воскресенье, 14 января 2018 г.

ტომაზო მინადოის (1549-1615) ცნობები საქართველოს შესახებ.

        ვენეციელი დიპლომატი (პროფესიით ექიმი) ტომაზო მინადოი წიგნში „ისტორია ომისა ოსმალთა და სპარსელთა შორის ოთხ წიგნად აღწერილი“ წერს, 1578-1590 წლებში მიმდინარე სპარსეთ-ოსმალეთის ომზე, რომელშიც უძვირფასეს ცნობებს იძლევა საქართველოს ისტორიისთვის. ცნობილია, რომ ის ერთხანს ალეპოში ცხოვრობდა და თავისი მოვალეობიდან გამომდინარე, ურთიერთობა უხდებოდა ბევრ ადამიანთან. ერთგან ავტორი აღნიშნავს: „არა ერთმა, არამედ ჩემთან ახლოს მყოფმა და სამკურნალოდ მოსულმა რამდენიმე ქართველმა დამიმოწმა“ აღწერილი ამბის სისწორე. ამდენად, მინადოი სხვადასხვა წყაროების მეშვეობით მიმართავდა ინფორმაციის გადამოწმებას. მინადოის წიგნი 1587 წელსვე გამოიცა.
***
    …სულთანს ვეზირი მეჰმედი (Mahamet Visier), უდავოდ ღირსეული, მმართველობაში გამოცდილი, [სულტანს] ურჩევდა, რომ უფრო ადვილი და უმჯობესი იქნებოდა უშიშარი მოქმედება სპარსელების წინააღმდეგ, ვიდრე ქრისტიან უფლისწულებთან; რადგან შუღლი, რომელიც სპარსეთის სამეფოსა და სეფიანთა იმპერიის ახალი მემკვიდრის პირობებში სუფევდა, როცა ბრძოლა მიმდინარეობდა მთავრობაში, [ეს] იძლეოდა გამარჯვების [შანსს] და ამიტომ ომი ქრისტიან მთავრებთან უსარგებლო იყო. სწორედ ამის გამო არ უნდა გაეჩაღებინათ მათთან ომი. ორივე მოწინააღმდეგის ძალები მრისხანე იყო, ერთისა – ზღვაზე და მეორისა – ხმელეთზე; მაგრამ ეს იქნებოდა ომი ყველა ქრისტიან მბრძანებელთან; ეს მბრძანებლები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის უკან მან გაანადგურა ჯარი და სამას გალერზე მეტი, ხოლო შემდეგ მათ იგი განალაგეს თანაბრად გრძელ მწკრივად, და ეს იყო მცირე რამ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მათ უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც უნდოდათ.
    ასეთი რჩევებისა და სხვადასხვა მსჯელობის შედეგად, ბოლოს და ბოლოს, ყველა შეთანხმდა, რომ გაცილებით უმჯობესია ომი აზიაში, ისრებისა და მახვილების წინააღმდეგ, საიდანაც ზიანი ნაკლები იქნება, ვიდრე – ევროპაში, ღორმუცელა ტომებთან, ისრების სეტყვის წინააღმდეგ, სადაც აღმართულია მანქანები და სიკვდილის იარაღები; მხოლოდ ორი სირთულე იყო საერთო: ერთი იყო მანძილი და მეორე, უფრო მთაგორიანი ადგილები, სადაც მათ უნდა გაევლოთ ცხენებით, აქლემებით, არტილერიითა და მთელი აღჭურვილობით, კერძოდ კი, საქართველოს გავლით, რომელიც გარემოცულია მიუვალი მთებით, ხშირი ტყეებით, სადაც მტერს შეეძლო, თუ მოისურვებდა, დაეკავებინა ხელსაყრელი ადგილი საფარისათვის და გადაეჭიმა უდიდესი ხაფანგი, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა გაევლოთ [თურქებს]; ასევე მნიშვნელოვანია ფული, რომელიც სხვებს შორის წამოაყენა სინან ფაშამ, რათა ახალი ქვეყნის დაკავებისას გაეთვალისწინებინა [ბრძოლით] მოპოვებულის შენარჩუნება; რომ აუცილებელია ციხესიმაგრის პოვნა, რომლის შესანახად საჭირო იყო სახსრები, როცა იქ ჯარს ჩააყენებდნენ; ასევე საჭირო იყო საწყობები, რომლის გარეშე ჯარისკაცები თავს დაცულად ვერ იგრძნობდნენ. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, რომლებიც მთელი სისავსით არ იქნა დაყენებული და გათვალისწინებული, იმავე მეფეს [სულტანს] უთხრეს, თითქოს ყოველივე საკმარისი იყო ყიზილბაშთა სამეფოს დასაპყრობად; თითოეულმა ეს ძალიან მარტივად წარმოადგინა და დაჰპირდნენ უეჭველ გამარჯვებას. უწინარეს ყოვლისა, მუსტაფა ფაშა დიდი გამბედაობით დაჰპირდა [სულტანს] დაპყრობებსა და დიდებულ გამარჯვებებს. ამ მხარეში ლათინთა ღირსება აღარ შემორჩა, ხსენებულ კუნძულზე [კვიპროსი?] ომის შედეგად და, განსაკუთრებით, დასახელებული ქალაქის დაპყრობის გამო; ძალა, ჯარი და მამაცობა ქართველებისა და სპარსელებისა, ბოლოს და ბოლოს, აზიის ამ ომში ყველაზე საიმედო იქნება, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ევროპაში.
    საქართველოს, შირვანის, დიდი მიდიის სომხეთის ნაწილის მიმართ, რამდენადაც აუცილებლობა იქნება ჩვენი დაინტერესებისა, დიდ ძალისხმევას გამოვიჩენთ, რათა მათ შესახებ ინფორმაციები მოვაგროვოთ. საქართველო არის [სპარსეთის] პროვინცია, რომელსაც ძველად იბერია ერქვა და ის დასავლეთში კოლხეთით ბოლოვდებოდა, რომელსაც დღეს სამეგრელო ეწოდება. აღმოსავლეთშია მიდია ატროპატია (Media Atropatia), რომელსაც დღეს (როგორც უკვე ვთქვით) შირვანი ჰქვია; ჩრდილოეთით ალბანეთია, ახლა ეწოდება ძუირია (Zuiria). დიდი სომხეთიდან სამხრეთს ახლა ეწოდება თურქომანია (Turcomania), რომლის ნაწილსაც იკავებს, ამიტომ იბერია და სომხეთის ნაწილი საქართველოს სახელწოდებით ერთიანდება. მი- სი [საქართველოს] დიდი ნაწილი მთაგორიანია, სავსეა ტყით, კლდეებითა და ნანგრევებით, ბლომადაა აბრეშუმი, ხილი, მტაცებელი ცხოველები და შევარდნები.
სტრაბონის დროიდან ცნობილია ის მდინარეები, რომლითაც იგი ირწყვება, მაგრამ ძირითადია მისი გულ-მკერდის არტერია, მდინარე არასსე (Arasse – არაქსი, - ავტ.). ეს მდინარე [არაქსი] სათავეს იღებს ტაუროს (Tauro) მთის იმ ნაწილში, სადაც პერიარდო (Periardo) მთა აბოს (Abo) ფერდამდე აღწევს და მიედინება აღმოსავლეთით სერვანის (შირვანის) საზღვრამდე. აქ იგი უხვევს დასავლეთით ჩრდილოეთის მხარეს, სადაც უერთდება ჩიროს (კიროს, მტკვარს, - ავტ), შემდეგ მიემართება სომხეთის ქალაქ არტასატაში (Artassata – არტაშატში), რომელსაც ამ ცნობილ ომში რეივანს (Reivan – ერევანი) უწოდებენ, მიედინება სომხეთში და ეშვება არასენას (Arassena) დაბლობზე (რომელიც შეიძლება იყოს კალდარანად (Caldarana) წოდებული სოფელი) და ჩაედინება კასპიის ზღვაში, რომელსაც ახლა უწოდებენ კორაზუნს (Corazun) და ბაკუს (Baccu). აქედან სამხრეთით არის სომხეთი, ჩრდილოეთით სერვანია (Servania – შირვანი), რომელზეც საუბარია ერასის (Eras) ცნობილ წიგნში, რაზეც თავისთავად იქნება ნათქვამი. ეს ძალიან დიდი და ღრმა მდინარეა, მაგრამ ახლა იგი არ არის ისეთი საოცარი, როგორც მის შესახებ წერდა ჰეროდოტე. ასევე, ძალიან ძნელია გავიგოთ, რას წერდა მასზე თავის კურსში დ. კურტიო (Curtio – კურციო), კიდევ უფრო ნაკლებად ესმის ეს ნადელ დე კონტის (Nadal de Conti) თავის ისტორიაში.
    ჩირო (Ciro, კირო, მტკვარი) ასევე სათავეს იღებს იმავე ტაუროს (Tauro) მთიდან, შეიძლება სომხეთიდანაც, ეშვება საქართველოს დაბლობზე, რომელსაც ერთვის სხვა დიდი მდინარეები და ასევე იიც ჩაედინება კასპიის ზღვაში. სოფელში მცხოვრებლებნი ახლა მას [ჩიროს, მტკვარს] მათ [საკუთარ] ენაზე უწოდებენ სერ-ს (Ser) და თურქები კიურ-ს (Chiur) [Questo paesani ora chiamano Ser nel loro linguaggio et Turchi Chiur] და სხვა იგივე ხალხი შესაბამისად არასად იხსენიებენ. იმ ნაწილში, სადაც არასი (არაქსი) მიდია ატროპატიასა და სომხეთს შორის ღრმავდება, მას უერთდება სხვა მდინარეები, რომლებიც სათავეს იღებენ იმავე სომხეთის რეგიონში, რომელთა შორის ისტორიაში ცნობილია კანაკი (Canac). ის აქ ქმნის თითქმის ნახევარკუნძულს ქალაქ ერესის (Eres) გამოღმა და უერთდება მდინარის კალაპოტს არასთან, როგორც ეს თავის ადგილას ითქვა.
ამ პროვინციაში [საქართველოში], ისე, როგორც მჭიდროდ დასახლებულ და დამუშავებულ, ასევე დაუმუშავებელ და მთიან ნაწილში მრავალი გრაფი, ჰერცოგი და სენიორი ცხოვრობს. აქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი ქრისტიანია, თუმცა იცავენ და მისდევენ ბერძნულ სქიზმას. ისინი ტანადობით არიან ძლიერნი და ღონიერნი, ხასიათით – შეუპოვარნი. ამ პროვინციის (ბევრს აქვს საგრაფო და სხვადასხვა სახის მამულები) ძლევამოსილი მთავარია ქვრივი და მისი ვაჟიშვილები – მანუჩარი და ალექსანდრე.
    ლაუასაპის (Lauassap – ლუარსაბის) შვილებს დავითი და სიმონი ჰქვიათ: ლევანტოღლის (Levantogli – ალექსანდრე კახთა მეფე) სოფლის მცხოვრებლები სკენდერს (Schender) ეძახდნენ, ჩვენებურად კი ალესანდროა (Alessandro), ზეწოდებით დიდი: ჯუზუფი (Giusuf – იოსები) უკვე გორის (Gori – გიორგის?) შვილია: მოხუცი საჰამალი (Sahamal – შამხალი), უკვე ვახსენეთ, როცა ვწერდით აიდერის (Aidere) გარდაცვალების შესახებ: მეექვსე – ბაშიაჩუკია (Bassacchiuc). საჰამალის (Sahamal) ქვეყანა მდებარეობს შირვანსა და ალექსანდრეს ტერიტორიებს შორის, ტომობრივად უფრო ალბანურია, ვიდრე იბერიული და ჰყავს ვაჟიშვილი, რომელმაც შემდეგ წარმატებას მიაღწია, როცა ოსმან ბასსა (Osman Bassa) გაძევებული იქნა მთაში, რომელსაც თურქები ბრუსს (Brus) უწოდებენ და რომლის მწვერვალი მუდმივი თოვლითაა დაფარული და ჭაღარაა. რაკი ბუნებით ქართულია, [რაკი ბუნებით ქართველებს ჰგვანან, ავტ.], ირჩიეს სეფიანთა რწმენა, ფულით ღარიბნი არიან, მაგრამ ზვავებისა და რყევების წინაშე მამაცები არიან.
    მას [შამხალს] აქვს რამდენიმე ქალაქი, მაგრამ მათ ღირსეულ ქალაქს ვერ უწოდებ. ასევე უპყრია რამდენიმე ციხესიმაგრე და მოკრძალებული სოფელი, სადაც ველური ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მისდევენ ძარცვასა და რბევას. ჯუზუფს (Giusuf) ნამდვილი ადგილი აქვს, ეროვნებითა და რწმენით ქართველია, მაგრამ მიატოვა ქრისტეს სახელი, უღალატა ბერძნულ სარწმუნოებას და ნებით გახდა თურქი [მუსლიმი]. ის ფლობს გორის რეგიონს, რომლის ტერიტორია დასავლეთით ესაზღვრება ბაშიაჩუკს და ამ უკანასკნელისაგან გამოყოფილია ესეკკიას (lago d’Essecchia) ტბითა და აღმოსავლეთში დარუბანდის შემოგარენით (contado di Derbent). გონებაშეზღუდული ოსმან ფაშას მხრიდან გარკვეულ მდგომარეობამდე მიყვანის შეცნობამ და მთელი ჯარის მიერ თბილისის ძარცვამ, ბოლოს და ბოლოს, მას მიაღებინა გადაწყვეტილება თურქი გამხდარიყო, რაზეც მოთხრობილი იქნება. ახლა ქვრივს ჰყავს უმცროსი შვ ლი, სახელად მანუჩარი, რომელზეც ვთქვით, რომ მუსტაფას წინაშე წარსდგა მორჩილების მისაღებად, ხოლო უფროსს ერქვა ალექსანდრე, რომლის შესახებ მაშინ ვიტყვით, როცა აღწერილი იქნება მისი უბადრუკობა.
    ქვრივს (იგულისხმება დედისიმედი) ხელთ უპყრია მრავალი ციხესიმაგრე, მაგრამ სამფლობელოს სათავეში ჩაუყენა უფროსი ვაჟიშვილი და მას დაუტოვა სახელმწიფოზე საყოველთაო ზრუნვა, რომელიც შემდეგ თაღლითური გზით მოატყუეს ამურატმა (Amurat – მურადმა) და ძმამ მანუჩარმა. დასავლეთით მისი ტერიტორია ესაზღვრება ყარსს (Chars), აღმოსავლეთით – ძმების, სიმონისა და დავითის ქვეყანას და ირწყვება მდინარით, რომელსაც თურქები უწოდებენ კიურს (Chiur – მტკვარს). იგი შესაძლებელია მდინარე ჩიროს (Ciro) რომელიმე განტოტებაა. თურქულ ენაზე ამ დომენის სამეფო სასახლეა ალთუნყალა (Altunchala), რომელსაც ჩვენს ენაზე ოქროს ციხე (Castello d’oro) ჰქვია.
    გარდა ამისა, არის კლისკა (Clisca), მოხერხებული და ღირსეული, და თურქულად ყარაკალა (Carachala), რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბნელ და შავ ციხესიმაგრეს; და როგორც თბილისის, ასევე ყარსის მხარის რეგიონი, რომელიც გარემოცულია მკაცრი პერიადროთი (პარიადრის მთიანეთით), ძალზე საშინელი ხშირი ტყეებით და სადაც ბატონთა ვილების, ასევე ციხესიმაგრეების იურისდიქცია სხვაგვარია, [თურქეთის] ჯარისათვის ყველა მიმართულებით მეტად საზიანო იქნება. ეს ალთუნყალა მდებარეობს შუაში და ჩინებულად დაცულია ბუნებრივად.
    ლუარსაბ ქართველთა, მისი სახელმწიფო, სიმონი და დავითი გავყვებით რა გზას ლევანტისკენ (აღმოსავლეთისკენ), უფრო სომხეთში [მოვხვდებით], ვიდრე იბერიაში, უკვე [განსვენებული] ლუასაპის (Lauassap – მეფე ლუარსაბ I, ავტ.) მხარეში [ქვეყანაში], [რომელიც] ახლა [ეკუთვნის] ორ ძმას – დავითსა და სიმონს, მამისეული სახელმწიფოს ღირსეულ მემკვიდრეებს და ბუნებით მამასავით გულადებს, თუმცა შემდეგში მათ, სიამაყით შეპყრობილებმა, სარწმუნოება შეიცვალეს, რითაც ქების ღირსი სახელი დაჩრდილეს. განსაკუთრებით [ეს ეხება] სიმონს, რომელმაც სპარსეთში ტყვეობის დროს სამხედრო საქმეში გამოცდილებით, პოეზიისა და ფილოსოფიის ღრმა ცოდნით შაჰ თამაზის ვაჟიშვილის, ისმაილის წყალობა და მეგობრობა დაიმსახურა. ამის შესახებ თავის დროზე ვისაუბრებთ. ზნეობა მათში შეიძლება ბრწყინავდა, მაგრამ ორივე ჩადენილი ცდომილების გამო დაიჩრდილა, რაც იყო მიზეზი, რომ ერთიცა და მეორეც მოკლებული აღმოჩნდა უფლებამოსილებას, სახელმწიფოს, ღირსებას და ყველაზე წმინდას, თვით დიდებულ ქრისტეს სახელს.
ორი ძმის – დავითისა და სიმონის ისტორია
    მათი მამა ლუარსაბი ჩვეულებრივად გარდაიცვალა და ანდერძით სამეფოს მემკვიდრედ დატოვა სიმონი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო წლოვანებით უფროსი, არამედ უფრო იმიტომ, რომ მისი ძმა დაუდი, სულწასული და მოძულე იყო ამ მემკვიდრეობისა, რომელსაც სწყუროდა ძალაუფლება და დიდება, ცდილობდა გაეძევებინა სიმონი სახელმწიფოდან და იარაღის ძალით გამოცხადდა იქ, სადაც მამის ნებასა და ბუნების კანონებს არ შეეძლო მისი [მეფობა] დაეშვა. და აი, გამოვიდა ასპარეზზე [დავითი], რომელსაც ახლდა ფათერაკების მაძიებელთა ხროვა, შფოთისა და აურზაურის მოსურნენი, მშვიდობიანი ცხოვრების მტრები. იგი ძმის, სიმონის კანონით კუთვნილი მიწების ყოველწლიური შემოსავლის მითვისებას შეუდგა, უსინდისოდ ისაკუთრებდა ყველაფერს და ამ ნადავლის ხარჯზე თავისი ბინძური დამქაშების გულს იგებდა და ახალ-ახალ მომხრეებს პოულობდა. ძარცვა [დავითის] ჯარისკაცებისა და მიმდევრებისათვის უფრო კეთილშობილი საქმე იყო და მისი არამზადა მეთაურები მთელ საქართველოს შიშის ზარს სცემდნენ. სიმონს ძალიან ეშინოდა თავისი ძმის, რომელიც საოცრად ბოროტი იყო და ამიტომ არ დარჩა რა მოქმედების სხვა საშუალება, დახმარებისათვის მიმართა სპარსეთის შაჰს, თამაზს, რომელსაც აცნობა საქმის ვითარება და დაცვა სთხოვა. თამაზმა დაუხანებლად დააკმაყოფილა სიმონის თხოვნა. მან 4 ათასი ცხენოსანი [რაზმი] გაგზავნა თბილისში თავისი ერთი სარდლის მეთაურობით, რომელსაც უბრძანა, რომ თუ სარწმუნოებას არ შეიცვლიდა, დავითი დაეჭირა და სპარსეთში ცოცხალი წაეყვანა. თუკი [დავითი] მოისურვებდა სარწმუნოების შეცვლას, მაშინ ის აღიარებული იქნებოდა თავისი ქვეყნის უფლებებში, როგორც კანონიერი ქვეშევრდომი და არა როგორც თავისუფალი მოხარკე. თუ დავითი ამას აირჩევდა, თავის სარდალს [შაჰმა] უბრძანა, მისულიყო სიმონთან, გადაეყენებინა [ტახტიდან], მაგრამ სარწმუნოების შეცვლა არ დაეძალებინა და მის ადგილზე დავითისთვის ჩაებარებინა ქვეყნის სადავეები. თუ სიმონიც მზად იქნებოდა დათმობაზე წასულიყო, მაშინ შაჰის სარდალს სიმონი დაეტოვებინა თავისი სამფლობელოს უფლებებში, ხოლო დავითი (როგორც უკვე ვამბობდით) ყაზვინში წაეყვანა.
    სპარსეთის [შაჰის] სარდალი საქართველოში წავიდა, იარაღის ჟღარუნის გარეშე, დაუყოვნებლივ შეიპყრო დავითი და მას თამაზის სახელით ულტიმატუმი წაუყენა, რაზეც ის დაუყოვნებლივ დათანხმდა, გამოიცვალა სარწმუნოება და წმინდა ნათლობა წინადაცვეთით შეიცვალა. ამას აკეთებდა რა უწყალოდ, მან ნებაყოფლობით მიუძღვნა თავი ცრუ მუჰამედს და უარყო (რისი დაწერაც გაოცებასა და შიშს იწვევს) სამყაროს მხსნელი. შემდეგ სპარსელი სარდალი მივიდა სიმონთან და უთხრა, რომ თამაზის განკარგულებით მოვიდა საქართველოში მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მისი ძმა, რომელიც მის მტრად იყო მიჩნეული, დააპატიმრა, მაგრამ მან არ უნდა გაიფიქროს, რომ შაჰ-თამაზი მას მაინც აპატიებს და შეძლებს გააგრძელოს თავისი სამეფოს მართვა, თუკი არ გამოიცვლის სარწმუნოებას და არ გახდება მიმდევარი იმავე წინასწარმეტყველისა და იმ კანონისა, რომელსაც შაჰი თამაზი ემსახურება და ემორჩილება; [მან] დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში მის ადგილს მისი ძმა დავითი დაიკავებს, რომელიც უკვე დათანხმდა შაჰის წინადადებას. სიმონი მწარედ ტიროდა თავისი ძმის შეცდომის გამო და ვიდრე ოდესმე, უფრო მტკიცე და უცვლელი [დარჩა] ქრისტეს უწმინდესი სახელისადმი. მან უარი თქვა ამქვეყნიურ სამეფოზე, რათა არ დაეკარგა ზეციური სამეფოს იმედი და მეფე (სიმონი) დაატყვევა იმან (შაჰმა), ვისაც მან დამცველად უხმო. დაუდხანმა (ადრე დავითად წოდებულს ახლა ასე ეძახიან) თავისი მკრეხელური ბაგით წაიჩურჩულა სპარსელთა ღვთის დასაგმობი ჩვეული [ფიცი], [შეუსრულეს] წინადაცვეთა, ჩააცვეს უცხო ქვეყნის ტანსაცმელი და თამაზის სახელით დაადგინეს არა მეფედ ან დუკად, არამედ თბილისისა და მისი მხარეების ხანად.
    საბრალო სიმონი წაიყვანეს თამაზთან, რომელიც დიდი დაჟინებით თხოვდა, რომ მიეღო სპარსული რჯული. ის არ ღალატობდა თავის მშობლიურ რწმენას და ამიტომ გაგზავნეს კაჰაკას (Cahaca) ციხეში, სადაც გადასახლებაში ცხოვრობდა შაჰ თამაზის ერთ-ერთი შვილი, ისმაილი, რომელიც შემდეგ მეფე [შაჰი] გახდა. ის [სიმონი, - ავტ.] საპყრობილეში დროებითი ცხოვრებით უფრო კმაყოფილი იყო, ვიდრე რომ უარეყო ქრისტეს სარწმუნოება (თუმცა მასში სქიზმით ცხოვრობდა), რათა არ მოემზადებინა [თავისთვის] სამარადისო ბორკილები, ჯოჯოხეთში ბრმა და საუკუნო ტყვეობა. იმ წარმატებიდან, რაც მოჰყვა საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად ბარბაროსთა მოხმობას, ნათლად გამოჩნდა, რომ მეტად საეჭვოა, არასარწმუნოა და უფრო გაურკვეველი და მკრეხელურია, ვიდრე რწმენა და შეპირება იმათგან, [რომელთაც უნდათ] სხვას წაართვან ქვეყანა, შეუძლიათ ყოველი უტიფრობა, თავხედობა და ბოროტმოქმედება.
თბილისში შემავალი მხარეები
    გავაგრძელებთ იმ მხარეების აღწერას, რომელიც ამ ორ ბედკრულ მემკვიდრეს ეკუთვნოდა. უმთავრესად თბილისს დაქვემდებარებული ქალაქებია: ლორე, თომანისი (Tomanis – დმანისი), კიერესი (Chieres), გურჯი ყალა (Giurgi Chala) და სხვა მრავალი ციხესიმაგრე და სოფელი. სამეფო სასახლე მუდამ თბილისში იყო. მის გვერდით დღეს ჩვენ ვხედავთ სამეფოს ამ ნაწილის სამეფო აკლდამებს. ეს ძლიერი მხარეა, მიედინება ორი პატარა მდინარე, რომელიც ეშვება რომელიღაც ახლო მთებიდან, რწყავს ამ მხარეს და ჩაედინება მახლობელ არასში (არაქსში) და ამ პატარა მდინარეს თურქები ეძახიან კიურს (Chiur – მტკვარი). შესაძლოა ვირწმუნოთ, რომ ეს რეგიონი ირწყვება მდინარე ჩიროს (Ciro – მტკვარი) რომელიღაც განშტოებით. სომხეთის მხრიდან სამხრეთის მიმართულების მხარეს, სადაც თომანისია (Tomanis – დმანისია) არის მთების ძალიან ვიწრო ღიობი და უღრმესი ხეობა, რომელშიც ხსენებული მდინარე არასსე (არაქსი) ძალიან სწრაფი მორევით ქმნის ვარდნილებსა და უფსკრულებს, მთებს შორის ვიწრო გასასვლელში გამაყრუებელი ხმაურით ძირავს ქვებსა და ყველაფერს, რაც მასში ცვივა. მთებს შორის, ზემოხსენებული მხარის ვიწრო გასასვლელში, გადაშლილია შავბნელი ტყე, რომლის მდუმარებას არღვევს მხოლოდ ან ქარის ჩურჩული, ან რომელიღაც თვალბედითის ყვირილი, რომელიც ყარიბებს აშინებს. შემდეგ დასავლეთის მხრიდან მას აქვს პერიადროს (Periadro) ურთულესი ციცაბო დაღმართის გასასვლელი, რომელიც საზღვრავს ქვრივის (დედისიმედის) [სამფლობელოს] და განსაკუთრებით საშიშია და სავსეა ათასი უხერხულობით; და შემდეგ არასსე (არაქსი) უფრო დაბალ და ღრმა დაბლობზე, ასევე მრუდე წრეებით, მას აქცევს ყველასთვის უვიწროეს და არასახარბიელო გადასასვლელად. ბორეას (Borea) მხრიდან ის გრძნობს სიმკაცრეს და კავკასიიდან უბადრუკობას და ამ ნაწილიდან თურქებს არ შეუძლიათ შევიდნენ ამ რეგიონში, ვიდრე ისინი ქალაქ დარუბანდს ხელთ არ იგდებენ. სამყაროს ამ სამი მხრიდან ოსმალებს ამ ქვეყანაში გზა ხსნილი ჰქონდათ, ე.ი., კოლკოდან (Colco - კოლხეთი), პერიადროდან (Periadro) და სომხეთიდან. ბუნება თითქმის წინასწარმეტყველებდა თურქების მძვინვარებისაგან კატასტროფულ ქარიშხალს და ხრიკების არმცოდნე ხალხის არარსებობისას, თავის კეთილმოსურნეობას ცვლიდა, რომ ჩაევლო ბრჭყალები და გამოეყენებინა სხვა მსგავსი მანქანები, რათა დაეცვა ქვეყანა უცხო ხალხისაგან. საქართველოს ამ ვიწროებიდან ოთხი შესასვლელის სახელია მოხსენიებული და მგონია, ეს ნათლად გადმოგვცა სტრაბონმა მეორე წიგნში, სადაც ის ასევე წერდა იმაზე, რომ პომპეუსი და კანიდიო წერენ ჯარის [შესასვლელ] ორ ღიობზე ამ პროვინციაში. თურქების მიმდინარე წლის ომში, ამავე დროს შევეცდები მოვძებნო ორივე ერთდროულად; რომ ვნახე კოლკოში (Colco) მთავარი შეიარაღების ზღვით გაგზავნა მდინარე ფაზისის შესართავში; ალბანელთა მხარეს შირვანში სათავეში ედგა აბდილჰირაი თათარი (Abdilchirai Tartaro); და ამ ორი ვიწრობით დაიძრა მთელი ჯარი, როგორც ამის შესახებ თავის ადგილას დავწერთ.
ბაშიაჩუკი და მისი ქვეყანა
    მივდივართ რა ჩრდილოეთის მიმართულებით ესსეკიას (Essecchia) ტბის (რომელიც შესაძლებელია ლიკნიტიდეს (Licnitide) ჭაობი იყოს) გამოღმა, ხელახლა ვხვდებით ბაშიაჩუკის ქალაქის რამდენიმე ციხესიმაგრეს და დიდი ხნის წინათ უფლის მიერ დადგენილ ბაშიაჩუკის ქალაქს. ესენი ყოველთვის მეტად სოფლური და ინკუსტრირებული იყო, რომელსაც არ გააჩნდა მოწესრიგებული ქუჩები, რის გამოც იგი თურქების ჯარისათვის საკვამლე მილს წარმოადგენდა და სხვებთან შედარებით ნაკლებად განიცდიდა შემოსევებს. მრავალი აშლილობები და მის მეზობლებს შორის დიდი მოძრაობები, ასევე ბუნებისაგან ბოძებული სპექტაკლები ამ ომის სასწაულებს წარმოადგენდა. შესვენება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მას არ ახარებდა, თუ თათრები ხელიდან არ გაუშვებდნენ ამურატისადმი (Amurat - მურადისადმი) მიცემულ დაპირებას. ჰქონდა რა ამ რაიონებში ერთეული მსხვილი ღონისძიებები და ასევე წარუმატებლობები ოსმან ფაშას. ხალხის ენაზე სკენდერად (Schender) წოდებულს, ჩვენთვის ალექსანდრეს, შვილს, იესეს, აქვს თავისი ქვეყანა რეივანსა (Reivan - ერევანსა) და შირვანს (Sirvan) შორის დმანისის (Tomanis) საზღვრებს გარეთ. იგი განლაგებულია დიდ სომხეთში ატროპატიას (Atropatia) საზღვარზე, მაგრამ უფრო ქართულია და იბერიას ეკუთვნის. იარაღის ნაცვლად ის [ალექსანდრე] უცვლელად იყენებდა მათი თხოვნის საფუძველზე ძღვენს, ვიდრე ერევნისა და თბილისის შესასვლელი გადაეცა, ასევე აღმოაჩინა რა სპარსელთა გარეგნული გაშმაგება, მან თურქებისათვის კარგი არაფერი გააკეთა, გარდა მდიდარი და უხვი საჩუქრების ბოძებისა და ეს მაშინ, როცა მტრობა და მეგობრობა თანაბარად იყო.
ლევანტოღლის ქალაქი
    მას [ალექსანდრეს] აქვს თავისი სასახლე ზაგენი (Zagen – ზაგემი), რომელიც მეორეა აბრეშუმის წარმოებაში, აქვს გრინი (გრემი, ავტ.) და სხვა სოფლები და ციხესიმაგრეები და დღეს ყველა ქართველს უსწრებს სიმდიდრითა და ფულით. იგი ასევე სარგებლობს დიდი სიმშვიდით. ის [ალექსანდრე] სპარსეთის ტახტისადმი დიდი ერთგული იყო, რადგან თამაზი ცდილობდა მისთვის უსამართლოდ წაერთმია ქვეყანა და მის ადგილას მისი ძმა იესე დაედგინა, რომელიც გამაჰმადიანდა, ერთგულებდა თამაზს და ნაკლებად ელოდა რა სპარსელთა დახმარებას, დაადგა ლოდინისა და ნეიტრალურ გზას, რათა მიჰყოლოდა მოვლენებს და გამარჯვებულს დამორჩილებოდა ძლიერის სახელით. ასეთია დღეს საქართველო.
    სამეფოს წიაღში ეს იყო თურქმენი ხალხის სამეფო, რომელიც დიდ ძალას შემატებდა [სპარსელთა ჯარს], თუ მათ მიემატებოდა, რაც ჩვენ აღვწერეთ ისტორიის მეოთხე წიგნში. შირვანის სამეფო უკვე განადგურებულია, ასევე ქალაქი შემახა (Sumachia), არეში (Eres), შაქი (Sechi - შაქი), დარუბანდი და სხვები, რომლებიდანაც ყველა მათგანმა ადამიანთა გონივრული რაოდენობა გამოიყვანა, როგორც ერევანში, თბილისში და საქართველოს სხვა მიწებიდანაც. ომის შემთხვევაში არ უნდათ სომხეთის გაცვლა. ასე რომ, ბევრ დამხმარე საშუალებას მოკლებული აღმოჩნდა სპარსეთის სამეფო. იგი ახლა ომს აწარმოებს სუსტი ძალებით, რომელზეც ისინი თითქმის არ საუბრობენ. ახლა ისპაანის ტერიტორიიდან ფულის გადახდის შემდეგ შეიძლება გამოიყვანოს 8 ათასი ცხენოსანი მეომარი; ბარგოდან (Bargo) – 2 ათასი; კასსანიდან (Cassan – ქაშანიდან?) – 4 ათასი; სევადან (Seva) – ათასი; სულთანიედან – ათასი; ყაზვინიდან – 12 ათასი; არდებილიდან – ათასი; შირაზიდან – 8 ათასი; თავრიზიდან (Tauris) – 4 ათასი; ყუმიდან და ქუჩუკ თავრიზიდან (Cum et Cuchiuc Tavris) – 2 ათასი; საქართველოდან და მისი დანარჩენი ნაწილიდან – 4 ათასი.
    მიმდინარე საუკუნეში სპარსეთში ორ მილიონ ოქროზე მეტი შევიდა. ამაში ჩვენ ვერ ვხედავთ თამაზის მრეწველობას. თუკი ეს იყო, შესაძლოა, შეუმჩნეველი დარჩათ ხელქვეითებს. ამ დაცემის მიზეზი, როგორც ჩანს, მდგომარეობდა ბევრი მხარის დაკარგვაში, რომელიც სულეიმანმა დაიპყრო, განსაკუთრებით, მესოპოტამია და ასირია, ერზერუმის გარდა, და ქართველი ხალხისა და სამეფოს სხვა ხალხის მიერ ხარკზე უარის თქმა.
    მანუჩარ ქართველის მიღების შემდეგ, სარდალმა მუსტაფამ მთელ ბანაკში ბრძანება გასცა, რომ დილისათვის დაბრუნებულიყვნენ ისინი მთებიდან; და უკვე ყველა მოემზადა, რათა სარდლის სურვილი შეესრულებინათ; მაგრამ უცებ ცა მოიღრუბლა, თითქოსდა დაღამდა, ქართან ერთად საშინელი წვიმა წამოვიდა, ჭექა-ქუხილმა შეარყია ჰაერი და თურქთა ჯარი ისევ დაღონდა; რადგან ოთხი დღის განმავლობაში ისეთი განუწყვეტელი და კოკისპირული წვიმა მოდიოდა, რომ გეგონებოდა, თითქოსდა ცა ზღვად იქცა და გადმოღვრას ლამობსო; მოვარდნილმა წყალმა უამრავი ადამიანი გვამად აქცია და გახრწნილი გვამისაგან სუნთქვა ჭირდა; და ამათ შორის წუმპეში [ეყარა] აქლემების, ცხენების, ჯორების ლეში. იღუპებოდა იარაღი, ტანსაცმელი, მუზარადები, კარვები, ყველაზე ფასეული ნივთები, მათი მორთულობები, საოცრებები და ჯარში ავადმყოფობა მძვინვარებდა. დაბოლოს წვიმამ გადაიღო, შეწყდა ჭექა-ქუხილი, მზე გამობრწყინდა და მუსტაფა მოემზადა, რათა თბილისისაკენ დაძრულიყო. რადგანაც მიწა ჯერ კიდევ იყო სველი და წვიმისაგან მეტად რბილი, აქლემებმა ვერ შეძლეს აკიდებული ტვირთის ზიდვა და ასეთივე მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ცხენები, რომელთაც არტილერია მიჰქონდათ. ჯარმა იმ დღეს დაბლობზე ვერ შეძლო წინ წაწევა ჩილდერ გიოლის (Chielder Giol – ჩილდირის, ჩრდილის) ტბის იქით, საიდანაც (თუკი მდინარიდან მანძილი და ახალი სახელი არ მოგვატყუებს) ევფრატი იღებს სათავეს. აქ ის [მუსტაფა] დახანდა, რათა მოეკაზმა ტანსაცმელი, იარაღი და სხვა ინსტრუმენტები და დამსახურებულად შეესვენა. [ჩილდირიდან გასვლის შემდეგ] მომდევნო დღეს თურქები შუადღისას მივიდნენ ციხესიმაგრესთან, რომელსაც არკიკელეკი (Archichelec) ჰქვია. ახლა ეს საქართველოს მხარეა, მაგრამ სულეიმანმა თამაზის წინააღმდეგ ომში მოიპოვა და აქამდე თურქები ფლობენ. აქ მუსტაფას საიმედო ციხესიმაგრის ხელშეწყობით, მოხერხებული საძოვრებით, შესაფერისი სიმშვიდით (რაკი მტრის მიწაზე მოუხდებოდა გავლა და ომი) სურდა გადაეხალისებინა მთელი ჯარი, აღედგინა სათანადო წესრიგი, გულდასმით მოეხდინა გადაადგილებები და აღმოჩნდა, რომ [ჯარის] რიცხვი 40 ათასამდე ფარგლებში შემცირდა. მათ შორის ცოტა როდი იყო დეზერტირი, რომელნიც ძნელად სავალი გზითა და ბრძოლით დაღლილნი, ღამით ჩუმად ტოვებდნენ ბანაკს და ბრუნდებოდნენ თავიანთ ქალაქსა და მყუდრო კერაში. აქედან ჯარი წავიდა და მეორე დღის საღამოს დაბინავდა ერთი ჭუჭყიანი ჭაობის გვერდით, რომელსაც თურქები უწოდებენ პერვანა ჯიოლს (Pervana Giol), რასაც ჩვენ ვუწოდებთ მონების ტბას (lago de Schiavi), ხოლო მომდევნო დღეს [ჯარი წავიდა] თრიალაში (à Triala), სადაც ჩვენ ვხედავთ დიდი ქალაქისა და მრავალი ეკლესიის ნანგრევებს, რომელთაგან ზოგიერთი ახლა უბადრუკ მდგომარეობაშია და მას ინარჩუნებენ რომაული წესის კათოლიკე მღვდლები.
    წინა დღეს თურქები თბილისის მაღალი და ძნელი მთის მწვერვალიდან [დაბლა] დაეშვნენ, დაიკავეს ქართული ციხესიმაგრე, თურქულად გურჯი კალად (Giurgi Cala) წოდებული, რომელსაც ჩვენ [ვუწოდებთ] ქართულ ციხესიმაგრეს. აქედან ისინი გაემართნენ და დაიკავეს რამდენიმე დაბლობი და მომდევნო დღეს მშვიდად მიადგნენ მდინარეს, რომელიც თბილისს ჩამოუდის. [თურქების მიერ] გავლილ გზაზე იმ ადგილიდან, სადაც ბანაკის დათვალიერება მოხდა, დასახელებულ მდინარემდე, [ქართველები] მათ კვალდაკვალ, ყოველგვარი საშუალებით უსწორდებოდნენ. ხოცავდნენ იმათ, ვინც შიმშილით შეწუხებულნი ლაშქარს ჩამოსცილებოდნენ და ჯარისა და პირუტყვისთვის საჭირო სარჩოს საშოვნელად ქართულ სოფლებში მიდიოდნენ. ამიტომ ზოგიერთმა ქართველმა მეთაურმა, როგორიცაა ჯუზუფი (Giusuf), დაუდი (Daut) და (როგორც ზოგიერთი ამბობს) ქვრივის უფროსი შვილი ალექსანდრე, თავიანთი მხარეებიდან შემოიყვანეს საკმაოდ ბევრი მებრძოლი, ფარულად აედევნენ თურქთა ჯარს, რადგან კარგად იცნობდნენ ადგილმდებარეობას, ელოდებოდნენ ფურაჟირებს ვიწრო გასასვლელებში, მოულოდნელად ესხმოდნენ თავს, ხდიდნენ ტანთ და ხოცავდნენ, ცხენოსანი იქნებოდა ეს თუ სულერთია, ყოველგზის უსიტყვოდ [თხოვდნენ] სარდალს, რომ დაეცვა ჯარისკაცები შიმშილისაგან და უზრუნველეყო ჯარი.
მუსტაფა თბილისში
    მუსტაფას თბილისის ციხესიმაგრე ცარიელი დაუხვდა, რადგან დაუდმა (რომელიც ეს-ესაა ვახსენეთ), გაიგო თუ არა თურქების მოსვლის შესახებ, სოფელს შეაფარა თავი და ეძებდა უკეთეს საშუალებას, რითაც შეძლებდა, შეენარჩუნებინა ხსენებული სიმაგრე, რადგან აუცილებელი იყო ღირსეულად ყოფნა. ამის გამო მის [თბილისის] დანგრევას მუსტაფამ ამჯობინა დაეცადა, რადგან სურდა, აღედგინა ძველი და დარღვეული კედელები, ექცია ისინი დიდ სიმაგრედ, რათა მას გაეძლო არტილერიის მომაკვდინებელი სროლებისთვის. [მუსტაფამ] ასე სამგლოვიარო მსვლელობით გაიარა, იქ [ქალაქში] განალაგა ასი ერთეული ქვემეხი, გენერალ-გუბერნატორად დაადგინა ფერატ ფაშას (Ferat Bassa) მაჰმად ფაშას შვილი (Mahamet Bassa), დაუტოვა 6-ათასიანი ჯარი, რომლებშიც იყვნენ დაქირავებულები და იმავე მაჰმადის მონები, და შემდეგ შირვანისაკენ გაემართა. მაგრამ ისინი, რომელთაც ალეპოდან ათასი [დინარის ღირებულების] მარცვლეული მოჰქონდათ ომპსის (d’Omps) ხალხის (იობის მოთმინების ყოფილი ქალაქის ჰუსის (Hus) 12 ათას 309 ოჯახისა და სირიის სხვა ადგილებიდან, ხედავდნენ, რომ მუსტაფა არ აძლევდა მათ დაბრუნების ნებართვას, ის მიდიოდა შორეული ქვეყნების გზაზე, არ სურდათ, მიჰყოლოდნენ ჯარს და არც ისინი იყვნენ ვალდებულნი, სირიაში დაბრუნება უნდოდათ. ასეთები იყვნენ სირიელები, პროფესიით კანცელარიის მწერლები, ყადები, მოსამსახურენი და მსგავსნი პირნი. ყველა ერთად შეიყარა რიცხვით 1500 კაცი. შირვანისკენ მიმავალ მუსტაფას ჯარს გამოეყვნენ და პირი სირიისაკენ იბრუნეს: მათ ხელმძღვანელობდა მისი [ტომაზო მინადიოს, - ავტ.] კარგი ნაცნობი კაცი ნასრედინ ჩელები, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ხორბლის აღალის ტარება. მათ დიდი შიშით მიაღწიეს რა ქვრივის ქვეყნის საზღვრებამდე, ინანეს, რომ არ გაუდგნენ გზას მუსტაფასთან [ერთად]. რადგან სამმა ქართველმა სარდალმა (tre Capitani Georgiani, ალექსანდრემ, იუსუფმა და დაუდმა), რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, შეკრიბეს დაახლოებით 3 ათასი კაცი, რომელთა ერთი ნაწილი მზვერავად მიჰყვებოდა მუსტაფას ჯარს, ამ საზღვრებზე გასასვლელები შეკვეცეს და იმედოვნებდნენ, რომ შეხვდებოდნენ ან იმათ, ვინც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლო ჯარის მწყობრში მდგარიყო, ან იმათ, ვისაც არზრუმში უნდოდა დაბრუნება: ამრიგად, ისინი [ქართველები, - ავტ.] გადაეყარნენ ზემოხსენებულ სირიელებს და თავს დაესხნენ; ერთხანს ისინი [სირიელები], რაც შეეძლოთ, კარგად იბრძოდნენ, იგერიებდნენ თავდასხმებს, მაგრამ ნახეს რა ქართველები ბევრად სჯობნიდნენ და თანამებრძოლებს შორის მეტ ძალას ვერ ხედავდნენ, გადაწყვიტეს გაქცევით ეშველათ თავისთვის და თავიანთი სიცოცხლე ფეხმარდ ცხენებს მიანდეს: [რა თქმა უნდა], გაქცევით უფრო გაზარდეს თავიანთი დანაკლისი და გაჩაღდა დიდი ჟლეტა, [ქართველებს] თითქმის ცოცხალი არავინ დაუტოვიათ, გარდა ზოგიერთისა, რომელთაც სიცოცხლე ფეხმარდმა ცხენებმა აჩუქეს. მათ შორის იყო ხსენებული ნასრედინ ჩელებიც, რომელიც მამაცურად იბრძოდა, ვიდრე მარჯვენა ხელზე სამი თითი არ დაკარგა, რის შემდეგაც ხმლის ხმარება აღარ შეეძლო. იძულებული იყო, ქართველებისაგან ზურგი ებრუნა და გაქცევით ეშველა თავისთვის. ყველაზე კარგი, რაც მან შეძლო, ის იყო, რომ მახლობლად გზაზე იმკურნალა, ცოცხალმა ჩააღწია ალეპოში, სადაც მიიღო სავიზიროში ოსმან ფაშამ, რომელსაც კარგად იცნობდა და მან [ფაშამ] დამსახურების შესაბამისად იგი ჯამაგირით დააჯილდოვა. ახლა მუსტაფამ გადალახა ხრამიანი და მთაგორიანი ადგილები თბილისთან და მეორე დღეს ბანაკად განლაგდა დაბალ და ჭაობიან ველზე. ამ დროს მასთან მოვიდნენ ელჩები განცხადებით, რომ მათი ბატონი, ლევანტოღლი [კახეთის მეფე ალექსანდრე, ავტ.], მზად არის, დაარწმუნოს და პირადად დაუდასტუროს ერთგულება, რომელსაც ყოველთვის ატარებდა თურქთა ხელმწიფის მიმართ. მუსტაფამ კარგად მიიღო ისინი და სიხარულით მოუსმინა ამ განცხადებას. ელჩები მაშინვე გაისტუმრა და სთხოვა მოეპატიჟათ [კახეთის მეფე] ალექსანდრე, რამდენადაც მასთან მეგობრობა სასიამოვნოდ და ძვირფასად მიაჩნდა. როდესაც ეს ქრისტიანი ელჩები წავიდნენ თავიანთი ბატონის მოსაყვანად, მუსტაფამ განკარგულება გასცა, რომ ყველა მეთაური სიხარულით შეხვედროდა სტუმარს. მართლაც, ლევანტოღლის მოსვლა საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. და შემდეგ კი, მან [ალექსანდრემ] მუსტაფას უბოძა საუკეთესო საჩუქრები, თანაც უხვად მოაყოლა ხატოვანი ტკბილი სიტყვები, როგორიც გადმოიფრქვევა ხოლმე დამორჩილებულის ბაგიდან. [სულტან] მურადს უწოდებდა თავის უფალს, ალერსიანად უსაყვედურებდა მუსტაფას, რომ მან მის მიწა-წყალზე არ გაიარა, სადაც შეეძლო დამტკბარიყო ყოველგვარი სიკეთით, ენახა პურის სიუხვე და მიეღო ჯარისათვის საჭირო სანოვაგე. მუსტაფამ იმედი გამოთქვა, რომ ამ შეცდომას შირვანიდან დაბრუნების დროს გამოასწორებდა. ლევანტოღლი ეფიცებოდა, მზად ვარ, მთელი ჩემი შეგნება ოსმალეთის სამსახურს მოვახმაროო, თუმცა საკმაო მიზეზების გამო არ შემიძლია გავყვე ჯარს შირვანში, მაგრამ შემდგომში მზად ვიქნები, ყველგან გეახლოთო. [ალექსანდრემ] გამოთხოვებისას კიდევ ერთხელ სთხოვა ყველა არსების შემქმნელს, [არ მოეკლო] მისთვის [მუსტაფასთვის, ავტ.] წყალობა და მისი კეთილდღეობის გამრავლება; ერთხელ კიდევ შესთავაზა დაბრუნებისას მის მამულზე გავლა და გამოეთხოვა. მუსტაფამ ძღვენი მიიღო, სამაგიეროდ აჩუქა [ალექსანდრეს] ლასტი ფარი, ოქროქსოვილი ტანისამოსი, თავი დაუკრა მედიდურად და ზვიადად, დაბოლოს დაჰპირდა ქრისტიანების ამ ბელადს, რომ უკან დაბრუნებისას გამოუვლიდა და გაისტუმრა. გასტუმრებისას ცერემონიალი, მუსტაფას ბრძანებით, ნაკლები ბრწყინვალებით აღინიშნა. თურქეთის ჯარმა სვლა დაიწყო შირვანის მიმართულებით და თბილისის დატოვებიდან თორმეტი დღის განმავლობაში მიდიოდნენ დაბალ, ტალახიან გზებზე და ჭაობიან ადგილებში, ძნელ-საცნაური ხელჯოხებით, ბოლოს მიაღწიეს მედის (de’Medi) შირვანესად (Sirvanesi) წოდებულის საზღვარს, მდინარე კანაკის (Canac) გვერდით, რომლის შესახებაც საქართველოს, სომხეთისა და ატროპატიის (Atropatia) აღწერისას მოკლედ, მაგრამ ნათლად ვთქვით. აქედან, ამ მდინარის მაღლა, დაღლილმა თურქებმა ერთი დღე შეისვენეს. მეოთხე დღეს ქალაქ შაქის (Sech), ქართული ტერმინით შირვანესის (Sirvanesi – შირვანი), შემახას (Sumachia) მახლობლად მცხოვრებლები მივიდნენ მუსტაფასთან და ვასლობა და ქვეშევრდომობა შესთავაზეს. ყველა ბედნიერი იყო და ზოგიერთ მათგანს, აბრეშუმითა და ოქროქსოვილით შემოსილს, ყოველმხრივ დაცვას დაჰპირდნენ…
    მას შემდეგ, რაც მან დატოვა შაჰამალი (Sahamal), მუსტაფა ისევ წავიდა. ის ღამით მიდიოდა, რათა დრო არ დაეკარგა, მაგრამ ნახა, რომ გზა დაებნა და არ იცოდა, საით მიდიოდა, უკვე გაიარა რთული ადგილები და მიიწევდა [წინ] მეტად მძიმედ. ამიტომ მუსტაფა იძულებული გახდა, დაეცა კარვები, დალოდებოდა ახალ დღეს, რომელიც მაშინ გაცხადდა, როცა შევიდა ლევანოღლის ქვეყანაში. ამიტომ მუსტაფამ სასწრაფოდ მისცა მთელ ჯარს განკარგულება, რომ არავის გაებედა ალექსანდრეს ქვეყანაში ვინმეს სიცოცლის ხელყოფა, სიმშვიდის დარღვევა, თითოეული ვალდებული იყო, მათთვის პატივი მიეგო და კარგად მოჰქცეოდა. მომდევნო დღეს ის შეუჩერებლად აგრძელებდა მოგზაურობას სკენდერის (Schender – ალექსანდრეს) ქვეყანაში, არ აკლდა სარჩო-საბადებელი; მით უმეტეს, რომ ამ დღეს ძაგემიდან (da Zaghen – ზაგემიდან) ალექსანდრეს ელჩებიც მოვიდნენ დიდძალი დოვლათით, საქონლით, ხორბლეულით, ხილითა და სხვა გამაგრილებლებით [შარბათით], რომელიც მან [ალექსანდრემ] გამოუგზავნა გენერალს [სარდალს]. [ალექსანდრე] ბოდიშს იხდიდა, რომ პირადად ვერ ეახლა ავადმყოფობის გამო. მუსტაფა კმაყოფილი დარჩა, ქალაქი ძაგემი მარჯვნივ მოიტოვა, ალექსანდრეს გამოგზავნილი ხალხისგან გამცილებლები აიყვანა და თბილისისკენ გაემართა. ალექსანდრეს მეგზურებმა სამ დღეში ისე მიიყვანეს თბილისში, რომ ჯარს არც შიმშილი, წყურვილი და არც სხვა უსიამოვნება არ განუცდია, ხოლო მეგზურები მუსტაფასაგან კმაყოფილები დაბრუნდნენ. [იმ გარნიზონში], რომელიც მუსტაფამ თბილისში დატოვა, ისეთი დიდი შიმშილი ჩამოვარდნილიყო, რომ ძაღლებს, კატებსა და ცხვრის ტყავებს ჭამდნენ. ასეთი ამბები ახალი არ იყო, არამედ – ჩვეულებრივი; ბევრს ეავადმყოფა, ბევრიც გარდაცვლილიყო, რადგან [ციხის უფროსმა] მაჰმად ფაშამ (Mahamet Bassa) მტრის შიშით მათ ციხესიმაგრიდან სანოვაგისათვის გამოსვლა აუკრძალა, რომელიც საიმედოდ გადაემალათ უსაფრთხო ადგილას იქაურ მცხოვრებლებს. [ეს ამბავი] ჩემთან სამკურნალოდ მოსულმა არაერთმა ძალიან ცნობილმა ქართველმა დამიდასტურა. მაგრამ მუსტაფამ სიტყვებით, ფულითა და საკვებით ყველას ძალების აღდგენისკენ მოუხმო, დარჩა იქ ორი დღე და გაემართა იმ სოფლებისაკენ, რომლებიც ამ ქალაქს [თბილისს] ექვემდებარებოდა, რათა ყველაფერი ცეცხლისა და მახვილისათვის მიეცა. ასეც გააკეთა. მათ აკლდამებისთვის [საფლავებისთვის] არ უხლიათ ხელი, რომელშიც სიმონის წინაპართა ძვლები და ფერფლი განისვენებდა. მხოლოდ ისინი გადაურჩნენ თურქების მძვინვარებას. მეორე დღეს [მუსტაფა და მისი ჯარი] გაემართა ალპურ მთებს შორის, სადაც მოუხდა ათასი სირთულის გადალახვა, რადგან ჯარი დიდი თოვლის გამო ძნელად იკიდებდა ფეხს, ხოლო ძირს დაშვებისას ბევრი ჯარისკაცი, ცხენები, აქლემები და ჯორები დაიღუპნენ. ეს წამება ორი დღე გაგრძელდა. ჯარი დაიბნა, დაივიწყა ყოველგვარი შიში მტრის ქვეყნის წინაშე და უკანმოუხედავად დაეშვა მთის კალთებზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ სად ეწყობოდა ღამის გასათევად – ტყეში, ქოხში თუ ველზე, ოღონდაც კი თოვლისა და ქარბუქისაგან თავი დაეცვათ. მაგრამ ზოგიერთ ქართველ სარდალს თურქების ჯარში მუდამ ჰყავდა ჯაშუში და როცა მათ [თურქების ჯარს] ერთ საღამოს დისკომფორტი შეექმნათ, ისინი ჩუმად გამოიპარნენ და თვალს ადევნებდნენ გზას, უცდიდნენ ხელსაყრელ დროს, რათა ღამით ჩუმად მიახლოებოდნენ მათ, აეჩეხათ თურქები და მოწინააღმდეგის სისხლით გამძღარიყვნენ. და ბოლოს, როცა შეამჩნიეს, რომ ჰუსეინ ბეი, ჯამბულატ ნაყოფიერის (ნაყოფიერს ვამბობ იმიტომ, რომ სხვადასხვა ცოლისაგან ჰყავდა 86 მემკვიდრე) შვილი, ჩემი ნაცნობი და მეგობარი, რომელიღაც მთებს შორის განმარტოვდა, რათა ქარისაგან თავი დაეცვა, მოთვალთვალეები მიხვდნენ, რომ ეს ბრწყინვალე საშუალება იყო ნადავლის ხელში ჩასაგდებად. ამიტომაც თავს დაესხნენ დაბანაკებულებს, მოკლეს ყველა მსახური, წაართვეს ბლომად ფული და ტანსაცმელი, წაიყვანეს ყველა ცხენი. თვითონ ჰუსეინ ბეიმ ძლივს მოასწრო ხელიდან გასხლტომა და ბეირან ფაშას ბანაკამდე მიაღწია. და ალბათ ის ქართველთა მსხვერპლი გახდებოდა, თუკი ჰალა ბეი, ალეპოს სპაჰინი (Spahini d’Aleppo), ზაინთა (Zaini) მეთაური, უხუცესი თურქთა შორის, საოცრად კეთილი, გულმხურვალე, თავისუფალი მოქადაგე, იარაღში გამოწრთობილი, რომელიც მის შესახვედრად წამოვიდა ალეპოდან, მას გზას არ უჩვენებდა.
    თურქების ადგომამდე ქართველები ბრწყინვალე ნადავლით წავიდნენ და [ჰუსეინ ბეიმ] შეძლო უშიშარ ადგილას წასულიყო. მეორე დილით ბანაკი აიშალა და საღამოს მიადგა ციხესიმაგრე ყიურყალას (Chiurchala), სადაც მთელი დღე იმარაგებდა პროვიანტს. ამისათვის ბევრი მსახური გააგზავნა ზემოხსენებული ციხის სოფლებში. გარკვეულ დროს მუსტაფასთან სიმონის შვილიშვილის სახელით ელჩები მოვიდნენ, რომელთაც აცნობეს (თუ ეს მისი სურვილი იქნებოდა, თუ ის მოიწონებდა), რომ მათ სინიორს (ხელმწიფეს) უნდოდა მისულიყო, მისალმებოდა და ვასალობა შეეთავაზებინა. გახარებულმა მუსტაფამ ისინი საჩუქრებითა და თავაზიანი სიტყვებით გაისტუმრა. ასევე აგრძნობინა, რომ მისთვის ძალიან დასაფასებელი იყო მათი მოსვლა, მაგრამ, მიუხედავად მთელი დღის ლოდინისა, არავინ გამოჩენილა; პირიქით, ვინც სოფელში იყვნენ გაგზავნილნი რაიმე საჭმელ-სასმლის მოსატანად, უმოწყალოდ, ნაკუწ-ნაკუწ აჩეხეს, რამაც მუსტაფას უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია. ეს ნიშნავდა, რომ მოატყუეს ცრუ ელჩებმა, რომლებიც დახვეწილი და ბრძენი მზვერავები აღმოჩნდნენ. ამ ადგილიდან ჯარი, ისეთივე მშიერი გაემგზავრა საქართველოს სხვადასხვა ადგილსა და ძნელად სავალ მთებს შორის, და, ბოლოს და ბოლოს, დიდი სიმშვიდით, ჩააღწია თურქეთის საზღვარზე რამადანის დღესასწაულის დღეს. ქვრივის ტერიტორიაზე [სამფლობელოში] შესასვლელად აუცილებელი იყო ვიწრო მთების გავლა, სადაც ღრმა დაბლობზე ათასჯერ უხვევს [მიიკლაკნება] მდინარე. [ეს ისეთი] ვიწრო და ძნელი ადგილია, რომ ორი ადამიანი გვერდს ვერ აუქცევს ერთმანეთს. ამ ვიწრო, უხშირეს და მთაგორიან ტყეებს შორის ხსენებული მდინარე მეორე დღეს, დილით, აზვირთდა, ნაპირებიდან გადმოვიდა, მიედინებოდა ამ მთებს შორის და თან მიჰქონდა ხეები, ყინულის ნატეხები, ქვები, რომლის გამო მრავალი აქლემი, ჯორი და ცხენი, ასევე საპალნე, უნაგირი აბობოქრებულმა მდინარემ ჩაძირა.
    მრავალ გაჭირვებაგამოვლილი [მუსტაფა], მტრის თავდასხმებით მთლად დაქანცული და შიმშილით დაუძლურებული ჯარით, მეორე დღეს წავიდა. ბოლოს და ბოლოს, მან მიაღწია ქვრივის სამეფოს ციხე-კოშკს, რომელსაც ალთუნყალა (Altuncala) ერქვა. აქ მან მიიღო ყველა სასურველი დახმარება და ძალები აღიდგინა იმ განსაცდელის შემდეგ, რომელიც ყიურყალადან (Chiurchala) აქამდე, იმ ექვს დღეში გამოიარა გზაზე, რომლის გავლასაც, ჩვეულებრივად, სწორი გზით ერთი დღე უნდა ხოლმე. ქვრივი [დედისიმედი] თავის უფროს შვილთან, ალექსანდრესთან [იგივე ყვარყვარე] ერთად გამოვიდა ციხე-კოშკიდან და მასთან [ალექსანდრესთან] ერთად მუსტაფას კარავში ეახლა სხვადასხვა საჩუქრით, თან ერთგულებასა და მორჩილებას დაჰპირდა. მუსტაფამ ის [დედისიმედი] თავაზიანად მიიღო და აგრძნობინა, თუ რა კარგად ეპყრობოდა მანუჩარს, რომელიც მას თან ახლდა შირვანში, რაც შვილმა თავადაც დაუდასტურა დედას. მართალია, მუსტაფა მალავდა მის [ალექსანდრეს] მიმართ რაღაც გულისწყრომას, მაგრამ ქვრივის მეორე შვილი გულში ჩაიკრა და დედისიმედს სთხოვა, ისიც მასთან დაეტოვებინა. არწმუნებდა, რომ მისი ორივე ვაჟი აღტაცებული დარჩებოდა, რადგან მუსტაფას სურდა, ისინი კონსტანტინოპოლში მურადთან გაეგზავნა წყალობის წერილებით, რომლითაც ამცნობდა იმ დამსახურებისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც მისი ჯარის მიმართ გამოიჩინეს; რისთვისაც სულთანი მათ პატივისცემით მიიღებდა, ასევე, აღავსებდა და გაამდიდრებდა თავისი წყალობით. ქვრივი, მართალია, სულით ხორცამდე შეძრა სტუმრის სიტყვებმა, მაგრამ არ შეიმჩნია და მუსტაფას, პირიქით, აგრძნობინა კიდეც, თითქოს ბედნიერი დარჩა ამ შემოთავაზებით და თავაზიანად მისცემდა იმას, რაც უეჭველად უნდა დაეთმო, ვინაიდან მეორე შვილი უკვე მუსტაფას ძალაუფლებაში იყო, ასევე მის ხელში გახლდათ მთელი მათი ქონებაც; ქვრივმა [დედისიმედმა] დაუტოვა მას [მუსტაფას] თავისი ორივე შვილი და დაბრუნდა თავის ციხე-კოშკში. მას შემდეგ, რაც მუსტაფამ აქ თავისი ჯარით მთელი ორი დღე დაჰყო და არ უგრძვნია თავი უხერხულად, გაემართა ყარსისკენ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რადგან იმყოფებოდნენ უსაფრთხოდ კონფედერატთა ქვეყანაში და უკვე აღარ ჰქონდათ მტრის შიში. ისინი გაიყვნენ სხვადასხვა ჯგუფებად; წავიდნენ ხუთ-ხუთად, ოც-ოცად, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცად, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს. პირველ დღეს [მუსტაფა] დაბინავდა კლისკაში (à Clisca – ახალციხეში), ქვრივის მხარეში, სადაც, რასაც კი მოისურვებდნენ, ყველაფერი უხვად ჰქონდათ; აქ მან რომელიღაც მკაცრი მთების ძირში იპოვა თავშესაფარი, საიდანაც ორი დღე განუწყვეტლივ მიდიოდნენ დიდი გაჭირვებით და რამდენიმე გზაზე გაიყინა. შემდეგ მივიდნენ მესეარდაკანში (Messeardachan – ალბათ, არდაგანი), საქართველოს ყოფილ მხარეში, [რომელიც] ახლა თურქისაა. აქედან [მივიდნენ] თურქების ბიუკარდაჰანში (à Biucardachan), სადაც იდღესასწაულეს რამადანი, რაც უწინ მათ ვერ შეძლეს. აქედან გაემართნენ ოლთის [ოლთისის, ავტ.] ციხესიმაგრეში, რომელიც ასევე თურქების ხელშია, და სადაც იმყოფება სანჯაკო (Sangiacco – სანჯაყი), რომელიც სარდლობს ხსენებულ ადგილებს. ეს რაიონი ყველაზე მდიდარია და კარგი მდებარეობა აქვს. [ეს მათთვის] ძალიან მოხერხებული იყო და ოლთისიდან (D’Olti) ნევერვანის (di Nevervan) გზაზე რამდენიმე ნაბიჯში ორი დღე დარჩნენ. ისინი მივიდნენ ასევე თურქების კუთვნილ ციხესიმაგრე ჰასანკალასში (Hassanchalas – ჰასანყალაში), რომელსაც ახლა პასინი (Passin) ჰქვია, ხოლო შემდეგ მივიდნენ ერზერუმში ჯარის დიდი ნაწილით, რომელიც მუსტაფამ დაუყოვნებლივ დაითხოვა ყოველგვარი დავალების გარეშე. ისინი ყველანი თავთავიანთ ადგილებში დაბრუნდნენ, ხოლო მუსტაფა ერზერუმში დარჩა, საიდანაც [მან] გაგზავნა ვოლაკი (Volachi) სულტანთან უამრავი ცნობით იმ ყველაფრის შესახებ, რაც გაკეთდა, თუმცა ის მუდამ იმაზე მეტად წარმოაჩენდა თავის ნამოღვაწარს, ვიდრე სინამდვილეში იყო. ის წერდა, რომ აიღო თბილისი, რომელიც თავისი სიდიადითა და სილამაზით დამასკოს მსგავსი იყო. გარდა ამისა, რომ ის [თბილისი] ძალიან ძლიერი იყო; რომ მან იბრძოლა სპარსელებთან; დაიმორჩილა ქართველები და შირვანელები; დააშოშმინა კონსტანტინოპოლი და საბერძნეთი; ერესში (in Eres – არეზში) სიმაგრე ააგო, ამ ქალაქში დატოვა ჯარი და კაიტას ფაშა (Caitas Bassa), ხოლო შემახაში – ოსმან ფაშა (Osman Bassa); და, ბოლოს, ყველაფერი, რაც მან [მუსტაფამ ] გამოიარა, რაც მტრებს წაართვა, წუხდა იმის გამო, რაც მურადს შესთავაზა და აინტერესებდა, თუ რას ფიქრობდა მომავალ წელს ახალი ადგილების დასაპყრობად და მოამზადებს თუ არა ახალ ღონისძიებებს ძირითადად ყარსში (di Chars). ეს, ერთი მხრივ, ძალიან მოსახერხებელი ადგილი იყო საქართველოსა და სომხეთისაკენ ნებისმიერი გადაადგილებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან ნაყოფიერი ადგილი – ადამიანური რესურსებისა და პროვიანტის შესაძენად. მან [მუსტაფამ] ზემოხსენებულ მეფეს [სულთანს] გაუგზავნა ქვრივის ორივე შვილი, მანუჩარი და ალექსანდრე. მას [სულთანს] მისწერა, რომ ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რასაც ის [სულთანი] მათ დააკისრებს. მათ თავიანთ ქვეყანაში [სამშობლოში] შესანიშნავად და მეგობრულად მიმიღეს; მუსტაფას არ დავიწყნია ორივეს შესახებ მიეწერა, კერძოდ, რომ მანუჩარს უკეთესად უნდა მოპყრობოდა, რადგან ის საუკეთესოდ მოიქცა, უფრო ხალისიანად ჩადგა მის სამსახურში. ალექსანდრეზე კი ხმა დადის, რომ ფურაჟზე წასულ თურქებზე და საქართველოში სირიელებზე თავდასხმის საქმეში მისი ხელი ერიაო. ის მაღალ შეფასებას აძლევდა მეფეს [ალბათ მანუჩარს], მუსტაფასადმი გამოჩენილი გულმოდგინებისა და სათნოების გამო. [სულთანი] ფიქრობდა ამ უფლისწულის შესახებ და იმაზეც, რომ ეს შეიძლება დასაწყისი გახდეს და ისე განვითარდეს, რომ მნიშვნელოვანი მიწების შეძენით დასრულდეს, რაც გაზრდის მის სამფლობელოს. ეს კი მას [მანუჩარს] იმედს მისცემს, რომ ამ გზით გაამრავლოს თავისი პაპების დიდება. რამდენადაც მეტად იყო მიმართული მისი [სულტნის] აზრები ამ ომისაკენ, მით უფრო ნაკლებად ფიქრობდა, რომ ევროპა [მასში] თავისი იარაღით ჩაერეოდა.
    მაგრამ დადგა დრო, მივუბრუნდეთ იმის მოყოლას, თუ რა მოხდა შირვანში (in Sirvan), სადაც, როგორც ვთქვით, ერესში (in Eres – არეში] დატოვეს კაიტას ფაშა [Caitas Bassa), ხოლო შემახაში – ოსმან ფაშა [Osman Bassa] ბრძანებით, რომ მას მოეხმო მის დასახმარებლად თათრებისათვის. ვამბობ, რომ თათრებმა უკვე დატოვეს მეოტიდას ჭაობი და შავი ზღვის ციცაბოები, გადალახეს კოლხიდის უღელტეხილის დაღმართი გაიარეს კავკასიის ფერდობების გვერდით და შირვანის საზღვრებს მიადგნენ და აქ დაელოდნენ თურქების დაძახებას, რომლებმაც მიიწვიეს ნადავლზე და გამარჯვებაზე.
    სარდალი აბდილკირაი (Abdilchirai Capitano), თათართა სამთავროს ძირძველი უფლისწული და კარგი წყობის ახალგაზრდა (როგორც მურადმა მისცა სახელწოდება თათარხანს მაჰმუდისა), დაახლოებით 30 ათასი ჯარისკაცით მოდიოდა და, როგორც თურქს, ძალიან სურდა, ბრძანებისამებრ, ეცადა ყველაფერი მურადის სახელით. ამიტომ გამოიხმეს ოსმანი და მიიწვიეს, რათა განემტკიცებინა თავისი მეფის ხელი და დახმარებოდა ამ უფლისწულს დიდების მოხვეჭაში, ასევე, ყველა საშუალება გამოეყენებინა გამარჯვებისთვის.
    სულტან მურადს განზრახვბა ჰქონდა გაზაფხულზე სპარსეთში ელაშქრა და თავრიზი დაეკავებინა, მაგრამ... ეს გეგმა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში, ანგარიშგასაწევი იყო გზა, რადგან ჯარის ხიფათში ჩავარდნის დიდი საშიშროება არსებობდა.
    ...ამურატს უფრო მეტად აფიქრებდა ქართველთა მოქმედება. იგი [სულტანი] შორს იყო იმ აზრისაგან, რომ საქართველოზე დაყრდნობა შეიძლებოდა. მას [სულტანს] ყველაზე მეტად დაუდის [დაუდ-ხანის] ხრიკებისა და სიმონის მოსვლის ეშინოდა, რადგან შესაძლებელი იყო, როცა მისი ჯარი თავრიზისაკენ წავიდოდა, მისთვის ორივე მხრიდან ქართველებსა და სპარსელებს დაერტყათ და უნუგეშო მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. ეს შეიძლება მომხდარიყო ყოველ ჯერზე, როცა მას მოუხდებოდა მაშველი ჯარის გაგზავნა ციხესიმაგრეში. სულთანმა გარკვევით, წერილობით დაავალა მუსტაფას, რომ მის განზრახვაში შედიოდა გაზაფხულისათვის დაემზადებინა საჭირო მასალები ციხესიმაგრეების ასაშენებლად არზრუმიდან საქართველოში მიმავალ გზებზე, რათა უზრუნველეყო ეს გზები და ადგილობრივები მორჩილებაში მოეყვანა...
    მუსტაფამ დიდი მონდომებით მოკიდა ხელი სამზადისს და თურქთა ყველა მხარეში გაიგზავნა განკარგულებები მშენებლობის ოსტატების შესაგროვებლად, ასევე, დაიწყეს დიდძალი სახსრების შეგროვებაც...
    ამ დროს კონსტანტინოპოლში მუსტაფას მიერ [მურადთან] გაგზავნილი ორი ქართველი, ქვრივის [დედისიმედის] შვილები პორტაში მიღებას ელოდებოდნენ და თავიანთ გაურკვეველ მომავალზე ფიქრობდნენ. რაც შეეხება ალექსანდრეს, ის ვარაუდობდა, ვინაიდან წლოვანებით უფროსი იყო, რომ სწორედ მას მიანიჭებდნენ მმართველობის სრულ უფლებას. მით უმეტეს, როცა დედამ მას უკვე გადასცა სამფლობელოები. იმედი ჰქონდა, რომ ამ უფლებას ამურატი [სულტანი მურადი] განამტკიცებდა. ასევე ვარაუდობდა, რომ ამურატი თავისი დიდსულოვნების შესაფერის სიკეთეს მიუზღავდა მანუჩარს, მაგრამ თუკი ალექსანდრეს სარწმუნოების გამოცვლის წინადადებით მიმართავდა, არავითარ შემთხვევაში იგი ლაქას არ მოსცხებდა თავის სულს ასეთი სამარცხვინო სულმდაბლობით...
    …პირიქით, უმცროსი მანუჩარი, რომელმაც გასულ წელს მუსტაფასთან ლაშქრობის მძიმე გზა გაიარა, მეომრის აშკარად გამოხატული თვისებები გამოავლინა, მოხიბლული იყო იმ აზრით, რომ შესაძლებლობა ეძლეოდა, დედის მამულებს დაჰპატრონებოდა და მბრძანებელი გამხდარიყო. [მანუჩარმა] გადაწყვიტა, გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რათა უბრალო კარისკაცად არ დარჩენილიყო. არც იმას მოერიდებოდა, რომ უფროსობის, პირმშოობის უპირატესობა წაერთმია თავისი ძმისთვის და ამით მემკვიდრეობას დაჰპატრონებოდა, თუნდაც მშობლიური სარწმუნოების დაკარგვის ფასად. მისი სურვილი იყო, მოეპოვებინა წარმავალი დიდება და სიმდიდრე. ამურატს [მურადს] კი არა, ეშმაკსაც დაუდგებოდა მსახურად, ოღონდ არამც და არამც არ უნდა დაეთმო ძმისათვის პირველობა. შეიძლება სწორად ფიქრობდა ზოგიერთი, რომ მას მუსტაფა საიდუმლოდ ჩააგონებდა ძმის დაღუპვას.
    ძმებისთვის დასმულ კითხვაზე: სურთ თუ არა მიიღონ მაჰმადის სჯული, მანუჩარმა უპასუხა: მსურს და ჩემი სურვილი სხვა არაფერია, თუ არა გავხდე მსახური ასეთი დიდი მბრძანებლისა და ვმართო ჩემი სამფლობელო მისი სამსახურისა და მფარველობის სხივქვეშ. ალექსანდრემ [ყვარყვარემ] კი, პირიქით, თუმცა იცოდა, რომ ეთხოვებოდა მამულების მმართველობას, მაინც არ ისურვა ჩაედინა ისეთი უღირსი საქციელი, როგორიცაა რწმენიდან განდგომა. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა: მას, როგორც მემკვიდრეობამოკლებულს, უბრალო ცოდვილ ჯარისკაცს, სიკვდილის შემთხვევაში არ ეთქვას უარი, მშობლიურ მიწას მიაბარონ და დამარხონ თავისი პაპების საძვალის გვერდით. სამაგიეროდ, ამურატს [მურადს] მორჩილებას, ხოლო ძმას კი სიყვარულსა და პატივისცემას ჰპირდებოდა. ამურატისათვის სასურველი იყო, რომ მანუჩარი ამაზე დათანხმებულიყო, რადგან ეშინოდა, რომ ალექსანდრე [ყვარყვარე], როცა ადგილზე აღმოჩნდებოდა, მანუჩარის მოკვლას შეეცდებოდა და სამთავროს ურჩობის გზაზე დააყენებდა.
    როცა მანუჩარი ამაზე დათანხმდა, ამურატი კმაყოფილი დარჩა, რადგან სამფლობელო საიმედო კაცის ხელში ხვდებოდა. ამასთანავე, აფიქრიანებდა საკუთარი უშიშროების შენარჩუნება. ამგვარად, მანუჩარს შეუსრულეს წინადაცვეთა, მიიღო სახელი მუსტაფა, ფაშის ტიტული, ალთუნყალას გუბერნატორობა, ასევე, დედისა და ძმის საკუთრებაში არსებული ყველა მამული, რასაც ასე ელტვოდა. სერალი ზეიმობდა. ალექსანდრე [ყვარყვარე] გადასცეს ძმას, რომელიც უკვე თურქი [მუსლიმი] გახდა. ორივე სასახლისკენ გაემართა. [მანუჩარმა ისლამი მიიღო და წინადაცვეთა გაიკეთა. ეს სულთანმა დიდი ზეიმით აღნიშნა. მანუჩარმა ერთგულების ნიშნად თავისი შვილი მისცა სულტანს. როცა ძმები უკან დაბრუნდნენ, გზაში მანუჩარმა მოწამლა თავისი ძმა ყვარყვარე და გზაშივე გარდაიცვალა.
    ...ამ ხანობას სპარსეთის შაჰი ჯარს ამზადებდა თბილისის მოსაშველებლად, რადგან თურქები კვლავ მიემართებოდნენ საქართველოსკენ. სწორედ ამ დროს სიმონ მეფე კაჰაკას ციხეში იყო გამოკეტილი. მიუხედავად დიდი ხნის პატიმრად ყოფნისა, მან კარგად იცოდა საგარეო პოლიტიკასა და სამხედრო საქმიანობაში რაც რამ ხდებოდა მის ქვეყანაში. მიხვდა, რომ ახლა ეძლეოდა შემთხვევა მოეპოვებინა შაჰის კეთილი განწყობა და მიეღწია საპატიო მდგომარეობისათვის...
    ...მისი [სიმონის] აზრით, შაჰს შეეძლო მისალმებოდა მის წინადადებას, თუკი ისეთი ცნობილი მეომარი, როგორიც თვითონაა, ამასთანავე, ახლობელი ნაცნობიც, პრაქტიკული შესაძლებლობით თურქებს ზიანს მიაყენებს საქართველოში... სიმონმა თავისი აზრი მიაწვდინა შაჰის ყურამდე...     სიმონი შაჰის წინაშე გმობდა ძმის [დაუდ-ხანის] სამარცხვინო გაქცევას და ჰპირდებოდა თავისი იარაღის წარმატებას...
    სიმონი ელოდა, რომ გამოიძახებდნენ იქ [საქართველოში] წასვლის თაობაზე, რადგან მას შეუძლია გამოიყენოს თავისი ავტორიტეტი, შეკრიბოს რაზმი, რადგან, როგორც მოგახსენეთ, თავის ძმაზე, დავითზე უკეთ შეძლებს ქალაქის დაცვას და თურქების დაძლევას, რომლებიც აუცილებლად გაემართებიან თბილისისაკენ. ამაზე დიდხანს არ უფიქრია. მან განცხადება გაუგზავნა [შაჰს], რომელშიც მისი სურვილი იყო გამოთქმული. კაჰაკაში ტუსაღად ყოფნისას სიმონი ტკბებოდა ისმაილთან, თამაზის შვილთან, მუდმივი ურთიერთობით, რომელიც მამამისმა აქ გადაასახლა. მათი ურთიერთსიმპათიები ნელ-ნელა მტკიცე, თანაზიარ მეგობრობაში გადაიზარდა. ამ მეგობრობაში ბევრი რამ აღმოჩნდა ურთიერთსიყვარულით დამაკავშირებელი. როგორც ისმაილს მიაჩნდა იგი მეგობრად და მოხიბლული იყო სიმონის ზრდილობიანი მანერებით, ასევე სიმონი გამოხატავდა აღტაცებას ისმაილის სულის სიდიადით და მის ერთგულად მოჰქონდა თავი. აქედან დაიბადა ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. ამგვარად გრძელდებოდა, მაგრამ სიმონი (არ ვიცი, სოფიზმით მოატყუეს, თუ პირფერობით აცდუნეს) ხსენებულმა ირანელმა უფლისწულმა დაარწმუნა, უარი ეთქვა თავის სარწმუნოებაზე და მიჰყოლოდა ამ ბარბაროსულ ცრურწმენას. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მიზეზები, რაც მართლაც საკმაოდ იყო, შეუძლებელია ვაჩვენოთ, რამ გამოიწვია ბერძნული სარწმუნოების ასეთი ურყევი დამცველის, მისთვის თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამთმობის, სიმონის სულის მობრუნება. მაგრამ ჩანს, რომ ამ მოულო ნელ ამბავზე სამი ძალიან ძლიერი მიზეზი მოქმედებდა: სამუდამო პატიმრობა, რომლისგანაც, როგორც მან იცოდა, სარწმუნოების შეცვლის გარეშე თავის დაღწევას ვერ შეძლებდა; ისმაილთან მეგობრობა; ვსაუბრობ მეგობრობაზე, რომელსაც უნარი შესწევს, ადამიანის ბუნებაც კი შეცვალოს, არამცთუ რწმენა; და უმაღლესი პატივი, რომელსაც ხსენებული ისმაილი სიმონს ყოველდღე ჰპირდებოდა, როცა მას ტახტზე მეფედ აყვანას შესთავაზებდნენ.
    ასეთ ურთიერთერთგულებაში იყვნენ, როცა გარდაიცვალა თამაზი და ისმაილი ყაზვინში მიიყვანეს, სადაც შეხვდნენ საოცარი ზეიმით და [გამოაცხადეს] მამამისის ყველა სამფლობელოს მეფედ; ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც ხსენებული მეფისათვის ძვირფასი იყო, მის გონებაში დარჩა სიმონის ურყეობა და სახელოვანება, რომელიც მისი ხათრით წინადაიცვითა და მუსლიმი გახდა. არაერთი სხვა რამ შემორჩა მის მეხსიერებას [სიმონზე] და ძალიან უნდოდა, აღევსო ის პატივითა და ჯილდოებით უფრო მეტად, ვიდრე ამას თვითონ [სიმონი] ითხოვდა. მაგრამ [ისმაილის] მოულოდნელი და უეცარი სიკვდილი იყო იმის მიზეზი, რომ სიმონი დარჩა ყოველგვარი განდიდების გარეშე და ბედნიერი იყო ასეთი მდგომარეობითაც, რადგან დიდად სასიხარულო თავისუფლებას ეღირსა.
    ისმაილის გარდაცვალების შემდეგ, სიმონი სხვადასხვა აზრმა შეიპყრო: რა იქნება მისთვის უკეთესი, დარჩეს ყაზვინში და დაელოდოს ახალი მეფის [ტახტზე] ასვლას თუ მოემზადოს წასასვლელად, რათა დაიბრუნოს მიტოვებული სარწმუნოება და დაგდებული ქალაქი; დაბოლოს, რამდენიმე [ხნის] შემდეგ, მან დაასკვნა: უმჯობესია იყოს უსაფრთხოდ და თავისი საქმიანობით პატივისცემა მოიპოვოს, ვიდრე გაიქცეს [შაჰის] მხარდაჭერის გარეშე, ძმასთან ჰქონდეს დავა და უთანხმოება, რის გამოც შესაძლებელია [სიცოცხლე] ნაადრევი სიკვდილით დაასრულოს, ამიტომ [ჯობია] დაელოდოს ახალ მეფეს და მისი მფარველობითა და შემწეობით მოძებნოს წართმეული ღირსების დაბრუნების ხერხი. ამიტომ ის დარჩა ყაზვინში, რადგან ელოდებოდა და იმედოვნებდა, რომ სქიზმის გამოცვლამ, უფრო [სწორად], რელიგიის, გაწამებულმა პატიმრობამ, დაბრუნებულმა თავისუფლებამ, მეტად ფასეულმა სახელმოხვეჭილობამ, ახლანდელმა ვითარებამ, ასევე გამოჩენილმა მორჩილებამ და დამსახურებამ ახალი მეფისაგან უნდა მოუპოვოს პატივი და ჯილდო; ანდა თუნდაც, ანდოს მას საქართველოში მისგან დასაცავი ომის წარმოება სრულად.
    ამგვარად, როდესაც მაჰმადი [შაჰი მოჰამედ ხოდაბანდე] გამეფდა და დარწმუნდა თბილისის დაკარგვაში, [სიმონმა] მაჰმადს სთხოვა, ნება მიეცა, შაჰის მფარველობის ქვეშ დაბრუნებულიყო თავის დაუცველ ქვეყანაში. ჰპირდებოდა, ყოველგვარი რისკისა და განსაცდელის მიუხედავად, არ შეშინდებოდა და არ ითაკილებდა წვრილმან [საქმეებს], თუკი ამით სარგებელს მოუტანდა მაჰმადს. ახალი ხელმწიფე უდიდესი სიამოვნებით დათანხმდა სიმონის თხოვნას და დანიშნა ის ხანად მთელ იმ სამეფოში, რომელსაც ქრისტიანად ყოფნის დროს ფლობდა. [სიმონი] სასწრაფოდ გაიგზავნა საქართველოში ალიყული-ხანთან ერთად, ოსმალების ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად და მეგობრული ქალაქების დასაცავად. ორივეს გადაეცა რამდენიმე ქვემეხი, რომლებიც არეშის კედლებიდან იყო წამოღებული, როცა მოკლეს კაიტას ფაშა. არტილერიის გარდა, მათ მიიღეს 5000 ცხენოსანი, რომლებიც სასაზღვრო ქალაქებიდან, პირველი და მეორე მიდიიდან წამოიყვანეს...
    ...სიმონი საქართველოში დიდი პატივით მიიღეს. მან შეკრიბა თავისი და გარშემო ტერიტორიებიდან 3000 კაცი. ყველას უხსნიდა, რომ სპარსელი [მაჰმადიანი] გავხდი არა იმიტომ, რომ მაჰმადის რჯული და სარწმუნოება უკეთესად მივიჩნიე, არამედ იმიტომ, რომ სამუდამო პატიმრობიდან თავი დამეხსნა და ჩემი იარაღი იესო ქრისტეს სამსახურისათვის აღმემართა, როცა კი ამის შესაძლებლობა მომეცემოდა, ამასთანავე, ქართლის სამეფოს შენარჩუნებაც მხოლოდ ამ გზით შემეძლოო.
    …მუსტაფა ფაშა საგონებელში ჩავარდა, რადგან საქართველოში მდგომარეობა უკიდურესად გართულდა... თბილისი სასწრაფო დახმარებას ითხოვდა. პირველ რიგში საჭირო იყო იმის გადაწყვეტა, თუ როგორი დახმარება გაეწიათ თბილისისათვის... თუკი მუსტაფა თვითონ გაუძღვებოდა ჯარს, მაშინ ნათელი გახდებოდა, რომ მან ამურატი [სულტანი მურადი] მოატყუა, რომ საქართველო თქვენი ერთგული და მორჩილიაო... მან თბილისის დასახმარებლად 18-20 ათასი მეომარი გაგზავნა... მალე მუსტაფამ თბილისიდან შემაშფოთებელი ცნობა მიიღო...
    ამ დროს მუსტაფამ ყარსიდან თბილისის თურქების გარნიზონისათვის დასახმარებლად აირჩია დამასკოს ფაშა ჰასანი, პორტას პირველი ვეზირის, მაჰმადის შვილი, წარმოსადეგად ლამაზი, გულადი და გაუთვალისწინებელ და საპასუხისმგებლო შემთხვევებში გამბედავი, და მას მიანდო 20 ათასამდე მეომარი, ნაწილი დამასკოდან, ნაწილი საბერძნეთიდან და ნაწილი კარაემიტიდან; მის თანამგზავრად იყო რეზუან ფაშა, მოხალისეთა უფროსი, რომელთაც თავს იდვეს გაჰყოლოდნენ ჰასანს. მოამარაგა ისინი ფულით, 40 000 დუკატის თანხით, ფქვილით, ბრინჯით, ქერით, არსებობისა და ომისათვის საჭირო სხვა მარაგით და თბილისში გაისტუმრა…
    ჰასანმა უკვე მიაღწია დმანისის განთქმულ ვიწროებს, გაიარა სხვა მზაკვრული უფსკრულები და აფოფხდა ბნელ სიმაღლეებზე, მაგრამ მტრის ვერანაირი ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ერთი მხრით ტყე, მეორე მხრიდან უღრმესი ველები და ხრამიანი კლდეები საშინელებასა და შიშს უღვიძებდნენ გულში აქ მოხვედრილს, და, აი, აქ მოულოდნელად ქართველები სპარსელებთან ერთად, სიმონისა და ალიყული-ხანის წინამძღოლობით შეიჭრნენ ჰასანის ჯარში და გააჩაღეს ომი. სიმონი და ალიყული-ხანი ადრე მოვიდნენ საქართველოში, შეაგროვეს ყოველ მხარეში ხალხი, ერთად შეჰყარეს 8000-მდე მებრძოლი და თბილისსა და დმანისს შორის იმყოფებოდნენ. შემთხვევას უცდიდნენ, რომ დაერტყათ ან თბილისის გარნიზონისათვის, მათი საშოვარზე გამოსვლის შემთხვევაში, ან მათთვის, ვინც მათ საშველად მოვიდოდა. მაგრამ შიმშილს იმ მომენტში გარნიზონი ჯერ არ მიეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ეიძულებინა, გამოსულიყვნენ. ასე რომ, მათ არ მიეცათ შემთხვევა მათთან შეტაკებისა, როგორც უნდოდათ... ხოლო მუდმივად იღებდნენ ცნობებს, რომ მუსტაფა აგზავნიდა მაშველ რაზმს გარემოცულებთან. ისინი იდგნენ და ელოდებოდნენ, თუ რომელი მხრიდან გამოჩნდებოდა მტერი. ბოლოს მზვერავებმა აცნობეს [სიმონ მეფესა და ალიყული ხანს, ავტ.], რომ ისინი დმანისისაკენ მიემართებოდნენ და, რომ ჰასანს მოჰყავს საშველად 20000 კაცი. ამ ცნობისთანავე სიმონი და ალიყული-ხანი სწრაფად გაიფანტნენ ტყეში ხეობის სიგრძის მთელ პერიმეტრზე, რომ თურქები გადაეყარათ ველზე და იქ დაესუსტებინათ მათი ძალები. მაგრამ ჰასანი განუწყვეტლივ ფხიზლობდა, მხოლოდ ამ ხიფათის თავიდან აცილებაზეღა ფიქრობდა: მან წაიყვანა ჯარი ტყე-ტყე მარცხნივ, თვითონ შევიდა ტყეში, რათა გაეხსნა მის წინააღმდეგ იქ დაგებული ხაფანგები მოულოდნელად, ქართველები სპარსელებთან ერთად, სიმონისა და ალიყული-ხანის წინამძღოლობით, შეიჭრნენ ჰასანის ჯარში და გააჩაღეს ომი, რომელიც გადაიქცა უწესრიგო ომად ათას მიხვეულ-მოხვეულებსა და შემობრუნებაში, ათას დაქანება-დაღმართებს შორის, სრულიად გარკვეულ წრეში, რიგი შეტაკების შემდეგ ისეთ ადგილებზე მოხვდებოდნენ ხოლმე, საიდანაც გამოსვლა აღარ შეიძლებოდა და იქ ხროვა-ხროვად ცვიოდნენ ხრამში...
    სხვა დაზარალებულთა შორის აქ იყო მუსტაფა ბეი. ყარამანიის ქალაქებმა დროშა დაკარგეს, რადგან მედროშე მოკლეს, ქართველებმა წაართვეს ის. აღვირით წამოყვანილი ცხენებიც წაართვეს. ასეთ პირობებში გაიარეს დმანისის ვიწროები. თუმცა თბილისამდე შორი იყო. თურქებმა გადაწყვიტეს აქვე, ხეობის წინ გაჩერება, კაცებისა და ცხენების დაღლის საბაბით, სინამდვილეში კი უნდოდათ ქართველებისთვის არასწორი წარმოდგენა შეექმნათ, ვითომ შეეშინდათ, და ამრიგად მზად ყოფილიყვნენ მათზე თავდასასხმელად. ჰასანმა მოისაზრა, რომ ასეთ ადგილებში სამხედრო თვალთმაქცობა უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ძალა. ამიტომაც გადაწყვიტა, ხეობის ყველაზე უფრო ჩრდილოეთ ნაწილში ჩაესაფრებინა ბერძნების ჯარისკაცთა რაზმი და რეზუან-ფაშას მოხალისე რაზმი, რათა იქ ჩასაფრებულებს მტრის მოძრაობისათვის თვალყური ედევნებინათ. ამგვარად განლაგებულმა თურქებმა ორი დღე გაატარეს და მესამე დღეს უკვე მოემზადნენ გასასვლელად, რომ მეტი აღარ დაყოვნებულიყო თბილისისათვის დახმარების აღმოჩენა. აქ სიმონ ბეგმა და ალიყული-ხანმა მცდარად დაასკვნეს, რომ თურქების ეს გაჩერება მათი შიშით იყო ნაკარნახევი...
    გაბედულად, მაგრამ ფრთხილად შემოერტყნენ ჰასანის რაზმს ფლანგიდან. ამ მოქმედებამ კი სწრაფად ყველა ფეხზე დააყენა. ჰასანმა ანიშნა რეზუანს და სხვებსაც საფრიდან სწრაფად გარშემორტყმოდნენ მტერს. ორივე მხრიდან გათელა ფლანგები და მერე ზოგი ტყვედ აიყვანა, ზოგი აჩეხა, ხოლო სხვები კი გაიქცნენ. ტყვეთა შორის იყო სპარსელი მეთაური ალიყული-ხანი, რომელმაც მეტისმეტი გაბედულებით მიატანა ჰასანამდე. მას მიჰყვებოდა ყველა მისი მცველი, მაგრამ ტყვედ ჩაუვარდა ჰასანს ხელში. მეორე დღეს ჰასანი მხიარული და გამარჯვებული მივიდა თბილისში.
    ყარსიდან თბილისამდე 11 დღე მოუნდა. როცა მტკვარს გადავიდა და სიმაგრეში ავიდა, მას დახვდა გარნიზონი ალყაშემორტყმული და უკიდურეს სიდუხჭირეში ჩავარდნილი. ბევრი მომკვდარიყო, ბევრიც ავად გამხდარიყო. შიმშილმა იმ ზომამდე მიიყვანა ისინი, რომ ჭამდნენ არა მხოლოდ ჯაგლაგ ცხენებს, არამედ ამ ცხენებისა და ცხვრების ტყავსა და ძაღლებს. [ისინი] ჰასანმა მოამარაგა ფულით, გულუხვი საჩუქრებით და დააიმედა ალერსიანი სიტყვებით. ჰასანი კვლავ გაემართა დმანისისაკენ და ხეობასთან ისე მივიდა, რომ არსად მტრისაგან არ შეწუხებულა, მაგრამ აქ კი მოწინავე ნაწილებმა შეატყობინეს, რომ ხეობის ყელი გადახერგილია სანგრებში მდგარი ძალიან ძლიერი არტილერიითა და დამცველთა დიდი რაზმით. ესენი იყვნენ თბილისის გზაზე ჰასანთან შეტაკებებში გადარჩენილი მეომრები...
    სიმონი ვარაუდობდა, რომ ჰასანი ამავე გზით უნდა დაბრუნებულიყო და ამიტომ ეძებდა შემთხვევას, დაესაჯა მტერი, შური ეძია დამარცხების გამო და გაეთავისუფლებინა დატყვევებული ალიყული-ხანი. ამის გამო ყველაზე უკეთ მიიჩნია...
    ხეობის გასასვლელის ჩაკეტვა. ვარაუდობდა, რომ არტილერიასთან შეტაკებაში მტერი განადგურებული იქნებოდა. მაგრამ ჰასანმა გაიგო თუ არა ამის შესახებ, მაშინვე შეუდგა სხვა გზის ძიებას, რათა მისთვის მომზადებული ხიფათისაგან თავი დაეღწია. სანამ ის მოისაზრებდა სხვადასხვა შესაძლებლობას, ამასობაში ალიყული-ხანმა, რომელიც ტყვეობიდან განთავისუფლებისათვის არ მოერიდებოდა ნებისმიერ ბოროტმოქმედებას, ჰასანს თავისი წინადადება წარუდგინა. ის დაჰპირდა, რომ აჩვენებდა მოკლე და უშიშრად სავალ გზას, რომელიც მისცემდა მას შესაძლებლობას, არა მხოლოდ თავი დაეღწია ხიფათისაგან, არამედ მოეგერიებინა ყოველგვარი თავდასხმა მტრისა, ამ საქმეში კი ითხოვდა თავისუფლებას...
    თურქი ფაშა დიდის მზადმყოფობით დაჰპირდა მას, თუმცა შემდეგ არ შეასრულა თავისი დაპირება. ალიყული-ხანმა გაუხვია მარჯვნივ, ძნელად წარმოსადგენი ახალი გზით წაიყვანა...
    ტყეებისა და საშიშროებისაგან [ხიფათისაგან] მოცილებულებს, მტრის ერთი ხმალიც კი არსად შეხვედრიათ. ახლა მეგზურმა თურქს მოაგონა თავისი დანაპირები, თუმცა ამაო გამოდგა მისი გარჯა. ჰასანი უპატიოსნო ჩანაფიქრს მალავდა და ღრმა ამოოხვრით განუმარტა ალიყული-ხანს თავისი წუხილი იმის გამო, რომ არ შეუძლია დანაპირების შესრულება, რადგან არა აქვს უფლება, დაუბრუნოს თავისუფლება ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი, როცა ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდება მისი უდიდებულესობის, ამურატის [მურადის] ჯარისკაცებს, მაგრამ სიტყვით მაინც დაუდასტურა მას, რომ როგორც კი მისი თხოვნა მიაღწევს მხედართმთავარ მუსტაფამდე [ლალა მუსტაფა ფაშა] და მას კეთილად განაწყობენ, ის არ დაუშვებს არავითარ უსიამოვნებას თქვენ მიმართ და შეეცდება გაგათავისუფლოთ ტყვეობიდან და მოგცეთ საშუალება თქვენს მამულებში დაბრუნებისაო...
    ...ამასობაში სიმონმა დაინახა, რომ თურქები ხეობას შორდებოდნენ და, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდებოდნენ თბილისში, და დაასკვნა, რომ მათ სხვა გზა აირჩიეს. დარწმუნებული იყო საკუთარი მოსაზრების სისწორეში, რადგან მზვერავებმაც იგივე დაუდასტურეს. მომხდარი ამბით სასოწარკვეთილი, სწრაფად დაედევნა იღბლიან მტერს. განრისხებულმა და გააფთრებულმა მოასწრო, დასწეოდა თურქების არიერგარდს, გაგულისებული თავს დაესხა მათ, გაწყვიტა და გაფანტა მტრის ჯარი, წამოასხა ხალხი და ცხენები, თბილისიდან წამოღებული მაჰმადის მთელი ხაზინა. ჰასანისა და მაჰმადის ყველა მონა სისხლში ჩაახრჩო, მაგრამ რანაირი გახელებითაც არ ეძებდა ალიყული-ხანს, ვერ შეძლო მისი მონახვა, რადგან ის საიდუმლო მცველებით წინ იმყოფებოდა, ავანგარდის რაზმში. ეს ამბები 1579 წელს მოხდა...
    …მუსტაფა ატყობინებდა სულტან ამურატს [მურადს], რომ საქართველო დამორჩილებულია, მხოლოდ ყველა დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლიდა ჩემს სამხედრო ექსპედიციას, შექმნილია არა ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან, რომელთაც შარშან მორჩილება განაცხადეს, არამედ მხოლოდ სპარსეთიდან გამოგზავნილი ორი მხედართმთავრის – სიმონისა და ალიყული-ხანის მიერ, რომელთაც დიდი აურზაური ატეხეს, მრავალი უბედურება ჩაიდინეს და უამრავი ჩასაფრება მოაწყვეს. ერთი მათგანი ახლა ციხეშია და დამსახურებულ სასჯელს იხდის თავხედობისათვისო...
    …მუსტაფა [ლალა-ფაშა] გადააყენეს სინან-ფაშას ინტრიგებით... ახლა ოსმალეთის ჯარის სარდალია სინან-ფაშა, რომელიც თბილისის გარნიზონის დასახმარებლად გაემართა. გზაში ჯარს გამოეყვნენ ტალ-ოღლი, იანიჩარების აღა დამასკოდან, აგრეთვე, საფეტოს სანჯაყი ომარი და [მისი] თანამემამულენი. მათ გადაწყვიტეს, ბედი ეცადათ და საშოვარზე წასულიყვნენ, ამბობდნენ, რომ მახლობლად არის პური და პირუტყვი. ორი ათასი მოხალისე შეაგროვეს და გაემართნენ საშოვარზე. ამ ხნის განმავლობაში, როცა სპარსელებმა მიიღეს ცნობა სინანის ყარსიდან გამოსვლის შესახებ, სიმონს აცნობეს. ის გარკვეულ მანძილზე აედევნა ჯარს და თავისი ხალხი განალაგა ისეთ ადგილებში, სადაც პურეული ან წყლები იყო, ან კიდევ სხვა რამ, რასაც შეეძლო მიეზიდა ხალხი და ჩამოშორებოდა თავისიანებს. როცა თურქები გაუფრთხილებლად მიესივნენ საშოვარს, სიმონმა ზურგში დასცხო მათ და ყველა ნაკუწ-ნაკუწად აქცია. იანიჩრების აღამ ძლივს მოასწრო გაქცევა, ის ფეხმარდმა ცხენმა იხსნა. სანჯაყი კი მოკლეს და საერთოდ არავინ გადარჩა, აღას მეტი...
    …სინან-ფაშა ამურატს იმის საწინააღმდეგო ცნობას ატყობინებდა, რასაც მუსტაფა [მუსტაფა ლალა-ფაშა], თითქოს თბილისი არ ჩამოუვარდებოდა დამასკოს. სინან-ფაშა არწმუნებს ამურატს, რომ თბილისი პატარა ქალაქია და ნაკლებ დასახლებული, სრულიადაც ვერ უტოლდება დამასკოს და მათი შედარება თითქმის არ შეიძლება არავითარი შეფარდებით, სიდიდითაც და მოსახლეობითაც დამასკო მას სჭარბობსო...
    …რადგან გარნიზონის ჯარები ყოფილ ფაშას უჩიოდნენ, სინანმა გამოძიება დანიშნა და დამნაშავედ სცნო ჯარისკაცების ჯამაგირის მითვისებაში, ამიტომ დაუყოვნებლივ ჩამოაცალა მათ და მის ადგილას დანიშნა იუსუფ-ბეი, ერთი ქართველი ფეოდალთაგანი, რომელიც სიმონისადმი ძველი მტრობის გამო თურქებს მიემხრო და ამგვარად, რაკი ასიამოვნა ისინი, ახლა სინანმა მას მიანდო ამ სიმაგრის დაცვა, რომელმაც ყოველგვარ ხიფათს გაუძლო...
    …როცა სინან-ფაშა წასასვლელად ემზადებოდა, ძაგენის [კახთა მეფის, ავტ.] მფლობელის, ლევანის ძის ელჩები მოვიდნენ. სინანმა ხალისით მიიღო ისინი, რადგან გარნიზონმა მას მოახსენა, თუ რა დახმარება გაუწია მათ ალექსანდრე მეფემ ფულით, სურსათითა და ყველაფრით, რაც სამხედრო მიზნისთვის სჭირდებოდათ. სინანმა პატივით მიიღო ელჩები და მადლიერების გამოსახატავად გაუგზავნა ალექსანდრეს ოქროქსოვილი ტანსაცმელი, კვერთხი და ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს ხმალი, ასევე, მეგობრობისა და სიყვარულის საპასუხო განცხადებები. ზოგის მტკიცებით, სინანმა წერილი გაუგზავნა ალექსანდრეს და სიტყვა ჩამოუგდო ზავზე, სადაც დასძენდა, რომ, რადგან ორივე მხარეს [ირანსა და ოსმალეთს, ავტ.] მეგობრობს, შეეძლო გაუგებრობის მოგვარება და ორივე ხელმწიფის შერიგება.
    სინან ფაშამ რომ გაიარა დმანისის ხეობა, აქ მასთან მოვიდა ჰალაბის [ალეპოს,ავტ.] გუბერნატორი მუსტაფაზადე-ფაშა და აცნობა, რომ ახლომახლო მოიპოვება პური და პირუტყვი მცირერიცხოვანი ქართველების მეთვალყურეობაში და ამისათვის საჭიროა გააგზავნოს ხალხი ასეთ საშოვარზე. სინანი ამ მუსტაფაზადესადმი კარგად იყო განწყობილი, ამიტომ ადვილად დათანხმდა ასეთ წინადადებაზე. მხოლოდ ეშინოდა, რომ თუ ახალგაზრდების რაზმს გაგზავნიდა, შეიძლება იმის მსგავსი მარცხი მომხდარიყო, რომელიც უკვე მოხდა ომარსა და ტალოღლს შორის. მან გაგზავნა 10000 ცხენოსანი მომსახურეებით, ამასთანავე, მუსტაფაზადე მათ მეთაურად დაუნიშნა. სიმონი, თოქმაქი და სხვა სპარსელი მეთაურები დროს უცდიდნენ, როდის შეუდგებოდნენ ალაფობას და მეზობელ ველებზე ჩასაფრებულნი ზვერავდნენ და ეძიებდნენ მოხერხე- ბულ შემთხვევას. როცა ისინი მივიდნენ ადგილზე და თავი ჩაყოფილი ჰქონდათ საშოვრის დასატვირთად, საფარში მყოფნი მოულოდნელად თავს დაესხნენ მოალაფეებს. მუსტაფაზადემ რომ დაინახა დიდი ოდენობის სპარსელი და ასეთი მოხერხებული პირობები თავდასასხმელად, გაითვალისწინა გარდაუვალი მარცხი და პირველი გაიქცა, ფათერაკში დატოვა ისინი, ვისაც არ შეეძლო ან არ უნდოდა გაქცევა. ქართველებმა და სპარსელებმა 7 ათასი თურქი მოსპეს, ზოგი ტყვედ აიყვანეს, თან წამოიღეს მთლად დატვირთული საშოვარიც. მუსტაფამ პირველმა მოიტანა სამწუხარო ცნობა, მის შემდეგ კი სხვა ლტოლვილებმაც დაადასტურეს. სინანმა მაშინვე გაგზავნა ყარამანიის ფაშა დიდი ჯარით, რომ შებრძოლებოდნენ მათ, რადაც უნდა დასჯდომოდათ, და თვითონაც სწრაფად დაედევნა. მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვეღარ მიუსწრეს, რადგან ქართველები და სპარსელები დროის დაუკარგავად დაიმალნენ საიმედო ადგილებში, რომლებიც მხოლოდ იმათთვისაა ცნობილი, ვისაც ადგილმდებარეობა კარგად აქვს შესწავლილი.
    რამდენიმე მილის გავლის შემდეგ [სინან ფაშა] ავიდა გორაკზე, საიდანაც მან შეამჩნია სპარსელები და ქართველები, რომელთაც მთის საიდუმლო ადგილებში გადაემალათ საშოვარი და დაბრუნებულიყვნენ, რათა უკან გაჰყოლოდნენ ჯარს და დალოდებოდნენ ბრძოლის ახალ შემთხვევას. როცა ქართველებმა და სპარსელებმა დაინახეს სინანის მთელი ძალები, ვერ გადაწყვიტეს შებრძოლება და თავდასხმა, ამჯობინეს განშორებოდნენ მათ და საიმედო ადგილებს შეფარებოდნენ, სანამ სინანი მთებიდან ძირს დაეშვებოდა, მაგრამ თურქებმა მაინც მოასწრეს ზოგიერთი მათგანის დაწევა, ისე, რომ 50-60 კაცი მოუკლეს და 70 ტყვედ წამოიყვანეს. შუბებზე ჩამოცმული თავები დიდხანს მოჰქონდათ, როგორც ნადავლი.
    ახლა მაჰმად ფაშას დაევალა თბილისში მდგარი თურქების გარნიზონისათვის დახმარების გაწევა. მაჰმადი არზრუმიდან აგვისტოს [1581] ბოლოს გამოვიდა და 8 დღეში ყარსში მივიდა, იქიდან კი მოვიდა ახალქალაქში, მტრისაგან შევიწროებული და შეწუხებული. ახალქალაქში მას დახვდა მანუჩარი ანუ იგივე მუსტაფა-ფაშა, ქვრივის შვილი [დედისიმედის ვაჟი]. მთელი თავისი ხალხით მანუჩარი ბოდიშს იხდიდა, რომ არზრუმში არ შეხვდა მას, როგორც დათქმული ჰქონდათ. მაჰმად ფაშამ ის სიხარულით მიიღო, პატივი დასდო ტანსაცმლით, ხმლითა და ფარით. ამავე დროს სთხოვა, როგორც მურადის მორჩილსა და ქვეშევრდომს, უარი არ ეთქვა და თბილისის დასახმარებლად დანიშნული ჯარი გაეცილებინა, თან ისეთი გზა შეერჩია, რომელსაც ის უმოკლესად, უხიფათოდ და მოხერხებულად ჩათვლიდა, რადგან, ზოგიერთის აზრით, მის სამფლობელოზე მიმავალი გზა ყველაზე ადვილი, უმოკლესი და უხიფათოა. მაჰმადმა მისი რჩევა მიიღო და მეგზურად აირჩია. ყველაფერში მის რჩევას მიენდო და საერთო ძალით გაუდგნენ თბილისისაკენ გზას. გაიარეს ალთუნყალა და ყარაყალა, მუსტაფას ანუ მანუჩარის სამფლობელო, წინათ ქვრივის საკუთრება, სარგებლობდნენ ყველა აუცილებელი სარჩოთი და იყვნენ მტრისაგან შეუშფოთებელნი.
    აქედან გორისაკენ წავიდნენ, უკვე ქართულ ციხესიმაგრეზე, რომელიც თურქების მხარეზე გადასული (ჯუზეფის) იოსების ძმას ეკუთვნოდა, ახლა კი, მისი სიკვდილის შემდეგ, თურქების ხელში გადასულიყო. აქედან მათ შენიშნეს ქართველთა დიდი ლაშქარი, სპარსელებთან შერეულნი, რომლებიც ქართულ ტანსაცმელში იყვნენ გადაცმულნი. ესენი იყვნენ არაერთგზის მოქმედი სპარსელი მოლაშქრენი, სიმონის თაოსნობით, რომლებიც ახლაც, როგორც გასულ წლებში, შაჰმა გამოგზავნა ქართველების დასახმარებლად, რადგან შაჰი ამ ჯარს საკმარისად თვლიდა, იცოდა, რომ თურქებს დიდი ძალა არ გამოეგზავნათ.
    როცა ეს ლაშქარი ჩამოვიდა განჯაში და გრემში, შეუერთდა სიმონს და ქართული ტანსაცმელი გადაიცვა, რათა ზიანი არ მიეყენებინათ საზავო მოლაპარაკებისათვის. იმ დროს, როცა მურადი დაკავებული იყო დაპყრობილი მიწების მხოლოდ თავდაცვითი ზომებით, სპარსელები გეგმავდნენ თურქებზე თავდასხმას. როცა ამ რაზმმა შეამჩნია, რომ მათაც ხედავენ, მათ გააგზავნეს სწრაფი შიკრიკები, მედიდური და სალანძღავი სიტყვებით ბრძოლაში გამოსაწვევად. მაჰმადი ოცნებობდა მხოლოდ იმაზე, რომ იქნებ როგორმე უდანაკარგოდ დახმარებოდა თბილისის გარნიზონს, ძალიან განაწყენებული იყო საქმის ასეთი შემოტრიალებით და შიკრიკების გასტუმრების შემდეგ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ როგორმე გადაედო უსიამოვნო ბრძოლა. საღამოთი მას ბედმა გაუღიმა, რადგან მოვიდა ხშირი და გადაუღებელი წვიმა, რითაც ამართლებდა თავის ყოყმანსა და შიშს. მაგრამ მეორე დღეს ცაზე ერთი ღრუბელიც აღარ იყო და ირგვლივ ყველაფერზე მზის სხივები იღვრებოდა. ქართველებსა და სპარსელებს უფრო განუმტკიცდათ გადაწყვეტილება, მიუახლოვდნენ თურქებს და ფეხმოუცვლელად მისდევდნენ უკან. ასე რჩებოდა ორი ჯარი ერთმანეთის პირისპირ, ბრძოლაში კი არ ებმებოდა. შვიდი დღის შემდეგ, 4½ საათამდე, თურქები მიადგნენ მდინარეს, რომელიც მტრებს ერთმანეთისგან აშორებდა. მაჰმადი და მანუჩარი თათბირს შეუდგნენ: გადასულიყვნენ მდინარეზე დაღამებამდე თუ დილამდე დარჩენილიყვნენ ადგილზე. მანუჩარი ურჩევდა ღამე აქ დარჩენას, რადგან ეშინოდა, რომ გადასვლის შემდეგ ისინი ვეღარ მოასწრებდნენ თავიანთი ნაწილების შეკრებას, მტერი კი ამ მომენტში თავს დაესხმებოდათ, ისარგებლებდა არეულობით და დიდ ზიანს მიაყენებდა. მაჰმადი არ დაეთანხმა მანუჩარს. მტრის დანახვის მომენტიდანვე მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მანუჩარსა და სიმონს შორის არსებობს საიდუმლო შეთანხმება, და რომ სწორედ ამიტომ მანუჩარმა მზაკვრულად ამ გზაზე დააყენა ჯარი.
ამგვარად, [მაჰმადმა] მოისურვა მტრების გეგმის ჩაფუშვა. გადაწყვიტა, მის რჩევას არ გაჰყოლოდა და უბრძანა ჯარს, რაც შეიძ- ლება, სწრაფად გადასულიყვნენ მდინარის მეორე ნაპირზე და იქ დაეკავებინათ მოხერხებული პოზიცია. პირველად გადავიდა მაჰმადის თანაშემწე, გაბედული და უშიშარი ყმაწვილი, მას უკან თურქები ხაზინით, შემდეგ აღალები, მეომრები. ყველაფერი შესრულებული იყო დიდი სისწრაფით. ზოგი ამ ალიაქოთში ჩაიძირა, არა მდინარის სიჩქარისა და სიღრმის გამო, რადგან ის არ იყო არც ჩქარი და არც ღრმა, არამედ ცხენებისა და აქლემების ფლოქვებქვეშ.
    ქართველებმა შეამჩნიეს თუ არა, რომ ისინი მდინარეზე გადმოვიდნენ, სწრაფად და გამძვინვარებით დაარტყეს მათ და წესრიგში მოსვლა არ აცალეს. მიუხედავად მოულოდნელი თავდასხმისა, თურქებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილას მაშინვე წითლად შეიღება.
    ეს იყო თურქული სისხლი, რადგან ქართველებს ზარალი თითქმის არ უნახავთ. დაცემულთა შორის რამდენიმე ქურთი და სანჯაყი იყო. ნათელი ხდებოდა, რომ საჭირო იყო თავგამოდებული წინააღმდეგობა თავის გადასარჩენად. მაშინ დანარჩენმა სანჯაყებმა, ქურთებმა და ერაყელებმა შეამჩნიეს, რომ სხვა უბნებზეც საქმე ისევე ცუდად იყო, და რადგან ეშინოდათ, რომ ცოცხლები ვერ გააღწევდნენ, ზურგი იბრუნეს და გაიქცნენ, მათ მიჰყვნენ კარაემიტელები, მათ უკან კი – დანარჩენნი.
    ქართველებმა გაითვალისწინეს მათი გაქცევა, ამიტომ თავიანთი ფლანგი სიგრძეზე გაჭიმეს, მტერი მდინარესთან მირეკეს და მათი შიგ ჩაყრა დაიწყეს. წინასწარ იცოდნენ თურქებმა, რომ სხვა აღარაფერი რჩებოდათ, იმის გარდა, რომ შიგ ჩაცვივნულიყვნენ, შერცხვენილნი და დაზარალებულნი. თურქებს სრული და სამარცხვინო მარცხი ხვდათ წილად, რადგან ქართველთა ხელში ჩავარდა მთელი აღალი და ხაზინა. თურქთაგან თითოეულს მხოლოდ იმის გადარჩენა შეეძლო, რაც თვით ებადა, ან ერთგული მოსამსახურის მზრუნველობაში დარჩენილი რამ, რომელმაც დროზე მოასწრო გაქცევა.
    ასე გაუსწორდნენ თურქებს. ამჯერად ნაცემნი, შერცხვენილნი, დაგლეჯილ-დაფლეთილნი შეგროვდნენ ისინი მეორე დილას, შესვენებაზე, წყევლიდნენ ზეცას, მურადსა და იღბალს, ამასთან ერთად, ლანძღავდნენ მანუჩარსაც და ემუქრებოდნენ, ნამდვილად ყველა ბოროტება მისი ღალატით მოხდა, იმის გამო, რომ მტერთან მოლაპარაკებულიაო...
    მიუხედავად ასეთი მარცხისა, რაღაც მაინც რჩებოდა იმ ფულიდან, რითაც შეიძლებოდა ჩაკეტილი გარნიზონის გახარება. გადაწყვიტეს თბილისისკენ წასვლა და იმდენად ააჩქარეს ნაბიჯი, რომ მიუხედავად გზის ყველა სიძნელისა, სასაპალნე ბილიკით იქ საღამოს პირზე მივიდნენ. გარნიზონის ჯარისკაცები გაოცდნენ, როცა ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ნახეს მეტისმეტად შეწუხებული და მომხდარი ამბების გამო ძალიან დანაღვლიანებული ლაშქარი. მოსულთა საერთო შერცხვენის პასუხად გარნიზონელებმა განუცხადეს მაჰმად ფაშას, რომ აუცილებელი სურსათ-სანოვაგის გარეშე უარს ამბობდნენ ციხე-სიმაგრის შემდგომ დაცვაზე...
    როცა მაჰმად ფაშა ალთუნყალაში მოვიდა, ნაწილობრივ თავისი, ნაწილობრივ სხვისი წაქეზებით, განიზრახა მანუჩარის მოკვლა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ მისი მარცხის მიზეზი მანუჩარი იყო...
    სხვასთან ერთად მას მიაჩნდა, რომ ის იყო საიდუმლო კავშირში მტერთან; ან, უკიდურეს შემთხვევაში, სურდა მიეხვედრებინა მურადი, რომ ყველა უბედურება გამოწვეული იყო არა მისი უვარგისობით, არამედ ამ ქართველის მზაკვრული შეგონებით, და ამ გზით ბოდიში მოეხადა სულთნის წინაშე თავისი მარცხის გამო...
    მაჰმად ფაშამ დაიწყო საშუალებების გამოძებნა ჩანაფიქრის განსახორციელებლად და მოიგონა ასეთი რამ: შეეყარა საბჭო, თითქოს სულთნისაგან მიღებული განკარგულების წასაკითხავად, ამასთანავე, ამ დროს მის თანაშემწეს, რამდენიმე ხელქვეითთან ერთად, თავი უნდა მოეკვეთა თათბირზე მოწვეული მანუჩარისთვის.
    ამრიგად, გაიხსნა თათბირი საჭურის კაემიტი-ფაშას, რამდენიმე არზრუმის სანჯაყის, კაპიჯი-ბაშისა და მაჰმადის თანაშემწის მონაწილეობით, სადაც საიდუმლოს შენახვა ფიცით დაივალდებულეს და მანუჩარის ჩადენილი ღალატი განიხილეს, რის შემდეგ მის მოსაყვანად გაგზავნეს კაცი...
    რადგან მანუჩარის მიმართ ბევრი იყო კეთილად განწყობილი და, ამავე დროს, ფრთხილი იყო, ყოველ შემთხვევაში, იმ დროიდან, როცა მისი მისამართით მითქმა-მოთქმა დაიწყო ჯარში და იგრძნო, საით იხრებოდა საქმე, ამიტომ საიდუმლოდ მანაც მიიღო ზომები.
    საბჭოზე გამოცხადებაზე უარის თქმა არ შეეძლო, რადგან მის იქ არყოფნას შეიძლება უფრო განემტკიცებინა ეჭვები მის დანაშაულზე და საქმე მიეყვანა დაუსწრებელ მისჯამდე, რის შემდეგაც მთელი მისი სამფლობელო მათი დავლა გახდებოდა. რადგან დივანში გამოცხადება მაინც უხდებოდა, მანუჩარმა გამონახა საშუალება, თავი დაეღწია თურქების ხელყოფისაგან, შეიძლება უფრო სახიფათო თვით მაჰმადისათვის, და ყველასთვის ეჩვენებინა, ვისთან აქვთ საქმე...
    მანუჩარმა მოამზადა თავისი კაცები მაჰმადის წინააღმდეგ. მან გამოარჩია 50 ყველაზე ერთგული ჯარისკაცი და აცნობა მათ, რომ საჭირო იქნება, უკან გაჰყვნენ სხდომის ადგილას, რომელიც უკვე მიმდინარეობდა მაჰმადთან, და იდგნენ იქ მომზადებულნი და ყურადღებით მის პირველ დაყვირებამდე, და ამ დროს ყველანი ერთად და სწრაფად უნდა შემოცვივდნენ კარავში და დაიცვან იგი, მისცვივდნენ თურქებს და არავინ არ დაინდონ. ძალიან აღელვებული და თურქების წინააღმდეგ განწყობილი მანუჩარის კაცები მოემზადნენ დავალების შესასრულებლად. თავის მხრით, კიდევ რამდენიმე თავდადებული კაცი მოიწვიეს და ხალისით გაჰყვნენ მანუჩარს მაჰმადის კარვისკენ...
    მანუჩარი დივანში შევიდა და ზეზეურად ჰკითხა მაჰმადს: რა გაქვთ ჩემთან სათქმელი? მაჰმადმა ბრძანა, წაეკითხა სულთნის ბრძანებულება. სულთნის ფირმანი ყველამ ფეხზე დგომით მოისმინა, თურქებში მიღებული წესის მიხედვით. მუსტაფამ [მანუჩარმა] ყურადღებით მოისმინა, და როდესაც სხვები დასხდნენ, ის გამოეთხოვა და დაჰპირდა, რომ სრული მზადმყოფობით შეასრულებდა არამცთუ ამას, არამედ ყოველ ბრძანებას სულთნისას, რაგინდ ძნელი უნდა ყოფილიყო...
    როცა მანუჩარი გარეთ გამოდიოდა, კაპიჯი-ბაშიმ მისი სახელო მოსწია თავისკენ და იწვევდა დასაჯდომად. მაშინ მანუჩარმა ხმამაღლა დაიყვირა, ხმალი გამოსტაცა და დაარტყა მის წინ მდგომ მაჰმადის თანაშემწეს, მარცხენა ხელით ფესი მოგლიჯა თავიდან, მარჯვენათი სწრაფად, განცვიფრებულ დამსწრეთა თვალწინ, ერთი დარტყმით შუა გაუპო თავი, კისერი და მკერდი მუცლამდე, ისე, რომ არაჩვეულებრივი სანახაობა გამოვიდა კაცისა, რომელიც კვდებოდა ორსავე მხარეს გადაკიდული მხრებით. მეორედ მან საჭურისი ფაშას თავისკენ მოიმარჯვა ხმალი და მოათალა მას ნაწილი ჩალმისა, მთელი ყური სრულიად და ყბის ნაწილი. ამ შებრძოლებაში მთლად გახურებული მივარდა ამ დროს ფეხზე წამომდგარ გაოგნებულ მაჰმადს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რომელთა შორის ორი იმდენად ღრმა იყო, რომ უთუოდ სიკვდილის კარამდე მიიყვანდა, მარჯვე ხელს რომ არ ემკურნალა მისთვის. მანუჩარის დაყვირებისთანავე მისი კაცები შემოცვივდნენ. გამძვინვარებული მანუჩარის საშინელებისაგან თურქების ბანაკი საჩქაროდ აიყარა და რაზმი გაემართა ყარსისკენ, საითაც წაიყვანეს ორი დაჭრილი ფაშა. მანუჩარმა გაუგზავნა სულთანს პატაკი მის თავს გადამხდარი ყველა ამბის შესახებ და უჩიოდა მაჰმადს მისი უსაფუძვლო ეჭვების გამო, რაც მისთვის მეტისმეტად შეურაცხმყოფელი იყო. მანუჩარმა იმდენი წერა, თანაც ისე მოხერხებულად ფარავდა თავის გრძნობებს და ისე ხელოვნურად ავსებდა გამონაგონი თუ მონაჭორი არარსებული ფაქტებით, რომ დაკმაყოფილებულმა სულთან მურადმა
მანუჩარს საჩუქრად ფარი და ტანსაცმელიც კი გამოუგზავნა...
    … მაგრამ სულტან მურადმა მაჰმადის მაგივრად მთავარსარდლად ფერატ ფაშა [ფერჰად ფაშა, 1582 წლის 29 დეკემბერს, - ავტ.] დანიშნა; მან განიზრახა მანუჩარის მამულების აოხრება იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მანუჩარმა მაჰმადს და მთელ ჯარს მიაყენა. უზრუნველყო თბილისზე და მთელ საქართველოზე გამავალი გზები. ხმა დაირხა და საოცარი ცნობა მიიღო ფერატმა [ფერჰადმა], რომ ქართველმა მანუჩარმა, რომელსაც მურადმა ორი კაპიჯი და ორი კავასამი გაუგზავნა 30000 დუკატით თბილისის გარნიზონისთვის გადასაცემად, ამ ფულით მიიმალა, უღალატა სულთანს და სიმაგრე აიძულა, რომ მას ჩაბარებოდა. ამ ამბავმა ფერატის [ფერჰადის] უდიდესი გაოცება, მწუხარება და განრისხება გამოიწვია. მან გადაწყვიტა, გამოერკვია ამ ცნობის სისწორე. ამისათვის შეკრიბა ყველა მაცნე და თითოეულს მოსთხოვა, ზედმიწევნით შეეგროვებინათ ცნობები მომხდარი ამბის შესახებ და მისთვის ეუწყებინათ. დადგინდა, რომ, როცა მანუჩარი უახლოვდებოდა თბილისს ორი კაპიჯით, ორი კავასამითა და 50 მცველით, ის შეხვდა თავის ცოლისძმას, სიმონს, რომელიც დიდხანს ელაპარაკა და უსაყვედურებდა მანუჩარს, რომ ის განუდგა ქრისტეს და ახლა ემსახურება საზიზღარ ცრუმორწმუნეობას. ბევრი რამ უთხრა მჭევრმეტყველმა სიმონმა თავის სიძეს, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა. მანუჩარი მას დამორჩილდა და მაშინვე თავი მოჰკვეთა ორივე კაპიჯს და ხაზინა კი გაუყო სიმონს, შეჰფიცეს ერთმანეთს მეგობრობა, ნათესაობა და მოკავშირეობა თავიანთი მოვალეობის ერთგულებაზე, რის შემდეგაც მიუვალ ადგილებს შეაფარეს თავი, რათა იქიდან ხელში ჩაეგდოთ თბილისისაკენ მიმავალი ყოველგვარი დახმარება.
    ...როცა ფერჰატი [ფერჰადი] ამ დეტალებს ისმენდა, გაფითრდა და დაიფიცა, რომ არზრუმში ისე არ დაბრუნდება, სანამ ცეცხლითა და მახვილით არ გაივლის მანუჩარის ყველა სამფლობელოს. ჯერ კი საჭირო იყო თბილისისთვის დახმარების აღმოჩენა. ამ მიზნით მან ამოირჩია ჰასანი, რომელმაც წინა წელსაც უშიშრად შეასრულა ეს დავალება და ალიყული-ხანიც ტყვედ წამოიყვანა. მას ჩააბარეს 40000 დუკატი და მისცეს 15000 რჩეული და ძალიან გულადი მეომარი. 10 დღეში ჰასანმა მიიტანა ფული გარნიზონში და უკანვე დაბრუნდა. ორივე გზაზე ქართველები მას თავს ესხმოდნენ, ამასთან, თურქები ყოველთვის სტოვებდნენ დახოცილებს – ათ, ოც კაცს, კარგავდნენ ჯორებს, ცხენებს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ არ შემთხვევიათ. ამის შემდეგ, ფერატმა [ფერჰადმა] აირჩია რეზუან-ფაშა [რიზვან-ფაშა] და მას მიანდო 6 ათასი კაცი ალთუნყალასა, ყარაყალასა და მანუჩარის სხვა მამულებში საექსპედიციოდ. რეზუანმა გაიარა მთელი მესხეთი, ცეცხლს მისცა საცხოვრებელი და პურეული. ჯავს იყრიდა თვით ნანგრევებზეც კი. მრავალრიცხოვანი ტყვე წაიყვანა, საქონელი წაასხა და წაიღო ბევრი პურეული. სადაც კი გაივლიდა, ყველაფერს სპობდა, და თუ მშვიდდებოდა ხანდახან, მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც არავინ იყო, რომ ჯავრი ამოეყარა. ამ დროს არდაგანში მოვიდა ფერატი [ფერჰადი] და მასთან გამოგზავნა რეზუანიც მესხეთში ნაძარცვი საშოვრით. ეს მოხდა 1583 წელს.
    როცა რეზუანმა თბილისის გარნიზონისთვის დახმარება მიიტანა და მის მახლობლად ბანაკად დადგა, მასთან გამოცხადდა სიმონის ძმა დაუდ-ხანი, რომელიც საქართველოში ომის დაწყებისთანავე, მუსტაფა ლალა ფაშას მოსვლის დროს, თბილისიდან გაიქცა და დაუცველად მიატოვა სიმაგრე. ახლა ის მოვიდა მთელი ოჯახით და სიტყვა მისცა რეზუანს, რომ მურადის ერთგული მოსამსახურე გახდებოდა, ხელს შეუწყობდა თურქების იარაღს წინსვლაში და მთელ თავის ძალებსა და უნარს ფეხქვეშ დაუგებდა მბრძანებელს, რადგან იმედოვნებდა, რომ აქ მონახავდა თავისთვის ყოველგვარ კეთილდღეობას, თუკი მას კეთილგანწყობით მიიღებდნენ. რეზუანმა მიიღო ისინი [დაუდ-ხანი და მისი ოჯახი] გულუხვი დაპირებებით და იმედი მისცა, რომ ყველა მისი სურვილი და საჭიროება დაკმაყოფილებული იქნებოდა...
    ამ დროს სიმონთან მოვიდა ცნობა, რომ ფერატი გაჩერდა დმანისთან და გააგზავნა რეზუანი თბილისის საშველად. მცხოვრებლებმა მას ყალბი ცნობა მისცეს, რომ რეზუანს 20 ათასი კაცი კი არა ჰყავდა, არამედ ამაზე ბევრად ნაკლები. ამ გარემოებამ წააქეზა სიმონი, წასულიყო რეზუანის დასახვედრად და მისთვის სისხლიანი ნადიმი გაემართა. მართლაც, აღარ გადადო თავისი ჩანაფიქრი, რამდენიც შეძლო, სწრაფად წაიყვანა 4000 ქართველი, ნაწილი თავისი და ნაწილი მანუჩარისა...
    მაგრამ იმ დროს, როცა სიმონი მიდიოდა ამ მიმართულებით, ფერატმა, იმის გამო, რომ ყალბი ცნობები მიიღო ქართველთა რაოდენობაზე ან კიდევ იმიტომ, რომ თავად ეშინოდა მათი რიცხოვნობისა, ყოველი შემთხვევისთვის, უფრო მეტი უშიშროებისთვის გააგზავნა დამატებით 10000 კაცი, ყარაემიტისა და მარასის ფაშების მეთაურობით...
    სიმონს რეზუანი დახვდა გორაკის ძირში მდგარი, მხოლოდ 6 ათასი კაცით, რომლის უკან იდგნენ დანარჩენნი და მათზე მიიტანა იერიში. გორაკის უკან მდგომებმა გაიგეს თუ არა თავდასხმა, მთელი ძალებით თავს დაატყდნენ სიმონს, რომელმაც ახლა ინანა, რომ დაუჯერა ცრუ მოხსენებას. სიმონი მიხვდა, რომ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა ესმოდა, რომ გაქცევა მხოლოდ გააუარესებდა ვითარებას და გარდაუვალი დაღუპვა იქნებოდა. ის უმკლავდებოდა ჭარბი ძალების მოძალებას. ყოველ მხარეზე ეწეოდა სასტიკ ბრძოლას, რომელიც, ერთი მხრივ, არაჩვეულებრივი ვაჟკაცობით იყო გამორჩეული, მეორე მხრივ კი, საკმაოდ უწესრიგოდ წარიმართა, მასის უპირატესობით, რაც ზოგჯერ მომასწავებელია მარცხისა და არა გამარჯვებისა. თურქების ხმლებისა და შუბების მთელი ტყე შეუბრალებლად ცელავდა და ჟლეტდა მცირერიცხოვან ქართველებს. ველური მაჰმადიანური მძვინვარება სძლევდა ქრისტიანულ იარაღს. ამ დროს სიმონს წაექცა ცხენი და თვითონაც დავარდა მასთან ერთად. თავიდან ოქროქსოვილი თავსაბური ჩამოუვარდა ოქროს რქით. ის გარდაუვლად ტყვედ ჩავარდებოდა თავის კეჰაიასთანდა თავისი ამალის სხვა წევრებთან ერთად, რომ არ მოვლენოდა სასწაულებრივი დახმარება...
    გახურებული ბრძოლის დროს შენიშნეს ყარამანიისა და მარასის ჯარები, რომელიც ყველამ სპარსელებად მიიჩნია. თურქებს ისეთი შიში დაეუფლათ, რომ დაიბნენ და ომი წაგებულად ჩათვალეს. ერთ მომენტში მათი მოძალება შეჩერდა და ქართველებმა დრო იხელთეს, რათა გასცლოდნენ სისხლიან ჩხუბს. უიმედო მდგომარეობიდან თავი დააღწია სიმონმაც, რომელმაც დატოვა წარუშლელი კვალი თავისი გმირული წინააღმდეგობისა დახოცილი და დაჭრილი, სახტად დარჩენილი და განცვიფრებული მტრის სახით. ასე გადარჩა სიმონი და რეზუანი კი დარჩა ცხვირჩამოშვებული, რადგან მხოლოდ ძალიან გვიან გაარჩია მეგობრები და დამხმარეები ნავარაუდები მტრისგან. დამშვიდება და თავის პატიება არ შეეძლო, ასე რომ გაეშვა სიმონი, რომელიც გარდაუვლად განადგურებული იქნებოდა ყველა თავისიანით, დროზე რომ გაერჩიათ მოსწრებული დახმარება ფაშების სახით. ამგვარად, საბრალო სიმონი, ახლა საიმედო ადგილას დამალული, ხელახლა იგონებდა ავბედით არასწორ ცნობას მტრის რაოდენობაზე, მძიმედ განიცდიდა ახლობელთა სიკვდილს და ღმერთს მადლობას სწირავდა თავისი სიცოცხლისა და თავისუფლებისათვის.
    ზეიმით შემოვიდნენ გამხიარულებული თურქები დმანისში, მიწაზე მიათრევდნენ სიმონის დროშებს და შუბებზე ჩამოცმული მიჰქონდათ ქართველთა მოჭრილი თავები. ფერატი გახარებული იყო ამ ბრძოლის ნაალაფევით. სხვებთან ერთად, მას წარუდგინეს დაუდ-ხანი, რომელმაც ჯერ სპარსული შია აღიარა და ახლა სუნა.
    ფერატმა გულში ღრმად ჩაიხვია ქართველი მუსტაფას მიერ მიყენებული შეურაცხყოფა, რომელმაც ახლა დაიბრუნა ადრინდელი სახელი – მანუჩარი. მან მიითვისა სამეფო ხაზინა და დახოცა სულთნის მსახურნი. ფერატი ელოდებოდა იმ საათს, როცა თავის ჯავრით ანთებულ გულს გააძღობდა. მან გადაწყვიტა, არ დაბრუნებულიყო არც ყარსში, არც არზრუმში, სანამ გრიგალივით არ გაივლიდა ამ ვერაგი ქართველის სამფლობელოზე და ყოველგვარ ზიანს არ მიაყენებდა მას, სანამ შურს არ იძიებდა მასზე, რაც შეიძლება სასტიკად...
    ფერატმა მესხეთის დიდი ნაწილი ააოხრა და გადაბუგა. ჯარისკაცები აუჯანყდნენ მას შიმშილისა და სიცივის გამო, მოსტაცეს ქალები და ძვირფასეულობა. ალიყული-ხანის მეგზურობით მან მშვიდობიანად გაიარა საქართველოს ყველა სახიფათო გზა, რისთვისაც გაათავისუფლა იგი, თუმცა კი ამან მურადის წყენა გამოიწვია...
    ფერატის შემდეგ ჩერქეზი ოსმან-ფაშას მხედართმთავრად დანიშვნის დროს ვანში თათბირობდნენ, ვინ გაეგზავნათ თბილისის გარნიზონის დასახმარებლად. დაუდ-ხანი, რომელიც ჯილდოს მიმ- დევარი იყო, არ იშლიდა, თავი შეეხსენებინა თურქებისთვის და პირფერობით დაეამებინა მათი თავმოყვარეობა. ეს საქმე მან იკისრა და ისე მჭევრმეტყველურად წარმოუდგინა უეჭველი წარმატება, რომ მას ჩააბარეს 3 ათასი ცეხინი თბილისში მისატანად. ყველა დავალება მან მარჯვედ შეასრულა. არ შეხვედრია არც შეხლა-შემოხლა, არც უსიამოვნება. მურადს ეს ნაბიჯი იმდენად მოეწონა, რომ დაუდი მარასის ფაშად დასვა, კაპადოკიისა და სომხეთის საზღვარზე, ევფრატთან, სადაც ის ახლაც მართველადააო ხმა გავრცელდა, რომ მურადმა ბრძანა მისი დახრჩობა, მაგრამ მართალი არ გამოდგა...
    ...სპარსეთის უფლისწული ჰამზა-მირზა შეუთანხმდა სიმონს, მაგრამ ეს საქმე ვერ მოხერხდა. თბილისის გარნიზონში სიმონ მეფემ შეღწევა ისე განიზრახა, რომ არ გამჟღავნებულიყო თვალთმაქცობა იმ მომენტში, როცა, მისი ვარაუდით, თბილისის სიმაგრეში თურქები მაშველ ჯარს ელოდებოდნენ. სიმონი 7 თუ 8 ათასი ქართველით, ვითომ დიდძალი ფულით, ყალბი ბრძანებით ციხის კომენდანტთან გამოცხადდა. ბრძანებაში აღნიშნული ყოფილა, რომ თითქოს სულთანი მურადი თურქულ სარწმუნოებაზე გადასულ სიმონს ავალებდა, თბილისის ციხესიმაგრეში 50 ათასი ცეხინი მიეტანა და გარნიზონისთვის თავისი შეხედულებისამებრ უფროსობა გაეწია; სულთნის ფირმანი გარეგნულად და ბეჭდით სავსებით დამახასიათებელ თვისებებს ატარებდა. მიუხედავად ამისა, მას არ აღმოაჩნდა კიდევ რაღაც საჭირო რამ, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი, და ამიტომ მას არ დაუჯერა თურქმა ფაშამ. სიმონი შეცბა და სასწრაფოდ უკან დაიხია ციხესიმაგრიდან მასზე დამიზნებული ქვემეხების ლულებქვეშ. მეფე იძულებული გახდა გაჰქცეოდა არტილერიას, რომელმაც მის ჯარს, როგორც გრიგალმა, თავზე გადაუარა ფაშას ბრძანებით. ის რაღაც, რომელიც ფირმანს აკლდა, იყო კონტრნიშანი, ხელოვნურ ნიშანთან შეთანხმებული, რომელიც კომენდანტს ხელში ეძლეოდა. ასეთი კონტრნიშანი უნდა წარედგინა იმ პირს, ვინც კომენდანტის შემცვლელად მოდიოდა. რადგან სიმონის ყალბ ფირმანს სწორედ ეს კონტრნიშანი აკლდა, სიმონი გამოააშკარავეს, როგორც მატყუარა და ამისთვის მკაცრი პასუხი მიიღო, რისი შეძლებაც ჰქონდათ სიმაგრეში მყოფთ.
ქრისტიანთა ელჩებს არ უნდათ გამარჯვებაში მონაწილეობის მიღება
    …უნგრეთის, საფრანგეთის, ვენეციისა და სხვა რეგიონების ელჩებმა უწინდებურად ბევრი გააკეთეს, რათა მათაც იგივე გაეკეთებინათ; კითხვაზე ყველას უპასუხეს, რომ არასოდეს იყო წესად, ელჩებს სიხარულის ნიშნები გამოევლინათ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო დაშვებული, თუკი საკუთრივ მეფე [სულტანი] დაბრუნდებოდა მსგავსი გამარჯვებიდან. ამრიგად, ვანში მან ითათბირა იმაზე, რომ საჭიროა ზომები იქნეს მიღებული თბილისის დასახმარებლად, საიდანაც მოისმა, რომ ის გადაეცა ქართველებს, რაც სიცრუე გახლდათ. და რაც უფრო მეტი და მეტი საკითხი განიხილებოდა, დაუდ-ხანი, რომელმაც ამურატის [მურადის] ჯილდო ვერ დაიმსახურა, განუწყვეტლივ ცდილობდა ოტომანთა აზრი მის მიმართ კეთილგანწყობილად წარემართა. მან მნიშვნელოვანი სამსახური შესთავაზა და უჩვენა გზა ხსენებულ ჩიკალი ფაშას, თუ როგორ მიეწოდებინა თბილისის სიმაგრისთვის 30 ათასი ცეხინი. წავიდა და დააბრუნა დაუდი, ის დაეხმარა ამ ხალხს, მაგრამ თავად არ გაემართა მგზავრობაში, რაც ღირსეული საქციელია ისტორიაში; თუმცა მის ამ სამსახურს ამურატი [მურადი] დიდი კმაყოფილებით შეხვდა და ის აიყვანა მარასის (Maras) ფაშას ღირსებამდე. ეს ქალაქი მდებარეობს კაპადოკიისა და სომხეთის საზღვარზე, მდინარე ევფრატთან ახლოს, სადაც დაუდი დღემდე მმართველობს...

წყარო: https://www.academia.edu/82442343/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVI_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A_%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98

Комментариев нет:

Отправить комментарий