვაშთა მამული უპატრონოდ დარჩა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამოდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სამეფო ხელისუფლებას მამულის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა. ან ეგებ ჰქონდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ ართმევდა. ძნელია უპასუხო კითხვას, რატომ არ ართმევდნენ მამულს? შესაძლოა ასეთი იყო იურიდიული ნორმა, ან ეგებ არ ართმევდნენ სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ფაქტია, რომ ბაღვაშებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის სამეფო კარის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მეფეები მამულს არ ართმევენ. თუ ჩავთვლით, რომ არსებობდა იურიდიული ნორმა, რომლის თანახმადაც არ შეიძლებოდა ფეოდალისათვის მამულის ჩამორთმევა, მაშინ შეუძლებლად უნდა მივიჩნიოთ ბოცო ჯაყელისათვის მამულისა და შესაბამისად ჯაყის ციხის ჩამორთმევა და სხვისთვის გადაცემა თამარის დროს. ეს შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბოცო ჯაყელს მემკვიდრე აღარ ყავდა. მაშინ გამოდის, რომ ბოცო ჯაყელის ძეები არ არიან ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ მებრძოლი მემნა და ბოცო ბოცოსძეები. ან თუ მისი ძეები არიან, უნდა დაუშვათ, რომ მათ მემკვიდრე არ დარჩენიათ. ანუ XIII საუკუნის 60-იანი წლების მოვლენების აღწერისას ჟამთააღმწერელის მიერ მოიხსიენიებული ვინმე შალვა ბოცოს ძე, მემნა და ბოცო ბოცოსძეების შთამომავლად არ უნდა ჩავთვალოთ და ვიგულისხმოთ, რომ მის მამასაც უბრალოდ ბოცო უნდა რქმეოდა. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა შემდეგი ანალოგიაც მოვიტანოთ _ ტბეთის სულთა მატიანეში მოხსენიებულია არიან ვარდანისძეები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სვანთა ერისთავ ვარდანისძეებთან. ძალიან ბევრი რამის ვარაუდი ხდება საჭირო, რაც ჩვენ მართებულად არ მიგვაჩნია. უფრო დასაშვებია, რომ სამეფო კარს იურიდიულად შეეძლო მამულის ჩამორთმევა, მაგრამ ამ უკიდურეს ნაბიჯს ძალიან იშვიათად დგამდა. მამულის ჩამორთმევის შემთხვევაში საგვარეულო ფაქტობრივად ნადგურდებოდა. რამეთუ არა მარტო უფუნქცოდ რჩებოდა, არამედ არსებობის საშუალებას კარგავდა. ასეთ ნაბიჯს სამეფო ხელისუფლება, ალბათ მხოლოდ მაშინ დგამდა, როდესაც საგვარეულოს სრული განადგურება სურდა, მაგალითად ორბელების შემთხვევა შეგვიძლია განვიხილოთ. რეალურად უფრო ხშირი იქნებოდა სიტუაციები, როდესაც ხდებოდა მამულის რაღაც ერთი ნაწილის ჩამორთმევა. ანალოგიური რამ უნდა მომხდარიყო ბოცო ჯაყელთან დაკავშირებითაც. მას მამულის ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი - ჯაყს ციხე ჩამოერთვა. ამის შემდგომ მისი შთამომავლები ჯაყელებად ვეღარ იწოდებოდნენ, ისინი ბოცოსძეები გახდნენ.
ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელი XIII საუკუნის 30-იან წლებში უკვე ჯაყელადაც მოიხსენიება. როგორც ცნობილი, მონღოლთა მეორე შემოსევის დროს, ერთადერთი კუთხე სამცხე იყო, რომელმაც დამპყრობლებს სასტიკი ბრძოლა გაუმართა. ბრძოლის შედეგად _ „ესრეთ მოისრა და ტყვე იქმნა სული მრავალი სამცხეს, და ბევრი ერი მოიკლა. ოდეს არღარა იყო ღონე, მოახსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯვარელმან ჯაყელმან, რომელსა ყვარყავრეცა ეწოდებოდა, უკეთუ სთნდეს, რათა იხსნას ქვეყანა სამცხისა ოხრებისაგან და იგიცა მიენდოს ჩაღატას, რამეთუ პიტივითა იყო მეჭურჭლეთუხუცესი და მთავარი ქვეყანასა სამცხისასა“ (31;191). მეფისაგან ნებართვის მიღების შემდეგ, ივანე ჯაყელი მონღოლებს დაუზავდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში მონღოლთა მეორე შემოსევის თარიღად 1235 წელია მიჩნეული. ამდენად, ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელი 1191-1235 წლებს შორის არსებულ პერიოდში უნდა გამხდარიყო ჯაყელი. ამ მხრივ კი ყველაზე რეალურია, რომ ეს გიორგი რუსის აჯანყების შემდეგ მომხდარიყო და ნ. შოშიაშვილის მოსაზრება სწორი უნდა იყოს. სანამ ივანე-ყვარყვარეზე და მის შთამომავლებზე გავაგრძელებთ საუბარს, გვინდა ბოცო ჯაყელის საკითხს დავუბრუნდეთ. ყავდა თუ არა ბოცო ჯაყელს ვაჟიშვილები? ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბოცო ჯაყელის ვაჟები არიან 1226 წელს ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილე ძმები: მემნა და ბოცო. ჩვენ ვიზიარებთ ი. სიხარულიძის მოსაზრებას, რომ მემნა უფროსი ძმა იყო. ბოცო ბოცოსძე პირველად განძასთან გამართული ბრძოლის დროს მოიხსენიება. ჟამთააღმწერლის მიხედვით, გარნისის ბრძოლის შემდეგ „ვითარ ცნა მეფემან მოსვლა სულტნისა, აიყარა და წავიდა ქუთათისს, ხოლო ტფილისისს მცველად დაუტევა ლასქარი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო“. შინაგამცემებმა მტრისთვის ქალაქის კარიბჭის გახსნა გადაწყვიტეს. „ამისნი უმეცარნი მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს და მივიდეს განძის კართა კერძო, მემნა ბოცოს ძე და ძმა მისი ბოცო და ეგულებოდა განსვლად და მუზარადისა დარქმად. მემნას სპარსმან ვინმე აფთითა ძლიერ დაუხეთქა უმუზარადოსა თავსა, განუპო და მყის დაეცა და მოკვდა. და იქმნა შინათ ომი, რამეთუ სპარსნი ზღუდეთა მიერ ბრძოდეს. განახვეს კარნი სპარსთა ტფილელთა. ესრეთ რა შინაგანცემა იყო ქალაქისა, ივლტოდეს მცველნი ქალაქისანი და შედგეს ისანთა. ბოცოსძემან ბოცო გაამაგრა ისანი და ქმნა ძლიერი ომი ... ხოლო ვინათგან არღარა იყო ღონე და ლხინება ქალაქისა, ბოცოს და სხვათა მცველთა ქალაქისათა წარმოუვლინა მეფემან რუსუდან კაცნი, რათა დაუტეონ ისანი და წარვიდენ. და ვითარ მრავალგზის მოავლინა დასტური მეფემან დატევებად ქალაქისა, ძლით დაარწმუნა მეფემან ბოცოს წარსვლა, ვითარცა სწერს ვინმე ბერი მღვიმელი“. მემნამ და ბოცომ პირნათლად მოიხადეს საკუთარი ვალი სამშობლოს წინაშე. მათ ბოლომდე გმირულად იბრძოლეს მტრის წინააღმდეგ. მემნა შინაგამცემის მიერ მოიკლა. ბოცო კი ისნის ციხის გმირულ დაცვას ხელმძღვანელობდა და მხოლოდ მეფის მრავალგზის თხოვნისა, თუ ბრძანების შემდეგ გადაწყვიტა ციხის დატოვება და ქალაქიდან გასვლა.
მემნასა და ბოცოს შთამომავალი უნდა იყოს ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები შალვა ბოცოს ძე. მხოლოდ პირობითად, ის შესაძლოა ბოცო ბოცოსძის შთამომავლად მივიჩნიოთ (იმის გათვალისწინებით, რომ მემნა 1226 წელს დაიღუპა). ი. სიხარულიძემ სალვას ძმად მიიჩნია იერუსალიმის ჯვრის მონასრის აღაპებში მოხსენიებული სარგის ბოცოს ძე. ამავე დროს იგი დაეყრდნო ე. მეტრეველის ცნობას, რომ ალის მონასტრის ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერში მოიხსენიებიან სარგის და შალვა ბოცოსძეები. თავად ე. მეტრეველი არ აიგივებდა ალის მონასტრის ხელნაწერის სარგისს და იერუსალიმის აღაპების სარგისს, რადგან აღაპი გვიანდელი ხელით არის დაწერილი და აქედან გამოდინარე, მისი აზრით, სარგისების მოღვაწეობის პერიოდები ქრონოლოგიურად არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ალის მონასტრის სარგისი და შალვა ალბათ ძმები არიან. რაც შეეხება აღაპში მოხსენიებულ სარგისს, არის ორი შესაძლებლობა ის ან შალვას ძმასთან გავაიგივოთ, ან შალვასა თუ მისი ძმის შთამომავლად მივიჩნიოთ. ჩვენ უფრო მეორე მოსაზრებისკენ ვიხრებით.
იერუსალიმის აღაპებში მოიხსენიება ბოცოსძეთა კიდევ ორი წარმომადგენელი: ბოცო და ინა. განწესებული იყო: „აღაპი ბოცო ძისა ბოცოისა“ და „პანაშვიდი საუკუნო ბოცოვს ძისა ინასა და მისისა მეუღლისა“. ე. მეტრეველი აღაპებში მოხსენიებულ ბოცო ბოცოსძეს არ აიგივებდა ჯალალ ად-დინთან მებრძოლ ბოცო ბოცოსძესთან და წერდა, რომ ეს ორი სხვადასხვა ბოცი ერთის საუკუნითაა ერთამანეთისაგან დაშორებული. ინასთან დაკავშირებით კი აღნიშნავდა, რომ მისი აღაპი XIII საუკუნით თარიღდება. ჩვენი აზრით, ინა შალვასა და სარგისის თანამედროვე იყო და პირობითად მათ დად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე ერთმანეთის თანამედროვეები გამოდიან აღაპებში მოხსენიებული ბოცო და სარგისი.
როდემდე არსებობდა ბოცოსძეთა საგვარეულო ძნელი სათქმელია. ერთი რამ დანამდვილებითაა ცნობილი, XVI საუკუნის დასაწყისში ეს საგვარეულო აღარ არსებობს. ჩვენი აზრით, ასეთი დასკვნის საფუძველს „სამცხის თავადთა ნუსხაში“ დაცული ცნობა იძლევა, რომ 1516 წლისთვის ბოცოსძეთა მამული ოლადასშვილებს აქვთ.
ყვარყვარე ციხისჯვარელი არა მარტო ჯაყელი გახდა, არამედ მემკვიდრეობით მიიღო ძველ ჯაყელთა თანამდებობებიც: სამცხის სპასალარობა და სამცხის ერისთავობა. გარდა ამისა, ის მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს მფლობელიც იყო. თუ სამცხის სპასალარობა და სამცხის ერისთავობა ყვარყვარეს 1191 წლისათვის უნდა მიეღო, ძნელი სათქმელია როდის გახდა ის მეჭურჭლეთუხუცესი. ჩვენი აზრით, ეს თანამდებობა მას ლაშა-გიორგის ან რუსუდანის დროს უნდა მიეღო. ივანე-ყვარყვარე XIII საუკუნის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებად წარმოგვიდგება. როგორც ზევით ვნახეთ, ყვარყვარე ჯაყელი წყაროებში პირველად გიორგი რუსის აჯანყებასთან დაკავშირებით მოიხსენიება და ამ დროს ალბათ არც თუ მაინც და მაინც ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო. ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გიორგი რუსის აჯანყება 1191 წელს მოხდა (განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ი. ანთელავას - 1189 წელი). XIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისისთვის ყვარყვარე უკვე ასაკოვანი უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად ამისა, ის მაინც აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა აღსანიშნავი, რომ მასთან ერთად მისი შვილიშვილებიც აქტიურ იყვნენ ჩაბმული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ივანე-ყვარყვარეს ყავდა ძე ბექა, რომელიც როგორც ჩანს კარგი ვაჟკაცი იყო. ყოველ შემთხვევაში ის ლაშა-გიორგისთან ერთად ქართველთა მხედრობას პირველ რიგებში იბრძოდა განძასთან გამართულ ბრძოლაში. ჟამთააღმწრლის სიტყვებით, „თვით მეფე ლაშა წინა მიეტევნა და ძლიერად, თვით გოლიათი მკლავითა სვიანითა და ხელითა გოლიათითა, რომელსა თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად ყუარყუარე ჯაყელის შვილი ბექა“. ერთგან ჟამთააღმწერელი ბექას „პირმშოდ“ მოიხსენიებს. ი. სიხარულიძე წერდა, „ბექას პირმშოდ მოხსენიება თითქოს ყვარყვარეს სხვა შვილების არსებობაზეც უნდა მიგვანიშნებდეს, მაგრამ მათი თავგადასავალი არ ირკვევა“. ჟამთაარმწერელი ძალიან კარგად არის ინფორმირებული ჯაყელტა საგვარეულოს ისტორიის შესახებ. ყვარყვარეს სხვა შვილებზე იმიტომ არ საუბრობს, რომ მას ერთი ძე ყავდა _ ბექა. ბექა 1220 წელს მონღოლებთან ბრძოლაში დაიღუპა. ამის შემდეგ ასპარეზზე ყვარყვარესთან ერთად ბექას შვილები, ივანე და სარგისი ჩანან.
1243 წელს ქოსე-დაღეს ცნობილი ბრძოლა გაიმართა, მონღოლებსა და რუმის სულთან ქაი-ხუსრევს შორის. მონღოლებს ქართველთა მხედრობაც ეხმარებოდა, თუმცა ქართველთა ერთი ნაწილი რუმის სულთნის მხარეზე იყო. მაგალითად ცნობილი სარდალი დარდინ შარვაშისძე და შალვა ახალციხელის ვაჟი _ ფარადავლა. მონღოლთა მხარეს მებრძოლ ქარველთა შორის ყვარყვარეს შვილიშვილი სარგისიც იყო _ „ძისწული ყვარყვარე ჯაყელისა, სახელით სარგის, კაცი მხნე და შემმართებელი, ხელოვან ბრძოლათა შინა“. ჟამთააღმწერლის მიხედვით ბრძოლის წინ, მონღოლთა სარდალსა და სარგის ჯაყელს შორის შემდეგი საუბარი გაიმართა: „ხმა უყო ბიჩოი და რქვა _ მახარობელად ვიდრემე მოვალ, ვიდრე რა იყოს ნიჭი ჩემი, რამეთუ დიდსა სულტანსა ასმიეს მოსვლა ჩვენი და ხლებულ არს და, ესერა, ახლოს დაუბანაკებიეს დიდითა და უამრავითა ლაშქრითა. და ხვალე ეგულების წყობად და ბრძოლისა ყოფად ჩვენდა. ესმა რა ესე სარგისს, განკვირვებულმან რქვა: _ უწყი წყობათა შინა სიმხნე და გამარჯვება თქვენნი, ჰოი ნოინო, გარნა სიმრავლისათვის მათისა არასა ვგონებ სახარულევანსა. ხოლო ბიჩო განიღიმნა და რქვა: _ არა კეთილად მეცნიერ ხარ ნათესავსა ჩვენ მოღოლთასა. რათგან მოგვცა ღმერთმან ძლევა, არად შეგვირაცხიეს სიმრავლე სპათა, რამეთუ უმრავლესთა უმჯობესად ვიდრემე ვსძლევთ და უმრავლესითა აღვივსებით ალაფითა. აწ განემზადენით ხვალისა ბრძოლად და ვიხილოთ, ვითარ ვებრძვით მტერთა“. მონღოლთა სარდალი მართალი აღმოჩნდა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა რუმის სულთანმა სასტიკი მარცხი იწვნია. საინტერესოა, რომ მონღოლებმა ქართველები მეწინავე რაზმად დააყენეს. მართალია მემატიანე არაფერს ამბობს კონკრეტულად სარგისი შესახებ, მაგრამ ზოგადი ფრაზიდან _ „ქართველნი უპირატეს და უმხნეს ძლიერად ეწყვნეს“ _ გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სარგის ჯაყელსაც ვაჟკაცურად უნდა ებრძოლა.
1243 წელს, როდესაც რუსუდუნ მეფე თავის ვაჟთან, დავითთან ერთად ქუთაისიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა მას სხვა დიდებულებთან ერთად ყვარყვარე ჯაყელიც შეეგება _ „გარდამოვიდა თვით მეფე და წარმოგზავნა ძე თვისი დავით, რომელთა წინა მიეგებნეს შანშე და ავაგ ... შოთა კუპრი, გაგელი ვარამ, ქართლის ერისთავი სურამელი გრიგოლ, სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი ყვარყვარე ციხისჯავრელი, თორელნი, თმოგველნი ...“.
   1245-1247 წლები საქართველოსთვის უმეფობის ხანა იყო. ამ პერიოდში მონღოლებმა საქართველო დუმნებად დაყვეს. ქართულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებულია მოსაზრება, რომ საქართველოში რვა დუმანი იყო და ერთ-ერთ დუმანს ყვარყვარე ჯაყელი მეთაურობდა (რ. კიკნაძის აზრით, ცხრა დუმანი იყო და მეცხრე დუმნისთავად ის ჰრეთის ერისთავ შოთა კუპრს მიიჩნევდა). ყვარყვარეს დუმანში მთელი მესხეთი შედიოდა, გარდა ჯავახეთსა, რომლის დუმნისთავიც გამრეკელ თორელი იყო. საინტერესოა, რომ ჟამთააღმწერელი ყვარყვარე ჯაყელს დუმნისთავად არ ასახელებს. ქვეყნის დუმნებად დაყოფასთან დაკავშირებით ქართველი მემატიანე წერს _ „პირველად ეგარსლან ბაკურციხელი ... მას ხელთ უდვეს სპა ჰერეთისა და კახეთისა და კამბეჩიანისა ... და შანშეს ხელთ უდვეს მამული მისი და ავაგისი. ვარამ გაგელს ხელთ უდვეს ყოველი სომხითი, გრიგოლ სურამელს ქართლი და გამრეკელ თორელს ... ხელთ უდვა ჯავახეთი, სამცხე და აღმართ ვიდრე კარნუქალაქამდე, ხოლო ცოტნე დადიანსა და რაჭის ერისთავსა ყოველი იმერი სამეფო“. როგორც ვხედავთ, წყაროში დუმნისთავებად დასახელებული არიან: ეგარსლან ბაკურციხელი, შანშე მხარგრძელი, გრიგოლ სურამელი, გამრეკელ თორელი, ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი, მაგრამ არა ყვარყვარე ჯაყელი. იყო თუ არა ყვარყვარე ჯაყელი დუმნისთავი, ეს ვარაუდის სფეროა. ჩვენი აზრით არ იყო. არა გვგონია, რომ მემატიანეს რომელიმე დუმნისთავი გამორჩენოდა. მით უმეტეს ყვარყვარე ჯაყელი და არა მარტო მისი პიროვნების როლისა და დაკავებული თანამდებობეს გამო, არამედ იმიტომაც, რომ ჟამთააღმწერელი ძალიან ვრცელ ცნობებს იძლევა სწორედ ჯაყელებთან დაკავშირებით (მეცნიერთა ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ XIV საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი მესხეთიდან იყო. თ. ჟორდანიას აზრით ის ვარძიელი ბერია და იყენებს სარგის და ბექა ჯაყელების მიერ დაწერილ ისტორიას, კ. გრიგოლიას აზრით კი, მემატიანე მაწყვერელი იყო). უმეფობის ხანაშივე „აღიძრნენ საბერძნეთს მყოფნი თურქმანნი და სულტანი ეზინკისა და სხვათა ქალაქთა შინა მყოფნი ამირანი. და შეიკრიბა სიმრავლე ურიცხვი და წარმოემართნეს საქართველოსა. ვითარ ესმა მყოფთა ტაოსთა, შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა, განკრთეს და წარმოავლინეს კაცი სამცხეს, ყვარყვარე ჯაყელს-ციხისჯვარელს თანა, რათა შეეწიოს. ხოლო მან მოუწოდა ყოველთა მესხთა ერისთავთა და ყოველთა ტაძრეულთა“. ყვარყვარემ 10 ათასი კაცი შეკრიბა, ჯარს სათავეში თავად ჩაუდგა და უკვე ბანასთან მყოფი მტრის წინააღმდეგ დაიძრა. გაიმართა ბრძოლა. „და ბერძენნი და თურქნი, მინდობილი სიმრავლისათვის, არა გარეუკუიქცეოდეს. და ეგრეთვე მესხნი, მინდობილნი სიმხნისანი, არა უკუნიქცეს“. ქართველებმა გამარჯვეს და „აიღეს ტყვე და იავარი ურიცხვი, ცხენი და ჯორი, აქლემი, კარვები და ყოველი სიმდიდრე“.
ყვარყვარემ გადაწყვიტა მოწინააღმდეგისათვის სულის მოთქმის საშუალება არ მიეცა, მათ მიერ დაკავებული ქართული მიწები გაეთავისუფლებინა და საპასუხო ლაშქრობა მოაწყო. ამჯერად ლაშქარს სათავეში მისი შვილიშვილები: ივანე და სარგისი ჩაუდგნენ. „ამანვე ერისთავმან, სამცხისა სპასალარმან ყვარყვარე წარავლინნა ძისწულნი თვისნი ივანე, რომელსა ეწოდა პაპი და უმრწამსი მისი სარგის. ორნივე იყვნენ ძმანი ძლიერნი და მხნენი უმეტეს ყოველთა, წყობათა შინა უშიშნი და შემმართებელნი. ებრძოდეს ოლთისთა და აიღეს ოლთისნი და ბუღათა ყურის ციხე იგი. და ძლიერად გამარჯვებულნი და ნაომარნი ომთა დიდთა შინამოიქცეს მშვიდობით“ (აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შემდგომი მოვლენების თხრობისასა, ჟამთააღმწერელი სარგის ჯაყელზე ამბობს, მონღოლები მას უწოდებდნენ პაპასო. ამ ნაწყვეტში უზუსტობაა დაშვებული და როგორც ჯერ კიდევ ი. ანთელავამ შენიშნა, პაპა _ სარგისს ეწოდებოდა).
ქვეყანაში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა ქართველმა ფეოდალებმა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა განიზრახეს და სრულიად ბუნებრივია, რომ კოხტისთავს შეკრებილ დიდებულთა შორის ყვარყვარე ჯაყელიც იყო. ეგარსლან ბაკურციხელის, ვარამ გაგელის, შოთა კუპრის, თორღვა პანკელის, სარგის თმოგველისა და სხვა დიდებულებთან ერთად მონღოლებმა ყვარყვარეც შეიპყრეს და ანისში წაიყვანეს. სხვათა მსგავსად, მოხოლოდ ცოტნე დადიანის თავგანწირვამ _ „უფროს ამასსა სიყვარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყვასისა თვისისათვის“ _ იხსნა ყვარყვარეც სიკვდილისაგან. პ. ინგოროყვას აზრით, ყვარყვარე 1245 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა. დავით რუსუდანის ძის შესახებ ინფორმაციის უქონლობისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ქართველ დიდებულთა ნაწილმა რუმის სასულთნოდან დავით გორგის ძის ჩამოყვანა გადაწყვიტა. ამ ფეოდალთა შორის ყვარყვარეც იყო. წყაროებში ყვარყვარე ჯაყელის უკანასკნელი მოხსენიება დაახლოებით 1246 წლის ამბებთან დაკავშირებით ხდება, როდესაც ის სხვა დიდებულებთან ერთად რუმიდან საქართველოში დაბრუნებულ დავით გიორგის ძეს შეეგება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკვე საკმაოდ ასაკოვანი ყვარყვარე მალევე გარდაიცვალა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟამთააღმწერლის მიხედვით, ყვარყვარეს ორი შვილიშვილი ჰყავდა: ივანე და სარგისი _ „ივანე ... უმრწამსი მისი სარგის“. ივანე ალბათ ადრევე გარდაიცვალა (ან ეგებ ბერად აღიკვეცა?) და ყვარყვარეს მემკვიდრე მისი უმცროსი შვილიშვილი სარგისი გახდა.
1260 წელს დავით VII ულუმ მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების დაწყება განიზრახა და მის წინაშე შეკრებილ დიდებულებს შემდეგი სიტყვით მიმართა _ „უკეთუ ვისმე ნებავნ ... წარმოვედინ ჩემ თანა. უკეთუ არა ნებავს, წარვედინ მსახურებად ყაენისა“. დიდებულთა უმრავლესობამ მეფეს მხარი არ დაუჭირა. ერთადერთი ვინც მეფის ერთგული დარჩა, სარგის ჯაყელი იყო. მეფე თავის მომხრეებთან ერთად სამცხეში გადავიდა და სარგისის სამფლობელოში დაბანაკდა.
ამასობაში საქართველოში მონღოლთა 20 ათასიანი დამსჯელი ჯარი მოვიდა არღუნ აღას მეთაურობით. მასთან მეფის მოწინააღმდეგე დიდებულებიც გამ ოცხადდენ. დავით ულუმ და სარგისმა 8 ათასი კაცი შეკრიბეს. მეფემ სარდლად სარგის ჯაყელი დანიშნა, „კაცი მხნე და შემმართებელი და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვანქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ხელოვნად მებრძოლი ცხენთა ზედა, მხნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცთომლად მმუსვრელი“. არღუნი სურამში გაჩერდა. მის მიერ წინ გაგზავნილი 6 ათას კაციანი მეწინავე ლაშქარი ტაშისკართან დაბანაკდა. თავის მხრივ, სარგისმა 1500 კაციანი მეწინავე რაზმი გაგზავნა მტრის მიმართულებით. დეკემბერი იყო, ყინავდა და თოვლი იდო. სარგისის მეწინავეებმა ახალდაბასთან ხიდი გადაიარეს და ტაშისკარისკენ დაიძრნენ. მათ არაფერი იცოდნენ არღუნის ჯარის ავანგარდის მოძრაობის შესახებ და მტრის წინაშე მოულოდნელად აღმოჩდნენ. მესხები არ შედკნენ და ოთხჯერ მრავალრიცხოვან მტერს შეუტიეს. მონღოლებმა ვერ გაუძლეს ქართველთა იერიშს და თავს გაქცევით უშველეს. გამარჯვებით გახარებულმა მეფემ და სარგისმა არღუნის ძირითად ძალებზე გადაწყვიტეს შეტევის განხორციელება და მტრის წინააღმდეგ დაიძრნენ. არღუნმა გაიგო რა მესხთა მოახლოების ამბავი, აყრა და უკან დახევა გადაწყვიტა. არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა მონღოლთა მხარეზე მყოფ ქართველ დიდებულთა საქციელი. კახა თორელმა არღუნს შემდეგი რამ უთხრა _ „ქართველნი მეცნიერნი ვართ ომისა მათისანი, ჩვენ ვბრძოდით თქვენ წილ“ და უკან დახევა გადააფიქრებინა. მესხებმა, სარგისის მეთაურობით კვლავ თავგანწირვით შეუტიეს მოწინააღმდეგეს და თავდაპირველად უპირატესობასაც კი მიაღწიეს, მაგრამ შემდგომ მონღოლებმა თავისი ჩვეული სამხედრო ხერხი გამოიყენეს და ბრძოლის ბედიც თავის სასარგებლოდ შეატრიალეს. დავით ულუმ და სარგისმა უკან დაიხიეს და სამცხეში გამაგრდნენ. მეფემ მალევე დატოვა სამცხე. ჯერ შავშეთ-კლარჯეთში, ხოლო შემდეგ ნიგალისხევში გადავიდა. სარგისი სამცხეში დარჩა და 1261 წელს, ამ მხარეში შემოჭრილ არღუნს ბრძოლა გაუმართა. მონღოლები ციხისჯვარის ციხეს შემოეწყვნენ. ციხის დამცველები ღამ-ღამობით გარეთ გამოდიოდნენ და მტერს თავს ესხმოდნენ. მონღოლთა სარდალი მიხვდა, რომ ციხეს ვერ აიღებდა და სამცხე დატოვა. დავით VII კვლავ სამცხეში დაბრუნდა და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით, სარგისს რჩევა ჰკითხა. სამცხის სპასალარმა მეფეს დასავლეთ საქართველოში გადასვლა ურჩია _ „სამცხე მცირე არს და არა კეთილი სადგომი მეფეთა. აწ განგაზრახებ, რათა წარხვიდე ლიხთ იმერეთს რუსუდანის ძისა დავითის თანა“, თუმცა იქვე დაუმატა, რომ თუ საჭიროა „მე დავსდებ თავსა ჩემსა და საქონელსა ყოველსა და ლაშქარსა ჩემსა შენთვის“.
საინტერესოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დავით ნარინი თავის ბიძაშვილს ცუდად მიიღებდა, სარგის ჯაყელმა ამ უკანასკნელის ტახტიდან ჩამოგდებასაც არ გამორიცხავდა და ამ საქმეში, არც დასავლეთ საქართველოს დიდებულთა მოსყიდვაზე დაიხევდა უკან. „უკეთუ კეთილად გისტუმროს დავით კეთილ. და უკეთუ არა აჰა სიმდიდრე ჩემი მზა არს თქუენთვის და ნუცა შენ სწყალობ საჭურჭლესა შენსა და ვეზრახეთ თავადთა იმერთ და განვსცეთ საჭურჭლე და ჩვენ კერძო დავიყენოთ“.
დავით ულუმ სარგისს დაუჯერა და იმერეთში გადავიდა. ქუთაისში ერთდროულად ორი მეფე აღმოჩნდა. დასავლეთ საქართველოს დიდებულთა ნაწილმა, რაჭის ერისთავის კახაბერ კახაბერისძის მეთაურობით, დავით ნარინის წინააღმდეგ დავით ულუს გამოყენება და ტახტზე ამ უკანასკნელის აყვანა სცადა. დავით ნარინს მეტი მომხრეები აღმოაჩნდა და მან ტახტის შენარჩუნება შეძლო. გადამწყვეტი როლი ოდიშის ერისთავის, ბედან დადიანის პოზიციამ ითამაშა. დადიანმა დავით ნარინს უერთგულა. დასავლეთ საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. დავით ულუმ მონღოლებთან შერიგება და სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუ ყაენთან წასვლა გადაწყვიტა (მანამდე დავით ულუზე განრისხებულმა მონღოლებმა, მისი მეუღლე, გვანცა დედოფალი მოაშთეს).
საყაენოში წასვლის წინ, თბილისში ჰულაგუ ყაენის ელჩი მოვიდა, რომელმაც ილხანთა სახელმწიფოს მბრძანებლის დანაბარები მოიტანა, მეფეს შევიწყალებთ, სარგისს კი არაო _ „მეფესა მოვინდობ, ხოლო პაპა სარგისს არა მივინდობ“. დავითმა სარგისს სამშობლოში დარჩენა ურჩია. სამცხის სპასალარმა მეფეს უპასუხა, ნუ დამტოვებ სამშობლოში, რადგან შენ რომ რამე დაგემართოს იტყვიან, მეფე სარგისმა ააჯანყა და ახლა თვითონ სახლშია, ხოლო მეფე სასიკვდილოდ გაუშვაო _ „ნუ იყოფინ ქმნად ეგე ჩემ მიერ, რათა შევექცე შინა. უკეთუ ცოდვათა ჩემთაგან გევნოს რამე თათართაგან, ყოველნი კაცნი იტყვიან: განზრახვითა სარგისისათა განუდგა მეფე თათართა, აწ იგი წარვიდა შინა და მეფე წარავლინა მოკვლად ყაენსა წინაშე. ნუ ჰყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წარჰხდების გვარი ჩემი. არამედ მო-თუ-მკლან, ნაცვლად თქვენდა ვიყო და თუ დავრჩე, თქვენ თანა დავრჩე“. ქვეშევრდომის თავდადებით აღფრთოვანებულმა მეფემ სარგისს, მამულობით მფლობელობაში, ქვაბლიანის თემი და შავშეთში მდებარე ტბეთის საყდარი გადასცა _ „ქვაბულიანი თემი ერთი სამცხეს და საყდარი ტბეთისა შავშეთს სიგლითა სამამულოდ უბოძა“. ამის შემდეგ ორივენი საყაენოში წავიდნენ.
1264 წელს მეფე და ერისთავი ურდოში ჩავიდნენ და ჰულაგუ ყაენის წინაშე წარსდგნენ. ილხანთა მბრძანებელმა მეფეს განდგომის მიზეზი ჰკითხა. ჟამთააღმწერლის თანახმად, დავით VII-მ პასუხის გაცემა ვერ მოახერხა და უკან მდგომ სარგისს მოხედა. ჯაყელი „არა შეშინდა, არამედ უშიშად აღდგა და წარსდგა ყაენის წინაშე განმწირველი თავისა თვისისა მეფისათვის, რათა იგი მოიკლას მეფისა წილ და მუხლმოყრილი ეტყოდა: მე ვარ, დიდო ყაენო, რომელი შემოვები არღუნ აღას. ხოლო მან ჰკითხა: პაპა სარგისი შენ ხარ? რამეთუ „პაპა სარგისს“ უწოდდეს თათარნი. და მან თქვა: იგი ვარ. რქვა მას: რასათვის განაყენე მეფე ჩემგან და არღუნს შემოები?“. სარგისის პასუხი საკმაოდ ორიგინალური იყო. დიდო ყაენ სხვა გზა აღარ გვქონდა, ხოჯა აზიზმა (მონღოლთა მიერ საქართველოში დანიშნული მოხელე) ფაქტობრივად მეფობა მიიტაცა, ქალაქები და სოფლები დაიკავა, ციხეები დაანგრია, ეკლესიებს დაეპატრონა. არავინ იყო ვინც შენ ამ უსამართლობას შეგატყობინებდა. ამ მიზეზით წავიყვანე მეფე ჩემთან და არღუნს ბრძოლა დავუწყე, რათა შენ გაგეგო ეს საქმე, მიზეზი გეკითხა და გამოგეძიებინა, როგორც ახელა აკეთებ. მეფე უდანაშაულოა, მე ავაჯანყე ის თქვენს წინააღმდეგო. საუბარში მეფეც ჩაერთო. ყველაფერს კი სადუნ მანკაბერდელი თარგმნიდა და „კაზმავდა თქმულთა მეფისათა“. ვერც სარგისის თავდადება და ვერც სადუნის მიერ მეფის სიტყვის „კაზმვა“ აჯანყებულებს ვერ უშველიდა, რომ არა იმ მომენტისთვის შექმნილი პოლიტიკური ვითარება.
1256 წელს, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა ჰულაგუმ (1256-1265) თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა. ოფიციალური აღიარება დიდი ყაენისაგან მან 1261 წელს მიიღო. ჰულაგუს ილხანის (ტომის ხანის) ტიტული მიანიჭეს. ასე ჩამოყალიბდა ილხანთა სახელმწიფო, რომელიც: ავღანეთს, თურქმენეთს, ირანს, სამხრეთ კავკასიას, ერაყსა და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა. ილხანებს თავიდანვე სასტიკი ბრძოლა ჰქონდათ ოქროს ურდოსთან, რომელის შემადგენლობაშიც დასავლეთ ციმბირი, რუსეთის ევროპული ნაწილი და ყირიმი შედიოდა. ამ ბრძოლაში საქართველოს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ილხანებს ქართველთა სამხედრო ძალა სჭირდებოდათ, რათა ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასიაში არსებული გადმოსასვლელები ჩაეკეტათ. მონღოლებს ასევე ის პიროვნებაც სჭირდებოდათ, რომელიც ქართველთა ლაშქარს სათავეში ჩაუდგებოდა. ასეთი კი, იმ ეტაპზე, მხოლოდ დავით ულუ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ შეიწყალა ჰულაგუმ იგი და მასთან ერთად სარგის ჯაყელიც.
სწორედ მეფის საყაენოში ყოფნის დროს, ოქროს ურდოს ყაენი ბერქა სამხრეთ კავკასიაში შემოიჭრა. ჰულაგუმ მის წინააღმდეგ მონღოლებთან ერთად ქართველთა ლაშქარიც გამოიყვანა, დავით ულუს სარდლობით. რა თქმა უნდა მეფესთან ერთად სარგის ჯაყელიც იყო. ოქროს ურდოსა და ილხანთა საყაენოს შორის მიმდინარე ბრძოლაში თავი ქართველმა მხედრებმაც გამოიჩინეს და მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო სარგისი იყო. ყაენმა სარგისი დაასაჩუქრა და „კარნუქალაქი და მიმდგომი მისი ქვეყანა უბოძა“. ამან სარგისის მოწინააღმდეგე ქართველ ფეოდალებს შური აღუძრა და მათ მეფეს უთხრეს, ყაენს ბარემ მეფობაც სარგისისთვის მიეცა. ეგ ისე განადიდეს, რომ შენი მორჩილი აღარ იქნებაო. მეფე, რომელიც ეჭვიანი და მალემრწმენი იყო, მართლაც გაბრაზდა და მონღოლთა სარდალ, ელგონ ნოინს უთხრა, თუ ყაენი სარგისს კარნუქალაქს მისცემს, მაშინ მეფობაც მასვე უბოძოსო. გაოცებულმა ნოინმა უპასუხა, ყაენმა სარგისი შენი ერთგულებისათვის დაასაჩუქრაო და თან დაამატა „თქვენ ქართველნი არას კეთილს უყოფთ მხნედ მბრძოლთა წყობათა შინა“. ყოველივე ამის შედეგი კი ის იყო, რომ მონღოლებმა სარგისს კარნუქალაქი აღარ გადასცეს. ჯაყელი მეფეზე გაბრაზდა და „შეიქმნა გულკლებით ქვეგამხედვარად პატრონისაგან“.
ოქროს ურდოსა და ილხანთა სახელმწიფოს შორის მიმდინარე ბრძოლის ასპარეზად სამხრეთ საქართველოც იქცა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰულაგუს ლაშქარსა და ოქროს ურდოელ ალათემურს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. ამ უკანასკნელმა ქართველი წარჩინებული მურვან გურკლელი, მახუნჯაგის ძე ტყვედ ჩაიგდო. მურვანი ალათემურს მეგზურობასა და დასავლეთ საქართველოში გადაყვანას შეპირდა. ალათემურის ურდო სამცხეში მივიდა, რათა აქედან დავით ნარინის სამფლობელოში გადასულიყო. მის წინააღმდეგ სარგის თმოგველს, სარგის ჯაყელსა და შალვა ბოცოს ძეს უნდა გაელაშქრათ, მაგრამ სარგის ჯაყელმა და შალვამ ბრძოლას თავი აარიდეს. ალათემურმა ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარის დამარცხება ადვილად მოახერხა, თავისი ლაშქრობის მიმართულება შეცვალა და საბოლოოდ აღმოსავლეთ საქართველოს გავლით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა.
1266 წელს, სიბაზე მორიგი წასვლის წინ, დავით ულუმ თავისთავნ სარგის ჯაყელიც იხმო ლაშქრითურთ. თბილისში მოსული სამცხის სპასალარი მეფის ბრძანებით დააპატიმრეს. მემატიანე წერს, რომ დავით VII-მ „დაივიწყა ნამსახურება განზრახვითა უკეთურთა კაცთათა ... და ტყვე ყო“. სარგისის მხლებელმა აზნაურებმა ყოველივე მონღოლებს შეატყობინეს და აბაღა ყაენისაგან დახმარება ითხოვეს. ყაენის ბრძანებით მეფემ ერისთავი გაათვისუფლა „და ამიერითგან იქმნენ ჯაყელნი მორჩილნი ულოსისანი“. მეფისაგან თავის დაცვის მიზნით სამცხის მთავარმა მონღოლთა მფარველობა ითხოვა. ყაენმა სარგის ჯაყელი შეიწყალა და სამცხე „ხასინჯუდ“ აქცია. „ხასინჯუს“ მიწები პირდაპირ ყაენს ემორჩილებოდა და მისი ნებართვის გარეშე ამ ტერიტორიაზე ვერც ერთი სახელმწიფო მოხელე და გადასახადის ამკრეფი ვერ შევიდოდა. ამრიგად, 1266 წელს სამცხე ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა და საქართველოც ფაქტობრივად სამ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთ საქართველოში დავით VII მეფობდა, დასავლეთში _ დავით VI, მესხეთს სარგის ჯაყელი განაგებდა. მესხეთი რომ დამოუკიდებელი სამთავრო გახდა ეს ჟამთააღმწერლის შემდეგი სიტყვებიდანაც ჩანს _ „იხილა ყაენმან დიმიტრი ... და მოსცა ყოველი სამეფო, თვინიერ სარგის ჯაყელისა“.
სარგისი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მონღოლთა შინაომებში ჩარეული, როდესაც აბაღა ყაენს თეგუდარი დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა სარგის ჯაყელს სთხოვა, „რათა მისცეს გზა, უკეთუ უნდეს წარსვლა აფხაზეთისა მეფესა დავითის წინაშე, რათა იგი იყოს შუამდგომელი მეფისა და თეგუდარისა და უკეთუ განუმარჯვდეს, დიდად განადიდოს სარგის“. უცნობია, თუ რა პასუხი გასცა სარგისმა თეგუდარს. ფაქტია, რომ ძალიან მალე ვითარება შეიცვალა. თეგუდარს აბაღა ყაენის სარდალი, სირმონ ნოინი წამოეწია და ბრძოლაში დაამარცხა.
XIII საუკუნის 60-იან წლებში სარგისს პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე თავისი ძე, ბექა გამოყავს. მემატიანე წერს: „ამათ ჟამთა შინა განდიდდა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნიც მთავრობდენ სამცხეს“.
არღუნ ნოინი დიდად აფასებდა სარგისს. ჟამთააღმწერელი წერს, „არღუნ წარმოემართა სამცხეს ხილვად სარგის ჯაყელისა, რომელი დაბარებული იყო და სენთაგან სიბერისათა დახსნილ იყო ყოველთა ასოთა ... მივიდა სამცხეს და დადგა აწყვერს. და ცნა სარგის მოსვლა არღუნისი და მივიდა მის წინაშე, იგი და ძე მისი ბექა. განკვირდა ორთავე მოსლვასა და სარგის წარიტანა ურდოს და ბექა დაუტევა სამცხეს“.
მართალია ჯაყელებს ილხანებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მათ მესხეთის მთავარს აწყურიც გადასცეს, მაგრამ მიუხედავად ამისა სარგისი და ბექა ყოველთვის უსიტყვოდ როდი ემორჩილებოდნენ მონღოლებს. „მათ ჟამთა შინა საქმისა რასათვის განუდგეს თათართა სარგის და ძე მისი ბექა. რამეთუ სარგის დაბერებულ იყო სენითა ფერხის ტკივილისათა. და ბუღა ნოინის მიერ, თვალად წოდებულისა, ძმა არუხა წარმოიგზავნა მოოხრებად სამცხისა. და მოვიდა არუხაცა სპითა ოცი ათასითა. ხოლო ბექამან მიჰრიდა მთათა, რომელ არიან შუა გურიასა და აჭარასა. და მესხნი შევიდეს ციხეთა, ქვაბთა და ტყეთა. და მოვლო ლაშქარმან სამცხე და ვერარა ავნო. დაყვეს ოცი დღე და წარვიდეს და დარჩა ქვეყანა მშვიდობით“.
როგორც წყაროების მონაცემებიდან ირკვევა, თავისი ცხოვრების ბოლო ეტაპზე სარგის ჯაყელი ათაბაგის თანამდებობასაც ფლობდა. ცდება ი.სიხარულიძე, როდესაც სარგისის ათაბაგობას XIII საუკუნის 60-იანი წლებით განსაზღვრავს. მესხეთის მთავარი ათაბაგად ნიკოლოზ კათოლიკოსის 1281-1282 წლების დაწერილში იწოდება - „ქ. მე სარგის ათაბაგი მოწამე ვარ ამა დაწერილისა“. სარგისი ათაბაგობას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპიც ადასტურებს - „პანაშვიდი სარგის ჯაყელისა ათაბაგისა შეუნდვენ ღმერთმან. თეკლა გაუჩინა მისმან მეუღლემან“. 1281 წელს გარდაიცვალა სადუნ მანკაბერდელი. ქართული ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ სადუნის გარდაცვალების შემდგომ დემეტრე II-მ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს მიანიჭა. როგორც ჩანს, 1281 წელს მეფემ ათაბაგობა სარგის ჯაყელს უბოძა. ეს ნაბიჯი დემეტრე II-მ ალბათ სარგისის შემორიგების მიზნით გადადგა. მესხეთის მთავარმა მიიღო ეს მაღალი თანამდებობა და ამით გარკვეულწილად თავი მეფის ვასალად აღიარა. მესხეთის მთავრის ათაბაგობა მცირე ხანს უნდა გაგრძელებულიყო, რადგან XIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისშივე სარგისი ბერად აღიკვეცა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამხდარიყო ათაბაგი ტარსაიჭ ორბელი. რატომ არ გადაეცა ათაბაგობა მემკვიდრეობით ბექა ჯაყელს უცნობია. სამაგიეროდ, სარგისის მემკვიდრემ სხვა მაღალი თანამდებობა მიიღო - მანდატურთუხუცესობა.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, 1285 წელს სარგის I გარდაიცვალა. ჩვენი ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სიცოცხლის ბოლოს სარგის I ბერად აღიკვეცა და საბას სახელი მიიღო. ეს მოსაზრება თავდაპირველად ექვთიმე თაყაიშვილმა გამოთქვა და შემდგომში მეცნიერთა ერთმა ნაწილმა გაიზიარა. ამ მხრივ საინტერესოა საფარის ტაძრის სამხრეთ კედელზე არსებული ფრესკა, რომელზეც ოთხი პირია გამოსახული. ერთ-ერთ გამოსახულებას თავზე აწერია _ საბა ათაბაგი. ეს მართლაც სხვა ვერავინ იქნება თუ არა სარგის ჯაყელი. მეორე გამოსახულება ბექა მანდატურთუხუცესისაა და მას ხელში ეკლესიის მაკეტი უკავია. მესამე, ბექას უფროს ვაჟი სარგისია, რომელიც ფრესკულ წარწერაში სამცხის სპასალარად იწოდება და მეოთხე ფიგურა მისი ძმა ყვარყვარე უნდა იყოს. სრულიად მისაღებია პ. ზაქარაიას მოსაზრება, რომ 70-იანი წლების ბოლოს სარგისმა ბექას გადასცემდა ქვეყნის მმართველობა, თავად კი ბერად აღიკვეცა. საინტერესოა, რომ ბექას უფროსი ძე მამის სიცოცხლეშივე უკვე სამცხის სპასალარის „ხელს“ ფლობდა. ეს დასტურდება ბექას დაწერილიდანაც კახა თორელისადმი _ „მე ბექამან მანდატურთუხუცესმან, ჩემმან ცოლმან შვილთა ჩემთა: სამცხის სპასალარმან სარგის, ყუარყუარე და შალვა“. 1266 წლამდე სამცხის სპასალარის თანამდებობას ჯაყელთა საგვარეულოს უფროსი ატარებდა. XIII საუკუნის ბოლოს ვითარება შეცვლილია. რადგან საგვარეულოს მეთაური უფრო დიდ „ხელს“ ფლობს (კერძოდ მანდატურტუხუცესობას), ამიტომ სამცხის სპასალარობა მისი მემკვიდრის ხელში გადავიდა.
ბექა ჯაყელი ენერგიული მმართველი და ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. „იყო ესე ბექა ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, თმითა და თვალითა გრემან და შვენიერ, ბეჭითა და მკერდითა სრულ, ძალითა ძლიერ, ომსა შინა მხნედ მებრძოლი, ცხენსა ზედა მხნე და მოისარი ნადირთა ხელოვანი, გონებითა ფრთხილ, მაშენებელი ქვეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა და ღმრთისმოსავთა კაცთა პატივისმცემელ, მლოცავი, რომელი არა დააკლდის ცისკრის ლოცვათა, სამხრად და მწუხრად, ვითარ ტვიბიკონი მოსცემდის წესსა ლოცვისასა. ამისთვის პატივ სცა ღმერთმან და მეუღლეცა შემსგავსებული მოანიჭა, ლოცვისა, მარხვისა და გლახაკთ მოწყალებისა, მონასტერთა და ხატთა პატივის მოყვარე, ობოლთა და უღონოთა აღმზრდელი. მაშინ ბექამან დაიპყრა ქვეყანა ტასისკარიდან კარნუქალაქამდე, სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალისხევი, არტანუჯი, თორმეტნი უდაბნონი, კოლა, კარნიფოლა და ორნივე არტაანი და მრავალნი სოფელნი ჯავახეთს. და ესრეთ დღითი-დღე განდიდნებოდეს. და მსახურებდეს ყაენსა აბაღას და მორჩილებდეს მეფესა დიმიტრის“. როგორც მოტანილი ცნობიდან ჩანს, ჟამთააღმწერელი ბექასთან ერთად მის მეუღლესაც აქება. იმავე ჟამთააღმწერელის მიხედვით ბექას მეუღლეს ვახახი ერქვა. ი. სიხარულიძე ანიჩისხატის წარწერაზე _ „სულსა პატრონისა მანდატურთუხუცესისა ბექასა განუსვენე ღმერთმან ... სულსა მარინესი ... ძენი მათნი სარგის, ყვარყვარე და შლვა ადიდენ ღმერთმან“ _ დაყრდნობით ვარაუდობდა, რომ ბექას ორი ცოლი ყავდა. „ბექას სხვა ცოლზე ჟამთააღმწერელიც მიუთითებს, როცა წერს ვახახი საყვარელი მეუღლე იყოო“. მკვლევარი პირველ ცოლად მარინეს მიიჩნევს, თუმცა თავადვე შენიშნავს, რომ ჟამთააღმწერლის ცნობებიდან გამოდინარე ბექას შვილების დედა ვახახი გამოდისო. ჩვენი აზრით ბექას ერთი ცოლი ყავდა, რომლის ნათლობის სახელი მარინე იყო, მაგრამ მას მეორე სახელიც ჰქონია ვახახი და მემატიანე მას ასე მოიხსენიებს. ხატის წარწერაში კი ის ნათლობის სახელით მოიხსენიება.
ბექას სამფლობელო, იმდროინდელი საქართველოს თითქმის ერთ მესამედს მოიცავდა. საინტერესოა მემატიანის სიტყვები _ „და მორჩილებდეს მეფესა დიმიტრის“. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბექას დროს, დამოკიდებულება სამეფო კარსა და მესხეთის მთავრებს შორის შეიცვალა. თუ სარგისი ქართველ მეფეებს არ ემორჩილებოდა, ბექა გარკვეულ ვასალურ ურთიერთობაში იმყოფება დემეტრე II-სთან. შესაძლოა ამ დამოკიდებულების გამოხატულებად უნდა ჩავთვალოთ ბექას მიერ მანდატურთუხუცესის მაღალი თანმდებობის ფლობა. ბაგრატიონებისა და ჯაყელებს შორის ურთიერთობის შეცვლაში რა თქმა უნდა თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ ბექა მანდატურთუხუცესის ასული ნათელა დემეტრე II-ის მეუღლე იყო.
როგროც ცნობილია ბექა მანდატურთუხუცესის ასული ცოლად ყავდა ტრაპიზონის იმპერატორ ალექსი II-ს. ი. სიხარულიძე თვლიდა, რომ ალექსის ცოლი დემეტრე თავდადებულის ქვრივი იყო, რომელიც დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ ჯერ სამცხეში დაბრუნდა, ხოლო შემდეგ მეორედ გათხოვდა. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას და ვთვლით, რომ ბექა ჯაყელს ორი ასული ყავდა. ერთი დემეტრე II თავდადებულის მეუღლე, ნათელა და მეორე, ალექსი II-ის მეუღლე, რომლის სახელიც ისტორიამ არ შემოგვინახა.
როდესაც აბაღა ყაენმა ეგვიპტეში გალაშქრება გადაწყვიტა, მან თავისთან ბექაც დაიბარა. მონღოლებთან მომხდარი კონფლიქტის მერე, მესხეთის მმართველს ყაენთან მისვლა შეეშინდა და მისგან უვნებლობის ფიცი ითხოვა. ელჩებს კი განუცხადა, რომ ყველაფერი მისი მტერების ინტრიგების ბრალი იყო. ყაენმა ბექა შეირიგა და მესხეთის მთავარი თავისი ლაშქრითურთ მასთან გამოცხადდა. ქართველთა და მონღოლთა გაერთიანებული ლაშქარი „წავიდა მისრეთს. და ვლეს მრავალი დღე და მიიწივნეს ერთსა ქალაქსა, რომელსა ერქვა დარბუზაკი. გამოვიდენ მოქალაქანი კარით და იქმნა ომი, სადა იგი ბექამან და მისთა მყოლთა მესხთა ძლიერად იღვაწეს, უფროს სხავთა თათართა და ქართველთა“. ყაენმა სათანადოდ დააფასა ბექასა და მისი ლაშქრის თავდადება და „პატივი დიდი უყო ბექასა შესამოსელთა და ცხენთა საკვირველთა მინიჭებითა, ეგრეთვე დიდებულთა და აზნაურთა ბექასათა“.
1289 წელს, დემეტრე II-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ტახტზე დავით ნარინის ძე, ვახტანგ II ავიდა. ჟამთააღმწერლის მიხედვით, მან „დაიპყრა ყოველი საქართველო ნიკოფსიით დარუბანდამდე, თვინიერ ჯაყელ-ციხისჯვარელისა ბექასი“. ეს ცნობა გარკვეულ უზუსტობას შეიცავს. დასავლეთ საქართველოში დავით ნარინი მეფობდა და ვახტანგის სამეფოში ეს მხარე ვერ შევიდოდა. თუმცა მესხეთთან დაკავშირებით მემატიანე ზუსტ ინფორმაციას უნდა გვაწვდიდეს. ბექასათვის ვახტანგ II-ის გამეფება მაინცდამაინც მისაღები არ უნდა ყოფილიყო. ასევე სრულიად ბუნებრივია, რომ მან თავისი შვილიშვილი _ გიორგი დემეტრეს ძე თავისთან წაიყვანა და სამცხეში აღზარდა. გიორგი V ბრწყინვალე საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მეფე იყო და ამაში, ჩვენი აზრით, მისი აღმზრდელის ბექა ჯაყელის დიდი დამსახურებაც იყო. ამას ჟამთააღმწერელიც აღიარებდა, როდესაც წერდა _ „გიორგი ... წარიყვანა პაპამან მისმან ბექამან და აღზარდა საკვირველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა“.
ბექა ჯაყელი უაღრესად ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსი იყო. რა თქმა უნდა მას თავისი ამბიციები და გარკვეული გეგმებიც გააჩნდა. დემეტრე II-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ ქვეყანაში ვითარება, რომ კიდევ უფრო დაიძაბა და აირია, ამას ბექაც კარგად ხედავდა. ეგებ მან უკვე ამ დროს გადაწყვიტა თავისი შვილიშვილის – გიორგის სამეფო ტახტზე აყვანა. შესაძლოა ამით იყოს განპირობებული, რომ ბექა დავით VIII-ეს არ ეახლა და მხოლოდ თავისი უფროსი ძე _ სარგისი აახლა. „მოუწოდეს სამცხით ბექასა და მან არა ინება მოსვლა, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო, თვით არღარა წარვიდეს არცა ყაენს წინაშე და არცა მეფესა თანა. არამედ წარმოუვლინა ძე თვისი პირმშო, სამცხის სპასალარი სარგის და ყოველი ნამარხევი, რომელ აქვნდა მეფის დიმიტრისგან შევედრებული და სარტყელიცა იგი დიდფასისა. მოვიდა სარგის და მოიღო ყოველივე დაუკლებლად მეფისა დავითის წინაშე“. ნიშანდობლივია, რომ ბექა არა მარტო დავით VIII-ს არ ეახლა, არამედ მონღოლებთანაც არ გამოცხადდა. ეგებ ამით მესხეთის მთავარმა მონღოლებს მიანიშნა, რომ მათი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. თუმცა ი. ჯავახიშვილის აზრით, „საეჭვოა, რომ თუ ერანის ილხანი დაიბარებდა, ბექას გაებედა და არ წასულიყო, ასეთი ურჩობა რომც გაებედა, ამას მონღოლთა ყაენები, უეჭველია, არ შეარჩენდნენ“. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ბექას არ ქონდა ბრძანება პირდაპირ ყაენთან გამოცხადებულიყო. მემატიანე წერს „მოუწოდეს სამცხით ბექასა“, მოუწოდეს დავით VIII-სთან და მის თანმხლებ მონღოლ მოხელეებთან და არა უშუალოდ ყაენთან. უშუალოდ ყაენის მოწოდებაზე, პირადად მე მეახლეო, ბექა უარს არ იტყოდა. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ბექას პოლიტიკური კურსი მონღოლებთან დაპირისპირებას არ გულისხმობდა. ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ბექასა და დემეტრეს შორის გარკვეული ვასალური ურთიერთობა უნდა ყოფილიყო. იმის გათვალისწინებით, რომ დემეტრე II-მ, ურდოში წასვლის წინ, თავისი საგანძური ბექას ჩააბარა, შეიძლება ვივარაუდოთ - მათ შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო თბილი და ახლობლური უნდა ყოფილიყო, ვიდრე ჩვეულებრივ ვასალსა და სუზერენს შორის.
ქართველი მეფე-მთავრები ხშირად მონღოლთა შორის მიმდინარე შინაომებში იყვნენ ჩართული. როდესაც თუქალი ყაზანთან ბრძოლაში დამარცხდა, მან თავი ბექა ჯაყელთან შეაფარა, მისი ძე კი დავით VIII-სთან იმალებოდა. ყაზანმა „წარმოუვლინა მოციქული მეფესა და ბექასა, რათა მისცენ თუქალი და შვილი მისი, ერთგზის და ორგზის. და არა მისცეს, არამედ იურვეს რათა შეუნდონ. და მოსცა პირი და ბეჭედი უვნებელობისა. და მისცეს თუქალი“.
1298 წელს დავით VIII მონღოლებს აუჯანყდა. მისგან განსხვავებით, ბექა ყაზან ყაენთან მშვიდობიან ურთიერთობას აგრძელებდა, ხარკს აძლევდა და ჯარით ეხმარებოდა. 1299 წელს მონღოლებმა ბექას „სთხოვეს ყრმა გიორგი, რათა მოსცეს და მეფე ყონ ქართლსა დავითის წილ, ძმისა მისისა. რომელი აღასრულა და მისცა და თანა წარატანა ლაშქარი დიდი“. მონღოლები, არაგვის ხეობაში გამაგრებული დავით VIII-ის წინააღმდეგ ქართველთა ჯარსაც იყენებდნე, რომელთა შორის ბექას მიერ წარმოგზავნილი მეომრებიც იყვნენ. მონღოლთა გათვლამ არ გაამართლა _ მცირეწლოვანმა გიორგი V-ემ დავით VIII-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მონღოლებმა მეფედ ვახტანგ III დასვეს. ურდოდან თბილისში მობრუნებულ ვახტანგს სხვებთან ერთად ბექას ვაჟი, სარგისიც მიემხრო. სარგისი ასეთ ნაბიჯს, ალბათ, მამის უკითხავად არ გადადგამდა.
XIV საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოში უმძიმესი ეკონომიკური ვითარება იყო. მოსახლეობა შიმშილობდა და თავის გადასარჩენად მესხეთში მიდიოდა, სადაც შედარებით უკეთესი ვითარება იყო. „უმრავლესი ერი ქართლისა წარვიდა სამცხიეს, ქვეყანად ბექასსა, სადა-იგი იპოვებოდა პური სასყიდლად. ფრიადსა და უზომოსა მოწყალებასაშინა იყო მეუღლე ბექასი ვახახი, რომელი იყო ყოვლითურთ შემკობილი“.
ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობით, მცირე აზიაში მყოფმა თურქულმა ტომებმა ისარგებლეს და აზატ მოსეს მეთაურობით, მათი 60 ათასიანი ჯარი საქართველოსკენ დაიძრა. ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა ბექა ჯაყელს სთხოვა დახმარება. ბექამ მხედრობა შეკრიბა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო, ძამნო და თანამონათესავენო ჩემნო, სიტყვა ჩემი! დიდმან და სახელოვანმან, სკიპტრისა და პორფირისა მქონებელთა შორის უმეტეს განთქმულმან მეფემან დავით დასცა და დაამხო ძლიერება თურქთა ნათესავისა და აოტნა სამეფოსაგან მისისა. მიერ ჟამითგან აქამომდე არღარა ჩენილ არიან თურქნი და აწ ცოდვათა ჩვენთათვის კვალად აღიძრნეს მძვინვარედ და მოაოხრეს ტაო და ურიცხვი სული ტყვე ყვეს და მოსწყვიდეს პირითა მახვილისათა, ეკლესიანი დასცეს და სიწმინდენი შეაგინეს. და კუალად განმზადებულ არიან ბოროტის ყოფად ქრისტეანეთა და მოოხრებად, ვინაითგან მეფე შემცირებულ არის მძლავრებისაგან თათართასა და კვალად პირნი და თავნი საქართველოსანი განდგომილან და არავინ არს წინააღმდგომ თურქთა. აწ ისმინეთ ჩემი, ტომნო და ერთნებანო! შევკრბეთ ყოვლითა ძალითა ჩვენითა და მივმართოთ თურქთა და არა მივსცეთ თავნი და შვილნი ჩვენნი და არა განგვწირნეს ღმერთმან მოსავნი მისნი და აღმსარებელნი მისნი და მოგვცეს ძლევა მათ ზედა, ვითარცა მისცა მამათა ჩვენთა ძლევა მათ ზედა. დავდვათ თავი ჩვენი სჯულისა შეუგინებლობისათვის და ძმათა ჩვენთათვის. უეჭველად ღმერთი მოგვანიჭებს ცხოვრებასა“.
ი. ჯავახიშვილი წერდა, „ამ საუცხოვო პოლიტიკურ მიმართვაში თავიდან ბოლომდე ყველაფერი მართალი იყო, მაგრამ თვით სხვების ასე ბრძნულად დამრიგებელსაცა და ყველა მის მსმენელებსაც კარგად მოეხსენებოდათ, რომ საქართველოს მთავართაგან განკერძოების პირველი მაგალითი სწორედ მის მამას ჰქონდა მიცემული და თვითონაც პირადად თავისი მამის შეცდომის გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია. ეხლა, როდესაც მტრის შემოსევისაგან განსაცდელი მის სამფლობელოსაც დაადგა, საქართველოს მთლიანობის უაღრესი მნიშვნელობა მისთვის ცხადი გახდა, მაგრამ დაგვიანებით. თვით ეს შეგნებაც მისი ნებისყოფის მხოლოდ დროებითი მფლობელი იყო და ამიტომაც საქართველოს მაშინდელი სავალალო პოლიტიკური მდგომარეობისთვის ამას არც ჰქონდა მნიშვნელობა. ბექა მანდატურთუხუცესს თავისი სიტყვის ზემომოყვანილი პოლიტიკური საბუთიანობა, ეტყობა, უფრო მჭერმეტყველებისათვის გამოყენებულ საშუალებად ჰქონდა მომარჯვებული, ვიდრე მისი მართლაც ღრმა და გულწრფელი ეროვნული შეგნება იყო“. სარგის ჯაყელი ნამდვილად არ იყო პირველი ფეოდალი, რომელმაც განკერძოების მაგალითი მისცა სხვებს. ამ მხრივ თუნდაც თორღვა პანკელი შეიძლება გავიხსენოთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველასაგან მიტოვებულ დავით ულუს მხოლოდ სარგისი უწევდა ერთგულ სამსახურს. 1266 წელს რაც მოხდა ამის შესახებ ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. შესაძლოა ვთქვათ, მიუხედავად ყველაფრისა სარგისი მაინც მეფის ერთგული უნდა დარჩენილიყო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სარგის ჯაყელი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და როგორც ყველა ადამიანს, მასაც თავისი თავმოყვარეობა ჰქონდა. ალბათ ამბიციებიც. საერთოდ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ფეოდალებს, რომელთა წინაპრების სისხლითაც შენდებოდა საქართველო (მარტო ბაგრატიონები ვერაფერს გააკეთებდნენ) გარკვეული ამბიციები ჰქონდათ.
სამწუხაროდ იყო შემთხვევები და არც თუ მცირე, როდესაც ამ ამბიციებს საქართველო ეწირებოდა და ეს ძალიან, ძალიან ცუდი იყო. უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეოდალებიც ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ და არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არ იყო. რაც შეეხება ბექა მანდატურთუხუცესს, რა თქმა უნდა მან შესანიშნავად იცოდა, რომ უკეთესია საქართველო ერთიანი იყოს ვიდრე სამეფო-სამთავროებად დაშლილი. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო პირადად მას საქართველოს გაერთიანებისათვის? რომელ მეფეს დამორჩილებოდა: დავით VIII-ს, გიორგი V-ს, თუ ვახტანგ III-ს? საქართველოს გაერთიანებისათვის რისი გაკეთებაც შეეძლო, ბექა ჯაყელმა ის გააკეთა კიდეც _ აღზარდა გიორგი ბრწყინვალე. ბექა ჯაყელის სიტყვა, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ სამცხის მთავარი საქართველოს პატრიოტი იყო, საერთო ქართულ საქმეზე შესტკიოდა გული და შესანიშნავად ხვდებოდა თუ რა იყო გასაკეთებელი. თურქთა წინააღმდეგ გამზადებულ ბექას 12 ათასი კაცი ჰყავდა. პირველი შეტაკება ვაშლოვანთან მოხდა. თურქთა 10 ათასიან ავანგარდს ქართველთა 500 კაციანი რაზმი დახვდა. მიუხედავად მოწინააღმდეგის უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობისა, ქართველებმა მტერი უკაქციეს. ამ გამარჯვების შემდეგ ბექა სპერში დაბანაკებული მოწინააღმდეგისაკენ დაიძრა. აზატ-მოსემ, შეიტყო რა თავის მეწინავე ლაშქრის მარცხი, თავისი ჯარი ორად გაყო. ერთ ნაწილს ტაოს აოხრება უბრძანა, მეორეს კი თავად ჩაუდგა სათავეში და ვაშლოვანისკენ დაიძრა. ბექას ოთხი თურქი ჩაუვარდა ტყვედ. მათი დაკითხვის შემდეგ, ქართველთათვის მოწინააღმდეგის გეგმები ცნობილი გახდა. ბექამაც ორად გაყო ჯარი. ერთს სარგისი ჩაუყენა სათავეში და აზატ მოსეს წინააღმდეგ გაგზავნა, მეორეს კი თავად უსარდლა და ტაოსკენ დაიძრა. ორივე ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მემატიანე განსაკუთრებით სარგისის ვაჟკაცობას გამოყოფს _ „ხოლო სარგის, დაღათუ ყრმა იყო, არამედ მხნედ იბრძოდა, რამეთუ გვარისაგან ჰქონდა სიმხნე და მამაცობა მამა-პაპური“. ქართველებმა ქალაქი სპერიც აიღეს და „აივსნენ საქონლითა, ოქროთა, ვერცხლითა, ლარითა, ჯოგითა, ცხენითა და აქლემითა, ძროხითა და ცხვარითა, ანგარიში ვისგან ითქმის. და თვით მათთვე სახედართა აჰკიდეს და ძლივს წარმოიღეს“.
იმ დროს, როდესაც საქართველოს სამეფო დაშლილი და დასუსტებული იყო, ბექა ჯაყელი, სამხრეთ საქართველოსა და მის მოსაზღვრე მხარეებში, საერთო ქართულ ინტერესების დაეცვას ცდილობდა. მას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ტრაპიზონის იმპერიასთან და თავისი ერთ-ერთი ასული ტრაპიზონის იმპერატორს ალექსი II-ს მიათხოვა. ჟამთააღმწერლის მიხედვით, იმპერატორმა ბექას ჭანეთი უბოძა. ყაზან ყაენმა კი _ „კარი და მიმდგომი მისი ქვეყანანი“. ბექა მანდატურთუხუცესის ღვაწლის აღსნიშნავად მხოლოდ მისი საკანონმდებლო საქმიანობაც კი იკმარებდა. მის დროს შედგა სამართლის წიგნი _ „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“, რომელმაც საბოლოო სახე ბექას შვილიშვილის, აღბუღას დროს მიიღო (ე.წ. ბექა-აღბუღას სამართალი). ბექას მმართველობის პერიოდშივე აიგო ტაძრები საფარასა და ზარზმაში.
როგორც ერთხელ აღვნიშნეთ, ბექას მონღოლებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მან, თავისი გავლენითა და ავტორიტეტით, გიორგი V-ს ტახტისკენ გზა გაუხსნა. „გიორგი წარავლინა ბექამან ჩოფანს თანა და მან მიიყავანა ყაენის წინაშე. ხოლო მან პატივითა შეიწყნარა და წინათვე დაუსახვიდა ნიშთა მეფობისათა. ამან ყაენმან წარმოუვლინა მოციქული დავითს და სთხოვა შვილი, რათა მეფე ყოს. მაშინ მცირე იყო გიორგი. იგიცა მოსცეს და წარმოგზავნეს ურდოს. და ყაენმან მოსცა მეფობა და ტფილისი და უჩინა საზღვრად და საქმის მოურავად დიდი გიორგი“. მეფე კი გიორგი IV მცირე იყო, მაგრამ ქვეყანას რეალურად მისი ბიძა, გიორგი V მართავდა. ამ დროიდანვე დაიწყო გიორგი V-ისა და ჩობანის ურთიერთობაც.
1308 წელს ბექა ჯაყელი, ალბათ ჯაყელთა საგვარეულოს ყველაზე გამორჩეული და ცნობილ წარმომადგენელი, გარდაიცვალა. „მტერთა ძლევასა, მშვიდობასა და დაწყნარებასა მიიცვალა ვითარ სამოცდაექვსისა წლისა და დაუტევა გლოვა და მწუხარება უზომო მკვიდრთა სამცხისათა. დაიპყრეს სამცხე სამთავე ძეთა მისთა: უხუცესმან სარგის და შემდეგმან ყვარყვარე და უმრწამესმან შალვა“. მართალია ქართველი მემატიანე წერს, რომ მესხეთი ბექას „სამთავე ძეთა“ დაიკავეს, მაგრამ მესხეთის მთავარი უფროსი ძე სარგისი (II) გახდა. ი. სიხარულიძე, კირაკოს განძაკეცის ცნობაზე დაყრდნობით ვარაუდობდა, რომ ბექა ჯაყელს ყავდა და, რომელიც ზაქარია ამირსპასალარის მეუღლე იყო.
1318 წელს აღმოსავლეთ საქართველოში, უკვე მეორედ, გიორგი V გამეფდა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამ ერთ-ერთმა უდიდესმა მეფემ ნელ-ნელა დაიწყო ქვეყნის გაძლიერება და გაერთიანება. 1334 წელს სარგისი გარდაიცვალა. გიორგი V სამცხეში გადავიდა და მთავრად სარგისის ძე, თავისვე ბიძაშვილი ყვარყვარე II დანიშნა. ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს ფაქტი სამცხეზე საქართველოს მეფის უზენაესი უფლების აღდგენასა და ამ მხარის ერთიანი სამეფის შემადგენლობაში დაბრუნებას ნიშნავდა. წყაროთა მონაცემების არ არსებობის გამო, ძნელი სათქმელია, როგორი იურიდიული და ფაქტობრივი დამოკიდებულება იყო მეფესა და მესხეთის მთავარს შორის 1308-1334 წლებში.
ჩვენი აზრით, ურთიერთობა ბაგრატიონებსა და ჯაყელებს შორის, 1266-1346 წლების პერიოდში სხვადასხვანაირი უნდა ყოფილიყო. 1266 წლიდან 1281 წლამდე, მესხეთი საქართველოს სამეფო კარისაგან მთლიანად დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანება უნდა ყოფილიყო. სარგისის მიერ ათაბაგობის მიღების შემდეგ ეს ვითარება ალბათ ოდნავ შეიცვალა. მესხეთი კვლავ სრულიად დამოუკიდებელი სამთავრო იყო, მაგრამ მისი მთავარი გარკვეული სახით ვასალურ ურთიერთობაში სევიდა დემეტრე II-სთან.
ბექასა და დემეტრე II-ის ურთიერთობის შესახებ ჩვენ ზევით უკვე ვისაუბრეთ და ამჯერად მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ბექა ალბათ გარკვეული სახით ცნობდა თბილისში მჯდომი მეფის უზენაესობას. გასათვალისწინებელია, რომ მესხეთის მთავარი მანდატურთუხუცესის „ხელს“ ფლობდა. ჩვენი აზრით, მას რეალურად უნდა შეესრულებინა მანდატურთუხუცესის მოვალეობები, რაც თავისთავად გულისხმობდა დემეტრე II-ის უზენაესობის აღიარებას. თუმცა ბექა, ალბათ, სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა მესხეთის მართვის საკითხებში და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებსაც დგამდა. რა თქმა უნდა იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ ბექას მანდატურთუხუცესობა მხოლოდ ფორმალობა იყო. ნ. ბერძენიშვილი წერდა _ „ოფიციალურად სამცხის მთავრები საქართველოს მეფის ყმობიდან არ გამოსულან, ისინი ამის შემდეგაც ატარებდნენ მეფის კარის ვაზირის პატივს, მაგრამ არსებითად სავსებით დამოუკიდებელნი არიან მეფისაგან და მათი ვაზირობა ძველი შინაარსისაგან დაცლილი ფორმაღაა“. მოგვიანო პერიოდში ნამდვილად იყო ვითარება, როდესაც საუკუნეების მანძილზე ჯაყელები ვაზირის „ხელს“ _ ათაბაგობას ფლობდნენ, მაგრამ არანაირია არც იურიდიული და არც ფაქტობრივი ვასალური დამოკიდებულება სამეფო კარისადმი აღარ გააჩნდათ. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ბექას დროს ცოტა სხვა ვითარება უნდა ყოფილიყო.
დემეტრე II-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ, დამოკიდებულება მესხეთის მთავარსა და სამეფო კარს შორის ცვალებადი იყო. ჩვენი აზრით, ყველაფერს ბექა ჯაყელის პირადი პოლიტიკური მოსაზრებები განსაზღვრავდა. 1289-1308 წლებში პირადად ბექას ალბათ არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდა მეფეებთან, მაგრამ სამეფო კართან ურთიერთობა ჰქონდა მის ძეს, სარგის II-ს.
1308-1318 წლებში სარგის II ალბათ იგივე პოლიტიკას ატარებდა სამეფო კართან ურთიერთობაში რასაც ბექა I, ანუ საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამოდინარე მოქმედებდა. შესაძლოა დავით VIII-სთან მას უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე ბექას თუ გავითვალისწინებთ, რომ სარგის II იყო ჯაყელთა საგვარეულოს ის წარმომადგენელი, რომელიც ტახტზე ასულ დავით VIII-სთან გამოცხადდა და „ყოველი ნამარხევი, რომელ აქვნდა მეფის დიმიტრისგან შევედრებული და სარტყელიცა იგი დიდფასისა ... მოიღო ყოველივე დაუკლებლად მეფისა დავითის წინაშე“.
რაც შეეხება ურთიერთობას მეფესა და მესხეთის მთავარს შორის 1318-1334 წლებში, ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „გარნა თუმცა ძენი ბექასნი ფრიად განდიდებულნი იყვნენ და დაეპყრათ სრულიად სამცხე-კლარჯეთი, არამედ ვინაიდან მოეცეს მეფესა გიორგის ყეენისაგან, ამისთვის ვერღარა ურჩ ექმნენ ძენი ბექასნი. გარნა ბიძის ძენიცა მეფისანი იყვნენ ამისის გაძლიერებისა მცდელნი პირველითვე და სიხარულით მოერთნენ და მორჩილებდნენ მონებრივითა მსახურებითა“.
მართალია, მემატიანე აღნიშნავს, რომ ჯაყელები მეფეს „მორჩილებდნენ მონებრივითა მსახურებითა“, მაგრამ ჩვენი აზრით, სარგის II-ს გარკვეული სახის დამოუკიდებლობა უნდა შეენარჩუნებინა მესხეთის მმართველობის საკითხებში. საინტერესოა ის ორი მიზეზი, რომლის გამოც ჯაყელები მეფეს დაემორჩილნენ. პირველი _ „ვინაითგან მოეცნეს მეფესა გიორგის ყეენისაგან“, ანუ ჩობანმა თანხმობა მისცა გიორგი V-ს მესხეთში საქართველოს მეფის იურისდიქციის აღდგენაზე. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დრომდე მესხეთი იურიდიულად „ხასინჯუდ“ ითვლებოდა და მხოლოდ გიორგი V-ის მეფობის დასაწყისში მოხერხდა მესხეთზე საქართველოს სამეფო კარის იურისდიქციის აღდგენა. მეორე _ „ბიძის ძენიცა მეფისანი იყვნენ ამისის გაძლიერებისა მცდელნი პირველითვე“ ანუ ჯაყელები თავიდანვე მხარს უჭერდნენ გიორგის გაძლიერებას. ამის მიზეზი კი ნათესაური კავშირი უნდა ყოფილიყო. დაახლოებით 1327 წელს გიორგი ბრწყინვალემ თავის ბიძას, სარგის II-ს, ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა. ამირსპასალარობა მანამდე ჯაყელებს არ ჰქონიათ. რაც შეეხება ათაბაგობას, ამის შემდეგ ეს „ხელი“ საუკუნეების მანძილზე ჯაყელთა საგვარეულოს კუთვნილებად დარჩა.
ჩვენი აზრით, ვითარება მკვეთრად არც 1334 წელს უნდა შეცვლილიყო. რა მოხდა ამ წელს? გარდაიცვალა სარგის II და ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, „ხოლო მეფემან მიუბოძა ძესავე მისსა ყუარყუარეს ათაბაგობა და დასხნა ერისთავნი თვისნი კლარჯეთს, სპერს, კალმახს, არტანუჯს და სამცხეს არტანისა და წუნისა და ამ საერისთოთაგან რომელიმე მიუბოძა ბიძათა და ბიძისძეთა ყვარყვარე ათაბაგისათა და იყვნენ ესენი მორჩილებასა ათაბაგისასა“. გამოდის, რომ მეფემ მესხეთში ახალი ერისთავები დანიშნა და მათგან ნაწილი ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. საინტერესოა ისტორიკოსის სიტყვები _ „და იყვნენ ესენი მორჩილებასა ათაბაგისასა“. ძნელი სათქმელია, მესხეთის ერისთავები ათაბაგს იმიტომ ემორჩილებოდნენ, რომ ერთი და იგივე საგვარეულოს წევრები იყვნენ, თუ იმიტომ, რომ ათაბაგმა მესხეთის უზენაესი მმართველის ფუნქცია შეინარჩუნა? ჩვენ უფრო მეორე მოსაზრებისაკენ ვიხრებით.
ჩვენი აზრით, შესაძლოა მოვლენათა შემდეგი განვითარება ვივარაუდოთ _ 1334 წელს გარდაიცვალა სარგის II ჯაყელი. გიორგი V მესხეთში გადავიდა და მესხეთის გამგებლად ყვარყვარე II დანიშნა. აქ დგება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ვინ არის ეს ყვარყვარე? არის ის მართლაც სარგის II-ის ძე, როგორც ამას ვახუშტი ბატონიშვილი წერს, თუ არის სარგის II-ის ძმა. ამ საკითხს დაწვრილებით ჩვენ ცოტა ქვემოთ შევეხებით.
ჩვენი აზრით, შესაძლოა მოვლენათა შემდეგი განვითარება ვივარაუდოთ - 1334 წელს გარდაიცვალა სარგის II ჯაყელი. გიორგი V მესხეთში გადავიდა და მესხეთის გამგებლად თავისი ბიძა, სარგის II-ის ძმა ყვარყვარე II დანიშნა. მასვე მიუბოძა ათაბაგის „ხელი“. ამავე დროს მეფემ მესხეთში ახალი ერისთავები დანიშნა და მათი უმეტესობა ჯაყელთა საგვარეულოს წევრი იყო (ალბათ ამ დროს ებოძა არტანუჯი შაშია ჯაყელს, რომლის საკითხსაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევეხებით). ცხადია ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო განამტკიცა მესხეთში ჯაყელთა მფლობელობა. რა თქმა უნდა, თავის მხრივ ყვარყვარე II-მ თავი საქართველოს მეფის ხელქვეითად აღიარა. მართალია საქართველოს სამეფო კარმა, იურიდიულადაც და ფაქტობრივადაც, მესხეთზე თავისი მფლობელობა აღდგინა, მაგრამ ჯაყელებმა მთელი მესხეთის მართველობის უფლება შეინარჩუნეს.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, 1361 წელს თურქებმა მესხეთი მოარბიეს. ჯაყელების დასახმარებლად პირადად ბაგრატ V დაიძრა და ქვეყანაში შემოჭრილი მტერი დაამარცხა. იმავე წელს ყვარყვარე II გარდაიცვალა და „მიუბოძა ათაბაგობა მეფემან ბაგრატ ძესა მისსა ბექას, რომელი იყო პირველ მანდატურთუხუცესი“. ქართველი ისტორიკოსის ცნობების თანახმად, 1361-1391 წლებში მესხეთის მთავარია ბექა II. მისი მმართველობის დროს, 1387 წელს საქართველოში თემურ-ლენგი შემოიჭრა. ბექა ათაბაგმა „იხილა რა ძლიერება თემურისა“ მეფეს უღალატა და მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა. მიუხედავად მესხეთის მთავრის პოზიციისა, მესხთა ნაწილი მეფის ერთგული დარჩა და თბილისის დაცვაშიც მიიღო მონაწილეობა. თემურ-ლენგის საქართველოდან წასვლის შემდეგ, გიორგი უფლისწულმა ჯარი შეკრიბა და ბექა ათაბაგის დამორჩილება გადაწყვიტა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში დაწყებულმა არეულობამ ამის საშუალება არ მისცა 1391 წელს ბექა II გარდაიცვალა და ათაბაგი მისი ძე, ივანე გახდა.
აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგება. 1361-1391 წლებში მართლა ბექა II იყო ათაბაგი თუ არა. საქმე იმაშია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი არ იცნობს XIV საუკუნეში მოღვაწე აღბუღა ჯაყელს. იგულისხმება ბექა I-ის შვილიშვილი, მისი სამართლის წიგნის გამგრძელებილი ათაბაგ-ამირსპასალარი აღბუღა ჯაყელი. ამ საკითხს ერთ-ერთი პირველი ს. კაკაბაძე შეეხო და მისი მოსაზრება დღესაც გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში.
ს. კაკაბაძის აზრით, 1308 წელს ბექას გარდაცვალების შემდეგ `სამცხე სამ სამთავროდ გაყოფილა მის შვილებს შორის, თუმცა, როგორც საფიქრებელია, საათაბაგოს გარეგნული მთლიანობის დაურღვევლად~. ასეთი ვარაუდის საფუძველს მეცნიერს ჟამთააღმწერელთან დაცული ცნობა აძლევდა, რომ „დაიპყრეს სამცხე სამთავე ძეთა მისთა: უხუცესმან სარგის და შემდეგმან ყვარყვარე და უმრწამესმან შალვა“. არა გვგონია, რომ მემატიანის სიტყვები ისე უნდა გავიგოთ, რომ თითქოს სამცხე სამად გაიყო. როდესაც ჟამთააღმწერელი წერს: „განდიდნა ... სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს“, ეს ხომ არ ნიშნავს სამცხის ორად გაყოფას. ორივე შემთხვევაში შესაძლოა საქმე გვაქვს გარკვეული სახის კოლექტიურ მმართველობასთან.
ჟამთააღმწერლის ცნობა სხვანაირად ესმის მ. რეხვიაშვილს. მისი აზრით „ეს ცნობა უნდა გულისხმობდეს არა სამცხის სამთავროს გაყოფას და ერთდროულად სამი მთავრის არსებობას, არამედ ბექას ვაჟების მთავრობას ერთი _ ერთმანეთის შემდეგ“. ს.კაკაბაძემ ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლებად მიიჩნია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებული პირები: სარგისის ძე შაშია არტანუჯელი, ივანე ათაბაგი და ამ უკანასკნელის და, ნათია-ყოფილი ნისიმე. სარგისი ძე შაშია, მეცნიერმა, აღბუღას ბიძაშვილ შაშიასთან გააიგივა და საბოლოოდ შემდეგი სახის დასკვნა გააკეთა _ შაშია არტანუჯელი ბექას უფროსი ძის, სარგისის შვილი იყო. ივანე ათაბაგი და მისი და, ნათია ბექას შუათანა ძის, ყვარყვარეს შვილები არიან, ხოლო აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარი კი ბექას უმცროსი ძის შალვას მემკვიდრე იყო. აღბუღას ყავდა და, რომელიც საქართველოს მეფის დავით IX-ის მეუღლე იყო.
ს. კაკაბაძის მოსაზრებაში, რამდენიმე საკითხი დაზუსტებას მოითხოვს. პირველ რიგში გავეცნოთ ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის წინასიტყვაობას, რომლის ორი ვარიანტიც არსებობს. პირველში ვკითხულობთ, „შევიყარენით ჭოლთას მინდობილნი ღვთისანი და აწყურისა ღვთისმშობლისანი და [...] დავიდევით წინა პატრონისა პაპისა ჩემისა მანდატურთუხუცესისა ბექას განაჩენი და იგი აგრევე სრულობითა და უკლებლად დავსწერეთ და რაც ჟამთა სხვათა სხვანი უწესონი საქმენი შემოსულიყვნენ, მათი სამართალიცა ზედა დავურთეთ“.
უფრო საინტერესოა წინასიტყვაობის მეორე ვარიანტი _ „სახელითა ღმრთისაითა დაუსაბამოისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისაითა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისათა და ყოველთა წმიდათა ზეცისა და ქვეყანისათა, მე ათაბაგ-ამირსპასალარმან აღბუღა მოვახსენეთ პატრონსა [...] მაწყუერელსა და ბიძაძეთა ჩემთა შაშიასა და მისსა ძმასა საფარის მოძღუარსა პაფნონტესა, ხუთსავე თემსა სამცხისასა, ტაოველთა, შავშთა და კლარჯთა და მათ შინა მყოფთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოვეთა მოწესეთა მოწმობითა მონდობილნი ღთისანი და ყოვლადწმიდისა ღთისმშობლისადმი დავიდევით წინაშე პატრონისა პაპისა ჩემისა ბექას განაჩენი იგი აღსრულებითა და უკლებლად დავსწერეთ და რაიცა ჟამთა სიავეთა სხუანი უწესონი საქმენი შემოსრულ იყვნენ მათი სამართალი ზედა დაურთეთ“. ამ ცნობებიდან აშკარაა, რომ აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარი ბექა მანდატურთუხუცესის შვილიშვილია. მას ყავს ორი ბიძაშვილი, ძმები შაშია და პაფნონტე. ეს უკანასკნელი საფარის მოძღვარია. აღბუღას ბიძაშვილი შაშია, ს. კაკაბაძემ სრულიად მართებულად გააიგივა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებულ შაშია არტანუჯელთან _ „ამასვე დღესა წირვა და აღაპი სარგისის შვილისა შაშიასა არტანუჯელისა, შეუნდვენ ღმერთმან“. ეს აზრი ე. მეტრეველმაც გაიზიარა. შაშია მეტად სპეციფიკური სახელია და ორივე წყაროში მართლაც ერთიდაიგივე პირი უნდა იყოს მოხსენიებული. მართალია სახელი სარგისი ჯაყელთა საგვარეულოს გარდა სხვა საგვარეულოებშიც გვხვდება (მაგალითად თმოგველებში), მაგრამ ამ სახელის მატარებელი პიროვნებები უმთავრესად სწორედ ჯაყელები იყვნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შაშია იწოდება არტანუჯელად ანუ ის არტანუჯის მფლობელია. XIV საუკუნეში კი არტანუჯის მფლობელი, ალბათ, მხოლოდ ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენელი თუ შეიძლება ყოფილიყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ს. კაკაბაძემ აღბუღას ბიძაშვილებად მიიჩნია ივანე ათაბაგი და მისი და, ნათია-ყოფილი ნისიმე. მეცნიერმა ერთმანეთთან გააიგივა სხვადასხვა წყაროში მოხსენიებული ორი პიროვნება. 1358-1360 წლებში შეკერილი ცაიშის ომოფორის წარწერაში მოხსენიებული ნათელა _ „ქ. საშინელო ხატო ანჩისაო! შეიწირე ესე ომოფორი დედოფალთ-დედოფლისა ნათელისი, ძისა დიდისა სულკურთხეულისა ამირსპასალარისა და სამცხის სპასალარისა ყვარყვარესი, აქა და საუკუნესა“ და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებული ნათია-ყოფილი ნისიმე _ „ამასვე დღესა აღაპი ათაბაგისა ივანეს დისა დედოფლისა ნათია ყოფილი ნისიმესი, შეუნდვენ ღმერთმან“.
ამ ორი, ჩვენი აზრით სხვადასხვა, პიროვნების გაიგივების შედეგად ს. კაკაბაძემ მიიღო შემდეგი სურათი: და-ძმა ივანე და ნათია ჯაყელები, ამირსპასალარისა და სამცხის სპასალარის ყვარყვარეს შვილებად მიიჩნია. ეს უკანასკნელი კი ბექა მანდატურთუხუცესის შუათანა ვაჟ ყვარყვარესთან გააიგივა. ნათია-ყოფილი ნისიმეს ძმა ივანე კიდევ ერთ აღაპში მოიხსენიება _ „აქა მოგვივიდა ფაისი ივანე ათაბაგისაგან დაჭრილთათვის კვირიკობას თვესა სამსა, მისთა ლაშქართა მართლმადიდებელთა შეუნდვენ ღმერთმან. გაუჩინე დალოცვა მე მამამან პიმენ“. ე. მეტრეველის აზრით, მამა პიმენი იერუსალიმში 1400 წელს ჩავიდა. ამავე პერიოდში სამცხეში მოღვაწეობდა აღბუღას ძე, ივანე ათაბაგი. მის დროს თემურლენგმა სამცხე ააოხრა და ამ დროს დაჭრილებს ეხება ეს აღაპი. ივანეს და იწოდება დედოფლად. ვისი მეუღლე იყო ის უცნობია. „ეგებ გიორგი VII-ის პირველი ცოლი იყო, შემდეგ მონაზვნად შემდგარი? ამით ხომ არ აიხსნება ივანეს ერთგულება გიორგი VII-სადმი“. ივანე ათაბაგისა და გიორგი VII-ის ურთიერთობას ჩვენ კიდევ შევეხებით. ამჯერად ჩვენთვის მთავარია, რომ ივანე ათაბაგი და მისი და, ნათია-ყოფილი ნისიმე, XIV-XV საუკუნეების მოღვაწეებად ჩანან და ჩვენი აზრით, აღბუღას შვილები არიან და არა ბიძაშვილები. აქედან გამოდინარე, ნათია-ყოფილ ნისიმეს ვერც ამირსპასალარ ყვარყვარეს ასულ ნათელასთან გავაიგივებთ.
რაც შეეხება ცაიშის ომოფორის წარწერაში მოხსენიებულ ნათელას, პირველ რიგში გასარკვევია რომელი ყვარყვარეს ასულია ის. ბექა მანდატურთუხუცესს ყავდა ძე ყვარყვარე. ამავე დროს, ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, 1334 წელს სარგის II-ის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ „მიუბოძა ძესავე მისსა ყვარყვარეს ათაბაგობა“. ანუ გამოდის ორი ყვარყვარე: სარგის II-ის ძე და სარგის II-ის ძმა. აქ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს მიერ ადრე დასმულ კითხვას, რომელი ყვარყვარე დაინიშნა ათაბაგად? ვახუშტი ბატონიშვილი ცალსახად მიუთითებს სარგისი ძეზე. სხვა წაყრო რომლითაც ამ ინფორმაციას გადავამოწმებდით ჩვენ არ გვაქს. უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ XIV-XV საუკუნების ჯაყელების შეახებ ვახუშტი ბატონიშვილთან დაცული ინფორმაცია სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ ვახუშტი ბაგრატიონი საერთოდ არ მოიხსენიებს აღბუღა I-ს. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ვახუშტი ბაგრატიონის მთელი ინფორმაცია ჯაყელების შესახებ მცდარია. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ან უნდა ვენდოთ ვახუშტი ბატონიშვილს ან არა. იმ შემთხვევაში, როდესაც ვახუშტი ბაგრატიონის ცნობები ერთადერთი წყაროა და მათი გასაკონტროლებელი მასალა არ გაგვაჩნია, ჩვენ ვენდობით ბატონიშვილის ცნობებს. მაშინ გამოდის, რომ 1334 წელს სარგის II-ის გარდაცვალების შემდეგ ათაბაგი მისი ძე ყვარყვარე გახდა და სწორედ მისი ასულია ომოფორის წარწერაში მოხსენიებული ნათელა (თუმცა აღსანიშნავია, რომ მოვლენათა შემდგომი განვითარება, კერძოდ მესხეთის მმართველობის ბექას უმცროსი ძის _ შალვას ხელში გადასვლა, თითქოს იმაზე მ. რეხვიაშვილის მოსაზრების სისწორეზე უნდა მიუთითებდეს).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მ. რეხვიაშვილი თვლიდა, რომ სარგის II-ის შემდეგ მთავარი მისი ძმა ყვარყვარე იყო, რაც თავისთავად ვახუშტი ბატონიშვილის ინფორმაციის მცდარობას გულისხმობს. მკვლევარის ვარაუდი ჟამთააღმწერლის ცნობის მისეულ ინტერპრეტაციას ემყარება.
ჩვენი აზრით, ჟამთააღმწერლის ცნობა _ „დაიპყრეს სამცხე სამთავე ძეთა მისთა: უხუცესმან სარგის და შემდეგმან ყვარყვარე და უმრწამესმან შალვა“ _ იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ მესხეთში გარკვეული სახის კოლექტიური მმართველობა დამყარდა. ანუ ყველა ძმა მონაწილეობას იღებს სამთავროს პოლიტიკურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ იურიდიულად სამთავროს მმართველი და საგვარეულო მეთაურიც უფროსი ძმა, სარგის II არის.
თ. ჟორდანიას აზრით, ნათელა იმერეთის ერისთავის ბაგრატ ბაგრატიონის მეუღლედ უნდა მივიჩნიოთ. ბაგრატი კი დავით ნარინის შვილიშვილი იყო.
ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად ბაგრატი მიქელის ძე იყო. 1358 წელს „შეირთო ბაგრატ ერისთავმან მიქელ მეფის ძემან ასული ყუარყუარე ათაბაგისა“. თ. ჟორდანიამ ბაგრატი მიქელის ძმის, კონსტანტინეს შვილად მიიჩნია. ყვარყვარე ამირსპასალარისა და სამცხის სპასალარის ასული, დედოფალთ-დედოფალი ნათელა, ბექა მანდატურთუხუცესის შვილიშვილის შვილი გამოდის.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, 1361 წელს ყვარყვარე ათაბაგი გარდაიცვალა (ომოფორის წარწერაში ყვარყვარე სულკურთხეულად იწოდება, ანუ ის გარდაცვლილია. აქედან გამომდინარე ომოფორის წარწერა არა 1358-1360 წლებშია შესრულებული, არამედ 1361 წლის შემდგომ). ვინ გახდა ათაბაგი? მ. რეხვიაშვილის აზრით, „სამცხის შემომტკიცების საჭიროება მოითხოვდა მთავრის პოსტზე დაესვათ მეფის დამსახურებული მოხელე და არა გარდაცვლილი მთავრის შვილი (მით უმეტეს, რომ ყვარყვარეს არ დარჩენია მემკვიდრე _ ვაჟი). ასეთი კი ჯაყელებში იყო ყვარყვარეს მომდევნო ძმა, ბექა I-ის უმცროსი ვაჟი შალვა და სწორედ ის გახდა სამცხის სამთავროს გამგებელი“. ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, რას ნიშნავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში „მეფის დამსახურებული მოხელე~ და რატომ უნდა ჩაითვალოს ასეთად შალვა? მ. რეხვიაშვილის თვალსაზრისით, 1361 წელს მესხეთის მთავარი შალვა გახდა. ეს უკანასკნელი 1374 წლისათვის უკვე გარდაცვლილია და მთავარი მისი ძე აღბუღაა, რომელიც 1391 წელს გარდაიცვალა. მკვლევარი ეყრდნობა მიქაელ პანარეტოსის ცნობას, რომლის თანახმადაც 1374 წლის 14 მარტს გარდაიცვალა ტრაპიზონის იმპერატორის ძე ანდრონიკე. იგი დანიშნული იყო საქართველოს მეფის, დავით IX-ის ასულზე. „ხოლო საქორწინო პირობა, რომელიც დადებული იყო იბერიასთან თბილისის მეფის დავითის ასულისთვის, აღბუღას დისწულისთვის, გადატანილი იქნა ჩვენი მეფის უმცროს, ღვიძლ და კანონიერ ძესა და ჭაბუკ მეფეზე ბატონ მანუილზე, დიდ კომნენოსზე. როცა შუამავლობა ჩატარდა წაბრძანდა მეფე და ჩვენც მასთან ერთად 10 მაისს მეთხუთმეტე ინდიქტიონს, 6885 წელს (1377 წელს) ლაზიკაში. რომ მივედით მთელი ზაფხული, 15 აგვისტომდე იქ გავატარეთ ადგილში სახელად მაკრევიალუსს. მაშინ წამობრძანდა იგი (დავითის ასული) გონიიდან მაკრევიალუსს. მეორე დღეს დავიძარით და 30 აგვისტოს, კვირა დღეს, მივაღწიეთ ტრაპიზონს. ახალი წლის 5 სექტემბერს, შაბათს, პირველ ინდიქტიონს 6886 წელს დაედგა მას სადედოფლო გვირგვინი და ეწოდა ევდოკია, პირველად კი გულქანხათუნი ერქვა“. მანუილსა და გულქან-ხათუნ-ყოფილ ევდოკიას 1382 წელს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ბასილი დაარქვეს.
ეს ცნობა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. პირველი _ ირკვევა, რომ ამ დროს მესხეთის მთავარ აღბუღაა. მ. რეხვიაშვილი სწორია როცა წერს, ათაბაგი შალვა რომ ყოფილიყო მიქაელ პანარეტოსი „დავით IX-ის ასულს მოიხსენიებდა არა როგორც აღბუღას დისშვილს, არამედ როგორც შალვას შვილიშვილს“. მეორე _ აღბუღას ყავს და, რომელიც საქართველოს მეფის დავით IX-ის მეუღლე იყო (აქ დგება ერთი საინტერესო საკითხი. დავით IX გიორგი ბრწყინვალის ძე და შესაბამისად ბექა მანდატურთუხუცესის შვილიშვილის შვილი იყო. მისი მეუღლე, აღბუღას და, კი ბექა მანდატურთუხუცესის შვილიშვილი იყო. რამდენად შესაძლებელი იყო ასეთი ახლო ნათესავების ქორწინება? მეორეს მხრივ პანარეტოსი ყოველივეს თვითმხილველი იყო და ძნელია ვივარაუდოთ რომ შეცდომას უშვებს. თუმცა თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი).
აქ კვლავ უნდა დავუბრუნდეთ აღბუღას საკითხს. ბექას რომელი ძის შვილია ის. მიუხედავად იმისა, რომ ს. კაკაბაძეს გარკვეული უზუსტობები მოუვიდა ამ საკითხის კვლევისას (მათზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ) მისი საბოლოო დასკვნა მართებული იყო _ აღბუღა შალვას ძეა. ეს ნათლად ჩანს სოფელ ხოვლეს წმიდა თევდორეს სახელობის ეკლესიის წარწერიდან. წარწერა პირველად ლ. მუსხელიშვილმა გამოაქვეყნა. მკვლევარი წერდა სოფ. ხოვლეს წმ. თევდორეს ეკლესიის ქვაზე მოთავსებულია წარწერა:
(პ)ტრონსა ამრსპსრლს აღ(ბღს) .. გ ... მარჯოს ნ(?)ამარვალ მი ...ღნ ჩემნ ცდვნი მუ(?)ნყრნი(?)ყმ
აქ თითქოს მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, რომ იხსენიება პატრონი ამირსპასალარი აღბუღა.
... შნ ღნ სრგის შნ ღნ ბექას შნ ღნ შლვს შნ ღნ შვლნ ყოვლ ჩა ძოლთ ახლთ შნ ღნ
ე.ი. „შეუნდვენ ღმერთმან, სარგისს შეუნდვენ ღმერთმან, ბექას შეუნდვენ ღმერთმან, შალვას შეუნდვენ ღმერთმან, შვილთა ყოველთა ჩემთა ძველთა და ახალთა შეუნდვენ ღმერთმან“. ლ. მუსხელიშვილი აღნიშნავდა, რომ ი. ჯავახიშვილის შენიშვნით აღბუღა იხსენიება რკონის სიგელში, ხოლო ბექა, სარგისი და ყვარყვარე 1300 წლის საბუთში. თავად ლ. მუსხელიშვილი წარწერის დათარიღებაზე და მასში მოხსენიებული პირების იდენტიფიკაციაზე არაფერს ამბობდა. ისე გამოდის, რომ თითქოს იგი ი. ჯავახიშვილის შენიშვნას ეთანხმებოდა.
მ. რეხვიაშვილის აზრით, „წარწერა შესრულებული სამცხის მთავრისა, ათაბაგ-ამირსპასალარისა და სჯულმდებლის, აღბუღა I-ის სიცოცხლეში და მისი მითითებით. ამწარწერაში აღბუღა მოიხსენიებს თავის თავს და შენდობას უთვლის სარგისს, ბექას, შალვას და თავის შვილებს. აქ დასახელებული პირებიდან ბექა და შალვა არიან ბექა მანდატურთუხუცესი და მისი უმცროსი ძე შალვა, ხოლო სარგისი ან ბექას მამა სარგის I-ია ან მისი (ბექასი) შვილი სარგის II. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ რიგში სახელები არნიშნულია მკაცრად უფროს-უმცროსობის რიგის დაცვით: აღბუღას შვილების წინ დგას შალვა, ხოლო შალვას წინ კი დგას ბექა. ამიტომ სრულიად უეჭველია, რომ ბექას წინ მოხსენიებული სარგისი არის მისი მამა სარგის I, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იქნებოდა მოხსენიებული მის შემდეგ, როგორც შვილი. აქ არ მოიხსენიებიან არც ყვარყვარე I და არც მისი უფროსი ძმა სარგის II. ამით აღბუღას იმის თქმა უნდა, რომ შენდობას უთვლის მხოლოდ თავის უშუალო წინაპრებს: მამა შალვას, შალვას მამას ბექა მანდატურთუხუცესს და ბექას მამას სარგის I-ს, ე.ი. აღბუღა I იძლევა თავის წარმოშობის გენეალოგიურ სქემას: სარგის I - ბექა მანდატურთუხუცესი - სალვა - აღბუღა I“.
მ. რეხვიაშვილის მოსაზრება სავსებით ლოგიკური და მისაღებია. საინტერესოა როგორ უნდა გავიგოთ ფრაზა _ „შვილთა ყოველთა ჩემთა ძველთა და ახალთა~. წყაროებიდან დგნიდება აღბუღას ორი შვილის ვინაობა: ივანე და ნათია. შესაძლოა აღბუღას ყავდა მათზე ადრე დაბადებული უფროსი შვილები, რომლებიც გარდაიცვალნენ. ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნი რომ აქ პირველი და მეორე ცოლის შვილები უნდა ვიგულისხმოთ, თუ დავუშვებთ რომ აღბუღას ორი ცოლი ყავდა.
მოკლედ გავიმეორებთ მ. რეხვიაშვილის მოსაზრებას - 1334 წელს, სარგის II-ის გარდაცველების შემდეგ მთავარი ყვარყვარე გახდა, 1361 წელს _ შალვა და 1374 წელს (ეს თარიღი მკვლევარმა პირობითად აიღო), მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე აღბუღა. მ. რეხვიაშვილი სწორია, რომ 1374 წელს შალვა გარდაცვლილია და ათაბაგი აღბუღაა. მაგრამ აღბუღა ათაბაგი შეიძლება გახდა არა 1374 წელს, არამედ 1361 წელს.
ჩვენი აზრით, 1334 წელს ათაბაგი გახდა სარგის II-ის ძე ყვარყვარე. ის 1361 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ სარგის II-ის შთამომავლები მესხეთის მთავრობას გარკავენ და მთავრი ხდება ბექა მანდატურთუხუცესის უმცროსი ძე შალვა. რამ გამოიწვია მოვლენათა ასეთი განვითარება უცნობია. ყვარყვარე სარგისის ძეს ვაჟი არ ყავდა, მაგრამ ყავდა ძმები. შაშია არტანუჯელი და პაფნონტე. ეს უკანასკნელი საფარის მოძღვარი იყო. მაგრამ რატომ არ გახდა ძმის მემკვიდრე შაშია გაურკვეველია. ასევე უცნობია, თუ რატომ არ გადავიდა მესხეთის მთავრობა ბექა მანდატურთუხუცესის შუათანა ძის, ყვარყვარეს ხელში, შესაძლოა ამ დროისათვის ის გარდაცვლილი იყო და მეკვიდრე არ ყავდა (თეორიულად იმის დაშვებაც შეიძლება, რომ ვახუშტი ბატონიშვილს ერთმანეთში აერია ორი ყვარყვარე: სარგის II-ის ძე და სარგის II-ის ძმა).
სარგის II იყო ათაბაგ-ამირსპასალარი. ჯერ კიდევ მამის სიცოცხლესი ის სამცხის სპასალარად იწოდებოდა. გაურკვეველია გიორგი V ბრწყინვალისაგან ათაბაგობისა და ამირსპასალარობის მიღების შემდეგ დატოვა მან სამცხის სპასალარობა თუ კვლავაც შეინარჩუნა ეს „ხელი“. თუ გავითვალისწინებთ ბექას დროს არსებულ ვითარებას, ანუ მესხეთის მთავარი უფრო მაღალი თანამდებობის ფლობის შემთხვევაში აღარ ატარებდა სამცხის სპასალარობას, უნდა ვიავარუდოთ, რომ არც სარგის II იყო 1327 წლის შემდეგ ამ სახელოს მფლობელი. შესაძლოა მოვლენათა შემდეგი განვითარება ვივარაუდოთ: 1281 წლამდე სარგის I იყო სამცხის სპასალარი. ამ წელს მან ათაბაგობა მიიღო და სამცხის სპასალარი მისი ძე ბექა გახდა. XIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისშივე სარგისი საბას სახელიდ ბერად აღიკვეცა. დემეტრე II-მ ბექას ათაბაგობის ნაცვლად მანდატურთუხუცესობა უბუძა, ხოლო სამცხის სპასალარი მისი უფროსი ძე, სარგის II გახდა.
ყვარყვარე II ამირსპასალარისა და სამცხის სპასალარის თანამდებობებით მოიხსენიება ცაიშის ომოფორის წარწერაში. ის ათაბაგად არ მოიხსენიება. თითქოს ეს იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ მას ეს `ხელი~ არ ჰქონდა. თუმცა თ. ჟორდანიას ინფორმაციაზე დაყრდნობით, ი.სიხარულიძე აღნიშნავდა, რომ ყვარყვარე ათაბაგადაც მოიხსენიებოდაო. თ. ჟორდანიას თანახმად, ათაბაგამირსპასალარი ყვარყვარე სწირავს მცხეთას სოფელს. თუმცა იქვე აღნიშნავდა, რომ, ეს ცნობა დაცული იყო გუჯართა ნუსხაში, მაგრამ თავად გუჯარი ვერ იპოვა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ყვარყვარე ათაბაგ-ამირსპასალარი და სამცხის სპასალარიც იყო.
შალვა ჯაყელი იყო ათაბაგი და სამცხის სპასალარი. ასე მოიხსენიება ის ლიხაურის მაცხოვრის ხატის წარწერაში _ „ძე დიდისა მანდატურთუხუცესისა ბექასი ათაბაგი და სამცხისა სპასალარი შალვა“. წარწერა დაზიანებულია.
თ. ჟორდანიამ აღადგინა სახლთუხუცესისა, მაგრამ მართებულია ი. სიხარულიძისეული აღდგენა სიტყვისა მანდატურთუხუცესი. შალვასთან დაკავშირებით გვინდა ერთ საკითხზე შევჩერდეთ. თ. ჯოჯუა ვანის სახარების მინაწერში მოხსენიებულ შალვას _ „შემოსწირა წმიდა ესე ოთხთავი პატრონმან ნათიამან ... სააღაპედ მისისა მეუღლისა ბექაისა შალვა არტანუჯელისა შვილისათუის და მისთვის“ _ ბექა მანდატურთუხუცესის უმცროს ძე შალვასთან. მკვლევარის აზრით, „ჯაყელთა ფეოდალური ოჯახის უმცროს წარმომადგენლებს უფრო ზუსტად კი, სამცხის მოქმედი მთავრების უმცროს ძმებს ჰქონდათ დაკავებული“. თ. ჯოჯუა გაკვრით შეეხო ყვარყვარე ათაბაგის საკითხს. საუბრობს რა შაშია არტანუჯელის შესახებ მკველავარი აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი „არის ძმისწული შალვა არტანუჯელისა და ძმა ათაბაგ ყვარყვარე I-სა“.
შაშია არტანუჯელი სარგის II-ის ძე იყო და თუ მას ყვარყვარე I-ის ძმად მივიჩნევთ, მაშინ ვახუშტი ბატონიშვილის ცნობის სისწორე უნდა ვაღიაროთ. თუ შალვა არტანუჯელი იგივე ათაბაგ-სამცხის სპასალარი შალვა ჯაყელა, მაშინ ბექა შალვა არტანუჯელის ძე და აღბუღა ათაბაგი ძმები გამოდიან. სავსებით შესაძლებელია, რომ მართებული იყოს თ. ჯოჯუას მოსაზრება წოდება „არტანუჯელის“ შესახებ. ანუ სარგის II-ის დროს არტანუჯელი იყო მისი უმცროსი ძმა შალვა, ხოლო ყვარყვარე I-ის დროს, არტანუჯელი უკვე ამ უკანასკნელის უმცროსი ძმა შაშიაა. მაგრამ ეგებ შალვა არტანუჯელი და შალვა ათაბაგი სხვადასხვა პირებია? აღაპის ტექსტში, ბექა შალვა არტანუჯელის ძედ იწოდება. თუ ორივე შალვა ერთიდაიგივე პიროვნებაა, მაშინ უფრო მოსალოდნელი არ იქნებოდა, რომ ბექას მამა გაცილებით უფრო საპატიო, მაღალი და მნიშვნელოვანი ტიტულებით ყოფილიყო მოხსენიებული, ვიდრე მხოლოდ არტანუჯელობაა? ვგულისხმობთ ათაბაგობასა და სამცხის სპასალარობას. თუ „არტანუჯელობასთან“ დაკავშირებით თ. ჯოჯუას მოსაზრებას გავიზიარებთ, მაშინ შალვა, არტანუჯელად შეიძლება მხოლოდ მის მიერ ათაბაგობისა და სამცხის სპასალარობის (ან ერთ-ერთის მაინც) მიღებამდე წოდებულიყო. ვანის სახარების მინაწერიდან ცხადია, რომ ამ დროს ბექა შალვას ძე გარდაცვლილია. რა თქმა უნდა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შვილი მამაზე ადრე გარდაიცვალა, თუმცა უფრო ლოგიკური საპირისპირო თავლსაზრისია. ანუ ვანის სახარების მინაწერის შესრულებისას, ჩვენი აზრით, შალვა არტანუჯელიც გარდაცვლილი უნდა იყოს. თუ კი შალვა არტანუჯელი შალვა ათაბაგია, რატომ არ მოიხსენიება ის ათაბაგობით? ჩვენი აზრით შალვა არტანუჯელი არაა შალვა ათაბაგი, ის ჯაყელთა საგვარეულოს რომელიღაცა სხვა წარმომადგენელია, სავარაუდოდ სარგის II-ის შთამომავალად შეიძლება მივიჩნიოთ. შესაძლოა შალვა არტანუჯელი იგივე შაშია არტანუჯელია (ეგებ შაშია ბერად აღკვეცის შემდგომ მიღებული სახელია? ანდა ამ პიროვნებას ორი სახელი ჰქონდა, მსგავსად ქობულსტეფანოსისა, მიქელ-გობრონისა, კოსტანტი-კახასი, ივანე-ყვარყვარესი).
XIV საუკუნის 30-90-იან წლებში მოღვაწე ათაბაგთა ქრონოლოგია, ჩვენი აზრით, შეიძლება შემდეგი სახით წარმოვიდგინოთ: 1334 წელს ათაბაგი გახდა სარგის II-ის ძე ყვარყვარე II, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ (პირობითად 1361 წელს) მისი ბიძა, სარგის II-ის უმცროსი ძმა შალვა. შალვას შემდეგ ათაბაგი ამ უკანასკნელის შვილი აღბუღა გახდა.
ის მოვლენები, რაც 1361-1391 წლებში ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, ბექა II-ის დროს ხდება, ძირითადად ათაბაგ-ამირსპასალარ აღბუღას დროს ხდებოდა, რადგან ვახუშტისეული ბექა II, სინამდვილეში აღბუღა ათაბაგია (ძალიან საეჭვო ვარაუდია, მაგრამ ეგებ ვახუშტი ბატონიშვილის შეცდომა იმან განაპირობა, რომ ჯაყელების მიერ შექმნილ სამართლის წიგნს ბექა-აღბუღას სამართალს ეძახდნენ და ვახუშტი ბაგრატიონმა ბექა-აღბუღა ერთი კაცის სახელად მიიჩნია. როგორც მაგალითად ქობულ-სტეფანოსი ან მიქელ-გობრონი და მხოლოდ „პირველი სახელით“ _ ბექა, მოიხსენია 1361-1391 წლებში მოღვაწე ათაბაგი?).
ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ს. კაკაბაძის მოსაზრებას, რომ აღბუღას შემდეგ ათაბაგი მისი ძე, ივანე გახდა. ვახუშტი ბატონიშვილის ქრონოლოგიით, ივანე 1391 წელს გახდა ათაბაგი. ცხადია ამავე წელს უნდა გარდაცვლილიყო მისი მამა აღბუღა. 1394 წელს თემურ-ლენგმა სამცხე დალაშქრა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „წარმოემართა ათაბაგსა იოანესა ზედა, რომელი მტკიცედ სდგა მეფესა ზედა, რათა შემუსროს იგი და ჩამოდგა სამცხესა შინა, მოაოხრა ქვეყანა და ეკლესიანი ყოველნი, ხატნი და ჯუარნი შემუსრნა“. ქართველი ისტორიკოსის მიხედვით ივანე ათაბაგი მეფის ერთგულია, მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა. 1403 წელს ივანე ათაბაგი მეფის ძმასთან, კონსტანტინესთან ერთად თემურს ეახლა. ამ ნაბიჯის მიზეზად, გიორგი VII-ისა და კონსტანტინეს განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაა მიჩნეული. მეფე თემურ-ლენგთან ბრძოლის გაგრძელების მომხრე იყო. „ასეთი ორიენტაცია არ გაიზიარეს კონსტანტინე ბატონიშვილმა და ივანე ათაბაგმა, რომლებიც თემურთან დიპლომატიური ურთიერთობების აქტიური მონაწილენი არიან, ხოლო თავად ბატონიშვილი 1401 წლის შამქორის ზავის სულისჩამდგმელადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ზავის პირობების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი ძმებს შორის, რაც იმით დასრულდა, რომ კონსტანტინე ბატონიშვილმა და ივანე ათაბაგმა ორიენტაცია თემურ-ლენგზე აიღეს, განუდგნე საქართველოს მეფესა და ბირთვისის ბრძოლის წინ კოლას მისულ მსოფლიო დამპყრობელთან გამოცხადდნენ“.
რაც არ უნდა ყოფილიყო მეფის ძმისა და ათაბაგის თემურთან გამოცხადების მიზეზი, იმ მომენტში ეს მაინც ქვეყნის ღალატი იყო. წყაროთა ცნობების მიხედვით, კონსტანტინემ და ივანემ მეგზურობაც კი იკისრეს და მტრის ჯარი სამცხის გავლით იმერეთში გადაიყვანეს.
თემურ-ლენგის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი VII-მ სამეფო ხელისუფლების განმტკიცება დაიწყო და მესხეთშიც გადავიდა. „მოეგება ათაბაგი იოვანე და ყოველნი მესხნი და კლარჯნი. განაგნა მეფემან იქაურნიცა“. მეფის მესხეთში გადასვლა პასუხი იყო ივანე ათაბაგის საქციელზე. მეფეს იმდენი ძალა არ ჰქონდა, რომ ათაბაგი გადაეყენებინა, მაგრამ ალბათ მისგან მორჩილების პირობა მიიღო. აქ გვინდა დავუბრუნდეთ ე. მეტრეველის მოსაზრებას, რომ შესაძლოა ივანე ათაბაგის და, ნათია-ყოფილი ნისიმე გიორგი VII-ის პირველი მეუღლე იყო და ეს მიზეზი განაპირობებდა ათაბაგის ერთგულებას მეფისადმი. როგორც დავინახეთ, ათაბაგი არ იყო მეფის ბოლომდე ერთგული. ე. მეტრეველის თვალსაზრისთან დაკავშირებით კი სხვადასხვა მოსაზრებების გამოთქმა შეიძლება. ეგებ ნათია-ყოფილი ნისიმე მართლაც გიორგი VII-ის პირველი ცოლი იყო. მეფე მას გაცილდა. ნათია მონაზვნად აღიკვეცა, მისი ძმა კი გიორგი VII-ის მოწინააღმდეგე გახდა. იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ ნათია-ყოფილი ნისიმე მეფის ძმის, კონსტანტინეს პირველი მეუღლე იყო და ამიტომ იწოდება დედოფლად. თუმცა ეს მოსაზრება ჩვენ ძალიან ნაკლებ სარწმუნოდ გვეჩვენება.
 წყაროებით ჩვენთვის მართლაც ცნობილია კონსტანტინეს მეუღლე ნათია, მაგრამ ის ამირეჯიბთა სახლის წარმომადგენელი იყო. რამდენად დასაშვებია, რომ კონსტანტინეს ორივე ცოლს ნათია რქმეოდა? შესაძლოა ნათია-ყოფილი ნისიმე რომელიმე ბაგრატიონის მეუღლე იყო და არა მაინც და მაინც მეფის.
1407 წელს გიორგი VII თურქმანებთან ბრძოლაში დაიღუპა და ტახტზე კონსტანტინე I ავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი VII-ის დროს კონსტანტინე და ივანე ერთობლივად მოქმედებდნენ, უფრო მეტიც _ ძმისაგან დევნილი კონსტანტინე თავს სამცხეში აფარებდა, წესით, კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ, მათ შორის კარგი ურთიერთობა უნდა ყოფილიყო. ივანე ათაბაგს, კონსტანტინე I-თან დასაპირისპირებელი მიზეზი არ უნდა ჰქონოდა. თუმცა ვითარება როგორც ჩანს მაინც შეიცვალა. ი. ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ კონსტანტინე I-სა და მის ძეს, ალექსანდრეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უფლისწულმა თავი ათაბაგთან შეაფარა. „იმ პირთან, რომელთანაც, როგორც ვიცით, თემურ-ლენგის შემოსევის დროს, მის მამას კონსტანტინეს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ცხადია, რომ 1407 წლისათვის კონსტანტინე მეფეს ივანე ათაბაგთანაც ურთიერთობა უკვე გაუარესებული უნდა ჰქონოდა. უმისოდ ძნელი დასაჯერებელია, რომ ივანე ათაბაგს შვილზე გამწყრალი კონსტანტინეს ხათრითა და მორიდებით, მისი ძე ალექსანდრე თავისთან შეეფარებინა. საფიქრებელია, რომ არც თითონ ალექსანდრე მივიდოდა მესხეთის მთავართან შესახიზნავად, ამ შემთხვევაში ივანე ათაბაგი რომ თავის თანამგრძნობადა და მისი მამის მოწინააღმდეგედ არ ჰყოლოდა მიჩნეული“.
ალექსანდრე ხუთი წელი აფარებდა თავს ათაბაგთან. რას შეიძლება გამოეწვია, ყოფილ მოკავშირეებსა და თანამებრძოლებს, კონსტანტინე I-სა და ივანე ჯაყელს, შორის ურთიერთობის გაფუჭება? ჩვენი აზრით, ამის მიზეზი შეიძლება ივანე ათაბაგის პატივმოყვარე ამბიციები ყოფილიყო, დამოუკიდებელი სამთავროს შეექმნის შესახებ. შესაძლოა რაღაც ეტაპზე, დროებით, ტაქტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე ივანე ათაბაგის სეპარატისტული ზრახვები მისაღები ყოფილიყო მეფესთან დაპირისპირებული უფლისწულისთვის, მაგრამ იგივე ზრახვები სრულიად მიუღებელი იქნებოდა უკვე გამეფებული კონსტანტინე I-სთვის. ივანეს კი ალბათ იმედი ჰქონდა, რომ გამეფების შემდეგ კონსტანტინე მას თანადგომას დაუფასებდა. ალბათ დაახლოებით მსგავსი უნდა ყოფილიყო დამოკიდებულება ივანე ათაბაგსა და ალექსანდრე I-ს შორის. ამჯერადაც მესხეთის მთავარს იმედი ექნებოდა, რომ ტახტზე ასვლის შემდეგ ალექსანდრე მას ხუთი წლის მანძილზე გაწეულ მასპინძლობას დაუფასებდა. მაგრამ ათაბაგს ამჯერადაც არ გაუმართლა. მისი მისწრაფებები ალექსანდრე I-სთვისაც მიუღებელი იყო. ეს სრულიად ბუნებრივი იყო. საქართველოს არც ერთი მეფე არ შეეგუებოდა მესხეთის მთავრების ლტოლვას განცალკევებისა და ერთიანი სამეფოდან გამოყოფისაკენ.
მით უმეტეს ვერ დაუშვებდა ამას, 1412 წელს, თურქმანებთან ბრძოლაში კონსტანტინე I-ის დაღუპვის შემდეგ, ტახტზე ასული ალექსანდრე I. მან თავისი მეფობა სწორედ ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებითა და ერთიანობის წინააღმდეგ მებრძოლი დიდებულების დამორჩილებით დაიწყო. ივანე ჯაყელი ეტყობა მიხვდა, რომ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას მხოლოდ ძალის გამოყენებით თუ შეძლებდა და საქართველოს მეფის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა. „პარიზის ქრონიკის“ მიხედვით, 1414 წელს ალექსანდრე I და ივანე ათაბაგი ერთმანეთს შეებრძოლენ _ „ქორონიკონსა რბ მეფე ალექსანდრე და ივანე ათაბაგი კოხტას შეიბნენ. თურქთ ახალციხე ამოსწყვიტეს“. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, ივანე ჯაყელმა მეფის წინააღმდეგ ჯარი შეკრიბა, მაგრამ დამარცხდა და დატყვევებული თბილისში მეფეს მოჰგვარეს. „ხოლო მეფემან პატიმარ ჰყო ათაბაგი და შევიდა სამცხეს და დაიპყრა ყოველნი ციხენი და ექსორია-ჰყვნა ურჩნი და რომელნიმე უმკვიდრო-ჰყვნა და დასხნა ერისთავნი თვისნი, მერმე ევედრა ათაბაგი შენდობასა შეცოდებისასა, რათა იყოს საუკუნოსა მონებასა შინა, ხოლო მეფე ვინაითგან იყო მოწყალე და შემნდობელი და კუალად წინა ერთგულობისა მისისათვის აფუცა მონებრივსა ერთგულობასა ზედა და აღიყვანა ათაბაგობასვე“.
საინტერესოა, რომ სეპარატისტულ ზრახვებს სამხრეთ საქართველოს ცალკეული სასულიერო პირებიც ამჟღავნებდნენ. XV საუკუნის დასაწყისში, ივანე ათაბაგის წაქეზებით, მისგან ზურგ გამაგრებულმა აწყურის (მაწყვერელმა) ეპისკოპოსებმა, რომლებიც სამხრეთ საქართველოში ყველაზე დიდი პატივით სარგებლობდნენ, ლოცვებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების მოხსენიება შეწყვიტეს. ეს ავტომატურად მცხეთის საპატრიარქოდან გამოყოფასა და საქართველოს ეკლესიის ერთიანობის დარღვევას ნიშნავდა. ივანე ათაბაგის დამარცხების შემდეგ მაწყვერელ ეპისკოპოსთა დამორჩილებაც ადვილად მოხერხდა. ალექსანდრე I-ის ენერგიულმა ღონისძიებებმა დროებით შეაჩერა საქართველოს დაშლის პროცესი.
ნიშანდობლივია, რომ ივანე ჯაყელი მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის კი არ იბრძოდა, არამედ ცდილობდა სამცხე-საათაბაგო ეკლესიურადაც მოეწყვიტა ერთიანი საქართველოსაგან. ივანემ კარგად იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის ერთიანობა მის სეპარატისტულ მისწრაფებებს ხელს უშლიდა (სამწუხაროდ მსგავსი მოსაზრებები სხვა ქართველ პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ. ყოველივე ამან კი XV საუკუნის 70-იან წლებში დასავლეთ საქართველოს მცხეთის საპატრიარქოდან გამოყოფა გამოიწვია). მესხეთის მთავრების ანალოგიურ მცდელობას ადგილი ცოტა მოგვიანო პერიოდშიც ჰქონდა. ჯერ ყვარყვარე III-ის, ხოლო შემდეგ მისი ძის მზეჭაბუკის მართველობისას.
ალექსანდრე I-ის ბერად აღკვეცის შემდეგ ტახტზე ასულმა მისმა მემკვიდრეებამ, საქართველოს ერთიანობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს. სეპარატისტულ ზრახვებს ყველაზე მეტად კვლავ ჯაყელები ავლენდნენ.
1444 წელს სამცხეში თურქმანები შეიჭრენ ჯეჰან-შაჰის მეთაურობით და ახალციხეზე მიიტანეს იერიში. ვახტანგ IV-მ ჯარი შეკრიბა და მტრის წინააღმდეგ დაიძრა. სამცხეში ჩასულ მეფეს „მოერთნენ მესხნი სრულიად“. სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ ქართვლებმა მტრის უკუგდება მოახერხეს. იმავე წელს ივანე ჯაყელი გარდაიცვალა და ვახტანგ IV-მ „აიყვანა ძე იოვანე ათაბაგისა აღბუღა პატივსა ათაბაგობისასა~. ანალოგიური ცნობაა დაცული „პარიზის ქრონიკაშიც“ _ „ქორონიკონსა რლბ ჯანშაჰ-ყაენი ახალციხეს მოუხდა. ამავე ქორონიკონსა ივანე ათაბაგი მიიცვალა“.
1447 წელს სამცხის მთავარ აღბუღა II ჯაყელს მისივე ძმა, ყვარყვარე აუჯანყდა _ „ქორონიკონსა რლე აღბუღა და ყვარყვარე შეიბნეს“. ივანე ჯავახიშვილი, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობაზე დაყრდნობით, ყვარყვარეს აღბუღას ბიძად მიიჩნევდა, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა. აღბუღა დამარცხდა და დახმარებისათვის გიორგი VIII-ს მიმართა. საქართველოს მეფემ სწორად შეაფასა ვითარება, სწრაფად გაილაშქრა ყვარყვარეს წინააღმდეგ, დაამარცხა ეს უკანასკნელი და მთავრად კვლავ აღბუღა დანიშნა.
1451 წელს აღბუღა გარდაიცვალა. მართალია მას ყავდა ძე, ყვარყვარე, მაგრამ მესხეთის მთავარი აღბუღას ძმა, ყვარყვარე III გახდა. ყვარყვარესა და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრების შესახებ წყაროებში მრავალი ცნობაა დაცული. ათონის სააღაპე წიგნის, სხვადასხვა მოსახსენიებლებისა და ნარატიული წყაროების გამოყენებით ქ. შარაშიძემ დაწვრილებით შეისწავლა ეს საკითხი და ჩვენ დეტალურად მას აღარ განვიხილავთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ყვარყვარეს ორი მეუღლე ყავდა: დედისიმედი, რომელიც 1489 წელს გარდაიცვალა და ნესტანდარეჯანი, რომელიც შემდგომ მონაზვნად აღიკვეცა და ნინო ეწოდა. დედისიმედთან ყვარყვარეს რვა შვილი ყავდა. ვაჟები: ქაიხოსრო, მზეჭაბუკი, ბაადური, იანქო, ორავჟანდა, მანუჩარი, მართალიხონ და ასეული თამარი. ნესტანდარეჯანთან კი ყავდა სამი ვაჟი: თამთან, საზვერელი, სალუყაზან და ასული, რომლის სახელიც უცნობია. ეს უკანასკნელი ქართლის მეფის, დავით X-ის მეუღლე იყო. თ. ჟორდანია ნესტან-დარეჯანს ყვარყვარე IV-ის მეუღლედ თვლიდა, მაგრამ ქ. შარაშიძემ დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ ნესტანდარეჯანი ყვარყვარე III-ის მეუღლე იყო. ჩვენ ვიზიარებთ ქ. შარაშიძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედისიმედის გარდაცვალების შემდეგ, 73 წლის ყვარყვარემ ნესტანდარეჯანი შეირთო. ყვარყვარეს გარდაცვალების შემდგომ კი ეს უკანასკნელი შვილებთან ერთად ქართლში თავის სიძესთან, დავით X-სთან გადავიდა.
1451 წელს გამთავრებულ ყვარყვარეს, ოთხი წლის წინანდელი ამბებიდან გამოდინარე, ცხადია, რომ მეფესთან საკმაოდ დაძაბული, შეიძლება ითქვას მტრული ურთიერთობაც კი ექნებოდა. რეალურად ყვარყვარე აღარც კი ემორჩილებოდა გიორგი VIII-ს. XV საუკუნის 50-იან წლებში ყვარყვარე ათაბაგმა კვლავ სცადა სამცხის ეკლესიური გამოყოფა. მან თვითონ დაიწყო ეპისკოპოსების დანიშვნა, მიიტაცა კათოლიკოსის კუთვნილი მამულები, სამცხის ეკლესიებში აკრძალა მეფისა და კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება. „საეკლესიო იერარქიის მხრივაც მესხეთის ათაბაგებს თავიანთი საბრძანებლის მცხეთის საკათალიკოზო საყდრისაგან ჩამოშორება სურდათ და ცდილობდნენ, რომ მათი „მღვდელი და დიაკონი“ და მათზე უფროსნიც ადგილობრივ „უმცხეთოდ“ კურთხეულიყვნენ. ამის მიღწევა მათ, რასაკვირველია, მხოლოდ საქართველოს საეკლესიო ერთობის მოსპობითა და თავისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებით შეეძლოთ. ამ მიზნის განმახორციელებელ საუკეთესო საშუალებად ყუარყუარე ათაბაგს, როგორც ჩანს, მაწყვერელი ეპისკოპოსის ამაღლება და მესხეთის საეპისკოპოსო საყდრების უფროსად ქცევა მიუჩნევია“. ასეთ ვითარებაში დაყოვნება არ შეიძლებოდა და კათოლიკოს-პატრიარქმა დავით IV-მ რადიკალურ ღონისძიებას მიმართა. მას „მესხეთის ათაბაგის უგუნური პოლიტიკისა და მისი მოდამქაშე ეპისკოპოსებისათვის სასტიკი და შეუდრეკელი ბრძოლა გამოუცხადებია“. იგი ჩავიდა სამცხეში, მაწყვერელი და სხვა სამცხის ეპისკოპოსები „უჯუარო და შეუნდობელნი ყვნა საფარის თავზედა“ ანუ განდგომილი მღვდელმსახურები შეაჩვენა და განკვეთა. განდგომილებს ღვთისმსახურების შესრულება აღარ შეეძლოთ და თანაც საშინელი სასჯელი _ უზიარებლობა ეკისრებოდათ. ამ სასჯელის ახსნა მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქსავე შეეძლო. განდგომილები იძულებული გახდნენ დანაშაული მოენანიებინათ და ერთგულების პირობა დაედოთ. „მცხეთის კათალიკოსები მესხეთის სამღვდელო პირთ სწორედ კათალიკოსისა და მეფის ერთგულებაზე აფიცებდნენ და რაკი ეს ფიცი იმავე დროს საქართველოს სახელმწიფოსი და ეკლესიის მთლიანობისა და ერთობის ფიცი იყო, ამიტომაც მათ მოქმედებას თანამედროვეთა გულწრფელი თანაგრძნობა და სიხარული უნდა გამოეწვია, შთამომავლობასა და ისტორიას კი არ შეუძლია მათი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე მთელი თავისი სიღრმე-სივრცით არ დააფასოს“. სამეფო ხელისუფლების დასუსტებისა და ცალკეული კუთხეების მმართველთა სეპარატისტული მოქმედებების დროს, საქართველოს ეკლესიას იყო, შესაძლოა ის ერთად-ერთი ძალა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდა. „ყვარყვარე დიდის დამარცხება მესხეთის ეკლესიების საქართველოს საპატრიარქოსაგან გამოთიშვისათვის ბრძოლაში იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მესხეთის ხელისუფალთ აზრად აღარ მოსვლიათ ამ ბრძოლის განახლება“.
ჯაყელთა შემდეგი ცდა, საქართველოს ეკლესიის ერთიანობის დარღვევისა უკვე მზეჭაბუკ ათაბაგის დროს მოხდა და კვლავ მარცხით დამთავრდა. მართალია მზეჭაბუკის მოღვაწეობა, 1500-1515 წლები, ამჯერად ცდება ჩვენს მიერ არჩეულ ქრონოლოგიური ჩარჩოს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ _ მზეჭაბუკი ჯაყელთა ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც ერთ-ერთ საბუთში მეფედ იწოდება. ეს არის ანტიოქიის პატრიარქის მიერ ათაბაგისადმი გამოგზავნილი მიმართვის ქართული თარგმანი, სადაც წერია „დიდისა მეფისა ჩუენისა ყოვლისა აღმოსავლეთისა ხელმწიფისა პატრონისა მზეჭაბუკისა“. როგორც მართებულად შენიშნავდა ქ. შარაშიძე, მზეჭაბუკის მოხსენიება მეფედ და ხელმწიფედ მთარგმნელის ინიციატივა უნდა იყოს, რადგან წერილის არაბულ დედანში ათაბაგი მსგავსი ტიტულებით არ მოიხსენიება. მიუხედავად ამისა, მაინც მეტად საგულისხმო ფაქტია.
1453 წლის 29 მაისს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. XV საუკუნის 50-იან წლების მეორე ნახევარში რომის პაპები დიდი ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანების გაერთიანებულ ძალებს ოსმალები უნდა დაემარცხებინათ და კონსტანტინოპოლი გაეთავისუფლებინათ. ცხადია, რომ აღმოსავლეთის ქრისტიანთა შორის პირველ რიგში ქართველები იგულისხმებოდნენ. როგორც წყაროთა მონაცემებიდან ჩანს, ამ შესაძლო კოალიციის ერთ-ერთი აქტიური წევრი მესხეთის მთავარიც უნდა ყოფილიყო. მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავს წერილი, რომელიც რომის პაპმა კალიქსტ III-მ ყვარყვარე ათაბაგს გამოუგზავნა. „1457 წლის 22 დეკემბერი _ პაპ კალიქსტეს პასუხი კეთილშობილ ბატონ გორგონას, ქარციხეს ჰერცოგისადმი ... ძვირფას შვილსა და კეთილშობილ ბატონს გორგონას, ქარციხის მთავარს, მოკითხვა და აპოსტოლური კურთხევა ... ჩვენმა ნუნციომ ისიც მოგვახსენა, თუ რაოდენი მორჩილებით შეხვდი შენ ჩვენს მითითებებსა და შეგონებებს ქრისტეს მიერ ჩვენს უძვირფასეს შვილთან, საქართველოს მეფესთან და იმ ადგილების სხვა მმართველებსა და ქრისტიან ერებთან მშვიდობის შესახებ. ამ მშვიდობის საშუალებით თქვენ ადვილად შეძლებთ შეუდგეთ ურწმუნო ბარბაროსთა გაწყვეტას, რომლებიც თქვენთან ახლოს ცხოვრობენ. იმავე ნუნციოს მონათხრობიდან შევიტყვეთ შენი პირობა, გააგრძელო ომი ყველა ქრისტიანის მტრის თურქეთის წინააღმდეგ, რომელსაც, როგორც ამბობ, ბრძოლის ველზე ყოველთვის ამარცხებდი ხოლმე. შენი ეს პირობა ჩვენთვის ძალზე სასიამოვნოა და თუ შენ შენი დაპირების აღსრულებაში სიმტკიცეს გამოიჩენ, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს, ყოვლისშემძლე ღმერთი მტრებზე უფრო დიდ გამარჯვებასა და ალაფს მოგანიჭებს. ხოლო რაც შეეხება შენთვის ადმირალობის ანუ მთავარსარდლობის ბოძებას მთელს სამხედრო ძალებზე, რასაც თქვენი ქვეყნების ქრისტიანები ბარბაროსებზე სალაშქროდ მოაგროვებენ, ჩვენ შენ ამისთვის სავსებით ღირსეულად გთვლით და შენ შეგიძლია მამაშენის მსგავსად მთავარსარდალი იყო. ასე რომ ჩვენ ამ წოდებას გიწყალობებთ. ოღონდაც თქვენს შორის, იქაური ქვეყნების ქრისტიანებს შორის მშვიდობა და თანხმობა იყოს, რისთვისაც ჩვენ მოგიწოდებთ უფლის მიერ და ღმრთის ნებით უმოკლეს ხანში თქვენი გაერთიანების დიად ნაყოფს შეუერთდება უფრო დიდი, დასავლეთის ქრისტიანთა ძალების მეშვეობით, რომლებიც გაცხარებულნი დაესხმიან თავს თურქებს მეორე მხრიდან“. წერილში აშკარად ჩანს ყვარყვარეს ამბიციები. ისიც ირკვევა, რომ მესხეთის მთავარს, რომელიც წერილში ქარციხეს ანუ ახალციხის ჰერციგად იწოდება, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა თავის მეზობლებთან და პირველ რიგში საქართველოს მეფე გიორგი VIII-სთან.
პაპ კალიქსტ III-ის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე ახალმა პაპმა, პიუს II-მ განაგრძო. მან საქართველოში ელჩად ლუდოვიკო ბოლონიელი გამოგზავნა. გიორგი VIII-მ და ქართველმა მთავრებმა კოალიციაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს და 1460 წელს უკან გაბრუნებულ ლუდოვიკო ბოლონიელს თავიანთი ელჩებიც გააყოლეს. ყვარყვარე ათაბაგის ელჩი ვინმე ფარსადანი იყო.
საქართველოს მეფე გიორგი VIII ბურგუნდიის ჰერცოგს ატყობინებდა: „მე თვითონ პირადად 40000 კაცით უნდა წავიდე, დავით ტრაპეზუნტის იმპერატორი შეგვპირდა და მზად აქვს 30 ხომალდი 20000 კაცით. სამეგრელოს მეფე ბენდია მზად არის მთელის თავისი ჯარით. ყვარყვარე, საქართველოს მთავარი, თვით მოდის 20000 ცხენოსნით. ანაკოფიის (ანუ აფხაზეთის) მთავარი რაბია შეგვპირდა წამოსვლას მთელი თავისი ძმებით, თავადებით და მთელის თავისის მხედრობით. მცირე სომხეთის ბატონი ბერდებეკი (კილიკიის სომხეთის მთავარი) ჩვენის ლაშქრობისათვის შემოგვპირდა 20000 კაცს“.
ანალოგიური ინფორმაციაა დაცული სამცხის მთავრის, ყვარყვარე ჯაყელის წერილში ვენეციის დოჟისადმი - „მე, ყვარყვარე, საქართველოში ქარციხეს ჰერცოგმა, ამას წინათ პაპის წერილი მივიღე მისი ელჩის, ძმა ლუდოვიკო ბოლონიელის ხელით, სადაც ნათქვამია, რომ პაპი თქვენთან: ფრანკებთან და ლათინებთან ერთად ჩავიდა ქალაქ მანტუაში, რათა მოგეთათბიროთ ჩვენი სარწმუნოებისათვის ღირსეულ და სასარგებლო საქმეზე, რომელიც ურწმუნოთა გასანადგურებლად არის მიმართული. ამან მე და ჩემი ბარონები ძალზე გაგვახარა და რათა თქვენთან შევთანხმდე და შევიტყო, თუ რა მოიმოქმედეთ და რაზე შეთანხმდით ამ კრებაზე, მე ვაგზავნი ჩემს მოციქულს თქვენს ბრწყინვალებასთან და პაპთან რომში. ამისთვის გთხოვთ, კეთილი ინებოთ და შემატყობინოთ, თუ რა ღონეს ხმარობთ კონსტანტინოპოლის დასაბრუნებლად, რათა მე ჩემის მხრივ, ჩემი ვალის მოხდა შევძლო. დაე ცნობილი იყოს თქვენი ბრწყინვალებისთვის, რომ მე შევურიგდი მეფე გიორგის, განსვენებულ ალექსანდრეს შვილს, ბაგრატს საქართველოში ქუთაისის მეფეს და ბედიანს, ხანს ლიპარიტს, მთელი სამეგრელოს ბატონს _ ხსენებული ელჩის, ძმა ლუდოვიკო და ბოლონიას სიტყვით, რომელმაც პაპის მითითება გადმომცა. დაე, ასევე ცნობილი იყოს თქვენი ბრწყინვალებისათვის, რომ ჩვენ, აქაურმა მცხოვრებელმა ყველა ქრისტიანმა ხელშეკრულება დავდეთ ურწმუნოთა წინააღმდეგ მთელი ჩვენი ძალების ერთობლივი გამოყვანის შესახებ. როდესაც თქვენი ბრწყინვალება და პაპი შეგვატყობინებენ დროს, დღესა და საათს გალაშქრებისათვის. ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია თქვენი ნებისმიერი ბრძანება ავასრულოთ, რასაც თქვენი ელჩების მეშვეობით შეგვატყობინებთ. დაე ცნობილი იყოს თქვენი ბრწყინვალებისათვის, რომ ჩვენ გთავაზობთ შემდეგს: მე ყვარყვარე გამოვიყვან 20000 კაცს, მეტწილად ცხენოსანს, მეფე გიორგი პირობას იძლევა 40000 კაცისა გურულებთან და აფხაზებთან ერთად, რომელნიც სამართლიანად ითვლებიან მის ქვეშევრდომებად და ამჯერად კი იკისრეს მასთან ერთად ურწმუნოთა წინააღმდეგ გაელაშქრათ. ბედიანი სამეგრელოს ბატონი, ქუთაისის მეფე ბაგრატთან ერთად პირობას დებენ გამოიყვანონ იმდენივე ჯარისკაცი, როგორც მეფე გიორგი, ძე ალექსანდრესი. იმპერატორი ტრაპეზუნდისა, მისი სიძე უზუნ-ჰასანი და ბერდებეკ არმენიელი დამოყვრდნენ და შეგვპირდნენ მოგვცენ გზა ხმელეთსა და ზღვაზე და მთელი თავიანთი ძალებით ჩვენთან ერთად მათი მტრების ოტომანი თურქების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ასე რომ ღმერთის წყალობით ვიმედოვნებთ დავიპყროთ ანატოლია, თქვენ ბრწყინვალებას კი გთხოვთ, კეთილი ინებოთ და მთელი ძალები კონსტანტინოპოლის აღებას მოახმაროთ. გაახლებთ ჩემს ელჩს, რომელიც მოგითხრობთ იმ საქმეებზე, რომლებიც ჩვენ ზემოხსენებული პაპის ელჩთან ერთად მოვიმოქმედეთ. ამით ყველაფერი. დაე, გწყალობდეთ უფალი. დაიწერა ქარციხეს და გამოგეგზავნათ თქვენ“. გიორგი VIII-ისა და ყვარყვარე ჯაყელის წერილებიდან ირკვევა, რომ მესხეთის მტავარს 20 ათას კაციანი ცხენოსანი ჯარის გამოყვანა შეეძლო. ეს კი საკმაოდ სერიოზული სამხედრო ძალა იყო. სავარაუდოა, რომ გაჭირვების შემთხვევაში მას ორჯერ მეტი მეომრის შეკრებაც შეეძლო. განსაკუთებით საინტერესოა ყვარყვაერეს წერილი, რადგან ის წარმოდგენას გვიქმნის საქართველოს შიგნით არსებულ ვითარებაზე. 1460 წლისათვის, საქართველო იურიდიულად ერთიან მონარქიას წარმოადგენს, რომლის სათავეშიც გიორგი VIII დგას. ყვარყვარეს წერილიდან კი ჩანს, რომ სამცხის მთავარი არა მარტო თავის თავს არ გულისხმობს გიორგი VIII-ის ქვეშევრდომად, არამედ ასეთებად არ თვლის არც სამეგრელის მთავარს და არც იმერეთის ერისთავს ბაგრატს და ამ უკანასკნელს მეფესაც კი უწოდებს. ათაბაგი იმასაც აღნიშნავს, რომ მეფეს შეურიგდა, რაც გულისხმობს, რომ მანამდე მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. წერილი გვიხატავს ფაქტობრივად არსებულ ვითარებას. იმ დროს როდესაც საქართველო იურიდიულად ჯერ კიდევ ერთიანია, ფაქტობრივად ამა თუ იმ მხარის მმართველი ერისთავები თავს უკვე დამოუკიდებელ მფლობელებად თვლიან. მართებულად შენიშნავდა ივანე ჯავახიშვილი, „თუმცა გიორგი მეფე თავის თავს ლიხთ-ამერისა და ლიხთ-იმერის საქართველოს გამაერთიანებლად და ორისავე ტახტის მპყრობელად სთვლიდა, მაგრამ ნამდვილად არც სამეგრელო-აფხაზეთი, არც გურია და არც სამცხესაათაბაგო უკვე პირდაპირ მას აღარ ემორჩილებოდნენ“.
სანამ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იმედი არსებობდა, საქართველოს მეფე და მთავრები ერთმანეთს შორის მშვიდობიან ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. კოალიციის ჩაშლამ ეს მშვიდობა დაარღვია. საქართველოს მეფის წინააღმდეგ პირველი ისევ სამცხის ათაბაგი გამოვიდა. ყვარყვარე გიორგი VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თვით უზუნ-ჰასანსაც კი დაუკავშირდა.
1461 წელს, ერთ-ერთი კინკლოსის მინაწერის თანახმად „უზუნ ჰასანი მოვიდა სამცხეს“. ამ მოკლე ინფორმაციიდან ძალიან ძნელი დასადგენია სამტროდ იყო თურქმანთა ბელადი სამცხეს მისული თუ სამოყვროდ. თუ „პარიზის ქრონიკის“ ცნობასაც გავითვალისწინებთ, რომ „ქორონიკონსა რნ (1462 წელი) უზუნ-ჰასან-ყაენი მოვიდა სამცხეს, ყვარყვარეს უშველა; ჩიხორს შეიბნენ მეფე და ათაბაგს გაემარჯვა“, მაშინ უზუნ ჰასანი ყვარყვარესთან სამოყვროდ მისულა. უფრო სავარაუდოა, რომ ორივე წყარო სამცხეში უზუნ-ჰასანის მისვლის ერთსა და იმავე ფაქტზე მოგვითხრობს.
1462 წელს ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII-ს იმერეთის ერისთავი, ბაგრატი აუჯანყდა. ვახუშტი ბაგრატიონის თანახმად ბაგრატი ყვარყვარე ათაბაგმა წააქეზა და შეაგულიანა. ეს ცნობა მართალი უნდა იყოს. ბაგრატის უკან ალბათ ყვარყვარე იდგა. ასეთი დასკვნის საფუძველს „პარიზის ქრონიკის“ ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი ცნობაც იძლევა _ „ქორონიკონსა რნ უზუნ-ჰასანყაენი მოვიდა სამცხეს, ყვარყვარეს უშველა; ჩიხორს შეიბნენ მეფე და ათაბაგს გაემარჯვა“. მემატიანეს შეცდომა მოსდის, მეფე ჩიხორთან ბაგრატ იმერეთის ერისთავმა დაამარცხა. ამ შეცდომის მიზეზი კი, ჩვენი აზრით, ის უნდა იყოს, რომ ყვარყვარე ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს ბაგრატს და ალბათ სამხედრო ძალითაც. ამიტომ მემატიანემ, თუ მისმა წყარომ, მთავარ მოქმედ პირად სწორედ ათაბაგი მიიჩნია. თითქმის ანალოგიურ ცნობას შეიცავს ერთ-ერთი კინკლოსიც _ „მეფესა ყვარყვარე უშველა. ჩიხორს შეიბნეს. ათაბაგს გაემარჯვა“. მეფის ქვეშ ამ შემთხვევაში ბაგრატი იგულისხმება და არა გიორგი VIII.
გიორგი VIII-მ ვითარების გამოსწორება სცადა და ამჯერად თავისი მთავარი მოწინააღმდეგის, მესხეთის მთავრის, ყვარყვარეს წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ 1465 წელს ფარავნის ბრძოლაში კვლავ დამარცხდა და ტყვედაც ჩავარდა. „პარიზის ქრონიკა“ მოკლედ წერს _ „ქორონიკონსა რნგ (1465 წელი) მეფე დაიჭირა ყვარყვარემ ტყვეთ“. ამით ისარგებლა იმერეთის მეფე ბაგრატმა, გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისი დაიკავა.
ყვარყვარემ, რომელსაც დამოუკიდებელი სამთავროს შექმნა სურდა და ამ გზაზე მას არც ერთი მეფე არ აწყობდა (არც გიორგი და არც ბაგრატი) საკუთარი გეგმა შეიმუშავა. იმ იმედით, რომ გიორგი და ბაგრატი ხანგრძლივი და მომქანცველი ურთიერთბრძოლით დასუსტდებოდნენ, ეს კი მესხეთის მმართველის პოზიციებსა და მის გავლენას გააძლიერებდა. ყვარყვარემ გიორგი გაათავისუფლა, ოღონდ მანამდე თავის ქალიშვილზე, თამარზე დააქორწინა, რომელთანაც მეფეს ვაჟი, ვახტანგი შეეძინა. შემდგომში თამარი მონაზვნად აღიკვეცა და სალომე ეწოდა. გიორგი VIII-მ ბაგრატი ვერ დაამარცხა და ერთადერთი ის მოახერხა, რომ 1466 წელს კახეთს დაეუფლა. ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გორგი VIII კახეთის მეფე გახდა.
1465 წლიდან ჯაყელები მესხეთის დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. ამიერიდან ისინი უკვე ფორმალურადაც აღარ არ ემორჩილებოდნენ საქართველოს მეფეებს. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მესხეთში სრულ გაბატონებას. საჭირო იყო ამ მხარეში მცხოვრები ცალკეული ფეოდალური საგავარეულოების დამორჩილება. შალიკაშვილებს, სრესალებს, ამატაკიშვილებს, კავკასიძეებს, ფანასკერტელებს, დიასამიძეებს, კოპასძეებს, თუხარელებსა და სხვებს მათი უზენაესობა უნდა ეცნოთ და ეღიარებინათ, რომ ამიერიდან ემორჩილებოდნენ არა საქართველოს მეფეებს, არამედ ჯაყელებს. ჯაყელებისათვის ამის მიღწევა კი უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს მეფეებისაგან გამოყოფა. ეს ბრძოლა რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა. მესხეთში მცხოვრები ფეოდალური საგვარეულოების ნაწილმა ეს მხარე მიატოვა (მაგ. ფანასკერტელებმა), ნაწილმა ჯერ აღიარა ჯაყელთა უპირატესობა, მაგრამ შემდეგ ბრძოლა გაუმართა მათ და დამარცხდა (მაგ. შალიკაშვილები), სხვები კი თავიდანვე შეეგუენ ჯაყელთა პირველობას. სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ჯაყელებმა მაინც ვერ შესძლეს თავისი საბოლოო მიზნის მიღწევა. მართალია, 1576-1578 წლებში მიმდინარე შინა ომის დროს მათ დაამარცხეს შალიკაშვილები და მათი მომხრე სხვა თავადები, მაგრამ გამარჯვებით ვეღარ ისარგებლეს. მესხეთში ოსმალები შეიჭრნენ და მალე ეს მხარე თავისი იმპერიის ნაწილად აქციეს. სულთანმა, ერთ დროს მრისხანე და ამაყი ათაბაგებისთვის მხოლოდ ფაშობა გაიმეტა. XVI-XVII საუკუნეებში მესხეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება და ცხადია მასში ჯაყელებიც მონაწილეობენ, მაგრამ ამჯერად ეს საკითხები ჩვენი ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩოს მიღმა რჩებიან და მათზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით.
ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, 1466 წელს ყვარყვარე გარდაიცვალა და ათაბაგობა მისმა ძემ ბაადურმა მიიღო. აღნიშნულ ცნობასთან დაკავშირებით, ივ. ჯავახიშვილი წერდა, „ბატონიშვილს ვახუშტის მოთხრობილი აქვს, რომ 1466 წ. ყვარყვარე ათაბაგის სიკვდილის შემდგომ მის შვილს ბაგრატის გაძლიერება საზარალოდ უცვნია და ისევ გიორგი მეფე გაუმეფებია საქართველოში ... მაგრამ ვახუშტის ამ ცნობას არა ერთი და ორი იმდროინდელი საბუთი და მოწმობა ეწინააღმდეგება“. მეცნიერი უპირატესობას ათონის მონასტრის აღაპებს ანიჭებდა, რადგან „ის თანამედროვისა და ათაბაგის ოჯახში აღზრდილის ამბროსის მიერ არის მიწოდებული და დაწერილი“. იმავე ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით 1475 წელს ბაადურიც გარდაიცვალა და ათაბაგი მანუჩარი გახდა. ყველა ის მოვლენა, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით 1466-1498 წლებში მოხდა და მემატიანე ბაადურისა და მანუჩარის მოღვაწეობის პერიოდს მიაწერს, რეალურად ყვარყვარეს მმართველობის დროს ხდება. ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში არსებული შეცდომები თუ ხარვეზები დაწვრილებით გაანალიზა ქ. შარაშიძემ და ჩვენ მათზე შეჩერებას აღარ ვაპირებთ „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების მიხედვით, დახლოებით 1477-78 წლებში უზუნ ჰასანთან მოსალაპარაკებლად კონსტანტინე ბატონიშვილი გაემგზავრა. მას თან ახლდნენ ბარათაშვილები და მზეჭაბუკ ჯაყელი. მზეწაბუკის ელჩად წაყვანა ალბათ მისმა განსწავლულობამ და ვაჟკაცობამ განაპირობა. მემატიანე წერს: „იცოდა მზეჭაბუკ არაბული და სპარსული და თათრულიცა. ესეოდენ სწავლულ იყო ენითა და წიგნითა მათითა, ვითარმედ ყოველსავე ღრმათა სცნობდა და მისგან ესრეთ აღმოვიდოდეს საღმრთონი სტყუანი პირით მისით. და სჯულისა მათისაგანცა ყოველივე ზედამიწევნით უწყოდა და მათისავე სჯულისა წიგნთაგან დაუყოფდა მედგარსა პირსა მათსა და მიერ დღითგან ვერღარავინ იკადრა ამის პირისათვის სიტყვისა ყოფად წინაშე მისსა. ხოლო მიეცა ძლევაცა ესევითარი, რამეთუ იყო უსჯულოსა მის მთავრისა კაცი ერთი, ფალანავთა თავი, დიდი და გოლიათი, რომელსა სახელად მალანი ეწოდებოდა და ჰმატდა ყოველთა კაცთა სიდიდითა, ვითარ წყრთა ერთ ანუ უფროსცა და არავინ გამოჩინებულ იყო სიმრავლესა მას შინა მრკინობელ მისსა. ამან ინება ოდესმე განმცდელობა მზეჭაბუკისი და ვითარცა ცან ესე არღარა ჰყოვნა. არამედ ვითარცა ლომმან მსწრაფლ შებმა უყო და მინდობილმან ღრთისამან და ყოვლადწმიდისა აწყურისა ღმრთისმშობლისამან აღიყვანა და უპატიოდ მიწასა ზედა დასცა“. ეს მზეჭაბუკი ყვარყვარეს ძეა. შემდგომში ის მესხეთის მმართველი გახდება. თავის თავს მეფესა და ხელმწიფეს უწოდებს. სიცოცხლის ბოლოს კი იაკობის სახელით ბერად აღიკვეცება.
1479 წელს ყვარყვარემ წარმატებული ლაშქრობა მოაწყო საქართველოს სამხრეთით მყოფ თურქმანებზე.
1483 წელს, არადეთთან, მესხებსა და ქართლელებს შორის ბრძოლა გაიმართა. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად ყოველივე შემდეგნაირად მოხდა: „იყო ვინმე ვაჭარი მესხი შაქს ყიდვად აბრეშუმისად. არამედ შეექმნათ ლალვა და შფოთი მუნებურსა მედუქნესა და მესხსა მას, მერმე ექმნა შაქელი და გუემა მესხი იგი. მაშინ მესხმა აქადა სიმხნე და ძალი ათაბაგისა და დასთხოვა მუქარა. ამისთვის განრისხნა შაქელი და უწყალოდ ჰგვემა მესხსა, წაართვა ქონებანი და განაძო მეტყველმან, არ მიმიბას ყური სამსჭუალითა დუქანსა ჩემსა და დამიცეს წიხლი დარაბასა ამას ჩემსა ათაბაგმან შენმან ამისთვის. ხოლო უღონო ქმნილი და მტირალი მესხი იგი მოვიდა წინაშე ათაბაგისა და მოუთხრა ყოველი ყოფილი. მსმენელმან ათაბაგმან დაიდუმა ჯერეთ. მერე შემოკრიბა სპანი, აღმოარჩინა მათ შორის ჭაბუკნი და დაუდგინა მათ თავად მოხუცებულნი, გამოცდილნი ბრძოლათა შინა და შესხნა სრულიად იგინი ურას კვიცთა ზედა, წავიდა და განვლო მათით დბანისხევი, განვიდა მტკვარს და მივიდა შაქს უცნობელად და უყო ყოველნივე თქმულნი ვაჭრისა შაქელისა მას ვაჭარსა სრულიად და მისცა მესხსა ქონება თვისი, გარნა სხუა არა რაი ავნო ქუეყანათა და მოქალაქეთა, მოიქცა, შემოვლო ყარაია, გამოვლო მუხრანი და რა მოვიდა შიდა ქართლს, სცნა ესე ციციმ ციციშვილმან. აცნობა შიდაქართლელთა, შეიკრიბენ და მოეწივნენ ათაბაგსა, ვითარცა მდევარნი. მხილველმან ათაბაგმან მიუვლინა მეტყველმან, რამეთუ არა რაი მივნიეს ესეოდენთა ქვეყანათა, ვიდრე ქათმისადმი. არამედ უმეტეს განვადიდე სახელი ქართველთა, ვინაითგან უმტერე მტერს. ამისთვის ჯერ არის თქვენდაცა სიხარული, რამეთუ ვარ მკვიდრი და მონათესავე თქვენი, აწ მიტევეთ, რათა წარვიდე მშვიდობით. მსმენელთა ამისთა ქართველთა მოევლინათ მროველ ეპისკოპოსი და მოეთხრათ, ანუ მოვედ და მორჩილ ექმენ მეფესა ჩვენსა, ვინაიდან ხარ მკვიდრი, ან შეგიპყრობთ, რამეთუ ხელთა შინა ჩვენთა ხარ. ამას შეპყრობასა ათაბაგი უარ უთქმიდა და ცდასა ამისა ცუდსა და ეტყოდა მშვიდობასვე. მოუგო მროველმან, არა უწყი, რამეთუ ძალი ხნავს აღმართსა? ამისთვის მიაქცივა ათაბაგმან მროველი ბრძოლისა პირსა ზედა. მაშინვე მოეტევნენ ქართველნი და აქით ეკუეთნენ მესხნი არადეთის გორასა ზედა და იქმნა ბრძოლა სასტიკი ... ხოლო იძლივნენ ქართველნი და შეიპყრეს მროველი და დაუწყეს თრევად მეტყველეთა, უკეთუ ხნავს ძალი აღმართსა, ნებამ დაფარცხოს თავდაღმართი. ვინაითგან არა ჰყო მღუდელთმთავარმან მშვიდობა, მიაგეს ესრეთ. არამედ ათაბაგი მოვიდა გამარჯვებული სამცხეს“.
ამ ბრძოლის შესახებ „პარიზის ქრონიკა“ წერს _ „ქორონიკონსა როა (1483 წელი) თვესა აგვისტოსა ივ (16) მეფე კოსტანტინე და ათაბაგი ყვარყვარე შეიბნენ არადეთს და ათაბაგს გაემარჯვა“. უშუალოდ კონსტანტინე II-ს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა გასაკვირი არ არის, რომ ქრონიკის ავტორი მეფეს მოიხსენიებს, რადგან ქართლის ჯარის მარცხი თავისთავად მეფის მარცხს ნიშნავდა. „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელება ძირითადად ვახუშტი ბატონიშვილის მსგავს ცნობას გვაწვდის არადეთის ბრძოლის შესახებ. მხოლოდ რამდენიმე დეტალს აზუსტებს. ამ წყაროს მიხედვით, ბრძოლა 12 აგვისტოს მოხდა, ქართლელებს ზაზა ციციშვილი სარდლობდა. ყვარყვარეს კი 500 კაცი ყავდა. საინტერესოა ბრძოლის შეფასებაც - „სძლია ათაბაგმა, ამისთვის რომ არას ემართლებოდნენ და სამართალი იმისი სჯობდა“.
არადეთის ბრძოლის შესახებ წყაროების განხილვის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილი წერდა, „იმის გარდა და იმაზე მეტი რაც სულ მოკლედ კინკლოსებშია არადეთის ბრძოლის შესახებ ნათქვამი, დანამდვილებით არა ვიცით რა“. მეცნიერი არ ენდობოდა ვახუშტი ბატონიშვილთან და „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებაში დაცულ ცნობებს ამ ბრძოლის შესახებ. ჩვენი აზრით, ი. ჯავახიშვილი ზედმეტად კრიტიკული იყო აღნიშნული წყაროების მიმართ. მათში დაცული ინფორმაცია ძირითადად სწორი უნდა იყოს. „პარიზის ქრონიკის“ მიხედვით 1485 წელს თურქმანებმა სამცხე მოარბიეს. ერთი წლის შემდეგ მათ ისევ ილაშქრეს _ „იაყუბ ყაენი მოვიდა, ახალციხე და აწყვერი აიღო და აწყვერისა ღთისმშობელი დატყვევდა სეკდემბერს კე (25). ბატონმან მანუჩარ დაიხსნა“. ბატონი მანუჩარი, რომელმაც აწყურის ღვთისმშობლის ხატი დაიხსნა, ყვარყვარეს ძეა.
1486 წელს სამცხში იაყუბ-ყაენის მეთაურობით თურქმანთა ლაშქრობის, მათ მიერ ახალციხისა და შემდეგ აწყურის აღების შესახებ მოგვითხრობენ ვახუშტი ბატონიშვილი და „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებაც. ივანე ჯავახიშვილი სრულიად მართებულად შენიშნავდა, „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების ცნობა სჯობია ვახუშტისას, რომლის ქრონოლოგიური გენეალოგიური ცნობები ამ დროს სამცხის ათაბაგთა შესახებ ათონის ზემოაღნიშნულ უტყუარ წყაროს სრულებით არ უდგება“. „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების მიხედვით, 1486 წელის იაყუბ ყაენი სამცხისაკენ დაიძრა. მანამდე ყვარყვარემ და მისმა ძეებმა მზეჭაბუკმა და ბაადურმა `შემოკრიბეს სპანი თვისნი და დაადგრეს სიმაგრესა ადგილსა ქვიანისა მთისასა, რათა უკუე მიიწივნეს რა მათდა მყის განეწყვნენ და შებმა უყონ. და სხუათა ყოველთა თემთა და ქუეყანათა მათთა უბრძანეს ციხეთა და სიმაგრეთა შინა ყოფა და გამაგრება“. იაყუბ ყაენმა ახალციხეს ალყა შემოარტყა. „იბრძოდეს დიდხანს და ვერღარა დაუდგნა სიმაგრენი, გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი და დაიპყრეს ხელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი“. ახალციხის აღების შემდეგ თურქმანები აწყურისკენ გაემართნენ. ქალაქი აქაც აიღეს და დაწვეს, მაგრამ ციხის აღება ვერ შეძლეს. მაშინ მათ ეშმაკობას მიმართეს, მეციხოვნეებს „უქადეს მშვიდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა. ამას ზედა გამოენდვნენ, შესცთენ მცველნი იგი ციხისანი და მაწყვერელი და მას თანა სხვანიცა ჩინებულნი“ და ციხე მტერს ჩააბარეს. თურქმანებმა რა თქმა უნდა მიცემული სიტყვა გატეხეს. „მიეტევნეს ვითარცა მხეცნი და იავარჰყვეს ყოველი“. მტერმა ხელთ იგდო აწყურის ღვთისმშობლის ხატი. იაყუბ ყაენის ბრძანებით ხატი ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ ხატი გადარჩა არ დაიწვა და იგი ერთ-ერთმა არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა იპოვა და შეინახა. აწყურის აოხრების შემდეგ თურქმანებმა სამცხე დატოვეს. აწყურის ციხის დანებებით განრისხებულ ყვარყვარე ათაბაგს მაწყვერელის სიკვდილით დასჯა ჰქონდა განზრახული, თუმცა ბოლოს მხოლოდ „ექსორია ყვნა“ და მის ნაცვლად აწყურის ეპისკოპოსად ტბეთის საყდრის საჭეთმპყრობელი სვიმონი დანიშნა. აწყურის ღვთისმშობლის ხატი კი „დაიხსნა პატრონმან მანუჩარმან“.
ყვარყვარე III-ს ხშირად ყვარყვარე დიდსაც უწოდებენ, იმ სიძლიერისა და გავლენის გამო რომელიც მას ჰქონდა. ათაბაგი XV საუკნის II ნახევრის საქართველოში განვითარებულ თითქმის ყველა მოვლენისა აქტიური მონაწილე იყო. ყვარყვარე უდავოდ ძალიან ენერგიული, მიზანმიმართული და ჭკვიანი პიროვნება იყო.
XV საუკუნის II ნახევრის საქართველოში ალბათ არ მოიძებნება მისი დონის პოლიტიკური მოღვაწე. სამწუხაროდ მან მთელი თავისი ნიჭი და შესაძლებლობები ძირითადად საქართველოს სახელმწიფოს საზიანოდ გამოიყენა (შესაძლოა გარკვეული პარალელებიც კი გავავლოთ ყვარყვარესა და ლევან II დადიანს შორის). თავად იგი ალბათ საკუთარ მოქმედებებს სამშობლოს ღალატად არ თვლიდა, მაგრამ მისი ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებელი სამთავროს შექმნისა და გაძლიერებისათვის, ავტომატურად ერთიანი ქართული სახელმწიფოს დასუსტებასა და ნგრევას ნიშნავდა. წყაროებში ყვარყვარე III ათაბაგად, ამირსპასალარად და სამცხის სპასალარად იწოდება. ათონის მონასტრის სააღაპე წიგნში _ „ათაბაგი, სამცხისა სპასალარი ჯაყელ-ციხისჯვარელი ყვარყვარე“. კოპასძეთა ხელნაწერის მოსახსენიებელში _ „დიდისა და წარჩინებულისა და სიმხნით განთქმულისა და სახელოვანისა და მტერთაგან უძლეველისა ათაბაგ-ამირსპასალარისა, მორწმუნისა პატრონისა ჩვენისა ყვარყვარესი“.
ძალიან საინტერესოა გერგეტის სულთა მატიანე, სადაც ყვარყვარე ათაბაგი და მისი ოჯახის წევრებიც მოიხსენიებიან. სულთა მატიანეში ყვარყვარე იწოდება ათაბაგთა ათაბაგად _ „სული ათაბაგთა ათაბაგისა ყვარყვარესი ... მეუღლისა მისისა დედისიმედისა ... სული ბატონისა ქეიხუასროსი ... სულსა ვახუშტყოფილისა ვასილიოსისა ... და მათსა მეცხედრესა ქეთეონ ყოფილისა ქრისტინესი ... ძესა მათსა ამოანს ... და მათსა დასა პატრონსა ელენეს ... სფირიდონსა ... მამასა მათსა მამისასა ... დედასა მათსა დედისიმედსა ... მესტუმრესა აბესალომს ... ერისთავსა ღუნიასა“. ოფიციალურად ათაბაგთა ათაბაგის არც თანამდებობა არსებობდა და არც ტიტული. ყვარყვარე ჯაყელის მოხსენიება ათაბაგთა ათაბაგად (რაც ჩვენს მიერ ნანახ წყაროებში ერთადერთი შემთხვევაა) მხოლოდ მისი განდიდებს მიზნით უნდა მომხდარიყო. ისევე, როგორც ცოტა მოგვიანებით მისი ძე მზეჭაბუკი მეფედ და ხელმწიფედ მოიხსენიება ერთ-ერთ მინაწერში.
გერგეტის სულთა მატიანეში, ჯაყელებთან ერთად მოხსენიებული ღუნია ერისთავის შესახებ ქ. შარაშიძე წერდა, „მესხეთის დიდებულთა ამ მოსახსენიებელში იმავე ხელით და მელნით ერისთავის ღუნიას სახელიც არის ჩაწერილი. ხომ არ არის ეს ღუნია ერისთავი მოყვრობა-ნათესაობით დაკავშირებული სამცხის არისტოკრატიასთან ... მატიანეში მოხვედრილ ცნობათა ჯგუფში გარკვევით იგრძნობა დიდი კავშირი სამცხის მმართველ წრესა და ხევ-არაგვის ერისთავთა შორის ... გერგეტის ძეგლი ამჟღავნებს საკმარისად მჭიდრო კავშირის ქსელის არსებობას ხევისა და საათაბაგო-სამხრეთსაქართველოს ადამიანებს შორის. მარტო XV-XVI სს. მასალების საფუძველზე ძნელია გარკვევა საუკუნეთა რა სიღრმიდან მომდინარეობს ეს კავშირი. ჩვენთვის იგი მით არის საგულისხმო, რომ საქართველოს ამ ორი ერთმანეთს საკმარისად დაშორებული მხარის ადამიანთა სიახლოვე, შემონახული „დარღვეულ“ XV საუკუნეშიც, XV საუკუნემდელი საქართველოს მჭიდრო ისტორიული კავშირისა და ერთიანობის ერთ-ერთ ცოცხალ მოწმობას წარმოადგენს“.
კავშირი ათაბაგებსა და ხევ-მთიულეთის მმართველ წრეებს შორის ნამდვილად ჩანს. ამ მხრივ საინტერესოა სამცხეში მდებარე პატარა სმადას ეკლესიის 1467 წლის წარწერა _ „ქრონიკონს რმიე (1467 წელი) ამა ეკლესიის აღმშენებელსა ერისთავსა შაბურისძეს, მაწყვერელ ეპისკოპოსსა შიოს და მშობელთა მისთა შეუნდვენ ღმერთმან“. ერისთავი შაბურისძე სხვა არავინ შეიძლება იყოს თუ არა არაგვის ერისთავი ვამიყ შაბურისძე.
საინტერესოა, რომ საქართველოს მეფის ერთ-ერთი ხელქვეითი, არაგვის ერისთავი, 1467 წელს, ფარავნის ტბასთან მომხდარი ბრძოლიდან ორი წლის შემდეგ, სამცხეში ეკლესიას აშენებს. ეს ფაქტი ჩვენი აზრით ქ. შარაშიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ამყარებს (ამ მიმართულებით კვლევისათვის ეგებ ისიც საინტერესო იყოს, რომ XIII საუკუნეში მოღვაწე ნუგზარ შაბურისძის მეუღლეს დედისიმედი ერქვა, ისევე როგორც ყვარყვარე III-ისა და ქაიხოსრო II-ის (1545-1573) მეუღლეებს).
ჩვენი აზრით, ნათესაური კავშირი არსებობდა ჯაყელებსა და არაგვის ერისთავ შაბურისძეებს შორის. თუ რა სახის იყო ეს კავშირი, ძალიან ძნელი სათქმელია. აქ გასარკვევია ერთი საკითხი, ვინ არის სულთა მატიანეში მოხსენიებული ღუნია ერისთავი. ჩვენი აზრით ის აშკარად ხევის მმართველია.
XIII-XV საუკუნეებში ხევი და მთიულეთი გაერთიენებული იყო არაგვის საერისთავოში, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სათავეში შაბურისძეები ედგნენ. მაშინ ეგებ ღუნია შაბურისძეა? ამ მოსაზრებას ის ფაქტი ეწინააღმდეგება, რომ იმავე გერგეტის სულთა მატიანეში მოხსენიებულ შაბურისძეთა შორის ღუნია დასახელებული არ არის. ანუ ის სხვა საგვარეულოს წევრია. ქ. შარაშიძის აზრით, მოსახსენიებელი, რომელშიც ჯაყელები და ღუნია მოიხსენიებიან 1505 წლის მერე არის დაწერილი, რადგამ მასში გარდაცვლილად მოისნებიება ათაბაგი ქაიხოსრო I. წყაროებით ჩვენთვის ცნობილი ბოლო შაბურისძე არის ვამიყი, რომელიც XIV საუკუნის 70-იან წლებში ჯერ კიდევ ცოცხალია. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ვამიყ შაბურისძის შემდეგ არაგვის ერისთავობა სხვა საგვარეულოს ხელში გადავიდა და სწორედ ამ საგვარეულოს წარმომადგენელია ღუნია.
აქ კიდევ ერთი საინტერესო საკითხია გასარკვევი. სულთა მატიანეში წერია _ „აქა ძე გიორგისა მეფეთ-მეფისა ვახტანგ მეფედ იქმნა შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ქრონიკონ იყო რიბ“. ქრონიკონ რიბ არის 1484 წელი. ქ. შარაშიძის მოსაზრებით, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებით, გიორგი VIII-ის ძისა და ყვარყვარე III-ის შვილიშვილის ვახტანგის ქართლის ტახტზე გამოჩენა, 1483 წელს არადეთის ბრძოლის შედეგი უნდა ყოფილიყო. ყვარყვარე ათაბაგს თავის შვილიშვილისთვის „ზურგი არაგვის ხეობასა და დარიალშიც გაუმაგრებია“. მაგრამ 1485 წელს თურქმანთა ბელადმა იაყუბ ყაენმა სამცხე ააოხრა, „შემუსრა ძლიერი ათაბაგის ქედმაღლობა“ და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილმა ვახტანგმა ტახტი დაკარგა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვახტანგ გიორგის ძე სწორედ ხევსა და მთიულეთში, ანუ არაგვის სერისთავოში იჯდა და ცხადია მას გვერდში ამ მხარის ერისთავები შაბურისძეები ედგნენ. ასეთ შემთხვევაში, ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს, მას შემდეგ რაც პოზიციებს განიმტკიცებდა შაბურისძეები უნდა დაესაჯა, ან სულ მცირე ერისთავობიდან მაინც უნდა გადაეყენებინა. XVI საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში შაბურისძეებს ერისთავობა უნდა დაეკარგათ. შესაძლოა ამავე პერიოდში არაგვის საერისთავო ორ ნაწილად გაიყო _ მთიულეთისა და ხევის ადმინისტრაციულ ერთეულებად, საერისთავოებად და მათ სათავეში ახალი საგვარეულოების წარმომადგენლები ჩაუდგნენ. ვახუშტი ბატონიშვილისა და „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების მიხედვით XVI საუკუნის 70-იან წლებში ხევი და მთიულეთი ხომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ერთეულებია. ხევს თექთურმანიძეები მართავენ, მთიულეთს კი ჭარმაულები.
1489 წელს თურქმანებმა კიდევ ერთხელ მოარბიეს სამცხე და კონკრეტულად ახალციხე. იმავე წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა ყვარყვარეს მეუღლე დედისიმედი. ათაბაგმა მეორე ცოლი მოიყვანა - ნესტან-დარეჯანი.
1490 წელს ქართლის სამეფო კარმა ფაქტობრივად აღიარა საქართველოს დაშლა. ამის მერე მეფე-მთავრები შეიკრიბნენ და სამეფო-სამთავროების საზღვრები დაადგინეს.
1491 წელს ათაბაგმა წარმატებული ლაშქრობა განახორციელა არზრუმის მიმართულებით - „წარმოვიდა პატრონი ქართველი ყვარყვარე ოცდაათი ათასიანი მხედრობით ქალაქ არზრუმზე და გაძარცვა ქვეყანა და ქალაქი თავის მოხარკედ აქცია“.
1498 წლის 1 ივლისს ყვარყვარე III გარდაიცვალა. ათაბაგობა და სამთავროს გამგებლობა მისი ძის ქაიხოსროს ხელში გადავიდა. 1500 წლის 6 მაისს ქაიხოსროც გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ქაიხოსროს ყავდა ძე, ყვარყვარე, სამთავროს მმართველობა ქაიხოსროს ძმის, მზეჭაბუკის ხელში გადავიდა.
მზეჭაბუკ ჯაყელთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი წერდა, „მზეჭაბუკი ქართლში კი არა, თვით მესხეთშივე არ ითვლებოდა ათაბაგად. მაგრამ საბუთებით სრული უეჭველობით მტკიცდება, რომ განსაზღვრულ ხანაში მესხეთს სწორედ მზეჭაბუკი განაგებდა, თუმცა იქვე გერასიმე კუმურდოელის ფიცის წიგნში ათაბაგად ყვარყვარე იხსენიება ... იქნებ მზეჭაბუკი მის სრულწლოვანობამდე ქვეყნის დროებით მმარველად და ყუარყუარეს მზრუნველად ითვლებოდა“.
მზეჭაბუკის ათაბაგად მოუხსენიებლობასთან დაკავშირებით, ი. სიხარულიძე წერს: „მზეჭაბუკს, რომელმაც უზურპაციის გზით მიაღწია საათაბაგოს სადავეებს, არავინ იხსენიებს ათაბაგად. იგი როგორც მართებულადაა შენიშნული იწოდება „პატრონად“. რა თქმა უნდა არსებობდა შემთხვევები, როდესაც მემკვიდრის სრულწლოვანებამდე სხვები ასრულებდნენ მის მოვალეობას. მაგალითად XIV საუკუნის შუა ხანებში ქსნის საერისთავოში ვირშელ II-ის ძმა, წითლოსანი, ცხრა წელი, სანამ ვირშელ II-ის ვაჟი ქვენიფნეველი არ წამოიზარდა, ისე მართავდა საერისთავოს რომ ერისთავადა არ იწოდებოდა. ის დროებითი მმართველი იყო. მაგრამ მზეჭაბუკთან დაკავშირებით სხვა ვითარება უნდა იყოს. ზემოთ ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ნაწყვეტი წყაროდან, სადაც მზეჭაბუკი მეფედ და ხელმწიფედ მოიხსენიება _ „დიდისა მეფისა ჩუენისა ყოვლისა აღმოსავლეთისა ხელმწიფისა პატრონისა მზეჭაბუკისა“. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ამბიციების მქონე პიროვნებას ოფიციალურად არ მიეღო ათაბაგობა და მხოლოდ დროებითი მმართველის სტატუსით დაკმაყოფილებულიყო. თუმცა მზეჭაბუკ ჯაყელის ათაბაგობის პერიოდის განხილვა ამჯერად ჩვენი ნაშრომის ქრონოლოგიურ ჩარჩოს ცდება და მასზე აღარ შევჩერდებით.
XI-XV საუკუნეებში მოღვაწე ჯაყელების გენეალოგია ჩვენ შემდეგი სახით წარმოგვიდგენია.




Комментариев нет:

Отправить комментарий