1970-იან წლებში აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი სომხური ისტორიული ქრონიკა, რომელიც თემურ-ლენგის შემოსევების შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად მცირე ფორმატისა, ეს ქრონიკა მეტად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის, ვინაიდან მისი ცნობები ეხება თემურ-ლენგის 1386-1387 წლების ლაშქრობას სომხეთსა და საქართველოში. ამ თხზულებამ ჩვენამდე ერთი ხელნაწერით მოაღწია. იგი დაცულია სომხეთის მატენადარანის №9832 ხელნაწერ კრებულში, რომელიც, აღწერილობის თანახმად, XV-XVII საუკუნეებს ეკუთვნის. თარგმანი გაკეთებულია ლ. ხაჩიკიანის მიერ 1972 წელს „ისტორიულ-ფილოლოგიური ჟურნალი“-ის №4-ში გამოქვეყნებული ტექსტიდან. სომხურ პუბლიკაციას ერთვის მცირე გამოკვლევა და კომენტარები.
ლ. ხაჩიკიანი ქრონიკის ავტორის ვინაობის დადგენისას გადაულახავ პრობლემას აწყდება. კერძოდ, ნაშრომის იმ ნაწილში, სადაც თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, ავტორად ორი სხვადასხვა პირი ჩანს.ერთ შემთხვევაში ვკითხულობთ: „და მე, სტეფანე მეწოფელმა ვარდაპეტმა და ნერსე ეპისკოპოსმა გამოქცეული ქრისტიანები წავიყვანეთ“. უფრო ქვემოთ კი ასეთ ფრაზას ვაწყდებით: „მათ შორის ვიყავი მეც, ნერსე ეპისკოპოსი“. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორ სასულიერო მოღვაწეს შორის რომელიმესათვის უპირატესობის მისანიჭებლად დამატებითი ცნობების მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა, მკვლევარმა ახლად გამოვლენილ წყაროს უწოდა „თემურ-ლენგის პირველი შემოსევების ისტორია, დაწერილი სტეფანე და ნერსე მეწოფელების მიერ“.
აღსანიშნავია, რომ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მეწოფის მონასტერი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ დროისათვის მეწოფის საგანმანათლებლო კერას თითქმის საუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდა და თავისი მნიშვნელობით მხოლოდ ტათევის სახელგანთქმულ სკოლას უთმობდა პირველობას. XIV საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული XV საუკუნის 50-იან წლებამდე მეწოფის მონასტერი განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდიდა. ამ დროს აქ სომხეთის ყველაზე გამოჩენილი ვარდაპეტები მოღვაწეობდნენ, მათ შორის: გრიგოლ ტათეველი, გრიგოლ ხლათელი, იაკობ ყირიმელი. ხოლო იმის წარმოსადგენად, თუ როგორი სულისკვეთება სუფევდა ამ სავანეში, საკმარისია გავიხსენოთ დიდი სომეხი მემატიანე თომა მეწოფელი, რომელიც კილიკიიდან საკათალიკოსო ტახტის სომხეთში გადმოტანის აქტიური მომხრე და ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო. 1386-1387 წლების ქრონიკის ავტორებიც, სტეფანე ვარდაპეტი და ნერსე ეპისკოპოსი, მეწოფის საგანმანათლებლო კერის უფროსი თაობის ცნობილ წარმომადგენლებად გვევლინებიან.
წყაროში ნერსე ეპისკოპოსი მეწოფელად არსად არ არის მოხსენიებული. ამდენად, ლ. ხაჩიკიანის მიერ შემოთავაზებული ტექსტის დასათაურებაში ნერსეს მეწოფელად მოხსენიება სპეციალურ დასაბუთებას მოითხოვს. ამ საკითხს ნაწილობრივ ნათელს ჰფენს თომა მეწოფელის თხზულებაში დაცული ცნობა. სიზუსტისათვის ჯერ ტექსტის შესაბამის ციტატას მოვიტანთ: „და მე, სტეფანე მეწოფელმა ვარდაპეტმა, და ნერსე ეპისკოპოსმა გამოქცეული ქრისტიანები წავიყვანეთ წმინდა კარაპეტში, ვინაიდან თემური მოწყალე თვალით უყურებდა აბგარ ეპისკოპოსს. მტკიცედ ნაგები იყო წმინდა კარაპეტის მონასტერი. უფალმა აბგარმა და იაკობ ვარდაპეტმა დაუყოვნებლივ მიგვიღეს ჩვენ და ყოველი ლტოლვილი გაამხნევეს საკვებით, ძღვენითა და თანადგომით“. იმავე ფაქტს, რომელიც ჩვენი წყაროს იდენტურად თემურ-ლენგის 1387 წლის სომხეთში ლაშქრობის შესახებ თხრობაშია ჩართული, თომა მეწოფელი ასე აგვიწერს: „ვინმე სტეფანე ვარდაპეტმა, მეწოფის წმინდა ძმობის ეპისკოპოსმა, სახელად ნერსემ, არჭეშის გავარიდან, მეუდაბნოე იაკობ ვარდაპეტმა და წმინდა სავანის ეპისკოპოსმა აბგარმა გაამხნევეს და შთააგონეს ყველა“. ეს ორი ცნობა ავსებს ერთმანეთს ქრონიკის ავტორის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით. თომასეული „ვინმე სტეფანოს ვარდაპეტი“ უეჭველად ჩვენი წყაროს სტეფანე მეწოფელი ვარდაპეტია, ხოლო ნერსე ეპისკოპოსი, თომას მიხედვით, მეწოფის წმინდა ძმობის ეპისკოპოსად გვევლინება. თომა მეწოფელის ამ ცნობის ფონზე თავს იჩენს კითხვა: რამდენად შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს მეწოფის საეპისკოპოსოს არსებობა და, თუ იგი არ არსებობდა, რამ განაპირობა მსგავსი ცნობის გაჩენა. სომხურ სამეცნიერო ლიტერატურაში თომას ცნობა ამ თვალსაზრისით არ განუხილავთ. მკვლევრები მხოლოდ ნერსეს სახელისა და წოდების კონსტატაციით შემოიფარგლებიან: კერძოდ კი, მას იხსენიებენ ნერსე მეწოფის ეპისკოპოსად, ან ნერსე არჭეშელად, მეწოფის მონასტრის ეპისკოპოსად. შესაძლოა, თომა მეწოფელის ეს ცნობა არასანდოდ მიგვეჩნია, ვინაიდან მეწოფის საეპისკოპოსოს არსებობის შესახებ ადრეული წყაროები არაფერს გვატყობინებენ. ავტორი კი მის მიერ აღწერილი ამბების უმცროსი თანამედროვეა. მაგრამ არის ერთი საყურადღებო გარემოება, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს: თომა მეწოფელი „მემუარებში“ სისიდან ეჩმიაძინში საკათალიკოსო ტახტის გადმოტანისა და კათალიკოსის ასარჩევად მოწყობილი კრების მონაწილეების ჩამონათვალში გამოყოფს ოც ეპისკოპოსს, რომელთა შორის მოიხსენიება „უფალი იოანე არჭეშის მეწოფის სავანიდან“. ამ შემთხვევაში კი ძნელია თომა მეწოფელზე უფრო სარწმუნო და კომპეტენტური ავტორი მოინახოს, ვინაიდან ის თვითონ იყო საკათალიკოსო ტახტის სომხეთში დაბრუნების ერთ-ერთი ინიციატორი და კრების აქტიური მონაწილე. ჩანს, ნერსეს მოხსენიება მეწოფელ ეპისკოპოსად ერთადერთი პრეცენდენტი არ უნდა იყოს სომხურ ისტორიოგრაფიაში.
თომა მეწოფელის ისტორიაში უკვე მოტანილი ცნობის გარდა ნერსეს შესახებ სხვა ინფორმაციაც მოიპოვება. კერძოდ, ნერსე ეპისკოპოსს უკურთხებია მღვდლად შემდგომში თვალსაჩინო მოღვაწე, ზემოხსენებული იოანე მეწოფელი, რომელიც წმინდა ღვთისმშობლის მეწოფის სავანედ წოდებულ „უფლის სადგომ, მშვენივრად ნაგებ წმინდა სავანეში“ ეუფლებოდა ცოდნას: „როდესაც ეპისკოპოსმა უფალმა ნერსესმა მისი (იოანეს) სულის სათნოება და წმინდა ღვთისმოშიშობა დაინახა, მას მღვდლის ხარისხისაკენ მოუწოდა“.
ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ქრონიკის აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა, ერთი მხრივ, მისი ერთ-ერთი სავარაუდო ავტორის, სტეფანე მეწოფელი ვარდაპეტისა, და, მეორე მხრივ, თომას „ისტორიაში“ 1387 წლის ამბებთან დაკავშირებით ნერსე მეწოფის ეპისკოპოსის გვერდით ხსენებული სტეფანე ვარდაპეტის იდენტიფიკაცია, რასაც გასაგები მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ წინა თაობების სომეხი მკვლევრები. სტეფანე მეწოფელი ვარდაპეტი მ. ორმანიანთან სტეფანე არჭეშელ ვარდაპეტად მოიხსენიება, ხოლო ჰრ. აჭარიანის სომხურ საკუთარ სახელთა ლექსიკონში მისი არჭეშელობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული.
თომა მეწოფელთან სტეფანეს შესახებ არსებული მოკლე ცნობებიდან ირკვევა, რომ იგი მეწოფის მონასტრის მღვდელი ყოფილა. იოანეს მღვდლად კურთხევის (დაახლოებით 1374 წ.) შემდეგ ისინი დამეგობრებულან და ერთად წასულან იოანე ვოროტნელთან ცოდნის გასაღრმავებლად და ვარდაპეტობის მისაღებად, „იგი (იოანე) დაუმეგობრდა ერთ უბიწო და კეთილბუნებოვან მღვდელს, სახელად სტეფანეს, რომელიც იმავე უდაბნოში, იგივე მოსე ვარდაპეტის ნამოწაფარი იყო. ისინი წავიდნენ დიდ მოძღვართან, იოანესთან, მეტსახელად დაკიდებულთან, სიუნიქის ქვეყანაში, ვოროტანის გავარში“. სტეფანე ვარდაპეტი სოფელ დარაში გარდაცვლილა 1395 წელს სომხეთში თემურ-ლენგის მეორე შემოსევისას: „შემდეგ ჩვენ მივედით და მივაღწიეთ სოფელ დარას კოგოვიტის გავარში. იქ აღესრულა წმინდა ვარდაპეტი სტეფანე, დიდი იოანე ვოროტნელის მოწაფე, წმინდა ვარდაპეტის იოანე მეწოფელის მეგობარი“. ცნობის თანახმად, თომა მეწოფელი თავად ყოფილა ამ ამბის მომსწრე.
სტეფანე ვარდაპეტისა და ნერსე ეპისკოპოსის ქრონიკა მცირე ზომისაა და დროის ხანმოკლე პერიოდს ასახავს. ამის მიუხედავად შინაარსობრივად იგი საკმაოდ ტევადია.
თავდაპირველად ავტორი მოკლედ მოგვითხრობს თემურ-ლენგის ვინაობისა და მის მიერ შუა აზიისა და ხორასნის დაპყრობის შესახებ. ჩვენი ქრონიკის მოკლე და თომა მეწოფელის უფრო ვრცელი ცნობების თანახმად, თემურ-ლენგი თავდაპირველად ყაჩაღი და ავაზაკი ყოფილა, შემდეგ კი მზაკვრობისა და მოხერხებულობის წყალობით დაუპყრია სამარყანდი, ბუხარა და მთელი ხორასანი. სომეხი ავტორების ცნობებს დამაჯერებლობას მატებს კასტილიის ელჩის, კლავიხოსა და სამარყანდში მცხოვრები არაბი ისტორიკოსის იბნ არაბშაჰის ცნობებიც, რომელთა მიხედვით თემური მოღვაწეობის დასაწყისში ყაჩაღთა წინამძღოლი იყო.
ტექსტი
836 წელს1 სამარყანდიდან2 დიდი მხედრობით დაიძრა თავრიზის ხანის წინააღმდეგ თემურ-ლენგი, რომელიც ადრე თავრიზის ხანის მეომარი ყოფილა3, რაღაც მიზეზების გამო გაქცეულა სამარყანდში და დიდი ავაზაკი გამხდარა4. ამგვარად აიღო სამარყანდი, გაძლიერდა, აიღო ბუხარა5, დაიძრა წინ, გადავიდა დიდ მდინარე აჰუნს6 და აიღო სატახტო ქალაქი ჰრე7, დაიმორჩილა შაჰ-მანსური8 – ხორასნის უფალი და მთელი მისი ქვეყანა: ხორასანი, შირაზი9, ქერმანი10, ასპაჰანი11, ნიშაპუჰი12, კურანი13, მაკურანი14, თუსი15, თაანი16, დაღმანი17, მაზანდარანი18, რე19, ღუმი20, ქაშანი21. და მიაღწია სულთანიამდე22 და იქიდან გამოემართა, წამოვიდა თავრიზისკენ23 და აიღო.
და წავიდა თემურ-ლენგი სივნიელთა ქვეყანაში ერნჯაკის ციხის წინააღმდეგ და აიღო ის24, ქალაქი სურმარი25, რომელიც ბაგრატუნთა ტომის მიერ იყო გამაგრებული, ფუძიანად დაანგრია. ხოლო ერთმა კეთილმა მამასახლისმა სოფელ კოღბიდან26, მოხერხებულობით გაათავისუფლა თავისი სოფელი და სხვა მრავალი პირი თაქალთუს მთაზე27.
ამავე დროს დაიმარხა გეტარგელი წმინდა ნიშანი, რომელიც ცხოველმყოფელი ხისგან იყო გაკეთებული, რომელიც სილიბისტრომ მისცა წმინდა გრიგოლს28. რომელიც ორმა კაღზვანის ბერმა წმინდა მამის – ვარდიკის მონასტრიდან გამოიტანა, დამალა და ჩაღათა დაეწია, მოკლა ბერები და შემდეგ ბევრი ეძიეს და ვერ იპოვნეს, ვინაიდან უფლის ნებით მოხდა ასე29.
და მოაოხრა ქვეყნისმაოხრებელმა თემურმა ყველა ქვეყანა და სომხეთი ყველაზე მეტად დაანგრია, და შევიდა ქალაქ თბილისში და სრულებით დაიმორჩილა. ხოლო ქართველთა მეფე, სახელად ბაგრატი, ებრაელთა იმ ტომიდან, რომლებიც თავიდან ბაბილონელთა ტომისა და შემდეგ ტიგრანის მიერ იყვნენ წარტყვევნილი და ამ მიზეზით შეერივნენ ჩვენს ტომებს და ჩვენში გახდნენ რჩეული მეფეები, და ბერძენთაგან და სპარსთაგან შევიწროებულებმა მისცეს ანისი ბერძნებს და პატარა გაგიკი30, მეფედ კურთხეული, წამინდავში31 წავიდა და სხვები, ბაგრატუნთაგან დარჩენილნი, წავიდნენ საქართველოში და გახდნენ მათი მეფეები და შემდეგ გახდნენ ქალკედონელები. იგი, დიდი ძღვენით წარდგა თემურის წინაშე. ხოლო მამაცმა ბაგრატმა მოატყუა თემური, რომ: „მომეცი შენი მრავალრიცხოვანი არი, რათა წავიდე ჩემს ხალხში და ყველა გავათათრო“, და ესენი არიან: დვალი, ოსეთი, იმერელი, მეგრელი, აფხაზი, სონები, ქართველი, მესხი, თემური ენდო მას, მისცა არი და მან წაიყვანა ჩაღათას არი – ყველა დაღუპა, თემურის წინააღმდეგ გამოვიდა მისი (ბაგრატის) სამი ვაჟი: გიორგი, კონსტანტინე, დავითი და თემური შერცხვენილ იქნა.
განრისხებული თემური მოვიდა სომხეთში მაჰმად-ხანის32 წინააღმდეგ და ის ჭაფხურამდე33 გაიქცა და იძლია თემურის ლაშქარი, მაგრამ თემური უვნებლად გადარჩა და ახალი ჯარი შეკრიბა მათგან, ვინც გაფანტული იყო. თურქმანი მოვიდა მუშში34 და თემურიც მოჰყვა.
ხოლო ამ არეულობის გამო, რომელიც ორმა ხანმა მოუწყო ერთმანეთს, ეს ქვეყანა უპატრონოდ დარჩა. ის ქვეყანა – ქაბერუნელთა-არჭეში, ხორხორუნელთა სახლი-ჰანაგაჰი და მანაზკერტ-ჰარქნისი35 გაექცნენ ჩაღათას და მოაღწიეს მუშის გავარს, წმინდა კარაპეტის სავანეს36. და მე, სტეფანე მეწოფელმა ვარდაპეტმა, და ნერსე ეპისკოპოსმა გამოქცეული ქრისტიანები წავიყვანეთ წმინდა კარაპეტში, ვინაიდან თემური მოწყალე თვალით უყურებდა აბგარ ეპისკოპოსს, მტკიცედ ნაგები იყო წმინდა კარაპეტის მონასტერი. უფალმა აბგარმა და იაკობ ვარდაპეტმა დაუყოვნებლივ მიგვიღეს ჩვენ და ყოველი ლტოლვილი გაამხნევეს საკვებით, ძღვენით და თანადგომით. და აქედან ჩავედით ველზე და წავედით ხასგეღში37, როცა მივდიოდით არჭეშში38. ხოლო თემურის არებმა გააჩანაგეს და გაძარცვეს ხიზანი39 და ხუთაში40 ჩააბარეს ვინმე შეხ-შარუს41 და მან ღვთის ნებით აგვიყვანა ხუთას მთაზე, და მოულოდნელად მოაღწიეს თემურის არებმა ხიზანს, დაღუპეს და წარტყვევნეს. მათ შორის ვიყავი მეც, ნერსე ეპისკოპოსი და ვხედავდი არაადამიანურ უბედურებას, რომელიც მორწმუნეთა სიმრავლემ შეჰღაღადა უფალს. ამ დროს ერთმა ქალმა თავისი ვაჟი თვითონ მოკლა და თავი შვილს დააკლა, რომ თათრებს არ ჩაუვარდეთ და არ წავწყმდეთო. ხოლო როდესაც ეს უბედურება ვიხილეთ, უფრო მეტად შევჰღაღადეთ უფლის ძმის ნიშანს, რომელიც იყო ვანდირში42 წმინდა მოციქულის თადეოზის მიერ მოტანილი, რომელიც მაცხოვნებელი ხისგან იყო გაკეთებული. გამოცხადდა ხალხი და ტყვეები წმინდა კარაპეტში და მაღალი ხმით შეჰღაღადეს და მეორე მხრივ ყველა თაყვანს ვცემდით წმინდა მოციქულებს, რომელიც არის ლაზარეს მონასტერი43, ვინაიდან იქ არის დასვენებული ლუკა მახარებლის და ანდრია მოციქულის ნაწილთაგანნი და ორი მარჯვენა, პეტრესი და პავლესი, წმინდა მოციქულებისა, რომლებიც წმინდა სილიბისტროს და მეფე კონსტანტინეს მიუძღვნიათ განმანათლებლისთვის და განმანათლებელს ანგელოზის რჩევით დაუსვენებია ტივროსის მთის კარიბჭეში, მუშის მხარეს, რომელსაც ეწოდება ლაზარეს მონასტერი, ვინაიდან განმანათლებელმა აუშენა წმინდა მოციქულებს, როცა ის და თრდატი დაბრუნდნენ რომიდან და მონასტრის მამად დაადგინეს ლაზარე - გლაკის ძმა.
როცა ყველა ტყვემ, რომელიც ჩაღათას ხელში იყო ჩავარდნილი მაღალი ხმით იღაღადა წმინდანთა წინაშე და მოყვანილი ხარი დავკალით ლაზარეს სავანეების წინ, მაშინ მოხდა დიდი სასწაულები, რადგან თურქმანი ფირ-ჰასანი44, რომელიც ყარა-მაჰმადს მოსწყვეტოდა და თემურის შიშით წოვასარში უნდოდა წასვლა, უცაბედად შეეახა ჩაღათას, რომელსაც ურიცხვი ტყვე მოჰყავდა. ჩაღათას თემურისგან ბრძანება მიეღო, რომ ფირ-ჰასანი შეეპყრო და მისი არი გაენადგურებინა. მაშინ ტყვეების ხმა აღწევს წმინდა აღბერიკს და წმინდა მოციქულებს და წმინდა კარაპეტს და აქ მოხდა დიდი სასწაულები, რადგან სამი ხილული თეთრად მოელვარე კაცი თეთრ ცხენებზე ამხედრებული არწივივით მოვიდა ზეციდან და შეერია ფირ-ჰასანის არს, რაც ჩვენ მეუდაბნოე ბერმა, უფალმა კარაპეტმა, მოგვითხრო, რომელმაც თავისი თვალით იხილა და ტყვეთაგან სხვა მრავალმაც. და ამ სასწაულის ძალა მოიღო ფირ-ჰასანმა და მოსპეს ჩაღათა, რადგანაც ერთმა თურქმანმა ასი ჩაღათა მოკლა და ყველა დატყვევებული განთავისუფლდა ჩაღათასგან, ძეებითა და ასულებით ვადიდეთ უფალი და მისი წმინდა საკვირველმოქმედება.
ხოლო მეორე დღეს მოვიდა თემური ქალაქ მუშში და იხმო თავისთან მათი ამირა და უთხრა: «წამიყვანე თურქმანზე, რომ შური ვიძიო», და მივიდნენ ბრძოლის ადგილზე. მაშინ თემურმა თავისი თვალით იხილა, რომ მახვილის გარეშე მოკლულნი უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მახვილით. მაშინ შეშინდა თემურლენგი და თქვა: „ეს ღვთის საქმეა“, და თურქმანისგან შეშინებული უკან გაბრუნდა და დაასაჩუქრა სამივე მონასტრის წინამძღვრები და არც მუში გააწბილა, წავიდა ბაღეშს45 და ამირა შარაფს46 დაუმეგობრდა.
აქიდან წამოსული მოვიდა არწკეში47, დაატყვევეს ერთი იერუსალიმიდან მომავალი უღაელი ბერი კარაპეტი, მიუყვანეს ეპისკოპოსს, რათა დაელოცა თემურის ბრძანებით და გაგზავნეს ქალაქ სამარყანდში სომეხთა ტომის გამო, რომელიც წარიტყვევნა შაპუჰისაგან ურულო ვასაკის ხელით, მაშინ როცა მამაცი ვარდანი ეწამა48. სომეხთა წელთაღრიცხვით 50
(602) წელს სმბატ ბაგრატუნი49, რომელიც ხოსრო სპარსთა მეფისგან გამეფდა, წავიდა ვრკანის ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია საგასტანი, რომელიც არის სამარყანდი50 და ნახა იქ დატყვევებული ტომით სომეხნი და გაამხნევა ისინი, რადგან დავიწყებული ჰქონდათ ენა და წიგნი, თავიდან განამტკიცა ენა და წიგნი მათ შორის და დაადგინა აბელ ხუცესი მათ ეპისკოპოსად. და ლანგ თემურმა ეს ბერი კარაპეტი გაგზავნა მათ გასამხნევებლად. და თვითონ ვანის51 წინააღმდეგ წავიდა აიღო ის და უზომოდ დახოცა ბოლო კაცამდე, რომელიც კლდიდან მიწაზე ვარდებოდა და არ კვდებოდა გვამების სიმრავლის გამო. და ტყვეები ერთმანეთში გაიყვეს და ერთმა ჩაღათა მთავარმა თავისი წილი გაათავისუფლა და მისი განთავისუფლებული ტყვეები ვასპურაკანის დასახლების მიზეზი გახდნენ.
წავიდა თემური ჰორომთა ქვეყანაში და სებასტია52 ააოხრა, და პატარა ბიჭები ცოცხლად ჩაყარა ცხენების ფეხქვეშ. და მიაღწია ბურსას53 და ჰორომთა სულტანი ილდირიმ ბაიაზეთი და მისი ცოლი დაატყვევა54 და ქვეყანა მოაოხრა უმოწყალო თემურ ლენგმა.
შენიშვნები
1. სომხური წელთაღრიცხვის 836 წელი შეესაბამება 1387 წელს. თომა მეწოფელის ისტორიასა და XIV-XV საუკუნეების ანდერძ-მინაწერების უმრავლესობაში ამ წლით არის დათარიღებული თემურ-ლენგის პირველი ლაშქრობა ამიერკავკასიის ქვეყნებში. სინამდვილეში თემურის მიერ თავრიზის აღება ისევე, როგორც პირველი ლაშქრობა სომხეთსა და საქართველოში 1386 წლის დამდეგიდან იწყება და 1387 წლის ბოლომდე გრძელდება.
2. სამარყანდი თემურ-ლენგის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა მას შემდეგ, რაც თემურმა ძველი მოკავშირე და არახელსაყრელი მეტოქე ამირა ჰუსეინი მოაკვლევინა და მავერანაჰრის ერთპიროვნული მმართველი გახდა (1370). მან გაამაგრა სამარყანდი, მის ციტადელში გადაიტანა ხაზინა და სატახტო ქალაქად გამოაცხადა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში თემური ცდილობდა სამარყანდი მსოფლიოს პირველ ქალაქად ექცია, რაც ძირითადად დაპყრობითი ომებისას ტყვედ ჩავარდნილი ოსტატების, ხელოსნების, ვაჭრებისა და დაპყრობილი ქვეყნების სიმდიდრის მიტაცების ხარზე ხდებოდა. სხვა ქალაქებთან შედარებით სამარყანდის უპირატესობის წარმოსაჩენად თემურმა ქალაქის გარშემო დასახლებების მოწყობა ბრძანა და მათ მუსლიმური სამყაროს ყველაზე ცნობლი ქალაქების სახელები უწოდა: ბაღდადი, მისრა, დამასკო, შირაზი, სულთანიე.
3. ჩვენი ქრონიკისა და თომა მეწოფელის ისტორიის გარდა არსად არ დასტურდება თემურ-ლენგის მსგავსი ურთიერთობა თავრიზთან და მის მმართველებთან.
4. ცნობას თემურ-ლენგის ავაზაკობისა და ყაჩაღობის შესახებ თომა მეწოფელის გარდა ადასტურებს კასტილიის ელჩის რუი გონსალეს დე კლავიხოსა და იბნ არაბშაჰის ნაშრომებში დაცული ინფორმაცია.
5. აჰუნი - ეიჰუნი - გიჰონი - მდინარე ამუ-დარიის ბიბლიური სახელწოდებაა. XIII საუკუნეში ის განიხილებოდა როგორც საზღვარი ჩაღათაელებსა და ჰულაგუიდებს შორს. ეს საზღვარი უკვე XIII საუკუნეშივე ირღვეოდა ჩაღათაელთა მხრიდან.
6. ბუხარა თემურ-ლენგმა 1370 წელს აიღო.
7. ჰრე - ჰერათი - მდებარეობს მდ. გერიდურის ველზე, თანამედროვე ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთით. ჰერათი მონღოლების დროს აღმოსავლეთ ხორასანში აღმოცენებული ქურთების დინასტიის ვასალური სათავადოს ცენტრი გახდა. ჰულაგუიდების სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ჰერათის მფლობელმა მუ’იზ ად-დინ ჰუსეინმა (1331-1370) თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა. ჰერათმა დამოუკიდებლობა თემურ-ლენგის შემოსევამდე შეინარჩუნა. 1381 წლის აპრილში თემურმა აიღო ქალაქი დაანგრია მისი დამცავი კედლები და უზარმაზარი კონტრიბუცია დაადო. 1383 წელს წარუმატებელი აანყების შემდეგ თემურმა ქართების დინასტია დაამხო, ხოლო 1389 წელს დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლები ამოწყვიტა და სამართავად თავის ვაჟს მირანშაჰს გადასცა. 1397 წლიდან კი შაჰრუღი მართავდა ჰერათს. მან თემურ-ლენგის სიკვდილის შემდეგ დედაქალაქი ჰერათში გადაიტანა. აკად. ვ. ბარტოლდის თქმით „თემურიანთა მმართველობის ეპოქა ჰერათის ისტორიაში ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი იყო“.
8. შაჰ-მანსური - მუზაფარიდთა დინასტიის (1313-1393) უკანასკნელი მმართველი (1387-1393). მუზაფარიდთა სახელმწიფო XIV საუკუნის შუახანებში ჩამოყალიბდა. მუზაფარიდები არაბი დამპყრობლების ირანიზებული შთამომავლები იყვნენ და მიწათმოქმედებას მისდევდნენ ხორასანში. მონღოლთა ბატონობის დროს ისინი იეზდის რაიონში გადასახლდნენ და იქაურ ათაბაგს დამორჩილდნენ. მუზაფარიდთა შორის დაწინაურდა მუბარიზ ად-დინი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მეიბურდი, ხოლო 1319 წელს ოლეითუ ყაენისგან იეზდის ნაცვლობა. 1340 წელს მან დაიპყრო ქერმანი, 1353 წელს შირაზი, მთელი ფარსი, 1356 წელს ლურისტანი ხოლო 1357 წელს ისპაჰანი. მუზაფარიდ შაჰ-შუას (1359-1384) თავრიზისა და აზერბაიანის დაპყრობაც უცდია 1375-1376 წლებში. მას თავისი ძმისშვილი შაჰ-მანსური გაუმწესებია შირვანის, არანის, მუღანის და შემახის მმართველად. შაჰ-მანსურმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია თემურ-ლენგს. მუზაფარიდთა სამფლობელოების დაპყრობა 1393 წლამდე გაგრძელდა. ამავე წელს ბრძოლაში დაიღუპა შაჰ-მანსურიც.
9. შირაზი - არაბების მიერ სამხედრო ბანაკის ადგილზე აშენებული ქალაქი. XIV საუკუნის ბოლოსათვის ის მუზაფარიდთა დინასტიის დედაქალაქი იყო და მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მდიდარ ქალაქად ითვლებოდა. თემურ-ლენგმა ორერ დაიპყრო იგი: I – 1387 წელს, II - 1393 წელს. მუზაფარიდთა დამხობის შემდეგაც თემურიანთა ეპოქაში ქალაქი კვლავ რჩებოდა სპარსეთის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრად და მხოლოდ სეფიანთა ირანის დროს დაკარგა ძველი მნიშვნელობა.
10. ქერმანი - ცენტრალური ირანის ამავე სახელწოდების ოლქის მთავარი ქალაქი. მისი დაარსება უკავშირდება სასანიდთა დინასტიის ფუძემდებლის არტაშირის სახელს. ოლქის ცენტრად ქერმანი X საუკუნეში ბუიდების (არაბული დინასტია) დროს იქცა. ცნობილია, რომ თემურ-ლენგის დროს ფარსელი და ქერმანელი ოსტატები აბრეშუმის ხალიჩებს ამზადებდნენ სამარყანდის ბიბი-ხანიმის სახელით ცნობილი მეჩეთისათვის.
11. ისპაჰანი ისევე, როგორც შირაზი და იეზდი, XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან მუზაფარიდთა სახელმწიფოში შედიოდა. კარგი მდებარეობის წყალობით ქალაქი ყოველთვის იოლად ინაზღაურებდა დამპყრობთაგან მიყენებულ ზიანს. თემურ-ლენგმა ისპაჰანი პირველად 1387 წელს აიღო და უზარმაზარი კონტრიბუცია შეაწერა. ამის გამო ქალაქში აანყება მოხდა., რომელიც თემურმა სასტიკად ჩაახშო. მისი ბრძანებით 70000 კაცის თავისგან მინარეთები ააშენეს, ხოლო ქალაქი გაძარცვეს.
12. ნიშაბური - ხორასნის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მისი აშენება მიეწერება შაბურ პირველს. XIV საუკუნის დასაწყისში ქალაქი ანი-კურბანის (თურქულ-მონღოლური წარმოშობის მომთაბარე ტომი) დინასტიის სამფლობელოებში შედიოდა. 1338 წლის შემდეგ კი სახალხო მოძრაობის შედეგად შექმნილ სებზევარის სერბედართა სახელმწიფოში შევიდა. უშუალოდ თემურ-ლენგის შემოსევის წინ ნიშაბური ჰერათის მელიქებს - ქართებს წაურთმევიათ სერბედართა უკანასკნელი მმართველი ალი მუაიდისთვის (1364-1381). 1381 წელს თემურ-ლენგმა უბრძოლველად აიღო ნიშაბური.
13. კურანი - კუნარი - დასახლება, მდებარეობს ავღანეთში. აქ გადის გზა, რომელიც გამოეყოფა ბადახშანიდან გილგითსა და ქაშმირში მიმავალ გზას და ელალაბადისა და ქაბულისაკენ უხვევს.
14. მაკურანი - მეკრანი - სპარსეთის ყურეში მდებარე ქვეყანა. მკვლევართა აზრით მისი სახელწოდება მომდინარეობს დრავიდული ტომის ბერძნული სახელწოდებიდან. მუსლიმ ავტორებთან ფორმა მეკრანის გარდა გვხვდება ფორმა მაკურანი.
15. თუსი - ჰულაგუიდთა იმპერიის დაშლის შემდეგ ქალაქი ანი-კურბანისდინასტიის ამირა არღუნ-შაჰის სამფლობელოში შედიოდა. მისი ვაჟი ალი-ბეგი იძულებული გახდა 1382 წელს თემურ-ლენგს დამორჩილებოდა. იგი ფერგანაში გაგზავნეს, სადაც მომდევნო წელს მოკლეს. 1389 წლის აანყების შემდეგ თემურ-ლენგის ლაშქარმა ქალაქი დაანგრია და 10000 ადამიანი დახოცა. თუსის ციხე-სიმაგრე აღადგინეს 1405 წელს თემურ-ლენგის სიკვდილის შემდეგ.
16. თაანი - თომა მეწოფელთან დაცულია ფორმა თანანი. შესაძლოა, ეს იყოს ყაზვინის აღმოსავლეთით მდებარე სასაზღვრო ციხე-ქალაქი თალკანი.
17. დაღმანი - კუმისის ოლქის ქალაქი. XIV საუკუნეში შედიოდა ხორასნის სერბედართა სახელმწიფოში და მის უკიდურეს დასავლეთ საზღვარს წარმოადგენდა. თემურ-ლენგმა 1385 წელს დაიპყრო დაღმანი.
18. მაზანდერანი - ირანის ჩრდილოეთში კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ოლქი. XIV საუკუნის დასაწყისში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ფეოდალური სამფლობელო არსებობდა. მათ შორის ყველაზე ძლიერის, ბავენდიდების, საგვარეულოს ცენტრი ამულში იყო. XIV საუკუნის ორმოციანი წლებიდან მაზანდერანში ჰასან ურის ორდენის ზეგავლენა გაიზარდა. 1350 წელს სერბედართა მოძრაობის ზომიერი ფრთის წარმომადგენელი აფრასიაზბ ჩელები სათავეში ჩაუდგა სახალხო მოძრაობას და უკანასკნელი ბავენდიდი მმართველი მოკლეს. მალე ზომიერ და რადიკალურ ფრთას შორის განხეთქილება ჩამოვარდა. ამ ბრძოლაში რადიკალებმა გაიმარვეს და სასულიერო და პოლიტიკური ხელისუფლება სეიდი შეიხის კავამ-ად-დინ მარაშის ხელში აღმოჩნდა. შეიქმნა სეიდთა სახელმწიფო ცენტრით ამულში. ამ სახელმწიფომ 1392 წლამდე თემურის ლაშქრობამდე იარსება.
19. რე - რეი - ძველი რეგა - ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მდებარეობდა თეირანის აღმოსავლეთით. დღეს მხოლოდ ქალაქის ნანგრევებია შემონახული. ის იხსენიება დარიოსის წარწერაში (VI სკ. ჩ. წ.აღ.-მდე). ირანში თემურ-ლენგის ლაშქრობამდე ქალაქი ამირა ველის მფლობელობაში იყო. 1384 წელს თემურმა ამირა ველი დაამარცხა და უბრძოლველად აიღო რეი. თუმცა, ჩანს, ქალაქი მაინც დანგრეულა, ვინაიდან 1404 კლავიხოს მხოლოდ მისი ნანგრევები უნახავს.
20. ყუმი - ისპაჰანიდან რეიში მიმავალ გზაზე მდებარე ქალაქი. ჰამადალაჰ ყაზვინის ცნობით XIV საუკუნეში ქალაქის დიდი ნაწილი დანგრეული ყოფილა. XIV საუკუნეში ყუმი შიიტური ფანატიზმის ერთ-ერთ კერად იქცა და დღემდე მნიშვნელობით სპარსეთის მეორე ქალაქს წარმოადგენს. ქალაქი თემურ-ლენგმა 1384 წელს აიღო.
21. ქაშანი - პატარა, საკმაოდ მდიდარი ქალაქი ისპაჰანი - რეის მარშრუტზე. ცნობილი იყო ფაიფურისა და თუის თასების წარმოებით. XIV საუკუნეში ქალაქში შიიტი მოსახლეობა იყო. ჰამადალაჰ ყაზვინი ჰულაგუიდთა სახელმწიფოს ქალაქებს ოთხ კატეგორიად ჰყოფდა. პირველი კატეგორიის დიდ ქალაქებს შორის დასახელებულია ქაშანიც. თემურ-ლენგმა ქაშანი 1384 წელს აიღო.
22. სულთანია - ქალაქი ირანის ჩრდილო-დასავლეთში. მისი მშენებლობა XIII საუკუნეში ილხან არღუნის დროს დაიწყო და 1313 წელს დასრულდა. ის ოლაითუ ყაენის სატახტო ქალაქი იყო. სულთანიამ მალე დაკარგა დედაქალაქის ფუნქცია, მაგრამ ხელსაყრელი მდებარეობის გამო კიდევ დიდხანს ინარჩუნებდა ირანის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ქალაქის ფუნქციას. ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი სამხრეთის სავაჭრო-სატრანზიტო გზის (ტრაპიზონი - ამიერკავკასია - სულთანია - ჰერათი) ერთ-ერთი ცენტრალური პუნქტი იყო. სულთანიიდან სავაჭრო გზას რამდენიმე მარშრუტი გამოეყოფოდა: ყაზვინი - ვერამინი (თეირანის მახლობლად) - ხორასანი; ზენანი - არდებილი - ამიერკავკასია; ზენანი - თავრიზი მცირე აზია; სავა - ყუმი - ისპაჰანი - შირაზი - სპარსეთის ყურის ნავსადგურები. XIV საუკუნის 80-იანი წლებისათვის ქალაქს ალაირები ფლობდნენ. 1384-1385 წლებში დასავლეთ ირანში წარმოებული სამხედრო მოქმედებები თემურ-ლენგმა სულთანიის აღებით დაასრულა და სამარყანდში დაბრუნდა.
23. თავრიზი - ირანის აზერბაიანის დედაქალაქი. ხალიფა მუთავაქილის (847-861) მმართველობის დროს თავრიზი სოფლიდან გამაგრებულ ციხე-ქალაქად გადაიქცა. იაკუთის ცნობით XIII საუკუნის დასაწყისში თავრიზი უკვე დიდ სავაჭრო და საწარმოო ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ყაზან ყაენმა (1295-1304) დედაქალაქი გადაიტანა. ჰულაგუიდთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ თავრიზისათვის ერთმანეთს ჩობანიდები და ალაირები ეცილებოდნენ. 1356 წელს მელიქ აშრაფის სისასტიკით გამწარებულმა მოსახლეობამ ოქროს ურდოდან ანიბეგი მოიწვია და მელიქ აშრაფი მოაკვლევინა. ამის შემდეგ თავრიზში ალაირთა დინასტია (1340-1410) გაბატონდა. 1385 წელს ქალაქი ოქროს ურდოს ყაენმა თოხთამიშმა გაძარცვა და დაარბია. მომდევნო 1386 წლის დასაწყისში თავრიზი თემურ-ლენგმა აიღო და ალაირები გააძევა. ისინი მხოლოდ თემურ-ლენგის სიკვდილის შემდეგ (1405) დაბრუნდნენ თავრიზში.
24. არცერთი სხვა წყარო არ ადასტურებს თემურ-ლენგის მიერ ერნაკის ციხის აღებას 1386 წელს.
25. სურმარი - სურმალუ - აირარატის ნაჰანგის (ნაჰანგი, იგივე მხარე, პროვინცია. შედგება უფრო წვრილი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების - გავარებისაგან) ჭაკატქის გავარში მდებარე ციხე-ქალაქი. წყაროებში იხსენიება XI საუკუნიდან. თემურ-ლენგის შემოსევების დროინდელი ქალაქის აღწერა შემონახულია კლავიხოს „დღიურში“. აღსანიშნავია, რომ კლავიხოს ნაშრომი არ არის დაყოფილი თავებად, ერთადერთი გამონაკლისია თხრობა სურმარის შესახებ, მისი სათაურია: „წარღვნის შემდეგ პირველი ქალაქის - კალმარინის (სურმარის) შესახებ“. კლავიხო წერს: „მეორე დღეს, ოცდაცხრა მარტს, დაახლოებით შუადღისას მივადექით დიდ ქალაქს რომელსაც კალმარინი ეწოდება. მისგან 6 ლიგის მოშორებით მოჩანდა მთა, რომელზეც წარღვნის დროს გამოჩნდა ნოეს კიდობანი. ქალაქი ვაკეზეა გაშენებული, ერთი მხრიდან მას ჩამოუდიოდა დიდი მდინარე, რომელსაც კორასს (არაქსი) უწოდებენ, მეორე მხრიდან ერტყა ღრმა ხეობა. კლდეები, რომლებიც ამ ხეობას ქმნიან, ერთმანეთისაგან თვითმსროლიდან გაშვებული ისრის გაფრენაზე არიან დაშორებული. ქალაქი თითქმის მთლიანადაა შემოზღუდული ამ ხეობით, რომელიც მდინარემდე აღწევდა. ხეობა და მდინარე ქალაქს მიუდგომელს ხდიდნენ, ვინაიდან მასზე თავდასხმა მხოლოდ იმ ადგილიდან შეიძლებოდა, სადაც მდინარე იწყებოდა და ხეობაში შესასვლელი იყო.... მაგრამ ამ ხეობის შესასვლელის თავზე ციხე-სიმაგრე იყო აშენებული, რომელიც დიდი და მაღალი კოშკებითა და ორი ერთმანეთის მიყოლებით დატანებული კარიბჭით იყო დაცული. ხოლო ეს ქალაქი კალმარინი ითვლება პირველ ქალაქად, რომელიც წარღვნის შემდეგ აშენდა და ის ნოეს მოდგმამ ააშენა“.
26. კოღბის მამასახლისი - თომა მეწოფელის ცნობით მას მარტიროსი ერქვა. ქრონიკაში აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ იგი თურქმანი საჰათის ბრძანებით აწამეს და მდინარეში დაახრჩეს.
27. თაქალთუს მთა - ბარდოღის მთა - პარის ქედის ერთ-ერთი მწვერვალი, მის მახლობლად მდებარეობდა კოღბის მარილის საბადოები.
28. სილიბისტრო რომის პაპის მიერ გრიგოლ განმანათლებლისთვის სიწმინდეების გადაცემისა და გრიგოლის მიერ მათი სომხეთში ჩამოტანა-დასვენების შესახებ ინფორმაცია (აქაც და უფრო ქვემოთაც) მომდინარეობს ლეგენდიდან, რომელიც XII-XIV საუკუნეებში შეიქმნა და მიზნად ისახავდა სომხეთის სამეფო ხელისუფლების სუვერენობისა და სომხური ეკლესიის ავტოკეფალურობის, ასევე მისი სხვა აღმოსავლურ ქრისტიანულ ქვეყნებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობის ხაზგასმას. ამ ლეგენდის თანახმად გრიგოლ განმანათლებელი და თრდატ III (298-330) რომში ჩავიდნენ და კონსტანტინე დიდთან (324-337) და რომის პაპ სილიბისტროსთან დადეს ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია „კავშირის წიგნის“ სახელით. აშ. ჰოვჰანესიანის აზრით ეს დოკუმენტი კილიკიაში უნიატთა წრეში შეიქმნა 1189-1202 წლებს შორის, რათა გაემართლებინა კილიკიის სომხეთში უნიატური განწყობილება და ამასთანავე უზრუნველეყო სომხეთის დამოუკიდებლობა და ეკლესიის ავტოკეფალურობა. თუმცა უნდა იღინიშნოს., რომ ამ დოკუმენტის მნიშვნელობის ასე დავიწროება, არ არის მართებული, ვინაიდან ის საკმაოდ უნივერსალურია და ერთნაირად გამოსადეგი იქნებოდა სომხური ეკლესიის მესვეურთათვის ყველა მოსალოდნელ მოწინააღმდეგესთან პაექრობისას. სომხური საისტორიო მწერლობიდან ჩანს, რომ გრიგოლ განმანათლებლისა და თრდატის კონსტანტინე დიდის კარზე მოგზაურობის შესახებ ლეგენდამ საკმაოდ დიდი პოპულარობა სწორედ მონოფიზიტურ გარემოში მოიპოვა. სხვადასხვა სომხური წყარო გრიგოლისა და თრდატისათვის სილიბისტროსა და კონსტანტინე დიდის მიერ ნაბოძებ საჩუქრებს შორის სხვადასხვა სიწმინდეებს მოიხსენიებს.

29. 1405
წლით დათარიღებული გრიგოლ ნარეკელის „გოდებათა წიგნის“ ანდერძ-მინაწერის თანახმად ოთხ სასულიერო პირს ურულოთა ხელიდან დაუხსნია გეტარგელი წმინდა ნიშანი და რშტუნიქის გავარში წმ. ეღიშეს ანუ ვარდაპარტქის მონასტერში დაუსვენებია.
30. 1045
წელს გაგიკ II ბაგრატუნი ანისიდან კაპადოკიაში გადასახლდა. მან კეისარ კონსტანტინე მონომახისაგან სამართავად მიიღო კაპადოკიის ორი უმნიშვნელო ქალაქი პიზა და კოლონპალატი. მოგვიანებით მისი ხელისუფლება გავრცელდა ქალაქებზე: კესარია, წამინდავი და ხავარტანეკი. მაგრამ, როგორც ჩანს, წამინდავი დიდხანს არ დარჩენილა მის მმართველობაში, ვინაიდან ეს ქალაქი 1065 კაპადოკიაში გადასახლებულ ყარსის მეფე გაგიკს გადასცა სამართავად ბიზანტიის იმპერატორმა. 1081 წელს ბიზანტიელებმა მოკლეს გაგიკ ყარსელი და წამინდავის სამეფომაც შეწყვიტა არსებობა. შესაძლოა, რომ ქრონიკის ავტორი გაგიკ ანისელს და გაგიკ ყარსელს აიგივებს.
31. წამინდავი - ქალაქი მდებარეობდა მდ. წამინდავის (კიდნი) ზემოწელში.
32. ყარა-მაჰმადი - ყარა-მუჰამედი - შავბატკნიან თურქმანთა ბელადი, ცნობილი ყარა იუსუფის მამა. XIV საუკუნის 70-იანი წლებიდან იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ალაირთა სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1387 წელს თემურ-ლენგმა თავისი სამხედრო ძალის ძირითადი ნაწილი თოხთამიშის წინააღმდეგ გაგზავნა, თვითონ კი შავბატკნიან თურქმანთა სამფლობელოს შეესია. შავბატკნიანი თურქმანები ერ კიდევ XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან დამკვიდრდნენ ისტორიული სომხეთის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ ვანის ტბის მიდამოებში. თემურ-ლენგის შემოსევების დროისათვის შავბატკნიანთა ხელისუფლების ქვეშ იყო არჭეშის, ხუთის და ბაღეშის საამიროები.
33. ჭაპხური - ჭაპაღური - არაწანის (აღმოსავლეთ ევფრატი, თურქ.- მურადი) მარვენა შენაკადი, რომელიც მუშსა და ხარბერდს შორის მდებარე ტერიტორიდან ჩაედინება არაწანში.
34. მუში - ქალაქი მდებარეობს მუშის ველზე, ტურუბერანის ნაჰანგში, კერძოდ ტარონის გავარში, მდ. არაწანის მარვენა ნაპირზე. IX საუკუნის ბოლოს და X საუკუნის დასაწყისში მუში ტარონის საიშხანოს ცენტრი და საკმაოდ დიდი ქალაქი იყო. ქალაქი კიდევ უფრო განვითარდა ილხანთა ბატონობის ხანაში, ვინაიდან ის სატრანზიტო სავაჭრო-საქარავნო გზაზე მდებარეობდა და დაკავშირებული იყო კილიკიის სავაჭრო ცენტრებთან.
35. ჩამონათვალში მოხსენიებულია ქაბერუნიქის, ხორხორუნიქის, ჰარქის გავარები და ამ გავარების მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები - არჭეში, ჰანაგაჰი, და მანაზკერტი.
36. წმ. კარაპეტის მონასტერი - სამონასტრო კომპლექსი, მდებარეობდა ქ. მუშის ჩრდილო დასავლეთით სეროხის მთების მერგემერად წოდებული ქედის განშტოებაზე. მონასტრის დაარსება დაკავშირებულია გრიგოლ განმანათლებლის სახელთან. სამუელ ანელის ქრონიკაში ასეთი ცნობა მოიპოვება „წმინდა კარაპეტი, მეტსახელად გლაკის მონასტერად წოდებული, წმინდა გრიგოლმა ააშენა, იმპერატორის მიერ მამამთავრად დადგინების შემდეგ, მოიტანა რა წმინდა კარაპეტის ნაწილები და დაასვენა იმ ადგილას“. მონასტერი ცნობილია გლაკის სავანის სახელითაც, ვინაიდან ზენობ გლაკი ამ მონასტრის პირველი წინამძღვარი ყოფილა. თომა მეწოფელთან მონასტერი წმ. კარაპეტის განსასვენებლად და ვარდაპეტ ზენობ გლაკის, ასურის, მონასტრად მოიხსენიება. შემორჩენილია მონასტრის კიდევ ერთი სახელი - „ცხრათვალა მონასტერი“. ამ სახელწოდებათა შორის ყველაზე ხშირად მონასტერი წმ. კარაპეტის სახელით იხსენიება. დღეს მონასტრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
37. ხასგეღი - სოფელი ტარონის გავარში.
38. არჭეში - ქალაქი დაარსებული უნდა იყოს ურარტუელთა დროს. მისი სახელწოდება დაკავშირებულია ურარტუელ მეფე არგიშტ II –ის სახელთან. არჭეში ვანის ტბის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა. ქალაქი განსაკუთრებით განვითარდა XI-XIII საუკუნეებში. არჭეშზე გადიოდა სატრანზიტო სავაჭრო გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განშტოება თავრიზ-მანაზკერტის მარშრუტი. ეს გზა XVI საუკუნეშიც ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას. თემურ-ლენგის შემოსევის დროისათვის არჭეში შავბატკნიანი თურქმანების სამფლობელოში შედიოდა.
39. ხიზანი - გავარი ტურუბერანის ნაჰანგში.
40. ხუთა - ტურუბერანის მთიანი გავარი.
41. შეიხი შარუ - თომა მეწოფელთან შეიხი შარაფი ხუთის ამირა.
42. ვანდირის ანუ წმ. აღბერიკის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ტურუბერანშიიი ხუთის გავარში. მისი დაარსება უკავშირდება წმ. თადეოზისა და გრიგოლ განმანათლებლის სახელებს. სახელწოდება წმ. აღბერიკი (წყარო) კი სავარაუდოდ იქვე ახლოს მდებარე წმ. თადეოზის წყაროს გამო მიიღო. ამ მონასტრის სიწმინდეთა შორის მოიხსენიება იაკობ მოციქულის მიერ ნაკურთხი ვარი და ქრისტეს სამსჭვალები.
43. ლაზარეს ანუ მოციქულთა მონასტერი - მდებარეობს ქ. მუშიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეს მონასტერიც რამდენიმე სახელით არის ცნობილი. ყველაზე უფრო ხშირად მას მოიხსენიებენ მუშის წმ. მოციქულთა ან თორმეტ მოციქულთა მონასტრის სახელით. ეწოდება აგრეთვე „მთარგმნელთა მონასტერი“.
44. ფირ-ჰასანი - ყარა-ყოინლუს ერთ-ერთი ტომის ბელადი. თომა მეწოფელის მიხედვით ის და მისი ვაჟი ბაირამი ქრონიკაში აღწერილი ამბებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ყარა-მაჰმადს მოუკლავს.
45. ბაღეშის საამირო მდებარეობდა ტურუბერანის პროვინციაში, და შედიოდა შავბატკნიან თურქმანთა სახელმწიფოს (1380-1469) შემადგენლობაში.
46. ამირა შარაფი - ბაღეშის ამირა.
47. არწკე - ქალაქი ტურუბერანში, ბზნუნიქის გავარში.
48. ქრონიკის ეს მონაკვეთი ადასტურებს შუა აზიაში, სომხური კოლონიის არსებობას და მის წარმოშობას უკავშირებს ვასაკ სივნიელის სახელს, რომელმაც მოღალატის როლი ითამაშა 450-451 წლების აანყებაში. ქრონიკის მიხედვით ეს ამბავი შაპუჰის მეფობისას ხდება, რაც აშკარა აღრევაა. სინამდვილეში სპარსეთში ამ დროს მეფობდა იეზდიგერდ II (438-457).
49. სმბატ ბაგრატუნი - VI-VII საუკუნეების მინის ცნობილი სომეხი პოლიტიკური მოღვაწე, სმბატ ვრკანის მარზპანი, რომელიც ხოსრო II-ის დავალებით აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-სომხურ საეკლესიო ცილობაში. სებეოსიდან მოყოლებული, რომელიც ყველა სხვა ომეხ ავტორზე უფრო ვრცლად მოგვითხრობს სმბატის შესახებ, რომელმაც ვრკანში ჩასვლისას იქ ენა და სარწმუნოებადავიწყებული სომეხი მოსახლეობა ნახა, და მათ გასამხნევებლად აბელ ხუცესი დაუდგინა ეპისკოპოსად, მსგავს ცნობას ბევრ სომეხ ისტორიკოსთან ვხვდებით. ამ ცნობებში სმბატი უფრო ხშირად თავისი ნამდვილი ტიტულით - „ვრკანის მარზპანად“ - მოიხსენიება თუმცა არის რიგი წყაროებისა (უხტანესი, ასოღიკი), სადაც სმბატი „სომეხთა მარზპანადაც“ მოიხსენიება. სომხეთში მისი მოღვაწეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად უხტანესი ამბობს, რომ სმბატი არის „მფარველი და შემწე, მინდობილი ღმერთს და გამხნევებული ღმერთით; რომელმაც მაშინ სომხეთში უხელმწიფობისას შეავსო მეფისა და პატრიარქის უყოლობა“. მაგრამ მეფედ იგი არსად მოიხსენება. XIV საუკუნის ქრონიკის მიხედვით კი ისე გამოდის, თითქოს 602 წელს ხოსრო II-მ სმბატ ბაგრატუნი გაამეფა. ამის შემდეგ ის წასულა ვრკანში და იქ მცხოვრები სომხებისათვის აბელ ხუცესი დაუდგენია ეპისკოპოსად.
50. აშკარა აღრევაა სამარყანდისა და საგასტანის (ავღანეთსა და ბელუისტანს შორის მდებარე საკასტანის ანუ სისტანის) ოლქის გაიგივება. საგასტანის ოლქი 1383-1384 წლებში დაიპყრო თემურ-ლენგმა.
51. ვანი - ტურუბერანში ვანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი. თემურ-ლენგის პირველი შემოსევის დროისათვის ქალაქი ქურთ ამირა ეზდინს ეკუთვნოდა. თემურ-ლენგმა ვანი 26 დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ 1387 წლის სექტემბერში აიღო და სასტიკად გაუსწორდა მოსახლეობას. სამუელ ანელის გამგრძელებლის მიხედვით ციხის კედლებიდან გადმოყრილ ადამიანთა რაოდენობა 7000 იყო.
52. სებასტია - სივასის ანტიკური სახელწოდება. ქალაქი მდებარეობდა სულთანია - თავრიზი - კონიის მნიშვნელოვან სავაჭრო საქარავნო გზაზე და მცირე აზიის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქსა და მსხვილ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. XIV საუკუნის მიწურულისათვის სებასტია თურქ-ოსმალთა სამფლობელოში შედიოდა. 1400 წელს თემურ-ლენგმა ალყა შემოარტყა ქალაქს. ოსმალოთა დამხმარე ძალის დაგვიანების გამო, ქალაქის დამცველები იძულებული შეიქნენ მოლაპარაკება გაემართათ თემურთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქალაქი დანებდებოდა და გარკვეული რაოდენობის ოქრო-ვერცხლს გადაუხდიდა თემურს, ხოლო ეს უკანასკნელი მოსახლეობის სისხლს არ დაღვრიდა. სებასტიელებმა პირობა შეასრულეს. თემურ-ლენგმაც არ დაღვარა მათი სისხლი, მაგრამ ქალაქის მცხოვრებნი ცოცხლად დამარხა. შერეფ ად-დინ ალი იეზდის ცნობით ცოცხლად დამარხულთა რაოდენობა 2000 იყო, თომა მეწოფელის მიხედვით კი - 4000. იგი წერს, რომ დამარხულებს წყალი დაასხეს და ნაცარი მოაყარეს თანაც ამბობდნენ: „ისინი ორთქლივით არიან და გაზაფხულის დამდეგს აორთქლდებიანო“. ამის შემდეგ კი გაძარცვა და დაანგრია ქალაქი.
53. ბურსა - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში. დააარსა ბითინიის მეფე პრუსია II-მ ძვ. წ. II საუკუნეში და პრუსა უწოდა. შედიოდა ჯერ რომის, შემდეგ ბიზანტიის იმპერიაში. 1326 წელს ათწლიანი ალყის შემდეგ ის აიღეს ოსმალო თურქებმა და თავიანთ დედაქალაქად აქციეს. ზოგი წყაროს თანახმად 1365 წელს მურად I-მა ოსმალთა პოლიტიკური ცენტრი ედირნეში (ადრიანოპოლისში) გადაიტანა. სხვა ცნობებით კი ბურსიდან დედაქალაქი 1402 წელს გადაუტანიათ. თემურ-ლენგმა ბურსა ანკარის ბრძოლის მოგების შემდეგ 1402 წელს აიღო. ქრონიკაში ქალაქის მოხსენიება მხარს უჭეერს იმ წყაროთა მონაცემებს, რომელთა მიხედვით ბურსა 1402 წლამდე რჩებოდა ოსმალთა დედაქალაქად.
54. თემურ-ლენგსა და ბაიაზეთ I (1389-1402) შორის გადამწყვეტი ბრძოლა 1402 წლის 28 ივლისს გაიმართა. ბაიაზეთის მიერ ბრძოლის წაგების ერთ-ერთ მთავარმიზეზად ისტორიკოსები წყლის მარაგის უქონლობას მიიჩნევენ. ბრძოლა ანკარის მახლობლად კუბუკის ველზე გაიმართა. ეს ტერიტორია მდინარე კუბუკ-ჩაის წყლით მარაგდება. თემურ-ლენგი ამ ველზე უფრო ადრე მივიდა. ოსმალო თურქებთან ბრძოლის მოლოდინში იგი მდინარის ზემოწელში დაბანაკდა და წარმატების მისაღწევად განსაკუთრებული თადარიგი დაიჭირა. თემურ-ლენგმა დამბებისა და ხელოვნური არხის საშუალებით მდინარეს კალაპოტი შეუცვალა და წყალი მდინარის მარვენა სანაპიროზე მდებარე რეზერვუარში ჩაუშვა. ასე რომ, ბაიაზეთის უზარმაზარი ლაშქარი, რომელიც მდინარის ქვედაწელში განთავსდა, ბრძოლის დღეს წყლის მარაგის გარეშე აღმოჩნდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий